თავი პირველი
ღარის წყალთან ბალღები თამაშობდნენ. თხუთმეტიოდე წლის ჭაბუკი
ნაკადულზე დახრილიყო, ღარიდან გადმომდინარ წყალს პაწაწინა ბორბალს
უსწორებდა და მიწაში ჩარჭობილ ორკაპა ჯოხებზე მართავდა. მერე უცებ
ხელი უშვა, ბორბალს წყალი მოხვდა და თავბრუდამსხმელად დატრიალდა.
ბორბლის აბრუნება და ბავშვების აჟივლება ერთი იყო. ბრუნავდა ბორბალი და
შხეფებს ყრიდა. კისკისებდნენ გახარებული ბავშვები და დედის ძუძუზე
მიხვეული გოჭებივით ერთიმეორეს არ აცლიდნენ «წისქვილთან» ადგილის
დაჭერას.
ნაკადული ჭაბუკის ლაჯებქვეშ მიედინებოდა და კრიალა წყალში ბავშვების
გაცინებული სახეები ირეკლებოდა. ვაჟი ფიქრში წასულიყო, წყალს
დაჩერებოდა, მაგრამ, ეტყობოდა, იქ ვერაფერს ხედავდა. არც ბავშვების გნიასი
წვდებოდა მის სმენას, რადგან გულისყური და გონების თვალი სხვაგან
ჰქონდა.
ამ ჟივილ-ხივილში რაღაც მაინც გაიგონა, თუ მოელანდა, _ ადგილს
მოსწყდა და ჭიშკრისაკენ გაექანა.
შარაგზაზე სახედარი მოჩაქჩაქებდა. ზედ სიმსუქნით ნაადრევად
დამძიმებული კაცი იჯდა, შეშუპებულ სახეზე მკრთალი ფერი გადაჰკრავდა
და სუნთქვა უმძიმდა.
სახედარს ქვეითად მოუძღოდა ცამეტიოდე წლის ქალიშვილი. ცალ ხელში
ავშარა ეჭირა და ცალით დროდადრო წკეპლას იქნევდა.
ვაჟი ჭიშკართან გამოვიდა, შარვალზე სველი ხელები შეიმშრალა და გზის
პირას უხერხულად დადგა.
ქალიშვილმა შორიდანვე შეჰღიმა, სახედარს გზისპირისკენ მოსწია და
ნაბიჯი შეანელა.
_ მიდიხარ? _ ოდნავგასაგონად იკითხა ვაჟმა და მზერა უმალ სახედარზე
მჯდომარეზე გადაიტანა, თუმცა მისი კითხვა მხოლოდ ქალიშვილისთვის იყო
ნათქვამი.
_ ერთ წუთს დამიცადე, პავლია... ცაგო... ახლავე მოვალ! _ შეეხვეწა ვაჟი
ორთავეს, დასტურს აღარ დაელოდა და ეზოს სიღრმეში ჩაკარგულ პატარა
სახლისკენ გაიქცა.
_ ნეტავ ვაჩეც მოდიოდეს! _ ამოოხვრით თქვა ცაგომ.
_ ბარემ კარგი იქნებოდა! გამიძნელდება უმაგისოდ რუკების ხაზვა, _
სინანულით დასძინა პავლიამ.
ცაგომ არაფერი თქვა, მხოლოდ ამოიოხრა და სახე იბრუნა.
ქლოშინით მოიჭრა ვაჩე. აბრეშუმის ქსოვილში სათუთად გახვეული რაღაც
გადასცა ცაგოს და მორცხვად უთხრა თავდახრილმა:
_ შენი იყოს... მოგისწარი...
ცაგომ საჩუქარს აბრეშუმი შემოაცალა, უცხოდ მოხატულ წიგნს დახედა და
აღტაცებით შესძახა:
_ თორელის წიგნი!
სწრაფად გადაშალა, თითქო სურდა, დარწმუნებულიყო ხომ ნამდვილად ის
არის, ვაჩესაგან აგრე მუყაითად, ფურცელ-ფურცელ მოხატული თორელის
წიგნიო.
სიამით სახეგაბადრულმა წიგნი მაშინვე დახურა, ვაჩე თავისკენ მიიზიდა
და ანგარიშმიუცემლად უცებ ლოყაზე აკოცა.
ვაჟი გაშრა, ერთიანად გაწითლდა. ქალი, თითქო გონს მოეგოო, უცებვე
მოშორდა ცივად, სახედარს წკეპლა გადაჰკრა და ჩქარი ნაბიჯით გზას გაუდგა.
დიდხანს იდგა ვაჩე სახეალეწილი და გაოგნებული. უხურდა ლოყა,
ცეცხლი ეკიდა. ნაკოცნ ადგილზე ხელისზურგს იდებდა, მაგრამ სახე უფრო
ენთებოდა, საფეთქლები უროებივით სცემდნენ და თვალში ბინდი ერეოდა.
მუხლებში სისუსტე იგრძნო. არ წავიქცეო, შეეშინდა, ღობეს ხელი შეაშველა
და ქვაზე ჩამოჯდა.
ერთხანს ასე იყო რეტდასხმული. მერე ქვა და მიწა მოსინჯა, თავისსავე ტან-
ფეხს ხელით შეეხო. ყველაფერი ძველებურად იყო, თავის წესსა და ადგილას,
მხოლოდ ახლა მთელ სხეულში რაღაც სითბო ეღვრებოდა და თავით
ფეხებამდე საამო ჟრუანტელი უვლიდა.
იჯდა ასე, მანამდე განუცდელი ნეტარებით მთვრალი, ბურანში ჩაძირული,
ქვეყნისაგან გამოთიშული და ვნების ფრთებით დარწეული, გაბრუებული.
თავს ტოლები წამოადგნენ.
არც უკითხავთ, ისე ჩამოსხდნენ მის გვერდით.
_ გაიგე, ვაჩე? ტახტის ბედი გადაწყვეტილა... _ დაიწყო ერთმა.
ვაჩემ რომ მისი ნათქვამი არაფრად ჩააგდო და ხმაც არ გასცა,
გაჯავრებულმა დასძინა:
_ დარბაზს რუსუდანის გამეფება დაუდგენია...
_ მერე ჩვენ რა?! ჩვენ რა გვეკითხება, მეფე ვინ იქნება?! _ არხეინად თქვა
მეორემ, ვაჩეს მხარი წაჰკრა და დაუმატა, _ ასე არ არი, ვაჩე?
ვაჩე არც შერხეულა.
_ როგორ თუ ჩვენ არ გვეკითხებაო, გესმის, ვაჩე?! _ გაწიწმატდა ამბის
მთქმელი და მუხლზე ხელი დაიკრა. _ მეფედ ქალი დასვან და ჩვენ არ
გვეკითხება? ქალის მეფობით ჩვენ რა სიკეთე მოგვივა, ომს ვერ იქმს და
ლაშქრად ვერ წაგვიძღვება!
_ სახელი ჩვენ არ გვექნება და ნადავლი! _ დაურთო მესამემ.
ბიჭები ვაჩეს ტოლები იყვნენ, საულვაშე უკვე შავად დაჩნეოდათ და გული
სახელისა და ხმლისკენ მიუწევდათ.
_ თამარიც ქალი იყო, მაგრამ მის დროს ქართველთა ხმალს არ მოშივნია! _
შენიშნა მეორე ჭაბუკმა.
_ თამარი სხვა იყო! თამარი ერთი იყო და სხვა ვეღარავინ იქმს თამარობას! _
მოსჭრა ისევ პირველმა და, სამეფოს ბედისადმი ვაჩეს უნაღვლელობით
გაბრაზებული, ფეხზე წამოდგა.
წავიდეთო, ანიშნა ბიჭებს და საყდრის გზას გაუყვნენ. ცოტა რომ გაიარეს,
შეჩერდნენ, ერთმანეთს რაღაც უთხრეს და ვაჩეს გადმოსძახეს:
_ საჭიდაოდ არ წამოხვალ, ვაჩე?
ვაჩე ფეხზე წამოდგა ტოლებს ზურგი აქცია, კლდის ქიმს გადაადგა და
თბილისის გზას დააცქერდა.
დაბლა, ხეობაში მდინარის გასწვრივ ფერდობ-ფერდობ მიიკლაკნებოდა
თბილისის გზა.
უკვე დიდი მანძილი გაევლოთ, მაგრამ ჯერ კიდევ ჩანდნენ სახედარზე
ამხედრებული და ქვეითად მიმავალი.
ვაჩეს უნდოდა დაეძახა და ხმა მიეწვდინა მათთვის. მაგრამ ტოლებისა თუ
შერცხვა, ისევ დუმილი არჩია და უხმოდ ჩამოჯდა.
მიდიოდნენ მგზავრები, გზა იკეცებოდა და კვლავ იშლებოდა. ვაჩეს
თვალიც მათთან ერთად კეცავდა იმ გრძელ გზას და ფიქრი ფიქრს მისდევდა.
ვაჩეს მამა ადრე დაეღუპა ლაშქრად. ობლად, დედის ანაბარად დარჩენილი
ბალღი სანახევროდ ცაგოს სახლში იზრდებოდა.
ცაგოს მამა გააზნაურებული მოლაშქრე იყო და ერთ დროს მეფის კარზე
ტრიალებდა.
სხვა კარისკაცების მსგავსად, მეფეთა საზაფხულო სადგომების ახლო მასაც
ჰქონდა აგარაკი ახალდაბაში.
კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეშმაკს შეშურდა და ოჯახის უფროსს მარცხი
შეამთხვია: უებრო რაინდი და უბადლო მობურთალი, მეფეთა გასართობად
გამართულ ასპარეზობაზე, ცხენიდან გადმოვარდა, ცხენმა ათრია და
მოედნიდან უსულოდ გაიტანეს.
ოჯახის ბედი ჩარხუკუღმა დატრიალდა. მალე მევალეებმა წამოჰყვეს თავი
და თითქმის ყველაფერი წაიღეს. სამი შვილის დაქვრივებულმა დედამ
აგარაკიღა შეინარჩუნა, ხილის მცირე ბაღითა და მცირე სახნავ-სათესით.
კიდევ კარგი, რომ უფროსი ვაჟი მალე წამოესწრო და მხარში ამოუდგა
დედას. მამუკამ მამის სიცოცხლეშივე მოასწრო სწავლის მიღება, ხელოვანის
ნიჭი გამოიჩინა, ოქროს კვეთა ისწავლა და ახლა ქალაქში პირველ
ოქრომჭედლად ითვლებოდა.
სწორედ მამუკასთან მიდიოდა ახლა მისი უმცროსი და-ძმა, მისივე წვევითა
და შემოხვეწნით.
ძმას ორი წლის ასაკიდან ორივე ფეხის დამბლა ჰქონდა და კუტი იყო.
სოფელმა ეს ხინჯი მეორე სახელად უქცია და დიდი და პატარა «პავლია კუტს»
ეძახდა. თვითონაც ისე შეეჩვია ამ ზედწოდებას, რომ არათუ დამამცირებლად
მიაჩნდა იგი, მარტო სახელის დაძახებაზე კაცს აღარ აგონებდა, თუ ზედ
«კუტსაც» არ დააყოლებდნენ.
მთელი სიცოცხლე მარტოოდენ ჯდომად და წოლად განწირული ხეიბარი
თავიდანვე შეეგუა უძრავ ყოფას, სწავლას დაეწაფა და ცოდნითა და წიგნით
ცდილობდა იმ დიდი სულიერი ტკივილის დაყუჩებას, რომელსაც სხეულის
გამოუსწორებელი ნაკლი აყენებდა.
ფეხები არ ემორჩილებოდა პავლია კუტს, თორემ სხვა მხრივ ძალუმი
სხეული ჰქონდა. ხელით ცხენის ნალს ღუნავდა და სუფრაზე სამი ვაჟკაცის
ულუფას ჭამდა.
უძრაობამ და ჭამაში მოუპირაობამ ქონი მორია და სხეული ნაადრევად
დაუმძიმა. სიმსუქნისაგან ცოტა სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მუშაობით დაღლა
არ იცოდა. ღამეების ტეხვა წაბმით შეეძლო და ქვეყანა რომ დაქცეულიყო,
დაწყებულ საქმეს დამთავრებამდე არ მოშორდებოდა.
ენებს საოცარი სისწრაფით ითვისებდა. უცნობ ენას ორ-სამ თვეში
სწავლობდა.
საქართველო სავსე იყო ომებიდან წამოყვანილი ტყვეებითა და მონებით.
სპარსელი და ბერძენი, თურქი და არაბი კარდაკარ დაწანწალებდნენ სამუშაოს
საძებრად და სამათხოვროდ.
პავლია კუტი შესაფერ შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა. უცხოელს
მაშინვე ქირაზე მოურიგდებოდა და მერე ის უბედური მისი ნამდვილი ტყვე
იყო: ისიც მის მაგიდასთან უნდა მიჯაჭვულიყო ან მისი ბორბლებიანი სკამი
ეგორებინა და ყოველი ფრინველისა და ცხოველის, ბალახისა თუ ყვავილის,
საგნისა თუ საქმის სახელი გამუდმებით ემეორებინა ცოდნას დახარბებული
ხეიბრისათვის.
ორ-სამ თვეში გაძვალტყავებული გადამთიელი მოსულიერდებოდა და
ხორცს შეიბამდა, მაგრამ უცნაური ბატონი მისი გულუბრყვილო
გაკვეთილებით ვეღარ კმაყოფილდებოდა, რადგან მასწავლებლის ენა უკვე
თვითონ მასზე უკეთ იცოდა და იმ ენაზე წიგნებს თავისუფლად
კითხულობდა.
ხეიბრის ახირებასა და სურვილების შესრულებას შეჩვეული უცხოელი
ცრემლით სტოვებდა მისთვის იოლ სამუშაოს და ხელახლა სოფელ-სოფელ
წანწალს იწყებდა ლუკმაპურის საძებრად.
ლამაზი ხელი ჰქონდა პავლია კუტს. მისი გადაწერილი დავითნი ან
ოთხთავი ხელიდან ხელში გადადიოდა და კარგ ფასადაც იყიდებოდა. ამ
საქმეში მისი განუყრელი თანაშემწე ვაჩე იყო.
კუტმა ვაჩეს წერა-კითხვა და ხატვა ასწავლა; წიგნისა და ხატვის
სიყვარული ჩაუნერგა გონიერ ბავშვს. ღარიბსა და ობოლს სხვა რა მადლის
გადახდა შეეძლო, _ თავის მასწავლებელს წიგნების გადაწერასა და ყდაში
ჩასმას შველოდა.
ბოლო დროს პავლია კუტი «საქართველოს სამეფოს» აღწერას შეუდგა.
უამრავი ქართული და უცხოური წიგნი დაიწყო წინ, ნავალთა, მნახველთა და
გამგონეთაგან ნაამბობს იწერდა, აღწერილსა და გადმოცემულს ერთიმეორეს
ადარებდა და წერდა. დღედაღამ თავაუღებლად წერდა იმ ქვეყნის ადგილისა
და მდებარეობის, ჰავისა და მოსავლის, ხალხის ზნისა და ჩვეულებისათვის,
რომელიც აგრერიგად უყვარდა; წერდა იმ ქვეყნის ავსა და კარგს, რომელიც
არათუ ფეხდაფეხ არ მოევლო, ერთი თვალის გადავლებითაც არ ენახა.
სკამ-ლოგინზე მიჯაჭვულს საქართველოს შემოვლის ნატვრაც არ შეეძლო.
თავის საოცნებო სამშობლოს მხოლოდ ერთ უმცირეს ნაწილს ხედავდა
დღემუდამ თავისივე სახლის აივნიდან და ეზოდან. მაგრამ, ჰოი, რა ლამაზი,
რა წარმტაცი იყო ეს პატარა ნაკვეთი მშობელი ქვეყნისა! წინ _ ფერად-ფერად
ხალიჩებად დაფენილი, ღობეებითა და ხეთა მწკრივებით დასერილი
მინდვრები, დაბლა _ მწვანით დაბურული, ბნელი ხევი ღრანტეებით,
ტყვიისფერი მდინარითა და პირდაღებული უფსკრულებით, მაღლა _ ცად
აზიდული ლურჯი მთები გაცრეცილი ნისლის ლეჩაქით, კალთებზე
შეფენილი ცხვარ-ძროხით და შორს... უფრო შორს, ცის დასალიერზე ღრუბლის
თეთრ სვეტებად თუ ბროლის კოშკებად ამართული კავკასიონი.
წარმოდგენით, პავლია კუტს თავისი კუთხის ამ საზღვრებში მოექცია
მთელი დანარჩენი საქართველოს სურათი. ჩარჩო პატარა იყო, მაგრამ ოცნება
დიდი და უნაპირო _ სამშობლო მთლიანად ასე წარმტაცი და მიმზიდველი
ეჩვენებოდა და თუმცა მისი ყოველი ნაწილის ხილვის ბედნიერებას
მოკლებული იყო, წიგნებითა და ნაამბობით საქართველო თავისი ხუთი
თითივით იცოდა.
პავლია კუტის სწავლულობისა და მეცნიერობის ხმა შორს განთქმულიყო.
მის მიერ დიდის რუდუნებით გადაწერილ საღმრთო წიგნებს, მონასტრებს
გარდა, დიდგვარიანთა ოჯახებისკენაც გაეკვლია გზა და ბოლოს მეფის კარზეც
შეეღწია.
გელათის აკადემიის მოძღვართმოძღვარს უცნობი მწიგნობრის მიერ
გადაწერილი «ბალავარიანი» ჩავარდნოდა ხელთ. გადამწერის ხელს
სწავლულის ყურადღება მაშინვე მიუპყრია, მაგრამ მოძღვართმოძღვარი უფრო
მეტად იმ შენიშვნებს დაეფიქრებინა, რომლებიც პავლია კუტს წიგნისათვის
დაერთო, მსჯელობის სიღრმესა და აზრის სითამამეს წინამძღვარი გაეოცებინა
და უცნობი მწიგნობრის ხილვა მოესურვებინა.
აკადემიის მოძღვართმოძღვარი სწორედ იმხანად თბილისში უნდა
ყოფილიყო მეფის კურთხევაზე და მამუკა მასთან შესახვედრად იწვევდა თავის
კუტ ძმას.
თვალი ძლივს სწვდება მიმავალთ. უკვე ცალ-ცალკე აღარ ჩანან სახედარზე
მჯდომი კუტი და ქვეითად მიმავალი ცაგო. ყველანი ერთ სხეულად შეკრულან
იმ შორეთში და ლანდადღა ხედავს. ფიქრი კი, ვაჩეს ფიქრი, მაინც მათთან
არის, მათთან ერთად აგრძელებს დიდ გზას.
მარტოოდენ წიგნის სიყვარული როდი იზიდავდა ვაჩეს პავლია კუტის
ეზო-კარისაკენ, ცაგო მისი ტოლი იყო, ერთად იზრდებოდნენ. ჯერ ერთად
თამაში, მერე ერთად ოცნება და ბოლოს თვითონაც აღარ იცოდა, რა ეწეოდა
მისკენ, გრძნობა თუ ჩვეულება. ეს კი იყო, რომ მასთან სიახლოვე
მოთხოვნილებად გადაქცეოდა.
პავლია კუტის ყველა წიგნი ერთად ჰქონდათ გადაკითხული ცაგოს და
ვაჩეს. ხატვის სიყვარულიც პირველად მათ ოჯახში გაეღვიძა ყრმას.
ათი წლისაც არ იყო ვაჩე, მათ სოფელში ბეთანიისკენ მიმავალი უცნობები
რომ გამოჩნდნენ. ცნობისმოყვარე ბავშვები უკან აედევნენ უცხოებს,
რომელთაც ტაძრის ეზოში კარვები დადგეს, ახლად აშენებულ ტაძარში
ხარაჩოები გამართეს და კედლების მოხატვას შეუდგნენ.
მხატვრებმა მაშინვე შენიშნეს ცნობისმოყვარე ბიჭი, მათ საქმიანობას
გაფაციცებით რომ ადევნებდა თვალს. დაუძახეს, მოეფერნენ, დასაქმეს კიდეც
მცირე რამ. ბიჭუნა დაუზარლად, ხალისით ასრულებდა მხატვრების ყველა
თხოვნას. ხან ცივი წყალი მოჰქონდა მათთვის, ხან ახლომახლო ეგზავნებოდა
და ხანაც საღებავების გაზავებაში შველოდა.
გამჭრიახი, მკვირცხლი ვაჩე თვალში მოუვიდა მხატვართუხუცესს,
დემეტრე იყალთოელს. ვინაობა გამოჰკითხა. როცა გაიგო, რომ მამუკას
მეზობელი იყო, ესიამოვნა.
_ არ გინდა, შენც მამუკასავით ხელოვანი გამოხვიდე? _ შეეკითხა
მოკრძალებულ ბიჭს იყალთოელი. _ იქნებ მასაც აჯობო, ა? რას იტყვი? _
შეუჩნდა ოსტატი და, ბავშვმა რომ ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა, ხელით ანიშნა,
_ ე მანდ რომ ფუნჯია, აიღეო.
ვაჩე ფუნჯს დასწვდა, ოსტატმა საღებავში ჩააწებინა და პირველი ხაზები
გაავლებინა.
ასე, მოულაპარაკებლად, ყოველგვარი პირობის დაუდებლად დაემოწაფა
იყალთოელს ვაჩე, თვითონაც სანახევროდ ბეთანიაში დაიდო ბინა და ერთ
წუთსაც არ შორდებოდა თავის მასწავლებელს.
ნელა, მაგრამ გულმოდგინედ მუშაობდა იყალთოელი. მისი ჯადოსნური
ყალმის ქვეშ ნელ-ნელა ინაკვთებოდა დიდებული თამარის სახე; უკვირდა
ყმაწვილს, როგორ შეუმჩნევლად ცოცხლდებოდა მის თვალწინ ფერი და ხაზი,
როგორ თანდათანობით ისხამდა ხორცს მხატვრის ფიქრი და შთაგონება.
არარაობიდან _ ცარიელი კედლიდან დაიწყო იყალთოელმა. ორი წელიც არ
იყო გასული, რომ ეს ცივი, მუნჯი კედელი გაცოცხლდა, ამოძრავდა და
ამეტყველდა.
სუნთქავდა სხეული და ეს მშვიდი სუნთქვა იმ მძიმე ტანსაცმლის
ქვეშიდანაც მჟღავნდებოდა, რომლითაც ასე თვალისმომჭრელად შემოსა
მხატვარმა ღვთაებრივი დედოფალი.
ისე მიიწურა სამუშაო, ისე თვალსა და ხელს შუა გაირბინა ორმა წელიწადმა,
არც კი გაუგია ვაჩეს.
ბოლო დროს უცნაურობა დასჩემდა დემეტრე მხატვარს: მთელი დღეები
ხარაჩოდან არ ჩამოდიოდა, იდგა და კი არ ხატავდა, ისე, გარინდებული
უჭვრეტდა თამარის სახეს. ფიქრსა თუ ოცნებაში წასულს საჭმლის ჭამა
ავიწყდებოდა. როდის-როდის, თვითონვე თუ მოვიდოდა გონს, თორემ
შეხსენებასა და ხმის გაცემას ვერავინ უბედავდა. ამ დროს ტაძარში
სულდგმული არავინ იყო ხოლმე და მხატვარი თავის ქმნილებასთან
მარტოდარჩენილი ეძლეოდა შთაგონების თავდავიწყებას. ღამღამობით,
სხვები რომ შუაძილში იყვნენ, დემეტრე მხატვარი ჩუმად დგებოდა ხოლმე,
მთვარიანში მაღლა მთებისკენ მიდიოდა, რაღაცას თავისთვის ღიღინებდა და
მერე გვიანობამდე, სადმე, კლდის ქიმზე ჩამომჯდარი დაჟინებით უცქერდა
ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.
ერთ ღამეს კარავში მძინარე ვაჩეს ხმაური ჩაესმა. გამოეღვიძა. ტაძრიდან
სინათლე გამოდიოდა, ტაძრის კარი დაკეტილი იყო. ვაჩე, ცოტა არ იყოს,
შეშინდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ დასძლია. სარკმელთან მივიდა და
ტაძარში ჩაიხედა: ტაძარში დემეტრე იყო მარტო. სანთლები აენთო და
თამარის ფრესკას ხარაჩოებს აშორებდა.
ვაჩე სარკმელზე აცოცდა, რომ უფრო კარგად დაენახა: დემეტრემ
უკანასკნელი ფიცარი კუთხეში დადო, მძიმედ ამოისუნთქა და იმავე ფიცარზე
ჩამოჯდა. ერთხანს ასე უყურა. სახეზე ღიმი უთამაშებდა. მერე ნელა წამოდგა
და ადგილი მოინაცვლა. ტაძრის ხან ერთი კუთხიდან, ხან მეორედან უცქერდა
დემეტრე თამარის სახეს, უცქერდა და თან რაღაცას ღიღინებდა თუ
ბუტბუტებდა. ვაჩეს უცებ მოეჩვენა, რომ თამარიც თვალს ადევნებდა
მხატვრის მოძრაობას კედლიდან, ისიც იქით იბრუნებდა პირს, საითაც
მხატვარი დგებოდა. ბოლოს სულ ახლო მივიდა დემეტრე თავის
ქმნილებასთან, ალბათ, ვაჩესავით მასაც ცოცხლად ეჩვენა თამარის სახე, ეგებ
შეეშინდა კიდეც მისი, _ მუხლებზე დაეცა, ეთაყვანა და კალთაზე ემთხვია.
მერე, თითქო გონს მოვიდაო, უცებ წამოდგა, სანთლებს ჩამოუარა,
სათითაოდ ჩააქრო და ტაძრიდან სწრაფად გავიდა.
მეორე დღეს, როცა ყველამ გაიღვიძა, დემეტრე აღარსად ჩანდა. არავის
გაჰკვირვებია, რადგან დილაადრიან იცოდა დემეტრემ მუშაობის დაწყება.
საუზმე რომ გააწყვეს, ტაძარში შეიხედეს ოსტატის მოსაპატიჟებლად. ტაძარი
ცარიელი იყო, ხარაჩოები დაშლილი და მილაგებული. კუთხეში ფუნჯები და
საღებავები ეწყო შეკრულ-შეხვეული.
ტაძრის წინამძღვარი და სამუშაოთა ზედამდგომელი გაოცდნენ, მხოლოდ
იყალთოელის მოწაფეები და თანაშემწეები, მასთან ერთად დიდხანს
ნამუშევარი მხატვრები და თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ოსტატს ხატვა
დაესრულებინა და ბეთანიიდან წასულიყო.
ასე იცოდა თურმე იმ მარჯვენანაკურთხმა: ხატვას რომ მორჩებოდა,
ერთხანს უნდა დაკარგულიყო, ნადირობასა და ქეიფში უნდა დაევიწყებინა ის,
რითაც ასე დიდხანს ცხოვრობდა და ამას მარტო იმიტომ კი არ სჩადიოდა, რომ
ახალი თვალით შეეხედა თავისი ქმნილებისათვის; უფრო მეტად თურმე
მნახველთა და შემფასებელთა აზრის მოსმენა აღიზიანებდა, სანამ მუშაობას არ
დაასრულებდა, გარეშეთაგან ტაძარში არავის შეახედებდა, მაგრამ როგორც კი
ხმა დაირხეოდა, დემეტრე მხატვარმა ხატვა დაამთავრაო, უამრავი მნახველი
მოაწყდებოდა. მოდიოდნენ დიდ-დიდი მთავრები და დიდებულები, საერონი
და სამღვდელონი დემეტრეს ქმნილების სანახავად, რომ შემდეგ თვითონაც
მიეწვიათ მხატვარი ახლად ნაშენი ტაძრებისა და პალატების მოსახატავად.
მოდიოდნენ თავად მეფენიც, მაგრამ მოსულთა შორის ყველაზე მეტი
მხატვრები იყვნენ მუდამ. საიდან არ ეწვეოდნენ _ აფხაზეთიდან თუ
ჰერეთიდან, ლეკეთიდან თუ ტრაპიზონიდან. ყველა მოუთმენლად ელოდა
იყალთოელის ახალი ქმნილების ნახვას. საათობით იდგნენ და უცქერდნენ
ნახატს, ერთიმეორეს უხსნიდნენ და ეკამათებოდნენ. თავის ქნევითა და
გაოცებით სტოვებდნენ იქაურობას, რომ შემდეგ დემეტრეს ხაზი თუ ფერი,
ჩრდილი თუ შუქი გადაეტანათ და გაემეორებინათ სამცხისა თუ ლეკეთის,
ჰერეთისა თუ ჯიქეთის, ტრაპიზონისა თუ სომხეთის ტაძრებსა და
სასახლეებში.
ოსტატის წასვლის შემდეგ ვაჩეც აღარ გაჩერებულა ბეთანიაში. დემეტრეს
ნაჩუქარი საღებავები და ყალამ-ფუნჯები აბგაში ჩაალაგა და შინ დაბრუნდა.
გაგარეგნებულმა ბიჭმა გული ვეღარ დაუდო სოფლის ყოველდღიურ
საქმეს, ბაღისა და ვენახის მოვლას და, ალბათ, სახლიდან გაიქცეოდა, ცაგო და
პავლია კუტი ახლო რომ არ ყოფილიყვნენ.
ხეიბარმა თავისი ახალი შრომისათვის რუკების დახაზვა სთხოვა. ვაჩემ
ჩინებულად დაუხაზა რუკები. ყმაწვილის გულისმოდგინებითა და
ნიჭიერებით წათამამებულმა პავლიამ მეტი მოინდომა, თავის «საქართველოს
სამეფოს» აღწერის წიგნში ქვეყნის ღირსშესანიშნაობათა ჩახატვა განიზრახა და
ვაჩეც ამ საქმეს დიდი ხალისით შეუდგა.
პავლია კუტი და ვაჩე რომ ამ შრომაში იყვნენ, ცაგოს გული შინ არ
უდგებოდა, მთელი დღე გარეთ იყო, გოგო-ბიჭებში, მაყვლისა თუ შინდის
საკრეფად დადიოდა, ქაჯივით დარბოდა ტყეებსა და მინდვრებში და შინ
მხოლოდ საჭმელისათვის თუ შეიხედავდა.
პირველად აგდებულად უყურებდა ვაჩეს ნაადრევ სიდინჯეს, უკვირდა,
მასაც გული მინდვრისკენ რომ არ მიუწევდა ტოლებივით, მაგრამ, ერთ
მშვენიერ დღეს, როცა მის მიერ მოხატული წიგნი ნახა, არც თავის თვალს
დაუჯერა, არც ყმაწვილის შრომით აღტაცებულ ძმას და არც თვითონ
თავმდაბლად გაღიმებულ ვაჩეს. წიგნს ხელი დაავლო, ჯერ დედას
მიურბენინა, მერე შარაზე გავარდა და ტოლებს გადაუშალა.
გაოცებული ბავშვები წიგნს ეტანებოდნენ, მაგრამ ცაგო ხელს არავის
აკიდებინებდა, ნელა ფურცლავდა და თავის აღფრთოვანებას ბავშვებს
უზიარებდა.
იმ დღიდან ტოლებმა ხომ სხვა თვალით დაუწყეს ყურება ვაჩეს, მაგრამ
მთავარი ის იყო, რომ თავად ცაგომაც ზნე იცვალა. კუტი ძმის ოთახში რომ არ
შეეხედა, ვეღარ ძლებდა. ჯერ ძმისა და ტოლის მუშაობას აკვირდებოდა, მერე
თვითონაც მოუნდა შრომა, დედას აბრეშუმის ქსოვილი გამოართვა და
ხელსაქმეს შეუდგა.
ქარგვა რომ მოსწყინდებოდა, ცაგო ჩონგურს დაავლებდა ხელს, სიმებს
ჩამოკრავდა და ტკბილად დასძახებდა:
ახალდაბაო, დაბაო,
შორს ურჯულოებს ვკაფავო...
მაშინ ვაჩეც თავაუღებლად აჰყვებოდა:
მანდ ერთი გოგო დავტოვე,
ტანს ეცვა მწვანე კაბაო...
უცნაურად გამოცოცხლებული ცაგოს ხეიბარი ძმაც დვრინს დააბუბუნებდა:
თუ მომკლავს, მტერი ვერ მომკლავს,
ის მომკლავს, შავთვალწარბაო.
მღეროდნენ და მუშაობას ეშხი და ხალისი ემატებოდა.
მაგრამ ცაგო დიდხანს ვერც სიმღერას უდებდა გულს, საკერავსაც მალე
სტოვებდა და კვლავ ეზოსკენ, მზისა და მინდვრისკენ გარბოდა.
ერთხელ ნაქარგი გვერდზე გადასდო, მომწყინდა სულ პეპლებისა და
ყვავილების, ჩიტებისა და ქურციკების ქარგვაო, _ ჩაილაპარაკა და წავიდა.
ნათქვამი გულში ჩარჩა ვაჩეს. დედას თეთრი მანდილი გამოართვა და
ჩუმად შეუდგა ხატვას.
ის იყო, მოათავა კიდეც, რომ ჭიშკარს ცხენოსანი კაცი მოადგა. უცხო კაცს
დედამ გახედა. ცხენოსანმა ვაჩე იკითხა და დედამ სტუმარი შინ შეიწვია.
სარკმლიდან უყურებდა ვაჩე და თვალს არ უჯერებდა: ცხენიდან დემეტრე
იყალთოელი ჩამოხდა, დედას მიესალმა, ცხენი აღვირით ჭიშკრის ბოძთან
გამოაბა და სახლისკენ წამოვიდა.
ცას სწვდებოდა სიხარულით ვაჩე. დემეტრე ოსტატი გუდარეხის სასახლის
მოსახატავად მიდიოდა და ვაჩეს დედას სთხოვდა, შვილი შეგირდად
გაეყოლებინა.
დედა ხედავდა, როგორ გაიხარა შვილმა ოსტატის ნახვით, იმასაც კარგად
გრძნობდა, რომ ვაჩეს გული შინ არ უდგებოდა, ამ უცხო კაცისკენ, ხატვისა და
შემოქმედებისაკენ მიუწევდა. დედას ბევრი აღარ უყოყმანია, გუდარეხი არც
ისე შორს იყო, მხატვარს თანხმობის პირი მისცა და საგზლის სამზადისს
შეუდგა.
დილით, ვიდრე სტუმარი ადგებოდა, ვაჩემ ცაგოსას გადაირბინა. პავლია
კუტის ოთახის სარკმელი ღია იყო. კუტი მაგიდას უჯდა და წერდა. ცაგოს
მეორე ოთახში ეძინა. ხმადაბლა, სხაპასხუპით უამბო ვაჩემ უფროს მეგობარსა
და მასწავლებელს თავისი გამგზავრების ამბავი, გადაეხვია, გადაჰკოცნა და
წასვლისას ხელმანდილი გადასცა, _ ცაგოს მიეციო.
ვაჩე სირბილით გაშორდა იქაურობას. პავლია კუტმა ერთხანს თვალი
გააყოლა, მერე დაკეცილი მანდილი გახსნა და ზედ ამოსაქარგავად მკრთალად
გამოყვანილ ნახატს დააცქერდა: ცაგოს სახე დაეხატა, გაღიმებული, ბედნიერი
გოგონას სახე; თავს მინდვრის ყვავილების გვირგვინი დაედგა, მინდვრის
ყვავილები ეყარა მხრებსა და მთელს ტანზე ცაგოს და ხელები რატომღაც
მარცხნივ ჰქონდა აპყრობილი.
მიხვდა პავლია კუტი და გაეღიმა: ვაჩეს ბეთანიის კედლის ის მხატვრობა
გადმოეტანა მანდილზე, რომელზედაც ასე გატაცებით უამბობდა ხოლმე მას,
მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დიდი თამარის ნაცვლად, პატარა ცაგოს სახე
დაეხატა და ძვირფასი სამკაულების მაგივრად, მინდვრის ყვავილებით შეემკო
იგი.
თბილისის გზა ვიწროებში შედის, მგზავრები ბუზის ტოლაღა ჩანან.
მიდიან და თან ვაჩეს ფიქრი მიყვებათ, იმ გზასავით გაგრძელებული და
ჩახლართული ფიქრი...
ორი წლის თავზე დაბრუნდა გუდარეხიდან ვაჩე. იყალთოელს სასახლის
მოხატვა დაესრულებინა და ახლა ხლათის მელიქის აშრაფის მოწვევით, ვანის
ტბისპირა ქვეყანაში უნდა გამგზავრებულიყო ხლათელთა სათაყვანებელი
ქართველი დედოფლის, თამთას ეკლესიის მოსახატავად. ამ ხნის
განმავლობაში ვაჩეს შეჩვეოდა, ნიჭიერი ჭაბუკი მისი უახლოესი თანაშემწე
გამხდარიყო და გულით უნდოდა ხლათშიც თან წაეყვანა. დედამ მაშინვე შორს
დაიჭირა, ერთადერთ, დამმარხველ შვილს ცხრამთას იქით როგორ
დავკარგავო.
იყალთოელმა ერთი კვირის ვადა დაუდო დედა-შვილს. კარგად
მოიფიქრეთო, მე თქვენთვის სიკეთე მინდა და კარზე მომდგარ ბედს ხელს ნუ
კრავთო.
ვაჩეს თავის გულში პასუხი გადაწყვეტილი ჰქონდა. იყალთოელს ხლათში
კი არა, ჯანდაბასა და დოზანაში გაჰყვებოდა, ოღონდ მისი მუშაობისთვის
ეცქირა, მისი რჩევა და შეგონება ესმინა და მისივე დახმარებით თვითონაც
ამაღლებულიყო, როგორც მხატვარი და შემოქმედი.
იყალთოელის გასტუმრებისთანავე ვაჩე ცაგოსას გადავიდა.
ეზოში არავინ იყო და პირდაპირ პავლიას ოთახს მიაშურა. კუტი საწერს
უჯდა და მისი შესვლა არც გაუგია, ვაჩემ ფეხი წინ წადგა და მისი ჩრდილი
ეტრატს დაეცა. მხოლოდ მაშინ ასწია თავი საპყარმა. გაოცებული უყურებდა
ხეიბარი გაღიმებულ ვაჩეს. მერე, რომ იცნო, სკამზე ბურთივით შეხტა
იმსიმძიმე კაცი და აღტაცებით აღმოხდა:
_ ვაჩე! ჩემო ვაჩე, რამოდენა გაზრდილხარ, როგორ დავაჟკაცებულხარ.
ულვაშებიც დაგიმშვენებია, _ ბუბუნებდა კუტი და გულში იკრავდა მის
სკამთან ჩაჩოქილ ვაჩეს.
ხვევნას რომ მორჩნენ, ვაჩემ თავი აიღო. კედელზე მისეული ხელმანდილი
იცნო. მისივე ნახატით ამოქარგული. ნახატის გულუბრყვილობაზე გაეღიმა.
ხოლო მარცხნივ წმიდანივით გაშვერილი ცაგოს ხელების დანახვაზე
გაწითლდა, შერცხვა უკვე დაოსტატების გზაზე შემდგარ მხატვარს.
ხმაურზე ცაგო გამოვიდა. კარის ზღურბლზე გაჩერდა და გაოცებით
მიაჩერდა იქ მყოფთ. ვაჩე წამოდგა, ცაგოს მიგებება გაიფიქრა, მაგრამ ფეხი წინ
ვერ დასძრა: კართან ცაგო იყო, მაგრამ ის ძველი ცაგო კი არა, _ ტანაყრილი,
მკერდგაღვიძებული. ქალიშვილიც, ალბათ ასევე ფიქრობდა შეღერებულ
ჭაბუკზე, რომელიც ვაჩეს ჰგავდა, მაგრამ წინანდელი ვაჩე აღარ იყო.
რატომღაც ორივე გაწითლდა, ორივეს შერცხვა, მაგრამ რისა და რატომ _
არც ერთს არ ესმოდა.
_ ცაგო! ვაჩე დაბრუნდა... ნუთუ ვერ იცანი! _ შესძახა ხეიბარმა. ცაგო
თავისკენ მისწია და თითქმის ძალით ჩამოართმევინა ქალ-ვაჟს ხელი.
იმ ღამეს ვაჩეს არ ეძინა. თვალწინ სულ ცაგო ედგა, დამშვენებული და
თითქმის ქალობაში შესული, მაგრამ ჯერ კიდევ ბავშვი და წმინდა.
მეორე დღეს დილიდან ისევ ცაგოსას დაიკარგა და ვაჩეს დედა მიხვდა, რომ
მისი შვილი შორს აღარსად წავიდოდა.
ცაგომ პირველი დღეებიდანვე აღადგინა ვაჩესთან ადრინდელი
დამოკიდებულება _ თავის ტოლ-სწორთან ძველებურად უშუალოდ ეჭირა
თავი და ბუნებრივი, ბავშვური მიამიტობით ისევ ისე თავისუფლად და
ძალდაუტანებლად იქცეოდა მასთან, როგორც წინათ, ვაჩეს გუდარეხში
წასვლამდე. თითქო იმ ორ წელს არც ჰასაკი მოეტანოს მათთვის, არც ბაგეებზე
პირველი ულვაში აეშალოს, არც მკერდი შეემაღლებინოს ოდნავ და არც ახალ,
მანამდის უცნობ ზმანებებში ეტარებინოს სიმწიფის ზღურბლზე მისული ქალ-
ვაჟი.
ერთი ცვლილება შენიშნა ვაჩემ: ცაგო ძველებურად ანცი და
დაუდგრომელი, კისკისა და უნაღვლო აღარ იყო. რაღაც სევდა შეჰპარვოდა,
ნაადრევი, აუხსნელი და გაუგებარი სევდა, რომელიც მის ლამაზ თვალებს
ახალ, უჩვეულო შუქს აძლევდა და კიდევ უფრო სანდომიანს ხდიდა.
განუყრელად თან დაჰქონდა პატარა წიგნი ცაგოს. დროდადრო ფიქრში
წასული ამ წიგნს შლიდა და ლექსებს ბუტბუტებდა. ცოტა რომ შეეჩვია ვაჩეს,
ცაგომ წამღერებით ერთი ლექსი წაუკითხა. ვაჩე გაშტერდა. უცებ მოეჩვენა,
რომ ეს ლექსი მისი იყო, მისი გამოუთქმელი სათქმელი, რომელიც სხვას
მისანივით ამოეკითხა მის გულში და უმისოდ გამოეთქვა.
ვაჟის ყურადღებით წახალისებულმა ცაგომ კიდევ ერთი ლექსი წაიმღერა
და რომ დაამთავრა, შეკავებული ოხვრა ჩაესმა. ვაჩეს მოხედა: ჭაბუკი
ერთიანად წამოწითლებულიყო.
_ საიდან იცოდა?! _ წაიდუდუნა ვაჟმა და გაკვირვებით მოშტერებულ ცაგოს
თვალი აარიდა.
_ რაო, რა საიდან იცოდაო? _ იკითხა ცაგომ.
_ ჩემი გულისთქმა, ჩემი სათქმელი საიდან იცოდა მაგის გამომთქმელმა, _
ოდნავგასაგონად თქვა ვაჟმა და ისევ თავი ჩაჰკიდა.
გოგონას კისკისი აუვარდა. უყურებდა გაოცებულსა და გაოგნებულ ვაჩეს
და იცინოდა, იცინოდა, სიცილით კვდებოდა.
ვაჟმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, შეურაცხყოფად და დაცინვად მიეღო
ქალიშვილის სიცილი და გაბრაზებულიყო, თუ თავათაც შუბლი გაეხსნა,
ცაგოს აჰყოლოდა და მასავით უმიზეზოდ ეცინა, ეხარხარნა.
ვაჟმა მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა, წიგნი ხელიდან გამოსტაცა და ხარბად
დააჩერდა.
ქალმა არ იწყინა. ახლო მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა.
_ იცი, ვისი ნათქვამია? _ ხმადაბლა ჰკითხა.
_ აბა, საიდან მეცოდინება! _ მხრების აჩეჩვით უპასუხა ვაჟმა და წიგნი
გადაფურცლა.
_ თორელის ლექსებია, მეფის კარის მგოსნის, თურმან თორელის, _
წარმოთქვა ქალმა, გადაშლილ ფურცლებზე ლექსის სათაურს დახედა და ისევ
ზეპირად, წამღერებით დაიწყო ლექსის კითხვა.
ვაჟმა წიგნი დახურა და მოჯადოებული მიაჩერდა.
_ რა კარგად უთქვამს! _ აღმოხდა ჭაბუკს, როგორც კი ქალმა დაასრულა.
_ თორელის ლექსები გამიგონია, _ დასძინა ვაჟმა, მერე ისევ ცაგოს ახედა და
ჰკითხა:
_ თამთას ლექსია?
_ არა! _ თავის გაქნევით უპასუხა ცაგომ.
_ მაშ, რუსუდანისა იქნება! _ დაჯერებულად თქვა ვაჟმა.
ქალმა ისევ თავი გააქნია და წამოწითლდა. ეტყობოდა, ეწყინა ვაჟის
მიუხვედრელობა, რადგან თავის გულში, რატომღაც, ამ ლექსებს მისდამი
მიძღვნილად, მისი სიყვარულით დაწერილად თვლიდა, თუმცა მათ დამწერს
იგი თვალითაც არსად ენახა და, ალბათ, მისი არსებობაც არ იცოდა.
_ სულ ზეპირად იცი? _ ჰკითხა ვაჟმა.
_ სულ, თავიდან ბოლომდე, _ დაუდასტურა ქალმა.
_ ნეტავ, მეც ვიცოდე! _ ინატრა ვაჟმა და გაუბედავად დაუმატა, _ მომეცი ეს
წიგნი.
ქალმა წარბი შეიკრა.
_ არა, სულ კი არა, _ დაამშვიდა ვაჟმა, _ ცოტა ხნით მომეცი, გადავწერ და
დავასურათებ.
_ დაასურათებ?
_ ჰო, რასაც ამ ლექსებში დავინახავ, ყველაფერს იქვე დავხატავ, თვითეულ
ლექსთან.
_ მართალს ამბობ? გულით დახატავ?
_ გულით... სულით და გულით დავხატავ... _ უთხრა ვაჟმა და წიგნი
სათუთად დაკეცა.
წაიღო ვაჟმა წიგნი და ცოტა ხანში მანაც ზეპირად ისწავლა.
თავიდანვე რომ თავის ნათქვამად მოეჩვენა თორელის ლექსები, შემდეგ,
რაც უფრო ჩაუფიქრდა თავის გულსა და ამ ლექსებით თქმულს, მით უფრო
განუმტკიცდა რწმენა, რომ მგოსანს მისი სათქმელი გამოეთქვა.
თავად მისთვის ლექსად გამოთქმის ნიჭი არ მოემადლებინა ღმერთს.
რამდენი კარგი ლექსი წაუკითხავს და მოუსმენია, მაგრამ მანამდე მგოსნების
არ შეხარბებია, არც ლექსად თქმის ნიჭი უნატრია. ახლა კი, თორელის ამ
ლექსების კითხვისას, გრძნობდა, რომ მგოსანი მის გულისთქმას ამბობდა და
შურდა, რომ მისი სათქმელი სხვას გამოეთქვა.
დემეტრე იყალთოელი ლექსების დიდად მოყვარული იყო. ბევრი წიგნი
უჩვენებია ოსტატს მოწაფისათვის, არაბული თუ ირანული, ბერძნული თუ
სომხური, ზოგი უჩუქნია კიდეც მისთვის. ბევრი მათგანი ლამაზ ყდაში იყო
ჩასმული და შიგნით უცხოდ მოხატული: სარკეში მზირალი ფართოხალიანი
ხათუნებით, დაკოდილი შვლის ნუკრებით, მოზიდული მშვილდ-ისრებით,
დაჭრილი გულებითა და გონწასული მიჯნურებით.
ვაჩემ ზოგი სხვისი გაიხსენა, ზოგიც თავისი მოიგონა და შეუდგა წიგნის
ხატვას.
პატარ-პატარა სატრფიალო ლექსებს ეტრატის თითო გვერდს უთმობდა.
სათაურები და დასაწყისი ასოები ფრინველებისა და ცხოველების
მიმსგავსებით გამოჰყავდა და ეტრატის თავსა და ბოლოში ლექსის გმირებს
აცოცხლებდა. მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ ყველა ლექსის მისამართი და
მთავარი გმირი ერთადერთი სახით, ცაგოს სახით ეცხადებოდა და არც კი
დაფიქრებულა, თუ რატომ _ წიგნის ყველა გვერდზე მარტო ის ჩნდებოდა
საზთან თუ ნიამორთან, იასთან თუ ვარდთან, ხეზე გასულ ვაზის მტევანთან
თუ წყლის დასალევად წყაროზე ჩაჩოქებულ შვლის ნუკრთან. თვითონაც არ
იცოდა, როგორ გაჩნდა მისი ყალმის ქვეშ ეს სახე, გონების რომელი
კუნჭულიდან ამოტივტივდა მის დაუკითხავად და როგორ გაცოცხლდა ხაზსა
და ფერში.
ვაჩე მეტს არაფერს აკეთებდა, თორელის წიგნს უჯდა და გარეთ აღარ
გამოდიოდა. ცაგოს საყვარელი წიგნის მოხატვას თავის არსებას, ფიქრსა და
შთაგონებას, სულსა და გულს ატანდა.
ცაგო მოუთმენლად ელოდა, ვაჩეს ნამუშევრის ნახვისათვის სული
მისდიოდა, მაგრამ თავს იკავებდა, მხატვარს არ აკითხავდა, რომ ხელი არ
შეეშალა.
ბოლოს ვაჩემ თვითონ მიიწვია. მთავარი უკვე დაესრულებინა და
დასახატავი ცოტაღა დარჩენოდა.
წიგნის გადაშლა და ცაგოს წამოწითლება ერთი იყო. თავის თავს თუ ეგრე
წარმტაცად და ნაირფერად დახატულს ნახავდა, არ ელოდა. ბაგის ბოლოსთან
ღიმი აუთამაშდა და თვალში უცხო ნაპერწკალმა გაუელვა. უყურებდა ვაჩე
სახეალეწილსა და სუნთქვააჩქარებულ ცაგოს და ვერ გაეგო, ეს სიწითლე და
შეკავებული ღიმილი სიამაყისა იყო თუ მოკრძალების.
ცაგომ თავის თავზე არაფერი თქვა, მაგრამ მხატვრობით აღტაცება არ
დაჰფარა:
_ მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს, ვაჩე! _ თავაუღებლად, წიგნის
ფურცვლით თქვა ცაგომ და ვაჩე სიხარულით ცას ეწია.
ამაზე მეტი ჯილდო, ალბათ, არც ერთ მხატვარს არ უნატრია, _ იმ უმაღლეს
მსაჯულს, რომლის შთაგონებითაც ესოდენ დაშვრა ჭაბუკი, მისი ნამუშევარი
მოსწონდა.
_ ასეთი წიგნი მეფეებსაც არ ექნებათ!
თავმომწონედ თქვა სახეგაბრწყინებულმა ცაგომ და თავის ფიქრში წასულმა
დაუმატა:
_ ალბათ, არც თორელს ექნება ასეთი წიგნი!
ვაჟი არაფერს ამბობდა, თავს არ იღებდა და უხერხულად იღიმებოდა.
_ მალე დაასრულებ, ვაჩე?
_ მალე, რაღა დამრჩა! სულ სამიოდე დღის სამუშაოა...
_ კარგი იქნება, ჩემს წასვლამდე მოასწრებდე.
ვაჟი შეკრთა, გაოცებულმა ახედა.
_ თბილისში მივდივარ, ჩემი ძმა მამუკა მეფის კურთხევაზე გვიწვევს.
მოულოდნელი ამბის გაგონებამ თითქო მეხი დასცა ვაჩეს. შეტორტმანდა
და სკამის ზურგს წაატანა ხელი.
_ იქნებ, მეფის კარზეც მოვხვდე... ეგებ, იქ თორელიც ვნახო... _
თავისთავთან მარტოდ დარჩენილივით ლაპარაკობდა ოცნებაში წასული ცაგო.
_ თბილისში დიდხანს დარჩები?
შეშინებულივით ძლივს ამოიდგა ენა ვაჩემ.
_ ვინ იცის, ეგ ბედზეა, ვაჩე! იქნებ, სულაც იქ დავრჩე! _ აღტაცებით თქვა
ქალიშვილმა.
ვაჟს ფერი ეცვალა, შუბლი შეკრა და სახე დაეღრუბლა.
_ სწორედ სამ დღეში მივდივარ, ვაჩე, ეგებ, მოასწრო დამთავრება, _
შეეხვეწა ცაგო და მკლავში ხელი ჩასჭიდა.
_ ვეცდები... უთუოდ მოვასწრებ! _ უხალისოდ, მძიმედ უთხრა ვაჟმა და
წიგნი იქით მისწია.
_ შენ იცი, ვაჩე, თუ თან გამატან, იქნებ, ეს წიგნი თორელსაც ჩაუვარდეს
ხელთ. _ ოცნებაში წასულმა ქალმა გულზე მიიდო ხელი, თითქო აჩქარებული
სუნთქვის შეჩერება სურდა. მერე უცებ გამოერკვა და ცივად მოსჭრა:
_ წავალ, აღარ გაგაცდენ... თავათაც ბევრი საქმე მაქვს, წასასვლელად უნდა
მოვემზადო...
ქალი სირბილით გავიდა. ვაჟი მხრებჩამოყრილი დაეშვა სკამზე.
იმ სამმა დღემ სწრაფად გაირბინა. ცაგო წასვლის სამზადისში იყო და
ვაჩესთან შესასვლელად აღარ ეცალა.
ვაჩე წიგნს უჯდა და ხატავდა, თუმცა ძველი გულით ვეღარ მუშაობდა.
სულაც თავს მიანებებდა, მაგრამ ცაგოსათვის მიცემული სიტყვა სამუშაოზე
აბამდა. ცაგოს წასვლის ამბავმა მთლად ააფორიაქა ჭაბუკი. ისე ეჩვენებოდა,
თითქო ცაგოს წასვლით მარტო მისი ცხოვრების ჩვეულებრივი მდინარება და
ახალდაბის პატარა აგარაკის მყუდროება კი არ ირღვეოდა, არამედ მთელი
სამყაროს წესი და რიგი იშლებოდა, თავდაყირა დგებოდა და ცხოვრება
მოულოდნელობით და გაურკვევლობით ივსებოდა.
ასე რატომ მიუხაროდა თბილისისაკენ ცაგოს, ასე გატაცებით რატომ
ოცნებობდა იქ დარჩენასა და ცხოვრებაზე?
ამ კითხვას თავი ადვილად გაართვა: თბილისში ცხოვრება და, მით უფრო,
სამეფო კარზე მოხვედრა ყველასათვის სანატრელი იყო და უმშვენიერეს ცაგოს
რატომ არ უნდა ეოცნება ფუფუნებითა და სანიმუშო რაინდობით საქვეყნოდ
განთქმულ ბაგრატოვანთა კარზე.
საწყენი და გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ცაგო უკან არ იხედებოდა,
დატოვება არაფრისა ენანებოდა და განშორება არავისი ეძნელებოდა.
მაგრამ იქნებ არც არავინ იყო ასეთი, იქნებ...
იქნებ, ვერც ხედავდა ცაგო, თუ რა ძვირფასი იყო ვაჩესათვის მისი
სიახლოვე! განა ცაგოსთან განშორების შიშით არ უთხრა უარი ვაჩემ თავის
უსაყვარლეს მასწავლებელს ხლათში წასვლაზე? განა მცირე იყო მსხვერპლი იმ
ახალგაზრდა მხატვრისათვის, რომელიც სიცოცხლის აზრსა და თავის
მომავალს დემეტრე იყალთოელის გვერდით ხატვასა და ცხოვრებაში ხედავდა!
რატომ ვერ გრძნობდა ცაგო, რაოდენ ერთგული, რაოდენ მაღმერთებელი
ჰყავდა ასე ახლო, სულ ახლო, კარის მეზობლად, როგორ თაფლის
სანთელივით წმინდად იწვოდა მის ხატთან ამქვენიური ბიწისაგან ჯერ კიდევ
შორს მდგარი უწვერული ჭაბუკი.
იქნებ, იმიტომ არ ესმოდა ცაგოს ვაჩეს გაუმხელელი გულისთქმა, რომ ისიც
ბავშვი იყო, მასავით გამოუცდელი და მიუხვედრელი?
მაგრამ რატომ ამბობდა ასე გრძნობითა და გატაცებით თორელის ლექსებს...
და განა მარტო ლექსებს... თავათ მგოსნის სახელს... ასეთი სასოებით მხოლოდ
ღმერთის სახელს წარმოსთქვამენ ხოლმე.
რატომ ნატრობს ცაგო თორელის ნახვას, მასთან შეხვედრას ასეთი
დაჟინებით, ასეთი თავდავიწყებით?
ნუთუ?
მაგრამ საიდან, ცაგოს თვალითაც არ უნახავს თორელი.
დასრულდა წიგნის ხატვა. ძველებურად აღარ ახარებდა, თითქო სძულდა
კიდეც ვაჩეს ეს საოცარი წიგნი, რომელსაც ასეთი შთაგონებით ხატავდა და
რომელმაც ასე აუხსნელად დაუკარგა სიმშვიდე.
აბრეშუმის ქსოვილში შეახვია სათუთად წიგნი მხატვარმა და უცებ
საშინელმა ფიქრმა გაჰკრა: ვაითუ, მზითვად ვატან ცაგოს ამ წიგნს
თბილისშიო.
გული და გონება მოეწამლა, წიგნს უწმინდურებასავით უშვა ხელი და უცებ
მოშორდა.
მაინც გულმა არ უქნა. წეღან ქალაქისაკენ მიმავალი ცაგო რომ დაინახა,
წიგნი მაინც გამოუტანა და გადასცა. მერე ის უცნაური კოცნა და უცნაური
განშორება...
სიშორეში ჩაკარგულან, წაშლილან და გათქვეფილან თვალის დასალიერში
მიმავალი მგზავრები. ლანდადაც, წერტილის ოდენაც აღარ ჩანან.
ვაჩე წამოდგა, სოფლისკენ მობრუნდა და თვითონაც არ უფიქრია, ისე
დაუყვა შარას.
ეკლესიის ეზოში ბიჭები ჭიდაობდნენ, ერთი აურზაური ჰქონდათ, ვაჩე
დაინახეს და დაუძახეს. ჭაბუკს არც გაუგონია, გზა განაგრძო. გზაზე ვიღაცეები
ხვდებოდნენ, ალბათ, მეზობლები და ნაცნობები იყვნენ, სალამს ეუბნებოდნენ
და უღიმოდნენ, მაგრამ მათგან ვერავის ცნობდა და არც არავისი ესმოდა.
სოფელი სავსე იყო, დიდი და პატარა ყანასა და ბაღში, ეზოსა და გზაზე
გამოსულიყო, მაგრამ ვაჩეს ყველაფერი დაცარიელებული, უკაცური
ეჩვენებოდა _ ეზოებიც და სახლებიც, ბაღებიცა და მინდვრებიც.
რაღა გაძლებს, რაღა აცხოვრებს ამ აკლდამასავით გაცივებულსა და
გამოცარიელებულ სოფელში ვაჩეს?!
შინ მობრუნდა. წყალთან ბავშვები აღარ იდგნენ, დედაც აღარსად ჩანდა.
სახლი მიიარ-მოიარა. მკვდრული სიჩუმე იყო ყველგან და იქაურობაც
გამოცარიელებული ეჩვენა.
კედელზე იყალთოელისეული აბგა ეკიდა, მაგიდაზე ყალმები და ფუნჯები
ეყარა.
თითქო მათმა დანახვამ გამოარკვიაო, უცებ გამოცოცხლდა, აბგა ჩამოხსნა,
საღებავები, ფუნჯები და ყალმები შიგ უწესრიგოდ ჩაჰყარა, განჯინიდან შოთი
პური გამოიღო, იმასაც აბგაში უკრა თავი, ზურგზე მოიგდო და სახლიდან
გავიდა.
თავი მეორე
ქალაქი საზეიმოდ იყო მოკაზმული. აივანზე ფერადი ხალები
გადმოეფინათ, ქულბაქები დაეკეტნათ და ბანზე ხალხი გამოსულიყო.
პურისა და ღვინის სავაჭროები, ფუნდუკები ღია იყო.
გამვლელ-გამომვლელი პურსა და ღვინოს ყველგან უფასოდ მიირთმევდა.
ზურნა-დოლის ხმასა და მემთვრალეთა ყაყანს ყურთასმენა მიჰქონდა.
პირველსავე ფუნდუკთან გავლისას ხელი სტაცეს ვაჩეს. შეზარხოშებული
ქალაქის ხელოსნები იყვნენ. ვაჩე დიდ რუმბთან მიაგდეს.
_ ქალაქში ისე შესვლა არ შეიძლება, მეფე თუ არ გვიდღეგრძელე!
_ რუსუდან დედოფლის ტახტზე ასვლა დალოცე!
მიაძახეს აქეთ-იქიდან და რამდენიმე დაკოჟრილმა ხელმა ერთად
გამოუწოდა ვეება სასმისები.
ვაჩემ ერთი დასცალა, დედოფლის კურთხევა დალოცა და მეორე სასმისზე
რომ უარი თქვა, არაფერი გაუვიდა.
_ ახლა ღვთისგვირგვინოსანი, ნეტარცხონებული თამარი გვიდღეგრძელე,
რუსუდან მეფეს მის კვალზე სიარული უსურვე.
მიეძალნენ ვაჩეს და დიდი თამარის სადღეგრძელოც დაალევინეს.
წასვლა დააპირა, მაგრამ ღმერთი სამებით არისო, _ შესძახეს აქეთ-იქიდან, _
ჩვენც ხალხნი ვართ, მეფე და მთავარი ჩვენით არის, ჩვენი მარჯვენაც დალოცე,
საქართველო და მისი ხალხი ადღეგრძელეო.
ესეც დალია ვაჩემ და ფუნდუკიდან უკვე ლოყებშევარდისფერებული
გამოვიდა.
გულიდან დარდი გადაეყარა, თვალში შუქი მოემატა და მუხლში ძალა.
აბგამოკიდებული მოდიოდა ღიღინით შუა ქუჩაზე, ცა ქუდად არ მიაჩნდა და
დედამიწა ქალამნად.
ქალაქის მოედანზე უამრავი ხალხი ირეოდა. ზედ მოედნის შუაგულში ორი
ხე აღემართათ: ერთი მთლიანად ოქროსი და მეორე _ ვერცხლისა. ამ ხეებზე
ოქროსა და ვერცხლის ჩიტები ისხდნენ და ტოტებიდან წითელი და თეთრი
ღვინის შადრევანი სდიოდა.
ხალხი გაოცებული უყურებდა ქვეყნის სიმდიდრესა და ხელოვნების ამ
სასწაულს. გარს უვლიდნენ, აკვირდებოდნენ, ტოტებიდან გადმოფრქვეულ
ღვინოს აჭაშნიკებდნენ და ქართველი ოქრომჭედლების ოსტატობის გამო
აღტაცებას გამოსთქვამდნენ.
რამდენი ოქროა დახარჯული ამ შადრევანზე, მერე სულ ბაჯაღლო, წმინდა
ოქრო!
_ ვინ იცის, რამდენ ხანს სჭედდნენ ოქროსა და ვერცხლს, რომ ასეთი
საზღაპრო შადრევნები გაეკეთებინათ!
ესმოდა გაოცებული მნახველების ლაპარაკი ვაჩეს და თავათაც
განცვიფრებული უვლიდა იმ სამოთხის ხეებს.
_ ამბობენ, მამუკა ოქრომჭედლის გაკეთებულია საკუთარი ხელითო.
_ ჰო, ხელობა მამუკასია, გეგმა და აზრი კარის ხუროთმოძღვარს გოჩი
მუხასძეს ეკუთვნის, _ უხსნიდა ვაჩეს გვერდით მდგარი ერთი მოქალაქე
მეორეს.
გოჩი მუხასძის სახელი პირველად არ ესმოდა ვაჩეს, მისი მასწავლებელი
დემეტრე ხშირად ახსენებდა ქებით მეფის კარის ხუროთმოძღვარს. ვაჩეს
ყურადღება უფრო მამუკა ოქრომჭედლის ხსენებამ მიიპყრო. მამუკა ცაგოს ძმა
იყო, ვაჩეს ახლო მეზობელი და კარგი ნაცნობი. მამუკას ოქრომჭედლობაზე
ბევრი რამ სმენოდა ვაჩეს, მაგრამ თუ ესოდენ დიდი ხელოვანი და მეფის კარზე
მიღებული ოსტატი იყო, ეს კი არ იცოდა.
უეცრად სადღაც ძელსა სცეს და ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან რეკვა
ატყდა.
ვაჩემ ერთი კი მიუგდო ყური ამ დიდ ხმაურს, მაგრამ არაფრად ჩააგდო და
ისევ არხეინი ღიღინით გააგრძელა გზა შუა ქუჩაზე.
უცებ ცხენის ფეხის ხმა გაისმა და ვიდრე ცხენოსნები გამოჩნდებოდნენ,
ბუკის ხმა და ძახილი გაიგონა:
_ გზა! გზა!..
ცხენოსანთა რაზმმა ქუჩაში გამოსულნი აქეთ-იქით მიჰყარ-მოჰყარა. ვაჩეს
ხალხის ტალღა მოაწვა და თან გაიყოლა.
ხან აქეთ მიაგდეს და ხან იქით. ბოლოს პატარა შუკაში მოხვდა და ხალხიც
შემოეცალა.
მიიხედ-მოიხედა, ხალხი ღია ბანებზე არბოდა. თვითონაც მათ მიჰყვა და იმ
მთავარ ქუჩას, რომელზედაც წეღან მიაბიჯებდა, ზემოდან მოექცა.
დაცარიელებულ ქუჩაზე ცხენოსნებმა გაირბინეს, მათ ბუკისმკვრელები
მოჰყვნენ და შემდეგ სპა წამოვიდა გაშლილი დროშებით,.
თავჩაჩქნიან და თორშუბოსან სპას ცოტა მოშორებით სამღვდელონი
მოჰყვებოდნენ საცეცხლურების ქნევითა და აიაზმის სხურებით.
ოქროთი დარახტულ თეთრ კვიცზე ულამაზესი ქალიშვილი იჯდა, თავს
მეფის გვირგვინი ედგა და ტანსაცმელიც ერთიანად პატიოსანი თვლებით
ჰქონდა შემკული.
ვაჩე მიხვდა, რომ მშვენიერი გვირგვინოსანი რუსუდან მეფე უნდა
ყოფილიყო.
პირველად ხედავდა დიდი თამარის აწ უკვე მეფედ ნაკურთხ ასულს.
გაგონილი ჰქონდა, რომ სიტურფით თამარს ამსგავსებდნენ რუსუდანს. ალბათ,
თამარიც არ იქნებოდა ასე ტურფაო, _ გაიფიქრა ვაჩემ და თვალი ვეღარ
მოსწყვიტა თეთრ კვიცზე ამხედრებულ ტანკენარ რუსუდანს.
სახე ჯერ კიდევ ბავშვური ჰქონდა და ტანი დაუსრულებელი
გვირგვინოსანს. სწორედ ცაგოს ხნისა იქნებაო, გაიფიქრა და ცაგოს გახსენებამ
ისევ ააფორიაქა.
მეფის უკან მიმავალ ბრწყინვალე ამალას, გვირგვინოსნებსა და
დიდებულებს ქუჩის ორივე მხრიდან უამრავი ხალხი უქცერდა, ყველა წინ
დგომასა და სეირის უკეთ ნახვას ცდილობდა, ერთიმეორეს აწვებოდნენ,
ფეხისწვერებზე დგებოდნენ და ყელს იღერებდნენ.
ქუჩის პირას სახედარს მოჰკრა თვალი ვაჩემ. მოწოლილ ხალხს
სახედრიანად მიეჭყლიტა პავლია კუტი დარაბებდაკეტილ სახელოსნოსთან.
ცაგო ხალხის მოწოლისაგან იცავდა თავს და ფეხისწვერებზე ამაღლებული,
თვალს არ აშორებდა დედოფალსა და მის ამალას.
მეფის ამალაში მოხდენილი ცხენოსანი შეჩერდა უცებ. პირი უკან იბრუნა
და ვაჩემ დაინახა, როგორ გაუყარეს წამით თვალი ერთმანეთს ცაგომ და
უცნობმა ცხენოსანმა.
ცაგო გაწითლდა და თავი დახარა. ცხენოსანმა ცხენი დასძრა, მაგრამ თავი
დიდხანს არ მიიბრუნა და თვალი იქ დარჩა, დარაბებდახურულ სახელოსნოს
წინ.
მეფის ამალამ გაიარა, ხალხმაც იხუვლა და უკან მიჰყვა.
ხალხი რომ მოეცალათ, ქუჩის პირად დარჩენილმა პავლია კუტმა შვებით
ამოისუნთქა, სახედარზე გასწორდა და ცაგოს მოხედა: ცაგო ისევ
ფეხისწვერებზე იდგა და, თუმცა მეფის ამალა უკვე კარგა შორს იყო წასული,
უცნობი ცხენოსნის დანახვას ცდილობდა.
პავლია კუტთან ვიღაც მიიჭრა და გადაეხვია. მხარზე კაცის მოხვეული
ხელი რომ იგრძნო, მაშინღა გამოერკვა საპყარი, კისერზე ჩამოეკიდა და ვაჩემ
იცნო ცაგოს უფროსი ძმა მამუკა.
მამუკამ პატარა ბავშვივით აიყვანა პავლია კუტი და ხელში ატატებული
სახელოსნოსაკენ წაიყვანა. დარაბები გახსნა და კარზე დაარახუნა. კარი მაშინვე
გაუღეს და დარაბაც მიხურეს.
ცაგო ისევ ძველ ადგილას იდგა, ისევ წინ იყურებოდა და ამაოდ
ცდილობდა, უკვე შორს წასული უცნობის დანახვას.
სახელოსნოს კარში ისევ მამუკა გამოჩნდა, ცაგოს დაუძახა და ქალი
გამოფხიზლდა.
უხალისოდ,
ნაძალადევად
გაღიმებული
მიბრუნდა,
სახელოსნოში შევიდა და დარაბაც მიიხურა.
ბანი უკვე დაცარიელებულიყო, ხალხი მეფის ამალას გაჰყოლოდა. ვაჩე
წასვლას აპირებდა, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა და იმას ფიქრობდა,
მარჯვნივ დადგომოდა გზას თუ მარცხნივ, ზემოთ თუ ქვემოთ.
ფიქრიდან ცხენის ფეხის ხმამ გამოიყვანა. ცხენს ის უცნობი მოაჭენებდა,
წეღან რომ მეფის ამალას ჩამორჩა და ცაგოს თვალში თვალს უყრიდა.
ხედვად და სმენად იქცა ვაჩე, გულმა გამალებით უწყო ცემა.
უცნობმა ცხენი იქ გააჩერა, სადაც პავლია კუტის სახედარი იდგა, ცხენიდან
გადმოხტა და ახლა უფრო მოხდენილი, ტანადი ეჩვენა იგი ვაჩეს. უცნობმა
ცხენი სახედრის გვერდით გამოაბა, დარაბა გამოაღო და სახელოსნოს კარზე
დააკაკუნა.
კარი გაუღეს და დარაბა ისევ მიიხურა.
მამუკას სახელოსნოში რომ შევიდა, ცაგოს არც პირის დაბანასა და თმის
დავარცხნაზე უფიქრია, არც საჭმელსა და სასმელზე. ძმას დედისა და ნათესავ-
მეზობლების ამბის კითხვა არ აცალა, თორელის წიგნი ამოიღო და წინ
გადაუშალა.
მამუკას თვალი მოსტაცა ულამაზესი ხელით ნაწერმა და გასაოცარმა
მხატვრობამ. გაოცებული დააცქერდა და ნელა ფურცლავდა პატარა წიგნს.
_ რა მშვენიერი მხატვრობაა!
აღმოხდა მამუკას და რომელიღაც ნახატს დაჟინებით ჩააცქერდა?
_ ვისია? _ ისევ თავაუღებლივ იკითხა მამუკამ.
_ ჩემია! ვისი იქნება? _ უპასუხა ცაგომ.
_ სად იშოვე ან ვისი ნახელავია? _ გაკვირვებით შეხედა მამუკამ ცაგოს.
_ სად ვიშოვიდი, ჩვენი ვაჩეს მოხატულია!
_ ვაჩესი? გრძელიაანთ ვაჩესი?
_ ჰო, გრძელიშვილის ობლის, ვაჩესი, იყალთოელის მოწაფისა.
_ თურმე ტყუილად როდი მიქებდა დემეტრე მხატვარი გრძელიშვილის
ობოლს... ასეთი მაინც არ მეგონა!
გაოცებით გააქნია თავი მამუკამ და ისევ წიგნს დააცქერდა.
_ მართლა კარგია, მამუკა? ნამდვილად მოგწონს?
_ მომწონსო? ამ ნამუშევარს ფასს ვერავინ დასდებს.
_ თუ ეგრეა, ოქროთი მომიჭედე და მეფის კარზე როცა წარმადგენ,
რუსუდან დედოფალს მივართმევ.
_ მართლაც რომ კარგი ძღვენი იქნება! მაგრამ დღეს მეფის კურთხევის დღეა,
ყველა უქმობს და მეც ოსტატები დავითხოვე.
_ შენ თვითონ მოჭედე, მამუკა, შენსავით ვინ გააკეთებს! _ შეეხვეწა ცაგო.
_ კარგი, მე თვითონ გავაკეთებ, მაგრამ შემდეგ იყოს, ახლა დავისვენოთ და
საუზმეს შევექცეთ. _ ღიმილით მოხვია ხელი დას მამუკამ, ფარდა ასწია და
ცაგოს სახელოსნოს გვერდით ოთახისკენ წაუძღვა.
პავლია კუტი რბილ ტახტზე წამოწოლილიყო, წყალი მოერთმიათ, ხელ-
პირი დაებანა და ახლა საუზმის მოლოდინში ლოცვას ბუტბუტებდა.
_ ახლავე, პავლია! აბა, ცაგო, შენც მიშველე! _ შესძახა მამუკამ და ის იყო,
ტაბლის გასაწყობად უნდა დატრიალებულიყო, რომ კარზე კაკუნი გაისმა.
_ მათე, კარი გააღე, ვიღაც აკაკუნებს!
გასძახა მსახურ ბიჭს და ცოტა ხნის უკან დაადევნა:
_ მე თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარი, შინ არ არის-თქო.
ბიჭი ისევ ჩქარა მობრუნდა.
_ ვიღაც დიდი დიდებულია. ძალიან საჩქარო საქმე მაქვსო.
_ მერე, მე როგორ დაგარიგე!
_ ვუთხარი, ოსტატი შინ არ არის-მეთქი და არ დამიჯერა. კარი არ
მიმახურვინა, შინ ძალით შემოვიდა.
_ დამიცადოს.
ცივად უთხრა მამუკამ და ბიჭი სახელოსნოში გავიდა.
_ დიდ დიდებულს ახლა აქ რა უნდა? _ გაიკვირვა მამუკამ, ცნობის
სურვილმა დასძლია და ფარდის კუთხე ოდნავ ასწია.
ფარდა მაშინვე დაუშვა, და-ძმისკენ მობრუნდა და ხმადაბლა წარმოსთქვა:
_ თურმან თორელია, მეფის კარის მგოსანი!
დაფაცურდა და სწრაფად გავიდა მამუკა.
სტუმარს მდაბლად მიესალმა და სავარძელი შესთავაზა. თორელს უკვე
შეენიშნა მაგიდაზე გაშლილი წიგნი, ყურადღებით დაჩერებოდა და მოწონების
ნიშნად თავს აქნევდა.
ცაგო ფეხაკრეფით მივიდა ფარდასთან, ოდნავ ასწია და სულგანაბული
მიაჩერდა.
წეღან, სულ რამდენიმე წუთის წინ, მეფის ამალაში მიმავალმა ცხენოსანმა
რომ თვალი თვალში გაუყარა და გული და გონება მისტაცა, თურმე, თორელი
ყოფილა, მისი საოცნებო თორელი! როცა მის ლექსებს იქ, ახალდაბის
მინდვრებსა და ტყეებში ზეპირობდა, მომხიბლავ ვაჟკაცად ჰყავდა თურმან
თორელი წარმოდგენილი, მაგრამ რა იცოდა, თუ ესოდენ საჩინო, მიმზიდველი
და თვალტანადი იქნებოდა!
_ შენთან ერთი სათხოვარი მაქვს, მამუკა! _ მიმართა თორელმა
ოქრომჭედელს და წიგნს თავი ანება.
_ მუდამ მზად ვარ, თქვენისთანა სახელოვან დიდებულს ვემსახურო! _
თავდახრით უთხრა ოქრომჭედელმა.
_ რუსუდან მეფეს ტახტზე ასვლა მინდა მივულოცო.
_ აკი მიულოცეთ, თურმან ბატონო! მთელი საქართველო თქვენს მიერ
თქმულ რუსუდანის ქებას მღერის.
_ ეგ ლექსად, ჩემო მამუკა, მაგრამ სხვა სახსოვარიც მინდოდა მეძღვნა,
ხელოვნების რაიმე ნიმუში, პატიოსანი თვლებით შემკული ოქროს რაიმე
ნივთი.
_ ვწუხვარ, რომ დაიგვიანე. ამ დღისათვის ყველა ადრე დატრიალდა, თუ
რამ დედოფლისა და თქვენისთანა დიდებულის საკადრისი მქონდა, ადრევე
დაიტაცეს. თქვენი ღირსი აღარა მაბადია რა.
_ მე არც ისე ძვირფასს ვეძებ, მამუკა. მოგეხსენება, სიმდიდრესა და
შეძლებაზე თავს არ ვდებ. ერთი კარის მგოსანი ვარ და ჩემი ქონება ლექსია
მხოლოდ. ჩემგან უბრალო ძღვენსაც მიითვლიდა დიდებული რუსუდანი,
მაგალითად, ჩემი ლექსების წიგნს, ოღონდ ოსტატის ხელით გადაწერილსა და
ხელოვანი მხატვრის სურათებით შემკულს... თუნდაც ასეთს...
ფრთხილად შეაპარა თურმანმა და მაგიდაზე გაშლილი, ვაჩეს მიერ
მოხატული წიგნი უჩვენა.
მამუკა გაშრა. თხოვნა რომ დამასწროს, უარი როგორ შევბედოო, _ გაიფიქრა
და სცადა გზა მოეჭრა:
_ ეგ წიგნი ჩემი ახალდაბელი მეზობლის, ახალგაზრდა მხატვრისაა. თავის
ხელით გადაუწერია და თვითონვე მოუხატავს.
_ დიდი ხელოვანი ყოფილა შენი მეზობელი, მამუკა. ჩემი წიგნი კი არა,
რუსთველის «ვეფხისტყაოსანი» არ მინახავს ასე ოსტატურად მოხატული... ამ
ნახატებმა ჩემი ლექსები სულ სხვაგვარად დამანახა და წარმომიდგინა... კარგ
ფულს მივცემდი ამის პატრონს, რომ დამითმობდეს.
ფარდის იქით მდგარ ცაგოს სუნთქვა შეეკრა. უნდოდა გასულიყო, მუხლზე
დავარდნილიყო, წიგნი მიერთმია და ვედრებით ეთქვა: _ ეს წიგნი შენია, შენზე
ნაოცნებარი, შენთვის გამზადებული და შენვე გეკუთვნისო, _ მაგრამ რაღაც
ძალა აჩერებდა, ფარდის გადაწევასა და გამოჩენას ვერ ბედავდა.
თორელი გამომცდელად უყურებდა მამუკას და ოსტატი დაიბნა.
_ სამწუხაროდ, ეგ წიგნი პატრონს აღარ ეკუთვნის, ჩემს დას უძღვნა.
ნაჩუქარის გაცემა კი მოგეხსენებათ, წესი არ არის, _ თავდახრით უთხრა
ოსტატმა.
_ სამწუხაროა, მაგრამ რა გაეწყობა! _ დანანებით თქვა თურმანმა, წიგნი
დასდო და მამუკას, ვითომ სხვათა შორის ჰკითხა:
_ დაცა გყავს, მამუკა?
_ დიახ, ერთადერთი დაი მყავს. სწორედ დღეს მეწვია მეფის კურთხევით
სანახავად.
_ ის ხომ არ არის შენი დაი, წეღან რომ აქ იდგა, შენი სახელოსნოს წინ,
სახედარზე მჯდომი კაცის გვერდით, თეთრკაბიანი გოგონა.
_ სწორედ ის არი. იმ სახედრით ჩემი საპყარი ძმა ჩამოიყვანა... ჩემი ძმა
სწავლულია, მწიგნობარი და მეცნიერი. გელათის აკადემიის წინამძღვარმა
ისურვა მისი გაცნობა და, ალბათ, ამ დღეებში ინებებს აქ მობრძანებას.
_ გამახარე, მამუკა, ძმა ჩემი ხელობისა გყოლია, მეც სიამოვნებით
გავეცნობოდი და ვესაუბრებოდი... რამდენ ხანს დარჩებიან შენი სტუმრები?
_ არ ვიცი... ერთხანს აქ იქნებიან.
_ მაშ, შევხვდებით! ახლა კი წავალ, სასახლეში მიგვიანდება, _ უთხრა
თორელმა, ერთი თვალი გააპარა ფარდისაკენ და შენიშნა: ფარდის კუთხე
ოდნავ შეირხა და უკან ლანდმა გაირბინა.
გარედან ცხენის ჭიხვინი მოისმა. თორელმა ხელი გაუწოდა მამუკას.
ოსტატი დაემშვიდობა და კარამდე მიაცილა.
უცხო სახლის ბანიდან თვალი არ მოუშორებია ვაჩეს იმ კარისათვის, სადაც
ჯერ ცაგო და მისი კუტი ძმა, ხოლო შემდეგ უცნობი დიდებული
გაუჩინარდნენ.
ვაჩე გრძნობდა, რაღაც არაჩვეულებრივი, მისთვის დიდად მნიშვნელოვანი
ხდებოდა მიხურულ დარაბებს იქით, მამუკას სახელოსნოს კარს თვალს არ
აცილებდა და ადგილიდან არ იძროდა.
ცოტა ხანი საუკუნედ ეჩვენა, აწრიალდა. ვერც ვერსად მიდიოდა და აღარც
იქ დარჩენა შეეძლო. ბედად, გვერდით გამობმულმა ცხენმა სახედრის
მეზობლობა იუკადრისა, გაელურსა და საკბენად მიიწია. სახედარმა ყელში
ცემა მოასწრო ჯიშიან ქურანს და ცხენი განწირულად აჭიხვინდა.
ვაჩეს მამუკას კართან მისვლის საბაბი მიეცა, დააპირა კიდეც ცხენისა და
სახედრის გასაშველებლად გადასვლა, რომ სახელოსნოდან უცნობი
დიდებული გამოვიდა ოქრომჭედლის თანხლებით. მამუკა სახედართან
მიიჭრა, ცხენს მოაშორა და იქით გააგდო. მერე დიდებულს ცხენი მიჰგვარა,
აღვირი გადაუგდო და უზანგი დაუჭირა.
დიდებული უარზე დადგა, მაგრამ მამუკა არ დაეხსნა, ვიდრე სტუმარი
ცხენზე არ შეჯდა. უცნობი დიდის ამბით გამოემშვიდობა და ცხენს აღვირი
მიუშვა.
მიტრიალდა თუ არა ცხენოსანი, ცაგო გარეთ გამოვიდა და დიდხანს,
დიდხანს უყურა ჭენებით მიმავალ სტუმარს.
ცხენოსანი უკვე აღარ ჩანდა, ცაგო კი ისევ მის გზას გაჰყურებდა.
პირდაპირ, სახლის ღია ბანზე იდგა ვაჩე. ერთი რომ მოეხედა ცაგოს, მაშინვე
დაინახავდა, მერე როგორ ნატრობდა იმ ერთ მოხედვას ვაჩე!
მამუკა კართან მოდგა და ცაგო იხმო.
ცაგომ ერთი ამოიოხრა და თორელის გზიდან თვალმოუშორებლად შევიდა
მამუკას სახლში.
ვაჩე ერთხანს იდგა _ ცაგოზეც, იმ უცნობ ცხენოსანზეც და თავის თავზეც
გაბრაზებული. მისი იქ ყოფნა არავის ადარდებდა, იმ დარაბებმიხურულ
სახელოსნოსა თუ სახლში ის არავის ახსოვდა.
იგი ისევ ობოლი იყო ამ დიდ ქვეყანაზე, დედა შორს ჰყავდა და ამოდენა
ქალაქში გამკითხავი ან გულშემატკივარი ერთი არავინ ეგულებოდა.
ღარიბი და უნათესავო ვაჩე ამაყი და თავმოყვარე იყო, მოწყალებას
არავისგან ითხოვდა და შინაგანად სჯეროდა, რომ მარტოდმარტოც, სხვათა
დაუხმარებლადაც გაიკვლევდა ცხოვრების გზას.
პირი იბრუნა და ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა ქუჩას.
იმ ღამეს არც მამუკას დაუძინია, არც ცაგოს ეძინა.
მეორე დღეს დედოფალს უნდა ხლებოდა მამუკა და ცაგო უნდა წარედგინა.
დრო არ ითმენდა, ახლის გაკეთებას ვეღარ მოასწრებდა და ისევ გამზადებული
ამჯობინა: რომელიღაც დიდებულის მიერ შეკვეთილი «ვისრამიანის» ყდა
ჰქონდა მოჭედილი. ოქროზე ამოკვეთილი მხატვრობის სასიყვარულო
შინაარსი თორელის სატრფიალო წიგნისათვის შესაფერისად მიიჩნია, ზომას
მიუყენა და წიგნი ყდაში ისე ოსტატურად ჩასვა, თითქო საგანგებოდ საამისოდ
ჰქონდა გამზადებული.
ცაგო დიდხანს არ დაწვა. მამუკას მუშაობას ადევნებდა თვალს და ძმას
სოფლის ავ-კარგის მოყოლით ართობდა.
ნაშუაღამევს მიწვა ლოგინზე, მაგრამ თვალს ძილი არ მიეკარა. იწვა ღამეში
თვალდაჭყეტილი და საკუთარი გულის აჩქარებული ცემა არ აძინებდა. რაღაც
დიდისა და არაჩვეულებრივის მოლოდინში იყო ცაგო. მეორე დღეს მეფის
კარზე უნდა წამდგარიყო, დედოფალს უნდა ხლებოდა. ვინ იცის, როგორი
თვალით შეხედავდა რუსუდან დედოფალი, ან სეფექალები როგორ
შეხვდებოდნენ?! ამაზე ადრეც უფიქრია, მაგრამ ახლა ეს იმდენად აღარ
ადარდებდა. იქნებოდა თუ არა თორელი ხვალ მეფის კარზე, ნახავდა თუ არა
ცაგო პირისპირ იმ რაინდს, რომელზედაც ასე დიდხანს უოცნებია? ეს ფიქრი
უკარგავდა ძილსა და მოსვენებას.
იმ ღამეს არც თორელს სძინებია.
მეფის კურთხევას ბევრი უცხო სტუმარი დაესწრო: ბიზანტიელი და
ტრაპიზონელი, იკონიელი და არზრუმელი, შამელი და ხლათელი,
ადარბადაგანელი და შირვანელი; იმპერატორების, სულტნების, მეფეებისა,
ათაბაგებისა და მელიქების მემკვიდრეები და უფლისწულები საგანგებო
ძღვენითა და აღკაზმულობით ეახლნენ ტახტზე ასულ უმშვენიერეს
დედოფალს, რათა საქართველოს სამეფოსთან მეგობრობისა და ერთგულების
მზადყოფნა გაეცხადებინათ.
უცხო უფლისწულებსა და მთავრებს თან რჩეული მობურთალნი,
მსახიობნი და მგოსანნი ახლდნენ.
თორელს იმ დღეს მეტიც მოუვიდა. ჯერ იყო და, მეფეთა საცქერლად
გამართულ მობურთალთა ასპარეზობაში სიმკვირცხლითა და სიკასკასით
მოხიბლა ყველა; მერე, ლხინის დროს, შირვანელ და ადარბადაგანელ მგოსნებს
გაეჯიბრა და აქ უკვე სიტყვისა და გონების ბრწყინვალებით მოაჯადოვა
მსმენელნი.
ბურთშიაც და შაირობაშიაც უჩვეულო თავგამოდება და მგზნებარება
გამოიჩინა. უცხოებს არ გაჰკვირვებიათ, რადგან კარის მგოსნის და რჩეული
რაინდის აღტკინებას ქართველთა დედოფლის ეშხისა და სილამაზის
შთაგონებით ხსნიდნენ.
ახლობლები გაოცებულნი დარჩნენ: ლაშა-გიორგის სიკვდილის შემდეგ
თორელი ხეირიანად გაცინებული აღარ ენახათ და უკვირდათ მისი გუნების
ეგრე უეცარი შეცვლა.
ლხინში ღვინო ჩქარა მოეკიდა საერთოდ ამტან თორელს. ნაშუაღამევს
მეფეებმა სუფრა დასტოვეს და თურმანი თავის სახელოვან ბიძაშვილსა და
მეგობარს შალვა ახალციხელს შეუჩნდა, _ შენთან სალაპარაკო მაქვსო.
დაიყოლია, ლხინი დაათმობინა და ცხენებით გაჰყვნენ უკვე დაწყნარებულ
უკაცრიელ ქუჩებს.
ცისა და ბარის ამბები თქვეს, მაგრამ ფხიზელმა ახალციხელმა შეატყო, რომ
თორელი ერთსა ფიქრობდა და სულ სხვას კი ლაპარაკობდა.
საუბარში მამუკას სახელოსნოს წინ აღმოჩნდნენ. თორელმა ცხენი შეაყენა.
მიხურული დარაბიდან შუქი გამოდიოდა.
_ ოქრომჭედელთან ხომ არ შევიდეთ?
თვალით ანიშნა თორელმა.
_ რა დროს ოქრომჭედელია?! ხვალ ნახე, დღისით, თუ ოქრო გაწუხებს! _
გაეხუმრა, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული შალვა და გზა განაგრძო.
მტკვრის პირს დაჰყვნენ და ორთაჭალის ბაღებს შემოუარეს.
შემობრუნებულნი, როგორღაც ისევ მამუკას სახელოსნოს წინ გაჩნდნენ და
თორელმა ისევ შეაჩერა ცხენი. მესამედ რომ იქვე მოსწია ცხენს სადავე,
ახალციხელმა ეჭვით შეხედა თორელს.
_ ისე უტრიალებ ამ ოქროს სამჭედლოს, რაღაც დიდი განძი უნდა გქონდეს
მიბარებული! _ ღიმილით უთხრა შალვამ, გადმოიხარა და თვალებში ჩახედა
თურმანს.
_ დიდი, ძალიან დიდი! _ ამოოხვრით თქვა თორელმა, მაგრამ ზედმეტის
გამხელისა შეეშინდა და უმალვე სიტყვა ბანზე ააგდო.
_ კარგი ღამეები იცის თბილისმა, დილამდე რომ ასე ვიარო, არ
მომწყინდება.
_ ეეჰ, შენ თავრიზი და ყაზვინი არ გინახავს! აი, იქ იცის ღამეები!
_ მაგრამ იქ ასე არხეინად ვერ ივლიდი, იარაღით დაპყრობილ უცხო
ქალაქებში.
_ ასე, რა თქმა უნდა, ვერა. შელეწილ ციხეებსა და ბრძოლით აღებულ
ქალაქებში ასე არავინ გაგიშვებს. მაგრამ ბანაკიდან ან სიმაგრიდან ცქერაც დიდ
სიამოვნებას გვრის კაცს, როცა შენს ფერხთაწინ უზარმაზარი ქალაქია
დამხობილი, შენივე ხმლითა და მკლავით გატეხილი.
შალვა ცოტა ხნით ოცნებამ წაიღო, მერე ისევ ახლო მივიდა თორელთან,
ცხენი შეაჩერა და ხმადაბლა უთხრა:
_ ამ დღეებში ადარბადაგანზე უნდა ვილაშქროთ. წამოდი, კარგ დროს
გაატარებ.
_ ვერა, შალვა, ვერ წამოვალ! _ ამოოხვრით თქვა თორელმა. _ სწორედ ამ
დღეებში ერთი დიდი საქმე მაქვს და სანამ ის არ გადაწყდება, ვერსად ვერ
წავალ.
ახალციხელმა ისევ გაკვირვებით შეხედა. თორელმა მეტი არაფერი თქვა და
შალვამაც აღარ ჩაჰკითხა.
_ შენ იცი, როგორც გინდოდეს! _ მხრების აჩეჩვით უთხრა და გზა განაგრძო.
შინმისული თორელი ამაოდ ტრიალებდა ლოგინში, ძილი არ მოსდიოდა
და ფიქრი არ ეხსნებოდა.
ნუთუ, მართლა ასე ლამაზია მამუკას და? სულ ერთი წუთით დაინახა და,
იქნებ, მოეჩვენა, კაცი ხან რა თვალით შეხედავს ქალს და ხან რა თვალით! ეგებ
არც ისე დამაბრმავებელია იმ გოგონას სიტურფე, თვალები რომ ეშმაკურად
უციმციმებდა და ულამაზესი ქალების ცქერას მიჩვეული თორელი,
რეტდასხმული, კინაღამ გადმოაგდო ცხენიდან.
არც ისე ლამაზია? მაშ, საიდან დახატა უცნობმა მხატვარმა ესოდენ
წარმტაცი და მომხიბვლელი, წიგნის ყველა გვერდიდან ხომ მისი
უმშვენიერესი
სახე
უცქერდა
ოდნავ
გაზიდული
თვალებით,
ბოლოებგატყორცნილი წარბებითა და ბაგეებთან მოთამაშე ეშმაკური
ღიმილით.
რაღა ეს წიგნი, თორელის ლექსების წიგნი გახდა მისი მშვენიერი სახის
ჩარჩო და სახატე!
განგება, სწორედ განგება ურევია ამ საქმეში!
ამ ლექსებს თორელი უმისამართოდ წერდა, როგორც ზოგჯერ არაერთ დიდ
მგოსანს დაუწერია. სასიყვარულო ლექსების ეს წიგნი ისე შეჰქმნა, რომ არავინ
ჰყვარებია. ვინ ვის მიაწერდა ამ ლექსებს, ზოგი ვის თვლიდა მგოსნის
საგონებლად და ზოგი ვის!
თორელს
კი
ბუნდოვნადაც
არავინ
ჰყავდა
ხორცშესხმულად
წარმოდგენილი.
და ახლა პირველად იპოვა იგი, ვისთვისაც ეს ლექსები უწერია, ვისზედაც
უნახავად, შორიდან უოცნებია!
გაცოცხლდა, ხორცი შეესხა მის ოცნებას და მისმა ლექსებმაც განგებისაგან
დათქმული მისამართი იპოვეს.
იპოვა თორელმა ის, ვინც ასე ჰყვარებია, რომ არ ცნობია, ვისი ოცნებითაც
ღამეები უთევია. იპოვა, მაგრამ ეგებ სჯობდა, რომ არ ეპოვა. ახლა უკვე მისი
დაპატრონება უნდოდა და, ვინ იცის, წინ რა დაბრკოლება გადაეღობებოდა.
არ ეძინა თორელს თეთრკაბიან გოგონას დარდით.
არც იმ გოგონას ეძინა თორელზე ფიქრით.
გაოგნებული გაშორდა ვაჩე მამუკას სახელოსნოს. თავში ათასი ფიქრი
უტრიალებდა, დაუწყობელი და გაურკვეველი, მიდიოდა, მაგრამ თავათაც არ
გაეგებოდა _ საით. ფეხები მის უნებურად მოძრაობდნენ, ისე მიაბიჯებდნენ და
მიჰყავდათ წინ, რომ ვაჩემ არ იცოდა, სად შეჩერდებოდა ან სადამდე ივლიდა.
სიონთან შედგა. ტაძრის კარი ღია იყო. ჭაბუკი ზღურბლზე შეჩერდა და შიგ
შეიხედა: ტაძარში უამრავი სანთელი ენთო და გაჩაღებული კანდელებიდან
თვალისმომჭრელი შუქი იფრქვეოდა.
კედლები, კამარები, სვეტები და გუმბათები მთლად მოხატული იყო. ვაჩემ
ისე გადადგა ფეხი, ძირს არც დაუხედია. ხან იქით აცეცებდა თვალს და ხან
აქეთ, აღარ იცოდა, რისთვის ეცქირა, რომელ ნახატზე შეეჩერებინა თვალი და
რომლიდან დაეწყო.
ძირს დაიხედა და კიდევ უფრო გაოცდა: ფერადი მოზაიკა გაფენილიყო მის
ფეხქვეშ და მთელი იატაკი წითელ-ყვითლად ჰყვაოდა.
ფეხის დადგმა მოერიდა, მუხლზე ფრთხილად ჩაიჩოქა და სულგანაბული
დააშტერდა იატაკს:
დახეთქილი ბროწეულები მიჯრით მიწყობილი სისხლისფერი კბილებით
უცინოდნენ, ფარშევანგების ბოლოები ცისარტყელებივით იშლებოდნენ და
მწვანე ტოტებში შეყუჟული მტრედები ცალ-ცალი თვალით უცქერდნენ.
ვაჩემ ხელი დაადო მოზაიკას, ფრთხილად და სათუთად, თითქო სურდა,
დარწმუნებულიყო, მართლა ცოცხალი იყვნენ თუ არა ის მტრედები და
ფარშევანგები. ხელისგულმა ქვის სიცივე იგრძნო. ვაჟი ოდნავ წამოიწია და
თვალი ბოლომდე გააყოლა იატაკს: მწვანედ და ყვითლად, ლურჯად და
წითლად ჰყვაოდა იატაკი და ჭაბუკს უცბად მოეჩვენა, რომ ეს იატაკი კი არა,
ზღაპრული წალკოტი, ფერად-ფერადი ყვავილებით დაფარული სამოთხის
მინდორი იყო და თვითონ _ ამ ყვავილების საკრეფად შემოსული ბავშვი.
მავედრებელივით ჩოქვით მიჰყვა იატაკს, მაგრამ მისი სახე მლოცველის
სასოებას როდი გამოხატავდა. საკვირველებისა თუ სასწაულის ხილვით
გაბრწყინებული თვალები იატაკის ერთი კუთხიდან მეორისკენ მიურბოდა.
ერთიმეორეზე მიჯრილი ნაირფერი კენჭებით, უთვალავი პაწაწინა კენჭებით
მოხატულ იატაკს ხან სულ ახლო დააშტერდებოდა, ხან უკან დაწეული,
შორიდან მიაჩერდებოდა და ცქერით ვეღარ ძღებოდა.
ბოლოს, ალბათ, დაიღალა დაბლა ცქერით და წამით თავი ასწია. ასწია და
ახლა მაღლა გაექცა თვალი: გუმბათის თაღიც მოზაიკით იყო მოხატული და
მთელ ჭერს ცისფერი, მწვანე და ყვითელი კენჭების ნაზი ზოლები მიჰყვებოდა.
კისერი ეტკინა მაღლა ცქერით. კედლებზე მოხატულ ძველი და ახალი
აღთქმის ამბებს გააყოლა თვალი და უცებ მზერა მაყვლის ბუჩქებთან ლოცვად
დაცემულ, ხელაპყრობილ წმინდა ნინოსკენ გაექცა.
რატომღაც დედა მოაგონდა, თავისი ტკბილი დედა. ახალგაზრდობაშივე
დაქვრივებული, ერთადერთი შვილის, ვაჩეს გაზრდისა და ბედნიერებისათვის
მზრუნველი და მარადმლოცველი.
შეებრალა თავისი კარგი დედა, ახლა მისგან უპატრონოდ მიტოვებული.
გული ამოუჯდა და ცრემლი რომ არ წასკდომოდა, თვალი სხვა ნახატზე
გადაიტანა.
ჭაბუკმა მხარზე ხელის დადება იგრძნო. მოიხედა. თავს ბერი დადგომოდა.
_ ტაძარში შენს მეტი კაცი აღარ არი. უკვე დაღამდა, _ უთხრა ბერმა.
ვაჩე გამოერკვა, მიტრიალდა და უსიტყვოდ გაემართა კარისკენ.
დიდი დრო გასულიყო. გარეთ უკვე ბნელოდა. ტაძარშიც ნელ-ნელა
აქრობდნენ სანთლებს.
დაღლილმა შიმშილი იგრძნო და ხელი თავისთავად წავიდა აბგისაკენ.
გარეთ რომ გამოდიოდა, ერთხელ კიდევ მოიხედა უკან და პირდაპირ,
სვეტზე დახატულ ქრისტეს შეხედა: სახედარზე შემჯდარი შემოდიოდა
მაცხოვარი იერუსალიმში.
სახედრის დანახვაზე ისევ ცაგო და პავლია კუტი გაახსენდა, შებრუნდა და
ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა ღამეულ ქუჩას.
ქალაქში მამუკას მეტს არავის იცნობდა. მის კარზე მიდგომა კი
სიკვდილივით არ უნდოდა.
ქულბაქები, სახელოსნოები და სავაჭროები დაეკეტათ, სინათლე არსაიდან
გამოდიოდა და ქუჩაში კაცის ჭაჭანება აღარსად იყო.
ქალაქის განაპირას მიაღწია. მოსახვევთან ურო-გრდემლის ხმა მოესმა და
სინათლესაც მოჰკრა თვალი.
ახლო მივიდა. სამჭედური დაკეტილი იყო. კარის ღრიჭოში შეიხედა,
ცეცხლთან დამკლაული მჭედლები დაინახა, გავარვარებულ რკინას სცემდნენ,
ნალებს სჭედდნენ და ხმლებს პირავდნენ.
ვიღაცამ კარი გამოაღო, გამოვიდა და ისევ სწრაფად მიხურა. უცნობი ბიჭი
აათვალ-ჩაათვალიერა.
_ აქ რას აკეთებ? _ ჰკითხა და თან დოქით წყალი მოიყუდა.
ვაჩემ არაფერი უპასუხა. მჭედელმა წყალი მოსვა. სული მოითქვა და ისევ
უცნობ ბიჭს დააცქერდა. ეტყობოდა, მისი მხარ-ბეჭი და განიერი მკლავები
თვალში მოუვიდა.
_ სამუშაოს ეძებ?
ვაჩემ თავი დაუქნია დასტურის ნიშნად.
_ შემოდი! _ უთხრა მჭედელმა და შინ შეუშვა.
სამჭედლოში უროსა და ჩაქუჩის ცემისაგან აღარაფერი ისმოდა. ვაჩეს
შემომყვანი მოგიზგიზე ქურასთან მდგარ ოსტატს მიუახლოვდა და რაღაც
უთხრა. ოსტატმა ხმლის გამოპირვას თავი ანება და ვაჩესკენ წამოვიდა.
_ იმუშავებ? _ ჰკითხა გამაყრუებელ გუგუნში.
ვაჩემ ისევ უხმოდ დაუქნია თავი.
პირობებზე არ ულაპარაკნიათ. ოსტატმა ურო მისცა და ვაჩეც მხარში
ამოუდგა დამკლაულ, გახვითქულ მჭედლებს.
რომელიღაც თავისი ტოლი მჭედლისაგან საიდუმლოდ გაიგო ვაჩემ: იმ
დღეებში ქართველები სამხრეთით ლაშქრობისათვის ემზადებოდნენ თურმე.
ქალაქი სავსე იყო უცხო სტუმრებითა და მზვერავებით და ამიტომ
მუშაობდნენ ღამით კარდახშული მთელი ქალაქის სამჭედლოები.
მეორე დღეს ცაგო და მამუკა სასახლეში მივიდნენ.
იქ მისვლამდე ცაგოს გული უფანცქალებდა და ფარული ღელვისაგან ფერი
მისდიოდა. მაგრამ საოცრება მოხდა: როგორც კი სასახლის კიბეები აიარეს და
ცაგო დიდ, ნათელ დარბაზში შეკრებილთა შორის გაერია, ეს მღელვარება
უმალ გაქრა. თავი ისე ეჭირა, გეგონებოდა, მეფის კარზე იყო გაზრდილი.
არაფერს უცხოობდა და არაფერი უკვირდა. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად
არ ამჟღავნებდა გაოცებას, თუმცა სასახლეში პირველად მისული გოგონასთვის
უცხოც ბევრი რამ იყო და გასაკვირიც.
ერთი შენიშნა შესვლისთანავე: ყველა იქ მყოფმა განსაკუთრებული
ყურადღება მიაქცია, ერთიმეორეს რაღაცას უჩურჩულებდნენ და მისკენ
თვალით ანიშნებდნენ. გულის ცემამ უმატა, ოდნავ გაწითლდა, მაგრამ არ
შეიმჩნია და არ დაიბნა. თავი ისე დაიჭირა, თითქო ასეც უნდა ყოფილიყო, ასე
აღტაცებით უნდა ეცქირათ მისი სიტურფით მოხიბლულებსა და
გონწართმეულებს.
რუსუდან მეფე ტახტზე იჯდა. ტახტის გვერდით და უკან ვაზირები და
დიდებულები იდგნენ კარის წესისა და რიგის მიხედვით.
მამუკამ ხელი ჩაჰკიდა დას და მეფის მიმლოცველთა რიგს მიჰყვა. უცებ
ცაგომ თორელს მოჰკრა თვალი და დაიბნა, კალაპოტიდან ამოვარდა. გულმა
ისევ გამალებით დაუწყო ცემა და საფეთქლების სიმხურვალით იგრძნო, რომ
სახე წამოენთო.
თორელმა ოდნავ შესამჩნევად დახარა თავი, თითქო ესალმებაო. მერე
ცაგომაც რომ თავი დახარა და თვალი მოაშორა, თურმანმა შალვასკენ გაიკვლია
გზა. დედოფლის უკან მდგარ ახალციხელთან მივიდა, ყურში რაღაც
უჩურჩულა და თვალით მეფის სათაყვანებლად მომავალ და-ძმაზე ანიშნა.
ახალციხელი ოქრომჭედლის დას დააკვირდა, შეეტყო, რომ მოეწონა და
თორელს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.
მამუკა მუხლზე დავარდა და ცაგომაც მაშინვე ჩაიჩოქა.
დედოფალი თავისი ტოლი გოგონას დანახვისთანავე გამოცოცხლდა.
პირველად სახეზე გაოცება გამოეხატა, ალბათ, ცაგოს სიტურფის გამო, მაგრამ
წონასწორობა ისევ მალე დაიბრუნა და მის ფერხთა წინაშე დაცემულ და-ძმას
მოწყალე თვალით დახედა.
ოქრომჭედელმა თავი აიღო, პატიება ითხოვა მცირე ძღვენისათვის და
ცაგომ თორელის წიგნი გაუწოდა კრძალვით დედოფალს.
დედოფალმა წიგნი ჩამოართვა და უბრძანა, ფეხზე წამომდგარიყვნენ.
მამუკა არც წამოწეულა. ცაგო კი ნელა წამოდგა და თავდახრილი,
გაკრძალული დადგა დედოფლისა და დიდებულების წინაშე. იგი გრძნობდა,
ათასი თვალი იმ წუთს მისკენ იყო მიპყრობილი, ზოგი აღტაცებითა და ზოგი
გაოცებით. თავათ დედოფალი ყველაზე მეტად აკვირდებოდა და ჩხრეკდა მის
ყოველ ნაკვთს.
ცაგოს არც დედოფლის დაჟინებული მზერა შეაკრთობდა, არც ათასი
უცხოელი და ქართველი დიდებულის თვალის მიშტერება, იმ თვალთა შორის
თორელისაც რომ არ ყოფილიყო. იგი შინაგანად გრძნობდა, მგოსანი
თვალმოუცილებლად უცქერდა და რატომღაც ფიქრობდა, რომ ისიც მასზე
მეტად ღელავდა.
_ კარგი დაი გყოლია, ოსტატო.
ბრძანა მამუკას გასაგონად დედოფალმა და ცაგოს გაუღიმა.
ცაგომ კიდევ უფრო დაღუნა თავი და წელშიც მეტად მოიხარა.
რუსუდანმა ამდენ ხალხში ძლივს ტოლი მონახა, მასთან განმარტოება და
გართობა მოუნდა, ისე, როგორც უასაკოებს შეჰფერით, მაგრამ სხვა ვერაფერი
მოიფიქრა, ცაგოს ხელი გაუწოდა და ამხანაგივით უთხრა:
_ აგერ, ჩამოჯექ ჩემს ფერხთით!
სეფექალებმა მიიწ-მოიწიეს და ტახტის ახლო, დედოფლის ფერხთან
დაუთმეს ადგილი უცხო გოგონას.
ცაგო დედოფალს ეთაყვანა და რუსუდანის ახლო ჩაიჩოქა.
_ სახელად რას უხმობენ შენს დას, მამუკა?
იკითხა დედოფალმა.
_ ცაგოს ვეძახით, თქვენი ფეხის მტვერიმც გვქნა, დედოფალო! _ მიუგო
ოქრომჭედელმა.
_ ცაგო თუ გათხოვილი არ არი და ქმარ-შვილი არ ჰყავს, ჩემთან იყოს, ჩემს
შიმუნვარად დავიტოვებ.
_ ღირს არ ვართ, დედოფალო, ეგოდენ დიდი პატივისა! _ აღმოხდა
გახარებულ მამუკას და და-ძმა შუბლით ერთად შეეხო მოფარდაგულ იატაკს.
ახლაღა დახედა რუსუდანმა მირთმეულ წიგნს და თვალი ვეღარ მოაშორა.
ჯერ ოქროთი შეჭედილ ყდას სინჯავდა მუშტრის თვალით, მერე წიგნი
გადაშალა და სუნთქვაშეკრული დააცქერდა. ნელ-ნელა, ლექსის უხმოდ
კითხვით და ნახატებით გულდაგულ სინჯვით მიჰყვა რუსუდანი წიგნის
ფურცვლას. მერე უცებ რაღაც გაახსენდა, თავი აიღო და იქ მყოფნი
მოათვალიერა.
_ თორელი სად არი, ჩვენი მგოსანი?
იკითხა და ვიდრე ვინმე პასუხს მოასწრებდა, თორელმა ტახტის წინ
ჩაიჩოქა:
_ აქ გახლავართ, დიდებულო ხელმწიფევ!
ეთაყვანა კარის მგოსანი.
_ შენი ლექსების წიგნია, თურმან. ნახე, რა ხელოვნებით შემკულია! _
უთხრა დედოფალმა და წიგნი კი ვერ შესთავაზა, ისევ თავათ განაგრძო
ფურცვლა.
_ ვისი ნაოსტატარია? _ კვლავ თავაუღებლად იკითხა დედოფალმა.
_ ყდა ჩემი ძმის მამუკას შეჭედილია, დედოფალო, ხოლო თავათ წიგნი ჩემი
მეზობლის ხელითაა გადაწერილი და მოხატული, _ მოახსენა ცაგომ.
რუსუდანმა თავის ტოლს მოხედა, _ ცოტა არ იყოს, ეუცხოვა მისი სითამამე.
_ სულ შენ დაუხატიხარ იმ შენს მეზობელს წიგნის ყოველ გვერდზე, _
სიცილით უთხრა რუსუდანმა.
ცაგო გაწითლდა და თავი უფრო დახარა.
_ ნიჭიერი ხელოვანი ყოფილა. ღირსია ჩვენს კარზე ყოფნისა, _ ბრძანა
რუსუდანმა და ისევ ნახატებს ჩაუკვირდა.
მხოლოდ ახლა მოაგონდა ცაგოს მისი სიყრმის მეგობარი, განუყრელი
ტოლი და კარის მეზობელი, რომელიც იქ, მშვენიერ ახალდაბაში, დასტოვა
თავის ბავშვობასთან, ყოველივე იმასთან ერთად, რაც ესოდენ უყვარდა და
რასთანაც ასე შეჩვეული და შემტკბარი იყო.
გახარებულნი, ფრთაშესხმულნი დაბრუნდნენ შინ ცაგო და მამუკა.
რუსუდან დედოფალმა მოწყალე თვალით შეხედა და-ძმას, ძღვენი მოიწონა და
ცაგოს უდიდესი პატივი მიანიჭა, ამიერიდან იგი დედოფლის ამალაში
ითვლებოდა და მეფის კარზე უნდა გადასულიყო საცხოვრებლად.
პავლია კუტმა უზომოდ გაიხარა დის წარმატებით.
_ რაკი შენი საქმე ასე ბედნიერად წარიმართა, ჩანს, კარგი ფეხით
ჩამოვსულვართ თბილისში. იქნებ, მეც ბედმა გამიღიმოს და გელათის
წინამძღვარს შევხვდე, _ უთხრა გახარებულმა საპყარმა დას, მოეხვია და
თვალები დაუკოცნა.
ათასნაირ გეგმებს აწყობდნენ მომავლისათვის, ღმერთს მადლობას
სწირავდნენ და გულმოწყალე დედოფალს ადიდებდნენ.
ის იყო, სადილს მიუსხდნენ, რომ მამუკას მსახურმა მოახსენა:
_ ვიღაც დიდი დიდებული მობრძანდა ამალით და ოქრომჭედელს
კითხულობს.
მამუკა მაშინვე წამოდგა და დიდებულის მისაგებებლად გავიდა.
სახელოსნოში შალვა ახალციხელი შემოვიდა. ოქრომჭედელი დაიბნა
სამეფოს უძლიერესი დიდებულისა და მიუთხრობელი გმირის დანახვაზე.
შალვა ახალციხელი ჯარისკაცის წესსა და რიგს იცავდა პირად ცხოვრებაში,
სხვებივით ფუფუნებას არ დაგიდევდა და ოქრომჭედლებს შეკვეთებით არ
ანებივრებდა. მით უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენა მამუკას მეფის ვაზირისა და
სწორუპოვარი სარდლის სტუმრობა.
სალამსა და ურთიერთმოკითხვას რომ მორჩნენ, ახალციხელმა
გადაკრულად დაუწყო:
_ ერთი ძვირფასი თვლის პატრონი ყოფილხარ, ოსტატო, და იმის
სათხოვნელად ვარ მოსული.
_ რომელ თვალზე ბრძანებს დიდი ვაზირი? _ იკითხა დაბნეულმა და, ცოტა
არ იყოს, შემკრთალმა მამუკამ.
_ სამეფოს უძვირფასეს თვალზე მოგახსენებ... შენი დის მთხოვნელი ვარ.
მამუკა გაშრა, რაღაც საშინელისა და გაურკვეველის მოლოდინში. შალვა
ახალციხელი დიდი ხანია ცოლშერთული იყო და უკვე მოსწრებული ვაჟიც
ჰყავდა, როგორ შეიძლებოდა სამეფოს უპირველესი მოღვაწე და ესოდენ
დარბაისელი დიდებული მისი დის მთხოვნელი ყოფილიყო?!
_ რძლად მთხოვნელი ვარ შენი დისა, მამუკა, ხომ ხედავ, სიბერეში
მაჭანკლობა დავიწყე, _ ღიმილით დასძინა ახალციხელმა და მამუკას ცოტა
გულზე მოეშვა.
_ გუშინ თავათ იყო ამ საქმეზე შენთან ჩემი სახლიკაცი თურმან თორელი,
მაგრამ თვითონ ვერ გაგიმჟღავნა გულისწადილი და ახლა მე ვარ მოციქული:
თურმანს გადაწყვეტილი აქვს შენი დის შერთვა. ჩემი ბიძაშვილი დასაწუნი არ
არი და თუ ქალისა და შენი თანხმობაც იქნება, ამ დღეებში დავწეროთ ჯვარი.
მამუკა ენაჩავარდნილი იდგა, არ იცოდა, რა ეპასუხა, აღტაცება გამოეთქვა
ესოდენ გასახარელი ამბის გამო, თუ თავი შეეკავებინა, კარგად აეწონ-დაეწონა
და პასუხი სხვა დროს მიეცა.
_ რა საგონებელში ჩავარდი, ოსტატო, ბედი კარს მოგდგომია და რაღას
ფიქრობ, საქმე ჩქარა გავათავოთ.
_ საჩქარო რა არი, დიდო ვაზირო! ჯერ ქალს უნდა მოველაპარაკო, მერე
დედა გვყავს, მისი დასტურიც თუ არ გვექნა...
_ სასიძო ჩქარობს, მამუკა. მაგრამ სასიძოზე მეტად მე მეჩქარება. ამ დღეებში
შორს მივემგზავრები, თურმანს ჩემზე ახლობელი არავინა ჰყავს და მინდა მისი
მაყარი ვიყო.
_ თანახმაც რომ ვიყო, ორ დღეში რას მოვასწრებთ, ბატონო. ჩვენც ხალხნი
ვართ, ჩვენც მომზადება გვინდა.
_ ეგ საქმეს არ დააბრკოლებს, მამუკა. შენს დას მოელაპარაკე და პასუხი
მაცნობე,
_
უთხრა
საქმის
ბედნიერად
დაბოლოებაში
წინასწარ
დარწმუნებულმა ახალციხელმა, გამოემშვიდობა და წავიდა.
მამუკა და-ძმასთან შებრუნდა. ცაგოს გადაეხვია და სანატრელი ბედის
კარზე მოსვლა მიულოცა. სიტყვა-სიტყვით გადასცა ცაგოს ვაზირის
ნალაპარაკევი. ქალი გაწითლა და გაიტრუნა. რეტდასხმულივით ჩაშტერებოდა
იატაკს გაოგნებული ცაგო და ტანში ჟრუანტელი უვლიდა. იდგა
ენაჩავარდნილი და არ იცოდა, ეტირა თუ გაეღიმა.
დის ბედნიერებით აღტაცებული კუტი ფრთაშესხმულივით მაღლა
მიიწევდა, მაგრამ დავრდომილი სხეული არ მიჰყვებოდა და ადგილზევე
ცმუტავდა, ხელებს შლიდა და ტაშს უკრავდა.
31მამუკას დამთავრებული არ ჰქონდა მოყოლა, რომ კარი ისევ მსახურმა
ბიჭმა შემოაღო და შეშინებულმა მოახსენა:
_ მეფის შუბოსნები გვეახლნენ, ოსტატის ნახვას ითხოვენ.
კიდევ ახალი მოულოდნელობით შეშფოთებულმა მამუკამ იქ მყოფთ
თვალი მოავლო, პირჯვარი გადაიწერა და მეფის მცველების შესახვედრად
გავიდა.
_ მეფის ბრძანებით, ახალდაბაში უნდა წამოგვყვე, ოსტატო, _ უთხრა
ათისთავმა, _ თქვენი მეზობელი მხატვარი უნდა მოვძებნოთ და დედოფალს
ვაახლოთ.
მამუკამ კინაღამ იკითხა, რომელი მხატვარიო, მაგრამ უმალვე გონს მოეგო
და ამ მოულოდნელი დავალებითაც გაიხარა. ახალდაბას ასვლა და
მოლაპარაკება გადაუდებლად საჭირო იყო და რაკი შესაფერისი შემთხვევაც
მიეცა, ბევრი აღარ უფიქრია, და-ძმას დაემშვიდობა და შუბოსნებს გაჰყვა.
იმ დღეს კიდევ ერთმა საპატიო სტუმარმა შეაღო მამუკას სახლის კარი _
გელათის აკადემიის მოძღვართმოძღვარმა.
ცაგო სუფრის გასაწყობად დატრიალდა, მაგრამ სწავლულმა შორს დაიჭირა,
მაგდენი დრო არა მაქვსო.
_ შენი წიგნი დაკვირვებით წავიკითხე, _ გაუბა საუბარი პავლია კუტს
წინამძღვარმა, _ კარგად შეგისწავლია ჩვენი სამეფოს ყოველი კუთხე, ბევრი
ახალი და საგულისხმო აზრი გამოგითქვამს, მაგრამ მთავარი წიგნის ის
ნაწილია, სადაც ჩვენი ერის მომავლისათვის წერ. ახლა ჩვენი აკადემიაც, ყველა
ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი ერთსა ქადაგებს:
საქართველო არი ახალი რომი, მან უნდა ღირსეულად დაიჭიროს
დაბერებული და დაუძლურებული ბიზანტიის ადგილი; თავის დროშის ქვეშ
უნდა გააერთიანოს სრულიად აღმოსავლეთი და დასავლეთი და ქრისტეს
ჯვრის წამძღვარებით დათრგუნოს ურჯულონი. ეს აზრი შენს წიგნშიაც
მკაფიოდ ჩანს. ისიც მოსაწონია, რომ ქართველთა ნათესავის გამრავლებას
ქადაგებ. ჩვენ მარტონი ვართ ამქვეყნად. ყველა ტომსა და ერს ჰყავს სისხლით
ნათესავი, მსგავს ენაზე მოლაპარაკე ტომი და ხალხი. მხოლოდ ჩვენა ვართ
მარტონი და უნათესაონი. საქართველოს გარდა, ჩვენს ენაზე კაცი არსად
ლაპარაკობს, ამბობენ, ესპანეთის იბერიაში გვყვანან ნათესავებიო, მაგრამ ჯერ
იქ ქართველთაგან არავინ ჩასულა, რომ ამ ამბის სიმართლე დაედასტურებინა
და არც იქ მოუკითხავს არავის ჩვენი მონათესავე იბერებისაგან. ამიტომ
ქართველთათვის გამრავლებაზე ზრუნვა უპირველესი და უმნიშვნელოვანესი
საქმე უნდა იყოს. სხვანაირად ჩვენ ვერ ვძლევთ და წინ ვერ აღვუდგებით
ირგვლივ მოწოლილ თურქთა და სპარსთა აურაცხელ სიმრავლეს. ერთს ვერ
შევიწყნარებ შენს მოსაზრებათაგან: შენ ზრუნავ იმისათვის, რათა
საქართველოს სამეფომ მომავალში მიაღწიოს ისეთსავე ბუნებრივ საზღვრებს
აღმოსავლეთითა და სამხრეთით, როგორც მას ჩრდილოეთითა და
დასავლეთით გააჩნია _ კავკასიონის ქედი და შავი ზღვა. შენ გინდა, ასეთ
საზღვრად აღმოსავლეთით კასპიის ზღვა იყოს, ხოლო სამხრეთით ისეთი
32ზღუდე მთებისა, როგორიც კავკასიონია. თუ საქართველო მომავალში ამ გზას
დაადგება, იგი ამით შეზღუდავს თავის განვითარებას. კეისარი და
ალექსანდრე მაკედონელი თავიანთი ქვეყნის შემოზღუდვაზე როდი
ზრუნავდნენ, თვითონ ლაშქრავდნენ მეზობლებს, იპყრობდნენ ახალ ქვეყნებს
და იმორჩილებდნენ უცხო ტომებს.
_ მართალსა ბრძანებთ, წინამძღვარო, მაგრამ ყველა ერის გაძლიერებასა და
მომავალს თავისი პირობები გააჩნია. ჩვენ, როგორც ბრძანეთ, მარტონი ვართ
და უმცირესნი, გარშემორტყმულნი ურიცხვ ურწმუნოთაგან. აღმოსავლეთითა
და სამხრეთით ბოროტი მაჰმადის აღმსარებელნი გვახვევიან. აგერ, თითქმის
საუკუნეზე მეტი იქნება, მათი კირთებისაგან დაისვენა საქართველომ. სანამ
მათ ერთურთთან ქიშპი და ომი აქვთ, ჩვენ ადვილად ვძლევთ; როგორც კი
გამოუჩნდებათ ძლიერი და გონიერი მეთაური, რომელიც მათ ერთი მიზნითა
და რწმენით გააერთიანებთ, ჩვენ ვეღარ შევძლებთ მათი სიმრავლის
წინააღმდეგობას.
_ განუწყვეტელი რბევითა და თავდასხმით არ უნდა მივცეთ მათ ღონე
გაერთიანებისა და გაძლიერებისა.
_ საისლამო დიდია და ჯერ თავათ უნდა მოვღონიერდეთ, რომ მათ
ვსძლიოთ, მარტო ხმალი ვერ დაიპყრობს და ვერც შემოიმტკიცებს აგარიანთა
სიმრავლეს. ქრისტეს სჯულის ქადაგებით უნდა დავიახლოვოთ და
დავინათესავოთ ჩვენი ახლო მეზობლები. ლეკნი, ჯიქნი, ალანნი და
უმრავლესნი ტომნი მთიელთა უკვე ქრისტეს აღმსარებელნი და ჩვენი
თანამდგომელნი არიან. ვიდრე, ასევე, ჩვენს რჯულზე არ მოვაქცევთ
შირვანელთ, მანამ მტკიცე არ იქნება ჩვენი მეგობრობა ჩვენი კარის
მეზობელთან. ასევე, ჩვენი და სომხების მეგობრობა მაშინ იქნება საბოლოოდ
დაურღვეველი, როცა მარტო მიწა-წყალი და ხელისუფლება კი არა, აღსარებაც
საერთო გვექნება. საბედნიეროდ, ჩვენი ურთიერთობა აქეთკენ მიდის და ჩვენ
ყოველმხრივ ხელი უნდა შევუწყოთ ამ სულიერი ერთობის დაჩქარებას. როცა
კავკასია შავი ზღვიდან კასპიამდე ერთი რწმენითა და ერთი გვირგვინით
იქნება გაერთიანებული, მაშინ ჩვენი ერის ძლიერებაც მტკიცე იქნება და
შეურყეველი.
_ ძველი რომაელები ისე იპყრობდნენ ხალხებს, რომ არათუ მათ მოქცევაზე
ზრუნავდნენ, არამედ თავად მიჰქონდათ ხოლმე დამორჩილებულ ხალხთა
კერპები და რომში დგამდნენ თავიანთი ღმერთების გვერდით.
_ ძველ რომს დიდი ძალა ჰქონდა და ნათესავიც ბევრი ჰყავდა. ჩვენ
უთვისტომონი ვართ ამქვეყნად და ჯერ არც რომის ძალა შეგვწევს. როცა ჩვენი
ხმალი რომაელთა ძლევამოსილებას მიაღწევს, მაშინ შინაგანი ძალაც მეტი
გვექნება და სხვათა ურწმუნოება ჩვენთვის საფრთხე აღარ იქნება. ვიდრე რომი
აღზევდებოდა და ქვეყნის მპყრობელი გახდებოდა, მანამ ბევრი პატარა ერი
ჩაყლაპა და მოინელა. სანამ ერი შინაგანად არ არი მთლიანი და ძლიერი,
გარეთ ძალის გამოჩენა ნაადრევია და მოსაჩვენარი.
33_ საგულისხმოდ უბნობ, მაგრამ სჯობია, ჩვენი საუბარი გელათში
განვაგრძოთ, _ უთხრა წინამძღვარმა.
პავლია კუტს სიხარულისგან გულის ცემა აუჩქარდა და ქოშინი აუვარდა.
_ ოღონდ ერთი მინდოდა შემეტყო, _ დაუმატა უკვე წასასვლელად
წამომდგარმა წინამძღვარმა, _ კიდევ რა წიგნის დაწერას აპირებ, შვილო?
_ ჟამთა აღწერას მინდა მივყო ხელი, ვითარცა ბერძენთა აქვთ ხრონოღრაფი
და ქართველთაც მრავალი წიგნი საისტორიონი.
_ კეთილად განგიზრახავს, შვილო, ყოველი ღონით შემწე ვიქნები ამ საქმის.
სამ-ოთხ დღეში გელათს წავალ და მზად იყავ ჩემთან ერთად
გასამგზავრებლად.
მამუკა, მეფის შუბოსნების თანხლებით, მიადგა გრძელიშვილების სახლს.
ვაჩეს დედას შუბოსნების დანახვაზე ელდა ეცა, უმალ ის გაიფიქრა, ჩემს შვილს
რაიმე უბედურება ხომ არ შეემთხვაო, და შეშინებულმა ფეხი ვეღარ გადადგა
ჭიშკრის გასაღებად.
მამუკა ცხენიდან გადმოხდა, ეზოში შევიდა და გადაეხვია. ქვრივი გონს
მოვიდა, დიდი ხნის უნახავი მეზობელი მოიკითხა და შინ შეიპატიჟა.
_ მოსალოცი საქმეა, ძალო! ვაჩეს წასაყვანად მოვედით, მეფის კარზე
იბარებენ, _ უთხრა მამუკამ და შუბოსნებზე ხელით ანიშნა.
_ მეფის კარზე ვაჩესთან რა ესაქმებათ?! _ იკითხა ისევ შემკრთალმა დედამ.
_ მისი დახატული წიგნი მიართვა ცაგომ რუსუდან მეფეს. ხელმწიფეს
ნახატები მოეწონა და მხატვრის ხლება ბრძანა.
_ ეგ კარგი დაგემართოს, შვილო, მაგრამ განა ვაჩე ცაგოსთან ერთად არ არი?
_ ცაგოსთან?.. არა! ცაგოსთან რად უნდა იყოს? _ გაიკვირვა მამუკამ.
_ გუშინწინდელს აქეთ აღარ ჩანს ვაჩე, შინიდან ისე გასულა, არ გამიგია.
მეზობლის ბიჭებმა თქვეს, ცაგოს და პავლია კუტს გაჰყვაო, ერთად მიდიოდნენ
თბილისის გზაზეო...
_ არა მგონია, მართალი იყოს, ცაგო და პავლია მარტონი ჩამოვიდნენ, ვაჩე
იმათ არ ხლებია, არც მათ უთქვამთ რაიმე. აგერ, ცაგომ წერილიც კი მოსწერა,
რომ საჩქაროდ წამოსულიყო.
_ მაშ, სად წავიდოდა? რა ვიფიქრო მე უბედურმა? _ აწრიალდა
შეშფოთებული დედა.
_ არა უშავს რა, სადმე იქნება. შენ დაწყნარდი და ჩვენ მოვძებნით, _ ანუგეშა
მამუკამ, ცხენზე შეჯდა და შუბოსნებს წაუძღვა.
ახალდაბაში რომ ამაოდ ეძებდნენ, ვაჩე ამ დროს დედაქალაქის ტაძრებსა
და სასახლეებს ათვალიერებდა. სადაც შესვლა შეიძლებოდა, საათობით იდგა
და აკვირდებოდა მხატვრობისა და ხუროთმოძღვრების შესანიშნავ ძეგლებს.
პურის ჭამა ავიწყდებოდა, დაღლას ვერ იგებდა და გარეთ მხოლოდ ხუცების ან
გუშაგების მრავალგზის გაფრთხილების შემდეგ გამოდიოდა.
34საღამოს სამჭედურში იყო და დილამდე საბერველსა და გრდემლს
უტრიალებდა. დილას, დაიბანდა თუ არა, საჭმელს შესჭამდა და ძილად
მივარდებოდა.
ქალაქში აქა-იქ ნაცნობები გაიჩინა. იყალთოელის ამბავი გაიკითხა. ხლათში
თამთა დედოფლის ეკლესიას ხატავსო, _ უთხრეს და მაშინ ხლათის გზის
ამბავი გამოიძია, რამდენი დღის სავალი იყო, ან როგორ შეიძლებოდა წასვლა.
ქარავნები ხშირად დადიანო, გაიგო და ახლა იმის ფიქრი დაიწყო, თუ ფული
როგორ მოეგროვებინა და ხლათის გრძელ გზას როდის დადგომოდა.
ერთგან ყური მოჰკრა, ახალგაზრდა დიდებულები ლაპარაკობდნენ, მეფის
კარზე ახალი სეფექალი გამოჩნდა, სიტურფით რუსუდან დედოფალსაც
აღემატებაო.
რაღაც ენიშნა ვაჩეს, მაგრამ უცნობების საუბრიდან მეტი ვეღარა გაიგო რა.
გარეუბანში სამჭედურის გვერდით ათევდა ღამეს ვაჩე.
იმ დღეს რატომღაც უგუნებოდ გამოვიდა. ღამენათევი ქუჩებს გაჰყვა, ისნის
პალატებისაკენ აპირებდა წასვლას. სიონიდან ჯერ კიდევ შორს იყო, რომ
ძელის ცემის ხმა გაიგონა.
ვიღაც ჯვარს იწერსო, ყური მოჰკრა, მაგრამ არაფრად ჩააგდო. გზადაგზა
შეამჩნია, ხალხი სახლებიდან გამორბოდა და სიონისკენ მიეშურებოდა.
მოსახვევთან მაყრული მოესმა.
ბავშვები გამოჩნდნენ. ჟივილ-ხივილით უსწრებდნენ მაყრიონს.
სეირის მაყურებლებს შორის გაჩერდა ქუჩის პირას ვაჩე.
_ ამბობენ, კარგი ქალი შეურთავს თორელსაო, _ თქვა ერთმა.
_ სიტურფით ცალი არ ჰყავს მთელ სამეფოშიო, _ დაუდასტურა მეორემ.
_ რომელ თორელზე ამბობთ? _ გაუბედავად ჰკითხა ვაჩემ უცნობს.
_ მეფის კარის მგოსანზე. თურმან თორელმა სამეფოს ულამაზესი ქალი
შეირთო და ახლა აგერ, ჯვარდაწერილი, სიონიდან მოდის, _ მიუგო უცნობმა
და თავი, რაც შეეძლო, მაღლა ასწია, რომ მოახლოებული მაყრიონი კარგად
დაენახა.
ვაჩეს გულში რაღაცამ გაკენწლა, მაგრამ ფიქრის დრო აღარ იყო, მაყრიონი
მოსახვევიდან გამოვიდა.
_ შალვა ახალციხელი!
_ შალვა და ივანე ახალციხელები!
_ ბიძაშვილებად ეკუთვნიან თურმან თორელს!
გაისმა აქა-იქ.
_ აგერ, მეფე-დედოფალი!
_ უი, რა ლამაზია!
ჩაესმა ვაჩეს და მერე აღარც არაფერი გაუგონია, აღარც არა დაუნახავს რა:
მოჰკრა თუ არა თვალი თორელის გვერდით საქორწინოდ გამოწყობილ ცაგოს,
ჭაბუკს გონი წაერთვა, თვალთ დაუბნელდა, მუხლებმა უსუსტეს და უხმოდ
ჩაიკეცა.
35გონს რომ მოეგო, ქულბაქში აღმოჩნდა. თავს დახლის ბიჭები ადგნენ. წყალს
აპკურებდნენ და რაღაც წამალს ასუნთქებდნენ.
_ მგონი, მობრუნდა! _ სიბრალულით თქვა ერთმა.
_ ალბათ, შიმშილისაგან მოუვიდა, ხომ ხედავ, როგორ გამხდარა ამოდენა
ვაჟკაცი, გაჭირვებული იქნება, _ ჩაესმა მეორის ნათქვამი.
_ საჭმელსა და ღვინოს მოვუტან, _ თქვა ისევ პირველმა და ქულბაქიდან
გავიდა.
ნელ-ნელა მოიკრიბა ვაჩემ ღონე. ტახტზე წამოჯდა, წინ გაწყობილი ტაბლა
დაუდგეს. ზედაც არ დახედა საჭმელ-სასმელს.
_ არ მინდა, რად წუხდებით! _ ხელის ჩაქნევით წაილაპარაკა, ტაბლა მისწია
და ფეხზე წამოდგა.
_ ცოტა კიდევ დაგესვენა, _ უთხრა ერთმა.
_ სახლამდე გაგყვებით, _ შესთავაზა მეორემ სამსახური.
ვაჩემ თავი გაიქნია უარის ნიშნად, მადლობა წაილუღლუღა და უცნობებს
გაშორდა.
გეზი არ აუღია, მაგრამ რატომღაც მტკვრისაკენ კი წავიდა. ნაპირს რომ
მიუახლოვდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ახლო იყო მდინარეც და
ცხოვრების ბოლოც.
ხიდზე იდგა ვაჩე. მის ფეხებქვეშ მიედინებოდა ვიწროში შემდორებული
მტკვარი. დაჰყურებდა ტყვიისფრად მიმდინარე წყალს, თავბრუ ესხმოდა და
თვალი უჭრელდებოდა. ტალღა ტალღას მისდევდა და ფიქრი _ ფიქრს.
_ რატომ მოექცა ასე უგულოდ ცაგო. ნუთუ, რამდენიმე დღის განშორება
იყო საკმაო, რომ იგი, მისი სიყრმის განუყრელი მეგობარი, დაევიწყებინა, და
სხვას, უცხოსა და შეუჩვეველ კაცს გაჰყოლოდა. ნუთუ ვერ ატყობდა და არ
იცოდა ცაგომ, როგორი ძვირფასი იყო იგი ვაჩესათვის. განა მისი
სიახლოვისათვის არ უთხრა უარი დემეტრე იყალთოელს ხლათში გაყოლაზე
და ამით ზურგი არ შეაქცია თავის საოცნებო მომავალს, სახელსა და პატივს?
განა დღედაღამ ცაგოს გარდა სხვა საფიქრალი გააჩნდა ვაჩეს? განა მის გარდა
სხვა რამეს ან ვინმეს ხატავდა კიდევ მას შემდე, რაც მისდამი ეს გაურკვეველი
მიზიდულობა თუ აღტაცებული სწრაფვა იგრძნო?! ერთხელ მაინც რად არ
იკითხა ცაგომ, თუ რატომ აირჩია თორელის სატრფიალო ლექსების გმირად,
სასოწარკვეთილი მიჯნურის ულმობელი სატრფოს სახის გამოსახატავად.
თორელის წიგნი! დაწყევლილი თორელის წიგნი! აკი გული ეუბნებოდა,
რომ რაღაცას ცუდს, გამოუსწორებლად ცუდს აკეთებდა, როცა ამ წიგნის
მოხატვას ამთავრებდა. ერთხელ იმ ფიქრმაც კი გაუელვა, ვაითუ, მზითვად
ვუმზადებ ცაგოს ამ წიგნსო და ასეც მოხდა. ცაგოს ქმარი, ალბათ,
სასთუმალთან დაიდებს თავის ლექსების იმ წიგნს, გადაფურცლავს და
თავმომწონედ წაუკითხავს ყელზე შემოჭდობილ ცოლს თავის ლექსებს,
ბედნიერებით გაბრუებულს, ალერსში გატრუნულ ცაგოს, მის საოცნებოსა და
სათაყვანებელ ცაგოს; ცაგო ნეტარებისაგან თვალს მოხუჭავს და ზედაც არ
შეხედავს მის ნახატებს, ერთხელაც არ გაიხსენებს მისი სიყვარულის უსახელო
36რაინდს, რომელიც შთაგონების ფრთების ყველაზე მძლავრად გაშლისასაც ვერ
იოცნებებდა თორელის ასეთ ბედზე. ანკი როგორ უნდა ეოცნება! რა გააჩნდა
მას, სახელი თუ სიმდიდრე, ქონება თუ ღირსება! ერთი უბირი ბიჭი იყო,
ობლობასა და გაჭირვებაში წვალებით გამოზრდილი, და ცაგოზე უკეთ ეს ვინ
იცოდა. თავათ ცაგოც გაჭირვებაში იყო გაზრდილი. ღარიბი აზნაურის ობოლი
გოგონა უკეთეს ცხოვრებაზე, სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ოცნებობდა და ამ
ოცნების ხორცის შემსხმელად, ალბათ, თავის სწორსა და მეზობელს, მასავით
ღარიბსა და ხელმოკლეს, ვერასოდეს წარმოიდგენდა.
მაშ, რაღა აზრი აქვს ვაჩეს ცხოვრებას, თუკი იგი ვეღარასოდეს ვერ დადგება
ცაგოს ოცნების სიმაღლეზე; რისთვისღა ათევს ღამეებს სამჭედურში,
გრდემლთან, რატომღა შეჰყურებს დღისით ტაძრებსა და სასახლეებში
მხატვართა ხელოვნებას, ვისთვისღა უნდა ისწავლოს და იწვალოს მთელი
სიცოცხლე, ვისკენღა უნდა გაიკაფოს გზა, როდემდის უნდა ებრძოლოს
ცხოვრების ტალღების მოწოლას, თუკი ოდესმე ნაპირზე გასულს მისი
საოცნებო ცაგო იქ არ დახვდება?!
ვაჩემ თვალი დახუჭა. ხელები ხიდის მოაჯირს მოავლო და ის იყო, ფეხის
წვერებზე აიწია გადასახტომად, რომ ყურში სასოწარკვეთილი ყვირილი ჩაესმა:
_ მი-შვე-ლე-ეეთ!
თვალი უმალვე გაახილა: მდინარეს ყმაწვილი მოჰქონდა. განწირული
ბალღი ხელებს მაღლა იქნევდა, ტალღები მორევისკენ ეწეოდნენ, ხან ზედ
გადაუვლიდნენ და ქვეშ მოიქცევდნენ, ხანაც მაღლა ამოაგდებდნენ და
ერთხანს ნაფოტივით მოატივტივებდნენ.
მდინარის ნაპირს ქალები და ბავშვები მოსდევდნენ ზრიალითა და
გულისწამღები კივილით. ისინიც მშველელს უხმობდნენ.
ვაჩე არც დაფიქრებულა, ხიდის მოაჯირს გადაევლო და გაუხდელად
წყალში გადაეშვა. მორევმა ერთი კი შეატრიალა, მაგრამ ჭაბუკმა ღონივრად
მოუსვა მხარული და მდინარეს აღმა შეჰყვა. დინების წინააღმდეგ ჭრიდა
წყალს და მაღლა ნელა მიიწევდა, მაგრამ შორს წასვლაც არ დასჭირდა, მტკვარს
თავათ მოჰქონდა მისკენ უკვე გონდაკარგული ბავშვის მოშვებული, უღონო
სხეული.
მიახლოებისთანავე, ერთი მაგრად უბიძგა ნაპირისაკენ, მერე ცალი ხელი
ქოჩორში ჩაჰკიდა და ცალიც ღონივრად მოუსვა.
ნაპირთან მოსვლისას ქალების და ბავშვების ზრიალმა იმატა. ისე მოეჩვენა,
თითქო მთელი ქალაქი იქ მოსულიყოს, ტიროდნენ, კიოდნენ და წიოკობდნენ.
თმაგაწეწილმა ქალმა მუხლამდე წყალში შემოტოპა და ბავშვს მივარდა.
სხვებიც მაშინვე მიჰყვნენ დედას და ნაპირზე ციმციმ გამოიყვანეს ყმაწვილი.
ჯერ თავდაღმა დაჰკიდეს, მერე სახე და ტანი დაუსრისეს და როგორც იყო,
ბავშვს გონი მოუბრუნეს.
საიდანღაც ბიჭის მამაც გაჩნდა. ბავშვი რომ გონს მოსული ნახა, ვაჩეს
ფეხქვეშ ჩაუვარდა და მოეხვია. ვაჩემ ფეხები ძლივს წაართვა და ბავშვის მამა
37წამოაყენა. ახლა მხრებზე მოეხვია გახარებული მამა, მკერდში თავი ჩაუდო,
ჰკოცნიდა და ცრემლით ულტობდა უბეს.
გადარჩენილი ბავშვის მამა დიდვაჭარი შიო აღმოჩნდა, მეფის კართან
დაახლოებული, სამეფოს უმდიდრესი კაცი. მუდამ მოქარავნესა და
განუწყვეტლად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურ შიოს, თურმე, ეს ერთადერთი
ვაჟი გააჩნდა და მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა.
შიო შინ არ ყოფილიყო, მისი ბიჭი ტოლებს გაჰყოლოდა მტკვარზე, წყალში
ღრმად შესულიყო და ტალღას მოეტაცნა. ახლა, როცა თავისი ერთადერთი
მემკვიდრე და იმედი ბეწვზე გადარჩენილი ნახა, გულით უნდოდა, მისი
მხსნელისთვის რითიმე გადაეხადა. ყველა იქ მყოფთან ერთად შინ წაიყვანა და
სუფრა გაუშალა.
სუფრაზე მოწყენილი იჯდა ვაჩე, პირი არ გაუხსნია, საჭმელს არ
მიჰკარებია. სამაგიეროდ, ღვინოს დაეძალა და ყველა გააოცა, იმდენი სვა.
დიდვაჭარი მხიარულად იყო. არ იცოდა, რით ეამებინა შვილის
მხსნელისათვის.
_ სამეფოს ყველა დიდებულსა და ვაზირებსაც დაგიპატიჟებდი და
გაგაცნობდი, მაგრამ დღეს მეფის კარის მგოსნის ქორწილია და ყველანი იქ
არიან, _ მოიბოდიშა შიომ და ვერ მიხვდა, როგორ ატკინა გული ვაჩეს,
რომელიც თავისი დარდის ჩახშობას ღვინოში ცდილობდა.
შიოს ნათქვამმა ცოტა ხნით მივიწყებული სადარდელი ისევ აუშალა ვაჩეს.
სუფრაზე ვეღარ გაძლო, ბოდიში მოიხადა და ფეხზე წამოდგა. მასპინძელი
სტუმარს მიჰყვა, მერე წინ წაუძღვა და საიდუმლო კარით სალაროში შეიყვანა.
ოქრო-ვერცხლისა და პატიოსანი თვლების ხვავმა დააბრმავა ვაჩე.
_ წაიღე, რამდენიც გინდოდეს, ოქრო-ვერცხლი უანგარიშო მაქვს, შვილი კი
ერთადერთი მყავს და მისი სიცოცხლე შენგან მაქვს ნაჩუქარი, _ უთხრა შიომ.
ვაჩე ოქროს ზედაც არ უყურებდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრე ჩალადაც არ
უღირდა ახლა, რადგანაც თავათ სიცოცხლე აღარაფრად უნდოდა. ჭაბუკმა
ხელი ჩაიქნია და უანგარიშო სიმდიდრისაგან პირი იბრუნა.
შიოს, ცოტა არ იყოს, უცნაურად ეჩვენა ჭაბუკის ქცევა. მკლავი დაუჭირა და
თვალებში ჩააცქერდა.
_ მთელი ჩემი ქონება კი არა, სიცოცხლეც ცოტაა შენი მადლის
გადასახდელად. მითხარი, რას ითხოვ და ისეთი რა უნდა იყოს, რომ ვერ
აგისრულო, _ შეეხვეწა შეწუხებული შიო.
ვაჩე გულგრილად უყურებდა დიდვაჭრის თავგამოდებას და არაფერს
ამბობდა.
_ ყმად დაგიდგები, რითაც გსურდეს, მიმსახურე! _ ისევ შესთხოვა შიომ.
_ ერთადერთი სათხოვარი მაქვს და, მგონია, შენ არ უნდა გაგიძნელდეს
ამის შესრულება, _ მცირე ხნის ყოყმანის შემდეგ თქვა ვაჩემ, _ ხლათს წასვლა
მინდა და ეგებ, იქით მიმავალი ქარავანი გეგულებოდეს, რომ თან გამიყოლოს.
_ თავათ ახლახან დავბრუნდი ხლათიდან. ჩემი მექარავნეები წავლენ ამ ორ
დღეში და იმათზე უკეთესს ვის გაჰყვები, ისე ჩაგიყვანენ, ცივ ნიავს არ
38მოგაკარებენ. ხლათში გავლენიანი ნაცნობებიცა მყავს, თვით თამთა
დედოფალთან მიგიწერ წიგნს, მის კარზე ჩემი ხათრით არაფერს გაგიჭირვებენ,
_ დიდვაჭარმა მხარზე დაჰკრა ხელი ვაჩეს, თვალებში ჩააცქერდა და
გამომცდელად ჰკითხა, _ ეგრე შორს გამგზავრება რად გადაგიწყვეტია?
_ _ ხლათში ჩემი მასწავლებელი მხატვარი მიბარებს. დემეტრე
იყალთოელი, მისი შეგირდი ვარ და სამუშაოდ მიწვევს.
_ იყალთოელს კარგად ვიცნობ, კარგი ოსტატია და თამთას კარზეც დიდი
სახელი აქვს. ახლაც ვნახე იქ ყოფნისას, ქართველი დედოფლის ეკლესიას
ხატავს. ურჯულოები ბოღმით უყურებენ მაჰმადიანი მელიქის სასახლისა და
მიზგითის გვერდით ამართულ ქრისტიანულ ეკლესიას, მაგრამ, ერთის მხრივ,
თამთასა და აშრაფის რიდითა და სიყვარულით, მეორეს მხრივ _ ქართველთა
შიშით ვერაფერს ამბობენ...
ორი დღის შემდეგ დიდვაჭარმა შიომ, მისმა ოჯახმა და ნათესაობამ ხლათის
გზაზე გაისტუმრა მათი მხსნელი და გადამრჩენელი.
დიდვაჭარმა წერილები მისწერა თამთა დედოფალსა და თავის გავლენიან
ნაცნობებს, თან საგზლითა და საქონლით დატვირთული ჯორ-აქლემები
გაატანა.
თურმან თორელი უბედნიერესი კაცი იყო.
ტრფობის სიამით ტკბობა გამოუფხიზლებლად გრძელდებოდა. მტკვრის
ნაპირას პატარა ბაღიანი სახლი იყიდა კარის მგოსანმა. სახლი სანახევროდ
მდინარეზე იდგა. აივნის ქვეშ მტკვარი მიედინებოდა და ბედნიერი წყვილი
ხომალდზე გაწოლილი მოგზაურებივით მიჰყავდა ოცნებას სიყვარულის
დაუსრულებელ ზღაპარში. უცხო სიამეთა მიუკვლეველ ქვეყნებში.
სამეფოში დიდი ამბები ხდებოდა. რუსუდან დედოფალმა, დარბაზის
დასტურითა და საკუთარი არჩევანით, არზრუმის სულტნის ტოღრილშას
შვილი მოღასედინი შეირთო. უმშვენიერესი დედოფლის ტრფობით
გონდაკარგულმა მოღასედინმა საქართველოს დარბაზის პირობა უყოყმანოდ
მიიღო, მაჰმადის სჯული უარყო და ქრისტიანულად მოინათლა.
შალვა და ივანე ახალციხელები სამხრეთის ქვეყნებში ლაშქრობდნენ.
სამეფო ახალი არხებითა და გზატკეცილებით იქსელებოდა, ახალი ტაძრები და
სასახლეები, სასნეულოები და ხანაგები შენდებოდა.
გელათსა და თბილისში, მცხეთასა და ანისში ბიზანტიელ, სომეხ და
ქართველ ფილოსოფოსთა პაექრობა გრძელდებოდა, ახალი წიგნები
იწერებოდა და ითარგმნებოდა.
და ყველაფერი ეს, თითქო სადღაც, თორელისაგან ძლიერ შორს ხდებოდა.
გარე სამყაროსაგან სანახევროდ მოწყვეტილი თორელი, თავის ლამაზ ცოლთან
ერთად, უკაცურ კუნძულზე დასახლებულს ჰგავდა, ერთიმეორის გარდა
აღარც არავინ იცოდნენ, აღარც ვინმეს ახსოვდათ და აღარც არავინ უნდოდათ.
ერთხანს მოგზაურობით გაერთვნენ. თავის საყვარელ თორში წაიყვანა
პატარძალი თურმანმა, მერე მცირე ხანი ახალდაბაში დაჰყვეს ცაგოს დედასთან
39და შემდეგ ისევ თბილისს დაუბრუნდნენ, მტკვარზე გადამდგარ კოხტა სახლსა
და პატარა ბაღს.
ცაგო მთელი დღე სასიყვარულოდ ეტიტინებოდა თორელს. იგი ასაკითაც
უმცროსი იყო, თურმანთან შედარებით თითქმის ბავშვი, და თორელს მასთან
ყოფნისას ყველაფერი ავიწყდებოდა, განვლილი ცხოვრების ავ-კარგიც,
მომავალზე ფიქრიცა და თავისი ვალიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ხანდახან
გამოფხიზლდებოდა და შეეშინდებოდა ხოლმე: ვაითუ, ამოდენა ბედნიერება
დიდხანს არ გაგრძელდეს და უბედურება რამ შემემთხვესო!
რუსუდან მეფე სანახევროდ თბილისში არ იყო, ჭაბუკ თანამეცხედრესთან
ერთად სამყოფელს ხშირად იცვლიდა და თავის სეფექალსა და კარის მგოსანს
იშვიათად აწუხებდა სასახლეში მიხმობით.
მაგრამ, როგორც კი გვირგვინოსნები დედაქალაქში გამოჩნდებოდნენ, მისი
ახალი სეფექალიცა და კარის მგოსანიც მაშინვე ეახლებოდნენ.
ცაგოს განსაკუთრებით იზიდავდა მეფის ბრწყინვალე კარი, სადაც
მუდამდღე ტრიალებდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მეფეები და
უფლისწულები, მთავრები თუ დიდებულები, ვაზირები და უებრო რაინდები,
სამეფოს საუკეთესო მოყმეები, სწავლულები, ფილოსოფოსები და რიტორები.
რუსუდანის ულამაზესი სეფექალის გამოჩენა შუქს მატებდა ტურფა
ქალებით სავსე სასახლესა და დედოფლის ამალას და ცაგო ყოველთვის
გრძნობდა მისკენ გამორჩეულ მზერას. უამრავი თვალი აღტაცებით
შეჰყურებდა მისი კენარი ტანის ნატიფ მიხრა-მოხრას და ცაგო ცდილობდა,
უფრო მეტად ლამაზი და მომხიბლავი გამოჩენილიყო.
ხლათში ჩასული ვაჩე პირველი დღიდანვე ჩაითრია ცხოვრების ახალმა
დინებამ. ჯერ კიდევ გრძელი გზის შთაბეჭდილებით იყო გაბრუებული და
დაღლილი, რომ ხლათის მელიქის კარის ბრწყინვალებამ დააბრმავა.
შიოს ქარავანბაშმა პირდაპირ თამთა დედოფალს წარუდგინა ვაჩე.
იჯდა ოქროს მაღალ ტახტზე ქართველი დედოფალი, თვალწარმტაცი და
თავდაჯერებული. მის ერთ გამოხედვაზე ან წარბის შერხევაზე ოთხად
იკეცებოდნენ ხლათის კეთილშობილი დიდებულები და მისი ბრძანების
შესრულებას ერთმანეთს ასწრებდნენ დედოფლის წყალობისა და ყურადღების
დამსახურების მოსწრაფენი.
თავათ ხლათის მელიქი აშრაფი ქეიფსა და ნადირობას გადაყოლილი,
თამთას ყოფილი მაზლი და აწ თანამეცხედრე, სასახლეში არ ჩანდა და ვაჩე
მიხვდა, რომ საქართველოს ამ ყმადნაფიცი სამეფოს ნამდვილი ბატონ-
პატრონი ივანე მხარგრძელის ასული, ქართველი დედოფალი თამთა იყო.
წლებს ოდნავ დაეჩნია კვალი ქართველი დედოფლის სწორუპოვარი
სილამაზისათვის, მაგრამ იმდენად კი ვერა, რომ მის პირველად მნახველს
შეეტყო. ორმოციოდე წლის დედოფალი კიდევ ბევრს დაუკარგავდა გონებას
და მისი სიტურფითა და ბრწყინვალებით მოხიბლული ჭაბუკი შეკრთა.
40ძალიან მაღლა და ძალიან ახლო იგრძნო თავი დიდ ნათელთან, თვალი ვეღარ
გაუსწორა, თავი დახარა და შეშინებულმა ოდნავ უკან დაიხია.
_ მოდი, ჭაბუკო, მომიახლოვდი! _ დაუყვავა დედოფალმა და
დედაშვილურად მიუალერსა.
_ საქართველოში ხომ მშვიდობაა? დაჯექი, მიამბე, _ დედოფალმა სელზე
ანიშნა და მორიდებული ჭაბუკი კრძალვით, გაუბედავად დაეშვა სკამზე.
კიდევ ცოტა ხანიც და, ვაჩეს წეღანდელი გაუბედაობისაგან აღარაფერი დარჩა,
შიში თუ კრთომა სადღაც გაიფანტა და დაიკარგა.
და ვაჩე გუმანით მიხვდა, რომ თამთა დედოფლის ძალა მის
გულითადობასა და გონიერებაშიც ისევე იყო, როგორც მის სიტურფეში.
დემეტრე იყალთოელმა ვაჩეს მისვლით დიდად გაიხარა.
_ ვიცოდი, რომ ბოლოს მაინც მომძებნიდი უძღები შვილივით, ბოლოს
მაინც მე უნდა დამბრუნებოდი, რადგან მას შემდეგ, რაც მუზებთან ღამე
გათევინე, მე შენი მეორე მამა ვარ, _ უთხრა დემეტრემ და გადაეხვია.
თამთა დედოფლის კარის ეკლესია აჩვენა დემეტრემ ვაჩეს. ახლადნაშენი,
მცხეთის ჯვრის მსგავსი მომცრო საყდარი პატიოსანი თვალივით ბრწყინავდა
ფერადი ქვებით შემკულ, ნოხებივით აჭრელებულ მიზგითებს შორის.
წუთიერი ქვის პერანგში ქართული ჩუქურთმები დალალ-კავებივით
ჩახვეულიყვნენ და ოთხსავე კედელზე ჯვრის სახედ შეკრულიყვნენ.
ეკლესიაში ხარაჩოები იდგა, დემეტრეს თანაშემწეები მუშაობდნენ;
კედლების მოხატვა ახალი დაწყებული ჩანდა.
იყალთოელმა საყდარი შემოატარა ვაჩეს, დაწვრილებით აუხსნა, თუ სად
რის დახატვას ფიქრობდა. თავისი გეგმა გააცნო. ბოლოს ეკლესიის ერთი
კედელი ჩააბარა და მისი მოხატვა მთლიანად მას მიანდო.
მოწყურებულივით დაეწაფა სამუშაოს ვაჩე. თავბედმოძულებულს ქვეყნად
სხვა აღარაფერი იზიდავდა, თავდავიწყებას მხოლოდ ხატვაში პოულობდა და
გამოუფხიზლებელი ლოთივით სხვაზე აღარაფერზე ფიქრობდა. შთაგონებით
გაბრუებული, ოცნებადქცეული ვაჩე იშვიათი აღმაფრენითა და გაქანებით
ხატავდა. იყალთოელი და მისი ოსტატები გაოცებულნი შეჰყურებდნენ
ჭაბუკის მუშაობას, იგი მათ თვალწინ იზრდებოდა და ვაჟკაცდებოდა,
მათთვის მიუწვდომელი სიმაღლეებისაკენ მიიწევდა.
დემეტრე გახარებული იყო მოწაფის წარმატებით.
ხალისიანი,
ცხოვრების
ყველა
სიკეთის
მოყვარული
ოსტატი,
გემოთმიმყოლი და დედათა მოყვარეც იყო. ფული თავზესაყრელად ჰქონდა,
პატივი და ყურადღება არ აკლდა. იყალთოელმა დაუღალავად იცოდა
მუშაობა, როცა შთაგონების ასეთი დღეები ჰქონდა, ეკლესიიდან არც თავათ
გამოდიოდა, არც თანაშემწეებს იშორებდა. მაგრამ, როგორც კი აღმაფრენის
ოდნავ შესუსტებას იგრძნობდა, ხატვას მიატოვებდა და აიწყვეტდა.
მაშინ ღამეები უძილოდ გარბოდნენ სპარსელ და თურქ ხათუნებთან
ლხინში, აუღებელ სუფრასა და მეგობრებთან ქეიფში.
41ვაჩე აქაც განუყრელად გვერდით ჰყავდა დემეტრეს, მისი ლხინის სული და
გული იყო.
რამდენ უტურფეს ქალს გადაეყარა ვაჩე, ღვინისაგან გაბრუებულს ბევრჯერ
ეგონა, რომ გულისსწორი იპოვა, მაგრამ გამოფხიზლებულს უმალ თვალი
ეხილებოდა, გუშინდელ კერპზე გული უცივდებოდა და თავისი თავი
ეზარებოდა.
ასეთ წუთებში თვალწინ ისევ ცაგო ედგა, თავი უბედურ ადამიანად
მიაჩნდა და თავდავიწყებას ხელახლა ამაოდ ეძებდა მუშაობასა და სმაში.
დარდიმანდს, ქეიფისა და დროსტარების მოყვარულ დემეტრესაც მალე
ყირჭდებოდა გაბმული ლხინი და ღამეების თევა. ასეთ წუთებში ოსტატი
საოცრად მოიწყენდა ხოლმე, ვაჩესთან განაპირდებოდა და საქართველოს
ამბებით, საკუთარი სახლისა და ოჯახის მოგონებით იქარვებდა დარდს.
_ არც ჩვენი ხელობა ვარგა, ვაჩე! წლობით შინ არა ვარ და ერთადერთი
შვილის ნახვა საოცნებოდ მაქვს. რაც ცოლი გარდამეცვალა, ჩემი ლელასათვის
მამაც მე ვარ და დედაც.
_ რამოდენაა ლელა? _ უფრო დემეტრეს გულის გასახალისებლად
იკითხავდა ვაჩე.
_ თოთხმეტისა გახდა ღვინობისთვეში. ალბათ, უკვე დაქალდებოდა ჩემს აქ
ყოფნაში. რომ იცოდე, რა თვალ-ტანადია! _ აღტაცებით ამოხდებოდა
დემეტრეს და სიხარულით გაბრწყინებული მოჰყვებოდა ლელას სიტურფისა
და სიკისკასის ამბავს.
დემეტრე ერთხელ მოთხრობილს მრავალჯერ უბრუნდებოდა და ვაჩემ უკვე
ზეპირად იცოდა ოსტატის სათქმელი. თუმცა თვალით ჯერ არ ენახა ჭაბუკს
დემეტრეს ქალი, ოსტატის ნაამბობით მისი გარეგნობა, კეთილი ზნე და
ნატიფი ქცევა კარგად ჰქონდა წარმოდგენილი. დემეტრეს ნაამბობით შეეჩვია
თვალით უნახავ ლელას; რაკი მამას ენაზე სულ მისი სახელი ეკერა, ვაჩესაც
ახლობელივით წარმოედგინა ოსტატის ესოდენ ტურფა და მიმზიდველი
ასული და მისი ამბების თხრობა მასაც მოთხოვნილებად ექცა.
თამთას ეკლესიის კარის მოხატვა თავდებოდა. ხლათის დედოფალმა
თავისი სახის დახატვა ინება საყდრის მარჯვენა კედელზე. ეს საქმე დემეტრემ
თამთას არჩევანითვე ვაჩეს მიანდო.
საქვეყნო საქმისაგან მოცალების ჟამს ხლათის დედოფალი თავის ახალ
ეკლესიაში მიბრძანდებოდა ხოლმე და ჭაბუკი მხატვარი გატაცებით ხატავდა
მის მშვენიერ სახეს.
მტკვრის პირას, მეტეხის კლდეზე ნელ-ნელა წამოიმართა მთელ ქალაქში
ყველაზე მაღალი შენობა. ვიდრე შენობა ჩვეულებრივ სიმაღლეს არ
აშორებოდა, მნახველები ვერ ამჩნევდნენ რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ
როცა ხარაჩოები თანდათან მაღლა-მაღლა ავიდნენ და შენობას რამდენიმე
სართულზე სვეტებით დამშვენებული ბანები შემოევლო, გამვლელ-
გამომვლელნი თვალს ვეღარ აცილებდნენ ამ უცხოსა და ლამაზ ნაგებობას.
42ბოლოს, ოქროსფერი ქვის პერანგით შემოსეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელი
შენობა. დამშვენდა, დამაბრმავებლად გაბრწყინდა სხვა შენობებს შორის.
უთვალავი ეკლესიის გუმბათებზე მაღლა ამართული, ქალაქის ყოველი
კუთხიდან მოჩანდა მეტეხის ტინზე მკვიდრად დაშენებული ახალი სასახლე
რუსუდან მეფისა.
რუსუდანის გამეფების დღეს ჩაუყარეს საფუძველი ამ ახალ პალატებს.
პატივმოყვარე რუსუდანს სურდა, მისი სასახლე ულამაზესი ყოფილიყო არა
მარტო საქართველოში, არამედ მთელს წინააზიაში. კარის ხუროთმოძღვარი
გოჩი მუხასძე საგანგებოდ გაგზავნა კონსტანტინეპოლსა და რომს, რათა
იქაური სასახლეები ერთხელ კიდევ მოეხილა და თბილისში მათი მჯობი
პალატები აეგო.
ბიზანტიაში ნასწავლმა და ნამუშევარმა მუხასძემ აღმოსავლეთისა და
დასავლეთის საუკეთესო სრა-სასახლეების გეგმები წინ დაიდო, ქართული
ეროვნული
ხუროთმოძღვრების
მიღწევებიც
სახელმძღვანელოდ
გაითვალისწინა და სასახლის ბრწყინვალე გეგმა შექმნა.
ბაგრატიონთა სახლს თავისი მოდგმა ბიბლიური დავითისა და
სოლომონისაგან გამოჰყავდა და საქართველოს ახალ რომად გადაქცევის
მქადაგებლებმა მუხასძეს ისიც მოსთხოვეს, რუსუდანის პალატები
სოლომონის ზღაპრული ტაძრისათვისაც მიემსგავსებინა, იმ ტაძარზე დიდი,
უკეთ შემკული და უფრო ბრწყინვალე აეშენებინა.
მუხასძე ძველი აღთქმის მეფეთა წიგნსაც ჩაუჯდა და ზოგი რამ მართლაც
საგანგებოდ
გადმოიღო
სოლომონის
ტაძრიდან,
რათა
ქართველი
გვირგვინოსნის დავითიან-სოლომონიანის წარმომავლობა მეფის ახალი
სასახლის ყველა მნახველისათვის ნათელი გაეხადა.
ათასობით მონა დაახვიეს სასახლის მშენებლობას. ასობით ქარავანი
წამოვიდა ქვეყნის ყველა კუთხიდან. განუწყვეტელ ნაკადად მოედინებოდა
თბილისისაკენ სომხეთის ფერად-ფერადი ქვა, აფხაზეთის ხე-ტყის ძვირფასი,
გამძლე ჯიშები, კირი და კრამიტი, მარმარილო და მინა საგანგებოდ
მზადდებოდა რუსუდანის სასახლისათვის და ურიცხვი ურმითა და
ჯორკიდებულით მოდიოდა ქვეყნის ყოველი მხრიდან.
საქართველოს ყველა ხუროთმოძღვარი, მხატვარი, მეცნიერი თუ
ფილოსოფოსი რუსუდანის ამ ახალ სასახლეს საქართველოს სახელმწიფოს
უდიდესი ძლიერებისა და აყვავების ძეგლად თვლიდა, ყველას უნდოდა, ეს
ძეგლი სამარადისო ყოფილიყო და ყველას თავისი შემოქმედების წვლილი
შეჰქონდა მის შენებაში.
ხუროთმოძღვრები და სწავლულები რომ სასახლის გარეგნულ სილამაზესა
და მარადიულ აზრზე ფიქრობდნენ, ქართველი მთავრები ერთიმეორეს
ეჯიბრებოდნენ რჩეული მასალის მოზიდვაში, ხოლო საქართველოს
ყმადნაფიცები, ტრაპიზონის იმპერატორი და არზრუმის სულტანი,
ადარბადაგანელი ათაბაგები და თურქმანი სულტანები უჩვეულო
43თავგამოდებას იჩენდნენ, რუსუდანის სასახლის მშენებლობას ოქრო-ვერცხლსა
და იშვიათ შესამკობელ მასალას სწირავდნენ.
შენობა სახურავამდე ავიდა და მუხასძემ სასახლის შიგნი მოხატვაზე
დაიწყო ზრუნვა. სამეფოს ყველა მხატვარს კარგად იცნობდა, მეზობელი
ქვეყნების მხატვართა ოსტატობაც გაცნობილი ჰქონდა და მათგან ყველაზე
განთქმულ ხელოვანთა გამორჩევას ფიქრობდა.
დროს სწრაფად გაერბინა, ორი წელი გასულიყო. ქართველ მხატვრებს
ხლათის კარის ეკლესიის მოხატვა დაესრულებინათ. ეკლესიის მხატვრობისა
და განსაკუთრებით მარჯვენა კედელზე გამოხატული თამთა დედოფლის
სახის სანახავად განუწყვეტლად მოდიოდნენ ის მუსულმანებიც კი, რომლებიც
ქრისტიანთა სალოცავს უწმინდურებასავით უვლიდნენ ხოლმე გვერდს და
მისგან ზურგშექცეული გარბოდნენ, ახლა, ქრისტეს საყდარში ქურდულად
შეპარულნი, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს თვალს არიდებდნენ და
საათობით უცქერდნენ თავიანთი საამაყო დედოფლის სახეს.
მთელს ქვეყანაზე გაითქვა სახელი ამ პატარა ეკლესიის მხატვრობამ და
გოჩი მუხასძე საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისიდან თავისი თანაშემწეებით,
რათა ადგილზე ენახა საარაკო ნახატი.
ეკლესიის მხატვრობამ და განსაკუთრებით თამთას სახემ ბევრის მნახველი
ხუროთმოძღვარიც განაცვიფრა.
თბილისში დაბრუნებისთანავე კარის ხუროთმოძღვარმა მეფეს გადაჭრით
მოახსენა: ყველას ნიჭი და ოსტატობა ავწონ-დავწონე, მეფის პალატების
გარეგნობის ღირსად სასახლის დარბაზების მოხატვას მხოლოდ დემეტრე
იყალთოელი და მისი თანაშემწე ვაჩე შესძლებენო.
რუსუდანმა მალემსრბოლები აფრინა ხლათისაკენ.
თამთა დედოფალმა ქართველი მხატვრები უხვად დააჯილდოვა და
საქართველოსაკენ გამოისტუმრა.
რაღაც გაურკვეველი გრძნობით შეპყრობილი მოჰყვებოდა გზას ვაჩე.
სამშობლოში დაბრუნება ახარებდა და თან აშინებდა. ვინ იცის, რა მოხდა ამ
ორი წლის განმავლობაში, რამდენი რამ შეიცვალა მისი ახლობლების
ცხოვრებაში.
თავათ ვაჩეს ცხოვრებაში კი თითქო არაფერი მომხდარა ღირსსახსოვარი.
ორი წელი რა არის, ამ ორ წელს ისე გაურბენია, რომ მის პირად ბედზე
თითქმის არავითარი კვალი არ დაუტოვებია, მაგრამ თავათ გამოცვლილა ვაჩე,
ხასიათი შეცვლია, გუნება დამძიმებია და ცხოვრებას სხვა თვალით უყურებს...
ხუთიოდე ცხენოსანი თბილისში შემოვიდა. სამშობლოს დანატრებული,
გრძელი გზით დაღლილი მგზავრები დედაქალაქის ხილვამ გამოაცოცხლა.
ხმამაღლა ალაპარაკდნენ, ხელებს იშვერდნენ და ერთიმეორეს ანიშნებდნენ
ნაცნობსა თუ უცნობ შენობებზე და უბნებზე, ძველსა თუ ახალზე.
44გაუთავებელი გზით მოქანცულ, დამტვერიანებულ მგზავრთაგან ვაჩე
სადღესასწაულოდ
გამოწყობილივით
გამოირჩეოდა.
ისე
არხეინად
მოჰყვებოდა მტკვრის ნაპირს, თითქო ორი წლის წინ სწორედ ამ მტკვარში
თავის დახრჩობა არც გაეფიქროს, ყველაფერი ახარებდა და იტაცებდა, ლურჯი
ცაცა და მწვანით დაფარული მთებიც, ნელა მოდუდუნე მტკვარიცა და
ფუტკრის სკასავით ახმაურებული ქალაქიც.
მტკვრის პირას, მეტეხის კლდეზე დაშენებულმა, ცადატყორცნილმა ახალმა
შენობამ მიიპყრო მგზავრების ყურადღება. ცხენები შეაყენეს და მიაშტერდნენ.
კლდეზე ამოსულივით, თავათ ამ კლდის ნაწილივით იდგა ღრუბლებში
ატყორცნილი უცხო ნაგებობა.
_ აი, ეს არი რუსუდანის ახალი პალატები! _ წარმოსთქვა დემეტრემ და
სასახლეს აღტაცებით მიაჩერდა.
_ რა ლამაზია! რა მსუბუქი და ჰაეროვანი! _ აღმოხდა ვაჩესაც.
_ გოჩი მუხასძის აგებულია, მისი ნაშენები ყველა ასე ლამაზია და
ხელთუქმნელსა ჰგავს.
_ სარკმლებს შეხედეთ, სარკმლებს, რამსიმაღლიდან დაჰყურებენ მტკვარს!
_ წამოიძახა რომელიღაცამ.
_ მოცურავე ის იქნება, ვინც მაგ სარკმლიდან გადახტება მტკვარში! _
დასძინა მეორემ.
_ რას ამბობ, მტკვარამდე სული არ დაჰყვება! _ შეიცხადა მესამემ.
_ როგორი ზომიერებით არი ყველაფერი განაწილებული, სიმაღლე და
სიღრმე, სვეტები და ჩუქურთმები!..
_ ღირს, განა, მაგ სასახლის მოხატვა, ვაჩე?!
_ ღირს, მაგრამ ძნელიცაა! _ ჩაფიქრდა ვაჩე, _ თუმცა, რაც ძნელია,
მიმზიდველიც სწორედ ის არი!
_ გოჩი მუხასძეს უნდა ვაჯობოთ, ვაჩე, შიგნი ისე უნდა მოვხატოთ მეფის
ახალი პალატები, მისი გარეგნობა უნდა დავავიწყოთ მნახველს.
_ აი, ეგ კი მართლა ძნელი საქმე იქნება! _ თავი გადააქნია ვაჩემ და ცხენი
ნელა დასძრა.
გზადაგზა ემშვიდობებოდნენ და სტოვებდნენ თანამგზავრები ვაჩესა და
დემეტრეს, ზოგი სად უხვევდა და ზოგი სად რჩებოდა.
მარტონი რომ დარჩნენ, ვაჩემ გონსმოსულივით წამოიძახა:
_ მე სადღა მივდივარ, ლაპარაკმა როგორ შემიყოლია!
_ სად უნდა მიდიოდე, ჩემსას წამოხვალ! _ მტკიცედ უთხრა დემეტრემ.
_ დედასთან წავიდოდი, სოფლად, აქედან შორს არ არი. _ გაიწია ვაჩემ.
_ ჯერ ჩემსას დავისვენოთ, ნამგზავრები ვართ, აბანოში წავიდეთ. დედის
ნახვას მერეც მოასწრებ, ხვალაც, ზეგაც... თუ გუნებაზე ვიქენი, მეც თან
წამოგყვები.
_ მაგას რაღა აჯობებს! _ გაიხარა ვაჩემ და მორჩილად მიჰყვა ოსტატს.
კოხტა აივნიან პატარა სახლთან შეჩერდნენ. ჭიშკარი გაიღო და
წინსაფრიანი ქალიშვილი გამოეგებათ. «მამაო», _ ერთი შესძახა და
45დემეტრესკენ გაქანდა. უნაგირიდან გადმოსვლა არ აცალა მამას, ცხენიდან
გადმოხრილს მოეხვია. ცრემლმორეული, გულაჩუყებული დემეტრე მკერდში
იხუტებდა ამდენი ხნის უნახავ ერთადერთ ქალიშვილს, კოცნიდა და
ეფერებოდა.
ვაჩე განზე იდგა და ღიმილით შეჰყურებდა მამა-შვილის გაუთავებელ
ალერსს.
როგორც იყო, გული იჯერეს ერთმანეთის ხვევნით, დემეტრე ცხენიდან
გადმოხდა, ვაჩემაც დაიქვეითა.
_ ჩემი ქალიშვილია, ლელა, _ მიმართა ვაჩეს, ქალიშვილს მკლავში ხელი
გამოსდო და ვაჩესკენ წაიყვანა.
ქალს სახე ერთიანად გაბრწყინებოდა, თვალებში სიხარულის შუქი
ჩასდგომოდა. მოდიოდა ვაჟისკენ ხელის ჩამოსართმევად, გული უჩვეულოდ
უცემდა და მუხლიც უცნაურად უკანკალებდა.
_ რამოდენა ქალი ყოფილა და მე კი არ ვიცნობდი! _ ღიმილით თქვა ვაჩემ
და ლელა თავით ფეხამდე აათვალ-ჩაათვალიერა.
_ მე კი თქვენი ყოველივე დაწვრილებით ვიცოდი, მამაჩემი ხშირად
მიამბობდა და წერილებშიც მწერდა.
_ ჰოო! _ გაიკვირვა ვაჩემ და ისევ ალალად გაეღიმა.
დემეტრე სასოებით შეჰყურებდა თავის ერთადერთ შვილსა და უსაყვარლეს
მოწაფეს. ვაჩეს ზნესა და ქცევას რომ აკვირდებოდა ხოლმე შორეულ ხლათში,
ბევრჯერ გულში მისი დამოყვრება უნატრია. ახლა, მათ რომ ერთად ხედავდა,
ის ოცნება ადვილად განსახორციელებელი ეჩვენებოდა და გული სიხარულით
ევსებოდა.
ჭიშკარში დემეტრეს დაი გამოჩნდა.
_ დემეტრე! შენ გაგახარა ღმერთმა, როგორც ჩვენ გავიხარეთ შენი
გამოჩენით! _ შესძახა და ძმას მოეხვია.
ცხენები დააბინავეს და შინ შევიდნენ.
პატარა სახლი გემოვნებით იყო მოწყობილი. ვაჩემ ნაამბობით იცოდა, რომ
ადრე დაქვრივებულ დემეტრეს ეს ერთადერთი ქალიშვილი დარჩენოდა,
რომელიც მამიდის მზრუნველობით იზრდებოდა.
იქაურობას წკრიალი გაჰქონდა და ვაჩე მიხვდა, რომ ეს შნო და ლაზათი
ლელას იქ ყოფნას შეჰქონდა ყველაფერში.
ხელ-პირი დაიბანეს. ლელამ სუფრა გააწყო. ქალიშვილი უჩვეულოდ
აღგზნებული და ატაცებული იყო, ისე დაჰქროდა, გეგონებოდათ, მიწას ფეხს
არ აკარებსო. ვაჩეს შორიდან შესციცინებდა, მის ყოველ გამოხედვაზე ფერი
მისდიოდა და თავს ხრიდა.
თვითონ ვაჩემაც დაიჭირა თავისი თავი: როცა ლელა იქ არ იყო, თვალი
სულ კარისკენ გაურბოდა, ლელა რომ გამოჩნდებოდა, უჩვეულო სიხარული
ეუფლებოდა, გული მისკენ მიუწევდა და დაუსრულებლად მასთან ყოფნა
უნდოდა.
46იმ ღამეს შორი გზით დაღლილებს ძილი არ გასტეხიათ. ძმის დაბრუნებით
გახარებულ მამიდასაც მშვიდად ეძინა. მხოლოდ ლელას თვალს არ ეკარებოდა
ძილი.
თვალის დახუჭვა არ შველოდა, წინ ისევ და ისევ ვაჩე ედგა _ მამამისის
საყვარელი მოწაფე და აწ უკვე მარჯვენა ხელი, ოდნავ შავგვრემანი და
ტანბრგე, ბავშვივით წრფელი და ალერსიანი, თანაც ამაყი და თავმოყვარე
ვაჟკაცი.
რამდენი რამ უამბნია დემეტრეს თავისი ერთადერთი ქალისათვის ვაჩეს
კაიბიჭობისა. ლელას მამის ნაამბობი გადაჭარბებულად ეჩვენებოდა.
სინამდვილეში კი რა სიტყვაძვირი ყოფილა დემეტრე, ასეთ ვაჟკაცზე ლაპარაკი
ხომ დაუსრულებლად შეიძლება და არც არასოდეს მოგწყინდება.
აგერ, ამ თხელ კედელს იქით ძინავს ახლა იმ ვაჟკაცს, ყური რომ მიუგდოს,
იქნებ ფშვინვაც მოესმას მძინარის. რა ბედნიერი იქნება, ვინც მასთან ერთად
დაიძინებს, მის ღონიერ მკლავზე!
ლელას თავისი ფიქრისა თვითონვე შეეშინდა, პირჯვარი გადაიწერა და
გულამოვარდნილმა თავზე საბანი წაიხურა, თითქო იმ თამამ ფიქრს
ემალებოდა.
მეორე დღეს მეფის კარზე გამოცხადდნენ დემეტრე და ვაჩე. დედოფალმა
მათი მოსვლით გაიხარა.
_ ალბათ, ნახავდით ჩვენს ახალ პალატებს. რას იტყვით, როგორ
მოგეწონათ? _ იკითხა დედოფალმა.
_ ჭეშმარიტად ღირსია თქვენი ბრწყინვალე მეფობისა. ფრიად მოვიწონეთ,
რაც გარედან ვნახეთ, _ მოახსენა დემეტრემ.
მეფეს ესიამოვნა.
_ შიგნი უფრო ლამაზი და მიმზიდველი იქნება. ოქრო და ვერცხლი
დაფარავს სასახლის უთვალავ თაღსა და სვეტებს. ულპობელი ხისა და
ბროლის იატაკი შეენაცვლება ფერადი მარმარილოსას და ძვირფასი ქვებისას.
მაგრამ ეს ყოველივე უთქვენოდ კეთდება. მთავარი შნო და შუქი კი თქვენ
უნდა შეიტანოთ ჩვენს ახალ პალატებში. თქვენმა ფერებმა სიცოცხლე და
ხალისი უნდა შემატონ დარბაზებს. ჩვენი პალატები მზითა და ჰაერით უნდა
იყვეს სავსე, თვალსა და გულს იქაც ისე უნდა უხაროდეს, როგორც გარეთ,
ჩვენი ბუნების წარმტაც წიაღში.
დედოფალი ძნელსა, მაგრამ საგულისხმო ამოცანას უყენებდა მხატვრებს.
ვაჩემ მრავლისმთქმელი თვალით შეხედა დემეტრეს და გულისყური მიუპყრო
დედოფალს.
_ ასეთი ძნელი სამუშაოს მონდობა მხოლოდ შენთვის შეგვეძლო, დემეტრე.
ბეთანია და გუდარეხი შენი ყალმით ცოცხლობენ, ეს ახალი სასახლეც შენმა
ნიჭმა და შთაგონებამ უნდა გაანათოს. სასახლე დამთავრებულია, მოხატვაღა
აკლია და ამიტომ გიხმე სასწრაფოდ ხლათიდან. მხოლოდ ერთი გახსოვდეს,
47ბეთანია უფლის ტაძარია, ჩვენი პალატები კი მოკვდავთა სამყოფელი იქნება.
იქ ზეციერზე ფიქრი იყო მთავარი, აქ კი მიწიერზე ზრუნვა იქნება უმთავრესი.
_ იმედი გქონდეთ, დედოფალო, ჩემი და ამ ჩემი ოსტატის
გულისმოდგინებისა და თავდადების, _ დემეტრემ ხელით აჩვენა და ვაჩე
წელში მოიხარა.
რუსუდანი ყურადღებით აკვირდებოდა უცხო ვაჟკაცს. მერე რაღაც
გაახსენდა და დემეტრეს მიუბრუნდა:
_ ეს, ალბათ, ის ოსტატია, ხლათში რომ გახლდა.
_ დიახ! სწორედ ის გახლავთ, _ დაუდასტურა თავისდაკვრით დემეტრემ.
_ დიდად მიქებდა თავის უსტარებში ჩვენი, დისაგან უახლოესი,
დედოფალი თამთა შენი ოსტატის ხელოვნებას. ფრიად მსიამოვნებს, რომ
თავის ხელოვნებას ახლა ჩვენს კარზე გამოაჩენს. მხოლოდ ერთი ახსოვდეს
ახალ ოსტატსაც, ჩვენი სასახლე ხლათის ეკლესია როდია, აქ ასპარეზიც მეტი
ექნება და ნიჭსაც დიდს მიიღებს ჩვენგან. _ მუხასძე ნახეთ, გეგმას გაეცანით და
საქმეს სწრაფად შეუდექით, _ ბრძანა დედოფალმა და ფეხზე წამოდგა. ეს იმას
ნიშნავდა, რომ დედოფლის მშვენიერი პირის ჭვრეტის ბედნიერება
გათავებული იყო და მხატვრებს მეფის დარბაზი უნდა დაეტოვებინათ.
ორივე მხატვარი მოფარდაგულს ეამბორა. წამოდგნენ და დარბაზიდან
გავიდნენ.
ხუროთმოძღვარმა სასახლის მოხატვის გეგმა გააცნო მხატვრებს.
დედოფლის ბრძანებით, დიდი დარბაზის კედლებზე მისი მეფედ
კურთხევა და ტახტზე ასვლა უნდა დაეხატათ.
დემეტრემ ეს საქმე, როგორც ყველაზე ძნელი და პასუხსაგები, ვაჩეს
მიანდო. დანარჩენის მოხატვა თავათ იკისრა.
დამშეულივით მიადგა სამუშაოს ვაჩე. სამი კედლის გეგმა მოხაზა: ერთზე _
ღვთისმშობლის წინაშე დაჩოქილ რუსუდანს ხელთ ქრისტეს კვართი ეპყრა,
ცრემლით ალტობდა და გულში იკრავდა, მარჯვნივ _ ბაგრატოვანთა გვარის
ღვთაებრივი წინაპარი დავითი ღრუბლებიდან იმ შურდულს უწვდიდა,
რომლითაც გოლიათი დაამარცხა ჭაბუკმა მეფემ; მარცხნივ _ მეფეთა შორის
უგონიერესი, სოლომონ ბრძენი იმ სასწორს სთავაზობდა, რომელმაც მის
სამართალს საუკუნო სახელი დაუმკვიდრა.
თავზე რუსუდანს დიდი თამარი ადგამდა გვირგვინს, ხოლო ახალგაზრდა
დედოფლის ფეხქვეშ გაწოლილიყო თვინიერად და უწყინრად ის ორი
მრისხანე ლომი, რომლებიც ქართველთა დროშებიდან და სამეფო ნიშნებიდან
ყალყზე ამდგარნი ზარავდნენ მნახველებს.
მეორე კედელზე ტახტზე დაბრძანებული, თავგვირგვინოსანი და
ხელსკიპტროსანი რუსუდანი მოეხაზა ვაჩეს. ტახტის წინაშე საქართველოს
უძლეველი
მეფის
სათაყვანებლად
და
მისთვის
მორჩილების
გამოსაცხადებლად მოსული თურქთა და სპარსთა, ბიზანტიელთა და
ერაყელთა, ადარბადაგანელთა და ხვარასნელთა ელჩები გართხმულიყვნენ.
48რუსუდანს მოწყალე ხელი გაეშვირა და თავისი მფარველობის ქვეშ
შეევრდომებინა ქრისტეს სჯულისა და საქართველოს ტახტის უზენაესობის
აღმსარებელნი.
მესამე კედელი სამეფოს იმ ბრწყინვალე მომავალზე მოუთხრობდა,
რომლისთვისაც საქართველოს რუსუდანის მეფობის ჟამს უნდა მიეღწია: ცალი
ხელით რუსუდანს ვაზის ჯვარი აღეპყრო, ხოლო მეორით დოვლათის კალთა
დაებერტყა და ღვარად მოდიოდა ოქრო და ვერცხლი, ყურძნის მტევანი და
ხორბლის ხვავი; ყვავილოვან წალკოტებს არხები ქსელავდნენ, უდაბნოებში
მონასტრების გუმბათები მაღლდებოდნენ და გრძელ გზებზე აქლემების
ქარავნები მიიზლაზნებოდნენ, ხოლო იქ, სადაც რუსუდანის ხელს ვაზის
ჯვარი აემართა, თხა და მგელი ერთად სძოვდნენ.
მეოთხე კედელზე ვაჩეს განზრახული ჰქონდა, რუსუდანის გამეფების გამო
თბილისში გამართული სახალხო ზეიმი ეჩვენებინა. მხატვრის წარმოსახვით,
ეს უნდა ყოფილიყო დიდი, საყოველთაო დღესასწაული, ბერიკებისა და
ოჩოკოჩების, ალებისა და ჭინკების ნიღბებით მოზეიმე მოქალაქეთა
მონაწილეობით.
დარბაზის მოხატვის გეგმა რომ მოუწონეს და დაუდასტურეს, ვაჩემ ბინა
ახალ პალატებში დაიდო. სამი ოსტატი თანაშემწედ აიყვანა და მათთან ერთად
შეუდგა ჩანაფიქრის ხორცშესხმას.
პირველი სამი კედელი თავის თანაშემწეებს დაუნაწილა. ოსტატები მისი
მუდმივი თავსდგომითა და ხელმძღვანელობით მუშაობდნენ, ყოველი
წვრილმანი ვაჩეს უშუალო მონაწილეობითა და დასტურით იხატებოდა;
მხოლოდ მეოთხე კედელს, ერთიანსა და ყველაზე დიდს, ვაჩე არავის
აკარებდა. იგი ნელა, მაგრამ ბეჯითად ემზადებოდა ამ კედლის მოსახატავად.
ბევრმა უძილო ღამემ გაირბინა ფიქრსა და ძიებაში, სანამ უზარმაზარი
კედლის მხატვრობას მთლიანობაში ჩამოაყალიბებდა. ადამიანებისა და
ცხენების სურათის ყოველი წვრილმანის უთვალავ მონახაზს აკეთებდა, ერთს
იწუნებდა და მეორეს იწყებდა, ვიდრე მის წარმოდგენაში კედლის ყოველმა
კუნჭულმა
გარკვეული
სახე
და
ფერი,
თავისი
ადგილი
და
ურთიერთმიმართება არ მიიღო: თეთრ კვიცზე ამხედრებული რუსუდან
დედოფალი, ბრწყინვალე ამალის თანხლებით, მეფედ საკურთხებლად
მიბრძანდებოდა; ქუჩა გაჭედილი იყო ხალხით, ხელოსნებითა და ვაჭრებით,
კაცითა და ქალით, სეირის საყურებლად დიდი და პატარა გამოსულიყო;
სახელოსნოს მიხურულ დარაბებთან, იქ, სადაც ბრწყინვალე მეფის ამალის
კუდი იყო და კარისკაცების რიგი თავდებოდა, მოზღვავებულ ხალხს
სახედარზე მჯდარი საპყარი მიეჭყლიტა. მოწოლილი ხალხისაგან საპყარს
მკერდით იცავდა თეთრკაბიანი გოგონა. ქალიშვილს ცალ ხელში აღვირი
ეჭირა, მეორეთი ხალხს აკავებდა; გოგონას თავისა და სახის ნაკვთები
მხატვარს არ მოეხაზა, ოღონდ ტანისა და ყელის დაყენებით აშკარად ჩანდა,
რომ მისი სახე და მზერა წინ წასული მეფის ამალისაკენ იყო მიმართული;
მეფის ამალას რომელიღაც ცხენოსანი ჩამორჩენოდა, უნაგირზე სანახევროდ
49შემობრუნებულიყო და დაჟინებით იხედებოდა იქით, სადაც საპყარის
გვერდით მდგარი გოგონას სახე იყო ნაგულისხმევი.
ყველაფერი _ საზეიმოდ მორთული ქუჩაც, მეფის ამალაც და ზღვად
მომდგარი ხალხიც, კუთხის სახლის პატარა ბანიდან იყო დანახული: ამ ბანზე
ტევა აღარ იყო, ყველანი წინ მიმავალ მეფესა და მის დიდებულებს უცქერდნენ,
ერთიმეორეს აწვებოდნენ და უკეთ დანახვას ცდილობდნენ. მხოლოდ მწარედ
ჩაფიქრებული ერთი ჭაბუკი მობრუნებულიყო სანახევროდ. მისი სახის
გამომეტყველება რაღაც უძვირფასესის დაკარგვის მოლოდინსა და თავისი
უღონობით სასოწარკვეთას გამოხატავდა.
ნელ-ნელა, თითქო ნაზამთრალ მინდორზე გაზაფხული მკვიდრდებოდა,
ახალ-ახალი ფერებით იფარებოდა, ცოცხლდებოდა და სუნთქვას იწყებდა
მანამდე მკვდარი და ცივი კედელი.
იყალთოელი ხშირად შემოდიოდა ვაჩეს დარბაზში. საათობით
მოჯადოებულივით იდგა მისი ნახატის წინაშე. ოსტატი ხედავდა, რომ აქ, ამ
დარბაზში დიდი შემოქმედის აფორიაქებული სული ტრიალებდა, რაღაც
უჩვეულოს, მარადიულსა და საუკუნოს ქმნიდა და ბედნიერი იყო
მასწავლებელი. ერთ დროს უბირი ჭაბუკი და აწ უკვე დიდოსტატი ვაჩე
მხატვარს თავის ქმნილებად მიაჩნდა და თავის თავს მისი ამ ამაღლებული
შემოქმედების ზიარად თვლიდა.
ვაჩე გრძელ სკამზე იჯდა და ხატავდა. დარბაზში დემეტრე შემოვიდა. სხვა
დროს შორიდან გაუცინებდა ჭაბუკს, გაეხუმრებოდა და რაიმე სასიამოვნოს
ეტყოდა. ახლა ხმაამოუღებლად, მთვრალივით მობარბაცებდა დემეტრე და
კედელ-კედელ მოდიოდა, რომ არ დაცემულიყო.
_ ადრე მოგსვლია, ოსტატო! _ შორიდან დაუძახა ვაჩემ და ხატვას თავი
ანება.
დემეტრეს ხმა არ გაუცია, კედელთან შეჩერდა და ხელით ანიშნა,
მისულიყო. ვაჩემ ფუნჯი გააგდო და ოსტატთან მიიჭრა.
სიცხისაგან გათარანებულ დემეტრეს სახეზე ალმური ასდიოდა, მუხლს
ძლივს იმაგრებდა და, ალბათ, წაიქცეოდა, ვაჩე რომ დროზე არ მიშველებოდა.
_ ავად ვარ, შინ წამიყვანე! _ ძლივს ამოსთქვა დემეტრემ და ვაჩეს მხარზე
ჩამოეკიდა. ვაჩემ თავისი თანაშემწეები მოიხმო, ავადმყოფი ბავშვივით
აიყვანეს და შინისკენ გააქანეს.
დემეტრეს, სადღაც, უცხოეთში შეძენილმა ციებ-ცხელებამ გაუხსენა. ვაჩემ
თავს ექიმები დაახვია, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, სნეულებას წამალი არ
შველოდა და ავადმყოფი დღითიდღე უარესობისკენ მიდიოდა.
დემეტრე ატყობდა, საამქვეყნო პირი აღარ ჰქონდა. გამობრუნების იმედი
რომ დაჰკარგა, ერთ საღამოს ვაჩე მოიხმო, ლოგინთან სკამზე დასვა და
თვალზე ცრემლმომდგარმა უთხრა:
_ შენ ჩემთვის შვილზე მეტად საყვარელი იყავი; რაც შემეძლო, ამაგი არ
დამიშურებია. ახლა სახელგანთქმული ოსტატი ხარ და უჩემოდაც გზა ხსნილი
50გაქვს. მე დიდი დღე აღარ დამრჩენია და ერთადერთი თხოვნით მოგმართავ
სიკვდილის წინ. თუ სათნოდ გეჩვენოს ჩემი თხოვნა, ამისრულე, თუ არა და,
უარიც გულწრფელად მითხარი, არც ეს მეწყინება.
ვაჩეს თვალს ცრემლი მოადგა.
_ ბრძანე, ოსტატო, რა უნდა მთხოვო, რომ არ აგისრულო! _ ჩასძახა
გაფითრებულმა ვაჩემ და სკამი უფრო ახლო მისწია.
სნეულმა სული მოითქვა და ვაჩეს მავედრებელი თვალი მიაპყრო.
_ ჩემს ერთადერთ ქალსა და მთელ ჩემს ქონებას შენ გიტოვებ. შენს მეტი
იმედად არავინ მრჩება. ჩემი ქალი ართვალა არ არი და ოჯახის საქმის
უმეცარი. თუ შენც გული სხვას არ გითქვამს, შენ _ ქმარი და ის _ ცოლი.
შეირთე ჩემი შვილი და იყავით ბედნიერნი.
დემეტრე გაჩუმდა, თავი განზე გასწია და დააკვირდა, თუ რა
შთაბეჭდილება მოახდინა ნათქვამმა.
_ შენს ნებაზე იყოს, ოსტატო!
ამოსთქვა ვაჩემ, ცრემლი წასკდა და გულამომჯდარი დემეტრეს ხელს
დააკვდა.
_ თუ გულით არ გსურს, ნუ იქმ, შვილო. ჩემი ხათრით ცხოვრებას ნუ
გაიმწარებ.
_ არა, მამა! გულით მსურს შენი შვილობა... შენი სიძეობა, _ სლუკუნით
ამბობდა ვაჩე და თან ხელით მომაკვდავის ხელს ეალერსებოდა.
_ მაშ, ლელა მიხმე! _ შესძახა მოცოცხლებულმა დემეტრემ და ლოგინზე
წამოიწია.
ვაჩე გავიდა და ისევ მალე შემობრუნდა ლელასთან ერთად.
_ ლელა, შვილო!.. _ მიმართა ქალიშვილს.
ლელა დაბნეული უყურებდა მამასა და ვაჩეს და ვერაფერს მიმხვდარიყო.
_ მიეცით ხელი ერთმანეთს! _ უბრძანა დემეტრემ.
ვაჩემ და ლელამ ხელი ხელს მისცეს.
_ დღეიდან შენ _ ცოლი და შენ _ ქმარი! დამილოცნიხართ, შვილებო, აწ და
მარადის და უკუნითი უკუნისამდე...
დემეტრემ ჯვარი გადასწერა და ლოგინზე უღონოდ დაეცა.
ქორწილი მეორე დღესვე გადაიხადეს. ვაჩეს დედა სოფლიდან ჩამოიყვანეს,
ზოგი ნათესავი და ახლობელი მოიპატიჟეს.
შინ მომაკვდავი ჰყავდათ და თუმცა მასპინძელი სიმღერასა და
მხიარულებას აძალებდა, ლხინი მაინც არ გამოვიდა.
ორი დღის შემდეგ დემეტრე მიიცვალა.
დემეტრეს სიკვდილის შემდეგ ვაჩეს შინ და გარეთ ტვირთი და
პასუხისმგებლობა მოემატა. მანამდე თუ თავისი მოსახატავი დარბაზის გარდა
სხვაზე არაფერზე ზრუნავდა, ახლა დემეტრეს დაუმთავრებელი სამუშაოც მას
უნდა დაესრულებინა, სხვა მხატვრების ხელმძღვანელობაც მასვე უნდა ეკისრა.
51გულით ეწადა, თავისი მასწავლებლის პატიოსანი სახელი არ შეერცხვინა,
მისი ნდობა და იმედი გაემართლებინა. დღე და ღამეს ასწორებდა,
თავაუღებლად შრომობდა.
ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი ყველაფერს ასწრებდა, მისი მუყაითობა საქმესაც
მალე დაეტყო და ოჯახსაც.
პალატების მოხატვა თითქმის თავდებოდა.
სამუშაოდან შინ გვიან ბრუნდებოდა დაღლილი ვაჩე. ოჯახში სითბო და
სიხარული ელოდა. რაგინდ უგუნებოდ ყოფილიყო, დემეტრეს ჭერქვეშ,
ლელას გვერდით ყველა წყენა ავიწყდებოდა, გულს დარდი გადაეყრებოდა და
მშვიდი ცხოვრების ბედნიერებით თავდავიწყებას ეძლეოდა. ამ სიმშვიდის
დარაჯი და ბედნიერების შემოქმედი მისი კერიის ანგელოზი ლელა იყო. ეს
ქალი მთელი დღე ჯარასავით ტრიალებდა, ოჯახის საქმეს სანიმუშოდ
უთავდებოდა,
ვაჩეს
თვალ-წარბში
შეჰყურებდა
და
მტრედივით
შეჰღუღუნებდა.
შინ რომ ასე მყუდრო და დალაგებული ცხოვრება ჰქონდა, გარეთაც მეტი
ხალისით მუშაობდა ვაჩე. მისი მხატვრობის სანახავად, მისი მუშაობის
საცქერლად უამრავი ხალხი მოდიოდა, ოსტატებს ახალგაზრდა მხატვრები
მოჰყავდათ, ხელით უჩვენებდნენ და ხმადაბლა უხსნიდნენ მხატვრის
ჩანაფიქრისა და შესრულების თავისებურებას, ხაზისა და ფერის, შუქისა და
ჩრდილის ადგილსა და მნიშვნელობას.
დემეტრესაც ასე ეხვეოდნენ თავის დროზე თაყვანისმცემლები და
მხატვრობისმოყვარულნი. ვაჩე გრძნობდა, რომ უკვე მიეღწია იმ
მდგომარეობისათვის,
რომელზედაც
ოდესღაც
დემეტრეს
ჩრდილში
მოფუსფუსე ყმაწვილი ჩუმად და გაუბედავად ოცნებობდა. მისი სახელიც
ძალიან შორს განთქმულიყო და ვაჩეს ნამუშევრის სანახავად მოსვლას
ტრაპიზონიდან და ბიზანტიიდანაც კი კადრულობდნენ ამპარტავანი ბერძენი
მხატვრები.
ვაჩეს სახელი ახლა თითქმის მთელმა ქვეყანამ იცოდა. პატივი და დიდება,
სიყვარული და დაფასება არც მეფის კარისაგან აკლდა და არც ხალხისაგან.
მაგრამ მხატვარი ისე იფერებდა ამ საყოველთაო დაფასებასა და ყურადღებას,
არც იმჩნევდა, ისევ ისე უბრალო და უშუალო რჩებოდა, სხვა დიდი
ხელოვანებივით ზვიადობას, ან უცნაურობასა და ახირებას არ იჩენდა.
სწორედ მისი ეს სიჩუმე და მოკრძალება, დიდი შინაგანი ძალა და
დაჟინებული შრომის მოუწყინარობა მოეწონა კარის ხუროთმოძღვარსა და
მეფის ახალი სასახლის შემოქმედს _ გოჩი მუხასძეს. თუმცა სასახლის
მშენებლობა დამთავრებულიყო და კარგა ხანია, კალატოზები და დურგლები
იქიდან გაკრეფილიყვნენ, გოჩი მაინც მთელ დღეს თავის ამ ულამაზეს
შენობაში ტრიალებდა, შეყვარებულივით თვალგაშტერებით შეჰყურებდა
თაღებს, სვეტისთავებსა და კამარებს, უთვალავ გასასვლელსა და კიბეს,
მოხატული მინის მაღალ სარკმელებსა და ზომიერად გაბნეულ ჩუქურთმას.
52მხატვრების მოსვლის პირველი დღიდანვე, თითქმის განუშორებლად, იქ
იყო გოჩი და მათ მუშაობას თვალს ადევნებდა. როცა დემეტრემ ყველაზე
მნიშვნელოვანი სამუშაო ახალგაზრდა მხატვარს ჩააბარა, გოჩი, ცოტა არ იყოს,
დაეჭვდა, ოსტატისაგან მეტისმეტ ნდობად ეჩვენა და თუმცა დემეტრესათვის
არაფერი უთქვამს, გულში შიში ჰქონდა, ვაითუ, ვაჩემ ვერ შესძლოს ესოდენ
პასუხსაგები დავალების ღირსეულად შესრულებაო. შორიდან აკვირდებოდა
ვაჩეს მუშაობას და თანდათან აზრი ეცვლებოდა. მარტო აზრი კი არა, მის
შეუმჩნევლად გულიც ნელ-ნელა ამ ჭაბუკი მხატვრისაკენ იხრებოდა. ნელ-
ნელა იხიბლებოდა მუხასძე მხატვრის მუშაობით, იმ ზომამდე აკვირდებოდა
მისი ფუნჯისა და ყალმის მოძრაობას, მისი ფიქრისა და ოცნების ხორცშესხმას,
რომ, თავისდაუნებურად, ისიც მისი შემოქმედების ფარული მონაწილე, მისი
შთაგონებით შთაგონებული ხდებოდა. რაც უფრო შორს მიდიოდა მხატვარი,
მით უფრო მეტად რწმუნდებოდა გოჩი მის მაღალ ნიჭსა და ჩუმ შინაგან
ძალაში, დემეტრეს არჩევანის სისწორესა და თავისი პირვანდელი ეჭვის
უსაფუძვლობაში.
მუდმივად ერთად ყოფნამ და ახლო ურთიერთობამ ეს ორი შემოქმედი
მართლაც ისე დააახლოვა, რომ უერთმანეთოდ გაძლება უძნელდებოდათ.
ვაჩეს მოსწონდა კეთილშობილი ვაჟკაცი, მეფის კარზე აღზრდილი მუხასძე,
მისი ფართო განათლება და მაღალი გემოვნება, ღრმა აზროვნება და დიდი
გაქანება.
ხელოვნებასა და შაირობაზე დაუსრულებლად შეეძლო მსჯელობა
მუხასძეს. მისი შეხედულებები სითამამითა და თავისებურებით გამოირჩეოდა
და თანაც, დახასიათების ზედმიწევნილობის გამო, თანამოსაუბრისათვის
სავალდებულო ხდებოდა. ამას გოჩის მეტყველების ელვარება და შეგონების
ნიჭიც ხელს უწყობდა. მუხასძე მარტოოდენ ხუროთმოძღვარი როდი იყო,
თუმცა ამ თავის უმთავრეს მოწოდებაში სწორი არ ჰყავდა. იგი, როგორც ბევრი
მაშინდელი ხელოვანი, მეფის კარის გამოჩენილი მოღვაწე და ბრძოლებში
სახელგანთქმული მეომარიც იყო.
მუხასძე სუფრაზედაც ისევე სანატრელი იყო, როგორც საქმეში, ომსა თუ
შრომაში. მისი ენაწყლიანობა და ვაჟკაცური ბანი ქალსა და კაცს ერთნაირად
ხიბლავდა და კარის ხუროთმოძღვარს დიდგვაროვანთა ოჯახების სასურველ
სტუმრად ხდიდა.
ვაჩესაც მასთან ჯდომა და საუბარი ყველაფერს ერჩივნა. მუშაობას რომ
მორჩებოდა, გოჩი თუ იქ იყო, აუცილებლად შინ მიიპატიჟებდა, უცოლშვილო
გოჩიც ხალისით მიჰყვებოდა და ხან ვაჩესთან, ხანაც სადმე მყუდრო
ფუნდუკში მეგობრული საუბრით ატარებდნენ დროს.
საღამოს ჩვეულებრივად გამოუარა გოჩიმ. ის იყო, ხელსაწყოები
ჩაელაგებინა ვაჩეს და ახლა წინსაფარს იხსნიდა.
_ ამ საღამოს რას აპირებ, ვაჩე?
შეეკითხა შესვლისთანავე გოჩი.
_ თავათ არ ვიცი, დავიღალე, _ მიუგო ვაჩემ.
53_ ჰოდა, მაგ დაღლილობის წამალი მომივიდა, ჩემი სოფლიდან ღვინო
ჩამომიტანეს; შენზე კარგთან ვისთან დავლევ! _ ღიმილით უთხრა გოჩიმ და
მხარზე ხელი დაადო, _ წავიდეთ ჩემსას, ვაჩე, ორი მეგობარიც მეყოლება.
_ წავიდეთ.
დაეთანხმა ვაჩე და მუხასძის სახლისკენ გაემართნენ.
კიბესთან დედა გამოეგება გოჩის.
_ რად დაიგვიანე, შვილო, თორელი უკვე მოვიდა და გელოდება, _
უსაყვედურა და სტუმარი შინ შეიპატიჟა.
თორელის გაგონებაზე ვაჩე შეკრთა, ვაითუ, ცაგოც აქ იყოსო, გაიფიქრა და
გული ყელში მოადგა. სიამოვნებით დაბრუნდებოდა უკან, თავის ბედნიერ
ოჯახში. აღარ უნდოდა ახალი შეხვედრით ძველი ტკივილის გახსენება, იმაზე
ხელახლა ფიქრის აშლა, რასაც არც ერთისთვის აღარ ჰქონდა აზრი და რაც
ზედმეტ უსიამოვნებად ეჩვენებოდა.
როგორღაც უკან ჩამორჩა.
_ შემოდი... შემოდი... რა ფეხს ითრევ! _ შესძახა მასპინძელმა და შინ
თითქმის ძალით შეაგდო.
სარკმელთან თორელი იდგა, სტუმრის დანახვაზე მობრუნდა და მისკენ
წამოვიდა.
გოჩიმ სტუმრები ერთმანეთს გააცნო.
თორელმა ხელი ჩამოართვა, ვაჩეს თვალში შეხედა პირდაპირ და ღიმილით
თქვა:
_ ვიცნობ, გამიგონია...
ვაჩესაც უნდოდა ეთქვა, _ მეც ვიცნობ შორიდანო, მაგრამ როგორღაც არ
გამოუვიდა, გაწითლდა და თავდახრილი მიესალმა მგოსანს.
სუფრა ოთხი კაცისთვის იყო გაშლილი.
გოჩიმ შეგვიანების გამო მოიბოდიშა.
_ ავაგი უნდა მობრძანდეს, ივანე მხარგრძელის ძე, ცოტაც დავუცადოთ,
სადაცაა გამოჩნდება.
_ დავუცადოთ, რა საჩქაროა! _ დაეთანხმა თორელი და შემოთავაზებულ
სელზე ჩამოჯდა. უხმოდ დაჯდა ვაჩეც. თავს არ იღებდა, მაგრამ გრძნობდა,
რომ თორელი მას უყურებდა. უხერხულობის დასაფარავად ვაჩე სკამზე
თითებს ათამაშებდა. თორელი ვაჩეს ხელებს მისჩერებოდა, მხატვრის
თითების სიგრძე და სინატიფე აოცებდა.
უხერხული დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულა.
ცხენის ფეხის ხმა გაისმა და ეზოში გოჩის დედამ შესძახა:
_ მთავარი მობრძანდა! გოჩი, გამო, შვილო, მთავარი გვეწვია.
გოჩიმ კიბე ბავშვივით ჩაირბინა. ჭიშკარი გააღო და უკვე დაქვეითებულ
მთავარს გადაეხვია...
საქართველოს უგვირგვინო მეფის ძესა და რუსუდან მეფესთან ძმასავით
შეზრდილ ავაგს თავი ისე ეჭირა, თითქო დიდი ხნის მონატრებულ ტოლ-
სწორებს შეხვედროდეს: გოჩი შინაურულად მოიკითხა და კიბეზე შეგებებული
54თორელიც ძმურად გადაჰკოცნა. ტოლები კი იყვნენ, მაგრამ სამეფოს პირველი
დიდებულის ძესა და ამ ღარიბ კარისკაცებს შორის ძალიან დიდი მანძილი იყო
და ვაჩეც ამიტომ მისჩერებოდა მხიარულსა და გულლაღ მხარგრძელს ასე
გაოცებული.
მუხასძის სტუმართაგან ყველაზე უგვარო ყველაზე გვიან მიესალმა
ათაბაგის ძეს. გოჩიმ მისი ვინაობა მოახსენა და მხარგრძელი ცნობისმოყვარე
თვალით დააცქერდა მხატვარს.
_ გამიგონია შენი სახელი, ჭაბუკო, ხელოვნებას გიქებენ და თუ შენი და
გოჩის ნებართვა იქნება, სიამოვნებით ვნახავდი შენს მხატვრობას.
_ არც მე მინახავს, მთავარო, და თუ მიახლებთ, მეც არ დავზარდებოდი
მეფის ახალი პალატების ნახვას, _ ჩაერია თორელი.
_ როცა გენებოთ, თუნდაც ხვალვე... ძალიან მასიამოვნებთ, _ გაიხარა ვაჩემ.
_ ხვალ არა და, ამ დღეებში თავათ მეფე მობრძანდება პალატების სანახავად.
სულერთია, მეფის ხლება მაინც არ აგცდებათ და გინდათ თუ არა, ჩემს
შენობასაც ნახავთ და ვაჩეს მხატვრობასაც, _ თქვა გოჩიმ და სტუმრები
სუფრისკენ მიიწვია.
სუფრის თავში მხარგრძელი დაბრძანდა. აქეთ-იქით კარის მგოსანი და
ხუროთმოძღვარი მოისვა.
ვაჩე თორელის პირისპირ აღმოჩნდა.
_ ოო, შენ გადმომკარი კიდეც, გოჩი. მართალია, საყვედური მეკუთვნის
შენგან, რომ ამდენ ხანს ვერ დავათვალიერე შენი ახალი სასახლე. ყველა
ხელაღებით აქებს და გარედან მეც ვხედავ, რა დიდებულიც არი. აქამდე
შიგნითაც უნდა მენახა, მაგრამ რა ვქნა, ეს მეფის კარიო, ეს დიდებულებთან
მისვლა-მოსვლაო, და ხომ იცით, საწყალი მგოსნის ვალი, ყველას უნდა
ეახლოს და ყველას უნდა აამოს. ამას კიდევ ოჯახი დაემატა, რაც ბიჭი
გამიჩნდა, ლექსის დასაწერადაც აღარ მცალია, სულ იმასთან თამაშს ვუნდები.
გოჩის დედამ კერძი შემოიტანა, თორელის უკანასკნელ სიტყვებს მოჰკრა
ყური, თეფში დადო და საუბარში ჩაერია.
_ ამბობენ, პირწავარდნილი დედააო, ერთი ვერა ვნახე, ახლა დიდი იქნება.
_ დიდია, მესამე წელში გადავიდა. რაც დედამისი გინახავთ, სულ ის არი,
მთლად ცაგოს ასლია.
_ კარგი იქნება, თუ ცაგოსა ჰგავს, ვენაცვალე, _ შესცინა დედამ თავის
წარმოდგენაში თურმანის ბალღს და სუფრას ისევ მოსცილდა.
ვაჩე თავჩაღუნული იჯდა და სულგანაბული უსმენდა საუბარს.
გოჩიმ დიდი სასმისი გაუვსო მხარგრძელს, ავაგი წამოდგა და მეფისა და
სამშობლოს სადღეგრძელო შესვა. ალავერდს თურმანთან გადავიდა.
_ ახლა კი მთელი გულით გვმართებს ჩვენი სამშობლოს სადღეგრძელო, _
დასძინა ავაგმა უკვე ნათქვამს, _ ეტყობა, ომი აღარ აცდება ჩვენს ქვეყანას და
ძნელი ომიც გვექნება.
_ ვითომ ძნელი იქნება? _ გაიკვირვა თორელმა და სიცილით დაუმატა, _
ხვარაზმის ლტოლვილმა სულტანმა, ჯალალედინმა, საქართველოს რა უნდა
55დააკლოს, ქვეყანა მაგას აღარა აქვს და სამყოფელი. თავის სამკვიდროდან
აყრილი, აგერ, რა ხანია, თავქუდმოგლეჯილი მორბის, რომ მონგოლებს
გადაურჩეს და სადმე დაემალოს.
_ ეგ რომელ ჯალალედინზე ამბობთ? _ იკითხა ვაჩემ.
_ ხვარაზმელ სულტანზე, დიდი მოჰამედის შვილზე მოგახსენებთ, _ მიუგო
თორელმა, _ ეგ უბედური იმ მონგოლებს გამოექცა, რომელთაც ჩვენ, აგერ,
ოთხიოდე წლის წინათ კუდით ქვა ვასროლინეთ. თავისი ქვეყანა მიატოვა და
მთელს საისლამოში ფეხი ვერსად მოიკიდა, მონგოლ მდევრებს ერთხელ
ძლიერად ვერსად შეებრძოლა, დედაწულიანა ილტვის აყრილი, ხან აქეთ
აწყდება და ხან იქით. ძაღლებდადევნებულ ნადირსავით, მონგოლები
ფეხდაფეხ მოსდევენ. იმოდენა ქვეყანა ისე ჩააბარა მტერს, ერთი სახელოვანი
ომიც ვერ გადაიხადა.
_ სულ ეგრე არ უნდა იყოს, _ შეჰკადრა ვაჩემ. _ ხლათში ბევრს
ლაპარაკობდნენ ჯალალედინზე, დიდად გულოვანსა და უშიშარ ვაჟკაცს
ამბობენ, მონგოლთა ლაშქარს არა ერთხელ შეება და ბევრჯერაც სძლიაო. იმ
წყეულთაგან თუ ვინმე იხსნის სამაჰმადიანოს, მხოლოდ ჯალალედინიო.
_ მერე როდისღა, შე კაცო. მთელი ხვარაზმი და ნახევარ სპარსეთზე მეტი
მტერს დაუტოვა და თუ ვაჟკაცი იყო, თავი იქ უნდა გამოეჩინა. ახლა მაგ
უბედურს აღარც ჯარი ჰყავს და აღარც საჭურჭლე აბადია, რომ ძლიერი მტრის
წინააღმდეგობა განაგრძოს. გაუგონია, საქართველო მდიდარი ქვეყანააო,
ალბათ, ფიქრობს, ერთი ხელის დაკვრით დავიპყრობ, ოქრო-ვერცხლს ვიშოვი,
სულს მოვითქვამ და მთავარ მტერს მერე მივუბრუნდებიო, მაგრამ სტყუვდება
საცოდავი. რაც ჩვენგან წაიღოს, ხვარაზმში დაიკვეხოს, ისეთ დღეს დავაყრით,
მონგოლებთან ომი ლხინად ეჩვენოს!
_ ღმერთმა ქნას, მაგრამ საქმე ეგრე იოლად არ უნდა იყოს, ავაგ ბატონო, _
მძიმედ თქვა მუხასძემ, _ ჯალალედინს მთელი საისლამო შეუკრებია და
საქართველოზე ურიცხვი ლაშქრით მოდის თურმე.
_ სადღა აქვს საისლამო! ირანი თითქმის ხელიდან წაუვიდა და ერაყიც მისი
მორჩილებიდან გამოვიდა. ნადავლს დახარბებულ, მაწანწალა თურქმანებს
შეჰყრიდა, ალბათ, და იმათ იმედად თუ არი, კაი დღე დაადგება.
_ ოთხასი ათასზე მეტი ლაშქრით მოდისო, სარწმუნოდ ამბობენ, _
ხმადაბლა თქვა მუხასძემ.
_ აჰ, ეგ შეუძლებელია! _ შეჰყვირა ავაგმა, _ მაგოდენა ლაშქარს ახლა თავისი
სამკვიდროდან აბურაგანაკრული ჯალალედინი კი არა, ბაღდადის ხალიფი
ვერ შეჰკრებს, ეგ რიცხვი გაზვიადებულია და, ალბათ, ხვარაზმელების
მსტოვრები ავრცელებენ, რომ ქართველთა შორის შიში დასთესონ, მაგრამ
მთავარი ეგ კი არ არი, ცუდ დროს გვიხდება ომი, მეფის კარი არეულია და
ქვეყნის მეთაურებს ერთიმეორეში უთანხმოება აქვთ.
_ მართალია, შვილო? მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, მეფე-დედოფალს
უსიამოვნება აქვთო, _ ჩაერია საუბარში გოჩის დედა.
56გოჩი მუხასძე ამ სიტყვებზე უცებ წამოწითლდა, ჭამას თავი ანება და თავი
ჩაღუნა.
_ მართალია, ეს ერთი ხანია, უმძრახად არიან გვირგვინოსნები. რუსუდან
მეფეს მოღასედინის მოშორება უნდა, მამაჩემი და ზოგიერთი დიდი ვაზირი
თითქმის დაიყოლია, მაგრამ თურმანის ბიძაშვილები, შალვა და ივანე არ
ეთანხმებიან,
მოღასედინის
გაშვება
არზრუმის
სულტანს
მტრად
გადაგვკიდებს, სამხრეთ საზღვარზე მოყვრებს მოსისხლედ გაგვიხდის და
ქვეყნის შიგნითაც ბევრ უსიამოვნებას შეგვამთხვევსო.
_ მემკვიდრის მამას რატომ იშორებს ღვთივგვირგვინოსანი დედოფალი, აკი
თავათ გამოირჩია თანამეცხედრედ და მეფედ?! სახიერად კარგი ვაჟკაცია და
ზნითა და ქცევითაც კეთილი. ქრისტეს სჯული მიიღო და ქართველები
თავისიანებივით შეიტკბო და შეიყვარა.
_ ქართულიც მშვენივრად ისწავლა და საქართველო თავის სამშობლოზე
მეტად უყვარს, _ დასძინა თურმანმა.
_ ეგ მაშინ გამოჩნდება, ღმერთმა ნუ ქნას და, ჩვენს ქვეყანას რომ
გაუჭირდეს. სპარსელებსა და თურქებს ჩვენ მანამდე ვუყვარვართ, სანამ ჩვენი
ეშინიათ, მოღასედინი რუსუდანის ქმრობის ღირსი არ არი და კარგს იზამენ,
თუ დროზე მოაშორებენ თავიდან _ გაცხარებით თქვა მუხასძემ და სახე უფრო
წამოენთო.
ავაგმა შეკავებული ღიმილით გახედა გოჩის. გაახსენდა რუსუდანისადმი
მისი უიმედო მიჯნურობის ამბავი. როცა რუსუდანს შირვანშაზე
ათხოვებდნენ, რუსუდანის ამალაში იყო მაშინ გოჩი მუხასძე. ლაშამ ბაგავანში
მიიყვანა და საქორწინოდ ამზადებდა შირვანის სასძლოს. რუსუდანი თავს
იკლავდა, არ უნდოდა მასზე ბევრად უფროსის, მამის ტოლი კაცის ქმრობა,
რომელიც გარდა იმისა, რომ სახიერებით არ გამოირჩეოდა, თავისი
სისასტიკითაც ცნობილი იყო, რის გამოც საკუთარი შვილებიც კი მტრად
ჰყავდა გადაკიდებული. ტიროდა რუსუდანი, არ უნდოდა საქართველოდან
გადახვეწა და ურჯულო ქმრის თანამეცხედრეობა, მაგრამ მეფისა და დარბაზის
წინააღმდეგობა არ შეეძლო. ხსნას აღარსაიდან ელოდა რუსუდანი და, უბედურ
იღბალს შერიგებული, უცდიდა ქორწინების დღესა და საძულველი სიძის
მოსვლას. ამ მოლოდინსა და სასოწარკვეთის ჟამს ეახლა რუსუდანს მისი
ერთგული რაინდი, კარის ხუროთმოძღვარი გოჩი მუხასძე, მეფის დის
ფერხთქვეშ განერთხო, ეთაყვანა და პატიება სთხოვა კადნიერებისათვის.
უზომოდ და უიმედოდ შეყვარებულმა რაინდმა გაპარვა შესთავაზა შირვანშას
სასძლოს, ცხენები მზადა მყავს და საითაც გინდა, ამაღამ იქით გაგაქროლებ,
ერთხანს მთებში დაიმალები, ვიდრე ქორწილის პირი დაიშლება და მეფეს
გული მოუბრუნდება, მერე ლაშა თვითონ მოგძებნის და მოყვარული ძმა
ყოველივეს გაპატიებსო. რუსუდანი კინაღამ დაჰყვა ესოდენ მაცდუნებელსა და
მიმზიდველ წინადადებას, მაგრამ, როგორც კი წამიერ ცდუნებას სძლია,
მაშინვე წარმოიდგინა, რა დიდი სირცხვილი და უსიამოვნება მიადგებოდა
მეფესა და მთელ ქვეყანას. გოჩი მუხასძეს მადლი გადაუხადა ასეთი
57თავდადებული სამსახურის შეთავაზებისათვის, მეფის უიღბლო დის ბედზე
ზრუნვისა და შეწუხებისათვის და მისთვის თავგანწირული რაინდი უარით
გაისტუმრა.
თვალცრემლიანი, ფეხებმოცელილივით გამოვიდა თურმე მუხასძე
რუსუდანის სამყოფელიდან. მეფეთა პალატებში კედლებსაც თვალი და ყური
აქვთ. ხელმწიფემ ყოველივე შეიტყო და არამკითხე ხუროთმოძღვარი
საპყრობილეში შეაგდეს. დღე-დღეზე შირვანშა უნდა მოსულიყო და ვინ იცის,
იქნებ ვერც კი შეეტყო რუსუდანს მისთვის ეგრე თავგადადებული ვაჟკაცის
პატიმრობა, განგებას სხვაგვარად რომ არ მოეწყო საქმე: ყველასათვის
მოულოდნელად, ლაშა გარდაიცვალა და რუსუდანისა და მუხასძის ბედიც
სხვაგვარად შეტრიალდა.
ლაშას უეცარი სიკვდილი იდუმალებით იყო მოცული და ბევრს ეჭვიც
აღეძრა საღ-სალამათი ვაჟკაცის მოულოდნელად დაღუპვის გამო. მეფის კარზე
ისევ განხეთქილება ჩამოვარდა, ახალციხელები, ვარამ გაგელი და
ბაკურციხელი ლაშას უკანონო ძისა და მცირეწლოვანი მემკვიდრის მეფედ
კურთხევას მოითხოვდნენ, ივანე მხარგრძელი და დანარჩენი დიდებულები _
რუსუდანის ტახტზე აყვანასა და გამეფებას. მხარგრძელისა და ახალციხელის
ასეთ დაპირისპირებას ეგებ გამწვავება და სამეფოსათვის დიდი ვნებაც
მოეტანა, რომ თავათ რუსუდანს არ გამოეჩინა დიდი გონიერება და
წინდახედულება: ახალციხელები სასახლეში მიიხმო, მისი ძმისა და
დედისათვის ერთგული სამსახურის გამო დიდი მადლი შესწირა, შეჰფიცა,
რომ ტახტზე მხოლოდ სამეფოს სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნებისათვის
ავიდოდა და როგორც კი ლაშას ვაჟი სრულწლოვანი გახდებოდა, ტახტს მას
დაულოცავდა.
სხვა არჩევანი მაინც არ იყო და ახალციხელს რა ძალა ჰქონდა _ რუსუდანის
წინაშე დაიჩოქა და მეფეთა ღირსად ეთაყვანა. უკვე გამეფებულმა რუსუდანმა
ახალციხელის სამსახური არ დაივიწყა და, ვითომ სხვათა შორის, სულ სხვა
მიზეზის გამო, შალვას დვინი მიუბოძა. შალვას სხვა მომხრეებიც არ
დაუტოვებია რუსუდანს უყურადღებოდ, ყველას ღირსეული მიუზღო, ყველა
დააშოშმინა და სამეფოს ცხოვრებაც ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა.
ახალციხელისათვის დვინის ბოძებამ კიდევ უფრო დაძაბა სამეფოს ორი
უპირველესი დიდებულის ისედაც დაძაბული ურთიერთობა. დვინი
მხარგრძელის მამულებს ემიჯნებოდა და ივანე მის შემოერთებაზე დიდი
ხნიდან ოცნებობდა. მხარგრძელი მეფის სურვილს წინ ვერ აღუდგა, მაგრამ
ახალციხელის შური და მტრობა კიდევ უფრო მოემატა.
მას შემდეგ, რაც მუხასძე საპყრობილიდან გამოიყვანეს და კარის
ხუროთმოძღვრობა უბოძეს, რუსუდანისადმი მისი ფარული ტრფობის ამბავი
გახმაურდა. არც მუხასძე და არც თავათ რუსუდანი ამის გამო უხერხულობას
არ გრძნობდნენ, რადგან ქართველ მოყმეთა და რაინდთაგან ნახევარი მაინც
ულამაზეს დედოფალზე იყო ფარულად თუ ცხადად გამიჯნურებული.
58მუხასძეს ოცნებაც კი არ შეეძლო დედოფლის მეტ ყურადღებაზე, იცოდა,
რომ ვერასოდეს ვერ გახდებოდა რუსუდანის მხრივ საპასუხო სიყვარულის
ღირსი. იქნებ ამიტომაც უფრო მეტად შურდა რუსუდანის ქმრის მოღასედინის
ბედი და მისდამი რაღაც არაადამიანური სიძულვილით იყო გამსჭვალული,
თითქო ეს გადამთიელი და უფლისწული ყოფილიყოს მისი გამწარებისა და
უბედურების მიზეზი.
ავაგმა კარგად იცოდა მუხასძის გულისნადები. გოჩის უმიზეზოდ
წამოწითლებამ და გაცხარებამ ღიმილი მოჰგვარა, მეფე-დედოფალზე
ლაპარაკის გაგრძელება უხერხულად მიიჩნია და საუბარი ისევ ომის
მოლოდინზე განაგრძო.
_ ადარბადაგანი რომ დაიპყრო ჯალალედინმა, ჩვენი მოსაზღვრე ემირები
საჩივრით მისდგომიან, ქართველებისაგან მოსვენება აღარა გვაქვს, ლამის
მაჰმადის რჯულზე ხელი აგვაღებინონო. ჯალალედინს მიზგითში ყურანზე
დაუფიცია, ურჯულო ქართველების ჯავრს ამოვიყრი, მართლმორწმუნე
მაჰმადიანების შეწუხებას ათმაგად ვაზღვევინებო.
_ იმ უბედურს რომ მუსულმანთა ჯავრი აწუხებდეს და სამაგიეროს
გადახდის ძალა შესწევდეს, თავისი ხალხის შურს იძიებდა და მონგოლებს
მიაგებდა სამაგიეროს იმ ენით უთქმელი ტანჯვისათვის, რასაც ჩინგიზ-ხანის
ურდოები აყენებენ დაპყრობილ ხალხებს. ჯალალედინი თვალთმაქცობს, მას
ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის ჯავრი უფრო აქვს, ვიდრე ადარბადაგანელი
მოლებისა და ყადების. მაგრამ, რაც მან ჩვენგან წაიღოს, თავის მოლებსა და
ყადებს გაუყოს!
_ ჯალალედინი საქართველოს საზღვრებთან არი უკვე, დღე-დღეზე
შეიძლება დაიძრას და თბილისისაკენ წამოვიდეს.
_ მერე ჩვენები რას შვრებიან? დიდ ომს დიდი მომზადება უნდა.
_ ჩვენმა სარდლობამ ხვარაზმელი სულტნის ყოველი ნაბიჯი იცის,
ადარბადაგანში ჩვენი ხალხი გვყავს და ყოველივეს წვლილად გვატყობინებენ.
უკვე დიდი ლაშქარი იკრიბება, ამბობენ, ოთხმოცი ათას კაცამდე იქნება,
ლეკიან-ჯიქებიანაო.
_ ნეტავ სად მოხდება ბრძოლა, მტერს, ალბათ, თბილისიდან სადმე შორს
დახვდებიან.
_ თბილისამდე ვინ მოუშვებს, სადმე საზღვართანვე შევებმით, ალბათ,
მარჯვე და ძნელ მისადგომ ალაგას. ჩვენს სახელოვან სარდლებს _
მხარგრძელსა და ახალციხელს სამაგისო გამოცდილება კი აქვთ, საქართველოს
სამხრეთი საზღვრები ხელისგულივით იციან.
_ ამ ომში, ალბათ, იოლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მეთაურებს
უფრო დიდი და შორეული ლაშქრობა აქვთ განზრახული.
_ ეგ რომელ ლაშქრობაზე ბრძანებ, მთავარო?
_ ათაბაგ უზბეგის სამფლობელო აირია და დაიშალა. ადარბადაგანი ჩვენ
უნდა დავიპყრათ, ქართველებმა, გადამთიელ ჯალალედინს თავრეზზე რა
ხელი აქვს. ხვარაზმელი სულტანი იქიდან უნდა გავდევნოთ და მთელი
59ადარბადაგანი საქართველოს უნდა შემოვუერთოთ. თავრეზს რომ
დავიპყრობთ, შემდეგ ბაღდადისკენ გზა გაგვეხსნება. ირანი და ერაყი
არეულია, პატრონი არც ერთს არა ჰყავს და ბაღდადის აღება არც ისე
გაგვიჭირდება. თუ ღმერთმა გვიწინამძღვრა და ხელი წარგვიმართა, ხალიფს
გადავაგდებთ და მის ადგილას ქრისტეს ეკლესიის მეთაურს დავსვამთ.
იერუსალიმს ურჯულოებისაგან გავათავისუფლებთ და საქართველოს
ძლიერებას მთელს აღმოსავლეთსა და დასავლეთზე გავავრცელებთ.
აღტაცებული ავაგი ისეთი დაჯერებით ლაპარაკობდა, თითქო თავრეზიც
აღებული ჰქონოდა და ხალიფიც დამარცხებული ჰყავდა. ვაჩეს ჭამისთვის
თავი გაენებებინა, ავაგის აღფრთოვანება გადადებოდა და თვალებში
აღტაცებით შეჩერებოდა.
_ შევძლებთ კი ეგრე შორს ლაშქრობასა და მაგოდენა ქვეყნების დაპყრობას?
_ იკითხა თორელმა.
_ სიშორე რა დაბრკოლებაა! ალექსანდრე მაკედონელმა ინდოეთამდე
ილაშქრა და თითქმის მთელი აღმოსავლეთი დაიპყრო. რაღა მაკედონელი,
ბიძაჩემმა ზაქარიამ და მამაჩემმა ივანემ ხორასანი დალაშქრეს და ყაზვინი და
რომგური აიღეს. ბაღდადსაც მალე ავიღებდით, მაგრამ მონგოლების მოსვლამ
და ლაშას სიკვდილმა ჩაშალა სამზადისი. ლაშას ოცნება ჩვენ უნდა
აღვასრულოთ. ახლა აღმოსავლეთში ჩვენი წინააღმდგომი აღარავინ არი, ასე
ძლიერი საქართველო არასოდეს ყოფილა და არც ჩვენი მტრები ყოფილან ასე
სუსტები არასოდეს.
ავაგ მხარგრძელი, თორელისა არ იყოს, კარგი თანამოსაუბრე აღმოჩნდა.
პურ-ღვინოს ტკბილად შეექცეოდნენ, ქვეყნის ამბებს ჰყვებოდნენ ხუმრობითა
და ხალისით, ლაღად და ენაწყლიანად.
ვაჩემ პირველი დანახვისთანავე შენიშნა, რომ ავაგი ძალიან ჰგავდა თავის
გვირგვინოსან დას, ხლათის დედოფალ თამთას. ეს მსგავსება მარტო
გარეგნობით როდი განისაზღვრებოდა. ავაგიც, თამთასავით უშუალო და
მიმზიდველი, უბრალო და მომხიბვლელი იყო. მთავარმა მორიდებული ვაჩეც
სხვებსავით ძალდაუტანებლად საუბრისათვის განაწყო. დიდი დიდებულის
წინაშე კრთომა დაივიწყა მხატვარმა, ღვინოს გაუთამამდა და ბაასში ჩაერია.
_ ეს ქართველთა ძლიერებას გაუმარჯოს, ასე მტერი დაეცალოს! _ თქვა
ავაგმა, სასმისი მოიყუდა, გამოცალა და გადმოაპირქვავა, იმის საჩვენებლად,
რომ შიგ წვეთი აღარ იყო დარჩენილი.
შუაღამე მოახლოებული იყო, სუფრიდან რომ წამოდგნენ.
ცხელოდა, სული ეხუთებოდათ და ქალაქში გავლა მოუნდათ.
თბილისს მშვიდად ეძინა, კაცის ჭაჭანება არსად იყო. აღმართს აჰყვნენ და
თაბორის მთაზე ავიდნენ.
კოჯრის ნიავის საამო ქროლვამ სული ჩაუბრუნათ. თბილისი
ხელისგულივით მოჩანდა: მტკვრის ორივე მხარეს გრძლად გაწოლილიყო
60უშველებელი ქალაქი, ვიწრო ხეობაში ვეღარ დატეულიყო და მთის
ფერდობებს შეჰფენოდა.
ეძინა მთვარის შუქით ოდნავ განათებულ თბილისს. აქა-იქღა ბჟუტავდა
სინათლე, მხოლოდ მეტეხის კლდეზე ამართული ახალი სასახლიდან
გამოდიოდა შუქი. ჩაბნელებულ ქალაქში ცადატყორცნილი სასახლე
უზარმაზარი ხომალდივით გაჩახჩახებულიყო. ძალაუნებურად ყველას იქით
გაექცა თვალი და მუხასძემ ხმადაბლა თქვა:
_ რუსუდან მეფე ახალ პალატებში გადასვლას იჩქარის. სამუშაო ცოტაღა
დარჩა და ხელოსნები ღამეებს სტეხენ, რომ დროზე მორჩნენ.
_ თბილისში მსგავსი ჯერ არა აშენებულა რა, _ აღტაცებით თქვა თორელმა,
_ ვეჭვობ, რომ სხვა სატახტოებში იყოს უკეთესი სასახლეები.
_ სხვაგან ბევრია, თურმან, მაგრამ სხვაგან სხვაგვარია, ისინი უფრო დიდები
და ბრწყინვალენი არიან, მაგრამ ჩემი უფრო მოხდენილია და ჰაეროვანი. ჩვენი
მცხეთის ჯვარი სათამაშოსა ჰგავს აია სოფიის ტაძართან შედარებით, მაგრამ
მისი ერთი შეხედვა სულ მავიწყებს ყველა ქვეყნის უდიდეს ტაძრებსა და
სალოცავებს.
_ მართალი ხარ, გოჩი. როგორც ჯვარი უხდება მცხეთის მაღალ მთას, ისე ეს
სასახლე ამშვენებს მეტეხის კლდეს და საოცარია, რომ აქამდე არ აუშენებიათ ამ
კლდეზე ქართველებს მსგავსი შენობა. თითქო კლდე თავის ბუნებრივ
დაბოლოებას თხოულობდა, მთებში ჩავარდნილი ქალაქი _ თავის სანიშნოსა
და უმაღლეს წერტილს, _ დაუმოწმა ავაგმა.
ქვაზე ჩამოსხდნენ ოთხივენი. აქამდე მდუმარე ვაჩემ გაბრწყინებული
თვალები მოავლო თბილისს და აღტაცებით თქვა:
_ აბა დააცქერდით, ქალაქიც ნახატსა ჰგავს, უზარმაზარ სურათს. მის
საზღვრებში ყველაფერს თავისი ადგილი და ფერი აქვს...
ერთხანს ოთხივენი სდუმდნენ, თავთავის ფიქრში წასულნი და ღამეული
სილამაზით მოჯადოებულნი.
_ ეტყობა, დავიღალე, _ დაარღვია სიჩუმე გოჩიმ, _ ამ ბოლო დროს ცუდი
ძილი დამჩემდა და ავ სიზმრებს ვხედავ. ხან, ვითომ მიწა იძვრის და ეს ჩემი
სასახლე ლოდებად ჩამოდის დაშლილი, ხან მტკვარი დიდდება და სასახლის
სახურავზე გადადის, ხანაც ქალაქი იწვის და მეფის ახალ პალატებს ნთქავს...
_ ავი სიზმრები ბევრმა ფიქრმა და მოუსვენრობამ იცის, გოჩი.
_ რა ვიცი, ზოგჯერ ისე შეშფოთებულს გამეღვიძება ხოლმე, შეშინებული
სარკმელთან მივრბივარ, რომ დავრწმუნდე, კიდევ დგას თუ არა ჩემი შენობა;
ზოგჯერ, დილით, ფეხზე წამომდგარს, იქით გახედვისა მეშინია, ვაითუ,
მართლა აღარ იდგეს-მეთქი მეფის ახალი სასახლე თავის ადგილას...
საქართველოს
სარდლობა
წინდახედულად
მოქმედებდა.
მთელ
საქართველოდან ლაშქარი ჩუმად იკრიბებოდა და თბილისზე გაუვლელად
სამხრეთისაკენ მიემართებოდა. საიდუმლო მაინც გამჟღავნდა და დიდი და
პატარა მოსალოდნელ ომზე ლაპარაკობდა.
61ქვეყნის
მეთაურებმა
უამრავი
მსტოვრისაგან
კარგად
იცოდნენ
ჯალალედინის ყოველი ნაბიჯი. მტერი დიდი ლაშქრით მოდიოდა და ომიც
ძლიერი იყო მოსალოდნელი. მომავალი ომისათვის გაფაციცებით
ემზადებოდნენ, მაგრამ თან გარეგნული სიმშვიდის შენარჩუნებასაც
ცდილობდნენ.
რუსუდან მეფე საგანგებოდ მართავდა ლხინსა და მეჯლისებს, ქალაქში
ხშირად გამოდიოდა ბრწყინვალე ამალის თანხლებით, რომ მოსახლეობის
თვალში მოახლოებული ომის შიში გაეფანტა და სახელმწიფოს გარეგნული
უზრუნველობა ეჩვენებინა.
დედოფალმა ახალი პალატების ნახვა მოისურვა და დიდი ამალით
ესტუმრა. გვირგვინოსნის მოსვლას არავინ ელოდა, ოსტატებს პირდაპირ
მუშაობაზე წაადგნენ თავს.
ვაჩეს მიერ მოხატულ დარბაზებში შემოვიდნენ. წინ დედოფალი
მოუძღოდა. როგორც კი ფეხი შემოდგა, შეჩერდა. ბროლის იატაკის დანახვაზე
შეყოყმანდა. დარბაზის შუაში ორი შადრევანი იყო და დედოფალს მოეჩვენა,
რომ სასახლეში ხელოვნური ტბა გაეკეთებინათ. ალბათ, ფეხს წყალზე
ვადგამო, გაიფიქრა, ბავშვური მიამიტობით კაბის კალთა აიწია და ფეხის
წვერებზე გააბიჯა. იატაკი რომ ფეხქვეშ მაგარი დახვდა, მიხვდა თავის
შეცდომას. ამალას მოხედა, გაღიმებულნი და გაოცებულნი შეჰყურებდნენ.
_ ეს რა ოინი მოგიგონიათ, ხუროთმოძღვარო?! _ შეკავებული ღიმილით
მიმართა მუხასძეს.
_ ბროლის იატაკი გახლავთ, დედოფალო! _ თავდახრით მოახსენა
ხუროთმოძღვარმა.
_ მე კი ასე მეგონა, ტბაზე ვადგამდი ფეხს, ჰა... ჰა... ჰა... _ გადაიკისკისა
რუსუდანმა.
დედოფლის მხლებელ დიდებულებსაც კაბის კალთები აეწიათ და ახლა
ისინიც გაოცებულნი იცინოდნენ.
ვაჩეს სამუშაო დაემთავრებინა. მხოლოდ იმ კედელსღა აკლდა დასრულება,
რომელზედაც სასახლისაკენ ზეიმით მომავალნი, ახლად მეფედ ნაკურთხი
რუსუდანი და მისი ამალა ჰყავდა გამოხატული. ამ კედელზედაც ყველაფერი
მოთავებული იყო, მხოლოდ იმ კუთხეს აკლდა გამოკვეთა და დამუშავება,
სადაც თორელისკენ სახემიბრუნებული ცაგო უნდა ყოფილიყო. ვაჩე ნახატის
ამ ნაწილის დასრულებას რატომღაც აგვიანებდა და ბოლოსთვის ინახავდა.
დედოფალმა და დიდებულებმა ისე გაიარეს ვაჩეს დარბაზი, მხატვრის
ნამუშევრის დაუსრულებლობისათვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ. ფრიად
მოუწონეს, მადლი გადაუხადეს და ათასგვარი ჯილდოც აღუთქვეს.
რუსუდანი ჩიტივით შემოფრინდა და გაფრინდა დარბაზიდან.
დიდებულებიც უკან მიჰყვნენ, მხოლოდ თორელი შეჩერდა თავისი
გამოხატულების წინ, მერე მზერა სახედართან მდგარ გოგონას დაუმთავრებელ
სახეზე გადაიტანა. დიდხანს უცქირა, მერე უცებ შემოტრიალდა, მის უკან
62მდგარ ვაჩეს ხელი მაგრად ჩამოართვა, გადაეხვია და უსიტყვოდ, სწრაფად
გავიდა დარბაზიდან.
ორი დღის შემდეგ ქართველთა ლაშქრის კიდევ ერთი რაზმი გავიდა
თბილისიდან. გოჩი და ვაჩე ქალაქში რჩებოდნენ სასახლის სამუშაოების
დასამთავრებლად. ცხენზე ამხედრებული, ომში მიმავალი თურმანი თბილისს
სტოვებდა. გარეუბანს რომ გასცდა, რატომღაც მუხასძის საშინელი სიზმარი
გაახსენდა, _ ვაითუ, დაბრუნებულს მეფის სასახლე იქ აღარ დამხვდესო, _
გაიფიქრა, ელდანაცემივით მოიხედა და უმალვე დამშვიდდა.
მეტეხის ტინზე ამაყად და მშვიდად იდგა ცადატყორცნილი, სვეტებითა და
ბანებით დამშვენებული, თვალშეუდგამი შენობა. _ ალბათ, უკუნითი
უკუნისამდე ასე მკვიდრად და ლამაზად იდგება ეს შენობაც, ისე, როგორც ჩემი
ქვეყანაო, _ გაიფიქრა თორელმა და მშვიდად განაგრძო გზა.
თავი მესამე
«ამ გამარჯვებას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა მუსულმანური ქვეყნებისა
და მუსულმანთათვის, რადგანაც ქართველები მანამდე სულ სჯაბნიდნენ მათ და
თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით ექცეოდნენ. ისინი, ადარბადაგანის
რომელ ნაწილსაც სურდათ, შეესეოდნენ ხოლმე და არავის მხრით
წინააღმდეგობას არ ხვდებოდნენ... რუქნადინმა ვერ შესძლო მათთვის ხელი
შეეშალა... მართალია, მან შეკრიბა ჯარი 1125 წელს და ქართველთა წინააღმდეგ
გაილაშქრა, როცა არჭეში აიღეს, მაგრამ ვერაფერს გახდა. მის შემდეგ მისი ძმა,
სულტანი მუსუდი მეფობდა, მაგრამ ვერც იმან გააწყო ვერაფერი. უფრო გვიან
ილდეგიზმა... გაილაშქრა ქართველებზე და თუმცა დიდძალი ჯარი ჰყავდა,
გაქცევით ძლივს უშველა თავს. იგივე მდგომარეობა იყო მისი შვილის,
ფაჰლავანის დროს. მაშინ, როცა ამ ხელმწიფეთა მეფობის დროს მათი ქვეყანა
მდიდარი იყო ფულითა და ხალხით, ისინი ქართველთა გამკლავებაზე ვერც კი
ოცნებობდნენ, სანამ არ მოევლინათ ეს სულტანი, რომლის დროსაც ქვეყანა
დანგრეული, მოოხრებული და გაღატაკებული იყო ჯერ ქართველებისა და
შემდეგ თათართა შემოსევებით...»
იბნ ალ ასირი
«ერთი ერის ბედნიერება გარდუვლად მეორის უბედურებაზე შენდება»...
მოჰამედ ენ ნესევი
საქართველო რომ ამ ყოფაში იყო, ქვეყნის სამხრეთით დიდი ამბები
ხდებოდა. მონგოლთაგან ლტოლვილმა ხვარაზმშას შვილმა სულტანმა
ჯალალედინმა ირანი განვლო და ადარბადაგანში შემოვიდა. ჯალალედინი
ირანსა და ადარბადაგანში გამაგრებას, დიდი სამხედრო ძალის შეკრებასა და
მონგოლთა წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის გამართვას აპირებდა.
63ადარბადაგანი განთქმული იყო თავისი სიმდიდრით და სულტანს იმედი
ჰქონდა, იქ დიდძალ ოქროსა და საქონელს შეჰკრებდა. მაგრამ ადარბადაგანში
შემოსვლისთანავე იმედი გაუცრუვდა. ქვეყნის მფლობელი უზბეგი,
ჯალალედინის გამოჩენისთანავე, თავრეზიდან განძაში გადავიდა. სულტანმა
ელჩები გაუგზავნა უზბეგს. ჯალალედინი ათაბაგს ავალებდა: ამიერიდან
ადარბადაგანზე სულტნის უზენაესობა ეცნო, მიზგითებში მისი ხოტბა
დაეწესებინა და ფული სულტნის სახელით მოეჭრა. ამას გარდა, ჯალალედინი
უზბეგისაგან მის სალაროში ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის
ხარაჯის შეტანას მოითხოვდა.
ათაბაგმა უზბეგმა ხვარაზმელი სულტნის მფარველობა ცნო, ძვირფასი
ძღვენი გაუგზავნა და მისი ყველა პირობა მიიღო, უმთავრესის გარდა _
ათაბაგი ხარაჯაზე უარს ამბობდა იმ მიზეზით, რომ მისი ქვეყანა აოხრებული
იყო და სალარო დაცარიელებული _ ქართველებთან მუდმივი ბრძოლების
გამო.
ჯალალედინს პირველი წყენა მიაყენეს და ეს წყენა ქართველთა
მძლავრობით იყო დასაბუთებული.
სულტანს ადრეც გაეგონა საქართველოს სახელმწიფოს სახელი, მაგრამ
მამამისის უნაპირო სამფლობელოსა და იმის იქითაც სხვაც უამრავი სამეფო
იყო, რომელთანაც სულტანს საქმე არასოდეს ექნებოდა, ბედს რომ აქ არ
მოეგდო, ხვარაზმელთა უზარმაზარი სამფლობელოს კიდეში და უცნობი
ქართველების პირისპირ არ დაეყენებინა.
ადარბადაგანში შემოსულ სულტანს ქალაქ მარაღის მცხოვრებთაგან
მოციქულები
მოუვიდა.
სულტნის
ვაზირის
შერეფელმოლკის
შუამდგომლობით მარაღელები მათ ქალაქში მობრძანებას სთხოვდნენ.
სულტანი დასთანხმდა და არც უნანია. მარაღელები ძღვენით შეხვდნენ და
ქალაქი სიხარულით დაუმორჩილეს.
სულტანს ძლიერ მოეწონა ქალაქის მდებარეობა, დანგრეული ციხის
აღდგენა ბრძანა და ისიც გამოიკითხა, თუ რად და ვის დაექცია ქალაქის
სიმაგრეები. მაშინ მარაღელები მუხლზე დავარდნენ, დიდებულ სულტანს
ეთაყვანენ და ცრემლითა და თავში ცემით მოახსენეს თავიანთი შეჭირვება.
ადარბადაგანის მფლობელ უზბეგს ღვინის სმისა და შექცევის მეტი არა ახსოვს
რა, ქვეყანას პატრონი არა ჰყავს და ამით სარგებლობენ ურწმუნო ქართველები,
ძველის სამაგიეროს გვიხდიან, გვლაშქრავენ და მართლმორწმუნე
მუსულმანებზე არწივებივით ნადირობენ. ქართველებს ჩვენი ვეღარც ჯარი
უდგება წინ და ვეღარც ციხე-სიმაგრე, ჩვენი ქალაქის ზღუდეც მათ დააქციესო.
ჯალალედინი გაოცდა. ქართველები იქიდან შორს, ჩრდილოეთით
ეგულებოდა. ამ სიშორეზე ლაშქრობას როგორ ბედავენო, გაიკვირვა და რუკები
მოატანინა. რუკას რომ დახედა, კიდევ უფრო გაოცდა. ეგ რა არიო, მოახსენეს
მარაღელებმა, მარაღის ქვევითაც არაერთხელ ილაშქრეს ურწმუნო გურჯებმა,
თვით ყაზვინამდე და რომგურამდეც მივიდნენ და თითქმის ნახევარ ირანს
ხარკი დაადესო.
64რუკაზე რომ ყაზვინი და რომგური მონახა, სულ გადაირია ჯალალედინი:
_ ნუთუ ამოდენა ქვეყანაში კაცი არ გამოჩნდა, რომ ურჯულოებს წინ
აღდგომოდა და მორწმუნე მუსულმანები მტრისაგან დაეცვა.
_ პატრონი არა გვყავს, ხელმწიფევ, და თუ შენ არ დაგვიფარე ქართველთა
მძლავრობისაგან, მეტი აღარა დაგვრჩენია რა, ან აქედან უნდა ავიყარნეთ, შორს
სადმე გადავიხვეწოთ, ან საძულველ ქრისტეს სჯულზე მოვიქცეთ და წყეულ
ჯვარს ვეთაყვანოთ.
ჯალალედინი სასტიკად გაბრაზდა.
საქვეყნოდ დაიქადა და მიზგითში ყურანზე ფიცი დასდო, რომ ურჯულო
ქართველებს კლანჭებს დააცლიდა, მუსულმანთა შეწუხებისათვის სამაგიეროს
ათგზის მიუზღავდა და ქართველთა ამპარტავნობას სამუდამოდ დაამხობდა.
ადარბადაგანის რომელ ქალაქსაც არ მიადგა ჯალალედინი, ყველგან
ქართველთა მძლავრობის კვალს წააწყდა, ყველგან ერთსა და იმავეს
ეუბნებოდნენ, ქართველებთან ვერას გავხდით, მათთან ბრძოლის ღონე არა
გვაქვსო.
ჯალალედინმა ყოველივე წვრილად გამოიკითხა.
თურმე ას წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა ქართველთა მძლავრობა ახლო
საისლამოში.
მომსწრეების დაკითხვითა და სახელმწიფო დავთრების მოწმობით
გამოიძია, თუ რომელი ქალაქი როდის და რამდენჯერ დაელაშქრათ
ქართველებს.
სავარაუდო,
არასრული
ანგარიშიც
კი
ცხადად
ადასტურებდა
საქართველოში ნამყოფ მუსულმანთა ნაამბობს გურჯთა ქვეყნის ზღაპრულ
სიმდიდრეზე.
ჯალალედინმა გადაწყვიტა მოულოდნელი დარტყმით საქართველოს
სამეფოს განადგურება და ამ ქვეყნის უთვალავი სიმდიდრის დაპატრონება.
თავის ამ მთავარ მიზანს იგი მაჰმადის სარწმუნოებისათვის თავისგამოდებით
ნიღბავდა და მუსულმანებს ურჯულო ქართველთა მძლავრობისაგან დახსნას
აღუთქვამდა.
ადარბადაგანში რომ დამკვიდრდა, რუმისა და შამის სულტნებთან ელჩები
გაგზავნა. ჯალალედინი ერთმორწმუნე სულტნებს ატყობინებდა, რომ მან
მამამისის კუთვნილი ადარბადაგანი დაიპყრო და რომ სახლმა ჰპოვა თავისი
პატრონი. ამიერიდან იგი დაიფარავს ადარბადაგანელ მორწმუნეებს ურჯულო
ქართველთა რბევისა და ძალმომრეობისაგან.
ამასთანავე, სულტანი ატყობინებდა, რომ მან განიზრახა ქართველების
სასტიკი დასჯა ადარბადაგანელთა ესოდენი შეჭირვებისათვის და, რომ იგი
აპირებს ცეცხლითა და მახვილით საქართველოს დალაშქვრას.
დასასრულს, ჯალალედინი დასძენდა, რომ ადარბადაგანის დაპყრობისას
მას ამოქმედებს სურვილი, კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს
რუმისა და შამის ერთმორწმუნე სულტნებთან.
65შამსა და რუმისაკენ რომ ელჩი გაისტუმრა, ჯალალედინი ქართველთა
წინააღმდეგ ლაშქრობის სამზადისს შეუდგა.
ქართველთა თვალისასახვევად რუსუდან მეფეს ელჩი გაუგზავნა.
ხვარაზმის სულტანი ქართველებს ატყობინებდა, რომ ამიერიდან იგი
მოევლინა ადარბადაგანს მფარველად და, თუ უზბეგის სამფლობელოს რბევას
არ დაეხსნებოდნენ, ქართველებს საქმე ჯალალედინთან ექნებოდათ. იგი
ქართველ მეფეს არწმუნებდა, რომ სხვა მხრივ ჯალალედინი გურჯებს არას
ერჩოდა და მათთან მხოლოდ კარგი მეზობლობის დამყარება სურდა.
ქართველები ცუდად ერკვეოდნენ იმ ამბებში, რაც საქართველოს
სამხრეთითა და მთელს აღმოსავლეთში ხდებოდა. მონგოლთა პირველი
გამოჩენა, მათთან ძლიერი ომი და თათართაგან თავიანთი ნებით
საქართველოსაგან გაცლა ქართველებს თავის უდიდეს გამარჯვებად
მიაჩნდათ. ბევრი, საქართველოზე მძლავრი ქვეყანა დაიპყრეს და მოაოხრეს
მონგოლებმა. თავათ მორჭმულსა და აღმატებულ ხვარაზმშას მთელი
სამკვიდრო დაატოვებინეს, კასპიის რომელიღაც კუნძულზე შეაგდეს და სული
ძაღლივით დაალევინეს მიუსაფარს. ქართველებს კი ვერ სძლიეს და
იძულებული გახდნენ, გასცლოდნენ!
ეს შეხედულება საქართველოს სამეფოს მესვეურთა შორის იმდენად
ფეხმოკიდებული იყო, რომ აღარავინ უკვირდებოდა საქმის ნამდვილ არსს.
საქმე კი იმაში იყო, რომ საქართველოს ლაშა გიორგის მეფობის დროს
მონგოლთა მხოლოდ ერთი, მეწინავე ლაშქარი მოადგა, რომელსაც ჩინგიზ-
ხანისაგან დავალებული ჰქონდა დევნილი ხვარაზმშა მუჰამედის კვალის
პოვნა, ირანისა და რუსეთის სამხრეთის დაზვერვა და კავკასიის გზით, კასპიის
ჩრდილოეთზე გავლით, ისევ ყაენის სამყოფელში დაბრუნება.
სუბუდაისა და ჯებე ნოინს საქართველოსა და კავკასიის მთლიანად
დაპყრობა და მონგოლთა ბატონობის დამყარება არც უფიქრიათ და თუ
ქართველთა
ლაშქარს
მეორედ
პირისპირ
შეხვედრისას
თათრები
უბრძოლველად გაეცალნენ, ეს არც მათი სისუსტით აიხსნებოდა და არც
მარტოოდენ ქართველთა ძლიერებით.
ქართველები მონგოლებზე თავიანთ გამარჯვებას აზვიადებდნენ. სებე და
ჯებე ბაღათურების წასვლას გაქცევად თვლიდნენ და მონგოლთა ამ მეწინავე
ლაშქრის უკან კი აღარ იხედებოდნენ.
სუბუდაისა და ჯებეს უკან კი, შორს, ჯერჯერობით ძალიან შორს, დიდი და
საშინელი ამბები ტრიალებდა: მონგოლთა მთავარი ლაშქარი შავი
ღრუბელივით იძროდა, გრიგალივით მოდიოდა და გზადაგზა ყველაფერს
მიწასთან ასწორებდა. მრავალრიცხოვანი ლაშქრით დაცული უმდიდრესი და
უმაგრესი ქალაქები ზედიზედ ეცემოდნენ და ნებით ან ძალით კარს უღებდნენ
თათარ დამპყრობლებს. მოდიოდა უდაბნოს საშინელი ქარი თუ სისხლის
ადიდებული მდინარე და ყველაფერს ნთქავდა და ამსხვრევდა, ციხეთა
სიმტკიცესა და მიუდგომლობასაც, ქვეყნის დამცველთა გმირობასა და
თავგანწირვასაც.
66უდაბნოს ამ გრიგალის თუ სისხლის საშინელი ტალღისაგან ივლტოდა
მამაცი ჯალალედინი და რაკი მან თავისი მამის უნაპირო სამფლობელო
დასტოვა, ქართველები ამას მხოლოდ ხვარაზმშას სისუსტით ხსნიდნენ და
იმას კი არ ანგარიშობდნენ, თუ რა ძალისა და საშინელების წინაშე ივლტოდა
თავზეხელაღებული სულტანი.
ჯალალედინის კვალს თავათ წყეული ჩინგიზი მოსდევდა თავისი
სისხლიანი ლეკვებით, ოთხი ვაჟითა და აურაცხელი ლაშქრით. წინ
დაპყრობილი ქვეყნებიდან გამორეკილ უთვალავ ტყვეს მოერეკებოდა, ციხე-
სიმაგრეების საიერიშოდ პირველად მათ უშვებდა და ზურგში თავის
მშვილდოსნებს უყენებდა, რომ ისრის სეტყვით გადაეღობათ გზა, უკანდახევას
თუ განიზრახავდნენ; ამოდენა ლაშქარს თან ჩინური მანქანები მოჰქონდა
ქალაქის გამაგრებული ზღუდეებისათვის უშველებელი ლოდების დასაშენად.
სადაც ქვა არ იყო, იქ თუთისა და ჭადრის ხეებს სჭრიდნენ და იმ მანქანებიდან
უზარმაზარ მორებს სტყორცნიდნენ მტკიცე დუღაბით ნაშენ ციხეთა
გოდლებს.
სადაც არხები იყო, იქ რაბებს ხსნიდნენ და უთვალავ ქალაქებსა და
სოფლებს წყალში სძირავდნენ.
აი, ასეთი ვერაგი და ძლიერი მტრისაგან, შეჩვენებული ჩინგიზისა და მისი
აურაცხელი ლაშქრისაგან ივლტოდა ჯალალედინი. ქართველები კი
მონგოლთა მთელ ძალას სუბუდაისა და ჯებეს ლაშქრის ძლიერებით
ზომავდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ თათართა და იმ ნამდვილ ძალაზე,
რომლის გამკლავებასაც ასე თავგანწირვით, მაგრამ ჯერჯერობით ასევე
წარუმატებლად ცდილობდა ხვარაზმელი სულტანი.
ჯალალედინის მუქარა ქართველებმა ამაო კვეხნად ჩათვალეს. ასი წლის
ძლევამოსილებითა და მარცხის უნახაობით განებივრებული ქართველები
ჯალალედინის მოსვლასა და ადარბადაგანის დამკვიდრებაში თავიანთი
სამეფოსათვის დიდ საფრთხეს არა ხედავდნენ. მაგის მძლეველმა მონგოლებმა
ვერაფერი გვიყვეს და მაგან რა უნდა დაგვაკლოსო, _ ერთხმად იმეორებდნენ
ქვეყნის მესვეურები.
მაგრამ ადარბადაგანში ქართველებს ბევრი მზვერავი ჰყავდათ და
თბილისში ერთიმეორეზე ცუდი ამბები მოდიოდა. ჯაშუშები, ხვარაზმელთა
ლაშქრის მრავალრიცხოვნებისა და კარგი შეიარაღების გარდა, იმასაც
იუწყებოდნენ, რომ ჯალალედინი საქართველოს წინააღმდეგ საღვთო ომს
აპირებდა, მეზობელი სამუსულმანო ქვეყნების სულტნებს თავის მხარეს
იბირებდა და დიდი ძალით საქართველოზე მოულოდნელ თავდასხმას
ფარულად ამზადებდა.
ქართველებს ჯალალედინის მუქარა აგრერიგად არ აშინებდათ, მაგრამ მისი
ჯარის სიმრავლესა და ომისათვის სამზადისს მაინც ანგარიშს უწევდნენ.
ჯალალედინს, სიფხიზლის მისაძინებლად, ელჩების ხელით ძვირფასი
ძღვენი გაუგზავნეს და თან ადარბადაგანის უვნებლობის აღთქმა შეუთვალეს.
67ქართველები, ერთის მხრივ, ჯალალედინს მეგობრობას და კეთილ
მეზობლობას რომ პირდებოდნენ, მეორეს მხრივ, მთელს ქვეყანაში
მალემსრბოლებს გზავნიდნენ და სასწრაფოდ ჯარს იწვევდნენ მტრის
დასახვედრად.
ჯალალედინი ჩუმად ომისათვის ემზადებოდა, მაგრამ გარეგნულად თავს
ისე აჩვენებდა, თითქო ადარბადაგანის საქმეებით იყო გართული. უზბეგისაგან
მორჩილების გამოცხადებას არ დასჯერდა და ქვეყნის ნამდვილ ბატონ-
პატრონად გახდომა მოისურვა. ერთ დღეს ლაშქრიანად აიყარა და უზბეგის
სატახტოს მიადგა.
ქალაქი ნებით არ დამორჩილდა. იერიშით რომ ვერაფერი დააკლო, მაშინ
ალყა შემოარტყა. თავგანწირულად იბრძოდნენ თავრეზელები. ხუთ დღეს
გაუძლეს ხვარაზმელთა ალყას, მაგრამ მეექვსე დღეს წინააღმდეგობის
უიმედობაში დარწმუნდნენ და დამორჩილდნენ. თავრეზის დაცვას უზბეგის
ცოლი სელჯუკიანი ტოღრულშას ასული მელიქე-ხათუნი ხელმძღვანელობდა.
იმის გამო, რომ უზბეგს სმისა და დროსტარების მეტი არა ახსოვდა რა, ქვეყანას
დედოფალი მელიქე-ხათუნი განაგებდა. ადარბადაგანში ჯალალედინის
მისვლისთანავე უზბეგი თავრეზს გაეცალა და დედაქალაქი დედოფლის
ანაბარა დააგდო. თავრეზელთა ერთგულებასა და ვაჟკაცობას მინდობილი
მელიქე-ხათუნი ქალაქის დამცველთა შორის იდგა და მტრის წინააღმდეგ
თავგანწირვით მებრძოლ მეციხოვნეებს ამხნევებდა. ბოლოს, როცა გარედან
შველის იმედიც გადაიწყვიტა და შიგნითაც წინააღმდეგობის გაწევის
შესაძლებლობა ამოიწურა, დედოფალმა ქალაქის მორჩილების ფასად თავისი
და ახლობლების უვნებლად გაშვება, მისთვის სამყოფელად ჰოის ციხისა და
მისი მიმდგომი ქვეყნის მიცემა ითხოვა. ჯალალედინი თავრეზელთა პირობებს
დათანხმდა, დედოფალი და მისი ამალა ჰოის ციხემდე თავისი მცველებით
გაისტუმრა და თავრეზში შევიდა.
თავრეზში რამდენიმე დღე დაჰყო ჯალალედინმა. იქიდან, საიდუმლოდ,
ემირები დაგზავნა ჯარის შესაკრებად, ლაშქრის თავშესაყრელი ადგილი
დაუთქვა და მორჩილ ათაბაგებსა და მელიქებს ჯარის გამოყვანა მოსთხოვა.
თავათ ხმა დაჰყარა, მარაღაში მივდივარო და თვალის ასახვევად ჰარემი
დიდის ამბით სამხრეთისაკენ გაისტუმ-რა.
შემდეგ შირვანისაკენ მიმავალი ქარავნები მოიკითხა ჩუმად. სანდო კაცის
პირით თავისი ძველი ნაცნობი, დიდვაჭარი ჰაჯი ჯიჰანი დაიბარა. დიდხანს
პირისპირ მარტო ელაპარაკა. საიდუმლო კარით ისე მოვიდა და წავიდა
სპარსელი დიდვაჭარი, არც სულტნის კარზე მისი ყოფნა შეუტყვია ვისმეს, არც
მასთან საუბრის შინაარსი.
რამდენიმე დღე კიდევ ფარულ, საიდუმლო საქმიანობაში გაატარა.
ყველაფერი რომ მოაწესრიგა, თავრეზიდან ღამით წავიდა. გეზი
ჩრდილოეთისაკენ აიღო და ჯარის თავშესაყრელად დათქმული ადგილისაკენ
გაეშურა.
68სულტანი ჩქარობდა.
სწრაფი ნაბიჯით მოჰყავდა ლაშქარი. წინ შეხვედრილ საეჭვო მგზავრებს
აკავებდა და ზურგში გზავნიდა, რომ მტერს მისი ლაშქრის მოძრაობის ამბავი
არ მისვლოდა.
«დასვენება მხოლოდ თბილისშიო», _ გამოუცხადა ჯარის მეთაურებს და
თან საოცნებოდ დაუხატა ეს დასვენება: სამ დღეს გიაურების სატახტო თქვენს
ხელთ იქნება, თავისი ულამაზესი ქალებით, საუკეთესო ღვინით და
აურაცხელი სიმდიდრითო. საქართველოს საზღაპრო სიმდიდრის ხმა შორს
იყო გავარდნილი და თითოეული ჯარისკაცი იმ სამ დღეს იმდენის შოვნას
ელოდა, რომ მის სიცოცხლეში ჰყოფნოდა მასაც და მის შვილებსაც.
ჯალალედინის ამ დაპირებამ მის ლაშქარს უამრავი ბედისმაძიებელი
შეჰმატა, თურქი და სპარსი, ქურთი და არაბი, ადარბადაგანელი და
სურმარელი. სიტყვით ყველა თავს სდებდა მაჰმადის რჯულის დასაცავად და
ურწმუნო გურჯების თავხედობის დასასჯელად, ნამდვილად კი ყველას
საქართველოს მთებსა და კლდეებში დამალული მისი უთვალავი ოქრო და
ვერცხლი იზიდავდა, რომელიც ვითომ გურჯებმა მუსულმანებს მისტაცეს, ამ
უკანასკნელთა სისუსტის დროს, როცა მათ არც ერთი პირი ჰქონდათ და არც
ჯალალედინივით ძლიერი მეთაური ჰყავდათ.
ახლა, როცა ალაჰმა სამაჰმადიანოს ესოდენ ძლიერი და შემმართებელი,
შთამომავლობით ზეაღმატებული და სარწმუნოებით მტკიცე, ბრძენი
მმართველი და მიუთხრობელი მეომარი მოუვლინა წინამძღოლად,
მუსულმანებს სხვა რაღა უნდოდათ, ურწმუნო ქართველების ჯავრი უნდა
ეყარათ და ერთიანად მიეზღათ შფოთისა და თარეშისათვის, რბევისა და
აკლებისათვის, რომლითაც აგერ, საუკუნეზე მეტი ხანია, შიშის ზარს სცემდნენ
არა მარტო ხლათსა და არზრუმს, არამედ ადარბადაგანსა და თვით შორეულ
ხორასანსაც კი.
ასე ფიქრობდა ბევრი მათგანი.
გზადაგზა, დაქანებული ზვავივით გაივსო და გაიზარდა ჯალალედინის
ლაშქარი. გამოცდილმა სარდალმა კარგად იცოდა, რომ სანამ ეს ზვავი
სწრაფად მიექანებოდა, მას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ ზვავიც მალე
დადნებოდა და დაიშლებოდა, თუ მისი სისწრაფე და დაქანების ძალა
შენელდებოდა.
ამიტომ
ჩქარობდა
ჯალალედინი
საქართველოში
შეჭრასა
და
ქართველებისათვის გადამწყვეტი დარტყმის მანამ მიყენებას, სანამ
საქართველო ღონის მოკრებასა და საომრად დარაზმვას მოასწრებდა.
არეზთან მისულ სულტანს დასაზვერავად წინ გამოგზავნილი თავისი
რაზმები შეეგებნენ. მზვერავები ცუდ გუნებაზე იყვნენ, შეშინებულებმა
აცნობეს სულტანს, რომ ქართველების დიდი ლაშქარი ახლო, მიუვალ მთებზე
იყო დაბანაკებული.
_ მაინც რამდენი იქნებიან ქართველები? _ იკითხა შუბლშეკრულმა
ჯალალედინმა.
69_ რიცხვი არა აქვს მათ სიმრავლეს, არც გზა და მისადგომი _ მათ მიუვალ
ბანაკს.
ცახცახით მოახსენა ემირმა.
ჯალალედინმა შეშინებულ ემირს შუბი შიგ გულში აძგერა და ლაშქარში
რომ მტრის უძლეველობის ხმა არ გავრცელებულიყო, მზვერავების რაზმი
დააპატიმრა, შორეულ ზურგში გაგზავნა.
მერე, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ცხენი არეზის ტალღებში შეაგდო და
ლაშქარს უშიშრად წაუძღვა.
ცოტა რომ გაიარეს, ქართველთა მზვერავებს წააწყდნენ. ქართველებმა
ერთხანს უცქირეს ვაკეზე მოძრავ მტრის უზარმაზარ ლაშქარს, ნელა, მდორედ
რომ მოიწევდა წინ საავდრო ღრუბელივით, ისრის მოსაწვდომზე ცხენები
შეაბრუნეს და ჭენებით გაქრნენ.
ცოტა კიდევ გაიარეს ხვარაზმელებმა და სულტანმა შეჩერება ბრძანა.
ქართველთა ბანაკი უკვე ახლო იყო. გარნისის მიუვალ მთებზე
განლაგებულიყვნენ ქართველები.
ცადაწვდენილი ქარაფოვანი მთების თავზე ღრუბლებში ატყორცნილივით
ჩანდა ბანაკი. იქიდან ციცაბო, თითქმის მიუვალი კლდეები ეშვებოდნენ
დაბლა ხეობაში.
თავისი ბანაკი მთებიდან კარგა შორს დასწია ჯალალედინმა. ცხენით
იქაურობას შემოუარა, მაღლობზე ავიდა და ადგილმდებარეობას დააკვირდა.
ტყუილად როდი შეშინებულან მისი მზვერავები! ქართველები მართლაც
ბევრნი ჩანდნენ და ბანაკიც მარჯვედ მოეწყოთ. იქიდან, ალბათ,
ხელისგულივით ჩანდა მთელი ხეობა და ქართველებს მტრის მცირე
მოძრაობაც არ გამოეპარებოდათ. ხეობას ისე მარჯვედ კეტავდა ქართველთა
გამაგრებული ბანაკი, რომ მისი გვერდის ავლა შეუძლებელი იყო.
საქართველოსკენ წამოსასვლელად ერთადერთი გზა იმ მიუვალი მთების
გადალახვა და იმ უზარმაზარი ბანაკის მოშლა იყო.
თითქო ერთიც და მეორეც შეუძლებელი ჩანდა.
ჯალალედინის სიფრთხილეს ვერავითარი ნაყოფი ვერ მოეტანა,
ქართველებს მანამ შეუტყვიათ მისი საიდუმლო, ვიდრე სულტანი თავის
უახლოეს მხედართმთავრებს გაანდობდა საქართველოზე ლაშქრობის გეგმას.
შეუტყვიათ და თადარიგის დაჭერაც მოუსწრიათ: დაზვერვის ცნობებით,
ქართველთა ლაშქარი სამოციდან ოთხმოცი ათასამდე მეომარს უნდა
ითვლიდეს; ქართველთა სარდლობა რომ ადრე ყოფილა გაფრთხილებული, ეს
იქიდანაც ჩანს, მათ, საკუთრივ ქართველების გარდა, ლეკებისა და ოსების,
ჯიქებისა და ძურძუკების გადმოყვანაც მოუსწრიათ, ამას მზვერავების მიერ
შეპყრობილი მოენეები ირწმუნებოდნენ, მაგრამ ისედაც ყველაფერი ნათლად
ჩანდა: ბანაკი დიდი იყო და ლაშქარი უთვალავი.
ბუნებრივად ისედაც მიუდგომელსა და ქართველთაგან კიდევ უფრო მეტად
გამაგრებულ ბანაკს ხვარაზმელები პირდაპირი იერიშით ვერ აიღებდნენ,
70ჯალალედინს ან სასწაულის იმედი უნდა ჰქონოდა, ან რამე ხერხი უნდა
მოეგონა და ციხე როგორმე შიგნიდან გაეტეხნა.
ჯალალედინი ვაკეზე დაბანაკდა და ჯარი ისე განალაგა, რომ თუ
ქართველები
მთებიდან
ჩამოსვლასა
და
შემოტევას
გაბედავდნენ,
ხვარაზმელთა სიმრავლეს ისე შთაენთქა შეტევაზე წამოსული ქართველობა,
როგორც ზღვა ნთქავს მთიდან დაშვებულ მდინარეს.
სულტანმა ჯარები დააწყო, გუშაგები დააყენა და ბანაკი გაამაგრა.
თავის მხრივ, ვერც ქართველები დააკლებდნენ რამეს ამ ბანაკს, მაგრამ განა
ჯალალედინი
იმისთვის
აიყარა
იმოდენა
ამბით
საქართველოს
დასალაშქრავად, რომ აქ, საქართველოს განაპირა ხეობაში დამდგარიყო და
ქართველთა ბანაკისათვის ეცქირნა შორიდან?
ერთიმეორის ცქერა კი, ეტყობოდა, დიდხანს მოუხდებოდა ორივე ბანაკს:
ქართველები შინ იყვნენ და არსად ეჩქარებოდათ, მიუვალ სიმაგრეს
მინდობილები დაბლა არ ჩამოვიდოდნენ და არც მტერს აუშვებდნენ მაღლა.
ხვარაზმელები წინ ვერ წავიდოდნენ და იმ მიუვალ ბანაკს
ტყუილუბრალოდ ვერ შეაწყდებოდნენ, მაგრამ ვერც უკან გაბრუნდებოდნენ,
რადგან ეს ჯალალედინის შერცხვენა და დაცემა იქნებოდა ყველა იმ
მუსულმანის თვალში, რომლებმაც იგი გამოჩენის დღიდანვე მთელი
საისლამოს მხსნელად დასახეს და რომელთაც მან ასე დაბეჯითებით აღუთქვა
ქართველების დასჯა და ჭკუის სწავლება.
ჯალალედინმა თავისი სარდლების თანხლებით ისე შემოიარა ბანაკი, რჩევა
არც ერთისათვის არ უკითხავს. განკარგულებებს თვითონ იძლეოდა და ისე
აკეთებდა, რომ ემირებისთვის ბჭობისა და დაფიქრების საშუალება არ მიეცა.
იცოდა, გამოცდილი მხედართმთავრები გარნისის აღებას შეუძლებლად
მიიჩნევდნენ; თუ ეს აზრი ჯარში გავრცელდებოდა, სიმდიდრის შოვნას
დახარბებულ ბევრ მოლაშქრეს გული გაუტყდებოდა და ისევე თავის
აუტკივებლად წავიდოდა ბანაკიდან, როგორც მოვიდა. ჯალალედინი კი
გარნისის წინ უნდა მოთმინებით მდგარიყო, ეგებ ორი-სამი დღეც, იქნებ, ერთი
კვირაც... ერთი თვეც.
ეს საიდუმლო მარტო თვითონ სულტანმა იცოდა, ვისმესთვის მისი
განდობა არ შეიძლებოდა.
მხოლოდ მოთმინებით უნდა ელოდნა სულტანს და ლაშქარი ამ
მოთმინებით უნდა აღეჭურვა.
როგორც კი მზვერავებმა ხვარაზმელთა გამოჩენის ამბავი მოიტანეს,
ქართველები საომრად გაემზადნენ. ყველამ თავთავისი მიჩნეული ადგილი
დაიჭირა და შორიდან დაუწყეს თვალისდევნება მოახლოებული მტრის
მოძრაობას.
თანახმად საერთო გეგმისა, ქართველები მზად უნდა ყოფილიყვნენ მტრის
შესაგებებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხვარაზმელები ქართველთა
ბანაკის იერიშს გაბედავდნენ და შეუსვენებლად, პირდაპირ შეტევას
დაიწყებდნენ.
71ხვარაზმელთა ლაშქარი ვაკეზე შედგა, შეტბორდა და მერე ნელ-ნელა
განლაგდა.
მტერი, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუვალ გარნისზე პირდაპირ
შესკდომას არ აპირებდა, ბანაკად დგებოდა და მოლოდინს არჩევდა.
მხარგრძელმა სარდლები მოიხმო. ვარამ გაგელის, ახალციხელების,
სურამელის, ბაკურციხელის, ჯაყელების, დადიანის, სვანთა ერისთავის,
მარგველისა და თავისი ძმისწულის შანშე ზაქარიას-ძის თანხლებით
ცხენდაცხენ გავიდა სათვალთვალო მაღლობზე.
_ უჰ, რამდენი არიან წყეულები!
ხმამაღლა აღმოხდა შანშე მანდატურთუხუცესს.
_ მამაშენს მეტიც უნახავს და არათუ გაჰკვირვებია, უშიშარს იქით შეუტევია
და ცხვარივით წინ გაურეკია, _ ცოტა არ იყოს, მკაცრად უთხრა ივანემ.
თითქმის ძალით წამოიყვანა საქართველოს უდიდესი სარდლისა და
სახელგანთქმული ამირსპასალარის შვილი ამ ომში ივანემ. თითქმის ძალით,
რადგან, მისი შვილის ავაგისა არ იყოს, ბრძოლის ველისკენ არც მის ძმისწულს
უწევდა დიდად გული. დედოფლის კარზე ყოფნა, ნადიმი და შექცევა უფრო
იზიდავდა ნებივრად გაზრდილ შანშეს, ვიდრე ხმლის ტრიალი და მტრის
კვეთება. ზოგიერთ სხვა დიდგვაროვანთა შვილებივით, ისიც იმ აზრისა იყო,
რომ მათმა მამებმა და პაპებმა მათი წილი სისხლიც დაღვარეს, ქვეყნის წინაშე
იმდენი სამსახური გადიხადეს, რომ ახლა მათ შვილებს უფლება აქვთ, ხმლისა
და ქვეყნის ვალისაგან მოსვენებული იყვნენ, წინაპრების დათესილი მოიმკონ
და ამ სოფლის სიკეთით გაიხარონ.
სანამ მამები არიან და ხმალს იქნევენ, ასეთ შვილებს არ გაუჭირდებათ,
ცხოვრებას გემოს ჩაატანენ და თავს არაფრისთვის შეიწუხებენ, მაგრამ მერე...
მერე, როცა მამები წავლენ (აკი აღარ არი ზაქარია ამირსპასალარი!), როცა მათი
სისხლით მორწყული მიწა გაშრება? მერე ვინღა ჰყოფს უზრუნველს მათ
უდარდელ ცხოვრებასა და შექცევას?!
ვაი, რომ მარტო შანშე არა ფიქრობს ასე. ვაზირთა და დიდებულთა
შთამომავლები ერთიმეორეს ეჯიბრებიან განცხრომასა და ფუფუნებაში,
ერთმანეთს ეცილებიან და ასწრებენ ულამაზესი ხარჭებისა და ჯიშიანი
ცხენების შეძენას, ფულსაც დაუფიქრებლად სწირავენ ერთი ბედნიერი
წამისათვის, მამულსაც და სახელსაც.
მამების ბრალია, რომ ასე განებივრდნენ და გაზულუქდნენ შვილები. დიდი
ხანია ამას გრძნობს და ხვდება ივანე, მაგრამ დაგვიანებულ საქმეს რაღა
ეშველება. თავიანთ თავგასულ შვილებს ისინი უკვე ვეღარ გაასწორებენ, მათ
მხოლოდ ცხოვრება გაასწორებს, როგორც კუზიანს ასწორებს სამარე. და ეს
ახალი ცხოვრება _ კუზიანების გამასწორებელი სამარე, ეტყობა, არც ისე
შორსაა, ქნევაში გაცვეთილი მამების ხმალი მალე ვეღარ გასჭრის და ის,
ცხოვრება თავისთავად მოვა ჯაჭვებითა და ბორკილებით, რკინის უღლითა და
მათრახებით.
მოვა
და
გამოაფხიზლებს,
ადრე
თუ
გვიან,
ამ
ცხოვრებამოყირჭებულ, სიცოცხლემოწყენილ ნებივრებს, შანშესა და ავაგის
72მსგავს ვაჟბატონებს. შანშეს კიდევ რა უშავს, ბრძოლის ველზე მაინც უდგას
მხარში თავის ბიძას, ავაგი აქამდისაც ვერ გამოიტყუა, დიდის ვაი-ვაგლახით
ბიჯნისამდე მოჰყვა. ბიჯნისში ფეხი აითრია და ხელიდან დაუსხლტა.
ტოლებში მხოლოდ თავისი მშვიდი ზნითა და თვინიერი ქცევით იცნობენ
ავაგს. ზის, ალბათ, ახლაც თავისთვის სადმე მყუდროდ, ლამაზ ქალებთან და
ჩუმად, არხეინად სვამს ის უბედური.
კლდის ნაპირს მიადგა ივანეს ცხენი და შეჩერდა. მხარგრძელი ახლაღა
გამოერკვა ფიქრებიდან. უზანგებზე აღიმართა და მტრის ბანაკს დააცქერდა.
_ ჩვენ თუ იქ არ ჩავალთ, ისინი აქ ამომსვლელები არ არიან.
ღიმილით თქვა სვანთა ერისთავმა.
_ ამოვლენ და თავ-პირს დაიმტვრევენ, _ დასძინა ვარამ გაგელმა.
_ ჩვენ დაბლა ჩასვლას ნუ ვცდით, მათ ინებონ და სცადონ მაღლა ამოსვლა.
მე ეს გადაწყვეტილება სწორად და ურყევად მიმაჩნია, _ მიუბრუნდა
მხარგრძელი სარდლებს.
_ სწორი გადაწყვეტილებაა, ჩვენც მაგ აზრს ვადგავართ, _ დაუდასტურეს
ერთხმად.
_ თუ მართლა მუღალები მოსდევენ უკან ხვარაზმელ სულტანს, აქ დიდხანს
ვერ დაუცდის დარის დადგომას, ან წამოვა და კლდეებს შეაჟლეტს ლაშქარს, ან
აიყრება და ისევ მის კვალზე დადევნებულ მგლებს შეაჭმევს თავს.
_ საქართველოს ერთიც გაახარებს და მეორეც, _ ჩაურთო ბაკურციხელმა, _
ეგ უბედური იმ მუღალებს რომ გამოექცა, ვერ ჰკითხა, ვისკენ მოდიოდა?
მაგისა და მამამაგისის დამაქცევარ და დამამხობელ მონგოლებს ჩვენ ზურგზე
ბოლი ვადინეთ და კუდით ქვა ვასროლინეთ ამ სამიოდე წლის წინ. ეკითხა
ჩვენი ამბავი სებე და ჯებე ნოინებისათვის და იქნებ არ ერჩიათ საქართველოზე
გამოლაშქრება!
_ ეტყობა, თავგზააბნეულია ამდენი მარცხისაგან ხვარაზმშა, _ მძიმედ თქვა
სურამელმა, _ იმიტომ აწყდება ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეს ასე
გამეტებით, რომ სამკვიდრო აღარა აქვს და თავშესაფარი.
_ გეშინოდეს კაცისა, რომელსაც აღარც სახლი აქვს და აღარც თავშესაფარი!
_ ისე თქვა შალვა ახალციხელმა, ფიქრში წასულივით, თითქო რომელიღაც
წიგნიდან იმოწმებდა წაკითხულ ადგილს.
_ ეზო-კარიდან გაგდებული ძაღლი ცოფდება და მისი ნაკბენი საშიშია
ხოლმე, _ დაუმატა დადიანმა.
_ მაგის დასაკბენი ლასგურა ვის აქვს, ახლოსაც არ მოვასუნიებთ! _
როხროხით თქვა სვანთა ერისთავმა და კაბის კალთები ისე მოიკეცა, თითქო
მართლა ვინმე უპირებდა უკანალზე კბენას.
ბუმბერაზი ვაჟკაცის ამ გულუბრყვილო ხუმრობაზე ყველას სიცილი
აუტყდა.
_ კაბის კალთა ვერ გიშველის, ერისთავთერისთავო, მაგას მონგოლებისაგან
ექნება ნასწავლი კბენა, აგერ, რა ხანია, მოსდევენ და კბენენ ის წყეულები. ეს
73უბედური თავის გამოსწრებას ახერხებს მუდამ, მაგრამ უკანასკნელს მათ
უტოვებს დასაკბენად.
ქართველთა სარდლები ხორხოცობდნენ, სიცილისაგან იჭაჭებოდნენ და
ცხენებზე თავს ძლივს იმაგრებდნენ.
დაბლა, ხვარაზმელთა ბანაკში, სამკვიდროდან აყრილი და ბედისაგან
გამწარებული სულტანი ახლა სწორედ იმაზე ფიქრობდა, როგორ უკეთ
გამოეყენებინა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ის ხერხი,
რომლებიც მონგოლებთან უიღბლო ომებში ესწავლა და რომლებსაც მისი
მოსისხლე ჩინგიზი ასე ოსტატურად იყენებდა მტრის მარჯვედ დასაკბენად და
სისხლისაგან დასაცლელად.
ჯალალედინი იმ ღამესვე ელოდა მტრის შემოტევას. თუ ქართველებს
მართლა დიდი ლაშქარი ჰყავდათ, სავარაუდო იყო, რომ დაღლილი
ხვარაზმელებისათვის
არ
დაეცლიათ,
ერთხელ
მაინც
ქორებივით
დასცემოდნენ, აეწიოკებინათ და აეშალათ. ასეთი მოულოდნელი თავდასხმა
ქართველებს ბევრ უპირატესობას მისცემდა. თუ წარმატება მნიშვნელოვანი
იქნებოდა, ხვარაზმელთა ბანაკი აირეოდა და საქმე იქნებ გაქცევაზეც
მიმდგარიყო, ხოლო, თუ მტერი მაგრად დაუხვდებოდა, იმდენს მაინც
ავნებდნენ, რომ შემდეგ მოსვენება დაჰკარგოდა, ან აყრასა და უკან
გაბრუნებაზე ეფიქრა, ან იძულებული გამხდარიყო, თავათ გადასულიყო
შეტევაზე და გარნისის მიუვალ სიმაგრეს შელეწოდა, ტალღასავით
დაფშვნილიყო მის სალ კლდეებზე.
დაღამდა თუ არა, სულტანმა სიბნელეში მტრის საპირისპიროდ გააწყო
ლაშქარი: შუაში ცხენოსანი ჯარი დააყენა, აქ მეტწილად თავით ფეხებამდე
შეიარაღებული ხვარაზმელები იყვნენ; მარცხენა ფრთაზე ქვეითნი განაწყო,
ხოლო მარჯვენა ფრთა მოისრეებმა დაიკავეს.
იმ ღამეს დიდხანს არ დაუძინია ჯალალედინს. მტრის ბანაკს
თვალმოუცილებლად გაჰყურებდა და ცდილობდა ქართველთა განზრახვის
ამოცნობას.
ქართველები ისევ ძველებურად იდგნენ თავიანთ მიუვალ სიმაგრეებზე,
უამრავი კოცონი დაენთოთ და ბანაკი საქორწილო სუფრასავით გაეჩაღებინათ.
ცაში ატყორცნილი ბანაკი დიდი იყო. ბნელ ღამეში კოცონების შუქზე
უთვალავი ლანდი მოძრაობდა. გურჯებს თავიანთი ყიჟინითა და ჟრიამულით
ცა დაბლა ჩამოჰქონდათ და ჯალალედინს მაშინვე ენიშნა: ბანაკის სიმაგრესა
და
მიუდგომლობას
მინდობილი
ქართველები
სრულიადაც
არ
ფრთხილობდნენ,
მტრის
სიახლოვეს
არაფრად
აგდებდნენ
და
გულდაარხეინებულებს ისე ეჭირათ თავი, თითქო ბრძოლის ველზე კი არა,
ხატობაში ყოფილიყვნენ ღამისსათევად.
მტრის ეს უზრუნველობა ბევრს რამეს ეუბნებოდა გამოცდილ მეომარსა და
სარდალს. ეჭვი არ იყო, ქართველები ძირს ჩამოსვლასა და მტრის
შებრძოლებით თავის შეწუხებას არ ფიქრობდნენ, თავი იმდენად მიუვალ და
74მიუდგომელ
სიმაგრეში
ეგულებოდათ,
რომ
მტრის
იქ
ასვლაც
წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ და ამიტომ ბრძოლის პირობებისათვის
საჭირო და აუცილებელ სიფხიზლესაც არაფრად დაგიდევდნენ.
მაგრამ მართლა ასე მიუვალი იყო გარნისის სიმაგრე? განა გარნისზე უფრო
მიუდგომელი სიმაგრეები არ აუღია ჯალალედინსა და მის მოსისხლე მტერს,
წყეულ ჩინგიზ-ხანს? ან რა მნიშვნელობა აქვს ბანაკის სიმაგრეს, თუ შიგ
მყოფნი არ მაგრობენ და ფრთხილობენ დღედაღამ?
ქართველები არ ფრთხილობენ, არ ფხიზლობენ და, ალბათ, ვერც მტერს
დახვდებიან მაგრად და ფხიზლად, თუ სულტანი გამოიჩენს თავის ჩვეულ
გამჭრიახობას და თან მონგოლთა სამხედრო ცბიერებასაც მოიშველიებს.
მეორე დღემაც მშვიდად და უშფოთველად ჩაიარა, ის დღეც ისე დაღამდა,
რომ სულტანს და მის ემირებს ტანთ არ გაუხდიათ. ცეცხლი წუხანდელივით
ყველგან ჩააქრეს და ჯარმაც მორიგეობით გამოიძინა.
ქართველთა ბანაკში ხმაური წუხანდელივით გვიანამდე გაგრძელდა, მერე
კოცონები ნელ-ნელა ჩაქრა, ყველაფერი დადუმდა და ჩაკვდა, აქა-იქღა
ბჟუტავდა წინა ხაზებზე ცეცხლი თუ სინათლე; ეტყობოდა, წინამბრძოლები
ფხიზლობდნენ, დანარჩენ ბანაკს კი მძიმე ძილით ეძინა.
კიდევ ერთი დღე გათენდა ამ სიჩუმესა და ერთიმეორის გამომცდელ
მოლოდინში.
ჯალალედინმა იცოდა, რომ ხვარაზმელთა ლაშქარში უკმაყოფილონი
გაჩნდნენ; ამ თვალუწვდენელ ველზე უქმად დგომა ბევრს აღარ მოსწონდა,
ზოგი გურჯებზე შეტევას ჩქარობდა, ზოგიც, იმედგაცრუებული, შინ გაპარვას
ფიქრობდა. ესენი უმთავრესად დავლისათვის გზადაგზა შემოერთებული
თურქმანები და ადარბადაგანელები იყვნენ. მათი აყრა და ბანაკიდან წასვლა
ხვარაზმელთა მთავარ ლაშქარსაც სიმტკიცეს შეურყევდა და გამარჯვების
რწმენას დაუკარგავდა. საქმე უნდა გაუჩინოს საშოვარზე დახარბებულ ამ
უკმაყოფილო მოლაშქრეებს ჯალალედინმა, მთავარ ლაშქარს უნდა მოაცილოს
და ნადავლზე მიუშვას.
აგერ, გვერდით არის მდიდარი და გაუმაგრებელი ქალაქი დვინი. როგორც
მზვერავები ამბობენ, დვინში ქართველთა ჯარი არა დგას და მისი აღება ძნელი
არ უნდა იყოს. ჯალალედინი თავის სულწასულ მოლაშქრეებს დვინს მიუსევს,
ამით ლაშქარში უკმაყოფილებას მოსპობს და ალაფსაც იშოვის, ქართველებს
დვინის აკლების ამბავი შეაწუხებს და ეგებ მის მოსაშველებლად გარნისის
კლდეებიდან მათი ჯარიც გამოიტყუოს.
სულტანმა თავისი გადაწყვეტილება ემირებს გააცნო და ჯარის ნაწილი
დვინისაკენ დასძრა.
მეორე დღეც მიიწურა. ქართველთა ამირსპასალარმა თავის კარავში
სამხედრო საბჭო გამართა. სარდლების უმრავლესობა იმ აზრისა იყო, გარნისის
სიმაგრიდან ფეხი არ მოეცვალათ და მტრისათვის მოთმინებით დაეცადნათ.
თითქო სამხედრო ბჭობა ამით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ
75მოულოდნელად სიტყვა ივანე ახალციხელმა ითხოვა და სარდალთა
ერთსულოვნება დაირღვა.
_ ჩვენი სარდლები სწორად სჯიან, _ დაიწყო კარის ამირამ, _ გარნისი
მიუდგომელი სიმაგრეა და იერიშით მისი აღება საძნელო საქმეა. ამიტომ
მტრის ლოდინი ამ მიუვალ მთებზე ჩვენთვის ხელსაყრელია, რადგანაც ჩვენ
ჩვენს სახლში ვართ, ხოლო მტერი შორი გზითაა მოსული. ჩვენ ლოდინი
შეგვიძლია, მტერს ეჩქარება და მოთმინება არ ეყოფა აქ დიდხანს დასარჩენად.
დიდხანს კი მტერი ასე უმოქმედოდ ვერ დადგება გარნისთან. როცა იქნება,
უნდა შემოგვიტიოს. ჯალალედინი მხოლოდ შესაფერის დროს უცდის და
როგორც ის დრო დადგება, ხვარაზმელები გარნისის იერიშს დაიწყებენ.
ჯალალედინს დიდძალი ჯარი ჰყავს და როგორც მსტოვრებისაგან ვიცით,
კიდევ ელის ახალ-ახალი ლაშქრის მოსვლას. საბოლოოდ აუღებელი სიმაგრე
არ არსებობს და გარნისის აღებაც არ არი შეუძლებელი. ბოლოს და ბოლოს,
ხვარაზმელი სულტანი ასი ათას კაცს გასწირავს, გარნისის კლდეებს
შემოაწყვეტს და ამით დანარჩენ ასიათასებს გაუხსნის გზას. ჯალალედინის
ურიცხვი ლაშქრისათვის ასი ათასი კაცის გაწირვა არც ისე დიდი დანაკლისია.
ხვარაზმელი სულტანი საქართველოს დაპყრობით დიდისა და შორეული
მიზნების მიღწევას აპირებს და საფიქრებელია, რომ იგი ამ მსხვერპლს
უყოყმანოდ გაიღებს. ასე იქნება თუ ისე, დღეს იქნება თუ ხვალ,
ხვარაზმელებთან ომი აუცილებელია და გარდუვალი. ამიტომ ჩვენც არ უნდა
ვიყოთ გულხელდაკრეფილნი და მარტოოდენ ჩვენი ბანაკის მიუდგომლობას
მინდობილნი.
მხარგრძელმა წარბი შეიკრა და იქ მყოფთ ქვეშ-ქვეშ გახედა.
_
ხვარაზმელთა
ლაშქართან
შედარებით,
ჩვენი
სუსტია
და
მცირერიცხოვანი, _ განაგრძო კარის ამირამ.
_ ქართველთა ლაშქრის სისუსტე ჯერ არსად თქმულა, ხოლო ამისთანა
სიმაგრეზე, როგორიც გარნისია, ათი ათასი კაცითაც შევძლებდი
ჯალალედინის ლაშქრის უკუგდებას, _ ამაყად თქვა მხარგრძელმა და
სარდლებს თვალი მოავლო.
_ არც მე მიჩნს საეჭვოდ სიმხნე და სიქველე ქართველთა ამირსპასალარისა,
მაგრამ მარტო მეომართა გულოვნებას მინდობილნი არ უნდა ვიყვნეთ, თავათ
ათაბაგს უთქვამს მრავალგზის, ვიდრე დრო გვაქვს და ლაშქრის წვევა კიდევ
შეიძლება, მოვირთნათ ახალი მხედრობა, ლაშქარი რომ მრავალრიცხოვანი
იქნება, გულიც უფრო საგულეს გვექნება.
_ მე ახლაც საგულესა მაქვს გული, _ არხეინად თქვა მხარგრძელმა და
სახეზე გესლიანი ღიმილი გადაეფინა.
ივანე ახალციხელმა ამირსპასალარის შენიშვნაზე არაფერი თქვა და ისევ
თავისი განაგრძო.
_ სანამ ახალი მხედრობა მოგვემატება, მთებზე აღალი გავშალოთ,
კოცონები შორიშორს, დიდ მანძილზე დავანთოთ და ამით მტერს თავი
მრავალრიცხოვნად მოვაჩვენოთ.
76_ ეს მართლაც კარგი იქნება! _ მოიწონა ნათქვამი დადიანმა.
_ ამასთან, დროდადრო, მცირე რაზმებით მტერს ჩავუხდეთ ხოლმე, ვნება
მივაყენოთ და მოსვენება არ მივცეთ, რომ დაუცველად დარჩენილი დანარჩენი
ქვეყანა არ მოაოხროს.
_ შალვას სათქმელს ამბობს ივანე! _ ისევ გესლიანად გაიღიმა მხარგრძელმა
და შალვა ახალციხელს გადახედა.
_ შალვა თავათ იტყვის თავის სათქმელს! _ წამოენთო შალვა.
_ დაუცველად დარჩენილ ქვეყანაში ივანე, ალბათ, დვინს გულისხმობს, _
გამოსცრა მხარგრძელმა და თვალი ისევ შალვასაკენ გააპარა.
დვინი შალვა ახალციხელის საპატრონო იყო და მხარგრძელმა დაუცველად
დარჩენილი ქვეყნისათვის უფროსი ახალციხელის ზრუნვაში ძმის
მამულებისათვის თავის გამოდება დაინახა.
_ დვინსაც ვგულისხმობ და მიმდგომ ქვეყანასაც, _ აუღელვებლად
დაუდასტურა ივანემ.
_ ჰოდა, ერთი დვინისათვის მთელი საქართველო დავღუპოთ, თუ რას
გვირჩევ, კარის ამირავ? ძალიან ვწუხვარ შალვას მამულებისათვის, მაგრამ
ჩვენი მეფისა და სრულიად საქართველოს სიყვარული მიკარნახებს,
სახელმწიფოს ბედი არც შალვას მამულებს ვანაცვალო, არც ჩემსას.
_ ღმერთმა შეარცხვინოს, ვისაც შენზე ნაკლებად ან მეფე უყვარდეს და ან
საქართველო, _ წამოიჭრა ფეხზე ბრაზისაგან გაფითრებული შალვა.
_ ვის უბედავ! _ წამოვარდა მხარგრძელიც და აკანკალებული ხელი
ხმლისკენ წაიღო.
_ თუ ჩვენი აზრის მოსმენა არ სურდა ამირსპასალარს, აქ რაღად გვიწვევდა?
_ გაცხარდა ივანე ახალციხელი.
_ ამიერიდან მე აქ მომსვლელი აღარა ვარ, ომი წინა გვაქვს და იქ ვაჩვენოთ,
ვინ უფრო ერთგულია ტახტისა და სამშობლოსი, _ სულმოუთქმელად დააყარა
სიბრაზისაგან სახეალეწილმა შალვამ და კარვიდან გავარდა.
ივანე ახალციხელიც უსიტყვოდ მიჰყვა უმცროს ძმას.
გაჯავრებული, სახეშეშლილი მხარგრძელი ბოღმას ვერ იოკებდა და ხელში
ხმლის ვადას აწვალებდა. ის იყო, დაჯდომა დააპირა, რომ კარავში მაცნე
შემოვარდა.
_ ხვარაზმელები დვინს შეესივნენ, დაიპყრეს და გაძარცვეს თავათ დვინიცა
და მისი მიმდგომი ქვეყანაც.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ თქვა აქოშინებულმა მაცნემ და მუხლზე ჩაიკეცა.
ივანე ნელა დაეშვა სკამზე. სახე დაუმშვიდდა და ოდნავ შესამჩნევი
ღიმილიც გამოეხატა.
ამირსპასალარმა მრავალმნიშვნელოვანი, გესლიანი ღიმილით მოავლო
თვალი შეშფოთებულ სარდლებს.
_ აი, რა აწუხებდათ ახალციხელებს! ვწუხვარ, რომ დვინის მხარე ოხრდება,
მაგრამ ომს თავისი კანონები აქვს. ჯალალედინი მარტო ნადავლის
საშოვნელად როდი არბევს დვინს, მას ჩვენი ჯარის ჩატყუება უნდა გარნისის
77სიმაღლეებიდან, მაგრამ ჩვენ მის ანკესს არ წამოვეგებით. რაკი თქვენი აზრიც
ეს არი, ჩვენი ლაშქარი გარნისის სიმაგრიდან ფეხს არ მოიცვლის და
მოთმინებით დაელოდება მტრის შემდგომ ნაბიჯს, _ დაასკვნა ამირსპასალარმა
და სამხედრო ბჭობა დაასრულა.
ჯალალედინმა დვინი აიღო და ხელთ დიდი დავლაც იგდო. საქართველოს
სამეფოს სანაპიროთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე მოარბია.
ქართველთა ლაშქარი იქვე იყო, სულ ახლო, მაგრამ მთებში გამაგრებულმა
გურჯებმა ფეხიც არ მოიცვალეს იმ სიმაგრეებიდან და თითიც არ გაანძრიეს
დვინის დასახმარებლად. ჯალალედინი დარწმუნდა, ქართველები დაბლა
ჩამოსვლას, გაშლილ ადგილზე რიცხვით ბევრად ჭარბ მტერთან შებმას არამც
და არამც არ აპირებდნენ, თავიანთი ბანაკის მიუვალობას იყვნენ მინდობილნი
და გარნისის კლდეებთან ელოდნენ მტრის შემოტევას. ეტყობოდათ, სხვა გზა
აღარ იყო, ჯალალედინი ან უკან უნდა გაბრუნებულიყო, ან გარნისის კლდეები
უნდა გადაელახა.
უკან გაბრუნებაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. სულტანს ისევ გარნისის
მისადგომი გზები უნდა ეძებნა.
ჯალალედინმა ბრძანება გასცა: ჰარემი, ჯოგი და აღალი უკან დაეწიათ,
ძალიან შორს, რომ ბანაკის აყრის შთაბეჭდილება შექმნილიყო.
საქართველოს სატახტოდან ამირსპასალარის ბანაკში მახარობელი მოვიდა:
ქართველთა დედოფალს რუსუდანს უფლისწული შესძენოდა.
ათაბაგმა ივანემ ფრიად გაიხარა დედოფლის ჯანმრთელობისა და
უფლისწულის დაბადების ამბით. ლაშქარი დააწყობინა, სარდლების
თანხლებით ჯარს ჩამოუარა და უფლისწულის დაბადება მიულოცა.
მოდიოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული ბუმბერაზი და ლაშქარს ომახიანი
ხმით გასძახოდა:
_ მეფეს გაუმარჯოს!
_ უფლისწულს გაუმარჯოს!
ამირსპასალარის ყოველ შეძახილზე ლაშქარი ერთხმად გუგუნებდა
გრძლად გაბმულ «ვაშას». ეს გუგუნი მწყობრიდან მწყობრში გადადიოდა,
ტალღას მიმყოლ ტალღასავით ძლიერდებოდა და მთებს აზანზარებდა.
ჯარის უფროსებმა მაშინვე შენიშნეს: ამირსპასალარს, სხვა გამოჩენილ
სარდლებთან ერთად, მეომართათვის ყველაზე მეტად საყვარელი სარდლები _
შალვა და ივანე ახალციხელები არ მოჰყვებოდნენ.
შალვა და ივანე უშუალოდ მათ ხელქვეით ლაშქარს დადგომოდნენ წინ და
ამირსპასალარს მწყობრთან ერთად შეხვდნენ.
წინამბრძოლებს რომ მიულოცა და მათ მწყობრს ჩაუარა, ახალციხელები
წესის მიხედვით მიჰყვნენ ამირსპასალარს.
78_ დღევანდელ სიხარულს უმძრახობა არ შეჰფერის, შევრიგდეთ,
ახალციხელებო! _ მიმართა ათაბაგმა შალვას და ივანეს და პირველმა თავათ
გაუწოდა მარჯვენა.
ახალციხელებმა უსიტყვოდ ჩამოართვეს ხელი.
ქართველთა ბანაკიდან რომ დაფდაფების ცემა და ჯარის გუგუნი გაისმა,
ჯალალედინს პირველად საომარი განგაში ეგონა. ნამდვილად გასჭრა ჩემმა
ეშმაკობამო, _ გაიფიქრა, ცხენზე შეჯდა და ემირების თანხლებით თავის ბანაკს
შემოუარა. ჰარემი უკვე აეყარათ, კარვები აეკეცათ, სულტნის ცოლები
ცხენებზე შეესვათ და ისეთი ზარ-ზეიმით, ხმაურითა და გამოჩინებით
მიჰყავდათ, კაცს ეგონებოდა, მთელი ბანაკი კი არა, სამეფო აყრილაო.
აურაცხელი ჯოგი ჯერ განგებ გაეფანტათ, მერე თავის მოსაყრელად ცხენოსანი
მწყემსები გაეშვათ და ისეთი ბუკის ძახილი იდგა, იქაურობა გაეყრუებინათ.
ჯოგს აღალი მიჰყვა უთვალავი ურმითა და ფორნით, სანოვაგითა და
დედაწულით.
თბილისიდან მოსულმა მალემსრბოლებმა სხვა ახალ ამბავთან ერთად ისიც
მოიტანეს, ხმა გავრცელდა, მონგოლები თავრეზს მოადგნენო.
ეს ხმა ჰაჯი ჯიჰანის მექარავნეებისაგან იყო დაყრილი თბილისში და ახლა
თავად ჯალალედინისაგან საქართველოს სატახტოში საიდუმლო დავალებით
შეგზავნილი ჰაჯი ჯიჰანი გარნისის ქართველთა ბანაკში იმ ჭორთან ერთად
მოსულიყო.
ჰაჯი ჯიჰანმა ამირსპასალარის ცალკე, განმარტოებით ნახვა ისურვა და
მაშინვე წარუდგინეს მთავარსარდალს კარავში.
ჰაჯი ჯიჰანის სახელი თავისი მექარავნეებისაგან იცოდა მხარგრძელმა,
პატიოსან და სახელოვან დიდვაჭრად იცნობდა და მასთან საქმის დაჭერა
სარგებლიანად ეჩვენებოდა.
ირანელმა დიდვაჭარმა სალამისა და მოკითხვის შემდეგ ამირსპასალარს
მტრედის კვერცხისოდენა მარგალიტი მიართვა. მხარგრძელმა მარგალიტის
ფასი კარგად იცოდა. ხელისგულზე დასდო თუ არა, მარგალიტი გადაგორდა
და მაშინვე მიხვდა პატიოსანი თვლების მცნობი ათაბაგი, რომ მარგალიტი
ობოლი იყო.
_ დიახ, იშვიათი მარგალიტია, ობოლს ეტყვიან, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ.
_ კიდევ სხვა სახელსაც უწოდებენ, თუ არა ვცდები.
_ ხელისგულზე სატარებელს, თუ საგორებელს...
_ ხელის-ხელ საგოგმანებს, ჩვენში ხელის-ხელ საგოგმანებს ეტყვიან, _ თქვა
ივანემ და წამღერებით დააყოლა:
_ ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები...
ივანეს ამ ძვირფასი ძღვენის მორთმევაში განსაკუთრებული არაფერი
დაუნახავს, რადგან ადრეც იყო დაჩვეული დიდვაჭართა თუ უცხოელ
79დესპანთაგან გარიგებასა თუ სახელმწიფო საქმეებზე მოლაპარაკების დროს
მსგავსი საჩუქრების მიღებას.
_ კარგ ფეხზე გეახელით, ივანე ბატონო, განძიდან მოსული ვაჭრები
ირწმუნებიან, მონგოლები თავრეზს მოადგნენო და ხვარაზმელი სულტანი,
ალბათ, ვეღარ დაიცდის, მალე აიკრავს აქედან გუდა-ნაბადს.
_ მანამ იცადოს, სანამ არ მოსწყინდება! _ ჩაიცინა ივანემ და ჭაღარა წვერზე
ხელი კმაყოფილებით ჩამოისვა.
კართან შანშე მანდატურთუხუცესი მოდგა. ბოდიშიც არ მოუხდია, კარვის
კალთა ასწია და ხმამაღლა დაიძახა:
_ გარეთ გამოდი, ბიძაჩემო, ხვარაზმელები გარბიან.
_ ათაბაგო, მტერი ბანაკს სტოვებს და იყრება! _ შემოჰყო თავი სვანთა
ერისთავმაც.
ივანე ფეხზე სწრაფად წამოდგა, ხმალს ხელი დაავლო, ხელის-ხელ
საგოგმანები მარგალიტიც არ დაივიწყა, უბეში იგდო და გარეთ გამოვიდა.
ამირსპასალარის კართან სარდლები შეგროვილიყვნენ, ყველანი გახარებული
ჩანდნენ, ღელავდნენ და ერთიმეორეს ასწრებდნენ:
_ უკვე დაიძრნენ ხვარაზმელები...
_ კარვები აკეცეს და ჯოგი გაირეკეს.
ცხენებზე
ამხედრებული
ქართველთა
სარდლები
სათვალთვალო
მაღლობზე გავიდნენ და გაოცებულნი დააცქერდნენ დაბლა გადაჭიმულ
თვალუწვდენელ ველს.
ფეხის მტვრის სვეტი მაღლა ასულიყო და ნელ-ნელა მიირწეოდა. გრძლად
გაჭიმული აღალი და ჯოგი კარგა შორს გასულიყო. ბანაკში ცეცხლს
აქრობდნენ და კარვებს კეცავდნენ.
_ ვითომ მიდიან?.. _ იჭვნეულად იკითხა ამირსპასალარმა.
_ ჯანდაბის გზაც ჰქონიათ! შინ დაბრუნება და აბანოში ტანის დაბანა
მეღირსება, ლამის ჭუჭყმა შემჭამოს! _ წამოიძახა შანშე მანდატურთუხუცესმა.
ივანემ უკმაყოფილოდ გადახედა ძმისწულს, რაღაც მკვახედ უნდოდა
ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა.
_ ალბათ, დადევნებისა ეშინიათ და ჯარი ჯერჯერობით მიტომ არ იყრება, _
დაასკვნა ბაკურციხელმა.
_ ჯარი, ალბათ, ღამის სიბნელეში აიყრება. არ უნდა დავედევნოთ? _ იკითხა
დადიანმა.
_ რისთვის დავედევნოთ, სიმდიდრე მაგათ არ ექნებათ და ქონება, არც არა
მოუტანიათ და არც არა მიაქვთ რა! _ ბრძანა ივანემ.
_ ჯოგი ჰყავთ ურიცხვი... _ შეჰბედა სვანმა ერისთავმა.
_ იმ ჯოგს უფრო ურიცხვი ჯარი მისდევს და ვაითუ, არც ისე იოლად
დაგვანებონ. ჯოგი შენც ბევრი გყავს, ერისთავო, გირჩევნია, ის მოიხმარო
ბედნიერებაში და სიკვდილ-სიცოცხლე სასწორზე სათუოდ არ შეაგდო.
_ მართალს ბრძანებს ამირსპასალარი, ჯოგისათვის ძნელი და სათუო ომის
აკიდება არა ღირს, ღვთივ, რაკი უომრად გვეხსნებიან.
80_ არა ღირს! _ თქვა ივანემ და სარდლებს გასძახა, _ ჩემს კარავში გიწვევთ
ყველას, დედოფლისა და უფლისწულის სადღეგრძელოს დასალევად. ჰაჯი
ჯიჰანის მორთმეული ღვინო მაქვს და ერთად დავლიოთ.
ყველანი
სიამოვნებით
დაეთანხმნენ.
მხოლოდ
ახალციხელებმა
გადაულაპარაკეს რაღაც ერთიმეორეს და ამირსპასალარს სთხოვეს:
_ თუ ნებას მოგვცემს ამირსპასალარი, ჩვენ აქ დავრჩებით, მტრის
მოძრაობის თვალის სადევნებლად.
_ მტრის თვალის მდევნებელი თქვენს გარდა სხვაც ბევრია, მაგრამ რაკი
ჩვენთან ლხინი არა გსურთ, დარჩით, რა გაეწყობა, _ დაეთანხმა ათაბაგი.
ივანემ უკმაყოფილოდ შემოაბრუნა ცხენი, დანარჩენ სარდლებს გაუძღვა და
თავის კარვისაკენ გაქანდა.
სარდლები სიცილითა და მხიარული ხორხოცით მიჰყვნენ ამირსპასალარს,
მხოლოდ ძმები ახალციხელები დარჩნენ სათვალთვალო მაღლობზე, მტრის
საეჭვო
მოძრაობით
შინაგანად
როგორღაც
შეშფოთებულები
და
დაეჭვებულები.
დაღამდა.
ბნელი, უმთვარო ღამე დადგა.
ძმები ახალციხელები მტრის ბანაკს თვალს არ აშორებდნენ, ამაოდ
ცდილობდნენ წყვდიადში რაიმეს გარჩევას. სიბნელეში არაფერი ჩანდა, მაგრამ
ხმაურისა და ჩოჩქოლის, ცხენების ჭიხვინისა და ცეცხლის მიხედვით უფრო
იმის ფიქრი შეიძლებოდა, რომ მტრის ბანაკს კი არ აკლდებოდა, ემატებოდა,
ჯარი კი არსად მიდიოდა, წინა ხაზისაკენ მოძრაობდა.
შალვამ სიფრთხილისათვის ცეცხლი ყველგან ჩააქრობინა, წინა ხაზზე
დარაჯად მდგარი გუშაგების სიფხიზლე შეამოწმა და კარავში მაინც
შეშფოთებული დაბრუნდა.
_ მეეჭვება, რომ ხვარაზმელები მიდიოდნენ, _ ხმამაღლა გაამხილა თავისი
ეჭვი შალვამ.
_ წამსვლელები ჩუმად გაიპარებოდნენ, ბოლოს წინა ხაზიდანაც
მოხსნიდნენ ჯარს, ეგენი კი, როგორც ეტყობა, ჯარს წინ სწევენ და უმატებენ.
_ როგორა გგონია, მოსაჩვენრად, თვალის ასახვევად და ჩვენს შესაცდენად
აჰყარა სულტანმა ბანაკი?
_ სარწმუნოდ ვერ ვიტყვი, მაგრამ უფრო ეგრეა.
_ თუ ასეა, დილით შემოგვიტევენ ხვარაზმელები. მაგრამ ვნახოთ...
დილამდე ცოტა მაინც გამოვიძინოთ. მთავარსარდალი რომ დამიჯერებდეს,
ხვალ დილას ერთი თვითონ ჩავუხტებოდი, ავშლიდი და გავფანტავდი, მაგრამ
მხარგრძელთან ჩემი სათქმელი ვერ მითქვამს. ვიცი, მაშინვე იმას წამომძახებს,
მტრის შეტევას მიტომ იჩქარი, შენს საპატრონო დვინს არბევენო. დვინი
ჯანდაბას, მაგრამ ამდენ ხანს უმოქმედოდ დგომით ხვარაზმელებს ჩვენს
ძლიერებაში ეჭვს აღვუძრავთ, ნახავთ, თუ თვითონ არ დაგვასწრებენ და არ
შემოგვიტევენ.
81_ გუშაგები ფხიზლობენ?
_ ფხიზლად არიან, ზოგი დაღლილი გამოვაცვლევინე...
_ ჩვენი მიუსვლელობა ეწყინებოდა ივანეს, ზვიადია და ეჭვიანი.
_ არა უშავს, ხვალ გავსწორდებით, ახლა კი წავიძინოთ... ძილი ნებისა.
_ ძილი ნებისა...
ძმებმა თავი მისდეს და მაშინვე დაეძინათ.
ჯალალედინი
ჯარის
დაწყობასა
და
საომარ
მომზადებას
ხელმძღვანელობდა, თან თვალი და ყური ქართველთა ბანაკისაკენ ჰქონდა.
ერთხანს კოცონები ენთო ქართველთა მთავარ ბანაკში. სიმღერისა და ტაშის
ხმა ცას სწვდებოდა. როგორც მოენეებისაგან შეიტყო, ჰაჯი ჯიჰანი მტრის
ბანაკშია, სულტნის ჯაშუში, ჩანს, საქმეს აკეთებს. ჯალალედინის ცბიერებამაც
გასჭრა, მტერს, ეტყობა, სჯერა, რომ ხვარაზმელები ნამდვილად იყრებიან და
უომრად ტოვებენ გურჯების ქვეყანას. ალბათ, სულტნის გაქცევას ზეიმობენ
ახლა ქართველები, მაგრამ აჩქარებულან და ხვალ ნახავენ, ვინ გაიქცევა და ვინ
იზეიმებს გამარჯვებას.
მალე მტრის ბანაკიც დაწყნარდა, კოცონები ჩაქრა და სიმღერა მიწყდა.
სულტანი თადარიგს მორჩა, თავისი კარავი შუაში დაადგმევინა, ცხენოსანი
ჯარის განლაგებაში. ემირებს უბრძანა, მორიგეობით ეფხიზლათ გათენებამდე.
შემდეგ ილოცა და დაიძინა.
ემირებმა ბრძანება შეასრულეს.
ღამე რომ მიიწურა და სულტანი ფეხზე წამოდგა, ყველა ფხიზლად დახვდა.
ჯალალედინმა ემირები მოიხმო და სიტყვით მიმართა: _ ეტყობა, მტერს
ომი არა სურს და გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას აჭიანურებს. ეს მათთვის
ხელსაყრელია, რადგან თავიანთ სახლში სხედან, ჩვენ, ურწმუნო გურჯებს
გარდა, სხვაც ბევრი საქმე გვაქვს და ამიტომ უქმად აქ დგომა ხელს არ
მოგვცემს. მტერი ჩვენს იერიშს არ მოელის. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ,
ვისარგებლოთ მათი უზრუნველობით, მოულოდნელად შევუტიოთ და
მეხივით დავატყდეთ თავს ყოველი მხრიდან. თუ ქართველებიც თავის მხრივ
ეცდებიან შემოგვიტიონ, ისრის სეტყვით შეაჩერეთ მათი შემოტევა.
გახსოვდეთ მაჰმადის სიტყვები: «ოცმა ძალოვანმა კაცმა ორასი ურჯულო
დასცეს. ასმა ათასი გააქციოს, რადგანაც ურჯულოები თვითონ ღმერთს
მოუცია ჩვენთვის შესამუსრავად». მაშ, ვეკვეთოთ ურწმუნოებს, ალაჰი ჩვენთან
არის, იგი ბრძენია და უძლეველი!..
ცა მტრედისფრად იცრიცებოდა.
ცივმა ქარმა დაუბერა. მძინარ თორელს ტანზე ბუსუსები აეშალა, კბილი
კბილს დააცემინა და თითქო წელში გადატეხაო, ერთი გააზმორა. გააზმორა და
გამოეღვიძა.
ხეირიანად თვალის გახელა ვერც მოასწრო, რომ დაგუდული გმინვა ჩაესმა:
_ ვაი-იი-მეე!..
82თურმანი წამოხტა, ყური მიუგდო, ხმლის ჩახაჩუხი და დაგორებული
ქვების ზრიალი მოესმა. უცებ ბუკ-ნაღარის ხმამ გააყრუა იქაურობა. თორელმა
ახალციხელების კარვისკენ გაიხედა. ივანე ცხენზე ჯდებოდა და თან
განკარგულებას იძლეოდა. შალვა ცხენს მოაქროლებდა, ხმალს ჰაერში იქნევდა
და ზარიანი ხმით რაღაცას გაჰკიოდა.
ერთ წამში წინამბრძოლთა მთელი ბანაკი ფეხზე იდგა.
_ ალაჰ! ილ ალაჰ!
გაჰკიოდნენ ხვარაზმელები და მთებისკენ მოიწევდნენ გინებითა და
წყევლა-კრულვით. ქარაფებზე ფეხს ძლივს იკიდებდნენ, ბუჩქებსა და
კლდეებს ეპოტინებოდნენ და თან ხმალს იქნევდნენ.
როგორც ეტყობოდა, აღმართის დიდი ნაწილი უჩუმრად, მტრისთვის
შეუმჩნევლად ამოევლოთ და ახლა ისრის სეტყვის საფარქვეშ მაღლობზე
ამოდიოდნენ. ცხვრის ფარასავით შეჰფენოდნენ და მთლიანად დაეფარათ
ციცაბო ფერდობები.
ხვარაზმელთა მარცხენა ფრთა ჯალალედინის ძმის ყიასედინისა და
ორხანის მეთაურობით გააფთრებით აწვებოდა ახლადაშლილ, ჯერ კიდევ
ძილისაგან გამოუფხიზლებელ ქართველებს.
მარჯვენა ფრთა ისარს აყრიდა და ისრის ეს ტყორცნა გაუვალი კედელი იყო,
ისრის წვიმისა თუ სეტყვის მთლიანი კედელი, სადაც ერთი წერტილიც არ
რჩებოდა დაუცხრილავი და ისარმოუხვედრელი.
ქართველებიც მარჯვედ აყრიდნენ ისარს. მაგრამ ბევრნი იყვნენ
ხვარაზმელები და მათი ისარი გაუვალ საფრად მიუძღოდათ წინ ორხანისა და
ყიასედინის ქვეით ჯარისკაცებს.
ახალციხელების მოვარდნა და მთაზე ხვარაზმელების შეჩერება ერთი იყო.
ბრძოლა შენივთდა და ხელჩართულ კვეთებაში ქართველებმა თანდათან
დასწიეს მთის ნაპირისაკენ ამდენი ვაი-ვაგლახით ამოსული ხვარაზმელები.
შალვას გამოცდილ თვალს არ გამოპარვია მტრის უეცარი შედრეკა, «ჰკა
მაგასო!» _ შესძახა და მთელი ძალით იქით მიაწვა, სადაც მტრის კედელი
შეირყა, შექანდა და უკან გადაიხარა.
ყიასედინი და ორხანი ამაოდ უყვიროდნენ მეომრებს. ხვარაზმელთა
მარჯვენა წვერი თანდათან მოშორდა მაღლობს, დამოკლდა და ფერდობებზე
დაცურება იწყო.
მაშინ მარცხენა ფრთა ამოიმართა მაღლობზე და ახლა თითქმის ზურგში
დაუშინეს ქართველებს ისრის სეტყვა.
შალვამ ივანეს გასძახა. უფროსი ძმა ქართველთა მოზრდილი რაზმით
მარცხნივ შემობრუნდა და შეტევაზე გადმოსულებს ეკვეთა. აქაც
ხელჩართული ბრძოლა გაიმართა და აქაც შეყოვნდა მტრის მოწოლა. ორივე
წვერი მაღლობზე ფეხის მოსაკიდებლად იბრძოდა. ქართველები ცოტანი
იყვნენ, მაგრამ კარგად იყენებდნენ თავიანთი განლაგების უპირატესობას,
ზემოდან აწვებოდნენ და ადვილად უმკლავდებოდნენ ქვემოდან დიდი
წვალებით ამოსულ ხვარაზმელებს.
83მაგრამ აი, მტრის შუაგული, უმთავრესი ჯარი დაიძრა თავათ
ჯალალედინის წინამძღოლობით. თავით ფეხებამდე შეიარაღებული
ცხენოსანი ლაშქარი ზათქითა და ყურისწამღები გრიალით წამოვიდა. შალვამ
უკან გაიხედა. ქართველთა მთავარი ბანაკიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა,
მშველელი არ ჩანდა. მერამდენეჯერ აფრინა კაცი მხარგრძელთან ამბის
შესატყობინებლად და სასწრაფოდ მოშველების სათხოვნელად!
მთავარი იყო, ეს მძიმედ შეიარაღებული, მქროლავ რაშებზე ამხედრებული
მტერი არ ამოსულიყო მაღლობზე, თორემ მერე მისი გამკლავება ძნელი
იქნებოდა. თავისი ისედაც მცირერიცხოვანი ჯარიდან საუკეთესო ნაწილი
შუაში დააყენა შალვამ და ახლა დაბლა დაეშვა ისრისა და დაგორებული ქვების
სეტყვა.
ერთხანს გაუძლეს ქართველებმა დასვენებული, მრავალრიცხოვანი მტრის
მოძალებას, მაგრამ მტრის ცხენოსანი ლაშქარი ყოველმხრივ გაიშალა,
შუაგულს მოაწყდა და ფრთებიდანაც შემოუარა.
მეტი გზა აღარ იყო, ქართველებს უკან უნდა დაეხიათ, რომ მტრის
გარემოცვაში არ მოხვედრილიყვნენ. ბრძოლით, ფარ-ხმლის ჩახაჩუხით
დაიწყეს ნელ-ნელა, მაგრამ მწყობრად უკანდახევა მესხებმა.
ივანე გაცეცხლებული მიეჭრა შალვას:
_ რას გვიპირებენ ჩვენები, რამდენი კაცი გავუგზავნე მხარგრძელს და ჯერ
ბაიბურიც არ ისმის!
_ მეც კაცზე კაცს ვუგზავნი, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს! _ ხმლის ქნევით
გამოსძახა შალვამ.
_ ასე ჩვენ გაგვჟლეტენ! ჩვენი თავი ჯანდაბას, მაგრამ თუ ამ მაღლობზე
ფეხი მოიკიდეს, მერე ომი წაგებულია. მე თვითონ მივუხტები მხარგრძელს და
შეტევაზე ძალით წამოვიყვან! _ ესა თქვა ივანე ახალციხელმა, ცხენი უკან
მიატრიალა და მთავარი ბანაკისაკენ გაფრინდა.
მტერი კი აწვებოდა მესხებს, უფრო მეტი დაჟინებითა და გააფთრებით.
მაღლობი თანდათან ივსებოდა მტრის ქვეითითა და ცხენოსნით და ისედაც
ერთი მუჭა ქართველობა ნელ-ნელა იძირებოდა, იკარგებოდა ხვარაზმელთა
სიმრავლეში.
შალვა ახალციხელს ჯერ გული კიდევ მაგრად ჰქონდა. ქართველთა
მაშველის შეგვიანებას ივანე მხარგრძელის სამხედრო ხერხით ხსნიდა, _
ალბათ, ამირსპასალარს უნდა, რაც შეიძლება მეტი მტერი ამოიტყუოს
მაღლობზე, რომ შემდეგ ერთბაშად დაარტყას და ჩვენც მაშინ გვიხსნის
დაღუპვისაგან, იმედი რომ დაკარგული გვექნებაო. განა ასე არ ჰქნეს
ქართველებმა თამარის დროს, შამქორის სახელოვან ბრძოლაში? იქაც ხომ
კინაღამ მოსპო მტერმა ქართველთა მეწინავე ჯარი და სწორედ მაშინ მოუსწრო
მაშველმა ლაშქარმა, როცა ბრძოლის ბედი ბეწვზე ეკიდა.
ალბათ, ასე ანგარიშობს მხარგრძელიც, მაგრამ...
მაგრამ უკვე ყველაფერი თავდება, მტერი მაღლობზე გაიშალა და
გაბატონდა, ერთ მუჭა ქართველებს ღონივრად უჭერს მარწუხებს და ნელ-
84ნელა თოვლივით დნება, ილევა ქართველთა წინამბრძოლი ჯარი. უკანასკნელ
ამოსუნთქვამდე იქნევენ ხმალს და გმირულად ეცემიან მესხეთის რჩეული
ვაჟკაცები.
ივანე მაინც სადღა დაიკარგა, შალვას ძმა, კარის ამირა, ნუთუ მთავარ
ბანაკამდე ვერც მან მიაღწია? იმან ხომ იცის წინამბრძოლთა განსაცდელი.
მხარგრძელი რომ არც წამოყვეს, დანარჩენ ქართველობას აშლის და მტერზე
საიერიშოდ გამოუძღვება...
შალვას ცხენს შუბი აძგერეს ფაშვში. ცხენი წაიქცა და მხედარმა ძლივს
მოასწრო გადმოხტომა. ქვეითად განაგრძობს შალვა ბრძოლას, მთვრალივით
იქნევს მარჯვნივ და მარცხნივ ხმალს და საითაც ის მიბრუნდება, მტერი უკან
იწევს. არც ხედავს შალვა, ვისა კლავს, ვის ხვდება მის მიერ მოქნეული ხმალი,
რეტდასხმულივით ტრიალებს სისხლისაგან გაბრუებული ახალციხელი,
ხმალს გამეტებით ურტყამს და თან ფიქრი არ ეშვება.
_ ნუთუ, გაგვწირა მხარგრძელმა?! ნუთუ, ახალციხელების შურით და
მტრობით ჩაიდენს ათაბაგი ამოდენა დანაშაულს ქვეყნისა და ხალხის წინაშე?!
მაგრამ სხვა სარდლები? შალვას მამიდაშვილი ვარამ გაგელი, მისი ძველი
თანამებრძოლი, მისი ჭირისა და ლხინის მოზიარე ვარამ გაგელი როგორღა
გასწირავს?! ან ეგარსლან ბაკურციხელი, მისი ერთგული და მინდობილი
ვაჟკაცი, ან დადიანი ცოტნე _ კაცი ქველი და პატიოსანი, ან... _ შალვას
თვალები აუბრჭყვიალდა. მოიხედა, გვერდით თურმან თორელი ედგა, ისიც
გააფთრებით იქნევდა ხმალს.
_ შალვა, გაფრინდი მთავარ ბანაკში! ან მოჰკალი ათაბაგი, ან ჯარი
მოაშველებინე! _ შესძახა თორელმა.
მთავარი ბანაკისკენ გაფრენა უკვე აღარ შეიძლება, ვინმე ზურგში
სტყორცნის ისარს და მერე იტყვიან, შალვა ახალციხელი ბრძოლის ველიდან
გაიქცაო. შალვა ჯერ არც ბრძოლის ველიდან გაქცეულა და არც ზურგში
ყოფილა დაჭრილი არასოდეს...
_ შალვა! თავს უშველე! _ განწირულად შეჰყვირა თურმან თორელმა და
ახალციხელი წამით გამოფხიზლდა.
ცოცხლად დარჩენილმა მესხების მცირე რაზმმა მტერს ზურგი აქცია,
გაქცევა თუ რკალიდან გასვლა სცადა. მტერმა დაინახა, რომ დროშა უკან
მიიქცა, ყველას თავი ანება და მას მიჰყვა ჩეხვითა და კაფვით.
ცოტა ხნის მერე დროშა შეტორტმანდა, დაეცა.
შალვამ მარცხენა მკლავზე წაივლო ხელი. მკლავიდან სისხლი სქლად
მოჟონავდა.
სისხლიანი ხელი სახეზე მოისვა ახალციხელმა და თორელს საშინელი
სახით მოხედა:
_ სისხლი წაისვი სახეზე, მტერს მკვდარი ეგონები! _ შესძახა თორელს და
თავათ მოცელილივით დაეშვა მკვდრებს შორის.
85თორელი დაიხარა, დაუფიქრებლად ჩაჰყო ხელი სისხლის ტბორში და სახე
მანაც ერთიანად სისხლით მოისვარა. ისიც მკვდარივით დაწვა მკვდრებს
შორის.
მირბიან მტრის ქვეითები, ყიჟინითა და ყივილით, მიჰქრიან ცხენოსნები,
ზარითა და კივილით, მკვდარსა და ცოცხალს აღარავინ არჩევს. აგერ, ვიღაცამ
ფეხით გადაუარა თორელს და ხმაჩახლეჩილი ყვირილით გაექანა წინ. აგერ,
ცხენის ფლოქვებმა გაიელვა, ხორცის ნაფლეთები აჰყარა და სისხლის შხეფები
ნაპერწკლებივით ბღუჯად გაჰფანტა, კიდევ კარგი ზედ არ გადაუარა. მირბიან
სულმოუთქმელად, ხმაჩახლეჩილი ყვირილით, ვაშას გრიალითა და ალაჰის
ყივილით.
მიჰქრიან... მიჰქრიან ხმლების ქნევით, უზანგების ჟღარუნით, გაბმული
კივილითა და გამაყრუებელი ყიჟინით. კაცთა ქლოშინი და ცხენთა ქშენა
ერთმანეთში არეულა. როდის შეჩერდებიან, როდემდის უნდა ირბინონ და
იქროლონ? ამდენ ხანს ქართველთა მთავარ ბანაკს გასცდებოდნენ კიდევაც,
ჩანს, იქ არ შეჩერებულან, ბრძოლა არ ყოფილა, თორემ ეს ყიჟინა და ხმაური ასე
შორს არ იქნებოდა.
ახალციხელი ხმაურის ძალით საზღვრავს მტრის სიშორეს: იქ რომ ბრძოლა
ყოფილიყო, სხვა ხმა მოვიდოდა მის ყურამდე, ომის ყიჟინა, ხელჩართული
ბრძოლის გუგუნი სხვა არის, დაგუდული და შეგუბებული.
ეს ხმა გამარჯვებულთა ყიჟინასა ჰგავს, მტერსდადევნებული ჯარის ვაშასა
და ზარდამცემ კივილს.
მაშ, რაღაც მოხდა ქართველთა მთავარ ბანაკში, რაღაც აუხსნელი, დიდი
უბედურება დატრიალდა და ეს უბედურება მარტო ოთხი ათასი მესხის
სიცოცხლედ კი არ დაუჯდება საქართველოს, იგი უფრო დიდი და საშინელი
უბედურების დასაწყისი იქნება.
მზე სულ მაღლა ასულა ცის შუაგულზე. საშინლად ახურებს აგვისტოს
ცხელი მზე, სხივებით ჩხვლეტს თორელსა და დახუჭულ თვალებში
უღიტინებს.
ხმაური მისწყდა, მხოლოდ დაჭრილების კვნესაღა ისმის.
_ რისთვის გადავირჩინეთ თავი, შალვა, ვაი, ამისთანა სიცოცხლეს! _
ამოიჩურჩულა თვალდახუჭულმა თორელმა.
_ არა, თურმან, ახლა გადარჩენა ისე მინდოდა, როგორც არც ერთ ომში,
როგორც არასდროს! ისე არ მინდა მოვმკვდარიყავი, ჩვენი განწირვის მიზეზი
არ გამეგო, თუ როგორმე სიკვდილს ან ტყვეობას გადავურჩი, მიწაში რომ
ჩაძვრეს, იქ მოვძებნი მოღალატესა და ქვეყნის გამყიდველს, კბილებით
დავგლეჯ ჩვენს დამღუპველს, ვინც უნდა იყოს იგი, სულერთია, მხარგრძელი
იქნება თუ...
ახალციხელმა ბრაზისაგან ტუჩებზე იკბინა, ერთი ისე ამოიოხრა, თითქო
ქვეყნის ჯავრი ამოაყოლაო და გაყუჩდა.
86წინამბრძოლების სიმტკიცე რომ გასტეხეს, ხვარაზმელებმა მაშინვე
ქართველთა მთავარ ბანაკს შეუტიეს. ბანაკი აიშალა, აირია და ერთბაშად
ზურგი აჩვენა მტერს. მეთაურები ამაოდ ცდილობდნენ გაქცეული ლაშქრის
შეკავებასა და შემობრუნებას.
მეხდამტყდარივით გარბოდნენ შეშინებულები, ერთიმეორეს ასწრებდნენ
და ხნარცვებსა და უფსკრულებში ცვიოდნენ გულგახეთქილები. ხვარაზმელი
ცხენოსნები ყიჟინითა და ზარით მისდევდნენ გაფანტულსა და დამფრთხალ
ქართველებს, უწყალოდ კაფავდნენ ხმლით, ხევში ყრიდნენ და ზოგსაც ტყვედ
მოერეკებოდნენ.
ჯალალედინმა ბრძანა, დევნა მანამ გაეგრძელებინათ, ვიდრე ქართველების
ჭაჭანება სადმე შეხვდებოდათ.
ოთხი ათასზე მეტი ქართველი იწვა ბრძოლის ველზე, ხრამებში
ჩახოცილებსა და გზაში აკაფულებს ხომ ანგარიში აღარ ჰქონდა. მტერმა
უამრავი ტყვე იგდო ხელთ და ნადავლიც ურიცხვი დარჩა.
ჯალალედინმა ბრძოლის ველს ცხენით შემოუარა, აწ უკვე დაშლილ
ქართველთა გამაგრებულ ბანაკს დააცქერდა და თავი გადააქნია:
_ ამგვარი გამარჯვება მხოლოდ განგებას შეეძლო მოენიჭებინა. ამოდენა
მტრის დამარცხება და ასეთი სიმაგრის აღება ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება.
ბრძანა სულტანმა და ალაჰს მადლობა შესწირა ძლევის მინიჭებისათვის.
მერე მაღლობზე კარავი გაამართვინა და ალაფისა და ტყვეების
მისათვლელად დაბრძანდა.
ნაშუადღევს მზე თონესავით ახურებდა. ბუზები ეხვეოდნენ თორელს
სახეზე, უწყალოდ კბენდნენ. ხელი რა არი, უბრალოდ ხელსაც ვერ იქნევდა
მოსაგერიებლად, ვერც სახის ნაკვთებს არხევდა და იტანჯებოდა ვაჟკაცი.
აგერ, ერთი ბუზი ულვაშზე დააფრინდა, დასეირნობს და უღიტინებს. რად
უღირს ახლა თორელს ერთი ხელის აქნევა ან მაგრად დაცემინება, მაგრამ მას
შემდეგ, რაც ომის ყიჟინა მისწყდა, ბრძოლის ველზე ხვარაზმელები
გამოეფინენ, მკვდრებს ძარცვავდნენ და ცოცხლებს ატყვევებდნენ. თორელის
ხელის ერთი აქნევა კი არა, უბრალო შერხევაც ამ მძარცველების ყურადღებას
მიიპყრობს, თავათაც დაიღუპება და შალვასაც განსაცდელში ჩააგდებს.
თორელზე ნაკლებად როდი იტანჯება ახალციხელი. მასაც ისე დახვევია
ბუზი, თითქო თაფლი ეცხოს პირ-სახეზე. უწყალოდ კბენენ და აწამებენ,
მაგრამ შალვა უდრტვინველად იტანს და უძლებს. მოჭრილ ხესავით წევს
ამოდენა ვაჟკაცი მკვდრებს შორის და მართლა მკვდარივით გაშოტილი, არათუ
ინძრევა, ისე შეკავებულად სუნთქავს, თითქო სულაც არ ითქვამდეს სულს.
მძარცველებმა აუარ-ჩაუარეს. აგერ, ვიღაცას სატევარი ააგლიჯეს,
რომელიღაცას ტანთ გახადეს და ფეხთ გააძრეს.
ის იყო უნდა შებრუნებულიყვნენ და გაცლოდნენ, რომ ერთ მათგანს ფეხი
წამოედო, წინ გაიწია და დაეცა. დაცემულის თავი ზედ ახალციხელის
მკერდზე აღმოჩნდა, სანამ წამოიწევდა, გაოცებით დააღო პირი: მის ყურქვეშ
მძლავრ მკერდს აჩქარებით გაჰქონდა ბაგაბუგი.
87თორელმა ოდნავ გამოიჭყიტა ძლივს გახსნილ წამწამებიდან: ახალციხელის
მკერდზე პირტიტველა ბიჭი გატრუნულიყო, ყურს უგდებდა ქართველი
ვაჟკაცის გულისძგერას და თან ხელით ანიშნებდა თავისიანებს, მასთან
მისულიყვნენ.
_ რა იყო, ცოცხალია, განა?
ჰკითხა მოახლოებულმა ხვარაზმელმა, პასუხს არ დაელოდა, ახალციხელის
ბრგე სხეული თავით ფეხებამდე შეათვალიერა და თავის ქნევით თქვა:
_ რამოდენა მხეცია! დიდებული უნდა იყოს, ჩაცმულობაზე ეტყობა.
_ ცოცხალია! ნამდვილად დიდი დიდებულია! _ დაასკვნა პირტიტველამაც,
მუხლებზე წამოიწია და ახალციხელს დააკვირდა.
_ სადღაც შემხვედრია ეს კაცი... სადღაც მინახავს... ეს ნახმლევიც მეცნობა
მარცხენა ლოყაზე... _ თავისთავს ელაპარაკება პირტიტველა, შავგვრემანი
ბიჭი, თავისი კალთით გადასწმინდა ბიჭმა სისხლი სახიდან და რომ დახედა,
გველნაკბენივით შეხტა, შეშინებულმა უკან დაიწია.
_ შალვა ახალციხელი! ალაჰის მადლმა, ის არი, შალვა ახალციხელია!
წამოიყვირა შეშინებულმა, მაგრამ უზომოდ გახარებულმა.
_ ვინ არიო? _ ჩაუგდებლად იკითხა მეორემ.
_ ქართველთა უდიდესი სარდალი და დიდებული, მათი მეფის მარჯვენა
ხელი _ შალვა ახალციხელია!
_ გამიგონია, _ თქვა მეორემ, _ გამიგონია, მაგრამ ვითომ არ ცდები?
ნამდვილად ის არი?
_ არ ვცდები, ალაჰის მადლმა, როგორ შემეშლება, მაგან გააპო შუაზე
მამაჩემი ნახჩევანში, ციხის აღებისას.
_ მერე შენ იქ რა გინდოდა?
_ მთელი ჩვენი ოჯახი იქ იყო, მტერს ისე მალე არ ელოდა და მამამ
გახიზვნა ვერ მოასწრო. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ მოუქნია მამაჩემმა
ხმალი, მაგრამ ამ რჯულძაღლმა დაასწრო, თავში დაჰკრა და შუაზე გაჰკვეთა.
_ ძვირფასი ქამარი არტყია, მაგრამ ქარქაში რომ ცარიელია? _ დანანებით
ამბობს ხვარაზმელი, რომელიც ტყვის ტანსაცმელსა და იარაღს უკვე მუშტრის
თვალით ათვალიერებს.
_ ხმალი აგერ გდია, ვადაში გადამტყდარი, _ თვალით ანიშნებს
ნახჩევანელი ბიჭი. _ გამიგონია, ეგ ისეთი მეომარი ყოფილა, ომიდან ისე არ
გამოვიდოდა, ორი ხმალი მაინც რომ არ გასტეხოდა, თურმე.
ნახჩევანელი ბიჭი გრძელ ბაწარს თუ ღვედს იღებს და ხვარაზმელს
თვალით ანიშნებს. ხვარაზმელი რაღაცას არ ეთანხმება, ხელებით ედავება,
მაგრამ ეტყობა, ნახჩევანელმა დაარწმუნა, რომ ქართველთა ესოდენ
სახელოვანი სარდლის სულტანთან ტყვედ მიყვანა გაცილებით მეტ სარგებელს
მოუტანდა ორთავეს, ვიდრე მისი გაძარცვა და მოკვლა.
ხვარაზმელი დაჰყვა ნახჩევანელის ნება-სურვილს, და შალვამ იგრძნო, რომ
ხელებზე რაღაც მჭიდროდ ეხვევა და თანდათან უჭერს. ერთი რომ წამოიწიოს,
იმ ბუზებივით გაჰფანტავს საცოდავ მძარცველებს, მაგრამ რა აზრი აქვს მათგან
88დასხლტომას, სულ ერთია, აქედან მაინც ვეღარსად წავა და ხვარაზმელთა
ტყვეობას ვერ გადაურჩება ახალციხელი.
ისე შეკრეს, ერთიც არ განძრეულა შალვა. ის იყო, უნდა წამოეყენებინათ და
წინ გაეგდოთ, რომ იქვე გვერდით ვიღაცას ოხვრა აღმოხდა. მოიხედეს,
სისხლით სახემოსვრილი მეორე ქართველი ტკივილისა თუ გამწარებისაგან
ტუჩებს იკვნეტდა.
მძარცველები უსიტყვოდ, ისევ თვალებით გამოელაპარაკნენ ერთიმეორეს
და უსიტყვოდ მორიგდნენ.
ცოტა ხნის შემდეგ ორივ თორელი ხელგაბაწრული მიჰყავდათ სულტნის
კარვისკენ.
სულტნის კარვის წინ უამრავმა ტყვემ ჩაიარა. ჯალალედინი დიდებულებს
თითო-ოროლა სიტყვას ეუბნებოდა, მათ ვინაობას კითხულობდა და
საპყრობილეში გასაგზავნად ცალკე უყრიდა თავს. უბრალო მეომრებს,
უგვაროებსა და მდაბიო ღარიბებს, ადარბადაგანის ბაზრებისაკენ გზავნიდა
გასასყიდად.
სულტანთან მისი ძმა ყიასედინი მივიდა.
_ ქართველთა უდიდესი დიდებული და მეფის მარჯვენა ხელი შეუპყრია
ჩემს ძიძიშვილს, _ მოახსენა ხმადაბლა.
_ რომელი დიდებული? _ გამოცოცხლდა ჯალალედინი.
_ შალვა ახალციხელი, ქართველთა მეფის ვაზირი და უპირველესი
სარდალი.
ახალციხელის
გაგონებაზე
ჯალალედინის
ამალაში
მყოფმა
ადარბადაგანელებმა ხელები ცისკენ აღაპყრეს.
_ დიდება ალაჰს!
_ ალაჰი დიდია და მუდამ ასე სამართლიანად მიაგებს სამაგიეროს
ბოროტსა და ურჯულოს!
აღმოხდათ გახარებულებს.
ათაბაგ უზბეგის ერთი ვაზირყოფილთაგანი სულტანს მიეახლა, მუხლზე
დავარდა და შეევედრა:
_ სამაგიერო მიაგე, ხელმწიფევ, ახალციხელს. ეგ იყო ურწმუნოთა შორის
უსასტიკესი, მუსულმანთა შემჭირვებელი და გამმწარებელი!
_ ძლიერი მეომარი იყო, განა?
იკითხა ჯალალედინმა.
_ ძლიერი, უძლეველი მეომარი! _ დაუმოწმა ნავაზირალმა, _ მაგრამ მარტო
ბრძოლის ველზე როდი იყო ეგ გიაური სასტიკი და ულმობელი! ერთხელ
ჩემმა პატრონმა, ათაბაგმა უზბეგმა წარმგზავნა ქართველების წინაშე ელჩად.
მეფესთან არ შემიშვეს და შალვამ მიმიღო, როგორც მეფის ვაზირმა. მე
თავაზიანად გადავეცი ათაბაგის თხოვნა, ხელი აეღოთ ადარბადაგანის რბევასა
და მუსულმანების შევიწროებაზე, რადგან მორწმუნეთა მეუფე ალი ამ ხალხის
შვილი იყო. ახალციხელმა სიტყვის დასრულებაც არ მაცალა, წვერში ხელი
წამავლო და მიყვირა, თავათ ალისაც ასევე დავაგლეჯდი წვერს, ხელთ რომ
89ჩამვარდნოდა, თქვენ ყველანი ურჯულოები ხართ, უწმინდურები და
ღვთისმგმობლები, თქვენი სინსილა უნდა გაწყდეს, თორემ საქართველო ვერ
მოისვე ნებსო.
ჯალალედინმა შუბლი შეიჭმუხნა, ეტყობოდა, გააბრაზა ვაზირის
ნაამბობმა.
_ მოდის!..
_ მოჰყავთ...
შეიქნა ჩურჩული და სულტანმა იქით გაიხედა, საიდანაც ტყვეები
მოედინებოდნენ.
გახედვისთანავე გაეღიმა და შუბლი გაეხსნა: პირტიტველა ბიჭს წინ
ტანბრგე ბუმბერაზი გაეგდო; ახოვანი ტყვე თავდახრილი მოაბიჯებდა,
ხელები ზურგზე ჰქონდა ბაწრით გაკრული და იმ ბაწრის ბოლო ყიასედინის
ნახჩევანელ ძიძიშვილს, პირტიტველა ბიჭს ჩაებღუჯა ხელში.
მართლაც, სასაცილო სანახაობა იყო, დევისოდენა კაცი თითისტოლა ბიჭს
მოჰყავდა შეპყრობილი.
მათ უკან თორელი მოაბიჯებდა, ისიც ხელგაბაწრული.
თორელს ახმახი ხვარაზმელი მოსდევდა, თვალს აქეთ-იქით აცეცებდა და
ბაწრის ბოლოს ორივე ხელით ისე მაგრად ჩაფრენოდა, ეტყობოდა, მთელ
თავის მომავალს იმ ტყვის ფასზე ამყარებდა.
ახალციხელი სულტანს მიუახლოვდა. შეჩერდა.
_ სად არი შენი უძლეველობა, რომლითაც ასე ამაყობდი? სად არი შენი
ბასრი ხმალი, რომელსაც ცეცხლს აყრევინებდი, ან მახვილი რა უყავ,
რომლითაც კლდეს აპობდი თურმე?!
მიმართა ჯალალედინმა შალვას და სახეზე ღიმილი აუთამაშდა. ამ
ღიმილით ბედის სიმუხთლესა და სოფლის დიდების ამაოებას უფრო
დასცინოდა სულტანი, ვიდრე დამარცხებული გმირის უღონობას. თავათ
უბადლო მეომარი ჯალალედინი ღირსეულად აფასებდა მტრის ვაჟკაცობას და
ახლაც, როცა ამ სახელოვანსა და დიდებულ მებრძოლს ხედავდა
პატივაყრილსა და დამცირებულს, სადღაც თავისთავზედაც ფიქრობდა:
რამდენჯერ შეიძლებოდა თავათაც ამ ყოფაში ჩავარდნილიყო, რამდენჯერ
გადარჩენია ბეწვზე ტყვეობასა და მტრისაგან დამცირებას!
_ ომი ნარდის მღერასა ჰგავს, დიდებულო ხელმწიფევ! _ თავდახრით
მოახსენა მწარედ გაღიმებულმა ახალციხელმა. _ ხან მოიგებ და ხან წააგებ, ხან
ერთის ბედი სჭრის, ხან მეორესი. გუშინ ჩვენი ვარსკვლავი ბრწყინავდა, დღეს
შენ მოგცა განგებამ ძლევა და შენი ვარსკვლავი გააბრწყინა ბედნიერად.
სულტანს მოეწონა ახალციხელის ნათქვამი. უბედურების ჟამს შალვას
სულიერი წონასწორობა არ დაეკარგა და გულგრილად უყურებდა მას, რისი
თავიდან აცილებისთვისაც ასე თავგანწირვით იბრძოლა, მაგრამ რისი
გამოსწორებაც უკვე აღარ შეიძლებოდა.
აი, ასეთი მტკიცე ხასიათის ვაჟკაცები ახდენენ სასწაულებს, ხასიათის
ამგვარმა სიმტკიცემ ააღებინა ხელახლა ხმალი ჯალალედინსაც, როცა მტერს
90სინდის ტალღებში დაუსხლტა და ყველაფერი თითქო საბოლოოდ წაგებული
ჩანდა. და განა მარტო სინდთან?
ჯალალედინი დაფიქრდა: ქართველებს მხოლოდ ერთ დიდ ბრძოლაში
სძლია და მათი ძლიერება, ალბათ, საფუძვლიანად შეარყია. მაგრამ
ქართველთა სატახტომდე, დედაქალაქ თბილისამდე ჯერ კიდევ გრძელი და
ძნელი გზა არის, გურჯების ქვეყანა ღონიერი და მდიდარია, ისინი კიდევ
შეკრებენ დიდ ლაშქარს და სულტანსაც არა ერთი მძიმე ომის გადახდა
დასჭირდება მათი წინააღმდეგობის გასატეხად ვიწრო ხეობებსა და მიუვალ
მთებში.
მიზნის მისაღწევად ხომ მარტო ხმალი არ მოუცია ღმერთს და სადაც
ალაჰის მახვილი არა სჭრის, იქნებ იქ ეშმაკის ჭკუამ გასჭრას! ორივე
შემთხვევაში ქართველთა უპირველესი სარდლისა და ვაზირის სამსახური და
თანდგომა ფასდაუდებელი იქნება ჯალალედინისათვის და...
სულტანმა გადაწყვიტა, ახალციხელისათვის სიცოცხლე ეჩუქებინა.
შესაფერისი პატივი მიეგო და თავის სამსახურში გადაებირებინა.
_ გაუხსენით ხელები! _ ბრძანა სულტანმა.
მაშინვე რამდენიმე კაცი მიცვივდა და ახალციხელს ხელები გაუხსნეს.
ახალციხელმა ხელები გაშალა და ერთი გრძლად ამოისუნთქა.
_ მონგოლებთან ომში გიბრძოლია, თავადო?
ჰკითხა ჯალალედინმა.
_ ორგზის პირისპირ ვმდგარვარ მუღალთა წინაშე და სასტიკ ბრძოლაში
მძიმედაც დავჭრილვარ.
_ როგორი მეომრები არიან მონგოლები, შეიძლება თუ არა მათი
დამარცხება?
_ დამარცხება ყოველი მტრისა შეიძლება, ხელმწიფევ, თუ მაღალი ღმერთი
მოგცემს ძლევას.
_ მართალია, თავადო, ძლევის მოცემა მხოლოდ მაღალ ღმერთს შეუძლია,
გამარჯვება მხოლოდ ალაჰის ხელით არი! _ დაეთანხმა სულტანი, ფეხზე
წამოდგა, თვალები ეშმაკურად მოჭუტა და ახალციხელს ღიმილით უთხრა:
_ დღეიდან ხვარაზმის სულტნის ემირი იქნები. მამულსა და ყმას უმეტესს
გიბოძებთ, ვიდრე შენს ქვეყანაში გქონდა. ერთგული სამსახურისათვის
კვლავაც არ მოგაკლებთ ჩვენს ნიჭსა და წყალობას და თავათ გამოცდი, რომ
ალაჰი დიდია და მოწყალე მათთვის, ვინც ავის შეცდომას შეინანებს.
ახალციხელმა დაიჩოქა და მადლი შესწირა დიდსულოვან სულტანს.
_ მოასვენეთ კარავში, ვითარცა ღირსეული ემირი და მიუჩინეთ მსახურნი
და ყმანი, როგორც მის კეთილშობილებას შეჰფერის! _ ბრძანა სულტანმა და
ახალციხელი ფეხზე წამოაყენა.
სულტნის ორი კარისკაცი კარვისკენ წაუძღვა ახალციხელს.
შალვამ წამით უკან მოიხედა: ახმახ ხვარაზმელს თორელი სულტნისკენ
მიჰყავდა.
91ჯალალედინს თვალი ახალციხელისკენ ჰქონდა და ემირებს რაღაცას ჩუმად
ეთათბირებოდა.
შალვა შემობრუნდა სულტნისკენ და მუხლზე დავარდა:
_ მოწყალეო ხელმწიფევ, აჩუქე ამ ტყვესაც სიცოცხლე, _ ხელი
თორელისაკენ გაიწოდა, _ იგი ბიძაშვილია ჩემი, ქვეყნის საქმეებში არასოდეს
გარეულა და არავითარი ბრალი არ მიუძღვის მუსულმანთა შეჭირვებაში,
რადგან ქართველთა მეფის კარის მგოსანია მხოლოდ.
ჯალალედინმა შუბლი შეიკრა და მკაცრად გახედა ახალციხელს. შალვამ
შეატყო, სულტანს არ ესიამოვნა მისი თავგამოდება, მიხვდა, რომ მისი
თხოვნით არა გამოვიდოდა რა, თავი დახარა, ნელა წამოდგა და ფეხის თრევით
მიჰყვა თავის გამცილებლებს.
ჯალალედინის წინ მაღალი, სანდომიანი შესახედაობის ვაჟკაცი გაჩერდა.
წვრილი წელი გაწყვეტაზე ჰქონდა, თუმცა მხარ-ბეჭის სიფართოვე არ აკლდა,
მაინც სუსტი და ნაზი ჩანდა.
_ გაუხსენით ხელები! _ გულცივად ბრძანა სულტანმა.
იმწამსვე თოკი შეხსნეს და ხელები გაუთავისუფლეს.
ჯალალედინი თორელის ხელებს მიაჩერდა: თხელი, ნატიფი თითები
თოკის ნაჭდევებისაგან დაწითლებოდა თურმანს. თითები რამდენჯერმე
გაშალა და მოღუნა. ხელები თეთრი ჰქონდა თორელს და სულტანს ენიშნა,
ასეთი ხელები მხოლოდ წიგნისა და კალმის ხალხს აქვს, მათ, ვინც დღის მეტ
ნაწილს ოთახში ატარებს მაგიდასთან. მეომრებისა და მიწისმუშების ხელები
მზითაა ხოლმე გაშავებული და გატლანქებული.
_ ცუდად ყოფილა ქართველთა მეფის საქმე, რაკი ომში კარის მგოსნებიც
გამოჰყავს. შეხსენით ქამარ-ხანჯალი, მაგისთვის მაინც ზედმეტი ტვირთია! _
სიცილით თქვა სულტანმა.
ქამარი შეხსნეს თორელს და მაშინვე უბესნადები წიგნი დავარდა ძირს.
სულტნის უკან მჯდარი, მაღალ-მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი, დავთარში რომ
ტყვეებსა და ალაფს იწერდა, ფეხზე წამოდგა, კისერი წაიგრძელა და წიგნს
დააცქერდა. მერე წინ გამოვიდა, მბრძანებლისაგან ნებართვა ითხოვა და ძირს
დავარდნილ წიგნს დასწვდა. გაოცებითა და აღტაცებით ფურცლავდა წიგნს.
ლამაზი ხელით წვრილად ნაწერს ხარბად დასცქეროდა და მოწონებით თუ
აღფრთოვანებით თავს აქნევდა.
_ რა წიგნია, მოჰამედ?
იკითხა სულტანმა.
_ არაბი და სპარსელი მგოსნების დივანია, დიდის ცოდნითა და გემოვნებით
შერჩეული! _ მოახსენა სულტანს მისი კარის დივანის უფროსმა მოჰამედ
ნესევიმ და წიგნი მოწიწებით გადასცა.
სულტანმა დაუდევრად გადაფურცლა წიგნი, არაბულ ასოებს თვალი
ზერელედ გააყოლა და ისევ ნესევის დაუბრუნა.
_ სპარსული იცი? _ ჰკითხა ტყვეს სულტანმა.
_ ვიცი, ხელმწიფევ, _ სპარსულადვე მიუგო თორელმა.
92_ არაბული?_ ისევ გულგრილად ჰკითხა სულტანმა.
_ არაბულიც, აგრეთვე, ვკითხულობ და მესმის, _ მიუგო თორელმა.
სულტანმა ცოტა არ იყოს, გაოცებით გადახედა ნესევის.
_ თუ არაბული იცი, რატომ ყურანი არ წაგიკითხავს?
_ წამიკითხავს და არა ერთხელაც, ხელმწიფევ.
_ მერე რატომ მაჰმადის რჯული არ იწამე, ან მორწმუნეებზე ხმალი როგორ
ამართე?
შეუტია სულტანმა.
თორელმა, ბრაზი რომ დაეოკებინა, ამოიოხრა და დადუმდა.
ნესევი ჩოქვით მიუახლოვდა სულტანს, რაღაც ჩურჩულით უთხრა.
_ თურქული იცი? _ ისევ შეუღრინა სულტანმა თორელს.
_ არა, თურქული არ ვიცი, _ გააქნია თავი უარის ნიშნად თორელმა.
_ თავათ რა ენაზე სწერ ლექსებს, სპარსულად თუ არაბულად? _ ჰკითხა
სულტანმა.
_ მე ქართველი ვარ და მხოლოდ ქართულად ვწერ, _ ცივად მიუგო
თორელმა.
_ როგორ? _ გაოცდა სულტანი, _ სპარსულისა და არაბულის გარდა სხვა
ენაზეც შეიძლება ლექსის წერა? მერე ვინ კითხულობს შენს ლექსებს?
_ ქართველები კითხულობენ. _ მშვიდად წარმოსთქვა თორელმა.
_ ჰმ! ქართველები! რამდენი ხართ ეგ ქართველები! რაღაც ერთი მუჭა,
ზღვაში წვეთი არა ხართ და თავი კი დიდად მოგაქვთ. ვინ გაიგებს შენს
დაწერილს, შენი ქართველების მეტი! აი, შენ სპარსული და არაბული გცოდნია,
ჭკუა რომ გქონოდა, ამ ენებზე უნდა გეწერა, სპარსულად ან არაბულად.
_ სპარსულად და არაბულად სპარსელები და არაბები წერენ, მე კი
ქართველი ვარ და ქართულად ვწერ, _ მედიდურად თქვა თორელმა.
სულტანმა გაკვირვებითა და თანაც, ცოტა არ იყოს, გაჯავრებით შეხედა
თორელს.
_ კარგი... კარგი... გეყოფა! შენი ბედი რომ ჩვენს მდივანს, _ ხელით ნესევიზე
ანიშნა, _ ლექსები ყველაფერს ურჩევნია და ჩვენც მისი დიდი ხათრი გვაქვს
თავდადებისა და ერთგული სამსახურის გამო. მან შენი თავი გვთხოვა და,
სიცოცხლე რომ გაჩუქეთ, მას უნდა უმადლოდე.
ნესევიმ სულტანს თავი მდაბლად დაუკრა, კალთაზე ემთხვია და
მსახურების თანხლებით თორელი თავის კარვისკენ გაგზავნა.
ალაფისა და ტყვეების მითვლასა და გაწესრიგებას რომ მორჩა, სულტანმა
სუფრა გააშლევინა და ამ უჩვეულო ბრძოლაში განსაკუთრებით
თავგამოჩენილ ემირებთან ერთად შეექცა. სულტანი კარგ გუნებაზე იყო,
ბრძოლის სიცხარესა და ხვარაზმელთა ვაჟკაცობაზე დაუსრულებლად
ლაპარაკობდა და ქებას ასხამდა იმ ემირებს, რომელთაც მტრის სიმტკიცე
საკუთარი მკერდით გასტეხეს.
93პურობაზე მარჯვენა ფრთის მეთაური ემირები არ იყვნენ. ჯალალედინს
მაშინვე შეემჩნია, რომ ისინი უგულოდ, უცეცხლოდ იბრძოდნენ და
ქართველთა ერთი მოძალებისას კინაღამ ზურგი აჩვენეს მტერს.
ჯალალედინის ნათქვამი სხვა ემირებმაც დაადასტურეს, სხვა დროს,
ალბათ, მკაცრად გაუსწორდებოდა მათ ჯალალედინი, მაგრამ ახლა, როცა
ესოდენ მნიშვნელოვანი გამარჯვება მათი საეჭვო მოქმედების მიუხედავადაც
მიღწეული იყო, სულტანმა დიდსულოვნება გამოიჩინა და დამნაშავეებს
დანაშაულის გამოსყიდვის საშუალება მისცა. ორხანი მიუგზავნა და ეს პირობა
შეუთვალა:
_ ჩვენ გვაქვს თქვენი ტრელობისა და უმოქმედობის ნამდვილი
დამამტკიცებელი საბუთები, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ უკანასკნელ ბრძოლაში
თქვენ გადაწყვეტილი გქონდათ, ცხენები უკან შემოგებრუნებინათ მაშინ, როცა
ქართველებმა თქვენზე იერიში მოიტანეს. მაგრამ რაკი ალაჰმა ჩვენ მოგვცა
ძლევა და ურწმუნოების სასტიკი დასჯა დაგვაკისრა, ჩვენ დიდსულოვნებას
გამოვიჩენთ და ამ სიმუხთლეს მოგიტევებთ იმ პირობით, თუ თქვენ
ქართველთა ქვეყანას ძირფესვიანად მოაოხრებთ და იქ ჩემს მოსვლამდე ფეხს
მტკიცედ მოიკიდებთ.
შეშინებული დამნაშავე ემირები პატიებას შემოეხვეწნენ და დანაშაულის
გამოსყიდვისათვის მზადყოფნა ფიცით შემოუთვალეს სულტანს.
ჯალალედინმა საქართველოს ასაკლებად გაგზავნილ მხედრობას თავისი
ძმა ყიასედინი უსარდლა, ლაშქრის ერთი ნაწილი ისევ დვინის მხარეს შეუსია
და თავათ სასწრაფოდ თავრიზისკენ გაეშურა.
საქართველოსკენ წამოსული ჯალალედინი ჯერ კიდევ ადარბადაგანს არ
იყო გაშორებული, როცა თავისი ვაზირის, თავრეზის გამგებლად
დატოვებული შერეფელმოლკის მალემსრბოლი დაეწია.
თავრეზის მმართველი ვაზირი მეტად დამაფიქრებელ საიდუმლოს
ატყობინებდა: ქალაქის მოურავი და თავრეზის პირველკაცთაგანი ეტ-ტორღაი
შეთქმულიყვნენ, ხვარაზმელთა განდევნა და ათაბაგ უზბეგისათვის თავრეზის
დაბრუნება გადაეწყვიტათ; შეთქმულებს უზბეგისათვის მოციქულები
გაეგზავნათ, რათა ჯალალედინის წინააღმდეგ გამოსულიყო. აქ იმედი
ჰქონდათ, რომ საქართველოზე გამოლაშქრებული სულტანი ქართველთა და
ადარბადაგანელთა გაერთიანებულ ძალას ვერ გაუმკლავდებოდა, თუ ზურგში
უზბეგი დაჰკრავდა, დამარცხებული სულტანი იძულებული იქნებოდა,
ადარბადაგანიდან გაქცეულიყო.
შერეფელმოლკის ეს ცნობა რომ მიიღო სულტანმა, საიდუმლო დაიმარხა და
კაცს არ გაანდო, რადგან ქართველებთან დიდ ომს ელოდა და ამ ამბის
გამჟღავნება მის ლაშქარს გამარჯვების რწმენას შეურყევდა.
ახლა, როცა ქართველებს სძლია, ჯალალედინს ისღა რჩებოდა, თავრეზელი
შეთქმულები დაესაჯა და ადარბადაგანელებისათვისაც ლომის ბრჭყალები
ეჩვენებინა.
94სულტანმა გამარჯვების მახარობელს თავრიზისკენ ქართველ ტყვეთა
გრძელი ქარავანი გააყოლა და თან დახოცილი მტრების მოჭრილი თავებიც
გაატანა.
მალე თავათ სულტანიც მივიდა თავრეზს და მაშინვე შეთქმულთა საქმის
გამოძიებას შეუდგა.
საქართველოს სატახტოში უფლისწულის დაბადებისა და დედოფლის
ბედნიერად მორჩენის გამო ზეიმი გრძელდებოდა. სასახლის წინ უამრავი
ხალხი იყრიდა თავს, დედოფლისა და უფლისწულის ჯანმრთელობას
კითხულობდნენ, კარგი ამბით გახარებულნი ქუჩებს ეფინებოდნენ,
ქეიფობდნენ და ღრეობდნენ.
ღვინო და პური სირაჯხანებსა და თონეებში უფასოდ რიგდებოდა,
გამვლელ-გამომვლელი გვირგვინოსანთა ძეობას ლოცავდა, სახიობნი და
მემუსიკენი მოედნებზე ხალხს სანახაობითა და მუსიკით ართობდნენ. უბან-
უბან ბერიკები დადიოდნენ და შუაღამემდე არ წყდებოდა ანთებული
ჟინჟღილებით მოარულთა სიმღერა.
სახელოსნოები და ქულბაქები, ბაზრები და სავაჭროები დაკეტილი იყო.
დედაქალაქში ყოველგვარი საქმიანობა შეეწყვიტათ და დაევიწყებინათ.
ეკლესიებში
მლოცველები
ღმერთს დედოფლისა და უფლისწულის ბედნიერებას ავედრებდნენ, ძელს
განუწყვეტლივ სცემდნენ და სატახტოს დიდი თუ პატარა ზარები ერთიმეორეს
შეწყობილად აძლევდნენ ბანს.
ორ დღეს გაგრძელდა ძეობის ზეიმი, მთელი საქართველო სიხარულსა და
ლხინს მისცემოდა და ეს უზრუნველი განცხრომა, ალბათ, კიდევ დიდხანს
გასტანდა, რომ მესამე დღეს თბილისში ცხენხეთქებით არ შემოვარდნილიყო
პირველი ლტოლვილი გარნისის ომიდან.
მტვერში
ამოგანგლული,
გაოფლილი
ცხენი
ქანცგაწყვეტილმა
ლტოლვილმა პირდაპირ სასახლესთან მიაგდო.
პირველ ლტოლვილს კანტიკუნტად მიჰყვნენ სხვებიც და ქალაქში თითქო
უზარმაზარმა გველმა გაირბინა საშინელი სისინით. მოზეიმეებს სახეებზე
ღიმილი წაეშალათ, სიმღერა და ძელისცემა მისწყდა და ათასი ხმით მოგუგუნე
ქალაქი მომაკვდავივით ნელ-ნელა გაცივდა, დადუმდა და სისხლი გაეყინა.
სასახლისაკენ ყოველ წუთს მიჰქროდნენ მაცნეები, სასახლიდანაც
განუწყვეტლად გამორბოდნენ შიკრიკები და ქვეყნის ყველა მხრისკენ
მიჰქონდათ გარნისის უბედურების ამბავი.
ამირსპასალარი მხარგრძელი ჯერ კიდევ არსად ჩანდა, ვერც სხვა
გამოჩენილ სარდლებს მოეღწიათ ჯერ სატახტომდე. მეფემ და მისმა ვაზირებმა
ჯერ კიდევ არ იცოდნენ სახელმწიფოს თავზე დამტყდარი უბედურების
მთელი სიმძიმე. არც ის იყო ცნობილი, თუ ქართველთა ლაშქრიდან რამდენი
დაიღუპა, არც ის იცოდა ვინმემ, თუ ტყვედ ვინ იყო ჩავარდნილი ან
სარდალთა და მთავართაგან ვინ გადარჩა სიკვდილსა და ტყვეობას.
95ლტოლვილთა ნათქვამით, საქართველოს მთელი ლაშქარი ერთიანად
დაღუპული უნდა ყოფილიყო. სახელმწიფოს მცირე მხედრობაც აღარ ჰყავდა
და თუ გამარჯვებული მტერი თბილისისაკენ დაიძრებოდა, სატახტოსაკენ
გზის გადამღობავი აღარავინ იყო.
ახლადმოლოგინებული დედოფალი შეუძლოდ იყო და გასახიზნავად მისი
დაძვრა არ შეიძლებოდა.
საჭირო იყო სასწრაფოდ, მთელს საქართველოში ახალი ლაშქრის მოკრება,
სატახტოს გამაგრება და დიდი ჯარის მოშველებამდე დედაქალქის დაცვა.
ისევ ატყდა ძელისცემა, ისევ გაბმით იწყეს ყველა ზარებმა რეკვა, მაგრამ
ახლა ზეიმისკენ როდიღა უხმობდნენ ეს ზარები. ქალაქის ქუჩებსა და უბნებში
ცხენოსანი მანდატურები დაჰქროდნენ და ქუდზე კაცს იწვევდნენ.
გაწვეულები მოედნებზე იკრიბებოდნენ, მომხდარი უბედურების ამბავს
იტყობდნენ და მეფისა და სამშობლოს გადასარჩენად იარაღს ისხამდნენ.
მამუკა ოქრომჭედელს უფლისწულის დაბადებამ ბევრი საჩქარო და
გადაუდებელი საქმე გაუჩინა. დიდებულები და მდიდრები ისევ მის
სახელოსნოს მიაწყდნენ, დედოფლის ღირსი მისალოცის სწრაფად დამზადებას
სთხოვდნენ და ავალებდნენ.
ოსტატი თავაუღებლად მუშაობდა, გარეთ არ გამოდიოდა და მის
სახელოსნოს იქით რა ხდებოდა, არ იცოდა.
არც მოქალაქეთა ზეიმის უეცარი შეწყვეტისათვის მიუქცევია ყურადღება,
არც სიმღერისა და ზარის რეკვის მიჩუმებისათვის. ოსტატს ქვეყნის
ამბებისათვის არ ეცალა, არც არაფერს კითხულობდა და არც არაფერი
ადარდებდა, მაგრამ სახელმწიფოს თავზე დამტყდარი საშინელების ამბავი
თავათ მოვიდა მამუკასთან. იმ დღეს, ზარების რეკვა რომ მისწყდა,
ოქრომჭედლის სახელოსნოში ჯერ თითო-თითოდ იწყეს მოსვლა, მერე
იხუვლეს და მამუკას ყველა მუშტარი ერთბაშად მოაწყდა სახელოსნოს:
შემკვეთლები, ოქრო-ვერცხლისა და პატიოსანი თვლების პატრონები
მიბარებულის დაბრუნებას სთხოვდნენ სხვადასხვა მიზეზით, სამუშაოს
დასრულებასა და დათქმულ ვადას აღარ უყურებდნენ, თავიანთი განძი
სასწრაფოდ მიჰქონდათ და სახელოსნოდან უკანმოუხედავად გარბოდნენ.
მამუკას ვერ გაეგო, რა ცეცხლი მოეკიდა ასე ყველას, რატომ მიჰქონდათ
თავიანთი ქონება ასე დაფეთებულებს. პატრონებს თავიანთ საკუთრებას ვერ
უჭერდა და საღამოს, როცა მისი სახელოსნო თითქმის სრულიად
დაცარიელდა, ოქრომჭედელი მიხვდა, რომ ისიცა და მისი ოსტატ-შეგირდებიც
უსაქმოდ დარჩენილიყვნენ და ხვალისათვის უკვე სამუშაო აღარ ექნებოდათ.
ამ საგონებელში რომ იყო, სახელოსნოს ცხენოსანმა მანდატურმა
ჩამოუქროლა და მამუკაცა და მისი ოსტატ-შეგირდებიც მეფის სახელით
ქალაქის მოედანზე იხმო.
მოედანზე უამრავი ხალხი შეყრილიყო. აქა-იქ ჩურჩულს მოჰკრა ყური
მამუკამ, რაღაც დიდ მარცხზე, გარნისთან ქართველთა ლაშქრის
96განადგურებაზე ხმადაბლა ლაპარაკობდნენ შეშინებული მოქალაქეები.
დანამდვილებით ვერავისგან ვერაფერი შეიტყო, მაგრამ ოქრომჭედელი
გუმანით მიხვდა, რაღაც დიდი უბედურება უნდა მომხდარიყო. მაშინვე
თორელის ბედზე გაიფიქრა და ცაგოსთან წასვლა გადაწყვიტა, რომ მეფის
რომელიღაც ვაზირის ხმა ჩაესმა.
შემაღლებულზე მდგარ ვაზირს გვერდით მეფის სხვა მსახურებიც ედგნენ.
კარისკაცთაგან აღარცერთს კაცის ფერი აღარ ჰქონდა.
ვაზირი გადაკრულად ლაპარაკობდა რაღაც შეუმოწმებელ ცნობებზე,
ქართველთა ლაშქრის შესაძლებელ მარცხსა და მტრის სიმრავლეზე.
თბილისის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ყველა მოულოდნელობისათვის,
დიდმა და პატარამ სატახტოს დაცვისათვის უნდა გადადოს თავი. თუ ღმერთი
გაწყრა და მტერი თბილისს მოადგა, მაგრად უნდა ჩავკეტოთ ქალაქის კარი.
ყველამ, ვისაც ხმლის მოქნევა შეუძლია, იარაღი უნდა აისხას და სატახტოს
ზღუდეებთან დადგეს. გახსოვდეთ, რომ ჩვენი სათაყვანებელი დედოფალი
ჯერ კიდევ მელოგინეა და ქალაქიდან ვერ გავა, მისი ჯანმრთელობა და ჩვენი
სატახტოს ბედიც თქვენს მკლავსა და ღონეზე იქნება მინდობილი, ვიდრე
დანარჩენი საქართველოდან დიდი მაშველი ჯარი მოვიდოდესო, _ დაასრულა
ვაზირმა და ხალხის ზღვა შეიძრა, აგუგუნდა:
_ დღეგრძელობა ჩვენს მეფეს!
_ გაუმარჯოს მეფესა და საქართველოს!
_ გავწყდებით და მტერს კი ფეხს არ შემოვადგმევინებთ სატახტოში!
ჰყვიროდნენ, ქუდებს ცაში ისროდნენ და მუშტებს მაღლა იქნევდნენ.
მამუკაც საერთო აღტყინებამ აიყოლია, ისიც ვიღაცას მუშტს უქნევდა და
ემუქრებოდა, ხმამაღლა გაჰყვიროდა და მთვრალივით აქეთ-იქით აწყდებოდა.
ხალხის ტალღას მიჰყვა და სხვებთან ერთად იარაღი მიიღო მეფის
მსახურთაგან. ფარ-ხმალს რომ ისხამდა, შეამჩნია, ქალაქის სომეხი მოსახლეობა
ქართველებს ასწრებდა იარაღის მიღებას. ოქრომჭედელს ეს არ გაკვირვებია,
თბილისელი სომხები ქართველებისაგან თითქმის არაფრით განირჩეოდნენ და
საქართველოს დედაქალაქიც ქართველებზე ნაკლებ არ უყვარდათ. მაგრამ
მამუკას, ცოტა არ იყოს, ის არ ეჭაშნიკა, რომ თბილისელი სპარსელებიც
მოუთმენლად აწყდებოდნენ ფარ-ხმლისა და მშვილდ-ისრის დამრიგებლებს,
იარაღს ისხამდნენ, ქართველებს ძმობასა და ერთგულებას ეფიცებოდნენ და
«ჩონი ქალაქის» მტრებს ლანძღვა-გინებით ემუქრებოდნენ.
ოქრომჭედელმა საბრძოლო შეკრების ადგილი და დრო გაიგო და მაშინვე
ცაგოს მიაშურა.
წინადღის ნაქეიფარი ვაჩე ლოგინში იწვა და თავის პატარა გოგონას
ეალერსებოდა. პაწაწინა ცაგო ჩიტივით ჟღურტულებდა და ბედნიერი მამის
ულვაშებს ეტანებოდა. ლელა სახლს ალაგებდა და თავისთვის ჩუმად
ღიღინებდა.
97უცებ კარზე ღონივრად დაარახუნეს. ლელამ საქმეს ხელი უშვა და ვაჩეს
ანიშნა, საბანი გადაეფარებინა.
ვაჩე ლოგინზე წამოიწია, ხალათს დასწვდა და უცებ გადაიცვა. კარი გაიღო.
საწოლზე წამომჯდარმა ვაჩემ ზღურბლზე მომდგარი აფორიაქებული გოჩი
დაინახა.
_ უკაცრავად, უდროოდ მოსვლისათვის, მაგრამ ცუდმა ამბავმა მომიყვანა, _
დაიწყო ხმაგაბზარულმა გოჩიმ, _ დავიღუპეთ, მტერს ჩვენი ჯარი
გაუნადგურებია...
_ რომელი ჩვენი ჯარი? _ შეშფოთებულმა ვაჩემ საბანი მოიშორა.
სასწრაფოდ შარვლის ტოტებში უყრიდა ფეხებს და თან მუხასძეს თვალს არ
აშორებდა.
_ გარნისთან დიდი ბრძოლა მომხდარა გუშინწინ, ჩვენი მხედრობა ძლეულა
და ერთიანად გაჟლეტილა!
_ რას ამბობ, გოჩი, ეგ შეუძლებელია!
_ მეც შეუძლებელი მეგონა, მაგრამ ქალაქში გარნისიდან გამოქცეულმა
ლტოლვილებმა მოაღწიეს და სარწმუნოდ ამბობენ.
_ თორელი? თორელი თუ გადარჩა? _ იკითხა ვაჩემ და თვითონვე
გაუკვირდა, რომ პირველი ცაგოს ქმრის სახელი მოადგა ენაზე.
_ თორელი და ახალციხელები დანარჩენ მესხებთან ერთად პირველნი
დაცემულან. ისინი წინამბრძოლები იყვნენ და მტერს პირველნი
შეხვდებოდნენ.
ვაჩე გაშრა და ენა ჩაუვარდა. რამდენჯერ წარმოუდგენია ოცნებაში უქმროდ
დარჩენილი ცაგო, ზოგჯერ, განწირულების წუთებში, უნატრია კიდეც
თორელის გზიდან ჩამოშორება, მაგრამ ახლა, მისი დაღუპვის ამბავი რომ
შეიტყო, სიხარულის მაგივრად გულისტკივილი და მწუხარება დაეუფლა.
_ ჯალალედინს დღე-დღეზე თბილისში მოელიან. ვიდრე მეფე ახალ
ლაშქარს შეჰყრის, ქალაქი ჩვენ უნდა დავიცვათ მტრისაგან. მთელი
მოსახლეობა იარაღს ისხამს და საომრად ემზადება.
ვაჩემ ფაციფუცით ჩაიცვა. მერე კედლიდან დემეტრეს ფარ-ხმალი ჩამოიღო.
_ ბარემ წვრილთვალა და ბეგთარიც ჩაიცვი, უკან მობრუნების დრო აღარ
იქნება, _ უთხრა გოჩიმ და პატარა ცაგოსკენ დაიხარა.
ბალღი ორივე ხელით ჩააფრინდა შეჩვეული კაცის თმებს და დარდისაგან
შეშლილი სახე უცებ დაუწყნარდა ბუმბერაზს, ჩაცვენილმა თვალებმა წამით
ისევ შუქიანად გამოიხედეს და ალალმა ღიმილმა გაანათა ერთბაშად ამოდენა
კაცი.
ვაჩემ ჯაჭვის პერანგი ჩაიცვა და გოჩი რომ წამოიმართა წასასვლელად, ისევ
თავისდაუნებურად იკითხა:
_ ცაგომ თუ იცის ქმრის დაღუპვა?
_ ვერ გეტყვი, შევიაროთ და გავიგოთ.
კართან ისევ შეჩერდა ვაჩე.
_ ომი თუ იქნა, გახიზვნა დროზე უნდა მოვასწროთ.
98_ ახლა ქალაქის ყველა კარი დახშულია, არც ქალაქში უშვებენ ვისმეს და
არც ქალაქიდან ატარებენ კაციშვილს, მაგრამ როგორმე გიშველი, ოჯახს
გაგახიზნინებ.
ვაჩემ ცოლ-შვილი გადაჰკოცნა და ორივენი სწრაფად გავიდნენ.
თორელის სახლს მიუახლოვდნენ.
შორიდანვე შენიშნეს: ეზო სავსე იყო ხალხით.
სახლიდან გოდების ხმა გამოდიოდა. ვაჩეს გული ჩასწყდა და წინ ნაბიჯი
ვეღარ გადგა.
_ შენ შედი, მე აქ დაგელოდები, _ უთხრა მუხასძეს და ჭიშკართან შეჩერდა.
გოჩიმ გაკვირვებული მოხედა, მაგრამ არაფერი ჰკითხა, ჭიშკარში შევიდა
და ხალხით სავსე ეზოში კიბისკენ გაიკვლია გზა.
ვაჩე ჭიშკართან ჩამოჯდა ქვაზე და იქ მყოფებს დააკვირდა. სამძიმარზე
მოსულები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და დამწუხრებულები ხმადაბლა
ლაპარაკობდნენ.
_ ხუთასი ათასი კაცით შემოუტევია ხვარაზმელ სულტანს, _ ამბობდა
ერთი.
_ ხუთასი გაზვიადებულია, ოთხას ათასს ამბობენ უფრო სარწმუნოდ, _
გაუსწორა მეორემ.
_ თუნდაც ოთხასი ათასი იყოს, ცოტაა?! ჩვენები ორმოცდაათი ათასიც არ
იყვნენ, იძლეოდნენ, მა რა იქნებოდა! _ ხმას აუწია პირველმა.
ვაჩემ მათგან პირი იბრუნა და ახლა იქვე, მის გვერდით ჩამომსხდართ
მიუგდო ყური.
_ აფსუს, რა ქალი დაქვრივდა! _ თქვა თავის ქნევით ერთმა.
_ რა ეშველება საწყალს, კარის მგოსანი რა ქონებას დაუტოვებდა, რით უნდა
გაზარდოს ბალღი! _ იბრალებდა მეორე თორელის ცოლ-შვილს.
_ ბრალი მისი, ვინც მოკვდა, თორემ ცოცხლად დარჩენილი ჯერ შიმშილით
არავინ მომკვდარა. მაგასაც პატრონი გამოუჩნდება. ეგრეთ ქალს დიდხანს
არავინ დატოვებს უნუგეშოდ, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრ
გასათხოვარსა სჯობს. აგერ, ჩემი სიტყვა დაიხსომეთ, თუ სულ მალე თავს
ახალი გვირგვინი არ დაიდგას და უკეთეს კაცს არ გაჰყვეს, _ დასძინა მესამემ.
ვაჩეს სახე წამოენთო და გულმა ბაგაბუგით დაუწყო ცემა.
ბედად, მუხასძე მობრუნდა. ვაჩე წამოდგა და უკან მიჰყვა წინანდელზე
კიდევ უფრო მეტად შეწუხებულ მეგობარს.
_ შეუტყვია? _ დაარღვია სიჩუმე ვაჩემ.
_ ლტოლვილებისაგან შეუტყვია. არ სცოდნიათ, თორელის ცოლი რომ იყო
და პირდაპირ მიუხლიათ, მესხთაგან ერთიც არავინ გადარჩენილაო.
_ მერე?
_ მერე, იქვე გულს შემოჰყრია. გონს რომ მოსულა, თმა გაუშლია და სახე
დაუკაწრავს.
_ სახეზე ძალიან ეტყობა? _ გულუბრყვილოდ იკითხა ვაჩემ და თავათვე
შერცხვა ამ სულელური კითხვის.
99_ ერთიანად დახოკილი აქვს, დასისხლიანებული. ცრემლი გაშრობია
უბედურს და ხმაც ჩახლეჩია. კი ვეღარ ტირის, ხავის საცოდავი, _
ხელისჩაქნევით თქვა გოჩიმ და თავათაც გული აუჩუყდა.
_ რა ვქნათ, რა ვუშველოთ? _ იკითხა ისევ გულუბრყვილოდ ვაჩემ.
_ ჩვენ რას ვუშველით, ნუგეშის მეტი რა შეგვიძლია, _ ამოიოხრა მუხასძემ, _
რატომ არ შემყევი, სიტყვას ეტყოდი, გაამხნევებდი.
_ არ შემიძლია, გოჩი, მტირალი ცაგოს დანახვა არ შემიძლია, _
ძლივსგასაგონად თქვა ვაჩემ, ხმა აუკანკალდა და გული ყელში მოებჯინა.
ორივე დადუმდა. დამგლოვიარებული ქალაქის ქუჩებიც სდუმდნენ,
ძველებურად აღარ ხმაურობდნენ.
გარნისის გამარჯვების შემდეგ, ჯალალედინი რომ მთელი ლაშქრით
თბილისისკენ წამოსულიყო, საქართველოს სატახტო, ალბათ, უბრძოლველად
ჩაბარდებოდა. ხვარაზმელმა სულტანმა არ იცოდა, რომ იმჟამად ქართველებს
მეტი ჯარი არ ჰყავდათ და თბილისი თითქმის დაუცველი იყო. სულტანს
საქართველოს ძლიერებისა სჯეროდა და გურჯების დედაქალაქის დაპყრობას
საგანგებოდ მომზადების შემდეგაც საძნელოდ თვლიდა. მაშინ, შეთქმულთა
დასასჯელად თავრეზს წასვლა ჯალალედინს უფრო გადაუდებელ საქმედ
ეჩვენა, ლაშქრის ნაწილით ადარბადაგანს გაბრუნდა და ქართველებს გონს
მოსვლის საშუალება მისცა.
მეფის მალემსრბოლებმა მთელი საქართველო ფეხზე დააყენეს. ქვეყნის
ოთხივე კუთხიდან იწყო დენა სახელდახელოდ შეკრებილმა რაზმებმა და
თბილისში ყველაზე ადრე ორი ათასი მესხი შემოვიდა ორთა ძმათა ჯაყელთა
მეთაურობით. ჯარის მოსვლამ ქალაქის დასაცავად იარაღასხმულ
თბილისელებს სიმხნე შემატა და მტერზე გამარჯვების რწმენა განუმტკიცა.
გარნისიდან
ლტოლვილი,
თანდათან
გონსმოსული
სარდლებიც
გამოჩდნენ, ახლადშეკრებილ ჯარს გაუძღვნენ და საქართველოს ასაკლებად
წამოსული ყიასედინის ლაშქრის პირისპირ გაემართნენ.
ამასობაში მეფის დესპანებმა სულტნის ვაზირთან მოლაპარაკება გამართეს.
ქართველებმა ტყვედ წაყვანილთა გამოსყიდვა ითხოვეს. ჯალალედინის
ხარბმა ვაზირმა იმავე დესპანების ხელით ქართველთა მეფეს გარნისთან
დატყვევებული გურჯების გრძელი სია აახლა და თან თითოეულის
გამოსასყიდი ფასი აცნობა.
ეს ფასი საარაკოდ დიდი იყო, ვაზირი უშრომლად და უომრად ამოდენა
ოქროს შოვნით, ჯალალედინის გულის მოგებასთან ერთად, საკუთარი
სარგებლის ნახვასაც ფიქრობდა.
შალვა ახალციხელისა და რამდენიმე სხვა დიდებულის გამოსასყიდი
თანხის გაღება სახელმწიფო სალაროს დაეკისრა, დანარჩენების დასახსნელად
ისევ მათ ოჯახებს უნდა ეზრუნათ.
100ქმრის გადარჩენისა და ტყვედ ყოფნის ამბავი რომ შეიტყო, ცაგო
სიხარულით ცას ეწია. ძველებურზე მეტად ბედნიერად იგრძნო თავი,
საპატარძლოსავით მოიკაზმა, გალამაზდა და ამღერდა.
ცოცხლად გადარჩენილი თურმანი უკვე თავის გვერდით ეგულებოდა,
ბალღივით შეჰფოფინებდა და ჩიტივით ეჟღურტულებოდა.
პირველი სიხარულით გაბრუებამ რომ გაუარა და ქმრის გამოხსნის
პირობაზე დაფიქრდა, თანდათან შიში დაეუფლა და სასო წაერთვა.
ხვარაზმშას ვაზირი ოცდაათი ათას ოქროს თხოულობდა თორელის
გამოსასყიდლად. ამოდენა ოქროს შოვნა კარის მგოსნის ღარიბ ოჯახს კი არა,
უფრო
შეძლებული
კარისკაცებისა
და
დიდვაჭრების
ოჯახებსაც
გაუჭირდებოდა ასე სასწრაფოდ. საგონებელში ჩავარდნილმა ცაგომ მაშინვე
მამუკას მიატანა.
_ სულ არაფერი გაქვს? _ იკითხა მამუკამ, თუმცა ცაგოზე კარგად იცოდა,
რომ დარდიმანდსა და უანგარიშო კარის მგოსანს შავი დღისთვის შენახული
არაფერი ექნებოდა.
_ არაფერი. ჯვრისწერის ბეჭედი და ეს საყურეები მაქვს, თურმანისაგან
ნაჩუქარი.
_ ეგ რას გიშველის, ზღვაში წვეთია! _ ამოიოხრა მამუკამ.
_ სახლს გავყიდი. თურმანი თუ არ დაბრუნდა, მაინც რაღა ოხრად მინდა!
_ სახლს ასე უცებ ვერ გაჰყიდი, _ ჩაუფარცხა ეს იმედიც მამუკამ, _ რომ
გაჰყიდო კიდეც, ჩალის ფასს მოგცემენ, დღე-დღეზე თბილისში
ხვარაზმელების მოსვლას ელიან და ფულიან ხალხს თავისი სახლიც ოხრად
რჩება.
_ მაშ, რა ვიღონო?! _ ამოიკვნესა ცაგომ და მუდარით სავსე თვალები
მიაპყრო ძმას.
_ რაღაც უნდა ვიღონოთ... მე რაც მაბადია შენი ჭირის სანაცვლო იყოს,
პავლიასაც შევატყობინოთ, სხვა ახლობლებსაც, _ თქვა შეწუხებულმა მამუკამ.
მერე ფეხზე წამოდგა და თავისი სალარო მოიტანა.
დის წინ დააპირქვავა წლობით ნაგროვები, ღამეების ტეხვითა და
არაადამიანური შრომით მოქუჩებული ოქრო. ამ ფულს სახლის სასყიდლადა
და ცოლის შესართავად აგროვებდა უკვე ჭაღარაშერეული მამუკა. ადრე, სანამ
და გასაზრდელი ჰყავდა და მამის ოჯახი შესანახი, ცოლის შერთვაზე ფიქრიც
არ შეეძლო. ახლა, როცა ცაგო ბედნიერად დაბინავებული ეგულებოდა და
მოხუცი დედაც აქეთ უფრო ეხმარებოდა, ოქრომჭედელი საკუთარი კერის
დანთებაზე, სახლ-კარის მოწყობასა და ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა.
მაგრამ გარნისის მარცხის უთვალავ მსხვერპლს მამუკას ოცნებაც მიემატა.
როცა სახელოვანი სიძე განსაცდელში იყო, ხოლო საყვარელი დაი ყოვლგნით
ხელაღუპყრობელი და უნუგეშო, პირად ბედნიერებაზე ფიქრი როგორღა
შეეძლო მამუკას.
101მრავალი წლის ალალი შრომით ნაშოვნი ალალი გულითვე გამობერტყა
სალაროდან და ამდენი ოქროს დანახვით თვალებგაბრწყინებული ცაგო
მუხლებზე დაეცა ძმის წინაშე, მოეხვია და ცრემლით დაულბო კალთა.
_ რა კეთილი ხარ, მამუკა! ნუთუ სულ იმეტებ ამდენ ოქროს?
_ ვაი, რომ ეგეც ცოტაა!
_ როგორ? _ გაიკვირვა ანგარიშს მიუჩვეველმა ცაგომ, _ ნუთუ ამაზე მეტია
საჭირო.
_ მეტი, უზომოდ მეტი!.. _ თავის ქნევით დაუდასტურა მამუკამ.
_ მაშ, არ ყოფილა საშველი!
_ საშველი უნდა გამოვნახოთ, უნდა ვეცადოთ, ცაგო, პავლიას
შევატყობინოთ, აქაც ნაცნობ-მეგობრებს ვთხოვოთ...
მეორე დღეს გოჩი მუხასძე მოვიდა ცაგოსთან, მამუკასაგან გაეგო მათი
შეჭირვება.
თურმანის მეგობარმა ცაგოს წინაშე დაცალა ქისა და ბოდიში მოიხადა, რომ
მეტი არა ჰქონდა.
_ როგორ უნდა გამოგართვა, ვინ იცის, როდის დაგიბრუნებ?! _ შეწუხდა
ცაგო.
_ დაბრუნება რა სათქმელია! _ წარბი შეიკრა მუხასძემ. _ თურმანისთვის
ფულს კი არა, სულს არ დავიშურებდი, მაგრამ, ვაგლახ, რომ მეტი ვერსად
ვიშოვე. თუმცა კიდევ მაქვს იმედი, დღე-დღეზე ავაგს ელიან სასახლეში, ივანე
მხარგრძელის ძეს. თორელი მასაც ძლიერ უყვარს და, ვფიქრობ, მის
გამოსახსნელად ფულს არ დაინანებს. ამას გარდა, ერთი მეგობარი მყავს,
თქვენებური მხატვარი, ვაჩე გრძელიშვილი.
_ ვაჩე გრძელიშვილი? _ გაიოცა ცაგომ.
_ ჰო, ვაჩე გრძელიშვილი, შეიძლება იმას ჰქონდეს ფული, თურმანს ისე
ახლო არ იცნობდა, მაგრამ თუ რამ გააჩნია, მე არ დამიჭერს. ისე რომ, ჯერ
გქონდეს ჩემი იმედი, _ ანუგეშა გოჩიმ ცაგო და გამოემშვიდობა.
ცაგო ჭიშკრამდე მიჰყვა კარის ხუროთმოძღვარს ლოცვითა და მადლობით.
პავლია კუტმა ბერის ხელით გამოუგზავნა განსაცდელში ჩავარდნილ დას
თავისი წილი. მასაც სალარო გამოეფხიკა და თავისთვის აღარაფერი
დაეტოვებინა. საპყარი ძმა ღმერთს ავედრებდა ტყვედჩავარდნილ სიძეს და
ცაგოს პატიებას სთხოვდა, რომ უცალობის გამო იმ გაჭირვების ჟამს მის
გვერდით ყოფნა არ შეეძლო.
სახლის მუშტარი მართლაც არავინ გამოჩნდა. შეძლებულები ქალაქიდან
ჩუმად გახიზვნაზე ზრუნავდნენ მტრის მოსალოდნელი თავდასხმის შიშით,
თავიანთი სახლებიც ოხრად რჩებოდათ და თორელისა ვისღა უნდოდა.
გოჩი მუხასძე უეცრად, მეფის დავალებით, ქალაქიდან სადღაც წავიდა. ავაგ
მხარგრძელი არსად გამოჩნდა. ცაგოს საჭირო ოქროს ნახევარიც არ ჰქონდა.
დრო კი აღარ ითმენდა. დღედღეზე მეფის დესპანები ჯალალედინის ვაზირს
უნდა ხლებოდნენ და ტყვეების გამოსასყიდი ოქრო უნდა მიეთვალათ.
102ცაგო შემწეს აღარსაიდან ელოდა. დღედაღამ იმის ფიქრში იყო, თუ რა
ეღონა, სად ეშოვნა დანარჩენი ფული, რომ ქმრისთვის ეშველა.
ამ ფიქრსა და საგონებელში გოჩის ნათქვამი გაახსენდა, ეგებ ვაჩე
გრძელიშვილს ჰქონდეს ფულიო. ამ ერთადერთ იმედს ჩაებღაუჭა და აღარ
მოეშვა. მერე რა ვუყოთ, რომ ვაჩე თურმანთან დაახლოებული არ არის,
სამაგიეროდ ცაგოსთან ერთად შეზრდილია და მისი განუყრელი მეგობარი.
თუმცა რაღა განუყრელი მეგობარი, რაც ახალდაბაში დასტოვა, მერე
ერთხელაც აღარ უნახავს. მთელი ქვეყანა მის ქებაშია და თავათ თურმანიც
დიდად აფასებს ვაჩეს ხელოვნებას, მაგრამ როგორღაც ისე მოეწყო, რომ
ერთხელ ვეღარსად შეხვდა, ვერც თავისას იწვია ყრმობის მეგობარი, ამბობენ,
კარგი ქალი შეურთავს და სიმამრსაც მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვებიაო.
ისიც თქვეს, რუსუდან მეფემ უხვად დააჯილდოვა სასახლის მოხატვისათვისო
(ალბათ, ამიტომ ფიქრობს მუხასძე, ვაჩეს ფული ექნებაო). ნეტავ ენახა ვაჩეს
მხატვრობა! დიდი და პატარა აღფრთოვანებულია ვაჩეს ნამუშევრით, მას კი,
ვაჩეს სიყრმის მეგობარს, ცაგოს ერთხელაც არ შეუხედნია რუსუდანის ახალ
პალატებში. რას იტყვის ახლა ვაჩე, ცაგო რომ თავისი ფეხით მიადგება კარზე
და სახელოვანი მგოსნის ამაყი ცოლი ოქროს სთხოვს ქმრის გამოსახსნელად.
თავმოყვარეობა სხვა დროს ნებას არ მისცემდა ცაგოს ასეთი ნაბიჯის
გადასადგმელად, მაგრამ ახლა თავმოყვარეობა რა სახსენებელია, როცა
თორელის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ
შეეწევა ცაგოს. რაკი თავათ არა აბადია რა ცაგოს, ვისგანაც იქნება, ფული უნდა
ისესხოს და განა სხვაგან, ვიგინდარისაგან სესხებაზე ადვილი ის არ იქნება,
ტოლსა და ახლობელს მიმართოს, აუხსნას თავისი გასაჭირი, განა სხვაზე უკეთ
ის არ გაუგებს და შეიბრალებს?
ამ ფიქრით დაიმედებულმა ცაგომ გაბედა და ვაჩეს სახლს მიადგა.
ცაგოს დანახვაზე ვაჩე გაფითრდა, ენა ჩაუვარდა და შინ შეპატიჟებაც ვერ
მოახერხა.
ცაგო ძველებურად უშუალოდ და თამამად მიესალმა. ლელას თვითონვე
გაეცნო, ვაჩეს დაუხმარებლად, და შინაც შეუპატიჟებლად შევიდა. სახლს რომ
თვალი მოავლო, მოეწონა.
_ აი, თურმე როგორ კარგად ცხოვრობ! _ მიმართა ვაჩეს, ლელას შესცინა და
დედის კალთას აკრულ პატარა გოგონას მიეალერსა.
საოცარი სილამაზით მოხიბლული ლელა სტუმარს თვალს ვერ აშორებდა.
ხანდახან დაბნეულსა და ერთიანად სახეაწითლებულ ქმარს შეხედავდა და
თავათაც იბნეოდა მის სახლში იმ უცნობ ქალთან ერთად შემოსული
იდუმალებით.
_ დაბრძანდით! _ მოუწია სელი სტუმარს ლელამ და სიმხურვალით
იგრძნო, რომ თვითონაც სახე აელეწა.
ცაგო სელზე ჩამოჯდა.
ლელამ ბავშვს ხელი დასტაცა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
103_ დაჯექი, ვაჩე, ჩემი სტუმრობა ხომ არ გეწყინა?! _ გაუღიმა ცაგომ და
სელზე მიუთითა.
ვაჩესაც გაეღიმა და მორცხვად ჩამოჯდა ცაგოს პირისპირ.
_ ჩემს განსაცდელს გაიგებდი, ალბათ... _ წამოიწყო ცაგომ ოხვრით.
_ გავიგე და ძალიანაც შევწუხდი. _ თავდახრით თქვა ვაჩემ.
_ იმასაც გაიგებდი, თორელის გამოსახსნელად რა დიდ სასყიდელს
გვთხოვენ ხვარაზმელები.
_ არა, ეგ არ ვიცი! _ თავი გააქნია ვაჩემ.
ცაგომ უკვე გაბედა და უკანდასახევი გზა აღარ იყო. ჯერ იმას მოჰყვა,
როგორ გლოვობდა ქმარს, როცა დაღუპული ეგონა, მერე ისიც უამბო, როგორ
გაიხარა თურმანის ცოცხლად გადარჩენის ამბით და ბოლოს მთავარ
სათქმელზე ისე შეყოვნდა. აქეთური და იქითური მოიმიზეზა, უცებ
მარტოხელა ქალმა ვერაფერი ვიღონე, პავლია შორს არის და როდის მივაწვდენ
ხმასაო; მამუკას რაც გააჩნდა, მომიტანა, მაგრამ არც ეს კმარაო; თურმანს ფული
გასესხებული აქვს, მაგრამ არ ვიცი, ვის უნდა მივაკითხოო.
ამას რომ ამბობდა, წითლდებოდა, რადგან დამცირებული სიამაყე თითქმის
დაუჯერებელს ალაპარაკებდა.
_ შენზე ახლობელი ქალაქში არავინ მეგულებოდა და ისევ შენი შეწუხება
გადავწყვიტე, _ თქვა ცაგომ და თვალი თვალში გაუყარა ვაჩეს.
ვაჩემ ვერ გაუძლო ცაგოს ცქერას და თავი დაღუნა. იგი უზომოდ ბედნიერი
იყო ახლა, ისევე, როგორც ყრმობის ჟამს, როცა ცაგოს სათხოვრის ასრულების
საშუალება ეძლეოდა ხოლმე.
სახე ღიმილმა გაუნათა და თავი აიღო.
_ რამდენი გჭირდებათ?
_ თხუთმეტი ათასი! _ თქვა ცაგომ და უცებ შვება იგრძნო, მთავარი
სათქმელი რომ ითქვა.
ვაჩე უხმოდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
მარტოდდარჩენილ ცაგოს გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ახლა იმაზე კი არ
ფიქრობდა, როდის უნდა დავუბრუნო ვაჩეს სესხიო; ერთადერთი ის
აწუხებდა, ვაითუ, არც ვაჩეს ექნეს ამოდენა ოქრო და რაღა წყალში უნდა
ჩავვარდე, ვის მივადგე სათხოვნელადო.
ოთახში ვაჩეს პატარა გოგონა შემოვიდა. კართან დადგა და ცაგოს მიაჩერდა.
_ მოდი ჩემთან, გენაცვალე! _ დაუყვავა ცაგომ, ფეხზე წამოდგა და ბავშვთან
მივიდა. ხელში აიყვანა და აკოცა. ბალღი მიენდო უცნობ ქალს. უღიმოდა და
თვალს არ აშორებდა.
უცებ ლელამ შემოაღო კარი. წეღანდელზე მეტად გაწითლებული ეჩვენა
ცაგოს ვაჩეს მეუღლე. მეორე კარიდან ვაჩე შემოვიდა, სავსე ქისას თავი მოხსნა
და ცაგოს მაგიდაზე ოქრო დახვავდა.
ხარბად დააცქერდა ოქროს ხვავს ცაგო და წამით რომ თვალი მოსწყვიტა,
ლელას შეხედა, ლელაც მონუსხულივით მიშტერებოდა იმ ოქროს და ცაგომ
შენიშნა, რომ ვაჩეს ცოლს წამწამზე ცრემლი დაჰკიდებოდა.
104ლელამ იგრძნო ცაგოს ცქერა, მიტრიალდა და ბალღს წაეპოტინა:
_ ცაგო, დეიდას აწუხებ, წავიდეთ, _ ცივად თქვა, ბავშვს ხელი დაავლო და
სწრაფად გავიდა.
ლელას თვალზე დანახულმა ცრემლმა ააფორიაქა ცაგო.
სხვა დროს, ალბათ, ყურადღებას მიაქცევდა მისი სახელით რომ უხმობდნენ
ვაჩეს პატარა გოგონას, მაგრამ ახლა აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა. ლელას
წამოწითლებული სახე და ფარული ცრემლი იმას მეტყველებდა, თუ რა დიდსა
და უაზრო მსხვერპლს იღებდა ვაჩეს ოჯახი მისთვის შორეული, თითქმის
უცნობი კარის მგოსნისთვის. ახლაღა დაფიქრდა ცაგო, რა დიდსა და
გადაუხდელ ვალში ვარდებოდა, როგორ უქცევდა თავის სიყრმის მეგობარს
ბედნიერ ოჯახს. მიხვდა ცაგო, რა უსამართლობასაც სჩადიოდა, მაგრამ სხვა
გზა არა ჰქონდა და მასაც ცრემლები წასკდა მშვენიერ თვალთაგან.
_ სრულად მოგართვი, ღმერთმა ბედნიერად მოგახმაროს! _ თქვა ვაჩემ და
ოქროს სათითაოდ დაუწყო ჩაყრა ქისაში.
ვაჩე ოქროს ნელ-ნელა ჰყრიდა ქისაში და ახლა იმაზე ფიქრობდა, თუ
როგორ თავისი ხელითვე ამსხვრევდა ამხდარ ოცნებას, რამდენჯერ უნატრია
უქმროდ დარჩენა ცაგოსი და ახლა, როცა ეს უიმისოდ იყო მომხდარი,
თვითონვე უმართავდა ხელს ცაგოს, რათა ქმარი დაებრუნებინა. უგუნურებას
ჰგავდა ვაჩეს მოქმედება, მაგრამ რა ექნა, როცა სხვაგვარად არ შეეძლო. რა
გულით უნდა ეთქვა დახმარებაზე უარი, როცა ცაგომაც იცოდა, რომ მისი ბედი
სწორედ ვაჩეს ხელთ იყო.
ცაგო ნელა წამოდგა, ვაჩეს ქისა ჩამოართვა და წავიდა.
კარის ზღურბლთან მოტრიალდა, ხელი გაუწოდა გამოსამშვიდობებლად
და თვალი რომ გაუსწორა, გაფითრდა: ვაჟკაცს თვალზე ცრემლი მოდგომოდა.
მუხლებმა უსუსტეს ცაგოს და კინაღამ დაეცა. წამით გაიფიქრა, ამ ცრემლით
თავის საბადებელს მოსტირის ვაჩეო და ქისა უკან გაუწოდა. ვაჩემ შუბლი
შეიკრა. ცაგო მიხვდა, რომ დაუმსახურებელი ტკივილი მიაყენა. დაბნეულმა
თავი დახარა და ნელა, ლასლასით გავიდა.
ამბავი ადარბადაგანის ათაბაგის უზბეგისა და
დედოფალ მელიქე-ხათუნისა
ჰოის ციხეში განმარტოებით მყოფ ათაბაგ უზბეგის ცოლს ქვეყნისაგან
განაპირება მალე მოსწყენოდა. ხელისუფლებასა და მბრძანებლობას შეჩვეულ
მელიქე-ხათუნს ჰოიში საქმე აღარა ჰქონდა რა.
ღვინოსა და დროსტარებას გადაგებულ ათაბაგს ახალგაზრდა ცოლისთვის
ადრეც არ ეცალა და ახლა ხომ სულ აღარ ახსოვდა იგი.
მელიქე-ხათუნს კი ცხოვრება უნდოდა. ბედნიერი და სიხარულით სავსე
ცხოვრება. ჰოის განმარტოებულ ციხეში მას ყველაფერი ჰქონდა, მისი
105მაღალკეთილშობილების ღირსად და შესაფერისად. ერთგული ვაზირები და
მამლუქებიც ეხვივნენ გარს და მის მყუდროებას დარაჯობდნენ. მაგრამ
სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალისათვის სწორედ ეს მონასტრული
მყუდროება იყო ყველაზე მეტად დამღონებელი და სასოწარმკვეთი.
მას ისევ დიდი სატახტოსკენ მიუწევდა გული, ათაბაგის კარისკენ, სადაც
ქვეყნის
საუკეთესო
რაინდები
ტრიალებდნენ.
იმ
კეთილშობილი
რაინდებისთვის მისი ყოველი სიტყვა სიხარულით აღსასრულებელი კანონი
იყო, ყოველდღე სხვადასხვა სამეფოებიდან დედოფლის სათაყვანებლად
ძვირფასი ძღვენით დატვირთული ელჩები მოდიოდნენ და ადარბადაგანის
ნამდვილი მმართველი მელიქე-ხათუნი ღვინოში ჩამხრჩვალი ქმრის, ქვეყნის
საქმეთაგან თავისივე ნებით გამდგარი ათაბაგის სახელით განკარგულებებს
იძლეოდა.
დედოფალს მოცალების ჟამს სახიობა და მუსიკა ატკბობდა, ხოლო მისი
სამფლობელოს რჩეული მოყმეები ერთმანეთს ეცილებოდნენ ბურთსა და
ცხენოსნობაში, რათა თავი გამოეჩინათ, მშვენიერი დედოფლის ყურადღება
მიეპყროთ და მეტი თუ არა, მოწონების ღიმილი მაინც დაემსახურებინათ.
დედოფალი სწუხდა, რომ თავისივე სურვილით ითხოვა ხვარაზმელი
სულტნისაგან უვნებლად გაცლა, ცხოვრებისაგან მოწყვეტა, თავრეზის
დატოვება და მაღალ მთებში გახიზვნა.
მერედა, ვითომ რად უნდა გასცლოდა იმ კეთილშობილ სულტანს, რომლის
ვაჟკაცობასა და სიმდიდრეზე, ქველობასა და რაინდობაზე მთელი ქვეყანა
აღტაცებით ლაპარაკობს და ზღაპრებს ჰყვებიან?!
ჯალალედინი თურმე ქალების დიდი მოტრფიალეც არის და მათი
მშვენების ფასიც სხვებზე კარგად იცის.
მელიქე-ხათუნი ჯერ კიდევ ნორჩია და ახალგაზრდა, მან სწორედ ახლა
იწყო ქალობაში შესვლა და მისი სილამაზეც სწორედ ახლა იფურჩქნება მთელი
თავისი ძალითა და მიმზიდველობით.
ჯალალედინი, ალბათ, თვითონ თავრეზს უფრო დათმობდა, ვიდრე
მელიქე-ხათუნს გაუშვებდა ხელიდან, ერთხელ რომ მაინც ჩაეხედა შავი წარბ-
წამწამის ჩრდილით დაბურულ მის მწველ თვალებში.
თვითონ მელიქე-ხათუნმა, ერთხელ, მაგრამ ისიც შორიდან დაინახა
სულტანი. ტანდაბალი, მაგრამ მკვრივად ჩადგმული ჯალალედინი საოცრად
მკვირცხლი და მოძრავი ეჩვენა. შავ მკაცრ სახეს უცნაური ცეცხლით
მოგიზგიზე თვალები უნათებდა სულტანს და იმ თვალებისაგან დანაკვესი
ნაპერწკალი შიგ გულში მოხვდა ადარბადაგანის დედოფალს.
უკვე პირობა დადებული იყო და დედოფალს უკან დაბრუნება აღარ
შეეძლო, თორემ მელიქე-ხათუნი ისევ თავრეზის ციხეში შევიდოდა და თავის
საყვარელ ქალაქთან ერთად ჩაბარდებოდა მამაც სულტანს.
შემდეგ ის გულში ჩავარდნილი პატარა ნაპერწკალი გადიდდა და
გაღვივდა, ცეცხლად აღეგზნო და დედოფალს მოსვენება დაუკარგა.
106მელიქე-ხათუნი ისედაც არ უწევდა ანგარიშს თავის ვაზირებს და ახლა,
როცა სიმშვიდე დაკარგა, მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა საწადელს
სწეოდა.
ჯალალედინის თავრეზს მობრუნება რომ შეიტყო, დედოფალი მთლად
აფორიაქდა. ასე განდგომილად ცხოვრება აღარ შეეძლო, მელიქე-ხათუნს
თავრეზი უნდა დაებრუნებინა, ოღონდ უნებისყოფო და უზრუნველი უზბეგის
თავრეზი კი არა, მოუსვენარი და ძლიერი ჯალალედინის თავრეზი,
ხვარაზმელი სულტნის თავრეზი, რომელიც, ალბათ, ბევრ სიამესთან ერთად,
დიდ სულიერ შფოთსა და მღელვარებასაც მოუტანდა. თავრეზისაკენ ლამაზსა
და სიცოცხლით სავსე ქალს, მელიქე-ხათუნს, სიყვარული, სასურველი
მამაკაცის განცდისა და დაუფლების სურვილი ეძახდა, ხოლო დედოფალს _
ადარბადაგანის დედოფალს _ იმავე მელიქე-ხათუნს _ პატივმოყვარეობა,
ხელისუფლების ჩვეული წყურვილი და დიდებისაკენ ლტოლვა უხმობდა.
დედოფალმა თავისი ვაზირები და მრჩევლები მოიწვია. ცრემლითა და
ვაებით გაიხსენა მათგან მიტოვებული სატახტო, უპატრონოდ დაგდებული,
მტრისაგან აკლებული და შევიწროებული თავისი ერთგული ქვეშევრდომები.
მაღალსა და კეთილშობილ უზბეგს თავისი ხალხი და მეუღლე დედოფალი
რომ ჰყვარებოდა, არც ერთს ჩააგდებდა ამ დღეში და არც მეორეს, თავის
ქვეყანაში ურიცხვ ჯარს შეკრებდა და ადარბადაგანს ხვარაზმელების
მძლავრობისაგან გამოიხსნიდა. საუბედუროდ, ათაბაგმა ქვეყნის საქმეებსა და
დედოფლის კეთილდღეობაზე ზრუნვა დიდი ხანია დაივიწყა და სახელმწიფო
ბედის ანაბარად დააგდო. ამიტომ არის დედოფალი ვალდებული და
იძულებულიც, იზრუნოს თავისი ქვეყნისა და ხალხის შველაზე, ტახტისა და
თავის პირად ბედზე. დედოფალმა გადაწყვიტა, გაეყაროს ათაბაგს, რომელიც
დიდი ხანია თავისივე სურვილით გაშორებია დედოფალს და ქმრობის უღელს
აღარ უწევს. უზბეგისაგან გაყრის შემდეგ, იგი შეეუღლება ერთმორწმუნე
ხვარაზმელ სულტანს, ამით დედოფალი მტერს მოყვარედ მოაქცევს,
ადარბადაგანს ღირსეულ პატრონს უშოვის და მტრის ძალმომრეობისაგან
სამუდამოდ იხსნის.
დედოფლის მრჩევლებმა მოიწონეს მელიქე-ხათუნის გადაწყვეტილება,
დიდად დააფასეს ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის მისი ესოდენი
თავგანწირვა და ჯალალედინს ელჩები გაუგზავნეს.
სულტანს გაგონილი ჰქონდა ადარბადაგანელი დედოფლის სიტურფე და
გონიერება. მასთან შეუღლება ადარბადაგანზე ჯალალედინის ბატონობას
კანონიერს გახდიდა და დაპყრობილ ქვეყანას გაუერთგულებდა. ამას გარდა,
მელიქე-ხათუნის შერთვით ჯალალედინი ათაბაგ უზბეგსაც დასჯიდა და
დაამცირებდა იმათ თვალში, ვისაც კიდევ ჰქონდა მისი იმედი, ვინც
ადარბადაგანის კანონიერ პატრონად ჯერ კიდევ მას მიიჩნევდა.
ჯალალედინმა სიამოვნებით მიიღო ელჩების წინადადება. დედოფლისა და
ათაბაგის გაყრა კანონიერად აღასრულა და ადარბადაგანის დედოფალი
ხვარაზმელმა სულტანმა შეირთო ცოლად.
107სახიობისა და მუსიკის, ლექსებისა და ლხინის მოყვარულ უზბეგს სადაც
დაუღამდებოდა, იქ უთენდებოდა, დიდი და სახელოვანი ფალავნების
უკანასკნელ შთამომავალს იმ ირანელი მგოსნების რჩევა გაეხადა
სახელმძღვანელოდ, რომლებიც ამქვეყნად ლხინის გარდა ყოველივეს
ამაოებად თვლიდნენ.
ჩვენ ყველანი მიწისაგან ვართ და მიწადვე უნდა მივიქცეთ. ულამაზესი
ასული, რომელსაც ახლა ეხვევით, ხვალ მიწად იქცევა და იმ მიწისაგან,
რომელსაც დაუფიქრებლად ადგამენ ფეხს, მექოთნე ყელმოღერებულ სურას
გააკეთებს. იმ სურიდან სხვები ისევე დალევენ ღვინოს, როგორც შენა სვამ
ახლა ამ ყელ-ყელა სურიდან. დალევენ და არც დაფიქრდებიან, რომ ოდესღაც
ის თიხაც უტურფესი ასული იყო, ხოლო ღვინის ეს ჯამი _ უძლეველი ვაჟკაცის
თავის ქალა.
რაღა აზრი აქვს ადამიანურ ზრუნვას, თუ განგებისაგან დადგენილ ამ
ყველაზე საშინელ წესს ვერ შეცვლი, რად უნდა ადამიანს ცნობა და გონება,
თუკი იგი უძლურია, ახსნას და დასძლიოს სოფლის ამაოება. ადამიანი
განწირულია გაჩენის დღიდანვე. მას ისღა დარჩენია, ღვინის სმასა და ლამაზ
ხათუნებთან ალერსში დაჰკარგოს დღისა და ღამის ანგარიში და
ყელმოღერებული სურიდან სვას გონებისწამრთმევი ღვთაებრივი სასმელი.
წუთისოფლის ამაოების და ღვინით თავდავიწყების ამ რწმენაზე მტკიცედ
მდგარ უზბეგს ბედის აღარავითარი დარტყმა და წიხლი აღარ აკვირვებდა და
აშფოთებდა.
მას ჯერ ქართველები მიდგნენ და სულს არ ათქმევინებდნენ. ახლა კიდევ
ხვარაზმელი სულტანი გამოჩნდა, ქვეყნის უდიდესი ნაწილი გამოსტაცა და
ადარბადაგანის ნამდვილ პატრონად თავისი თავი გამოაცხადა.
რა საცოდავები არიან ეს დიდებისმოყვარული ადამიანები! როგორ ხარბად
ეწაფებიან წამიერსა და წარმავალს ამ წუთისოფელში და წინ ან უკან
ერთხელაც არ იხედებიან. წინ კი არარაობაა, ხოლო უკან, მათ კვალზე,
სიკვდილი მოდის, გარდუვალი და უძლეველი სიკვდილი, რომელიც ამ
ქვეყნის ყველა მოსაჩვენარ დიდებასა და ბრწყინვალებას ანგრევს და
ანადგურებს. როგორ არ იციან ბედშავებმა, რომ ამქვეყნად დროებითა ვართ და
სიცოცხლის ამ ერთი წუთის დაკარგვა უნაყოფო ზრუნვისა და
ფუსფუსისათვის სიგიჟეა და მეტი არაფერი!
წაიღონ ყოველივე, სამეფოცა და სამკვიდროც, წარსტაცონ სიმდიდრეცა და
დიდებაც, ერთ ჯამ ღვინოსა და მასავით უდარდელ მეინახეს ყოველთვის
იშოვის უზბეგი და მასაც მეტი არა უნდა რა, სიცოცხლის არარაობის ჯავრით
გახურებულ გულსა და ტვინს ღვინო გაუგრილებს და წამიერად მაინც მისცემს
თავდავიწყების შვებას.
ამგვარად მოაზროვნესა და ცხოვრების ამ წესზე გადასულ უზბეგის გულს
ამქვეყნიური აღარა ეკარებოდა რა. მას არც მის სამფლობელოში მომხდარი
108დიდი ცვლილებები აღელვებდა, არც თავს დატრიალებული უბედურება
აშფოთებდა.
ყველას, მის ნაცნობსა თუ უცნობს, ერთნაირად სჯეროდა, რომ
წონასწორობიდან ათაბაგს ბედის ვერავითარი მუჯლუგუნი ვერ გამოიყვანდა,
ამ ქვეყნისაკენ გულს ვერ მოუბრუნებდა და მისი ავ-კარგით ვერ ააღელვებდა.
ასე ეგონა თავათ უზბეგსაც, მაგრამ... ერთ მშვენიერ დღეს თავრეზიდან
ამბის მთხრობელი მოვიდა, ახალგამოღვიძებულ, ჯერ კიდევ ფხიზელ ათაბაგს
ეახლა და მძიმე ამბის მოსახსენებლად ნებართვა სთხოვა.
ათაბაგმა დამცინავი ღიმილით ჩაიქნია ხელი. თითქო ამბობდა, იმაზე
უარესი რა უნდა მითხრა, რაც დიდი ხანია ვიცი: ხვალ თუ ზეგ მიწად უნდა
ვიქცე და არარაობას შევუერთდეო.
უზბეგმა ღვინო დაისხა და ფიალა რომ ასწია, მოამბეს შეხედა. ამბის
მომტანი უცნაურად გაოცებული თუ შეშინებული შეჰყურებდა და ენის
მობრუნებას ვერ ახერხებდა.
უზბეგს სასმისიანი ხელი გაუშეშდა, მოამბის გამოხედვაზე შედრკა, შეკრთა
და როგორღაც დაიბნა.
_ სულტანმა ჯალალედინმა თითქმის მთელი ადარბადაგანის მიწა-წყალი
დაიპყრო... _ ხმადაბლა დაიწყო მოამბემ მთავარი სათქმელის შემზადება.
_ მიწაც და წყალიც ღვთისაა და ვისაც სურს, მას მისცემს უფალი, _
აუღელვებლად თქვა ათაბაგმა, მოამბეს თვალი თვალში გაუყარა და გუმანით
იგრძნო, რომ მაცნე მისთვის ამ კარგახნის ნაცნობი ამბის შესატყობინებლად არ
იყო მოსული და სხვა უფრო მნიშვნელოვანი სათქმელი უნდა ეთქვა.
_ დედოფალი მელიქე-ხათუნი ხვარაზმის სულტანს ჯალალედინს
შეეუღლა.
კიდევ უფრო ხმადაბლა, ძლივს გასაგონად თქვა ფარდაგზე დაჩოქებულმა,
იატაკამდე თავდახრილმა მოამბემ და სული განაბა.
ათაბაგს ხმალი გვერდით ედო და სუნთქვაშეკრული ამბის მომტანი ჩუმი
ჟრჟოლვით ელოდა კისერზე იმ ხმლის დარტყმას.
ხმალმა დააგვიანა და მოამბემ ნელ-ნელა ასწია თავი.
ათაბაგს ფერი წართმეოდა, ხელი კანკალს მოეტაცნა, სავსე ფიალის დადგმა
ვერ მოეხერხებინა და ღვინო ძირს იღვრებოდა.
_ თავისი სურვილით ინება დედოფალმა, თუ ძალით შერთეს იგი
სულტანს?
იკითხა მიმწყდარი, ხრინწიანი ხმით უზბეგმა.
_ თავისი ნებითა და სურვილით, მაჰმადის სჯულითა და წესით შეეუღლა
დედოფალი სულტანს.
დაუდასტურა ამბის მცნობელმა და ახლა უკვე თავი შიშით აღარ დაუხრია.
იგი გაოგნებული შეჰყურებდა მის თვალწინ ერთ წამში მომხდარ
საოცრებას: უზბეგს ცახცახი ხელიდან უცებ მთელ სხეულზე გადაუვიდა,
ციებიანივით ტანის ყოველი ასო და ნაკვთი აუკანკალდა და წაერთვა. მერე
109მორჩილად ლოგინზე დასდო თავი, ერთი უაზროდ მოავლო თვალი
იქაურობას და ცახცახიცა და სუნთქვაც ერთად შეწყვიტა, ერთბაშად...
როგორც კი ადარბადაგანის საქმეებს მორჩა, ჯალალედინი ისევ
საქართველოსკენ გამოემართა. მთავარ ბანაკში მოსვლისას ქართველი
ტყვეების ამბავი გამოიკითხა. ვაზირმა ტყვეების გამოსყიდვის თაობაზე
ქართველებთან მიღწეული გარიგების ამბავი ისე ამაყად მოახსენა, ეტყობოდა,
მბრძანებლისაგან დიდ ჯილდოსა და მადლობას ელოდა.
ჯალალედინი მის ნებადაურთველად ასეთი ნაბიჯის გადადგმამ საშინლად
გააბრაზა.
ქართველთა ელჩების თანდასწრებით ვაზირს სასტიკად გაუჯავრდა;
_ როგორ გაბედე ურწმუნო გურჯებთან მოლაპარაკების გამართვა, მე აქ
ტყვეებით სავაჭროდ კი არ ვარ მოსული, არამედ ისლამის მტრების
დასასჯელად და სრულიად მოსასპობად! ახლავე ეს ელჩები უკან გააბრუნე და
ამ საქმეზე მეორედ აღარავინ გაბედოს ჩემი შეწუხება.
ქართველთა ელჩებმა უსიტყვოდ დასტოვეს ხვარაზმელი სულტნის კარავი.
ცოტა ხნის შემდეგ ჯალალედინმა ვაზირი იხმო და დამშვიდებით
გამოჰკითხა ქართველთა მიერ შემოძლეული ოქროს რაოდენობა. ვაზირმა
უზარმაზარი რიცხვი დაუსახელა და სულტანი ჩაფიქრდა.
_ ჯერ ხომ არ წასულან ქართველთა ელჩები? _ იკითხა ჯალალედინმა.
_ ჯერ არა, მბრძანებელო, მაგრამ სადაცაა წავლენ.
_ საღამომდე დაიჭირე რაიმე მიზეზით! _ ბრძანა სულტანმა და ვაზირმა
შეამჩნია, როგორ აუთამაშდა მრისხანე მბრძანებელს ეშმაკური ღიმილი
მოკუმულ ბაგეზე.
მონასტრის ვიწრო სენაკში თაფლის დიდი სანთელი თითქმის ბოლომდე
ჩამოღვენთილიყო. ნაშუაღამევი იყო, ყველას ეძინა. მონასტრის სამარისებურ
სიჩუმეს მხოლოდ კალმის ხმაური არღვევდა. კალამი შეუჩერებლად
გადიგადმოდიოდა ხბოს ტყავზე, ხანდახან წრიპინის მსგავს ხმას გამოსცემდა
და კაცს ეგონებოდა, კუთხეში მიმალული თაგვი ფხაჭნის წიგნებით
გამოტენილ უზარმაზარ სკივრსო.
მაგიდასთან ძილგატეხილი პავლია კუტი იჯდა პერანგისამარა. წვრილად
და ჩქარა წერდა. ხანდახან შეჩერდებოდა, დაღლილ მკლავს გამართავდა,
დაფიქრდებოდა და მერე ისევ აუშვებდა წამით შეყოვნებულ კალამს.
სანთელი იწვოდა და დნებოდა. იმ დღეების საქართველოს მატიანე
იწერებოდა, პერგამენტის გრძელი ფურცლები ჭრელდებოდა და ივსებოდა,
ამბავი არ თავდებოდა და საწერი არ ილეოდა.
უცებ გარედან ხმაური მოისმა. კუტმა წერას თავი ანება, ყური მიუგდო.
ხმაურმა იმატა. მონასტრის ჭიშკრიდან დარაჯების გადაძახილი ისმოდა.
110ომიანობის შიშით, მაგრად დახშულ ჭიშკართან დღედაღამ გუშაგები
იდგნენ და მონასტერში უნებართვოდ არავის უშვებდნენ. პავლიამ
ტანსაცმლის გადაცმა ძლივს მოასწრო, სენაკის კარზე დააკაკუნეს.
_ ვინა ხართ, შემოდით! _ გასძახა კუტმა.
კარი გაიღო და გუშაგმა ბერებმა აქოშინებული, სისხლით და ტალახით
გასვრილი კაცი შემოიყვანეს.
_ ვინ არი, აქ საიდან გაჩნდა? _ იკითხა შეშფოთებულმა კუტმა.
_ საქართველოს მეფის ელჩი ვარ, სულტან ჯალალედინის ბანაკიდან
მოვრბივარ.
_ ჯალალედინის ბანაკში რა გინდოდა? _ გაიკვირვა პავლია კუტმა.
ელჩი ქვის იატაკზე ჩაიკეცა, სული მოითქვა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ განაგრძო.
_ სულტნის ვაზირს ქართველ ტყვეთა გამოსასყიდი ოქრო ვაახლეთ...
ელჩს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, სულის მოსაბრუნებლად შეყოვნდა.
_ მერე? _ ვეღარ მოითმინა უცებ სმენადქცეულმა კუტმა.
_ ყველაფერი გათავებული იყო, ვაზირს ოქრო უნდა მიეთვალა და ჩვენ _
მათი ტყვეები, მაგრამ, საუბედუროდ, უცებ სულტანი გაჩნდა საიდანღაც,
ვაზირსაც სასტიკად გაურისხდა და ჩვენც ხელცარიელები დაგვიფრინა.
_ ტყვეები არ დაგანებათ? _ იკითხა ფერდაკარგულმა პავლიამ.
_ არც ტყვეები დაგვანება და არც ჩვენი ოქრო ინდომა...
პავლია კუტი აფორიაქდა, თვალწინ ცაგო დაუდგა. ვინ იცის, რა იმედით
ელოდა ამ ელჩებთან ერთად თორელის მობრუნებას მისი დაი. ეს იმედიც
გამქრალიყო და რაღა ეშველება.
_ სამნი ვიყავით ელჩად, თან მცირე რაზმიც გვახლდა მცველად.
გუდანაბადი ავიკარით და საღამოს პირში ჩალაგამოვლებულნი დავბრუნდით.
კარგა გზა რომ გამოვიარეთ და კარგადაც დაღამდა, ყაჩაღები დაგვესხნენ თავს
და ტყვეების გამოსასყიდად წაღებული ოქრო წაგვართვეს. ჩვენ ხმლები
ვიშიშვლეთ, მაგრამ ისინი ბევრნი იყვნენ და რას გავაწყობდით, ზოგი დახოცეს
და ზოგნიც დაგვიჭრეს.
_ მარტო ის ოქრო წაიღეს? _ იკითხა ფიქრში წასულმა კუტმა.
_ მხოლოდ ოქრო, სხვას ხელი არაფერს ახლეს.
_ ის მძარცველები შარაგზის ყაჩაღები არ ყოფილან, თორემ სხვა რამესაც
წაგართმევდნენ.
_ მეც ეგრე ვფიქრობ, ისინი საგანგებოდ ოქროსათვის დაგვესხნენ თავს. ეჭვი
მაქვს, ხვარაზმელები უნდა ყოფილიყვნენ.
_ აგრე იქნებოდა, _ დაუდასტურა პავლიამ. _ ის, ვინც დღისით ძარცვავს
ქვეყანას, არც ღამე ყაჩაღობისაგან დაიხევს უკან...
დაკოდილ ელჩს ბერებმა ჭრილობა შეუხვიეს და მოასვენეს.
პავლია კუტს მთელი ღამე არ ეძინა თორელისა და ცაგოს დარდით.
დილით, როგორც გათენდა, ჯორზე შეჯდა, თან მორჩილი გაიყოლა და
თბილისისკენ წავიდა.
111პავლია კუტმა ისე განვლო გრძელი გზა, სატახტოდან სამხრეთისაკენ
მიმავალი კაცი არ შეხვედრია. გზიდან ხედავდა: ახლომახლო სოფლებიდან
ქორისაგან დაწიოკებული წიწილებივით გარბოდნენ ქალები და ბალღები,
მოხუცები და ხეიბრები. დაფეთებულები სტოვებდნენ სახლ-კარს და სარჩო-
საბადებელს და მაღალი მთებისა, დაბურული ტყეებისა და მიუდგომელი
გამოქვაბულებისაკენ მირბოდნენ უკანმოუხედავად.
დროდადრო ქართველი მხედრები გაიქროლებდნენ ცხენხეთქებით. ალბათ,
მზვერავები იყვნენ და სატახტოსაკენ მტრის მოძრაობის ამბავი მიჰქონდათ.
ცხენის ფეხის მტვერი ჩადგებოდა, ფლოქვების ცემის შორეული ხმა
მიწყდებოდა და ირგვლივ ისევ შიშისმომგვრელი სიჩუმე დგებოდა.
პავლია ჯორს მათრახს სცემდა და აჩქარებდა. უნდოდა, როგორმე
თბილისში მტრის მოსვლამდე შეესწრო, თორემ მერე გვიან იქნებოდა,
ხვარაზმელები ქალაქს ალყას შემოარტყამდნენ და საქართველოს სატახტოში
საპყარი ბერი კი არა, ალბათ, ჩიტიც ვეღარ შეფრინდებოდა.
ზურგზე აბგააკიდებული მორჩილი სირბილით მოსდევდა, ჯორს
უსწრებდა და ზოგჯერ თვითონაც სცემდა წკეპლას ფეხმოდგმულ, ოჩან
პირუტყვს.
როდის-როდის ქალაქს მიატანეს, მაგრამ შიგ შესვლა გაძნელდა. თბილისის
ყველა კარი მაგრად იყო დახშული, ქალაქი საომარ ბანაკად ქცეულიყო, არც
შიგ უშვებდნენ ვისმე და არც გარეთ ატარებდნენ კაციშვილს.
დიდხანს ატრიალა ჯორი პავლიამ დახშულ რკინის კართან. გუშაგები
უყურებდნენ ზღუდის ქონგურებიდან ჯორზე ამხედრებულ ბერს და ხელის
ქნევით ანიშნებდნენ, აქაურობას გაეცალეო.
მაგრამ უცნაური ბერი რკინის კარს არ ეხსნებოდა, ზედ ვერცხლისთავიან
არგანს სცემდა და თან განწირულად იხვეწებოდა ქალაქში შეშვებას.
ბოლოს ბერის მოძალებამ და სიჯიუტემ თავისი გაიტანა, გუშაგებმა
ციხისთავს გადასცეს ჯოროსანი ბერის სათხოვარი.
თბილისის ციხისთავად დადგენილი გოჩი მუხასძე კოშკზე გადმოდგა.
შორიდანვე იცნო თორელის ცოლის ძმა, კარის გაღება უბრძანა და პავლია
კუტის ჯორი თბილისის ქუჩებში შეჩაქჩაქდა.
სულტან ჯალალედინის მდივანმა, მოჰამედ ენ ნესევიმ თავისი თვალით
ნახა მთელი ის უბედურება, რაც ჩინგიზის ურდოებმა დაატეხეს თავს
ხვარაზმშას უზარმაზარ სამფლობელოს.
მის თვალწინ დაემხო აყვავებული დიდი ქალაქები, მიწასთან გასწორდა
მიუვალი ციხე-სიმაგრეები და ულმობლად გაიჟლიტა ასიათასობით
უდანაშაულო ადამიანი.
ყველაზე დიდი გულისტკივილით მოჰამედმა თავისი მშობლიური
ქალაქის, ნესას დანგრევისა და აოხრების გამო განიცადა. ბევრი ახლობელი
დაეღუპა ნესაში მოჰამედს, მთელი თავისი სიმდიდრეც იქ დაკარგა, მაგრამ
ყველა დანაკლისზე მეტად განათლებულსა და წიგნის მოყვარულ მოჰამედს
112გული იმ წიგნსაცავის განადგურებამ დასწყვიტა, რომელსაც წლების
განმავლობაში ასეთი ზრუნვითა და რუდუნებით აგროვებდა.
სულტნის სამსახურში თავის ნებით შესული ნესევი მონგოლთა
მძლავრობისაგან დახსნის მთელ იმედს ჯალალედინზე ამყარებდა. ხვარაზმშა
მუჰამედის შვილთაგან, მხოლოდ მას თვლიდა ტახტის ერთადერთ ღირსეულ
მემკვიდრედ. ნესევის რწმენით, საშინელი მტრის დამარცხებას, მამის უნაპირო
სამფლობელოს პატრონობასა და მთელი საისლამოს მფარველობას მხოლოდ
ჯალალედინი შესძლებდა.
იგი სასოებით შეჰყურებდა გაბედულსა და თავზეხელაღებულ სულტანს,
მისი ძლიერი ნებისყოფითა და გაუტეხლობით მოხიბლულს სჯეროდა, რომ
ჯალალედინი თავათ ალაჰისაგან იყო მოვლენილი მონგოლთათვის
სამაგიეროს გადასახდელად და რომ იგი მთელს სამაჰმადიანო სამყაროში
ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც შეეძლო წყეული ჩინგიზის გამკლავება და
განადგურება. ნესევს სწამდა, რომ მიუხედავად ბევრი მარცხისა და
უიღბლობისა, ჯალალედინის გამარჯვების ვარსკვლავი ბოლოს მაინც
აღმობრწყინდებოდა და მუსულმანთათვის ახალი, ბედნიერი ხანა
დაიწყებოდა.
ამ რწმენით დაბრმავებულ ნესევის სულტნის ყოველი ნაბიჯი ღვთისაგან
ნაკარნახევად ეჩვენებოდა და მის ყოველ გადაწყვეტილებას განგებისაგან
შთაგონებულად თვლიდა.
მოჰამედი ერთგულად ემსახურებოდა თავის მბრძანებელს, სანიმუშოდ
უძღვებოდა მისთვის მინდობილ საქმეს და სულტნის დივანში სამაგალითო
წესრიგი ჰქონდა დამყარებული.
მაგრამ თავის მთავარ საქმედ და მოწოდებად სხვა მიაჩნდა ნესევის. იგი
სულტან ჯალალედინის ცხოვრების მატიანეს წერდა და არა მარტო თავის
წმინდა ვალდებულებად თვლიდა ამ საპატიო საქმეს, არამედ თავისი
არსებობის გამართლებად და უპირველეს დანიშნულებადაც ეს მიაჩნდა.
თავათ უხვი და პატივმოყვარე სულტანი ყოველნაირად ხელს უწყობდა
მოჰამედს ამ ამოცანის ღირსეულად შესრულებაში, თავის მდივანთან
საუბრისათვის დროს არ იშურებდა და ფულითა და სხვა წყალობითაც უხვად
აჯილდოებდა.
ნესევის თავისი შრომა ისე ჰქონდა მოფიქრებული, რომ მასში არა მარტო
ხვარაზმისა და მისი ხელმწიფეების ისტორია უნდა მოეთხრო. შფოთითა და
ფათერაკებით სავსე თავგადასავალი ჯალალედინისა მდიდარსა და უხვ
მასალას იძლეოდა იმისათვის, რომ მისი ცხოვრების მემატიანეს აღეწერა და
მოეთხრო ყველა იმ ხალხისა და ქვეყნის ისტორია თუ გეოგრაფია,
რომლებთანაც ბედმა საქმის დაჭერა არგუნა დიდსა და აღმატებულ სულტანს.
ამ ხალხებიდან და ქვეყნებიდან ზოგი მტერი იყო ჯალალედინისა, ზოგიც _
მოყვარე და ხელისგამმართველი, მათი მტრობაცა და მოყვრობაც გარკვეულ
დაღს ასვამდა სულტნის მოქმედებასა და ცხოვრებას. ამიტომ, მონგოლთა
უღლისაგან დამხსნელი სულტნის ცხოვრების შემსწავლელ შთამომავლობას იმ
113ხალხების ცხოვრებაც უნდა სცოდნოდა, რომლებთანაც მას ურთიერთობა
ჰქონდა.
ამ ამოცანის განსახორციელებლად ნესევის სულტნის სამდივნოსთან
საგანგებო დანიშნულების სახელო ჰქონდა, სადაც იმ ხალხის მწიგნობრები
ისხდნენ
და
მუშაობდნენ,
რომელთა
ისტორიის
გაცნობა
შთამომავლობისათვის საჭიროდ მიაჩნდა ნესევის.
აქ იყვნენ მონგოლი და უიღური, სინდელი და ადარბადაგანელი და კიდევ
ვინ მოთვლის _ რომელი ქვეყნისა და რჯულის მწიგნობრები... ისინი ტყვედ
ჩავარდნოდნენ ჯალალედინს ამ ხალხებთან შეტაკებისას და ახლა, ნესევის
დავალებითა და ზედამხედველობით, მისივე მატიანის შესავსებად წერდნენ
თავიანთი ქვეყნების ისტორიასა და გეოგრაფიას.
ნესევის ამ თანაშემწეებს სულტნის მდივნისაგან ყურადღება და ზრუნვა არ
აკლდათ, მაგრამ ისინი მაინც ტყვეები იყვნენ და სულტნის ბანაკი რომ არ
გაემსტოვრათ ან იქიდან არ გაქცეულიყვნენ, გუშაგები ჰყავდათ მიჩენილი,
რომელთაც მკაცრად ჰქონდათ ნაბრძანები, დღედაღამ თვალი ედევნებინათ
მათი ქცევისა და ყოველი ნაბიჯისათვის.
მწიგნობართა ამ კრებულს მიემატა საქართველოს მეფის კარის მგოსანი
თურმან თორელი.
ნესევი დიდხანს ესაუბრა სულტნისაგან მისთვის მონად ბოძებულ
ქართველ მგოსანს:
_ ბედის ტრიალი აგრეა, მგოსანო! მისი ჩარხი ზოგისთვის წაღმა ბრუნავს და
ზოგისთვის _ უკუღმა. ისიც უნდა გახსოვდეს, რომ ეს ჩარხი სულ ერთი
მიმართულებით არავისთვის არ ტრიალებს. გუშინ რომ წაღმა ბრუნავდა და
მის შემყურეს თავი უბედნიერესი ეგონა, დღეს ჩარხი უკუღმა დაუტრიალებია
და მისი მინდობილი ენით უთქმელ განსაცდელში ვარდება. ქვეყანა
დღესდღეობით ისეა მოწყობილი, რომ ყველა ერთნაირად ბედნიერი არასოდეს
არ არი და არც იქნება, ერთის ბედნიერება მეორის უბედურებას იწვევს და
გულისხმობს, ერთი ერის ბედნიერება მეორის უბედურებას ნიშნავს და ერთა
შორის მტრობასაც ისევე არა აქვს დასასრული, როგორც ცალკეულ ადამიანთა
შორის შუღლსა და მოსისხლეობას.
გუშინ საქართველო ძლიერი და ბედნიერი ქვეყანა იყო, შენ მისი
თავისუფალი, ბედით კმაყოფილი შვილი იყავი. დღეს შენი ქვეყნის ჩარხი
უკუღმა დაბრუნდა და შენ ხვარაზმელი სულტნის მდივნის ტყვე ხარ.
ერთ დროს მეც სხვა ვიყავი, ჩემი სამფლობელო ქალაქი და ციხეები მქონდა
ხორასანში. მაშინ ჩემი ახლანდელი პატრონის მამას, ხვარაზმშა მუჰამედს,
თითქმის მთელი საისლამო ეკუთვნოდა. ბედნიერად, მოსვენებულად
ცხოვრობდა მთელი იმოდენა ქვეყანაცა და მეც ბედნიერად ვიყავი;
უზარმაზარი წიგნთსაცავი მქონდა, სულ იშვიათი და რჩეული წიგნებით სავსე,
სიმდიდრე ჩემს ხელთ იყო და მოცალება. გამოჩენილ მგოსნებთან და
სწავლულებთან საუბარსა და კამათში, ღრმაშინაარსიანი წიგნების კითხვაში
ვაღამებდი და ვათენებდი და ჩემი ასეთი ცხოვრება სრულიადაც არ
114მეჩვენებოდა მათ დროსტარებაზე ნაკლებ მიმზიდველად, ვინც თავის დღესა
და წუთისოფელს ნადირობასა და შექცევას, ღვინოსა და ქალებს ანდომებდა.
მაგრამ, წეღანაც გეუბნებოდი, ბედი მუხთალია და დაუნდობელი. ალბათ,
მოსწყინდა სულ ჩვენთვის წაღმა ტრიალი, უცებ შებრუნდა და უკუღმა
გადატრიალდა. მონგოლეთის შორეულ უდაბნოში უცნობი ხალხი გამოჩნდა,
გაძლიერდა და ჩვენს წასალეკად დაიძრა. ბედმა თავის ამ ახალი ნებიერისკენ
იბრუნა პირი და ჩვენ ზურგი შეგვაქცია. ერთი ერის ბედნიერება, როგორც უკვე
გითხარი, გარდუვალად მეორის უბედურებაზე შენდება და მონგოლეთის
ვარსკვლავმა რომ ამობრწყინება იწყო, ხვარაზმის მნათობს ბინდი გადაეფარა.
ჩემი ბედნიერებაც იქ გათავდა. მაშინ, როცა ჩემი სამფლობელო და მშობელი
ხორასანი მტრის ფეხთქვეშ დაეცა და მე, მაწანწალასავით ხალთამოკიდებული,
გაუთავებელ გზას დავადექი...
თორელი ყურადღებით ისმენდა თავისი უცნაური პატრონის დარიგებასა
და შეგონებას.
უკანასკნელ სიტყვებზე ნესევის ხმა აუკანკალდა და ცრემლი მოერია.
_ მაგას რატომ ბრძანებთ, ბატონო, თქვენ ისევ სვებედნიერი და ძლიერი
ბრძანდებით, _ შეჰბედა თორელმა.
_ სვებედნიერი და ძლიერი! იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ესეც შედარებითია,
შენთან შედარებით, შეიძლება, ამჟამად მე აგრე ვჩანდე, მაგრამ ჩემი
დღევანდელი ბედნიერება ხომ იმას ვერ შეედრება, რომელიც ჩემს ნესასა და
ხორანდერში მქონდა.
ნესევიმ ცრემლი შეიმაგრა და განაგრძო:
_ ჩვენი სულტანი, რომლის გმირობა და გულმოწყალება შენ თვითონ ნახე,
დიდია და უძლიერესი. მართალია, აქამდე მასზე ძლევა წყეულ ჩინგიზ-ხანს
ჰქონდა, მაგრამ ეს სულტნის უღონობით ან უგუნურებით როდი აიხსნებოდა.
ალაჰმა ჩვენს დასასჯელად წარმოგზავნა შეჩვენებული ჩინგიზი, ჩვენთა
ცოდვათათვის სამაგიეროს მოსაზღვევად. ამიტომ, ამაო იყო ჯალალედინის
ყველა ცდა და ღონე, გმირობა და თავგანწირვა. ახლა, როცა ალაჰამდე მიაღწია
მორწმუნეთა სინანულმა და ვედრებამ, უფალმა ჩვენს სულტანს წყალობით
მოხედა, რადგან იგი არი მუსულმანთა ერთადერთი იმედი და ქომაგი. უფალმა
ჯალალედინის ბედის ჩარხუკუღმა ტრიალი შეწყვიტა და სულტანს მტერზე
გამარჯვება მისცა.
ამიერიდან ძლევა ჯალალედინის ხელთ იქნება, იგი დაამხობს თათართა
მძლავრობას, დაიბრუნებს თავისი მამის უზარმაზარ სამკვიდროს და
მშვიდობასა და მოსვენებას მიანიჭებს მორწმუნეებს.
გურჯისტანის დაპყრობა სულტნის დიდი გამარჯვებაა. ამის გამო ჩვენ
ალაჰს დიდ მადლობას ვწირავთ და ლოცვას აღვუვლენთ.
საქართველოს ძლევა სულტნის ცხოვრების მატიანეში ერთ-ერთ
უბრწყინვალეს ფურცლად შევა, შთამომავლობამ უნდა იცოდეს, თუ ვინ იყვნენ
ქართველები, სადა და როგორ ცხოვრობდნენ, ან როგორ მიაღწიეს ესოდენ
ძლიერებას.
115ყოველივე ამის მცოდნე შენა ხარ და შენ უნდა აგვიწერო შენი ქვეყნის ავ-
კარგი, ხალხის წესი და ზნე-ჩვეულება, წარსული და დღევანდელი. ბედი
გქონია, რომ მწიგნობარი ყოფილხარ და ამ საქმისთვის გამოდგები.
ამ მიზნით გიხსენი სულტნის რისხვისაგან და ჩვენ რომ არ
გვეშუამდგომლა, ახლა შენი მოჭრილი თავი თავრეზის ზღუდეზე იქნებოდა
მარგილზე
წამოცმული.
ვინძლო,
სულტნის
დიდსულოვნება
და
გულმოწყალება დააფასო და ამ შენთვის მინდობილ საქმეში მუყაითობა
გამოიჩინო, დაჯექ და შეუდექ საქართველოს აღწერას. ჩვენგან წყალობასა და
ყურადღებას ელოდე, თუ რამ დაგჭირდეს, მოგვმართე და დაგეხმარებით
რჩევით და გამოცდილებით. ჩვენი სულტანი, უფალი იყოს მისი შემწე, უხვია
და მოწყალე. შენ შრომას ღირსეულად დააფასებს და ნიჭსა და ჯილდოსაც არ
მოგაკლებს.
ნესევის ტყვე საქართველოს ისტორიის წერას შეუდგა. ბევრი რამ ახსოვდა,
ბევრი რამ კიდევ ნესევის წიგნებით, არაბული და სპარსული, ბიზანტიური და
სომხური წყაროებით, მოგზაურობისა და მემატიანეების ცნობებით შეამოწმა
და შეავსო. დასაბამიდან მოჰყვა და დაწვრილებით აღწერა, როგორც
ქართველთა ადგილ-სამყოფელი, ისე მათი ზნე და ცხოვრების წესი.
საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების თხრობას რომ
შეუდგა, მოჰამედ ნესევის ნათქვამი აეკვიატა: ნუთუ, ერთი ერის ბედნიერება
მართლა მეორის უბედურებას მოასწავებს! ნუთუ, ეს მგლური კანონი
ბატონობს ისტორიის განვითარებაზე და იგი ყველა დროისა და ხალხისათვის
მართლა გარდუვალი და აუცილებელია! მაშ, რისთვისღა არის სარწმუნოება,
ღვთის შიში და მოყვასის სიყვარული? ან იქნებ ეს კანონი ერთისაგან მეორის
მოსპობისა, მხოლოდ წყეული მაჰმადის მიერაა მოგონილი, რომელიც, მოსეს
მსგავსად, შურისგებასა და სამაგიეროს გადახდას ჩააგონებს მორწმუნეებს
საშინელი სიტყვებით: «კბილი კბილისა წილ და თვალი თვალისა წილ!»
თუ ეს კანონი მაჰმადის მოგონილია, მაშ ქრისტიანები რად ომობენ, რად
ჟლეტენ უდანაშაულო ადამიანებს, რად იპყრობენ ქვეყნებსა და მუსრავენ
ხალხებს მართლმორწმუნე ბიზანტიელები და ქართველები, რუსები და
დასავლეთის ქრისტიანები?! განა ჯვარცმულმა არ უქადაგათ: «არა კაც კლა!»,
«რომელმან გცეს ყვრიმალსა მარჯვენასა, მიუპყარ მარცხენეც!»
ასე ჟლეტდნენ ხალხები ერთიმეორეს მოსემდე და მაჰმადამდე, ბუდამდე
და ქრისტემდე. აგერ, მონგოლი ტყვე ზის თორელის გვერდით. მონგოლებს
ჯერ კიდევ თავიანთი ანბანი არა აქვთ და უიღურების დახმარებით
უიღურებისავე დამწერლობით სარგებლობენ. მოჰამედ ნესევის მიერ
გამოგონილ ამ უცნაურ დაწესებულებაში მონგოლი ტყვის გვერდით უიღური
ზის, ისიც ჯალალედინის ტყვე. მონგოლი ველურია, ნამდვილი
პირველყოფილი. იგი ჩინგიზის მალემსრბოლი ყოფილა. გრძელ გზებზე
ჩინგიზს იამები აქვს თურმე დაწესებული, მალემსრბოლი აქ დაღლილ ცხენს
იცვლის და გზას განაგრძობს. მაგრამ თუ მანძილი ძალიან დიდია და
116მალემსრბოლიც ძლიერ დაღლილი, იგი გადასაცემ ამბავს სიმღერით ეუბნება
თურმე მეორე მალემსრბოლს, რომელმაც მისი გზა უნდა განაგრძოს და ამბავი,
დანიშნულებისამებრ, სიმღერითვე უნდა მიიტანოს.
როცა სინდელი ტყვე და თორელი მუშაობას ამთავრებენ, ნესევის ეს
ველური «მემატიანე» უიღურ მწიგნობართან რჩება, რაღაცას თავისებურად
სიმღერით გაჰკივის _ «მოუთხრობს». და უიღური თავის ენაზე იწერს მის
«ნაამბობს». ნაამბობი თურმე მონგოლთა ხალხური თქმულებებია. ეს
თქმულებები და გადმოცემები ჩინგიზ-ყაენის წინაპრებს ასხამს ქებას და
თავათ ჩინგიზსაც ღვთაებასავით ადიდებენ იმ გმირობის გამო, რომელსაც ის
იჩენს უდანაშაულო ხალხის ჟლეტასა და განადგურებაში.
თუკი ეს ველური ხალხიც ასევე უყურებს კაცობრიობის განვითარებას და
ისიც შეუგნებლად იმავე მგლური კანონით მოქმედებს, როგორითაც სხვა
დაწინაურებული ხალხები, ეს კანონი მართლაც საყოველთაო და აუცილებელი
ყოფილა, ყველა ხალხისათვის სავალდებულო და გარდუვალი.
მაშ რისთვისღა ჰყავდათ ხალხებს წინასწარმეტყველები, რისთვისღა თქვა
საკუთარ არსებაზე უარი ბუდამ, ან ქრისტე რად ეწამა ჯვარზე, ან მაჰმადმა
რაღად იქადაგა ახალი სარწმუნოება, თუ ადამიანების მოქმედების
განმსაზღვრელად ისევ და მაინც ერთიმეორის კვლა და მტრობა, ერთი ერის
მიერ მეორეზე ბატონობა დარჩებოდა?! თუ ერების ურთიერთობა საბოლოოდ
ძალმომრეობაზეა დაფუძნებული და ერთი ერის ბედნიერება მეორე ერის
უბედურებას ნიშნავს, მაშინ სამართლიანობა საერთოდ არა ყოფილა და სიკეთე
არ არსებულა, ეს ქვეყანა ძლიერების საბატონოდ გაჩენილა, ხოლო
სუსტებისათვის თავიდანვე მონის უღელი ყოფილა გამზადებული, ერთს
სამუდამოდ ბატონობა დაჰყოლია გაჩენის დღიდან, ხოლო მეორეს _ საუკუნო
მონობა. ძლიერები ამქვეყნიური სიკეთით ტკბებიან, უღონონი კი
გაჯახირებულ სიცოცხლეს მხოლოდ იმად ინარჩუნებენ, რომ სული ედგათ და
იარსებონ.
ასე არსებობდა საქართველოც დიდხანს, თითქმის დავით აღმაშენებლის
გამოჩენამდე. იმ დიდებული მეფის შემდეგ ქართველმა ხალხმაც ასწია თავი,
წელში გაიმართა, და ამ ცხოვრების სიკეთის გემო, თავისუფალი არსებობის
გემო და ეშხი გაიგო. სულ ახლახან დაიწყო ქართველობამ ადამიანური
ცხოვრება, ლაღი, ბედნიერი სიცოცხლე და ნუთუ ასე ხანმოკლე უნდა იყოს
მისი ბედნიერება, ნუთუ, ისევ მონის უღელში უნდა გაჰყოს თავი
საქართველომ, იმ უჩინარი კანონის ძალით, რომ ქვეყნად მასზე ძლიერი
გამოჩნდა და იმ ძლიერის ბედნიერება აუცილებლად თხოულობს მასზე
სუსტი საქართველოს კვლავ გაუბედურებას. ნუთუ, ეს კანონი მართლა
დაუძლეველია და საქართველოს ბედის ჩარხუკუღმა შეტრიალება კვლავ
გარდუვალია და აუცილებელი?!
წერდა თორელი და ფიქრობდა დაუსრულებლივ. იგი ღრმად აკვირდებოდა
თავისი ქვეყნის ისტორიას, წარსულის ამბებს დღევანდელს ადარებდა და
117თეთრად გაფრენილ ღამეებში ამაოდ ცდილობდა ადამიანთა და ხალხთა
ურთიერთობის ბნელსა და აუხსნელ კანონებში გარკვევას.
თავი მეოთხე
თავრეზს წასულმა სულტანმა თავისი ძმის ყიასედინის ხელქვეით
ორასიათასიანი ლაშქარი დასტოვა.
გარნისის გამარჯვების შემდეგ, არჭეშის მელიქი და სურმარის პატრონი
ეახლნენ ჯალალედინს, მორჩილება გამოუცხადეს და თავიანთი სამსახური
შესთავაზეს. სულტანმა მათი ჯარებიც ყიასედინის ლაშქარს შეუერთა და
საქართველოს სარბევად გაუსია.
ყიასედინის ლაშქარი კალიასავით მოედო სომხეთსა და ქვემო ქართლს,
კახეთს, ჰერეთსა და მესხეთს არსიანის მთებამდე. საქართველოს სამეფოს
დიდი ნაწილი არნახულ განსაცდელში ჩავარდა. თურქობისა და არაბობის
შავბნელი დრო დავიწყებული ჰქონდა ასი წლის მოსვენებული ცხოვრებით
განებივრებულ ქართველობას. ქვეყნის გულში შემოსული ლაშქარი ძარცვავდა
და იკლებდა, სწვავდა და აოხრებდა, მუსრავდა და სპობდა ყველაფერს.
ხვარაზმელები ცხენებით თელავდნენ აყვავებულ ბაღნარებს, ხმლით
ჩეხავდნენ ვენახებსა და მშიერი მგლებივით დათარეშობდნენ ქვეყნის ერთი
კუთხიდან მეორეში.
მოსახლეობას ბარში აღარ ედგომებოდა. სოფლები აიყარნენ. საცხოვრებელი
მიატოვეს, მთებსა და ტყეებში, გამოქვაბულებსა და დარანებში გაიხიზნენ.
სასტიკი დამპყრობლები არავის ინდობდნენ, დიდსა და პატარას
ერთნაირად უსწორდებოდნენ. ტყვეთა ქარავნებმა, ჯოგმა და ფარამ
სამხრეთისაკენ ჰქნა პირი და ადარბადაგანისკენ დაიძრა.
ქართველთა სიმრავლემ ბაზრებზე ტყვის ფასი დასცა და საუკეთესო გურჯი
ვაჟკაცი სამ-ოთხ დინარად ძლივსღა იყიდებოდა.
ხალხი თანდათან მიხვდა, თუ რა დიდი უბედურება მომხდარიყო
გარნისთან.
გარნისის ჟლეტასა და ტყვეობას გადარჩენილი ერის მთავრებიც გონს
მოდიოდნენ, თავის საგამგეო ქვეყნებში მაგრდებოდნენ და მტრის
წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ. გამწარებული ხალხი მთავრების
გარშემო იკრიბებოდა. ყველა, ვისაც ხელში ხმლის აღება შეეძლო, იარაღს
ისხამდა და ქუდზე კაცი საბრძოლველად გამოდიოდა.
ქართველთა მცირე რაზმები მოულოდნელი თავდასხმებით აწუხებდნენ
დამპყრობლებს, ხვარაზმელთა დიდ ლაშქართან პირისპირ შებმას ვერ
ბედავდნენ, მაგრამ ვიწროებსა და ძნელად გასაშლელ ადგილებში, სადაც კი
მოახელთებდნენ, მტერს დაუნდობლად მუსრავდნენ.
118ხვარაზმელთა მარბიელები დაშინდნენ, მთებსა და ვიწროებში მტრის
დევნას დაეხსნენ. ყოველი ხისა და კლდის უკან ჩასაფრებული ქართველი
ეგულებოდათ, ამიტომ სიფრთხილეს უმატეს, ცალ-ცალკე საშოვარზე
სიარულს მოეშვნენ და ქვეყნის რბევას დიდ-დიდ რაზმებად განაგრძობდნენ.
ქართველთა მეფის კარი და უმაღლესი სარდლობა ჯერ კიდევ დაბნეული
იყო. გარნისის მარცხის შემდეგ მთავარსარდლებს შორის უთანხმოება
ჩამოვარდნილიყო და ერთნებაობა დარღვეულიყო. ზოგნი საჩქაროდ ახალი
დიდი ლაშქრის შეყრას, თბილისის გამაგრებასა და ხვარაზმელებთან
გადამწყვეტ ბრძოლას მოითხოვდნენ; ზოგი ასე უცებ დიდი ლაშქრის შეკრებას
შეუძლებლად თვლიდა, თბილისის დაცვა წინასწარ განწირულად მიაჩნდა და
ამიტომ ჯალალედინთან მოლაპარაკების გამართვას სთავაზობდა მეფეს.
ახლად მოლოგინებული, მისუსტებული დედოფალი ხან ერთს
ეთანხმებოდა და ხან მეორეს, საბოლოოდ ვერც ერთ გადაწყვეტილებაზე ვერ
დამდგარიყო და ქვეყნის საშველად გაბედული ნაბიჯი ვერ გადაედგა.
დრო კი არ ითმენდა. მტერი გაბედულად, სწრაფი და ფიცხელი
მოქმედებით ახორციელებდა თავის განზრახვას.
ჯალალედინმა კარგად იცოდა, რომ გარნისის მარცხითა და ყიასედინის
ლაშქრის თარეშით გატეხილი ქართველებისათვის სულისმოთქმისა და გონზე
მოსვლის დრო არ უნდა მიეცა და საქართველოს სამეფოს საბოლოო
დაპყრობისათვის სწრაფად და ანგარიშიანად ემზადებოდა.
შალვა ახალციხელმა თავიდანვე კარგად აწონ-დაწონა გარნისის
დამარცხების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა. თავის სამკვიდროდან აყრილი
ხვარაზმის სულტანი ადარბადაგანში ფეხს დიდხანს ვერ მოიკიდებდა, დღეს
თუ არა, ხვალ მაინც გამოჩნდებოდნენ მისი გეშის მძებნელი მონგოლები,
ხვარაზმელებს ზურგიდან დაჰკრავდნენ, ან საბოლოოდ გაანადგურებდნენ, ან
იძულებულს გახდიდნენ ადარბადაგანიდანაც აყრილიყვნენ და სხვაგან
გადახვეწილიყვნენ.
შალვა ახალციხელს ჯალალედინის გამარჯვებაცა და ადარბადაგანში
ყოფნაც დროებითად ეჩვენებოდა, სულტნის მოსაჩვენარი ძლიერების იქით
მისი დაღუპვის გარდუვალობას ხედავდა.
ტყვედ ჩავარდნილ ახალციხელს თავისი სიცოცხლე ჩალადაც არ უღირდა,
მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნება მხოლოდ იმისთვის უნდოდა, რომ ივანე
მხარგრძელს ერთხელ პირისპირ კიდევ შეხვედროდა, მეფისა და ღვთის წინაშე
გარნისის მარცხის გამო მისთვის პასუხი მოეთხოვა და საბოლოოდ
გასწორებოდა.
მხარგრძელის ღალატში თავადაც არ იყო დარწმუნებული ახალციხელი,
მაგრამ ბრძოლის ველზე მტრის პირისპირ დგომისას ამირსპასალარის ესოდენ
უზრუნველობა და გაუფრთხილებლობა თავისთავად ღალატის სწორად
ეჩვენებოდა და მხარგრძელს პასუხი უნდა ეგო. შურისძიებისკენ მოუწოდებდა
ახალციხელს გარნისის კლდეებთან დაცემული ოთხი ათასი მესხი ვაჟკაცის
119თავგანწირვა, საქართველოს ძლიერების გატეხილი და შეგინებული სახელი,
სამშობლოს სიყვარული და მეფის ერთგულება.
რაკი ამ ფიქრს დაადგა და რახან ჯალალედინის ბატონობის დღეები მაინც
დათვლილად ეჩვენებოდა, შალვამ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა,
სიცოცხლე შეენარჩუნებინა. ამიტომ მოიდრიკა ამაყი ქედი ამ ბრგე ვაჟკაცმა
დროებითი გამარჯვებით გაამპარტავნებული ჯალალედინის წინაშე.
ჯალალედინსაც თავისი ანგარიში ჰქონდა შალვას მიმართ: მან გარეგნული
სიმშვიდე და დიდსულოვნება გამოიჩინა, ქართველ დიდებულს ღირსეული
მხედრული პატივი მიაგო და არა მარტო სიცოცხლე, არამედ მამულები და
ყმებიც აჩუქა და სამფლობელოდ მარანდი, სალმისი, ურმია და შუშნუია
მიუბოძა.
სიცოცხლის შენარჩუნებაზე მზრუნველი ახალციხელი სულტნის მზეს
ფიცულობდა და თავს ჯალალედინის მიერ გაბედნიერებულ კაცად აჩვენებდა.
ამოდენა სამფლობელოს დაპატრონებული დიდებული დროს ნადირობასა და
შექცევაში ატარებდა და თავი ისე ეჭირა, ვითომ აღარც სამშობლო ახსოვდა,
აღარც თავისი ცოლ-შვილი და ახლობლები.
ჯალალედინისაგან საგანგებოდ მიჩენილი მოენეები, მსახურები და
მზირები მის ყოველ ნაბიჯს ადევნებდნენ თვალს,
ყოველნაირად
უზვიადებდნენ გარნისში მომხდარ მარცხს, ამირსპასალარის ღალატში
ათასგვარად არწმუნებდნენ და თანაც ამ ღალატს მისდამი შურითა და
მტრობით უსაბუთებდნენ.
ჯალალედინმა ორჯერ ინახულა ახალციხელი. მასთან ნადირობით გაერთო
და სუფრაზეც ეწვია. მოეწონა სულტანს ქართველთა უპირველესი მეომარი.
შალვას ნასროლი ისარი აუცდენლად ხვდებოდა მიზანს, ხოლო მისი
დარბაისლური ქცევა და სიტყვა-პასუხი ხელმწიფეების ღირსად ეჩვენა.
საუბარში სულტანმა მაჰმადის რჯულზე ჩამოუგდო სიტყვა. შალვა
განზრახვას მიუხვდა და თავად დაასწრო:
_ მაჰმადის სარწმუნოების უმეცარი ვარ, გთხოვ, ყურანის მეცნიერი ვინმე
მომცე, რომ თქვენი რჯული მიქადაგოს, განმიმარტოს და მისი უპირატესობა
შემაგნებინოს.
ჯალალედინმა ახალციხელის თხოვნა სიამოვნებით აღასრულა და შალვას
მეორე დღესვე ყურანის მეცნიერი ყადები და შეიხები გაუგზავნა. შალვა
მაჰმადის რჯულის ქადაგებას მოთმინებით უსმენდა და თავს ისე აჩვენებდა,
ვითომ სიბრძნის წყაროს ეწაფებოდა და ყურანის ყოველი სურა გულში
სწვდებოდა.
ჯალალედინთან საუბარში შალვა განზრახ აზვიადებდა თავის აღშფოთებას
გარნისის ომში «ქართველთა ღალატის» გამო. მხარგრძელსა და მის
თანაშემწეებს აგინებდა და იმ დღეს ნატრობდა, როცა სამაგიეროს გადახდის
შემთხვევა მიეცემოდა. თავის მხრივ, ჯალალედინიც შხამს შხამზე აწვეთებდა.
_ ქართველებს დიდძალი ოქრო შეუკრებიათ და ტყვეების გამოსახსნელად
მოგვმართეს, _ უთხრა სულტანმა.
120ახალციხელი გაილურსა, ატყობდა, სულტანი რაღაც ქსელსა ქსელავდა.
_ ყველაზე დიდ თანხას შენს გამოსასყიდად ველოდი, _ განაგრძო
ჯალალედინმა, _ მაგრამ ქართველებმა უცნაური გულმავიწყობა გამოიჩინეს,
გრძელი სია გვაახლეს. იმ სიაში უბრალო აზნაურებიც არ გამორჩენიათ,
მხოლოდ ჩვენი ყველაზე ძვირფასი ტყვე დაავიწყდათ ქართველებს, მეფის
ვაზირი და უპირველესი სარდალი. ახალციხელის გამოსასყიდად ქართველთა
მეფე ერთ დინარსაც არ იმეტებს...
ჯალალედინმა ქვეშ-ქვეშ გახედა ახალციხელს, ნათქვამით მოხდენილი
შთაბეჭდილების ამოკითხვას ცდილობდა მის სახეზე ძლიერი სულტანი.
ახალციხელი მიუხვდა სულტანს და თავი აღშფოთებულად მოაჩვენა.
_ ერთხელ გაყიდულს უკან აღარ გამომისყიდიან! _ დაიგმინა ახალციხელმა
და ცისკენ ხელი აღაპყრო. _ მაგრამ თუ ღმერთმა წყალობის თვალით მომხედა
და სამაგიერო მაზღვევინა, მაშინ ნახონ, როგორ გადავუხდი ქართველებს.
_ იძიებდი შურს ქართველებზე? _ ისევ ცბიერად გახედა ჯალალედინმა, _
იბრძოლებდი მხარგრძელის წინააღმდეგ?
_ ვიბრძოლებდიო? მაგ დღის დადგომის იმედითღა ვცოცხლობ,
დიდებულო ხელმწიფევ, ოღონდ იმას მოვესწრო, მხარგრძელსა და ჩემს
გამწირველ ქართველებზე შური ვიძიო, ქვას ქვაზე არ დავტოვებდი, დიდსა და
პატარას ყველას ერთნაირად გავუსწორდებოდი და ღალატსა და ორგულობას
მწარედ ვანანებდი.
_ მაგ დღეს მალე მოესწრები, _ ბრძანა ახალციხელის ნათქვამით
ნასიამოვნებმა სულტანმა და შალვა სმენად იქცა, _ მაგ დღეს მალე მოესწრები,
დღეს თუ ხვალ ქართველებს შევესევი და იმ მთებსაც დავიპყრობ, სადაც
თქვენი გახიზნული დედოფალი იმალება. შენ იმ მთებში მისასვლელი გზები
გეცოდინება და თუ კარგ მეგზურობას გაგვიწევ, ჩვენგან დიდ პატივსა და
წყალობას დაიმსახურებ.
ახალციხელი მუხლზე დავარდა და სულტნის კალთას ემთხვია.
_ ოღონდ ჯარი მომეცი, ხელმწიფევ, და მიუვალ, ჯერ უცხოთაგან
ფეხდაუდგამ მთებში შეგიყვან, ერთ მტკაველ მიწას არ დავტოვებ
საქართველოში, სადაც თქვენი ძლიერების დროშა არ იფრიალებს.
_ თუ ქართველთა წინააღმდეგ ომში ჩვენს ერთგულებას გამოიჩენ და
გვიწინამძღვრებ, დაპყრობილ საქართველოს შენ დაგიმორჩილებ და ქვეყნის
პირველ კაცად გაგხდი, _ ბრძანა სულტანმა და ახალციხელი ისევ მუხლზე
დავარდა მისი კალთის სამთხვევად.
ჯალალედინმა თავისი ბიძის, ორხანის მეთაურობით ლაშქარი განძის
დასაპყრობად გაგზავნა. იმ ლაშქარს შალვა ახალციხელიც გააყოლა და თავის
უპირველეს ემირს დაავალა ქართველ ტყვეს დაკვირვებოდა, მისი ერთგულება
და გულწრფელობა გამოეცადა.
ახალციხელს ორხანი ტოლივით ექცეოდა, პატივს არ აკლებდა და რჩევას
ეკითხებოდა.
121შალვამ იცოდა, განძაზე ლაშქრობა მისთვის გამოცდა იყო და რომ მის
ყოველ ნაბიჯს სულტნის ჯაშუშები ადევნებდნენ თვალყურს. ახალციხელი
ყველგან სულტნის ქება-დიდებას ამბობდა და თავი ყველასთან ჯალალედინის
ნდობითა და დიდსულოვნებით მოჰქონდა.
შალვას არაერთხელ ჰქონდა განძა აღებული და დალაშქრული, ქალაქის
მისადგომები და სიმაგრის სუსტი ადგილები კარგად იცოდა. ახლაც, განძის
აღებისას, შალვამ მისთვის ჩვეული გმირობა გამოიჩინა, ხვარაზმელებს
მართლაც განსაცვიფრებელი ბრძოლა აჩვენა და განძის შელეწილ კარში
პირველი შევარდა და ორხანის გული კიდევ მეტად მოიგო.
სულტანი ორხანისა და თავისი მსტოვრების ნაამბობმა საბოლოოდ
დაარწმუნა ქართველი დიდებულის ერთგულებაში.
ამბავი ყრუ-მუნჯისა და მისი ლამაზი ცოლისა
ათაბაგ უზბეგს ერთი გაუბედურებული ვაჟი დარჩა. ეს ვაჟი დაბადებით
ყრუ-მუნჯი იყო და სახელად ქამუშს უხმობდნენ.
უზბეგს მის მეტი ვაჟი არ ჰყავდა. ხუთ წლამდე კიდევ ჰქონდა იმედი, ეგებ
ენა ამოიდგასო, მაგრამ უფლისწული სამუდამოდ მუნჯი დარჩა,
გარესამყაროსი არა ესმოდა რა და თავადაც ვერაფერს აგებინებდა.
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ქამუშის ესმოდა, მისი აღმზრდელი იყო.
ხელის მოძრაობით, თვალის და სახის გამომეტყველებით ესაუბრებოდა იმ
უცნაურ კაცს, რომელიც ყველასათვის აუხსნელსა და გაუგებარ ენაზე
ლაპარაკს ღვთის ჩაგონებით მისჩვეოდა. ებრალებოდა უზბეგს განგებისაგან
დაჩაგრული ერთადერთი მემკვიდრე. თავისი მემთვრალეობისა და
უზრუნველობის გამო არც ცოლების, არც სხვა შვილებისა და არც ქვეყნის
წინაშე თავს დამნაშავედ და შემცოდედ არ გრძნობდა. ქამუშის წინაშე კი
უღონო იყო ათაბაგი, მემკვიდრის უბედურების მიზეზად რატომღაც
თავისთავს თვლიდა, მისი ჭკვიანი თვალების ნაღვლიან ცქერას ვერ უძლებდა
და საცოდაობით იწვოდა.
უზომოდ ანებივრებდა, ყოველგვარ სურვილს სიხარულით უსრულებდა და
საარაკო ფუფუნებაში ზრდიდა უზბეგი თავის ვაჟს. სარწმუნოებაზე მაშინ
აიღო ხელი ათაბაგმა, როცა მის უბედურ შვილს არც ლოცვა-ვედრებამ უშველა,
არც
წმინდა
ადგილების
მოვლამ
და
არც
სასწაულთმოქმედი
მიზგითებისათვის უთვალავი
სიმდიდრის შეწირვამ, ღვინოსა და
მემთვრალეობასაც ქამუშის ჯავრითა და საცოდაობით მიეძალა და
გამოფხიზლებისა უფრო იმიტომ ეშინოდა, რომ უენობითა და სიყრუით
დატანჯული შვილისათვის უნდა ეცქირა.
უზბეგმა მემკვიდრეს ცალკე სასახლე აუშენა და საცხოვრებლად იქ
გადაიყვანა. ქამუშის კარი მსახურთა სიმრავლით, სიმდიდრითა და
122ფუფუნებით უზბეგისას აღემატებოდა, მაგრამ უფლისწული მაინც საპყარი და
უბედური რჩებო-და.
სმენადახშულსა და უენო უფლისწულს წიგნი ვერ ასწავლეს, ისეც
გაწამებული ბავშვი სწავლითა და წვრთნით აღარ გააწვალეს და ქამუში
გონებრივად განუვითარებელი დარჩა.
სამაგიეროდ, სხეული გაეზარდა ქამუშს, ტანი აიყარა, ახოვანი და ძალუმი
ვაჟკაცი დადგა. მხარბეჭიან, ღონიერ ჭაბუკს ჭკუა ისევ ბავშვისა დარჩა, სუსტი
და განუვითარებელი.
ეგებ ცოლის შერთვამ და შვილების გაჩენის სიხარულმა მაინც გაახალისოს
სულ მუდამ მოწყენილი და დაღონებული უფლისწულიო, _ იფიქრა უზბეგმა
და სასძლოს ძებნას შეუდგა.
ადარბადაგანის ათაბაგის მოყვრობაზე უარს ვინ იტყოდა და უზბეგმა
სასძლოდ მარაღის ბატონის ულამაზესი შვილიშვილი მოიყვანა.
დიდი ქორწილი გადაუხადა მემკვიდრეს და თავს უძვირფასესი საჩუქარი
გადააგდო. ეს იყო სპარსეთის ზღაპრული მეფის ქეიქაუსის ოქროს ქამარი. ეს
ქამარი ქეიქაუსის შემდეგ მის შვილებსა და შვილიშვილებზე გადადიოდა
მემკვიდრეობით და ბოლოს ილდეგიზიდ ფაჰლავნებს რგებოდათ. ამიერიდან
ილდეგიზიდების უკანასკნელ შთამომავალს, ყრუ-მუნჯ ქამუშს უნდა
რტყმოდა წელზე ქეიქაუსის ოქროს ზღაპრული სარტყელი. სარტყელი
შემკული
იყო
მრავალი
პატიოსანი
თვლით,
რომელთა
შორის
ხელისგულისოდენა, მრგვალი ლალი იყო ჩასმული. ეს იყო ყველაზე
საკვირველი და ყველაზე ბრწყინვალე ლალი. ლალზე წარწერილი იყო
სარტყლის ყველა მფლობელის სახელი, ქეიქაუსიდან მოყოლებული და
ქამუშით გათავებული.
ქვეყნისაგან მოწყვეტილმა ქამუშმა ლამაზი ცოლი ნივთივით დაისაკუთრა.
ადამიანთა ახლო ყოფნასა და ურთიერთობას მოწყურებული ჭაბუკი ქალს
წუთით არ იშორებდა, გარეთ არ უშვებდა და ახლო არავის აკარებდა.
ყრუსა და უენოსათვის სხვებთან ყოფნა წამება იყო, ცოლთან თავისი
ნაკლისა რატომღაც არა რცხვენოდა, მზის ჩასვლასა და დაღამებას ხსნასავით
ელოდა: ღამე ვერავის ხედავდა, მოსასმენის მოუსმენლობითა და სათქმელის
უთქმელობით არ იტანჯებოდა. ცოლთან უსიტყვო ალერსის ბედნიერებას
ეძლეოდა და გათენებას, მზის ამოსვლას ისევ თავმოძულებული ხვდებოდა.
ქამუშის ცოლი ნორჩი და გამოუცდელი ქალი იყო. პირველ დღეებში ისე
მტკივნეულად ვერ გრძნობდა ქმრის უბედურებას, ვაჟკაცის ღონიერი
მკლავები და სარეცლის სიამენი უყუჩებდნენ, ავიწყებდნენ დღისით
მიყენებულ გულისტკენას, მაგრამ შემდეგ, როცა ლოგინსაც შეეჩვია, საარაკო
სიმდიდრისა და ფუფუნების ყველა უპირატესობასაც, ქამუშის ცოლმა
თანდათან იგრძნო, რომ ქვეყნად ყველაზე უბედური ქალი იყო. აყლაყუდა,
გოლიათი ვაჟკაცი გონებასუსტი და ბავშვის ჭკუისა აღმოჩნდა. მისი ქცევა,
ყოველი ნაბიჯი ბალღური და ჰასაკისათვის შეუფერებელი ჩანდა. მსახურები
და კარისკაცები უფლისწულის ყოველ სისულელეზე სიცილს ძლივს
123იმაგრებდნენ და პატარა დედოფლისაგან შეკავებული ღიმილის დაფარვას
ცდილობდნენ.
პირველ ხანს ამ სატანჯველისაგან ერთადერთ ხსნად დედოფალსაც მზის
ჩასვლა და დაღამება ესახებოდა; იქ, ცოლ-ქმრულ სარეცელზე ქამუში კაცი იყო,
ღამეში მისი ცოლი ვეღარც სიმუნჯით გაწამებულ ქმრის სახეს ხედავდა, აღარც
ქმარი იქცეოდა ყმაწვილურად.
მაგრამ ღამეებმაც დაჰკარგეს თავისი სიამე, რადგან ქამუშის ცოლი
ულამაზესი ქალი იყო და მისი სიტურფე მარტო ღამის საკუთრებად როდი იყო
გაჩენილი. მოსწყინდა ახალგაზრდა ქალს ღამურასა თუ ჭოტივით ღამის
სიბნელით ტკბობა; დღის სინათლეზე გასვლა, თავისი მშვენიერებით სხვათა
თვალის გახარება და ამით საკუთარი გულის გახარებაც უზომოდ მოუნდა.
ქალს ხალხისკენ, სამზეოსკენ ეძახდა გული, ქმარი მარტოობისკენ,
სიბნელისაკენ ეწეოდა, ქალი გასაქცევს ეძებდა, ქმარი უფრო ჰკეტავდა და
გარეთ არ უშვებდა.
უბედურ ქამუშს მამა გარდაეცვალა. ადარბადაგანის უდიდესი ნაწილი უკვე
ხვარაზმელ სულტანს დაეპყრო, ქვეყანა აწეწილი იყო და უპატრონოდ
დარჩენილ უმწეო ქამუშს ღვთისა და თავისი მეუღლის მეტი იმედად აღარავინ
ჰყავდა.
ჯალალედინის
ვაზირი
ქამუშის
სამკვიდროს
მოადგა.
ალყაშემორტყმული უზბეგის ძის ავ-კარგი გამოიკითხა. ქამუშის ცოლის
უბადლო სილამაზე და ათაბაგის მემკვიდრის საარაკო სიმდიდრე რომ
აღუწერეს, გადაწყვიტა, ერთსაც დაპატრონებოდა და მეორესაც, სულტნის
ვაზირს ჩუმად, ჯალალედინის შეუტყობლად, უნდოდა ქამუშის ცოლისა და
ავლა-დიდების ხელში ჩაგდება. საგონებელსა და ხერხის ძებნაში რომ იყო,
სწორედ მაშინ მოუვიდა ქამუშის ცოლისგან საიდუმლო მოციქული.
დედოფალი თავის ნებით დანებებას აღუთქვამდა, თუ ვაზირი ცოლად
შეირთავდა. ვაზირმა ცოლად შერთვის ფიცი შეუთვალა და ქამუშის
თანამეცხედრე ღამით შერეფელმოლკის ბანაკში გაიპარა.
სწორედ იმ დღეს, სრულიად მოულოდნელად, დაბარებულივით გაჩნდა
შორს მყოფი ჯალალედინიც, ვაზირის უმშვენიერეს ნადავლს ქორივით
დააცხრა, ქამუშის ცოლი ხელიდან გამოგლიჯა და მისი ალერსითაც თვითონ
გაძღა.
მარტოდდარჩენილმა ქამუშმა ცოლი მოიკითხა, ვერსად იპოვა. ბოლოს
გაუმხილეს, მტერს ეახლა და დანებდაო. ქამუშმა ღრიალი მორთო,
ტანსაცმელი შემოიხია და ყველაფერი დალეწა. მერე ხვარაზმელების ბანაკში
შევარდა ღმუილით. სულტნის სამყოფელისკენ გაიჭრა, მაგრამ მცველებმა
ხელი სტაცეს. არ ნებდებოდა, ხელითა და ფეხით, თავითა და კბილებით
იბრძოდა და უძალიანდებოდა ქამუში შესაპყრობად დახვეულ სულტნის
მამლუკებს, როგორც იყო, შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
ბნელ საპყრობილეში დატუსაღებული ქამუში რომ ჯავრითა და
უჭმელობით ილეოდა, მისი ცოლი ქვეყნის მპყრობელი სულტნისა და უებრო
ვაჟკაცის ალერსით ტკბებოდა. კაცთან ლაპარაკს თითქმის გადაჩვეული
124ქამუშის ცოლი ბედნიერი იყო: ჯალალედინს მისი ჩურჩული კი არა,
გულისფეთქვაც ესმოდა და ვაჟკაცის საალერსო სიტყვას დანატრებულ ქალს
ნაზად, გამორჩეული სიტყვით ეფერებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ჯალალედინს მოახსენეს: ათაბაგის ყრუ-მუნჯი
მემკვიდრე სულტნის ნახვას თხოულობს და სასმელ-საჭმელს პირს არ
აკარებსო. მხოლოდ მაშინ გაახსენდა ჯალალედინს ქამუშის არსებობა.
საპყრობილიდან გამოაყვანინა და მაღალი შთამომავლობის ღირსი პატივით
დაუხვდა.
ქამუში სულტნის წინაშე დაემხო. ხალათქვეშ დაფარული ოქროს ძვირფასი
სარტყელი მოიხსნა, ჯალალედინს გაუწოდა და თვალცრემლიანმა შეზმუვლა,
სულტანმა იმ გაურკვეველი ზმუილისაგან ვერაფერი გამოიტანა, მაგრამ ოქროს
ვეებერთელა სარტყლისკენ კი გაექცა თვალი. მაშინ ქამუში თავის გამზრდელს
მიუბრუნდა, მისთვის ნაცნობ ხელისა და თვალის ენაზე რაღაც უთხრა.
გამზრდელმა სულტანს მოახსენა: ათაბაგის ძე ქამუში დიდებული სულტნის
ფერხთ ემთხვევა, მის დღეგრძელობას შესთხოვს ალაჰს და თავს მის მონად
აცხადებს. უზბეგის ძე უარს ამბობს თავის სამკვიდროზეც, მამისაგან
ნაანდერძევ სიმდიდრესა და ქონებაზეც და დიდსა და აღმატებულ სულტანს
საჩუქრად უძღვნის ამ ფასდაუდებელ ოქროს სარტყელს, რომელიც ქეიქაუსს
ეკუთვნოდა პირველად და შემდეგ მემკვიდრეობით გადადიოდა სპარსეთის
მეფიდან მეფეზე. ამ სარტყლის მსგავსი ჯერ არაფერი შეუქმნია კაცის ხელს და
მას ქვეყნად ვერაფერი შეედრება, ვერც პატიოსანი თვლების ფასითა და ვერც
ხელოვნებით. ათაბაგის მემკვიდრეს ერთადერთი სათხოვარი აქვს დიდი
სულტნის წინაშე _ უბოძოს უკანვე თავისი მეუღლე. ხვარაზმის მორჭმულ
სულტანს ცოლიც ბევრი ჰყავს და ამ ქვეყნის სხვა მრავალი სიკეთითაც ტკბება,
ქამუშს ეს ერთადერთი ქალი ჰყავს _ იგი არის მისი საპყრობის ნუგეში, ამ
ქვეყნის ერთადერთი სიამე და სიცოცხლის სიხარული.
ჯალალედინს შეებრალა უენო, სმენადახშული ვაჟკაცი. ცოლისაგან
ღალატით მიტოვებული ქამუში სიცოცხლის ერთადერთ სიხარულად ისევ იმ
ცოლს სახავდა, იგი ყველაფერი იყო მისთვის, ხოლო ჯალალედინისთვის _
უკვე აღარაფერი. რა უცნაურად არის მოწყობილი წუთისოფელი, ადამიანი
იმისგან ივლტის, ვისთვისაც იგი სიცოცხლის ერთადერთ აზრად ქცეულა და
მისკენ გარბის, ვისთვისაც იგი ჩალადაც არ ღირს.
_ წუთისოფელი და დედაკაცი ორივე ერთნაირად უმადური და
გაუტანელია. ჩვენ, ვაჟკაცები, მიტომა ვართ ამქვეყნად, რომ დედაკაცის
უმადურობა დავთრგუნოთ და წუთისოფლის გაუტანლობას ვებრძოლოთ! _
ბრძანა ჯალალედინმა, ქამუში ფეხზე წამოაყენა და გვერდით დაისვა. მერე
ვაზირს უბრძანა, ათაბაგის ძისათვის სასახლე და სამკვიდრო მამული
ხელუხლებლად დაებრუნებინათ, მისი ცოლი ახლავ მოეყვანათ და ქმრისთვის
ჩაებარებინათ.
ჯალალედინმა ქეიქაუსის სარტყელი წელზე შემოირტყა და იქაურობა
დასტოვა, რადგან ქამუშის ცოლის უბედურებისათვის ცქერა არ უნდოდა.
125მეორე დილით ქამუში და მისი ცოლი საწოლში მკვდრები ნახეს. ორთავეს
მძინარეებივით მშვიდი, უშფოთველი გამომეტყველება შერჩენოდათ,
ძალდატანების ნიშნები არცერთს არ ეტყობოდა.
საწოლთან საწამლავის დაცარიელებული შუშა ეგდო და ვერავინ მიხვდა,
თუ ვის ვინ მოეკლა.
ჯალალედინმა ქეიქაუსის სარტყელს თავისი ძვირფასი თვლებიც მიუმატა
და ლალის დიდი თვალი შუაში მოათავსებინა.
ოქრომჭედელმა სარტყელზე წვრილად ამოყვანილი ქეიქაუსის ანდერძი
ამოიკითხა: «იყოს წერა ჩემი, ვინც უკანონოდ შემირტყას».
სულტანმა წარწერის აზრი და მნიშვნელობა გამოიკითხა; მოახსენეს: ეს
სარტყელი ქეიქაუსის ტახტისა და გვირგვინის კანონიერ მემკვიდრეებზე
გადადიოდა, თუ ძალით ან რაიმე შემთხვევის გამო ისეთი პატრონის ხელთ
ჩავარდებოდა, რომლის ძარღვებშიაც ქეიქაუსის კეთილშობილი სისხლი არ
ჩქეფდა, ანდერძი უცილობლად სრულდებოდა, ოქროს სარტყელის
მიმთვისებელი იღუპებოდა და სარტყელი ისევ ქეიქაუსის კანონიერ
შთამომავალს უბრუნდებოდა.
ჯალალედინს
გაეცინა.
ეჭვი
აიღო,
ალბათ,
წინასწარ
არიან
მოლაპარაკებული, რომ ესოდენ ძვირფას სარტყელზე ხელი ამაღებინონო.
სულტანმა მის წინაშე თავდახრილ ვაზირს გამომცდელად შეხედა.
შერეფელმოლკი კიდევ უფრო მოიხარა და მბრძანებელს შეჰბედა:
_ წელზე ნუ შეირტყამ, საჭურჭლეში შევინახოთ ეგ სარტყელი, ხელმწიფევ,
ამით ანდერძიც დაურღვეველი დარჩება, სარტყლის პატრონიც შენ იქნება და
ქეიქაუსის წყევლასაც ძალა აღარ ექნება...
ანგარი და ხარბი ვაზირის ზრუნვამ და თავგამოდებამ კიდევ უფრო
დაარწმუნა
სულტანი,
რომ
ყველანი,
ოქრომჭედელიც,
წარწერის
განმმარტავიცა და ვაზირიც წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულნი.
ჯალალედინმა ერთი მგელივით მოხედა ვაზირს.
_ ქამუშის სიკვდილის შემდეგ, ქეიქაუსის შორეული ნათესავიც აღარავინ
დარჩა ცოცხლებს შორის. თუ ვინმეს თავისი კეთილშობილებით უფლება აქვს
ქეიქაუსის ტახტისა და ქვეყნის კანონიერ მემკვიდრედ ჩასთვალოს თავი,
პირველი მე ვარ და სხვაზე უფრო მე მეკუთვნის ამ სარტყლის შერტყმა. დე,
ჩემზე აღსრულდეს ქეიქაუსის წყევლა, _ ჩაიცინა სულტანმა და მსახურებს
ანიშნა, სარტყელი წელზე შემოერტყათ.
_ ასრულდეს ნება შენი! _ თაყვანი სცა გაწბილებულმა ვაზირმა და უკან
მუხლზე ხოხვით წავიდა.
მოჰამედ ნესევი ყურადღებით კითხულობდა თორელის შრომას.
ქართველების სახელი მხოლოდ ირანში მოსვლისას გაიგონა პირველად, მათ
ველურ მომთაბარეებად თვლიდა, რომელთაც არც წარსული ჰქონდათ, არც
სარწმუნოება გააჩნდათ და არც წიგნი და დამწერლობა.
126როგორ გაოცდა ნესევი, როცა გაიგო, რომ მათი ისტორია თითქმის ქვეყნის
დასაბამიდან იწყებოდა, მათი მწერლობა უძველესი და უმდიდრესი ყოფილა
თურმე, ხოლო დამწერლობა _ ძველთაძველი.
ქართველთა მეფეები, ზოგ-ზოგებივით, მეჯოგე ტომების ვიგინდარა
ბელადები კი არ ყოფილან, დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონ ბრძენის
შთამომავლებად იყვნენ აღიარებულნი თურმე მთელს წინა აზიაში და იმ
დროისათვის პალესტინის წმინდა ადგილების თითქმის ნახევარს ფლობდნენ.
დავით აღმაშენებლისა და დემეტრეს, გიორგი მესამისა და თამარის, ლაშასა
და რუსუდანის მეფობის ხანაში საქართველო თურმე დიდებულ ხვარაზმსაც
არ ჩამოუვარდებოდა თავისი ბრწყინვალებით.
თორელის შრომაში ბევრი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი,
ხუროთმოძღვარი და ოქრომჭედელი, მხატვარი და მგოსანი იყო ჩამოთვლილი,
რომელთა სახელი მთელს განათლებულ ახლო აღმოსავლეთსა და ბიზანტიაში
ყოფილა ცნობილი. თორელს თავის ისტორიაში დიდი ადგილი დაეთმო
საქართველოს უდიდესი მგოსნის შოთა რუსთველისათვის, მისი უკვდავი
ქმნილების შინაარსი გადმოეცა და ცალკე ადგილების თარგმნაც ეცადა.
შაირობის მოყვარულმა და დამფასებელმა ნესევიმ ზეპირად იცოდა
აღმოსავლეთის პოეზიის ნიმუშები, ამ მხრივ, ხვარაზმში ტოლს არავის
უდებდა და, თუმცა ტრაბახი არ უყვარდა, თავი მაინც მოჰქონდა იმით, რომ
ასი ათასამდე ლექსის ტაეპს ზეპირად იტყოდა.
ჩაკვირვებული და გემოგახსნილი ხორასნელი მცირე ნიმუშების გაცნობით
მიხვდა, თუ რა დიდი მგოსანი ყოფილა რუსთველი, თორელი თავისთან
მოაყვანინა, ნაშრომი ფრიად მოუწონა და ახალი დავალება მისცა:
_ დიდად მეკეთა და მომეწონა თქვენი უპირველესი მგოსნის ლექსები.
მარტო შენ, დაუხმარებლად, მის თარგმნას, ალბათ, ვერ შესძლებ, რადგან
სპარსული შენთვის მაინც უცხო ენაა; ცოდვაა ესოდენ ღრმასა და ტკბილხმოვან
მგოსანს მარტო ქართველები კითხულობდნენ. სიამოვნებით ვთარგმნიდი
რუსთველის ქმნილებას, თუ შენც შემეწეოდი შენი განმარტებითა და ყოველი
სიტყვის ახსნით.
_ ამაზე სასიამოვნო და სასახელო რა უნდა დამავალოს ჩემმა პატრონმა! _
აღმოხდა გახარებულ თორელს. _ ღამეებს გავტეხავ თეთრად, ყოველ სიტყვას
სათითაოდ ავხსნი და განვმარტავ, ლექსის ხმოვანებასა და მუსიკას კითხვითა
და სიმღერით გავხდი შენი ყურისთვის მისაწვდომს, ყოველ ღონესა და ნიჭს
ვიხმარ, რათა ჩემს პატრონსა და მწყალობელს ამ ჩემთვის საამაყო დავალების
აღსრულებით დავეხმარო.
_ ნეტავ არ წამეკითხა შენი დაწერილი ისტორია! მანამდე უბირ, მეჯოგე
ტომის ხალხურ მთქმელად მეჩვენებოდი, მიუხედავად შენი განათლებისა.
ახლა, როცა შენი წიგნით თქვენს ქვეყანას გავეცანი და გავიგე, თუ რა დიდსა
და სახელოვან სამეფოს დასდგომია უბედურება, გული მეტკინა. ჩემი
უბედური სამშობლოს დარდი ისევ ამეშალა და გულწრფელად შემეცოდე. შენ
მგოსანი ხარ და, ალბათ, სხვაზე მეტად განიცდი სამშობლოს უბედურებას.
127თორელმა ღრმად ამოიოხრა და თვალები მოუწყლიანდა.
_ თქვენს დიდ მგოსანს უთქვამს, ჭირსა შიგან გამაგრება გვმართებსო. უნდა
შეურიგდე ძნელად შესარიგებელს _ შენი ქვეყნის დიდების დამხობას, რადგან,
როგორც ერთხელ გითხარი, ახლა ჩვენი მზე იწყებს ამობრწყინებას, ხვარაზმის
დიდების მზე; ბედმა ჩვენი ერის ბედი თქვენსას დაუპირისპირა და ერთ-ერთი
უნდა დაღუპულიყო, რადგან თავათ უფლისაგან ოდითგანვე აგრეა
დაწესებული: კაცი კაცს იმორჩილებს, ცხოველი _ ცხოველსა და ფრინველი _
ფრინველს. ხე რომ ხეა, ისიც თავის ახლომახლო სხვა ხეს არ ახარებს, ჩაგრავს
და ზრდას უშლის; კაცი კაცს ჩაგრავს და ერი _ ერს. მე რომ ვუკვირდები,
ადამიანთა ურთიერთობა, საბოლოოდ მაინც უკეთ ცხოვრებისათვის ბრძოლაა;
ეს დედამიწა ყველას არ ჰყოფნის კარგი ცხოვრებისათვის და ამიტომ მტრობს
ერთი კაცი მეორეს. ამ მტრობასა და ბრძოლაში უძლიერესი იმარჯვებს, ხოლო
სუსტი და უღონო მარცხდება და ეცემა.
_ იღბალი არა ჰქონია ჩემს ქვეყანას, _ ოხვრით თქვა თორელმა, _ ახლა,
როცა აღმოსავლეთი ასე აირია და საშინელი გრიგალები დაიძრნენ
საქართველოს დასალეწად, ჩვენს სამეფოს მტკიცე და ძლიერი, მამაცი და
ნებისყოფიანი მეთაურის მაგიერ აზიზად აღზრდილი, სუსტი და უნებისყოფო
ქალი უდგას სათავეში. მას არც თავისი თავგასული მთავრების ალაგმვის ძალა
შესწევს, არც ქვეყნის მთელი ძალ-ღონის შემოკრება შეუძლია მტრის
წინააღმდეგ ასამოქმედებლად.
_ ასე სცოდნია ბედისწერას, თურმან. როცა განგება რომელიმე ხალხს
გასწირავს, მას მეთაურად სწორედ გაუბედავსა და უნებისყოფო
გვირგვინოსანს მოუვლენს. დიდსა და უძლიერეს ხვარაზმს არასოდეს ისე არ
სჭირდებოდა მამაცი და გაბედული, მტკიცენებისყოფიანი და შეუდრეკელი
მეთაური, როგორც ჩინგიზ-ხანის შემოსევისას. განგებამ ისე მოაწყო, რომ
სწორედ მონგოლთა ურდოებთან შეჯახებისას ხვარაზმს ყველაზე ნაზი და
აზიზი, გაუბედავი და უნებისყოფო გვირგვინოსანი მოუვლინა ხელმწიფედ.
ხვარაზმში მუჰამედი ფიცხელსა და გამჭრიახს, უაღრესად გაბედულს, ცბიერსა
და სასტიკ ჩინგიზს წინ ვერ აღუდგა, უზარმაზარი ქვეყანა მტრის
დასახვედრად ვერ აამოძრავა, ლაშქარს მონგოლებზე ვერ წარუძღვა და
განგების განაჩენს თითქმის უდრტვინველად დაემორჩილა: ესოდენ მდიდარი
და ძლიერი ქვეყანა მტერს დაუტოვა და თავათ სადღაც, უკაცურ კუნძულზე
მიაბარა უფალს გამწარებული სული. რაკი განგებამ ძლევა ჩინგიზს მისცა
ჩვენთა ცოდვათათვის ჩვენსავე დასასჯელად, იმავე განგებამ ისე მოაწყო, რომ
მუჰამედს ვერც თვითონ გაეწია მტრისთვის წინააღმდეგობა, ვერც თავის
შვილებში გამოერჩია ღირსეული მემკვიდრე, რომელიც ქვეყნის მართვის
სადავეებს ხელთ აიღებდა და მონგოლებს ვაჟკაცურად გაუმკლავდებოდა.
თავის შვილთაგან უბედურმა ხვარაზმშამ მემკვიდრედ ყველაზე სუსტი და
უღონო ოგლაზხანი გამოარჩია, მამაცი და შეუდრეკელი სულტანი
ჯალალედინი გაინაპირა და სახელმწიფოს საჭესთან არ მიუშვა, ვიდრე თავათ
არ დაიღუპა და სამეფოც არ დააქცია. როგორცა ჩანს, განგების ეს კანონი
128გარდუვალია და ახლა მისი მსხვერპლი თქვენი სამეფო ხდება. თქვენს
ქვეყანას, ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს, გულოვანი და გონიერი მეფე ისე
სჭირდებოდა, როგორც, ალბათ, არასდროს. მაგრამ ხომ ხედავ, სწორედ ამ
უძნელეს ჟამს იმავე განგებამ გვირგვინოსნად სუსტი და უზრუნველი ქალი
მოგცათ. ყურანში სწერია, ვაი იმ ხალხს, რომელსაც ქალი ჰყავს მეთაურადო.
ახლა, როცა ისტორიის სარბიელზე ისეთი ძლიერი მამაკაცები იბრძვიან,
როგორიც ჩინგიზ-ყაენი და სულტანი ჯალალედინია, სუსტ ქალს რა
მოეთხოვება, ან რა შეუძლია.
_ ეგრე ნუ იტყვი, მოჰამედ ბატონო, საქართველოს არც ისე დიდიხნის
წინათ ჰყავდა მეფედ ქალი, ღვთივგვირგვინოსანი თამარი. სწორედ მისი
მეფობის დროს მიაღწია საქართველოს სამეფომ უდიდეს ძლიერებასა და
აყვავებას.
_ შენ თავათ სწერ შენს შრომაში, თორელო, თამარი გონიერი და ბრძენი,
ნაზი, მაგრამ ვაჟკაცივით ნებისყოფიანი და გამბედავი იყოო. თამარის დროს
ქვეყანა ასე აფორიაქებული არ იყო და ხალხები ერთიმეორის წინააღმდეგ
გასანადგურებლად აშლილი. მაშინ არც ჩინგიზ-ხანივით სასტიკი და ძლიერი
მბრძანებელი იყო სადმე, არც ჯალალედინივით თავზეხელაღებული და
უძლეველი ხელმწიფე. ესეც უნდა იცოდე, ერის ცხოვრებას განმეორებანი არ
უყვარს და გამონაკლისების იმედით ქვეყანა არსად აშენებულა.
თორელმა ვეღარაფერი თქვა. ერთხანს ორივე სდუმდა, ეტყობოდა, ორივე
თავთავისას ფიქრობდა.
_ ერთი აზრი მომივიდა, _ დაიწყო ისევ ნესევიმ, _ ერთი აზრი მომივიდა და
სულტანიც რომ ყურს მომიპყრობდეს და ქართველებიც გონიერებას
გამოიჩენდნენ, თქვენი ქვეყანა რბევასა და აოხრებას გადარჩებოდა, ომი და
სისხლისღვრა შესწყდებოდა, ჯალალედინიც გაძლიერდებოდა და თქვენი
ქვეყანაც მოისვენებდა.
თორელი გაოცებული შეჰყურებდა სულტნის მდივანს, ვერ გაეგო, თუ
ეგეთი რა აზრი უნდა მოსვლოდა მოჰამედ ნესევის.
_ თქვენი დედოფალი, როგორც ამბობენ, ახალგაზრდაა, _ განაგრძო ნესევიმ,
_ ჩვენი სულტანი კი ჯერ კიდევ ჭაბუკია და ჯან-ღონით სავსე; შთამომავლობა
ორივეს მაღალი აქვს და კეთილშობილი. სულტანმა რომ თქვენი დედოფალი
შეირთოს, თქვენს ქვეყანას ძლიერი და გონიერი პატრონი გაუჩნდება.
ურთიერთჟლეტის ნაცვლად, ქართველები და ხვარაზმელები თავიანთ
ლაშქარს შეაერთებენ და საერთო მტერს _ მონგოლებს წინ აღუდგებიან.
_ კარგი იქნებოდა, მაგრამ ეგ არ მოხდება.
_ რათა, თუკი დიდი სულტანი ინებებს?!
_ ქართველთა დედოფლის ქმარი მხოლოდ ქრისტიანი შეიძლება იყოს.
სულტანი ჯალალედინი კი თავს საისლამოს მხსნელად თვლის და
ქრისტიანულად როგორ მოინათლება!
ნესევიმ წარბი შეიკრა და მოიღუშა.
129_ თუ დიდი და აღმატებული სულტანი თავისი ქმრობით ბედნიერს გახდის
თქვენს დედოფალს, თავათ უნდა შემოეხვეწოს და მაჰმადის რჯულიც მიიღოს.
_ ეგ არ მოხდება. _ მტკიცედ თქვა თორელმა და თავის გაქნევით დაამოწმა
უარი.
_ ქართველებს მხოლოდ ჩვენი სულტნისა და თქვენი დედოფლის
შეუღლება თუ იხსნის მოსპობისა და განადგურებისაგან. თუ საქართველოს
მესვეურებს გონიერება არ დაკარგვიათ, თავათ უნდა შემოევედრონ დიდებულ
სულტანს.
_ სწორედ რომ გონიერება უკარნახებს ქართველებს, ეგ არა ჰქნან და ორივე
ცხოვრება, ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც, არ წააგონ. ჩვენი ხალხი არც ისე
მრავალრიცხოვანია, ქვეყნად ნათესავი არა ჰყავს, ირგვლივ მაჰმადიანური
ზღვა გვაკრავს და თუ საჭე სწორად არ მივმართეთ, ამ ზღვაში ჩავიძირებით.
ქართველები კარგა ხანია მეზობელი მუსულმანების ქრისტეს რჯულზე
მოქცევისა და გაქართველებისთვის ზრუნავენ და ფიქრადაც როგორ
გაიფიქრებენ, რომ მათ ტახტზე მუსულმანი მეფე დაჯდეს და საქართველოს
დედოფალმა მაჰმადის რჯული იწამოს. ეს მარტო დედოფლის განწირვა როდი
იქნებოდა, ამას ქართველობაზე ხელის აღება და საქართველოს სამუსულმანო
ზღვასთან შეერთება-გათქვეფაც მალე მოჰყვებოდა.
_ იქნებ სრულიად მოსპობასა და განადგურებას მაჰმადის ჭეშმარიტი
რჯულის მიღება და ამით ქვეყნის გადარჩენა ემჯობინებოდა.
_ ეგ არ მოხდება, მოჰამედ ბატონო. ქართველები უმალ დედიან-ბუდიანად
გაიჟლიტებიან,
ვიდრე
ქრისტეს
რჯულზე,
თავიანთ
ენაზე
და
სამკვიდრებელზე ნებით ხელს აიღებენ.
თორელთან საუბრის შემდეგაც ვერ მოიშორა ნესევიმ ხვარაზმის სულტნისა
და საქართველოს დედოფლის შეუღლებაზე ფიქრი. საქართველო მტრისათვის
ძნელად მისადგომი ქვეყანა იყო. თუ ქართველთა და ხვარაზმელთა
შეერთებული მხედრობა მონგოლებს ვერ სძლევდა, სულტანს ირანის
ტრამალებზე სულმოუთქმელი რბენა და თავშესაფრის ძებნა მაინც არ
დასჭირდებოდა. საქართველოს მიუვალ მთებში მონგოლების წასვლამდე კი
არა, მათ გადაშენებამდე შეიძლებოდა გახიზვნა და ჩაკეტვა. საქართველო
მდიდარი ქვეყანა იყო და მისი საჭურჭლის დაპატრონება ჯალალედინს
სამუდამოდ უზრუნველს გახდიდა. ყოველივე ამას ფასი მხოლოდ მაშინ
ექნებოდა, თუ ჯალალედინის საქართველოში დამკვიდრება ქართველთა
ნებითა და თანხმობით მოხდებოდა, ძალით კი...
საქართველო ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მას კიდევ შეეძლო დიდი ლაშქრის
გამოყვანა და ვინ იცის, ომის ღმერთი ვის მხარეზე გადახრიდა სასწორს. ომში
რომ კიდევაც ეძლიათ ქართველები, ჯალალედინი მათი საჭურჭლის
დაპატრონებას ვერ შესძლებდა, გურჯები თავიანთ განძს იმ მიუვალ მთებში
გადამალავდნენ, რომლებშიაც თავათ შეივლტოდნენ. დაპყრობილ ქვეყანაში
130ჯალალედინი ფეხს ვერ მოიკიდებდა, ქართველთაგან მუდამ თავდასხმის
შიშში იქნებოდა, შფოთი და ამბოხი არ მოასვენებდა.
ამიტომ, ორივე მხარისათვის მიზანშეწონილად და ერთადერთ ხსნად
ნესევის დაზავება და გვირგვინოსნების შეუღლება ესახებოდა. თორელის
გადაჭრით ნათქვამი, _ ეგ არასოდეს მოხდებაო, _ მგოსნურ გაზვიადებად
მიიჩნია, გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხებული ქართველები, მისი
ვარაუდით, სულიერადაც შემდრკალნი და გატეხილნი უნდა ყოფილიყვნენ და
ასეთ დროს სამოყვროდ გაწვდილ ჯალალედინის ხელს სასოებით უნდა
მთხვეოდნენ.
ამ აზრზე რომ მტკიცედ დადგა ნესევი, სულტანს ეახლა და თავისი ეს
შეხედულება საიდუმლოდ გაანდო. მდივანმა ჩაგონების ყველა ღონე
მოიშველია, მჭევრმეტყველებაცა და ცივი ანგარიშიც, არსებულიც წინ
გადმოუშალა და შესაძლებელიც მიმზიდველად დაუხატა.
ჯალალედინს ერთგული მდივნის რჩევა ჭკუაში დაუჯდა და მაშინვე
საქართველოს ხელისუფლებასთან გასაგზავნი წერილის დაწერა უბრძანა.
ჯალალედინი სიფრთხილეს იჩენდა. საქართველოში რომ დაზავებისა და
რუსუდან დედოფალთან შეუღლების წინადადებით ელჩები გამოგზავნა,
თავათ ურიცხვი ლაშქრით უჩუმრად საქართველოსაკენ გამოემართა.
სულტანი
ქართველებს
დამოყვრებას
სთავაზობდა,
სინანულს
გამოსთქვამდა ქართველებთან ომის გამო და ირწმუნებოდა, რომ აღარასოდეს
მათ წინააღმდეგ ხმალს აღარ აღმართავდა. ამით ჯალალედინი ქართველთა
სიფხიზლეს ადუნებდა, თორემ ჩუმად საქართველოს დასაპყრობად
მოემართებოდა და თუ მოყვრობის უარს მიიღებდა, თავის საწადელს ძალით
აისრულებდა.
ჯალალედინს შალვა ახალციხელიც თან მოჰყავდა. ქართველთა
წინააღმდეგ შურის საძიებლად ამხედრებული ახალციხელი ისე გახარებული
ჩანდა, თითქო ქორწილში მიდიოდა საქეიფოდ. ქართველებს ხმამაღლა
აგინებდა და იმუქრებოდა, რომ ქვას ქვაზე არ დასტოვებდა გამყიდველი
მხარგრძელისა და უმადური დედოფლის სამფლობელოში.
საქართველოს სამეფოს მიუვალ კუთხეებში უნდა წაძღოლოდა სულტანს
მეგზურად ქართველი დიდებული. მარანდისა და ურმიის მხარის პატრონს
უკვე დაემსახურებინა ჯალალედინის ნდობა და სულტანი მომავალ
ბრძოლებში მის ერთგულებაზე დიდ იმედს ამყარებდა.
მაგრამ მოულოდნელად სულტანს თვალი აეხილა და ახალციხელის
თამაშიც დაწყების უმალვე დასრულდა.
ჯალალედინის წერილმა საქართველოში დიდი ალიაქოთი გამოიწვია.
დარბაზი დაუყოვნებლივ შეიკრიბა.
რუსუდან დედოფალს თბილისში ჰყავდა მძევლად შირვანშას ერთ-ერთი
შვილი, ვაჟკაცობითა და სილამაზით განთქმული სულტანშა. დედოფალს
131თავდავიწყებით უყვარდა ეს ზრდილი და მოხდენილი ჭაბუკი. დარბაზისაგან
პირველი ქმრის, მოღასედინის გაყრის დასტური უკვე ჰქონდა და
ჯალალედინი
რომ
არ
გამოჩენილიყო,
სულტანშას
ამდენხანს
შეუუღლდებოდა.
ახლა, ჯალალედინი რომ ქმრობას სთხოვდა, ყველაფერი ყირამალა
დგებოდა. თავათ რა ჭირად უნდოდა უკვე ხანშიშესული ხვარაზმელი
სულტნის, იმ «კრუხი პალოსა და ქონდრიკაცის» თანამეცხედრეობა, როცა აგერ
ვარსკვლავივით მიჯნური ჰყავდა, მაგრამ დარბაზი ხომ დედოფლის პირადი
სურვილით
არ
იხელმძღვანელებდა
სახელმწიფოსათვის
ესოდენ
ძნელბედობის ჟამს, ასე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას.
ჯალალედინი გამარჯვებული იყო და რაკი დამარცხებულ ქართველებს
ხელს სამოყვროდ უწოდებდა და დაზავებას სთავაზობდა, ძნელი საფიქრალი
იყო, რას უფრო მაღლა დააყენებდა დარბაზი, დედოფლის სურვილსა და
პირად ბედნიერებას თუ ერის კეთილდღეობასა და მომავალს.
მოსალოდნელი იყო, რომ ქვეყნის მეთაურები პირველის წინაშე მეორეს
მისცემდნენ უპირატესობას და ამიტომ არ აშრებოდა რუსუდან დედოფალს
თვალზე ცრემლი.
მაგრამ მოხდა ის, რასაც არც რუსუდანი ელოდა და არც თვით
ჯალალედინი.
ქართველმა დიდებულებმა უფრო შორს განსჭვრიტეს: ჯალალედინი არც
უჯარო და უნებისყოფო მოღასედინი იყო, არც სათნო და კეთილი დავით
სოსლანი. ქართველ დიდებულთა ანგარიშით, უზარმაზარი ქვეყნის მართვას
დაჩვეული სულტანი, დიდი თამარის პირველი ქმრის, გიორგი რუსის
მსგავსად, საქართველოს დედოფლის უბრალო თანამეცხედრეობას არ
დაჯერდებოდა, სკიპტრას წაეპოტინებოდა, მთელ ხელისუფლებას თავათ
იგდებდა ხელთ და ქართველებს თავიანთ ქვეყანაში აღარაფერს ჰკითხავდა. ეს
ყველაზე დიდი უბედურება იქნებოდა რუსუდან დედოფლის სისუსტით
განებივრებული, თავაშვებული ქართველი დიდებულებისათვის.
მაგრამ ქართველ დიდებულთაგან ჯალალედინის მეფედ დაჯდომას ყველა
თავისი სარგებლითა და ზარალით როდი ზომავდა, უმრავლესობა ერის
კეთილდღეობისათვის უკეთესს არჩევდა და ხვარაზმელთა მოსვლას
საქართველოსათვის უდიდეს საფრთხედ თვლიდა: ჯალალედინს სამასი თუ
ოთხასიათასიანი ლაშქარი ახლდა დედაწულითურთ, საქართველოს მიწა-
წყალზე ასეთი სიმრავლით უცხო ხალხის ჩამოთესლება და დასახლება
ქვეყნისათვის დიდ უბედურებად მიაჩნდა და ამაში ერის გადაგვარების
საშიშროებას
ხედავდა.
თანაც,
ჯალალედინი
მაჰმადის
რჯულის
თავგამოდებული აღმსარებელი იყო და არათუ ქრისტიანობაზე მოქცევის
სურვილს გამოსთქვამდა, საერთო, მუსულმანთა მეთაურად და ქომაგად
მოჰქონდა
თავი.
ასეთი
კაცი
არათუ
გაქართველდებოდა
და
გაქრისტიანდებოდა, თვითონ მოუნდომებდა ქართველთა დედოფალსა და
132მთელ საქართველოს გამუსულმანებასა და წყეული მაჰმადის რჯულზე ძალით
მოქცევას.
დარბაზმა ერთხმად უარყო ხვარაზმელი სულტნის წინადადება და ელჩები
ცივი უარით გამოისტუმრა.
ადარბადაგანში ჯალალედინის დამკვიდრებამ მეზობელი მუსულმანური
სამეფოები იმთავითვე შეაშფოთა. ხვარაზმელმა სულტანმა თავისი
მოსვლისთანავე ხლათისა და იკონიის სამეფოებს მეგობრობა და
კეთილმეზობლობა შესთავაზა, მუსულმანების მფარველად გამოაცხადა თავი
და მათი შემწუხებელი ურჯულო ქართველების ალაგმვა თავის უპირველეს
მოწოდებად და ამოცანად დასახა.
ხლათის, იკონიისა და არზრუმის მუსულმან მფლობელებს ქართველთა
ფრთების შეკვეცის აღთქმა ესიამოვნათ, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნებისა და
გვირგვინების ბედზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე მაჰმადის სარწმუნოების
ქომაგობაზე. ადარბადაგანში ესოდენ მტკიცე და გაბედული მმართველის,
უფლებისმოყვარე და ზვიადის, ომისა და შფოთის მძებნელი სულტნის
დამკვიდრება, რომელსაც თან დიდძალი მხედრობაც ჰყავდა, ვინ იცის, რას
უქადდა მეზობელ სამუსულმანო სამეფოებს.
ჯალალედინი თავისი მამის მემკვიდრედ აცხადებდა თავს. მუჰამედის
უზარმაზარი სამეფოსაგან ხვარაზმელ სულტანს ეს განაპირა ადარბადაგანიღა
შერჩენოდა, რომელსაც სინამდვილეში ხვარაზმშა არასოდეს არ განაგებდა.
ხარბი და პატივმოყვარე ჯალალედინი ადარბადაგანის დაპყრობას არ
დაჯერდებოდა, მადა გაეზრდებოდა და ხლათსა და იკონიასაც მოინდომებდა.
მაშინ ელ აშრაფსა და ქეი ქობადსაც იქნებ ათაბაგ უზბეგის ბედი სწეოდათ.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ეგვიპტეს აქეთა სამუსულმანო
სამეფოებს ერთმანეთთან საიდუმლო მოლაპარაკება გაემართათ და ჩუმ
სამზადისს შესდგომოდნენ. გარეგნულად მათაც ისე ეჭირათ თავი, თითქო
ჯალალედინის დამეზობლებას მათთვის ბედნიერება მოეტანოს. ძღვენითა და
საჩუქრებით დატვირთულ ელჩებს ხშირ-ხშირად უგზავნიდნენ, მეგობრობას
ეფიცებოდნენ და თანაც საიდუმლოდ იმის შეტყობას ცდილობდნენ, თუ
ნამდვილად რა ფარული გეგმები ჰქონდა გადამთიელ სულტანს ერთმორწმუნე
მეზობლების მიმართ.
არეზთან დაბანაკებულ სულტანს ხლათის დედოფალი თამთა ესტუმრა
დიდი ამალითა და ძღვენით დატვირთული ქარავნებით. ხლათის
მბრძანებელი თამთა დედოფალი ჯალალედინის გულის მონადირებას
მარტოოდენ ძვირფასი საჩუქრებით როდი ფიქრობდა, მას თავისი სიტურფისა
და მომხიბვლელობის იმედი უფრო ჰქონდა, რომლის წინაშე ჯერ კიდევ
უღონონი იყვნენ ყველაზე მტკიცე ხასიათისა და ცივსისხლიანი ვაჟკაცებიც.
133ქართველი მთავრის ასულს, ხლათის გარდა, საქართველოს ბედიც დიდად
აწუხებდა. იგი იმ მიზნით უფრო ესტუმრა ჯალალედინს, რათა
საქართველოსთან ზავის შესაძლებლობასა და პირობებზე მოლაპარაკებოდა.
თამთას სხვა იდუმალი განზრახვაც ამოქმედებდა. მას ჯალალედინის
დიდებული ტყვის, თავისი პირველი მიჯნურის შალვა ახალციხელის ამბის
მიკვლევაც უნდოდა. დედოფალს გადაწყვეტილი ჰქონდა, სულტნის ტყვე
გამოესყიდა, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა.
ბანაკიდან შორს, ქვეითად გაეგება თამთას ჯალალედინი. დედოფლის
დანახვაზე დაიბნა, არ ელოდა, თუ ესოდენ ლამაზი იქნებოდა.
იმ დღეს დიდი ნადიმი გაუმართა. თვითონ აწოდებდა რჩეულ კერძებსა და
სასმელებს. ხლათის დედოფალი სწორივით ესაუბრებოდა სახელოვან
სულტანს, თავი ღირსეულად ეჭირა, იშვიათი ზრდილობითა და თავაზით
პასუხობდა ჯალალედინის სიტყვასა და ქცევას და თან ზომიერად აფრქვევდა
თავის შეუდარებელ, ვაჟკაცის მომაჯადოებელ ღიმილს.
მეორე დღეს თამთამ მიიწვია ვახშმად სულტანი თავის კარავში. გულოვანი
და ბუნებით გამბედავი ჯალალედინი ხლათის დედოფლის წინაშე
თავისდაუნებურად უჩვეულო კრძალვას და რიდს იჩენდა. მის წარმტაც სახეს
ხატივით შეჰყურებდა და მიუხედავად ესოდენ სიახლოვისა, ისეთ სიშორეს
გრძნობდა, თითქო თამთა მისგან მიუწვდომლად მაღლა მდგარიყოს.
დედოფალი სახელმწიფო საქმეებზე განზრახ არაფერს ამბობდა,
სალაპარაკო არ ელეოდა და საუბარს ისეთ გეზს აძლევდა, რომ ჯალალედინს
შთაბეჭდილება შექმნოდა _ ხლათის დედოფალი მხოლოდ ჩემს გასაცნობად,
ჩემს მოსახიბლავად არის მოსულიო.
დედოფალმა და სულტანმა თავიანთი მხლებლები დაითხოვეს და მარტონი
დარჩნენ.
არც ამ მარტოობით ისარგებლა დედოფალმა, საქმეებზე სიტყვაც არ დასძრა,
თითქო ქვეყნის ჭირ-ვარამი არც აწუხებდა. ღვინომოკიდებულ სულტანს
ბუნდოვანი, მაგრამ მიმზიდველი საუბრით აბრუებდა და თავდავიწყების
იდუმალ ქსელში აბამდა.
მაგრამ საოცარი ის იყო, რომ მანძილი სულტანსა და დედოფალს შორის არ
მოკლდებოდა, თამთას შეუვალობა და ჯალალედინის გაუბედაობა კიდევ
უფრო იზრდებოდა. ჯალალედინს გული მოსდიოდა თავის ამ კრთომაზე და
დედოფლის შეუვალობაზე. ვერც თავის თავს უხერხებდა ვერაფერს, არც
დედოფალი იცვლიდა ერთხელ აღებულ გეზს.
ბოლოს, რაკი დარწმუნდა, რომ უღონო იყო დაეძლია თავისი გაუბედაობა
და დედოფლის მიუკარებლობა, სულტანი ფეხზე წამოდგა, თამთას ძილი
ნებისა უსურვა, დაემშვიდობა და მისი კარავი დასტოვა.
საქართველოს საბოლოოდ დასაპყრობად გალაშქრებულ ჯალალედინს
შალვა ახალციხელიც თან მიჰყავდა.
გამოცდილი სარდალი ჯარის მოძრაობას და მეთაურების სიფრთხილეს
აკვირდებოდა და რწმუნდებოდა, რომ სულტანი თავის განზრახვას არავის
134უმხელდა. საქართველოზე თავდასხმის სამზადისს ყოველნაირად ნიღბავდა.
ეტყობოდა, ჯალალედინი საქართველოში მოულოდნელი შეჭრითა და
თბილისზე უეცარი იერიშით ფიქრობდა ქართველთა წინააღმდეგობის
გატეხვასა და მათი ძლიერების განადგურებას.
თუ ქართველთა სარდლობა ახლავე შეიტყობდა ჯალალედინის
გამოლაშქრებას, კიდევ შეიძლებოდა ჯარის შეკრება, თბილისის გამაგრება,
მტრისთვის გზის გადაღობვა.
ჯერ კიდევ იყო დრო, ქართველებს როგორმე უნდა შეეტყოთ ხვარაზმელი
სულტნის განზრახვა. შალვა ახალციხელი ჯალალედინის გულის მოგებასა და
მისი ნდობის დამსახურებას სწორედ ამ დღისათვის ცდილობდა. სულტანი
ქართველ ტყვეს უკვე თავის ერთგულად და გურჯების მტრად თვლიდა,
საქართველოს დასაპყრობად მიჰყავდა და უცნობ ქვეყანაში ლაშქრის
მეგზურობას ანდობდა. ახალციხელს შეუძლია ამ ნდობით ისარგებლოს და
ჯალალედინი თავისი ჯარით ისეთ ადგილას შეიტყუოს, სადაც ქართველებს
მისი დამარცხება და განადგურება არ გაუჭირდებათ. ოღონდ ამისთვის
ქართველთა სარდლობის გაფრთხილებაა საჭირო, რათა ქართველები
საიდუმლოდ წარმოემართონ დათქმულ ადგილას, რომელიმე ვიწრო ხეობაში
ჩასაფრდნენ და იქ შალვას მიერ შეტყუებულ მტერს მოულოდნელად თავს
დაესხან.
ახლა ყველაფერი ახალციხელის გამჭრიახობასა და მოხერხებაზე ჰკიდია.
თუ როგორმე ამბის წამღები კაცი იშოვა, მერე საქმე კარგად წავა, ქართველები
არ დააყოვნებენ ჯარის შეკრებას და ხვარაზმელების დახვედრას, მტერს
უეცარი დარტყმით გაანადგურებენ და შალვას სამშობლოში დაბრუნება
ეღირსება.
ახალციხელს არც ჯალალედინისაგან აკლია პატივი, მისი ახლანდელი
სამფლობელო ბევრად აღემატება მისსავე მამულებს საქართველოში, ქონებაც
მეტი აქვს და ყმაც ბევრი ჰყავს, მაგრამ იცის შალვამ, რის ფასადაც უბოძეს
ყოველივე ეს ქართველ ტყვეს. გარნისის მარცხით გამწარებული ახალციხელის
შეურაცხყოფილი ღირსებისა და შელახული პატივმოყვარეობის იმედით ენდო
სულტანი შალვას. შალვას მოღალატე ქართველებზე შურისძიების წყურვილი
ჰკლავს და აი, სულტანმა იგი უზარმაზარი ლაშქრის მეგზურად დააყენა, რათა
ხვარაზმელთა მახვილით იყაროს ქართველებზე გულისჯავრი, მოსპოს და
იავარჰყოს მისი გამყიდველი თანამემამულენი.
თავათ უზომოდ პატივმოყვარესა და ფიცხ ჯალალედინს ყველა თავისავით
ავი და გამწარებისას დაუფიქრებელი ჰგონია. ახალციხელი ეგრე გულნამცეცა
როდია, რომ საკუთარ გაბოროტებას სამშობლოს სიკეთე ანაცვალოს. შალვას
ყველა ქართველთან ერთად ჯერ მთავარი მტერი ჰყავს მოსაშორებელი და ეს
მტერი ხვარაზმელი სულტანია. როცა ჯალალედინი დამარცხდება და
საქართველოს საზღვრებს გაეცლება, მერე შალვა თვითონ გაუსწორდება თავის
მტრებს თავისსავე ქვეყანაში, ვაჟკაცურად და ნამუსიანად, მისი პატიოსანი
სახელისა და ღირსების შესაფერისად.
135მაგრამ ეს დღე არასოდეს დადგება, თუ ახლა არ იმოქმედებს ახალციხელი
სწრაფად და წინდახედულად. ახლანდელ მის ყოველ ნაბიჯზე არა მარტო მისი
ბედი, არამედ საქართველოს ყოფნა-არყოფნა, სამშობლოს აწმყო და მომავალია
დამოკიდებული.
შალვას თავისი ხმლითა და ვაჟკაცობით ბევრი სამსახური გაუწევია
სამშობლოსათვის, მაგრამ მისი თავდადება საქართველოს ისე არასოდეს
დასჭირვებია, როგორც ახლა სჭირდება. საქართველოს ძლიერებისა და ეგებ _
არსებობის ბედიც ბეწვზე ჰკიდია და თუ შალვა დროზე არ იღონებს რასმე,
თვითონაც სულითა და ხორცით წაწყმდება და მისი სათაყვანებელი
სამშობლოც დაიღუპება.
ძილი გაუტყდა შალვას და მოსვენება დაეკარგა, აწრიალებული, ხან რას
მიაწყდა და ხან რას. ირგვლივ მზირებსა და ჯაშუშებს ხედავდა, გრძნობდა,
რომ მის ყოველ ნაბიჯს ფხიზლად ადევნებდნენ თვალს, მის კარავში არავის
ატარებდნენ და არც ქართველ ემირს უშვებდნენ სადმე, რომ თან რამდენიმე
მცველი არ გაჰყოლოდა.
არეზთან სულტანი შეყოვნდა. ჯერ კიდევ იყო მცირე, ძალიან მცირე დრო,
ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავის განწირვა და სამშობლოს გადარჩენა, მაგრამ
როგორ და რა გზით!..
შუაღამე გადასულიყო. შალვას კიდევ არ ეძინა. თავის კარავში გულაღმა
იწვა და ამაოდ ფიქრობდა გამოსავალზე.
უცებ კარვის კალთამ გაიშრიალა. შალვა ფიქრიდან გამოერკვა, კარისკენ
მოიხედა.
კარავში შავით დაბურული უცნობი შემოვიდა. შალვამ უმალ ის გაიფიქრა,
ნამდვილად ჯალალედინის მიერ მოგზავნილი მკვლელი იქნებაო. უცებ
წამოხტა და ხმალს წაეტანა.
_ ჩუმად, არავინ გაიგონოს, _ უთხრა მოსულმა ქართულად და ტუჩზე ხელი
მიიდო.
შალვა გაოცებისაგან საწოლზე ჩაიკეცა.
_ თამთა დედოფლისგან ვარ, ქართველი ყმა, _ ჩურჩულით უთხრა უცნობმა,
მიუახლოვდა და პირიდან საბურავი გადიძრო.
ახალციხელის წინაშე ახალგაზრდა, ჯერ უწვერული ქართველი იდგა.
_ თამთა სად არი, ან შენ რა გინდა აქ? _ იკითხა ჩურჩულითვე შალვამ.
_ ხლათის დედოფალი სულტან ჯალალედინის სტუმარია. შენი აქ ყოფნა
შეიტყო და მე გამომგზავნა იმის სათქმელად, რომ დედოფალი შენს
გამოსახსნელად არი აქ და უთუოდ გიშველის.
_ მე შველა არ მინდა, არც გამოხსნა, მაგრამ თუ შენ მართლა ქართველი ხარ
და შენი დედოფალი და სამშობლო გიყვარს, ერთ დიდ საქმეში უნდა
დამეხმარო... ეს საქმე თავდადებას მოითხოვს და შეიძლება ორივე შევეწიროთ.
შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და სიცოცხლე გეყვარება, მაგრამ სამშობლოსათვის
სიკვდილი გმირობაა და ჩემთან ერთად ეგებ შენც მოგკლან.
136_ ჩემთვის მაგაზე დიდი დიდება რა უნდა იყოს, მთავარო?!
_ ახლა სხვა გზა არ არი, ან სამშობლო უნდა ვიხსნათ მე და შენ, ან ორივე
უნდა დავიღუპოთ და სამშობლოც დავღუპოთ...
აღელვებული,
აღგზნებული
ჭაბუკი
გაფართოებული
თვალებით
შეჰყურებდა სახელოვან სარდალს.
_ მეფეს და ჩვენს სარდლობას მტრის გალაშქრების ამბავი უნდა
შევატყობინოთ. მე აქედან ცოცხალს არ გამიშვებენ. შენ რაკი ხლათის
დედოფლის მხლებელი ხარ, ხელს არ გახლებენ. საქართველოსკენ სწრაფად
უნდა გაფრინდე და ჩემი წერილი მეფეს მიუტანო.
_ ამაღამვე წავალ, სულ ფრენით ვივლი... _ აღფრთოვანდა ჭაბუკი.
შალვა დაჯდა, კალამი აიღო და სწრაფად შეუდგა წერას. წამით ეჭვმა
გაჰკრა, ვაითუ, ეს უცნობი ჯალალედინის მიერ მოგზავნილი ჯაშუშიაო, _
მაგრამ სხვა გზა მაინც აღარ იყო, ისედაც ყველაფერი იღუპებოდა და წყალში
იყრებოდა. თუ ჭაბუკი მართლა თამთას ქართველი მხლებელი იყო, ხომ
ეშველებოდა მათაც და საქართველოსაც, თუ არა და, ქვეყანა უიმისოდაც
იღუპებოდა, საშველი აღარც საქართველოსთვის იქნებოდა და აღარც
შალვასთვის.
შალვამ წერილი დაწერა, ჭაბუკისკენ მობრუნდა და თვალი თვალში
გაუყარა.
_ შემომფიცე, რომ სამშობლოს არ უღალატებ და ამ წერილს საქართველოში
მიიტან.
_ ვფიცავ ჩემს დედასა და მამას, გორიჯვრის წმინდა გიორგის! _ აღმოხდა
ჭაბუკს და მუხლებზე დაეცა ხელაპყრობილი.
_ გორელი ხარ? რა გვარისა ხარ?
_ გელაშვილი გახლავარ, მთავარო, _ უთხრა ჭაბუკმა, ახალციხელის
წერილს ემთხვია, ხელსახოცში მაგრად გამოჰკრა და უბეში ჩაიდო.
შალვა გადაეხვია უცნობ ქართველს და კარვის კარამდე მიჰყვა.
_ გახსოვდეს, საქართველოს ბედი მაგ წერილზეა! _ ერთხელ კიდევ უთხრა
ჩურჩულით და კარვის კალთა ასწია.
ჭაბუკმა უსიტყვოდ შეანათა დიდრონი, თაფლისფერი თვალები და
კარვიდან ქურდივით გაიპარა.
უგუნებოდ გამოვიდა თამთას კარვიდან თავის თავზე და დედოფალზე
გაბრაზებული სულტანი. ამდენხანს მიყუჩებული პატივმოყვარეობის გრძნობა
გაეღვიძა და ბოღმა ყელში მოაწვა. ეს ბოღმა ვინმეზე ან რამეზე უნდა
გადმოენთხია, თორემ მოსვენებას არ მისცემდა, გაასიებდა და გაგუდავდა.
კარვის კართან მდგარი მამლუკები უხმოდ მიჰყვნენ მბრძანებელს. კარგა
გზა რომ გაიარეს, ჯალალედინი უცებ შეჩერდა, რომელიღაც კარვის კედელს
აეკრა და მცველებს ხელით ანიშნა.
სულტნის მცველებიც კედლებს აეკრნენ და იმათაც თვალი იმ კარვისკენ
მიაპყრეს, რომელსაც ჯალალედინი ასე დაჟინებით უცქერდა: კარვის კალთა
დაეშვა და უმალვე დაფარა ტანბრგე ვაჟკაცის ლანდი. სამაგიეროდ, მეორე
137ლანდი მოშორდა კარავს, წელში მოხრილი, ფეხაკრეფით წამოვიდა და თან
აქეთ-იქით ქურდივით იხედებოდა, ხომ არავინ მიყურებსო.
ლანდი ჯალალედინს გაუსწორდა და გასცდა. სულტანმა მამლუკებს ანიშნა,
უცნობს ჩუმად მიჰყოლოდნენ. ჯალალედინი წელში მოიხარა, შვილდზე
ისარი გამართა და თავათაც შორიახლო მიჰყვა უცნობს.
ლანდი კარვებს გასცდა და არეზისკენ სირბილით წავიდა. მდევრები
ფრთხილობდნენ, ფეხის ხმა არ მისწვდომოდა გაქცეულს, ფეხაკრეფით
მისდევდნენ და თვალს არ აშორებდნენ.
უცნობი მდინარესთან მივიდა, პირჯვარი გადაიწერა და ის იყო, წყალში
უნდა გადაშვებულიყო, რომ ჯალალედინის ისარი დაეწია და კანჭში ჩაესო.
გელაშვილმა ერთი მწარედ დაიკვნესა და წამით ჩაიკეცა. მერე თავს ძალა
დაატანა, მდინარეში შევიდა და დაყვინთა.
ჯალალედინის მამლუკებმა სეტყვასავით დააყარეს იმ ადგილს ისრები,
მერე იარაღი გადაყარეს და თვითონაც წყალში გადაეშვნენ.
ცოტა ხნის შემდეგ ღონემიხდილი გელაშვილი ნაპირზე ამოათრიეს
სულტნის მცველებმა.
დაჭრილი ჯალალედინის სამყოფელში მიიყვანეს. გაჩხრეკისას წერილი
უპოვეს, ქართულის მცოდნე სპარსელს წააკითხეს და ათარგმნინეს.
შალვა ახალციხელი ქართველებს სწერდა, რომ ჯალალედინი თბილისისა
და დანარჩენი საქართველოს დასაპყრობად მოდიოდა; ლაშქრის რიცხვს
ატყობინებდა და თანამემამულეებს თავის საიდუმლოებას უმჟღავნებდა:
სულტანს თავდადებული სამსახურითა და ქართველების გინებით თავი მის
ერთგულად, საქართველოს უბოროტეს მტრად მოვაჩვენე, საქართველოში
გზის მაჩვენებლად მოვუძღვები ხვარაზმელებს. ამა და ამ ადგილას დამხვდით
თქვენი ლაშქრით ჩასაფრებულნი, მტერს მოულოდნელად თავს დაესხით და
ერთიანად გავანადგუროთო.
ჯალალედინი გაცოფდა. წეღანდელი ბოღმა და ახლანდელი რისხვა
შეერთდნენ, შემკავებელი ჯებირები გადმოლახეს და სულტანი გიჟს
დაემგვანა: ირგვლივ ყველაფერი მილეწ-მოლეწა, თავში წაიშინა და
დაკლულივით აღრიალდა.
გონს რომ მოეგო, მაშინვე ახალციხელი შეაპყრობინა და ხლათის
დედოფლის სამყოფელს ალყა შემოარტყა.
იმდენად ახალციხელის ვერაგობა და თამთას ცბიერება არ აბრაზებდა
ჯალალედინს, უფრო მეტად თავის იმ გულუბრყვილობაზე და მიამიტობაზე
მოსდიოდა გული, რომელიც ორივეს წინაშე გამოიჩინა.
როგორც გადრეკილი ხის ჩრდილი არ გასწორდება, ისე ურჯულო არ
დაგინდობს და გაგიტანს!
როგორ ერწმუნა სულტანი ქართველი ტყვის ფიცსა და ლიქნს, როგორ
ბრმად მიენდო და კინაღამ განსაცდელში ჩააგდო თავისთავიც და მთელი
ლაშქარიც.
138ეს დედოფალიც საიდან გაჩნდა, სწორედ ახლა, საქართველოზე
გალაშქრებისას! როგორ ამაყად და თან მომაჯადოებლად იქცეოდა, იზიდავდა,
ახლო კი არ უშვებდა, თითქო მართლა უმანკო ქალწული ყოფილიყოს და ამ
ქვეყნის ბიწიერების არაფერი სცოდნოდეს!
მერე ვინ ყოფილა ეს დედოფალი! თავათ სისხლით ქართველი და
ქართველების ჯაშუში, სულტნის ბანაკში გასამსტოვრად შემოსული, იქნებ მის
მოსაკლავადაც შემოგზავნილი, ვითარცა ივდითი, რომელმაც მოკლა
ოლოფრენი _ კაცი მხნე და მტრისგან უძლეველი.
რაც უფრო უკვირდებოდა თამთას ქცევასა და ახალციხელის ორგულობას,
რაც უფრო მეტს ფიქრობდა თავის გულუბრყვილობაზე სულტანი, მით უფრო
ცეცხლდებოდა, საკუთარ გულს ასკდებოდა და მოთმინებას კარგავდა.
ღამე წრიალსა და ბორგვაში თეთრად გაათენა.
დილით საქართველოში გაგზავნილი ელჩები დაბრუნდნენ და სულტანს
ქართველთა დედოფალთან შეუღლების ცივი უარი მოუტანეს.
ესღა უნდოდა ჯალალედინს!
გამხეცებულმა შეპყრობილთა მოკვლა ბრძანა და თვითონაც ქართველთა
დასჯის საყურებლად არეზის პირას გაბრძანდა.
მდინარის პირას დამკლაული ჯალათი მსხვერპლის მოყვანის მოლოდინში
არხეინად გადი-გამოდიოდა.
არეზი ლურჯად მიედინებოდა. მზე არ ანათებდა, ქარი ქროდა, ცა ლურჯი
იყო და ცივი. ციოდა არეზის ხრიოკსა და მკაცრ ხეობაში.
შუბოსნებმა ხელებკაგრული ახალციხელი და ხლათის დედოფლის
ქართველი მხლებელი მოიყვანეს.
მდინარის პირას დააყენეს და მოეცალნენ.
ჯალათი დინჯად მიუახლოვდა, სასიკვდილოდ განწირულებს თვალი
მოავლო და დიდებული სულტნისკენ შემოტრიალდა.
სულტანი ამაღლებლ ადგილას იჯდა ტახტზე ბრაზისა და უძილობისაგან
სახეწამონთებული, შუბლშეკრული და წარბებდაქუფრული.
_ ბედი არ მქონია, შენი დავალება ვერ შევასრულე... სამშობლოს ვერ
ვუშველე... _ ამოიგმინა გელაშვილმა.
ახალციხელმა ერთი მოჰხედა, მძიმედ ამოიოხრა და თავი გადააქნია.
_ ბედი არც მე მქონია... _ გამოსცრა შალვამ.
_ ჩემი ბრალი არ არი, მთავარო, ეტყობა, ჯაშუშები მსდევდნენ, როგორც
მდინარეს მივუახლოვდი, ისარი მტყორცნეს და დამჭრეს, _ შესტირა ჭაბუკმა.
ჯალათმა სულტანს თავი დაუკრა.
_ ჯერ რომელს მიბრძანებ? _ ჰკითხა და ხელით სასიკვდილოდ
განწირულებზე ანიშნა.
_ ჯერ ეგ ღლაპი! _ მკვახედ თქვა სულტანმა და ჭაბუკზე მიუთითა.
_ თავი მოვკვეთო? _ იკითხა ისევ ჯალათმა.
_ შუაზე გაჰკვეთე! _ ანჩხლად თქვა მბრძანებელმა და ხელი ისე მაგრად
დაიქნია ჰაერში, თითქო უჩვენებდა, როგორ უნდა გაეკვეთა.
139ჯალათი შებრუნდა და ხმალი აღმართა.
მსხვერპლმა იმ ხმალს თვალი ააყოლა და განწირულად შეჰყვირა.
ახალციხელმა თვალი დახუჭა, მაგრამ ყურებს ვერაფერი მოუხერხა. გულის
სიღრმემდე ჩააღწია სიცოცხლით სავსე ჭაბუკის განწირულმა კივილმა. მაგრამ
ის კივილიც ხანმოკლე იყო და ახალციხელმა გაიგონა, როგორ ჩუმად დავარდა
რიყეზე რაღაც რბილი და მძიმე.
თვალი რომ გაახილა, ჯალათი უკვე სისხლიან ხმალს სწმენდდა. სულტანმა
ბოლომდე უცქირა, როგორ გაჭრილი ვაშლივით დაეცა აქეთ-იქით შუა
გაკვეთილი ჭაბუკის სხეული. იქ მყოფ ემირებს რაღაც გადაუჩურჩულა და
მისკენ შემობრუნებულ ჯალათს ძუნწად ესროლა:
_ ყოჩაღ!
ჯალათმა თავი დაუკრა და ახალ განკარგულებას დაელოდა.
_ ომი ნარდის მღერასა ჰგავსო, ამბობდი, ახალციხელო, ღალატი და
ორპირობა რაღას ჰგავს? _ მიმართა სულტანმა.
შალვამ თვალი არ გაუსწორა, ერთი ღრმად ამოიოხრა და თავი დახარა.
_ როგორც გადრეკილი ხის ჩრდილი არ გასწორდება და მორიელი კბენას არ
მოიშლის, ისე ურჯულო ქრისტიანის გასწორება და ბოროტებაზე ხელის აღება
არ იქნება, _ თქვა ჯალალედინმა, კბილები დააღრჭიალა, ხელი ყელზე გაისვა
და ამით ჯალათს ანიშნა, დამნაშავისათვის თავი მოეკვეთა.
ჯალათმა ხმალი მოიქნია. ახალციხელს წარბიც არ შეურხევია. მოჭრილი
თავი ძირს დაგორდა, სისხლმა წამით შადრევანივით იფეთქა და შალვას
უზარმაზარი სხეულიც მძიმედ დავარდა რიყეზე.
სულტანმა ახალციხელის მოჭრილი თავი აბრეშუმში შეახვევინა და
ხლათის დედოფალს გაუგზავნა.
ჯალალედინმა
ციებისაგან
ლოგინად
ჩავარდნილი
ნესევის
განკარგულებაში ჯარის ის ნაწილი დასტოვა, რომელიც თამთას სამყოფელს
შემოარტყა და თავის ერთგულ მდივანს უბრძანა, ხლათის დედოფალი იქიდან
არ გაეშვა, ვიდრე თბილისის აღების ამბავი არ მოუვიდოდა.
თავათ აიყარა და მთელი ლაშქრით საქართველოსაკენ სწრაფად დაიძრა.
ნაშუაღამევს
ხლათის
დედოფალს
ოქროცურვილი
ლანგრით
ჯალალედინის მოსაკითხი მოართვეს. დედოფალმა აბრეშუმის ნაჭერი
გადასწია და კაცის მოჭრილი თავი რომ დაინახა, გულწასული დაეცა.
როგორც იყო, მოაბრუნეს. თითქო საზარელ სიზმარს იგონებდა, თვალწინ
ის მოჭრილი თავი დაუდგა, გონებაში სისხლით დასვრილი წაბლისფერი თმა
და ულვაშები აღადგინა და ლოყაზე ნაჭრევიანი სახე რომ გაიხსენა, კინაღამ
ისევ გული შეუღონდა. მოჭრილი თავი ისევ მოატანინა, წინ დაიდო და იქ
მყოფთ გასვლა უბრძანა, მარტო რომ დარჩა, ახალციხელის შუბლზე
ჩამოშლილ თმებს ხელი გადაუსვა და აზრწართმეულ თვალებსა და უკვე
ფერდაკარგულ, გაშავებულ ტუჩებს დააშტერდა.
140რამდენი უოცნებია თამთას ამ ტუჩების შეხებაზე, რამდენი ღამე გაუტეხია
ახალციხელზე ფიქრსა და ოცნებაში ხლათის მელიქის გვერდით მწოლარე
დედოფალს!
თამთა ნელა დაიხარა და ახალციხელის ცივ ტუჩებს დააკვდა. მერე უცებ
ქვითინი აუვარდა და მთელი ტანით აძაგძაგდა, მოკვეთილ თავს გადაეფარა
და საშინელი კივილით იქაურობა შესძრა.
ქართველები
სახელდახელოდ
შეკრებილი
ჯარით
დახვდნენ
ხვარაზმელებს, რამდენიმე მცირე შეტაკებაში სძლიეს კიდეც და უკუაქციეს
წინამბრძოლები. ბოლოს მთავარი ლაშქრის პირისპირ განეწყვნენ და
გადამწყვეტი ბრძოლაც უნდა გაემართათ, რომ ამბავი მოუვიდათ: ზურგიდან
ჯალალედინის შესაერთებლად წამოსული ყიასედინი უახლოვდებოდათ
თურმე საქართველოში დატოვებული მარბიელი ლაშქრით.
ორ ცეცხლშუა მოქცევას ქართველებმა გაცლა არჩიეს და ლიხთიმერეთის
გადასასვლელები გაამაგრეს, რომ მტერი იქ მაინც არ შეეშვათ.
ჯალალედინმა ყიასედინის ლაშქარი შეიერთა და პირდაპირ თბილისისკენ
წამოემართა.
სულტანი თბილისს მოადგა და სოღანლუღის სანახებში დაბანაკდა.
გრძელი გზით დაღლილ ლაშქარს უნდა კარგად დაესვენა, რომ მეორე დღეს
ქალაქის იერიში დაეწყო.
ჯალალედინმა დაღამებას არ დაუცადა, სამი ათასი რჩეული ცხენოსანი
იახლა და ქალაქის მისადგომების დასათვალიერებლად გაემართა.
მაღლობიდან დასცქეროდა თბილისს სულტანი. ის, რაც ნაამბობითა და
აღწერილობით იცოდა და რაც გაზვიადებულად ეჩვენებოდა, მცირედ და
უმნიშვნელოდ წარმოუდგა, როცა ქალაქის მისადგომები თავისი თვალით ნახა.
ქართველთა სატახტო მთა-გორებით იყო მოზღუდული და ეს
ბუნებრივადაც გამაგრებული ქალაქი ხელოვნურად მაღალი კედლებითა და
საბრძოლო გოდლებით განმტკიცებული ჩანდა, ქალაქის მისასვლელთან
მტკვრის ხეობა საგრძნობლად ვიწროვდებოდა და ქართველთა სატახტო
მტრისათვის მაგრად იყო ჩაკეტილი. ამ ვიწროებში დიდი ლაშქარი ვერ
გაიშლებოდა და რაკი ქალაქს ზღუდეც მაგარი ერტყა, სულტნის ემირებს
თბილისის აღება ძნელ და თითქმის შეუძლებელ საქმედ ეჩვენათ.
სხვას, ალბათ, ჯალალედინის ადგილზე, გამარჯვებაში ეჭვი შეეპარებოდა
და გული გაუტყდებოდა, მაგრამ ჯალალედინს იმ ვაჟკაცების სისხლი
უდუღდა, რომელთაც სიძნელე და შეუძლებლობის დაძლევა არათუ აშინებთ,
კიდევ უფრო იზიდავთ და ამხნევებთ.
სულტანმა კარგად იცოდა, რომ საქართველოს დედაქალაქი ის აღარ
იქნებოდა, რაც ამ სამიოდე თვის წინ ყოფილა. გარნისის ძლევისა და ამდენი
რბევის შედეგად, საქართველოს ძველი ძლიერება საფუძვლიანად იყო
შერყეული.
141მაგრამ ჯალალედინს ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეტყობილი, რომ
საქართველოს მეფემ და მისმა ვაზირებმა იმ დღეს სასწრაფოდ დასტოვეს
თბილისი და ქუთაისს გაიხიზნენ. სულტანმა ისიც არ იცოდა, რომ
საქართველოს ხელისუფალთა შორის უთანხმოება იყო ჩამოვარდნილი: ძველი
ნაცნობი სარდლებიდან, ვისმა გმირობამაც ასე შორს გაუთქვა სახელი ქართულ
ხმალს, ზოგნი ცოცხლები აღარ იყვნენ, ხოლო ზოგსაც ლიხთ-იმერეთში,
დედოფალთან ერთად თავის შეფარებაზე უარი ეთქვა და მიუვალ ციხეებში
დარჩენა, საკუთარი ძალით თავთავიანთი სამფლობელოების დაცვა
გადაეწყვიტა.
ავაგ მხარგრძელიცა და შანშე მანდატურთუხუცესიც ამათ კვალს
დადგომოდნენ. ისინიც თავთავიანთი ციხეების სიმაგრეს მინდობოდნენ და
სატახტო ქალაქი მეციხოვნე ჯარის ანაბარა მიეტოვებინათ.
სულტანმა ჯერჯერობით არც ქალაქის მცველთა რიცხვი იცოდა, არც
საქართველოს სარდლობის მოქმედების დაბნეულობა. იგი თბილისთან ძლიერ
ომს მოელოდა და საამისო თადარიგს იჭერდა.
ქალაქის დასაზვერავად გამოსული ჯალალედინი სანახაობამ მიიზიდა და
მიიტყუა. ქართველთა სატახტოს დაცვაში სისუსტის ძებნამ ისე გაიტაცა, რომ
თითქმის ქალაქის კართან მივიდა.
მეციხოვნეებს არ გამოპარვიათ მტრის მოძრაობა. თავის მხრივ, ისინიც
თვალს ადევნებდნენ კოშკებიდან ხვარაზმელთა რაზმის მოახლოებას:
მცირერიცხოვანი მტერი კარგა შორს წამოსულიყო წინ თავისი მთავარი
ბანაკიდან, მზვერავ რაზმს უკან დიდი ჯარი არ მოჰყვებოდა.
შემთხვევა მართლაც ხელსაყრელი ჩანდა და ქართველებმა გადაწყვიტეს,
დაუყოვნებლივ ესარგებლათ მტრის ამ სითამამით.
ქალაქის მცველებმა მოულოდნელად გააღეს კარი, ფიცხლად გამოცვივდნენ
და მტერს გახელებით მიეტივნენ.
ჯალალედინი მიხვდა, რომ ვეღარც გაქცევით უშველიდა თავს, ვერც
მთავარი ბანაკიდან მოუსწრებდა მაშველი ლაშქარი, სხვა გზა აღარ იყო,
ბრძოლა უნდა მიეღო და უკან ნელ-ნელა დახევით მიახლოებოდა ბანაკად
მდგარ თავის ლაშქარს.
ქართველებმა თავგამეტებით შეუტიეს, მაგრამ ხვარაზმელებიც კლდესავით
დახვდნენ. ორივე მხრიდან რჩეული, თავზეხელაღებული ვაჟკაცები
იბრძოდნენ, დამშეულებივით უტევდნენ ერთიმეორეს და თანდათან
ხელჩართულ ბრძოლაში ებმებოდნენ.
რა იცოდნენ თბილისის დამცველებმა, რომ ხვარაზმელ მზვერავთა იმ
სამიათასიან რაზმს თავათ დიდი და აღმატებული სულტანი უძღოდა წინ! ეს
რომ სცოდნოდათ, ქალაქში აღარავინ დარჩებოდა, ქუდზე კაცი გამოვიდოდა
და ბრძოლის ბედიც იქვე გადაწყდებოდა, თბილისის კართან.
ქართველებს არც მეციხოვნე ჯარი ჰყავდათ მრავალრიცხოვანი, რომ
უბრალო შეტაკებისათვის ქალაქის კარიდან უფრო დიდი ლაშქარი გამოეშვათ
და მტერი ერთი დარტყმით იქვე გაენადგურებინათ.
142თბილისელები ხანგრძლივ ალყასა და გამწევ, გრძელ ომს ელოდნენ,
ქალაქის ზღუდეები საიმედოდ იყო გამაგრებული და მეციხოვნეებს, ალბათ,
მტრის ბევრი იერიშის მოგერიება მოუხდებოდათ.
ქალაქის მცველები მეფისა და ქვეყნის მესვეურებისაგან ლაშქრის
მოშველიებას ელოდნენ.
ასე ანგარიშობდნენ თბილისის დაცვის მეთაურები და ეს ანგარიში სხვა
პირობებში სწორიც იქნებოდა, ახლა კი, როცა ხვარაზმელთა სულტანი თავისი
ფეხით მოადგა ზედ ქალაქის კართან, ამ ანგარიშს მიმყოლი ქართველები
ხელიდან უშვებდნენ ისეთ ბრმასა და ბედნიერ შემთხვევას, რომელიც
აღარასოდეს განმეორდებოდა და რომელიც ახლავე შეიძლებოდა ქცეულიყო
ხვარაზმელთა მძლავრობის დასასრულად.
სასტიკსა და ფიცხელ ომში თავათ ჯალალედინი უხორცოსავით უშიშრად
იბრძოდა, ყველაზე დიდ ცეცხლში შედიოდა და ყველაზე რჩეულ მტრებზე
ცხენდაცხენ მიჰქონდა იერიში.
ღამდებოდა. ბრძოლა თანდათან შენივთდა და სულტანმა შეატყო, რომ
გამარჯვების სასწორი მტრის მხარეს იხრებოდა _ ქართველები მეტის
აღტკინებითა და თავგამეტებით უტევდნენ, ხვარაზმელების სიმტკიცე
თანდათან დრკებოდა.
მაშინ ერთხელ კიდევ გააფთრებით ეკვეთა მტერს სულტანი, ოდნავ უკან
დაახევინა და ცხენიც გასაქცევად შემოაბრუნა.
მიჰქროდნენ, თავქუდმოგლეჯილები ივლტოდნენ ხვარაზმელები.
ზარითა და ყვირილით მისდევდნენ ქართველები. სადავემიშვებული
ცხენები ეცემოდნენ, ხტებოდნენ, ფრთაშესხმულივით მიფრინავდნენ.
ქართველები ეწეოდნენ, კაფავდნენ, ჩეხავდნენ და ხოცავდნენ.
ბინდი ჩამოწვა, თითქმის აღარაფერი ჩანდა.
მემნა ჯაყელმა უცებ ცხენს აღვირი მოსწია. მტრის მთავარი ბანაკის
მიახლოვება საშიში იყო. ღამის სიბნელეში მაინც ვეღარაფერს არჩევდნენ და
ხვარაზმელთა დევნასაც აზრი აღარ ჰქონდა.
მემნამ მტრის დევნით გატაცებული რაზმი შეაყენა, სწრაფადვე უკან
შემოაბრუნა და თბილისისაკენ გამარჯვებული შემოიქცა.
ბეწვზე გადარჩენილმა სულტანმა თავის ემირებთან დიდხანს ითათბირა.
ზოგმა საყვედური შეჰკადრა, საფრთხეში თავს რად იგდებ, გურჯების
დედაქალაქს ლოდსატყორცნები მივუყენოთ, ალყა შემოვარტყათ, მოსვენებას
ნუ მივცემთ და თავათ გაგვიღებენ ქალაქის კარსო. ქალაქზე იერიში კი არც
ერთმა ემირმა არ ურჩია სულტანს. თბილისი მიუდგომელი და ძნელად ასაღებ
სიმაგრედ ეჩვენებოდათ ჯალალედინის სარდლებს, ამიტომ, თითქმის
ერთხმად, მოითხოვდნენ ქალაქის გარემოცვას და ალყაში მტრის გატეხვის
მოთმინებით ლოდინს.
ჯალალედინს თავისი ემირების რჩევა აბრაზებდა და აღიზიანებდა. ისე
ურჩევენ ხანგრძლივი ალყის მორტყმასა და მოთმინებით ცდას, თითქო
სულტანი მამამისის ტახტზე, ხვარაზმის დედაქალაქ ურგენჩში იჯდეს
143მორჭმით და ქართველთა წინააღმდეგობის გატეხვის მეტი სხვა საფიქრალი
აღარაფერი ჰქონდეს. ადარბადაგანში შფოთია, განძასა და თავრეზში
შეთქმულები იმასღა ელიან, ჯალალედინი დიდი ხნით შორს გაიგულონ და
ახალი აჯანყება დაიწყონ, ხლათის მელიქი და რუმის სულტანი ხმალსა
ლესავენ, რომ ზურგში ჩასცენ სიტყვით «საისლამოს ქომაგად» აღიარებულ
სულტანს, ხოლო მონგოლები (რაც ყველაზე საშინელია) ერაყისა და
ისპაჰანისკენ მოიწევენ, დაგეშილი ძაღლებივით ჯალალედინის კვალს
დაეძებენ და სადაცაა თავს წამოადგებიან.
არც ქართველებს სძინავთ. მართალია, ლიხს აქეთა ქვეყანა მოოხრებული
და წელში გატეხილია, მაგრამ ნახევარი საქართველო ლიხს იქით ისევ ძლიერი
და ღონიერია. ქართველების ლაშქარმა წესრიგით დაიხია უკან. ქართველთა
მეფეს მთის ხალხები ისევე ძველებურად ემორჩილებიან, მას კიდევ შეუძლია
დიდი ლაშქრის მოგროვება და თბილისის კარზე მოყენება, მერე ერთმა ალაჰმა
იცის, ვინ აღმოჩნდება ალყაში, თბილისის დამცველი ჯარი თუ ხვარაზმელი
სულტანი.
სულტნის ემირებმა ისიც კარგად იციან, რომ ჯალალედინი ქართველთა
სატახტოს მართლა მათი ამპარტავნობისა და ურჯულოების დასათრგუნავად
კი არ მოსდგომია, ქართველთა დედაქალაქი ახლა მთელს აღმოსავლეთში
ითვლება უმდიდრესად და მისი საგანძური დროზე უნდა იგდოს ხელთ
სალაროგამოცარიელებულმა სულტანმა, რომ წელში გამართვა, ახალი
ლაშქრის შეკრება-შეიარაღება და მონგოლთა დასახვედრად მომზადება
შესძლოს.
იციან სულტნის ემირებმა ეს, ყოველივე კარგად იციან, და მაინც თბილისის
კართან უქმად ჯდომასა და ლოდინს ურჩევენ.
კარგა ხანია, ჯალალედინი ასე გაცხარებული არ ენახათ.
_ თქვენთვის რომ დამეჯერებინა, არც გარნისთან უნდა შევბმოდი
ქართველებს, იქაც ასე ამბობდით, მიუდგომელი სიმაგრეა, ტყუილუბრალოდ
შევაწყვეტთ ჯარსო, _ ყვიროდა გაბრაზებული ჯალალედინი და მრისხანედ
იყურებოდა იქით, სადაც მისი ძმა ყიასედინი იჯდა თავჩაღუნული.
_ გარნისში ალაჰმა გვიშველა, სასწაული მოგვივლინა! ეს თავათ სულტანსაც
ბევრჯერ უბრძანებია... _ წაიბუტბუტა ორხანმა.
_ აქაც ალაჰი გვიშველის! შველა მხოლოდ ალაჰს შეუძლია!
მოსჭრა ჯალალედინმა და ხელი ცისკენ აღაპყრო.
კარავში სულტნის მამლუკი შემოვიდა. სულტანს თავდახრით მიეახლა და
ჩურჩულით რაღაც უთხრა:
_ შემოიყვანეთ, _ ბრძანა უცებ გამოცოცხლებულმა სულტანმა და სახეზე
ნათელი გადაეფინა. მერე ტახტზე მშვიდად დაბრძანდა, თვალი ამაყად
მოავლო იქ მყოფებს და ერთხელ კიდევ თავდაჯერებულად წარმოთქვა:
_ შველა მხოლოდ ალაჰს შეუძლია! ალაჰი დიდია და უნუგეშოდ არ
დასტოვებს თავის მინდობილთ!..
144ორმა მცველმა თავით ფეხებამდე დასველებული, ფეხშიშველა,
თმებაბურძგნული სპარსელი შემოიყვანა.
წყალი წურწურით ჩამოსდიოდა ტანსაცმლიდან და სიცივისაგან
კანკალებდა.
შემოსვლისთანავე ძირს განერთხო, ჩოქვითა და ფარდაგზე თავისცემით
მიიწია მბრძანებლის ტახტისკენ და სულტნის ფეხებში ჩარგო თავი.
_ წამოდექ! _ ბრძანა სულტანმა.
სპარსელმა თავი ასწია, იქაურობას თვალი მოავლო და ჩურჩულით
შესთხოვა:
_ პირისპირ, მარტო ლაპარაკი მინდა ღვთისსწორ სულტანთან... დიდი
საიდუმლო მაქვს სათქმელი...
_ თქვი, მე ამათთან საიდუმლო არა მაქვს რა! _ ბრძანა სულტანმა.
_ ქართველებმა რომ გამიგონ, ცოცხლად დამწვავენ... _ კანკალით თქვა ისევ
სპარსელმა.
_ ქართველები ჩემს წინაშე დაემხობიან! თქვი, ნუღარ აყოვნებ!
_ ალაჰ აქ ბარ!* თბილისელ მორწმუნეთა დავალებით ვარ აქ მოსული.
კარავში მყოფნი შეირხნენ და ერთიმეორეს გადახედეს.
_ მტკვარში ყვინთვით გამოვიპარე ქალაქიდან, თევზივით წყალქვეშ
მოვცურავდი, თავი რომ წუთით სადმე ამომეყო, ქართველები ისრით
გამათავებდნენ... _ სპარსელმა სული მოითქვა და ისევ იქ მყოფთ მოავლო
თვალი.
_ თბილისის მაჰმადიანი მოსახლეობა მოუთმენლად ელის მუსულმანთა
მხსნელი სულტნის შემოსვლას. დიდი და პატარა ყველა იმას ამბობს, დადგა
დრო ურწმუნო გურჯების ჯავრის ამოყრისა და დამხობისო. ქართველთა მეფე
თავისი ვაზირებით სატახტოდან მთებში გაიქცა...
ემირებმა მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთიმეორეს.
_ ქალაქში ქართველთა ჯარი ძალიან ცოტაა. _ განაგრძობდა ისევ
ჩურჩულით სპარსელი, _ რომ ავჯანყდეთ, მარტო ჩვენც გავუსწორდებით
გურჯებს მაჰმადის აღმსარებელნი. მაგრამ ჩვენი იმამი ბრძნულად მოიქცა,
მიზგითში საქვეყნოდ ქართველთა დახმარებისათვის მოუწოდა მორწმუნეებს,
საიდუმლოდ კი ქართველების წინააღმდეგ დარაზმა. იმის გამო, რომ
ქართველებს მცირე მეციხოვნე ჯარი ჰყავთ და იმიტომაც, რომ თბილისელმა
მორწმუნეებმა შესძლეს ურწმუნოების მოტყუება, ქართველებმა ქალაქის ერთი
კარის დაცვა მაჰმადიანებს მიანდეს. ახლა თბილისის მორწმუნე მოსახლეობა
შეიარაღებულია.
დიდებული
სულტნის
პირველი
შემოტევისთანავე
მუსულმანები დაერევიან ურჯულო ქართველებს და კარს გაუღებენ
ერთმორწმუნე ხვარაზმელებს.
თბილისელი სპარსელის ნაამბობით გახარებული სულტანი ამაყად
ავლებდა თვალს იქ მყოფ ემირებს, თითქო ეუბნებოდა, მე ყოველთვის
მართალი ვარ და ალაჰი მუდამ ჩემთან არისო.
145ემირები თავს აქნევდნენ გაოცებულნი და თვალს ვერ უსწორებდნენ
მბრძანებლის მედიდურ ცქერას.
_ საბუთი რა გაქვს, რომ მტრის მოგზავნილი არა ხარ?
უცებ იკითხა ჯალალედინმა და ყველა მოლოდინად იქცა.
ჯაშუშმა ქამარი შემოიხსნა, შარვლის სათავე შემოირღვია და ნაჭრებში
მაგრად გაკრული რაღაც საგანი ამოიღო. მერე იქიდან ოთხად დაკეცილი
პერგამენტის პატარა ფურცელი ამოაძვრინა და სულტანს გაუწოდა.
სულტანმა პერგამენტს დახედა, ირწმუნა და მდივანს გადასცა.
_ საბუთი სარწმუნოა. მოამბეს მიეცით ოქრო და ტანსაცმელი. უფრო დიდ
ჯილდოს თბილისის აღების შემდეგ მივანიჭებთ! _ ბრძანა სულტანმა.
ჯაშუში ისევ ფეხებში ჩაუვარდა და ეთაყვანა.
მეორე დილას ჯალალედინმა ლაშქარი საომრად დააწყო. მცირერიცხოვან
ცხენოსან ჯარს თავისი ძმა ყიასედინი უთავა და თბილისის ზღუდეებისაკენ
გასწია, ხოლო მათ უკანდასახევ გზაზე უმთავრესი ლაშქარი დამალა, რათა
საომრად გამოტყუებული ქართველები ხაფანგში მოექცია და გაენადგურებინა.
მონგოლთა ამ სამხედრო ხერხის მსხვერპლად თავის დროზე ხვარაზმელთა
რჩეული ჯარები დაცემულა, შემდეგ თვითონ ჯალალედინმაც გადმოიღო
თათრების ეს ცბიერება და არაერთხელ თავათ მონგოლების წინააღმდეგაც
წარმატებით გამოიყენა.
ყიასედინი თავისი ცხენოსანი რაზმით თბილისის ზღუდეებთან მივიდა.
ქართველები დღესაც გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს მტრის მოძრაობას.
ასე შორს და წინ წამოსული ხვარაზმელთა მცირერიცხოვანი ჯარი რომ
ნახეს, გუშინდელი გამარჯვებით გულმოცემულებმა, ქალაქის კარი გააღეს და
მტერს გააფთრებით ეკვეთნენ.
იმ დღეს უკვე ბოცო ჯაყელი მეთაურობდა მტერზე მისულ ქართველებს.
ხვარაზმელებმა ბრძოლა მიიღეს.
მტრის ჯარს საზრიან და მოფიქრებულ მოქმედებაზე ეტყობოდა, რომ
ქართველების გამოხდომა მისთვის გუშინდელივით მოულოდნელი არ იყო.
ყიასედინი მტერს ეკვეთა, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლაში როდი ჩაება,
მოხერხებულად, ნელ-ნელა უკან დაიხია და წათამამებული მტერიც მდევრად
წაიყოლა.
ქართველები ყიჟინითა და ვაშას ძახილით მისდევდნენ მოსაჩვენრად
ლტოლვილ მტერს. წინა დღეს ხვარაზმელთა რაზმი ღამის სიბნელემ იხსნა
სრული განადგურებისაგან, დღეს ქართველებს გადაწყვეტილი ჰქონდათ
მტრის ბოლომდე დევნა, რათა მათგან ერთიც აღარ გაეშვათ ცოცხალი.
ვიწრო მოსახვევთან, მოულოდნელად, ხვარაზმელთა ჩასაფრებული ჯარი
გამოვარდა ორხანის მეთაურობით და ქარივით მიმქროლავ ქართველ
ცხენოსნებს ზურგიდან დაჰკრა.
ქართველებმა სადავემიშვებული ცხენების უცებ შეჩერება და უკან
შემობრუნება ვეღარ შესძლეს. მრავალრიცხოვანი მტერი ირგვლივ ერტყმოდა
146მცირერიცხოვან ქართველობას და მახეში შეტყუებულებმა ახლა თავათ
გაიმეორეს ყიასედინის წეღანდელი ხერხი.
ბოცო ხვარაზმელთა რკალს გააფთრებით ეკვეთა, გარშემორტყმული მტრის
სიმრავლე გასჭრა და ცხენი მიწას გააკრა. უკანდახევისას ქართველთა ერთმა
ნაწილმა თავი სასიკვდილოდ გასწირა, მტერს ბრძოლით გადაეღობა და
მთავარსარდლისა და ჯარის უდიდესი ნაწილის ლტოლვა თავისი მკერდით
დაიფარა.
მეციხოვნეებმა დაინახეს, რომ ქართველები გუშინდლურად გამარჯვების
ყიჟინით აღარ ბრუნდებოდნენ, დაოთხილ ცხენებზე გაკრულ მებრძოლებს
ზურგზე ფარები აეფარებინათ, ხმლებს კანტიკუნტად იქნევდნენ და
უკანდადევნებული ურიცხვი მტრისაგან გადარჩენის მთელი იმედი თავიანთი
ცხენების სისწრაფეზეღა დაემყარებინათ.
მემნამ რომ უკანშემოქცეული ძმა დაინახა, გაფითრდა. იმწამსვე
თავისიანების საშველად გასვლა და ქალაქის კართან ბრძოლის გამართვა
გადაწყვიტა. მეციხოვნეებს განკარგულება მისცა, მერე ცხენს მოახტა და ის
იყო, მუზარადი უნდა დაეხურა, რომ ზღუდესთან მდგარმა სპარსელმა
მეციხოვნემ თავში აფთი სცა მოულოდნელად და ცხენიდან უსულოდ
გადმოაგდო.
განძის კარის მცველმა სპარსელებმა ხმლები იშიშვლეს, მეციხოვნე
ქართველებს მიესივნენ და ყიჟინა დასცეს:
_ ალაჰ! ილ ალაჰ!
_ მემნა მოჰკლეს!
_ ღალატია! სპარსელებმა გვიღალატეს!
_ დასცხეთ ურჯულოებს!
შექმნეს ქართველებმა ყვირილი. მეციხოვნეები ერთმანეთს მიაწყდნენ და
ქალაქის შიგნით საშინელი ხოცვა-ჟლეტა გაიმართა.
უკანშემოქცეული ქართველები ქალაქში შემოვარდნენ, მაგრამ კარის
დაკეტვა ვერ მოასწრეს.
მოღალატე სპარსელები განძის კარს მისცვივდნენ და აქაც ხელჩართული
ბრძოლა გაიმართა.
ვიდრე მეციხოვნე ქართველები გამცემ სპარსელებს აწყდებოდნენ განძის
კარის დასაკეტად, მტერმა მოასწრო და ყიასედინი გრიგალივით შემოიჭრა
ქალაქში თავისი ცხენოსნებით.
ქალაქში პირველად შემოვარდნილმა ბოცომ რომ შინა გაცემის საშინელი
სურათი დაინახა, მდგომარეობაში სწრაფად გაერკვა და მტერთან უთანასწორო
ბრძოლაში უსახელო დაღუპვას ისნის ციხეში გამაგრება ამჯობინა. ბოცომ
ბრძოლით გზა გაიკვლია, გადარჩენილი ქართველობა თან გაიყოლა და გაღმა
გავიდა.
ისნის ციხის ჩაკეტვამდე ქართველებმა მტკვრის ერთადერთი ხიდის დაწვა
მოასწრეს და ციხე-სიმაგრე ქალაქის დანარჩენ ნაწილს მოსწყვიტეს.
147ჯალალედინმა მეფის საჭურჭლე ხელთ იგდო, დანარჩენი ქალაქი სარბევად
და საძარცვად ჯარს მისცა. კალიასავით მოედო მრავალრიცხოვანი ლაშქარი
თბილისს. სისხლით გახელებული ხვარაზმელები სახლებში მხეცებივით
შეცვივდნენ, კაცებსა და ბალღებს იქვე კაფავდნენ და ჟლეტდნენ, ქალებს
ნამუსს ხდიდნენ, ღვინით სავსე რუმბები გამოჰქონდათ, უზომოდ სვამდნენ და
უანგარიშოდ ღვრიდნენ.
აქა-იქ ხანძრების პირველი ალი ავარდა. ბუჩქებში სისხლისა და დაღვრილი
ღვინის რუები წავიდა.
ჯალალედინმა ბრძანება გასცა, ქალაქის ქრისტიანი მოსახლეობა აეკლოთ
და გაეწყვიტათ.
გაცოფებული
ჯარისკაცები
სულტნის
ბრძანებას
სიამოვნებით
ასრულებდნენ, მაგრამ არც თბილისელ მაჰმადიანებს ინდობდნენ, მათ
სახლებშიაც მგლებივით შერბოდნენ, ძარცვავდნენ და ძალას ხმარობდნენ.
მხოლოდ ეს იყო, რომ მათ ისე გამეტებით არ უსწორდებოდნენ, ხმალს
მარტო მაშინ იშველიებდნენ, როცა ერთმორწმუნე მუსულმანები ხელს
გამოიღებდნენ და «ისლამის ქომაგებს» წინააღმდეგობას შებედავდნენ.
ქალაქში ხვარაზმელების მოულოდნელმა შეჭრამ მოსახლეობას თავზარი
დასცა. თბილისელები ხანგრძლივ ალყასა და გამწევ ომს ელოდნენ. პირველად
თვალს არ უჯერებდნენ, ქუჩებში რომ მტრის ლაშქარი შემოვარდა და
ხელჩართული ბრძოლის ჩახაჩუხი გაისმა.
პავლია კუტმა თორელის სახლის აივნიდან ქალაქის განაპირას ავარდნილ
ხანძრის ალს მოჰკრა თვალი. ბერი შეშფოთდა. ცოტა ხანიც და ქუჩები
ბრძოლის ხმაურმა გააყრუა. ქართველები ყოველი ქუჩისა და თითოეული
სახლისათვის
გააფთრებით
იბრძოდნენ.
მტერს
უსაფრდებოდნენ,
ფანჯრებიდან ისრის სეტყვას აყრიდნენ და უსიკვდილოდ ფეხს არ
იცვლიდნენ. ფარ-ხმლის ჩახაჩუხი და ბრძოლის ყიჟინა თორელის უბანს
უახლოვდებოდა.
შეშინებულ ცაგოს ბალღი გულზე მიეკრა და ცახცახებდა.
პავლია კუტი გარეგნულად არ კარგავდა სიმშვიდეს, თორემ ისიც
საგონებელში იყო ჩავარდნილი, როგორ და რით ეშველა უმწეო დისა და
დისწულისათვის.
_ სარდაფში ჩადით! _ ჩურჩულით უთხრა პავლიამ დას და ხელით ანიშნა,
ეჩქარათ.
_ იქაც მოვლენ, მოგვაგნებენ, _ სასოწარკვეთით თქვა ცაგომ და ბავშვი
კიდევ უფრო მაგრად მიიკრა გულზე.
_ მაშ, გაიქეცით, აქედან გაასწარით! _ აფუსფუსდა თავისი უმწეობით
შეწუხებული საპყარი.
_ სად მოვასწრებთ, მოგვეწევიან! _ განწირულად შესძახა ცაგომ და ცრემლი
წასკდა.
პავლიამ ხელი უღონოდ გაასავსავა.
148_ არც რამ სამალავი გაქვთ, არც საიდუმლო გზა, უბედურო? _ მიაშტერა
პავლიამ შიშჩამდგარი თვალები დაბნეულ ცაგოს.
_ მტკვარზე ჩასასვლელი ხვრელი გვაქვს ეზოში! _ ამოიძახა ცაგომ და
მაშინვე ყველამ შვება იგრძნო.
_ ხვრელი თუ გაქვს, სხვა რა გინდა! _ გაიხარა პავლიამ, _ ახლავე ჩადი,
ბალღი ჩაიყვანე.
_ მერე შენ როგორ დაგტოვოთ! _ შეწუხდა ცაგო.
_ მე, აგერ, კიბის ქვეშ მიმათრიეთ, _ ანიშნა მორჩილს პავლიამ.
_ იქ როგორ დაიმალები, დაგინახავენ! _ შეშფოთდა ცაგო.
_ ჩემზე ნუ ნაღვლობ, ნუ აგვიანებ... ბავშვს უშველე... _ აყვირდა პავლია და
ხელის ქნევით ცაგო ოთახიდან გააგდო. მერე მორჩილი იხმო და ზურგზე
მოეკიდა. მორჩილმა კიბის ქვეშ შეათრია და იქ ჩამოსვა საპყარი. პავლიამ
თორელის მშვილდ-ისარი და ფარ-ხმალი მოატანინა და მორჩილიც ძალით
იქით გააგდო, საითაც ცაგო გაუჩინარდა.
კიბე დაბალი იყო, სულ რამდენიმე საფეხურიანი. სანახევროდ მიწას
გაკრული პავლია სულს ქოშინით ითქვამდა. წინ ნანგრევი ყორე ეფარა და
გარედან თუ საგანგებოდ არ დააკვირდებოდა კაცი, არ ჩანდა.
სამაგიეროდ, თვითონ ყველაფერს კარგად ხედავდა: ხელჩართულმა
ბრძოლამ მათ უბანში გადმოინაცვლა. თორელის სახლის ახლო ერთ მუჭა
ქართველობას
ურიცხვი
ხვარაზმელები
აწვებოდნენ.
ქართველები
თავგამეტებით იცავდნენ ქუჩის ყოველ მტკაველს და მტერს მკერდით
უღობავდ-ნენ გზას.
პავლია თორელის მშვილდ-ისარს დასწვდა.
ლარი მოზიდა და ზურგში ისარგარჭობილი ხვარაზმელი რომ პირქვე
დამხობილი დაინახა, ბავშვივით შეხტა და აფართქალდა.
მეორე, მესამე, მეოთხე ისარიც გაფრინდა და ოთხი კაცი რომ უსულოდ
დაეცა, ხვარაზმელებმა თორელის სახლისკენ იბრუნეს პირი. რაღაცას
აყვირდნენ თავიანთ ენაზე, მერე რამდენიმე ჯარისკაცი ანთებული
ჟინჟღილებით იქით გამოიქცა. ცოტა ხნის შემდეგ დატრიალებულმა კვამლმა
კიბის ქვეშ შეაღწია.
კიდევ ცოტა და, ხანძრის ალმა გაანათა კიბის ქვეშ შეყუჟული პავლიას სახე.
საპყარს ისარი გათავებოდა. კიბიდან გამოსვლა და ქუჩაში ჩასვლა რომ
შეძლებოდა, თორელის ხმლით ისიც იმ ხელჩართულ ბრძოლაში გაერეოდა,
მაგრამ ვაი, რომ ადგილიდან დაძვრა არ შეეძლო.
პავლიამ თავი მკლავებში ჩარგო და მიწას განერთხო. ცეცხლის ალი ცას
სწვდებოდა. თორელის სახლი ტკაცატკუცით იწვოდა და სიმხურვალე
თანდათან მატულობდა.
ბოლოს სუნთქვა გაუჭირდა პავლიას, კიბის ქვეშ დარჩენა აღარ შეეძლო,
ცოტაც კიდევ და, კვამლი და ბუღი გაგუდავდა.
149საპყარმა ხოხვით გაიწია და ის იყო, მხარი გამოიტანა, რომ
ცეცხლმორეულმა კედელმა იხუვლა, ძირს წამოვიდა და პავლია ნანგრევებმა
დამარხა.
დაღამდა, ბრძოლის ხმაური მიწყნარდა. აქა-იქ ჯერ კიდევ ანათებდა
ხანძრების ალი. ქალაქში ცხელოდა, კვამლისა და ლეშის სუნი იდგა.
საიდუმლო ხვრელიდან ცაგო და პავლიას მხლებელი მორჩილი ამოვიდნენ.
ხანძრისაგან დანახშირებული, ჯერ კიდევ მხრჩოლავი სახლის ნანგრევების
დანახვაზე ცაგოს სახე გაუფითრდა. საითაც მიიხედა, ყველგან ფერფლი და
ნაცარი, ნახშირი და ნანგრევი დახვავებულიყო. ცრემლი წასკდა ცაგოს, მაგრამ
ახლა ტირილისა და მოთქმის დრო არ იყო, აქ, სადღაც მისი ძმა უნდა
ყოფილიყო; იქნებ დანახშირებულ-დანაცრებულიც იყო უბედური პავლია,
დის ესოდენ მოყვარული და მისთვის თავდადებული.
მორჩილი კიბესთან იდგა და კიბეს დაეძებდა. ნანგრევებსა და ნაცარს
სრულიად დაეფარა ის ადგილი, სადაც რამდენიმე საათის წინ თავისი
მოძღვარი დამალა ყმაწვილმა.
_ კიბე სად არი? კიბის ქვეშ დავტოვე!.. _ ბუტბუტებდა მორჩილი და
თვალებს უიმედოდ აქეთ-იქით აცეცებდა.
_ აგერ, კიბე, ზედა დგახარ! _ უთხრა გულამომჯდარმა ცაგომ და კიბეზე
დაცემული, ნახევრად დანახშირებული თავხე გადასწია.
ყმაწვილი მიხვდა, რაც მომხდარიყო.
ნანგრევებს მისდგა და ცაგოსთან ერთად კიბის განთავისუფლება დაიწყო.
დაღლილობისა და ნახანძრალის სიმხურვალისაგან ორივეს წურწურით
სდიოდა ოფლი.
როგორც იყო, კიბეს ნანგრევები მოაშორეს და ვეება კოჭქვეშ გართხმული
პავლიას ზურგი დაინახეს, ორივეს ზლუქუნი აუვარდა.
ბედად, მაღლიდან წამოსული კოჭი სანახევროდ დასცემოდა საპყარს. კოჭის
ერთი თავი კიბის საფეხურს დაეჭირა და პავლია ამას გადაერჩინა
გასრესისაგან.
უზარმაზარ კოჭს ბეჭის ძვალი დაეზიანებინა კუტისათვის, თავი ქვის
ნამტვრევით გასტეხოდა; თმა და წვერი შეტრუსოდა და მიწას ჩაფრენილი
ორივე ხელი ცეცხლს დაეთუთქა.
ცოცხალი აღარ ეგონათ. იმ უშველებელ კოჭს მოეჭიდნენ, მაგრამ ძვრა ვერ
უყვეს. მერე ქვეშ მიწა გამოუთხარეს და უბედური საპყარი ისე გამოათრიეს.
მკერდზე ყური დაადეს. მისუსტებული გული კიდევ სცემდა ხამუშ-ხამუშ,
უღონოდ და უნიათოდ.
წყალი ასხურეს, ჭრილობები მობანეს და შეუხვიეს.
ხანძარს გადარჩენილ ქვის სახლისკენ წაიღეს გონდაკარგული პავლია და
მეზობლის დაცარიელებულ სარდაფს შეაფარეს თავი.
150გამარჯვებულ სულტანს კარავში ეახლნენ დიდი ძღვენითა და ძვირფასი
საჩუქრებით დატვირთული თბილისელ მაჰმადიანთა მეთაურები. მათ შორის
იყვნენ რუსუდანის ქმარყოფილი, არზრუმის სულტნის ტოღრილშას შვილი
მოღასედინი და შირვანელი უფლისწული სულტანშა.
პირველი კარგა ხნის გაქრისტიანებული და გაქართველებული იყო.
ქართველთა დედოფალს მისგან უკვე ორი შვილი ჰყავდა, თამარი და დავითი.
მოღასედინი ბოლო დროს რუსუდანს შემოსწყრა და ამაყმა დედოფალმა
თითქმის განიშორა.
მოღასედინი თავიდანვე არ იწოდებოდა მეფედ და ქვეყნის მართვის
საჭესთან არავინ უშვებდა. გვირგვინოსნებს შორის უთანხმოება უკანასკნელად
უკიდურესობამდე მივიდა. მოღასედინი უკვე რუსუდანის თანამეცხედრეც
აღარ იყო და ქართველებს თავიანთი დედოფლის შესართავად შირვანშას
უფლისწული სულტანშა მოეყვანათ.
ერთ დროს კინაღამ ამ სულტანშას მამას გაატანეს ცოლად ქართველებმა
რუსუდანი. მაშინ ქვეყანას ლაშა მართავდა და რაკი სახელმწიფოს
კეთილდღეობა მოითხოვდა ამ ნაბიჯის გადადგმას, რუსუდანის სურვილს
ანგარიშს არავინ უწევდა.
ლაშას მოულოდნელმა სიკვდილმა რუსუდანი იხსნა სამშობლოდან
გადახვეწისა და ხნიერი შირვანშას ცოლობისაგან. ახლა, როცა თავის ბედს
თავათ სწყვეტდა, იმ შირვანშას შვილი მოეყვანა ქმრად შესართავად და
სასახლეში ჰყავდა მძევლად.
სულტანშა მართლაც გამორჩეული იყო თავისი თვალტანადობითა და
ზრდილობით. ჭაბუკი უფლისწული ახლა იწყებდა ნამდვილ ვაჟკაცობას.
შავგვრემან სახეს შავი თვალ-წარბი და ულვაშები უმშვენებდა, ფართო
მხარბეჭზე მაგარი ქედი ედგა. მისმა გარეგნობამ და ქცევამ ქართველი
დედოფლის კარზე ყველა მოხიბლა და საქართველოს რომ ეს უბედურება არ
დატყდომოდა თავს, ალბათ, სულტანშას ქრისტიანულად მონათლავდნენ და
მალე რუსუდანის თანამეცხედრედ გამოაცხადებდნენ.
ჯალალედინის
უეცარი
მოსვლა
იმდენად
მოულოდნელი
იყო,
თბილისიდან სამეფოს სალაროს წაღებაც ვერ მოასწრეს. სატახტოში უამრავი
სიმდიდრე დარჩა და სწრაფად გაქცევისას რუსუდანის ეს ორი მძევალი,
ალბათ, არც გახსენებიათ.
ახლა ორივე უფლისწული თავმდაბლად ეახლა მთელი სამაჰმადიანოს
იმედსა და ქომაგს, სახელოვანსა და აღმატებულ სულტანს.
ჯალალედინს პირველი შეხვედრისთანავე თვალში მოუვიდა ჭაბუკი
უფლისწული, მოეფერა და დაუყვავა. როცა ისიც გაიგო, რომ სულტანშას
ჭეშმარიტი რჯული ჯერ კიდევ არ უარეყო და არ გამოეცვალა, ფრიად გაიხარა,
გვერდით დაისვა და მრავალი ნიჭი და წყალობა აღუთქვა.
სამაგიეროდ, მეორე უფლისწულს სალამიც არ აღირსა, ჭეშმარიტი
სარწმუნოების დატოვების გამო გაუჯავრდა, ბავშვივით დატუქსა და
იმქვეყნიური სასჯელით დაშინება არ აკმარა, ამქვეყნიურითაც დაემუქრა.
151აბუჩად აიგდო და ქართველ ტყვეებთან ერთად მისი საპყრობილეში ჩაგდება
ბრძანა.
თბილისელ მაჰმადიანთა თხოვნამ ვერ გასჭრა. პირიქით, უფრო გახელდა
და მათაც გაუჯავრდა:
_ თქვენც ყველანი ურწმუნოების ხელისშემწყობნი ხართ, ყველას სასტიკად
დავსჯი! _ გამოუცხადა გაკვირვებულ თბილისელ მუსულმანთა მეთაურებს და
ჯილდოს მომლოდინეები პირში ჩალაგამოვლებული გაისტუმრა.
ცოტა ხნის მერე მაჰმადიანთა უბანშიც ავარდა ხანძრების ალი.
მუსულმანთა სავაჭროებსა და ქარვასლებშიც ყაჩაღებივით შეცვივდნენ
მთვრალი ხვარაზმელები და თბილისელი მაჰმადიანები მიხვდნენ, თუ რა
ქომაგიც მოევლინა უბედურ საისლამოს.
იმ დღეს საქართველოდან სამხრეთისკენ ქართველებზე ჯალალედინის
გამარჯვების ამბავთან ერთად მეორე ამბავიც წავიდა, ამბავი ხვარაზმელთაგან
თბილისელი მაჰმადიანების დარბევისა და აკლებისა. ამ მეორე ამბავს
პირველზე
ნაკლები
მნიშვნელობა
როდი
ჰქონდა
ჯალალედინის
მომავლისათვის. თუ აქამდე საქართველოს მეზობელი სამუსულმანო
სამეფოები მხოლოდ ფარული ეჭვით უცქერდნენ სულტნის მოქმედებას,
ამიერიდან მისი ნამდვილი განზრახვა გამომჟღავნებული იყო: სულტანმა
თბილისელი მუსულმანების გაძარცვითა და დარბევით მაჰმადიანთა ქომაგის
ნიღაბი აიხადა და თავისი მგლური სახე გამოაჩინა.
საქართველოს მეზობელი სამუსულმანო ქვეყნების მეთაურები მიხვდნენ,
რა მტაცებელიც მოევლინა ისლამის ქომაგის ნიღბით სამაჰმადიანოს.
დღეს თუ არა, ხვალ ეს მგელი მათ ფარეხშიაც შემოვარდებოდა და
მართლმორწმუნე მაჰმადიანებს აქაც ისევე აიკლებდა, როგორც თბილისში.
ხლათის მელიქმა და იკონიის სულტანმა იმ დღიდან ხმალს ბეჯითად
დაუწყეს ლესვა, რათა თავიანთი ხალხები მუსულმანთა ამ «მხსნელის»
ქომაგობისაგან ეხსნათ.
ციებ-ცხელებისაგან მისუსტებულ, მაგრამ უკვე ფეხზე წამომდგარ ნესევის
თბილისის აღებისა და ჯალალედინის უდიდესი გამარჯვების სიხარული
იქაურ მაჰმადიანთა დარბევის ამბავმა მოუშხამა. ამ ცნობისათვის სულტნის
ბევრ მეგობარსა და ახლობელს ყურადღებაც არ მიუქცევია. მხოლოდ მოჰამედ
ნესევი მიხვდა, თუ რა საბედისწერო ნაბიჯი გადაედგა მის სათაყვანებელ
მბრძანებელს.
მიხვდა და თავში ხელი შემოირტყა.
ჯალალედინის სისასტიკეს არაერთხელ შეუწუხებია ბუნებით მშვიდი და
კაცთმოყვარე მოჰამედი, მაგრამ სისასტიკეც არის და სისასტიკეც!
ულმობლობისა და სიმკაცრის გამოჩენას მხოლოდ მტრის მიმართ აქვს
გამართლება და ისიც ყოველთვის კი არა. ზოგჯერ მტრის შებრალებას და
შეწყნარებას მის მოსპობაზე მეტი სარგებელი მოაქვს ხოლმე და ეს არაერთი
გონიერი მეფისა და სარდლის მაგალითით იცოდა ნესევიმ. ბევრ ძლევამოსილ
152სარდალს დანდობითა და პატიებით მტრის გული სამუდამოდ მოუგია და
დამარცხებული მოსისხლე ერთგულ მეგობრად გაუხდია.
მით უფრო აუხსნელად და გაუგებრად ეჩვენებოდა სულტნის ახლანდელი
საქციელი ნესევის: ჯალალედინმა ურწმუნო ქართველებივით დაარბევინა და
დაახოცინა თბილისელი მაჰმადიანებიც, რომელთაც თავისი სისხლისა და
თავგანწირვის ფასად გაუღეს სულტანს ესოდენ გამაგრებული და ძნელად
დასაპყრობი ქართველთა სატახტოს კარი.
ნესევის აოცებდა სულტნის სიხარბე. იმის ფასი რა სიმდიდრე და ქონება
უნდა ეშოვნა სულტანს თბილისელი მაჰმადიანების ძარცვით, რასაც
დაჰკარგავდა, დანაკარგი _ მთელი საისლამოს ნდობა _ გაცილებით დიდი და
აუნაზღაურებელი
იქნებოდა.
ამიერიდან
მაჰმადიანური
სამყარო
ჯალალედინის არათუ მუსულმანთა მოსარჩლედ დასახავდა, არამედ
მართლმორწმუნეთა მტრად ჩასთვლიდა, ხელის გამართვის სანაცვლოდ, მას
ზურგს შეაქცევდა და თუ აქამდე იმედის თვალით შესცქეროდა, იმ დღიდან
შიშითა და შფოთით დაუწყებდა ყურებას.
რამდენჯერ შეუდარებია ნესევის თავის წარმოდგენაში ჩინგიზ-
ყაენისათვის ჯალალედინი. ადრე ფიქრობდა, რომ მონგოლთა მბრძანებელი
მთელ თავის ძლიერებას შიშზე ამყარებდა, თავისი განუკითხაობითა და
გაუგონარი სისასტიკით თავის ხალხსაც და დაპყრობილ ერებსაც მისდამი
კრძალვასა და არაადამიანურ, თითქმის ცხოველურ შიშს უნერგავდა.
ეს ასე იყო, მაგრამ თვითონ ჩინგიზ-ხანიც კი არ უსწორდებოდა თავის
მომხრეებსა და კეთილისმყოფელებს ესოდენი დაუნდობლობით, როგორც
ჯალალედინი მოექცა მის ხელშემწყობ მაჰმადიანებს თბილისში.
ჩინგიზმა იცოდა, ვინ უნდა დაეშინებინა და ვინ მოწყალებითა და
ლმობიერებით მოენადირებინა. იგი მტრებს ეპყრობოდა განუკითხავად,
დამნაშავესა და უდანაშაულო მოწინააღმდეგეს განურჩევლად ჟლეტდა,
ბალღებს მშობლების თვალწინ ხოცავდა, ქალაქებს წყალში ძირავდა და
ხანძრებით ბუგავდა.
ჩინგიზის ურდოებს ხანძრები მოუძღოდა წინ, მაგრამ ხალხები ხანძრებზე
მეტად იმ შიშისაგან ძრწოდნენ, რომელიც მონგოლთა ცხენოსნებზე სწრაფად
მოჰქროდა, კიდით-კიდემდე ვრცელდებოდა, ჩინგიზის გზაზე ყველაფერს
ღონეს ართმევდა და სიმტკიცეს უკარგავდა _ ადამიანებსაც და ციხეებსაც,
მეფეებსაც და მეომრებსაც. მტრები ან გაქცევით ცდილობდნენ სიკვდილისაგან
თავის დახსნას, ან მორჩილების გამოცხადებით. მაგრამ ვერც ერთი შველოდათ
და ვერც მეორე. გაქცეულებს ჩინგიზის ქოფაკები ეწეოდნენ და ისევ
ჟუჟავდნენ, როგორც დამორჩილებულებსა და შეწყნარების მთხოვნელებს.
ჩინგიზის წინააღმდგომთ განაჩენი თავიდანვე ჰქონდათ გამოტანილი. ეს
განაჩენი მტრისათვის მხოლოდ სიკვდილს ითვალისწინებდა, იგი შეუვალი
იყო და განუხრელი კანონზომიერებით სრულდებოდა.
მონგოლთა მბრძანებლის სისასტიკის ხმა ხალხებს მანამდე უკარგავდა
ხსნისა და გადარჩენის იმედს, ვიდრე ჩინგიზი მათ მიწა-წყალზე
153გამოჩნდებოდა. რაკი თათართა წინააღმდეგ ვერც ხმალი ჭრიდა და ვერც
ვედრება, ხალხებმა ჩინგიზის მიერ მათ თავზე დატეხილი უბედურება
ღვთის განაჩენად იწამეს, თავიანთ ცოდვათათვის ზეციერისაგან მოვლენილ
სასჯელს შეურიგდნენ და დანებდნენ.
ეს ძალა ჰქონდა ჩინგიზის მიერ დათესილ შიშს _ მტრებს იარაღს
აყრევინებდა და დაპყრობილ ხალხებს თავს მონობის უღელში აყოფინებდა.
მაგრამ თავათ თათრებს რაღა ამოქმედებდათ? ქვეყნის ერთი კიდიდან
მეორემდე ნუთუ მარტო თავიანთი მბრძანებლის წინაშე შიში, სიკვდილით
დასჯის შიში ერეკებოდა მონღოლთა ურიცხვსა და თავით ფეხამდე
შეიარაღებულ ურდოებს?
ნესევიმ იცოდა, რომ თათრები ციხე-ქალაქების იერიშზე გადასულ თავიანთ
ჯარებსაც უკან მშვილდოსნებს უყენებდნენ. შეშინებულებსა და შემდრკალებს
ისრებს სეტყვასავით აყრიდნენ და გაქცევის ან უკანდახევის მსურველებს
უწყალოდ ხოცავდნენ, ციხეებზე მოიერიშეებს უკანდასახევი გზა მაინც
მოჭრილი ჰქონდათ და უნდოდათ თუ არა, იერიში ბოლომდე უნდა მიეყვანათ,
წინააღმდეგობა უნდა დაეძლიათ, მტერი გაენადგურებინათ და ამით თავისი
თავიც დაღუპვის ორმაგი საფრთხისაგან ეხსნათ. ჩინგიზი არა მარტო
ღალატისა და დაუმორჩილებლობისათვის სჯიდა სიკვდილით თავის
მოლაშქრეებს, მისი კანონებისაგან ყოველგვარი გადახვევისათვის დამნაშავე
სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა და ყველამ სარწმუნოდ იცოდა, რომ
განაჩენი ერთადერთი და საბოლოო იყო, არავითარი შემამსუბუქებელი
გარემოება მხედველობაში არ იქნებოდა მიღებული. ჩინგიზისათვის
შებრალება და შეწყნარება არ არსებობდა, ჩინგიზის კანონს იმიტომ ჰქონდა
ძალა, რომ იგი ყველასათვის კანონი იყო, უბრალო მოლაშქრისათვისაც და
ჩინგიზის მემკვიდრე უფლისწულებისათვისაც.
ჩინგიზ-ყაენმა თავისი პიროვნების წინაშე შიში ღვთიურ კანონამდე აიყვანა
და თავისი ქვეშევრდომების შეუმჩნევლად თანდათან მისდამი სიყვარულად
აქცია. რაკი ღვთის ტოლი ჩინგიზი ქვეყნად უფლის მიერ მოვლენილი იყო
მონგოლთა ბატონობის დასამყარებლად, მისი კანონიც ღვთის მიერ იყო
ნაკარნახევი და მისი განაჩენი უფლის განაჩენი იყო.
მონგოლები
ყაენის
მიერ
გადაწყვეტილ
სასჯელს
უყოყმანოდ
ღებულობდნენ და დასჯილთა უახლოესი ნათესავები, მამები და შვილები
არათუ შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდას ფიქრობდნენ, არამედ მზად
იყვნენ საკუთარი სიცოცხლეც გაეწირათ და თავიანთი მკერდით დაეცვათ
მტრის ხელყოფისაგან ღვთაებრივი მბრძანებლის საუკუნო მეფობა.
ჩინგიზი შიშთან ერთად სიყვარულსაც ავრცელებდა, თავის ხალხს მთელს
მსოფლიოზე ბატონობას აღუთქვამდა, სამეფოს სამეფოზე იპყრობდა, თავის
მოლაშქრეებს ალაფითა და ნადავლით ავსებდა და თან გამუდმებით, წლიდან
წლამდე ყველა საშუალებით ჩააგონებდა თავის ღვთაებრიობასა და
უძლეველობას.
154მონგოლები ხედავდნენ, რომ სახელმწიფო სახელმწიფოზე, ციხე-ქალაქი
ციხე-ქალაქზე ეცემოდა ჩინგიზ-ყაენის ფერხთქვეშ. მრისხანე მბრძანებელს
მტრის ვერც ისარი აკლებდა ვერაფერს, ვერც სიმრავლე. მტერზე თავიანთი
სისხლით მოპოვებულ გამარჯვებებს თათრები ჩინგიზის ღვთაებრივ გონებასა
და ნიჭს აწერდნენ და მტკიცედ სწამდათ, რომ სიკვდილი მის წინაშე უძლური
იყო.
თუმცა თვალით ხედავდნენ, მაინც უხორცოსავით ჰყავდათ წარმოდგენილი
მონგოლებს
თავიანთი
მბრძანებელი.
მისი
ღვთაებრივობისა
და
მარადიულობის რწმენა, მისდამი შიშთან ერთად, ბავშვობიდან ენერგებოდათ
გულსა და გონებაში.
ჩინგიზისა ეშინოდათ, მაგრამ უყვარდათ კიდეც იგი და თუ ადრე ძნელი
სათქმელი იყო, რომელი გრძნობა ჭარბობდა, ახლა ყველასათვის აშკარად
ჩანდა, რომ მბრძანებლისადმი შიშსაც ხალხში მისი სიყვარული შეექმნა.
ჯალალედინმა ვერც შიში ჩაუნერგა თავის ქვეშევრდომებსა და დაპყრობილ
ქვეყნებს, ვერც თავი შეაყვარა. ხვარაზმელი სულტანი ჩინგიზივით მეჯოგე
ხალხის ბელადობიდან კი არ ამაღლებულა, მას მართლაც დიდი და
აღმატებული წინაპრები ჰყავდა, რომლებსაც თავიანთი ღვთაებრივი
წარმოშობით მოჰქონდათ თავი, მაგრამ ჯალალედინის ღვთაებრივობაზე მისი
ყველაზე ერთგული და ახლობელი მსახურებიც არ ლაპარაკობდნენ შინაგანი
დაჯერებით. სულტანმა ქვეშევრდომებს თავისი ღვთაებრივობა ვერ ჩააგონა,
ვერც ძალის გამოჩენითა და შიშის ჩანერგვით, ვერც გონიერი ქცევითა და
ბრძნული მოქმედებით.
ძლიერისა და სულ მუდამ გამარჯვებულისა შეუძლებელიც სჯერათ,
უღონოსა და მუდამ დამარცხებულს შესაძლებელსაც აღარ უჯერებენ: ჩინგიზი
სულ იმარჯვებდა და ამიტომ სწამდათ მისი უძლეველობა და ღვთაებრივობა,
ჯალალედინი სულ მარცხდებოდა და ჩინგიზისაგან ლტოლვილს რაღა
უძლეველობასა და ღვთაებრივობას დაუჯერებდნენ.
ჯალალედინს მტკიცე ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე ურყევი არ იყო.
იგი ფიცხი იყო და გაბრაზებისას ულმობელი, მაგრამ როგორც
დამშვიდდებოდა, წყენას ივიწყებდა და ადრე გამოტანილი განაჩენის
შერბილებას თუ ვეღარ ასწრებდა, ზოგჯერ გულწრფელად ნანობდა. ქვეყნის
მპყრობელის სიტყვა კანონი უნდა იყოს და ერთხელ ნათქვამი არ უნდა
გადაითქვას, მტერს სასჯელი არ უნდა შეუმსუბუქოს და მოყვარეს წყალობა არ
უნდა მოაკლოს.
როგორც ჩანს, ჯალალედინს აკლია ზოგიერთი თვისება ქვეყნის
მპყრობელი ძლიერი მბრძანებლისა და ეს ნაკლი სულტანმა მისი ერთგული
მრჩევლების დახმარებით უნდა დასძლიოს და შეივსოს. ნესევისა და სხვა
ახლობელი მრჩევლების ვალია, ჩააგონონ სულტანს მის იმედად დარჩენილი
საისლამოს პატივისცემა, იქადაგონ და გაავრცელონ ხმა ჯალალედინის
ღვთაებრივი
წარმოშობისა,
მაჰმადისაგან
მორწმუნეთა
მხსნელად
155მოვლენილად გააცნონ ქვეყანას სულტანი და მისდამი შიში და სიყვარული
ჩაუნერგონ ყველას.
ამ მძიმე ფიქრებით შეპყრობილ ნესევის ეჩვენებოდა, რომ ჯალალედინის
უკანასკნელი ნაბიჯი _ თბილისელ მუსულმანთა დარბევა ლახვარს სცემდა
თვითონ სულტნის საქმეს, მაგრამ გატეხილი აღარ გამთელდებოდა და
სულტნის ერთგულ მსახურებს იმაზე უნდა ეზრუნათ, რომ დამღუპველი ხმა
არ გავრცელებულიყო და ამიერიდან მაინც მუსულმანების მიმართ
ჯალალედინს მტრობის ნაცვლად გულწრფელი მოყვრობა და ქომაგობა
გამოეჩინა.
ისანში გამაგრებული ბოცო ჯაყელი საიდუმლოდ კაცს კაცზე გზავნიდა
მეფის კარზე, ლაშქრის მოშველებას სთხოვდა და თავის მხრივაც აღუთქვამდა,
რომ თუ მეფის სპა მტერს შემოუტევდა, ისნის მეციხოვნენიც ხელს
გამოიღებდნენ, მტერს ზურგში დაჰკრავდნენ. თბილისის დაცვის მეთაური
იმასაც ატყობინებდა, რომ ჯალალედინი უძლეველი სარდალი არ იყო,
ერთხელ ბრძოლაში იგი დაამარცხეს კიდეც თბილისელებმა და თუ საკმაო
ჯარს მიაშველებდა, ხვარაზმელებს დედაქალაქს დაატოვებინებდნენ.
ჯარის შეკრებისა და მოშველების მაგივრად, რუსუდან მეფე ისანში
გამაგრებულ მეციხოვნეებს ბრძოლის გაგრძელების უიმედობაში არწმუნებდა
და ისნის სიმაგრის დატოვებას ურჩევდა.
ბოლოს, როცა იმედი გადაიწყვიტა და მეფის არა ერთი ბრძანებაც მოუვიდა,
ბოცომ სულტანთან მოლაპარაკება გამართა და ქალაქიდან უვნებლად გასვლა
ითხოვა.
ჯალალედინი დათანხმდა და ისნის ციხემაც შესწყვიტა უკანასკნელი
წინააღმდეგობა.
ხვარაზმელები მეფის საჭურჭლეს დაეპატრონენ და ხელთნაგდები
სიმდიდრის მითვლას შეუდგნენ. სულტნის მდივნები უძლურნი აღმოჩნდნენ
აღეწერათ და მიეთვალათ ყველა განძი და საუნჯე. მაშინ ჯალალედინმა თავის
ემირებს უბრძანა, ცოტა ხნით ხმალი გვერდზე გადაედოთ და ხელთ კალამი
აეღოთ.
დღე და ღამე ითვლიდნენ და ანგარიშობდნენ, წერდნენ და აღრიცხავდნენ,
უშველებელი გრაგნილების გორები დადგა, მისათვლელი სიმდიდრე და
საჭურჭლე კი არ თავდებოდა.
თავათ ჯალალედინი გაკვირვებული იყო საუნჯის სიმდიდრითა და
ფასდაუდებლობით. ტყუილა კი არ გასულიყო შორს თბილისის საარაკო
სიმდიდრის ხმა.
_ მე რომ მარტო სიმდიდრისათვის მოვსულიყავი, მეტი არა მენდომებოდა
რა! თბილისის სიმდიდრე ჩემთვის სრულიად საკმარისი იქნებოდა! _
განაცხადა ბედნიერმა სულტანმა.
სულტნის მდივნები რომ ღამეებს ტეხდნენ თვლასა და აღრიცხვაში,
ჯალალედინი იმას ანგარიშობდა, თუ რამდენი ლაშქრის მოგროვება
156შეიძლებოდა ამ სიმდიდრით. რამდენ იარაღს შეიძენდა და სად დახვდებოდა
თავის მოსისხლე მტერს, მონგოლების წყეულ მბრძანებელს.
როგორც კი თბილისის აღების ამბავი შეიტყო სულტნის მდივანმა, ხლათის
დედოფლის სამყოფელს ალყა მოხსნა, დედოფალს თბილისის დაცემის ამბავი
შეუთვალა და თან ისიც აცნობა, საითაც გსურთ, წაბრძანდით, გზა ყველგან
ხსნილიაო.
შეურაცხყოფილი და გულმოკლული დედოფალი ხლათის გზას დაადგა.
სახედაბურულსა და თმებჩამოშლილ თამთას შალვას მოჭრილი თავი
მიჰქონდა. სამშობლოს უპირველეს მამულიშვილს და თამთა დედოფლის
ერთგულ რაინდს ერთადერთი ნატვრა ახდენოდა: მკვდრისათვის თვალები
სათაყვანო თამთას ხელებს დაეხუჭა.
მოდიოდა ხლათის უდაბურ გრძელ გზაზე დედოფალი.
ცრემლგამშრალი თამთა ქვასავით ცივი და უგრძნობელი მზერით
გაჰყურებდა გადატრუსულ, ხრიოკ ტრამალებს, ირგვლივ არაფერი იყო და
ვერც ვერაფერს ხედავდა, შალვას სისხლშემხმარი ტუჩებისა და
აზრგამოცლილი თვალების გარდა.
მიდიოდა დედოფალი და თან მიჰქონდა ჯალალედინის უძვირფასესი
ძღვენი, თავისი პირველი სატრფოსი და საოცნებო მიჯნურის, მიუთხრობელი
მეომრისა და უკეთილშობილესი მოყმის შალვა ახალციხელის მოჭრილი თავი.
თავი მეხუთე
ისნის ციხის დამორჩილების შემდეგ საქართველოს დედაქალაქი
მთლიანად მტრის ხელთ იყო და ძლევამოსილი ხვარაზმშა გამარჯვებას
დღესასწაულობდა.
მას შემდეგ, რაც წყეული ჩინგიზი მუჰამედის უზარმაზარ სამეფოს შეესია,
ხვარაზმელთა ხმალს გამარჯვებით გაელვება აღარ ღირსებია.
სისხლიან ყაენთან პირველსავე პირისპირ შეტაკებაში დამარცხებული,
მონგოლთა ურდოებისაგან დევნილი ჯალალედინი, აგერ, ხუთი წელია,
ნადირივით ილტვის, მტერთან შებრძოლებასა და ვაჟკაცურ შებმას ვერსად
ახერხებს და გამწარებული უნაპირო ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეს აწყდება.
უკანდახეულ სულტანს მამამისის მორჩილი ხანები და ათაბაგები
ძველებურად მდაბლად უკრავდნენ თავს, მაგრამ ერთ დროს ზღაპრული
სიმდიდრითა და ლაშქრის მრავალრიცხოვნებით განთქმული ხვარაზმშას
მემკვიდრე, მოსაჩვენრად მორჩილი ხანებისაგან ვერც ოქროს შოულობდა
საკმარისსა და ვერც ჯარს. თათრების უძლეველობაში დარწმუნებულ ხანებს
157ჩინგიზის შებრძოლებაზე ფიქრიც კი განგების წინააღმდეგობად ეჩვენებოდათ,
რადგან მონგოლთა მბრძანებელს ღვთის მიერ მათივე ცოდვების სამაგიეროს
მოზღვისათვის მოვლენილად თვლიდნენ. მასპინძლები თავიანთ მაღალსა და
კეთილშობილ სტუმარს საზრდოსა და სამსახურზე უარს ვერ უბედავდნენ,
მაგრამ
თათრების
მოახლოებით
შეძრწუნებულები,
თვითონაც
თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ და მისი მეთაურობით მტერთან გადამწყვეტ
შებმას მიუდგომელ ციხეებში ჩაკეტვას ამჯობინებდნენ.
იმ ციხეებისკენ იწვევდნენ სულტანსაც, თუმცა ეს წვევაც ცალყბა იყო,
რადგან კარგად იცოდნენ, რომ, რაც უფრო შორს იქნებოდა მათგან
ჯალალედინი, მით უფრო ნაკლები რისხვა დაატყდებოდათ მონგოლთა
ულმობელი მბრძანებლისაგან.
თავათ ჯალალედინი ამაოდ ამხედრებდა საომრად მონგოლთა
მოახლოებით ზარდაცემულ მიუვალ ციხეებისკენ გაქცეულ ხანებს, მათი
გულის გამაგრება და შემობრუნება რომ არ შეეძლო, თავისივე უღონობით
გახელებული, გულს ასკდებოდა. ჯალალედინმა კარგად იცოდა, რომ
მონგოლთა კირთებისაგან მუსულმანებს მიუვალი ციხეები ვერ დაიცავდნენ
და რომ ერთადერთი ხსნა მტრის წინააღმდეგ გმირული შემართება იყო.
ისიც აწუხებდა ჯალალედინს, რომ იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც იგი
მონგოლთა მდევარი ლაშქრისაგან მოწყვეტას ცდილობდა, ერთხელაც ვერ
აჩვენა მტერს თავისი ძალა, ბრძოლისუნარიანობა და ხმლის ბრწყინვალება.
და აი, მთელს აღმოსავლეთსა და დასავლეთში ძლიერებით განთქმული
სახელმწიფოს დედაქალაქის _ თბილისის აღება იყო ჯალალედინის პირველი
დიდი
გამარჯვება,
რომელსაც
არა
მარტო
იმედგადაწყვეტილი
საისლამოსათვის უნდა გაეხსენებინა, რომ მას ქომაგი და დამცველი ჰყავდა,
არამედ მონგოლთა ძლევამოსილი ყაენის ბანაკშიაც შიშის ზარი უნდა მიეტანა
იმის გამო, რომ მათ დაუძინებელ მტერს ჯერ კიდევ შესწევდა ძალა ბრძოლის
ველზე სასწაულის ჩადენისა.
ვიდრე ხვარაზმელი სულტნის მოხელეები დაპყრობილი თბილისის
აურაცხელი განძისა და სიმდიდრის მითვლასა და აღწერას უნდებოდნენ,
შიკრიკები და მალემსრბოლები ქვეყნის ყოველ მხარეს გადასცემდნენ
ჯალალედინის უმაგალითო გამარჯვების ამბავს.
ჯალალედინი წარმოდგენით ხედავდა მრისხანე ჩინგიზის გაოცებას და
შეშფოთებას, როცა მას სულტნის გამარჯვების ამბავს მიუტანდნენ: მის
მოსისხლე
მტერს,
რომელიც
სიკვდილისპირას
მიყვანილი
ეგონა,
აღმოსავლეთის უძლიერესი სამეფო გაენადგურებინა. და მერე როგორი
სამეფო! _ უძლეველი საქართველო, რომლის შერყევაც მისმა საუკეთესო
ბაღათურებმა _ ჯებემ და სუბუდაიმაც კი ვერ შესძლეს და უშედეგო ბრძოლის
შემდეგ მშვიდობიანად გაცლა ამჯობინეს!
მშვენიერ გუნებაზე გაეღვიძა იმ დილას სულტანს. მთას იქით
გამოწვერილი ვეებერთელა სისხლისფერი ბურთი თანდათან მაღლდებოდა.
158ჯალალედინმა სისხლისფერი მზის ამოსვლა იმ ჩარხის შემოტრიალების
მომასწავებლად ჩასთვალა, რომელიც მისთვის ამდენ ხანს ასე უკუღმა
ბრუნავდა.
თბილისში მზე ამოდიოდა _ ჯალალედინის ძლევამოსილებისა და
გამარჯვების მზე.
სულტანი საზეიმოდ გამოეწყო. სამოსელთაგან ყველაზე ძვირფასი ჩაიცვა
და სამკაულთაგან ყველაზე პატიოსანი თვლებით აღიკაზმა.
ახლობლებთან
ისაუზმა.
თბილისის
აღებაში
განსაკუთრებით
თავგამოჩენილებს ქებას ასხამდა. საერთოდ სიტყვაძვირი სულტანი იმ დღეს
ჩვეულებრივზე მეტს ლაპარაკობდა, ხუმრობდა და ენაწყლიანობდა.
სიცილი ჩვეულებად არ ჰქონდა, მხოლოდ შეკავებული ღიმილით
გამოხატავდა ხოლმე იმ განცდას, რომელიც სხვებს ხმამაღლა ახარხარებდა.
იმ დღეს მარჯვნივ და მარცხნივ უხვად აფრქვევდა ღიმილს და წყალობას.
სუფრიდან რომ წამოდგა, შერეფელმოლკს უთხრა: ნამდვილად რაღაც
საწყენი შემხვდება, ისე მხიარულად ვარო.
სიონის გუმბათზე ასავლელი გრძელი კიბე უკვე მოეთავებინათ. სულტნის
ბრძანებით,
თავმორღვეულ
გუმბათზე
ტახტი
დაედგათ.
ტახტზე
ჯალალედინი უნდა დამჯდარიყო და იქიდან თბილისელთა განკითხვისათვის
უნდა ეცქირნა.
სიონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოეტანათ და ხიდზე დაეგდოთ. ხიდთან
უამრავი ტყვე მოერეკათ: კაცი და ქალი, დიდი და პატარა; სულტნის
ბრძანებით, ყველას, ვინც ღვთისმშობლის ხატს ფეხს დაადგამდა, იქვე
ქრისტიანობაზე ხელი უნდა აეღო და წინა დაეცვითა. ხოლო ისინი, ვინც
რჯულის გმობაზე და ხატის შეგინებაზე უარს იტყოდნენ, იქვე წამებით უნდა
დაეხოცათ.
ტყვეების მოთქმა და ზრიალი გულისშემღონებლად ისმოდა ცეცხლისაგან
გარუჯულ, სახლებდაცარიელებულ, დალეწილ ქალაქში.
დარახტული ქურანი მოჰგვარეს სულტანს. კარვიდან გამოსულმა მდორედ
მიმდინარე მტკვარს დაადგა თვალი. ფიქრმა წაიღო და ერთხანს გაშტერებით
უყურა სისხლით ნაპირებშეღებილ მდინარეს. ალბათ, მტკვრის ცქერამ რაღაც
მოაგონა, უცებ შემოტრიალდა და მეჯინიბეთუხუცესს მიმართა:
_ ეს არა, ჩემი თეთრონი მომგვარეთ...
მეჯინიბეებმა ქურანი უკანვე გააბრუნეს.
სულტანს ტახტი მიართვეს. ფიქრში წასული ჯალალედინი მძიმედ დაეშვა
ტახტზე და თვალი ისევ მტკვარს გაუშტერა.
სულტანი მტკვარს გაჰყურებდა, მაგრამ აქაფებულ სინდზე ფიქრობდა,
ინდუსტანის შორეულ მდინარეზე.
ხუთი წლის წინათ ბედმა სწორედ სინდის ქარაფოვან ნაპირებთან მიაგდო
ჯალალედინი. მანამდე მან ორიოდე შეტაკებაში სძლია მონგოლთა მცირე
ძალებს და ბოლოს ფერუანის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მონგოლების
159ოცდაათიათასიანი ლაშქარი ჩინგიზის საყვარელი სარდლის ხუტუხუს
მეთაურობით.
მაგრამ ხვარაზმშას ბედი არ სწყალობდა და ამ გამარჯვებას უფრო დიდი
განსაცდელი მოჰყვა. ნადავლის გაყოფისას, ჯალალედინის ორი მთავარი
მოკავშირე ემინ მელიქი და აგრაკი ჯიშიან არაბულ ცხენზე შეეცილნენ
ერთმანეთს. მელიქი ისე გაფიცხდა, რომ თავის მოცილეს სახეში მათრახი
გააწნა. ჯალალედინი მათ ჩხუბში ვერ ჩაერია, პატივმოყვარე ემინს
შეურაცხყოფილის წინაშე ბოდიშის მოხდა ვერ მოსთხოვა და გაბრაზებულმა
აგრაკმა იმ ღამესვე დასტოვა სულტნის ბანაკი.
აგრაკის მაგალითს სხვა ხანებმაც მიბაძეს და სულტანი თურქებისა და
ხვარაზმელების ამარა დარჩა. ამ მცირე ძალით ჩინგიზის უზარმაზარი
ლაშქრის გამკლავებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა და ჯალალედინი
იძულებული იყო, ჯერ ღაზნისა და შემდეგ სინდისაკენ დაეხია.
შეიტყო თუ არა ხუტუხუს დამარცხებისა და ჯალალედინის ღაზნისაკენ
ლტოლვის ამბავი, ჩინგიზ-ხანი მთელი ლაშქრით აიყარა და უკან გამოუდგა
სულტანს.
დადევნებული ლაშქარი ერთ წუთსაც არსად ისვენებდა, საჭმლის
მოსახარშადაც არსად ჩერდებოდა. ჩინგიზი ჩქარობდა, უნდოდა სულტანს
მანამ დასწეოდა, ვიდრე იგი სინდზე გადავიდოდა; სინდი ძნელი
გადასასვლელი
მდინარე
იყო,
ბევრგან
ზღვასავით
ფართო
და
თვალუწვდენელი; სულტანს რომ მეორე ნაპირზე გადასვლა მოესწრო, იგი
სამშვიდობოს იქნებოდა და ვინ იცის, კიდევ რამდენ უსიამოვნებას
შეამთხვევდა.
ხვარაზმელები ტივებისა და ნავების ძებნასა და გამართვაში იყვნენ.
მონგოლები მათ უკან მავალ ნაწილებს წამოეწივნენ, გრიგალივით ეკვეთნენ და
გაჰფანტეს.
ჯალალედინი მენავეებს აჩქარებდა.
როგორც იყო, ერთი ხომალდი გამართეს, ზედ ქალები და ბავშვები აიყვანეს.
ხომალდი დინებამ მოიტაცა და ნაპირთანვე შეამსხვრია კლდეს.
აღელვებულ ზღვას ჰგავდა კლდოვან ფართო კალაპოტში სინდი. ტივებსა
და ნავებს ნაფოტებივით ისროდა და ამტვრევდა.
მონგოლთა მეწინავე ჯარმა სინდის ნაპირებთან შეუტია და მდინარიდან
უკუიქცა გადასვლის თადარიგში მყოფი მტერი. თავისდაღწევის ერთადერთი
გზა მოჭრილი იყო. ახლა სულტანს განგება ან ხმალი თუღა იხსნიდა.
ჯალალედინმა გაღმა გასვლაზე ზრუნვას თავი ანება და ჯარის საბრძოლოდ
დაწყობას შეუდგა.
მონგოლთა
ლაშქარი
ნალისებურ
ნახევარწრეებად
ერტყმოდა
ხვარაზმელებს. გარე მომდგარ ლაშქარს ორივე წვერი მდინარისთვის მიებჯინა
და უზარმაზარ მშვილდს ჰგავდა, რომლის ბოლოებს შორისაც სინდი
გადაჭიმული-ყო ლარად.
160სამმაგი რკალი შემოარტყა ჩინგიზმა ხვარაზმელებს და ჯალალედინი
ცეცხლსა და წყალს შუა მომწყვდეული აღმოჩნდა.
ბრძოლის წინ ყაენმა სასტიკი ბრძანება გასცა: არამც და არამც სულტანი არ
მოეკლათ და, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ცოცხლად შეეპყროთ.
განთიადზე მონგოლთა იერიში დაიწყო. ძლიერმა მტერმა ჯერ მარჯვენა
ფრთა გაანადგურა, მერე მარცხენას შეუტია და ისიც მიწასთან გაასწორა.
შვიდასი თავზეხელაღებული მებრძოლით გარშემორტყმული ჯალალედინი
ლაშქრის შუაგულში იდგა და ერთი მუჭა ჯარით თავგანწირული აწყდებოდა
ხან ერთ, ხან მეორე მხარეს.
ყველგან, სადაც მისი დროშა გამოჩნდებოდა, მტრის წყობა იშლებოდა,
შუაზე იპობოდა და არეულად უკან იხევდა.
ჩინგიზის ბრძანება კანონი იყო: სულტანი ცოცხალი უნდა ეგდოთ ხელთ.
ამიტომ ვერც ხმლის დაკვრას უბედავდნენ და ვერც ისრის დამიზნებას.
სიკვდილთან თავდავიწყებით მოთამაშე სულტანი უშიშრად დაჰქროდა მტრის
ლაშქარში და უწყალოდ ჰკაფავდა მისი თავგანწირვით გაკვირვებულ
მონგოლებს, რომელთაც გააფთრებული მტრის წინააღმდეგ ხმლის აღმართვა
ვერ გაებედნათ.
სისხლისაგან მთვრალი ჯალალედინი შუადღემდე ბრუნავდა მტრის
მორევში, შუადღისას მიხვდა, რომ ყოველი ღონე ამაო იყო, მონგოლთა ზღვას
ნაპირი არ ჰქონდა, ხმლით გაპობილი ტალღა ისევ მთელდებოდა, ყალყზე
დგებოდა და მის ჩასანთქმელად მოიწევდა. ჩინგიზის რკალი ნელ-ნელა,
მაგრამ შეუჩერებლად ვიწროვდებოდა.
სულტანმა თანამებრძოლთა შეთხელებულ რიგებს თვალი მოავლო, უცებ
რაღაც გადაწყვიტა. ეს თეთრონი იქვე ახლო ჰყავდა მარქაფად, დასვენებული
და შეკაზმული.
დაღლილი ცხენიდან თვალისდახამხამებაში დასვენებულზე გადაინაცვლა,
ერთხელ კიდევ გააფთრებით შეუტია მტერს და მონგოლებმაც ერთხელ კიდევ
დაიხიეს უკან მის წინაშე. მაშინ მოულოდნელად ცხენი შემოაბრუნა
ჯალალედინმა, იარაღი გადაჰყარა, ფარი ზურგზე გადაიგდო და თეთრონი
ციცაბო ნაპირზე შურდულივით გააქანა.
გონსმოსული ჩინგიზის შვილები მიხვდნენ, რომ სულტანი ცოცხალიც და
მკვდარიც ხელიდან უსხლტებოდათ. ცხენები აღმართზე ააჭენეს და
მაღლობზე აიჭრნენ, საიდანაც მბრძანებელი ბრძოლის ველს დაჰყურებდა.
_ ნება მოგვეცი, ვესროლოთ, დავჭრათ ან მოვკლათ!
შესძახეს შვილებმა, მაგრამ სანახაობით გაოგნებულს, ხედვადქცეულ
ჩინგიზს მათი არ ესმოდა. ცალი ხელით ანიშნა გაჩუმება და მეორე ხელი
პირზე დაიფარა, რათა გაოცებისაგან აღმომხდარი ძახილი დაეხშო.
ჩინგიზის სისხლიანი ლეკვებიც სანახაობას დაეტყვევებინა და თვალით
ისინიც სინდს მიჯაჭვოდნენ.
161ჯალალედინმა თეთრონი კლდიდან ასკუპა და პირდაპირ აქაფებულ
სინდში შეაგდო. დასვენებულმა რაშმა ღონივრად გააპო სინდი და ძლიერი
ხომალდივით მეორე ნაპირისკენ გააქანა პატრონი.
გაღმა ნაპირზე გასულმა სულტანმა თეთრ რაშს შუბლზე აკოცა და
ადამიანსავით მოეფერა, მერე ტანსაცმელი გაიწურა და მუშტით დაემუქრა
გამოღმა დარჩენილს, ბრაზისა და გაოცებისაგან გაშტერებულ მონგოლთა
ყაენს.
შემდეგ, გვიან უამბეს ჯალალედინს: მისი თავგანწირვით მოხიბლულ
ჩინგიზს შვილებისთვის ეთქვა: მამას მხოლოდ ასეთი შვილი უნდა ჰყავდესო.
სინდთან ბრძოლაში იძლია ჯალალედინი, მაგრამ ომში ისეთი
დამარცხებაც არის, რომელიც თავისი მნიშვნელობით გამარჯვებას აღემატება
ხოლმე.
იმ დღეს სულტნის ვაჟკაცობამ და თავგანწირვამ გადასწონა ბრძოლის
წაგების მნიშვნელობა. ცხენზე ჯდომასა და ბრძოლაში გაზრდილმა,
გაჭაღარავებულმა ჩინგიზმა იცოდა მტრის ვაჟკაცობის ფასი; ამიტომაც
აღტაცებისაგან თავი ვერ შეიკავა და სულტნის გმირობა შვილებს მაგალითად
დაუსახა.
ჩინგიზმა იცოდა, რომ სანამ ასეთი ნებისყოფიანი და თავზეხელაღებული
მტერი ცოცხალი იყო და ხელთ ხმალი ჰქონდა, მისი გამმწარებელი მშვიდად
ვერ დაიძინებდა. ამიტომ სდევდა ფეხდაფეხ ხვარაზმისა და ხორასნის
თვალუწვდენელ ველებზე ვეფხვივით გაჭრილ სულტანს, მოსვენებას არსად
აძლევდა და თავადაც ვერ ისვენებდა.
სინდს გაღმა სასწაულებრივად გასულ სულტანს ვაჟკაცური სულისა და ამ
თეთრონის მეტი აღარაფერი შერჩა: მრავალრიცხოვანი ჰარემი ულამაზესი
ხათუნებითა და მცირეწლოვანი შვილებით, ოქრო-ვერცხლითა და სხვა
საუნჯესთან ერთად, სინდის ტალღებში ჩააძირვინა, რომ მტერს არ ეგდო
ხელთ.
ღარიბი და მიუსაფარი სულტანი მოჩვენებასავით გაუდგა გზას და ამ
ცხენის იღბლიანმა ფეხმა სამშვიდობოს გაიყვანა.
ლაშქრის გროვებასა და მტრისგან ლტოლვაში გაატარა ბუდემოშლილმა
სულტანმა თითქმის ხუთი წელი. ცხენზე სჭამდა და ცხენზე ეძინა
სიმშვიდედაკარგულსა და განსვენება-მონატრებულს, მაგრამ ეს თეთრი რაში,
რომელმაც სინდთან სიკვდილისაგან იხსნა, ერთხელაც აღარ შეუკაზმინებია.
იგი ყველგან თან დაჰყავდა და საგანგებოდ მიჩენილ მეჯინიბეებს
აპატივებინებდა.
თეთრ რაშს იმ დღისათვის ინახავდა, რომელზეც ოცნება ძილს უტეხდა და
ცხოვრების ერთადერთ აზრად გადაქცეოდა. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა
შეტრიალებულიყო უკუღმა მბრუნავი ჩარხი, ერთხელ ბედს მისთვისაც უნდა
გაეღიმა, წყეული ჩინგიზი თანაბარ ბრძოლაში შეეხვედრებინა და ამდენი
სისხლისა და უბედურებისთვის სამაგიერო ეზღვევინებინა.
162ამ თეთრ რაშზე ამხედრებული შევიდოდა მაშინ ჯალალედინი მამის
სატახტოში... მაგრამ ის სანატრელი დღე იგვიანებდა, მისი უნაპირო სამეფოს
აყვავებული ქალაქები მონგოლთა ცხენების ფეხქვეშ მიწასთან სწორდებოდა,
ცეცხლსა და წყალში ინთქმებოდა. ბედი მტრის მხარეს იყო, თავის რჩეულს არ
აღემატებოდა, გამარჯვებას გამარჯვებაზე ანიჭებდა.
მაინც არ ტყდებოდა ჯალალედინი, მაინც სჯეროდა, რომ ერთხელ მისი
მზეც უნდა ამოსულიყო და, აკი ამოვიდა კიდეც!
თბილისის თავზე ვეებერთელა წითელი ბურთი ვარვარებდა _
ჯალალედინის ძლევამოსილების მზე ბრწყინავდა. ქადაგ-მკითხავებმა,
დერვიშებმა და შეიხებმა წითელი მზის ამოსვლა კეთილ ნიშნად მიიჩნიეს და
ჯალალედინს ბედის ჩარხის შემობრუნება უწინასწარმეტყველეს. თბილისთან,
წინააზიის უძლიერესი სამეფოს სატახტოსთან, უნდა დამთავრებულიყო
ხვარაზმელი სულტნის ბედუკუღმართობა, გზა ლტოლვისა და დამცირებისა.
ამიერიდან მის წინაშე გამარჯვებისა და დიდების გზა უნდა გაშლილიყო და ამ
გზაზე სულტანს იმ თეთრი რაშით უნდა ევლო, რომელმაც იგი ადიდებულ
სინდთან ჯოჯოხეთის ცეცხლიდან გამოიყვანა და თითქმის მკვდრეთით
აღადგინა.
ფიქრიდან ცხენის ჭიხვინმა გამოიყვანა ჯალალედინი. ორი მეჯინიბე
ძლივს უჭერდა თავს ნასუქალსა და უნაგირსგადაჩვეულ თეთრონს. თამაშ-
თამაშით, ცეკვა-ცეკვით მოდიოდა ნესტოებდაბერილი და ფაფარგაშლილი
თეთრი რაში.
უზანგი დაუჭირეს და სულტანი მსუბუქად მოევლო თეთრონს.
ჯალალედინმა რაში დასძრა და მწყობრად, ნელი რხევითვე მიჰყვა
დროშებისა და შუბების ტყე.
მეციხოვნეები და შინაგამცემები რომ ერთიმეორეს დაერივნენ და ქალაქში
ხვარაზმელები შემოცვივდნენ, ვაჩე ისნისკენ ბრძოლით უკანდახეულთა
შორის იყო. ცხენი მოუკლეს და ქვეითად, ხმლით იგერიებდა მოჯარებულ
მტერს. მერე მხარში დაჰკრეს, შეტორტმანდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და დაეცა.
ბრძოლის ყიჟინამ, ხმალ-აბჯრის ჩახაჩუხმა იქიდან გადაინაცვლა და ვაჩემ
თვალი მოჰკრა, როგორ შევარდა ისნის ციხეში გოჩი მუხასძე გადარჩენილ
ქართველებთან ერთად. ისნის ციხის კარი დაიკეტა და ხვარაზმელები ამაოდ
აწვებოდნენ რკინის კარს.
კიბეზე ჩაკეცილი დაჭრილი ვაჩე სისხლისაგან იცლებოდა. ბრძოლა იმ
ქუჩებში მისწყდა, ალაგ-ალაგ ცას ხანძრის ალი ანათებდა. ეგებ ის ხანძრები
ძალიან ახლოსაც ენთო, რომ ვაჩე მთელ სხეულში უჩვეულო სითბოს
გრძნობდა. დაღლილობისა თუ ძილის მოძალებისაგან თვალი თავისთავად
ეხუჭებოდა და ტან-ფეხში ჩაღვრილ სითბოს რაღაც უცნაური ჟრუანტელით
ქვეყნის ხმაურისა და საზრუნავისაგან შორს, ძალიან შორს მიჰყავდა, ტალღაზე
შემდგარი ნავივით ნელა არწევდა და გონებას თანდათან უბნელებდა.
163უცებ შეინძრა, გამოერკვა. წამოწევა უნდოდა და ხელებით მიწაზე დაბჯენა
სცადა. ხელისგულებზე რაღაც თბილისა და სქელის შეხება იგრძნო.
_ სისხლისაგან დაცლილხარ, ბეჩავო, _ ჩაესმა ნაცნობი ხმა. თვალი გაახილა.
თავს ცაგო დასდგომოდა.
_ აქ რა გინდა?
მისუსტებული ხმით ჰკითხა ვაჩემ.
_ ბალღს დავეძებ, წამით წყალზე გავედი და მობრუნებულს შინ აღარ
დამიხვდა.
ვაჩე ისარნაკრავივით შეტოკდა, დაიძაბა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა
და ცაგოს შეაჩერდა. ახლაღა დაინახა, რომ ქალს ადამიანის ფერი აღარ ედო და
თვალები შეშლილივით უბრიალებდა.
_ წადი, ბავშვი მოძებნე... მე არა მიშავს, _ კვნესით თქვა ტკივილისაგან
სახედაღმეჭილმა ვაჩემ.
მანდილი წაიძრო ცაგომ, შუაზე გახია და დაიხარა. ახალუხის ღილები
შეუხსნა, სწრაფად მოუნახა ჭრილობა და ფრთხილად, მაგრამ მარჯვედ
შეუხვია. ვაჩემ იქაუ-რობას მოხედა: რუსუდანის ახალ სასახლესთან ყოფილა,
სულ ახლო.
გრძნობდა, რომ ღონე ღალატობდა და გული მისდიოდა.
_ შიგ შემიყვანე, რუსუდანის პალატებში... _ ჩურჩულით თქვა და თვალი
მიხუჭა.
ცაგო თან წაიყვანდა ვაჩეს, მაგრამ აქედან მისი თავშესაფარი შორს იყო,
ქუჩებში მტრის ჯარი დაჰქროდა და დაჭრილს ვინ გაატანდა. ბალღის
საძებრად გამოსულს ეჩქარებოდა, შვილის მეტი აღარა ახსოვდა რა. ვაჩეს
მხარში შეუდგა, ზურგზე წამოკიდება მოუნდომა, მაგრამ ვერ მოერია ახოვან
ვაჟკაცს, ისევ ძირს დაუშვა და ძლივსძლივობით დასძრა.
როგორც იყო, პალატაში შეაღწიეს. იქ ტახტზე დააწვინა დაჭრილი.
_ ბალღს მოვძებნი და მოვბრუნდები...
დაუგდო სიტყვა, მაგრამ მისი ნათქვამი აღარც ვაჩეს გაუგონია და აღარც
თავათ მოუხედია დაჭრილისაკენ. თმაჩამოშლილი ცაგო ქარივით გავარდა
გარეთ.
შუადღისას გაღვიძებულ ვაჩეს ისევ ის დღე ეგონა. არც ის იცოდა, რამდენ
ხანს ეძინა, აღარც ის ახსოვდა, აქ როგორ გაჩნდა.
იწვა ტახტზე სიცხიანი, ძილისაგან ოდნავ ფერმობრუნებული და
ღონემოსული.
გაეღვიძა თუ არა, იქაურობას თვალი მოავლო, მიხვდა, რომ რუსუდანის
ახალ პალატებში იყო, სწორედ იმ ოთახში, რომლის მოხატვასაც ამდენი დრო
მოანდომა.
პირდაპირ კედელზე მეფედსაკურთხევლად მიმავალი რუსუდანი და მისი
ამალის დამთავრებული სურათი ჩანდა, მხოლოდ სახედართან მდგარ ცაგოს
სახესღა აკლდა დასრულება: ტანი და მთელი სხეული დახატული იყო, ის
164ადგილი, რომელზედაც ვაჩეს ცაგოს სახე უნდა გამოეხატა, ჯერ მხოლოდ
მონახაზებით იყო მინიშნებული.
ქვეყანა იქცეოდა, თბილისს ცეცხლი ანადგურებდა. თავათ ვაჩეც იქნებ ამ
მძიმე ჭრილობას ვერ გადარჩენოდა, ამ პალატებსაც, ალბათ, ხანძარი
დანთქავდა.
მაშ, ვიღასთვის იყო საჭირო კედელზე ცაგოს სახის მოხატვა და სურათის
დამთავრება, თუკი მაინც ცეცხლსა და მტრის შემმუსვრელ ხელს უნდა მოესპო
ყოველივე!
ალბათ, აღარავისთვის, მხატვრის გარდა. აღარავისთვის, ვაჩეს გარდა! და
სწორედ ამ განწირულებისა და საყოველთაო უბედურების წუთებში მოუნდა
ვაჩეს ნახატის დასრულება, ცაგოს სახის დახატვა.
მარცხენა მხარი სტეხავდა და უხურდა დაჭრილს, თავიც სიცხისაგან
ჰქონდა დამძიმებული და სახეზე ალმური ასდიოდა, ბარბაცით მივიდა
კედელთან. იქვე უწესრიგოდ დაყრილ ფუნჯებსა და საღებავებს დასწვდა...
ხატავდა სიცხისაგან რეტდასხმული და გაბრუებული, მაგრამ შთაგონებით
აღფრთოვანებული და ზეაწეული. ყალამი ნელ-ნელა აცოცხლებდა ცაგოს
დაუვიწყარ სახეს, რომელიც ყველგან და ყოველთვის თან დაჰყვებოდა და
თვალწინ ედგა.
ჯერ ოდნავ გაზიდული თვალები და წვრილად გატყორცნილი წარბები
დახატა. გაცოცხლდა ცივი და უტყვი კედელი. სიცოცხლითა და სიტურფით
გაივსო იქაურობა. ამეტყველდა ვერცხლისწყალივით მოძრავი, ლამაზი და
ალერსიანი თვალები და ვაჩეს ყველაფერი დაავიწყდა, თავისი ჭრილობაცა და
სატკივარიც, სამშობლოს უბედურებაცა და სიკვდილის სიახლოვეც.
ამდენი ხნის ნაფიქრი და ნაოცნებარი ნახატში ფუნჯისა და ყალმის მოსმით
გადაჰქონდა, შთაგონების ფრთები თავბრუდამხვევად მიაქანებდა და
აჩქარებდა. თავათაც სულსწრაფობდა, გრძნობდა, რომ ღონე დიდხანს არ
გაჰყვებოდა და უნდოდა სურათის დამთავრება მოესწრო.
სიკვდილი იქვე იდგა, ზურგს უკან, ხოლო განკითხვის დღე _ ყველგან,
მთელს სატახტოში.
ყოველი წამი ძვირფასი იყო და დათვლილი, ცაგოს სახე უნდა
დაემთავრებინა და მერე უკვე სულერთი იყო, ჭრილობა მოჰკლავდა თუ
ხანძარი დანთქავდა.
უკანასკნელად მოუსვა ფუნჯი: გაცოცხლებულმა, ცისკენ გასაფრენივით
ჰაეროვანმა და მოძრავმა შეხედა ცაგომ კედლიდან და დადნა ვაჟკაცი
სიხარულითა თუ ბედნიერებით.
უკან დაწევა, შორიდან შეხედვა და თვალის შეჯერება მოუნდა, ოდნავ
გადაიხარა და ამდენი ხნის შეკავებულმა ტკივილმა თუ უღონობამ ერთბაშად
აიშვა. თვალთ დაუბნელდა და იატაკზე უგონოდ დაეცა.
შეღონებულს განწირული ზრიალი ჩაესმა. თანდათან გონი უბრუნდებოდა.
გაინაბა და ყური მიუგდო. სადღაც, ახლო, ქალების მოთქმა და ბავშვების
ზრიალი, ვიშვიში და წივილ-კივილი იდგა.
165ღონე მოიკრიფა, ვაივაგლახით სარკმლისკენ გახოხდა:
ხიდზე უამრავი ხალხი შეეყარათ. წინ ერეკებოდნენ, რაღაცას აძალებდნენ.
კანტიკუნტად, თითო-ოროლა გაუბედავი ნაბიჯით გადადიოდა მეორე
ნაპირზე. უმრავლესობა უკან იხევდა და ვერც მათრახი, ვერც ხმლის ცემა წინ
ფეხს ვერ ადგმევინებდა.
უკანშემოქცეულებს ცხენოსანი ხვარაზმელები ხმლით ჩეხდნენ და
უწყალოდ მტკვარში ჰყრიდნენ,
მაღლა, სიონის გუმბათზე ტახტი იდგა. იმ ტახტზე ძლევამოსილი
ხვარაზმშა იჯდა და ზემოდან ადევნებდა თვალს ღვთის საგმობად და
გასაჟლეტად მირეკილ თბილისელთა განკითხვას.
დედათა და ბალღთა ზრიალმა გული უარესად შეუღონა ვაჩეს.
თვალი დახუჭა და ყურებზე ხელი მიიფარა: საშინელი სურათი თუ ჩვენება
მაინც თვალწინ ედგა და ყურში უფრო ძლიერად, გულისწამღებ ზუზუნად
ესმოდა განწირულთა გოდება.
თვალი ისევ სიონის გუმბათს მიაპყრო: ახლო იყო რუსუდანის
პალატებიდან სიონი, კარგი ვაჟკაცი ისარს დაუცდენლად მიუწევდა.
მაგრამ ან ისარი სად იყო და ან მკლავის ღონე! დაჭრილმა დარბაზს მოავლო
თვალი: უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ფუნჯებისა და ყალმების, საღებავებისა
და ხელსაწყოების მეტი არა ჩანდა რა.
ის იყო, თვალი უიმედოდ უნდა მიეხუჭა, რომ კარის ზღურბლზე
დაგდებულ კაპარჭს მოჰკრა თვალი. კაპარჭიდან სანახევროდ ამოვარდნილი
ერთადერთი ისარი წვერით მაღლა შემართულიყო და მზის შუქზე
ლაპლაპებდა.
კაპარჭი, ალბათ, მაშინ მოსწყდა ვაჩეს, ცაგო რომ მოათრევდა. მტერზე
დაუხარჯავი ერთადერთი ისარიღა დარჩენია კაპარჭში და ახლა ეს ერთი
ისარი ქვეყნის ფასი ღირს! მაგრამ შესძლებს კი ვაჩე ზღურბლთან მისვლას,
მერე უკან მობრუნებას და, რაც მთავარია, იმ ერთადერთი ისრის აუცდენლად
ტყორცნას სიონის გუმბათისაკენ?
არა, უნდა შესძლოს, აუცილებლად უნდა შესძლოს!
ვაჩე სარკმლიდან ჩამოიწია, კვნესითა და ოხვრით, კედელ-კედელ ხელის
ფათურით წავიდა ზღურბლისაკენ.
მშვილდიც იქვე იპოვნა, ისარი აიღო და ფეხზე დასადგომად ძალა რომ
აღარ ეყო, ხოხვით უკან წავიდა. ყოველ განძრევაზე ჭრილობა არაადამიანური
ტკივილით სჩხვლეტდა, ჭირის ოფლი ასხამდა და ყელი უშრებოდა. ხოხვას
მაინც არ ეხსნებოდა, ნელ-ნელა წინ მიიწევდა.
ეტყობოდა, დიდხანს მოუნდა სარკმელთან დაბრუნებას: ხიდზე ხალხი
შეთხელებულიყო: ალბათ, სულტანი გაძღა უმწეო ტყვეების ტანჯვის ცქერით,
ან იქნებ მოსწყინდა კიდეც საშინელების ყურება.
გუმბათიდან
მშვიდად
ჩამოდიოდა
ქართველებზე
გამარჯვებით
გაამპარტავნებული, ზვიადი ხვარაზმშა.
166აფსუს, რა სამიზნო დაჰკარგა ვაჩემ, სიონის გუმბათზე გამართული ტახტი!
ჩქარობს, უკანასკნელ ღონეს იკრებს და მთელ სხეულს ძაბავს ვაჩე. ცოტა კიდევ
და, სულტანი თვალთაგან მიეფარება. უნდა მოასწროს, უნდა გასტყორცნოს
ერთადერთი ისარი...
აი, სულტანი დაბლა ჩამოვიდა. ცხენი მოჰგვარეს, თეთრი რაშის ჭიხვინი
ვაჩეს ყურამდე აღწევს. ძალისა და გონების უკიდურესმა დაძაბვამ წამით
საშინელი ტკივილი დაავიწყა.
ჯალალედინი თეთრონს მოახტა და ვაჩეს ისარიც გაფრინდა.
ისრის მტყორცნელს მეტი აღარაფერი დაუნახავს. ისევ თვალთ დაუბნელდა
და გონი დაჰკარგა.
ისარი ზედ ყურთან ჩაერჭო სულტნის თეთრ რაშს. ცხენმა საცოდავად
შესჭიხვინა და წინა მუხლებზე ჩაიჩოქა. სულტანმა მოასწრო გადმოხტომა და
ხელმწიფეს უმალვე გარს მოერტყნენ მცველები.
ჯალალედინმა წამით შეასწრო თვალი, როგორ ლევდა სულს მისი
უდიდესი განსაცდელისა და უდიდესი გამარჯვების ერთგული მოწმე და
მონაწილე.
თეთრ რაშს თვალიდან ცრემლი სდიოდა, ცრემლი მოადგა ჯალალედინის
თვალსაც, მაგრამ მხოლოდ წამით...
გაცეცხლებული სულტანი წამითვე შეტრიალდა და მცველებით
გარშემორტყმული იქაურობას გაეცალა.
ცუდად ენიშნა სულტანს თეთრი რაშის სიკვდილი. მისი ნახევარი ლაშქარი
რომ გაეწყვიტათ თბილისელებს, ისე არ დააღონებდა, როგორც თეთრონის
მოკვლა. ბაგაზე დაბმულს, ამდენ ხანს იმიტომ ინახავდა, უნაგირს არ
ადგმევინებდა და არ ახედნინებდა, რომ გამარჯვებული ამ თეთრი რაშით
შესულიყო ურგენჩსა და სამარყანდში, ჰერატსა და მერვში და ახლა, როცა მისი
ბედის ჩარხი წაღმა უნდა შებრუნებულიყო, როცა მთელმა ქვეყანამ შეიტყო
მისი პირველი და უდიდესი გამარჯვების ამბავი, თეთრი რაში აქ მოკვდა,
ხვარაზმელთა სატახტოსაგან შორს და ასე უსახელოდ. იქნებ ჯალალედინსაც
ასე უწერია, სამშობლოდან შორს, მტრის ჯავრის ამოუყრელად, უიღბლოდ და
უსახელოდ სიკვდილი!
გააფთრებულმა სულტანმა გადასწყვიტა თბილისზე ეყარა ჯავრი.
თბილისელთა იმდღევანდელ ჟლეტასა და წამებას არ დასჯერდა. ბრძანა,
ქუჩები შეეკრათ, ყველა სახლი გაეჩხრიკათ და თუ დამნაშავეს ვერ
იპოვნიდნენ, მთელი ქალაქი გადაეწვათ.
ცოფიანი ძაღლებივით მოედვნენ ხვარაზმელები ქალაქს, ერთხელ კიდევ
აიკლეს და ააწიოკეს, გაძარცვეს და დააქციეს თბილისი.
ნაშუადღევს გამცემი გაჩნდა. თავისი თვალით დაენახა, როგორ უმიზნებდა
უცნობი ქართველი ისარს სიონისაკენ რუსუდანის ახალი პალატების ვიწრო
სარკმლიდან.
167თავათ ჯალალედინი მივიდა ორხანის, შერეფელმოლკისა და სულტანშას
თანხლებით ნაჩვენებ ადგილას. რუსუდანის პალატებს ალყა შემოარტყა და
ჯარისკაცები შეუსია სასახლეს.
სულტნის სამსახურში გადასულმა თბილისელმა სპარსელებმა სისხლის
კვალით მიაგნეს ვაჩეს და მაშინვე იცნეს დედოფლის კარის მხატვარი.
სიცხისაგან სახეზე ალმური ასდიოდა დაჭრილს. გაოგნებული რაღაცას
ჩურჩულებდა და მქრქალი, თითქმის უსიცოცხლო თვალებით მიჩერებოდა
კედელზე გამოხატულ უტურფეს ასულს.
მშვილდი და ცარიელი კაპარჭი იქვე ეგდო. რომელიღაცამ სარკმლიდან
გადიხედა, სხვებსაც დაუძახა და დაანახვა: სიონი ისე ჩანდა, თითქო
ხელისგულზე ჰქონოდეთ. ყველაფერი ნათლად წარმოუდგათ: ამ სარკმლიდან,
ამ მშვილდით იყო გატყორცნილი ისარი, რომელიც სულტანს ასცდა, მაგრამ,
რომელმაც მისი საყვარელი რაში მოჰკლა. მხოლოდ ის გაუკვირდათ
სპარსელებს, როგორ ააცდინა მტყორცნელმა მიზანს ისე ახლო და მარჯვე
სამიზნოდან.
_ ვინ იცის, თავის სიცოცხლეში იქნებ ერთადერთი ისარი ეგ იყო, მხატვრის
მიერ გასროლილი, _ თქვა ერთმა.
_ ვერა ხედავ? სისხლის გუბეში წევს, თითქმის გათავებულია
ჭრილობისაგან, _ მიუთითა მეორემ ვაჩეზე და თავისქნევით დაუმატა, _ კიდევ
კარგად უსვრია, მაგის დღეში მყოფს.
ჯალალედინი რუსუდანის პალატებში გაცეცხლებული შემოიჭრა. არც ერთ
დარბაზში არ შეყოვნებულა, თვალი არაფერზე შეუჩერებია, თუმცა
სიმდიდრეც ბევრი იყო და ძვირფასი განძეულიც.
ჩქარობდა ისრის მტყორცნელის ნახვას. უნდოდა, თავისი ხელით მოეკლა
წამებითა და ტანჯვით.
სწრაფად მიმავალს უკან ამალა მისდევდა. ჩქარი ნაბიჯით იმ დარბაზში
შემოსულს, ის იყო, ბროლის იატაკზე უნდა დაედგა ფეხი, რომ შეჩერდა.
მოეჩვენა, წყალში ვდგამ ფეხსო, კაბის კალთა აიწია და ფეხისწვერზე შედგა.
ფეხქვეშ მყარი იატაკი რომ იგრძნო, გაბრაზდა, როგორ მოვტყუვდიო. მხლებ-
ლებს მრისხანედ მოხედა, იმათაც კალთები აეწიათ და ფეხისწვერებს
ფრთხილად ადგამდნენ. გაჯავრებულმა ნაბიჯი მტკიცედ გადადგა და
დარბაზში რომ შევიდა, იმ კედლის პირისპირ აღმოჩნდა, რომელსაც დაჭრილი
ვაჩე ასე დაჟინებით მიჩერებოდა.
ცაგოს სურათის დანახვაზე ჯალალედინი გაშტერდა, თეთრი რაშიც
დაავიწყდა, მისი მკვლელი ქართველიც და უმალვე მორთმეულ ტახტზე
თავისდაუნებურად ჩაიკეცა.
მთელი აღმოსავლეთი მოვლილი ჰქონდა სულტანს, ქვეყნის არც ერთი
კუთხის უტურფესი ქალი არ აკლდა მის ჰარემს, მაგრამ მსგავსი სილამაზე ჯერ
არც ცხადად ენახა, არც სიზმრად, არც სურათში დაეხატა ვისმე და, ალბათ,
ვერც ოცნებაში ვინმე წარმოიდგენდა. იცოდა სულტანმა ქალის სილამაზის
168ფასი, ამიტომ ვეღარ მოაშორა თვალი ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალ ნახატს _
ცაგოს უმშვენიერეს სახეს.
_ რა ლამაზია! ტყუილად როდი აქებენ თურმე გურჯისტანის ქალებს!
აღმოხდა
აღტაცებისაგან
ჯალალედინს
და
ნახატისაგან
თვალისმოუშორებლად ბრძანა:
_ უთხარით დამნაშავეს, თუ ამ ქალს მომიყვანს, სიცოცხლეს ვაჩუქებ.
სანამ ბრძანებას უთარგმნიდნენ, ვაჩემ თავათ გაიგო სულტნის ნათქვამი,
სახე ბრაზისაგან დაეღრიჯა და ისედაც წამონთებულ ლოყებზე ცეცხლი
მოეკიდა, თვალი დახუჭა დაჭრილმა და კედლისკენ იბრუნა პირი.
_ ეგ ქალი მეფის კარის მგოსნის ცოლია. ქმარი გარნისის ომში დაეღუპა, _
თავდახრით მოახსენა სულტანშამ.
ჯალალედინს უცებ გაახსენდა, რისთვის იყო აქ მოსული, შუბლი შეიკრა და
მკაცრად წარმოსთქვა:
_ წმინდა წიგნში სწერია: ვაი მას, ვინც სულდგმულ არსებას დახატავს.
განკითხვის დღეს მხატვრის მიერ დახატული ადამიანები ნახატიდან
ჩამოვლენ, მხატვარს წინ წარუდგებიან და სულის ჩადგმას მოსთხოვენ.
ჯალალედინი წამოდგა, დაჭრილის წინ გაიარა, წამით დამცინავი მზერა
ესროლა და განაგრძო:
_ უსულოსათვის სულის ჩადგმა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ეს კაცი სულს
ვერ ჩაუდგამს თავის ქმნილებას, ამიტომ თავათ დაიწვება ჯოჯოხეთის
მარადიულ ცეცხლზე...
სულტანმა მაღლა აღაპყრო თვალი, სახე ისე აღგზნებოდა, თითქო
ჯოჯოხეთის იმ მარადიულ ცეცხლს მართლა ხედავდა და მისი თეთრი რაშის
მკვლელის წამებით ტკბებოდა.
_ მაგრამ ეს ღვთის სასჯელი იქნება, _ უცებ ხმამაღლა შესძახა სულტანმა, _
ხოლო ჩვენ ამქვეყნიური სასჯელი უნდა მივაგოთ ურჯულოს.
_ იგი, ალბათ, სასჯელამდე ვეღარ მიატანს, მძიმედ დაჭრილია და
სისხლისაგან დაცლილი, _ შეჰბედა ორხანმა.
_ ამიტომ ვბრძანებ, _ აუწია ხმას ჯალალედინმა, _ ჩემმა ექიმბაშმა იზრუნოს
მის განსაკურნებლად. ხოლო როგორც განიკურნება, ყველაზე მძიმე სასჯელით
უნდა დავსაჯო იგი სხვების სამაგალითოდ. შენ როგორ ფიქრობ, ბიძაჩემო, _
მოუბრუნდა ორხანს სულტანი, _ რა იქნება მხატვრისთვის ყველაზე დიდი
სასჯელი?
_ ალბათ, მარჯვენის მოჭრა, _ მცირე ყოყმანის შემდეგ მოახსენა ორხანმა, _
მარჯვენამოჭრილი მხატვარი ფუნჯსა და ყალამს უნდა გამოეთხოვოს და ეს,
ალბათ, მისთვის ყველაზე მძიმე სასჯელი იქნება.
_ გამიგონია, მხატვრებსა და ხუროთმოძღვრებს მარჯვენას სჭრიან
საქრისტიანოშიო. არცთუ ისე მძიმე სასჯელია, მარჯვენას ქურდებსაც სჭრიან...
ხელი ჩაიქნია ჯალალედინმა და შერეფელმოლკისკენ შებრუნდა. ვაზირი
მიხვდა, მის აზრს თხოულობდა სულტანი.
169_ საბერძნეთში, როცა მხატვარი მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, თვალს სთხრიან
თურმე, _ მძიმედ თქვა ვაზირმა და მბრძანებელს თავი დაუკრა.
_ თვალის დათხრა!.. აი, ეს ნამდვილად მხატვრისთვის მოგონილი
სასჯელია, _ გამოცოცხლდა სულტანი, _ ვინც თვალს კარგავს, ამ ქვეყნის
სილამაზესაც კარგავს და მხატვრისთვის ამაზე დიდი უბედურება რა უნდა
იყოს... ვბრძანებ: განკურნონ გურჯი მხატვარი ჩვენმა ექიმებმა, განკურნებული
ჩვენს წინაშე წარმოადგინონ, რათა თვალი დასთხარონ.
ჯალალედინმა ხელი აღმართა, შებრუნდა და სწრაფად დასტოვა
ქართველთა დედოფლის პალატები.
სულტნის მხლებელთაგან შერეფელმოლკი ყველაზე გვიან გავიდა
რუსუდანის პალატებიდან: იგი მუშტრის თვალით ათვალიერებდა ახალი
სასახლის დარბაზებს და იმას ანგარიშობდა, თუ რისი წაღება ღირდა იქიდან.
თავის მონებს სასახლის გაძარცვა და ნაძარცვის საიდუმლოდ შენახვა
უბრძანა _ სასახლეში ბევრი რამ იყო ძვირფასი და იშვიათი. თუ ჯალალედინი
ამ სიმდიდრის თვალის შევლებას მოასწრებდა, მერე ის მისი ვაზირისათვის
დაკარგული იყო. ასე იცოდა სულტანმა. ჯერ ის უნდა დაპატრონებოდა
ნაალაფარს, საუნჯესა და ულამაზეს ქალებსაც. ვაზირსა და სხვა
დიდებულებამდე მხოლოდ მისი ნაწყალობევიღა აღწევდა _ სულტნის
სალაროში გავლილი ოქრო და სულტნისავე ლოგინში ღამეგათეული
მზეთუნახავები.
ამიტომ ცდილობდა ანგარი ვაზირი, ზოგი რამ ჯალალედინისაგან
ფარულად გაეპარებინა თავისი საკუთარი სალაროსაკენ.
შერეფელმოლკმა რუსუდანის სასახლის დარბაზები დაიარა და თავისთვის
ჩუმადწასაღები ნაძარცვი გადაარჩია.
მტერი ჯერ კიდევ შორს იყო, ვაჩემ რომ ცოლ-შვილი ახალდაბაში გახიზნა.
დედაქალაქისათვის მოსალოდნელი ომის შიში აღარ ჰქონდა. ღამ-ღამობით
თბილისის ზღუდესთან რჩებოდა, თბილისის დასაცავად იარაღასხმულ
მოქალაქეებთან ერთად ფხიზლობდა და მტრის მოსვლის მოლოდინში
მშვილდ-ისრისა და ფარ-ხმლის ხმარებაში იწაფავდა ხელს. ჯანმრთელსა და
ახოვან ვაჟკაცს სამშობლოსათვის ომი ლხინად ეჩვენებოდა და თუმცა
დიდების მოყვარული საერთოდ არ იყო, გულში მაინც ბრძოლის ველზე
საგმირო საქმეებით თავის გამოჩენას ნატრობდა.
ბრძოლის წინა დღეს, ცოტა ხნით შინმობრუნებულს, მოულოდნელად
ლელა გამოეცხადა.
_ აქ რა გინდა? რამ მოგიყვანა? _ შეიცხადა ვაჩემ.
_ შენმა დარდმა მომიყვანა, ვაჩე. ვერ გავძელი უშენოდ. შენ რომ აქ
განსაცდელში მეგულები, მე იქ რა გამაჩერებს.
_ ბალღი როგორ დატოვე? ახლა რა უნდა ვქნათ, აქედან უკან აღარ
გაგიშვებენ...
170_ ბალღს დედაშენთან რა გაუჭირდება, მე შენთან უნდა დავრჩე, მუხასძეს
სთხოვე, მეც რამე ქალის შესაფერის საქმეს მომანდობენ.
საყვედურით რაღა გაკეთდებოდა. ვაჩე დაჰპირდა, რომ გოჩის ნახავდა და
ლელასაც რამე საქმეს გაუჩენდნენ.
მეფე-დედოფალივით ბედნიერად გაატარეს ის უკანასკნელი ღამე.
დილით ადრე დასტოვა ლოგინი ვაჩემ და თავის თანამებრძოლებს
მიაშურა.
იმ დღეს მტერი პირველად მოადგა ქალაქს. პირველი შეტაკებისას
ჯალალედინმა გაქცევით უშველა თავს და თბილისის დამცველები, მემნა
ჯაყელის მეთაურობით, გამარჯვებულნი მობრუნდნენ დედაქალაქში.
ბრძოლა ხანგრძლივი არ იყო, მაგრამ მსხვერპლი მოსალოდნელზე მეტი
აღმოჩნდა.
დაჭრილები სასწრაფოდ შემოჰყავდათ ქალაქში და ისნის ციხეში
გამართული სასნეულოებისკენ მიჰყავდათ.
ციხისთავი
მუხასძე
დაჭრილებისა
და
ექიმების
გაწესრიგებას
ხელმძღვანელობდა. წამით პირისპირ შეხვდა ვაჩეს და შეწუხებულმა
შესჩივლა:
_ ამდენ დაჭრილს არ ველოდით, დასტაქრები და მათი შემწე ქალები არ
გვყოფნის.
_ ლელა წაიყვანე, თავათ შემოგეხვეწა, ქალის შესაფერისი საქმე მომანდოს
რამეო.
_ ლელას აქ რა უნდა, აკი გახიზნე?
_ გავხიზნე, მაგრამ...
გოჩის ეჩქარებოდა.
_ ახლავე მონახე და ისნის ციხეში მოიყვანე! _ გამოსძახა ვაჩეს და ცხენი
ისნისკენ გააქროლა.
ვაჩემ ცოლი ისნის სასნეულოში მიიყვანა და გულდაარხეინებულმა
დასტოვა: თუ ღმერთი გაწყრებოდა და მტერი თბილისს როგორმე აიღებდა,
ერთ წელიწადსაც რომ ალყა მდგარიყო, ვერას დააკლებდა ისნის მაგარ ციხეს.
მეორე დღეს მტერი ისევ მოადგა თბილისს, მეციხოვნენი ისევ გაუხდნენ
ხვარაზმელებს, მაგრამ უკვე ძლეულნი შემოიქცნენ სატახტოში. მემნა ჯაყელი
შინაგამცემებმა მოჰკლეს, მტერმა ქალაქის ღია კარში მოასწრო შემოჭრა და
ქუჩებში სასტიკი ომი გაიმართა.
ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს, როცა მამაკაცთაგან ყველა ომში ჩაება,
დაჭრილები ქალებისამარა დარჩნენ.
რამდენიმე გულადმა ქალმა ისნიდან გამოსვლა და დაჭრილების მიშველება
გაბედა. ლელამ ხანძრების ბოლსა და ისრის სეტყვაში ძლივს გაატანა, ქუჩის
პირად დაცემულ მგმინავ მებრძოლს დასწვდა, ზურგზე მოიკიდა და ხოხვით
მეორე ქუჩისკენ წაიყვანა, ბრძოლის ადგილიდან გააღწია, დალეწილ ქულბაქს
ამოეფარა და დაჭრილი ძირს დაუშვა.
_ წყა...ლი... _ ამოიკვნესა დაჭრილმა და სახე სიმწრისაგან დაეღრიჯა.
171ლელამ უიმედოდ მოავლო თვალი იქაურობას.
დაჭრილი თითქმის სულთმობრძავი იყო.
_ ნეტავ ვაჩე არ იყოს! ნეტავ ის არ იყოს! _ ნატრობდა გულში ლელა და
დაჭრილისკენ გახედვას ვერ ბედავდა.
უცებ ცხენების თქარათქური და რკინის დიდი ჭიშკრის ზრიალი მოესმა.
გაიხედა. ისნის ციხეში ქართველთა ჯარი, ქვეითი და ცხენოსანი,
ერთმანეთს ასწრებდა შესვლას.
ციხის კარი ისევ ზრიალით დაიხურა და ლელამ კვლავ ვაჩეზე დაიწყო
ფიქრი.
_ ნეტავ იქ იყოს! ნეტავ ვაჩეც ისანში ჩაკეტილებთან იყოს! _ ნატრობდა
გულში ლელა და თან წამდაუწუმ პირჯვარს იწერდა.
_ მიი-შვე-ე-ლე-ეთ!
დაიგმინა მის გვერდით დაჭრილმა და ლელა ახლაღა გამოერკვა.
მომაკვდავი შველას ითხოვდა. ისნის კარი უკვე დაკეტილი იყო და ლელა
სულთმობრძავს სასნეულოში ვეღარ მიიყვანდა. თვალს უმწეოდ აცეცებდა,
თავათაც არ იცოდა, რა ეღონა.
მანდილი მოიგლიჯა და დაჭრილთან დაიხარა.
ფერდიდან სისხლი სქლად მოჟონავდა.
ლელამ ტანსაცმელი შემოახია იმ ადგილას, სისხლი მოწმინდა და
პირდაღებულ ღრმა ჭრილობაზე მანდილი დააფარა.
_ ვაიმე, დედილო! _ დაიკვნესა დაკოდილმა და სიცხიანი თვალები ლელას
მიაშტერა.
_ შენ... ვაჩეს ცოლი ხარ?
ლელამ თავის ქნევით დაუდასტურა.
_ მე მამუკა ოქრომჭედელი ვარ, ცაგოს ძმაი, თურმანის ცოლისძმა.
ლელა ცაგოს ხსენებაზე შეტოკდა. დაჭრილს მოხედა, დააცქერდა:
ტკივილისაგან დაღმენჭილ სახეს მაინც კიდევ შერჩენოდა ბევრი საერთო
მამუკას ლამაზი დის სახესთან.
_ მიშველე, დობას გაფიცებ... ვაჩეს გაფიცებ! _ შეევედრა მამუკა და ლელას
ცეცხლი მოეკიდა.
აკლებულ ქალაქში ყველ