აფხაზეთს არის მდებარე რიცა,
ის კარგად გვახსოვს შენცა და მეცა,
ზეცა, ვით ზეცა და არა მიწა.
მიწა, ვით მიწა და არა ზეცა.

ყრმობის სინათლემ შეჰფერა ღაწვი,
ახალგაზრდობამ გაფანტა იჭვი:
ფიჭვი ფიჭვია და არა ნაძვი,
ნაძვი ნაძვია და არა ფიჭვი.

მსუბუქი ნისლი, ცაზე რომ იწვა,
მესმის ეს ქარი, სიმღერა, ოცვნა,
კოცნა, ვით კოცნა და არა სიძვა,
სიძვა, ვით სიძვა და არა კოცნა.

იცოდე, ჩვენო ცისფერო სურო,
გესმოდეს ტბათა ცისფერი ქარი,
ქნარი ქნარია და არა ურო,
ურო უროა და არა ქნარი!

მრავალ მხარეთ მოგზაური,
მისავალზე ძველი ცხუმის
მიდის ერთი მეზღვაური,
მღერის და ბედს არ ემდურის.

მეც გემზე ვარ. უამინდო
ნისლი ჩემთვის არის მდელო,
აფხაზეთო, აფხაზეთო,
სულზე უფრო საყვარელო!

მშვენიერი ირგვლივ არის
ლურჯი წყალი, მწვანე ქედი,
და პონტიის არემარეს
შვენის გემი „აფხაზეთი“.

ყოველი მხრივ საიმედო
ღუზათა სჩანს კვალი-ლელო...
აფხაზეთო, აფხაზეთო,
სულზე უფრო საყვარელო!