სად ხარ, ჩემო სალამურო,

ხმატკბილო და საამურო,

რომ შენის ხმით ჩრდილოეთში

ქართველს გული გამიხურო!


როცა მწყემსი გიპყრობს ხელში

და გაჰკივის მთა და ველში,

ტკბილსა ხმასა ცაში ჰკარგავს

და სევდისას - შავს ქვესკნელში,


მაშინ ფიქრი ჩემი შენს ხმას

გარს ეხვევა, ვითა ძმა ძმას

და შენი კვნესით მაგონებს

საქართველოს მწარე მოთქმას:


ხან სპარსელნი აკვნესებენ,

ხან თურქები აოხრებენ,

ხან სკვითები, დროს შერჩევით,

მყუდროებას უშფოთებენ!


მაშ, უწყალო სალამურო,

მტირალო, არსაამურო,

რად მსურს შენი ხმა ვისმინო

და ქართვლის ბედს მოვემდურო?!


მაგრამ ზოგჯერ რომ ტკბილი ხმა

სანუგეშოდ მიჰფრენს აღმა

და ჩემთ გიჟთა ოცნებათა

ხარბად ინთქავს უფსკრული ღრმა,


თავგანწირულს მამულის მცველს

წარმოვიდგენ მაშინ ქართველს:

მტერს შეჰყვირის: “ჰკა მაგასა!”

გამოსული ბრძოლისა ველს.


აბა ეს ხმა, სალამურო,

ტკბილხმოვანო, საამურო,

აროდეს არ მომყირჭდება,

ძალგიძს მუდამ მომაწყურო!


ქართულად ჰკვნეს, ქართულად სტვენ,

ქართველის გულს ამით ალხენ,

ხასიათს და ჩვეულებას

წინაპართა გვაგონებ ჩვენ.


მაგრამ, ჩემო სალამურო,

გრძნობით მსტვენო, საამურო.

აღარავინ გიგდებს დღეს ყურს,

სჯობს, ისევ მწყემსს ემსახურო!..


1861 წ.