“თუ ღმერთი კაცს არ მისცემს, თვისისა ცდითა არა ღონე არ დაიდების და ცუდი შრომა შერჩემის. ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმან.“

“კარგი საქმე ისე უნდა ქნას, ან ღმერთმან დსაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.“

“უგვანს ნუ დაენდობი, გაუსინჯავად საქმეს ნუ იქმ, თორემ ბოლოს დაინანებ. “

“ავ კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია.“

“ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით წყლულს ელხინოს.“

“მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვა, თუცა არა დახარჯავ.“

“მრისხანეს, კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტრებს ერთჯერ, ან ორჯერ და იგი დაუცილებელი არს თავისათვის მტერ.“

“ცოდვისა უამესი ცოტა ხანს არა არის რა, და ბოლოს სამსალა არის და საწყენი, პირველ უხაროდეს და ბოლოს ინანებდეს. მადლისაგან და კარგის საქმისაგან უფრო ძნელად შესამართავი არა არის რა და, რა ხელთა აიღოს, ადვილად ქმნას, პირველ ხარობდეს და ბოლოს უხაროდეს, დიდად სიამე შეექმნას. ავსა და ცუდსა საქმესა ბოლო მოკლე და საწყენი აქვს და კარესა და სამადლოსა-დაულეველი საუკუნომდის.“

“სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიცა უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს- გეწყინება!“

“ყოველი მტერი ამის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს.

დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება.
სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება.
ცოტას და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი: ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა: არა ჩანს და რა გაჰქექ, ხელს დაგწვავს.
ცოტა მტერი სიკვდილსა ჰგავს, უჩინარსა: მოვა, ვერცა ქრთამით, ვერცა ძალით, ვერცა ხვეწნით ვერ მორჩება.
ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის, აღარას ღონითა არ გაუშვებს- არ გადარჩესო.
ცოტა მტერი ორმოსა ჰგავს, თივის ქვეშე დაფარულსა: რა შესდგე, ჩაიჭრები. ამისათვის უნდა ყოველი კაცი ცოტას მტერს უფრთხოდეს, საფათერაკო იგია.“

„ავის კაცისაგან წახდენაც სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა, თვარამ კარგის კაცისაგან კარგი სჭირს თუ ავი, ორივ სახელია, ამად რომ, თუ ავი არა ხარ,რად შეეხვეწები? ეგრევე, თუ კარგი ხარ, კარგს გიზამს; კარგისაგან კარგი გამოვა და მას იქმს, და თუ ავს გიზამს, - სიკეთე, ჭკუა და ძალისამივ შენზე მეტი ექნება და მოგერევა.

კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს.“

„უმეცარს კაცსა გულით ნუ მიენდობი;
შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები;
ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს;
მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი;
გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა!“

„ კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.
ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.
ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთ, ძალთა და ზურგთ მომბმელია.
ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.
ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს.
ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.“