ლექსნი აქა-იქ ნათქვამი

1

სამიჯნურო ლექსებიც სამ აგერ ქვემო ჩამიგდია,

ზოგთ მიჯნურთა საქმე კარგი მამწონს, ზოგი ამიგდია;

ცოტა რამ ვთქვა, სრულ უთქმელი ვითამ არც ეს დამიგდია,

ჰე, მიჯნურნო, სამიჯნურო ყური ამას მოუგდია!

2

სამიჯნუროსა ლექსებსა კარგად მოგვითხრობს “მაჯამა”,

ვნახე მიჯნური ფარული, შემატყობინა მაჯამა;

მეც ამიყოლა ტირილმან, ეგზომმან მათმან გარჯამა,

შეწყალება და გვერთ ხლება ვერ პოვა ჩემმა აჯამა.

3

მკითხველ-მთარგმნელნო, ,,მაჯამას” წილ მეც ეს მამირთმევია,

ჩემი და ჩემაგიერად, არვისთვის წამირთმევია;

მითქვამს ქართულის ენითა, სხვა ენა არ ურევია.

ვიცი შეიტყობთ უცდურად, თუ სიტყვა ამირევია.

4

მას მიჯნურნი ნუ ედრება, ვინ სოფლისგან წმინდად გადგეს,

ველად რბოდეს მარტო სამე, ტახტიდამე მალე ადგეს,

ნივთ-შექცევით მოიცალოს, ხელ-მოჭდობით მის წინ წადგეს,

ვერ გააგდოს ვერამ კაცმან, ვის ეს საქმე ზედ მიადგეს.

5

მიჯნურობა საქებარი მუსიკთა და რიტორთაგან,

არ ჯარით და ძალის საქმით, საძებარი მარტოთაგან,

რბოდეს ველად გულმოწყლული მშვილდ-ტყორცილი ვითა საგან,

ზოგნი ნადირს დაამოყვსა, მანდ რომე ზის, შეხე მაგან.

6

ვეღარ გასძლოს უიმისოთ, მიჯნურობა ვინ ისაგროს,

ცნობა მასთან გარდეხვეწოს, ვეღარა რით დაიმაგროს;

სატრფიალომ არ მიუშვას, ვირე სრულად არ დასჩაგროს.

თუ არ მანვე, სხვამ წამალმან მაზედ ვერამ ვერ ივარგოს.

7

ერთმან ვინმე თქვა: ,,რას ჰქვიან მიჯნურობა და სურვილი,

გაჭრა, ხელობა მინდორად, სხვათათვის გულისტკივილი?

თუ არ მინდომებს, რად მინდა, მქონდეს სრულ მისი ჩივილი!”

მაშ, რას იქს ტურფა წალკოტს ჯდეს, ბულბულსა ჰქონდეს ყივილი?!

8

სხვამან იქი გაიღიმა: ,,ჯერ, ვაჟო, არ გსტუმრებია,

თუ გეწვიოს, ვერ დაითხოვ, მალე აემარებია;

გარბენინოს დღედაღამე გარეშემო არებია,

ვინც გნახევდეს, არ გკითხევდეს: «რაზედ დაიარებია».

9

ვის უნდა მიჯნურობისა სურვილის ბადით შეპყრობა?

მაგრამ ანაზდათ შეიპყრობს, ძნელია ხელისაპყრობა,

აქებს ყოველი რიტორი, ავად არავინ ეპყრობა,

ნეტაი იმას, ვის ჰქონდეს ეს სიძე-სძლობა, მაყრობა!

10

მიჯნურსა თვისი აშიყი ეგონებოდეს წამ წამის,

შავის მშვილდისგან ტყორცილი ისარი ესვას წამწამის;

მისნი ტრფიალნი მან მზემან არ ერთხელ, ბევრჯელ აწამის.

ამად მეწყალის თვის გამო, ჭორად მეც ვინმე შემწამის.

11

ეშხმან იპყრას გული ასე, ვეღარ სადით გარდეხვეწოს,

თვალთა ცრემლი მუდამ სჩქეფდეს, მკერდი ცემით დაელეწოს;

ვისგან სიტყვა ვერ იშოვნოს, უნდა კიდევ მას ეხვეწოს.

იქნება, რომ მხნე, ძლიერი ერთს ნაზს ვისმე დაეხვეწოს.

12

ვნახე ედემს ალვა რგული, რომე მზეებრ შუქსა შუქდა,

აძვირებდა სხივსა მისსა, არ იეფად არვის სჩუქდა:

არ მიმიშვა ახლოს შეყრად, გული ამად ამიჩუქდა,

წამოველ და ყოვლი ღონე იქავ დამრჩა, ჩამიქუქდა.

13

დილის ნიავმა მახარა ამოსვლა მუნ მთიებისა,

უთხარ მუხლთ-დაყრით: ,,მიჩვენე, სად ნათობს, სად ენთებისა?”

მან მითხრა: “ვაჟო, ძნელია ნახვა მის სათუთებისა,

სხვანი მნათობნი მონად ჰყავს, მას ჰყმობენ, მას ეთნები სა?

14

თუ ნახავ, ვიცი უცილოდ გული მსწრაფლ დაგიდნებისა,

შენსა საწადსა ვერ შოებ, სიკვდილი მოგინდებისა;

გასწყრების, გამოგაძებენ, არ ხელში დაგიდნებისა,

არ დამიჯერებ, მეჯნუნებრ საქმე სამ გაგიხდებისა.”

15

წარბ მონაზევი წამწამი მიჯნურსა გულსა ესობა,

სულა კეკლუცთა შვენება, მას დარჩა უკეთესობა,

უხამს მთვარესა, უნდოდეს იმისი უჟესთესობა,

მზე ღრუბლით ვეღარ გამოჩნდა, მას აქვსო ზესთა ზესობა.

16

ზილფს ფანჩავს წამწმის ნიავი წამ-წამად წამონაქროლი,

ღაწვს, იქით აქათ ბრწყინვალეს, ხან მინა სჭვირობს, ხან ბროლი;

კეკლუცნო, შეიბრალენით თქვენნი მჭვრეტელნი შემწრწოლი,

აღმართეთ, მზემან ვით მდელო, თოვლისგან წამონაწოლი.

17

მთვარე იჯდა ბაკსა შუა, პირი ბადრი მოევანა,

ქვეყნიერსა სიტურფესა სულა მასთან დაევანა;

წარბ შენასკვით გამწყრალიყო, წყეულმც არის ვინცა ავნა!

ჰპატიჟობდეს შინ შესვლასა, მაგრამ ვერვის შეეყვანა.

18

მოახსენეს: ”მზეო, შუქი მხიარულმან მოაფინე,

ვინ გაწყინა, წამწამთაგან სტყორცე, გულსა დააჩინე;

ან სიცოცხლე, ან სიკვდილი, ერთის განით გაგვიჩინე!

ერთხელ აქათ მოიხედე, სულ-მობრძავი მოგვარჩინე.

19

ლხინად ვიჯე, სევდა რამე შემომვარდა გულსა მურად,

ვნახე ალვა მოარული უცხოდ რამ, არ შინაურად,

თქვეს, თუ: ”არის ზეციერი, ნუ გგონია მანდაურად”.

ამიყოლა ველად გაჭრად, ვით გიამბო, აბა თუ რად?

20

მოეკეკლუცა პირი და ტანი ლერწამი სარო ვით,

მზეო, გჯობს, ვფიცავ შენს მზესა, მთვარეო, დაედაო ვით?

დაჩაგვრით გაუგზავნიხარ, ეცლები დაიარო ვით?

ვინ სანდომია ყოვლთათვინ უკვდავებისა წყარო ვით.

21

მე მარტო ამად არ ვაქებ, ყოვლნი ამბობენ: მზეაო,

თუ შენ არ გჭვრეტდე, წამსაცა თვალნიმცა დამდგომიაო,

უშენოდ ჩემს სიცოცხლესა ნუ ეჭობ, ნუ გგონიაო,

რად არ გეწყალვი, კვირობენ, ვის ესე გაგონიაო.

22

ლომი შამბნარსა სურვილით შენითა გამელდებისა,

მე შენის ტრფიალებითა სახმილი მომედებისა;

თვალთა ჭვირობა მთიების შენებრ სად მოუნდებისა?

უმართლე არის მიჯნურნი, ხელობენ, ვინ გიბნდებისა.

23

თეთრის ცრემლისა ნამითა სასროლად წამწამ იწება,

ესვრის მიჯნურთა უცდურად, გულსა ჰკრავს, არ იმიწება;

გულმან ვის უთხრას ბოროტმან იმასთან სიძვა-ლირწება?

ვერვინ ეწევა ნებასა, ცუდი დარჩება ბილწება.

24

კაცი თუ ეშხმან შეიპყრას, მიმოწმეთ, არის წამება,

მას დააჯერებს გუნებას, არ ცრუობს, არ იწამება;

სურის, რამ პოოს ნიშანი, მაგრამ მზე არ იწამება,

მისის ეშხისა თოკებსა შავს ვხედავ, არ ი წამ ება?

25

ბაღს საშუალს კვიპაროზი ლაღად იდგა, ამაკობდა,

წაყრილიყო სხვაგან წასვლად, ბაგე-ვარდი უბუტკობდა;

ზედ ბულბული დასძახოდეს, თვითან უკეთ მუსიკობდა,

მოშორვებით ბრძენნი ისხდეს, ყველა ვინმე მას ამკობდა.

26

დევანოსიმ თქვა ენოსით: დავშვერი მისის ქებითა,

ვერ შესატყვისად შევამკეთ, მისთვინ გვლევს სხივ-შუქებითა;

ჩვენ კი დაგვღალა ქებამა, სხვაც ბევრი დაუშვრებითა,

ვერ ვიტყვით სრულად, უკლებად, რა ცუდად არ ვეხსნებითა.

27

ვერ მიუელ სასაუბროდ, ზღუდეთ სხივი მოემაგრა,

მას მთიები განთიადის დაენასა, დაეჩაგრა;

სრულ მნათობნი მტრად შეჰქნოდეს, ამად რომე არ ესაგრა.

შეწყალება არ მაღირსა, მისივე ვარ მაშინც მაგრა.

28

დილის მთიებსა უღრუბლოდ პირსა ნათელი მოესო,

განცქვიფრდეს მისნი მჭვრეტელნი, თქვეს: “ვიცნათ ვინ ამო ესო?”

მის სწორს ვარსკვლავსა ეძებდეს ცად, მაგრა ვერ უპოესო,

მთვარესა ლები აჩნია მისგან, მის შეუპოესო.

29

ვარსკვლავთა ჯართა შუაზედ სხვა ზევი ამოსულიყო,

მისებრი ნაკვთი ზრო ტანი ედემშიც არსად რგულიყო;

ხენეშსა არას ნდომობდა, ტურფები მისად სულ იყო,

მიჯნურმან შავი ლახვარი საკვდავად გულსა სულ იყო.

30

მარგალიტთა მეპატრონეს კარად ლალი დაეყარა,

მიველ, მინდა მოეყიდა, მიწყინა, არ შემიყარა.

გამოვბრუნდი ნაღვლიანი, თითქმის სული გამეყარა,

გულს დამაკლდა, მინატრია, ნეტამც ჯავრი ამამყარა!

31

გაღიმდა და გამოუჩნდა უსასყიდლო, უფასობდა,

კბილთ ჯავარი გასჭვირობდა, ელვარება უასობდა;

კვლავ სტყორცნიდა სხივსა მისსა, ვისცა ჰკრევდა — დაასობდა.

მზემან შუქი მას მიართო, მთვარე ბაკსა მას შესძღნობდა.

32

რაზომ ნაზობს იასამან, ვარდს მაგით რა დააკლდება!

რასაც ყვავილს გვერდს მოურგავ, საყვედური დაედება;

რა აკოკბდეს, გაიშალოს, მასთან სხვა რა გამოსჩნდება?

მართალს გეტყვი, მის აშიყსა სსვა არავინ მოუნდება.

33

ბაგემან ვარდსა აჯობა, თვალმან ნარგისსა მცინარსა,

წარბი ესროდა წამწამსა მიჯნურთა გულ-საგრგინალსა;

ხმა ისმა საფირონისა, წყაროს თავსა ჯდა მდინარსა,

განკრთეს, განცქვიფრდეს მჭვრეტელნი, ამბობდენ: ”ნეტარ, ვინ არსა?”

34

გაღიმდა, პირი გაიპო ძოწმა, გამოჩნდეს კბილები

მარგალიტსა და სადაფსა უმჯობეს, არ ნაკლულები;

მაგას ნუ ეჭობ, ხმა ჰქონდეს ბულბულსა უფრო ტკბილები!

სად უსწავლია, არ ვიცი, ეგზომი მას უსულები?

35

მობუტკო ბაგე ვარდისა ვით ნამით დაცვარულია,

ბროლ-მინა ერთად შეთხზნული საჩინო, არ ფარულია.

თვალთა უშვენის ციმციმი, ხანდისხან სამე რულია,

ნეტაი ვნახო ზე მდგომი, მიჩვენა სიარულია!

36

ზილფად ია ჩამოშლოდეს, კვლავ სუმბულსა ატანებდეს,

იკრძალოდეს იგი ლაღად, ხელს არვისგან იტანებდეს;

ირხეოდეს სანდომად-რე, ნაკვთად საროს ატანებდეს,

სიარულსა შვენიერსა ფერხნი უსულს აატნებდეს.

37

ვნახე წალკოტი ყვავილით სავსე და ფშოდეს სულითა,

ხეზედ მსხმო, ანუ ბალახზედ, გარ მოცულიყო სულითა;

ერთი ჩნდა მათში შვენებით უმჯობეს სხვათ უსულითა,

იგ შემიყვარდა თვალითა, ცნობითა გულწასულითა.

38

თავს უებროდ დახატულსა თმანი გრძელნი ჩამოშლოდეს,

გავს, რომ ამას შეეყაროს სხვათ სიტურფე, მათ მოშლოდეს,

არას მიკვირს, თუ მიჯნური გაეხელოს, ან შეშლოდეს,

მაშ, რა ექმნათ საბრალოთა, ვერ-შეყრისა მათ მომლოდეს?

39

მკლავს, უცხოდ-რე ჩამოსხმულსა თითნი ბროლნი ზედ მოესხა,

მკლავს მე ნაკვთის კვიპაროზი, ზედ ყარყუმი წამოესხა,

სრულ მიჯნურნი გახელებით სრბით წინაშე მას მოესხა,

მზე და მთვარე დაჩაგრული იქით-აქათ გვერდს მოესხა.

40

ბროლის ფიქალს მარგალიტნი ორნი ასხდეს ობლად ზედა,

თავზედ ძოწი ჩამოსცმოდა, მარგალიტებს დარჩეს ქვედა;

არ აჩენდა, დაემალა პერანგს, ზანგსა არა მზედა,

ძალ-წასულნი ეყარნიან მოყმე-გმირნი, ან ვინ მხნედ ა.

41

ყელსა მთიებსა ყურითურთ უტურფე რამცა-ღა იყოს,

ერთპირად პირის შვენება შეყრია, არ თუ გაიყოს;

აქ ამას ვერვინ ედრება, ნუ ცდილობს მზემანცა იყოს,

თუმცა ბევრი ჰყავს მიჯნური, ხელი არვისი წაიყოს.

42

ეკალმუხის შავი მშვილდი ბროლის ველზედ მოეხარა,

კვლავ გოზები უკუშლოდა, ნახვა მისი გამეხარა;

მელნის ტბასა გარეშემო გიშრის სარებს გაეხარა,

ეტლი ამას დაუპყრია, შენ რითა სრბი, ვინ მზე ხარა?

43

ერთს სანახავად კარგია, ღვინო დგეს თეთრსა მინებსა,

ბაგები უჩნდეს თეთრ-ყირმიზ, ნეტარ მას ვინ არ ინებსა?

რა თასზედ გადმოესხმოდეს, კაშკაშით გაიცინებსა,

ვირემ ცნობა აქვსთ შემსმელთა, არავინ დაიძინებსა.

44

რა დანაკლულდეს, გამოჩნდეს ვარდისა მსგავსი ბაგები,

შუქი დადგეს და დაშვენდეს ქვეშ მისი რამე საგები;

სხვაგან ჯდეს ლაღი განკრძალვით მიჯნურთა ლახვარ-საგები,

ვინ მიხვალ მისაყურებლად, უცილოდ დაიდაგები.

45

ისმინეთ ჩემი ლექსები ტკბილადრე, ნუ დამბაქეთა,

ბრძენთ მომიწონეთ ნათქვამი, უგბილთა განმიქიქეთა;

ჩემ წინ წასრულთა შენდობა იქით თქვით, ჩემი აქეთა,

ეს არ ვარგიყოს, მანდ სამე აბა რუსთველი აქეთა!

46

სასაქმო და სასამართლო სადღა მაქვს, თორ ვინ მიწყინა?

ვეღარ ვბურთობ, ვერ ვნადირობ, ვეღარ ვლხინობ ვით უწინა.

ამის მეტი სხვა ზნეობა ჯერხან ყველა გამიყინა,

ამად მივჰყავ შაირს ხელი, აშთარხანმან მომაწყინა.