დედამ რომ შვილი გაზარდოს,-

ემაგრე ჩვენისთამაო;

ძმურად გამოსადეგნი ვართ

ყველგან და ყველასთანაო.


ლხინში მოლხინეს მოვულხენთ,

ჭირში მოჭირნეს ვუშველით;

ფიქრის, საქმის, შრომის დროსა

ბრძენსაც არ დავუვარდებით.


დიდს არ გავექელვინებით

და მხარს მივსცემთ პატარასა;

ძალას გულდაგულ დავხვდებით

და თაყვანს ვცემთ სამართალსა.


წინ წასვლაში არ დავიხევთ,

არ გავწირავთ უკან რჩომილს:

ჩვენც ვიცით, რომ შველა უნდა

უღონოსა და დავრდომილს.


უანგაროდ მივალთ წინა,

მარტო ის გვაქვს გულში ფიქრად,

რომ წინანი უკანასთვის

უნდა იქმნენ გზად და ხიდად.


მამულისა შვილნი ჩვენც ვართ

და მიტომ ვზრდით ჭაბუკ სულსა,

რომ ოდესმე გამოვადგეთ

დაობლებულ ჩვენს მამულსა.


მაგრამ ეხლაც საქმით, სიმხნით,

სხვას არც ჩვენ დაუვარდებით;

ბრძოლად რომ მამულმა გვიხმოს,

ეხლაც კი გამოვადგებით.


ეგრე გამოსადეგნი ვართ

ყველგან და ყველასთანაო;

თუ დედამ შვილი გაზარდოს,-

ემაგრე ჩვენისთანაო.


1860 წ.