ასე ადგება წარღვნა ქვეყანას,
ელვამ მთის წვერებს გადაუარა,
გრიგალი კორტნის და წვიმის თქეშში
გაუღვიძია სებასტიან ბახს.

და სიყვარულის თვითონ მუქარა
არა ჰგავს მხოლოდ პოეტის ტრაბახს.
თითქო მშობლიურს ისმენდეს ნანას
ანდა დაღუპვა იყოს ნუგეში -

ასე აპარებს დემონი დანას
აკანკალებულ თამარს უბეში.
ასე ფართხალებს მწირი გულადი,
დაბდღვნილი ვეფხის სისხლის გუბეში.

ყორანი შავი ყორნის სულამდე
არაგვის ველზე ითრობა ლეშით.
ორი არაგვი, როგორც ორი და,
ვით დღე და ღამე - თეთრი და შავი,

ბავშვურ ტირილით ტოლად მოდიან,
რომ ერთად მტკვარში დაიღრჩონ თავი.