აი: გრიგალმა გაიტაცა წითელი ლერწი
ვაზის - ბუნების!..
მერი! მე ისევ მენატრება ჩუმი ალერსი
არდაბრუნების!
წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფი, ზრუნვა მზიანი!
რაღაც სხვაგვარი.
მოსვლა ფერების: ვერონეზი და ტიციანი
და ნიაღვარი.
ვიცნობ ბაგეებს, ვიცნობ ხელებს! ათასი მხვდება
ბაგე და ვარდი...
ნუთუ, ზეცაო, ვით მე მიყვარს შენი დიდება,
ისე გიყვარდი?

ციკლიდან „ეპოქა“

იქ, სადაც მთანი დარაჯად დგანან,
ბიბინი გააქვს ზურმუხტის ჭალებს,
სადაც არწივი მწვერვალებიდან
დიად ბუნებას ხარბად თვალს ავლებს,
სადაც ფაზისი მოქუხს და გრგვინავს,
ხან მკაცრი, ხანაც დაღონებული -
დიდი ხანია შრომის სახლი დგას,
ძებნათა ეშხით დამონებული...
დრომ რომ წაიღო უბოროტესმა,
აქ საწმისია იმ ოქროისა,
მოვდივართ ახალ აღმოჩენისთვის
არგონავტები ახალ დროისა!

ახალი დროის არგონავტები
მიეშურებით კოლხიდის მხარეს,
ოქროვ, შენ მაინც არ ათავდები
თუ სხვა გრძნობები მიაქვს სამარეს.

ვით ძველი დროის არგონავტები,
ვით ძველი დროის არგონავტები,
მიეშურებით კოლხიდის მხარეს -
ახმაურებით და აზავთებით.

თქვენ არ გაშინებთ ზვირთების ლავა,
დაბრკოლებანი გარემოისა,
თქვენი ოცნება ნაპირზე ავა,
არგონავტებო, ახალ დროისა.