თავი პირველი

1. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთორმეტე წელს, რომელიც მეფობდა აშურელებზე დიდ ქალაქ ნინევეში, არფაქსადის მეფობისას, რომელიც მეფობდა მიდიელებზე ეკბატანაში,

2. და ირგვლივ შემოავლო ეკბატანას გათლილი ქვებისგან ზღუდე სამი წყრთა სისქისა და ექვსი წყრთა სიგრძისა, და ქმნა მისი სიმაღლე სამოცდაათი წყრთა, სიგანე კი - ორმოცდაათი,

3. და აღმართა ასწყრთიანი გოდლები მის კარიბჭეებთან და სამოცწყრთიანი საძირკველი ჩაუყარა,

4. ააშენა მისი კარიბჭენი, სიმაღლით სამოცდაათი წყრთა და სიგანით ორმოცი წყრთა, მისი ძლევამოსილი ლაშქრის გასასვლელად და ფეხოსანთა განსაწყობად,

5. იმხანად ბრძოლა გადაიხადა ნაბუქოდონოსორ მეფემ არფაქსად მეფის წინააღმდეგ დიდ ველზე (ეს არის ველი რეღუს საზღვრებში).

6. მასთან შეიკრიბა მთის ყოველი მცხოვრები და ყველანი, ვინც ცხოვრობდნენ ევფრატის, ტიგროსის და ჰიდასპეს გაყოლებაზე და ველზე, სადაც არიოქი ელიმაელებზე მეფობდა. შეუერთდა ქალდეველთა ლაშქარს მრავალი ტომი.

7. დაუგზავნა აშურის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა, მოციქულები სპარსეთის ყველა მცხოვრებს, დასავლეთის ყველა მცხოვრებს, კილიკიის, დამასკოს, ლიბანისა და ანტილიბანის მცხოვრებთ და ზღვისპირეთის ყველა მცხოვრებს,

8. ქარმელის, გალაადის, ზემო გალილის და ესდრელონის დიდი ველის ხალხებს,

9. ყველას, ვინც იყვნენ სამარიაში და მის გარშემო ქალაქებში, იორდანეს გაღმა იერუსალიმამდე, ბეთანიამდე, ხელუსიამდე, კადეშამდე, ეგვიპტის მდინარემდე, თახაფნეხესამდე, რამსესამდე და მთელ გოშენის ქვეყნამდე,

10. ზემო ტანისისა და მემფისის მისასვლელამდე, ეგვიპტის ყველა მცხოვრებს ეთიოპიის საზღვრებამდე.

11. ყურად არ იღეს ყველა ქვეყნის მცხოვრებლებმა აშურის მეფის, ნაბუქოდონოსორის, სიტყვა და არ შეუერთდნენ მას საბრძოლველად, რადგან არ ეშინოდათ მისი, მათი მოწინააღმდეგე ერთი კაცისა, და ლანძღვა-გინებით გააბრუნეს უკან მისი გაწბილებული მოციქულები.

12. ძლიერ განურისხდა ნაბუქოდონოსორი ყველა იმ ქვეყანას და დაიფიცა თავისი ტახტი და მეფობა, რომ შურს იძიებდა კილიკიის, დამასკოსა და არამის საზღვრებზე, მახვილით მოსრავდა მათ და მოაბის ყოველ მცხოვრებს, ყამონიანებს, ყველა იუდაელსა და ყველა ეგვიპტელს ორი ზღვის საზღვრამდე.

13. მეჩვიდმეტე წელს წაუძღვა იგი თავის ლაშქარს არფაქსად მეფის წინააღმდეგ, სძლია მას ბრძოლაში და უკუაქცია არფაქსადის მთელი ლაშქარი, მთელი მისი მხედრობა და საბრძოლო ეტლები.

14. დაეუფლა მის ქალაქებს, მიაღწია ეკბატანამდე, დაიპყრო ციხე-სიმაგრეები, გაძარცვა მისი ბაზრები და საგინებლად გახადა მისი მშვენიერება.

15. არფაქსადი კი შეიპყრო რეღუს მთებში და თავისი ჰოროლით განგმირა, იმავე დღეს მოუღო ბოლო.

16. გამობრუნდა ნინევეში მათთან ერთად - თავად იგი და მთელი მისი ლაშქარი - მეომართა აურაცხელი სიმრვლე. ისვენებდა და ილხენდა იგი ასოცი დღე თავის ლაშქართან ერთად.


თავი მეორე

1. მეთვრამეტე წელს კი, პირველი თვის ოცდაორს, ამურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის, სახლში იყო სიტყვა მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მას.

2. უხმო ყველა თავის მსახურსა და დიდებულს, გაუმხილა თავისი საიდუმლო ზრახვა და თავისი პირით გადაწყვიტა ყოველი ბოროტება ქვეყნისათვის.

3. მათ სასიკვდილო მსჯავრი დადეს ყოველ ხორციელს, რომელიც არ დაემორჩილებოდა მისი პირიდან გამოსულ სიტყვას.

4. როცა გადაწყვიტა თავისი განზრახვის აღსრულება, უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, ოლოფერნეს, თავისი ჯარის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უთხრა:

5. ასე ამბობს დიდი მეფე, ბატონ-პატრონი მთელი ქვეყნის, წადი ჩემგან და თან წაიყვანე თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ვაჟკაცები, ასოციათასი ფეხოსანი და მრავალი ცხენი თორმეტიათასი მხედრითურთ.

6. წადი და დაეცი მთელ დასავლეთის ქვეყანას, რადგან არ დაემორჩილნენ ჩემს ბრძანებას.

7. გამოუცხადე, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგან განრისხებული მივდივარ მათზე, რომ დავაბნელო მთელი მიწისპირი ჩემი მეომრების ფეხებით და ასაკლებად მივცე ისინი ჩემს მებრძოლებს.

8. მათი დაჭრილები აავსებენ მათსავე უფსკრულებს, მოდიდდება ყველა ნიაღვარი და მდინარე და წალეკავს მათ გვამებს.

9. წამოვასხამ ტყვეებს მთელი ქვეყნის კიდიდან.

10. შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე.

11. ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში.

12. რადგან ცოცხალი ვარ მე და ძლიერია ჩემი მეფობა. მითქვამს და აღვასრულებ კიდეც ამას ჩემი ხელით.

13. შენ კი ერთი რამეც არ შეცვალო შენი მეუფის ნათქვამიდან. აღასრულე ყოველაფერი ისე, როგორც გიბრძანე, ნუ დააყოვნებ ამის გაკეთებას.

14. წავიდა ოლოფერნე თავისი ბატონისგან, უხმო ყველა მბრძანებელს, სარდლებს და აშურელთა ლაშქრის მეთაურებს.

15. მწყობრში ჩააყენა რჩეული ვაჟკაცები, როგორც უბრძანა მისმა მეუფემ, რიცხვით თორმეტიათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი.

16. და დააწყო ისინი საბრძოლო წესისამებრ.

17. წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი საბარგულებად და ურიცხვი ცხვარი, საქონელი და თხა გამოსაკვებად.

18. წაიღო საგზალი ყოველი კაცისთვის უხვად, და დიდძალი ოქრო და ვერცხლი მეფის სახლიდან.

19. დაიძრა მთელი თავისი ლაშქრითურთ სამგზავროდ, რომ წინ გაესწროთ ნაბუქოდონოსორ მეფისთვის და დაეფარათ მთელი დასავლეთის ქვეყნის პირი ეტლებით, მხედრებითა და რჩეული ფეხოსნებით.

20. აურაცხელი ჭრელი ბრბო კალიასავით გამოეფინა მათთან ერთად. როგორც მიწის მტვერს, მათ სიმრავლესაც არ ჰქონდა სათვალავი.

21. ნინევედან სამი დღის სავალზე მოადგნენ ბეკთილეთის ველს და დასცეს ბანაკი ბეკთილეთთან, მთის მახლობლად, ზემო კილიკიის მარცხნივ.

22. აქედან წაიყვანა მთელი თავისი ლაშქარი, ფეხოსნები, მხედრები და ეტლები და გაემართა მთიანეთისკენ.

23. აიკლო ფული და ლუდი, გაძარცვა მთელი რასის ხალხი და ისმაელიანები, ქილიონის სამხრეთით, უდაბნოს პირას რომ ცხოვრობდნენ.

24. გადალახა ევფრატი, გადაიარა შუამდინარეთი და დაანგრია ყველა დიდებული ქალაქი აბრონის ხევიდან ზღვამდე.

25. დაიპყრო კილიკიის საზღვრები და გაანადგურა ყოველი წინააღმდგომელი და მოადგა იაფეთის სამხრეთ საზღვარს, არპეთის პირდაპირ.

26. შემოერტყა მიდიანელებს, გადაწვა მათი კარვები და გაძარცვა მათი ფარეხები.

27. პურის მკის დღეებში ჩავიდა დამასკოს ველზე და ცეცხლს მისცა მთელი მათი ყანები, გაანადგურა მათი ფარები და ნახირი, გაძარცვა ქალაქები, ააოხრა მინდვრები, მახვილის პირით ამოწყვიტა მათი წვრილშვილი.

28. შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას - სიდონსა და ტვიროსში მყოფთ, ცურისა და ოკინას მოსახლეობას, იმნას მთელ მოსახლეობას, ძალზე შეეშინდათ მათი აშდოდედებს და აშკელონელებს.


თავი მესამე

1. გაუგზავნეს მას მოციქულები სამშვიდობო სიტყვებით და უთხრეს:

2. აჰა, ჩვენ ნაბუქოდონოსორის, დიდი მეფის მსახურნი, განრთხმულნი ვართ შენს წინაშე, გვიყავი, რაც გენებოს.

3. აჰა, ჩვენი საცხოვრებლები, მთელი ჩვენი მიწა-წყალი, ყანები, ფარები და ნახირი, ფარეხები კარვებითურთ შენს წინაშეა. გამოიყენე, როგორც გენებოს.

4. აჰა, ჩვენი ქალაქები და მათი მკვიდრნი შენი მონები არიან, მოდი და ისე მოექეცი მათ, როგორც შენს თვალებს ეამება.

5. მოვიდნენ კაცები ოლოფერნესთან და აუწყეს მას ეს ყველაფერი.

6. მერე ჩავიდა თავისი ლაშქრითურთ ზღვისპირეთში და დაიკავა მაღლობზე მდგარი ქალაქები, და აიყვანა მათგან რჩეული კაცები თანამებრძოლებად.

7. შეეგებნენ მას ეს ხალხი და მთელი მათი შემოგარენი გვირგვინებით, ფერხულით და ბობღნებით.

8. მან კი დაანგრია ყველა მათი გორაკი და აჩეხა მათი წმინდა ჭალები, რადგან დავალებული ჰქონდა ყველა ღმერთის განადგურება ქვეყანაზე, რათა ყველა ხალხს მხოლოდ ნაბუქოდონოსორისთვის ეცა თაყვანი, ყველა ენასა და ტომს მხოლოდ იგი შეერაცხა ღმერთად.

9. მიადგა ესდრელონს დოთანის მახლობლად, რომელიც იუდას დიდი მთაგრეხილის წინ მდებარეობს,

10. და დაბანაკდნენ გებასა და სკვითთა ქალაქს შორის. ერთი თვე დაჰყო იქ, რათა თავისი ლაშქრისთვის საჭირო მარაგი დაეგროვებინა.


თავი მეოთხე

1. გაიგეს იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა ყოველივე, რაც უყო ხალხებს ოლოფერნემ, აშურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის მთავარსარდალმა, თუ როგორ გაძარცვა და გაანადგურა ყველა მათი საწმიდარი.

2. შეშფოთდნენ მეტისმეტად თავიანთი თავის და იერუსალიმის გამო, შეძრწუნდნენ თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო,

3. რადგან ახლადდაბრუნებულნი იყვნენ ტყვეობიდან, ახალი შეკრებილი იყო იუდას მთელი ხალხი: წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და ტაძარი განწმენდილი იყო ბილწებისაგან.

4. დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიაში, კონაში, ბეთხორონში და ბელმაინში, იურიხონში და ქობაში, ესორისა და სალემის ხეობებში.

5. სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი, ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და მოიმარაგეს ბრძოლისათვის სურსათ-სანოვაგე, რადგან ახლადმომკილი იყო მათი ყანები.

6. მისწერა მღვდელმთავარმა იოაკიმმა, იერუსალიმში რომ იყო იმხანად, მცხოვრებლებს ბეთულისა და ბეთომესთაიმისა (რომელიც ესდრელონის გასწვრივაა, დოთანის ახლოს მდებარე ველის წინ),

7. რომ დაეკავებინათ მთის მისადგომები, რადგან მათზე გადიოდა იუდაში შესასვლელი. აქ ადვილი იყო მომხდურთა შეჩერება, რადგან ორი კაცისთვისაც კი ვიწროა გასასვლელი.

8. ყველაფერი ისე მოიმოქმედეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანეს მღვდელმთავარმა იოაკიმმა და ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ, ვინც კი იერუსალიმში იყვნენ.

9. ისრაელის ყოველმა მამაკაცმა დიდი თავდადებით შეჰღაღადა ღმერთს და დიდი თავდადებით მოუდრიკა ქედი.

10. მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა, მათმა ბავშვებმა, მათმა პირუტყვმა, ყოველმა მდგმურმა და მოჯამაგირემ და ვერცხლით ნასყიდმა ძაძა შემოირტყეს წელზე.

11. დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე.

12. ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და ერთსულოვნად და გულმოდგინებით შეჰღაღადეს ღმერთს, არ მიეცა მათი ყრმები დასატაცებლად, დედაკაცები წარსატყვევნდ, მათი სამკვიდროს ქალაქები გასანადგურებლად, სიწმიდენი შესაბილწად, საგინებლად და წარმართა გასხარებლად.

13. ისმინა უფალმა მათი ხმა და იხილა მათი გასაჭირი. მრავალი დღის განმავლობაში მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყოვლისშემძლე წმიდა უფლის წინაშე.

14. იოაკიმი, მღვდელმთავარი და ყველანი, უფლის წინაშე წარმდგარი მღვდლები და ღვთისმსახურნი, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ აღსვლენს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისგან.

15. ვარშამანგებზე ნაცარი ჰქონდათ დაყრილი და მთელი ძალით შეჰღაღადებდნენ უფალს, კეთილი თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის.


თავი მეხუთე

1. ეუწყა ოლოფერნეს, აშურის ლაშქრის მთავარსარდალს, რომ ისრაელიანები გამზადებულნი არიან საბრძოლველად და ჩაკეტილი აქვთ მთის მისადგომები, რომ ზღუდეებით გაამაგრეს მაღალი მთების ყველა მწვერვალი, დაბლობებზე კი დაბრკოლებები მოაწყვეს.

2. ძლიერ განრისხდა იგი და უხმო მოაბის ყველა მთავრს, ყამონის სარდლებს და ზღვისპირეთის გამგებლებს.

3. უთხრა მათ: მაუწყეთ, ქანაანელნო, რა ხალხია, მთაში რომ მოკალათებულა, ვინ არიან, ქალაქებში რომ სახლობენ, შემატყობინეთ მათი ლაშქრის რაოდენობა, რა არის მათი სიმაგრე და ძალა, ვინაა მათი მეფე, მათი ლაშქრის წინამძღოლი?

4. რატომ მაქციეს ზურგი და არ მოვიდნენ ჩემს შესახვედრად ყველა დასავლეთელთან ერთად?

5. მიუგო მას აქიორმა, ყამონიანთა წინამძღოლმა: ისმინოს ჩემმა უფალმა სიტყვა შენი მორჩილის პირიდან და გაუწყებ სიმართლეს იმ ხალხზე, რომელიც მთაზე სახლობს, შენს მახლობლად. არ ამოვა ტყუილი შენი მორჩილის პირიდან.

6. ეს ხალხი ქალდეველთა შთამომავალია.

7. წინათ შუამდინარეთში ცხოვრობდნენ, რადგან არ ისურვეს შედგომოდნენ ღმერთებს თავიანთი მამა-პაპის, რომლებიც ქალდეველთა ქვეყანაში იყვნენ შობილნი.

8. გადაუდგნენ წინაპართა გზას და ცის ღმერთს დაუწყეს თაყვანისცემა, ღმერთს, რომელიც შეიმეცნეს და რომელმაც ჩამოაშორა ისინი თავიანთ ღმერთებს. გაიქცნენ შუამდინარეთში და იქ სახლობდნენ დიდხანს.

9. უთხრა მათმა ღმერთმა, გამოსულიყვნენ თავიანთი საცხოვრისიდან და ქანაანის ქვეყნისკენ წასულიყვნენ. ისინიც დამკვიდრდნენ იქ და მეტისმეტად გამდიდრდნენ ოქრო-ვერცხლითა და ყოველგვარი საქონელით.

10. მერე ეგვიპტეში ჩავიდნენ, რადგანაც შიმშილი ჩამოვარდა ქანაანის ქვეყანაში. იქ სახლობდნენ, სანამ საკვები ჰქონდათ და ისე ძალიან გამრავლდნენ, რომ სათვალავი აღარ ჰქონდა მათ მოდგმას.

11. ეგვიპტის მეფე გადაემტერა მათ. დაჯაბნა ისინი ჯაფითა და აგურის კეთებით, დააბეჩავა ისინი და მონებად აქცია.

12. შეჰღაღადეს მათ თავიანთ ღმერთს და მოისრა მთელი ეგვიპტის ქვეყანა წყლულებით, რომელთა განკურნება შეუძლებელი გახდა. ეგვიპტელებმაც გამოაძევეს ისინი მათი პირისაგან.

13. დააშრო ღმერთმა მეწამული ზღვა მათ წინაშე,

14. წარუძღვა სინასა და კადეშ-ბარნეას გზით და აჰყარა უდაბნოს ყველა მცხოვრები.

15. დასახლდნენ ამორეველთა მიწაზე და თავიანთი ძლიერებით საბოლოოდ გაანადგურეს ხეშბონელები, მიადგნენ იორდანეს და დაიმკვიდრეს მთელი მთიანეთი.

16. აჰყარეს ქანაანელები, ფერიზელები, იებუსელები, შექემელები, ყველა გირგაშეველი და სახლობდნენ იქ მრავალი ხანი.

17. ვიდრე არ შესცოდავდნენ თავიანთ ღმერთს, ყოველივე სიკეთე მათთან იყო, რადგან მათთან იყო უსამართლობის მოძულე ღმერთი.

18. როგორც კი გადაუხვევდნენ მათთვის დაწესებულ გზას, სასტიკად მარცხდებოდნენ უამრავ ბრძოლებში, წარიტყვევნებოდნენ უცხო ქვეყანაში, მისაფუძვლამდე ინგრეოდა მათი ღმერთის ტაძარი და მათ ქალაქებს მტრები იპყრობდნენ.

19. ახლა კი, თავიანთი ღმერთისკენ მიქცეულნი, დაბრუნდნენ იქიდან, სადაც გაფანტულნი იყვნენ, აიღეს იერუსალიმი, სადაც მათი საწმიდარია, და დამკვიდრდნენ მთიანეთში, რადგან უკაცრიელი იყო იგი.

20. ახლა, ხელმწიფევ და ბატონო, თუ რაიმე უმეცრებაა ამ ხალხში, თუ სცოდავენ ღმერთის წინაშე და თუ შევატყობთ, რომ არის მათში ცთუნება, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ.

21. თუ არ არის დანაშაული ამ ხალხში, უნდა გაეცალოს მათ ჩემი ბატონი. ვაითუ შეეწიოს მათ მათი უფალი. ვაითუ დაიფაროს ისინი მათმა ღმერთმა და სასირცხოდ გავიხადოთ თავი მთელი ქვეყნის თვალში.

22. როცა აქიორმა დაამთავრა ეს სიტყვები, ახმაურდა მთელი ერი, კარვის ირგვლივ რომ იყო შემოკრებილი. ოლოფერნეს დიდებულებმა, ყველა ზღვისპირელმა და მოაბელმა თქვა, ავჩეხოთო იგი,

23. არ შევუშინდებით ისრაელიანებს. ამ ხალხს ბრძოლისთვის არც ძალა აქვს და არც შეძლება.

24. ამიტომაც, თუ ავალთ, შენი ლაშქრის ჩასანთქმელი გახდებიან ყველანი, ხელმწიფევ ოლოფერნე!


თავი მეექვსე

1. საჯარეს ირგვლივ შემოკრებილ კაცთა შფოთი რომ მიწყნარდა, ოლოფერნემ, აშურის მთავარსარდალმა, უთხრა აქიორს სხვადასხვა მოდგმის ხალხთა და ყველა მოაბელის წინაშე:

2. ვინა ხართ შენ, აქიორ და ეფრემის მოქირავნენო, რომ წინასწარმეტყველებ ჩვენს შორის, როგორც დღეს და ამბობთ, არ შეებრძოლოთ ისრაელის ტომს, რადგან ღმერთი შეეწევაო მათ. ვინ არის ღმერთი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, იგი მოგვივლენს თავის ძალას და აღგვის მათ პირისაგან მიწისა. ვეღარ დაიხსნის მათ მათი ღმერთი.

3. ჩვენ კი, მისი მორჩილნი, გავანადგურებთ მათ, როგორც ერთ კაცს, და ვეღარ დაუდგებიან წინ ჩვენი მხედრობის ძლიერებას.

4. გადავბუგავთ მათ მათსავე მიწა-წყალზე, მთები გაიჟღინთება მათი სისხლით, მინდვრები აივსება მათი გვამებით და ვეღარ დაგვიდგება წინ მათი ნაფეხურები, არამედ საბოლოოდ დაიღუპებიან, ამბობს მეფე ნაბუქოდონოსორი, მთელი ქვეყნის უფალი და, რაკი ამბობს, არც გაცუდდება მისი ნათქვამი.

5. შენ, კი, აქიორ, ყამონის ქირისკაცო, რომელმაც წარმოთქვი ეს სიტყვები შენი უკეთურების დღეს, ამიერიდან ვეღარ იხილავ ჩემს პირისახეს, ვიდრე შურს არ ვიძიებ ეგვიპტიდან გამოსულ ტომზე.

6. მაშინ კი განგმირავს შენს ფერდებს ჩემი ლაშქრის რკინა და ჩემ მსახურთა მახვილი. მათგან დაჭრილთა გვერდით დაეცემი, როცა უკან გამოვბრუნდები.

7. ჩემი მორჩილნი მიგიყვანენ მთიანეთში და დაგაგდებენ ერთ-ერთი ქალაქის მისადგომთან.

8. არ გეღირსება აღსასრული, ვიდრე მათთან ერთად არ მოგეღება ბოლო.

9. თუ მართლა გულით გჯერა, რომ არ ჩაგვიცვივდებიან ხელში, ნუ დაეცემი მათ. ვთქვი და არცერთი ჩემი სიტყვა არ დაიკარგება.

10. უბრძანა ოლოფერნემ თავის მორჩილთ, მის კარავში რომ იდგნენ, შეეპყროთ აქიორი, წაეყვანათ ბეთულიასთან და ისრაელიანთათვის გადაეცათ.

11. შეიპყრეს იგი მისმა მორჩილებმა და გაიყვანეს ბანაკს გარეთ, ველზე. შუაგულ ველიდან მთიანეთისაკენ გაემართნენ და მიადგნენ წყაროებს, ბეთულიას ქვემოთ რომ არის.

12. როგორც კი შენიშნეს ისინი მთის მწვერვალზე დაშენებული ქალაქის კაცებმა, იარაღი აისხეს და გამოვიდნენ ქალაქიდან. ყველა მოშურდულე კაცი გამაგრდა ქალაქის მისადგომთან და ქვები დაუშინეს მათ.

13. ისინი კი მთას ამოეფარნენ, შებორკეს აქიორი, დააგდეს მთის ძირას და გაბრუნდნენ თავიანთ მბრძანებელთან.

14. თავიანთი ქალაქიდან ჩამოსული ისრაელიანები მივიდნენ აქიორთან და ახსნეს ბორკილები, წაიყვანეს ბეთულიაში და წარუდგინეს თავიანთი ქალაქის მთავრებს.

15. ესენი იყვნენ: ყუზია, მიქას ძე, სიმონის ტომიდან, საბრის ღოთონიელის ძე და ქერქემიშ მალქიელის ძე.

16. შეკრიბეს ქალაქის ყველა უხუცესი. საჯარეს მიაშურა ყველა ჭაბუკმა და ქალმა. დააყენეს აქიორი მთელი ხალხის შუაგულში და გამოჰკითხა ყუზიამ ამბავი.

17. პასუხად აუწყა მათ აქიორმა ოლოფერნეს საჯარეზე ნათქვამი და ის სიტყვები, რაც აშურელ მთავართა შორის თქვა ოლოფერნემ, და როგორი ქედმაღლობით ილაპარაკა ისრაელის სახლზე.

18. დაემხო ხალხი ღვთის თაყვანისცემად, შეჰღაღადეს და თქვეს:

19. უფალო, ღმერთო ცისაო, შეხედე მათ ამპარტავნებას და შეიწყნარე სიმდაბლე ჩვენი მოდგმისა. მოხედე დღეს შენთვის განწმედილთა სახეებს.

20. დაამშვიდეს აქიორი და დიდი მადლობა უძღვნეს.

21. საკრებულოდან ყუზიამ თავის სახლში წაიყვანა იგი და ლხინი გაუმართა უხუცესებს. მთელი ღამის განმავლობაში შეწევნად უხმობდნენ ისინი ისრაელის ღმერთს.


თავი მეშვიდე

1. მეორე დღეს უბრძანა ოლოფერნემ მთელ თავის ლაშქარს და მთელ თავის ხალხს, ვინც კი მისი მოკავშირე იყო, რათა წარმართულიყვნენ ბეთულიას, დაეპყროთ მთიანეთის ბილიკები და ბრძოლა გაემართათ ისრაელიანთათვის.

2. იმავე დღეს დაიძრა სალაშქროდ ყველა მათი ძლიერი მებრძოლი. მათ ლაშქარს ასსამოცდაათი ათასი ქვეითი და თორმეტი ათასი ცხენოსანი შეადგენდა, გარდა ტვირთისა და იმ კაცებისა, რომლებიც ახლდნენ მათ, - ურიცხვნი იყვნენ.

3. დაბანაკდნენ ისინი ბეთულიას მახლობლად, ხევში წყაროსთან, და გაეწყვნენ სიგანით დოთანიდან ბელბაიმამდე, სიგრძით კი ბეთულიადან კუამონამდე, რომელიც ეზდრელონის წინ მდებარეობს.

4. მათი სიმრავლე რომ დაინახეს ისრაელიანებმა, ძლიერ შეშინდნენ: ახლა ისინი მოასწორებენ მთელი მიწის პირს, ვერც მაღალი მთები, ვერც ხრამები, ვერც გორაკები ვერ გაუძლებენ მათ სიმძიმეს.

5. აიღო თითოეულმა კაცმა თავისი საბრძოლო საჭურველი, დაანთეს გოდლებზე კოცონი და სადარაჯოდ დარჩნენ მთელი ის ღამე.

6. მეორე დღეს ოლოფერნემ მთელი თავისი მხედრობა მოიყვანა ბეთულიაში მყოფ ისრაელიანთა წინაშე.

7. დაზვერა მათი ქალაქის მისადგომები, მოიარა და დაიკავა წყაროები, მეომარ კაცთა რაზმი ჩააყენა იქ, თვითონ კი თავისი ხალხისკენ გაბრუნდა.

8. მოვიდნენ მასთან ესავიანთა მთავრები, მოაბის ტომის წინამძღოლები, ზღვისპირეთის მხედართმთავრები და უთხრეს:

9. ყურად იღოს მბრძანებელმა ჩვენი სიტყვა, რომ ზიანი არ მოხდეს შენს ლაშქარში.

10. ეს ხალხი, ისრაელიანები, თავიანთ იარაღზე კი არ არიან დანდობილნი, არამედ მაღალ მთებზე, სადაც ისინი სახლობენ. არც არის იოლი მათ მწვერვალებზე ასვლა.

11. ახლა, მბრძანებელო, ნუ შეებრძოლები მათ საომარი წყობით და ერთი კაციც არ დაეცემა შენი ხალხიდან.

12. დარჩი შენს ბანაკში და დაიტოვე შენი ლაშქრის ყოველი კაცი, შენმა მორჩილებმა კი დაიკავონ წყაროს წყალი, რომელიც მთის ძირიდან გამოდის.

13. რადგან იქიდან იღებს წყლის მარაგს ბეთულიას ყოველი მკვიდრი, წყურვილი გაანადგურებს მათ და ჩაგვაბარებენ თავიანთ ქალაქს. ავალთ ჩვენ და ჩვენი ხალხი მთის მწვერვალების ახლოს და დავბანაკდებით იმ ადგილებში სათვალთვალოდ, რომ არავინ გავიდეს ქალაქიდან.

14. ვიდრე მახვილი მიაღწევს იქამდე, შიმშილით ამოწყდებიან ისინი; მათი ცოლები და შვილები დაეცემიან თავიანთი საცხოვრებლის ქუჩებში.

15. ბოროტად გადაუხდი მათ სამაგიეროს იმის წილ, რომ აჯანყდნენ და მშვიდობიანად არ შემოგეგებნენ.

16. ჭკუაში დაუჯდა მათი სიტყვები ოლოფერნეს და ყველა მის მორჩილს. ბრძანა, ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც თქვეს.

17. გაემართა ყამონიანთა რაზმი და მათთან ერთად აშურელთა ხუთი ასეული, დაბანაკდნენ ხევში და დაიკავეს ისრაელიანთა წყაროს წყლები.

18. ავიდნენ ესავიანები და ყამონიანები და დაბანაკდნენ მთაზე, დოთანის წინ. ზოგი იმათგანი გაგზავნეს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ეგრებელისკენ, რომელიც ქუსის მახლობლად მდებარეობს, მოხმურის ხევთან. აშურელთა დარჩენილი ჯარი დაბანაკდა დაბლობზე და დაფარა მთელი მიწისპირი. სათვალავი არ ჰქონდა მათ კარვებს და საბარგულებს, მეტისმეტად ბევრნი იყვნენ.

19. შეჰღაღადეს თავიანთ უფალს ისრაელიანებმა, რადგან წახდა მათი მხნეობა, რადგან გარშემორტყმულნი იყვნენ ურიცხვი მტრით და არ შეეძლოთ თავის დაღწევა.

20. მათ ირგვლივ იყო აშურელთა მთელი ბანაკი, მათი ქვეითნი, ეტლები და მხედრები ოცდათოთხმეტი დღის განმავლობაში. დაუცარიელდა ბეთულიას მთელ მოსახლეობას წყლის ყველა ჭურჭელი.

21. დაიცალა წყლის მარაგი და აღარ ჰქონდათ ერთი დღის სამყოფიც კი, რადგანაც არწყვით ეძლეოდა მათ დასალევად.

22. სასო მიეხადა მათ წვრილშვილს, წყურვილისგან გული მისდიოდათ ჭაბუკებს და ქალებს, ეცემოდნენ ქალაქის ქუჩებში და კარიბჭეთა გასასვლელებში, ძალღონე აღარ შერჩათ.

23. შეიკრიბა ყუზიასთან და ქალაქის მთავრებთან მთელი ერი - ჭაბუკები, ქალები და ბავშვები. ისინი ხმამაღლა გაჰყვიროდნენ მთელი უხუცესობის წინაშე და ამბობდნენ:

24. ღმერთმა განსაჯოს თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან დიდი უსამართლობა ჩაიდინეთ ჩვენს მიმართ, რომ არ დაუზავდით აშურელებს.

25. ახლა კი, არ არის ჩვენი საშველი, ღმერთმა ჩაგვაგდო მათ ხელში, რომ წყურვილითა და დიდი დაღუპვით გავნადგურდეთ მათ წინაშე.

26. უხმეთ ახლა მათ და გასაძარცვავად მიეცით მთელი ქალაქი ოლოფერნეს ხალხს და მთელ მის ლაშქარს.

27. უმჯობესი იქნება ჩვენთვის, მათი გასაძარცვავი რომ შევიქნათ. მონები ვიქნებით, მაგრამ გადავრჩებით და არ ვიხილავთ ჩვენი თვალებით ჩვენივე წვრილშვილის სიკვდილს, ჩვენი ცოლებისა და ბავშვების სულის ამოხდომას.

28. მოწმედ მოგვყავს თქვენს წინაშე ზეცა და მიწა, ჩვენი ღმერთი და ჩვენი მამა-პაპის უფალი, რომელიც მსჯავრს გვდებს ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, დაე, ნუ მოახდენს ამ ამბავს ჩვენს თავზე დღევანდელ დღეს!

29. გაიმართა დიდი და ერთსულოვანი გოდება საკრებულოში და ხმამაღლა შეჰღაღადეს უფალ ღმერთს.

30. უთხრა მათ ყუზიამ: დამშვიდდით, ძმებო, მოვითმინოთ ხუთი დღე, ამ ხანში მოავლენს უფალი ღმერთი თავის წყალობას ჩვენზე, არ გაგვწირავს საბოლოოდ.

31. თუკი ამ ხუთი დღის შემდეგაც აღარ იქნება ჩვენი საშველი, მაშინ თქვენი სიტყვისამებრ მოვიქცევი.

32. გაისტუმრა ყუზამ ხალხი თავ-თავის ბანაკებში და მათაც მიაშურეს თავიანთი ქალაქის ციხეებსა და გოდლებს, ცოლები და შვილები კი სახლებში გაგზავნეს. დიდ ჭირთათმენაში იყვნენ ისინი ქალაქში.


თავი მერვე

1. მოესმა ეს ამბები იმხანად ივდითს, ასულს მერარისა, ძისა ოქსისა, ძისა იოსებისა, ძისა ყუზიელისა, ძისა ხილკიასი, ძისა ხანანიასი, ძისა გედეონისა, ძისა რაფაიმისა, ძისა ახიტობისა, ძისა ელიასი, ძისა ელიაბისა, ძისა ნათანაელისა, ძისა შელამიაჰუსი, ძისა შარაშადაისა, ისრაელიანისა.

2. მისი ქმარი მენაშე მისივე გვარისა და ტომისა იყო. პურის მკის ჟამს მოკვდა იგი.

3. მინდორში ძნების მკონავებს ადგა თავს, დაისიცხა, ჩავარდა ლოგინად და აღესრულა ბეთულიაში, თავის ქალაქში. დაკრძალეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით, ველზე, რომელიც მდებარეობს დოთანსა და ბალამონს შორის.

4. სამი წელი და ოთხი თვე ქვრივობდა ივდითი თავის სახლში.

5. გაიკეთა თავისთვის კარავი საცხოვრებელ სახლთან, წელზე ძაძა შემოირტყა და სამგლოვიარო ტანისამოსი ჩაიცვა.

6. მარხულობდა თავისი ქვრივობის ყოველ დღეს, პარასკევისა და შაბათის გარდა, ახალმთვარობის წინა დღისა და ახალმთვარობა დღის გარდა, ისრაელის სახლის დღესასწაულებისა და სამხიარულო დღეების გარდა.

7. მშვენიერი იყო გარეგნობით და ძალზე ლამაზი შესახედავი. დაუტოვა მისმა ქმარმა მენაშემ ოქრო და ვერცხლი, ყმები და მხევლები, საქონელი და მინდვრები და ისიც პატრონობდა ამას ყველაფერს.

8. აუგს ვერავინ იტყოდა მასზე, ძალზე ღვთისმოშიში იყო.

9. როცა მოისმინა მან ხალხის ბოროტი ნათქვამი მთავრის მიმართ, რადგან სულმოკლენი გახდნენ ისინი წყლის უკმარისობის გამო, მოისმინა ყოველი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა მათ წინაშე ყუზიამ, როგორც შეჰფიცა, რომ ხუთი დღის შემდეგ ჩააბარებდა აშურელებს ქალაქს,

10. გაგზავნა თავისი მოახლე, მთელი თავისი ქონების ზედამხედველი, ხაბრისისა და ხარმისის, თავისი ქალაქის უხუცესების დასაძახებლად.

11. რომ მოვიდნენ მასთან, უთხრა: მისმინეთ ბეთულიას მკვიდრთა მთავარნო! უსამართლოა თქვენი სიტყვები, ხალხის წინაშე რომ წარმოთქვით იმ დღეს და ფიცით დაამტკიცეთ ის, რაც თქვით ღმერთსა და ჩვენს შორის, რომ ჩააბარებთ ქალაქს ჩვენს მტრებს, თუ უფალი არ მოგვივლენს წყალობას.

12. ვინ ხართ თქვენ, ღმერთს რომ გამოსცდით დღევანდელ დღეს და ღმერთზე მაღლა დამდგარხართ ადამიანთა შორის.

13. ყოვლისმპყრობელ უფალს გამოსცდით, მაგრამ ვერაფერს მიხვდებით უკუნისამდე.

14. თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს!

15. თუ არ ისურვებს ხუთ დღეში ჩვენს შეწევნას, მისი ნებაა. როცა მოიწადინებს, მაშინ მოგვხედავს ან გაგვანადგურებს ჩვენი მტრების თვალწინ.

16. თქვენ კი წინასწარ ნუ განსჯით უფლის, ღმერთის განგებას, რადგან ღმერთი კაცი არაა, რომ დავემუქროთ, ადამის ძე არაა, რომ განვსაჯოთ.

17. ამიტომაც ველოდით მისგან ხსნას, ვუხმოთ შემწედ და გაიგებს ჩვენს ხმას, თუკი ინებებს.

18. რადგან არავინაა დღესდღეობით ჩვენს თაობაში, არც ტომი, არც გვარი, არც ხალხი, არც ჩვენი რომელიმე ქალაქი, ხელთქმნილ კერპებს რომ ემსახურებოდეს, როგორც ეს ხდებოდა უწინ.

19. რისთვისაც მიეცა ჩვენი მამა-პაპა მახვილსა და განადგურებას და დიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ ჩვენი მტრების თვალწინ.

20. ჩვენ კი სხვა ღმერთს არ ვიცნობთ მის გარდა, ამიტომაც გვეიმედება, რომ არ მოგვიძულებს ჩვენ და ჩვენს მოდგმას.

21. რადგან ჩვენი დაპყრობით დაპყრობილ იქნება მთელი იუდა, შეიბღალება ჩვენი სიწმიდენი და ჩვენს სისხლს მოჰკითხავს უფალი მათ უწმიდურებას.

22. ჩვენ თანამოძმეთა გაწყვეტას, ქვეყნის წარტყვევნას და ჩვენი სამკვიდრებლის გაუდაბურებას ჩვენზევე მოაქცევს იმ ხალხთა შორის, რომელთა მონები გავხდებით აქ. საკიცხველნი და საგინებელნი შევიქნებით ჩვენ დამმონებელთა წინაშე.

23. რადგან მონობა ვერ მიგვამთხვევს მადლს, პირიქით, უპატიობად გადააქცევს მას უფალი, ღმერთი ჩვენი.

24. ახლა კი, მოძმეებო, ვუჩვენოთ მაგალითი ჩვენ მოძმეებს, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე, ჩვენზე დგას სიწმიდენი, ტაძარი და სამსხვერპლო.

25. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მადლობა მივაგოთ უფალს, ღმერთს, რომელიც გვცდის ჩვენ, როგორც ჩვენს მამა-პაპას ცდიდა.

26. გაიხსენეთ, რა უყო მან აბრაამს, როგორ გამოსცადა ისაკი, რა არ გადახდა თავს იაკობს შუამდინარეთში, დედის ძმის, ლაბანის ცხვრებს რომ მწყემსავდა.

27. და როგორც ისინი არ გამოუტარებია ცეცხლში მათი გულების გამოსაცდელად, არც ჩვენ დაგვსჯის, არამედ ჭკუის სასწავლად გვტანჯავს უფალი თავისიანებს.

28. უთხრა მას ყუზიამ: ყველაფერი, რაც თქვი, კეთილი გულით იყო ნათქვამი, და არც წინააღმდეგია ვინმე შენი სიტყვებისა,

29. რადგან მხოლოდ დღეს არ გამხდარა ნათელი შენი სიბრძნე, არამედ შენი დღეების დასაბამითგან შეიცნო მთელმა ხალხმა შენი გამჭრიახობა, თუ რაოდენ სათნოა შენი გულისპასუხი.

30. მაგრამ ხალხი დაშვრა წყურვილისგან და გვაიძულა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მათ ველაპარაკეთ და დაგვადებინა ფიცი, რომელსაც ვერ გადავალთ.

31. ახლა კი, ევედრე ჩვენთვის, რადგან ღვთისნიერი ქალი ხარ და მოგვივლენს უფალი წვიმას ჩვენი წყალსაცავების ასავსებად, რომ არ დავიხოცოთ.

32. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი და ისეთ საქმეს მოვიმოქმედებ, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას ჩვენ მოდგმაში.

33. დადექით ამ ღამეს კარიბჭესთან, მე კი ჩემს მოახლესთან ერთად გავალ და იმ ხანში, რომლის მერე ჩვენი მტრებისთვის ქალაქის გადაცემა განგიზრახავთ, ჩემი ხელით შეეწევა უფალი ისრაელს.

34. ნუ გამოიძიებთ ჩემს საქმეს, მაინც არაფერს გეტყვით, ვიდრე არ აღსრულდება ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ.

35. მიუგეს მას ყუზიამ და მთავრებმა: მშვიდობით იარე, უფალი ღმერთი იყოს შენი მფარველი ჩვენს მტრებზე შურისსაძიებლად.

36. გამოვიდნენ ისინი კარვიდან და მიაშურეს თავთავიანთ ადგილებს.


თავი მეცხრე

1. პირქვე დაემხო ივდითი, გაიხადა ძაძა, რომელიც ემოსა და დაიყარა თავზე ნაცარი და იმ დროს, როცა იერუსალიმში, ღვთის სახლში, მწუხრისას გუნდრუკი აკმიეს, ხმამაღლა შეჰღაღადა უფალს და თქვა:

2. უფალო, ღმერთო მამაჩემის, სიმონისაო, რომელსაც მიეც ხელში მახვილი უცხოთესლთა შურის საძიებლად, რომელთაც შესაბილწავად გახსნეს ქალწულის საშო, შესარცხვენად გააშიშვლეს ბარძაყი, საგინებლად შებილწეს საშო. კი თქვი: ნუ იქნება ასე. მაგრამ მათ ჩაიდინეს ეს.

3. ამის წილ სასიკვდილოდ მიეცი მათი მთავრები და მათივე სისხლით მორწყე მათი ცოდვის მხილველი სარეცელი. მონები ძლიერებზე დაამხე, ძლიერნი კი თვიანთ სავარძლებზე.

4. მათი ცოლები ნადავლად მიეცი, მათი ასულები - დასატევევებლად, მთელი მათი ალაფი - დასანაწილებლად შენ რჩეულ ძეთა შორის, რომელნიც აღივსნენ შენს მიმართ შურით და შეიძაგეს მათი სისხლის სიბილწე და გიხმეს შემწედ, ღმერთო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემიც, ქვრივისა.

5. შენ შექმენ მათი წინანი, თავად ისინი და მათი შემდგომნი; აწინდელი და მომავალი შენ ჩაიფიქრე და აღსრულდა შენი ჩანაფიქრი.

6. ვისაც მოისურვებ, გაჩნდება და გეტყვის: აჰა, შენთან ვართ, რადგან გამზადებულია ყოველი შენი გზა და წინასწარგანჭვრეტილია შენი მსჯავრი.

7. აჰა, მოიცეს ძალი აშურელებმა, გადიდგულდნენ ცხენებითა და მხედრებით, გაამაყდნენ ქვეითთა ძალით, ესავენ ფარებს, ისრებს და შურდულებს, არ კი იციან, რომ შენ ხარ უფალი, ბრძოლათა შემმუსვრელი.

8. უფალია სახელი შენი, გატეხე მათი ძალა შენი ძლიერებით, დაამხე მათი მძლავრობა შენი რისხვით, რადგან განიზრახეს შენი სიწმიდეების წაბილწვა, იმ კარვის შებღალვა, სადაც დავანებულია შენი დიდებული სახელი, მახვილით შემუსვრა შენი საკურთხევლის რქისა.

9. მოხედე მათ ამპარტავნობას და თავს დაათიე შენი რისხვა. მიეც ქვრივის ხელებს ძალა განზრახვის აღსასრულებლად.

10. ჩემი ბაგეებიდან გამოსული ტყუილით დაამხე მონა მთავართან ერთად, მთავარი მის მსახურთან ერთად, ქალის ხელით დათრგუნე მათი ამპარტავნობა.

11. რადგან სიმრავლეში არ არის შენი ძალა, არც ძლიერებაშია შენი ძალა, არამედ მდაბალთა ღმერთი ხარ, დამცირებულთა ქომაგი, უძლურთა შემწე, განწირულთა მფარველი, უსასოთა მხსნელი.

12. ასე, ასე, ღმერთო ჩემი მამა-პაპისა და ისრაელის სამკვიდროსი, ზეცისა და მიწის მპყრობელო, წყალთა შემქმნელო, ყოველი შენი ქმნილების მეუფევ, ისმინე ჩემი ვედრება.

13. ჩამაგონე სიტყვა და ტყუილი მათ სავნებლად და სატანჯველად, რომელთაც შენს აღთქმას, შენს განწმედილ სახლს, სიონის მწვერვალს და შენს ძეთა სამკვიდრებელ სახლს ბოროტი უზრახეს.

14. შეაგნებინე და დაანახვე ყველა ტომს და ყველა მოდგმას, რომ ხარ ღმერთი ყოველი ძალისა და სიმტკიცისა, რომ შენს გარდა არავინ ჰყავს სხვა მფარველი ისრაელის მოდგმას.


თავი მეათე

1. როდესაც შეწყვიტა ღაღადისი ისრაელის ღმერთის მიმართ და გაასრულა ყოველი სათქმელი,

2. წამოდგა ჩოქისგან, უხმო თავის მოახლეს და წავიდა სახლში, სადაც დაჰყო შაბათები და სადღესასწაულო დღეები.

3. გაიხადა ძაძა, რომელიც ეცვა, ქვრივობის სამოსი, დაიბანა ტანი წყლით, იცხო სქელი ნელსაცხებელი, დაივარცხნა თმები, გაიკეთა ზედ თავსაკრავი და ჩაიცვა თავისი სამხიარულო ტანისამოსი, რომელსაც თავისი ქმრის, მენაშეს, სიცოცხლეში იცვამდა.

4. ჩაიცვა ფეხზე სანდლები, გაიკეთა ფარღული და სამაჯურები, ბეჭდები და საყურეები - ყველა თავისი სამკაული - და ძლიერ გაილამაზა თავი, რათა ეცთუნებინა ყოველი კაცის თვალი, ვინც კი შეხედავდა მას.

5. მისცა თავის მოახლეს ღვინის ტიკი და ზეთის ჭურჭელი, გაავსო ხურჯინი ქერის პურით, ჩირით და წმინდა პურით. ჩააწყო მთელი თავისი სანოვაგე და აჰკიდა მას.

6. მივიდნენ ბეთულიას ქალაქის კარიბჭესთან, ნახეს იქ მდგომი ყუზია და ქალაქის უხუცესნი - ხაბრისი და ხარმისი.

7. როგორც კი დაინახეს მათ ივდითი, მისი გადასხვაფერებული გარეგნობა და გამოცვლილი სამოსი, ძლიერ განცვიფრდნენ მისი სილამაზით და უთხრეს:

8. ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგმადლოს შენ და შეგასრულებინოს შენი განზრახვა ისრაელიანთა საამაყოდ და იერუსალიმის ასამაღლებლად.

9. თაყვანისცა ღმერთს ივდითმა და უთხრა მათ: ბრძანეთ, რომ გამიღონ ქალაქის კარიბჭე, რათა გავემართო იმ საქმის აღსასრულებლად, რაზეც მელაპარაკეთ. უბრძანეს ჭაბუკებს გაეღოთ მისთვის კარიბჭე, როგორც მან თქვა.

10. ასეც მოიქცნენ. გავიდა თავად ივდითი და მოახლე მასთან ერთად. ქალაქის კაცები თვალს ადევნებდნენ მას, სანამ მთას გადაივლიდა და ხევში შევიდოდა. ამის შემდეგ აღარ დაუნახავთ იგი.

11. ისინი ხევ-ხევ წავიდნენ და გადაუდგა წინ აშურელთა ყარაული.

12. შეიპყრეს იგი და ჰკითხეს: ვინა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ? უპასუხა: ებრაელთა ასული ვარ და მათ გამოვექეცი, რადგანაც განწირულნი არიან თქვენგან ჩასანთქმელად.

13. მე კი თქვენი ლაშქრის მხედართმთავართან, ოლოფერნესთან, მივდივარ, რათა ვაუწყო მას სინამდვილე და ვუჩვენო გზა, რომლითაც გაემართება იგი და დაიპყრობს მთელ მთიანეთს ისე, რომ ძე ხორციელი არ დაიღუპება მისი ხალხიდან.

14. მისი ნათქვამი რომ მოისმინეს კაცებმა და მის სახეს შეხედეს - განსაცვიფრებლად ლამაზი ჩანდა იგი მათ თვალში - უთხრეს მას:

15. გიხსნია შენი სიცოცხლე, ჩვენი უფლის წინაშე რომ მოგიშურებია. ახლა წამოდი მის კარავში, ჩვენ წაგიყვანთ და ჩაგაბარებთ მის ხელში.

16. როცა წარსდგები მის წინაშე, ნუ შეშინდები, მოახსენე შენი სათქმელი და უთუოდ კეთილად მოგექცევა.

17. გამოარჩიეს თავიანთაგან ასი კაცი, ჩააბარეს მათ იგი თავის მოახლესთან ერთად და ოლოფერნეს კარავში წაიყვანეს.

18. დიდი მღელვარება შეიქნა მთელ ბანაკში, რადგან ყველა კარავს მოედო მისი მოსვლის ამბავი. მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ, ის კი ოლოფერნეს კარვის გარეთ იდგა, სანამ მოახსენებდნენ მასზე.

19. აკვირვებდა მათ ივდითის სილამაზე, აკვირვებდა ისრაელიანთა ამბავი. უთხრა თითოეულმა თავის ახლობელს: როგორ შეიძლება ამ ხალხის არად ჩაგდება რომელსაც ასეთი ქალები ჰყავს? ერთი კაციც არ უნდა გადარჩეს მათგან, თორემ გადარჩენილნი ჭკუაზე შეშლიან მთელ ქვეყანას.

20. გამოვიდნენ ოლოფერნეს მესაწოლენი, ყველა მისი მსახური და შეიყვანეს იგი კარავში.

21. ოლოფერნე თავის საწოლზე ისვენებდა, ჩარდახქვეშ, რომელიც ძოწეულით, ოქროთი, ზურმუხტითა და სხვა ძვირფასი ქვებით იყო შემკული.

22. როცა ივდითზე მოახსენეს, კარვის წინ გამოვიდა იგი, ვერცხლის ჩირაღდნები მოუძღოდა წინ.

23. როცა ივდითი წარსდგა ოლოფერნესა და მისი მსახურების წინაშე, ყველა განცვიფრებული დარჩა მისი სახის სილამაზით. დაემხო ივდითი მის წინაშე და თაყვანი სცა მას. მისმა მორჩილებმა წამოაყენეს იგი.


თავი მეთერთმეტე

1. უთხრა მას ოლოფერნემ: დამშვიდდი დედაკაცო, ნუ შეშინდება შენი გული, ბოროტად არავის მოვქცევივარ, ვინც მთელი ქვეყნის მეფის, ნაბუქოდონოსორის, მორჩილება ირჩია.

2. და ახლაც, რომ არ შეურაცხვეყავი შენს ერს, მთაზე რომ სახლობს, ჩემი მახვილი არ აღიმართებოდა მათზე. თავადვე უყვეს თავისთავს ყოველივე.

3. ახლა მომახსენე, რატომ გამოიქეცი მათგან და ჩვენთან მოხვედი. სამშვიდობოს ხარ, დაწყნარდი, იცოცხლებ ამაღამაც და მერეც.

4. არავინ იქნება შენი შეურაცხმყოფელი, პირიქით, კეთილი მოგეგება, როგორც მიეგება ჩემი უფლის, ნაბუქოდონოსორ მეფის, მორჩილთ.

5. მიუგო მას ივდითმა: ისმინე შენი მორჩილის ნათქვამი, ილაპარაკოს შენმა მხევალმა შენს წინაშე და ტყუილს არ მოვახსენებ ჩემს უფალს ამ ღამეს.

6. თუ მიენდობი შენი მხევლის სიტყვებს, შენით აღასრულებს ღმერთი საქმეს და არ გაცუდდება ჩემი უფლის განზრახვა.

7. ცოცხალია მთელი ქვეყნიერების მეფე, ნაბუქოდონოსორი, და ცხოველია მისი ძალაუფლება, რომელმაც მოგავლინა შენ ყოველი სულდგმულის განმგებლად, რომ არა მარტო ადამიანები მორჩილებდნენ მას შენი წყალობით, არამედ ველის მხეცმა, საქონელმა და ცის ფრინველებმაც იცოცხლონ ნაბუქოდონოსორისა და მთელი სახლის მორჩილებაში შენი ძალისხმევით.

8. გვსმენია შენი სიბრძნე და სულის სიმტკიცე. ქვეყანამ იცის, რომ შენ ხარ ერთადერთი კეთილი კაცი მთელ სამეფოში, სიბრძნით ძლიერი და საკვირველი საბრძოლო წყობაში.

9. რაც შეეხება სიტყვას, აქიორმა რომ წარმოთქვა შენს საკრებულოში, მოვისმინეთ მისი ნათქვამი, იგი ხომ შეიწყნარეს ბეთულიას კაცებმა და მათაც აუწყა ყოგელივე, რაც შენთან თქვა.

10. ამიტომაც, უფალო, მბრძანებელო, ნუკი გადახვალ მის სიტყვას, არამედ გულში ჩაიდე, რადგანაც ჭეშმარიტია. ჩვენი მოდგმა არ ისჯება, ვერ სძლევს მათ მახვილი, თუ არ შესცოდეს თავიანთი ღმერთის წინაშე.

11. ახლა კი, რომ არ დამარცხდეს და ამაოდ რომ არ დაშვრეს ჩემი უფალი, სიკვდილი ეწევა მათ, რადგან ცოდვამ მოიცვა ისინი, რითაც განარისხეს თავიანთი ღმერთი, როცა უჯეროდ მოიქცნენ.

12. საჭმელი რომ შემოაკლდათ და მთელი წყალი გაუთავდათ, გადაწყვიტეს თავიანთი პირუტყვის დახოცვა და ყველაფრის ჭამა, რის შეუჭმელობაც ღმერთმა დაუკანონა.

13. გადაუწყვეტიათ, რომ მოიხმარონ შესაწირავი პური და ღვინისა და ზეთის მეათედი, რომელიც წმიდაჰყვეს და განუკუთვნეს მღვდლებს, ჩვენს ღმერთს რომ ემსახურებიან იერუსალიმში, თუმცა მისი ხელის ხლებაც კი ეკრძალება ერისაგანს.

14. იერუსალიმშიც გაგზავნეს ხალხი, რადგან იქაური მცხოვრებლებიც იმასვე სჩადიან, რათა უხუცესთაგან ნებართვა მიიღონ ამაზე.

15. როგორც კი ისინი თანხმობას მიიღებენ და ასევე მოიქცევიან, იმავე დღეს გასანადგურებლად ჩაგიცვივდებიან ხელში.

16. როცა შევიტყვე ყოველივე ეს, მე შენი მორჩილი, გამოვექეცი მათ, ღმერთმა მომავლინა, რათა შენთან ერთად აღვასრულო საქმენი, რომელნიც გააოგნებს მთელ ქვეყანას, როგორც კი მოისმენს ამას.

17. რადგან ღვთისნიერია შენი მორჩილი და დღედაღამ ემსახურება ცის ღმერთს. ახლა კი შენთან დავრჩები, უფალო ჩემო. გავა შენი მორჩილი ყოველ ღამით ხეობაში და შევევედრები ღმერთს და მაუწყებს მე, როდის შესცოდავენ ისინი.

18. როცა დავბრუნდები, შენ შეგატყობინებ და მაშინ გაემართები მთელი შენი ლაშქრით და ვერავინ გაბედავს იმათგან, წინ რომ გადაგიდგეს.

19. შუაგულ იუდაზე გავლით პირდაპირ იერუსალიმში მიგიყვან და მის შუაგულში დავდგამ შენს ტახტს, წაიძეხ მათ, როგორც ცხვრებს, რომელთაც არა ჰყავთ მწყემსი, და ძაღლიც ვერ დაიყეფებს შენს საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ჩემი წინასწარგანჭვრეტის წყალობით გავიგე და მეუწყა და გამოგზავნილი ვარ, რომ შენ შეგატყობინო.

20. მოეწონათ მისი სიტყვები ოლოფერნესა და ყველა მის მსახურს, განცვიფრდნენ მისი სიბრძნით და თქვეს:

21. არ მოიძებნება ქალი ქვეყნის კიდემდე, რომ ასეთი ლამაზი იყოს სახით და სიტყვაგონიერი.

22. უთხრა მას ოლოფერნემ: კარგი ქნა ღმერთმა, შენ რომ მოგავლინა ხალხის წინაშე, რათა ჩვენს ხელებს მოეცეს ძალა, ხოლო ჩემი უფლის შეურაცხმყოფლებს კი დაღუპვა.

23. მშვენიერი ხარ გარეგნობით და სათნო - სიტყვებით, და თუ ისე მოიქცევი, როგორც თქვი, შენი ღმერთი ჩემი ღმერთი გახდება, ნაბუქოდონოსორ მეფის სახლში იცხოვრებ და სახელოვანი იქნები მთელ ქვეყანაზე.


თავი მეთორმეტე

1. ბრძანა ოლოფერნემ, შეეყვანათ იგი იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო. გაეშალათ მისთვის სუფრა მისი კერძეულისგან და მისი ღვინო მიეცათ სასმელად.

2. თქვა ივდითმა: არ შევჭამ ამას, რომ საფრთხე არ მოხდეს, ჩემს საგზალს ვიკმარებ.

3. უთხრა მას ოლოფერნემ, როცა შემოგაკლდება შენი საგზალი, რანაირად მოგაწოდოთ მაგის მსგავსი, რადგან არავინაა ჩვენთან შენი მოდგმისა.

4. მიუგო მას ივდითმა: შენმა სიცოცხლემ, ჩემო ბატონო, არ დახარჯავს შენი მორჩილი ყველაფერს, რაც თან აქვს, ვიდრე არ აღასრულებს უფალი ჩემი ხელით იმას, რაც განზრახული მაქვს.

5. შეიყვანეს იგი ოლოფერნეს მორჩილებმა კარავში და იძინა მან შუაღამემდე. გამთენიისას ადგა

6. და შეუთვალა ოლოფერნეს: ბრძანოს ჩემმა ბატონმა და სალოცავად წასვლის ნება დართოს თავის მორჩილს.

7. უბრძანა ოლოფერნემ მცველებს, არ დაებრკოლებინათ იგი. ასე დაჰყო მან ბანაკში სამი დღე. გადიოდა ღამით ბეთულიას ხეობაში და წყაროს წყალში განიბანებოდა.

8. როცა ამოვიდოდა წყლიდან, შესთხოვდა ისრაელის უფალ ღმერთს, წარემართა მისი გზა უფლის ერის ასამაღლებლად.

9. ბრუნდებოდა განბანილი და კარავში რჩებოდა, სანამ საღამოთი თავის საზრდოს მიიღებდა.

10. მეოთხე დღეს გამართა ოლოფერნემ ლხინი მხოლოდ თავის მორჩილთათვის და სხვას არავის უხმო იმათგან, ვისი მოწვევაც საჭირო იყო.

11. უთხრა ბაგუას, თავის საჭურისს, რომელიც მთელი მისი საბადებლის განმგებელი იყო: მიდი და არწმუნე ის ებრაელი ქალი, შენთან რომ იმყოფება, მოვიდეს და ჩვენთან ერთად ჭამოს და სვას.

12. სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ასეთი ქალი ისე გავუშვათ, რომ არ დავუახლოვდეთ. თუ ვერ მოვიზიდავთ მას, დაგვცინებს კიდეც.

13. გავიდა ბაგუა ოლოფერნესგან, მივიდა ქალთან და უთხრა: ნუ აყოვნებს მშვენიერი მხევალი ჩემს ბატონთან მისვლას, რათა განდიდებულ იქნას მის წინაშე და სასიხარულოდ სვას ჩვენთან ერთად ღვინო და ისე მოიქცეს დღეს, როგორც იქცევიან აშურელი ქალიშვილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის სახლში იმყოფებიან.

14. მიუგო მას ივდითმა: ვინ ვარ მე, უარი რომ ვუთხრა ჩემს უფალს. ყველაფერს უმალ გავაკეთებ, რაც მის თვალში უკეთესი იქნება, და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს.

15. ადგა, მოირთო სამოსითა და ყოველგვარი სადიაცო სამკაულით. გაუძღვა მისი მხევალი და დაუფინა მიწაზე ოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი, რომელიც ბაგუას გამოართვა ყოველდღიური საჭიროებისათვის, რომ საჭმელის ჭამის დროს მასზე ინახით მჯდარიყო.

16. შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად.

17. უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად.

18. მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში.

19. აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა.

20. გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი.


თავი მეცამეტე

1. რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან.

2. მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე.

3. უთხრა ივდითმა თავის მხევალს, რომ საძინებლის გარეთ გამდგარიყო და დალოდებოდა მის გამოსვლას. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად გადიოდა, ბაგუასაც იგივე უთხრა.

4. ყველა წავიდ-წამოვიდა, არავინ დარჩენილა საძინებელში, არც მცირე, არც დიდი. დადგა ივდითი ოლოფერნეს საწოლთან და გულში თქვა: უფალო, ღმერთო ყოველთა ძალთაო, ახლა მოხედე ჩემ ხელთა საქმეს, იერუსალიმის ასამაღლებლად აღსასრულებელს.

5. სწორედ ახლა დადგა ჟამი, რომ შეეწიო შენს სამკვიდროს და აღასრულო ჩემი განზრახვა მტრების განადგურებისა, რომლებიც აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ.

6. მივიდა იგი საწოლის სვეტთან, რომელიც ოლოფერნეს თავის მხარეს იყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი.

7. მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს.

8. მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა.

9. გადააგორა მისი გვამი საწოლიდან და სვეტებიდან ჩამოაგდო გავალაკი. ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მისცა მოახლეს ოლოფერნეს თავი.

10. მან კი ჩააგდო იგი საგზლის გუდაში და ორივენი ერთად გავიდნენ, როგორც ჩვეულებისამებრ სალოცავად გადიოდნენ. გაიარეს ბანაკი, შემოუარეს ხევს, ავიდნენ ბეთულიას მთაზე და მის კარიბჭეს მიადგნენ.

11. შორიდანვე შესძახა ივდითმა მცველებს: გააღეთ, გააღეთ კარიბჭე, ჩვენთანაა ღმერთი. იგი მომადლებს ძლიერებას ისრაელს და დათრგუნავს მტრებს, როგორც დღევანდელ დღეს მოიმოქმედა.

12. როცა ქალაქის კაცებმა გაიგონეს მისი ხმა, ქალაქის კარიბჭისკენ გაეშურნენ და შეჰყარეს ქალაქის უხუცესები.

13. გამორბოდა ყველა, პატარა თუ დიდი, რადგან დაუჯერებელი იყო მათთვის მისი დაბრუნება. გააღეს კარიბჭე, შეეგებნენ მათ, აანთეს ცეცხლი გასანათებლად და გარსშემოეხვივნენ.

14. ხმამაღლა უთხრა მათ ივდითმა: ადიდეთ უფალი, ადიდეთ! ადიდეთ უფალი, რომელმაც არ მოაშორა თავისი წყალობა ისრაელის სახლს და ჩემი ხელით გაანადგურა მტრები ამ ღამეს.

15. ამოიღო თავი გუდიდან, აჩვენა მათ და უთხრა: აი, აშურელთა ჯარის მხედართმთავრის, ოლოფერნეს თავი და აი, გავალაკი, რომლის ქვეშაც იწვა გალეშილი. გაანადგურა იგი უფალმა ქალის ხელით.

16. იცოცხლოს უფალმა, რომელმაც დამიცვა ჩემს გზაზე, რომლითაც გავემართე, რათა დასაღუპავად მეცთუნებინა იგი ჩემი გარეგნობით, არ აღასრულებინა ცოდვა ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად.

17. ძლიერ განცვიფრდა მთელი ერი. მუხლი მოიდრიკეს, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს ერთხმად: კურთხეულ ხარ, ღმერთო ჩვენო, რომელმაც არარაობად აქციე შენი ერის მტრები დღევანდელ დღეს.

18. უთხრა მას ყუზიამ: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, მაღალი ღმერთისგან მთელი ქვეყნიერების ასულთა შორის და კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა ცანი და ქვეყანა, და წაგიძღვა, რომ ჩვენი მტრების მთავრისათვის თავი მოგეკვეთა.

19. არ მოაკლდება შენი იმედი ადამიანთა გულებს, რომელთაც უკუნისამდე ეხსომებათ ღმერთის ძლევამოსილება.

20. უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო პატივითა და კურთხევით, რომ სიცოცხლე გაიმეტე, როცა ჩვენი მოდგმა დამდაბლებული იყო, და შური იძიე ჩვენი დაცემისთვის და წრფელი გზით იარე ჩვენი ღმერთის წინაშე. შესძახა მთელმა ერმა: იქმნას, იქმნას.


თავი მეთოთხმეტე

1. უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი, ძმებო! აიღეთ ეს თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურზე.

2. როცა გათენდება და მზე ამოანათებს ქვეყანაზე, აიღეთ თქვენ-თქვენი საბრძოლო აღჭურვილობა და ქალაქის გარეთ გადით ყველა ძლიერი მამაკაცი. წინ მეთაური გაიძღოლეთ, ვითომ დაბლობზე გადადიხართ, აშურელთა სადარაჯოებთან. ოღონდ ნუ გადახვალთ.

3. ამასობაში ისინი იარაღს აისხამენ, წავლენ თავიანთ ბანაკში და აშურის ჯარის წინამძღოლებს გააღვიძებენ. ოლოფერნეს კარვისკენ გავარდებიან და ვერ იპოვიან მას. შიშის ზარი დაეცემა მათ და უკუიქცევიან.

4. თქვენ და ყველამ, ვინც ისრაელის საზღვრებში მკვიდრობს, განდევნეთ და გაანადგურეთ ისინი თავიანთ გზებზე.

5. ვიდრე ამას მოიმოქმედებდეთ, მიხმეთ აქიორ ყამონელი, რათა შეხედოს და შეიცნოს ისრაელის სახლის შეურაცხმყოფელი და ის, ვინც სიკვდილივით იყო მოვლენილი ჩვენს წინააღმდეგ.

6. უხმეს აქიორს ყუზიას სახლიდან, როცა მოვიდა და ოლოფერნეს თავი დაინახა ხალხის კრებულში მყოფი ერთი კაცის ხელში, პირქვე დაემხო გულწასული.

7. როცა წამოაყენეს, დაემხო იგი ივდითის ფეხებთან, თაყვანი სცა მას და უთხრა: კურთხეულ ხარ მთელ იუდას სამკვიდრებელში და ყველა ხალხს შორის, რომლებიც გაოგნდებიან შენი სახელის გაგონებაზე!

8. ახლა კი მაუწყე, რა მოიმოქმედე ამ დღეებში. უამბო მას ივდითმა ხალხის თანდასწრებით ყველაფერი, რაც მოიმოქმედა გასვლის დღიდან იმ დრომდე, როცა მათ ესაუბრებოდა.

9. რომ დაასრულა ლაპარაკი, ხალხმა ხმამაღლა შეჰღაღადა და სიხარულის ხმა მოედო მათ ქალაქს.

10. როცა აქიორმა იხილა ყოველივე, რაც ისრაელის ღმერთმა მოიმოქმედა, ძლიერ ირწმუნა მისი, წინდაიცვითა და ისრაელის სახლს შეუერთდა. და ასეა დღემდე.

11. როგორც კი გათენდა, გალავანზე გამოჰკიდეს ოლოფერნეს თავი. ყველამ აიღო თავისი საჭურველი და, რაზმებად დაწყობილნი, მთის ასასვლელებისკენ გაემართნენ.

12. როცა აშურელებმა დაინახეს ისინი, ხალხი გაგზავნეს წინამძღოლებთან. ესენიც მივიდნენ სარდლებთან, ასისთავებთან და ყველა მათ მეთაურთან.

13. ოლოფერნეს კარავს რომ მიადგნენ, უთხრეს მის პირად მხლებელს: გააღვიძე ჩვენი უფალი, რადგან გაკადნიერდნენ მონები და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა საბოლოოდ ამოწყდნენ.

14. შევიდა ბაგუა და კარვის კარზე დააკაკუნა. ეგონა, ივდითთან ერთად ეძინა მას.

15. რომ არავინ გამოეპასუხა, გააღო და შევიდა საძინებელში. იატაკზე დაგდებული იპოვა იგი მკვდარი, თავმოკვეთილი.

16. ამოიგმინა ხმამაღალი, მოჰყვა ტირილსა და მოთქმას ძლიერ ხმაზე და ტანისამოსი შემოიგლიჯა.

17. შევიდა კარავში, რომელშიც ივდითი იმყოფებოდა და, რომ ვერ იპოვა იგი, გამოიჭრა ხალხისკენ და იყვირა:

18. დაღუპეს მონებმა! შესარცხვენი საქმე უყო ერთი ებრაელის დედაკაცმა ნაბუქოდონოსორ მეფის სახლს. აჰა, მიწაზე გდია ოლოფერნე, თავმოჭრილი!

19. ეს ამბავი ესმათ აშურის ლაშქრის მეთაურებს, ტანისამოსი შემოიგლიჯეს მათაც. ძლიერ შეშფოთდნენ და ძალზე ხმამაღალი მოთქმა-გოდება ასტეხეს შუაგულ ბანაკში.


თავი მეთხუთმეტე

1. ეს რომ გაიგონეს კარვებში მყოფებმა, გაოგდნენ მომხდარი ამბის გამო.

2. შიშმა და ძრწოლამ შეიპყრა ისინი. კაცი არ დარჩა, თავის ახლობელს რომ დალოდებოდა, არამედ დაბნეულები ერთიანად გარბოდნენ ველისკენ და მთებისკენ მიმავალი გზებით.

3. ბეთულიას გარშემო მთაზე დაბანაკებულებიც დაიძრნენ გასაქცევად. მაშინ ისრაელიანები, ყოველი მებრძოლი მათ შორის, დაერივნენ მათ.

4. მოციქულები გაგზავნა ყუზიამ ბეთომასთაიმში, ბებაიში, ქობაში, კოლაში და ისრაელის ყველა კუთხეში იმის სათქმელად, რაც მოხდა, რომ ყველა გამოსულიყო მომხდურთა გასანადგურებლად.

5. ისრაელიანებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, თავს დაესხნენ მათ და გაანადგურეს ისინი ქობამდე. ასევე გამოვიდნენ იერუსალიმელებიც და ყველა მთიელი, რადგან გაიგეს მათი მტრის ბანაკში მომხდარი ამბავი. გალაადელებმა და გალილელებმა გვერდიდან სასტიკად დასცხეს მათ, ვიდრე არ განდევნეს ისინი დამასკომდე და მის საზღვრამდე.

6. ხოლო დარჩენილნი ბეთულიას მკვიდრნი თავს დაესხნენ აშურის ბანაკს, გაძარცვეს იგი და ძლიერ გამდიდრდნენ.

7. თავდასხმებისგან გამობრუნებული ისრაელიანები დაეპატრონენ იმას, რაც დარჩა. მთისა და ბარის დაბა-სოფლებმა დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში. აურაცხელი იყო მისი რაოდენობა.

8. მოვიდნენ მღვდელმთავარი იოაკიმი და ისრაელიანთა უხუცესობა, იერუსალიმის მკვიდრნი, რათა ენახათ, თუ რა სიკეთე უყო უფალმა ისრაელს, ეხილათ ივდითი და მშვიდობა ეთქვათ მისთვის.

9. მივიდნენ თუ არა მასთან, ერთხმად აკურთხეს და უთხრეს: შენ ხარ დიდება იერუსალიმისა, შენ ხარ სიამაყე ისრაელისა, შენ ხარ სიქადული ჩვენი მოდგმისა!

10. შენი ხელებით აღასრულე ყოველივე ეს, სიკეთე ჰქმენ ისრაელისთვის და წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა. კურთხეულ იყავ ყოვლისმპყრობელი უფლისაგან უკუნისამდე. თქვა მთელმა ერმა: იყოს!

11. ოცდაათი დღის განმავლობაში ძარცვავდა მთელი ერი ბანაკს. ოლოფერნეს კარავი და მთელი ვერცხლეული, საწოლი და ჭურჭელი, მთელი მისი აღჭურვილობა ივდითს მისცეს. მანაც აკრიფა ისინი, აჰკიდა თავის ჯორს, შეაბა ურმები და დატვირთა ისინი.

12. ისრაელის მთელი დედროვანი გამოეფინა მის სანახავად, მადლობა უძღვნეს და ფერხული გაუმართეს მას. აიღო ივდითმა ხელში რტოები და დაურიგა ქალებს, ვინც მასთან იყვნენ.

13. შეიმკეს მათ თავი ზეთისხილის გვირგვინებით მან და ვინც მასთან იყვნენ. როკვით მიდიოდა იგი მთელი ხალხის წინაშე, ქალთა წინამძღოლი, ხოლო ისრაელის ყოველი კაცი თავზე გვირგვინებით და ბაგეებზე გალობით მოჰყევბოდა მას.

14. მაშინ სამადლობელი სიმღერა წამოიწყო ივდითმა მთელი ისრაელის წინაშე და მთელი ერი აჰყვა ამ სადიდებელს.


თავი მეთექვსმეტე

1. თქვა ივდითმა: ადიდეთ ჩემი ღმერთი ბობღნებით, უგალობეთ უფალს წინწილებით, აღუვლინეთ მას ახალი ფსალმუნი, განადიდეთ და ახსენეთ მისი სახელი,

2. რადგან ღმერთია იგი, ბრძოლათა შემმუსრველი უფალი. რადგან მის ბანაკში, შუაგულ ხალხში, მიხსნა ჩემი მდევნელების ხელთაგან.

3. მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან, მოვიდა თავისი აურაცხელი ლაშქრით, მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები და მათმა ცხენებმა დაფარა ბორცვები.

4. ბრძანა, გადაბუგვა ჩემი საზღვრებისა, ჩემი ჭაბუკების მახვილით შემუსვრა, მიწად დანარცხება ჩემ ძუძუმწოვართა, ნადავლად წაგვრა ჩემ წვრილშვილთა, ნამუსის ახდა ჩემ ქალწულთათვის.

5. მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო ისინი დედაკაცის ხელით.

6. არ დაცემულა მათი ხელმწიფე მოყმეთა ხელით, დევკაცთა ნაშიერთ არ მოუკლავთ იგი, არც ამაყ ბუმბერაზებს დაუჯაბნია, არამედ ივდითმა, მერარის ასულმა, გაანადგურა თავისი სილამაზით.

7. ქვრივობის სამოსი გაიხადა დათრგუნულთა აღსადგინებლად ისრაელში, ნელსაცხებელი იცხო სახეზე,

8. თავსაკვრელით შეიკრა თმები და სელის სამოსელი ჩაიცვა მათ საცთუნებლად.

9. მოსტაცა თვალი ოლოფერნეს მისმა სანდალმა, მისმა სილამაზემ დაუტყვევა სული. და გაჰკვეთა მახვილმა მისი კისერი.

10. შეაძრწუნა სპარსელები მისმა სიმამაცემ და მიდიელები მისმა გულადობამ გააოგნა.

11. მაშინ შეღაღადეს ჩაგრულთა ჩემთა და შეშინდნენ უძლურნი და შეძრწუნდნენ, ხმამაღლა ყვიროდნენ და უკუიქცნენ.

12. მხევალთა შვილებმა განგმირეს ისინი და უკუქცეულთა ბავშვებივით ჩეხავდნენ, დაიღუპნენ ისინი ჩემი უფლის განაჩენით.

13. გიგალობ, ჩემო ღმერთო, ახალი საგალობლით. უფალო, დიადი ხარ და დიდებული, ძალით საკვირველი, დაუძლეველი,

14. შენ გმორჩილებს ყოველი ქმნილება შენი, რადგან თქვი და გაჩნდნენ. მოავლინე შენი სული და დამკვიდრდნენ ისინი. არავინაა, რომ გაუძლოს შენს ხმას.

15. წყლებითურთ შეირყევა მთათა საფუძვლები, კლდენი შენს წინაშე ცვილივით დადნებიან, შენს მოშიშებს კი წყალობას არ მოაკლებ.

16. რადგან მწირია ყოველი ამოდსაყნოსველი მსხვერპლი და მცირეზე მცირეა ყოველი ქონი, შენთვის დასაწველი. უფლის მოშიში კი ყველაფერზე დიდია.

17. ვაი, ხალხებს, ჩემი ერის წინააღმდგომელთ! ყოვლისმპყრობელი უფალი დასჯის მათ განკითხვის დღეს. ცეცხლსა და მატლებს მიუვლენს იმათ ხორცს და მწარედ იტირებენ უკუნისამდე.

18. როგორც კი მივიდნენ იერუსალიმში. თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს აღსავლენი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი.

19. შესწირა ღმერთს ივდითმა ოლოფერნეს მთელი აღჭურვილობა, რომელიც ხალხმა მას მიაკუთვნა, და გალავაკი, რომელიც თავისთვის აიღო ოლოფერნეს საწოლიდან.

20. სამ თვეს ხარობდა ხალხი იერუსალიმში სიწმინდეთა წინაშე და ივდითიც მათთან ერთად იყო.

21. ამ დღეების შემდეგ ყველანი თავ-თავიანთი სამკვიდრებლისაკენ გაემართნენ, ივდითიც ბეთულიაში წავიდა და იქ ცხოვრობდა ძველებურად. პატივდებული იყო თავის დღეში მთელ ქვეყანაზე.

22. ბევრს ჰქონდა მისი სურვილი, მაგრამ კაცს არ გაჰკარებია მთელი სიცოცხლე მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და თავის ერს შეუერთდა.

23. უფრო და უფრო სახელოვანი შეიქმნა და დაბერდა თავისი ქმრის სახლში ასხუთი წლისა. გაათავისუფლა თავისი მხევალი, გარდაიცვალა ბეთულიაში და დაკრძალეს იგი თავისი ქმრის, მენაშეს სამარხში.

24. შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ გაუყო ქონება თავისი ქმრის, მენაშეს, ყველა ნათესავს და ნათესავებს თავის საგვარეულოში.

25. ისრაელიანები მეტად აღარავის შეუშინებია ივდითის სიცოცხლეში და დიდხანს, მისი სიკვდილის შემდეგაც.

თავი პირველი

1. წიგნი ტობითის ამბავთა, ძისა ტობიელისა, ძისა ხანანიელისა, ძისა ადუელისა, ძისა გაბაელისა, იახციელის საგვარეულოდან, ნაფთალის ტომიდან,

2. რომელიც ენემესაროსის, აშურის მეფის, დროს ტყვედ წაიყვანეს თისბედან, ნაფთალის კიდიოსის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილში, აშურის ზემოთ.

3. მე, ტობითი, ჭეშმარიტების გზით დავდიოდი მთელი ჩემი სიცოცხლე, ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი მოძმეებისთვის და იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩემთან ერთად აშურელთა ქვეყანაში, ნინევეში წამოვიდა.

4. როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე, ვცხოვრობდი ჩემს ახალგაზრდობაში, მთელი ნაფთალის ტომი, ჩემი მამული ტომი, შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც არჩეული იქნა ისრაელის ყველა ტომიდან, რათა ყველა ტომს იქ შეეწირა მსხვერპლი. იქ იკურთხა ტაძარი უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა თაობისთვის საუკუნოდ.

5. ყველა განდგომილი ტომი მსხვერპლს სწირავდა ბაალს - ხბოს, და ასევე ნაფთალის სახლიც, მამაჩემისა.

6. მე ერთი დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით. მიმქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი.

7. ვუძღვნიდი მათ მღვდლებს - აარონიანებს საკურთხევლისათვის. ყოველი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი. მეორე მეათედს ვყიდდი და ვხარჯავდი ყოველწლიურად იერუსალიმში ყოფნისას.

8. მესამეს ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგან ობლად ვიყავი დარჩენილი მამის შემდეგ.

9. რომ დავკაცდი, მოვიყვანე ცოლად ხანა მამაჩემის საგვარეულოდან და შემეძინა მისგან ტობია.

10. როცა ტყვედ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა.

11. მე კი დავიცავი ჩემი სული, რათა არ მეჭამა.

12. რადგან მე მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.

13. უზენაესმა მადლი და სიკეთე მომანიჭა ენემესაროსის წინაშე და გავხდი მისი ვაჭარი.

14. გავემგზავრე მიდიაში და მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძმას, რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი.

15. როცა მოკვდა ენემესაროსი, მის ნაცვლად გამეფდა სანხერიბი, მისი ძე, რომლის გზები მოუწყობელი იყო და უკვე ვეღარავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას.

16. ენემესაროსის დროს მრავალი მოწყალება გამიღია ჩემს მოძმეთათვის.

17. ვუყოფდი ჩემს პურს მშიერთ და მოსასხამს - შიშველ-ტიტველთ. თუ დავინახავდი ვინმეს ჩემს თვისტომს, მკვდარსა და გადაგდებულს ნინევეს კედლის გარეთ, ვმარხავდი.

18. თუ ვინმე იუდაში გაქცეული მობრუნდებოდა და მოკლავდა მას მეფე სანქერიბი, ფარულად ვმარხავდი. ბევრს კი ხოცავდა განრისხებული. მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა.

19. მივიდა ერთი კაცი, მოახსენა მეფეს ჩემზე, რომ ვმარხავდი გვამებს და ვმალავდი. როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი.

20. დაიტაცეს მთელი ჩემი ქონება და აღარაფერი დამრჩა, გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა.

21. არ გასულა ორმოცდაათი დღე, რომ მოკლა სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა, და გაიქცნენ არარატის მთისკენ. მის ნაცვლად მისი ძე, ასარხადონი, გამეფდა და დანიშნა აქიაქაროს ანაელი, ჩემი ძმისწული, სამეფოსა და მთელი თავისი მეურნეობის აღმწერლად.

22. მოახსენა აქიაქაროსმა ჩემზე და დავბრუნდი ნინევეში. აქიაქაროსი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, ხაზინადარი და აღმრიცხველი. და დანიშნა იგი ასარხადონმა მეორე კაცად. ჩემი ძმისწული იყო იგი.


თავი მეორე

1. როცა მოვედი ჩემს სახლში და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, მეერგასის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მომიმზადეს მე დიდებული სადილი და შევუდექი ჭამას.

2. გადავხედე უამრავ სასმელ-საჭმელს და მივმართე ჩემს ძეს: წადი და მომიყვანე, ვინც კი შეგხვდება ჩვენს მოძმეთაგან გაჭირვებული, ვისაც ახსოვს უფალი. აბა, გელოდები-მეთქი.

3. უკან რომ მობრუნდა, მითხრა: მამა, ერთი ჩვენი თვისტომი გაგუდული გდია მოედანზე.

4. და მეც, ვიდრე შევუდგებოდი სმა-ჭამას, წამოვვარდი და შევინახე გვამი რომელიღაც სახლში მზის ჩასვლამდე.

5. შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და ვჭამე ჩემი პური დადარდიანებულმა.

6. გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: დღესასწაულები გლოვად გადაგექცევათ და ყველა თქვენი სიმღერა - გოდებად. და ავტირდი.

7. მზე რომ ჩაესვენა, გავედი და გავთხარე მიწა და დავმარხე იგი.

8. ახლობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, არ ეშინია, რომ მოკლან ამ საქმისათვის, გაიქცა და აჰა, ისევ მარხავს მიცვალებულებსო.

9. იმავე ღამეს აღვასრულე დაკრძალვის წესი და გაუწმინდურებული დავწექი ეზოს კედელთან. სახე დაუფარავი მქონდა.

10. ვერ შევნიშნე, რომ კედელზე ბეღურები ისხდნენ და ჩემს გახელილ თვალებს გადმოაღვარეს თბილი სითხე და ლიბრი გადამეკრა თვალებზე. ვიარე მკურნალებთან, მაგრამ ვერ მიშველეს. აქიაქაროსი მინახავდა, ვიდრე ელამში წავიდოდა.

11. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი ცოლი ხანა მოჯამაგირედ დაუდგა ბანოვანებს.

12. უგზავნიდა თავის ბატონებს ნაშრომს და უხდიდნენ მას გასამრჯელოს. ერთხელაც თიკანი აჩუქეს.

13. როცა მომიახლოვდა თიკანი, კიკინი მორთო. ვკითხე ხანას, საიდან არის ეს თიკანი? ნაქურდალი ხომ არ არის-მეთქი? დაუბრუნე პატრონებს, რადგან არა ხამს ნაქურდალის ჭამა-მეთქი.

14. მან კი მიპასუხა, საჩუქრად მიბოძესო გასამრჯელოსთან ერთად. არ დავუჯერე და ვუთხარი, პატრონისთვის დაებრუნებინა, და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: სად არის შენი მოწყალებანი და სამართალნი? აჰა, ახდა შენზე ყოველივეო.


თავი მესამე

1. დამწუხრებული ვტიროდი და სევდიანად ვლოცულობდი, ვამბობდი:

2. მართალი ხარ, უფალო, და ყოველი შენი საქმე და ყოველი შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება; ჭეშმარიტი და მართალი სამართლით სჯი უკუნისამდე.

3. გამიხსენე მე და მომხედე! ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისათვის და ჩემი მამა-პაპის უგნურებისათვის, რითაც კი შეგცოდეს,

4. ყურად რომ არ იღეს შენი მცნებანი, რომ მიგვცეს საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ, საიგავოდ გაგვხადეს ხალხების პირში, რომელთა შორისაც განბნეულნი ვართ.

5. ახლა კი ღირსი ვარ ყოველი შენი სასჯელისა, რომ მომაგო ჩემი და ჩემი მამა-პაპის შეცოდებათა გამო, რადგან არ დავიცავით შენი მცნებები და არ გვივლია სიმართლით შენს წინაშე.

6. ახლა კი შენი ნებისაებრ განმსაჯე მე: ბრძანე ჩემი სულის ამოხდა, რათა აღვესრულო და მიწად ვიქცე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, რადგან მოვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ განვთავისუფლდე ამ ბედისწერისაგან საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან.

7. იმავე დღეს შეხვდა საყვედურები მამამისის მხევალთაგან მიდიის ეკბატანაში რაღუელის ასულსაც, სარას.

8. შვიდ ქმარს იყო იგი მიცემული. ხოლო ასმოდავსი, ბოროტი სული ხოცავდა მათ, ვიდრე დაიმკვიდრებდნენ მას ცოლად. ეუბნებოდნენ მას: ვერა ხვდები, რომ ღუპავ შენს ქმრებს? უკვე შვიდი გყავდა და მათგან ერთის სახელითაც ვერ იწოდეო.

9. ჩვენ რაღაზე გვტანჯავ? რაკი ისინი დაიხოცნენ. შენც მათ მიჰყევი, ნურასოდეს გვენახოსო შენი ძე ან ასული.

10. ეს რომ მოისმინა, ძლიერ დამწუხრდა. თავის ჩამოხრჩობა მოინდომა, მაგრამ იფიქრა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, ეს რომ ჩავიდინო, საყვედურებლად ექნება მას და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო.

11. მივიდა სარკმელთან და თქვა: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, და კურთხეულია წმინდა სახელი შენი და დიდებით მოსილია უკუნისამდე. გაკურთხევდეს შენ ყოველი საქმე შენი უკუნისამდე.

12. ახლა, უფალო, შენდამი მომიპყრია თვალნი ჩემნი და პირი ჩემი.

13. გთხოვ დამიხსნა ამ წუთისოფლიდან, მეტად რომ აღარ ვისმენდე ამ საყვედურებს.

14. შენ უწყი, უფალო, რომ უბიწო ვარ კაცის ყველანაირ ცოდვისაგან.

15. არ წამიბილწავს სახელი ჩემი და არც სახელი მამაჩემისა. ჩემი ტყვეობის ქვეყანაში მხოლოდშობილი ვყავარ მამაჩემს და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს. არც ძმა ჰყავს ახლობელი, არც ძმისწული, ცოლად რომ შევუნახო თავი. უკვე შვიდი ქმარი დამეღუპა. რაღასთვის ვიცოცხლო? და თუ არ მიმეტებ სასიკვდილოდ, მომხედე და შემიწყალე, რომ მეტად აღარ ვისმენდე საყვედურებს.

16. შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღვთის დიდების წინაშე და გაიგზავნა რაფაელი ორივეს განსაკურნავად, რათა აეხადა ლიბრი ტობითისათვის და მიეცა სარა, რაღუელის ასული, ტობიასათვის, ტობითის ძისთვის, და შეეკრა ასმოდავსი, ბოროტი სული, რადგან ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ერთსა და იმავე დროს იყო, რომ შემოვიდა თავის სახლში უკან მობრუნებული ტობითი და ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან რაღუელის ასული სარა.


თავი მეოთხე

1. იმ დღეს გაიხსენა ტობითმა ვერცხლი, რომელიც გაბაელისთვის ჰქონდა მიბარებული რაგეში.

2. და თქვა თავისთვის: მე სიკვდილს ვნატრობ. რატომ არ დავუძახო ტობიას, ჩემს ძეს, და არ განვუცხადო იმ ვერცხლის ამბავი, ვიდრე ცოცხალი ვარ?

3. დაუძახა მას და უთხრა: შვილო, როცა მოვკვდები, დამმარხე. ნუ მიატოვებ დედაშენს, პატივი მიაგე მას, ვიდრე ცოცხალია, და აკეთე მისი მოსაწონი. ნუ დაამძიმებ დარდით.

4. გახსოვდეს, შვილო, რომ მრავალი ჭირი ნახა შენთვის, მუცლით რომ გატარებდა. როცა მოკვდება, დამარხე ჩემს გვერდით, ერთ საფლავში.

5. ყოველდღე მოიხსენიე, შვილო, უფალი, ღმერთი ჩვენი, ნუ შესცოდავ და ნუ გადახვალ მის მცნებებს. სამართლიანი იყავი მთელი შენი სიცოცხლე და უსამართლობის გზას ნუ დაადგები.

6. რადგან სამართლის მიმდევარს კეთილად აგეწყობა საქმეები.

7. ყველას, სიმართლის მოქმედს, მიეცი მოწყალება, როგორც შეგიძლია. ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გაიღებ, პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა.

8. რაცა გაქვს მრავლად, მისგან გაეცი მოწყალება.

9. რადგან სიკეთეს დაიუნჯებ ჭირის დღისთვის.

10. რადგან მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ბნელს აარიდებს.

11. კეთილი ნიჭია მოწყალება ყველასთვის, ვინც კი გაიღებს მას უზენაესის წინაშე.

12. მოერიდე, შვილო, ყველანაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა წამოიყვანე. სხვა ქალს ნუ მოიყვან, თუ არ არის მამაშენის ტაძრისა, რადგან წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ნოემ, აბრაამმა, ისაკმა და იაკობმა, ჩვენმა მთელმა მამა-პაპამ, ყველამ თავიანთ მოძმეთაგან წამოიყვანეს ცოლები და დაილოცნენ თავიანთ შთამომავლობაში და მათმა მოდგმამ დაიმკვიდრა ქვეყანა.

13. გიყვარდეს, შვილო, შენი ძმები და ნუ გაუდიდგულდები შენს ძმებს. შენი ერის ძეთა და ასულთაგან წამოიყვანე შენთვის ქალი. ამპარტავნობას კი მოჰყვება დაღუპვა და აღრეულობა, ხოლო ცუდად დებამ დიდი დანაკლისი და გაჩანაგება იცის, ცუდად დება ხომ შიმშილის დედაა.

14. ნურავის გასამრჯელოს ნუ დაიტოვებ, ვინც კი საქმეს გაგიკეთებს, არამედ გაეცი იგი მაშინვე. ღვთის მორჩილი თუ იქნები, შენვე დაგიბრუნდება. ყურადღებით წარმართე, შვილო, ყოველი შენი საქმე და ჭკუით მოზომე ყოველი შენი ნაბიჯი.

15. რაც შენ გძულს, ნურავის შეამთხვევ. ღვინოს დასათრობად ნუ დალევ. ნუ წაგყვება სიმთვრალე გზაში თანამგზავრად.

16. გაუყავი შენი პური ღარიბ-ღატაკთ და მოსასხამი - შიშველ-ტიტველთ. ყველაფერი, თუ რამ ზედმეტი გაქვს, გაეცი სამადლოდ და ნუ დაენანება შენს თვალს, მოწყალებას რომ გასცემ.

17. მიმოაბნიე შენი პური მართალთა საფლავზე და ნურას გასცემ ცოდვილთათვის.

18. ეძიებდე რჩევას ყოველი გონიერისაგან და ნუ უგულებელყოფ სასარგებლო რჩევას.

19. ყოველ ჟამს აკურთხებდე უფალს, ღმერთს. მას შესთხოვდე, რათა წრფელი იყოს ყოველი შენი გზა და განზრახვა კურთხეული იყოს. რადგან არცერთი ხალხის ხელთ არ არის განგება, არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივე სიკეთეს, ვისაც მოისურვებს, დაამდაბლებს თავისი ნებისაებრ. ახლა კი, დაიმახსოვრე, შვილო, ჩემი ანდერძი და ნუ ამოშლი მას შენი გულიდან.

20. ახლა გაუწყებ შენ: ათი ტალანტი ვერცხლი მაქვს მიცემული გაბაელისთვის, გაბრიას ძისთვის, მიდიის რავეში.

21. ნუ შეგეშინდება, შვილო, გაღატაკებისა, დიდძალი ქონება გაქვს, თუკი ღვთის შიში გექნება, თუ განუდგები ყველანაირ ცოდვას და მოწიწებით მოიქცევი ღვთის წინაშე.


თავი მეხუთე

1. მიუგო მას ტობიამ პასუხად: მამაჩემო, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეუბნები.

2. მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი კაცს, რომელსაც არ ვიცნობ?

3. მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: აბა, მოძებნე კაცი, რომელიც გაგყვება - თანამგზავრად და მე მივცემ გასამრჯელოს, ვიდრე ცოცხალი ვარ. წადი და წამოიღე ვერცხლი.

4. წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა.

5. უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს?

6. მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად.

7. უთხრა ტობიამ: დამიცადე, ვეტყვი მამაჩემს.

8. უთხრა რაფაელმა: წადი და ნუ დაყოვნდები.

9. შევიდა ტობია და უთხრა მამას: აჰა, მოვნახე კაცი. ვინც წამყვება. მან კი უთხრა: მოიყვანე ჩემთან, რათა გავიგო, რომელი ტომისაა და თუ სანდო თანამგზავრია.

10. დაუძახა მას ტობიამ და შევიდა იგი, მიესალმნენ ერთურთს.

11. უთხრა ტობითმა: ძმაო, მითხარი, რომელი ტომიდან ხარ და სად არის შენი სამშობლო?

12. უთხრა რაფაელმა: ტომსა და სამშობლოს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ გაჰყვეს შენს ძეს? უთხრა ტობითმა: მსურს გავიგო, ძმაო, რომელი საგვარეულოდან ხარ და რა გქვია.

13. უთხრა მან: მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ხანანიასი, შენი მოძმისა.

14. უთხრა ტობითმა: მშვიდობით იარე, ძმაო, ნუ შემომწყრები, შენს ტომსა და სამშობლოზე რომ გეკითხები. ჩემი მოძმე ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული საგვარეულოდან. მე ვიცნობდი ხანანიას და იათანს, დიდი შემაყიას ძეთ. ჩვენ ერთად წავედით იერუსალიმის თაყვანისსაცემად და მიგვქონდა თან ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი, არ შეგვიცოდავს ჩვენთა მოძმეთა ცოდვებით. კეთილი გვარი მოგდგამს, ძმაო.

15. მაგრამ მითხარი, რა გადაგიხადო გასამრჯელო? თითო დრაქმას მოგცემ დღეში და რაც დაგჭირდებათ შენ და ჩემს შვილს.

16. კიდევ დაგიმატებ გასამრჯელოს. მშვიდობით თუ დაბრუნდებით.

17. შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი.

18. ხოლო ხანა, ყმაწვილის დედა, ტიროდა და ეუბნებოდა ტობითს. რატომ გაუშვი ჩვენი შვილი? ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, როცა გადიოდა და შემოდიოდა ჩვენს წინაშე?

19. ვერცხლს ვერცხლს კი ნუ უმატებ, არამედ ტალანად ჩათვალე იგი შვილის წინაშე.

20. რამდენი დღის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისაგან, საამისოდ საკმარისი გვაქვს.

21. უთხრა ტობითმა: ნურაფერს იტყვი, დაო, მშვიდობით დაგვიბრუნდება და იხილავენ მას შენი თვალები.

22. რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან.


თავი მეექვსე

1. მგზავრები საღამო ხანს მიადგნენ ტიგროს-მდინარეს და იქ შეისვენეს.

2. ყმაწვილი რომ ჩავიდა განსაბანად, ამოხტა მდინარიდან თევზი და დააპირა შთაენთქა ყმაწვილი.

3. ანგელოზმა კი უთხრა მას: ამოიყვანე თევზი. დაიჭირა ყმაწვილმა თევზი და დააგდო მიწაზე.

4. უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი და ცალკე შეინახე.

5. შეასრულა ყმაწვილმა, რაც უთხრა ანგელოზმა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს.

6. გაუდგნენ გზას ორივენი და მიადგნენ ეკბატანას.

7. უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი?

8. უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება.

9. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება.

10. რაგეს რომ მიუახლოვდნენ,

11. უთხრა ანგელოზმა ყმაწვილს: ძმაო, შევისვენოთ რაღუელთან. ისიც ხომ შენი ნათესავია. ერთადერთი ასული ჰყავს მას, სახელად სარა.

12. სიტყვას ჩამოვუგდებ მასზე მის მშობლებს და მოგცემენ ცოლად, რადგან წესით შენ უნდა გერგოს იგი. აკი ერთადერთი შენა ხარ მისი გვარისა.

13. ახლა კი მისმინე: მე ჩამოვუგდებ სიტყვას მამამისს და რომ დავბრუნდებით რაგედან, გავმართოთ ქორწილი. რადგან ვიცნობ რაღუელს: მოსეს რჯულს არ გადავა და სხვა კაცს არ მისცემს თავის ასულს. რადგან სიკვდილის თანამდები იქნება, რადგან სხვებზე მეტად, წესით, შენ უნდა გერგოს იგი.

14. მაშინ უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალიშვილი შვიდ ქმარს იყო აღთქმული და ყველა დაიღუპა სანთიობაში.

15. მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ.

16. უთხრა მას ანგელოზმა: ნუთუ არ გახსოვს სიტყვა, მამაშენმა რომ დაგაბარა, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? ახლა მისმინე, ძმაო, რაკი შენთვის ცოლად არის იგი განკუთვნილი, ეშმაკის შიში ნუ გექნება - იმავე ღამეს მოგეცემა ის ასული ცოლად.

17. როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე სასაკმევლედან ნაკვერჩხალი და მოუკიდე თევზის გულღვიძლს და აკმიე. სუნი რომ ეცემა ეშმაკს, გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე.

18. როცა დააპირებ ქალთან მიახლოებას, ორივენი შეევედრეთ მოწყალე ღმერთს, და გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის გეშინია, რადგან შენთვის არის განკუთვნილი ეს ქალი უკუნისამდე და შენ იხსნი მას. შენ გამოგყვება და მჯერა, რომ შვილები გეყოლება მისგან.

19. ეს რომ მოისმინა ტობიამ, შეიყვარა ქალი და მისი სული ძლიერ მიეწება მას.


თავი მეშვიდე

1. შევიდნენ ეკბატანაში და მიადგნენ რაღუელის სახლს. სარა გამოეგება მათ და მიესალმა, მათაც სალამი უთხრეს და სახლში შეუძღვა მათ.

2. უთხრა რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს: როგორ ჰგავს ეს ყმაწვილი ტობითს, ჩემს ნათესავს.

3. ჰკითხა მათ რაღუელმა: საიდან ხართ, ძმებო? მიუგეს: ნაფთალიანები ვართ, ნინევეში გადასახლებულთაგან.

4. უთხრა მათ: იცნობთ, ტობითს, ჩვენს ძმას? მათ კი მიუგეს: ვიცნობთ.

5. ჰკითხა: ჯანმრთელადაა? მათ მიუგეს: ცოცხალია და ჯანმრთელი. ხოლო ტობიამ თქვა: მამაა ჩემი.

6. წამოდგა ფეხზე რაღუელი, გადაჰკოცნა და დალოცა იგი, უთხრა: ო, კეთილო და ღირსეული კაცის შვილო. რომ გაიგო ტობითის დაბრმავების ამბავი, შეწუხდა და ატირდა.

7. ტიროდა ყადნაც, მისი ცოლი და სარა, ასული მისი. გაუმასპინძლდნენ ტობიას საკადრისად.

8. დაუკლეს ცხვარი და დიდებული სუფრა გაუმზადეს.

9. უთხრა ტობიამ რაფაელს: ძმაო ყაზარია, უთხარი რაღუელს, მომათხოვოს სარა, ჩემი და.

10. გაიგონა ეს სიტყვა რაღუელმა და უთხრა ყმაწვილს: ჭამე და სვი, და გაიხარე. შენ შეგფერის ჩემი შვილის თხოვა. მაგრამ გეტყვი სიმართლეს.

11. შვიდ ქმარს იყო მითხოვებული და ვინც კი მიეკარებოდა მას, იმავე ღამეს კვდებოდა. ახლა კი გაიხარე.

12. უთხრა ტობიამ: საჭმელს არ მივეკარები, ვიდრე არ მოილაპარაკებთ და თანხმობას არ მომცემთ. თქვა რაღუელმა: ახლავე წაიყვანე იგი რჯულისამებრ. შენ ხარ მისი ძმა და შენია იგი. მოწყალე ღმერთმა მოგმადლოთ ყოველავე სიკეთე.

13. მოუხმო სარას, თავის ასულს და დაიჭირა მისი ხელი, მისცა ქალი ტობიას ცოლად და თქვა: აჰა, მოსეს რჯულისამებრ მიიღე იგი და მიიყვანე მამაშენთან. და დალოცა ისინი.

14. მოუხმო ყადნას, თავის ცოლს, აიღო წიგნი, დაწერა პირობა და დაბეჭდა.

15. მოუხმო რაღუელმა ყადნას, თავის ცოლს, და უთხრა: დაო, გაამზადე სხვა საძინებელი და შეიყვანე ასული.

16. ასე გააკეთა ყადნამ, როგორც ეთქვა მას, და შეიყვანა იგი საძინებელში, და ატირდა. მიიღო ცრემლი თავისი ასულისა და უთხრა:

17. გამაგრდი შვილო, მეუფე ცისა და მიწისა მოგანიჭებს შენ წყალობას ამ შენი დარდის სანაცვლოდ. გამაგრდი, შვილო.


თავი მერვე

1. სადილი რომ დაასრულეს, შევიდა ტობია სარასთან.

2. მიმავალმა გაიხსენა სიტყვები რაფაელისა და აიღო საკმეველთაგან ნაკვერჩხალი, მოუკიდა თევზის გულს და აკმია.

3. როგორც კი იგრძნო ეშმაკმა სუნი, გაიქცა ზემო ეგვიპტეს და შეკრა იგი ანგელოზმა.

4. როდესაც ჩაიკეტნენ ორივენი, ადგა ტობია სარეცლიდან და თქვა: ადექი, დაო, და ვილოცოთ, რათა წყალობა მოიღოს ჩვენზე უფალმა.

5. დაიწყო ტობიამ და თქვა: კურთხეულ ხარ, ღმერთო მამათა ჩვენთა, და კურთხეულია შენი წმიდა სახელი და განდიდებულია უკუნისამდე.

6. შენ შექმენი ადამი და შემწედ უძღვენი ევა, საყრდენად - ცოლი მისი. მათგან იშვა კაცთა მოდგმა. შენ თქვი: - არ არის კარგი კაცის მარტოდ ყოფნა, შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსიო.

7. და მეც, უფალო, არა სიძვისათვის მომყავს ცოლად ეს ჩემი და, არამედ ჭეშმარიტებით. ინებე შეწყალება ჩემი და მასთან შებერება.

8. თქვა ამის შემდეგ: ამინ.

9. და დაიძინა ორივემ იმ ღამეს.

10. ადგა რაღუელი, წავიდა და გათხარა საფლავი, თან ამბობდა: ნუთუ ესეც მოკვდება?

11. შევიდა რაღუელი სახლში.

12. და უთხრა ყადნას, თავის ცოლს: გავგზავნოთ ერთი მხევალი და ნახოს, ცოცხალია თუ არა. თუ არა და დავმარხოთ და არავის ეცოდინება.

13. წავიდა მხევალი, გააღო კარი და ნახა, რომ სძინავს ორივეს.

14. გამოვიდა და აუწყა, რომ ცოცხალია.

15. აკურთხა რაღუელმა ღმერთი, თქვა: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო, ყოველი წმინდა და ღვთაებრივი კურთხევით. გაკურთხონ შენ შენმა წმიდებმა, ყოველმა შენმა ქმნილებამ, ყოველმა შენმა ანგელოზმა, და რჩეელებმა გაკურთხონ შენ სამარადისოდ.

16. კურთხეულ ხარ, სიხარული რომ მომანიჭე და ისე რმოხდა, როგორც მეგონა, არამედ მრავალი შენი წყალობა მოიღე ჩვენზე.

17. კურთხეულ ხარ, რადგან შეიწყალე ორი მხოლოდშობილი. მოიღე მათზე, მეუფეო, წყალობა; მშვიდობაში, სიხარულში და წყალობებში გაატარებინე მთელი სიცოცხლე.

18. მერე მოუხმო მსახურებს საფლავის ამოსავსესდ.

19. გაუმართა მათ თოთხმეტდღიანი ქორწილი.

20. ფიცი დაადებინა ტობიას რაღუელმა, არ წასულიყო ქირწილის დღეების გასრულებამდე, ვიდრე ქორწილის ოთხმეტი დღე არ გავიდოდა.

21. მაშინ მიიღებდა ტობია რაღუელის ქონების ნახევარს და წავიდოდა მშვიდობით მამასთან. დანარჩენს კი მაშინ, როცა რაღუელი და მისი ცოლი დაიხოცებოდნენ.


თავი მეცხრე

1. მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა:

2. ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში.

3. რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე.

4. მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება.

5. გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას.

6. განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი.


თავი მეათე

1. ტობითი კი, მამამისი, თითოეულ დღეს ითვლიდა. რომ ამოიწურა მგზავრობის დღეები და არ მოდიოდა ტობია,

2. თქვა: იქნებ დააბრკოლეს სადმე? ან იქნებ მოკვდა გაბაელი და არავინაა ვერცხლის გადამხდელი?

3. და შეწუხდა ძლიერ.

4. ხოლო ცოლმა უთხრა: დაღუპულია ჩვენი შვილი, ამიტომაც აგვიანებს. და დაიწყო მისი დატირება. თქვა:

5. არ ფიქრობდი ჩემზე, შვილო, თან რომ გაიყოლე ჩემი თვალის ჩინი?

6. უთხრა ტობითმა: გაჩუმდი, ნურაფერს იტყვი. ჯანმრთელადაა.

7. უპასუხა ხანამ: გაჩუმდი, ნუ მატყუებ, დაიღუპა ჩემი შვილი. გამოდიოდა ყოველდღე გარეთ, გზაზე, რომელსაც დაადგა ტობია. დღისით პურს არ ჭამდა და ღამით განუწყვეტლივ ტიროდა ტობიაზე, ვიდრე არ დასრულდა ქორწილის თოთხმეტი დღე, რომელიც ტობიას ფიცის თანახმად რაღუელთან უნდა დაეყო.

8. უთხრა ტობიამ რაღუელს: გამიშვი, რადგან მამაჩემს და დედაჩემს აღარა აქვთ ჩემი ხილვის იმედი.

9. უთხრა სიმამრმა: დარჩი ჩემთან და კაცს გავგზავნი მამაშენთან და მიუტანს მას შენს ამბავს. ტობიამ თქვა: არა, მე გამგზავნე მამაჩემთან.

10. ადგა რაღუელი და მისცა მას სარა, მისი ცოლი და ქონების ნახევარი - მსახურნი, საქონელი და ვერცხლი.

11. დაულოცა მათ გზა, თქვა: გაკურთხოთ თქვენ, შვილებო, ზეციერმა ღმერთმა ჩემს სიკვდილამდე.

12. უთხრა თავის ასულს: პატივი მიაგე შენს მამამთილს და დედამთილს, ისინი არიან ახლა შენი მშობლები. დაე, კარგი მესმოდეს შენზე. და აკოცა მას.

13. უთხრა ყადნამ ტობიას: საყვარელო ძმაო, შენი მფარველი იყოს ზეციერი უფალი, დაე, მახილვინოს შენი შვილები სარასაგან, ჩემი ასულისაგან, რათა დავლოცო ისინი უფლის წინაშე. აჰა, გაბარებ ჩემს ასულს ნუ აწყენინებ მას.

14. ამის შემდეგ დაადგა გზას ტობია, ღვთის მაკურთხეველი, რადგან კეთილად წარმართა ღმერთმა მისი მგზავრობა. და გამოეთხოვა რაღუელს და ყადნას, მის ცოლს.


თავი მეთერთმეტე

1. იარეს და მიუახლოვდნენ ნინევეს. უთხრა ტობიას რაფაელმა:

2. ხომ იცი, ძმაო, რა დღეში დატოვე მამაშენი?

3. გავუსწროთ წინ შენს ცოლს და შევამზადოთ შინაურები.

4. გეჭიროს ხელში თევზის ნაღველი. წავიდნენ და ძაღლიც მისდევდათ უკან.

5. ხანა კი იჯდა და გაჰყურებდა გზას შვილის მოლოდინში.

6. იგრძნო მისი მოახლოება და უთხრა მის მამას: აჰა, მოდის შენი შვილი და კაცი მოჰყვება თან.

7. თქვა რაფაელმა: ვიცი, დღეს აეხილება თვალები მამაშენს.

8. წაუსვი ნაღველი თვალებზე და როცა შეაწუხებს, მოიხოკავს და მოსცილდება ლიბრი და დაგინახავს.

9. სირბილით მიეგება ხანა, მოეხვია ყელზე თავის შვილს და უთხრა: რაკი გიხილე, შვილო, ახლა თუნდაც მოვკვდე. და ატირდნენ ორივენი.

10. ტობითი მოადგა კარს და წაბორძიკდა, ხოლო შვილმა მიირბინა მასთან.

11. წამოაყენა მამა და დააწვეთა ნაღველი თვალებზე და უთხრა: გამხნევდი, მამაჩემო.

12. აეწვა თვალები და მოიხოკა თუ არა, მოსცილდა გუგებს ლიბრი.

13. როგორც კი დაინახა თავისი ძე, მოეხვია ყელზე და ატირდა, და თქვა:

14. კურთხეულ ხარ, ღმერთო, კურთხეულია სახელი შენი უკუნისამდე, კურთხეულ არიან შენი წმიდა ანგელოზები, რადგან შემაჭირვეს და შემიწყალეს მე. აჰა, ვხედავ ტობიას, ჩემს ძეს.

15. შევიდა მათი ძე გახარებული და აუწყა მამამისს საკვირველი ამბები, რაც მიდიაში გადახდა.

16. გამოვიდა ტობითი თავის რძლის დასახვედრად ნინევის კარიბჭესთან, გახარებული და ღვთის განმადიდებელი, და უკვირდა ყველას მის დამნახველს, თვალხილული რომ მოდიოდა გზაზე. აღიარა ტობითმა მათ წინაშე, რომ შეიწყალა იგი ღმერთმა.

17. რომ მიუახლოედა სარას, თავის რძალს, უთხრა: მშვიდობით მოგვიხველ, ასულო. კურთხეულია ღმერთი, რომელმაც მოგიყვანა ჩვენთან, კურთხეულ იყვნენ მამაშენი და დედაშენი.

18. მაშინ მიეცა დიდი სიხარული ნინევეს ყველა მკვიდრს, ტობითის მოძმეებს.

19. მოვიდნენ აქიაქაროსი და ნასბასი, მისი ძმისწული, და შვიდ დღეს ზეიმობდნენ სიხარულით ტობიას ქორწილს.


თავი მეთორმეტე

1. მოუხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: გადაუხადე შვილო გასამრჯელო შენს მეგზურს, ზედმეტიც ეკუთვნის.

2. მიუგო: მამაჩემო, არ ვიზარალებ, იმის ნახევარიც რომ გადავუხადო, რაც მივიღე.

3. აკი მშვიდობით მომიყვანა შენთან, ცოლიც განმიკურნა, ვერცხლიც მომიტანა და შენც განგკურნა.

4. თქვა მოხუცმა: ღირსია.

5. მოუხმო ანგელოზს და უთხრა: აიღე გასამრჯელოდ ნახევარი ყოველივე იმისა, რაც მოიტანეთ და წადი მშვიდობით.

6. მაშინ მოუხმო ანგელოზმა ორივეს ფარულად და უთხრა: აკურთხევდეთ ღმერთს და აღიარებდეთ მას, ადიდებდეთ და აღიარებდეთ ყოველი არსების წინაშე, რომელიც კი თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს.

7. კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ.

8. სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება.

9. მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან,

10. ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან.

11. არაფერს დაგიმალავთ, აკი ვთქვი: კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა განცხადება დიდებით ხამს.

12. რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.

13. რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი.

14. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად.

15. მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.

16. შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა.

17. უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.

18. რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე.

19. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით.

20. ახლა კი, მადლობდეთ ღმერთს, რადგან ავდივარ მასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყოველივე, რაც გადაგხდათ.

21. ადგნენ და მეტად აღარ უხილავთ იგი.

22. აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადს და საოცარს, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფლის ანგელოზი.


თავი მეცამეტე

1. დაწერა ტობითმა ლოცვა სიხარულით და თქვა:

2. კურთხეულია ღმერთი ცხოველი უკუნისამდე და სუფევა მისი, რადგან ის არის შემაჭირვებელი და შემწყნარებელი, ჯოჯოხეთს ჩამყვანი და ამომყვანი, ვერავინ დაუსხლტება ხელიდან.

3. აღიარებდეთ მას, ისრაელიანებო, ხალხების წინაშე, რადგან მან გაგფანტათ მათ შორის.

4. იქ ცხადყავით დიდსულოვანება მისი, ადიდებდეთ მას ყოველი ცოცხალის წინაშე, რადგან ის არის ჩვენი უფალი და ღმერთი, ის არის ჩვენი მამა უკუნითი უკუნისამდე.

5. ის შეგვაჭირვებს ჩვენ ურჯულოებაში და კვალად შეგვიწყალებს და შეგვყრის ჩვენ ყველა ხალხებიდან, თუკი ვიქნებით განბნეულნი მათ შორის.

6. თუ მთელი გულით მოიქცევით მისკენ და მთელი სულით ჰყოფთ სამართალს მის წინაშე, მაშინ ისიც მოიქცევა თქვენსკენ და არ დაფარავს თქვენგან თავის სახეს.

7. იხილავთ, რასაც მოგაწევთ თქვენ. აღიარებდეთ მას ერთხმად და აკურთხევდეთ სიმართლის უფალს, ადიდებდეთ მეფეს საუკუნეთა.

8. მე ჩემი ტყვეობის ქვეყანაში ვაღიარებ მას და განვაცხადებ ცოდვილთა მოდგმას მის ძალასა და სიდიადეს. მოიქეცით, ცოდვილნო, და ქმენით სამართალი მის წინაშე. ვინ იცის, იქნებ ისურვოს თქვენი თავი და მოიღოს თქვენზე წყალობა?

9. მე ვადიდებ ჩემს ღმერთს, სული ჩემი ადიდებს ცათა მეუფეს და ხარობს მისი სიდიადით.

10. გააცხადოს ყველამ და აღიაროს იგი იერუსალიმში. იერუსალიმო, წმიდა ქალაქო! შეგაჭირვებს შენი შვილების ნამოქმედარის გამო და კვალად შეიწყალებს მართალთა შვილებს.

11. აღიარებდე უფალს კეთილად და აკურთხევდე საუკუნეთა მეფეს, რათა კვლავაც მადლით აშენდეს შენთვის მისი კარავი.

12. რათა გაახაროს შენ შორის ტყვედქმნილები და შეიყვაროს შენ შორის გატანჯულნი საუკუნის ყოველ თაობაში.

13. მრავალი ხალხი შორიდან მოვა უფლის, ღმერთის სახელთან. ძღვენით ხელში, ძღვენით ცათა მეფისათვის, თაობათა თაობანი მოგიძღვნიან ქება-დიდებას.

14. წყეულიმც იყოს ყოველი მოძულე შენი, კურთხეულ იყოს ყოველი შენი მოყვარული უკუნისამდე.

15. იშვებდე და იხარებდე მართალთა შვილების გამო, რადგან შეიკრიბებიან ისინი და აკურთხევენ მართალთა უფალს! ნეტარნი არიან შენი მოყვარულნი! გაიხარებენ შენი მშვიდობით.

16. ნეტარნი არიან შენს ტანჯვათა გამო შეწუხებულნი, რადგან გაიხარებენ შენით, როცა შენს დიდებას მოესწრებიან, და სიხარულში იქნებიან უკუნისამდე! აკურთხოს სულმა ჩემმა ღმერთი, დიდი მეუფე,

17. რადგან საფირონითა და სმარაგდით აშენდება იერუსალიმი, და პატიოსანი ქვით - შენი კედელი, გოდოლები და ბურჯები წმიდა ოქროთი, ხოლო მოედნები იერუსალიმისა ბერილონით, ანთრაკით და სუფირული ქვით მოიკირწყლება.

18. გაისმება მის ყოველ კუთხეში ალელუია და იტყვიან ქება-დიდებით: კურთხეულია ღმერთი, რომელმაც აღგაზევა უკუნისამდე.


თავი მეთოთხმეტე

1. დაასრულა ტობითმა აღსარება.

2. ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი.

3. ღრმად მოხუცდა და მოუხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: შვილო, წაიყვანე შენი შვილები. აჰა, მოვხუცდი და ვეთხოვები სიცოცხლეს.

4. წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო, იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი.

5. მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი.

6. ყოველი ხალხი მოიქცევა უფლის, ღვთის შიშისკენ ჭეშმარიტებით, დაამხობენ თავიანთ კერპებს და განადიდებს ყოველი ხალხი უფალს.

7. მისი ერი აღიარებს ღმერთს და აღამაღლებს უფალი თავის ერს და გაიხარებენ უფლის, ღვთის ყოველნი მოყვარულნი ჭეშმარიტებითა და სიმართლით, მოწყალების გამღებნი ჩვენი ძმებისთვის.

8. ახლა, შვილო: წადი ნინევედან, რადგან ჭეშმარიტად აღსრულდება, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ.

9. ხოლო შენ დაიცავი რჯული და მცნებები და იყავი მოწყალებისა და სიმართლის მოყვარული, რათა შენც კარგად იყო. დამარხე დედაშენიც ჩემთან ერთად და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში.

10. იცოდე, შვილო, რა გაუკეთა ჰამანმა აქიაქაროსს, თავის გამზრდელს, ნათელიდან წყვდიადში რომ შეიყვანა იგი. როგორ მიეზღო მას: აქიაქაროსი გადარჩა, მას კი საკადრისად მიეზღო - ჩავიდა შავეთში. მენაშემ გაიღო მოწყალება და გადაურჩა აქიაქაროსი სიკვდილის მახეს, რომელიც მისთვის იყო დაგებული, ჰამანი კი გაება მახეში და დაიღუპა.

11. ახლა შვილო: ხომ ხედავ რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი. ამას რომ ამბობდა, დასტოვა იგი სულმა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დამარხეს იგი.

12. როცა მოკვდა ხანა, დამარხა ტობიამ იგი მამამისთან ერთად, და წავიდა თავისი ცოლ-შვილითურთ ეკბატანაში რაღუელთან, თავის სიმამრთან.

13. მიაწია ღირსეულ სიბერემდე და პატივით დამარხა თავისი სიმამრი და დაიმკვიდრა მისი და მამამისის, ტობითის ქონება.

14. მოკვდა ას ოცდა შვილი წლისა მიდიის ეკბატანში.

15. ვიდრე მოკვდებოდა, ეუწყა მას დაღუპვა ნინევესი, რომელიც წარტყვევნეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროშმა. სიკვდილამდე გაიხარა ნინევეს ტყვეობაზე.

თავი პირველი

1. მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.

2. განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით.

3. უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა.

4. მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ.

5. როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე,

6. ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს.

7. უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც

8. მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი;

9. იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი.

10. ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები,

11. ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა

12. და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი.

13. შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი.

14. ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის.

15. მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.

16. იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ.

17. შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.

18. არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან;

19. და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა.

20. იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი.

21. სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით.

22. მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე.

23. იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად;

24. და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ?

25. შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს.

26. არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან.

27. არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ.

28. უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან.

29. ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში.

30. მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას.

31. აღწერილია ესენი წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იუდაელ მეფეთა შესახებ; იოშიას საქმენი, მისი დიდება და მისი განსწავლულობა უფლის კანონებში, მისი უწინდელი ქმედებანი და ახლანდელნი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია მოთხრობილი.

32. აიყვანა ხალხმა იექონია იოშიას ძე და დასვა მეფედ მისი მამის იოშიას ნაცვლად; და იყო ოცდასამი წლისა.

33. იმეფა იუდასა და იერუსალიმში სამ თვეს და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმში.

34. შეაწერა მის ხალხს ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.

35. დაადგინა ეგვიპტის მეფემ მეფედ იოაკიმი, მისი ძმა. იუდასა და იერუსალიმის მეფედ.

36. დაატუსაღა იოაკიმმა დიდებულნი, იოახაზი კი, თავისი ძმა, შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტედან.

37. ხოლო იოაკიმი ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა იუდაში და იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

38. აღსდგა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, დაადო მას სპილენძის ბორკილი და წაიყვანა ბაბილონში.

39. გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა, გაზიდა და დააწყო თავის ტაძარში, ბაბილონში.

40. იოაკიმის საქმენი, მისი უწმინდურებისა და ურჯულოების ამბები მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი.

41. გამეფდა მის ნაცვლად იოაკიმი, ძე მისი; თვრამეტი წლისა იყო, როდესაც იგი მეფედ დასვეს.

42. იმეფა სამ თვეს და ათ დღეს იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.

43. ერთი წლის შემდგომ წააყვანინა იგი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში უფლის წმინდა ჭურჭლითურთ.

44. გამოაცხადა ციდკია იუდასა და იერუსალიმის მეფედ. ოცდაერთი წლისა იყო ციდკია და იმეფა თერთმეტ წელს.

45. უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის წარმოთქმულ სიტყვებს უფლის პირისაგან.

46. მეფე ნაბუქოდონოსორისაგან ღვთის სახელით ფიცით შეკრულმა, დაარღვია ფიცი და განუდგა, გაიფიცხა თავისი ქედი და გული და შელახა უფლის, ისრაელის ღმერთის კანონები.

47. ერის წინამძღვართაც და მღვდლებმაც მრავლად სცოდეს და იბილწეს, გადაამეტეს ყველა ურჯულოთა უწმინდურებას, და შეაგინეს ღვთის კურთხეული ტაძარი იერუსალიმში.

48. მიუვლინებდა მათი მამა-პაპის ღმერთი თავის ანგელოზს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათ და თავის სამკვიდრებელს.

49. ისინი კი დასცინოდნენ მის მიერ მოვლინებულთ, და, როცა არ უნდა ელაპარაკნა უფალს, მასხრად იგდებდნენ მის წინასწარმეტყველებას, ვიდრე თავის ხალხზე მისი ურჯულოების გამო განრისხებულმა არ ბრძანა, აღმდგარიყვნენ მის წინააღმდეგ ქალდეველთა მეფენი.

50. მათ მახვილით მოსრეს მათი ჭაბუკები მათივე წმიდა ტაძრის ირგვლივ და არ დაინდეს არც ვაჟი და არც ქალი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ყველა ხელში ჩაუგდო მათ.

51. უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის კიდობნის ჭურჭელი, და სამეფო საგანძური აიღეს და წარგზავნეს ბაბილონში.

52. დაწვეს უფლის სახლი, დაარღვიეს იერუსალიმის კედლები და მათი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს.

53. იავარ-იქმნა ყოველი დიდება მისი; მახვილს გადარჩენილნი წაასხეს ბაბილონში.

54. დაემონენ მას და მის შვილებს სპარსელთა მეფობამდე, რათა აღსრულებულიყო იერემიას მიერ თქმული უფლის სიტყვები:

55. ვიდრე გაიხარებდეს ქვეყანა თავისი შაბათებით, დაიცავს შაბათებს თავისი უდაბურ-ყოფის მთელ ხანს სამოცდაათი წელიწადის გასრულებამდე.


თავი მეორე

1. სპარსელთა მეფის კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა აღსრულებულიყო, სული აღუძრა უფალმა კიროსს, სპარსელთა მეფეს, და მან აუწყა მთელს თავის სამეფოს სიტყვით და წერილით:

2. ამას ამბობს სპარსელთა მეფე კიროსი: მე დამადგინა სამყაროს მეფედ ისრაელის უფალმა, უზენაესმა უფალმა და ნიშანი მომცა, რათა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.

3. ამიტომაც თუ ვინმე არის თქვენში მისი ხალხიდან, მისი უფალი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის და ააშენოს სახლი ისრაელის ღვთისა (იგია უფალი, იერუსალიმში დამკვიდრებული).

4. ყოველი კაცი, სადაც არ უნდა სახლობდეს, შეეწიოს მათ ოქროთი და ვერცხლით, ცხენთა და საქონელთა გაღებით და სხვა აღთქმული შესაწირავით უფლის ტაძრისთვის იერუსალიმში.

5. აღდგნენ საგვარეულოთა უხუცესნი იუდას ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, მღვდლები და ლევიანები, და ყველანი, რომელთაც სული გაუღვიძა უფალმა წასასვლელად და უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში.

6. მათ ირგვლივ მცხოვრებნი შეეწეოდნენ მათ ყველაფრით - ვერცხლით და ოქროთი, ცხენებითა და საქონლით, და ბევრი აღთქმული შესაწირავით მრავალთაგან, რომელთა გონებაც აღძრული იყო.

7. მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის წმინდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს იერუსალიმიდან ჰქონდა წამოღებული და თავის საკერპოში დადებული.

8. გამოიტანა ისინი კიროსმა, სპარსელთა მეფემ და გადასცა მითრიდატეს, თავის მეგანძურს, მისი მეშვეობით კი გადაეცა შეშბაცარს, იუდას მთავარს.

9. მათი რიცხვი იყო: ათასი ოქროს ტაკუკი, ათასი ვერცხლის ტაკუკი, ოცდაცხრა ვერცხლის სასაკმევლე,

10. ოცდაათი ოქროს ფიალა, ორი ათას ოთხას ათი ვერცხლისა და სხვა ჭურჭელი - ათასი.

11. წამოღებული ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, სულ იყო ხუთი ათას ოთხას სამოცდა ცხრა; მოტანილი იქნა ისინი შეშბაცარის მიერ დაბრუნებულ ტყვეებთან ერთად, ბაბილონიდან იერუსალიმში.

12. სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის ჟამს მისწერეს მას იუდაში და იერუსალიმში მცხოვრებთა წინააღმდეგ ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა, რეხუმმა და ბეელტეთმოსმა, მწერალმა შიმშაიმ და მათმა დანარჩენმა თანამზრახველებმა, რომელნიც სახლობდნენ სამარიასა და სხვა ადგილებში, შემდეგი წერილი:

13. მეფე არტაქსერქსეს, ჩვენს ბატონს, შენი ქვეშევრდომები - მრჩეველი რეხუმი, მწერალი შიმშაი და სხვა მსაჯულნი მათი საბჭოსი კოილე სირიასა და ფინიკიაში.

14. აწ ეუწყოს მეფე-ბატონს, რომ თქვენგან წამოსული იუდაელნი ჩვენთან მოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ქალაქს, წინააღმდგომსა და ბოროტს, მოედნებსა და კედლებს აღადგენენ და ტაძარს საძირკველს უყრიან.

15. თუ ეს ქალაქი აშენდება და კედლები გასრულდება, არათუ შეწყვეტენ ხარკის გადახდას, არამედ მეფეებსაც წინაღუდგებიან.

16. რაკი ტაძრის მშენებლობა მიდის, საჭიროდ მივიჩნევთ არ უგულვებელვყოთ ყოველივე ეს, არამედ ვაუწყოთ მეფე-ბატონს, ხომ არ ინებებს შენი მამა-პაპის წიგნებში ჩახედვას.

17. ჰპოვებ მატიანეებში, რაც მათ შესახებ არის ჩაწერილი, და შეიტყობ, რომ ეს ქალაქი მეფეთა მოღალატე იყო და იუდაელები ქალაქთა მაშფოთებელნი, წინააღმდგომნი და მეამბოხენი დასაბამიდან, რა მიზეზითაც მოოხრებულ იქნა ეს ქალაქი.

18. გვიუწყებია შენთვის, მეფე-ბატაანო, რომ თუ ეს ქალაქი აშენდება და მისი კედლები აღიმართება, არ გექნება გასასვლელი კოილე სირიასა და ფინიკიაში.

19. მაშინ მისწერა მეფემ რეხუმს, გარემოებათა აღმწერელს, ბეელტეთმოსს, მწერალ შიმშაის და სხვა თანმზრახველებს, სამარიაში, არამში და ფინიკიაში მცხოვრებთ შემდეგი:

20. წავიკითხე წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ მე.

21. ვბრძანე მოძიება და აღმოჩნდა, რომ ეს ქალაქი დასაბამიდან მეფეთა წინააღმდგომი ყოფილა, მისი ხალხი კი მოღალატე და ომების ამტეხი.

22. იყვნენ მეფეები იერუსალიმში, ძლიერნი და ულმობელნი, მფლობელნი და ხარკის ამკრეფნი სირიასა და ფინიკიაში.

23. აწ მიბრძანებია, რომ მაგ ხალხს აეკრძალოს ქალაქის შენება;

24. თვალყური ედევნოს, რათა აღარაფერი კეთდებოდეს და ბოლო მოეღოს მეფეთა შესაწუხებელ ბოროტმოქმდებებს.

25. როდესაც წაიკითხეს მეფე არტაქსერქსესაგან მოწერილი, რეხუმი, მწერალი შიმშაი და მათი თანამზრახველნი მოსწრაფებით გაემართნენ იერუსალიმისაკენ ცხენოსანთა თანხლებით და ხალხის ამხედრებით იწყეს მშენებელთა შეპყრობა.

26. შეწყდა შენება ტაძრისა იერუსალიმში სპარსთა მეფის დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.


თავი მესამე

1. მეფე დარიოსმა გაუმართა დიდი ლხინი ყველა თავის ქვეშევრდომს, ყველა თავის სახლეულს და მიდიისა და სპარსეთის ყველა დიდებულს,

2. ყველა სატრაპს და მხედართმთავარს ქვეშევრდომი ქვეყნების განმგებელთ ინდოეთიდან ეთიოპიამდე ას ოცდაშვიდ სამთავროში.

3. ჭამეს და სვეს და კმაყოფილნი დაიშალნენ, ხოლო მეფე დარიოსი შევიდა საძინებელში, დაიძინა და მერე გაღვიძა.

4. მაშინ სამმა ჭაბუკმა, მცველებმა, რომლებიც მეფის სხეულს იცავდნენ უთხრეს ერთმანეთს:

5. ვთქვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა თითო სიტყვა, - ვინც აჯობებს, და რომლის ნათქვამიც მეორისაზე ბრძნული აღმოჩნდება, მისცეს მას მეფე დარიოსმა დიდძალი საბოძვარი და დიდი ჯილდო.

6. პორფირით შეიმოსოს და ოქროს სასმისით სვამდეს, ოქროზე ეძინოს და ჰქონდეს ეტლი ოქროსაღვირიანი და თავსაბურავი ბისონისა, და მანიაკი ყელზე.

7. დაჯდეს დარიოსის გვერდით თავისი სიბრძნის გამო და დარიოსის ნათესავად იწოდებოდეს.

8. მაშინ თითოეულმა დაწერა თავისი სიტყვა, დაბეჭდა და დასდო მეფე დარიოსის სასთუმალთან.

9. როცა გაიღვიძებს მეფე, მისცემენ მას წერილებს და ვის სიტყვასაც მიიჩნევს უბრძნესად მეფე და სამი სპარსელი დიდებული, მას მიეცეს ძლევა, როგორც წერია.

10. ერთმა დაწერა: უძლიერესია ღვინო.

11. მეორემ დაწერა: უძლიერესია მეფე.

12. მესამემ დაწერა: უძლიერესნი არიან დედაკაცნი, ხოლო ყოველივეს სძლევს ჭეშმარიტება.

13. როდესაც მეფემ გაიღვიძა, აიღეს და მისცეს მას დაწერილი და წაიკითხა,

14. და დაიბარა ყველა დიდებული სპარსეთისა და მიდიისა, და სატრაპნი და მხედართმთავარნი, მხარეების გამგებელნი და მრჩეველნი და დაჯდა სამსჯავროში, და მათ წინაშე წაკითხულ იქნა დაწერილი.

15. თქვა: მოუხმეთ ჭაბუკებს და განმარტონ თავიანთი სიტყვები. დაძახებულ იქნენ და მოვიდნენ.

16. უთხრა მათ: გვაუწყეთ დაწერილთა შესახებ.

17. დაიწყო პირველმა, რომელიც ღვინის ძლიერებაზე ამბობდა, და თქვა ასე:

18. კაცნო, როგორ სძლევს ღვინო ყოველივეს? ყოველ ადამიანს ებინდება გონება, ვინც მას დალევს.

19. ერთ ჭკუაზე აყენებს მეფეს და ობოლს, მონასა და თავისუფალს, ღატაკსა და მდიდარს.

20. ყოველ გონებას მოაქცევს ლხინისა და სიხარულისკენ და არ ახსენდება არავითარი მწუხარება და არავითარი მოვალეობა.

21. ყოველი გულს აქცევს მდიდრად და არავის ახსოვს არც მეფე და არც სატრაპი და ყველას თავის ტალანტზე ალაპარაკებს.

22. არ ახსოვთ, როცა თვრებიან, მეგობრებისა და ძმების სიყვარული და არც ისე იშვიათად იშიშვლებენ მახვილს.

23. როცა გამოფხიზლდებიან ღვინისაგან, აღარ ახსოვთ, რა მოიმოქმედეს.

24. ო, კაცნო, როგორღა არ არის ღვინო უძლიერესი, როცა აიძულებს ასე მოიქცნენ. თქვა ეს და დადუმდა.


თავი მეოთხე

1. დაიწყო ლაპარაკი მეორემ, რომელიც მეფეთა სიძლიერეზე ამბობდა:

2. ო, კაცნო, ნუთუ ყველაზე ძლიერნი არ არიან ადამიანები, მპყრობელნი მიწისა და ზღვისა და ყოველივესი, რაც მათშია?

3. ხოლო მეფე ყოვლისმძლეველია და ბატონობს მათზე და მბრძანებლობს მათზე და რასაც მათ უბრძანებს, ყველაფერში ემორჩილებიან.

4. თუ ეტყვის შეებრძოლონ ერთმანეთს, შეასრულებენ; თუ გაგზავნის მტრების წინააღმდეგ, წავლენ და დასცემენ მთებსა და გალავნებს და ციხე-კოშკებს.

5. დაჰხოცენ და დაიხოცებიან, მეფის სიტყვას კი არ გადავლენ. თუ გაიმარჯვებენ, მეფესთან მოაქვთ, რასაც იალაფებენ, და სხვა ყველაფერი.

6. ხოლო რომელნიც ომში არ გადიან, არ იბრძვიან. არამედ მიწას ამუშავებენ, როცა თესლს ჩაჰყრიან, მომკილს კვლავ მეფეს მიართმევენ და ერთიმეორეს აიძულებენ ღალა მეფესთან მიიტანონ.

7. იგი ირთადერთია, რომელიც თუ ბრძანებს მოკვლას, მოჰკლავენ, ბრძანებს განტევებას, განუტევებენ.

8. ბრძანებს ცემას, სცემენ; ბრძანებს უდაბურყოფას, უდაბურჰყოფენ, ბრძანებს აშენებას, ააშენებენ;

9. თუ ბრძანებს მოჭრას, მოჭრიან, და ბრძანებს დარგვას, დარგავენ.

10. მთელი მისი ხალხი და მისი ჯარი ემორჩილება მას.

11. ამას გარდა, იგი წევს, ჭამს და სვამს და სძინავს, და ისინი იცავენ მას ყოველი მხრიდან და არ შეუძლიათ მიატოვონ და აკეთონ თავისი საქმე, ვერც შეეწინააღმდეგებიან მას.

12. ო, კაცნო, როგორღა არ არის მეფე ყველაზე ძლიერი, როცა ასე უსმენენ მას? და დადუმდა.

12. ხოლო მესამემ, რომელიც დედაკაცებზე და ჭეშმარიტებაზე ამბობდა, - ეს ზორობაბელი იყო - დაიწყო ლაპარაკი.

14. კაცნო, ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ ძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი?

15. დედანი ჰშობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც;

16. მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ, ვინც ვაზი დარგო, რომლისგანაც ღვინო წარმოიქმნება.

17. ისინი უმზადებენ ადამიანებს სამოსელს, უქმნიან მათ დიდებას, და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცოდ.

18. თუ შეკრებენ ოქროს და ვერცხლს და ყოველგვარ ძვირფას ნივთს და მერე დაინახავენ ქალს, მშვენიერს და ლამაზ შესახედავს,

19. ამას ყოველივეს თავს ანებებენ და მისკენ მიილტვიან და პირდაღებულნი შეჰყურებენ; ყველაფერს ურჩევნიათ ქალი - ოქრო-ვერცხლსაც და ყოველგვარ ძვირფასეულობას.

20. კაცი სტოვებს თავის გამზრდელ მამას, თავის ქვეყანას და თავის ცოლს ეწებება.

21. სულს სტოვებს ცოლთან, არც მამას გაიხსენებს, არც დედას და არც ქვეყანას.

22. აქედან უნდა იცოდეთ, რომ დედაკაცნი ბატონობენ თქვენზე: განა თქვენი ნაშრომი და ჭირნანული - ყველაფერი ცოლებთან არ მიგაქვთ და მათ არ აძლევთ?

23. აიღებს კაცი თავის მახვილს და ავაზაკობის გზას დაადგება, ძარცვავს და ქურდობს, დაცურავს ზღვასა და მდინარეებზე;

24. ლომსაც გადაეყრება და წყვდიადში იხეტიალებს. და რასაც კი მოიპარავს, წაგლეჯს და მიიტაცებს, საყვარელს მიუძღვნის.

25. კაცს თავისი ცოლი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მამა და დედა.

26. ბევრს დაუკარგავს გონება დედაკაცთათვის და მონებად ქცეულან მათ გამო.

27. მრავალნი დაღუპულან და შემცდარან, წარწყმედილან დედაკაცთა მიზეზით.

28. ნუთუ ახლაც არ გჯერათ ჩემი? განა დიდი არ არის ხელმწიფე თავისი ძალაუფლებით? განა მთელი ქვეყანა არ ეკრძალვის მასთან მიკარებას?

29. მინახავს მე იგი და აპამე, განთქმული ბარტაკოსის ასული, ხელმწიფის ხარჭა, მის მარჯვნივ მჯდომელი;

30. მეფეს გვირგვინს ხდიდა და თავად იდგამდა თავზე, მარცხენით კი მეფეს ლოყაზე სცემდა.

31. მეფე მაინც პირდაღებული შეჰყურებდა: თუ ქალი გაუცინებდა მას, მეფეც გაუცინებდა; თუ ქალი გაწყრებოდა, მასზე, მეფე ეფერებოდა მას, რომ შემოერიგებინა იგი.

32. ო, კაცნო, როგორღა არ არიან ძლიერნი დედაკაცნი, როცა ამას აღწევენ?

33. მაშინ მეფემ და დიდებულებმა ერთმანეთს გადახედეს.

34. მან კი დაიწყო საუბარი ჭეშმარიტებაზე: კაცნო, მაშ ძლიერნი არ არიან დედაკაცები? დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე. რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა.

35. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია.

36. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო.

37. უსამართლოა ღვინო, უსამართლოა მეფე, უსამართლონი არიან დედაკაცნი, უსამართლოა ყოველი კაციშვილი, უსამართლოა ყოველი საქმე მათი. არ არის მათში სიმართლე და თავიანთ უსამართლობაში წარწყმდებიან.

38. ჭეშმარიტება კი რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე.

39. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით; ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო.

40. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა.

41. და შეწყვიტა ლაპარაკი. მაშინ ხმა აღმოხდა მთელ ხალხს და თქვეს: დიდია ჭეშმარიტება და მძლეთამძლე.

42. მაშინ უთხრა მას მეფემ: ითხოვე, რაც გსურს დაწერილზე მეტი და მოგეცემა, რადგანაც უბრძენესი აღმოჩნდი ყოველთა შორის. იჯდები ჩემს გვერდით და ჩემი ნათესავი გეწოდება.

43. უთხრა მაშინ მეფეს: გაიხსენე აღთქმა, რომელიც დასდე იერუსალიმის აღსაშენებლად იმ დღეს, როდესაც მეფობა მიიღე,

44. რომ უკან გააბრუნებდი იერუსალიმიდან წამოღებულ ყველა ჭურჭელს, რომელიც კიროსმა გამოიტანა, როდესაც ფიცი დასდო, რომ მოაოხრებდა ბაბილონს და ყველაფერს უკან დააბრუნებდა.

45. შენც დადებული გაქვს, რომ ააშენებ ტაძარს, რომელიც ედომელებმა დაწვეს, როდესაც მოოხრდა იუდა ქალდეველთაგან.

46. ახლა ამას მოვითხოვ, მეფე-ბატონო, და გევედრები - ესაა შენი სიდიადე: გევედრები, შეასრულო შენი პირისაგან გამოსული დანაპირები, რომელიც აღუთქვი ზეციურ მეფეს.

47. მაშინ წამოდგა მეფე დარიოსი, აკოცა მას და მიუწერა წერილები ყველა მმართველს და მხარეთა განმგებელს, მხედართმთავრებს და სატრაპებს, რათა გაისტუმრონ იგი და ყველა, ვინც მასთან ერთად მიდის იერუსალიმის აღსაშენებლად.

48. კოილე სირიისა და ფინიკის ყველა განმგებელს და ლიბანში მყოფთ მისწერა წერილები, მოზიდონ ლიბანიდან კედარის ძელები იერუსალიმში და მით ააშენონ ქალაქი.

49. მისწერა სამეფოდან იუდაში წამსვლელი ყველა იუდაელის განთავისუფლების შესახებ, რათა არცერთი უფლებამოსილი და სატრაპი, მხარეთა განმგებელი და მმართველი არ მიადგეს მათ კარს,

50. და მთელი მხარე, რომელსაც ფლობენ, ხარკისაგან გათავისუფლდეს, და რომ ედომელებმა დასტოვონ იუდაელთა სოფლები, რომლებიც მათ უჭირავთ.

51. მიეცეს ტაძრის ასაშენებლად ყოველწლიურად ოცი ტალანტი, ვიდრე არ დასრულდება შენება.

52. ხოლო სამსხვერპლოზე მისატანი ყოველდღიური აღსავლენისათვის დაწესებული ჩვიდმეტის გარდა გაეცეთ ათი ტალანტი ყოველწლიურად.

53. ყველა, ვინც გაემართა ბაბილონიდან ქალაქის ასაშენებლად, გათავისუფლდეს, ისინიც და მათი შვილებიც და ყველა მიმავალი მღვდელი.

54. მისწერა აგრეთვე სახსრისათვის და სამღვდელო სამოსელისთვის, რომელშიც შეასრულებენ იქ მღვდელმსახურებას.

55. ლევიანებს მიუწერა გასცენ სახსარი იმ დღემდე, ვიდრე არ დასრულდება სახლი და არ აშენდება იერუსალიმში.

56. მისწერა, რომ მისცემოდა ქალაქის ყველა მცველს კუთვნილი წილი და საზრდო.

57. დააბრუნა ყველა ჭურჭელი, რომელიც კიროსმა გაიტანა ბაბილონიდან; და ყოველივე, რის გაკეთებაც ბრძანა კიროსმა, მანაც ბრძანა აღსასრულებლად და იერუსალიმში წარსაგზავნად.

58. ხოლო როდესაც გამოვიდა ჭაბუკი, აღაპყრო პირი ზეცისაკენ იერუსალიმის მხარეს, ადიდა უფალი ზეციერი და წარმოსთქვა:

59. შენია ძლევა და შენია სიბრძნე, შენია დიდება, მე კი მონა ვარ შენი.

60. კურთხეული ხარ, რომელმაც მომანიჭე მე სიბრძნე; გმადლობ, შენ, ჩვენი მამა-პაპის უფალო.

61. წაიღო წერილები და მივიდა ბაბილონში და ახარა თავის ძმებს, ყველას.

62. ადიდებდნენ თავიანთ მამა-პაპის ღმერთს, რომ დაიხსნა ისინი და მისცა ნება,

63. წასულიყვნენ და აეშენებინათ იერუსალიმი და ტაძარი, რომელსაც ეწოდა სახელი მისი. ზეიმობდნენ მუსიკით და სიხარულით შვიდ დღეს.


თავი მეხუთე

1. ამის შემდგომ წასასვლელად აირჩიეს მამისსახლთა უხუცესნი მათი ტომების მიხედვით, მათი ცოლები, მათი ძენი და ასულნი, მათი ყმები და მხევლები და მათი საქონელი.

2. დარიოსმა გააყოლა მათ ათასი ცხენოსანი, რომ მიეცილებინათ იერუსალიმამდე მშვიდობით, მუსიკით, დაფდაფებითა და საყვირებით.

3. ყველა მათი ძმა მხიარულობდა და მისცა მათ ნება მათთან ერთად წასულიყვნენ.

4. აი, სახელები კაცთა, რომლებიც წავიდნენ მამისსახლთა მიხედვით ტომებად, უხუცესობის წესით.

5. მღვდლები, ძენი ფინხასისა, ძისა აარონისა; იესო იოცადაკისა, ძისა სერაიასი, იოაკიმი ზერუბაბელისა, ძისა შალთიელისა, დავითის სახლიდან, ფარესის საგვარეულოდან, იუდას ტომიდან,

6. რომელიც სპარსელთა მეფის დარიოსის წინაშე წარმოსთქვამდა ბრძნულ სიტყვებს მისი მეფობის მეორე წელს, ნისანის თვის პირველშა.

7. ესენი არიან იუდაელთაგანნი, გადასახლების ტყვეობიდან გამოსულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გადმოასახლა ბაბილონში,

8. და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდას სხვა ადგილებში, თითოეული თავის ქალაქში, მოსულნი ზერუბაბელთან და იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რეყამიასთან, ნახმანისთან, მარდოქაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან - წინამძღოლებთან ერთად.

9. რიცხვი ხალხისა და მის წინამძღოლთა: ფოროსის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი.

10. შაფატის ძენი - ოთხას სამოცდათორმეტი. არახის ძენი - შვიდას ორმოცდათექვსმეტი.

11. ფახათმოაბის ძენი იესოს და იოაბის ძეთა ჩათვლით - ორი ათას რვაას თორმეტი.

12. მეშულამისა ძენი - ათას ორას ორმოცდა თოთხმეტი. ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდა ხუთი. ზაქაის ძენი - შვიდას ხუთი. ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდა ორი.

13. ზებაის ძენი - ექვსას ოცდა სამი. ყაზგადის ძენი -ათას სამას ოცდა ორი.

14. ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდა შვიდი. ზიგვაის ძენი - ორი ათას სამოცდა ექვსი. ყადინას ძენი - ოთხას ორმოცდა თოთხმეტი;

15. ატერის ძენი, ძისა ეზეკიასი - ოთხმოცდათორმეტი. ძენი კილანისა და აზეტასი - სამოცდა შვიდი. ყაზერის ძენი - ოთხას ოცდათორმეტი.

16. ხანანის ძენი - ას ერთი. არომის ძენი, ბეცაის ძენი - სამას ოცდა სამი. ხარიფის ძენი - ას თორმეტი.

17. გიბყონის ძენი - სამი ათას ხუთი. ბეთლეების ძენი - ას ოცდა სამი.

18. ნეტოფასგან - ორმოცდა თხუთმეტი; ყანათოთისგან - ას ორმოცდა თვრამეტი; ბეთ-ყაზამოთისგან - ორმოცდა ორი;

19. კირიათ-იეყარიმისგან - ოცდა ხუთი. კაპირასისა და ბეროთასაგან - შვიდას ორმოცდა სამი.

20. ქადიასნი და ამიდიოსნი - ოთხას ოცდა ორი.

21. მიქმასისგან - ას ოცდა ორი. ბეტოლიოსისგან - ორმოცდათორმეტი. ნიფისის ძენი - ას ორმოცდა თექვსმეტი.

22. კალამოლალოსის ძენი და ონუსის - შვიდას ოცდა ხუთი.

23. სენაასის ძენი - სამი ათას სამას ოცდაათი.

24. მღვდელნი: იედაყიას ძენი, ძისა იესოსი, ანასიბის ვაჟებთან ერთად - ცხრაას სამოცდა თორმეტი: იმერის ძენი - ათას ორმოცდა თორმეტი.

25. ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდა შვიდი; ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.

26. ლევიანები: ძენი იესოსი, კადმიელისა, ბანისა და ჰოდუიასისა - სამოცდათოთხმეტი.

27. მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდა რვა.

28. კარისმცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ჰატიტას ძენი და შობაის ძენი, სულ - ას ოცდაცხრამეტნი.

29. ტაძრის მსახურნი: ესავის ძენი, ასიფას ძენი, ტაბაყოთის ძენი, კეროს ძენი, სიყას ძენი, ფედაიას ძენი, ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი,

30. ყაკუბის ძენი, უტას ძენი, კეტაბის ძენი, ხაგაბას ძენი, სამლაის ძენი, ხანანის ძენი, კათუას ძენი, გახარის ძენი;

31. იარის ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი, ქასებას ძენი, გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი, ასარას ძენი, ბესაის ძენი, ასნას ძენი, მეყუნის ძენი, ნეფისიმის ძენი, ბაკბუკის ძენი, აქიბას ძენი, ხარეხურის ძენი, ფარაკიმის ძენი, ბაცლითის ძენი.

32. მეხიდას ძენი, კუთას ძენი, ხარშას ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი, ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,

33. სოლომონის მსახურთა ძენი: ჰასოფერეთის ძენი, ფერუდას ძენი, თაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი, შეფატიას ძენი.

34. ხატილის ძენი, ფოქერეთ-ხაცებაიმის ძენი, საროთიეს ძენი, მაყასიაჰუს ძენი, გასის ძენი, ადუსის ძენი, სუბასის ძენი, აფერას ძენი, ბაროდისის ძენი, შეფატიას ძენი, ამონის ძენი.

35. სულ ტაძრის მსახური და სოლომონის მსახურთა ძენი - სამას სამოცდათორმეტი.

36. ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან და თელ-ხარშადან, წინამძღვარი მათი - ქერუთ-ადანი და იმერი,

37. ვინც ვერ შეძლეს თავის მამების სახლთა და ტომთ უწყება, რომ ისრაელისგან არიან: ძენი ტუბანისა, ძისა დალანისა, ძენი ნეკოდასი - ექვსას ორმოცდათორმეტი.

38. ხოლო მღვდელთაგან, რომლებიც სამღვდელო სამსახურს ასრულებდნენ, მაგრამ არ აღმოჩნდნენ: ძენი ხობაიასი, ძენი ჰაკოცისი, ძენი იოდდუსისა, რომელმაც ცოლად შეირთო ავგია, ასულთაგანი ბარზელაისა და მისი სახელით იწოდებოდა.

39. რაკი ამათგანნი ძიების დროს საგვარტომო ნუსხაში არ აღმოჩნდნენ, განშორებულ იქნენ მღვდლობისაგან.

40. უთხრა მათ ნეემიამ და ჰათირშათამ არ ზიარებოდნენ სიწმიდეთ, ვიდრე არ აღდგებოდა მღვდელმთავარი შემოსილი გამოცხადებითა და ჭეშმარიტებით.

41. სულ იყვნენ ისრაელიანები თორმეტი წლიდან მოყოლებული, ყმათა და მხევალთა გარდა, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი: მათი ყმები და მხევლები - შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტი; მგალობელნი და მეფსალმუნენი - ორას ორმოცდახუთი.

42. აქლემი ოთხას ოცდათხუთმეტი და ცხენი შვიდათას ოცდათექვსმეტი, ჯორი ორას ორმოცდა ხუთი უფლის საქონელი ხუთიათას ხუთას ოცდახუთი.

43. ზოგიერთმა მამისსახლთა თავკაცმა, როდესაც ისინი მოვიდნენ ღვთის ტაძარში, რომელიც იერუსალიმშია, აღთქმა დადო, რომ აღადგენდა სახლს მისსავე ადგილას, შეძლებისამებრ.

44. შეიტანდა ტაძრის განძთსაცავში მშენებლობისათვის ათას ოქროს მნას და ვერცხლისას ხუთი ათასს და ას სამღვდელო სამოსელს.

45. დაემკვიდრნენ მღვდლები და ლევიანები და ერისაგანნი იერუსალიმში და მის შემოგარენში, ხოლო მგალობელნი და კარისმცველნი და ყოველი ისრაელი - თავიანთ სოფლებში.

46. მეშვიდე თვის დამდეგს, როცა იყვნენ ისრაელიანები უკვე თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში, შეიკრიბნენ ერთსულოვნად გაშლილ ადგილას, აღმოსავლეთის პირველ კარიბჭესთან.

47. ადგა იესო, იოცედეკის ძე და მისი ძმები - მღვდელნი და ზერუბაბელი, შალთიელის ძე და მისი ძმები და განუმზადეს სამსხვერპლო ისრაელის ღმერთს,

48. რათა შეეწირათ მასზე აღსავლენი, როგორც მოსეს, ღვთის-კაცის, წიგნში წერია.

49. შეიკრიბნენ მათთან ამ ქვეყნის სხვა ტომთაგანნიც და აღმართეს სამსხვერპლო თავის ადგილას, რადგან მტრობდნენ მათ და მძლავრობდნენ მათზე ხალხები იმ ქვეყნისა, და მოჰქონდათ მსხვერპლი დაწესებულ ჟამს და აღსავლენი უფლისათვის ცისკარზე და მწუხრზე.

50. გადაიხადეს კარვობის დღესასწაული, როგორც დადგენილია რჯულის კანონში და სწირავდნენ ყოველდღე, განწესებისამებრ,

51. და განუწყვეტელი შესაწირავი და მსხვერპლი შაბათთა, ახალმთავრობათა და ყველა წმიდა დღესასწაულისა.

52. რომელთაც აღავლინეს აღთქმა ღვთისადმი მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, იწყეს მოტანა შესაწირავისა უფლისათვის, თუმცა ღვთის ტაძარი ჯერ არ აშენებულიყო:

53. აძლევდნენ ვერცხლს ქვისმთლელებს და ხუროებს და საჭმელ-სასმელს, ურმებს - ციდონელებსა და ტვიროსელებს, რათა ტივით მოეზიდათ ლიბანიდან კედრის ძელები იაფოს ნავსადგურში, როგორც უბრძანა მათ პიროსმა, სპარსელთა მეფემ.

54. მეორე წლის მეორე თვეს იერუსალიმის ღვთის ტაძარში მოსული ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო იოცედეკის ძე, და მათი ძმები, და მღვდლები და ლევიანები და ყველა გამოსული ტყვეობიდან შეუდგა

55. ღვთის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას იუდაში და იერუსალიმში მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს, ახალმთვარობისას.

56. დაუყენეს ლევიანები, ოცი წლიდან მოყოლებული, საუფლო საქმეებს და დადგნენ იესო და მისი ძენი და ძმანი, ძმა კადმიელი და იესო ემადაბუნის ძენი და ძენი იოადაყ ილიადუნის ძისა, ვაჟიშვილებთან და ძმებთან ერთად, ყველა ლევიანი ერთსულოვნად ღვთის სახლის შენების საქმეთათვის.

57. და ააშენეს ამშენებლებმა უფლის ტაძარი. და დადგნენ შემოსილი მღვდლები მუსიკოსთა და საყვირთა თანხლებით, ხოლო ლევიანებს, ასაფის ძეთა, ეპყრათ დაფდაფები და უგალობდნენ უფალს და ადიდებდნენ დავით ისრაელის მეფის წესზე,

58. უხმობდნენ უფალს გალობით მადიდებელნი, რომ მადლი მისი და დიდება უკუნისამდეა მთელს ისრაელზე.

59. მთელი ხალხი საყვირს სცემდა და ღაღადებდა დიდი ხმით, ადიდებდა უფალს ღვთის სახლის აღდგენისათვის.

60. მოვიდნენ ლევიანი მღვდლები და მათი მამისსახლთა წინამძღოლნი და უხუცესნი, რომლებსაც ენახათ უწინდელი სახლი, ახალ მშენებლობაზე, მოთქმითა და დიდი გოდებით,

61. მრავალნი კი საყვირებითა და მხიარული ყიჟინით;

62. მაგრამ ხალხს არ ესმოდა საყვირთა ხმა სახალხო მოთქმის გამო, თუმცა ბევრნი აყვირებდნენ ხმამაღლა და შორს ისმოდა.

63. მოესმათ იუდასა და ბენიამინის ტომის მტრებს და მოვიდნენ იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავდა საყვირთა ხმა.

64. შეიტყვეს, რომ ტყვეობიდან დაბრუნებულნი უშენებენ ტაძარს უფალს, ისრაელის ღმერთს.

65. მივიდნენ ზერუბაბელთან და იესოსთან და მამისსახლთა წინამძღვრებთან და უთხრეს მათ: ჩვენც ავაშენებთ თქვენთან ერთად;

66. რადგან თქვენს მსგავსად ჩვენც ვუსმენთ თქვენს უფალს და ვწირავთ მას მსხვერპლს აშურელთა მეფის ასარხადონის დროიდან, რომელმაც გადმოგვასახლა აქ.

67. უთხრეს მათ ზერუბაბელმა და იესომ და ისრაელის მამისსახლთა წინამძღვრებმა: ვერ ავუშენებთ თქვენ და ჩვენ ერთად ტაძარს უფალს, ჩვენს ღმერთს.

68. რადგან ჩვენ თვითონ უნდა აღვუმართოთ იგი ისრაელის უფალს, როგორც გვიბრძანა ჩვენ კიროსმა, სპარსელთა მეფემ.

69. ხოლო იმ ქვეყნის ხალხები ავიწროებდნენ იუდაში მყოფთ და თავს ესხმოდნენ და აბრკოლებდნენ მშენებლობას.

70. ვერაგობით და ხალხში შფოთის შეტანით ხელს უშლიდნენ მშენებლობის დასრულებას კიროს მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

71. დაუბრკოლდათ შენება ორ წელს დარიოსის გამეფებამდე.


თავი მეექვსე

1. დარიოსის მეფობის მეორე წელს წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარიამ, ყიდოს ძემ, უწინასწარმეტყველეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდაელებს უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით.

2. მაშინ ადგა ზერუბაბელი, ძე შალთიელისა და იესო, ძე იოცედეკისა, და იწყეს შენება უფლის სახლისა იერუსალიმში უფლის წინასწარმეტყველთა თანდასწრებით, რომელიც შეეწეოდა მათ.

3. ამ დროს გამოეცხადა მათ სისინესი, სირიისა, ფინიკიის განმგებელი, და ბეთარბოზნაი მათი თანამდგომნი და უთხრეს მათ:

4. ვისი ნებართვით აშენებთ ამ სახლს და ამ ჭერს, და სხვა დანარჩენს აღასრულებთ? ვინ არიან მაშენებელნი, რომ აღასრულებენ ამას?

5. მიიღეს მადლი უფლისგან, ტყვეობაში მყოფთა მფარველისგან, იუდეველთა უხუცესებმა,

6. და არ დაუშალეს მათ შენება, ვიდრე არ აუწყებდნენ მათ შესახებ დარიოსს და პასუხს არ მიიღებდნენ.

7. პირი წერილისა, რომელიც მისწერა დარიოსს და გაუგზავნა სისინესმა, სირიისა და ფინიკიის განმგებელმა, ბეთარბოზნაიმ და მათმა თანამდგომმა, მთავრებმა სირიასა და ფინიკიაში.

8. მეფე დარიოსს, იხარებდე! უნდა გეუწყოს ყოველივე ჩვენს უფალს, მეფეს; როცა მოვედით იუდაელთა ქვეყანაში და შევედით ქალაქ იერუსალიმში, ვპოვეთ ტყვეობიდან გამოსულნი იუდაელთა უხუცესნი, რომლებიც ქალაქ იერუსალიმში აგებენ უფლის ახალ დიდ სახლს ძვირფასი თლილი ქვებით და კედლებში ძელთა დატანებით;

9. ეს სამუშაოები თავგამოდებით სრულდება და კარგად მიდის საქმე მათ ხელში და ყოველივე დიდებითა და გულმოდგინებით კეთდება.

10. მაშინ ვკითხეთ უხუცესებს და ვუთხარით: ვისი ბრძანებით აშენებთ ამ სახლს და აფუძნებთ ამ საქმეებს?

11. ასე ვკითხეთ მათ, რათა გვეცნობებინა და მოგვწერა შენთვის თავკაცთა შესახებ და მოვითხოვდით მათი წინამძღოლების ნუსხას.

12. ხოლო მათ პასუხად მოგვიგეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ღვთისა, ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.

13. ეს სახლი მრავალი წლის წინათ აშენდა ისრაელის დიდი და ძლიერი მეფის მიერ და დასრულდა.

14. როცა ჩვენმა მამებმა განარისხეს და შესცოდეს ზეციერ უფალს ისრაელისას, მისცა ისინი ხელთ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა მეფეს.

15. სახლი დაანგრიეს და დაწვეს და ხალხი ტყვედ წაასხეს ბაბილონში.

16. მაგრამ ბაბილონის ქვეყანაში კიროსის გამეფების პირველ წელს მეფე კიროსმა ბრძანა ამ სახლის აშენება.

17. ოქროსი და ვერცხლის წმიდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იერუსალიმის სახლიდან და დადო თავის საკერპოში, მეფე კიროსმა ბაბილონის ტაძრიდან გამოიტანა და გადასცა ზერუბაბელს და მთავარ შეშბაცარს.

18. ებრძანა მას დაებრუნებინა მთელი ჭურჭელი და დაედო იერუსალიმის ტაძარში და აეშენებინათ ღვთის ტაძარი მისსავე ადგილას.

19. მაშინ შეშბაცარი მოვიდა და დადო საფუძვეღი უფლის სახლისა იერუსალიმში, და იმ დროიდან დღემდე შენდება და არ დასრულებულა.

20. აწ, თუ ინებებ, მეფეო, მოიძიონ მეფე-ბატონის სამეფო წიგნთსაცავებში, რომლებიც ბაბილონშია:

21. თუ აღმოჩნდება, რომ მეფე კიროსის ნებით შენდებოდა უფლის სახლი იერუსალიმში და ნებავს ჩვენს მეფე-ბატონსაც, გვეუწყოს ამის შესახებ.

22. მაშინ ბრძანა მეფე დარიოსმა, ეძებნათ ბაბილონმი არსებულ სამეფო წიგნთსაცავებში და აღმოჩნდა ქალაქ ეკბატანაში, მიდიის ქვეყანაში, ერთი ნაწერი. რომელშიც მოხსენებული იყო შემდეგი:

23. კიროსის მეფობის პირველ წელს ბრძანა მეფე კიროსმა აეშენებინათ უფლის სახლი იერუსალიმში, სადაც სწირავენ მსხვერპლს ჩაუქრობელ ცეცხლზე.

24. სიმაღლით სამოცი წყრთა, სიგანით - სამოცი წყრთა, თლილი ქვის სამი სახლითა და ერთი ახალი სახლითურთ ადგილობრივი ხისაგან, ხოლო სახსარი გაიცეს კიროს მეფის სახლიდან.

25. უფლის სახლის წმინდა ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის სახლიდან წამოიღო ბაბილონში, დაუბრუნდეს იერუსალიმის სახლს, და სადაც შენახული იყო, იქ დაიწყოს.

26. ებრძანა სისინესს, სირიისა და ფინიკიის მთავარს, ბეთარ-ბოზნაის და მის თანამდგომთ. სირიასა და ფინიკიაში მმართველად განწესებულთ, რათა განეშორონ იმ ადგილებს და დაანებონ უფლის მორჩილს, ზერუბაბელს, იუდაელთა მთავარს, და იუდაელთა უხუცსებს უფლის სახლის შენება თავის ადგილზე.

27. ხოლო მე ვბრძანე სრულად აღაშენონ და თვალი მიადევნონ, რათა შეეწეოდნენ ტყვეობიდან გამოსულ იუდაელებს უფლის სახლის გასრულებამდე.

28. კოილე სირიისა და ფინიკიიდან შეკრებილი ხარკიდან გულმოდგინედ ეძლეოდეს ამ ხალხს საუფლო მსხვერპლისათვის, მთავარ ზერუბაბელს ზვარაკებისმ ვაცებისა და კრავებისათვის.

29. ასევე ხორბალი, მარილი, ღვინო და ზეთი განუწყვეტლივ ყოველწლიურად, როგორც იერუსალიმში მყოფი მღვდლები მოითხოვენ სახარჯად ყოველდღიურად, უსიტყვოდ.

30. რათა სწირავდნენ საღვრელს მაღალი ღმერთის წინაშე მეფისა და მისი შვილებისათვის და ლოცულობდნენ მათი სიცოცხლისათვის.

31. ბრძანა, თუკი ვინმე დაარღვევს რამეს ნათქვამში და დაწერილში, ან შეცვლის, აიღონ ძელი მისივე საკუთრებიდან და მასზე ჩამოჰკიდონ, ხოლო მისი საცხოვრებელი მეფეს გადაეცეს.

32. ამის გამო უფალი, ვის სახელსაც უხმობენ იქ, აღხოცავს ყველა მეფეს და ხალხს, რომელიც ხელს აღმართავს დასაბრკოლებლად ან ბოროტების ქმნად უფლის სახლის წინააღმდეგ იერუსალიმში.

33. მე მეფე დარიოსს დამიდგენია - იქმნას ურყევად ამის მიხედვით.


თავი მეშვიდე

1. მაშინ სისინესი, კოილე-სირიისა და ფინიკიის მთავარი, ბეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, დარიოს მეფის ბრძანების კვალზე

2. სათავეში ჩაუდგნენ ამ წმინდა საქმეებს და გულმოდგინედ ეხმარებოდნენ იუდაელთა უხუცესებს და მღვდელმთავრებს.

3. წარმატებით წარიმართა წმინდა საქმე ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველთა წინასწარმეტყველებით.

4. და აღასრულეს ეს უფლის, ისრაელის ღმერთის განგებით;

5. კიროსის, დარიოსისა და არტაქსერქსეს - სპარსელ მეფეთა ნებით სრულ იქმნა წმინდა სახლი ადარის თვის ოცდამესამე დღეს, დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.

6. შეასრულეს ყველაფერი უცვლელად მოსეს წიგნში დაწერილისამებრ, ისრაელიანებმა და მღვდლებმა, ლევიანებმა და ტყვეობიდან დაბრუნებულმა დანარჩენმა ხალხმა, ვინც მიემხრო მათ.

7. შესწირეს უფლის ტაძრის სატფურებისათვის ასი კურატი, ორასი ვაცი, ოთხასი კრავი;

8. და თორმეტი თხა მთელი ისრაელის ცოდვებისათვის ისრაელის თორმეტი შტოს მთავართა რიცხვის მიხედვით.

9. იდგნენ მღვდლები და ლევიანები, შემოსილნი, შტოთა მიხედვით უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთა წინაშე, შესაბამისად მოსეს წიგნისა, და მეკარენი თითოეულ ბჭესთან.

10. გაამზადეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს, რათა ერთად განწმედილიყვნენ მღვდლები და ლევიანები.

11. ტყვეობიდან გამოსულთაგან ყველანი არ განწმედილან, რადგან ლევიანები განიწმინდნენ ყველანი ერთად.

12. ამსხვერპლეს პასექი ყველასთვის, ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის და თავიანთი ძმების, მღვდლებისა და თავიანთი თავისთვის.

13. ჭამეს ტყვეობიდან გამოსულმა ისრაელიანებმა, ყველამ, ქვეყნის ხალხთა სიბილწეთაგან განდგომილებმა, უფლის მაძიებლებმა.

14. ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს, მოხარულნი ღვთის წინაშე.

15. რადგან შეაცვლევინა აშურელთა მეფეს გადაწყვვდ;ილება მათ შესახებ, რათა განმტკიცებულიყო მათი ხელები უფლის, ისრაელის ღმერთის საქმეთათვის.


თავი მერვე

1. ყოველივე ამის შემდგომ სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის დროს, მოვიდა ეზრა ძე ზერახიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა სილკიასი, ძისა შალემისა,

2. ძისა ცადოკისა, ძისა ახიტობისა, ძისა ამარიასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბოკასი, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინსასისა, ძისა ელყაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა.

2. ეს ეზრა მოვიდა ბაბილონიდან როგორც მწიგნობარი, განსწავლული მოსეს რჯულში, რომელიც მიეცა ღვთისაგან ისრაელს.

4. და მიაგო მას მეფემ პატივი, და ჰპოვა მან მადლი მის წინაშე ყველა თავის სათხოვარში.

5. მოვიდნენ მასთან ერთად ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, მეკარეთაგან და ტაძრის მსახურთაგან იერუსალიმში არტაქსერქსეს მეფობის მეშვიდე წელს, მეხუთე თვეს (და ეს იყო მეშვიდე წელი მეფობისა).

6. პირველი თვის ახალმთავრობისას ბაბილონიდან გამოსულნი, მეხუთე თვის ახალ მთვარეზე მოვიდნენ იერუსალიმში, ღვთისგან მოცემული ბედნიერი გზით.

7. ხოლო ეზრა დიდად ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა უფლის კანონთა და მცნებათაგან და ესწავლებინა მთელი ისრაელისთვის ყველა სამართალი და მსჯავრი.

8. მოვიდა წერილობითი ბრძანებაც მეფე არტაქსერქსესგან ეზრა მღვდლისა და საღვთო რჯულის მკითხველისადმი, რომლის პირიც შემდეგია:

9. მეფე არტაქსერქსე ეზრას, მღვდელსა და საღვთო რჯულის მკითხველს, იბარებდე:

10. კაცთმოყვარებით განმიკითხავს და მიბრძანებია: ვისაც კი სურს იუდას ხალხიდან - მღვდლებს და ლევიანებს, ჩვენს სამეფოში, მყოფთ, შენთან ერთად წავიდნენ იერუსალიმში.

11. ამგვარად, წადილის მქონენი ერთად გაემართეთ, როგორც განმისჯია მე და შვიდ ახლობელ თანამზრახველს,

12. რათა ნახონ, რაც ხდება იუდასა და იერუსალიმში თანახმად უფლის რჯულისა,

13. და მიუტანონ ძღვენი ისრაელის უფალს იერუსალიმში, მე და ჩემმა მახლობლებმა რომ აღვუთქვით, და ყოველი ოქრო და ვერცხლი, რაც კი იპოვება ბაბილონის ქვეყნად უფლისათვის იერუსალიმში, ხალხის შესაწირავთან ერთად მათი უფლის ტაძრისათვის, რომელიც იერუსალიმშია.

14. შეგროვდეს ოქრო და ვერცხლი კურატებისთვის, ვერძებისთვის და კრავებისთვის და იმისთვის, რაც საჭიროა.

15. ასე შესწირონ მსხვერპლი თავიანთი უფლის სამსხვერპლოზე.

16. და ყოველივე, რისი გაკეთებაც გსურს შენს ძმებთან ერთად ამ ოქროთი და ვერცხლით, აღასრულე შენი ღვთის ნებისამებრ.

17. უფლის წმინდა ჭურჭელი მოცემული გაქვს სამსახურებლად ტაძრისათვის შენი ღმერთისა, იერუსალიმში რომ არის.

18. სხვა დანარჩენი, რაც კი დაგჭირდება სახმარად შენი ღმერთის ტაძრისათვის, გაეცი სამეფო საგანძურიდან.

19. ხოლო მე, მეფე არტაქსერქსემ, ვუბრძანე სირიისა და ფინიკიის მეგანძურებს, რათა, რასაც მოითხოვს ეზრა მღვდელი და რჯულის მეცნიერი მაღალი ღმერთისა, შეუფერხებლად მიეცეს მას ვერცხლი ას ტალანტამდეც კი,

20. ასევე ხორბალი, ას საწყაულამდე, ას საწყაულამდე ღვინო და მარილი უხვად.

21. ყოველივე საღვთო რჯულის შესაბამისად გულმოდგინედ სრულდებოდეს მაღალი ღმერთის სახელზე, რათა არ მოევლინოს რისხვა მეფისა და მეფისწულთა სამეფოს.

22. თქვენ კი გეტყვით, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, მეკარეს, ტაძრის მსახურს და ტაძრის მემატიანეს, არავითარი ხარკი, არც სხვა რამ გადასახადი არ დასდოთ, და არც არავის ჰქონდეს უფლება მათ რაიმე გადაახდევინოს.

23. ხოლო შენ, ეზრა, ღვთის სიბრძნით დაადგინე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განიკითხავდნენ მთელს არაბსა და ფინიკიაში ყველას, ვინც აღიარებს შენი უფლის რჯულს; არმცოდნეთ კი ასწავლიდე.

24. ყველა, ვინც კი გადავა შენი უფლის ან მეფის კანონს, სამაგალითოდ დაისაჯონ ან სიკვდილით, ან გვემოთ, ან ვერცხლის გადახდევინებით, ან მოკვეთით.

25. კურთხეულია ერთი უფალი, რომელმაც გულში შთაუნერგა მეფეს განდიდება მისი სახლისა იერუსალიმში,

26. და მე პატივი მომაგო მეფისა და მისი თანამზრახველების, ყოველი მისი მახლობლისა და დიდებულის წინაშე.

27. მე გავმხნევდი უფლის, ჩემი ღმერთის შეწევნით და შევკრიბე კაცნი ისრაელთაგან, რათა ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.

28. აი, წინამძღოლნი მათი მამისსახლებისა და უხუცესობის მიხედვით, რომლებიც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე არტაქსერქსეს მეფობის დროს:

29. ფინხასის ძეთაგან გერშომი; ითამარის ძეთაგან გამელოსი; დავითის ძეთაგან ხატუში შექანიასი;

30. ფარყიშის ძეთაგან ზაქარია და მასთან ერთად ჩაწერილი ას ორმოცდა ათი კაცი;

31. ფახათმოაბის ძეთაგან ელიაოხია, ზერახიასი, და მასთან ერთად ორასი კაცი;

32. ზათოესის ძეთაგან შექანია იახზიელისა, და მასთან ერთად სამასი კაცი. ყადინის ძეთაგან ბენ-იონათანი და მასთან ერთად ორას ორმოცდა ათი კაცი;

33. ყოლამის ძეთაგან იშია, ღოთოლიასი და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი;

34. შეფატიას ძეთაგან ზერახია მიქაელისა და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი.

35. იოაბის ძეთაგან აბდია იახზიელისა, და მასთან ერთად ორას თორმეტი კაცი;

36. ბინუის ძეთაგან ასალიმოთი, იოსაფიასი, და მასთან ერთად ას სამოცი კაცი;

37. ბებაის ძეთაგან ზაქარია, ბებე და მასთან ერთად ოცდარვა კაცი;

38. ყაზგადის ძეთაგან იოხანანი, ჰაკატანი და მასთან ერთად ას ათი კაცი;

39. ადონიკამის ძეთაგან - უკანასკნელნი და აი, სახელები მათი: ელიფელეტი, იეყუში და შემაყია და მათთან ერთად სამოცდა ათი კაცი;

40. ბიგვაის ძეთაგან ყუთაი ისტალკუროსისა, და მასთან ერთად სამოცდა ათი კაცი.

 41. და შევკრიბე ისინი თერად წოდებულ მდინარესთან, იქვე დავიბანაკეთ სამ დღეს და მე დავათვალიერე ისინი,

42. მაგრამ მღვდლთაგან და ლევიანთაგან იქ ვერავინ ვპოვე.

43. შევუთვალე ელყაზარს, იადუელს, მაასმასს, ელნათანს, შემაყიას, იოარიბს, ნათანს, ელნათანს, ზაქარიას და მეშულამს, წინამძღვართა და სწავლულთ,

44. მისულიყვნენ ყიდოსთან, განძთსაცავის ადგილის წინამძღვართან,

45. და ვუბრძანე ეთქვათ ყიდოსთვის და მისი ძმებისათვის და იმ ადგილის განძისმცველთათვის წარმოეგზავნათ მღვდელმსახურნი ჩვენი უფლის სახლისათვის.

46. და გამოგვიგზავნეს, ჩვენი უფლის მაგარი ხელით, კაცნი მცოდნენი ძეთაგან მახლისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა: ხაშაბია და მისი ძენი და ძმანი თვრამეტი კაცი.

47. ხაშაბია და ანნუნოსი და ძმა ხოშაყია, ხანუნეოსის ძეთაგან, და მათი ძენი - ოცი კაცი;

48. ტაძრის მსახურთაგან, რომელნიც დავითმა და წინამძღოლებმა დაადგინეს ლევიანთა სამსახურისათვის - ტაძრის მსახურნი ორას ოცი; თითოეულის სახელის აღნიშვნით.

49. გამოვუცხადე იქ მარხვა ჭაბუკებს ჩვენი უფლის წინაშე,

50. რათა გამოგვეთხოვა მისგან კეთილი გზა ჩვენთვის და ჩვენი თანამგზავრებისთვის, შვილებისათვის და საქონლისათვის;

51. მრცხვენოდა, მეთხოვა მეფისათვის ქვეითნი, მხედრები და გამცილებელნი ჩვენი მტრებისაგან თავის დასაცავად;

52. რადგან ვუთხარით მეფეს, რომ ჩვენი უფლის ძალი იქნებოდა მის მაძიებლებთან ყოველ კეთილ საქმეში.

53. კვლავ ვევედრეთ უფალს ჩვენსას ყოველივე ამისთვის და მივიღეთ მისგან დიდი წყალობა.

54. გამოვყავი მღვდელთა წინამძღვართაგან თორმეტი კაცი და შერაბია და ხაშაბია და მათთან ერთად მათი ძმებისგან ათი კაცი.

55. და ავუწონე მათ ვერცხლი და ოქრო და ჩვენი უფლის სახლის წმიდა ჭურჭელი, რაც თვით მიუძღვნა მეფემ და მისმა თანამზრახველებმა და დიდებულებმა და მთელმა ისრაელმა.

56. და აწონილი გადავეცი მათ ექვსას ორმოცდაათი ვერცხლის ტალანტი და ვერცხლის ჭურჭელი ასი ტალანტისა, ასი ოქროს ტალანტი, ოცი ოქროს ნივთი და სპილენძის ჭურჭელი, რჩეული სპილენძის, ოქროსდრად მბზინვარე, თორმეტი.

57. ვუთხარი მათ: თქვენც წმიდა ხართ უფლისათვის, წმიდაა ჭურჭელიც, ვერცხლიც და ოქროც, ილოცეთ უფლის, ჩვენი მამების უფლის მიმართ.

58. იფხიზლეთ და დაიცავით, ვიდრე არ გადასცემთ მათ მღვდელთა წინამძღვართ და ლევიანებს და ისრაელის საგვარეულოთა წინამძღოლებს იერუსალიმში, ჭურჭლის საცავში ჩვენი უფლის სახლისა.

59. მიიღეს მღვდლებმა და ლევიანებმა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, რაც იერუსალიმში იყო, და შეიტანეს ისინი უფლის ტაძარში.

60. დავიძარით მდინარე თერადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს და შევედით იერუსალიმში ჩვენი უფლის ძლიერი ხელით, რომელიც ჩვენზე იყო; და გვიფარავდა ჩვენ გზაზე ყოველი მტრისგან და მოვედით იერუსალიმში.

61. და აქ, მესამე დღის დამდეგს, ჩვენი აწონილი ვერცხლი და ოქრო გადაეცა უფლის სახლში მღვდელ მარმოთს, ურიას ძეს.

62. იყო მასთან ერთად ელყაზარი, ძე ფინხასისა; აგრეთვე იყვნენ მათთან იოზაბად იესოს ძე და ნოყადია ბანუიასი, ლევიანები; ჩააბარეს რიცხვით და წონით ყოველივე და ჩაწერილ იქნა მათი მთელი წონა იმავე დროს.

63. ხოლო ტყვეობიდან გამოსულებმა შესწირეს მსხვერპლი უფალს, ისრაელის ღმერთს: თორმეტი კურატი, მთელი ისრაელისათვის, ოთხმოცდა თექვსმეტი ვაცი, სამოცდა თორმეტი კრავი, თხები სამადლობელად, ყოველივე მსხვერპლად უფლისათვის.

64. გადასცეს მეფის განკარგულებანი სამეფოს მმართველთ და კოილე სირიისა და ფინიკიის მთავართ და მათ ადიდეს ხალხი და უფლის ტაძარი.

65. როდესაც ყოველივე აღსრულდა, მოვიდნენ ჩემთან წინამძღოლნი და მითხრეს:

66. არ განეშორა ერი ისრაელისა, მთავარნი და მღვდელნი და ლევიანნი ამ ქვეყნის უცხოთესლის ხალხებს და მათს უწმიდურებას - ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, იებუსელებს, მოაბელებს, ეგვიპტელებს და ედომელებს;

67. რადგან შეეუღლნენ მათ ასულებს თავადაც და ძენი მათნიც, და შეერია წმიდა თესლი უცხო თესლს, ამ ქვეყნის ხალხებს; წინამძღვარნი, და დიდებულნი ამ ურჯულოების თანამოზიარენი შეიქმნენ თავიდანვე.

68. ამის გაგონებაზე შემოვიძარცვე ტანსაცმელი და სამღვდელო შესამოსელი, ვიგლეჯდი თმას თავსა და წვერზე, და ვიჯექი დამწუხრებული და შეურვებული.

69. შემოიკრიბნენ ჩემთან ისრაელის, უფლის სიტყვით აღძრულნი, როცა ვგოდებდი ურჯულოებისათვის და ვიჯექი შეურვებული მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.

70. როცა მარხვისგან ავდექი, შემოხეული კაბითა და სამღვდელო სამოსელით, მუხლი მოვიდრიკე და ხელაპყრობით მივმართე უფალს:

71. უფალო, მრცხვენია და ვძრწი შენი პირის წინაშე.

72. რადგან ჩვენმა ცოდვებმა გადაფარა ჩვენი თავები და უგუნურობებმა ჩვენმა ცას მიაღწია;

73. ჩვენი მამა-პაპის დროიდან ვართ დიდ ცოდვებში დღევანდელ დღემდე;

74. ჩვენი და ჩვენი მამა-პაპის ცოდვათა გამო ჩვენს ძმებთან, ჩვენს მეფეებთან და ჩვენს მღვდლებთან ერთად, ქვეყნის მეფეთა მახვილს მიგვეცი დასატყვევებლად, საძარცვავად და შეურაცხყოფისათვის დღევანდელ დღემდე.

75. აწ რაოდენი შეწევნა მივიღეთ შენგან, უფალო, რომ შეგვინარჩუნე ჩვენ ძირი და სახელი შენი სიწმიდის ადგილზე,

76. რომ გამოაჩინე ნათელი ჩვენი უფლის სახლში, მოგვეცი საზრდო ჩვენი მონობის ჟამს;

77. მონობაშიც არ ვყოფილვართ მიტოვებულნი ჩვენი ღმერთისგან, არამედ მადლი მოგვივლინე სპარსელთა მეფეების წინაშე,

78. რათა მოეცათ საზრდელი და განედიდებინათ ჩვენი ღმერთის ტაძარი და აშენებულიყო იავარქმნილი სიონი, მოეცა ჩვენთვის სამკვიდრებელი იუდასა და იერუსალიმში.

79. აწ რა ვთქვათ, უფალო, ყოველივე ამის მქონებლებმა? რადგან გადავედით შენს ბრძანებას, რომელიც მოგვეცი შენ მორჩილთა - წინასწარმეტყველთა ხელით და გვითხარი, რომ

80. ქვეყანა, რომელშიც შედიხართ წილხვედრით, არის მიწა, შეგინებული სიბილწით ქვეყნის უცხოთესლთა მიერ, რომელთაც თავისი უწმიდურებით აავსეს იგი;

81. ამიერიდან თქვენი ასულნი არ შერთოთ მათ ვაჟებს, და მათი ასულნი არ მოჰგვაროთ ცოლად თქვენს ვაჟებს;

82. ნურასდროს ეძიებთ მათთან ზავით ცხოვრებას, რათა გაძლიერდეთ და იგემოთ სიკეთენი მიწისა და გაუყოთ იგი თქვენს შვილებს უკუნისამდე.

83. რაც გვემართება, ჩვენი უკეთური საქმეების გამო და ჩვენი დიდი ცოდვებისათვის გვემართება.

84. შენ გვილხინე, უფალო, ჩვენი ცოდვებისგან და მოგვეცი ასეთი ძირი, მაგრამ ჩვენ კვლავ მივიქეცით და გადავედით შენს რჯულს და შევერიეთ ამ ქვეყნის ხალხთა უწმიდურებას.

85. ხომ არ განრისხდი ჩვენზე ისე, რომ მოვისრათ და არ დარჩეს ძირი და თესლი და სახელი ჩვენი?

86. უფალო ისრაელისა, ჭეშმარიტი ხარ შენ, რადგან დავრჩით ძირად დღემდე.

87. აჰა, აწ ურჯულოებაში ვართ შენს წინაშე. არ ეგებოდა კვლავ მასში დგომა შენს პირისპირ.

88. როცა ეზრა ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა და ტიროდა ტაძრის წინ მიწაზე გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ იერუსალიმიდან დიდძალი ერი: კაცები, ქალები და ბავშვები, და დიდი იყო გოდება ხალხში;

89. ხმა ამოიღო იექონიამ, იეელოსის ძემ, ისრაელიანთაგან, და უთხრა ეზრას: ჩვენ ვცოდეთ უფალს და შევეუღლეთ ამ ქვეყნის უცხოთესლის დედაკაცებს და აწ იმედით მყოფობს ისრაელი.

90. აღვავლინოთ ჩვენ ფიცი უფლის წინაშე, რომ გავეყრებით ჩვენს ცოლებს, რომელნიც კი უცხოთესლნი არიან, მათ შვილებთან ერთად, როგორც განსაჯე შენ და მათ, რომელნიც მორჩილებენ საღმრთო რჯულს.

91. აღდეგ და აღასრულე, რადგან შენ გეკუთვნის ეს საქმე და ჩვენ შენთან ერთად ძალი მოგვეცემა.

92. ადგა ეზრა და ფიცით. შეჰკრა მთელი ისრაელის მღვდელთა და ლევიანთა მთავრები, რათა ასე მოქცეულიყვნენ და მათაც ფიცი დასდეს.


თავი მეცხრე

1. წამოდგა ეზრა ტაძრის ეზოდან და გაემართა იოხანან ელიაშიბის ძის შრამელისკენ.

2. იქ მყოფს არც პური უჭამია და არც წყალი უსვამს, გოდებდა ერის დიდი ურჯულოების გამო.

3. უხმობდა ქადაგი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყველას, ტყვეობიდან - გამოსულს, შეკრებილიყვნენ იერუსალიმში.

4. რომელნიც არ მოვიდოდნენ ორი ან სამი დღის განმავლობაში, უხუცესთა წინამძღოლების მსჯავრით წაერთმეოდათ ქონება და თავად გაძევებულ იქნებოდნენ ტყვეყოფილთა კრებულისგან.

5. შეიკრიბნენ იერუსალიმში ყველანი, იუდას და ბენიამინის ტომიდან, სამ დღეში (ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს).

6. იჯდა მთელი ერი ტაძრის ეზოში და ცახცახებდა დამდგარი ზამთრის გამო.

7. წამოდგა ეზრა და მიმართა მათ: თქვენ დაარღვიეთ რჯული და შეეუღლეთ უცხოელ დედაკაცებს, მიუსართეთ რა ცოდვა ისრაელს.

8. ახლა უთხარით აღსარება და დიდება უფალს, ჩვენი მამა-პაპის ღმერთს;

9. აღასრულეთ მისი ნება და განეშორეთ ქვეყნის ხალხებს და უცხო თესლთა ცოლებს.

10. ხმა აღმოხდა მთელს ერს და შეჰღაღადა დიდი ხმით: როგორც შენ სთქვი, ისე აღვასრულებთ.

11. მაგრამ ხალხმრავლობაა და ზამთრის ჟამია, არ ძალგვიძს დგომა ცის ქვეშ. ვფიქრობთ, ერთი დღის და ორი დღის საქმე არ არის ეს, რადგან ბევრზე ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი ამ საქმეში.

12. დადგენილ იქნან ერის წინამძღოლნი; და ყველა ვინც ჩვენთან მკვიდრობს, და რომელთაც უცხოტომის ცოლი ჰყავს, გამოცხადდეს, როცა დრო ჰპოვოს,

13. თითოეული ადგილის უხუცესისა და მსაჯულის თანხლებით, ვიდრე არ დაცხრება ჩვენზე უფლის რისხვა ამ საქმეების გამო.

14. იონათანმა, ყასაელის ძემ, და იახზეიამ, თიკვას ძემ, თავს იდვეს ყოველივე, ხოლო მეშულამი და შაბთაი - ლევიანები განიკითხავდნენ მათთან ერთად.

15. შეასრულეს ყოველივე ამის მიხედვით ტყვეობიდან გამოსულებმა.

16. გამოირჩია თავისთვის ეზრა მღვდელმა მამისსახლთა წინამძღვარნი, ყველანი სახელდებით, და დასხდნენ ერთად მეათე თვის ახალ მთვარვზე, საქმის გამოსაძიებლად.

17. დასრულდა იმ კაცთა საქმის გამოძიება, რომლებსაც ჰყავდათ ცოლებად უცხოტომისანნი, პირველი თვის ახალმთვარობისთვის, და

18. აღმოჩნდა, რომ შეკრებილ მღვდელთაგან უცხოთესლის ცოლები ჰყავდათ:

19. იესოს ძეთაგან, ძისა იოცადაკისა და მის ძმათაგან - მაყასეიას, ელყაზარს, იარიბს და გედალიას.

20. დასდვეს ხელნი, რომ განეშორებოდნენ თადიანთ ცოლებს, და მოიყვანეს ვაცები თავიანთი შეცოდების საპატიებლად.

21. იმერის ძეთაგან ხანანი, ზებადია, მაყასეია, შემაყია, იენიელი და ყაზარია.

22. ფაშხურის ძეთაგან ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნეთანიელი, იოზაბადი და ელყასა;

23. ლევიანთაგან იოზაბადი, შიმყი, კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და იოხანანი.

24. მგალობელთაგან ელიაშიბი და ბაკქური;

25. მეკარეთაგან შალუმი და ტელემი.

26. ისრაელისგან, ფარყოშის ძეთაგან რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყაზარი, ხაშაბია და ბენაია;

27. ყელამის ძეთაგან მათანიასი, ზაქარია, ყაზრიელი, აბდია, იერემოთი და ელია;

28. ზამოთის ძეთაგან ელიადაყი, ელიაშიბი, მათონია, იერემოთი, ზაბადი და ზერდაია;

29. ბებაის ძეთაგან იოხანანი, ხანანია, ზაბდი და ყათლაი;

30. მანის ძეთაგან ყოლამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და იერამოთი;

31. ყიდოს ძეთაგან ნაათოსი და მაყასეია, ლაკკუნოსი და ნაიდოსი, ბესკასფასმისი, სესთელი, ბინუი და მენაშე;

32. ნანანის ძეთაგან ელიოყენაი, ყასაია, მალქია, შესიმეონ ქოსამელი;

33. ხაშუმის ძეთაგან მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელაცი, მენაშე და შიმყი;

34. ბანის ძეთაგან იერემია, მაყადაი, მაერი, იოელი, მამდაი, ფედია, ანოსი, კარაბასიონი, ელიაშიბი, მამნითანაი, ელიაშიბი, ბანუი, ელიალისი, შიმყი, შელემია, ნეთანია; ეზორას ძეთაგან შეშაი, ყაზარიელი, ყაზრაელი, სამატოსი, ზაბდი, იოსები;

35. ნაყმანის ძეთაგან მაზითა, ზაბადი, იდო, იოელი, ბენაია.

36. ყველა ესენი ცხოვრობდნენ უცხოთესლის ცოლებთან და გაუშვეს ისინი ბავშვებთან ერთად.

37. დაემკვიდრნენ მღვდლები, ლევიანები და ისრავლისაგანნი იერუსალიმში და სოფლად, მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე, როცა ისრაელიანები თავიანთ სამკვიდრებში იმყოფებოდნენ.

38. შეიკრიბა მთელი ერი ერთსულოვნად ტაძრის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, გაშლილ ადგილას,

39. და სთხოვეს ეზრას, მღვდელმთავარსა და მკითხველს, გამოეტანა მოსეს რჯული, მოცემული ისრაელის უფლის მიერ.

40. გამოუტანა ეზრა მღვდელმთავრმა რჯული მთელს ერს - კაციდან ქალამდე და ყველა მღვდელს, რათა მოესმინათ რჯული მეშვიდე თვის ახალ მთვარეზე.

41. კითხულობდა ტაძრის კარიბჭესთან გაშლილ ადგილას ცისკრიდან შუადღემდე კაცთა და ქალთა წინაშე, და მთელს ერს გონება ჰქონდა მიპყრობილი რჯულისათვის.

42. აღიმართა ეზრა, მღვდელი და რჯულის მკითხველი, გამზადებულ ხის კვარცხლბეკზე.

43. მხარმარჯვნივ ედგნენ მათათა, შამუაყი, ხანანი, ყაზარია, ურია, ხიზკია და ბაალსამოსი,

44. ხოლო ხელმარცხნივ ფედაია, მიქაელი, მალქია, ლოთასუბი, ნაბარია და ზაქარია.

45. აიღო ეზრამ რჯულის წიგნი ერის წინაშე და დაჯდა დიდებით ყველას წინაშე.

46. და ვიდრე იგი რჯულს განმარტავდა, ყველა წელგამართული იდგა, და აკურთხა ეზრამ უფალი, მაღალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი, ყოვლისმპყრობელი.

47. და შეჰღაღადა მთელმა ერმა: ამენ! აღაპყრო ხელები, დაემხო მიწაზე და თაყვანი სცა უფალს.

48. იესო, ანიუთი, შარაბია, იადინა, ყაკუბი, შაბათაი, ჰოდია, მაყასეია და კელიტა, ყაზარია, იოზაბადი, ხანანია და ფალია - ლევიანები ასწავლიდნენ საღვთო რჯულს და ერის წინაშე კითხულობდნენ უფლის კანონს და უხსნიდნენ კითხვასთან ერთად.

49. უთხრა განმგებელმა ეზრას, მღვდელმთავარს და მკითხველს, და ლევიანებს, რომლებიც მოძღვრავდნენ ერს, ყველას:

50. ეს დღე წმიდაა უფლისათვის! ყველა ტიროდა, როცა უსმენდა რჯულს.

51. ახლა წადით და ჭამეთ გემრიელი და სვით ტკბილი, მიეცით წყალობა უპოვართ,

52. რადგან წმიდაა ეს დღე უფლისათვის, და ნუ იმწუხრებთ; რადგან უფალი განგადიდებთ თქვენ.

53. ლევიანებიც შთააგონებდნენ მთელ ხალხს და მოუწოდებდნენ: წმიდაა ეს დღე და ნუ იმწუხრებთ.

54. წავიდა ყველა, რათა ეჭამათ და ესვათ, ემხიარულათ და გაეცათ წყალობა უპოვართათვის, და ილხენდნენ დიდად,

55. რადგან განმსჭვალულნი იყვნენ იმ სიტყვებით, რომლებითაც განისწავლნენ. და შეერთდნენ.