ფიქრი და შენიშვნა
I
იმ სხვადასხვა საგანთა შორის, რომელთათვის ინიშნება ეს დროგამოშვებითი
საუბარი, უმთავრესი ყურადღება მიქცეული იქმნება კავკასიის რუსულს
მწერლობაზედ. იმდენად გახშირდა ჩვენში რუსული მწერლობა, თანდათან იმდენად
ვრცელს ადგილს იპყრობს და ფესვებს იმაგრებს იგი ჩვენს ცხოვრებაში, რომ მასზედ
სიჩუმე შეუძლებელია მისთვის, ვინც ცოტაოდენად მაინც ადევნებს თვალ-ყურს

გარემოცულს ცხოვრებას და გულგრილად არ უცქერის ამ ცხოვრების ავკარგიანობას,
ბედსა და უბედობას. მართალია,..... ჩვენი ცხოვრება და ბედ-იღბალი იმგვარად არის
მომართული, რომ რუსული ლიტერატურა მთლად, საზოგადოდ, მთის იქით თუ
მთის აქეთ, ღირსშესანიშნავია და ცნობისათვის საჭირო. მართალია, ჩვენს
ნიადაგზედ იქმნება აღმოცენილი რუსული მწერლობა თუ რუსეთში, ორივე უნდა
იქონიოს კაცმა მხედველობაში და ორივეს უნდა ადევნოს თვალ-ყური, მაგრამ ამ
ორთა შორის განსხვავებაც არის. რუსეთის მწერლობა იმდენად ღირსშესანიშნავია,
რამდენადაც ღირსშესანიშნავია თვით რუსეთის ცხოვრება, მისის ჭკუისა და აზრის
მიმართულება და წარმატება. რაც ხეირიანი და გამოსადეგი რამ აბადია რუსულს
აზრს და ჭკუა-გონებას, არსებობს სატახტო ქალაქის ჟურნალ-გაზეთობაში. ეს არის
რუსის საზოგადოების აღმზრდელი და იმავე დროს მისის სურვილისა და
მიდრეკილების გამომთქმელი. მაშასადამე, თუ საჭიროა ჩვენთვის რუსეთის
ცხოვრების გაცნობა, საჭიროა იმავე საბუთით იმ ლიტერატურის გაცნობაც, რომელიც
დასტრიალებს მას და სულს უდგამს.
რასაკვირველია, რუსეთის ლიტერატურაში მოიპოვება ზოგჯერ ბევრი
იმისთანა რამ, რომელიც ერთგვარად შესანიშნავია, რა ენაზედაც და რა
საზოგადოებაშიაც უნდა გადატანილ იქმნას. ამაზედ ლაპარაკი საჭირო არ არის. მისი
მნიშვნელობა ცხადია, როგორადაც ცხადია ახალის ცოდნისა და აზრის შეთვისების
საჭიროება, ვისიც და სადაურიც უნდა იყოს იგი აზრი.
რაც შეეხება ჩვენს აქაურს რუსულს მწერლობას, ე. ი. კავკასიისას, მის
მნიშვნელობას და ღირსშესანიშნაობას ჩვენთვის სხვა საბუთი უძევს. მას არ
შეუძლიან იქონიოს არც ერთი იმ თვისებათაგანი, რომელნიც მოსდევენ რუსულს
მწერლობას რუსეთში და რომელნიც ზემოდ იყვნენ მოხსენებულნი. თუ მოვძებნით
ახალს აზრს და მეცნიერების ახალს ღვაწლს ჩვენს, ე. ი. აქაურს რუსულს
მწერლობაში, ვერას ვპოვებთ. მეცნიერების ახალი ღვაწლი და ახალი აზრი
ნდომულობს ფართო გზას, გაშლილ ადგილს, მრავალ მსმენელს. ჩვენში რა უნდა? ნუ
მოჰკითხავთ აგრეთვე ამ მწერლობას ნურც რუსის ხალხის და საზოგადოების
სურვილს და მიდრეკილებას, ნურც მის აღზრდას და წრთვნას. ჩვენი აქაური
რუსული მწერლობა მოძრაობს და იღვწის არა იმ ადგილას, სადაც სუფევს რუსეთის
ხალხი და რუსეთის საზოგადოების ბუდე. ვისაც რომლისამე ხალხისა და
საზოგადოების აღზრდა უნდა, ვისაც ჰსურს საზოგადოებრივის აზრისა და
სურვილის მიმართვა, იგი უეჭველად მონახავს იმ ნიადაგს, სადაც მის სურვილს და
ნდომას უფრო ვრცელი და უფრო მტკიცე დაკმაყოფილება მოელის. აქაურს რუსულს
მწერლობას კი ფეხქვეშ უგია განსაკუთრებული ნიადაგი, აღსავსე განსაკუთრებულის
თვისებებით, გარემოცული განსაკუთრებულის ჰაერით. მისი მნიშვნელობაც
ჩვენთვის განსაკუთრებულია და ჩვენის აზრით აი რაში მდგომარეობს.
ჯერ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ აქ სრულიად არ ვეხებით სახელმწიფოს და
საპოლიტიკო ცხოვრებას. ამ მხრით ჩვენი ქვეყანა სათრეველაა ერთს დიდს ურემზედ
გამობმული. საითაც გაიწევს ურემი, იქით მიდის სათრეველაც. ეს ყველასთვის ცხადი
და უეჭვოა. მაგრამ აქ თავდება ერთგვარობა და იწყება მრავალი სხვადასხვაფერი
თვისება, რომლითაც განირჩევა ჩვენი ქვეყანა და რუსეთი. ენა, ჩვეულება, წესიერება,
ისტორია, ყველა ეს შეადგენს იმ განსაკუთრებულს ნიადაგს, რომლის მიუხედველად
შეუძლებელია ხალხის ცხოვრებაზედ ზედმოქმედება, მისი წარმატება და მისის
კეთილმდგომარეობისათვის სარგოიანი მოღვაწეობა. დღეს ამ ნიადაგს დასტრიალებს
რუსეთის ცხოვრების ზედმოქმედება. მაშასადამე, საჭიროა შუამავალი ამ ნიადაგისა
და ზედმომქმედის შორის. ამ შუამავლად უნდა იყოს ადგილობრივი რუსული

მწერლობა. იგი იმდენად ღირსშესანიშნავია და ცნობისათვის საჭირო, რამდენადაც
იგი გულწრფელად ასრულებს ამ თანამდებობას. თუ არა-და მისი შრომა ფუჭია და
გამოუსადეგი; უამისოდ იგი არის იგივე რუსეთის გაზეთი ან ჟურნალი, მხოლოდ
შინაობაში გამოცემული; კარგია თუ ავი, ჭკვიანია თუ სულელი, მისი არსებობა
ტყუილ-უბრალოა, რადგანაც ამგვარ მწერლობას აქამდისინაც არ ვყოფილვართ
მოკლებული.
მაშ დავაკვირდეთ ჩვენს შინაურს რუსულ მწერლობას, ავადევნოთ თვალი
როგორ ასრულებს იგი თვის თანამდებობას, როგორ ემსახურება ჩვენს გზადაბნეულს
ცხოვრებას.
რუსული მწერლობა ჩვენში ახალი სტუმარია. გაზეთს ”კავკაზს” არ
ვიხსენიებთ, რადგანაც იგი აუცილებელი კუთვნილებაა ჩვენის ქვეყნისა, იმის
მსგავსად, როგორც მაგალითად ყოველ გუბერნიაში უნდა იყოს გუბერნატორი,
ყოველ სოფელში მამასახლისი და სხვ. გაზეთი ”კავკაზიც” უნდა არსებობდეს, ავია
თუ კარგი, ემსახურება რასმეს თუ არაფერს. იქნება ეს გარემოება რომ არ ყოფილიყო,
დიდი ხანია გაქარწყლებულიყო კიდეც. რასაკვირველია, ყოველის გაზეთის, აგრეთვე
”კავკაზისაც”, ხეირიანი თუ უხეირო მომართვა ცოტად თუ ბევრად მის
მოღვაწეებზედ ჰკიდია. ამაზედ შემდეგ იყოს. აქ მარტო იმას ვამბობ, რომ ”კავკაზის”
არსებობა უნებურია, და ამის გამო მას ჩვენ სხვაფრივ უნდა დავუწყოთ ყურება,
ვიდრე იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომელნიც თავისთავად იდგმენ სიცოცხლის სულს,
თავის ნებით არსებობენ დედამიწაზედ. ამათ სხვა პასუხიც მოეკითხებათ. რად
გამოდის ახალი რუსული გაზეთი? რა მოთხოვნილება და საჭიროება უნდა
დააკმაყოფილოს? რა სამსახურს გაუწევს იგი იმ განსაკუთრებულს ნიადაგს,
რომელზედაც არის აღმოცენილი და რომლისთვის მოღვაწეობა შეადგენს
განსაკუთრებულს მოვალეობას რუსულის მწერლობისას ჩვენში? ამ ნიადაგზედ
ახლად მოსულს სტუმარს, ესე იგი რუსულს გაზეთს, უხვდება აქაური ქართულსომხური მწერლობა, რომელიც შეადგენს ამ ნიადაგის იმისთანავე აუცილებელს
კუთვნილებას, როგორც ენა, წესიერება, ჩვეულება, ისტორია და სხვ. როგორ
მიეგებება ახალი სტუმარი ამ მწერლობას? ეს კითხვა ყოვლად მძიმეა და არსებითი. ამ
კითხვის პასუხი შეადგენს რუსულის გაზეთის ფეროვნობას ჩვენში, ამ პასუხზედ
არის დამოკიდებული იმ განზრახვის სიცხოველე, რომლისთვისაც გამოდის რუსული
გაზეთი (და მარტო ამ განზრახვითაც უნდა გამოდიოდეს) ჩვენის ცხოვრების
მოედანზედ. აი ამ საგანზედ გაგიწევთ ჯერჯერობით საუბარს.
ჩვენში რუსული მწერლობა ახალი სტუმარია-მეთქი. ამ ახალთა შორის
უახლესი არის უფ. ნიკოლაძის გაზეთი ”ობზორი”. მაშ ჯერ ამ გაზეთს მივმართოთ
ჩვენი ყურადღება. მასპინძლობაც ამას ითხოვს.
მომწონს კაცი ყველგან ყოველ შემთხვევაში პირმღიმარი, წარბგაშლილი,
გულღია. მას ატყვია გულადობის და უშიშრობის ნიშანი. იქნება თავზედ ლაფს
ისხამს და პირს ირცხვენს საქვეყნოდ, იქნება იძენს თავის მოძმეთა რისხვას და
შეჩვენებას, – არას დაჰსდევს. ღმერთმანი წარბს შეიძრავს, ღმერთმანი დაფიქრდება
თუ! შენც არ მომიკვდე. იგი დგას პირმღიმარე, გულახდილი, თავმომწონე, თითქო
მართლა საქები და სასახელო ღვაწლი დაუდვია. მომწონს ეს თვისება. ამისთანა
კაცთან საქმის დაჭერა უფრო ადვილია, ვიდრე იმისთანასთან, ვისაც დაერთვის
პირმოთნეობა, მშიშარაობა, თითქო თვითონაც არ იცის თავის თავისა, – ჭკვიანია თუ
სულელი, კეთილია თუ ბოროტი. პირველი გეძგერება გულდაგულ, პირდაპირ
გაგიმჟღავნებს თავის იდუმალ აზრს და სურვილს, გაგიშლის თვის ჭკუის და გულის
საუნჯეს – აბა გაოცდი და მაქეო. მართლა და საქებიც არის.

საქებია აგრეთვე ”ობზორიც”, რომელიც გულდაგულ დაჰსძგერებია იმ საგანს,
რომელზედაც გესაუბრებით. გულწრფელად ასრულებს ”ობზორი” თავის
მოვალეობას. დახე მის პატიოსნებას: მისთვის არავის არ უკითხავს, როგორ ფიქრობ
ჩვენს სამშობლო მწერლობაზედაო, მაგრამ იმდენად ჰსწამს თავისი მოვალეობა, რომ
თვითონვე ასწრობს და პირმღიმარე, გულახდილი, აძლევს პასუხს იდუმალს
კითხვას. ბარაქალა... დავუგდოთ ყური ”ობზორს”. მის № 40-ში დაბეჭდილია
მოწინავე წერილი ”ადგილობრივი მწერლობა”. მართალია, წერილი შეთხზულია
”მშაკის” თაობაზედ და სომხებისაკენ არის მიმართული, მაგრამ როგორც სათაურის
წერილის, აგრეთვე შიგადაშიგ ჩართული აზრი და სიტყვა, პირდაპირ გვეხება ჩვენც –
ქართველებს და ქართულს მწერლობას.
გაზეთის ”მშაკის” რედაქტორს სამდურავი გამოუცხადებია თურმე თავის
მკითხველთათვის, რომ ხელს არ მიმართავთო, და თუ ამას იქითაც ასე ცოტა
ხელისმომწერი მეყოლებაო, იძულებულ ვიქმნებიო მოვჰსპო ჩემი გაზეთიო და
სამწუხაროდ აღვიაროვო, რომ სომხები ღირსეულნი არ არიანო ცალკე გაზეთის
ქონებისაო. ეს სამდურავი უთქვამს ”მშაკის” რედაქტორს, ”ობზორის” სიტყვით.
როგორც სჩანს, ძალიან გამწარებულა უფ. არწრუნის გული და ”ობზორი”
ნუგეშსა ჰსცემს: სომხების ღირსებას რად უკიჟინეო, შენს გამწარებულის გულისთქმას
მეც დავეთანხმებიო, ამ სიტყვებით რომ იყოს გამოხატულიო: სომხები ”მცირე
საჭიროებას” ხედვენ მათთვის ცალკე გაზეთის გამოცემაშიო. ერთის სიტყვით,
”ობზორი” ეუბნება ”მშაკს”, სომხებისათვის ცალკე გაზეთის გამოცემა არა ღირსო,
რადგანაც მათ იგი არ ეჭირებათო.
რაც შეეხება სომხებს და ”მშაკს”, მათი საქმე მათთვისვე მიგვინდვია. თვითონ
უფ. არწრუნმა იცეს თავში. რათ მიუშვირა ”ობზორს” ზურგი და რათ აკვრევინა
წიხლი. ნეტა რად დაინდობდა პირმღიმარე, წარბგაშლილი, უშიშარი ”ობზორი”! ვაი
ჩვენი ბრალი, რომ ზურგი არ მიგვიშვერია, მაგრამ ”ობზორის” წიხლი მაინც გვეცა.
”ობზორის” წერილი მიქცეულის საერთოდ ადგილობრივ მწერლობისაკენ და რაც
არის თქმული სომხურს მწერლობაზედ, მომართულია აგრეთვე ჩვენკენაც. მაშ ჩვენი
საზოგადოებაც ”მცირე საჭიროებას” ჰხედავს თავისათვის ცალკე გაზეთის
გამოცემაში? ვინ უთხრა ეს ”ობზორს”?. ის ამბობს, ვითომ ადგილობრივ მწერლობაში
საზოგადოდ ხშირად მოიპოვება იმგვარივე სამდურავიო, როგორიც წარმოუთქვამს
”მშაკს”. ქართულ მწერლობაში, როგორც გვახსოვს, არ ყოფილა ამისთანა უცნაური
სამდურავი... ”ობზორი” დარწმუნებულია, რომ ქართული მწერლობა ძალიან მცირე
თანაგრძნობას ჰპოვებს თვის საზოგადოებაში. ეს მოვლენა მისის აზრით
დამოკიდებულია იმაზედ, ვითომ აწინდელი ქართული (და სომხური) მწერლობა
იღვწის საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ქართული
ლიტერატურა და რომელიც თავის ჭკუისა და გულის მოთხოვნილებას
აკმაყოფილებს რუსეთისა და უცხოეთის მწერლობით. მოჰყოლიაო ქართული (და
სომხური) ლიტერატურა მაღალ-მაღალ სფერაში ფრენას და ჩივისო, რომ
თანაგრძნობას არა ვპოვებო. მაღალი ფრენა რა თქვენი საქმეაო, ეგ რუსულს
მწერლობას (სხვათა შორის ”ობზორსაც”) მიანებეთო. თქვენ მხოლოდ მდაბიო და
უმეცარს ხალხს უნდა მიჰმართოთო თქვენი მოღვაწეობაო. მაგრამ საქმე ის არის, რომ
არც მაგისი ნიჭი და თავი გაქვთო.
აქ მოყვანილ აზრთა თეორიულ განრჩევას შევუდგებით შემდეგ; აგრეთვე
შემდეგ მოგახსენებთ თვით ”ობზორის” ჭკუა-გონების სიმდიდრეზედ და იმ მაღალს
სფერაზედ, რომელსაც იჩემებს იგი, როგორც რუსული გაზეთი. აქ მოგახსენებთ
მხოლოდ თუ როგორ ასრულებს ”ობზორი” იმ თანამდებობას, რომელიც ზემოდ

მოვიხსენიეთ და რომელშიაც სუფევს, ჩვენის აზრით, განსაკუთრებული
მნიშვნელობა რუსულის გაზეთისა ჩვენში.
”ობზორის” აზრით ჩვენ, ე. ი. ქართულ-სომხური მწერლობა, განათლებულს
საზოგადოებას არ უნდივართ და უმეცარ ხალხისათვის კი არ ვიცით არც ლაპარაკი,
არც მოქმედება. ამას ამბობს შუამავალი ჩვენის თავად ისეც საწყალის ცხოვრებისა,
ამას ამბობს ჩვენი წარმომადგენელი იმ ძალის წინაშე, რომელიც დასტრიალებს ამ
ცხოვრებას. ”მაშ რიღას დამაშვენებელიაო და რიღასთვის დაეხეტებაო დედამიწაზედ
ეს რაღაცა ქართული თუ სომხური მწერლობაო”, – იტყვის ”ობზორის” მკითხველი.
როდის აქეთ, ბატონო, ბატონო!..
[1878 წ. 11 – 15 თებერვალი]

საქართველოს მატიანე, ტფილისი
<შექსპირის ”ვენეციელი ვაჭარი” ქართულ სცენაზე>
სამას აპრილს საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს ქართულის სცენის
მოყვარეთა შექსპირის ტრაღედია ”ვენეციელი ვაჭარი”, თარგმნილი დ. ი. ყიფიანის
მიერ. დიდძალი მაყურებელი დაესწრო ამ წარმოდგენაზედ. არც ერთი ლოჟა არ იყო
ცარიელი და თვით პარტერიც თითქმის სავსე იყო. აშკარაა, რომ ქართულს სცენას
ბევრი მიმყოლი და მაყურებელი ეყოლება, თუ რომ რიგიანად გაიმართება და
მოეწყობა.
ეს ხომ ასე იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვიტყვით. ჯერ მინამ
წარმოადგენდნენ, ჩვენ გვიკვირდა, რომ ჩვენის სცენის მოყვარეთა ეგ ტრაღედია
ამოარჩივეს წარმოსადგენად. ჩვენ ამით წუნს კი არა ვსდებთ თვით ტრაღედიას, ანუ
მის თარგმანს, რადგანაც ტრაღედიაც ნაქებია და თარგმანიც საკმაოდ კარგია. ჩვენ
მარტო იმის თქმა გვინდა, რომ ეგ ტრაღედია სცენისათვის ისე მოსახერხებელი არ
არის, როგორც საჭიროა. ამიტომაც მაგ ტრაღედიას ძალიან იშვიათად ნახავთ
სცენაზედ არამც თუ რუსეთში, არამედ სხვაგანაც, და თუ ნახავთ, ან ცალკედ
ამოღებულს სცენას, ანუ შემოკლებულს და სცენისათვის გადაკეთებულს, როგორც,
მაგალითებრ, გადაკეთებულია რუსულად აპ. გრიგორიევის მიერ.
ეს ერთი იმისთანა მიზეზია, რომლის გამოც წარმოდგენილი სამს აპრილ
”ვენეციელი ვაჭარი” ვერ უნდა გამოსულიყო კარგად. მეორე მიზეზი, სწორედ
მოგახსენოთ, თვით მოთამაშეების ბრალია. მოთამაშენი ვერ იყვნენ კარგად
შერჩეულნი. ზოგი სრულიად არ ვარგოდა. ზოგიერთი ხელებს ისე უღმერთოდ და
უალაგოდ იქნევდა, თითქო მკლავების სავარჯიშოდ არის მოწვეულიო; ზოგმა კიდევ
როლი არ იცოდა და ამის გამო ბევრჯელ მოიკუმშა ტუჩები და, რაც სათქმელი იყო,
გადაყლაპა. რა დაგვემართა ამ ქართველებს! ეს როლების უცოდინარობა რა ღვთის
წყრომაა! ეს ხელ-ფეხის ხმარება როგორ ვერ მოგვიხერხებია! ამას გარდა ის რაღა
ჩვეულებაა, რომ ზოგიერთი იტყვის ერთს-ორს სიტყვას თუ არა, მაშინვე ბოლთა
უნდა გამართოს. ეს წამდაუწუმ წინა და უკან სიარული, საჭიროა თუ არა, რა ამბავია!
ნუთუ ძნელია ამის დაშლა!
ჩვენის ფიქრით ლაზათიანად წარმოდგენილ იქმნა ლანსლოს და გობბოს
ერთმანეთთან შეყრა. ნამეტნავად გობბომ საკმაოდ კარგად ითამაშა, ცოტა რომ
ბოლოს არ დაემჟავებინა. უფ. ავალიშვილი რიგიანი მოთამაშეა და უფრო კარგი

იქმნება, რომ წამდაუწუმ თავის ქნევა და ხელისა დაიშალოს. ურიგოდ არ იყო უფ.
შიშნიაშვილიცა; ეგ ყოველთვის რიგიანი აღმსრულებელია თავისის როლისა. ძალიან
მოგვეწონა ნურისსას თამაშობაცა. ჩვენის ფიქრით ტრაღედიაში უმთავრესის ქალის
როლი მარ. ყიფიანისას რომ არგუნონ ხოლმე, არ შეჰსცდებიან. ჩვენ ორჯელ
გვინახავს მარ. ყიფიანის თამაშობა და ორჯერვე ის აზრი გამოგვიტანია, რომ მას
სხვაზედ უკედ შეუძლიან მძიმე და ძნელის როლის აღსრულება. არც ჯასსიკა იყო
ურიგოდ.
ჩვენი ნიჭიერი მოთამაშენნი ვოდევილსა და კამედიებში უფ. კ. ყიფიანი და ელ.
ყიფიანისა ვერ იყვნენ ისე, როგორც შეჰფერის მათს ნიჭიერებას. მართალია, სხვას
რომ ისე ეთამაშნა, როგორც ამათ ითამაშეს, მაინც ბარაქალას ვეტყოდით, მაგრამ ამათ
კი ვერ ვეტყვით. ”ვისაც ბევრი მიჰსცემია, იმას ბევრიც მოეთხოვებაო”, ნათქვამია. უფ.
კ. ყიფიანმა შევლოხა წარმოადგინა ისე, თითქო სავოდევილო ურია არისო და არა ის
კაცი, რომელსაც ამოქმედებს რწმენა, დაუძინებელი მძულვარება ქრისტიანების
მიმართ და შურისძიება. ამის გამო ბევრი სატირალი სცენა სასაცილოდ გახდა. ელ.
ყიფიანის მოთქმას უფრო ქადაგობის სახე ედვა, ვიდრე მეტყველებისა და საუბრისა.
ამის გამო ერთი გულით აღმოთქმული სიტყვა ვერ გავიგონეთ პორციასაგან მთელს
საღამოს. განა კი ცოტა გულით სათქმელი სიტყვა აქვს პორციას? ესეც კი უნდა
ითქვას, რომ შევლოხას როლი და პორციასი გამოჩენილთ მოთამაშეთაც უჭირდებათ
ხოლმე.
[1878 წ. 3 – 5 აპრილი]

სხარტულა
(”ივერიის” რედაქციას)
ბატონებო, როცა ამ ნომერში დაბეჭდილს წერილს ”ფიქრი და შენიშვნა”
სინჯავდით მთელის რედაქციის კრებით, დავბეჭდოთ თუ არაო, მეც ვიყავ
მსინჯველთა შორის, როგორც ერთი მუდამი თანამშრომელი ”ივერიისა”. დიდი ბაასი
ატყდა ჩვენს შორის მაგ წერილის თაობაზედ. ზოგი ამბობდა, რომ გ. თუმანიშვილი
არა ღირს იმადაო, რომ მასზედ წერილი დაიბეჭდოსო და მერე ისეთის პატივისცემით
დაწერილიო, როგორც დამწერს დაუწერიაო; გ. თუმანიშვილი ბავშვსა ჰგავს,
რომელსაც ენა ეხლა ამოუდგამსო და რაც ენაზედ მოჰსდგომია, არახუნებსო.
ამიტომაც მასზედ დარბაისლურად ლაპარაკი არა პატივსაცემს კაცს არ შეშვენისო. მე
ძალიან გამაფიცხა ამისთანა საუბარმა. მეც თვითონ, როგორც მოგეხსენებათ,
წინააღმდეგი ვიყავ მაგ ”ფიქრის და შენიშვნის” დაბეჭდვისა, მაგრამ იმ მიზეზით კი
არა, რა მიზეზითაც ზემოხსენებულნი ”ზოგნი” იყვნენ. როგორ ღირსი არ იყო, –
დახედეთ იმ ”ზოგთა” სიბრიყვეს! როგორ ღირსი არ იყო გ. თუმანიშვილი, რომ
იმისთანა სახელოვანმა მწერალმა, როგორც ბატონი ნიკოლაძეა, რომელიც დაბადების
დღიდგანვე ქვეყანას გაჰკივის ”მე დიდი ხანია საქვეყნო სახელი მწერლობისა
ვიშოვეო”, ამისთანა სახელოვანმა მწერალმა-მეთქი თავისი ძვირფასი ყურადღება
მიაქცია გ. თუმანიშვილის ”ალმანახსა”. ეგ კიდევ არაფერი: ”დროების” კრიტიკოსმა
სამი წერილი უძღვნა ამავე ”ალმანახს”. არც ეგ არის არაფერი: გაზეთმა «Кавказ»-მა

ქებით შეამკო იგივე ”ალმანახი”. ბრმანი იყავით თუ რა ეშმაკია, რომ ამის შემდეგ
მაინც ლაპარაკობდით, ღირსია თუ არაო.
მე ვამტკიცებდი გაცხარებით, ღირსია-მეთქი, მაგრამ მაგგვარი წერილი
იმისთანა ღირსეულ კაცზედ არ უნდა დაიბეჭდოს-მეთქი. თქვენ კი გადაჰსწყვიტეთ,
ღირსი არ არისო, მაგრამ თუ დაიბეჭდება, სწორედ ამისთანა წერილი უნდა
დაიბეჭდოსო და დაბეჭდეთ კიდეც ჩემდა სამწუხაროდ და ”ივერიის” სახელის
გასატეხად. მე მაშინვე გთხოვეთ, ნება მომეცით-მეთქი თქვენს გადაწყვეტილობაზედ
ჩვენს საზოგადოებას შევჩივლო და ჩემი საბუთები წარვუდგინო-მეთქი. თქვენ ნება
დამრთევით და აი, მოგახსენებთ კიდეც ჩემს საჩივარს.
გ. თუმანიშვილი!.. იცით, გესმით, რა დიდი ღვთის წყალობა მოგვევლინა, რომ
თქვენგან დაწუნებულმა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ღარიბი ლიტერატურა იკადრა და
მის მოღვაწედ გამოვიდა!.. მაგისთანა მწერალი ჯერ არ უნახავს ქართველობას.
ქართველობას-მეთქი?!.. ქართველობას კი არა, მთელს ევროპას. აბა, რა მხრით
გინდათ გასინჯეთ: აბა ქართული ენა გაუსინჯეთ, აი წერა, ნამდვილი ქართული თუ
გინდათ, ეგ არის, აი! აბა აზრები და მსჯელობა გაუსინჯეთ, აბა ”ახალი” დაუმჭკნარი
აზრები იმის აზრებია, აი! განა ”დროების” კრიტიკოსმა მიდგომით და
ფარისევლობით ჰსთქვა, რომ გ. თუმანიშვილი ”ჭკვიანი კაციაო? განა რუსულმა
გაზეთმა ”კავკაზმა” ტყუილად შეუთვალა გ. თუმანიშვილს მთელის ქართველობის
მხრით მადლობა, რომ ამისთანა ჭკვიანურ წიგნებსა ჰსწერო ქართველებისათვის? განა
იმისთანა პირუთვნელი, მიუდგომელი, სახელგანთქმული მწერალი ბატონი
ნიკოლაძე თავის ძვირფასს კალამს ხელში აიღებდა, რომ გ. თუმანიშვილი ცოტათი
მაინც არა ჰგვანებოდა ბატონს ნიკოლაძეს ჭკვითა და სიღრმითა? თქვენ ნუ გგონიათ,
მე
ცარიელის
სიტყვების
ძალით
გამოვიდე
”ივერიის”
რედაქციასთან
საბრძოლველად. სხვა ქვეყანაში რომ ვიყოთ, ეს სამგზით ქებაც გ. თუმანიშვილისა
სამყოფი იქნებოდა, რომ მე ჩემი თავი გამემართლებინა და გ. თუმანიშვილი
დამეყენებინა თქვენს თვალში იმ სიმაღლეზედ, რომელიც სიმართლით ეკუთვნის.
მაგრამ თქვენთან კაცი რას გააწყობს? ”დროების” კრიტიკოსის სიტყვას არ იწყნარებთ,
”კავკაზს” ყურს არ ათხოვებთ და თქვენი გამბედაობა იქამდის მიდის, რომ ჩვენს
ბატონს ნიკოლაძესაც კი არ უჯერებთ ფიცს, რომ დიდი მწერალი ვარო. არა, მე სხვა
საბუთებსაც წამოგიყენებთ, რომ თავი მოგაქექინოთ და ჰსთქვათ: ”ეს რა ღმერთი
გაგვიწყრა, გ. თუმანიშვილი რატომ ვერ ვიცანითო”.
ჯერ დავიწყოთ რამოდენად გაამშვენიერა გ. თუმანიშვილმა ჩვენი ქართული
სიტყვიერება. რომ ეს მისი ღვაწლი უფრო ნათლად დაინახოთ – მისს ახალს
ქართულს დაგანახვებთ. აი ნიმუშები გ. თუმანიშვილის ნათარგმნიდამ, ”ჟორჟ
დანდენი” რომ ჰქვიან.
ერთი მომქმედი პირი ამბობს, იმან ფული მაჩუქაო: ”რომ მეთქვა იმის
სიყვარულზედ აქაურ ქალბატონისთვისაო” (გვერდი 13).
ახლა თქვენ ახირდებით და იტყვით: ეს გ. თუმანიშვილის ნათქვამი ქართული
არ არისო. ვაი, უმეცრებავ! ქართულია, მაგრამ ”ახალი” ქართულია, ბატონებო,
”ახალი”. აბა რუსულად გადათარგმნეთ, თუ სიტყვა-სიტყვით არ გადითარგმნოს.
გ. თუმანიშვილი მე-15 გვერდზედ ალაპარაკებს ჟორჟ დანდენს თავის თავზედ
და ჰსურს ათქმევინოს, შენ აზნაურობამ ხელ-ფეხი შეგიკრაო, და ამის მაგიერ აი რა
ლამაზად ლაპარაკობს:
”აზნაურობა შენ გინახავს ხელფეხშეკრული!”
ახლა კიდევ ახირდებით და იტყვით, გ. თუმანიშვილს ერთის თქმა უნდოდაო
და სულ სხვას ამბობსო. ჰსტყუით! თქვენ რომ ”ახალი” არ გესმოდეთ, გ.

თუმანიშვილისა რა ბრალია. აბა რუსულად ჰსთარგმნეთ, თუ ცუდად არის ნათქვამი.
ახლა კიდევ ამას იტყვით, რომ თუ ”გინახავს” იმის მნიშვნელობისაა, როგორც
ვინახავ, ინახავს და სხვა ამგვარი, მაშინ უნდა ითქვას ”გინახავს ხელფეხშეკრული” კი
არა, ”ხელფეხშეკრულს”, მართალია, ამ აზრის ზმნა ამ კანკლედობაში მიცემითსა
ბრუნვას თხოულობს, მაგრამ ეგ ხომ ისევ ის ძველებური ქართული იქმნება! გაიგეთ,
რომ გ. თუმანიშვილი ახლისათვის არის თავდადებული, ახლისათვის.
იგივე გ. თუმანიშვილი ამბობს ამრიგად ჟორჟ დანდენის პირით (მე-15
გვერდი).
”მზათა ვარ შემოვარტყა სილები ჩემს თავსაო”.
უჰ, აი სიტყვის მშვენიერება! ”ახალო”, რა კარგი რამ ხარ! თქვენ კი ამის მაგიერ
მძიმედ იტყოდით: მზადა ვარ ერთი ლაზათიანად შემოვსილაქო ჩემი თავიო.
იტყოდით, მაგრამ რა? ეგ ძველი ქართული იქნებოდა და არა ”ახალი”.
ერთგან კიდევ ცოლი ჰღალატობს ქმარს და საყვარელს ეუბნება:
”ჩუმ-ჩუმად უნდა წავიყვანოთ საქმეო”.
ახლა იტყვით ”ჩუმ-ჩუმად საქმის წაყვანა” რა არისო? ღმერთმა ნუ იცის თქვენი
თავი! ”ახალი” ქართულია და ის არის.
ჟორჟ დანდენი მე-19 გვერდზედ ამბობს:
”მე თქვენ გეუბნებით, რომ კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცოლის შერთვითა”.
ახლა არც ეგ მოგეწონებათ, თქვენი ამბავი რომ ვიცი. მშვენიერი ქართული კია:
კმაყოფილი არა ვარ ჩემი ცოლის შერთვითა. ახლა დაიჟინებთ, თუ ეგ მშვენიერია, მაშ
ესეც მშვენიერი იქნებაო: კმაყოფილი არა ვარ ჩემი თავითა. ეგ ”ახალი” ქართულია,
ბატონებო, თორემ მეც ვიცი, ძველებური ქართული ასე უნდოდა: კმაყოფილი არა ვარ
ჩემის თავისა, ჩემის ცოლის შერთვისა. აბა ახლა რუსულად ჰსთარგმნეთ, რა კარგად
გამოვა სიტყვა-სიტყვით!..
მე-18 გვერდზედ აზნაურს სიმამრს ჰსურს გლეხს სიძეს უკიჟინოს და უთხრას,
რომ თუმცა ჩემი ქალი შენი ცოლიაო, მაგრამ ცოლობით არ უნდა ახსენოო, როცა ჩემს
ქალზედ ლაპარაკობო, და ამის მაგიერ გ. თუმანიშვილი აი რა ლამაზს ქართულს
ალაპარაკებს:
”მართალია, ჩემო სიძევ, თქვენი ცოლია (ჩემი ქალიო), მაგრამ ნება არ გაქვთ
იმას ეს (რა?) დაუძახოთ”.
არც ეს ”ახალი” ქართული მოგწონთ? ფუ, თქვენს სიბრმავეს!
დანდენი მე-20 გვერდზედ ამბობს:
”ჩემი შვილები აზნაურები იქნებიან და მე კი – მოტყუებული ქმარი”.
ახლა იტყვით, რომ ასე გამოდისო: ჩემი შვილები აზნაურები იქნებიანო და მე
კი მოტყუებული ქმარი ”იქნებიანო”, რადგანაც მეორე ნახევარს ფრაზისას თავისი
საკუთარი ზმნა უნდოდა და არა აქვს. მართალია ძველი ქართული ასე იტყოდა: ჩემი
შვილები აზნაურები იქმნებიანო და მე კი მოტყუებული ქმარი ვიქნებიო და მარტო
პირველის ზმნის ანაბარად არ დააგდებდა ამ ფრაზას, მაგრამ ეგ ძველი იქმნებოდა და
არა საყვარელი ”ახალი”.
22-ე გვერდზედ გ. თუმანიშვილი ასე ალაპარაკებს დანდენის სიმამრს:
”მერე დარწმუნებული კი ბძანდები თქვენ ნაამბობის სინამდვილეში?”
ნუთუ არც ეს მშვენიერება მოგწონთ! არ მოგეწონებათ, ვიცი თქვენი ხასიათი.
თქვენებურად ასე იტყოდით: ”მერე დარწმუნებული ბძანდებით, რომ რასაც ამბობთ,
მართალია?” მაგრამ ეგ კიდევ ძველი ქართული იქნებოდა და არა ”ახალი”,
ყურებიდამ ბამბა გამოიღეთ.

ერთს ადგილას (29-ე გვერდი) ესეთს მუქარას ათქმევინებს გ. თუმანიშვილი
ერთს მომქმედს პირს:
”ღირსია, რომ ამას მართალ-მართალი უთხრან”.
ახლა იტყვით, რომ ამას მუქარად ვერავინ ვერ მიიღებსო, ვერც გაიგებენო, რა
არის ”მართალ-მართალიო”, თუნდა რუსულად ჰსთარგმნონო. უმეცრებას ბევრი რამ
შეჰსძლებია!
ერთს ადგილს კიდევ ჩვენი მშვენივრად მეტყველი გ. თუმანიშვილი აი რა
მშვენივრად ათამაშებინებს სიტყვას ჟორჟ დანდენს:
”მე, მე უნდა მოვჰსთხოვო ბოდიში იმის უკან...”
(ამ სიტყვაზედ ათავებს თავის გაოცებას დანდენი).
ძველი ქართული ასე გამოჰსთქვამდა: ”მე! მე უნდა მოვსთხოვო ბოდიში იმის
შემდეგ...” და იმის ”უკან” კი ბოდიშის მოთხოვნა მართლა გასაოცარია: მაგრამ თქვენ
რა იცით ”ახალის” ყადრი? მაშინ არის უფრო კარგი, როცა გასაოცარია.
”რაც უნდა თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს მოსწონს!”.
ახლა იკითხავთ, რა ”ესო?” თქვენ თქვენებურად ასე იტყოდით: რაც უნდა
თქვან, ფრანტები დასდევენ იმას, ვისაც ეს დევნა მოსწონსო. დასდევენ იმას, ვისაც ეს
მოსწონს, რიღათია ვითომ ცუდი? სიტყვა ”ეს” ან ”დასდევენს” მიერთმევა, ან ”იმას”.
ძველებურ ქართულ სასაცილოდ არ ეყოფოდა ”ეს დასდევენის” მოწონება, ანუ
”იმასი”, მაგრამ ”ახალ” ქართულს კი ძალიან უხდება. აბა თუნდა გ. თუმანიშვილსა
ჰკითხეთ.
ესეც სამყოფი საბუთი კია, რომ დაგიმტკიცოთ, რა კაცი გამოგვიჩნდა გ.
თუმანიშვილი ჩვენის სიტყვიერების აღსაყვავებლად, მაგრამ დამიჭერია ვერ თავი,
მოხიბლული, მოჯადოებული ვარ იმ ”ახალის” სიტყვიერებით, რომლითაც გ.
თუმანიშვილმა გაამდიდრა ჩვენი ღარიბი ენა და მისი მიმოხვრა. მაგალითებრ:
”მინდა ცოტად მაინც ვინანო (ვერც ძველ ქართულად ეს გვითარგმნია და ვერც
რუსულად) დიდკაცობა და ვასიამოვნო თავი ჩემ ტკბილ ქების გაგებით”; ანუ
”დარწმუნდნენ ისინი თავიანთ ქალის უნამუსობა(ზედ)ში”; ანუ: ”ვგრძნობ ჩემს
სისხლს შენს საქციელში”; ანუ: ”სწორედ მართებს მაგას ბრაზობა”; ანუ: ”ეს ისეთვე
მაცინებს, როგორც ამას წინანდელი იმის მიტყეპვა ჯოხითა”; ანუ: ”უნდა გავგზავნო
ჩემ სიმამრის და სიდედრის დასაძახებლად და ეს (რა ეს?) გავხადო (”ეს გავგზავნო”
გავხადო) ჩემ ცოლთან გაყრის მიზეზად”; ანუ: ”გამოაშქარდება (ძველებურად:
გამოაშკარავდება) საქმე”; ანუ: ”მიზეზი ამ ღამურ (?) მოგზაურობისა” (რუსულად
ночного путешествия); ანუ: ”მე თქვენ გეხვეწებით, ნუ გამცემთ ჩემ ჭირვეულ დედმამას”; (ეს კი ძველ ქართულად ვერ ითარგმნება, რუსულად კი კარგად გამოდის: Не
выдавайте меня моим упрямым родителям. ახლა იტყვით, რომ გ. თუმანიშვილს
რუსულიდამ არამც თუ სიტყვა-სიტყვით უთარგმნია, ბრუნვაც კი გადმოუღიაო,
ბრუნვაც! აბა რუსული «Кавказ”-ი ქებას როგორ არ შეასხამდაო ამისთანა ”ახალის”
ქართულის მთესველსა. ამის მნახველი “Обзор”-იც აღტაცებაში როგორ არ
მოვიდოდაო!..). – ანუ ”დაუსჯელად დააგდონ ჩემი მომკლავი” (ძველებურად
მკვლელი); ანუ: ”თქვენ დაგსაჯავენ” (ძველებურად – თქვენ დაგსჯიან;) ანუ: ”ოღონდ
კი დაღუპოს იმით ის, ვინც თავის ავკაცობით მიიყვანა ის ამ გაჭირებამდი” (ვიშ ამ
ნაცვალსახელების სიმრავლეს! რარიგად უხდება: ”იმით, ის, ვინც, თავის, ის, ამ”!
მართლა რომ ახალია. რა გესმით თქვენ?)
არ გეყოთ ამდენი მაგალითები? ათასი მაგისთანა სხვა მაგალითებია გ.
თუმანიშვილის ნაწერში, სულ ანდაზად გადავა ხალხში, თორემ ნახავთ. მე კი მაგას
ვერ მოვესწრობი, დღენაკლები ვარ. არც ეხლა დაიჯერებთ, რომ გ. თუმანიშვილს,

აგრე მდიდარს ქართულის ცოდნით, აგრედ ლაზათიანად მოუბარს, აგრე ”სუბუქს”,
აგრე ”მჭევრმეტყველობის შუშხუნით” (გ. თუმანიშვილის სიტყვაა ესეც და ამიტომ
ასე მშვენიერია) აღჭურვილს დიდი საბუთი მიუძღვის, რომ ”ივერიას” ქართულს
უწუნებს. ამას გარდა ხედავთ თუ არა, რა ღვაწლსა ჰსდებს ქართულს ენას, რომ
მაგისთანა ყოვლისფრით შემკული ენა შემოაქვს ჩვენში ”ახალის” სახელითა.
სიმდიდრე ენისა მწერლობაში მაგას ჰქვიან, თორემ მოჰყოლიხართ თქვენ და იძახით
– ეგ ქართული არ არისო. ტყუილად კი არ გიკიჟინებთ გ. თუმანიშვილი, რომ თქვენ
”ღეჭავთო”; თურმე, ნუ იტყვით, ღეჭვა კი არ სდომებია ქართულს, ყლაპვა სდომებია
ისე, როგორც გ. თუმანიშვილი დაუღეჭავად ჰყლაპავს. აბა ბატონი ნიკოლაძე რატომ
არ მოუწონებდა, იმანაც კი ისურვა გადაეყლაპა ქართული, მაგრამ ”დროებამ” ასეთი
ძვალი გაუჩხირა ხახაში, რომ ვეღარ იკადრა.
ეს ხომ დაგიმტკიცეთ, რომ გ. თუმანიშვილი ენის შესახებ პირველი მოენეა
ჩვენში და ”ახალის” ქართულის დამადგენელი. ახლა მისის სიბრძნისა, ცოდნისა,
აზრების და ზნეობის სიახლეს და წარჩინებულებას დაგიმტკიცებთ.
დავიწყოთ ჯერ იქიდამ, რას ეძახის გ. თუმანიშვილი ”ახალს ჭეშმარიტებას”,
იმიტომ, რომ ეს არის იმისი დედააზრი, საიდამაც, როგორც აბრეშუმის ჭიას, გ.
თუმანიშვილს თავისი ქსელი გამოაქვს. გ. თუმანიშვილი ბძანებს:
”ნუ დაივიწყებთ, რომ ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენ
დღეში (მე დღეში, თუ ჩემს დღეში), რომელიც კი როდისმე არ თქმულიყო” (57 გვ.).
გესმით, ბატონებო, ეს ჭეშმარიტება სრულიად, მთლად ”ახალია”. ჯერ ეს
არავის უთქვამს ქვეყანაზედ, გ. თუმანიშვილის მეტს. მაშასადამე, ეს ჭეშმარიტება
ახალზედ უფრო ახალია და ამის შემდეგ კიდევ იტყვით, რომ გ. თუმანიშვილი ღირსი
არ არის ქვეყანაზედ იხსენიებოდეს? ახლა თქვენ იტყვით, რა ვუყოთ რომ ახალი რამ
ჰსთქვაო? ეგ ახალი ჯერ ყველაზედ უწინარეს ჭეშმარიტება უნდა იყოსო. ეგ კი
ტყუილიაო. თუ ტყუილი არ არის, მაშ ნიუტონმა ისეთი ჭეშმარიტება არა ჰსთქვა რა,
რომელიც სხვას არ ეთქვასო მეტყვით თქვენ? კაცობრიობის მეცნიერება თითქმის
ყოველდღე დღესასწაულობს ჭეშმარიტების შეძენას და მაშ მეცნიერნი ტყუილად
ფართი-ფურთობენო და წინათ-თქმულს ჭეშმარიტებას ახლად გვეუბნებიანო? მაშ
კაცობრიობის ტვინი წაჯექ-უკუჯექობას თამაშობსო და სხვას არასფერსო. მაშ
მართლა ქვეყანაზედ ისეთი ჭეშმარიტება არავის უთქვამსო, რომ სხვას არ ეთქვასო.
ათას ამისთანაებსა მკითხავთ, მაგრამ ვაი რომ გ. თუმანიშვილის სიბრძნე არა მაქვს,
თორემ მე ვიცოდი რა პასუხს მოგცემდით. ერთის სიტყვით, თქვენ ჰსტყუით და გ.
თუმანიშვილი მართალია. თუ მართალი არ იყოს, ”დროების” კრიტიკოსი რად
იხსენებდა გ. თუმანიშვილს ”ჭკვიან კაცად”? რუსული “Кавказ”-ი რად გადუხდიდა
ქართველობის მაგიერ მადლობას? ბატონი ნიკოლაძე რად იკადრებდა გ.
თუმანიშვილის ნაწერის განხილვასა? ბატონი ნიკოლაძე!.. თქვენ ეს უკანასკნელი
საბუთი ცოტა გგონიათ? ერთს დროს ლუი ბლანს დარიგებას აძლევდა, როგორ უნდა
მოევლოს საფრანგეთსა, ხუმრობაა!..
იქნება ეს არ დაიჯეროთ! თვითონ ნიკოლაძემ გვაუწყა ”კრებულში” ეს ამბავი.
იტრაბახაო, იტყვით. ნიკოლაძემ დაიტრაბახა?.. ვის გაუგონია იმისაგან ამისთანები!
იქნება ესეც ტრაბახობა გგონიათ, რომ ამ იანვრის ”Обзор”-ის რომელიღაც ნომერში
ნიკოლაძემ აუწყა ქვეყანას, რომ მინდოდეს, სენატორის ჯამაგირს დღესვე მამცემენო.
თქვე უმეცარნო! საფრანგეთში იანვარში ახალ სენატორების ამორჩევა იყო და რა
საკვირველი იქნებოდა, რომ ნიკოლაძე იქ მიეწვიათ და სენატორის ჯამაგირი მიეცათ!
აქ შეუძლებელი რა არის, თქვე საწყლებო? საკვირველია, ღმერთმან იცის კაცი! რომ
ჰსთქვა შენის პირით, კაცი მოვკალიო, მაშინვე დაგიჯერებენ და ციმბირში გიკრამენ

თავსა, და შენს თავზედ რომ ჰსთქვა, თუ მინდა დღესვე სენატორობას მამცემენო, არ
დაუჯერებენ, ტრაბახობსო, იტყვიან. უგემური რამა ხარ, ადამიანო!
ამას თავი დავანებოთ. გ. თუმანიშვილი მაგარზედ დგას და ამბობს, ახალი
ჭეშმარიტება ის კი არ არისო, რომელიც ჯერ სხვას არ ეთქვასო, არამედ ”ყოველი
ჭეშმარიტება (თუნდა ძველიც?) ითვლება ახალ ჭეშმარიტებად მხოლოდ მაშინ, როცა
ხალხი იმას ჯერ ვერ შერიგებიაო”. (57 გვერდი).
ახლა ამასაც იტყვით, სიბრძნე არ არისო. ახლა კიდევ ამისთანა მაგალითს
მეტყვით: მზე დგას და დედამიწა ტრიალებს. ეს ჭეშმარიტებაა, მეცნიერებით
დამტკიცებული. ხალხს იგი არ ჰსჯერა, არ ”შერიგებია” ამ ჭეშმარიტებას, მაშასადამე
ქვეყნისათვის მიწის ტრიალი ახალი ჭეშმარიტება იქნებაო. მაშასადამე დღეს გაზეთი
”დროება” და ”ივერია” ამ ჭეშმარიტების გავრცელებას რომ შეუდგნენ, გ. თუმანიშვილი
ტაშს დაუკრავსო და აღტაცებით დაიძახებსო: ”აი, ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობენო
ჩვენი ჟურნალ-გაზეთებიო”. ამისთანა ტაშისმკვრელს ხომ გიჟს დაუძახებენო.
თქვენისთანები დიაღაც დაუძახებენ, თორემ სხვანი კი იტყვიან, რა კაცია ეს ვიღაცა
არისო.
ერთის სიტყვით, მე არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ აქ გ. თუმანიშვილმა ისა ჰსთქვა, რაც
სხვას არამც თუ უთქვამს, ფიქრადაც არ მოჰსვლია, იმიტომ, რომ მეტად ”ჭკვიანი კაცი”
ყოფილა. ”ახალი”, რომლისათვის აგრე გულმოდგინედ და სამართლიანად წუწუნებს გ.
თუმანიშვილი, აი ამას ჰქვიან, აი! თქვენ კი მოჰყოლიხართ და იძახით: ”ჭკუასა შენსასა
ნუ მიჰსცემ დაძინებასაო” *. ჭკუა რომ არ დააძინოთ და მართლა თქვენი რჩევა
ასრულდეს, გ. თუმანიშვილს რაღა გასავალი ექნება. ბატონებო, ის კაცი, რომელიც
გამოსულა და თამამად იძახის: ”ჟურნალს შეუძლიან უძღვანს თავისი ფურცლები
მხოლოდ ძველს, დამჭკნარს ამბებს, მაგალითებრ, ისტორიულ, ეტნოგრაფიულ და
საზოგადოდ (???) მეცნიერების (???) სტატიებს” – თქვენ ის კაცი ხუმრობა კაცი გგონიათ.
კაცს, რაც საზოგადოდ ქვეყნის მეცნიერებაა, მჩვრად და მჭკნარ რაღათაც გახდომია
და თქვენ აქ მოჰყოლიხართ და ამისთანა საზოგადო მეცნიერების უარმყოფელს,
რასაკვირველია, გიჟს დაუძახებთ. ბარაქალა თქვენს კადნიერებას, ბარაქალა!.. აბა თუ
კაცები ხართ და ამისთანა ახალს ჭეშმარიტებას იტყვით სადმე, რომ ისტორია,
ეტნოგრაფია და საზოგადო მეცნიერება – ერთი რაღაც ძველი, დამჭკნარი ამბებიაო.
ღმერთი, რჯული, ვერ გაჰბედავთ. მაშ ნურც ამ თავზედხელაღებულს გმირობას
მოუწონებთ. აი გმირობა, რომელიც არც ერთს ანბანში არა ჰსწერია. მართალს ამბობს
გ. თუმანიშვილი: ”მარტო გენიოსს შეუძლიან გამოჰსძებნოს უეჭვო ჭეშმარიტებაში
(ამხანად გმირობაში) ახალი, ჯერ არნახული სხვებისაგან კუთხეები”. გ.
თუმანიშვილი გენიოსია და ამიტომაც ”გამონახა ახალი, ჯერ არნახული მხარე
გმირობისა”. თქვენ რას მიჰსწვდებით ამას, ყოვლად ბრმანო!
ახლა ჩვენმა გ. თუმანიშვილმა, როგორც ყოველისფერში ახალის ჭეშმარიტების
მქადაგებელმა, ესე იგი იმისთანაების, რომელთაც ხალხი ვერ შერიგებია, ბძანა:
”გმირობა, გიყვარდეს მოძმე შენიო, ვითა თავი შენიო, თავგანწირვით გიყვარდეს
სამშობლოო, ქართველების ვაჟკაცობაო, თავისუფლების, ძმობის და სიყვარულის
სურვილი ქვეყნისათვის, – ყოველს ანბანში ჰსწერიაო და ამაებზედ სიმღერა
ვერაფრად მეჭაშნიკებაო”.

*

ეს სიტყვები მოჰყავს გ. თუმანიშვილს ”ივერიიდამ” და აზრს იწუნებს, საანბანოაო. საანბანოა, მართალია,
მაგრამ ეგ ანბანი რომ კარგად შეესწავლა გ. თუმანიშვილს, მეტი არ იქნებოდა, თუ შენც იტყვი, მკითხველო.
(შენიშვნა ”ივერიის” რედაქციისა).

ახლა თქვენ იტყვით, მთელი კაცობრიობის ლიტერატურა კი არა მარტოო,
არამედ მთელი მოძრაობა სულ ამ საგნებს დაჰსტრიალებსო, ყოველი იმაზეა
მიმართული ათადამ-ბაბადამ დღემდე, რომ ამ საგნებს ფართო გზა გაუკაფონ
ადამიანის ცხოვრებაში; ყოველისფერი – მეცნიერება, ხელოვნება – სულ იმაზედ
აღამებს დღეს, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სიყვარული მოძმისა ჩამოაგდოს
კაცთა ურთიერთობაში. ყოველი საქმე, რაც უნდა აიღოთ ამ ქვეყნიერობაზედ, ამ
საგნებიდამ არის წარმომდგარი და მასვე მიერთმევაო; და მინამ ადამიანი ადამიანად
იქნებაო, ეგ ჭეშმარიტებანი ყოველთვის ახალი იქნებიანო და ყოველდღე საჭირონი,
თუნდა ათას ანბანში ეწეროსო და გ. თუმანიშვილს კი არ მოსწონსო, და გ.
თუმანიშვილს კი არ ეჭაშნიკებაო ამ საგანზედ მღერაო, – მეტყვით თქვენ, – აბა რა
ჭკუის პატრონიაო? დიაღ, დიდის ჭკუისა, თუნდა ”დროების” კრიტიკოსსა ჰკითხეთ.
ბატონო, ახალი აზრები თუ გინდათ, ეგ არის. რით ვერ შეიტყეთ, რომ გ.
თუმანიშვილი აგებული კი არ არის ახალის აზრებით, გადაგებულია. მაშ ახალი აზრი
არ არის, რომ აქაო და არტაანში ჩინოვნიკები ცუღლუტობენო, და აქ ”ალმანახში”
ჩვენი გ. თუმანიშვილი ხტის სიხარულით და სიძველით დაწუნებულს ჩვენს
ჟურნალ-გაზეთობაზედ იძახის: ”ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო”.
ვაი ჭკუის სითხეს გ. თუმანიშვილისას კი არა, თქვენსას, რომ წერილის საგნად
გმირობა, მამულისათვის თავის გაწირვა, ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა,
სიყვარული ქვეყნისა მოგწონთ და არა ჩინოვნიკების ცუღლუტობა, როგორც გ.
თუმანიშვილს.
არა, თქვენ გ. თუმანიშვილს ვერ იცნობთ, ვერა. აბა ეხლა უყურეთ, რარიგ
ახალ-ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობს. ერთს გვერდზედ რომ ერთს იტყვის, მერეზედ
იმავე საგანზედ სულ სხვას ამბობს და ამით თვითონ გვაჩვენებს, რომ ახალი
ჭეშმარიტება ცალკე კაცისათვისაც ისა ყოფილა, რაც მთელი ხალხისათვის, ესე იგი,
იმისთანა ჭეშმარიტება, რომელსც ვერ შერიგებია კაცი.
გ. თუმანიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ჟურნალ-გაზეთობა ამ ბოლოს დროს
ძალიან გამოიცვალაო და ასე განაგრძობს:
”საკვირველი არ არის, რომ ამ ცვლილებაზედ არავინ ხმას არ იღებსო, იმიტომ,
რომ ყოველ ახალ საქმეს ცვლილებას – თან მოჰყავს ახალი კაცები” (33).
იქავე იგივე გ. თუმანიშვილი ამას ამბობს: ”ქართულ მწერლობაში კი ისე
წავიდა საქმე, რომ მისი მდგომარეობა თუმცა ძლიერ გამოიცვალა, მაგრამ იმისი
მედროშენი კი ისევ ისინი დარჩნენ, რომელნიც იყვნენ ადრე” (33).
ახლა იმას იტყვით, რომ აქ ლოღიკა არ არისო; ჯერ ამბობსო, ახალ საქმეს,
ცვლილებას თან მოჰყავს ახალი კაცებიო, და მერე კი თვითონვე მოჰყავს მაგალითიო,
რომ ვსტყუიო, აიო, ქართული მწერლობა თუმცა ძლიერ გამოიცვალაო, მაგრამ ახალი
კაცები არ მოჰყვნენო, ისევ ძველები დარჩნენო. ლოღიკა რომ არა ჰქონდეს, ჭკვიან
კაცად რად აღიარებდა ”დროების” კრიტიკოსი! თქვენ ჰსტყუით. ეგ იმასა ნიშნავს,
რომ გ. თუმანიშვილი ახალ ჭეშმარიტებას ჰქადაგობს, ესე იგი, იმისთანა
ჭეშმარიტებას, რომელსაც თვითონაც ვერ ”შერიგებია” და სხვისა კი დავი არა აქვს.
თქვენ, მე ვიცი, არც ეს ლოღიკა მოგეწონებათ:
”ჩვენს საზოგადოებაში, – ამბობს გ. თუმანიშვილი, – ისე არ არის
გავრცელებული ცნობისმოყვარეობა, რომ შეიძლებოდეს იმგვარ დიდ გაზეთების
გამოცემა, როგორებსაც ვხედავთ ევროპაშიო”.
იგივე ამბობს შემდეგ: ”ქართული პატარა გაზეთი კი, შეძლებას მოკლებული,
ჩვენ ქვეყნის ამბებსაც კი ვერ ასწრობს შეგვატყობინოს დროზე”.

ახლა აქ მეტყვით კიდევ: ერთი შეგვატყობინეთ, რა უნდა გ. თუმანიშვილს:
დიდი გაზეთიო, თუ პატარაო. ვაი, თქვე საწყლებო! მებრალებით! აი, ის უნდა, რომ
”დიდს ქვაბში არ ეტეოდეს, პატარაში ლაღე იყოს”, როგორც ერთი ქართული ზღაპარი
ამბობს.
ახლა აქაც დაუწუნებთ ლოღიკას, მე ვიცი:
”ჩქარა გაიგო ”დროებამ, – ამბობს გ. თუმანიშვილი, – რა იამება მკითხველებს
და მას აქედ ის ცდილობს ყოველ ღონისძიებით დააკმაყოფილოს იმათი დღიური (?)
მოთხოვნილება (37).
იგივე ამბობს იმავ წერილში:
”ქართულ ჟურნალ-გაზეთები (მაშასადამე ”დროებაც”) არ აჰყვა საზოგადოებას,
არ დაუკრა იმას ტაში და არც უკიჟინაო”.
ახლა ამას იტყვით, რომ ორში ერთი ტყუილი უნდა იყოსო. ან აჰყვა, ან არ
აჰყვაო, და ჰოც და არაც ერთსა და იმავე საგანზე რა სათქმელიაო. არა, ბატონო, ახალი
ჭეშმარიტებაა, ესე იგი იმისთანა ჭეშმარიტებაა, რომელსაც ერთგან ურიგდება თითქო
გ. თუმანიშვილი და მეორეზედ ”ვერ ურიგდება”. ახალი ჭეშმარიტებაა-მეთქი,
რომელსაც მდაბიურად ”წაჯექ-უკუჯექის” ცეცხლს ეძახიან.
არც აქ არის რაღა, თქვენის აზრით, ლოღიკა:
”ეხლანდელს მწერლობას ასე ჰსწუნობს გ. თუმანიშვილი: ”გიყვარდეს მოძმე
შენიო, თავგანწირვით გიყვარდეს სამშობლოო, ამგვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზედ
(საეჭვო ჭეშმარიტება, რასაკვირველია, უმჯობესი იქმნებოდა) სიმღერა ეხლა,
როდესაც თავში გვერევა (მწერლობისა რა ბრალია, რომ გერევათ!) ათასი ძნელი
გადასაწყვეტი საგანი, სწორედ მოგახსენოთ, ვერაფრად მეჭაშნიკება”.
წინანდელს ჩვენ მწერლობას კი ამით იწონებს იგივე თუმანიშვილი: ”არა იმას
(წინანდელს მწერლობას) სხვა მიზანი ჰქონდა, წავიდოდა, ივლიდა, ივლიდა და
ბოლოს მაინც ან გლეხის თავისუფლებაზედ დაჰგუგუნებდა, ან ხალხის
სიყვარულზედ და განათლებაზედ”.
რაო? რა გიხარიანთ? ახლა ამას დაინიჟებთ, რომ გ. თუმანიშვილისაგან
დაწუნებული ”გიყვარდეს მოძმე შენიო” უფრო ვრცელი მოძღვრებააო საყოველთავო
სიყვარულისა, თავისუფლებისა და განათლებისა, ვიდრე მარტო გლეხის
თავისუფლება, მარტო გლეხის სიყვარული და განათლებაო. ახლა იმას უკიჟინებთ
და იტყვით, თუ უწინ ჩვენი მწერლობა, გ. თუმანიშვილის აზრით, მოსაწონი იყო,
როცა ისე ფართოდ არ აშლევინებდა ფრთას საყოველთაო სიყვარულსაო, ეხლა უფრო
არ უნდა მოსწონდესო, როცა, მისისავე სიტყვით, საყოველთავო სიყვარულს
ჰქადაგობსო და არა მარტო გლეხობისასაო. თქვენ ეგრე გგონიათ. ის კი არ იცით, რომ
ზოგიერთი აბები, თუ ცოტას ჰყლაპამთ, წამალია, თუ ბევრს – საწამლავია. გ.
თუმანიშვილმა ეგ კარგად იცის, როგორც ეტყობა.
რაო? განა ულოღიკობა იქნება კაცმა ჰსთქვას: ეს კაცი გუშინ მომწონდა იმიტომ,
რომ ჭკვიანი იყო და დღეს კი არ მომწონს იმიტომ, რომ დღეს უფრო ჭკვიანიაო.
ეგ ეგრე უნდა იყოს ჩვეულებრივ კაცისათვის, და არა გენიოსისათვის,
რომელმაც ”ახალი” მხარე გამოუნახა ლოღიკასა. თქვენ რა გესმით. კარგი მეჭურჭლე
ის არის, ვინც ყურს იქით გამოაბამს, საითაც ჰსურს. ესეც არა გცოდნიათ, თქვე
საწყლებო.
”შექსპირმა ჩაჰმატა (”ჩაუმატა” რომ იყოს, ძველი ქართული იქნება) ორი-სამი
ანგელოზი სული, მაგალითებრ, ლირის უმცროსი ქალი კორდელია და კენტი,
რომელნიც თავიანთ კეთილშობილურ მოქმედებაებით (ახლა არც ამ ”ბაებს”
მოიწონებთ) თითქმის გვანუგეშებენ: ნუ დავარდებით, გამხნევდით, ცარიელ ღონეს

და შეძლებას არ დარჩენიაო ბურთი და მოედანი. ქვეყანა მარტო ავაზაკებით არ არის
სავსეო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აჰყვავდება ძმობა, თავისუფლება და
თანასწორობა”.
1879 წელს იგივე გენიოსი გ. თუმანიშვილი ბძანებს (51 გვ.): ”ყველამ კარგად
იცოდა აკ. წერეთლის ლექსების გამოსვლამდინაც, რომ ძველი ქართველები
განთქმულნი იყვნენ თავიანთ მამაცობით და მეტად მოსაწონი რამ არის
თავისუფლება, ძმობის და სიყვარულის სურვილი”. მერე უმატებს: ”ამგვარ ადამის
ჟმის ძველ ჭეშმარიტებაების (ვაი, ყურებო, კიდევ ბაები!) დამტკიცება ვერ დააყრიდა
ხეირს ვერც პოეტს, აკ. წერეთელზე უფრო ნიჭიანს”.
არა, თქვენმა მზემ, არც აქ არის განა ახალი მხარე ლოღიკისა, ”გამონახული”
გენიოსის გ. თუმანიშვილისაგან! მე თქვენი ხასიათი რომ ვიცი, შურით არც აქ
აღიარებთ და დაცინვით იტყვით: შარშან თვითონ თუმანიშვილი გვამხნევებდა და
გვიქადაგებდაო, ნუ დავარდებითო, ვეცადოთ და ამ ჩვენ ცოდვილ მიწაზე აჰყვავდება
(მაშ შარშან ჯერ არ ყოფილა აყვავებული) ძმობა, თავისუფლება და თანასწორობა;
წელს კი ის ჯერ არაყვავებული ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა ”ადამის ჟმის”
ჭეშმარიტებანი არიანო, იმავე თუმანიშვილის სიტყვითაო. არა, ბატონებო, შარშანაც
ეგ ჭეშმარიტებანი ”ადამის ჟმისანი” იყვნენ, მაგრამ გიორგი თუმანიშვილმა აქ ერთი
ხერხი იხერხა. წაიტყუა აკ. წერეთელი, აბა ერთი მაგაებზედ დაწერე რამეო და მერე მე
ვიციო. დააწერინა და მერე უკიჟინა: ”იი, ეგ ხომ ”ადამის ჟმის” ჭეშმარიტებას
ჰქადაგობო, მოგატყუე, თუ არაო”! დიაღ, ბატონებო, აკ. წერეთელი გამოიტყუა და
მერე უკიჟინა, თორემ თუ ეს ჭეშმარიტებანი წელს ”ადამის ჟმისანი” არიან, შარშანაც
ხომ ისე იქნებოდნენ. ეს, ბატონებო, ”ვოენნაია ხიტროსტ” გახლავთ, ის ”ვოენნაი
ხიტროსტ”, რომელიც ეგრე სასახელოდ ბატონმა ნიკოლაძემ ფერუცვლელად შარშან
მოიგონა. თქვენ რა გესმით! სადა ხართ? ამ ქვეყანაში ჰსცხოვრობთ, თუ რა ჯანაბაში
ხართ! ქვეყანა იცვლება, ახალ-ახალი აზრები შემოდის, ბაშვმაც კი ისწავლა ”ვოენნაია
ხიტროსტ” ნიკოლაძის მეოხებით და თქვენ კი რაღაც ძველ ლოღიკას ღეჭავთ. ამის
გარდა, გ. თუმანიშვილმა მართალი ბძანა, რომ ამგვარ ”ადამის ჟმის
ჭეშმარიტებაების” დამტკიცება ”ვერ დააყრიდა ხეირს ვერც პოეტს, აკ. წერეთელზე
უფრო ნიჭიანს”. ხოლო თუმანიშვილს კი კეთილი დააყარა შარშანაც და წელსაც:
ბატონმა ნიკოლაძემ აქო, ”დროების” კრიტიკოსმა აქო, “Кавказ”-მა აქო. მეტი კეთილის
დაყრა გინდათ? აკ. წერეთელს რად წაუხდა ეგრე საქმე და გ. თუმანიშვილს რად
გაუკეთდაო, იკითხავთ. იმიტომ, რომ აკ. წერეთელი ნიჭიანი პოეტია და გ.
თუმანიშვილი კი – გენიოსი. რაც თუმანიშვილს მოუხდება, ის აწყენს აკ. წერეთელსა,
ძალიანაც აწყენს, თუ აკ. წერეთელიც დამეთანხმება.
”გიყვარდეს მოძმე შენიო, ვითა თავი შენიო, თავგაწირვით გიყვარდეს
სამშობლოო. ამგვარ უეჭვო ჭეშმარიტებაზე სიმღერა, – ამბობს გ. თუმანიშვილი, –
ეხლა, როდესაც თავში გვერევა ათასი ძნელი გადასაწყვეტი საგანი, სწორედ
მოგახსენოთ, ვერაფრად გვეჭაშნიკება”.
მაშ რა ეჭაშნიკება გ. თუმანიშვილსაო, ბძანებთ თქვენ. აი, რას ბძანებს ამაზედ
გენიოსი გ. თუმანიშვილი: ”აბა ერთი დაეხატა სწორედ ილ. ჭავჭავაძეს რამდენჯერ
(ახლა ამას იტყვით: რამდენჯერს თვლა უნდა და არა ხატვაო!..) ეცემა ხოლმე
ტალახში ჩვენებური კაცი; რამდენჯერ (რატომ არა ჰსთვლი, ილ. ჭავჭავაძევ!)
ივიწყებს ის თავის წმინდა გრძნობას, რომ შიმშილით არ მოკვდეს; რამდენ (დათვალე,
ილ. ჭავჭავაძევ!) სილას ჰსჭამს, რომ უბრალოდ არ დაიღუპოს; რა გარემოება (აქ კი
ჰხატე, ილ. ჭავჭავაძევ!) აკვლევინებს თავს საპყრობილეში ახალგაზდას, შეძლებულ,

განათლებულ კაცს; რა ადვილია ჩვენებური გლეხის დაქცევა და დანელება და
დარწმუნებული იყავით”... და სხვანი.
ახლა არ შეგრცხვებათ და იტყვით, რომ ახალგაზრდა განათლებული კაცი თავს
იკლავს საპყრობილეში სწორედ ”იმ ადამის ჟმის ჭეშმარიტებაებისათვის”, რომელთაც
ასე იწუნებს სიძველით ჩვენი გ. თუმანიშვილი. ახლა იმას იტყვით, რომ ”რა ადვილია
ჩვენებური გლეხის დაქცევა და დანელება” ახალი ჭეშმარიტება არ არისო? ძმობა,
თანასწორობა და თავისუფლება ზღვააო და ეს გლეხისათვის გულის ტკივილი კი
პატარა წყაროაო, რომელიც იმ ზღვას ერთვისო, და გ. თუმანიშვილი კიო ზღვას ვერა
ხედავსო და მარტო წყაროში გვირჩევს ჭყუპალაობასაო. ბევრს რასმე იტყვით, ენას
ძვალი არა აქვს.
გ. თუმანიშვილი სხვა კაცია, არაჩვეულებრივი, თქვენ რა გესმით! აი, თუნდა
ერთი კიდევ მაგალითი: ”თითქმის მთელი ქართული პოეზიაო, – ამბობს იგი, –
ჩაყლაპული იყო ვარდ-ბულბულის, წალკოტის და იადონის, აშიყთ ჭიკჭიკის
სიმღერებითაო”. ტყუილია თუ? ეგ მართალიაო, მეტყვით, მაგრამ თუ ეგ პოეზიის
წუნია, მაშ რაღად დაბეჭდა თავის სამაგალითო ალმანახში (1879 წ.) სამი ლექსი თ. მ.
თუმანიშვილისაო; მაგ ლექსებში მაგ ”ვარდ-ბულბულის და აშიყით ჭიკჭიკის” მეტი
სხვა რა არისო? არაფერია, მაგრამ, რასაც გენიოსი იქმს, ის სხვამ არ უნდა ქმნას; აი, ამ
მაგალითით გასწავლით თქვენ გენიოსი გ. თუმანიშვილი, რომ შეიძლება კაცი
სიტყვით ერთი იყოს და საქმით სხვა.
ბოლოს გ. თუმანიშვილმა უფრო ცხოვლად დაგვანახვა, რა არის პოეზია და
რაგვარი თხზულებანი უნდა ითარგმნოს ქართულად. ”მშვენიერი ელენა” 1879 წ.
”ალმანახში” ამის ნიმუშად დაბეჭდა ჩვენმა ”ჭკვიანმა კაცმა” და ეს ამბავი ისე მოეწონა
”დროების” კრიტიკოსს, რომ, თუმცა პირდაპირ ქება არ შეასხა, მაგრამ ეს კი აუწყა
მთელს ქართველობას, რომ მთელმა ევროპამ გათარგმნაო ეს ”მშვენიერი ელენა”, მერე
რა ნიჭიანი მთარგმნელიც შეხვედრია! 106-ე გვერდზედ უკანასკნელი სტრიქონები
უკეთესი ალმასია იმ გვირგვინისა, რომელიც ძლიერმა ხელმა გ. თუმანიშვილისამ
დაადგა თავზედ თ. დ. ერისთავსა, ნეტავი იმას! აკ. წერეთელო, შე დალოცვილო,
მოჰყოლიხარ და იძახი: ძმობა, თავისუფლება, თანასწორობაო. ერთი დაავლე ხელი
ამისთანა საგანს, როგორც ”მშვენიერი ელენაა” და! მაშ გ. თუმანიშვილის ქება
შენთვინ მეტია? გულს არ გიფხანს შურით იმისთანა სახელი, როგორც დაინარჩუნა თ.
დ. ერისთავმა ამ ”მშვენიერის ელენის” თარგმნითა.
მოდი და ”კავკაზი” მადლობას ნუ განუცხადებდა გ. თუმანიშვილს
ქართველების მაგიერ ამ პოეტურ, ამ პატიოსნურ, ამ ზნეობის ამამაღლებელ
თხზულებისათვის!.. აი, გენიოსებმა რა იციან! ერთის უბრალო რამით უკვდაებას
მოიპოვებენ ხოლმე. დ. ერისთავი დიდი ხანია განზედ გაუჯდა ქართულს
ლიტერატურას, ოთხი-ხუთი წელიწადია არა უწერია რა *, მაგრამ ამ ხანგრძლივმა
დრომ უსარგებლოდ არ ჩაუარა ქართველობას. თურმე, ნუ იტყვით, ”მშვენიერი
ელენა” უთარგმნია. გიხაროდეს, ქართველობავ! თქვენდა სასიხარულოდ უნდა
მოგახსენოთ, რომ ეგ ”მშვენიერი ელენა” არც ერთს პატიოსნურს ჟურნალში, თუ
”ალმანახში”, თუ წიგნში არსად ჩართული არ ყოფილა. მაგრამ? აქ გ. თუმანიშვილი
ახალის სიტყვით გამოვიდა მოედანზედ და სხვაგან კი ყოველგან სულ ”დამჭკნარს და
დაობებულს
ჭეშმარიტებას
ღეჭვენ”.
ახალი
გინდოდათ
და
ახალიც
ქართველებისათვის ”მშვენიერი ელენაა”.
*

როგორ არ უწერია: ორი ფელეტონი დასწერა.
(შენიშვნა ”ივერიის” რედაქციისა)

ამით ვათავებთ გ. თუმანიშვილზედ ბაასს. ახლა სხვა მხრივ მოგივლით,
ბატონო ”ივერიის” რედაქციავ.
როგორ გაბედეთ და ისე წარამარად ახსენეთ იმისთანა გამოჩენილი კაცები,
როგორც დ. ერისთავია და ბატონი ნიკოლაძე? ჰა, როგორ გაბედეთ? ”ვიღაც
ერისთავიო”. რა პასუხია! როგორ თუ ”ვიღაც”! კაცმა ორი ფელეტონი დაწერა
”Тифлисский Вестник”-ში და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცს ორი თუ სამი წელიწადი
ადმინისტრატორობა ჰქონდა “Тифлисский Вестник”-ისა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო!
კაცმა ისე მშვენივრად უადმინისტრატორა, რომ კინაღამ ბოლო არ მოუღო
“Тифлисский Вестник”-სა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცი ერთბაშად მაგ დაბალ
თანამდებობიდამ ასკუპდა მაღალ რედაქტორობამდე და მაინც ამბობთ, ვიღაცაო!
თუმცა მერე თვითონვე გაუკვირდა ეს ამბავი და დაიძახა ”Обзор”-ის მეოხებით: ვა! მე
ვინ და რედაქტორობა ვინაო, და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცმა ”მშვენიერი ელენა”
ჰსთარგმნა ზნეობის აღსამაღლებლად და თქვენ მაინც ამბობთ, ვიღაცაო! კაცი ბოლოს
”Голос”-ის აგენტად გახდა და მაინც ამბობთ, ვიღაცაო! ვიღაცაო! ფუ, თქვენს
სიბრამავეს, რომ რაკი გაჯიუტდებით ხოლმე, არა სამსახურის დანახვა არ იცით!..
ეგრე წარამარად როგორ იხსენიებთ დ. ერისთავსა! შეგშინებოდათ, რომ ჯავრის
ამოსაყრელად მაშინვე ”Голос”-ში დააძგერებს წერილს და თქვენ რედაქტორს კი არა,
იმის ბანკსაც დააბიზღებს საზოგადოების წინაშე. აი, ვნახოთ, თუ არა.
ეგ დ. ერისთავის ვიღაცაობა კიდევ არაფერი. ბატონი ნიკოლაძე ცრუპენტელად
გამოგყავთ. ვჰსთქვათ, ეგ ბაშვმა გ. თუმანიშვილმა წამოიყრანტალაო, ამბობთ თქვენ.
მაგით თავს ვერ იმართლებთ. პირველი, რომ გ. თუმანიშვილი ბაშვი არ არის – ეს
ერთი, მეორე, რომ ბატონი ნიკოლაძე...
”იყო ქართლ-კახეთს, იმერეთს ნიკოლაძეი სვიანი,
ერთი ცუღლუტი, მანქანა, გულმშრალი, ენაწყლიანი
”ობზორ”-ისა რედაქტორი, ტყიბულით ნახშირიანი.
და თვით ტრაბახა უებრო, რაღაც ჩხავანა ხმიანი.
ერთხელ ბძანა: ”გეტყვით საქმეს ერთგან სასაუბაროსა:
ჩემი სახელი ამ ქვეყნად რამ უნდა დაამჭკნაროსა?
მე ვარ, რაცა ვარ მწერალი მწერალთა საბაღნაროსა,
მინდოდეს, ხვალვე დავჯდები სენატის მაღლა თაროსა.
ცოტა რამ ნაკლი, სისუსტე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,
ტრაბახი ვიცი ხანდისხან, რა ვქნა, სოფელი ჭრელია,
სხვა რომ არ მაქებს, თვით ვკვეხავ, მითამ რა საწუნელია,
იქ ყველა გამოგვადგება, საცა რომ ხალხი ბნელია.
”დროებამ” ჰკადრა: ”ბატონო, რათ ბძანეთ თქვენი მკვეხრობა?
როცა მწერალი ტრაბახობს, უმეცართ ჰმართებსთ ჯერობა.
თქვენივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, –
ამას გვარწმუნებს თვითონვე თუმანიშვილის მჭევრობა.
მაგას ნუ ბძანებთ, ბატონო, ჯერ ვარდი არ დაგჭკნობია,
თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია,
იკვეხე, მინამა ხალხი თქვენი არ არის მცნობია,
როცა გიცნობენ, მაშინ კი прощай, გამარჯობია!..”
[1879 წ. თებერვლის მეორე ნახევარი]

შინაური მიმოხილვა
ნიშანი ერის ჰასაკში მოსვლისა. – როდის უფრო უტყუარია ეგ ნიშანი. – ევროპა წინაშე
მისთა მოღვაწე კაცთა. – რუსეთის მაგალითი. – იგივე მაგალითი ჩვენში. – აკაკი წერეთელი
გორსა და თელავში. – მისი სიტყვა. – ანდერძი ჩვენის მამა-პაპისა. – გაუმარჯოს!

როცა ერი ყოველთვის მოვლინებას და საქმეს მის გარეშე მომხდარს, ყოველს
ნახულს, გაგონილს და ყოფილს საზოგადო მნიშვნელობისას გონებით დააკვირდება,
ღირსსახსოვარს, ავსა თუ კარგს, ხსოვნისათვის ანუსხავს, გულში ჩაირჩენს და
სასწორზედ სწონის ფასის დასადებლად, – მაშინ პირდაპირ და უტყუარად შეიძლება
კაცმა სთქვას, რომ იგი ერი გონებითად ჰასაკში შედის, ჭკუა, გული და ცნობიერება
დასძვრია მოქმედებისათვის და ფეხი შინიდამ გარეთ გამოუდგამს კაცურის
ცხოვრებისათვის. ეს ნიშანი მაშინ უფრო ნამეტანად უტყუარია, როცა ესეთი
ყურადღება ერისა მიიქცევა ხოლმე იმისთანა კაცზედ, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის
ერის წინაშე. ამისთანა კაცის დაფასება და დამსახურებულის პატივისცემა ცხადი
მაგალითია, რომ ერის გონების თვალი ახილებულია.
განათლებულმა ევროპამ დიდი ხანია ჩვეულებად მიიღო ამისთანა კაცების
მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოცხადება საჯაროდ, საქვეყნოდ. ვის არ
ახსოვს გარიბალდის სადღესასწაულო მსვლელობა იტალიაში, მინამ ცოცხალი იყო;
ვის არ ახსოვს საქვეყნო გლოვა იტალიისა, როცა იგი დიდებული გმირი იტალიისა
მიიცვალა? ვის არ ახსოვს ვოლტერის სახსოვრად გამართული დღესასწაულობა
საფრანგეთში, ვიქტორ ჰიუგოს ოთხმოცწლოვანობის იუბილე და სხვა ამგვარნი? ვის
არ ახსოვს, რა დიდებით, თავმოწონებით, საქვეყნოდ აღიარა საფრანგეთმა თავისი
გულითადი პატივისცემა, რა მხურვალე გრძნობით გამოაცხადა თავისი გულწრფელი
მადლობა ამა თვისთა მოღვაწე კაცთადმი მადლიერებით სავსე გულმა მთელის
საფრანგეთისამ? ვის არ ახსოვს შილლერის დღეობა გერმანიაში? სწორედ დღეობა იყო
მთელის გერმანიისა და ამ დღეობით მთელმა გერმანიამ დიდებული პატივი სცა
თავის დიდებულ პოეტის გვამსა და მტვერსა. ინგლისში ცალკე სასაფლაოა, საცა ვერც
სიმდიდრე, ვერც გვარიშვილობა, ვერც დიდკაცობა ადგილს ვერ შოვობს, და საცა
მარტო სახელოვანთა ინგლისელთა – გამოჩენილთა ლიტერატურაში, მეცნიერებაში,
ერის სამსახურში – უკანასკნელი სადგური ეძლევათ ხოლმე მადლობელის ერისაგან,
საცა დასაფლავება ყოველს ინგლისელს სანატრელად და სასახელოდ მიაჩნია და საცა
ყოველი ინგლისელი თაყვანებით თავს იხრის ხოლმე და მუხლს იდრეკს თავისის
ერის დიდებულთა წარმომადგენელთა მტვერის წინაშე.
იქ, ევროპაში, ერისათვის მოღვაწე კაცი არამც თუ მარტო ქვეყნის სახელი და
დიდებაა, არამედ თვითვეულის თანამემამულისაცა ცალკედ. იქ თვითვეული
მამულისშვილი ისე უფთხილდება ერისათვის მოღვაწე კაცის სახელსა, პატიოსნებას,
დიდებას, როგორც საკუთარის თავისას. იქ იქნება საკუთარის თავისათვის ისე არ
გამოიდოს თავი კაცმა, როგორც მისთვის, ვისაც ერისათვის შრომა გაუწევია, ვინც
ქვეყნისათვის, მამულისათვის შეძლებისამებრ გარჯილა, რომელსამე საქვეყნო
სარბიელზედ ფეხი მოუკიდებია და თავისის ნიჭით, ღონით, მეცადინეობით
უმსახურნია და რაიმე კვალი დაუმჩნევია. იქ გამოჩენილის კაცის სახელით
თვითვეული მისი თანამემამულე თავს იწონებს, თითქო ის სახელი მისი საკუთარი
სახელი იყოს; თავისთავის გაუპატიურებას ირჩევს, დასთმობს, და თავისის ქვეყნის
გამოჩენილის კაცისას კი არა; თავს შეაკლავს იმას, ვინც კი გაბედავს და უპატიურად
ახსენებს მისის ქვეყნის სახელოვანს კაცს.

შორს რად მივდივართ? აი, თვითონ რუსეთი ავიღოთ მაგალითად. ჯერ ჩვენ
ხსოვნაშივე თავის გამოჩენილთა კაცთა არავითარს ყურაღებას არ აქცევდა რუსეთი
და თუ რამ პატივისცემა ჰქონდათ, ისიც ორიოდე კაცისაგან, რომელთაც ესმოდათ
ფასი საქვეყნოდ მოღვაწის კაცისა და ამისთანა კაცების ჩამოსათვლელად
ადამიანისათვის ათი თითი იყო სამყოფი იმ ოთხმოც მილიონს ხალხში. ეხლა კი
თვითონ რუსეთმაც თვალი აახილა, იგრძნო თვისი უმადურება თვისთა მოღვაწე
კაცთადმი და ჩვეულებად მიიღო ყოველს შემთხვევაში მათდამი პატივისცემის
გამოცხადება საქვეყნოდ. ნეკრასოვის, დოსტოევსკის დასაფლავებაზედ მოსკოვმა და
პეტერბურგმა დიდი გულისტკივილი და მადლობა გამოაცხადეს მათდა
ღვაწლისათვის.
ეხლაც
ცოცხალის
ტურგენიევის
იუბილეი
საქვეყნოდ
იდღესასწაულეს, მისი ღვაწლი ლიტერატურაში თავმოწონებით გასთქვეს და
ადიდეს. ყოველმა კერძომ რუსეთისამ ამ საერთო მადლობის ხმას ბანი მისცა.
პუშკინის სახსოვრად მადლობელმა რუსეთმა ძეგლი ამართა მოსკოვში და ამ ძეგლის
ამართვის დღე დიდის ყოფით და დიდის ამბით გადაიხადა. უკეთესნი კაცნი
რუსეთისანი ამ დღესასწაულზედ დაესწრნენ და, ვისაც როგორ შეეძლო, ისეთი
პატივი, ქება და დიდება შეასხეს ამ პოეტს, რომელმაც პირველად დაანახვა რუსეთს
სიტურფე და სიტკბო რუსულის ლექსისა და სიტყვიერებისა. რუსეთის
ლიტერატურამ თავმოწონებით შეიტანა თავის მატიანეში ეს ამბები, სასიქადულოდ
მიიღო ამისთანა ყოფა და თითქმის ერთხმად წარმოსთქვა, რომ ჩვენ ამ ამბავში
ვხედავთო ნიშანს ჩვენის განვითარებისას, ჩვენის ზნეობის და გონების ამაღლებისას,
ჩვენის ცხოვრების აღმატებისასაო.
ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენშიაც თითქმის ჩვეულებად შემოდის პატივისცემა
ერისათვის გარჯილ კაცისა, საჯაროდ მადლის გადახდა მისი, ვისაც ერისათვის
სამსახური რამ გაუწევია, შრომა დაუდვია, სიტყვით თუ საქმით შესწევნია თავის
მამულსა და მემამულესა. ამისი მაგალითი ბ-ნ აკაკი წერეთლის მოგზაურობაა ამას
წინათ გორში და ამ ბოლოს ჟამს კახეთში; ერთგან და მეორეგანაც შესაბამის პატივით
დახვედრია ქართველობა თავის პოეტსა და პირუთვნელის სიტყვით გამოუცხადებია
თავისი მადლობა და პატივისცემა მისთვის, ვინც ტკბილის და გრძნობიერის
სიტყვით ამ ოცდახუთს წელიწადში ატკბობდა ქართვლის ყურს, აფხიზლებდა
გონებას და ჰმართავდა ქართვლის გულს ქართვლისა და საქართველოს
სიყვარულისათვის. ამ სიყვარულის აღფრთოვანებაში ბ-ნ აკაკის გამოჩენილი
ადგილი უჭირავს ჩვენს ლიტერატურაში. ბედნიერი, ჩვენის ფიქრით, აკაკი, რომ
იღვაწა და თავისის ღვაწლის ნაყოფი სიცოცხლითვე თავისის საკუთარის თვალით
ინახულა. ვამბობთ, ინახულა, იმიტომ რომ საქართველოს და ქართვლის
სიყვარულისაგან არის წარმომდგარი ის პატივისცემა, რა პატივისცემითაც
დახვედრიან ჩვენს პოეტს გორსა და თელავში და ამ სიყვარულის აღორძინებისათვის
თითონ აკაკი წერეთელს არაერთხელ დაუკვნესებია თავისი ტკბილი ქნარი,
უმოქმედებია თავისი მიმზიდველი ნიჭიერება, თავისი მარილიანი სიტყვა, თავისი
სიტურფით სავსე ქართული. საცა წავიდა ბ-ნი აკაკი, წინ დახვდა მისგან
ფრთაასხმული და გაღონიერებული სიყვარული საქართველოსი და ქართვლისა, წინ
დახვდა გულწრფელის პატივისცემითა და მადლიერებით აღსავსე გულითა. აგრეთ
თითონვე იგემა ბ-ნმა აკაკიმ ნაყოფი თავის დანერგულისა და დათესილისა.
ჩვენ ესეთი მიღება ბ-ნ აკაკი წერეთლისა ავნიშნეთ, როგორც სანუგეშო ამბავი,
როგორც სასიხარულო მაგალითი და ნიშანი ჩვენის ცხოვრების წარმატებისა. მაგრამ
ამ შემთხვევაში ერთი ფრიად შესანიშნავი საგანიც არის. ეგ არის სიტყვა აკაკი
წერეთლისა, თქმული თელავში კახელების წინაშე. ამაზედ მშვენიერი სიტყვა ჩვენ არ

გვახსოვს ქართულს ენაზედ. კითხულობთ და გიკვირთ, გიკვირთ და კითხულობთ.
არ იცით, რა რას დაამჯობინოთ, სიტყვა აზრს თუ აზრი სიტყვას, ისე შეზავებულია,
ისე შეხამებულია, ისე შეხორცებულია სიტურფე სიტყვისა აზრის მშვენიერებასთან.
ყოველი წესი ორატორის ხელოვნებისა დაცულია და ხმარებული, რომ სიტყვამ ისე
გასჭრას, როგორც მთქმელს განუზრახავს და აზრმა და გრძნობამ იმ გზით მიაღწიოს
დანიშნულ ადგილამდე, როგორც მთქმელს სურვებია.
”ღმერთმა ჰქნას, შენ და შენისთანები მომავალშიაც ბევრი გვყოლოდესო”, –
უთქვამთ ბ-ნ აკაკისათვის. ”ღმერთმა ნუ გაამართლოს ეგ თქვენი სიტყვაო, –
უპასუხნია აკაკის: – რასაც დღესა ვჯერდებით, ის ხვალ საკმაო აღარ არის ხოლმეო”.
დიაღ, ბატონებო, ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი აწინდელს. კანონი
განვითარებისა და ბედნიერების იმედისა ამაშია და სხვა არაფერში. ამ იმედით, რომ
ხვალე უკეთესი უნდა იქმნას, გულს იმხნევებს ამ დღევანდელის დღის ვაი-ვაგლახით
და ნაცარ-ტუტით ტანში მოხრილი ადამიანი. ხვალე არ უნდა ჰგვანდეს
დღევანდელს, თუ კაცს პროგრესი, წინსვლა ადამიანისა ფუჭ სიტყვად არ მიაჩნია. რაც
არიან აწინდელნი მოღვაწენი ჩვენის ერისა – ღმერთმა ამრავლოთ, დიდი დღე და
გამარჯვება მისცეთ, მაგრამ, აკაკისა არ იყოს, ნუ ვიკმარებთ მას, რაც დღეს არის! ჩვენა
გვჭირია ამათზედ ბევრად ძლიერნი, ბევრად ნიჭიერნი, ბევრად მომქმედნი. ”ის
ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო” – დაუგვირგვინებია თავისი
სიტყვა ბ-ნ აკაკის. ასეც უანდერძნიათ ჩვენ მამა-პაპებს, რომელთაც ჩვენთვის თავი
დაუდვიათ, რომელთა ძვლებით ჩვენს ქვეყანას ზღუდე შემოვლებია, რომელთა
სისხლით ჩვენი ქვეყანა მორწყულა. თუ ის დევ-გმირნი, რომელთ საქმენი სწორედ
რომ დაუჯერებელნი არიან, ამბობდნენ, რომ ის ურჩევნია მამულსაო, რომ ჩვენი
შვილები ჩვენა გვჯობდნენო, ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელნიც იმათ წინაშე
ქონდრისკაცებად თუ ჩავითვლებით!..
ღმერთმა ადიდოს, ასახელოს, გაუმარჯოს იმ შვილს, რომელიც მამას
დაემჯობინება ქვეყნის სამსახურში და რომელიც ეგრე ეჭირვება ჩვენს მშვენიერს
მიწა-წყალს, ჩვენს საყვარელს საქართველოს! გაუმარჯოს აკაკი წერეთელსაც, რომლის
სამსახურს და ღვაწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამო სახსოვრად, და
რომლის მშვენიერის ლექსებით არაერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას და
არაერთხელ გულს მოიცემს მამულისშვილობისათვის.
[1882 წ., სექტემბერი.]

სიტყვა, წარმოთქმული
გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე
აჰა, ჩვენ წინაშე მდებარეა საუკუნოდ განსვენებული კაცი, რომლის
მიცვალებამ გლოვის ზარით გაიხმაურა მთელს საქართველოში და ყოველის
ჭეშმარიტის ქართველის გული შესძრა მართლადა ჭეშმარიტის მწუხარებითა.
მისმა წარჩინებულმა სახელმა შეჰკრიბა აქ ყოველი წარმომადგენელი ჩვენის
ქვეყნისა. აქ არიან ქალი და კაცი, უცნობი და ნაცნობი, ნათესავი და უცხო, მოხუცი და
ჭაბუკი, ღარიბი და მდიდარი, სოფლელი და მოქალაქე, მცირე და დიდი, გლეხი და
მუშაკი, რათა ერთად, შეერთებულის გლოვით, ამ უკანასკნელს ჟამს საქართველოს
ერი, მაგათგან ესეთის ერთობით წარმოდგენილი, გამოეთხოვოს თავის სასიქადულო

კაცს, სახელოვანს შვილს, სიტყვამაღალს მოძღვარს, საუკუნოდ ჩვენთვის
დადუმებულსა, საუკუნოდ ჩვენგან წასულსა.
არა მარტო მისმა ხარისხმა და ნამსახურობამ, არა მარტო მისმა ღვაწლმა
მხედრობისამ და მოქალაქობისამ მოიწვია აქ, ამ საერთო გლოვის ჟამს, ამდენი ხალხი
სხვადასხვა წოდებისა, სქესისა, ხარისხისა და ჰასაკისა, არამედ იმანაც, რომ იგი იყო
თვითმპყრობელი ჩვენის ქართულის ენისა, იგი იყო ”მეუფე” ჩვენის სიტყვიერების
ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღლის ნიჭით
ცხებული, იგი იყო მოძღვარი ჩვენი და ჩვენ – სასოებით მისი მსმენელი. იგი იყო –
სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,
ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკითხვად,
ვინც ძლიერებას მძლევის სიტყვით ამცნო სიმართლე
და ძმებს დაცემულთ მისცა ხელი აღსადგენათა.

იგი იყო კაცი, რომელმაც ქვეყანას უანდერძა:
მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას!

იგი იყო კაცი, რომელიც –
დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად.

იგი იყო კაცი, რომელმაც ღაღადებით წარმოსთქვა:
იცოდეთო, რომ არიან ღარიბნიც,
არის სადმე სიმწარითა ცხოვრება.

იგი იყო კაცი, რომელსაც სწყუროდა:
რომ ჩვენ განვახლდეთ,
სულით ავმაღლდეთ –
და განქრეს ბნელი უმეცრებისა.

იქნება ზოგმა სთქვას, ყოველი ეგე სიტყვაა და არა საქმეო. მაგრამ არიან
ქვეყანაზედ იმისთანა რჩეულნი, იმისთანა ”ზ ე გ ა რ დ მ ო
მადლით
ც ხ ე ბ უ ლ ნ ი”, რომელთაც მინიჭებული აქვთ ერთი სასწაულთმომქმედი ძლიერება.
იგი სასწაულთმომქმედი ძლიერება თითონ სიტყვასაც საქმედა ჰქმნის. ერთი
იმათგანი, ერთი იმ რჩეულთაგანი, ერთი იმ ზეგარდამო მადლით ცხებულთაგანი
იყო იგი, ვისაც დღესა ვსტირით და ამიტომაც მისი სიტყვაც თითონ საქმეა.
ჩვენს მშვენიერს ქვეყნით თავმოწონებულმა აღტაცებით წარმოსთქვა: ”სხვა
საქართველო სად არისო”! და, ეჰა, ეხლა თითონ საქართველო დაჰყურებს შენს
საფლავს და სასოწარკვეთილებით, გლოვით იძახის: ”ს ხ ვ ა
გრიგოლ
ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი ს ა დ ა რ ი ს ო”.
შენ აღარ ხარ და შენს საყვარელს საქართველოს გულში ჩასწყდა კიდევ ერთი
ძარღვიცა.
ფუჭია იგი სიცოცხლეო, რომელიც ვერარას არგებსო მამულსაო, – სთქვი შენ.
ჩვენ მაგას შენზედ ვერ ვიტყვით.

შენ განვლე შენის ცხოვრების გზა და აღბეჭდეცა ნავალი.

შენი ქვეყნის შვილი ქართველი რომ დააკვირდება მაგ შენს ბრწყინვალე
ნავალს, მაღალის ნიჭით და მაღალის სიტყვიერებით შუქმოფენილსა, ქვეყნის წინაშე
თამამად თავს მოიწონებს, რომ საქართველოს შენისთანა კაცი ჰყვანდა და იმავე
დროს იგლოვებს კიდეც, რომ შენ ჰყვანდი და აღარ ეყოლები.
მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულისშვილო, ჩვენო სახელოვანო
ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო!
[1883 წ., 26 მარტი]

”ვისრამიანის” დაბეჭდვის გამო
”ვისრამიანი”, – ეს ყოველ მხრით შესანიშნავი განძი ქართულის
ლიტერატურისა, – არ ყოფილა დღევანდლამდე დაბეჭდილი სრულად. მხოლოდ
ზოგიერთი კარი ბატ. ჩუბინოვი ქრისტომატიებშია ჩართული. არც მისი
ხელნაწერებია ისე ხშირი ჩვენში, როგორც თვით თხზულების ღირსება
სამართლიანად ითხოვს.
ეს თხზულება ეკუთვნის დიდებულს დროს თამარ მეფისას. ამას ჰმოწმობს
თვით ენის სიკეთე, სიცხოველე და კილო. დამწერად სარგის თმოგველს ამბობენ,
თუმცა მტკიცე საბუთი ამისი, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერას გზით ვერსად ვიპოვეთ. ეს
კი ცოტად თუ ბევრად საფიქრებელია, რომ ”ვისრამიანი” ”ვეფხვის-ტყაოსანზედ”
ადრეა დაწერილი, იმიტომ რომ რუსთაველი რამდენსამე ადგილას თვისს პოემაში
იხსენიებს ”ვირამიანის” გმირთა: ვისსა და რამინსა; იმათი ერთმანერთის
სიყვარულის და ტრფიალება მაგალითებსავით მოჰყავს.
არ ვიცით, ”ვისრამიანი” საკუთარი ქართული თხზულებაა თუ ნათარგმნია. ამ
საგანზედ ჩვენში სამგვარი აზრია გავრცელებული.
ზოგნი ამბობენ, რომ საკუთარი ქართული თხზულებააო და ამას ამყარებენ,
პირველ, იმაზედ, რომ მეტად თვალსაჩინო მაგალითებია წმინდა ქართულის
ჩვეულებისა შიგ მოყვანილიო; მეორე, იმაზედ, რომ ენა მეტად ფაქიზია, მკაფიო,
სიტყვების გაწყობა ფრაზაში თითქმის არ ჰღალატობს წმინდა ქართულს ენასაო და
თუ თარგმანი იყოსო, რაც უნდა ნიჭიერი მთარგმნელი ყოფილიყო ამის
გადმომღებიო, არ შეიძლება, ბევრგან არ აჰყოლოდა უნებლიედ იმ ენის წყობილებას
და თვისებას, რომლიდამაც სთარგმნიდაო.
ზოგნი ამბობენ, რომ თუმცა თვითონ ამბავი ვისისა და რამინისა სპარსულია,
მაგრამ ეს ამბავი ქართველს მწერალს მხოლოდ გაუგონია, თვითონ მხოლოდ
შინაარსი აუღია და თავისით დაუწერია, და არა გადმოუთარგმნია სპარსულის
ტექსტიო. ამ აზრსაც ისევ ის ზემოხსენებულის აზრის საბუთები უდგება მოწმად და
ეს აზრი პირველზედ უფრო დასაჯერებელი უნდა იყოს, რადგანაც ნამდვილად
ცნობილია ევროპის მეცნიერთაგან, რომ ვისისა და რამინის ამბავი სპარსელებს
ეკუთვნისო, და შესაძლოა ჩვენს მწერალსაც გაეგონოს და მერე თავისით ახალი
თხზულება დაეწეროს.
მესამე აზრი ის არის, რომ ”ვისრამიანი” თარგმანია და არა საკუთარი
ქართული თხზულება. ამას ამტკიცებს თვითონ პირველი კარი ამ თხზულებისა, საცა

მოხსენებულია, რომ ამბავი ფაჰლაურიდამ სპარსულად გადმოთარგმნილია. ამ
გარემოებას მით უფრო მეტი ძალა ეძლევა, რომ დღესაც სპარსულად დარჩენილა
”ამბავი ვისისა და რამინისა”, ”ქილილა და დამანასავით” ლექსად და პროზად
შერევით დაწერილი მეთერთმეტე საუკუნეში. ამბობენ სპარსულითგან ეს თხზულება
ნემენცურადაც გადაუთარგმნიათ.
ეს სპარსული ნემენცური და ქართული ”ვისრამიანი” რომ ერთმანერთს
შეუფარდდეს, მაშინ საბუთი მოგვეცემოდა ან ერთს, ან მეორეს, ან მესამე აზრზედ
დამყარებულვიყავით. ჩვენდა სამწუხაროდ, ამისათვის მასალა ვერ მოვიპოვეთ, ვერც
სპარსული ვიშოვეთ და ვერც ნემენცური, რომ ენის მცოდნე კაცთათვის
გადაგვესინჯებინა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ შემდეგში ამ შესანიშნავის
თხზულების სრული ვითარება გამოუძიებლად არ დარჩება, მით უფრო, რომ ეს
თხზულება ამისი ღირსია და, ჩვენის ფიქრით, სასახელოც იმ ერისათვის, რომელსაც
იგი პირველად შეუქმნია.
საჭიროება ”ვისრამიანის” დაბეჭდვისა ქართულის მწერლობისათვის
აუცილებელი იყო. მაღალი პოეტური მისი ღირსება, მაღალი ნიჭიერების ბეჭედი,
ძლიერი გამომხატველობა ადამიანის გულის მოძრაობისა, თვით პროზაული ენა,
მაჩვენებელი ლიტერატურის შემუშავების ხარისხისა, – ყოველივე ესე ამ
თხზულებასა ხდის ძვირფასს საუნჯედ ჩვენის მწერლობისას. ამგვარი ღირსება
ყოფილა მიზეზი ”ვისრამიანის” დარჩენისა, რომ ჟამთა ვითარების დაუდგრომლობას
არ წაუშლია, სხვათა მრავალთა თხზულებათა მსგავსად. მართალია ჩვენში ”ვეფხვისტყაოსანსავით” გავრცელებული არა ყოფილა ყოველს ოჯახში და, როგორც ამბობენ,
ქალებს სულ არც კი აკითხებდნენო, მაგრამ შესწავლულ კაცებში, უმაღლეს
საზოგადოებაში მიღებული ყოფილა ”ვეფხვის-ტყაოსნის” დაწერის წინადაც; ამას
გვიმტკიცებს თვით ”ვეფხვის-ტყაოსანში” რამდენჯერმე მოხსენებული ვისის და
რამინის სახელი 1. ამ პროზაულს თხზულებას რომ ზედმოქმედება ჰქონია ჩვენს
მწერლობაზე, ამას გვაჩვენებს ის გარემოება, რომ იმისთანა დიდს პოეტს, როგორც
რუსთველია, ყურადღება მიუქცევია და სამაგალითოდაც გახდომია. ზოგი ადგილი
”ვეფხვის-ტყაოსნისა” მოგვაგონებს მსგავსებას ”ვისრამიანისას” და ზოგის აზრის
გამეორებას; თითქოს რუსთველს ”ვისრამიანიდამ” ამოეღოსო, რასაკვირველია,
უმეტესის მშვენებით და გამოხატვით. წერის კილო ორისავე თხზულებისა, თუმცა
ერთი ლექსია და მეორე პროზა, ერთმანერთს უახლოვდება, რადგანაც თითქმის
ერთსა და იმავე დროს ეკუთვნის. ამ საფუძვლით აიხსნება საჭიროება ”ვისრამიანის”
დაბეჭდვისა.
ტექსტის სინამდვილით დაბეჭდვისათვის რედაქციას მხოლოდ ოთხი
ხელნაწერი ჰქონდა. ამათგანი ერთი ”წერა-კითხვის საზოგადოების” ბიბლიოთეკისა,
მეჩვიდმეტე საუკუნეში ანუ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში მშვენიერის ხელით
ნაწერი, დანარჩენ სამს დედანზე უკეთესი აღმოჩნდა სისრულით და
შეურყვნელობით. სხვა მეორე ხელნაწერი სრულებით ეთანხმებოდა უცვალებლად
პირველსა, მხოლოდ აკლდა რამდენიმე დახეულ-დაკარგული ნაწილი. დანარჩენი
ორი დედანი აღმოჩნდა დამახინჯებული: ერთია შეცვლილი, თითქოს გადმომწერს
ძნელად გასაგონის აზრების თარგმა დაუწყია, წყობა წინადადებათა, სიტყვათა და
თვით სიტყვები შეუცვლია; და მეორე – მწერლობის უცოდინარს გადმოწერის დროს
1

ხანა 182; ”იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა”. ხანა 1074: ”და ფატმანს ჰკლვიდა უმისობა,
რამინისა ვითა ვისსა”. ხანა 1536: ”და ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუმცა თუ რამინს და ვისსა”.
”ვეფხვის-ტყაოსანი”, გამოცემული დ. ჩუბინოვისაგან. ს.-პეტერბურღს, 1860 წ.

თვისის უმეცრების ბეჭედი დაუსვამს. ორივე ეს უკანასკნელი დედნები ამ
შერყვნილების გამო სავსეა უაზრობით, ანუ ძლიერი აზრი, ძლიერად გამოხატული,
დაუძლურებულა და სიცხოველე დაჰკარგვია. ამ ოთხს დედანს უნდა დასჯერებოდა
რედაქცია, რადგანაც მეტი ხელნაწერი ვერ მოიპოვა. ბატონ ჩუბინოვის
ქრისტომატიებში
დაბეჭდილი,
მეტადრე
პირველი
გამოცემის
ნაწყვეტი,
”ვისრამიანის” არც ერთს, ოთხ მოხსენებულ დედანს, არ ეთანხმება; ეტყობა ძლიერი
ცვლილება და ამიტომ მისი ვარიანტების მოხსენება არ მოხერხდა. ტექსტი დაიბეჭდა
პირველის დედნიდამ, ზოგიერთს იშვიათ ადგილებს გარდა, და ცვლილებავარიანტები დანარჩენის ხელნაწერ ეგზემპლარებითგან სხოლიოებად იქმნა
მოხსენებული. ამ სხოლიოებშივე ზოგი საჭირო განმარტება რედაქციამ შემოიტანა.
ტექსტის ბეჭდვის მართლწერა რედაქციამ დაიცვა ძველის ხელნაწერის
დედნისა, ზოგი იქნება შეცთომილებითურთ, იმ საფუძვლისა გამო, რომ ამ ძველ
ნაწერ თხზულებას რამდენადმე მიეცა მასალა სასაუბრო ენის გამოთქმის,
მეტყველების და ხმათა ცვლის ისტორიისათვის. მაგალითად უ დაუტევეთ და არ
შევცვალეთ ეხლანდელ ვ-ინად, და არც მეთვრამეტე საუკუნეში შემოღებულ ამ ორ
ასოთა აღსანიშვნელ უ̂ (უ ბრჯგუდ).
ტექსტს დაერთვის ლექსიკონი, შედგენილი საბა ორბელიანის ლექსიკონის
თანახმად ცოტაოდენის დამატებით ანუ შეცვლით და სხვათა ენების ლექსიკონთა და
კარტათა დახმარებით ისტორიულ-გეოგრაფიულ სიტყვათა ახსნისათვის.
[1883 წ. – 1884 წ. იანვარი]

<ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი
ყოფა>
ტფილისი, 9 იანვარს

გუშინდელ და დღევანდელს ”ივერიის” ფელეტონში ორმა სულ სხვადასხვა
ავტორმა ერთი და იგივე საგანი დაგვიყენა თვალწინ განსაჩხრეკად და
განსაკითხავად. უნდა ვსთქვათ, რომ ეგ საგანი მწვავი ტკივლია დღევანდელის
დღისა, დღევანდელის დღის ვარამია. ორივე ავტორნი ერთნაირის გულწრფელობით,
ერთნაირის გონებადამჯდარობით, საგნის ღირსებისამებრ მართებულობით
გველაპარაკებიან ჩვენის ლიტერატურის დღევანდელ ყოფაზედ; რიგიანის
დაკვირვებით და დინჯად ჰსინჯავენ ამ ყოფას საზოგადოების მიმართ და თვით
საზოგადოებას ამ ყოფის მიმართ. ორივე თითქმის იმ აზრზედ ჰსდგანან, რომ ჩვენის
ლიტერატურის დღევანდელი უღონობა იმაზეა დამოკიდებული, რომ ლიტერატურა
ჩვენში ლუკმა-პურს არ იძლევინებაო და ამიტომ მწერლობა ჩვენში შემთხვევითია და
არა დაჩემებული, გამოსაკუთრებული მოღვაწეობაო. ამ დადგინებას სიტყვა არ
შეებრუნება. ვინ არ იცის, რომ ვინც ჩვენში ლუკმა-პურის შოვნის ზრუნვას დროს
გადაარჩენს და მოიცლის, მარტო იგი იღებს ხელში კალამსა და ჰსწერს და ისიც
მარტო მაშინ, როცა მოცლილია. ლიტერატურული მოღვაწეობა ბუნებითად იმისთანა
რამ არის, რომ დღემუდამ უკან დევნა უნდა, დღემუდამ მის სფერაში ტრიალი,

დღემუდამ ფიქრსა და ტვინის მოძრაობაში უნდა იყოს მისი მიმდევარი კაცი.
ამისთანა გარემოება აიძულებს კაცს მთლად ამ მოღვაწეობაზედ იყოს გადაგებული,
გადადებული და მაშინ იგი მოიქმედებს მას, რის შემძლეც არის თავისის ნიჭითა და
მომზადებულობითა. დღევანდელი ჩვენი ყოფა-ცხოვრება ამის ნებას არ იძლევა.
ამისთანა გარემოებას კიდევ სხვა ზარალიც მოაქვს. რადგანაც არავის არ ეგულება,
რომ ლიტერატურული შრომა და ჯაფა ცხოვრების საღსარს მომცემსო, არც არავინ
ჰბედავს ამგვარის მოღვაწეობისათვის რიგიანად და საფუძვლიანად მოემზადოს.
ქვეყნიერობაზედ არ არის, ჩვენის ფიქრით, სხვა იმისთანა საგანი და მოღვაწეობა, რომ
ასეთი ხანგრძლივი და საფუძვლიანი მომზადება უნდოდეს წინათვე, როგორც
ლიტერატურა და ლიტერატორობაა. ცარიელი, მოუმზადებელი, უწურთვნელი ნიჭი
არგადახალისებული მადანია და ამიტომაც ბევრს ვერას შეჰსძლებს ლიტერატურის
სარბიელზედ.
ჩვენ ყოველივე ეს სამართლიანს საბუთს გვაძლევს, რომ პატივცემულთ
ავტორებს განვუზიაროთ აზრი შესახებ იმა უმთავრესის მიზეზისა, რომლის
მეოხებითაც ჩვენ არც თავგადადებული მუშაკი გვყავს ლიტერატურისათვის და არც
საკმაოდ ამისათვის მომზადებული. აქ გასამტყუნარი არავინ არ არის, გარდა
გარემოებისა.
ყველამ ვიცით, რომ ლიტერატურას ასაზრდოებს საზოგადოება. ჩვენდა
სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენს ლიტერატურას დღედადღე საზოგადოება
აკლდება. დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს,
ერთი ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა, რომელსაც თითონაც არა აქვს საზრდო
ცხოვრებისა, და მეორე – ძველნი ქართველნი, კაცნი თუ ქალნი. ყოველი კი ახლად
მომავალი. ნამეტნავად ქალები, ჰთაკილობენ ქართულს ლიტერატურას და
იკვებებიან იმ წვრილად ფშხვნილ ნამცეცებითა, რომელიც აქაურს წვრილმან
გაზეთებს ყოველდღე ტომრებით მოაქვთ. თუმცა ეს ასეა დღეს, მაგრამ იმედია, რომ
ქართული ლიტერატურა გავრცელდება ჩვენში და მაშინ ჩვენი ეგრეთწოდებული
მაღალის წოდების ხალხი, თუნდა სრულად დაეთხოვოს კიდეც ჩვენს ლიტერატურას,
დიდი არაფრისაა. საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ
იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის,
ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისათვის. თუ, ღვთის მადლით, ჩვენი
სასოფლო სკოლები და ერთობ ის სასწავლებელნი, რომელთაც კარი მუდამ და
დაუბრკოლებლივ ღია აქვთ ყველასათვის, რიგიანად მოიმართნენ და თავის
უწმინდაესს დანიშნულებას გვერდი არ აუქციეს, უეჭველია გამრავლდება როგორც
მუშაკი ლიტერატურისა, ისეც მუშტარი და მაშინ ლიტერატურა და საზოგადოება
უკეთ მოეწყობა, უკეთ მორიგდება და მოთავსდება ერთმანეთში.
ამ იმედით აღფრთოვანებული და გატაცებული იბრძვის და იღვწის დღეს
მშიერ-მწყურვალი უანგარო მუშაკი დღევანდელის ჩვენის ლიტერატურისა. ეს,
მართალია, თავგანწირვაა, სხვერპლია, და თუმცა ამ სხვერპლ ქართველთა
დღევანდელი უმადურება აორკეცებს და წამებად ჰხდის, მით უფრო უმშვენიერესია
ის ბრწყინვალე სახსოვარი, რომელიც აღიმართება ძეგლად მერმისის გულში.
[1886 წ., 9 იანვარი.]

<”დასავლეთის ეტიკეტი”>

ტფილისი, 17 აპრილს.

გუშინდელს ”Новое Обозрение”-ს ნომერში ბბ-ნთ აკაკის და სოსლანის გამო
დაბეჭდილი იყო ერთი წერილი, სახელ და გვარ-მოუწერელი. თუმცა ამის გამო ნება
გვაქვს ვიფიქროთ, რომ იგი წერილი ან თითონ რედაქტორისაა, ან მის მიერ
თანაგაზიარებული, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკადრებთ პატივცემულს რედაქტორს
”Новое Обозрение”-სას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბ-ნს რედაქტორს: იგი კარგად
გაზრდილი, კარგად მომზადებული და განათლებულია და, მაშასადამე, თავის
თავისა და სხვის პატივისმცემელიცა. იგი თავის დღეში თავის-თავს ნებას არ
მისცემდა საპოლემიკო საგანს გადუხვიოს, უმიზეზოდ გადასწვდეს ერთობ ქართულს
ლიტერატურას და როგორც გაუნათლებელმა ბატონმა ყმა, ამაოდ გაზვიადებულმა
დიდმა მცირე, უზრდელმა მდიდარმა გლახაკი, რაღაც ზიზღით მოიხსენიოს
ქართული ლიტერატურა, თითქო ერთი რამ უკადრისი და ფეხით გასასრესი ჭია
იყოსო. სამართლიანის ქებით და დიდებით იხსენიებს ავტორი ხსენებულის
წერილისა ერთობ რუსულ ლიტერატურას, მაგრამ დიდება რუსულის
ლიტერატურისა სხვის დამცირებასა და ზიზღით ხსენებაზედ არ არის
დამყარებული. ჩვენც დიდი პატივისცემა გვაქვს რუსულის ლიტერატურისა, მით
უფრო, რომ მისთა უკეთესთა წარმომადგენელთაგან გრძნობა ადამიანის ღირსებისა
აღიარებულია საქვეყნოდ დიდსა და მცირეშიაც, მდიდარსა და გლახაკშიაც, ბატონსა
და ყმაშიაც, თავადსა და გლეხშიაც; ყველგან იგი კაცსა ჰხედავს და კაცსა სცემს
პატივსა.
ეს უკეთესი მოძღვრება რუსულის ლიტერატურისა ხსენებულის წერილის
ავტორს როგორღაც დაჰვიწყებია და ისეთის თავსაცილით იხსენიებს ქართულს
ლიტერატურას, თითქო იმისი ფეხის მტვერი იყოს. ჩვენა გვგონია, ვინც ასე იქცევა, ის
ტყუილუბრალოდ ჰჩემობს ერთობას რუსულს ლიტერატურასთან, იმიტომ რომ
უკეთესნი წარმომადგენელნი მისნი, ყოფილნი და დღესაც არსებულნი, ამისთანა
ქცევას არ იკადრებენ და უცებობაში ჩამოართმევენ თვით მქცეველსაც.
”აღმოსავლეთის 2
ეტიკეტი
სავსებით
მიუთვისებია
ქართულს
ლიტერატურასაო”. ვინც სხვის დაბეზღებით არ იცნობს ქართულს ლიტერატურას და
თავისით დაჰკვირვებია, ის არამც-თუ ერთმანეთის ქებას და დიდებას დააბრალებდა
ქართულს ლიტერატურასა, პირიქით, გადაჭარბებულს ერთმანეთის კილვასა და
კიცხვასა, ჩვენდა სამწუხაროდ.
ჩვენში წუნი უფრო ხშირია, ვიდრე ქება და დიდება ერთმანეთისა. არც ერთს
ქართველს მწერალს, დღეს ცოცხალს, ვერ გვიჩვენებთ, რომ თავისი სახელი
მოეპოვებინოს სხვისის ქებითა და დიდებითა. ყოველი ჩვენი მწერალი, თუ რამ
სახელი მოუპოვებია, თავისის ნიჭის მადლობელია და არა ლიტერატურულ
რეკლამებისა. თუ ეს ტყუილია, ვთხოვთ წინააღმდეგი მაგალითი გვიჩვენონ. ჩვენს
სიცოცხლეში მარტო ერთი შემთხვევა გვახსოვს, რომ ორს მწერალს საჯაროდ
ერთმანეთი კეთილის სიტყვით ეხსენიებინოს და გვგონია, ამ შემთხვევაშიაც ვერავინ
იკადროს ან ერთს, ან მეორეს უსაბუთობა, პირმოთნეობა და ყიზილბაშობა შესწამოს.
მაშასადამე ”Новое Обозрение” რომ თავისის დიდების ქანდარიდამ წუნსა გვდებს,
ვითომც ქართულს ლიტერატურაში მწერალნი ერთმანეთს ქება-დიდებით
იხსენიებენო, როგორც ყიზილბაში ჰაჯიებიო, მტკნარი ტყუილია და მარტო სხვის
სიტყვით მოგონილი ცილია.
2

მითამ-და ”ყიზილბაშურიო”.

”რუსულ მწერლობაში, რომელიც კი თავის თავის პატივმცემელია, – ამბობს
ავტორი, – არ არის მიღებულიო, რომ სხვადასხვაობა აზრისა აუგობაში ჩამოერთვას
კაცსა. პირიქით, აღიარებულიაო, მოპირდაპირე პატიოსან კაცად მიაჩნდეს, ვიდრე
წინააღმდეგი არ დამტკიცდებაო. ამ ორს ძირეულ წესსა არ მისდევს ქართული
მწერლობაო”.
ქართულს მწერლობაში, როგორც ყველა სხვა მწერლობაშიაც, ბევრი რამ არის
ცუდი, ამას ჩვენ ქართულს მწერლობას ვერ დავუფიცავთ, მაგრამ, რომ ხსენებულს
”ორს ძირეულს წესს” არ მისდევდეს ქართული მწერლობა, ეგ კი ტყუილია. აქაც
ვთხოვთ მაგალითი გვიჩვენონ. წინათვე კი აღვიარებთ, რომ მაგისთანა მაგალითს
მოიპოვებენ მხოლოდ იმ მწერალთა შორის, რომელთაც თითონ ”Новое Обозрение”
ასე ცხარედ ესარჩლება და რომელთაც ერთი-ორი დამქაში სხვაცა ჰყავს. ჩვენ კი
თუნდა არა ერთს მაგალითს მოვუყვანთ იმისდა საბუთად, რომ ქართულს
მწერლობას არაერთხელ გაუკიცხავს მაგ ”ორის ძირეულის წესის” წინააღმდეგი
მქცეველი. ეხლა ვიკითხოთ: ნუთუ რუსულ ლიტერატურას მარტო ხსენებული ორი
ძირეული წესი მიუღია და მესამე კი, რომელიც მართლის თქმას ვალად სდებს
მწერალსა, ღობეს იქით გადაუსროლია, როგორც უხმარი რამ საგანი?.. ჰკიცხვენ
მთელს ლიტერატურას, უმართებულობის ბრალსა სდებენ, ჰფიცავენ, რომ ყოველი
მოპირდაპირე პატიოსნად მიგვაჩნია, ვიდრე წინააღმდეგი არ დამტკიცდებაო, და
წინააღმდეგის დასამტკიცებლად ტყუილი საბუთები კი მოჰყავთ. აი ამასა ჰქვიან:
ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.
”რადგანაც, – ამბობს ავტორი, – თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი ქ ა რ თ ვ ე ლ
ლიტერატორისათვისაც
კი
სათაკილოაო” და სხვანი. მიაქციეთ
ყურადღება ამ კილოს. ”ქართველ ლიტერატორისათვისაც კი”. მითამ რაო? ქართველი
ლიტერატორი კი ადამიანი არ არის რაღა!.. მისი გრძნობა თაკილობისა სქელის
ტყავით არის შემოსილი, ასე რომ სათაკილო რამ ადვილად ვერ გაატანს ტყავსა და
გრძნობამდე ძნელად მიაღწევს. ასე უშვერად ხსენება არამცთუ ერთის ცალკე კაცისა,
არამედ რამდენისამე, არა გვგონია წესად ჰქონდეს მიღებული რუსულს
ლიტერატურას, რომლის სახელის ქვეშაც ამოსდგომია ასე კადნიერად და
თვითნებობით ხსენებულის წერილის ავტორი.
საკვირველი არსებაა ადამიანი. მართალია, თავის ნაწარმოებზედ ლაპარაკი
სათაკილოა ქართველ ლიტერატორისათვისაც კი, მაგრამ ”Новое Обозрение”-ს
ვკითხავთ: ეგ თავის ნაწარმოებზედ, ანუ უკეთ ვსთქვით, თავის თავზედ ლაპარაკი
ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში სათაკილოა თუ არა? როგორც ვხედავთ, არა. ეგ
სათაკილო ყოფილა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ჩაიდენს მაგ სათაკილო საქმეს, თორემ
”Новое Обозрение”-ს თავის გარშემო რომ თვალი მოეტარებინა, ჰნახავდა, რომ არიან
მწერალნი, რომელნიც საქვეყნოდ იძახიან, ”დევგმირები” ჩვენა ვართო; ამასაც არა
კმარობენ და მოურიდებლად გვარწმუნებენ, რომ პოლემიკა ჩემს ხელში ლახტია და
სხვისაში კი ჩოგანიო. იქნება მართლა დევ-გმირებიც იყვნენ, იქნება მართლა
პოლემიკა მათ ხელში ლახტი იყოს, მაგრამ ხსენებული თაკილობა აქ სადღა არის, იგი
თაკილობა, რომელიც, ”Новое Обозрение”-ს სიტყვით, თვით ქართველ
ლიტერატორის სქელს კანსაც კი გაატანს?
სოსლანმაო, – ამბობს იგივე ავტორი, – დასწერაო რეცენზია ”თამარ ცბიერზეო”.
აქამომდე რაც იყო თქმული ”Новое Обозрение”-ზედ, ასე თუ ისე ცოტაოდნად მაინც
მისატევებელია, რადგანაც ეგ გაზეთი ქართულს ლიტერატურას თუ იცნობს, სხვის
სიტყვით იცნობს, და შესაძლოა ამ შემთხვევაში შეცდომაში შეეყვანოს ვისმე. ხოლო
არ მიეტევება ამის თქმა, რომ ”თამარ ცბიერზედ” დაწერილი ”Новое Обозрение”-შივე

რაღაც ცარიელი ფრაზები ”რეცენზია” იყოვო. რა უგვანდა ”რეცენზიას”? ”რეცენზია”
თითქმის იგივე კრიტიკაა, ჩვენი ფიქრით. რეცენზიაში, როგორც კრიტიკაში, გარჩევა
თხზულებისა, მისი დაფასება, მისი კარგი და ავი საბუთებით აღნიშნული უნდა იყოს.
ცარიელი სიტყვები, მაგალითებრ, კარგია ანუ ცუდია, ვერ მორევია ავტორი მასალას
თუ მორევია, მოძრაობა არ არის პიესაში ანუ არის, და სხვანი ამისთანები ხომ
უსაბუთო ფრაზებია და არა რეცენზია. რეცენზიას ბევრი რამ მოეთხოვება და იგი
ბევრი რამ აკლდა იმ წერილსა, რომელსა ”Новое Обозрение” რეცენზიას ეძახის. ჩვენ
ამას იმისთვის კი არ ვამბობთ, რომ სარჩლი გავუწიოთ ბ-ნს აკაკის, არამედ
იმისათვის, რომ ”Новое Обозрение” სწამებს ქართულს ლიტერატურას, რომელიც,
როგორც მიმდევარი ”აღმოსავლეთის ეტიკეტისა”, ვითომც არ იწყნარებს მცირეოდენს
კრიტიკასაც. ჩვენ ეს კი არ გვიკვირს, ის გვიკვირს, რომ ”Новое Обозрение”-ს ”თამარ
ცბიერზედ” დაწერილი ორიოდე უსაბუთო სიტყვა კრიტიკად ანუ რეცენზიად
შეუწყნარებია, და ვისაც ამისთანა კრიტიკა არა სჯერა, იმას ეუბნება, რომ ეგ მარტო
”აღმოსავლეთის ეტიკეტის” გამო მოგდისო. ეს კი დავიწყებისათვის მიუციათ, რომ
არამცთუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის და
ვურჩევთ ქართულს ლიტერატურას, თავის დღეში არც ერთი და არც მეორე არ
შეიწყნაროს, რაც უნდა პტყელი სახელი კრიტიკისა თუ რეცენზიისა დაარქვან
უსაბუთო ქცევასა. კიდევ ამგვარი ”აღმოსავლეთის ეტიკეტი” სჯობია იმ უწესო და
უკადრისს ეტიკეტს, რომლის კანონებითაც კაცს, თუ არა თავის თავი, სხვა ადამიანად
არ მიაჩნია.
ჩვენ არა გვგონია, რომ ერთობ იგი წერილი, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ,
იძულებულ ვიყავით ძალუნებურად ეხლა გაგვერჩია, ”დასავლეთის ეტიკეტისათვის”
ძალიან სასახელო იყოს, და გვგონია, არც იმ ლიტერატურამ თავის სასიქადულო
ნაყოფად ჩაითვალოს, რომელსაც მცირის პატივისცემაც ძირეულ წესად მიღებული
აქვს, და რომელსაც ავტორი ძალმომრეობით თავის ფარადა ჰხმარობს. ჩვენ გვიკვირს,
ქართულის ლიტერატურის ავად ხსენება რა გასამართლებელი საბუთია ”Новое
Обозрение”-სათვის იმაში, რომ ბ-ნს აკაკის პასუხი არ დაუბეჭდა ბ-ნ სოსლანის
წინააღმდეგ... ქართული ლიტერატურა აქ რა შუაში იყო... ქებულო დასავლეთის
ეტიკეტო, ნეტავი ძაგებულ აღმოსავლეთის ეტიკეტისაგან ამ შემთხვევაში ცოტა რამ
მაინც მოგსმოდა ხელს.
[1886 წ., 17 აპრილი]

<გოგოლის ”რევიზორის” საიუბილეოდ>
ტფილისი, 8 მაისს

...ექვს მაისს ჩვენის დრამატულის საზოგადოების გამგეობამ იდღესასწაულა
გამოჩენილის კომედიის ”რევიზორის” მეორმოცდაათე წელიწადი იმ დღიდამ, როცა
იგი პირველად წარმოდგენილ იყო პეტერბურგში. მისი დამწერი, აწ განსვენებული
გოგოლი, ყოველის რუსისათვის დიდად სასიქადულო და თავმოსაწონებელი კაცია.
თითქმის მთელმა რუსეთმა ეს დღე საქვეყნოდ იდღესასწაულა და თავის
სახელოვანის კაცის სახელს თვისი გულითადი და სამართლიანი პატივისცემა
გამოუცხადა. რუსეთმა ამ ბოლოს ხანებში არაერთხელ დაუმტკიცა ქვეყნიერობას,
რომ იმანაც იცის თვისთა უკეთესთა კაცთა დაფასება; რომ იმასაც ესმის, რა სახელია

ერისათვის, როცა მის კალთაში დაბადებული, მისის ძუძუთი აღზრდილი კაცი, მისი
სისხლი და ხორცი, შოულობს და იხვეჭს მას, რაც, ჩვენის რუსთაველის სიტყვით,
”სჯობს ყოველსა მოსახვეჭელსა”.
ამ ბოლოს ხანობამდე რუსეთს თითქმის ჩვეულებად არა ჰქონია, რომ თვისთა
დიდბუნებიანთა კაცთა მეთაურის ღვაწლი გაიხსენოს რაიმე საჯარო მოქმედებითა
და პატივისცემითა. ეხლა კი განათლებული ნაწილი რუსეთისა არა შემთხვევას არა
ჰკარგავს ხოლმე, რომ სახელოვანი კაცნი თვისის ქვეყნისანი რაიმე დიდებით და
დღესასწაულობით არ მოიხსენიოს. ეს ცხადი საბუთია, რომ გონებითად, ზნეობითად
რუსეთმა იმატა და ცოტად თუ ბევრად დღეს ეგ აღმატება იმ სიმაღლეს მიუახლოვდა,
რომელზედაც იწვევდნენ მას მისნი უკეთესნი შვილნი. პუშკინი, ლერმონტოვი,
გოგოლი, ტურგენიევი, ტოლსტოი და სხვანი ამგვარნი მოღვაწენი რუსეთის
დიდებად, სახელად ცნობილ არიან უკეთესთა რუსთაგან. მათის წყალობით და
მეოხებით ევროპამ დღეს სხვა თვალით შემოხედა რუსეთის სულიერს ძალ-ღონეს,
რომლის გამომეტყველნიც იყვნენ ხსენებულნი დიდბუნებიანნი კაცნი რუსეთისანი.
ამისთანა კაცნი მით არიან სახელოვანნი, რომ თუმცა სისხლით და ხორცით ერთს
რომელსამე გვარტომობას ეკუთვნიან, მაგრამ თვისის ღვაწლით ამასთანავე
გვაჩვენებენ ხოლმე, რით არის მათი გვარტომი თანამოზიარე მთელის კაცობრიობისა
და რაგვარი ნაკადული შეაქვს იმ დიდ ზღვაში, რომელსაც კაცობრიობას ეძახიან, რა
განძსა და საუნჯესა სდებს იმ მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარში, რომელიც
ყველას ეკუთვნის და რომლის კარი მუდამ ღიაა ყველასათვის ერთნაირად და
თანასწორად, მიუხედავად რჯულისა, გვარტომობისა და დიდ-პატარაობისა.
ეს საყოველთაო მნიშვნელობა დიდბუნებიანთა კაცთა ჩვენს დრამატიულს
საზოგადოებას ჩვენზედ უკეთ სცოდნია თვისდა სასახელოდ და ამიტომაც 6 მაისს
გამართა დღეობა გოგოლის სახსოვრად. ჩვენმა პოეტმა აკაკიმ ქართველის ერის
სახელით დაადგა გვირგვინი გოგოლის სურათს და მშვენიერი ლექსიც წარმოსთქვა.
ჩვენ აქ არ გვინდა შევეხოთ არც იმ საღამოს მოწყობილობას, მორთულობას, არც
თვით ”რევიზორის” წარმოდგენასა. ეგე ყოველი ამ შემთხვევაში სიტყვაში მოსატანი
არ არის. მხოლოდ ერთი სამწუხარო ამბავი უნდა შევნიშნოთ. იმ დროს, როცა
ქართული დრამატიული საზოგადოება დღესასწაულობდა რუსეთის სახელოვანის
მწერალის თხზულების დიდებასა, როცა ამ დღესასწაულობამ თეატრში მიიწვია
საკმაოდ ბლომა ხალხი ქართველთა საზოგადოებისა, ჩვენდა სამწუხაროდ,
დამსწრეთა შორის თითქმის არც ერთი იგი ვერა ვნახეთ, რომლისთვისაც გოგოლი,
და ყოველივე მცირეც რამ ამ სახელოვანის კაცის შესახებ საკუთარი გულის და
სულის საქმე უნდა ყოფილიყო. რას დავემდუროთ გონებაგაუხსნელს კაცს, როცა
თვით რუსულის მწერლობის წარმომადგენელნიც კი არა სჩანდნენ დარბაზში!..
ცარიელს ცნობისმოყვარეობას მაინც უნდა მოეზიდნა იგინი, რომ სხვა არა იყოს რა.
გარეგანს წესსა მართებულობისას მაინც უნდა მოეწვია, თუ თვით სახელმა
გოგოლისამ ეგ ვერ შესძლო და ვერ გასჭრა!..
[1886 წ., 8 მაისი]

<პოეზიის
ახალგაზრდა მოყვარულთ>
ტფილისი, 28 ივნისს

ჩვენ აუარებელი ლექსები მოგვდის დიდის თხოვნითა, რომ დაგვიბეჭდეთო.
ჩვენდა სამწუხაროდ და დამწერთა არასასიქადულოდ, ათასში ერთი ძლივს
გამოდგება ისეთი, რომელზედაც შესაძლო არ იყოს სამართლიანად თქმა: რაზედ
მომცდარა დამწერიო. ჩვენ ჩვენის მოვალეობისამებრ, რასაკვირველია, იძულებულ
ვართ გადავიკითხოთ ხოლმე ყოველივე ეს წარამარად კუდგადაბმული
მწყობრსიტყვაობა, რომელიც გაუსაპნავ ურემსავით ჭრიჭინებს ყურისათვისაც და
გულისათვისაც. ვკითხულობთ და ვნანობთ, – რაზედ დავკარგეთ დრო და რაზედ
წავიხდინეთ, გავივუგემურეთ გუნება. ჩვენ კიდევ იმედი მაინც გვანუგეშებს, როცა
ამისთანა უმადურს, მაგრამ ჩვენთვის აუცილებელს შრომას ხელსა ვკიდებთ.
ვფიქრობთ, იქნება ათასში ერთს კარგსა და მარილიან რასმეს შევხვდეთ, და თუ ეს
იშვიათი, ძლიერ იშვიათი ბედი გვეწვევა, სიხარულით წავავლებთ ხოლმე ხელსა,
როგორც ობოლს მარგალიტსა, აუარებელ ლექსში ნაპოვნსა. მაშინ ჩვენც ვსიამოვნობთ
და ვსტკბებით და ჩვენს მკითხველსაც ვასიამოვნებთ დავატკბობთ.
ვამბობთ, ეს ბედი იშვიათად გვეწვევა ხოლმე. ხშირად მთელ დასტა ქაღალდს
გადიკითხავთ და ერთს სტრიქონსაც ვერ ნახავთ ”ღვთაებურის ცეცხლით” გამთბარსა.
სანანური მარტო ეს ჩვენი ამ გადაკითხვაში დაკარგული დრო არ არის: ეგ ჩვენი
მოვალეობაა, მართალია, მეტად უსიამოვნო და შემაწუხებელი, მაგრამ მაინც
მოვალეობაა. ხოლო საკვირველი ეს არის, – დამწერი რათა სცდება, რათა ჰკარგავს
დროს, ხარჯავს ქაღალდს, მელანს, მაშინ როდესაც არავისაგან დავალებული არ არის?
უსაქმურს კაცს, რა თქმა უნდა, ამისთანა უხეიროდ საქმიანობა არ ეკიჟინება, ცუდად
ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო, ნათქვამია. ჩვენ ამისთანა კაცის არც დრო გვენანება,
არც ჯაფა, იმიტომ რომ არც ერთია მისთვის გამოსაყენებელი და არც მეორე, დეე ისევ
ლექსებში სიტყვები აჭრიჭინოს თვისდა სასიამოვნოდ და რედაქტორის
შესაწუხებლად. ხოლო სამწუხარო და სანანური ის არის, რომ ამაზედ სცდებიან
თითქმის უსუსური ყმაწვილები, რომელთაც მძიმე მოვალეობა სწავლისა ჯერ კიდევ
წინ მიუძღვით და, მაშასადამე, დროსა და ჯაფას მათთვის თავისი საფასური აქვს.
დღე არ გავა – არ მოგვივიდეს ლექსი და ქვეშ არ ეწეროს ”მოსწავლე ამა და ამ
სკოლისა”. დღევანდელი ჩვენი სიტყვა ამათ გვინდა მივმართოთ; ვშიშობთ კი, რომ
ჩვენი სიტყვა ისე არ იქმნას მიღებული ზოგიერთ ჩვენთა მოკეთეთაგან, ვითომც ჩვენ
ხალისის დახშვა და გაცუდება გვინდოდეს. ღმერთმა ნუ ქმნას!.. ხალისი კარგი
საქონელია, ხოლო მაშინ კი, როცა იგი იმოდენად ფრთაშესხმულია, რომ სიმაღლეს
საგნისას, რომელზედაც მიმართულია, შესწვდეს. ვიდრე ამისი ძალ-ღონე კაცს არ
შეუძენია, ნუ ჰფიქრობს ცარიელის ხალისით გახდეს რასმე.
ამიტომაც ჩვენი პატარა მეგობრები ნუ გვიწყენენ პირდაპირს სიტყვას.
პირდაპირი სიტყვა სჯობია ტყუილუბრალო წაქეზებას. ქართულად ლექსად მოწყობა
სიტყვისა მეტად ადვილია. არა გვგონია, სხვა რომელიმე ენა წარმოადგენდეს
ამისთანა სიადვილეს. ხოლო ლექსი იმით არა ლექსობს, რომ სიტყვების ბოლოები
ერთმანეთისათვის შეუწყვიათ. ლექსი პოეზიის შვილია. რა არის პოეზია, ამას ვერა
კაცი ვერ აგიხსნით, მთქმელიც ტყუილად მოსცდება და გამგონიცა. პოეზია
საგრძნობელია და არა საცნობელი. ჩვენ მხოლოდ მისი ზედმოქმედება ვიცით. ვიცით
რომ იგი გვატკბობს და გვასიამოვნებს ჭირსა და ლხინშიაც. ვიცით, რომ იგი ხატებაა
ჩვენთა გრძნობათა, გულისთქმათა, ფიქრთა, ნაღველთა, ლხინთა, ერთის სიტყვით
ხილულთა და არ ხილულთა. ვიცით, რომ მისგან მოხიბლულს კაცს ”ავიწყდება
საწუთროება”, მის მიერ გატაცებული ”გულისთქმა კაცის ცისა იქით ეძიებს სადგურს,
ზენა არსთ სამყოფთ”, როგორც ამბობს ჩვენი გამოჩენილი პოეტი ნ. ბარათაშვილი.

ყოველივე ეს ვიცით, და თვითონ პოეზია რა არის – ეს კი არავინ იცის, პოეზია
უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაცია.
მადლი ხომ მადლია, მაგრამ ამასაც მოვლა უნდა, უნდა პატრონობა, ხელის
შეწყობა, გაზრდა და დავაჟკაცება, თუ ესე ითქმის. ეგ ისეთი აზიზი, მზეთუნახავი
ყვავილია, რომ მალე ჭკნება, თავის სუნნელებას ჰკარგავს, თუ მეცნიერების შუქი არ
ადგია, თუ მეცნიერება თავის უკვდავების წყაროს არ ასხურებს და სიბრძნის ხელი
კიდევ დღემუდამ არა ჰფურჩქნის.
თუ ღმერთს პოეტობის ნიჭი მოუმადლებია თქვენთვის, ჩვენო პატარა
მეგობრებო, ნუ ჩქარობთ მაგის გამოჩენასა. ნუ გეშინიანთ, იგი არ მიგემალებათ
არსად. იგი თავის დროზედ გამოიხეთქებს, როგორც ანკარა წყარო კლდის
გულიდამა. ოღონდ პირველ ხანშივე ნუ მოაკლებთ მაგ უსუსურს მადლს
მეცნიერების ნოყიერს ძუძუსა. ჯერ თქვენ სწავლობთ და ღმერთმაც მოგიმართოთ
ხელი მაგ საკეთილო გზაზედ. ჯერ ისწავლეთ, ჯერ თქვენ შეიძინეთ, რომ მერე
სხვასაც შესძინოთ რამე. კიდევ გეტყვით: პოეზია ღვთაებური ღონეა, გულის
სიღრმიდამ ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი, მხატვარია
ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა,
ერთის სიტყვით ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა. ეს მსოფლიო სული –
ზღვაა უძირო, არამცთუ თვალ-ფიქრ-მიუწდომელიცა. ამ ზღვისათვის კაცი გემია,
ნიჭი – აფრა და მეცნიერება – საჭე, გემის მიმმართველი. ადამიანი ამ ზღვაზედ
სიარულს გამარჯვებით შესძლებს მხოლოდ მაშინ, როცა სწავლითა და ცოდნით
განსწმენდია ”თვალნი ზე ზეცისა და ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი
ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი ცისა და ქვეყნის
მაჯისცემის შემტყობად და ენა ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად”.
ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს
ენაზედ წერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვითა, პოეზია
კი ხატებითა და სურათითა. მეცნიერების ნათარგმნი ჯერ უნდა, რაც შეიძლება
ბლომად, მოგროვდეს გულის საგანძეში, რომ მერე პოეტის მხატვრობითმა სიტყვამ
აღმობეჭდოს, სული ჩაუდგას, ხორცით შემოსოს ადამიანის გასატაცებლად,
აღსაფრთოვანებლად და გასაოცებლად. თუ პოეტი მეცნიერებას არ მოიწვევს, მარტო
ცარიელი ნიჭი ვერ უთარგმნის ამ წიგნსა. საცა არ არის მეცნიერება, იქ მკითხველიც
ამ წიგნისა არ არის. ”უკეთუ მთარგმნელი არ იყოს, მკითხველნი დუმენო”, ნათქვამია
ერთის ძველის ბრძნისაგან. ჯერ თქვენ, ვითარცა მოსწავლე ყრმათა, ეგ
მთარგმნელობა არ შეგიძლიანთ, ვიდრე საკმაოდ არ შეისრულებთ სწავლასა.
ამიტომაც მოგახსენებთ: სდუმენ იმ დრომდე. ამას გირჩევთ ყველას, ვისაც ხალისი
ლექსის წერისა ადრეულად გაგღვიძებიათ. ვცდებით ამაში თუ არ ვცდებით, ეს კი
გვერწმუნეთ, რომ რჩევა ჩვენი გულწრფელია ორსავე შემთხვევაში. გვერწმუნეთ, რომ
ამ რჩევას იძლევა თქვენი გულითადი მეგობარი, თქვენი კეთილის მოსურნე.
[1886 წ., 28 ივნისი]

ქართული თეატრი
<ჩვენი საზოგადოების გულგრილობა
თეატრისადმი>

გუშინ, 15 სექტემბერს პირველად გაიღო ქართულის თეატრის კარი, რომელიც
თითქმის ოთხი თთვე იყო დაკეტილი. გუშინ პირველი დღე იყო ჩვენის თეატრის
ხელახლად თავის გამოჩენისა და პირველ დღესვე ცოტა ხალხი დაესწრო. რას უნდა
მიეწეროს ჩვენის საზოგადოების ასეთი გულგრილობა? ნუთუ ჩვენს ქართულ
საზოგადოებას ცნობისმოყვარეობა სრულიად დაეხშო და საჭიროდ არც კი ჰხედავს
პირველ წარმოდგენაზედ მაინც დასწრებასა? შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ
პირველი წარმოდგენა ორშაბათს იყო, მძიმე მუშაობის დღეს და ამასთან დარიც ვერ
უწყობდა ხელს. ღმერთმა ჰქმნას, ასე იყოს: ეს მიზეზი უფრო შესაწყნარებელია და არც
გულსატკენია. ან იქნება ჩვენ საზოგადოებას, წინანდელ წლების მნახველს, გულით
აუცრუვდა ქართულ თეატრზე? არც კი ეს არის შეუწყნარებელი საბუთი. ჩვენ
გვახსოვს, მაგალითად, შარშანდელი უკანასკნელი დღე, როდესაც ქართული თეატრი
თავის სეზონს ათავებდა, ჩვენ გვახსოვს და თვით თეატრის გამტვერიანებული
კედლები იყვნენ ამის მოწმად, როდესაც სცენაზედ გამოვიდა ერთი არტისტი და
მაღალის, რიხიანის ხმით ქება-დიდებას უძღვნიდა თეატრის მოღვაწეებს, ცარიელი
ლოჟები დაცინვით დასცქეროდა ზევიდამ, ობლად დარჩომილა სკამები
ჩაფიქრებული უსმენდა და მხოლოდ ათიოდე ”კრესლა” გულმოდგინედ უკრავდა
ტაშსა არტისტის მჭევრ სიტყვასა...
დღეს, როდესაც ქართულს თეატრს დრამატიულ საზოგადოების გამგეობამ
ჩაავლო ხელი, იმედი გვაქვს, რომ ყველა ის სამწუხარო მიზეზები, რომელიც
ქართველ საზოგადოებას გულს უცრუებდა ქართულ თეატრზე, მოისპობა და
თეატრის საქმე რიგიანად წავა. ახალი გამგეობა ეტყობა ჰცდილობს, გულმოდგინედ
ეკიდება საქმესა და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაც თანაგრძნობას აღმოუჩენს,
ხელს შეუწყობს და მხარს მისცემს.
ახალ გამგეობის ცდას უქმად არ ჩაუვლია: თეატრს ეხლავე საკმაო ცვლილება
დასტყობია და ეს ცვლილება სასიამოვნო ამბად უნდა ჩაითვალოს. შარშან ყველა
თეატრში დამსწრეს პირველადვე თვალში ეჩხირებოდა გამტვერიანებული, ჭუჭყიანი,
განცხადებებით აჭრელებული ფარდა. დღეს ეს ფარდა გაულაზათიანებიათ და ზედ
ახლად დახატული სურათიც უფრო შეჰშვენის თეატრსა, ვიდრე ”ზინგერის საკერავი
მაშინა”. სცენასაც ლაზათი და ფერი დასტყობია: დაგლეჯილ, დაძველებულ მებელის
და მოსართავის მაგიერ სცენა ახალის ლაზათიანის მოწყობილობით მოურთავთ.
თუმცა სიმდიდრე კი არ ეტყობა სცენასა, მაგრამ სისუფთავე, სიფაქიზეც სასიამოვნო
სანახავია თვალისთვის.
ერთის სიტყვით, პირველ ნახვაზედვე კაცს სასიამოვნო შთაბეჭდილება
გამოგაქვს თეატრიდამ. ეტყობა, თეატრის ახალი გამგეობა არა ღონეს და ფულს არა
ჰზოგავს, რამდენადაც კი, რასაკვირველია, ხელი გაუწვდება, საქმე ისე მოაწყოს, რომ
კაცი მართლა სიამოვნებით მიდიოდეს თეატრში. ახალი გამგეობა ისე იქცევა,
როგორც ნამდვილი ქართველი სტუმრისმოყვარე მასპინძელი, რომელიც არაფერს
ჰზოგავს, რომ სტუმრებს რიგიანად დაუხვდეს. მხოლოდ ერთში კი ვერ გამოიჩინა
ნამდვილი პურადობა და გულადობა ჩვენმა ახალმა გამგეობამ. ნამდვილი პურადი
და სტუმრისმოყვარე მასპინძელი პირველად უთუოდ კარგს ღვინოს მიართმევს
თავის სტუმრებსა და ბოლოს შეიძლება მოაწყალწყალოს კიდეც. ჩვენი ახალი
გამგეობა კი პირველადვე წყალწყალა ღვინოთი გაუმასპინძლდა თავის სტუმრებსა.
მართლა და სხვა რა სახელი დავარქვათ იმ უფერულ, გაცვეთილ და
სიცოცხლემოკლებულ პიესას, როგორც ”ახლანდელი სიყვარულია”, თუ არა
წყალწყალა ღვინო? რა აზრი აქვს ამ პიესას? რას მოასწავებს? რას ეუბნება ეს პიესა ან
ჭკუას, ან გრძნობას? ქალის მიერ ძალად შერთვას ბებრის კაცისას?

ეს ისეთი ძველი, აშმორებული და ათასჯერ დაღეჭილი ამბავია, რომ ამაზედ
არა ერთხელ თქმულა და თქმულა უფრო უკეთესად!
თეატრის გამგეობამ ახალი ხილიც მოგვართო ნობათად, თუმცა ეს ახალი
ხილიც მკვახე, უგემო და ცოტა დაჭიანებულიც გამოდგა. ეს გახლდათ დავით
სოსლანის სცენა მომრიგებელ მოსამართლესთან, ეს გახლდათ უკბილო, უგემოვნო
ოხუნჯობა დაბალის ხარისხისა, უმნიშვნელო სიტყვების მიხლა-მოხლა და არა
გონების მახვილობა, რომელიც აზრების ერთიერთმანეთის წინააღმდეგობიდამ
გამომდინარეობს. მთელი მახვილობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ვიღაც
”აბლოკატი” თუთიყუშივით და სხაპასხუპით ისვრის სიტყვებს, პროტავს რაღაცა
კანონის ქვიშაზედ უმრავლესს მუხლებსა და ერთი ვიღაც ”აჯილღა” ათასჯერ
იმეორებს, რომ მე ”ტიტულიარნი სოვეტნიცა” ვარო. დარწმუნებული ვართ, რომ ვინც
ერთხელ ნახა ”მომრიგებელი მოსამართლე”, მეორედ აღარ მოისურვებს ამის ნახვასა.
არტისტებზე და ამათ თამაშობაზე ბევრს არაფერს ვიტყვით, არტისტები სულ
ჩვენი ძველი ნაცნობები იყვნენ და რიგიანად, თანახმადაც თამაშობდნენ. მხოლოდ
ერთი ფრიად სასიამოვნო გარემოება კი უნდა მოვიხსენიოთ. დიდად სასიამოვნოდ
მიგვაჩნია, რომ ჩვენი ნიჭიერი არტისტი ბ-ნი აბაშიძე უფრო მეტს წარმატებაში
შედის. შარშანაც გვინახავს ამავე როლში, რომელსაც გუშინ ჰთამაშობდა და დიდი
განსხვავება შევნიშნეთ: ბ-ნი აბაშიძე უფრო მეტის ხელოვნებით, უფრო მეტის ჭკუით
ასრულებდა თავის როლს. კარგი იქნებოდა, რომ ბ-ნი აბაშიძე უფრო კიდევ კარგად
დაუფიქრდეს თავის თამაშობას, არ შეაყენოს თავის განვითარება და გაისწოროს
ზოგიერთი ნაკლულევანება, რომელიც დღემდინ კიდევ შეჰრჩენია. მაგალითად,
აქამდინ ვერ მოუშლია ის ცუდი ჩვეულება, რომ ზოგიერთ ადგილას არ გადააჭარბოს,
არ გადაამლაშოს ხოლმე. აი თუ გინდა ავიღოთ ის, როდესაც ბ-ნი აბაშიძე მესამე
მოქმედებაში უკან-უკან მიდის და ფეხით კარს აღებს. ფეხს ისე იქნევს, რომ სიცილსა
და ტაშსაც იწვევს თეატრში, მეტადრე ”ზემო სართულში”, ჭერთან ახლო რომ არის,
ჩვენ კი სწორედ გითხრათ, ცირკის ”კლოუნი” მოგვაგონდა. მართალია, ყველა ეს
წვრილმანია, მაგრამ კარგმა არტისტმა, არც წვრილმანები უნდა დასტოვოს
უყურადღებოდ.
ჯამბარაშვილის როლს ბ-ნი მაქსიმიძე თამაშობდა. ამ როლში წინად ჩვენ
გვინახავს ბ-ნი მოხევე. ბ-ნ მაქსიმიძეს პირდაპირ მოხევე აუღია მაგალითად და იმასა
ჰბაძავს. მასწავლებელი რა არის, რომ შეგირდი რა უნდა იყოს.
ჩვენ თეატრს ახალი არტისტი-ქალი შეუძენია, ქ-ბ-ნი ჩერქეზიშვილისა,
სამწუხაროდ დღეს ამ არტისტ-ქალზე ვერას ვიტყვით. ისეთი უფერული, უშნო
როლი ჰქონდა, რომ ძნელი იყო ან თვითონ მოთამაშეს თავისი ნიჭი გამოეჩინა, ან
ჩვენ შეგვენიშნა. მთელი როლი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი დადის სცენაზე და
ამთქნარებს. კარგი გამოცდილი, კარ სკოლაში გამოვლილი არტისტი უნდა იყოს, და
ამასთან პირისახის მოძრაობა კარგად უნდა ჰქონდეს შესწავლილი, რომ არტისტმა
ცოტად ფერი დასდოს ამისთანა უფერულ როლს. წინასწარ სჯას ისევ მოცდა სჯობია.
მაშ მოვიცადოთ, მანამ ეს არტისტი ქალი რომელსამე თვალსაჩინო როლში
გამოსცდის თავისთავსა და მაშინ დაწვრილებით გავაცნობთ მკითხველსა.
მაინცდამაინც ეს პირველი წარმოდგენა ისე მწყობრად ნათამაშები იყო
არტისტებისაგან, ისე ლაზათიანად თვალთათვის მოწყობილი, ისე რიგიანი, წესიერი,
რომ სასიამოვნოდ დაგვრჩა თეატრში ყოფნა. წარმოდგენა თავის დროზედ დაიწყო,
ანტრაქტებმა დიდხანს არ გვალოდინა და, წარმოიდგინეთ, არტისტებმა თავისი
როლებიც კი იცოდნენ! დიდ ხანია ეს სიკეთე ჩვენი არტისტებისაგან არავის გვენახა.
ყოველსფერში ეტყობა, რომ ჩვენის თეატრის საქმე მცოდნ კაცის ხელში ჩავარდნილა,

ჩვენდა სასიხარულოდ, და არამცთუ მარტო მცოდნე, თეატრის მოყვარე და
გულმოდგინე გამგებელიც ყოფილა. ყოველივე ეს დიდს იმედს იძლევა, რომ ჩვენი
თეატრი ფეხზე დადგება და ერთ უკეთესს გასართობად შეექმნება ჩვენს მოწყენილს
საზოგადოებას. ღმერთმა ჰქმნას... თუ დასაწყისი თავმდებია შემდეგისა, ჩვენ
სიხარულით შეგვიძლიან ეს ვთქვათ, რომ ეს პირველი წარმოდგენა ბევრს სასიამოვნო
კეთილს გვიქადის სამერმისოდ და თუ ამ პირველის წარმოდგენის გამო ქვების ტაში
ვისმე სამართლიანად ერგებოდა, ეგ თეატრის ახალს დამწყობთა და გამგებელთა
უნდა ერგოს. იმედია, თუ საქმე ასე რიგიანად და წესიერად წავიდა, ჩვენს თეატრს
მაყურებელი არ დააკლდება და საზოგადოებაც ყოველთვის სასიამოვნო დროდ
ჩასთვლის ორ-სამს საათს, თეატრში გატარებულს.
[1886 წ., 16 სექტემბერი]

<თეატრის როლი ერის ცხოვრებაში>
ტფილისი, 2 ოქტომბერი

ჩვენს თეატრს მართალის თეატრის ფერი დაედვა მას აქეთ, რაც მისი საქმე
თავს იდვა ჩვენმა დრამატიულმა საზოგადოებამა. თვითონ დარბაზი თეატრისა
უფრო ფაქიზად და თვალთა სასიამოვნოდ იყურება, ვიდრე უწინ, სცენის
მოწყობილობა და მორთულობა ლაზათიანია, არტისტები სცენაზედ კარგად და
მართებულად იცმენ და იხურვენ და მაყურებელს თვალში აღარ ეხიჩრება დახეული
შარვალი, ტალახიანი ჩექმები და სხვა ამისთანა ხელდახელ ნაშოვნი, მიბლანდულმობლანდული სამკაული. წარმოდგენის მიმდინარეობას რიგიანობა და წესიერება
ეტყობა, მოთამაშედ ჩვენნი უკეთესნი არტისტები არიან მოწვეულნი. ყოველივე ეს
ცხადად გვარწმუნებს, რომ ეხლანდელ მეთაურთ თეატრისა მარჯვედ და ცნობიერად
ჩაუკიდნიათ ხელი ამ ფრიად დიდ საქმისათვის, რომელსაც ჩვენ ჩვენის ერის
ცხოვრებაში დიდს მნიშვნელობას ვაძლევთ. ქართული თეატრი ქართველთათვის
ბევრის სიკეთის მომასწავებელია. ამ სიკეთის ჩამოთვლა საჭირო არ არის მისთვის,
ვინც ჩვეულია საგანს ყოველის მხრით და მრავალ კერძოდ ჩაუკვირდეს ადგილისა,
დროისა და გარემოების წინამძღოლობითა. თეატრი ბევრს შემთხვევაში მარტო
ხელოვნების მსახური არ არის. ადგილი, დრო და გარემოება მას ზოგჯერ სხვა
სამსახურსაც კისრად სდებს და ამ მხრით თეატრი დაუფასებელი რამ არის და ჩვენ არ
ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ეგრე გამარჯვებულად, სასწრაფოდ
და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და
მოძრაობაზედ. ამიტომაც დიდი ღვაწლია ჩვენ წინაშე იმათი, ვინც ჩვენს თეატრს წინ
წაუძღვება და მის მრავალგვარს მნიშვნელობას ყოველმხრივ გზას გაუკაფავს და
გაუხსნის. ამის იმედს, ამის თავდებობას გვაძლევს იგი გარემოება, რომ დღეს ჩვენის
თეატრის საქმე მარჯვე კაცების ხელშია, რომელთაც ეს ჩვენთვის მრავალგვარი
დანიშნულება თეატრისა ჩვენზედ უკეთესად ესმით და, მაშასადმე, თეატრის საქმეს
წარმართავენ იმოდენად კარგად, რამოდენადაც კი ადგილი, დრო და გარემოება
მოითხოვს და შეიწყნარებს.
ხოლო სამწუხარო ეს არის, რომ ჩვენი ეგრედ წოდებული მაღალი
საზოგადოება როგორღაც ჰთაკილობს ქართულს თეატრს და მეტისმეტად
გულგრილად ექცევა. აი რამდენიმე წარმოდგენა იყო და არც ერთხელ არც ერთი
იმათგანი არავის უნახავს თეატრში. ბევრი გაოცებული იკითხება: როცა ჩვენი

თეატრი ასე გამოკეთდა, რას უნდა მიეწეროს იმათი თეატრში არყოფნაო? იმათს
მართლადა ”არაყოფნას” და სხვას არაფერს, – და თუ ჩვენ ეს სამწუხარო ამბავი აქ
მოვიხსენიეთ, მარტო მისათვის, რომ გვეთქვა: ჩვენს თეატრს მარტო ღარიბი ხალხი
ინახავს, მარტო ეგრედ წოდებული მდაბიო ხალხი, რომელიც ამ შემთხვევაში,
როგორც ბევრს სხვაში, უფრო გულშემატკივარია, უფრო მგრძნობიერია, უფრო
ხელის შემწყობია და სულისა და გულის საქმის უფრო მიმდევარია, უფრო ამყოლი.
ამ გარემოებამ ჩვენს საზოგადოებაში დაჰბადა ერთი აზრი, რომელსაც
იმოდენად საკმაო და ჩასაფიქრებელი საბუთი მიუძღვის, რომ დანაშაულობა იქმნება
ყური არ ვათხოვოთ. ამბობენ: რაკი ესე სამარცხვინოდ ზურგი შემოაქცია ჩვენს
თეატრს შეძლებულმა წრემ ჩვენის საზოგადოებისამ, თვითონ თეატრმაც ზურგი
შეაქციოს იმათაო და ჩვენი თეატრი საერთო თეატრად გადავაქციოთ საკუთრივ
იმათთვის, ვისაც, ვითარცა დღისის მუშაობით დაღალულს და დაქანცულს, სულისა
და გულის ჭეშმარიტი გასართობი, ადამიანურად დროის გატარება და სიამოვნება
სწყურიან და ეჭირვებაო. ეს აზრი იქნება ძნელად აღსასრულებელი იყოს, რადგანაც
მისის განხორციელებისათვის საჭიროა სულ სხვა რეპერტუარი იქონიოს ჩვენმა
თეატრმა, სულ სხვა საფუძველი და მიმართულება მიეცეს ეხლანდელ მის
მოქმედებას და თვითონ ფასები თეატრში შესვლისათვის უფრო შემცირებულ იქმნას,
ხოლო არავინ იტყვის, რომ ეგ აზრი სახეში მისაღები არ იყოს, არ იყოს გასაკითხი
ყოველმხრივ და კარგად და დალაგებით გამოსარკვევი. ეს აზრი, ჩვენის ფიქრით,
იმათა ჰღირს, რომ კაცი ღრმად ჩაუკვირდეს და, თუ რამ მოევლება, მოევლოს და
ეშველოს. რასაკვირველია, პირველი სიტყვა ამ რთულს საგანზედ იმათ ეკუთვნის,
ვინც თეატრის საქმეს ახლო უდგანან და ვინც, მაშასადამე, ყოველს წვლილს ამ
აზრისას გამოცდილებით გაზომავს და ამ გამოცდილებაში მოუპოვებს სამართლიან
საბუთსა, ჰოსა თუ არასა.
[1886 წ., 2 ოქტომბერი]

ქართული თეატრი
<ზოგიერთი დადგმის შესახებ ქართულ
სცენაზე>
გუშინდელი დღე ვერაფერ ბედნიერ დღედ ჩაითვლება ჩვენის თეატრისათვის,
თუმცა ”ბედნიერ დღეს” კი თამაშობდნენ; ხალხი გაცილებით ნაკლებ დაესწრო
გუშინდელ წარმოდგენას, ვიდრე წარსულ კვირას, თუმცა გუშინდელ ნათამაშევ
პიესას გამოჩენილის ოსტროვსკის სახელი ჰქონდა მოწერილი და წარსულ კვირას
ნათამაშევს კი ა. ცაგარელისა. რას მოასწავებს ესა? რას უნდა მივაწეროთ ეს
გარემოება? ნუთუ იმას, რომ ჩვენს ხალხს თეატრი ჯერ ვერ შეყვარებია, რომ ჩვენი
ხალხი თეატრში სიამოვნებას ვერა ჰპოულობს? არა, დიდი შეცდომა და ცოდვა იქნება
ვსთქვათ, რომ ჩვენი ხალხი მოკლებულია ამგვარს გრძნობასაო. არა, ვიმეორებთ, ეს
ცილისწამება იქნება და ამის დასამტკიცებელი საბუთი წარსული კვირაა. წარსულს
კვირას ითამაშეს ა. ცაგარელის პიესა ”ხანუმა”: თეატრი თითქმის სავსე იყო, ხალხი
ბლომად მოვიდა, ყველას დიდი მხიარულება და სიამოვნება ეტყობოდა. რათა?
იმიტომ რომ ”ხანუმა”. ავია თუ კარგი, ჩვენის ცხოვრების სურათია, ჩვენის ცხოვრების
ღვიძლი შვილია; ამ პიესაში დახატული ცხოვრება ჩვენთვის ყველასათვის ადვილი

მისახდომია, ადვილად შესათვისებელი და ყველას გულში გვხვდება: ხანუმა, აკოფა,
თავადი ფანტიაშვილი – სულ ჩვენები არიან, ჩვენის ენით ლაპარაკობენ; ამათი
ლაპარაკი, დარდი, მხიარულება, ამათი ავი და კარგი, ნაკლი და ღირსება გვესმის,
არც გვეუცხოება, – ყველა ეს ჩვენის თვალით გვინახავს, ჩვენის ყურით გაგვიგონია.
აი ამიტომ თავს იყრის ხოლმე დიდძალი ხალხი ამგვარ წარმოდგენაზე, აი ეს
გარემოება იზიდავს ხალხს თეატრში. მოსაწონია თუ არა მაჭანკალ-ხანუმას
ოინბაზობა, მატყუარობა, აკოფას ლოთიბაშობა და ქეიფობა, ფანტიაშვილის
სასაცილო და არასაქებური საქციელი, – ეს სულ სხვა საქმეა, ამას ყველა ისე გასჯის,
როგორც ჭკუა და გონება უჭრის, როგორც განათლება, გონების განვითარება,
ზნეობის სიდიდე ხელს უწყობს. ასე თუ ისე ამგვარი სურათები მაინც დააფიქრებს
კაცსა, სამუშაო მასალას მისცემს მის გონებას.
ყველა ამით ჩვენ იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ქართულ თეატრს მაგარი
ზღუდე შემოევლოს, ჩინეთის კედელი შემოერტყას და სხვა ენებიდამ ნათარგმნი
პიესები სრულიად განიდევნოს ჩვენის სცენიდამ. არა, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. ჩვენც
გვესმის, რომ საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ, თეატრის შემწეობით, უცხო ქვეყნების
ცხოვრებაც გაიცნოს, კლასიკურ მწერლების მაღალი აზრებიც შეიტყოს. ვინ იტყვის,
რომ ეს დიდად სასურველი არ იყოს, მაგრამ აქ ორი გარემოებაა სახეში მისაღები: ჯერ
ერთი, რომ მომეტებული ნაწილი ნათარგმნ პიესებისა სრულებით უვარგისია.
მართლა- და საკვირველია, ღმერთმანი! თითქოს განგებ იმისთანა პიესებს
სთარგმნიან, რომელთაც თითქმის არავითარი ღირსება არა აქვთ, მერე, რა ენით?
ავიღოთ, მაგალითად, ჯიაკომეტის ტრაგედია ”დამნაშავეს ოჯახი”, იმას ნუღარ
ვიტყვით, რომ მთარგმნელს სულითაც და ხორცითაც დაუტანჯავს პიესის ავტორი და
ქართული ენაც. ვიკითხოთ ისა, რას წარმოადგენს თვითონ პიესა? – გულის
გასაწვრილებელ მელოდრამას, რომელიც თაფლის კვერივით გულს უბლანდავს კაცსა
და გონებას კი ბევრ ვერაფერ საზრდოს აძლევს, მეტადრე ჩვენს ქართველის გონებას.
ან კიდევ გუშინდელი პიესა ოსტროვსკისა! განა ამ გამოჩენილის მწერლის კალამს
სხვა უკეთესი არა დაუწერია რა, რომ არ გადმოეთარგმნათ ”ბედნიერი დღე”, პიესა,
რომელიც თვით რუსებსაც არ მოსწონთ, თუმცა ორის დრამატურგის, ოსტროვსკისა
და სოლოვიოვის, სახელიც აწერია. თუ თვითონ რუსებს, რომლის ცხოვრებაც
აწერილია პიესაში, არ მოსწონთ, ნეტა ქართულის თეატრისათვის რაღა განძი უნდა
იყოს!
მეორე გარემოება უფრო კიდევ მეტად ყურადღების ღირსია. საქმე იმაშია, რომ
მარტო ბუნებით ნიჭი საკმაო არა არის, რომ არტისტმა გადმოღებულს პიესაში თავი
თუ არ იჩინოს, რიგიანად მაინც შეასრულოს თავისი როლი. არტისტს აქ მეტი ცოდნა,
გამოცდილება, ხელოვნება, გონების განვითარება, ხელთმძღვანელობა უნდა;
არტისტს თუ არ უნახავს, წიგნებიდამ მაინც უნდა ჰქონდეს შესწავლილი სხვა
ცხოვრება, ჩვეულება. ამას ჩვენ. სამწუხაროდ, ყურადღებას არ ვაქცევთ: თითქოს
არტისტი მარტო რაღაც ზეგარდმო შთაგონებით ყველაფრის თამაშობას შეიძლებსო.
ეს, რასაკვირველია, დიდი შეცდომაა.
ვიმეორებთ, არტისტებს, რომელნიც დღეს ჩვენს სცენაზე მოღვაწეობენ, ნიჭი
აქვთ და ეტყობა, სურვილიც, რომ რიგიანად აასრულონ თავიანთი მოვალეობა,
მაგრამ, როგორც ზემოდა ვსთქვით, მარტო ნიჭი და სურვილი საკმაო არ არის, რომ
გადმოთარგმნილ პიესებში კარგად ითამაშონ; მარტო სურვილი, კეთილი განზრახვა
არა კმარა, რომ კაცმა საქმე შეასრულოს, უნდა კაცს ამის შეძლებაც ჰქონდეს, ძალი და
ღონეც მოსდევდეს. მოიპოვება დღეს ჩვენს მუდმივ ტრუპაში ამოდენა ძალა?
პირდაპირ ვიტყვი, არა. გარდა აბაშიძისა და ალექსეევ-მესხიევისა კაცებში და

აბაშიძე-საფაროვისა ქალებში, რომელთაც ცოტაოდენი ცოდნა, გამოცდილება და
ხელოვნება მოსდევთ, დანარჩენს ვერავის ვუჩვენებთ ჩვენს ტრუპაში, რომ
გადმოთარგმნილ პიესებში ხეირიანად შესძლოს თამაშობა და გააწყოს რამე.
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, გუშინდელი წარმოდგენა სრულიად
ამართლებს ჩვენს სიტყვებს. ვინ იტყვის, რომ გაბუნია-ცაგარელისა და აწყურელი
ნიჭიერი არტისტები არ არიანო? ჩვენ დიდს პატივსა ვცემთ ამ არტისტების ნიჭსა.
მაგრამ როდის და სად იჩენენ ესენი თავიანთს ნიჭსა? მაშინ და იქა, როდესაც ჩვენის
ცხოვრებიდამ დაწერილს პიესაში ჰთამაშობენ. იმ ცხოვრებიდამ, სადაც თვითონ
აღზრდილან. სადაც ყველაფერი თავიანთ თვალით უნახავთ, თავიანთ ყურით
გაუგონიათ და ყოველი ნანახი და გაგონილი, როგორც ნიჭის პატრონებს, კარგად
შეუთვისებიათ და შეუხორცებიათ.
აბა, ახლა გუშინდელ წარმოდგენაზე გენახათ ეს არტისტები! ქ-ტონ გაბუნიაცაგარელისა ”პოჩტმეისტერის” ცოლის როლს ჰთამაშობდა. განა ჰგვანდა ქ-ტონი
გაბუნია იმ ”პოჩტმეისტერის” ცოლსა, რომელიც ყველას, ვინც კი რუსეთის ცხოვრება
იცის, ცოცხლადა ჰყავს თვალწინ წარმოდგენილი? დიახ, ჰგვანდა, თუ გნებავთ,
მაგრამ ჰგვანდა იმიტომ, რო რუსული კაბა ჩაეცვა და თავი რუსულად გააკეთებინა.
აბა, აქვე, ამის მაგიერ, ქართულად თავი დაეხურა და შავს წარმოსასხმელში
გამოსულიყო: მაშინვე ისევ იმ ხანუმას წარმოიდგენდით, რომელიც წარსულს
კვირასა ჰნახეთ! ბ-ნი აწყურელი მოხელეს, ჩინოვნიკის როლში, ვინ იტყოდა, რომ ეს
ის აწყურელია, რომელსაც კინტოების, ბაზაზხანის ბიჭების როლში აღტაცებაში
მოვყევართ თავის ნამდვილის არტისტულის თამაშობით? ჩვენ წინ იდგა უფერული,
თითქმის სრულიად გამოუცდელი მოთამაშე.
ახლა შეადარეთ ამ არტისტის თამაშობას ბ-ნ ალექსეევ-მესხიევის მშვენიერი
თამაშობა. ბ-ნი ალექსეევი-მესხიევი ექიმის როლს თამაშობდა, ჯერ ერთი, რომ
ნამდვილი ექიმის სახე გაეკეთებინა, მერე შეგეხედნათ, როგორ მშვენივრად
ჰთამაშობდა. ყველაფერში ეტყობოდა, რომ არტისტს კარგად შეუსწავლია,
შეუთვისებია, სრულიად ესმის, იცის ის როლი, რომელსაც ჰთამაშობს. მეტადრე
მეორე მოქმედებაში, რა მ ადლიანად, რა ნამდვილის არტისტულის გრძნობით
წარმოსთქვა პატარა მონოლოგი: ”შევდივარ, შევცურავ ცხოვრებაში...” სცენაზე
ნამდვილს საქმის მცოდნე არტისტს ჰხედავდით.
ბ-ნ გუნიას, ჩვენი ფიქრით, ვერ გაუგია ”პოჩტმეისტერის” როლი. მართალია,
პიესაში ისეა გამოყვანილი, თითქოს ამ კაცს ამ ქვეყნისა არა ესმის რა, ცხოვრებაში არა
გაეგება რა, არაფერი აფიქრებს და აწუხებს, მაგრამ არც ისე უსისხლო და უხორცოა,
არც ისე სიცოცხლეს მოკლებულია, როგორც ბ-ნმა გუნიამ გუშინ დაგვიხატა. ავიღოთ,
მაგალითად, ის, როდესაც ”პოჩტმეისტერი” გაზეთებს შემოჰჯდომია, ჩაჰფიქრებია
რუკას და გაფაციცებით არდაგანს ეძებს და სწუხს, რომ ვერ უპოვნია. რას შვრებოდა
გუშინდელს წარმოდგენაზე ”პოჩტმეისტერი” – გუნია? ისე უგულოდ ჩასცქეროდა
გაზეთს, რუკას, ისე დუდუნებდა, რომ თითქოს ამისთვის სულერთია, ვიპოვნი
არდაგანს თუ არა, და თითქოს გაზეთსაც ისე, ”ფორმის” გულისთვის კითხულობსო.
შარშან ამავე როლში ბ-ნი საბუელი ვნახეთ. ბ-ნი საბუელი სულ სხვანაირად
თამაშობდა. დღესაც თვალწინ გვიდგა ყბადასაღები პოჩტმეისტერი – საბუელი. უნდა
გენახათ, როგორ თვალდაცეცებით დაეძებდა ქარტაში არდაგანს და მერე რა
სიხარული გამოეხატა სახეზე, როდესაც იპოვა. გარდა ამისა, ბ-ნი საბუელი სახის
გამომეტყველებით გვაჩვენებდა, რომ მას აღელვებს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს
გაზეთის კითხვა, ჩვენის ფიქრით, ბ-ნ საბუელს უფრო უკეთესად ჰქონდა
შეთვისებული ”პოჩტმეისტერის” როლი, ვიდრე ბ-ნ გუნიას. საქმე იმაშია, რომ

”პოჩტმეისტერს” მართლა არაფერი აწუხებს, ყველას გულგრილად უცქერის, რაც მის
გარშემო ხდება, მაგრამ ეს კაცი სრულიად გაქვავებული არ არის: ერთის აზრით ესეც
არის გატაცებული, გაზეთის კითხვას სულითა და გულით ეძლევა. როდესაც კაცს
რომელიმე საქმე ასე გატაცებით, თავდავიწყებით უყვარს, ძნელი წარმოსადგენია,
რომ აქ მაინც ცოტაოდენი სიცოცხლე არ გამოიჩინოს.
აგრეთვე, ვერ მოუვიდა კარგად წარმოდგენა ბ-ნ გუნიას მეორე მოქმედებაში,
როდესაც გენერალთან შემოდის. მართალია, კაცს შიშისაგან ხმა აუკანკალდება
ხოლმე, ხშირად ენაც ებმება, მაგრამ არც ისე კი, რომ ცოდვიანივით ენის ლუღლუღი
დაიწყოს. ბ-ნ გუნიას ვურჩევთ მაგალითი ბ-ნ აბაშიძისაგან აიღოს, რომელიც ამგვარ
სცენებში მართლა რომ შეუდარებელია. ერთი ნაკლულევანება აქვს კიდევ ბ-ნ გუნიას:
ენას როგორღაც უკიდებს, ხშირად სისინი გამოისმის ხოლმე. მეტადრე გუშინ ყურს
როგორღაც ეჩოთირებოდა, ეხმაუხებოდა, როდესც მოხუცებული, თმაგათეთრებული
”პოჩტმეისტერი” ხანდახან ყმაწვილივით ენას უკიდებდა ხოლმე.
[1886 წ., 6 ოქტომბერი.]

<ქართული თეატრი და მაყურებელი>
ტფილისი, 17 ოქტომბერი

გუშინდელს ”ივერიაში” მოყვანილია ცნობა, რომ ქართულს თეატრში ხალხი
ბევრი არ დადისო, დრამატიულმა საზოგადოებამ უკვე იზარალა ორმოცდახუთი
თუმანი ერთის თთვის განმავლობაში და თუ ახალ სახსრად მოგონილმა
აბონემენტმაც არ გასჭრა, შენი მტერი იქნება ჩვენის თეატრის საქმეო.
ეს ფრიად საყურადღებო, გულსატკენი და ამასთანავე სამარცხვინო ამბავია.
რას უნდა მივაწეროთ ასეთი გულგრილობა ჩვენის საზოგადოებისა, გულგრილობა,
რომელიც
დანაშაულობად
და
ცოდვად
ადვილად
ჩასათვლელია,
თუ
ჩავუფიქრდებით რა არის ერისათვის თეატრი და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს მას ჩვენთვისა, დიაღ, ჩვენთვისა, ჩვენთვისა!...
ზოგიერთის წინდაუხედავს ავყიაობას რომ ავყვეთ, იმ ავყიაობას, რომელსაც
ყოველ ამისთანა სამწუხარო საკითხავზედ ერთი და იგივე პასუხი აქვს ხოლმე
წინადვე მომზადებული, ვიტყოდით გაცვეთილს ფრაზას: საქმე კარგად ვერ მიჰყავთ,
თორემ საზოგადოება როგორ არ მიეშველებოდაო, – და ამით ჩვენ თავსაც
მოვატყუებდით და სხვასაც თვალებს ავუბამდით. მაგრამ ამის თქმა ცოდვაა, ცოდვაა
იმით, რომ აშკარა ტყუილი იქნება. დრამატიულმა საზოგადოებამ, რომელმაც კისრად
იდვა ჩვენის თეატრის საქმე, დიდ მხნეობა გამოიჩინა თეატრის კარგ გზაზედ
დაყენებისათვის, დიდი შრომა და ჯაფა შეალია ზედ. ამ მხნეობამ, შრომამ და ჯაფამ
ამაოდ არ ჩაიარა: ჩვენი თეატრი დღეს მართალს თეატრსა ჰგავს ყოველისფრით.
თვალისათვის საკმაოდ ფაქიზად და ლამაზად მომართულია. გინა სცენის
მორთულობა აიღეთ, გინა დეკორაციები, გინა არტისტების ჩაცმა-დახურვა
სცენაზედ, გინა წესი და რიგი წარმოდგენების მიმავლობისა – ყველა ეს იმოდენად
კარგია და მართებული, რომ გვიკვირს კიდეც, ამ მოკლე ხანში როგორ შესძლო
დრამატიულმა საზოგადოებამ, რომ ამ მხრით ესე მალე განაკარგა თეატრის საქმე. ამ
მხრით თეატრის საქმის განკარგება მით უფრო დიდ ღვაწლად გამოჩნდება, თუ
გავიხსენებთ, რა იყო ჩვენი თეატრი ამას წინად. გარდა ამისა დრამატიულის

საზოგადოების მხნეობამ და განმჯელობამ თავისი მარჯვე ხელი დაატყო თვით
შინაგანს მხარესაც თეატრისას. უკეთესნი არტისტები მოწვეულნი ჰყავს, არტისტები
კარგად მომზადებულნი გამოჰყავს სცენაზედ, როლები არამც თუ იციან მარტო,
არამედ ეტყობათ კიდეც, რომ დაჰფიქრებიან, გაუგიათ, უცვნიათ, შეუთვისებიათ
თვითონ როლების მნიშვნელობაცა პიესაში. მართალია, ცოტაოდნად რეპერტუარი
ჰღალატობს, ზოგჯერ უფერულს და ხშირად ნახულს პიესას გვაყურებინებენ ხოლმე,
მაგრამ ნუთუ ეს ბრალად უნდა დაედვას დრამატიულს საზოგადოებას! აქ
დრამატიული საზოგადოება არაფერს შუაშია იმიტომ, რომ რეპერტუარის სიმდიდრე,
სიკარგე, განახლება – ყოველივე ეს მწერალთა საქმეა და მწერალნი კი, ჩვენად
საუბედუროდ, ჯერხანად არსად სჩანან. გაუჩენელს დრამატიული საზოგადოება ვერ
გააჩენს და თუ ამ მხრით რაიმე ესაყვედურება, მარტო ისა თუ, – სადმე მწერალი იყოს
და დრამატიულმა საზოგადოებამ გზა არ მისცეს, ხელი არ მოუმართოს, წინ
გადაეღობოს. აბა სად არიან ამისთანა მწერალნი? აბა დაუწერია ვისმე იმისთანა პიესა,
რომლის გამო კაცს ნება ჰქონდეს შეჰსწამოს დრამატიულს საზოგადოებას, რომ
მიდგომით პიესა დაიწუნაო და წარმოსადგენად უარჰყოვო!.. აკი მოგახსენებთ,
დრამატიულს საზოგადოებას ამ მხრით ბრალი მაშინ დაედებოდა, თუ რომ ან
მწერალი იყოს და ხელს უცარავდეს, გზას არ აძლევდეს, ან პიესები რამ იყოს და იგი
მიდგომით კარგს უკან აყენებდეს, ცუდს ირჩევდეს, ანუ ახალს სდევნიდეს და ძველსა
ჰრჩეობდეს განგებ, რაისამე ანგარიშით. აქ თუ დანაშაულობაა რამე, ჩვენს საზოგადო
ვითარებას და გარემოებას უნდა დაჰბრალდეს, ესე იგი იმას, რის შეცვლაც და
შესწორებაც დრამატიულ საზოგადოების ხელთ არ არის, რაც უნდა დიდად
მოიწადინოს. უმადურობა იქნება ჩვენ მიერ, არა ვთქვათ, რომ ამ მხრითაც
დრამატიული საზოგადოება თვის მზრუნველობას არა ჰზოგავს და რაც
შესაძლებელია სცდილობს ამ მხრითაც საქმეს ეშველოს რამე.
მაშასადამე, ის ყველგან წამოსაჩხირებელი და გაცვეთილი ფრაზა, რომ ვერ
ირჯებიან საქმის მოთავენიო და ამიტომაც საზოგადოებამ თეატრზედ გული
აიცრუაო, ვითარცა ქარის მოტანილი, ქარმავე უნდა წაიღოს. ეს ფრაზები მივაჩემოთ
იმათ, ვისაც თავი და ბოლო ვერ გაუგია, ვერ გამოურკვევია და იმის საჩვენებლად,
რომ ”მეც ნახირ-ნახირო”, საცა არ გინდათ, ამისთანა ფრაზას ჩამოაჩხირებს ხოლმე.
მაშ რა უნდა იყოს მიზეზი ჩვენი საზოგადოების ასეთი საქციელისა, რომ თეატრში არ
დაიარება? ნუთუ ისა, რომ დახშული აქვთ გრძნობა სასიამოვნო გართობისა, სულისა
და გულის ერთნაირად მარგებელისა, ერთნაირად დამატკბობელისა, ერთნაირად
აღმზრდელისა და წარმართველისა!.. ნუთუ ჩვენი საზოგადოება იმის წყურვილს
მოკლებულია, რომ კვირაში ერთხელ თუ ორჯელ მაინც ერთს საჯარო ადგილას
თავისი თავი ჰნახოს, ერთი-ორიოდ საათი მართალს ადამიანურს სიამოვნებას მიეცეს
და ცხოვრების საყოველდღეო ჭუჭყს და ვალალებას ცოტას ხნობით მაინც თვალი
მოაშოროს!.. არა გვგონია, რომ ეს მართებული გრძნობა, რომლითაც ადამიანი
პირუტყვთაგან განირჩევა, რომლითაც ადამიანი მართლა ადამიანობს, ჩვენ გულშიაც
ისე არ იყოს ბუნებისაგანვე ჩანერგილი და თანდაყოლილი, როგორც სხვისაში. თქმა
არ უნდა, რომ მეტ-ნაკლებობა ამა გრძნობისა დამოკიდებულია განათლებაზე,
გონების გახსნილობაზე და სულის და გულის რიგიანად, ადამიანურად
გაწვრთნილობაზე, ხოლო ხელაღებით უარყოფა მისი, ხელაღებით თქმა, რომ
ადამიანს ეს გრძნობა, ცოტად თუ ბევრად. არა აქვსო, მეტისმეტი აშკარა ტყუილი
იქმნება და არ მისატევებელი შეცდომა.
მაშ რა აბრკოლებს ჩვენს საზოგადოებას? უფულობა? ამას ცოტაოდენი
საბუთი აქვს და ამიტომაც გვინდა ჩვენის დრამატიულის საზოგადოების ყურადღება

ამ საგანზედ მივაქციოთ. თეატრში შესასვლელი ფასი, ჩვენის ფიქრით, დიდია. ჩვენი
ჯიბე გაუჭირებლად ვერ გაუძღვება მაგოდენა საფასურსა. თეატრში მოსიარულე
საზოგადოება იმოდენად პატარაა ჯერხანად მაინც, რომ ძნელად საფიქრებელია ამ
პატარა წრემ შეინახოს თეატრი. დღეს თეატრში თითქმის ერთი და იგივე ხალხი
დადის და მაშასადამე თეატრის შესანახავი ხარჯი მთელის თავის სიმძიმით ამ
პატარა წრეს აწევს ტვირთად და ეს ტვირთი ძნელი გასაძღოლია ერთისა და იმავე
ჯიბისათვის. ფასებს დაკლება უნდა. ამ გზით საიმედოა, რომ თეატრში მოსიარულე
ხალხი იმატებს და ვინც შეუძლებლობის გამო დროგამოშვებით დაიარება დღეს, იმას
გაუადვილდება ეს ერთადერთი საჯარო ადამიანური სიამოვნება ჩვენში უფრო
ხშირად იგემოს. ჩვენა გვგონია, რომ უფრო ბევრი შემოსავალი ექნება დრამატიულ
საზოგადოებას, თუ ლოჟებს, სელებს და სკამებს ფასები დაუკლო ერთის მეოთხედის
ოდენად. ლოჟები, მაგალითებრ, ოთხ მანეთად გაჰხადოს, დახურულ და განაპირა
ლოჟებს გარდა, პირველის რიგის სელები, ანუ სავარძლები ორ-ორ მანათად, მეორისა
და მესამისა – მანათნახევრად, მეოთხისა და მეხუთისა – მანათად, სკამები ნახევარი,
სახელდობრ, წინა რიგებისა – თხუთმეტ შაურად და დანარჩენები – ათ შაურად. ამ
სახით, თუ არა ვცდებით, სავსე თეატრის შემოსავალი ოცდაათს თუმანს დაიჭერს.
მართალია, ეხლანდელი ფასების მიხედვით, სავსე თეატრის შემოსავალი
ორმოცდაორ თუმანს იჭერს, მაგრამ ეგ შემოსავალი ყინულზე დაწერილია; თუმცა
სასურველია, მაგრამ ტყუილი იმედია. უფრო საიმედოა ცოტ-ცოტაობით
მრავალთაგან უფრო რიგიანი ჯამი დადგეს, ვიდრე თითო-ოროლისაგან ბევრბევრობით. დამტკიცება არა სჭირია, რომ როცა რაშიმე გამოსაყენი საგანი იეფია,
უფრო ბევრს მუშტარს მიიზიდავს და ათისაგან თითო გროში აღებული უფრო მეტს
ჯამს დაიჭერს, ვიდრე ერთისაგან მთელი ხუთი გროში. რასაკვირველია, ეს ანგარიში
თავს არ დაიჭერდა, თუ რომ იმედი იქნება თეატრი ყოველთვის სავსე იყოს. როდესაც
ეს ასე არ არის და დღევანდელი შემოსავალი თეატრისა ძნელად თუ თორმეტსხუთმეტს თუმანს გადაემეტება ხოლმე, მაშინ რომ თეატრის შემოსავალი სათუო
ორმოცდაორ თუმნიდან უფრო საიმედო ოცდაათს თუმანზედ ჩამოახდინონ, – მოგება
იქნება და არა ზარალი. თუნდაც ფასების დაკლებამ ეხლანდელს ნამდვილს
შემოსავალს არც კი გადააჭარბოს და იმოდენა ჯამი დააყენოს, რაც ეხლაა დიდის
ფასების დროს, ხალხის იეფობის გამო სიმრავლე გულს მაინც გაუკეთებს როგორც
მოთამაშეებს, ისე თვით მაყურებლებსაც. ამისთანა გარემოებასაც თავისი სიკეთე
მოაქვს თეატრის საქმეში. იქნება ამ ჩვენმა რჩევამ თავი არ დაიჭიროს, თუ კაცი
ყოველს წვლილს ამ საქმისას სახეში იქონიებს. რა თქმა უნდა, ამ მხრით
დრამატიული საზოგადოება ბევრით ჩვენზედ წინ არის, რადგანაც საქმეს იგი შიგ
სათავეში უდგა და მაშასადამე, ყოველ მხრივად და დაწვრილებით ჩვენზედ უკედ
იცნობს. ჩვენ მის გამოცდილებას და საბუთიანობას უფრო ვენდობით, ვიდრე ჩვენს
ზემოხსენებულს ანგარიშსა, მხოლოდ სასურველი კია, – როგორც ამას წინადაც
ვსთქვით, – რომ ჩვენის თეატრის საქმე ამ მხრითაც აწონვილ-დაწონვილ იქმნას და
გამორკვეულ.
[1886 წ., 17 ოქტომბერი.]

ქართული თეატრი
<ბარბარე ჯორჯაძის პიესა ”რას ვეძებდი

და რა ვპოვე”>
სცხოვრობს სოფელში ერთი ხანშიშესული, ძველებური, ქვრივი თავადიშვილი.
მამული გაუოხრებია. მთელი თავისი ცხოვრება გაუფლანგავს და აი, ეხლა ზის
გაღარიბებული, გაღატაკებული და ჰფიქრობს, თავს რითი ვუშველოვო. მაგრამ რა
დიდი ფიქრი უნდა! ამის წამალი დიდი ხანია მოგონილია: მოდის ჩვენი
თავადიშვილი ქალაქში, ეძებს ცოლს, რასაკვირველია, მდიდარს, რომ ამის ფულითა
და მზითვით საქმე გაიკეთოს. ეს საქმე, რასაკვირველია, უმაჭანკლოდ არ
მოხერხდება. მაჭანკალი დატრიალდა თავისებურად, ატყუებს ვაჟსაც და ქალსაც და
ბოლოს თვითონაც სტყუვდება, გასამრჯელოს არ აძლევენ. გაჯავრებული მაჭანკალი
ყოველ ღონისძიებას ჰხმარობს, რომ საქმე ისევ ჩაშალოს, მაგრამ ვერ მოუხერხებია რა:
აბა ჯვარდაწერილებს ხომ ვეღარ გაჰყრის, თუმცა მოტყუებული თავადიშვილი
დიდად მოხარული იქნებოდა, თავი დაეხწია და თავის ახალ ცოლს შორს სადმე
გაჰქცეოდა. საქმე იმაშია, რომ თავადიშვილი, რასაც ეძებდა, ის ვერა ჰპოვა: ამას
უნდოდა, რომ ცოლის მთელი შეძლება და ქონება თავის სახელზე დაემტკიცებინა,
მაგრამ ცოლი დიდ უარზე დაუდგა. არ ვიცით საქმე რითი გათავდებოდა, რომ ორი
მოულოდნელი გარემოება, როგორც ევროპიელების პიესებში Deus ex machina,
საქმეში არ ჩარეულიყო. ჯერ მოვიდა თავადიშვილის მოურავი და ამბავი მოუტანა,
რომ შენი ცოლი ტყვეობიდამ დაბრუნდა და სოფელში მოუთმენლად გელისო.
აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეფე ქვრივი არ ყოფილა. ამის ცოლი თურმე შვიდი წელიწადია
ლეკებში ტყვედ ყოფილა წაყვანილი და აი, ეხლა თავი დაუხსნია და თავის ქმართან
დაბრუნებულა. მინამ მოურავი ამას იტყოდა, ფოსტალიონს წერილი მოაქვს
თავადიშვილთან, შვილი, რომელიც რუსეთში იყო სასწავლებლად წასული, წერდა
მამას, რომ ცოლი შევირთე და 20 ათასი თუმანი მზითვად ავიღეო. გახარებული
თავადიშვილი თავს ანებებს თავის ახალს ცოლს და შინისკენ მიეშურება. საწყალი
ქალი, ახალი ცოლი, გაშტერებული, გულჩათუთქული რჩება, მაჭანკალი და მიკიტანი
– ბიძა ნიშნს უგებენ, რომ ქალს ასეთი უბედურება მოუვიდა და ამით თავდება
კამედია.
აი მოკლედ შინაარსი კნ. ბარ. ჯორჯაძის პიესისა: ”რას ვეძებდი და რა ვპოვე”,
რომელიც ამ კვირას ქართულ სცენაზე ითამაშეს. ეს პიესა, როგორც გვითხრეს, ამ
ექვსის წლის წინად ყოფილა ნათამაშევი ქართულ სცენაზე და მას აქეთ
ხელუხლებლად დებულა თეატრის წიგნთსაცავში. ჩვენის ფიქრით, ურიგოს არ
იზამდა თეატრის ეხლანდელი გამგეობა, რომ, თუ შეიძლება, იშვიათად შეაწუხონ
ხოლმე ეს პიესა.
პირველმა მოქმედებამ ძალიან სუსტად, უსიცოცხლოდ და მოსაწყენად ჩაიარა.
რასაკვირველია, აქ მარტო ავტორის ბრალი არ იყო, მოთამაშენიც ბევრში იყვნენ
დამნაშავენი.
ჯერ ავიღოთ ბ-ნი ავ. ცაგარელი, რომელიც თავადიშვილის როლს თამაშობდა,
ე. ი. იმ როლს, რომელზედაც თითქმის მთელი პიესაა აშენებული. ჩვენის აზრით, ბ-ნ
ცაგარელს ამისთანა საპასუხისგებო როლის ასრულება არ უნდა ეკისრნა. ბ-ნი
ცაგარელი ჯერ სრულებით გამოუცდელი არტისტია, სცენას კარგად ვერც კი
შეჰჩვევია: როლებს არა თამაშობს კი, კითხულობს და აქაც კი ხშირად წაიბორძიკებს
ხოლმე: ხან სიტყვები შეეშლება და ხან სრულიადაც ჰყლაპავს.
გარდა ამისა, ბ-ნ ცაგარლის თამაშობას ყოველთვის რაღაცა ერთგვარობა
ეტყობა. ამის მიხვრა-მოხვრას, ლაპარაკს, კილოს სიცხოველე, სულის მოძრაობა,

გულის ღელვა აკლია; პიესის ისეთ ადგილებშიაც კი, როდესაც კაცს გული უნდა
უფანცქალებდეს, ბ-ნი ცაგარელი გრძნობას ვერ აღვიძებს, გულს ვერ შესძრავს ხოლმე.
ვიმეორებთ, ჯერ კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს, დიდი გამოცდილება,
ხელოვნება უნდა შეიძინოს ბ-ნმა ცაგარელმა, რომ საპასუხისგებო როლები იკისროს
და ასრულებაც შესძლოს.
არ ვიცით, ვისი ბრალია, პიესის ავტორისა, რეჟისორისა თუ თვით არტისტისა,
და მოურავის როლი კი ისე არ უნდა ეთამაშნათ, როგორც ბ-ნი მაქსიმიძე
ჰთამაშობდა. ბ-ნი მაქსიმიძე – მოურავი ძალიან გლეხურ კილოს უქცევდა, ჩვენის
ფიქრით, ეს შეცდომაა. მართალია, მოურავი გლეხთაგანი არის, მაგრამ მაინც
მოურავია. თავადიშვილის მოურავი კი, მერე უწინდელ დროის თავადიშვილებისა,
თუნდა გლეხიცა ყოფილიყო, ყოველთვის ჰცდილობდა ლაპარაკში გლეხური კილო,
გლეხური მიხვრა-მოხვრა დაევიწყებინა და ბატონების კეთილშობილურ
ზრდილობიან სიტყვა-პასუხისათვის მიებაძნა. ამითი იმას თავი მოჰქონდა
გლეხებთან, ამითი აჩვენებდა, რომ ის მდაბიო გლეხებზე მაღლა სდგას. პიესაში კი
ტყაპუჭში გახვეული გლეხი გამოვიდა, მერე იმისთანა, თითქო მეხრეობის მეტი არა
უნახავს რაო. არ გვესმის, მოურავი ტყავში რად იყო გახვეული? თუ ამით იმის
ჩვენება უნდოდა, რომ თვითონ თავადიშვილი ღარიბი იყო, ღარიბად ჩაცმული და
მაშასადამე მოურავიც ღარიბად უნდა ყოფილიყო შემოსილი, ესეც, ჩვენის ფიქრით,
შეცდომაა. რაც უნდა ღარიბის კაცის მოურავი იყოს, რაკი მოურავია, არ შეიძლება
ტანისამოსითაც სხვა გლეხებთაგან არ გაირჩევოდეს. მეორე გარემოება თუ
მისატევებელი შეცდომაა, პირველი მაინც უყურადღებოდ არ უნდა დასტოვოს
არტისტმა, თუ ჰსურს ნამდვილი ტიპი გამოჰხატოს.
მეორე მოქმედებაში, როდესაც სცენაზე გამოვიდნენ ბ-ნი აბაშიძე, ქალბ-ნი
გაბუნია-ცაგარლისა და აბაშიძე-საფაროვისა, სცენა სრულიად გამოიცვალა, სულ სხვა
ფერი დაედო, სიცოცხლე მოემატა და თეატრიც გამხიარულდა. თქმა არ უნდა, რომ
სამი ჩინებული არტისტი ჩვენის თეატრისა, ბბ-ნები გაბუნია, საფაროვისა და აბაშიძე
მკვდარსაც გააცოცხლებენ, თუკი ავტორი ერთად შეჰყრის სათამაშოდ. ეს არტისტები
უმარილო პიესასაც ისე გამოაკეთებენ, ისე მარილიანად ითამაშებენ, რომ ერთბაშად
სიამოვნებას მოჰფენენ ხოლმე მთელს თეატრსა.
ბ-ნს აბაშიძეს ავტორის განზრახვით სირაჯის როლი უნდა ეთამაშნა. მაგრამ ბნი აბაშიძე, როგორც გამოცდილი არტისტი, სახელით არ მოსტყუვდა, ავტორის მიერ
გამოყვანილი კაცი სრულებით სირაჯი არ არის: იგი დაბალის ხარისხის, დაბალის
სჯულის ჩარჩი-მიკიტანია და არც როლის შინაარსით, არც სიტყვა-პასუხით იმ
ყველასაგან ცნობილს სახეს არ წარმოადგენს, რომლითაც თვალსაჩინოდ ერჩევა
სირაჯი სხვაგვარ ვაჭართაგან. ბ-ნმა აბაშიძემ იგრძნო, რომ აქ სახელი ერთია და
სახრავი კი სხვაა და, ვგონებ, ამიტომაც მან სირაჯობას თავი დაანება და დაბალი
ჯურის ჩარჩი-მიკიტანი წარმოგვიდგინა. რაკი ესე ცნობიერად მოექცა ამ მარტო
სახელით სირაჯის როლსა და საქმით კი – ჩარჩ-მიკიტნისას, ამ გზით სახელის
საქმესთან შეუფერებლობა არტისტმა ავტორს გაუსწორა და, სწორედ გითხრათ,
დიდად დაავალა კიდეც ავტორსა, თორემ ეგ როლი არც ჩლავი იქნებოდა და არც
ფლავი. ჩარჩ-მიკიტნის როლში კი ბ-ნი აბაშიძე შეუდარებელი იყო; ჩაცმა-დახურვა,
მიხვრა-მოხვრა, კილო ლაპარაკისა – ნამდვილი სურათი იყო მისი, ვისიც ჩვენება
უნდოდა ჩვენთვის არტისტსა. თვალწინ გედგათ ნამდვილი ჩარჩი-მიკიტანი და არა
სირაჯი, რომელსაც სულ სხვა თავისებური ჩაცმა-დახურვა აქვს, ასე რომ, თუნდა არ
იცოდეთ, სირაჯს მაშინვე ტანისამოსზედ შეატყობთ. გარდა ამისა, სირაჯს მიხვრამოხვრა, ლაპარაკი უფრო დამჯდარი, უფრო დარბაისლური აქვს, და ამის გამო უფრო

სხვარიგად მოაქვს თავი ხოლმე და არასფრით არა ჰგავს ჩარჩ-მიკიტანსა, რომელიც
ცხოვლად და მიხვედრილად დაგვიხატა ბ-ნმა აბაშიძემ, რადგანაც სხვა გზა არ იყო.
კარგი რამ იყო ბ-ნი აბაშიძე, როცა თალალო დაინახა და გული იმის სილამაზეზე
შეუვარდა. მისი მაყურებელი მხოლოდ ვნანობდით, რომ ამისთანა ტალანტი,
ამისთანა უფერულ როლზე სცდებოდა.
ბ-ნი გაბუნია მაჭანკლის როლსა ჰთამაშობდა. განა თქმაღა უნდა, რომ
მშვენივრად წარმოადგინა!... თქმაღა უნდა, რომ იმ არტისტს-ქალს ვერავინ ვერ
შეედრება, რაკი ჩვენის ცხოვრების სურათი, ხასიათი, ავკარგიანობა და თვისება
შეხვდება ხოლმე გამოსახატავად!
ერთი ფრიად სამწუხარო ნაკლი კი შევნიშნეთ ბ-ნს გაბუნიას. ვინ არ იცის, რომ
არტისტისათვის დიქცია, სიტყვების მკაფიოდ და სრულად გამოთქმა ერთი
უმთავრესი ღირსებათაგანია. დღეს-აქამომდე დიქციაში, სიტყვების სრულად და
მკაფიოდ გამოთქმაში ბ-ნს გაბუნიას და ბ-ნს საფაროვისას არავინ სჯობდა ჩვენს
ტრუპპაში. ყოველივე მათი სიტყვა მოჭრილად მკაფიოდ და სავსებით ისმოდა
სცენიდამ ხოლმე. კვირას კი ბატონს გაბუნიას სიტყვებში როგორღაც ასოები
აკლდებოდა, ნამეტნავად ბოლოებსა ჰკვეცდა და სიტყვა მთლად არ გაიხმაურებდა
ხოლმე. ეს, რასაკვირველია, ბუნებით ნაკლი არ არის და ადვილად მოსაშლელია, თუ
არტისტი მოიწადინებს. ჩვენ ეს ნაკლი იმიტომ შევნიშნეთ, რომ ამ ნიჭით შემკულმა
არტისტმა-ქალმა ყურადღება მიაქციოს, თორემ თუ თავი მიანება და ჩვეულებად
გადაექცა, მერე ძნელი ასაცილებელიღა იქნება. ცოდვაა, რომ მაგისთანა ნიჭმა
ამისთანა ნაკლი არ მოიცილოს.
ბ-ნ საფაროვისას ვერაფერი როლი ჰქონდა, მაგრამ აქაც კი კარგი იყო და ამით
ერთხელ კიდევ დაგვიმტკიცა, რომ კარგი ყოველთვის და ყველგან კარგია.
ბ-ნმა მელიქოვისამ ურიგოდ არ წარმოადგინა ხანგარდასული გასათხოვარი
ქალი, თუმცა ბევრი რამ კიდევ უნდა შეიძინოს, რომ უფრო უკეთესად ითამაშოს და
უკეთესად თამაშობა საჭიროა. ნამეტნავად ყურადღება უნდა მიაქციოს ქართულს
მართალ ლაპარაკსა, ხშირად სიტყვების ერთმანეთთან კანონიერად გადაბმაში
სცდება და ქართველის ყურს ეხამუშება. მაგალითებრ, ერთი რაღაც ანდაზა უნდა
ეთქვა, მაგრამ სიტყვები ისე არივ-დარია, რომ ჩვენ ვერა გავიგეთ რა. გარდა ამისა,
ვერც როლის შესაფერად იყო კვირა დღესა ჩაცმული და სახეგაკეთებული, სახის
კარგად გაკეთება, ესე იგი, როლის შესაფერად და შესაფერადვე მოკმაზულობა დიდი
რამ არის თვითონ თამაშობის სიკეთისათვის. სცენაზე ჰლაპარაკობენ, რომ ორმოცის
წლის მახინჯი ქალიაო და ჩვენ კი მაყურებლები არც ისე მახინჯს და არც ისე ხნიერს
ვხედავდით. ამისთანა შეუფერებლობაში, როცა ყური ერთს გვეუბნება და თვალი
სხვასა ჰხედავს, – მაყურებელს ილლუზია ეკარგება და მაშასადამე, სიამოვნება
უფუჭდება.
კომედიის შემდეგ დივერტისმენტი იყო. ბ-ნმა ალექსიევ-მესხიევმა ქართული
ლექსი წაიკითხა. ჩვენ ამის მეტად არ გაგვეგონა და ვგონებ თვითონ არტისტსაც ამის
მეტად არსად წაეკითხოს ქართული ლექსი. საკმაოდ კარგად წაიკითხა და სანუგეშო
ეს არის, რომ ამ პირველ შემთხვევაზედვე ჩვენ დავრწმუნდით, რომ ბ-ნის ალექსიევმესხიევისათვის ღმერთს ყოველისფერი მიუნიჭებია, რაც კი საჭიროა კარგად
წაკითხვისათვისა. იმედია, რომ ამ მხრივაც იგი ისახელებს თავს და ქართველს
საზოგადოებისთვის ამ ტკბილს სიამოვნებას ხანდისხან მაინც არ დაიშურებს. ოღონდ
შეეჩვიოს ლექსთა კითხვას, შრომა არ დაიზაროს, დაუკვირდეს ხოლმე და უეჭველია,
ლექსთა კითხვაში თავს გამოიჩენს.

ბ-ნმა გაბუნიამ იმღერა ”ჭმუნვის მახვილი” ალექ. ჭავჭავაძისა. სამწუხაროდ,
ხმაზედ ვერ იყო, თუმცა ჰანგი კი მშვენივრადა სთქვა და ბევრი ტაშიც დაუკრეს.
ვგონებთ, მეთარემაც როგორღაც ვერ ააყოლა თარი.
ბოლოს ითამაშეს ვოდევილი ”სუსტი მხარე”. კარგი მხიარული ვოდევილია. ქნნი საფაროვისა და მელიქოვისა, აწყურელი და მაქსიმიძე ჰთამაშობდნენ ამ
ვოდევილში. ისე მწობრად და თანხმად მიდიოდა ვოდევილი, რომ სწორედ მოსაწონი
იყო.
ბ-ნი მაქსიმიძე გამოცდილი არტისტია, სცენა იცის და ამ ვოდევილში არ იყო
ურიგო. ბ-ნი აწყურელი კი, დიდი ხანი არ არის, რაც სცენაზე ფეხი შეუდგამს, მაგრამ
სასიამოვნო სანახავი იყო ამ ვოდევილში. ბ-ნ აწყურელის თამაშობა თუმცა ისე
სრული, დახელოვნებული, ერთბარი არ არის, როგორც სასურველია, მაგრამ ყოველს
ამის მიხვრა-მოხვრაში, ამის სიტყვის კილოში დიდი ბუნებითი ნიჭი, მდიდარი სახის
გამომეტყველება, სიცოცხლით სავსე მოძრაობა სჩანს. იქ, სადაც სიტყვა სწყდება და
სრულ შთაბეჭდილებას ვერ გიხატავთ, სახის მოძრაობა, გამომეტყველობა გეუბნებათ
დანარჩენს. თუ სასაცილო თქვა რამე და არ გაგეცინათ, სახეს და მთელს სხეულს
ისეთ მოძრაობას მისცემს, რომ უთუოდ სიცილს მოგგვრით და ისეთ სიცილს,
როგორიც სწორედ გარემოებას შეჰფერის. ასეთია ნამდვილის ნიჭის თვისება!
[1886 წ., 19 – 21 ოქტომბერი]

ქართული თეატრი
<”ცოლი-მეუღლე” ქართულ
სცენაზე>
ოთხშაბათს, ამ 22-ს ოქტომბერს ქართულმა დრამატიულმა დასმა წარმოადგინა
ერთი კამედია, რომელსაც არ ვიცით მთარგმნელმა რად უწოდა ”ცოლი-მეუღლე” და
არ აკმარა მარტო ეს უკანასკნელი სახელი. კამედია აზრმოკლებული არ არის და
ვგონებთ ბევრმა მაყურებელმა თითზედ იკბინა იმის ნიშნად, რომ იგი ამბავი, რაც
კამედიაშია გამოყვანილი ან თავს გარდახედია, ან უნახავს და მოწმად ყოფილა. საქმე
იმაშია, რომ ერთს ღარიბს სახლობაში მარტო დედა და შვილია. შვილს მიუღია
რიგიანი სწავლა-განათლება, ის სწავლა-განათლება კი არა, რომელიც მარტო
ოსტატობაა მოძმეთა საცარცველად და მოსატყუებლად, ან რომელიც ბულვარზედ
გასასაღებელია და მტვერის ასაყენებელი, არა, ამისთანა განათლება არა!.. ყმაწვილი
კაცი განათლებულია ჭკუითა, სულითა და გულითა. გრძნობაც, ნამუსიც
გაწურთვნილი აქვს პატიოსან მოქმედებისათვის ჭკუასთან ერთად. იგი სცხოვრობს
თავისის პატიოსანის შრომითა და თუ დედა ემდურება რასმე, მხოლოდ იმას, რომ
მეტისმეტად დაუღალავად მუშაობს და ჯანს ზედ ალევს საქმესა.
მისდა საუბედუროდ, მას მოეწონება ერთის თავადისშვილის ქალი. ამ ქალს
დედა ჰყავს, რომელსაც წამდაუწუმ თავი იმით მოაქვს, რომ მამა გენერალლეიტენანტი ჰყოლია და ქმარიც რაღაც გენერალი. ამ ტყუილს დიდკაცობას ისე
გაუბრუებია დედის ჭკუა და გონება, რომ მორთვა-პრანჭვა, წვეულება, თეატრი,
ბალები ჰგონია საგნად ადამიანის ცხოვრებისა. რაც რამღა ქონება ჰქონია სულ ამ
ცუდმედიდურობისათვის უნაცვალებია, ბოლოს ნავთიც კი ნისიად ვეღარ უშოვია,
რომ დიდ წვეულობის ღამეს ოთახები გაენათებინა. ამისთანა დედის ხელში

გაზრდილი ქალი, რასაკვირველია, კარგს არას ისწავლიდა. ხოლო ქალი, თუმცა
ცუდად არის გაზრდილი, მაგრამ მაგ ავადზრდილობას თითქო მარტო ჭკუა
დაუბრმავებია და გული მისი კი არ დაუხურავს კეთილისათვის. იგი კეთილს
მაშინვე ჰგრძნობს, თუმცა დიდხანს კი და თავგამომეტებით ვერ აჰყვება ხოლმე
გრძნობას კეთილისას და გაფუჭებულს ჭკვას უფრო ემორჩილება. მით უფრო, რომ
გონებაგაქსუებული და ცუდმედიდობით მთლად წაღებული დედა ხელს უწყობს და
აქეზებს. ყმაწვილი კაცი გამოუტყდება ქალს, მიყვარხარო და ხელსა ჰსთხოვს, ქალი,
რომელსაც ეს ყმაწვილი კაცი უამისოდაც მოსწონდა და რომელზედაც გული უკვე
შეჰვარდნოდა, თანახმა გაუხდა. დედა, რომელსაც გუნებაში ჰქონდა მიეთხოვებინა
ქალი ერთ გადაყრუებულ, მაგრამ მდიდარ გენერლისათვის, მეტად მალე დაითანხმეს
შეყვარებულთა. პიესა ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს გაუგებარია, ამიტომ რომ
მაყურებელს ამოცანად ჰრჩება ესეთი სწრაფი დაყოლიება დედისა მაშინ, როდესაც
იგი სულ იმის ნატვრაშია, მდიდარს ვისმე შევრთა ჩემი ქალიო, რომ თეატრსა და
ბალებში დადიოდნენ და მეც მატარონო და ეხლა კი ისე უბრძოლველად, ერთბამად
უთმობს თავის ქალს ღარიბს ყმაწვილ კაცსა. ერთის სიტყვით, ყმაწვილი კაცი,
რომელმაც თავისი სიღარიბე წინადვე აუწყა თავის საცოლოს და მარტო
გაუჭირებელი ლუკმაპური აღუთქვა, ირთავს იმ ქალს. გადის ორი წელიწადი, ქალი,
დედის ფართიფურთობას ჩვეული, უზომო ხარჯს აწევინებს საწყალს ქმარსა,
რომლის ავლადიდება მარტო პატიოსანი შრომაა და პატიოსანი შრომა, ხომ
მოგეხსენებათ, ეხლანდელს დროში მარტო იმას თუ იძლევა, რომ კაცი მშიერმწყურვალი არ მოკვდეს. ქმარს მეტად უყვარს თავისი წინდაუხედავი ცოლი და
თუმცა ერთხელ თუ ორჯელ უბედავს დარიგებას, მაგრამ დარიგება არა სჭრის. ცოლი
თეატრსა, ბალებსა და ტანისამოსზედ უთავბოლოდ ახარჯვინებს ფულებს, საწყალი
ქმარი დღედაღამ ათენებს, რომ თავი ბოლოს როგორმე გამოაბას, ვალებში ცვივა,
ვალებს ვეღარ უძღვება. ეს გარემოება სტანჯავს, აწამებს ზნეობითად, სინდისი და
ნამუსი სწვავს, რომ ისესხა და ვეღარ იხდის. ამ ზნეობრივ წამებასთან დღედაღამის
გასწორება, გამუდმებული, თავაუღებელი მუშაობა და ჯაფა თავისას არ იშლის და
ყმაწვილი კაცი ჰჭლექდება. ცრუპენტელა დედის ამყოლს ქალს აინუნშიაც არ
მოსდის, რომ მისის ქმრის დღენი უკვე დათვლილნი არიან და სწორედ იმ ღამეს,
როცა მისი ქმარი სულსა ჰლევს, იგი ბალში ბრძანდება დედითურთ და დროს
ატარებს ერთ ყმაწვილ კაცთან, რომელიც თვალში მოსდის და მოსწონს.
საუბედუროდ, სწორედ ამ ღამეს ქმარი უტყუარს საბუთს ჰპოულობს მისას, რომ მის
ცოლს ვიღაცა ასდევნებია და არშიყობის ბარათიც მოუწერია. ამან მოუჩქარა
სიკვდილი. მინამ სულს დაჰლევდა, ბალიდამაც გათენებისას დაჰბრუნდნენ ცოლი
და სიდედრი. მომაკვდავი ხალვათობას ითხოვს იქ დამსწრეთაგან, ყველანი გადიან
და ცოლ-ქმარნი მარტო ჰრჩებიან. ქმარი ყველაფერს ეუბნება ცოლსა: ცოლი
გულწრფელად არწმუნებს, მე შენთვის არ მიღალატნიაო და შენდობას ითხოვს. ქმარი
ეუბნება, რომ მე შენზედ არა ვჯავრობო, შენ უბრალო ხარ, მხოლოდ შენი აღზრდაა აქ
ყველაფერში დამნაშავეო. ქმარი კვდება და ამით თავდება კამედია.
ყველაზედ ძნელად ასასრულებელი როლი, შინაარსით მაგოდენად არაფერი,
ხოლო ერთმანეთთან მოუთავსებელის თვისებით უხერხულად ნაქსოვი, სიდედრის
როლი იყო. მაგისთანა ქარაფშუტა დედაკაცი, როგორიც სიდედრია ამ პიესაში,
ჩვენებური ხასიათი არ არის. რაც უნდა გულწამხდარი დედა იყოს, ჩვენებური დედა
თავის დღეში არ ეტყვის თავის ქალს: რამდენი გეკურკურებოდა წუხელის ბალშიაო
და ამით არ მოაწონებინებდა თავს. გულშიაც რომ სდომოდა ეს, ვერ გაჰბედავდა
წარმოთქმას. ასეთი ძლიერია ჩვენებურის მართებულობის კრძალვა, რიდი და კდემა.

ეს ამისთანა ხასიათის დედაკაცები ხშირნი არიან იმ საზოგადოებაში, რომლის
ენაზედაც დაწერილია დედანი პიესისა. ჩვენში კი ძნელად მოიპოვება, თუმცა ამ
ბოლოს ხანებში თითო-ოროლა მაგალითებია მისი, რომ ეგ ჭირი ცოტ-ცოტაობით და
ნელ-ნელა ჩვენც გვეპარება, ჩვენდა საუბედუროდ. ქარაფშუტა, წინდაუხედავი,
უთავბოლო დედაკაცები ჩვენშიაც ბევრია, მაგრამ თავისებურნი არიან და არასდროს
ერთს ალიაქოთს იმაზედ არ ასტეხენ, რატომ თეატრში აბონემენტით ლოჟა არა გაქვს
ჩემის ქალისათვისაო. დიდი შეცდომაა პიესის გადმომკეთებლის მხრით, რომ
ჰსურვებია ქართველი ცუდმედიდი დედაკაცი ეჩვენებინა და ქართული
ცუდმედიდობა კი დაჰვიწყებია მიეთვისებინა. არტისტი-ქალი, რომელსაც ეს როლი
შეხვდა სათამაშოდ, ორ წყალშუაა მოყოლილი, გადმომკეთებლის წყალობით. მიხვრამოხვრით, ტანსაცმლით, მიმიკით, სიარულით, ერთის სიტყვით, ყველაფრით
ქართველი დედაკაცი უნდა წარმოედგინა და თვისება და ხასიათი კი ქართველისა
არა ჰქონოდა. აი რისთვისა ვსთქვით, რომ ეს როლი ძნელი ასასრულებელია. ბ-ნმა
გაბუნიამ, რაც კი შესაძლო იყო, დასძლია ეს სიძნელე და თუ რამ ნაკლი იყო, ეგ
ნაკლი ავტორის ბრალია და არა არტისტისა.
ვერ მოვუწონებთ თამაშობას ბ-ნს საფაროვისას. მისი როლი, ყმაწვილის კაცის
ცოლისა, შინაარსით მეტად ძნელია, ძნელია იმიტომ, რომ ჭკუაგაუხსნელი,
ჭკუაგაფუჭებული ქალი უნდა წარმოედგინა და ამასთანავე გულწაუმხდარიცა,
გულწმინდა და კეთილისათვის ყოველთვის გულღია. იგი სხვერპლია
ავადგაზდილობისა და არა ძვალსა და რბილში გამჯდარ ავზნეობისა. იგი
მაგალითით, ნახულით და გაგონილით არის წამხდარი და არა სულითა და გულითა.
ჩვენის ფიქრით, ბ-ნ საფაროვისამ ეს ერთბუნებიანი ორნაირობა ხასიათისა ვერ
გამოგვისახა. ამით სიბრალული კი არ აღძრა მაყურებელთა გულში, რომ ასეთი
გულკეთილი, ბუნებითად მადლიანი ქალი, რომელსაც ღმერთმა ყველაფერი მიანიჭა,
რომ ჩვენი უგემური ცხოვრება ნეტარებად გადააქციოს, ასე წამხდარია
ავადაღზრდილობის გამო და სიკეთისათვის კიდევ შერჩენილი გული იმავ მიზეზით
უქმად რჩება, თითქოს დიდი ხნის მოძრაობისათვის ღონე არ აქვსო. ამ სიბრალულის
მაგიერ ჩვენს გულში გულისწყრომა ჰლაპარაკობდა, რისხვა და ძულება ჰტრიალებდა
და ამ გზით სხვერპლს ვახდევინებდით იმ სასჯელს, რომელიც მემსხვერპლეს,
სხვერპლის მიზეზს უნდა გადახდომოდა. ზოგიერთს ადგილას ბ-ნი საფაროვისა
მაინც არტისტი იყო და არტისტი. მაგალითებრ, როცა ბალში წასვლაზედ
იმედგადაწყვეტილს კვლავ მოეცა იმედი წასვლისა. აქ შეუდარებელი იყო.
ყმაწვილის კაცის დედის როლს ბ-ნი ლეონიძისა თამაშობდა და თამაშობდა
რარიგად!.. იმისთანა გულის მოძრაობა, რომელიც ამ პატივცემულმა არტისტმა ქალმა
გამოგვატარა, არა გვგონია ბევრჯელ შეხვედროდეს მაყურებელს არამცთუ ჩვენს
სცენაზედ, არამედ დიდ და გამოჩენილს სცენებზედაც. საოცრად კარგი რამ იყო
პირველს ორ მოქმედებაში და ნამეტნავად მეორეში. ჩვენებური დინჯი,
აუჩქარებელი, დარბაისელი, ოჯახის მონა დედაკაცი, რომლისათვისაც ყოველივე
სხვერპლი, სხვერპლი კი არ არის, წყურვილია, ბუნების მოთხოვნილებაა, საზრდოა
სულისა, როგორც ჭამა-სმა ხორცისათვის, – წამოგვიყენა თვალწინ ბ-ნმა ლეონიძისამ.
ამისთანა დედაკაცი, რომელიც, ვაი რომ, უკანასკნელ მოგიკანადღა თუ შეგხვდებათ
სადმე ეხლანდელს დროში და რომელზედაც უწინ დამყარებული იყო დიდება,
სახელი ოჯახისა და ოჯახზედ თვითონ ქვეყნის სიკეთეცა, – ამისთანა დედაკაცი
საოცარის ხელოვნებით გაგვიტარა თვალწინ და გულმა უნებურად კვნესა დაგვიწყო,
რომ იმისთანა დედაკაცები მართლა იყვნენ და დღეს აღარ არიან. მეორე მოქმედებაში
ისე ბრწყინვალედ, დიახ, ისე ბრწყინვალედ დაასრულა თავისი როლი, რომ ბევრს

დიდს არტისტს შეენატრება. მთელი თეატრი ერთის გრძნობით შესძრა და ერთიანმა
ხანგრძლივმა ტაშმა გულამომჯდარ მაყურებლებისამ დაგვანახვა, რომ ჭეშმარიტის
ხელოვნების დაფასება ჩვენც ვიცით. ბევრმა თეატრში თავი ვეღარ შეიმაგრა და
ტირილი დაიწყო, ამას ბევრი არტისტი ვერ მოახდენს. სამწუხაროდ ჩვენდა,
უკანასკნელს მოქმედებაში ბ-ნი ლეონიძისა ისე აღარ იყო, როგორსაც გულისცემით
მოველოდებოდით, რომ ხელახლად მოვეხიბლნეთ ხელოვნურ თამაშობით.
მომაკვდავ შვილის წინ ისეთი მწუხარება გამოსახა, როგორც ყველა მგრძნობიერი
უცხო კაცი სწუხს ხოლმე, როცა შემთხვევით შეხვდება ამისთანა უბედურებას.
ამისთანავე მწუხარება გამოხატა, როცა მის წინ საყვარელმა შვილმა სული დაჰლია და
არა იგი თვალუჩინარი გულისგლეჯა და ტეხა, რომელიც გაარინდებს ხოლმე კაცსა,
გააშეშებს, ცრემლს უშრობს, თითქო მეხი დაეცა და ყოველივე ძალი სიცოცხლისა
უეცრად მოსწყდაო.
ბ-ნს ალექსიევს-მესხიევს მშვენივრად მოუვიდა უკანასკნელ მოქმედებაში
სიკვდილი. ერთობ იგი საკმაოდ კარგად ჰთამაშობდა და უკანასკნელ მოქმედებაში
ხომ იმ სითბოთი გაატარა თავისი როლი, რა სითბოსაც მხოლოდ ჭეშმარიტად
ნაგრძნობი გული იძლევა.
ბ-ნს აბაშიძეს, მართალია, დიდი როლი არა ჰქონდა, მაგრამ არც ისე ტყუილუბრალო იყო, როგორც მან წარმოგვიდგინა. იმისთანა ქალს, როგორიც, ავტორის
აზრით, ყმაწვილი კაცის ცოლი უნდა ყოფილიყო, იმისთანა წყალ-წყალა კაცი ვერ
გაიტაცებდა, როგორიც ბ-ნმა აბაშიძემ წარმოგვიდგინა და ამის გამო, როცა იგი თავის
ტრფიალებას უცხადებდა ქალს, მაყურებელს ყოველივე ილლუზია დაეკარგა. ჩვენის
ფიქრით, სვიმონი, თუმცა თავქარიანი და ქარაფშუტა კაცია, მაგრამ ის ვარაყი, ის
გარეგანი გაწვრთნილობა ცუღლუტის კაცისა მაინც უნდა ჰქონოდა, რომლის
წყალობითაც ამისთანა კაცები თვალს აუბმენ ხოლმე ყმაწვილ-ქალსა.
დასასრულ, ნამეტანობაში არავინ ჩამოგვართმევს ვსთქვათ, რომ ოთხშაბათის
საღამო ერთს სასიამოვნო საღამოდ უნდა დაინიშნოს ჩვენის თეატრის მატიანეში.
გულწრფელად ვიტყვით, რომ ვინც ამ საღამოს თეატრში არ დაესწრო, უნდა
ჰნანობდეს. ბ-ნმა ლეონიძისამ რომ პირველ ორ მოქმედებაში ითამაშა, იშვიათი
სანახავია და ვინც ეს არა ჰნახა, ბევრი დაჰკარგა.
[1886 წ., 22 – 23 ოქტომბერი]

ქართული თეატრი
<გაბრიელ სუნდუკიანცის ”ხათაბალა”>
ჩვენ შევიტყვეთ, რომ ქართულს დრამატიულს საზოგადოებას მუდმივ
თამაშობისათვის მოუწვევია ბ-ნი კონსტანტინე ყიფიანი და ამას ვულოცავთ როგორც
დრამატიულს საზოგადოებას, ისეც თეატრის მოყვარეთა. ბ-ნი ყიფიანი საკმაოდ
ღონიერი ნიჭია და ნიჭს გარდა დახელოვნებული არტისტიც არის. ნიჭი და
დახელოვნება განუყრელი და-ძმანი არიან და აუცილებელი საჭიროებაც არის კარგის
არტისტისათვის. ნიჭი არდახელოვნებული, არგაწურთვნილი, ხელოვნება ნიჭით
შუქ-არშესხმული
და
არგაბრწყინვალებული,
გვერდჩამოთლილი
სიკეთეა
არტისტისა, ცალკერძია და ერთის მქონებელი კაცი უმეოროდ ნახევარარტისტია. ბ-ნს
ყიფიანს კი ეტყობა, რომ ორივე სიკეთე სჭირს და ამიტომაც ძნელად შეხვდება კაცი,

რომ მან თავისი სათამაშო ოდესმე გააფუჭოს, რაც უნდა არ უხდებოდეს, არ
შეესაბამებოდეს იგი სათამაშო ბ-ნ ყიფიანის ნიჭსა და მიდრეკილებასა. ხოლო საცა კი
ბ-ნი ყიფიანი შეხვდება ხოლმე თავის ნიჭის და მიდრეკილების სათამაშოსა, მაშინ
იგი სრულიად დაატყვევებს მაყურებელთა ყურადღებას და ამ დატყვევების
სამაგიეროს იმითი გადაგვიხდის ხოლმე, რომ ჭეშმარიტის გრძნობის სიმებს
ააჟღერებს ადამიანის გულში და ესტეტიურს სიამოვნებას აგრძნობინებს.
ამ ორ სიკეთეს, ერთად ბედნიერად შეერთებულს, უნდა მიეწეროს ის მუდმივი
ღირსება ბ-ნ ყიფიანის თამაშობისა, რომ თავიდამ ბოლომდე მწყობრად,
დალაგებულად, თანაბრად გაჰყავს თავისი სათამაშო მაყურებელთა წინაშე. ნიჭი
ხელოვნებას ეკითხება თავის სამზღვარს და ხელოვნება ნიჭსა სთხოვს სითბოს და
ბრწყინვალებასა. ერთი მეორეს ჰშველის იმოდენად, რამოდენადაც საჭიროა. არც
ერთი ნამეტანობს და კლებულობს და არც მეორე, ორივე ერთმანეთს ემორჩილებიან
ერთისა და იმავე ზედმოქმედების მოსახდენად. სამართალი ითხოვს ვსთქვათ, რომ
ძალიან იშვიათად შეგვხვედრია, ბ-ნს ყიფიანს ეგ ერთიანი, მთელი ზემოქმედება არ
მოეხდინოს მსმენელებზედ თვისდა სასახელოდ და ჩვენდა სასიამოვნოდ. თუ
ოდესმე ამაში ბრალი რამ შესწამებია, ნიჭისა და ხელოვნების ღალატს ეს ბრალი არ
უნდა მიეწეროს. მიზეზი ყოფილა როლის არცოდნა და ორი სხვა გარემოებაც,
რომელსაც ქვევით მოვიხსენიებთ. როლის არცოდნა მაგისთანა არტისტისათვის
შეუნდობელი ცოდვაა. ეგ თავის საკუთარის ღირსების გამომეტებაც არის, გარდა
იმისა, რომ უკადრისობაა მაყურებელთა საზოგადოების წინაშე, რომელსაც არტისტი
თითქო არარად აგდებს, რადგანაც არცოდნით გამოდის სცენაზედ.
ბევრს უშლის ბ-ნს ყიფიანს, რომ ზოგჯერ ენა ებმის და სიტყვების ბოლოებს
ჰყლაპავს. ჩვენი ფიქრით, ეს ისეთი ზადი არ არის, რომ ბ-ნმა ყიფიანმა, თუ ყური
ათხოვა, არ აიცილოს. ერთი ნაკლულოვანება კიდევ აქვს ბ-ნს ყიფიანს, რომელზედაც
გვსურს მისი ყურადღება მივაქციოთ: მეტად ხშირად და უადგილო ადგილას იცის
ხელებისა და თითების უთავბოლო მოძრაობა. ეგრედ წოდებული ”მიმიკა” სახსარია
მხოლოდ სიტყვით გამოთქმულის აზრის შესავსებელი, ანუ ცალკე აზრის მოძრაობით
გამოხატვისა, იმისთანა აზრისა, რომლის გამოთქმაც ”მიმიკით” უფრო მკაფიო და
მჭრელია, ვიდრე სიტყვითა. თუ ”მიმიკა” ან სიტყვიერის აზრის სამატად არ არის
ხმარებული, ან ცალკესი და თვითმყოფის აზრის გამოსახატავად, იგი
მაყურებელთათვის მეტი ბარგია და ადამიანს ეხამუშება, სიამოვნებას უფრთხობს,
უკარგავს. გარდა ამისა, უადგილო ადგილას ხელებისა და თითების მოძრაობა
არტისტისა, მაყურებლის თვალს უნებლიედ უქმად და ტყუილუბრალოდ აიყოლიებს
ხოლმე, და ხომ ყველამ იცის, ბუნებითად ასეა, რომ საცა თვალია, ყურიც, თუ არა
სრულად, ნახევარზედ მეტად მაინც არ არის. ამ გზით მაყურებლის ყურადღება ორად
იბნევა, იფანტება და ერთიანი, მთელი ზედმოქმედება აღარა აქვს თამაშობას
მაყურებელზედ.
ჩვენდა სასიამოვნოდ უნდა აღვიაროთ, რომ კვირას, როცა ”ხათაბალას”
არდგენდა ჩვენი დრამატული დასი და ბ-ნ ყიფიანმა ითამაშა ზამბახოვის როლი, არც
ერთი ხსენებული ნაკლულოვანება ვეღარ შევნიშნეთ. როლი საკმაოდ კარგად იცოდა,
თუმცა სასაცილო კია, რომ მაგისთანა გამოჩენილს არტისტს ეს ამბავი ღირსებად
უნდა ჩაეთვალოს და არა აუცილებელ კუთვნილებად, არა იმისთანა ამბავად,
როგორც ისა, რომ კაცს ცხვირი აქვს, თვალი, ყური... ენასაც ხერხიანად ჰხმარობდა,
იმოდენად ხერხიანად, რომ არც ერთხელ წაუბორძიკნია. სწორედ გითხრათ, ეს ამბავი
ძალიან გვიამა, მით უფრო, რომ მან უფრო დაგვარწმუნა მასზედ, რასაც დიდი ხანია
ვამბობდით, – სახელდობრ მასზედ, რომ ენის დაბმა და სიტყვების ყლაპვა ჩვეულებაა

ბ-ნის ყიფიანისა და არა ბუნებითი ზადი და, მაშასადამე, ადვილი მოსაშორებელია.
არც ხელების და არც თითების უადგილო ადგილას მოძრაობამ იჩინა თავი. ამ
შემთხვევაში ”მიმიკა” აზრისა და სიტყვის შესაბამი და შესაფერი იყო და
მაყურებელთა ყურადღების ერთად მოკრებას არ უშლიდა. როლი შეასრულა საკმაოდ
კარგად, კილო ლაპარაკისა მშვენივრად შეეწყო და თავიდამ ბოლომდე ამ
კილოსათვის არ უღალატნია. ეს მარტო დახელოვნებულმა არტისტმა იცის. მხოლოდ
ის ადგილი, სადაც ბ-ნი ყიფიანი ამბობს: ”მე გერასიმ იაკულიჩ ზამბახოვს მეძახიანო”
– კვირას ვერ მოუვიდა. ჩვენ გვინახავს ბ-ნი ყიფიანი კვლავაც მაგ როლში და
გაგვიგონია, რა არტისტულად წარმოუთქვამს ეს სიტყვები!.. ეხლა ისე ვეღარ
მოუვიდა, ჩვენდა სამწუხაროდ. ერთი მცირეოდენი შენიშვნაც. ბ-ნი ყიფიანი თუმცა
ხანშიშესულს კაცს არდგენდა, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანმრთელსა, მუხლმაგარს და მხნე
კაცსა. სწორედ ესეც წარმოადგინა, მხოლოდ ზოგიერთგან ისე მოიდუნებდა ხოლმე
მუხლსა, თითქო გადაყრუებულ ბებერსავით ფამფალებსო. ამან, ცოტა არ იყო,
ილუზია სურათისა შეშალა. ჩვენ ყოველს ამას მოვახსენებთ ბ-ნს ყიფიანს იმიტომ,
რომ ვიცით კეთილგონიერი არტისტია და თუ ჩვენი შენიშვნა მართალია და ჭკუაში
დაუჯდა, უეჭველია გამოიყენებს. ჩვენ გვინდა ბ-ნი ყიფიანი ყოვლად უნაკლულოდ
დაგვენახვებოდეს ხოლმე სცენაზედ. ეს მეტისმეტი სურვილი არ არის ჩვენ მიერ,
რადგანაც ღმერთს საკმაო ნიჭი მიუცია და შრომას – საკმაო ხელოვნება.
ბ-ნი აწყურელი ჰთამაშობდა ისაიას როლსა. არ იყო ურიგო, თუმცა კარგა
მანძილზე ჩამოჰრჩა ბ-ნს აბაშიძეს, რომელიც ამ როლს უწინ დიდი ხელოვნებით და
საგანგებოდ ასრულებდა. ბ-ნი აწყურელი უეჭველი ნიჭია. მას იმოდენა ნიჭი აქვს,
ჩვენის ფიქრით, რომ შეუძლიან თავისებურობა გამოიჩინოს, თვითმყოფი არტისტობა
გასწიოს. სამწუხაროდ ჩვენდა, იგი თვის ნიჭსა ბაძვაზედ ჰხარჯავს; იგი მარტო იმასა
სცდილობს, რომ სხვას ემსგავსოს და არა თავის თავსა. ბ-ნ აწყურელს რომ უყურებთ,
გეგონებათ ბ-ნ აბაშიძის ტყუბსა ხედავთო. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ბ-ნს
აწყურელს სათავისთავო ნიჭი აქვს, შეუძლიან თვით შეიქმნას სხვისათვის
მაგალითად და საბაძავად და ის კი თვითონ ჰბაძავს სხვასა!.. რომ ეს მართალია,
ცხადად დაგვანახვა მან უკანასკნელ მოქმედებაში. მთელი ეს მოქმედება მას შემდეგ,
რაკი ჩაის სმას მოჰყვა, ბოლომდე თავისებურად, მიუბაძავად გაატარა და ძალიან
კარგი რამაც იყო. ნამეტნავად მაშინ, როცა გაიგო, რომ მისი ცოლი ენახა და
მოსწონებოდა გიორგისა და გულზედ ცეცხლმოკიდებულსავით წამოიძახა: ვა! ეს ხომ
ჩემი ცოლია!.. ამ ძახილში მთელი დრამა იყო იმ გულუბრყვილო კაცისა, რომელსაც
ჰგონია, რომ უცხო კაცისაგან ქალის დანახვა და ქალის ნამუსის ახდა ერთია. აი
ჭეშმარიტი არტისტობა ეს არის, რომ ერთს ამოკვნესას, ერთს ძახილს კაცმა მთელი
თავისი გული ამოაყოლოს, მთელი დრამა დასტიოს სიტყვაში!.. ბ-ნ აწყურელმა ეს
შესძლო და ამიტომაც გაბედვით ვიტყვით, რომ თუ თავის უეჭველს ნიჭს რიგიანად
და გულდადებით მოუარა, თუ მიბაძვას თავი დაანება და თავისით დაიწყო
თამაშობა, ჩვენი დასი ერთს სახელოვანს არტისტს კიდევ შეიძენს.
ბ-ნმა მესხიევმა ჭკვიანურად და ლაზათით აასრულა თავისი როლი. ეგ
მაინცდამაინც რიგიანი და წინდახედული არტისტია. ყოველს როლში იგი
სასიამოვნო სანახავია, ხოლო მეტად უყურადღებოდ ექცევა ქართულს ენას,
ზოგიერთგან გრამატიკული შეცდომაც კი მოსდის და კილო ლაპარაკისა ყოველთვის
ქართული არა აქვს. ვწუხვართ, რომ მაგისთანა არტისტს ამისთანა უსიამოვნო
ნაკლულოვანება აქვს. ნუთუ არ შეიძლება ენა მოიტეხოს და ქართულს
მართლსიტყვიერებას ყური ათხოვოს! ჩვენის ფიქრით, ორივე შესაძლებელია, თუ
გული ჰგულობს.

ბ-ნი საფაროვისა ჰთამაშობდა ისაიას ცოლის როლსა. დიდი არაფერი როლია
იმისთანა არტისტის ქალისათვის, როგორც ბ-ნი საფაროვისაა. ამ კომედიაში,
რომელსაც კვირას ჰთამაშობდნენ, მაინც ქალების როლები სუსტი და უღონოა. არც
ერთს ქალს ფრთაგასაშლელი როლი არა აქვს. ამისდა მიუხედავად, ბ-ნ საფაროვისამ
კარგად ითამაშა და სიმღერაც ისე კარგად მოუვიდა, რომ მთელმა თეატრმა, რომელიც
ამჟამად საკმაოდ სავსე იყო, ტაშით დაიგრიალა.
ბ-ნი ლეონიძისა მარგარიტას როლში ვერ იყო კარგად. მაინცდამაინც უნდა
ვსთქვათ, რომ ეგ როლი თვითონ ავტორსაც ვერა აქვს კარგად გამოყვანილი და რაც
არის, ისიც კი წახდა ბ-ნ ლეონიძისაგან. აქაო და ერთხელ გაიცინა ”სამოთხემ”, რომ
მაღალქუსლიან წუღების გამო წაიბორძიკა, ბ-ნმა ლეონიძისამ კიდევ განიმეორა და
ამით გადაამლაშა უამისოდაც უგემური როლი მარგარიტასი. დიდი შეცდომაა
არტისტის ქალის მხრით, თუ ჰგონია, რომ მარგარიტას როლი სასაცილო როლია
მაყურებელთათვის. ჩვენის აზრით, ამ როლის მოთამაშე ქალმა გულშემატკივრობა
უნდა აღუძრას მაყურებელს და არა სიცილი და სასაცილოდ აგდება. სასაცილოდ
აგდება იმისთანა ადამიანისა, რომლის უბედურობა მარტო ის არის, რომ მახინჯად
არის დაბადებული, ავზნეობის ნიშანია და ჭკუაგახსნილს და გულგანათლებულს
მაყურებელს უნდა ეზიზღებოდეს. აქ ბ-ნს ლეონიძისას უფრო დრამატიული როლი
ჰქონდა, დამაფიქრებელი, გულის სატკენი და იმან კი ზნემოკლებულ სავოდევილოდ
გახადა. გვეწყინა ეს ბ-ნ ლეონიძისაგან, იმიტომ რომ მან ”ცოლი მეუღლეში” ნამდვილ
დრამამდე მიაღწია და გვეგონა აქაც, მარგარიტას როლში, არტისტული გრძნობა
ჩააგონებდა, რომ მარგარიტა სასაცილო კი არ არის, შესაბრალისია, გულშესატკივარია
მაყურებელთაგან. სიბრალული, გულშემატკივრობა, მეტად პატიოსანი გრძნობაა და
არა არტისტს არ მიეტევება, თუ შემთხვევა აძლევს და ამ მშვენიერ გრძნობამდე არ
აღზიდავს დღიურ ბოროტით მოქანცულს მაყურებელსა. დედის როლში იგივე ბ-ნი
ლეონიძისა არ იყო ურიგო.
ბ-ნი გაბუნია ჰთამაშობდა გიორგის დეიდის როლსა. როცა იგი პირველად
შემოვარდა ჩადრით სცენაზედ და სხაპასხუპით დაიწყო ლაპარაკი, – მარტო ეს ერთის
წუთის სცენა ჰღირდა ერთ მთელ წარმოდგენად. საოცარი რამ იყო!.. მთელმა თეატრმა
გრიალი მოიღო ტაშისცემითა და კარგა ხანს აღარ დააყენა ტაში. ეგეთის უხვის
შუქით და სხივით გამოკაშკაშებული ნიჭი ბევრჯერ არ ენახება ადამიანს!.. მართლა
საოცარი რამ იყო!.. მაგრამ... მაგრამ ისა, რომ ბ-ნი გაბუნია ხშირად თავიდან
ბოლომდე თავის როლს ვერ გაატარებს ხოლმე ისე, როგორც ზოგიერთგან მოსდის.
აქაც ისე მოუხდა, ხოლო ამ უკანასკნელ შემთხვევაში ეს ან იმას უნდა დავაბრალოთ,
რომ მისი შემოსვლა ისეთი ბრწყინვალე იყო, რომ დანარჩენი ბნელად გვეჩვენება,
როგორც მზის სხივთაგან დაჩაგრულს თვალს ეჩვენება ხოლმე, ან თვითონ არტისტი
ქალია ამაში ბრალი. იქნება ერთიც იყოს ბრალი და მეორეც, მაგრამ მესამეც არ უნდა
დავივიწყოთ. თვითონ ავტორსაც აქ ცოტა წუნი ედება. გარეშემონი, მახლობელნი
რისხვით, ქოქოლით და წყევლით მისეულნი არიან პიესაში გიორგის დეიდაზედ და
გიორგის დეიდა კი უტყვად და უქმად დაუგდია ავტორს, მერე რამდენ ხანს!.. რა ქნას
აქ არტისტმა? მერე იმისთანა როლში, რომელიც თავიდამ ისეა დაწყობილი, რომ
არამც თუ ყურის გდების უნარი აქვს, როგორც დამჯდარს, დარბაისელს ვისმე,
არამედ ისეთი აშაქარია, რომ მაშინაც კი უნდა იჭაჭებოდეს ლაპარაკით, როცა სხვანი
ლაპარაკობენ, არამცთუ სწყევლიდნენ, ქოქოლას აყრიდნენ, და ის კი ხმაამოუღებლივ
იჯდეს და მოთმინებით ისმენდეს ყოველს ამასა.
ჩვენ ეს, რაცა ვსთქვით ჩვენს არტისტებზედ, ზოგიერთში მეტისმეტი
გამოკიდებაა, მარტო კარგად ნაწურთვნს არტისტებს მოეთხოვება. ჩვენ ის გვიხარიან,

რომ ჩვენი არტისტები კარგნი არიან და ამით საბუთს გვაძლევენ ბევრი მოვსთხოვოთ
და დავავალოთ. საერთოდ კი უნდა ვსთქვათ, რომ წარსულს კვირას ”ხათაბალა”
საკმაოდ კარგად და რიგიანად წარმოდგენილ იქმნა. რაც რეჟისორს მოეთხოვებოდა,
ყოველიფერი ისე მშვენივრად იყო, რომ მადლობელმა საზოგადოებამ გამოიწვია
რეჟისორი თ. თუმანიშვილი და ტაშისცემით გადუხადა მადლობა. ავტორიც დიდის
ყოფით და ამბით გამოიწვია საზოგადოებამ და დიდხანს ტაშისცემა და ბრავო არ
შეწყვეტილა.
[1886 წ., 2 – 4 ნოემბერი.]

<ქართული ხალხური მუსიკა>
ტფილისი, 17 ნოემბერი

შაბათს, 15 ნოემბერს, ერთი ფრიად სასიამოვნო და ახალი ამბავი მოხდა.
ქართულს თეატრში გამართული იყო ქართული კონცერტი. ქართულმა ხორომ
იგალობა ჩვენი საერო სიმღერები. ჩვენ მუსიკობაში თავს არა ვსდებთ, იმიტომ რომ ამ
ხელოვნებისა ჩვენ არა ვიცით რა. ჩვენ ამ კონცერტის გამო ზოგიერთი ფიქრები
აგვეშალა და, ვიდრე თვით კონცერტის თაობაზედ ვიტყოდეთ რასმე, გვსურს
ზოგიერთი ჩვენი ფიქრი გამოვსთქვათ, რამოდენადაც შესაძლოა.
მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულმა გერმანელმა ლესსინგმა ერთს თავის
სახელოვანს თხზულებაში, რომელსაც ”ლაოკოონი” ჰქვიან, სთქვა: ”მუსიკა არის
უტყვი პოეზია და პოეზია – მეტყველი მუსიკაო”. ჩვენ კიდევ ამას ვიტყვით, რომ
სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და
მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და
წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას
თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალკცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ
იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და
რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული
შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით
იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და
მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური ”ზარი”, ეგ გლოვის მუსიკა,
პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა,
როგორც მაგალითებრ ”მაყრული” – სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც
”ორპირი” – ვაჟკაცობისა, მედგრობისა და მხნეობისა. გალობა ისეთივე
მოთხოვნილებაა, ისეთივე საჭიროებაა, ისეთივე განუყრელი თვისებაა ადამიანის
ბუნებისა, როგორც ცრემლი, როცა კაცი არ ჰხარობს, ან ჰგოდებს, როგორც კვნესა, –
როცა გული შეხუთულია, როგორც ძახილი, თქმა – როცა გული მხიარული და
ბედნიერია.
ხოლო რადგანაც ქვეყანაზედ გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო
სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათასგვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო
და სასიხარულო სიმღერას შუა კიდევ მრავალგვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით
ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის დღეში. მინამ
გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და

რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას,
რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არარა, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის
დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა. კაცთ გარე,
ქვეყნიერობაში სიმღერა არ არის *. ეგ მხოლოდ კაცის კუთვნილებაა, ვითა ღვთის
კერძოისა. ეგ ღვთაებური ნიჭი ბუნებამ მარტო ადამიანს მოჰმადლა და იგი ნიჭი
იმოდენად ძვირფასად მიაჩნია კაცობრიობას, რომ არ არის ცასქვეშეთში იმისთანა
კაცი, იმისთანა ერი, რომ ეგ ნიჭი არ ემოქმედებინოს და ეგ მშვენიერი ნერგი,
ადამიანის სულში ბუნებისაგან ჩარგული, არ ეხეირებინოს და ცოტა თუ ბევრი
ყვავილები არ გამოესხმევინებინოს.
ჩვენა ვსთქვით, რომ სიმღერა გულისთქმაა. როგორც ცალკე კაცის გული, ისე
გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულისთქმაც,
გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო,
თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზია, რომელსაც
ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმელი, სიტყვით
არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული – იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი
ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა,
სხვა ერისა – სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველობა. ქართველი, როცა
ჰკვნესის, სხარიგად, სხვა ხმით, სხვა კილოთი ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი ანუ
გერმანელი; ქართველი, როცა ჰხარობს, სულ სხვარიგადა ჰხარობს და სიხარულის
გამოთქმაც სულ სხვარიგია. რა არის, მაგალითებრ, ქართველის: ”ვაი”, ”ვიშ-ვიშ”,
”ვაშა-ვაშა” თუ არ თქმა, თუ არ ძახილი, თუ არ ყეფა ასე თუ ისე ნაძგერის გულისა!..
ეგ ხომ ცარიელი ხმაა, ხომ იგი უტყვი ბგერაა ხმისა, რომელიც უტყვს პოეზიაზედ
უფრო ახლოა, ვიდრე მეტყველ მუსიკაზედ, ესე იგი უფრო მუსიკაა, ვიდრე
სიტყვიერება! როცა ქართველი იძახის: ”ვაი, ვიშ, ვაშ”, ჩვენ, ქართველებს, მთლად და
სავსებით გვესმის ეს ბგერა ქართველის გულის ძარღვისა, ასე თუ ისე ძლიერად
ნატკენისა და განწონილისა. სხვა ერის კაცი ვერ გაიგებს: ამას ამავე შემთხევისათვის
სხვა მწყობრი აქვს ხმებისა, რომელიც ჩვენ, ქართველებისათვისაც ისევე გაუგებარია,
როგორც მისთვის ჩვენია გაუგებარი, თუ ან იმას ჩვენთვის ყური არ შეუჩვევია, ან
ჩვენ მისთვის. ამიტომაც ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის
გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენამეტყველობას. შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა თავადიც
იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში არ გაუგონია, შეიყვანეთ და
თუნდა ბახისა, მოცარტისა და ბეტჰოვენის სიმფონიები მოასმენინეთ, იმას არ
მოეწონება, თუმცა კი მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმე. ეგ იმიტომ კი არ
მოსდის, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი ამბობენ, რომ იგი გლეხკაცი ანუ თავადი
კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. ეგ იმას ეგვანებოდა, რომ
კაცს კაცმა მეტყველების ნიჭის უქონლობა შესწამოს, როცა, ვსთქვათ, ბაირონის
ლექსს ინგლისურად უკითხავდნენ ამ ენის არმცოდნე კაცს და ამის გამო არმცოდნე
კაცი კითხვის დროს თვლემაში იყოს, როცა სხვანი აღტაცებულნი არიან. იგინივე,
რომელნიც მოცარტისა და ბეტჰოვენის მუსიკით აღტაცებაში მოდიან, იგინივე
ცხვირზევით აიცილებენ ხოლმე ჩვენს სიმღერასა, ჩვენს მუსიკასა, მაშინ როდესაც
ჩვენ აღტაცებაში მოვდივართ ხოლმე. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არცოდნაა, და
არა გრძნობამოკლებულობა, გრძნობადახშულობა. სიმღერის, პოეზიის სიამოვნების
ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს
*

ჩვენ აქ სახეში გვაქვს სიმღერა, როგორც მწყობრი ხმა, მწყობრ სიტყვასთან შეერთებული.

მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტი, ისიც იმიტომ, რომ აქ ხორცის
ნაკლულევანებაა მიზეზი ამ ნიჭის უქონლობისა და არა სულისა.
რასაკვირველია, ყველა ერს ერთს ხარისხამდე არა აქვს აყვანილი თავისი
მუსიკა, როგორც თვით ენა-მეტყველობაც. ამ მხრით ზოგი ერი ძალიან წინ წასულია,
ზოგი ჯერ მიდის. ევროპამ ამ მხრით დიდად შორს დააგდო აზია და დღეს
ევროპიული მუსიკა დიდად გაბრწყინვებულია, განწმენდილია, დახელოვნებულია,
და რა თქმა უნდა, ქვეყნიერობაზედ უპირატესობს. ხოლო ვინც დააკვირდება აზიურს
მუსიკასა და შეაფარდებს ევროპისას, იგი ადვილად ჰგრძნობს, რომ ამ ორთა
მუსიკათა შორის ბუნებითი, არსებითი სხვადასხვაობა არის. სულ სხვა ძარღვი აქვს
ერთს და სულ სხვა ძარღვი მეორეს, და თუმცა ერთი ისე განკარგებული,
შეკეთებული და დახელოვნებული არ არის, როგორც მეორე, მაგრამ არა გვგონია –
ერთმა მეორეს ოდესმე სძლიოს და გზა დაათმობინოს; აზიური მუსიკაც იმრიგადვე
თავის გზაზედ იდგება და ივლის, როგორც ევროპიული თავის გზაზედ მდგარა და
უვლია... სიტყვა გაგვიგრძელდა და დანარჩენს ხვალ ვიტყვით.
ტფილისი, 18 ნოემბერი

რომ ქართული სიმღერა და გალობა ევროპიულს არა ჰგავს, ეგ აშკარაა და ამას
არავითარი დამტკიცება არ სჭირია, როგორც გვარწმუნებენ მცოდნე კაცები. ჩვენ
მუსიკისა, როგორც წინადაც მოგახსენეთ, სულ არ გვესმის რა და მის გამო ვშიშობთ
და სითამამედ მიგვაჩნია წარმოვსთქვათ ერთი აზრი, რომელიც დიდი ხანია
მოსვენებას არ გვაძლევს და რომელზედაც პასუხი ჩვენთვის არავის მოუცია, თუმცა
ბევრჯერ და ბევრგან ჩამოგვიგდია ამაზედ ლაპარაკი მუსიკის მცოდნე კაცთა შორის.
ქართული სიმღერა ხომ ევროპიულს სრულებით არა ჰგავს, ჰგავს კი აზიურსა? ჩვენ აქ
სახეში გვაქვს ქართული საერო, თუ საეკკლესიო, ბანით საგალობელნი და არა
მარტოდ სათქმელნი. ყოველისფრით უნდა იგულისხმებოდეს, რომ უნდა აზიურსა
რაშიმე ჰგვანდეს: საქართველო უფრო აზიაა, მისი ისტორია უფრო აზიის
კულტურისა და ცივილიზაციის გავლენის ქვეშ იყო უკანასკნელ საუკუნემდე.
მისვლა-მოსვლა, ისტორიული დამოკიდებულება, ისტორიული მეზობლობა უფრო
აზიის ერთა თანა ჰქონია და რა საფიქრებელია, რომ ყოველს ამას არ ემოქმედნა
აქაურს სიმღერათ მწყობრობასა და აგებულებაზედ. ვსთქვათ, რომ საეკკლესიო
გალობაზედ ზედმოქმედება იქონია საბერძნეთის გალობამ მას შემდეგ, რაკი ჩვენში
ქრისტიანობა შემოვიდა, რადგანაც ყოველისფერი საეკკლესიო იქიდამ მივიღეთ. ეს
საერო სიმღერა თვითნაჩენია თავით, თავისითმყოფია, თვითმოარული, თუ საერთო
რამა აქვს აზიის სხვა ერთა სიმღერებთანა. მაგალითებრ, საფრანგეთის მუსიკას,
გერმანიისას, იტალიისას – ბევრი მგზავსება აქვთ ერთმანეთში, ისეთი მგზავსება,
რომ გაუჭირვებლად სრულიად თავისუფლად – ერთის ერის მუსიკა მეორესათვის
პირდაპირ გასაგებია, პირდაპირ მოსაწონია, თუმცა ამასთანავე ყოველის ამა ერის
მუსიკას თავისი საკუთარი ფერი აქვს ზედ დაჩნეული. ეგევე განა ითქმის,
მაგალითებრ, აქაურს ბანით სათქმელს სიმღერებზედ და სპარსულებზედ? არა
გვგონია. სულ სხვადასხვა არის: სპარსელს ჩვენი ბანით სათქმელი სიმღერა სულ არ
მოსწონს, იმიტომ რომ არ ესმის. რომ ესმოდეს, ეგ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ძირი ან
ფერი ერთი აქვთ აქაურს და იმათ სიმღერებს. ან თუნდა აზიის სხვა ერი აიღეთ, – განა
აქაური სიმღერები ჰგვანან რომელისამე ერის სიმღერას აზიაში?
არ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა
გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა

რომელისამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა. აქ
საკუთარი, თვითნაჩენი, თვითმყოფი სიმღერა აქვს და ამ მხრით მუსიკის მცოდნე
კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა წარმოადგენდეს
მუსიკის ისტორიისა და თეორიისათვის. არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის
ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, ჰსცდილან
მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმად ემცნოთ და იმათაც
ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვითნაჩენობასა
და თვითმყოფობაზედ. ესენი მეტად შორს არიან იმ უმადურობაზედ, თუ გნებავთ –
სიბრიყვეზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკობას ჩვენის
სიმღერებისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი
მწყობრი ხმატკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო.
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელნიც დღეს მიუზიდნია ქართულის
სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც
მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაო საცნობელად. ამ მხრით თვითონ
ჩვენი ყმაწვილი კაცებიც ჰშრომობენ და აი ამ შრომის ნაყოფი დიდი სიამოვნებით
გავიგონეთ ჩვენის ყურით შაბათს, 15-ს ნოემბერს. ქართულმა ხორომ, თუ არ
ვცდებით, ოცი, ოცდაათი კაცი იქნებოდა, ბ-ნ რატილის ლოტბარობით იგალობა
თეატრში თერთმეტამდე სხვათა შორის ქართული საერო სიმღერები, ნოტებზედ
გადაღებული. ხალხი საკმაოდ ბლომად დაესწრო და სიამოვნებით კი არა, აღტაცებით
დაჰხვდა და მიეგება ამ ახალს და სასიამოვნო ამბავს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ
ყველა ქართული ხმები კარგად იყო გადაღებული, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენ მიერ ქება
და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყებთა. იგი ნაკლულევანება, რომელიც ყოველს
ახალს საქმეს აუცილებლად მოსდევს ხოლმე, და რომელიც აქ ვახსენეთ, უკეთესის
სურვილით მოგვივიდა და რა წუნის დასადებად. ამისთანა საქმეში თვითონ წუნიც
კი უნდა ჰმდუმარებდეს, იმიტომ რომ თვითონ საქმე ქველმოქმედებაა თავით
თვისით. სწორედ ამ გრძნობითაც დაჰხვდა ჩვენი საზოგადოება ამ მშვენიერს საქმეს
და ამ გრძნობითვე გამოვიდა თეატრიდამ. დიდი მადლობა გვმართებს ბ-ნ
აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა, შეჰყარა ხორო,
გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებულის ხმებით,
რომლითაც მღეროდნენ ჩვენი წინაპარნი და რომელსაც ისეთის აღტაცებით ისმენდა
იმ ღამეს თეატრში შეყრილი საზოგადოება... არანაკლებ მადლობის ღირსია ბ-ნი
რატილი, ეგ უცხო კაცი, რომელმაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო.
მადლობელმა საზოგადოებამ იქავ თეატრში მოაგროვა ფული და საჩუქარი მიართვა
ბ-ნს რატილს. ძახილს და ტაშის ცემას ბოლო არა ჰქონდა. სასურველია, რომ ამ
დიდად სასიამოვნო საქმემ ხშირად გვასიამოვნოს ხოლმე ისე, როგორც შაბათს
საღამოს გვასიამოვნა.
ნუთუ კარგი არ იქნებოდა, რომ ჩვენმა დრამატიულმა დასმა ეს ახალი საქმე,
ხოროთი გალობა ქართულის ხმებისა, ზედ გადააბას წარმოდგენებსა! ეს აზრი და
სურვილი ბევრმა გამოსთქვა თვით თეატრშივე და ჩვენც სხვასთან ერთად გვგონია,
რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს შეავსებს და ერთმანეთს უშველის, ამრავალფეროს
სიამოვნება და, მაშასადამე, თეატრში მოსიარულე საზოგადოებაც ამრავლოს და
ბლომად მოიწვიოს. ეს გაერთება ორის ერთგვარად სასურველ და სანატრელ
სიამოვნებისა ერთსაც ახეირებს და მეორესაც, როცა ორივე და-ძმურად ერთად
მოწვეულ იქნებიან ჩვენდა გასართობად.
[1886 წ., 15 – 18 ნოემბერი.]

ქართული თეატრი
<ახალი პიესები ქართულ სცენაზე>
ჩვენის ქართულის თეატრის საქმე თანდათან უფროდაუფრო კეთდება და ეს
სასიამოვნო ამბავი არ იქნება არ შევნიშნოთ. კვირას, 16 ნოემბერს, წარმოდგენილი
იქმნა თარგმნილი მელოდრამა ”შეშლილია” და ”ჯერ დაიხოცნენ, მერე
დაქორწილდნენ” – ვოდევილი, ქართულად გადმოკეთებული თ. რაფ.
ერისთავისაგან. შინაარსი მელოდრამისა ის არის, რომ ერთი მდიდარი, თავის
ქვეყანაში საკმაოდ გამოჩენილი ინგლისელი ყმაწვილი კაცი ჯვარდაწერილია ერთს
გამოჩენილ ოჯახის ქალზედ და ცოლი გაგიჟებით უყვარს. ცოლი ყოვლისფრით
პატიოსანი ქალია და დიდად მოყვარული ქმრისა, რომელსაც ამისათვის არც
სიტურფე-სილამაზე აკლია, არც ზრდილობა და განათლება, არც სიმდიდრე და არც
ყმაწვილკაცობა, ერთის სიტყვით, ყოვლისფრით შემკულია. ამათა ჰყავთ აყვანილი
საპატრონებლად ერთი ნათესავი გასათხოვარი ქალი, ერთი ცუგრუმელა,
გულუბრყვილო და ტრედივით უგუნური, როგორც ჩვენი გლეხები იტყვიან ხოლმე
ქვეყნის ბოროტებისა და ბიწისაგან ჯერ ხელუხლებელ ქალზედ და ამ ბოროტების და
ბიწის ყოვლად უცოდინარზედ. ამ ქალს სახელად ნელი ჰქვიან. ერთს ყმაწვილ კაცს,
ყრმობის მეგობარს და ამხანაგს ქმრისას, შეუყვარდება ნელი, და ამიტომ ხშირად
დაიარება ამ ოჯახში. პატიოსანმა ყმაწვილმა კაცმა შეამჩნია, რომ ქმარმა აითვალწუნა
მისი ხშირად სიარული, შეატყო, რომ მის ძველს მეგობარს არ მოსწონს და დაეთხოვა
ამ ოჯახს. ხოლო ამ ოჯახს გარეთ, საცა კი ცოლ-ქმარნი თეატრსა, ბალსა და
წვეულებაში სადმე მიდიოდნენ და ნელი თანა ჰყვანდათ, ის ყმაწვილი კაციც იქ
გაჩნდებოდა. ქმარს, ამის მნახველს, გულზედ ცეცხლი ეკიდებოდა, ეგონა, რომ იგი,
მისი ყრმობის მეგობარი, მის ცოლს დასდევს, მის ცოლს ეარშიყება. ეჭვმა ქმარი
სრულად დაატყვევა და სრულად დაიმორჩილა. დაუწყო ქმარმა თვალყურის დევნა
თავის ცოლსა და მეგობარსა, რომ რაიმე საბუთი ხელში ჩაეგდო და ეჭვით ტანჯული
გული ერთს საბუთიანს საგანს რაზედმე დაეყენებინა. ერთხელ ცოლი სასეირნოდ
წავიდა მარტოდ: უეცრად და მოულოდნელად, საიდამაც არ იყო, გაჩნდა მის წინ იგი
ყმაწვილი კაცი. ყმაწვილმა კაცმა ხვეწნა დაუწყო, მომისმინე, გევედრებიო... არ
დასცალდა ყმაწვილ კაცს სიტყვის დასრულება, რადგანაც ამ დროს ბუჩქებში რაღაცამ
გაიხმაურა, თითქო კაცი ვინმე დაიძრაო. შეშინებული ცოლი მყისვე გამოიქცა. თურმე
ბუჩქებში დამალულია ქმარი და რაკი ეს ამბავი დაენახა, მთლად არეოდა გონება და
გამოჰკიდებოდა მოსაკლავად თავის მეგობარს, რომელსაც ეხლა კი დარწმუნებით
შესწამა ღალატი. რა მოხდა ქმარსა და მეგობარს შორის – ეგ ძალიან საჭიროც არ არის
სათხრობლად. ხოლო ქმარი ამაზედ ჭკუიდამ შეიშალა, თავის საყვარელის ცოლის
ღალატს ვეღარ გაუძლო მისმა გონებამ და გულმა. ეს ჭკუიდამ შეშლილობა
ხანდაზმობით მოსდიოდა, სახელდობრ მაშინ, როცა მახლობელნი ამის მგზავსად
რაზედმე ჩამოაგდებდნენ ლაპარაკს და ან იმისთანა საგანს რასმე გაიხსენებდა, ან
ჰნახავდა, რომელიც ასე თუ ისე მოაგონებდა ხოლმე ზემოხსენებულს ამბავს.
საყურადღებო და სადრამო ამბავი ის არის, რომ ჭკუიდამ შეშლილს ქმარს თავისი
თავი ჭკვათამყოფელად ჰგონია და ჭკვათმყოფელი ცოლი კი შეშლილად. ქმარს არ
უნდა, სცხვენიან, რომ ცოლის ჭკუიდამ შეშლა შეუტყოს ვინმემ და ამიტომაც
ლონდონიდამ, რომლის მაღალ საზოგადოებაში ბევრი ნაცნობები ჰყავს, იყრება და
ერთს მიყრუებულ ადგილას ჰბინავდება ლონდონს გარეთ. ცოლი ატყობს ჭკუიდამ

შეშლილობას ქმარსა და იგიც იმის მეცადინეობაშია, რომ ეს ამბავი ქვეყანას
დაუმალოს და ამიტომაც სიხარულით მისდევს თავის ქმარსა და ნელიც თან მიჰყავთ.
ქმარს თანდათან უფრო ერევა სიგიჟე და ამ გაძლიერებულ სიგიჟეში თანდათან
ჰმატულობს მისი ცდუნებაც ცოლის ჭკუიდამ შეშლილობაზედ. ბოლოს ამ ცდუნებით
სრულად შეპყრობილი და მოტყუებული იბარებს ლონდონიდამ თავის დიდი ხნის
სახლის ექიმს, რომელიც მკურნალობაში სახელგანთქმულია. ექიმმა სრულიად
არაფერი იცის, რა ამბავია ამ ოჯახში. ექიმი მოდის და ჭკუიდამ შეშლილი ქმარი
ყველაზედ უწინარეს ჰნახავს ექიმსა. ქმარი იმ წუთს სრულს ჭკუაზედ არის,
იმოდენად სრულს ჭკუაზედ, რომ გამოცდილი ექიმიც კი ვერას ატყობს. ქმარი
გაენდობა ექიმს, როგორც თავის ოჯახის ძველ მეგობარსა, ევედრება, ჩემი
უბედურება არსად არ გასცეო და აჯერებს, რომ ჩემი ცოლი ჭკუიდამ შეიშალა და მის
მოსარჩენად მოგიწვიეო. ექიმი პირველ ხანად მოსტყუვდა და მართლა ცოლს დაუწყო
გამოკითხვა იმ აზრით, რომ როგორმე მიაგნოს საგანს და მიზეზს ცოლის
გაგიჟებისას. მერე, რასაკვირველია, გამომჟღავნდა, ვინ არის მართლა ჭკუიდამ
შეშლილი და ექიმმა ქმარს დაუწყო მკურნალობა.
ქმარს უტყუარი საბუთით დაუმტკიცეს, რომ მისი ცოლი ამ საქმეში ყოვლად
წმინდა და უბრალოა და ყოველი უბედურობა იქიდამ მოხდა, რომ ნელისა და მის
მეგობარს ყმაწვილ კაცს ერთმანეთი ჰყვარებიათ და უყვართ და ჩუმადაც
ჯვარდაწერილები არიან. ამ ამბავმა ჭკუიდამ შეშლილი კაცი ისევ გონებაზედ
მოიყვანა ყოველთა სასიამოვნოდ და ამით თავდება მელოდრამაცა.
ქმრის როლსა ჰთამაშობდა ბ-ნი მესხიევი. პირველ ორ მოქმედებაში ყოვლად
უნაკლულო იყო მისი თამაშობა. ყოველისფერი: მიხვრა-მოხვრა, ლაპარაკი, ხმა,
სიტყვის გამოთქმა და ქართული კილოც კი, რომელიც წინად ხშირად უმტყუვნებდა
ხოლმე ამ ნიჭიერს და ჭკუით სავსე არტისტს, ეხლა ყოველივე ეს ბედნიერად
შეუერთდნენ ერთმანერთს, რომ სავსებით და მთელი ზედმოქმედება ექონიათ
მსმენელზედა. მისი თამაშობით გატაცებულმა საზოგადოებამ არა ერთხელ და
ორჯერ გამოიწვია არტისტი ტაშისცემით და ბრავოს ძახილითა. ჩვენ განსაკუთრებით
გაგვაოცა ამ არტისტმა პირველ მოქმედებაში. ავტორი ერთის სიტყვითაც, ერთის
ნიშნითაც არ ამჟღავნებს მსმენელთა წინაშე, რომ ქმარია შეშლილი. პირიქით, თითქო
ყველა ღონისძიებასა ჰხმარობსო, რომ აცდინოს მაყურებელი და ქმრის სიტყვით
შეშლილად ცოლი აგულისხმოს მსმენელსა. ბ-ნ მესხიევმა, ამ ჭკვიანმა და ნიჭიერმა
არტისტმა, აქ სწორედ მთელი დრამა შეჰქმნა და ამით მეტად ძლიერ შესძრა
მაყურებელთა გული, როცა იგი უამბობს ექიმს თავისის ცოლის შეშლილობის ამბავს.
აკი მოგახსენეთ, ავტორი არც სიტყვით, არც რაიმე ნიშნით ნებას არ აძლევს არტისტს
თავისი ჭკუიდამ შეშლილობა გამოამჟღავნოს. მთხრობელის შეშლილობას იმოდენად
ჰმალავს ჯერ კიდევ ავტორი, რომ თვით გამოცდილ ექიმსაც კი გუმანი ვერ შეუტანია,
რომ მართალს შეშლილს უგდებს ყურსა და მართალს შეშლილს ელაპარაკება. ჩვენის
ფიქრით, არტისტული, ჭეშმარიტად არტისტული თამაშობა კი ჰთხოულობს ამ
სცენაში ქმარმა ეჭვი შეაპაროს მაყურებლებს და გულში ათქმევინოს: რა ვქნა, თვითონ
ეს ხომ არ არის ჭკუიდამ შეშლილიო. ეს ეჭვი ბოლოს გამართლდება თუ
გამტყუვნდება, სულ ერთია, ხოლო ეგ ეჭვი ატყვევებს მაყურებლის გულსა და
გონებას და ინტერესს უჩენს, რომ თვალგაფაციცებით და გულისლევით თვალი და
გონება აადევნოს მოქმედებასა და თვითონ პიესასა.
ასეც მოახდინა ბ-ნმა მესხიევმა და მოახდინა საოცარის ხელოვნებითა. ეს
მეტისმეტად ძნელია, ნამეტანად თუ გავიხსენებთ, რომ ავტორმა არავითარი
ხორციელი ღონისძიება არ მისცა და განგებაც არ მისცა, რომ ეს ენიშნებინა

მაყურებელთათვის. ჩვენ ვამბობთ, განგებ არ მისცაო, იმიტომ კი არა, რომ ავტორს ეგ
ფიქრად არა ჰქონია; პირიქით, ხელოვანი ავტორი თავის დღეში შემთხვევას არ
დაჰკარგავს, რომ ამისთანა გულის დამტყვევებელი და წამღებელი საგანი, ამისთანა
საყურადღებო სულის მოძრაობა და ხალისი არ აუჩინოს მაყურებელსა. კვანძი
მელოდრამისა აქ უნდა შეიკრას ავტორის აზრით და ეს სრულიად მიანდო მან
არტისტის ნიჭს, არტისტის ჭკუასა, არტისტის მიხვედრილობას და გამოცდილებასა,
და თვითონ ავტორი კი უკან მიდგა. მით უფრო ღრმად აღსაბეჭდია ადამიანის
გულზედ იგი სულის მოძრაობა, რომელიც არც სიტყვით, არც მოქმედებით განგებ არა
თქმულა და უნდა კი ითქვას იმოდენად, რამოდენადაც შესაძლოა კაცმა უთქმელი
საგულებელად გაჰხადოს მაყურებელისათვის. ეს შეუძლიან მარტო ჭკვიანს,
გონებაგახსნილს და ღრმად გამკითხავს არტისტს და სწორედ ამისთანა არტისტად
გვეჩვენა ჩვენ ბ-ნი მესხიევი კვირა დღეს იმ სცენაში, როცა ექიმს ჭკვიანად უამბობს
თავისის ცოლის ჭკუიდამ შეშლილობას, მაშინ, როდესაც თვითონ არის შეშლილი, და
ავტორი კი ამასა ჰმალავს, თითქო არტისტს ეუბნებოდეს, შენ იცი და შენმა ნიჭმაო, მე
თქმაც მინდა და არათქმაცაო, და ეს, თუ არტისტი ხარ, შენ მოახერხეო.
გულწრფელად ვიტყვით, რომ ბ-ნმა მესხიევმა მოახერხა. არა ერთი და ორი
მაყურებელი ჰლაპარაკობდა ამ სცენის შემდეგ: აი ვნახოთ, თუ თვითონ ქმარი არ
გამოდგეს ჭკუიდამ შეშლილადაო და ისეთის კილოთი ამბობდა ამასა, რომ თავისივე
სიტყვა სჯეროდა კიდეც და არცა სჯეროდა. ჩვენ დიდხანს შევდექით ამ ერთს
სცენაზედ, იმიტომ კი არა, რომ სხვა სცენები არა ჰქონდა კარგი და საყურადღებო ბ-ნს
მესხიევს. აკი ვსთქვით, პირველი ორი მოქმედება ყოვლად უნაკლულოდ გაატარა.
ხოლო ეს სცენა, ჩვენის ფიქრით, ერთი იმისთანა სცენაა, რომელსაც მარტო ნიჭი და
ცოდნა არტისტისა შესწვდება ხოლმე და სხვა ყოველივე ამისათვის უღონოა. ბურთი
და მოედანი არტისტისა მაგისთანა სცენებია ხოლმე და ამიტომაც ასე გრძლად
მოგვივიდა სიტყვა მაგ სცენის თაობაზედ.
მესამე მოქმედებაში ვერ იყო ისე ბ-ნი მესხიევი, როგორც სასურველია.
შეშლილობიდამ გონება-მოსვლაზედ მეტად სწრაფად გადავიდა, ასე რომ
მომხიბლავი ცდუნება სცენისა, რომელსაც ილუზიას ეძახიან, სრულად დაეკარგა
მაყურებელსა. ჩვენ მით უფრო გვწყინს ესა, რომ ბ-ნს მესხიევს აქაც შეეძლო თავი
ეჩინა, მაგრამ მესამე მოქმედებაში რაღაც დაღალულობა, დაქანცულობა ეტყობოდა
და ეს სცენა ააჩქარა. გულიც იმისთანა მხურვალებით ვეღარ ააყოლა, როგორც
პირველ ორ მოქმედებაში. საკვირველიც არ არის. ადვილად დასაჯერებელია, რომ
ორმა პირველმა მოქმედებამ დაჰღალა. ხორცის მოძრაობა ისე როგორ დაჰღლის კაცსა,
როგორც სულისა, და პირველი ორი მოქმედება ხომ თითქმის სულის მოძრაობა იყო.
ჩვენდა სამწუხაროდ ესეც უნდა შევნიშნოთ, რომ ეგრედ წოდებული
დრამატებური ყელში ლაპარაკი (Драматический шопот) ვერ მოსდის ბ-ნს მესხიევსა,
თუმცა ისე კი მშვენიერის ხმის პატრონია. არ ვიცით, ეს ხმის გაუწურთვნელობის
ბრალია, თუ ორგანებური ნაკლულოვანებაა. ეგ დრამატებური ყელში ლაპარაკი
დიდი ღირსებაა სადრამო არტისტისათვის და დიდი ზარიცა აქვს მსმენელთათვის,
თუ კაცსა მაგის უნარი აქვს. სასურველია, რომ ამ მხრით ყურადღება მიაქციოს ბ-ნმა
მესხიევმა თავის ხმასა და, თუ შეიძლება, ხმა შეაჩვიოს და გაიწურთნოს.
ჩვენა გვგონია, რომ დიდი შეცდომაა რეჟისორისაგან, რომ ცოტად თუ ბევრად
სადრამო როლს აკისრებინებს ხოლმე იმისთანა არტისტს, რომელსაც საზოგადოებამ
თვალი შეაჩვია როგორც კომიკსა. მაგალითებრ, ბ-ნს აბაშიძეს, რომელსაც ისე
შევეჩვივენით, რომ ყოველს მის ფეხის გადადგმაზედ სიცილი აგვიტყდება ხოლმე, არ
უნდა აკისრონ იმისთანა როლები, საცა სიცილი მეტია და საჭიროა არტისტმა

გულშემატკივარის
ნაღვლიანობით
მოიზიდოს
ყურადღება
მაყურებლისა.
მაყურებელი, ჩვეული სიცილს, როცა კი ბ-ნს აბაშიძეს თვალს მოჰკრავს ხოლმე, იქაც
კი უნებურად იცინის, საცა ბ-ნი აბაშიძე უნდა ჰნაღვლიანობდეს როლის მიხედვითა.
კვირას ბ-ნი აბაშიძე ჰთამაშობდა ექიმის როლსა, და ეს კაცი, რომელიც, ავტორის
აზრით, ჭკუადამჯდარი, ჭეშმარიტი გულშემატკივარი, სხვის უბედურების
მგრძნობელი
და
თანამგრძნობი
უნდა
ყოფილიყო
და,
მაშასადამე,
მაყურებელთათვისაც საყვარელი და პატივსაცემი, ჭკუაცერცეტა სასაცილო კაცად
წარმოგვიდგა. აქ, რასაკვირველია, ბევრში ის არის დამნაშავე, რომ ჩვეული ვართ ბ-ნ
აბაშიძისაგან გულწრფელის სიცილის ატეხას და ბევრშიც თვითონ ბ-ნი აბაშიძეა
ბრალი. ჯერ ისა, რომ არც სახე გაეკეთებინა ისე, როგორც დამჯდარს მეცნიერს, სხვის
უბედურების მგრძნობელს და გულშემატკივარს კაცს შეეფერება და არც მიხვრამოხვრა ჰქონდა იმისთანა კაცისა, რომელიც სწუხს სხვისის მწუხარებითა და
ყოველთვის მზად არის ხელი შველისა გაუწოდოს უბედურსა. ამისთანა კაცი
სასაცილო კი არ არის, პატივსაცემია და ამნაირ კაცად ჰყავს გამოყვანილი ავტორს. ბნმა აბაშიძემ კი ბევრგან თვითონ გახადა ეს საყვარელი კაცი სასაცილოდ. ნამეტნავად
უკანასკნელ სცენაში, საცა მამობრივის გრძნობით აღელვებული პატიოსანი და
გულკეთილი ექიმი ჰლოცავს მთელს ოჯახს, რომელიც უბედურებისაგან თვითონვე
დაიხსნა. ბ-ნმა აბაშიძემ ისე სასაცილოდ გადიგდო თავი, ისე სასაცილოდ დაიღმიჭა
თავისი საოცრად მოძრავი სახე, რომ ხარხარი ასტეხა თეატრში და არა იგი ტკბილი
და თბილი გრძნობა მოჰფინა ადამიანის გულს, რომელსაც ჰბადავს ხოლმე მადლი
კეთილმოქმედებისა და უკუვმოქცეულის წელის ბედნიერებისა. ეს სიამოვნების და
კმაყოფილების ცრემლმოსარევი სცენაა და არა სიცილის მომგვრელი და ხარხარის
ამტეხი. გარდა ამისა, წაღმა-უკუღმა ზემოქმედება იქონია იმ სცენამაც, საცა ბ-ნი
აბაშიძე თავისთავად უნდა ჰლაპარაკობდეს და ამის სამაგიეროდ მიაშტერა თვალები
შეშლილს, თითქოს იმას ელაპარაკებაო, მაშინ როდესაც ის, რასაც ჰლაპარაკობდა,
არამცდაარამც არ უნდა გაეგონა შეშლილს, თორემ ყოველივე განზრახვა,
დაწყობილობა და მეცადინეობა ექიმისა შეშლილის მოსარჩენად უქმად ჩაივლიდა. ამ
სახით სიტყვა ერთს გვანიშნებდა, თვალი სულ სხვასა და მაყურებელი გაოცებული
შეჰყურებდა არტისტსა გულწრფელის ლოდინით, რომ აცა ეხლა გაისწორებს
შეცდომასა და აცა ეხლაო, მაგრამ ბოლომდე ეს სცენა ასე გაატარა.
ეს ხომ ესე იყო მელოდრამაში, მაგრამ აბა გენახათ იგივ ბ-ნი აბაშიძე
ვოდევილში ”ჯერ დაიხოცნენ და მერე დაქორწილდნენ!”, დაჰღალა მაყურებელნი
სიცილითა. არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა, როცა თავის
როლშია და გუნებაზედაც არის. ნამდვილი არტისტია. ბ-ნს აბაშიძეს ერთი ისეთი
შემოქმედელობის ნიჭი აქვს, რომელიც იშვიათად ექმნება ხოლმე დიდს გამოჩენილს
არტისტსაც და რომელიც ჩვენს არტისტებში არ შეგვინიშნავს. ყოველს მომქმედს
პირს, თუკი მისის შესაფერის როლისაა, იგი განასახოვნებს ხოლმე და ”ტიპად”
გარდააქცევს, რაც უნდა ცოტა სახსარი ჰქონდეს მიცემული ავტორისაგან არტისტს
ამისათვის. უყურებთ ბ-ნს აბაშიძეს სცენაზედ და ჰფიქრობთ, რა ვქნა, ამისთანა კაცი
სადღაც მინახავსო და არ მაგონდება კი, სადა და ვინ არისო. სწორედ ასეთი კაცი
წარმოგვიდგინა კვირას ბ-ნმა აბაშიძემ ხსენებულ ვოდევილში. სახის მეტყველება,
ჩაცმა-დახურვა, მიხვრა-მოხვრა, ყოველი გადადგმა ფეხისა, ყოველი სიტყვა იყო
შეზავებული და შეწყობილი იყო და შემოქმედებლობის ნიჭით ისე გარდაქმნილი,
რომ გულში კაცი იტყოდა: აი, აი ახლა კი მომაგონდა ვინც არისო და მოგონებისვე
უმალ თვალთაგან უქრებოდა, როგორც აჩრდილი, მოჩვენება. როცა სცენაზე
წარმოდგენილ სახეს კაცისას იცნობ კიდეც და არც იცნობა, ეს უტყუარი ნიშანია, რომ

იგი სახე ”ტიპია”, ზოგადი სახეა ერთგვარის კაცებისა, რომელთაგანაც თვითვეულად
ცალკე თვალსაჩინო ნიშნებია მოგროვილი და ერთად შექსოვილი, ერთ ადამიანად
ქცეული. ამიტომაც ”ტიპი” ყველასაც ჰგავს ზოგადად და არც ერთსაცა ცალკე.
ამიტომაც ”ტიპად” გარდაქმნილი სახე გეცნობათ კიდეც და არც გეცნობათ ერთსა და
იმავე დროს. ჩვენის ფიქრით, ამ იშვიათის, ძალიან იშვიათის ნიჭით მიმადლებულია
ბ-ნი აბაშიძე და ერთი ამისი უტყუარი საბუთი და მაგალითი კვირანდელი მისი
თამაშობა იყო ვოდევილში.
მელოდრამაში ცოლის როლს ჰთამაშობდა ბ-ნი ავალოვისა. ბ-ნ ავალოვისას
მშვენივრად უჭირავს თავი სცენაზედ. მიხვრა-მოხვრა, ქცევა სცენაზედ სწორედ
დიდკაცური ჰქონდა, ესე იგი იმისთანა, როგორც შეჰფეროდა მის როლსა. არც ერთმა
ჩვენმა არტისტ ქალმა არ იცის, როცა საჭიროა დიდკაცურად თავის დაჭერა
იმოდენად, რამოდენადაც ბ-ნ ავალოვისამ. რაც შეეხება თამაშობას, როგორც
გამომსახველს გულის მოძრაობისას, რაც შეეხება სიტყვა-პასუხს, ლაპარაკს, როგორც
გამომეტყველს იმავე გულის მღელვარებისას – ყოველს ამაში გულგრილობა ეტყობა,
ნამეტნავად ლაპარაკში. აქ თითქო ბ-ნ ავალოვისას ხმა არ მოსდევს, არ უჯერებს, რომ
სიტყვას ის სითბო და სიტკბო მიანიჭოს, რაც სიტყვას თვით ბუნებითად აკლია და
რაშიაც სიტყვა ყოვლად უღონოა, ერთის სიტყვით, ის კილო არა აქვს, რაც მუსიკასა
ჰქმნის ხოლმე ანდაზისამებრ. როლის ცოდნამაც, ცოტა არ იყოს, უღალატა ბ-ნ
ავალოვისას კვირა დღეს. ხშირად გვესმოდა ”რომელიც, რომელზედა, რომელიც რომ”
უადგილო ადგილას და სმენას გვიუგემურებდა. ბ-ნ ავალოვისას ყვავილების კონა
მიართვეს, ლამაზად მორთული, უსათუოდ იმისათვის, რომ ამ სეზონში პირველად
ეჩვენა საზოგადოებას სცენაზედ.
ბ-ნი საფაროვისა თავის როლში იყო, ნელის ჰთამაშობდა. რა თქმა უნდა, კარგი
იქმნებოდა: ამისთანა როლებში იგი შეუდარებელი რამ არის. ბ-ნ საფაროვისასაც
ერთი იმისთანა სცენა ჰქონდა, რომელიც, როგორც ზემოდა ვსთქვით, ბურთი და
მოედანია არტისტის ნიჭისა და ცოდნის საცდელი. როცა შეშლილი ნათესავი
ჰკითხავს ნელის, – განა გიყვარს ვინმეო? გულუბრყვილო ნელის შეუტოკდა გული;
ცალკე მორცხვობა, რომ როგორ გაამჟღავნოს, ცალკე სიხარული, რომ თქმის
შემთხვევა მიეცა, ცალკე ჰოს თქმა და ცალკე არასი, ერთად აეშალა პაწაწა, ტრედივით
უბიწო გულში. ეს მორცხვობა და სიხარული, ეს ჰოს თქმის წყურვილი და იმავე
დროს არასიცა, ეს ტოკვა, ჭოჭმანობა, გაბედვა და გაუბედველობა, ისე მშვენივრად
მოათავსა ორიოდე სიტყვის ხმაში და გამოთქმაში ბ-ნმა საფაროვისამ, რომ კაცს
მარტო ეს ერთი სცენა ენახა, იტყოდა: თუ მართლა არტისტია სადმე, ეს ქალი
ყოფილაო.
ვოდევილმა მშვენივრად და წყობილად ჩაიარა. უმთავრესი როლები ბ-ნ
აბაშიძესა და ბ-ნს გაბუნია-ცაგარლისას ჰქონდა. ბ-ნ აბაშიძის თამაშობაზედ ხომ
ზემოდა ვსთქვით. ბ-ნმა გაბუნია-ცაგარლისამ დაჰხოცა მაყურებელნი სიცილითა.
მაყურებელთა სიცილისა და ხარხარისაგან აღარ ისმოდა, რას ამბობდნენ სცენაზედ,
ასეთი მხიარულობა ასტეხა ბ-ნმა გაბუნია-ცაგარლის თამაშობამა. მის თამაშობას
წუნი არ ჰქონდა. ეგრე კარგად და მშვენივრად ასრულებული როლი ხშირად არ
გვინახავს. საქებარი ეს არის, რომ თავიდამ ბოლომდე ბ-ნმა გაბუნია-ცაგარელმა
ერთგვარის ხელოვნებით და ნიჭიერებით გაატარა თავისი როლი. არსად არც
გადაუმეტებია, არც არა დაუკლია რა. ბრავოს ძახილს და ტაშისცემას ბოლო არ
ჰქონდა. თვითონ ავტორიც კი, თ. რაფ. ერისთავი, გვეუბნებოდა, რომ ეგრეთ
ნათამაშევი ეს პიესა თავის დღეში არ მინახავსო. ჩვენ მოწამენი ვართ, რომ
სიცილისაგან თვითონ ავტორს ცრემლი მოჰრეოდა თვალებში. კმაყოფილმა

საზოგადოებამ დიდის ტაშისცემით გამოიწვია ავტორი. ერთობ უნდა ვსთქვათ, რომ
კვირანდელი საღამო სასიამოვნო საღამოდ დაგვახსოვდა და ჩაგვრჩა გულში.
ესეც კი გულში ჩასარჩენია, რომ ჩვენი დრამატიული დასი უფრო და უფრო
კეთდება და ეს სიკეთე უფრო და უფრო იზიდავს თეატრის მოყვარეს საზოგადოებას,
რომელიც ეხლა, ცოტა არ იყოს, ხალისიანად დადის თეატრში. ღმერთმა ჰქმნას, რომ
საზოგადოებამ არტისტებს არ უღალატოს და არტისტებმა საზოგადოებას.
[1886 წ., 16 – 18 ნოემბერი]

ქართული თეატრი
<თეატრის რეცენზენტი>
ვერაფერი ხელობაა თეატრის რეცენზენტობა. ბევრი ავი და კარგია ეგრედ
წოდებულ სასცენო ხელოვნების მიმავლობაში და პატიოსნება და სინიდისი ავალებს
რეცენზენტსა ერთიც შეჰნიშნოს და მეორეცა გულწრფელად, მიუდგომელად და
დაუმალავად. სხვაგვარს რეცენზენტს საქმე ერთ კაცთანა აქვს და ამიტომაც ადვილია
გაუთამამდეს იმის წყრომასაც, თუ სიმართლე აიძულებს დაუწუნოს რამ და გაუძლოს
იმის ყბადაღებასაც, თუ წყრომამ მძულვარებამდე მიაღწია და აღვირი წამოჰყარა
ენამჭევრობას, შურისძიებით გააფთრებულსა. სულ სხვა ყოფაშია თეატრის
რეცენზენტი. აქ ბევრი კაცია ხელშესახები და სიმართლის სასწორზედ ასაწონი:
პიესის ავტორი, რეჟისორი, არტისტები, ქალი თუ კაცი, ერთის სიტყვით, მთელი
ჯგუფი. თუ კარგი რამ არის ამათზედ სათქმელი, ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ,
რეცენზენტი სიხარულით და სიამოვნებით ჰკისრულობს კარგის თქმასა, მაგრამ ვაი
უბედურს მაშინ, როცა სიმართლე ავალებს შენიშნულის ავის თქმასაცა. არა სთქვას,
ცოდვაა საზოგადოების წინაშე და სთქვას, – ვინ იცის, როგორ ჩამოართმევენ ისინი,
ვისზედ ცუდია ნათქვამი, თუნდაც ეგ ნათქვამი მართალზედ უფრო მართალი იყოს
და ცხადზედ ცხადი. დასაფიქრებელი ის არის, რომ ერთზედ თქმული ბევრს სხვასაც
შეეხება ხოლმე ერთსა და იმავე დროს, სასცენო ხელოვნება ამისთანა რამ არის, და
ბევრის ერთად წყენა ჰხუთავს ადამიანის გამბედაობასა ცოტად თუ ბევრად. ამას
კიდევ შეიძლება არ შეუშინდეს რეცენზენტი, მაგრამ ამაო წარამარა ლაპარაკს,
სულმოკლედ ჩხრეკას რეცენზენტის სინიდისისას როგორღა გაუძღვეს კაცი
დღემუდამ? არც ერთს ადამიანს ქვეყნიერებაზედ გრძნობა თაკილობისა ისე
გაძლიერებული არა აქვს, როგორც, მაგალითებრ, ავტორსა, არტისტსა და სხვა
ამათთანა ხალხსა, რომელთაც საქმე კაცის გონებასა და სულთანა აქვთ. ყველაფერს
შეგინდობთ ავტორი, არტისტი, ოღონდ ავტორობას, არტისტობას კი ნუ დაუწუნებთ,
რაც გინდა სიმართლე გაიძულებდეთ, რაც გინდა გულწრფელად და სიკეთის
სურვილით გამოთქმული იყოს თქვენ მიერ წუნი.
თქმა არ უნდა, რომ რეცენზენტს ავისა და კარგის საზომად და საწყაოდ სხვათა
შორის თავისი საკუთარი გრძნობა აქვს და აი სწორედ ეს გარემოება აუხსნის კაცს
ფართო გზას ათასნაირ მითქმა-მოთქმისა და ბრალდებისათვის. თუ ჩემი ჯავრი არა
სჭირს, განა თავის გრძნობას ჩემ საქებრად ვერ მოუვლიდა თავსაო! განა მისი გრძნობა
მის ხელთ არ არისო? რაკი ასეა და მე მაინც წუნს მდებს, სჩანს ჩემი ჯავრი სჭირებია
და ჯავრს იყრისო, ამბობენ ხოლმე წუნდებულნი ბატონები იმისდა მიუხედავად,
შენიშნული წუნი მართალია თუ ტყუილი.

მართალია, რეცენზენტს ავისა და კარგის საწყაოდ, სხვათა შორის, თავისი
საკუთარი გრძნობა აქვს, მაგრამ რამოდენადაც ეგ გრძნობა აქვს გაწვრთნილი, რომ
ზოგადს გრძნობას კაცობრიობისას ასწვდეს და არ უმტყუვნოს, იმოდენად იგი ახლოა
მართალსა და ჭეშმარიტებაზედ და იმოდენად მორჩილია ამ მართალისა და
ჭეშმარიტებისა და არა თავისუფალი. მეცნიერებას ხელოვნებისას, რომელსაც
ესტეტიკას ეძახიან, შენიშნული აქვს ზოგიერთი ზოგადი თვისებანი ხელოვნებისა,
რომელნიც ყოველს გრძნობაგახსნილს კაცს უნდა ერთნაირად ესიამოვნებოდეს და
ურომლისობა კი უნდა უსათუოდ სწყინდეს და უუგემურებდეს გუნებასა. ამ სახით
წუნი ყველასათვის წუნი უნდა იყოს და მოსაწონი – მოსაწონი. აი, როცა რეცენზენტი
თავის წუნსა სდებს რომელსამე ნამოქმედარს ხელოვნებისას, მისი სიტყვა და
წუნისდება ამ მხრით უნდა აიწონ-დაიწონოს სიმართლის სასწორზედა. სწორედ
მოგახსენოთ, ქების თქმაშიაც ამავე გზით უნდა დაჰფასდეს რეცენზენტის სიტყვა.
ჩვენის ფიქრით, წუნი თუ ქება რეცენზენტისა, ამ წრეს გადაცილებული, ორივე
სათაკილოა და ტყუილად ქებულმა კაცმაც ისე უნდა იწყინოს, როგორც ტყუილად
დაწუნებულმაცა. გარნა კაცი ყოველთვის კაცია და ქება, თუნდაც ტყუილი,
სასიამოვნოა, და წუნი, თუნდაც მართალი, საწყენია. რასაკვირველია, ეს ერთში
ტყუილის შეწყნარება და მეორეში მართალის განდევნა ადამიანის სულმოკლეობის
ბრალია. სულგრძელი კაცი არც ერთს იკადრებს და არც მეორესა. განა ამისთანა
სულგრძელნი ბევრნი არიან!.. ყველაზედ ნაკლებ მოიპოვებიან იქ, საცა უფრო
მოსალოდნელი უნდა იყოს, ავტორებსა და არტისტებს შორის, ესე იგი იმათ შორის,
ვინც სულიერს ღონეს ადამიანისას ასე თუ ისე ხელსა სჭიდებენ და ამოქმედებენ.
სამწუხარო ის არის, რომ საწყენად და საფიქრებლად ის კი არა აქვთ –
საწუნარი რადა გვაქვსო და შემდეგისათვის როგორ მოვიშოროთო, არამედ ის, თუ
რად შეგვნიშნეს, რად გამოგვიმჟღავნეს იგი წუნიო. წუნი კი ამის გამო ისევ წუნად
ჰრჩება, თითქო ბოროტი თვითონ წუნში კი არ იყოს, არამედ იმაში, რომ რად
შეგვამჩნიესო, კიდევ ვიტყვით, რომ გონება-და გრძნობა-გაუხსნელი კაცი ამაში
უფრო სცოდავს, ვიდრე განათლებული და მიხვედრილი. განათლებულს,
მაღალზნეობის კაცს მართლად შენიშნული წუნი უფრო ნაკლებ ეთაკილება, ვიდრე
ტყუილი ქება-დიდება; გაუნათლებელს სულმოკლეობას კი, პირიქით, სულ სხვა მადა
აქვს ამაებისათვის.
ჩვენ ასე გავაგრძელეთ სიტყვა იმიტომ, რომ სიმართლე გვაიძულებს
ზოგიერთი წუნი დავსდვათ კვირინდელს წარმოდგენას. კვირას ბ-ნის საფაროვის
ბენეფისი იყო. ჰთამაშობდნენ ”დავიდარაბას”, რომელსაც უწინ ”ორღანო და ლეკვი”
ერქვა, და ახალს ვოდევილს, ”ბარაქალა მასწავლებელო”-სა, თვით მებენეფისეს მიერ
თარგმნილსა და გადმოკეთებულს. არ ვიცით, ეს პიესები ვინ ამოარჩია. ჩვეულებად
მიღებულია, რომ თვითონ მებენეფისემ უნდა ამოარჩიოს თავისის ბენეფისისათვის
წარმოსადგენი. თუ ამ შემთხვევაშიაც ასეა, ბ-ნ საფაროვისას ვერ მოვუწონებთ
გემოვნებას. ჯერ, იმიტომ რომ მაგისთანა შესანიშნავს არტისტს ქალსა თავის
ბენეფისისათვის იმისთანა პიესა უნდა ამოერჩია, რომელიც მისის ნიჭისათვის
ფართოდ ფრთაგასაშლელი ყოფილიყო, რომელსაც ღონისძიება უნდა მიეცა
მებენეფისესათვის შესაძლებელ სავსებით და სხივოსნობით გამოეჩინა მაყურებელთა
წინაშე ის საოცარი ხელოვნება, რომელითაც ბ-ნ საფაროვისას კარგა დიდი
რეპერტუარი აქვს და ძნელი არ იყო ამ მხრით ესიამოვნებინა ჩვენის თეატრის
მოყვარეთათვის. ”დავიდარაბა” კი ერთი უაზრო, უგემური რაღაც რამ არის და
აზრიანს და მარილიანს ხელოვნებას ბ-ნ საფაროვისას არავითარს სახსარს არ აძლევს
ფრთები გაშალოს. მართალია, სასაცილო პიესაა და მაყურებელთაც ბევრი იცინეს,

მაგრამ სამმოქმედებიან პიესაში ერთი გულში ჩასარჩენი, ერთი გულში დასაჭდევი
არც სიტყვაა, არც მოძრაობა სულისა, არც ერთი სურათი, არც ერთი ხასიათი, რომ
ღირებულიყო კაცს გული აეყოლებინა და სად უნდა გაეშალა ფრთა მებენეფისეს
ნიჭსა, რომელსაც ხშირად აუძგერებია მაყურებელთა გული იმ წმინდა გრძნობით,
რომელსაც ესტეტიურ სიამოვნებას ეძახიან.
მართალია, სასაცილო პიესაა, მაგრამ მარტო ეგ განა ღირსებაა, მაშინ, როდესაც
მაგ სიცილის შემდეგ რაღაც მჭვარტლი ეკიდება კაცის გულს? იგი სიცილი მაშხალასა
ჰგავს, რომელიც მინამ ანთია კიდევ ჰო, როცა კი დაიწვის და ჩაქრება, დამწვარი
მჩვარიღა დარჩება და ცხვირის მოსარიდებელი ნატისუსალი. იქნება იგი პიესა
საფრანგეთის ზნესა და ყოფა-ცხოვრებას უხდებოდეს, და ჩვენთვის კი, სწორედ
მოგახსენოთ, შემაზრზენია. ჩვენ ჯერ საბულვარო ცივილიზაციისაგან იმოდენად
ხელუხლებელნი ვართ, – ვიტყვით, ჩვენდა სასიხარულოდ, – რომ გარყვნილება და
ნამუსახდილობა ჯერ კიდევ საზიზღარია ჩვენთვის და არა გასართობი და სახუმარი.
იგი პიესა ზიზღით კი არ ამღვრევს ადამიანის გულს, ავზნეობის დანახვითა
გაწბილებულს, გულისწყრომას კი არ ააფთრებს და ამგელებს ბოროტის
შესამუსრველად, არამედ აგრილებს გულს სიცილითა და, ამრიგად, ბოროტს სახუმარ
საგნადა ჰხდის და არ საზიზღისად. რომ სიცილი პიესისა ხუმრობის და
მხიარულების სიცილი არ იყოს, და იყოს იგი გამკითხავი, გამკიცხავი და ბასრ
ხმალზედ უფრო მჭრელი სიცილი, რომელიც ”ზოგჯერ ცრემლზედ მწარეა” და
ბოროტის საკლავად შხამზედ უარესი, პიესას ამ მხრით წუნი არ დაედებოდა. მაგრამ,
ჩვენდა სამწუხაროდ, ეგ ეგრე არ არის. ჩვენ ვამბობთ იმ – უკაცრავად არ ვიყვნეთ –
უშვერ და შეუწყნარებელ სცენებზედ, საცა ზნეობადაცემული დედა და არანაკლებ
ზნეობაწამხდარი ქალიშვილი მოქმედებენ მაყურებელთა სახარხაროდ. ადამიანის
გრძნობას როგორღაც ეთაკილება, ეზიზღება ხუმრობა და გასართობი სიცილი იქ,
საცა ზრზენამ და ზიზღმა თავისი მრისხანე და სამართლიანი განაჩენი უნდა
წარმოსთქვას და მახვილმა შეგინებულის ზნეობისამ თავი უნდა იჩინოს.
რაც შეეხება თვითონ თამაშობასა, საკმაოდ კარგად ითამაშეს. აბა რა თქმა
უნდა, საცა ბ-ნი გაბუნია, ბ-ნი საფაროვისა და ბ-ნი აბაშიძე ერთად შეიყრებიან, იქ
თამაშობა კარგი იქნება! ნამეტნავად ბ-ნმა გაბუნიამ თავი იჩინა და ერთმა ნაცნობმა
ესეც გვითხრა: ამ არტისტების უბედურობა ის არის, რომ ქართველებად არიან
დაბადებულნიო. ეგენი რომ ან რუსეთში იყვნენ ან სხვაგან სადმე და რომელიმე
გავრცელებული ენა ჰცოდნოდათ და ისე ეთამაშნათ, აუარებელს სიმდიდრეს და
დიდს სახელს შეიძენდნენო. მართალიც არის: ჩვენ მეტისმეტის ქების სურვილით არ
მოგვდის, რომ ესე გაოცებულნი ვართ ხსენებულ არტისტების ნიჭისაგან. ერთნი და
იგივენი კვირაში ერთხელ სულ სხვადასხვა პიესებს ამზადებენ, ხანდისხან კვირაში
ორჯელაც და მერე რარიგად ჰთამაშობენ!.. ეს რომ უთხრათ ვისმეს ევროპიელს, არ
დაიჯერებს. იქ რომელი არტისტი გაჰბედავს სცენაზედ გამოვიდეს, რომ ათი და ოცი
რეპეტიცია მაინც არ გამოიაროს, სულ ცოტა, ორი და სამი თვე არ ემზადოს. ჩვენები
კი ორ და სამ რეპეტიციით, ზოგჯერ ამაზედ ნაკლებითაც ახერხებენ თამაშობასა და
მერე ისე, რომ თქვენი მოწონებულია. ცოდვაც არის შევნიშნოთ ხოლმე როლების
უცოდინარობა, რაკი საქმე ასეა. მაგრამ მაინც ამ ცოდვას ვკისრულობთ და ვიტყვით,
რომ ბ-ნ საფაროვისამ და ბ-ნ აბაშიძემ როლები საკმაოდ არ იცოდნენ კვირა დღეს. ბ-ნ
საფაროვის როლის უცოდინარობამ ძალიან გაგვაკვირვა მით, რომ თავის დღეში ეგ
ნაკლი არა ჰქონია. ვგონებთ, ამ უცოდინარობას უნდა მივაწეროთ, რომ ბ-ნი
საფაროვისა და აბაშიძე ისე სხაპასხუპით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, რომ არა
ისმოდა რა, და არა ისმოდა რა თითქო, იმიტომ რომ როლის უცოდინარობა როგორმე

ჩაეფუჩეჩებინათო. დიქცია, სიტყვის მკაფიოდ გამოთქმა, ბ-ნი საფაროვისა
შეუდარებელია და ყოვლად უწუნარი. კვირას კი ”დავიდარაბაში” ეს წუნი
შევამჩნივეთ და ჩვენ უფრო როლის უცოდინარობას მივაწერთ ამ წუნსა, ვიდრე ენის
ნაკლულოვანებას. მოგეხსენებათ, ამ ნაკლულოვანებისაგან იგი სრულიად
თავისუფალია. სწორედ მოგახსენოთ, როლიც ისეთს სხაპასხუპით ლაპარაკს
ჰთხოულობდა, რომ როლის უცოდინარობის ამ გზით გადაფუჩეჩება მეტად
ადვილად მოსახერხებელი იყო და ბევრი ზიანი არ მისცა თვით თამაშობასა. ბ-ნს
გაბუნიასაც, რომელმაც საოცრად და მშვენივრად აასრულა თავისი უმადური
სათამაშო, ეტყობოდა სიტყვების ყლაპვა ზოგიერთგან.
ერთობ გრძელის სიტყვისა და ფრაზის მკაფიოდ და გარკვევით გამოთქმას,
ენისა და ხმის მორჩილების გარდა, ცოდნაც ეჭირება. ამაში ჩვენი არტისტები ყველანი
ცოტად უკაცრაოდ არიან. ხოლო ეს არცოდნა მარტო ბ-ნ საფაროვისას და ბ-ნ მესხიევს
სრულებით არ ემჩნევათ, რადგანაც ის წუნი, რომლის გამოც ჩვენ ვლაპარაკობთ,
ამათზედ შორს არის. გრძელის სიტყვისა და ფრაზის სათქმელად საჭიროა კაცმა
სული, ესე იგი, ჰაერი იმოდენად ჩაიბრუნოს, იმოდენად ჩაიგუბოს, რომ მთელს
ფრაზას გასწვდეს და ეყოს გამოსათქმელად. უამისოდ, გინდათ თუ არ გინდათ, ხმა
უალაგო ალაგას გაწყდება და ფრაზა წახდება. ამრიგად ხმის საგზალის მოპოებას
თავისი კანონი და წესები აქვს. ურიგო არ იქნება ამ კანონს და წესს ყური ათხოვონ
ჩვენმა არტისტებმა და შეისწავლონ, თორემ თუ, ჩვენის სიტყვისამებრ, თამაშობის
დროს სულის შეგუბებას მოჰყვნენ და ლოყები მუზრნეებსავით გამოიბერეს, თქვენი
მტერი, ჩვენ საქმე დაგვემართება!.. ჩვენ თუ აქ ამაზედ სიტყვა ჩამოვაგდეთ, მარტო
იმისათვის, რომ გვენიშნებინა სახსარი შველისა. ამ საგანზედ მთელი სწავლაა და ამ
სწავლას დასწავლა უნდა იმის მხრით, ვინც საკუთარის გამოცდილებით და
ვარჯიშობით ვერ შესჩვევია ფრაზის სიგრძეს შეუფეროს აღმოსუნთქვის და,
მაშასადამე, ხმის გაწვდენა. თქმა არ უნდა, რომ გულმოდგინებით ვარჯიშობა და
წვრთნა ხმისა უთეორიოდაც ასწავლის ადამიანს ხმისა და ფრაზის შეზომვასა.
ამისათვის სურვილია მარტო საჭირო და ბეჯითობა.
”დავიდარაბაში” არ იყო ურიგო ბ-ნი აწყურელი. თუმცა თვითონ როლი
მაგდენი არა იყო რა, მაგრამ, ჩვენდა სასიამოვნოდ, აქ პირველად გვაჩვენა ბ-ნმა
აწყურელმა თავისით, მიუბაძველად თამაშობა და ამით გაგვიძლიერა იმედი, რომ ეს
ნიჭიერი არტისტი თავისებურებას, თვითმყოფელობას გამოიჩენს და საკუთარი
ნიჭის შთაგონებას აჰყვება და არა სხვის განმეორებას და გადმოღებას სარკესავით.
შესანიშნავი იყო ამავე პიესაში ”სტოროჟი” სასამართლოსი. სცენაზედ ბევრი
სალაპარაკო და სამოქმედარო არა ჰქონდა რა, მაგრამ იმოდენად ხერხიანად იყო, ისე
თავის დროზედ და გარემოების შერჩევით გაივლ-გამოივლიდა ხოლმე, ან შეაღებდა
და გამოაღებდა კარებს, ან ისე სასაცილოდ აიტუზებოდა, არც არავის უშლიდა,
არავის ეჩხირებოდა წინ, ისე სასაცილოდ გაჭიმული იქ, სადღაც კუთხეში
მიიპარებოდა და ორ ბიჯზედ უკუმოტრიალდებოდა, რომ იმ სიცილში, რომელიც
სცენაზედ ”დავიდარაბამ” ასტეხა, თავისი წვლილი ამ ”სტოროჟმაც” შეიტანა.
სასაცილო რამ იყო და, ჩვენის ფიქრით, სწორედ ზედგამოჭრილი ”სტოროჟიცა”:
ყოველივე ასო, ყოველი მიხვრა-მოხვრა, წარბშეკრული სახის მეტყველება და
ამასთანავე რაღაც სულელური გულზვიადობა ტყუილის მედიდურობით
გაბრიყვებულ კაცისა – ყოველივე ეს ერთად უთქმელად გვეუბნებოდა: ეგრე კი ნუ
მიყურებთ... მეც ნახირ-ნახირიო. ძალიან მოგვეწონა იგი ”სტოროჟი” და ეს
გვაბედვინებს ვურჩიოთ დრამატიულს საზოგადოებას, ერთი კარგი წარმოსადგენი

რამ შეურჩიოს და გამოსცადოს. ვინ იცის, იქნება თავი იჩინოს. ჩვენ, მის მნახველს,
ზოგიერთი იმედი გვაქვს, რომ სწორედ თავს გამოიჩენს.
ვოდევილი ”ბარაქალა მასწავლებელო” არაფერი შვილია. ერთადერთი ღირსება
მისი ის არის, რომ მოკლეა, და ღვთისა და თქვენის წყალობით, მალე გათავდა.
უგემური, უშნო, უმარილო რამ არის. პასუხისაგებელი როლი მარტო ბ-ნ
საფაროვისასა ჰქონდა. მართალია, ბევრნაირად სათამაშოა იგი როლი, ტირილიც
უნდა, გულის შემოყრაცა, ყმაწვილური სიყვარულიცა, ყმაწვილური უგუნურობაც,
ყმაწვილური ნაღველი, ყმაწვილური სიხარული, სიცილიც, მხიარულობაც, და ყოველ
ამ მრავალგვარობას საკმაოდ კარგად გაუძღვა ბ-ნი საფაროვისა, მაგრამ ჩვენ რომ მის
თამაშობას ვუყურებდით, გულში ვიძახდით: აფსუს, ნიჭო და ხელოვნებავ, რომ
ამაზედ სცდებიო! სწორედ გვენანებოდა ბ-ნი საფაროვისა, რომელმაც ყველა თავისი
ხელოვნება კარგად მოიხმარა, მთელი თავისი ნიჭი უხვად მოჰფინა, მაგრამ უშნო
პიესას შნო მაინც ვერ მისცა. ”არარაისგან არ იქნების არარაიცა”, თუნდა რა ძალღონის ნიჭიც შეეჭიდოს.
თეატრი თითქმის სავსე იყო და მებენეფისემ რამოდენიმე საჩუქარი მიიღო.
სასიამოვნოდ ჩასათვლელია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ არ დაივიწყა სამსახური და
ღვაწლი ბ-ნ საფაროვისა და ნიშნად პატივისცემისა, ბლომად დაესწრო რა მის
ბენეფისზედ, საჩუქრით გადაუხადა სამაგიერო იმ სულიერის სიტკბოებისა,
რომელიც ბ-ნ საფაროვისას არა ერთხელ მოუვლენია თვისის მშვენიერის თამაშობით
მაყურებელთათვის.
[1886 წ., 23 – 26 ნოემბერი.]

წერილები გადაღმითგან
წერილი მეორე
ჩემო თადეოზ, მუსიკოსები და მხატვრები იქით იყვნენ და ამ ჩვენის მიწაწყლის შვილებსაც ვეღარა გაუგიათ რა ჩვენი. ხომ გაიგონებდი, ჩემო თადეოზ,
ყორღანაშვილის დაწერილს ბაიათში რომ ლეკურს უკვრენ? ამასაც რაღაც მარილი
აკლია. აქ არის ყოველისფერი იმის მეტი, რაც საჭირო არის ლეკურისათვისა. ან
იქმნება ვერ უკრავდნენ კარგად იმის დაწერილსა, ამისი არ ვიცი, მხოლოდ ის
მიკვირს, რომ ყორღანაშვილმა თუ ვერა გაიგო რა ჩვენის ჰანგებისა, ელიზე რეკლიუმ
როგორ შეგვატყო მუსიკის უნიჭობა.
გაბედვით შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ევროპიელმა დაგვიხშო ბუნება და
შეგვექმნა ძნელადღა შემგნებელი ჩვენის საკუთრებისა. იქმნება ეს იყვეს ჩვენთვის
საბედნიერო, მე ამას არ მოგახსენებ, ჩემო თადეოზ; მხოლოდ მე ის მინდა ვსთქვა, რო
ჩვენ ჩვენი აღარ გვესმის და სხვა ვინ უნდა გავამტყუნო...
აი იმისი მცირედი მაგალითი, თუ როგორ არეულია ჩვენში საკრავი და ენა,
ერთი – გრძნობისა და გულის გამხარებელი და მეორე – გონების გამომხატველი.
ავიღოთ ყორღანაშვილის ბაიათი და ბ-ნ აბაშიძის ”თეატრი”. როგორც პირველში, ისე
მეორეში ადგილი არის ჩვენებური და სახე ქართულ-ლათინური, არეული ერთად.
პირველი ცხრა ნომერი ”თეატრისა” ცხადად ამტკიცებს ჩვენს აქ ნათქვამსა, რომ
ბევრნაირადა ვართ დამახინჯებული. პირველსავ ”თეატრის” ნუმერში ნახავთ ორს

განთქმულს ლიტერატორსა: ერთ ქართველს – შოთა რუსთაველსა და მეორეს
ფრანცუზს – ვიქტორ ჰიუგოსა.
ამათის აქ მოყვანილის სურათებით ალბად რედაქტორს სურდა ეთქვა, მე
მინდა ამ ორის განთქმულის ადამიანის ენა შევურიო ერთმანეთში და შევაერთოვო.
ეს აზრი პირდაპირა სჩანს პირველის 9 ”თეატრის” ნუმრებიდგან, მართლადაც,
ძალიან დიდი სამსახური მიუძღვის იმასა, ვისაც ფრანციზული თხზულება
ქართულის ასოებით გადმოუწერია. ეს იქმნება ვიქტორ ჰიუგოს იამოს, მაგრამ არა
მგონია რუსთაველმა მოიწონოს, რომ იმის სურათის ასე მახლობლად დაიბეჭდა
ყოვლად წაპილწულის ქართულის ენითა ”ჩვენ ლიტერატურაზე”, ”თეატრი და
მსახიობნი”, ”ბიბლიოგრაფიული შენიშვნა” და სხვანი. აშტარხნელის სომხების ენა ამ
თხზულებათა ენასთან საკვეხარია. განა ჰღირს, ჩემო თადეოზ, რომ იმ მცირე აზრების
სათქმელად, რომელიც ამ ნომრებში არის ნაამბობი, ასე გაიბრუნდოს ადამიანმა
თავისი დედაენა? არა მგონია, ამის შემდგომ ზოგიერთი ქართული სათეატრო
თხზულება, რომელშიაც სომხებს დასცინოდნენ ხოლმე, საჭირო იყოს ეხლა; პირველი
ცხრა ნომერი ”თეატრისა” წაიკითხოს სახალხოდ მსახიობმა და ვგონებ, რომ საკმარად
შესაქცევარი უნდა გამოვიდეს.
------გასაოცარი ახალი ქართული ენა გამოდის, ჩემო თადეოზ, რომ დააკვირდე ”თეატრის”
მთხზველებსა:
პარიჟს დაჰბერა რეაქციამ; თებერვლის რევალიუციის იდეების წინააღმდეგ;
ამ პიესას სათაურად ჰქონდა ცნობილი პრუდონის პარადოქსი.
გველი სატანის როლი; აი საქმე რა არის;
კლერვილმა დაიწყო მადლობის გადახდა; წარემატა ხელი პიესის წარმატებასა; ლიტერატურა
არის გამოხმობა ცნობილი ხალხის ცხოვრებისა; ადვილად გარდავიდეთ ლიტერატურის სხვა
ნაწილებზე და სხვ.

ქალაქში მცხოვრებელ სომხებს დასცინიან ხოლმე – ”იმან მოვიდა”-ო. აბა რითი
სჯობია ამ სომხურ-ქართულსა ეს თქმა:
კაცმა სულ სხვაგვარად უნდა შეხვდეს ხვალინდელ დღეს; მოსურნეს არ შეეძლოს გაეცნოს მათ, მაინც
დაათავა დაწყობილი არიაო.

ბევრს ამისთანასა და უარესსაცა ვნახავთ, რომ დაუკვირდეთ. ამათდა გარდა იმ
ეკატერინე გაბაშვილის თხზულებაშიაც, რომელსაც ზედ აწერია ”მონარდენი”,
შევხვდებით აგრეთვე ახალ ქართულსა:
”მრავლობამ ყური არ ათხოვა” (ეს რუსულს ენაზედ კარგად გამოდის და
ქართულად კი ღმერთმა დაიფაროს).
”შუბლსაც არ ინძრევდა იმ საგრძნობელს წაგებაზე” (ქართულად სხვანაირად
იტყვიან ამასა).
მაყურებლები უფრო მიუახლოვდით ჩვენს სიმპატიეს. (სანუკვარია ვიცოდეთ,
რომელი კუთხითგან შემოგვაწიეს სიტყვა ”სიმპატიეს”).
”ვინ დამლახვრა” – არაქელა არ იტყოდა, ”ვინ დამნავსა”-ს იტყოდა უთუოდ.

”ჩვენ სიცილი წაგვსქდა” – უნდა ითქვას ”წაგვსკდა”, თორემ ისე გამოდის,
როგორც ერთმა ქართველმა ქალმა ბრძანა, როდესაცა ჰკითხეს, სად იყავიო?
ქუქიაშიო, მიუგო.
------ჩვენი კეთილმოსურნე დავით სოსლანი იმასა სჩივის, რომ ქართულს ენაში არა
გვაქვს ის კაცისჭამია მორევები და ლოდები, რომელიც იპოვებიან უცხო ენებში.
იმისი სურვილი, ვეჭვობთ, ის არის, რომ ლიტერატურაშიაც ბატონები გვყვანდნენ და
ამ ბატონთა შორის დავით სოსლანის მეტმა წერა არავინ იცოდეს. ეს ბოროტი
სურვილი მოგვაგონებს იმ კორტოხელსა, რომელმაც ლურსმანი იპოვა და სთქვა:
ღმერთო, ამოაგდე სარკინეთიო.
ამისი მსურველი დიდის მრისხანებით შეურაცხჰყოფს იმ დაცემულს,
რომელიც ჩვენთან სალაპარაკოსა და სათქმელსა ”ახალ მიმოხილვის” შემწეობით
გვეუბნება და თავზედ კაკალს გვამტვრევს, თუმცა ჯერ ჩვენთვის ჭკუა არ
უსწავლებია. ასე ჰგონია იმ დალოცვილსა, რომ ჩვენი ბავშური ლაპარაკი და
კინკლაობა ძალიან ეპიტნავებათ ”ახალის მიმოხილვის” მკითხველებსა.
თუმცა ბევრს ფახაფუხობს ბატონი დავით სოსლანი, მაგრამ ისიც კი
ევროპიულს მოუხრჩვია ძალზე. ასე რომ, რუსულად ჰფიქრობს და ქართულადა
სწერს. ერთს ადგილას დავით სოსლანი სწერს:... ”თავისი წინააღმდეგობა ჯიბეში
მუშტის ღერებით არ დაასრულოსო”...
მეორე ადგილასა:... ”მაშინ გამოვიდნენ ასპარეზზედ შვილები, რომელთაც
უარჰყვეს და დაჰგმეს მამათა საქმენი და ზეთისხილის ყლორტით მოფრინდნენ”...
------ჩემო თადეოზ, რანაირად დაგვაჭერდა ფეხსა, დავით სოსლანი რომ ყოფილიყო
მაშინ, როდესაც ამ 25 წლის წინად ქართულის ანბანითგან ცოცხით გავხვეტეთ ის
ფეხწამოსაკრავი ცენტრები, რომელსაც ეძახდნენ: უ̂, ჱ, ჲ, ჴ, ჳ, ჵ, და ჶ – აი ის
ლოდები, რომელსაც თავს შეახლიდნენ ხოლმე მოსწავლენი; აი ის ლოდები, რომლის
ხმარებითაც ძალიან თავი მოჰქონდათ ბევრსა. ამ ასოების ამბავს ასე გვასმენდნენ
ჩვენი წინაპარნი, რომ ვითომ ეს ასოები თავდაპირველად იყო შემოტანილი
ქართულში რიცხვების აღსანიშნავად. მაგრამ, ეს თუ მოგონილი ამბავი არის, რათა
ხმარობდნენ წერაში? შეიძლება ვიფიქროთ, რომ, როდესაც საქართველოში იყვნენ
არაბები (ვინ არა ყოფილა საქართველოში!), მაშინ ალბად ქართველებმა ზოგიერთის
სიტყვის დასაწერად არაბულის ანბანითგან მიიღეს ჲ, რომელსაც ზეითგან წერტილი
რომ დავუსვათ ისეთი ხმა აქვს, როგორც ჶ-ს. შესაძლებელია უწინდელს დროში
თათრულს სიტყვას ფიქრსა სწერდნენ ჲიქრსა, როგორც ჩვენი ჩინოვნიკები რუსულს
სიტყვებში ხმარობდნენ ჶ. მაგრამ, როგორც ეტყობა, სხვის ასოს ქართულს წერაში
ფეხი ვერ მოუკიდნია ისე, როგორც ჶ-ს. ხან მიიღებდნენ, ხან გამორიცხამდნენ და
ხმარობდნენ თავის ასოს ფ, მეტადრე ბერძნობის დროსა, მართლადაც, ის ქართველი,
რომელმაც ქართულის მეტი არა იცის რა, ჶ-ს ვერც კი გამოსთქვამს. ჯერ სხვა ენის
მცოდნე ქართველი მწერლებიც, რომელნიც ასე ძალიან ეტანებიან ასოს ჶ, მრავალს
სიტყვაში სრულიად არა ხმარობენ ამ ასოს. მათგანი არავინ დასწერს ფილოსოფოზსა,
სოფიოსა, ფიქრსა, ფეოფილაქტეს, ეფემიასა, საფრანგეთსა, ფარვანასა, ქეიფსა და სხვ.

ჶ-თი. მაგრამ თუ მიადგნენ სხვა სიტყვებს, რომელნიც ჩვენ წინაპართ არ უხმარიათ,
მაშინვე დაივიწყებენ მამაპაპურს ჩვეულებასა და სწერენ: ჶარსსა, აჶრიკასა,
ბენეჶისსა, ამჶიტიატრსა, ჶებასა და სხვა ამისთანებსა. ხანდახან შევხვდებით, რომ
ერთი და იგივე მწერალი ხან ჶ-ს ხმარობს, ხან ფ-ს. ტყუილად კი ეჭიდებიან და
ეპატიჟებიან ჶ-ს, ვგონებ, რომ ამ ასოს დამკვიდრება ჩვენში არ შეუძლიან. მეტადრე
ის არის გასაკვირველი, რომ მეტისა და არასაჭირო ასოების განდევნაში “ივერიის”
რედაქტორიც ერია და ახლა კი ასოს ჶ დიდის პატივისცემით ეპატიჟება.
უნდა მოგახსენო, ჩემო თადეოზ, რომ ის ჟამი, როდესაც ეს მეტი ასოები
შემოიფანტეს, უნდა დაიდვას სადღესასწაულოდ, რადგანაც ამითი შემსუბუქდა
სწავლის სიძნელე და გაადვილდა მართლწერა.
ქართველი ხალხი იმითი არის ბედნიერი, როგორც ამბობს ყოვლად სახსოვარი
ენების მეცნიერი უსლარი (აწ განსვენებული), რომ მრთელს დედამიწის ზურგზე არც
ერთს ხალხს არა აქვს ისეთი თავის ენის შესაფერისი ანბანი, როგორც ქართველებსა:
“ყოველს ხმასა აქვს თავისი გამოხატვის ნიშანი”. ეს უნდა მიგვაჩნდეს საკვეხრად,
სულითა და გულით მონდომილები ვიყვეთ, რომ არაფრით შეგვეცვალოს და
გაგვიძნელდეს მამა-პაპათაგან დატოვებული ენა...
ყველამ ვიცით, რა გაჭირვებაში არიან სლავიანები მხოლოდ იმითი, რომ
ვიღაცა გულქვას ამათს ანბანში ჩაურთავს ერთი ასო “იატი”, რომელსაც, როგორც
ჩვენს უნ-ბრჯგუსა, არაფერი მნიშვნელობა აქვს (ერთის შემთხვევის გარდა, სადაც
მისცემს განსხვავებას სიტყვებს есть – არის, არსებს და ъсть – ჭამა), მაგრამ
მახრჩობელასავით ყელში სჩრია ყველას (აი დავით სოსლანის სანატრელი
მახრჩობელა, იმაზედ რომ იყვეს საქმე დამოკიდებული, ხუთს ”იატს” შეურევდა
ქართულს ანბანში). ეს ასო რომ გააძევონ ანბანითგან, მრავალი ასი კაცი მოემატება იმ
რიცხვსა, რომელნიც ამჟამად მცოდნეთ ირიცხებიან.
ვარსკვლავთმრიცხველიც რომ იყო, წერაში თუ ასო ”იატი” თავის ადგილას არ
დასვი, შენისთანა უზრდელი არსადღა იქმნება. ეს ისე მიიღება, თითქო არაფერი არა
გვცოდნია რა.
ქართველებშიაც ასე იყო. თუ უნ-ბრჯგუდი და მარჯვნივ ჰიე არ დაგესვა
(ნამდვილი კი არავინ იცოდა), დიდად შეფუცხუნდებოდნენ ხოლმე ამ ასოების
თაყვანისმცემელნი.
------მეორე ბედნიერება (დავით სოსლანს კი უბედურებად მიაჩნია) ქართველებისა
ის არის, რომ სიტყვა იწერება ისე, როგორც გამოითქმის. მკითხველო, თუ გისწავლია
რუსული, ფრანციზული (და არა ფრანგული, როგორც ”ივერიაში” სწერენ),
ინგლისური, თათრული და სხვ. რასაკვირველია, ჩემი თქმა საჭირო აღარ არის
თქვენთვის და თქვენვე იგრძნობთ, რასაც მოგახსენებთ. თუ არ გისწავლიათ,
მოიხსენეთ, რომ ფრანცუზები და ინგლისელები 10 ასოს დაწერენ და 5 გამოსთქმენ;
რუსები დასწერენ ო-სა და გამოსთქმენ ბევრჯელ ისე, ვითომ ა ზის, თათრები
დასწერენ რამდენსამე უხმო ასოებს, ერთიერთმანერთზედ მობმულსა და შენ
თვითონ უნდა გამოიცნო, სად უნდა ჩაურთო მთელი ხმოვანი, სად ნახევარხმოვანი,
ამას გარდა ბევრჯელ ხმოვანი და ნახევარხმოვანი ზეითგან უნდა დაჰყვეს სიტყვასა,
ხან სტრიქონს ქვემოთგანა. ამ იკლიკანტურების დასწავლა (დავით სოსლანების
სასიხარულოდ) ისეთი ძნელია, რომ, ვიდრე ბავშვი ამას შეითვისებს, თავი
გამოელაყება. როდესაც შეუდგება უმაღლესს მეცნიერებასა, მაშინ საკმაოდ

მოქანცულია ადამიანი და ვეღარ უძლებს ჯაფასა, ქართველმა ადამიანმა თუ სწორე
ლაპარაკი იცის, იმას ანბანის დასწავლის შემდგომ შეუძლიან მართლწერა, მაშინ
როდესაც მდაბიო ხალხი ფრანციზულის მართლწერის ღირსი თავის დღეში არ
შეიქმნება. ხშირად შეხვდები თათრის მოლასა, რომელიც თავის დაწერილს ბევრჯელ
მარდად ვერ წაიკითხამს და სხვის დაწერილს ხომ თქმა არ უნდა.
ქართულის ენის კანონის წინააღმდეგად ჩვენი ევროპიულისაგან მამხრჩვალნი
უცხო ქვეყნის სიტყვებს ხშირად სწერენ ისე კი არა, როგორც გამოითქმებიან, არამედ
ისე, როგორც სხვა ენაზედ იწერება, მაგალით., ”გეოგრაფიის” მაგივრად (ვინ იცის,
რისთვის) სწერენ ”ღეოღრაფიასა”, ”გუბერნატორის” მაგივრად ”ღუბერნატორსა”,
”ტრაგი-კომედიის” მაგივრად ”ტრაღი-კომედიასა”, ”უკოშკასა”, ”ვოდევილსა” და სხვ.
რის მიზეზით, ეს არ ვიცით და ბევრს სემენარიაში მსწავლულებსა, მეტადრე
უწინ, ჰქონდათ წარმოდგენილი, რომ რუსულს ენაში г გამოითქმის ისე, როგორც
ქართული ღ, და ბრალიანად და უბრალოდ г-ს მაგივრად, რომელიც ქართული გ-ვით
გამოითქმის, ხმარობენ ღ-სა და გამოდის ”ღეოღგრაფია”, ”ტრაღედია” და სხვ.
------ვგონებთ, რაც მწერლობისა და სალაპარაკო ენა ერთიერთმანერთსა
დაუახლოვდებიან, მით უკეთესი არის (ამისი წინააღმდეგი იქმნებიან მხოლოდ
დავით სოსლანები). მაშასადამე, ჩემო თადეოზ, ჩვენი საწადელი და სამარადისო
სანუკვარი ის უნდა იყვეს, რომ არაფრით არ დაშორდეს სალაპარაკო და
მწიგნობრობის ენა. მაგრამ ამაშიაც ერთი რაღაც ხუშტური სჭირთ ზოგიერთს
მწერლებსა. ერთი-ერთმანერთის ლაპარაკში ხმარობენ: ის, ისინი, იმან, იმათ, თავისი
და სხვ. და როგორც აიღებენ ხელში კალამსა, მაშინ რაღაც ბიძები მოუვლიან და
ამპარტავნულად სწერენ: იგი, იგინი, მან, მათ, თვისი და სხვ. რა არის ამის მიზეზი, მე
ვერ მიმხვდარვარ, თუმცა, ჩემო თადეოზ, შენ კი კარგად გეცოდინება.
ერთის მხრით, ჩეჩქივით გვაყრიან თავსა და კისერში მრავალს ახალ-ახალ
შემოსულს აზრებსა, ლათინურ-ბერძნულს სიტყვებსა, არც კი გვკითხვენ, შეგვიძლიან
მოვინელოთ, თუ არა. არც იმასა ჰფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნის სიტყვების ლექსიკონი
შეადგინონ და, მეორეს მხრით, თავს გვახვევენ გულაღმა გადმობრუნებულს
ქართულს სიტყვებსა და ამასთან თითქო მოწიწებით უყურებენ ჩვენს უწინდელს
მწერლებსა, რომელნიც ხმარობდნენ სიტყვებს: იგინი, იგი, მან...
------ჩემო თადეოზ, ეს ჩემი მოხსენება სულ არაფერია იმასთან, რაც ამ უკანასკნელს
დროში ძველი სევდები აგვიშალა ყოვლად პატივცემულმა ილია ხონელმა. ეს
დალოცვილიც დაუბრუნდა უწინდელ ქართველ ჩინოვნიკების ჩვეულებასა,
რომელნიც ძალიან სცდილობდნენ ჩვენს ენაში შემოეტანათ ახალი კანონი,
სრულებით წინააღმდეგი ჩვენის ენისა. ბუნების წინააღმდეგად იმათა სურდათ
ერთის სქესის სიტყვა გადაექციათ მეორე სქესისად ბოლოზედ ერთისა ანუ ორის ასოს
მომატებითა. ეს სურვილი მეტად ცხადად გამოიჩინა ”კალმასობის” დამწერმა. ამას
რუსეთში ენახა, რომ რუსები თავადს ეძახიან ”კნიაზსა” და თავადიშვილის ცოლსა –
“კნიაგინიასა”, დაფიქრდა ამაზე, ეს გარჩევა რატომ ქართველებსაც არა გვაქვსო, ადგა
და თავადიშვილის ცოლს დაარქვა “თავადინა”. კარგია, რომ ეს ამბავი ვერავინ გაიგო,

თორემ, რა ჩიჩინი უნდა ამას, წაჰბაძავდნენ და მივიღებდით ახალ სიტყვას
“თავადინასა” ისე, როგორც ეხლაც ეძახიან მთავრის ცოლს “მთავრინასა”.
პოლიციელმა ქართველმა ჩინოვნიკებმა უფრო წარმატებაში შეიყვანეს ჩვენი
ენა და სწერდნენ: ხელმწიფე – ხელმწიფავ, მეფე – მეფა, ვითომ ერთი იყო მამრობითი
სიტყვა და მეორე მდედრობითი. ხალხმა არ უგდო ამას ყური, მით უმეტესად, რომ
უწინ გაზეთების ბეჭდვაზე ნაკლებად გახლდით. იმათი მოგონება მიეცა დავიწყებასა,
მაგრამ უუპატივცემულესმა ი. ხონელმა ეს დავიწყებული ამბავი გააახლა.
ჩემო თადეოზ, თუ გინდა, რომ მამრობითი სიტყვა გადააქციო მდედრობითად,
ამას დიდი ჯაფა და წვალება არ უნდა, მხოლოდ ერთი ასო რომ მოუმატო, მაშინ კაცი
ქალად გადაიქცევა და მამალი დედლად. აი ასე:
მამრობითი

მდედრობითი

ხელმწიფე
მთავარი
მამალი
ერკემალი
ხონელი
ერკემალი
კამბეჩი

მეფა
მთავრინა
მამალა ან მამალინა
ერკემალინა
ხონელა
ერკემალა
კამბეჩინა

ბატონის ნასიძის გრამატიკა თუ გვიშველის რასმე, თორემ წახდა საქმე, ძალიან
დაგვარეტიანა ”ევროპეიზმობამ”.
ეს ხუმრობა იქით იყვეს, ჩემო თადეოზ, და რამდენის კარგის საქმის გაკეთება
შეეძლოთ ამ ორს კაცსა, ე. ი. დავით სოსლანს და ილია ხონელსა, რომ წვრილმან
საქმეს არ მისდევდნენ. უნდა აღვიაროთ, რომ იმათის კალმის ძალა ამ წვრიმალ
ნაწერებთაგანაც კარგადა სჩანს. ეს ორნი ამტკიცებენ იმასა, რომ ქართულის ენითაც
ითქმის ეხლანდელი აზრი, მაგრამ ეს არის ჩვენი ყისმათი: ფული გვაქვს, უსაგნო
ზიზილ-პიპილა მხატვრობაში ვაძლევთ; ცოდნა გვაქვს და ენა გვიჭრის,
ერთმანერთის ლანძღვაში და კინკლაობაში გამოვიყენებთ; თვალს ავახელთ მხოლოდ
იმისათვის, რომ ჩვენი სასარგებლო საგანი ვერა დავინახოთ რა, ერთი-ერთმანერთს
თავზე კაკალს ვამტვრევთ და ელიზე რეკლიუმ საქვეყნოდ მოსდო ჩვენი სიმხეცის
ამბავი, ყოვლად უსამართლოდ და სიცრუითა და ჩვენს მცოდნეთა ხმა ვერ
ამოუღიათ, თუმცა ფრანციზულის ენის მცოდნე ბევრი იპოვება.
ჩემო თადეოზ, მართლის თქმისათვის არ მოელის მრისხანებასა
შენი სფირიდონ ჩიტორელიძე.
[1886] 21 გიორგობისთვეს.
ძაუჯი-ყაუ

ქართული თეატრი
<ქართული თეატრის ნაკლოვანებანი>
ჩვენის თეატრის ერთი დიდი ნაკლი ის არის, რომ სათეატრო თხზულებანი არა
გვაქვს. რომ ჩვენი საკუთარი, ჩვენ მიერ ქმნილი, ჩვენის ცხოვრებიდამ ამოღებული

თხზულებანი არა გვაქვს, – ეგ ადვილად მისახვედრელია. ამას ბევრი საპატიო და
შესაწყნარებელი მიზეზი აქვს და იმ ბევრში ერთი ისეთი რამ შეგვიძლიან
დავასახელოთ, რომ იმის გაგონებაზედ კაცი თუმცა გულის ტკივილით, მაგრამ მაინც
კი იტყვის: რაკი ესრეა, აქ კისრად უნდა ვიდოთ იგი მიზეზი და დავდუმდეთო. ის
”ერთი ისეთი რამ” ის გახლავთ, რომ მწერალი არ გვყავს. ამ არყოლას ყოლად ვერავინ
გარდაჰქმნის, ღვთისა და ჩვენის წარმატების მეტი, და ამიტომაც იგი სამდურავი,
რომელიც ამ მხრით ისმის ჩვენს დრამატიულს საზოგადოებაზედ, სულ ცოტა რომ
ვსთქვათ, მოშლილის წისქვილის რახუნია და მოკლე ჭკუის უჯიათობა და
ჭირვეულობა. ამაზე ჩვენ ადრევაც გვილაპარაკნია და ეხლა კვლავ იმისი განმეორება
მეტისმეტი დაბრიყვება იქნება კალამისა და მკითხველის გულკეთილობისა.
ჩვენ დღეს გვსურს ყურადღება მივაქციოთ სხვაგვარს თხზულებას ჩვენის
რეპერტუარისას, ესე იგი, თარგმნილსა და გადმოკეთებულს სხვა ენებიდამ. ამ მხრით
არ ითქმის, რომ ჩვენი რეპერტუარი მეტად ღარიბი იყოს: ამგვარი თხზულებანი
საკმაოდ ბევრი აქვს ჩვენს თეატრსა. მაგრამ გონება კი რომ ააყოლოთ, დაინახავთ,
რომ ამ რიცხვით ბევრს ძალიან ცოტა სიკეთე სჭირს ღირსებისა. იქნება ორიოდე
ამგვარი თხზულება ამ საზომში არ მოვიდეს, რადგანაც ზოგიერთს ნათარგმნს და
გადმოკეთებულს თხზულებას ღირსების მხრითაც შეიწყნარებს ადამიანის
გაწრთვნილი გემოვნება, მაგრამ უმრავლესობა კი თითქმის ყოვლად უღირსია;
ამაზედ არა გვგონია აგვიხირდეს ვინმე. ჩვენ ამ უღირსთა თხზულებათა ჩამოთვლას
არ მოვუნდებით; ჩვენ ერთი რამ გვაქვს სათქმელი.
რაკი კაცი იცლის სხვა ენიდამ თხზულების გადმოღებისა და
გადმოკეთებისათვის, რაკი ამაზედ მიიზიდა მისი ხალისი და რაკი ამისათვის შრომა
და ჯაფა იტვირთა, რატომ იმისთანა სათარგმნელს თუ გადმოსაკეთებელს არა
ჰკიდებს ხელს, რომელიც სულის მარგებელიც იყოს და ხორცისაც. აი რა გვაკვირვებს
ჩვენა. ამის მიზეზს გამორკვევა უნდა. რომ ვსთქვათ, – სხვა ენებზედ კარგი
თხზულებანი არ არის – და ამას დავაბრალოთ უხეირობა ნათარგმნებისა, აშკარა
ტყუილი იქნება. ასარჩევად ამ შემთხვევაში მეტად დიდი და გადაშლილი მოედანია.
რუსული, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური სათეატრო
თხზულებანი იმდენია, რამდენიც კი შესაძლოა ადამიანის ხარბმა გულმა ინატროს
და დაიტივოს. თქმა არ უნდა, რომ ამ უზარმაზარ თხზულებათა ხვავში ბევრი კარგია
და ბევრი ცუდი. ჩვენი მთარგმნელი სათოფე ნადირსავით გაისისწვრივებს ხოლმე,
ივლის, ივლის და ზედ კი წააწყდება მარტო ცუდსა, უფერულსა, რომელიც არც
სააქაოსია და არც საიქიოსი. თავის გასამართლებლად დაუჟინიათ, სასაცილოა და
იმიტომ ვსთარგმნეთო. განა თავი და ბოლო სათეატრო თხზულებისა მარტო
სიცილია და სხვა არაფერი?!.
არ ვიცით რა საბუთით და ამბობენ კი: ჩვენს საზოგადოებას სასაცილო
წარმოდგენანი უფრო იზიდავს, ვიდრე ნაღვლიანნი და ჩამაფიქრებელნიო. ჩვენ არ
გვესმის ამისთანა ლაპარაკი. ქართველიც იმისთანა კაცია, როგორც სხვა, და ამიტომაც
არარა კაცებური არ უნდა ეუცხოებოდეს. ბუნება ცრემლისა და სიცილისა, ჩვენის
ფიქრით, ერთისა და იმავე სათავიდამ მოდის. იგი შეკუმშვა ადამიანის ძარღვისა,
რომელსაც სიცილი თუ ცრემლი მოსდევს, მწუხარებისაგანაც მოივლინება და
მხიარულებისაგანაც. ამიტომაც ხშირად ცრემლსა ჰხედავთ იქაც, საცა დიდი
სიხარულია და სიცილს იქაც, საცა დიდი სატირალია. ხოლო პირველს შემთხვევაში
ცრემლს სიტკბო აქვს სიცილისა და სიხარულისა, და მეორეში სიცილს – სიმწარე
ტირილისა და მწუხარებისა. როცა ადამიანის სული და გული ძლიერ არის აღძრული,
მაშინ ერთი მეორის ადგილს იჭერს და მთელი დრამა სიცილისა და ცრემლისა

სწორედ ამაშია. საშინელია, როცა გული სტირის და კაცი ტირილის მაგიერ სიცილით
ქვითინებს; მეტისმეტად მომხიბლავია და დამატკბობელი, როცა გული სიხარულით
უმღერს კაცს და ცრემლით კი იცინის და მხიარულობს. უდიდესი გამოცხადება,
უდიდესი ზედმოქმედება ადამიანის გულზედ, თავით-ფეხებამდე ზარდამცემი
ძლიერება ცრემლისა და სიცილისა სწორედ მაშინ არის, როცა ერთს მეორის ადგილას
ჰხედავთ, თუმცა მიზეზი მოვლინებისა ერთისაა და არა მეორისა.
კიდევ ვიტყვით, არა გვგონია, იმ ცრემლზედ უტკბესი რამ იყოს ქვეყანაზედ,
როცა იგი ჰჟონავს ბედნიერებისა და სიხარულის ნამეტანობისაგან, და იმ სიცილზედ
უმწარესი რამ, როცა კაცი ტირილით ჰხარხარებს უბედურობისა და მწუხარების
სავსებისაგან. აი ეს ცრემლიანი სიცილი და სიცილიანი ტირილი არის იგი უზენაესი
სიტკბოება, რომლის ფრთებითაც ჭეშმარიტი და უდიდესი ხელოვნება ადამიანისა
თავის უმწვერვალეს სიმაღლეზედ აზიდავს ხოლმე კაცსა, და გონებამიუწვდენელის
თილისმითა დიდს ბოროტსაც, დიდს მწუხარებასაც, როგორც დიდს კეთილსა და
დიდს ბედნიერებას, ადამიანის გულში ჩააფენინებს ხოლმე მადლის მაცხოვარს შუქს
სათნოების კვირტის გამოსაკვანძავად და მერე მშვენიერ ყვავილის გარდასაშლელად.
ამაშია მომხიბლავი ძალა და არსებობის მიზეზი ხელოვნებისა საზოგადოდ და
სათეატროსი საკუთრივ. იგი გრძნობა, იგი ღონე, რომელსაც ეს შუქი ჩააქვს ადამიანის
გულში, ესტეტიკური გრძნობაა. ეს გრძნობა უზენაესს სიტკბოებას ეძებს ყველგან,
სიცილი იქნება თუ ტირილი, ბოროტი იქნება თუ კეთილი. ამ გრძნობისათვის
ზარდამცემი ბოროტებაც ისეთივე მშვენიერებაა, როგორც გულწამტაცი კეთილი,
იმიტომ რომ ხელოვნება თვით ბოროტს აბოროტებს კეთილისათვის და კეთილი ხომ
კეთილია. სისხლისმსმელი, კაცისმკვლელი მაკბეტის აფთარი ცოლი ისეთივე
მშვენიერებაა ხელოვნების თვალით და ესტეტიურის გრძნობის შეხედულობით,
როგორც გულკეთილი, გულწრფელი და კეთილმომქმედი კორდელია. თუმცა ერთი
გძულს და მეორე გიყვარს, მაგრამ აქ ძულებაც და სიყვარულიც ერთსა და იმავე
საგანზეა მიმართული, ერთსა და იმავე ძარღვს ადამიანის გულისას სძრავს ერთი
ბოროტის უარყოფის გზით და მეორე სათნოების დამტკიცებითა. ერთიც და მეორეც,
მართლად მიმავალი, ესტეტიურს გრძნობას საამურად მიაჩნია, და იქნება პირველს
შემთხვევაში სიტკბოება უფრო მეტიც იყოს ესტეტიურ გრძნობისათვის, ვიდრე
მეორეში, იმიტომ რომ პირველ შემთხვევაში უფრო ძლიერ იძვრის ადამიანის გული,
უფრო დიდს ჭრილობას და ტკივილს ადამიანის გულისას აყუჩებს იგი დიადი
ძულება, რომელიც იბადება დიდის ბოროტის დანახვაზედ. ხორცის ტკივილიც განა
ამავე კანონს არ ექვემდებარება? რამოდენადაც დიდია ტკივილი ხორცისა, იმოდენად
საამურია მისი დაყუჩება და დაამება. ეს ყველას ექმნება გამოცდილი თავის თავზედ.
ამ სახით, კაცმა რომ სთქვას, ამადაამას ჭეშმარიტი ხელოვნება სიცილით,
მხიარულებით, სალხენით უფრო იზიდავს, ვიდრე ცრემლით, ნაღველით და
მწუხარებითო, იგი სცდება. ჩვენის ფიქრით, აქ მარტო ესტეტიურს გრძნობაზედ
უნდა იყოს ლაპარაკი და სხვა არარაზედ, და თუ ეს გრძნობა სიცილის აღსაბეჭდად
გაღვიძებულია, არ არის მიზეზი, რომ ნაღვლის აღსაბეჭდად მძინარე იყოს. ცალის
თვალით ღვიძილი მარტო კურდღელმა იცის და ესტეტიურს გრძნობას კი ერთის
თვალით გაღვიძება არ შეუძლიან, ისე რომ მეორეც არ მღვიძარეობდეს. საქმე ის არის,
რომ ჭეშმარიტი ხელოვნება სიცილისა თუ ტირილისა თავისის თილისმითა
ჰქმნიდეს ხატს ესტეტიურის გრძნობის გამოსაწვევად. აქ სხვა არაფერია საჭირო და
კაცი ყოველთვის ერთნაირად მიზიდულ იქმნება.
თუნდ ამას ყველაფერს თავი დავანებოთ და ეს ვიკითხოთ: განა ყველა სიცილი
საგანია ხელოვნებისა? სიცილიც არის და სიცილიცა. უაზრო, უმიზეზო სიცილი

ლაზღანდარობაა და მთელი სამი-ოთხი საათი, რომელსაც ჩვენ თეატრში ვატარებთ,
რომ მარტო ლაზღანდარობას მოვახმაროთ, ჯერ ერთი, რომ მოსაწყენია და მერმე
ტვინის გამოლაყებაა. კაცმა სამი და ოთხი საათი სულ იცინოს სალაზღანდარო
სიცილითა და ერთადერთი სულის მაცხონებელი აზრი მაინც არ ჩაიყოლიოს გულში,
სწორედ მოგახსენოთ, მეტისმეტი ჭირია. მხიარულობა, სიცილი კარგია, მაგრამ ვერც
მხიარულება, ვერც სიცილი, ვერც ვერაფერი სხვა სიამოვნება ვერ გაუძლებს
მომაბეზრებელს თვისებას ხანგრძლიობისას, ერთნაირობისას და უაზრობისას.
ხანგრძლივი და ერთნაირი ლხინი ბოლოს ჭირად გარდექმნება ხოლმე კაცსა. ეგ
იმიტომ, რომ ისე მალე არა ჰღალავს რა კაცს და, მაშასადამე, ისე არა უხდენს რა
გუნებასა, როგორც გრძელი, გაუთავებელი უაზრო ლხინი და სიცილი. ყველას
თავისი საზღვარი აქვს და თავისი მიზეზი. მოკლე ვოდევილის მხიარულს უაზრობას
სიამოვნებით აიტანს მაყურებელი, მაგრამ სამ- და ოთხ- მოქმედებიანს სიცილის
გუდას არა გვგონია გაუძლოს ადამიანის გულმა. ამაოდ სცდებიან, ვისაც ჰგონია, რომ
რაკი ამ სიცილის გუდას პირს მოვუხსნი, მაყურებელს თავს მოვაწონებ და თეატრსაც
სამსახურს გავუწევო.
მარილიანს, ჯანიანს და მარგებელს სიცილს აზრი უნდა, მომავლინებელად
საბუთი უნდა, ადამიანის გულის ძარღვთაგან მოქსოვილი იმ მრავალფერობით,
რითაც ასე მდიდარია ცხოვრება და ადამიანის გული, ეს უტყუარი სარკე ცხოვრებისა.
როგორც უმიზეზოდ მტირალა კაცი საზიზღარია, ისეც უმიზეზოდ, უაზროდ
მოცინარიცა. დაუჟინიათ, სასაცილოაო!.. ბევრი რამ არის ქვეყანაზედ სასაცილო,
მაგრამ ესტეტიური გრძნობა ყველა სიცილს ვერ შეიწყნარებს, თავის შვილად ვერ
გაიხდის. სიცილი თავის დღეში არ უნდა გარდაიქმნას ლაზღანდარობად და
ტირილი კიდევ უგემურ კნავილად.
ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს საკუთარს ავტორებსაც, მთარგმნელებსაც და
ზოგჯერ ზოგ-ზოგ ნიჭიერ არტისტებსაც. საცა ჭეშმარიტს სიცილს ან ჭეშმარიტს
ცრემლს ვერ აჭრევინებენ, იქ სიცილი ლაზღანდარობაზედ გადააქვთ და ცრემლი
უმარილო კნავილზედ.
ერთი ამისთანა პიესა, რომელიც – სწორედ უნდა სთქვას კაცმა – ამგვარებში
ზოგს სხვებსა სჯობია და მაინც კი ვერაფრად მოსაწონია, კვირას, 30-ს ნოემბერს,
წარმოადგინეს ჩვენს ქართულ თეატრში. ამ პიესას სახელად ”ალერსთა ბადე”
ეწოდება და რუსულიდამ არის გადმოკეთებული. ქარგა, რომელზედაც ამოქსოვილია
ხლართი (ინტრიგა) პიესისა, ერთი უფერული რამ არის. ერთს კარგად შეძლებულს
სახლობას, რომელსაც შეჰკედლებია ახლო ნათესავი, სამსახურიდამ გამოსული კაცი
თავისი ცოლითა, ერთადერთი გასათხოვარი ქალი ჰყავს. ამ ქალთან ერთად
შეზრდილია ერთი ყმაწვილი კაცი, რომელსაც სწავლა შეუსრულებია და მოსულა
თავის გამზრდელების სანახავად. დედ-მამას ქალისას ძალიან უნდათ, რომ ამ
ყმაწვილმა კაცმა შეირთოს მათი ქალი, რომელსაც ერთი მეზობლად მყოფელი
მემამულე ყმაწვილივე კაცი უყვარს და უკვე ცოლქმრობის პირობა აქვს მიცემული.
დედ-მამა თანშეზრდილის მოყვრობას უფრო ჰრჩეობს და გულის მოსაგებად დიდს
პატივში ჰყავთ და ულოლიავებენ. გამდელი, რომლის ხელშიაც ეს ყმაწვილი
თითქმის გაზდილა, და ის სამსახურიდან დათხოვნილი ნათესავი, თავისის
ალერსით, – დაჯე, შენი ჭირიმე, ადეგ, შენი ჭირიმე, დაიძინე, გაიღვიძე, ეს იგემე ანუ
ისა, ხომ არავინ შეგაწუხა, ხომ თავი არ გტკივა, და ათასი ამისთანა
გულმტკივნეულობით – დღემუდამ აბეზრებენ თავს; აქ თვითონ გასათხოვარი ქალიც
ჩაერია და ცდილობს ისე აჩვენოს თავი, რომ მითამ ძალიან უყვარს იგი, მაგრამ
დიდად იჭვიანია, ანჩხლი, დაჟინებული და ჯიუტი. რაკი ამ ხასიათებს შემამჩნევსო,

თვითონვე ადგება და ჩამომეცლება, რადგანაც კლდეზედ გადასაჩეხებს უფრო
ირჩევს, ვიდრე ჩემს ცოლობასა, და მაშინ ვისაც პირობა მივეც, იმას შევირთამო.
ეს აბეზარი ალერსი და ლოლოება გამდლისა და ქალის ნათესავ კაცისა და ზედ
ახირებული ჭირვეულობა საცოლესი იქამდე მიიყვანს, რომ საწყალი ყმაწვილი კაცი
ქალის სანდომს საქმროს გამოუტყდება და ეხვეწება, ერთი ამ ჯოჯოხეთს
გადამარჩინეო, არც ამათი ქალი მინდა და არც ამათი ალერსიო, ქალის საქმრო
გააპარებს ამ ყმაწვილ კაცს, და თუმცა გამდელი სადღაც მოასწრობს და უკანვე
მოიყვანს, მაგრამ ქალი მაინც თავის სასურველს შეირთავს და პიესა ამით თავდება.
ბ-ნი საფაროვისა გასათხოვარ ქალსა ჰთამაშობდა და, უნდა მოგახსენოთ,
თავიდამ ბოლომდე კარგი იყო და ნამეტნავად მეორე და მესამე მოქმედებაში.
არტისტულად სასაცილო რამ იყო ბ-ნი გაბუნია გამდლის როლში. თვალწინ
წარმოგვიდგა იგი ცოცხალი სახე ძველებურის გამდლისა, რომელსაც დღეს ძალიან
იშვიათად სადმეღა შეხვდებით და რომელიც თან გადიყოლია ჩვენმა ძველმა დრომ.
ხოლო საცინალის სალაზღანდაროდ გარდაქმნამ ბევრად წაუხდინა თამაშობა
უკანასკნელს მოქმედებაში. ზედ დაეხურა გაპარულის ყმაწვილის კაცის შლიაპა,
პალტო წამოესხა, უშველებელი ქოლგა გადეშალა და ისე შემოიყვანა ქურდულად
წასული ყმაწვილი კაცი. ამის დანახვაზედ, მართალია, თვითონ სცენაზედ
არტისტებსაც ყველას სიცილი აუტყდათ და თეატრმაც ხარხარი დაიწყო, მაგრამ ეს ის
სიცილი არ იყო, რომელსაც ესტეტიური გრძნობა იწყნარებს და ითხოვს. არტისტი
ამგვარად სიცილის ატეხას უნდა ძლიერ ერიდოს, თორემ არტისტობა, ბერიკაობად
გარდაქმნილი, მეტისმეტად სამწუხაროა და დიდ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ბ-ნს
გაბუნიას, რომლისათვისაც ღმერთს დიდი სიუხვით მიუმადლებია შეუდარებელი
ნიჭი არტისტობისა.
ბ-ნ აბაშიძის თამაშობა ძალიან მოგვეწონა. იგი ჰთამაშობდა ალერსით
მობეზრებულ ყმაწვილ კაცსა. თვითონ სათამაშო მისი სასაცილო არ არის არც
სიტყვის ქცევითა, არც მიმიკითა; თვითონ მისი ყოფა და მდგომარეობაა სასაცილო
და, ჩვენის ფიქრით, ღირსება მისის თამაშობისა ის იყო, რომ ამ მხრით თავის როლს
არც ერთხელ არ უღალატა, თუმცა კი ზოგან, მაგალითებრ იქ, საცა ბ-ნი აწყურელი,
ნათესავის კაცის მოთამაშე, თავისის უადგილო-ადგილის გულმტკივნეულობით და
დაშაქრებულის ალერსით თავს აბეზრებს, – იქ შესაძლო იყო ბ-ნ აბაშიძეს მეტის
სიცხოვლით თვისი აბეზარად მოსვლა გამოეხატა.
ბ-ნი აწყურელიც არ იყო ურიგო, მაგრამ ერთგან როლი დაავიწყდა და ძალიან
გვიან მოაგონდა. რაწამსაც შემოვიდა ბ-ნ აბაშიძესთან და ბ-ნი აბაშიძე ფეხზედ
წამოუდგა, აწყურელს მაშინვე უნდა ეთქვა, დაბძანდი, შენი ჭირიმე, ნუ ირჯებიო, და
ეს ასე გვიან სთქვა, რომ ვიღაცამ ჩვენს გვერდით წამოიძახა: ვა, აქამდე სად იყო, ეხლა
დაინახაო?..
ბ-ნი მესხიევი ვერ იყო, ჩვენის ფიქრით, ისე კარგი, როგორსაც
მოველოდებოდით. გულსწრაფობა და სიფიცხე, მკვახე სიტყვები, მოურიდებლობა,
პირში თქმა მართლისა, ვერ მოსდიოდა ისე, როგორც მოსდის ხოლმე პატიოსანს კაცს,
რომელიც ვერ იშვნევს პირფერობას და მართლის გამოსათქმელად არ არის ჩვეული
სიტყვის კმაზვაზედ ტყუილუბრალოდ მოსცდეს.
დასასრულ, წაკითხულ იქმნა რამდენიმე ლექსი და გლეხური სცენები.
რამოდენადაც პირველი ცოტად თუ ბევრად იყო მოსაწონი, იმოდენად დასაწუნი იყო
მეორე. ლექსი კარგად და გარკვევით გვესმოდა, ხოლო სხვადასხვა აზრს თავთავისი
კილო ყველგან ვერ შეუწყო ლექსის მთქმელმა და ამიტომაც უფრო ერთნაირობა

კილოსი აწუხებდა სმენას, ვიდრე საჭირო მრავალგვარობა ატკბობდა. გლეხურმა
სცენებმა ხომ სულ უგემურად ჩაიარეს.
[1886 წ., 30 ნოემბერი - 3 დეკემბერი.]

ქართული თეატრი
<”გავიყარნეთ” და ”ხანუმა”>
7-ს დეკემბერს ქართულს თეატრში წარმოადგინეს პირველად ახალი პიესა
”გავიყარნეთ”. ეს პიესა თავდაპირველად ეკუთვნის სახელგანთქმულს მწერალს
საფრანგეთისას სარდუს და ფრანგულად ჰქვიან: ”Divorçons”. არ ვიცით, ბ-ნი სარდუ
იცნობდაღა თავის შვილს, რომ იგი ენახა ჩვენს სცენაზედ? ჩვენ ამას იმიტომ ვამბობთ,
რომ მისი ”დივორსონი” ჯერ აუღია ვიღასაც და რუსულად გადაუკეთებია, მერე
რუსულად გადაკეთებულიდამ ქართულად გადმოუკეთებია ბ-ნ აბაშიძეს და ამ
გადაკეთებ-გადმოკეთებაში თავისი შნო და მარილი სრულად შერჩენია თუ არა, – ეს
თუნდა კოდელ ნინოსა ვკითხოთ.
რომ რუსულიდამ ქართულად გადმოკეთებაში ბევრი არაფერი დაჰკლებია ამ
პიესას, ამას კი გულდაჯერებით ვიტყვით, იმიტომ რომ ქართულში
გადმოკეთებულია მარტო სახელი და გვარები მომქმედ პირებისა, მოსკოვის
სასტუმრო ”Славянский Базар”-ი ტფილისის სასტუმროდ ”ლონდონად” არის
გადაქცეული, მოსკოვის ქუჩა, ვგონებთ ”Мясницкая”, ავლაბრად მონათლულია და
სხვა ყოველისფერი კი ისეა, როგორც რუსულად გადაკეთებულში. როგორც ვატყობთ,
ჩვენში ჯერ გამორკვეული არ არის: რას უნდა დაერქვას გადმოკეთება? ამას
განმარტება სდომებია, როგორცა სჩანს, და ჩვენც ნუ გვიკიჟინებენ, რომ ამ
განმარტებას ორიოდე სიტყვა მოვანდომოთ.
სამართლიანად ჰნატრულობენ ბევრნი ჩვენგანნი, რომ ჩვენმა ქართულმა
სცენამ რაც შეიძლება ხშირად გაგვიტაროს თვალწინ ჩვენის ცხოვრების ხატი და ამ
ხატში გაგვიხორციელოს აზრი და საგანი ასე თუ ისე მიმავალ წუთისოფლისა. ხატი
ცხოვრებისა ადამიანის ხასიათშიაც გამოითქმის და ზნეშიაც. ამიტომაც სასცენო
ხელოვნებაში უფრო ორგვარი კომედიაა, ერთი კომედია ხასიათთა და მეორე ზნეჩვეულებათა. არ არის ქვეყანაზე არც ერთი იმისთანა კომედია, რომ ან ერთის
ამგვარისაკენ არ იყოს მიხრილი, ან მეორესაკენ, ან ერთს ამგვარს არ ეკუთვნოდეს, ან
მეორესა. ხასიათი და ზნე-ჩვეულება ყველგან არის, მაგრამ ყოველის თესლის ერს
თავისი განსხვავებული ხასიათი აქვს და ზნე-ჩვეულება, იმიტომ რომ ხასიათის და
ზნე-ჩვეულების ასე თუ ისე აგებაზედ მოქმედებს მთელი კრებული იმ გარემოებათა,
რომელთ წრეშიაც სული და ხორცი დიდი ხანი უტრიალებია ერს და დღესაც
ატრიალებს. შორს რომ არ წავიდეთ, ჯერ თუნდ ადგილმდებარეობა ვიქონიოთ
სახეში, მიწა-წყალი, ერთობ კაცთ-გარეთი ბუნება, – ესეც კი ძლიერ მოქმედებს
ადამიანის ხასიათისა და ზნე-ჩვეულების სხვადასხვაობის შესაქმნელად. ჯერ ერთისა
და იმავე თესლის კაცი მთიული და ბარელი აიღეთ და ამათშიაც, ხასიათს მიხედავთ
თუ ზნეს, თვალსაჩინო განსხვავებას იპოვით და რაღა ითქმის იმ კაცებზედ,
რომელნიც სულ სხვადასხვა თესლისანი არიან და სხვადასხვა ქვეყნის შვილნი. თუ
ესეა, რაღა გვეთქმის ერის ისტორიასა, საოჯახო და საზოგადოებრივს წყობილებაზედ
და ერთობ იმ რთულ და მრავალგვართა ხილულთა და არახილულთა ძალთა

ყოვლად ძლიერ ზედმოქმედებაზედ, რომელნიც შიგნიდამვე ჰქმნიან ხასიათსა და
ზნე-ჩვეულებასა ერთისა თუ მეორე ერისას.
ამიტომაც, როცა სასცენო ხელოვნება სხვისის ცხოვრების ხატსა ჰკიდებს ხელს
ჩვენს სცენაზედ გადმოსატანად, ორში ერთი უნდა იქონიოს სახეში: ან იგი, რომ
სხვისი ცხოვრება, ხასიათს თუ ზნე-ჩვეულებაში გამოთქმული, გვაცოდინოს ისე,
როგორც არის, უტყუარად და შეუცვლელად, ან იგი, რომ მარტო აზრი, საგანი აიღოს,
თუნდა მთელი აგებულებაც პიესისა, ოღონდ იქ კი, საცა სხვისა ხასიათი, ზნეჩვეულება და ვითარება ცხოვრებისა არ შეგვეფერება, არ გვიხდება, გვეუცხოება, იქ
ჩვენი ხასიათი, ჩვენი ზნე-ჩვეულება, ჩვენის ცხოვრების ვითარება ჩააყენოს. ამით
უცხო ხატი სხვისის ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად ჩვენის ცხოვრების ხატად
გარდიქმნება და რამოდენადაც ეს გარდაქმნა დიდია, იმოდენად ნაშრომი კარგია და
მოსაწონი. პირველს შემთხვევაში ნაშრომს თარგმანი ჰქვიან და მეორეში –
”გადმოკეთებული”. გადმოკეთებას სხვა აზრი არა აქვს, სხვა არავითარი საბუთი არა
აქვს, თუ არ იგი, რაც ჩვენ ვსთქვით ამის შესახებ.
გადმომკეთებელს უფრო დიდი საგზალი უნდა, უფრო მეტი ღონე სჭირია,
უფრო მეტი ცოდნა, უფრო მეტი ნიჭი, ვიდრე მთარგმნელსა. გადმომკეთებელს ის
ღონეც უნდა ჰქონდეს, რაც მთარგმნელს, და ამას გარდა თვითმომქმედი ძალიც
შემოქმედობისა. იმიტომ რომ საგნადა აქვს იგი ხატი კი არა, რომელიც მზად
გამოსახულია პიესაში და რომელსაც მარტო გადაღებაღა უნდა, არამედ იგი,
რომელიც პიესაში არ არის და ახლად შექმნა სჭირია, რომ ჩვენის ცხოვრების ხატად
გვეჩვენოს. აქ ხორცუსხმელნი შთაბეჭდილებანი სულ ახალის, თუმცა კი წინადვე
განცდილის, ნათვალიერების და ნახულის ცხოვრებისა ხორცშესხმას ჰთხოულობენ
და ამისათვის ცოტად თუ ბევრად საჭიროა ცხოველმყოფელი ფანტაზია და ძალი
შემოქმედებისა, როგორცა ვსთქვით. ამ სახით, გადმომკეთებელი უფრო
თვითმომქმედია, ვიდრე მთარგმნელი, რომელიც, რაც უნდა ვსთქვათ, მაინც ცოტად
თუ ბევრად მონაა მისი, ვისაც სთარგმნის. გადმომკეთებელს კი შეუძლიან თავი
მოიწონოს იმით, რომ ქარგა სხვისაა, იქმნება ფერადიც სხვისა იყოს, მაგრამ სახე კი
ჩემია და ჩემი ნაქსოვიაო. ეს ”ჩემი” დიდი სამაცდურო რამ არის და ამით თუ აიხსნება
იგი, რომ პირდაპირ ნათარგმნი ხშირად ”გადმოკეთებულის” სახელით აგვეტუზება
ხოლმე თვალწინ. გადმოკეთებას უფრო დიდი აბრუ აქვს და ამ აბრუს
დაკუთვნებაზედ ბევრი უსაბუთოდ ხელს იწვდის ხოლმე.
გადმოკეთება პიესისა, ისე როგორც ჩვენ, ჩვენის შეძლებისამებრ აღვნიშნეთ,
დიდად საპატივო შრომაა, ვისაც კი შეუძლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი
პიესები რომ გვქონდეს, იმას არა ემჯობინება რა, მაგრამ როცა ეგ არ არის, მაშინ
გადმოკეთება რიგიანის პიესისა ორს კურდღელს ერთად დაგვაჭერინებს: ერთი, რომ
ყოველი რიგიანი პიესა საყურებლად სასიამოვნოა და ჩვენს საკუთარს ურიგო
პიესაზედ ბევრად სამჯობინარია, და მეორე – თუ კარგად გადმოკეთებულია ჩვენს
ხასიათსა და ზნე-ჩვეულებაზედ, ნატვრას ჩვენის საკუთარისას ცოტად თუ ბევრად
აკმაყოფილებს. ჩვენ თუ დღეს ამ გადმოკეთებაზედ სიტყვა ჩამოვაგდეთ, აზრად ისა
გვქონდა, რომ ეს ორკეცი კმაყოფილება სახეში იქონიონ მათ, ვინც საპატიო შრომას
სხვის პიესის გადმოკეთებისას ხელსა ჰკიდებს.
წარსულ კვირას წარმოდგენილი ”გავიყარნეთ” პირველს საჭიროებას
გადმოკეთებულის პიესისას საკმაოდ აკმაყოფილებს. პიესა რიგიანია ყოველისფრით,
სასიამოვნო საყურებელია და არანაკლებ სასიამოვნოა სასმენადაც, რადგანაც
აზრიანია, მერე მეტისმეტად თანასაგრძნობი აზრიანი, და კაცი ხალისიანად ადევნებს
გულისყურს ბოლომდინ. ვერ ვიტყვით, რომ ნასკვი პიესისა (завязка) ღრმად

ჩასაფიქრებელს რასმეს მოასწავებდეს, ან ისე რთულად შეკრული იყოს, რომ მისი
გამოხსნა ატყვევებდეს ადამიანის ყურადღებას და იზიდავდეს ჭკუა-გონებასა. პიესა
აგებულია ერთს სადა აზრზედ, რომელსაც მით არანაკლები ადგილი უჭირავს
ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხან ერთის სახით, ხან მეორის სახით, და
რომელიც ხშირად დიდ უბედურობის სათავედ და მიზეზად შეექმნება ხოლმე
ადამიანს, თუ კაცმა მართალი, ბუნებური ძარღვი ვერ უპოვა, თვის ცხოვრებაში
განუკითხველად უადგილო ადგილი დააჭერინა და სადავე მიანება, ერთის სიტყვით,
თუ რიგიანად არ მოუარა და არ გაუძღვა.
თუმცა ამ პიესაში მიზეზი ცოლ-ქმართა აშლისა, რომელმაც გაყრის
სურვილამდე და გადაწყვეტილებამდე მიაღწია, ჩვენს ცხოვრებაზედ მეტად შორს
არის, ასე, რომ სრულებით არ უხდება არც ჩვენს ზნე-ჩვეულებასა, არც ჩვენს
ხასიათსა, არც ჩვენებურის კაცის თუ ქალის გულის ტკივილსა, მაგრამ იგივე სხვა
გულის მოძრაობიდამ, სხვა გულის ნადებთაგან მოივლინება ხოლმე ხშირად ჩვენ
შორისაც, და რადგანაც კაცმა მისი ჯეროვანი გაძღოლა არ იცის, თვითონაც იმწარებს
ცხოვრებასა და სხვასაც უმწარებს. საქმე ის არის, რომ გულუბრყვილო, გულწმინდა
შეცდომილებას, უგუნურს და უცოდველს გატაცებას, თუნდ ბიწისა და ბოროტისაკენ,
ახირება და ბორკილი უფრო გამოადგება წამლად და გამოსაკეთებლად, თუ
ტკბილად და დაყვავებით მოქცევა? ავტორი გვასწავლებს, რომ ტკბილად მოქცევა ამ
შემთხვევაში უებარი წამალია ცდომილის მორჯულებისათვის. ჩვენა ვსთქვით, რომ
იგი ნასკვი, საიდამაც ამ პიესაში ცდომილება წარმოსდგა და ცოლქმრობა შეარყია,
ჩვენს ცხოვრებაში სრულებით იმ ძაფთაგან არ გამოინასკვება, მაგრამ თვითონ
მაგალითი და გზა გამოკეთებისა ისე ზოგადია, ისე მშვენივრად და ნათლად არის
გარკვეული, ისე ცოცხლად არის გატარებული, ისეთის ხერხით და ჭკუითა, რომ
მაყურებელს, ვინც უნდა იყოს, ერთნაირად გული ბოლომდის ინტერესით უცემს,
ვნახოთ ერთი, რა გამოვაო. სიმართლე ამ გზისა საყოველთავოა, კაცობრიულია და
ყველასათვის მეტისმეტად საგულისყურო.
სვიმონ ლომინაძეს, კარგა მდიდარს და ამასთანაც ჭკუადამჯდარს და
გამოცდილს ყმაწვილ კაცს, ცოლად ჰყავს ყმაწვილი ქალი ნინო. ქალი არ არის უჭკუო,
მაგრამ ცოტად თუ ბევრად ჭკუა შელახული აქვს წინდაუხედავის სწავლითა და
ურიგო, გულდაუდებელ წვრთნითა და გაზდილობითა. მაგრამ არც კი ისე წარამარად
მოუბარია, როგორც თითქმის ყველა ეხლანდელი ზეზეურა და ნასწავლი ქალი,
რომელიც ქალის საზოგადოდ დაჩაგრულს ყოფას თითქმის მარტო იმაში ჰხედავს,
რომ მამაკაცსავით თავისუფალი არ არის გაუკიცხავად გულისწადილს აჰყვეს და
ტრფიალების ეშხით დაითროს ჟინი გულისა.
”თქვენ მამაკაცთა რა გიჭირს, – ეუბნება ერთგან ცოლი ქმარსა: – თქვენ თქვენი საქმე ლამაზად
მოგიწყვიათ. მინამ უცოლონი ხართ და ყმაწვილკაცობაზედ თავს სდებთ, ჰცელქობთ, ჰსჭექთ და
ჰქუხთ, თავს ირთობთ ათასნაირის სიამოვნებით და სიტკბოებით. იმხიარულე, შეექეც, ჩემო კარგოო,
გეუბნებათ დედა. დეე, იქეიფოს, ჟინი მოიკლას, დრო მოვა და დადუღდებაო, იძახის მამა. ყმაწვილი
კაცი ხტის, დარბის, ქეიფობს ხან ქერათმიან ქალთან, ხან შავთვალწარბასთან. გაუმარჯოს
ყმაწვილკაცობას!.. ასე ატარებს დროს, ვიდრე ქანცგაწყვეტილი, ღონემიხდილი, გაქელილი,
გაცვეთილი არ იტყვის: ეხლა კი დროა ცოლი შევირთოო. აიღებენ და ამისთანას მისცემენ ხოლმე ნაზს,
ყმაწვილს, გამოუცდელს და უმწეო ქალს, ის-ის არის დედის უბისაგან მოშორებულს. საბრალო ქალმა
არა იცის რ ამ წუთისოფლისა, გარდა იმისა, რომ ყველაფერს უმალავენ, არა იცის რა ბუნებისა, გარდა
იმისა, რომ ყველაფერს უკრძალავენ, არა იცის რა ტრფიალებისა, გარდა იმისა, რასაც თვითონ მიაგნებს
ხოლმე. ქანცგალეული ქმარი უგულოდ დაისაკუთრებს ხოლმე ცოლსა, თითქო რაიმე ნივთიაო და
ეუბნება: რა ბედნიერი ხარ, ჩემო კარგო, რომ ჩემისთანა ქმარი შეგხვდაო... ჩემზედ მეტად ვერავის
ეცოდინება შენი სიყვარულიო. საბრალო ყმაწვილი ქალი, ჰგრძნობს რა ამაში ცოტაოდენ სისაძაგლეს

და სიაუგეს, ოხრავს და ჰფიქრობს: ”ეს რა ამბავია!.. ნუთუ მარტო ეს არის და სხვა არარა!.. მე კი რას არ
მოველოდებოდი! რა არ მეგონა!..” უგუნური ბატკანი ყოველს ამას ემორჩილება და იჯერებს;
გულგრილი დედაკაცი – აინუნშიაც არ იტარებს და იტანს. ხოლო ცოლი კი, ჭეშმარიტი ცოლი კი
ამბობს თავის გულში: რაო? სულ ტყუილია!.. სულელობაა!.. უკეთესიც არის ხოლმე. განა ამ
დაშაქრებულ პირწყლიანობისაგან აინთება ხოლმე გულთა ვნება სიშმაგემდე... დანაშაულობამდე...
ცოდვამდე!.. განა ამისთანა უმარილო ბედნიერებისათვის რომეო სასიკვდილოდ თავს გაიწირავდა,
მოაჯრიდამ რომ ყირამალა წამოვიდა!.. ლეანდრი ზღვას შეეჭიდებოდა და გავიდოდა!.. ეღირებოდა კი
იგი ბედნიერება ამ თავგანწირვად!.. ტყუილია!.. ცხოვრება სხვაგვარიც არის და უფრო მშვენიერიცა...
და იგი ცოლი ეძებს, აქეთ-იქით თვალს აკვირვებს, ჰტყობილობს, სწავლობს წუთისოფელს და ბოლოს
იმოდენად მაინც გაისწავლება ხოლმე, რომ შეუძლიან ქმარს თვალი გაუსწოროს და პირდაპირ
უთხრას: თქვენ მე მომატყუეთო... თქვენთვის ქორწინება, ჯვარისწერა რა არის? თქვენთვის
უკანასკნელი საფეხურია ცხოვრების კიბისა, ჩვენთვის კი პირველი. ქმრისათვის დასასრულია ის, რაც
ცოლისათვის დასაწყისია. ღმერთო, რა მშვენიერი ნატვრა და ოცნება მქონდა ინსტიტუტში... რასაც კი
წადილი გულისა ნეტარებას ჰლამობდა, ყოველს იმას მოველოდი ცოლქმრობაში. ქმარი გმირი და
მოტრფიალე, – აი რა იყო ჩემი ნატვრა! მე წარმოდგენილი მყვანდა იგი მშვენიერ, ბუნდოვან და
მოხდენილ ყმაწვილ კაცად: ხან თავდაჭერილი და მორჩილი, ხან ჟინიანი, შეუპოვარი და თავის
ნებისა; ხან ფეხქვეშ ფიანდაზად მეშლებოდა, ხან მეცემოდა, ვითარცა ვეფხვი, რომ ხვევნითა
დავერჩვი... ერთის სიტყვით, მშვენიერს სიზმრებში ვიყავი და მათთა სამაგიეროდ რას ვხედავ?
ღმერთო ჩემო! ერთნაირს ტაკა-ტუკს კედლის საათის ენისას... ერთსა და იმავე უგემურს შიშინს
მწვადისას გაღუებულს მაყალზედ... არც მარილი, არც პილპილი... არაფერი იმისთანა, რაც ახალისებს
და აძლევს გემოსა. მე თქვენს გაცვეთილს გულს, თქვენს საქებურს გამოცდილებას ვეუბნები, მე
ყმაწვილი ქალი ვარ, ჩემს ძარღვებში საღი და მხურვალე სისხლი ჰტრიალებს, მე ვგრძნობ რაღაც
ჩემთვისაც კი გამოურკვეველს წყურვილს დატკბობისას... ღვთის გულისათვის გემუდარებით,
გეხვეწებით, ცოტა ”ტრუფელები”, ცოტა შამპანური ღვინო!.. და თქვენ კი მეუბნებით: ”არა, უკეთესია
და უფრო ნოყიერია დაკეპილი ხორცი კართოფილითაო”. მადლობელი გახლავართ,, მადლობელი მაგ
წყალობისათვის!”

სიტყვა გაგვიგრძელდა და ამაზედ შევწყვიტავთ ლაპარაკსა შემდეგამდე. რაკი
გაზეთში უადგილობის გამო წერილების შეწყვეტა მოგვიხდა, ჩვენ ვარჩიეთ ამ
უადგილო-ადგილას შეგვეწყვიტა, იმიტომ რომ ჯერ ნასკვი პიესისა, ჩვენის ფიქრით,
ამ სიტყვებშია, და მერე, – ჩვენ გვსურს მკითხველს დრო მიეცეს ამ ქალის
საგულისხმიერო სიტყვებს ღრმად ჩაუფიქრდეს და ვიდრე ჩვენ ჩვენსას ვიტყოდეთ,
მკითხველსაც წინადვე შედგენილი ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი ჩვენის აზრის
შესამოწმებლად.
*

*

ჩვენ წინად მოვიყვანეთ ლომინაძის ცოლის სიტყვები და, თუ კაცი
დააკვირდება პიესას, ჰნახავს, რომ მიზეზი ცოლქმრობის აშლილობისა პიესაში
”გავიყარნეთ” ამ სიტყვებით გამოთქმულ აზრებშია გამონასკვული. ესეც ვიცით, რომ
ამისი მთქმელი ქალი ინსტიტუტშია გაზდილი, მაშასადამე, ცოტად თუ ბევრად
სწავლამიღებულია და განათლებული. ეხლა ვიკითხოთ, შესაძლოა ამისთანა მიზეზი
წარმოსდგეს იმ ქალის გულისნადებთაგან, რომელიც ჩვენებურს ინსტიტუტშია
გაზდილი? პირფერობა რა საჭიროა და პირდაპირ ვიკითხოთ: შეგხვედრიათ,
მკითხველო, ჩვენს ეხლანდელს, ეგრედ წოდებულ, განათლებულთა ქალთა შორის
ერთი იმისთანა მაინც, რომ გონების თვალწინ გამოხატული ჰქონდეს რაიმე
სასულიეროდ სასიამოვნო საგანი, რომლის მისაღწევად მართლა ან გული ერჩოდეს,
ან ჭკუა-გონება!.. ნუ არევთ ამაში ხორცის თვალთა წინ გამოხატულს საგანსა, ამისი
უნარი ყველასა აქვს, და იქონიეთ სახეში მარტო გონების თვალი და ისე გვიპასუხეთ.

სჯობს საყვარელსა უჩვენო
საქმენი საგმირონია, –

დიდი ხანია სთქვა გულთამხილველმა რუსთაველმა და აი გულაღფრთოვანებული
ნინო ამ ”საქმეთა საგმიროთა” ელოდდა თავის ქმრისაგან. ქმარი გმირი და
მოტრფიალე – აი ჩემი ნატვრა რა იყო, – ეუბნება იგი ქმარსა. განა რომეო, რომელმაც
თავი გაიწირა სიყვარულისათვის და მოაჯრიდამ თავდაყირა წამოვიდა, ან ლეანდრი,
რომელიც იმავე სიყვარულისათვის ზღვას არ შეეპოვა და გააპო, ესე მოიქცეოდაო, –
ჰკითხავს იგი თავის თავს და სრულის რწმენის ძალით მოსილი იძახის: არა, არაო!
ყოველ ამაში სჩანს, რომ აქ მოძრაობს სული, რომელიც თავისთავს შეხუთულად
ჰგრძნობს. ყოველ ამაში სჩანს, ნინოს ის მწვავი წყურვილი და ხალისი აქვს, რომ
ყველაფერი საკუთარის ჭკუით გამოსწლას, გამოშიგნოს, ბუნება შეუტყოს და თავის
სახელი დაარქვას. ეგ არაფერია, თუ ამაებში სცდება, საქმე გამორკვევის წყურვილი
და ხალისია, რომელიც ჭკუადახშულს ან გულს, სულიერი სიტკბოებისათვის
მკვდარს, თავის დღეში არ მოევლინება. ამიტომაც რომეოსი და ლეანდრის ამბავი
ზღაპარსავით კი არ დახსომებია – რომეომ ესა ჰქმნა, ლეანდრმა ესაო, როგორც
ჭკუაგაუხსნელთ, ტყუილ-განათლებულთ მოსდით ხოლმე; იგი ჰცდილა და თვით
ხორცთუსხმელის აზრისათვის ასე თუ ისე მიუგნია და ატაცებულა გულწრფელად იმ
სიყვარულის ყოვლად ძლიერებითა, რომელსაც ადამიანი თავისთავის გაწირვამდე
მიჰყავს უანგარიშოდ, უანგაროდ და უნანებლად.
რაკი თავისი ქმარი ამ სურვილით გაღვიძებულმა ქალმა თავის ნატვრას
შეუწონა და ცოლქმრული მშვიდობიანი სიყვარული – განსაცდელიანს სიყვარულსა,
ჰნახა, რომ ნატვრა გაუმტყუვნდა. მისმა პატიოსნებამ ვერ აიტანა გაცუდება ნატვრისა,
ეგ გულის ადრე და მალე სიკვდილი, და განქორწინებაღა დარჩა თავისის ნატვრის
აღდგენისა და განხორციელებისათვის. ვსთქვათ, ყოველ ამაში სცდება ნინო, მაგრამ
რა გულის შესატკივარი, რა ლამაზი, თუ ეგრე ითქმის, რა მარილიანი და მომხიბლავი
შეცდომაა!... აქ გული კი არ გვემღვრევა ცდომილზედ, არამედ გინდა ამ
გულუბრყვილო ცდომილს ცდომის კარამდე სიყვარულით და სიტკბოებით მიჰყვე,
რომ თვითვე დაინახოს თავისი შეცდომა და გამოკეთდეს. იმიტომ, რომ
გულუბრყვილო, გულწმინდა ცდომილისათვის – დანახვა ცდომისა და ერთბაშად
გამოკეთება ერთია. განა ჩვენებური ეხლანდელი, ეგრედ წოდებული, განათლებული
ქალი იმოდენად სულით გაღვიძებულია, რომ გონება და გული ატრიალოს იმისთანა
აზრებში, რომელიც მიჰსევია ნინოს? ჩვენში არა გვგონია, ეხლანდებურად
განათლებული ცოლი ქმარს აეშალოს იმის მიზეზით, რომ გაღვიძებულის სულისაგან
შექმნილი ნატვრა გაუმტყუვნდა და გაუცუდდა. იმიტომ რომ ჯერ სულის ღირსის
ნატვრის ღონე და უნარი უნდა იყოს, მერე თვითონ ნატვრა და მერე მისი
გამტყუვნება. სად არის?
ჩვენს ეხლანდელებრ განათლებულს ქალს განა ”საქმენი საგმირონი” გულს
სიყვარულით აუფეთქებენ? გმირს კი ეძებს ვინმე და არა ფერ-უმარილით გაგლესილს
თოჯასა, ანუ ოქროთი გატენილ ტომარასა?
ჩვენში უფრო ადვილია ეხლანდებურად განათლებული ცოლი ქმარს აეშალოს,
რატომ ატლას-ბაბთის კაბა არ მიყიდეო, ვიდრე იმის გამო, რომ რატომ რომეოს და
ლეანდრს არა ჰგევხარო. ჩვენში უფრო ადვილად წარმოსადგენია ”შლიაპიანი” და
”ტურნურიანი” ქალი ქმარს შემოსწყრეს და კიდეც გაეყაროს, – ჩოხა რად გაცვია და
ყალმუხის ქუდი რადა გხურავსო, ვიდრე იმის გამო, რომ გმირი არ ხარო.

შესაძლებელია განა ჩვენებურმა ეხლანდელებრ მითამდა განათლებულმა
ქალმა შავი ზანგი ოტელო შეიყვაროს მარტო მისთა ”საგმიროთა საქმეთა” გამო,
როგორც იგი შეიყვარა მშვენიერმა დეზდემონამ და როგორც უსათუოდ შეიყვარებდა
იმისთანა ქალი, როგორიც ნინოა? გმირობა, რა სახისაც უნდა იყოს, სულის ღონეა და
არა ხორცისა, და ამიტომაც გმირის სიყვარული მარტო სულითვე ღონიერს
შეუძლიან. აქ ხორციელს თვალს ვერას გააჭრევინებთ, სულიერი თვალი უნდა და ამ
სულიერის თვალის ახილება მარტო ცოტად თუ ბევრად რიგიანს განათლებას
შეუძლიან და სხვას არასფერს. ჯერ ჩვენში ამისთანანი არ არიან მამაკაცთა შორისაც,
რომელთაც ჭეშმარიტის განათლებისათვის კარი ყველგან ღია აქვთ, და ქალები სად
მოიპოვებიან.
აი, ამიტომაც ვსთქვით დასაწყისში, რომ იგი მიზეზი ცოლ-ქმრობის აშლისა
ადვილად ჭკვადმისაღებია საფრანგეთში და ჩვენში კი ციდამ ჩამოსული ამბავია.
ჩვენებურთა მითამდა განათლებულთა ქალთა გულისნადები, გულისტკივილი,
ნატვრა-სურვილი სულ სხვაა, ჩვენდა სამწუხაროდ. ჩვენში ხორციელი თვალი უფრო
მოქმედებს, ვიდრე თვალი სულისა. ჩვენში შესაძლოა ხორცის თვალით
წარმოდგენილი საგანი ნატვრისა გამტყუნდეს და ამან აშალოს მშვიდობიანი
მდინარეობა ცოლქმრობისა. ამისი არა ერთი და ორი მაგალითია. მაგრამ რომ
ვიგულოთ სულიერის ღონით აგებული საგანი ნატვრისა და ცხოვრების აშლილობა
ამისთანა ნატვრის გამტყუნებას დავაბრალოთ, ეგ ჯერ კიდევ სანატრელი სიზმარია.
ამიტომაც, რაკი ხსენებულის პიესის გადმომკეთებელს მართლა გადმოკეთება
მოჰსურვებია, სხვა, ჩვენებური მიზეზი აშლილობისა უნდა გამოენასკვა პიესის
ნასკვად. სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი გვეოცებოდა, რომ პიესის მსვლელობას
ვუყურებდით: სად ჩვენებური მითამდა განათლებული ქალი და სად სულიერად
სასიამოვნო ნატვრა და ამ ნატვრის გაცუდება!.. გონებას არა სჯეროდა, რაც ყურს
სცენიდან ესმოდა. ისიც კი გვეხამუშა და გვეხამა ყურში, რომ ქმარმა, ესე იგი
მითამდა ქართველმა ლომინაძემ, ათიათასი თუმანი აღუთქვა თავის ცოლს მზითვად,
რაკი მეყრები და სხვას ირთავო. რომ ეს ცოტაოდნად მართალსა ჰგვანებოდა, ეს
ათიათასი თუმანი ხუთას თუმანზე მაინც გადმოეკეთა გადმომკეთებელს, რომ
აღთქმა მაინც ქართველების ჯიბის შესაფერი ყოფილიყო. ეს წუნი ცოტა რამ არის,
მაგრამ სასცენო ხელოვნებაში ამისთანა ცოტა რამაც მაყურებელს ცოტად თუ ბევრად
უფუჭებს გუნებასა.
მართალია, ნინო იმდენად სხვაზედ წარმატებულია და გონებაგახსნილი, რომ
წყურვილი და სურვილი სულიერად სასიამოვნო ნატვრისა არა აქვს მოკლული და
ასე თუ ისე იგი საგანი ნატვრისა შეუქმნია თავის საკუთარის, თვითმომქმედის
სულიერის ძალღონითა. ესეც, როგორცა ვსთქვით, დიდი საქმეა, იმისდა
მიუხედავად, თუ რა სიკეთისაა თვით საგანი ნატვრისა, იმოდენად დიდი საქმეა, რომ
ჩვენს მითამდა განათლებულ ქალებში ძნელად იგულისხმება. ნინო ჯერ ყმაწვილი
ქალია. მართალია, გამორკვევის წყურვილი იმოდენად გაღვიძებული აქვს, რომ რაც
კი ყმაწვილობის მოკლე ხანში უნახავს, გაუგონია, გამოუცდია, ყოველ აქედამ
ზოგიერთი ჭკუა უსწავლია და თავისი აზრი შეუდგენია. ამ საგნებზედ მისი ნათქვამი
სიტყვები მეტისმეტად არიან გამსჭვალულნი რწმენის ძლიერებითა და ზოგან ძლიერ
მართალნიც, ასე, რომ სიმწვავე და სუსხი უფერუმარილო მართლისა გულში
მოსახვედრია და საგრძნობელი. კაცი ყურს უგდებს და სასიამოვნო გულის
ტკივილით თანაუგრძნობს ქალს, რომელსაც გული გაჰდაშლია პატიოსანის, წმინდის,
მაგრამ მჭექავ-მქუხავის სიყვარულისათვის და იგი მჭექავ-მქუხავი სიყვარული
ცოლქმრობაში ვერ უპოვია. ყოველივე ეს მართალია, მაგრამ ნინო ამასთან იმოდენად

უცოდინარია წუთისოფლისა, რომ ადამიანის ცხოვრება რომანი ჰგონია და
ცოლქმრობა კი – სარბიელი ამ რომანისა. ის კი არ იცოდა, რომ ჭეშმარიტი სიტკბოება
ცოლქმრობისა ნელსა, წყნარსა და მშვიდობიან სიყვარულშია და ცოლქმრობას ამის
მეტის მოტანა არ შეუძლიან. ესეთი სიყვარული ჰქონდა ქმარს ნინოსი, მაგრამ ნინომ
სიყვარულად არ იცნა. ”თქვენ მე მომატყუეთო”, ეუბნება სიმწარით ქმარსა, რადგანაც
განსაცდელიანი, რომანებში ამოკითხული მოუსვენარი სიყვარული ვერ იპოვა და
მშვიდობიანი კი ვერ იცნა. აი გულწმინდა, პატიოსანი ბავშვი, აქ კი წარამარა
სწავლისა, გაწრთვნისა და კითხვისაგან წარამარად თვალახილებული! სწავლისაგან
საკმაოდ არგანათლებული გონება, გაუწურთნავი ამ მხრით გული, ვერ მისწვდა
ამისთან სიყვარულსა. ეს კიდევ არაფერია, კაცი ამისთანა გულწრფელს ცდომას,
როგორც იქნება, შეიწყნარებს. წარამარად სწავლასა და გაწვრთნასა სხვა არანაკლებ
მძიმე საგანი ცხოვრებისა მისთვის ბნელში გაუგდია. ნინოსა ჰშურს მამაკაცის
თავისუფლება. მერე რაში ჰშურს? იქნება გეგონოთ იმაში, რომ მამაკაცს ყველგან გზა
გახსნილი აქვს საქვეყნო მოქმედებისათვის და ქალს კი დახშული? ეს ხომ
სამართლიანი და პატივსადები შური იქნებოდა. ქალს საბუთი აქვს ამ მხრით
გულისწყრომისა და საყვედურისა, იმიტომ, რომ დღეს საქმე ასეა მოწყობილი,
ეხლანდელი საზოგადოება ასეა აგებული. არა, ნინოს თავისუფლება მამაკაცისა
ჰშურს მარტო იმაში, რაც გასაკიცხავია და დასაძრახისი თვით კაცისათვის.
”თანასწორობა გვინდაო”, ეუბნება ერთგან ცოლი ქმარს პასუხად: ”თქვენა ჰქეიფობთ,
ჩვენც მოგვეცით ნება ვიქეიფოთო, და თუ ჩვენ მოწყენილი ვართ, თქვენც
მოიწყინეთო”. თქვენ, მამაკაცებს, რა გიჭირთო, ეუბნება ისევ ქმარს სხვა ადგილას:
მინამ უცოლოები ხართ, ხან ერთ ქალთან ქეიფობთ და სტკბებით, ხან მეორესთან, და
როცა მოიქანცებით და მოგწყინდებათ, მხოლოდ მაშინ იტყვითო: ახლა კი დროა
ცოლი შევირთოო. ნინო, ამისი მთქმელი, გულწმინდა და პატიოსანი ქალია, მაგრამ
იმოდენად წინდაუხედავად ნასწავლია და გულდაუდებლად ნაწურთვნი, რომ
მარტო ესა ჰშურს მამაკაცის თავისუფლებისა და გონება ვერ მიუწვდენია იმ
ჭეშმარიტ განათლებულ თავისუფლებამდე, რომელიც მარტო მაღალ ზნეობას გზას
უხსნის და ამისთანებში კი ადამიანს ჰხუთავს და ჰზღუდავს რკინის ბორკილზედ
უარესად. რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწრთვნილობა, რომ
თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა
ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და
ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ყმობა არ არჩევინოს! ამაში კი, სწორედ
მოგახსენოთ, არც ჩვენებური განათლებული ქალები ჩამოუარდებიან ნინოსა.
*

*

ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ლომინაძის ახალგაზრდა ცოლი ნინო
ჭკუაგაღვიძებული და გრძნობაწარმატებული ქალია. მისი გონება და გული
ჰტრიალებს იმისთანა სფეროში, რომელიც ჭკუაგაუხსნელ და გრძნობადახშულ
ადამიანისათვის ძნელი საფიქრებელია და მიუწდომელიც. მაგრამ ესეცა ვსთქვით,
რომ არც იმოდენად განათლებული, გაწრთვნილი, და თვალახილულია, რომ ამ
სფეროში გზა-კვალი გამოეგნო. ყოველივე მისი ცდომილება აქედამ არის
წარმომდგარი. მაღალი სიყვარული უნდოდა, შეჰხედა ამ სიყვარულს და ვერ იცნა;
თავისუფლება უნდოდა და არა იგი ჭეშმარიტი თავისუფლება, რომელიც
ბოროტისათვის რკინის ბორკილია; გმირი უნდოდა ქმრად და საყვარლად და ერთს
ვიღაც მჩვარს კაცს კი გადაეკიდა, იმისთანა ყმაწვილ კაცს, რომელიც მისის ქმრის

ფეხის მტვრადაც საკადრისი არ იყო. იგი ყმაწვილი კაცი, რომელსაც პიესაში ჰქვიან
ანაპოდისტე და რომელსაც ნინომ თავისი, ქმარზედ აყრილი, გული მითამდა
დააკუთნა, ერთი იმისთანა გულამოჭვარტლული, ჭკუადაბინდებული და
ზნეწამხდარი კაცია, რომელსაც ქვეყანაზედ არა გააჩნია რა გარდა იმისა, რომ ყოვლად
უსირცხვილოა და მეტისმეტად კადნიერი ქალებთან. აი, ეს გაგლესილი თოჯა,
ჭკუით მკვდარი, გულით წაბილწებული ყმაწვილი კაცი შეიყვარა მითამ ნინომ და
ამაში იპოვა იგი გმირი და მოტრფიალე საქმრო, რომელსაც ინსტიტუტში ჰნატრობდა
და რომელიც ქმარში ვერ იპოვა. რადგანაც ნინო ამასთანავე პატიოსანი ქალია,
ჰზიზღობს ცოლქმრობის გარე სიყვარულსა და ამიტომაც გადაჰკიდებია ქმარს,
გამეყარე კანონიერად, რომ ჩემი საყვარელი კაცი შევირთოო.
ჭკვიანი ქმარი მიუხვდა, რომ ნინოს ყოველივე ეს მოსდის გულუბრყვილო
უმეცრებითა, რომ ნინო ამ შემთხვევაში გულწმინდად არის გატაცებული. ამასთან
ეჭვაღებული ქმარი უტყუარის საბუთებით დარწმუნდა, რომ ნინო ყოვლად
უცოდველია, თუმცა მიზიდული კია იმ მჩვარ ყმაწვილ კაცისაკენ და
ერთმანეთისათვის გული კიდეც აუხდიათ და სიყვარული გამოუცხადებიათ. ქმარი
სწუხს იმიტომ, რომ ნინო უყვარს სულითა და გულით, მაგრამ მწუხარებას არ
ეჩაგვრინება და გონიერებას არ ჰკარგავს. თვისდა საბედნიეროდ, ჰხედავს, რომ
ამისთანა საქმეში ახირება, ტუქსვა, წყრომა, რისხვა, ყვედრება უფრო გააჭირვეულებს,
გააძლიერებს, გააჯიუტებს მცდარის სიყვარულის გრძნობას და ნინო სამუდამოდ
ხელიდამ გამოეცლება. ამასთან დარწმუნებულია, რომ ცდომის დანახვა და
ერთბაშად გამობრუნება ერთი იქნება, თუკი ნინოს ამ ცდომას მისისავე თვალით
როგორმე აჩვენებს. როგორ მოახერხოს ეს ძნელი საქმე? გულდინჯად ავყვები ნინოს
და ვაჩვენებ თავს ისე, ვითომც მეც ვხედავ, რომ მართლა მე გადავეღობე წინ მის
ბედნიერებას და ზნეობა ნებას არ მაძლევს ჩემს საკუთარს ბედნიერებას სხვისი
ბედნიერება შევწირო და მტლად დავუდოო. ამასაც მიხვდა ჭკვიანი ქმარი ნინოსი,
რომ ამისთანა პატიოსანი ქალი, როგორც ნინოა, მართლის სიყვარულით ვერ
შეიყვარებდა იმისთანა ყოვლად უხეირო კაცს, როგორც ანაპოდისტეა, და თუ აქ
თვისი გრძნობა მისდამი სიყვარული ჰგონია ნინოს, ეგ შეცდომაა. რაც უნდა იყოს,
ნინო სულიერს სიამოვნებას ეძებდა სიყვარულში და სწორედ ამ მხრით ყოვლად
უვარგისი იყო ის ჩიტირეკია ანაპოდისტე. ყოველივე ეს გულდინჯად მოისაზრა
ლომინაძემ და ცოლს აჰყვა და ახირებით არ გააკაპასა და არ გააჯიუტა. ბატონი ხარ,
გაგეყრებიო, ეუბნება ცოლს და კანონიერს განქორწინებას მე თვითონ მოვახერხებო.
მაშინ თავისუფალი იქნები, შეირთე შენი ანაპოდისტე, და რადგანაც შენი ახალი
საქმრო ღარიბია, ათიათას თუმანს მზითევსაც მოგცემთო.
ამისთანა სულგრძელებას, რასაკვირველია, არ მოელოდა ნინო, მისმა
შემცდარმა და არაგაფუჭებულმა გულმა მაშინვე აღიბეჭდა ეს ამბავი, რაკი ეს ნინომ
თავის ყურით გაიგონა და თავის თვალით დაინახა. სულგრძელება თვისებაა გმირისა
და ყველაზედ უწინარეს ამ სულგრძელებამ იმოქმედა ნინოზედ მით უფრო, რომ არ
ეგონა ამისი უნარი ჰქონოდა მის ქმარსა. ქმარზედ ნინოს ეხლა სხვაფრივ აეხილა
თვალი და ამან აჩქარებული ფეხი ცდომისა, ცოტა არ იყო, შეუფერხა. ხომ
გადაწყვეტილი ჰქონდა, ქმარს უნდა გავეყაროო, მაგრამ ამ სულგრძელებამ მაინც
ამოათქმევინა გულიდამ ნინოს თავისი მართალი განაჩენი: რა კარგი ხარო, ეუბნება
ნინო გულიდამ ამოღებულს ქმარსა. ეს პირველი ისარი იყო, რომელიც თუმცა
სასიკვდინოდ არ მოხვდა ცდომასა, მაგრამ კარგად საგრძნობელად კი გაჰკინწლა.
შემდეგ ქმარი ეუბნება, მე ეხლა ამ სახლში მეტი ვარო, ჩემი აქ ყოფნა თვალში ჩხირად
გექნებათ შენა და ანაპოდისტესა და ამიტომაც გიტოვებთ აქ ყველაფერს და მე

სასტუმროში გადავდივარო. ნინოს პირველ ხანში თითქო იამა ესა, მაგრამ მერე კი
ჩაუფიქრდა. ესეც სულგრძელება იყო ქმრისაგან, რადგანაც იმის მაგიერ, რომ ცოლი
გააგდოს სახლიდამ, წადი, რაც გინდა ჰქენიო, იგი თვითონ გადის თავის სახლიდამ
და სახლ-კარს უთმობს ცოლს, რომელიც ეყრება, და ყმაწვილ კაცს, რომელიც ცოლს
ართმევს. ეს ამისთანა სულგრძელება ვერ აუხსნია ნინოსა. მე თავისუფლებას დღესვე
მაძლევსო, – ჰფიქრობს ნინო, – სჩანს იგი თავისუფლება თვითონაც თავისთვისაც
ჰსურვებია, რომ თავის გულისწადილს მიეცეს შორს ჩემგანაო. ნინოს ეხლა კი თითქო
ეზიზღა ამისთანა თავისუფლება. რაო? რად გადადიხარ სასტუმროში? რას
ეჩქარებიო? – ეუბნება თავის ქმარს: ჰო, ვიცი, ვიციო, შენ გინდა თავიდამ მე
მომიშორო, რომ თავისუფლად ისამოვნო სხვა ქალთან, რომელიც შენ გიყვარს და
რომელსაც ეხლა არაფრის რიდი აღარ ექნება შენ ყოველდღე გინახულოსო. ამ სახით
პატიოსანმა თავმოყვარეობამ ქალისამ ხმა ამოიღო; იჭვიანობამ თავისი ადგილი
დაიჭირა. არაო, – ეფიცება ქმარი. მაშ თუ არა, დღეს ჩვენთან დარჩი, სადილი ერთად
ვჭამოთო, – ეუბნება ცოლი, – ანაპოდისტეც ხომ შენგან მოწვეულია დღეს სადილად,
დარჩი, ერთად ვისადილოთო. ანაპოდისტე მე შენთან მოვიპატიჟე და არა ჩემთანაო, –
უპასუხებს ქმარი, – მე მეტი ვიქნებიო და ამიტომ დღეს სადილი ჩემს ოთახში
სასტუმროში უნდა ვჭამოო. ჰო, ვიცი, ვიციო, – ეუბნება ცოლი, – შენი საყვარელი
ქალი გეყოლება დღეს სადილად მოპატიჟებულიო. ქმარი ეფიცება არაო, ცოლს არა
სჯერა. მაშინ, თუ ეგრეა, მეც შენთან წამოვალ სადილადაო, – ამბობს ნინო. ბატონი
ხარო, – უპასუხებს ქმარი, – მაგრამ ანაპოდისტე რას იტყვისო. – ეჰ, რაც უნდა
სთქვასო, დაჯდეს მარტოკა და ისადილოს, სადილო ხომ მზად არისო, – ეუბნება
ცოლი. მაშ კარგი, დღეს ჩემი სტუმარი ბძანდები, წავიდეთ სასტუმროში და რაცა
გნებავთ მოიკითხეო, – უთხრა ქმარმა.
ნინო სიხარულით ფეხზე ვერა დგება. ეჰ, რა კარგია, რა კარგი!.. იძახის
სიხარულით აღტაცებული ნინო, – მარტოკანი მე და შენ სასტუმროში ვიქნებით
ცალკე ოთახში და, ვინ იცის, რას არ მოაჭორებენ. იმისთანა საყვარლები ვეგონებით,
რომელთაც საქვეყნოდ სიყვარული აკრძალული აქვთ და იმიტომაც ჰშიშობენ და
ჰრიდობენო. ის ერთნაირი მდინარეობა ცოლქმრობის სიყვარულისა, რომელიც ნინომ
შეადარა საათის ენის ერთნაირს ტაკა-ტუკსა, და რომელსაც ამ მიზეზით უჩივოდა,
ეხლა როგორღაც განსაცდელიან სიყვარულად იმოსება იმის თვალში, იმ
სიყვარულად, რომელიც ცოლქმრულს პატიოსნებას არ არის მოკლებული, მაგრამ
გარეგნობით კი ჰგავს იმისთანას, რომელიც საზოგადო აზრით აკრძალულია და,
მაშასადამე, რომელიც თავს იმალავს, ჰშიშობს, ჰკრთის და ყოველ ამით ჰფხიზლობს.
ერთნაირი მდინარეობა მათის ცოლქმრულის ცხოვრებისა რომ ამნაირად დაირღვა და
ფერი იცვალა, ეს მოეწონა ბავშვს ნინოსა და აი მისის სიხარულის სათავე სად უნდა
ეძიოს კაცმა. სიტყვა რომ აღარ გავაგრძელოთ, მოკლედ მოვსჭრით.
მოხერხებული ავტორი პიესისა ამ სასტუმროში, როცა ქმარი და ცოლი
მარტოკანი არიან ოთახში და სადილს შეექცევიან, ჰხსნის თავის პიესის ნასკვსა. ეს
უკანასკნელი მოქმედებაა პიესისა და აქ ყველა მომქმედნი პირნი ხელახლად
წარმომდგარნი არიან მაყურებელთა წინაშე. ნინო ჰხედავს, რომ იგი მჩვარი კაცი,
რომელზედაც ჰცვლიდა თავის სულგრძელს და ნამუსიანს ქმარსა, მართლა მჩვარია
და უღირსი. ქმარმა ისე მოაწყო საქმე, რომ ნინოს საკუთარის თავლით დაანახვა ვის
ვისზედ სცვლიდა. მაყურებელიც აშკარადა ჰხედავს, რომ ნინოს გრძნობა
ანაპოდისტეს მიმართ სიყვარული არ არის. ეს ის გულწმინდა, მაგრამ ბრმა გრძნობაა,
რომელსაც ფეხი აუდგამს, მაგრამ საკმაოდ კი თვალი არ აუხილებია. ეს ის გრძნობაა,
რომელსაც თავისი მოწადინებული ბინა და სადგური ჯერ ვერ უპოვია და აქეთ-იქით

დააქვს აფორიაქებულს გულს, როგორც აღელვებულ წყალს შტოდამ მოწყვეტილი
ფოთოლი. როგორც წყალმა არ იცის, სად გააჩერებს ფოთოლს სამუდამოდ, ისეც
ამისთანა შემთხვევაში გულმა, სად აუჩენს სამუდამო სადგურს ბრმად მოარულს,
თუნდაც წმინდა გრძნობასა. ყმაწვილი კაცი თუ ქალი, გამოუცდელი,
გამოურკვეველი, თვით ამ გრძნობის უგზო-უკვლოდ ტრიალში ჰხედავს ხოლმე
თავის სიამოვნებას, და რაკი ტრფობისათვის მწყურვალე გრძნობას თავს ვეღარ
დაუჭერს, მთელის ძალ-ღონით მიეცემა ხოლმე მის ”მშვენიერს, აღტაცებულს,
გიჟურსა ლტოლვას”. ბაშვი რომ გარბის, განა იმიტომ, რომ ბინამდე მისვლა ეჩქარება.
ბაშვს რა საქმე ესწრაფება!.. ბაშვს თვით სირბილი მოსწონს, იმიტომ რომ მოძრაობაა
უდიდესი სიამოვნება ახლად ფეხადგმულის სიცოცხლისა. როგორც სიცოცხლეს
ხორცისას ეს მოსდევს. ისეც სიცოცხლეს სულისას, როცა სულს დრო მოუვა ფეხის
დგმისა, ნამეტნავად პირველ ხანში. ”გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი
და ღრენი!” იძახის სული, რომელსაც სიცოცხლის მომნიჭებელმა სხივმა დაჰკრა და
ამოაყვავა. აი ეს ქარის გაკვეთა, გაპობა წყლისა, გარდავლა კლდეთა და ღრეთა
თავისთავად მომხიბლავია, თავისთავად გამტაცებელია სულღონიერ ჭაბუკისა, ქალი
იქნება თუ კაცი.
ნინოს ანაპოდისტე შეხვდა და მისმა სიკეთემ კი არ მოჰხიბლა ტრფიალების
სიტკბოებითა, არამედ ამ შეხვედრამ შემთხვევა აპოვნინა ნინოს, გაჰკვეთოს იგი ქარი,
გააპოს იგი წყალი, გარდაიაროს იგი კლდე და ღრე, რომელიც კანონიერმა
ცოლქმრობამ მითამ თვალწინ გადუღობა და რომელმაც მითამ შეჰხუთა მისი სული,
მოძრაობისათვის ფეხადგმული და ამაების მწყურვალე. ნინოს ანაპოდისტე კი არ
უყვარს, უყვარს მარტო ეს განსაცდელიანი გზა, სადაც სული ჰფხიზლობს და ომობს,
და არა ისე უგემურად ჰხმაურობს, როგორც ერთნაირი ტაკა-ტუკი კედლის საათის
ენისა. ნინოს ჯერ პირველში არც ქმარი უყვარს და ამ სახით მისი გული ჯერ
დაუბინავებელია. ნინო ჯერ კიდევ საყვარელის არჩევანშია და როცა ჰნახა კი, რომ
მისი ქმარი სულგრძელია და, მაშასადამე, ცოტად თუ ბევრად გმირი; როცა ამასთან
გული დააჯერა, რომ ჩემი პატიოსნება და ნამუსი იმოდენად სწამს, რომ გაჰბედა და,
თუნდა ერთი წამით, ჩემს ნებაზედ გამიშვა და არავითარს შიშს ჩემს გამო გულში
ადგილი არ მისცაო, – მაშინვე იგრძნო, რა საუნჯე იყო მისი ქმარი; მაშინვე იგრძნო,
რომ გმირიც ეს არის და ჭეშმარიტი მოტრფიალეცა. მაშინვე მისი მოუსვენარი გული
დაწყნარდა და სთქვა: აი ჩემი სადგური, აი ჩემი სამუდამო ბინა სად არისო.
გადაეხვია ქმარს და ცდომილი ცოლი კვლავ დაუბრუნდა ჭკვიან კაცს, ეხლა კი იმ
სიყვარულით, რომელსაც წინად აქეთ-იქით ეძებდა ნინო და რომელიც ერთადერთი
თავმდებია ცოლქმრობის ბედნიერებისა. ყოველ ამაში მარტო ჭკუაგახსნილმა ქმარმა
გააგებინა დახლართული გზა, თორემ თავის გაუწრვთნელ ჭკუას და გულს რომ
აჰყოლოდა, ვინ იცის სად გადიჩეხებოდა. ამით თავდება იგი პიესა, რომელსაც
”გავიყარნეთ” ჰქვიან და რომლის გამო ასე გრძლად მოგვივიდა ლაპარაკი.
თუ ჩვენ რამდენადმე მართლად მივუხვდით ნინოს ხასიათის ნასკვსა, მის
სულისა და გულის მოძრაობასა, მკითხველი ცხადად დაინახავს, რა ძნელი სათამაშოა
ნინო სცენაზედ. ბ-ნმა საფაროვისამ, ჩვენად სასიამოვნოდ, საქებურად სძლია ამ
ძნელსა. მრავალგვარი მოძრაობა სულისა და გულისა უნდა გამოესახა მაყურებელთა
წინაშე და ერთის კილოდამ გადასვლა მეორე კილოზედ ისე ლამაზად მოსდიოდა,
რომ ბევრგან თვითონ ჟინიანი, ახირებული და მოწადინებული წუნიც კი წუნს ვერ
დასდებდა. ხან გულისწყრომით წარბშეკრული და მრისხანე გრძნობით
გულამღვრეული, ხან ადამიანის გულის უკეთესთა სიმებზედ მომჟღერალი; ხან
პირქუში, როგორც წყრომა, ხან ტკბილი, როგორც ბედნიერების ღიმილი, ხან ”ვარდის

ყნოსვით მთვრალი, ხან ეკლით განფხიზლებული”; ხან ნაზის, ნებიერის და აზიზის
გრძნობით შუქფენილი, ხან ამაყი, თავმომწონე, შეუპოვარი და წინდაუხედავი
მეომარი, რომელიც იბრძვის დარღვეულის უფლების აღსადგენად, ყოველივე ეს
საოცარის ზედმიწევნით და გულის სითბოთი გაგვიტარა ბ-ნ საფაროვისამ თვალწინ.
მარტო ის არ მოგვეწონა, რომ ზოგან სხაპასხუპით მოსდიოდა ლაპარაკი და სიტყვებს
ვერ ვარჩევდით. ცუდი ჩვეულებაა, თუ არტისტს ეს დასჩემდა. მართალია, ზოგან
აჩქარება გრძნობისა ლაპარაკის აჩქარებასა ჰთხოულობს, მაგრამ აქ გადაჭარბება არ
ვარგა და სიტყვა უსათუოდ უნდა ისმოდეს თვითეულად და გარკვევით. ამ ნაკლს
ვერა თამაშობა ვერ შეავსებს.
ბ-ნი აბაშიძე ვერ იყო ისე, როგორც საჭიროა. ცოტა არ იყოს, ქვეითობდა და ის
ჭკვადამჯდარობა აზრთა მკვლევის კაცისა არ ეტყობოდა, რომელიც, ჩვენის ფიქრით,
ლომინაძის სათამაშოს მოსახდენია. უკანასკნელ მოქმედებაში, როცა გამოკეთებული
ნინო სიყვარულით გულზე მივარდება და სთხოვს, – ყველაფერი დავივიწყოთ, მე
შენი ვარო, აქ ისე უგემურად უთხრა პასუხი გახარებულს ნინოსა, თითქო
ეხუმრებოდაო და თვითონ არავითარ სიხარულს არა ჰგრძნობს, რომ ასე მარჯვედ
მოუვიდა თვისი დაწყობილი საქმე და საყვარელი ცოლი ცნობიერის და მართლის
სიყვარულით უკან დაუბრუნდა. ეს სწორედ ტკბილის ცრემლის მოსაგვრელი სცენაა,
რომ ბ-ნ აბაშიძეს არ ეღალატნა ხელოვნებისათვისა და იმ სითბოთი და სიტკბოთი
მოქცეულიყო, როგორც ბ-ნი საფაროვისა. ბ-ნს მესხიევს ვერაფერი სათამაშო ჰქონდა
და უგულოდ, უგემურად ითამაშა. არც ბ-ნი აწყურელი იყო კარგად. მეტისმეტად
შეუფერებლად ეცვა, ასე რომ უყურებდით და გიკვირდათ, – ეს როგორი იმისთანა
ყმაწვილი კაცია, რომელსაც ქალების უკან დევნის მეტი სხვა ღვთისაგან განაჩენი არა
უღირსებია რა ბედსა. გვესიამოვნება, რომ საბუთი გვაქვს შევნიშნოთ, რომ ბ-ნი
მაქსიმიძე არ იყო ურიგო, ძალიან რიგიანად ითამაშა. სჩანს ამ არტისტსაც შეუძლიან
კარგად თამაშობა და რას მივაწეროთ, რომ ხშირად ესე არ არის? ნუთუ რუსულს
”авось, вывезет”-ს? ბ-ნ თამაროვისაზე ჯერ ვერას ვიტყვით, თუ არა ვცდებით, მისი
გამოსვლა სცენაზედ პირველი შემთხვევაა და ჯერ საკმაო დრო არა ჰქონია თავისი
ნიჭი დაგვანახვოს. ერთობ უნდა შევნიშნოთ, რომ როცა დანიშნულს საღამოზედ
სტუმრები თავს იყრიან ლომინაძის სახლში, ჩვენს არტისტებს ვერაფრად მოუვიდათ
თამაშობა. რაღაც უგემურად და ზლაზვნით მიდიოდა მოქმედება, თითქო არტისტები
ეხლა ემზადებიან სათამაშოების გასაკვეთადაო.
*

*

14-ს დეკემბერს ითამაშეს ყველასაგან ცნობილი და არაერთხელ ნათამაშები
”ხანუმა” ბ-ნ ას. ცაგარელისა ბ-ნ აწყურელის საბენეფისოდ. თეატრი სავსე იყო.
თვითონ პიესის შინაარსზედ არას ვიტყვით, იმიტომ რომ ვინ არ იცის ეგ
შინაარსი და, სწორედ რომ ვსთქვათ, არც მეტი სახარბიელოა და ვერც თვითონ პიესაა
რიგიანად აგებული. ეს ხომ ასეა, მაგრამ ჩვენს სასცენო ლიტერატურაში მაგგვარს
პიესას, ნამეტნავად ახლებში, არა სჯობია რა. იგი, ნამეტნავად პირველი ორი
მოქმედება, ცოცხალი სურათია ჩვენის ცხოვრებისა, სურათი მარტო თვალად
სახილველი და მეტისმეტად მართლად გადმოღებული და ჩვენს ცხოვრებამდე
ზედგამოჭრილი. ჭეშმარიტად ”სანაკვესო” სიტყვებით ბრწყინავს და ელვარებს
თითქმის ყოველი სათქმელი ყოველის მომქმედისა. თეატრი ამის თამაშობაზე ერთს
განუწყვეტელს გულითადს ხარხარად გარდაიქცა. რომ გენახათ, ხარხარებდა ყველა,
დიდი თუ პატარა, იმ სასიამოვნო ხარხარითა, რომელსაც მართლადა მხიარულების

სიცილი ჰქვიან. არა ერთსა და ორს შემოუჩივლია ჩვენთვის, რომ დავიხოცენით
სიცილითაო. მართალიც არის: უბოროტო სიცილით ყველა იცინოდა იმოდენად, რომ
ზოგჯერ სცენაზედ არტისტები იძულებულ იყვნენ გაჩერებულიყვნენ, მინამ
ხმამაღალი სიცილი დაწყნარდებოდა. მკვდარსაც კი გაეცინებოდა 14-ს დეკემბერს
”ხანუმას” წარმოდგენაზედ. ვერა სიტყვით ვერ გამოიხატება იგი თითქმის
სასწაულმოქმედება ხელოვნებისა, როგორიც გამოხატა ბ-ნმა გაბუნიამ, რომელიც
ხანუმას თამაშობდა. უკეთესი თამაშობა აღარ შეიძლება, ამას ზევით ხელოვნება ვერ
წავა. ვისაც ოდესმე მოსწყურებია საკუთარის თვალით ნახვა მისი, თუ სად არის
სამზღვარი სასცენო ხელოვნების ძლევამოსილობისა, იმას უნდა ენახა ბ-ნი გაბუნია,
ხანუმას რომ ჰთამაშობდა 14 დეკემბერს, ნამეტნავად იმ სცენაში, როცა აკოფას დიდი
ხნის შემდეგ პირველად ჰხედავს. სამწუხაროდ ჩვენდა, ერთი სასაცილო სცენა წახდა,
როცა ორი მაჭანკალი, ხანუმა და ქაბატუა, შეეძიძგილებიან ერთმანეთს, ეს სცენა ვერ
მოუვიდათ კარგად. ქაბატუას ჰთამაშობდა ბ-ნი საფაროვისა და პირველი შემთხვევაა
ეს, სხვა არ გვახსოვს, რომ ბ-ნმა საფაროვისამ თავის სათამაშოს გადააჭარბა და
სასაცილო ძიძგილაობა დასანახავადაც კი სანანურად და შესაწუხებლად გაუხადა
მაყურებლებსა. ბ-ნ ყიფიანზედ არას ვიტყვით, მაგრამ ეს დუმილი ის დუმილი კი არ
არის, რომელიც დაემართა შავთელსა თამარ მეფის დიდებით გაკვირვებულსა და
რომელმაც ამ გაკვირვებით ენაშეკრულს პოეტს წარმოათქმევინა აღტაცებით: მაშა
დუმილიც მიითვალე შენდამი ქებადაო. ბევრჯელ მივუყვანივართ ბ-ნს ყიფიანს იმ
გაოცებამდე, რომ დუმილიღა დაგვრჩენია მისდამი ქებად, მაგრამ 14-ს დეკემბერს,
როცა იგი ვანო ფანტიაშვილს ჰთამაშობდა, იმ ”ბევრჯელში” ადგილი არა აქვს.
ბ-ნი აწყურელი კარგი იქნებოდა, თუ რომ თვალწინ წარმოდგენილი არა
გვყვანდეს ჩვენი შეუდარებელი ამისთანა სათამაშოებში ბ-ნი აბაშიძე, რომელსაც ეს
სათამაშო არა ერთხელ უთამაშნია. ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვამბობთ, რომ ბ-ნი
აწყურელი თავისთავად კარგა საკმაო ნიჭის მქონებელი არ იყოს. ბ-ნი აწყურელი
იმოდენად კარგი რამ არის საზოგადოდ და იმოდენად კარგი იყო 14 დეკემბერსაც
აკოფას სათამაშოში, რომ მართლა მოსაწონია. მაგრამ ვისაც უნახავს ბ-ნი აბაშიძე,
მარტო იმას ეჩვენება ხოლმე ბ-ნი აწყურელი მკრთალად და შუქმიბინდულად. ბ-ნის
აწყურელის წუნი, თუკი ეს წუნად ჩაითვლება, მარტო ის არის, რომ შესადარებლად
იმსიდიდე ნიჭი თვალწინ გვიდგა, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა. აქ კი ადგილი უნდა
დაუთმოს ბ-ნმა აწყურელმა ბ-ნს აბაშიძეს. ბ-ნი აწყურელი მთვარეა და ბ-ნი აბაშიძე
მზე და ამიტომაც მისი შუქი აბინდებს. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:
”მთვარე მზესა მოეშოროს,
მოშორება გაანათლებს;
რა ეახლოს, შუქი დასწვავს,
გაეყრების, ვერ იახლებს”.
[1886 წ., 7 – 16 დეკემბერი]

ქართული თეატრი
<”თამარ ცბიერი” და ”მეჯლისი
იტალიელებით” ქართულ სცენაზე>

ოთხშაბათს, 28-ს იანვარს, ბ-ნ საფ[აროვა-] აბაშიძის საბენეფისოდ, პირველად
ითამაშეს აკაკის დრამატიული პოემა ”თამარ ცბიერი”, ლექსად დაწერილი. ქართულ
სცენაზედ ჩვენ ეს პირველად ვნახეთ, რომ ლექსით დაწერილი პიესა ეთამაშნათ.
ლექსების კითხვას სცენიდამ საზოგადოდ დიდი ხელოვნება და გამოცდილება უნდა.
არტისტმა ლექსთა წყობისა და კითხვის წესი უნდა იცოდეს, რომ ლექსის თქმის წესი
და რიგი თამაშობას შეურჩიოს და შეუწონოს. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს არტისტებს
არც სკოლა აქვთ გამოვლილი და თითქმის არც შეჰხვედრიათ ლექსით ნაწერ
პიესების თამაშობა. ამიტომ ცოტა გვეფიქრებოდა, რომ ვაითუ ვერა გააწყონ რა და
წარმოდგენამ უფერულად ჩაიაროსო. მაგრამ ჩვენი შიში ტყუილი გამოდგა და დღეს
დიდის სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა არტისტებმა ამ შემთხვევაშიაც
თავი იჩინეს და ისახელეს: ისე მშვენივრად, გამორკვევით, მკაფიოდ, რითმის დაცვით
კითხულობდნენ, რომ ყურისთვის სწორედ სასიამოვნო იყო; ლექსს ფერი არ
ეკარგებოდა და ლექსის კითხვაც თამაშობას არ უშლიდა. ურიგო არ იყო
ანდრონიკოვის ქალი თამარის როლში. ზოგან ძალიან კარგად ამბობდა ლექსს და
თვითონ თამაშობასაც ლექსის აზრს შეუფერებდა ხოლმე. საკმაოდ კარგად ამბობდა
ლექსებს და თამაშობდა ბ-ნი ალექსიევი-მესხიევი, თუმცა ზოგან რითმი ლექსისა არა
ერთხელ ეშლებოდა. მეორე მოქმედებაში დიალოგი ბ-ნმა ანდრონიკოვის ქალმა და
მესხიევმა ძალიან კარგად გაატარეს და აღტაცებაში მოსულმა საზოგადოებამ ძალიან
მოიწონა.
თეატრი სავსე იყო. საზოგადოებას ძალიან მოეწონა აკაკის ახალი ნაწარმოები,
ავტორი ბევრჯელ გამოიწვიეს და დიდის აღტაცებით, ხანგრძლივის ტაშისკვრით
გადუხადეს მადლობა.
”თამარ-ცბიერის” შემდეგ ითამაშეს ერთმოქმედებიანი ოპერეტი ”მეჯლისი
იტალიელებით”. თუმცა ოპერეტი სრულიად უშინაარსოა, მაგრამ ძალიან სახუმარი
კია. მთელს ამის თამაშობაში თეატრში ხარხარი და სიცილი არ შეწყვეტილა.
საუცხოვო რამ იყვნენ თვით მობენეფისე საფაროვი-აბაშიძისა და აბაშიძე კანიფასის
როლში. თავიანთ სიცოცხლით სავსე თამაშობით მთელი თეატრი შესძრეს და
მხიარულობა მოჰფინეს. სიმღერისა კი რა მოგახსენოთ და ხუმრობამ კი მართლა
მხიარულად ჩაიარა. არ იყვნენ ურიგონი აგრეთვე ბ-ნი აწყურელი და ბ-ნი მაქსიმიძე
მოსამსახურის როლში. მარტო ამის გრიმს, ტანსაცმელს და მიხვრა-მოხვრას რომ
უყურებდა, სიცილს ვეღარ იჭერდა კაცი. გაუთლელს, ცოტა ჭკუაზე თხელს და
გამოყეყეჩებულს, ბეჩავს კაცს რომ იტყვიან, სწორედ ისეთი კაცი წარმოგვიდგინა
თვალწინ ბ-ნმა მაქსიმიძემ.
მობენეფისეს ორი საჩუქარი მიართვეს. საზოგადოება არამცთუ კმაყოფილი,
თითქმის აღტაცებულიც გამოვიდა თეატრიდამ.
წარმოდგენის დროს სამდურავი ისმოდა, რომ ანტრაქტები ძალიან
ხანგრძლივი იყოვო. მაინც ამ ბოლოს ხანებში მეტად აჭიანურებენ ანტრაქტებს და ეს
შეუნიშნავი არ დაჰრჩათ ჩვენის თეატრის მოყვარეთა.
[1887 წ., 28 – 30 იანვარი]

<რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს>
ტფილისი, 7 თებერვალი

ჩვენს განათლებულს საზოგადოებაში ხშირად ისმის გულისტკივილი, რომ ჩვენს
ლიტერატურას კრიტიკა აკლიაო. მართალიც არის, – ეს დიდი და ფრიად დიდი
დანაკლისია.
ლიტერატურა,
თავისის
ფართო
მნიშვნელობით,
გონების
ნაჭირნახულევი ხვავია, საცა წმინდა ხორბალიც არის და ბალახბულახის თესლიცა.
რაც ცხავია ხვავისათვის, ისიც კრიტიკაა ლიტერატურისათვის. ამ ნაკლის მიზეზად
ზოგი იმას ამბობს, რომ ჩვენი ლიტერატურა კრიტიკისათვის მეტად ცოტას საზრდოს
იძლევაო; ჯერ ხვავი ჩვენის ლიტერატურისა იმოდენა არ არის, რომ ღირდეს კაცმა
კრიტიკის ცხავში გაატაროს და წმინდა ხორბალი ბალახბულახისაგან გამოარკვიოსო.
ამ თქმას დიდი საბუთი არ მიუძღვის: ცოტაა თუ ბევრი, მაინც გარჩევა უნდა და
გარკვევა. ამიტომაც სხვები ამბობენ, მარტო სიცოტავე ლიტერატურისა ჯერ კიდევ
მიზეზი არ არის, რომ კრიტიკა თავს არ იჩენსო; აქ რიცხვს იმოდენად მნიშვნელობა
არა აქვს, რამოდენადაც თვით ღირსებას, ესე იგი ლიტერატურის შინაარსსაო, და აი ამ
მხრით მეტად ხელმოკლეა ჩვენი ლიტერატურა და კრიტიკას ამიტომაც ჩვენს
ლიტერატურაში ჯერ არავითარი საქმე და სარბიელი არა აქვსო.
არც ამისთანა თქმა იმართლებს თავს იმ კაცის წინაშე, ვინც პარიჟის ყავახანის
სიბრძნით კი არ დაჰკვირვებია ჩვენს ლიტერატურას, არამედ გამჭრიახის გონების
თვალითა, რომელიც ცოდნითა, სწავლით და მეცნიერებით გაწურთვნილია და
გაწმენდილი ხედვისა და ჩხრეკისათვის. ჩვენ არას ვიტყვით ჩვენს ძველს
ლიტერატურაზედ, რომელსაც ასეთის სიუხვით ასხივოსნებს ”ვეფხვის-ტყაოსანი” –
ეს უძირო მორევი, ზღვა აზრისა და გრძნობისა; ჩვენ არას ვიტყვით არც დავით
გურამიშვილზედ, რომლის დიდაქტიური პოეზია პირს არ შეირცხვენს თუნდ
ლუკრეცის, ვირგილის და ჰორაციოს დიდაქტიურ პოეზიას დაუყენეთ პირისპირ, და
რომლის სარწმუნოებრივი ღაღადება დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნების
სიმაღლემდეა ასული. არას ვიტყვით მეფე ვახტანგ VI-ზე, არჩილ მეფეზე, თეიმურაზ
I-სა და II-ზედ, რომელთაც, ნამეტნავად პირველს ორს, ვერავინ ვერ დასწამებს
სიმჩატეს აზრებისას და გრძნობისას და რომელნიც მოელიან გონებამახვილს
კრიტიკოსს, რომ თავისი მიუწყონ და სამართლიანის შარავანდედით მოჰრთონ მათი
ღირსშესანიშნავი გონებრივი ღვაწლი.
საკმაოა გავიხსენოთ ამ მეცხრამეტე საუკუნის ჩვენი პოეზია და მათი
წარჩინებულნი წარმომადგენელში, თ. ალ. ჭავჭავაძედამ დაწყობილი დღევანდელ
მწერლებამდე, და მაშინ აშკარად დავინახავთ, რომ კრიტიკის უქონლობა ჩვენის
ლიტერატურის უშინაარსობას კი არ უნდა დაჰბრალდეს, არამედ ჩვენს
ქონდრისკაცობას, რომელიც იმოდენად უძლურია, იმოდენად უღონოა, რომ ვერც
ჩვენი ლიტერატურის სიღრმისათვის გონების თვალი ჩაუწვდენია და ვერც ჩვენის
პოეზიის სიმაღლისათვის თვალი გაუსწორებია. ამ საგანზედ არა ერთხელ
დაგვჭირდება კიდევ ლაპარაკი, და ვეცდებით, ჩვენის შეძლებისამებრ, ეს მიზეზი
ჩვენის უძლურობისა და უღონობისა უფრო ვრცლად გამოვიძიოთ.
9 თებერვალი

იმ დღეს კვირის ნომერში წარმოვსთქვით, რომ კრიტიკის უქონლობა ჩვენში არ
უნდა მიეწეროს უშინაარსობას ჩვენის ლიტერატურისას საერთოდ და პოეზიისას
საკუთრად. უშინაარსობა ჩვენის ლიტერატურისა აშკარა ტყუილია. ვინც ამ ბრალს
სდებს, იგი უმართლოდ ექცევა ჩვენს ნაწარმოებს და ნაღვაწლს გონებისას და
გულისას, და ეს მოსდის ან უვიცობით, ან განგებ, რომ კრიტიკის უქონლობის
სირცხვილი თავისთავს მოაშოროს და სხვას გადააბრალოს. ჩვენ, რასაკვირველია, ვერ

ვიტყვით, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ სანატრელი არ იყოს ჩვენის
ლიტერატურისათვის საზოგადოდ და პოეზიისათვის ცალკედ, მაგრამ ისიც, რაცა
გვაქვს ჩვენ დღეს, ღირსშესანიშნავი განძია და მრავალგვარად გამოსაყენი და სახმარი
ჭეშმარიტის კრიტიკისათვის. ამას ყველა გვიმოწმებს, ვისაც კი საკუთარის თვალით
ჩაუხედნია ჩვენს ლიტერატურაში და არა სხვის შთაგონებით, სხვის ჩაძახვითა.
მაშასადამე, თუ კრიტიკას დღეს ჩვენში ფეხი არ აუდგამს, ამისი მიზეზი სულ სხვა
უნდა იყოს და არა იგი, რასაც იძახიან ზოგნი იმისათვის, რომ ჩვენს ლიტერატურას
ამაო თავმოწონებით უკადრისობენ და ჰთაკილობენ, როგორც მითამდა
ბალღებისათვის სათამაშოს ჰთაკილობს დავაჟკაცებული კაცი და ზოგნი იმისათვის,
რომ საკუთარს უღონობას ნიღაბი ჩამოაფარონ, ბრალი თვით აიცილონ და თვითონ
ლიტერატურას დასდვან.
ჩვენ წინა წერილში კრიტიკის უქონლობის ბრალი თვითონ ჩვენს აკუთარს
უძლურებას და უღონობას მივაწერეთ, და აი რა საბუთი მიგვიძღვის. ჩვენი
ლიტერატურა საერთოდ და პოეზია ცალკედ ჯერ ხელუხლებელი განძია. არც ერთს
უცხო ქვეყნის მეცნიერს, რომელსაც ჩვენს თვალში სახელი და აბრუ აქვს, მისთვის
ჯერ ხელიც არ მიუკარებია, არავის ამ მხრით თავისი აზრი არ გამოუთქვამს, თავისი
ბეჭედი არ დაუსვამს. მაშასადამე, ჩვენს ლიტერატურაზე მზამზარეულს აზრს ვერ
ამოიკითხავთ ვერც წიგნებში და ვერც გაზეთებში. ამ საგანზედ ერთს სიტყვასაც ვერ
იპოვით ვერსად. ეს გარემოება იძულებულ ჰყოფს ყოველს ჩვენგანს, ვისაც კი
მოუწადინია ჩვენის ლიტერატურის კრიტიკა, თავისის საკუთარის ჭკუით,
საკუთარის ცოდნით, საკუთარის მსჯელობით შეუდგეს კრიტიკის რთულს და მძიმე
საქმესა, რომ თავისი საკუთარი განაჩენი დაადგინოს, ჩვენი უბედურებაც სწორედ ამ
იძულებაშია. რას იზამთ? ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ
ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი
მსჯელობა არ იქონიეთ!.. ჩვენი ეგრედ წოდებული ”ინტელიგენცია” მეტად სუსტია ამ
თვითმოქმედებისათვის. ჩვენნი ”სწავლულნი, განათლებულნი”, დარვინის თეორიას
ზედმიწევნით გაცოდინებენ, ჰეგელის ესტეტიკას, ლესინგისა და ტენის ფილოსოფიას
ხელოვნებისას თავისის ხელისგულისავით გადაგიშლიან, შექსპირზედ, გეტეზედ,
ბაირონზედ და თუნდა ჰომეროსზედაც, რომელნიც, ჩვენში კი ითქვას, ათასში ერთს
არ წაუკითხავს, თუნდა მთელს უზარმაზარ წიგნებს დასწერენ, და იქნება ისეთი
სასწაულიც მოხდეს, რომ წასაკითხად ღირსი წიგნებიც დასწერონ, – და ერთს პაწია
ლექსს კი ჩვენის რომელისამე პოეტისას ვერ გაუძღვებიან, როგორც რიგია. ნუ
გაიკვირვებთ, რომ ეს ასეა. პატარა რომ ჩაუფიქრდეს კაცი ამ საოცარს ამბავს, მიზეზს
მალე მიუხვდება.
შექსპირი, გეტე, ბაირონი სხვა მეცნიერთაგან დიდი ხანია გარჩეულია
მრავალგვარად. ამაზედ მრავალი უწერიათ, მრავალი უთქვამთ. მაშასადამე, ამათზედ
ასეთისა თუ ისეთის აზრის შედგენა მეტისმეტად ადვილია და აზრის საბუთის
პოვნაც არ არის ძნელი. აქ ყველაფერი, აზრიც და საბუთიც, მზად არის, თქვენ ოღონდ
იმოდენა ღონე იქონიეთ, რომ მოჰკრიბოთ, ერთიერთმანეთს შეუფარდოთ, შეუწონოთ
და ყოველივე შეკრებილი, შეფარდებული და შეწონილი ერთს ძნად შეჰკრათ და ისე
მიართვათ მკითხველსა. რა თქმა უნდა, რომ ამასაც ჭკუა, ცოდნა უნდა და
მცირეოდენი ხელოვნებაც, მაგრამ აქ თვითმოქმედება უფრო ხელისაა, თუ ესე
ითქმის, ვიდრე იმ სულიერის ძალ-ღონისა, რომელიც თვითონ ჰქმნის, თვითონ სჯის,
თვითონ სწლავს, თვითონ სჭრის და თვითონ ჰკერავს. აქ ყველაფერი უჯრა-უჯრად
აწყვია ევროპიის ლიტერატურის სალაროში მზამზარეულად, ოღონდ იმ სალაროში

შესვლის ღონე მოიპოვეთ და, რაკი ეს გექნებათ, ხელის გაწვდენის მეტი არა არის რა
საჭირო, რომ უჯრა გამოსწიოთ და, რაც გსურთ, ის გამოიღოთ.
სულ სხვაა, თუ სურვილი დაგეძრათ ჩვენის მწერლობის თუ მწერლების
საკრიტიკოდ. აქ ყველაფერი საკუთარის ჭკუით უნდა ჰზიდოთ და საკუთარის
გონების შუქი მიაყენოთ. თქვენს გარე აქ ვერას იპოვნით, ვერას იშოვით, აქ სხვა
უნარია საჭირო, სხვა გამჭრიახობა, სხვა ძალ-ღონე. შეიძლება კაცს აუარებელი ცოდნა
და სწავლა ჰქონდეს და აქ ერთი ფეხიც ვერ წადგას, თუ ის ”სხვა უნარიც” არა
ჰშველის. ის ”სხვა უნარი” იგია, რასაც თვითმსჯელობას, თავისით მოქმედებას,
თავისით სვლას ეძახიან. აი, ჩვენი სისუსტე სწორედ ამ თვითმსჯელობის,
თვითმოქმედების
უქონლობაშია.
თუ
რომელსამე
საგანზედ
ჩვენებურს
”ინტელიგენტს” სხვისის აზრისათვის ყური არ მოუკრავს, თუ რომელსამე საგანზედ
სხვა უცხო ენის წიგნებსა და გაზეთებში აზრი არ ამოუკითხავს, ის საგანი იმისათვის
ყოვლად ბნელია და იმ საგანისათვის იგი ყოვლად მუნჯია: ვერას იტყვის, იმიტომ
რომ თვითმსჯელობას, თავისის გონების გაძღოლას იგი ჩვეულ არ არის. რამდენი
სასაცილო მაგალითია თვითონ ჩვენს ლიტერატურაში, რომ საზოგადო თეორიის
გულმხურვალე მქადაგებელს ვერ ეცნოს ცალკე მაგალითი ამავე თეორიისა და, რასაც
ზოგადად, თეორიით ამტკიცებდეს თავგამოდებით და მხურვალებით, იმას იმავე
თავგამოდებით უარჰყოფდეს ცალკე მაგალითში. რათა? იმიტომ, რომ ამ ცალკე
მაგალითს ქვეშ არა ჰქონია წარწერილი, რომ ამა და ამა მოძღვრებისააო, და
თვითონაც მოძღვარს იმოდენა თვითმსჯელობა არა ჰქონია, რომ თავისავე
მოძღვრების ერთი მაგალითთაგანი საქმეში ეცნო.
თვითმსჯელობა, თვითმხედველობა გონებრული უმაღლესი წერტილია
ადამიანის განვითარებისა და წარმატებისა. შესაძლოა კაცს მრავალი ცოდნა ჰქონდეს
და ის უნარი კი, რომელიც თავისით ჭრასა და კერვას მოასწავებს გონების საქმეში, არ
გახსნოდეს, არ გაშლოდეს სამოქმედოდ. ამგვარის მშრალის და უქმის გონების კაცი
სახელოვანმა გეტემ დაგვიხატა თავის ”ფაუსტში”. ფაუსტში რომ გამოყვანილია
ვაგნერი, სწორედ ზედგამოჭრილი სახეა იმგვარის კაცებისა, რომელთაც ცოდნა აქვთ
და საკუთარის ჭკუით ტარების უნარი კი ღმერთს თუ ბედს იმათთვის არ
მიუმადლებია. ნუ გაგვიწყრებიან, თუ ვიტყვით, რომ ჩვენს ინტელიგენციას სწორედ
ეგ უნარი თვითმსჯელობისა, თვითმხედველობისა არა აქვს გახსნილი და
გადაშლილი. ეგ ნაკლია მიზეზი, რომ ჩვენს საკუთარს საქმეში, ჩვენს საკუთარს
ავკარგიანობაში ვერაფერი გაგვიგნია, თავი და ბოლო ერთმანეთზედ ვერ
გადაგვიბამს. ეგ არის მიზეზი, რომ ჩვენ ჩვენი კრიტიკა არა გვაქვს არა რომელისამე
საგნისა საზოგადოდ და ლიტერატურისა საკუთრად. ჩვენ იმედს არა ვკარგავთ, რომ
ეგ კრიტიკა ჩვენც გვეღირსება ოდესმე და მაგის მოვლენა, ვითა შვილი
თვითმსჯელობისა, ჩვენის სულიერ ძალ-ღონის აღმატების და განდიდების ნიშანი
იქნება.
[1887 წ., 7 – 9 თებერვალი]

<ისევ ”თამარ ცბიერის” დადგმის გამო>
თუ ვისმე ოდესმე სწყურებია თვალით ნახვა მწერლობის აპოთეოზისა, კვირას
უნდა მოსულიყო ქართულს თეატრში და ამ ნეტარებას დასწაფებოდა. თუ არ
თვალით ნახულს, ძნელად წარმოიდგენს კაცი იმას, თუ როგორ დახვდა
საზოგადოება ”თამარ ცბიერის” წარმოდგენას და მის ავტორს აკაკის. საზოგადოების

აღტაცებას დასასრული არა ჰქონდა. ავტორი დიდის ტაშისცემით და ”ბრავოს”
ძახილით რამდენჯერმე გამოიწვიეს. სცენაზედ გამოსულს აკაკის ერთიანის ტაშის
გრიალით და ერთიანისვე დიდის აღტაცების კიჟინით მიეგება მთელი საზოგადოება,
დიდი თუ პატარა. თეატრში ტაშისცემა და ძახილი კი არ იყო, იყო ერთი რაღაც
გვრგვინვა და ჭექა-ქუხილი აღტაცების ფრთით გატაცებულის გულისა. სამწუხაროა,
რომ ეხლა გარემოება ხელს არ გვიწყობს, ღრმად და ვრცლად ჩავუკვირდეთ ამ
არაჩვეულებრივს ამბავსა და განვუზიაროთ მკითხველებს იგი დიადი სიამოვნება,
რომელმაც ასე ააძგერა საზოგადოების გული მისდა სასახელოდ... ჩვენმა არტისტებმა
მიართვეს ბ-ნს აკაკის დაფნის გვირგვინი და საათი, და საზოგადოებამ – ძვირფასი
სამწერლო იარაღი.
[1887 წ., 8 – 9 თებერვალი]

ქართული თეატრი
(”ჰამლეტი” შექსპირისა)
”შექსპირი, – ამბობს ერთი გამოჩენილი მწერალი: – მეფეა ყოველის წესისა და
არა ყმა. შექსპირი რომ სხვებსა ჰგვანდეს, ვიტყოდით: ჰამლეტი ხასიათია სალირიკო
და არასგზით არა ჰთავსდება სადრამო ყალიბში. ჰამლეტი რაღაც არსებაა არყოფილი,
არგაჩენილი, არდაბადებული; იგი სიკვდილზედ უარესია. მაგრამ მაგის შემოქმედი
შექსპირია და ამიტომაც უნდა დავემორჩილნეთ და ხმა გავიკმინდოთო”.
ამ სიტყვებში ბევრი რამ არის მართალი და ამიტომაც ჩვენ ყოველთვის იმ
აზრისანი ვიყავით, რომ ჰამლეტი, როგორც სალირიკო ხასიათი, არტისტისაგან
უფრო კარგს მეტყველებას, კარგად თქმას როლისას ითხოვს, ვიდრე თამაშობასა.
ჰამლეტის როლი უფრო სათქმელია, ვიდრე სათამაშო და სამოქმედო. ამიტომაც
ჰამლეტის როლის ხელაღებით გაფუჭება მარტო მაშინ არის შესაძლო, როცა
სათქმელს კარგად ვერ ამბობს არტისტი. საზოგადოდ ჩვენს არტისტებს ერთი დიდი
ნაკლი აქვთ ამ მხრითა. კარგს გამომეტყველობას, კარგად თქმასა მკაფიოდ გამოთქმა
უნდა სიტყვისა, რომ თვითვეული ცალკე სიტყვა გარკვევით და ცალკე ისმოდეს.
ვისაც დაბადებითვე ენა არ ებმის, ეს იმისათვის მეტად ადვილია, თუ სათქმელი
კარგად დაუსწავლია და თუ თვითონ არტისტი ცოტაოდნად მაინც ჰცდილა მკაფიოდ
გამოთქმასა. გამომეტყველობის სიძნელე კილოა. აზრს, გრძნობას, სიტყვით
გამოსახატავს, კილო თუ მოსახდენი და შესაფერი არ შეურჩია, მეტყველება უქმია და
ვერარა ზემოქმედებას ვერ იქონიებს მსმენელზედ.
ჩვენს არტისტებს, ვგონებთ, დავიწყებული აქვთ, რომ ყველა ფრაზაში ერთი
იმისთანა სიტყვაა და ყველა ხანაში ერთი იმისთანა ფრაზა, რომელიც შუაგულია
ფრაზისა თუ ხანასი და რომელსაც დანარჩენი სიტყვები ფრაზისა და ფრაზები ხანასი
გარს ახვევია, როგორც ვარსკვლავნი მზესა. ამ შუაგულის გამოსახსნელად,
გასანათლებლად საჭიროა შესაფერი ხმა შეეწყოს, შესაფერი კილო მოემარჯვოს.
ერთხელაც გვითქვამს, რომ ადამიანის სიტყვა თავისთავად ხშირად უღონოა სულისა
და გულის მოძრაობის გამოსათქმელად და რაც ბუნებითად აკლია სიტყვას, ის
კილომ, ხმამ, თქმის მუსიკამ უნდა შეამთავროს, შეავსოს. ჩვენ თითქმის არც ერთი
არტისტი არ გვეგულება ჩვენში, რომ ეს შუაგული სიტყვა ფრაზისა და შუაგული
ფრაზა ხანასი მისგან განგებ შემჩნეულ ყოფილიყოს და შესაფერის კილოთი
გამოთქმულ, და თუ ხანდისხან ეგ მოსდით ხოლმე, უფრო ზეგარდმო შთაგონებას

უნდა მიეწეროს, ვიდრე განგებ დასწავლასა. თუ ამ მხრით გამოსარჩევია ვინმე, კიდევ
ბ-ნი კ. ყიფიანი და კ. მესხი. ერთსაც და მეორესაც ზოგჯერ ამისი ხელოვნება
გამოუჩენიათ და სასიამოვნოდ უმოქმედნიათ მსმენელზედ. ვის არ ახსოვს ის
მართლა საოცარი კილო, როცა ბ-ნი ყიფიანი იტყვის ხოლმე: ”მე გერასიმ იაკულიჩ
ზამბახოვს მეძახიან”. ამ ფრაზაშია თითქმის მთელის როლის ნასკვი და ბ-ნს ყიფიანს
ეს უცვნია და დიდის ოსტატობით შეურჩევია შესაფერი კილოცა. ბ-ნი ყიფიანი
ყოველთვის ერთნაირის ფხით ამბობს ამ ფრაზას და ეს გვიმტკიცებს, რომ იგი არ
მოსდის ზეგარდმო შთაგონებით, რომელიც ხშირად ჰღალატობს ხოლმე არტისტსა,
არამედ ცოდნით და დასწავლითა, ცოდნა და დასწავლა კი თავის დღეში არ
უმტყუნებს ხოლმე არავის. პირველი და, თუ გინდათ, უკანასკნელი მოვალეობა
კარგის არტისტისა ის არის, რომ სათქმელი ამის მიხედვით ისწავლოს. როლის ცოდნა
მარტო სიტყვების გაზეპირება არ არის, ეგ თუთიყუშსაც შეუძლიან. საქმე სიტყვის
თქმის კილოს პოვნაა. ყოველს ფრაზაში შუაგული სიტყვა უნდა უსათუოდ იპოვოს
არტისტმა და ყოველს ხანაში შუაგული ფრაზა. რაც უნდა მდარე თხზულება იყოს, ეს
შუაგული არ შეიძლება არა ჰქონდეს ფრაზასა და ხანასა. უამისოდ როლის ცოდნა,
როლის თქმა, როგორცა ვსთქვით, თუთიყუშობა იქმნება, უგემური, უფერული. რაკი
ეს შუაგული იპოვა ფრაზისა თუ ხანასი, მაშინ კილოც უნდა შეურჩიოს შესაფერი და
მოსახდენი აზრისა თუ გრძნობისა. ამ კილოსაც დასწავლა უნდა, ზედმიწევნით
დასწავლაცა. ამიტომაც არის ხოლმე, რომ ყოველი დიდი არტისტი ერთსა და იმავე
შუაგულის სიტყვას და ფრაზას ერთისა და იმავე კილოთი ამბობს. ეს
დაუსწავლელად შეუძლებელია. ხოლო იმისათვის, რომ არტისტმა შუაგულს სიტყვას
მიაგნოს ფრაზაში და შუაგულს ფრაზას ხანაში, საკმაოდ გონებაგახსნილი კაცი უნდა
იყოს და რომ შესაფერი კილო შეუწყოს მიგნებულს სიტყვას თუ ფრაზას, დიდი
მცოდნე უნდა იყოს ადამიანის შიგნითის ბუნებისა, იმიტომ რომ ყოველს სიტყვაში
მარტო სული და გული ადამიანისა მეტყველებს და ყოველს მოძრაობას სულისას და
გულისას თავის კილო აქვს, თავის ჰანგი, თავისი მუსიკა.
ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ”ჰამლეტის” წარმოდგენაში არც
ერთმა არტისტმა ქალმა თუ კაცმა ამ მხრით თავი არ იჩინა. ჩვენ რომ ბ-ნი მესხიევი
ვნახეთ ”თამარ ცბიერში”, გვეგონა, რომ ჰამლეტის როლში არ იქნებოდა ურიგო,
მაგრამ ჩვენი იმედი გაგვიმტყუნდა და მეტისმეტადაც. მშვენიერი სათქმელნი
ჰამლეტისა სულ ხელაღებით გაუფუჭდა, გაუცუდდა ბ-ნს მესხიევს. ძნელად
გამოარჩევდა კაცი, სად რას ამბობდა, სად რას მოგვითხრობდა. ბევრზედ არას
ვიტყვით, მხოლოდ ესეც საკმაოა ვსთქვათ, რომ სახელოვანი მონოლოგი ჰამლეტისა
”ყოფნა თუ არყოფნა” ისე დაიკარგა, რომ ბევრნი ეჭვობდნენ, ითქვა თუ არაო, ბევრნი
ჰკითხულობდნენ, ეს ადგილი გამოუტევა არტისტმა, თუ რა მოუვიდაო? ცოდვაა, ასე
უგულოდ, ასე მოუმზადებლად მოექცეს კაცი შექსპირს, მერე სად? ”ჰამლეტში”, საცა
კარგად თქმას ასეთი დიდი და უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ წრფელის
გულითა ვწუხდით, რომ ასეთი მარცხი მოუვიდა ბ-ნს მესხიევს, რომლის მოსაწონს
ნიჭს არა ერთხელ უსიამოვნებია საზოგადოებისათვის.
ოფელიას ოფელიობამდე ბევრი რამ აკლდა, მაგრამ ბ-ნ საფაროვისას ისე არ
წაუხდენია როლი, როგორც ბ-ნმა მესხიევმა წაახდინა. ესევე ითქმის ლეონიძისაზედ,
რომელიც ჰამლეტის დედას თამაშობდა. პოლონიოსს თამაშობდა ბ-ნი აბაშიძე. ჩვენის
ფიქრით, ბ-ნი აბაშიძე ვერ შესწვდა ამ როლის შინაარსსა. პოლონიოს, მართალია,
კარისკაცია, ძალიან გაოსტატებული, ცბიერი, ლაქუცა, მაგრამ ამასთანაც
თავმოწონებული ტახტის აზნაურია. ეს დიდის გვარიშვილობის ღირსება და
კარისკაცის, საცა საჭიროა, ფიანდაზად ფეხქვეშ გაშლა ერთად უნდა მოეთავსებინა

მოთამაშეს და იმან კი ისე წარმოგვიდგინა, თითქო სოფლის გზირი იყოსო და
არავითარი თავმოწონება და მედიდურობა არ უნდა ჰქონდესო.
ერთის სიტყვით, ”ჰამლეტმა” უგემურად ჩაიარა, ბევრს არა ესმოდა რა, რა
ამბავია სცენაზედ. რადგანაც სიტყვას არამცთუ კილო ჰქონდა, თვითონ სიტყვაც
რაღაც დუდუნად გადაჰქმნეს ასე, რომ კაცი ვერას არჩევდა. თუმცა თვითონ პიესა
საკმაოდ კარგად არის ნათარგმნი და კარგნი მთქმელნი რომ მაინც შეჰხვედროდა,
თავის სიკეთეს და ფხას არ დაჰკარგავდა ასე ხელაღებითა. მარტო ერთი არტისტიღა
გამოჩნდა ამ წარმოდგენაზე, რომელიც არამცთუ შესწვდა თავის როლსა, არამედ
მშვენივრად და ხელოვნებით გამოსახა. ეგ არტისტი ბ-ნი აწყურელი იყო მესაფლავის
როლში. ძალიან კარგი რამ იყო. სრულს სიამოვნებას იმან დაუშალა, რომ ბ-ნი
აწყურელი სიტყვებს გასაგონად არ ამბობდა, როცა მღეროდა. სხვაფრივ კი მისი
ლაპარაკი და თამაშობა საგანგებო რამ იყო. რაც შეეხება ამ პიესის გარეგან
მოწყობილობას, ესე იგი რეჟისორის საქმეს, ამ მხრით თითქმის ყოველივე არსებითი
საჭიროება დავიწყებული იყო. ვწუხვართ, რომ ”ჰამლეტის” წარმოდგენამ, რომელმაც
აუარებელი ხალხი მოიწვია თეატრში, ასე უხერხულად, ასე ფუჭად, ასე ცუდად
ჩაიარა.
პიესის მთარგმნელი რამდენჯერმე გამოიწვია საზოგადოებამ და მობენეფისეს
ბ-ნს მესხიევს საჩუქარი მიართვა.
[1887 წ., 11 – 18 თებერვალი]

<იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების
გამო>
ტფილისი, 21 მარტი
”როცა გვაქვს, არ ვინახავთ,
როცა ვკარგავთ კი, ვსტირით”.

დადუმდა საუკუნოდ კიდევ ერთი ”მთქმელი”! მოსწყდა ჩვენს ცას ერთი
ცოტად თუ ბევრად მანათობელი ვარსკვლავი! კიდევ ერთი ”ჩვენგანი” შეიწირა
ყოველთა შემწირველმა წუთის-სოფელმა!..
ერთი ”ჩვენგანიო” რომ ვამბობთ, განგებ ვამბობთ. ბევრი კვდება ჩვენში ყოველ
დღეს, ყოველს წამს, ”სოფელი ასე მქნელია”, – მაგრამ ამ ბევრში ყველაზედ არ ითქმის
”ჩვენგანიო”. იმიტომ კი არა, რომ ჩვენის სისხლისა და ხორცისა არავინ ჰკვდებოდეს,
არა. ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს ”ჩვენგანს”, ვისაც რაიმე
ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწინვალებულია,
შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნაა, იმიტომ რომ
ზოგჯერ თქმა ქმნა არის. დიახ, მქმნელია იგი მთქმელიცა, რომელსაც განწმენდილნი
აქვს ”თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლოთა მხედველად, ყურნი –
ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი – ცისა და ქვეყნის
მაჯისცემის შემტყობად და ენა – ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად”.
რა თქმა უნდა, რომ ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით
მიმადლებული. ამაშიაც არის დიდი-პატარაობა, მაგრამ დიდი თუ პატარა, რაკი
ცოტად თუ ბევრად ამ მადლის მექონია, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს
რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლიან

თავმოწონებით სთქვას: ეს კაცი ჩვენგანიაო. ერთი ამ რჩეულთაგანი იყო იგი
გლეხიკაცი, იგი მდაბიო და მით უფრო მაღალი, რომ მდაბიოა, რომელსაც დღეს ჩვენ
იოსებ დავითაშვილის სახელითა კურთხევით ვიხსენიებთ და ვგლოვობთ. მეო,
ამბობს იგი ერთს ლექსში:
სოფლელი გლეხის შვილი ვარ,
მჭადითა გამოზრდილია,
უქუდო, ჩოხის ამარა,
ქალამნებგაცვეთილია.
ობოლი დავრჩი დედ-მამას,
დრო მადგა გასაჭირია,
სადაც კი ვარდსა დავეძებ,
იქ მხვდება ეკლის ძირია.
მამაც ამრიგად ტანჯულა,
ვით ვიტანჯები შვილია,
თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,
ვერ გამიღია პირია.

ნუ გეგონოთ, რომ მას ჰშურდეს ვისი რამე, ვისმე რასმე სიხარბით
შეჰნატროდეს, ვისი რამე უნდოდეს, სხვისაზე რაზედმე ხელი ეტანებოდეს, გული
უთქმიდეს. არა! ყოველს ამაზედ იგი მაღლა სდგას, ამაში ჰსჟღერს დიდი სიმი
ეროვნებისა და აქა სცემს უბოროტო ძარღვი ჩვენის ერის უბოროტო გულისა. იგი
ამბობს:
თავზედ დამექცეს ცა რისხვით,
სხივი ვერ ვნახო მზისა მე,
მაღალი ღმერთი გამიწყრეს,
თუ რამ ვინდომო სხვისა მე.

ნუ გეგონოთ, რომ ან ტანჯვით გამწარებული ვისისამე მტრობას იგი გულში
გაიტარებდეს, გულში ადგილს აძლევდეს, ან ტანჯვითვე გაბოროტებული ვისიმე
ჯავრის ამოყრას, სამაგიეროს გადახდას ჰლამოდეს! არა, ამისათვის იგი მეტად
სულგრძელია, მეტად ყოველთა შემწყნარებელი და მიმტევებელია, როგორც მარტო
დიდბუნებოვანი კაცია ხოლმე. მტრობა, ძულება, ჯავრი, შურისძიება შორს არის
მისგან. მისი ნათელი სული არ იკარებს ამ ჭუჭყსა, ამ ჟანგსა. იგი ამბობს:
კაცი ხარ, კაცად შობილი
კაცი გიყვარდესო...
ეკლესიას დახვიდოდე
ყოველ უქმე დღესო,
დავითნი და სახარება
ორივ იქა ძევსო.
იმათში ესე სწერია:
კაცი გიყვარდესო,
კეთილისათვის ბოროტად
თუ ვინმე გხდიდესო.
სამაგიეროს ნუ უზამ,
დეე, თვით მიხვდესო!..
ჩვენსა მხსნელსაც ეს დაჰმართეს,
კაცთა მოყვარესო.

აი, ვის ჩაუხედნია გლეხკაცის გულში, ვის უნახავს იქ მისნი საიდუმლონი, ვის
გაუგონია მისი გულისძგერა და, მაშასადამე, ვინა ტანჯულა კიდეც მათთვის
მართლად და ჭეშმარიტად!.. ეს აზრები, ეს გრძნობა, ეს სიტყვა ქარით მობერილი არ
არის. ეს მარგალიტები იმ ზღვიდამ არის ამოღებული, რომელსაც ერის გულს ეძახიან.
აქ არაფერია ნათხოვარი, არაფერია განგებ ჩაძახილი და მერე ამოძახილი. აქ თავის
დიდებას, თავის დიდბუნებოვანობას, სულგრძელობას თვითონ ერი მეტყველობს,
თვითონ ერი ჰღაღადებს ერთის თავის ჭეშმარიტის შვილის ბაგითა! ტყუილი
თავმოწონება კი არ არის განსვენებულის მხრით, როცა იგი ამბობს:
მუშა რომ ვარ, მისთვის ვიცი
მუშის გულისპასუხები.

ეს გულისპასუხები იცის და მით უფრო გულს მოსახვედრია, გულს
ჩასამჩნევია, მით უფრო საკვირველია, რომ მშვიდობის მთქმელი მოციქული იქიდამ
მოდის, საცა ესოდენი გულნატკენობაა ჩვენგან, ესოდენი მიზეზია წყრომისა და
სამდურავისა. დიახ, იქიდამ მოდის იგი სიტყვითა ყოვლადმხსნელის სიყვარულისა
და მოაქვს მწვანე შტო შერიგებისა, ძმობისა და ურთიერთობისა! ბოროტი არ
გვახსოვსო, აჰა, ძმური ხელიო! გიძმობთ და გვიძმეთო! ამისთანა მარგალიტები
მარტო ზღვის ძირშია... ერის გული ზღვაზე უფრო ღრმაა და დიდი საქმეა, ვისაც
ღონე შესწევნია და თავის საკუთარი გული და თვალი იქამდინ ჩაუწვდენია. ჩვენში
ბევრი ვერ დაიქადებს ამასა.
ყველგან, საცა კი რაიმე შემთხვევა ეძლევა, განსვენებული დავითაშვილი სულ
ამას იძახის ტკბილისა და მშვიდობიანის სიტყვითა, რომ ჩვენი, მუშა ხალხის ხსნა
სწავლა და განათლებააო. ერთს ლექსში ამას ურჩევს თავის მოძმეთა:
გლეხებმა წიგნი ვისწავლოთ,
ეს არის ჩვენი ვალიო;
გვეყოფა, რაც რომ გვეძინა,
დროა გავაღოთ თვალიო.

ანუ:
მე კარგსა რასმე აგირჩევ,
მიღება შენზედ ჰკიდია:
სწავლაა ბნელის ფანარი,
სწავლა ცხოვრების ხიდია.

მარტო ხელობის რისამე ცოდნა ცოტაა და თუ გინდა, რომ იგი ტვირთი აიხსნა,
რაც ეხლა გკიდიაო:
არ დაივიწყო, გახსოვდეს
მხსნელი და შემოქმედია,
მოძმისა ტანჯვა გაიგე,
მამულს რა გადახედია...
კარგა გაიგე დროთ ბრუნვა,
ზე მყოფი ბევრჯელ ქვედია...
ჩემი რჩევანი ეს არის,
სხვა რამ ვსთქვა, იტყვი: ყბედია.

განსვენებული ხელოსანი იყო და ჩუქურთმის ჭრა იცოდა, და თუმცა
ლუკმაპურსა ვშოულობ ამ ხელობითა, მაგრამ უსწავლელი რომ ვარ, ქვეყნის ბარგი
ვარო. იგი ამბობს:
მეც მისწავლია რამე,
ხელოსნათა ვწერივარ,
ხელში მიჭირავს ხვედა,
ჩუქურთმისა მჭრელი ვარ...
ყალბად და მატყუარად
არვის დაუჭერივარ,
შრომით ლუკმას ვშოულობ
და მით ბედნიერი ვარ.
მოძმეს რომ შევეწიო,
სულ ყოველთვის მზათა ვარ,
მაგრამ ვსტირი ჩემს ბედსა –
უსწავლელი რათა ვარ.
მხოლოდ ხელობა ვიცი,
შრომაშიაც მარდი ვარ,
მაგრამ ამასა ვწუხვარ,
რომ ქვეყნისა ბარგი ვარ.

სულ ამ ცოდნისა და განათლების უქონლობასა სჩიოდა და მისი მწუხარება და
ნაღველი ის იყო, რომ გლეხი უსწავლელია. ეს ჰკბენდა გულში, ესა სტანჯავდა გარდა
იმისა, რომ ეს წუთის-სოფელი სხვისათვის მამა იყო და იმ საცოდავისათვის კი –
მამინაცვალი. რამოდენად მართალი, გულშემატკივარი და აღმომეტყველი იყო
გარდაცვალებული გლეხთა გულისნადებისა, მისისავე მოძმის სიტყვიდამა სჩანს *:
სიცოცხლეს ჰლევდი ტანჯვაში,
გული რაღასაც ელოდა,
თავისზედ გაჭირებულსა,
რითაც შაეძლო, ჰშველოდა.
მიწამ გიმოყმა, ბედშავო,
დღენი ვერ ნახე მზიანი,
ვერც გაზაფხული, ბულბული,
ვერც აგიყვავდნენ იანი.
მოშორდი ცოდვის ქვეყანას,
რომ ცრემლით აღარ გენამა...
დაჰმარხე გულში, წარიღე
რაც ვერ გამოსთქვა ენამა.
მუშა იყავი, მით ჰგრძნობდი
მუშისვე გულის წუხილსა
და შენაც თანაუგრძნობდი
ტანჯულის სისხლის დუღილსა!
მხნეობდი, ძმაო, მათ შუა,
არ ჰშორდებოდი კრებასა,
დაზგაზე რანდით ჰლამოდი
მრუდე ხის გასწორებასა...

კიდევ იკითხავთ: ვინ იყო აწ განსვენებული იოსებ დავითაშვილი? ნუთუ ამას
კითხვაღა უნდა! ცოტად რომ მაინც დაუკვირდეთ მთელს მის ნათქვამს ლექსებს,
*

იხ. ”ივერია” № 58-ე, 1887 წ.

ჰნახავთ, რომ იგი იყო კაცი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად განწმენდილი ჰქონდა
თვალნი გლეხთა გულის საიდუმლოთა მნახველად, ყურნი – გლეხთა გულის ძგერის
უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი – გლეხთა მაჯისცემის შემტყობად და ენა –
ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად. გული ერისა იგივ ზესკნელი და
ქვესკნელია და ამიტომაც თვალისა, ყურის და ხელის იქამდინ მიწვდენა მხვედრია
მარტო რჩეულის კაცისა და ერთი ამათგანი იყო იგიც, ვინც დღეს დავკარგეთ.
კურთხეულ იყოს სახსენებელი მისი! კურთხეულ იყავ შენ, ვინც:
დაზგაზე რანდით ჰლამოდი
მრუდე ხის გასწორებასა.
[1887 წ., 21 მარტი]