ველში ია ამოვიდა
მიიხედა, მოიხედა,
მწყურიაო! - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.
ზღვის ორთქლი და ოხშივარი,
რაც ცას დღისით აეწურა,
ცვარ-ნამებად გარდაქმნილი
იას გულზე დაეპკურა.
გაზაფხულის კოხტა ყვავილს
გულს სიამე მოეფინა,
ველს სალამი მისთავაზა
და მადლობით ცას შესცინა.
კოპწიას და ჩანასკულსა,
ლურჯქათიბა-კაბიანსა
მთაც ნაკადულს უგზავნიდა
ცივწინწკლება ქაფიანსა.
და უთვლიდა გამარჯვებას,
ცხონდა თქვენი მშობელიო,
აქ ეს არის, მანდ შენა ხარ
გაზაფხულის მთხრობელიო...
ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩქრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა...


1905 წ.