ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ
და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი,
არ იცი, ვინ ხარ, არ იცი, რა ხარ,
რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი.
იცოდე, ერთი აუცდენელი
ბედი თავისით კარს მოგადგება
და წამთა თვისთა არგამცდენელი
ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.

ასე რისთვის შეიცვალა გაზაფხულის წმინდა დილა,
თუ ღიმილი მხიარული შენთვის ჯერაც არ ყოფილა?
ასე რისთვის მიეფარა მზე დაღვრემილ მთის ნაპრალებს,
თუ ნამდვილი მზის ნათელი არ უნახავთ ჯერ შენს თვალებს?
მე არ ვიცი, სიცოცხლეო, რა გაღონებს, რა გაწუხებს,
მე არ ვიცი, შენს კითხვაზე რომელი ცა გიპასუხებს.
შერიგების მოლოდინში ბედი ჯერაც არსაით სჩანს,
და არ ვიცი კაცი, ვინაც არ იცნობდეს მაგ კაეშანს.

ციკლიდან „ეპოქა“

ეს გაზაფხული სიახლის ძალით,
ვით პატიმარი გაარღვევს საკანს,
განახლებისა თრთოლვით, კანკალით
არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს.

გაცოცხლებულა ირგვლივ ყოველი,
მფეთქავი ძალა არეს ჰფენია,
სულ რომ არ იყო ქვეყნად ღიმილი,
შეხედე, ახლა რაოდენია!

მჩქეფარე წყარო, ამოყრილი ხე,
ჩვენს განახლებას ეუბნება ბანს.
გაზაფხულს მოჰყავს ეს მზიური დღე
და არხევს ახალ სიცოცხლის აკვანს.