ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ,ჩემი მტერია!..

მით ჯოჯოხეთს მარად გულით ვატარებ!

თუ მარტო ვარ, თავს მომაკვდავს ვადარებ,

თუ ხალხში ვარ, ძალით ღრუბელს ვადარებ

და მოწყენით ჩემზედ მტერს არ ვახარებ,

რომ არა სთქვან ჩემზედ: “რა ოხერია!”

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!..


აღარა აქვს ბოლო ამ ჩემს სატანჯველს,

არვინ მაძლევს სანუგეშოდ ძმურად ხელს;

ჩემს შარბათში ნაღველს ვჭვრეტ და ვარდში გველს,

მისთვის ვწყევლი და ვემდური ამ სოფელს,

რომლისგანაც მე გზები ამერია!..

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!


რაღას ველი, დრო არს განქრეს იმედი;

გინდ მეწვიოს, ვერას მარგებს აწ ბედი!

დამწვარი ვარ ისე, როგორც აბედი!

ახა, ღმერთო, რა უდროოდ დავბერდი:

საფლავისკენ ფეხი გამიშვერია!…

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!


დავუძლურდი, განქრა გიჟი ოცნება…

ნაღვლიანად ჩემს თავზედ მეცინება

და ღმერთს ვვედრებ: “ღმერთო, მომეცი ნება,

რომ მეღირსოს საფლავში დაძინება!..

სჯობს, სულ გაქრეს კაცი, რადგანც მტვერია!”

ჩემო თავო, ბედი არ გიწერია!

ჩემო ჩანგო, ეშხით არ გიჟღერია!

ჩემო გულო, ტკბილად არ გიძგერია,

რადგანც სატრფო, ვხედავ, ჩემი მტერია!

1871 წ.

ღმერთო, წვიმა მოიყვანე

წითელი და შხაპუნაო,

რომ გავიდეთ სამუშაოდ

და დავსძახოთ “ჰოპუნაო!”


რომ ქალებიც გვერდში გვედგენ

ნამგლითა და ცელითაო;

ჩვენგან მოჭრილ თავთავს ჰკრებდენ

მადლიანის ხელითაო!


შვილებიც თავს დაჰხაროდენ

მობრუნებულს ალოსაო;

“ოროველას” დასძახოდენ

მამა-პაპურ კალოსაო!


ღმერთო, წვიმა მოიყვანე,

მიწის გამალბობელიო,

რომ გასწყვიტოს ჭია-ჭუა,

ქვეყნის დამამხობელიო!


1882 წ.

სანამ ვიყავ ახალგაზრდა

და სიამით ძგერდა გული,

ვნატრობდი და არ მეღირსა

ბედუკუღმართს სიყვარული.


როს დავბერდი, დავუძლურდი,

სახე დაჭკნა, დამეღარა,

სიყვარული რაღად მინდა,

გინდ იყოს და გინდა არა!


სიღარიბე კვალში მდევდა,

კარის-კარზედ დამატარა,

აწ სიმდიდრე რაღად მინდა,

გინდ იყოს და გინდა არა!


ვინც მინდოდა სამეგობროდ,

ყველამ გვერდი ამიარა,

დღეის იქით მეგობარი

გინდ მყავდეს და გინდა არა!


უსამართლო დაცინებამ

ჩვენში ბევრჯერ გამამწარა.

ცხრა მთას იქით, რაღად მინდა,

გინდ მაქონ და გინდა არა!


ვისაც ვთხოვდი შემწეობას,

ჩემთვის წყალიც არ დაღვარა,

რომ მოვკვდები, რაღად მინდა,

გინდ მიტირონ, გინდა არა!


სული კრული, გული წყლული,

სახე მჭკნარი, თმა ჭაღარა,

ამისთანა სიცოცხლეც კი

გინდ იყოს და გინდა არა!


1893 წ.