არეს მრავალ გარდასულ წლის
გადასცქერის ნანგრევი,
დრო და ჟამი მას ვერა სცვლის
ქარით ნამინანქრევი.
შემორტყმული წყნარ გორებად
დგას მთა ბრგე და მოსული,
ქორი ნელა იზმორება
არაგვით  წამოსული -
სადაც მწვანე ამალებად
გაშლილან ოშოშები,
სადაც ძლევით შრიალებენ
ჩვენი ძველი დროშები!

კვლავ იზიდვენ შუქს ალმაცერს
წარწერა, მოგონება,
სხვადასხვა დროს რომ მიაწერს
ხალხის ზეშთაგონება.
გაჰქრა ის დრო წარსულისა,
იდუმლობით მოსილი,
არედ მაინც ქარი მთისა
მიმოქრის მიმოცვლილი;
სად მარადის სიალეა
ნასისხლარ-ნაომები,
სადაც ძლევით შრიალებენ
ჩვენი ძველი დროშები!

სიმტკიცე და გამძლეობა
ქვის... და ეს დღე მზიანი.
არ ეცვლება მზეს მზეობა:
სხვაა ადამიანი.
კვლავ მრავალთა და მრავალთა
გზებია არჩეული.
ქარით უფრო აშრიალდა
ტყეების ფარჩეული.
და  ხალისით გაიშალა
ციხის ღრმა ნაოჭები,
სად ელავდა ბასრი ხმალი -
არა დროგამოშვებით,
სადაც ძლევით შრიალებდნენ
ჩვენი ძველი დროშები!

და მე ვფიქრობ: ციხევ, ძერავ,
დრონი მიდი-მოდიან,
უძველესი ქვის წარწერა
საფიქრალი როდია.
ხალხი ცოცხლობს უმაღლესით,
ის მისწვდა, რაც აღელვებს:
ხალხთა ძმობა უახლესად
მერანს შემოაგელვებს!
ერი ცოცხლობს: გადიშალა
შუბლის ღრმა ნაოჭები -
დღეს გმირული შრიალებენ
ჩვენი ძველი დროშები.

აი: გრიგალმა გაიტაცა წითელი ლერწი
ვაზის - ბუნების!..
მერი! მე ისევ მენატრება ჩუმი ალერსი
არდაბრუნების!
წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფი, ზრუნვა მზიანი!
რაღაც სხვაგვარი.
მოსვლა ფერების: ვერონეზი და ტიციანი
და ნიაღვარი.
ვიცნობ ბაგეებს, ვიცნობ ხელებს! ათასი მხვდება
ბაგე და ვარდი...
ნუთუ, ზეცაო, ვით მე მიყვარს შენი დიდება,
ისე გიყვარდი?

ციკლიდან „ეპოქა“

იქ, სადაც მთანი დარაჯად დგანან,
ბიბინი გააქვს ზურმუხტის ჭალებს,
სადაც არწივი მწვერვალებიდან
დიად ბუნებას ხარბად თვალს ავლებს,
სადაც ფაზისი მოქუხს და გრგვინავს,
ხან მკაცრი, ხანაც დაღონებული -
დიდი ხანია შრომის სახლი დგას,
ძებნათა ეშხით დამონებული...
დრომ რომ წაიღო უბოროტესმა,
აქ საწმისია იმ ოქროისა,
მოვდივართ ახალ აღმოჩენისთვის
არგონავტები ახალ დროისა!