თან მიმყოლი ჩრდილები, აუხსნელი ქარაგმი,
სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი.

სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი,
შორს კი ხევსურეთია, თუშეთი და ფშავეთი.

ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება,
რასაც მაშინ ისურვებ - ყველაფერი იქნება.

გარინდდება მდინარე (ეს არაგვი, ზმანება),
ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვანება.

არა, არ დამავიწყდება
რკინის გზა, პირველ ნახული,
ამ გულუბრყვილო სურათზე
უბრალოდ გამოსახული.
მაშინ პატარა ვიყავი
და იყო, მახსოვს, ზაფხული,
პირველად სასწავლებელში
მივყავდით ვით დაზაფრული.
ან გამომთქმელი ენითა,
ან ამწერელი ვინა ჰყავს,
რაც რკინის გზების სიამე
და გამწარება მინახავს!
შორით შორ რომ დაიკივლებს,
ტანს ჟრუანტელი მედება,
ბევრი რამ გამწარებითა
და ოხვრით გამახსენდება.

არა იქ, სადაც სიხარულია -
არამედ - სადაც მეფობს მონება -
სადაც სუსტი და დაჩაგრულია -
მე მეძახოდა ზეშთაგონება.