ქვევით მილების
ურიცხვი ხე-ტყე,
ზევით კოშკები
და კიოსკები.
მათში მიმოდის
ქალი ყოველდღე,
რომლის სახელი
არის როსკიპი.

არარა ისე
არ მეცოდება,
როგორც მონმარტრის
ვიწრო გალია,
მისი მწარეა
სახელწოდება,
მისი შემქმნელი
კაპიტალია.

თრთის კავალერი:
ეს დალალ-კავი
და ეს ბიუსტი
აღელვებს სავსე.
გინდა ჩემს მკლავზე
მედოსო თავი
და გინდა ცოლის
დამღალველ მკლავზე.

და როცა ასე
სჯის გრძნობა მისი,
უცებ შეკრთება
დარბაზი ლალის,
შემოიხედავს
ომი, კრიზისი
და შავვეშაპა:
Tabes d’orsalis!

გულო ჩემო მღელვარევ,
სულო ჩემო მყივარო -
ერთი დღეც არ გქონიათ
მშვიდი, უსატკივარო.

რასა გევხარ! ცბიერი,
დგეხარ და იწყევლები:
გამიშავდეს თვალები,
გამითეთრდეს ხელები!