ჰკვნესს გული, ძმანო, ხსოვნად კმანო, მომხსენე ვების,

არს ცრემლით მგონე შენაღონე თქვენთანა შვების.

თქვენნი ვერ მჭვრეტნი დასაშრეტნი ბინდებინ თვალნი,

გონებით ნახით, მაცთურთ მახით გხედავსთ ტყვედ ვნების.

რადგან იქება სულგრძელება, იხმაროთ რად არ?

ნუ თუ კვლავ ღმერთმან გკურნოსთ ერთმან ყოვლთ მძლემან რგების!

მე ამას ვჰსტირი განაწირი, ვაჰ თუ ვესწრა ვერ!..

თვარაღა ჟამი, გულთ მაამი, კვლავცა იქნების.

აწ მე გლახამა გამოცდამა მაცნობა ესე,

რომ ფასი მოყვასს სიშორის ჟამს მრჩობლად ედების.

ვაი, რა დრომან დაუდგრომმან მაშორა მოყვასთ,

თვარა არც გზობით, არცა პყრობით გული არ ჰსლბების.

გვედრით, პყრობილი, გულ-პობილი ჭმუნვისა ლახვრით,

გახსოვდესთ მწარი მოჩივარი საწუთოს რების!