ჩემზე უნდა მოგახსენო, ყველაფერს, რაც კარგი და ხელოვნური რამ დაწერილა, ზემოქმედება, ძალა ჰქონია, აღტაცებაში მოვუყვანივარ, მომწონებია...

ამას წინათ “მოამბე”-ში იყო დაბეჭდილი წერილი ჩვენის მხცოვანის და პატივცემულის მგოსნის რაფიელის იუბილეის გამო, სადაც ბაჩანა და ვაჟა-ფშაველაც იყვნენ მოხსენიებულნი, პატივცემული ავტორი ზემოხსენებულის წერილისა ბ-ნი გრ. ყიფშიძე ამავე აზრს ჩვენზე იმეორებს რუსულს გაზეთში (იხ. “ნოვ. ობოზრენიე”, N4139). ბ-ნს ყიფშიძეს ზოგი რამ შეცდომა მოჰსვლია და ამ შეცდომის გამოსწორება ეხლავე საჭიროდ მიმაჩნია, რომ შემდეგში ჩვენის ლიტერატურის ისტორიკოსს ავაცილო ეს შეცდომა. თავის პიროვნებაზე საუბარი, ცოტად კი არა, ბევრად საჩოთიროა, მაგრამ საქმემ, გარემოებამ მოიტანა, არ შეიძლება, ვინც როგორ უნდა ჩამომართოს ასეთი მოქცევა, ცოტა ხანს ჩემის პიროვნებით არ დავავალო “მსმენელთა ყურნი”.

საქმე ის არის, რომ ათი წელი კი არ არის, რაც მე წერა დავიწყე, მეტია; მაშინ გამუდმებით არ ვწერდი და არც შემეძლო, რადგან ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, შეგირდი გახლდით. წერა დავიწყე 1878–ში კორესპოდენციებიდამ შესახებ ხევსურეთისა და ფშავისა “დროება”-ში. შემდეგ წლებშიაც ვბეჭდავდი ფელეტონებს ხანგამოშვებით; ბოლოში ვაწერდი “ლ. რ-ზ…”ს; ერთს ფელეტონს, მახსოვს კარგად, “ლ.რ-ზ…”-ს მაგივრად აწერია “ლ.ზ-რ”. 1881 წ. დამლევს თუ 1882 წ., კარგად არ მახსოვს, იბეჭდებოდა ჩემი წერილები ფსევდონიმით “კათაკმეველი”. საუბედუროდ, სამწუხაროდ ეს გაზეთები ხელთ არა მაქვს, რომ მკითხველს ვუჩვენო ნომერი გაზეთისა; დღესხნამდის იმ დროისა შემრჩენია მხოლოდ ერთი ნომერი “დროებისა” (იხ. “დროება” ¹184, 1880 წ. კორესპოდენცია “ს. ხახმატი”).

ჟურნალ “იმედშიც” ვბეჭდავდი ლექსებს. რასაკვირველია, იმ ლექსებში ბევრი არა ყრია რა, იქნება ცოტა რამ კი ეტყობოდეს ნიშან-წყალი გრძნობისა.

სადავოდ გახდა აგრეთვე ის გარემოება: ჰქონდა თუ არა გავლენა ჩვენს ძმებზე – რაზიკაშვილებზე რაფიელს. რაკი ეს კითხვა პირდაპირ დაგვიყენეს, მე პირადად სამარცხვინოდ მიმაჩნია, სიმართლით არ ვაღიარო ჩემის მხრით საქმის ყოველივე გარემოება.

ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვის გავლენა. მე კი ეს წესიერ, საღ, ნორმალურ და აუცილებელ მოვლენად მიცნია იმ კანონის ძალით, რომელსაც ჰქვიან კანონი თანდათანობისა. აქ საკვირველი არა არის – რა. გამოჩენილი რუსების კრიტიკოსი ბელინსკი განა ტყუილად ამბობს სახელოვანს რუსების პოეტს პუშკინზე: რომ დერჟავინი არ ყოფილიყო, პუშკინიც არ იქნებოდაო. დიდებული პოეტები, გენიოსად ცნობილნი, ხშირად უნიჭო პოეტებს ჰბაძავდენ წინა–პირველად, მაგრამ იმათ თავისებურებას ეს არაფერს უშლიდა. ზემოქმედება მწერალზე აუცილებლად საჭიროა, უამისოდ მწერალი ცარიელი, უშინაარსო არსება იქნებოდა, თუ ამასთანავე იგი ცოცხლად გამომსახავი არ იყოს შთაბეჭდილებათა. რამ უნდა ააჟღეროს მისი ჩანგი თუ ან ამბავი არ გაიგონა, ან ლექსი, ან საქმე, გარემოება ცხოველებისა არა ნახა ამაღელვებელი, ან ბუნების მოვლენით მიუყრუა ყური? აი ეს გარეგანი ფაქტორებია, ხოლო შინაგანი გული გახლავთ, რომელიც ამათ ითვისებს, ყალიბში ასხამს. ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.

ჩემზე უნდა მოგახსენო, ყველაფერს, რაც კარგი და ხელოვნური რამ დაწერილა, ზემოქმედება, ძალა ჰქონია, აღტაცებაში მოვუყვანივარ, მომწონებია. რა თქმა უნდა, თ. რაფიელის ლექსებმა, როგორც საერო კილოთი ნაწერმა და ისიც ჩვენებურ მთის კილოთი, სხვანაირად ააჩქროლა ჩემი გული, სხვანაირად შეძრა იგი. ამასთანავე ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თუმც მაშინ შეგირდი გახლდით, მაგრამ ხალხური, ფშაური, ხევსურული ლექსები ბევრი ვიცოდი; ეს კილო მიყვარდა, ჩემს გულში განსაკუთრებული კუთხე ეჭირა; თუმც მაშინ ლექსებს ვწერდი, ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ვბღაჯნიდი, მაგრამ ამ საერო კილოზე წერას ვერა ვბედავდი, რადგან მწერლობაში ლექსების წერის კილოდ არ იყო მიღებული, არამედ სხვა კილო მეფობდა. ჯერ დღესაც სჭირს ამ ფშაურს კილოზე ნაწერის ლექსების საზოგადოებისაგან ყურის დაგდება და მაშინ ხომ უფრო საძნელო იქნებოდა. ჩვენმა სახელოვანმა მხცოვანმა მგოსანმა რაკი საერო კილო დაუმკვიდრა ლექსებს და ჟურნალ “ივერიამ” გზა დაუთმო, მეც გაბედულება მომემატა. 1883 წელს დავწერე “შვლის ნუკრის ნაამბობი”, დამლევს იმავე წლისა – “მოხუცის ნათქვამი”. ორივე ეს ნაწერი ერთად იმავე 1883 წ. წარვუდგინე “ნობათის” რედაქტორს ბ-ნს ანდ. ღულაძეს, მაგრამ ერთს მათგანს, ისიც ნახევარს, “შვლის ნუკრის ნაამბობს”, მესამე წელს ეღირსა დაბეჭდვა, ხოლო მეორეს – “მოხუცის ნათქვამს” არა. იმ ხანებში გამოვიდა “ივერია” გაზეთად და იქ წარვადგინე. “ნობათის” რედაქტორის დაწუნებული პოემა “ივერიის” რედაქტორმა აღტაცებით მიიღო. ასე, ეს პოემა სამი თუ ოთხი წელი უქმად იდვა “ნობათის” რედაქციაში და მე სოფლიდამ გულის ფანცქალით თვალყურს ვადევნებდი, როდის ვნახავდი იმას დაბეჭდილს. ამაზე თვით ბ-ნი ანდ. ღულაძეს არ იტყვის უარს, ან კი რა საკადრისი იქნება?

უნდა გატეხილი მოგახსენოთ, რომ თუმც არავითარი მსგავსება არ არსებობს, და იქნება ვერცა ვის შეენიშნოს, “მოხუცის ნათქვამსა” და თ. ილია ჭავჭავაძის “დიმიტრი თავდადებულს” შორის, მაგრამ ამ პოემის წერის დროს “დიმიტრი თავდადებულს” ჰქონდა ჩემზე გავლენა, ვიდრე სხვა რომელიმე მშობელ ლიტერატურის ნაწარმოებს, უფრო კი მის ფორმას…

ასეთია ხშირი საიდუმლოება წერისა, მოდი, რას იზამთ. რად გიკვირთ? გრ. ლეონ ტოლსტოი შესანიშნავი მწერალია; იმას თვით ტურგენევმა უწოდა “დიდებული მწერალი რუსეთისა”, და იცით რასა სწერს თავის თავზე?! “მთელს ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორს რუსის მოაზრე კაცს ჰქონდათ დიდი ზნეობრივი გავლენა, გამიფართოვეს აზრი და ნათლად დამიხატეს ჩემი შეხედულება ქვეყანაზე. ეს კაცები არ იყვნენ არც რუსის პოეტები, არც სწავლულები, მქადაგებელნი; ეს კაცები იყვნენ, და დღესაც ცოცხალნი არიან, მიწის მუშა გლეხკაცნი სიუტაევი და ბონდარევი, რომლებიც მთელს სიცოცხლეს მიწის მუშაობას ალევენ”. ამას ამბობს ლეონ ტოლსტოი და ვინ იქნება ისეთი თავხედი და გაუგებარი, რომ აქაო და სიუტაევს და ბონდარევს ჰქონდათ გავლენა ტოლსტოიზე, ამიტომ ყველა ტოლსტოის ნაწერები მისი კი არა, გლეხთა სიუტაევისა და ბონდარევის გონების ნაწარმოებიაო.

თვით პუშკინი ეუბნება ერთს გამოჩენილს საერო ნაწარმოებთა მკრებელს, როცა იგი მოვიდა მასთან: იცით, მე თქვენს ლექსებს ვიპარავო. ჩვენებმა რომ ეს გაიგონონ, დიაძახებენ: “ბიჭოს! პუშკინი ქურდი ყოფილა, ხალხისათვის უპარნია ლექსებიო!” დიაღ, პუშკინის შემოქმედობაზე საერო ნაწარმოებთა, ვინც კი იცნობს რუსეთის საერო ლიტერატურას, დამეთანხმება რომ დიდი ზემოქმედება ჰქონდა. იმან შეისისხლხორცა ერის სულიერი სალარო და ამაშია კიდეც მისი დიდებულება, ამას ნაკლად კი არა, უდიდეს ღირსებად უთვლიან ჭკუათმყოფელნი.

თქვენს უმორჩილეს მონაზე – ვაჟა ფშაველაზედაც. უნდა მოგახსენოთ, დიდი ზემოქმედება აქვს ხალხურ თქმულებათა. უმეტესი ჩემი პოემები ხალხში გაგონის ორ-სამ სიტყვაზეა აშენებული. იქნება ეს ჭირიც იყოს? რა ვქნათ, ასე კია და… ნათქვამია: კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო.


1896 წელი

ამ ბოლო ხანს ჩვენს საზოგადოებაში მასლაათის დროს და გაზეთებშიაც შეხვდებით სამდურავს ქართულის ენის შებღალვისა გამო, თუ საქმეს ჩავუკვირდებით, ამ სამდურავს საფუძველს ვუპოვით. ყველა ჩვენგანს სწავლა მიუღია უცხო ენის მეოხებით, უცხო ენაზედ დაწერილს წიგნებით გვივარჯიშებია ყველას ჩვენი გონება და, უეჭველია, ამ გარემოებას ის შედეგი მოჰყვებოდა, რასაც ვხედავთ. ეს არაა საკვირველი, არამედ ისა, ქართულად ვფიქრობდეთ და ქართულად ისე ვწერდეთ… მაინც და მაინც როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმს. ჩვენი გამოჩენილი და გამოუჩენელი მწერლები ერთობლივ უცხო მწერლობით არიან ნაკვებნი, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად საზარალო არ ყოფილა ეს ამბავი, ზოგისთვის ძალიან ღრმად დაუსვამს დაღი, მეორისათვის ნაკლებად… ამიტომ არ შეგვიძლიან ყველა ჩვენს მწერლებს ენის უცოდინრობა ვუკიჟინოთ. თუმცა ისეთი მწერლებიც გვეპოვება რომ ორმოცი წელია ჰმოღვაწეობენ, ორმოცი წელია, რაც წერენ ქართულად და დღესაქამომდე ვერ მიუგნიათ ქართული ენისთვის.

რას ჰქვიან ენის ცოდნა, რასაკვირველია, არა კმარა მხოლოდ სიტყვები ვიცოდეთ, უნდა ისიც გვესმოდეს, თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ. ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულის შეგნება; ამ შეგნებისათვის კი საჭიროა ის ღირსება და მადლი, რომ თვით მწერალს უცემდეს ქართულად გული და მაჯა. ამისთანეები სიტყვაკაზმულ ნაწარმოების ავტორთა შორის უნდა ვეძიოთ. უსათუოდ საუკეთესო მგოსანი ენის მცოდნედაც უნდა მივიღოთ. რისთვის? მისთვის, რომ ერი უპირველე სყოვლისა დედაა ენისა, ხოლო საუკეთესო მგოსანი, როგორც თვით ენა, ღვიძლი შვილია მისივე და არავინაც არ არის თავისს მშობელთან ისე დაახლოვებული, როგორც ის, ვისაც შეუთვისებია მშობლის სისხლი და ხორცი. მწერლის ნიჭის მიხედვით რომ ვაფასებდეთ მის ენას, მაშინ ყველა ჩვენგანი არ წამოაყენებდა საკუთარ ენას მისაბაძავ საგნად.

თქვენს უმორჩილესს მონას, ამ წერილის ავტორს, ხშირად გამიგონია ზოგიერთის ჩვენი მწერლისაგან სამდურავი – და – ძველებური, უვარგისი ფორმები ნუ შემოგაქვს მწერლობაშიო, რაც დაძველდა, აღარ ვარგა, ის უნდა გავიტანოთ და სანაგვეზე გადავაგდოთო. ყველას თავისი გემოვნება აქვს, საკუთარი ფიქრი და აზრი და მეც ჩემი, რასაკვირველია. ამისთანა სამდურავი, რა თქმა უნდა უმეცრების ბრალია და, ხომ მოგეხსენებათ, უმეცრებასავით თამამი არა იქნება რა. არა მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რითი ჰგავს ენა მდინარეს? იმითი, რომ, რაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნურად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს; მიმდინარეობს იმ ჟამთა ამ ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგუბება, ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს…

დიაღ, მოდის ენაც მდინარესავით, მაგრამ თუ სათავეში, ე.ი. იქ, საიდანაც იბადება, არ დაშრა, ქვეით, ბოლოდგან მისი დაშრეტა ყოვლად შეუძლებელია და ძალაც მისი სწორედ რომ სათავეშია, გამომდინარეობს ულეველად, უკლებლად; საიდგან და როგორ იკრებს ამ ძალას, ჩვენთვის სულ ერთია. ენის საქმეც სწორედ ასეა. ქართული ენა გუშინ მოგონილი ხომ არ არის! იგი ძალიან დიდი ხნისაა, უკვე დამთავრებული, დახარებული ვაჟკაცია. რაც ხასიათი და თვისება დაჰყოლია, იგივე შეჰრჩება საზოგადოდ, საუკუნოდ. თუ ზოგიერთების ხელში იგი თავის ხასიათს ვერ იჩენს, ეს იმათი ბრალია, ვინც მას ამღვრევს უწმინდურებისა და ნაგავ–ნუგავის ჩაყრით, ვისაც ჰსურს ამ მდინარის წყალი იგემოს და დააფასოს იგი, ბოლოში სადაც მღვრივე მოდის, კი არ ამოჰკრეფს, არამედ სათავეს მიმართავს. სათავე ენისა, ვგონებ, ყველამ კარგად იცის, სად არის, ან რა არის… ეს სათავე ენისა გახლავთ ძველთა ნიჭიერ მწერალთა ნაწარმოებები, ის ქართული თემები, სადაც დღევანდლამდე შენახულა შეუბღალავად, უმწიკვლოდ ქართული ენა. სხვებს რომ თავი დავანებოთ, ნიჭიერ მწერლებად და ენის მაგალითად ჩვენთვის მხოლოდ ორი მწერალი კმარა – შოთა რუსთაველი და დავით გურამიშვილი, გაურყვნელის ენით მოსაუბრედ კიდევ მთიელნი, რომლებთანაც მე მაქვს დამოკიდებულება და ამ გაკიცხულს ფორმებსაც იმათგან ვიძენ, ნუ გგონიათ ფორმებს ვთხზავდე, ღმერთმა დამიფაროს! რა არის აქ საწყინო? შემოტანა მრავლის ფორმებისა, თუ კიდე სადმე მოგვეპოვება, კაი ნიშანი მგონია, ხოლო ფორმების გატანა და შემცირება – ერის გახლახვად, შეურაცხყოფად, დამცირებად მიმაჩნია.


1901 წელი

უნდა ვიფიქრო, ვინაიდგან ფიქრი აღკრძალული არ არის: ფიქრი სხვაა, საქმე სხვაა, შუა უძევს დიდი ზღვარი. ღმერთმა დაიფაროს ფიქრისთვისაც, რომ სასჯელი იყოს დაწესებული, ათასში ერთი თუ გაჰბედავდა ფიქრს, თორემ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი დაემსგავსებოდა იმ ლოდებს, ჩემ პირდაპირ ბექიდგან რომ გამოიყურებიან გამტკნარებულნი, გალულუჩებულნი, საწყლად, ბეჩავად. შესრულდა ორმოცი წელი, რაც მე იმათ შევჩერებივარ, ან კი საით ავცდები? რა წამსაც სახლის კარებში თავს გამოვყოფ, თვალებში ისინი მეცემიან. დიაღ, შევჩერებივარ მე იმათ, ისინი – მე და აბა, არ იქნა, ერთხელ ხმა–კრინტი არ დაუძრავთ…

საშინელებაა!.. მაგრამ ვითმენ იმიტომ რომ, რაც უნდა ვეცადო, ლოდებს ხმას ვერ ამოვაღებინებ, ენას ვერ ჩავუდგამ. ბრაზი კი მომდის, ღვთისა წინაშე, და ამიტომ იმათ მაგივრად მე მოვყვები ყბედობას, ვითომ ისინი ლაპარაკობენ, რა არის, მინდა რომ იუბნონ და ამითი ჩემს თავს მევე ვატყუებ. მეც სწორედ ისე მემართება, როგორც ოდესმე ერთს ხევსურს დაჰმართნია: ძმობილმა სიზმარში ფრანგული (ხმალი) აჩუქა და ეს უარზედ დადგა: „არ მი ეგ, რად მი (მინდა)?! მაგას დავითფერულ (ხმალი) მირჩევ მე!’’ ისე ხმამაღლა განაცხადა უარი, რომ თავის ყვირილზე გამოეღვიძა და, რა ნახა თავისი თავი უნუგეშოდ დარჩენილი, შემოიკრა თავში და პირში, რა მინდოდა, ხმალი ჩამომერთვაო. ადგა და ხელმეორედ დაიძინა, იმედი ჰქონდა, იმავე სიზმარსა ვნახავ და ხმალსაც ვიშოვიო. მაგრამ ამაოდ, სიზმარი აღარ განმეორდა.

რატომ, თავის მოტყუებაც კარგია, როცა იგი სიამოვნებასა ჰგვრის ადამიანს, მაგრამ საკეთილოდ თუ სავალალოდ, ეს თქვენ თითონ განსაჯეთ, ჭკვათამყოფელი ადამიანი თავს ტყუილით არ დაუწყებს კვებას, სინამდვილეს პასუხს მისცემს. სინამდვილე რაღა ხილია? – სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ის, რასაც თვალით ნამდვილად ყველა ვხედავთ და რაც ყურით გვესმის; ისიც კი უნდა ჩაითვალოს სინამდვილედ, რასაც ნახულისა და გაგონილის გამო ვგრძნობთ.

მაშასადამე, სინამდვილეა – ცხოვრება ჩვენი და მისი პირობანი, აგრეთვე ისინი, ვისაც ჩვენ ვხედავთ, ვისთანაც ჩვენ ასე თუ ისე დამოკიდებულება გვაქვს, და თვით ბუნება გარემო ჩვენსა. რა თქმა უნდა, ნამდვილია, რომ ჩვენ ქართველები, ერი ვართ და როგორი მერე? ამის პასუხად ისეთს ვერას ვიტყვით, რომ ან ჩვენ თვითონ არგვეთქვას და არვამბობდეთ თავის თავზედ, ან სხვას, უცხოელს, გარეშე ადამიანს არ ეთქვას ჩვენზედ. სიმართლე და სინამდვილე კი ის იქნება, ვთქვათ, – ქართველებს ისეთი ავი ზნე არაფერი გვჭირს, სხვა ერსაც არა სჭირებოდეს, ან არა სჭირდეს, მაგრამ იმათ არსებობას, სიცოცხლეს და ბედნიერს მომავალს არც ერთი ჭკვიანი ადამიანი არ უარჰყოფს. ჩვენ კი, აწმყოსაგან გამწარებულნი, ეჭვის თვალით, უსასოოდ შევყურებთ მომავალს, ქართველი ერი დაბერდაო. ამისთანა აზრი განა ჭკუისა და ცოდნის ნაყოფია? -სრულიადაც არა. მაშ რისა, ან ვისი ბრალია? ჯერ ერთი, იმისა, რომ ყველაფერს, რასაც წიგნიდან ამოიკითხავს კაცი, დაიჯერებს აუწონ–დაუწონავად და მეორეც იმისა, წაკითხულს სწორედ ვერ გაიგებს. მოგეხსენებათ მეცნიერმა ოგუსტ კონტმა, ერის სიცოცხლე შეუდარა ადამიანის სიცოცხლეს და სთქვა – ერი იმავე ხანებს გამოივლის სიცოცხლისას, რასაც ადამიანი თავის გაჩენის დღიდგანო, ე.ი. სიყმაწვილეს, სიჭაბუკეს, დავაჟკაცებას და სხვადასხვ. ხოლო კონტს არსად არ უთქვამს, რომ აუცილებლად, უსათუოდ ყველა ერს სიბერე და სიკვდილი მოელისო. კიდეც რომ ეთქვა, განა უნდა დავიჯეროთ? განა კონტებმა, კანტებმა და სპენსერებმა, რომ სისულელე წამოროშონ, ვინაიდგან კაცნი ვართ, რის გამოც ბევრჯელ შევცდებით და მოვტყუვდებით, ჩვენ იმათ პირიდგან ამოსული ბაჯაღლო ოქროდ უნდა მივიღოთ?! განა სპენსერი არ მოტყუვდა ადამიანის სხეული საზოგადოებრივს სხეულს რომ შეუდარა და შეუბადლა, რათა გაემართლებინა, პირნათლად გამოეყვანა ქვეყნის თვალში მონარქიული ბურჟუაზიული წეს–წყობილება? („საფუძველნი სოციოლოგიისა”), მაგრამ არც ერთმა ჭკუა–გონების პატრონმა ნასწავლმა არ მიიღო ეს შებადლება ბაჯაღლო ოქროდ. ბოლოს იპრიანა ღმერთმა და თითონ სპენსერმავე სხვა თავის თხზულებაში („განვითარება პოლიტიკურ დაწესებულებათა’’) უარჰყო ეს აზრი.

ერის სიბერეს და სიკვდილს ისინი დაიჯერებენ მარტო, ვინც ცხოვრების პირობების გარეშე სხვა რაღაც უხილავს ძალას ჰხედავენ, რომელიც არც ცაში და არც დედამიწაზედ არ არსებობს და ჟამთა ბრუნვის სივრცეშია ვითომ გაბნეული, ან კიდევ სადმე წიგნში სწერია, რატომ ღრმად არ უნდა ვიყვნეთ დარწმუნებულნი, რომ ერი მუდამ ცოცხალია და არც მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა–ცხოვრების პირობები მაცხოვრებელის თვისებანი არიან? რომელ ერსაც ეს კარგად ესმის და სასიცოცხლო პირობებს იცავს, ინახავს, იგი მუდამ ცოცხალი, ბედნიერი, ჯან–ღონით სავსეა, იმას არც სიბერე მოეკიდება, არც სიკვდილი. რომის იმპერიაო, გაიძახიან, დაბერდა და დაეცაო. დაბერდა ოღონდაც, მაგრამ სხვამ ხომ არ დააბერა იგი, არამედ თავი თვისი თითონ დააბერა და დააუძლურა. ყველა ერსაც ესევე დაემართება, უკეთუ იგი სიცოცხლის წყაროს არ ეწაფება, თავისის ცხოვრებისათვის გამოსადეგს ვითარებას არ შეჰქმნის და, თუ აქვს, არ ინახავს, მაგრად არ უჭიდია ხელი. ეს დღესავით, მზესავით ნათელია, აშკარაა.

ინტელიგენციას ან კი რა უფლება გვაქვს – ჩვენს სიცოცხლით სავსე ერს ამისთანა შეუფერებელი განაჩენი დაუდგინოთ ასე თამამად, კადნიერებით?! ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენიც სამართლიანი გამოდგეს, ჩვენთვის კი ეს ჭეშმარიტება საჭირო არა ყოფილა. ამ ლაყე, შხამიანს აზრს კარგად რომ ჩავუკვირდეთ, ღრმად მოვთხაროთ და ფესვები ამოვუჩინოთ, მხოლოდ იქ ვიპოვნით მიზეზს ამ უკეთურის განაჩენისას… მოვთხარეთ კიდეც და იცით, იქიდგან რა ხმა და სამდურავი მოისმის: ამოდენა ვიშრომეთ, ვიღვაწეთ და არ იქნა ქართველ ერს თვალები ვერ ავახილებინეთო. ყველა ჩვენგანსა ჰგონია, დიდი და ბევრი რამ გავაკეთე საქვეყნოდ და არსად მოიტანა ნაყოფი, – ღვაწლი და შრომა ჩემი დაიკარგა უქმადაო, თორემ ამდენი სხვა ქვეყანაში რომ მეშრომა, იმასაც გავაბედნიერებდი და ჩემს თავსაცაო. ამ უხამსის განაჩენის მიზეზი და სათავე, თუ გნებავთ, აქედგან იწყობა. ცოტა შევჩერდეთ და ჩვენსავ თავს დავეკითხოთ: მართლაც რა გავარიგეთ, რა გავაკეთეთ ქართველმა ინტელიგენციამ საქვეყნოდ, საერთოდ? თუ მე მკითხავთ, გულახდილად გეტყვით – არაფერი. ინტელიგენციამ ჯერ ის ვერ შევიძელით გვესწავლებინა ერისათვის (ხალხისათვის), რომ მთელი „რჯულ-საქრისტიანო“ არაა საქართველო, – ვერ ვასწავლეთ, რა არის, რასა ჰქვიან მამული, სამშობლო… დეპოები სადმე დაარსდა, თავის „რეჩებით“ ისინიც ინტელიგენციამდე დაღუპა. კეთილ ნიადაგზედ სადმე არსდება საზოგადოება და თუ ღვარძლი გამოერია იქ, იცოდეთ, რომ ეს ინტელიგენციისავე უნარი უნდა იყოს. ნამდვილ სახელად ინტელიგენციას ის ჩაეთვლება, რომ გაზეთები და წიგნები მის მეოხებით საკმაოდ იბეჭდება და არავინ კი არ კითხულობს, ან საიდგან და როგორ უნდა წაიკითხოს კაცმა წიგნი, თუ კითხვა არ ეცოდინება?! აი, როგორი ამშენებლები ვყევართ ჩვენს ქვეყანას! ჩვენი დიდი ღვაწლი განიზომება იმ გარემოებით, რომ ამდენი ლიტერატურული ჰაიჰუით, ბევრი-ბევრი რომ ვთქვათ, 1500 მკითხველი შევიძინეთ სამ მილიონ ქართველთაგან და ისიც უეჭველად, ცოტად თუ ბევრად, ინტელიგენტები… დანარჩენი ქართველობა, ერი, მდაბიო ხალხი, რომელიც არის ჭეშმარიტი ძალა ჩვენის ქვეყნისა, დაგვრჩა ღობეს გარეთ, არც ჩვენ გავეცანით, არც ისინი გავიცანით და ვერც ჩვენი ხმა მივაწვდინეთ იმათ. ეხლა კაბინეტში ვსხედვართ და გულ-მკერდს ვიმჯიღავთ: აფსუს, ჩვენო ამაგო! . . მახლას, მახლას! ჩვენ ინტელიგენციასაც სწორედ ის ემართება ამ შემთხვევაში, რაც მე დამემართებოდა, ამ თხოვნით რომ მომემართა: თქვენი ჭირიმე, ძმებო, რაც შეიძლება მალე, დაწვრილებით, მარეხის ამბები მაცნობეთო!

რა გგონიათ, ჩვენმა ინტელიგენციამ მარეხისა მეტი იცის, ვიდრე თავისის ქვეყნისა და ხალხისა? განა ეს ღვაწლი კმარა ინტელიგენციისათვის? განა ამის მეტი არ მოეთხოვება ინტელიგენციას? ყველგან და ყოველთვის ერის ძალა ინტელიგენცია ყოფილა და იქნება, იგი ბელადია, სარდალი და, ხომ მოგეხსნებათ, სარდლის ნიჭსა და მოხერხებაზეა დამოკიდებული გამარჯვება, მტრის დამარცხება. არა აქვს ჩვენს ინტელიგენციას გარკვეული საერთო პროგრამა და გეგმა მოქმედებისა, უამისოდ კი ყოვლად შეუძლებელია გაკეთდეს რამ თვალსაჩინო. ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც სწორედ ერთს პროგრამას და ერთს გეგმას მოქმედებისას ჰსაჭიროებს. ეს ვერ შევიგენით, ვერ გავიგეთ დღესაქამომდე. ასევე იქნება მომავალშიც, თუ ჩვენს ხალხს, მის ცხოვრებას არ შევიგნებთ, არ გავიცნობთ კარგად, – მანამდე ვერც საერთო მოქმედების პროგრამას შეიმუშავებს ინტელიგენცია, არც ჩვენის ერის სიბერისა და სასიკვდილოდ განმზადების ეჭვები გამოუვა თავიდან, – მანამდე არც მდურვას ქართველის ერის გულგრილობა-დაუდევრობის გამო ექნება დასასრული. მერომ მკითხოთ, როგორც ბევრად თუ ცოტად მცოდნეს ჩვენის მდაბიო ხალხის და ჩვენის ცხოვრებისა, – რომელი უფრო სინდისიერად ასრულებს თავის მოწოდებას, თუ მოვალეობას, უკანასკნელი გლეხი, თუ თავმომწონე რომელიმე ინტელიგენტიო? გლეხი-მეთქი, გიპასუხებთ. ამით ღმერთმა დამიფაროს სწავლა-განათლების მგმობელი ვიყო, არა, მაგრამ ასეა დღეს და მოდი რას იზამ.

რადაო? იკითხავთ. იმიტომ, მოგახსენებთ, რომ უბირი გლეხი თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას, თავის ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, დილიდგან მოყოლებული საღამომდე წელებზედ ფეხს იდგამს, რომ აცხოვროს თავი და ცოლ-შვილი, გაუძღვეს ამასთანავე ათასნაირს ხარჯს და სხვ. ეტყვის მკითხავი, სადმე ხატისას – კურატით უნდა მიხვიდე და ილოცოო, იმდენს იწოწიალებს, იმდენს თავში ქვას იხლის, ტანზე პერანგს აღარ შეირჩენს, საითაც იქნება, თუ თითონ არა ჰყავ, იყიდის, და ხატ-ღმერთთან კი პირშავად არ გამოვა, და არც თავის სინდისთან არის პირშავი, რის გაკეთებაც შეუძლიან, აკეთებს; როგორც ეხერხება თავის ხშირად ყალბი გრძნობის დაკმაყოფილება, ისე აკმაყოფილებს; რაც აზრი და რწმენა აქვს, იმისდაგვარად შესაფერად იქცევა, და ეს მას სრულ ადამიანად ჰქმნის. რა ვუყოთ, მართალია, მისსავე სუფრაზე რომ ჩვენის ქვეყნის – საქართველოს სადღეგრძელო დაჰლიო, ვითარცა ინტელიგენტმა და თამადამ, იგი ასე განიმეორებს „გაუმარჯოს რჯულ-საქრისტიანოსაო!“ ჩვენებურ ტვინფრატუნა კოსმოპოლიტებს (ნუ გიკვირთ) არ გეგონოთ კი, რომ ეს კოსმოპოლიტობით მოსდიოდეთ, ვინადგან რჯულ-საქრისტიანო ქვეყნის ერობაზედ დიდია და თითქმის მთელ განათლებულ ქვეყნებს შეიცავს, არამედ იმის გამო ემართება, რომ არა აქვს არავითარი ცოდნა თავისის ქვეყნისა და საქართველოს გარეშე ვერ წარმოუდგენია „რჯულსაქრისტიანო“, სულ სათათრეთი ჰგონია…

ჩვენი ინტელიგენტიღა?! ჰმ! რა ვქნათ და რა ვთქვათ?! რამდენსა სტყუის იგი თავის საკუთარ ღმერთთან, თავისის აზრისა და გრძნობის წინაშე, ამა თუ იმ მიზეზისა გამო, ჩემთვის სულ ერთია, და რომ სტყუის, ეს უეჭველად ასეა, თითონაც კარგად უწყის და არც იუარებს, ხშირად თავსაც დროსა და გარემოების მიზეზით ჰმართლულობს… ამას აზრი და გრძნობაც ვრცელი აქვს, იდეალებიც დიდი, მაგრამ იმის მეათასედსაც ვერ აკეთებს, რასაც ჰგრძნობს და ჰსაზრობს. ეს მოვლენა შეგნებულ ადამიანისათვის ყოვლად აუტანელია, მტანჯველი და იგი ჰქმნის ჩვენებურს ინტელიგენტს ნახევარ ადამიანად, უბედურს, ცხოვრებისაგან უკმაყოფილოს, პესიმისტს. მე ამას ვიკმარებ და დანარჩენის განსხვავების აღმოჩენა ინტელიგენტის და მდაბიო კაცის შესახებ, მკითხველო, თქვენთვის მომინდვია. იმასაც ნუ დაივიწყებთ, რომ ეს უკანასკნელი ერის ნივთიერსიმდიდრის შემოქმედია დაფეხიც არმოუსხლეტია, მაგრად უდგა სამშობლო მიწა-წყალსა და მამა-პაპის კერაზედ. იმას თუ ჩირაღდანი კარებზედ არ მიუტანე, იმისთვის სოფლიდგან ქალაქში არ გამოიქცევა, იმდენად თავს არ შეიწუხებს და მამა-პაპური სანთლით, კერაზე დანთებულის ცეცხლით იოლად გამოვა. სკოლაში რომ შვილი მიაბაროს, სრულიადაც არა ჰფიქრობს იმას, რა მეთოდით, წესით ასწავლიან იმის შვილს და რამდენის თვის უკან დააწყებინებენ უცხო ენაზე სწავლას… ენა, სამშობლო, მან ანდით იცის და არა გონებით, ამიტომ მას არ ძალუძს რიგიანად ან ერთს გაუწიოს პატრონობა, ან მეორეს… როგორმე რომ მოხდეს და ერთს პატიოსან დღეს მისი შვილი სკოლიდგან ისეთი განსწავლული დაბრუნდეს, ინჩიც აღარ ესმოდეს ქართულისა და უცხო ენაზედ კი გამაშირებით საუბრობდეს, შვილის ასეთი გარდაქმნა იმითი თუ დააღონებს, რომ ვეღარაფერს გააგონებს და ვეღარც რას შვილის ნათქვამიდგან გაიგებს, სხვაფრივ კიდეც გაუხარდება, დიახ, გაუხარდება, რადგან არ იცის, რა შედეგი მოსდევს ამისთანა შვილის ყოლას, იგი ძალიანაც კმაყოფილი დარჩება, რადგან მეზობლები იტყვიან: „ეჰე, ჩვენ დემეტრეს როგორი ნაჰწავლი შვილი გამოსვლია, ქართულ სულ ვეღარ ლაპარაკობსო“. ასე გახლავთ, თუმც შეიძლება ზოგიერთმა არც კი დაიჯეროს, ნება აქვს, მე კი მაინც იმას ვიტყვი, რაც ვიცი და რაც ჩემის ყურით გამიგონია. დიაღ, დემეტრე ისე ჰფიქრობს, რომ ქართულის სწავლება ქართველი ბავშვისათვის სრულიადაც საჭირო არ არისო, რადგან იცის, ვითომ და ნაცოდნზე დროს დაკარგვა მეტ, უქმ შრომად მიაჩნია, თორემ განა სძულს, ან ეჯავრება თავისი ღვიძლი ენა.

ყველა ეს უვიცობის, უმეცრების ბრალია, რაშიაც თვით ინტელიგენციასაც წილი უძევს. რა მიგიციათ, რასა სთხოვთ, ამაზე მეტი ხათაბალა იქნება?! რაც ცოდნა და გამოცდილება მამაპაპამ უანდერძა გლეხკაცობას, ამან კარგად შეინახა: საცა ვენახი ხარობს, მშვენივრად შემუშავებული ვენახი აქვს; საცა საქონლის მოშენებას უწყობს ადგილი ხელს – საქონელი ჰყავს მოშენებული და, ხვნა-თესვას თუ ვიტყვით, რიყესა და კლდეზედაც სულადი, პური მოჰყავს. არც ერთს ახალს საშუალებას, თუ მანქანას არ უფრთხის იგი, როცა დაინახავს მის სარგებლობას – ვენახების შეწამლვა, ახალის ჯურის გუთნების შეძენა, ყველგან გახშირებულია, როგორც კახეთში, ისე ქართლში და სხვ. საწყალმა არ იცის ბევრი რამ და ყველაზედ მეტად ის, რითაც ჩვენ უფრო თავს შეგვაყვარებდა ეს – ინტელიგენციის სულიერი მისწრაფება, მისი იდეალები… მარტო თავადაზნაურობა არ არის ერის ძალა და ისინი თუნდა დიდიდგან დაწყებული პატარამდე საუკეთესო აზრებით, გრძნობით გაიმსჭვალნენ, საუკეთესოდ იმოქმედონ, მაინც ვერაფერს გავხდებით, უკეთუ მდაბიო ხალხიც ბანს არ მისცემს… რას აკეთებენ მღვდლები? სოფელი არ არის, მღვდელი არ იყოს და რა დასაჯერებელია, ნამდვილმა მოძღვარმა 5-6 მოწაფე ვერ შეიძინოს, ისე ვერ გამოაღვიძოს ისინი, რომ ჰქონდეთ წადილი წიგნის, გაზეთების კითხვისა, ქვეყნიერობისა რომ გაეგებოდეთ?! ჩვენ ამას ვერა ვხედავთ. ან კი საით დავინახავთ იმას, რაც არა სჩანს სადმე.


1901 წელი