აუჩქარა ცხენმა გზაში,
ქიმერებმა დაჰკრეს ტაში,
დაიკივლა ელვამ ცაში
და ღრუბლები შეაჯერა.

აჰა, ბრძოლა დაათავა,
ნაპოვნია მზის სათავე,
დაუჭირა რაშს სადავე.
ხედავთ? იგი შეაჩერა!

ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულე
სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები,
ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრული
წყურვილმოკლული აუზისაგან მიემართები.

შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეული
ძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის.
შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის,
პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული.

- რას სწევ უბიდან? სთქვი, ქალო,
მიწამ ცას რა დაუშავა?
ვფიქრობ, შუშაა უბრალო...
- დიაღ, უბრალო შუშაა.

- შუშაში, ვამჩნევ, თრთის კვეთი.
რა ღელვა, რა გიზგიზია...
საკმარისია თუნდ წვეთი?
- ო, წვეთიც საკმარისია!

- შხამავს ატომით ფიალას -
სულ ერთი წვეთით თრთის მტერი
და ჰკარგავს თანდათან ძალას!
- ვერ იხსნის ვეღარაფერი!

- იცნობს დალესა მძვინვარეს?
- მის მიერაა ნალესი.
- და ბოლოს მსხვერპლი ვინ არის?
- თვით იგი, თვითონ დალესი!