თავსა უფლად ნურვინ ჰგონებთ,

ყოველთ ესრეთ გაიგონეთ!

ერთგზის თქვენცა ტრფიალება

ჩემებრ მწარედ დაგიმონებთ.

მეცა ვიყავ მოქადული,

ვიდრე ჩემად მქონდა გული;

ჭირი ვერად შემიპყრვიდა,

აშიყთ მტანჯვი სიყვარული.

თუ ვინ ვნახი ფერ მიხდილი,

შვენებისდა მონად ქმნილი, -

ვსთქვი: თუ კაცსა ვითა შვენის

გული ესრედ უძლურ-ლბილი!

მაგრამ ჩემიც სულის ძალა

ერთმან წამმან სრულად ჰსცვალა:

გნახე, და მყის შენმა სახემ

შემიპყრა და შეცამსჭვალა!

მომესია სევდათ გუნდი,

შემომერტყა ბნელი ბუნდი;

ჯაჭვი დამსდვა მონებისა,

კისრად ვიღე და დავდუმდი.

მაშინ ვიგრძენ მეყვსეულად

სისხლი ცეცხლებრ აღგზნებულად;

ცრემლიანმან და მოხრავმან

ვეღარ ვიცან თავი სრულად.