შენ გეტრფის, ვარდო, გლახ გული,

სურვილით ცნობა კარგული;

ეშყის წალკოტად არს ქმნული,

აქვს სიყვარული შთარგული,

ოჰ, ბულბულთა საკამათო,

რაყიფთ მდაგო არ იმათო!

ძოწთ, ღიმილით განაპობთა,

მცეს იმედი რისმე მთხრობთა;

აწ ვჰხედავ მათ დანახშობთა

პირველისა აღთქმის მგმობთა.

ოჰ, ბულბულთა და სხვა.

სახე ღრუბელ შემოსილსა,

ცრემლთ მაწვიმრად გარდაქმნილსა,

მელნის ტბასა ვჰხედავ ვსილსა,

მესმის ოხრვათ ქუხვა წბილსა.

ოჰ, ბულბულთა და სხვა.

რა არს ესე ჭმუნვა შენი,

ჩემის გულის ლახვრის მშენი?

რად გწვეთს ეგრეთ ცრემლნი მდენი,

დანამულთა ვარდთა მჩენი?

ოჰ, ბულბულთა და სხვა.

იტყვი, ამად მქმნია ურვა,

რომ ვერ გნახე ვით მესურვა.

ვაჰ, აწ გვმართებს ხანგრძლად ყმუნვა,

ვიდრე ჟამმან მოგვცეს თბუნვა.

ოჰ, ბულბულთა და სხვა.