გარგანტუა და პანტაგრუელი

წიგნი პირველი

წიგნი მეორე


ანოტაცია

რაბლეს რომანმა პანტაგრუელზე, კეთილ მეფე-გოლიათზე, გამოსვლისთანავე საოცარი პოპულარობა მოიპოვა. სორბონის თეოლოგიის ფაკულტეტმა წიგნი დაგმო, კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალა. თუმცა თხზულება ფარულად ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. 1534 წელს, ფსევდონიმით გამოვიდა წიგნი გარგანტუაზე, პანტაგრუელის მამაზე (ამჟამად რომანის პირველი წიგნი). ისიც აიკრძალა. რაბლეს ინკვიზიციის კოცონზე მოხვედრის საშიშროება დაემუქრა და იძულებული გახდა, საფრანგეთი დაეტოვებინა, კარდინალ დიუ ბელეს პირად ექიმად გაჰყვა იტალიაში, სადაც 11 წელიწადი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პანტაგრუელის ციკლიდან ახალი არაფერი გამოუქვეყნებია. 1546 წელს დაბრუნდა საფრანგეთში და გამოსცა რომანის მესამე წიგნი, 1552 წელს კი – მეოთხე, თანაც საკუთარი სახელით. საქმე ის იყო, რომ საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I-მა ამის საგანგებო უფლება მისცა. გავლენიანი მფარველები რომ არა (არისტოკრატების გარდა, მათ შორის ეპისკოპოსებიც იყვნენ), რაბლეს უთუოდ ინკვიზიციის ტრიბუნალი გაასამართლებდა. რაც შეეხება რომანის მეხუთე წიგნს, ის რაბლეს გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს გამოსცეს. მეცნიერთა ვარაუდით, მისი დიდი ნაწილი რაბლეს დაწერილი არ უნდა იყოს, როგორც ჩანს, ვიღაცამ გააგრძელა და გაასრულა წიგნი ავტორის ჩანაწერების საფუძველზე.