ჩვ-წ.აღ-დე 65 წელს, აღმოსავლეთში გამოგზავნილი ახალი რომაელი სარდალი, გნეუს პომპესუსი იბერიაში შემოვიდა და შეებრძოლა იბერიის მეფის, არტაგის ჯარს.

რომაელების და ქართველების შეტაკების შესახებ გვაწვდიან ცნობებს: სტრაბონი, პლუტარქე, აპიანე, დიონ კასიოსი, იოანე ანტიოქელი და სხვ. ეს პერიოდი კარგადაა შესწავლილი და გამოკვლეული, მაგრამ არ არის დადგენილი თუ რამდენი ჯარი ჰყავდა არტაგს პომპეუსის წინააღმდეგ და პომპეუსს ქართველების წინააღმდეგ. ბოლო გამოკვლევა ქართველების და რომაელების ბრძოლის შესახებ დაწერა სოსო მარგიშვილმა, მაგრამ არ დაუდგენია ქართლის ჯარის რაოდენობა. სოსო მარგიშვილის აზრით, პომპეუსს ჰყავდა 3 ლეგიონი, რაც დამხმარე ჯართან ერთად 20-25000 ჯარისკაცს შეადგენდა, რაშიც ეჭვი გვეპარება. პომპეუსი ისეთი სარდალი იყო, რომელიც ისე არ ებრძოდა მტერს, თუ უპირატესობა არ ჰქონდა. პომპეუსი როგორ წავიდოდა სომხეთის, ქართლის, ალბანეთის და სხვა ხალხების დასაპყრობად 3 ლეგიონით, როდესაც მას ლიბიაში, დომიციუსის წინააღმდეგ 6 ლეგიონი ჰყავდა, ხოლო მეკობრეების წინააღმდეგ 102000 მძიმედ შეჭურვილი ქვეითი და 5000-დე მხედარი(პლუტარქე. გვ. 301.319).

ჩვემ ვეცდებით დავადგინოთ, რა რაოდენობის ჯარები ჰყავდათ პომპეუსს და არტაგ მეფეს 65 წელს ერთმანეთთან შეტაკების დროს.

პლუტარქე წერს:,, როდესაც პომპეუსის მხედრობას ზამთარმა ამ ქვეყანაში მოუსწრო და როცა რომაელები კრონოსის დღესასწაულს იხდიდნენ, ალბანელებმა სულ ცოტა ორმოცი ათასი მეომრის შემადგენლობით მდინარე მტკვარი გადალახეს და პომპეუსს თავს დაესხნენ“(პლუტარქე.გვ. 329).პომპეუსმა ალბანელების 40 ათასიანი ჯარი რომ დაამარცხა, მერე ქართლში შემოიჭრა. პლუტარქე ქართლის ჯარის შესახებ ზუსტ ცნობას არ გვაძლევს, მაგრამ წერს:,,იბერნი რიცხვით ალბანელებს არ ჩამოუვარდებოდნენ(პლუტარქე.გვ.330.). ე.ი. ქართველებს სადღაც 30-40 ათასიანი არმია უნდა ჰყოლოდათ. სტრაბონი მოგვითხრობს:,, ამათ(ალბანებს) გამოჰყავთ იბერებზე მეტი ლაშქარი, რადგან ესენი აიარაღებენ 60000 ქვეითსა და 22200 ცხენოსანს. აი ასეთი ჯარით გამოვიდნენ პომპეუსის წინააღმდეგ. ომის დროს ამათ შველიან მომთაბარეები გარეშეების წინააღმდეგ, ისევე როგორც იბერებს, იმავე მიზეზის გამო“.(სტრაბონი.გვ.133.). რადგან რომაელი მწერლები მოწინააღმდეგის ჯარის რაოდენობას ყოველთვის ზრდიდნენ, ხოლო რომაელების ჯარს ამცირებდნენ, ეს სტრაბონის ცნობა, ალბანელთა ჯარის რაოდენობაზე გადამეტებული უნდა იყოს, მაგრამ ის ცნობა, რომ იბერიელებს და ალბანელებს მომთაბარეები ეხმარებოდნენ, სამართლიანად მიგვაჩნია. ალბანელებს და იბერებს ჩრდილო კავკასიელები რომ ეხმარებოდნენ, ამას პლუტარქეს სხვა ცნობაც ამტკიცებს. იგი წერს, რომ როცა პომპეუსმა ალბანელები მეორედ დაამარცხა, ,,ამ ბრძოლაში ბარბაროსების მხარეზე მდინარე თერმოდონტის გასწვრივ მდებარე მთებიდან ჩამოსული ამაძონებიც მონაწილეობდნენო“.(პლუტარქე.გვ.330-331).პლუტარქეს მიერ ნახსენები ამაძონები, მომთაბარე იმიერკავკასიელები იყვნენ, რადგან ამაძონები მითიური ხალხია და არა რეალური, მე ვიზიარებ სოსო მარგიშვილის აზრს, რომ ჩრდილო კავკასიელი მოქირავნეები მეფე არტაგს, უკან დახევის შემდეგ, არაგვის ხეობის ბრძოლის შემდგომ უნდა შეერთებოდნენ. ამის შემდეგ არტაგის სამხედრო ძალაც უნდა გაზრდილიყო.

ჩვენი აზრით, არტაგს ალბანელების ჯარივით, როგორც პლუტარქე გადმოგვცემს, თავდაპირველად 40 ათასამდე ჯარისკაცი ეყოლებოდა. ამ ორმოცი ათასი კაციდან 5 ათასამდე არმაზისციხის გარნიზონში იქნებოდა ჩაყენებული. ეს გარნიზონი შეებრძოლა და დამარცხდა რომაელებთან ბრძოლაში, მაგრამ მან ცოტახნით დააყოვნა რომაელები, რომ დანარჩენი ჯარი მტკვარზე გადასულიყო. ასეთივე ბრძოლა მოხდა არაგვის ხეობაში. არტაგმა თავისი ჯარის გარკვეული ნაწილი რომაელებს შეაბრძოლა, ხოლო თვითონ რომ დარწმუნდა, მარცხდებოდა, დანარჩენი ჯარით მდინარე არაგვზე გადავიდა, სადაც შემდეგ დამხმარე კავკასიელები მოუვიდნენ. არაგვის ხეობაში პლუტარქეს ცნობით, რომაელებმა 9000 ქართველი მოკლეს და 10000 ტყვედ იგდეს ხელთ. ე.ი. არაგვის ხეობის ბრძოლაში 20-25 ათასამდე ქართველი იბრძოდა, ხოლო დანარჩენი არტაგს გადაყვა არაგვის იქით. ასე რომ, ჩვენი აზრით, მეფე არტაგს რომაელებთან ბრძოლის დროს 40000-დე მეომარი უნდა ჰყოლოდა. ახლა შევეცდებით, დავადგინოთ რომაელების ჯარის რაოდენობა.

,,პომპეუსის არმია სულ ცოტა სამი ლეგიონისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, რაც ლეგიონების თანმხლებ დამხმარე რაზმთა გათვალისწინებით საშუალოდ 20-25 ათასი მეომარია.(ს.მარგიშვილი.გვ.15). დიონ კასიოსის ცნობით, რომაელი ჯარი ზამთარში მდინარე მტკვართან სამ ნაწილად დაბანაკდა. სწორედ ამაზე დაყრდნობით ამბობს  ს. მარგიშვილი, რომ რომაელი ჯარი სამი ლეგიონისგან შედგებოდა.(როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამას ვერ დავეთანხმებით).

დავიწყოთ პომპეუსის აზიაში ჩასვლიდან. ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეებთან ბრძოლისათვის პომპეუსამდე, მთავარსარდლად სენატმა მეტელუს პიუსი დანიშნა. ორწლიანი ომის შემდეგ მეტელუსმა შეძლო, კუნძულ კრეტას დამორჩილება, რომელიც მეკობრეთა ცენტრს წარმოადგენდა, მაგრამ მან მათი საბოლოოდ დამარცხება ჯერჯერობით ვერ შეძლო. როცა პომპეუსი დანიშნეს მეკობრეებთან ბრძოლის მხედართმთავრად და მან საბოლოოდ გაანადგურა მეკობრეები, მასზე გაბრაზებული მეტელუსი კვლავ კრეტაზე იმყოფებოდა და არ აპირებდა პომპეუსის უზენაესობის ცნობას. მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 67 წლის შემოდგომა და ზამთარი პომპეუსმა კილიკიაში გაატარა ,,სადაც ჯარებს ამზადებდა თითქოსდა კრეტელების წინააღმდეგ გასალაშქრებლად, მაგრამ სინამდვილეში მეტელუსის საბოლოო დამარცხებისთვის ემზადებოდა.“(ნოდარ ლომოური.გვ.90).

,,ამ დროს ძალაში შევიდა ტრიბუნ მანილიუსის კანონი, რომლის ძალითაც პომპეუსს უნდა გადასცემოდა ყველა ის პროვინცია და ჯარი, რომლებიც ლუკულუსის ხელქვეით იმყოფებოდნენ და აგრეთვე ბითვინიაც, რომელიც კონსულ გლაბრიონს ეკავა, ხოლო მერემე მითრიდატე და ტიგრან მეფეებთან ბრძოლა განეგრძო. გარდა ამისა, პომპეუსის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო ფლოტი და ზღვაზე განუსაზღვრელი მბრძანებლობის უფლება. ეს კანონი სინამდვილეში იმას მოასწავებდა, რომ რომაელთა ძალაუფლება აღმოსავლეთში, მთლიანად ერთი პიროვნების ხელთ მოქცეულიყო“(პლუტარქე.გვ.322) ,,ფრიგია,ლიკინია,კაბადოკია,კილიკია,ზემო კოლხეთი და სომხეთი, ესე იგი ის პროვინციები, რომლებიც როგორც ჩანს, პირველი გადაწყვეტილებით პომპეუსის განკარგულებაში არ შედიოდა, მთელი იმ ბანაკებითა და ჯარებითურთ, რითაც ლუკულუსმა მითრიდატე და ტიგრანი დაამარცხა“.(პლუტარქე.გვ.322).

პომპეუსმა ეს უფლებები რომ მიიღო, მყისვე დაიწყო ომისათვის მზადება.სომეხი ისტორიკოსი მანანდიანი წერს, რომ პომპეუსმა ენერგიულად დაიწყო მზადება ომისათვის. მან უბრძანა რომის ქვეშევრდომ აზიელ მმართველებს, მასთან გაეგზავნათ დამხმარეჯარები.მასთან გამოცხადნენ აგრეთვე ის ვეტერანი ჯარისკაცები ლუკულუსის არმიიდან, რომლებსაც სამხედრო სამსახურის ვადა დაუმთავრდათ. ,,სულ მოკლე ხანში მან კილიკიაში თავი მოუყარა 50000-ზე მეტ კაციან ახალ არმიას“. ამ რიცხვში არ შედიოდა აზიელთა დამხმარე ჯარები და სამი ლეგიონი, რომელიც პომპეუსის ბრძანებით მასთან გამოცხადდა.(მანანდიანი.გვ.171).

ჩვ-წ-აღ-დე 66 წლის გაზაფხულზე პომპეუსმა სამი ლეგიონი კილიკიაში დატოვა, ხოლო თვითონ წავიდა თავისი ჯარითურთ გალატიაში, რათა იქ მდგარი ლუკულუსისგან ჯარი ჩაებარებინა. მან ლუკულუსის ყველა კანონები გააუქმა და ჩაიბარა მისი ჯარი. 1600 კაცის გარდა, რომლებიც ლუკულუსს დაუტოვა რომში დასაბრუნებლად. საინტერესოა ისიც, თუ რამდენი ჯარისკაცი წაართვა პომპეუსმა ლუკულუსს.

პლუტარქეს ცნობით, ლუკულუსმა ქალაქ ტიგრანოკერტის საალყოდ 6 ათასი კაცი დატოვა, ხოლო თვითონ ტიგრან II-სთან საბრძოლველად 10000 ქვეითი მძიმედ შეჭურვილი, 1000 მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცით და 3000 ცხენოსნით გაემართა. ე.ი. ლუკულუსს ამ დროისათვის სულ 20000 ჯარისკაცი ჰყავდა.ამ 20000 ჯარისკაცს უნდა გამოაკლდეს 7000 მეომარი, რომლებიც ლუკულუსის სარდალს ტრიარიუსს მითრიდატე პონტოელმა გაუნადგურა. აი ასეთ ცნობას გვაწვდის პლუტარქე ტრიარიუსის შესახებ:,,პატივმოყვარე ტრიარიუსი მზად იყო, სწრაფი გამარჯვება მოეპოვებინა და ლუკულუსისათვის, რომელიც უკვე უახლოვდებოდა, არ დაეცადა, მაგრამ იგი დიდ ბრძოლაში დამარცხდა. როგორც ამბობენ ამ ბრძოლაში 7 ათასზე მეტი რომაელი დაეცა“(პლუტარქე.გვ.224). 20000-სს რომ გამოვაკლოთ ტრიარიუსის დაკარგული 7000 რომაელი და ასევე ის 1600 ჯარისკაცი, რომლებიც პომპეუსმა ლუკულუსს დაუტოვა, გამოდის 11400 მეომარი. ე.ი. პომპეუსმა ლუკულუსს 10-11000 ჯარისკაცი წაართვა და ერთად გამოუვიდა 60000 მეომარი, რომლებიც მხოლოდ რომაელები იყვნენ, ხოლო ამის გარდა მას, ზემოთ ნათქვამი, დამხმარე სხვა აზიის ხალხებისაგან შემდგარი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა.

იმის მერე, რაც პომპეუსმა ლუკულუსს ჯარი ჩამოართვა, მან მითრიდატეს წინააღმდეგ გაილაშქრა. მითრიდატე პონტოელი თავს არიდებდა პომპეუსთან სერიოზული ბრძოლის ჩატარებას და პატარა თავდასხმებით კმაყოფილდებოდა, თუ პომპეუსი დიდი ბრძოლის გამართვას დაუპირებდა, იგი გარბოდა. ,,აპიანე განცვიფრებას გამოთქვამს, რომ მითრიდატე ასე დაჟინებით არიდებდა თავს პომპეუსთან შებრძოლებას. აპიანეს არ ესმის, რომ მითრიდატესათვის შეუძლებელიც იყო პომპეუსის ჭარბ ძალებთან შებრძოლება და უმიზნოც“.(გიორგი გოზალიშვილი).

პომპეუსმა შეძლო, რომ მითრიდატესათვის და მისი 30000-იანი არმიისათვის ალყა შემოერტყა. ამასთან აპიანეც და პლუტარქეც გვაწვდიან ცნობებს, რომ პომპეუსმა, მითრიდატესთან ბრძოლის წინ, თავისთან გამოიძახა კილიკიიდან კონსულ მარციუს რექსის სამი ლეგიონი. რადგან პომპეუსმა საალყოდ კონსულ მარციუს რექსის სამი ლეგიონი მოიშველია, ალყის შემდეგ აღარ დაუბრუნებდა რექსს თავის ლეგიონებს, რადგან რექსმა პომპეუსს თავისი ჯარები გადააბარა და თვითონ რომში უნდა წასულიყო. ე.ი. პომპეუსის ჯარს კიდევ სამი ლეგიონი მიემატა. პომპეუსმა დაამარცხა ალყაში მყოფი მითრიდატეს ჯარი და გაჟლიტა, მაგრამ თვით მითრიდატე გაექცა. ამ გამარჯვების შემდეგ პომპეუსი სომხეთში ჩავიდა. მას ტიგრანმა მორჩილება გამოუცხადა. პომპეუსმა იქ თავისი სარდალი აფრანიუსი დატოვა. აფრანიუსის მეთაურობით სომხეთში დაახლოებით 2-3 ლეგიონი ჩადგებოდა.

აი, ამის შემდეგ, პომპეუსი ჯერ ალბანეთში შევიდა და დაიმორჩილა ალბანელები, ხოლო შემდეგ ქართლისაკენ გამოემართა.

ჩატარებული კვლევის თანამხმად, პომპეუსი ქართლში შემოიჭრა 60000-ზე მეტი ჯარისკაცით. აქედან - 50000 კაცი პომპეუსმა აზიაში, კილიკიაში შეაგროვა; 10000 რომაელი - პომპეუსმა ლუკულუსს ჩამოართვა; მარციუს რექსის 3 ლეგიონი - ჯერ კიდევ მითრიდატესთან ომის წინ შეუერთდა პომპეუსს, მაგრამ დაახლოებით ამდენივე ლეგიონი რომაელმა მხედართმთავარმა აფრანიუსის მეთაურობით სომხეთში დატოვა.

გარდა ამისა, რომაელებს, სხვადასხვა აზიელი ხალხების დამხმარე რაზმებიც ეხმარებოდნენ.

კვლევის თანამხმად, პომპეუსი ქართლში შემოვიდა და არტაგს შეებრძოლა 60000-ზე მეტი ჯარისკაცით, ხოლო არტაგი დაუხვდა მას 40000-დე მეომრით, ქართველებმა მრავალრიცხოვან, კარგად აღჭურვილ, იმ დროისათვის უძლეველ არმიას, ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს, რის შედეგადაც რომმა ქართლის დაპყრობა ვერ შეძლო.


ერეკლე შველიძე
გაზეთი,,ქართველი ერი“.23 ივნისი 1995