წყობილსიტყვაობა

აქა დუმილი, თუ სთქვა, უმჯობეს ვჰგონე,
ესე საბრძნო არს წინადადება, რომელ,
სადა სიტყვასა ყოვლად უზევდეს საქმე,
დუმილი ჰხამს მუნ, რამეთუ ძლეულ - სიტყვა,
გარნა ცხადყოფა ღმრთივ იდუმალთა ჯერ არს.

სარწმუნო მონად ბრძენი ღმრთისა იქმნა აქ,
ელევთერ წმიდა, ოლვისიონ ღირს საქებ,
ფიალ სურნელ, ღმრთივ ნელსაცხებელ ნარდისა,
ესგვარს ჰშვენის, ვით ძისგან დიდება ღირსსა,
მეფესა დავითს უძნობ ქებასა ამას.

დავით მესამე - ფილოსოფოსი მეფე,
ვინ ჰქმნა გონება უზადოისა მზის სეფე,
სიტყვიერს წალკოტს სულისა ყვავილთ მკრეფე,
მტერთა ჯვარითა მადენ, მდიდრად სისხლთ მჩქეფე,
ღმრთისმეტყველ, მგალობელ, იადონ მსტვინავ-მყეფე.

აქა ჩანს ერთად იასპ-სადაფ-მინანი,
მჭირვალ-სპეტაკნი, სხვა ფერნი სალხინანი,
მუდამ სიწმიდე, არ ოდეს საწყინანი,
ლამაზ-მჭირვალნი, კრძალვანი სასმინანი,
ხოლო სიმხნენი, დახსნილთ დასაკმინანი.

დავითის ომთა ხშირად ჰკრთიან ელვანი,
შეტევებითა მტერთ შეხვდების ქელვანი,
სპართ სიმრავლისა ანაზდ ცხრების ღელვანი,
მუსვრა უღმრთოთა, მმათით ველთა სველვანი,
ეს მძლეობს მუდამ, იმათ არ აქვსთ შველვანი.

საქართველოს შორის სპარსთა სავსება,
ადგილთა წმიდათ საძაგ მიზგით მსგავსება,
მრავლად ადგიდ რწმუნვის ნათლის დავსება,
საკურთხეველთა ქმნილი შეცვულ სავსება,
ესე შემთხვევა ჩვენდა ღამეს შავს ება.

მაგრამ წარგვხადნა დავით ჯვარით მორთხმულმან,
სიმხნით კაზმულმან, უვნებობით მორთულმან,
აფხაზით ქართლად ჭირთა მიხდად მოსრულმან,
სხვა მოსემ, ისუმ, სხვა დავით ვინ ყო სულმან,
სხვამ ვინ გედეონ, სიმხნეთა შინა სრულმან

ტბილისს პალატნი - ჩვენნი გოდოლ-ტაძარნი,
სოფელთ ყანობნი, ვენახ-ორმო-ტაგარნი,
სპარსთა, არ ჩვენნი, ესე ხსოვნად საზარნი,
ჩვენდა არ გზანი, მთანი, კლდენი სატარნი,
ესე სახივნი არ ადვილ აღსაყარნი.

უკვიზღო დავით სიბრძნით, სიმხნით განქველმან,
მათ მძლავრ მიჰხადა შურის ცეცხლით დამწველმან,
ჩვენდა აქცინა ესენი ჩვენმან მცველმან,
თავისუფალ გვყვნა ანაზდად ადვილ მშველმან,
განსწმიდა კალო ქრისტესი ბიწთ განმგველმან.

გაენათისა შენება - წმიდათ ვანი,
აქა სხვა ცაი, ზესთ სამეფოდ არმყვანი,
წვალებით რღვევა, კეთილმსახურ დაცვანი,
მიზგითთ ოხრება-ქცევა, ყურანთ დაწვანი
ჰქმნა დავით, ვინ გვყავს ქრისტეს მიმართ წარმძრვანი.

შესაბამ თვისთა სიბრძნედ მოძღვარ არსენი
იყალთოელი ჰყვანდა, ღირსად სახსენი,
რომლისა ფრასი არს შვენიერ სასმენი,
ღმრთისმეტყველებრნი მისნი წერილ-საქმენი,
გარნა დავითის ქმნილნი არს ყოველ საზენი.

რომელთა ზედა მეფობდა ვახტანგ დიდი,
ამანვე ჰპოვა მეფედ დავითცა მშვიდი,
რომლით სახელი მიიღო განსადიდი,
მაგრა ბოლოსრე ვალი არგანსაკიდი,
მოჰხადა ამას, შეჰხვდა სიკვდილი ფლიდი.
თვით მამისა არსენი კათალიკოსისა

არსენი ტკბილსა ადინებს ნაკადულსა,
არსენი ოხრის ეკლესიისა შორის,
არსენი გალობს, ღმრთისმეტყველებს, რიტორებს,
არსენი ჟღერავს გონებისა განსაცხროდ.
ჭეშმარიტ ტკბილ არს პირსა ხსენება მისი.

ჰოი, მამაო, მამრისა ერთსახელო,
მამებრ-წულებრივ, ჭაბუკებრ მხნეო, ქველო,
მოციქულებრივ მადლით კაცო მდიდარო,
ნების აღძრვათა განმაღვიძო რიტორო,
საგულისხმო ძალთა ბრძენო მომნადირებო.

გავრცომა შენი შვენიერ თქმითა შინა,
ხოლო ხელყოფა ყოვლად სასურველ ჩემდა,
შენთა ფრასთაგან დამეთრობის გონება.
შენ გალობითა შეამკევ ეკლესია,
მეცა გიგალობ, არსენი, ძალისაებრ.

1738 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში ანტონის სახელით. 1739 წელს ანტონ I-მა გელათის წინამძღვრობა მიიღო. მომდევნო წელს ქუთაისის მიტროპოლიტი გახდა. 1743 წელს დავითგარეჯას სავანეში დაბრუნდა. 1744 წელს იგი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ანტონ I მტკიცედ შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვას. ბრძოლას მეფისა და კათოლიკოსის ძალაუფლების განსამტკიცებლად; აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს; მძაფრად ილაშქრებდა სომეხ მონოფიზიტთა იმხანად განსაკუთრებით გააქტიურებული პროპაგანდისტული შემოტევების წინააღმდეგ ("მზამეტყველება", 1750-1752); დაიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება; გარს შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან. ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა და ანტონ I კათოლიკოსობიდან გადააყენეს. 1756 წელს იგი რუსეთს გაემგზავრა, სადაც თავი იმართლა სინოდის წინაშე. 1757-1762წწ. ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი იყო. 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. საქართველოში დაბრუნებისთანავე ანტონ I-მა განაგრძო ინტენსიური სახელმწიფო-საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. 1772 წელს ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც ანტონ I-ის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატისათვის. მისი მეცადინეობის შედეგად 1762-1763წწ. განახლდა ვახტანგ VI-ისეული სტამბა, 1782 წელს კი რეორგანიზებულ იქნა "ახალ სტამბად". ანტონ I ყოველნაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. ერეკლე II-ის დახმარებით თანდათან გარდაქმნა ნახევრად კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად, დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის (1755), შემდეგ კი თელავის (1782) სემინარიების დაარსებაში. მან თვითონვე მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მან მყარ მეცნიერულ ნიადაგზე დააყენა ფილოსოფიური აზროვნება საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. - თბ., 1975. - გვ. 497-498