"ვაი, შენ ქალაქო, რომელსა შინა მეფე შენი ჭაბუკ!" ეკლესიასტე

თავი პირველი. ლაშარის გორზე
ღამისმთევლები შეჩოჩქოლდნენ და გალავანს მიაწყდნენ: ხმელგორზე ცხენოსნები ამოდიოდნენ, წინ
ლურჯაზე ამხედრებული მეფე მოუძღოდათ.
ვიღაცამ შორითვე იცნო ხელმწიფე და „ლაშაო“, აღტაცებით ამოიძახა.
ღამისტეხითა და ლოცვით გაბრუებულ ხატიონებს „ლაშარი“ ჩაესმათ და ძლევამოსილი ღვთაების
გამოცხადების სასწაული დაიჯერეს. ხალხი ჩურჩულით იმეორებდა მთიელთა მფარველისა და
ლაშქრობის ღმერთის სახელს და კრძალვით გაჰყურებდა მათკენ მომქროლავ ფაფარგაშლილ ლურჯაზე
ამხედრებულ მეფეს.
მხედრებმა ამოივაკეს. ხალხი შუაზე გაიყო, მოსულებს გზა მისცა და მუხლებზე ჩაიჩოქა.
გალავანთან დაიქვეითეს ბრწყინვალედ აღკაზმულმა ჭაბუკმა მეფემ და მისმა მხლებლებმა.
სალოცავიდან ხევისბერი გამოეგება მეფეს, სანთლები აანთო და დაამწყალობა... შემდეგ მეფეს რაღაც
წასჩურჩულა და, თანხმობა რომ მიიღო, დასტურებს თვალით ანიშნა.
დასტურები უცებ მოსწყდნენ ადგილიდან და იმწამსვე ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა:
_ გზა! გზა!..
გალავანში ბრდღვინვით შემოვარდა ყელზარიანი კურატი. კურატს რქებზე ანთებული სანთლები
ჰქონდა მიკრული და დაფეთებულ პირუტყვს ოთხი ვაჟკაცი ჯაჭვებით ძლივს აკავებდა. როგორც იყო,
მოზვერი სასაკლაოს ორმოსთან მიაგდეს და ორივ მხრიდან მაგრა დაჰქაჩეს.
კურატმა ოდნავ წამოიჩოქა და მორივით სქელი კისერი დაედრიკა.
ხევისბერი ზვარაკთან მივიდა. ის იყო სანთლით შუბლი შეუტრუსა და ზარი მოხსნა, რომ ლაშას
ხმალმაც იელვა და კურატის თავი მიწაზე გაგორდა.
მეფე ხალისით ასრულებდა მსხვერპლთშეწირვის წესს. იგი მოჯადოებულივით თვალებში
შესცქეროდა ხევისბერს და მის ნება-სურვილზე მოქმედებდა.
* * *
მსხვერპლთშეწირვა და დამწყალობება დასრულდა. შალვა ახალციხელმა ხელი მაღლა აღმართა და
ხალხს გაჩუმება ანიშნა. ხალხი გაინაბა და სმენად იქცა.
მეფე წინ წარსდგა და შეკრებილთ მოკლე სიტყვით მიმართა.
ომახიანი, ვაჟკაცური ხმით ლაპარაკობდა საქართველოს მეფე გიორგი მეოთხე _ ლაშა. მსმენელებს
ჯერ თავისი ნეტარი დედის დიდი თამარის უხვი წყალობა და ზრუნვა მოაგონა. მერე გულისტკივილით
გაიხსენა ტახტისაგან ფხოველთა განდგომა და მეამბოხეთა სასტიკი დასჯა საქართველოს ზოგიერთ
თავნება ხელისუფალს დააბრალა. ფხოველთა სარწმუნოებას ქართველთა ჭეშმარიტი სარწმუნოება
უწოდა და ამიერიდან მთიელებს მის დაცვასა და განმტკიცებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს ხელმწიფის, დიდი თამარის მემკვიდრის სიტყვას ხალხი აღტაცებით ისმენდა,
ნაჭრევებით დაღარულ სახეებზე ხევისბერებსა და გვარის მეთაურებს სიხარულის ცრემლები სდიოდათ.
ხოლო როცა მეფემ სიტყვის დასასრულს ლაშარის ხატისათვის მამულებისა და ქონების შეწირვა
გამოაცხადა, ხალხმა ერთბაშად იხუვლა, მუხლზე დაემხო და ხელაპყრობით მადლობა შეჰღაღადა.
ჯერ ხევისბერები და თემის უფროსები მისწვდნენ სამთხვევად მეფის კალთას, მერე მთელი ხალხი
ნაგუბარი წყალივით დაიძრა და მეფეს ოთხივ მხრიდან შემოადგა.
აწვებოდნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ, დედები ჩვილ ყრმებს შორით იტატებდნენ, ხეიბრები და
დავრდომილები გზებს იკაფავდნენ, მეფის კალთის შეხებას ესწრაფოდნენ.
_ ლაშა! ლაშარელა! _ ისმოდა ფეხისწვერებზე შემდგარი მეფის მაცქერლების აღტაცებული
ჩურჩული.
თხუთმეტიოდე წლის გოგონას დედა ზურგში ამოდგომოდა და მეფისაკენ გზას მიუკვლევდა.
გოგონას უჭირდა ხალხის ამ ჯგლეთაში მხარის გატანა და ძლივსძლივობით, შეშინებული მიიწევდა
წინ. მის პირდაპირ, მეფის ამალის უკან, გოლიათი ვაჟკაცი იდგა და გოგონას მისჩერებოდა.
დარცხვენილი ქალი თვალს ვერ უსწორებდა ვაჟკაცის მზერას. სუსტი გოგონა აქამდე, ალბათ,
ათასჯერაც გაეცლებოდა ხალხის ამ ზედახორას, მაგრამ დედის მტკიცე ხელი ჯიუტად და დაჟინებით
სწევდა წინ, მეფისაკენ.
უკვე სულ ახლო იყო.
გოგონა ფეხისწვერებზე შედგა, მეფეს შეხედა და, დანახულის ბრწყინვალებით მოხიბლულმა,
აღტაცებით ამოიძახა:
_ ღმერთო, რა ლამაზია!
რამდენიმე კაციღა ჰყოფდა დედა-შვილს მეფისაგან. წამით ქალიშვილმა დედის ხელისაგან
გათავისუფლება იგრძნო. უკან მოიხედა და გაოცდა: დედას მანდილი ისე მოეხურა, რომ სახის ნაკვთი
აღარ უჩანდა, დამფრთხალი უკან-უკან მიიწევდა და იქაურობის გაცლას ლამობდა.
მოულოდნელობით გაოცებული გოგონა გაურკვეველმა შიშმა აიტანა, ისიც ანგარიშმიუცემლად
შებრუნდა და დედას გამოუდგა.
* * *
უკვე შუადღე იქნებოდა, სუფრები რომ გაიშალა. ხალხი ხმელგორზე ვერ დაეტია, დაბლა ფერდობებს
ჩაჰყვა და ჭალა თეთრი და ლურჯი სუფრებით აჭრელდა.
ცალ-ცალკე სუფრებზე ისხდნენ ფშავის სხვადასხვა ხევიდან მოსული მახვეწარები, თუშები და
ხევსურები, კახეთში გადასახლებული ფხოველები.
უზარმაზარი ქვაბებიდან საკლავის ოხშივარი ნისლად დგებოდა, მთვრალი დევებივით მიწოლილი
ვეება რუმბები ნელ-ნელა იფუკებოდა, სუფრებზე კახურ ღვინოებს მთის ლუდი და არაყი ენაცვლებოდა.
მეფე და მისი ამალა _ შალვა ახალციხელი და თორღვა პანკელი, თურმან თორელი და გვარამ
მარგველი, მემნი ბოცოსძე და ბიბლა გურკელი, ფხოვის თავკაცებთან და ხევისბერებთან ერთად, ცალკე
უსხდნენ გორაკზე გაშლილ სუფრას.
აქედან ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა: დაბლა გაშლილი სუფრებიც, ჩარდახიანი ურმებიც,
ლამაზი ჭრელი ხურჯინებიც, მთიელთა ნაირ-ნაირი ტანსაცმელიც და სუფრიდან სუფრისაკენ
წაბანდალებული, უკვე შემთვრალი მოქეიფეებიც.
ყველგან თავგამეტებული სმა იყო. უწესრიგო ყაყანი და სიმღერა ერთიმეორეს ფარავდა. მხოლოდ
მეფის სუფრაზე სუფევდა სრული წესრიგი. სუფრას ფხოველების ახლობელი კაცი _ თორღვა პანკელი
თამადობდა.
კარგ გუნებაზე იყო თორღვა, დიდი ხნის ნატვრა აუხდა _ ფხოველები სამეფო ტახტს შეარიგა და
შემოამტკიცა. დიდი სასმისებით სვამდა საუკეთესო კახურ ღვინოს და დაცლილ ჯიხვებს
ხევისბერებთან გადადიოდა.
დინჯად იჯდა ჩაფიქრებული ბუმბერაზი შალვა ახალციხელი. მეფის ამალაში ყველაზე უფროსი,
შამქორის გმირი, ცოტას ლაპარაკობდა. დიდრონ სასმისებს იოლად სცლიდა, თავის ადგილზედ
უდრტვინველად ჯდებოდა და ისევ ფიქრს ეძლეოდა. დროდადრო რომელიმე თანამეინახე სიმღერას
წამოიწყებდა, ფიქრიდან გამოიყვანდა და ისიც თავის ძლიერ ბუბუნს შეუერთებდა.
მომღერლებს თავის ტკბილ ხმას შესანიშნავად უწყობდა და გულით ილხენდა თურმან თორელი.
როგორც კი სადმე ფანდური გაიჩხაკუნებდა, ფეხზე წამოდგებოდა, მომღერლის ირგვლივ
შემოკრებილთ შეუერთდებოდა და ყურადღებით უსმენდა ფხოველ მათქვამებს.
ერთხანს სადღაც გაჰქრა თორელი. სუფრისაკენ რომ მობრუნდა, ბრმა მეფანდურეს მოუძღოდა.
თვალდაშრეტილი ხევსური მიწაზე ჯოხის კაკუნით თავაღერილი მოჰყვებოდა მისთვის უცნობ კარის
მგოსანს. სუფრას რომ მოუახლოვდნენ, თორელმა ღვინით სავსე ჯიხვი მიაწოდა უსინათლო
მეფანდურეს.
_ მეფე ადღეგრძელე და შემდეგ ლექსი რამ გვითხარ, _ შესთხოვა თორელმა. ბრმამ ფანდური
გვერდზე მიდო, სასმისს ორივე ხელი მოჰხვია, დაილოცა და პირზე მოიყუდა.
_ იცოცხლე! გაგიმარჯოს! _ მადლი გადაუხადა მეფემ. _ აბა, დაჯექ და ლექსი გვითხარ, ხევსურო!
მელექსემ სასმისი დაცალა, ტუჩები მოიწმინდა და ხელის ფათურით ფანდური მოიძია.
თორელმა ფანდური ხელთ ჩაუდო და უსინათლოს კუნძზე ჩამოჯდომა უშველა.
_ ვაჰ, თუ მეფის ღირსი ვერა ვთქვა! ხომ არ გამიჯავრდებიან ხემწიფიანნი? _ ღიმილით თქვა ბრმამ
და გუმანით ლაშასკენ გაიხედა, მაგრამ პასუხს არ დაელოდა და ფანდურს თითები ჩამოჰკრა:
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე.
გიმღერდნენ ჩემი სწორები, ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
მეფანდურე ტკბილად, სევდის მომგვრელად აჟღარუნებდა მთის პატარა ფანდურს და ხმას
თანდათან უმაღლებდა. ეტყობოდა, საკუთარ სადარდელს, სიკვდილის გარდუვალობასა და სახელისა
და უკვდავების წყურვილს მღეროდა მეფანდურე. ხან სისხლი მოაწვებოდა და ჭარხალივით
წამოუწითლდებოდა სახე, ხან სულ გაეცრიცებოდა და მკვდრის ფერი გადაეკვრებოდა.
ნეტავი, ჩემო სახელო, დიდხანამც იხსენებოდე,
ჩემო ნათქომო სიტყვაო, შენამც კი გაჰქვეყნდებოდე,
სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასთხოვდებოდე.
მღეროდა, კი არ მღეროდა, მოთქვამდა ჯერ კიდევ ჯანღონით სავსე, უდროოდ თვალის შუქს
მოკლებული ხევსური სიცოცხლის წარმავლობაზე, კაი ყმის სახელისა და გმირობის დავიწყებაზე...
მოთქვამდა და ხმადაბლა მოღუღუნე ფანდური სევდით ავსებდა უბედური ვაჟკაცის გულის სიღრმიდან
ამოსულ კვნესას.
უკანასკნელი სიტყვები ამოიმღერა თუ ამოიგმინა მელექსემ, ერთ მუხლად კიდევ ააჟღერა საკრავი,
მერე ფანდურის ჟღრიალი მიწყდა და თავადაც გაიტრუნა. ყველანი დუმდნენ. აღარც მელექსე მღეროდა
და აღარც ფანდური ჟიჟინებდა, სიმღერა კი ისევ ჟღერდა მსმენელების ფიქრსა და გულისყურში.
გალურსული მეფანდურე უსინათლო თვალებით გვერდზე იცქირებოდა, ეტყობოდა, სიმღერის
ზემოქმედების ძალას ანგარიშობდა. დიდხანს ხმა არავინ გაიღო და დუმილი არავინ დაარღვია.
უსინათლო მიხვდა, რომ მსმენელთა გული და გონება დაიპყრო, სახეზე სიამოვნების ღიმილი
გადაეფინა, ფანდური ძირს დადო და ერთი ხმამაღლა ჩაახველა. მაშინ კი გამოერკვნენ მსმენელები
სიმღერის ჯადოსაგან და ტაშმა ოთხივმხრივ იგრიალა.
ტაში და შეძახილები რომ მიწყნარდა, მეფემ მეფანდურეს მადლობა გადაუხადა და ჩამოსართმევად
გამოწვდილ ხელში ოქრო ჩაუდვა.
გახარებულმა და წათამამებულმა მელექსემ ისევ გამართა ფანდური.
_ ჩალხიაუ, ათაბაგის ლექს შაიძლების? _ ხმადაბლა იკითხა მეფანდურემ.
ჩალხიამ მეფისკენ გაიხედა, მეფემ ღიმილით და თავის დახრით მისცა დასტური.
_ შეიძლება! _ ნება დართო ჩალხიამ და კვლავ აღუღუნდა ფანდური.
მთაში აიჭრა მხარგრძელი, თვალთაგან რისხვის მთოველი,
დახოცა, შუბზე ააგო ქალი და ბავშვი ფხოველი,
შიშით ჰკრთის ქართლი, კახეთი, ლიხთიმერეთი ყოველი:
ვაჰ, თუ აქეთაც მობრუნდეს, უკეთესს არც ჩვენ მოველით...
მოკლე სიმღერა მალე ჩამოათავა მეფანდურემ. სუფრაზე მსხდომმა ფშავ-ხევსურებმა ლექსი
ჩამოართვეს მელექსეს და თავად განაგრძეს მთის დამრბევისა და ამწიოკებლის დამცინავი და
გამმასხრებელი სიმღერა.
მეფემ, ცოტა არ იყოს, უხერხულობა იგრძნო სამეფოს უპირველესი დიდებულის გამკილავი ლექსის
მოსმენით. შეკავებული ღიმილით მოხედა იქ მყოფთ, მაგრამ სხვების სახეებზე რომ გაშლილი ღიმილი
დაინახა, შუბლი გაეხსნა.
ფხოველებმა ათაბაგის დაცინვით გული იჯერეს და სიმღერა დაასრულეს.
მელექსემ ისევ ფანდური მომართა. ლაშას ნაცნობი სიტყვები მოესმა:
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდის ფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
მეფანდურე მეფის საყვარელ ლექსს მღეროდა. ეს ლექსი თურმან თორელისა იყო და ლაშა დარდიან
გუნებაზე სევდის უკუსაყრელად ამღერებდა ხოლმე განუყრელ ტოლსა და კარის პირველ მგოსანს.
მეფემ თორელისაკენ გაიხედა. თურმანს თავი დაეხარა და იმის განცდით გახარებულს, რომ მისი
ლექსები ხალხის სამღერლად ქცეულიყვნენ, სახე წამოწითლებოდა.
_ ეგ ლექსები სულ შენი იყო? _ ჰკითხა მეფემ უსინათლოს, როგორც კი ხევსურმა ლექსი ჩამოათავა.
_ ჩემი პირველი იყო, თავში ნათქომ, _ მიუგო ხევსურმა და ფანდურის ჟღარუნი შეაჩერა.
_ მხარგრძელის ლექსი?
_ შოთაისია, რუსთველის!
_ ესა, ეს უკანასკნელი ვისია? _ ჩაჰკითხა მეფემ და ღიმილით თორელს გახედა.
_ ესეც შოთაისია, სხვის ვის იქნების?! _ გაიკვირვა მეფანდურემ და ხშირი ქერა წარბები შეჰყარა.
ახლა კი აიღო თავი თორელმა და მეფეს გულლაღად შესცინა:
_ მეფეებს და მგოსნებს თამარისა და შოთას შემდეგ ერთი ბედი გვაქვს: რაოდენი ციხე და არხიც
უნდა აშენო, მეფევ, ხალხი მაინც იტყვის, თამარის ციხე და არხიაო, რაოდენი ლექსიც უნდა ვთქვათ
მგოსნებმა, ხალხი კვლავ ასე იტყვის, რუსთველისააო.
თამადა ახალი სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგა. სუფრაზე კვლავ სიჩუმე გამეფდა.
* * *
ლხინი გრძელდებოდა.
თვითონ მეფე პირველად ყველაფერს ხალისიანად უყურებდა და მოსწონდა კიდეც თავისი
მონაწილეობა ამ დიდ სახალხო ზეიმში, სანამ მის სუფრაზე მორიგეობით არ იწყეს მოსვლა უკვე
შემთვრალმა ფშავ-ხევსურებმა და თუშებმა.
გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს ეუბნებოდნენ და ხრინწიანი ხმით გაჰყიოდნენ სიმღერებს,
სათაყვანებლად იხრებოდნენ და რაც უფრო ეკიდებოდათ სასმელი, მით უფრო მაღლა მიიწევდნენ
საკოცნელად. ბოლოს უფრო მთვრალები და გაბედულები ხინკლის წვენითა და ერბოთი გაქონილი
ტუჩებით ზედ ტუჩებზე ეკვროდნენ აზიზ მეფეს.
ცხვრის ტყავის, ნივრისა და მყრალი არყის სუნი თანდათან დაუმძიმდა სასახლეების
კეთილსურნელებას შეჩვეულ ლაშას, გულზე აზიდებდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ იქაურობას არ
გასცლოდა.
უეცარმა საბრძოლო ყიჟინამ და ხმლების ჩახაჩუხმა გამოარკვია ლაშა-გიორგი.
ახოვანი კახელი ხმლით იგერიებდა სამი ხევსურის იერიშს.
მამლებივით აქოჩრილი ხევსურები გამეტებით უტევდნენ შუაში მომწყვდეულ ჭაბუკს.
უშველებელი, ერთი შეხედვით, თითქო ტლანქი და მოუხეშავი ვაჟკაცი გასაოცარი სიმკვირცხლით
ბრუნავდა ოთხი ხმლისაგან დაკვესებულ ცეცხლში. იშვიათის ოსტატობით იფარებდა ფარს,
ელვისებური სისწრაფით იცილებდა მტრის ფრანგულს და თვითონაც მძლავრად იქნევდა თავის
გველისპირულს. ხმლის რამდენიმე სხარტი მოქნევით ერთს ყური მიაჭრა, მეორეს ხმალი გააგდებინა და
თანდათან სამივე წინ გაირეკა...
მერე წამით ფეხში რაღაც გაებლანდა და წაიფორხილა. ხევსურებმა იდროვეს და გულმოცემულებმა
აქეთ შემოუტიეს.
მარტოხელა ვაჟკაცი ნელ-ნელა შეავიწროვეს, იძულებული გახადეს, ნაბიჯ-ნაბიჯ, ფარის ფარებით
და ხმლის ქნევით უკან დაეხია.
მოჩხუბრების ირგვლივ ფართო წრედ შეკრულიყვნენ სეირის მაყურებლები.
მეფე და მისი ამალა აღტაცებით შეჰყურებდნენ თავგამეტებულ ბუმბერაზს, რომელიც ასეთი ღონითა
და მოხერხებით უმკლავდებოდა სამი მთიელის მოძალებას.
თვითონ მოჩხუბარი თავისი მტრების ხელებისა და ფარხმალის მოძრაობის მეტს ვერაფერს ხედავდა,
მაგრამ ახლა, უცებ, თითქო რაღაც მოელანდაო, გვერდზე გაიხედა და იმ დედა-შვილს მოჰკრა თვალი,
დილით რომ მეფის კალთის სამთხვევად მიიწევდნენ.
მანდილით თავპირშებურვილ დედას თვალების მეტი არაფერი უჩანდა. ამ კრიალა შავი თვალების
მზერას იგი მეფესა და მის ამალას არ აცილებდა და ხანდახან თუ გადაიტანდა მოჩხუბრებზე.
ცისფერკაბიანი გოგონა სულგანაბული შეჰყურებდა მოჩხუბართ. მის ბავშვურ თვალებში უფრო
აღტაცება გამოკრთოდა, ღელავდა, ტანის უნებური მოძრაობით ახოვანი ჭაბუკის მოძრაობას იმეორებდა
და მხრებზე ჩამოშლილ მანდილს თითებით აწვალებდა.
როგორც კი ბუმბერაზმა მის თვალებს თვალი შეასწრო, ძალის უჩვეულო მომატება იგრძნო,
ლომივით დაბრუნდა და ისევ იერიშზე გადავიდა. უკანდახეულ, ყურჩამოთლილ მომხდურს
გამეტებით, მთელი ძალით მოუქნია ხმალი, მაგრამ თავპირდასისხლიანებულმა ხევსურმა თავისი
ფრანგული ქვემოდან შეაგება და ფოლადმა უჩვეულოდ გაიჟღრიალა.
გატეხილი ხმალი ძირს დაეცა და ხმლის პატრონს დაბღუჯული ვადაღა შერჩა ხელში.
ხმალგატეხილმა დაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ ცისფერკაბიანი გოგონას მხრებს მანდილი მოსწყდა
და მოჩხუბართა ხმლებს შორის ფარფატით დაეშვა.
ხმლის მოსაქნევად აწვდილი ხელები ცივად დაეშვნენ დაბლა და ხალხმაც იგრიალა.
პირველი ლაშა მიიჭრა და ხმალგადამტყდარ მებრძოლს გადაეხვია. ვაჟკაცობა მოუწონა, ძვირფასი
ხმალი მოიხსნა და მოულოდნელობისაგან დაბნეულ ბუმბერაზს გაუწოდა.
_ ღირსი ხარ! მეფისა და ქვეყნის სამსახურში გეტარებინოს! _ ღიმილით უთხრა და მხრებზე ხელი
დაჰკრა.
დასაჩუქრებულმა ხმალს დახედა: ხმლის ვადაზე მინანქრით იყო გამოყვანილი ცხენზე
ამხედრებული თეთრი გიორგი. ცხენის ფლოქვებქვეშ გართხმული ვეშაპისთვის შიგ გულში ეძგერებინა
შუბი ქართველთა ძლევამოსილ მფარველს. სიხარულისაგან გაოგნებული ჭაბუკი ჯერ ხმალს ემთხვია,
მერე მეფეს ჩაუვარდა ფეხქვეშ და მუხლებზე მოეხვია. მეფემ ძლივს წამოაყენა.
_ რა გქვია, ვაჟკაცო? _ შეეკითხა ლაშა.
_ გვარად მიგრიაული ვარ, სახელად ლუხუმს მეძახიან, _ მიუგო ბუმბერაზმა.
_ რას გემართლებოდნენ? _ თვალით ანიშნა ლაშამ განზე გამდგარ, ხმლით დაკენწლილ ხევსურებზე.
ხევსურებს ჯერ კიდევ შიშველი ხმლები ჰქონდათ ხელთ, მიწას ხმლის წვერით ჩხვერდნენ და
შორიდან თვალით სჭამდნენ მოსისხლეს.
_ მამაჩემის სისხლი ემართათ. ჩვენ აქაურები ვართ. მოსისხლეებს რომ გავრიდებოდით, მამას
კახეთში გავუხიზნივართ. თხუთმეტი წელია ველისციხეში ვსახლობ და დღეს პირველად მოვედი
ლაშარის ხატის ბრძანებით ჩვენს სალოცავში. მოსისხარებმა დედაჩემი იცნეს, ალბათ, ჩემი ამბავი
გამოიკითხეს და თავს დამესხნენ.
_ გინდა, ჩემს ამალაში წაგიყვანო, ტახტისა და მეფის მცველად დაგადგინო? _ შეეკითხა მეფე.
_ თუკი ჩემს ხლებას იკადრებთ... _ ამოდენა სიხარულისაგან ენააბორძიკებულმა ლუხუმმა სიტყვის
დამთავრება ვეღარ მოახერხა, ისევ მუხლებზე დავარდა და მეფეს ფეხები დაუკოცნა.
მეფემ ლუხუმი წამოაყენა, მისი მოსისხარებიც თავისკენ იხმო და ოთხივე სუფრისაკენ წაიყვანა.
ოთხთავეს ყანწები გაუვსეს. მეფემ მათი შერიგებისა ბრძანა და მოსისხლეებს ერთიმეორე
დააკოცნინა.
* * *
კარგად რომ შეღამდა, სუფრა აირია. მეფესთან ჩალხია ფხოველი მივიდა და ჩუმად ჰკითხა:
განსვენებას ხომ არ ინებებო.
მეფე ფეხზე წამოდგა, ახალციხელს, მარგველსა და თორელს გაყოლა ანიშნა და სუფრიდან
შეუმჩნევლად წავიდა. მხოლოდ ლუხუმმა შეამჩნია, როგორ გაუჩინარდნენ მეფე და მისი მხლებლები
ღამებნელში ჩარდახიან ურმებთან.
ლუხუმს თვალწინ სულ ის ცისფერკაბიანი გოგონა ედგა, რომლის მანდილმაც სიკვდილს
გადაარჩინა. ახლა, როცა სუფრაზე მეფე აღარ იყო, იქ ყოფნა სავალდებულოდ არ მიიჩნია, შეუმჩნევლად
წამოდგა და დაბლა, ხატიონების სუფრებისკენ დაეშვა.
ველისციხელი მახვეწრების სუფრა შორიდანვე, ჟინჟღილების შუქზე შენიშნა. თუმცა დედა იქ
ეგულებოდა, გულმა სხვა მხარეს გაუწია და სახელდახელოდ გამართულ თუშთა კარვისკენ აიღო გეზი.
კარვის წინ უცნობი თუშები უსხდნენ მინდორზე გაშლილ სუფრას. შეზარხოშებულებს
დაუპატიჟებელი სტუმრის თავზე წამოდგომა არაფრად ეპიტნავათ, ცერად ახედეს, მაგრამ
მასპინძლობის წესი ვერ გატეხეს და მოსულს სავსე ჯიხვი მიაწოდეს.
ლუხუმმა სასმისი ჩამოართვა და იქაურობას თვალი მოავლო.
_ ვის ეძებ? დალიე! _ მკაცრად უთხრა სუფრასთან ჩაჩოქილმა თუშმა და უცნობს თვალები
დაუბრიალა.
ლუხუმმა ჯიხვი ასწია და ის იყო მოიყუდა, რომ დედის ხმა ჩაესმა:
_ ჩემი ლუხუმია, შვილებო, ჩემს საძებრად მოსულა.
მიგრიაულმა ყანწი დასცალა და კარვისკენ გაოცებით გაიხედა: კარვის კართან ის ცისფერკაბიანი
გოგონა იდგა თავდახრილი, რომლის საგონებელმაც იგი აქ მოიყვანა.
ლუხუმისა და იმ გოგონას დედები ხელიხელგაყრილები მისკენ მოდიოდნენ. გოგონას დედას
მანდილი აღარ ებურა, სანდომიანი სახე სრულად მოუჩანდა და ღიმილით უბრწყინავდა.
_ მობრძანდი, ლუხუმ, ქეთევანი ჩვენი სტუმარია, შენც აქეთ მობრძანდი, _ კეკლუცად მიიწვია
გოგონას დედამ.
გაოგნებული იდგა ლუხუმი, ვერც ხმა ამოეღო, ვერც ადგილიდან დაძრულიყო.
_ კარგია, მომაგენი, ჩვენებს დავუბარე, რომ ციცინოსთან ვიქნებოდი, _ მიეყვავილა დედა ლუხუმს,
მკლავში ხელი მოჰკიდა და კარვისკენ წაიყვანა.
იმ კარავთან ყოფნა ლუხუმს ახლა ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ რატომღაც ფეხები მის სურვილს არ
ემორჩილებოდნენ, ბორძიკით ძლივს ადგამდა და ორ ქალს გაკავებულივით, თითქმის ძალით მიჰყავდა.
_ ლილე, მოდი, შვილო, ლუხუმს მოეგებე, _ მიმართა ქალიშვილს ციცინომ.
დარცხვენილი ლილე თავს არ იღებდა.
ლუხუმსაც თავი დაეხარა. უხერხულად იდგა ბეჭბრტყელი, მოუხეშავი ვაჟკაცი და ქალის ხელის
ჩამოსართმევად მარჯვენის გაწოდება ვერ მოეფიქრებინა.
უხმოდ ჩამოჯდა სკამზე მიგრიაული. ქალებმა საუბარი გააბეს, მაგრამ ლუხუმი ვერ აიყოლიეს, ხმა
ვერ ამოაღებინეს გაკრძალულ ჭაბუკს.
_ მოსწყინდა ჩვენთან შენს ვაჟს, ქეთევან, ალბათ, კაცებთან ურჩევნია, _ გადაულაპარაკა ციცინომ
ლუხუმის დედას, ფეხზე წამოდგა და მოქეიფე თუშებს გასძახა:
_ უთურგა, მეფის მცველი ლუხუმ მიგრიაული თქვენი სტუმარია, მიიღეთ და უმასპინძლეთ.
სუფრიდან ის ვაჟკაცი წამოხტა, წეღან რომ თვალისბრიალით უყურებდა ლუხუმს, კარავთან
ძუნძულით მივიდა, სტუმარს ხელი ჩაავლო და თანამესუფრეებისაკენ გაიტაცა.
* * *
გვიან ღამით ლაშარის გორი დაიცალა. ხატიონები ჭალაში ჩაბარგდნენ. მთვრალებმა და ხნიერებმა
ძილს მისცეს თავი. ახალგაზრდებმა წაწლები მოძებნეს და ნაბდები წაიხურეს.
ახალციხელი, მარგველი და ფხოველი გვიან, ნაშუაღამევს მარტონი ავიდნენ ფშაური სახლის ბანზე,
გაიხადეს და ლოგინზე მიწვნენ.
არც ერთს არ ეძინა, გულაღმა დაწოლილები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდნენ და
თავთავიანთ ფიქრს მიცემულნი სდუმდნენ.
ლაშარის ხევისბერი ჩალხია ფხოველი არც ისე დიდი ხნის წინათ მეფის ახლობელი კაცი იყო.
ბავშვობიდანვე სამშობლოდან გადახვეწილ ჩალხიას მთელი ქვეყანა მოვლილი ჰქონდა. განათლება
ანტიოქიასა და კონსტანტინეპოლში მიეღო, იქაურ ფილოსოფოსებს დამოწაფებოდა და შემდეგ სინას
მთაზე, ქართულ მონასტერში შესდგომოდა ქადაგებას. მის დამოუკიდებელ აზროვნებასა და
თავისუფალ ქადაგებას უამრავი მსმენელი მიეზიდა ქვეყნის ყველა კუთხიდან და ფხოველს მთელს წინა
აზიაში გასჩენოდა მიმდევრები.
ეკლესიის ავტორიტეტის მცველებს შეუმჩნეველი არ დარჩენოდათ ფხოველი ბრძენის მოღვაწეობა.
ჩალხიასათვის ქადაგება აეკრძალათ, ეკლესიიდან მოეკვეთათ და დაწყევლილი და შეჩვენებული
ლავრიდან გაეძევებინათ.
მას შემდეგ ჩალხია ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერებული აღარავის უნახავს. მაღრიბსა და მაშრიყში
მოგზაურობდა, თავის მოძღვრებას ქადაგებდა და ეკლესიის მიერ დევნილ თავისუფალ იდეებს
ავრცელებდა.
ხანში რომ შევიდა, გულმა ადრე დაკარგული სამშობლოსკენ გამოუწია და ხეტიალით დაღლილმა
საქართველოს მოაშურა.
სწავლულ და განათლებულ ქართველთა მფარველმა და ხელისგამმართველმა თამარმა სიხარულით
მიიღო ეკლესიისაგან უკვე დავიწყებული ბრძენი, სარჩო-სამყოფელი გაუჩინა, კარის აქიმად დანიშნა და
ტახტის მემკვიდრის აღზრდა მიანდო.
მასწავლებელმა იმთავითვე დაიპყრო ყრმა უფლისწულის გულისყური ღრმა განათლებითა და
რაინდული კეთილშობილებით. იგი მიმზიდველად მოუთხრობდა მსოფლიოს გეოგრაფიასა და
ისტორიაზე, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებსა და რწმენისათვის წამებულ ადამიანებზე, სამ-
ყაროს დაუსაბამობაზე, ღვთაების უსასრულობასა და განუყოფლობაზე. იგი ისეთივე გატაცებით
უამბობდა გონებაგახსნილ ტახტის მემკვიდრეს ბუდასა და ქრისტეს ადამიანურ ბუნებაზე, პლატონისა
და არისტოტელეს სიბრძნეზე, როგორც კეისრისა და ალექსანდრე მაკედონელის ფათერაკებით სავსე
ცხოვრებასა და ძლევამოსილ ლაშქრობაზე.
მან პირველმა ჩაუნერგა საქართველოს მომავალ მეფეს სარწმუნოებისადმი შემწყნარებლობა,
დოგმებისა და კანონებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება. მანვე დაანახვა ხალხში ჯერ კიდევ
ცოცხალი წარმართობის სილამაზე და ძლიერება.
ფხოველს ფარულად გადაცმული დაჰყავდა უფლისწული ლამპრობასა და ლაზარობაზე,
ილორობასა და ალავერდობაზე, გუდანისა და ლაშარის ხატების დღესასწაულებზე.
ჩალხია თავის თავს გუდანისა და ლაშარის ხატების ყმას და მოხარკეს ეძახდა და, თუმცა მთაში
აღარც სახლ-კარი გააჩნდა და აღარც ახლობლები, ფხოველებს თავის ნათესავებად და მოკეთეებად
თვლიდა და, ცხადად თუ ფარულად, მათი კეთილდღეობისა და წარმატებისათვის ზრუნავდა.
თავად ფხოველები ათასგვარ ზღაპრებს ჰყვებოდნენ „თამარ დედუფლის აქიმზე“.
_ ჩალხია ჯერ კიდევ ბალღი იყვის, ქაჯებ რო გაიტაცის. ტყვეობაში სიცოცხლე მასძულდის, თავის
მოკვლა ინატრის. ქაჯებს გველთსახარშავად ცეცხლზე ქვაბებ ედგის. ჩალხიამ გველ შჭამის, ღგონობდა
მახკლავდის, ცოცხალ დარჩის, გველთ ჭამისაგან ბრძენ გახდის, ფრინველთა და ბალახთ ენა ისწავლის,
_ ჰყვებოდნენ ფხოველები, თავიანთ თანამემამულეს გველისმჭამელს ეძახდნენ და გულწრფელად
სჯეროდათ, რომ ფხოველ ბრძენს ყოველგვარი ცოდნა და საექიმო ხელოვნება ქაჯთა და გველთაგან
ჰქონდა ნასწავლ-შეთვისებული.
სამეფო კარზე ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ჩალხიას მოღვაწეობას. ვარსკვლავების
სათვალთვალო კოშკში მისი ერთთავად ყოფნა, წირვა-ლოცვაზე იშვიათი სიარული, მაწანწალა
დერვიშებში აღრევა და ხევისბერებთან ხშირი სტუმრობა არ მოსწონდათ. „მჩხიბავსა“ და
„მუცლითმეზღაპრეს“ ეძახდნენ და ფარულად ღვთის მგმობელობასა და ეშმაკეულობას სწამებდნენ.
რაკი ფხოველის გასამტყუნებლად მნიშვნელოვანი საბუთი ხელთ არ ჰქონდათ, ეკლესიის
მეთაურები და ფხოველის წარმატების გამო შურით აღძრული მტრები აშკარად ვერ ბედავდნენ
უფლისწულის საყვარელი აღმზრდელისა და კარის აქიმის მხილებას.
ასე დიდხანს გაგრძელდებოდა და, ალბათ, ლაშას გამეფების შემდეგ ფხოველი მეფის პირველი
მრჩეველი გახდებოდა, რომ სახელმწიფოს და პირადად ფხოველის ცხოვრებაში მოულოდნელი და
მნიშვნელოვანი ამბები არ მომხდარიყო.
დიდი თამარის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ფხოვი, მთიულეთი და დიდოეთი აჯანყდნენ.
უმიწაწყლო, მწირ მთებსა და კლდეებზე მოსახლე მთიელებს ბატონი არ ჰყავდათ. ნადირობითა და
მესაქონლეობით საკუთარი თავიც ძლივს გაჰქონდათ, წელებზე ფეხს იდგამდნენ და ლაშქრისა და
ტახტის ბეგარას პირნათლად იხდიდნენ.
ბოლო დროს კახეთის ერისთავმა წაუპოტინა ხელი მთას, თავისუფლებისმოყვარე მთიელ ვაჟკაცებს
დამორჩილება და ყმად გახდომა მოუნდომა. ტკბილი სიტყვითა და დაპირებით რომ არაფერი გაუვიდა,
ერისთავი მძლავრობის გზას დაადგა, მთიელთა სოფლების რბევასა და აკლებას მიჰყო ხელი.
მთიელები ფეხზე დადგნენ, ვიწროები გაამაგრეს, ასაკლებად მოსული მტრის მოგერიებას არ
დასჯერდნენ და, თავის მხრივ, კახეთის სოფლებზე იწყეს თავდასხმა. საქმეში სამეფო ხელისუფლება
ჩაერია: თავგასულ ერისთავს მადა შეუკვეცა და მთაზე გაბატონების ოცნებაზე ხელი ააღებინა. მაგრამ
არც მთიელები დაინდო, სახელმწიფო ბეგარა გაუდიდა და წარმართობის დევნასა და მთელს
მთიანეთში ქრისტიანობის ძალით გავრცელებას შეუდგა. ხალხის დაუკითხავად წარმართული ხატებისა
და სალოცავების ადგილზე ეკლესიების შენება გააჩაღა და ეს მშენებლობა მთიელებს დააკისრა.
ისედაც ყოველმხრივ გაჭირვებულ მთიელებს მძიმე ტვირთად დააწვათ მიუვალ მთებსა და ხეობებში
ქვის მკვიდრი ეკლესიების მშენებლობა, ერთდროულად რამდენიმე საყდრის შენება უამრავ ფულსა და
მუშახელს მოითხოვდა და ერთიცა და მეორეც ღარიბ მთას უნდა გაეღო.
მოსახლეობის ამ უკიდურეს შევიწროებას ქრისტიანობაზე ერთპირად ძალით მოქცევა დაემატა და
მთაში აჯანყებამ იფეთქა.
ჩალხია ფხოველი შორიდანაც ახლო მონაწილეობას იღებდა მთის ამბებში. პირველად, კახეთის
ერისთავის მძლავრობისას, მან უშუამდგომლა ფხოველებს მეფის წინაშე. როცა კახეთის ერისთავის
ალაგმვის შემდეგ მეფის ხელისუფლებამ მთის კიდევ უფრო შემომტკიცების მიზნით მთიელთა ბეგარის
მატებასა და ქრისტეს სჯულზე მოსახლეობის მოქცევას მიჰყო ხელი, ჩალხიამ უკვე ვეღარაფერი გააწყო.
ვაზირებმა მეფის გზა შეუკრეს, თამარს მთიელთა უკიდურესი გაჭირვება ვერ გააცნო და, რაკი
სამართლისა და მშვიდობის სახსარი ვერ იპოვა, სასახლიდან გაიპარა, ამბოხებულ მთას სათავეში
ჩაუდგა და მათთან ერთად იშიშვლა ხმალი მთიელთა ძველი სარწმუნოებისა და თავისუფლების
დასაცავად.
აჯანყებულებმა კავკასიონის მთიანეთის სხვა ტომებთანაც გამართეს მოლაპარაკება და, ვიდრე
დამხმარე ძალა გამოუჩნდებოდათ, ქუდზე კაცი გამოიყვანეს საბრძოლველად.
ამბოხებულებმა ცხადად და ფარულად, დღისით და ღამით იწყეს ქრისტეს სჯულის მქადაგებელთა,
გადასახადის ამკრეფთა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა ხოცვა, რბევა და ტყვევნა.
აჯანყება თანდათან ფართოვდებოდა, ახალ-ახალ თემებსა და ტომებს ედებოდა და
ხელისუფლებისათვის საშიშ ხასიათს იღებდა. მაშინ თამარმა ჯერ კიდევ ტახტის ერთგულ მთიელებს _
დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართელთა და ერწო-თიანელთ მოუწოდა
და ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის მეთაურობით მთაში დიდი ლაშქარი წარგზავნა აჯანყების
ჩასაქრობად.
ივანე ათაბაგმა ბრწყინვალედ მოაწყო და ჩაატარა დამსჯელი ლაშქრობა: პირდაპირ კი არ მიადგა
მიუვალ მთებსა და ვიწროებში გამაგრებულ მეამბოხეებს, ზურგიდან შემოუარა, ხადის მთაზე ავიდა და
ფხოვისა და დიდოეთის მთებს თავს წამოადგა.
ფხოველთა და დიდოელთა ზურგში მბრძანებელ სიმაღლეებზე დაბანაკებული ათაბაგის რისხვის
დამსახურება ძურძუკებმა თავიანთი არსებობისათვის სახიფათოდ ჩასთვალეს და, თუმცა გულით
აჯანყებულებს თანაუგრძნობდნენ, მხარგრძელს ძღვნითა და ლაშქრით ეახლნენ და აჯანყებულთა
წინააღმდეგ ბრძოლაში შეწევნა შესთავაზეს.
მთელი ზაფხულის განმავლობაში არბევდა მეფის ლაშქარი გამდგარ ფხოვსა და დიდოეთს. სწვავდა
და აოხრებდა მთიელთა სოფლებს, უწყალოდ ჟლეტდა ქავციხეებში ჩაკეტილ, გაძალიანებულ
მეამბოხეებს.
ძალამ თავისი გაიტანა. აჯანყებულთა აღტყინებას სძლია და მეამბოხეთა სიმტკიცე გატეხა.
შეჭირვებულმა მთიელებმა ათაბაგს მძევლები მისცეს, მსახურება, ხარკი და პირის სიმტკიცე აღუთქვეს.
მძევალთა შორის პირველი ფხოველთა აჯანყების მეთაური და სულისჩამდგმელი ჩალხია იყო.
ათაბაგი მკაცრ სასჯელს უმზადებდა განდგომილთა სულიერსა და სამხედრო ხელმძღვანელს,
რომელიც აჯანყების გეზისა და წესრიგის წარმმართველიც იყო და ერთი ვინმე მთიელთაგანივით
თავგამეტებით ხმალდახმალ მებრძოლიც. გულმოწყალე თამარის ლმობიერებამ და უფლისწულის
თავგამოდებამ გადაარჩინა სასჯელს ფხოველი. პატიმრად მყოფმა ბერად აღკვეცა ითხოვა. რაკი
ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ხელს თავისივე სურვილით იღებდა, ფხოველს წადილი აუსრულეს და
ლიხსგადაღმა, ჯრუჭის მონასტერში შეაყენეს ბერად.
ჩალხიამ ქრისტეს სამსახურში დიდხანს ვერ გაძლო. იმერეთში გული არ დაუდგა, მონასტრიდან
გაიპარა და კვლავ ფშავში ამოჰყო თავი. ფხოველებმა პატივითა და სიხარულით მიიღეს ჭირსა და
ლხინში მათთან მხარში მდგომი „გველისმჭამელი“ და ლაშარის ხატის ხევისბერობა ჩააბარეს.
მთა ტახტის სრულ მორჩილებასა და ერთგულ სამსახურზე იდგა და ბერად შემდგარი ფხოველის
ბედიც აღარავის აშფოთებდა.
ვიდრე თამარი კარგად იყო და ქვეყნის მართვის სათავეში იდგა, ფხოველი არავის გახსენებია, მაგრამ
ხანი გავიდა, თამარი მოულოდნელად ლოგინად ჩავარდა და გამოუცნობი სენით დასნეულდა.
სახელმწიფოს მესვეურები საუკეთესო მკურნალებისა და წამლების ძებნაში იყვნენ. ქვეყნის ყოველი
კუთხიდან მოჰყავდათ სახელგანთქმული ექიმები, ათასგვარ წამალს და საშუალებას ხმარობდნენ,
მაგრამ უქმ იქმნა ყველა ღონე და მკურნალთა ხელოვნება: საქართველოს მეფეთა მეფე, სახიერებითა და
ძლევით შემოსილი თამარი დღითიდღე ილეოდა, საქართველოს ნელ-ნელა ეცლებოდა ხელიდან
თავისი დიდებისა და მშვენების გვირგვინი.
ამ განსაცდელმა გაახსენა დიდებულებს და, უწინარეს, მემკვიდრე უფლისწულს მკურნალთა შორის
პირველი, თამარის აქიმყოფილი და აწ ბერად აღკვეცილი, ჩალხია ფხოველი. ათაბაგმა პირველად შორს
დაიჭირა მეამბოხეთა მეთაურისა და „ეშმაკეულის“ მოყვანა თამარის სამკურნალოდ. მაგრამ, როცა
დიდებულებმა დედოფლის განკურნების ყოველი იმედი წარიწირეს და მთელი ნუგეში ლოცვით
ღამისთევასა და ლიტანიობაზე დაამყარეს, მაშინ კი ვეღარ აღუდგნენ წინ უფლისწულის დაჟინებას.
ლაშამ შალვა ახალციხელი იახლა, მცირე ამალით ფშავში ავიდა და ლაშარის ხატის ხევისბერ
ჩალხიას გამოეცხადა.
დიდად დაუმძიმდა ფხოველს სასახლეში წასვლა, მაგრამ თამარისადმი სასოება და კრძალვა გულში
კიდევ უცვლელად შენახოდა და დედის უიმედო მდგომარეობით შეურვებულ საყვარელ აღზრდილს
უყოყმანოდ გაჰყვა.
თბილისში რომ ჩავიდნენ, უკვე გვიან იყო.
მეფის პალატაში შესული ფხოველი ავადმყოფის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მისი მეცნიერება
უძლური იქნებოდა სნეულის სხეულში უკვე დასადგურებული სიკვდილის წინააღმდეგ
საბრძოლველად. აჯანყებულთა ყოფილი მეთაური მუხლზე დავარდა და მომაკვდავი მეფისაგან
შენდობა ითხოვა.
_ შეგინდოს უფალმა, _ წაიჩურჩულა თამარმა და სანთელივით გაყვითლებული ხელით
პირქვედამხობილი ფხოველისათვის ჯვრის გარდასახვა სცადა.
უღონო ხელი აღარ აჰყვა დედოფლის ნებას და მოჭრილივით დაეცა ლოგინზევე.
მაშინ თამარმა გაფითრებულ ლაშასა და ატირებულ რუსუდანს ახლო მისვლა ანიშნა.
შენდობილი, უღონოქმნილი მკურნალი ლასლასით გამოვიდა მეფის სასვენებელი პალატიდან.
იმ წუთსავე დიდებულები ეახლნენ მომაკვდავ გვირგვინოსანს. თამარმა ანდერძი ბრძანა, ეზიარა და
მიიძინა.
ფხოველს მეფის დამარხვამდე არ დაუცდია, სასახლე იმ დღესვე დატოვა და ლაშარის ხატს მიაშურა.
* * *
_ ჩალხია, გძინავს? _ გატეხა სიჩუმე ახალციხელმა.
_ არა, არ მძინავს, ფიქრს რასმე ვფიქრობ.
_ მაინც რას ფიქრობ, ფხოველო?
_ რამლი ვყარე და ვარსკვლავი ვჩხრიკე, შფოთიანი მეფობა ელის ჩვენს ხელმწიფეს.
_ მაგაზე მეტად ვერაფრით გაახარებ ჩვენს მეფეს, შფოთსა და მოუსვენარ ცხოვრებას არა ურჩევნია
რა.
_ მერე რატომ ომისა და სახელისკენ არ მიუწევს გული?
_ გული კი მიუწევს, მაგრამ ძალა არ მოსდევს.
_ ეგ როგორ?!
_ არ იცი? თამარის სიცოცხლეშივე ივანე მხარგრძელმა მიიღო ამირსპასალარობის ნიჭი და
ათაბაგობაც მიიჩემა. ამით წაართვა მემკვიდრეს ყოველი მეუფება ლაშქარსა და ხალხზე და სამეფოს
მართვა-განსაგებელს ჩამოაშორა, ხოლო ათაბაგი თავის სახელსა და ქონებას უფრთხილდება და ომი და
ლაშქრობა აღარ სურს.
_ საკვირველ არიან საქმენი ათაბაგისანი. თავად უებრო მოლაშქრე და მეომარი მიუთხრობელი, ვით
არჩევს მშვიდობასა და განსვენებას?!
_ აგრე მოახსენა მეფესა და დარბაზს ათაბაგმა, არცა მშვილდი თავს იდებსო მარადის
გარდაცმულობას, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხიპულობასა, რამეთუ ჟამსა ხმარებისასა მათისასა
თვითოეული მათი უხმარ იპოისო.
_ არ სმენია მხარგრძელსა, რომ ქვასა მდებარესა ხავსი მოედების, ხოლო ხმალსა უხმარსა ჯანგი
მოეკიდების?! სამეფო და ერი საქართველოსი ომსა და მტრის რბევას არის ნაჩვევი, ომითა და მტრის
მორევით არის გარდარეული სიმდიდრე და ყოველი მონაგები ჩვენი სამეფოსი. ხოლო ოდეს ხმალი
ქარქაშსა ეგოს, მაშინ იწყოს კლებად სიმდიდრემან და საქონელმან და არღარა მოცემად ხარკისა
მოხარკეთა. არა წეს არს დაჩვევა დაუჩვევლისა და გარდაჩვევა დაჩვეულისა.
კიბეზე ლაშა შემოდგა ფეხაკრეფით. დაღლილს გაფითრებული სახე მთვარის შუქზე მთლად
გაცრეცოდა. ფხოველისა და ახალციხელის საუბარი მოესმა, იქვე კიბეზე ჩამოჯდა და სულგანაბულმა
ყური მიუგდო.
_ ეგრე სჯის ათაბაგი, _ განაგრძობდა შალვა, _ დასავლეთსა და აღმოსავლეთში წინააღმდგომი
აღარავინ ჰყავს საქართველოს სამეფოს, დრო არი მოვისთვლოთ ხმლით მოგებული და ვსჭამოთ ნაყოფი
ჩვენი ძლიერებისაო. შორეულ ლაშქრობას დავეხსნათ, მივიღოთ ხარკი აურაცხელი და ვიცხოვროთ
განსვენებითო.
_ მერე რომელი მტერი მიგვიშვებს განცხრომად და განსვენებად, ან რომელი მოხარკე მოიღებს ხარკს,
ოდეს ნახავს ძილად მიცემას ბუმბერაზთა ამა სამეფოისა.
_ მიუდგომელი ციხეები და სათვალთვალოები უნდა ვაშენოთ საზღვრებსა და გზებზე, რათა მტერმა
ვერ შესძლოს უგრძნობლად თავდასხმაო.
_ თითქმის დედამიწის ზურგი დამივლია, შალვა, დასავლეთი და აღმოსავლეთი. ძლიერსა და
ამაღლებულ სამეფოში ციხე-სიმაგრე არსად მინახავს, რადგან ძლიერი და ძლევამოსილი თავად ესხმის
მტერს თავს. ხოლო სუსტსა და უღონო სამეფოში აურაცხელი ციხე-კოშკი დგას, მაგრამ მძლავრი მტრის
შემოსევას ეს ციხე-კოშკები ვერასოდეს აჩერებენ და ქვეყანას ნგრევისა და აოხრებისაგან ვერ შველიან.
აგერ მარგველმა ბრძანოს, თუ ასე არ არის. გვარამი კარგა ხანია საქართველოს მეფის დესპანად და
მოციქულად მოგზაურობს, მრავალი ქვეყანა უნახავს და დაუვლია და ჩვენზე უკეთ იცის სხვათა ავ-
კარგი.
_ აგრეა, ჩალხია, _ დაუმოწმა მარგველმა, _ ოც წელზე მეტი იქნება, რაც ქვეყნის ოთხივ მხარეს
დავდივარ საქართველოს ელჩად, მაგრამ ძლიერსა და უზრუნველ სამეფოში ციხე-სიმაგრე იშვიათად
მინახავს. სუსტსა და შეჭირვებულ სამეფოში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებოდი ხოლმე ციხე-კოშკებს, მაგრამ
რა ბედენაა! შენი თქმისა არ იყოს, ძლევამოსილი ლაშქრის შემოსევისაგან იმ უბედურებს ვერც ციხეთა
სიმრავლე შველის და ვერც სიმაგრეთა მიუდგომლობა.
_ ამასაც ამბობს მხარგრძელი, ცოტანი ვართო ქართველები, ირგვლივ ურიცხვი ურჯულონი
გვახვევიანო. ჩვენს ხალხს ახლა უფრო მშვიდობიანი ცხოვრება და მოდგმის გამრავლება სჭირია, რათა
დაპყრობილი ქვეყნები ქრისტეს სჯულის და ქართველობის გავრცელებით შემოვიმტკიცოთო.
_ არცთუ ცოტანი არიან ამჟამად ქართველები: მას შემდეგ, რაც სომხეთი ჩვენთან არის, რაც მთის
ტომები ჩვენს მორჩილებასა და მეგობრობაზე დგანან, ტრაპიზონის იმპერია ჩვენი ხელის შემყურეა,
ხოლო შირვანი და ადარბადაგანი, ხლათი და არზრუმი ჩვენი მოხარკენი არიან, ცოტა აღარ ეთქმის
საქართველოს. უმცირესი იყო ალექსანდრე მაკედონელის სამკვიდრო, მაგრამ უდიდესი ქვეყნები
დაიპყრო ამაღლებული სიბრძნით, მახვილის ძალით, თავის თანამემამულეთა ერთნებაობითა და
თანადგომით. ეგრეცა შემძლებელ იქნების მეფე ჩვენი საქმეთა დიდთა და საზღაპროთა, უკეთუ
შეჰკრავს ერთ ნებად და ერთ ფიქრად ყოველთა ნათესავთა ქართველთა და მიმდგომთა მისთა,
მეზობელთა და მოხარკეთა, აზრითა მაღალითა და საწადელითა უკეთესითა.
_ ვითარ იქმს მეფე ჩვენი ეგოდენ დიდთა და მნიშვნელოვან საქმეთა! არა აქვს ხელმწიფება თვინიერ
ტახტისა და გვირგვინისა, სამეფოს მთავარნი და ყოველთა უპირატესად ათაბაგი ხელმწიფის უმეტესად
არიან განდიდებულნი და არ მორჩილებენ მეფის სიტყვასა და ნებას.
_ ურჩნი საბოლოოდ დამორჩილდებიან ძლიერთა და მძლავრი სძლევს წინააღმდგომს ყოველსა.
ვგონებ, რომ ჩემს აღზრდილს ლაშას შესწევს ძალა მეფობის განუყოფლად პყრობისა. და თუ ლაშქრით
არ არი ძლიერი ლაშა, ესეც იცოდე, მეფეთათვის ძლიერ და აურაცხელ ლაშქარზე უმჯობესი ძლიერი
გონება და ცხოველი აზრია.
სამივენი დადუმდნენ და კვლავ თავ-თავის ფიქრს გაჰყვნენ.
სმენადქცეული მეფე ხარბად იბეჭდავდა გულზე ყოველ სიტყვას მის მაღალ მოწოდებასა და
დანიშნულებაზე.
_ რაც ამირსპასალარობა ხელთ იდვა და ათაბაგობა დაიჩემა, _ განაგრძო ისევ ახალციხელმა, _
მხარგრძელმა ყველა სავაზირო და სახელო თავის ნათესავებსა და ერთგულ კაცებს მიუბოძა,
მწიგნობართუხუცესს ვაზირთუპირველესობა ჩამოართვა და სასახლისაგან განაყენა.
_ სამეფოსათვის უდიდესი უბედურება ის არი, როცა ერთ კაცს ხელთ უდებენ ათ სახელოს, ხოლო ათ
კაცს არც ერთს ნიჭს არ აღირსებენ ბოძებად. თამარის სნეულებისა და უძლურობის დროს შეძლო
მხარგრძელმა სხვა ვაზირთაგან ესოდენ უფლების მიტაცება და აწ უკვე ძნელია მის ხელთაგან
ძალაუფლების უკანვე მობრუნება.
_ ახლა, როცა ჩვენი ხელმწიფე მესიის მახვილად და ქრისტიანთა წინამძღოლად გამოვაცხადეთ,
როცა დასავლეთის ჯვაროსნებმა იგი მეორე ალექსანდრედ აღიარეს და საქართველო ახალ რომად
იწოდა, ასეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის მეფისაგან დიდ საქმეებს მოელიან სამეფოს შიგნით და გარეთ.
ახლა შენი გონივრული რჩევა და ერთგული თანადგომა ძვირად უღირს ჭაბუკ მეფეს. ვგონებ, რომ არც
შენ იქნები მეფის ურჩ დიდებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში განზე დგომისა და სეირის ყურების მომხრე.
იპყარ მწიგნობართუხუცესის სავაზირო და აამაღლე და გააძლიერე ვაზირთუპირველესობა, როგორც ეს
იყო დიდი დავითის მეფობის ჟამს, ნეტარი ჭყონდიდელის, გიორგის, დროს.
_ გული აღარ მითქვამს პალატებში ცხოვრებად და არც ღონე მომდევს ამა ქვეყნის ძლიერთა
წინააღმდეგ ბრძოლად. აღმატებული დიდებაც ბევრი მინახავს, უდიდესი დამცირებაც. წესებით
შეზღუდული სასახლის ბრწყინვალე ცხოვრებაც ისევე მომბეზრდა, როგორც შურიან ადამიანებთან
ურთიერთობის რთული ხლართების რღვევა და სულ მუდამ კურდღელივით ფხიზელი ძილი. მე ჩემს
ხალხს დავუბრუნდი და ისე შევეჩვიე მათ მარტივსა და სადა ცხოვრებას, მათ პირველქმნილ
უბრალოებასა და გულუბრყვილობას, რომ აღარ შემიძლია ფშაური ტალავარის გაცვლა, არათუ ვაზირის
სამოსელზე, მეფის პორფირზეც კი. მეფეთა სიახლოვის სიმწარე ადრე ვიწვნიე და ეს ვიწამე: გონიერ
მეფეს ბრძენთა სიახლოვე მართებს, ხოლო ბრძენთ _ მეფეთაგან სიშორე. მეფეთაგან უკეთესი იგია, ვინც
ბრძენთა შორის ცხოვრობს, ხოლო ბრძენთაგან უარესი ის არი, ვინც სულ მეფის კარზე ტრიალებს
ერთთავად. ჩემს ხანში, შენც მიხვდები, რომ ფუფუნება და კეთილდღეობა არ ახარებს ადამიანს,
საზრუნავს უმატებს და ლაღი ცხოვრებისათვის ფრთებს უკვეცავს. მე ახლა ღარიბი და უქონელი ვარ,
მაგრამ მიწასთან ახლო ვარ და ამით ცასაც ადვილად ვწვდები, დაბალ ხარისხზე ვდგავარ, მაგრამ
მაღალს უკეთ ვხედავ, საზრუნავი ნაკლები მაქვს, მაგრამ ფრთები _ დიდი და ძლიერი.
_ ნეტავი შენ, ფხოველო! _ აღმოხდა გულწრფელად ახალციხელს, ერთი გაიზმორა, კედლისკენ
გადაბრუნდა და რულმორეული თვალი მიხუჭა.
_ ნეტავი შენც! _ გაიმეორა გულში ლაშამ, კიბე ფრთხილად, ფეხაკრეფით აიარა, ლოგინთან მივიდა,
გაიხადა და შთაბეჭდილებისა და მღელვარე განცდებისაგან დაქანცულს მაშინვე ჩაეძინა.
* * *
მეორე დღეს მზე კარგა შემაღლებული იყო, მეფე და მისი ამალა რომ დაიძრა. ქეთევანმა გულში
ჩაიკრა და სიხარულისა და სინანულის ცრემლით გააცილა თავისი ერთადერთი ვაჟკაცი, რომელიც იმ
დღიდან პირველად შორდებოდა დედას და პირველად დგამდა ფეხს სახელისა და დიდების თუ
განსაცდელისა და ხიფათის გზაზე.
ლილე ლაშარის გორიდან გაჰყურებდა მწყობრის თავში მიმავალ ხელმწიფეს. გრძნობდა, რომ მარტო
თვალი კი არა, გულიც იმ ლურჯაზე ამხედრებულ ჭაბუკ მეფეს მისდევდა, რომლის ბრწყინვალებამაც
ასე მოხიბლა და წუხელ პირველად გაათენებინა თეთრად ღამე.
მეფის ამალას უამრავი ხალხი ასდევნებოდა ცხენდაცხენ და ქვეითად. ლაშარის სადიდებელი
სიმღერით მიაცილებდნენ მთიელები ჭაბუკ მეფეს და მთებით დახშულ ხეობაში ქუხილივით ისმოდა
ფხოველი ვაჟკაცების გუგუნი:
ლაშარელაის ლურჯასა ფაფარი სხავის გიშრისა,
შაჯდება, გაემართება, კოტორ გაჰყვება ნისლისა,
თავის ყმათ მიეშველება, ხან რომ არ იყვნეს მისვლისა.
@თავი მეორე. მეფის აღმზრდელი
მცირედის დაჯერება უღონო კაცთა წესია... ვისაც დიდობის სნატთა ჯდომა უნდა, დიდ შემოსავალს
უნდა ეცადოს, და ვისაც თავისი თავის ამაღლება და გვირგვინოსნობა ნებავს, საცადელის ზოსტერი
უნდა წელთ შემოირტყას.
„ქილილა და დამანა“
დედაქალაქის ჩრდილოეთის კართან შეეგებნენ ხელმწიფეს ვაზირები და დიდებულები. მეფის
სანახავად გამოსული უამრავი ხალხი გზის ორივე ნაპირას იდგა. ხის ტოტები მეფისა და მისი ამალის
უკეთ დანახვის მსურველი ბავშვებით იყო დახუნძლული. უფრო პატარები დედებს ხელში აეყვანათ და
მოუთმენლად ელოდნენ ხელმწიფის გამოჩენას.
საყვირების ხმა გაისმა და ლურჯაზე ამხედრებული ხელმწიფე გამოჩნდა. მზის სხივებზე
თვალისმომჭრელად ბრწყინავდა მეფის აღკაზმულობა. ნელი ჩორთით მომავალ მეფის დარახტულ
ლურჯას ფაფარი გაშლოდა და ქარი ლაგამიდან ქაფს სტაცებდა.
ქვეითად მისკენ მომავალთ რომ გაუსწორდა, მეფემ ცხენი შეაყენა.
ლუხუმმა დამხვდურთ თვალი მოავლო და უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. მეფის
მცველმა თავი იქით მოიბრუნა და მისკენ მზირალ ორ გიშერს წააწყდა. ის გიშრები შავი წამწამებიდან
დამბნედავად იცქირებოდნენ, ბუდეებიდან გადმოფრენას ლამობდნენ და ლუხუმს კი არ უმზერდნენ,
ნთქავდნენ. მარცხენა ლოყაზე იმ ტურფა ასულს დიდრონი ხალი ჰქონდა, ლოყებზე ოდნავ შესამჩნევი
მოშავო ღინღლის მტვერი წაჰყროდა. ლუხუმს კინაღამ თვალთ დაუბნელდა. ლამაზი ქალის გამომწვევ
მზერას ვერ გაუძლო, თავი დახარა და ხელი უნაგირის ტახტას წაატანა, რომ წონასწორობა
შეენარჩუნებინა.
მეფის ლურჯა ნელი ნაბიჯით დაიძრა. ლუხუმი თავაუღებლად მიჰყვა.
თავი რომ ასწია, ხელმწიფისკენ ძღვენით მომავალი მოქალაქეები დაინახა.
ლუხუმმა ახალციხელისაკენ გაიხედა. შალვა უთქმელად მიხვდა მეფის მცველის კითხვას, როგორ
მოვიქცე, ეს ხალხი მეფესთან მივუშვა თუ არაო.
ახალციხელმა თავის დახრით ანიშნა, რომ უნდა მიეშვა და თან ჩურჩულით დასძინა:
_ მეფეს ქალაქის დიდვაჭრები ძღვენით ეგებებიან, წინ რომ მიუძღვით, ვაჭართუხუცესი შიო
კაციტაისძეა.
მეფის ლურჯას წინ ჩაიჩოქეს დიდვაჭრებმა. შიო კაციტაისძემ ძვირფასი ძღვენი მიართვა მეფეს,
კეთილად დაბრუნება მიულოცა და მის კალთას სამთხვევად მისწვდა.
ხელმწიფემ სადავე აკრიფა, ეტყობოდა დაქვეითებას აპირებდა. ლუხუმი მიუხვდა და, ავჟანდის
დაჭერა რომ არავის დაესწრო, ცხენიდან ისკუპა. ამოდენა კაცი ძირს მძიმედ დაეშვა და იგრძნო, რომ
ფეხი რაღაცას დაადგა.
ვაიმეო, მის ზურგსუკან ამოიკვნესა ვიღაცამ.
ლუხუმმა მაშინვე აიღო ფეხი და შემობრუნდა,.
მის წინაშე ის ლამაზი ქალი იდგა, წეღან რომ ჩაციებით უცქერდა.
ტკივილისაგან გაფითრებულმა ქალმა თავს ძალა დაატანა და სახეზე სიმწრის ღიმილი გადაეფინა.
_ კნინღა გამსრისე, დათვო!
ოდნავ გასაგონად უთხრა და იმ ნათქვამში ლუხუმმა საყვედურზე მეტი ალერსი ამოიკითხა.
დაბნეულმა ლუხუმმა ბოდიშის მოხდაც ვერ მოახერხა, მეფისკენ უკანმოუხედავად წაძუნძულდა და
ავჟანდსა და უზანგს ეცა.
მეფემ დაიქვეითა.
დიდებულებსა და მოქალაქეებს მათი ხარისხისა და ღირსების კვალობაზე მიესალმა, ყველანი
ითაყვანა და მოიკითხა.
ბავშვებს მოეფერა, ზოგი დაკოცნა კიდეც; მერე ისევ ცხენზე შეჯდა და დედაქალაქის კარს გასცდა.
ცოტა გზა რომ გაიარეს, ლუხუმმა უკან მოიხედა: მეფის ამალას დიდვაჭრებიც ცხენდაცხენ
მოჰყვებოდნენ და მიგრიაულის მზერა ისევ იმ ორ მწველ გიშერს გადაეყარა. ცხენზე ქალურად
ამხედრებული ასული ვაჭართუხუცესის მხარდამხარ მოდიოდა და ლუხუმს ისევ გამომწვევად
უღიმოდა.
თორელმა შენიშნა ლუხუმის დაბნეულობა, მეფეს ოდნავ ჩამორჩა და მიგრიაული რომ გაუსწორდა,
გადაუჩურჩულა:
_ ეგ ქალი, წეღან რომ კნინღა გასრისე, ვაჭართუხუცესის, შიოს ცოლია. სპარსელი დიდვაჭრის ქალს
მარტო სილამაზით როდი იცნობენ, მამისაგან დიდი მზითვი და მემკვიდრეობა მოჰყვა და კაციტაისძე
თავის სიმდიდრეს მაგას უმადლის.
* * *
კათალიკოსი წვერს იგლეჯდა, მხარგრძელის დიდ დარბაზში გაბრაზებით გადი-გამოდიოდა და
პირიდან ცოფს ჰყრიდა.
გუშინ საღამოსვე იცოდნენ დაწვრილებით მხარგრძელმა და კათალიკოსმა ლაშარის ხატში
მომხდარი ამბები. კათალიკოსს გულზე ცეცხლი ეკიდებოდა, იგი ჭაბუკი მეფის მოქმედებას ქრისტეს
სარწმუნოების შეურაცხყოფად თვლიდა. ლაშარის ხატში მისი მისვლა, მსხვერპლთშეწირვასა და
ხატობაში მისი მონაწილეობა მეფის მიერ კერპთაყვანისმცემლობის წახალისებად ეჩვენებოდა.
უფრო მეტად კათალიკოსს ლაშარის ხატისათვის მამულების შეწირვა აღშფოთებდა, რადგან ნეტარი
თამარის მიცვალების შემდეგ საეკლესიო მამულებს აკლდებოდა, თორემ მეფისაგან აღარაფერი
ემატებოდა.
მეფის მიერ ქრისტეს რჯულისადმი აგდებული დამოკიდებულება ერსაც გულს აუყრიდა
მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეკლესიის შემოსავალი მოიკლებდა და ხალხის დაბალ ფენებში
ჯერ კიდევ ცოცხალი წარმართობა ძალას მოიცემდა, ქრისტიანობას წინ აღუდგებოდა და
შეებრძოლებოდა.
კათალიკოსი მტკიცედ იდგა ქრისტეს რჯულზე და ბრძოლის არ ეშინოდა, მაგრამ წინდახედულმა
ეკლესიის მესაჭემ კარგად იცოდა, თუ რა დიდ მოკავშირეს იძენდა მეფის სახით ათასჯერ
განადგურებული, მაგრამ ფერფლწაყრილი მუგუზალივით ათასჯერ აგიზგიზებული წარმართობა.
ივანე მხარგრძელის საფიქრალი უფრო მწვავე იყო და ხელშესახები.
ახალმა მეფემ პირველმა აქცია ზურგი ათაბაგს, გარს მისი მმართველობით უკმაყოფილო
დიდებულები შემოიკრიბა და ყველგან და ყოველთვის მისი აზრისა და რჩევის საწინააღმდეგოდ
მოქმედებდა.
ლაშარის ხატში მეფის მისვლასა და ფხოველების მომადლიერებას ივანე სწორედ მის წინააღმდეგ
აშკარა გამოსვლად თვლიდა, რამდენადაც, არც ისე დიდი ხნის წინ თვითონ ათაბაგმა უხელმძღვანელა
მთიელთა აჯანყების ჩაქრობას, ამბოხებულთა სანიმუშოდ დასჯასა და გამდგარი მთის ტახტისადმი
დამორჩილებას.
დიდმა თამარმა ჯეროვნად დააფასა ერთგული ათაბაგის სამსახური, წყალობითა და ჯილდოთი
აავსო ისედაც უხვად დაჯილდოებული მხარგრძელი. მთელი ქვეყანა ქებას ასხამდა ამირსპასალარის
სამხედრო გამჭრიახობასა და იშვიათ მოხერხებას.
შური და ღვარძლი ქვეყნად არასოდეს დალეულა და ბოროტი ხითხითიც აღწევდა გამარჯვებული
მთავარსარდლის ყურამდე: შალვა ახალციხელი და დადიანი, თორღვა პანკელი და ყვარყვარე
ციხისჯვარელი გესლს ანთხევდნენ _ იმის მაგივრად, რომ მთიელები მშვიდობიანად შემოერიგებინა და
ქართველთა გაერთიანებული ძალით სამეფოს გარეშე მტრები შეემუსრა, მხარგრძელმა თავათ
ქართველების ხოცვა-ჟლეტაში გამოიჩინა სამხედრო ხელოვნებაო.
ესმოდა ივანეს ბოროტი ენების ნაჩურჩულევი, მაგრამ ყურს არ უგდებდა, რადგან მის მტრებს
გულისნადების ხმამაღლა გაცხადების ძალა არ შესწევდათ, ხოლო ხმამაღლა გაუმხელელთან ბრძოლა
არ ღირდა.
მაგრამ აღესრულა თამარი და ტახტზე გიორგი-ლაშას ასვლით ყველაფერი გამოიცვალა. მეფემ
თავისი მზრდელი და ქვეყნის მეთაური განიყენა, მისი აშკარა მტრები დაიახლოვა და მრჩევლებად
გაიხადა.
ბავშვობიდან ჯიუტი და თავნება იყო ლაშა, დედისა და მამის ნებიერი უფლისწული პატარობითვე
მიჩვეული იყო აჩემებულის გატანას, სხვისი აზრისა და სურვილისათვის ანგარიშგაუწევლობას. თუ
ვისმე ერთხელ მაინც შეხედავდა ცუდი თვალით, მერე იმაზე გულს ვეღარ მოიბრუნებდა, მაგრამ, თუ
ვისმე მიენდობოდა, სავსე გულით იცოდა ნდობა და სიყვარული.
ჯერ კიდევ ხუთი წლისა იყო უფლისწული, გეგუთში საზამთროდ გადასულ თამარს რომ ეახლა
ივანე.
ბალღს დავით სოსლანი ეთამაშებოდა _ თამარის თანამეცხედრე. საქართველოს მეფე ოთხზე
დამდგარიყო, ზურგზე ხელმათრახიანი ლაშა შეესვა და ცხენივით დაარბენინებდა ამოდენა ვაჟკაცი.
მხარგრძელი რომ დაინახა, შერცხვა სოსლანს, წამოდგა, ბავშვი ხელთ აიყვანა და მსახურთუხუცესს
მიეგება.
უფლისწულმა, ეტყობა, თამაშის შეწყვეტის მიზეზად ნაჭრევებით სახედახაზული სტუმარი
ჩათვალა, წამით დააცქერდა და უეცრად წვერში სწვდა. გამეტებით დაქაჩა ყრმამ წვერი მხარგრძელს და
შეუდრეკელი ვაჟკაცი შეატორტმანა.
სოსლანს ფერი ეცვალა, ბავშვის მოშორება სცადა, მაგრამ ორივე ხელით ჩაფრენილმა ტახტის პატარა
მემკვიდრემ კიდევ უფრო შეუბრალებლად დასწია წვერი მხარგრძელს.
თვალზე სიმწრის ცრემლი მოადგა გოლიათ ვაზირს. შამქორის, ბასიანისა და ნიალის მძიმე
ბრძოლებში არ დასდგომია ივანეს მსგავსი გაჭირვება. იდგა უგუნური ყრმის მიერ შეურაცხყოფილი
დარბაისელი, ბრაზით გული უსკდებოდა, მაგრამ თავს სძლევდა და გაღიმებას ცდილობდა. ტკივილისა
და შეკავებული მრისხანებისაგან შეშლილ სახეზე ნაძალადევი ღიმილი ვერ ჩერდებოდა და
მხარგრძელი უხერხულად ასავსავებდა ხელებს.
როგორც იყო, სოსლანმა მხარგრძელს ბალღი ააგლიჯა. ჯიუტმა ლაშამ ტირილი მორთო, ივანესკენ
იწევდა და კვლავ მისი წვერის ჩაბღუჯვას ლამობდა.
ბავშვის ტირილზე გამზრდელები მოცვივდნენ, მეფეს უფლისწული ჩამოართვეს და დარბაზიდან
ტირილისაგან გადაბჟირებული გაიყვანეს.
ივანე დაპუტულ წვერს ისწორებდა და შეშფოთებულ სოსლანს ამშვიდებდა, არაფერია, ყრმა
უფლისწულს ყოველივე ეპატიებაო.
ამასობაში თამარიც შემობრძანდა, მომხდარი ამბით შეწუხდა, ვაზირი გვერდით დაისვა და ნებიერი
შვილის მაგივრად მოუბოდიშა. თამარის თვალთა პირველ გამოხედვაზევე დადნა წყენისა და ტკენის
ყინული. მხარგრძელმა სადღაც, გულის რომელიღაც ფარულ კუნჭულში, ბედნიერების მოზღვავება
იგრძნო და სახე სიხარულით გაებადრა.
მაინც რა ჯადო ჰქონდა იმ განათლებულს? მისი ერთი გამოხედვა, ან ხმის გაგონება მალამოდ
ეღვრებოდა გულში ამ ბუნებით მკაცრსა და სასტიკ ვაჟკაცს და თავადაც არ იცოდა, რად ხდებოდა ასე,
რა იყო მიზეზი ამ უსაზღვრო ერთგულებისა და თაყვანისცემისა.
სიყვარული?
ვინ იცის, ეგებ სიყვარულიც, მაგრამ ივანე თავის თავსაც ვერ უმხელდა ამას, რადგან ასე ახლობელსა
და მწყალობელ თამარს მუდამ შორეულად და მიუწვდომლად სახავდა.
თამარმა მიმზიდველ საუბარში ჩაითრია მხარგრძელი. გატაცებული ვაჟკაცი, თითქოს მყარს ვეღარ
გრძნობდა ფეხქვეშ, ფრთაშესხმული _ ოცნებით სადღაც მაღლა დაფრინავდა და სახიერს პირდაპირ
ცქერას ვერ უბედავდა, ისე ლაპარაკობდა თავდახრილი.
სოსლანს ისევ ბავშვის ტირილი ჩაესმა, გულმა ვეღარ გაუძლო, ბოდიშის მოუხდელად წამოდგა და
შვილის მოსაძებნად გავარდა.
ივანეს არ მოეწონა დავითის ამჩატება, მიმავალს ქვეშ-ქვეშ გახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს,
მხოლოდ თითები აუთამაშდა მღელვარებისაგან სკამის სახელურზე.
თამარმა ღიმილით გააყოლა თვალი შვილის სიყვარულით გაგიჟებულ მეუღლეს და წყნარი,
მომხიბლავი ხმით თქვა:
_ ჭკუას კარგავს უფლისწულისათვის ბატონი მეფე, მისი ერთი წამოტირება თავსაც ავიწყებს და
ქვეყანასაც.
ივანეს ენაზე ჰქონდა სათქმელი მომდგარი _ ასე იციან დაგვიანებით, მიმხცოვნების ჟამს გაჩენილი
შვილების მამებმაო, მაგრამ დაიდუმა და ოდნავ გასაგონი, თამარისათვის შეუმჩნეველი ოხვრა აღმოხდა.
ბევრი დრო გავიდა უფლისწულთან უსიამოვნო შეხვედრის დღიდან. ლაშა მუდამდღე მხარგრძელის
თვალწინ ტრიალებდა. შემდეგ, როცა ცოტა წამოიჩიტა, მეფეებმა სულაც მას მიაბარეს მემკვიდრე
აღსაზრდელად, მაგრამ ვერ იქნა და კერპ უფლისწულს თავი ვერ შეაყვარა მეფის ერთგულმა მსახურმა,
ვერც მოფერებითა და გართობით, ვერც საჩუქრებითა და განებივრებით ტახტის მემკვიდრის გული ვერ
მოინადირა.
რაც უფრო ასაკში შედიოდა უფლისწული, მით უფრო აგდებულად ეკიდებოდა აღმზრდელს.
გარეგნულად თითქოს თავაზიანობას იჩენდა, მაგრამ ამ თავაზიანობაშიც ნაძალადევობა გამოსჭვიოდა
და ივანე გულისტკივილით შეჰყურებდა თავისი დიდი ამაგის დაუფასებლობას.
ბოლოს, როცა თვითონ ვერ მოიგო ტახტის მემკვიდრის გული, მთელი იმედი თავის უტურფეს
ასულზე თამთაზე გადაიტანა.
რა აკლდა ივანე მხარგრძელს თამარის კარზე? სახელმწიფოს პირველი კაცი, თითქმის უგვირგვინო
მეფე იყო!
იქნებ სწორედ ეს უგვირგვინობა აწუხებდა უსაზღვროდ განდიდებულ კარისკაცს?!
თვითონ რომ ვერ შებედა თამარის გვირგვინს, ახლა თავისი ქალის თამთას სილამაზემ აღუძრა
გულში იმედი. თამთას გარეგნობა და გონიერება, კეთილი ქცევა და მეფის ღირსი აღზრდა, მამის
სიმდიდრესა და ძალასთან ერთად, ნუთუ საკმაო არ უნდა ყოფილიყო, რომ ბაგრატოვანთა დედოფლის
გვირგვინს მხარგრძელთა ასულის ლამაზი თავი დაემშვენებინა?!
ერთად იზრდებოდნენ თამთა და ლაშა. ძალზე უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ეს გრძნობა არ ჰგავდა
იმ სიყვარულს, რომლის იმედიც მხარგრძელს ჰქონდა.
და-ძმასავით ერთურთს შეზრდილი თამთა და ლაშა ერთიმეორეს ყველაზე საიდუმლო
გულისნადებსაც არ უმალავდნენ. ყველაფერს წარმოიდგენდნენ, მაგრამ ერთმანეთის ცოლ-ქმრობა
ფიქრადაც არ მოსვლიათ არასოდეს.
ლაშასაგან იმედდაწმენდილი ივანე ერთხანს რუსუდანს შესცქეროდა ოცნების თვალით: თუ
მხარგრძელის ქალს არ ეღირსა საქართველოს დედოფლობა, ეგებ ბაგრატიონის ასული გამხდარიყო
მხარგრძელთა რძალი! და შემდეგ, ვინ იცის, როგორ დატრიალდებოდა ჩარხი, ეგებ ბედს ლაშას დაი
ისევ სასახლეში მოებრუნებინა და დედის ტახტზე აეყვანა ათაბაგის რძალი. მხარგრძელის ამ იმედსაც
არ ეწერა ფრთების გაშლა.
ჭამა-სმაზე გადაგებული ივანეს პირმშო ავაგი ქალებისაკენ არც იხედებოდა. ტახტისა და
სახელისაკენ მამასავით როდი მიუწევდა გული. მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება, განცხრომა და
მოსვენება ყველაფერს ერჩივნა. შფოთითა და ჩხუბით, ნადირობითა და ქალებით თავის შეწუხება არ
უყვარდა და სასახლის ხმაურს მამის სამფლობელოში მყუდროდ ყოფნას ამჯობინებდა.
თავის მხრივ, რუსუდანსაც არ ეხატებოდა ათაბაგის მემკვიდრე თავისი ოცნებისა და ტრფობის
გმირად. გაქსუებული და ზარმაცი, მშვიდი და აუღელვებელი ავაგი სამამაცო ნიჭს მოკლებული
ეჩვენებოდა და ყველაფრად წარმოიდგენდა მას, თავის ქმრად კი ვერა. ივანე მიხვდა, რომ მის ამ
პატივმოყვრულ ოცნებასაც არ შეესხმებოდა ხორცი არასოდეს და თამარის მემკვიდრეების გვირგვინს
მხარგრძელების თავზე ვერასოდეს ვერ ნახავდა.
რაკი ბაგრატიონთა ტახტის ოცნებაზე ხელი აიღო, მეტი რაღა დარჩენოდა, თავისი მდგომარეობის
შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე უნდა ეზრუნა მხარგრძელს და მისი ფიქრი ისევ რუსუდანზე
ჩერდებოდა, რუსუდანს ალალ მამასავით უყვარდა თავისი გამზრდელი, ივანეც არაფერს იშურებდა,
რომ მისი გული უფრო მოეგო და კიდევ მეტად მიეახლოვებინა მეფის ასული.
რუსუდანიც მეფის შვილი იყო და რაკი სამეფოს პირველი დიდებული ლაშასაგან კარგს არაფერს
ელოდა, მას რუსუდანის მომავალზე უნდა ეზრუნა, რომ ქვეყნის მართვის საჭე ხელიდან არ
გავარდნოდა.
ლაშა, ტახტის კანონიერი და უცილო მემკვიდრე, მეფის პირმშო იყო. თამარმა იგი სიცოცხლეშივე
თავის თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ტახტის მემკვიდრეს ყველა მეფური თვისება და ზნე ჰქონდა,
ახოვანება და ჯანმრთელობაც არ აკლდა, ასე რომ, ივანეს მხოლოდ ბედნიერ შემთხვევაზე უნდა ეოცნება
და რადგან ხიფათისა და შემთხვევისაგან, მეფეების ჩათვლით, არც ერთი მოკვდავი არ არის ამქვეყნად
დაზღვეული, ათაბაგიც სწორედ ასეთ შემთხვევას უცდიდა.
შემთხვევა თუ ხიფათი კი იგვიანებდა. მხარგრძელს წლები ემატებოდა და სიბერე უახლოვდებოდა,
ახალგაზრდა მეფე კი დღითიდღე ძლიერდებოდა და ტახტზე მტკიცდებოდა.
ივანეს მტრები მრავლდებოდნენ, მეფის გარშემო ირაზმებოდნენ და უკვე აშკარა გამოსვლასაც აღარ
ერიდებოდნენ ათაბაგის წინააღმდეგ.
ხედავდა ივანე, როგორ ცდილობდა ჭაბუკი მეფე მის დამცრობასა და სახელმწიფოს საჭისაგან
განყენებას. ჩუმად, უდრტვინველად იტანდა მეფისაგან შეურაცხყოფას და ფარულად გადამწყვეტი
შეტაკებისათვის ემზადებოდა.
იცოდა ჭკვიანმა ათაბაგმა, რომ მეფესთან განხეთქილების შემთხვევაში მისი განაპირება სასახლიდან
იძულებული წასვლით არ გათავდებოდა და მტრები და მოშურნეები მეფეს მის მამულებსა და უზომო
სიმდიდრეზეც აღძრავდნენ ხელსაყოფად.
ჯიუტი იყო ლაშა, მაგრამ როგორც ფუფუნებასა და ნებივრობაში გაზრდილ ყველა მმართველს, მასაც
ნებისყოფა დიდხანს არ ყოფნიდა და განსაცდელში უეცარი წამოჩოქება იცოდა.
თავის სიმართლესა და გამარჯვებაში დარწმუნებული ივანე ათაბაგი მოთმინებით ელოდა
გადამწყვეტ ბრძოლას.
ამიტომ ახლა დინჯად იყო და თუმცა კათალიკოსზე მეტ შეურაცხყოფას გრძნობდა, გარეგნულად
დიდ აღელვებას არ იჩენდა.
იჯდა სავარძლის ზურგზე მისვენებული, ოდნავ მოჭუტული თვალებით სადღაც შორს იხედებოდა
და სახეზე დამცინავი ღიმილის შუქი უთამაშებდა.
კათალიკოსი ბრდღვინავდა.
ლაშარის ხატში მეფის მთელი ნამოქმედარი ივანეს გაზვიადებულად ათჯერ წინ დაულაგა, მაგრამ
ათაბაგი მაინც ვერ აღაშფოთა და წონასწორობიდან ვერ გამოიყვანა. ბოლოს უკანასკნელი საბუთი
მოიშველია და პატივმოყვარე მხარგრძელს გესლი ჩააწვეთა:
_ არ მინდოდა მეთქვა, რუსთველის ლექსი საქვეყნოდ უმღერიათ, უხარხარიათ და ხალხიც
უცინებიათ!
ივანეს სახე შეეცვალა და, თუმცა თავის შეკავება სცადა, აღელვება მაინც ვერ დაფარა.
_ რომელი რუსთველის ლექსი?
იცოდა ათაბაგმა, რომელ ლექსზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არ იმჩნევდა და განგებ ისე იკითხა, ვითომ
მისთვის სულ ერთი ყოფილიყოს, ვისი ან რა ლექსი ემღერათ.
_ ჰმ! რომელი რუსთველის ლექსიო! _ მწარედ ჩაიღიმა კათალიკოსმა. _ მესხი მელექსის, ქრისტესაგან
შეჩვენებული შოთას ლექსი უმღერიათ:
მთაში აიჭრა მხარგრძელი, თვალთაგან რისხვის მთოველი,
დახოცა, შუბზე ააგო ქალი და ბავშვი ფხოველი,
შიშით ჰკრთის ქართლი, კახეთი, ლიხთიმერეთი ყოველი:
ვაჰ, თუ აქეთაც მობრუნდეს, უკეთესს არც ჩვენ მოველით.
წამღერებით, მკაფიოდ თქვა ლექსი კათალიკოსმა და ათაბაგს შეხედა: ივანეს მრისხანებისაგან სახეზე
მგლის ფერი დასდებოდა და თმა-წვერი აშლოდა.
კათალიკოსმა ენაზე იკბინა. ერჩია, მიწა გასკდომოდა და ივანესათვის არ გაემხილა, რომ ეს უმსგავსი
ლექსი მანაც, სრულიად საქართველოს ეკლესიის მეთაურმაც, იცოდა.
ივანეს პირველად როდი ესმოდა რუსთველის ლექსი, მაგრამ ახლა უფრო იმან აღაშფოთა, რომ იგი
კათალიკოსის ბაგეთაგან მოისმინა: როგორ ყოფილა გავრცელებული მესხი მელექსის ეს უხამსობა,
თუკი იგი უწმინდესი ტაძრის ყველაზე მაღალსა და ლაზღანდარობისათვის მუდამ კარდახშულ
სფეროშიაც კი შეღწეულა!
გაბრაზებისაგან აცახცახებულმა ივანემ არ იცოდა, ვის ან რას დატაკებოდა. ხელში ქაშანურის
ძვირფასი ფიალა მოჰყვა, კედელს შეანარცხა და ფეხზე წამოვარდა.
უცებ ხალხის გუგუნი და დაფდაფების ხმა გაისმა.
ივანე გამოერკვა, სარკმელთან მიიჭრა და კოზიმიტი გადასწია.
სიმღერით მოდიოდნენ მეფე და მისი ამალა:
ლაშარელაის ლურჯასა ფაფარი სხავის გიშრისა,
შაჯდება, გაემართება, კოტორ გაჰყვება ნისლისა,
თავის ყმათ მიეშველება, ხან რომ არ იყვნეს მისვლისა...
ათაბაგის სასახლეს რომ გაუსწორდნენ, ახალციხელმა თორღვა პანკელს მხარი გაჰკრა და
გადაულაპარაკა:
_ მეფეზე დიდი და ბრწყინვალე სასახლე მოიწყო, ანკი რატომ არ მოიწყობდა, მეფის სახელიღა
აკლდა, თორემ ძალით მეფესაც აღემატებოდა.
სარკმელთან კათალიკოსიც მივიდა და ფარდის მეორე ყურე ოდნავ ასწია.
_ აჰა, ივლიანე, მეფე იგი მეკერპე! _ წარმოსთქვა კათალიკოსმა და მრისხანე თვალებით გაჰხედა
ბრწყინვალე ამალის თავში მომავალ მეფეს.
ახალციხელისა და პანკელის საუბარს თუ მოჰკრა ყური ლაშამ, იმანაც უნებურად მხარგრძელის
სასახლეს ახედა.
მოულოდნელად მეფის თვალი ჯერ ათაბაგის და მერე კათალიკოსის თვალთ შეხვდა.
ორივემ დანაშაულზე წასწრებულივით დაუშვეს ფარდა და ისარნაკრავებივით შემობრუნდნენ.
_ ივლიანე მეკერპე! _ ერთხელ კიდევ კბილის ღრჭიალით წარმოსთქვა კათალიკოსმა.
_ ხოლო ისარმან ზეცისამან მოკლა იგი! _ მრისხანედ, გარკვევით თქვა ათაბაგმა და გულისნადების
მოულოდნელი გამჟღავნებით შეშფოთებულ კათალიკოსს თვალი თვალში გაუყარა.
@თავი მესამე. გლეხი სასახლეში
სასახლის გალავანთან მოეგებნენ მეფეს მსახურნი და კარისკაცები.
ლურჯას ავჟანდში მისწვდა ორი ვაჟკაცი და მეფე ფოთოლივით მსუბუქად გადმოევლო უნაგირს.
მეფის ამალამაც დაიქვეითა და ლაშას მიჰყვა სასახლისაკენ.
სასახლის ეზო ფერადი მარმარილოთი იყო მოფენილი. პირველად სარკესავით გაკრიალებულმა
მარმარილოს ფილაქანმა მოსჭრა თვალი ლუხუმს. ფეხის გაცურებისა ეშინოდა და ნაბიჯს ფრთხილად
დგამდა პრიალა იატაკზე სიარულს შეუჩვეველი გლეხი.
სასახლე დიდებული იყო გარედან. მაღალი სვეტები და ლამაზი პორტალები, ერთიმეორეში
ჩახლართული ჩუქურთმების რთული ხვეულები და ოქროს ფურცლით დაფარული სახურავი
მნახველებს უჩვეულო სიმდიდრითა და გემოვნებით ხიბლავდნენ.
შიგნით კიდევ უფრო ლამაზი იყო მეფის სასახლე. გარდარეული სიმდიდრითა და ბრწყინვალებით
დაბრმავებული მიგრიაული გაოგნებული მიჰყვებოდა მეფის ამალას.
ფართოსვეტებიან დარბაზთა კედლების მოოქროვილ ფონზე იშვიათი ხელოვნებით შესრულებული
მოზაიკა ბრწყინავდა. მოზაიკა თამარის მეფობის სიდიადეს, მისი დროის ძლევამოსილ ომებსა და
საქართველოს კეთილდღეობისათვის უმშვენიერესი დედოფლის მუდმივ ზრუნვაზე მოუთხრობდა.
მარმარილოს მოზაიკით მოკირწყლული იატაკი კიდევ უფრო გასაოცარი ოსტატობით გადმოსცემდა
საქართველოს ბუნების სიმდიდრესა და სილამაზეს.
ყველაზე მეტად ოქროსა და ვერცხლის სიჭარბე სჭრიდა თვალს ქალაქში პირველად ჩამოსულს და
სასახლეების უნახავ მიგრიაულს: დარბაზთა კედლები თუ ჭერი, სვეტები თუ იატაკი, ყველაფერი
ოქრო-ვერცხლით მოჭედილს ჰგავდა.
წყნარად, მსუბუქად მიაბიჯებდნენ მოფარდაგულზე მეფე და მისი მხლებლები.
ყველა გასასვლელთან, მოსახვევთან და კართან მძიმედ შეჭურვილი ბუმბერაზები იდგნენ, მეფის
დანახვაზე წელში იკეცებოდნენ და თავს იატაკამდის ხრიდნენ.
სასტუმრო დარბაზში დაეთხოვნენ თანხმლები დიდებულები მეფეს და სხვადასხვა გასასვლელებით
დარბაზებში გაიფანტნენ.
მეფემ ლუხუმი საწოლი პალატებისაკენ გაიყოლა.
სასვენებელი პალატის კარი გაუღეს მსახურებმა მეფეს.
ლაშამ კართან მცველად ლუხუმი დაადგინა და არავინ შემოუშვაო, უბრძანა.
უზარმაზარ ოქროჭედილ კართან გაქვავდა ფარშუბდაბღუჯული მიგრიაული.
ჩასაფრებული ნადირივით სულგანაბული გაჰყურებდა მოფარდაგულს ლუხუმი.
ქალების კისკისმა გამოარკვია მეფის ახალი მცველი. მოფარდაგულის თავში სამი ერთიმეორეზე
უტურფესი გოგონა გამოჩნდა, მათგან ყველაზე ლამაზმა და მდიდრულად მორთულმა დანარჩენი ორი
სიცილ-კისკისით უკან გააბრუნა და თვითონ ასკინკილას ცეკვით და სიმღერით პირდაპირ მეფის
საწოლისაკენ წამოვიდა.
კარს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა, ეტყობოდა, ელოდა, რომ მცველი კარს გაუღებდა, მაგრამ უძრავად
გაშეშებულ გოლიათს შეხედა და წამით შეცბა. თავით ფეხებამდე აათვალიერა, ბოლოს ჭრელ პაჭიჭებზე
დააცქერდა და სიცილი აუტყდა.
გოლიათი შეიშმუშნა, ტლანქად შეირყა და შეშფოთებულმა ტალავარზე დაიხედა.
კისკისა გოგონამ სახე კუშტად შეიკრა. ტუჩი აიბზიკა და კარის სახელურისაკენ წაიღო ხელი. კარის
წინ ლუხუმი აღიმართა და გზა გადაუღობა.
_ განზე მიდექ! _ ზიზღით შეუძახა გოგონამ.
მეფის მცველი, თითქო არც გაუგონიაო, ზურგით კარს მიყრდნობილი იდგა და წარბსაც არ ხრიდა
მოთმინებადაკარგული გოგონას წინაშე.
_ გზა მომეცი-მეთქი! _ უკვე ანჩხლად შესძახა ქალიშვილმა და მკლავში ჩააფრინდა მიგრიაულს.
ლუხუმი კვლავ გაქვავებულივით იდგა, ხმაგაკმენდილი და გაკერპებული.
ახლა ორივე ხელი ჩაავლო უცნობმა მეფის მცველს, თან ფეხებს აბაკუნებდა და გაანჩხლებული
გაჰკიოდა:
_ შენ ვინ ხარ, რომ მე არ მიშვებ, მომეცა-მეთქი, თორემ...
ხმაურზე მეორე კარი გაიღო და ლაშა გამოჩნდა.
გაკაპასებულ გოგონას და გაჯიუტებულ მცველს რომ შეხედა, გაეცინა, მათკენ წამოვიდა, ქალიშვილს
ზურგიდან წამოეპარა და ხელებით თვალები დაუხუჭა.
_ გამიშვი-მეთქი, ეს ვინღა არი! ლაშა, მიშველე... ლაშა... _ და გულამოსკვნილი ატირდა.
_ აქა ვარ, აქაა! _ გამოაჯავრა ლაშამ, ხელები თვალთაგან მოაშორა და მისკენ შებრუნებულ,
თვალცრემლიან რუსუდანს გადაეხვია.
მიგრიაული მეხდაცემულივით შეტორტმანდა, მიხვდა, რომ რაღაც დიდი დანაშაული ჩაიდინა, კარს
მოცილდა, მუხლზე დაიჩოქა და მეფეს გზა მისცა.
_ ეს ჩემი დაია, რუსუდან, იგი ყოველთვის უნდა გამოატარო! _ უთხრა მეფემ, დას მხარზე ხელი
მოჰხვია და წაიყვანა.
სირცხვილისა და დანაშაულის შეგნებით შემდრკალი ლუხუმი თავბრუდახვეული წამოდგა, მუხლი
ეკვეთებოდა და თვალში ხეირიანად ვეღარც იხედებოდა, მაგრამ თავს სძლია და ისევ ქანდაკივით
აისვეტა მიხურულ კართან.
უსიცოცხლოსავით უმოძრაოდ იდგა კართან მიგრიაული. გარეგნულად ჰგავდა უსიცოცხლოს,
თორემ მის თავში ათასგვარი ფიქრი და საზრუნავი ირეოდა.
თვალწინ სულ ტუჩაბზუებული მეფის ასული ედგა და ათასჯერ წყევლიდა თავის უგნურობასა და
ხეპრეობას. როგორ ვერ იცნო ხელმწიფის დაი, როგორ შეირცხვინა თავი სასახლეში მოსვლისთანავე! რას
იფიქრებს მეფე, რას იტყვიან კარისკაცები, მსახურები, მცველები?..
ფიქრი ასე გაფართოვდა, შორს წავიდა და ლაშარის ხატში ცისფერკაბიან გოგონას მისწვდა.
„რას იტყვის ლილე? ან სად არი ახლა იგი? როგორ არა ჰგავს თუშის მოკრძალებული, ჩუმი და
ლამაზი გოგონა სასახლის ნებიერს, თამამსა და ლამაზ რუსუდანს!“
„მაინც რომელი უფრო ლამაზია _ ლილე თუ რუსუდანი?“ _ თავისდაუნებურად აეკვიატა ლუხუმს ეს
ფიქრი და ცალ-ცალკე იწყო ორივეს სიკეთისა და ნაკლის გაჩხრეკა: ლილე ნაზია და ტანწვრილი,
რუსუდანი ჯერ ბავშვია, მაგრამ უფრო ტანსრული: ლილე შავთვალაა და შაქრისფერი, რუსუდანი
თეთრყირმიზი და ცისფერთვალა; ლილე მინდვრის ყვავილივით მორცხვია და ჩუმი, რუსუდანი ამაყი
და კერპი...
უცებ კარი შიგნიდან გაიღო. ზურგით კარსმიყრდნობილი ლუხუმი წაბარბაცდა, კინაღამ წაიქცა,
დაფაცურდა, თითქო თავის საფიქრალს მალავსო, წელში ისევ სწრაფად გასწორდა, გაიჭიმა და
თავდახრილმა წარბებქვეშ გახედა პალატიდან გამომავალ ლაშასა და რუსუდანს.
რუსუდანს წყენა დავიწყებოდა და უკვე კარგ გუნებაზე იყო. ლუხუმის წინ შეჩერდა და ეშმაკურად
უთხრა:
_ მეფეს ფშავი მოსწონებია. შენ, ალბათ, ლაშარის ყმა ხარ, ფშაველო!
ლუხუმს სახე აელეწა, თვალები დახარა და ხმა ვერ ამოიღო.
_ ღონიერი ჩანს შენი ახალი მცველი, წეღან ძვრა ვერ ვუყავი, _ ატიტინდა ისევ რუსუდანი.
_ ღონიერი კი არა, გმირია, ნამდვილი ბუმბერაზი. ხმალში უნდა გენახა, სამ ხევსურს მარტო როგორ
გაუმკლავდა! _ შეაქო ლაშამ დარცხვენისა თუ სიხარულისაგან სახეწამოწითლებული ლუხუმი.
რუსუდანს ეშმაკურად გაეღიმა. ლუხუმისაკენ ქუფრად მობრუნდა და მკაცრად უთხრა:
_ სასახლეში ფშავურად არ იცვამენ, ფხოველო, ტალავარი გამოიცვალე!
მეფემ თავის დაქნევით დაუდასტურა ლუხუმს რუსუდანის ნათქვამი და და-ძმა იქაურობას
გაშორდა.
* * *
მსახურებმა მოძებნეს მიგრიაული, წაიყვანეს და კარგად ასამხრეს. მერე აბანოსკენ გაუძღვნენ და
მექისეს ჩააბარეს.
აბაზანისკენ მიმავალი ტანშიშველი ლუხუმი აქეთ-იქით იხედებოდა, ფარულად ხომ არავინ
მიყურებსო _ შიშობდა და ვეება ტერფებს ფრთხილად ადგამდა მარმარილოს ცივ ფილაქანზე.
აბაზანაში, ცხელ წყალში გაწოლილი, გაოცებით შეჰყურებდა ჭრელ კედლებს მიგრიაული.
ყველაფერი მდიდრულად იყო ნაკეთები, სიფაქიზითა და გემოვნებით.
კანი რომ კარგად დაულბო ცხელმა წყალმა, მექისე შემოვიდა.
გამხდარ, გაძვალტყავებულ მექისეს წეროსავით წვრილი ფეხები ჰქონდა. შემოსვლისთანავე
დაახველა და მისი ხრინწიანი ხველება ლომის ბუხუნივით გაისმა გუმბათოვან აბანოს კედლებში.
მექისემ ჭურჭელი ცხელი წყლით აავსო და ლუხუმს გასძახა:
_ მობზანდი!
ლუხუმი მძიმედ ამოვიდა აბაზანიდან, თლილი ქვის ტახტზე გაიშოტა და თვალი ჭერს მიაპყრო.
მექისე მოუბოდიშებლად შედგა ზედ ამოდენა ვაჟკაცს, ტანის ზელა დაუწყო და ტკაცატკუცი აუყენა.
პირველად ეუცხოვა მიგრიაულს მექისის ასე მოურიდებელი ქცევა, მერე თანდათან ეამა და
დამშვიდდა.
_ ქართველი ხარ? _ დაბლიდან ეკითხება ლუხუმი მის ზურგზე ჭინკასავით შემჯდარ მექისეს.
_ არ ვისი, _ მოკლედ უპასუხა მექისემ.
უცნაურმა პასუხმა გააოცა მიგრიაული.
_ აგრე გამხდარი რათა ხარ? _ ისევ შეეკითხა ლუხუმი.
_ აბანომ ისის... _ ისევ მოკლედ მოსჭრა მექისემ. ლუხუმმა შეატყო, რომ მექისე მასთან სალაპარაკოდ
არ იყო განწყობილი. ერთხანს გაჩუმდა, მერე თავიდანვე აკვიატებული კითხვა მოეძალა და მექისეს
ასძახა:
_ მსახურები თუ ასეთ აბანოში იბანენ, მეფეებისა როგორიღა იქნება?!
_ არ ვისი! _ ცივად თქვა მექისემ, ზურგზე ხელი დაარტყა და აბაზანაში ჩასვლა ანიშნა.
წყალში დიდხანს არ დააყენა, ისევ უკან მოიხმო და ახლა ქისით დაუწყო წვირის გაცლა. ქისის
პირველსავე გასმაზე ჯაგარივით აიშალა ქონნარევი ჭუჭყი ლუხუმის მთელ ტანზე.
_ დიდი ხანია ტანი არ დაგიბანია? _ ჰკითხა მექისემ.
_ მინდორში ყოველდღე ვიბანდი, _ დარცხვენით მიუგო ლუხუმმა.
_ დინარის სხალი ცივი სხალია... ჩუჩხი არ გაცილებს, აბანოს სხალი კარგად გასმინდოს... _ უხსნიდა
მექისე და თან ქისით ტყავს აძრობდა.
როგორც იყო, მორჩა, წვირე გაშორდა და მთელმა სხეულმა რაღაც საამო სიმსუბუქე იგრძნო.
_ გაამოს!
უთხრა მექისემ. უკანასკნელად რომ გადაავლო წყალი, ხის ქოშებში გაჰყო ფეხები და ხველებითა და
კახაკუხით გავიდა.
აბანოში ახლა სხვა კაცი შემოვიდა, წარბები ქალივით ჰქონდა კოხტად გამოქნილი და ტანს
კეკლუცად მოარხევდა.
უცნობს ხელით რაღაც კოლოფები მოჰქონდა.
შემოსვლისთანავე ნაზი, ქალური ღიმილით მიესალმა ლუხუმს და ტახტზე გვერდით მიუჯდა.
კოლოფები გახსნა, ხელისგულზე რაღაც წამლები დაისრისა და ლუხუმის ტანს დაუწყო ზელა.
ლუხუმს არ ეამა ნელსაცხებლების ნაზი, დამბნედავი სურნელი, მაგრამ გაიფიქრა, ალბათ, ასეა
მიღებული სასახლეშიო, ხმა არ ამოიღო და ნებას დაჰყვა.
ბოლოს თმას მისწვდა უცნობი.
_ ეგ რაღა საჭიროა? _ წაილუღლუღა ლუხუმმა.
_ ნაბრძანები მაქვს, _ მოკლედ მოსჭრა ოსტატმა და ლუხუმის ჯაგარივით გახეშეშებული თმის
დალბობას შეუდგა.
ტანის ზელვასა და თმის დავარცხნას რომ მორჩა, ლუხუმს ძვირფასი აღმოსავლური ხალათი
მოახურა და სულის ერთი შებერვით სანთლები ჩააქრო.
_ რად აქრობ? _ გაიოცა ლუხუმმა.
_ მომყე... _ ჩურჩულით უთხრა უცნაურმა კაცმა, ხელი ჩაჰკიდა და წინ გაუძღვა.
ლუხუმი მინდობილად მიჰყვა. მისმა მეგზურმა სადღაც შეახვევინა, ფარდის იქით გაატარა, მერე
ხელი გაუშვა და გაქრა.
_ სად წახველ, ძმობილო? _ გასძახა მიგრიაულმა და კედლებზე ხელი მოაფათურა.
_ აქ მო, ლუხუმო! _ ოდნავ გასაგონად გამოეხმაურა ქალის ხმა.
ლუხუმი სმენად იქცა, თითქო ხმა ეცნაურა.
_ აქეთ მოდი, ნუ გეშინია, _ ისევ მოესმა ქალის ჩურჩული.
_ ვინა ხარ? _ გასძახა გაოცებულმა ლუხუმმა და გაუბედავი ნაბიჯებით დაიძრა იქით, საიდანაც
ქალის ხმა მოდიოდა.
რამდენიმე ბიჯი რომ წადგა, ვიღაც მოეგება. სახესა და ტანს ვერ ხედავდა სიბნელეში, მხოლოდ
ხელზე ხელის შეხებით მიხვდა, რომ ქალი უნდა ყოფილიყო: გრძელი, ნაზი თითები და ფაფუკი ნები
ჰქონდა.
ახლა უცნობ ქალს მიჰყვა ბნელში ლუხუმი, ქალი შეჩერდა, დაბლა დაიხარა, ეტყობოდა, ჩამოჯდა და
ლუხუმს მოესმა:
_ ტახტია, ჩამოჯექ!
ლუხუმი ტახტზე დაეშვა და უცებ გაახსენდა, რომ უცნობ ქალთან ნახევრად შიშველი იყო.
შეიშმუშნა, საშინლად ეუხერხულა.
_ წაწლობა მასწავლე! _ უჩურჩულა ქალმა და ყურის ბიბილოსთან დაეწაფა ბაგეებით.
დიაცის ცხელმა, ვნებიანმა კოცნამ ერთიანად აშალა ვაჟკაცი, თავბრუ დაეხვა, ქალს ხელი მოხვია და
მიიზიდა.
_ ნელა... ნელა... ნეკნები დამილეწე, დათვო! _ შესძახოდა ქალი და ყელზე ეხვეოდა ვაჟკაცს.
„დათვოო“, თითქო ეცნაურა ქალის ხმა ლუხუმს, მაგრამ ახლა ფიქრის თავი აღარ ჰქონდა.
_ ვიწაწლოთ, წაწლობა მასწავლე... _ ჩურჩულით ეუბნებოდა ქალი, აცახცახებული ხელით ვაჟკაცის
ხელს იშორებდა და ტუჩს ტუჩზე აწებებდა.
გაშმაგებულმა ლუხუმმა მაგრად აკოცა და ხელში აიტაცა. უცებ მარმარილოს იატაკზე ფეხი
დაუსხლტა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ორივე ძირს დაეცა.
_ ვაიმე, ხელი მომტყდა...
ჩაესმა სირცხვილისა და ტკივილისაგან გონწართმეულ ლუხუმს.
_ ეს რა მიყავი, შე დათვო... მკლავი ამომიგდე... სადღა უნდა გამოვჩნდე... _ წაიტირა და ქვითინით
ბნელში გაუჩინარდა.
ლუხუმს ისევ ეცნაურა ქალის ხმა, უფრო მაშინ, როცა გაბრაზებულმა ამოიკვნესა.
ეცნაურა და შეკრთა.
_ ნუთუ? ნუთუ ის იყო? არა... ეს რა საფიქრებელია! _ შუბლზე ხელი მოისვა აბეზარი ფიქრის
მოსაშორებლად და ბნელში ზეზე წამოდგა.
ისევ ფეხის ხმა მოესმა.
ვიღაცამ ხელი ჩაჰკიდა და ახლა იმ კაცის ხმა გაიგონა, წეღან რომ აქ შემოიყვანა.
_ მომყე...
წინანდელზე მეტი იარეს ბნელში. ბოლოს კარის წინ გაჩერდნენ.
_ გააღე, ტანთ ჩაიცვი და სასახლისკენ წადი! _ უთხრა უცნობმა მიგრიაულს და გაშორდა.
ამდენი მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა ლუხუმმა კარი ფრთხილად გააღო.
თვალი ნელ-ნელა შეეჩვია სანთლების შუქს.
პატარა ოთახში იყო, ტახტზე ახალი ტანსაცმელი დაუხვდა, ისეთი, სასახლეში რომ ეცვათ შეჭურვილ
მცველებს.
ჩამოჯდა და განცდილისაგან გაშტერებული ჩაცმას შეუდგა.
@თავი მეოთხე. ორი გზა და ორი ბანაკი
სანამ თამარი ცოცხალი იყო, ყრმობიდანვე მეფის თანამოსაყდრედ გამოცხადებული ლაშა სამეფოს
საქმეებში არ ერეოდა, ნადირობასა და სანახაობას, ცხენოსნობასა და მობურთალობას უფრო ეტანებოდა
და საქართველოსა და ყმადნაფიცი ქვეყნების სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა.
უფლისწული ვერ ხედავდა, როგორ ნელ-ნელა და ოსტატურად აცლიდა ხელიდან ძალასა და
გავლენას მის მომავალ მეფობას ჭკვიანი მხარგრძელი.
ორნი ძმანი იყვნენ მხარგრძელნი და ორივენი ერთიმეორეზე მეტად საყვარელნი და ახლობელნი
თამარისთვის.
უფროსი _ ზაქარია, უფრო ახოვანი, ომში უხორცოსავით უშიშარი, წყობაში შეუდრეკელი და
სამხედრო საქმის სწორუპოვარი მცოდნე და ხელოვანი, უფრო ალალი და უეშმაკო იყო, გულის
მიმყოლი, წრფელი და უანგარო.
უმცროსი ივანე ვაჟკაცობაში ძმას ტოლს არ დაუდებდა, მაგრამ უფრო გონების მიმყოლი, დინჯი და
შორს გამჭვრეტი, გულდახურული და ანგარიშიანი იყო.
ძმები თამარის უცვლელი ვაზირები იყვნენ და მაშინდელი საქართველოს სახელისა და ძლიერების
განფენასა და ამაღლებაში ორივეს დიდი ღვაწლი მიუძღოდა.
ზაქარია საქართველოს მხედრობის მეთაური, ამირსპასალარი იყო. ყველა დიდი ომი, ყველა
მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელმაც მთელს აღმოსავლეთსა და დასავლეთში ქართველთა
უძლეველობის სახელი მოჰფინა, მისი სამხედრო გეგმით და უშუალო ხელმძღვანელობით გადაიხადეს
ქართველებმა.
ივანეს მსახურთუხუცესობა ჰქონდა და ისიც ზაქარიას მხარდამხარ თავდადებით იბრძოდა ყველა
ომში.
გამჭრიახმა მსახურთუხუცესმა იცოდა, რომ სამხედრო ძლიერებაზე დამყარებულ ისეთ ქვეყანაში,
როგორიც საქართველო იყო, სახელმწიფოს ნამდვილი მმართველი მხოლოდ ის იქნებოდა, ვისაც ესოდენ
მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი ლაშქარი დაემორჩილებოდა.
მხედრობაში თავის გამოჩენისათვის, მოლაშქრეთა შორის სიყვარულისა და პატივისცემის
დამსახურებისათვის არაფერს ზოგავდა ივანე. თავის ხელქვეით სარდლებს უხვად აჯილდოებდა,
ერთგულებს წინ წაწევაში შველოდა და აშკარად მფარველობდა.
ზაქარიას შემდეგ თითქოს ივანეს გარდა სხვა აღარავინ უნდა ყოფილიყო ამირსპასალარობის ღირსი,
მაგრამ ლაშქარს თავისი რჩეული ჰყავდა, უმცროს მხარგრძელზე ბევრად ახალგაზრდა, მაგრამ
საბრძოლო დამსახურებით მასზე გადამეტებული.
ეს გმირი შალვა თორელი იყო.
სიჭაბუკითვე ომებში დავაჟკაცებულ შალვას წყობასა და მტრის კვეთებაში, მშვილდოსნობასა და
ცხენოსნობაში სწორი არ გააჩნდა.
ზაქარიამ იმთავითვე შენიშნა და დააფასა შალვას მხედრული ნიჭი, გამჭრიახობა და
შემმართებლობა. ბრძოლის ყველაზე მძიმე უბანზე გზავნიდა ხოლმე ახალციხელს, ჭაბუკ სარდალსაც
ბედი არასოდეს ღალატობდა და უკან მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა.
პირველად მთელი მხედრობისა და მეფის ყურადღება შამქორის ბრძოლაში მიიპყრო ახალციხელმა.
ამ ომში შალვა წინამბრძოლ ჯარს სარდლობდა. დავით სოსლანისა და ორთავ მხარგრძელის
მეთაურობით მთავარი ლაშქრის მოსვლამ რომ შეაგვიანა, მტრის აურაცხელ მხედრობასთან კარგა ხანს
მარტო წინამბრძოლთ მოუხდათ გამკლავება.
ცხენმოკლულმა და ჩაბალახდალეწილმა ახალციხელმა არათუ უკან დაიხია მტრის სიმრავლის
წინაშე, არამედ მთავარი ძალის მოშველებისას თავადაც სასტიკად შეუტია სპარსელებს და იერიშზე
გადასულმა ფიცხელ ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფასაგან ღაზოდ წარმოგზავნილი დროშა.
გამარჯვების შემდეგ მთელი ლაშქარი ამ უმნიშვნელოვანესი ნადავლის სანახავად მოდიოდა. ამ
ნადავლითვე წარუდგა შალვა თამარს და იმ დღიდან მისი სახელი მთელ სამეფოს პირზე ეკერა.
ჭაბუკობაშივე მოხვეჭილი გმირისა და მიუთხრობელი მეომრის სახელი შემდგომ ომებში კიდევ
უფრო განიმტკიცა შალვა ახალციხელმა.
ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ზაქარიას შემდეგ საქართველოს ძლევამოსილი მხედრობის მეთაური
ამირსპასალარი შალვა ახალციხელი იქნებოდა.
მაგრამ მიიცვალა თუ არა ზაქარია, თამარმა ამირსპასალარობა მსახურთუხუცეს ივანეს შესთავაზა.
ივანემ სრულიად დამსახურებულად, ტახტისა და სამშობლოს ერთგულების გამო, თამარის მეფობის
უკანასკნელ წლებში ხელმწიფეზე განუსაზღვრელი გავლენა მოიპოვა.
ზაქარია რომ გარდაიცვალა, მხარგრძელმა ისარგებლა მეფის ამ ნდობით, თამარის მიერ
შემოთავაზებულ ამირსპასალარობას არ დასჯერდა და ხელმწიფეს ათაბაგობის პატივი სთხოვა.
ათაბაგები მთელს აღმოსავლეთში სულტანთა აღმზრდელები იყვნენ, მეფეთა მამებად იწოდებოდნენ
და მეფის ნაცვლობასა და ზოგჯერ მეფობასაც კი სწევდნენ.
თამარმა უყოყმანოდ მიანიჭა ერთგულ ყმას ათაბაგობის უაღრესი პატივი. მხარგრძელმა
ამირსპასალარობაც იკისრა, უნებისყოფო მწიგნობართუხუცესს ვაზირთპირველობა თითქმის მისტაცა
და სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება ერთად იგდო ხელთ.
თავის ადგილზე მსახურთუხუცესად ივანემ თავისივე ბიძაშვილი, მხარგრძელთა გვარის უმცროსი
შტოს წარმომადგენელი, ვარამ გაგელი მოიყვანა.
ხალხი და მტრები რომ თავის უზომო თავკერძოებაზე არ აელაპარაკებინა, მხარგრძელმა თამარს
შალვა ახალციხელის მეჭურჭლეთუხუცესად დანიშვნა სთხოვა.
თამარს ეოცა და არაფრად ეჭაშნიკა მუდმივად ლაშქარსა და ომებში მყოფი ახალციხელის
მეჭურჭლეთუხუცესობა, მაგრამ რაკი შალვასათვის გავაზირება მაინც აღზევება იყო, მეფემ სახელოვანი
სარდლისათვის წყალობა არ დაიშურა.
შალვას დანიშვნით მხარგრძელი, ერთი მხრივ, სამართლიანი კაცის სახელს იმტკიცებდა, მეორე
მხრივ _ ლაშქარში გავლენიან მეტოქეს იშორებდა სამხედრო საქმის ხელმძღვანელობიდან.
მხარგრძელი იმასაც ანგარიშობდა, რომ განუწყვეტლად მოლაშქრე და მეომარი მხედარი
მეჭურჭლეთუხუცესის სახელოს თავს ვერ გაართმევდა, სამეფოს მართვაში თავის უნიჭობას ყველას
აშკარად დაანახვებდა და მისი სავაზიროდან მოცილებაც ძნელი აღარ იქნებოდა.
მხარგრძელის ეს უკანასკნელი ანგარიში არ გამართლდა: ახალციხელმა დიდი მონდომებითა და
მუყაითობით მოჰკიდა ხელი მისთვის თითქოს უცხო და შეუფერებელ მეჭურჭლეთუხუცესობას.
სავაზიროში საქმის მცოდნე, ერთგული თანამშრომლები მოიყვანა და სახელმწიფო საჭურჭლეში
სრული წესრიგი დაამყარა.
ახალციხელის გავლენამ მეფესა და სახელმწიფო საქმეებზე კიდევ უფრო იმატა და ეს
განსაკუთრებით შესამჩნევი ლაშას გამეფების შემდეგ გახდა.
თამარმა სიკვდილის წინ დიდებულებს მემკვიდრის ერთგულება და სახელმწიფოს მართვაში
ერთნებაობა დააფიცა, ხოლო ლაშას ანდერძად დაუბარა, სანამ საქართველოს ძლიერების ორი ბურჯი _
მხარგრძელი და ახალციხელი შენი ერთგული და თანამდგომელნი იქნებიან, ქვეყანას არ გაუჭირდება
და სამეფოს მართვა არ გაგიძნელდება. ეცადე, ეს ორი მთავარი ერთმანეთს მოარიგო, მათი
განხეთქილება შენს ძალას შეარყევს და სახელმწიფოს დაღუპავსო.
სამეფოს ამ ორი ბურჯის მორიგება რომ შეუძლებელი იყო, ლაშას გამეფებისთანავე ცხადი გახდა:
მეფე იძულებული იყო, თავისი შეზღუდული უფლების გაფართოებისათვის ებრძოლა. მისი ღონე
უმთავრესად მეფის სწორად განდიდებული ათაბაგის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამ ბრძოლაში
მთავარ ქომაგად და მხარის დამჭერად შალვა ახალციხელი ჰყავდა.
შალვას თავისი საკუთარი ანგარიშიც ჰქონდა ივანესთან.
ორნი ძმანი იყვნენ ახალციხელებიც. უფროს ახალციხელსაც ივანე ერქვა, ისიც ცნობილი მოღვაწე და
გამოჩენილი სარდალი იყო.
სიყრმითვე მხედრობაში ფეხშედგმულ შალვას გულწრფელად უყვარდა ორივე მხარგრძელი.
ივანე მსახურთუხუცესი ახალგაზრდა შალვასთვის სახელმწიფო გონებისა და მხედრული
ვაჟკაცობის განსახიერება იყო, მისი ნახვა მხნეობასა და სულიერ სიმშვიდეს მატებდა საქვეყნო
ასპარეზზე ახლად გამოსულ დიდებულს.
უყვარდა ივანესაც ჭაბუკი შალვა, მის გმირობასა და ბრძოლაში შემართებას, სიდინჯესა და
საზრიანობას აფასებდა.
მაგრამ ფრთხილი იყო საკუთარ აღზევებაზე დღედაღამ მზრუნავი მსახურთუხუცესი და ამიტომ
ფხიზლობდა, ცდილობდა ორივე ახალციხელი ტახტისაგან შორს ჰყოლოდა და მათი სახელისა და
გავლენის ზრდა შეენელებინა.
სწორედ ამ მოსაზრებით დაანიშნინა ივანე ახალციხელი ახლად დაპყრობილი კარის ამირად. იცოდა,
რომ თურქებთან გაუთავებელი ბრძოლებით გართულ მონაპირეს თბილისში ხშირად ჩამოსასვლელად
აღარ ეცლებოდა და სამეფო კარის ცხოვრებისაგან ფაქტიურად მოწყვეტილი იქნებოდა.
თვითონ შალვა თამარის სიცოცხლეში ერთთავად ლაშქრობასა და ომებში იყო, მეფეს თითქმის
თვალით ვერ ხედავდა და მის მიერ მოგებული ომების გამო ჯილდოებს მეტწილად ისევ სხვა
ღებულობდა.
შალვა ახალციხელი თვალს ხუჭავდა ამ დაუფასებლობაზე. არც მამულების სიმცირის გამო ამბობდა
რასმე, თუმცა მჩურჩნავები და მხარგრძელების წინააღმდეგ წამქეზებელი ბევრი ჰყავდა, მოშურნეებს
ყურს არ უგდებდა და ორთავ მხარგრძელს, და განსაკუთრებით კი ივანეს, მშობელ მამასავით
სიყვარულითა და მოკრძალებით შეჰყურებდა.
ამ სიყვარულის მიზეზი ამაღლებული და სხვათათვის უჩინო იყო. ახალციხელს ივანეს ულამაზესი
ქალი _ თამთა უყვარდა და ეს სიყვარული აბრმავებდა შალვას მსახურთუხუცესის ანგარ მოქმედებაზე.
დიდებისმოყვარულ მხარგრძელს თავისი ქალი თურმე დედოფლად უნდოდა და, როცა
ახალგაზრდების სიყვარული იგრძნო და გამჟღავნდა, თავისი დიდი ხნის განზრახულის
შესასრულებლად ამოქმედდა.
რაკი თამთას საქართველოს დედოფლობა არ ეწერა, ივანემ ჩუმად საქართველოს მოსაზღვრე
მეფეებსა და სულტნებს შორის დაიწყო ღირსეული სასიძოს ძებნა.
თამთას შეუდარებელი სიტურფის ამბავი საქართველოს გარეთაც შორს იყო გასული და უკვე ბევრი
გვირგვინოსნის უძილობის მიზეზად ქცეულიყო.
ივანე მათ ძალასა და სიმდიდრეს წონიდა, ერთიმეორეს ადარებდა და არჩევანის გასათავებლად
შესაფერის გარემოებას თუ შემთხვევას უცდიდა.
და შემთხვევამაც არ დაიგვიანა.
ხლათში სალაშქროდ მყოფ მხარგრძელებს ალყაში ჰყავდათ მომწყვდეული ეგვიპტის სულტნის
შვილი _ ხლათის მელიქი აუჰადი.
ხლათელები, უმთავრესად მოქალაქეები და ხელოსნები, მტერს არ ნებდებოდნენ და კარს მომდგარ
ათასგვარ განსაცდელს მხნედ იტანდნენ.
თვითონ სასოწარკვეთილ მელიქს, თრიაქით გაბრუებულ აუჰადს, წინ თამთას სურათი ედო და
გაკერპებული მეციხოვნეების შიში რომ არ ჰქონოდა, მხარგრძელის ლამაზი ასულის ტრფობით
ჭკუადაკარგული, თამთას ნახვის სურვილით აქამდისაც ჩაბარდებოდა ტყვედ ქართველებს.
ბედმა სხვაგვარად ინდომა.
ერთ საღამოს შეზარხოშებული ივანე ცხენზე შეჯდა და სულ რაღაც ათიოდე ცხენოსნის თანხლებით
ხლათის აუღებელი ციხე-სიმაგრის შემოსავლელად გაემართა.
გზად ხიდი უნდა გაევლოთ. ხლათელებს ხიდი რამდენიმე ადგილას ჩაეტეხათ, ზედ თივა
წაეფარებინათ, რომ გამვლელს ვერაფერი შეემჩნია და ხიდქვეშ მებრძოლები ჩაესაფრებინათ.
შედგნენ თუ არა ქართველები ხიდზე, ივანეს ცხენს ფეხი ჩაუვარდა და მხედარი ძირს ისროლა.
ციხე-სიმაგრიდან გაფაციცებით მოთვალთვალე ხლათელებმა დაინახეს, როგორ მისცვივდნენ
მხლებლები მხარგრძელს წამოსაყენებლად.
ძლიერი რაზმი ციხიდან გამოვარდა, ხიდქვეშ დამალულ მებრძოლებს მიეშველნენ, ქართველებს
ერთად ეცნენ, ივანე ტყვედ შეიპყრეს და ციხე-სიმაგრეში შეიყვანეს.
იმედგადაწყვეტილმა მელიქმა ფრიად გაიხარა საქმის ასეთი მოტრიალებით. ეჭვი არ იყო, ივანე
მხარგრძელს ქართველები არ დათმობდნენ და ტყვეობიდან მისი გამოხსნისათვის არაფერს
დაზოგავდნენ.
მელიქ აუჰადს არა მარტო ბრძოლის უომრად მოგების სურვილი აღეძრა, არამედ თავისი ოცნების
შესრულების _ თამთას შერთვის იმედიც ჩაესახა და მართლაც ყოველივე ასე მოხდა.
ძმის დატყვევებით გახელებულ ზაქარიას პირველად ხლათის მიწასთან გასწორება უნდოდა.
დანაქადის ასრულება არაფრად უღირდა, მაგრამ ივანეს სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისა შეეშინდა.
მელიქმა ორთავ მხარგრძელთან მოლაპარაკება გამართა და ტყვის გამოხსნა ძვირად დაუსვა
ქართველებს: ხუთი ათასამდე ხლათელი ტყვე გაათავისუფლებინა, ათი ათასი დინარი ფულად
გამოართვა და სიტურფით განთქმული ივანეს ქალი ცოლად მოიყვანა.
გუშინდელი მტრები მოყვრებად იქცნენ.
აუჰადი უსაზღვროდ ბედნიერი იყო საქმის ასე მოულოდნელი შემობრუნებით და გულის წადილის
ასე იოლად შესრულებით, დიდებისმოყვარე ივანე კი ეგვიპტის ძლიერ სულტანთან დამოყვრებით და
თავისი ქალის ხლათში გადედოფლებით.
საქართველოშიც ყველა კმაყოფილი და მოხარული იყო თამთას გადედოფლებითა და ხლათის
მელიქის სახით ახალი მოკავშირის შოვნით.
მხოლოდ თავად ხლათის დედოფალი იყო უბედური გულისსწორთან სამუდამოდ გაყრით და
სამშობლოდან გადაკარგვით.
მას არც ეგვიპტის უძლიერესი სულტნის სძლობა ხიბლავდა, არც განცხრომისმოყვარული აუჰადის
ცოლობა, არც სიმდიდრით განთქმული ხლათის დედოფლობა.
ვანის ტბის პირად გაშენებულ სამოთხის მსგავს ბაღებში გაუთავებელ ნადიმებს იგი სიამოვნებით
გაცვლიდა ჯავახეთის ერთი ჩვეულებრივი სოფლის, პატარა თორის წყნარ ცხოვრებაზე, ნაკლებ სახელსა
და სიმდიდრეზე, მაგრამ დიდ სიხარულსა და სიყვარულის ბედნიერებაზე.
იქ დედოფლის ტახტი არ ექნებოდა თამთას, თავს მთავართ ასულები არ ედგებოდნენ
შიმუნვარებად, მგოსანნი და მუტრიბნი არ უგალობდნენ დამატკბობელ ჰანგებს და მისი მზეთუნახავი
პირის სანახავად სიზმრად მასზე შეყვარებული უფლისწულები არ დაიწყებდნენ დენას.
იგი თორისა და ახალციხის მყუდრო სამყოფელებს დაჯერდებოდა, რომელთაც იქ, ჯავახეთში,
გლეხები რატომღაც „სასახლეს“ და „პალატებს“ ეძახდნენ, ვაჟკაცობაში შეუდარებელ შალვას მკერდზე
თავმიდებული, თუგინდ სოხანეზედაც ტკბილად და უშფოთველად დაიძინებდა. თავისი ქართველი
მიჯნურებითა და უამრავი თაყვანისმცემელი ჭაბუკებით გარშემორტყმულს, დედოფლის ფერხთით
მჯდომარეს, თავი უმაღლეს ტახტზე დაბრძანებული ეგონებოდა.
მის შეუდარებელ პირმზეობას, არცთუ ისე დიდ პატივმოყვარეობას, მაგრამ უზომოდ შეყვარებულ
გულს, საქართველოს უტურფესი ქალის, უებრო რაინდის ცოლისა და უძლეველი ვაჟკაცის ოცნების
სახელიც ეყოფოდა უნაპირო ბედნიერებისათვის.
თამთა გრძნობდა, რომ მამას მისთვის რჩეული ბედი უნდოდა და ხლათის დედოფლობა თავისი
ქალისათვის უმაღლეს ბედნიერებად მიაჩნდა. მაგრამ ისიც იცოდა თამთამ, რომ მისი გადედოფლებით
ივანემ საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება იყიდა და სწორედ ეს ტკენდა უფრო მეტად გულს
მამისმოყვარულ ქალს.
იგი თავს გაყიდულად, მამის სიცოცხლისა და დიდების სამსხვერპლოზე მიტანილად თვლიდა და
ამის შეგნება კიდევ უფრო უმატებდა სატრფოსაგან განშორების ცეცხლს.
ხლათის ციხესთან მდგარი შალვა ახალციხელი ღამეებს ტეხდა იმის ფიქრში, თუ საიდან
მიდგომოდა სიმაგრეს თავისი ერთი მუჭა მესხებით, რათა მოულოდნელი იერიშით, ამირსპასალარის
უცნობლად, დაეცა ციხე-სიმაგრე და მელიქ აუჰადის ძვირფასი ტყვე გამოეხსნა.
როცა ივანეს გათავისუფლებაზე ფიქრით შალვას თვალს ძილი არ ეკარებოდა, ივანე ხლათის მელიქს
თავის დახსნის პირობებზე ევაჭრებოდა და საყვარელი ასულის ცოლად მიცემის თანხმობას აძლევდა.
ახალციხელი სიხარულით შეეგება ტყვეობიდან უვნებლად გამოსულ ივანეს. ხლათის მელიქისათვის
უამრავი ფულის გადახდას და ტყვეების დაბრუნებას არაფრად აგდებდა, რადგან გადაწყვეტილი
ჰქონდა, ციხისთვის თავი შეეკლა და თამთასთან ივანეს გამოუხსნელად არ დაბრუნებულიყო.
დაზავების მთავარი პირობა _ აუჰადისათვის თამთას მითხოვების თაობაზე _ ქართველთაგან
ლაშქარში მარტო ივანემ და ზაქარიამ იცოდნენ.
საქართველოში დაბრუნებულმა შალვამ გვიან შეიტყო თამთას გათხოვების ამბავი, იმდენად გვიან,
რომ თავის გადადებასა და თამთას გამოხსნაზე ფიქრი ზედმეტი იყო. აურაცხელი მზითვით
დატვირთული ქარავანი უკვე ხლათის უდაბურ ველებზე მიიზლაზნებოდა და ძვირფას კუბოში
მიყუჟული მწუხარე თამთა თვალცრემლიანი მიირწეოდა.
ჯავრისაგან გახელებული შალვა სამყოფსა და საქმეს გაეცალა, როგორც მიჯნურთა წესი იყო, ველად
გაიჭრა და თავი ქვაბებსა და ტყეს შეაფარა. მერე უფლისწული ლაშა, ვარამ გაგელი და ბექა ჯაყელი
შეუჩნდნენ, ტყიდან და ქვაბებიდან გამოიყვანეს, ნადირობასა და ლხინში აიყოლიეს და თანდათან
ცხოვრებაზე გული მოუბრუნეს.
დიდი ხნისა და დიდი ცდის შემდეგ ვარამ გაგელმა თავის დიდ ბიძას შეარიგა შალვა. შერიგება
ერქვა, თორემ შალვას მხარგრძელზე გულს რა მოულბობდა! მის დამღუპველ ივანეს _ ანგარსა და
პატივმოყვარეს, შვილის გამყიდველსა და დამკარგავს ეძახდა ცხადად თუ ფარულად.
რაც უფრო ღრმად უკვირდებოდა ახალციხელი მხარგრძელის მოქმედებას, მით უფრო
რწმუნდებოდა, რომ მისი უბედურების მიზეზი მისივე მდგომარეობა იყო, შალვა რომ მამულებითა და
სიმდიდრით მხარგრძელების ტოლი ყოფილიყო, მაშინ, ალბათ, ახალციხელიც სასურველი სასიძო
იქნებოდა ივანესათვის და, ვინ იცის, იქნებ თავისი ქალი თვითონვე შემოეძლია.
სამშობლოსა და ტახტის ერთგულ ახალციხელს სამსახური არც ქვეყნისთვის დაუკლია და არც
მეფისთვის. ქვეყნის გარეშე და შინაურ მტრებთან ბრძოლაში სხვაზე მეტი სისხლიც გაუღია და
თავდადებაც გამოუჩენია, მაგრამ „მეფეების წყალობა ხარბი მხარგრძელების მადას ვერ აუდიოდა და
სხვისთვის აღარაფერი რჩებოდა“.
ახალციხელს აღარც ახსოვდა, ეს აზრი პირველად თვითონ მოუვიდა, თუ სხვა ვინმემ ჩააგონა, მაგრამ
ერთხელ რაჭის ერისთავთან და დადიანთან წამოცდა, მათაც სათქმელს პირი მოხსნეს, დიდხანს
დამარხული გულის ნადები გადმოალაგეს და ახალციხელს „თვალი აუხილეს“.
_ ვინ არიან ეს მხარგრძელები? _ ბრდღვინავდნენ რაჭის ერისთავი და დადიანი. _ კაცმა არ იცის,
ქურთის, სპარსის თუ ვისი ჩამომავლები არიან! ჯერ სომეხ ბაგრატიონებს მიეკედლნენ, სომხურად
მოინათლნენ და ურიცხვი სიმდიდრე იშოვეს. მერე საქართველოს გაძლიერება რომ დაინახეს, ჩვენკენ
გადმობარგდნენ.
ახალციხელს სხვა დროს სიცილადაც არ ეყოფოდა მხარგრძელების არაქართველობაზე ლაპარაკი,
იგი კარგად ხედავდა, თუ როგორი თავდადებით აკეთებდნენ დიდ ქართულ საქმეს, როგორი
ერთგულებით ემსახურებოდნენ ქართველ მეფეებს მხარგრძელები. ისიც კარგად იცოდა, რომ დადიანს
შური ალაპარაკებდა, რადგან ერთ დროს მისი წინაპრების კუთვნილი მამულები და ციხეები, გიორგი
რუსის აჯანყებაში მონაწილეობის გამო, მეფემ ვარდან დადიანს ჩამოართვა და მხარგრძელებს მისცა.
იცოდა ყოველივე ეს, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მისი აღშფოთება მხარგრძელის მიმართ, რომ მის
ყოველ სიკეთეზე თვალი დახუჭა და ამ ღვაწლმოსილი კარისკაცის მოქმედებაში მხოლოდ ანგარება და
ორგულობა დაინახა.
როცა ამ შეხედულებაზე მტკიცედ დადგა, ახალციხელმა აშკარად იწყო ბრძოლა ათაბაგის
განუსაზღვრელი უფლების წინააღმდეგ.
ამ ბრძოლაში ახალციხელი ჭაბუკ მეფეს ეყრდნობოდა, რომელსაც მცირე ერისთავები და აზნაურები,
ვაჭარ-ხელოსნები და მდაბიო მოლაშქრენიც უმაგრებდნენ მხარს. მეფის ამ მომხრეთაგან ყველას თავისი
ანგარიში ჰქონდა: მცირე ერისთავები და აზნაურები საკუთარი აღზევებისა და გაძლიერების
ერთადერთ პირობად დიდგვარიან მთავართა დასუსტებასა და ჩამომცრობას სახავდნენ, მდაბიო
მოლაშქრეებს სწორედ ეს დიდგვაროვანი მთავრები ადგათ ყელზე, რადგან ისინი უღობავდნენ გზას
დაწინაურებისა და ხელისუფლებისაკენ. ათაბაგის ყოვლისშემძლეობა განსაკუთრებით ვაჭრებს
ჰქონდათ მიზანში ამოღებული, რადგან მხარგრძელი პირველ ხელისუფლობასა და მემამულეობას არ
სჯერდებოდა, ვაჭრობასაც არ უკადრისობდა და საქართველოს მთელი აღებ-მიცემის ხელში ჩაგდებას
ცდილობდა.
ბუნებრივია, რომ ძალთა ასეთი დაპირისპირებისას თამარის ანდერძი, სახელმწიფოს ძლიერების
ორი ბურჯის _ ივანე მხარგრძელისა და შალვა ახალციხელის თანამშრომლობის აუცილებლობაზე,
ძალას კარგავდა.
საქართველოს სამეფო თავისი დიდების მწვერვალზე იყო. მუსულმანური სახელმწიფოების
დასუსტებამ და დაქსაქსულობამ, კონსტანტინოპოლის დაცემამ და საბერძნეთის დანაწილებამ
საქართველოს ფართო გზა გაუხსნა შემდგომი ამაღლებისა და გაძლიერებისაკენ. საქართველოს
მხედრობა აღარც ქრისტიანი სამეფოებისა და აღარც მაჰმადიანთა სასულტნოების მხრივ მნიშვნელოვან
წინააღმდეგობას აღარ ხვდებოდა. ქართველები შორსა და ღრმად ლაშქრობდნენ როგორც შავი ზღვის
სანაპიროზე, ისე ირანის და ხორასნისაკენ, აუღებელ ციხეებს იღებდნენ, დაპყრობილ ქვეყნებს ხარკს
ადებდნენ და უკან აურაცხელი ალაფით ბრუნდებოდნენ. ამასაც არ ჯერდებოდნენ, მეზობელი
სახელმწიფოების შინაგან საქმეებში ერეოდნენ და ტახტისათვის ამტყდარ შფოთსა და შინაარევას
თავიანთი გავლენის გასავრცელებლად იყენებდნენ.
საბერძნეთის დაცემის შემდეგ, ჯერ კიდევ თამარის სიცოცხლეში გამოაცხადა საქართველომ თავი
ახალ რომად, ქართველთა მეფემ კისრად იდო ქრისტიანთა დაცვა და ქვეყნად უფლის ჩრდილისა და
მესიის მახვილის სახელი დაისაკუთრა.
ჭაბუკი მემკვიდრის, ძლიერი და შემმართებელი ლაშა-გიორგის ტახტზე ასვლა საქართველოს
სამეფოს შემდგომ აყვავებასა და გაძლიერებას უქადდა: „ახალი რომის“ მქადაგებლებმა ლაშა-გიორგი
მეორე ალექსანდრედ გამოაცხადეს.
„ახალ ალექსანდრე მაკედონელად“
მოწოდებულ ლაშა-გიორგის საქრისტიანო უნდა გაეთავისუფლებინა ურჯულოთა მძლავრობისაგან.
სახელმწიფოებთან მიწერ-მოწერასა და საქართველოში მოჭრილ ფულის წარწერებზეც ეს აზრი ტარდებოდა და ქართველთა მეფის
უძლეველობისა და მაღალი მოწოდების ამბავი მსოფლიოს ეფინებოდა.
ქართველებმა თავიანთ ექსპანსიას სამხრეთისაკენ ახალი, ეროვნული სარჩულიც დაუდეს. ლაშა-
გიორგიმ ტახტზე ასვლისას საქვეყნოდ გამოაცხადა დიდი თამარის ანდერძი. თამარს თავისი
მემკვიდრეებისათვის მისი ნეშტის იერუსალიმს წასვენება დაებარებინა და ჭაბუკმა მეფემ თავისი
მეფობის მთავარ საზრუნავად დედის ამ ანდერძის აღსრულება აღიარა.
ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის ჩაშლის შემდეგ, დასავლეთის ქრისტიანები და მათი სულიერი
მეთაური რომის პაპი ახალ ძალებს ეძებდნენ ჯვაროსანთა ახალი ლაშქრობის მოსაწყობად. დასავლეთში
ასეთი ძალები არც იმდენად საიმედოდ ჩანდნენ და ამ პირობებში აღმოსავლეთში ქრისტეს
აღმსარებელი ჭაბუკი მეფის, ძლიერებით „ახალი ალექსანდრე მაკედონელის“ მსგავსი ქართველთა
ხელმწიფის გამოჩენა დასავლეთის ჯვაროსნებს ახალ იმედს უღვიძებდა და თავიანთი მიზნების
განხორციელების რწმენას უნერგავდა.
საქართველოს დიდებისა და ძლიერებისათვის მზრუნველი ივანე მხარგრძელი თავადაც ახალი
ქვეყნების დაპყრობისა და საქართველოს სამეფოს გავლენის გაფართოების მოსურნე იყო, მაგრამ ივანეს
საკუთარი ანგარიშიც ჰქონდა. მას ბაღდადისა და იერუსალიმისაკენ უბრალო მხედართმთავრად, ჭაბუკი
მეფის ნება-სურვილის აღმსრულებელ ხელქვეითად ლაშქრობა როდი სურდა. მეფის სწორად
განდიდებული ძლიერი კარისკაცისათვის ასეთი ლაშქრობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა ხელსაყრელი, თუ
იგი მისი გეგმითა და მეთაურობით განხორციელდებოდა. ასე ხდებოდა ლაშას გამეფებამდე: ძმები
მხარგრძელები ირანსა და ბიზანტიაში საქართველოს მეფის სახელით ლაშქრობდნენ, თორემ ლაშქრის
მომზადებაც, შორეული ქვეყნებისაკენ გაძღოლაც და საომარი მოქმედების ხელმძღვანელობაც
მხარგრძელთა ხელთ იყო. ჭაბუკი ლაშა ივანე მხარგრძელის დამსახურებას ანგარიშს დიდად არ უწევდა
და არც მის უფლებას ცნობდა ლაშქრის ხელმძღვანელობაზე. ასეთ პირობებში ივანე მხარგრძელს ახალი
დიდი ომის დაწყება და შორეული ლაშქრობა არაფრად ეპიტნავებოდა. იგი სხვადასხვა მიზეზით ფეხს
ითრევდა და ახალ დიდ ომს იმ დროისათვის ვარაუდობდა, როცა ურჩი და თავნება მეფე ბოლოს და
ბოლოს გატყდებოდა, მის უფლებებს ცნობდა და თავისი აღმზრდელისა და ათაბაგის გეგმითა და
ხელმძღვანელობით მოქმედებას შეეჩვეოდა.
ფიცხი და ნებიერი მეფის წამოჩოქებას კი დრო უნდოდა, ძნელად გადასალახავ დაბრკოლებათა
წინაშე საკუთარი უღონობის შეგნება და გულის გატეხვა ჭაბუკი მეფისათვის დროს უნდა ჩაენერგა, იმ
დაბრკოლებათა უჩინარი შემქმნელი თავად მხარგრძელი უნდა ყოფილიყო და მეფის სიურჩე
შეუმჩნევლად, მაგრამ თანმიმდევრულად მასვე უნდა გაეტეხა.
უთანხმოებამ დარბაზის პირველსავე სხდომაზე იჩინა თავი.
ლაშამ ამ სხდომაზე დედის ანდერძის აღსრულება მოითხოვა.
ათაბაგმა მოიწონა მეფის ზრუნვა დედის ანდერძის განხორციელებისათვის. თავის მხრითაც
განაცხადა, თამარის ნეშტი უთუოდ უნდა წავასვენოთ იერუსალიმსო, მაგრამ ესეც დასძინა, ამჟამად
ხელსაყრელი პირობები არ არის ესოდენ დიდი შორეული ლაშქრობისათვისო.
_ მაინც რა გვიშლის ხელს? _ იკითხა მეფემ.
_ მხედრობა მზად არ არის ეგოდენ შორეული და ძნელი ლაშქრობისათვის, _ მოახსენა ათაბაგმა.
_ ლაშქრისათვის მე ვიზრუნებ, _ მოკლედ მოსჭრა მეფემ.
_ ლაშქრისათვის ზრუნვა და ლაშქრობის ვაზირობა ამირსპასალარის ხელთ არის. საქართველოს
ამირსპასალარად და ათაბაგად მე დამადგინა დიდმა თამარმა დარბაზის ნებითა და თანადგომით, _
მტკიცედ განაცხადა მხარგრძელმა.
_ მე მეფე ვარ, ხელმწიფე, ყოველთა ვაზირთა უფალი და ყოველთა სამეფოთა საქმეთა განმგებელი.
_ დაღათუ მეფე ხარ, არაუმეტეს ხარ დიდისა თამარისა, რომელ სათნოებით შეიწყნარებდა
განზრახვათა ჩვენთა. შენ ჯერ კიდევ ჭაბუკ ხარ, მეფევ. ამიტომ უმჯობეს არს, რამეთუ დასხდომილნი
დარბაზსა, გამგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი გკადრებდეთ და
გაცნობებდეთ მეფესა და მაშინ-ღა სრულ იქმნას განგებული ჩვენი.
_ არა წეს არს მეფეთა ბაგრატოვანთა მონად ყოფა ყმათა თვისთა, არცა განყენება საქმეთაგან
სახელმწიფოსათა. თანამდებ ვარ ზრუნვად აღსრულებისა დედისა ჩემის ანდერძისა, მეფეთ-მეფისა და
დედოფლისა ყოვლისა საქართველოისა, _ გაცხარდა მეფე.
ათაბაგი დარბაზის ამ პირველსავე სხდომაზე დარწმუნდა, რომ მისი მოლოდინი გამართლდა, ლაშა
იოლად არ დათმობდა თავის უფლებებს და აღმოსავლეთის იმ მეფეების მდგომარეობით არ
დაკმაყოფილდებოდა, ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს რომ საბოძვრის გაცემასა და შვება-
განსვენებაში იყვნენ, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ნადირობასა და შექცევაში რომ ატარებდნენ და
მარტოოდენ „კვირასა დღესა დასჯდის, სამეფოსა საქმესა განაგებდის და სამართალსა უზამდის ციხეთა,
ქალაქთა და სოფელთა“.
ჭაბუკ მეფეს ნადირობასა და დროსტარებაზე სული მისდიოდა, მაგრამ სიყრმიდანვე პატივისა და
უფლებისმოყვარე იყო და, დედ-მამისაგან უკიდურესად განებივრებული, თუ რამეს ამოიჩემებდა, თავს
გადადებდა წადილის შესრულებისათვის.
ახლა ათაბაგისთვის აშკარა იყო, რომ მეფემ მისი ხელისუფლება ამოიჩემა და ლაშქრისა და სხვა
სამეფო საქმის განსაგებლის ხელში აღება განიზრახა.
უაღრესად განდიდებულ ფეოდალსა და დიდვაჭარს თავისი უფლების დასაცავად და
შესანარჩუნებლად ძალაც შესწევდა და ჭკუაც მოსდევდა. მაინც ათაბაგმა პირველ შეტაკებაზე საბოლოო
განხეთქილება არ ინდომა და ზომიერება აირჩია.
მიზეზი მეფესთან წაკიდებისა _ თამარის ანდერძის ასრულების წინააღმდეგობა, ათაბაგს ხალხისა
და ლაშქრის თვალში ჩრდილს მიაყენებდა, მაშინ, როცა ჭაბუკ მეფეს კეთილშობილისა და დედის
ანდერძის ერთგულის სახელს მოუხვეჭდა. ამიტომ ათაბაგმა ისევ გონიერება მოიშველია. მეფეს და
დარბაზს დამაჯერებლად განუმარტა იმჟამად იერუსალიმს დიდი ლაშქრობის განხორციელების
შეუძლებლობა.
ჯვაროსანთა ლაშქრობა თითქმის ჩაშლილი იყო და სამაჰმადიანოს ქართველთა წინააღმდეგ
თავისუფალი მოქმედებისათვის ხელი გახსნილი ჰქონდა. ქართველთა ლაშქარს პირისპირ ძლიერი,
ჯვაროსნებთან ომებში გამოწრთობილი მუსლიმანები დახვდებოდნენ, ხოლო ზურგსა და ფლანგებზე,
ერთი მხრივ, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ბიზანტიის აზიის მფლობელის ლასკარისა და
რუმის სულტნის, ხოლო, მეორე მხრივ, ადარბადაგანისა და სპარსეთის თავდასხმის საფრთხე ექნებოდა.
დარბაზის სწორედ ამ კრებაზე ჩამოაყალიბა მხარგრძელმა თავისი შეხედულება საქართველოს
სამეფოს მომავალზე.
მისი აზრით, ქართველებმა საკმაოზე მეტი იომეს და ახლა საჭირო იყო სისხლით მოპოვებულის
შემომტკიცება და ათვისება, დაპყრობილ ქვეყნებში ქრისტიანობის გავრცელება და მათი მოსახლეობის
თანდათან გაქართველება. ქართველებმა ახალი ქვეყნები კი არ უნდა არბიონ, დაპყრობილ ქვეყნებსა და
ქალაქებში ციხე-სიმაგრეები უნდა აშენონ და შიგ ძლიერი რაზმები ჩააყენონ, ქვეყნის სანაპიროები უნდა
გაამაგრონ, რომ მტერი აქეთ არ დაგვესხას თავსო.
_ ხალხი და ლაშქარი დაიღალა. ურიცხვი ომის ნაყოფის აღება და შესვენება სურს. არცა მშვილდი
თავს იდებს მარადის გარდაცმულობას, არცა ძალი ორღანოსა მარადის განსხიპულობასა, რამეთუ ჟამსა
ხმარებისა მათისასა თვითეული მათი უხმარ იქნების! _ განაცხადა მხარგრძელმა.
მხარგრძელის წინააღმდეგ ახალციხელმა ილაპარაკა. მან საქართველოს მომავალზე სრულიად
განსხვავებული შეხედულება წარმოადგინა: იგი დიდი დავით აღმაშენებლისა და მისი ღირსეული
მემკვიდრეების გზის გაგრძელებას მოითხოვდა, რადგან ამ გზამ მოიყვანა საქართველო აწინდელ
ძლიერებასა და კეთილდღეობამდე. ახალი ომებითა და ახალი ქვეყნების დაპყრობით უნდა
გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო, ქართველი ხალხი ბრძოლასა და წყობას შეეჩვია და მთელი ჩვენი
ძლიერება ამაზე უნდა დავამყაროთ, ხოლო თუ მეომრებს განსვენებასა და უქმად ყოფნას შევაჩვევთ,
ვაჟკაცები უზრუნველობას მიეცემიან, გემოთმიმყოლნი გახდებიან და გათამამებული მტერი რომ
შემოგვიტევს, მოგერიების უნარი აღარ ექნებათო.
დარბაზი ისე გაიყარა, რომ არც იერუსალიმს ლაშქრობის თაობაზე მიუღია გადაწყვეტილება და არც
მომავალი მოქმედების გეგმაზე მოხდა შეთანხმება, ერთი მხრივ, მეფესა და ახალციხელს და, მეორე
მხრივ, ათაბაგსა და სხვა ვაზირებს შორის.
ერთი რამ ცხადი გახდა მეფისათვის: ათაბაგის ძალა იყო არა მარტო მის სიმდიდრესა და მომხრეების
სიმრავლეში, არამედ უმთავრესად იმაში, რომ საქართველოს შეიარაღებული მხედრობა მას
ემორჩილებოდა და მის ბრძანებას ასრულებდა. ლაშას უკვირდა და ვერ შერიგებოდა იმ უცნაურ
გარემოებას, როცა პირადად მეფის მცველი სპაც, რომელიც მხოლოდ ორასი რჩეული ვაჟკაცისაგან
შედგებოდა, უშუალოდ მეფეს კი არა, ამირსპასალარსა და ათაბაგს ივანეს ემორჩილებოდა.
მეფესა და მის მომხრეებს ან ლაშქრის უფროსობა უნდა ჩაეგდოთ ხელთ, ან ამ ლაშქრისათვის სხვა
უფრო ძლიერი ძალა უნდა დაეპირისპირებინათ.
ჭაბუკმა მეფემ და ახალციხელმა ერთდროულად ერთის მიღწევაც მოინდომეს და მეორისაც.
დიდგვარიან ფეოდალებთან ბრძოლაში ლაშას მუდამ დავით აღმაშენებლის მაგალითი ედგა
თვალწინ. თავისი დიდი მიზნის _ ურჩი მთავრების ალაგმვისა და ძლევამოსილი საგარეო ომების
წარმოების განსახორციელებლად, აღმაშენებლის მსგავსად, ყივჩაღთა ლაშქრის გამოყვანას ფიქრობდა
მეფე. ეს განზრახვა ახალციხელმაც მოიწონა და მეფემ ყივჩაღების ხანთან _ კოტიანთან ქართველი და
რუსი დიდვაჭრების საშუალებით საიდუმლო მოლაპარაკება გამართა.
მხარგრძელისაგან ფარულად რომ ყივჩაღთა გამოსხმის საქმეს აგვარებდა, მეფე ნელ-ნელა მუდმივ
ჯარშიაც თავისი ერთგული მეთაურების გამრავლებას ცდილობდა.
უპირველეს ყოვლისა, მეფემ თავისი პირადი დაცვის გადახალისება გადაწყვიტა, რათა მხარგრძელს
მისი ყოველი ნაბიჯი არ სცოდნოდა. ორასი კაცისაგან შემდგარი რჩეული რაზმი ნელ-ნელა გაზარდა.
ძველი, მხარგრძელის დაყენებული მცველები ახლით შეცვალა და ამ მცირე სპის სათავეში ყოფილი
მონა, სიყრმიდან მის მცველად ნამსახური ეგარსლანი დანიშნა.
ტანბრგე, თავზეხელაღებული გოლიათი, ძაღლივით მეფის ერთგული ეგარსლანი ზვიადი და
ქედმაღალიც იყო. ლაშას გულისათვის ცეცხლში გადავარდებოდა, მაგრამ მეფის დიდებულთაგან
არავის თავისზე ღირსეულად არ ცნობდა და, თუმცა აშკარად არ ამჟღავნებდა, ფარულად მეფის ორგულ
დიდებულთა დამხობასა და საკუთარ აღზევებაზე ოცნებობდა.
ეგარსლანი გარეგნულად ისევ მხარგრძელს ემორჩილებოდა, მაგრამ მეფის უნებურს არაფერს
აკეთებდა, ამირსპასალარს ჭკუას არ ეკითხებოდა და თავისი შეხედულებით მოქმედებდა. მეფის
მცველი სპა ნელ-ნელა ათაბაგის ზრუნვისა და ზედამხედველობისაგან თავისუფლდებოდა.
@თავი მეხუთე. დიდვაჭრის ცოლი
სჯობს გამინათოს სული ღვინომ და შენმა შუქმა,
ვიდრე ამაო ღვთის ვედრებით დრო მოვკლა უქმად.
ომარ ხაიამი
აგერ რამდენი დღე გავიდა სამეფო კარზე ლუხუმის მოსვლიდან, ამ ხნის განმავლობაში იგი
აჩრდილივით ყველგან თან დასდევდა თავის სათაყვანებელ მეფეს.
ლაშას ღამე სასახლეში არ ეძინა. მეტწილად ქალაქგარეთ, ბაღებში იყო. სადაც წავიდოდა, ლუხუმს
თან წაიყვანდა, კართან მცველად დააყენებდა და შინ იშვიათად შეიყოლებდა. შუაღამემდე და ხშირად
დილამდის რჩებოდა ლაშა იმ კარს იქით, რომელსაც ლუხუმი იცავდა.
მიგრიაულს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა კარს მიღმა. დროდადრო სიმღერა და ქალების
კისკისი მოაღწევდა ხოლმე მის საგუშაგომდე.
ლუხუმი მეტწილად მეფის სამყოფლის კართან იდგა, წინ და უკან გადი-გამოდიოდა და ფიქრობდა...
ანკი სხვა რა უნდა ექნა ცოცხალ კაცს, საქმე არაფერი აწუხებდა და საათობით ისე როგორ გაძლებდა,
რომ ფიქრით რამდენჯერმე თავისი ლამაზი კახეთი არ შემოევლო, დედ-მამის სამშობლო კუთხე _ ფშავი
არ მოენახულებინა და, ბოლოს, თუშეთის გზაწვრილებს არ ასდევნებოდა და თავის სათაყვანებელ
ლილეზე არ ეოცნება.
მეფესთან ამბები მოჰქონდათ: მთელ საქართველოში დიდ ტაძრებსა თუ პატარა საყდრებში
მღვდელმთავრებმა და უბრალო ხუცესებმა კვლავ წარმართობის წინააღმდეგ იწყეს ქადაგებაო. ზოგი
იმასაც ამბობდა, მეფის სახელის აშკარა ხსენებას ვერ ბედავენ, თორემ ჩუმ-ჩუმად მეკერპეობის აღდგენას
მას სწამებენო.
ხალხში მითქმა-მოთქმა იყო, თითქოს მეფეს ლაშარის ხატში თავისი კერპი აღემართოს და ახლა
არმაზსა და ზედაზენზედაც წმინდა ნინოს მიერ დამხობილი კერპების აღდგენას შედგომოდეს.
დილით ადრე ადგა ლაშა, სადღესასწაულოდ გამოეწყო და წირვაზე წასასვლელად გაემზადა. დღეს
კათალიკოსს უნდა ეწირა და, როგორც გაგებული ჰქონდა, ქადაგებასაც აპირებდა.
სასახლეში მოსვლის პირველ დღეს რომ ნახა მიგრიაულმა, მერე აღარ გამოჩენილა შიო კაციტაისძის
ცოლი.
იმ დღეს, გათენებიდან უგუნებობა დაჰყვა ლუხუმს, ტანი ცუდს უაზრებდა და გაურკვეველის
უსიამო მოლოდინში იყო.
ჯაჭვის ახალი პერანგი ეცვა მიგრიაულს, ხელთ უზარმაზარი ფარ-შუბი ეპყრა და თავზე ლაპლაპა
მუზარადი ეხურა.
ვაჭართუხუცესის ცოლის დანახვისთანავე სახე აელეწა, დაიბნა, მუხლებში უღონობა იგრძნო და
თავი არ აუღია. ქალმა წინ გაუარა, წამით მზერა გააპარა და თვალი შეასწრო: კაციტაისძის ცოლს
არტაშანგაკრული მარჯვენა ხელი გულზე ეკიდა.
ლუხუმი შეკრთა, ერთხანს გონდაკარგულივით იდგა. მუხლები ციებიანივით უცახცახებდა და, რომ
არ წაქცეულიყო, ორივე ხელით შუბს დაეყრდნო.
თანდათან გონი დაუბრუნდა. თითქმის სიზმარივით დავიწყებული, აბანოში მომხდარი შემთხვევა
ხელახლა თვალწინ წარმოუდგა და გონებაში ერთხელ ჩაჭედილი კითხვა დაჟინებით მოეძალა:
_ ნუთუ ის იყო? ნუთუ?..
* * *
ხალხით გაჭედილ სიონის ტაძარში მაღალიც ბევრი იყო და დაბალიც, მაგრამ მეფის მცველი
ყველაზე ახოვნებს შორისაც მთელი თავით მაღალი ჩანდა. იგი ჭროღა, გამჭრიახი თვალებით
ათვალიერებდა იქ მყოფთ.
ყველაზე წინ, ზედ ამბიონთან ცალკერძ მეფე, ვარამ გაგელი და თორელები იდგნენ, ცალკერძ _
მხარგრძელი და მეფის დაი რუსუდანი.
ლუხუმი ხარბად აკვირდებოდა ჭაღარაშერეულ, ჭარმაგ ათაბაგს, მხარბეჭგანიერი და ტანსრული იყო
მხარგრძელი. თეთრგარეული შავი თმა-წვერი სანდომიან იერს აძლევდა ნახმლევებით გამკაცრებულ
მის სახეს.
მამობილის ფართო მკერდზე მიეყრდნო თავი რუსუდანს, ივანეს ცალი ხელი მხარზე მოეხვია
შვილზე მეტად საყვარელი აღზრდილისათვის და მშვიდი, გონიერი თვალებით სასოებაში წასული
შეჰყურებდა მფრინავი ანგელოსებით მოხატულ მაღალ ჭერს.
შალვა ახალციხელი მეფის ახლო იდგა. ჩაფიქრებულმა წამით თავი ასწია, მეფის ახალი მცველი რომ
შენიშნა, შორიდან გაუღიმა და მიესალმა.
ლუხუმს კმაყოფილებისაგან სახე გაებადრა, მეფის ახლობელთაგან თავიდანვე სხვაზე მეტად
მოსწონდა ახალციხელი. შალვა გულწრფელი იყო და პირდაპირი. მტრის მტრობაც აშკარა იცოდა და
მოყვრის სიყვარულიც. მეფე ალალი გულით უყვარდა და მისი ერთგული ადამიანების დაფასება თავის
მოვალეობად მიაჩნდა. შეუდრეკელი და ახოვანი იყო შალვა. ერთმანეთზე გადაბმული ხშირი წარბები
საავდრო ღრუბელივით გადმოხუროდა მის ორბულ ცხვირსა და დიდ შავ თვალებს. მარცხენა ლოყაზე
შუბის ნალეწისა თუ ნახმლევის ნაკვალევი ღრმა ფოსო აჩნდა. ეს მცირე ღილისოდენა ნაჭრევი
უხდებოდა კიდეც, სიმკაცრესა და სიდარბაისლეს მატებდა მუდამ გასაღიმებლად გამზადებულ მის
სახეს. მღელვარების, სიხარულის ან აღტაცების წუთებში ეს პატარა ფოსო შეუტოკდებოდა,
ვერცხლისწყალივით აუთამაშდებოდა და სახის ნახევარს მოსტაცებდა ხოლმე.
ახლაც, მეფის მცველიდან მზერა მხარგრძელზე გადაიტანა თუ არა, მაშინვე სახის მარცხენა
ნახევარმა უწყო თამაში.
ასე იდგა ხოლმე ამბიონის წინ მხარგრძელი ძველადაც, მშვიდი და უდრტვინველი, მხოლოდ მაშინ
ცალ მხარეს რომ რუსუდანი ედგა, მეორეს თამთა უმშვენებდა.
უწყალოდ მოიგლიჯა მკერდიდან ღვიძლი შვილი დიდებისმოყვარე მხარგრძელმა და შორს, სადღაც,
ვანის ტბის ნაპირებზე გადაჰკარგა, საქართველოს უტურფესი ასული ურჯულო სპარსელებს ჩაუგდო
ხელთ და ცოცხალიცა და მკვდარიც წასაწყმედად გაწირა.
შორიდან დროდადრო ამბები მოჰქონდათ, თითქოს თამთა თავის ქმარს, ეგვიპტის სულტნის ძეს,
მელიქ აუჰადს გაგიჟებით უყვარდა და მხარგრძელის ასულს ქმარზე და ქვეყნის საქმეებზე უსაზღვრო
გავლენა ჰქონდა. ხლათელებმა თურმე თავიანთ სათაყვანებელ დედოფალს „გურჯიეთი“ უწოდეს და
მის საქებრად ლექსებსა და სიმღერებს თხზავდნენ. მასზე გამიჯნურებული ვაჟკაცების უთვალავ რიცხვს
მელიქ აუჰადის უმცროსი ძმა, უფლისწული აშრაფიც მიმატებია, სამყოფთაგან გაჭრილა და ახლა ჩუმად
თავისი ძმის სიკვდილზე ოცნებობს, რომ ულამაზეს დედოფალს დაეპატრონოსო.
სჯეროდა შალვას, რომ ყოველივე ეს მართალი იქნებოდა, რადგან თამთას სილამაზე და გონიერება
მან სხვაზე უკეთ იცოდა, მაგრამ თამთას გულშიც ხომ სხვაზე ღრმად იყო ჩახედული ახალციხელი და
როგორ დაიჯერებდა, რომ ის გული მისთვის ასე მალე გაცივდებოდა.
სიყვარულისაგან გახელებულ, წმინდა საყდარში მდგარ შალვას თავში ბოროტი ფიქრები
უტრიალებდა. ფიქრიდან მგალობელთა გუნდის გალობამ გამოარკვია.
ამბიონზე კათალიკოსი შედგა, ტაძარში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მლოცველთ სამგზის
ჯვარი გარდასახა კათალიკოსმა.
ათაბაგმა პირჯვარი გადაიწერა და გულზე მოწამესავით დაიკრიფა უზარმაზარი ხელები.
შალვამ ისევ სასოებაში გადასულ ათაბაგს შეხედა, მისი წარსული გაიხსენა და თვალწინ დაუდგა
„რჯულისათვის მისი თავდადება“.
ადვილად დათმო სომეხთა სარწმუნოება მხარგრძელმა. ანგარიშმა სომხურად მონათვლა უკარნახა
მის წინაპრებს, ახლა ანგარიშმავე მიაღებინა ივანეს ქართული მართლმადიდებლობა და ისე იოლად
მოინათლა ჩვენს რჯულზე, თითქოს ტანსაცმელი გამოეცვალოს.
რამდენჯერ უფიქრია შალვას, რომ ვაჟკაცი ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი იყო. რაც არ სწამდა,
არ ირწმუნა. მხედრული პირდაპირობით მეფეების წინაშე უარი თქვა აღსარების გამოცვლაზე და,
თუმცა ქართულ ეკლესიაში გადმოსვლა ბევრ ახალ სიკეთეს უქადდა, მაინც სომხურ რჯულზე დარჩენა
არჩია.
კათალიკოსი თანდათან ხმას უმატებდა. კერპთაყვანისმცემლობას გმობდა და შეჩვენებას
უგზავნიდა.
ძველი აღთქმის გაკვეთილები გაახსენა მორწმუნეებს, ღვთის მიერ ბომონთა და კერპთა შემუსვრის
არა ერთი მაგალითი მოიყვანა.
მეფე გაოცებული უყურებდა მოხუცი კათალიკოსის გაკაპასებას და სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა.
ბიზანტიური და ქართული ნეოპლატონიზმის მსოფლმხედველობაზე აღზრდილი ლაშა უძღები
ეპისკოპოსებისა და ბერების ქრისტიანობას უმეცართა თავშესაფარად, დავრდომილთა და მიხრწნილთა
სარწმუნოებად თვლიდა.
ქეიფისა და დროსტარების მოყვარული ჭაბუკი მეფე ხორცის დათრგუნვის ქრისტიანულ
მოძღვრებაში მიმზიდველს ვერაფერს ხედავდა.
სამაგიეროდ, მშვენიერებისა და ვაჟკაცობის ტრფიალ ლაშას ძველი ქართული წარმართული
რელიგია უაღრესად პოეტური ფერებით ეხატებოდა თავისი გულუბრყვილო ალეგორიებით,
ბრწყინვალე დღესასწაულებითა და პროცესიებით, ძალისა და ვაჟკაცობის ზეიმით.
იგი ქართულ წარმართობას გმირების რელიგიას ეძახდა, ხოლო ქრისტიანობა ბუნებით მონებისა და
გლახაკების სარწმუნოებად მიაჩნდა.
მეფე გულისტკივილით ხედავდა, როგორ იჩაგრებოდა და იდევნებოდა ქრისტეს ეკლესიის მიერ
გმირობისა და რაინდობის მომღერალი სარწმუნოება.
ბარად ეს სარწმუნოება თითქმის უკვე გამქრალიყო და ახლა მიუვალ მთებშიღა ითქვამდა სულს.
იქაც, ეკლესიის მოძალების შედეგად, ქრისტეს რჯულთან შეგუებითა და დათმობითღა
იხანგრძლივებდა არსებობას.
ქრისტეს სარწმუნოების მქადაგებლები თვითონ მიდიოდნენ ამგვარ დათმობაზე იქ, სადაც ძალით
ვერაფერს აწყობდნენ. მთვარისა და მზის ღვთაებათა წარმართულ დღესასწაულებს წმინდა გიორგისა და
ღვთისმშობლის სახელით იხდიდა ხალხი და ხევისბერებისა და ქადაგმკითხავების გვერდით ხშირად
ხუცესები ქრისტიანულ წირვა-ლოცვას ატარებდნენ.
ერთ დროს ახლისათვის მებრძოლი ქრისტეს ეკლესია, ახლა თვით ებრძოდა ყოველივე ახალსა და
მოწინავეს. მისი მსახურნი ასკეტიზმსა და ღვთის მორჩილებას უქადაგებდნენ მრევლს, თვითონ კი
ყველას დასანახავად განცხრომასა და ფუფუნებაში ეჯიბრებოდნენ ერისაგანთ _ მთავრებსა და
დიდებულებს, კარისკაცებსა და დიდვაჭრებს.
საქართველოს ეკლესია ერთნაირი ფანატიზმით ებრძოდა სომხურ გრიგორიანობასა და ქართულ
წარმართობას.
განათლებული მეფე სასაცილოდ იღებდა ეპისკოპოსთა გაუთავებელ კამათსა და თავგამოდებას და
თვითონ ყველა სარწმუნოებისადმი შემწყნარებლობას იცავდა: არა მარტო ლამპრობასა და ლაშარობაში
იღებდა მონაწილეობას, არამედ სომხურ ეკლესიასა და მაჰმადიანურ მიზგითშიც თავისი ფეხით
მიდიოდა.
ყველა ამ საინტერესო თუ მოსაწყენ რიტუალში მეფეს უფრო გარეგნული მხარე იზიდავდა.
სექტანტებისა და დოგმატიკოსების დაუსრულებელ ჩხუბს მასხრად იღებდა, ხოლო სარწმუნოებათა
გამო ატეხილ ომებს აგდებულად უყურებდა.
თავად მეფე არც ერთ სარწმუნოებაზე ბოლომდე მტკიცედ არ მდგარა.
ახალი რწმენა უცებ აღაფრთოვანებდა ხოლმე, მაგრამ უცებვე მოაბეზრებდა თავს. ნეოპლატონიზმით
გატაცებული, ერთხანს სუფიებს დაუკავშირდა, მაგრამ სუფისტური ასკეტიზმისაგანაც ისევე მალე
იბრუნა პირი, როგორც ქრისტიანულისაგან. ჭაბუკ მეფეს, რომელსაც ცალ ხელზე მიმინო უჯდა და
ცალი ხელით ცხენდაცხენ ყანწის დაცლა ჰქონდა ჩვეულებად გადაქცეული, ომსა, ნადირობასა და
ხიფათებში დავაჟკაცებულ უფლისწულს, რომელსაც ლამაზი ქალის ერთი გამოხედვა ქვეყანას ერჩია,
ყურანზე მეტად ომარ ხაიამის სიბრძნე იზიდავდა, ხოლო ქრისტიანული დოგმების ზეპირობას,
დედანში ჰომეროსის კითხვას არჩევდა.
კათალიკოსი თანდათან ხმას უმაღლებდა, რომაელთა უწმინდური სარწმუნოების განქიქებას
ბერძენთა მეკერპე მეფის ივლიანეს ამბავი მოაყოლა, წარმართობისაკენ განათლებული ადამიანების
მობრუნება ველურობისა და პირველყოფილობისაკენ დაბრუნების უგუნურ ცდად წარმოადგინა.
კათალიკოსის მსჯელობამ თანდათან მიიზიდა და დაიპყრო მეფის ყურადღება. მას თვალწინ
წარმოუდგა იმპერატორ კონსტანცისაგან დევნილი, ლეგიონერების მიერ ფარზე აყვანილი და
იმპერატორად გამოცხადებული განათლებული და შემმართებელი ივლიანე. ლიბანიოსისა და
ედესიოსის მოწაფე იმპერატორი გაბედულად შეუდგა მისთვის საძულველი ქრისტიანობის წინააღმდეგ
ლაშქრობასა და წარმართობის აღდგენას. პოეტურად აღგზნებული იმპერატორი სინამდვილისაგან
მოწყვეტილი აღმოჩნდა და გმირულად დაეცა „ვაჟკაცობისა და სილამაზის“ სარწმუნოების
აღდგენისათვის კეთილშობილურ ბრძოლაში.
ლაშას ფიქრადაც არ მოსვლია, თავისი ნიჭი და შესაძლებლობა ძლიერი და განსწავლული
იმპერატორის ნიჭსა და შესაძლებლობაზე მაღლა დაეყენებინა. ის, რაც ყოვლისშემძლე
იმპერატორისათვის აღმოჩნდა მიუწვდომელი, მისთვის უმეტესად ძნელი და შეუძლებელი იქნებოდა.
გული სტკიოდა მეფეს იმპერატორის უღონობაზე, რომელსაც ისტორიის ჩარხის ბრუნვამ იმ ჩარხის
უკან შემოსაბრუნებლად ჩაჭიდებული მძლავრი ხელები მიამტვრია.
მით უფრო გულისტკივილით შეჰყურებდა იგი საკუთარ უღონობას. მას წარმართობის აღდგენა და
ოფიციალურ რელიგიად აღიარება არც უფიქრია, მაგრამ ეკლესიისაგან ხალხის რწმენის დევნასაც ვერ
ურიგდებოდა რწმენის თავისუფლების მომხრე მეფე.
დიდებულები და სამღვდელოება ეკლესიის ავტორიტეტს იცავდნენ და წარმართობის ყოველგვარ
გამოვლინებას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ. თვითონ შალვა ახალციხელიც კი, მეფის
უახლოესი თანამზრახველი და თანამდგომელი, ურყევად იდგა ქრისტეს სარწმუნოებაზე და
საქართველოს შემდგომ წარმატებასა და დიდებას ქრისტიანობის განმტკიცებაში ხედავდა. და თუ მაინც
მეფესთან ერთად ესწრებოდა ხოლმე სახალხო დღესასწაულებს, ამას უფრო ხალხის სიყვარულის
მოსაპოვებლად და ათაბაგის გამოსაწვევად სჩადიოდა.
ქადაგობის ეშხში შესულმა კათალიკოსმა ცოცხლად დაუხატა მსმენელებს ივლიანე განდგომილი:
თავნებად და უზნეოდ წარმოადგინა იმპერატორი. უჩვეულო გამოცოცხლებით ლაპარაკობდა
საქართველოს ეკლესიის მეთაური მეკერპე იმპერატორის გუნებასა და ხასიათზე, გარეგნობასა და
ქცევაზე. და ლაშა-გიორგი შინაგანად გრძნობდა, რომ კათალიკოსი საქართველოს მეფის ნაცნობ სურათს
უხატავდა მსმენელებს.
ეტყობოდა, იქ მყოფ დიდებულთაგანაც ბევრი ჩასწვდომოდა კათალიკოსის ქარაგმას, თავი მეფისაკენ
მოებრუნებინათ და მისი სახის მცირედი მოძრაობის ფარულად თვალის დევნებით ცდილობდნენ
ნათქვამით მოხდენილი შთაბეჭდილების დაჭერას.
მეფე კი იდგა თავაწეული, ყურადღებით უსმენდა ქადაგებას და, თითქოს მას არაფერი ეხებაო,
არხეინი, დამცინავი ღიმილით შეჰყურებდა გაფოფრილი მოხუცის თვალთაგან ცეცხლის ფრქვევას.
კათალიკოსი აშკარად იწვევდა საბრძოლველად ვიღაც ძლიერსა და ძალაუფლებით
გაამპარტავნებულს, რომელსაც დავიწყებოდა, რომ ამქვეყნიური ხელისუფლება დროებითია და
უმაღლესი ხელისუფალი იქ, მაღლა არის, ყოვლისმცოდნე და ყოვლისმხედველი, დაუსაბამო და
უსასრულო ღმერთი.
კათალიკოსი კიდევ უფრო გაცხარდა, უკანასკნელად დაარისხა ქრისტეს რჯულის უარმყოფელები,
ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლითა და სამუდამო წაწყმედით დაემუქრა ვიღაც უძღებსა და
ქრისტესაგან მიდრეკილს.
_ ხოლო ისარმან ზეცისამან მოკლას იგი! _ ხელაპყრობით შეღაღადა კათალიკოსმა და წამით
ჩამოვარდნილ სამარისებურ სიჩუმეში უცებ გაისმა ვაჟკაცის ომახიანი ხმა:
_ ნუ იყოფინ, უფალო!
კათალიკოსს ხმა ჩაუწყდა და სახე გაუფითრდა. მრისხანედ მოიხედა. მუხლზე დაცემული,
ხელაპყრობით მოღაღადე ათაბაგი რომ დაინახა, გაშრა.
_ ნუ იყოფინ, უფალო! არა გარდამოავლინო რისხვა შენი ქართველთა ზედან, იხსენ და დაიფარე მეფე
ჩვენი გიორგი!
მლოცველები ერთი კაცივით მოსწყდნენ, მუხლებზე დაეცნენ და სასოებით გაიმეორეს მხარგრძელის
ღაღადისი:
_ ნუ იყოფინ, უფალო! არა გარდამოავლინო რისხვა შენი ქართველთა ზედან, იხსენ და დაიფარე მეფე
ჩვენი გიორგი!
ტაძარში ორნიღა იდგნენ ფეხზე _ მეფე და კათალიკოსი. ხაფანგში მომწყვდეულივით იყო მეფე. იგი
მიხვდა, რომ ათაბაგის ღაღადისმა საფარველი ახადა კათალიკოსის გულისნადებს, ქარაგმა ახსნა და
მთელი მრევლის წინ სააშკარაოზე გამოიყვანა ქრისტეს სარწმუნოებისაგან მიქცეული საქართველოს
მეფე.
ორნი იდგენ ფეხზე _ ჭაბუკი მეფე და კათალიკოსი. გაფოფრილი კრუხივით შეჰყურებდა
მღელვარებისაგან აცახცახებული კათალიკოსი ქორივით გამომზირალ ამაყ მეფეს.
წამით შეტოკდა ლაშა. ის იყო, გადაწყვიტა თვალებდაკუსული მოხუცისათვის ზურგის შექცევა და
ტაძრიდან გასვლა, მაგრამ მუხლზე სასოებით დაცემულ, მისი დღეგრძელობისათვის გულმხურვალედ
მლოცველ ამდენ ხალხს რომ შეხედა, გაქვავდა. უცებ მიხვდა, რომ მისი წასვლა ათაბაგსა და
კათალიკოსს ახლა ყველაზე მეტად გაახარებდა, ხოლო მისი ტახტისა და პიროვნების ერთგულ
თაყვანისმცემლებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეურაცხყოფდა და გულს გაუტეხდა.
მუხლები უკანკალებდა მეფეს, მცირე ბიძგიღა უნდოდა, რომ ძირს უღონოდ დაცემულიყო. და ეს
ბიძგიც უცებ იგრძნო უკვე მოშვებულმა და ბავშვივით სატირლად გამზადებულმა ლაშამ. ჩაჩოქილი
ახალციხელის ხელები სხვების შეუმჩნევლად მოეხვია მის ფერხთ და მეფე მოწყვეტით დაეშვა
მუხლებზე.
თავი რომ აიღო, კათალიკოსი ვეღარ დაინახა, საკურთხეველში შებრუნებულიყო.
უსაზღვროდ მადლიერი თვალით უყურებდა ახალციხელი მეფეს და განა მარტო ახალციხელი,
თითქმის ყველა იქ მყოფი, რომელთაც ამ წუთიერი, მაგრამ უმძიმესი ბრძოლის აზრი გაიგეს და
განიცადეს.
მხოლოდ ათაბაგი დარჩა ძველებურად მშვიდი და უდრტვინველი.
ცივი და მიუკარებელი გამოხედვით იგი მთლიანად გამოთიშოდა იქ მყოფთა საერთო
განწყობილებას, თითქო მის გარეშე და მისგან შორს მომხდარიყოს ერთი წუთის წინ დატრიალებული
შფოთი.
* * *
ზიარების უკანასკნელი მიმღებნი მიდიოდნენ კათალიკოსთან და სულ ბოლოს ზიარების
მთხოვნელი უზარმაზარი ვაჟკაცი რომ აეყუდა თვალწინ, მხოლოდ მაშინ გამოერკვა მრევლის
დალოცვით გატაცებული კათალიკოსი.
ლუხუმის დანახვამ მაშინვე მეფე გაახსენა და უცებ გამოცოცხლებული თვალები სწრაფად
შემოატარა ტაძარში.
მეფე აღარსად ჩანდა, ტაძრიდან უზიარებლად და კათალიკოსის ხელზე უმთხვევლად გამქრალიყო.
მეფეს რომ ტაძარში კათალიკოსის თვალები ამაოდ დაეძებდნენ, იმ დროს ლაშა თავისი საყვარელი
ხათუნის _ დიდვაჭარ ჰამადავლეს ცოლის ალერსით იყო გართული და სიბერისაგან მიხრწნილი
კათალიკოსის დამჭკნარი ხელის ნაცვლად მთელ ქალაქში სილამაზით განთქმული ქალის გულ-მკერდს
კოცნიდა.
ტაძარში შეურაცხყოფილ ლაშას წირვის ბოლოს მიზეზიანი ბავშვივით მოუნდა მღვდელმთავრის
გაბრაზება და ამით მაინც მცირე სამაგიეროს გადახდა. სხვა ვერაფერი მოიგონა და ჩუმად, ზიარების და
დალოცვის მიუღებლად გამოიპარა ტაძრიდან.
ახლა ამ ამბავს სიცილით უყვებოდა მის მკლავზე ნებივრობით უზომოდ ბედნიერ ხათუნს და თან
ზემო ტუჩთან ამოტვიფრულ პატარა ხალს უკოცნიდა.
_ ხელზე, ჯერ ხელზე მემთხვიე, მეფევ ბატონო! _ კისკისით ეუბნებოდა ვნებისაგან თვალმიბნედილი
ხათუნი, _ ოღონდ ეგრე გიჟურად ნუ მკოცნი, წყნარად, სასოებით მემთხვიე, ვითომ კათალიკოსი ვარ.
ლაშამ ხათუნის ხელი აიღო, სანთელივით ჩამოქნილ თითებს დახედა _ ამ ხელს მთელი ქვეყნის
კათალიკოსები და ხუცები დაენაცვლონო, გულწრფელად, სიცილით უთხრა და გრძელი, ვნებიანი
კოცნით დაეწაფა.
* * *
ამ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა თბილისში მაიმახი ჰამადავლე თავისი ულამაზესი ცოლით.
პირველად ავეჯის დიდი სავაჭრო გახსნა წყალგაღმა _ სასახლის პირდაპირ.
მეფეს და მის მსახურთ თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევიათ ამ ახალი სავაჭრო
სახლისათვის: ხალხი ჩვეულებრივ შედიოდა სავაჭროში და საწოლებს, მაგიდებს, სკამებსა და ტახტებს
ყიდულობდა. ოღონდ ეს კი იყო, რომ უფრო ჭაბუკები ეტანებოდნენ ავეჯის სახელოსნოსა თუ სავაჭროს,
ცხენიდან ჩამოხდებოდნენ, სავაჭროში შევიდოდნენ და დიდხანს, ხშირად ძალიან დიდხანს ელოდნენ
მათ მობრუნებას სავაჭროს ბოძთან თავჩამოკრული ცხენები.
მეფეს ერთხელაც არ შეუხედავს ამ სავაჭროში და იქნებ გვიანამდე ვერც გაეგო, რა თაფლი იზიდავდა
ამოდენა ფუტკარს.
მაგრამ ერთ დილას მოგვიანებით ამდგარი თავის საპატიო სტუმართან შირვანშასთან იმ დღის
დროსტარების გეგმებს რომ აწყობდა, სარკმელში გაიხედა და სტუმარს დაანახა ტაბახმელისკენ
მიმავალი გზა, სადაც იმ დღეს უნდა ექეიფათ.
უცებ სავაჭროში დარაბებთან აყუდებულ კუბოებს მოჰკრა თვალი. სახე სიბრაზისაგან გაუფითრდა
და, შირვანშას რომ არ დაენახა, წამსვე კოზიმიტი დაუშვა.
ცოტა ხნის მერე, მარტო რომ დარჩა, მანდატურთუხუცესი იხმო, ავეჯის სავაჭროს წინ გამოფენილ
კუბოებზე მიუთითა და გამწყრალმა ჰკითხა:
_ ეს რას ნიშნავს?
_ ქალაქში ჭირი გაჩნდა, მეფევ ბატონო, _ შეწუხებული სახით მოახსენა მანდატურთუხუცესმა.
_ როდის? რატომ ადრე არ მომხსენდა?
_ ხუთი დღის ამბავია. ჯერ რამდენიმეს შეეყარა, ექიმები მოტყუვდნენ, იოლი სენი ეგონათ.
უკანასკნელ დღეებში მთელ ქალაქს მოედო, სასნეულოები აივსო. სწორედ დღეს უნდა მოგვეხსენებინა.
მეფე შეწუხდა, აღელვებულმა გაიარ-გამოიარა. მერე ისევ სარკმელში გაიხედა და
თავმოუბრუნებლად უბრძანა მანდატურთუხუცესს:
_ ეგ კუბოები ააღებინეთ, რომ თვალში არ გვეჩხირებოდეს, ხომ ხედავ, როგორი სტუმარი გვყავს.
ექიმბაშს მიხმე, სასნეულოები მინდა მოვინახულო.
მანდატურთუხუცესმა ავეჯის სავაჭროსაკენ მანდატურები აფრინა. მეფე ისევ სარკმლიდან
უყურებდა: მანდატურები კარგა ხანს დარჩნენ მეკუბოვესთან. მერე უკან გამობრუნდნენ. ცოტა ხნის
შემდეგ თვითონ მანდატურთუხუცესი მიადგა სახელოსნოს თავისი ოქროს არგნით.
მანდატურთუხუცესი დაყოვნდა. უკან რომ მობრუნდა, ქუჩის პირამდე ქალმა მოაცილა. ვაზირი
ერთხანს რაღაცას ელაპარაკებოდა, ოქროს არგანს წამდაუწუმ მაღლა აქნევდა, ბოლოს თავდახრით
გამოემშვიდობა და სასახლისაკენ სწრაფი ნაბიჯით გამოქანდა.
მეფე შორიდან ხედავდა: მანდატურთუხუცესის მისვლამ სულაც არ იმოქმედა, კუბოები ისევ ქუჩის
პირად დარჩა აყუდებული, ხოლო ის ქალი, რომელმაც მეფის ვაზირი გამოაცილა, სავაჭროს წინ ტახტზე
იჯდა არხეინად.
_ სავაჭროს პატრონმა ქალმა მთხოვა, მეფემ თვითონ მიბრძანოს, თქვენს ნათქვამს არ ვერწმუნებიო, _
ღიმილით მოახსენა მანდატურთუხუცესმა.
ლაშამ შუბლი მრისხანედ შეიკრა და გაოცებით შეხედა თავხედ ვაზირს.
მანდატურთუხუცესი დაიხარა, მეფეს კალთაზე ემთხვია და ჩურჩულით უთხრა:
_ ქალის უნახავი გაგვხადა, მეფევ! მსგავსი მშვენება არც თვალით გაგვიცდია და არც ნახატად
გვინახავს.
ჭაბუკი მეფე უცებ გამოცოცხლდა. სასახლიდან მარტო გამოვიდა და სავაჭრო სახლისაკენ ჩქარი
ნაბიჯით გაემართა.
აქლოშინებული მანდატურთუხუცესი ძლივს ეწეოდა წინ მიმავალ მეფეს.
მეფის მისვლა რად უნდოდა იმ კუბოების აღებას, ვაზირი თავის მანდატურებს შეუსევდა სავაჭროს
და რამდენიმე წამში გააქრობდა, მაგრამ ეშმაკი მსახური სავაჭროს პატრონის დანახვისთანავე მიხვდა,
რომ ამ ქალთან ჩხუბში მეფე მის მხარეზე არ იქნებოდა.
ქალის გასაოცარი სილამაზით დაბნეულმა მანდატურთუხუცესმა ხეირიანად ვერც კი უბრძანა
კუბოების დაუყოვნებლივ აღება. პირიქით, თვითონ დაემორჩილა ამ უმშვენიერესი ქალის სურვილს და
თავის სიცოცხლეში პირველად გაბედა ასეთი თავხედობა _ მეფეს ვიღაც ვაჭრის ცოლის ხლება სთხოვა.
ახლა, მეფეს რომ იწვევდა, თან წინასწარ ხარობდა, ვაამებო, თან მუხლები ეჭრებოდა, ვაითუ, იწყინოს
და სულ დავიღუპოო.
მეფემ სავაჭრო სახლის წინ ნაბიჯი შეანელა და ბოლოს გაშტერებული შეჩერდა.
ლამაზი ქალის მეტი რა ენახა ლაშას, მაგრამ ეს, ახლა რომ კეკლუცი ღიმილით შეეგება, მანამდე
ნახული ყველა ქალის მშვენიერებას ავიწყებდა.
_ მობრძანდით, დიდო მეფევ, მადლობა უფალს, რომ ღირს გვყავ თქვენი ნახვისა! _ უთხრა
ახალგაზრდა ქალმა და მეფემ თვალი ვერ გაუსწორა უჩვეულო სილამაზეს.
მასპინძელმა სავაჭრო სახლში შეიწვია მეფე. საოცარი მშვენიერების წინაშე უღონოდქმნილი ლაშა
თვალმოუცილებლად მიჰყვებოდა უკან ტანის რხევით მიმავალ ქალს.
კართან დარჩენილი მანდატურთუხუცესი მიხვდა, რომ გუმანმა გაუმართლა და გაიმარჯვა.
ლაშა დიდხანს არ გამობრუნებულა სავაჭრო სახლიდან.
იმ დღიდან ლაშა სავაჭრო სახლის მუდმივი, მაგრამ ფარული მუშტარი გახდა. იგი ყოველღამ და
ზოგჯერ დღისითაც ჰამადავლეს სახლში საიდუმლო შესასვლელით შედიოდა და დიდხანს, ზოგჯერ
დილამდისაც კი რჩებოდა.
რა შეუსაბამობა იყო! მაშინ, როცა წინ, სავაჭროში, თვალცრემლიანი ჭირისუფლები კუბოებს
ყიდულობდნენ და მიცვალებულ ნათესავებს ოხვრით უმზადებდნენ იმქვეყნიურ სახლ-სამყოფელს,
სავაჭრო სახლის უკანა მხარეს ძვირფას ნოხებსა და სტავრა-აბრეშუმებში ჩაფლული მიჯნურები
სიყვარულის ნექტარს ეწაფებოდნენ და ამქვეყნიური ბედნიერებით ტკბებოდნენ.
სიყვარულით გაბრუებული თუ დაბრმავებული მეფე ვეღარც კი ამჩნევდა, რომ სავაჭროს წინ
კუბოები არათუ გაქრა, როგორც მისი ადრინდელი სურვილი იყო, არამედ მათმა რიცხვმა ერთიათად
იმატა, სავაჭრო სახლიც თანდათან გაფართოვდა, მეზობელი ქულბაქები შემოიერთა და თითქმის მთელ
უბანზე გაბატონდა.
ქალაქში ჭირი მძვინვარებდა. ამდენი ხალხის გლოვა და ტირილი მხოლოდ ჰამადავლეს გულს
ახარებდა, რომელსაც მთელი ქალაქის კუბოებით ვაჭრობა ჰქონდა ხელთ ჩაგდებული. აღებ-მიცემისა და
ფულის მოგების ეშხში შესულს თავისი ლამაზი ცოლი აღარც ახსოვდა.
ასე, ალბათ, მისი თანაშემწეები და ნოქრები ფიქრობდნენ, თორემ ჰამადავლე აგრე გულუბრყვილო
როდი იყო, რომ თავისი გამდიდრებისა და წარმატების ფარული მიზეზი არა სცოდნოდა.
იგი ყურს იყრუებდა და თვალს იბრმავებდა ცოლის მიჯნურის ბრწყინვალების წინაშე. უფრო მეტიც,
ყოველნაირად ხელს უწყობდა ხათუნს მეფის მიღებასა და გამასპინძლებაში. საათობით და ზოგჯერ
მთელ ღამესაც შინ არ ბრუნდებოდა და მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდა ჭაბუკი მეფის
სიყვარულით გაგიჟებულ ხათუნს.
არავინ იცოდა ამ კაცის ასავალ-დასავალი. ზოგს სომეხი ეგონა, ზოგი სპარსელად თუ ბერძენად
თვლიდა. მთელი ქვეყანა მოვლილი ჰქონდა და რამდენიმე ხალხის ენა და ზნე იცოდა.
შესახედავად დუხჭირი ჰამადავლე ცალი ფეხით ხეიბარიც იყო და როცა ქუჩაში გაშეშებულ ფეხს
მოათრევდა, შურით გასიებული ვაჭრები ენამწარედ იცინოდნენ _ ეგ ფეხი ათასების მოსახვეტად აქვს
გაშვერილიო.
მისი სიმდიდრე ხომ ბევრს ეხარბებოდა, მაგრამ უფრო მეტს ხათუნის ზღაპრული მშვენიერება
შურდა. ვერ აეხსნათ და ვერ ჩამხვდარიყვნენ, თუ რას უნდა აეძულებინა ეგზომ ლამაზი ქალი, რომ ამ
ხორცითა და სულით მახინჯი კაცის ცოლი გამხდარიყო.
იქნებ სიმდიდრეს? მაგრამ რომელი მდიდარი კაცი იტყოდა ხათუნის ქმრობაზე უარს. ათას მიზეზს
დაასახელებდნენ, ათას საბუთს მოიშველიებდნენ, მაგრამ კითხვა ისევ აუხსნელი რჩებოდა, და ბოლოს,
იმ აზრზე დადგებოდნენ, რომ ყველაფერს ბედი უნდა, თუ კაცს ბედი აქვს, მისთვის არც გარეგნობას აქვს
მნიშვნელობა, არც წარმოშობასა და არც სიღარიბეს.
ბევრს პირველად ისიც ვერ გაეგო, თუ რატომ წამოჭიმა სავაჭრო სახლი ჰამადავლემ ესოდენ
თვალსაჩინო ადგილას. მიხვედრით იცოდნენ, რა ძვირი უნდა დასჯდომოდა ასეთი ადგილის შოვნა.
მეფის რამდენი მოხელე უნდა მოესყიდა, ქალაქის მეურვეებთან რამდენი ქრთამი უნდა დახარჯოდა ამ
ფულის გიჟს და მერე რისთვის?
ასე მსჯელობდნენ ისინი, ვინც ჰამადავლეს რთულ ანგარიშს ვერ მისწვდომოდნენ. რა იცოდნენ
გულუბრყვილოებმა, რა კაკანათს აგებდა ჰამადავლე სასახლის წინ, რა ჩიტს დასვამდა მიმინოს
მოსატყუებლად და რამოდენა მტაცებელს გააბამდა ამ პატარა სავაჭროს ქსელში.
როცა ჰამადავლე დიდვაჭრებში გაერია და ჩურჩულით მისი გამდიდრების ნამდვილ მიზეზებზე
დაიწყეს ლაპარაკი, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ მის ანგარიშს. მაშინ გაიგეს, რა ძვირად აფასებდა თავის
სილამაზეს მახინჯი ჰამადავლეს მშვენიერი ცოლიც.
პირველად რომ ნახა ჰამადავლე, მეფეს გული აერია. უცებ მისი ხათუნის უმშვენიერესი თავი
დუხჭირ ჰამადავლეს ჩავარდნილ მკერდზე მისვენებული წარმოიდგინა. უნდოდა, იქვე გაეგლიჯა,
მაგრამ თავი შეიკავა და პირი იბრუნა საზიზღარი სანახაობისაგან.
მთელ დღეს ფიქრობდა თავისი სიყვარულის უიღბლობაზე. ერთი ისიც გაიფიქრა, მაგასთან ნაწოლ
ქალს როგორ მივეკარებიო, მაგრამ საღამოს გულმა ისევ ხათუნისაკენ გაუწია და მისი მშვენიერების
შუქში დადნა, დაიკარგა კოჭლი ჰამადავლეს საშინელი ჩვენება.
დროდადრო ეს ჩვენება ისევ თვალწინ დაუდგებოდა ბედნიერ მიჯნურს, თავდავიწყებიდან
გამოიყვანდა და მეფე გულისნადებს გაანდობდა ხოლმე ხათუნს:
_ მოვკლავ, ან მოგაშორებ! ისე დავკარგავ, კაცმა ვერ გაიგოს მაგის გზა-კვალი!
_ ნუ, გენაცვალე, ნუ იქმ, თუ ჩემი სიცოცხლე გინდა, _ შემოეხვეოდა ყელზე თვალცრემლიანი ქალი. _
რომ იცოდე, რა ამაგი აქვს ჩემზე, მაგას აღარ იტყოდი, _ აქვითინდებოდა ხათუნი.
გულმომბალი ლაშა ჯერ მის დამშვიდებას მოუნდებოდა, მერე ისევ ალერსს დაუბრუნდებოდა და
ჰამადავლეს გულისამრევი ლანდი ისევ სიყვარულის ბურანში იძირებოდა.
@თავი მეექვსე. ზღვათა მპყრობელი
შორს, ცის დასალიერზე თეთრი აფრა გამოჩნდა.
საქართველოს ნაპირებს ვენეციის არმადა უახლოვდებოდა.
ჰორიზონტზე თანდათან გამოიკვეთა უთვალავი ანძა. ქარისაგან აშლილი ღრუბლებივით ჯარად
წამოვიდნენ გაბერილი აფრები და ცისკიდური თეთრად გადაიპენტა.
ნავსადგურიდან ქართველთა ხომალდები გავიდნენ სტუმრების შესაგებებლად.
მეფეს მოახსენეს, რომ ვენეციის დოჟის ელჩი ნავსადგურს უახლოვდებოდა.
ლაშა მაღლობზე ავიდა.
მის თვალწინ წარმტაცი სანახაობა გადაიშალა: უზარმაზარი ხომალდები იშვიათი წესრიგით
მოირწეოდნენ. გალერებზე ნიჩბები ისე მწყობრად ირხეოდნენ, გეგონებოდა, უთვალავი თოლია ერთად
იქნევს ფრთებსო.
სტუმრების შესაგებებლად გასული ხომალდები ვენეციის უზარმაზარმა ფლოტმა თითქოს
მოახლოებისთანავე ჩაყლაპა. მაღალი ანძებისა და იალქნების ტყეში ქართველთა გემები უმალვე
შთაინთქა და ჩაიკარგა.
ლაშა გაოცებული უყურებდა დასავლელ ზღვის მბრძანებელთა ძლევამოსილ არმადას.
აი, ვინ დასცა თურმე ბიზანტიის სატახტო. ანკი როგორ არ დასცემდა, რა სიმაგრე აღუდგებოდა წინ
ამდენ ხომალდს, როცა თითოეული მათგანი თავად არის ლოდსატყორცნებით აღჭურვილი და
უძლეველი ლაშქრით სავსე მიუდგომელი სიმაგრე.
აი, ასეთი ხომალდები უნდა ჰყავდეს საქართველოსაც და მაშინ მარტო ხმელეთზე კი არა,
ზღვაზედაც აღარავინ ეყოლებოდა მეტოქე ქართველებს, შავ ზღვას საკუთრივ ქართველთა ზღვად
გადააქცევდნენ, ბიზანტიის ხელიდან გაგდებულ მსოფლიო ბატონობის დროშას ამართავდნენ და შორს
გაიტანდნენ.
ლაშამ თვალი დახუჭა. ოცნებამ ეგვიპტისა და იტალიის ნაპირებისაკენ გაიტაცა.
თვალი რომ გაახილა, ვენეციის მრისხანე ხომალდების დანახვამ, ცოტა არ იყოს, შეაკრთო.
ასე მეგობრული სტუმრობით დაიწყო ვენეციამ საბერძნეთთან ურთიერთობაც. დასავლეთის
ჯვაროსნებმა ქრისტეს საფლავის განთავისუფლების საბაბით მოიყარეს თავი კონსტანტინეპოლში.
კონსტანტინეპოლი მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი იყო. მისი სასახლეების ბრწყინვალებამ
დააბრმავა ანგარი ჯვაროსნები და აღმოსავლეთში სათუო ლაშქრობას ბიზანტიის სატახტოს
დაპატრონება არჩიეს, ბერძენთა შინააღრევით ისარგებლეს და მათ სატახტოს შეესივნენ, რისი გაზიდვა
და მითვისებაც ვერ შეძლეს, ცეცხლს მისცეს და ხანძარს მოასპობინეს.
ვაითუ, ასეთივე განზრახვით შემოდიან ახლა საქართველოს ზღვაშიც ვენეციელები?!
მათ თეთრი კბილის ჩვენება იციან, მაგრამ, როგორც კი დრო დაუდგებათ, შავი გულის გამოჩენაც
ეადვილებათ და თუკი ბიზანტია ვერ იპატივა ერთმორწმუნეობამ, საქართველოს რად დაინდობენ?!
მაგრამ, არა! საქართველოს მაგრად უდგას მიწაზე ფეხი.
ბიზანტია ხმელეთზე შეირყა და ზღვიდან იმიტომ სძლიეს. საქართველო ხმელეთზეა ძლიერი და
ვიდრე ეს ძლიერება არ შერყეულა, ზღვიდან ვერაფერს დააკლებენ.
ხალხის ყიჟინამ და დაფდაფების ხმამ გამოარკვია მეფე.
ვენეციის ფლოტი უკვე ნავსადგურში იყო.
საქართველოს მიწაზე რომ ფეხი დადგეს, ვენეციის ელჩებს გვარამ მარგველი და ლითხიმერეთის
სხვა მთავრები მიეგებნენ.
მეფემ თავისი ღირსებისათვის შეუფერებლად ჩათვალა, ნავსადგურში შეხვედროდა ზღვათა
მბრძანებელი ქვეყნის დესპანს.
ხელმწიფე გეგუთს გაბრუნდა.
* * *
ვენეციელთა დახვედრა და მასპინძლობა წინასწარ მოფიქრებული გეგმით ხორციელდებოდა.
ქართველებს კონსტანტინეპოლის დამპყრობთათვის თავიანთი ძლიერება უნდა ეჩვენებინათ.
ამ მიზნით, ლიხთიმერეთის ლაშქარი წინასწარ შეკრიბეს და საომრად გაკაზმული ისე დასძრეს, რომ
დროდადრო დასავლელი სტუმრების გზაზე გამოჩენილიყვნენ.
მთის ყოველ გადასასვლელთან, ან დიდ მდინარეზე გადებულ ხიდთან სტუმრებს ლაშქრის დიდ-
დიდი ნაწილები აჩერებდნენ. გზა იკეტებოდა და სტუმრებიცა და მასპინძლებიც საათობით უცდიდნენ,
ვიდრე ჯარი არ გაივლიდა.
ვენეციელები მუშტრის თვალით აცქერდებოდნენ ქართველ მხედრებს, მათ იარაღსა და საომარ
აღკაზმულობას, ცხენკეთილობასა და აღალების დატვირთულობას.
პირველად იმდენი ყურადღება არ მიუქცევიათ ჯარის ამ მოძრაობისათვის, მაგრამ შემდეგ და
შემდეგ, როცა ლაშქრის მიმოსვლა და გზის დაკეტვა არაერთხელ განმეორდა, დოჟის ელჩმა ეშმაკურად
შეაპარა მარგველს:
_ მტერი ხომ არ შემოსევია თქვენს ქვეყანას, რომ ყოველ ნაბიჯზე საომრად ამხედრებულ ჯარებს
ვაწყდებით?
_ საქართველოს მიწა-წყალზე დიდი ხანია მტერს ფეხი აღარ დაუდგამს. ყარსისა და არზრუმის
სანახებში ჩვენს მხედრობას საომარი წვრთნა აქვს გამართული და ჯარის ეს ნაწილი დანარჩენ
ლაშქართან შესაერთებლად მიემართება.
_ საუცხოო ჰაერია თქვენს ქვეყანაში და მით უფრო დასანანია, რომ ქართული პურ-ღვინის შემდეგ
ფეხის მტვერსაც უხვად ვყლაპავთ, _ ღიმილით თქვა საყვედური ელჩმა.
_ თავადაც შეწუხებული ვარ, ბატონო ელჩო, მაგრამ, ალბათ, თქვენშიაც ასეა, მხედრობას მუდამ
თავისი გეგმა აქვს, ჩვენ არც გზას გვეკითხებიან და არც დროს.
ელჩებს ხმა აღარ ამოუღიათ. რაც უფრო ხშირად ხვდებოდნენ ლაშქრულით მიმავალ ჯარს, მით
უფრო ემატებოდათ გაოცება მათი სიმრავლისა და აღჭურვილობის გამო. მოთმინებით უცდიდნენ მათ
გავლას და გაკვირვებულნი აყოლებდნენ თვალს.
* * *
მეფემ გეგუთში გაუმართა პირველი დარბაზობა ვენეციის ელჩს.
ელჩმა დოჟის წერილი გადასცა. დოჟი ერთმორწმუნე ქართველთა ხელმწიფესთან მეგობრული
ურთიერთობის დამყარების სურვილს აცხადებდა, საქართველოს ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის
ნებართვას ითხოვდა და, თავის მხრივ, სამხედრო ხომალდების, იარაღისა და სხვა მრავალი საქონლის
მიყიდვას სთავაზობდა.
მეფემ დიდი კმაყოფილება გამოსთქვა ზღვათა მპყრობელის წერილისა და კეთილი სურვილების
გამო და ელჩებს აღუთქვა, რომ მათი კეთილი ზრახვების აღსრულებაში ყოველნაირად დაეხმარებოდა,
ვენეციასთან მეგობრული ურთიერთობისა და კავშირის განმტკიცებასა და ვაჭრობის გაცხოველების
საქმეს ხელს შეუწყობდა.
დარბაზობის შემდეგ ცოტა რომ ისერეს, სტუმრები იპოდრომზე მიიწვიეს.
ჯერ მარულა აჩვენეს.
ჯიშიანი ბედაურები მიწას გააკრეს ქართველმა მხედრებმა.
ყოველი ახალი წყების გამოსვლაზე მანძილი მატულობდა და ბოლოს იქამდე გაიზარდა, ზოგი ცხენი
შუაგზაზევე მოეშვა, თანდათან ჩამორჩა და მწყობრი დატოვა.
ბოლომდე ყველაზე წინ მწითურმა ულაყმა მიატანა. გაქაფულ კვიცს შავი ძუა-ფაფარი გაშლოდა,
ყურები დაცქვეტოდა და დაბერილი ნესტოებიდან ორთქლსა და ნაპერწკლებს ჰყრიდა.
უთვალავი მაყურებელი ერთი კაცივით წამოდგა.
_ ვა-შააა!
_ ვა-შააა!
გუგუნებდა ხალხი და ტაშის გრიალი იქაურობას აზანზარებდა.
ხელმწიფემ წამით თვალი მოაცილა მინდორს და გვერდით მჯდომ სტუმარს შეხედა.
ვენეციელი ელჩი ადგილზე ტოკავდა, ეტყობოდა, თავს ძალას ატანდა, რომ ფეხზე არ წამომხტარიყო
და სხვებსავით არ ეყვირა.
ხელმწიფეს რომ შეხედა, უცებ ადგილზე გაქვავდა და სახეზე ისევ ის სიმშვიდის ნიღაბი აიფარა.
მარულა გათავდა და ყაბახი დაიწყო.
მაღალ სვეტზე დაკიდულ სამიზნოს შორიდან სტყორცნიდნენ ისარს ჭენებით გამოქანებული
ცხენოსნები. გაჭენებულ ცხენებს ზედ ევლებოდნენ, წაღმა-უკუღმა ჯდებოდნენ და მუცელქვეშ
ეკიდებოდნენ.
ცხენოსანთა სიკასკასემ მოხიბლა ვენეციის ელჩი.
_ დიდებული ცხენოსნები გყოლიათ, მსგავსი ჯერ არსად მინახავს, _ ხმამაღლა გაუზიარა ელჩმა
მეფეს თავისი აღტაცება.
_ დიახ, ქართველები ძველთაგანვე კარგი ცხენოსნები ვართ. ჩვენი წინაპარი ფარსმან მეფე რომის
იმპერატორის ადრიანეს დიდი მეგობარი იყო. იმპერატორი ხშირად უგზავნიდა ფარსმანს ძვირფას
მოსაკითხებს. იმპერატორის თხოვნით, ერთხელ მეფე რომს ეწვია. ფარსმანს თან ცოლ-შვილი და დიდი
ამალა ხლებია. განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, ჩვენს მეფეს, თურმე, რომის კაპიტოლიუმში
მსხვერპლის შეწირვის ნება დართეს. ფარსმან მეფემ და მისმა მხლებელმა ქართველებმა რომაელებს
ცხენზე მძიმე აბჯრით აღჭურვილებმა აჩვენეს მხედრული ვარჯიში და მაყურებელი მოხიბლეს.
აღტაცებულმა ადრიანემ ცხენზე ამხედრებული ქართველთა მეფის ქანდაკება გააკეთებინა და მარსის
მოედანზე დაადგმევინა რომში.
_ მაგ ქანდაკების გამო მეც მსმენია ცოტა რამ. ამბობენ, იშვიათი სილამაზისა იყოო. სამწუხაროდ,
ქანდაკებამ ჩვენს დრომდე ვეღარ მოაღწია, მაგრამ ჩვენში ახლაც კარგ ძეგლებს დგამენ და ქართველთა
მეფე რომ დოჟის მოწვევით ვენეციის სტუმრობას ინებებდეს, მისი ქანდაკება წმინდა მარკოზის მოედანს
დაამშვენებდა, _ ელჩმა კრძალვითა და აღტაცებით შეავლო თვალი ხელმწიფეს და აღფრთოვანებულმა
დასძინა, _ რომის იმპერატორებმა სილამაზის ფასი კარგად იცოდნენ, მაგრამ არა მგონია, ადრიანეს
მეგობარი ფარსმანი ქართველთა ახლანდელ მეფეზე თვალტანადი და მოხდენილი ყოფილიყო.
მინდორზე მძიმედ შეჭურვილი ცხენოსნები გამოვიდნენ, ხმლები იშიშვლეს და ერთმანეთს შეუტიეს.
ცხენდაცხენ კვეთება, ხმლების ქნევა, ფარის ფარება, მართლაც, წარმტაცი სანახაობა იყო, ფარზე
დაკვესებული ხმალი ბღუჯა-ბღუჯად ჰყრიდა ნაპერწკლებს და მინდორი უცებ ამოვარდნილ
ქარიშხალს დაემსგავსა, ტყეს რომ სერავს ელვის ისრებით და ტანაყრილ ხეებს არხევს წასაქცევად.
განცვიფრებული ვენეციელები გულისფანცქალით შეჰყურებდნენ.
მარგველი ელჩისკენ გადაიხარა და ხმადაბლა უთხრა:
_ ჩვენი მეფეც ხშირად მონაწილეობს ხოლმე ასეთ ვარჯიშში და, მისი უდიდებულესობის
პირფერობით არ ვამბობ, მუდამ გამარჯვებული გამოდის.
_ უცხო სტუმრების წინაშე, ჩვენი კარის გარიგების მიხედვით, ხელმწიფეს მხოლოდ ხარისხით თავის
სწორთან შეჰფერის ვარჯიში, _ განმარტა მეფემ, _ როცა თქვენი დოჟი გვეწვევა სტუმრად, მასთან
სიამოვნებით გავალ მინდორზე და მეგობრული პაექრობისათვის ვიშიშვლებ ხმალს.
* * *
იმ დღეს მეფემ დიდი პურობა გამართა. ვენეციელები კარგად შეეწყვნენ ქართულ სუფრას. ღვინოც
ბლომად სვეს და თავისებურადაც მოილხინეს.
მეორე დღეს აკადემიის მოძღვართმოძღვრის წვევით ხელმწიფე და მისი სტუმრები გელათს
გაემგზავრნენ.
მზე კარგა შემაღლებული იყო.
მშვენიერი დარი იდგა და სტუმრებს მგზავრობა საამოდ ეჩვენათ.
ვენეციის ელჩი აღტაცებული გასცქეროდა ბაღ-ვენახებში ჩაძირულ სოფლებს. ბევრისმნახველ ელჩს
აოცებდა ეკლესიებისა და ციხეების სიმრავლე. ყოველ მთასა და გორაკზე, დიდი თუ არა, პატარა
ეკლესია მაინც იდგა და ყოველი სოფლის მისასვლელთან თუ ხეობის კართან ცადატყორცნილი ციხე-
სიმაგრე ხვდებოდათ.
მთაგორიან, ციხეებითა და ეკლესიებით მდიდარ უმბრიას აგონებდათ საქართველო ვენეციელებს,
ოღონდ უმბრიისათვის დამახასიათებელი მირტის ხეები არ იდგა მთის წვერებზე და არც
აკვამლებულივით ოდნავ დაბურული ჰაერი ერტყათ ირგვლივ. საქართველოს ცა კამკამა იყო და
გამჭვირვალე.
მიხვეულ-მოხვეული გზები გაიარეს და უცებ სტუმრების წინაშე მომხიბლავი სანახაობა გადაიშალა.
კლდოვანი ტყის დავაკებულ ადგილზე ტაძრების მთელი წყება აღიმართა.
დოჟის ელჩმა მარტო თხუთმეტამდე გუმბათი დათვალა. ტაძრების ირგვლივ უამრავი შენობა იყო
გაბნეული.
ტაძრებისა და სხვა შენობების ამ ჯარს გარს დიდი გალავანი ერტყა, ისიც თლილი, ფერადი ქვით
შემოსილი.
ელჩმა ცხენი შეაყენა. თვალი მოავლო გელათის ირგვლივ გაშენებულ სოფლებსა და ბაღ-ვენახებს.
დასავლეთით მდინარე სერავდა ვრცელ, მთაგორიან ხეობას. ბაღ-ვენახებში წითელკრამიტიან
სახლებს ამოეყოთ თავი და გორაკებზე, გაღმა-გამოღმა, პატარ-პატარა ეკლესიები და ციხე-კოშკები
ჩარიგებულიყვნენ. შორს, ცის დასალიერზე კავკასიონის მარადთოვლიანი მთები აზიდულიყვნენ.
_ მართლაც მშვენიერი და უნაკლო ადგილია! _ აღმოხდა ელჩს და პირი ისევ გელათისკენ იბრუნა.
_ ეს არის ახალ ათენად და ახალ იერუსალიმად წოდებული გელათის მონასტერი და აკადემია.
აქედან მოეფინება მთელს ქვეყანას სიბრძნე და სწავლულობა ქართველი მოძღვრებისა და
ფილოსოფოსებისა. _ აუხსნა ელჩს მარგველმა.
_ ჩვენი დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის მიერ არის აშენებული უმთავრესი ნაწილი გელათისა, _
განმარტა მეფემ, _ მას შემდეგ ქართველთა ყველა მეფე თავის წილად უმატებს ახალ შენობას, მამულსა
და ყმას. თავად ჩვენი დიდი პაპა დავითი აქ განისვენებს. აქ არის დაკრძალული ჩვენი ნეტარი დედა
მეფეთ მეფე თამარი და მეც, როცა ღმერთი მომიწოდებს, აქვე დავიმარხები, რადგანაც გელათი ქართველ
მეფეთა საძვალეც არის.
_ აქ, მეორე ათენად წოდებულ გელათის აკადემიაში, მოღვაწეობდნენ სახელოვანი ფილოსოფოსები
არსენ იყალთოელი და პლატონის მოძღვრების მიმდევარი იოანე იტალოსისა და მიქაელ ფსელოსის
მოწაფე და თანამდგომელი იოანე პეტრიწი, მათი წიგნები ბლომად არის თარგმნილი ბერძნულად და,
ვგონებ, ლათინთა ენაზედაც, _ დასძინა მარგველმა.
ფერდობებზე ფუტკრის სკები გახშირდა, ბაღებსა და ვენახებში ძაძით შემოსილი ბერები
ტრიალებდნენ. ირგვლივ საოცარი სიჩუმე იყო და ელჩს თითქოს ესმოდა, როგორ უხმოდ და
მზრუნველად მუშაობდა ყოველი არსი, მიწის სიღრმეში ჩასული ხის ფესვიდან დაწყებული და ცაში
აფრენილი ფრთოსნით გათავებული.
ელჩი შედგა და ღრმად შეისუნთქა სუფთა, საამო ჰაერი.
უცებ ბოხმა ზარმა გაიზუზუნა და, თითქოს ნიშანს ელოდნენო, შეცხადებულივით აჰყვა უთვალავი
დიდი და პატარა ზარი.
ხმაშეწყობილად, თანხმოვნებით რეკავდა ურიცხვი ზარი და მგზავრები თითქოს გონებითა და
თვალით მიუწვდომელ სამეფოსკენ გაიტაცეს ამ ხმებმა.
მონასტრიდან კარგა შორს გამოეგებნენ სტუმრებს ხუცეს-მონაზვნები.
ეპისკოპოსებმა აიაზმის წყალი ასხურეს, ჯვარი გარდასახეს და გალობით გაუძღვნენ.
გალავნის კართან მოძღვართ-მოძღვარი გამოეგებათ.
მეფე ცხენიდან გადმოხდა და ყველანი ქვეითად მიეახლნენ მოძღვართ-მოძღვარს.
_ ეს არის ფილოსოფოსი ანტონი გელათის აკადემიის მეთაური, ან, როგორც ბერძნები იტყვიან,
„დიდასკალონ ტონ დიდასკალონ“, _ გადაუჩურჩულა მარგველმა ელჩს, როცა მეფე ანტონს მიეახლა და
ორგზის ემთხვია.
მოძღვართ-მოძღვარმა სტუმრების მისვლა აკურთხა, ქართულად და ლათინურად მიესალმა და
მონასტრისკენ წარუძღვა.
მონასტრის რკინის კარმა მიიქცია სტუმრების ყურადღება. კარი აღმოსავლური ორნამენტითა და
არაბული წარწერებით იყო აჭრელებული.
_ ეს განძის კარი იყო, _ განუმარტა ლაშამ ელჩებს. _ როცა ჩემი ნეტარი დედის პაპამ, დემეტრემ განძა
დალაშქრა, ქალაქს კარი მოხსნა, დავლად წამოიღო და გელათის ჭიშკრად დაჰკიდა. აგერ, ამის
მაუწყებელი წარწერაც, _ ხელი გააყოლა ლაშამ რკინის კარზე გამოყვანილ ასომთავრულ წარწერას.
თავად მონასტრის ჭიშკარი პატარა ეკლესიას ჰგავდა.
შესასვლელშივე საფლავის უზარმაზარ ლოდს დაადგა ფეხი ელჩმა, ძირს დახედა, შეჩერდა და უკან
დაიწია.
_ აქ ჩვენი დიდი პაპა დავითი განისვენებს. ანდერძად დაუბარებია, ჭიშკარში დამმარხეთ, რათა ჩემს
გულზე იაროს ხალხმაო, საფლავის ლოდზე წარწერილი სიტყვებიც მისივე შერჩეულია ფსალმუნიდან:
„ესე არს განსასვენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამასა დავემკვიდრო მე, რამეთუ მთნავს ესე“.
მეფემ ქართულად ამოიკითხა წარწერა.
მოძღვართ-მოძღვარმა ლათინურად უთარგმნა სტუმრებს და გზა განაგრძეს.
ვენეციელებმა სამსართულიან მაღალ სამრეკლოს შეავლეს თვალი. ჩუქურთმებით უხვად შემკულ
სამრეკლოდან ახლა პატარა ზარებიღა რეკავდნენ წყნარად, ხმადაბლა.
ეკლესიებისა და სხვა შენობების შუა ღვთისმშობლის დიდი ტაძარი იდგა.
მოძღვართ-მოძღვარი იქით გაუძღვა მეფეს და სტუმრებს.
ღვთისმშობლის ეკლესიაში წირვა დასასრულს უახლოვდებოდა.
მონაზონთა გუნდი გალობდა და დროდადრო მღვდელმთავრის ლოცვა ისმოდა.
სტუმრების შესვლისას მთავარდიაკვნის ბანი გაისმა. ხმა ძლიერი და მჟღერი იყო, იქაურობა აავსო
და ვიწრო სარკმლები ააზრიალა.
ხელმწიფე და ელჩები წინ დადგნენ, საკურთხევლის ახლო, პირჯვარი გადაიწერეს და სმენად იქცნენ.
ვენეციის ელჩს თვალი გუმბათისკენ გაექცა.
საკურთხევლის აბსიდის კონქიდან დამაბრმავებელი შუქი სვეტად ეშვებოდა.
ოქროსფერი მოზაიკის ფონზე ღვთისმშობელი მარიამი იყო გამოხატული ყრმა იესოთი.
ღვთისმშობელს მუქი ლურჯი სამოსი ეცვა. ოდნავ მარჯვნივ მობრუნებული ტანი და ფერების
გასაოცარი შეხამება არაჩვეულებრივად აცოცხლებდა სურათს.
ვენეციის ელჩს მაშინვე ენიშნა; გრძელი, ნუშისებრი თვალებით, თხელი ცხვირით, გამოყვანილი
ტუჩებით და მოგრძო სახით დედა ღვთისა უფრო ქართველთა მეფის კარზე ნახულ დიდებულთა სათნო
ქალებს ჰგავდა, ვიდრე ბიზანტიის ტაძრებში გამოხატულ სახემკაცრ ღვთისმშობლებს.
ხელოვნების მოყვარულმა ელჩმა ისიც შენიშნა, რომ გელათის მოზაიკის კენჭების წყობა უფრო
მჭიდრო იყო, ვიდრე კონსტანტინეპოლის სოფიის მიზაიკისა.
მარგველმა შეამჩნია, როგორი ხარბი თვალით უცქერდა ქართველი მხატვრის ქმნილებას ვენეციის
ელჩი.
მაშინვე ლათინთა მიერ აკლებული კონსტანტინეპოლი გაახსენდა.
ვენეციელთა დოჟი დანდოლო ხანძრებისა და განადგურებისაგან გადარჩენილ ძეგლებს
მზრუნველად ატვირთვინებდა თურმე ხომალდებზე და თავის სატახტოსკენ აგზავნიდა. ბარბაროსთა
შემოსევებზე უფრო საშინელ ლათინთა რბევასა და ხანძარს ცოტა რამ გადარჩა. მათ შორის
კონსტანტინეპოლის იპოდრომის მშვენება _ ლიზიპეს შესანიშნავი რაშებიც იყო.
დანდოლომ იმ რაშებს ახალი სამყოფელი მიუჩინა და ახლა ვენეციის წმინდა მარკოზის ტაძრის ბჭეს
ამშვენებენ თურმე.
მარგველი კონსტანტინეპოლის დაცემის ჟამს საქართველოს ელჩად იყო დიდი ანდრონიკეს კარზე.
ქართველთა ელჩი ხედავდა განსაცდელის მოახლოებას. ანდრონიკეს ურჩევდა ესარგებლა მისივე
ნათესავის _ დიდი თამარის დახმარებით და საქართველოს ჯარი მოეშველებინა.
ანდრონიკე არ ჩქარობდა, არ ეგონა, თუ საშინელება ისე მალე დატრიალდებოდა.
როცა პაფლაგონიიდან ერთგული მხედრობა დასძრა და საქართველოსაც ჯარით შველა გამოსთხოვა,
უკვე გვიან იყო. ქართველების ჯარმა კი არა, მისმა ერთგულმა პაფლაგონელებმაც ვერ ჩაუსწრეს
ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელ დიდგვირგვინოსანს. სატახტოს ბრბომ საშინელი წამებით მოკლა ერთ
დროს თავისი სათაყვანო იმპერატორი.
საქართველოს ელჩმა ისღა მოასწრო, რომ განკითხვის დღის მოახლოებისთანავე ანდრონიკეს
მცირეწლოვანი მემკვიდრეები საქართველოსკენ გამოიტაცა და სიკვდილისაგან იხსნა.
რამდენიმე წლის შემდეგ მარგველი ისევ მოხვდა კონსტანტინეპოლში. დანგრეული სატახტოს
ნახვაზე ქართველ დიდებულს თვალზე ცრემლი მოადგა: მთელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის
მშვენება, საზღაპრო სიმდიდრითა და სილამაზით განთქმული ბიზანტიის დედაქალაქი დამხობილი,
გაძარცული და შეგინებული დახვდა.
ქალაქი რომ ფეხდაფეხ დაიარა და ყოველივე საკუთარი თვალით ნახა, მაშინ მიხვდა საქართველოს
ელჩი, რა უბედურებაც მოეტანა ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად აღძრულ დასავლეთის
ქრისტიანებს ერთმორწმუნე აღმოსავლეთისათვის.
მას შემდეგ უნდობლად ეკიდება მარგველი ლათინთა კეთილ სურვილებსა და განზრახვებს.
ვენეციელთა ეს ელჩიც, ახლა რომ გაფართოებული თვალით შესცქერის გელათის ღვთისმშობელს,
სასოებაზე უფრო, ალბათ, ანგარ ფიქრებს ეძლევა და ეგებ იმას ანგარიშობს, თუ რა ფასად შეიძლება
ქართველთაგან მისი შესყიდვა და ვენეციის რომელიმე ტაძარში გადატანა.
წირვა დასრულდა. მეფემ და მისმა სტუმრებმა მღვდელმთავრის დალოცვა მიიღეს და მოძღვართ-
მოძღვარი აკადემიის დასათვალიერებლად წაუძღვა.
ღვთისმშობლის ტაძრიდან გამოსვლისას დოჟის ელჩმა ხმადაბლა ჰკითხა მარგველს:
_ ეს ძვირფასი მოზაიკა ბიზანტიურს არა ჰგავს, ნუთუ ქართველი ოსტატის ნამუშევარია?
_ დიახ, ქართველი ოსტატის ხელითაა შექმნილი, _ უპასუხა მარგველმა.
_ დიდად დაუმადლებდა ვენეციის დოჟი ქართველთა მეფეს, ამ მოზაიკის ოსტატს რომ
დაგვითმობდეს დროებით. სან მარკოს ტაძარი მთლად მოზაიკით იხატება. თქვენი ღვთისმშობლის
მხატვარი დიდოსტატი ჩანს და მისი ნამუშევარი ზღვათა მბრძანებელი ქვეყნის უმთავრესი ტაძრის
მშვენება იქნებოდა.
კიდევ ერთ ეკლესიას აუარეს გვერდი და აკადემიის შენობაში შევიდნენ.
მოძღვართ-მოძღვარმა ერთ-ერთი დარბაზის კარი გააღო. მონაზვნის ძაძებში გამოწყობილი
ყმაწვილები სულგანაბულნი ისხდნენ და შაოსან მოძღვარს უსმენდნენ.
მოძღვარი დაფაზე რაღაცას ხაზავდა.
_ აქ გეომეტრიის გაკვეთილია, _ აუხსნა სტუმრებს მოძღვართ-მოძღვარმა და მასწავლებელს ხელით
ანიშნა, გაკვეთილი გაეგრძელებინა.
კარი მიხურეს და გზა განაგრძეს.
ასე თითო წუთით შეაღეს კარი არითმეტიკის, რიტორიკის, გრამატიკის, ფილოსოფიისა და
ასტრონომიის სასწავლო დარბაზებშიც.
სართულის ბოლოში, სხვა ოთახებისაგან მოშორებულ დარბაზს რომ მიუახლოვდნენ, გალობა
მოესმათ.
მაღალ კარზე დიდი ასოებით გამოყვანილი წარწერა ხმამაღლა წაიკითხა მარგველმა:
„ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაი და დიდებაი და შესხმაი“...
წარწერა ლათინურად თარგმნა მარგველმა.
_ კარგი ნათქვამია! ვისი სიტყვებია? _ იკითხა ვენეციელმა ელჩმა.
_ ქართული საგალობლიდან ამოღებული, ქართველი მგოსნის სიტყვებია, _ განმარტა მოძღვართ-
მოძღვარმა.
_ ეს სიტყვები მარტო ქართველებზე კი არა, იტალიელებზეც ზედგამოჭრილია. თქვენი ხალხისა არ
იყოს, ჩვენშიც ყველა მღერის, დიდი და პატარა, _ სიცილით თქვა ელჩმა.
მოძღვართ-მოძღვარმა უზარმაზარ თაღოვან დარბაზში შეიყვანა სტუმრები.
დარბაზს კედლების გასწვრივ ერთიანი გრძელი ქვის დასაჯდომები ჰქონდა. ამ „გრძელ სკამებს“
ფარდაგი ეფარა და ზედ ჭაბუკი ბერები ისხდნენ, ოთხივე კედელში თახჩები იყო გამოჭრილი. თახჩებში
ტყვაგადაკრული წიგნები ელაგა.
დარბაზს ფართო, წრიულთაღებიანი ფანჯრები ჰქონდა.
ამაღლებულ ადგილას ხანშიშესული კაცი იდგა, ქადაგების ეშხში შესული ხმამაღლა, აღგზნებული
ლაპარაკობდა და ხელებს იშველიებდა.
სტუმრების შემოსვლისთანავე მსმენელები ფეხზე წამოდგნენ.
მოძღვართ-მოძღვარმა ხელით ანიშნა, დამსხდარიყვნენ.
მეფე და მისი სტუმრები მარმარილოს გრძელ მაგიდასთან მიიწვია.
ყველანი რომ დასხდნენ, მოძღვართ-მოძღვარმა ორატორს მიმართა:
_ განაგრძეთ, ოღონდ უმჯობესი იქნება, ბერძენთა ან ლათინთა ენაზე ილაპარაკოთ.
ორატორმა ქართულად მეფის მცირე შესხმა თქვა, მერე უცხოელ სტუმრებთან მოიბოდიშა და წმინდა
ლათინურით განაგრძო:
_ ამჟამად ჩვენი მაღალი სტუმრები ახალ ერუსალიმად და მეორე ათენად წოდებულ გელათის
აკადემიის ფილოსოფიის გაკვეთილზე არიან. ჩვენთვის დიდი პატივია განათლებული დასავლეთის
ელჩების სტუმრობა.
მას შემდეგ, რაც ლათინთა აღმოსავლეთის იმპერია საბერძნეთში დაფუძნდა, ევროპა ჩვენი უშუალო
მოსაზღვრე და მეზობელი გახდა.
ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იყო ძველი და ახალი რომი, ძველ რომზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ,
ჩვენი სტუმრებისათვის ნათქვამის განმეორება მოსაწყენი იქნებოდა, რადგან მათთვის თავიანთი ქვეყნის
წარსული კარგად ნაცნობია.
ჩვენ ახლა იმაზე გვსურს განვაგრძოთ ქადაგება, თუ რა უნდა იყოს ახალი რომი და ვინ უნდა გახდეს
მისი წინამძღვარი.
ძველი რომის დაცემის შემდეგ ბიზანტია იქცა ახალ რომად. დიდი ხნის განმავლობაში
კონსტანტინეპოლი იყო ის სატახტო, საიდანაც არა მარტო ყველა ხალხისათვის სავალდებულო კანონები
და ბრძანებები გამოდიოდა, არამედ სწავლა-განათლებაცა და სიბრძნეც ვრცელდებოდა მთელს
ქვეყანაზე.
ბიზანტია ქრისტეს სარწმუნოების ბურჯი და მეორე ერუსალიმიც იყო, აქედან ვრცელდებოდა
ქრისტეს მოძღვრება წარმართთა და ურჯულოთა შორის და კეთილი თესლი, ვითარცა ნათელი,
ეფინებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს.
მაგრამ გამოხდა ხანი. შინაურმა შფოთმა და ურწმუნო ბარბაროსთა მუდმივმა კირთებამ შეარყია
ბიზანტიის ძველი ძლიერება. ბიზანტიაც დაბერდა და დასუსტდა. მან ხელიდან გააგდო დროშა
ქრისტეს სარწმუნოების წინამძღოლისა, დროშა პირველობისა და მსოფლიოს მპყრობელისა. მაგრამ არცა
შემოქმედი ღმერთი და არცა მისი შექმნილი რაიმე ნივთი და საგანი არა ჰგუობს სიცარიელეს, არცა
დროშა რჩება უმედროშეოდ და არცა ქვეყანა უწინამძღვროდ. აღმოსავლეთით აღმოხდა ახალი მნათობი,
რომელმაც კვლავ განაბრწყინა ქვეყანა, ახალი ძალა მისცა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მებრძოლთ და
ახალი სწავლისა და სიბრძნის გავრცელება იწყო.
ეს ქვეყანა საქართველოა!
ორატორი ოდნავ შეყოვნდა და თვალი სტუმრებს მოავლო.
სტუმრები სმენად ქცეულნი მისჩერებოდნენ.
ვენეციის ელჩმა პაუზით ისარგებლა და მარგველს ჩურჩულით ჰკითხა:
_ ვინ არის ეს მოძღვარი?
_ პეტრე გელათელია, ქართველი ფილოსოფოსი, _ ჩურჩულითვე უპასუხა მარგველმა.
_ ქართველებმა ჯერ კიდევ ქრისტეს მოძღვრების გავრცელების დასაწყისშივე იწამეს და მიიღეს
ქრისტეს რჯული, უადრეს აწ განათლებული ბევრი ქვეყნისა და ხალხისა, _ განაგრძო გელათელმა, _
მაჰმადის რჯულის აღმსარებელ არაბ, თურქ და სპარს ბარბაროსთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამოიწრთო
ქართველობა და განუმტკიცდა ქრისტეს რწმენა. ხოლო ბაგრატოვანთა დიდებული მეფეების სკიპტრის
ქვეშ ამაღლდა და გაძლიერდა საქართველოს სახელმწიფო. ჩვენი ახლანდელი დიდებული მეფის დიდი
წინაპრის, საქართველოს სახელმწიფოს მამის დავით აღმაშენებლის მეფობიდან მოყოლებული,
საქართველო იქცა ქრისტეს რჯულის ქომაგად აღმოსავლეთსა და დასავლეთში. ქართველთა ლაშქარი
ჯვრის წამძღვარებითა და მახვილით იცავდა და იცავს ქრისტეს სარწმუნოებას ურწმუნოთა
ძალმომრეობისაგან, იპყრობს და იმორჩილებს ბილწი მაჰმადის აღმსარებელ სამეფოებს და ქრისტეს
ჭეშმარიტ სარწმუნოებას ავრცელებს წარმართთა და ურჯულოთა შორის.
საქართველოს ახლანდელ მეფეთა მეფეს ანდერძად დაუტოვა მისმა ნეტარმა დედამ, ქრისტეს
ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა დედოფალთ-დედოფალმა თამარმა, რათა იგი ეძიებდეს
ქრისტეს საფლავს, იღვაწოს წმინდა ადგილების გამოხსნისათვის და დასდოს თავი თვისი და დაღვაროს
სისხლი ყმათა თვისთა.
საქართველოს მეფეები შთამომავლები არიან დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონისა. ისინი
დავითიან-სოლომონიანებად იწოდებიან და მათი უპირველესი მოვალეობა არის _ მოიხადონ ვალი
მესიის მახვილისა.
პალესტინასა და საბერძნეთში, სირიასა და ბოლღარეთში ყველგან ქართველთა კერებია
მიმობნეული, ქართულად აღავლენენ ლოცვასა, შესწირავენ შესაწირავს, მაგრამ ქართველთა უმთავრესი
მიზანი ქრისტეს საფლავის გამოხსნისა, ჯერ კიდევ განუხორციელებელია.
საქართველო ამჟამად უძლიერესი სახელმწიფოა, მას მორჩილებენ მრავალნი ერნი აღმოსავლეთსა და
ჩრდილოეთში. მას შესწევს ძალა უწინამძღვროს საქრისტიანოს, მოევლინოს მას ახალ რომად და
ერუსალიმად. ქართველთა ლაშქარს აღარა ჰყავს წინააღმდგომი აღარც აღმოსავლეთსა და აღარც
დასავლეთში. ადარბადაგანი, ირანი, ხორასანი და ერაყი ქართველთა შიშით კრთის, ჩვენი მოხარკეა და
ჩვენს ბრძანებას ემორჩილება. ბიზანტიის ახლანდელი იმპერატორები ჩვენი ხელის შემყურენი არიან და
ჩვენგან ელიან შეწევნას თურქთა მძლავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საქართველოს უძლეველი ლაშქრისა და ქრისტეს სარწმუნოების წინამძღოლი არის ჭაბუკი მეფე
ჩვენი, ახოვანებითა და ძალით, გონებითა და შემართებით მსგავსი ალექსანდრე მაკედონელისა და
უფრო აღმატებულიც მხედრობასა და სიბრძნეთა შინა.
ქართველთა ლაშქარი ახალ ალექსანდრედ წოდებული ბაგრატოვანი მეფის წინამძღოლობით მზად
არის დედამიწის ზურგიდან აღგავოს მისი ყველა წინააღმდგომი, გაათავისუფლოს ქრისტეს საფლავი და
ერუსალიმის წმინდა მიწაში დაფლას ნეშტი თავისი დიდებული დედოფლის, ნეტარი თამარისა.
ლათინთა დამეზობლება, ზღვათა მპყრობელი ვენეციის დაახლოება და მეგობრობა სასარგებლო იქნება
ქართველთათვის ამ წმინდა მიზნის განხორციელებაში.
დიდი ხანია ებრძვიან ჯვაროსნები ურჯულოებს, ბევრ სისხლად დაუჯდათ მათ ეს ბრძოლა, მაგრამ
დღემდე ყოველივე ამაოა და უშედეგოდ რჩება, რადგან ქრისტეს საფლავის გამოხსნა დავით
წინასწარმეტყველის შთამომავალს, საქართველოს მეფეთა მეფეს _ გიორგის ადევს ვალად.
ეს ვალდებულება თვითონ ღვთის განგებითა და შთაგონებით მიიღო მან.
განგების ამ განაჩენის დასტურად ისიც კმარა, რომ დავითიან-სოლომონიან ბაგრატოვნებს
დაბადებითვე ორთავ მხარეზე არწივი და ჯვარი აქვთ გამოხატული...
* * *
დიდხანს ილაპარაკა გელათელმა ქრისტეს ქართველი მხედრობის ძალასა და ძლევამოსილებაზე,
საქართველოს მეფეთა მეფის მესიანურ მოწოდებაზე.
ვენეციის ელჩებმა გელათელი ფილოსოფოსის ქადაგებაში მეცნიერულად დასაბუთების ცდა
დაინახეს იმ დიდი აღტყინებისა და ეროვნული მოძრაობისა, რომელსაც მაშინ საქართველო მოეცვა.
დარბაზიდან ღრმად ჩაფიქრებულნი მიჰყვებოდნენ ქართველთა მეფეს ზღვათამპყრობელი ქვეყნის
ელჩები.
ელჩმა თავი აიღო და ფიქრიდან უცებ გამოერკვა. მეფის გვერდით ფშაურად გამოწყობილი
მიგრიაული იდგა.
იმ დღეს მეფემ მოისურვა, მის მსახურებს თავიანთი კუთხის ტანსაცმელი ცმოდათ. ლუხუმს ფშაური
ტალავარი ეცვა და ვენეციის ელჩმა პირველად ახლა შეამჩნია მეფის მცველის უცნაური აღკაზმულობა.
ტალავარზე და ფარ-ხმალზე გამოხატული ჯვარი ენიშნა და მარგველს გაკვირვებულმა ჰკითხა:
_ მეფის მსახურებმა უკვე მიიღეს ჯვაროსნობა, თავადო?
_ არა, ბატონო, _ ღიმილით უპასუხა მარგველმა, _ ჩვენს მთიელებს ტანსაცმელსა და საჭურველზე
ქრისტეს დაბადებამდის ჰქონდათ ჯვარი გამოხატული.
ამ ქვეყანაში ყველაფერი გასაოცარიაო, _ გაიფიქრა ელჩმა. მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო.
@თავი მეშვიდე. ხმალზე გაფრენილი კვიცი
ოცდახუთი წლის ქალი იყო ციცინო, როცა თავისი პატარა ლილეთი მთათუშეთში შეეხიზნა ზეზვა
გაფრინდაულს.
არც თვითონ ამხელდა და არც ზეზვა ეუბნებოდა ვისმეს მის ვინაობასა და შთამომავლობას.
ციცინოს ქმარი და ქმრის მთელი ნათესაობა ტახტის ღალატისათვის ამოეხოცათ. ციცინო და ლილე
შინ არ ყოფილიყვნენ, ლილეს უბედურ მამას მოესწრო ცოლის გაფრთხილება და ციცინო მთათუშეთში
გახიზნულიყო მის ერთგულსა და მრავალგზის ნამსახურ ზეზვასთან.
მას შემდეგ აგერ თორმეტი წელი გავიდა, მთათუშეთში ცხოვრობს ციცინო და უბრალო თუშის
ქალივით კარაქსა დღვებს და მატყლსა ჩეჩავს. ზეზვას ოჯახი ცდილობს ყოველგვარ სამუშაოს
მოარიდოს ნებიერ ცხოვრებას შეჩვეული თავადის ქალი, მაგრამ ამ მივარდნილსა და ქვეყნისაგან
მოწყვეტილ მთაში უქმად რა გააძლებინებს ადამიანს!
და უზის სართავსა და საქსოვს ზამთრის გრძელსა და ცივ ღამეებში ერისთავის ქალი ციცინო და
იგონებს იმ დაკარგულ ბედნიერებას, რომელიც ცხრა მთას იქით, სადღაც დარჩა და რომელსაც
ვეღარასოდეს დაიბრუნებს.
მეუღლის დიდი და მრავალრიცხოვანი გვარიდან განგებას თუ ციცინოს თავგანწირვას ეს პატარა
გოგონაღა გადაურჩენია, რომელსაც უზომოდ მოყვარულმა მამამ მზის ძველთაძველი ღვთაების სახელი
_ ლილე უწოდა.
სასახლის კარზე საზრდელად გაჩენილი ლილე ქოხში იზრდებოდა და ბერძნულისა და არაბულის
მაგივრად, ბალღობიდან თუშურად უქცევდა.
რამდენადაც გარემოება ნებას აძლევდა, ციცინო მაინც ცდილობდა თავისი ქალისათვის შესაფერისი
აღზრდა მიეცა. ლილემ ირმისა და ხარის ბეჭზე წერა-კითხვა ისწავლა, ხელსაქმე იცოდა და თავის ტოლ
თუშ გოგონებში ღირსი თავდაჭერით გამოირჩეოდა.
პატარაობიდან ჩააგონა დედამ ლილეს, რომ დიდსა და კეთილშობილ გვარს ეკუთვნოდა და ამიტომ
სხვებისთვის თავი არ უნდა გაეტოლებინა.
გვარის აღდგენისა და ხელახლა აღზევების მთელ იმედს ამ ერთადერთი შვილის გათხოვებაზე
ამყარებდა ციცინო და ამიტომ სულ იმას ჩასჩიჩინებდა, რომ მისი მოწოდება საქართველოს
დედოფლობა თუ არა, რომელიმე დიდი დიდებულის, ერისთავთ ერისთავის სასახლის ქალბატონობა
მაინც იყო!
ლილეს დიდი გვარის საბუთად საბრალო ციცინოს მოგონებისა და ერთადერთი მედალიონის მეტი
აღარაფერი შერჩენოდა. ამ მედალიონში ლილეს ამოწყვეტილი გვარის გერბი იყო გამოხატული: შიშველ
ხმალზე გაფრენილი კვიცი.
ამ ერთ დროს ძლიერი და გავლენიანი გვარის გერბი ადრე საბრძოლო დროშებს, კეთილნაშენი
ტაძრების და ციხეების კედლებს, ზავისა თუ წყალობის უამრავ საბუთსა და ათასგვარ სიგელ-გუჯარს
ამშვენებდა და ვერცხლისა თუ სპილენძის ფულის ნიშნებზე დამკვიდრებისაგანაც შორს აღარ იყო.
გვარის გაქრობასთან ერთად მისი ჰეროლდიკაც მოისპო _ შიშველ ხმალზე გაფრენილი კვიცის
გამოხატულება ციხეებთან ერთად გაქრა, ტაძრის კედლებიდან ჩამოიფხიკა და საგვარეულო
დროშებთან და სიგელ-გუჯრებთან ერთად ცეცხლში დაინთქა.
ბუმბერაზი ვაჟკაცებით გაამაყებული ზვიადი გვარიდან ეს ერთი სუსტი გოგონაღა გადარჩენილიყო,
ხოლო უთვალავ საგვარეულო ბეჭდებსა და გერბებზე გამოხატული ხმალზე გაფრენილი რაში ოქროს
პაწაწინა მედალიონში შემალულიყო.
ლილე რომ ასაკში შევიდა, დედამ სიფრთხილესა და ზრუნვას უმატა. ასი თვალი და ყური ჰქონდა
გამოსხმული, ეშინოდა, მისი ქალი რომელიმე უბირ თუშს არ გადაჰკიდებოდა და გვარის აღდგენისა და
აღზევების იმედი სამუდამოდ არ დამსხვრეოდა.
ქმრის ანდერძი მარტო შვილის აღზრდას კი არ ავალებდა. ზეზვას ხელით გადმოცემულ უკანასკნელ
ბარათში სასიკვდილოდ განწირული მეუღლე ევედრებოდა: „მიგითვალავ ქალსა ჩემსა ლილეს, დაიცავი
მტერთაგან უვნებლად. დაღათუ არა მამაკაცი არს, არამედ დედაკაცი, თუ ღმერთმან ინებოს აღზრდაი
მისი, ვგონებ, რომელი შემძლებელ იყოს პყრობად სამკვიდროისა ჩემისა, რამეთუ კეთილითა ჰასაკითა
არს ჰაეროვან“...
გვარის სამკვიდრო ციცინოს ქმრის მტრებს დაეტაცებინათ და შიგ თვითონ დამკვიდრებულიყვნენ.
მამაპაპეულ მამულებსა და ციხეებზე უფლების აღდგენაზე ციცინოს ოცნებაც არ შეეძლო, რადგან
ლილეს არსებობის განცხადებაც კი დაუყოვნებლივ აღფხვრიდა გვარის უკანასკნელ მემკვიდრეს.
ამიტომ ციცინო ქმრის ანდერძის ასრულების იმედს მთლიანად ლილეს იშვიათ სილამაზეზე
ამყარებდა. მაღალ წრეებში აღზრდილმა ერისთავის ქვრივმა იცოდა, რომ ქალისათვის ტურფა
გარეგნობა ის საბუთი იყო, რომელიც ლამაზს ყველა სიგელ-გუჯარსა და მზითვზე იოლად უხსნიდა
გზას მამაკაცის გულისაკენ.
მთლად ღარიბი და უბედური ლილე ბუნებას ამ მხრივ ზომაზე უხვად დაეჯილდოვებინა. მისი
მოსხლეტილი ტანი, მიბნედილი შავი თვალები, ყორნისფერი თმა და წარბ-წამწამი უკვე თუშ
მელექსეების შთაგონებად ქცეულიყვნენ და ფანდურზე მარტო მამაკაცები კი არა, ამაყი თუშის ქალებიც
მის ქებას ამღერებდნენ.
როგორც გაზაფხულის მზე გამოაღვიძებს და გარეთ გამოიტყუებს სოროში მიმალულ მძინარ
ცხოველს, ისე ლილეს ჰასაკმა, ქალობაში შესვლამ გამოიყვანა თავისი სამალავიდან ციცინო. მან
ფრთხილად იწყო ჯერ ჯარსა და საფიხნოში გამოსვლა, მერე ხატსა და დღესასწაულებზე სიარული.
კახეთში ალავერდობაზე ჩასვლაც კი გაბედა შვილის ბედის მაძიებელმა ქალმა, მაგრამ ამაოდ: ყველგან
იგივე უბირი მთიელები და გლეხკაცები იყვნენ, ხოლო აზნაურები მთის სახალხო დღესასწაულებს
ნაკლებად ეტანებოდნენ და, თუკი სადმე გამოჩნდებოდნენ, მდიდარი გლეხებისაგან არც ქცევით
განირჩეოდნენ დიდად და არც მდგომარეობით.
ციცინოს სურვილი მაღლა მიიწევდა, მიუწვდომლად მაღლა, მისი ოცნება მეფის სასახლეს
დასტრიალებდა.
თავის ლილეს თამარ დედოფლის ტახტზე რომ წარმოიდგენდა, ჯალათის მიერ ცულით წაგდებული
ქმრის თავი ისევ ფართო მხარბეჭიდან გაუცინებდა, უწყალოდ ამოჟლეტილი გვარის დიდთა და
პატარათა კვნესა (გამუდმებით რომ ყურში ესმოდა) წამით მიწყდებოდა და ციცინო იმ წუთში ხედავდა,
როგორი ზარ-ზეიმით უღებდნენ სამოთხის კარს მრავალტანჯულ რძალს დაღუპული მეუღლის
ურიცხვი ნათესავები.
იგი ოცნებას ანგელოსის ფრთებით მიჰყავდა ზეციური ღრუბლებისაკენ, სადაც, ციცინოს რწმენით,
მისი ქმარი და მთელი უდანაშაულოდ ამოწყვეტილი საგვარეულო ცხოვრობდა სამარადისო ბედნიერი
ცხოვრებით.
ეს ფიქრი თუ ოცნება საქართველოს დედოფლის ტახტზე ლილეს ხილვისა, თავისი ცხოვრების
მოწოდებად და წმიდა ვალდებულებად გადაქცეოდა ციცინოს. საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს
მხოლოდ იმისთვის უფრთხილდებოდა, რომ ქმრისა და გვარის წინაშე ნაკისრი ვალდებულება
შეესრულებინა. მერე კი... მერე სიხარულით წავიდოდა თავის საყვარელ მეუღლესთან, რომელთანაც
ტკბილი ცხოვრების ერთი წელიც არ ჰქონდა გატარებული. წავიდოდა პირნათელი და მისი ანდერძის
ერთგულად შემსრულებელი, რათა წმიდათა საუკუნო ცხოვრებით დამტკბარიყო მასთან ერთად.
რამდენ კარგ მთიელს ეჭირა თვალი ლილეზე, _ ზოგ მათგანს ცხვარიც ბლომად ჰყავდა და
ვაჟკაცადაც არ დაიწუნებოდა, მაგრამ ციცინოს არც ერთის გაგონებაც არ უნდოდა.
ერთი აშინებდა ციცინოს, ლილე არ მომტაცონ ამ თავზეხელაღებულმა მთიელებმაო. ღამე
ლილესთან იძინებდა. მარტო თავის დღეში არ გაუშვებდა გარეთ და შეკრებილობაში მუდამ ზეზვას
ვაჟებთან ერთად დაჰყავდა.
ზეზვას ვაჟების სახელით ქისტის ქალები ატირებულ ბავშვებს აჩუმებდნენ, ჭიუხში ირემს აღარ
ედგომებოდა და ცაში არწივს და რომელი თავმოძულებული ვაჟკაცი გაბედავდა მათი შიშით
გაფრინდაულებისთვის ღვიძლ დაზე უფრო მეტად საყვარელი ნადობისათვის ავი თვალით შეხედვას!
ერთხელ ველისციხეში დასახლებული ბიძაშვილი ეწვია ზეზვას. ქეთევანმა მოსვლისთანავე დაადგა
თვალი ლილეს, მოუალერსა და წასვლისას საჩუქრები უსახსოვრა.
მეორედ რომ ამოვიდა ქეთევანი მთათუშეთში, ციცინო მაშინ მიხვდა მისი პირველად ამოსვლის
მიზანსაც. თან ერთადერთი შვილი ამოიყვანა, უკვე ვაჟკაცობაში შესული ლუხუმი.
ციცინოს ყურადღება პირველი დანახვისთანავე მიიქცია ბარიდან ამოსულმა გოლიათმა. კარში რომ
შემოტეულიყო, ორად მოიხარა ბუმბერაზი და ფართო მხარ-ბეჭი გვერდელად ძლივს შემოიტანა.
უზარმაზარი ქვევრის ბადიმებივით დიდსა და ტლანქ ხელში ჩაიკარგა ჩამოსართმევად გაწვდილი
ციცინოს ხელი.
ვაჟკაცი არაჩვეულებრივად მაღალი და ტანბრგე ჩანდა. მწითურ სახეს კეხიანი ცხვირი და ჭროღა,
გამჭრიახი თვალები სიცივისა და სიმკაცრის იერს აძლევდნენ, თუმცა მიგრიაული ბავშვივით მორცხვი
და მიამიტი იყო.
უცნაურად იქცეოდა სტუმარი. ლილეს ყოველ შეხედვაზე მამალივით უწითლდებოდა თავკისერი,
თავს დამნაშავესავით ხრიდა და ხელით დასაყრდნობს ეძებდა, თითქოს წაქცევისა ეშინოდა.
როგორც კი ლილე თვალს მოარიდებდა, ლუხუმი თავს აწევდა და დამშეული ნადირივით დიდრონი
დაფეთებული თვალებით ისე უყურებდა ამ პატარასა და ნაზ ქალს, თითქო ეს არის, ჩაყლაპვას
უპირებსო.
ციცინომ რამდენჯერმე შეასწრო თვალი მისი ერთადერთი ნუგეშისაკენ ხარბად მზირალ ვაჟკაცს და
ამ ტლანქი, მოზვერივით თვალებბრიალა ჭაბუკის მიმართ რაღაც შინაგანი კრთომა თუ შიში იგრძნო.
დედა და შვილი ველისციხეში ისე გაბრუნდნენ, ქეთევანს ციცინოსათვის გადაკრულადაც არაფერი
უთქვამს.
შემოდგომაზე ღვინო, ხილი და ჩურჩხელები გამოგზავნეს ბარიდან. ქეთევანი ზეზვასადმი მოწერილ
ბარათში ციცინოს განსაკუთრებული სიყვარულით მოიკითხავდა და ბოდიშის მოხდით სწერდა, ეს
მცირე ძღვენი _ ხილი და ჩურჩხელები _ ჩემმა ლუხუმმა შენს მშვენიერ ქალს გამოუგზავნაო.
გლეხი ქალის ამ თავხედობამ მოთმინებიდან გამოიყვანა ციცინო, _ ჩემს შვილს მაგათი
საწყალობელი არაფერი სჭირსო, აყვირდა და ცივ მთაში ხილსა და ჩურჩხელებს დანატრებული ლილე
ლუხუმის მოსაკითხს ახლო არ მიაკარა.
მერე ზეზვას ჩააცივდა, ეგ ძღვენი უკანვე გაუგზავნე იმ თავგასულ დედაკაცს, რომ მისმა
გაუთლელმა ახმახმა ჩემი შვილის ხსენება აღარ გაბედოსო. შეწუხებულმა ზეზვამ ხილსა და
ჩურჩხელებს თავისი ბალღები მიუსია, ხოლო ციცინო აღთქმით დაამშვიდა: მე თვითონ ჩავალ
ველისციხეში და იმ ჩემს ნათესავს თავად ვეტყვი საკადრისსო.
ეს იყო და ეს, იმ დღიდან ქეთევანს და ლუხუმს ზეზვას სახლისაკენ აღარც ფეხი მოცდენიათ, აღარც
მათ წერილს შეუწუხებია გაფრინდაულის ამპარტავანი ხიზნები.
ქეთევანი გულში შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს, მაგრამ შვილს არ უმხელდა ზეზვას ნათქვამს.
იგი კიდევაც დაივიწყებდა ციცინოს მშვენიერ ქალს, მაგრამ მის არსებობას გამუდმებით ახსენებდა
ლუხუმის მოუსვენრობა და ჩუმი ოხვრა.
იმ დღიდან, რაც მთათუშეთში, ზეზვას სახლის ზღურბლზე გადადგა ფეხი, ლუხუმი საქმეს გულს
ვეღარ უდებდა, ერთ ადგილზე ვერ დგებოდა და ღამე დიდხანს შამფურივით ტრიალებდა ლოგინში
ძილგატეხილი.
ზოგჯერ ისე გამოებლიტებოდა თვალი ფიქრისაგან, რომ სუფრაზე ჭამას წყვეტდა და უაზროდ
რაღაც საგანს მიაშტერდებოდა.
დედას უფრო ის აწუხებდა, რომ შვილის აფორიაქება მისი ბრალი იყო. მან ნახა პირველად ლილე,
ჯერ თვითონ დედა მოიხიბლა ციცინოს ქალის სიტურფით, მერე შვილი წაიყვანა მის სანახავად, აჩვენა
და დაღუპა კიდეც. ხედავდა ყოვლისმხედველი დედის გული შვილის განსაცდელს, არ იცოდა, რა გზას
დასდგომოდა და თვითონაც შვილზე მეტად იტანჯებოდა, რადგან საშველი არსად ჩანდა.
* * *
ქეთევანის ქმარი მგელიკა მიგრიაული რომ მესისხლეებს გაერიდა და ველისციხეში დასახლდა,
ერთხანს მიწის დამუშავებას მიჰყვა, მაგრამ ქისტების რბევასა და ვაჟკაცებში მემჯობინობას ნაჩვევმა
მთიელმა ყანისა და ვენახის დამუშავებას გული ვერ დაუდო და თოხი და ბარი ისევ ხმალზე და შუბზე
გაცვალა.
იმ დროს ქართველთა ლაშქარი საქართველოს სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებზე ლაშქრობდა და
მგელიკა მიგრიაულიც მხარგრძელების მხედრობას გაჰყვა, არჭეშისა და არდაველის აღებაში მიიღო
მონაწილეობა და შინ სახელიანი დაბრუნდა.
როცა მხარგრძელებმა ხორასანზე ილაშქრეს, მგელიკა მიგრიაული პირველი შევიდა მარანდში იმ
რჩეულ ხუთას მხედართან ერთად, რომელთაც თაყა თმოგველი სარდლობდა.
წინამბრძოლებს ზაქარია ამირსპასალარისაგან ნაბრძანები ჰქონდათ, მტრის დიდ ჯარს არ
შებრძოლებოდნენ, სანამ მთავარი მხედრობა არ მოეწეოდათ. თუ წინ მტრის მნიშვნელოვანი ძალები
შემოხვდებოდათ, თაყაიდინს ამირსპასალარისათვის უნდა ეცნობებინა და ისე მოქცეულიყვნენ,
როგორც მთავარსარდალი უბრძანებდა.
წინამბრძოლებმა მარანდის აღმართი აიარეს და ქალაქის თავზე, ვაკეზე დაბანაკდნენ. კლდეებში
შეხიზნულმა მარანდელებმა „იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურეს, მოუხდეს ზარითა და ამბოხებითა,
რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროისათვის“.
თაყა თმოგველი თავისი რჩეული ხუთასი ვაჟკაცითურთ თავგანწირვით ეკვეთა მომხდურებს,
უმრავლესნი დახოცეს, ხოლო მცირედნიღა აოტეს და კარგა ხანს სდიეს.
მარანდის თავზე გვიან ამოსული ქართველთა ლაშქარი სანახაობამ გააოცა. თაყაიდინის ბანაკიდან
ერთი კაციც აღარსად ჩანდა, ხოლო ბრძოლის ველი მარტოოდენ დახოცილ მარანდელებს დაეფარათ.
წინამბრძოლ ქართველთა ასე კვალწმიდად გაქრობით შეწუხებული ამირსპასალარი საგონებელში
ჩავარდა, არ იცოდა, სად და როგორ ეძებნა დაკარგული მეომრები.
ცოტა ხნის შემდეგ მტრის დევნისაგან შემოქცეული ქართველები გამოჩნდნენ. ხუთასივე გმირი
ცოცხლად გადარჩენილიყო, გამარჯვებულ თაყას ერთი კაციც არ დაკლებოდა.
თაყა თმოგველი მადლობასა და ჯილდოს ელოდა, მაგრამ მთავარსარდალი კუშტად შეხვდა
გამარჯვებულ ხელქვეითს, ლაშქრის წინაშე დატუქსა და შეარცხვინა ამბის უცნობლად შებმისათვის.
წინამბრძოლი რაზმი დაშალა მხარგრძელმა, მათგან ერთი ნაწილი თავრეზში დატოვა გარნიზონად,
მეორე _ მიანაში.
მგელიკა მიგრიაული ამ მეორე რაზმში მოხვდა, რომელიც ნებით, უომრად დამორჩილებულ მიანაში
ჩააყენა მხარგრძელმა. ძლევამოსილმა ქართველთა ლაშქარმა გზა განაგრძო და ხორასნის სიღრმისაკენ
გაემართა. ქართველებმა ბრძოლით აიღეს ზანგანი და ყაზვინი მოარბიეს.
დრო გადიოდა, შორს წასული ქართველთა ლაშქრისა აღარაფერი ისმოდა.
მიანაში ვიღაცამ ქართველი მხედრობის დამარცხებისა და დაღუპვის ჭორი მოიტანა. მიანის ვერაგმა
მელიქმა ეს ჭორი ირწმუნა,
ქართველთა გარნიზონი შეიპყრო და სხვებთან ერთად მგელიკა
მიგრიაულიც ძელზე ჩამოჰკიდა.
ნადავლისა და ნატყვენავის სიმძიმემ და სიმრავლემ ქართველებს ხორასნის სიღრმეში გზის
გაგრძელება გაუძნელა და ძლევამოსილები უკან შემობრუნდნენ.
მიანაში მომხდარი უბედურება რომ შეიტყო, ზაქარია მხარგრძელი გააფთრდა. დამნაშავენი
დედაბუდიანად ამოაჟლეტინა, თვითონ მელიქი ცოლ-შვილითა და თანამზრახველებითურთ
მინარეთზე ჩამოაკიდებინა, ხოლო ქალაქი მოსწვა და მოაოხრა.
სამშობლოში დაბრუნებული თაყაიდინ თმოგველი მარანდის გმირების ასე უსახელოდ დაღუპვაში
თავის თავსაც დამნაშავედ თვლიდა.
თავისი ქონების ნაწილი მიანაში დაღუპულთა ოჯახებს გაუყო და თავად ბერად აღიკვეცა.
თმოგველის ნაწყალობევით მგელიკას ქვრივმა მცირე სავენახე ადგილი იყიდა და ვაზი ჩაჰყარა.
ეს პატარა ვენახი იყო მთელი ის მემკვიდრეობა, რაც შორეულ ხორასანში ლაშქრობის, ბრძოლისა და
გამარჯვებების ჯილდოდ დაუტოვა მგელიკა მიგრიაულმა თავის ცოლ-შვილს.
დედა და შვილი თავდადებით შრომობდნენ, მაგრამ პატარა ვენახს იმდენი რა უნდა მიეცა ღარიბი
გლეხისათვის, რომ საქართველოს ტახტზე მეოცნებე ციცინოს სასურველ სასიძოდ ჩვენებოდა ლუხუმი.
დედა-შვილი რომ ამ უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში იყო, ლაშარის დღესასწაულმაც მოაღწია.
ქეთევანმა ჩვენება ნახა: ლაშარი გამოეცხადა, თავის ძველ ყმას სამსახურისა და ბეგარის დავიწყება
უსაყვედურა და ხატში მისვლა უბრძანა.
დედა-შვილმა ჩარდახიან ურემს სამსხვერპლო მოზვერი გამოაბა და ღვინითა და შესაწირავით
ფშავისკენ გაემართა.
ლაშარის ხატში ერთხელ კიდევ პირისპირ შეხვდნენ ლუხუმი და ქეთევანი ლილესა და ციცინოს.
მედიდური სალმით ერთხელ კიდევ ცივწყალგადასხმული ქეთევანი თავის მოჩარდახულში
განაპირდა. ლუხუმი კი აჩრდილივით აედევნა ამპარტავან დედა-შვილს.
ციცინო და ლილე ზედაც არ უყურებდნენ „აბეზარ ახმახს“, გაურბოდნენ და კუშტი გამოხედვით
იცილებდნენ თავიდან, მაგრამ ლუხუმი მაინც არ ეშვებოდა, უკანმიტოვებული, წინიდან გაუვლიდა და,
უნდოდათ თუ არა, პირისპირ აწყდებოდა.
ლილემ და ციცინომ გადაწყვიტეს, ზეზვას ვაჟებისთვის შეეჩივლათ, მაგრამ მათი შეწუხება აღარ
დასჭირდათ.
ლუხუმის მამის _ მგელიკას სისხლისმძებნელ ხევსურებს შორიდან შეენიშნათ მიგრიაულის ქვრივი,
ხალხში ლუხუმის ვინაობა გამოეკითხათ და როცა ყველაფერი გაერკვიათ, სისხლის ასაღებად
აღძრულიყვნენ.
ლილეს დევნისაგან გაოგნებულ ველისციხელს ხევსურები გადაუდგნენ, მხარი გაჰკრეს და
საჩხუბრად აემრიზნენ.
ლუხუმი თვალით ხალხში დაკარგულ ლილეს დაეძებდა და მათი გამოწვევა არაფრად ჩაუგდია.
შარზე დამდგარ ვაჟკაცებს ზედაც არ შეხედა და გზა განაგრძო.
მაშინ ერთმა ხევსურმა მხარზე ხელი დაჰკრა და შემობრუნება დაუპირა.
მოსისხარმა მხარიც ვერ უქცია ველისციხელს, მაგრამ ლუხუმი შედგა და მგელივით
კისერმოუბრუნებლად ჰკითხა:
_ რა გინდა, ძმობილო?
_ შენი ძმებ ფარეხში მაიკითხოდე! ხმალი გააძრე, თუ ვაჟკაცი ხარ! _ დასჭყივლა ხევსურმა და
პირველმა თვითონ იშიშვლა ხმალი.
დანარჩენების ხმლებმაც რომ იელვეს ლუხუმის ირგვლივ, მხოლოდ მაშინ შეიძრა მიგრიაული,
ამოდენა ვაჟკაცი ბურთივით შეხტა, უკან ისკუპა და მოქნეულ ხმლებს ხმალი შეაგება.
* * *
ციცინო დიდი იმედით არ წამოსულა ლაშარის ხატში. გუდანობასა და ალავერდობაზე
გულგატეხილი ქალი არც ლაშარში ელოდა რაიმე განსაკუთრებულს.
ლილე უკვე გასათხოვრად მოწიფული იყო, ხოლო საოცნებო სასიძო არსად ჩანდა. ჯავრისა და
ათასგვარი სნეულებისაგან დასუსტებულ დედას უკვე ძალა აღარ ჰყოფნიდა ლილეს სათხოვნელად
მოძალებული მთიელების მოსაგერიებლად.
ფშავის ხევში რომ ამოვიდა, ჭორად გაიგო ციცინომ _ საქართველოს მეფეთ მეფე მოვა ხატში თავისი
ამალითო. ამ ჭორს ათასგვარად ატრიალებდნენ. ზოგი იმას ამბობდა, თამარ მეფეს დავით სოსლანისაგან
შვილი არ მიეცა, სანამ ლაშარის ხატს არ შემოეხვეწა მეფე-დედოფალიო. მსხვერპლის შეწირვისა და
ლოცვით ღამისთევის შემდეგ ლაშარმა უსმინა თამარს ვედრება და მემკვიდრე ვაჟი მისცა. ამ ვაჟს
ლაშარის პატივისცემით ლაშა უწოდეს და გიორგითაც უხმობენო.
თვითონ ხევისბერს, ჩალხია ფხოველს, ასე აეხსნა ლაშას წოდება: ლაშარი ძველად ქართველთა მზის
ღვთაება იყო და მთელი საქართველო და კავკასია მას ეთაყვანებოდა. აფხაზეთში დღემდის ჩვენსავით
სწამთ ლაშარი. აფხაზურად ალაშარს უწოდებენ და ქვეყნის განმანათლებელს ნიშნავს. თამარმა
აფხაზეთში იღო მუცლად მემკვიდრე; იმ ადგილს, სადაც მაშინ მეფე და დედოფალი განისვენებდნენ,
ლაშაფშა ანუ ლაშას წყალი ჰქვია და იქაც ლაშარის ხატის სალოცავი დგას. მეფეს ამიტომაც დაურქმევია
ტახტის მემკვიდრისათვის ლაშაო.
ხატში მიმავალ მლოცველთაგან ზოგი იმასაც ამბობდა, რომ ლაშა დავით სოსლანმა დაარქვა
უფლისწულს, რადგან ლაშარი ოვსთა და ქაშაგთა შორისაც ძლიერი ხატი ყოფილაო.
ასე იყო თუ ისე, საქართველოს ახლანდელი მეფის დაბადებას ყველა ლაშარის ხატის შეწევნად
თვლიდა. თვითონ ლაშა-გიორგი ხატის ახლანდელი ხევისბერის, ჩალხია ფხოველის აღზრდილი იყო
და ამიტომ მთიელები მეფისაგან ლაშარის ხატის ამაღლებასა და გაძლიერებას მოელოდნენ.
როცა ხმა დაირხა, ხელმწიფე ლაშარობაზე მობრძანდებაო, ეს ამბავი არავის გაკვირვებია და ყველამ
დაიჯერა.
მეფე და მისი ამალა რომ გამოჩნდნენ, ციცინო მღელვარებამ შეიპყრო. თვითონ სააშკარაოზე
გამოსვლას ვერ ბედავდა, ვაითუ, მეფის ამალიდან ვინმემ მიცნოსო. ცდილობდა, ლილე როგორმე მეფეს
შეემჩნია, მაგრამ ვერ იქნა და პირისპირ ვერსად შეახვედრა.
როცა ხალხი მეფის კალთის სამთხვევად დაიძრა, ციცინომ წინ წაიმძღვარა ლილე და ის იყო მეფეს
უნდა მიახლებოდნენ, რომ უბედურმა ქვრივმა შალვა ახალციხელი დაინახა.
ტახტის ერთგული შალვა ციცინოს ქმრის გვარეულობის ამოწყვეტის მონაწილე იყო და ამიტომაც
დასცა თავზარი ერისთავის ქალს მისმა დანახვამ: არ მიცნოსო, იმ წამსვე პირი იბრუნა და შეშინებული
მიიმალა.
ბოლოს, ლუხუმისა და ხევსურების ჩხუბის დროს, როცა მეფე ერთხელ კიდევ გაერია ხალხში,
ციცინოს კვლავ იმედი მოეცა, მეფე ლილეს დაინახავსო.
შვილის მაღმერთებელ დედას თვითშთაგონებით სჯეროდა, რომ მეფისაგან ლილეს ერთი დანახვა
საკმარისი იქნებოდა და ყველაფერი ისე მოხდებოდა, როგორც მას ეხატებოდა ოცნებაში.
საუბედუროდ, ვაჟკაცების ჩხუბით გატაცებული ლილე მეფისკენ ზურგით იდგა, ლაშასაც ჰაერში
ელვებივით გატყორცნილი ხმლებისთვის არ მოუშორებია თვალი და მშვენიერი ლილე შეუმჩნეველი
დარჩა.
იმ რამდენიმე წამში, როცა მეფემ ლუხუმი თავისთან მიიხმო, თავისი ხმალი შემოარტყა და პირად
მცველად აიყვანა, ციცინოს თავში ათასი ფიქრი და გადაწყვეტილება დატრიალდა.
მაშინვე მოძებნა ლუხუმის დედა, მიუალერსა და თავის კარავში მიიპატიჟა.
ქეთევანი მიხვდა, რომ მეფის წყალობამ მის ვაჟს ციცინოს ქალისკენ გზა გაუხსნა.
შინ დაბრუნებულმა ციცინომ ჯერ ზეზვა გაგზავნა ველისციხეში ნიადაგის მოსასინჯად.
კარგი ამბით დაბრუნდა ზეზვა. ლუხუმი მეფეს დიდ წყალობაში ჰყოლოდა. თურმე დღისით
გვერდით არ იცილებდა და ღამით საწოლთან ედგა გუშაგად. მიგრიაული მეფის დიდძალ ნაწყალობევს
ხშირად უგზავნიდა დედას და ზეზვას ვეღარც კი ეცნო მისი ნათესავის სახლ-კარი, იმდენად
გაემშვენიერებინა და განეახლებინა ქეთევანს ყოველივე.
ციცინო ჩააფიქრა ზეზვას ნაამბობმა. ლუხუმი უკვე შეძლებული აზნაური იყო და, ალბათ, კიდევ
უფრო აღზევდებოდა. ციცინოს ოცნებას ლილეს გადედოფლებაზე, ეტყობოდა, განხორციელება არ
ეწერა. თავად ციცინო გულისგატეხვასთან ერთად ძალ-ღონის კლებას, დაღლასა და რაღაც ჩუმი სენის
მომძლავრებას გრძნობდა. ხვალ თუ ზეგ იქნებ სულაც ლოგინად ჩავარდნილიყო და ლილე უპატრონოდ
დარჩენოდა. ლუხუმზე უკეთეს სასიძოზე ციცინოს ხელი არსად უწვდებოდა: მიგრიაულს ქონებაც
დიდი ჰქონდა და მდგომარეობაც. საპატიო _ მეფის უახლოესი კაცი იყო. ციცინომ ისიც იცოდა, რომ
მეფის მცველს თავდავიწყებით უყვარდა მისი ქალი. დედას თავის სიცოცხლეშივე უნდოდა
ერთადერთი ქალიშვილისათვის ღირსეული პატრონის შოვნა და, რაკი უკეთესი არჩევანი არ ჩანდა,
გადაწყვიტა, კარზე მომდგარი ბედისათვის ხელი არ ეკრა.
ამპარტავნებას ქედი მოსტყდა: ციცინო და ლილე, ვითომ გზად გამოვლილები, ესტუმრნენ ქეთევანს,
ტკბილად მოკითხვასა და ნართაულ ლაპარაკს გულახდილი საქმიანი საუბარი მოაყოლეს და დედები
შეთანხმდნენ, რომ ლუხუმის ჩამოსვლისთანავე შვილებს ნიშნობას გადაუხდიდნენ.
@თავი მერვე. ნასყიდაანთ ქარუმა
შემოდგომის მიწურული იყო. მეფეს ტრაპიზონის იმპერატორი კომნენი ჰყავდა სტუმრად.
ლაშა და მთელი სამეფო იმის ცდაში იყვნენ, სტუმრისთვის კარგად ეჩვენებინათ თავი.
სახელოვანი კომნენების უკანასკნელი შთამომავალი, ლაშას ახლანდელი სტუმარი საქართველოში
იყო აღზრდილი. მისი დიდი პაპის ანდრონიკეს დამხობის დღეებში ბიზანტიის ტახტის მცირეწლოვანი
მემკვიდრეები საქართველოს სამეფოს ელჩმა _ მარგველმა გამოგლიჯა სიკვდილის საფრთხეს და
თამარის კარზე მოიყვანა. ყრმა უფლისწულებს მზრუნველად ზრდიდა მათი დიდი მამიდა თამარი.
თამარი არ სცნობდა კომნენთა გვირგვინის მიმტაცებელ დინასტიას და მტრულადაც იყო მათდამი
განწყობილი. ბიზანტიის ახალმა იმპერატორმაც იმთავითვე მტრული მოქმედება დაიწყო თამარის
მიმართ: საქართველოდან განდევნილმა თამარის პირველმა ქმარმა გიორგი რუსმა ორჯერ ჰპოვა
თავშესაფარი ანგელოსთა კარზე და ორჯერვე ბიზანტიის სამხედრო დახმარებით სცადა საქართველოში
დაბრუნება. თამარი ამას ვერ დაივიწყებდა ისე, როგორც ანგელოსთა გვარეულობა ვერ ივიწყებდა იმ
გარემოებას, რომ ბიზანტიის ტახტის კანონიერ მემკვიდრეებს, ანდრონიკეს შვილიშვილებს თამარი
მფარველობდა და ბიზანტიის იმპერატორებად ამზადებდა.
როგორც კი უფლისწულები მოიწიფნენ, თამარმა ისინი ქართველთა მხედრობას ჩაუყენა სათავეში
და შავი ზღვის სანაპიროს შეუსია.
ქართველთა ლაშქარმა თითქმის ბიზანტიის კუთვნილი მთელი სანაპირო დაიკავა და თამარმა
ახალი, საქართველოს ტახტისგან დამოკიდებული ტრაპიზონის სამეფო შექმნა.
ახალი იმპერიის მეთაურის ალექსი კომნენის დედა-ენა ქართული იყო. ჩაცმა-დახურვით, ზნე-
ჩვეულებითა და ხასიათით იგი უფრო ქართველ უფლისწულსა ჰგავდა და, თუმცა მისი კარი
ქართველებით იყო სავსე, გული მაინც სულ თბილისისკენ მოუწევდა.
თამარის გარდაცვალების შემდეგ, შავი ზღვის სანაპიროზეც ბევრი რამ შეიცვალა. ტრაპიზონს
სამხრეთით რუმის სასულტნო აწვებოდა და, ალბათ, აქამდისაც ჩაყლაპავდა, კომნენის უკან ძლიერი
საქართველო რომ არ მდგარიყო.
კომნენის ჩამოსვლის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მტრისათვის ტრაპიზონის სამეფოს
საქართველოსთან ერთობა დაენახვებინათ.
შალვა და ივანე ახალციხელებმა ჯარების საბრძოლო დათვალიერება მოაწყვეს და ლაშქრის აღლუმს
ორივე მეფე დაესწრო.
კომნენზე და მის ამალაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველთა საომრად მზადყოფნამ,
კარგმა აღჭურვილობამ და ცხენკეთილობამ.
მეფეები ბურთაობასა და ცხენოსნობას შეექცნენ და, რაკი შემოდგომის მიწურული იყო, კომნენის
თხოვნით, ჰერეთისკენ წამოვიდნენ გარეულ ტახებზე სანადიროდ.
კაკლით, ბროწეულითა და წაბლით სავსე ჰერეთის ტყეებში ადრეც უნადირნია კომნენს.
ძვირფასი სტუმრის პატივისცემაში ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ საქართველოს მთავრები და
ერისთავები. მაგრამ ყველაზე მეტად თავგადადებული ჰერეთის ერისთავი იყო, რადგან სანადირო
ტყეები სწორედ მის საერისთაოს ეკუთვნოდა და გვირგვინოსანი მონადირეებიც უფრო მისი სტუმრები
იყვნენ.
ყოველ ხის ძირას, სადაც კი მეფეები ცხენებს შეაჩერებდნენ, სუფრა იყო გაშლილი. მესტუმრეებს
იშვიათი ფრინველებისა და ნადირების კერძები მოჰქონდათ და ნაირ-ნაირი ქართული ღვინოებით
მასპინძლობდნენ.
ლაშა-გიორგისა არ იყოს, ალექსი კომნენიც არ იკლავდა თავს სარწმუნოებისათვის.
გემოსმიმყოლობითა და უზრუნველობით, თავისუფლად მოაზროვნე ფილოსოფოსებისა და მწერლების
მფარველობით მისი სამეფო კარი მთელს წინა აზიაში იყო ცნობილი. ეკლესიაში ახალი იმპერიის
მეთაური მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად და ხალხის დასანახავად დადიოდა, თორემ ქრისტეს
სარწმუნოება ისევე არ სწამდა, როგორც მაჰმადის.
გზადაგზა, მონასტრებსა და ტაძრებში, მეფეების მობრძანების გამო, ძელისცემა და ლიტანიობა იყო,
მაგრამ ნადირობას მოსწრაფე გვირგვინოსნები მშვენიერ წალკოტებში ჩამალულ განსასვენებლებს
გვერდს უქცევდნენ და არსად ჩერდებოდნენ.
წინ მიმავალი მანდატურები და ერისთავთა მსახურები გზებზე წესრიგს იცავდნენ, მეფეთა
მისასალმებლად გამოსულ ხალხს მათი ამალისკენ არ უშვებდნენ, აწვებოდნენ და აწყნარებდნენ.
გომბორზე შუამთის მონასტრის წინამძღვარი მოეგება მეფეებს მონაზვნების გუნდით.
ტყეში მიმავალ გვირგვინოსნებს პირველად ზღაპრული სირინოზების გალობა ეგონათ, შეჩერდნენ
და ყური მიუგდეს მუხნარში დარხეულ წკრიალა ხმებს.
ცოტა ხნის შემდეგ საზეიმოდ გამოწყობილი წინამძღვარი გამოჩნდა თეთრკაბიან მონაზონთა
გუნდით და მეფეების სიამოვნებაც მაშინვე გათავდა.
გვერდის აქცევა არ შეიძლებოდა და ხელმწიფეები იძულებული იყვნენ, მორჩილად ესმინათ
მონასტრის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა.
ჭაბუკი მეფეები თავდახრილნი მოსაჩვენარი სასოებით ისმენდნენ წინამძღვრის ლოცვას, ჩუმჩუმად
კი ცისკენ თვალაპყრობილ ლამაზ მონაზვნებს აკვირდებოდნენ.
უცებ ხალხი შეჩოჩქოლდა. ლაშამ გვერდზე გახედვაც ვერ მოასწრო, რომ ფეხქვეშ თმაგაწეწილი ქალი
ჩაუვარდა და ხუთი ბავშვი ტირილითა და ჟივილ-ხივილით შემოერტყა.
მანდატურები ატირებულ დედაკაცს და ბავშვებს ეცნენ.
_ არ წავალთ, თუნდაც მომკლათ, ვერ დამიშლით, მეფეს ჩემი უბედურება უნდა გავაგებინო...
მხოლოდ ის თუ მიშველის, გულმოწყალე თამარის ძე! _ ყვიროდა ქალი და მანდატურებს
უძალიანდებოდა.
ლაშამ მკაცრად ანიშნა და მსახურებმა მაშინვე ხელი უშვეს დედაკაცს. მეფემ მტირალი ქალი
წამოაყენა და დაამშვიდა.
_ რა გაგჭირვებია, მიამბე ყოველი... _ დაყვავებით უთხრა მეფემ.
_ აკი ტყუილად არ მქონდა შენი წყალობის იმედი! გეტყვი, ყოველივეს გეტყვი... _ გაჰკიოდა
დედაკაცი. _ ჩვენ სამონასტრო ყმები ვართ, ჩვენი გვარი ღვთივკურთხეულ ბატონებს მონასტრისთვის
შემოუწირავთ და ჩვენს ვალდებულებად მონასტრის წყაროს მოვლა და სამსახური ჩაუწერიათ. სხვა ჩვენ
არა გვევალებოდა რა ბატონისაგან. აი, ეს გუჯარია ამის მოწმე, _ შესტირა მეფეს დედაკაცმა, უბიდან
კონკებში გახვეული გუჯარი ამოიღო და მეფეს მიაწოდა.
მეფემ დაგრაგნილი სიგელი გაშალა.
„...ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და უცვალებელი, უმიზეზო და
მიზეზშემოუღებელი, ყოველთა კაცთაგან უცილობელი და მოუდევარი შეწირვის წიგნი დაგიწერეთ და
მოგეცით ყმასა ჩვენსა ხიზანა ხოხიაშვილს. შუამთის მონასტრისთვის შეგვიწირიხართ ჩვენდა საოხად
და წარსამართებლად და მამისა და დედის ჩვენის სასულიეროდ და მოსახსენებლად. სახლისაგან
თქვენისა თვითოი შვილი მათ ოსტატად გაისწავლებოდეს და ჰკაზმიდეს მას წყაროსა. სხვა ბეგარა
ამოგიკვეთეთ და არა სხვა ჩვენი სათხოვარი აღარა გეთხოვებოდეს რა, არცა ჩვენგან, არცა
მონასტრისაგან“...
მეფემ თვალის ერთი გადავლებით წაიკითხა სიგელი და მომჩივანს შეხედა.
_ ჩვენს მამასა და პაპას წყაროს კაზმვის მეტი სხვა სამსახური არა ევალათ რა მონასტრისაგან. მე
ხუთი შვილის დედა ვარ, ქვრივ-ოხერი. _ დედაკაცი ისევ აქვითინდა და გულში მჯიღი დაირტყა. _ ახლა
მონასტერი მეც სხვა გლეხებსავით მთხოვს პურსა და ღვინის ბეგარას და მრავალ სამსახურს. მე რა
სამსახური შემიძლია, ან პური და ღვინო სად მაბადია, ბალღები მშივრები დამიდიან, შიშველ-
ტიტვლები.
წინამძღვარი გაფითრებულიყო, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მშველელს დაეძებდა, მაგრამ მეფის
ამალაში არც კათალიკოსი იყო, არც ვინმე ხუცესთაგანი. მეფეს მეტწილად მასავით ჭაბუკები ახლდნენ
და წინამძღვარი თანაგრძნობის მაგივრად მათ სახეებზე მხოლოდ დამცინავ ღიმილს პოულობდა.
ლაშამ ისევ სიგელს დახედა და ხმამაღლა წაიკითხა: „...ესე ასრე გაგითავდეს და არასოდეს არ
მოგეშალოს არა ჩვენგან და არა სხვათა ჩვენთა ნათესავთა და მომავალთაგან, ვინც ამის დაშლად და
ქცევად ხელყოს, ჩვენთამცა ცოდვათათვის იგი განიკითხვის დღესა მას დიდსა განკითხვისასა“...
მეფემ ბოლო სიტყვაზე ხმას აუმაღლა და წინამძღვარს რისხვით შეხედა.
წინამძღვარი ერთიანად ცახცახებდა, შიშს ქვედა ყბა მოეტაცებინა და მორყეულ კბილებს
ციებიანივით ერთმანეთზე კაწკაწით ურტყამდა.
_ რად მოუშალე შეწირვის ფიცი, წინამძღვარო!
_ არ ვიცოდი, მეფე ბატონო! ჩემს უცნობლად მომხდარა, _ აჩიფჩიფდა წინამძღვარი, მუხლზე დაემხო
და მიწას ეთაყვანა.
_ იცოდა... ეპისკოპოსთანაც ვიჩივლე, მაგრამ წინ დამიხვდა და გზა მომიჭრა, _ აყვირდა მომჩივანი.
_ დღეიდან სრულიად გამითავისუფლებია ხოხიაშვილის ქვრივი და მისი ობლები წყაროს კაზმვისა
და ყოველი სხვა ბეგარისაგან. წინამძღვარი პასუხს აგებს კანონის დარღვევისათვის კათალიკოსისა და
მეფის წინაშე. ხოლო ფიცის გატეხისათვის ღმერთმა საჯოს, როგორც შემწირველს დაუწერია! _ ბრძანა
მეფემ და ცხენი დაძრა.
_ იდღეგრძელე, ხელმწიფევ! ღმერთმა გაგაძლიეროს ქვრივ-ობლების გაძლიერებისათვის... _
მისძახოდა მიწაზე ჩოქვით გამოდევნებული დედაკაცი.
კომნენმა ნახევრად შიშველ ბავშვებს ოქროს ფული აუბნია მაღლა, ერთხანს უყურა, როგორ საკენკზე
მისეული წიწილებივით წიაქით ეცნენ გაფანტულ ოქროს ბავშვები, მერე იმანაც ცხენი დაძრა და მეფეს
დაეწია.
გუნებაწამხდარმა მეფეებმა მდუმარედ განაგრძეს გზა.
მსახურები მეფის სამართლიანობაზე აღტაცებულნი ჩურჩულებდნენ. ყველაზე მეტად ლუხუმი
გაეხარებინა ლაშას მეფურ ქცევას, იგი ადრეც სამართლიან და ლმობიერ ხელმწიფედ მიაჩნდა, ხოლო
ახლა ხომ ღარიბებისა და ჩაგრულების ჭეშმარიტ მოსარჩლედ იწამა.
შერცხვენილი და საჯაროდ მეფის მიერ დამცირებული წინამძღვარი ურემზე მწოლარე დაბრუნდა
მონასტერში.
მომღერალთა გუნდს ორი ულამაზესი მონაზონი დაჰკლებოდა. ეჭვით იცოდნენ, რომ ორივენი,
კახეთის ერისთავის მოხერხებით, მეფეების ამალასთან ერთად გაჰქრნენ, მაგრამ ჯავრისაგან ისეც
გონდაკარგულ წინამძღვრისათვის ამბის მოხსენება ვერ გაებედნათ.
მეფის მონადირეთუხუცესს კახეთისა და იმერეთის მონადირეთა ორას სამოცი სახლიდან ქუდზე
კაცი გამოეყვანა და ნადირობის თადარიგი დროულად დაეჭირა.
ნადირობის დღეს უღრან ტყეს უთვალავი მარეკი და მწევარ-მეძებარი შეესია.
სამეფო კარავი ბერმუხის ქვეშ იდგა ტყის პირას და მეფეები ჭადრაკის მღერად ისხდნენ.
კარვის გვერდით შეკაზმული ცხენები ჰყავდათ მეფეებისთვის გამზადებული. დათქმული ჰქონდათ,
მარეკები რომ ტახს წამოაგდებდნენ, მონადირეთუხუცესს მეფეებისთვის უნდა შეეტყობინებინა.
კართან ლუხუმი იდგა, მთლიანად კრინა-პოლოტიკში გამოწყობილი, სმენად და ხედვად
გადაქცეული
ველისციხელი
მეფისმცველი.
აგერ
მესამედ
გაირბინა
ბერმუხებს
უკან
ტანსაცმელჩამოხეულმა თხუთმეტიოდე წლის ბიჭმა. ერთხანს დაჟინებით უცქირა ლუხუმს თუ
მეფეების ცხენებს და მერე ხეებს იქით მიიმალა.
ეს ბიჭი ალაზნიდანვე აედევნა მეფის ამალას. ფეხშიშველი, სირბილით მოსდევდა შორიახლოს და
ლუხუმმა ადრევე შენიშნა, რომ იგი ტრაპიზონის იმპერატორის ცხენს არ აშორებდა თვალს.
კომნენის წაბლა კვიცი, როგორც კი ამ ბიჭს მოჰკრავდა თვალს, აჭიხვინდებოდა, შეთამაშდებოდა და
მიწას ტორით უწყებდა ცემას. ბიჭი მაშინვე გაერიდებოდა და ისევ ჩამორჩებოდა მეფის ამალას.
უცნობის ასეთი ქცევა ლუხუმს გარდა სხვებმაც შენიშნეს, მაგრამ არ გაჰკვირვებიათ, რადგან
კომნენის ლამაზი კვიცის სანახავად სხვაც ბევრი მოიწევდა მეფის ამალისკენ.
კვიცი მწევარივით გრძელი, მაღალი და სხარტი იყო. შავი ძუა კოჭებამდის სცემდა, ხშირი ფაფარი
ჯეჯილივით უღელავდა და შავწითელი გავა სარკესავით უბზინავდა. ნელი სვლის დროს ჯიშიან მაღალ
ფეხებს ირემივით ფრთხილად ადგამდა, მაგრამ როგორც კი მხედარი ააჩქარებდა, ყურდაცქვეტილი
შეხტებოდა და თამაშ-თამაშით ისე წამოვიდოდა, თითქო მიწას არ ეხებაო.
პერანგჩამოხეულმა ბიჭმა ისევ გამოიხედა სამალავიდან, კარავს თვალი მოავლო და ნელ-ნელა
მოშორდა უზარმაზარ ხეს.
ბიჭი პირდაპირ ლუხუმისკენ წამოვიდა. ლუხუმს არ მოეწონა საეჭვოდ ადევნებული ბიჭის ქცევა,
შუბი მოიმარჯვა და ნაბიჯი წინ წადგა. ბიჭი მიუახლოვდა, თვალი შიშით მიმოატარა და ჩურჩულით
მიმართა:
_ ძია ლუხუმი არა ხარ?
_ ლუხუმი ვარ, შენ ვინღა ხარ?
_ მე ველისციხელი ნასყიდაანთ ქარუმა ვარ, _ მიუგო ბიჭმა და ნამტირალევი სახით შესცინა
მიგრიაულს.
_ ბიჭოს, ვერ გიცანი, რამოდენა გაზრდილხარ, _ მხარზე დაჰკრა ხელი ლუხუმმა, _ აქ რას აკეთებ?
_ უნდა მიშველო, ძია ლუხუმ, შენს მეტი კაცი არა მყავს...
_ რა გაგჭირვებია, აქ როგორ მომაგენი?
_ ეს ქურანა კვიცი ჩემია, ძია ლუხუმ, _ სლუკუნით თქვა ბიჭმა და კომნენის წაბლაზე მიუთითა.
_ რას ამბობ, ბიჭო, არავინ გაგიგონოს! _ შეუწყრა ლუხუმი და ირგვლივ მიმოიხედა, არავის
ესმოდესო, _ ეგ ცხენი ბერძენთა მეფისაა, ჩვენმა მეფემ საჩუქრად მიართვა...
_ თუ სინდისი მაქვს, ჩემი კვიცია. ხუთ წელიწადს მოჯამაგირედ ვმუშაობდი ვაჭართან ხორნაბუჯში.
რაც ფული მერგო, მაგ კვიცში მივეცი. პატარა გავზარდე, ხელით ვაჭმევდი, ბავშვივით ვბანდი და
ვუვლიდი.
_ ავად ხომ არა ხარ, ბალღო? _ გაოცებით შეხედა ლუხუმმა.
_ არა, მართალს ვამბობ, ძია ლუხუმ, ორი კვირის წინათ დავკარგე ალაზანზე, დღედაღამ ვეძებდი,
ტანთ და ფეხთ შემომეხა აღმა-დაღმა ტანტალში. ათი დღის წინ მითხრეს, ალვანებში ვნახეთ შენი
კვიციო, იქაც ავედი, მაგრამ რას ვიპოვიდი, კახეთის ერისთავს მიუგვრია მეფისთვის.
_ გაჩუმდი! _ ლუხუმმა პირზე ხელი დააფარა ნასყიდაანთ ბიჭს. _ აქ როგორ ბედავ მაგის ლაპარაკს!
_ მიშველე, ძია ლუხუმ, ყმად დაგიდგები...
_ მე რა შველა შემიძლია, ან შენი ყმობა რად მინდა, _ შებრალებით უთხრა ლუხუმმა.,
_ შეგიძლია, როგორ არ შეგიძლია, _ შეემუდარა ბიჭი და მუხლებზე მოეხვია, _ მეფესთან შემიშვი,
შევეხვეწები, შემიბრალებს...
_ მეფესთან ვერ შეგიშვებ, ნაბრძანები მაქვს, _ ჩურჩულებდა ჩაფიქრებული ლუხუმი და თან
ცდილობდა, ფეხებზე მოხვეულ ქარუმას ხელებისაგან გათავისუფლებულიყო.
_ არ შემიშვებ? მართლა არ შემიშვებ? მაშინ აქვე მომკალ შენი ხელით... _ აუწია ხმას
სასოწარკვეთილმა.
_ მეფესთან ვერ შეგიშვებ. სხვა რამ უნდა ვიღონოთ... ადექი... ადექი...
ბიჭი მძიმედ წამოდგა და იმედმოცემული თვალებით შეაჩერდა მეფის მცველს.
_ აქ ნუ გამოჩნდები, წადი. ხვალ ალაზანზე დამხვდი... რამეს ვიღონებ... _ დააიმედა ლუხუმმა.
ის იყო, ბიჭმა წასვლა დააპირა, მაგრამ ისევ შემობრუნდა და ეჭვიანად იკითხა:
_ მომცემენ კია ჩემს კვიცს? წაართმევენ ბერძნების მეფეს?..
ლუხუმი შეკრთა, არ მოელოდა ამ კითხვას. მართლაცდა, ვინ მისცემდა ნასყიდაანთ ქარუმას
ბერძენთა მეფისათვის ნაჩუქარ კვიცს! ლაშა მთელ სამეფოს უფრო იოლად დაუთმობდა ვისმე, ვიდრე
თავის ნაჩუქარს გამოართმევდა უკან გვირგვინოსან სტუმარს.
_ იქნებ ისა სჯობდეს, შენ არ დამინახო, ჩემი წაბლა აგე, მანდ არი, ორ ნაბიჯხე, უცებ მოვახტები და
გავფრინდები.
_ არა, რას ამბობ, ეგ შეუძლებელია!
_ შეუძლებელი რად არი, ძია ლუხუმ... შენ ვითომ ვერ დაგვინახე, დანარჩენი მე ვიცი... _ შეემუდარა
ქარუმა.
_ არა, ეგ შეუძლებელია, ორივეს მოგკლავენ, შენცა და შენს ცხენსაც...
_ მოგვკლან, თუ მოგვკლავენ. ქვეყანაზე ყველას ვინმე ჰყავს და მე მაგ კვიცის მეტი არა მაბადია რა.
უმაგისოდ თავს მაინც არ ვიცოცხლებ... _ ამოუჯდა გული ნასყიდაანთ ბიჭს.
_ ეგ შეუძლებელია-მეთქი... წადი, სხვა რამეს ვიღონებ... _ უკვე ხვეწნით უთხრა ლუხუმმა, თუმცა
თვითონაც არ იცოდა, რა უნდა ეღონა.
ქარუმამ ერთხელ კიდევ გაიხედა კვიცისკენ, ლაგამწაყრილი ქურანი ქერს ახრამუნებდა არხეინად.
_ წაბლა!.. ჩემო წაბლა!.. _ წაიდუდუნა ბიჭმა და თვალებიდან ცრემლები გადმოჰყარა.
კვიცმა უცებ პირი გააჩერა, გაილურსა და ყური მიუგდო ნაცნობ ძახილს. მერე ელამად გადმოიხედა
და ერთი ხმამაღლა შესჭიხვინა.
_ წადი-მეთქი! ახლავე გამეცალე! _ შეუტია ლუხუმმა და შეშფოთებულმა ხელის კვრით ძლივს
დაძრა ადგილიდან გაჯიუტებული ნამოჯამაგირალი.
_ წავალ... სულ რბენით წავალ, ოღონდ რამე მიშველე... ოღონდ... _ ერთხელ კიდევ შესტირა ბიჭმა და
სირბილით გაშორდა.
ლუხუმი ჩქარი ნაბიჯით გადი-გამოდიოდა კარვის წინ. საიდან გაჩნდა ეს ბიჭი! გუნება ერთბაშად
მოუშხამა და გონება შავი ფიქრებით აუფორიაქა. რა ეშველება ნასყიდაანთ ქარუმას, რით უნდა
უშველოს ლუხუმმა? საბრალოს სახლი არ გააჩნია და კარი. ობლობაში მეზობლების ხელისწყობით
წამოიზარდა, ლუხუმის დედა ქეთევანიც რამდენჯერ შესწევია, ხან შვილის გამონაცვალი ტანსაცმლით,
ხან საჭმლით... ჯერ თავად რა ჰქონდა ლუხუმს და მერე მისი გამონაცვლით და მონარჩენით
ხელგამართულის ცხოვრება რა უნდა ყოფილიყო! მარჯვე ბიჭი იზრდებოდა ნასყიდაანთ ქარუმა.
გამგონე და მუყაითი, სოფელში ყველას უყვარდა, საქმეს არ ზარდებოდა და რითაც შეეძლო,
ცდილობდა, ყველასათვის სამაგიერო სამსახური გაეწია. ვისაც გასაგზავნი კაცი დასჭირდებოდა,
ქარუმას ეძახდა, ვისმეს წყლის მოსატანად არ ეცალა _ ქარუმა იქ იყო, ნახირი უნდა გაერეკნათ, ქარუმამ
საბალახოები კარგად იცოდა, და ასე მთელი სოფლის მოსამსახურე იყო ქარუმა. არც თვითონ
ეზარებოდა ვისმესთვის თავისი მცირე სამსახური და არც იმას ამადლიდნენ ალალ პურს.
ცოტა რომ წამოიზარდა, ველისციხეში გზად გამოვლილ ვაჭარს მოუვიდა თვალში მკვირცხლი ბიჭი,
პირობა სოფლის თავკაცებთან შეუკრა და მოჯამაგირედ წაიყვანა ხორნაბუჯში.
ხუთ წელიწადს უმსახურია იმ ვაჭართან ნასყიდაანთ ქარუმას. ვინ იცის, რა ჯაფა და წვალება,
რამდენი დამცირება და გაჭირვება გადაუტანია ობოლ ბიჭს ამ ხნის განმავლობაში! მერე იმ ხუთი წლის
ბოლოს რაც განსაცდელის საზღაური მიუღია, უჭკუოს სულ ამ კვიცში გადაუყრია. მაინც რამ
აფიქრებინა იმ საცოდავს კვიცის ყიდვა! სხვა აღარა აკლდა რა უსახლკარო და უმიწაწყლო ობოლს?
მერე ისიც ამისთანა კვიცი რამ აყიდვინა, რომ მთელ ქვეყანას ზედ რჩება თვალი. განა არ იცოდა, რომ
ქვეყანა ხარბი და შურიანია? მეფის საკადრისი კვიცი რა უმიწაწყლოსი და უგვაროს საქმე იყო? ამქვეყნად
ყველა მასზე ძლიერი და შეძლებულია და როგორ უნდა შეენარჩუნებინა ისეთი საუნჯე, რომელიც
ყველას თვალს უყენებდა და გულს შურით უვსებდა.
თუმცა კი რატომ არ უნდა ეყიდნა, ან რატომ არ უნდა შეერჩინათ, ისიც ხომ ადამიანი იყო, სილამაზე
ხომ მასაც სხვებსავით იზიდავდა და სიყვარულიც სხვასავით ეცოდინებოდა?! მერე რა, რომ ღარიბი იყო
და უპატრონო, განა მეფე და კანონი მისი პატრონი და მფარველი არ უნდა ყოფილიყვნენ?
ამ კითხვაზე ლუხუმმა უნებურად მეფის კარვისკენ გაიხედა: კარავში მეფეები ჭადრაკს შეექცეოდნენ,
ხუმრობდნენ და იცინოდნენ.
ისინი შორს, ძალიან შორს იყვნენ არა მარტო ქარუმას სადარდებლისაგან, არამედ აგერ მათი კარვის
კართან მდგარი ლუხუმის საფიქრალისგანაც.
ლაშამ მარჯვე სვლა გააკეთა, კომნენი მძიმედ ჩაფიქრდა.
მასპინძელი უკვე უიმედოდ თვლიდა სტუმრის მეფის გადარჩენას, არხეინად იჯდა და ჭადრაკის
დაფას აღარც უყურებდა. უცებ კართან მიგრიაულს მოჰკრა თვალი, მცველს გაჭირვებაში ჩავარდნილ
კომნენზე ანიშნა და ბავშვურად გახარებულმა ალალად გაუღიმა.
ლუხუმი მეფის უშუალობამ მოხიბლა და იმ წუთს ლაშასთან რაღაც ადამიანური სიახლოვე იგრძნო.
„არ იცის, ნამდვილად არ იცის, რა უსამართლობა ხდება. ერისთავის ძალადობა რომ იცოდეს,
დასჯიდა და ობოლ ქარუმას თავის ცხენს დაუბრუნებდა, უსათუოდ დაუბრუნებდა! აკი დასაჯა
შუამთის წინამძღვარი და ქვრივ-ობლები მონასტრის ბეგარისაგან გაათავისუფლა! უთუოდ ვეტყვი
ნასყიდაანთ ბიჭის გასაჭირს, დროს შევურჩევ მოწყალე მეფეს და მაშინ ნახოს თავგასულმა ერისთავმა,
შერჩება თუ არა გლეხების ძარცვა და აწიოკება“, _ ფიქრობდა თავისთვის ლუხუმი და, მეფის სიკეთეში
დარწმუნებული, კარავთან მშვიდი ნაბიჯით მიმოდიოდა.
სადღაც ახლო ბუკის ხმა და ძაღლების წკავწკავი გაისმა.
უცებ ტყიდან გავეშებული ტახი გამოვარდა და კარვის ახლოს დაფეთებული დატრიალდა. მეფეები
ფეხზე წამოცვივდნენ, სათხედებს ხელი დაავლეს, ცხენებისაკენ გაიქცნენ, სწრაფად ამხედრდნენ და
ღორს დაედევნენ.
პირველმა კომნენმა შეუტია ტახს. სათხედი სტყორცნა და დააცდინა.
დაფეთებული ტახი შეხტა, კომნენის ცხენს ეშვი ჰკრა და ცხენკაცი ორივე წააქცია.
ცხენქვეშ მოქცეული იმპერატორი ქურანის წამოყენებასა და ადგომას ცდილობდა.
ისევ მოუხდა ტახი და ის იყო, ორივე უნდა გაეთავებინა, რომ ლუხუმის შუბი შიგ მკერდში ეცა და
გულაღმა გადააბრუნა. ლუხუმმა მეორე დაკვრით გაათავა მხეცი და ყველანი კომნენს მისცვივდნენ.
წაქცეულ კვიცს მხედარი სანახევროდ ქვეშ მოეგდო. ცხენი ფაშვგადმოყრილი ეგდო და
სასიკვდილოდ ფართხალებდა. ლუხუმი მომაკვდავი ქურანის დანახვაზე გახევდა, ბაგეები
აუთრთოლდა და თვალზე ცრემლი მოეძალა.
ლაშა წაქცეულ ცხენს და კომნენს ეცა წამოსაყენებლად. მონადირეებიც მოიჭრნენ, ცხენი წამოაყენეს
და იმპერატორი მძიმე ტვირთისაგან გაათავისუფლეს.
წელს ქვემოთ ცალი მხარე მთლად დალურჯებული ჰქონდა და საშინლად სტკიოდა ალექსის.
იმპერატორი ციმციმ ასწიეს და კარავში შეიტანეს.
ლუხუმი მარტო დარჩა მომაკვდავ წაბლასთან ჩაჩოქილი. გულმომკვდარი, ცრემლიანი თვალებით
დაჰყურებდა ბრგე ვაჟკაცი ლამაზი ცხოველის სულის ღაფვას და ყურში ნასყიდაანთ ქარუმას
განწირული ხმა ესმოდა: ქვეყნად ყველას ვინმე ჰყავს, მე ამ კვიცის მეტი არა გამაჩნიაო რაო.
ის დღე უსიამოდ გათავდა.
კომნენს ექიმები ეხვივნენ და შეწუხებული ლაშა თავით არ შორდებოდა. ცოტა რომ მოიხედა,
იმპერატორმა თავისი გადამრჩენელი მოიკითხა და კარავში ლუხუმი შეიყვანეს.
_ შენი მადლობა რით უნდა გადავიხადო, მეფის მცველო, სიკვდილს ხელიდან გამომგლიჯე და
გადამარჩინე. _ ნელი, მისუსტებული ხმით მიმართა ალექსიმ, _ კომნენების დიდებულ გვარში, ჩემი
ძმის დავითის სიკვდილის შემდეგ, ჩემს მეტი აღარავინ არი. ჩემგან ელის უზარმაზარი ბიზანტიის
იმპერია ძველი დიდებისა და ბრწყინვალების დაბრუნებას. ჩემი დიდი წინაპრების სატახტოში
უკურთხებლად სიკვდილი არ მინდა. თუ კაცი ვარ, ქართველთა მეფის დახმარებით შევძლებ
კონსტანტინეპოლის ტახტზე ასვლას და იმპერიის ძველი დიდების აღდგენას. ცოდვა იქნებოდა ჩემი ასე
უბრალოდ და უსახელოდ სიკვდილი. განგებამ ისე მოაწყო, რომ შენ გადაგარჩენინა ჩემი სიცოცხლეც,
ბიზანტიელი ხალხის იმედიც და კომნენების სახელოვანი გვარიც მოსპობისაგან. მე რომ
კონსტანტინეპოლში ვეკურთხები, შენს ძეგლს მთავარ მოედანზე დავადგმევინებ, მანამ კი რაც
გსურდეს, მთხოვე, არაფერს დაგიჭერ, რადგან, სიცოცხლის გარდა, ჩალად მიღირს ყოველი სიმდიდრე
და ქონება.
ლუხუმი გაუნძრევლად იდგა და უსმენდა.
მას ცოტა ხნის წინ ერთადერთი სათხოვარი ექნებოდა კომნენისათვის _ ნასყიდაანთ ქარუმას წაბლა.
როცა გაშმაგებულ ტახს უტევდა, წამით სწორედ ამ ფიქრმა გაუელვა და თავგანწირვისთვის გაათამამა.
გადარჩენილი კომნენი ძეგლის დადგმას და ნახევარ სამეფოს სთავაზობდა, იმ ერთ კვიცზე როგორ
ეტყოდა უარს. მაგრამ ყველაფერს ბედი უნდა და ბედი მარტო ნასყიდაანთ ქარუმას კი არა, მასაც არ
ჰქონია, ლუხუმ მიგრიაულს. როგორ უნდოდა ობოლი და უქონელი მეზობლის შველა, სადღა და რაშიღა
გამოადგება მეფესთან დაახლოებული ლუხუმი დაჩაგრულ გლეხკაცს, ეს ერთი შემთხვევა ჰქონდა და
ისიც ბედმა ხელიდან გამოაცალა.
_ რით დაგაჯილდოო, მიგრიაულო, მითხარი სათხოვარი... _ გაუმეორა კომნენმა.
მიგრიაული ფიქრისაგან გამოერკვა და ცივად მოახსენა.
_ მე ჩვენი მეფის წყალობითა და ჯილდოთიც კმაყოფილი ვარ, მეფევ ბატონო, სათხოვარი არა მაქვს
რა.
ლაშასა და იქ მყოფ ქართველ დიდებულებს მოეწონათ მეფის მცველის პასუხი და ერთიმეორეს
ამაყად გადახედეს.
_ რაკი არ ამბობ, ჯერ ეს იყოს, _ კომნენმა თავის ვაზირს გატენილი ქისა ჩამოართვა და ლუხუმს
გაუწოდა. _ ჯერ ეს იყოს, ბიზანტიის იმპერატორი კვლავაც არ დაივიწყებს შენს სამსახურს.
ლუხუმი არც შერხეულა, კომნენს ჰაერში გაწვდილი დარჩა ოქროთი სავსე ქისა.
იქ მყოფი ვაზირები ხარბი თვალით მიაჩერდნენ ქისას. უკვირდათ ველისციხელი გლეხის
ამპარტავნება, როგორ არ დაეცა მუხლებზე და ხელები როგორ არ დაუკოცნა იმპერატორსო.
კომნენმა, ალბათ, იფიქრა, მეფის ნებადაურთველად ვერ მართმევსო, ლაშასკენ გაიხედა და
უსიტყვოდ შესთხოვა, ებრძანებინა ჯილდოს მიღება.
_ ჩამოართვი, ლუხუმ, სტუმრისა და იმპერატორის გაწბილება სირცხვილია... _ უბრძანა მეფემ. _
ჩემის მხრივ, აზნაურობა, ყმა და მამული მიბოძებია! სხვაც თუ რამ სათხოვარი გქონდეს, კვლავ
მომახსენე და აგისრულებ.
ვაზირებმა და ერისთავებმა თანხმობისა და მოწონების დასტურად თავი დახარეს და იღბლიან მეფის
მცველს ქვეშ-ქვეშ გახედეს.
ლუხუმმა მძიმედ წაიღო ხელი კომნენის ქისისკენ. მას თვალწინ სასოწარკვეთილი ნასყიდაანთ ბიჭი
ედგა და მისი ცოდვით თვალზე ცრემლი ადგებოდა. მეფის უკანასკნელ სიტყვებზე თავი აიღო და
პირისპირ მდგარ კახეთის ერისთავს თვალი თვალში გაუყარა.
სხვა სათხოვარი რა ექნება ლუხუმს, როგორც კი მეფეს დაიმარტოხელებს, ობოლი ქარუმას კვიცის
ამბავს ეტყვის და მაშინ ნახოს ამ თავგასულმა ერისთავმა, როგორც დასჯის სამართლიანი მეფე!
ამ ფიქრმა გაუელვა თუ არა, ლუხუმი მუხლზე დაეცა და ორივე მეფეს ეთაყვანა.
* * *
იმ საღამოს ქურმუხელმა მონადირეებმა უამბეს ლუხუმს: ტახისაგან წამხდარი ცხენის გადაგდება
ებრძანებინა მონადირეთუხუცესს, მათაც აეწიათ და შორს წაეღოთ ხევში გადასაგდებად.
გზაზე ვიღაც ბიჭი შემოხვდომოდათ, მკვდარ ცხენს მივარდნოდა, მოხვეოდა, შუბლი და თვალები
დაეკოცნა.
მათ კითხვაზე პასუხი არ გაეცა, არც ვინაობა ეთქვა და არც სადაურობა. ტირილით რომ გული
ეჯერებინა, შეხვეწნოდა _ ყვავ-ყორნების საგლეჯად ნუ გაიმეტებთ, მე გავუთხრი მიწას და დავმარხავო.
მონადირეები დათანხმებულიყვნენ.
საფლავი ერთად გაეჭრათ და ცხენისთვის მიწა მიეყარათ.
უკან მობრუნებულებს ის საოცარი ბიჭი ისევ საფლავზე დაეტოვებინათ.
მიგრიაულს თვალწინ ედგა უბედური ნასყიდაანთ ბიჭი და სიბრალულისაგან ცრემლები ყელში
ებჯინებოდა.
_ თავის ჭკუაზე არ უნდა ყოფილიყო! სხვა რა უნდა იფიქროს კაცმა, _ დაასკვნეს მონადირეებმა და
მერე სხვა ამბავი, ტყუილი თუ მართალი, მოაყოლეს.
* * *
ნადირობა ჩაიშალა. მეფეები აიყარნენ და თბილისისკენ გაბრუნდნენ.
ლუხუმი რამდენიმე დღით მეფეს დაეთხოვა და ველისციხისკენ გაემართა.
ალაზანთან პირობისამებრ დაუხვდა ნასყიდაანთ ქარუმა, მიგრიაულმა დაიქვეითა და უსიტყვოდ
ჩამოართვა ხელი.
ერთხანს ორივე დუმდა.
მერე ლუხუმმა ამოიდგა ენა:
_ ტახს რომ არ მოეკლა, ნამდვილად დავიხსნიდი შენს წაბლას. ბერძნების მეფე სიკვდილს
გადავარჩინე და რა უნდა მეთხოვა, რომ არ აესრულებინა. ეს ჯილდო, ძალით, უფრო შენთვის ავიღე და
შენი იყოს. ამ ფულად, ერთს კი არა, ცხენების მთელ რემას იყიდი.
ლუხუმმა კომნენის ნაჩუქარი ოქროს ქისა გაუწოდა ქარუმას, მაგრამ ხელი ჰაერში დაეკიდა. ბიჭი
ქისას თვალს არიდებდა და გამოსართმევად ხელს არ ძრავდა.
_ აიღე, შენი იყოს, ღმერთმანი, მასიამოვნებ, _ შეეხვეწა ლუხუმი. თავჩაღუნულმა ქარუმამ ზედაც არ
შეხედა ლუხუმს, ისე იკითხა:
_ მეფეს თუ აცნობე ჩემი საჩივარი?
_ ვერა... ყველაფერი უცებ მოხდა და ვერ მოვახერხე. მაგრამ მოვახსენებ, უთუოდ მოვახსენებ,
როგორც კი დავიმარტოხელებ...
_ საჭირო აღარ არი, ძია ლუხუმ... მე თვითონ მოვძებნი კანონსამართალს, _ მტკიცედ თქვა
ნასყიდაანთ ქარუმამ და მოქუფრული სახით გაშორდა სახტად დარჩენილ ლუხუმს.
_ მოიცა, ქარუმ... სად მიხვალ...
_ განა მე ვიცი, სად მივალ? _ წამით შემობრუნდა ქარუმა. _ მამაჩემის ნასახლარი ბატონს
დაუბარვინებია და თავისი ზვრისთვის შეუერთებია. წასასვლელიც აღარსადა მაქვს.
_ ჩემთან წამოდი, ქარუმ, ჩემსას იყავი, _ შეეხვეწა ლუხუმი.
_ სხვის კარზე სამადლოდ ყოფნა მომწყინდა, ძია ლუხუმ, ბალღი აღარა ვარ. მე ვიცი, სადაც წავალ, _
მუქარით თქვა ქარუმამ და გასცილდა.
_ მოიცა, ქარუმ... გამიგონე... თავს არაფერი აუტეხო, _ მისძახოდა მიგრიაული, მაგრამ ნასყიდაანთ
ბიჭს მისი აღარ ესმოდა, მტკიცე ნაბიჯით მიდიოდა წინ.
ახლად გააზნაურებულმა მიგრიაულმა მშვენიერი სახლი იყიდა, მეფის ბოძებული მამულები
მიითვალა და ლილეზე იქორწინა.
ლილე ბაწარგამობმული კრავივით მიჰყვა დედის ნებას. არაფერი ესმოდა, რა ხდებოდა მის
ირგვლივ. ხედავდა, რომ ლუხუმს უამრავი ფული ჰქონდა, ყველა და მათ შორის ლილეს ამაყი დედაც
დიდი პატივით ეპყრობოდნენ მიგრიაულს, მაგრამ ყველასათვის საპატიო ვაჟკაცი მის წინაშე
ძველებურად წითლდებოდა, ენას კარგავდა და თავგზა ებნეოდა.
ნაირნაირი შეუკერა საპატარძლოს ლუხუმმა, ფარჩა-აბრეშუმში გამოაწყო და თვალ-მარგალიტში
ჩასვა.
ისედაც მშვენიერი ლილე ერთიორად გამოჩნდა და დამშვენდა, საქორწინო გვირგვინს რომ
ადგამდნენ, ყველას თვალი მასზე რჩებოდა და აქა-იქ ჩურჩულიც გაისმოდა: იღბალი ჰქონია ლუხუმს,
ამისთანა ქალი სად იშოვაო. მხრამდი ვერ სწვდებოდა ბუმბერაზს ყვავილივით ნაზი ქალი.
ორივე გაოგნებული იდგა საქორწინო გვირგვინქვეშ _ ერთი _ უსაზღვრო ბედნიერებით, მეორე _
გაუგებრობითა და რაღაც გაურკვეველის მოლოდინით.
ციცინო და ქეთევანი აივნიდან გაჰყურებდნენ შინისკენ მობრუნებულ მაყრიონს.
ციცინომ წინა ღამე თეთრად გაათენა თავის ერთადერთი შვილის ბედზე ფიქრში: იგი ხედავდა, რომ
გააზნაურებული ველისციხელი გლეხი ბევრით არაფრით სჯობდა იმ სასიძოებს, რომლებიც
ბუზებივით ირეოდნენ ლილეს გარშემო და რომელთაც მანამდის ლილეს ყმობის ღირსადაც არ თვლიდა
იგი. ერთადერთი უპირატესობა, რის გამოც ციცინომ ასე უეცრად მიაგდო არჩევანი ლუხუმზე, ის იყო,
რომ მიგრიაული მეფის ახლობელი კაცი ხდებოდა. იგი უკვე აზნაური იყო და დიდებისა და აღზევების
გზა გახსნილი ჰქონდა. დღევანდელი აზნაური ხვალ ერისთავი და იქნებ ერისთავთერისთავიც
გამხდარიყო, მათ შვილსა და შთამომავლებს ძალა და სიმდიდრე ექნებოდათ და, ვინ იცის, ეგებ მათ
განეხორციელებინათ ბაგრატიონთაგან ამოწყვეტილი გვარის მემკვიდრის საქართველოს ტახტზე
ასვლის ოცნება.
ვაითუ, ამ უბირ გლეხს, გულწრფელსა და უეშმაკო მიგრიაულს საამისო არც სწრაფვა ჰქონდეს და
არც შემართება ეყოს. მაშინ ხომ სამუდამოდ გააზნაურებული გლეხის ცოლად უნდა დარჩეს ლილე და,
ახლა, ქორწილის წინა ღამეს, პირველად დაეჭვდა ციცინო თავისი რწმენის საფუძვლიანობაში: ტახტის
მემკვიდრეების მაგივრად ლილემ ამ უგვარო გლეხის ქალის, ქეთევანის შთამომავლები უნდა
ამრავლოს.
_ არა, ეს როგორ იქნება! _ ამოიძახა შეშფოთებულმა ციცინომ. ლოგინში გვერდი იცვალა და
საშინელი ფიქრისგან თავი რომ დაეღწია, ისევ წაძინება სცადა.
მაგრამ ამაოდ. გამფრთხალი ძილი ახლო აღარ ეკარებოდა. თავი უბრუოდა და ყურები
უგუბდებოდა. ტვინში თითქო ცეცხლი ეკიდა და საფეთქლებთან მძიმე უროებს სცემდნენ. როგორც
იქნა, ასე შფოთსა და მოუსვენრობაში გათენდა. ციცინო წამოდგა, მაგრამ თავბრუ და სიცხეც თან აჰყვა,
ეგონა, უძილობის ბრალიაო და უღონობას არ გაუტყდა. ჯერ ქორწილისა და სუფრის თადარიგში ჩაება,
მერე ლილეს მიეშველა მორთვა-მოკაზმვაში.
ლილე რომ ეკლესიაში გაისტუმრა ჯვარის საწერად და ამ ფუსფუსს მორჩა, მხოლოდ მაშინ იგრძნო
უჩვეულო დაღლა. აივანზე ცოტა ხნით ტახტს მიესვენა. როგორც წამოწვა, მთელ სხეულზე ცეცხლი
მოედო და თვალთ ბინდი გადაეკრა.
ატყობდა, რომ ცუდად იყო, მაგრამ მაინც იძალა და უდროო დროს წოლას ფეხზე დგომა არჩია.
შორიდან მაყრული მოისმა და ორივე დედა აივნის მოაჯირს მიეკრა, რომ ხეების კენწეროებს იქით
როგორმე საყდრიდან მომავალი მაყრიონი დაენახათ.
ფეხის მტვერი თანდათან მოახლოვდა. ჯერ მახარობელი მოიჭრა, დედები დაკოცნა და მიულოცა.
მერე მაყრიონიც გამოჩნდა და მაყრულის გუგუნმა იმატა.
მაყრიონის თავში მოდიოდა მეფე-დედოფალი. ბედნიერებით სახეგაბრწყინებული ქეთევანი თვალს
არ აშორებდა შვილსა და რძალს, ორივე ერთნაირად ლამაზი და უხინჯო ეჩვენებოდა და ჯაფითა და
ჯავრით დაღარულ სახეზე სიხარულის ცრემლი სდიოდა.
მხოლოდ სიცხისაგან გაბრუებული ციცინო ვერ ცნობდა, თუ არ ცნობდა მისი შვილის გვერდით
მომავალ ლუხუმს, რწმენადქცეული წარმოდგენა თვალს უბრმავებდა უბედურს და გააზნაურებული
გლეხის ადგილას საქორწინო გვირგვინქვეშ საქართველოს ნამდვილ ხელმწიფეს ხედავდა.
_ ლუხუმ, შვილო! _ შესძახა აღტაცებულმა ქეთევანმა და კიბეზე დაეშვა მეფე-დედოფლის
შესაგებებლად.
მაშ, ეს მართლა ლუხუმი ყოფილა, გააზნაურებული ველისციხელი გლეხი და არა საქართველოს
მეფეთ მეფე, დიდი თამარის მემკვიდრე ლაშა-გიორგი.
ციცინომ თვალები ბეცივით მოჭუტა და ლილეს გვერდით მომავალ ვაჟკაცს მიაშტერდა.
...მეფეო, შენსა გვირგვინსა
ოთხკუთხივ ჯვარი სწერია.
წამოიწყო რომელიღაც მაყარმა.
რწმენადქცეულმა წარმოდგენამ ისევ იმძლავრა და მიგრიაულის სახეს კვლავ ნისლი გადაებურა.
კართან გადაჯვარედინებულ ხმლებქვეშ გაიარა მეფე-დედოფალმა, ლუხუმმა ზღურბლთან
გასატეხად დადგმულ თეფშზე შედგა ფეხი. ნამსხვრევებად აქცია და სახეგაბრწყინებული ციცინოსაკენ
წამოვიდა.
თვალთაგან ნისლი გაიფანტა და ციცინომ კარგად გაარჩია მის გადასახვევად ხელგაშლილი,
სიხარულისაგან წამოჭარხლებული ლუხუმი, ჭროღათვალებიანი და სახემწითური ქეთევანის ვაჟი.
ციცინოს თვალთ დაუბნელდა და მუხლები მოეშვა. რეტდასხმულმა ერთი ამოიოხრა და
გულწასული ჩაიკეცა.
* * *
ციცინო ლოგინად ჩავარდა.
ლუხუმმა დიდი ქორწილი გადაიხადა, სამ დღეს აუღებელი სუფრა იყო გაშლილი. ლილე
მოუცილებლად დედას ადგა თავს და საქორწინო სუფრაზე ორჯერაც არ მჯდარა მეფის გვერდით.
დედის მძიმე ავადმყოფობით შეშფოთებულმა ლილემ პირველი ღამე შიშსა და ძრწოლაში გაატარა...
იგი გრძნობდა, მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, ახლა რომ მეზობელ ოთახში იწვა,
სიცხისაგან მისუსტებული, ნელ-ნელა ქრებოდა და ხელიდან ეცლებოდა.
ხოლო ეს კაცი უცხო იყო მისთვის და შორებელი. იგი ზვარაკივით ცახცახებდა გოლიათი ვაჟკაცის
ღონიერ მკლავებში და თუმცა ვაჟი მთელი არსებით, სულითა და ხორცით ეძლეოდა პირველი ღამის
ნეტარებას, ქალი მაინც ცივი და გაუგებარი რჩებოდა. დამფრთხალი მტრედივით ეკვროდა ლილე
ბუმბერაზის მკერდს, მაგრამ კოცნას რატომღაც გულს ვერ ატანდა და მთელი მისი არსება ფიზიკურ
ტკივილსა და სულიერ მოღლას უფრო გრძნობდა, ვიდრე საამო ჟრჟოლასა და ტკბობით თავდავიწყებას.
დედის ჩაგონებით იყო თუ საკუთარი შეხედულებით, ამ კაცს იგი თავიდანვე თავისთვის
შეუფერებლად და უღირსად თვლიდა.
ციცინომ დაფიქრება და აზრის შეცვლაც არ აცალა ლილეს, ისე, გაყიდულივით მოუყვანა და ჩააბარა
მიგრიაულს. დედისთვის, ალბათ, ადვილი იყო უცხო კაცისადმი დამოკიდებულების ასე მკვეთრი
შეცვლა, მას კი, გამოუცდელსა და უანგარიშო ქალიშვილს, ასე უეცრად არც გულის მობრუნება შეეძლო
ლუხუმისაკენ და, მით უფრო, არც მისი შეყვარება.
მაგრამ ლილე მაინც ქალი იყო, მას ჯერ სიყვარული არ ეგემნა და რაკი ვაჟკაცს თავისი უმანკოება და
ქალწულობა მოუტანა, დროთა განმავლობაში, ალბათ, შეეჩვეოდა და შეიყვარებდა კიდეც. მით უფრო,
რომ მისი მაღმერთებელი ქმარი მომთმენი და ლაღი, ბავშვივით მიამიტი და დევივით ღონიერი იყო.
ავადმყოფ სიდედრს ლუხუმმა თავს ექიმები დაახვია, მაგრამ მკურნალებმა ვერც სნეულება გაუგეს
და ვერც უწამლეს.
ქალი დღითიდღე ილეოდა და ქრებოდა.
სიცხისაგან გაოგნებული ავადმყოფი უცნაურს ბოდავდა, მეფეებს და ვაზირებს ეკამათებოდა,
ერისთავთ-ერისთავებს ესაუბრებოდა, შეშლილივით იცინოდა და ტიროდა. ისეთ ახირებულ ამბებს
ბოდავდა ციცინო, რომ შეშინებული შვილი უცხოს ვერავის უშვებდა დედასთან. მისი ასეთი არეულობა
აშინებდა ლილეს, წამით მარტო ვერ ტოვებდა, გარეთ ვერ გამოდიოდა და ასე საცოდავად იტანჯებოდა.
ბოლოს, ალბათ, სიკვდილის მოახლოება იგრძნო ციცინომ, შვილს სთხოვა, კარი ჩაერაზა და
სასთუმალთან დასჯდომოდა. ჩურჩულით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ უამბო შვილს ციცინომ ამდენი ხნის
დამარხული საიდუმლო, მამის და მთელი მისი საგვარეულოს დაღუპვის ამბავი, ქმრის ანდერძი აჩვენა
და წაუკითხა.
_ მე ჩემი ვალი მოვიხადე, შვილო, გზაზე დაგაყენე, გაგზარდე და კარგ პატრონს ჩაგაბარე. ახლა
შენზეა დანარჩენი, თუ ჭკუით მოიქცევი და ქმარს ხელს შეუწყობ, იქნებ შენი ქმარი მეფის უახლოესი
კაცი და სამეფოს პირველი დიდებულიც გახდეს, ხოლო შენმა შვილებმა ტახტისაკენაც გაიკვლიონ გზა.
ეცადე, მამაშენის ამოწყვეტილი გვარის მემკვიდრე, შენი შვილი, ღვთის შეწევნით, სამეფო ტახტის
მემკვიდრე გახდეს! ამით შენ ხორცს შეასხამ შენი მამა-პაპის მუდმივ ოცნებას საქართველოს ტახტზე...
დაიფიცე, ხატზე შემომფიცე, რომ ყოველ ღონეს იხმარ მამის ანდერძის აღსასრულებლად...
ესოდენ დიდი საიდუმლოს ზიარებით აფორიაქებული ლილე მოწყვეტით დაეშვა მუხლზე,
ჯვარცმისკენ ხელი აღაპყრო და ხატზე ფიცის დადებას შეუდგა...
_ ამაზე დაიფიცე, შენს საგვარეულო ხატზე... _ ჩურჩულით უთხრა ციცინომ, ოქროს ყელსაბამი
შეიხსნა, მედალიონი გახსნა და ლილეს გადასცა.
ლილე გაოცებული დაჰყურებდა გახსნილ მედალიონს. მედალიონის ერთ სფეროზე ღვთისმშობელი
დედა იყო მინანქრით გამოსახული, ხოლო მეორეზე _ შიშველ ხმალზე გაფრენილი კვიცი.
_ ეს შენი გვარის ბეჭედია, შვილო, _ აუხსნა ციცინომ, _ შენ უნდა აღადგინო ამ ბეჭდის ძალა და
გავლენა, შიშველ ხმალზე გაფრენილი რაში ბაგრატიონების ყალყზე შემდგარ ლომებს უნდა ამოუყენო
გვერდით საქართველოს სამეფო ბეჭდებსა და დროშებზე.
ლილემ დედის ნაკარნახევი ფიცი გაიმეორა და სამ-სამჯერ ემთხვია მედალიონზე გამოხატულ
ღვთისმშობელსა და საგვარეულო გერბს.
მომაკვდავმა დედამ ხელის კანკალით ჩამოჰკიდა ყელსაბამი ქალიშვილს და პირჯვარი გადასახა.
ციცინო მიიცვალა.
სულ ერთი კვირის პატარძალმა ლილემ შავები ჩაიცვა და თმები გაიშალა.
დღისით დედის საფლავზე მოთქვამდა ლილე, ხოლო ღამით ლუხუმის მკერდზე მიყუჟული
ტიროდა.
ტიროდა დედას და დაღუპულ მამას, თავის უბედობასა და სიმარტოვეს.
ახლა, როცა დედა მოუკვდა, ამქვეყნად ქმრის მეტი აღარავინ ჰყავდა ახლობელი და თავისიანი. სხვა
ქალი მის ადგილზე ქმარს უფრო მიენდობოდა და შეიყვარებდა... ლილე კი, პირიქით, უფრო გაცივდა
ქმრისადმი, უფრო დაშორდა და განერიდა.
იგი ბევრს ფიქრობდა დედაზე, ქმრის ანდერძისადმი მის მოწამებრივ ერთგულებაზე.
მშვენიერსა და ზრდილ ქალს, ადრე, ახალგაზრდობაშივე დაქვრივებულ ციცინოს, რამდენჯერ
შეეძლო გათხოვება და ახალი ოჯახის მოწყობა. ქმრისა და შვილის სიყვარულმა და ერთგულებამ
პირადი სიამოვნების რამდენ ცთუნებაზე ააღებინა, ალბათ, ხელი ამ ქალს. მიუვალ მთებში გახიზნული
ახალგაზრდა ქვრივი, რომლის ვინაობა და არსებობაც, არათუ სამეფო კარმა, მთელ ქვეყანაზე ერთი
ზეზვა გაფრინდაულის მეტმა არავინ იცოდა, გაჭირვებასა და წვალებაში ზრდიდა ციცქნა გოგონას იმ
შორეული, მაგრამ ბრწყინვალე კარის დასაპყრობად. ახლა ხვდებოდა ლილე, რატომ ზრდიდა ასე
გოროზად და ზვიადად, სხვებისაგან გამოცალკავებულად და ნებივრად.
მის სწორად და ღირსად არც ქალსა თვლიდა ციცინო და არც ვაჟს... ანკი როგორ ჩათვლიდა ვისმეს,
როცა შვილს თავის ფიქრში საქართველოს დედოფლად ამზადებდა თურმე და იმ დღეზე ოცნებობდა,
როცა ლილეს დიდი თამარის გვირგვინი დაედგმებოდა თავს. რაკი ლილეს გადედოფლობაზე ზრუნვისა
და ფიქრისაგან არა გამოვიდა რა, საქართველოს სადედოფლოდ ნაოცნებარი ქალი ველისციხელ გლეხს
მისცა ციცინომ და ახლა მთელი იმედი და სასოება იმაზეღა იყო მიგდებული, შესძლებდა თუ არა
ლუხუმი ლილეს დახმარებით მეფის კარზე შემდგომ აღზევებასა და გაძლიერებას.
@თავი მეცხრე. ჩრდილო მეზობლები
რა შემოვლენ დიდვაჭარნი,
მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან.
„ვეფხისტყაოსანი“
მეფე რუსი ვაჭრების მისაღებად გამობრძანდა.
ვაზირთაგან დარბაზში მარტო ახალციხელი იყო.
მეფისაკენ ძვირფას სამოსელში გახვეული რუსი დიდვაჭარი ტიხონი წამოვიდა, ჭაღარა წვერი
წელამდე სცემდა, ღაჟღაჟა სახე უცინოდა და დაფანჩული წარბებიდან ცოცხალი ცისფერი თვალები
უბრწყინავდა.
ტიხონს შორიახლო ქართველი დიდვაჭარი შიო კაციტაისძე მოჰყვებოდა.
მეფის დანახვისთანავე რუსმა ვაჭარმა ბეწვის მაღალი ქუდი მოიხადა, წელში მოიხარა, რამდენიმე
ნაბიჯი წადგა, შემდეგ მუხლზე დაეცა და მოფარდაგულს ეთაყვანა.
_ ივერთა ძლევამოსილ მეფეს ძმურ სალამს უძღვნის დიდი კიევის მთავარი მსტისლავ რომანოვიჩი.
დღეგრძელობასა და მტერთა ძლევას უსურვებს მეფესა და ერთმორწმუნე ქართველ ხალხს და ძღვენით
მოიკითხავს მორჭმულსა და სახელოვან ქართველ გვირგვინოსანს.
ტიხონმა მეფისკენ ჩოქვით გაიწია და ლაშას კალთას ემთხვია.
მეფემ დიდვაჭარი ფეხზე წამოაყენა, სელზე პირისპირ დაისვა, მადლი უძღვნა და კიევის მთავარი
მოიკითხა.
ტიხონმა მეფის ნებართვა ითხოვა, მხლებლებს ანიშნა და დარბაზში რუსი მექარავნეების ჯგუფი
შემოვიდა. კრძალვით თავდახრილებმა მოიღეს მეფის წინაშე უცხო საქონელი: გაშალეს ყარყუმისა და
სიასამურის ძვირფასი ბეწვეული, ციყვისა და ჩრდილოეთის ძაღლის რუხი და ყინულისფერი ბეწვი
ტაიგის მელიების შავ-ვერცხლისფერ ბეწვეულში აირია და მნახველებს თვალი მოსჭრა.
გორად დადგა ძვირფასი ბეწვეული და ოქროჭედილი იარაღი.
ძღვენი რომ მოართვეს, ტიხონმა უბიდან ლბილ ქსოვილში სათუთად შეხვეული ჯვარცმა ამოიღო და
მეფეს გადასცა.
_ ეს ჯვარცმა კიევის მთავარმა მოგართვათ, ჯვარცმულის წყალობა ნუ მოეშალოს ქართველთა მეფეს.
_ ტიხონმა პირჯვარი გადაისახა და ჯვარცმას ემთხვია. _ კიეველი დიდოსტატების ნახელავია, მგონი,
ღირს იყოს მეფეთ-მეფობისა თქვენისა...
მეფემ ჯვარცმა ჩამოართვა, ეამბორა და მუშტრის თვალით დააცქერდა. ფრიად ეკეთა უცხო ოსტატის
ხელოვნება ოქროჭედილობის მოყვარულსა და დამფასებელ მეფეს, პატიოსან თვალთა სიუხვე და
ზომიერად განაწილება მოიწონა და ვაზირს გადასცა. მეჭურჭლეთუხუცესმა პირჯვარი გადაიწერა,
ჯვარცმას კრძალვით დახედა და მეფის მოწონებას თავისი აღტაცებაც მიუმატა.
ახალციხელმა მოწიწებით ჩამოჰკიდა ყელზე მეფეს ჯვარცმა, მუხლზე ჩაიჩოქა და ეთაყვანა.
დარბაზში რუსუდანი შემოვიდა, იქ მყოფთ მიესალმა. მეფემ ტიხონი წარუდგინა, რუსი ვაჭარი
თავდახრით მიეახლა და მეფის დის კალთას ემთხვია.
რუსუდანი კიევის მთავრის ძვირფას ძღვენს არ აშორებდა თვალს. ლაშამ შეამჩნია, რომ რუსუდანს
სული მისდიოდა რუსთა ძღვენის ახლო ნახვაზე და მეჭურჭლეთუხუცესს უბრძანა:
_ რაცა ჩვენთვის საჭურჭლეთა დასადებად არ ვარგოდეს, ჩემს დას აახლეთ და მიუთვალეთ ყოველი.
მეჭურჭლეთუხუცესმა მსახურები იხმო, იარაღი, ოქროთი ნაჭედი უნაგირები, ჭურჭლეული და
ოქრო-ვერცხლის სასმისები საჭურჭლეში შესანახად წააღებინა, ხოლო ძვირფასი ბეწვეული და
ქსოვილები რუსუდანის პალატებში გაგზავნა.
გახარებულმა რუსუდანმა მეფეს მადლი გადაუხადა, ძვირფას საჩუქარს მიჰყვა უკან და დარბაზიდან
გავიდა.
_ გარეთ კიდევ სხვა მოსაკითხიც არის, ბატონო მეფევ, _ თავდახრით მოახსენა ტიხონმა. _ ყივჩაღთა
ხანისაგან მოძღვნილი რემა _ ასი რჩეული ცხენი. ყივჩაღთა მბრძანებელი, ძლევამოსილი ხანი კოტიანი
სალამს უთვლის ქართველთა უძლეველ მეფეს. ასე მოგახსენათ, ქართველებს და ყივჩაღებს მუდამ
მოყვრობა და კარგი მეზობლობა გვქონდა, ყივჩაღი მეომრები ქართველთა მეფის მამა-პაპას ყოველთვის
ერთგულ სამსახურს უწევდნენ და აწცა მზა არიან, თუ მეფე ისურვებს, კვლავ უჩვენონ ერთგულების
პირი, ბრძოლაში სიმხნე და ცხენკეთილობაო.
_ მადლობელი ვარ ყივჩაღთა ხანისა ესოდენ კარგი სურვილებისათვის. ყივჩაღთა შეწევნითა და
ქართველი ლაშქრის ძალით, მგონი, შევძლო ჩემი ნეტარი დედის ანდერძის აღსრულება.
_ რომელი ანდერძის, მეფევ ბატონო? _ იკითხა ცნობისმოყვარეობაგაღვიძებულმა ტიხონმა.
_ ჩემი ნეტარი დედის, დიდი თამარის ანდერძი და უკანასკნელი სურვილი იყო, მისი ნეშტი
იერუსალიმის წმიდა მიწისათვის მიებარებინათ. ქრისტეს საფლავი უნდა გამოვიხსნათ და იერუსალიმი
საქართველოს შემოვუერთოთ. ის, რაც ბერძნებმა და ლათინებმა ვერ შეძლეს, ქართველებმა უნდა
აღასრულონ.
_ დიდებულად განგიზრახავთ, ხელმწიფევ! უფალი მოწყალეა და ჩვენც ვილოცებთ, რათა თქვენი
ძლიერების შემწე იყოს დიდი თამარის ბრძნული ანდერძის აღსრულებაში.
_ მოუსვენეთ და ღირსი პატივი მიაგეთ რუსთა მთავრისა და ყივჩაღთა ხანის დესპანის მხლებლებს.
ყივჩაღთა რემის ნახვას გვიან ვინებებთ, _ განაცხადა მეფემ.
ტიხონმა რუს ვაჭრებს ანიშნა, რომ დარბაზობა დამთავრებული იყო. რუსი ვაჭრები რომ გავიდნენ,
მეფემ მსახურებიც დაითხოვა და დარბაზში ოთხნი დარჩნენ მხოლოდ: თავად მეფე,
მეჭურჭლეთუხუცესი შალვა, რუსი დიდვაჭარი ტიხონი და შიო კაციტაისძე.
ერთად იყვნენ ყივჩაღთა ხანთან ტიხონი და შიო. საქართველოს ძღვენი და მოსაკითხი ჩაუტანეს და
მეფის საიდუმლო წერილი გადასცეს კოტიან-ხანს.
ორივე დიდვაჭარი, რუსიცა და ქართველიც, დიდად იყვნენ დამოკიდებულნი ყივჩაღთა და
ქართველთა მოყვრობასა და კეთილმეზობლობაზე.
კიეველი დიდვაჭრის საქარავნო გზა კიევიდან ხორასნამდე ყივჩაღეთსა და საქართველოზე გადიოდა
და რუსულის გარდა, უმთავრესად, ამ ორი ქვეყნის საქონლით ვაჭრობდა. ყივჩაღ-ქართველთა კარგი
ურთიერთდამოკიდებულება ტიხონის მექარავნეებს მშვიდობიან მიმოსვლასა და სარგებლიან ვაჭრობას
უქადდა, ხოლო მათი მტრობა და ცუდი მეზობლობა _ ამ გზის მოშლას, ვაჭრობისა და სარგებლის
საფრთხეში ჩაგდებას.
ქართველ დიდვაჭარს შიო კაციტაისძეს რუს ვაჭართან ამ საერთო ინტერესის გარდა სხვა მიზანიც
ამოქმედებდა. იგი ფარულად მხარგრძელის სავაჭრო მონოპოლიის წინააღმდეგ იბრძოდა და
ყოვლისშემძლე მეტოქის დამხობას ოცნებობდა. შიო ახალციხელთან და მეფესთან ფარულად იყო
დაკავშირებული. კაციტაისძეს არაერთხელ დაემტკიცებინა მეფისა და მისი თანაგანმზრახი
ვაზირისათვის ერთგულება და მათი სრული ნდობა დაემსახურებინა. ამ რთულსა და მეტად პასუხსაგებ
სახელმწიფო საქმეში გასარევად შიოზე მისანდოსა და შესაფერისს მეფე სხვას ვის იშოვიდა!
ირანიდან მობრუნებული ტიხონის ქარავანს შიომ თავისიც შეუერთა და ორივენი ჯერ ყივჩაღთა ხანს
ეახლნენ, შემდეგ კიევის მთავარს.
ორთავეს დიდძალი ძღვენი და ძვირფასი საჩუქრები ჩაუტანეს ქართველთა მეფისაგან. ტიხონის
ელჩობა ძღვენისა და მოკითხვის გადაცემით როდი თავდებოდა. მეფის დავალება უფრო ფართო იყო და
რთული: მას ყივჩაღთა ხანთან ოცდაათი ათასი ცხენოსნის დაქირავებასა და საქართველოში
გადმოსახლებაზე უნდა ეწარმოებინა საიდუმლო მოლაპარაკება.
შიოს, თავის მხრივ, ფარულად რუსთა სამთავროებიც უნდა დაეზვერა და გაეგო საქართველოს
ტახტისადმი მათი დამოკიდებულება.
გიორგი რუსის გაძევების შემდეგ საქართველოს სამეფო სახლი ძალიან ფრთხილობდა რუსეთის
სამთავროებთან დამოკიდებულებაში. მათთან ახლო კავშირის დაჭერას ერიდებოდა, რადგან რუს
მთავრებში გიორგი ბოგოლუბსკის ძის ნათესავებს ხედავდა და საქართველოს ტახტის მიმართ მათი
ანგარიშისა ეშინოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთში ბოგოლუბსკის შთამომავლობა დასუსტდა და
ჩამოქვეითდა, საქართველომ კვლავ გააცხოველა ერთმორწმუნე რუსთა მთავრებთან ურთიერთობა.
საქართველოს ჭაბუკი მეფე ყურადღებით ადევნებდა თვალს ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე
მომთაბარე ყივჩაღთა მოძრაობასაც და ტახტზე ასვლის დღიდან მათთან მეგობრული,
კეთილმეზობლური კავშირის დამყარებას ცდილობდა. რაც მეფემ ყივჩაღთა მუდმივი ლაშქრის
დაქირავება, ამ ლაშქრის საშუალებით ურჩი მთავრების ალაგმვა და ძლევამოსილი საგარეო ომების
წარმოება გადაწყვიტა, ყივჩაღთა მთავარ ხანთან _ კოტიანთან უკვე მეორედ იყვნენ მეფის საიდუმლო
წერილებითა და დავალებებით ტიხონი და შიო.
კაციტაისძე რაჭველი იყო. ადრე დაობლებულს ხელობა ესწავლა, ჩრდილო კავკასიაში გადასულიყო
და ხაბაზად ემუშავნა. ცოტა რომ ფეხზე დამდგარა, საკუთარი სავაჭრო გაუხსნია, მერე ის სავაჭრო
გაუყიდნია, მთელი ფულით ყივჩაღთაგან ჯოგი შეუძენია, საქართველოში გადმოურეკავს და კარგი
მოგება უნახავს.
რაკი ერთხელ შედგა ფეხი აღებ-მიცემის გზაზე შიომ, ვაჭრობა უფრო გააფართოვა, საქართველოს
საქონელით ყივჩაღეთს და რუსეთს ჩავიდა, მერე ირანის გზაც გათელა და თანდათან დიდი სიმდიდრე
დააგროვა.
კაციტაისძემ რუსთა და ყივჩაღთა ენების გარდა სპარსული და ბერძნულიც ისწავლა, ირანელი
დიდვაჭრის ერთადერთი ქალი ცოლად შეირთო, საკუთარი სავაჭრო სახლებითა და ქარავნებით
ქალაქები და გზები აავსო და ქართველ დიდვაჭრებში პირველობა მოინდომა.
იქნებოდა კიდეც პირველი, წინ რომ მეორე დიდვაჭარი ივანე მხარგრძელი არ აღდგომოდა. ივანეს
სავაჭროებსა და ქარავნებს ამდენ ხანს გააკოტრებდა მოხერხებული კაციტაისძე, საქმე რომ მარტო
ფულზე და საქონელზე ყოფილიყო.
მხარგრძელი მარტო დიდვაჭარი როდი იყო, იგი, უპირველესად, ქვეყნის მეთაური და ძლიერი
ხელისუფალიც იყო. შიოსავით თავის ქარავნებს თვითონ როდი დასდევდა, უამრავი ვაჭარი და
მექარავნე ჰყავდა, სადაც იმ ვაჭრების ჭკუა და ნიჭი არა სჭრიდა, იქ ივანეს ძალა ეშველებოდა და გზას
უხსნიდა. მათ მეტოქეებს გზაზე ათასგვარი მოულოდნელი ბაჟი და გადასახადი ხვდებოდა და ხშირად
სრულიად უშიშარ საქარავნო გზაზე თავს უცნობი მეკობრეები ესხმოდნენ და ძარცვავდნენ.
გაძარცულებმა არ იცოდნენ, ვინ მოქმედებდა ამ თავზეხელაღებული მეკობრეების უკან და ისევ
მხარგრძელთან ჩიოდნენ.
მხარგრძელი მოსაჩვენებლად მანდატურებსაც აფრენდა შემთხვევის ადგილზე. ზოგჯერ ჯარსაც
გამოიყვანდა, ვითომ ეჭვით, სრულიად უდანაშაულო ხალხსაც დააჭერინებდა, მაგრამ
დაზარალებულებს ზარალს არავინ უზღავდა და ივანეს მეტოქე ვაჭრების ქარავნებს საფრთხე თავიდან
არ სცილდებოდა.
გამჭრიახმა შიომ ადრე აუღო ალღო თამარის სიკვდილის შემდეგ მეფის კარზე მომხდარ
ცვლილებებს. ჯერ მეჭურჭლეთუხუცეს ახალციხელს და შემდეგ, ამ ვაზირის საშუალებით, მეფესაც
დაუახლოვდა. მათში თავისი საქმის ქომაგი დაინახა და მხარგრძელის ძლიერი ფრთების შესაკვეცად
წარმოებულ ფარულ ბრძოლაში ჩაება.
მეფისა და მეჭურჭლეთუხუცესისათვის მცირე მნიშვნელობა როდი ჰქონდა უმდიდრესი დიდვაჭრის
ფარულ შემწეობასა და თანამზრახველობას: შიოს ოქროც ბლომად ეშოვებოდა; ქალაქის მოსახლეობასა
და ვაჭარ-ხელოსნებს შორის გავლენაც დიდი ჰქონდა. დიდვაჭარი ოქროსაც და გავლენასაც მეფის
ხელისუფლების გაძლიერებისთვის იყენებდა, თავისა და ტახტის შემვიწროებლებს ებრძოდა და ამ
ბრძოლაში გამარჯვებისათვის არაფერს ზოგავდა.
მეფე ეკლებზე იჯდა, ვიდრე ტიხონის მხლებლები _ რუსი ვაჭრები გავიდოდნენ. რუსთა მთავრის
ძღვენზე მეტად ლაშას ყივჩაღთა ხანის კოტიანის პასუხი აინტერესებდა.
როგორც კი მარტონი დარჩნენ, ტიხონმა ირგვლივ მიმოიხედა, საკინძი შეიხსნა, აბრეშუმის
ახალუხის სარჩული ჩაირღვია და უბეში დამალული ყივჩაღთა ხანის წერილი ამოიღო.
მეფეს მოთმინება აღარ ჰყოფნიდა. გახვეული გრაგნილი სწრაფად ჩამოართვა, გაშალა და დააცქერდა,
წერილი ლაშასთვის უცნობ ენაზე იყო დაწერილი, ვერაფერი გაუგო და შიოს გადასცა.
შიო დინჯად, გარკვევით კითხულობდა ყივჩაღთა ხანის წერილს, აზრი რომ დასრულდებოდა,
ჩერდებოდა და ქართულად თარგმნიდა.
კოტიან-ხანი ჯერ ჯანმრთელობასა და მტრებზე გამარჯვებას უსურვებდა ძლიერსა და ამაღლებულს
ქართველთა მეფეს. შემდეგ კმაყოფილებას გამოსთქვამდა იმის გამო, რომ ქართველთა ახლანდელი მეფე,
თავისი სახელოვანი წინაპრების მსგავსად, ყივჩაღებთან მეგობრულსა და კეთილმეზობლურ კავშირს
აგრძელებდა. მადლობას უთვლიდა ძვირფასი საჩუქრებისათვის და თანხმობას აცხადებდა ქართველთა
მეფის თხოვნაზე _ საქართველოში ოცდაათი ათასი ცხენოსანი ყივჩაღის დედაწულითურთ
გადმოსახლების თაობაზე.
კოტიან-ხანი ყივჩაღთა ლაშქრის დაქირავების პირობებს ღებულობდა, ქირის ნაწილის მიღებას
ადასტურებდა და მეფეს დაქირავებულთა გამოსამგზავრებლად მზადყოფნას ატყობინებდა.
გახარებულმა მეფემ ელჩებს საქმის კეთილად დასრულება მიულოცა. მერე მეჭურჭლეთუხუცესს
ოქრო მოაღებინა და ტიხონს სავსე ქისა გადასცა.
_ ჯერ ეს იყოს, ჩემო ტიხონ, შენი ერთგული სამსახურისთვის კვლავაც არ დავიშურებთ ნიჭსა და
წყალობას, _ უთხრა მეფემ.
ტიხონმა მადლი გადაუხადა. მცირე ხანს ამოდ ისაუბრეს. მეფემ რუს ვაჭარს დაღლილობა და
უძილობა შენიშნა.
_ ახლა განისვენე, ჩემო ტიხონ, სადილად კვლავ ჩემი სტუმარი ხარ და ერთად ვისერებთ, _ უთხრა
ლაშამ.
რუსი დესპანი დაეთხოვა და მეფის მიერ საგანგებოდ მოხმობილ მსახურებს გაჰყვა.
_ ახლა იმასღა უნდა ვეცადნეთ, მხარგრძელი შორს გავგზავნოთ სალაშქროდ, _ ხმადაბლა თქვა
მეფემ, ახალციხელთან და შიოსთან მარტო რომ დარჩა.
_ იქნებ ლაშქრად წარგზავნა არ იყოს უმჯობესი, მეფევ, _ ჰკადრა ახალციხელმა. _ ოდეს ომისგან
შემოიქცევა მხარგრძელი ქართველთა ძლევამოსილი ლაშქრით, არა ეწყოს ყივჩაღთა და არა ურჩექმნას
მეფეს.
_ სწორედ უბნობ. უმჯობეს მიჩნს, შენ წარუძღვე ლაშქარს, ლაშქარი იმდენი უნდა წარიტანო, რომ
ამირსპასალარმა ვეღარ შესძლოს ყივჩაღთა წინააღმდგომი საკმაო მხედრობის შეკრება.
ორივენი დადუმდნენ ფიქრს მიცემულნი, შემდეგ ლაშა შიოს მიუბრუნდა:
_ რუსთა ქვეყნებისას რას გვეტყვი, შიო?
_ ყივჩაღთა ქვეყნიდან კიევს გავემგზავრეთ მე და ტიხონი. კოტიან-ხანმა ცხენოსნები გვაახლა. გზა
მშვიდობით ვვლეთ და კიევს მივაღწიეთ. ფრიად ტურფა არს სახილველად კიევი. გორაკებზე შენობს
ჩვენი სატახტოს მსგავსად კიევიც, ოღონდ მთები არ ადგას ესოდენ მაღალი და ქალაქიც უფრო ფართოდ
არის გაშლილი. ტყე გეგონება ან მტილი ვენახოვანი შორიდან, მწვანე ხეებშია ჩაძირული მთელი
ქალაქი. თვალს მოგჭრის ურიცხვ ტაძართა გუმბათების ელვარება.
ექვსასამდე ეკლესია ყოფილა კიევში თურმე, ვიდრე ორგზის არ აიკლეს და დაანგრიეს ისევ
ერთმანეთში მოკინკლავე რუსთა მთავრებმა დიდი სატახტო. ახლა იმდენი აღარ არის, მაგრამ მაინც ვერ
შემძლებელ არს თვალი დათვლად ფრიადისა რიცხვისა და განცდად ქმნულკეთილობისა ტაძართა,
რომელ მეორე კონსტანტინეპოლად უწოდებდნენ მას ჟამსა კიევს, ოდეს ძლიერი იყო და მტერთაგან
შეუვალი.
უმეტეს ზღვათა შინა ქვიშისა არს სახლები ქვისა და ხისაგან კეთილნაშენი პალატები მეფეთა და
მთავართა მის ქვეყნისა. არამედ არიან სახლნი მცირედნი თეთრნი, ალიზისანი, ისლით დახურულნი
სამყოფელად მოქალაქეთა ურიცხვთა.
მშვენიერ და კეთილნაშენ არიან პალატნი სამეფონი.
მთავარს მოხსენდა დიასპანობა ჩვენი დღესა მისვლისა ჩვენისასა. მეორე დღეს გვაწვია პალატსა
თვისსა.
მძიმე ნაბიჯით გამობრძანდა კიევის მთავარი. ოქროსარწივიან არგანს ეყრდნობოდა მსტისლავ
რომანოვიჩი. შუაგაყოფილი თეთრი წვერის ქვემოთ დიდი ოქროს ჯვარი და ხატი მოუჩანდა მთავარს.
გამოუძინებელს ჰგავდა კიევის მთავარი, დაღლილი ცისფერი თვალები ძილად ჰქონდა მიდრეკილი.
ასე ამბობენ, არა მხედრობასა და წყობასა შინა არს საჩინო მთავარი, არამედ ლოცვასა და მარხვასა შინა
ყოველთა უმეტეს წრფელი და გულისმოდგინეო.
_ საწუნელ ხომ არ იყო ძღვენი ჩვენი? _ ჰკითხა მეფემ.
_ ფრიად ეკეთა ოქრონაჭედობა და ქსოვილი ჩვენი, ფარჩა და აბრეშუმი. მოიღო ღვინო ქართული
გემოდ ყოფად, იამა დიდად და ბრძანა ტაძართათვის შეწირვა ზედაშედ.
_ რაოდენ ჰყავს ლაშქარი მთავარსა მას კიევისასა? _ ჰკითხა მეფემ.
_ აღარ ბევრ არიან ლაშქარნი კარსა მთავრისასა, ვითარცა ყოფილა ჟამსა მას ძლიერებისასა. არამედ
კმასაყოფელ არს რიცხვი მათი, რამეთუ ახოვან არიან და შემმართებელ რუსნი და წყობასა შინა მხნედ
მბრძოლნი.
_ ვითარ მოიგონებენ სვეუბედურსა მას გიორგი რუსსა, იურიდ წოდებულსა, ნათესავსა მათსა? _
იკითხა მეფემ.
_ აღარცა ოდენ სახსენებლად უჩნთ სახელი მისი, რამეთუ ფრიადი გამოხდა ხანი გარდახვეწისა
იურისა რუსთა ქვეყნისაგან. მთავრობენ ადგილსა ანდრეი ბოგოლუბსკისასა ძენი მისი ძმისა
ვსევოლოდისა და ომი აქვთ ურთიერთას და რბევა და ოხრება ქვეყნისა მათისა სამკვიდროისა...
სადილობამდის ისხდნენ მეფე, ვაზირი და დიდვაჭარი _ დესპანი.
დესპანი დაწვრილებით მოუთხრობდა რუსთა უნაპირო ქვეყნის სამთავროების აშლილობაზე, მიწის
ნაყოფიერებასა და მდინარეების სიდიდეზე, ხალხის მხნეობასა, მშვიდ ბუნებასა და გამრჯელობაზე,
ქალების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, სიმღერების კეთილხმოვანებასა და მიმზიდველობაზე და
კიდევ ბევრ სხვა რამეზე, რასაც დესპანის გამჭრიახი თვალი და ფხიზელი ყური მისწვდებოდა რუსთა
ქვეყანაში.
* * *
იმ ორ დღეს ათაბაგს მოსვენება დაჰკარგოდა.
დილით ქალაქში შემოსულ რუსთა სავაჭრო ქარავნის აქლემების ზარმა გამოაღვიძა მხარგრძელი.
სარკმლიდან უყურებდა: ქუჩებში უწყვეტ მდინარედ მოედინებოდა აქლემებისა და ჯორკიდებულის
გრძელი ქარავანი.
ასეთი ქარავნები თბილისის ქუჩებისთვის ჩვეულებრივი იყო. მხარგრძელი მექარავნეთა სიმრავლესა
და საქონლის სიმდიდრეს როდი გაუკვირვებია. ქარავანს თეთრ დონურ ცხენებზე ამხედრებული
დიდვაჭრები ტიხონი და შიო კაციტაისძე მოუძღოდნენ და მხარგრძელს სწორედ მათი დანახვა ემცხეთა.
ათაბაგმა გუმანით იცოდა, რომ შიო და ტიხონი ლაშას შუამავლობდნენ კავკასიონს გადაღმა, მაგრამ
ვისთან და რა საქმეში, დანამდვილებით ვერაფერი შეეტყო.
ეჭვი კი ჰქონდა და ყურიც მოეკრა, რომ ლაშა ყივჩაღთა ლაშქრის გამოსხმას ფიქრობდა და ათაბაგის
შეშფოთების მიზეზი სწორედ ეს იყო.
იცოდა მხარგრძელმა, ვის წინააღმდეგაც გამოიყენებდა ლაშა როქის სპას. თუ თავის განზრახვის
შესრულებას მოახერხებდა _ პირველ რიგში თვითონ მხარგრძელს მისწვდებოდა და თავგასული
ერისთავთერისთავების დასამორჩილებლად წარუძღვებოდა ყივჩაღთა ლაშქარს.
ამას გარდა, მხარგრძელს გიორგი რუსის მომხრეთა აჯანყების ჩაქრობაში და თავად გიორგის
განდევნაში საკმაო წილი მიუძღოდა და რუს მთავრებთან ახლო ურთიერთობის განახლება არაფრად
ეპიტნავებოდა.
ყოველივე ამის გამო მხარგრძელი გაფაციცებით ადევნებდა თვალს როგორც ჩრდილოეთიდან
გამოსასვლელ გზებს, ისე რუს ვაჭართა საეჭვო მოგზაურობასა და ჭაბუკი მეფის საიდუმლო
მოქმედებას.
ქარავნის მოულოდნელად გამოჩენამ შეაშფოთა ათაბაგი. იმ დღესვე მექარავნეთ თავისი ხალხი
მიუჩინა. სასახლეში მსახურთუხუცესი ვარამ გაგელი გააფრთხილა, რომ რუსთა ვაჭრისათვის
თვალყური ედევნებინა.
ნაშუადღევს სასახლიდან აცნობეს მხარგრძელს _ მეფეს და ახალციხელს საიდუმლო თათბირი აქვთ
რუს და ქართველ ქარავანბაშებთანო.
ათაბაგმა სხვა ვეღარაფერი იღონა და თათბირზე რუსუდანი შეგზავნა.
ჯერ კიდევ ნორჩი რუსუდანი გამზრდელის დავალების შემსრულებლად ვერ გამოდგა: ნაირ-ნაირმა
ბეწვეულმა თვალები აუჭრელა და ყველაფერი გადაავიწყა. ლაშას პირველსავე სიტყვაზე კიევის
მთავრის ძღვენი თავის პალატებში გადაატანინა და იქაურობას გახარებული გაეცალა.
იმ დღეს ტიხონს სასახლეში უმასპინძლეს.
რუსი ვაჭრები შუაღამისას დაბრუნდნენ მათთვის მიჩენილ ბინებში და მხარგრძელმა ვერც
ელჩობისა და ვერც მეფესთან თათბირის ვერა შეიტყო რა.
მეორე დღეს ისევ რუსუდანის გავლენა გამოიყენა მხარგრძელმა. ტიხონი მეფის დის პალატაში
აწვევინა და დარბაზობას თვითონაც დაესწრო.
დიდვაჭრის გულის მოსაგებად, რაც უნდოდა და არ უნდოდა, ყველაფერი ნაღდ ოქროზე იყიდა
მხარგრძელმა. ირანის გზაზე დამდგარ ტიხონს რუსუდანისა და თავისი ოჯახისათვის უამრავი
საქონლის შემოტანა დაავალა და ბოლოს სარფიანი გარიგებით კმაყოფილი ვაჭარი სუფრაზე იწვია.
_ მეფე დიდად მადლიერია შენი ელჩობისა, _ შეაპარა ათაბაგმა უკვე შეზარხოშებულ ტიხონს და
კახურით სავსე თასი მიაწოდა.
ტიხონმა თვალი ოდნავ მოხუჭა და ქართველ დიდებულს გამომცდელად შეხედა.
_ ეს ჩვენს მეფეს გაუმარჯოს! _ მხარგრძელმა თასი ასწია და დიდვაჭარს თვალით ანიშნა, რომ მასაც
დაელია.
_ ღმერთმა თქვენს მეფეს გაუმარჯოს! _ ასწია თასი ტიხონმა. _ გააძლიეროს და განსვენებული დედის
ანდერძის შესრულებაში უწინამძღვროს.
მხარგრძელი სმენად იქცა.
ტიხონმა თასი ერთი ამოსუნთქვით დაცალა და სკამზე უცნაურად იწყო წორწალი.
_ მაშ, ჩემი მადლიერია ლაშა ბატონი? _ იკითხა ტიხონმა და თვითონვე განაგრძო, _ არა, ჩემი
მადლიერი კი უნდა იყოს, გუშინ იმისთანა საჩუქარი მივართვი ყივჩაღთა ხანისაგან _ ალბათ, ივანე
ბატონს ეცოდინება _ ასი რჩეული ცხენი!..
_ როგორ არა, თავად ვნახე, ჩემი თვალით, _ დაუდასტურა ივანემ, სკამი ტიხონისკენ მისწია და ახლა
უფრო მოზრდილი თასი შეუვსო.
_ კიდევ დავლიოთ, ათაბაგო? ახ, დალახვროს ეშმაკმა, რა კარგი ღვინო გაქვთ ქართველებს! ახლა
ირანიდან რომ მოვბრუნდები, რა საქონელსაც აქ გავყიდი, იმის სანაცვლოდ, სულ ღვინოს წავიღებ
რუსეთში, თქვენებურ კახურ ღვინოს... ეს ჩვენ გაგვიმარჯოს, ათაბაგო, ჩვენს საქმესა და მარჯვენას! შენ
დიდი კაცი ხარ, საქართველოს სამეფოს პირველი დიდებული. საქართველო ძლიერი სამეფოა. როგორც
გავიგე, მალე სპარსთა და თურქთა ციხეებს შელეწავთ და ქრისტეს საფლავს გამოიხსნით. _ ტიხონს
გული აუჩუყდა და ღაწვებზე მსხვილი კურცხლები ჩამოუგორდა. _ იმ დროს მე იქ არ ვიქნები, მაგრამ
ცოლ-შვილს და ქრისტეს რჯულს გაფიცებ, ათაბაგო, მეც გამიხსენო, თქვენი ქვეყნის მეგობარი და,
შეძლებისამებრ, მსახური. ამას გეხვეწები, იერუსალიმის ტაძარში ჩემს სახელზე სანთელი აანთო და
ჩემი ცოდვების შესანდობრად აწირვინო...
ივანემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თასზე თასი მიუჯახუნა.
_ ეს შენ გაგიმარჯოს, ჩემო ტიხონ! _ ასწია სასმისი ათაბაგმა. _ ქართველი ხალხი და ქართველთა
მეფე შენს ამაგს არ დაივიწყებენ, დიდ საქმეს იღვწი და ღმერთმა კეთილად წარგიმართოს.
ათაბაგმა სასმისი მიიდო პირთან.
ტიხონი თვალმოჭუტული მისჩერებოდა: ისე მოიყუდა სასმისი ივანემ და დადო ძირს, რომ არც
ტუჩი დასველებია და არც ხორხი შერხევია. დიდვაჭარი მიხვდა, რომ ათაბაგი მარტო მას უსხამდა და
თავად ცარიელ სასმისს იყუდებდა, ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია, აწეული სასმისი ძირს დადო და
გუნებაგაფუჭებულმა ათაბაგს თვალი თვალში გაუყარა.
_ მაინც, რაოდენ ლაშქარსა სთხოვს ყივჩაღთა ხანს ჩვენი მეფე? _ ვითომ სხვათაშორის იკითხა
მხარგრძელმა და კრიალოსანი ჩამომარცვლა.
ტიხონი კითხვამ შეაკრთო და ჯერ კიდევ ფხიზელს გონება უცებ გაუნათა. მეფისა და ათაბაგის
მტრულ ურთიერთობაზე ზოგი რამ გაგონილი ჰქონდა, ზედმეტი ხომ არაფერი ვთქვიო, შეწუხდა
პატიოსანი ვაჭარი, გაფრთხილდა და ენას კბილი დააჭირა.
_ რატომ არა სვამ, სტუმარო? _ მიუჯახუნა ისევ ცარიელი სასმისი ივანემ.
ტიხონმა ერთი ეშმაკურად შეხედა, მერე უცებ სასმისი ასწია, სწრაფად დასცალა და სუფრაზე
თავმოწყვეტილი დაეცა. ათაბაგის სტუმარმა თავი მოიმძინარა და ხვრინვა ამოუშვა.
მხარგრძელმა დიდხანს ანჯღრია ტიხონი, მაგრამ სუფრიდან თავი ვეღარ ააღებინა. გაბეზრებულმა
ერთი რჯულზე შეაგინა და გაგულისებული სასტუმრო დარბაზიდან გავიდა.
* * *
სწორედ იმხანად, კარის ამირა და მონაპირე _ ივანე ახალციხელი რუმის სულტნის საეჭვო ქცევას
ატყობინებდა საქართველოს მეფეს. რუმის სულტანი ტრაპიზონის საზღვრებთან დიდძალ ჯარს უყრიდა
თავს. როგორც კარის ამირა ასკვნიდა, თურქები ტრაპიზონში შესაჭრელად ემზადებოდნენ.
მამაცი მენაპირე ივანე ახალციხელი გულხელდაკრეფილი როდი უყურებდა თურქთა ამ
თავხედობას, მონაპირე ჯარით ზურგიდან ურტყამდა მტერს და გამუდმებული თავდასხმებით
აწუხებდა.
კარის ამირა მიზანშეწონილად თვლიდა რუმის საზღვრებთან ქართველთა ძლიერებისა და
ტრაპიზონის იმპერიისადმი მფარველობის საქვეყნოდ დამტკიცებას _ თავგასული თურქების
დასაშინებლად დიდი ლაშქრის გაგზავნას.
დარბაზმა დაადასტურა ივანე ახალციხელის მიერ მდგომარეობის სწორი შეფასება და ლაშქრის წვევა
მოიწონა.
მხარგრძელი ხედავდა, რომ თბილისში მის ზურგს უკან ფარულად მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა.
სატახტოდან გასვლა შეუძლებლად მიიჩნია, ავად ყოფნა მოიმიზეზა და იმ მოსაზრებით, რომ შალვა
ახალციხელი მეფისაგან შორს ჰყოლოდა, თვითონ შალვას შესთავაზა ლაშქრის სარდლობა.
მეფესა და მის თანაგამზრახ ვაზირსაც ეს უნდოდათ.
დარბაზმა ათაბაგის წინადადება მიიღო და ათი დღის შემდეგ კარგად გაკაზმული დიდი ლაშქრით
ახალციხელი კარის მიმართულებით დაიძრა.
@თავი მეათე. სიბრძნისა და სიყვარულის ქსელში
განუწყვეტლივ უნდა გზავნო მსტოვრები ყოველ მხარეს მოგზაურების, სუფიების, წამლების
გამყიდველების, მათხოვრების სახით.
ნიზამ ალ მულკი
ჰამადავლეს სავაჭრო სახლს მხარგრძელისა და მანდატურთუხუცესის მსტოვრები დიდი ხანია
ფარულად უთვალთვალებდნენ.
რუსთა ქარავნის სპარსელი მეგზური ორჯერ შენიშნეს მანდატურთუხუცესის ჯაშუშებმა ჰამადავლეს
სავაჭროსთან. დახლიდარმა ისიც შეამჩნია, რომ სპარსელი მექარავნე ხათუნთან მივიდა, მისთვის
გაუგებარ ენაზე რაღაც უთხრა, მაგრამ ხათუნმა თვალით ანიშნა და სავაჭროდან სწრაფად გავიდა.
დაღამდა თუ არა, კაცურად გადაცმული, ყაბალახით თავპირახვეული ხათუნი უკანა კარიდან ჩუმად
გამოვიდა და ისნის გზას დაადგა.
ქალაქის კართან გამართულ ფუნდუკში უამრავი ხალხი ირეოდა.
ფუნდუკში ღრიანცელი იდგა. მთვრალი მეინახეები რამდენიმე ენაზე ხმამაღლა ყაყანებდნენ,
სადღაც კუთხეში ზურნა ჭყვიტინებდა და ყბაზე ხელმიჭერილი ბრუციანი მომღერალი სპარსულ ბაიათს
გაჰკიოდა.
ფუნდუკში შემოსულმა ხათუნმა იქაურობა მოათვალიერა, კუთხეში პატარა სუფრასთან სპარსელი
მექარავნე დაინახა და იქით წავიდა, მაგიდას უხმოდ მიუჯდა, მიმტანს კერძი შეუკვეთა და სპარსელთან
ჩურჩულით გააბა საუბარი.
მიკიტანი თვალს არ აშორებდა საეჭვოდ მოჩურჩულეებს.
ხათუნმა უბეში ჩაიყო ხელი, ეტყობოდა, რაღაცის ამოღება უნდოდა, მაგრამ ირგვლივ მიმოიხედა.
მიმტანის მოახლოება რომ შენიშნა, გაიტრუნა და მკერდი მოიქექა.
მიმტანმა კერძი დაუდო და გამობრუნდა.
ხათუნმა ორიოდ ლუკმა უგულოდ შეჭამა, მერე უბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, გაშალა.
ცხვირსახოციდან მაგიდაზე პატარა ბარათი დავარდა. ხათუნმა ვითომ ვერც შეამჩნია, ტუჩი მოიწმინდა
და ცხვირსახოცი ისევ უბეში ჩაიდო.
ფრთხილად, ვითომ პურისკენ წაიღო ხელი და, მაგიდაზე დაგდებულ ბარათს მისწვდა სპარსელი
მექარავნე.
უეცრად ღონიერი ხელი სალტესავით შემოეჭდო მექარავნის მაჯას. სპარსელმა თავი ასწია და
გაფითრდა: იარაღმომარჯვებული ოთხი მანდატური ადგა თავს, გასასვლელებშიც მანდატურები
იდგნენ და ფუნდუკიდან არავის უშვებდნენ.
ღრიანცელი უცებ მიწყდა, მანდატურებმა ყაბალახით თავპირახვეულ ხათუნსა და მის
თანამესუფრეს ხელებზე ბორკილები დაადეს და ფუნდუკიდან წაიყვანეს.
დაპატიმრებულების დაკითხვა თავად მხარგრძელმა იკისრა.
ხათუნის ბარათი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რუმის სასულტნოს ვაზირისათვის იყო
განკუთვნილი.
კომნენთა და ქართველთა მეფის დაუძინებელ მტერს ლამაზი მსტოვარი დაწვრილებით
ატყობინებდა საქართველოს ამბებს: აქ არზრუმისაკენ ახალციხელის მეთაურობით დაძრულ ჯარებზეც
იყო ლაპარაკი, კომნენთან სამხედრო მოლაპარაკებაზეც, ყივჩაღებთან შეთანხმებასა და
ოცდაათიათასიანი ლაშქრის მოლოდინზეც, ბოლოს, არც სამეფო კარის ამბები იყო დავიწყებული.
მსტოვარი დაწვრილებით ატყობინებდა მეფისა და ათაბაგის განხეთქილებაზე.
სამი დღე-ღამის უძილობისა და წამების შემდეგ გატყდა ხათუნი.
თვითონ უამბო მხარგრძელს, როგორ გაება ჯერ ბიზანტიისა და შემდეგ რუმის დაზვერვის ქსელში, _
როგორ „შერთეს“ საძულველ ჰამადავლეს და როგორ შემოგზავნეს საქართველოში.
რუმის ანუ იკონიის სულტანი ტრაპიზონის იმპერიის დასაპყრობად ემზადებოდა. ტრაპიზონის
სუსტი იმპერიის უკან ძლიერი საქართველო იდგა, ტრაპიზონი საქართველოს გავლენის სფეროდ
ითვლებოდა და საქართველოს მფარველობის ქვეშ იყო. ამდენად, იკონიის სულტანს საქართველოსთან
შეტაკება გარდუვლად მიაჩნდა.
იკონიის სასულტნო გაფაციცებით ადევნებდა თვალს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და
სამხედრო ვითარებას, გამუდმებით გზავნიდა საქართველოში მსტოვრებსა და ჯაშუშებს.
როცა რუმის ვაზირი საქართველოში უმშვენიერეს მსტოვარს გზავნიდა, ფიქრადაც არ მოსვლია, რომ
მას ასე მნიშვნელოვანი წარმატება ელოდა. დიდი-დიდი, რისი იმედიც ვაზირს შეიძლებოდა ჰქონოდა _
ხათუნის რომელიმე ქართველ დიდებულთან ან მხედართმთავართან დაახლოება იყო. იმას როგორ
წარმოიდგენდა, რომ უტურფესი ხათუნის სიყვარულის ქსელში თავად საქართველოს მეფეთმეფე
გაებმებოდა.
თბილისიდან რომ თავისი ჯაშუშის გაუგონარი წარმატების ამბავი მოუვიდა, რუმის ვაზირს თავში
ათასგვარი გეგმა ჩაესახა და ადრე განზრახულზე გაცილებით უფრო დიდი მიზნების მიღწევა
მოინდომა.
რუმის ვაზირმა საქართველოში ჯაშუშთა ახალი ჯგუფი შემოგზავნა _ რინდთა ორდენის მოხეტიალე
სუფიებს თავისი მსტოვრები გამოაყოლა. რინდთა ორდენის მეთაური შეიხ-ფეიზი გამოცდილი
მზვერავი იყო, რუმის ვაზირმა მას მრავალი დავალება მისცა და ხათუნის ჯაშუშური საქმიანობის
წარმართვაც დააკისრა. არავინ იცოდა, რით და როგორ გახდა შეიხ-ფეიზი რინდთა ორდენის მეთაური.
თავი მას სულიერ მამად მოჰქონდა, მაგრამ მორწმუნე სუფიებივით თავს ლოცვით არ იწუხებდა და არც
ამ ქვეყნის სიკეთისაგან იკლებდა რამეს. ხმამაღლა, სიტყვით სათნოებას ქადაგებდა, მაგრამ ჩუმად
საქმით ბოროტებას ემსახურებოდა _ საქართველოს სამეფოს საზიანოდ მოქმედებდა და განდგომილი
ბერის ძაძის ქვეშ ფარულად სატევარს ატარებდა.
რუმის ვაზირის ანგარიშით, ხათუნისა და შეიხ-ფეიზის მოქმედებას ქართველთა შორის შინააღრევა
და შფოთი უნდა გამოეწვია, ამას ზედ საქართველოს სამეფოს საგარეო გართულებაც დაერთვოდა და
ვიდრე ქართველებს ტრაპიზონის იმპერიისათვის არ ეცლებოდათ, იკონიის ძლიერი სულტანი ქეი-
ქაუსი სუსტსა და ტრაბახა კომნენს გაუსწორდებოდა.
რუმის ვაზირი საქართველოში ყივჩაღთა ლაშქრის გამოსვლამდის ესწრაფოდა ტრაპიზონის
დაპყრობას. ამიტომ ჩქარობდა, შეიხ-ფეიზსა და ხათუნს კაცს კაცზე უგზავნიდა, დავალების დროზე
ასრულებას თხოულობდა.
ხათუნი აგვიანებდა და ქართველთა მეფის საზიანოდ ნაბიჯსაც არ დგამდა, რადგან, როგორც
თვითონ ტირილით ათაბაგის წინაშე აღიარა, ლაშა-გიორგი ამასობაში ნამდვილად შეჰყვარებოდა.
ჩვენების მიცემისას ხათუნი კეკლუცობდა, მხარგრძელს თვალში თვალს ეშმაკურად უყრიდა და
გამომწვევი, თამამი ქცევით ცდილობდა ჭარმაგი ათაბაგის თავბრუდახვევას. მხარგრძელი თავს ძლივს
იკავებდა, ცდილობდა, წონასწორობა არ დაეკარგა და ბოლომდე ცივი და გულგრილი ყოფილიყო
ლამაზი პატიმრის მიმართ.
_ რა ნიშანი გქონდათ დათქმული? როგორ იწვევდით მეფეს შეიხის სამოთხეში? _ ვითომ სხვათა
შორის იკითხა მხარგრძელმა.
_ ამ ბეჭედს ვუგზავნიდი ხოლმე, _ მიუგო ხათუნმა და თითიდან ფართო ბეჭედი წაიძრო.
ბეჭდის გემმაზე ლანგარზე დადებული მოჭრილი თავი იყო ამოკვეთილი. მხარგრძელმა ბეჭედს არც
დახედა, სხვა ნივთიერ საბუთებთან ისე დადო, თითქოს ყურადღების ღირსადაც არ ჩაეთვალოს და
დაკითხვა განაგრძო:
_ მეფესთან ერთად მიდიოდი შეიხ-ფეიზის რინდებთან თუ მარტო?
_ მე წინა დღით წავიდოდი ხოლმე, მეფის მისაღებ თადარიგს ვიჭერდი და სუფრისა და
განსასვენებლის გამზადებას ვხელმძღვანელობდი.
_ რას აკეთებდი რინდებთან?
_ მეფე ღვთაების ხილვას ეძლეოდა, ხოლო, როცა საღმრთო საქმეს მორჩებოდნენ, ბაღში ჩემთან
მოდიოდა. იქ გაშლილი სუფრა და განსასვენებელი ელოდა და მემუსიკენი საამო ხმებს გამოსცემდნენ.
დილამდე ვნეტარებდით და ზოგჯერ მეფე მეორე დღესაც ინებებდა ხოლმე იქ დარჩენას.
_ რინდებიც თქვენს სუფრაზე შეექცეოდნენ?
_ არა, რინდები ქალებთან არ სერობენ...
_ ქალისა და ღვინის სიამოვნების სანაცვლოს ლოცვით გარინდებაში ჰპოვებენ თურმე, არა?
_ აგრე მოგახსენებენ, ბატონო.
_ ძალიან კარგი, _ განაგრძო ათაბაგმა, _ ახლო ხანში ხომ არ აპირებდით მეფესთან ერთად შეიხ-
ფეიზის სამოთხის მონახულებას?
_ ამ სამ-ოთხ დღეს შეიხ-ფეიზის სამყოფელი უცხოთათვის დახშულია, რადგან რინდები მთვარის
გამოცვლის დღეებში გარეშეს არავის იკარებენ, მარტო ჩაიკეტებიან და საღვთო ლოცვას თუ თრობას
ეძლევიან. არავინ იცის ამ დროს რას აკეთებენ, ოღონდ ეს კია, რომ საიდუმლო ზიარების შემდეგ
დაღლილებს ორ დღე-ღამეს გამოუფხიზლებლად სძინავთ და მათი სამყოფელიდან დაფუკული ღვინის
რუმბები გამოაქვთ. მეფემ ბევრჯერ ინება ამ საიდუმლო შეკრებაზე დასწრება, მაგრამ შეიხ-ფეიზი ჯერ
„შეცნობილად“, უზენაეს მიჯნურთან შეერთებისათვის მომზადებულად არ თვლის თავის გვირგვინოსან
მოწაფეს და საიდუმლო ზიარების დღეებში ახლო არ იკარებს.
სმენადქცეული ათაბაგი ჩაფიქრდა. უცებ რაღაც გადაწყვიტა, თვალებში შუქი ჩაუდგა და ხათუნს
მიმართა:
_ საიდუმლო კრებაზე რომ უცხო ვინმე შეიპაროს ან უცნობლად შეესწროს, ვითარ მოეპყრობიან
სუფიები?
_ ცოცხალს არ გაუშვებენ, რადგან უდიდეს ცოდვად და დანაშაულად რაცხენ წმიდა ზიარებაზე
უცხოთა დასწრებას.
_ მეფესაც არ დაინდობენ? _ შეაპარა კითხვა ათაბაგმა.
_ მეფესაც არ დავინდობთო, თავად შეიხ-ფეიზისაგან მსმენია, _ აკანკალებული ხმით უპასუხა
ხათუნმა და ათაბაგს თვალებში შეხედა. უცებ მთელ სხეულში უსიამო ჟრჟოლამ დაუარა. მხარგრძელის
თვალებში მეფის მიჯნურმა რაღაც საშინელი ამოიკითხა და შეყვარებულის წინათგრძნობამ ერთიანად
ააფორიაქა.
მხარგრძელმა ჯაშუშის ჩვენებას, რუმის ვაზირთან მინაწერ ბარათს და ხათუნის ბეჭედს ხელი
მოუსვა, პატიმარს ძილი ნებისა უსურვა და დილეგიდან გავიდა.
* * *
გვიან დაწვა მეფე და ნაღვინევს მალე ჩაეძინა. ჩაეძინა, მაგრამ ძილი ძილს არ ჰგავდა: მთელ ღამეს
საშინელ სიზმრებს ხედავდა, შფოთავდა და ზოგჯერ ხმამაღლაც აბოდებდა.
ჯერ იყო, ხათუნთან ლოგინში განცხრომა დაესიზმრა, ვითომ ხათუნმა ლაღობა დაუწყო და ორივენი
ლოგინიდან დაკოტრიალდნენ. სიცილ-კისკისით მიგორავდნენ უსასრულო ლოგინზე თუ მწვანეზე
მიჯნურები. მერე უცებ კლდის პირს მიაღწიეს. ის იყო, ლაშა კლდეს გადაცდა, უფსკრულზე გადაეკიდა
და ხათუნიც თან უნდა გადაეტანა, რომ ვიღაცის ღონიერმა ხელმა ხათუნი შეაჩერა. ხათუნი ცდილობს
ხელი არ გაუშვას საყვარელ მეფეს, მაგრამ ღონიერი ხელი, რომელმაც უფსკრულთან შეაჩერა,
მარწუხივით უჭერს ქალის უღონო ხელებს. ქალი ტკივილისაგან იკლაკნება, სიმწრის ოფლი ასხამს და
ლაშა გრძნობს, როგორ ნელ-ნელა შორდება მის ყელს შემოჭდობილი ქალის ნაზი თითები. ლაშა
განწირული ფართხალებს უფსკრულის პირას. ცდილობს, უფრო მაგრად ჩაავლოს ხათუნს ხელები, რომ
როგორმე თავი შეიმაგროს უფსკრულში გადაჩეხვისაგან, მაგრამ ახლა უკვე მას მისწვდა ის ღონიერი
ხელი, რომელმაც ხათუნი შეაჩერა კლდის ნაპირთან. საშინლად მოუჭირა მაჯაში მძლავრმა ხელმა,
ძვლებმა ტკაცანი გაიღო და ტკივილისაგან გამწარებულმა თვალი წამით მაღლა მიაპყრო ლაშამ: კლდის
თავზე თმაგაჩეჩილი და წვერგაფოფრილი ათაბაგი ივანე იდგა.
ლაშას თვალთ დაუღამდა, ნელ-ნელა მოეშვა ხათუნის წელზე სალტედ შემოჭდობილი თითები და
უფსკრულისკენ რომ მოსწყდა, ხათუნმა განწირულად შეჰკივლა.
მეფეს გაეღვიძა. შუბლზე ოფლის ცვრები ეყარა და ჩქარ-ჩქარა სუნთქავდა. შარბათი მოსვა. ცოტა ხანს
თვალგახელილი იწვა. მერე ისევ ძილი მოერია, გვერდი იცვალა და თვალი მიხუჭა.
მცირე ხნის შემდეგ ახალმა სიზმარმა მოუწამლა მეფეს მოსვენება.
ყელზე ვითომ ლამაზი გველი ეხვია, ლაშას ეს გველი არ კბენდა, ისე ეხვეოდა და ეალერსებოდა. მერე
უცებ საიდანღაც ორი ძლიერი ხელი გამოჩნდა, გველი მოაშორა და მხოლოდ მაშინ იცნო ლაშამ, ამ
გველს ხათუნის სახე ჰქონდა. ლაშამ დაყვირებაც ვერ მოასწრო, რომ იგივე ხელები, რომელთაც გველი
მოაცილეს, თვითონ შემოეჭდვნენ მის ყელს და ნელ-ნელა მარწუხებად წაეჭირნენ. გაიბრძოლა ლაშამ,
მაგრამ ამაოდ, ხელების შემომჭდობელს გოლიათური ღონე ჰქონდა, მიწისკენ დაზნიქა მეფე. უღონო
ბრძოლისაგან ქანცგაწყვეტილმა მეფემ მხოლოდ ახლა დაინახა მასთან შეჭიდებული თვალებში
სისხლჩაქცეული გოლიათი. დაინახა და ბუნდოვნად დანახული ნაჭრევებიანი სახე ერთ წამს ივანე
ათაბაგისას მიამსგავსა. თვალებმა სინათლე დაჰკარგეს, ნახმლევებიანმა გოლიათმა ლაშა ძირს დასცა და
ზედ ზვავივით დააწვა.
ლაშას დაცემა და გაღვიძება ერთი იყო.
თვალი რომ გაახილა, სიზმარი გაიხსენა, ივანე ათაბაგის მეორედ დასიზმრებამ ღიმილი მოჰგვარა.
ძილი საბოლოოდ გაუტყდა. ფეხზე წამოდგა, ხალათი მოიხურა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
საწოლ ოთახში პატარა საწერი მაგიდა ედგა. გუშინ დილას წერდა და ფურცლები ისევ გაშლილი
იყო.
აგერ, წელიწადზე მეტია, რაც ტრაქტატს წერს საქართველოს მეფე გიორგი მეოთხე, ტრაქტატის
თავფურცელზე დიდი წითელი ასოებით გამოყვანილია:
„საქართველოს სამეფოსათვის“.
ლაშა მაგიდას მიუჯდა, გაშლილ ფურცელს დახედა და წინა დღის ნაწერი გადაიკითხა:
„ქართველ ტომთათვის“
...რომელნი იტყვიან ტომობასა და შთამომავლობასა ქართველთა ნოეს ძის იაფეთის თესლისაგან. არა
სარწმუნო არს ესე, ვითარცა ცუდ და ზღაპარ. უძველეს არს ცხოვრება ქართველთა ბაბილოვანთა და
ქეტელთა თანა. ჟამსა მას ტომი ქართველთა იყო ერთ და ძლიერ. კირთებისა მტერთა ურიცხვთაგან იწყო
რღვევად და კლებად სიმრავლემან და სიმტკიცემან ერისამან. და განიბნნეს ნათესავნი ქართველთა
ქვეყანასა ზედან და სხვადასხვა იქმნეს ენაი მათი, ვითარ აფხაზთა და ჩერქეზთა, ლაზთა და სვანთა.
არამედ ერთ არიან დღესაცა ენითა პირველითა და ზნითა და წესითა ამა ჟამსაცა, ოდეს ერთ მთავრობასა
და ერთ მეფობასა შინა კვლავცა იქმნენ ერთ ტომად და ერთ ენად ერნი უმრავლესნი, ვითარ ჰგიებდნენ
დასაბამსა მათისა ცხოვრებისასა“...
ლაშამ წიგნი გადაფურცლა და კითხვა განაგრძო:
„...წეს არს ქართველთა პირისსიმტკიცე, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, წყობასა შინა
სიკისკასე, მტერთა ზედა ერთობა, ერთისა ცოლისა ქმრობა, რამეთუ ყოველი ეგოს ქორწინებითა
სჯულიერითა თვისთა თანასწორთა: მთავარნი მთავართან, აზნაურნი აზნაურთან და გლეხნი
გლეხთან...“
ლაშას კითხვა მოსწყინდა, განსჯისა და ღრმად დაფიქრებისათვის არ იყო განწყობილი. გული
უმღეროდა და თავში ომარ ხაიამის ლექსები ერეოდა.
ფეხზე წამოდგა და ღიღინით გაიარ-გამოიარა. სარკმელთან შეჩერდა, გაიხედა: ღამე გაცრეცილიყო
და ცაზე ვარსკვლავები ცახცახებდნენ.
თენდებოდა, დილის ბინდში მტკვარზე ტივები მიცურავდნენ და ქარს მეტივეების ჩუმი, სევდიანი
სიმღერა მოჰქონდა.
ლაშა საწერ-კალამს მისწვდა. პერგამენტზე სწრაფად აღიბეჭდა ორი სტრიქონი. მერე ისევ მაგიდას
მოშორდა, გაიარ-გამოიარა და ოდნავ წამღერებით აბუტბუტდა. ბუტბუტსა და ნაბიჯს უმატა, მერე
ფიქრში წასული თვალები კვლავ ეტრატს დააშტერა, წინანდელ ნაწერს ხაზი გადაუსვა და სტრიქონები
მიჯრით მიაყოლა ერთიმეორეს.
ლაშამ პერგამენტი აიღო, ხმამაღლა მკაფიოდ წაიკითხა:
წუთისოფელში არაფერი არის უცვლელი,
ვარსკვლავი ქრება, მტვრად იქცევა ვარდის ფურცელი
ულხინოდ ერთ დღეს ნუ გაუშვებ, თორემ გაფრენილს
ვერც დაიბრუნებ და ვერც კიდევ დარდით უშველი.
ასი წლის შუქიც თურმე მხოლოდ კენტი ღამეა,
რაც სიტკბო შესვი, თურმე მხოლოდ წვეთი შხამია,
მაშ, დაეწაფე სატრფოს ბაგეს, ღვინის ფიალას, _
მარადისობა ნეტარების ერთი წამია.
ლაშამ პერგამენტი დადო, თითქოს რაღაც დიდი ტვირთი მოეხსნას, ისეთი სიმსუბუქე და შინაგანი
დამშვიდება იგრძნო.
ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი ნაწერს. თორელს, ალბათ, არაფრად მოეწონებაო, გაიფიქრა და
ღიმმორეულმა კალამი მაგიდაზე ისროლა.
მაინც არ ეძინებოდა, ტანთ მსუბუქად ჩაიცვა და საწოლიდან გამოვიდა.
კართან ფეხზე ფხიზლად მდგარი ლუხუმი დაუხვდა.
_ რატომ არ გძინავს, ლუხუმ? _ ჰკითხა მეფემ და მცველს მეგობრულად მხარზე ხელი დაარტყა.
_ როცა მეფე ფხიზლობს, ყმათაგან ძილი წესი არ არის, _ თავდახრით მოახსენა მიგრიაულმა და მეფე
თავის წინ გაატარა.
ლაშა ეზოში გამობრძანდა, ვარსკვლავთ სათვალთვალო კოშკისკენ წავიდა, კოშკის კიბეზე შედგა და
გაუჩინარდა.
ლუხუმი კოშკის კიბესთან ჩამოჯდა. ერთხანს მანაც ვარსკვლავებს უცქირა. სადღაც ვარსკვლავებს
ვარსკვლავი მოსწყდა და, როგორც ბავშვობაში იცოდა, ლუხუმმა მაშინვე პირჯვარი გადაიწერა.
რამდენ ხანს უმზერია ბავშვობაში თავის კახეთში ასე ვარსკვლავებით მოჭედილი ცისათვის. თავი
ისევ ბალღად წარმოიდგინა და, როგორც ბავშვობაში, ცისა და მიწის განუყოფელი ერთიანობა შეიგრძნო.
ქვეყნის ზრუნვისაგან გამდგარს ალალი გულით სიმღერა მოუნდა.
მტკვარზე მეტივეების ღიღინი გაისმოდა. ხმადაბლა მღეროდნენ სევდიან სიმღერას სადღაც დილის
ბინდბუნდში ჩაკარგული მეტივეები, მტკვარი მიჩხრიალებდა და მეტეხის მორევში თვალისმომჭრელად
ბრწყინავდნენ ალმასის კრისტალებივით დალეწილი ჭავლები.
მეფის მცველს ჩათვლიმა, თავით და ხელებით შუბს დაეყრდნო და თვალი წაატყუა.
ვარსკვლავთა უცნაურმა განლაგებამ და ურთიერთდამთხვევამ შეაშფოთა მეფე. ეტლთა ჩხრეკა
ყოველმხრივ მომდგარ ხიფათს აუწყებდა და პირველად შეშინდა ლაშა ცაზე ამოკითხულით.
შეშფოთებულმა კოშკი მიატოვა და, თითქო უკან ვინმე მოსდევდა, კიბე ჩამოირბინა.
მცველს ფეხის ხმაზე გაეღვიძა და წამოხტა, თმააშლილ ლაშას რომ შეხედა, ფარ-შუბი მოიმარჯვა და
მეფეს შეშფოთებულმა მიმართა:
_ რა მოხდა, მეფევ?
_ არაფერი... არაფერი... აქედან წავიდეთ... წავიდეთ... _ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამბობდა მეფე, უკან-უკან
იხედებოდა და, თითქო ვინმესაგან თავის დაღწევა სურსო, ჩქარი, შემკრთალი ნაბიჯით მიდიოდა წინ.
* * *
ღამენატეხს დიდხანს ეძინა, ავი სიზმრებითა და ვარსკვლავთა წინასწარმეტყველებით
გაბოროტებულს გვიან გაეღვიძა და უგუნებოდ ადგა.
დილით ხათუნის ბეჭედი _ შეიხ-ფეიზის ბაღში წვევა მოუვიდა. სხვა დროს ხათუნთან შეხვედრის
მოლოდინი სიხარულით ავსებდა, დაღამებას არ უცდიდა და ფრთაშესხმული მიჰქროდა ხოლმე
პაემანზე. დღეს კი, რატომღაც, გული არ მიუწევდა და წასვლა ეზარებოდა.
ნაშუადღევს ხათუნი მოაკითხვინა. გუშინდელს აქეთ შინ არ არისო, მოუტანეს ამბავი და ლაშა
დარწმუნდა, რომ მისი სატრფო, ჩვეულებისამებრ, წინა დღით იქნებოდა წასული შეიხ-ფეიზთან მეფის
მიღებისათვის თადარიგის გასაწევად, ლხინისა და განსასვენებლის მოსამზადებლად.
როგორ გაიხარებდა ლაშა, ხათუნს რომ რაიმე მიზეზით პაემანზე უარი ეთქვა.
არ წავიდოდა მეფე, მაგრამ სატრფოს როგორ გააწბილებდა.
მიტოვებული, ამაო ლოდინით გულგადალეული ხათუნი რომ წარმოიდგინა, შეებრალა, მისი ნახვა
მოუნდა და ლამაზი თვალების ამოკოცნა.
შებინდებისას ცხენი მოაყვანინა მეფემ. ცხენზე შეჯდომისას მოუცილებლად გვერდით მდგარ
ლუხუმს რომ შეხედა, წინათგრძნობამ ერთხელ კიდევ შეაყოვნა, წასვლა ისევ შეეზარა და შეყოყმანდა.
მეახლეო, უბრძანა მცველს და ცხენი ნელა დაძრა დინჯი ნაბიჯით. შეიხ-ფეიზის ალაყაფის კართან
მდგარი გუშაგი მეფეს წინ გადაუდგა.
_ ნაბრძანები მაქვს, არავინ შევუშვა, _ მოახსენა გუშაგმა.
მეფე ყოველთვის თავისუფლად შედიოდა შეიხ-ფეიზის სამყოფელში, ამიტომ გუშაგის ნათქვამი
ეუცნაურა და საეჭვოდ ეჩვენა.
ლუხუმი მკერდით მიეძალა კაფანდარა გუშაგს და ძალით აპირებდა გავლას, მაგრამ გუშაგი
გაჯიუტდა და აყაყანდა.
ლაშამ ქისით ოქრო ამოიღო, ისე ესროლა გუშაგს, მისკენ არც მიუხედავს და მძიმე ნაბიჯით ხეივანს
გაჰყვა.
ყასბის ძაღლივით ჰაერშივე დაიჭირა გუშაგმა ნასროლი, იქვე, კუთხეში შებრუნდა, ჩამოჯდა და
გახარებულმა ხარბად დაიწყო ნაწყალობევის თვლა.
ლუხუმი ჩქარი ნაბიჯით მიჰყვა მეფეს. ვაზით დაბურული, გრძელი და ბნელი ხეივანი გაიარეს.
ხეივნის ბოლოს, მწვანეში ჩამალულ თალართან შეჩერდა მეფე.
_ აქ დამელოდე, ლუხუმ, თვალი და ყური ჩვენკენ გქონდეს! _ უბრძანა მეფემ და განათებულ სახლზე
ანიშნა.
ლუხუმი მწვანეში ფრინველივით შეიმალა.
მეფე სახლისაკენ გაემართა.
* * *
შეიხ-ფეიზის რინდთა ორდენის მისტერიებმა ლაშა თავიდანვე თავისებურებით მიიზიდეს.
ისინი, სუფიების სხვა სექტების მსგავსად, ქვეყნისაგან განდგომასა და ცხოვრების სიტკბოზე ხელის
აღებას როდი ქადაგებდნენ. პირიქით, ორდენის წევრებს მოქმედების თავისუფლებას ანიჭებდნენ და
სირცხვილსა და მორიდებას გმობდნენ.
ორდენის წევრები თავიანთ თავს მოქეიფეებს, ანუ რინდებს უწოდებდნენ და ღვთაებრივი შუქის
სილამაზით თრობას ეძლეოდნენ. ეს შუქი, მათი რწმენით, რინდების სულში ღვთაებიდან
გადმოდიოდა, ავსებდა მას და ხორცისაგან ათავისუფლებდა. ამ ღვთაებრივი თრობისათვის რინდებს
ღვთისადმი სიყვარულში, ღვთაებასთან სრულ გათქვეფასა და შეერთებაში უნდა მიეღწიათ, მთელი
სამყარო მათ ღვთაების გამოვლენად მიაჩნდათ, ხოლო საგნები იმ სარკედ, რომელშიაც ღვთაებრივი
შუქი ირეკლებოდა. ღვთაების ამ გამოვლენას ბუნებასა და საგნებში მხოლოდ მოსაჩვენრად თვლიდნენ
და იგი ერთადერთი რეალური არსების _ ღმერთის ანარეკლად წარმოედგინათ. ყოველივე ერთი
დასაბამის გამოვლენაა და ადამიანს სამყარო ტყუილად ეჩვენება მრავალფეროვნად და ნაირსახოვნად.
მსოფლიო სულის ღვთაებრივი შუქის ნაპერწკალი ყველგან და ყველაფერშია, მისი ნაწილი ადამიანსაც
გააჩნია. ადამიანის უდიდესი ბედნიერებაა გათავისუფლდეს ხორციელი, პირადი მესაგან და ჩაიძიროს
ღვთაების ხილვაში, შეერიოს ღვთაებას, როგორც წვეთი ოკეანეს, შეუერთდეს ღმერთს, როგორც ნაწილი
მთელს.
რინდები ისლამის ნორმებსა და კანონებს სრულიად არ უწევდნენ ანგარიშს. თავიანთი
ორდენისათვის სავალდებულოდ არ მიაჩნდათ პირობითი მორალის კანონები და საზოგადოებრივი წეს-
ჩვეულება. უზენაესის მჭვრეტელ, ღვთაებასთან სულიერად შეერთებულ რინდებს თავიანთი არსება
კეთილისა და ბოროტის მიღმა წარმოედგინათ და თავიანთ თავს ამქვეყნიური პირობითობისა და
კანონებისაგან, ზნეობრივი წესებისა და მორალისაგან თავისუფლად თვლიდნენ.
რაკი ქვეყანა მათთვის მხოლოდ მოსაჩვენარი არარეალობა იყო, ამიტომ ამ ქვეყნის ყველა წესი და
პირობითობაც არ მიაჩნდათ სავალდებულოდ.
ქართველთა მეფე რინდი სუფიების ქადაგების ამ უკანასკნელმა მხარემ მიიზიდა. იგი კარგა ხანია
რინდებთან დაიარებოდა და მოთმინებით ემზადებოდა იმ დღისათვის, როცა სუფიები „შეცნობილის“
ხარისხზე აიყვანდნენ და რელიგიურ ექსტაზში მისტიური თრობით უზენაეს მიჯნურს შეუერთდებოდა.
რინდების სამყოფელში შესვლისთანავე გაოცდა ლაშა. დარბაზში ისეთი კვამლი და ოხშივარი იდგა,
რომ თვალები ეტკინა. უგონოდ მთვრალი რინდები ცხოველურ განცხრომას მისცემოდნენ.
* * *
ღამენატეხ ლუხუმს წუთით წასთვლიმა.
უცებ ხმაურმა გამოაღვიძა.
_ მომკლეს! _ მისწვდა განწირული ძახილი და მიგრიაულმა მეფის ხმა შეიცნო.
ნამდვილად უჭირსო, გაიფიქრა წამით და თალარიდან ვეფხვივით ისკუპა.
ხმალგაშიშვლებული ლუხუმი დარბაზში შევარდა და თვალებს არ დაუჯერა: ფეხქვეშ ჩაგდებულ
მეფეს ექვსიოდე დერვიში დასეოდა და კეტებით უწყალოდ გვემდა.
_ რას ჩადით! გონს მოდით! _ ერთი მხეცივით შეჰყვირა ლუხუმმა და პირველსავე დერვიშს ხმალი
მოუქნია.
სანამ სუფიები გონს მოეგებოდნენ, ლუხუმმა ორ მათგანს კიდევ დაჰკრა გამეტებით ხმალი. სისხლმა
და დაჭრილების კვნესამ გამოაფხიზლა დანარჩენები.
შეიხ-ფეიზმა ლუხუმს კეტით შეუტია.
დანარჩენებმაც კეტები იმარჯვეს და მეფის მცველს მიესივნენ.
შეიხ-ფეიზი ჩხუბში მარჯვე აღმოჩნდა, მოხერხებულად იცილებდა მეფის მცველის ხმალს და
თავადაც ყოჩაღად უტევდა ჯაჭვგადაცმულ მიგრიაულს.
კიდევ ერთ დერვიშს შიგ მუცელში სცა ლუხუმმა და სანამ ვადამდე სხეულში ჩასულ მახვილს
გამოაძრობდა, შეიხ-ფეიზმა იქაურობას მოავლო თვალი. მეფე ძირს ეგდო უძრავად, მკვდარს ჰგავდა.
შეიხმა მეფის მცველთან ბრძოლა უჭკუობად ჩათვალა, ფანჯრიდან ისკუპა და სირბილით ბნელს შეერია.
უვნებლად გადარჩენილმა ერთადერთმა დერვიშმაც შეიხს მიბაძა და ისიც ბნელში დაიკარგა.
მარტო დარჩენილი ლუხუმი მაშინვე მეფეს მივარდა. მის მიერ ზედ დაკლული ორი რინდის გვამი
მოაშორა და საკუთარ თუ მოკლულთა სისხლით მოსვრილ ლაშას რომ დახედა, გაფითრდა.
_ მეფევ... მეფევ ბატონო! _ სასოწარკვეთით ჩასძახა ლუხუმმა.
თავგატეხილი და სახედათეთქვილი ლაშა სიცოცხლის ნიშანწყალს აღარ ამჟღავნებდა. ლუხუმმა
საკინძე შეუხსნა მეფეს, მკერდზე ყური დაადო და გულის მისუსტებული ფეთქვა რომ იგრძნო,
სიხარულისაგან სახე გაუბრწყინდა.
_ ცოცხალია! _ აღმოხდა მიგრიაულს, მერე იქაურობას თვალი მოავლო, კუთხეში სურა დაინახა,
მოარბენინა და მეფეს წყალი ასხურა. ლაშამ დასიებული ბაგეები ძლივს შეანძრია და თვალგაუხელად,
ოდნავ გასაგონად ამოიჩურჩულა:
_ წყალი!
მცველმა შეკრულ კრიჭაში წყალი ჩააწვეთა და ბევრი აღარ უფიქრია, გონდაკარგული მეფე ხელში
ბავშვივით აიტაცა და, ფართო მკერდზე მისვენებული, სირბილით წაიყვანა.
ეზოში მეფის ცხენი დაიჭირა ლუხუმმა, წამსვე ზედ მოახტა და მუხლებსა და ტახტაზე
დასვენებული მეფით ალაყაფის კარს მიადგა.
ჭიშკართან წინანდელი გუშაგი აღარ ჩანდა. ეზოს გალავანთან ცხენოსანი მანდატურები იდგნენ და
გარეთ არავის უშვებდნენ.
ლუხუმმა პირდაპირ მანდატურებთან მიაგდო ცხენი, საშინელი სახე ჰქონდა. ოფლითა და სისხლით
მოსვრილს ცალ ხელში გასისხლიანებული ხმალი ეჭირა, მეორეთი სადავე ეპყრა და მკლავზე
მისვენებული მეფის თავს იმაგრებდა.
_ გამატარეთ, მეფე მომყავს! _ შესძახა ლუხუმმა.
მანდატურები ახლო მივიდნენ, შეშლილ სახეში ჩახედეს და მეფის მცველი იცნეს.
_ რა ამბავია? _ ჰკითხეს გაოცებულმა მანდატურებმა.
_ მეფე განსაცდელშია, გამატარეთ!
_ ნაბრძანები გვაქვს, ეზოდან ცოცხალი არავინ გავუშვათ. ახლავე უფროსს მოვახსენებთ... _ უთხრა
მანდატურმა და ცხენი მოატრიალა.
_ რა დროს უფროსია, მეფე განსაცდელშია! _ შეჰღრიალა ლუხუმმა და ცხენით წინ გადამდგარი
მანდატურის ცხენს მიაწვა.
ხმაურზე ასისთავი მოვიდა, მეფის ლურჯა და განუყრელი მცველი იცნო. ლუხუმს გაშტერებული
შეაჩერდა.
_ რა მოხდა? მეფეს რა მოუვიდა? _ შეშფოთებულმა იკითხა და პასუხს არ დაუცადა, გზა ისე მისცა
ლუხუმს.
_ მიჰყევით მეფეს! _ უბრძანა ასისთავმა და ორი მანდატური ჭენებით გაედევნა მძიმე ტვირთით
წელგაზნექილ მეფის ლურჯას.
@თავი მეთერთმეტე. პირველი მარცხი და პირველი ბზარი
რინდების საიდუმლო შეკრებაზე მეფის გამოჩენა და შეიხ-ფეიზთან მოამბის მისვლა ერთი იყო.
შეიხს თავზარი დაეცა: ხათუნი ციხეში იჯდა, ხოლო მის სამყოფელს მეფის ჯარი ერტყა. რინდთა
მეთაურმა სხვა ვეღარაფერი მოისაზრა. დამნაშავედ ლაშა ჩათვალა. მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა
ლაშასთან საქმის გათავება და მეფეს გაცეცხლებული ეცა. ლუხუმის გამოჩენამ გამოაფხიზლა შეიხ-
ფეიზი, მაშინვე მიხვდა, რა ხიფათშიც ჩავარდა და თავის გადასარჩენად საიდუმლო გასასვლელით
დააპირა გაპარვა.
ჯარითა და მანდატურებით გარშემორტყმულ გალავანს როგორც გასცდა, ხელი სტაცეს და
მხარგრძელს მიჰგვარეს.
შეიხის ცოცხლად დატოვება მხარგრძელის ანგარიშს არ ეთანხმებოდა და რინდების ცრუ მეთაურიც
იმ ღამესვე ხათუნივით კვალწმინდად გაქრა.
ცოცხლად გადარჩენილ ერთადერთ დერვიშსაც იგივე ბედი ეწია და იმ დღეს მომხდარი ამბის ყველა
ძაფი ათაბაგს ჰქონდა ხელთ აკრეფილი.
უწყალოდ ნაგვემ ლაშას თავს ექიმები ეხვივნენ.
წინდახედულად და სწრაფად მოქმედებდა ათაბაგი. რაკი იმღამინდელი ბოროტმოქმედების კვალი
წაიშალა, ახლა ერთი გადაუდებელი საზრუნავიღა ჰქონდა _ ყივჩაღთა ლაშქრის გამოსვლის ჩაშლა.
მეორე დღესვე მალემსრბოლები აფრინა და შვიდთავ სამთავროს მთავრები შეკრიბა.
შეკრებილებს სამეფოს უბედურება აცნობა მხარგრძელმა:
_ მძიმე განსაცდელი დაუდგა საქართველოს სამეფოს. ღვთივგვირგვინოსანი ჩვენი ხელმწიფე უწესო
და უგვანო კაცთა მიყოლამ ხიფათს გადაჰყარა და სიკვდილს ძლივს განერა. მრავალგზის ვეცადეთ,
ჩამოგვეშორებინა ჭაბუკი მეფე უზნეო თანამოჰასაკეთაგან, მაგრამ არ ისმინა ჩვენი და მიდრკა
სიბოროტედ. სმურობითა და დედათა უწესოთა თანა აღრევითა ესოდენ უსახურობამდე მიიწია. და
თუმცა განგვიშორა სანატრელ დედოფლისა და დედის წესთა მასწავლელნი ვაზირნი, ჩვენ მაინც არ
დავაგდეთ ზრუნვა საქართველოს სამეფოსა და ტახტისათვის. განვარიდეთ დიდს ხიფათს მეფე და
სიკვდილით მოვაკვდინეთ ბოროტნი, რომელთაც ესოდენ უკეთურობა შეამთხვიეს ხელმწიფეს. რადგან
ავადმყოფ მეფეს არ შესწევს ძალა ამ გაჭირვების ჟამს განაგოს სამეფოს საქმენი, მოგიწვიეთ თქვენ,
მთავარნი შვიდთავ სამთავროსანი, რამეთუ შეგამთხვიოთ შრომასა და გარჯას სიკეთისათვისვე მეფისა
და სრულიად საქართველოს სამეფოსი. ჭაბუკსა და უცად მეფეს უღირსთა კაცთა მიყოლითა და
ჩაგონებით უნებებია ყივჩაღთა ხანის კოტიანისათვის ოცდაათი ათასი ყივჩაღის გამოთხოვა
საქართველოს ლაშქრის გასაძლიერებლად, ჩვენი სამეფოს მიწა-წყალზე დედაწულითურთ
დასასახლებლად.
_ სად ფიქრობს მეფე ამდენი ყივჩაღის დასახლებას? _ პირველმა წამოიძახა ხორნაბუჯელმა.
_ ძლივს მოვრჩით ყივჩაღთა მძლავრობას და კვლავ ქურდებითა და მტაცებლებით გინდათ ქვეყნის
ავსება? _ დაიღრიალა ქართლის ერისთავმა.
_ ოცდაათი ათასი ცხენოსანი დედაწულითურთ ფრიადი რიცხვია. მკალივით მოედება და აავსებს
სრულიად საქართველოს, _ განაგრძო ათაბაგმა, _ ველად ცხოვრებას არიან ჩვეულნი ყივჩაღნი. მეფის
განზრახვა სხვა რა უნდა ყოფილიყო, ალბათ, თავისი დიდი პაპის მსგავსად ჰერეთსა და კამბეჩოვანს
უპირებს დასახლებას.
_ კარგად უფიქრიათ! _ წამოვარდა ჰერეთის ერისთავი. _ ცოცხალი თავით ერთ ყივჩაღს არ
გავაჭაჭანებ ჩემს სამკვიდროში.
_ სადაც გინდათ, იქ დაასახლეთ, მე კი ჩემს მიწა-წყალზე ყივჩაღის შემშვები არა ვარ! _ გაცხარდა
ხორნაბუჯელი, _ გვეყო, რაც მათგან უკეთურობა, პარვა და მძლავრობა გვახსოვს.
_ თვითონ დაასახლოს სამეფო მამულებში! _ დააწია ხმა ქართლის ერისთავმა.
_ არა ვგონებ, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთს შეჭირვებასა იყოს, ვითარცა ჩვენი მეფის დიდი პაპის
დავითის დროს იმყოფებოდა, _ განაგრძობდა მხარგრძელი. _ მაშინ ერთობა არ იყო ქართველთა შორის,
თურქობა მძლავრობდა საქართველოზე და მეფის ლაშქარი უღონო იყო შინაურ და გარეშე მტერთა
წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ აწვია ყივჩაღთა ლაშქარი დიდმა დავითმა. დაღათუ დიდი სამსახური
გაუწიეს ქართველთ ყივჩაღებმა, ბევრი უკეთურებაც დასთესეს ჩვენს ქვეყანაში. ახლა, როცა სამეფოს
მკვიდრთ მოინელეს და გააქართველეს ყივჩაღნი, როცა ქართველთა ნათესავი ესოდენ მოშენდა, რომ
თავადაც აღარა აქვთ კმასაყოფელი მიწა, როგორღა უნდა დავასახლოთ ყივჩაღთა ესოდენი სიმრავლე!
არცთუ სამეფოს საჭიროება მოითხოვს ამ ძნელი ნაბიჯის გადადგმას. ღვთის შეწევნითა და დიდი
თამარის გონებითა და განგებით ჩვენს მეფეს სამკვიდროდ დიდი და ძლიერი სახელმწიფო დარჩა. არც
აღმოსავლეთსა და არცა დასავლეთსა აღარ არიან სამეფონი, რომელთაც ძალედვათ ქართველთა
წინააღდგომა, ხორასნით ბაღდადამდე და ბიზანტიამდე ძლიერნი სულტანნი და ურიცხვნი ათაბაგნი
მოხარკენი შექმნილან ქართველთა მეფის. ლაშქარი ჩვენი ესოდენ ძლიერია და მრავალრიცხოვანი, რომ
შიშის ზარსა სცემს ყოველთა ბოროტის განმზრახთა. მე ვერ ვირწმუნე უცილობლობა ყივჩაღთა ლაშქრის
გამოსხმისა და ქართველებზე უცხო თესლის გაბატონების. განბრჭეთ და ივაზირეთ, რამეთუ უკეთ და
საჩინოდ გამოარჩიოთ მეფისა და სამეფოსათვის.
ათაბაგმა დაასრულა.
ერისთავთ-ერისთავები და ვაზირები ერთხმად წინ აღუდგნენ მეფის გადაწყვეტილებას.
განსაკუთრებით ქართლ-კახეთის ერისთავები ფიცხობდნენ, რომელთა სამკვიდროსა და მამულსაც
როქის სპის დასახლების უშუალო საფრთხე ელოდა.
დადიანი და რაჭის ერისთავი დუმდნენ. ორივე კარგად ხედავდა მეფის ღონისძიების
გონივრულობას, მაგრამ იმასაც აშკარად ამჩნევდნენ, რომ ათაბაგი ყივჩაღთა გამოსვლის სასტიკი
წინააღმდეგი იყო და მეფის გადაწყვეტილების ჩასაშლელად დიდებულები წინასწარ ჰყავდა გადაბი-
რებული.
ლიხს იქიდან გადმოსულ მთავრებს სამეფო კარზე შექმნილი რთული ვითარების გარკვევა ვერ
მოესწროთ: გადარჩებოდა თუ არა მეფე სიკვდილს, რა მოხდებოდა ხვალ, ვისი ფარული ხელი
წარმართავდა შექმნილ მდგომარეობას; ეს კითხვები მათთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი იყო. ხვალ
შეიძლებოდა მოულოდნელი რამ მომხდარიყო და ლიხგადაღმელი მთავრები ქართლ-კახეთის
დიდებულების გადაკიდებას და მათთან დამოკიდებულების გამწვავებას ისევე ერიდებოდნენ, როგორც
ათაბაგის წინააღდგომას.
ესეც რომ არ ყოფილიყო, საქართველოს არც ერთი მთავრისათვის ხელსაყრელი არ იყო მეფის
ხელქვეით ესოდენ ძლიერი სამხედრო ძალის გაჩენა. ძალმოცემული მეფე ყივჩაღთა მრავალრიცხოვანი
ლაშქრის შემწეობით დღეს თუ ათაბაგს წამოაჩოქებდა, ხვალ სხვა ერისთავების დროც დადგებოდა,
მათი გაფართოებული უფლება და ტახტისაგან ნახევრად დამოუკიდებელი მდგომარეობა მუდამ
საფრთხეში იქნებოდა.
ამ საერთო საშიშროების შეგრძნებამ ყველა მთავარი ერთი აზრით გააერთიანა, ისინიც კი, ვინც სხვა
დროს საქვეყნო საქმეს პირადზე მაღლა აყენებდნენ.
რაკი მეორე აზრი არ იყო და მეფის განზრახულს არავინ გამოესარჩლა, ყველაფერი ისე გადაწყდა,
როგორც მხარგრძელს უნდოდა.
დარბაზმა ერთხმად დაადგინა: უარი ეთქვათ ყივჩაღთა დაქირავებასა და საქართველოს მიწა-წყალზე
დასახლების პირობაზე. დარბაზის გადაწყვეტილებით, ამირსპასალარს დაუყოვნებლივ უნდა შეეკრიბა
ჯარი და კავკასიის გამოსასვლელები შეეკრა, რათა თავიდან აეცილებინა ყივჩაღთა თვითნებური
გამოსვლა.
ქართველთა მთავარი ლაშქარი რუმის საზღვარზე იყო, საქართველოს სამხრეთით.
მხარგრძელმა, დიდის მეცადინეობით, მცირერიცხოვან მხედრობას მოუყარა თავი და კავკასიონის
კართან დახვდა ჩრდილოეთიდან საქართველოს მეფის მოწვევით მომავალ ოცდაათი ათას ცხენოსანს.
ამოდენა ლაშქარს უამრავი ურმითა და ორთვალათი ურიცხვი დედა-წული და საქონლის ჯოგი
მოჰყვებოდა.
სხვა ადგილას ყივჩაღთა ესოდენი სიმრავლე წალეკავდა ერთ მუჭა ქართველ დამხდურებს, მაგრამ
კავკასიონის ძნელად გასასვლელ ვიწროებში ქართველები ისე მოხერხებულად იყვნენ განლაგებულნი,
რომ ათ კაცს იოლად შეეძლო ასი მხედრის გამკლავება და უკუქცევა.
ყივჩაღთა ლაშქრის მეთაურები გააოცა ქართველთა მხედრობის დახვედრამ.
პირველად ეგონათ, მცირე მონაპირე ჯართან გვაქვს საქმე, რომელსაც სახელმწიფო საზღვრის დაცვა
აბარიაო. ამიტომ მოციქულები წარმოგზავნეს და დამხდურებს შეატყობინეს, გზა მოგვეცით,
საქართველოს მეფის წვევით მოვდივართ თქვენს ქვეყანაშიო.
მოციქულებს მონაპირეების ნაცვლად ქართველთა მხედრობა დახვდა ამირსპასალარის
მეთაურობით.
ამირსპასალარმა ყივჩაღებს განუცხადა: _ თქვენი წვევა მეფის და დარბაზის ნებით არ მომხდარა,
რაღაც გაუგებრობაა და თუ სამტროდ და საომრად არ მოსულხართ, დაუყოვნებლივ უკან გაბრუნდითო.
_ როგორ? თავად გვაწვიეთ შემწედ და მოყვარედ. დედაწულითა და საცხოვრებლით სამყოფელიდან
აგვყარეთ და ახლა საზღვართან გვხვდებით, ვითარცა სამტროდ გამოსულთ? _ შფოთავდნენ ყივჩაღთა
მეთაურები.
კოტიან-ხანთან მოამბეები აფრინეს, ქართველთა მეფის წვევის საბუთი და შემდგომი მოქმედების
თაობაზე მითითება გამოითხოვეს.
შეტაკება გარდუვალი იქნებოდა, მაგრამ ამ მისვლა-მოსვლაში განძის ათაბაგს მსტოვრებმა საქმის
შინაარსი აცნობეს, ათაბაგმა ყივჩაღებს საიდუმლო კაცები მიუგზავნა და ქართველებზე მეტი ქირა, მიწა-
წყალი და ყოველგვარი შეღავათი აღუთქვა, თუ განძელთა სამსახურს იკისრებდნენ.
ქართველთა ამირსპასალართან არც მეფის წვევის წერილმა გასჭრა და არც სხვა საბუთმა,
დედაწულიანა და საქონელ-ჯოგიანა აყრილმა ყივჩაღებმა განძის ათაბაგის პირობები მიიღეს და
მხარგრძელს სამხრეთის გზა სთხოვეს.
რაკი საკმაო მხედრობა არ ახლდა, მხარგრძელმა უომრად გაცლა ამჯობინა. თავისი სარგებელი აქაც
არ დაივიწყა. ყივჩაღებს გზა მისცა, მაგრამ სასყიდლად საკმაო ჯოგი და ძღვენი მიითვალა.
* * *
რუმის თავგასული თურქების მოსარბევად და დასაშინებლად მოლაშქრე ახალციხელს შიო
კაციტაისძის კაცმა თბილისში დატრიალებული ამბები სასწრაფოდ აცნობა.
ახალციხელმა თურქთა ზურგი ერთხელ კიდევ მოარბია და ურიცხვი ჯოგი წამოასხა, მერე სწრაფად
შემოიქცა და შეუსვენებელი სვლით ლაშქარი თბილისს მოაყენა.
თბილისში უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო: მხარგრძელს დარბაზის გადაწყვეტილება
აღესრულებინა, მეფისაგან დიდი შრომით ნაწვევი ყივჩაღთა ლაშქარი საქართველოდან გაებრუნებინა.
სამეფოსათვის ამ პირველ უბედურებას მეორე ზედ დართვოდა: ათაბაგს ყივჩაღთა ამოდენა
მხედრობისათვის გზა სამხრეთისაკენ მიეცა და მუდამ ქართველთა ყმობისაგან განთავისუფლებაზე
მეოცნებე განძის ამირასათვის უძლიერესი ლაშქარი ძღვნად მიერთმია.
მეფისა და სახელმწიფოს საუკეთესო მოღვაწეების ამდენი ხნის საზრუნავი დაღუპული და წყალში
ჩაყრილი აღმოჩნდა. საქმის შემობრუნებაზე და გამოსწორებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.
მომაკვდავ მეფეს საამქვეყნო პირი არ ჰქონდა. მხარგრძელი კვლავ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი
გამხდარიყო, ხოლო სამეფო განძელებთან გარდაუვალი ომის წინაშე იდგა.
საქართველოს სამეფოს ძლიერებას მეორე უფრო დიდი ზიანიც მიდგომოდა თბილისში
დატრიალებული უბედურების შედეგად.
როგორც ჩანს, რუმის სულტანი ანგარიშიანად მოქმედებდა. ტრაპიზონისკენ ჯარი მაშინ დასძრა
იკონიის სულტანმა, როცა თავისი თბილისელი ჯაშუშებისაგან მომხდარი ამბები შეიტყო.
ტრაპიზონზე გალაშქრებისათვის პირობები ხელსაყრელი იყო. ქართველთა მეფის სიცოცხლე ბეწვზე
ეკიდა, საქართველოს სამეფო მართლაც უჩვეულო შინააღრევასა და შფოთს მოეცვა. ამას ყივჩაღთა
გამოსვლის ჩაშლა და განძასთან სამხედრო გართულებაც ზედ დართვოდა.
უკეთესი დრო რუმის თურქებს არ დაუდგებოდათ და იკონიის სულტანმა დაუყოვნებლივ
ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით.
სულტანი ქეიქაუსი დიდძალი ჯარით მიადგა სინოპს.
არცთუ დიდი ხნის წინ ქართველთა მხედრობის შემწეობით ალექსი კომნენმა სინოპი იკონიის
სულტანს წაართვა და თავის პატარა იმპერიას შეუერთა.
ტრაპიზონზე გალაშქრებულ სულტანს გადაწყვეტილი ჰქონდა, სინოპის მისადგომების მორბევისა
და აოხრების შემდეგ, კარგად გამაგრებული ქალაქის გარემოცვა და ხანგრძლივი ალყით აღება.
ტრაპიზონის არხეინი იმპერატორი თურქთა მოძრაობას ყურადღებას არ აქცევდა, სულტნის
განზრახვა არ იცოდა, დღედაღამ ქეიფობდა და სინოპის ახლო ტყეებში ნადირობდა.
ქეიქაუსს მსტოვრებმა კომნენის უზრუნველობის ამბავი მოუტანეს.
სულტანმა მზვერავთა მცირე რაზმი წარგზავნა.
მზვერავთა რაზმი მცირე ამალით დაუდევრად მოსეირნე მთვრალ კომნენს წააწყდა და იმპერატორი
ტყვედ იგდო.
ქეიქაუსს ტრაპიზონის იმპერატორი ბორკილგაყრილი მიჰგვარეს.
დიდი კომნენების ამპარტავანი შთამომავალი ქაიხოსრო ყიას ადლინის შვილის წინ დაემხო,
სიცოცხლე გამოსთხოვა და მორჩილების ნიშნად მიწას ეთაყვანა.
ქეიქაუსმა კომნენს სინოპის ციხის ჩაბარება მოსთხოვა.
სინოპის მეციხოვნეების მტკიცე უარმა ქეიქაუსი განარისხა. თურქთა სულტანმა ბრძანა: ტყვე
იმპერატორი ციხე-სიმაგრის წინ, სინოპის მცველთა დასანახად ეწამებინათ.
თურქებმა ბორკილგაყრილი კომნენი გაიყვანეს და მეციხოვნეთა თვალწინ უწყეს საშინელი წამება.
ქალაქის დამცველებმა პირი მიჰრიდეს თავიანთი იმპერატორის უღვთო წამებისაგან.
ტკივილისაგან გამწარებული ალექსი მეციხოვნეებს შველასა და თურქთა მორჩილებას ევედრებოდა,
ეხვეწებოდა, დანებებოდნენ მტერს და თავიანთი იმპერატორი არაადამიანური ტანჯვისაგან დაეხსნათ.
მეციხოვნეებს ებრალებოდათ თავიანთი იმპერატორი, მაგრამ ქალაქის ჩაბარებას მაინც არ
ფიქრობდნენ.
მეორე დღეს თურქებმა ზედ ქალაქის გალავნის წინ თავდაღმა, ფეხებით დაჰკიდეს კომნენი და
ქვემოდან ცეცხლი შეუნთეს.
ამ უბედურების გულცივად ცქერას კი ვეღარ გაუძლეს მეციხოვნეებმა. ქეიქაუსს შეუთვალეს:
დაგმორჩილდებით, თუ შემოგვფიცავთ, რომ იმპერატორს უვნებლად გაუშვებთ და ჩვენც საშუალებას
მოგვცემთ, ქალაქიდან გავიდეთ ჩვენი ქონებითო.
სულტანმა დაიფიცა და აღთქმის პირი მისცა, რომ იმპერატორსაც ცოცხალს დატოვებდა და
სინოპელებსაც არაფერს დაუშავებდა, თუ კომნენი სულტნის მოხარკე გახდებოდა და მის უზენაესობას
აღიარებდა.
შეთანხმება მოხდა. სინოპელებმა ციხე-ქალაქი ჩააბარეს.
თურქებმა სინოპის ტაძარი მიზგითად აქციეს, ბიზანტიის იმპერიის აღდგენასა და გაერთიანებაზე
მეოცნებე ტრაპიზონის იმპერატორი ყმად და მოხარკედ გაიხადეს, ტრაპიზონს შავი ზღვის სანაპიროზე
ყოველგვარი წონა და გავლენა დაუკარგეს.
ტრაპიზონის დამხობა მისი მფარველი საქართველოს სამეფოსათვის ძლიერი სილის გარტყმა იყო.
იკონიის სულტანმა ისე გადაყლაპა თამარის მიერ დაარსებული ტრაპიზონის იმპერია, რომ
საქართველომ თითიც ვერ გაანძრია თავისი ქმნილების გადასარჩენად და თავგასული თურქი
სულტანის დასასჯელად.
* * *
მეფეს თანდათან მომჯობინება დაეტყო.
თავპირახვეულმა, პირველად რომ ხმა ამოიღო, ხათუნი მოიკითხა.
პასუხად მხარგრძელმა რუმის ვაზირისადმი გაგზავნილი ხათუნის წერილი შემოუგზავნა.
მეფე თვალს ვერ ახელდა და განუყრელად თავზე მდგომ რუსუდანს სთხოვა წერილის წაკითხვა.
რუსუდანი უარობდა, ცუდად გახდები წყენისაგან, მომჯობინდი და მერე წაიკითხეო, მაგრამ მეფე არ
მოეშვა და ბარათი ძალით წააკითხა.
საიდუმლო წერილმა თავზარი დასცა მეფეს. მან აშკარად დაინახა, რომ მისი სათაყვანო მიჯნურის
ალერსი უცხო ქვეყნის ვაზირისაგან ნაყიდი ყოფილა, თვითონ ბავშვივით გულუბრყვილოდ გახვეულა
სამეფოს მტრების მიერ ოსტატურად მოქსოვილ ბადეში და თავისი გულწრფელობითა და მინდობით
სახელმწიფოს ძლიერებისათვის ზიანი მიუყენებია. ავადმყოფმა თავს ძალა დაატანა, ლოგინზე წამოიწია
და უცებ განწირულად ამოიგმინა:
_ ვაიმე, დედავ!
რუსუდანმა ელდანაცემივით შეჰკივლა და საწოლში შემოსული ექიმები მეფეს მისცვივდნენ.
დიდხანს იყო მეფე ასე უგონოდ მივარდნილი. ექიმები შეშფოთებულნი დასტრიალებდნენ თავს და
ათასგვარ ღონეს ხმარობდნენ ხელმწიფის მოსაბრუნებლად.
რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოიხედა მეფემ. იგი უკვე კარგად გამოძინებულივით დამშვიდებული
და უშფოთველი იყო. აღარაფერი აინტერესებდა, აღარც არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ექიმებს
ეკითხებოდა დროდადრო თავისი ჯანმრთელობისა და წამლების თაობაზე.
ნაგვემი ადგილები თანდათან უამდებოდა, სიმსივნეები უცხრებოდა. სხეულის შიგნით არა
დაზიანებოდა რა. მხოლოდ მარჯვენა თვალი ჰქონდა ისევ მძიმედ დაშავებული.
ყოველ შეხვევასა და წამლის დადებაზე საშინელ ტკივილსა და წამებას განიცდიდა. სარკეში ხედავდა
და გრძნობდა, რაოდენ შემზარავი შესახედავი იყო მისი მარჯვენა თვალი და რაღაც ამაზრზენი გრძნობა
ეუფლებოდა.
ავადმყოფთან არავის უშვებდნენ. თვითონ თუ ვისმეს ხლებას მოინდომებდა, ცოტა ხნით
შემოუყვანდნენ და მნახველს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ მეფე ლაპარაკით არ შეეწუხებინა.
გადიოდა დღეები და კვირეები. წამლები და ახალგაზრდა ჯანსაღი სხეული თავისას აკეთებდნენ,
მეფე ძალ-ღონის მომატებასა და სიცოცხლის ხალისის მობრუნებას გრძნობდა.
განკურნების გზაზე დამდგარ ლაშას მხოლოდ მარჯვენა თვალიღა დარჩენოდა სადარდებლად.
იმდენად ტკივილი აღარ სტანჯავდა, არც იმას წუხდა, თუ თვალის შუქი დააკლდებოდა, თვითონ
ლამაზსა და მშვენიერების მოტრფიალეს იმის შიში ზარავდა, ვაითუ ცალთვალა დავრჩეო.
ბოლოს, როგორც იყო დარწმუნდა, რომ მარჯვენა თვალიც ურჩებოდა, დამშვიდდა, გახალისდა და
ცხოვრებაზე გული მოუბრუნდა.
სანამ მეფეს უჭირდა და მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, კათალიკოსი გატრუნული იყო. ხოლო, როცა
ლაშა მომჯობინდა და მისი ფეხზე დადგომა საეჭვო აღარ ჩანდა, ეკლესიებმა ლიტანიობა გაახშირეს და
თვითონ კათალიკოსმაც რამდენჯერმე გადაიხადა პარაკლისი.
სასახლეში ყველა მხარგრძელის სწრაფსა და საზრიან მოქმედებაზე, მეფისა და ტახტისადმი მის
უცვლელ ერთგულებაზე ლაპარაკობდა და ეჭვის ნასახიც არავის ჰქონდა, რომ მეფის სიცოცხლე და
სამეფო ათაბაგმა გადაარჩინა გარდუვალი უბედურებისაგან.
მხოლოდ შალვა ახალციხელმა შეხედა თავიდანვე ეჭვის თვალით კარზე დატრიალებულ ამბავს და
ეს ეჭვი ფხიზელმა ეგარსლანმა კიდევ უფრო გაუძლიერა.
პირველი, ვისაც თბილისში დაბრუნებისთანავე ესაუბრა ახალციხელი, მეფის მცველი სპის უფროსი
ეგარსლანი იყო.
ეგარსლანი თავადაც ბურანში იყო და იმ უბედურ დღეს მომხდარ ამბებში ხეირიანად ვერ ერკვეოდა.
_ მეფე შეიხ-ფეიზის ბაღში მუდამ მარტო დაიარებოდა და ლუხუმის მეტს მცველთაგან არავის
იახლებდა ხოლმე. იმ საღამოსთვისაც რომ არ გაგვაფრთხილა, არ გაგვკვირვებია, მაგრამ ერთი რამ
მეოცა: რუსუდანი ლორეს წაბრძანდა სტუმრად შანშე ზაქარიასძე მხარგრძელის წვევით და მეფეს ჩემი
სპის ხლება სთხოვა. მეფე თავის დას სულს არ დაუჭერს და ჩვენს ხლებაზე უარს როგორ ეტყოდა.
ლორეში ორ დღეს დაგვაყოვნეს მხოლოდ, თბილისში რომ დავბრუნდით, მომხდარი ნაამბობით
შევიტყვეთ. შეიხ-ფეიზის ბაღში იმ საღამოს ნამყოფმა ერთმა ჯარისკაცმა საიდუმლოდ მითხრა, შეიხ-
ფეიზი და მისი ერთი დერვიში ცოცხლები შევიპყარით, მაგრამ მერე როგორ მოჰკლეს, არა ვიცი რაო, _
უამბო ეგარსლანმა ახალციხელს.
_ შენი ლორეში წარგზავნა წინასწარ განზრახული უნდა იყოს, როგორც ცოცხლად შეპყრობილი შეიხ-
ფეიზისა და მისი დერვიშის მოკვლა, _ დაასკვნა ახალციხელმა.
_ მეც ეგრე ვფიქრობ, _ დაუდასტურა ეგარსლანმა და ახალციხელის ეჭვს ცეცხლი შეუკეთა. _
მანდატურმა ბარძიმმა მითხრა სიმთვრალეში, ქალაქგარეთ ფუნდუკში ერთი სპარსელი ჯაშუში და
კაცურად გადაცმული, ყაბალახით თავპირახვეული ულამაზესი ქალი შევიპყარითო. ის ქალიც და
სპარსელი ჯაშუშიც მხარგრძელს მივგვარეთ და ფრიად გაიხარაო.
_ ხათუნი თუ იყო ის ქალი?
_ მეც მაგას ვფიქრობ. იმ მანდატურს ჰამადავლეს ცოლი არასოდეს უნახავს და ვერასგზით ვერ
მივახვედრეთ, ამას კი ამბობს, მსგავსი სილამაზის ქალი ჯერ არ მინახავსო.
_ მაინც რატომ იმ ღამესვე გააქრო ყველა დამნაშავე ათაბაგმა? _ იკითხა ახალციხელმა.
_ მეც ეგ მაფიქრებს. იმ ღამესვე მოსპეს ხათუნი და შეიხ-ფეიზი, იმ ღამესვე უკვალოდ დაიკარგა
მაიმახი ჰამადავლეც.
_ იქნებ ყოველივე ათაბაგმა მოაწყო მეფის დასაღუპავად? _ ჩურჩულით გაანდო თავისი ეჭვი
ახალციხელმა ეგარსლანს.
_ მეც ეგ ეჭვი მაწუხებდა, მაგრამ გამხელას ვერ ვბედავდი, _ ჩურჩულითვე უთხრა მეფის სპის
უფროსმა.
ამ ეჭვებსა და გამოძიებაში რომ იყვნენ ახალციხელი და ეგარსლანი, მეფის კარზე კიდევ ერთი
უცნაური და მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: მანდატურთუხუცესი სასახლიდან გაიპარა და წერილი
დატოვა, რომელშიაც მეფესა და დარბაზს ატყობინებდა, მამულსა და სამკვიდროზე ხელს ვიღებ და
ცოდვათა მოსანანიებლად ბერად ვიკვეცებიო.
ერთი კვირის შემდეგ სასახლეში ამბავი მოვიდა: ბერად შემდგარი მანდატურთუხუცესყოფილი
უეცრად მომკვდარიყო მონასტერში.
ამ საეჭვო სიკვდილს რამდენიმე მანდატურის დაპატიმრება და გაქრობა მოჰყვა. კვალწმინდად
დაიკარგა ის ბარძიმ მანდატურიც, რომელმაც ეგარსლანს კაცად გადაცმული ქალის დაპატიმრების
საიდუმლო გაანდო.
ახალციხელმა და ეგარსლანმა თავიანთი ეჭვები ახლა კი საფუძვლიანად მიიჩნიეს და უკვე
მომჯობინებული მეფისათვის მათი გამხელა განიზრახეს.
* * *
ფეხზე დამდგარ მეფეს პირველად მხარგრძელი ეახლა საქმიანი საუბრისათვის. ღმერთს
ხელაპყრობით მადლობა შესწირა მეფის გადარჩენისათვის. თვალზე ორიოდ ცრემლი გადმოიგორა და
თავის გაზრდილს შუბლზე ემთხვია.
ათაბაგმა სახელმწიფოსა და მეფის კეთილდღეობისათვის თავისი გამუდმებული ზრუნვა გაახსენა
ლაშას.
_ დაღათუ განმიყენე ქვეყნისა და ტახტის სამსახურისაგან, გარნა არა დავაგდე ზრუნვა და გულის
მოდგინება ჩემის გაზრდილისა და საქართველოს სიკეთისათვის, _ საყვედურით დაიწყო ათაბაგმა.
შემდეგ დაწვრილებით უამბო იმ უბედური ღამის ამბავი.
_ როგორც კი სარწმუნოდ გავიგეთ შეიხ-ფეიზის რინდთა ჯაშუშობისა და იმღამინდელი განზრახვის
თაობაზე, მთელი ქალაქი ფეხზე დავაყენე, შეიხის ბაღს ალყა შემოვარტყი, რომ ხელიდან არ
წაგვსვლოდა და მეფისათვის უბედურება აგვეშორებინა. თვითონ შეიხი გაქცევის ცდის დროს მოკლეს
და ძალიან ვინანე, რადგან მისი ცოცხლად ჩაგდება მინდოდა ხელთ.
მეფე დუმდა და ჩაფიქრებული უსმენდა. ყოველ წუთს ელოდა ათაბაგი, აგერ იკითხავს ხათუნის
ამბავსო, მაგრამ მეფე ენას არ სძრავდა.
_ თვითონ სვეუბედური ხათუნი შეიხ-ფეიზის ბაღში ვიპოვეთ მეფის განსასვენებელში მოკლული.
ალბათ, მეფე არ უნდა სწუხდეს ორგულისა და გამცემი მოყვარის სიკვდილს... _ დამცინავი ღიმილით
თქვა ათაბაგმა და მეფეს გამომცდელი თვალით შეხედა.
მეფემ კვლავ არაფერი თქვა, მხოლოდ ყრუდ ამოიოხრა.
_ ის წერილი როგორ იგდეთ ხელთ? _ მცირე დუმილის შემდეგ იკითხა მეფემ.
_ ალბათ, ჰამადავლეს ცოლის წერილზე ბრძანებს მეფე, _ გესლიანად განაგრძო ათაბაგმა და
ჰამადავლეს ცოლად ხათუნის ხსენებით ლაშას გუნება მოუწამლა. _ მოკლული შეიხის ხალათის
სარჩულში გამოკერილი იპოვეს მანდატურთუხუცესის კაცებმა, _ იცრუა მხარგრძელმა, რადგან არ
უნდოდა მეფისათვის გაემხილა, თუ როგორ ადევნებდნენ თვალს საიდუმლოდ მეფისა და მისი
მიჯნურის მისვლა-მოსვლას ათაბაგის მსტოვრები.
ისინი, ვინც ხათუნის დაპატიმრებასა და მოსპობაში ღებულობდნენ მონაწილეობას, ხათუნთან
ერთად თვითონაც გაქრნენ ისე, რომ ათაბაგის სიმართლეში ეჭვს ვეღარავინ აღუძრავდა მეფეს.
_ გვიან გავიგეთ ყოველი და ძლივს ავაშორეთ საფრთხე მეფესა და ქვეყანას, _ განაგრძო ათაბაგმა. _
ახლა მაინც დარწმუნდებოდი, რაოდენ წრფელი სიყვარული მაქვს ჩემი გაზრდილისა და მეფის. უკეთუ
ავი მნდომოდა მეფისა და ქვეყნისათვის, იმ საღამოს შინიდან არ გამოვიდოდი და ჯაშუშებსა და ქვეყნის
მოღალატეებს უვნებლად გავუშვებდი. ღვთის შეწევნით, დროზე ჩავუდექი კვალში ბოროტებას, თორემ,
ღმერთმა გვაშოროს და, ვინ იცის, იქნებ მეფე დღეს ცოცხალიც აღარ ყოფილიყო.
ლაშას პატარა ბავშვივით გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლები მოადგა.
_ არა მოაწივა განგებამ უბედურება სამეფოსა ჩვენსა ზედან. დაიფარა და იხსნა ხელითა ჩვენითა
ტახტი და სრულიად საქართველო გლოვისა და ცრემლისაგან.
მეფეს გული ამოუჯდა, ათაბაგს მოეხვია და მკერდში ჩაეკრა ქვითინით.
მხარგრძელს სიამოვნებისაგან სახე გაუბრწყინდა.
_ ნუ ინებებ, მეფევ ბატონო... ნუ ინებებ... _ ეუბნებოდა და თან კმაყოფილებით იღიმებოდა, _
ირწმუნე აღმზრდელი და მსახური შენი, მომენდე, ვითარცა ნეტარი დედა შენი თამარი იყო მონდობილი
ძალასა და ერთგულებასა ჩემსა და მე აღგამაღლო შენ უმაღლეს ყოველთა მეფეთა...
ათაბაგი მხარზე ხელს უთათუნებდა და ნელა, ოდნავ გასაგონად ლაპარაკობდა.
უცებ კარი გაიღო და რუსუდანი გამოჩნდა. რუსუდანს ეგარსლანი და სამთავ თორელნი
მოჰყვებოდნენ.
ფეხის ხმაზე ლაშამ თავი ასწია. დარბაზში შემოსულები რომ დაინახა, თავისი ცრემლის შერცხვა და
დაიბნა.
ათაბაგმა გამარჯვებულის ღიმილით შეხედა შემოსულებს.
შალვა ატირებული მეფის დანახვაზე შეჩერდა, სახეზე უსიამოვნება აღებეჭდა, ძმას მკლავში სტაცა
ხელი, შებრუნდა და თან გაიყოლა.
_ გულჩვილი და მალემრწმენია ჩვენი მეფე, ყველასი სჯერა და ყველა გულწრფელი ჰგონია, _
გადაულაპარაკა შალვამ უფროს ძმას.
_ ჰასაკით ნორჩია ჯერ კიდევ ხელმწიფე, ხანი გამოხდება, ჭკუაში ჩავარდება, სიდინჯე და
ჩახვედრილობა მოემატება, _ დააიმედა ივანემ.
შალვას გაახსენდა მეფის სიმჩატის უამრავი მაგალითი.
ადრე ასეთი ამჩატება შალვას ბუნებრივადაც ეჩვენებოდა ჭაბუკი მეფისაგან. მასაც სჯეროდა, რომ
ჰასაკი თავისას იზამდა და მეფეს სიდინჯეს შეჰმატებდა. მეფის ჭაბუკური გატაცება კი არ აფრთხობდა
შალვას, მას უფრო მეტად ლაშას უნებისყოფობა აშინებდა, რასაც მეფე დროდადრო და ისიც
მნიშვნელოვან შემთხვევებში იჩენდა.
ჯიუტი და თავნება ლაშა ზოგჯერ სრულიად მოეშვებოდა ხოლმე, წონასწორობას კარგავდა,
ნებისყოფის ნატამალს ვეღარ ინარჩუნებდა და მზად იყო, მის ყველაზე უსაშინლეს მტერსაც კი ფეხქვეშ
ჩავარდნოდა, ბალღივით ეტირა და შებრალება ეთხოვა.
ლაშას ამ თვისებას ბევრჯერ ჩაუფიქრებია შალვა, მეფის ხასიათის სიმტკიცეში დაეჭვებულს ზოგჯერ
გული გასტეხია სამშობლოსა და ტახტისათვის ზრუნვაზე და მწარედ ამოუძახნია:
_ ვაითუ, ამაო არს ცდა და შრომა ყოველი, ესოდენ უღონო მეფისათვისო.
ახლაც, მხარგრძელის მკერდში თავჩამალულ, ატირებულ მეფის დანახვაზე ეს მტანჯველი ფიქრი
მოუვიდა ახალციხელს, მაგრამ გულისნადების გამოტანა ვერ გაბედა და ოხვრით გაშორდა მეფის
პალატებს.
საღამო ხანს მეფემ ახალციხელები და ეგარსლანი იხმო.
ლაშა მარტო იყო, დაწყნარებული. ძმები ისე მიიღო, თითქო მხოლოდ იმ წუთს გაეგოს მათი მოსვლა.
გადაჰკოცნა და მოიკითხა.
_ ალბათ, დიდი რამ საზრუნავი ექნება, თორემ ივანე თურქთა სანაპიროს არ დატოვებდა, _ ბრძანა
მეფემ.
_ თქვენის წვევით გეახელ, მეფევ ბატონო! _ თავდახრით მიუგო ივანემ.
მეფეს სახეზე გაოცება გამოეხატა და შალვას გაკვირვებით შეხედა.
_ განძის განდგომის გამო ვაწვიეთ ყველანი, მეფევ, _ თავდახრით მოახსენა შალვამ.
_ ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა! _ აიბნა მეფე და აღგზნებით განაგრძო, _ განძის ათაბაგს საწუნელ
ვუქმნიე და ხარკისა არღა ჰნებავს მოცემა.
_ ჩვენს სისუსტეს ხედავს განძის ათაბაგი, მეფევ ბატონო!
_ რაო? ჩვენს სისუსტესო? _ გაიკვირვა მეფემ.
_ დიახ, ჩვენს სისუსტეს, _ დაუდასტურა შალვამ. _ დიდი ხანია ჩვენი ხმალი ქარქაშში დევს
უხმარად, ლაშქარი განიბნა, უქმად ყოფნისაგან განსვენებასა და განცხრომას მისცემია.
_ ამას მეც ვხედავ, შალვა, მაგრამ შენ კარგად იცი ჩემი განზრახვა, ქართველთა ლაშქრით ოდენ არა
ძალ გვედვა წადილის ჩვენის აღსრულებად, ამიტომ გამოვარჩიეთ და საჩინოდ ვსცანით ყივჩაღთა
ლაშქრის გამოსხმა.
_ ყივჩაღთა ლაშქარი განძის ათაბაგმა მოირთნა და ამიტომაც განდგა არღა მოცემად ხარკისა.
_ ვიცი, რომ ყივჩაღნი განძის ათაბაგს მსახურებენ. ჩემგან დიდი შრომით ნაწვევი ლაშქარი ბოროტის
მდგომელთა ჩემთა საქართველოს მტრებს უდვეს ხელთ.
_ მეფემ კარგად იცის, თუ როგორ მოხდა ყოველი, _ თავი იმართლა ახალციხელმა.
_ ვიცი... ყოველი ვუწყი... დიდ-დიდთა აზნაურთა არა ინებეს ჩვენი ტახტის გაძლიერება, რადგან
ჩემთა განზრახვათა წინააღმდეგობის ძალა აღარ ექნებოდათ. სარგებელ ჰპოვეს ჩემი სნეულება და
დაშალეს ჩემი სამეფოსათვის კეთილად განზრახული. მაგრამ ადრე ხარობენ მტერნი ჩემნი და
ბაგრატოვანთანი...
ლაშა სახეგამკაცრებული, თვალებანთებული ლაპარაკობდა.
_ იმედნეულ ვარ, რომ ვძლევ მტერთა და განვაძლიერებ სამეფოსა ჩემსა. პაპა ჩემი, დიდი დავითი,
შინ და გარეთ მტრებით იყო გარშემორტყმული. მან გონებითა და მკლავით დაიპყრნა ყოველი
საქართველო და დაამხო მტერნი თვისნი, ხოლო მე, დიდი თამარის შვილს, შვიდთავ სამთავროს
უცილობლად მფლობელს, არა მმართებს წუწუნი, ვითარცა სეფე ქალსა ვისმესა შეუძლოსა.
შალვა გაოცებით უყურებდა მრისხანებით ანთებულ ვაჟკაცს. მას არ სჯეროდა, რომ იგი _ ესოდენ
ძლიერი და პატივმოყვარე _ სულ რამდენიმე საათის წინ თვითონ იყო ქედდადრეკილი თავისი
უძლიერესი მტრის წინაშე და დიაცის მსგავსად ცრემლით ულტობდა კალთას მას, ვინც მისი ყველაზე
დიდი მეფური განზრახვა ჩაშალა _ ყივჩაღთა ლაშქარს გზა გადაუღობა და საქართველოს ფარული
მტრისკენ აბრუნებინა პირი.
_ მე ესრედ განმიზრახავს, _ განაგრძო მეფემ, _ რათა შური ვაგო განძასა ზედა და თქვენ შრომასა
შეგამთხვიოთ. აღვიმხედროთ და ვძლიოთ მტერთა და ყოველთა წინააღმდგომთა ჩვენთა, რათა
მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნეთ.
შალვა მიხვდა, რომ საკუთარი ძალის დაჯერებისა და თავმოყვარეობის გრძნობის გაღვიძების ამ
წუთებში სწორედ შესაფერისი იქნებოდა მეფისათვის თავისი ეჭვის გამხელა.
მეფეს ნელ-ნელა შეაპარა, ვიდრე ლაშქრად წავიდოდეთ, ჯერ სამეფო კარის უშიშროება უნდა
უზრუნველვყოთო. მერე ნაბიჯ-ნაბიჯ აღუდგინა სმენადქცეულ ლაშას შეიხ-ფეიზის ბაღში მომხდარი
ამბების თავი და ბოლო, მანდატურების მონაყოლიც უამბო და ბოლოს კარიდან მანდატურთუხუცესის
უცნაურ გაქცევას, საეჭვო სიკვდილსა და იმ ღამის მონაწილე მანდატურების გაქრობაზეც მიაქცია მეფის
ყურადღება.
ახალციხელისა და ეგარსლანის ეჭვებს საკმაო საფუძველი ჰქონდა და თავად მეფესაც გულში ეჭვის
ჭია ჩაებუდა. იგი თითქოს თვალიდან ბურუსის მოშორებას გრძნობდა, მაგრამ საგნებს ჯერ კიდევ
გარკვევით ვერ ხედავდა. ამბებს შორის წინააღმდეგობა იყო და მეფეს ეს უშლიდა ხელს, მოვლენებში
კარგად გარკვეულიყო.
რუმის ვაზირისადმი ხათუნის წერილის სინამდვილე ეჭვს არ სტოვებდა და, ამდენად, ლაშას
გამიჯნურებასა და შეიხ-ფეიზის რინდთა ორდენში ჩაბმასთან ათაბაგს კავშირი არ უნდა ჰქონოდა.
მეფე პირველ რიგში თავის თავს ადანაშაულებდა, ჭეშმარიტების ძიებამ, სიბრძნისმოყვარეობამ და
თავდავიწყებულმა ტრფობამ დამატეხა ყველა უბედურებაო.
ხათუნის დაპატიმრების და შეიხ-ფეიზის ჯაშუშური საქმიანობის გამჟღავნების შემდეგ ყველა
საეჭვო კვალი მხარგრძელისაკენ მიდიოდა და მოვლენების განვითარებაში მისი წარმმართველი ხელი
აშკარად ჩანდა.
იმ ღამეს არ ეძინა მეფეს. ფიქრით რთული ინტრიგების ხლართში დაბორიალობდა და საფუძვლიანი
თუ უსაფუძვლო ეჭვების ქსელიდან გამოსვლას ამაოდ ლამობდა.
თუკი ხათუნის დაპატიმრებისა და რინდთა ჯაშუშური საქმიანობის გამომჟღავნების შემდეგ
მხარგრძელისათვის ნათელი იყო ბოროტგანმზრახთა მიზანი, რატომ არაფერი გააკეთა ათაბაგმა მეფის
გასაფრთხილებლად, მის განკარგულებაში ხომ მთელი ღამე და მეორე დღეც იყო?
განა საკმაო საბუთები არ ჰქონდა ხელთ მხარგრძელს მეფისათვის თვალის ასახელად და მიჯნურად
შეჩენილი ჯაშუშის გამოსამჟღავნებლად?!
მაგრამ იქნებ მხარგრძელმა განზრახ აცალა ბოროტმოქმედთ დაწყებული საქმის დაბოლოება; იქნებ
მხარგრძელი წინააღმდეგიც არ იყო, რომ სხვისი ხელით მოეგლიჯა მისთვის ესოდენ შემაწუხებელი
ნარი?
ნუთუ აქამდის მივიდა მეფისა და მისი აღმზრდელის ფარული მტრობა და სიძულვილი?
ეს და ათასი მსგავსი კითხვა ირეოდა მეფის თავში. კეთილშობილსა და ბოროტებისაგან შორს მდგარ
ლაშას უჭირდა და ეზარებოდა სინამდვილის პირდაპირ შეხედვა და დაჯერება, ადამიანთა სულის
უღრმესსა და უბნელეს კუნჭულებში ჩახედვა, ცხოვრებაზე და ადამიანთა ურთიერთობაზე თავისი
ნათელი და ხალისიანი შეხედულების ასე ერთბაშად შეცვლა.
* * *
დარბაზმა განძის განდგომის შედეგად შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ყველამ მოიწონა მეფის
აზრი განძის დალაშქვრისა და სხვა ყმადნაფიცი ქვეყნებისათვის სამაგალითოდ განძის ურჩი ათაბაგის
დასჯის თაობაზე.
მეფემ მოულოდნელი ომი საქართველოს მსახურად მოსულ ყივჩაღთა ლაშქრის ხელიდან გაშვებით
და სამეფოს ორგული ყმადნაფიცისათვის დათმობით ახსნა. დარბაზს რომ ჩემი განზრახვა მოეწონებინა,
ყივჩაღები ჩვენი მსახურნი იქნებოდნენ და არათუ განძა გაგვიდგებოდა, სხვა უფრო შორეული და
ძლიერი მტერიც შიშქვეშ გვეყოლებოდაო.
ამაზე მხარგრძელმა გამოიდო თავი: მეფე ჩვენ არაფერს გვეკითხება, ესოდენ მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება ყივჩაღთა ლაშქრის დაქირავების თაობაზე უჩვენოდ მიიღო და სამეფო კინაღამ ისევ
ველურ მომთაბარეებს ჩაუგდო ხელთ სარბევად და საძარცვადო.
ისევ კამათი და შეხლა-შემოხლა ატყდა. ისევ ორივე მხარემ დათმობა არჩია და დარბაზმა
საბოლოოდ განძის დალაშქვრა დაასკვნა.
ბჭობა რომ გათავებული ეგონათ, მეფემ სამეფო კარის და მეფის პიროვნების უშიშროებისათვის
დარბაზის დახმარება ითხოვა. უცნაურ პირობებში გარდაცვლილ მანდატურთუხუცესს მეფის კარის
უშიშროებისა და თავად ხელმწიფის სიცოცხლის დაცვისადმი უყურადღებობა დააბრალა და
მანდატურთუხუცესად მეფეთა სამსახურსა და ერთგულებაში მრავალგზის ნაცადი ეგარსლანის
დანიშვნა მოითხოვა.
ათაბაგმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ ესღა გვაკლია, სამეფო კარის გამგეობა ვიღაც უგვაროსა და
მონადყოფილს ჩავაბაროთო.
ვაზირებისა და მთავრების უმრავლესობამ უგვარო ეგარსლანის ასეთი აღზევება შეუძლებლად
ჩასთვალა და მეფე იძულებული გახდა ეთხოვა: _ თუ ჩემი სიცოცხლე და სამეფო კარის კეთილდღეობა
გინდათ, მაშინ მანდატურთუხუცესად შალვა ახალციხელი დამიმტკიცეთ და მის ნაცვლად
მეჭურჭლეთუხუცესად ყვარყვარე ჯაყელი _ ციხისჯვარელი გაავაზირეთო.
დარბაზის წევრები უყოყმანოდ დაეთანხმნენ მეფის ამ გონივრულსა და მისაღებ წინადადებას.
ლაშა თავის სიტყვაში მეფის ვიღაც მტრებზე და კარისკაცების საეჭვო მოქმედებაზე გადაკრულად
ლაპარაკობდა და ათაბაგი ცოტა შეფიქრიანდა. იგი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს,
ერთიმეორეზე წაწყობილი ამბების შთაბეჭდილების ქვეშ იყო და ჯერაც კარგად ვერ
გამოფხიზლებულიყო. მხარგრძელი უდიდეს რისკზე წავიდა, როცა შეიხ-ფეიზს ხათუნის ბეჭედი
გაუგზავნა და დათქმული ნიშნით მეფე განსაცდელში შეიტყუა. მიზანი მთლიანად მიღწეული არ იყო,
მაგრამ შედეგი მაინც მნიშვნელოვანი ჩანდა: მეფის უდიდესი ღონისძიება თავისი უფლების
განმტკიცებისა და დიდებულთა დამორჩილებისათვის _ ყივჩაღთა გამოსვლა _ ჩაშლილი იყო, მეფეს
ერთხელ კიდევ სახელი გაუტეხა უწესო ადამიანებთან მეგობრობამ. ამ ამბებში თავად მხარგრძელი
მეფისა და სახელმწიფოს იმ ერთგულ ადამიანად და კეთილშობილ რაინდად გამოჩნდა, რომელმაც
პირად შეურაცხყოფაზე მაღლა მეფისა და ქვეყნის ინტერესები დააყენა.
ამიტომ ათაბაგმა მეფესთან კინკლაობის გაგრძელება და მისი წინააღმდეგობა აღარ ისურვა. იგი
გრძნობდა, რომ მეფესა და მის მომხრეებს რაღაც ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ საბუთები არ გააჩნდათ.
ათაბაგის თავგამოდება მეფის ერთგული კაცის გავაზირების წინააღმდეგ ამ ყრუ ეჭვებს კიდევ უფრო
გააძლიერებდა.
ივანემ ისევ დათმობა არჩია: ახალციხელის ხელში ახალი, მნიშვნელოვანი სავაზირო გადადიოდა და
ვაზირთა საბჭოს მეფის კიდევ ერთი აშკარა მომხრე და ახალციხელის ახლობელი კაცი ყვარყვარე
ჯაყელი ემატებოდა.
@თავი მეთორმეტე.დაჩოქებული ხელმწიფე
მეფეთაგან სამს ინდომებენ ვაზირნი: ყურისა მიპყრობასა, სიტყვის გაგონებასა და რჩევის დაჯერებასა.
სულხან-საბა ორბელიანი
ლაშა ბავშვობიდანვე იყო შეჩვეული ომსა და ლაშქრობას. ჯერ კიდევ თორმეტი წლის უფლისწული
ქართველთაგან კარნუქალაქის აღებაში მონაწილეობდა. დამარცხებულმა მეციხოვნეებმა ქალაქის
კლიტეები ყრმა უფლისწულს ჩააბარეს. ლაშა ქალაქში შევიდა და თვითონ მიითვალა ციხე-სიმაგრეები.
მას შემდეგ არაერთ ომში მიუღია მონაწილეობა ტახტის მემკვიდრეს და ყველგან სიმხნე და მამაცობა
გამოუჩენია.
ახლაც ომში იგი ისე მიდიოდა, თითქო ლხინში ყოფილიყოს მიპატიჟებული.
ავადმყოფობის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელებული, რბევასა და ლაშქრობას მონატრებული
მეფე იმ დროისათვის უზარმაზარ ლაშქარს მიუძღოდა წინ.
მეფე უკვე შეურიგდა იმ უბედურ აზრს, რომ მისი დიდის ცდით საქართველოს სამოყვროდა და
შემწედ ნაწვევი ყივჩაღთა სპის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მაგრამ ბრძოლა მაინც ბრძოლა იყო და
ფათერაკებისა და ხიფათების მოყვარულ მეფეს გული ახალი თავგადასავლებისკენ მიუწევდა.
ძლევამოსილ ქართველთა ლაშქარს განძამდე წინ ვერავინ აღუდგა. გზადაგზა მტრის მიწა-წყალი
მოარბიეს, ურიცხვი ტყვე და ალაფი წაიმძღვარეს და ბოლოს თვითონ განძას მიადგნენ.
განძის ათაბაგი ქართველებთან ომს ელოდა და ქალაქი კარგად გაემაგრებინა, ციხისათვის ახალი
ზღუდე და ფართო თხრილები მოევლო ირგვლივ, დიდძალი სურსათი შეეტანა და ქალაქი ხანგრძლივი
ალყისათვის მოემზადებინა.
გულმტკიცედ იჯდა სიმაგრეში განძის ათაბაგი. საქართველოსგან გამდგარი ყმადნაფიცი იმდენად
თავის იმედს ციხის სიმტკიცესა და შეუვალობაზე როდი ამყარებდა, რამდენადაც ცოტა ხნის წინათ
დაქირავებულ ყივჩაღთა ოცდაათიათასიანი ლაშქრის ძალასა და ბრძოლის უნარზე.
ქართველებმა იცოდნენ განძის ათაბაგის გაქედმაღლობის მიზეზი, მათ განძასთან ბრძოლის, მისი
ალყისა და აღების ადრინდელი გამოცდილებაც ჰქონდათ და ქალაქის პირდაპირ იერიშს მისი
გარემოცვა არჩიეს.
მეფის ლაშქარმა ქალაქს ალყა შემოარტყა, დანარჩენი ქვეყნისაგან მოსწყვიტა და დინჯად დაუწყო
ლოდინი ციხის გატეხვას.
ქალაქიდან ყოველდღე აწყობდნენ გამოხდომას მამაცი მეციხოვნეები, აქედან გარემომცველები
უტევდნენ და იყო წვრილ-წვრილი, მაგრამ სისხლისმღვრელი გაუთავებელი ბრძოლები.
პირველ ხანებში მეფეს ეს პატარა შეტაკებები ართობდა, თვითონ წინ გამოდიოდა და
ხმალამოღებული საბრძოლველად იწვევდა განძელ რჩეულებს, უკან შექცეულებს ცხენდაცხენ ციხის
კარამდე სდევდა და ბანაკში მხიარული სიმღერით ბრუნდებოდა ხოლმე.
როცა ბრძოლა არ იყო, ნადირობითა და ბურთაობით ერთობოდა, ხანაც განძის საუკეთესო ღვინის
სმით კლავდა დროს.
ბოლოს ესეც მოსწყინდა ჭაბუკ მეფეს და ბანაკში ყოფნა დაუმძიმდა.
ალყა გრძელდებოდა, ხოლო ალყაშემორტყმულები დანებებისა და დამორჩილების ნაცვლად კიდევ
უფრო მეტ სიმტკიცესა და სითამამეს იჩენდნენ.
მეფესა და მის ერთგულ მხედრობას ის აღონებდა, რომ ციხე შეუვალი იყო, ხოლო გარეთ დიდი
ლაშქარი არასოდეს გამოდიოდა, რათა გადამწყვეტ ბრძოლაში გასწორებოდნენ თავხედ განძელებს.
მეფე სხვაზე მეტად წუხდა გარემოცვის ესოდენ გაგრძელებას. ამდენ ხანს ბანაკად დგომა და
უმოქმედობა ლაშას თანამოასაკეებსაც მოსწყინდათ და მათგან მეფესთან უფრო ახლობლები _ ბექა
ჯაყელი, თორღვა პანკელი, ბიბლა გურკელი და მემნი ბოცოსძე ხშირად აქეზებდნენ მეფეს ციხეზე
გადამწყვეტი შეტევის დასაწყებად.
ლაშამ რამდენჯერმე გადაკრულად ჩამოაგდო სიტყვა გარემოცვის გაჭიანურებასა და ციხის იერიშის
დაჩქარებაზე, მაგრამ მარტო მხარგრძელმა კი არა, ორთავ ძმათა ახალციხელთაც შორს დაიჭირეს,
ლაშქარს ტყუილად შევაწყვეტთ და ასე გამაგრებულ ციხეს ვერაფერს დავაკლებთ, მით უფრო, რომ
ციხეს ყივჩაღთა ძლიერი სპა იცავსო.
ჩვეულებრივ, სხვა ომებიდან თავიანთ სამთავროებისკენ მოსწრაფე ლიხთიქითელი მთავრებიც კი
ციხეზე იერიშს და ჯარის უბრალოდ შეწყვეტას უაზრობად თვლიდნენ.
მეფის გონება გამოცდილი სარდლების რჩევას ემორჩილებოდა, მაგრამ ჭაბუკის სისხლი და
ახალგაზრდული გული სხვას ეუბნებოდა, გადამწყვეტი ბრძოლისათვის აჩქარებდა.
_ რა გახდა ეს განძის ციხე, რამდენჯერ აუღიათ იერიშით ქართველებს, ჩვენ ვისზე ნაკლები
ვაჟკაცები ვართ, რომ ასე გაგვიძნელდა.
_ თუ ციხეს სუსტ ადგილს არ მოვუძებნით და ძალით არ შევლეწავთ, ეს ალყა შეიძლება ერთ
წელიწადსაც გაგრძელდეს.
_ თუ ომია, ომი იყოს, ციხეს შეტეხვა უნდა, თორემ განძელები თავისით კარს არასოდეს არ
გაგვიღებენ.
ღელავდნენ მეფესავით ჭაბუკი სარდლები და ლაშას ციხის საიერიშოდ იწვევდნენ.
მეფეს ეს აზრი გონებაში ჩაუჯდა და მოსვენებას აღარ აძლევდა.
ერთხელ ქეიფში შეუჩნდა ბექა ჯაყელი:
_ მაგ ბებრებს ომის თავი აღარა აქვთ და ჩვენ მაგათ ხომ არ შევაჩერდებით, მცირე რაზმით
შემოვუაროთ ციხეს, მისადგომი მოვუნახოთ და მერე ყველაფერი გაადვილდებაო.
შეზარხოშებულ მეფეს ისეც სისხლი უდუღდა, მეგობრების რჩევას აჰყვა და ორი ათასი მესხი
ცხენოსნით ღამის სიბნელეში, ამირსპასალარისა და ახალციხელების უცნობლად, გაემართა ციხის
შემოსავლელად.
მეციხოვნეებმა მეფე იცნეს, ციხის კარი გააღეს და თავგამეტებით მიეტივნენ.
ციხიდან გამოსული ლაშქარი ურიცხვი იყო. განძელები და ყივჩაღები ირგვლივ მოერტყნენ ერთ
მუჭა ქართველებს და სასტიკად შეუტიეს.
გაუჭირდა მეფის სპას და სწორედ შენივთებული ბრძოლის დროს დაჰკრა ზურგში განძელებს
ქართველების ახალმა რაზმმა. შუა გაჰკვეთეს მაშველებმა განძელთა წყობა და მეფეს შეუერთდნენ.
მეფემ მხოლოდ დანახვა მოასწრო შალვა ახალციხელისა: გახელებულ ლომს ჰგავდა შალვა. ერთი
პირგამეხებულმა მოხედა მეფეს და გრიგალივით დაბრუნდა ამოდენა ჯარში.
თვითონ მეფეც ზარითა და ხმლის ჩახაჩუხით მიჰყვა უკან.
ახალციხელები დადიანის სტუმრად ყოფილიყვნენ და კარავში გვიან დაბრუნებულებს შეეტყოთ
მეფის თვითნებური წასვლა ციხის შემოსავლელად. მეფის ერთგული სარდლები დიდად აღეშფოთებინა
ლაშას წინდაუხედაობას. მათი ხელქვეითი ლაშქრის თითქმის ნახევარი თან გაეყოლებინათ მეფეს და
მის ამყოლებს _ თორღვას, ბიბლას, ბექას და მემნის. ამათზე კიდევ უფრო მეტად მოსდიოდათ გული,
მაგრამ ომებში გამოცდილი მხედრები მიხვდნენ, რომ განსჯის დრო არ იყო და, თუ მეფეს დროზე არ
მიხედავდნენ, შეიძლებოდა სახელმწიფოს დიდი უბედურება დატყდომოდა თავს.
ახალციხელებს მაშინვე აეშალათ მესხთა დანარჩენი ლაშქარი და ორივე ძმა მეფეს გამოდგომოდა
უკან, რათა განზრახვაზე ხელი აეღებინებინათ და უკან დაებრუნებინათ.
მეფე დიდი ხნის გამოსული არ იყო, ახალციხელებს იმედი ჰქონდათ, რომ გზიდანვე მოაბრუნებდნენ
თავნება ლაშას. ამბის გახმაურება არ სურდათ და ამიტომ დანარჩენ ლაშქარს არაფერი შეატყობინეს.
ახალციხელების ანგარიში არ გამართლდა, მეფეს და მის ჭაბუკ მხედართმთავრებს ისე სწრაფად
ევლოთ და ისე მოულოდნელად გახვეულიყვნენ ბრძოლის ცეცხლში, რომ ახალციხელებს ისღა დარჩათ,
თვითონაც ომში ჩაბმულიყვნენ და მეფის გადასარჩენად თავი გაეწირათ.
შენივთებულ ბრძოლაში ლუხუმი სულ მეფის ირგვლივ ბრუნავდა, წინ კლდესავით უდგა და
მარჯვნივ და მარცხნივ ხმლითა და ფარით იცავდა მტრის მახვილისაგან.
ახალციხელებმა რომ განძელების წყობა გაარღვიეს და გაშმაგებულები მეფის ლაშქართან ერთად
მიესივნენ მტერს, ერთ წამს მეფე, სანახაობით გაოცებული, შედგა: ბუმბერაზთა ახოვანებამ და
გოლიათურმა კვეთებამ მოხიბლა და წამით გააშტერა ლაშა.
მებრძოლთა სიკისკასით აღტაცებულ მეფეს ყივჩაღთა ლაშქრის მეთაური მივარდა, ერთი დასჭყივლა
და ხმალი მოუქნია. მეფის ნაჩუქარი ლუხუმის ხმალი ჰაერშივე დახვდა ყივჩაღის ხმალს და ფოლადის
წკრიალზე ლაშაც გამოფხიზლდა.
ახლა ლუხუმმა მოჰკრა თვალი ყივჩაღის კისერთან გაელვებულ მეფის ხმალს და თვითონაც უცებ
თვალთ დაუბნელდა: თავზე თითქო ქვეყანა ჩამოექცა, ყურები ჟრიალით დაუგუბდა, ცხენიდან
გადმოეკიდა და გონი დაეკარგა...
_ სიკვდილამდის ვიღვაწოთ და დავდვათ თავი სასიკვდილოდ. არა ვარცხვინოთ პირველსა ომსა
მეფობისა გიორგისასა! _ შესძახა ჯაყელმა და ხმალამოღებული ეკვეთა მეციხოვნეებს. თორღვა პანკელი,
ბიბლა გურკელი და მემნი ბოცოსძეც მხეცებივით მიესივნენ თავდამსხმელებს. ეს მცირერიცხოვანი
ქართველთა ჯარი მუშტივით შეკუმშული მოსწყდა ადგილს და ყივილითა და ზათქით მიეტია მტერს.
ბუნებით მამაცი და უხორცოსავით უშიშარი ლაშა კიდევ უფრო გაამხნევა მისთვის ერთი კაცივით
ოთხი ათასი ცხენოსნის სასიკვდილოდ თავგანწირვამ და თვითონაც გააფთრებით ეკვეთა მტერს;
ღვინით აღგზნებული, თავზეხელაღებული ჭაბუკი ლაშა და მისი ერთგული ქართველები
უგონოებივით გახელებულნი უტევდნენ და კაფავდნენ მოპირდაპირეს.
ძლიერი და სასტიკი ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელებულა. განძელთა ყივჩაღთაგან საუკეთესო
მებრძოლები აკაფეს ქართველებმა, აგორებული ზვავივით მოიყოლეს ქვეშ და წარღვნასავით
დაძრულებმა წინ გაირეკეს.
ერთხელ გატეხილ განძელებს წყობა დაენგრათ, შიშმა მოიცვა და თავქუდმოგლეჯილნი ილტვოდნენ
ციხისკენ.
მეფემ ციხის კარამდის სდია გაქცეულებს. დამფრთხალი ჯოგივით ხოცეს და ამოდენა
მომხდურთაგან მცირედმაღა შეასწრო ქალაქში.
ციხის კარის ჩაკეტვა დროზე მოასწრეს განძელებმა. ქართველების მახვილს ცოტანიღა გადაურჩნენ,
ბრძოლის ველზე უამრავი განძელი დაწვა, ხოლო კიდევ მეტი ტყვედ დარჩათ ქართველებს.
საშინელმა ზარმა, კივილმა და ღრიალმა მოიცვა ციხე-ქალაქი.
ამოდენა ზათქმა, მოთქმამ და ხმაურმა ქართველთა გარემოდგომილი ლაშქარიც აშალა.
მხარგრძელები, ჰერ-კახნი, სომხითარნი, ქართლელები, რაჭის და არგვეთის საერისთაოსანნი, ოდიშარნი
და აფხაზნი ერთბაშად დაიძრნენ საომრად და მეფის საშველად.
ათაბაგის რისხვას სხვებიც მხარს აძლევდნენ, მაგრამ ლაშას წინდაუხედავი მოქმედებით
გამოწვეული საერთო აღშფოთება ქართველთა ლაშქრის მეთაურებს ნებას არ აძლევდა, მეფე გაეწირათ
და შორიდან ეყურებინათ სეირი.
პირველმავე ბუკმა ქართველთა კარვები დააცარიელა, ამხედრებული და აღჭურვილი ლაშქარი
დაეწყო და ამირსპასალარის მეთაურობით საომრად დაიძრა.
ბრძოლიდან გამობრუნებული მცირერიცხოვანი ქართველობა გამარჯვებას ზეიმობდა და მხიარული
ბრუნდებოდა. შორიდან შეამჩნიეს ომგადახდილებმა უთვალავი ჟინჟღილების შუქი და მათკენ
მომავალი დიდი ლაშქარი.
რაც უფრო ახლოვდებოდა დროშებისა და შუბების ტყე, რაც უფრო ძლიერდებოდა ჟინჟღილების
შუქი, მით უფრო ეუფლებოდა ლაშას გაურკვეველი მოლოდინის შიში.
ერთი ხანი იყო, აჩრდილივით მუდამ განუყრელი ლუხუმი მოისაკლისა. ახალციხელს ჰკითხა, რა
მოუვიდა მიგრიაულსო, მაგრამ შალვამ ხმა არ გასცა და მეფემ გაოცებით შეხედა.
ახალციხელს ცხენისთვის სადავე მიეშვა, თავი უღონოდ დაჰკიდებოდა და უნაგირზე ტანს ძლივს
იკავებდა.
ამირსპასალარი ცხენდაცხენ მოიჭრა და ანთებულმა ჟინჟღილებმა წითლად გაანათა სახეები.
_ რა ჩაიდინე, უგუნურო! _ შესძახა მეფეს ათაბაგმა და ცხენი ზედ მიაგდო.
ლაშამ დაბნეულად შეხედა ჯერ მხარგრძელს და მერე დანარჩენ სარდლებს: ყველას სახეზე რისხვა
და შეშფოთება ამოიკითხა.
_ დღეიდან ვამტკიცებ არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა შენსა! _ მრისხანედ მოსჭრა
მხარგრძელმა და ცხენი შემოაბრუნა.
_ არცაღა ჩვენ ვიყოფით მოლაშქრედ და კარსა მეფისასა! _ დაიგრიალეს შვიდთავ სამთავროს
მთავრებმა და მათაც ცხენებს სადავეები მოსწიეს შემოსაბრუნებლად.
ლაშამ უმწეოდ მოავლო თვალი ყველას და, შალვა ახალციხელს რომ შეხედა, გაქვავდა: ჟინჟღილების
წითელ შუქზე მიწისფრად მოჩანდა ახალციხელის გაფითრებული სახე. მეფეს მკვდრად მოეჩვენა შალვა.
იმ წამს საშინელი მარტოობა იგრძნო დედის ნებიერმა ლაშამ. ჰუნედან გადმოხდა, მხარგრძელის
ცხენის ავჟანდს მისწვდა და მუხლზე ჩაჩოქილმა შეჰღაღადა:
_ შემინდე უმეცრების ქმნილისათვის. არღარა ვყო დღეიდან თვინიერ თქვენის განზრახვისა!
შალვა, თითქო ამის გაგონებასღა უცდიდაო, უცებ მოსწყდა ცხენიდან და ამოდენა ვაჟკაცი მოჭრილ
ხესავით დაეცა მიწაზე.
ივანე მიეშველა გონდაკარგულ ძმას და ერთი წამით უკან შემოქცეულმა მთავრებმაც პირი იბრუნეს
დაჭრილი ახალციხელისაკენ.
* * *
ყველასაგან ზურგშექცეულმა, ბავშვივით დატუქსულმა ლაშამ იმ ღამეს ვეღარ დაიძინა. ტუჩებს
იკვნეტდა და ხელებს იმტვრევდა ბრაზისა და აღშფოთებისაგან.
სამხედრო საბჭოზე მისი მოქმედება თითქმის ყველამ დაგმო, მათ შორის ივანე ახალციხელმაც.
_ თვითნება მოსმურთა უგუნურებამ ქართველი მხედრობის ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა და
ქვეყნისათვის ესოდენ თავდადებული ჩემი ძმის სიცოცხლეც საფრთხეს ჩააგდო! _ აღშფოთებით
განაცხადა კარის ამირამ.
_ რაკი ლაშქარში წესი და უმცროს-უფროსობა არ არის, ერთი აზრი და ნება არ ხორციელდება, სჯობს
ალყა მოვხსნათ და სირცხვილეულნი უკან შევიქცეთ, _ დაასკვნეს მხედართმთავრებმა და მეფემ
მხოლოდ მაშინ იგრძნო, თუ რა დიდი დანაშაული ჩაიდინა და რა დიდი მარცხი განიცადა.
ლაშას მეფობის პირველი ომი ქართველთა მხედართმთავრებმა წაგებულად აღიარეს. გამდგარი
განძის ათაბაგი ვერ დაიმორჩილეს და აგერ ას წელზე მეტხანს ძლევამოსილი დავითიანი და
გორგასლიანი დროშა პირველად უნდა შემოებრუნებინათ უკან განძის ციხეზე აღუმართავად.
თავად მეფეს ვერაფერი უყვეს, მაგრამ მის წამქეზებლებსა და ამყოლებს: თორღვა პანკელს, ბექა
ჯაყელს, ბიბლა გურკელსა და მემნი ბოცოსძეს სასჯელი დაადეს და მცველები მიუჩინეს.
მეფე იმას ნანობდა, რატომ ომში არ დავიღუპე მტრის მახვილისგანო. სახელოვანი სიკვდილი ლაშას
ბევრად ერჩია ამ საქვეყნო შერცხვენასა და დამცირებას.
მეფის სულსწრაფობამ და უნებისყოფობამ მის ყველაზე დიდ თაყვანისმცემლებსა და მოიმედეებსაც
გული გაუტეხა, ჯერ ციხის წინააღმდეგ თავისი უგუნური გამოხდომითა და მერე, მისი ყველაზე დიდი
მტრის, ათაბაგის წინაშე ასე სულმდაბლად დაცემითა და წამოჩოქებით.
სამხედრო საბჭომ მოხსენების ღირსადაც კი არ ცნო მეფის გამარჯვება განძელ და ყივჩაღ
მეციხოვნეებთან შეტაკებაში. ყველაზე მაღლა სამხედრო წესრიგი და ლაშქრის ერთიანობა დააყენეს და
მეფის დამამცირებელი განაჩენი გამოიტანეს.
დიდებულების ამ საერთო შემოტევაში მეფე სრულიად მარტო აღმოჩნდა. მისი ტოლები და მასთან
ბრძოლაში გამარჯვებულები ხმაწართმეული და დასჯილები იყვნენ, ახალციხელთაგან ერთი ძმა მის
ქცევას გმობდა, ხოლო მეორე დაჭრილი იყო და, ალბათ, ისიც უფროსი ძმის აზრს იზიარებდა.
მარტოდმარტო დარჩენილმა თავისი ერთგული და განუყრელი მცველი მოიკითხა. მძიმედ
დაჭრილიაო, მოახსენეს და მეფე მაშინვე გაეშურა მიგრიაულის სანახავად.
საველე ქსენონში რომ შევიდა, დაჭრილების კვნესამ შეზარა: ეს მისი წინდაუხედაობისა და
თავნებობის მსხვერპლნი ებრძოდნენ სიკვდილს, ზოგი დედას უხმობდა, ზოგი ცოლსა და შვილს და
ზოგი კიდევ, ვინ იცის, ვის და რას ეძახდა სიცოცხლის უკანასკნელ წამს.
დოსტაქარი მიგრიაულისკენ წაუძღვა მეფეს. ლაშა დაჭრილებს შორის მიდიოდა. პირტიტველა
ვაჟკაცი ლოგინიდან წამოიწია.
_ მეფე ცოცხალია, მეფეს გაუმარჯოს! _ ამოიძახა და ლოგინზე მოწყვეტით დაეცა. დოსტაქარი
შეჩერდა პირშიშველა მოყმესთან, დახედა, მისი მარჯვენა ხელი აიღო და მაჯას ყური მიუგდო.
ცოტა ხნის შემდეგ დოსტაქარმა ჯარისკაცის მაჯას ხელი გაუშვა.
_ ხომ ცოცხალია? _ იკითხა შეშფოთებულმა მეფემ.
_ არა, მეფევ... მოკვდა! _ ცივად თქვა დოსტაქარმა და გამყოლებს ანიშნა, რომ მიცვალებული
გაეყვანათ.
ორმა ვაჟკაცმა საკაცეზე დადო შავტუხა მეომარი. გრძელი და მხარბეჭიანი იყო ჯარისკაცი, საკაცეზე
ძლივს დაეტია.
მძიმედ ასწიეს და წაიღეს.
მეფემ თვალი გააყოლა უცნობი ჯარისკაცის ცხედარს და თვალცრემლიანი შემობრუნდა.
საველე ქსენონის ბოლოში იწვა მიგრიაული. თავს დოსტაქრები ეხვივნენ, ნახვევს უხსნიდნენ, ლაშამ
ვერ იცნო თავპირახვეული მცველი.
_ ეს გახლავთ მეფის მცველი! _ მოახსენა ლაშას დოსტაქარმა და იქ მყოფების გასაგონად დაიძახა: _
მეფე მობრძანდა!
მკურნალებმა ერთად მოიხედეს მეფისკენ, თავი დახარეს და ნახვევის გახსნა განაგრძეს.
მეფე ახლო მივიდა და დააცქერდა: შუბლი ირიბად ჰქონდა გაჩეხილი ლუხუმს, ხმალი ზედ თვალზე
მოხვედროდა და ნახევარი შუბლი და ლოყაც გაეჩეხა.
თვალის ადგილზე რაღაც ნაკვერცხალივით წითელი და საშინელი ჩანდა _ ხორცი თუ სისხლი.
ლაშა სანახაობამ შეზარა, ტანში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა და ისარნაკრავივით გამობრუნდა.
_ ჩემს თავს არ ვწუხვარ, _ მოესმა იქვე გვერდით მწოლარე დაჭრილის ხმა ლაშას. _ ჩემი სიცოცხლე
მეფის სანაცვლო იყოს... მოხუცი დედა და ბალღები მრჩება, ჩემს მეტი მარჩენალი და ყურისმგდებელი
ადამიანი არ ეყოლებათ.
_ ერთი კვირის მოყვანილი პატარძალი მრჩება ქვრივად... ნეტავ ბიჭი მაინც ეყოლებოდეს... ვაიმე... _
დაიკვნესა მეორე დაჭრილმა და ლაშა უცებ მოწყდა ადგილს.
კი არ მიდიოდა, მირბოდა მეფე, თვალებს ხუჭავდა და ყურებს თითით იცობდა, რომ ახალი
საშინელება არ დაენახა და გაეგონა. მირბოდა და ეჩვენებოდა, რომ ყველას დედები და ბალღები მას
მისტიროდნენ, მათი უბედურების მთავარ დამნაშავეს, ამდენი სიცოცხლის დამღუპველსა და
მომსწრაფებელს.
* * *
ახალციხელის ჭრილობა საშიში არ აღმოჩნდა, ადვილად იწყო შეხორცება და შალვას ნელ-ნელა
მომჯობინება დაეტყო.
ახლა იგი თავის კარავში იწვა, თავთ უფროსი ძმა ივანე და მუდამ განუყრელი თურმან თორელი
უსხდნენ.
იმ დიდი სულიერი განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, როცა სიყვარულისაგან გაუბედურებული
შალვა ველად გაიჭრა, მასთან ერთად მოუშორებლად იყო თურმან თორელიც.
ეს ჯან-ღონით სუსტი, მაგრამ მომხიბლავი, ოდნავ ქალივით ნაზი ჭაბუკი ახალციხელის ბიძაშვილი
იყო და თორელთა გვარის უმცროს შტოს ეკუთვნოდა.
სიყრმიდანვე სწავლასა და წიგნების კითხვას გადაგებულ თურმანს არაჩვეულებრივად ტკბილი ხმა
ჰქონდა.
ჯერ კიდევ ბავშვი, მხრებზე კულულებდაყრილი თურმანი საყდარში სამოციქულოს კითხულობდა
და ტკბილი, შთამწვდომი ხმით გალობდა.
ცოტა რომ წამოიზარდა, ხმაში ზარი მოემატა და ტუჩებზე შავი ღინღლი შემოეპარა.
წირვაზე მის სანახავად საგანგებოდ იწყეს სიარული ლამაზმა ასულებმა, გასათხოვარმა
ქალიშვილებმა და თავიანთი ცხოვრების ერთფეროვნებით მოწყენილმა ერისთავებისა და დიდვაჭრების
უზრუნველმა ცოლებმა.
ყველას ეგონა, რომ თორელი სასულიერო ასპარეზს აირჩევდა.
კარგი განათლება, სათნოება და ბუნებრივი კეთილშობილება უთუოდ ღირსეულ მომავალს უქადდა
ახალგაზრდა თორელს ეკლესიის სამსახურში, მაგრამ უკვე შეღერებულ ჭაბუკს გულმა სხვა მხარეს
გაუწია და შთაგონებამ სხვა გზით მოუწოდა.
პატარაობიდანვე ლექსებს თხზავდა თორელი და კარის მგოსნის სახელზე ოცნებობდა.
გავლენიანი ბიძაშვილები _ შალვა და ივანე მის პოეტურ ვარჯიშს ახალგაზრდის ჩვეულებრივ
გატაცებად თვლიდნენ და ღარიბი ნათესავის ლექსებს ყურადღებას არ აქცევდნენ.
თორელს რუსთველისთვის სურდა მიემართა ლექსის ჭაშნიკის გასასინჯავად. სულ ახლო იყო
რუსთავი მისი თორიდან, მაგრამ იმდენად ეშორებოდა ეს მცირე მანძილი შოთას დიდი სახელისა და
ამაღლებული მდგომარეობის გამო, რომ ვერ იქნა და ვერ გაბედა მისი გადალახვა. თორელს უფრო ის
აჩერებდა, რომ თავადაც არ იყო დაჯერებული საკუთარი შთაგონების ძალასა და დაწერილი ლექსების
ღირსებაში.
ლექსებს კი წერდა, რადგან ცაში ასული ტოროლასავით სულ ემღერებოდა და სულ ელექსებოდა.
მამით ობოლსა და ხელმოკლედ გაზრდილს მეფის კარზე მოხვედრა უმაღლეს ოცნებად ჰქონდა
გადაქცეული.
მისმა სახელოვანმა ბიძაშვილებმა ეს გზა ძლიერი ხმლებით გაიკაფეს, მას კი, თუმცა ხმალიც კარგად
უჭრიდა, მხედრობა მაინც არ იტაცებდა. სუსტი კალმით სურდა სახელისა და დიდებისაკენ ძნელი გზის
გაკვლევა.
ჯერ ნედლი იყო და თუმცა სიყვარულზე ბევრს წერდა შოთასა და სარგის თმოგველის წაბაძვით, მის
გრძელ პოემებს წაკითხულით გაბრუება უფრო ეტყობოდა, ვიდრე განცდილით შთაგონება.
მისი ბუნება ჯერ კიდევ ყამირივით მთელი იყო, პირველქმნილი უმანკოება არ მოშორებოდა და
ყრმობის ოცნებათა ბურანში გახვეული ცხოვრებას გულუბრყვილოდ და იოლად უყურებდა.
ამ ბურანიდან პირველად ერთმა შემთხვევამ გამოიყვანა, ძლიერ უბიძგა და ისე შეატორტმანა,
კინაღამ თვალი დაუბნელა და ძირს დასცა.
ერთხელ, გაზაფხულზე, გზად მიმავალი ივანე მხარგრძელი შეჩერდა თორში მთელი სახლობით.
მანამდე მხოლოდ ნაამბობითა და გადმოცემით იცნობდა ივანე მხარგრძელს თურმან თორელი.
სახელგანთქმული გმირისა და დიდი სახელმწიფო მოღვაწის პირადად ნახვა თორელისათვის
მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო. სხვა ნათესავებთან ერთად ახალციხელებმა მხარგრძელს ისიც
წარუდგინეს და მისი სწავლაში გულისმოდგინება და მუსიკობაში წარმატება უქეს.
მხარგრძელს მოეწონა ზომაზე მეტად მოკრძალებული ჭაბუკი, გამოელაპარაკა და სიმღერის თქმა
სთხოვა.
და ის იყო, თურმანმა ებანი მომართა, რომ დარბაზში თამთა შემოვიდა. იმწამსვე ყველაფერი
უჩვეულო შუქით განათდა, ჭაბუკისათვის მანამდის უცნობი სულის რომელიღაც კუნჭული შეირხა,
გული საგულედან ამოფრინდა და სამღერლად გამზადებული მგოსანი მიწას მოსწყდა. გონმიხდილი
იჯდა ჭაბუკი და თვითონაც აღარ იცოდა, აქ, ახალციხელების პალატებში იჯდა მართლა, თუ ფრთა-
შესხმული მიფრინავდა სადღაც, უსაზღვროდ მაღლა და შორს, დამაბრმავებელი სინათლისა და
მომხიბვლელი ხმების სამყაროში.
თავად არ ესმოდა, რას ან როგორ მღეროდა აღტაცებისაგან მთვრალი და ფეხის ფრჩხილებამდის
გაბრუებული, ღრუბელივით ამჩატებული და ზმანებაში თუ ოცნებაში გადასული თორელი. მღეროდა
თავისთვის და თავისთავად, მარტო იმ ხმით კი არა, რომლითაც მანამდისაც უმღერია. ახლა ამ ხმას
კიდევ სხვა, შინაგანი ხმაც, მისი წრფელი გულის გაღვიძებული ხმაც შეერთებოდა და, ალბათ, ძალიან
მომაჯადოებელი უნდა ყოფილიყო ეს თავდავიწყებული სიმღერა, რომ დასრულებისთანავე ტაშმა
იქუხა.
თორელი მხოლოდ ახლა გამოერკვა ზმანებიდან თუ ოცნებიდან.
თავი აიღო და იქ მყოფთა თვალებზე აციმციმებული ცრემლები დაინახა.
თამთა და შალვა ერთურთს შეჰყურებდნენ ფართო, გაბრწყინებული თვალებით. სიმღერის ჯადოთი
ერთ არსებად შეკრულები, ისინი იქ მყოფთაგან სხვებს ვეღარ ხედავდნენ და უხმოდ, მხოლოდ
ერთიმეორის დასანახავად და გასაგონად, ისევ აგრძელებდნენ სიყვარულის წმინდა სიმღერას.
ერთ წამს მისწვდა თორელი შეყვარებულთა გულის პასუხს, თავისი აღტაცებული სიმღერის
უიღბლობასა და თავის პირველ უბედურებას.
ებანი გაბრაზებულმა დააგდო და თვალცრემლიანი პალატიდან გავარდა.
ორ დღეს დაჰყვეს მხარგრძელებმა ახალციხელების სტუმრად და ისე აიყარნენ, რომ თორელი
თვალით აღარ ჩვენებიათ. იმ დღიდან აღარც თავისიანებს უნახავთ თურმანი.
თორიდან _ თავისი პატარა ბუდიდან იმ ბარტყივით აფრინდა იგი, რომელსაც ჯერ კიდევ ფრთები
სუსტი და შეუმოსავი ჰქონდა, მაგრამ ძლიერი ქარის მობერვამ თუ მყარის შენძრევამ ხიდან
გადმოტყორცნა და შორს უგზოუკვლოდ გააფრინა. ამ უფრთო ფრენასა და უგზო-უკვლო ქროლვაში
უნდა დავაჟკაცებოდა ფრთა და გაკვლეოდა ცხოვრების გზა უღონო მართვეს.
სიყვარულის ისრით პირველადვე ეგრე უწყალოდ დაკოდილი ჭაბუკი ტირილისა და ოხვრისაგან
რომ გამოერკვა, თავის მდგომარეობას ჩაუკვირდა.
„ახალციხელსა და თამთას უეჭველად ერთიმეორე უყვართ, _ სჯიდა თავის გულში თორელი, _
ბიძაშვილს მამული საკმაო გააჩნია და სახელიც დიდი აქვს, მე წრფელი სიყვარულისა და უხეირო
ლექსების მეტი არა მაბადია რა. სად გავუტოლდები ახოვანს, მდიდარსა და გავლენიან ახალციხელს
სუსტი, უქონელი და უბირი ახალგაზრდა. ძმათა შვილები ვართ თორელები. მამაჩემი ომში დაიღუპა და
ჩემს წილ მამულებსაც ჩემი ბიძაშვილები დაეპატრონენ. მე სულ მათ ჩრდილში უნდა ვიყო, მათი
ხელისა და წყალობის შემყურე, ყველაზე უკეთესი, რასაც მომავალი მიმზადებს, დიდი ახალციხელების
მხლებლობაა. არა, ამას კი ვერ შევურიგდები, რომ ყოველდღე თამთასა და შალვას ბედნიერებას
ვუცქირო და მათი უბედური მსახური ვიყო. ამაზე უარესი აღარა მომივა რა, უკეთესი კი ქვეყნად ათასი
რამ არის“.
ასე გადაწყვიტა გულში საკუთარ ბედზე ამხედრებულმა ჭაბუკმა, ერთ ღამეს თორი ჩუმად დატოვა
და თბილისისაკენ გაეშურა.
კითხვა-კითხვით, როგორც იყო, თბილისს მიაღწია.
მშიერ-მწყურვალი გარეუბნის ერთ ფუნდუკში შევიდა. ფუნდუკი მდიდრულად იყო მოწყობილი,
სუფრებსაც კარგად ჩაცმული მეინახეები უსხდნენ. ეტყობოდა, მაღალი წრის შეძლებული ხალხისათვის
უნდა ყოფილიყო ეს სასტუმრო და ყველაფერს დიდი ფასი უნდა ჰქონოდა. ის იყო შეყოყმანდა თორელი
და უკან მობრუნება დააპირა, რომ კარში მსახური შემოეგება, ხელბარგი თითქმის ძალით ჩამოართვა და
დარბაზში შეიწვია.
თორელმა უნებლიეთ ფული მოიძია ჯიბეში. რამდენიმე ვერცხლს ხელი მაგრად მოუჭირა და
ცნობისმოყვარეობით გათამამებულმა დარბაზში გაბედულად შედგა ფეხი.
განმარტოებულ სუფრას მიუჯდა, ფული ფარულად ამოიღო, პეშვი ოდნავ გაშალა, რომ სხვას არავის
დაენახა და, სამიოდ ვერცხლს სათითაოდ დააცქერდა. წვრილჩუქურთმიან ჩარჩოს შუაში თამარის
ვენზელი იყო მოთავსებული. ჩუქურთმის გარშემო წარწერა წაიკითხა თორელმა: „სახელითა
ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის...“ წარწერა ქორონიკონით თავდებოდა.
თამარის ვერცხლი ფრთხილად აიღო თორელმა, გადმოაბრუნა და მეორე მხარეს დააცქერდა:
„დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ, ასული გიორგისა, მესიის
თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი“, ამბობდა მეორე, არაბული წარწერა.
ვერცხლზე მესამე წარწერაც იყო, ისიც პირველი რკალის ირგვლივ რკალისებურადვე გამოყვანილი:
„განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი“.
ახლა მეორე ვერცხლს დახედა თორელმა: ვერცხლს ზურგზე ვარდის ფურცლოვან ჩუქურთმაში
არაბული წარწერა ჰქონდა: „მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისა, მახვილი მესიისა“.
ხმარებისაგან გაცვეთილ ვერცხლის შუბლზე გარკვევით ჩანდა საქართველოს ტახტის მემკვიდრისა
და თამარის თანამოსაყდრის ლაშა-გიორგის გამოხატულება, დამახასიათებელი ნაკვთებითა და თითქო
ოდნავ დამცინავი მზერით.
ქარაგმის ამოკითხვით გართულ თორელს თავს მსახური დაადგა.
_ რას ინებებს სტუმარი? _ კრძალვით იკითხა წელში მოხრილმა მსახურმა.
თორელი შეკრთა, თითქო ნაპარევი ჰქონოდეს, ფული უცებ მუჭში დამალა და აღელვებულმა
დაუფიქრებლად უთხრა:
_ რაცა ოდენ კარგი და რჩეული იყოს.
მსახურმა თავი დაუკრა და ცოტა ხნის შემდეგ თორელის სუფრას სავსე თეფშებითა და სინებით
მოადგა.
რაღა არ მოუტანა: ქორფა მწვანილი და თუშური ყველი, ცივად მოხარშული თიკანი და ქინძმარში
ჩაწყობილი კალმახი.
დამშეული თორელი ხარბად მიადგა საჭმელს და ცოტა სული რომ მოითქვა, ზედ კახური ღვინოც
დააყოლა.
საჭმელი და ღვინო ეამა. ერთი ხელადა რომ დაცალა, მეორეც მოითხოვა და მალე შეზარხოშდა.
ღამდებოდა, ცარიელი სუფრები თანდათან ივსებოდა ბრწყინვალედ აღკაზმული ჭაბუკებითა და
მდიდრულად ჩაცმული მოქეიფეებით.
თორელის მეზობლად მსხდომმა ახალგაზრდებმა ყურადღება მიაქციეს სუფრასთან მარტო
მჯდომარე ჩაფიქრებულ ჭაბუკს, დროდადრო რომ ოხრავდა, საფიქრალს თავს აღწევდა და დიდრონ
სასმისებს ცლიდა. ადღეგრძელეს, გამოელაპარაკნენ, ვინაობა გამოჰკითხეს და თავიანთ სუფრაზე
მიიწვიეს. თორელს თავისი სამიოდე ვერცხლი გაახსენდა. მალე უნდა წავიდეო, მოიმიზეზა და ისევ
მარტოკა დარჩა.
თაღის ქვემოთ შემაღლებულ ადგილზე ღიპიანი მედოლე დაჯდა, დოლი გაახურა და სიმღერა
დასძახა. გამყინავი, ძლიერი ხმით მღეროდა მედოლე, სახე უწითლდებოდა და ყელზე გაბერილი
ძარღვები ასკდებოდა.
თავის სიჭაბუკეში პირველად სვამდა თორელი ამდენ ღვინოს. კახურმა დარდი გადაავიწყა,
სიმღერის მოსმენამ თავადაც სიმღერის გუნებაზე დააყენა, ძლივს წამოდგა და მედოლისკენ ბანდალით
წავიდა.
მედოლე მისთვის მოქეიფეებისაგან ჯილდოდ გაგზავნილ პურ-ღვინოს შეექცეოდა.
თორელი მიუახლოვდა, დოლი თუ შეიძლებაო, მობოდიშებით სთხოვა.
საჭმლით პირგამოტენილმა ფუნდუკის მომღერალმა ხელით ანიშნა, აიღეო. თორელი სკამზე
ჩამოჯდა, დოლი მუხლებზე დაიდო და დაჰკრა.
დარბაზში საოცრად ტკბილი და მიმზიდველი ხმა გაისმა.
მოქეიფეებმა სმა-ჭამა და საუბარი შეწყვიტეს, თავი მისკენ მოიბრუნეს და მოჯადოებულებივით
მიუპყრეს ყური უცნობ ჭაბუკს.
სიმღერა რომ ჩამოათავა, დარბაზი ტაშმა და ვაშას გუგუნმა შეაზანზარა.
თორელის სუფრის მეზობლად მსხდარი ახალგაზრდები ფეხზე წამოცვივდნენ, თურმანთან
მიიჭრნენ, სავსე სასმისები მაღლა ასწიეს და მათმა თამადამ მთელი დარბაზის გასაგონად გამოაცხადა:
_ ვადღეგრძელოთ საქართველოს ახალი მგოსანი, თურმან თორელი, შალვა ახალციხელის ნათესავი,
საქართველოს მეფის სამსახურად და ფათერაკების საძებნელად სატახტო ქალაქს პირველად ჩამოსული!
გაუმარჯოს თურმან თორელს, ვაშა!
მთელმა დარბაზმა ერთი კაცივით გაიმეორა „ვაშა“.
თამადის სიტყვებზე ფუნდუკის კართან მოდგა ლაშა. სადღეგრძელო ზღურბლზე შეჩერებულმა
მოისმინა და ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა აღტაცებული მოქეიფეებით გარშემორტყმულ უცნობ
ჭაბუკს.
თორელმა მთხოვნელებს ბევრი არ ახვეწნინა, დოლი ისევ მუხლზე დაიდო, თვალები ჭერს მიაპყრო
და სიმღერა წამოიწყო.
ლაშა ყურს არ უჯერებდა. ესოდენ საამო, ძლიერი და მიმზიდველი ტკბილი ხმა თავის დღეში არ
მოესმინა.
თავაწეული, მხრებზე ქალიშვილივით კულულებდაყრილი თორელი შთაგონებული მღეროდა და
ღრმა, გონიერი თვალებით სადღაც შორს, მიუწვდომლისაკენ იხედებოდა.
ლაშამ ამ უცნობ ჭაბუკთან უეცრად რაღაც სულიერი ნათესაობა და სიახლოვე იგრძნო, აღტაცებული
შეჰყურებდა სიმღერადქცეულ თორელს და სულგანაბული უსმენდა.
მღეროდა თორელი საკუთარ სამღერალს თუ სატირალს, პირველი სიყვარულის უიღბლობას და
ჭაბუკური ოცნების უნიადაგობას, გასაფრენად გაშლილი ფრთების დამსხვრევასა და მაღალი
ღრუბლებიდან ძირს დაცემას, ადრე განცდილ სოფლის უხანობას, სიცოცხლის არარაობასა და
ამაოებათა ამაოებას.
სიმღერა რომ გათავდა, კართან მომდგარმა ხელმწიფემ და მისმა ამალამ ერთხმად შესძახეს:
_ ვაშა! გაუმარჯოს მეფის კარის მგოსანს! _ მეფის ნათქვამი ვაშა დარბაზში მყოფებმა აიტაცეს და
გუგუნით სამგზის გაიმეორეს:
_ გაუმარჯოს საქართველოს ხელმწიფეს ლაშა-გიორგის და მეფის კარის მგოსანს თურმან თორელს!
თორელს თავი სიზმარში ეგონა. იგი მიხვდა, რომ ფუნდუკში მცირე ამალით შემოსული, ვინმე
დიდებულთაგანის მსგავსად გამოწყობილი ჭაბუკი საქართველოს მეფეთ მეფე უნდა ყოფილიყო.
უნებლიეთ ჯიბისაკენ წაიღო ხელი, ლაშას ვერცხლი ამოიღო, ზედ თამარის ძის გამოხატულებას
დახედა და რაკი დარწმუნდა, რომ ხელმწიფის პირისპირ იდგა, მუხლზე დაემხო მის წინაშე.
ხელმწიფემ წამოაყენა, საკუთარ სუფრაზე მიიყვანა, გვერდით მოისვა, მთელი ღამე ამღერა და
თავისი თავგადასავალიც აამბობინა თორელს. დილამდე ერთად იქეიფეს და დილით სასახლეში თან
წაიყვანა.
იმ დღიდან თურმან თორელი ჭირსა და ლხინში მეფის განუყრელი და უახლოესი მეგობარი გახდა.
თორელის კარის მგოსნად გამოცხადება და მეფესთან მისი დაახლოება შალვა ახალციხელს არ
სწყენია, მაგრამ არც დიდად გახარებია.
მეფის კარზე ბევრი სახელმოხვეჭილი, მაღალნიჭიერი მგოსანი იყო. შალვას ეეჭვებოდა, რომ მისი
ბიძაშვილი დანარჩენებზე მაღლა დადგებოდა თავისი ნიჭით, ხოლო ჩვეულებრივი, საშუალო მგოსნის
სახელს, მისი რწმენით, ისევ უცნობ მეომრად და ღარიბ მემამულედ დარჩენა სჯობდა.
საბედნიეროდ, შალვას ეჭვი არ გამართლდა. თორელმა სხვა მგოსნების მსგავსად, შოთასა და
თმოგველის პოემების მიმბაძველობით კი არ განაგრძო, პატარა ლირიკული ლექსების წერა დაიწყო. ეს
ლექსები ღრმა ფილოსოფიური შინაარსისა იყო და მგოსნის პირად განცდებს გამოხატავდა. უთვალავი
მეხოტბეების
მაღალფარდოვანი
შესხმებითა
და
ეპიგონური
რომანტიული
პოემებით
თავმობეზრებულმა ლაშამ და მთელმა სამეფო კარმა თორელის პოეზია ახალ სიტყვად მიიღეს და
შეითვისეს, მწუხარებასა და სიხარულში მოუცილებელ თანამგზავრად გაიხადეს, ხოლო თავათ
თორელი ყველასათვის სასურველ და საყვარელ მოყმედ და მგოსნად აღიარეს.
თორელი მეფის კარზე დროდადრო ხედავდა თამთას. ღამეებს კვლავ თამთაზე ფიქრით ათენებდა,
მაგრამ მასთან შეხვედრას მაინც ცეცხლივით გაურბოდა. იმ ლექსებს, რომელთაც უკვე მთელი
საქართველო მღეროდა, თამთასათვის თხზავდა, მაგრამ თამთამ ამაზე არაფერი იცოდა და ჭაბუკი
მგოსნის ზომაზე მეტი კრძალვა და მორიდება, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც ეჩვენებოდა.
თამთას ხლათში გამზითვება და დედოფლად გასტუმრება თორელისათვის ყველაზე უბედური დღე
იყო. ერთხანს ყველაფერზე ხელი აიღო და ბნელში ჩაკეტილი ოხვრასა და ურვას მიეცა. მერე თავისი
უბედური ბიძაშვილის, ახალციხელის ველად გაჭრა რომ გაიგო, მისი და საკუთარი უიღბლობა
ლექსებით გამოიტირა, ეს ლექსები წიგნად შეჰკრა და მხეცებთან და ნადირებთან ქვაბებსა და ტყეებში
გახიზნულ შალვას თვითონვე აახლა.
წიგნის პირველმავე ლექსმა დაიპყრო შალვა:
მე იმ დღეებს ვერ ვივიწყებ, იმ გაფრენილ წამთა,
როცა ცაში მიუწვდომლის სიახლოვე მწამდა.
ახლა ვდგავარ შავ უფსკრულთან, პირდაღებულ ხრამთან,
თამთა, სად ხარ, საოცნებო, გაფრენილო თამთა?!
გაზაფხული ვეღარა სძლევს სულში ჩამდგარ ზამთარს,
მე უშენოდ დარშიც მყინავს, თამთა, თამთა, თამთა...
შენს საძებრად ღრუბელივით ხევ-ხევ ვივლი, მთა-მთა,
ცხრა მთას იქით დაკარგულო, თამთა, თამთა, თამთა...
მთელი ღამე ლექსების კითხვაში გაატარა შალვამ და როცა წიგნი დახურა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს
ლექსები მარტო მგოსნის სახლიკაცის უბედურებას კი არ დასტიროდნენ, არამედ მისი შემთხზველის
უნუგეშობასა და სასოწარკვეთასაც გამოხატავდნენ.
ახალციხელმა ახლო წარსული გაიხსენა, თორში მხარგრძელების სტუმრობა და თურმანის უჩვეულო
ქცევა, შემდეგ მისი უეცარი გადაკარგვა და, ბოლოს, მეფის კარზე თამთას მიმართ უცნაურად თავის
დაჭერა მოაგონდა. მისთვის ყოველივე ნათელი გახდა: მის უმცროს ბიძაშვილსაც ისევე უიმედოდ
უყვარდა თამთა და ისევე უბედური იყო ამ სიყვარულით, როგორც თვითონ ახალციხელი.
საერთო სიყვარულმა და უბედურებამ ეს ორი ადამიანი სულიერადაც დაანათესავა და
ერთიმეორესთან მეგობრობის უნაზესი ძაფებით დააკავშირა. მათ იშვიათად თუ ვინმე ნახავდა
უერთმანეთოდ და ახლაც, განძის გარემოცვისას, თურმანი ახალციხელებთან ერთ კარავში ცხოვრობდა.
_ როდის იყრება ლაშქარი, ივანე, რას ამბობს ამირსპასალარი? _ იკითხა შალვამ.
_ ალბათ, კიდევ ერთხანს დავყოფთ განძის ალყაში. ათაბაგი ქუშხარა ხარკის ძლევას შემოეხვეწა
ძველებურად და ახლა მხარგრძელს მეფისაგან საიდუმლოდ მოლაპარაკება აქვს გამართული, თუ
რაოდენ უნდა უჩინოს ხარკი და რაოდენ უნდა მიითვალოს ალაფი. მეფემ იმ მოლაპარაკების არა იცის
რა და ჰგონია, თუ დამარცხებული იყრება ქართველთა ლაშქარი განძის ალყისაგან.
_ მეფის იერიშმა გატეხა განძელთა სიმტკიცე. მხარგრძელს რომ ჩვენი გამარჯვებით ესარგებლა და
მეფესთან ჩხუბის ნაცვლად მთელი ლაშქრით მაშინვე ციხეზე მიეტანა იერიში, დამარცხებისაგან
ზარდაცემული განძელები ციხის კარს გაგვიღებდნენ და მორჩილებას შემოგვეხვეწებოდნენ
ძველებურად.
_ შეიძლება ეგრე ყოფილიყო, მაგრამ მეფის წინდაუხედაობის დაუსჯელობა არ შეეძლო
ამირსპასალარს, კნინღა სასიკვდილოდ გასწირა ხელმწიფემ თავი თვისი და სიცოცხლე სპათა რჩეულთა.
_ ჭეშმარიტს უბნობ, ივანე, მაგრამ გამარჯვება ხომ მეფეს დარჩა!
_ არც გამარჯვება იქნებოდა სრული და საწადელი, თუ ხელმწიფე და ქართველთა უკეთესი სპა მეფის
თავნებობით და ურჩობით დაიღუპებოდა. არ გსმენია, შალვა, რომ მკაცრად საჯა ზაქარია
ამირსპასალარმა თაყაიდინ თმოგველი, კაცი მხნე და წყობასა შინა უსწორო, მტერთან უცნობლად
შებმისათვის?
_ მსმენია, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, თუ როგორ აღიმხედრა მთვრალმა მხარგრძელმა ივანემ
ხლათის ციხესთან, თავისი ძმის ზაქარია ამირსპასალარის უცნობლად. კარგად მახსოვს, თუ რა ძვირად
დაუჯდათ ქართველთ ივანეს თავნებობა.
ხლათის ამბის გახსენებაზე თორელს სახე წამოუწითლდა და ჩუმი ოხვრა აღმოხდა.
_ ეგ ამბავი გამახსენდა სწორედ მაშინ, მეფეს რომ ტუქსავდა მხარგრძელი, მის უცნობლად ციხის
შემოვლისა და განძელებთან შებმისათვის. სისხლისაგან დაცლილს მაგის გახსენებაღა მაკლდა.
მოგონების სიმწარემ და ამირსპასალარის რისხვამ გონი დამაკარგვინა და ის იყო, ცხენიდან
გადმოვვარდი... _ შალვამ ტუჩზე იკბინა და ამოიოხრა.
თორელი ებანს მისწვდა, ძალებს ჩამოჰკრა და მწუხარედ წამოიწყო:
განა მხოლოდ მისთვის დავთმე სახლობა და ტაძრეული,
რომ მიწასთან გავასწორო მტრის სახლ-კარი
მტვრად ქცეული.
ოხრად დარჩეს განძის ფარჩაც, განძის ციხეც დაქცეული...
სხვაგან არის ჩემი ფიქრი, სიმდიდრე და განძეული.
მე რად მინდა განძის ციხე, თუგინდ ჰქონდეს კარი ღია,
ციხე ჩემი ასაღები, ოცნებაში ამიგია,
ციხეა თუ ქალის გული, ვეღარც თავად გამიგია...
შენი გულის დაპყრობა მსურს, თავზე ხელი ამიღია...
ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში შიშითა და კრძალვით შეჰყურებდა ქართველთა ლაშქარს მთელი
წინა აზია და ახლო აღმოსავლეთი, ქართველები იერიშით იღებდნენ ციხე-ქალაქებს, ყმად იხდიდნენ და
ხარკს ადებდნენ საქართველოს მტრებს _ აღმოსავლეთის უძლიერეს სულტნებსა და ათაბაგებს.
ლაშქრობიდან მობრუნებულ ქართველებს წინ ამაყად მოუძღოდნენ ხოლმე ძლევამოსილი
გორგასლიანი და დავითიანი დროშები.
ფეხზე დამდგარი დედაქალაქი ყიჟინითა და გუგუნით ხვდებოდა საქართველოს დროშებზე
გამოხატულ, ყალყზე შემართულ ბაგრატიონთა ლომებს.
დიდი დავითის შემდეგ ბევრჯერ გამდგარა განძა, მაგრამ ქართველებს ყოველთვის დროზე
მოუწევიათ აღვირი განძის თავგასული ამირებისა და ათაბაგებისათვის, განძის გაამპარტავნებული
მმართველები უკანვე საქართველოს სამეფოს ყმებად მოუქცევიათ და თბილისში აურაცხელი ტყვითა
და ალაფით დაბრუნებულან.
პირველი ომიდან შემოქცეული მეფისათვის რომ დედაქალაქში ზეიმით შესვლა ჩაეშალა,
მხარგრძელმა განძის ათაბაგისაგან, ლაშას უცნობლად, მიღებული დიდძალი ალაფი უკან ჩამოიტოვა.
ლაშქარსმყოფთაგან მხარგრძელის საიდუმლო ცოტამ იცოდა და ხელცარიელი ჯარი დამარცხების
განწყობით ბრუნდებოდა. ჩვეულებრივად, არც ჯოგსა და ტყვეებს მოერეკებოდნენ, არც აქლემებზე
აკიდებული საქვეყნოდ განთქმული განძის აბრეშუმი მოჰქონდათ.
შესახვედრად შორს გამოსული მოსახლეობა გაოცებული შეჰყურებდა თავჩაღუნულსა და მოწყენილ
მეფეს, განრისხებულსა და შუბლშეკრულ სარდლებს.
ჩვეულებრივ თამაშ-თამაშით როდი მოჰყავდათ დარახტული მერნები. გრძელი გზით დაღლილი
ცხენებისათვის ნებაზე მიეშვათ სადავეები და მუდამ მაღლა აწეული შუბებიც კი თითქო ოდნავ
დაეხარათ.
ბავშვებს მაინც თვალს ჭრიდა ცხენთა კაზმულობა, მუზარადებისა და ფარ-შუბების ლაპლაპი და
თეთრი მეწამული დროშების მაღლა ფრიალი. ყვავილებს ესროდნენ, ცხენებს ხელით ეხებოდნენ,
ნაცნობებს უღიმოდნენ და შორიდან ესალმებოდნენ.
გზის ორივ მხარეს ამართული ხალხის ცოცხალ კედლებს შორის უხმოდ მოდიოდა ლაშქარი.
ადრინდებურად ოქროსა და ვერცხლს არ ისროდნენ მარჯვნივ და მარცხნივ ქართველთა მეფე და
ამირსპასალარი.
ხალხიც გულგრილად ატარებდა თავის წინ ომიდან უხალისოდ დაბრუნებულ მხედრობას, არც
სასიხარულო შეძახილები ისმოდა, არც ტაში და ვაშა გუგუნებდა.
_ გაუმარჯოს ქართველთა ძლევამოსილ მეფეს, ვაშაა! _ დაიძახა რომელიღაც სარდალმა და მაშინვე
რაზმიდან რაზმში დაირხა, ერთიმეორეს მიმყოლი ტალღებივით გადავიდა ვაჟკაცური ვაშას ძახილი.
ხალხმა არ აიტაცა ეს ვაშა და თავისი მძლავრი ხმა არ შეუერთა მხედრობის გუგუნს.
ლაშამ თავი აიღო, მეტიჩარა სარდალს მრისხანედ შეხედა. სარდალმა ცხენი შეაყენა, მეფის ამალას
ჩამორჩა და თავჩაღუნული მწყობრს შეერია.
ჩუმად, სირცხვილეული დაბრუნდა ქართველთა მეფე პირველი ომიდან. სასახლეში შესვლისთანავე
პირს ცეცხლი ეცა _ მხატვრებს უკვე მოესწროთ ახლად მოშენებული პალატების დიდი კედლის
მოხატვა: თეთრ ცხენზე ამხედრებულ ლაშას ერთ მხარეს მხარგრძელი ედგა, მეორეს _ შალვა
ახალციხელი, უკან მებრძოლთა უთვალავი მხიარული სახეები, დროშებისა და შუბების ტყე
მოდგომოდა. მეფის ცხენს ფერხთ ჩავარდნოდა პატიების მთხოვნელი განძის ათაბაგი. ათაბაგის უკან
განძელი დიდებულები იდგნენ მეფისათვის მორთმეული ციხე-ქალაქის ვეებერთელა კლიტეებით,
თვალ-მარგალიტებით, სტავრა-აბრეშუმისა და ნოხების გორებით.
მეფემ მხარგრძელის გამოხედვაში რაღაც დამცინავი დაიჭირა, მუხლზე დაჩოქილ განძის ათაბაგში
მხარგრძელის ცხენქვეშ ჩავარდნილი საკუთარი თავი დაინახა და სახე სირცხვილისა და ბრაზისაგან
აელეწა.
_ მოშალეთ! თვალით აღარ დამანახოთ! _ განწირულად შეჰყვირა და იქაურობას გაეცალა.
ქალაქში ამდენი მიმსვლელ-მომსვლელის ცქერას ვეღარ გაუძლო, ცხენზე შეჯდა და მეფეთა
საზაფხულო სამყოფელის _ ტაბახმელისკენ გასწია.
ლაშას ძლიერ უყვარდა თბილისის ზემოთ, ქალაქის ირგვლივ ასე ახლო გამართული აგარები.
ქოჩორა ტყეებიდან დაძრულმა კოჯრის ნიავმა შუბლი გაუგრილა მეფეს და თითქოს სევდაც უკუუყარა.
ტაბახმელის სამეფო სადგომში იყო დაბადებული ლაშა. დიდი თამარი გამუდმებით აშენებდა და
ამშვენიერებდა თავის საზაფხულო სამყოფელს, შორიდან გამოჰყავდა ცივი წყაროები და ხილის ბაღებსა
და სავარდოებს აფართოებდა. ორივე უფლისწული უმთავრესად აქ, ტაბახმელის ბაღებსა და
მინდვრებში იზრდებოდა. ქალაქში რომ საშინლად ცხელოდა, ტაბახმელაში ამოდ გრილოდა ხოლმე და
ლაშას ჭაბუკობაშიც გული მუდამ აქეთ მოუწევდა.
მარტო შევიდა იგი იმ ნათელ პალატში, სადაც პირველად თვალი გაახილა. უნდოდა ჩაკეტილიყო და
განმარტოებით განესვენა.
დარბაზი მთლად ძოწისფრად იყო შეღებილი, კედლებით მოყოლებული და იატაკითა და ჭერით
გათავებული. წითელი ფერი იმას ნიშნავდა, რომ ძოწისფერ დარბაზში დაბადებულები მეფეთა
შთამომავლები იყვნენ, შემდეგში ხელმწიფეები უნდა გამხდარიყვნენ და სამეფო ძოწეული უნდა
ეტარებინათ.
ფართო ტახტზე რბილად წამოწვა მეფე. მოპირდაპირე კედელს მიაპყრო თვალი. კედელზე ლაშას
დაბადების ზეიმი იყო დახატული.
მხატვარს საქართველოს სამეფოს უსაზღვრო სიხარული გადმოეცა, ტახტის მემკვიდრის დაბადებით
გამოწვეული. თამარის სახისათვის ღვთისმშობლის სათნოება და ჰაეროვნება მიეცა და პატარა
უფლისწული ონავარი ამურისათვის დაემგვანებინა.
მეორე კედელზე არზრუმის აღების სცენა დაეხატათ: თორმეტი წლის ტახტის მემკვიდრე ნამდვილი
მხედარივით აღჭურვილი იდგა, ფეხქვეშ არზრუმის სულტანი ჩავარდნოდა და ციხისთავს არზრუმის
კლიტეები მოერთმია ამაყი უფლისწულისათვის. მემკვიდრის გვერდით გაღიმებული სოსლანი იდგა,
ხოლო უკან სიხარულითა და მომავლის რწმენით სახეგაბრწყინებული მთელი ქართველი მხედრობა.
_ ვაგლახ, რომ ვერ გავუმართლე! _ აღმოხდა ლაშას და თვალზე ცრემლი მოერია.
ნუთუ არზრუმის კლიტეების მიღება იყო ლაშას პირველი და უკანასკნელი გმირობა?! მაშინ ხომ
ბავშვი იყო იგი და არაფერი ესმოდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. ესოდენ მცირე ყრმას ომში არავითარი
მონაწილეობა არ მიუღია და ისე, სათამაშოსავით ჩამოართვა არზრუმის ციხისთავს კლიტეები.
ახლა, როცა ტახტისა და სკიპტრის მფლობელი გახდა, როცა ჯანითა და ღონით სავსეა და საგმირო
საქმეებისაკენ მიუწევს გული, იგი ისევ იმ ბალღად თუ ტიკინად რჩება, რომელსაც უნდათ გადასცემენ
გამარჯვებას, უნდათ ხელიდან გამოაცლიან.
იგი ისევ ბავშვად უნდათ იყოლიონ, სამეფოს ნებიერ ბავშვად, რომელსაც თამაშსა და დროსტარებას
არ უშლიან, მაგრამ არც ჭკუას ჰკითხავენ, არც არაფერს უჯერებენ.
_ რათა? რას მერჩიან? როდემდის უნდა ვიყო ასე? _ აღმოხდა ლაშას, ბალღივით აქვითინდა და
ბალიშში ჩარგო თავი.
ლაშა გრძნობდა, რომ ასაკითაც და გონებითაც მომწიფებული იყო, დამოუკიდებლად შეეძლო
ქვეყნის მართვა და ლაშქრის გაძღოლა, მაგრამ დიდგვაროვანი დიდებულები ვერ ხედავდნენ მის
ჰასაკსრულობასა და კვლავინდებურად ყრმასავით ექცეოდნენ. არა, ხედავდნენ, მაგრამ არ უნდოდათ
დაენახათ, არ სურდათ ეცნოთ იგი ქვეყნის მეთაურად და სახელმწიფოს მესაჭედ. და განა მარტო
მხარგრძელს, საქართველოს დანარჩენ დიდებულებსაც არაფრად მოსწონდათ მეფის ძალისა და
თაოსნობის გამოჩენა. აკი დაამტკიცეს კიდევაც განძაში, როცა ბრძოლიდან გამარჯვებით შემოქცეულ
მეფეს განუდგნენ და ერთხმად დაემუქრნენ, არღა თავს ვიდებთ შენს მეფობასო.
მერედა ისეთი რა ჩაიდინა ჭაბუკმა მეფემ, რომ ქართველთა ლაშქრისათვის ეგრე უჩვეულო და
მომაყივნებელი ყოფილიყო?! მცირე რაზმით განძის ციხეს შემოუარა, მისდა უნებურად, განძელებმა
ბრძოლა გაუმართეს და იმ ბრძოლაში მეფემ სახელოვნად გაიმარჯვა: უკუქცეულ მტერს ციხემდის სდია
და ცოტაღა აკლდა, ციხე-სიმაგრეშიაც არ შეუვარდა, განძის დამცველებს ზარი დასცა, უამრავი მოსრა და
ურიცხვი ტყვედ წამოასხა.
განა მეფის მამხილებელ ამირსპასალარ ივანეს უარესი არ მოსვლია? მერე რა ძვირად დაუჯდა მაშინ
საქართველოს ივანეს დახსნა ხლათის მელიქის ტყვეობისაგან! რამდენი ტყვე დაუბრუნეს და რამდენი
ფული გადაუხადეს ხლათის მბრძანებელს.
ალბათ, კარგად ახსოვს ივანეს არცთუ ისე დიდი ხნის ამბავი. სახელმწიფოს ზიანი რომ დავიწყნოდა,
საკუთარი შვილი არ დაავიწყდებოდა _ მამის გამოსახსნელად გაყიდული თამთა! ახსოვს, მაგრამ როდი
სურს გაიხსენოს და მეფის თაოსნობის ამ პატარა შემთხვევას განგებ ბერავს და აზვიადებს, თითქო
ლაშას თავისი თავნებობით ქვეყანა შეერცხვინოს განძაში, საქართველოს სიძლიერისა და ქართველთა
მხედრობის უძლეველობისათვის სახელი გაეტეხოს!
მერე რად სჩადის ამას ათაბაგი? მხოლოდ იმიტომ, რომ მეფეს გაუტეხოს სახელი, თავნება და
თავქარიან ყრმად წარმოუდგინოს მთელ ქვეყანას, რათა შემდეგშიაც მის დაუკითხავად მართოს
სახელმწიფოს საქმეები.
საქართველოს დანარჩენ დიდებულებსაც ეგ უნდათ, მეფის ხელისუფლების გაძლიერება არც მათ
მოსწონთ და ისევ თვითნებური პარპაშისა და მოსაჩვენარი ერთიანობის შენარჩუნება ურჩევნიათ.
განა ცოტა სიმწარე აწვნიეს დიდ თამარს ქართველმა დიდებულებმა ტახტზე ასვლის პირველი
დღიდანვე? რამდენჯერ განუდგნენ და მოახვიეს თავს დიდებულ მეფეს სახელმწიფოს ძლიერებისათვის
მავნე და საზიანო ღონისძიება! სიმდიდრითა და ხელისუფლებით გაამაყებულმა ყუთლუ არსლანმა
ირანში კარვის დადგმაც კი მოითხოვა. ყუთლუ არსლანს რომ წადილისათვის მიეღწია, თამარს ისღა
რჩებოდა, ამ კარვის გადაწყვეტილებანი ემტკიცებინა და ზედ ბეჭედი დაესვა.
არ ინება თამარმა სამეფო ხელისუფლების ესოდენ დამცირება. პატიმარჰყო კიდევაც ყუთლუ
არსლანი, მაგრამ თავგასული მეჭურჭლეთუხუცესის თანამოაზრეებმა მეფეს ტუსაღი გააშვებინეს და
ხელმწიფის უფლების ერთგვარ შეზღუდვას მაინც მიაღწიეს.
ასე დაიწყო თამარის მეფობა. ამ უბრძენესი მეფისა და ულამაზესი ქალის მმართველობის
ბრწყინვალებას შემდეგშიაც არა ერთხელ გადაჰფარებია ქართველ დიდებულთა ღალატისა და
განდგომის შავი ღრუბელი. მაგრამ თამარი გონების სიღრმითა და პირადი მომხიბვლელობის ძალით
აბამდა მუდამ აწყვეტილ ან ასაწყვეტად გამზადებულ მთავრებსა და ერისთავთ-ერისთავებს.
ძლიერსა და შემმართებელ მეფეს, თამარის მამას გიორგისაც ბევრჯერ აწყევლინეს თავბედი
ქართველმა დიდებულებმა, გამუდმებული ღალატითა და შეთქმულებით, გაუთავებელი გამცემობითა
და დაუოკებელი თავნებობით.
დემეტრეს ხანმოკლე მეფობაც დიდებულთა მტრობითა და აშლილობით იყო ამღვრეული.
ხოლო დავით აღმაშენებლის მთელი სიცოცხლე ერისთავთა მოთოკვასა და კალაპოტში ჩაგდებას
შეეწირა. ბოლოს მაინც შეძლო დიდმა დავითმა მიზნის მიღწევა. დიდ-დიდ მთავრებს ლაგამი ამოსდო,
უძლიერესნი თავიდან მოიცილა, უფრო სუსტნი დააჩოქა.
უზომოდ განდიდებულსა და აღზევებულ ქართველ დიდებულებს ახლაც არ სურთ მეფის
ხელისუფლების მორჩილება. ძალისა და უფლებისაკენ მეფის კანონიერი სწრაფვა რომ შენიშნეს, სადავე
მოსწიეს და გასაშლელად გამზადებული ფრთები შეაკვეცეს.
მეფე არ ურიგდებოდა დიდებულთა თავნებობას. ქვეყნის მომავალი ძლიერების პირველ პირობად
მათი ამ უფლების შეზღუდვა და ტახტისადმი დამორჩილება ჩათვალა. ამ მიზნით, სამტროდ
გამდგართა უცნობლად, ჩრდილოეთიდან ყივჩაღთა დიდი ლაშქარი მოიწვია.
და როცა მეფე ასე ახლო იყო განზრახულის განხორციელებასთან, სწორედ მაშინ შეემთხვა ის
უბედური ხიფათი _ სიკვდილს გადარჩენილი ლოგინად ჩავარდა და დიდებულებმა მათ შესამუსრად
აღმართული ლახვარი უსისხლოდ გამოაცალეს ხელიდან. გამოაცალეს და უგუნურებმა საქართველოს
ფარულ მტერს, განძის თავგასულ ათაბაგს გადასცეს.
იმის მაგივრად, რომ ყივჩაღთა ლაშქრით საქართველოს მეფეს ქვეყნის გარეშე და შინაური მტრები
ემუსრა, ლაშა იძულებული გახადეს, სწორედ ამ ყივჩაღებთან ომში ჩაბმულიყო, სახელმწიფოსათვის
მათ მიერვე გამზადებული განსაცდელი ისევ მეფეს გადააბრალეს, განძაში მომხდარი შემთხვევა
უზომოდ გაბერეს და გააზვიადეს.
მეფის ერთადერთი ძლიერი და გონიერი თანამდგომელი _ შალვა ახალციხელი დაჭრილი იწვა
სასნეულოში; თურმან თორელსა და ბიბლა გურკელს, ბექა ჯაყელსა და მემნი ბოცოსძეს არც ძალა
ჰქონდათ და არც გავლენა.
ყივჩაღთა ლაშქრის გადმოსვლის ჩაშლის შემდეგ მეფე ვეღარ ხედავდა სხვა ახალ გზას, ახალ
საშუალებას, რომლითაც თავზე დამსხდარ დიდებულებს მოთოკავდა ან სრულიად მოიცილებდა
თავიდან.
იგი დაბნეული იყო, მარტოობისა და უმწეობის განცდამ მეფეს სასო წარუღო, კვლავ საკუთარი
უღონობის შეგნება დაეუფლა.
უცებ ნაცნობი ტკბილი ხმა ჩაესმა:
წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
ბინდის ფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება...
სიმღერა სულ ახლო ისმოდა. უცებ კარი გაიღო და ზღურბლზე თურმან თორელი, ბექა ჯაყელი,
ბიბლა გურკელი და მემნი ბოცოსძე აღიმართნენ. თორელს ხელთ ებანი ეპყრა, დანარჩენებს ყანწები და
წვადწამოგებული შამფურები დროშებივით მაღლა აღემართნათ და აღაჟღაჟებული სახეები
უდარდელად უცინოდათ.
_ მეფეს გაუმარჯოს!
_ მეფემ იდღეგრძელოს!
შესძახეს შეზარხოშებულმა ჭაბუკებმა და მეფის საწოლში შემოცვივდნენ. სატირლად გამზადებულ
ლაშას გუნება უცებ გადაეწმინდა. მეგობრების დანახვამ სიხარულის ღიმილი მოჰგვარა. მოწოდებული
ყანწი უსიტყვოდ გადაჰკრა, ჰაერში ააგდო და ფეხზე წამოიჭრა.
და ისევ დროსტარებასა და უზომო ქეიფს მიჰყვა დიდებულთაგან დამცირებული და
შეურაცხყოფილი, საკუთარი უღონობით გულგატეხილი ჭაბუკი მეფე.
ქალაქში და ქალაქგარეთ, მინდორში და ტივზე, ტყეთა ჩრდილში ჟინჟღილების შუქზე, დღისით და
ღამით გაბმით ქეიფობდა მეფე თანატოლებთან.
სასახლეში ლამაზი ქალები და მოქეიფე ჭაბუკები გამრავლდნენ. მეფე ან სუფრასთან იჯდა თავის
თანამეინახეებთან ან ლამაზებთან ნებივრობდა.
მხარგრძელსა და სხვა დიდგვაროვან დიდებულებს ფხიზელსა და მომთხოვნ მეფეს მემთვრალე და
უზრუნველი ჭაბუკი ერჩიათ, ქეიფსა და დროსტარებას არ უშლიდნენ და სახელმწიფოს ისევ თავიანთ
ნება-სურვილზე მართავდნენ.
@თავი მეცამეტე. საშინელი აჩრდილი
ზოგთ ბაგრატიონთ ასე სჭირთ,
არ ახსოვთ სამსახურია,
რაგინდ რომ ბევრი აამო,
ბოლოს არ გიგდონ ყურია...
ი. თბილელი
სასნეულოდან გამოსული მიგრიაულის დანახვამ ლაშა შეჰზარა: მარჯვენა თვალის ადგილზე რაღაც
ცარიელი ორმო აჩნდა ლუხუმს. შუბლისა და ლოყის დასაწყისთან, ამ ორმოს თავსა და ბოლოს ირიბი
ნახმლევი სფეროში გაყრილი ღერძის თავსა და ბოლოსავით აღბეჭდვოდა.
ეს საოცარი სფერო თუ სიღრმე ფერფლწაყრილი ნაკვერცხალივით თეთრწითლად ანათებდა და
ვაჟკაცის ისედაც მკაცრსა და კუშტ შეხედულებას რაღაც იდუმალსა და საშინელ იერს აძლევდა.
მეფემ ნაძალადევად გაუღიმა მისი გადარჩენისათვის ასე დასახიჩრებულ და დაგონჯებულ
მიგრიაულს. ტკბილი სიტყვის თქმა სურდა, მაგრამ ენა ჩაუვარდა, უნებური სიცივე მოერია და
თვალამოცლილ ფოსოს ქაჯურ ცქერას თვალი ვერ გაუსწორა.
* * *
ზაფხული იყო.
სამეფო კარი კოლას იდგა. მეფე კოლას გაუვალ ტყეებში ნადირობდა და ყმადნაფიცი ქვეყნების
მთავართა მიღებითა და ხარკის მითვლით იყო გართული.
ჯერ ხლათის მელიქისაგან მოუვიდა მეფეს ხარკი და მდიდარი ძღვენი. შემდეგ არზრუმის
მბრძანებელი სელჩუკიანი ტოღრულ შაჰი ეახლა.
ერთ დროს უძლეველი თურქი სულტნების შთამომავლის, აწ ქართველთა ყმადნაფიცის, მაჰმადიანი
ტოღრულ შაჰის დროშის თავს ჯვარი ამშვენებდა, ხოლო თავათ ყილიჯ არსლანის ვაჟს ტანთ
საქართველოს მეფეთ მეფის ნაწყალობევი ხალათი ეცვა.
რაკი ტოღრულ შაჰის მრავალმა ცდამ მის სამფლობელოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ვერ
დაუბრუნა, ახლა ტოღრული სრული მორჩილების გზას დადგომოდა და ძლიერი საქართველოს სამეფო
კართან კეთილი განწყობილებით სურდა თავისი ტახტის შენარჩუნება და ქვეყნის მტერთაგან დაცვა.
არზრუმის სულტანს თამარის ასულსა და ლაშა გიორგის დის სილამაზეზე ბევრი სმენოდა, მისი
სურათიც ენახა და ახლა საკუთარი თვალით სურდა ჯერ კიდევ უასაკო რუსუდანის ნახვა.
ტოღრულ შაჰს საცოლო ვაჟი ჰყავდა _ მოღასედინი და არზრუმის მფლობელი საქართველოს სამეფო
კართან დამოყვრებას ოცნებობდა.
მეფე რომ ტოღრულ შაჰის მასპინძლობას მორჩა და მოხარკე გაისტუმრა, კოლას ფარულად
ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი კომნენი ეწვია მცირე ამალით.
მეფე გზად გაეგება ბერძენ იმპერატორს, გადაეხვია და ძმურად მოიკითხა.
კომნენმა მეფის ამალას ჩამოუარა, ყველას შინაურულად მიესალმა და ხელი ჩამოართვა.
უცებ ლუხუმს წაადგა. მის შეხედვაზე შეკრთა და უამურად გააჟრჟოლა. წამსვე შებრუნდა, ცხენზე
შეჯდა და ლაშას მხარდამხარ მეფის სამყოფელისაკენ გასწია.
კომნენი გარეგნულ ბრწყინვალებას არ თმობდა, თორემ ის კომნენი აღარ იყო, ლაშას მეფობის
პირველ წელს რომ იმოგზაურა საქართველოში.
ძველი დიდების აღდგენისა და თურქთა მოხარკეობისაგან გათავისუფლების ერთადერთ იმედს
კომნენი საქართველოს მეფის დახმარებაზეღა ამყარებდა. ფარულად ელჩებსა და ძვირფას ძღვენს
უგზავნიდა ხოლმე ლაშას და ახლა თავადაც საიდუმლოდ ეახლა, რომ თავისი გვირგვინოსანი
ნათესავისა და მეგობრისათვის შველა და შეწევნა ეთხოვა.
სინოპის მარცხის შემდეგ ალექსის დიდი გული აღარ უნდა ჰქონოდა, მაგრამ კომნენი ჩვეულ
ქედმაღლობას მაინც არ იშლიდა და თავი ისე ეჭირა, თითქო ქეიქაუსის მოხარკე კი არა,
კონსტანტინეპოლის ტახტზე მჯდომელი ყოფილიყოს.
ლაშას, ცოტა არ იყოს, აღიზიანებდა კომნენის უკუდო ამპარტავნობა და დამცინავი ღიმილით
შეჰყურებდა თურქთა უღელში თავგაყოფილი იმპერატორის უღონო ფაფხურს.
პურობაზე ისევ შეხვდა მეფის უკან ფეხზე მდგარ ლუხუმს კომნენი, ისევ ცივმა ჟრუანტელმა დაუარა
საშინლად დასახიჩრებული ვაჟკაცის დანახვაზე და იმპერატორს ჭამის მადა დაეკარგა.
თავჩაღუნული ჭამდა და სვამდა ბერძენთა მეფე, კვლავ ლაშას მცველს არ შევხედოო, მეფის უკან
გახედვისა ეშინოდა, მონუსხულივით იჯდა და თავს ძალას ატანდა, რომ მხიარულ მეფეს აჰყოლოდა და
უგუნებობა არ შეენიშნათ.
მეფემ ლუხუმი მოიხმო, ჩუმად ყურში რაღაც უჩურჩულა და მიგრიაული მაშინვე დარბაზიდან
გავიდა.
_ ეს საფრთხობელა სად იშოვე, მეფევ? _ ღიმილით უთხრა კომნენმა და პასუხს არ დაუცადა,
თვითონვე დაუმატა: _ ღმერთო, რა მახინჯია! როგორ უცქერი ყოველდღე?!
_ ეგ ის მცველია, შენ რომ ტახისაგან სიკვდილს გადაგარჩინა და ფორუმზე ძეგლის დადგმას
ჰპირდებოდი, _ დამცინავად მიუგო მეფემ.
_ ღმერთო, ნუთუ ის არის? აკი მეცნაურა, მაგრამ ასეთი რა დამართნია, რომ კაცს აღარა ჰგავს! _
შეიცხადა კომნენმა.
_ ორგზის მე მიხსნა სიკვდილისაგან უბედურმა, ჩემი მოსახვედრი მაგან მოიხვედრა და მტრის
ხმლით სახე დაეჩეხა. მე ცოცხალი გადამარჩინა და თავად აგრე დაგონჯდა.
_ ერთგულებისთვის ჯილდო იცოდით ქართველთა მეფეებმა. ალბათ, ძალიან გებრალება, რომ
თავიდან ვერ მოიშორე. პურის ჭამაზე მაინც როგორ იტან მაგის ყურებას! გულს მირევდა მისი
გამოხედვა და შენი დიდი კრძალვა რომ არ მქონოდა, მე თვითონ გავიქცეოდი სუფრიდან ამდენ ხანს.
მეფე დუმდა და სახე მოღუშვოდა. ეტყობოდა, არ მოსწონდა კომნენის ესოდენი კადნიერება, მაგრამ
რაკი იმპერატორი მის გულისპასუხსაც ამბობდა, საწინააღმდეგო ვეღარაფერი ეთქვა.
_ ქართველთა მოდგმა სილამაზით მთელ ქვეყანაზეა განთქმული, მაგრამ მე რომ ქართველებს არ
ვიცნობდე, შენი მცველის მნახველი სხვა შეხედულებისა ვიქნებოდი, _ სიცილით თქვა კომნენმა და
ღვინო მოსვა.
_ რას ჩაფიქრებულხარ, მეფევ? _ ენამზეობდა ისევ კომნენი. _ ნუთუ აგრე გაგიჭირდა ერთი
ნამსახური ყმის თავიდან მოშორება. იცოდე, უსაშველო ქვეყნად არაფერია, ყველა სიმაგრეს შემოევლება
და ყველა ციხეს ხვრელი აქვს. ყველაზე დიდი საფიქრალი კაცმა თურმე დამშვიდებით უნდა იფიქრო და
ყველაზე ძნელი საზრუნველი უნდა გაიიოლო. ნეტარი შენი ბიძა და პაპაჩემი _ დიდი ანდრონიკე
კომნენი, არათუ ესოდენ უმნიშვნელო საზრუნავით იფუჭებდა გუნებას, უდიდეს გაჭირვებასაც
არხეინად ხვდებოდა და განსაცდელს დროსტარებად აქცევდა. როცა მანოელ იმპერატორმა
კონსტანტინეპოლის სასახლის ერთ-ერთ ციხე-კოშკში შეაგდო ბორკილგაყრილი ანდრონიკე,
დიდებულმა პაპაჩემმა სასოება კი არ წარიწირა, დატუსაღების დღიდან იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ
როგორ გაქცეულიყო ციხიდან. ერთ მშვენიერ დღეს პატიმარმა შენიშნა, რომ მისი სამყოფელი კოშკის
ქვეშ წყალსადენის ძველი, უკვე გაუქმებული მილი გადიოდა. გამჭრიახმა და გაბედულმა პაპამ იატაკი
ამოთხარა, წყლის მილში ჩაძვრა, რომ არავის შეემჩნია, დიდი წვალებით ქვის დაფები ისევ ძველებურად
დააფარა ხვრელს და დაიმალა. შუაღამისას გუშაგებმა შენიშნეს, რომ ტუსაღი აღარ ჩანდა და ელდა
ეცათ, ანდრონიკეს საკანი გადაატრიალეს, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილზე დახვდათ, ესოდენ
გასაფრთხილებელი პატიმრის გარდა. ტუსაღის აგრე წყალწმიდად გაქრობამ უაღრესად შეაშფოთა
ციხისთავი. იცოდნენ, დაუსჯელად არ ჩაუვლიდათ ეს დანაშაული, მაგრამ მაინც მაშინვე მანოელს
აცნობეს მომხდარი ამბავი. მთელს იმპერიაში ძიება გამოცხადდა. ნავსადგურები დახურეს და
ხომალდებს აღარ უშვებდნენ გაუჩხრეკავად, გზები და გასასვლელები შეჰკრეს და მთელი ქვეყანა ფეხზე
დააყენეს „გაქცეული ტყვის“ შესაპყრობად.
„ლტოლვილის“ ამდენ მძებნელს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ტუსაღი არსადაც არ წასულა და ისევ
მათ ხელთ იყო. სხვას რომ ვერაფერს გახდნენ, დაკარგულის ახლობლების ჩხრეკა და დაკავება დაიწყეს.
პირველად ყოვლისა, ანდრონიკეს თანამეცხედრეზე მიიტანეს ეჭვი, რომ იგი იქნებოდა ქმრის გაქცევის
მონაწილე. იმავ დღეს დააპატიმრეს და იმ საკანში დაამწყვდიეს, სადაც ანდრონიკე ჰყავდათ
დატუსაღებული.
იმ დღეს გარეთ ამდენი ალიაქოთი რომ იყო, ანდრონიკე არხეინად იჯდა თავის ჯურღმულში. როცა
კარგად დაღამდა, ისევ მაღლა ამოძვრა და თავის ცოლს გამოეცხადა. შეშინებულ ცოლს მოჩვენება ეგონა,
მაგრამ პაპაჩემმა მაშინვე დაუმტკიცა, თუ რა უხორცო აჩრდილიც იყო. ამის შედეგი ის გახლდათ, რომ
ცხრა თვის თავზე ანდრონიკეს თანამეცხედრეს ბიძაჩემი იოანე შეეძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ფათერაკებით სავსე ანდრონიკეს თავგადასავალი ყველა იქ მყოფმა იცოდა,
მაინც ყურადღებით მოისმინეს დიდი იმპერატორის შვილიშვილის ნაამბობი და გულიანადაც იცინეს.
მეფემ თავს ძალა დაატანა, რომ ენაზე მომდგარი სათქმელი არ ეთქვა _ შენ თუ იჩენდი შენი პაპის
მსგავსად სიმშვიდეს, სინოპის წინ რომ ეკიდე თავდაღმაო. ისედაც დამცირებული ბერძენთა ბაქია
იმპერატორი შეებრალა, ერთი დამცინავად გადახედა და სასმისი სასმისზე მიუჯახუნა, რომ სტუმარს
მოტოვებული ღვინო ბოლომდე დაელია.
იმ დღიდან თბილისში დაბრუნებული მეფისათვის ლუხუმი წამებად იქცა. მის ყოველ დანახვაზე
ლაშას კომნენის სიტყვები ახსენდებოდა, ტანში აჟრიალებდა, გუნება ეწამლებოდა და თვალთ
უბნელდებოდა.
სილამაზისა და მშვენიერების მოყვარულ ლაშას ეს შემზარავი დაგონჯებული ვაჟკაცი ჩრდილივით
სულ თან დასდევდა და სულსა და გულს უმღვრევდა.
ლაშა ყოველნაირად ცდილობდა ამ საშინელი აჩრდილის მოშორებას. ხან გაეპარებოდა ხოლმე, ხან
რამეს დაავალებდა, რომ თავიდან მოეცილებინა, მაგრამ ერთგული მეფისმცველი დავალებას სწრაფად
ასრულებდა და თვალსა და ხელს შუა გამქრალ მეფეს ხელადვე პოულობდა.
ვერ იქნა და ვერ მიეჩვია მეფე ლუხუმის სიმახინჯეს. ცდილობდა, თავის თავისთვის ჩაეგონებინა ამ
ვაჟკაცისადმი სიბრალული იმის გამო, რომ ეს თვალი და კინაღამ სიცოცხლეც მიგრიაულმა ლაშას
შესწირა. მეფის გონება ლუხუმს ერთგულ, თავგანწირულ მოყმედ სახავდა, გული და თვალი კი
თანდათან უფრო უფრთხოდა და მის სიახლოვეს ვერ იტანდა.
ბოლოს ეს გრძნობა ლაშას ლუხუმისადმი აუხსნელ შიშად ექცა და ხშირად მთელ დღეს საწოლიდან
გამოუსვლელობას არჩევდა კართან მდგარი მცველის დანახვას.
იტანჯებოდა მეფე ლუხუმის სიახლოვით. ეუხერხულებოდა, ვისმესთვის გაემხილა და ვერც მიზეზი
რამ ეპოვნა ერთგულად ნამსახური მცველის თავიდან მოსაშორებლად.
კარისკაცები და შიმუნვარებიც პირს არიდებდნენ დუხჭირ შესახედავსა და საშინლად დაგონჯებულ
მეფის მცველს, მასთან შეხვედრას გაურბოდნენ და აუცილებელ საქმეზე თავდახრილი
ელაპარაკებოდნენ, რომ პირდაპირ სახეში არ შეეხედნათ.
გაუძნელდა მეფეს ლუხუმის სიახლოვე. გაუჭირდა ლუხუმსაც ამდენ ხანს ლილესა და სახლ-
კარისაგან შორს ყოფნა და კრძალვით შეჰბედა მეფეს:
_ რაც დავიჭერი, ცოლი და დედა არ მინახავს, მეფე- ბატონი თუ ნებას დამრთავს, რამდენიმე დღით
სახლ-კარს მოვინახულებ.
მეფემ გაიხარა, რომ ასე კარგი შემთხვევა ეძლეოდა საშინელი აჩრდილის თავიდან მოსაშორებლად.
_ რამდენიმე დღე კი არა, თუ გინდა, რამდენიმე თვით წადი, ნაჭრილობევი ხარ, დაისვენე და
ოჯახსაც მიჰხედე! _ უთხრა ლუხუმისაგან სახეშექცეულმა ლაშამ.
მადლიერი მიგრიაული სიხარულით დაეთხოვა მეფეს.
* * *
ქეთევანის სახლის წინ ცხენოსანი შეჩერდა. ძაღლმა ერთი შეჰყეფა და მერე წკმუტუნით და კუდის
ქნევით გაიქცა ჭიშკრისკენ.
თონეზე გადაყუდებული ქეთევანი წელში გაიმართა, ჭიშკრისკენ მოტრიალდა და ცხენოსანს
გაოცებით შეხედა. ერთი შეხედვით უცხოდ მოეჩვენა თავპირგაჩეხილი, ცალთვალა ცხენოსანი.
ცხენოსანმა ქეთევანისკენ იბრუნა პირი.
_ მგონი, ვერ მიცანი, დედილო! _ ალალად გაუღიმა ცხენოსანმა და ჭიშკართან დაქვეითდა, ქეთევანს
უცებ თვალიდან ცრემლი მოსწყდა და მაშინვე თავსაფრის ყურით მოიწმინდა.
_ ლუხუმ, შვილო! _ სიხარულით თუ შეშფოთებით შესძახა ქეთევანმა და გულამოვარდნილი გაიქცა
შვილისკენ.
დედამ ერთი კი შეავლო ლუხუმის ნახმლევს თვალი, შეტოკდა, მაგრამ არ შეიმჩნია, შვილს მოეხვია,
ჩაჰკოცნა და გულში ჩაიკრა.
_ მოდი, შვილო, მოდი, დედა გენაცვალოს! ძლივს ვეღირსე შენს ნახვას... მადლობა ღმერთს, რომ
ცოცხალი გადამირჩი... დღეს დილიდან ჩიტი დამძახოდა და აკი ამიხდა! _ ლაპარაკობდა ქეთევანი და
თვითონაც არ იცოდა, რად ევსებოდა თვალი ცრემლებით _ ნანატრი შვილის ნახვით თუ
დასახიჩრებულის ცქერითა და სიბრალულით.
_ როგორ ხარ, დედი, ხომ კარგად?! _ მოიკითხა ლუხუმმა და თვალი ეზო-გარემოს მოავლო.
_ კარგად, შვილო, ჩვენ რა გვიშავს, ოღონდ შენმა ჯავრმა გადამიყოლა მეცა და ის საწყალი შენი
ქალიც.
ლუხუმი სახლის წინ პატარა სამფეხა სკამზე ჩამოჯდა, სახლს ახედა, თვალი ისევ გარემოს მოავლო
და ხმადაბლა იკითხა:
_ ლილე სად არი, დედი?
_ ლილე, შვილო? ახლავე! მეზობლებში გადავიდოდა, _ აფუსფუსდა დედა.
_ თანდო! _ გასძახა ქეთევანმა.
თონესთან ლოყებაწითლებული, ფეხშიშველა ბიჭი იდგა. პატარა ბიჭი ქეთევანის დაძახილზე
შეკრთა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
_ თანდო, შვილო, მოდი, ლუხუმს ეჩვენე... _ მოიწვია ქეთევანმა ბალღი და თან შვილს
გადაულაპარაკა, _ ჩვენებიანთ ლევანას ობოლია, კაი ბიჭია, დაუზარელი.
თანდო ადგილიდან არ დაიძრა.
_ მოდი, ბიჭო, რისა გრცხვენია? _ წაათამამა ქეთევანმა, მაგრამ ბიჭი ადგილიდან არ იძვროდა,
შეშინებული დედაშვილს თვალს არიდებდა და, ეტყობოდა, მოძალებული ცრემლის შემაგრებას
ცდილობდა.
_ თანდოს გაუმარჯოს! _ წამოდგა ლუხუმი და ბიჭისკენ ღიმილით წავიდა. _ რაკი შენ არ
მკადრულობ, მე თავად უნდა გეახლო და გაგეცნო... _ ხუმრობდა ლუხუმი და თანდოს უახლოვდებოდა.
თანდო წამით შემოტრიალდა და მისკენ მომავალ ლუხუმს რომ შეხედა, შიშით გულგახეთქილმა
შეჰბღავლა:
_ არა, არ მინდა... _ ამდენ ხანს შეკავებული ცრემლი წასკდა და ღრიალით გაიქცა.
_ მოდი, ბიჭო, რისა გეშინიან? _ მისძახოდა ლუხუმი და ღიმილით აყოლებდა თვალს ეზოდან
გავარდნილ თანდოს.
დედა მიხვდა, რისაც შეეშინდა ლევანას ობოლს. ერთი თავისთვის ჩაიგმინა გულდათუთქულმა _
ვაი, შვილო, შენს შემხედავ დედასო... _ და ლილეს გასძახა.
_ დედა, რა ამბავია? _ გადმოსძახა აივნიდან ხმაურზე გამოსულმა ლილემ.
_ შინა ხარ, შვილო? მეზობლებში მეგონე... ლუხუმი მოვიდა, ჩამო! _ შეჰღიმა დაბლიდან ქეთევანმა.
ლილემ ხელსაქნარი გააგდო და მოაჯირიდან გადმოიხედა.
_ გამარჯობა, ლილე! _ შესძახა დაბლიდან ლუხუმმა, ყელი გვერდზე მოიქცია და სიხარულით
სახეგაბადრული შეაცქერდა.
ჭროღა საღი თვალი სიხარულით უბრწყინავდა ლუხუმს, მეორე თვალის მაგივრად რაღაც უტყვი,
მაგრამ საშინელი, თეთრ-წითლად დანაოჭებული სიღრმე შეჰყურებდა ლილეს.
სახის ცალი მხარე უცინოდა და მღელვარებისაგან უთამაშებდა მიგრიაულს, ხოლო მეორე
გაყინულივით ცივად და უძრავად, იდუმალებით სავსე, მაგრამ ამაზრზენი, მიქცეულიყო ლილესაკენ.
ლილეს ორჯერ ჰყავდა ნახული თბილისის სასნეულოში დაჭრილი ლუხუმი. მაშინ თვალი ახვეული
ჰქონდა მეფის მცველს და თუმცა ექიმებმა გააფრთხილეს, ცალთვალა დარჩებაო, ცოლს მაინც ვერ
წარმოედგინა ქმრის ესოდენ დასახიჩრება და დაგონჯება.
ქალს წამით ჟრუანტელმა დაჰკრა და თმებიდან ფეხის ფრჩხილებამდე სიცივე იგრძნო, კინაღამ სახე
იბრუნა, მაგრამ დედის ხვეწნანარევმა ძახილმა გამოარკვია.
_ ჩამო, შვილო, ჩამო... _ დედის ხმაში დამწვარი გულის ძახილი გაიგონა ლილემ. შეეცოდა ქალს
უბედური ვაჟკაცი, თავს ძალა დაატანა, სატირლად გამზადებულ სახეზე ღიმი მოიფინა და კიბეზე
დაეშვა.
ლუხუმისათვის პირდაპირ აღარ შეუხედია, ისე მიირბინა, მოეხვია და თავი ვაჟკაცის მკერდში
ჩამალა.
ეზო მნახველებით გაივსო, მოდიოდნენ მეზობლები, ახლობლები და შორებლები. მეასეჯერ
აამბობინებდნენ და უსმენდნენ მეფის მცველს განძის ბრძოლის, ლუხუმისაგან მეფის გადარჩენის, მისი
დაჭრისა და მკურნალობის ამბავს.
ერთხელ შემხედავნი სახეში ვეღარ უყურებდნენ, თავდახრით ელაპარაკებოდნენ და უსმენდნენ.
ეზოდან გასულები თავის ქნევითა და ოხვრით მიდიოდნენ და ორღობეებში ხმადაბალი ლაპარაკი
ისმოდა.
_ როგორ დაგონჯებულა ბედშავი! აფსუს, რა ვაჟკაცი იყო!
_ ანკი როგორ გადარჩა?!
_ კაცს აღარა ჰგავს და ეგეთ გადარჩენას სიკვდილი არ ერჩივნა?!
_ ვაი, მაგის უბედური დედისა და ცოლის ბრალი!
იტყოდა რომელიმე დედაკაცი და ცხოვრების სიმკაცრეგამოცდილი ბერიკაცი იქვე მოუჭრიდა:
_ თავად იკითხოს უბედურმა, თორემ ლამაზ ქალს ქმრის სიგონჯით თავი როდი დაუჩაგრავს?!
@თავი მეთოთხმეტე. ხარბი სტუმარი
ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გულიგითქვამს საჭმელსა მისსა, ნუცა მოიყვანებ
შენთან მას და შჭამ შენ პურსა მისთანა...
იგავნი
მთელ ღამეს მეფის ამბავს აყოლებდა ლილე ლუხუმს. მის გარეგნობასა და ხასიათზე, ზნესა და წესზე
ათასგვარ რასმე ეკითხებოდა.
პირდაპირ კედელზე, ლილეს საწოლთან ეკიდა ლაშას სურათი: პატიოსანი თვლებით მოჭედილ
ოქროს ტახტზე იჯდა მეფე. აბრეშუმის თეთრ ყელმოჭრილი პერანგისა და თეთრი ატლასის ახალუხის
ზემოთ ლაშას ლაჟვარდი კაბა ემოსა. ენებიან კაბაზე სარტყელი შეხსნილი ჰქონდა. ფერხთ
ოქროსწინწკლებიანი მწვანე პაიჭები და წვეტიანი, ქუსლმაღალი მაშიები ეცვა. მხრებზე ოქროს
ყვავილებით მოქარგული ფარჩის ღართი ჰქონდა მოსხმული. მარჯვენა ხელს ნიკაპით დაყრდნობოდა,
ხოლო მარცხენაში მცირე გრაგნილი ეპყრა.
პატიოსანი თვლებით შემკული ოქროს გვირგვინი და სკიპტრა გვერდით იდო, პატარა ტაბლაზე.
მეფის გამოხედვა ძალისა და სიმდიდრის ამ ნიშნებისადმი სრულ გულგრილობასა და განურჩევლობას
ამჟღავნებდა, ხოლო ოცნებაში წასული ღრმა, ცისფერი თვალები მეფის სახეს უაღრესად დაფიქრებულსა
და ამაღლებულ იერს ანიჭებდნენ.
სურათში ლაშა უფრო ნაზსა და განებივრებულს, სოფლის ამაოებაზე ადრე დაფიქრებულ
უფლისწულს ჰგავდა.
იგი ლილესათვის კეთილი ნერგი, ყოველთა ფერთაგან შემკობილი მოზარდი ყვავილი იყო, მშვიდი
და განურისხებელი.
ქმარი თითქო იმას მოუთხრობდა ლილეს, რაც მან უკვე იცოდა ლაშარის ხატში მეფის ერთხელ
ნახვით და ამ სურათის გამუდმებული ცქერით, მასთან უხმო საუბრითა და ჩუმი სულიერი კავშირით.
_ უბრალო მონა რა არი, იმასაც არ დაჰკრავს ერთ მათრახს. ყოველი კაცის მოყვარულია _ დიდისა და
მცირესი. გონებით უმანკო, გაჭირვებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლეა ჩვენი ხელმწიფე, _
მოწიწებით ამბობდა ლუხუმი მეფეზე და ლილეს შინაგანად სწამდა, რომ მეფე სწორედ ასეთი უნდა
ყოფილიყო.
არ სჯეროდა და მის წარმოდგენას არ ეგუებოდა ლუხუმის ნათქვამი ლაშას ლომგულობასა და ომში
მხეცქმნილობაზე, მეფის უებრო ძალოვნებასა და შემმართებლობაზე. ვერ წარმოედგინა ლილეს, რომ
ესოდენ ნაზსა და ლმობიერს, მაღალი ფიქრითა და ოცნებით გატაცებულ ჭაბუკ მეფეს კაცის კვლა
შესძლებოდა, თუნდაც გაცხარებულ ომში.
ამიტომ ყოველივე ის, რასაც ლუხუმი განვლილ ბრძოლასა და მეფის გმირობაზე უამბობდა, ლილეს
გულს არ სწვდებოდა, მის წარმოდგენას არ ავსებდა ლაშაზე და მისი ფიქრისა და გონების გარეშე
რჩებოდა, თითქო იმ ადამიანს არც კი ეხებოდა, რომლის ცხოვრების ყოველი წვრილმანი ასე
ანდამატივით იზიდავდა ლილეს.
ლუხუმი გლეხურ გულუბრყვილობით და აღტაცებით უამბობდა ლილეს კარის ცხოვრებაზე, მეფის
თანამოჰასაკე მეგობრების სიმდიდრესა და ბრწყინვალებაზე, მაგრამ ლილეს წარმოდგენაში ვერც ერთი
ულამაზესი და უბრწყინვალესი დიდებული ლაშამდე ვერ მაღლდებოდა და მის გონებას კეთილშობილ
ლაშასთან შედარებით სხვა ყველა უბრალო პირუტყვებად ესახებოდა.
_ მეფეზე ამბობენ, დედათა მოყვარე არისო... მართალია, ლუხუმ? _ იკითხა ლილემ და თავისივე
ნათქვამის გამო თვითონვე შერცხვა და გაწითლდა.
_ არა უმეტეს სხვათა მეფეთა, გონიერთა და პატიოსანთა... _ მიუგო ლუხუმმა და ახლა იგი
გაწითლდა იმის გამო, რომ იცრუა.
_ ეს თუა მართალი, ლუხუმ, მეფე ბევრსა სვამს და მემთვრალეთა თანა განისვენებსო... _ კვლავ
იკითხა ლილემ.
_ სმით სვამს დიდებული მეფე, მაგრამ არც იმდენს, რამდენსაც ბოროტი მეჭორენი ლაპარაკობენ...
ამბობენ, ჯავრით სვამსო ჩვენი ხელმწიფე.
_ საჯავრებელი რა უნდა ჰქონდეს ეგოდენ ბედნიერსა და ძლიერ მეფეს? _ გაიკვირვა შეწუხებულმა
ლილემ.
_ მაგას ჩვენ ვერ გავიგებთ, ლილე, ჩვენისთანა უბირები ვერ მისწვდებიან მეფის მაღალ განზრახვასა
და საზრუნავს...
ორივე დადუმდა და ფიქრმა წაიღო.
უცებ ლილემ მძიმედ ამოიოხრა.
_ რად ოხრავ, ჩემო ანგელოზო? რამ დაგაღონა? _ ჩაჰკითხა ლუხუმმა.
_ ერთი ხვაშიადი მაქვს, ლუხუმ, და ვერ კი მითქვამს.
_ რა ხვაშიადი, ლილე? ისეთი რა იქნება, რომ ვერ გამიმხილო?
_ არა, გაუმხელი რა არის, მაგრამ ვშიშობ, შენ არ მომიწონო.
_ შენ ისეთი რა უნდა იფიქრო, რომ მე არ მომეწონოს, საყვარელო?!
_ მეფე ვაწვიოთ, ლუხუმ.
_ ააა? _ გაოცებისაგან გაშტერდა ლუხუმი.
_ მეფე ვაწვიოთ სტუმრად.
_ სადა, აქ, ჩვენს სახლში?
_ აქ, ჩვენს სახლში.
_ მერე რით გინდა მეფეს დაუხვდე? შევძლებთ კია მეფის გამასპინძლებას?!
_ შევძლებთ, ლუხუმ, შეუძლებელი რა არი. ღვთისა და მეფის წყალობით, ფრინველი ბევრი გვყავს
და ოთხფეხი, ბეღელი სავსე გვაქვს და მარანი...
_ ვაითუ, საკადრისად ვერ დავხვდეთ მეფეს, _ წაილუღლუღა ფიქრში წასულმა ლუხუმმა.
_ მაგისა ნუ გეფიქრება, ლუხუმ, ეგ მე მომანდე და ჩემზე იყოს, მეფეს ისეთი პატივი ვცე, სამუდამოდ
დაამახსოვრდეს. არაფერზე შენ არ გაგრჯი და არც შეგაწუხებ, შენ ოღონდ ერთი გააკეთე, მეფე აწვიე.
_ მეფის წვევა ადვილია, ლილე, მაგრამ...
_ სხვა ჩემზე იყოს-მეთქი, განა ჩემი არ გჯერა? ხომ იცი, რომ არ შეგარცხვენ, _ დაუტკბა და მოეხვია
ლილე.
საყვარელი ცოლის ალერსით დამდნარი ლუხუმი თავდავიწყებით კოცნიდა მის მონატრებულ
გულმკერდს და ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლუღლუღებდა:
_ ეგრე იყოს... შენს სურვილზე იყოს, ჩემო სულისდგმავ!..
შუაღამე გადასული იყო. ლუხუმს უკვე ჯანმრთელი ვაჟკაცის ნებიერი ძილით ეძინა.
ლილე სიბნელეში ქმრის დაგონჯებულ სახეს ვეღარ ხედავდა, სამაგიეროდ, მის ძლიერ სუნთქვას და
გოლიათურ სხეულს გრძნობდა. ომიდან სახელითა და ჯილდოებით დაბრუნებული მეფის მცველი
ყოვლისშემძლე ეგონა და დიდი, თავდავიწყებული სიყვარულის ღირსად მიაჩნდა. ხედავდა ლილე, რომ
იგი, ესოდენ სუსტი და პატარა ქალი, ამ დევისოდენა კაცის სულისა და ხორცის სრული ბატონ-პატრონი
იყო. მისდამი ქმრის უსაზღვრო სიყვარული საამაყოდ ეჩვენებოდა და თვითონაც გრძნობდა ამ წმინდა
სიყვარულის წინაშე თავს ვალდებულად. იგი ახლა ისე ახლობლად თვლიდა თავის ართვალს, მაგრამ
ალალსა და ღონიერ ქმარს, ესოდენ გულით უნდოდა მასთან ასე განუყრელად ყოფნა, რომ მისი
მკერდიდან ძალითაც ვერავინ ააგლეჯდა. ბურანში წასულისთვის რომ გეკითხათ, ქმარი თუ გიყვარს, ან
ბედნიერი ხარ თუ არაო, ალბათ, „ჰოს“ მეტს ვერაფერს გეტყოდათ. ყოველ შემთხვევაში, იგი გრძნობდა,
რომ რამდენიმე ასეთი ბედნიერი ღამე საკმარისი იქნებოდა, რათა ქმარი საბოლოოდ და გულწრფელად
შეჰყვარებოდა. მძინარ ლუხუმს ზედ ეკვროდა და ალერსითა და ფიქრით დაღლილს ნეტარი რული
ერეოდა.
მეორე დღეს ლუხუმმა დედას გაუზიარა განზრახული, ქეთევანი უარზე დადგა, მეფის წვევა რა ჩვენი
საქმეა, ხელმწიფის სტუმრობით კარგი ვის მოსვლიაო.
ლილე დუმდა, იგი გუმანით ხვდებოდა, რომ დედა მართალი იყო. წუხანდელი განცდისა და ფიქრის
შემდეგ მასაც ზედმეტად და სახიფათოდ ეჩვენებოდა მათ მყუდრო ოჯახში მეფის მოსალოდნელი
სტუმრობა. მას უკვე ადრინდებურად აღარ აღელვებდა მეფის სტუმრობა. ამიტომ გულგრილად ისმენდა
ლუხუმისა და ქეთევანის საუბარს. გრძნობდა, რომ ლუხუმი მის საამებლად არწმუნებდა დედას მეფის
წვევის სიკეთეში, გრძნობდა, მაგრამ თავისივე განზრახვის წინააღმდეგ ხმას არ იღებდა. ლუხუმმა თავი
გამოიდო, დედას ყური არ უგდო და თავისი დაიჟინა _ გინდა, არ გინდა, მეფე უნდა ვაწვიოთო.
იმ დღეებში კახეთის ერისთავი ბაკური ემზადებოდა თბილისისკენ გასამგზავრებლად და ლუხუმი
საგულდაგულოდ ეახლა ერისთავს.
_ ამდენი ხანია შენს საერისთავოში ვსახლობ. ჩემსას ერთხელაც არ ბრძანებულხარ, ღირს მყავ და
სტუმრად მეწვიე, _ სთხოვა ლუხუმმა.
ბაკურს დიდი ხანია თვალში ეკლად ჰქონდა ველისციხელი მეფის მცველის კოხტა სახლ-კარი და
მამულები. შურით უცქეროდა შორიდან, როგორ იფართოებდა მიწა-წყალს მეფის ნაწყალობევით
გვირგვინოსნის უახლოესი მსახური.
სხვას მის ადგილზე ამდენ ხანს წაგლეჯდა რასმე ხარბი ერისთავი, მაგრამ ხელმწიფის შიშით
ლუხუმს ბუზსაც ვერ უფრენდა და შორიდან თავისსავე გულს ასკდებოდა.
კარგა ხანია მიგრიაულის ბაღ-ვენახისა და სახლ-კარის ქება ესმოდა ერისთავს. სურდა საკუთარი
თვალით შეეთვალიერებინა ახლად გააზნაურებული გლეხის დოვლათი, მაგრამ აქამდე შესაფერისი
შემთხვევა არ მისცემოდა, ხოლო დაუპატიჟებლად კარზე მიდგომა, ცოტა არ იყოს, ეჩოთირებოდა ამაყ
ერისთავს.
დედათა გადამეტებით მოყვარულს და ქალების წუწკს, მიგრიაულის ცოლის საზღაპრო სილამაზეც
ჰქონდა გაგონილი და მისი თვალის ერთი შევლებისათვის სული მისდიოდა.
_ ფრიად მეამება შენი წვევა, ჩემო ლუხუმ, _ გაიხარა ერისთავმა. _ სხვა არა იყოს რა, მეზობლები
ვართ და არ ვარგა ასე შორი-შორს ყოფნა. მე თვითონ უნდა მეწვიე აქამდისაც, მაგრამ რაკი ნავსი შენ
გასტეხე, ამიერიდან ერთიმეორესთან მისვლა-მოსვლასა და სტუმრობას ნუღარ მოვიშლით. _
თავპატიჟგაუდებლად უთხრა ბაკურმა და იმდღესვე კახეთის ერისთავი ველისციხელ აზნაურს
ესტუმრა.
ბაკურის საამებლად და დროს გასატარებლად ლუხუმმა ორიოდე სხვა საპატიო სტუმარიც იწვია.
ლილე და ქეთევანი დილიდანვე დატრიალდნენ და ერისთავის საკადრისი მასპინძლობა მოამზადეს.
ხარბ ბაკურს გზაზევე, ჭიშკართან მისვლამდე დაუყენა თვალი მიგრიაულის ეზო-გარემომ.
ცხენდაცხენ მიმავალი ბაკურის შური ჯერ კიდევ ლუხუმის ზვარმა აღძრა _ კარგად შეკრული ზვრის
ღობე გრძლად გაეჭიმა და არ იქნა, აღარ გათავდა. ზვარს დახუნძლული ხეხილით სავსე ბაღი მოჰყვა და
ბოლოს სუფრასავით სუფთა, მწვანით დაფარული ეზოც გამოჩნდა.
დიდი ალაყაფის კარი კაცს ქალაქის შესასვლელს მოაგონებდა. ეზოს მეორე მხარეს, ხეხილის იქით,
პირუტყვით სავსე დიდი საჩეხე ოდნავ ჩანდა და გრძლად გაბმული თავლებიდან ცხენების ჭიხვინი
ისმოდა.
მაღალმა ქორედმა სახლმა და გემოვნებით გაშლილმა სუფრამ ხომ მთლად თვალი დაუბრმავეს
გულხარბ ერისთავს.
ჯერ კიდევ ყველაფრის თვალის მოვლება და აწონ-დაწონვა ვერ მოესწრო ბაკურს, დარბაზში რომ
ლილე შემოცქრიალდა.
დარბაზს შუქი მოემატა და ჭერი მაღლა აიწია.
ბაკურს თავი სიზმარში ეგონა, სახტად დარჩენილმა დანახულს არ დაუჯერა. ფეხზე
მოჯადოებულივით წამოდგა, ბიჯი მთვრალივით წადგა და დიასახლისს რეტდასხმული მიეგება.
„ამისთანა ანგელოზი ამ ვირისთავს ვინ მისცა?!“ _ გაიფიქრა ერისთავმა და სისხლიანი თვალები
მშიერი პირუტყვივით მიაშტერა მასპინძლის ცოლს.
ლილე ბაკურის პირველმავე გამოხედვამ შეაკრთო. ერისთავის გაუმაძღარი დაჟინებული მზერა
თითქო ტანთ ხდიდა და შიშველ სხეულს უსინჯავდა. დიასახლისი წამოწითლდა, თავისდაუნებურად,
გულისპირისკენ წაიღო ხელი და ძვირფასი მოსასხამი სხეულზე უფრო მჭიდროდ შემოიხვია.
სტუმრები სუფრაზე მიიწვიეს.
ბაკურის სუფრაზე მის მეტი თამადად თავის დღეში არავინ ყოფილა და ახლაც ერისთავმა
მასპინძელს ბევრი არ ახვეწნინა.
დიდი სასმისები მოითხოვა, კარადისკენ რხევით წასულ ლილეს თვალი მოზვერივით გააყოლა და,
ეშხში მოსული, ქეიფს შეუდგა.
სამი კაცის ზომას სვამდა და ჭამდა ჯანმრთელი, ლოყებღაჟღაჟა ერისთავი. ღარიბი კაცის სუფრას
მისი სტუმრობა კბილის ერთ გაკვრაზევე შეეტყობოდა. მაგრამ შეძლებული აზნაურის ცოლს კერძი
კერძზე მოჰქონდა და უხვ მასპინძლობას დასასრული არ უჩანდა.
ერისთავის პირდაპირ, სუფრის ბოლოს იჯდა ლუხუმი. ბაკური სახეს არიდებდა დაგონჯებულ
მეფის მცველს და თვალი უფრო მის გვერდით მოღუღუნე მტრედისკენ ჰქონდა.
ლაპარაკობდა თამადა ცისას და ბარისას, მეფისა და ქვეყნის, ღვინისა და საჭმლის, ნადირობისა და
შექცევის ამბებს, მაგრამ რაზეც უნდა ელაპარაკნა, გულში მაინც მარტო ერთზე ფიქრობდა _ გვერდით
მზეთუნახავი მყოლია და რატომ ამდენ ხანს არ ვნახე, ხელთ როგორ ვიგდოო.
ამ ფიქრსა და საგონებელში რომ იყო, დიდი ბოდიშითა და კრძალვით ხმადაბლა ჰკადრა ლუხუმმა:
_ ერისთავთ-ერისთავთან მე და ჩემს ცოლს ერთი თხოვნა გვაქვს და არ ვიცი, შევბედო თუ არა.
ლილემ თავი ჩაღუნა და გულმა ბაგაბუგი უწყო.
_ თქვი, ლუხუმ, თქვი! თქვენ ისეთი რა უნდა მთხოვოთ, რომ მისი ასრულება სასიხარულოდ და
საამაყოდ არ მეჩვენოს, _ მიუგო ერისთავმა და პირი ისევ ლილესკენ იბრუნა.
ვაჟკაცის ცხოველური სუნთქვა მისწვდა ლილეს. ქალმა სკამი უკან დასწია. სახეწამოწითლებულმა
ლუხუმმა ენის ბორძიკით განაგრძო: _ მეფის წვევა განვიზრახეთ, ბაკურ ბატონო...
_ მეფის წვევა? _ განცვიფრდა ერისთავი.
_ დიახ, მეფის წვევა! _ დაადასტურა ლუხუმმა. _ ხელმწიფემ ადრე აღმითქვა, შენს სახლ-კარში
გეწვევიო და ახლა, რაკი წელი წამოვიღეთ და შერცხვენის შიში არა გვაქვს, გადავწყვიტეთ, მეფე
ვაწვიოთ.
სახტად მჯდარი ბაკური ლილეს შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა. იგი თავის ფიქრს წაეღო.
„ამ ქალს რომ მეფე ნახავს, მერე იგი ჩემთვის დაკარგულია. მაგრამ არც უამისოდ არის ნაღდი საქმე
მისი ხელში ჩაგდება და შეიძლება, დიდ ხიფათსაც გადავეყარო, _ ფიქრობდა თავისთვის ერისთავი. _
მეფის ამბავი რომ ვიცი, ლილეს თუ ერთი თვალი მოჰკრა, მერე, ვიდრე საწადელს არ აისრულებს, აღარ
ჩამოეხსნება და, ვინ იცის, რა ამბავი დატრიალდეს! იქნებ მიგრიაული მთლად განდიდდეს და
ერისთავობამდე აღზევდეს. თუ თავმოყვარეობა არ გააჩნია და ცოლის გაბახებას არაფრად ჩააგდებს,
უთუოდ ასეც მოხდება. მაგრამ, თუ ცოლი ძალიან უყვარს, და ასეთი ცოლი ანკი როგორ არ ეყვარება, მის
შეგინებას ვერ შეურიგდება და დიდ ფათერაკს რასმე გადაეყრება. თუ ასე მოხდა, ერისთავისთვის ეს
აჯობებს. მეფე თავისი სურვილის წინააღმდგომ მსახურს შერისხავს, მაშინ ეს მშვენიერი ზვარი და
სახლ-კარი, ურიცხვი ჯოგი და დოვლათი სხვას ვის დარჩება, თუ არა მეფის ერთგულ კახეთის
ერისთავს?! არა, რა დროს პირად სიამოვნებაზე ფიქრია, როცა მეფის გულის მოგება და შორს
აუცდენლად დამიზნება შეიძლება? ბაკურს სხვა საქმეც რომ არ ჰქონდეს თბილისში, ხვალვე უნდა
წავიდეს და მეფეს პირველმა აუწეროს ლილეს უბადლო სიტურფე და მშვენიერება...“
ამ უკანასკნელ აზრს რომ დაადგა ერისთავი, ლილესკენ სკამი კიდევ უფრო მისწია და, სათხოვარი არ
გადათქვანო, შეშინებულმა ჩაჰკითხა:
_ როდის ინებებთ მეფის წვევას? _ ერისთავი სუფრაზე ნახევრად გადაწვა და სახე ლილეს სულ ახლო
მიუტანა. ლილემ სკამი უკან დასწია. აილეწა და საფრთხემიახლოებული ხოხობივით გაიტრუნა.
_ დღეისსწორებზე, მეფე ბატონი თუ მოიცლის, _ ლილეს მაგივრად უპასუხა ლუხუმმა.
_ მოიცლის, როგორ არ მოიცლის! რაც უნდა საშური საქმე ჰქონდეს, გადავადებინებ და დღეისსწორს
აქ ვიქნებით. თუ ასე არ იქნეს, ეს ულვაში შერცხვეს! _ დაიქადნა ნათქვამის ასრულებაში დაჯერებულმა
ერისთავმა და დაგრეხილ გრძელ ულვაშზე ჩოტივით გაშვერილი ოთხი თითი დაისვა.
* * *
მეორე დღეს თბილისისკენ მიმავალმა ბაკურმა ლუხუმს გამოუარა. მის ცოლს ერთხელ კიდევ
მსუნაგად შეავლო თვალი, მეფის მცველს ხელმწიფის წვევის ბარათი ჩამოართვა და დედაქალაქისკენ
გასწია.
სატახტოში ჩასვლისთანავე ბაკურმა მეფე ინახულა და მიგრიაულების წერილი მიართვა.
მეფემ ბარათი ჩაიკითხა და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
_ კახეთში მპატიჟებს ჩემი მცველი, მასპინძლობით უნდა გამაკვირვოს! _ აგდებულად
გადაულაპარაკა მეფემ ერისთავს.
_ მასპინძლობით ჩვენს მეფეს ვინ გააკვირვებს, მაგრამ ცოლი კი ისეთი ჰყავს, რომ ხელმწიფესაც
გააკვირვებს და ათქმევინებს, აქამდე ქალის მნახველი არ ვყოფილვარო! არცთუ ცოცხალი, არც ხატი და
სურათი მსგავსი მშვენებისა არ მინახავს, _ ნერწყვის ყლაპვით თქვა ბაკურმა.
_ ერთი ლუხუმს დამიხედეთ! ვინ წაჰყვა მაგ.. _ მეფეს კინაღამ წამოსცდა „მახინჯსო“, მაგრამ თავი
შეიკავა. შემდეგ მდივანი იხმო და ლუხუმისთვის გასაგზავნი წერილი უკარნახა.
რაც თბილისიდან დასანახავად საზარელი მცველი მოიშორა, ლაშამ შვება იგრძნო და ახლა მის
სანახავად ველისციხეს რა წაიყვანდა! კახეთის ერისთავის ნათქვამმა ლუხუმის ცოლის იშვიათ
სილამაზეზე გააოცა, მაგრამ ქალებისადმი ბაკურის განურჩევლობა იცოდა და მის გემოვნებას დიდად
არ ენდობოდა.
მეფის მცველის ცოლი ისეთი რა უნდა ყოფილიყო, რომ მისი სიახლოვის სიამეს ლუხუმის ცქერის
სატანჯველი აენაზღაურებინა!
მეფემ გაურკვეველი პასუხი მისწერა მიგრიაულს _ თბილისში დაბრუნებას ნუ იჩქარებ, ახლა
ზაფხულია, და როგორც სამეფო საქმეებისაგან მოვიცლი, შემოდგომის ბოლომდის უთუოდ გეწვევიო.
მეფის ბუნდოვანმა პასუხმა ცოლ-ქმარი ჩააფიქრა: იგი უარიც იყო და თანხმობაც. რამდენიმე თვის
განმავლობაში ლუხუმი მეფის სამსახურს უნდა ჩამოშორებოდა, შინ უნდა დარჩენილიყო და თვალი
გზისკენ ჰქონოდა, როდის გამოჩნდებოდა საპატიო სტუმარი.
ხელმწიფის ბრძანება კანონი იყო და მიგრიაულებს მეტი რა დარჩენოდათ, გაურკვეველი დღისთვის
სამზადისს შეუდგნენ, საკლავი და სურსათი მოიმარაგეს, ტან-ფეხი გაიახლეს და ეზო-მიდამოს კიდევ
უფრო გამშვენიერებას მიჰყვეს ხელი.
ქართველთაგან განძის აუღებლობით წათამამებულმა, განძაში დასახლებულ ყივჩაღთა ბელადმა
საქართველოს მორბევა განიზრახა.
განძის ამირამ ქუშხარამ კარგად იცოდა ქართველთაგან განძის აუღებლობის ფასი, საქართველოს
ძლიერების შიში წინანდებურად ჰქონდა და ყივჩაღებს ლაშქრობაზე ხელის აღებას ურჩევდა.
ყივჩაღებმა ქუშხარას რჩევას ყური არ ათხოვეს, ქართველთა მხედრობის ამბები წინასწარ არ
გამოიძიეს და საქართველოს განაპირა რაიონებს შეესივნენ.
მონაპირეებმა მაშინვე ამირსპასალარს შეატყობინეს და ივანემ ლაშას ყივჩაღთა ლაშქრის მიერ
სამეფოს სანაპიროების რბევისა და აკლების ამბავი აცნობა. მეფემ ყივჩაღი მარბიელების გამოხდომა
სწორად შეაფასა: სახელმწიფოსათვის იგი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა და მას უმეფოდაც
ადვილად გაუსწორდებოდნენ.
_ ყივჩაღებთან ბრძოლაში მე უმეცარ და უიღბლო ვარ, თანაც შეუძლო. ლაშქარს ამირსპასალარმა
უთავოს, _ გადაჭრით განუცხადა მეფემ ათაბაგს და საწოლში ჩაიკეტა.
მხარგრძელი კარგად მიხვდა მეფის პასუხის გადაკრულ აზრს, მაგრამ მტერი სამეფო საზღვრებში
იყო შემოჭრილი. ხალხისა და ქვეყნის დაცვისათვის ზრუნვა გადადებასა და მეფესთან დავას ვეღარ
ითმენდა.
მხარგრძელმა სახელდახელოდ შეკრიბა ჯარი და ყივჩაღების წინააღმდეგ წარუძღვა.
@თავი მეთხუთმეტე. ერთ სულ და ერთ ხორც
ვითამცა ორსა ტანსა შიგან ერთი სული სდგომოდა, ეგრე შეერთნეს... აგრე დაუამდა ერთგან
ყოფნა, თავით ფეხამდის ერთმანეთსა არ მოეშორვებოდეს, არცა მათ შუა ბეწვი გაიარებოდა.
„ვისრამიანი“
მეფე კახეთში ნადირობდა.
გულის რომელიღაც კუნჭულში ბაკურ ერისთავის მიერ უზომოდ ნაქები ქალის ნახვის სურვილიც
ეწეოდა ლაშას, როცა სანადიროდ კახეთი აირჩია.
იმ ღამეს უიღბლოდ იარეს მონადირეებმა, სამხრობამ ისე მოატანა, მეფემ ერთი ხოხბის მეტი ვერა
ინადირა რა.
სოფლის განაპირას კაკლოვანში ჩამოსხდნენ და მწვანეზე სუფრა გაშალეს. თუმცა პურ-მარილი
უხვად ჰქონდათ, ლაშამ მაინც ერთადერთი ნანადირევის შეწვა მოინება და მხლებლები სოფლისკენ
აფრინა.
პირველსავე სახლთან შეჩერდნენ გაგზავნილები.
ჭიშკართან დაბმულმა ნაგაზმა ცხენოსნების დანახვაზე ყეფა ატეხა, ყალყზე შედგა და ჯაჭვს
გასაწყვეტად მიეძალა.
ძაღლის ყეფაზე სამზადიდან ქეთევანმა გამოიხედა.
_ ვინა გნებავთ? _ იკითხა და თან ძაღლს შეუცაცხანა.
_ მეფის მსახურნი ვართ, ჭიშკარი გაგვიღეთ...
ლილეს „მეფის მსახურნი“ ჩაესმა, ხომ არ მომეყურაო, გაიფიქრა და ისიც გარეთ გამოვიდა.
_ მეფის მსახურნი? _ გაიოცა ქეთევანმა და ჭიშკრისკენ წავიდა. _ ალბათ, ლუხუმი გინდათ, მაგრამ
შინ რომ არ არი?!
_ ეს ლუხუმის სახლია? მიგრიაულის? _ იკითხეს მსახურებმა.
_ ჰო, ლუხუმის სახლია, შვილო, მეფის მცველ მიგრიაულის, _ დაუდასტურა ქეთევანმა და საუბარში
დაქვეითებულ მეფის მხლებლებს ჭიშკარი გაუღო.
_ კარგი იყო, რომ ლუხუმი შინ დაგვხვედროდა, მაგრამ ჩვენ ლუხუმთან როდი გვაქვს საქმე. ჭალაში
მეფემ ხოხობი მოკლა და ნანადირევის შეწვა გვინდა, _ მოახსენეს მეფის მსახურებმა და ქეთევანს
ყელგაგლეჯილი ლამაზი ხოხობი გაუწოდეს.
_ ახლავე, ბატონო... აქეთ მობრძანდით... ახლავე შევწვავ.
_ შენ არ გაგრჯით, დედილო, ჩვენ თვითონ შევწვავთ, ოღონდ ცეცხლი დაგვინთე, _ უთხრეს
აფუსფუსებულ მოხუცს მსახურებმა და უკან მიჰყვნენ. ქეთევანმა სტუმრები ქორედში აიყვანა.
აივანზე მდგარი ლილე გაოცებული შესცქეროდა კიბეზე ამომავალ უცნობ სტუმრებს.
მეფის მსახურნი ლილეს დანახვაზე გაშტერდნენ, ადგილზე გაქვავებულივით გაჩერდნენ და თვალი
ვერ მოაშორეს უცნობი ქალის მშვენებას.
_ ლილე, შვილო, მეფის მსახურნი გვეწვივნენ, ხელმწიფეს ხოხობი უნადირნია და სასწრაფოდ უნდა
შეუწვან... მობრძანდით, ეს ჩემი რძალია, ლუხუმის ცოლი... _ სხაპასხუპით დააყარა მღელვარებისაგან
აფუსფუსებულმა ქეთევანმა და სტუმრებს დარბაზში შეუძღვა.
მსახურები თავდახრით მიესალმნენ ლილეს და ქეთევანს მიჰყვნენ.
დიდ დარბაზში საამოდ ღუღუნებდა ანთებული კერა.
ქეთევანმა სტუმრებს სკამები შესთავაზა.
_ ლილე, მოხედე, შვილო, სტუმრებს, სანამ მე ხოხობს გავბდღვნი... უკაცრავად ვარ... ახლავე იქნება...
_ ბოდიშით გავიდა ქეთევანი და დარბაზში ლილე შემოვიდა.
სტუმრები ისევ ფეხზე იდგნენ.
_ დაბრძანდით! _ სთხოვა ლილემ.
_ თქვენც დაბრძანდით! _ თავის მხრივ სტუმრებმაც შეჰპატიჟეს დასაჯდომად და ლილეს სკამი
შესთავაზეს.
ლილე სკამზე დაჯდა და სტუმრებიც ცეცხლს შემოუსხდნენ.
მზე ჩასული იყო. ოთახში შემოპარულ საღამოს ბინდ-ბუნდს ცეცხლის ალი ებრძოდა. კედლებზე
აღბეჭდილი გოლიათური აჩრდილები ალის მოძრაობის შესაბამისად გრძელდებოდნენ და
ფართოვდებოდნენ, ცახცახით მაღლა მიიწევდენ და იფოფრებოდნენ.
მეფის მსახურებს თვალები გადმოვარდნაზე ჰქონდათ, მოჯადოებულებივით შეჰყურებდნენ ლილეს
და ცქერით ვერ გამძღარიყვნენ. ცეცხლის ალი ანათებდა ლილეს შაქრისფერ სახეს. მიწურულ შავ
თვალებზე გრძელი წამწამების ჩრდილი ხატპეპელას ფრთებივით ერხეოდა. ოდნავ ამობურცულ
ლოყებზე პატარა ფოსოები უცინოდა და მარტო ფოსოები კი არა, მთელი სახე _ კოკორი ტუჩები და
მიჯრით მიწყობილი კბილები, მაღალი შუბლი და პატარა ყურები, ყველაფერი სილამაზითა და
სიცოცხლის ხალისით მეტყველებდა. ლილე მხრებში ოდნავ მოშვებული იჯდა, ისე თავისუფლად,
თითქო მარტოდმარტო ყოფილიყოს. მის მოძრაობასა და თავის დაჭერაში ოდნავი დაძაბულობა და
ნაძალადევობაც არ იგრძნობოდა, ვითომ მისთვის სულერთი ყოფილიყოს, თუ როგორ შთაბეჭდილებას
მოახდენდა იქ მყოფებზე. სწორედ ეს დაუდევრობა და მოძრაობის ბუნებრიობა ხდიდა კიდევ უფრო
მეტად მომხიბვლელს მეფის ცალთვალა მცველის ცოლს.
მაჯისსისხო ყორნისფერ ნაწნავთაგან ცალი ზურგზე გადაეგდო და იატაკზე სცემდა, მეორე მკერდზე
ჩამოეშვა და გრძელ, ლამაზ თითებზე დაეხვია.
უხერხული სიჩუმე მეფის მსახურთაგანმა დაარღვია:
_ ლუხუმი სად არი?
_ კალოზე გახლავთ, ორი დღეა შინ არ მობრუნებულა.
_ ჯანზე ხომ კარგად არი, ნაჭრილობევი ხომ არ აწუხებს?
_ არა, არ აწუხებს... _ ხმადაბლა უპასუხა ლილემ, სახე წამოუწითლდა და, ლუხუმის ნახმლევზე რომ
სიტყვა არ გაეგრძელებინა, იკითხა:
_ მეფე როდის წამობრძანდა სანადიროდ?
_ ამ დილით ინება.
_ ამალა დიდი ახლავს?
_ არა, უცებ გადაწყვიტა წამოსვლა, თან მონადირეთუხუცესი და ბაზიერებიც არ იახლა.
_ ახლა სად ბრძანდება ხელმწიფე? ღამის გათევას სად აპირებს?
_ ღამეს, ალბათ, მინდორში გაათევს.
_ მინდორში? _ გაიოცა ლილემ.
_ ჰო, მინდორში, ხის ქვეშ ძილი ურჩევნია მეფე ბატონს სასახლის ბუმბულებში წოლას.
_ იქნებ ჩვენთან ინებებდა მობრძანებას, ვუმასპინძლებდით და კარგადაც მოვასვენებდით. _
დაუფიქრებლად წამოსცდა ლილეს და ნათქვამი თვითონვე ეუხერხულა.
_ არ ვიცით, არა უბრძანებია რა, _ მხრების აჩეჩვით თქვა მეფის მსახურმა.
დარბაზში ქეთევანი შემოვიდა და თხილის გათლილ ჯოხზე წამოცმული, გასუფთავებული ხოხობი
შემოიტანა.
_ ხომ არ დამიგვიანდა? _ იკითხა ქეთევანმა.
_ რასა ბრძანებთ, ძალიან ჩქარაც არი, _ მიუგო მსახურმა და შამფურის ჩამოსართმევად მისწვდა.
_ თქვენ როგორ გაკადრებთ, მე შევწვავ, _ არ დაანება შამფური ქეთევანმა.
_ არა, დედი, ჩვენ მიჩვეული ვართ, მეფის პირის გემო ვიცით... _ გაჯიუტდა მსახური, ქეთევანს
შამფური ჩამოართვა და ცეცხლთან ჩაიჩოქა.
ქეთევანმა ცეცხლი მოჩხრიკა, ნაკვერცხლები წინ გამოჰყარა და მსახურმა ხოხობი ცეცხლს მიუშვირა.
_ რა ვქნა, ლილე! წავალ, ლუხუმთან კაცს ვისმეს გავგზავნი, _ გადაულაპარაკა ქეთევანმა რძალს.
_ კარგი იქნება, დედა, შეუთვალე, ახლავე ამოვიდეს, _ მოუწონა ლილემ და ქეთევანი ისევ ბოდიშის
მოხდით გავიდა.
სიჩუმე ჩამოვარდა. დროდადრო მხოლოდ შეშის ტკაცუნი და ხოხბის შიშხინი ისმოდა.
_ მეფე ვაწვიეთ და სტუმრობა აღგვითქვა! _ დაარღვია დუმილი ლილემ და ისევ თვითონვე შეწუხდა
ზედმეტი გულახდილობის გამო.
_ სტუმრად მობრძანება აღგითქვათ? _ იკითხა ჩაჩოქილმა მსახურმა და დანარჩენებს გადახედა,
თითქო უნდოდა ეთქვა, შენისთანა ქალის სტუმრობაზე მეფე უარს არასდროს არ ამბობსო.
მსახურებს თვალი ლილესკენ მიეპყროთ მოჯადოებულებივით, მისი ცქერით ვერ გამძღარიყვენ და
მის მეტს ვეღარაფერს ხედავდნენ.
_ აღგვითქვა და ეს ერთი ხანია მოველით. ყველაფრით მზად ვართ. რაკი გზადაც აქეთ გამოუვლია,
იქნებ ინებოს და გაგვაბედნიეროს, _ თავისდაუნებურად, დაუფიქრებლად განაგრძო როგორღაც
შინაგანად წათამამებულმა ლილემ.
_ ადვილად შეიძლება, _ დაუდასტურა მსახურმა. _ თუ თქვენი ნებაც იქნება, თქვენს სურვილს
მოვახსენებ და აღთქმასაც მოვაგონებ.
_ დიდად დაგიმადლებთ, _ წამოწითლდა ლილე და მერე უცებ დაუმატა, _ ლუხუმი ახლოა, ისიც
მალე გამოჩნდება.
დამწვრის სუნი დადგა.
_ ხოხობი იწვის ნამდვილად, _ შენიშნა ლილემ.
მსახურმა წამით თვალი მოაცილა ლამაზი ქალის სახეს, შამფური გადმოატრიალა და ხოხბის
დამწვარი, თითქმის დანახშირებული ცალი გვერდი გამოჩნდა.
_ დამწვია, როგორ მომივიდა! _ შეწუხდა მსახური.
_ მეფეს როგორ მივართვათ?! _ აწრიალდნენ სხვებიც.
_ არ დაგვიჯერეთ, ჩვენ უკეთ შევწვავდით, _ დანანებით თქვა ლილემ, _ მიბოძეთ, იქნებ ნახევარმა
კიდევ ივარგოს.
_ არა, ბატონო, მე თვითონ, _ არ დაანება შამფური მსახურმა. _ ეს როგორ მომივიდა, სხვა რა საქმე
მქონდა!
ახლა კი აღარ მოუშორებია თვალი შამფურისათვის მსახურს. შუბლზე, ცეცხლის მხურვალებისა თუ
სირცხვილისაგან, ოფლის დიდრონი წვეთები დასხმოდა და თავს აღარ იღებდა.
ხოხბის მეორე გვერდი უცებ შეწითლდა, მსახურმა შამფური მაღლა აიტაცა.
_ წავიდეთ! _ უთხრა ამხანაგებს.
ლილეს მადლობა გადაუხადა და კარისკენ გაემართა.
_ ეგ ხოხობი ხელმწიფისთვის მაინც აღარ ვარგა, ჩემი თხოვნა მოახსენეთ მეფეს და, თუ ინებებს,
ღირსეულ ვახშამს დავახვედრებთ, _ დაადევნა ლილემ ეზოში გასულ მსახურებს.
მსახურები ცხენებს მოახტნენ და, როგორც ლუხუმის კარ-მიდამოს გასცდნენ, აბუზღუნდნენ.
_ ერთხელ მაინც ვეღარ დახედე მაგ დალოცვილს? _ უსაყვედურა ერთმა მათგანმა.
_ სუნი მაინც არ გეცა? _ დაუმატა მეორემ.
_ რატომ თქვენ არ გეცათ სუნი, ან თვალები სად გქონდათ? _ შეუტია გაგულისებულმა მსახურმა.
_ თვალი ჩვენც იმან დაგვიბნელა, რამაც შენ დაგაბრმავა, _ სიცილით თქვა პირველმა.
_ ეგეთი ქალი ჩემ დღეში არ მინახავს! ჰო, ჰო, ჰო... ლუხუმს როგორ წაჰყვა, ამ ღვთის გლახას,
ამისთანა ანგელოზი!
_ მაშ... მაშა... რა ქალი ჰყოლია იმ გონჯ ლუხუმას!
_ გონჯი ახლა არი, რაც ომში დაიჭრა, თორემ მანამდის ვისზე ნაკლები ვაჟკაცი იყო!
_ ნეტავი თქვენს გუნებას, მაგ ქალის ცქერა იქნებ სიცოცხლედაც დაგვიჯდეს! რა უნდა ვუთხრათ
მეფეს, ამ შამფურს თავზე გადაგვამტვრევს, ცუდ გუნებაზე თუ დაგვხვდა.
_ რა უნდა ვუთხრათ და რაც დაგვემართა, იმას ვეტყვით. მაგ ქალის სილამაზეს რომ ვუამბობთ,
ხოხობიც დაავიწყდება და თავიც. ნახავ, თუ მაშინვე აქ არ მოირბენს.
_ ჰოდა, ჩვენც ეგ გვინდა, ღამე მინდორში გდებას, კაი ვახშამი და რბილი ლოგინი გვირჩევნია!
დაიმედებული მსახურები კარგ გუნებაზე დადგნენ და ცხენებს აუჩქარეს.
მეფესთან დარჩენილ მხლებლებს მწვანეზე უკვე გაეშალათ სუფრა და ლაშა ხოხობსღა ელოდა, რომ
სამხრობას შესდგომოდა.
სოფლიდან მობრუნებულმა მსახურებმა დამწვარი ხოხობი მიართვეს მეფეს. ლაშამ
ცალგვერდდანახშირებულ ხოხობს რომ დახედა, გაოცდა.
_ ეს რა გიქნიათ, როგორ დაგწვიათ ხოხობი? _ ჰკითხა გაბრაზებულმა მსახურებს.
_ რა გვექნა, მეფევ-ბატონო! თქვენი მცველის, ლუხუმის სახლში მოვხვდით. გვეხვეწნენ, მეფეს
ჩვენთან სტუმრობა აღთქმული აქვს, აქ მობრძანდეს, ხოხობსაც აქ შევუწვავთო, მაგრამ არ
დავთანხმდით, დავიწყეთ ხოხბის შეწვა. ლუხუმს იგეთი ცოლი ჰყოლია, ვერც ერთმა თვალი ვერ
მოვაშორეთ და აგე, ხოხობიც დაგვეწვა! _ თავაუღებლად მოახსენა დარცხვენილმა მსახურმა და თან
ქვეშ-ქვეშ გახედა მეფეს, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს ნათქვამიო.
_ მაშ ეგეთი ლამაზია ლუხუმის ცოლი? ბაკურმაც მითხრა და არ დავიჯერე, _ ჩაფიქრებით თქვა
მეფემ.
_ ჩემს სიცოცხლეში მაგისთანა ლამაზი ქალის მნახველი არა ვარ!
_ ნამდვილი მზეთუნახავია, ბატონო, კალმით ნახატი.
_ ეგრე ლამაზი ანგელოზი თუ იქნება, თორემ საქალეთში მსგავსი არ მოიძებნება...
ზედიზედ დააყარეს აღტაცებულმა მსახურებმა.
_ გულით მაწვიეს? _ იკითხა ფიქრში წასულმა მეფემ.
_ გულით, წრფელი გულით, ბატონო. დიდი ხანია მეფე სტუმრობას შეგვპირდა და ყოვლის
სანოვაგით მზა ვართო.
_ ლუხუმი შინ იყო? _ იკითხა მეფემ.
_ არა, ბატონო, კალოზე გხლებიათ, _ მიუგო მსახურმა.
_ მაშ, მივდივართ მიგრიაულთან! _ უცებ გადაწყვიტა მეფემ და მხლებლებმა სუფრის აშლა ვერ
მოასწრეს, რომ ლაშა უკვე ლურჯაზე იჯდა და ველისციხისკენ მიჰქროდა.
* * *
მოახლოებული ცხენების ფეხის ხმაზე ლუხუმის ეზოში ისევ გამწარებით აყეფდა ძაღლი.
ქეთევანი სამზადის კართან იდგა და ცუდის მოლოდინით გახევებული გაჰყურებდა შარას.
ცხენოსნები გამოჩნდნენ.
ლილე კიბეზე დაეშვა.
_ ნამდვილად მეფე მობრძანდება! _ გახარებულმა თუ შეშინებულმა შესძახა ქეთევანს და ჭიშკრისკენ
სირბილით წავიდა.
დილიდან თავი უბრუოდა მეფეს და გული ერეოდა. ახლა, როგორც კი ცხენზე შეჯდა, რაღაც შიგანში
ეტკინა მწარედ და ჭირის ცივი ოფლი დაასხა. რაც უფრო ანჯღრევდა ჩორთით მიმავალი ცხენი,
ტკივილი უფრო ემატებოდა. გრძნობდა, რომ სხეული თანდათან უცივდებოდა და ღონეს კარგავდა,
მაგრამ ვერც ვისმეს დაძახებას ახერხებდა და ვერც ცხენისთვის მოეწია სადავე შესაჩერებლად.
ლილე და ქეთევანი ეზოდან გამოსულიყვნენ ჭიშკრის წინ. შარაზე იდგა ლილე _ ნორჩ ალვასავით
ტანაყრილი, სახემშვენიერი, მჭვრეტელთა დამაბრმავებელი.
_ ეგ არი ლუხუმის ცოლი, _ ხმადაბლა უთხრა მსახურმა მეფეს, მაგრამ ლაშას აღარაფერი ესმოდა.
იგი ტკივილით თუ ლილეს მშვენიერების ხილვით გონწართმეული იჯდა აღვირმიშვებულ ცხენზე და
როგორც სინათლის დიდ წყაროსთან მიახლოებისას ხდება ხოლმე, რაც უფრო უახლოვდებოდა ლილეს,
მით უფრო უბნელდებოდა თვალთ.
ლილესაგან ორიოდ ნაბიჯზე მთვრალივით გადმოეშვა ცხენიდან ლაშა.
ფეხის წინ წადგმა სცადა, მაგრამ ღონე აღარ ეყო, უცებ შეტორტმანდა, თვალთ დაუღამდა და
მშველელის დაძახებაც ვერ მოასწრო, უგონოდ ძირს დაეცა.
მსახურები მეფეს მისცვივდნენ, ხელთ აიტაცეს და ეზოში შეიყვანეს.
გაოგნებული შეჰყურებდა მეფეს ლილე. ლაშარის ხატში ნახული ახლანდელის ლანდად აღარ ეჩვენა:
მეფე კიდევ უფრო დავაჟკაცებულიყო და ერთიორად მიმზიდველი გამხდარიყო. მისი ცქერით
თავდავიწყებული ლილე ახლომახლო ვეღარაფერს ამჩნევდა, რატომღაც ღონე ელეოდა და, ალბათ,
თვითონაც წაიქცეოდა, ლაშას რომ არ დაესწრო.
შიშისა თუ მოულოდნელობისაგან დაბნეული ლილე ადგილიდან ვერ იძროდა და ენის
მოტრიალებას ვეღარ ახერხებდა. მეფე მკვდარი ეგონა, ყელში მობჯენილ ტირილს იკავებდა და
თვალთაგან ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა.
_ ქორედში აიყვანეთ, დარბაზში მოასვენეთ... _ შესძახა ქეთევანმა, ქორედში მსახურებს აასწრო და
დარბაზი სახელდახელოდ მიალაგ-მოალაგა.
აბრეშუმის ბალიშებზე მიასვენეს მეფე.
ტახტის სასთუმალთან ლილე დაუჯდა და აკანკალებული ხელით გაუხსნა საკინძი. მსახურმა წყალი
მოიტანა, მკერდზე და სახეზე ასხურეს მეფეს, მაგრამ გულწასული ლაშა არც შენძრეულა.
_ ექიმთან, ჩქარა მკურნალთან გაიქეცით! _ იძლეოდა განკარგულებას ქეთევანი და მეფის მსახურები
გარეთ გამოცვივდნენ.
ქეთევანი ჭიშკრამდის მიჰყვა მსახურებს.
_ სხვა დროს თუ მოსვლია მეფეს? _ იკითხა ქეთევანმა.
_ ჩვენ არ შევსწრებივართ და არც გვსმენია! _ მიუგეს მსახურებმა.
_ ვაითუ, ბნედა აქვს, _ გულში მჯიღის ცემით თქვა ქეთევანმა.
_ მტერთა დაცემას ჰგავს, მაგრამ სხვა დროს არ დაჰმართნია! _ დაამტკიცა მსახურთაგანმა.
მსახურები ამხედრდნენ და ზოგმა მარჯვნივ, ზოგმა მარცხნივ, ზოგმა ზემოთ და ზოგმა ქვემოთ
ქეთევანის ნაჩვენები გზით გაჰქროლეს ერთდროულად რამდენიმე მკურნალისკენ.
ქეთევანი ქორედში დაბრუნდა, ფეხაკრეფით დარბაზში შევიდა, გულწასულ მეფეს დახედა და,
სიცოცხლის ნიშანი რომ ვერ შეატყო, ლილეს ჰკითხა ჩურჩულით:
_ სულ არ მოიხედა?
ლილემ უარის ნიშნად თავი გააქნია და ცრემლები გადმოსცვივდა.
_ დავიღუპეთ, რაღა ჩვენსას მოუვიდა, ვინ იცის, რას იტყვიან და დაგვაბრალებენ... _ მუხლებზე
ხელისცემით თქვა ქეთევანმა და დარბაზიდან კვლავ ფეხაკრეფით გამო-ვიდა.
გაფითრებული დაჰყურებდა ლილე და თმებზე ხელს ფრთხილად უსვამდა მკვდარივით
უგრძნობელ ლაშას.
უცებ გაჩერდა ქალი. მეფეს შემკრთალმა დახედა და ერთი დაიგმინა:
_ ნუთუ, გათავდა! _ ამდენ ხანს შემაგრებული ცრემლი წასკდა და ხმამაღლა აქვითინდა.
ლოყაზე პირველი ცრემლის დაცემისთანავე შეინძრა ლაშა, სახე შეერხა და თვალი გაახილა.
_ ლაშა... ლაშარელავ... ხელმწიფეო! _ ჩასძახოდა სიხარულით გონდაკარგული ქალი.
მეფემ უცებ თითქო გაიზმორა, მკლავები გაშალა და ზედ დახრილ ლილეს შემოაჭდო ირგვლივ.
ლილე შეკრთა, თავის დახსნა უნდოდა, მაგრამ ტანი არ აჰყვა, არ იცოდა, რა ხდებოდა,
ნებამოდუნებული მიჰყვა და ლაშას მკერდზე დაემხო.
_ ჩემო ანგელოზო... ღვთაებავ! _ ამოიჩურჩულა მეფემ და ვნებიანი კოცნით დაეწაფა ლილეს ბაგეებს.
ერთხანს ასე იყვნენ ამ ქვეყნის ზრუნვისაგან გასულნი და ნეტარების სიტკბოში ჩაძირულნი.
კიბეზე ფეხის ხმა გაისმა. ლილე უცებ გონს მოეგო, მეფის მკლავებს გაუსხლტა და ფეხზე წამოდგა.
გაწეწილმა უმალ თმა გაისწორა, მღელვარე სუნთქვა დაიოკა და შემოსულებისკენ გაიხედა.
დარბაზში ქეთევანი შემოუძღვა მკურნალს.
_ ისევ ისეა? _ იკითხა ჩურჩულით ქეთევანმა. ლილემ ხმის ამოუღებლად, თავის ქნევით
დაუდასტურა დედამთილს.
უკვე გონსმოსული ლაშა, ახლა მდგომარეობის შესაფერისად, კვლავ თვალდახუჭული და
კრიჭაშეკრული იწვა.
მკურნალმა ხელსაწყოები მაგიდაზე დააწყო და ტახტთან სკამზე ჩამოჯდა.
მეფის მაჯა აიღო ექიმმა, ლილე სულგანაბული შესცქეროდა მკურნალის სახის ყოველ მოძრაობას...
ექიმს ჩაფიქრებული სახე გამოუცოცხლდა, თანდათან გაუბრწყინდა და ბოლოს ზედ ღიმი მოეფინა.
_ ცოცხალია? _ თითქმის ერთდროულად იკითხეს იქ მყოფებმა.
_ ცოცხალია... _ დაასკვნა მკურნალმა და ყველამ შვებით ამოისუნთქა.
* * *
ექიმმა გულის გასამაგრებელი წამლები მისცა ხელმწიფეს, ღვიძლისაგან მოსვლია, საშიში
არაფერიაო, ანუგეშა მეფის შეშფოთებული მასპინძლები და მხლებლები.
მეფეს მშვიდად ჩაეძინა და ყველანი ფეხაკრეფით გამოვიდნენ დარბაზიდან.
ფრთაშესხმული ლილე ისე დადიოდა, თითქო მიწას ფეხს არ აკარებსო. რა ახარებდა ესოდენ,
თავადაც არ იცოდა _ მეფის მომჯობინება თუ... ტუჩებზე, თვალებზე და ლოყებზე ისევ ცეცხლი ეკიდა
ლილეს, მეფის თავდავიწყებული კოცნა ჯერ კიდევ არ განელებოდა და სახე ნეტარებისა და
სირცხვილის ალმურით ალეწოდა. დადიოდა და არ იცოდა _ რისთვის, ხელს რასმე ახლებდა და არ
იცოდა _ რატომ...
ქეთევანი ფხიზლობდა ისევ, მეფის მსახურები და მეზობლები დაეხმარებინა, საკლავი დაეკლა, თონე
გაეხურებინა და ხელმწიფის სამასპინძლო თადარიგს შესდგომოდა.
* * *
ლილეს საწოლი იმ ოთახის გვერდით იყო, სადაც ახლა მეფე განისვენებდა.
შუაღამე გადასული იყო. არ ეძინა ლილეს, ეტყობოდა, არც მეფეს ეძინა: კედლის მეორე მხარეს
ტახტი ხშირად ჭრაჭუნობდა და ზოგჯერ ჩუმი ჩახველებაც ისმოდა.
ფიქრობდა ლილე და ვერ გაეგო, რა დამართოდა მეფეს: მართლა ბნედა იყო, როგორც ქეთევანს
დასცდა, თუ ღვიძლის ტკენისაგან გულის უეცარი შეღონება, როგორც მკურნალმა ახსნა. ვერც ის გაეგო
ლილეს, თუ მეფის უეცარი მობრუნება რას ნიშნავდა _ უცებ რომ მოხვია ხელი უცხო ქალს. ნუთუ მეფემ
გულის შეღონება მოიგონა, რომ ლილე მიეახლოებინა და უეცრად დასცხრომოდა თავს?
არა, ამას როგორ იკადრებდა მეფე, სიკვდილს როგორ მოიგონებდა, სუნთქვით აღარ სუნთქავდა და
ფერი აღარ ჰქონდა! ან მისი გამოცდა რად უნდოდა ლაშას, ქალის უნახავი ხომ არ იყო სამეფოს
ულამაზესი ასულებით თავმობეზრებული მეფე.
არა, რაღაც სხვა მოხდა და იქნებ მეფესაც ისე მოუვიდა, როგორც თვითონ ლილეს. რად ჰკოცნიდა
ლილე, რად ეხვეოდა მეფეს, რა ანგარიშით და რა უფლებით? მაშინ ხომ არც უფიქრია ამაზე ლილეს, ხომ
არ მოუკითხავს თავისი თავისთვის, ტუჩებისა და თვალებისთვის მეფის ხვევნისა და კოცნის უფლება?
ხომ ყველაფერი თავისთავად მოხდა, მისი გონების განუსჯელად და დაუკითხავად!
და იქნებ მეფესაც ასე მოუვიდა, თავისდაუნებურად და გონების განუსჯელად... ისიც ხომ ადამიანია
და მასაც ხომ გული აქვს?!
ქვემო სართულზე კიდევ ერთ ადამიანს არ ეძინა. ვახშმის მზადებითა და ამდენი შფოთით
დაღლილი ქეთევანი ძალით ერეკებოდა თვალთაგან ძილს... ტანი მთელ დღეს ცუდს უაზრებდა, ეზოში
ძაღლი ყმუოდა...
გრძნობდა, რომ კარგი არაფერი ელოდა, მაგრამ არ იცოდა, რა და საიდან. ლუხუმი არ დაბრუნდა.
დედის ფიქრი პირველად შვილს მისწვდა: ხომ არაფერი უჭირს ლუხუმს? ალბათ, რამე შეემთხვა, თორემ
მეფის სტუმრობას რომ გაიგებდა, შინ როგორ არ მოვიდოდა? მაინც რა უნდა გაჭირვებოდა ორი დღის
წინ საღ-სალამათად წასულ ვაჟკაცს? ეს მეფის სტუმრობა არ მოსწონს ქეთევანს. თავიდან არ ეჭაშნიკა
დედას შვილისა და რძლის განზრახვა, მეფის წვევა რა მათი საქმე იყო, გუშინდელი ყმა-გლეხების?
გრძნობდა დედის გული, რომ კარგი არაფერი ელოდა ამ სტუმრობით მის ოჯახს, გრძნობდა, მაგრამ
კი ვერაფერი მოიფიქრა მომავალი უბედურების თავიდან ასაცილებლად. ერთი იცოდა ქეთევანმა, რომ
ფხიზლად უნდა ყოფილიყო, ძილი თვალთან ახლო არ უნდა მიეშვა და ყური არ უნდა დაეხშო. იცოდა
და აკი დიდხანს კერპობდა კიდეც, ნაშუაღამევი იყო და კიდევ არ ეძინა.
ბოლოს აყმუვლებული ძაღლიც გაჩუმდა, თავლაში დაბმული ცხენების ფრუტუნიც მისწყდა და
დაღლილმა სხეულმა თავისი გაიტანა _ ქეთევანს ჩაეძინა.
მეფე ფეხაკრეფით წამოდგა, ფეხშიშველამ ნოხზე ფრთხილად გაიარ-გამოიარა. არ ეძინებოდა მეფეს,
გული მეზობელი ოთახისკენ მიუწევდა. თავადაც არ იცოდა, რა უნდოდა იმ ოთახში _ უბრალო, ჩვეული
ნდომა, ხორციელი თუ სხვა რამ უფრო ამაღლებული? არა, ხორციელი არ იყო ეს სწრაფვა, იგი უფრო
სულის სწრაფვა იყო ტყუპის ცალის მეორე ცალისკენ, ნაწილის მიზიდულობა მეორე, ოდესღაც მისგან
მოკვეთილი ნაწილისაკენ _ კვლავ მთლიანობის აღდგენისა და ერთ არსებად ქცევისათვის.
ბევრი ქალი უნახავს ლაშას, ბევრი ლამაზი მოსწონებია, შეჰყვარებია კიდეც, მაგრამ ეს გრძნობა,
რომელსაც იგი ახლა განიცდიდა, არ ჰგავდა ადრე განცდილს, იგი სხვა იყო _ წმინდა და წრფელი,
სათუთი და ბიწმიუწვდომელი.
ძილი არ ეკარებოდა ლაშას. ოთახში ყოფნა აღარ შეეძლო, მაგრამ არც სხვაგან წასვლის ძალა ჰქონდა.
გული გვერდით, მეზობელი ოთახისკენ მიუწევდა და მარტოდენ გული კი არა, ფიქრიცა და გონებაც,
სულიცა და ხორციც.
ლაშა კარის ზღურბლთან მივიდა, მთვლემარე მცველი ფრთხილად გააღვიძა და ჩურჩულით ჰკითხა:
_ ლუხუმი არ მოსულა?
_ არ გხლებიათ, მეფევ! _ ჩურჩულითვე მიუგო ფეხზე წამომხტარმა მცველმა.
მეფემ ტუჩზე თითი მიიდო და მცველი უსიტყვოდ გააფრთხილა.
ნათელი ღამე იყო. მთვარის თეთრი შუქი სარკმლებიდან უხვად იფრქვეოდა ლილეს ოთახში.
რიკლედ დარჩენილ კარში შემოსული მთვარის ნათელი თეთრი თხელი კედელივით ჰკვეთდა
ოთახს და ლილემ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ კარი ჩაურაზავი დარჩენოდა.
ჩვეულებრივ, დაწოლის წინ კარს მუდამ რაზავდა ლილე, მაშინაც კი, როცა მისი ქმარი შინ, გვერდით
ჰყავდა.
ახლა რად დაუტოვებია დაუკეტავი, როცა სახლი ამდენი უცნობი მამაკაცით იყო სავსე და ლუხუმიც
შინ არ ჰყავდა?
იქნებ შემთხვევით? მაშინ ადგეს და ჩარაზოს კარი, მაგრამ ლილეს ადგომა ეზარება, არა, იმდენად
არც ეზარება, არ უნდა კარის დაკეტვა და თვითონაც ვერ გატყდომია თავის თავს, თუ რატომ.
კარი ნელა გაიღო და ზღურბლზე კაცის ლანდი აღიმართა.
_ ლუხუმი ხარ? _ იკითხა ჩურჩულით ლოგინზე წამოწეულმა, შეშინებულმა ლილემ.
კარი უხმოდვე მიიხურა და კაცის ლანდი ლილესკენ წამოვიდა.
_ ლუხუმი ხარ? ხმა გამე! _ კიდევ გაიმეორა ჩურჩულით ლილემ და პასუხი რომ არავინ გასცა,
ლოგინზე წამოიწია და შიშით აცახცახებული კედელს მიეკრა.
_ ვინა ხარ?
_ მე ვარ, მეფე... _ მშვიდად თქვა ლაშამ და ლილეს ლოგინს მიუახლოვდა. მას ახლა, მთვარის
მკრთალ შუქზე, კიდევ უფრო ლამაზი ეჩვენა ლუხუმის ცოლი, შიშველი მკერდის დამალვას რომ
ცდილობდა ჩამოშლილი თმებითა და საბნის კუთხით.
_ მეფევ, აქ რა გინდა?! _ კანკალითა და შეშფოთებით შესჩურჩულა ლილემ.
_ შენი სიყვარული, ლილე... შენი...
მეფე მუხლზე დავარდა და ლილეს მოეხვია.
_ მაგას რას სჩადი, მეფევ!.. ადექი, გაიგონებენ... მიბრძანდი... გადი... თორემ...
_ იყვირე, დაუძახე... ვისაც გინდა, დაუძახე, მე აქედან წასვლა არ შემიძლია... კარგი იყო, სულ არ
მენახე, ან იმ ერთი დანახვისთანავე მოვმკვდარიყავი. ახლა უშენობა აღარ შემიძლია... რაც გინდა,
მიყავი.. თუნდა აქვე მომკალი... _ სუნთქვააჩქარებული ჩურჩულებდა მეფე, ლილეს ხელებს უკოცნიდა
და თავი მისი მკერდისკენ მიჰქონდა.
აკანკალებული, ენაჩავარდნილი ლილე თავგამეტებით იგერიებდა მეფის ხელებს, მაგრამ ღონე არ
ჰყოფნიდა.
მისი სხეული კვლავ გონების დაუკითხავად მიიწევდა ლაშასკენ.
წინააღმდეგობის გაწევის ძალა შინაგანად წართმეოდა და მთელი სხეულით უცნაურად მოშვებულმა,
თვითონაც ვერ გაიგო იმ წამის დადგომა, როცა თავის თავს აღარ ეკუთვნოდა.
მთვრალივით თუ ზმანების ბურანში წასულივით, გონების განსჯისა და ნებისყოფისაგან
მიტოვებული ლილე უღონოდ მიესვენა ვაჟკაცის ცეცხლმოდებულ მკერდს.
კოცნით გახურებულ ბაგეებს სალაპარაკოდ აღარ ეცალათ, მხოლოდ ორი სიტყვაღა წყდებოდა
უანგარიშოდ:
_ ლაშა... ლაშარელა...
* * *
ჯერ პირველ მამალს არ ეყივლა.
ლაშა ფრთხილად წამოდგა. ერთი უხმოდ აკოცა მძინარე ლილეს და მისთვის განკუთვნილ ოთახს
ფეხაკრეფით მიაშურა.
იწვა ლაშა უჩვეულოდ აღფრთოვანებული და აღტაცებული. რამდენ ქალთან ყოფილა იგი და
აღტაცების ასეთი გრძნობა ჟინის მოკვლის შემდეგ არასოდეს გაჰყოლია.
აქამდის თურმე მხოლოდ ხორცით ერთვოდა ჭაბუკი მეფე ქალებს, სული კი ისევ მარტო რჩებოდა,
უგრძნობელი და დაუკმაყოფილებელი, რადგან თავის ჯუფთსა და ნაწილს ვერ ჰპოულობდა.
ამიტომ ხორცით ტკბობის სიამოვნებაც ხანმოკლე იყო ხოლმე და მეტწილად ჟინის დაცხრომასთან
ერთად თავდებოდა.
მეფე ახლა პირველად განიცდიდა იმ ნეტარებას, რომელსაც ბოლო არა აქვს, რომელიც განგებისაგან
შენთვის წყვილად დათქმული ადამიანის შეხვედრით იწყება და სიკვდილამდის არ თავდება. მან ახლა
გაიგო წიგნებში ამოკითხულის ნამდვილი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ ისწრაფვის თავიანთ
პირველ არსებაში თუ სტიქიაში ამქვეყნად გათიშული ორი სული ერთარსებადვე ქცევისაკენ, კვლავ
ღვთაებასთან დაბრუნებისაკენ.
თურმე მისი სულიც ამაოდ დაეხეტებოდა ამდენ ხანს, მსგავსისა და ნათესავის უშედეგოდ მძებნელი.
ლაშა გრძნობდა, რომ ეულად მოარულმა მისმა სულმა ოდესღაც დაკარგულ თავის ნახევარს მიაგნო,
მაგნიტივით მიეზიდა და ცეცხლის ალივით წაესწრაფა მასთან სამუდამოდ და საბოლოოდ შეერთებას.
სული კაცისა ლამაზია, მას ყოველდღე ლამაზი და სრულყოფილი იზიდავს, _ აგონდება ლაშას
სადღაც ამოკითხული, _ როგორც კი სული ლამაზსა და სრულყოფილს ხვდება, მას ახლო აკვირდება და
თუ გარეგნობის მიღმა თავის მსგავსებასაც ჰპოვებს, დაუყოვნებლივ უერთდება, _ ამას ჰქვია ნამდვილი
ტრფობა და ჭეშმარიტი სიყვარული. როცა სული კაცისა გარეგნობის მიღმა ვერაფერს თავის მსგავსს ვერ
ნახულობს, მისი ტრფობა გარეგნობით გატაცებას არ სცილდება და ასეთი ტრფობა მხოლოდ ჟინსა და
ვნებას წარმოშობს.
რამდენჯერ მოსვლია ეგრე ლაშას, ლამაზი გარეგნობით მიზიდულს, თავი თავდავიწყებამდე
შეყვარებული ჰგონებია, მაგრამ სატრფოს გარეგნობის მიღმა მის სულს მირიად სივრცეებში დაკარგული
თავისი ნახევრის მსგავსება და ნათესაობა ვერ უპოვნია და ყველაზე დიდი გატაცებაც ისევე მალე
ჩამქრალა, როგორც უეცრად აღგზნებულა.
საოცარი იყო ეს გააზნაურებული გლეხის ცოლი. პირველი დანახვისთანავე აღძრული გრძნობა
საწოლმა არათუ გაანელა, კიდევ უფრო გააძლიერა.
მისი სხეულის უჩვეულო სურნელი ახლაც თავისკენ ეძახდა, აბრუებდა უცხო ნელსაცხებელსა და
სურნელებამოყირჭებულ მეფეს.
როგორი ნატიფი იყო მისი ყოველი მოძრაობა, როგორი ზომიერი და რჩეული ყოველი სიტყვა!
ასეთი სისუფთავე ლაშას სამეფოს პალატებშიაც არ უნახავს! როგორი უბიწოებისა და
შეურყვნელობის ბეჭედი ჰქონდა ყველაფერს ლილეს ოთახში! არასოდეს ლაშა ასე ბედნიერი არ
ყოფილა, არც ერთ სამეფო სასახლის პალატში, როგორც ახლა იყო აქ, თავისი ყმის, ველისციხელი
გლეხის ქორედი სახლის ამ პატარა, ნათელ ოთახში!
უკვე მამლები ყიოდნენ, ეზოში ვიღაც დააბიჯებდა.
ბედნიერებით პირთამდე სავსე მეფეს მკვდარივით ჩაეძინა.
* * *
ლილეს რომ გაეღვიძა, მზე უკვე კარგა შემაღლებული იყო.
ერთ წამს ყველაფერი მოიგონა, მხოლოდ ის აღარ ახსოვდა, როდის და როგორ დატოვა ლაშამ მისი
ლოგინი და ოთახი.
მთელი სხეული რაღაც უჩვეულო კმაყოფილებით და სიმშვიდით ავსებოდა ლილეს. ასე ეგონა, იმ
ღამეს პირველად იყო მამაკაცთან.
როგორ არ ჰგავდა ტლანქსა და მოუხეშავ ლუხუმს ლაშა!
როგორი რჩეული იყო და ნატიფი ჭაბუკი მეფის ალერსი, რამდენი ხალისი, ნეტარება და სიცოცხლის
სიხარული იყო ჩაქსოვილი მის მოფერებაში, სხეულის ყოველი ნაკვთის მოძრაობაში!
ლაშასთან შედარებით, პირუტყვს ჰგავდა მიგრიაული და ლილეს ისე ეჩვენებოდა, თითქოს
ნამდვილად მხოლოდ წუხელ დაკარგა ქალწულობა, რადგან მხოლოდ წუხელ განიცადა მთელი
არსებით კაციცა და საკუთარი ქალობაც.
როგორც იქნა, ჰპოვა იგი, ვისთანაც ერთსულ და ერთხორც ცხოვრება თვით განგებისაგან ჰქონდა
განკუთვნილი.
ორი არსების ეს შეერთება ორი მდინარის შეერთებას, ყოველი წვეთის ერთიმეორეში შერევას და
ერთდინებად ქცევას უფრო ჰგავდა. წარსული ცხოვრება მისი სულისა და სხეულის დავიწყების
ბინდბუნდს ეძლეოდა და წინ ახალი სიცოცხლე იწყებოდა, ერთნაკადად მიმდინარე ორი ადამიანის
ნათელი და ბედნიერი სიცოცხლე. გონების თვალით უკან მიხედა ლუხუმთან ერთად გატარებულ
დღეებს და ღამეებს. უფერული და უღიმღამო ეჩვენა და თვითონვე გაუკვირდა, როგორ შეეძლო ის
განვლილი ცხოვრება ოდესმე ბედნიერებად დაესახა, ან ლუხუმისადმი თავის ერთგულებისათვის
სიყვარული ეწოდებინა! მას წუხანდლამდე, ლაშასთან შეყრამდე, არც სიყვარულზე ჰქონია წარმოდგენა
და არც ბედნიერებაზე. ახლა ერთიც კარგად იცოდა და მეორეც და ორივესაგან განუზომელ ნეტარებას
განიცდიდა.
დაღლილსა და სიამით სავსე სხეულს კიდევ დიდხანს უნდოდა ლოგინში ნებივრობა, მაგრამ უკვე
გვიან იყო, ეზოსა და სამზადში ხალხი დაფუსფუსებდა, შეშის ჩეხვისა და დანების ლესვის ხმა ისმოდა.
ლილემ ტანთ სწრაფად ჩაიცვა და ფეხაკრეფით გაიარა აივანზე.
მეფე ჯერ არ ამდგარიყო, ალბათ, ეძინა.
მსახურები ეზოში ტრიალებდნენ, მეფეს რომ არ გაღვიძებოდა, ერთიმეორეს ხმადაბლა
ელაპარაკებოდნენ.
ლუხუმი დილაადრიან ამოსულიყო, ოჯახში დატრიალებულიყო და ახლა კაკლის ტოტზე ფეხებით
დაკიდებულ უშობელს ატყავებდა.
ლილემ პირი დაიბანა და სარკესთან ჩვეულებრივზე მეტხანს იჯდა.
იგი ახლა განსაკუთრებული ყურადღებით სინჯავდა თავისი სახის ყოველ ნაკვთს, უნდოდა, მეფეს
უნაკლო და სრულქმნილი წარსდგომოდა, რომ ღამის შთაბეჭდილება ლაშას კიდევ უფრო ცხოვლად და
ძლიერად ჩვენებოდა.
ლილემ ერთხელ კიდევ კმაყოფილებით შეხედა თავის ორეულს სარკეში და ფარჩის კაბის შრიალით
ამაყად გააბიჯა კიბისკენ.
ლილეს გამოჩენაზე მეფის მხლებლებმა ხმა გაკმიდეს, ეზოში მიმავალ ქალს აღტაცებით მიაჩერდნენ,
თითქო ფერდობში მოცქრიალე უცხო ფრინველს შეჰყურებდნენ.
სამზადთან ქეთევანი შეეფეთა რძალს. ლილემ პირდაპირ შეხედვა ვერ გაბედა, დამნაშავესავით
თვალი აარიდა დედამთილს და თავდახრილი, მისკენ მიუხედავად მიესალმა:
_ დილა მშვიდობისა, დედა-ბატონო!
_ გაიხარე, შვილო! ლუხუმი მოვიდა, არ ნახე?..
ლუხუმი ლილესკენ მობრუნებულიყო. გაბრწყინებული ცალი თვალით ცოლს შეჰყურებდა და
უცინოდა.
დამკლაულ ხელებზე და ბანჯგვლიან მკლავებზე სისხლი ეცხო ლუხუმს, ხელში წვეტიანი დანა
ეჭირა და იმ დანასაც სისხლი წვეთავდა.
სისხლიან ველურად ეჩვენა ლილეს თავისი ქმარი და მაშინვე წუხანდელი შედარება დაუდგა
თვალწინ, განუვითარებელ, პირველყოფილ მხეც-ადამიანად ეჩვენა ახლაც იგი უნატიფეს და უფაქიზეს
ლაშასთან შედარებით.
ლილეს უნდოდა, ქმარს მორიდებოდა, მაგრამ საით წასულიყო, ისიც აღარ იცოდა და,
თავისდაუნებურად, ლუხუმისაკენ გაემართა.
_ ახლო ნუ მოხვალ, გენაცვალე, სისხლი არ მოგეცხოს! _ ალერსით უთხრა ქმარმა.
ლილე არც თავად ფიქრობდა ქმრის მოხვევას, შორიახლო დადგა და თავაუღებლად იკითხა:
_ წუხელ რათ არ ამოხველ?
ამ სიტყვებში ლუხუმს მონატრებული ცოლის საყვედური მოესმა, ხოლო თვით ლილეს ისე მოეჩვენა,
თითქო ქმარს ნიშნი მიუგო _ ახია შენზე, რაც მოხდა, რატომ არ ამოხველო!
_ მხოლოდ ამ დილას შევიტყვე მეფის მობრძანება და მაშინვე აქ გავჩნდი, _ იმართლა თავი
ლუხუმმა, მერე ლილესთან ახლო მივიდა და თითქმის ყურთან ხმადაბლა უთხრა:
_ ხომ აიხდინე საწადელი!..
ლილე შეკრთა, დანაშაულზე დაჭერილივით ახედა ლუხუმს, გადაკრულად ხომ არ მეუბნება,
წუხანდელი ხომ არა იცის რაო.
ლუხუმის სახის ნახევარი ისევ გულუბრყვილოდ იღიმებოდა.
_ მალე აგიხდა მეფის სტუმრობის ნატვრა, ლილე, საწადელი აგისრულდა და, ვინძლო, ხელმწიფეს
კარგად ვუმასპინძლოთ.
ლილემ შვებით ამოისუნთქა, რაკი დარწმუნდა, რომ მის ქმარს ეჭვიც არაფრისა ჰქონდა,
ნაძალადევად გაუღიმა და კაბის შრიალით გაშორდა.
* * *
იმ დღეს დიდი პურობა გამართა ლუხუმმა. კახეთის ყველა წარჩინებული იწვია.
თამადა ბაკური იყო _ კახეთის ერისთავი.
მოსვლისთანავე გუმანით გაერკვა გამოცდილი ბაკური მომხდარ ამბებში. ერისთავმა იცოდა, რომ
მეფე ტყუილად არ გაათევდა ღამეს ველისციხელი ყმის ოჯახში. ისიც იცოდა, რომ ლუხუმი იმ ღამეს შინ
არ იყო. მაგრამ ან ამის ცოდნა რად უნდოდა, როცა მეფისა და ლილეს ყოველ გამოხედვაში
ერთიმეორისთვის გაგიჟებული მიჯნურების ნდომითა და ვნებით სავსე ცქერას იჭერდა.
ბაკური უთქმელად მიხვდა მეფის საწადელს, თამადის თანაშემწეობა ლუხუმს დააკისრა და
ზედიზედ დიდრონი ყანწები და აზარფეშები დააყარა.
მეფის სტუმრობით უზომოდ გახარებული ლუხუმი აღტაცებისაგან ისეც მთვრალივით იყო, ღვინოს
ხარივით ეწაფებოდა და სასმისს ძირამდე ცლიდა.
დახარბებულ ვაჟკაცს ღვინო მალე მოეკიდა, ისედაც წითელი სახე სულ ატლასივით გაუხდა, საღი
ჭროღა თვალი უარესად აემღვრა და ვერცხლისწყალივით აუთამაშდა.
იგი თამადისა და მოწოდებული სასმისის მეტს ვეღარაფერს უყურებდა და ვერც ამჩნევდა, თუ
როგორ ჭამდნენ თვალებით ერთიმეორეს მისი სათაყვანებელი მეფე და საოცნებო ცოლი, როგორ
მისდიოდათ ფერფური და როგორ ესაუბრებოდნენ უხმოდ ერთიმეორეს მიჯნურების ტკბილსა და
საიდუმლო ენაზე.
ბაკურ ერისთავმა მეფისა და მისი დიდი წინაპრების, რუსუდანისა და ქართველი ერის
სადღეგრძელოებს მასპინძლის დედის დღეგრძელობა მოაყოლა.
მთელ დღეს ცეცხლთან ჯარასავით მბრუნავი ქეთევანი სამადლობელისათვის სუფრასთან მივიდა
და პირველი გახედვისთანავე ის დაინახა, რასაც აღტაცებისა და ღვინისაგან დაბრმავებული ლუხუმი
ვერ ამჩნევდა.
ცეცხლი მოეკიდა ქეთევანს, მაგრამ რა ექნა. აწრიალდა, სუფრას აღარ მოსცილდა, რამდენჯერმე
ლილე დაასაქმა, კერძი და ღვინო მოატანინა.
უშველებელი სასმისით შესვა ლილეს სადღეგრძელო ერისთავმა, გრძლად ილაპარაკა დიასახლისის
პატიოსნებასა და ქმრის ერთგულებაზე, განათლებულობასა და ხელმარჯვეობაზე.
_ ამისთანა ცოლი, ჩემო ლუხუმ, შენ კი არა, ერისთავებსა და მეფეებს დაამშვენებდა, _ იხუმრა
ბაკურმა და ამ ხუმრობით თავისი თუ არა, მეფის გულისნადები მაინც თქვა.
მეფემ დაცლილი სასმისი ჩამოართვა, ერთი მრავლისმთქმელი მზერით შეხედა ლილეს და
თვალაპყრობილმა ხმადაბლა უთხრა:
_ ყველა საწადელი მალე აგსრულებოდეს, ბედნიერი ყოფილიყო!
მეფე სასმისს დაეწაფა, დასცალა და ცარიელი ლუხუმს ესროლა. უკვე სიმთვრალისაგან
ატორტმანებულმა ლუხუმმა სასმისი ჰაერში დაიჭირა, ზედ აკოცა და გულში ჩაიხუტა.
დალევა და ლუხუმის დაბარბაცება ერთი იყო.
თავი სუფრაზე დასდო და გრძელი ხვრინვა ამოუშვა.
ლილემ ზიზღით გახედა მხვრინავ ქმარს, სუფრიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხნის მერე
ლაშაც ადგა, ჯერ ვითომ აივანზე დაიწყო ბოლთის ცემა, მერე მოქეიფეთა თვალს მიეფარა და იმ ოთახში
შევიდა, სადაც წუხელ ესოდენ სახსოვარი ნეტარება განიცადა.
სარკესთან იდგა ლილე და თმებს ივარცხნიდა.
ლაშა უკანიდან მიეპარა და მოეხვია. ქალმა სარკეში გაუცინა ვნებიანი სიცილით, მუხლებში მოეშვა
და მთელი ტანით ვაჟკაცის მკერდს მიეყრდნო. მეფემ თვალები და ყელ-ყური დაუკოცნა ლილეს.
_ დღესვე თბილისს უნდა წავიდე და შენც თან უნდა წაგიყვანო! _ განუცხადა ლაშამ სატრფოს.
_ დღეს არა, მეფევ, დღეს არ მოხერხდება.
_ მე უშენოდ წასვლა არ შემიძლია, ლილე, და აქ ჩემი დარჩენაც შეუძლებელია.
_ მეც ვერ გავძლებ უშენოდ, ლაშა... ლაშარელა! _ მიეალერსა ქალი და მკერდში უფრო მაგრად ჩაეკრა.
_ დღეს... დღესვე უნდა წაგიყვანო, ლილე. უშენოდ წასვლა არ შემიძლია... ვერ გავძლებ...
_ არა, ჩემო სიცოცხლევ, დღეს რა საჩქაროა, მოიფიქრე, მეფურად გამოარჩიე უმჯობესი. ხალხისა და
ღვთის საგმობ საქმეს ნუ ვიზამთ, ქვეყანას ნუ აალაპარაკებ... მეფე ხარ, შენი ყმები შენს ხელთ არიან.
საქმე ისე მოაწყე, არც ჩემი ქცევა იყოს გასაკიცხავი, არც შენი გამორჩევა აუგად სახსენებელი.
_ ლილე... ლილე... შვილო! _ გაისმა ქეთევანის ხმა და ლილე უცებ გამოერკვა, ლაშას ხელიდან
გაუსხლტა და თმების სწორებით ოთახიდან გავარდა.
სასადილოში ქეთევანი შემოსულიყო, სუფრაზე დაძინებული ლუხუმი რომ დაენახა, გულს
შემოჰყროდა, მაგრამ ლილე და მეფე იქ რომ აღარ დახვედროდნენ, ამაზე მეტი ელდა სცემოდა.
_ რა იყო, დედა?! _ შემოსვლისთანავე იკითხა დაბნეულმა ლილემ.
ქეთევანმა მკაცრად ეჭვიანი თვალით გახედა რძალს და ცივად უთხრა:
_ ამ შენს კაცს რათ არ მოხედე, რომ სუფრაზე დასძინებია? მიშველეთ, ავაყენოთ, ოთახში გავიყვანოთ
და დავაწვინოთ.
ორმა ქალმა ვაჟკაცების დახმარებით ძლივს ააყენა მძინარი ლუხუმი და ვაი-ვაგლახით გაიყვანეს
ოთახიდან.
* * *
თბილისში დაბრუნებული მეფე მალე მიხვდა, რომ გული ველისციხეში დარჩა და ლილესგან
მოშორებით ცხოვრება აღარ შეეძლო.
დღისით ჩვეულებრივად ლხინსა და ქეიფზე, მოგზაურობასა და ნადირობაზე გული აღარ
მიუდიოდა მეფეს, ღამით თვალზე რული არ ეკიდებოდა...
გახდა და დაჯავრიანდა უსმელ-უჭმელი მეფე.
სასახლეში წუხდნენ ხელმწიფის უგუნებობას, მაგრამ მეფე გულს არავის უხსნიდა, სევდისა და
მოწყენილობის მიზეზის კითხვას კი ვერავინ უბედავდა.
რამდენჯერმე მოინდომა ველისციხისკენ ჩუმად გაპარვა, მაგრამ აჩრდილივით მუდამ თან
ადევნებულ ლუხუმს ვერაფერი მოუხერხა, მცველი ვერსად გაიტყუა და თავიდან ვერ მოიცილა.
რაკი გული აღარაფერზე მიუწევდა, სასახლეში ჩაკეტილი მეფე დროს წიგნების კითხვით კლავდა:
ლეილისა და მეჯნუნის, ვისისა და რამინის, ტარიელისა და ნესტანის მიჯნურობის ამბებში საკუთარი
უნუგეშობის მსგავსებას პოულობდა და ძნელი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებდა.
სამიჯნურო წიგნების კითხვამ, დამშვიდების მაგივრად, კიდევ უფრო გააშმაგა მეფე.
ლაშა გრძნობდა, რომ ლილესაგან შორს ყოფნა, უიმისოდ ცხოვრება აღარ შეეძლო. მაგრამ წადილის
ასასრულებლად თავად ვერაფერი მოეფიქრებინა და ვერც ხვაშიადი გაენდო ვისმესთვის.
დაუმძიმდა, გაუძნელდა ლაშას სატრფოს სიშორე. ლუხუმს დასანახავად ვეღარ იტანდა. მისი
ყოველი შეხედვა თავის უღონობასა და უმოქმედობას აგონებდა, აანჩხლებდა და ბოღმით ავსებდა.
მეფის უგუნებობით შეწუხებული გულუბრყვილო მცველი კიდევ უფრო მორჩილი, მეფის
სურვილის შესრულების კიდევ მეტად მოსწრაფე ხდებოდა და ამით მეფეს თავს უფრო აბეზრებდა.
@თავი მეთექვსმეტე. ფრთხილი ძაღლი და ფხიზელი დედამთილი
ლამაზი ქალის პატრონსა
უნდა ძაღლი ჰყავდეს ფრთხილი,
ან ძაღლი უნდა ფხიზლობდეს,
ანდა რძალის დედამთილი...
ხალხური
ნაშუაღამევს იძრა მიწა თბილისში.
მიწისძვრა ძლიერი იყო, ქალაქში მრავალი სახლი დაინგრა და მსხვერპლიც ბევრი მოჰყვა.
მეფეს არ ეძინა. მყარის პირველი შერყევისთანავე ფეხზე წამოდგა, სარკმელი გააღო და გარეთ
გაიხედა. ახალმა ბიძგმა ხომალდივით შეატორტმანა სასახლე და მეფის ყურამდე განწირულმა კივილმა
მოაღწია.
მტკვარგაღმა სახლები ინგრეოდა. მცხოვრებნი გარეთ ძლივს ასწრებდნენ და ჟინჟღილების შუქზე
ქორისაგან დაწიოკებული წიწილებივით დარბოდნენ ნახევრად ტან-ფეხშიშველები.
იმ ღამესვე დაიარა ლაშამ მიწისძვრისაგან დაზარალებული უბნები. საბოძვარი გასცა, უსახლკაროდ
დარჩენილთ თავშესაფარი უჩინა, დაღუპულთა ჭირისუფლები ანუგეშა და გაამხნევა.
მიწისძვრისაგან დაზარალებული უბნის თავში ახალმა მძლავრმა წყარომ ამოხეთქა. მდუღარესავით
ცხელი და სხვა წყაროთაგან უმეტესად გოგირდოვანი იყო ახალი წყარო.
თბილისი ისეც მდიდარი იყო სამკურნალო აბანოებით. თამარის მეფობიდან მოკიდებული, აბანოში
ბანება ყველასათვის უფასო იყო. შორიდან წამოსული მექარავნეები სიხარულით ელოდნენ თბილისში
შემოსვლას, მარმარილოს ჭრელ აბაზანებში ჭუჭყისაგან გაწმენდასა და ამოდ მჩქეფარე წყალში
განსვენებას.
მეფემ ქალაქის სრულიად დანგრევისაგან გადარჩენა ახალი წყაროს ამოსვლას მიაწერა. მაშინვე
აკურთხებინა და ახალი აბანოს აშენება ბრძანა.
მეორე დღეს მანდატურთუხუცესმა აცნობა მეფეს, დიდი პაპის დავით აღმაშენებლის სასახლის
პალატები დაუზიანებია მიწისძვრასო.
დავით აღმაშენებლის სასახლე დიდი ხანია არ ენახა მეფეს. დავითის შემდეგ ჯერ გიორგი მესამემ და
მერე თამარმა ახალი, უფრო კეთილად მოწყობილი სასახლეები ააშენეს და მდიდრული პალატებით
შეამკეს. დავითისეული პალატები უმეტესად დახშული იყო და იშვიათად, რაიმე განსაკუთრებული
შემთხვევისთვის თუ გააღებდნენ ხოლმე.
მეფემ დაზიანებული პალატების ნახვა მოისურვა და თან თურმან თორელი და ეგარსლანი იახლა.
გარედანვე მოჩანდა: დიდი დარბაზის ზღუდე შუა გამსკდარიყო და კედელს პირი დაეღო.
მეფე დარბაზში შევიდა. კარის ზღურბლთან გაქვავდა ლაშა: ირგვლივ ყოველივე საოცარი
სილამაზითა და ხალისით სუნთქავდა. გემოვნებით განაწილებული ძვირფასი ავეჯი, ფართო
სარკმლიდან უხვად შემოსული შუქი და ბოლოს _ ცოცხალი, მიმზიდველი და მეტყველი ფერებით
მოხატული დიდი კედლები.
მეფე თვალს ვეღარ აშორებდა მოპირდაპირე კედელს: ფუნჯის დიდოსტატს მწუხრის ბინდბუნდი
გამოეხატა კედელზე. სამეფო სახლის ერდოზე წელში მოხრილი, უკვე მოუძლურებული მოხუცი იდგა
საცვლების ამარა. მოხუცის სხეულის მოძრაობა დაღლილობასა და უღონობას ამჟღავნებდა, ხოლო სახე
გაძლიერებული
ცეცხლივით
აღგზნებული
ჰქონდა.
თვალნი,
გასაქრობად
მიდრეკილი
ნაკვერცხლებივით, უკანასკნელი გზნების ძალასა და მცხუნვარებას, დაფერფვლის განცდის ნეტარებას
გადმოსცემდნენ. მოხუცის თვალები ხარბად, აღტკინებული მიპყრობოდნენ მდინარეში მობანავე ქალის
ვნებით დაყურსულ შიშველ ტანს.
საოცარი სილამაზით აემეტყველებინა ფერი და ხაზი მხატვარს. შემოსული ვენახივით სავსე ქალის
სხეულის არა მარტო ყოველი ნაკვთი მოუხმობდა ხორცით ტკბობის ნეტარებისაკენ, არამედ ჰაერიც,
ქალის გარშემო განაბული ჰაერიც ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე სხეულით თრობასა და მაჭრობას
გადმოსცემდა.
_ იყო წინა მწუხრის... _ ჩაესმა ლაშას და მოიხედა.
თურმანი კედლის მხატვრობას გაჰყურებდა და ძველი აღთქმიდან დავით წინასწარმეტყველის
ცდუნების ამბავს ზეპირად კითხულობდა. ლაშამ თორელისკენ ახლო მიიწია და ყური მიუგდო.
თურმანი განაგრძობდა:
_ და აღდგა დავით საწოლისაგან თვისისა და ვიდოდა ერდოსა ზედა სახლისა სამეფოსა და იხილა
დედაკაცი ერდოით, რომელი იბანებოდა: ხოლო დედაკაცი იგი იყო შესახედავად ფრიად კეთილი და
წარავლინა დავით და იძია დედაკაცი და თქვა: არა ესრე არსა ბერსაბე ასული ელიაბისა, ცოლი ჰურია
ქეტელისა და წარავლინა დავით მსახურნი და მოიყვანეს იგი და შევიდა მისდა და დაიძინა მისთანა... _
თორელი შემობრუნდა და მეორე კედელს მიაპყრო თვალი. _ მიუწერა დავით წიგნი იოაბს,
მხედართმთავარსა თვისსა: შეიყვანე ჰურია პირისპირ ბრძოლისა ძლიერისა და უკუნ იქეცით მისგან,
რათა იწყლას იგი და მოკვდეს.
ლაშა შეტოკდა. თვალი დაჟინებით მიაშტერა დავითის მხედართმთავრის იოაბის მკაცრ სახეს.
დაადგინა იოაბ ჰურიაი ქეტელი ადგილსა ზედა განსაცდელთასა. გამოვიდნენ კაცნი ძლიერნი
ბრძოლად და მოკლეს მუნ ჰურია ქეტელი.
თორელი წამით შეყოვნდა.
სწორედ იმ ადგილას გამსკდარიყო კედელი მიწისძვრისაგან, სადაც მოკლული ჰურია იყო
დახატული.
კედლის ნარღვევი შუაზე ჰყოფდა ქეტელის სახეს. სახის ნახევარი დაზიანებულიყო და საღებავი
მოშორებოდა. ლაშას კედლიდან ჰურია ქეტელის ცალი თვალიღა უყურებდა; მეორე თვალი
დავსილივით ძლივსღა ჩანდა და სახის მთელი ნახევარი საღებავისა და კედლის ფენის
ურთიერთგათქვეფისა და ჩამოშლის შედეგად უცნაურად და შემაზრზენად გამოიყურებოდა.
მეფეს თვალი აერია. წამით ქეტელი ჰურიას სახე სადღაც მიეფარა და მისი ადგილი კედელზე
ლუხუმ მიგრიაულის ცალთვალა, დასახიჩრებულმა სახემ დაიკავა.
_ ვითარ მიუწერა დავითმა იოაბს? _ ჩაჰკითხა ლაშამ თორელს და თან ფიქრში წასული თვალები
კედლის იმ ნახატს მიაშტერა, სადაც ლამაზ ბერსაბეს ქმრის დარღვეული სახის ადგილას ლილეს
ცალთვალა ქმარს ხედავდა.
_ მიუწერა დავით წიგნი იოაბს, მხედართმთავარსა თვისსა: შეიყვანე ჰურია პირისპირ ბრძოლისა
ძლიერისა და უკუნ იქეცით მისგან, რათა იწყლას იგი და მოკვდეს. დაადგინა იოაბ ჰურია იგი ქეტელი
ადგილსა ზედა განსაცდელთასა. გამოვიდნენ კაცნი ძლიერნი ბრძოლად და მოკლეს მუნ ჰურია ქეტელი.
ეგარსლანი სულგანაბული უგდებდა ყურს თორელს და თან მეფეს თვალს არ აშორებდა. უცებ მეფემ
მოიხედა და უნებურად თვალი თვალში გაუყარა.
ეგარსლანი უსიტყვოდ მისწვდა მეფის ფიქრს, მისთვის ყოველი ნათელი იყო. მან უკვე იცოდა, თუ
როგორ ემოქმედნა.
კარის მგოსნის უკანასკნელი სიტყვები იმის გამჟღავნებად მოესმოდა, რაც ხვალ თვითონ უნდა
მოემოქმედნა მეფის ბედნიერებისათვის, ხელმწიფის ახალი წყალობის დამსახურებისათვის:
_ წარავლინა დავით და მოიყვანა იგი სახლსა შინა თვისსა და იქმნა მისა ცოლ და უშვა ძე...
* * *
იმ დღეს სასიხარულო ამბავი მოვიდა. მხარგრძელს საქართველოს საზღვრებში შემოჭრილი
ყივჩაღთა ჯარი სრულიად გაენადგურებინა. ძლევამოსილი ქართველთა ლაშქარი უამრავი ტყვითა და
ალაფით დედაქალაქისკენ დაბრუნებულიყო.
სასიხარულო ცნობამ ყველა და, რაღა თქმა უნდა, მეფეც გაახარა, მხოლოდ ეგარსლანს ეწყინა ასე
უცებ და მოულოდნელად ომის დამთავრება, _ მას ხელიდან ეცლებოდა თავისი განზრახვის ასრულების
საუკეთესო შემთხვევა.
ომი დამთავრებული იყო და მეფე იძულებული ხდებოდა, კვლავ ეთმინა ლუხუმის აბეზარი
სიახლოვე და ლილეს აუტანელი სიშორე. ეგარსლანს თავისი გეგმის შესრულება მომავალი
ხელსაყრელი შემთხვევისათვის უნდა გადაედო და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს
გაუთავებელი მოლოდინი.
ლაშა ჯერ კიდევ ალაფისა და ყივჩაღი ტყვეების მითვლასა და გაცემაში იყო, რომ სახელმწიფოს
ახალი საზრუნავი გამოუჩნდა.
განძის შემდეგ ახლა მეორე ყმადნაფიცი ქვეყანა _ ნახჭევანი გასდგომოდა, საქართველოს სამეფოს
მორჩილებაზე და ხარკის მოცემაზე უარს აცხადებდა.
სამეფოს მესვეურები მიხვდნენ, რომ განძის შემდგომ ნახჭევნის განდგომა საქართველოს
სახელმწიფო ცხოვრების უბრალო ეპიზოდი კი აღარ იყო, არამედ იმ ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს
წარმოადგენდა, რომელიც სამეფოს ძლიერებას დამხობას უქადდა.
ამდენ ხანს ერთგული საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები, ხედავდნენ რა სამეფოს შინა აღრევას და
ერთმთავრობის სისუსტეს, ზედიზედ, ერთიმეორის მიყოლებით ამბობდნენ უარს ხარკის ძლევასა და
მორჩილებაზე.
დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებული, საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკა
მოსაზღვრე ქვეყნების მიმართ მუდამ აქტიური იყო. სამხრეთისაკენ შორს წაწეულ საქართველოს
ძლევამოსილ მხედრობას თავისი მეზობელი და ყმადნაფიცი ქვეყნები ერთგულებასა და მორჩილებაში
ჰყავდა.
თამარის სიკვდილისა და ივანე მხარგრძელის აღზევების შემდეგ საქართველოს სამეფოს ეს ნაცადი
პოლიტიკა თანდათან შესუსტდა.
მხარგრძელს მეტისმეტი სიმდიდრე ხელს უშლიდა, ჭარმაგობაშიც ისეთივე გულწრფელი
მამულიშვილი დარჩენილიყო, როგორც სიჭაბუკეში იყო. მის მამულებსა და სამფლობელოებს
საზღვრები აღარ ჰქონდა, მისი საქონლით დატვირთული ქარავნები კიევამდე და ბაღდადამდე,
ხვარაზმამდე და ინდოეთამდე მოგზაურობდნენ. ათაბაგს დიდი ხნის შრომითა და ბრძოლით შეძენილი
უზომო სიმდიდრის საფრთხეში ჩაგდებისა ეშინოდა და ფრთხილად იქცეოდა. იგი ციხეებსა და
სადარაჯოებს ამრავლებდა, შიგ ძლიერ რაზმებს აყენებდა და ამით ფიქრობდა ქვეყნის დაცვისა და
ძლიერების განმტკიცებას.
მეფე და ახალციხელები საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებას მისი ხმლის ძალაში ხედავდნენ.
ისინი კვლავ ძლევამოსილი ომების გაგრძელებასა და ახალი ქვეყნების დალაშქვრას მოითხოვდნენ,
რადგან ლაშქრობასჩვეული მხედრობის უქმად ყოფნა სახელმწიფოს მომავლისათვის საზიანოდ
მიაჩნდათ.
ნახჭევნის განდგომამ ახალციხელს კიდევ ერთი საბუთი მისცა საქართველოს მთავრობის პასიური
საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გასალაშქრებლად.
იმის ნაცვლად, რომ ჩვენ კვლავ ხოროსანსა და რუმში ვლაშქრობდეთ, შეშინებულივით შინ
ჩავკეტილვართ და გათამამებული ყმადნაფიცების დაშოშმინებასა და დასჯაზე ვხარჯავთ ღონესა და
საჭურჭლეს. იმის ნაცვლად, რომ სამეფოს სიმდიდრე და მიწა-წყალი ემატებოდეს, სახელმწიფოს
სალარო თავდასაცავი ბრძოლებისათვის ცარიელდება და ქართველი მხედრობა განძასა და ნახჭევანს
აწყდებაო, _ განაცხადა დარბაზის სხდომაზე ახალციხელმა და ბრალი საქართველოს ამ
მდგომარეობამდე მიყვანაში მხარგრძელს დასდო.
ბჭობა იმით დასრულდა, რომ მეფის წინადადებით, თავგასული ნახჭევნელების ჭკუის
სასწავლებლად ლაშქარი გაგზავნეს და ქართველთა მხედრობას შალვა ახალციხელი უსარდლეს.
ლაშქრის წასვლის წინ ეგარსლანი წინამბრძოლთა სარდლად დანიშნულ ბიბლა გურკელს ესაუბრა
დიდხანს.
ბიბლა მეფის ახლობელ და ახალგაზრდა სარდალთაგან ეგარსლანისათვის ყველაზე მისანდო იყო.
ბიბლას შემდეგ ლუხუმი მოიხმო. პირდაპირ თვალში არ შეუხედავს, დაყვავებით ელაპარაკა:
_ შენი დიდი ვალი ადევს მეფეს. მისი სიცოცხლე მრავალგზის დაგიცავს და ბევრი ერთგულება
გამოგიჩენია. ალბათ, გული სამამაცო და საგმირო საქმისკენ მიგიწევს, აქ რად უნდა დარჩე, ამხანაგებს
რად უნდა გამოაკლდე, წადი ლაშქრად, ბრძოლაში თავს გამოიჩენ, სახელოვანი და ნადავლიანი
დაბრუნდები. მე შენი წარჩინება მსურს. მხედრობაში დაწინაურდები, ჯილდო და მამულები
მოგემატება, ახალ პატივსაც იშოვნი და მეფის ერთგულ დიდებულებს მხარში ამოუდგები, _ უთხრა
ეგარსლანმა და გამომცდელად შეხედა მიგრიაულს.
_ როგორც ხელმწიფის ნება იქნება!
თავდახრით თქვა ლუხუმმა და ბიბლა გურკელს მიჰყვა მორჩილად.
* * *
შემოდგომა იდგა კახეთში, უხვი და ბარაქიანი შემოდგომა. ყურძენი უკვე მოსაკრეფად იყო
შემოსული. ეზოებიდან ქვევრების შხუილი და მრეცხავების ღიღინი ისმოდა.
ღობეებზე გადმოკიდებულ ბროწეულებს ყბები დახეთქოდათ და მიჯრით მიწყობილი კბილები
გამოეჩინათ... მწიფე ლეღვებს ყუნწები მისუსტებოდათ და მიჭკნობოდათ, კომშები ზაფრანისფრად
გაყვითლებულიყვნენ და წენგოშემომხმარი კაკლები ბუდიდან გამოსახტომად გამზადებულიყვნენ.
ქარვითა და ლალით დამძიმებულიყო მიგრიაულების ეზო-გარემოიც.
მამაკაცი _ ოჯახის თავი, შორს, ომში იყო წასული. კარზე მომდგარ მოსავალს დაბინავება და
პატრონობა უნდოდა. ქეთევანი მარტო იყო და ყველაფერს ვერ სწვდებოდა. რამდენიმე ყმა ჰყავდა
გააზნაურებულ მეფის მცველს, მაგრამ თვითონ გუშინდელი ნაყმევი ქეთევანი ჯერ კიდევ არ იყო
შეჩვეული ყმების დასაქმებას და წარამარა მათი დაძახება ეჩოთირებოდა.
ლილეს მოხმარება ერთ რამედ უღირდა ქეთევანს, მაგრამ რძალი თავად არ ეკარებოდა ოჯახის
საქმეს და დედამთილსაც ეხათრებოდა ყოველ წუთში მისი შეწუხება.
ეს ერთი ხანი ქეთევანი ცვლილებას ატყობდა რძალს. ლილე მხიარულ გუნებაზე იყო და ერთთავად
სულ ღიღინებდა, მღეროდა თავისთვის, გატაცებით, რაღაცას თუ ვიღაცას შეჰმღეროდა. ზოგჯერ
ფიქრში წავიდოდა, ვიღაცას თუ რაღაცას უღიმოდა და ეჩურჩულებოდა, თვალებგამოშტერებული
ირგვლივ ვეღარავის ამჩნევდა და აღარაფერი ესმოდა.
უმეტესად ქორედის აივანზე იდგა ლილე და მოაჯირსგადაყრდნობილი შორს, დასავლეთისკენ
გაჰყურებდა მეოცნებე თვალებით.
ბოლო ხანს ესეც შენიშნა ქეთევანმა: დროდადრო რძალს ფერი მისდიოდა და გულს აზიდებდა.
დედამთილისაგან ფარულად რძალი მკვახე ქლია