უფალო, ყური მოაპყარ ჩემკენ,
თხოვნა მაქვს მცირე და უმნიშვნელო,
რაკი არ მკითხე და ისე შემქმენ,
რას იზამ, შენვე უნდა მიშველო.

მე დავიცალე რჩეულ სიტყვებად,
მათ ვტოვებ, როგორც წმინდა ნაწილებს,
მგონი არც ვინმეს ვალი მიმყვება,
არც წყევლა-კრულვით ვინმე მაცილებს.

მათუსალობის არ ვარ მდომელი,
სიკვდილშიც არვინ არ მეცილება,
ვიცი, გარდაქმნა ბევრჯერ მომელის,
ბევრი მომელის სახეცვლილება.

წინ გრძელი გზა მაქვს ბნელით მოცული,
უსასრულო და უსწორ-მასწორო,
ფრთოსნად, ბალახად, წვიმად მოსული,
მშობელ ქვეყანას არ მომაშორო.

აქ დავასვენებ ჩემს დაღლილ სხეულს,
სადაც მის მცველად უნდა ვმდგარიყავ,
ფრინველად ქცეულს, მცენარედ ქცეულს,
საქართველოდან ნურსად გამრიყავ.

ჭურჭლად, რაც გინდა მიეცი ჩემს სულს,
როგორც სიმაღლის ნატვრა მთასვლელებს,
მე თვით სამოთხის ნათელშიც შესულს
სამშობლოს ნატვრა არ მომასვენებს.

როცა ქართულ ცას თვალს ვეღარ მოკრავს,
ვიცი, არ უნდა ამას მინობა,
ჩემს სულს სამშობლოს სიშორე მოკლავს,
როგორც ჰაერის უკმარისობა.

და გამიღებს კარს მაცხოვარი,
ყოვლის შემნდობი, რისხვის გარეშე,
მე ერთადერთი მაქვს სათხოვარი
“იქაც” მამყოფოს მშობელ მხარეში!..