წინასიტყვა

ცოტნე დადიანისა და კოხტისთავის შეთქმულთა თავგადასავალი იმდენად
მოკლედაა ნაამბობი «ქართლის ცხოვრების» ქრონიკაში, რომ, ცდუნებას ვერ
ვძლიე და, მთელი ეს ეპიზოდი ეპიგრაფად წავუმძღვარე წინამდებარე წიგნს.
გმირობისა და ზნეობის ამ იშვიათი წყაროს შეხსენება მკითხველისათვის
ჩვენ არაერთხელ მოგვიხდება და ამიტომაც ვცანით საჭიროდ, თავფურცლად
დართვოდა იგი ამ წიგნს.
მონგოლთა უნაპირო იმპერიისაგან ქართველთა განდგომის გაბედულ ცდას
იმ დროს დიდი გამოძახილი ჰქონია და, ამის მოწმობა შემოგვინახა
ყარაყორუმის კარზე მყოფმა იტალიელმა მისიონერმა, წმინდა ფრანჩესკო
ასიზელის სიყრმის მეგობარმა პლანო კარპინიმ.
უცხო წყაროთაგან კოხტისთავის შეთქმულების კიდევ ერთი ბუნდოვანი
ანარეკლი გვაქვს სომხურ მატიანეში.
ეს არის და ეს! ქართველი ხალხის ცხოვრების წიგნის ამ ულამაზეს
ფურცელს მეტი არც დამმოწმებელი ჰყავს, არც უარმყოფელი.
«ქართლის ცხოვრების» ამ მომხიბლავი მოთხრობის კითხვისას, ალბათ,
ბევრს აღძვრია სურვილი მოეთხრო იგი ვრცლად და დაწვრილებით, ყველა
სახისა და დეტალის სრულად გადმოცემით.
ამ სურვილით მეც დიდხანს ვიყავი შეპყრობილი, მაგრამ, როცა ცოტნეს
თავგადასავლის ვრცლად და ჩემებურად მოთხრობისათვის თავი მზად
ვიგრძენი, ჩემს წინაშე დადგა ამოცანა _ მეჩვენებინა გმირი მისი ადამიანობის
ყველაზე დიდი გამოცდის ჟამს.
ამ გადაწყვეტილებამ მიკარნახა ჩემს მოთხრობაში მთავარი ადგილი
დამეთმო ცოტნეს ბავშვობისა და ყრმობისათვის, იმ სოციალური
გარემოსათვის, რამაც მისი ხასიათი ჩამოაყალიბა და მომავალი გმირი თავისი
ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადასადგმელად მოამზადა.
დანარჩენი მასალიდან ყველაფერი, რაც ამ ამოცანის ამოხსნისას სამსახურს
ვერ გამიწევდა, ჩემს მიერ უგულებელყოფილი აღმოჩნდა. ფაქტებისადმი
ამგვარი მიდგომა იმანაც განაპირობა, რომ დავაჟკაცებული ცოტნე იმ დროში
და იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, რომლებზედაც ვრცლად
მოგვითხრობს «ლაშარელა» და «დიდი ღამე».
«ცოტნე» «ლაშარელასა» და «დიდი ღამის» გაგრძელებაა, ტრილოგიის მესამე
წიგნია და, ამიტომ იყო, რომ გმირის სიჭაბუკისა და სიმწიფის ხანაში
მომხდარი ამბების მოკლედ და ისიც რეტროსპექტულად გადმოცემა ვიკმარე.
ცოტნეს ბედსა და თავგადასავალზე დაფიქრებამ, ბუნებრივია,
კოხტისთავის შეთქმულების მარცხის მიზეზების კვლევა და მოღალატის
ძიებაც ჩამაგონა.
საქმეს ის ართულებს, რომ მემატიანის მიერ ჩამოთვლილი ყველა
შეთქმული კოხტისთავის ეპიზოდის შემდეგაც აგრძელებს მატიანის
ფურცლებზე ცხოვრებას და არც ერთის მიმართ ჟამთააღმწერელი, გადაკრული
ნათქვამითაც კი, არ ცდილობს ჩვენი ეჭვის აღძვრას. მაინც მათი ცხოვრება და
მოღვაწეობა რომ უფრო ღრმა და საგანგებო დაკვირვების საგნად მექცია,
მათგან უფრო ღირსეულნი ცალკე გამოვყავი და თითოეულს ცალ-ცალკე
ნოველა თუ ისტორიულ-მხატვრული ესსე მივუძღვენი.
ამ წიგნს იმის პრეტენზია არა აქვს, შეავსოს ჟამთააღმწერლის მიერ
კონსპექტურად გადმოცემული ცოტნეს თავგადასავლის ყველა ხარვეზი,
სრულად აღადგინოს და აჩვენოს, «თუ როგორ მოხდა სინამდვილეში
ყველაფერი».
ჩემი ამოცანა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსაზღვრული იყო და, თუ ეს
წიგნი ამ ამოცანას პასუხობს, ჩემს შრომას გამართლებად ესეც ეყოფა.

«..ამათ შფოთთა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტას
თავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი,
ყუარყუარე, კუპრი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართველნი, თორელ-
გამრეკელი, სარგის თმოგუელი, მესხნი და ტაოელნი. და ყოველნი იტყოდეს:
«რა ვყოთ? აღარა არს ნათესავი ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღუარ
გუექმნას და ვბრძოდით თათართა, და ჩუენ ერთი-ერთისაგან განდგომილ
ვართ, ვერ წინააღვუდგებით თათართა. და იგინი ბოროტად გუაჭირვებენ
ესეოდენ, რომელ ყოველთა წელთა ალმუთს წარვალთ ჭირთა და ყოველთა
ღუაწლთა შემთხუევად. არა არს ღონე, დაღათუ უმეფო ვართ, არამედ
შევკრბეთ ყოველნი, და ვბრძოდით თათართა». დაამტკიცეს ომი და დადვეს
პაემანი ქართლს შეკრებისა, და განიყარნეს. უშორეს მყოფნი აფხაზნი, დადიანი
ცოტნე და ბედიანი, კაცი კეთილი და სრული საღრმთოთა და საკაცობოთა, და
რაჭის ერისთავი, _ ესენი ყოველნი წარვიდეს კაზმად. ვითარ ესმა თათართა
ერთგან შეკრება ქართველთა, წარმოვიდეს ბიჩუ და ანგურგ და მივიდეს
კოხტას თავსა, დახუდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, ლაშქარი
გაყრილ იყო, და ვერღარა წინააღუდგეს, და წარასხეს ქუეყანასა ანისისასა,
ადგილსა, რომელსა ეწოდების შირაკავანი. ხოლო ვითარ მიიწივნეს ჩარმაღან
ნოინს წინაშე, რქუა: «რა არს შეკრება თქუენი, უკეთუ არა იქმთ
განდგომილებასა?» ხოლო მთავარნი მიუგებდეს: «არა განდგომად შევკრბით,
რათა განვაგოთ საქმე თქუენი და ხარკი განგიჩინოთ», რომელსა _ იგი უწოდეს
ხარაჯად. ესე რა ესმა, არა სრულიად ირწმუნა, და ბრძანა განძრცვა ყოველთა.
მხართა შეკრვა ყოველთა, სიცხესა შინა შიშველთა მოედანთა ზედა დასხდომა,
და ყოველთა დღეთა, ჰკითხავდის მიზეზსა შეკრებისასა, და უკეთუ არა
აღიარონ ჭეშმარიტი, სიკუდილსა მისცენ ყოველნი ესე ზემოხსენებულნი
მთავარნი. ხოლო იგინი დაამტკიცებდეს, «რათა განვაჩინოთ ხარაჯა» და ამას
ჰყოფდეს მრავალ დღე, რამეთუ არ არწმუნებდეს.
და ვითარ მოეახლა პაემანი, მოვიდა დადიანიცა ცოტნე ლაშქრითა, მათდა
ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი, შორის სამცხისა და ღადოსა, და ვითარ
აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად, და
შეკრებულთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა ვითარ ესმა, მწუხარე იქმნა
უზომოდ, და თვისად სიკუდილად და სირცხვილად შერაცხა საქმე იგი. და
წარავლინა ლაშქარი თვისი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები
სულისა თვისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა, რომელსა იტყვის:
«უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვისი
მოყუასისა თვისისათვის», რომელ ყო პატიოსანმაცა ამან კაცმან ცოტნე
სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკვირველი და ყოვლისა ქებისა
ღირსი. განვლო სამცხე და ჯავახეთი და მივიდა ანისსა.
რამეთუ ქალაქად შესრულ იყვნენ ნოინნი, და ესე წარჩინებულნი მოედანსა
შინა დაკრულნი მხრითა, შიშველნი მსხდომარე იყვნეს. ვითარ იხილნა ცოტნე
წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი,
გარდახდა ჰუნისაგან და დააბნია სამოსელი თვისი, განშიშულდა და შეიკრნა
მხარნი და დაჯდა წარჩინებულთა თანა და ვითარ იხილეს თათართა,
განკვირდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ: «ცოტნე დადიანი მოვიდა
ორითა კაცითა, და განიძარცუა სამოსელი თვისი და შეკრული დაჯდა
ქართველთა თანა». რამეთუ კეთილად მეცნიერნი იყვნეს ცოტნესი,
რომლისათვის განკვირდეს თათარნი და წინაშე მათსა მოუწოდეს და
ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისვლისა მისისასა.
ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: «ჩუენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა
განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, _ ესე იყო
შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძვირის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით და მე ამის
ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ და უკეთუ ღირსი რამე
სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე; რამეთუ თვინიერ ჩემსა არარა
უქმნიეს, უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო». და ვითარ ესმა ესე ცოტნესგან
ნოინთა, განკვირდეს სათნოებისათვის მისისა და თქუეს: «ვინათგან ნათესავნი
ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან და არა განცრუვდებიან, რომელ
აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თვისი მოყუარეთათვის და არა
განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თვისი სიკუდიდ, _ არა არს სიცრუე მათ შინა
და ამის ძლით უბრალოდ ეპოვებთ. ამისთვის განუტეოთ ყოველნი».

მდინარის პირას, მინდორზე ყმაწვილი ციცინათელას მისდევდა.
დაქანცული ციცინათელა ოდნავღა ბჟუტავდა, აღმადაღმა მიქანაობდა და,
სადაც იყო, ახლადგათიბულ ბალახში ჩავარდებოდა.
ყმაწვილს მუხლი დაღლოდა და სული ყელში მობჯენოდა.
ციცინათელა ბუჩქთან დაეშვა. ბიჭუნა ზედ გადაეფარა, ფრთხილად
აიყვანა, ქუდში ჩააგდო და გაიქცა.
თივის ბულულზე ძიძა მიწოლილიყო, კალთაში გოგონა უჯდა და
უნანავებდა.
ბიჭუნამ ბულულთან ჩაიჩოქა, ქუდში ხელი ჩაჰყო, ციცინათელები ბღუჯად
ამოიყვანა და გოგონას თმაზე დააყარა.
_ როგორ გაგაბრწყინა, თამარ! ვარსკვლავებით მოჭედილ ცასავით განათდი!
_ გაიხარა გადიამ, ბიჭუნას ხელი მოჰხვია და მიეალერსა:
_ მოდი, ბატონიშვილო, მოდი, თოლიგე!
ბატონიშვილი გამდელს მიეკრა, თავით მის მკერდს მიეყრდნო და
ძილმოპარული თვალით ცას ახედა.
_ როგორი მოჭედილი ცაა! რამდენი ვარსკვლავია! _ აღმოხდა
ბატონიშვილს.
_ აბა, თუღა გახსოვს, ცოტნე, გაიმეორე:

ბჟა დია ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი...

ყმაწვილმა ლექსი სხაპასხუპით გაიმეორა.
_ მე რომელი მურიცხი ვარ, უდუ-გადია? _ იკითხა ყრმამ და ცას
მიაშტერდა.
_ შენა? შენ, აი, ის ვარსკვლავი ხარ, შენს სწორა რომ ანათებს.
_ ჩემი დაი, ჩემი დაიკო რომელიღაა?
_ თამარი? შენს გვერდით რომ ბრწყინავს, შენთან რომ სულ ახლოს არის!
სადღაც მყვარი აყიყინდა. უმალვე ბაყაყების მთელი გუნდი აჰყვა და
მყუდრო ღამე უცებ ახმაურდა.
ნიავი ახლად გათიბულ თივის სურნელს ჰფანტავდა, საამოსა და
მომთენთავს.
თამარის თმებში ციცინათელები ბჟუტავდნენ და ძილმოპარულ გოგონას
თვალი ეხუჭებოდა.

ბჟა დია ჩქიმი,
თუთა მუმა ჩქიმი,
ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი
და დო ჯიმა ჩქიმი*...

ჩურჩულებდა ცოტნე და მოჭედილ ცას თვალს არ აშორებდა.
მინდორზე თხუთმეტიოდე წლის ბიჭი გამოჩნდა.
_ გუგუტა! მომეხმარე! _ ხმადაბლა მიმართა უდუმ. ბიჭი დაიხარა,
მიძინებული თამარი აიტაცა და მკერდზე მიიხუტა.
გადიამ ცოტნეს ჩაჰკიდა ხელი და ოთხივენი სინათლით გაჩახჩახებულ
სასახლისკენ წავიდნენ.

კავკასიონის მაღალ კლდეზე მიჯაჭვული ცოტნე თავჩაქინდრული თვლემს.
თვალმიხუჭულს ტუჩზე ღიმილი დასთამაშებს. ძვალსა და ლბილში კარგა
ხნის ჩასული ჯაჭვი სხეულის ნაწილად ქცეულა, შეჩვევია და აღარ აწუხებს.
რკინა ადრინდებურად ცივი აღარ არის, ისიც სხეულივით გამთბარა, ეს სითბო
თავით ფეხებამდე უვლის კლდეზე დაბმულს და სიამით თენთავს.
გალეულა, დამდნარა ცოტნეს სხეულს შეხორცებული, ძვლებამდე დასული
ჯაჭვი. დაუსრულებელი ტანჯვა, ბოლოს, ნეტარებად ქცეულა და კავკასიონის
მაღალ კლდეზე მიჯაჭვული გმირი ახლა იმას ფიქრობს, სულ გაილევა თუ არა
ეს ჯაჭვი, მართლა დაიმსხვრევა და მოსცილდება თუ არა უხსოვარი დროიდან
შესისხლხორცებული რკინა. მაგრამ ჯერ გაწყვეტამდე კიდევ ბევრი უკლია
ჯაჭვს. ამასობაში დიდი ხუთშაბათიც დადგება, მჭედლები გრდემლებზე უროს
დასცხებენ და ჯაჭვი ისევ გაივსება, გამსხვილდება და გამთელდება.
მანამდე კი მისი არსებობის განუყრელ ნაწილად ქცეული, ტანზე
სუროსავით შემოხვეული ჯაჭვი ათბობს და სიამის ჟრუანტელით ავსებს
კლდეზე დაბმულს.
უცებ ცამ გრიალი მოიღო.
ცოტნემ თვალი გაახილა.
თენდება. მზის პირველი სხივები კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს
გაეთამაშა და დაბლა, მიწაზე უზარმაზარი ჩრდილი დაეცა.
ის ჩრდილი ნელა წამოვიდა რწევითა და ტორტმანით და კლდეზე
მიჯაჭვული მიხვდა, არწივი მოფრინავდა მისი ღვიძლის საკორტნად.
ერთ დროს იმ არწივის მოლანდებაც კი შიშის ზარსა სცემდა, მაგრამ იმის
შემდეგ უთვალავმა საუკუნემ ჩაიარა და არწივის მიერ გულ-ღვიძლის ძიძგნა
ჯერ ჩვეულებად, ხოლო შემდგომ და შემდგომ მოთხოვნილებად ექცა.
ცოტნე მის მოახლოებაზე ძრწოლვის მაგივრად სიხარულს გრძნობს და
ღვიძლის გლეჯის სიამის განცდით წინასწარ ტკბება.
მიჯაჭვულმა თვალები დახუჭა.
არწივი მხარზე დააჯდა, გუშინდელი ნაკორტნი მოძებნა, ნაჭრილობევი
ბრჭყალებით გახსნა და სისხლს დაეწაფა.
სვამს და სვამს სისხლს არწივი. ცოტნე გრძნობს, როგორ მიდის სისხლი
მისი სხეულიდან და ამ სისხლთან ერთად ძალ-ღონეც როგორ მიიპარება,
როგორ ერევა ნეტარების მომგვრელი სისუსტე და როგორ თანდათან ეკარგება
აღქმის უნარი.
მაგრამ გასაოცარი ის არის, რომ ტკივილის ნაცვლად რაღაც საამო თრობა
თუ გაბრუება ეუფლება. ეს განცდა ჯერ კიდევ ასაკში შეუსვლელ, სიცოცხლის
სიამეთა განუცდელ ყრმა ცოტნეს არსებაში ერთადერთი უმაღლესი ნეტარების
გახსენებას იწვევს და სიზმარში უცებ ყველაფერი იცვლება. აქამდე რომ
კლდეზე მიჯაჭვულ ამირანად ხედავდა თავის თავს ცოტნე, ახლა ჩვილ
ბალღად ქცეულა და დედის ძუძუს ჩაკვრია. დედის რძე საამო სითბოთი
უვსებს სხეულს ძუძუსჩაკრულ ბიჭუნას. მას ამ ქვეყნისა სხვა აღარაფერი ესმის,
თავადაც იმ ძუძუს ნაწილად ქცეულა და ნეტარებით დამათრობელი სითხე
გამაბრუებლად გადადის ერთი სხეულიდან მეორეში.
უცებ დედა შეინძრა.
მარტო დედა კი არა, დედამიწა იძრაო, ისე მოეჩვენა პატარა ცოტნეს, ძუძუს
მოსწყდა და ნეტარ სიზმრებში წასულ ყრმას გაეღვიძა:
თენდებოდა.
ლოგინიდან ჩიტივით წამოფრინდა ყმაწვილი. ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა
და ოთახიდან გავარდა.
გარეთ, კარის ეკლესიის ეზოში მოძღვარი ეგულებოდა.
ივლიანე მოძღვარი მამლის ყივილზე დგებოდა და ყოველ დილას ხედავდა,
როგორ ფრთების ტყლაშუნით მიფრინავდა არწივი კავკასიონის შორეულ
მწვერვალებისაკენ კლდეზე მიჯაჭვული ამირანის გულ-ღვიძლის საჯიჯგნად.
აგერ, რამდენი წელიწადია ივლიანე მოძღვარი გატაცებით უყვება თავის
მოწაფეს
ცოტნე
ბატონიშვილს
კლდეზე
მიჯაჭვული
გმირის
კეთილშობილებისა და კაცთმოყვარეობის, მისი დაუსრულებელი ტანჯვის
სიამედ ქცევის ამბავს.
_ უდიდესი ბედნიერება ის ბედნიერებაა, როცა ადამიანისათვის ტანჯვის
სიმწარე სიამედ იქცევა. წამება კი მაშინ იქცევა სიამედ, როცა
უკიდურესობამდე მისულ გამაბრუებელ ტკივილს ადამიანი ეჩვევა და ღრმად
იმსჭვალება იმის შეგნებით, რომ კაცობრიობის სიკეთისათვის, სამშობლოსა და
კაცთა მოდგმის ბედნიერებისათვის იტანჯება.
ამირანს მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს სატანჯველი ღმერთებმა, რომ მან
ადამიანებს ცეცხლი მოუტანა და ამით უკვდავი ღმერთების ქმნილებანი _
კინაღამ იმავე ღმერთების სწორი გახადა.
ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს გულ-ღვიძლის მკორტნელი არწივი. ეს
არწივი სამშობლოსა და ხალხისათვის ზრუნვა, ადამიანის უკეთესი
მომავლისათვის გამუდმებული ფიქრია და ვისაც ეს ფიქრი არ აწუხებს, იგი
კაცის სახელის ღირსიც არ არის, _ არაერთხელ უთქვამს ფიქრში წასულ
ივლიანეს ცოტნესათვის, მაგრამ მოძღვარს უმალვე მოწაფის ასაკი
ახსენდებოდა, ღრმააზროვან მსჯელობას სწყვეტდა და ცოტნესაც და თავის
თავსაც ბოდიშს უხდიდა.
_ შენ ჯერ ვერ გაიგებ ამას, ყრმა ხარ, უასაკო, ოღონდ ეს იცოდე, ქრისტეცა
და ამირანიც ჩვენი სიკეთისათვის ეწამენ და შენც მათ უნდა მიბაძო, ჩვენი
ქვეყნისა და ადამიანების სიკეთისათვის უნდა დასდო თავი, თუ უფალი ამის
ღირსად გცნობს. როცა ამას შესძლებ, ის არწივი შენთანაც მოფრინდება, რომ
შენი გულ-ღვიძლი ჰკორტნოს და სხვათათვის მიუწვდომელი სიამე
6განგაცდევინოს. მე ეს ვერ შევძელი, ბატონიშვილო, მაგრამ შენ უნდა შესძლო,
შენ ვალდებული ხარ სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე!
ამირანის ამბავს ნაირნაირად მოუთხრობდა მოძღვარი ოდიშის მთავრის
მემკვიდრეს.
_ აი, იმ ორთავიან მწვერვალს ხედავ? _ იტყოდა ივლიანე და, თვალზე
ცალხელმოჩრდილებული, მეორე ხელს კავკასიონის მწვერვალისაკენ
გაიწვდიდა.
_ ვხედავ, მოძღვარო, _ თავის ქნევით უდასტურებდა ცოტნე და შუაზე
გაპობილ თოვლიან მწვერვალს თვალმოუშორებლად გაჰყურებდა.
_ ამბობენ, მაგ მწვერვალზე მიაჯაჭვეს ამირანი ღმერთებმაო. იმასაც
იტყვიან, ჯერ რკინის პალოზე დააბეს, მერე ზემოდან მთა დაჰხურესო. არც ეგ
ადგილია აქედან შორს, აბრსკილის გამოქვაბულს ეძახიან. ახლაც ირწმუნებიან,
რომ სწორედ იმ გამოქვაბულშია რკინის პალოზე დაბმული ამირანი.
უცხო-უცხო ფერადოვნებით გამუდმებულად მონათხრობმა ამირანის
ამბავმა, მოუწყინარმა შეგონებამ, რომ ყველა ჭეშმარიტი ვაჟკაცი ხალხისა და
სამშობლოსათვის უნდა ეწამოს, უკვე გონებაში ჩავარდნილ ყმაწვილს ოცნებად
უქცია კავკასიონის ორთავიანი მწვერვალისა და აბსრკილის ქვაბების ნახვა.
ფიქრითა და ოცნებით ძილგატეხილი ცოტნე თვალს გვიან ხუჭავდა და
გვიან იღვიძებდა. თავზე რომ მზე დაადგებოდა, თვალს მაშინ ახელდა და
მამლის ყივილზე წამომდგარ ივლიანე მოძღვრისაკენ გარბოდა, რომ ერთხელ
მაინც დაენახა ამირანის გულ-ღვიძლის საძიძგნად კავკასიონისკენ
მიმქროლავი არწივი.
მაგრამ მშიერი არწივი ოდიშზე მზის ამოსვლამდე გადაიფრენდა ხოლმე და
გვიან ამდგარი ცოტნე ამაოდ ელოდა მის გამოჩენას.
ახლა ნეტარი სიზმარი, ძუძუს მოწყვეტამ რომ დაუფრთხო და გაეღვიძა,
პირველად დაასწრო მზის ამოსვლას, ფეხზე წამოხტა და კარის ეკლესიისკენ
გავარდა.
ივლიანე მოძღვარს ცისკრის ლოცვა დაესრულებინა, ეკლესიის ეზოში
გამოსულიყო და ხელპირდაბანილი შეჭაღარავებულ შავ წვერს ივარცხნიდა.
ცოტნეს ძიძიშვილ გუგუტას მოძღვრისათვის წყლის დასხმა მოეთავებინა,
ცალ ხელში თუნგი ეჭირა, მხარზე პირსახოცგადაკიდებული შორიახლო იდგა,
მოძღვარს რაღაცას უამბობდა და ორივე გულიანად იცინოდა.
ივლიანემ ფეხის ხმაზე პირი ცოტნესკენ იბრუნა.
_ ბატონიშვილს ვახლავარ! დღეს კი ხარ ვაჟკაცი, ადრე ადგომა გინებებია! _
ივლიანე მთავრის მემკვიდრეს მიეგება, პირჯვარი გადასახა და ეამბორა.
_ არწივი! ამირანის არწივი! _ აღმოხდა უცებ გუგუტას.
სამივემ თავი ცისკენ მოიღერა.
უზარმაზარი ფრთების ქნევით ხომალდივით სწრაფად მიცურავდა ცაში
არწივი.
7_ სწორედ ის არის! _ დაადასტურა გუგუტას ნათქვამი ივლიანე მოძღვარმა,
_ იქით მიფრინავს.
თვალს არ აშორებდნენ ისარივით სწორად და სწრაფად მიმქროლავ
ფრთოსანს.
_ მშიერია, ჩქარობს. ახლა ნამდვილად ჰგავს ფრინველთა მეფეს და
ლამაზიც არის. უკან როცა ბრუნდება ხოლმე, გამაძღარია და კმაყოფილი,
დამძიმებული ზანტად მოიზლაზნება, თითქოს ფრენა მოსწყინდა და
ცხოვრება ეზარებაო, _ თქვა ივლიანემ და თვალი თავზეგადაქროლებულ
არწივს გააყოლა.
გაბუტულივით ტუჩგაბუსხულ გოგონას სარკმლიდან მომდგარი მზის
სხივები დაეცა.
გრძელი წამწამები შეერხა. პატარა ფუნჩულა ხელი მომუშტა და თვალები
მოისრისა.
მერე მოპირდაპირე კედელს გახედა. ანგრეულ საწოლზე არავინ იწვა.
თამარი დაჩვეული იყო, როგორც თვალს გაახელდა, იმ ლოგინიდან მისი
ტყუპის ცალი ცოტნე ღიმილით წამოწევდა ხოლმე თავს, თვალებზე
აფარებული ხელის თითებშუა გამოხედავდა და დაუძახებდა:
_ ჭიტაა!
რაკი ძმა ხმას არ სცემდა და არც არსად ჩანდა, თამარს სახე მოეღრუბლა და
თვალზე ცრემლი მოადგა.
_ გაადიიაა! _ გასძახა გულაჩუყებულმა.
ხმა არავინ გასცა.
ნაწყენი ლოგინზე წამოჯდა და ატირდა.
ოთახში უდუ შემოვიდა. სანდომიან გამდელს ყველაფერი უცინოდა,
ჭაღარაცა და თაფლისფერი თვალებიც, ფართო შუბლიც და ფეროვანი
ლოყებიც.
_ გაიღვიძე, გადია გენაცვალოს? _ მიეყვავილა მტირალ ბავშვს, _ შენს
თვალებზე ცრემლს რა უნდა, თოლიგე! მოგიკვდეს ჩემი თავი!.. _ მოეხვია და
გულამომჯდარი გოგონა გულში ჩაიკრა.
_ ცოტნე სად არი? _ იკითხა თამარმა.
_ ბატონიშვილი დღეს ადრე ადგა.
_ უჩემოდ ადგა და გაიპარა, არა?
_ არა, თოლიგე, სად უნდა გაპარულიყო?
_ თბილისს ვაპირებდით გაპარვას, იქ დიდ თამარს უნდა ვხლებოდით;
ცოტნე და გუგუტა თამარის ლაშქარს შეუერთდებოდნენ და საქართველოს
მტრებს შეესეოდნენ, _ თამარმა ხმას დაუწია, _ რა ხანია, საიდუმლოდ
ვემზადებოდით გასაპარად. ყოველღამ, შენ რომ გგონია, ბავშვებს უკვე სძი-
ნავთო, თვალდახუჭული, თავმომძინარებული ვუცდით ხოლმე შენს გასვლას.
როგორც კი ჩაგვკოცნი და ფეხაკრეფით გახვალ, ცოტნე თვალს დაჭყიტავს, ჩემ
8ლოგინთან მოდის, სასთუმალთან ჩამომიჯდება და სულ იმას ვოცნებობთ,
როგორ გავიპაროთ.
_ შენ სადღა უნდა გაიპარო, ჩემო ანგელოსო, შენც ომში უნდა წახვიდე?
_ არა, მე თამარის კარზე დავრჩები, დედოფლის ამალაში.
_ ოო, ეს ცუდად როდი განგიზრახავთ, მაგრამ მე რას მიპირებთ? მე არ
წამიყვანთ?
_ შენა? შენზე არ გვიფიქრია... ვეტყვი და შენც წაგიყვანთ. აბა, უშენოდ
როგორ წავალთ... ცოდვა ხარ.
_ მარტო როგორ გავძლებ უთქვენოდ... აბა, ახტი, გენაცვალე, ჩავიცვათ და
ცოტნე მოვძებნოთ.
_ თუ გაპარულია?
_ დავეწიოთ და დავაბრუნოთ.
_ ოღონდ, დედას არ გავაგებინოთ.
_ არა, ნუ გავაგებინებთ, _ იცინოდა ბავშვის ტიტინით გახარებული გადია,
გოგონას თავს დასტრიალებდა, ტანთ აცმევდა და კოცნიდა.
ჩაიცვა თუ არა, თამარი ოთახიდან შურდულივით გავარდა. ჩვეულება
დაარღვია, დიდი ქალბატონის საწოლში დილა-მშვიდობის სათქმელად და
საამბორებლად არ შევიდა, ეზოსკენ დაეშვა და გაიქცა.
გადია მისდევდა, მაგრამ ვერ ეწეოდა.
თამარი თვალების ცეცებით გარბოდა.
შინაყმები გზას უთმობდნენ, თავს დაბლა უხრიდნენ და უღიმოდნენ.
ცოტნე ეზოში არ ჩანდა. უნდოდა შეჰკითხოდა ვისმე, ხომ არ გინახავთო,
მაგრამ საიდუმლოს გამჟღავნებისა ეშინოდა, ხმის გაუცემლად მსახურებს წინ
გაურბენდა და აწყვეტილი თიკანივით მიხტოდა.
_ თამარ! მომიცადე, დავიღალე... _ მისძახოდა გადია, მაგრამ თამარი
სირბილს უფრო უმატებდა.
ბოლოს, ეზო რომ თითქმის გაირბინა და თვითონაც დაიქანცა,
საგონებელში ჩავარდნილი შეჩერდა.
_ ქაჯი ხარ, გოგო კი არა, _ საყვედურით მიუახლოვდა გამდელი, _ გული
ამომივარდა ამდენი სირბილით...
აქოშინებული გადია სულს ძლივს ითქვამდა. გაფითრებული თამარის
გვერდით დაეშვა და კუნძზე ჩამოჯდა.
_ უი, რატომ არ გამახსენდა, თეთრონით აპირებდა წასვლას. თუ თეთრონი
საჯინიბოში არ არის, წასულა!
_ აგერ, ცოტნეს თეთრონი! _ ხელი გაიშვირა გამდელმა.
მეჯინიბეს თეთრი ულაყი მოჰყავდა. ნესტოებდაბერილი კვიცი თვალების
ფეთებით, თამაშ-თამაშით მოდიოდა. იტყოდი, მიწას ფეხს არ აკარებსო.
_ ცოტნე ბატონიშვილი არ გინახავს, ოტია? _ გასძახა გადიამ.
_ არა, ბატონო, არ მინახავს, _ უპასუხა მეჯინიბემ, თავი დახარა და წელში
მოღუნული მიესალმა:
_ დილა მშვიდობისა!
9_ მე ვიცი, სადაც იქნება! _ წამოიძახა უცებ ფიქრში წასულმა თამარმა, _
მოძღვართან იქნება, მამა ივლიანესთან.
თამარმა გადიას ხელი ჩაჰკიდა, გამდელი წამოდგა და მიჰყვა.
_ რაც ეგ მოძღვარი გამოჩნდა, აღარავინ ვახსოვართ, გული სულ მისკენ
მიუწევს.
_ ოო, ეგ კარგია, თოლიგე! ყრმას რომ მწვრთნელი უყვარს, ბედნიერებაა.
საღვთო სჯულს ისწავლის, ქვეყნის ავ-კარგს გაიგებს. მემკვიდრე
ბატონიშვილი განათლებული და მცოდნე უნდა იყოს, რომ მეფის კარზე
გამოჩნდეს და სახელმწიფოს საქმეები განაგოს.
_ საღვთო სჯულს სულ არ ასწავლის მამა ივლიანე. ბერძენთა და ლათინთა
ზღაპრებს, მეფეებისა და ომების ამბებს უყვება და მერე იმის მონაყოლს მე
მიამბობს ხოლმე... შუაღამემდე არ მაძინებს.
_ ეგეც საჭიროა ბატონიშვილისათვის, რომ დავაჟკაცდება, მეფეებთან და
მთავრებთან უნდა იტრიალოს, ომიც ბევრი უნდა გადაიხადოს და
განსაცდელიც მრავალი უნდა ნახოს.
აღმართი აათავეს და მამაკაცის როხროხი მოესმათ.
_ მაგას რას ბრძანებთ, გუგუტა ბატონო! რაც დედამიწის ზურგზე ხალხია,
ყველა ქართულად როგორ ილაპარაკებს! _ სიცილით ამბობდა სამფეხა სკამზე
ჩამომჯდარი ივლიანე.
მოძღვარს ხელში ჯოხი ეჭირა და მიწაზე რაღაცას ხაზავდა.
კარის ეკლესიის გვერდით, ჩრდილში ისხდნენ ივლიანე მოძღვარი, გუგუტა
და ბატონიშვილი. მოძღვარს ანაფორის კალთები მუხლებზე აეკეცა, ჯოხს
მიწაზე დაატარებდა და ომახიანად მეტყველებდა:
_ დედამიწაზე, როგორც ბუნებაა ნაირნაირი, ისე ხალხები და ენებიც
ნაირნაირია. ყველა ხალხს თავისი ენა აქვს ერთმანეთისაგან განსხვავებული.
_ მერე ერთიმეორეს როგორ აგებინებენ? _ იკითხა გუგუტამ.
_ ერთმანეთის ენას სწავლობენ. ვინც მეტი ენა იცის, მას მეტ პატივსა სცემენ.
აი, ცოტნე ბატონიშვილმა ბერძნული ხომ იცის! სპარსულსა და არაბულსაც
შევასწავლი და დიდი თამარის კარზე რომ მოხვდება, სირცხვილს არ სჭამს.
განათლებულ მეფეებს იმას არ ათქმევინებს, ოდიშის მთავარს უწვრთნელი
შვილი ჰყოლიაო.
_ სულ რამდენი ენა არის ქვეყანაზე? _ იკითხა სმენად ქცეულმა
ბატონიშვილმა.
_ ბევრი. რამდენი ერიც არის, იმდენი ენაა.
_ ერი? ერი რამდენიღა არი?
_ მაგას ვინ მოსთვლის, ბატონიშვილო! ზოგი ერი მრავალრიცხოვანია,
დედამიწის დიდი ნაწილი უპყრია და მის ენაზე ურიცხვი ადამიანი
ლაპარაკობს. მაგრამ სულ მცირე ერებიც არიან. მე თვითონ მინახავს:
კავკასიონის მთებში, ზოგიერთ პატარა სოფელში იმისთანა ხალხი ცხოვრობს,
რომლის ენაც იმ სოფლის იქით, მთელ დედამიწის ზურგზე არავის ესმის.
10ყმაწვილები მიწაზე ჯოხით გამოყვანილ ნახაზს დაჰყურებდნენ: ოსტატს
ქვიშაზე ორი ზღვა მოეხაზა, შუაში მათ თავზე სქელი დაკლაკნილი ხაზი
გაევლო.
_ ზღვა რამდენიღა არის ქვეყანაზე, ოსტატო? ზღვაც ბევრია?
_ ბევრი?.. არც ისე ბევრია, თითებზე ჩამოითვლება. იმ ზღვათაგან ორი
საქართველოს სამეფოს ეკვრის, _ მოძღვარმა ჯოხით ორი ზღვის შუა წრე
მოხაზა, _ დასაბამიდან ჩვენი მოდგმა დასავლეთით შავ ზღვას იყო
მიბჯენილი. ჩვენი წინაპრები სულ იმას ცდილობდნენ, აღმოსავლეთით
კასპიის, ანუ გურგენის ზღვას მისწვდომოდნენ და ორ ზღვას შუა გაეშალათ
მხრები. ქართველთა ეს საუკუნო ნატვრა ახლა ისხამს ხორცს, ჩვენს თვალწინ.
მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა საქართველოს ძლიერი სახელმწიფო
შექმნა, ღონემოცემული ქართველობა ერთნაირი დაჟინებით მიიწევს
აღმოსავლეთითა და სამხრეთით. ჩრდილოეთით ჩვენი ბუნებრივი საზღვარი
კავკასიონის ქედია, _ ივლიანემ სქლად დაკლაკნილ ხაზს გააყოლა ჯოხი, _ თუ
აღმოსავლეთითაც ასეთივე ბუნებრივ საზღვრად კასპიის ზღვა დავიდევით,
ამის შემდეგ გამრავლებულსა და გაძლიერებულ ქართველთა მოდგმას შორს
გაწევისა და მიწა-წყლის გაფართოებისათვის სამხრეთიღა რჩება.
_ შავი ზღვა მარტო ჩვენია, ქართველების? _ იკითხა ისევ გუგუტამ.
_ არა, შავი ზღვა ბერძნებისა და მრავალთა სხვათა კუთვნილებაც არის.
_ სხვათა კუთვნილება რად უნდა იყოს, ზღვა ხომ ჩვენს ნაპირთან არის?
_ ეგრე და უმეტესად სხვათა ნაპირთანაც არის შავი ზღვა, ადრე ჩვენი
ნაპირი უფრო მცირე იყო, მაგრამ იმის შემდგომად, რაც ღვთივგვირგვინოსანმა
თამარმა თავისი სამეფო განავრცო და გააძლიერა, საქართველოს წილმა
ნაპირმა იმატა და ახლა ტრაპეზუნდამდე და სინოპამდე აღწევს ჩვენი ზღვა.
_ ეგ შორს არი?
_ შორს არი, ძალიან შორს, აი თითქმის აქამდე. _ მოძღვარმა ჯოხით
საქართველოს სამხრეთით შავი ზღვის სანაპიროს მოზრდილი ნაწილი
შემოხაზა.
_ ეს მიწა-წყალი სულ ლაზებით არის დასახლებული. ლაზებს ენაც ჩვენი
აქვთ და ზნე-ჩვეულებაც, მაგრამ მათი სამკვიდრო ანგარ ბერძნებს ჰქონდათ
მიტაცებული. მეფეთ მეფე თამარმა წაართვა ბერძნებს ჩვენი სანაპირო და ახლა
ბაგრატოვანთა ნათესავი კომნიანოსი ზის ტრაპიზონის ტახტზე კეისრად.
_ ეს მეორე ზღვა? _ ახლა ცოტნემ იკითხა და აბრეშუმის ჭიის მსგავსად
მოხაზულ მიწის მონაკვეთს დააცქერდა.
_ ეგ ზღვა უმთავრესად სპარსელებისაა, თუმცა ერთი ნაწილი საქართველოს
ტახტის ერთგულ შირვანშაჰებს უპყრიათ. დადგება დრო და ეგ ზღვაც
მთლიანად ჩვენი იქნება. სპარსეთი დასუსტებულია და ქართველთა
წინააღდგომის ღონე აღარა აქვს. ამიტომ დალაშქრეს ეგრე ძლევამოსილად
ყაზვინი და რომგური მხარგრძელებმა და შენმა დიდებულმა მამამ. დახე, რა
გზა გაიარეს!
11ივლიანემ ქართველთა ლაშქრის მიერ განვლილი გზა ქვიშაზე გრძელი
ხაზით გამოსახა.
_ ეს ქალაქებიც ძალიან შორს არის! აგერ, რა ხანია, გამარჯვების
მახარობელი მოვიდა ხორასნიდან. თვეზე მეტია ველით ღვთივბედნიერად
შემოქცეულთ და თბილისს მხოლოდ ამ ერთი კვირის წინ მოსულან.
მიწას ჩაშტერებულმა გუგუტამ თავი ასწია და თვალით ცოტნეს რაღაც
ანიშნა.
ცოტნე მიწაზე გახოხდა. ბალახის ღერზე ასული ჭიამაია ფრთხილად
აიყვანა, ხელისგულზე დაისვა და დააცქერდა.
მოძღვარმა ბატონიშვილის უყურადღებობა შენიშნა, შუბლი შეიკრა და
დადუმდა.
_ ფრინდი-ფრინდი, მაია, ხვალ თუ კარგი დარია! _ ხმადაბლა იმეორებდა
ლექსს ცოტნე და ხელისგულზე მიმღოღავ ლამაზ მწერს სახეგაბრწყინებული
დაჰყურებდა.
_ ფრინდი-ფრინდი, მაია! _ ბუტბუტებდა ცოტნე, მაგრამ ჭიამაია ფრთების
გაშლას არ ჩქარობდა.
_ აი, სად ყოფილან! _ გაისმა გადიას ხმა და ცოტნე შეკრთა. თამარისა და
გამდელის დანახვაზე ბატონიშვილს თვალები გაუნათდა, მინდვრის
ყვავილების კონას დასწვდა და მათკენ წავიდა.
_ რა ხანია გეძებთ! სად დაგვეკარგე, არც პირი დაგიბანია, არც საუზმე
მიგირთმევია.. _ საყვედურით მიმართა გადიამ.
ცოტნე გამდელს ყურს არ უგდებდა, განზე გამდგარი თამარისკენ
ფრთხილი ნაბიჯით მიდიოდა, წინგაშვერილ ხელისგულზე ჭიამაია დაესვა,
მეორე ხელში ყვავილები ეჭირა და იმ ხელს ჭიამაიას ზემოდან აფარებდა, რომ
უცებ არ გაფრენოდა.
თამარი მისკენ არ იხედებოდა.
ცოტნე მივიდა, ლოყაზე აკოცა და ორივე ხელი გაუშვირა.
_ დახედე!
გაბუტული გოგონა ჯიუტობდა, მისკენ თავის მობრუნებას არ აპირებდა.
_ შენია! ეს ყვავილებიც შენთვის დავკრიფე!
_ რატომ მეც არ გამაღვიძე? _ წყენით თქვა თამარმა და ძმაზე
გულმობრუნებულმა თავიც მიიბრუნა.
უცებ ცხენის ფეხის ხმა მისწვდათ.
_ მოდიან... მოდიან... _ გაისმა ძახილი.
ცხენოსანმა გაქაფული ლაფშა ჭიშკართან მოაგდო, დაიქვეითა და ეზოში
შემოსულმა ხმამაღლა დაიძახა:
_ დიდი მთავარი მობრძანდება!
ეზო-კარში ერთი გნიასი ატყდა.
სამზადიდან და მარნიდან, თორნიდან და საჯინიბოდან მსახურნი და
შინაურნი დაფეთებულნი გამოცვივდნენ. იქაურობა აჩოჩქოლდა და
12აფორიაქდა. შეიქნა ერთი ძახილი და მოხმობა, წინ და უკან სირბილი, გაქცევა
და გამოქცევა.
მთავრის მეუღლე ნათელა თავდაუბურავი გამობრძანდა აივანზე, მაცნედ
დაწინაურებული მთავრის მხლებლისაგან ქმრის მოახლოების ამბავი
მოისმინა, მახარობელი საჩუქრებით აავსო და სწრაფადვე შინ შებრუნდა.
მთავრის მეუღლე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი იყო. სანატრელი
შერგილის დაბრუნებას ასე უეცრად არ ელოდა და ახლა მისი შეხვედრის
მოლოდინით აღელვებულს გული საგულეში აღარ უდგებოდა.
ფარეშები თავს დასტრიალებდნენ, ჩქარობდნენ, ჩაცმასა და დავარცხნას
შველოდნენ. მაგრამ ნათელა ვერ ისვენებდა, თვალი და ყური ჭიშკრისკენ
ჰქონდა, ეშინოდა, ამდენი ხნის უნახავ ქმარს კოხტად ჩაუცმელ-
დაუხურავისთვის არ მოესწრო.
ქალბატონი წარბ-წამწამს ისწორებდა, სარკეში იცქირებოდა და თან
განკარგულებებს იძლეოდა, ბავშვებისთვის ტანთ რა ჩაეცმიათ, მთავარს წინ
ვინ შეგებებოდა, სუფრა სად გაეშალათ, ნამგზავრთათვის სამწყურვალოდ რა
მიერთმიათ და სტუმრად ვინ მოეპატიჟნათ.
ნათელამ ერთხელ კიდევ შეავლო თვალი სარკეში თავისთავს და საკუთარი
მშვენიერებით კმაყოფილი საწოლიდან გამოვიდა.
გამდელმა კოხტად დავარცხნილი, სადღესასწაულოდ გამოწყობილი
ბავშვები წარუდგინა.
დედამ ტყუპებს მიუალერსა, ჩაცმულობა მზრუნველად გაუსინჯა,
ჩაჰკოცნა, შუაში ჩაუდგა და მათთან ერთად კიბეზე დაეშვა.
ცხენების თქარათქურის ხმა მოახლოვდა.
ფართოდ გაღებულ ჭიშკარში ცხენდაცხენ შემობრძანდა მთავარი.
მსახურები აღვირსა და უზანგს ეცნენ. შერგილი უნაგირიდან გადმოეშვა,
დაიქვეითა, წინ მიგებებულ კარის მოძღვარს თავდახრილი მიუახლოვდა და
ლოცვა-კურთხევა მიიღო.
ის იყო მოძღვრის ხელის სამთხვევად დაიხარა, რომ კალთაზე ბალღები
აეკვრნენ.
_ მამა! მამილო!
_ ამიყვანე, მამიკო!
ხელს ხვევდნენ და ფეხებში ებლანდებოდნენ ბავშვები.
შერგილი დაიხარა, ცალ-ცალი ხელით ძლივს აიყვანა ქალ-ვაჟი და გულში
ჩაიხუტა.
ბავშვები ეკვროდნენ, კოცნიდნენ. გულაჩუყებულ ბუმბერაზს თითქოს
ეშინოდა, ხელიდან არ გამივარდესო, ბალღები მკლავებში ჰყავდა მოქცეული.
ხელებს ვერ ითავისუფლებდა, ტყუპებს თავითა და პირისახით ელამუნებოდა,
კოცნიდა და საალერსო სიტყვებს ებუტბუტებოდა.
გულზე ბალღებახუტებული მიეახლა მეუღლეს, ბავშვები ძირს ჩამოსვა და
თუმცა ცოლის მოხვევა გულით უნდოდა, ხალხში თავშეკავებულად მიესალმა,
მხოლოდ მხარზე ეამბორა.
13სახლობა თბილისიდან ჩამოყოლილ სტუმრებს წარუდგინა და ცოლ-
შვილით წინ დაიძრა.
ახლობლებსა და შინაურებს დანატრებული, ყველას გულითადად
ესალმებოდა, ხელს ართმევდა, ზოგს ეხვეოდა და ჰკოცნიდა, მარჯვნივ და
მარცხნივ თავს უკრავდა და ღიმილს აფრქვევდა.
იმ დღეს ღარიბთა და ქვრივ-ობოლთათვის უამრავი საბოძვარი გასცეს
მთავარმა და მისმა თანამეცხედრემ.
საკლავი უანგარიშო დაიკლა და სეფაში გრძელი სუფრა გაიშალა. მთავარი
თავს ძალას ატანდა, იცინოდა და ენაწყლიანობდა, რომ თავისიანებს
მხიარული ჩვენებოდა. ისე კი, თავის ტკივილი აწუხებდა, თვალი
უბრჭყვიალებდა და ტანში უჩვეულო სიმხურვალეს გრძნობდა. მოყვარული
ცოლის თვალს რა დაემალებოდა და, ნათელას პირველი შეხვედრისთანავე არ
ეჭაშნიკა ქმრის წამოწითლებული სახე და ამღვრეული თვალები.
მერე და მერე, სუფრაზე გვერდით მჯდარ ქმარს რომ რამდენჯერმე ნებსით
თუ უნებლიეთ შეეხო, მისი სხეულის უჩვეულო სიმხურვალემ შეაკრთო.
ძილადმიდრეკილივით თავს ძლივს იკავებდა მთავარი, ცდილობდა,
სუფრაზე გამართულად მჯდარიყო, მაგრამ ვერ ისვენებდა, ბორგავდა და
ხვნეშოდა.
ნათელა შეშფოთებული შეჰყურებდა, ჩვეულებრივ, ლხინის სულსა და
გულს, დარდიმანდობით ცნობილი შერგილის უცნაურ ქცევას: სახეშეცვლილი
იჯდა მთავარი, იცინოდა, მაგრამ უფრო მოწყენილსა ჰგავდა, ხუმრობდა და არ
გამოუდიოდა.
_ შეუძლოდ ხომ არ ბრძანდები, ბატონო? _ წასჩურჩულა ნათელამ
სადღეგრძელოს სათქმელად ფეხზე წამომდგარ მთავარს.
_ უღონოდ ვარ, ალბათ, გრძელი გზის ბრალია, _ ნაძალადევად გაუღიმა
შეწუხებულ მეუღლეს შერგილმა.
მთავარმა სადღეგრძელო ენის ბორძიკით თქვა მოკლედ და სასმისი
დაცალა.
დაჯდა თუ არა, თავბრუს ხვევამ უმატა.
ერთხანს არ იმჩნევდა, ლხინის გაუგემურება არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს
თავის ტკივილი მიეძალა და გულის რევა ვეღარ შეიკავა. ბოდიშით წამოდგა,
ახლავე მოვალო, წაიდუდუნა და გავიდა.
შეშინებული ნათელა უკან მიჰყვა ქმარს.
გულის რევამ დედის რძე აღარ შეარჩინა შერგილს.
შუბლზე ჭირის ოფლი გადასდიოდა ფერდაკარგულსა და ღონეგამოცლილ
მთავარს.
ავადმყოფი ლოგინში დააწვინეს და ექიმები იხმეს.
ჯერ საჭმელს დააბრალეს, ნამდვილად რაღაცამ აწყინაო.
ორ დღეს ნაწყენს მკურნალობდნენ, მაგრამ წამლებმა ვერა არგეს რა.
გულს ისევ აზიდებდა, ძვლებში ამტვრევდა და სიცხე უმატებდა, ვიღაცამ
თქვა, გათვალულიაო.
14მაშინვე გამომლოცველები მოუყვანეს.
ჩოქვით უარეს ყელზე ღვლეჭმობმულებმა, სლოკინითა და მთქნარებით
ულოცეს, მაგრამ ვერც ამან უშველა.
მეოთხე დღეს მთელ სხეულზე შავად გამოფინა მთავარს.
_ ნამდვილად ბატონებია, ან სხვა რამ გადამდები სენი, ბავშვები მოარიდეთ,
თქვენც ნუ მიეკარებით, _ დაარიგეს ექიმებმა მოუცილებლად სნეულის
თავთან მოფუსფუსე ნათელა.
იმ დღესვე ორივე ბავშვი გამდელითურთ ქუთაისს გახიზნეს ნათელას
მშობლებთან და სატახტოში კაცი აფრინეს.
დიდად შეაწუხა თურმე ცოტნეს ნათლია _ გულმოწყალე თამარი
რომგურის გმირისა და მისი ტახტის ერთგული მთავრის ავადმყოფობის
შეტყობამ, მაშინვე სამეფო კარის მკურნალი გაგზავნა ოდიშს. ნათელა
ძვირფასი საჩუქრებით მოიკითხა და ნუგეშის წერილიც მოაყოლა.
მეფის მკურნალს სხეულის დანახვისთანავე ეცვალა ფერი.
_ სწორედ ის არის, რისიც მეშინოდა, _ განაცხადა საგონებელს
ჩავარდნილმა. _ ირანიდან მობრუნებულ რამდენიმე მხედარს ქართლსა და
კახეთშიაც გამოაჩნდა ეს სნეულება. უცნობი სენია და წამალი არა უდგება რა.
შეშფოთებულ მთავრის მეუღლეს მკურნალმა ცალკე გაანდო, _ სნეულება
გადამდებია, მომვლელის მეტი არავინ მიეკაროსო. ნათელა ქმრის მოვლას
არავის უთმობდა. ძალით გამოიყვანეს ავადმყოფის ოთახიდან, მაგრამ
იქაურობას მაინც არ გაშორდა. დღენიადაგ კართან იდგა მოყურადებული და
ღამეებს თეთრად ათევდა.
სნეულს თავის ტკივილი არ ეხსნებოდა. მერე ის იყო, თვალები აეწვა
საშინლად, სინათლეს ვეღარ იტანდა და შუქს თვალს ვეღარ უსწორებდა.
ერთთავად თვალდახუჭული არც არაფერს ნატრობდა, არც ვისმეს ნახვის
სურვილს აცხადებდა.
იწვა სიცხისაგან მივარდნილი და სნეულებასთან ბრძოლის ხალისს აღარ
ამჟღავნებდა.
ერთ დილას თვალი გაახილა და ვერაფერი დაინახა.
_ როდის გათენდება, ექიმო, ეს ღამე რა გაუთავებლად გაგრძელდა! _
ხმადაბლა თქვა შერგილმა.
_ დიდი ხანია გათენებულია, მთავარო!
_ მერე რატომ ვერაფერს ვხედავ? _ მთავარს ხმაში შეშფოთება შეეტყო.
მკურნალი წამოდგა, ავადმყოფთან დაიხარა და დააკვირდა.
_ თვალი თითქოს გახელილი მაქვს...
_ გახელილი გაქვთ, მთავარო, ორთავ თვალი.
_ მერე რატომ ვერაფერს ვხედავ?
_ მე ვერ მხედავთ?
ღია კარში შეშინებული ნათელა იდგა.
_ ვერც თქვენს მეუღლე ქალბატონს ხედავთ?
15_ ვერა, ვერც შენ გხედავ, ვერც მეუღლეს... ვერც ვერაფერს... ნუთუ... ნუთუ
დავბრმავდი?! _ აუკანკალდა ხმა მთავარს და ბაგეები სატირლად აუთამაშდა.
_ მაგას რას ბრძანებთ, მთავარო! ცოტა ხნით, ალბათ, ბინდი გადაგეფარათ
და გაგივლით, _ ანუგეშებდა ექიმი, მაგრამ თავის ნათქვამისა თვითონ არ
სჯეროდა და შეშინებული დაჰყურებდა ბინდგადაკრულ, უაზროდ მზირალ
თვალებს.
მთავარმა ერთი ყრუდ დაიგმინა, საბანი თავზე წაიხურა და ოთახში
დაგუბული ქვითინი გაისმა.
ორი კვირის თავზე ავადმყოფს სიცხემ უკლო, ნელ-ნელა მოხედვა დაეტყო
და ექიმებს იმედი მიეცათ.
გახარებულ მკურნალებს ის ადარდებდათ, სნეულს რომ თვალში ნათელი
არ უბრუნდებოდა, მაგრამ ავადმყოფს ძველებურად ამხნევებდნენ, დრო გავა,
თვალი დაგიბრუნდებაო. შერგილსაც სჯეროდა და სამზეოსა და ცოლ-შვილის
დანახვას მონატრებული, გაორკეცებული ძალით ებრძოდა სნეულებას.
თითქოს ყველაფერი უკეთესობისაკენ იწყებდა შემობრუნებას დადიანების
ოჯახში.
მაგრამ ერთ დღეს ნათელამაც ვეღარ აიტანა სხეული ლოგინიდან. გულის
რევა და თავის ტკივილი ცუდად ენიშნათ ექიმებს. ეჭვი მალე დადასტურდა,
მთავრის მეუღლეს ქმრის სენი აღმოაჩნდა.
დედულში გახიზნულ ბატონიშვილებს გუგუტაც თან ახლდა.
ნათელას ძმის მამულები გელათის ახლო იყო. ბაღ-ვენახებით დაფარული
ფერდობები, მწვანე მინდვრები და ქოჩორა ტყეებიანი გორაკები ბავშვებს სულ
თავისკენ იზიდავდნენ და შინ გული არ უდგებოდათ. ცოტნესა და თამარის
ძიძიშვილი უკვე ჭკუაში ჩავარდნილი ყმაწვილი იყო. მთავრის შვილების
გულისათვის
წყალში
ჩადგებოდა
გუგუტა.
მასავით
ერთგული
ბატონიშვილებს სხვა არავინ ჰყავდათ და ამიტომ, როცა ბავშვები მასთან
ერთად ეგულებოდათ, უფროსები არხეინად იყვნენ.
ეზოში რომ ბავშვებს თვალს ვერ მოჰკრავდნენ, ჯერ გუგუტას
მოიკითხავდნენ, ბატონიშვილებთან ერთად არისო, შეიტყობდნენ და
დამშვიდებულნი ძებნას ეხსნებოდნენ.
გუგუტას დედა რომ დადიანების სახლში მოიყვანეს, გუგუტა სამიოდე
წლისა იქნებოდა. უდუს მაშინ ძუძუთა ბავშვი ჰყავდა. მთავრის ტყუპებს
დედის რძე არ ჰყოფნიდათ და გუგუტას მომდევნო დის ძუძუს მოზიარეები
გახდნენ. გუგუტა ჯერ იმოდენა არ იყო, რომ შინ უდედოდ დაეტოვებინათ.
ამიტომ ისიც თან მოჰყვა დედას და მთავრის სახლში ბატონიშვილებთან
ერთად ცხოვრობდა. საკუთარ ქალ-ვაჟსა და ძიძიშვილებს ერთმანეთში არ
არჩევდნენ შერგილი და ნათელა. ბავშვები აკვნიდანვე შეეჩვივნენ და
შეეთვისნენ ძიძიშვილს. პატარა თამარი უიმისოდ ფეხს არსად დგამდა და
გუგუტასაც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა მთავრის ასული. ძიძიშვილი
16ყველაფერი იყო თამარისათვის, ძმაცა და მზრუნველიც, მსახურიცა და
მფარველიც. გუგუტა ბატონიშვილებზე სამიოდე წლით უფროსობას იფერებდა
და მათთან თავი მოზრდილივით ეჭირა.
უკვე ცამეტი წლის გუგუტას თავის სიჭაბუკის აღიარებად მიაჩნდა
ბატონიშვილების ხლება, მთავრის ოჯახისაგან ესოდენ დიდი ნდობის
გამოცხადება. თავისი ასაკისა და ამ ნდობის შეგნებამ პასუხისმგებლობა
გაუორკეცა, ბატონიშვილებს აჩრდილივით თან დასდევდა, მათ სიმშვიდეს
დარაჯობდა და მათი სურვილის ასრულებას ვერავინ ასწრებდა.
სოფლის ლაღმა შვილმა მარტო გამოქვაბულები და ჩიტის ბუდეები კი არ
იცოდა, ზღაპრების გუდა მუდამ სავსე ჰქონდა და, ყველა შესაფერის
შემთხვევაში, რუსთაველის სტრიქონებს იმოწმებდა.
_ გუგუტა, ზღაპარი გვიამბე! _ შეეხვეწებოდა ძილის წინ თამარი და ცოტნეც
მხარს აუბამდა.
_ გუგუტა, აი ის გვიამბე მარგალიტის ცრემლებისა.
გუგუტა ბევრს არ ახვეწნინებდა. _ იყო და არა იყო რა, იყო შაშვი
მგალობელი... მოჰყვებოდა გატაცებული და მსმენელებსაც იტაცებდა იმ
ზღაპრული ქვეყნებისაკენ, სადაც უძლეველი გმირები ცხრათავიან დევებს
ამარცხებდნენ, ნაცარქექიები ქვას წვენს ადენდნენ და მზეთუნახავი ასულები
ხალიჩებით ცაში დაფრინავდნენ.
ფერიცვალება დღეს მარუშიანთა ოჯახი გელათისაკენ დაიძრა.
პატარა თამარი დილიდანვე ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ იმის შიშით,
წირვაზე არ წამიყვანენ და გელათს ვერ ვნახავო, თავის ტკივილი არავის
გაუმხილა.
წირვა დიდხანს გაგრძელდა. გოგონა ისედაც ფეხზე ჩამოსწყდა,
თავბრუსხვევამ და ტანში მტვრევამ უმატა. გუმბათიდან მოწყალედ მზირალ
ღვთისმშობელს ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა თამარი. სოფიის
კენჭებით დახატული წმინდა ქალწული უცნაურად ქანაობდა, ერთ ადგილას
ვერ ჩერდებოდა და მაღლა მიშტერებული ბავშვის სიცხიანი თვალები
მოუსვენრად მოძრაობდნენ. ბოლოს გულის ზიდება დააწყებინა და შუბლზე
ცივი ოფლი დაასხა. აქ გული არ ამერიოსო, გაიფიქრა და ბარბაცით კარისკენ
წავიდა.
უფროსებს საყდრიდან თამარის გასვლა არ შეუმჩნევიათ. მხოლოდ
თვალმოუცილებლად მისკენ მზირალმა გუგუტამ დაინახა, როგორ
გაჭირვებით მიიკვლევდა გზას თამარი მლოცველებში. თვითონაც უკან მიჰყვა
და ტაძრის კართან ჩაკეცილ თამარს რომ წამოეწია, ბევრი არ უფიქრია,
ბატონიშვილი ხელში აიტაცა და შინისკენ გააქანა.
მარუშიანთა სახლი ფეხზე დადგა.
17თამარი სიცხისაგან გათანგული იწვა; გულისრევისაგან მისუსტებული
თვალებს უაზროდ ატრიალებდა და ნარბენივით ქოშინებდა. აფორიაქებული
ბიძა და ბიცოლა ავადმყოფის ლოგინს არ ტოვებდნენ, ერთმანეთს
შეშფოთებულნი მისჩერებოდნენ და უსიტყვოდ გამოხატავდნენ უზომო შიშს
რაღაც დიდი უბედურების წინაშე.
შერგილისა და ნათელას ავადმყოფობის ამბავს ყოველ დღე იგებდნენ.
თამარის სნეულების ნიშნები ზედმიწევნით ჰგავდა ყოველივე იმას, რაც
ოდიშის მთავრისა და მისი მეუღლის სნეულებისა იცოდნენ და, აბა, როგორ არ
შეშინებულიყვნენ!
თამარს მაშინვე მოაშორეს ცოტნე და თავიანთი შვილები. ექიმები
მოიყვანეს და, ჯერ კიდევ იმედიანები, ლოცვითა და ლიტანიით ავედრებდნენ
უფალს უცოდველი ბავშვის განკურნებას.
მეოთხე დღეს თამარმა მოიხედა, გამოცოცხლდა და გახალისდა.
მარუშიანების სახლში ისევ შუქი ჩადგა.
მეხუთე დღეს ავადმყოფს სიცხე დაუვარდა.
ექიმებმა შვებით ამოისუნთქეს, საშიში აღარაფერიაო დაასკვნეს, და
ახლობლებს თამარის ოთახში შესვლის ნება დართეს.
როგორც კი ზღურბლს გადასცდა ცოტნე, თამარმა ხელები გაასავსავა:
_ ახლოს არ მოხვიდე, არ მომეკარო, თორემ ვიტირებ.
ბატონიშვილი შეცბა. დაბნეული შედგა.
თამარი მიხვდა, რომ ნათქვამი ცუდად გამოუვიდა.
_ ძალიან მომენატრე, ცოტნე, მაგრამ ახლოს მაინც ნუ მოხვალ, ჯერ სულ
მორჩენილი არ ვარ და არ გადაგედოს.
ცოტნეს გაეცინა.
_ შენ არაფერი გჭირს და მე რა გადამედება, _ მშვიდად თქვა ცოტნემ და
შორიახლო სკამზე ჩამოჯდა, _ მალე ფეხზე დადგები და ისევ ერთად ვირბენთ.
_ ექიმებიც აგრე მპირდებიან... რომ მოვრჩები, გელათში წამიყვან?
_ წაგიყვან, თოლიგე, შენ ოღონდ მორჩი.
_ რა ლამაზი ყოფილა გელათი! იმ დღეს კარგად ვერ მოვასწარი
დათვალიერება.
_ რამდენი ხალხი იყო! შენ ადრე წამოუყვანიხარ გუგუტას და, ალბათ, არ
გინახავს _ მოჰქონდათ და მოჰქონდათ საკურთხი, ეზო აივოს პურ-ღვინითა
და ხილით.
_ ყურძენიც იყო?
_ კი, ყურძენიც იყო. ფერიცვალება დღეს პირველად აკურთხებენ თურმე
ყურძენს და მერე შეიძლება ჭამა. რომ იცოდე, რა ტკბილი ყურძენი იყო!
_ ნეტავი, მეც გამესინჯა!
_ ძალიან გინდა ყურძენი? გენატრება?
_ ძალიან მენატრება!
_ გინდა, მოგიტანო?
თამარმა ტუჩებზე თითი მიიდო. ანიშნა, არავინ გაგვიგონოსო.
18_ გუგუტას ვთხოვე და შემპირდა.
იმ ღამესვე თამარს კუჭი აეშალა და გულის რევაც ხელახლა დაეწყო.
ექიმმა სასთუმალთან დამალული ყურძნის რამდენიმე კუფხალი იპოვა და
ყველაფერი იმას დაბრალდა.
შეიქნა გამოძიება.
თამარმა დამნაშავე არ გათქვა.
სამი დღე უყურეს ავადმყოფს. გამომჯობინების მაგივრად საქმე
უარესობისაკენ მიდიოდა. ბოლოს ბიძამ და ბიცოლამ სხვა ვეღარა იღონეს რა
და, ოდიშის მთავარს შეატყობინეს. ჯერ კიდევ ნათელას დასნეულებით
გამოწვეულ ელდას არ გაევლო, რომ ქუთაისიდან თამარის ამბავი მოვიდა.
როგორც ნათელას ძმის წერილიდან და ამბის მომტანის მონაყოლიდან ჩანდა,
თამარიც იმავე სენით დაავადებული უნდა ყოფილიყო, რომელმაც შერგილი
და მისი მეუღლე ჩააგდო ლოგინად.
თავზარდაცემულმა სიცხიანმა ნათელამ სხვა ვეღარაფერი მოიფიქრა,
ქმრიან-ასულიანად ვიღუპები, მემკვიდრე ბატონიშვილს მაინც გადავარჩენო.
შეუთვალა: თამარი უკანვე მომგვარეთ, ხოლო ცოტნე ახლავე სვანეთს
გახიზნეთ მამიდამისთანო.
უბედურ დედას ეგონა, რაც უფრო შორს და მიუვალ ადგილს გადამალავდა
შვილს, მით უფრო მიუწვდომელი და მიუგნებელი იქნებოდა ცოტნე
გადამდები სენისათვის.
თამარს ურემზე დაუგეს ლოგინი და ოდიშისკენ გამოისტუმრეს, ხოლო
ცოტნე ცხენზე შესვეს და სვანეთის მთებისაკენ გააქანეს.
სნეულების გადადების შიშით, და-ძმა ერთმანეთს გამოსამშვიდობებლად
არ მიაკარეს, ცოტნე თამართან არ მიუშვეს და ტყუპები შორიდან ცრემლითა
და ხელის ქნევით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს.
გუგუტა შორიახლო მოსდევდა თამარის ურემს.
_ თამარს რომ რამე მოუვიდეს, ან თავს მოვიკლავ, ან აქედან
გადავიკარგები, _ უთხრა ჩურჩულით დამშვიდობებისას ცოტნეს.
დაბრმავებული შერგილ დადიანი სიკვდილს გადარჩა. სიკვდილმა მისი
თანამეცხედრეც დაინდო. სამი სნეულისაგან მხოლოდ ცოტნესათვის ყველაზე
საყვარელი და განუყოფლად ახლობელი დაიღუპა _ მთავრის მემკვიდრის
ტყუპის ცალი, მისი სულისა და სხეულის ულამაზესი ნახევარი. ტყუპებს,
საერთოდ, გამორჩევით უყვართ ერთმანეთი და, მით უმეტეს ძლიერი იყო ეს
სიყვარული ყრმობის ასაკში, როცა ცოტნესა და თამარს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ
გამოცდილი დამოუკიდებელი ცხოვრების გემო, მოპირდაპირე სქესისაკენ
სწრაფვა და სიყვარულის სიამენი.
თამარის გარდაცვალება სვანეთში გახიზნულ ცოტნესათვის არ
შეუტყობინებიათ. სენის გადადების საფრთხე ჯერ კიდევ გავლილი არ იყო და
მთავრის პატარა ასული ძმის დაუტირებლად დამარხეს.
19ბედკრული ნათელა ჯერ კიდევ ლოგინად იყო და, დედისა და ძმის
მაგივრად, თამარი უბედურმა მამამ დაიტირა. გული ეწვოდათ შერგილის
საცოდაობით, ებრალებოდათ დასაკლავი ხარივით აბღავლებული ვაჟკაცი და
უფლის ერთადერთ წყალობად ის მიაჩნდათ, რომ უიღბლო მთავარი ბრმა იყო
და თავისი თვალით ვერ ხედავდა კუბოში მწოლარე პატარა ანგელოსს.
სახლის ამბის უცოდინარ ცოტნეს სიმშვიდე დაკარგული ჰქონდა. დედ-
მამას კი დარდობდა, მაგრამ დის ჯავრი მოსვენებას არ აძლევდა.
სნეულებისაგან მისუსტებული დის სახე გამუდმებით წინ ედგა და ღმერთს
სულ იმას ევედრებოდა, თამარი სიკვდილისაგან ეხსნა.
მარტო ფიქრი კი არ აწუხებდა, ხორციც სტკიოდა და სხეული თითქოს
შორეულად ეხმაურებოდა თავისი განაყოფი ნახევრის ტკივილს, მწარედ,
მაგრამ გაუცნობიერებლად გრძნობდა რაღაც მეტად ახლობლის სამუდამოდ
გაყრასა და ამ ქვეყნიდან წასვლას.
სვანეთში გახიზვნიდან ორი კვირაც არ იქნებოდა გასული, მაცნე მოვიდა
ოდიშიდან. ამბის მცნობელი ცოტნეს მაშინვე განარიდეს, ბატონიშვილთან
სალაპარაკოდ არ მიუშვეს. მამიდა და ბიძა ცალკე ჩაიკეტნენ და თუმცა ცოტნე
იქაურობას მოაცილეს, მის ყურს შორეულად მაინც მისწვდა მამიდის მოთქმა.
იმ დღეს მთავრის მემკვიდრეს განსაკუთრებული მზრუნველობითა და
ალერსით დასტრიალებდნენ თავს. ეფერებოდნენ და უცინოდნენ, თუმცა,
ეტყობოდათ, რომ უფრო ეტირებოდათ და მის შეხედვაზე სიბრალულის
ცრემლი ეძალებოდათ.
მეორე დღეს მამიდა და ბიძა შავებში გამოეწყვნენ და ცოტნეს გამოუცხადეს
_ ლეჩხუმს მივდივართ უეცრად გარდაცვლილი ნათესავის დასატირებლადო.
სატირალიდან დაბრუნებულ მამიდას პირისახე დახოკილი ჰქონდა და
მოთქმით ტირილისაგან ხმაჩახლეჩილი ძლივსღა ლაპარაკობდა.
დრო გადიოდა. ცოტნეს მამის სახლში არ იბარებდნენ, უკან არ მიჰყავდათ.
გული უგრძნობდა ყრმას, რომ შინ რაღაც უბედურება ტრიალებდა. თავად იმ
სიშორიდან წასვლა არ შეეძლო, ხოლო მისი დაჟინებული თხოვნის
შესრულებას ათასგვარი მიზეზით აჭიანურებდნენ და, ბატონიშვილი ისევ
მარტოდმარტო რჩებოდა თავის სადარდელთან სვანეთის მიუვალ მთებში.
იქიდან სხვა რა შველა შეეძლო და დღედაღამ ლოცვად იყო დაცემული.
ლენჯერისა და იფარის ხატებს, ძლევამოსილ კვირიკეს ერთადერთი ხვეწნითა
და ვედრებით მიმართავდა: ის წაეყვანა სიკვდილს ყველას მაგივრად, მის
სიცოცხლეს დასჯერებოდნენ მსხვერპლად, დედ-მამა და თამარი ბედნიერად
დარჩენილიყვნენ და თვითონაც ბედნიერი გაშორებოდა ქვეყანას, რომლისა
არც სიტკბო წაჰყვებოდა გრძელ საგზლად და არც სიმწარე.
ორი თვის შემდეგ მოაკითხეს ბატონიშვილს სვანეთში მამის ბიძაშვილებმა.
თამარის სიკვდილი არ გაუმხილეს, მაგრამ ცოტნე მათი დანახვისთანავე
მიხვდა, შინ რაღაც უბედურება იყო მომხდარი.
20გრძელი გზა ისე გამოიარეს, რომ ერთი არ გაუცინიათ. სხვა დროს
ენაწყლიანობით ცნობილი ბიძა დამუნჯებული მიუძღოდათ. ბიძაშვილები
ამოდენა გზას კი არა, სოფლის შარას არ გაივლიდნენ, გულში ჩამწვდომი
მეგრული სიმღერა რომ არ ეთქვათ და ცოტნეც არ აეყოლებინათ. ახლა არც
ერთს დანა პირს არ უხსნიდა და, სიმღერა კი არა, ბატონიშვილისთვის ხმის
გაცემა უჭირდათ.
შერგილი და მისი მეუღლე ცხენდაცხენ მცირე ამალით შეეგებნენ
მემკვიდრეს.
ბრმა შერგილი ცხენზე მოშვებულად იჯდა. წინ ოტია მეჯინიბე მოუძღოდა,
ჯილავში მაგრად ჩაევლო ხელი და ცხენს გზას ურჩევდა.
დედ-მამაცა და მათი ცხენებიც მთლად ერთიანად თალხით იყვნენ
დაბურულნი.
გაოცებული შეჰყურებდა შაოსან მხედრებს ცოტნე. უნდოდა ეკითხა, რას
ნიშნავდა ცხენებისა და ცხენოსნების ძაძით შემოსვა, მაგრამ შეშინებული ხმას
ვერ იღებდა და, სუნთქვაშეკრული უახლოვდებოდა იდუმალებით მოცულ
მთავრის ამალას.
შორიახლო დაიქვეითეს.
მოთქმითა და პირისხოკვით წამოვიდა დედა, გულში ჩაიკრა და დიდხანს
ჰკოცნა. მოთქმაში თამარის ხშირმა ხსენებამ დააეჭვა ცოტნე. ბატონიშვილი
სმენად იქცა, ყურადღება დაძაბა, რომ იმ მოთქმიდან ამბის თავი და ბოლო
გამოეტანა.
სახედაპოტნილი, ფერდაკარგული, ნაავადმყოფარი დედა შორეულადღა
ჰგავდა სილამაზით განთქმულ იმ უმშვენიერეს ქალს, რომელიც ამ ორი თვის
წინ დასტოვა ცოტნემ სნეულის ლოგინში. დედამ ტირილით გული იჯერა და
შვილი მამას დაუთმო.
შერგილმა ხელი დიდხანს უფათურა, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო,
რომ ნამდვილად შვილს ეხვეოდა. მერე ერთი გულისშემძვრელად იღრიალა
და ცოტნე უშველებელ მკლავებში მოიქცია.
_ რატომ მე არ მოგიკვდით, შვილებო, თქვენი უბედურებისა და სიკვდილის
მომტანი. რატომ დავბრუნდი ცოცხალი და, რატომ მე არ მომაყარეთ მიწა.
ღმერთს რომ სამართალი ჰქონდეს, ჩემი თამარი მიწაში როგორ უნდა იწვეს, ან
მე როგორ უნდა დავდიოდე ამ მიწაზე?! _ ბღაოდა შერგილი და თავში ხელს
იცემდა.
მოსმენილით შეშფოთებულმა ცოტნემ წამით თავი დაიხსნა გოლიათი
შერგილის მკლავებისაგან, გვერდზე გაიწია და მამას დააკვირდა: წარბ-წამწამ
აღფხვრილი უსინათლო თვალების უაზრო ცქერამ შეაძრწუნა ბატონიშვილი,
მაგრამ უფრო დიდმა ელდამ იმწამსვე დაავიწყა ეს პირველი შეშფოთება.
21_ ან თვალი რაღად მინდა, ან თავი! რაღამ უნდა გამახაროს ჩემი თამარის
დამკარგავი და დამმარხავი. მე მოვეკალი იმ განუკითხავ უფალს, ოღონდ შენი
დაიკო არ წაერთმია შენთვის და უბედური დედაშენისთვის.
_ თამარი სად არი? რა მოუვიდა? _ ძლივს ამოიდგა ენა ამდენ ხანს
დამუნჯებულმა ცოტნემ.
მამის დაშრეტილ თვალებში რომ პასუხი ვერ ამოიკითხა, დედას მიეჭრა.
_ თამარი სად არი, დედა?
_ თამარი სადღაა, შვილო, ანგელოსებმა წაიყვანეს შენი ლამაზი დაიკო! _
თავში ხელის ცემით ამოიტირა დედამ და ისევ მოთქმა გააბა.
ცოტნე ხვდებოდა, რაღაც საშინელება იყო დატეხილი მისა და მთელი
ოჯახის თავს. მაგრამ რას ნიშნავდა თამარის აღარ ყოფნა და ანგელოსების მიერ
მისი წაყვანა, არ ესმოდა და ვერ გარკვეულიყო. მაგრამ ტიროდა, ტიროდა
იმიტომ, რომ დედა და მამა ტიროდნენ და იმიტომაც, რომ სულში რაღაც
მწარედ ეწვოდა და არაადამიანურად ტიროდა. ეს ტკივილი ყელში აწვებოდა,
სუნთქვას უკრავდა და ნამდვილად დაახრჩობდა, ცრემლები რომ არ ეღვარა,
ხმამაღლა რომ არ ეტირა.
ისევ ამხედრდნენ.
ოდიშის მთავართა საძვალესა და საგვარეულო ეკლესიისკენ გადაუხვიეს.
ცხენები გარეთ დატოვეს. გალავანში გოდებით შევიდნენ და ეკლესიის
გვერდით ამობურცულ პატარა საფლავს რომ მიუახლოვდნენ, ნათელა და
შერგილი მუხლებზე დაეცნენ, იმ საფლავს ზედ დაემხნენ და გულმდუღარედ
ატირდნენ.
ცოტნე პირმოკუმული დასჩერებოდა პატარა საფლავის ბორცვს, საფლავის
მიწა ჯერ კიდევ კარგად არ გამხმარიყო, თავთან ხის პატარა ჯვარი აღემართათ.
დაჰყურებდა ცრემლგამშრალი ცოტნე საფლავს და არ ჯეროდა, რომ იქ
თამარი ემარხა. რაკი მიცვალებული თავისი თვალით კუბოში არ უნახავს და
მისთვის მიწის მიყრას არ დასწრებია. თამარის სიკვდილი, მისი არყოფნა
დაუჯერებლად ეჩვენებოდა.
მშობლების ტირილი მის გონებას აფორიაქებდა, მაგრამ გულს ვერ
სწვდებოდა: სადღაც ვიღაცაზე მოთქვამდნენ. მაგრამ ის ვიღაც არ შეიძლებოდა
თამარი ყოფილიყო. თამარი, ალბათ, შინ ელის ცოტნეს, მთავრის სასახლეში,
მხიარული და ნებიერი, უსაზღვროდ ძმის მოყვარული და ერთგული.
მთავრის სასახლე აკლდამასავით ცივი და ჩუმი დახვდა. მხიარული
ხმაური, სიცილი და სიმღერა მარტო სასახლიდან კი არა, საფარეშოებიდან და
ეზოდანაც აბარგებულიყო.
ცოტნეს დანახვაზე მსახურები ცრემლს ვერ მალავდნენ. მთავრის
მემკვიდრეს გაკრძალულნი ესალმებოდნენ. ნაძალადევად უღიმოდნენ და
გულაჩუყებულნი უალერსებდნენ.
ცოტნე ხვდებოდა, მისი ყოველი გამოჩენა მნახველებს დაკარგულ ტყუპის
ცალს ახსენებდა; ებრალებოდათ ცალად დარჩენილი ბატონიშვილი, და კიდევ
უფრო მეტად, ამქვეყნიდან უდროოდ წასული მისი განუყრელი და.
22სასახლე ის აღარ იყო, რაც ორი თვის წინ დატოვა ბატონიშვილმა. იქ
დასადგურებულ მგლოვიარობას მარტო ადამიანები როდი შეეცვალა.
სასახლეც,
ეზო-გარემოც
გამოცვლილიყო
და
ყველაფერს
მწუხრი
გადაფარებოდა.
ნელა ეჩვეოდა ცოტნე ამ ცვლილებას; თავადაც მწუხარებაში იძირებოდა და
რაკი ირგვლივ გასახარელს ვეღარაფერს ხედავდა, ეგონა, სულ ასე
დაუსრულებლად გაგრძელდებოდა გლოვა და ტირილი.
მხოლოდ ერთს ვერ შეეგუა ბატონიშვილი: მისი საწოლის პირდაპირ
თამარის საწოლი აღარ იდგა. დილით, დაცარიელებულ ოთახს რომ თვალს
მოავლებდა, ან ღამით სიზმარი გააღვიძებდა, თავი სხვაგან ეგონა, უცხო
სახლში.
რაკი თამარის ტიტინი აღარც დაძინების წინ ესმოდა, აღარც გაღვიძებისას,
ოთახში მარტო დარჩენისა ეშინოდა და გამდელებს შეეხვეწა, თამარის საწოლი
თავის ადგილას დაებრუნებინათ.
თამარის ლოგინსა და ტახტში სახადი იყო დაბუდებული, ცეცხლში
დავწვითო, მოახსენეს ბატონიშვილს და იმ დღიდან ცოტნეს სულ
აბრიალებული ცეცხლი ელანდებოდა და მარტო ვეღარ იძინებდა.
სვანეთიდან დაბრუნებულ ცოტნეს სასახლის ყველაზე დიდ უცნაურობად
უდუ გადიისა და გუგუტას გაქრობა ეჩვენა.
_ უდუს აქ რაღა გააჩერებდა, ქმრის სახლში დაბრუნდა, ბატონიშვილო! _
უთხრეს მსახურებმა.
პასუხი ბუნებრივად ეჩვენა ცოტნეს, თამარის სიკვდილის შემდეგ მთავრის
ასულზე გადაგებულ უდუს სასახლეში ყოფნა დაუმძიმდებოდა და თავისი
ქმარ-შვილისთვის რომ მიეშურებინა, ამაში გასაკვირი რა იყო!
_ გუგუტა? გუგუტაც დედას გაჰყვა? _ იკითხა ცოტნემ.
_ თამარის სიკვდილი და გუგუტას გაქრობა ერთი იყო. ცამ ჩაყლაპა თუ
მიწამ, ვერავინ შეიტყო. კვალწმინდად დაიკარგა საღსალამათი ბიჭი, ვერც
მკვდარი იპოვეს და ვეღარც ცოცხალი.
ცოტნეს გაახსენდა: სვანეთში გამგზავრებისას რომ გამოემშვიდობა,
გუგუტამ გადაჭრით უთხრა _ თამარს თუ რამე მოუვა, ან თავს მოვიკლავ, ან
აქედან გადავიკარგებიო.
_ იქნებ სადმე წავიდა? _ იკითხა შეშფოთებულმა ბატონიშვილმა.
_ ვინ იცის! ასავალ-დასავლის მცოდნე ამდენ ხანს არავინ გამოჩნდა და
მშობლებმა მკვდარივით გამოიტირეს. ხომ გაგიგონია, გინდ მკვდარი, გინდ
შინმოუსვლელიო.
_ ესეც თქვეს, გუგუტას თამარისთვის ყურძნის მიტანა დაბრალებია,
გაცეცხლებულ მამას ისე უცემია, სასიკვდილოდ გაუმეტებია. მერე ნაცემი
შინიდან გასულა და იმ დღიდან აღარც მკვდარი ჩანს და აღარც ცოცხალი.
ცრემლმომდგარი ცოტნე ამბის მთხრობელებს გაშორდა, თავის ოთახში
განმარტოვდა, ბალიშზე დაემხო და აქვითინდა.
23როგორ ტყუილად დაღუპულა გუგუტა! ხომ შეეძლო ცოტნეს მისი და
თამარის გადარჩენა, რატომ ვერ მოიფიქრა, უფროსებისათვის თამარის
სურვილის გამხელა.
დიდხანს ფიქრობდა, თავის თავს ჰყვედრიდა და ტიროდა.
ასეთ შფოთსა და მღელვარებაში გაიარა დღემ. სამხრობამდის რომ
საწოლიდან არ გამოვიდა, ნათელამ მსახურთუხუცესის შვილი შეგზავნა
ბატონიშვილთან.
ვატა ფეხაკრეფით შევიდა, ზღურბლთან შედგა და ოდნავ გასაგონად
ჩაახველა.
ცოტნემ თვალი გაახილა. უცნობ ყმაწვილს გაკვირვებული მიაჩერდა.
_ გღვიძავს, ბატონიშვილო? _ გაუღიმა შემოსულმა და ცოტნესკენ წავიდა.
ცოტნემ არაფერი უპასუხა.
ბიჭმა საწოლის წინ ფარდაგზე მოირთხა, ჭრელად მოქარგულ ქისას პირი
მოხსნა და დააპირქვავა. ფარდაგზე ფერად-ფერადი კენჭები და უცხო-უცხო
ნიჟარები გაიბნა.
ცოტნე თვალს ვერ აშორებდა ლამაზ კენჭებსა და უცხო ფრინველების
ბოლოებივით გაშლილ ნიჟარებს.
_ რა კარგია! _ აღმოხდა ცოტნეს.
_ სულ შენი იყოს, თუ მოგწონს!
_ ჩემი? _ გაოცებული შეაცქერდა ცოტნე.
_ ჰო, შენი იყოს, _ დაუდასტურა გახარებულმა ყმაწვილმა.
_ დიდხანს აგროვებდი? _ ნიჟარებისაგან თვალმოუცილებლად ჰკითხა
ცოტნემ.
_ დიდხანს? არა... ანაკლიაში ერთ თვეს ვიყავი, ვიდრე მამა აქ
გადმოვიდოდა მთავრის სამსახურში. რომ მცოდნოდა, მოგეწონებოდა, უფრო
მეტს მოგიტანდი, მაგრამ კიდევ წამიყვანს მამა ანაკლიას და კიდევ ჩამოგიტან.
ცოტნეს არც ეს გაეგებოდა, თუ ანაკლია სად იყო, არც ამ ყმაწვილისა და
მისი მამის ვინაობა იცოდა.
ყმაწვილმა დაბნეულობა შეატყო.
_ მამაჩემი შერგილ ბატონმა მსახურთუხუცესად მოიყვანა და, მეც აქ
გადმოვედი. აქვე ვცხოვრობთ, მთავრის ეზოს გადაღმა, ჩვენსას წავიდეთ, მე
ბევრი სათამაშო მაქვს.
ცოტნემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, წამოხტა და ფეხი მაშიებში
წაჰყო.
_ მე ვატა მქვია, _ ლაპარაკობდა მსახურთუხუცესის შვილი, _ სულ ვიცი
ჩიტის ბუდეები სად არი.
_ მართლა?
_ სანადიროდაც დავდივარ, მამას დავყვები. ადრე ბიძაჩემ კოჩობას
დავყავდი...
_ კოჩობა შენი ბიძა იყო?
_ მამაჩემის ბიძა იყო, მამის ძმა.
24_ ახლა სად არის ბიძია კოჩობა?
_ არ იცი? თუმცა შენ აქ არ იყავი და საიდან გეცოდინება: კოჩობა
მსახურთუხუცესი მოკვდა და მთავარმა მის ადგილას მამაჩემი დაადგინა.
ერთხანს ორივე სდუმდა ნათქვამის შთაბეჭდილებით.
_ ჭადრაკს თამაშობ, ბატონიშვილო?
_ ჰო, ვთამაშობ, ისე...
_ გინდა, გეთამაშები?
ცოტნემ თავი დაუქნია.
მიდიოდნენ ყმაწვილები... მთავრის ეზო არ თავდებოდა და არც ვატას
ელეოდა სალაპარაკო.
გორაკს გადაადგნენ და თვალწინ ფართო ხეობა გადაეშალათ.
მდინარის პირას ხალხი შეკრებილიყო; შეკრებილებისაკენ ყოველი მხრიდან
გარბოდა ქალი და კაცი, დიდი და პატარა.
მუსიკის უცხო ჰანგი სერზე შემდგარ ყმაწვილებს მისწვდა.
ვატამ თვალით ანიშნა და ბიჭები სერზე დაეშვნენ.
წრედ შეკრული სეირის მაყურებლები ერთიმეორეს აწვებოდნენ, წინ
წაწევას ცდილობდნენ და ფეხის წვერებზე დგებოდნენ, რომ სანახაობა უკეთ
დაენახათ. ვატა თამამად შეიჭრა წრეში.
_ ბატონიშვილი მობრძანდება. გზა მიეცით! _ დაიძახა და ხალხს მიაწვა.
სეირის
მაყურებლებმა
მოიხედეს,
მთავრის
მემკვიდრე
იცნეს,
ქუდმოხდილნი მიესალმნენ და გზა დაუთმეს.
ცოტნეს არ უნდოდა ხალხის შეწუხება და ყურადღების მიქცევა, ფეხს
ითრევდა და უკან რჩებოდა, მაგრამ ვატა ჩავლებულ ხელს არ უშვებდა და წინ
ეწეოდა. როგორც იქნა, წინა რიგში მოექცნენ და წრეში ფეხმორთხმულ ფაკირს
მიაშტერდნენ.
ფაკირმა წვირიანი სახელოთი ჟანგისფერ შუბლზე ოფლი მოიწმინდა, იქ
მყოფთ თვალი მოავლო, საკრავზე ტუჩები დააწყო და ჩაბერა. მუსიკის ხმაზე
ფაკირის წინ მდგარ კალათში რაღაც შეინძრა. კალათიდან კობრამ ამოჰყო
თავი, წამით გაქვავებულივით შეჩერდა, მერე ისევ შეინძრა, ნელ-ნელა
გაიწელა და მაღლა-მაღლა წამოიმართა, იშლებოდა გველის დახვეული ტანის
გორგალი, ყელყელაობით ამოდიოდა კალათიდან უზარმაზარი უნასი და
მუსიკის ჰანგით მოჯადოებული, სმენად ქცეული შეშდებოდა ჰაერში.
მონუსხულმა ცოტნემ ვიღაცის დაჟინებული მოშტერება იგრძნო. თავი
ასწია და პირდაპირ, კარვის კართან მდგარ გოგონას თვალებს წააწყდა. გულზე
ხელდაჭდობილი თორმეტ-ცამეტი წლის გოგონა მხარით ხეს მიყრდნობოდა,
დაკაწრული მაღალი კანჭები შიშველი ჰქონდა და მზემოკიდებული შავად
უბზინავდა. ქერა, სქელი კულულები მხრებზე ეყარა და ცისფერი თვალები
ეშმაკურად უჟუჟუნებდა.
ცოტნეს სახეზე ალმური მოედო, ცისფერი თვალების მზერას ვერ გაუძლო
და დარცხვენილმა თავი დახარა. ყმაწვილი გრძნობდა, რომ ის ეშმაკურად
მოჟუჟუნე თვალები ისევ დაჟინებით უცქერდნენ, თავის აწევა და გოგონასაკენ
25ერთი გახედვა ყველაფერს ერჩივნა, მაგრამ აუხსნელი დარცხვენა ნებას არ
აძლევდა, თავს კიდევ უფრო ხრიდა და მიწას ჩაჩერებოდა.
რაღაც მანამდე უცნობი გრძნობა დაუფლებოდა ცოტნეს, საამო ჟრჟოლა
უვლიდა და ფერფური ეცვლებოდა.
ფაკირმა დაკვრა შეწყვიტა. კობრა ჰაერში შექანდა, გორგალივით უკანვე
ჩაეშვა ტანის კეცვითა და რხევით.
მოხუცმა ფაკირმა ძირს დაგდებული ქუდი აიღო, მაყურებლისკენ გაიშვირა
და ძირსვე დადო.
ვიღაცამ სპილენძის ფული ისროლა ქუდში და თითქოს ნიშანს ელოდნენო,
ყოველმხრიდან წამოვიდა ვერცხლისა და სპილენძის პაწაწინა ფულების წვიმა.
ცოტნემ ჯიბეები მოიჩხრიკა. ფული ვერ აღმოაჩინა და ხელები უხერხულად
დაუშვა.
კანჭმაღალი გოგონა ხეს მოშორდა, ერთხელ კიდევ გაუყარა თვალი თვალში
დარცხვენისაგან წამოწითლებულ ცოტნეს და კარვისკენ შებრუნდა.
ცოტა ხნის შემდეგ კარვიდან პატარა მაიმუნი გამოიჭრა და ის გოგონაც უკან
მოჰყვა. გოგონას ცალ ხელში შიმპანზეს ყელზე გამობმული თოკი ეჭირა,
მეორეში _ დაირა. მაიმუნი ცეკვა-თამაშით მიხტოდა, დაირის ჟღრიალზე სასა-
ცილოდ იმანჭებოდა, მაყურებლებისკენ თამამად მიიწევდა, ზოგს
ჩამოსართმევად უწვდიდა სანთელივით ყვითელ ხელებს, ზოგს წვერ-ულვაშში
სწვდებოდა. ხარხარებდნენ, სიცილით იჭაჭებოდნენ მაყურებლები, უკან
იხევდნენ და ზიზღით იწმენდდნენ იმ ადგილებს, სადაც შიმპანზე შეეხოთ.
გოგონა მაღლა შემართულ დაირას აჟღრიალებდა. მაიმუნი ასკინკილას
ხტოდა და ყირაზე გადადიოდა. ბოლოს, როცა ყველა ილეთი მოათავა და
დაიქანცა, მაღლა შეხტა, გოგონას დაირა გამოსტაცა და მაყურებლებს
მათხოვარივით ჩამოუარა. დაირაზე წვრილი ფული აწკრიალდა. ვისაც ფული
არ ჰქონდა, ზოგი ვაშლს დებდა გამოწვდილ დაირაზე, ზოგი ტკბილეულს.
მაიმუნი ცოტნეს წინ შედგა და დაირა მკერდზე მიაბჯინა.
გოგონას სიახლოვით გონწართმეული ცოტნე კიდევ უფრო წითლდებოდა
და თავს ვერ იღებდა. ცარიელი ჯიბეები ერთხელ კიდევ მოიჩხრიკა და
კვლავაც რომ ვერაფერი იპოვა, ხელი ოქროს ძეწკვზე იტაცა, გულსაკიდი
ჯვარი მოიხსნა და დაირაზე დააგდო.
იქ მყოფები პირდაღებულნი მიაშტერდნენ დაირაზე დავარდნილ ოქროს
ძეწკვსა და ჯვარს.
_ რას სჩადი! ეგოდენ ძვირფას საჩუქარს როგორ იმეტებ! _ წასჩურჩულა
ვატამ და ხელი ოქროს ჯვრისკენ წაიღო.
ცოტნემ ხელი დაუჭირა და უცებ კინაღამ თვალთ დაუბნელდა: გოგონა
მისკენ მოიწია და ლოყაზე აკოცა.
სულ ცეცხლი მოეკიდა, ისედაც ალმურმოდებულ სახეზე ცოტნეს. ლოყაზე
ხელი მოისვა და კინაღამ მუხლებმა უმტყუნეს.
გოგონა და შიმპანზე ყმაწვილებს გასცდნენ, წრე შემოიარეს და დაირის
ჟღრიალით კარავში შევარდნენ.
26მაყურებლები ერთხანს იცინოდნენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებას
უზიარებდნენ. მერე ნელ-ნელა დაშლა იწყეს და თავთავიანთ გზას გაუდგნენ.
ცოტნე და ვატა შერჩნენ ყველაზე გვიანამდე იქაურობას.
ვატა
გულზე
სკდებოდა
ბატონიშვილის
გაუმართლებელი
ხელგაშლილობის გამო.
ცოტნე ჯერ კიდევ გაბრუებული იყო და გონს ვერ მოსულიყო.
_ წავიდეთ! _ უთხრა ვატამ და მკლავში ხელი მოჰკიდა.
ცოტნე უსიტყვოდ მიჰყვა.
წყლის პირი უხმოდ გაიარეს.
აღმართს რომ შეუდგნენ, ცოტნე წამით შემობრუნდა.
ის გოგონა, წეღან რომ აკოცა და მერე კარავში დაიმალა, ახლა გარეთ
გამოსულიყო, ყმაწვილებისკენ მორბოდა და ხელს იქნევდა.
_ ჩვენ გვიხმობს!
_ ნეტავი, რა უნდა?
ცოტნემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგონას შესახვედრად.
ნარბენი გოგონა ქოშინით მიუახლოვდა.
_ რა გქვია, რატომ არ მითხარი?
_ მე? ცოტნე მქვია.
_ მე კიდევ ასპასია. მოგწონვარ?
ცოტნეს შერცხვა და ისევ წამოწითლდა. ასპასიამ გადაიკისკისა.
_ შენ მართლა მთავრის შვილი ხარ?
_ ჰო, მთავრის შვილი ვარ.
_ რა ბედნიერი ყოფილხარ! _ ამოიოხრა ასპასიამ.
_ შენ იმის შვილი ხარ? _ ხელი კარვისკენ გაიშვირა ცოტნემ.
_ არა! მაგან მონების ბაზარზე მიყიდა. ხუთი წლისა გავუტაცნივარ ვიღაც
ყაჩაღს. ჩემი მშობლები, ალბათ, ბერძნები იყვნენ, რაკი სახელი ბერძნული
დაურქმევიათ. მოგწონვარ, ცოტნე? _ ისევ თამამი სიცილით ჰკითხა ასპასიამ. _
თუ მოგწონვარ, წამიყვანე.
ცოტნე კიდევ უფრო გაწითლდა და თავი ჩაღუნა, რომ მისკენ თამამი
სიცილით მზირალი ასპასიასათვის თვალი მოერიდებინა.
_ სხვანაირად კი არ გეუბნები, მოსამსახურედ, მოახლედ წამიყვანე.
_ სად უნდა წაგიყვანო? _ ხელი გაასავსავა ცოტნემ.
_ მამაშენის სახლში წამიყვანე, დედაშენის მოახლე ვიქნები... ყველაფერს
შევუსრულებ დედაშენს, ოღონდ ამ ფაკირისაგან დამიხსენი... _ ასპასიას
თამამი სიცილი სადღაც გაქრა, დიდრონ ცისფერ თვალებზე კურცხლები
მოეძალა.
_ როგორ უნდა დაგიხსნა? _ შეწუხდა ცოტნე.
_ მიყიდოს მამაშენმა...
_ როგორ გიყიდოს? _ გაიოცა ცოტნემ.
_ მიყიდოს, როგორც ამ ფაკირმა მიყიდა ერთხელ.
_ დედას და მამას უნდა ვთხოვო.
27_ წამიყვანე.. მეც ვთხოვ... ჩემს გაჭირვებას ვუამბობ, შევებრალები.
_ არა, თან ვერ წაგიყვან, _ შეცბა ცოტნე, _ შენ მანდ დაიცადე... დედას მე
შევეხვეწები...
_ არავის არ ვეცოდები... არავის არ ვუნდივარ, _ აუვარდა ქვითინი ასპასიას,
იქვე ჩაჯდა და გულამოსკვნილი ატირდა.
_ ნუ სტირი, ასპასია... დაწყნარდი, _ სცადა დაბნეულმა ცოტნემ გოგონას
დამშვიდება...
_ გამეცალე! გულქვებო, არაადამიანებო, _ შეჰყვირა გაავებულმა ასპასიამ,
ფეხზე წამოვარდა და კარვისკენ ზლუქუნით დაეშვა.
ცოტნე სახტად დარჩა.
_ ხედავ? შინ წაყვანაც მოგთხოვა! _ ნიშნისმოგებით თქვა ვატამ და
გაბრუნებულ ასპასიას თვალი ზიზღით გააყოლა.
_ წავიდეთ, _ ბრძანების კილოთი შეუძახა ბატონიშვილს გაბრაზებულმა
ვატამ და ცოტნე მორჩილად მიჰყვა.
საღამოს ნათელა შემოვიდა ცოტნეს საწოლში. მთავრის მეუღლეს
ჩვეულებად ჰქონდა, შვილისთვის ლოგინში უნდა დაეხედა, ძილი ნებისა
ესურვებინა, დაელოცა და ჩაეკოცნა. ახლაც, საკოცნელად რომ დაიხარა, ცოტნე
როგორღაც შემკრთალი ეჩვენა, მაგრამ არ შეიმჩნია და საგულდაგულოდ
შეკრული პერანგის ღილები გაუხსნა.
_ შეგაწუხებს შვილო, საკინძგახსნილი ძილი გირჩევნია, _ დაყვავებით
უთხრა, თავზე ხელი გადაუსვა და უცებ გაახსენდა.
_ ჯვარი რა უყავი, მისი მადლი შეგეწიოს, ბატონიშვილო?
_ ჯვარი?.. _ დაიბნა ცოტნე, _ არ ვიცი, მგონი, სადღაც დავკარგე.. ალბათ,
ძეწკვი შემაწყდა.
დედას ფერი ეცვალა, მაგრამ აღარაფერი უთხრა, შვილი ჩაკოცნა და
საწოლიდან გავიდა.
დილას ივლიანე მოძღვარმა ჭყონდიდს წაიყვანა ცოტნე. იმ დღეს წირვაზე
იყვნენ, ეზიარნენ და ღამეც იქვე დარჩნენ. მეორე დღეს ტაძარი დაათვალიერეს
და ნაშუადღევს შინ დაბრუნდნენ.
სამხრობისას ვატამ გამოუარა.
_ ნეტავი შენც წამოსულიყავი, _ აღტაცებით უთხრა ცოტნემ, _ რა
დიდებული ტაძარი ყოფილა!
_ მე რას წამოვიდოდი, მამაჩემი ორ დღეს გაქცეულებს დასდევდა.
_ ვინ გაქცეულებს?
_ არ იცი, არა? ქალბატონის მოახლე ცაბო გაიპარა სასახლიდან.
_ ცაბო? დედაჩემის შიმუნვარი?
_ ჰო, დიდი ქალბატონის პირისფარეში... მაგრამ ეგ არაფერი! მისი გაპარვა
და დიდი ქალბატონის სამკაულების გაქრობა ერთი ყოფილა.
_ ნუთუ, ცაბო მოიპარავდა? ეგ შეუძლებელია!
28_ შეუძლებელი როგორღა არი, მის მეტი იმ დღეს სასახლეში უცხო არავინ
შესულა. ოთახები ცაბოს დაულაგებია, კარი გამოუკეტავს და თვითონაც და ის
სამკაულებიც კვალწმინდად გამქრალან.
_ სად წავიდოდა! ცაბო ობოლი გოგოა, არც მშობლები ჰყავს, არც ნათესავი
და თავისიანი.
_ საქმეც ეგ არის... ვიღაც მეჯინიბეს გაჰყოლია.
_ ოტიას?
_ ჰო, ოტია მეჯინიბეს. ის მეჯინიბე ახლა აქ არი, _ ვატამ ხმას დაუწია, _
გუშინ შეიპყრო მამაჩემმა და დილეგში ჰყავს გამომწყვდეული. დღეს
პატიმრების დაკითხვა აქვს მამაჩემს. გინდა, შევიდეთ და ჩუმად ვუყუროთ?
ცოტნემ თავი დაუქნია.
მსახურთუხუცესის სახლისკენ გაუძღვა ვატა. სახლის კიბეს დაჰყვნენ,
დაბლა სართული ჩაიარეს და სარდაფში მოხვდნენ.
გრილოდა ნახევრად ბნელ სარდაფში.
პატარა დერეფანში გაუხვიეს და მრგვალ, წრისებურ დარბაზს დაადგნენ
თავს.
სანთლებით განათებულ მიწისქვეშეთში საკარცხულზე ახალუხმოღეღილი
შუახნის კაცი იჯდა.
_ მამაჩემია, _ გადაუჩურჩულა ვატამ ცოტნეს.
ცოტნე დააცქერდა: ფართო მხარბეჭიან ვაჟკაცს სახე ბრაზით წამონთებოდა,
ტანით სანახევროდ წინ გადახრილიყო და ულვაშს აღელვებული იგრეხდა.
_ ოტია ზერაგიამ რა ჰქნა, არ აღიარა? _ იკითხა მსახურთუხუცესმა.
_ უარზეა... არ ტყდება! _ უპასუხა ხელდაკაპიწებულმა მსახურმა.
_ ყველა ღონე იხმარე?
_ ყველა ღონე, მკლავებიც ვუგრიხე, მარწუხიც დავადე... მაინც ერთხელ
ნათქვამზე დგას და არ ტყდება.
_ შემოიყვანეთ, _ ბრძანა მსახურთუხუცესმა.
შუბოსნებმა ოტია მეჯინიბე შემოიყვანეს. შუაში დააყენეს და იქით-აქეთ
ამოუდგნენ.
_ გატყდი, გირჩევნია! თავს ტყუილად იწვალებ და ჩვენც ტყუილად
გვაცდენ. ჩვენ უშენოდაც ვიცით, მაგრამ თუ შენ თვითონ გვეტყვი, სად
გადამალე ნაქურდალი, მთავარი და მისი მეუღლე შეგიბრალებენ და სასჯელს
შეგიმსუბუქებენ.
_ არც ერთი ვიცი და არც მეორე.
_ ცაბო ხომ შენ გააპარე სასახლიდან?
_ მე წავიყვანე.
_ ჯვარიც ხომ დაიწერეთ.
_ ვერა, ვერ მოვასწარით.
_ სტყუი...
_ არ ვსტყუი, იცის ღმერთმა.
29_ მაშ, ცაბომ შენი ცოლობა ვერ მოასწრო? _ შუბლი გაეხსნა და ულვაში
აუთამაშდა მსახურთუხუცესს.
ოტიას სახეზე მიწისფერმა გადაჰკრა.
მსახურთუხუცესმა კმაყოფილების ღიმილი უმალვე მოიშორა და ისევ
მკაცრად მიმართა:
_ იტყვი, თუ არა, სად წაიღეთ ოქროს ჯვარი?!
_ არც მე და არც ცაბოს იმ ჯვრისთვის ხელი არ გვიხლია, არც მისი მპარავი
ვიცით და არც ცივად ხელის მომკიდებელი.
_ ცაბომ რომ წაიღო, ეს დამტკიცებულია, _ მოჭრით თქვა
მსახურთუხუცესმა, _ შენც რომ მონაწილე ხარ, ესეც აშკარაა..
_ უბრალო ვართ მაგ საქმეში მეცა და ცაბოც, მაღლა ღმერთია მოწმე! _
ხელაპყრობით შეჰღაღადა ოტიამ.
_ თვალს რომ დაგთხრიან და ხელ-ფეხს მოგკვეთენ, მაშინ იტყვი
სიმართლეს, მაგრამ გვიან იქნება, _ მუშტის ქნევით დაემუქრა
მსახურთუხუცესი.
_ მაშინაც ამას ვიტყვი, რომ ცაბო ცამდის მართალია.
_ თუ მართალია, ოქროს ჯვარი სად არი?!
ცოტნეს რაღაც ენიშნა და გული შეუქანდა.
_ არ ვიცი... ეს კი ნამდვილია, რომ არც ცაბოს და არც მე იმ ჯვრისათვის
ხელი არ გვიხლია.
_ ხატზე დაიფიცებ?
_ ხატზეც დავიფიცებ... ცეცხლზეც...
_ შანთსა და მდუღარესაც გამოცდი?
_ გამოვცდი... რითაც გინდათ, გამომცადეთ.
_ შანთი! _ დაიძახა მსახურთუხუცესმა.
ხელდაკაპიწებულმა მსახურმა საიდანღაც გავარვარებული შანთი
მოარბენინა.
გრძელი რკინა წინგაშვერილი მოჰქონდა. ამ რკინას ერთ ბოლოზე ხის
ნაჭერი ჰქონდა, რომ ხელი არ დასწვოდა, მეორე ბოლო ნაღვერდალივით
წითელი იყო და თვალისმომჭრელად ანათებდა.
ჯალათმა შანთი ახლოს მიუტანა ოტიას.
ოტიამ მარცხენა ხელი გაშალა, შანთისთვის არც შეუხედავს, ისე გაიშვირა.
ცხელი რკინის შეხებაზე ერთი შეტოკდა და სახე დაეღმიჭა; ხელისგულზე
დადებულ შანთს თითები შემოუჭირა, დაიძაბა და თვალებიდან სიმწრის
ნაპერწკლები წამოცვივდა.
ეს იყო და ეს. ოტიას არც გმინი აღმოხდომია, არც კვნესა დასცდენია.
_ რა უყავი ბატონიშვილის ოქროს ჯვარი! _ ყრუდ ჩაესმა ცოტნეს.
მოთუთქული ხორცი აშიშინდა გავარვარებულ შანთზე და ჰაერში შემწვრის
სუნი დატრიალდა.
ცოტნეს თვალთ დაუბნელდა, თავბრუ დაესხა და გულწასული დაეცა.
ხმაურზე მსახურთუხუცესი წამოხტა.
30_ მიშველეთ! _ დაიყვირა შეშინებულმა ვატამ და ბატონიშვილთან ჩაიჩოქა.
ვიდრე გულშემოყრილ ცოტნეს მოაბრუნებდნენ, სასახლე ერთიანად
აფორიაქდა.
შერგილი და ნათელა მსახურთუხუცესისას მიიჭრნენ. ცოტნეს გამო
შეშინებულებს ამის თავი სადღა ჰქონდათ, მაგრამ ბატონიშვილის სასახლეში
გადაყვანამდე ყველაფერი წვრილად შეიტყვეს.
ცაბოსა და ოტიას შეპყრობის ამბავი არც ერთს არ სცოდნოდა და, ორივენი
განრისხდნენ.
_ წამება და შანთით გამოცდა როგორ გაბედა, როგორ არ იცოდა, რომ თამარ
მეფის ბრძანებით ასოთა მოკვეთა და დასახიჩრება მთელ საქართველოში
აღკვეთილია და კანონით ისჯება.
_ ჩემს შეუტყობლად ჩემი მოახლის შეპყრობა და დილეგში ჩაგდება როგორ
გაბედა! _ ბრაზობდა დიდი ქალბატონი.
_ არ უნდა მეთქვა, მაგრამ დამალვაც დანაშაულია, _ გაუტყდა მთავარსა და
მის მეუღლეს კარის მოძღვარი, _ მაგ გოგოზე მსახურთუხუცესს აქ მოსვლის
დღიდან სჭერია თვალი, თურმე საშველს არ აძლევდა. აღსარების დროს
გამომიტყდა ცაბო, ქალბატონს ვერ ვუმხელ, არადა, აღარ მეხსნება, ნამდვილად
დამღუპავს და თავს მომაკვლევინებსო. მინდოდა, თქვენთვის გამენდო, დიდო
ქალბატონო, მაგრამ აღსარების საიდუმლო ვერ გავტეხე და თქვენი
გაფრთხილება ვერ მოვასწარი. მაგ ბიჭსა და გოგოს ერთმანეთი ჰყვარებიათ. იმ
ღამეს აქედან რომ გაიპარნენ, მე მომადგნენ და ჯვარის დაწერა მთხოვეს. მე
შორს დავიჭირე, ბატონების უცნობლად გვირგვინს ვერ გიკურთხებთ, რა
საჩქაროა, გათენდეს, მთავარს ნება გამოვთხოვოთ და კანონიერად იქორწინეთ-
მეთქი. მეორე დღეს მსახურთუხუცესისთვის ბატონიშვილის ჯვრის
დაკარგვის ამბავი რომ გაგინდვიათ, გაუზვიადებია, ქალბატონის სამკაულები
გაიტაცესო, მდევრები დაუდევნებია, შეპყრობილები თქვენი დასტურის
მიუღებლად დილეგში ჩაუყრია და, ბოლოს, საშინლადაც უწამებია. ნეტავ,
ბატონიშვილს არ ენახა, კრავივით უმანკო ყრმა როგორ გაუძლებდა შანთით
დაწვის ცქერას!
მთავრისა და მისი მეუღლის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. უნდოდათ,
მაშინვე
სასტიკად
დაესაჯათ
თავნება
მსახურთუხუცესი,
მაგრამ
ბატონიშვილის ავადმყოფობით მოუცლელობამ და ამ ამბის გახმაურების
შიშმა მსახურთუხუცესის ბედის გადაწყვეტის გადადება ჩააგონათ.
ცოტნე გონს მოეგო, მაგრამ ძილად მივარდა. ძილში გახშირებული სუნთქვა
დაეწყო და სიცხემ გათანგა.
ნათელას ელდა ეცა, პირველადვე ის გაიფიქრა, ვაითუ, სახლში კიდევ
ბუდობს ჩემი ოჯახის ამომგდები სენი, რომელსაც ამდენ ხანს ვარიდებდი
მემკვიდრესო. შეშინებულმა ბატონიშვილს ექიმები დაახვია.
ექიმებმა გულდასმით გასინჯეს. ცოტნეს არც თავი სტკიოდა, არც გული
ერეოდა. ავადმყოფობა სხვა ნიშნებითაც არ ჰგავდა იმ დაწყევლილ სნეულებას
და დამფრთხალ მშობლებს ცოტა გულზე მოეშვათ.
31შერგილი ჭკუაზე აღარ იყო. აქედან ცოცხალს ვერ გამიყვანთო, გამოაცხადა
ცოტნეს საწოლში შესულმა.
_ შორიახლო ჩემთვის კუთხეში დავჯდები, მაინც არ მეძინება, მომვლელსა
და
მკურნალს
მოვუხმობ
ხოლმე,
_ გადაწყვეტილად თქვა და წინააღმდეგობა ვეღარავინ შეჰბედა.
ამ ფორიაქსა და ორომტრიალში ვატას ბატონიშვილის ჯვრის ამბავი
დასცდა. ქალბატონი დიდად შეწუხდა, რომ მის მიერ მსახურთუხუცესისთვის
განდობილმა ეჭვმა ამდენი უსიამოვნება მოიტანა. მთავარს ყველაფერი უამბო
და როცა ექიმების დასკვნით ცოტა გამხნევება იგრძნეს, საქმის მშვიდობიანად
გარიგება არჩიეს: მეჯინიბე და მოახლე აქორწინეს, ცაბოს დიდი მზითევი
მისცეს და გულზე ხელდაკიდებულ ოტიასთან ერთად მრავალი წყალობით
გაისტუმრეს.
_ ნუ დამწვავთ, ყველაფერს ვიტყვი! შანთი არ გინდათ... თვითონ ვიტყვი... _
აყვირდა მძინარე ცოტნე. საბანი გადაიგდო, ხელები ამოჰყარა და შეწუხებული
მოჰყვა გაუგებარ ბოდვას.
_ ცოტნე, შვილო! ცოტნე, გაიღვიძე, მამა გენაცვალოს! _ დაადგა თავს
შერგილი.
ბატონიშვილმა თვალი გაახილა და უაზროდ მიმოატარა. შუბლზე სიმწრის
ოფლი დასხმოდა, ნარბენივით ქლოშინებდა და აჩქარებული სუნთქვისაგან
მკერდი გაგლეჯაზე ჰქონდა.
სიზმარში ღვთის სამსჯავროზე იყო.
თავს სულთამხუთავი ადგა და ცხელი შანთით გამოცდით ემუქრებოდა,
თუ ცაბოსა და ოტიას დაღუპვაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა.
შერგილის დანახვამ დაწყნარების მაგივრად კიდევ უფრო შეაშფოთა
გაღვიძებული ცოტნე.
_ გესმოდა, მამა-ბატონო, რას ვბოდავდი?
_ ჰო, რაღაც წამოიყვირე ძილში. ალბათ, გულში ოტია მეჯინიბის წამება
ჩაგყვა.
_ ჰო, ეგ მესიზმრა.. რა ეშველება ოტიას?
_ ოტიას უკვე ეშველა, საპყრობილიდან გამოვიყვანე, ცაბო შევრთე,
საცხოვრებელი ვუბოძე და გახარებული გავისტუმრე.
_ მართლა, მამა?! რა კეთილი ხარ შენც, დედაც... მაგრამ ოტიას მარჯვენას რა
ეშველება? მართლა გაუხმება?..
_ მარჯვენას აღარაფერი ეშველება, გაუხმება! მაგრამ მე ზრუნვას არ
მოვაკლებ, დავასახლებ და ხელს გავუმართავ... თუმცა ცალხელა კაცის
სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა? მისი ცოდვა იმის კისერზე იყოს, ვინც დაღუპა...
ცოტნეს გულ-ღვიძლი დასწვა ბოლო სიტყვებმა, თვალი დახუჭა და
სიმწრის ოფლმა დაასხა.
32_ შანთით გამოცდას გაუძლებდი, მამა? _ გაუბედავად ჰკითხა ცოტა ხნის
დუმილის შემდეგ ცოტნემ.
_ გავუძლებდი, ალბათ, თუ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიქნებოდი,
ან იმის შიში თუ მექნებოდა, რომ ჩემი გამოტყდომით ჩემს თანაგანმზრახს ან
საყვარელ ადამიანს დავღუპავდი.
_ მართალი იყო და იმიტომ გაუძლო ოტია მეჯინიბემ წამებას, არა?
სატანჯველის შიშით რომ თავი დამნაშავედ ეცნო, საყვარელ ადამიანსაც
დაღუპავდა და თავსაც წააგებდა.
_ ნამდვილად აგრე იქნებოდა.
_ მე კი, ალბათ, ვერ გავუძლებდი...
_ შენც გაუძლებდი, თუ მართალი იქნებოდი და იმის რწმენა გექნებოდა,
რომ შენი გაძლებით სხვებსაც გადაარჩენდი.
_ გული რომ შემიღონდა?
_ რა ვუყოთ, შვილო, ჯერ ყრმა ხარ, უღონო და ცხოვრებაში გამოუცდელი.
როცა დავაჟკაცდები და განსაცდელს თვალსა და გულს შეაჩვევ, გული
გაგიმაგრდება, გაჭირვებისა აღარ შეგეშინდება და სატანჯველით გამოცდასაც
თამამად შეხვდები... ცხოვრება განსაცდელითაა სავსე და ვაჟკაცი ამქვეყნად
იმიტომ ჩნდება, განსაცდელს გაუძლოს. განსაცდელის გაძლება კი მხოლოდ
მაშინ შეუძლია ვაჟკაცს, როცა მართალია და სამშობლოსათვის ან
სარწმუნოებისათვის ღებულობს სატანჯველს.
_ ტყუილისათვის, სიცრუისათვის თუ შეიძლება წამების ატანა?
_ ტყუილისათვის შეიძლება, თუ ის ტყუილი სამშობლოს ან მოყვასის
გადასარჩენად არის მოგონილი. მაგრამ როცა ტყუილსა და სიცრუეს
სხვისთვის ზიანი და ვნება მოაქვს, ასეთი ტყუილი ღვთისაგანაც და
კაცთაგანაც დაწყევლილია და შეჩვენებული. მისი მომგონი ამქვეყნადაც
ისჯება და საიქიოსაც ჯოჯოხეთს ვერ ასცდება. _ შერგილი დადუმდა და
ცოტნე ფიქრმა წაიღო.
ტყუილს, თურმე, ქვეყნისა და მოყვასის გადასარჩენად ნათქვამს,
შეიწყნარებს უფალი. თავის გადასარჩენად ნათქვამი ტყუილი კი კაცის
დამღუპველი ცოდვა ყოფილა. დაუფიქრებლად ცოტნეს მიერ ნათქვამმა
ტყუილმა კინაღამ ორი ადამიანი იმსხვერპლა! ოტია და ცაბო გადარჩნენ,
მაგრამ შერგილის თქმისა არ იყოს, ცალხელა კაცის ცხოვრება რაღა ცხოვრებაა!
უნებურად აკიდებული მათი ცოდვა, ალბათ, სიკვდილამდე უნდა ზიდოს
ცოტნემ და რა ეშველება, რა თვალით უნდა შეხედოს ან დედ-მამას, ან ცაბოსა
და ოტიას!
რა დაავიწყებს ცხელ შანთზე აშიშინებულ დამწვარ ხორცს, ალალმართალ
ოტიას თვალთაგან დაკვესებულ სიმწრის ცეცხლს!
ცოტნე უჩუმრად წამოდგა, მუხლზე დავარდა და ჯვარცმის წინაშე
ხელაპყრობილმა უხმოდ დაიწყო ლოცვა:
_ ღმერთო დიდებულო, ღმერთო დიდებულო! ოღონდ ოტიას ულხინე,
ოღონდ ჩემს მშობლებს ნუ დასჯი უდანაშაულო კაცის წამებისათვის და მე
33მომივლინე შენი რისხვა, შენი სასჯელი ჩემი სიცრუისათვის, სხვათა
დამღუპველი ტყუილისათვის. ჩემი დედ-მამის სიცოცხლეს ვფიცავ, ჩემი
დაიკოს სულს ვფიცავ, აღარასოდეს ჩემს სიცოცხლეში ტყუილი აღარ ვთქვა,
არავის ვეცრუო.
ბაგეგაუხსნელად, ხმისამოუღებლად ევედრებოდა ცოტნე ჯვარცმულ
მაცხოვარს, თავს იატაკამდე ხრიდა და თვალთაგან პირველი ცოდვის
შეგნებით მოძალებული ცრემლი სცვიოდა.
ვედრება მოათავა და ჩუმადვე ლოგინში ჩაწვა. ლოცვამ სულის სიმშვიდე
დაუბრუნა, თვალი მოხუჭა და ისევ ძილს მიეცა.
ერთხანს წყნარად ეძინა, მერე ისევ აფორიაქდა. სმენადქცეული შერგილი
შეშფოთდა.
_ არ გძინავს, ბატონიშვილო? _ ხმადაბლა ეკითხებოდა დროდადრო
ავადმყოფის წრიალით შეშფოთებული შერგილი, მაგრამ ცოტნე ხმას არ
სცემდა.
მთავარმა ექიმს დაუძახა. მკურნალმა სნეულთან მოირბინა, ბატონიშვილს
საეჭვო და ახალი ვერაფერი შეამჩნია.
_ სიცხე აწუხებს, მთავარო! წამალი გასჭრის და დამშვიდდება, _ ანუგეშა
მკურნალმა, მთავრის გვერდით საკარცხულზე დაჯდა და მოძალებულ ძილს
ერთხანს კიდევ შეებრძოლა.
შერგილ დადიანი ფიცხი და თავმოყვარე, ქედუხრელი, ძნელად დამთმობი
კაცი იყო. წყენას იოლად არავის დაუვიწყებდა და აუგად მოპყრობისათვის
სამაგიეროს მიზღვა ერთიორად იცოდა. ბავშვობიდან ღვთის მოშიშად
აღზრდილი ლოცვას არ გააცდენდა და მარხვას არ გასტეხდა. მაგრამ ერთი
გულწრფელი გაბრაზება საკმარისი იყო, რომ წონასწორობა დაეკარგა,
ღმერთიც დავიწყებოდა და ხატიც.
ასეთი აფეთქება კი არცთუ იშვიათად იცოდა ოდიშის მთავარმა.
როცა თავს დამნაშავედ ან შემცოდედ თვლიდა, შერგილი უდრტვინველად
ურიგდებოდა ღვთის განაჩენით მოვლენილ სასჯელს, ვაჟკაცურად იტანდა და
ლოცვა-ვედრებით ცდილობდა უფლის წინაშე დანაშაულის შემსუბუქებას.
მაგრამ თუ თავის უდანაშაულობა სჯეროდა და მის თავზე მოვლენილ
სასჯელს დაუმსახურებელ უსამართლობად მიიჩნევდა, მაშინ მის აღშფოთებას
საზღვარი არ ჰქონდა ხოლმე. ასეთი უსამართლობის დროს თავის შეკავებას
ვეღარ ახერხებდა, ზომიერების ყოველგვარ გრძნობას ჰკარგავდა და ზოგჯერ
ღვთის აშკარა გმობამდე, მკრეხელობამდე მიდიოდა.
შორეული ლაშქრობიდან მობრუნებული შერგილი უკურნებელი სენით
დაავადებასა და დაბრმავებას კიდევ შეურიგდებოდა. ცხარე ომში მებრძოლს
იმისათვის არ სცალია, მრუდი და მართალი გაარჩიოს, ომის ქარცეცხლში
მბრუნავი ვაჟკაცის ხმალი ხშირად მართალსა და უდანაშაულოსაც ასევე
სასტიკად უსწორდება, როგორც იმ ომის სულისჩამდგმელ მოსისხლეს. მაგრამ
34ომი კაცის კვლა არის და თუ თვითონ არ მოჰკლავ, შენ მოგკლავენ. ასეთი
განუკითხაობის ჟამს გულმოწყალების, ან ზომიერების გამოჩენას მეომარს
ვერავინ მოსთხოვს და შერგილსაც, ალბათ, ბევრი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი.
ამიტომ საკუთრად მის თავზე დამტყდარ ღვთის რისხვას ერთგვარი
გამართლება მოეძებნებოდა და ამასთან შერიგება შესაძლებელი იქნებოდა,
უფალს რომ მეორე უფრო დიდი სასჯელი არ დაეტეხა მთავრის თავზე. ჯერ
უცოდველი, კრავივით უმანკო ასულის, პატარა თამარის სიკვდილი იმდენად
უსამართლო, გაუგებარ სასჯელად ეჩვენებოდა ოდიშის მთავარს, რომ მისი
გონივრული განსჯაც შეუძლებლად მიაჩნდა.
უფლისაგან უსინათლობით ზომაზე მეტად დასჯილ ვაჟკაცს უცოდველი
შვილის დაღუპვა ისეთ არაადამიანურ, აუხსნელ სისასტიკედ ესახებოდა,
რომლის უფლება თვითონ ყოვლისშემძლე უფალსაც არ უნდა ჰქონოდა.
ღმერთი ულმობელი იყო და უსამართლო.
ამიტომ დასჯილის აღშფოთებასაც არ ჰქონდა საზღვარი. უფლის
წინააღმდეგ ამბოხებულმა მონამ ხატები დალეწა, ზედ ფეხით შედგა და
ღმერთი საქვეყნოდ ჰგმო.
გაფითრებული ნათელა შიშისაგან აკანკალებული შეჰყურებდა, ხმის
ამოღებას ვერ ბედავდა და გამალებით უაზროდ პირჯვარს იწერდა.
იქ მყოფთ ეგონათ, მთავარი გაგიჟდაო. შეგონებით რომ ვერას გახდნენ,
ძალა იხმარეს და ხელები შეუკრეს.
მაგრამ ოდიშის მთავარი სულაც არ შეშლილა, თუმცა შეშლილობა და
ჭკუის დაკარგვა მისთვის ეგებ ერთადერთი საშველი იქნებოდა იმ მძიმე
სულიერი შერყევის ჟამს.
ხატების დამსხვრევა და სალოცავის შეგინება ვერ ამშვიდებდა ღვთის
უკანონობის წინააღმდეგ აჯანყებულ მთავარს; წარმოდგენებთან და
სიმბოლოებთან კამათს, მათ გმობას შერგილის აღშფოთების დაცხრომა არ
შეეძლო.
ღონემოჭარბებულ ვაჟკაცს იმ უსამართლო ღმერთთან პირისპირ
შებრძოლება, ხელდახელ შებმა უნდოდა, რომ ან ზედ შეკვდომოდა, ან დაემხო,
რათა ძირს დაცემულისთვის მის მიერ ჩადენილი დანაშაულის უაზრო
საშინელება დაენახვებინა და იმ ბოროტების შესაფერისად დაესაჯა.
მაგრამ უფალი ან მხდალი იყო და შერგილის შესაჭიდებლად პირისპირ
გამოსვლას ვერ ბედავდა, ან იმდენად დიდი იყო და ძლიერი, რომ მის
წინააღმდეგ ამხედრებული პაწაწინა მღილის გამოწვევას არაფრად აგდებდა,
უსასრულო სამყაროს წესრიგის მართვით გატაცებულს მისთვის არ ეცალა და
იმ წესრიგიდან გამოვარდნილ უმნიშვნელო არსების აღშფოთებას ანგარიშს არ
უწევდა.
უწყალო უფლის წინააღმდეგ ამბოხებულს თავისი დაუოკებელი შფოთის
დასაწყნარებლად, არაადამიანური სულიერი ტკივილის ჩასახშობად
ერთადერთი გზა კიდევ რჩებოდა _ თავის მოკვლა, თავის მოკვლით იმ
ტკივილის მიმართ სხეულისა და სულის უგრძნობლად ქცევა.
35თავის მოკვლა გამჩენი ღმერთის წინააღმდეგ სულიერი ამბოხის უმაღლესი
გამოხატვა, უფლის სისასტიკის მხილება იქნებოდა იმ არსებისაგან, რომელიც
მაცხოვრის მიერ ბოძებულ ცნებებს განუხრელად იცავდა და, რომელიც გულის
სიღრმემდე შესძრა ღვთის უაზრო უსამართლობამ, ადამიანების ბედის მიმართ
გაუგებარმა გულგრილობამ და უგრძნობელობამ.
ოდიშის მთავარს ცხელ გულზე თავის მოკვლაც არ დაანებეს და
უსამართლო ღმერთთან ანგარიშის გასწორების ეს ერთადერთი გზაც მოუჭრეს.
ბრმას მარტო არ ტოვებდნენ და ფხიზლად დარაჯობდნენ, უბედური
თავისთვის რომ არაფერი აეტეხა.
ადამიანი ყველაზე უფრო სულიერი აფეთქების დროსაც ადამიანად რჩება.
სულიერ აფეთქებასაც თავისი გარკვეული დრო აქვს და როცა იგი უმაღლეს
წერტილს აღწევს, შემდეგ ბუნებრივად იწყება ცეცხლის განელება, უკიდურესი
დაძაბულობის თანდათან შესუსტება და მოშვება. დრო ყველაფრის
მკურნალია. ის, რაც ქარიშხლისაგან მსხვრევას გადარჩება ხოლმე, თავის
ბუნებრივ მდგომარეობას ნელ-ნელა უბრუნდება და ისევ ცხოვრების იმ წესს
ეგუება, რომელსაც ადრე იყო შეჩვეული და, რომლიდანაც დროებით ამოაგდო
უჩვეულოდ მძლავრმა ბიძგმა თუ შერყევამ. დრომ თავისი ჰქნა. ამბოხებული
ადამიანის რისხვისთვის მიუწვდომელმა ღმერთმა გაიმარჯვა _ შერგილმა
თავი ვერ მოიკლა და უბედური სიცოცხლე გრძელდებოდა.
უფლის
უღლისაგან
თავის
დახსნა
ადამიანის
ნება-სურვილზე
დამოკიდებული სრულიადაც არ ყოფილა. იმ უღლის დასამსხვრევად
ამხედრებულ მონას ისღა რჩება, უსამართლო განგების ახსნა-გამართლება
ეძიოს და ნელ-ნელა ძნელს, მაგრამ ერთადერთ გზას _ ღმერთთან შერიგების
გზას დაადგეს.
წყვდიადი, რომელშიაც მძლავრმა სულიერმა შეშფოთებამ ჩააგდო მთავარი,
გაცილებით ძნელი გასარკვევი იყო, ვიდრე თვალის ჩინის დაკარგვით
შერგილის ირგვლივ გამეფებული სიბნელე.
ამ წყვდიადშიც აღმოჩნდა მეგზური.
ეს მეგზური კარის მოძღვარი ივლიანე იყო.
ერთგულმა გზის გამკვლევმა თავის მოწოდებად ჩათვალა მთავრისათვის
დაებრუნებინა ის შინაგანი ხედვა უფლისა, რომელიც ყოველ ადამიანს
თანდაყოლილი აქვს და, რომლის საბოლოო დაკარგვა სიცოცხლის აზრის
გაქრობას, არსებობის სურვილის გაქრობას ნიშნავს.
ფაფის შეშინებულნი დოს სულს უბერავდნენო, ისე მოუვიდათ ცოტნეს
მშობლებსა და მკურნალებს, უბრალო ციებ-ცხელება, რომელიც ოდიშის
დაბლობში თითქმის ყველგან ბუდობდა, იმ დამღუპველი სენის ახალ
აფეთქებად წარმოიდგინეს, რამაც თამარის სიცოცხლე წაიღო და შერგილს
თვალის ჩინი წაართვა.
36ერთადერთი მემკვიდრე-ბატონიშვილის შემყურე მშობლებს ზედმეტი შიში
და სიფრთხილე არც გაემტყუნებოდათ. მით უფრო მეტი საფუძველი ჰქონდათ
ექიმებს სნეულის განცალკევებისა და ყველა გამაფრთხილებელი ზომის
მისაღებად.
სამ დღე-ღამეს ბურთივით ახტუნა ცოტნე ციებ-ცხელებამ ლოგინში,
ოფლის ღვარად გაწურა და მიასუსტა. მეოთხე დღეს შვება იგრძნო
ავადმყოფმა, სიცხემ უკლო და ცოტა მოიხედა.
მკურნალები მიხვდნენ, რომ საქმე ჩვეულებრივ ციებ-ცხელებასთან
ჰქონდათ. ავადმყოფს სასმელ-საჭმელი მიაძალეს და ახლობლებს მის საწოლში
შესვლის ნება დართეს.
შერგილი იშვიათად ტოვებდა სნეულს.
ცხელებისაგან გათანგული შვილის ბოდვას ყურგამახვილებული უსმენდა.
ბავშვი გაუგებრად და თავგზააბნეულად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა
ადიდებულ მდინარეზე და მის ნაპირას გამორიყულ გვამზე, ეშმაკებისაგან
შელოცვილ ყურძნის მტევანზე და ხორცის დამწველ ცეცხლის ალზე.
მთავარი ერთმანეთთან დაუკავშირებლად ამონასროლ ცალკე სიტყვებს
შორის კავშირის დამყარებასა და აზრის გამოტანას ვერ ახერხებდა და ამიტომ
სიცხიანისათვის ჩვეულებრივ უაზრო ბოდვად ღებულობდა ცოტნეს
წამოძახილებს.
ბოლო დღეებში, როცა სნეულების გადადების საშიშროება გაქრა, შერგილს
მარტო აღარ ტოვებდა ივლიანე კარის მოძღვარი.
ისხდნენ კუთხეში მიყუჟულები და, ავადმყოფისთვის ძილი და მოსვენება
რომ არ დაერღვიათ, ხმადაბლა საუბრობდნენ.
_ უფლის მიმართ სიყვარული ძნელი სიყვარულია, მთავარო. _ ჩაესმა
მოსატყუარად თვალმოხუჭულ ცოტნეს. თავმომძინარებულმა ყმაწვილმა ყური
ცქვიტა, გაინაბა და სმენად იქცა.
_ უფლის ჭეშმარიტი სიყვარული ისაა, როცა ადამიანს თავისი თავი აღარ
ახსოვს, საკუთარი არსებობა დავიწყებული აქვს და ღვთის მიერ მოვლენილ
ბოროტსა და კეთილს ერთნაირი მადლიერებით ღებულობს, როგორც
გარდუვალსა და აუცილებელს. ჩვენ უფლის მიმართ მაშინ ვართ
მადლობელნი, როცა იგი წყალობის თვალით გვიყურებს, სენსა და სიკვდილს
გვარიდებს და ბედნიერებით გვავსებს. მაგრამ ბედნიერება არ არსებობს ისე,
თუ უბედურებაც თან არ ახლავს. ბედისაგან განებივრებული, იღბლიანი
ადამიანები იმას არ ფიქრობენ, რომ მათი სიხარული დროებითია და
წარმავალი. ისინი მხოლოდ მაშინ იწყებენ გამოფხიზლებასა და გონს მოსვლას,
როცა საშინელი უბედურება ატყდებათ თავს. ზოგჯერ ბედის ეს განაჩენი
უზომოდ სასტიკია და ულმობელი. ადამიანი ვერ ურიგდება უასაკო, ჯერ
უცოდველი ბავშვის მოულოდნელ დაღუპვას. მიუწვდომელია აზრი და
სიღრმე განგების ამ განაჩენისა. ჩვენ გვაშფოთებს ტანჯვა და სიკვდილი
37უმანკო ბავშვისა და იმას კი არ ვუფიქრდებით, თუ რა ღრმა აზრი შეიძლება
ჰქონდეს უფლის ამ განუკითხაობას. ჩვენ ხომ არ ვიცით, რომ სამაგიეროდ იმ
ტანჯვისა, რომელსაც უცოდველი ბავშვი განიცდის სიკვდილის წინ, უფალი
ათმაგად მიაგებს იმ ქვეყნად, როცა მას სამოთხეში შეიყვანს და სამარადისო
ნეტარებას მიანიჭებს. ჩვენ ვერ ვწვდებით ღვთაების ულმობლობის ჭეშმარიტ
აზრს, ვერ ვხედავთ მისი სისასტიკის მეორე მხარეს _ მარადიულ სიკეთეს და
ჩვენ თვითონ ვგავართ სულსწრაფ ბავშვებს: უზენაესის სიბრძნის ჩაკვირვებისა
და ამოხსნის ნაცვლად, ჩვენ ვჩქარობთ, ვივიწყებთ ღვთის მიერ ბოძებულ
ყველა სიკეთეს, სასოწარკვეთას ვეძლევით და უფალს ვგმობთ. რაკი უფლის
სიყვარული საკუთარი თავის დავიწყება და მთელი არსებით ღვთაებასთან
შეერთება არის, ადამიანი მხოლოდ ამისკენ უნდა ისწრაფოდეს. ღვთაებასთან
შეერთებას კი მხოლოდ გამუდმებული ლოცვითა და მარხვით, მოთმინებითა
და მორჩილებით აღწევს ადამიანი. ადამიანის ამქვეყნიური მოვალეობაა
უდრტვინველად, განუსჯელად მიიღოს ღვთის განაჩენი, დაემორჩილოს მას
და სამყაროს მართვის ღვთაებრივ წესრიგში ჩარევის, შესწორების შეტანის
უფლება არ მისცეს თავის თავს. წინააღდგომა განგებისა, გმობა იმისა, რაც არ
გესმის, რაც უაღრესად რთულია და გონებისთვის მიუწვდომელი, ადამიანს
არასოდეს მოუტანს სიმშვიდესა და კმაყოფილებას. სამაგიეროდ, უფლის
განაჩენის წინაშე ქედის მოხრა, მისი უდრტვინველი დამორჩილება და ამ
განაჩენის სიღრმეში ჩვენთვის მიუწვდომელი სამართლიანობისა და სიკეთის
ძიება ადამიანს უბრუნებს წონასწორობასა და სულიერ სიმშვიდეს,
განაცდევინებს მას ღვთაების სიყვარულის ნეტარებას და უზენაესთან
ერთიანობას. უფლის ამგვარად შეყვარება მხოლოდ სულით ძლიერ, მტკიცე
ხასიათის ადამიანებს შეუძლიათ, იმ ადამიანებს, რომელთაც რწმენა უფლისა
ცხოვრების ერთადერთ აზრად აქვთ ქცეული. ასეთი იყო იობი. ალბათ, ახსოვს
მთავარს ძველი აღთქმის წიგნიდან.
_ მახსოვს და აღარც მახსოვს.
_ ცხოვრობდა უბიწო და მართალი კაცი იობი. ბედნიერი კაცი იყო, ათი
შვილი ჰყავდა, სიმდიდრე დიდი ჰქონდა და ქონება აურაცხელი. ძლიერსა და
ბედნიერ იობს ღრმად სწამდა და უყვარდა უფალი, არასოდეს ივიწყებდა
უზენაესს და მისი ცნებისაგან არასოდეს გადადიოდა. ერთხელ, როცა იობის
შვილები ლხინსა და განცხრომაში იყვნენ, ხოლო იობი მსხვერპლსა და ზვარაკს
სწირავდა და ლოცვას აღავლენდა ცოდვათა მისატევებლად, უფლის წინაშე
შეგროვდნენ ანგელოსები.
_ შენ საიდანღა მოხვედიო, _ ჰკითხა უფალმა ეშმაკს.
_ მე ქვეყანა მოვიარე და გეახელიო, _ მიუგო ეშმაკმა,
_ ქვეყანა თუ მოიარე, ალბათ, მორწმუნე იობსაც ნახავდი, რომელსაც
უბიწობითა და ღვთის მსახურებით ვერავინ შეედრებაო.
_ ღვთის მსახურება ადვილია, როცა ღმერთი გწყალობს, ოჯახი ბედნიერი
გყავს და ქონება აურაცხელი გაქვს. მაგრამ, აბა, წაართვი ყოველივე, რაც
მისთვის მიგიცია და ნახავ, რა მორწმუნეც იქნებაო, _ ჩაიქირქილა ეშმაკმა.
38უფალმა ნება მისცა ეშმაკს, გამოეცადა იობი... ეშმაკმა ზედიზედ მოუვლინა
საშინელი უბედურებანი; იობმა დაჰკარგა მთელი ქონება, დაეღუპა შვილები.
გამწარებულმა ტანსაცმელი შემოიხია, თავზე მიწა დაიყარა, მუხლებზე
დავარდა და ღმერთს შეჰღაღადა: «შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და
შიშველივე მივიქცევი უკან. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო, კურთხეულ
იყოს სახელი მისი!» ღმერთი გახარებული იყო, რომ იობმა გაუმართლა და ამ
საშინელი გამოცდის შემდეგაც არ შეერყა რწმენა. მაგრამ ეშმაკი თავისას
განაგრძობდა: «შეახე ხელი მის სხეულს და ნახავ, თუ კიდევ შერჩება რწმენა
ღვთისა». უფალმა ამის ნებაც დართო. ეშმაკმა საშინელი სალმობით
დაასნეულა იობი, თავით ფეხამდე დააწყლულა და მატლები დაახვია.
გაწამებული იობი თავბედს იწყევლიდა, მაგრამ უფლის აუგი ერთხელაც არ
დასცდენია, რადგან წამითაც არ დაუკარგავს იმის შეგნება, რომ ღვთის
განაჩენი ბრძნული და მისთვის მიუწვდომელი იყო. უფალი საბოლოოდ
დარწმუნდა, რომ იობის ერთგულება და რწმენა ურყევი იყო. იგი ქარიშხალში
მოევლინა ღრუბლებიდან იობს და აუხსნა მას, რომ ამაოდ ეძებდა თავისთავში
ტანჯვის მიზეზს, _ ღვთის განზრახვა მოკვდავთათვის შეუცნობელი და
გაუგებარია და სიბრძნე უფლისა მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვისო.
ღმერთმა შეიწყნარა იობის სინანული, წყალობის თვალით მოხედა ერთგულ
მონას, აუღორძინა ოჯახი, შვილები გაუჩინა და აურაცხელი ქონებაც მისცა. ასე
მოექცა უფალი მოთმინებისა და რწმენის შეურყევლობისათვის იობს. ასევე
გმართებს შენც, მთავარო, მოთმენა ზეცით მოვლენილი რისხვისა და
სასჯელისა. უფალმა მოგცა ასული შენი და უფალმავე წაგართვა. არც ის
ვიცით, რატომ მოგცა და, ვერც იმას მივხვდებით, რატომ წაგართვა. ლოცვითა
და მარხვით, ეკლესიების შენებითა და მონასტრებისათვის ქონების შეწირვით
უნდა მოალბო განრისხებული გული უფლისა, უნდა ევედრო ღმერთს, რომ
ღირსგყოს შენს ასულთან სასუფეველში დამკვიდრებისა.
_ უფალმა მოგცა და უფალმა წაგართვაო, ამბობ, მოძღვარო. არა სჯობდა,
სულ არ მოეცა, ან რაკი მომცა, უსამართლოდ აღარ წაერთმია, არ გავეწამებინე
და განგების მგმობელი არ გავეხადე.
_ ჩვენ ვერ გავიგებთ უფლის სიბრძნეს. წართმევა მხოლოდ მას შეუძლია,
ვინც მოგვცა და იმის პასუხიც, თუ რატომ მოგვცა ან რატომ წაგვართვა,
მხოლოდ მას ერთადერთს აქვს საიდუმლოდ, ჩვენთვის მიუწვდომლად
დაცული. უფალი ბრძენია და სამართლიანი. კეთილი და უბიწო მას უფრო
მეტად უყვარს, ვიდრე ჩვენ, რადგან სიყვარული უფლისა დიდად აღემატება
ადამიანის სიყვარულს, უსაზღვროა და დაუსრულებელი ნეტარება მისი.
ასული შენი ბედნიერია _ ანგელოსი იყო და ანგელოსებთან დაემკვიდრა.
ევედრე უფალს, რათა შეგინდოს ცოდვები და დაგიბრუნოს ასული შენი,
როგორც იობს დაუბრუნა ძენი და ასულნი.
_ განა შესაძლებელია გარდაცვლილის გაცოცხლება და იმ ქვეყნიდან
მობრუნება?
39_ უფლისათვის ყველაფერი შესაძლებელია და არაფერი შეუძლებელი არ
არის. სიკეთის თესვით, ბოროტისაგან განშორებით, სიწმინდითა და
ღვთისმოსავობით დააჩქარებ შენი შვილის დაბრუნებას და შენთვის ხომ სულ
ერთია, ამქვეყნად დაბრუნდება თუ იმ ქვეყნად იგი.
_ თავის მოკვლა მინდოდა და არ დამანებეს; მეგონა, თავს თუ მოვიკლავდი,
ჩემი თამარის გზას გავუდგებოდი. მაგრამ თურმე ესეც არ ყოფილა ადამიანის
ხელთ, საკუთარი თავის მოსპობა.
_ თავის მოკვლით კიდევ უფრო დაიმძიმებდი შენს ცოდვებს, მთავარო. შენს
ერთგულ ცოლსა და მემკვიდრე ბატონიშვილს განსაცდელში ჩააგდებდი, ამ
ქვეყნის ცხოვრებასაც მოაკლდებოდი და იმ ქვეყნადაც სასუფეველს ვერ
ეღირსებოდი. წმინდა ცხოვრებით, ცოდვათა მონანიებითა და დაუცადებელი
ლოცვით უნდა დაიმსახურო წყალობა უფლისა, მთავარო.
_ ბერად მინდა შევდგე, მოძღვარო, სადმე მიყრუებულ მონასტერში
აღვიკვეცები, სადაც ამ ქვეყნის ბოროტება და ბიწი ვერ მომწვდება.
გამუდმებული მარხვითა და ხორცის გვემით მოვინანიებ ცოდვებს და იქნებ
შემინდოს უფალმა.
_ ბერად აღკვეცა კარგად გიფიქრია, მთავარო, მაგრამ...
_ ვიცი, მეტყვი, ადრეაო, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარო.
_ არა, მთავარო. ღვთის სამსახური და სიწმინდის გზაზე შედგომა რაც
უფრო ადრე იწყება, მით უკეთესია. სულაც ყრმა და უცოდველი, შენი ძის
ტოლიც რომ შემდგარიყავი მონასტერში, უფლისათვის ეგ უფრო სათნო
იქნებოდა, რადგან ღმერთი უმანკოთა ლოცვას უფრო მეტად უგდებს ყურს,
ვიდრე ბოროტის მოქმედთა და ცოდვის ჩამდენთა ვედრებას.
სმენადქცეული, გულისხმას ჩავარდნილი ცოტნე ბინდბუნდად გრძნობდა,
რომ სადღაც ახლოს იყო ის, რასაც ეძებდა, ჩნდებოდა გზა, რომელზე
დადგომაც შვებასა და მოსვენებას მოუტანდა.
ამდენი ხნის განმავლობაში განაბულს, უნებურად ერთი ღრმა ამოსუნთქვა
წასცდა და თვითონვე შეეშინდა, ვაითუ, თავი გავეციო.
_ მგონი, ოხრავს ბატონიშვილი, _ თქვა სმენადქცეულმა შერგილმა.
_ ალბათ, სიზმარს ხედავს, მთავარო. ბავშვის სიზმარიც ისევე უბიწოა და
წმინდა, როგორც ცხადი, _ ხმადაბლა განმარტა ივლიანემ, _ ზოგიერთ მოწამეს
ღმერთი სიზმარში ეცხადება და სიწმინდის გზაზე შედგომას ჩააგონებს. ეს
ბედნიერება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ღმერთი ყველას როდი ირჩევს
წმინდანად. ღვთივჩაგონებულები სიყრმიდანვე ირჩევენ სიწმინდის გზას,
სასახლეებს ტოვებენ და ამქვეყნიურ უზრუნველ ცხოვრებას ზურგს აქცევენ
ხოლმე, რათა იმ ქვეყნად საუკუნო ნეტარება დაიმკვიდრონ და თავიანთი
სიწმინდით ჩვენც შეგვიმსუბუქონ ცოდვები. ბედნიერები არიან ასეთი ყრმები.
სასახლიდან უდაბნოში წასვლით გამოწვეული გლოვა მათი მშობლებისა მალე
შეიცვლება სიხარულის ცრემლით, რადგანაც ისინი მალე გაიგებენ მათი
შვილის მაღალ მოწოდებას, მოწოდებას ყრმისა, რომელიც საკუთარ
ბედნიერებაზე ამბობს უარს, რათა სხვებს მოუპოვოს ბედნიერება, სხვების
40სულებისათვის იღვაწოს, დაათხიოს თავისი უმანკო სისხლი და წამების
ჯვარზე ასულმა დაიმკვიდროს საუკუნო ადგილი უფლის გვერდით.
იმას ვამბობდი, სიწმინდის გზაზე შედგომა ადრე არასოდეს არ არის. ხოლო
შენს ხნოვანებაში ბევრი ერის კაცი, საქვეყნოდ გამოჩენილი ბევრი მოღვაწე
შემდგარა ბერად, მაგრამ შენ სხვა ვალი გადევს ჯერ კიდევ კისრად, მთავარო.
სამთავროს მემკვიდრე და მომავალი პატრონი ცოტნე ბატონიშვილი ჯერ
კიდევ ნორჩია და უასაკო, მას ჯერ კიდევ სჭირდება მზრუნველი მამა და
აღმზრდელი, ვინც სამშობლოსა და ტახტის საკეთილდღეოდ მიმართავს მის
ნიჭსა და უნარს. ეს ვალი აღასრულე, მთავარო, დიდი თამარის ტახტსა და
ქრისტეს სარწმუნოებას ღირსეული დამცველი აღუზარდე. შემდეგ კი, როცა
ცოტნე შეძლებს სამთავროს პატრონობასა და ტახტის სამსახურს, უფლება
გექნება ამ ქვეყანას გაშორდე და იმ ქვეყნისათვის ზრუნვას შესწირო შენი დღე
და წუთისოფელი.
მოძღვარი გაჩუმდა.
ერთხანს ორივე სდუმდა თავთავის ფიქრში წასული.
მერე ივლიანემ სარკმელს გახედა.
_ შუაღამე გადასულა, _ მთქნარებით თქვა და წამოდგა, _ დაგღალე,
მთავარო, და ძილი გაგიტეხე ყბედობით.
_ სასარგებლო იყო ფრიად, მოძღვარო, შენი საუბარი. ვეცდები, გულს
დავიმარხო შენი რჩევა-დარიგება, დავიცვა ღვთის მცნება და აღვასრულო
ვალი ჩემი ორივე სოფლის წინაშე, _ თქვა შერგილმა.
ივლიანემ ჯვარი გადასახა მთავარს, შერგილი ხელზე ეამბორა და მოძღვარი
წავიდა.
მთავარი მუხლზე დავარდა და ძილის წინ გულმხურვალედ შეუდგა
ლოცვას.
თავმომძინარებული ცოტნე ყურადღებით ისმენდა მოძღვრისა და მამის
საუბარს. იმ საუბარში მისთვის ბევრი რამ გაუგებარი იყო, მაგრამ ის, რაც
გაიგო, ბატონიშვილის აფორიაქებული სულისათვის შვების მომტანი
აღმოჩნდა.
ოდიშის მთავარი ცოდვათაგან განწმენდაზე, საუკუნო ცხოვრებაზე
ფიქრობდა. იგი თავის პატარა ასულთან შეხვედრას ესწრაფოდა. ცოდვათა
მონანიებით, მარხვითა და ლოცვით უნდა მიეღწია შერგილ დადიანს ამ
საოცნებო მიზნისათვის. ოცნების ასრულების დაჩქარება, როგორც ცოტნემ
გაიგო, ბერად შედგომით, უდაბნოში დაყუდებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ამ
ნაბიჯის გადადგმას მემკვიდრის აღზრდაზე ზრუნვა აბრკოლებდა _ ცოტნე
რომ არ ყოფილიყო, მთავარი ხვალვე წავიდოდა მონასტერში, ამ სოფლის
ყველა ამაოებაზე ხელს აიღებდა და იმ ქვეყნის საუკუნო ცხოვრებისაკენ
გაიკვლევდა გზას.
უფალს თურმე ის სიამოვნებს, რაც უფრო ადრე შეუდგებიან მორწმუნენი
წმინდა ცხოვრებას. ივლიანე მოძღვარმა თურმე უამრავი მაგალითი იცის
იმისა, თუ როგორ სტოვებენ ღვთის ჩაგონებით სიმდიდრესა და ფუფუნებას
41უფლისწულები, როგორ მიაქვთ სარწმუნოების ზვარაკად თავიანთი
ახალგაზრდობა, ამქვეყნიური გატაცება და ცხოვრების სიამე. ამას უცოდველი
ბატონიშვილები სჩადიან, ისინი, ვისაც ამ სოფლად არავითარი ცოდვა არ
მიუძღვით, მით უფრო მეტი მსხვერპლის გაღება მართებს ოდიშის მთავრის
მემკვიდრეს, რომელიც თავის უნებურად დაცდენილმა ტყუილმა სხვისი
უბედურების მიზეზი გახადა.
უფალი თურმე ბავშვობიდანვე ირჩევს წმინდა ცხოვრებისათვის
თავგადადებულებს. რატომ ცოტნეს არ შეუძლია გახდეს ერთი მათგანი,
ლოცვითა და მარხვით მოინანიოს უნებლიედ ჩადენილი ცოდვა, თავი
დასდოს ქრისტეს სჯულისათვის და, თუ უფალი ინებებს, ეწამოს კიდევაც
ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის?! უფალი მოწყალეა და დიდსულოვანი. თუ
ცოტნე გულწრფელად მოინანიებს დანაშაულს, ლოცვითა და მარხვით
გაიწმინდება ამქვეყნიური ბიწისაგან, მაცხოვარი არ დატოვებს შეცთომილ
კრავს უმწყემსოდ, შეუნდობს და არ დაუხშობს გზას წმინდანობისაკენ.
ცოტნემ დროზე უნდა გადადგას ნაბიჯი.
მონასტერში ბერად აღკვეცა და ცოდვათა მონანიება ყოფილა ერთადერთი
სწორი გზა, რომელიც ამქვეყნიურ სიმშვიდეს მოუტანს და იმქვეყნიურ
სასუფეველს დაუმკვიდრებს, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს შეუმსუბუქებს
და საბოლოოდ გაათავისუფლებს სინდისის ქენჯნისაგან. ბატონიშვილის ეს
ნაბიჯი მთავარსაც გზას გაუხსნის წმინდა ცხოვრების დასაწყებად, რაკი
მემკვიდრის აღზრდაზე ზრუნვისაგან განთავისუფლდება შერგილი.
ჯან-ღონით სუსტი ცოტნეს გონება შთამბეჭდავი და განცდისაკენ
ავადმყოფურად მიდრეკილი იყო.
აზრი სასახლის დატოვებისა და მონასტერში ბერად შედგომისა
განუყრელად თან სდევდა, რაკი ერთხელვე ჩაიბეჭდა გულში. ცოდვათა
მოსანანიებლად უდაბნოში წასვლის გამუდმებული ფიქრი ბატონიშვილს
ბოლოს მტკიცე გადაწყვეტილებად ექცა. იგი მამასთან და ივლიანესთან
საუბარში სულ იმას კითხულობდა, თუ სად რომელი უდაბნო და მონასტერი
იყო, რა მანძილი აშორებდა იმ მონასტრებს მთავრის სასახლიდან, რომელი
წმინდანი მოღვაწეობდა იქ და რა სასწაულებით ჰქონდა განთქმული სახელი ამ
უდაბნოებსა და სავანეებს.
შერგილ დადიანს დაბრმავებამდე საიმისოდ არ ეცალა, რომ მიუდგომელ
მთებში ჩაკარგული მონასტრები მოევლო, ბერებთან სასწაულებზე ესაუბრა და
მათ მიერ დაწერილი წიგნები ეკითხა. თუ ომი არ იყო, ლხინსა და ნადირობას
მიჰქონდა სამთავროს საქმეებზე ზრუნვისაგან დარჩენილი დრო და ოდიშის
მთავარი ნადირის დევნისას შემოღამებული თუ მიადგებოდა რომელიმე
მონასტრის კარს. ბერებს მასპინძლობისა და ღამის გათევისათვის მადლობას
გადაუხდიდა, შესაწირავს უხვად შესწირავდა და, კარგად მოსვენებული,
ღონითა და ხალისით სავსე, დილას ისევ ცხენზე ამხედრებული ჯიხვებსა და
42არჩვებს გამოუდგებოდა. ბუკის ცემისა და მწევარ-მეძებრების წკავწკავის ხმა
უფრო იტაცებდა მთავრის გულს და მაღალ კლდეზე გადმომდგარი ხარ-
ჯიხვის თვალმოუწყვეტლად ცქერა ერჩია მიხრწნილი წინამძღვრების
ჩიფჩიფსა და ფლასში გახვეული განდეგილების ყურებას.
მთავარმა მას შემდეგ მიაპყრო განსაკუთრებული გულისყური ეკლესიებისა
და მონასტრებისაკენ, რაც თვალის ჩინი დაკარგა და ქალიშვილი დაეღუპა. იმ
დღიდან, რაც განგების ძალას დაემორჩილა და სულიერი სიმშვიდე ლოცვა-
ვედრებაში ჰპოვა, შერგილმა გლახაკთა წყალობასა და ეკლესია-
მონასტრებისათვის ქონების შეწირვას უმატა და ბოლოს თავისი ცხოვრების
ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავად ეს გაიხადა.
ოდიშის სამთავროში უამრავი ტაძარი და ეკლესია, მონასტერი და უდაბნო
იყო, მათი უმრავლესობა მიუვალ მთებსა და ხეობებში იყო გაბნეული. ყველა
მონასტრის არც გზა იცოდა შერგილმა, არც იქ მოღვაწე ბერებისა და
წინამძღვრების ხატებისა და სალოცავების სასწაულები სმენოდა. ამიტომ
უჭირდა მთავარს შვილის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და, როგორც
კი ცოტნე რომელიმე მონასტრის წარსულზე ან სასწაულთმოქმედებაზე შეეკი-
თხებოდა, მთავარი მაშინვე ივლიანე მოძღვარს მოიხმობდა, ცოტნეს მიერ
დასმული კითხვით მას მიმართავდა და შვილთან ერთად ისიც ყურადღებით
ისმენდა იმ ეკლესიებისა და ტაძრების წმინდა ცხოვრების ამბებს, სადაც
ლოცვაში საქართველოს მეფის შემდეგ თვითონ ოდიშის მთავარი
მოიხსენიებოდა და უფალს მისი ოჯახის ბედნიერებას ავედრებდნენ.
ივლიანე მოძღვარი ზედმიწევნით აღწერდა თითოეული მონასტრის
ადგილმდებარეობას. მან არა მარტო ის იცოდა, რომელი ხატის სასწაულით ან
ბერის წმინდანობით იყო განთქმული ესა თუ ის მონასტერი, არამედ იმასაც
დაწვრილებით ყვებოდა, თუ ქრისტეს რჯულის მიღებამდე წარმართთა
რომელი სალოცავი იყო იმ ტაძრების ადგილას და ბუნების რა ძალას სცემდნენ
თაყვანს ადრინდელი ოდიშარები.
უზარმაზარი კაკლის ხის ჩრდილში ისხდნენ მთავარი, მისი მემკვიდრე და
მოძღვარი ივლიანე.
ივლიანე სწუხდა, რომ იერუსალიმსა და ათონში, კონსტანტინოპოლსა და
ანტიოქიაში ფილოსოფიის სწავლასა და სამეფო კარის დავალებათა
შესრულებას ბევრი დრო მოანდომა, საერო საქმეთაგან ვერ მოიცალა და ამაო
ფუსფუსში დაკარგა ის დრო, რომელიც შეეძლო განდგომილად ცხოვრებით
ბერად
დაყუდებულს
სულისათვის
ზრუნვაში,
ლოცვა-ვედრებაში
გაეტარებინა.
_ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, ჩემს დღესა და წუთისოფელს სულ ასე არ
გავლევ, _ ამოიოხრა ივლიანემ _ ბატონიშვილს დავაჟკაცებამდე მივყვები, მის
წვრთნასა და სწავლას მოვრჩები და, მთავრის ნებართვით, სასახლეს
დავტოვებ, შორეულ მყუდრო სავანეს მოვძებნი და განმარტოებულ სენაკში
43საუკუნოზე ფიქრითა და ზრუნვით დავასრულებ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
უმჯობესი
იყო,
სიყრმიდანვე
შევდგომოდი
ამ
გზას,
მაგრამ
ხანდაზმულთაგანაც
მიითვლის
წრფელ
ვედრებას
და
ცოდვათა
შენდობისათვის ლოცვას უფალი. არც ინდოეთის მეფის ძე იოდასაფი იყო
მცირე ყრმა, ტახტი და გვირგვინი, აურაცხელი სიმდიდრე და ქონება რომ
დასთმო ქრისტეს რჯულისათვის.
_ ეგ როგორ იყო, მოძღვარო, _ გამოცოცხლდა ცოტნე.
_ მოგვითხრე, მოძღვარო! ეგ ამბავი ღირსია გულისხმასაყოფლად შენი
მოწაფისა და უფლისგან დასჯილი მთავრისათვის.
_ იყო ვინმე მეფე ქვეყანასა ჰინდოეთისასა, ადგილსა, რომელსა ჰქვიან
ბოლატ და სახელი მისი აბენეს, _ დაიწყო ივლიანემ.
მამა-შვილი სულგანაბული უსმენდა.
მოძღვარს სახეზე ნათელი გადასდიოდა, თვალები უხილავი ცეცხლით
უბრწყინავდა და ისე ჰყვებოდა ინდოეთის წარმართი მეფის აბენესის
ერთადერთი ძის თავგადასავალს.
ძლიერსა და დიდებულ მეფე აბენესს ერთადერთი სადარდელი ის ჰქონდა,
რომ მემკვიდრე არ ჰყავდა. ბოლოს ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და მისცა ძე
_ მემკვიდრე ტახტისა. მეფემ უფლისწულს იოდასაფი უწოდა. მეფის ძის
ბრწყინვალე მომავლის მაუწყებელთა შორის გამოჩნდა ერთი ბრძენი,
რომელმაც იოდასაფს უწინასწარმეტყველა, რომ იგი უმაღლეს დიდებას
მიაღწევდა, მაგრამ ეს დიდება იქნებოდა არა ამქვეყნიური და რომ მეფის ძე
გახდებოდა სამეფოს მკვიდრთა წინამძღვარი ქრისტეს ჭეშმარიტი
სარწმუნოების გზაზე.
შეშინებულმა მეფემ გადაწყვიტა, წინაღდგომოდა წინასწარმეტყველების
აღსრულებას. ტახტის მემკვიდრეს ცალკე სასახლე აუშენა და იგი რომ
ქრისტიანებთან
ურთიერთობისაგან
დაეცვა,
მსახურებს
უბრძანა,
უფლისწულის ახლო უცხო არავინ მიეშვათ.
იოდასაფი წამოიზარდა და გონება გაეხსნა. იგი ვერ ურიგდებოდა
ქვეყნისაგან მოწყვეტას და სასახლეში ჩაკეტილ ცხოვრებას. მამისაგან ქალაქში
წასვლის ნებართვა აიღო და იქ პირველად შეხვდა სიკვდილს. იოდასაფი
ფრიად შეაწუხა იმის გაგებამ, რომ ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია და
არარაობად ქცევა. დადარდიანებულმა უფლისწულმა მოისურვა ღვთის იმ
მსახურთა ნახვა, რომლებიც სიკვდილის შემდეგ საუკუნო ცხოვრებას
აღუთქვამდნენ მორწმუნეებს.
ეს ამბავი შეიტყო უდაბნოში განდეგილად მცხოვრებმა, ქრისტეს რჯულის
აღსარების გამო სასახლიდან გაძევებულმა, ერთ დროს მეფის უახლოესმა
დიდებულმა ბალავარმა. მან მოახერხა სასახლეში შესვლა, უფლისწულს
ქრისტეს მოძღვრება უქადაგა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.
იოდასაფმა გადაწყვიტა სასახლის დატოვება, ერისკაცობაზე ხელის აღება
და ბერად დაყუდება.
44შვილის დარდით სასოწარკვეთილი მეფე დღე და ღამ იმის ფიქრში იყო,
რით მოებრუნებინა მემკვიდრე უფლისწულის გული ამქვეყნიური ცხოვრების
სიამისკენ. ერთი ბერძენის რჩევით, ხელმწიფემ იოდასაფს უმშვენიერესი
ქალები მიუგზავნა. როგორ არ ეცადნენ ლამაზი ქალები ჭაბუკი უფლისწულის
ცთუნებას, მაგრამ იოდასაფმა ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა, მაცთუნებელი
დიაცები განიშორა და მამას აცნობა, რომ სასახლეს სტოვებს და ბერად მიდის.
მეფემ სხვა ვეღარაფერი იღონა, მემკვიდრეს სამეფოს ნახევარი მისცა და
ნება დართო, როგორც სურდა, ისე ემართა.
იოდასაფი თავის წილ ქვეყანას ბრძნულად გაუძღვა. ხალხი ჭეშმარიტ
სარწმუნოებაზე მოაქცია, სამეფო გამდიდრდა და გაძლიერდა. ბოლოს და
ბოლოს, თვითონ მეფე აბენესმაც იწამა ჯვარცმული და ქვეყანა მთლიანად
გაქრისტიანდა.
როცა აბენესი გარდაიცვალა, იოდასაფმა თავისი დიდი ხნის ოცნების
განხორციელება გადაწყვიტა, სასახლე დასტოვა, უდაბნოში თავის მოძღვარ
ბალავართან ერთად განმარტოვდა და წმინდა ცხოვრებას შეუდგა.
მრავალი წლის შემდეგ იოდასაფი წმინდანად აღესრულა და საუკუნო
სასუფეველი ჰპოვა ჩვენს მაცხოვარ უფალთან ერთად.
ივლიანე მოძღვარი გატაცებით ჰყვებოდა წმინდანის თავგადასავალს,
უფლისწულის საცდუნებლად გაგზავნილი ქალების ეშმაკეულობის აღწერისას
ხმას იდაბლებდა და სახეზე ზიზღი ეხატებოდა; საღვთო იგავების
მოთხრობისას თავადაც სიამოვნებას განიცდიდა, ღიმილი ეფინებოდა და
თითქოს ბალავარის რწმენის ძალა მასზე გადმოსულიყოს, აღგზნებული
ქადაგებდა, ამაღლებული და თავდაჯერებული; წმინდანთა აღსასრულის
გადმოცემა გაუძნელდა, ხმა გაებზარა და თვალი მოუწყლიანდა.
_ ცოდვა რამ თუ ჰქონდა ჩადენილი მემკვიდრე უფლისწულს? _ იკითხა
მცირე დუმილის შემდეგ ფიქრში წასულმა ცოტნემ.
_ უცოდველი იყო და უმანკო, ვითარცა კრავი, რადგანაც ამ ქვეყნის
ბიწიერებას მოშორებული იზრდებოდა განცალკევებულ პალატებში. ამიტომ
არ იცოდა არც დროის სათვალავი, არც სიბერის უძლურება, არც სიკვდილის
არსებობა და გარდუვალობა.
_ ცოდვა რომ ჰქონოდა ჩადენილი, შეიწყნარებდა უფალი იოდასაფს?
დაუმკვიდრებდა საუკუნო სასუფეველს?
_ უფალი გულმოწყალეა და დიდსულოვანი. ქრისტე იტყვის: «ვითარ
ჰგონებ, თქვენ? კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შესცთეს ერთი მათგანი,
არამედ დაუტევნესა ოთხმეოცდაათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს
და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს ჰპოვოს იგი, ამინ გეტყვი თქვენ,
უფროის უხაროდეს მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდაათცხრამეტთა მათ,
რომელნი არა შეცთომილ იყვნეს». ცოდვილისაგან მონანიება და ჭეშმარიტ
გზაზე მოქცევა უფრო ახარებს თურმე უფალს. მრავალნი ყოფილან წარმართნი,
რომელთაც უმეცრებით დაუთხევიათ ქრისტიანთა უმანკო სისხლი, ხოლო
45შემდგომ თვალი ახელიათ, წრფელი გულით შეუნანებიათ დანაშაული და
წმინდანობით დაუმკვიდრებიათ საუკუნო ცხოვრება.
უფლის გულმოწყალების ამ უკანასკნელმა დასაბუთებამ ცოტნეს ფრთა
შეასხა.
თუკი უფალი ქრისტიანთა სისხლის დამღვრელ წარმართთა ლოცვასაც კი
იღებს ყურად და უმეცრებით ჩადენილ ბოროტებას შეუნდობს, მით უფრო
ადვილად უნდა მიუტევოს შეუგნებელ ყრმას უნებლიე ცოდვა.
მშობლები თითქმის ყოველდღე დადიოდნენ მთავარ საგვარეულო ტაძარში
და ცოტნეც თან დაჰყავდათ.
ყოველთვის, როცა ცოტნე თამარის საფლავზე დამხობილ უდუ გადიას
დაინახავდა, გული შეუქანდებოდა, სახე აელეწებოდა და მაშინვე პირს
მოიბრუნებდა.
რაკი დის სიკვდილი თავიდანვე არ დაიჯერა ცოტნეს გულმა და გონებამ,
ბატონიშვილი ბოლომდე უგრძნობელი რჩებოდა იმ პატარა ბორცვის მიმართ,
რომელსაც თამარის საფლავი ერქვა. ცოტნეს გონებაში თამარი ისევ ცქრიალა
გოგონად დარჩა, იგი ანგელოსებს სადღაც გაჰყვა, სადაცაა დაბრუნდება და
ძველებურად ისევ ცოტნესთან ერთად ირბენს და ითამაშებს.
გუგუტა კი... გუგუტას გახსენება სხვა იყო. მისი დედის დანახვა
მივიწყებულ ტკივილს აუშლიდა ხოლმე, დანაშაულში თავის მონაწილეობას
ახსენებდა და სინდისი ქენჯნიდა.
იმ დღესაც, ტაძრის ეზოში შეაბიჯა თუ არა, თვალი პირველად უდუ გადიას
წააწყდა.
ნამტირალევი, სახედაკაწრული უდუ თამარის საფლავთან იჯდა.
ცრემლგამშრალი თვალით ერთხანს სადღაც უაზრო დაჟინებით იცქირებოდა.
მერე ის უაზროდ მზირალი თვალები ცოტნეს წააწყდნენ და უცებ
გამოცოცხლდნენ.
_ ბატონიშვილო! მოდი, თოლიგე, შენთან ძმადშეზრდილი, შენზე და შენს
დაიკოზე გადაგებული გუგუტა იტირე! _ შეჰკივლა უდუმ და ხელები ისე
გაშალა, თითქოს გულში უნდა ჩაეკრა ტაძრის გალავანში შემოსული,
მოულოდნელი შეხვედრით შემცბარი ცოტნე.
ბატონიშვილს ფეხი დაებორკა, კარგად ხედავდა, რომ ძიძის მკლავები მის
მოსახვევად იყვნენ გაშლილნი, მაგრამ ნაბიჯი ვერ წადგა, შემკრთალმა თავი
ჩაღუნა და თვითონაც ვერ გაიგო, ვინ მიიღო მის მაგივრად ეს
გადაწყვეტილება: უცებ ადგილიდან მოსწყდა და ეკლესიაში შევარდა.
ეგებ გაგონილი ჰქონდა სოფლის წესი და კანონი: თუ დამნაშავემ ეკლესიაში
შეასწრო, მდევრებს უფლება არა აქვთ მისი ხელყოფისა. იმ წამს, როცა
ტაძრისკენ გაიქცა, ეს წესი არ გახსენებია: ყოველ შემთხვევაში, მისი გაქცევა
გაუაზრებელი და გაუცნობიერებელი იყო და გონების კარნახით არ მომხდარა.
გულამოვარდნილმა სული ძლივს მოიბრუნა და თვალი ფეთებით მოავლო
იქაურობას.
46ცარიელ ტაძარში იდუმალებით სავსე სიჩუმე იდგა. საცოდავად მბჟუტავი
ორიოდე სანთლის შუქი ფანჯრებიდან უხვად შემოსულ ნათელში
იკარგებოდა.
ტაძარში დასადგურებულმა სიცივემ და სიჩუმემ დამშვიდების მაგივრად
კიდევ უფრო შეაკრთო ცოტნე.
იდგა საყდრის კედელს აკრული და არ იცოდა რა ექნა.
_ ეჰე-ჰეეე... _ გაისმა უცებ ზემოდან ომახიანი ძახილი.
ცოტნე კინაღამ შეხტა.
თვალი მაღლა აღაპყრო: გუმბათქვეშ, ხარაჩოებზე მხატვარი იწვა გულაღმა.
ხელთ ფუნჯი ეპყრა და კონქზე გამოხატული მაცხოვრის კაბას საღებავს
ადებდა.
_ მანდ რომელი ხარ? _ იკითხა მაღლიდან მხატვარმა და ხარაჩოზე
წამოიწია.
_ მე ვარ, ძია მახარებელ, ცოტნე ბატონიშვილი, _ შესძახა დაბლიდან
ცოტნემ, თავი გუმბათისკენ მოიღერა და ტაძრის შუაგულისკენ დაიძრა.
_ ბატონიშვილს გაუმარჯოს! _ მიესალმა სახეგაბადრული მხატვარი. იგი
ახლა უკვე ხარაჩოზე იჯდა, საღებავით გათხუპნული ხელები მუხლებზე ეწყო
და ქვევით კეთილად გაღიმებული იყურებოდა.
ცოტნე თვალმოუცილებლად შეჰყურებდა გუმბათზე მოხატულ ქრისტეს.
მაცხოვარს ცალი ხელი ჯვრის გადმოსასახავად ჰქონდა აღმართული, მეორეში
გაშლილი წიგნი ეპყრა და მშვიდობიანი, გრძელი, დიდრონი თვალებით
ყოვლის შემნდობად იცქირებოდა ღრუბლებიდან.
ყმაწვილის აღგზნებული მზერა აღტაცებასა და გაოცებას გამოხატავდა.
_ მოგწონს, ბატონიშვილო? _ გამოეხმაურა მხატვარი.
ცოტნემ არაფერი უპასუხა, წამით მაცხოვარს თვალი მოაშორა და მზერა
ოსტატზე გადაიტანა.
_ ამობრძანდი, ბატონიშვილო... არ გინდა მაღლა ამოსვლა?
ცოტნე გამოცოცხლდა და უმალვე დაავიწყდა არა მარტო სულის
წეღანდელი შეშფოთება, რომელმაც აქ შემოაგდო, მისთვის ერთ წამში გაჰქრა
გარესამყარო და მაღლიდან მზირალი მხატვრისა და უფლის შემოქმედი ძალის
გამონაკრთომით მოჯადოებული ხარაჩოებისაკენ დაიძრა.
_ ფრთხილად ამოდი, მანდ არაფერი მოიწიო!
_ მოვდივარ, ძია მაკარიოს.
_ რამდენჯერ უნდა გითხრა, მაკარიოსი კი არა, მახარებელი ვარ, _
საყვედურით თქვა მხატვარმა, უკვე ზემოთ ასულ ცოტნეს ხელი გაუწოდა და
იმ ხარაჩოზე გადაიყვანა, სადაც თვითონ იდგა.
_ ერთხელაც გითხარი, მაკარიოსი ბერძნებმა დამარქვეს, მახარებელის
გამოთქმა გაუჭირდათ და სახელი თავიანთებურად გადამიკეთეს. დაჯექი,
აგერ სუფთა ლეიბია, _ ოსტატი გაიწია და ლეიბზე ადგილი დაუთმო.
ცოტნე ხარაჩოზე ასვლისთანავე კონქში გამოხატული მაცხოვრის ქვეშ
მოექცა. დაბლიდან ამოდენა როდი ჩანდა მაცხოვარი. მისი ცისფერი სამოსი
47ახლო უფრო ლურჯი ეჩვენა ცოტნეს. ცალი ხელი მეორესთან შედარებით,
ცოტა არ იყოს, წაგრძელებული ჰქონდა, ჯერ კიდევ შეუმშრალი საღებავები
სიმძაფრით თვალს სჭრიდნენ. თვალები, წეღან რომ სიმშვიდისა და სათნოების
ფრქვევით იზიდავდნენ, უჩვეულოდ დიდი ზომისა აღმოჩნდნენ. საღებავები
ისე სქლად ედო ნახატს, სიშორისა და ჰაეროვნების წეღანდელი
შთაბეჭდილებისაგან თითქმის აღარაფერი რჩებოდა.
_ ძია მაკარიოს...
_ მახარებელი, რამდენჯერ უნდა გთხოვო!
_ ძია მახარებელ! მაცხოვარს ცალი ხელი მეორეზე დიდი აქვს?
_ აჰა, შეამჩნიე, არა? ეგ წინასწარ აგრეა მოფიქრებული, შორიდან
საცქერლად არის გამოანგარიშებული, ბატონიშვილო, ერთი და იგივე საგანი
ახლო სხვაგვარად ჩანს, შორიდან სულ სხვაგვარად, ამის ხელოვნება ვენეციაში
ვისწავლე იქაური ოსტატებისაგან. განა დაბლიდანაც მეტ-ნაკლები
გეჩვენებოდა ხელები?
_ არა, არ შემიმჩნევია.
_ ვერც შეამჩნევდი. ამ ხელის მოძრაობას ეგ ზედმეტი სიგრძე სჭირდება
დაბლიდან საცქერლად, მანძილი და ხედვის კუთხე მაგ ზედმეტობას ამცირებს
და ჩვეულებრივ ზომად აქცევს. ფერებიც აგრეა, ერთი და იგივე საღებავი
ახლოდან სხვაგვარად ჩანს, შორიდან კი სულ სხვაგვარად, მანძილი ადიდებს,
ან ამცირებს ფერების სიმძაფრეს.
_ რამოდენა თვალები ჰქონია ქრისტეს! წეღან ისე მიყურებდა, მეგონა
თავისკენ მეძახდა და აქ მისი თვალების მიზიდულობით ამოვედი. ახლა კი
ზედაც აღარ მიყურებს, თითქოს ვეღარც მხედავს.
_ ეგეც ეგრე უნდა იყოს. მაცხოვრის მზერაც მანძილზე და სიმაღლეზეა
ნაანგარიშევი. ტაძარში მლოცველთა თვალი გუმბათისკენ არის მიპყრობილი.
იქ გამოხატული უფალი ყველას უნდა უცქერდეს, ყველას უნდა უნაწილებდეს
ნუგეშსა და წყალობას. ჩემი მაცხოვარიც ეგეთია, ტაძრის რომელ კუთხეშიაც
უნდა დადგე, თვალს არ მოგაცილებს. ადრე, შენოდენა რომ ვიყავი, მეც ეგრე
მიკვირდა, ყველა მხარეს ერთგვარად როგორ უცქერის-მეთქი. მერე, როცა
კონსტანტინოპოლსა და ანტიოქიაში, იერუსალიმსა და ვენეციაში დავაკვირდი
იქაური დიდოსტატების ხელოვნებას, მათ გვერდით ვიმუშავე და მათ რჩევა-
დარიგებას ყური მივუპყარი, მეც თვითონ ჩავწვდი ხატვის ბევრ საიდუმლოს.
_ იქაც მაცხოვარს ხატავდი, ძია მახარებელ?
_ მაცხოვარსაც და ღვთისმშობელსაც, ანგელოსებსაც და ეშმაკებსაც.
_ ეშმაკებსაც? _ გაიოცა ცოტნემ.
_ ეშმაკებსაც! უეშმაკოდ არც მხატვრობა შეიძლება და არც ცხოვრება,
საერთოდ. ადამიანი სიკეთისა და ბოროტებისაკენ ერთგვარად არის
მიდრეკილი. სიკეთისაკენ ანგელოსები მიმართავენ ადამიანებს, ხოლო
ბოროტებისათვის ეშმაკები აღძრავენ ხოლმე. ეშმაკმა აცდუნა ევა და იმ
დღიდან ადამის შთამომავლობა ყოველგვარ ცოდვას იმავე ეშმაკის ჩაგონებით
სჩადის. სადაც ანგელოსი არ არის, იქ ეშმაკს რჩება ბურთი და მოედანი.
48_ გინახავს ეშმაკი, ძია მახარებელ?
_ არა. ცოცხალი ეშმაკი, კუდიანი და რქებიანი, აი, ისეთი, როგორსაც
ხატავენ, ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ ჩემს გრძელ გზაზე ბევრ ეშმაკს
გადავყრივარ და ბევრსაც ვუცდუნებივარ. გამოფხიზლებული ეშმაკს
ვემიჯნებოდი, ცოდვას ვინანიებდი და ჭეშმარიტების გზაზე დამდგარი, ისევ
უკან ვიხედებოდი, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილად მოსაგონარი
დღეები ეშმაკის ცდუნებას აყოლილს მქონდა გატარებული. ქვეყნად რომ
ეშმაკი და ცთუნება არ ყოფილიყო, კაცის ცხოვრებას ეშხი და სიამე
მოაკლდებოდა, სიცოცხლე ერთფეროვანი და მოსაწყენი იქნებოდა. სამყაროს
შემქმნელმა ღმერთმა ეს კარგად იცოდა საკუთარი გამოცდილებით. და ის, რაც
თვითონ აკლდა, თავის ქმნილებებს მიანიჭა. თავად ღმერთი შორსა დგას და
თავისუფალია ყოველგვარი ამქვეყნიური სიამისა და ცთუნებისაგან, თავისი
ბუნების ამ ნაკლის შესავსებად უფალმა ეშმაკები გააჩინა და ადამიანებს
მიუჩინა შესაცდენად. მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ადამი და ევა აცთუნა, მათმა
მოდგმამ, ეშმაკის ჩაგონებით, არაერთხელ იგემა სიმწარე. ადამიანი მიხვდა,
ეშმაკის ცთუნებას არ უნდა აჰყოლოდა და წინ უნდა აღდგომოდა, მაგრამ იგი
უძლური აღმოჩნდა, რადგან ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა, თვითონ უფლის
წინააღმდეგ ბრძოლაა. უფალმა ეშმაკი რომ გააჩინა, მის ცთუნებებს თან
უდიდესი სიამე დააყოლა და ისე მოაწყო, რომ, ვინც ერთხელ ამ ცთუნებას
დაჰყვებოდა, მის სიტკბოს ვეღარასოდეს დაივიწყებდა, ახალს და ახალს
მოინდომებდა. მწარე ბოლოა ეშმაკისა, ცთუნების შედეგი და ნაყოფი, თორემ
იმ ცთუნების დასაწყისი და განცდა გემრიელია და უაღრესად მიმზიდველი.
ღმერთი არა მარტო ითმენს ეშმაკის საქმიანობას, არამედ სამყაროსათვის,
ცხოვრებისათვის აუცილებლად მიაჩნია მისი არსებობა და მოქმედება და
ამიტომაც, ანგელოსების მსგავსად, ეშმაკსაც უკვდავება, სამარადისო
სიცოცხლე მიანიჭა.
ეშმაკი ღმერთს ემორჩილება, მაგრამ რის ეშმაკი იქნება, თავის ბედს
შეურიგდეს. რაკი უფლის მიმართ სხვა ვნება ვერ მოიგონა, ადამიანებს ღვთის
მიბაძვა ჩააგონა, ღვთისგან თანდაყოლილი ნიჭი გაუღვიძა და უფალს
გააჯიბრა. ნიჭგაღვიძებული ადამიანი დაავადებულია, სჯერა, რომ ის ღმერ-
თივით შემოქმედია, მას თვითონ შეუძლია თავისი სამყაროს შექმნა და ამიტომ
თვითონაც უკვდავია. ადამიანს თუ ეს რწმენა ძვალსა და რბილში გაუჯდა,
მერე მისი საშველი აღარ არის: ან ქვას ებრძვის და უფლის მიბაძვით უსახო
ლოდისაგან ღვთის ქმნილებების მსგავსი სახეები გამოჰყავს, ან ხაზებისა და
ფერების შერწყმით, სიტყვათა მწყობრი დალაგებით, თუ ხმათა და ჰანგთა
შეერთებით ქმნის იმის მსგავსს, რაც ღმერთმა შექმნა, რასაც ვხედავთ და რაც
გვესმის. ეშმაკს ჰგონია, ამით უფალზე შურს იძიებს, მაგრამ ყოვლის შემოქმედ
ღმერთს ადამიანთა ეს გაჯიბრება ყმაწვილთა თამაშად და მღერად მიაჩნია,
მათი ამაო წვალებით ერთობა და მათ უძლურებაზე ეცინება, რადგან
შემოქმედის ნიჭით დაავადებულ ადამიანებს თან ერთი ავადმყოფობაც აქვთ _
ისინი თავიანთ შთაგონებაში სრულყოფისაკენ ისწრაფვიან, სრულყოფა კი
49უფლის თვისებაა და ადამიანისათვის მიუღწეველია. ნიჭიერთაგან
უნიჭიერესებს ამ ადამიანური უძლურების შეგრძნება, საკუთარი ძალისა და
შესაძლებლობისადმი ეჭვი მუდამ თან სდევთ, გულს უღრღნით. აუვსებელი
საწყაულივით მუდმივი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაუცხრომლად წინ
მიერეკებათ, მიუწვდომლის დევნასა და მოუპოვებლის დაუსრულებელ
ძებნაში ხარჯავენ სიცოცხლის საუკეთესო წლებს და ბოლოს, თვალის
სამუდამოდ დახუჭვის წინ ხვდებიან, რომ ღმერთთან გატოლება მხოლოდ
თავის მოტყუება იყო და, რომ ქვეყნად ერთადერთი უკვდავება არსებობს _
უზენაესის, თავად ქვეყნის შემქმნელის უკვდავება. ეს სიმართლე მწარე
სიმართლეა და ვაი იმ უბედურს, ვინც ჩემსავით ადრე მისწვდება და გაიგებს
მას.
ცოტნე ყურს უგდებდა, მაგრამ მხატვრის ნათქვამისაგან ძალიან ცოტა
წვდებოდა მის ცნობიერებას და გაგების უნარს. თავისი მუშაობითა და
ენაწყლიანობით გართული ოსტატი თითქოს მის მიერვე დახატული
ღმერთებისა და ეშმაკების გასაგონად ყბედობსო, სულაც არ დაგიდევდა
ბატონიშვილის ყურადღებას.
ცოტნე ხარაჩოზე ჩამოჯდა და ჩაახველა. მხოლოდ მაშინ გაახსენდა
მახარებელს თავისი მსმენელი.
_ ლეიბზე დაჯექი, ბატონიშვილო, სუფთაა, _ თქვა წამით
თავშემობრუნებულმა ოსტატმა, ისევ კედლისკენ შეტრიალდა, ხატვა განაგრძო
და საღერღელაშლილმა გაწყვეტილი მსჯელობა გააგრძელა:
_ აგერ, იმ კედელზე მყავს გამოხატული ქვეყნის შემქმნელი უფალი, _ თქვა
და ლაპარაკის ეშხში შესულმა ხელი მოპირდაპირე კედლისაკენ გაიშვირა.
ცოტნე იმ კედელს მიაჩერდა: შიშველი ფეხებით ღრუბლებზე მიმავალი
მამაღმერთი ცალი თვალით ცოდვილი მიწისაკენ იხედებოდა. უდაბნოში
დაყუდებულ ბერს ეშმაკი ულამაზესი ქალის სახით მოვლენოდა და
აცდუნებდა.
_ ხედავ, როგორ ტკბება უფალი ღმერთი ადამიანის ცთუნებით? კაცის
გული და გონება, სხეული და სული ერთიმეორეს ებრძვის. ღმერთს სულ არ
ადარდებს, რომელი გაიმარჯვებს, სული დაძლევს, თუ ხორცი; იგი ადამიანის
ამ საამო ტანჯვით ტკბება, რადგან თვითონ მოკლებულია ტანჯვის განცდას,
ამიტომ უცქერის, ვითომცდა ცალი თვალით, ამ ამაღლებულ სურათს, სახეზე
თავათაც მაცთური ღიმილი უთამაშებს და სხვის ტანჯვას ატანს გემოს. ერთი
ხელით რომ ანგელოსს ქმნიდა, მეორეთი ეშმაკს ძერწავდა. მას უფლება არ
ჰქონდა დაესაჯა ადამი და ევა, ან დაეგმო კაენის ცოდვა, რადგან ერთიცა და
მეორეც მისგანვე შექმნილი ეშმაკის ცთუნებითა და ჩაგონებით იყო ჩადენილი
და, როცა ღმერთი ეშმაკს აჩენდა, ამ ცოდვათა გარდუვალობას მაშინვე
გულისხმობდა. რაკი ადამიანის თმის ერთი ბეწვის ჩამოვარდნაც კი უფლის
ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვაც
განგებისაგან წინასწარ განსაზღვრულია და ღმერთს იმის გმობის უფლება არ
უნდა ჰქონდეს, რაც თვითონვე დაუწესებია, ამიტომ არ მიყვარს მამაღმერთი.
50ღმერთი და უფალი იესო ქრისტეა, მართალი და გულმოწყალე, იგი თავისივე
მსგავსი ადამიანების სახსნელად ეწამა, ბოროტი და ბიწი ჰგმო და
უსამართლობას შეებრძოლა. იესო მაცხოვარმა შემცოდენი ამხილა და
მონანიების გზა აჩვენა; ფარისევლებს ომი გამოუცხადა, ჩვენი ცოდვები
იტვირთა და უფლის წინაშე თავდებად დაგვიდგა. ქრისტეზე კეთილშობილი
და წმინდა, ადამიანური და ამაღლებული ქვეყნად არც ერთი სარწმუნოების
შემქმნელი არ ყოფილა. ამიტომ მიყვარს ტანჯული იესო და ამიტომ
ვოცნებობდი სიყრმიდან ჯვარცმულის შექმნაზე. მამა ხუცესი მყავდა და დედა
უსწავლელი, მაგრამ ღრმად მორწმუნე. პატარაობიდან ქრისტეს სიყვარულს
მინერგავდნენ და შენს ტოლობამდე გულწრფელად მწამდა, რომ ერთადერთი
ჭეშმარიტი სარწმუნოება ქრისტეს სარწმუნოება იყო. ბავშვობა ბედნიერი
მქონდა და თითქმის უზრუნველი. ღვთისმოსავი მშობლები სულ იმას
ჩამაგონებდნენ, ქრისტესავით კეთილი და შემბრალე, ღარიბთა და ობოლთა
გამკითხველი, უძლურთა და მიუსაფართა მფარველი ვყოფილიყავი. სახარება
ზეპირად ვიცოდი და, ცხადში ქრისტეს სჯულისათვის თავგანწირვის
მეოცნებე, სიზმრად ჩემ თავს ჯვარზე გაკრულს ვხედავდი. ბავშვობასთან
ერთად, რატომღაც, ის ნეტარი სიზმრებიც დამთავრდა. შემდეგ სიჭაბუკეში და
ვაჟკაცობაში შესულს აღარასოდეს მომბრუნებია სიყრმის ის ზმანებები.
ვცდილობდი, წარმოსახვით, ოცნებით აღმედგინა და გამეცოცხლებინა
ბავშვობის ის სიზმრები, მაგრამ ამაოდ... შენ თუ დაგსიზმრებია ქრისტე,
ბატონიშვილო, ან მაცხოვრის ადგილას თუ წარმოგიდგენია შენი თავი
ჯვარცმულად? _ მოულოდნელად მიმართა კითხვით მხატვარმა ცოტნეს.
_ ქრისტე?.. არა... მე ამირანი მესიზმრება ხოლმე.
_ ოო, ამირანი დიდი გმირი იყო, მაგრამ ქრისტეს მსგავსი გმირობა ჯერ
არავის ჩაუდენია ამქვეყნად. არა სხვისი მოკვლა და სხვათა ძლევა არის
ქრისტეს გმირობა, არამედ სხვათა გადასარჩენად, სხვათა დასახსნელად
თავგანწირვა და ჯვარზე ასვლა.
ქვეყნის შემქმნელი ღმერთი ცივია და ადამიანის ბედისადმი გულგრილი.
მან მხოლოდ დასჯა იცის მის მიერვე გაჩენილი ცოდვებისათვის. იგი სხვათა
ცოდვას არასოდეს იტვირთებს და შემცოდეთა გადასარჩენად ქრისტესავით
თავს არ გამოიდებს. ჩვენი ქომაგი და მფარველი ქრისტეა, ამიტომ უნდა
შეიყვარო იესო მაცხოვარი... ხომ გიყვარს ქრისტე-ღმერთი, ბატონიშვილო?
_ მწამს და მიყვარს, ოსტატო!
_ ჰოდა, ეცადე, მას მიბაძო და მასავით სხვისთვის ეწამო, სხვათა
გადასარჩენად ჯვარცმისა არ შეგეშინდეს. ეცადე, ეგ რწმენა არასოდეს დაკარგო
და მოიშალო. რწმენის დაკარგვა ადამიანისათვის ყველაზე დიდი
უბედურებაა. ამქვეყნად რამე უნდა გწამდეს მტკიცედ და ეჭვმიუტანლად.
დიდი საქმის გაკეთება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც მთელი არსებით სწამს
რაიმე. ადამიანს უნდა უყვარდეს, მთელი არსებით უნდა უყვარდეს და იმას
როდი აქვს მნიშვნელობა, სხვა როგორი თვალით შეხედავს მის სატრფოს,
ლამაზად მოეჩვენებათ იგი თუ მახინჯად, სხვადასხვა რწმენისა და მიზნის
51ადამიანებთან ურთიერთობამ, თუ ბედმა, ჩემი ცხოვრების გზა ისე წარმართა,
რომ გულწრფელობა და კაცთა მინდობა ადრე დავკარგე, სხვების სარწმუნოება
ბოლომდე ვერ ვიწამე და ამასობაში ჩემიც დავთმე. სხვის რწმენაზე და საქმეზე
ქირქილი ადვილი ყოფილა. ძნელი რწმენის განმტკიცება და რაიმეს შექმნაა
თურმე. რაც რწმენა შემერყა, სულიერად დავცარიელდი, გავფუქსავატდი და
დიდი შემართების სურვილიც ნელ-ნელა დავკარგე. ადრე სულ იმას
ვოცნებობდი _ ქრისტეს ჯვარცმა დამეხატა ისე, რომ მისი ტკივილის სიმწვავე
და ტანჯვის სიამე მეც განმეცადა, მნახველისთვისაც განმეცდევინებინა. მაგრამ
ვერ იქნა და ვერ შევბედე. ყრმობის სიზმრებმა დამტოვეს და ქრისტეც აღარ
მეცხადებოდა. მაცხოვარი ისევ მიყვარდა, მაგრამ მხოლოდ გონების ძალით და
არა პირვანდელი უშუალობით. თუ გონების ძალას პირველხილვის
გულწრფელობის მადლი არ ახლავს, ისე შემოქმედი დიდსა და მნიშვნელოვანს
ვერაფერს შექმნის. ერთხელვე სულიერად გათაღლითებული, ჩემი ოცნების
განხორციელებას გავურბოდი, ქრისტეს ვხატავდი, მაგრამ არა ჯვარზე
გაკრულს, არა ისეთს, როგორსაც ჩემი ბავშვობის სიზმრებში ვხედავდი.
სამაგიეროდ, თვითონ უფალი ღმერთის სრულყოფილებაში დავიწყე ძებნა
ნაკლისა და დაუმთავრებლობისა და ბევრი წინააღმდეგობაც აღმოვაჩინე.
უფალი ღმერთი თავისსავე თავს ეწინააღმდეგება ხშირად, იმის მაგივრად, რომ
დაიცვას თავისი ქმნილება _ ადამიანი, იგი ეშმაკს მიუჩენს ხოლმე იმავე
ადამიანის შესაცდენად, იმის ნაცვლად, რომ ეშმაკის ცთუნების მსხვერპლი
შეიწყნაროს და ცოდვისაგან განწმინდოს, უფალი სასტიკად სჯის მას და უფრო
მეტად იშორებს თავისგან. ამიტომ მეჩვენება მამაღმერთი ორპირად და ამიტომ
დავამსგავსე იგი მაგ ნახატში ერთ ჩვენს...
თითქოს წამით გამოერკვაო, მახარებელმა უცებ დააჭირა ენას კბილი და
სმენადქცეულ ბატონიშვილს შეშინებულმა მოხედა.
ცოტნე პირდაღებული უსმენდა. ეტყობოდა, მხატვრის ნათქვამიდან ბევრს
ვერ გებულობდა, მაგრამ რაღაც თამამსა და დამაფიქრებელს რომ ამბობდა, ამას
კი ხვდებოდა.
_ სისულელეებს ვლაყბობ, თავს გაბეზრებ, _ თქვა და ხელი ჩაიქნია
მახარებელმა, _ შენ ჯერ კიდევ უწვრთნელი ყმა ხარ და ამას ვერ გაიგებ,
ბატონიშვილო, არ გინდა და ნურც ნურასოდეს ეცდები, რომ ღმერთებისა და
ადამიანების ურთიერთობაში გაერკვე, სიკეთეს არაფერს მოგიტანს, ტყუილად
სულის სიმშვიდესა და მოსვენებას დაკარგავ. იწამე ღმერთი, როგორც შენი
მოძღვარი გასწავლის და უფლის ავ-კარგის გამოძიებას ნურასოდეს ეცდები.
_ ვის დავამსგავსეო, როგორ თქვი, ძია მახარე? _ იკითხა მოულოდნელად
ცოტნემ და მხატვარი შეცბა. იგი მიხვდა, რომ ბატონიშვილს მისი უკანასკნელი
სიტყვებისთვის ყური არ უგდია და აქამდე წეღან დაცდენილ ნათქვამზე
ფიქრობდა.
მახარებელმა შეშინებული თვალები იქაურობას მოავლო და სახეზე
ნაძალადევი ღიმილი გამოისახა.
52_ არავის... არც არავის... ღმერთს ვის დავამსგავსებდი! მე ეგ არ მითქვამს... _
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა მახარებელი და არხეინი გამომეტყველებით
ცდილობდა, შინაგანი შეშფოთების დაფარვას.
ცოტნე დაფიქრებული უსმენდა, ატყობდა, მხატვარი რაღაცის დამალვასა
და მიფუჩეჩებას ცდილობდა. მაგრამ წამოცდენილ სიტყვას ძირამდე ვეღარ
ჩაეძია.
_ სხვა ტაძარი თუ გაქვს მოხატული ჩვენში, ძია მახარებელ? _ იკითხა
ცოტნემ და მხატვარს გულზე მოეშვა.
_ სხვა ტაძარი? როგორ არა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოვხატე ერთი
ტაძარი, ვიდრე ამ ტაძრის აშენება დამთავრდებოდა, უსაქმოდ ხომ არ
ვიქნებოდი? მთავარმა მთაში წამიყვანა და მიუვალ ხეობაში ჩაკარგული ერთი
მონასტერი მომახატვინა. დრო ბევრი მქონდა და კარგა ხნის დასვენებული,
მუშაობას მონატრებული ვიყავი, შთაგონებული ვხატავდი და კარგიც
გამომივიდა, მაგრამ სანანებლად ესა მაქვს, ის მონასტერი ისეთ მივარდნილ
ადგილასაა, წელიწადში ერთი კაციც არ მიაკითხავს. ვისთვის ვქმნიდი ჩემს იმ
საუკეთესო ნამუშევარს, მე თვითონ არ ვიცი, მნახველი მას არ ეყოლება და
დამფასებელი. მონასტრის წინამძღვარმა, მთავარყოფილმა და მეფის
ნავაზირალმა ვარდანმა კი იცის მხატვრობის ფასი, მაგრამ...
_ ეგ რომელი ვარდანია, ბიძაჩემი ხომ არა?
მახარებელმა ისევ იკბინა ენაზე, მაგრამ გვიანღა იყო ნათქვამის გადათქმა.
_ დიახ, ბიძაშენი, მეფის ვაზირი და ოდიშის მთავარი. ოდიშართაგან სხვას
ესოდენ დიდი პატივი არავის რგებია და არც მისებრ ვინმე აღზევებულა.
მეფეთმეფე თამარს თავის დროზე ერთგული სამსახურისათვის დიდად გაუძ-
ლიერებია ვარდან დადიანი, იმ ზომამდე, რომ სომხეთში მამულები და
სიმაგრით განთქმული კაიწონის ციხე-სიმაგრეც კი უბოძებია. შემდეგ, როცა
მთავარი მეფეს ორგზის გაორგულებია და გიორგი რუსს მიმხრობია, თამარის
ერთგულ ვაზირებს ბრძოლაში დამარცხებული დიდებულის სასტიკი დასჯა
მოუთხოვიათ. ბრძენსა და გულმოწყალე თამარს ნავაზირალი საექსორიოდ და
სასიკვდილოდ ვერ გაუმეტებია, ვარდანი ბერად შედგომის ნებართვას
შემოხვეწია და მეფეს მისი აჯა შეუწყნარებია. მიუდგომელ ხეობაში
გადაკარგულ მონასტერში დაყუდების დასტური მიუცია და მთავრობა
ვარდანისავე უმცროსი ძმისთვის, მამაშენისთვის დაუმტკიცებია.
_ შორს არის აქედან ბიძაჩემ ვარდანის მონასტერი?
_ აქედან არც ისე შორს არის, ოღონდ ცუდი გზებია, საცალფეხო ბილიკებით
უნდა იარო და ისიც სულ ტყე-ტყე და კლდე-ღრეებში გამავალი
გზაწვრილებით, ძნელი მისასვლელია, მაგრამ თუ მიხვალ, იტყვი, ნამდვილად
სამოთხეში მოვედიო. იმის ულამაზესი ადგილი დედამიწის ზურგზე არსად
იქნება. ბზისა და უთხოვარის ტყეებით დაბურულ ხეობაში პატარა ხერთვისი
ადგილია. ორი მდინარის შესართავთან მდებარე პატარა კუნძული წალკოტსა
ჰგავს. იმ წალკოტის შუაგულში უზარმაზარი კლდეებია ამართული.
კლდეებში მონასტრის ქვაბებია ნაკვეთი და მერე როგორი ხელოვნებით!
53საყდრები და სამლოცველოები, დარბაზები და სენაკები, ბეღლები და ჭურ-
მარნები იმდენია, დაიკარგები. იმ ბნელი კლდის გულში კამკამა წყაროს
აუზებია. მარტომყოფთა სენაკები, წესისამებრ, ცივია და უმზეო, მაგრამ
მთავარ საყდარსა და დარბაზებში სინათლეც უხვად არის და მზის
მხურვალებაც საგრძნობია. მე თვითონ განცვიფრებული შევყურებდი კლდის
მაღალ თაღებს და ამაოდ ვეძებდი იმ თვალითუხილავ ხვრელებს, საიდანაც
მონასტრის მშენებლებს ასე ოსტატურად შემოეყვანათ დღის სინათლე. ეს
ქვაბები ხომ საკვირველებაა, მაგრამ მონასტრის ყველაზე დიდი საოცრება
თავად წინამძღვარია. ეს დროული კაცი, მეფის კარის პირველ დიდებულად
ნამყოფი ნავაზირალი, ახლა წმინდა ცხოვრების გზაზე შემდგარი ბერი,
ყოვლისმცოდნეა და ყოვლისმნახველი; მას არც ამქვეყნიური დიდება
აკვირვებს ვისმესი, არც დამცრობა და დამხობა. ყველაფერს გულგრილად
უყურებს და ყოველივე ამაოებათა ამაოებად მიაჩნია. ამიტომ ავსა და კარგს
ერთნაირად დამცინავი ღიმილით უცქერის ჩემს მიერ აქ დახატული
მამაღმერთივით.
მახარებელმა ხელი ისევ მოპირდაპირე კედლისკენ გაიშვირა და მაშინვე
გონს მოეგო. ენას კბილი დააჭირა. მღელვარების დასაფარავად, სხვა რომ
ვეღარაფერი იღონა, ფუნჯი საღებავში ჩააწო და გულაღმა დაწვა. საღებავი
სქლად დაადო ორგან თუ სამგან, სული მოითქვა და ზურგზე გაწოლილმა
განაგრძო:
_ სისულელეებს ვროშავ, შენ ყველაფერს ნუ კი გამიგონებ, ნურც ყველაფერს
მიითვლი სიმართლედ, ზოგჯერ ხუმრობას გამოვურევ ხოლმე და შენ ნაღდ
ნათქვამად არ გაიგო. რა ვქნა, ხანში შევედი და ზოგჯერ ხუმრობით
ვიმსუბუქებ სიბერის ტვირთს.
ცოტნეს დაღლილობა და ძილი ერთად მოეძალა. მხატვრის გაუთავებელმა
სანახევროდ გაუგებარმა მსჯელობამ ყმაწვილი მოქანცა და გააბრუა. ხარაჩოზე
დაგებულ ლეიბზე დაჯდა, მერე მახარებელს ძილად მიდრეკილი თვალით
გახედა და მთქნარებით იკითხა:
_ შეიძლება, წამოვწვე?
_ თუკი ინებებ, ბატონიშვილო, რა საკითხავია! ოღონდ ლოგინის
სიღარიბისთვის ნუ დამძრახავ, ვიცი, თქვენი საკადრისი არაა, მაგრამ...
ცოტნეს უკვე მისი აღარ ესმოდა. პასუხის მიღებამდე თავი პატარა
ყურბალიშზე მისდო და მაშინვე მიეძინა.
_ ჩემისთანა მოხეტიალე მხატვრები ლბილ ლოგინზე დიდად არ ზრუნავენ.
ეს ლეიბები იმიტომ მაქვს, ხატვის დროს ხმელ ფიცარზე გულაღმა წოლა
მიჭირს...
მახარებელმა ბატონიშვილისკენ გამოიხედა და უმალვე დადუმდა, მერე
ფრთხილად წამოდგა, ლურსმანზე დაკიდებული ნაბადი ჩამოიღო და
ყმაწვილს დაახურა.
54სიზმარი ნახა ცოტნემ: მეფის ტახტზე იჯდა და თავს ოქროს გვირგვინი
ედგა. დარბაზში მუსიკის საამო ჰანგები იფრქვეოდა და ნახევრად შიშველი
ლამაზი ასულები ცეკვავდნენ. მსახურებს ნაირნაირი კერძები და სასმელები
მოჰქონდათ, პირველად ცოტნეს წინაშე იყრიდნენ მუხლს და სთავაზობდნენ.
ცოტნე გულგრილად დახედავდა მირთმეულს, ტკბილეულს ცოტას
მოციცქნიდა, შარბათს ოდნავ მოსვამდა და უმადოდ, უგულოდ შეექცეოდა.
ჭაღებით გაბრწყინებულ სასახლეში ბუღი იდგა. ჰაერი თანდათან უფრო
ხურდებოდა, სიცხე მატულობდა და სუნთქვა ძნელდებოდა. ოქროთი და
პატიოსანი თვლებით გაწყობილი მეფის ტანსაცმელი კიდევ უფრო
მძიმდებოდა, წელში ღუნავდა და გრძნობდა, როგორ წვავდა სხეულს. ოქროს
გვირგვინი თანდათან გავარვარდა და უსაშველოდ დამძიმდა. თითქოს თავში
უთვალავი ურო დასცხესო, საფეთქლები აჩქარებით სცემდნენ და თავის ქალა
ავარდნას ლამობდა. ცოტნემ გვირგვინის მოხდა დააპირა, მაგრამ
გავარვარებულ ოქროს ხელი ვერ მიაკარა. ახლობლებს თვალით შველა
შესთხოვა. ყველას მისი ბედნიერება შურდა და ვინ იფიქრებდა, რომ რაიმე
უჭირდა. იქ მყოფნი აღტაცებულნი შეჰყურებდნენ, მათი მზერა სიბრალულსა
და თანაგრძნობას სრულიადაც არ გამოხატავდა. პირიქით, რაც უფრო
წითლდებოდა სიმხურვალისაგან გვირგვინი, რაც უფრო სულის შემხუთავი
ხდებოდა ცხელი ჰაერი, მათ სიამაყე და სიხარული ემატებოდათ და ისეთი
შურით შესცქეროდნენ ტახტზე მჯდარ გვირგვინოსანს, თითქოს იმ ცეცხლსა
და სიმხურვალეს ცოტნესათვის ტანჯვა კი არა, შვება და არნახული დიდება
მოჰქონდა.
უცებ მუსიკის მძლავრმა ხმამ ჭერი შეაზანზარა. დიდი და პატარა
თავბრუდამხვევ ფერხულში ჩაება, დარბაზი დატრიალდა და უგონო როკვას
აჰყვა. მაჭრის სუნით გაჟღენთილი მთვრალი ჰაერი თანდათან შესქელდა და
შედედდა. ყველაფერი ერთმანეთში აირია.
_ ცოტნე... ცოტნე...
ჩასძახის ვიღაც ყურში, ცოტნემ მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.
_ ცოტნე, დააგდე მეფის ტახტი და სასახლე, გამომყე უკან და
გათავისუფლდები ოქროს ბორკილებისაგან.
ცოტნე წამოდგა. რაღაც უხილავი ხელზე შეეხო, წინ შარიშურით წავიდა და
ცოტნეც უკან მიჰყვა. დარბაზები ჩუმად გაიარეს, სასახლიდან გავიდნენ და
გალავანს გასცდნენ. ცოტა კიდევ იარეს და ტრიალ მინდორზე გასულმა
ცოტნემ იგრძნო, რომ უცებ მარტო დარჩა _ აღარც წინ მიმავალი უხილავი
ლანდის შარიშური ისმოდა, აღარც უჩინარის შეხებას გრძნობდა. ერთხანს
უაზროდ წრიალებდა. სხვა რა ექნა, ადგა და მარტო გაუდგა გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, უზარმაზარ კლდეს მიადგა. კლდიდან ცივი
წყარო მოსჩქეფდა. ის იყო, წყლის დასალევად დაიხარა, რომ ვიღაცამ კალთაში
დასწია. მოიხედა და რას ხედავს _ ტანფეხშემოხეული მათხოვრების გუნდი
მოდგომია. გათოშილ შიშველ სხეულს ხელით იფარავდნენ, სიცივისაგან
კანკალებდნენ, რაღაცას გაუგებარ ენაზე ყაყანებდნენ და ცოტნეს
55ტანსაცმლისკენ მიიწევდნენ. გაოგნებული შეჰყურებდა ცოტნე მათხოვრებს.
მათ დაწყლულებულ შიშველ სხეულს ბალღამი სდიოდა, მაგრამ ცოტნე სულაც
არ გრძნობდა მათდამი ზიზღს, მცირეოდენი სურვილიც არ ჰქონდა მათგან
გაცლისა და თავის გარიდების. კანდამსკდარი ხელებით სწვდნენ მათხოვრები,
ძვირფასი ტანსაცმელი შემოაცალეს, მაგრამ თვითონ როდი ჩაიცვეს, დაახვიეს,
მაგრად შეჰკრეს და დაბლა უფსკრულში ისროლეს. მერე ოქროს გვირგვინს
სწვდნენ, მოხადეს, საბურჭალო ბორბალივით დაღმართზე დააგორეს და
ასკინკილას ხტომით, ცეკვითა და ჟრიამულით უკან დაედევნენ.
ცოტნემ შვებით ამოისუნთქა. სულის შემხუთველი სიმძიმე მოშორდა.
თავის ტკივილი და კანის დამწველი სიმხურვალე სადღაც გაჰქრა და ისეთი
სიმსუბუქე იგრძნო, მკლავები რომ გაეშალა, გაფრინდებოდა.
წყაროს წყალს დაეწაფა.
თავი აიღო. პირდაპირ მდგარ უშველებელ კლდეს შეხედა. კლდეში კიბეები
იყო გამოკვეთილი. იმ კიბეებზე ასვლა და გამოქვაბულების ნახვა მოუნდა,
მაგრამ დაღლილს მუხლში ძალა აღარ ჰქონდა, იქვე ჩაიკეცა და სიპ ქვაზე თავი
დადო. ის ქვა ლბილად ეჩვენა და რომ დახედა, გაოცდა: სიპი ლოდი ლბილი
ხავსით შემოსილიყო და ირგვლივ მწვანე მოლი ბიბინებდა. თვალის დახუჭვა
და დაძინება ერთი იყო. დაეძინა თუ არა, ქრისტე ღმერთი გამოეცხადა, იმ
მაღალი კლდის თავზე აღმართულ უზარმაზარ ჯვარზე გაკრული ქრისტე.
სათნოებით მშვიდი თვალებით დაჰყურებდა მძინარ ცოტნეს ჯვარცმული.
უცებ თვალიდან ცრემლი მოსწყდა მაცხოვარს და მძინარეს დაეცა. ცოტნე
შეტოკდა, თვალი გაახილა და ქრისტეს შეხედა.
_ აღსდექ და შეუდექ ჩემს გზას! _ ეძახდა მაღლიდან ჯვარცმული, _ ილოცე
და იმარხვე. განემზადე ჩემსავით ჯვარცმად, რათა განიცადო სიამე წამებისა,
რამეთუ მოყვასისათვის ტანჯვა არის ნეტარება და სიამე უდიდესი ამა
ქვეყნისა, სასუფეველი და სამარადისო ცხოვრება იმ ქვეყნისა.
_ რით შევძლო, მე უღირსმა ეგ? _ შეჰბედა ცოტნემ კითხვა.
_ შეიყვარე მოყვასი შენი და სამშობლო შენი და ჯვარს ეცვი მათთვის.
აღსდექ და შეუდექ გზასა ჩემსა, _ ახლა მეორე თვალიდან მოსწყდა
ჯვარცმულს ცრემლი და ლოყაზე დაეცა ცოტნეს.
მძინარ ცოტნეს ფუნჯიდან ჩამოღვენთილი საღებავის წვეთი დაეცა ლოყაზე
და გაეღვიძა. თავს მახარებელ ქობალია ადგა.
_ კარგია, რომ გაიღვიძე, ბატონიშვილო. ძილში ძალიან შფოთავდი. ადექი,
მთავარი გეძებს და გიხმობს.
ცოტნემ თვალი მოიფშვნიტა; ბედნიერი სიზმრით ფრთაშესხმული
წამოფრინდა. უჩვეულო სილაღესა და სიმჩატეს გრძნობდა, მთელი ქვეყნის
მოხვევნა და დაკოცნა უნდოდა და სხვა ვერაფერი მოახერხა, მხატვარს
გადაეხვია და ცრემლმომდგარმა ამოიჩურჩულა: _ გმადლობ, ოსტატო... დიდი
მადლობა.
56_ მე რის მადლობას მიხდი, ბატონიშვილო?! _ გაოცდა მხატვარი და მხრების
ჩეჩვით გააყოლა თვალი ხარაჩოებზე ჩამავალ მთავრის მემკვიდრეს.
რაკი საყვარელი დაი კუბოში ვერ დაიტირა და მის დასაფლავებას ვერ
დაესწრო, ვერ იქნა და ცოტნე თამარის არყოფნას ვერ შეურიგდა. თამარი მის
წარმოდგენაში ისევ ცოცხალი იყო და დღედღეზე ელოდა მის გამოჩენას.
მაგრამ დრო გადიოდა, თამარი არ მოდიოდა და არც თავისკენ ეძახდა.
სამაგიეროდ, სიზმრად სულ თამართან იყო. რაც ცხადში ხორცშეუსხმელ
ოცნებად რჩებოდა, სიზმარში ერთიორად ნაზღაურდებოდა. როგორც კი
ბალიშზე თავს წადებდა და ძილი მოერეოდა, ბატონიშვილს სიზმარი
წაიღებდა, თამარი გამოეცხადებოდა და ძილში გრძელდებოდა ის
განუყოფელი ერთად ცხოვრება, რომელიც ცხადში შეწყვიტეს ანგელოსებმა.
სიკვდილი უძლური იყო სიზმრის, ანუ ცოტნეს მეორე ცხოვრების მიმართ.
იქ მას ხელი არ მიუწვდებოდა. რადგან სიკვდილს მხოლოდ იმის მოსპობა
შეეძლო, რაც ხელშესახები იყო, რასაც სხეული ჰქონდა და რისი წაქცევაც
შეიძლებოდა. ვინც არსებობს, ვინც ცოცხალია, მის ფიქრსა და ნატვრას,
სიზმარსა და ოცნებას სიკვდილი ვერ ხელჰყოფს, ვერ აღკვეთს და ვერ
აკრძალავს.
თამარის მეორე სიცოცხლე, სიზმარეული და ოცნებისეული სიცოცხლე,
თვითონ ცოტნეს სიცოცხლესთან იყო დაკავშირებული, იგი ცოტნეს სულისა
და სხეულის მეორე სიცოც-ხლე იყო, სიკვდილისათვის მიუწვდომელი და
ხელშეუხებელი.
ტყუპისცალის ყოველი უჯრედი ჩანასახიდანვე თამართან ერთად
არსებობას გულისხმობდა, მასთან ერთად ცხოვრებისათვის იყო ქვეყნად
გაჩენილი და იმდენად იყო შეჩვეული ერთი ადამიანის ორ არსებად
ცხოვრებას, რომ მარტო დარჩენილ ცოტნეს სხვაგვარად სიცოცხლის
წარმოდგენა, თავისი სულისა და სხეულის სხვანაირად აწყობა აღარ შეეძლო.
ამიტომ სიზმარი ექცა ერთადერთ თავშესაფრად ცოტნეს. იქ, ზმანებაში
ივსებდა ცხადის დანაკლისს ბედის უსამართლობით დაღდასმული ყრმა.
და ეს სიზმარეული ცხოვრება იმდენად ხანგრძლივი და ყოველდღიური
გახდა, რომ ცოტნემ აღარ იცოდა, რომელი უფრო სინამდვილე იყო, ძნელად
შესაგუებელი, მწუხარებითა და ცრემლით სავსე ცხადი ცხოვრება უთამაროდ,
თუ სიხარულითა და იმედით გაბრწყინებული ზმანება, სიზმარში თამარის
გვერდით ცხოვრება, რომელიც მარტოდ დარჩენილი ტყუპისცალისათვის
ესოდენ ჩვეულებრივი და ბუნებრივი იყო. იმდენად შეეჩვია ძილში, სიზმარში
თამართან ყოფნასა და საუბარს, რომ ბოლოს ცხადშიაც მოლანდებად ექცა იგი.
მარტო დარჩენილ ცოტნეს თვალწინ დაუდგებოდა თამარი და ჩუმად,
ხმისამოუღებლად ესაუბრებოდა. საღამოობით პირჯვრის წერასა და ლოცვას
რომ მორჩებოდა, დასაძინებლად გამზადებული ბატონიშვილი თავის
57წარმოდგენაში თამარს მოუხმობდა და მთელი დღის ავკარგს წვრილად
მოუთხრობდა ხოლმე.
_ სულ არ გყვარებივარ, თორემ მარტო არ დამტოვებდი. ხომ მეუბნებოდი,
უშენოდ არსად წავალო, რატომ წაჰყევი ანგელოსებს, მე და დედა თუ არ
შეგეცოდეთ, უსინათლო მამა მაინც რატომ არ შეგებრალა?! რომ იცოდე, რა
უბედურია! შენი წასვლის მიზეზად თავის თავს თვლის და სიცოცხლე
მოძულებული აქვს. სულ იმას ვშიშობ, თავს არაფერი აუტეხოს, მარტო არსად
ვუშვებ და არ ვშორდები. ერთხელ იმ დროს მივუსწარი, თოკში რომ აპირებდა
თავის გაყოფას. ერთხელაც დედამ ვიღაცისაგან ჩუმად ნაყიდი საწამლავი
უპოვა. ხომ ასე თავმოძულებულია მამა, მაგრამ მე მაინც თან მყვება, ჩემს მეტი
საზრუნავი ამქვეყნად არაფერი აქვს. ასე მგონია, ეს ბრმა კაცი მარტო მე
მხედავს ამ სამზეოში. ისრის ტყორცნა და ხმლის მოქნევა ისე მასწავლა,
გამოცდილ მეომარსაც ტოლს არ დავუდებ. ახლა რა ამბებს მიყვება! თამარის
ლაშქრის ყველა სახელოვანი ომი ზეპირად ვიცი, სად და როდის დაჭრეს მამა,
რომელ ომში რა გმირობა გამოიჩინა, ისეთი გატაცებით მიამბობს, თითქოს
ზღაპრული მზეჭაბუკის თავგადასავალს ჰყვებოდეს. ენანება უსინათლობით
დაბნელებული თავისი ვაჟკაცობა და მე სულ იმას ჩამაგონებს, დროზე
მოვესწრო, რომ თამარს ვეახლო და მამის ადგილი დავიჭირო მის უძლეველ
ლაშქარში. დედა მებრალება, მამას რომ ვერ ვცილდები, დედის მისახედად
აღარ მცალია. დედა ცალკე უშენობას მოთქვამს და ცალკე მამის უბედურებას,
მაგრამ ხომ იცი, რა გულმაგარი ქალია დედა! ცრემლს იშვიათად გვიჩვენებს და
სულ აქეთ გვამხნევებს. რაც მამა დაბრმავდა, ოჯახისა და სამთავროს
საზრუნავი დედას დააწვა კისრად. შინ და გარეთ ყველგან დედა არის მტრისა
და მოყვარის პასუხის გამცემი. უჭირს, მაგრამ რა ჰქნას?! შენ რომ ჰყავდე, შენ
მაინც შეეშველებოდი, მიუალერსებდი და ტვირთს შეუმსუბუქებდი.
ჩვენი ტაძრის მოხატვის ამბავი ამას წინათ მოგითხრე, ისიც გითხარი,
ხარაჩოზე მიძინებულს ქრისტე როგორ გამომეცხადა და თავის გზაზე
შედგომად მომიწოდა.
მხატვრის თავგადასავალი არ ვიცოდი. დღეს თავად მიამბო და უნდა შენც
მოგიყვე.
მახარებელ ქობალია წალენჯიხელი ყოფილა. სიყრმიდანვე დაობლებული
პაპაჩვენს აღუზრდია და სასწავლებლად ათონს გაუგზავნია. იქ ბერძენ
მხატვრებს დამოწაფებია, კონსტანტინოპოლს გაჰყოლია და ქართული სახელი
მახარებელი მაკარიოსად გადაუკეთებია. მერე მფარველი მასწავლებელი
მოკვდომია და მარტო მისი ხელობის გამგრძელებლად კი არა, ოსტატის
ერთადერთ მემკვიდრედ ეგ დარჩენილა. ქობალიას ჯერ კიდევ მასწავლებლის
სიცოცხლეში ჰქონია ნიჭიერი მხატვრის სახელი, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში
იწვევდნენ თურმე ტაძრებისა და სასახლეების მოსახატავად. მახარებელს
მოგზაურობა და ხეტიალი ჰყვარებია; იერუსალიმი, ანტიოქია და
ალექსანდრია მოუვლია, ყველგან თავისი ფუნჯის ნაკვალევი დაუტოვებია,
თავს ბევრი ფათერაკი გადახდომია. ხელგაშლილ ცხოვრებაში თავისი
58ნაშოვნიცა და ოსტატის დანატოვარიც მალე შემოფლანგვია. ცხოვრებისაგან
დაღლილს, ბოლოს წანწალიც მობეზრებია და თვალი ისევ დიდხანს
მიტოვებული სამშობლოსაკენ მიუპყრია. მამაჩვენი _ შერგილ-ბატონი ტაძრის
მომხატველის ძებნაში ყოფილა, მაკარიოსის წერილი რომ მოსვლია. მამას
მცოდნეთათვის გამოუკითხავს და რაკი წალენჯიხელი მხატვრის ქება ყველას
ერთპირად უთქვამს, ბევრი აღარ უფიქრია, საგანგებო კაცი გაუგზავნია და
მახარებელი ჩამოუყვანია. ქობალიას ჩამოსვლისთანავე თავისი ნასახლარი
მოუნახულებია, ცრემლი უფრქვევია და დაქცეული კერის აღდგენის სურვილი
გამოუთქვამს. მერე სახელი მაკარიოსი ისევ მახარებლად შეუცვლია და მამა-
პაპის ნაფუძვარზე პატარა ოდის აშენება დაუწყია. მაშინ ჩვენი ახალი ტაძარი
ჯერ გადახურულიც არ ყოფილა და მამას მაკარიოსი ბიძაჩვენის ვარდანის
მონასტერში გაუგზავნია. იქ მახარებელს ქვაბები და სავანეები მოუხატავს.
ამასობაში ჩვენი ტაძარიც გადაუხურავთ და ქობალია შერგილ-ბატონს ხლებია,
მისი დავალებით, გუმბათსა და თაღებზე ძველი და ახალი აღთქმის
მოთხრობის ხატვას შედგომია და ახლა დარჩენილ კედლებზე ჩვენს სურათებს
ხატავს.
საათობით იჯდა ქობალია, მთავრის, დედაჩვენისა და ჩემი სურათების
მონახაზებს აკეთებდა. მამა-ბატონს ერთ ადგილას გაუნძრევლად ჯდომა
საათობით შეეძლო და მისი დახატვა არ გაძნელებია. სამაგიეროდ, მე და
ოჯახის
საქმეებით
მოუცლელი
დედა
მხატვარს
დიდხანს
ვერ
ვუჩერდებოდით, წარამარა ვტოვებდით და მუშაობას ვაწყვეტინებდით. უნდა
გამოგიტყდე, საათობით უქმად დგომა მოსაწყენი და დამღალავია. არც სწავლა,
არც ბურთაობა და ნადირობა ეგრე არ მღლის, როგორც ტაძარში ტყუილად
დგომა. ვდგავარ სადღესასწაულოდ გამოწყობილი და ოდნავ ზეაპყრობილი,
განზე გაშვერილი ხელები ჩამოვარდნაზე მაქვს. არც დაჯდომა, არც
ადგილიდან ფეხის დაძვრა! ერთი სული მაქვს, როდის გავიქცე, მაგრამ
მახარებელი მეცოდება. «ცოტა კიდევ, ბატონიშვილო! ცოტა კიდევ და მალე
გაგიშვებ». _ მეხვეწება და მემუდარება. მეც მრცხვენია, მერიდება ასეთი
ხელოვანის გაწბილება და დაუმორჩილებლობა. ვნებდები და ვდგავარ
დასჯილივით გაქვავებული. თვითონ ოსტატსაც ვებრალები, დიდხანს რომ
ვყავარ ასე დაბმული. როცა ხატვით გატაცებული და თავის ფიქრებში
ჩაღრმავებული არ არის, მეხუმრება, სასაცილო, თავშესაქცევ ამბებს მიყვება,
არც ღმერთს ზოგავს და არც კაცს, თავად დიდი მორწმუნე არ უნდა იყოს,
ღვთის რიდი არა აქვს და ზოგჯერ ისე აგდებულად ახსენებს უფალს, ისეთებს
გადაჰკრავს ხოლმე, უცებ თვითონვე შეეშინდება, ხომ არავინ გაიგონაო.
შენი დახატვა გაუჭირდა, აქ არ ხარ და ვერ გხედავს. არც სურათი დაგვრჩა
შენი, რომ იქიდან გადაგხატოს, მამამ და დედამ ასე მოიგონეს: რაკი ტყუპის
ცალები წყლის წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს და ერთიმეორისაგან
ჩაცმულობით ძლივს ვარჩევდით, ცოტნე დახატე თამარის მაგივრად, ოღონდ
გოგონას კაბა ჩააცვი და დაწნული დალალ-კავიც მიუმატეო. დედამ მოთქმა-
გოდებით შენი კაბა გამოიტანა, მაგრამ შენს მერე მე საკმაოდ გაზრდილი ვარ
59და ვერ ჩავეტიე. მახარებელი მაინც ჩემს სახეს ხატავს და როცა მოათავებს,
ბიჭური ტანსაცმლის მაგივრად გოგოს კაბას ჩააცმევს ნახატს. ეს, ცოტა არ
იყოს, ძნელი საქმეა, მაგრამ ქობალია ისეთი ოსტატია, შეუძლებელს შეძლებს;
მხოლოდ მე ვარ გასაჭირში, ჩემი სურათისთვის დგომა ძლივს მოვათავე და
ახლა შენს მაგივრადაც მე უნდა ვიდგე მახარებლის წინაშე გაუნძრევლად. მამა
ამასაც არ ჯერდება, მოპირდაპირე კედელზე იმის დახატვა უბრძანა, შენ რომ
ანგელოსებმა წაგიყვანეს.
ჩვენ სულ შენზე ვფიქრობთ; მაგრამ დაგღალე ამდენი ლაპარაკით. ჰო,
კინაღამ დამავიწყდა, მამა ბერად შედგომას აპირებს. შენს დავაჟკაცებას
დავუცდი, მერე ამ სოფელზე ხელს ავიღებ და რომელიმე მივარდნილ
მონასტერში დავეყუდები, სადაც ამ ქვეყნის ხმა არ მომწვდებაო. ეს
გადაწყვეტილება როცა გამანდო, სიტყვა ჩამომართვა, დედას არ გაუმხილოო.
მამამ ის არ იცის, რომ მონასტერში მე გავასწრებ და ამით მისი ბერად აღკვეცაც
დაჩქარდება.
ჩემი ეს გადაწყვეტილება შენ იცი მხოლოდ. ახლა შესაფერის დროსა და
შემთხვევას ვეძებ, რომ ჩემი აღთქმა შევასრულო, უფლის მოწოდებას მივყვე და
მამასაც ღვთის სამსახურისთვის გზა გავუხსნა.
თავის ბედსა და მომავალ ცხოვრებაზე ნაადრევად დაფიქრებული ცოტნე
განმარტოვდა და გულჩათხრობილი გახდა. ტოლებთან თამაშს აღარ
ეტანებოდა, მეტწილად მოძღვარ ივლიანესთან იჯდა, ისტორიასა და საღვთო
წერილს, ასტრონომიასა და მათემატიკას სწავლობდა.
მეცადინეობას
რომ
მორჩებოდა,
ბრმა
მამასთან
მირბოდა.
სიცოცხლემობეზრებულ შერგილს დაკარგული თვალის ჩინის მაგივრობას
პატარა ბატონიშვილი უწევდა. უსინათლოს ბაღსა და ვენახებში ცოტნე
დაატარებდა და სოფლის გზებზე მიუძღოდა.
ჯერ კიდევ ვაჟკაცი იყო შერგილი. ღონე ისევ ძველებურად მოსდევდა,
ხმლის ერთი მოქნევით უშობელს თავს აგდებინებდა და ცხენის ნალს
თითებით ღუნავდა. მაგრამ იმის შემდეგ, რაც მხედველობა დაკარგა,
ცხოვრების ხალისიც დაეკარგა და საკუთარ თავში ჩაიკეტა. სიკვდილის
მნატვრელი მთავარი იმ დღის მოლოდინითღა ცხოვრობდა, როცა
სულთამხდელი მოვიდოდა და თავის პატარა თამართან წაიყვანდა.
შერგილისათვის ეს სოფელი ბნელ, გაუთენებელ ღამედ იქცა, იმ ღამეში
უმწეოდ დაბორიალობდა და იმ იმედით დადიოდა, ეგებ სადმე რამეს
გადავაწყდე, შუბლი შევახეთქო ან უფსკრულში დავინთქაო.
ბრმის ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში ნათლის ერთადერთი სვეტი
ცოტნე იყო. იმისი არსებობაღა უბრუნებდა სულს და სიცოცხლის აზრს
იმაშიღა ხედავდა, მემკვიდრე ბატონიშვილის აღზრდაში ჩაექსოვა ის
დაუხარჯავი ძალ-ღონე, რომლის მოზღვავებასაც ძალიან ხშირად გრძნობდა
და რომელსაც უსინათლობამ ასე შემოუზღუდა ასპარეზი.
60დაბრმავებამდე ბავშვების მიმართ ცოტა მოუხეშავიც იყო შერგილი.
ერთთავად გარეთ, მეფის კარსა და ლაშქარში მყოფი მთავარი შინ რომ
მობრუნდებოდა, სამთავროს საქმეების გარიგებას უნდებოდა. ნადირობა და
ბურთაობა უყვარდა, ლხინსა და შექცევას ვერ თმობდა და შვილები მის
ყურადღებას დანატრულნი იზრდებოდნენ, დედისა და აღმზრდელების თუ
მასწავლებლების ზრუნვას მინდობილნი. შინ როცა იყო, გული უფრო
თამარისკენ მიუწევდა. პატარა გოგონა თილისმა იყო, ენაგაკრეფილი მამას
ფეხქვეშ ეგებოდა. როგორც მოცლილს დაიგულებდა, მუხლზე ახტებოდა,
ეფერებოდა და საყვარლად ეტიტინებოდა. ბუნებით პირქუში, ომებსა და
ლაშქრობაში, ცოტა არ იყოს, გაუხეშებული შერგილი პატარა თამარის
ალერსით დნებოდა, თავგზას კარგავდა და მოთვინიერებული ნადირივით
მისი ყველა სურვილის ამსრულებელი ხდებოდა.
ცოტნე ბიჭი იყო, უფრო მორიდებული. მას არც თამარივით გაუთავებელი
ტიტინი შეეძლო, არც სულში ჩაძრომა და ალერსით გაბრუება. ამიტომ
ქალიშვილის ალერსით გონდაკარგულ მამას ზოგჯერ შეუმჩნეველიც რჩებოდა
მემკვიდრე ბატონიშვილის სიახლოვე. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალიშვილი
დაეღუპა და თვალის ჩინიც დაკარგა, შერგილი ერთბაშად გამოიცვალა. ამ
ქვეყანაზე გულაყრილმა თავისი არსებობის ერთადერთ გამართლებად ცოტნეს
აღზრდა დასახა. თუ მანამდე ცოტნე მამისათვის გვარის გამგრძელებელი
მემკვიდრე იყო, რომლის წინაშეც თავს მოვალედ თვლიდა, რათა მისთვის
ძლიერი და მდიდარი სამთავრო დაეტოვებინა, ახლა, ქალიშვილის
სიკვდილის შემდეგ, სულ სხვა გახდა. გულმხეცი, ომსა და კვეთებაში სასტიკი
ვაჟკაცი ცოტნეს მიმართაც ისეთივე გულჩვილი და უღონო შეიქნა, როგორიც
თამარის მიმართ იყო. ამიერიდან ხეიბარი მთავარი მემკვიდრისათვის
სამამაცო ზნის ჩანერგვას, საგმირო საქმეებისათვის მის მომზადებას თავის
ერთადერთ მოწოდებად თვლიდა.
შერგილი თავს ადგა მემკვიდრეს ცურვასა და ხტომაში, ხმალსა და
შვილდოსნობაში, ცხენოსნობასა და ბურთაობაში წვრთნისას. თავად ვერ
ხედავდა, მაგრამ სმენით და გამოცდილი რაინდის გუმანით ხვდებოდა, სად
უჭირდათ შეგირდსა და მის ოსტატებს, ხმალსა და ბურთს ართმევდა და
ჰაერში მოხაზული დახვეწილი მოძრაობით უჩვენებდა, როგორ უნდა მოექნია
ცოტნეს ჩოგანი, ან როგორ უნდა აეცდინა მოპირდაპირის ხმალი. მგრძნობიარე
ბიჭუნა ხედავდა, რომ სიცოცხლემოძულებული მამა მის წვრთნაში ივიწყებდა
საკუთარ უბედურებას, ერთობოდა და ხალისდებოდა. ამიტომ ბატონიშვილი
თვითონ ეძალებოდა, თვითონ იწვევდა უსინათლობით დასჯილ მამას გულის
გადასაყოლებელ წვრთნასა და ვარჯიშში.
საერთოდ სიტყვაძვირი მთავარი ბოლო დროს ცოტნესთან ენამჭევრი
ხდებოდა. როგორც კი სადმე ერთად ჩამოსხდებოდნენ და შეისვენებდნენ,
საკუთარი თვალით ნახულსა და თავგადანახადს გატაცებით უამბობდა.
საამბობელი კი ბევრი ჰქონდა ოდიშის მთავარს: საბერძნეთში შეჭრისა და
ტრაპიზონის აღების, რომგურისა და ყაზვინის, არდაველისა და ხლათის
61ომების უბრალო თვითმხილველი კი არ იყო შერგილ დადიანი, ამ
მნიშვნელოვან ომებში ისიც ღონივრად იქნევდა ხმალს და გამარჯვებით
უკანშემოქცეული დიდი თამარის მადლობასა და ჯილდოს არაერთხელ
გაუმხნევებია ტახტისა და სამშობლოს შემდგომი ერთგული სამსახურისათვის.
_ თავრეჟის გამარჯვების შემდეგ მიანისაკენ წავედით, _ ჰყვებოდა
შერგილი, _ მიანა მცირე ქალაქია. იგი ვერც ზღუდის სიმაგრით შეედრება
თავრეჟს, ვერც მოსახლეობის სიმრავლით. მიანას მელიქს ქართველების
გამკლავება არც უფიქრია, თავრეჟელთა მსგავსად, მანაც მშვიდობა და ხარკის
გაღება ითხოვა. ჩვენ თანხმობა შევუთვალეთ და მელიქი თავისი ფეხით
გვეახლა. მელიქი ახალგაზრდა იყო, თვალტანადი და ტკბილად მოუბარი.
დიდძალი ქონება, ოქრო და თვალ-მარგალიტი მოიღო, ნადიმი გაგვიმართა და
ჩვენთან ერთად მოილხინა. ეტყობოდა, ბუნებით მხდალი იყო. ჩვენ სარდლებს
შორის, შუაში იჯდა. ყოველი ჩვენგანის წამოდგომაზე, ან ხელის აწევაზე
კრთებოდა, დამფრთხალი შემოგვყურებდა და წყალობის მთხოვნელი
თვალით შემოგვციცინებდა. ქვეგამხედვარობა მაშინვე შევატყვე, ჩვენს იარაღს
აკვირდებოდა, საუბარში იმისთანა დროს ისეთ რამეს იკითხავდა, კაცი
ადვილად ეჭვს ვერ აიღებდა: შორს ვაპირებდით თუ არა ლაშქრობის
გაგრძელებას, რამდენი ცხენი გვყავდა, ან რამდენი ურემი მოგვსდევდა, ვითომ
სხვათა შორის იკითხა, იმ საბაბით, საგზალი უნდა გაგიმზადოთ და ვარაუდი
უნდა მქონდესო.
მელიქის კითხვები არ მომეწონა და ჩემი ეჭვი მაშინვე ქართულად გავანდე
მხარგრძელს. რაც მაგან ჩვენგან გაიგოს, ისპაჰანს დაიკვეხოსო, მომიგო
ზაქარიამ და ჩვენი ლაშქრისა და ურმის რიცხვი ერთი ორად გაუზვიადა.
ესოდენი თავგამოდება მეორე დღეს სინანულად დაურჩა ჭაბუკ მელიქს. იმდენ
საგზალს პატარა ქალაქი სად გაგვიმზადებდა! რაც ჰქონდათ, იმას დავჯერდით
და წასვლის თადარიგს შევუდექით, ქალაქის მცველად მცირე რაზმი უნდა
დაგვეტოვებინა. მხარგრძელმა რაზმი გამოჰყო და მეთაურობა მე დამაკისრა.
რა დასამალია და, მეწყინა. წინ დიდი ბრძოლებით და ფათერაკებით სავსე
ლაშქრობა მოგველოდა. ბევრი უცხო სანახავი უნდა გვენახა და რა გასაკვირია,
გული მეც ლაშქართან ერთად მიმიწევდა. ლაშქრად სარდლობის
დაუმორჩილებლობა ან უკმაყოფილებისა და წყენის გამოხატვა აზრად
არასოდეს მომსვლია, მაგრამ იმ წუთს თურმე სახე შემეცვალა. მხარგრძელმა,
ალბათ, გუნების გაფუჭება შემატყო, მეორე დღეს განთიადზე მიხმო და
ღიმილით მითხრა:
_ გატყობ, მიანაში ქალაქის მცველად დარჩენას ჩვენთან ერთად ლაშქრობის
გაგრძელება გირჩევნია. როცა სხვები ცხარე ბრძოლაში ცდიან მკლავსა და
ღონეს, შენისთანა ჭაბუკისათვის მყუდრო ქალაქის მწყემსად დარჩენა
გულდასაწყვეტი იქნება. მიანის მელიქის გულწრფელობაში რომ ეჭვი შეიტანე,
მცველად შენი დატოვება იმან მაფიქრებინა. მაგრამ შენისთანა ვაჟკაცების
უსაქმოდ მოცდენა ცოდოა მაშინ, როცა წინ ძნელი ბრძოლები გველოდება და
ყოველი გამოცდილი მეომრის გვერდით ყოლა სანატრელი გვექნება. ამიტომ
62ჩემს განკარგულებას ვცვლი: შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ, ხოლო აქ, ქალაქის
მცველად შენი ნათესავი გიორგი სვანთა ერისთავი დარჩება.
მე ისევ უსიტყვოდ დავემორჩილე. გიორგი ჩემი ბიძა იყო, სანახევროდ მის
სახელსა და მამულში ვიყავი გაზრდილი. უკვე ხანში შესულ ერისთავს ჯანი
ძველებურად აღარ მოსდევდა და გრძელი გზით დაღლილს ქალაქის მცველად
დატოვება სასიამოვნოდაც ეჩვენა.
_ შენ იქ გირჩევნია, შერგილ, და მე _ აქ. შენი ხნის ვაჟკაცს ძნელი გზა და
ფათერაკი იტაცებს. ჩემს ასაკში ქალაქში განსვენება და მელიქთან პურობა
უფრო მიმზიდველია. მშვიდობითა და გამარჯვებით იარე, ოღონდ, თავს
გაუფრთხილდი, მთავარო, ხიფათს არაფერს გადაეყარო, თორემ შენთვის
ადგილის გაცვლა მთელ სიცოცხლეში სანანურად მექნება, _ მითხრა გიორგიმ,
გადამეხვია და გამომემშვიდობა.
რას ვიფიქრებდი, თუ ბიძასთან ადგილების გაცვლა მე გამიხდებოდა
სანანებლად. ვინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ცხარე ბრძოლებიდან მე
უვნებელი დავბრუნდებოდი, ხოლო მშვიდობიან ქალაქში დარჩენილი გიორგი
მტრის ხელით დაიღუპებოდა.
ცხენს მოვახტი და წამით თვალი მოვავლე ქალაქს. ამომავალი მზის სხივები
ფერად-ფერად
მინარეთებზე
თამაშობდა
და
თვალისმომჭრელად
ირეკლებოდა.
მომეწონა მიანა: ამდენი მინარეთი ბევრ დიდ ქალაქშიაც არ იქნებოდა.
_ კარგ ქალაქში მტოვებ, არა?! _ შემომღიმა ერისთავმა.
_ მშვიდობით იყავი... ღმერთმა მოგახმაროს! _ გადმოვძახე და ცხენი წინ
დაძრული ლაშქრისაკენ გავაქანე.
გზა სამხრეთით განვაგრძეთ და ქალაქ ზანგანს მივუახლოვდით. ქალაქი
პატარა იყო, მაგრამ ომი დიდი გადაგვხდა.
ირანის სიღრმეში წინააღმდეგობა თანდათან მატულობდა. ის, რაც მანამდე
გამოვიარეთ, ყაზვინისა და გურგანის ბრძოლებთან შედარებით, თავშესაქცევ
გასეირნებად გვეჩვენებოდა. კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირას მდებარე
ქალაქი გურგანი იერიშით ავიღეთ და დავლეწეთ.
იმ სიშორეზე, ხორასნის გულში, არათუ ქართველთა ლაშქარს, ჩვენს
ნათესავსაც იშვიათად დაუდგამს ფეხი. ნადავლი უანგარიშო იყო. ალაფი
დაგვიმძიმდა და გზის გაგრძელება შეუძლებლად გვეჩვენა. გამარჯვებულნი
და ძლევამოსილნი უკან შემოვიქეცით. ჩვენ თვითონ გვიკვირდა, რომ ამოდენა
ქვეყანა დავლაშქრეთ, ბევრი აუღებელი ქალაქი ავიღეთ და ვერსად გადამწყვეტ
წინააღმდეგობას ვერ შევხვდით. ირანელებს ჯარიც ბევრი ჰყავდათ, ქალაქებიც
მაგარი ზღუდეებით ჰქონდათ გამაგრებული, მაგრამ ჩვენს წინსვლას ვერაფერი
აჩერებდა, ციხეები ეცემოდნენ, სულთნები და მელიქები თავს გვიხრიდნენ და
ქონებას არ იშურებდნენ, ოღონდ მშვიდობით გავცლოდით.
გურგანი მიანიდან ძალიან შორს არის და ვიდრე ჩვენ მოვბრუნდებოდით,
ხმა დარხეულა, ქართველთა ლაშქარი იძლია და ერთიანად გაჟლიტესო.
63რაკი ჩვენი ლაშქრის ამბავი არ იცოდნენ, მიანელებს ჭორი ადვილად
ურწმუნებიათ. მიანის მელიქი ქალაქის მცველად დატოვებულ ქართველებს
ღამით თავს დასხმია და გაუჟლეტია. სიკვდილს ერთადერთი ქართველი
გადარჩენია. დევნილს დამალვა მოუსწრია და საკუთარი თვალით უნახავს,
როგორ ხდიდნენ ტყავს შეპყრობილ ქართველებს, როგორ კიდებდნენ
ძელებზე. რაზმის უფროსად დარჩენილი სვანთა ერისთავი იმ მინარეთზე
ჩამოეკიდათ, რომლის სილამაზის ცქერითაც ერთად ვტკბებოდით
გამომშვიდობებისას.
მელიქი ლხინსა და განცხრომაში იყო თურმე, მაცნემ რომ ჩვენი ლაშქრის
მიახლოება შეატყობინა. რა გუნებაზე დადგებოდა ვერაგი და მუხანათი
მელიქი, ჩვენი ლაშქრის დაბრუნებას რომ გაიგებდა! გაქცევა იმას აღარ შეეძლო
და დამალვა. ერისთავი მაშინვე მინარეთიდან ჩამოუხსნია, დახოცილები
დაუმარხავს და ჩვენს შესახვედრად მომზადებულა.
ქალაქის გარეთ გამოგვეგება ძღვენითა და საჩუქრებით ორპირი მელიქი.
სანატრელი სტუმრებივით მოგვიკითხა, გამარჯვებით დაბრუნება მოგვილოცა,
მოგვასვენა და სუფრები გრძლად გააშლევინა. ქართველ მცველთაგან რომ
არავინ შეგვხვდა, ავად გვენიშნა, მთავარსარდალმა მელიქს ქალაქის მცველები
მოჰკითხა.
_ თავრეჟს წავიდნენ იქ დატოვებულ ქართველთა წვევითო, _ მიუგო
მელიქმა, და, ის იყო, ნათქვამი უნდა გვერწმუნებინა, რომ ცოცხლად
გადარჩენილი ის ერთადერთი ქართველი გამოჩნდა. პირში წაუდგა მიანის
მელიქს, ქართველთა ამოწყვეტასა და ძელებზე დაკიდებაში ამხილა.
თავზარდაცემული მელიქი ენაჩავარდნილი იდგა, ცახცახით ელოდა
შურისმგებელთა რისხვას.
გაცოფებულმა მხარგრძელმა დამნაშავეთა სასტიკი დასჯა და მელიქის
მინარეთზე დაკიდება ბრძანა. ბრაზითა და შურისძიების წყურვილით
ანთებულებმა ქართველთა გამჟლეტები მოვრეკეთ, ამოვწყვიტეთ და მთავარი
დამნაშავეები მინარეთებზე დავკიდეთ.
მერე ქალაქი დავანგრიეთ და საქართველოს გზას დავადექით.
_ ახი ყოფილა იმ ვერაგებზე! _ ნიშნის მოგებით თქვა ცოტნემ.
_ ახი იყო! ვერაგი და პირისგამტეხი შებრალების ღირსი არ არის. მათი
ჯავრი კი ვიყარეთ, მაგრამ მას შემდეგ სულ ეს მაქვს სანანურად, რატომ მე არ
დავრჩი მიანაში მცველი რაზმის უფროსად. მელიქის ცბიერებაში
დაეჭვებული, ბიძაჩემზე ფრთხილად ვიქნებოდი და ეგებ ასე ადვილად არ
ამოვეხოცეთ. თუმცა, ალბათ, ის აჯობებდა, რომ ამოვეხოცეთ. მე სამშობლოში
ვეღარ დავბრუნდებოდი და იმ წყეულ სენს შინ არ მოვიტანდი.
სასახლეში ყველა ატყობდა, ნაადრევად, ასაკისათვის შეუფერებლად
დადინჯებულ ცოტნეს რაღაც დარდი რომ აწუხებდა. ყმაწვილი ერთთავად
64მოწყენილი იყო, დაუსრულებლად რაღაცას ფიქრობდა და სულ განმარტოებას
ესწრაფოდა.
დედის დაკვირვებულ თვალსაც არ გამოპარვია შვილის დაღონება და
გაუთავებელ საგონებელში ჩავარდნა. ცოტნეს გასართობად ახლო მცხოვრებ
ერთგულ აზნაურთა შვილები მოიხმო, ტოლები დაარიგა და მემკვიდრე
მათთან ერთად სათევზაოდ და საბურთაოდ გაუშვა.
ბატონიშვილი ტოლებთან თავშექცევის შემდეგ კარგ გუნებაზე
ბრუნდებოდა, მაგრამ ნათელას შვილის ბედზე ღელვა დღითი დღე ემატებოდა
და შიში უორკეცდებოდა.
ერთხელ ფეხშიშველა დაბრუნდა ტოლებთან წასული ცოტნე, ვიდრე დედა
ჰკითხავდა, შვილმა დაასწრო:
_ გზაზე მათხოვარი შემომეყარა. ჩემს ტოლ ბიჭს წანწალისაგან შიშველი
ფეხები დახეთქილი ჰქონდა, შემებრალა და ჩემი მაშიები მივეცი.
ნათელამ წარბი შეიკრა, მაგრამ იმ ერთხელ წაუყრუა შვილს და აუგი არ
აკადრა.
მეორედ ცოტნე შარვლისა და პერანგისამარა გამოეცხადა:
_ მდინარეზე ვთევზაობდით. გლეხის ბიჭს წყალმა კაბა წაართვა, უბედურს
მეტი ტანსაცმელი არ ჰქონია, დაჯდა და ცხარე ცრემლით იტირა, შინ ვეღარ
მივალ, დედა ცემით მომკლავსო. შემეცოდა, ჩემი კაბა გავიძრე და ჩავაცვი. მე
სხვაც ბევრი მაქვს და ვიცი, დედა არ გამიჯავრდება, _ ცოტნე მოეხვია და თავი
დედის მკერდში ჩარგო.
ნათელამ კინაღამ იფეთქა, მაგრამ ბრაზი დაიოკა. შვილს თავზე ხელი კი
გადაუსვა, მაგრამ საყვედურიც არ დააკლო:
_ შენ მალე ერთადერთ პერანგსაც გაიხდი და ტიტველი ივლი, კაცმა რომ
მიგიშვას! ყველა ღარიბს რომ შენ ჩააცვა და აჭამო, მამაშენის სამთავრო კი არა,
თამარ მეფის საჭურჭლე ვერ აუვა, შვილო. დაეხსენი მაგ ბიჭებთან სოფელ-
სოფელ სირბილს, წიგნს ჩაუჯექი და ბრმა მამას მიხედე.
_ ჩემი ბრალი არ არის, დედა, შენ თვითონ მითხარი, ტოლებს აჰყევი და
გაერთეო.
_ ეგ კი გითხარი, მაგრამ ის როდი მითქვამს, ტან-ფეხი გაიხადე და შენ
ტიტველი იარე-თქო.
_ განა შენცა და ივლიანე მოძღვარიც სულ იმას არ მიქადაგებთ,
ქრისტესავით კეთილი და გულმოწყალე უნდა იყოო, ღარიბ-ღატაკს უნდა
შეეწიო და ერთი ლუკმაც რომ გქონდეს, ისიც მშივრებს უნდა გაუნაწილოო!
ნათელა დაიბნა. ცოტნე სიმართლეს ეუბნებოდა. მოცალეობის ჟამს შვილს
რომ სახარებას უკითხავდა ხოლმე, სულ იმას ჩააგონებდა, ქრისტესათვის
მიებაძა, მასავით ღარიბთა და ქვრივ-ობოლთა შემწე და გამკითხველი
ყოფილიყო.
_ ჯერ შენ ყრმა ხარ და შეუგნებელი, _ უკვე დაყვავებით დაუწყო ნათელამ,
_ გაცემა მაშინ გმართებს, როცა მშოვნელი იქნები. მამაშენის მონაგარის
განიავება კი მემკვიდრე ბატონიშვილს არ გეკადრება. ჯერ იმას უნდა
65ფიქრობდე, რა შესძინო შენს სახლსა და სამკვიდროს. მამის ქონება კი არ უნდა
გაფლანგო და დაამცრო, ახალი მამულები და ყმები უნდა შემატო, მამა-პაპის
დანატოვარი შენი გარჯითა და ზრუნვით უნდა ამრავლო და, როცა საჭურჭლე
სავსე გექნება, მაშინ წყალობაც უხვად უნდა გასცე, ღარიბებსა და ქვრივ-
ობლებს უნდა დაეხმარო, გაჭირვებულებს ხელი უნდა გაუმართო.
ცოტნეს გული ატკინა დედის გაწყრომამ და შეგონებამ. თავის
სამართლებლად საღვთო წიგნებიდან მაგალითების მოშველიება უნდოდა,
მაგრამ დედა ისე გაბრაზებული ჩანდა, სულ ერთი იყო, მის ნათქვამს არ
შეიწყნარებდა და შვილის ქველმოქმედებას არ მოიწონებდა.
ცრემლმომდგარი ცოტნე უსიტყვოდ გაშორდა დედას. თავის ოთახში ხატის
წინ დაიჩოქა და უფალს შეევედრა, გაბრაზების წამს დედის ბაგეთაგან
დაუფიქრებლად დაცდენილი სიტყვისათვის ყური არ მიეპყრო, ბედისაგან
დაჩაგრული ნათელასთვის შეენდო და მიეტევებინა.
_ ნამდვილად გვეღუპება შვილი, შერგილ ბატონო. _ გაანდო თავისი
შეშფოთება ნათელამ მეუღლეს, _ ივლიანე მოძღვარი გლახაკად გახდომასა და
გამათხოვრებას უქადაგებს, ბატონიშვილი ტან-ფეხს იხდის და ღარიბ-ღატაკთ
ურიგებს. ასე თუ განაგრძო, მალე მთელ შენს ქონებას გასცემს და სარჩო-
საბადებელს აღარ დაიტოვებს.
_ ვითომ ივლიანეს ჩაგონებით სჩადის? _ იკითხა საგონებელში
ჩავარდნილმა შერგილმა.
_ აბა, სხვა ვინ ჰყავს ჩამგონებელი და მასწავლებელი?!
_ თუ ეგრეა, მოძღვარს მე მოველაპარაკები. შენ ნურაფერს ეტყვი, ნურც
ოსტატსა და ნურც შეგირდს. გულკეთილობა თავისთავად ღვთის სათნო საქმეა
და ამის გამო რომ მემკვიდრე ბატონიშვილს გავუჯავრდეთ, არც ღმერთი
მოგვიწონებს და არც კაცი.
ნათელამ ქმრისთვის ენის შებრუნება ვერ გაბედა. შერგილსაც და უფალსაც
ცალ-ცალკე სთხოვა პატიება თავისი უმეცრებისათვის, წყენა გულში ჩაიკლა
და შვილის ბედზე ზრუნვა მამას დაუთმო.
ივლიანე მოძღვარი ერთი იმ ღვთის მსახურთაგანი იყო, რომელთაც სულის
ცხონების აუცილებელ პირობად სრულებითაც არ მიაჩნიათ ცხოვრების ყველა
სიამეზე ხელის აღება. ამქვეყნიურ სიტკბოთაგან ივლიანემ ბევრი რამ მოიკლო,
მაგრამ პირის გემოზე უარი ვერ თქვა, სმა-ჭამას ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს
სიკეთედ თვლიდა და ამ აზრის გასამართლებლად ფსალმუნის მოშველიება
უყვარდა: «ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო».
თავის დროზე, ახალგაზრდობაში, ივლიანე თურმე პირველი მობურთალი
და მონადირეც ყოფილა და ახლაც ხატის წინ სასოებით მლოცველს რომ
მონადირეთა ბუკის ხმა და ნადირის კვალზე დამდგარი მეძებრების წკავწკავი
66მისწვდებოდა, პირჯვრის წერასა და უფლისადმი ღაღადს შეწყვეტდა და
გარეთ გამოვარდებოდა, რომ შორიდან მაინც იმ ხმებითა და თავისი
დავიწყებული სიჭაბუკის გახსენებით დამტკბარიყო.
განათლებული მოძღვარი ომსა და კაცის კვლასაც ფილოსოფიურად
ამართლებდა. შორ გზაზე მიმავალი კაბის ქვეშ ერისაგანივით ჯაჭვის პერანგს
იცვამდა და ფარულად მახვილს ატარებდა.
ოდიშის მთავარს შავი ზღვის პირას თურქთა და ბერძენთა წინააღმდეგ
გამართულ ომებში არაერთხელ ხლებია და თუმცა ეკლესიის მსახურს
მხოლოდ ის ევალებოდა _ უფალს ოდიშის პატრონისათვის ძლევის მოცემას
შევედრებოდა, მოახლოებული, შენივთებული ბრძოლის დროს თავი ვეღარ
შეუკავებია, დამალული მახვილი ქვეყნის დასანახად უხდია და მოძალებულ
მტერს ისიც სხვებთან ერთად კვეთებია.
მსგავსი შემთხვევა არც ისე ხშირი იყო, მაგრამ შერგილი კვირაში ერთხელ
მაინც მიდიოდა სანადიროდ და თან ზოგჯერ ივლიანეც მიჰყავდა.
მას შემდეგ, რაც მთავარმა თვალის ჩინი დაჰკარგა, ივლიანე მოძღვრის
ცხოვრებაც მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა. წირვა-ლოცვას და
ბატონიშვილის წვრთნას მორჩენილი მოძღვარი ერთთავად წიგნს ჩაჰყურებდა,
ან საყდრის ჩრდილში გრძელ სკამზე იჯდა და კრიალოსანს მარცვლავდა.
საღამოს
ჩამავალი
მზისკენ
სახემიპყრობილ
ივლიანეს
თვალი
მთვლემარესავით მიჰხუჭვოდა. მკერდზე დაფენილი გათეთრებული წვერი და
ოდნავ გაპობილი ბაგეები მზის შუქითა თუ ღიმილით გაბრწყინებოდა. კარგა
ხნის გალეულ ქარვას მარცვლავდა. კრიალოსნის მარცვლას შეჩვეული თითები
თავისთავად მოძრაობდნენ, ფიქრში წასული თუ მთვლემარე ივლიანეს
გონების ჩაურევლად, ქარვები ერთმანეთს გამოზომილად მისდევდნენ და
წყლის წვეთებივით მიყოლებით ეცემოდნენ ერთმანეთს.
ჯოხის კაკუნი ჩაესმა. თვალი გაახილა და მიაყურადა. ჯოხის ხმაზე იცნო,
უსინათლო მთავარი მოიკვლევდა გზას. სახე მისკენ იბრუნა და შესახვედრად
მოემზადა. ბრმამ გუმანით იგრძნო კაცის სიახლოვე. ჯოხი შეაჩერა და თავაღე-
ბულმა ჰკითხა:
_ მანდ რომელი ხარ?
_ მე გახლავარ, მთავარო, მონა ღვთისა ივლიანე, _ მიუგო მოძღვარმა, ფეხზე
წამოდგა, შერგილს მიეახლა, მკლავში ხელი მოჰკიდა და წინ გაძღოლა
დააპირა.
_ მგონი აქ იჯექი და ისვენებდი, მოძღვარო?
_ დიახ, აქ ვიჯექი, ლოცვასა და კითხვას მოვრჩი და აგერ გრძელ სკამზე
ვისვენებდი.
_ ჩამოვჯდეთ, მეც შევისვენებ, _ თქვა მთავარმა და ჯოხით სკამის ძებნა
დაიწყო.
_ აგერ, აქეთ მობრძანდით, მთავარო, _ მარცხნივ მისწია ივლიანემ.
67შერგილი გრძელ სკამს წაადგა, მუხლებით შეეხო.
_ დაბრძანდით, ბატონო! _ კრძალვით უთხრა მოძღვარმა, თვითონაც
დაიხარა და მთავარს დაჯდომაში შეეშველა.
_ აქ ხშირად ზიხარ, მოძღვარო?
_ ვზივარ და ვუცდი, მთავარო.
_ რასა, რას უცდი?
_ სიკვდილს ვუცდი...
შერგილს შეაჟრჟოლა.
_ რას ამბობ, მოძღვარო, სასიკვდილო რა გჭირს?
_ დაბადების დღიდან, ქვეყნად მოსვლისა და გაჩენის დღიდან, სიკვდილი
ყველა სულდგმულს სჭირს, მთავარო, ზოგი თვითონ მიექანება იმ
სიკვდილისაკენ, ისე რომ, არც იცის, ზოგი კი ჩემსავით ზის და ელოდება მის
მოსვლას.
_ ჰოო, ეს მართალია, მოძღვარო! ყველანი სიკვდილის შვილები ვართ,
მაგრამ მაგაზე ფიქრით დარჩენილი ორი დღის წუთისოფელი არ უნდა
გაიმწარო.
_ არც ვიმწარებ, მთავარო. ვზივარ და ვუცდი, კრიალოსანს ვმარცვლავ და
იმაზე სულაც არ ვფიქრობ, რომ ყოველი ქარვის გადამარცვლაზე, სიცოცხლის
რაღაც ნაწილი მაკლდება. ვზივარ და ველოდები ჩუმად და უდრტვინველად
და ამ მუდმივი მოლოდინით რაღაც თავისებურ სიამეს განვიცდი. ადამიანი
სხვადასხვა ვარსკვლავზე იბადება, ზოგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ელის
ბედს, ზოგი თვითონ მიისწრაფვის მისკენ, მე იმ თაბუნიდანა ვარ, რომელიც
მშვიდადა ზის და ელის.
_ ეგეც მართალი უნდა იყოს, ეტყობა, ადამიანები სხვადასხვა ვარსკვლავზე
ჩნდებიან, ზოგჯერ ისინი ერთადაც იბადებიან, ერთმანეთსაც გასაოცრად
ჰგვანან, ერთნაირ პირობებშიც იზრდებიან და მაინც სხვადასხვა ბედისა არიან.
ჩემი შვილების მაგალითზე უკეთესი რა გინდა! ტყუპად დაიბადნენ, ერთად
იზრდებოდნენ, ზრუნვა და მოვლაც ერთნაირი ჰქონდათ. გოგო თავიდანვე
ჯანმრთელი იყო და ხალისიანი, ვერცხლის წყალივით მოძრავი და
უდარდელი. ბიჭი იმთავითვე სუსტი და ავადმყოფობისკენ მიდრეკილი
დაიბადა. სადაც ჩამომრევი სენი ან ბატონები გაჩნდებოდა, პირველი იმას
დაეტაკებოდა; იქნებ ამიტომაც, ზედმეტად მგრძნობიარე და ნაზი გახდა,
დაფიქრება ნაადრევად დასჩემდა და ცხოვრების ხალისიც ნაკლები დაჰყვა.
_ ბატონიშვილი გონიერია და ღრმად განმცდელი. ეგ ზედმეტი
გრძნობიერებაც შორს წვდომასა და გაგებაში ეხმარება. სწავლაში ბეჯითია და
ნიჭიერი. თუ ასე განაგრძო, სწავლულობით ზეაღმატებული იქნება და
მეცნიერებით ქვეყანას გააკვირვებს.
_ ეგ კარგია, მამაო, მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეს, ცოტნე სამთავროს
ერთადერთი მემკვიდრეა და მარტო მე კი არა, მთელი ოდიში მისი შემყურე და
მოიმედეა.
68_ ვიცი, მთავარო, და მეც სწორედ ეგ მახარებს, რომ ღირსეული მემკვიდრე
გეზრდებათ.
_ საღვთო სჯულისა და სხვა მეცნიერებათა სწავლა ფრიად სასარგებლოა
ბატონიშვილისათვის, მაგრამ თუ მომავალ მთავარს სამამაცო ზნე და ნიჭიც არ
ექნება, ომისა და ნადირობის წესი, მობურთალობა და ცხენოსნობა არ
ეცოდინება, სამთავროს პატრონად და მეფის კარის დიდებულად ვერ
გამოდგება.
_ ჭეშმარიტებას ბრძანებ, მთავარო, _ დაუმოწმა ივლიანემ.
_ ჰოდა, ეს რომ ასეა, ზოგჯერ იმას ვფიქრობ, მეტისმეტი ხომ არ მოსდის-
მეთქი ბატონიშვილს. ცალ მხარეს ხომ არ მივმართეთ მისი ნიჭი და ღონე.
_ ეგ როგორ, მთავარო?
_ როგორ და, სულისათვის ნაადრევი ზედმეტი ზრუნვით, იმქვეყნიურზე
მუდმივი ფიქრით, ამქვეყნიური ვალდებულების შეგნება ხომ არ
დავუჩლუნგეთ ბატონიშვილს?
_ რა ბრძანებაა, მთავარო! მე უზომო ყველაფერი მძულს და ბატონიშვილის
წვრთნისას ზომიერებას არ ვღალატობ.
_ ეგ, ალბათ, ეგრეა, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი ზრუნვა გვმართებს იმისათვის,
რათა ცოტნემ სამამაცო ზნე უკეთ შეითვისოს. ბატონიშვილი სიჭაბუკეში
იწყებს შესვლას. ახლა უნდა თავს დგომა და წვრთნა, სანადიროდ წაყვანა,
ისრის ტყორცნასა და ცხენოსნობაში გაწაფვა. რაც ეს ღვთის რისხვა დამატყდა
თავს, მე სამაგისოდ აღარ ვვარგივარ, მაგრამ ისეთი ახლობელიც არავინ მყავს,
მემკვიდრე ვანდო და ჩავაბარო. ამიტომ მაქვს სათხოვარი შენთან: რაკი მე
თვითონ აღარ შემიძლია, ამაშიც შენ უწინამძღვრე ბატონიშვილს, ვიცი,
სამამაცო ზნეთა მეცნიერიც ხარ და თუ დაგჭირდა, ვაჟკაცობაშიც ტოლს არავის
დაუდებ. ცურვა და ნაოსნობა ასწავლე, სანადიროდ წაუძეხი, კვირაში ერთხელ
მაინც, ქვეყანა აჩვენე და გააცანი. ისრის ტყორცნასა და ბადის სროლასაც
შეაჩვიე და თან საღმრთო და საერო წიგნთაგან თხრობაც არ მოაკლო,
გარემოების შესაფერისად. ვფიქრობ, ჩემგან ეს დიდი ნდობაა, მოძღვარო, და
იმედი მაქვს დამიფასებ და გამიმართლებ.
_ ვეცდები, მთავარო... ვეცდები, ერთგული სამსახურით გავამართლო შენი
ესოდენ ნდობა. მადლობელი ვარ ამ დიდი და სათნო დავალებისათვის.
ივლიანემ ანაკლიას წაიყვანა ბატონიშვილი. თან რამდენიმე მენავე და
ცურვით განთქმული ვაჟკაცებიც გაიყოლა.
წყლის ხამი ეგონა ბატონიშვილი და მუხლამდე რომ შევიდა, მხლებლებს
ანიშნა, ხელი მოჰკიდეთო. ცოტნემ იუკადრისა, გაქანდა და, წყალი რომ წელს
ზევით მისწვდა, ისარივით წავიდა, დაჰყვინთა და გაუჩინარდა.
სახტად დარჩენილი ივლიანე დაიბნა.
_ უშველეთ, მანდ რას უდგახართ! _ შეუძახა მოცურავეებს.
ბიჭები არხეინად იდგნენ და იცინოდნენ.
69_ ჩვენი შველა არ უნდა ბატონიშვილს, ჩვენზე ნაკლებად როდი ცურავს, _
დაამშვიდა ერთმა.
_ შენს უჩუმრად რამდენჯერ გამოპარულა ჩვენთან საცურაოდ, მოძღვარო.
არ უთქვამს, განა?
სადღაც შორს ცოტნემ წყლიდან ამოყო თავი, ჰაერში თევზივით შეხტა,
მხარული მოუსვა და აღმზრდელს გამოსძახა:
_ წყალში შემოდი, ოსტატო, გამეჯიბრე!
_ არ უთქვამს, აბა! _ თავი გადააქნია იმ ბიჭების დაგვიანებულ პასუხად
ივლიანემ და თვალი აღტაცებით გაადევნა შორს გასულ ბატონიშვილს.
ზღვაში ნებაზე მიშვებული ცოტნე იხვივით ლაღობდა და წყლიდან
ამოსვლა ავიწყდებოდა. ათასგვარ ოინს იგონებდა, რომ თვალსაწიერიდან
გამქრალიყო და ნაპირას დარჩენილი მოძღვარი წყალში შეეტყუებინა.
ივლიანე წყალს ერიდებოდა.
რაღა დროს ჩემისთანა დროული კაცის ცურვააო, ხელჩაქნეული იტყოდა და
ნაპირიდან ცქერასა და ღელვას ჯერდებოდა.
ზოგჯერ ნავზე დასაჯდომად აიტყუებდა ცოტნე, მაგრამ ვაი, იმ დაჯდომას!
ნიჩბის ღონივრად მოსმით ნავს შუა ზღვაში შეაგდებდა ბატონიშვილი, მერე
ისკუპებდა და წყალში გადამხტარი თვალთაგან ქრებოდა ყვინთვით. დიდხანს
რომ აღარ გამოჩნდებოდა, ოსტატი შეფიქრიანებული აწრიალდებოდა, ფეხზე
წამოდგებოდა, წყალში გაუჩინარებულს უხმობდა და თან ნაპირისკენ
იხედებოდა, ეგებ მშველელი ვინმე დავინახოო.
ამ ყოფაში ჩავარდნილს, უცებ ნავის შეტორტმანება შეუქანებდა გულს და
ფერდაკარგული ჩაიკეცებოდა.
წყლიდან თავამოყოფილი ცოტნე ნავს მუშტს ურტყამდა და ანჯღრევდა.
_ ნელა, შე ყაჩაღო, ნავს დაეხსენ, მეკობრევ, არ გადამიბრუნო. _ თან
უწყრებოდა და თან ეხვეწებოდა ივლიანე, მაგრამ სანამ თავად არ
მოწყინდებოდა ანცობა ცოტნეს, მოძღვარს საშველს არ მისცემდა. მერე
თავადაც ნავში ჩახტებოდა, ნიჩაბს მოუსვამდა და... ზღვაზე საამო სიმღერა
დაირხეოდა: მოძღვარი და შეგირდი ხმაშეწყობილი გალობით შორს, უკან
იტოვებდნენ ხმელეთს და მთელი არსებით ეძლეოდნენ ზღვის უნაპირობის
საამო განცდას.
მოშივებულები თავიანთივე ნანადირევით ნაყრდებოდნენ: თევზი ბლომად
ჰქონდათ, ნაპირზე დანთებულ ცეცხლზე ხარშავდნენ და მადიანად
შეექცეოდნენ.
ხანი გამოხდა. ივლიანე მოძღვარს ზღვა მოსწყინდა და ტყე-ტყე და მთა-მთა
ხეტიალი მოუნდა.
კარის ეკლესიიდან მწევარ-მეძებრებთან და ქორ-მიმინოებთან გადაბარგდა
და სულის სასარგებლო მოღვაწეობა თითქმის დაივიწყა. ოდიშის საუკეთესო
მონადირეებს ყოველდღე თავს უყრიდა და დილიდან საღამომდის იმის
რჩევასა და ბჭობაში იყო, თუ სად, რომელ ნადირზე და ფრინველზე ენადირათ,
რა გზით, როდის წასულიყვნენ, საგზლად რა წაეღოთ და ღამე სად ეთიათ.
70ყველა სამზადისსა და თადარიგს რომ მორჩა, ეს ანაფორიანი დევკაცი
ცხენზე შეჯდა, გვერდით თეთრონზე ამხედრებული ბატონიშვილი ამოიყენა
და მონადირეთა მთელ გუნდს ომახიანი ძახილითა და პირჯვრის წერით
წაუძღვა. რაკი ერთხელ გაგარეგნდნენ, შინ გული აღარ უდგებოდათ. ღამეს ხან
სად ათევდნენ და, ხან სად. ძილის წინ ან შესვენების დროს, კარავში თუ ხის
ჩრდილში წამოწოლილი ივლიანე ბატონიშვილს გვერდით მოისვამდა ხოლმე
და, ვითომ სხვათა შორის, სახალისოდ ამეცადინებდა.
მონადირეების დაუსრულებელი ყაყანი, მწევარ-მეძებრების წკავ-წკავი და
წამსვლელ-გამცილებელთა გნიასი აყრუებდა მთავრის ეზო-გარემოს.
გახალისებული ცოტნე უჩვეულოდ აღგზნებული ჩანდა, სანადიროდ
ფრთაშესხმულივით მიჰქროდა და წასვლის წინ ღამე არ ეძინა.
მშობლებს ბატონიშვილის გამოცოცხლება, გუნების შეცვლა ახარებდათ,
უკან მობრუნებული მემკვიდრის ამბავს შერგილი გამოწვლილვით
კითხულობდა. მის ნანადირევს ცალკე მიითვლიდა, ისრის აუცდენლად
ტყორცნას უქებდა და ახალი შემართებისათვის ამხნევებდა.
მთავარი და მისი მეუღლე სასოებით შეჰყურებდნენ ცოტნეს
გამხიარულებას, ცხენოსნობითა და ნადირობით გატაცებას. მაგრამ ამ
გატაცების ნამდვილ მიზეზს ვერ ხედავდნენ და არ იცოდნენ, მემკვიდრის
გულში რა ხდებოდა.
ცოტნე კი...
ყოველ დილას იმ გადაწყვეტილებით დგებოდა, მთაში ნადირობისას შორს
წასულიყო, დანარჩენ მონადირეებს ჩამოცილებოდა, სადმე მივარდნილ
მონასტერს წასწყდომოდა და იქ სამუდამოდ ეპოვნა ბინა. ნადირობის ეშხში
შესული თავის ამ უმთავრეს საწადელს არ ივიწყებდა და, ნადირს
დადევნებული, სულ იმას ცდილობდა, სხვებს მოწყვეტოდა და
განმარტოებულიყო. მაგრამ დრო გადიოდა და ცოტნეს გადაწყვეტილების
ასრულებას საშველი არ ადგებოდა: ივლიანე მოძღვარი წამით არ შორდებოდა,
როგორც ოდნავ განაპირებულს დაინახავდა, მაშინვე მასთან ჩნდებოდა და
ბატონიშვილს თოკით გამობმულივით თან დასდევდა.
საქმე რომ მხოლოდ ამათზე ყოფილიყო, თავის დამარტოხელებას როგორმე
მოახერხებდა ცოტნე. მაგრამ თითქოს განგებ ისე ეწყობოდა, რომ ამ ხნის
განმავლობაში ერთხელ ვერსად გადააწყდა მიყრუებულ ხეობასა თუ მთაში
მივარდნილ მონასტერს.
ცოტნე განზრახ ირჩევდა სანადიროდ ოდიშის შორეულ კუთხეებს, ივლიანე
მოძღვარს სულ იმას ეუბნებოდა, რაც შეიძლება შორს წასულიყვნენ, მიუვალ
მთებსა და ხეობებში. მოძღვარიც ხალისით თანხმდებოდა, მაგრამ, თითქოს
ცოტნეს ჯიბრზე, მიწის პირისაგან აღგვილიყოს, ბატონიშვილის საოცნებო
უდაბნოები და გამოქვაბულები არსად ჩნდებოდა.
71დილაადრიან სანადიროდ წასვლა შეუგვიანდა ივლიანეს. თბილისიდან
სტუმრები ეწვივნენ ოდიშის მთავარს და ივლიანე აღარ აპირებდა სასახლიდან
გასვლას. ისევ სტუმრებმა დააძალეს, ჩვენ აქ მთავართან შევიქცევთ თავს და,
თუკი ბატონიშვილი ნანადირევით გაგვახარებს, ამაზე კარგს რას ვინატრებთო.
ცოტნემ მშობლებს ადრე დაბრუნება აღუთქვა, ცხენს მოახტნენ და
გაჰკურცხლეს.
თითო შველსა და ირემს დასჯერდნენ, ხოხბები და გნოლ-კაკბებიც
ინადირეს და უკან დროით გამობრუნდნენ.
ტყიდან გამოსულები შუადღის მზემ შეაწუხა. წყალი მოსწყურდათ და
სოფელში შეუხვიეს. სათიბებს გასცდნენ. გზა ხეხილის ბაღებში გადიოდა.
ფერდობზე სკები იყო ჩამწკრივებული და ფუტკრის ზუზუნი ესმოდათ.
უცებ ივლიანემ ცხენი შეაჩერა. ბატონიშვილს რაღაც უჩურჩულა. ცოტნემ
ცხენს აღვირი მოსწია და წამით ყველანი შედგნენ.
საფუტკრის წინ ახალ გათიბულ მინდორზე კაცი იწვა. ცალი მხარი
ხალათიდან გამოეძრო და შიშველი მკლავი მზეზე გაეშვირა. შიშველ მკლავსა
და ხელზე უთვალავი ფუტკარი მისეოდა. სახე მზისაგან გოგრის დიდი
ფოთლით ჰქონდა დაფარული. ეტყობოდა, ცალკე მზე აწუხებდა და ცალკე
ფუტკრის კბენა. ნიკაპი უძაგძაგებდა და შიშველი მხარ-მკლავი უტოკავდა.
_ თაფლი აქვს შიშველ მხარ-მკლავზე წასმული, _ გადაუჩურჩულა
ბატონიშვილს მოძღვარმა, _ იმიტომ ახვევია ფუტკარი.
_ მერე არ კბენენ? _ იკითხა ჩუმადვე ცოტნემ.
_ კბენენ, ვერ ხედავ, როგორ ტოკავს და იგრიხება?.. კბენენ და უძლებს,
ითმენს.
_ ნეტავ, რა აიძულებს? _ გაიკვირვა ცოტნემ.
_ ვინ იცის, _ თქვა მხრების აჩეჩვით ივლიანემ და ცხენი დაძრა.
ფუტკარდახვეულმა ცხენების ფეხის ხმაზე თავი ასწია და გოგრის
ფოთოლი მოიშორა. წინწასულმა ცოტნემ ერთხელ კიდევ მოიხედა და ის კაცი
ეცნაურა.
_ ოტია მეჯინიბეა, მოძღვარო, ჩვენი ოტია, _ გასძახა ბატონიშვილმა
ივლიანეს.
ივლიანემაც პირი სკებისაკენ იბრუნა, მაგრამ ოტიას სახე აღარ უჩანდა, ისევ
ძველებურად გაწოლილიყო, თავ-პირს გოგრის ფოთოლი უფარავდა და
შიშველ მხარ-მკლავზე ფუტკრის გუნდი ეხვია.
სოფლის გულში, ეზოში ქალი ჭიდან წყალს იღებდა.
_ ჭის წყალზე უარს არ იტყვი, ალბათ, ბატონიშვილო, _ გადაულაპარაკა
მოძღვარმა ცოტნეს და დასტურის მიღებას აღარ დაუცადა.
_ მასპინძელო! _ გასძახა და ცხენი ღობესთან შეაყენა. ქალმა თავი ასწია,
თავსაფარი გაისწორა და უცხო სტუმრებს დააკვირდა.
_ ამას რას მოვესწარი, ცოტნე ბატონიშვილი მობრძანებულა! _ აღტაცებით
ამოიძახა და ჭიშკრისაკენ გაიქცა.
72_ მობრძანდით, ბატონიშვილო! მობრძანდით! _ იძახდა და ჭიშკარს
ფართოდ აღებდა,.
_ ცაბო! დიდი ქალბატონის ფარეში! _ იცნო ყველამ.
_ ცაბოს ვახლავარ! _ მიესალმა ივლიანე მოძღვარი, _ წყურვილით
ვიხრჩობით, შენს ქალობას, ცივი წყალი დაგვალევინე.
_ წყალი კი არა, ღვინოც მიირთვით, _ გამოვარდა შარაზე ცაბო, _ ახლავე
სუფრას გავაწყობ, შემობრძანდით!
_ არა, შემოსასვლელად არ გვცალია. წყალს კი დავლევთ.
ცაბო წყლის მოსატანად გაიქცა. ჭიქები და სურით წყალი მოარბენინა,
დაასხა. ყინულივით ცივმა წყალმა თხელი ჭიქები დაორთქლა.
_ წყალი უმცროსისაა, _ თქვა ივლიანემ და პირველი ჭიქა ცოტნეს გაუწოდა.
_ ასე უპატივცემულოდ როგორ გაგიშვათ, კაცი რას მეტყვის! ცოტა ხანს
მაინც შემოსულიყავით, _ ფუსფუსებდა შეწუხებული ცაბო.
_ ასე სჯობს, აგაშენოს ღმერთმა! _ ივლიანემ ჭიქა დაცალა და ცოტნეს
შესთავაზა, _ კიდევ ხომ არ ინებებ?
_ არა, გმადლობთ! _ თქვა ცოტნემ და მასპინძელს შეეკითხა _ ოტია სად
არი?
_ ოტია სად იქნება? ეს ერთი ხანია, ვიღაცამ ასწავლა, ფუტკარს დააკბენინე
წამხდარი ხელი და გიშველისო. ყოველდღე მეფუტკრესთან დადის,
გახეიბრებულ ხელ-მკლავზე თაფლს იცხებს და ზედ ფუტკარს იხვევს.
_ მერე, არ ტკივა, როგორ უძლებს? _ იკითხა ცოტნემ.
_ მე თვითონ მიკვირს, როგორ უძლებს! დაკბენილი, გასივებული მხარ-
მკლავი ღამე არ აძინებს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ხელახლა ფუტკარს იხვევს,
ეგებ გახევებული ხელი ცოტა მაინც ამიმოძრავდესო. ვერც ვამტყუნებთ
უბედურს, ხომ იცით, ცალხელა კაცი, ნახევარი კაცია, მოვკვდი მაგის
საცოდაობით!
ცოტნეს ტანზე ეკლებს აყრიდა და გული ბაგა-ბუგით უცემდა, მისი
სიცრუით დაღუპული ვაჟკაცის უბედურება რომ ესმოდა.
_ ვინ იცის, იქნებ არგოს, ყველა ღონე უნდა სცადოს, _ გაამხნევა ივლიანემ
ცაბო.
_ ღმერთმა ჰქნას, მაგრამ ვაი, რომ ჯერ საიმედოს ვერაფერს ვატყობ... _
წაიტირა ცაბომ.
_ აბა, კარგად იყავით, ოტია მოგვიკითხე, წყლისთვის დიდი მადლობა! _
გადმოსძახა ივლიანემ და ცხენს სადავე მიუშვა.
_ იცოცხლე, ბატონო, ღმერთი იყოს თქვენი მოწყალე, მაგრამ ჩემს კაცს რა
ვუთხრა, რომ ასე გიშვებთ! _ მისძახოდა ცაბო.
ცოტნე წამით შეყოვნდა, ფულით სავსე ქისა მოიძია და ჩუმად ჩაუდო
ხელში ცაბოს.
ცაბომ იუარა.
_ უი, რატომ სწუხდებით! თქვენი ოჯახისაგან წყალობა და საბოძვარი არ
გვაკლია. ღმერთმა ნუ მოგაკლოთ თავისი მადლი და წყალობა.
73ცოტნემ ცხენი ადგილს მოსწყვიტა და თანამგზავრებისაკენ გააქანა.
მიდიოდა ცოტნე და თვალიდან არ შორდებოდა თაფლწასმული ოტიას
მხარ-მკლავი. ტკივილისაგან მტოკავი ნიკაპი და წამოსიებულ შიშველ ხორცზე
მისეული ფუტკარი.
წამით გავარვარებული შანთი და საშინელი ტკივილისაგან შეშლილი
ოტიას სახე მოელანდა და კინაღამ ისევ გული შეუღონდა. ხელი უნაგირის
ტახტას წაავლო, წონასწორობა აღიდგინა და გუნებაში მამის ნათქვამი
გაიმეორა: შენც გაუძლებდი! ცხოვრება განსაცდელითაა სავსე და ვაჟკაცი ამ
ქვეყნად მისთვის ჩნდება, რომ ჭირსა და განსაცდელს გაუძლოს!
_ მუციუს სცევოლა! მუციუს სცევოლა! _ მოესმა ცოტნეს და ფიქრებიდან
გამოერკვა. ივლიანე მოძღვარი რაღაცას იგონებდა და აღტაცებული
ბუტბუტებდა.
_ რა ბრძანე, მოძღვარო?
_ არაფერი, მუციუს სცევოლა გამახსენდა, რომაელი ვაჟკაცი.
_ რამ გაგახსენა, ან ვინ იყო ეგ სცევოლა?
_ ოტია მეჯინიბის ამტანობამ გამახსენა, ფუტკრის კბენას რომ უძლებდა
ვაჟკაცურად... ეს ამბავი ძველად, ძალიან ძველად მოხდა, ბატონიშვილო.
რომის რესპუბლიკას ეტრუსკებთან ჰქონდა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი.
ეტრუსკთა მეფე პორსენა სასტიკად უტევდა ალყაშემორტყმულ რომს და
დღედღეზე ელოდა მის დაცემას.
მაშინ ერთმა რომაელმა ჭაბუკმა, მუციუსმა გადაწყვიტა რომისათვის თავი
გაეწირა, მტრის ბანაკში შეპარულიყო და მათი მეფე მოეკლა. მუციუსმა
მოახერხა ეტრუსკელთა ბანაკში შესვლა, მაგრამ შეცდომით რომაელმა ჭაბუკმა
პორსენას ნაცვლად მისი ერთ-ერთი დიდებული მოკლა. მკვლელი შეიპყრეს
და მეფეს წარუდგინეს.
_ მე რომის მოქალაქე ვარ, _ ამაყად განუცხადა ჭაბუკმა ეტრუსკთა
ხელმწიფეს, _ ჩემი სახელია გაიუს მუციუსი. მე აქ მოვედი ჩემი სამშობლოს
მოსისხლე მტრის მოსაკლავად. მზადა ვარ, ამისთვის პასუხი ვაგო და მოვკვდე.
მამაცური მოქმედება და მამაცური სიკვდილი ერთნაირად გვახასიათებს
რომაელებს. მე მარტო როდი ვარ, ჩემსავით აქ სხვა რომაელებიც მოვლენ შენს
მოსაკლავად. ფხიზლად იყავი, მეფევ, მტრის მახვილი არაერთხელ
აღიმართება შენს გასაგმირად.
მეფეს უნდოდა შეეტყო, ვინ და როგორ მოიყვანა მტრის ჯარისკაცი მის
სამყოფელში, როცა ჭაბუკი არ გატყდა, პორსენამ სამსხვერპლო ცეცხლი
აღაგზნებინა და მუციუსს წამებით დაემუქრა.
_ მიცქირე, მტარვალო! _ შესძახა ჭაბუკმა, _ მიცქირე და ნახე, რა იოლია
სიკვდილი მისთვის, ვისაც თვალწინ თავისი უკვდავება უდგას.
ამ სიტყვებით, მუციუსმა მარჯვენა მიუპყრო აღგზნებულ ცეცხლს და ისე
გაუძლო ხელის დაწვას, წარბიც არ შეუხრია. სანახაობით შეძრწუნებულმა
მეფემ უბრძანა, ჭაბუკი ცეცხლისაგან მოეშორებინათ. რომაელი ვაჟკაცის
74გმირობით მოხიბლულმა ეტრუსკთა ხელმწიფემ მუციუსს სიცოცხლე და
თავისუფლება აჩუქა.
_ რა ვაჟკაცი ყოფილა! _ აღმოხდა ცოტნეს.
_ ვინა, მუციუს სცევოლა? _ ყველა დროისა და ყველა ხალხის გმირებში
გამოსარჩევად და სამაგალითოდ არის აღიარებული.
_ გაძლება არ უნდოდა ხელის დანახშირებას?!
_ დიდი რწმენა და სიყვარული გააძლებინებდა, ბატონიშვილო, სამშობლოს
დიდი სიყვარული და ღალატისადმი ზიზღი.
_ ნუთუ აგრე ყოვლისშემძლეა, მოძღვარო, ეგ გრძნობა?
_ სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულების გრძნობა? უძლეველი და
უმაღლესია! ბედნიერი ის არის, ვისაც მაგ გრძნობის გამოცდის შემთხვევა
ეძლევა, რადგან მაგ გრძნობით შეპყრობილი ადამიანი მთვრალსა ჰგავს,
სიკვდილის შიში არ იცის და ნებისყოფაგანმტკიცებული მზად არის, ბრმად
შეეწიროს თავის გადაწყვეტილებას.
იმ ღამეს სიზმრად რომაელი გმირის დანახშირებულ მარჯვენას ხედავდა
ცოტნე.
_ ხვალ გაგარსა და უღაღ ადგილებში ვიქნებით, ბატონიშვილო, ამაღამ
კარგად გამოიძინე, რომ დღისით მალე არ დაიქანცო. სვანეთის მთებამდე და
უფრო შორსაც ვივლით, შველი და ირემი უნდა ვინადიროთ, _ უთხრა
ნავახშმევს ცოტნეს ივლიანე მოძღვარმა. ერთხელ კიდევ ჩამოუარა ცხენებს და
მწევარ-მეძებრებს, მონადირეების თადარიგი შეამოწმა და დასაძინებლად
წავიდა.
ცოტნეს ჩვეულებად ჰქონდა, სწორედ მაშინ გაუტყდებოდა ძილი, როცა
ადრე ასადგომი იყო. ათასი ფიქრი და მოგონება მოესეოდა, ლოგინში
შამფურივით ტრიალებდა, თავის ტკივილითა და უძილობით გასავათებულს
ძილი როდის-როდის, განთიადის წინ წამოეპარებოდა.
ამჯერადაც ვერ მოერია ამ უხიაგსა და უამურ ჩვეულებას. მოჯარულ
ათასგვარ ფიქრს თავი ვერ გაართვა; რაც უფრო მეტად ატანდა თავს ძალას,
ძილი მით უფრო შორს გაურბოდა და ნაძალადევად დახუჭულ თვალს ახლო
არ ეკარებოდა. ბოლოს, როცა მთელი სხეული გაუბრუვდა და მოეთენთა, ძილი
თავისთავად მოვიდა. ერთხანს დაულაგებელ სიზმრებში იბორიალა, იმ
სიზმრებიდან ვერაფერი გამოიტანა. მერე აშლილი ფუტკრის სკასავით
აგუგუნებული თავი, როგორც იქნა, დაწყნარდა და ცოტნეს გულის ძილით და-
ეძინა.
მძინარე ბატონიშვილთან ისევ ის მოვიდა. ფეხშიშველა, გრძელკაბიანი
ღრუბლებზე მოაბიჯებდა. წამით მძინარეს გადმოხედა, დაიხარა და ხელი
მსუბუქად შეახო.
_ შეუდექ ჩემს გზას! აღსდექ და ეძიე კვალი ჩემი...
75ჩაესმა მძინარეს ნიავის ჩურჩულივით ჩუმი, მაგრამ საამო ხმა და
ბატონიშვილმა იგრძნო, მხრებზე ფრთები ამოსდიოდა, სხეული სიმძიმეს
ჰკარგავდა და სადაც იყო, გაფრინდებოდა.
_ აბრძანდი, ბატონიშვილო, _ ჩაესმა ცოტნეს ნაცნობი ხმა და თვალი
გაახილა.
თავს ივლიანე მოძღვარი ადგა, კარგად გამოძინებულს ღაჟღაჟა ლოყები და
ნაკვერცხლებივით ანთებული თვალები უცინოდა.
_ გეყოფა ძილი, ბატონიშვილო. დროა, გზას გავუდგეთ, _ ხმადაბლა თქვა
ივლიანემ და სარკმლისაკენ ხელი გაიშვირა, _ თენდება!
ცოტნემ სარკმელს გახედა; ცა მტრედისფრად შემღვრეულიყო. ცხენების
ჭიხვინი და ფრუტუნი, ძაღლების ყეფა და მამლების ყივილი ძილის ბურანში
გახვეულ არემარეს აფორიაქებდა და მოსვენებას უფრთხობდა.
ცოტნემ საბანი გადაიძრო და წამოხტა. გამოუძინებლობით აყოლილ
დაღლასა და მოთენთილობას სულაც არ გრძნობდა, პირიქით, მუხლსა და
მკლავში საიდანღაც სულისა და სხეულის განმაახლებელი ღონე უხილავად
ეღვრებოდა და თითქოს სიზმარი გრძელდებაო, უჩვეულო სიმსუბუქე
გასაფრენად ეწეოდა.
გეგონებოდა, სამუდამოდ ტოვებს გასაცილებლად გამოსულ დედ-მამასო,
დიდხანს ეხვეოდა და ჰკოცნიდა. თავადაც არ ესმოდა თვალზე ცრემლი რატომ
მოადგა, რატომ შეებრალა ჩვეულებრივზე მეტად მისკენ ოდნავ შესამჩნევი
შეშფოთებით მზირალი დედა.
ეზოსა და ორღობეს გასცდა თუ არა, თეთრონს მათრახი უჭირა და ახლა კი
მართლა
ფრთაშესხმულივით
გაფრინდა
იქით,
საითაც
ბავშვური
გადაწყვეტილებით შეპყრობილს, ასე დიდხანს და დაჟინებით ეძახდა ფიქრი
და ოცნება, ერთიმეორისაგან განუყოფელი სიზმარი და ცხადი.
ერთხანს ასე მიჰქროდნენ.
მერე, ვაკე რომ გათავდა და აღმართს შეუდგნენ, ცოტნემ ცხენი ნაბიჯზე
გადაიყვანა.
მოშიებულები მუხების ჩრდილში ჩამოსხდნენ, მწვანეზე სუფრა გაშალეს
და საუზმეს შეექცნენ.
ბატონიშვილი საჭმელს არ ეტანებოდა, თვალი სადღაც შორს გაურბოდა,
გზის გაგრძელებას ეშურებოდა.
ივლიანე მოძღვარი ყანწით დაილოცა, ხელმწიფის სადღეგრძელო თქვა.
დაცლილი სასმისი ღვინით აავსო და საალავერდოდ გაიწოდა, ყანწის
ჩამომრთმევის არჩევა ვერ მოასწრო, რომ გვერდით მჯდარმა ბატონიშვილმა
ხელი შეაგება და მოულოდნელობისაგან დაბნეულ მოძღვარს სასმისი
ჩამოართვა.
ცოტნე სმაში უცადი იყო, ღვინო არასოდეს დაელია, ივლიანე შეშინდა, არ
აწყინოსო, მაგრამ პირდაპირ დაშლაც ვერ შეჰბედა და ოდნავ გასაგონად
შესთხოვა:
_ სულ ნუ დაცლი, ბატონიშვილო, უჩვევი ხარ!
76ცოტნეს ვითომც არ გაეგონოს მოძღვრის გაფრთხილება, ყანწი მოიყუდა და
სულმოუთქმელად დაცალა.
ბატონიშვილის ლოყებს მაშინვე ფეროვნება მოემატა და ისედაც
აღგზნებულ თვალებში ცეცხლი ჩაუდგა.
ვაითუ, კიდევ დალიოსო, შეეშინდა ივლიანეს, მეორე სადღეგრძელო
პატარა ჭინჭილით შესვა და რადგანაც ყველას თავთავისი კულა და ჭინჭილა
წინ ედგა, ალავერდს არავისთან გადავიდა.
წასვლის მოსწრაფე ცოტნეს შეეზარა ჭინჭილის ავსება და ვიწრო ყელიდან
წუწკად მომდინარე ღვინის ნელი წრუპვა.
ივლიანემაც არ ინდომა სერობის გახანგრძლივება, წასვლისა დაილოცეს,
კალთები დაიბერტყეს, სუფრა აალაგეს და ცხენებზე ამხედრდნენ.
ფართო გზიდან ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებში მიმალულ ბილიკებზე
გადავიდნენ, აღმა-დაღმა, კლდე-კლდე დიდხანს იარეს და, როგორც იყო,
ტყით დაბურულ ხეობაში გავიდნენ. მყუდრო ხეობა შეკავებული ხმაურით
აივსო.
ჭალაში დაცემულ მუხნარს შემოუარეს, ალყა მოარტყეს, ბუკსა ჰკრეს და
ძაღლები აუშვეს.
ტყე თითქოს უეცრად მოვარდნილმა ქარიშხალმა შესძრაო, ფრინველები
დაფრთხნენ, ხოხბები ცაში მაშხალებივით ავარდნენ. მერე იმ მაშხალებისაგან
ბევრი ქვასავით მძიმედ წამოვიდა ძირს და ისრის მტყორცნელები
გახარებულნი მისცვივდნენ პირველ ნადავლს.
ძაღლებმა ყეფა ასტეხეს. ყეფა გაბმულ წკავ-წკავად გაგრძელდა და ტყეში
დამფრთხალი ნადირი დაიძრა.
ასწლოვან მუხას აკრული ბატონიშვილი დაქვეითებული ელოდა ნადირის
გამოჩენას.
ცოტნესაგან
ოციოდე
ნაბიჯით
დაშორებული
ივლიანეც
მშვილდისარმომარჯვებული
გულისფანცქალით
უცდიდა
ნადირის
წამოხტომას.
ძაღლების ყეფა და გნიასი მოახლოვდა.
ივლიანემ თავის მობრუნებაც ვერ მოასწრო, გვერდით რაღაცამ გაიშლიგინა
და ზურგზე რქებგადაგდებულ, დაოთხილ ირემს რომ თვალი ჰკიდა, ნადირი
უკვე შორს იყო.
ისარი სტყორცნა და თავადაც იქით გავარდა, საითაც აწრიალებული
ძაღლები ყეფითა და წკმუტუნით გარბოდნენ. ეტყობოდა, ირმის ჯოგი
მოქცეულიყო ძაღლებისა და მონადირეების რკალში.
ყველამ იქით მიაშურა.
დაბნეული ცოტნე წამით შეყოვნდა. თვალი მოავლო იქაურობას: სრულიად
მარტო დარჩენილიყო.
ღვინის ხამ ყმაწვილს თავი უბრუოდა და რაღაც უცნობ სიამეს თუ
აღტაცებას განიცდიდა.
77იდგა აღგზნებული და დაბნეული და ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა,
სხვებსავით ირმის ჯოგს გამოდევნებოდა თუ...
უცებ შველი გამოჩნდა.
დაფეთებული პირდაპირ ცოტნესკენ გამოიჭრა.
ცოტნე გაოგნებული მიაჩერდა მისკენ მომქროლავ შველს. შვილდისარი
გამართული ჰქონდა, მაგრამ მონუსხულივით გაუნძრევლად იდგა და
ტყორცნა ვერ მოეფიქრებინა. შველმა თითქოს საფრთხე იგრძნოო, მხარი
იცვალა, გვერდით გასხლტა და ისევ ტყეს მისცა თავი.
ახლა კი გამოფხიზლდა ცოტნე. ისარი დაადევნა გაფრენილ ნადირს და
თავადაც სირბილით მიჰყვა უკან.
მეორე ისარმა სადღაც უწია კამარ-კამარ მიმქროლავ შველს. ერთი ჩაიკეცა,
მაგრამ ისევ მალე წამოდგა და გაფრინდა.
სისხლის წვეთების წვრილი ძაფი გაჰყვა შვლის ნაკვალევს და
ბატონიშვილი მიხვდა, რომ მეორე ისარი მიზანს მოხვედრილი იყო.
ოდნავ ღვინომოკიდებული, უჩვეულოდ აღგზნებული ცოტნე უცებ
ნადირთან რბოლაში გაჯიბრების ჟინმა აიტანა _ შვლის ცოცხლად შეპყრობა
მოუნდა და ისარი აღარ ესროლა.
თვალმოუსწრებლად მირბის შველი და მუხლჩაუხრელად მისდევს ცოტნე,
დაჭრილის ნაკვალევზე სისხლის ძაფი თანდათან მსხვილდება და
ბატონიშვილი ხვდება, რომ შველი დიდხანს ვეღარ ირბენს, ღონეგამოლეული
მალე ჩაიკეცება და ცოცხლად ჩაბარდება.
შველმა ისევ უგანა, ხშირი ტყიდან გავარდა და კლდე-კლდე ხტომით
ბუჩქნარს მიჰყვა.
ცოტნეს აღარ ესმოდა, რა ხდებოდა. ზოგჯერ ისე ახლო იყო დაჭრილ
შველთან, ხელის წატანება შეეძლო, მაგრამ ღვინისგან თუ უჩვეულო
აღგზნებისაგან დევნის მიზანი დავიწყებული ჰქონდა და, მხოლოდ ასე
დაუსრულებლად ქროლვა, დაკოდილ ნადირთან სირბილში გაჯიბრება, თუ
სხვა რაღაც აუხსნელი ეშხი აკავებდა მსხვერპლის შეპყრობისაგან.
დიდხანს გაგრძელდა ორი სულდგმულის სულმოუთქმელი რბენა.
აღმა-დაღმა ხტომამ, ეკალ-ბარდებში გზის კვლევამ მონადირეც მოქანცა და
მუხლი მოუსუსტა.
ღვინომაც გასჭრა და თავბრუსხვევამ უმატა.
ბუჩქნარი თანდათან შეთხელდა. დიდრონი ლოდები თვალშეუდგამმა
ქარაფებმა შეცვალა და ცამდე აყუდებულ კლდეთა ხვეულებში, ქვასა და
ღორღზე სისხლის კვალის მიყოლა გაძნელდა.
ოფლი წურწურით სდის ცოტნეს, მაგრამ ისარს მაინც არ ისვრის. ცოტა
კიდევ და, დაეცემა ჯიუტი ნადირი.
ფერდხეთქებით მირბის შველი, კლდეთა ნაცნობ ხვეულებში მდევარზე
უკეთ იკვლევს გზას, მაგრამ მდევარი უკვე ახლოა და, ცოტნეს ყურს სწვდება,
როგორ ქელავს ღონეგამოლეული ცხოველი.
78აგერ, სვეტად ამართულ უშველებელი კლდის ნაპირთან მოჰკრა თვალი
შვლის ჟღალ ფერდსა და პაწაწინა შავ კუდს.
ცოტნეც უმალვე გაჩნდა იმ კლდესთან, მაგრამ...
კლდეზე გადამდგარი ბატონიშვილი იმ კლდესავით გაქვავებულა. წუთის
წინ აქ გაიქროლა დაჭრილმა შველმა. კლდის იქით აღარც გაქცეული შველი
ჩანს, აღარც მისი სისხლის კვალი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, დაკოდილი ნადირი
აღარსად არის.
მონადირემ დაბლა გადაიხედა: ტაფობში ბაღ-ვენახებს შაოსნები შესევიან,
ზოგი ხილს ჰკრეფს, ზოგი ვაზს მორჩავს, ფერდობებზე ფუტკრის უთვალავი
სკა ჩარიგებულა და ის სკები სოკოებივით ჩამწკრივებული ჩანს მწვანითა და
ფერად-ფერადი მთის ყვავილებით დაფენილ გორაკებზე.
უამრავი ფუტკარი აღმა-დაღმა დაბზუის და ცოტნეს ეჩვენება, რომ ეს
ზუზუნი ფუტკარს კი არა, თვითონ მზის გახურებულ ჰაერს გააქვს.
თვალი გორაკებს ზემოთ ააყოლა ცოტნემ. უზარმაზარი პიტალო კლდე
ცამდის აზიდულა, იმ ბაღ-ვენახების გასწვრივ წაგრძელებულა და თავ-ბოლო
არ უჩანს.
კლდეში
გამოკვეთილი
უთვალავი
კარითა
და
სარკმლით
თვალდათხრილივით იცქირებიან მღვიმეები. კარ-სარკმლებს კლდისგანვე
ნაკვეთი ჩუქურთმების გრეხილი ავლია. ალაგ-ალაგ მსხმოიარე ვაზის რტო და
ბროწეულებია კლდეზე ამობურცვით გამოყვანილი.
ლომები და ვეფხვები, ქორბუდა ირმები და რქაგრეხილი ხარები, თუ
ვერძები, თითქოს მაღალ კლდეზე იმისთვის შეურეკიათ, რომ შემდეგ იქ
გაექვავებინათ
და
სამუდამოდ
შეეხორცებინათ
ნაცრისფერი
ქვის
მდუმარებისათვის.
ახლა მარჯვნივ მოიბრუნა თავი ცოტნემ.
კლდეშივე ნაკვეთი გრძელსაფეხურებიანი კიბე შედიოდა გამოქვაბულში.
ცოტნეს წინაშე მონასტრის ქვაბები აღმართულიყო. თავი ისევ ძილში ეგონა.
ნელ-ნელა იწყებდა გამოფხიზლებას და ხვდებოდა, რომ სიზმარი ახდა,
ბედისწერა ასრულდა.
კიდევ ცოტა მარჯვნივ გაიხედა: აღმართზე ფართო გზა მიიკლაკნებოდა,
რკინის ჭიშკართან თავდებოდა და იმ ჭიშკრის იქით ამართულ კლდეში
ნაკვეთ კიბეს ებჯინებოდა.
ცოტნე კლდე-კლდე ხტომით იმ გზისკენ წავიდა.
გზა კლდის ჩრდილში მიდიოდა. აღმართს აჰყვა, მაგრამ ღონე აღარ
ჰყოფნიდა. ატყობდა, თუ სადმე არ შეისვენებდა, მუხლები თავისთავად
ჩაეკეცებოდა.
წყლის ჩხრიალი მოესმა.
გვერდზე გაიხედა: კლდის ნიშში მაჯის სიმსხო წყარო გადმოსჩქეფდა.
პატარა აუზიდან წყაროს წყალი ღელედ მოედინებოდა და გზის ქვეშ ბაღ-
ვენახებისაკენ მიჩუხჩუხებდა.
79პირგამშრალი წყაროს მიეტანა. ჩაჩოქილი სულმოუთქმელად დაეწაფა და
გაძღომამდე სვა.
როგორც იყო, წყალს ტუჩი მოაშორა. იქვე მწვანეზე მიწვა და თვითონაც ვერ
გაიგო, როგორ წაართვა ძილმა თავი.
შენჯღრევამ გამოაღვიძა.
ზურგზე გოდორაკიდებული შაოსანი ბერი ადგა თავს.
_ რახანია გაღვიძებ_ ქვაზე ძილი საშიშია, სნეულება რამ არ აგყვეს, _ უთხრა
ბერმა.
ცოტნე ჯერ უცნობს მიაჩერდა, მერე იქაურობას თვალი მოავლო და
ყველაფერი გაიხსენა.
მზე კარგა ხნის ჩასული იყო.
_ როგორ მკვდარივით მძინებია! _ თავისთვის ჩაილაპარაკა ცოტნემ.
_ აქ საიდან გაჩნდი? ვისთან მოხვედი? _ ჰკითხა ბერმა, ხილით სავსე
გოდორი ზურგიდან ჩამოიღო, ქვაზე ჩამოჯდა და ერთი ბროწა ვაშლი
ყმაწვილს გაუწოდა, _ პირი გაისველე...
ცოტნეს დილისაქეთ პირში ლუკმა არ ჩასვლოდა. მთელი დღის ნამგზავრსა
და ნარბენს მგელივით შიოდა და ბევრი თავპატიჟი არ გაუდევს, გამოწვდილი
ვაშლი ჩამოართვა, მადლობა გადაუხადა და მადიანად ჩაკბიჩა.
_ აქ ვისთანა ხარ? _ იკითხა ისევ ბერმა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა.
_ შენ აქაური ხარ? _ კითხვაზე კითხვითვე მიუგო ცოტნემ.
_ ჰო, მე ამ მონასტრის უღირსი ბერი ვარ.
_ ამ მღვიმეებში მონასტერია?
_ არ იცოდი?.. მონასტერია... განთქმული მონასტერი.
_ მონასტრის უფროსი ვინ არი?
_ მონასტერს უფროსი არ ჰყავს. ჩვენი წინამძღვარი, ანუ იღუმენი
ერისკაცობაში სახელგანთქმული ოდიშის მთავარი, ერისთავთერისთავი და
დიდი თამარის ვაზირყოფილი _ ვარდან დადიანია.
_ ვარდან დადიანი? ოდიშის მთავარყოფილი? _ იკითხა ცოტნემ და ხმაში
შეშფოთება შეეტყო.
_ დიახ, ვარდან ყოფილი, აწ კირიონად წოდებული, სიწმიდით და
მოღვაწეობით განთქმული ჩვენი წინამძღვარი.
ცოტნე საგონებელში ჩავარდა.
წეღან რომ ეგონა, საწადელს მიაღწია და ამდენი ხნის ოცნების ასრულებას
ეწია, თავის მოტყუება ყოფილა. გზის უცოდინარი ყრმა თავად განგებამ
მოიყვანა ამ მონასტრის კართან, სწორედ იმ მონასტრის კართან, რომელზედაც
მახარებელ ქობალია უამბობდა. ცოტნე საკუთარი ბიძის სავანეში მოსულა და
ახლა იგი მახეში გაბმულ ჩიტს ჰგავდა. დღეს თუ არა, ხვალ შერგილი მოვა, ან
თავის კაცებს გამოგზავნის, მისი უფროსი ძმა, ვარდან ყოფილი _ იღუმენი,
თავისი ხელით გამოიყვანს ამ უღონო ჩიტს მახიდან და ოდიშის მთავარს
დაუბრუნებს, რათა ღვთის სამსახურის გზა საბოლოოდ შეუკრან და
სამთავროს მემკვიდრე მეფის ერთგულ ერისკაცად აღზარდონ.
80_ მაინც არ იტყვი, საიდან ხარ და ვისთან მოხვედი? _ იკითხა ისევ ბერმა.
ცოტნე ფიქრისაგან გამოერკვა. შეკითხვა ისევ უპასუხოდ დატოვა და ისევ
იქით შეეკითხა:
_ დიდი ხანია, რაც ამ მონასტერში ბერად მოღვაწეობ?
_ კი... კარგა ხანია. თითქმის შენოდენა ვიყავი, ბერად რომ აღვიკვეცე, ადრე
დავობლდი და უპატრონო ბალღი აქ მომიყვანეს.
_ ვინ მოგიყვანა?
_ ჩემსავით ღარიბმა და უქონელმა ნათესავებმა.
_ უფალს არ მოუწოდებია?
_ უფალს? არა, უფალს არ მოვუწოდებივარ.
_ მე კი სულ უფალი მეცხადება. სიზმრად ამ მონასტერს ვხედავ, უფალი
ღრუბლებიდან ჩამოდის, ხელით მეხება და მძინარს ჩამძახის: «აღსდექ და
შეუდექ ჩემს გზასო».
_ მართალს ამბობ? _ გაოცებისაგან პირი დააღო ბერმა.
_ სიმართლეს, იმ უფლის მადლს ვფიცავ.
_ ამ მონასტრისკენ გეძახის?
_ ამ მონასტრისკენ.. სიზმრად სწორედ ამ ქვაბებს ვხედავ, ამ წყაროსაც, ამ
კიბეებსაც...
_ რას ამბობ?!
_ კარგა ხანია სიზმრად ვხედავ და ცხადადაც მელანდება. გზა არ ვიცოდი,
თორემ აქამდე მოვიდოდი.
_ მერე ახლა როგორ მოაგენი?
_ ზღაპარს ჰგავს, არ დაიჯერებ... სანადიროდ წამოსულს, შველი წამომიხტა,
ისარი ვტყორცნე, დავჭერი და დავედევნე. ცოცხლად დაჭერა მინდოდა და
ფეხდაფეხ ვსდიე. დაჭრილი აქეთ მორბოდა. ტყიდან გამოვიდა, კლდე-კლდე
ირბინა და ამ ქარაფებში შემომიყვანა. აი, ამ სვეტად ამართული კლდის
ნაპირთან მოვიდა, _ ცოტნემ კლდისკენ ხელი გაიშვირა _ და გაქრა! მიწამ
ჩაყლაპა, თუ ცამ აიტაცა, ვერ გავიგე. კვალწმინდად დაიკარგა და ვეღარსად
ვიპოვე.
_ ვერ იპოვიდი, თუ წმინდა სვეტს შეეფარა... საღვთო ყოფილა.
_ როგორ?
_ როგორ და ეგ კლდის სვეტი ამ მონასტრის დამაარსებლისა და ამშენებლის
გრიგოლის სახელითაა ცნობილი. გრიგოლ მესვეტე წმინდანი ყოფილა, მაგ
კლდის სვეტზე დაყუდებული ცხოვრობდა და სასწაულებს ახდენდა თურმე.
ეგეც წმინდანის სასწაულია _ დაჭრილი შვლის უკვალოდ გაქრობა.
_ ნამდვილად სასწაულია, თორემ ასე თვალსა და ხელს შუა რად უნდა
დამკარგვოდა?!
_ უფრო მეტი სასწაული ის არის, რომ დაჭრილი შველი მონასტრისკენ
წამოგიძღვა, ღვთის გზაზე დაგაყენა და უფლის მოწოდება აგასრულებინა.
81უცნობი ყრმის ამბით მოჯადოებული ბერი კრძალვით შეჰყურებდა უფლის
მიერ მოწოდებულ ყმაწვილს. თვალებში შეჰფოფინებდა სასწაულით მოსულს
და მის შეგნებაში უკვე წმინდანად შერაცხულ ყრმას.
_ შებრძანდი მონასტერში, რაკი უფლის ნებაა, _ თქვა ბერმა და წამოდგა, _
იღუმენი ახლა მწუხრის ლოცვად იქნება დამდგარი. ვიდრე წინამძღვარი
ლოცვას დაასრულებს და შენი მობრძანება მოხსენდება, ჩემს უბირ სენაკში
დაისვენე.
ბერმა გოდორი აიკიდა.
_ წამობრძანდი... _ ბერი პატივისცემის ნიშნად წელში მოიხარა და უფლის
ჩაგონებით მოსულ წმინდა ყრმას წინ წაუძღვა.
განგების ნებითა და ჩაგონებით მოსული ყმაწვილის ამბავი ელვისებური
სისწრაფით გავრცელდა მონასტერში. ბერები სენაკს მოაწყდნენ «წმინდა
ყრმის» სანახავად. სენაკში შესვლასა და წმინდანთან გამოლაპარაკებას ვერ
ბედავდნენ, შორით უცქერდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ ათჯერ
მოსმენილსა და გაგონილს, გაზვიადებულად და გადაკეთებულად
უყვებოდნენ ერთიმეორეს ჩურჩულითა და კრძალვით უფლის მიერ
მოწოდების სასწაულს.
წინამძღვარს გვიან მოხსენდა.
ნავაზირალმა მონასტრის მიმართ უფლის დიდ წყალობად ჩათვალა წმინდა
ყრმის გამოცხადება.
სანთლები აანთებინა და განაპირა სენაკისკენ გალობით წაუძღვა ბერების
გუნდს.
სენაკის ზღურბლთან მუხლებზე დაეცა წინამძღვარი და ღაღადჰყო.
მეტისმეტი ყურადღებით შეფიქრიანებული ცოტნე სენაკის კუნჭულში
მიყუჟულიყო. სანთლების შუქზე სახეგაბრწყინებული იღუმენის საზეიმო
ღაღადმა, ცოტა არ იყოს, შეაკრთო ყმაწვილი. მძიმე ნაბიჯით მიმავალ
წინამძღვარს ბებერი ლომივით დაფენოდა ფაფარი მხრებზე. ეს ფაფარი და
წვერ-ულვაშიც ოდესღაც წაბლისფერი უნდა ყოფილიყო და აქა-იქ კიდევ
ანათებდა ჟღალად შემორჩენილი თმის თუ წვერის თითო-ოროლა ღერი.
კირიონმა ხელი ცისკენ აღაპყრო და თავი ასწია. ცოტნე შეხედვისთანავე
მოხიბლა მოხუცის დიდებულმა გარეგნობამ.
წინამძღვარმა უფლის სამადლობელი ლოცვა მოათავა და ყმაწვილისკენ
წავიდა.
ცოტნე სანთლების შუქს თვალს ვერ უსწორებდა.
კუთხეში მიმწყვდეული ნადირივით ცახცახებდა, დაფეთებული თვალს
აცეცებდა და იმასღა ნატრობდა, როგორმე ბიძას მისი ვინაობა არ გაეგო და
მონასტრიდან შინ არ გაებრუნებინა. ერთადერთ იმედად ისღა რჩებოდა, დიდი
ხნის უნახავი ბიძა ვერ მიცნობსო. გადაწყვეტილი ჰქონდა, რაც უნდა
82მომხდარიყო, დადიანების გვარისა და მთავრის ოჯახის არაფერი
დასცდენოდა.
წინამძღვარმა ბერები გაისტუმრა და ყმაწვილთან მარტო დარჩა. დინჯად
გამოკითხა, წვლილად აამბობინა უფლის გამოცხადების, ნადირის დევნისა და
კლდის სვეტთან შვლის კვალწმინდად გაქრობის ამბავი.
_ ეგ სასწაული წმინდა სვეტის ყველაზე დიდი სასწაულია, ამიტომ ყველამ
უნდა გაიგოს და იცოდეს. ხვალ, დილაადრიან, ოდიშის მთავარსა და მის
მეუღლეს შევატყობინებ, შევუთვლი, სხვა დიდებულებიც წამოიყვანონ,
თავისი თვალით გნახონ და მოგისმინონ.
ოდიშის მთავრის ხსენებაზე ცოტნე გაფითრდა და თავი უმალვე ჩაღუნა,
რომ მის თვალებში დაჟინებით მზირალ იღუმენს შეშფოთება არ ამოეკითხა.
_ საიდან ხარ, შვილო, რა გვარისა ხარ? _ იკითხა ნავაზირალმა.
ცოტნემ თავი უფრო ჩაღუნა, მოიკუნტა და დაპატარავდა.
_ ვინმე დიდებულის შვილი უნდა იყო, ჩაცმულობაზე გეტყობა, _ თქვა
წინამძღვარმა და ყმაწვილს თავით ფეხებამდე ააყოლ-ჩააყოლა თვალი.
ვარდანყოფილი ერთხანს პასუხს დაელოდა.
ყმაწვილი ხმას არ იღებდა.
_ მშობლებმა თუ იციან, უფალმა რომ მოგიწოდა? _ იკითხა წინამძღვარმა.
ცოტნე თითქოს მიწაში ჩაძრომას აპირებსო, უფრო მოიღუნა და ქვის
მაგიდას დაეკრა.
ყრმის დამუნჯებამ, ცოტა არ იყოს, შეაფიქრიანა იღუმენი.
_ შენს დედ-მამას უნდა შევატყობინო, თუ არ იციან. მონასტერში მოვიხმობ.
_ არა, ნუ ინებებ, მოძღვარო, _ შესტირა ცრემლმომდგარმა ყმაწვილმა,
სკამიდან ჩაცურდა, დაიჩოქა და მუხლზე მოეხვია წინამძღვარს.
იღუმენს უფლის მიერ მოწოდებული ყმაწვილის ფეხქვეშ ჩავარდნა
ეუხერხულა. მხრებზე ხელი მოხვია, მუხლების წართმევა სცადა.
_ რა გაწუხებს, შვილო, რად შფოთავ? მშობლებისა გეშინია? ნებას არ
დაგრთავენ?
_ ჰო, წინამძღვარო, ნებას არ დამრთავენ, _ ამოიტირა ცოტნემ.
_ უფლის მოწოდებას და განგების განაჩენს მოკვდავთაგან წინ ვერავინ
აღუდგება. მითხარი, ვინ არიან შენი მშობლები და ხატზე შემოგფიცავ, რომ არ
მიგცემ უკან წასაყვანად.
_ მართლა, მოძღვარო? მართლა არ მიმცემ შინ გასაბრუნებლად? _ ცოტნემ
თავი ასწია და მავედრებელი თვალი თვალში გაუყარა ბიძას.
_ ქრისტეს რჯულს ვფიცავ, შენ თავს მშობლებს არ დავანებებ და ღვთის
განგებას არ დავაშლევინებ... დამშვიდდი და უფალს ვევედროთ, ჩააგონოს
შენს მშობლებს სიკეთე და სიწრფოება შენი გადაწყვეტილებისა და მოიღოს
შენზე ლოცვა-კურთხევა მათი.
დაჩოქილი ცოტნე წელში გაიმართა.
_ ვინ არიან შენი მშობლები? _ დაყვავებით იკითხა ვარდანყოფილმა.
_ ოდიშის მთავარი შერგილ დადიანი და მეუღლე მისი ნათელა...
83წინამძღვარი გველნაკბენივით შეხტა, სკამის სახელურებს ხელები მაგრად
ჩასჭიდა და თვალები კინაღამ გადმოუცვივდა.
მერე სანთლების შუქზე მისი სახეც იმ სანთლებივით გაფითრდა, ბერიკაცი
ერთბაშად მოეშვა და ჩაქრა.
ცოტნეს შეეშინდა, ხომ არ კვდებაო, ფეხზე წამოიჭრა, იქაურობას თვალი
მოავლო, ვიწრო სარკმელთან სურა დაინახა, პეშვზე წყალი დაისხა და მოხუცს
აპკურა. პირველივე შხეფის დაცემაზე შეირხა იღუმენი.
ცოტნეს ხელი დაუჭირა.
_ არ მინდა... საჭირო არ არის...
ღრმად ამოისუნთქა, სკამის ზურგზე გადაწვა და ოდნავ გასაგონად
აღმოსთქვა:
_ ასეც ვეჭვობდი... გუმანი თავიდანვე მაფრთხილებდა და აკი
გამართლდა!..
ცოტა ხანს თვალგაშტერებული, გახევებული იჯდა წინამძღვარი. მერე
მძიმედ წამოდგა, წელი ძლივს აითრია და კარისკენ წალასლასდა.
ცოტნემ ხელის შეშველება და მხარში შედგომა დააპირა. მოხუცი შეჩერდა,
ყმაწვილის ხელი მოიშორა და ხმადაბლა თქვა:
_ ახლა გვიან არის. ხვალისა ხვალემ იზრუნოს. შენ აქ მოისვენე ხვალამდის,
_ ჯვარი გადასახა, შიშჩამდგარი თვალებით ერთხელ კიდევ შეხედა ყრმას,
უკან-უკან წავიდა და სენაკის კარი მიიხურა.
გარეთ საშინელი ქარიშხალი იყო, ცაზე ელვა იკლაკნებოდა, ჭექა-ქუხილი
დედამიწას აზანზარებდა.
მერე კოკისპირულად დაუშვა და ღამე კიდევ უფრო ჩამობნელდა.
თავის სენაკში ძლივს შეაღწია წინამძღვარმა. ჯვარცმის წინაშე დაემხო და
მაცხოვარს შეჰღაღადა:
_ შემინდე უკანასკნელი ცოდვა, ჩემთა ცოდვათაგან უმძიმესი და
უსაშინელესი. რამეთუ არ განმკურნე მონა შენი ამ ქვეყნის დიდებაზე ფიქრისა
და სამეფოს საქმეებზე ზრუნვისაგან. შემინდე და განუტევე სული ჩემი,
უფალო...
მოხუცი მიყრუებული ხმით ლოცულობდა, ქვის იატაკზე შუბლს ურტყამდა
და პირჯვარს იწერდა.
დიდხანს გულმხურვალედ ილოცა.
როგორც იყო დაასრულა.
გაკერპებული, ძალმოცემული წამოდგა. მაგიდასთან მივიდა და წერილი
დაწერა.
მერე ერთი ბერთაგანი იხმო.
_ წვიმამ გადაიღო?
_ გადაიღო, მამაო.
_ ახლავე ჯორი შეკაზმე და ოდიშის მთავრის სასახლისკენ გაეშურე.
მთავრის მეუღლე პირისპირ ინახულე და ეს წერილი მიეცი. არამც და არამც
სხვას არ აჩვენო.
84ბერმა თავი დაუკრა, კალთაზე ემთხვია და წინამძღვარმა გზა დაულოცა.
ის იყო, ბერი გამოსვლას აპირებდა, რომ საშინელმა ხმაურმა იღუმენის
სავანემდე მიაღწია.
ვიღაც მონასტრის ჭიშკარზე არახუნებდა, კარის გამღებს უხმობდა.
მიაყურადეს. ხმაური მისწყდა. სანამ ბერი და წინამძღვარი გაერკვეოდნენ,
მოახლოებული ნაბიჯის ხმა გაისმა.
კარზე დააკაკუნეს.
_ ვინა ხარ? _ გაეხმაურა იღუმენი.
_ მე ვარ, მამაო, ბატონიშვილ ცოტნეს მოძღვარი, მონა ღვთისა ივლიანე.
_ დიდება შენს სახელს, უფალო! _ პირჯვარი გადაიწერა წინამძღვარმა, _
მომეცი! _ გაიწოდა აკანკალებული ხელი და ბერმა ბარათი დაუბრუნა.
_ ღვთის ნებაც ის ყოფილა, რაც მე ჩამაგონა ლოცვა-ვედრებამ! გმადლობ,
უფალო, რომ მიხსენ და განმარიდე ყოველთა ცოდვათაგან უმძიმეს ცოდვას!
ცოტნეს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ყურის წამღები ჭექა-ქუხილი
მის თავზე მოვლენილ ღვთის რისხვად ესახებოდა, პირჯვარს იწერდა და
კანკალებდა.
მერე, წვიმამ რომ გადაიღო, მონასტრის ჭიშკარზე რახუნი მოესმა.
ცოტა ხანი კიდევ გამოხდა და მონასტერში რაღაც უჩვეულო ხმაური ატყდა.
დერეფნებში ჩქარი ნაბიჯით გადი-გამოდიოდნენ, გარბოდნენ.
სენაკის კარზე დააკაკუნეს. დამკაკუნებელი პასუხს არ დაელოდა, კარი
შემოაღო და სენაკში შემოვიდა.
_ წინამძღვარი გიხმობს, _ მიმართა ბერმა ცოტნეს და თვალზე მომდგარი
ცრემლი სახელოთი მოიწმინდა.
ცოტნე წამოდგა.
_ მთელი მონასტერი ფეხზე დგას, ნუთუ არ შეგიტყვია?
_ რაო, რა მოხდა?
_ იღუმენი, _ ბერს გული აუჩუყდა და აფშლუკუნდა.
_ ცუდად ხომ არ არის? _ იკითხა შეშფოთებულმა ცოტნემ.
_ ცუდად... ძალიან ცუდად... წმინდა ზიარება მიიღო და ანდერძი ბრძანა.
_ რას ამბობ? _ ცოტნე აჩქარდა.
ბერი წინ წაუძღვა, აღელვებული ბატონიშვილი წინ უსწრებდა მეგზურს.
_ შენი მოსვლით გახარებულს, თურმე მთელი ღამე არ უძინია,
განთიადისას უღონობა უგრძვნია. ჩვენს ბერებში მკურნალები და წამლის
შემმზადებლებიც არიან. ზედ გადაეგენ, რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერს
გახდნენ. ბოლოს, თვითონვე გამოგვიცხადა, უფალმა მომიწოდაო. ანდერძი
დაიბარა, წმინდა ზიარება მიიღო და შენ გიხმო.
ცოტნე მიხვდა, რა «სიხარულმაც» გაუტეხა ძილი წინამძღვარს. ალბათ,
ძმისშვილის მოსვლამ, მისი ვინაობის გამჟღავნებისას ნაცემმა ელდამ წააქცია
მოხუცი და, ცოტნე რომ აქ არ გამოჩენილიყო, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს
იცოცხლებდა ბერიკაცი!
85ბერმა კარი გაუღო და აფორიაქებულმა ცოტნემ ფრთხილად შედგა ფეხი
წინამძღვრის სენაკში.
ლოგინზე თვალმილულული მოხუცი იწვა. ხელები უღონოდ ეწყო საბანზე
და აჩქარებულად სუნთქავდა. სენაკის კუთხეში ივლიანე მოძღვარი იჯდა
თავჩაღუნული და გულხელდაჭდობილი.
მის დანახვაზე ცოტნეს მუხლები მოეკვეთა და ნაბიჯის გადადგმა ვეღარ
შეძლო.
მოხუცმა თვალი ოდნავ გაახილა, შემოსულს გაუღიმა.
_ მოხვედი? მოდი, შვილო, აქ დაჯექ, _ ხელის ოდნავ შენძრევით ანიშნა.
მერე ცალი თვალით ივლიანეს გახედა. ცოტნეს აღმზრდელი მიხვდა, ბიძა-
ძმისწული მარტო უნდა დაეტოვებინა. წამოდგა და კარისკენ წავიდა. ცოტნეს
რომ გაუსწორდა, წამით შეყოვნდა და თვალცრემლიანმა შეჰღაღადა:
_ რას მერჩოდი, რომ ეგრე გამწირე? რა პირით უნდა ვჩვენებოდი შენს
უბედურ დედ-მამას!
_ ბატონიშვილი ღვთის ნებითა და ჩაგონებით მოვიდა მონასტერში,
მოძღვარო, მე ეს წვლილად მოგითხრე. ცოტნეს არც შენგან, არც
მშობლებისაგან საყვედური არ ეთქმის, _ მკაცრად თქვა იღუმენმა და ხელით
ისევ ძმისწულს ანიშნა, დამჯდარიყო.
_ შემინდე, მამაო! _ აღმოხდა წამოწითლებულ ივლიანეს, შებრუნდა და
სენაკიდან გავიდა.
ცოტნე საწოლთან მივიდა.
_ დაჯექი, _ ისევ შეანძრია ხელი ბერიკაცმა.
ცოტნე სკამზე ჩამოჯდა.
_ მომიწოდა, უფალმა, შვილო! მომიწოდა, მაგრამ საით, ეს არავინ იცის და
მე ცოდვილს საიდან მეცოდინება?! მე ვკვდები... შენ ხარ ერთადერთი
მემკვიდრე ოდიშის მთავრების, ერისთავთერისთავ დადიანების. ჩემი
უკანასკნელი სიტყვა მაინც შენსკენ იქნებოდა მომართული და აი, განგებამ ამ
სიტყვის მოსასმენად აქ მოგიყვანა. დიდი იყო ცოდვა ჩემი უფლისა და
ღვთივგვირგვინოსანი ხელმწიფის წინაშე. იცის ღმერთმა, ქვეყნის ღალატი
გულს არ მდებია, მაგრამ უზომო განდიდების წყურვილმა და
უზენაესობისაკენ სწრაფვამ ტახტისაგან განმაყენა და სამშობლოსა და მეფის
ორგულების მეთაური გამხადა. სიხარბემ და უბედურებამ დამაბრმავა,
საქართველოს მეფეთამეფის ურიცხვი წყალობა დამავიწყა და ხმალი იმის
წინააღმდეგ ამაღებინა, რის განმტკიცებასა და გაძლიერებასაც მანამდე მთელი
ჩემი ძალა და ღონე გადავაგე. მაშინ ღალატად და უკეთურობად კი არ
მიმაჩნდა ჩემი ბრძოლა. მეგონა, თუ საქართველოს ტახტზე რუს უფლისწულს
დავსვამდი, ქვეყნისათვის, ჩვენი სამშობლოსათვის ეს უმჯობესი იქნებოდა,
რადგან შინაგანად მჯეროდა, რომ რუსის ზურგს უკან ამოფარებული ქვეყნის
მმართველი თუ ვიქნებოდი, უკეთ წარვმართავდი ჩვენი სამეფოს საქმეს,
თავგასულ დიდებულებს ავლაგმავდი, თავნებობის მადას დავუკარგავდი,
86ძლიერ ლაშქარს საქართველოს საზღვრებს იქით გავუძღვებოდი და ახალ მიწა-
წყალს შევმატებდი ჩვენს ქვეყანას.
საკუთარი სინდისის წინაშე მართალი ვიყავი და არა ვტყუოდი; მაგრამ ვერ
ვხვდებოდი, რომ თამარის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ერთობისა და
ძლიერების წინააღმდეგ ბრძოლა იყო; ვერ გამეგო, რომ ტახტისა და
ხელმწიფის ორგულობა, ღვთისა და ქვეყნის ორგულობაც იყო. კაცი თურმე
ერთხელვე არ უნდა გაიბზაროს, თავის პირვანდელ რწმენას არ უნდა
განუდგეს და ერთი ხელის მოსმით არ უნდა წაშალოს ის, რასაც მთელი
ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა. გული თუ ერთხელ გაიორგულე, მერე
მისი გამთელება აღარ ხერხდება; ერთ ხატს რომ დაამხობ, კრძალვა და
პატივისცემა მეორის მიმართაც გაკლდება და გეკარგება.
მოხუცი ხელის ფათურით წყლიან ჭიქას მისწვდა, ცხელი ტუჩები გაისველა
და მისუსტებული ხმით განაგრძო: _ ჩემი უბედურება ის იყო, ღმერთი ღრმად,
ბავშვობიდანვე არ მწამდა და ბაგრატიონების გვარი არ მიყვარდა. სამაგიეროდ,
ჩუმად, ჩემს გულში ძალაუფლების კერპს ვეთაყვანებოდი და ჩემი ქვეყანაც
უსაზღვროდ მიყვარდა. ამ სიყვარულში დავმარცხდი, კერპები დამემსხვრა და
უღონოქმნილი იმას შევეფარე, რისი იმედიც არასოდეს არ მქონდა. ქრისტეს
სარწმუნოებაში მაშინ დავიწყე თავშესაფრისა და სულის სიმშვიდის ძებნა,
როცა სხვა ამქვეყნიური ყოველი სასოება შემომეცალა და აღარაფერი შემრჩა.
რაკი თავიდან არ ვიყავი მტკიცე მორწმუნე და თითქმის ყველაფერს ეჭვით
ვუყურებდი, ვქირდავდი და გულს არ ვუდებდი, მონასტრის მყუდროებაშიც
ვერ შევძელი უფალთან მიახლოება. მარტო მარხულობა და დღედაღამ ლოცვა
არ კმარა თურმე. მთავარი სული ყოფილა. მე კი ეჭვის ჭიით ერთხელვე
შეჭმული სული ვერ იქნა და ვერ განვწმინდე, ამ ქვეყნის ცთუნებისაგან ფიქრი
ვერ მოვიკვეთე. ხელისუფლების გემოს გასინჯვა უბედურება ყოფილა. ვინც
ერთხელ გამოცდის იმის გემოს, მერე სიმშვიდეს ვეღარ დაიბრუნებს; ყელამდე
რომ ოქროში ჩასვა, მაინც ბედის უმადური იქნება და ვერ მოისვენებს, ქვეყნის
სადავეების ხელახლა ხელში აღების სურვილს ვერასოდეს გულიდან ვეღარ
ამოიგდებს! მეც ამ სენით ვიყავი შეპყრობილი და, თუმცა ბევრი ვეცადე, ვერ
განვიკურნე. ლოცვისა და ხორცის გვემის ჟამსაც, მინდოდა თუ არა, სულ იმას
ვფიქრობდი, ვის უნდა გაეგრძელებინა ჩვენი გვარიდან ტახტისა და
გვირგვინისათვის ბრძოლა. ჩემი უმცროსი ძმა შერგილი კარგი ვაჟკაცი და
მეომარია, მაგრამ ოდიშის ახლანდელ მთავარს სიზმრადაც არ მოუვა
საქართველოს გვირგვინოსნობაზე ფიქრი. მას ჩემი შემართება და
პატივმოყვარეობა არა აქვს და ამიტომ დიდი წინააღმდეგობის გაუწევლად
უგდეს ხელთ ჩემმა მტრებმა ერისთავთერისთავობა.
შენღა მრჩებოდი გვარის ერთადერთ იმედად. ჯერ კიდევ სულ პატარა
იყავი, მონასტერში სალოცავად და ჩვენს მოსანახულებლად ამოსულ ჩემს
რძალსა და დედაშენს, შერგილის მეუღლეს საიდუმლოდ ვესაუბრებოდი
ხოლმე. სულ იმას ვარიგებდი, ტახტის მემკვიდრის მსგავსად აღეზარდე, დიდი
ცოდნა მოეცა შენთვის და თან ის ჩაეგონებინა, რომ ბაგრატიონებს ღვთისაგან
87საუკუნოდ როდი აქვთ ჩაბარებული ტახტი და გვირგვინი; აღმზრდელებს
შენთვის ის რწმენა უნდა ჩაენერგათ, რომ ბაგრატიონებზე ნაკლები არაფრით
იყავი და თუ კარგად გაიწვრთნებოდი, შენც ისეთივე უფლება გექნებოდა
საქართველოს ტახტზე თვალი გჭეროდა, როგორც თამარის შთამომავლებს
აქვთ; რადგანაც არც ისე დიდი ხნის წინათ ბაგრატიონებიც ჩვენსავით ერის
მთავრები იყვნენ და მხოლოდ მუდმივი მცდელობისა და მოხერხების,
დაჟინებული სწრაფვისა და ძალ-ღონის დაუშურვებლობის შედეგად შეძლეს
სრულიად საქართველოს ტახტისა და გვირგვინის მისაკუთრება. სათნო და
გონიერი დედაშენი ჩემს შეგონებას ყურადღებით ისმენდა და თავის მხრივ
ცდილობდა შენთვის საქართველოს ტახტზე ოცნება ჩაენერგა. ამიტომ
გიხმობდა დედა უფლისწულობით და სხვებსაც ჩუმად იმას ეუბნებოდა,
შენთვის უფლისწული ეწოდებინათ. ეგრე არ იყო?
_ ეგრე იყო, წინამძღვარო.
_ ჰოდა, აგრე ნაზარდი ყრმისაგან ბერად შედგომის ფიქრს სულ არ
მოველოდი. ამიტომ მეცა ელდა, შენი ვინაობა და მონასტერში დაყუდების
გადაწყვეტილება რომ გავიგე. ალბათ, ივლიანე მოძღვარმა ჩაგაგონა ეგ სათნო
განზრახვა.
_ ივლიანე მოძღვარი უბრალოა ჩემს წინაშე, _ ამოიოხრა ცოტნემ.
_ შენი მოსვლით აფორიაქებული, წუხელ მთელი ღამე ლოცვად ვიყავი
დაცემული. ბოლოს, უფალმა ის ჩამაგონა, შერგილისათვის მისი მემკვიდრის
გადაწყვეტილება შემეტყობინებინა და შენი მშობლები მონასტერში მეხმო.
წერილი რომ დავწერე და ვგზავნიდი, იმის შეგნება მზარავდა, რომ უფლის
საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდი, ღვთის გზაზე შემდგარ ყრმასაც ვღუპავდი და
ჩემს სულსაც სამუდამო ჯოჯოხეთს ვუმზადებდი. ამ განსაცდელში
ჩავარდნილს შენი მძებნელი ივლიანე მომადგა კარს და შვებით ამოვისუნთქე.
მივხვდი, უფლისათვის სათნო შენი მონასტრიდან გაბრუნება იყო და არა აქ
დარჩენა. შენი აღმზრდელის მოსვლით განგება უდიდესი ცოდვისაგან
მათავისუფლებდა.
ცოტნეს წამწამს კურცხალი მოსწყდა და ლოყაზე ჩამოუგორდა.
_ ნუ სტირი, ბატონიშვილო... ბოლომდე მათქმევინე. ყველაზე დიდი
სამსახური უფლის მიმართ სამშობლოს სამსახურია. საქართველოს მეფეს ახლა
ქვეყნის შიგნით და გარეთ მესიის მახვილს უწოდებენ, ამიტომ მისი სამსახური
მარტო საქართველოს სამსახური კი არა, უფლის სამსახურიცაა, რადგან
ქართველები ხმალს მარტო სახელმწიფოს საზღვრების გაფართოებისათვის
როდი იქნევენ. საქართველოს საზღვრების გაფართოება დღეს ქრისტეს
სარწმუნოების გავრცელებასაც გულისხმობს. ვინც ამისთვის სისხლსა ღვრის,
ის ქრისტეს რჯულისთვისაც ღვრის სისხლს და მხოლოდ ამქვეყნიურ
ბედნიერებას კი არა, საუკუნო ცხოვრებასაც იმკვიდრებს.
წმინდა ბალავარისა და იოდასაფის თავგადასავალი, ალბათ, მოეხსენება
ბატონიშვილს...
_ ვიცი, წინამძღვარო.
88_ იოდასაფის დროს ქრისტეს რჯულს მხოლოდ რჩეულნი აღიარებდნენ და
ისინიც ფარულად, რადგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლები
ხელისუფალთაგან იდევნებოდნენ. იმ დროს საჭირო იყო მეფეთა და
უფლისწულთაგან მაგალითის ჩვენება, ამქვეყნიური დიდების უარყოფა,
ტახტზე და უზრუნველ ცხოვრებაზე ხელის აღება. იოდასაფისა და მის
მსგავსთა მაგალითმა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ურიცხვი წარმართი
და ურჯულო მოაქცია. ახლა, როცა მთელი საქართველო ქრისტეს რჯულის
მსახურია, ვის უნდა მისცე მაგალითი სასახლიდან გაქცევითა და მონასტერში
დაყუდებით?! ანდა კიდეც რომ აჰყვნენ შენს მაგალითს და ყველამ მონასტერს
მიაშუროს, ვინღა დარჩება ქრისტეს სარწმუნოების დამცველად? საქართველო
დაუძლურდება და როგორც კი დასუსტებულს ნახავენ, ცეცხლითა და
მახვილით შემოესევიან ქრისტეს სარწმუნოების მტრები ჩვენს ქვეყანას.
ქართველობას მარტო სოფლებსა და ქალაქებში კი არა, მონასტრებშიაც
გაჟლეტენ და ვინც ცოცხალი გადარჩება, ძალით უწმინდური მაჰმადის
სარწმუნოებაზე მოაქცევენ.
წინამძღვარი დაიღალა, ცოტა შეისვენა, წყლით პირი გაისველა და
განაგრძო:
_ შენ ჯერ კიდევ ყმაწვილი ხარ, შვილო. დაფიქრებული განსჯა და
ქვეყნისათვის უკეთესის გამორჩევა ჯერ არ შეგიძლია. ამიტომ სხვებს, შენზე
უფრო გონიერებსა და შენთვის კეთილისმდომლებს უნდა მიუპყრო ყური.
ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონე და ისე გადადგი. წრფელი გულით უფლის
სამსახური მონასტრის გარეთაც შეიძლება. შენ დიდგვარიანი აზნაური ხარ.
თუ შენს ღონესა და გავლენას გონივრულად გამოიყენებ, მეფის კარზე
სამსახურით გაცილებით მეტ სარგებელს მოუტან ქრისტიანობას, ვიდრე
მონასტრის ბნელ საკანში ჩაკეტვითა და ერისაგან განდგომით. იცოდე,
საქართველოს ახლა შენი ხმალი და სახელმწიფო ნიჭი მარტომყოფის
ვედრებაზე მეტად სჭირია, რადგან ჩვენი სამშობლო კუნძულივით არის
გარშემორტყმული საისლამოს ზღვითა და მხოლოდ ქართველი ვაჟკაცების
სიმტკიცის გალავანი აკავებს იმ ზღვის მოწოლას. როგორც კი ეს სიმტკიცე
შესუსტდება და შეირყევა, სამაჰმადიანოს ზღვა ისევ აბობოქრდება, კუნძულზე
გადმოივლის და საქრისტიანოს მიუდგომელ ბურჯს საქართველოს მთლიანად
წალეკავს თავის სასახლეებიან-მონასტრებიანად.
წინამძღვარმა ხელის ცახცახით აიღო ჭიქა და წყალი მოსვა.
_ კარგად დაუფიქრდი ჩემ ნათქვამს, შვილო, რადგან სიკვდილის წინ
გულწრფელობისა და ჩემი ხალხის სიყვარულის მეტი არა მალაპარაკებს რა,
ცოტა დაფიქრდი და დაიცადე, ჭკუაში რომ ჩავარდები, მაშინ, ეგებ,
სხვაგვარად გადასჭრა. აჩქარება ყოველთვის მავნეა და ზიანის მომტანი. მე
თვითონ ჩემი მწარე გამოცდილებით ვიცი ეს. ცხოვრებაში დგება ხოლმე
გადამწყვეტი, საბედისწერო წამი. იმ წამს მიღებულ გადაწყვეტილებაზე
ხშირად არა მარტო ერთი კაცის ბედია დამოკიდებული, არამედ მთელი ერის
ღირსება და მომავალიც. დიდბუნებოვან ადამიანებს იმ საბედისწერო წამს
89შინაგანი ხმა თუ ზეგარდმო შთაგონება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას
მიაღებინებს ხოლმე და მათი ეს ნაბიჯი შემდგომ თაობებს საამაყოდ და თავის
მოსაწონებლად რჩება. პიროვნებისა და მთელი ერისათვის ამგვარი
საბედისწერო წამი მხოლოდ რჩეულთა ცხოვრებაში დგება. ყველაფრით
გეტყობა, ღვთისაგან რჩეული ხარ, შვილო ჩემო, ამიტომ კარგად დაიხსომე, იმ
წამისათვის ერთადერთი სწორი პასუხის გაცემა, მეტწილად, პირად
მსხვერპლს, თავგანწირვას მოითხოვს. ჩემ ცხოვრებაშიც იყო ასეთი წამები.
მაგრამ დიდებამ და პატივმოყვარეობამ თავი ვერ გამამეტებინა და
სამშობლოსათვის მსხვერპლად სიცოცხლე ვერ მივიტანე. მსხვერპლის
გაუღებლად კი საშვილიშვილო საქმე არასოდეს გაკეთებულა და უკვდავის
სახელი არავის დაუმკვიდრებია, _ მოხუცმა ღრმად ამოიოხრა, _ ღმერთმა
ჰქნას, რაც მე ვერ შევძელი, შენ შეგაძლებინოს, ერის ცხოვრების საბედისწერო
წამს სწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოს უფალმა და შენს მიერ
გადადგმული ნაბიჯი ღვთისა და ერისათვის მოსაწონი და საქებური
ყოფილიყოს.
კირიონ წინამძღვარი დიდი პატივით დაასაფლავეს.
საქართველოს
ყველა
კუთხიდან
მოდიოდნენ
ვაზირყოფილის
დასატირებლად. თბილისიდან თვითონ მეფეთმეფე თამარმა სამძიმრის
წერილი გამოუგზავნა ოდიშის მთავარს, ტახტისა და სამშობლოს წინაშე
ვარდანის ძველ დამსახურებას მადლობით მოიხსენიებდა გვირგვინოსანი და,
თავის მხრივ, უფალს შესთხოვდა, შეენდო გარდაცვლილისათვის ცთუნებანი
და შეცოდებანი.
ცოტნეს დედ-მამის ხვეწნა აღარ დასჭირვებია, ისე უსიტყვოდ გაჰყვა
მშობლებს. წინამძღვრის გულახდილმა საუბარმა ღრმად დააფიქრა ყმაწვილი.
მართლაც, რა აზრი უნდა ჰქონოდა მთავრის ერთადერთი მემკვიდრის ბერად
შედგომას, როცა საქართველოს მეომარი უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ქრისტეს
სარწმუნოების
მქადაგებელი.
თუ
საქართველო
ისლამის
ურიცხვ
აღმსარებელთა წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში დამარცხდებოდა,
მაშინ მისი ეკლესია-მონასტრებიც ცეცხლითა და მახვილით შეიმუსრებოდა და
ძალით თუ ნებით ქართველი ხალხიც ბილწი მაჰმადის რჯულზე მოიქცეოდა.
ჭეშმარიტი სარწმუნოება იმდენად განმტკიცებული იყო საქართველოში, რომ,
მისი პირველი გამავრცელებლების მსგავსად, საკუთარი მაგალითით,
ძალაუფლებასა და სიმდიდრეზე ხელის აღებით ქრისტეს რჯულს ახალ
მიმდევრებს ვეღარ შესძენდა. ქრისტესათვის სათნო თურმე ის იქნებოდა, თუ
ცოტნე მის მხედრობას შეუერთდებოდა და ხმლის ძალით საქართველოსა და
საქრისტიანოს საზღვრების შორს წაწევისათვის იბრძოლებდა. ქრისტეს
საფლავის გამოხსნისათვის თავდადებულ ჯვაროსნებს დასავლეთის ეკლესია
ცოდვათაგან ათავისუფლებდა თურმე და მათგან ყველაზე გამოჩენილები
წმინდანებადაც კი შეურაცხია პეტრეს საყდარს. როგორც წმინდანობის გზაზე
90დამდგარმა ბიძამ დაარწმუნა, ქრისტეს სამსახურის უმთავრესი ასპარეზი ახლა
წარმართთა და მაჰმადის აღმსარებელთა წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილა და ამ
ასპარეზიდან გაქცევა მარტო სამშობლოს ღალატი კი არა, ქრისტეს
რჯულისაგან განდგომის სწორი იქნებოდა.
თუკი ხმლით შეიძლება ჭეშმარიტი სარწმუნოების სამსახური და საკუთარი
ცოდვების შემსუბუქება, ჭაბუკობაში ფეხშედგმულ მთავრის მემკვიდრეს
რატომ სხვებსავით ხმლისკენ არ უნდა მიუწევდეს გული?!
ცოტნეს უბედური მშობლებიც ხომ თავიანთი სიცოცხლის ერთადერთ
გამართლებად სამთავროსა და ერის მეთაურად ბატონიშვილის აღზრდას
სახავენ.
უფლისათვის სათნო ის ყოფილა, რაც შეიძლება მალე ჩადგეს ცოტნე
თამარის უძლეველ ლაშქარში და იქ, უდროოდ გამოკლებული მამის ადგილი
ღირსეულად დაიჭიროს.
სპეტაკი, უბიწო ცხოვრებით ქრისტეს ჯვრისა და სამშობლოს ერთგული
სამსახურით, იქნებ, უკეთესი მაგალითიც უჩვენოს ცოტნემ თანამემამულეებს,
იქნებ, სწორედ ხმლისა და გონების ძალით უფრო ადრე გამოსთხოვოს უფალს
უნებურ ცოდვათათვის შენდობა. ხოლო თუ ღვთის ნება და სურვილი ცოტნეს
მონასტერში დაყუდება იქნება, უფალი კვლავაც მოუწოდებს იმ ცივი
სენაკებისაკენ, სადაც ამჯერად მისი დარჩენა არ ინდომა. ბერად შედგომას,
მონასტერში ჩაკეტვას, კირიონ წინამძღვრის თქმისა არ იყოს, ყოველთვის
მოასწრებს ცოტნე, მანამ კი ჯვაროსნობა უნდა მიიღოს და ქრისტეს საფლავის
გამოხსნისათვის იბრძოლოს.
ამ გადაწყვეტილებას მარტო საკუთარი ფიქრი კი არ ჩააგონებდა; ივლიანე
მოძღვარი მსოფლიო ისტორიის უამრავი მაგალითით უნერგავდა იმის
რწმენას, რომ საუკუნო სასუფეველი სხვადასხვა ქვეყნის მეფეებსა და მთავრებს
სწორედ ბრძოლის ველზე წარმართებთან და ურჯულოებთან ომში
დაუმკვიდრებიათ.
ივლიანე აღტაცებით ჰყვებოდა თამარის დიდი პაპის და მისი
მემკვიდრეების ჯვაროსნობის ამბავს:
_ ის, რაც დასავლეთის ჯვაროსნებმა ვერ შეძლეს, ქართველებმა უნდა
აღასრულონ. ზურგიდან უნდა დავარტყათ ფრანგებთან პირისპირ ომით
გართულ მუსლიმანებს, იერუსალიმში სხვაზე ადრე ქართველთა ლაშქარი
უნდა შეიჭრას და ურჯულოთაგან სამუდამოდ გავათავისუფლოთ წმინდა
მიწა-წყალი, მეფეთმეფე თამარი დიდი ხანია ფიქრობს ამ შორეულ და
სახელოვან ლაშქრობაზე. მას შემდეგ, რაც ბიზანტიის ძლიერება დაემხო,
აღმოსავლეთში საქართველოს მეტი სხვა ძალა აღარ არის. საქართველოს
ლაშქარმა უნდა გამოიხსნას ქრისტეს საფლავი და იერუსალიმი ჩვენს სამეფოს
შემოუერთოს. ეს არის უდიდესი ვალი უფლისა ჩვენის ქრისტეს წინაშე. ამ
ვალის აღსრულებაში ყველა ქართველმა უნდა დაიდოს წილი და ამით
დაიმკვიდროს ორივე ქვეყნის დიდება და საუკუნო ცხოვრება.
91ივლიანეს ქადაგებას აღფრთოვანებული უსმენდა ბატონიშვილი. იგი
მოუთმენლად ელოდა თამარის ჯვაროსნების გალაშქრებას იერუსალიმისკენ.
ეკითხებოდა მოძღვარს, რა გზით და როგორ უნდა დაძრულიყო ქართველობა,
ზღვით სად უნდა ეცურათ და ხმელეთზე სად უნდა გაევლოთ, რომელი
სულტნის ჯარი უნდა გაენადგურებინათ და რა მიწა-წყალი უნდა
შემოემატებინათ საქართველოს სამეფოსათვის.
დასავლეთიდან ჩამოსულმა მისიონერებმა ახალი ფრთები შეასხეს ივლიანე
მოძღვრის შეგონებას:
_ ახალი, არნახული ჯვაროსნობა იწყება, ბატონიშვილო. დასავლელ
ქრისტეს მხედრებს იმიტომ არ მისცა თურმე ძლევა ამდენ ხანს უფალმა, რომ
თავად ჯვაროსნები იყვნენ ღვთის წინაშე შემცოდენი. ახლა შენი ტოლი ყრმები
ირაზმებიან თურმე ურჯულოებთან საომრად. უცოდველ ყრმებს თავად
გაუძღვება მაცხოვარი სარკინოზთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი სიწმინდითა
და უმანკოებით დაამხობს მაჰმადის მხედრობის მძლავრობას: საფრანგეთში
თორმეტი წლის ყმაწვილი გამოჩენილა _ მწყემსი ვინმე, ეტიენად წოდებული.
იმ მწყემსს ძილში გამოცხადებია უფალი, ქრისტეს საფლავის გამოხსნის
ჭეშმარიტი გზა უჩვენებია და თავისი ხელით დაწერილი წიგნი მიუცია. ახლა
თურმე ის ყრმა სოფელ-სოფელ დადის, ქრისტეს წერილს აკითხებს დიდსა და
პატარას, სასწაულებს ახდენს და თავის ტოლ ყმაწვილებს ჯვაროსნული
ლაშქრობისათვის იწვევს.
_ მერე ბევრი შედგომია წმინდა მწყემსის გზას? _ იკითხა სმენად ქცეულმა
ცოტნემ.
_ ბევრი... ძალიან ბევრი... ქვეყნის ყველა მხრიდან დაძრულან დროშებითა
და ჯვრებით შენი ტოლი ყრმები ნორჩი წინასწარმეტყველის ლაშქარში
შესასვლელად. ახლა ეტიენს თურმე შენსავით უმანკო ყრმების დიდძალი
მხედრობა ჰყავს, ხმალსა და მშვილდოსნობაში წვრთნის და სულ მალე
შორეული პალესტინისკენ წაუძღვება.
_ ხმელეთით წამოიყვანს წმინდა ეტიენი თავის ლაშქარს თუ ზღვა-ზღვა
ცურვით წამოუძღვება?
_ საფრანგეთიდან ზღვით უფრო ახლოა პალესტინა. თვითონ ქრისტეს
აღუთქვამს წმინდა ეტიენისათვის, რომ მისი მხედრობის წინაშე ზღვა გაიპობა
და გზას მისცემს ნორჩი ჯვაროსნების ლაშქარს ისე, როგორც მოსეს წინაშე
გაიპო ზღვა და ხმელეთი უჩინა ეგვიპტიდან გამოსულ ისრაელობას.
_ ჩვენ არ წაგვიყვანს ქართველ ყრმებს ფრანგი წმინდანი იერუსალიმის
გამოსახსნელად?
_ არა, ვერ წაგიყვანთ. აქედან საფრანგეთი შორს არის, თქვენ იქ ვერ
ჩახვალთ და მათ ვერ შეუერთდებით, მაგრამ თუ მეფე თამარს უფალი კვლავაც
ხელს მოუმართავს და ქართველთა ლაშქარი მზად იქნება სარკინოზებთან
საომრად, აღმოსავლეთიდან, ერაყის გავლით, შევძლებთ მტრის ზურგში
მოულოდნელ გამოჩენას და, ღვთის შეწევნით, პირველნი შევალთ ქრისტეს
სატახტოში. წმინდა ადგილებს რომ ურჯულოთაგან გავათავისუფლებთ,
92ქალაქის კარს ფართოდ გავაღებთ და გორგასლიან-დავითიანი დროშებით
შევეგებებით მაცხოვრის გამოსახსნელად დასავლეთიდან მოსულ წმინდა
ეტიენის მხედრობას.
_ ნეტავ, მართლა ეგრე იქნებოდეს! _ ოხვრა აღმოხდა ცოტნეს.
_ იქნება, უსათუოდ იქნება! _ ირწმუნებოდა ოცნებით ფრთაშესხმული
ივლიანე, _ ოღონდ თქვენც არ უნდა იჯდეთ გულხელდაკრეფილები _
საქართველოს ახალგაზრდები, უფლისწულები და მთავართა შვილები.
თქვენც უნდა დაიდოთ წილი ამ საღვთო ომში.
_ ჩვენ როგორ, თუკი ეტიენთან შეერთება შეუძლებელია?
_ ერთიმეორე უნდა განაზრახოთ, თქვენი მამები ჯვაროსნობისათვის
აღძრათ, უფლისწულები _ ლაშა და რუსუდანი უნდა მიიმხროთ და
ხელმწიფეს იერუსალიმზე ლაშქრობის დაჩქარება გადააწყვეტინოთ.
_ თამარი შორს არის და მიუწვდომელია... უფლისწულებიც შორს არიან, _
სინანულით თქვა ცოტნემ.
_ მალე ახლოს იქნებიან... მთავრის სურვილია, მეფის კარზე წარგგზავნოს,
ბატონიშვილო, ამას წინათ მითხრა, დიდმა თამარმა მოუწოდა ჩემს ძეს,
თბილისს იბარებს სამეფო კარზე თავის ნათლულსო.
_ ნუთუ მართალია? ჩემთვის არაფერი უბრძანებია.
_ მართალია, მალე თვითონ მთავარი გეტყვის... თამარის კარზე დიდ
პატივში იქნები და შენ იცი, როგორ გამოგვაჩენ შენს მშობლებსა და
აღმზრდელებს...
ივლიანე მოძღვრის საუბრებმა ცოტნეს ოცნებად უქცია თბილისს მალე
წასვლა, ახალგაზრდა ქართველ ჯვაროსანთა შეკრებაში წილის დადება და
ტახტის მემკვიდრის _ ლაშა გიორგის მეთაურობით პალესტინაზე გალაშქრება.
ცოტნეს სიზმრად ეჩვენებოდა ერაყის უდაბნოებზე მიმავალ ქართველ
ყრმათა ლაშქარი, ბაღდადისა და იერუსალიმის აღება და ქართული
დროშებით ფრანგი ეტიენის მხედრობის შეგებება ქრისტეს ქალაქის კართან.
იგი ხშირად ცხადად წარმოიდგენდა ხოლმე ფრანგთა გაკვირვებას იმის გამო,
რომ მათთვის აღთქმული გამოხსნა ქრისტეს საფლავისა, მათზე ადრე უფალმა
ქართველებს არგუნა. ეტიენი, ალბათ, ცხენიდან ჩამოხტება, დაიქვეითებს და
ქართველ ყრმათა წინაშე მუხლს მოიყრის, რადგან იერუსალიმის გამოხსნა
მხოლოდ უფლის შეწევნით არის შესაძლებელი და თავის საფლავის
განმათავისუფლებლებსაც თავად ქრისტე ირჩევს.
ცოტნე მადლობელი იყო განგებისა, მონასტრიდან გამობრუნებულ ოდიშის
მთავრის მემკვიდრეს იმაზე მეტი რა სამსახური უნდა გაეწია უფლისათვის,
ვიდრე მაცხოვრის საფლავის გამოხსნაში მონაწილეობა იქნება და რაკი ღვთის
ნებამ ცოტნე ამ გზაზე დააყენა, იგი მოუთმენლად ელოდა საქრისტიანოს
უმაღლესი ოცნების განხორციელებას, წმინდა მიწა-წყლის გათავისუფლებას
და საღვთო ომში სხვა ქართველ ტოლებთან ერთად თავის გამოჩენას.
93დიდხანს ამზადებდნენ ცოტნეს თბილისს გასამგზავრებლად, რამდენიმე
ხელი უფლისწულის საკადრისი ტანსაცმელი შეუკერეს, სატახტოსაკენ
გამყოლი ამალაც საგანგებოდ შემოსეს და გამოაწყვეს, ცხენებსაც აღკაზმულობა
განუახლეს.
ოდიშის მთავარს სჯეროდა, მისი მემკვიდრე ბუნებრივი სათნოებითა და
სწავლა-გაწვრთნილობით კარისა და მეფის ყურადღებას მიიპყრობდა. ცოტნე
თვალტანადი, მომხიბლავი ყმაწვილი იყო და, თუ იგი მეფის კარზე
შესაფერისი
ბრწყინვალებით
გამოცხადდებოდა,
ხელმწიფესა
და
უფლისწულებს თავს მოაწონებდა.
ამ სამზადისში რომ იყვნენ, მთავარი საგვარეულო ტაძრის მშენებლობა,
მორთვა და მოწყობაც დამთავრდა.
ტაძრის საკურთხებლად მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი უნდა
ჩამოსულიყო და მთელი ოდიში ფეხზე იდგა.
ტაძრის ეზოსა და მისასვლელ გზებს სწმენდდნენ და ალამაზებდნენ,
ტაძრის კურთხევის, ნადიმის თადარიგს იჭერდნენ, საკლავსა და ფრინველს
არჩევდნენ.
ყველაფერი ნავარაუდევი იყო, ნაანგარიშევი და აწონილ-დაწონილი.
მხოლოდ მახარებელ ქობალიას ვერ დაესრულებინა ტაძრის ერთი კუთხის
მოხატვა. აჩქარებდნენ და თავადაც ჩქარობდა. ღამეც ტაძარში რჩებოდა,
მუშაობას დილაადრიან იწყებდა და ზოგჯერ ბინდი რომ მოუსწრებდა, ხატვას
სანთლების შუქზე აგრძელებდა.
სწყინდა, დროს რომ უკვეცავდნენ. ერთი პირობა, მთავარს წინააღმდეგობაც
შეჰბედა, მაგრამ რას გახდებოდა! ჭყონდიდელი აფხაზეთს ეშურებოდა იქაური
საქმეების გასარიგებლად და რაკი თავად ინება ოდიშის ახალი ტაძრის
საკურთხებლად შეჩერება, გადადებას ვინ შეჰკადრებდა. ესოდენ საპატიო
სტუმრის საამებლად, რომ დასჭირებოდა, მთავარი ახალი ტაძრის აგებასაც კი
დაიწყებდა, თორემ სამეფოს პირველი ვაზირისაგან აშენებულისა და
დამთავრებულის კურთხევას როგორ დააყოვნებდა.
მუშაობით დაღლილი ქობალია სასმელს ეძალებოდა, შეზარხოშებული
ღიღინებდა და ხატვას რომ სწყვეტდა, ზოგჯერ ხარაჩოდან ბარბაცით
ჩამოდიოდა.
წერისაგან ატანილს ჰგავდა იმ დღეებში მახარებელი. ჯვარცმულის კუბოში
ჩასვენებას ხატავდა და ყველას იმას ეუბნებოდა, ჩემი წამების დასასრულსა და
საფლავში ჩასვლას ვხატავო.
ღვინით გამხიარულებული ოსტატის გაღაჟღაჟებულ სახეს რომ ხედავდნენ
და წამების კვალს ვერ ატყობდნენ, მხატვრის წინასწარმეტყველებისა არავის
სჯეროდა... მაგრამ წინასწარმეტყველება ასრულდა.
მთავრის ოჯახი და ამალა ტაძარს უახლოვდებოდა. ცოტნემ შორიდანვე
შენიშნა: საყდრის ეზოსკენ ხალხი გარბოდა, დიდი და პატარა ტაძრის კარს
აწყდებოდა.
94_ რაღაც ამბავია, შერგილ ბატონო, ეკლესიას უამრავი ხალხი მოდგომია, _
თქვა შეფიქრიანებულმა ნათელამ და ცხენი წამით შეაყოვნა.
_ ალბათ, მახარებელი მორჩებოდა მუშაობას, კარს გააღებდნენ და
მნახველები თუ იჩქარიან ტაძრის დასათვალიერებლად, _ მშვიდად განმარტა
უსინათლო მთავარმა.
ხალხი კი ისევ გარბოდა ტაძრისკენ.
_ მოკვდა? _ კითხულობდა ვიღაც მარაქას ჩამორჩენილი და
სულმოუთქმელად მისდევდა წინ გასწრებულებს.
_ არა, არ მომკვდარა, მაგრამ აღარც სასიცოცხლო პირი აქვს, _ პასუხობდა
ვიღაც ეკლესიის ეზოდან.
ერთნი ტაძარში შერბოდნენ, მეორენი უკან გამოდიოდნენ, ვიღაცას
უხმობდნენ, ვიღაცას ეძებდნენ და იყო ერთი წრიალი და გნიასი.
ბატონებმა დაიქვეითეს.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა ნათელამ შემოგებებულთ.
_ მხატვარი გადმოვარდნილა ხარაჩოდან, _ მოახსენეს შეწუხებულებმა.
_ რას ამბობ! ღმერთო კი მომკალი, _ შეიცხადა ნათელამ და ტაძრისაკენ
გაქანდა.
_ როგორ არის? ხომ არაფერი დაშავებია? _ იკითხა შეშფოთებულმა
შერგილმა და ისიც ტაძრისკენ გაეშურა.
_ სულს ღაფავს, ბატონო, _ სლუკუნით ამოთქვა ადევნებულმა მსახურმა.
_ ხუცესს თუ დაუძახეთ, ეზიარა? _ იკითხა დაწინაურებულმა ნათელამ.
_ ხუცესი აქ იყო, მაშინვე თავს დაადგა, მაგრამ არც აღსარება თქვა და არც
ზიარება მიიღო.
გზა მისცეს და ბატონები ტაძარში შევიდნენ.
კედელთან მისვენებული მახარებელ-მაკარიოსი იმ ლეიბზე იყო
გართხმული, რომელზედაც გულაღმა იწვა ხოლმე, როცა ტაძრის ჭერსა და
გუმბათს ხატავდა.
მთავრისა და მისი სახლობისაკენ დამნაშავესავით გამოიხედა.
_ სრულ ვყავ, მთავარო, შენი ვალი არ მიმყვება, _ ამოიკვნესა მხატვარმა.
_ რა დროს ვალზე ლაპარაკია, ოსტატო! როგორ ხარ?
_ ასე თქვენი მტერი იყოს! _ ამოიოხრა მახარებელმა, ხელის ჩაქნევა
უნდოდა, ღონე არ ეყო და თითები ძლივსღა შეარხია.
_ არ შეშინდე, კარგად გახდები, _ გაამხნევა შერგილმა, _ მკურნალს თუ
უხმეთ? _ მიუბრუნდა იქ მყოფთ.
_ აქა ვარ, მთავარო, _ გამოეხმაურა წვეროსანი მოხუცი და ბატონებთან
თავდახრით წარსდგა.
ბატონების რიდით გარეშენი ტაძრიდან გაიკრიფნენ.
მკურნალი მთავარს ჩურჩულით რაღაცას ეუბნებოდა. იმ ჩურჩულიდან
კანტიკუნტად ესმოდა ცოტნეს: «წამალს რაღა შეუძლია... შიგანი ჩაქცეული
აქვს»...
95შეძრწუნებულმა ცოტნემ ნაბიჯი წინ წადგა, წრე გაარღვია და
სულთმობრძავის პირისპირ დადგა.
_ აფსუს, რა ხელოვანი იყო! სმამ დაღუპა უბედური!
_ ბოლოს მაინც ძალიან მიეძალა.
_ ამ სიმაღლიდან მთვრალი კი არა, ფხიზელი ვერ ჩამოვა კაცი და
გადმოვარდებოდა, აბა, რა იქნებოდა!
მახარებელმა თვალი გაახილა.
ცოტნეს დანახვაზე ჩამქრალი სახე გაუნათდა:
_ შენც მობრძანდი, ბატონიშვილო, ჩემი სიკვდილის სანახავად? ძნელი
ყოფილა სიკვდილი, როცა ღმერთი არ გწამს, _ ეტყობოდა, მხატვარი
უკანასკნელ ძალ-ღონეს იკრეფდა, ცდილობდა, სათქმელის თქმა როგორმე
მოესწრო, _ ასე მგონია, სადღაც ბნელი უფსკრულისაკენ უნდა გავქანდე,
საშინელი სისწრაფით მივქრი და უკან არაფერი მრჩება. ცხოვრების საუკეთესო
წლები უცხოობაში, სხვათა სამსახურში გავატარე. სამშობლოში მაშინ
მოვბრუნდი, როცა სხვას უკვე დიდად აღარად ვუღირდი. სხვათა ზღვას ჩემს
მიერ შემატებული წვეთი არ დაეტყო, ჩემს ქვეყანასაც დიდი ვეღარაფერი
შევძინე და ამიტომ სახელიც არ მრჩება. სხვა ხალხს თან რომ გადაჰყვე, მაინც
თავისი ურჩევნია შენსას და, ისევე მალე დაგივიწყებს, როგორც მალე
მიგიკედლა და გამოგიყენა. რაც მე სირიასა და საბერძნეთში ტაძრები და
სასახლეები მოვხატე, ვინ მოსთვლის! ფულს ბლომად მიხდიდნენ და პატივსაც
მცემდნენ, მაგრამ სახელი ვერსად დავიმკვიდრე და სიყვარულითაც ვერსად
შემიყვარეს, რადგან მათი სისხლხორცი არ ვიყავი. კაცმა თუ თავისი სიცოცხლე
და შემოქმედება სამშობლოს არ ანაცვალა და მოახმარა, სხვაგან მსხვერპლი
არსად დაუფასდება. მე უბედურმა გვიან გავიგე ცხოვრების ეს კანონი,
სამშობლოს გვიან დავუბრუნდი და აქ უკვე ვეღარავის გამოვადექი. რაც
უცხოობაში მიშრომია და მიოცნებია, ჩემთვისაც დაკარგულია და ჩემი
ქვეყნისთვისაც. აქ რომ ერთი სანთლის ანთება მაინც მომესწრო, ჩემი ხალხი
იმასაც არ დამიკარგავდა და ჩემს სახელს შთამომავლობას შეუნახავდა.
მაგრამ ახლა სინანული გვიანღა არის!
ადამიანის უკვდავება სამშობლოს სიყვარულში, მისთვის თავდადებაშია
თურმე. დანარჩენი სხვა ამაოებათა ამაოება ყოფილა მხოლოდ.
მახარებელმა თვალი მოხუჭა, ნელ-ნელა დაცხრა, ხმა მიუსუსტდა და
აღგზნებაც გაუნელდა. ეტყობოდა, ტკივილმა უმატა, სახე ეღმიჭებოდა და
სუნთქვა გაუხშირდა.
ისევ მალე გაახილა თვალი. თითქოს ცოტნეს რაღაცას ანიშნებსო, ხელის
უღონო მოძრაობით თითი კედლისკენ გაიშვირა.
ცოტნე მიხვდა, იმ კედელზე უთითებდა, სადაც ეშმაკურად მზირალი
ქვეყნის შემოქმედი უფალი ჰყავდა გამოხატული.
_ მორჩა ჩემს წამებას... ხომ ხედავ, რა არხეინად იღიმება, თითქო თვითონ
არაფერ შუაში იყოს! უსამართლოა და მეც უსამართლოდ მომექცა, მის მიერვე
ჩაგონებული ცოდვები არ მაპატია, სულის სიმშვიდე არ მაღირსა!
96ცოტნეს გარდა, იქ მყოფებმა ნათქვამის აზრი ვერ გაიგეს, ერთიმეორეს
გაკვირვებულებმა გადახედეს.
_ ღმერთი ის არის, მართალი და მოწყალე, ყოვლის შემნდობი და
მომტევებელი, იმას მიბაძე, ბატონიშვილო, და მისი სათნოება გაიხადე
სამაგალითოდ.... _ ამოილუღლუღა ქობალიამ და თითი გუმბათისკენ ოდნავ
შემართა.
ცოტნემ მაღლა აიხედა, მაცხოვარი კეთილი, სათნო თვალებით უყურებდა
იქ მყოფთ და თითოეულ მათგანს გამოურჩევლად უგზავნიდა სულის
სიმშვიდეს, ნუგეშსა და შენდობას.
_ ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო! _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიჩურჩულა
მხატვარმა, სახე მწარე ტკივილისაგან დაეღრიჯა, ერთი გაიზმორა და სული
დალია.
რაც მახსოვრობა ჰქონდა ცოტნეს, თავისი დიდი ნათლიის სახელი ესმოდა.
მთავრის სასახლეში, ყველგან, საქართველოს ხელმწიფის სურათებს უცქეროდა
_ კედელზე დაწერილს თუ ქსოვილზე ამოქარგულს, თიხაზე მოხატულს თუ
ლითონზე ამოტვიფრულს. თვითონ ცოტნეს დედის ბეჭდის თვალზე
დედოფლის ულამაზესი თავი იყო გამოკვეთილი, ხოლო მამის ქამარ-
ხანჯალზე ზარნიშით თამარის ქება ეწერა. მხვნელ-მთესველნი, ცხენოსანნი,
თუ მენავენი თამარის დიდებას მღეროდნენ, მეჩანგენი და მეებნენი
უმშვენიერესი თამარის შესამკობელს გალობდნენ.
ერთი სიტყვით, ცოტნე თვალის ახელისა და ყურის განხმის დღიდან
თამარის სახეს ხედავდა, მისი ხოტბა ესმოდა; ამიტომ მის წარმოდგენაში
თამარი ყოველივე უმშვენიერესისა და უსათნოესის, უბრძენესისა და
უკეთილშობილესის განსახიერება იყო.
და მაინც, როცა ფეხი სამეფო დარბაზის ზღურბლზე გადადგა და ტახტზე
მჯდომარე გვირგვინოსანი დედოფალი დაინახა, თვალთ დაუბნელდა. ესოდენ
უნაკლო სილამაზე და უჩრდილო ბრწყინვალება რაღაც არაამქვენიურად,
ზეადამიანურად ეჩვენა.
მთავრის მეუღლეს ხელჩაკიდებული მიჰყავდა შვილი.
ცოტნეს ფეხი ეშლებოდა. ეგონა, ყველა მას მიჩერებოდა, აქეთ-იქით
გახედვას ვერ ბედავდა და თავჩაღუნული მიაბიჯებდა. ტახტს რომ
მიუახლოვდნენ, ნათელა მუხლზე დავარდა, ცოტნე დასწია და თავის
გვერდით ჩააჩოქა. ჩოქვითა და ფარდაგზე შუბლის ცემით წავიდა შერგილ
დადიანის მეუღლე მეფეთმეფისკენ.
ცოტნეც ჩოქვით მიჰყვა თავდახრილი.
მას არაფერი ესმოდა და არც არაფერს ფიქრობდა.
ხელის შეხებამ გამოარკვია, თავი აიღო: მის წინ დედოფალთდედოფალი
იდგა.
თამარს დედა-შვილისთვის მხრებზე ხელი მოეხვია და ზეზე
წამოსაყენებლად მოუწოდებდა.
97ნათელა დედოფლის კალთას ემთხვია, მერე კრძალვით წამოდგა და
მემკვიდრეც წამოაყენა.
_ მშვიდობა თქვენს მოსვლას, _ ბრძანა დედოფალმა, მთავრის მეუღლეს
მოეხვია და ლოყა საკოცნელად მიუპყრო. მერე ყრმას მიუალერსა, შუბლზე
აკოცა, თავი აუწია, შეხედა და ნასიამოვნებმა თქვა:
_ სახიერი ყოფილა, დაო, ჩემი ხელით განათლული, ოდიშის მთავრის ძე.
ნათელას ერთიმეორეზე მეტად ეამე მეფისაგან დად ხსენება და
ბატონიშვილის ქება, გულს ნათელი მოეფინა და დედოფალს მადლი
გადაუხადა.
ცოტნეს თითქოს ცეცხლი ეკიდა. არ იცოდა, ალმოდებული სახე სად
დაემალა. დედოფლის შეხედვას ვეღარ ბედავდა.
თამარმა ორივე ტახტისკენ წაიყვანა.
ლაშა და რუსუდანი მოეგებნენ ცოტნეს. ტახტს უკან შუაში ჩაიყენეს,
მოეფერნენ და მოეალერსნენ.
ცოტნე ცდილობდა, უფლისწულებთან ღირსეულად სჭეროდა თავი,
ზრდილად და თავმდაბლად პასუხობდა მათ კითხვებზე. მაგრამ მისი ფიქრი
მაინც თამარის ირგვლივ, არნახული და გაუგონარი მშვენიერების ირგვლივ
ტრიალებდა. უფლისწულები გაჩუმდნენ. დიდი თამარი ოდიშის მთავრის
მეუღლეს შვილისა და მაზლის სამძიმარს ეუბნებოდა:
_ არც ერთის დაკრძალვას არ უნდა გამოვკლებოდი, მაგრამ უცალო ვიყავ
საქვეყნო საქმეთაგან. სიონში ვაწირვინე კათალიკოსს და გულმხურვალედ
შევავედრე მათი სულები მხსნელსა და მაცხოვარს.
ზეციური ჰანგივით ჩაესმოდა ცოტნეს ნარნარად ნათქვამი სიტყვები
დედოფლისა.
სმენადდამტკბარი
დარბაზში
მყოფ
დიდებულებს
აკვირდებოდა. პატივისა და ღირსების მიხედვით ისხდნენ და იდგნენ
ვაზირები და ერისთავთერისთავები, ვინ მეფის ახლოს, ვინ _ მოშორებით.
დარბაზის კედლები და თაღები უცხოდ იყო მოხატული. ოქროთი
დაფარული ჭერი, სვეტები და კამარები ჭაღებით იყო გაბრწყინებული.
ცოტნეს გაახსენდა ივლიანე მოძღვრის ნაამბობი. ბერძენთა იმპერატორისა
და ვენეციელი დოჟების სასახლეს ისე აღწერდა ხოლმე, თვალნათლივ
წარმოუდგენდა მათ სიმდიდრესა და სიტურფეს. მაშინ ცოტნეს ეგონა, იმ
სასახლეების ბადალი ქვეყნად სხვა აღარაფერი იქნებაო. მაგრამ ახლა, როცა
თამარის სასახლეს ათვალიერებდა, რწმუნდებოდა, რომ ამის უმდიდრესსა და
უმშვენიერესს დედამიწის ზურგზე კაცი სხვას ვეღარაფერს მოიგონებდა და
შექმნიდა.
იქნებ ასეც არ იყო, მაგრამ სხვა სასახლეში თამარი ხომ არ იქნებოდა და
სასახლეს, სადაც თამარი არ არის, რა შნო და შუქი უნდა ჰქონოდა!
ივლიანე მოძღვრის გახსენებაზე ცოტნეს თავის აღმზრდელთან
განმარტოება, მისთვის შთაბეჭდილების გაზიარება მოუნდა.
98მოძღვარი წეღან მეფის დარბაზის კარამდე მოჰყვა. მერე, როცა ცოტნემ
წონასწორობა დაკარგა და გზააბნეულივით წავიდა ტახტისკენ, ყველაფერი
დაავიწყდა, აღარც თავი ახსოვდა, აღარც აღმზრდელი და ახლობლები.
ცოტნემ ნელა მოავლო თვალი დარბაზს და სადღაც ივლიანე მოძღვრის
ფაფარს რომ მოჰკრა თვალი, გაუხარდა. მხარბეჭიანი ბუმბერაზი მთელი
თავით მაღალი იყო მის ირგვლივ მყოფებზე. ივლიანე ბატონიშვილისკენ
გაღიმებული იცქირებოდა, თავს ოდნავ უხრიდა, რაღაცას უწონებდა და
ამხნევებდა.
ცოტნესაც ღიმილმა გადაჰკრა, ცოტა გული გაუმაგრდა და სიმშვიდე
დაუბრუნდა.
ოდიშის მთავრის ცოლ-შვილს თამარმა თავის სასახლეში მიუჩინა
პალატები.
პირველი ღამე თითქმის თეთრად გაათენა ცოტნემ. დღის შთაბეჭდილებით
გაოგნებულს ძილი არ ეკარებოდა. თვალწინ სულ თამარი ედგა სახიერი და
სხივოსანი. მისი ღიმილი სულში ნათელივით ეღვრებოდა, მისი გამოხედვა
სითბოთი და სინაზით ავსებდა.
დაქანცულსა და დათენთილს კარგა ნაშუაღამევს ძლივს დაეძინა.
გულისძილში წასვლაც ვერ მოასწრო, რომ სიზმარში თვალწინ ისევ თამარი
დაუდგა:
დავაჟკაცებული ცოტნე მეფის ტახტისკენ მიაბიჯებს. უკან დიდებულთა
მთელი გუნდი მიჰყვება ოდიშის მთავრის მემკვიდრეს. ცოტნესა და
დიდებულებს გულზე და ზურგზე დიდი ჯვარი ახატიათ იმის ნიშნად, რომ
დიდებულთა ეს გუნდი ცოტნეს მეთაურობით პალესტინისკენ მიემგზავრება
ლაშქრად ურჯულოთაგან წმინდა მიწა-წყლის გამოსახსნელად.
თამარი წამოდგა.
თვალისმომჭრელად ბრწყინავს დედოფლის თავზე პატიოსანი თვლებით
შემკული გვირგვინი. მაგრამ კიდევ უფრო დამაბრმავებლად დედოფლის
თვალები ბრწყინავენ და ცოტნე გრძნობს, რომ მუხლებში ძალა ელევა, თავით
ფეხამდე ჟრუანტელი უვლის და ცოტაც რომ გაგრძელდეს, დაეცემა.
თამარმა სეფე დროშა მოიღო. ცოტნეს გადასცა, იერუსალიმის გზა
დაულოცა და შუბლზე ეამბორა ჯვაროსანთა მეთაურს.
ცოტნეს ისევ თვალთ დაუბნელდა, შეტორტმანდა, მაგრამ დროშის ტარს
მიეყრდნო და წონასწორობა შეინარჩუნა. თვალი ისევ გაუნათდა და გაოცდა:
დიდი თამარის ადგილას ცოტნეს წინ მისივე ტყუპის ცალი _ თამარი იდგა.
საოცრად გაზრდილი და დამშვენებული ეჩვენა ადრე დაკარგული დაი. თავს
ოქროს გვირგვინი ედგა ტანაყრილსა და დაქალებულს. ახლა ცოტნემ თვითონ
მიიწია საკოცნელად დისკენ, ხელი მოჰხვია და ჩაეკონა.
მერე წამით თავი ასწია, შეხედა და ისევ გამოიცვალა ყველაფერი: ცოტნეს
დაი სასწაულებრივად გაჰქრა თვალსა და ხელს შუა; ჯვაროსანთა წინაშე ისევ
მეფეთმეფე თამარი იდგა ლოცვად ხელაწვდილი და ცისკენ თვალაპყრობილი.
99ცოტნემ მუხლი მოიყარა, დროშას ემთხვია და დედოფლის კაბის კალთას
სამგზის ეამბორა.
დედოფალმა წამოაყენა, ცოტნემ გაბედა და გვირგვინოსანის სახეს
შეაცქერდა, თვალებში ჩახედა და იქ რომ მოულოდნელად თავისი თავი
დაინახა, საოცრად გაუხარდა.
_ სად იყავი აქამდე, შენ ხომ ჩემი ტყუპის ცალი ხარ, ჩემი სულისა და
სხეულის ნაწილი და განაყოფი?!
_ არ ვიცოდი, დედოფალო! _ თავი იმართლა ცოტნემ.
_ ჰოდა, ამიერიდან მაინც აღარ დამტოვო. სულ ერთად ვიყოთ, როგორც
დედის მუცელში ვიყავით ერთად და განუყრელად, _ თქვა დედოფალმა,
ცოტნეს მოეხვია და...
იმ ღამეს დასრულდა ცოტნეს ყრმობა.
მეორე დილას ოდიშის მთავრის მემკვიდრე უკვე ჭაბუკი იყო,
საქართველოს მეფეთმეფეზე და უმშვენიერეს დედოფალზე უგონოდ
გამიჯნურებული ჭაბუკი.
ნელ-ნელა მოშინაურდა თამარის სასახლეში ცოტნე. მეფის კარზე მყოფი
დიდებულთა შვილები მოწყენისა და დანაღვლიანებისათვის დროს არ
უტოვებდნენ. საბურთაოდ და ჭადრაკის სამღერლად იწვევდნენ, ქალაქგარეთ
სანადიროდ და სასეირნოდ იტაცებდნენ.
ერთხანს, ვიდრე მთავრის მეუღლე თბილისს იყო, დედაშვილი თითქმის
ყოველდღე ხედავდა დიდ თამარს. მეფე ხან სერობაზე ეძახდა შერგილის ცოლ-
შვილს, ხან დარბაზობაზე. ის დღეები ცოტნეს ცხოვრების უბედნიერესი
დღეები იყო. თავდაღუნული ჭაბუკი შეფარვით გააპარებდა ხოლმე თვალს
უმშვენიერესი დედოფლისაკენ და ეს კმაროდა, სახეზე მაშინვე ალი ეცემოდა,
ტანში ჟრჟოლა დაუვლიდა და მუხლებში კანკალი შეუვიდოდა.
მეფეთმეფე იმ ხანად მოღლილსა და მოწყენილს ჰგავდა. ჩვეულებრივზე
მეტად გამხდარი ჩანდა და სახე ოდნავ გაფერმკრთალებული ჰქონდა.
მჭვრეტელებს თამარის სიტურფე, მიმზიდველობა და ჰაეროვნება კიდევ
უფრო მომატებული ეჩვენებოდათ და მარტო მეხოტბეებსა და მგოსნებს კი არა,
უბრალო, ენაბრგვილ ადამიანებსაც კი მისი ეს განუმეორებელი სილამაზე
ლექსისა და სიმღერის გამოთქმას ჩააგონებდა.
_ საკვირველია, _ თქვა ერთხელ დარბაზობიდან დაბრუნებულმა ნათელამ,
_ დედოფალი ასე მშვენიერი არასოდეს ყოფილა, ოღონდ ეს მაფიქრებს,
თვალებში სევდა მოძალებია და სახის ფეროვნება გამკრთალებია.
ცოტნეს ალმური მოედო.
ნათელას თითქოს შვილის იქ ყოფნა აღარც ახსოვსო, ღვთისმშობლის
ხატთან მივიდა, მუხლზე დაეშვა და შეევედრა:
_ ღვთისმშობელო, მარიამ ქალწულო! გაფანტე ჩემი ეჭვი... ჯანის სიმრთელე
და დღეგრძელობა მიეცი დიდ თამარს, ნუ შეარყევ ქართველთა ძლიერებასა და
იმედის სიმტკიცეს.
100უცებ დედის გვერდით შვილმაც ჩაიჩოქა და ნათელას გაახსენდა, რომ
მარტო არ იყო, ხმას დაუწია და ჩურჩულით განაგრძო ღვთისმშობლის
სავედრებელი.
ცოტნე ვერ მიხვდა რა ეჭვების გაფანტვას შესთხოვდა უფალს მისი კეთილი
დედა, მაგრამ ეს კი შეატყო, რომ მთავრის მეუღლეს რაღაც აფიქრებდა და
აშფოთებდა. ის გაურკვეველი შეშფოთება ცოტნესაც გადაედო და
გულმხურვალე ლოცვას მთელი არსებით მიეცა.
მგრძნობიარე ჭაბუკის გაუმხელელ სიყვარულს ასპარეზი ღამის
სიმარტოვეში, ერთიმეორეზე გადაბმულ სიზმრებში ეძლეოდა.
სიზმარში სრულდებოდა ყველა ნატვრა და ოცნება, მაგრამ ყველაზე თამამ
ზმანებაშიაც კი უსაზღვრო კრძალვისა და კრთომის საზღვრებს ვერასოდეს
გადადიოდა კეთილშობილი ჭაბუკი. მისი ბედნიერებისათვის ისიც კმაროდა,
თუ სიზმრად გმირობას ჩაიდენდა და თამარის ღიმილს ან ყურადღებას
დაიმსახურებდა, მის ახლო, სადმე ჩრდილში იდგებოდა და იქიდან ჭვრეტის
შესაძლებლობა ექნებოდა.
ნათელა კმაყოფილი იყო: ბატონიშვილი მეფის სასახლის გარემოს შეეჩვია,
უფლისწულებს დაუახლოვდა და დიდებულთა შვილებს დაუმეგობრდა.
ცოტნეს ახალი ცხოვრება სწორედ ისე ეწყობოდა, როგორც მთავარი და მისი
მეუღლე ოცნებობდნენ. ოდიშის მთავრის მემკვიდრე არც წირვასა და ლოცვას
აკლდებოდა, არც ბურთსა და ნადირობაში რჩებოდა ვისმე უკან, არც სწავლასა
და წვრთნას ცდებოდა. მხოლოდ ეს იყო, ცოტნე ხშირად ნაღვლიანდებოდა,
სევდამოწოლილი განმარტოებას ეძებდა.
შვილის მოწყენას მარტივად ხსნიდა დედა: ყმაწვილი, ალბათ, თავის
მშობლიურ კუთხეს, ტოლ-მეგობრებს ნატრობს, მეფის კარს უკეთ შეეჩვევა და
დარდიც გაუვლისო.
ბატონიშვილს საულვაშე ნელ-ნელა უშავდებოდა და დედას მარტო ის კი არ
ახარებდა, შვილის დავაჟკაცებას რომ მოესწრებოდა, ისიც იცოდა, სიჭაბუკის
ასაკი მის მემკვიდრეს ახალ გატაცებებს მოუტანდა და ბერად შედგომის
ფიქრზე სამუდამოდ ხელს ააღებინებდა.
შვილის მომავლისა იმდენად აღარ ეფიქრებოდა, მაგრამ ქმრისა და ოჯახის
დარდი თავიდანვე არ ასვენებდა ნათელას, უმისობა უსინათლო მთავარსაც
გაუჭირდებოდა, ხალხსა და ჯალაბსაც შეეტყობოდა.
სასახლეში საკმაო ხანი დაჰყო მთავრის მეუღლემ. დრო იყო, მეფისათვის
შინ წასვლის ნება გამოეთხოვა და შვილის ბედ-იღბალი ჩაებარებინა.
თამარმა სტუმრის თხოვნა მოისმინა და შეიწყნარა:
_ რაკი ოჯახი მოგენატრა, წასვლას როგორ დაგიშლი, ჩემო ნათელა.
შერგილის უსინათლობა ჩვენ გვაწუხებს და შენ როგორ არ გექნება ქმრისა და
სამთავროს დარდი. წაბრძანდი, ღმერთი იყოს თქვენი სახლისა და ნათესავის
შემწე და მფარველი. ჩემს ნათლულ ბატონიშვილზე ნუ იდარდებ,
უფლისწულების სწორად მეყოლება, ზრუნვას არ მოვაკლებ და პატივს.
101ოღონდ, ერთი სათხოვარი მექნება, ჩემი ხელით განათლულთან _ ჩემს
რუსუდანს გაუწიოს ძმობა და რაინდობა. ცოტნე და რუსუდანი თითქმის
ტოლები არიან, ვატყობ, ერთმანეთს კარგად ეთვისებიან და მინდა მათი
დაძმური სიახლოვე კიდევ უფრო განმტკიცდეს. ლაშას თავისი ცოლ-შვილი
ეყოლება, სამეფო საქმისაგანაც მოცალება არ ექნება და ერთი ვინმე ხომ უნდა
ჰყავდეს მეფის ასულს ძმასავით ერთგული და მისანდო.
ნათელამ მუხლი მოიყარა და ცოტნემაც მაშინვე ჩაიჩოქა.
_ თუ ამ პატივის ღირსად სცნობ ჩვენს შვილსა და სახლს, ამაზე დიდი
ჯილდო რა იქნება, დედოფალო! _ ამოსთქვა სიხარულით გულაჩუყებულმა
ნათელამ და კალთის საამბორებლად მიიწია.
_ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, _ განაგრძობდა თამარი, _ მხოლოდ
უფალი ღმერთია უკვდავი და ჩვენ მის განგებას ვართ მინდობილნი.
სხვისთვის არ გამიმხელია და შენ გიტყდები პირველად: ბოლო დროს
სიკვდილზე ფიქრი შემომეჩვია და უგუნებობაც დამჩემდა: ჩემი გიორგი უკვე
ვაჟკაცია და მჯერა, რომ სამეფოს ბედი საიმედო ხელთ იქნება. რუსუდანი
მებრალება, სათუთია და ნებიერი. ცხოვრებას ბევრი განსაცდელი სდევს და,
ვაითუ, გაუძნელდეს სუსტსა და უზრუნველობას ჩვეულს. ამიტომ მინდა
მხარში მეორე ძმასავით ედგეს თქვენი ძე და ჩემი ნათლული, რომ
უდედმამობამ და ობლობამ არ დამიჩაგროს საყვარელი ასული.
_ ღმერთმა ნუ შეასწროს საქართველო და საქრისტიანო უშენობასა და
შენგან დაობლებას! ეს როგორ ბრძანე, დედოფალო! _ შეჰღაღადა ელდანაცემმა
ნათელამ.
_ განგებას ვერავინ შესცვლის და არავინ ვართ მეცნიერი იმისა, თუ
ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს! ჩემი ნათლული სათნოა და კეთილი,
სიმხნე არ აკლია და სიქველე. ამიტომ ავირჩიე ჩემი ასულის მფარველ
რაინდად და იმედი მაქვს, ჩვენს ამ სურვილს შეიწყნარებს ბატონიშვილი.
_ სიკვდილამდე ერთგული იქნება შენი და შენი ასულის, _ დაასწრო
ნათელამ, _ შეჰფიცე, შვილო, შეჰფიცე დიდ მეფესა და მოწყალე დედოფალს
საუკუნო ერთგულება ტახტისა და მისი მემკვიდრეებისა!
_ ვფიცავ, დედოფალო, _ ძლივს ამოიდგა ენა ცოტნემ, თვალზე
მოძალებული ცრემლის დასამალავად თავი დახარა და დედოფლის ფეხებთან
ფარდაგს ემთხვია.
რუსუდანის სიახლოვემ გაახალისა ცოტნე. თუმცა მეფის ასული ცოტნეზე
სამიოდე წლით იყო უფროსი, ოდიშის მთავრის მემკვიდრესა და დედის
ნათლულს ტოლივით ეპყრობოდა. დარბაზობისა და სეირნობის, გართობისა
და თავშესაქცევის დროს გვერდიდან არ იშორებდა, სასახლიდან უმისოდ ფეხს
არ დგამდა. მოსწონდა რუსუდანს ძმასავით ახლობელი ცოტნე, ზრდილი და
თვალტანადი, ალალმართალი და უეშმაკო ჭაბუკი.
102თავის მხრივ, ცოტნეც იმთავითვე მოხიბლა რუსუდანის ლაღმა და
მხიარულმა ბუნებამ, გულკეთილობამ და უშუალობამ, პირდაპირობამ და
კეთილშობილმა უბრალოებამ.
ოდიშარი ბატონიშვილი თვალ-წარბში შეჩერებოდა თავის ახალგაზრდა
ქალბატონს და მზად იყო, ყოველ წამს მისი გულისთვის თავი გაეწირა. ამას
რომ
წარმოიდგენდა,
ორმაგ
ბედნიერებას
განიცდიდა:
ერთი
_
რუსუდანისთვის თავდადება იქნებოდა, მეორე ის, რომ თამარი გაიგებდა, თუ
როგორ გასწირა თავი უფლისწულის რაინდად მის მიერ არჩეულმა ცოტნემ,
როგორ აღასრულა მეფისათვის მიცემული ერთგულების ფიცი და როგორ
იხსნა განსაცდელისაგან თავისი სათაყვანებელი მეფის ასული.
რუსუდანი უკვე გასათხოვრად მოწიფული ქალიშვილი იყო. უცხო-უცხო
ქვეყნების მეფეებისა და იმპერატორებისაგან, სულტნებისა და მელიქებისაგან
ცხრა მთას იქიდან მოდიოდნენ ელჩები და დესპანები ძლიერი საქართველოს
მეფის ასულის რძლად სათხოვრად.
თამარი არ ჩქარობდა, გამორჩევით უყვარდა თავისი ნებიერი ასული და
შორს გადასაკარგავად ვერ იმეტებდა.
ჯერ არც უგვიანდებოდა რუსუდანს, სინორჩე სულ ახლახან გათავებული
ჰქონდა და ნამდვილ გაფურჩქვნას ახლა იწყებდა, ყოველდღე მშვენება და
მიმზიდველობა ემატებოდა.
მშვენება კი მართლაც საარაკო ჰქონდა მეფის ასულს.
თეთრ-ყირმიზა რუსუდანი დედას ჰგავდა, მაგრამ მამისაც ზოგი რამ
გამოჰყოლოდა. ტანის სისავსე და ნაკვთების სილბო, გამომწვევი გამოხედვა და
სიცოცხლის დაუამებელი წყურვილი _ აშკარად ასხვავებდა ჰაეროვანი და ნა-
ტიფი დედისაგან, რომელიც მარტო დიდებულებით კი არა, თავის ირგვლივ
დაფრქვეული დიდი შინაგანი მშვენიერების ძალითაც ხიბლავდა მნახველს.
დასავლეთიდან ჯვაროსნების ამბები გამუდმებით მოჰქონდათ ფრანგ და
იტალიელ მისიონერებს.
საქრისტიანო ევროპა ახალი, უჩვეულო აღგზნებით ემზადებოდა და მთელი
იმედი წმინდა ადგილების გამოხსნისა და უცოდველი ყრმების ლაშქრობაზე
იყო დამყარებული.
წმინდა ეტიენის ლაშქარს ყოველი კუთხიდან ემატებოდა ახალ-ახალი
რაზმი, დაუსრულებელი წირვა და ლიტანიობა უფალს მათ გამარჯვებას
გამოსთხოვდა და ყველა მორწმუნეს წმინდა ყრმათა ლაშქრის დასახმარებლად
მოუწოდებდა.
ივლიანე მოძღვარს ყური ფხიზლად ჰქონდა და გამუდმებით უყვებოდა
თავის მოწაფეს რომის პაპისა და ეტიენის ლაშქრის ყოველ ნაბიჯზე.
ცოტნეს მასწავლებლის წაქეზება არ უნდოდა, თვითონ სულ
პალესტინისაკენ გალაშქრებას ოცნებობდა და ყოველთვის, როცა საამისო
საშუალება იყო, რუსუდანს ევედრებოდა დედისა და ძმისათვის იერუსალიმზე
ლაშქრობის დაჩქარება ეთხოვა.
და აი, ერთხელ, უფლისწულების თანდასწრებით, თამარმა ბრძანა:
103_ ოდიშის მთავრის მემკვიდრე, ჩემი საყვარელი ნათლული ურჯულოთაგან
იერუსალიმის გამოსახსნელად გალაშქრებას იხვეწება რუსუდანის პირით, ჩემი
ვაზირები და დიდებულებიც ამასვე მევედრებიან, მაგრამ მე უკვე უძლური
ვარ ეგოდენ დიდი ტვირთის ზიდვად. ალბათ, შენ მოგიწევს, საქართველოს
ახალ ხელმწიფეს, შვილო ჩემო ლაშა, ქართველთა ამ ოცნების ხორცის შესხმა.
შენ უნდა წარუძღვე ქართველ ჯვაროსნებს იერუსალიმისკენ, შენ უნდა
გამოიხსნა მაცხოვრის საფლავი. მხოლოდ ერთს გევედრები და ეს იყოს ჩემი
უპირველესი ანდერძი: ჩემი ცოდვილი ნეშტი წაიღე და წმინდა მიწას მიაბარე
ჯვრის ქართულ მონასტერში.
_ მაგას რად ბრძანებ, დედაბატონო! ღმერთმა ეგ დღე ნუ ჰქნას! _ შეიცხადა
ლაშამ და დედას მოეხვია.
_ ეგ რა თქვი, დედა, არ გეცოდები?! _ მოიქუფრა რუსუდანი და
ცრემლმორეული დედას ყელზე შემოეჭდო.
თამარმა თვალს მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, ნაძალადევად გაიღიმა და
შვილებს შეუძახა:
_ რა გატირებთ, თქვე ჯაბნებო! ადექით, გარეთ გამოიხედეთ, სიცოცხლეს
რა სჯობს! _ წამოჰყარა ფეხზე შვილები.
სამივე კარამდის მიაცილა.
კარის ზღურბლზე ლაშა შეაჩერა წამით.
_ იცოდე, შვილო, როცა უფალი მომიწოდებს, ჩემი ეს ანდერძი არ
დაგავიწყდეს...
ლაშა გაფითრდა, თამარს ისევ კურცხალი წასკდა, ერთი მძიმედ ამოიოხრა
და შეშფოთებისაგან დაბნეულ შვილს კარი მიუხურა.
ნაჭარმაგევს მყოფი თამარი სამეფო საქმეებით იყო მოუცლელი. ვაზირები
და
დიდებულები,
ეკლესიის
მეთაურები
და
ორთავ
აკადემიის
მოძღვართმოძღვრები
ერთთავად
სულ
ნაჭარმაგევის
პალატებში
ტრიალებდნენ.
მეფე და მისი თანამოსაყდრე ლაშა-გიორგი დილით სხდებოდნენ საქვეყნო
საზრუნავის გასაბჭობად და გარიგებად. დიდი და ძლიერი სამეფოს მოვლა-
პატრონობას დრო და ღონეც დიდი მიჰქონდა, ვაზირებთან და ერისთავებთან
თათბირი და გამორჩევა, ელჩების მიღება, დესპანების გაგზავნა, არხებისა და
გზების გაყვანა, ციხეების შენებისა და ლაშქრის მზაობის ღონისძიება,
ყველაფერი მეფის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით
წყდებოდა. საქვეყნო საქმის ყოველი წვრილმანი ხელმწიფის ყურამდე
აღწევდა, ცოტად თუ ბევრად ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხი თამარის
რჩევითა და დასტურით წყდებოდა.
დანარჩენ დროს მეფე წირვის მოსმენასა და ლოცვას, წიგნის კითხვასა და
ხელსაქმეს ანდომებდა.
ბოლო ხანს სისუსტეს გრძნობდა თამარი, უმადობა დასჩემდა და გახდომა
შეეტყო. თავის ტკივილი და უღონობა ისეთ დროს მოერეოდა, საქმის
104მიტოვება რომ არ შეეძლო. ჯიუტობდა, უძლებდა, ეგონა, უღონობა გაუვლიდა.
შვილთა და ახლობელთაგან სატკივარს მალავდა, არავის უმხელდა.
ჯაფისაგან ისე არ იღლებოდა, როგორც უძილობისაგან. შუაღამემდე ვერ
იძინებდა, ქსოვასა და ქარგვაში, ან წიგნის კითხვაში შემოათენდებოდა ხოლმე
და მეორე დღეს თავისთავს თვითონ ვეღარ სცნობდა: ყველაფერი უმძიმდა,
ტახტზე ჯდომაცა და ფეხზე დგომაც, კითხვაცა და წერაც.
შემოდგომის მშვიდი დღე იდგა.
ტყეებს სიმწვანე წასვლოდა, ალაგ ყვითელი, ალაგ ალისფერი
დასდებოდათ. ვენახებსა და მარნებში ხმაური მიმწყდარიყო, მაჭარი
დადუღებულიყო და სოფელ-სოფელ მობარბაცე მთვრალ დიონისეს უკვე
ჟინდამცხრალს ეძინა.
გვიან შემოდგომის ის დრო იყო, ახლა რომ ჩვენში «თათრის ზაფხულს»
ეძახიან. ნაზად მქროლავ ნიავს ჯერ კიდევ არ მოჰქონდა მთებიდან სუსხი.
დედამიწაც მისუსტებული, მაგრამ საამო სითბოთი სუნთქავდა; მზეს
მცხუნვარება დაჰკარგოდა, სილბო და ალერსიანობა, თაფლი და
მიმზიდველობა მომატებოდა.
შუადღიდან დარბაზში ბჭობა ჰქონდა მეფეთმეფეს.
რჩევამ და ბჭობამ დიდხანს გასტანა.
დედოფალი თავს დილიდანვე ცუდად გრძნობდა. ახლა სული ეხუთებოდა,
თავს ძალას ატანდა, საქვეყნო საქმის გადადებას უჩვევი ფეხზე ვერ დგებოდა
და ბჭობიდან ვერ მიდიოდა.
ბოლოს, როგორც იყო, დარბაზი გაიყარა.
ფერმკრთალმა დედოფალმა ჰაერზე გავლა მოისურვა. შეკაზმული ცხენი
მოჰგვარეს.
უფლისწულებისა და უახლოესი ვაზირების თანხლებით ტყისპირს
მიაშურეს.
ცხენდაცხენ რუსუდანს ადევნებული ცოტნე დედოფალს თვალს არ
აცილებდა.
მეფე, ადრე რომ საუკეთესო ვაჟკაცებს ცხენოსნობაში ტოლს არ უდებდა,
ახლა როგორღაც მოშვებულად იჯდა თვინიერ თეთრ რაშზე, ცხენისათვის
სადავე მიეშვა, ხელები ძირს ჩამოჰყროდა.
ცოტნე თვალს არ უჯერებდა, ეგონა, მეჩვენებაო: თამარი ქანაობდა,
ეტყობოდა, უნაგირზე ვეღარ მაგრდებოდა.
შეშფოთებული ცოტნე რუსუდანს გაუსწორდა:
_ მეფის ასულო, ხელმწიფეს ხომ არაფერი უჭირს?
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, თამარი ცხენიდან გადმოეშვა და ის
იყო, ძირს უნდა დაცემულიყო, რომ ლაშამ თვალი შეასწრო და ხელი შეაშველა.
მეფის ჭკვიანი ცხენი მაშინვე გაჩერდა.
ამალამ წამსვე დაიქვეითა და დედოფალს შემოეხვია.
105_ დედა! მიშველეთ! _ შეჰკივლა რუსუდანმა გულწასული მშობლის
დანახვაზე.
ლაშას
მკლავებზე
დაესვენებინა
გონდაკარგული,
სანთელივით
გაფითრებული დედა.
_ წყალი! _ შესძახა ივანე ათაბაგმა, მოსასხამი მოიძრო, მინდორზე დააფინა.
ვიდრე მეფეს დააწვენდნენ, ვიღაცამ უნაგირს ბალიში ააგლიჯა, რამდენიმე
ნაბადი ერთიმეორეზე დააგეს და თამარი ლბილად დაასვენეს.
_ მკურნალს უხმეთ! _ დაიძახა მსახურთუხუცესმა.
ორი ცხენოსანი ადგილს მოსწყდა და სასახლისკენ გაჰქანდა. დაჩოქილი
ლაშა და რუსუდანი ამაოდ ჩასძახოდნენ გულშემოყრილ დედას. თამარი
კრიჭაშეკრული, თვალდახუჭული იწვა და არ ინძრეოდა.
მსახურმა ქალმა საფეთქლები და ყურები დაუსრისა, წყალი აპკურა. წყლის
წვეთის დაცემაზე შეტოკდა მეფე.
_ დედაა... ვაი, დედაა... _ მოთქვამდა რუსუდანი, შეშინებული თავში ხელს
იცემდა და ლოყებს იხოკდა.
ცოტნეს ყელში ბურთი აწვებოდა და ახრჩობდა. თავს ვეღარ ერეოდა, სადაც
იყო, მასაც ტირილი წასკდებოდა.
წყლისკენ გაიხედა. მდინარე იქვე ჩამოდიოდა და ახლა იმას ფიქრობდა,
სად უფრო ღრმა იქნებოდა მორევი.
იცოდა, თამარის სიკვდილის გაგონებას ვერ გაუძლებდა. იქით გახედვა არ
შეეძლო, იცდიდა, როდის იტყოდნენ მეხის დამცემ სიტყვას «აღესრულაო» და
ცოტნე მზად იყო _ თვითონაც უმალვე აისრულებდა იმ წამს მიღებულ
გადაწყვეტილებას _ მდინარისკენ გაქანდებოდა და თავს ღრმა მორევს
მისცემდა.
კიდევ აპკურეს წყალი დედოფალს.
თამარი ისევ შეირხა და წამწამები შესძრა.
ნელ-ნელა მოიხედა გულშემოყრილმა. შუბლზე ცივი ოფლის წვეთები
დასხმოდა, გაცრეცილ ლოყებს ფეროვნება ეპარებოდა, სადღაც წასული ღონე
თანდათან უბრუნდებოდა.
_ დედა! დედილო! როგორ ხარ? მომხედე, დედი! _ ჩასძახოდა
სასოწარკვეთილი რუსუდანი.
თამარმა წამწამები გახსნა, მტირალ შვილს წამით მოხედა და თვალი ისევ
დახუჭა.
რუსუდანი ხელებსა და გულმკერდს უკოცნიდა დედას. შიმუნვარები ჰაერს
უნიავებდნენ, წამლებს ასუნთქებდნენ დედოფალს.
ლაშა წარბშეკრული იდგა გამშრალი და მწუხარებისაგან გახევებული.
ვაზირებს გზისკენ ეჭირათ თვალი.
დედოფალმა ერთი ღრმად ამოისუნთქა და იქ მყოფთ თვალი მოავლო.
_ როგორ ბრძანდები, ხელმწიფევ? _ კრძალვით შეჰბედა მხარგრძელმა.
106მეფეს ხმა არ გაუცია, სახედაღრუბლულ ლაშას შეხედა, ოდნავ, ალბათ,
გასამხნევებლად გაუღიმა, მერე ხელი წყნარად აიღო და მკერდსჩახუტებულ
რუსუდანს დაადო თავზე.
ამასობაში, ცხენხეთქებით მოიჭრნენ სასახლიდან.
მკურნალმა მეფესთან ჩაიჩოქა და ხელით ფრთხილად მისწვდა თამარის
მაჯას. მაჯა ხამუშ-ხამუშ სუსტად და დიდი დაყოვნებით ფეთქავდა. ექიმმა
თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, რაღაც გულის გასამაგრებელი დაალევინა,
სასუნთქებელი მისცა და ლაშას შეხედა.
_ უნდა წავიყვანოთ დედოფალი, საწოლში უნდა მოვასვენოთ.
ლაშამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, საკაცე გაშალეს, ხელმწიფე
ფრთხილად დააწვინეს და სასახლისკენ დაიძრნენ.
თბილისიდან სასწრაფოდ მოხმობილი მკურნალთუხუცესი ზარდაცემული
გამოვიდა მეფის პალატიდან.
ლაშას, ჭყონდიდელსა და იქ მყოფ უახლოეს ვაზირებს გაანდო
საიდუმლოდ თავისი ეჭვი. უკურნებელი სენის უბრალო ხსენებამაც კი ფერი
დაუკარგა თამარის ახლობლებს, გაშრნენ და ენა ჩაუვარდათ.
_ ფერზეც ეტყობა. თქვენ ყოველდღე ხედავთ და შეჩვეულნი ცვლილებას
ვერ ამჩნევთ. მე დიდი ხანია არ მინახავს და მაშინვე მეცა თვალში _
ხელმწიფის სხეული მთლად სანთლისფრად ქცეულა. ეს არის უპირველესი
ნიშანი ჩვენი ამომგდები სენის მომძლავრებისა.
_ რატომ აქამომდე ვერ შევატყვეთ ჩვენი უბედურება?!
_ როგორ უგულებელს ვყავით... ან ექიმებმა რატომ ვერ შენიშნეს?! _
აჩურჩულდნენ მეფის უერთგულესნი.
_ ეტყობა, ტანში დიდხანს ჰქონია ჩაბუდებული. ახლა უცებ უმძლავრებია
და ერთბაშად მორევია, _ განმარტა ექიმთუხუცესმა.
_ რა ღონე ვიღონოთ, რა წამალი მოვიპოვოთ და რით ვუშველოთ?! _
სასოწარკვეთით გაშალა ხელი ლაშამ და მკურნალს შეაჩერდა თვალებში.
_ ვაი, რომ უძლურნი ვართ და ყოველი წამალი ურგებია. მაგრამ მაინც
უფლის იმედი ვიქონიოთ და ყოველი ღონე ვიხმაროთ. ღმერთი დიდია და არ
გაგვწირავს, _ პირჯვრის წერით თქვა მკურნალმა და ხელები ცისკენ აღაპყრო,
_ ვევედროთ ქრისტესა და ღვთისმშობელ მარიამს, რათა ჩაგვაგონოს და
გვასწავლოს ძიება ღონისა ხელმწიფის განსაკურნავად.
მეფე დღითი დღე ილეოდა. ტკივილი, დაცხრომის მაგივრად,
უძლიერდებოდა, ღონეს კარგავდა და სანთელივით დნებოდა.
თბილისის აგარებს ჩამოყვანამ და ჰაერის გამოცვლამ თითქოს ოდნავ არგო,
მაგრამ დროებით. სენი, კლების ნაცვლად, უფრო და უფრო მძვინდებოდა.
სნეულთან ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოჰყავდათ მკურნალობის
ხელოვანნი, ათასგვარ წამალს სცდიდნენ, მაგრამ ყოველივე უქმი იყო და
დედოფალს საამქვეყნო პირი აღარ ჰქონდა.
მთელი სამეფო ფეხზე იდგა.
107დღისით იმედგადაწურული დიდი და პატარა იმის იმედით იძინებდა, ეგებ
დილით თამარის მომჯობინების ამბავი გავიგოთო. ეკლესიაში გაუთავებელი
წირვა და ლიტანიობა იყო. სანთლის ნთება და ვედრება, ღამის თევა და
მსხვერპლის შეწირვა, შეთქმულთა ფეხშიშველი მოგზაურობა და ზარების
გამუდმებული რეკვა მთელი სამეფოს შიშსა და ძრწოლას, საერთო-სახალხო
სასოწარკვეთას გამოხატავდა.
რუსუდანს მცირე ხნობითღა უშვებდნენ სულთმობრძავთან. დანარჩენ
დროს მეფის ასული დედოფლის საწოლის კართან ახლო იჯდა, ოხრავდა და
თავს კედელს ურტყამდა.
ცოტნე მარტო არ ტოვებდა ნათლიისშვილს და დობილს. თავადაც
ჯავრისაგან განახევრებული ჭაბუკი, რუსუდანის შეშინებულ გამოხედვას
თვალს ვერ უსწორებდა, სნეულის საწოლიდან გამოსულ ექიმებსა და
მომვლელებს ლანდივით მისდევდა, ეგებ რაიმე სანუგეშო გავიგონოო, მაგრამ
საქართველოსთვის უფალს ნუგეში მოეკვეთა და სანუგეშოს რას გაიგებდა!
ღამე თვალს რომ ოდნავ მაინც მოატყუებდა, სიზმრად სულ რაღაცას
ჰკარგავდა, რაღაც ძვირფასი ხელიდან ეცლებოდა, უფსკრულში ინთქმებოდა.
ან ცაში მიფრინავდა. ცოტნეს შველას სთხოვდნენ, მხსნელად უხმობდნენ,
მაგრამ ბატონიშვილი უძლური იყო, თავის თავგამოდებით რაიმე გადაერჩინა.
ზოგჯერ თვითონ სახიერიც ესიზმრებოდა, სანთელივით გალეული
დედოფალი, ძველებურად სხივოსანი და ჰაეროვანი ეცხადებოდა, მაღლა
ღრუბლებისკენ უხმობდა. ცოტნე იწევდა, მაგრამ ფრთები არ ჰქონდა და მიწას
ვერ სცილდებოდა. თამარი ღიმილით შორდებოდა, ფრთას შლიდა და
ღრუბლებში უჩინარდებოდა.
ზოგჯერ ვიღაც მოსდევდა თამარს, დედოფალი გულგახეთქილი გარბოდა,
მიშველეო, უხმობდა ცოტნეს, მაგრამ რით ეშველა უიღბლო ჭაბუკს, როცა
თვალით უხილავ მდევარს ვერ ხედავდა, მისი არც მოკვლა შეეძლო და არც
შეპყრობა.
მსგავსი სიზმრები აფორიაქებდნენ ჭაბუკს. ზოგჯერ ერთიანად მოშლილი,
ატირებული იღვიძებდა და დიდხანს ვერ მშვიდდებოდა.
დრო გადიოდა. სენი მძლავრდებოდა და უბედურება ახლოვდებოდა.
მთელი ერი გარდუვალი საშინელების მოლოდინში ძრწოდა.
თბილისში სასახლის წინ მოედანი სავსე იყო დედოფლის ამბის შეტყობის
მსურველებით, ღამეს აქვე ათევდნენ და აქ თუ ვერაფერს გაიგებდნენ, კოჯრის
აღმართს შეუდგებოდნენ, ეგებ იქ, აგარებში მაინც რაიმე გვითხრან, რომ შინ,
ოჯახს ნუგეშის მიმცემი ამბავი ჩავუტანოთო.
«ზოგადმან უღონოებამან მოიცვა ყოველნი, _ წერს გულმოკლული
მემატიანე, _ და არა უწყოდეს თუ რამცა ყვეს, მთავარნი იცემდეს პირთა,
გლახაკნი იტყებდეს თავთა და ისხმიდიან თავთა ნაცარსა და მტვერსა. ათაბაგი
და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთავისთა და შვილთა თვისთა
ღმერთსა და ითხოვდეს მის ზედმომავალსა სიკვდილსა, «რათა მარტო ესე
დარჩეს და ჩვენ ყოველნი მოგვსრენ». ამას ხმობდნენ და მოეცვათ სასვენებელი
108პალატისა, რომელსა აქვნდა ცხედარი უბადრუკებისა ჩვენისა და ღონე თუმცა
იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკვდილს შემოსვლად. რა იყო, რომელი
არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი, გინა მწუხარებათა. გარნა
მწოდებელი კართა ზედა იდგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელი
იყო».
იმედგადაწყვეტილი მემატიანე ამ სიტყვებით ღვთიური განაჩენის წინაშე
ადამიანის უძლურებასა და სასოწარკვეთას გამოხატავს.
რაკი ყოველი ღონე უქმი და ამაო აღმოჩნდა და ვერც ლოცვამ, ვერც
ღამისთევამ, ვერც წირვამ და ვერც წამალმა ვერა არგო რა _ მოაწია საშინელმა
ჟამმა «და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა... და აღესრულა მზე
ქართლისა».
ხომ თითქოს შერიგებულნი იყვნენ სიკვდილის გარდუვალობას, ხომ ყველა
იმედი გადაწურული იყო და, მაინც თამარის მიცვალების ამბავი მეხივით
დაატყდა თავს დიდსა და პატარას.
რაკი არც ღვთისმოსავობასა და სიწმინდეს, არც სამართლიანობასა და
პატიოსნებას, არც სათნოებასა და თავმდაბლობას ფასი არა ჰქონია, არც ერის
საყოველთაო სიყვარულსა და გულმხურვალე ვედრებას შერჩენია უფლის
წინაშე ძალა და გასავალი, მაშინ რაღა აზრი აქვს სიკეთისა და
სიმართლისათვის ზრუნვას, სასოებასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების
კანონების დაცვას.
თამარი ხომ ამ სარწმუნოების ერთგული დამცველი და ამამაღლებელი იყო
ქართველთა ხმლისა და საკუთარი გონების ძალით.
დედოფალთდედოფალი გულმოწყალე მსაჯული იყო და სიკეთისათვის
იღვწოდა. მის მეფობაში აიკრძალა ასოთა მოკვეთა და სიკვდილით დასჯა; მან
შეუქმნა და დაუმკვიდრა ქართველთ სახელოვანი და დიდებული ცხოვრება
და განა მარტო ქართველთ? «ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და
დარუბანდელთა,
ღუნძთა,
ოვსთა,
ქაშაგთა,
კარნუქალაქელთა
და
ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს
და აქვნდათ მტერთაგან უზრუნველობა».
სიუხვე მისი ყოველთა ქრისტიანთა სიუხვეს აღემატებოდა. ხელგაშლით
გასცემდა ნიჭსა და საბოძვარს და არაოდენ სამეფო საჭურჭლეთაგან. როგორც
კი საქვეყნო საქმეთაგან მოიცლიდა და თავს დაიმარტოხელებდა, მაშინვე
სართავსა და საქსოვს ან საკერავს აიღებდა და თავის ხელთნაქმარს ძღვნიდა
და გაუყოფდა ღარიბთა და გლახაკთ.
ნუთუ ასეთი მეფე _ სარწმუნოების ქომაგი და სიკეთის მთესავი
სიკვდილისათვის უნდა დაეთმო უფალს?
ღვთის ამ უსამართლო განაჩენმა ქართველთა შორის ბევრს შეურყია
ქრისტეს სჯულის რწმენა, ბევრმა ხმამაღლა ჰგმო ღმერთი და მისი სამართალი.
ხოლო თამარის სათნოებისა და მშვენიერების ბევრმა მაღმერთებელმა, მათ
ვისაც ამ ქვეყნის ყველა სიკეთე თამარის სახით წარმოედგინათ და ვისთვისაც
თამართან ერთად მოკვდა სიკეთისა და სილამაზის უკვდავების რწმენა,
109სიკვდილი არჩიეს უთამაროდ სიცოცხლეს, ზოგი კლდეზე გადაიჩეხა, ზოგმა
მდინარეს მისცა თავი.
საქართველოს სამეფოს შიგნით და გარეთ ყველა გრძნობდა და ხედავდა,
რომ თამართან ერთად დასრულდა ქართლის ცხოვრების დიდი და
მნიშვნელოვანი ხანა. საქართველოს სამეფო ჰკარგავდა იმ მიმზიდველ
შარავანდედს, რომლის შუქი ძალიან შორს სწვდებოდა და რომელიც ზღაპრად
და საარაკოდ განფენდა ქართველთა მეფის მშვენებისა და ძლიერების,
სიბრძნისა და სათნოების სახელს.
სიჭაბუკეში შესულ ცოტნეს რაღაც დიდი და აუნაზღაურებელი მოსწყდა
გულზე, თამარი მისთვის სამშობლოც იყო, სარწმუნოებაც, ცხოვრების აზრიც
და მომავლის იმედიც.
მაგრამ თამარი რაღაც მეტიც იყო კიდევ.
ეს მეტი მან თამარის ხორციელი მშვენების, მისი ამქვეყნიური
მიმზიდველობის განცდით გაიგო და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ცოტნე
ყრმობას ათავებდა, ახალ, მანამდის უცნობ ცხოვრებას იწყებდა და მისთვის
ჯერ გაურკვეველ, რთულსა და შფოთით სავსე ასაკში დგამდა ფეხს.
თამარი პირველი ქალი იყო ცოტნესათვის, რომელსაც გუშინდელმა ყრმამ
ვაჟკაცის თვალით შეხედა. ვაჟის გულსა და გონებაში მანამდე ცივ, უგრძნობელ
ხატად ჩასვენებულ თამარის სახეს დედოფლის ერთმა გამოხედვამ, წმინდა
ქალურმა და ამქვეყნიურმა გამოხედვამ, უცებ შეასხა ხორცი, გაათბო და გაავსო
ცხოვრების სიხარულითა და სიცოცხლის გაგრძელების შეუცნობელი
სურვილით.
თამარზე ფიქრის ჟამს ზოგჯერ ისეთივე აღფრთოვანებასა და სულიერ
სიმშვიდეს განიცდიდა, როგორც გულმხურვალე ლოცვისას, როცა სულიერი
გზნება ხორციელზეც ვრცელდება ხოლმე და ღვთაების წვდომა, მასთან
შეერთება მთელი არსებით ხდება.
სიზმრად აკვიატებული, თავის ტყუპის ცალის სახესთან განუყოფლად
დაკავშირებული სახე დედოფლისა, ჭაბუკის გულსა და გონებაში თანდათან
ერთ დაუამებელ ტკივილად ჩამოყალიბდა და როგორც ერთის, ისე მეორის
გახსენებაზე ჭაბუკი თავისი სხეულიდან ულამაზესი ნაწილის მოკვეთის
სიმწარეს გრძნობდა.
მიცვალებულისათვის ერთხელაც არ დაუხედავს ცოტნეს. მისი კუბოსკენ
გახედვისა ეშინოდა და რაღაც კრთომა ფეხს უბორკავდა. რახან მიცვალებული
მეფე არ უნახავს, ცოტნეს გონებაში მისმა სათაყვანო დედოფალმაც ისევე
შეინარჩუნა ცოცხალი სახე, როგორც პატარა თამარმა. იგი ჭაბუკის ფიქრსა და
ოცნებაში ისევ უტურფეს დედოფლად დარჩა.
ადრე დაკარგული პატარა დაიკოც ძმის წარმოსახვაში ცოცხალ, ცქრიალა
გოგონად იყო დამკვიდრებული. ცოტნესათვის უახლოესი და უსაყვარლესი
110ორი თამარი ერთიმეორის გვერდით, მაგრამ ერთ არსებად განაგრძობდნენ
ცხოვრებას.
ორი თამარი ცოტნეს ცხოვრების ორი ფრთა იყო. სიზმარში ან ოცნებაში ეს
ფრთები ზეატაცებულს მიაფრენდნენ მაღლა ღრუბლებში, მზისა და სიკეთის
სამკვიდროში და ცოტნე მაშინ უსაზღვროდ ბედნიერი იყო.
მაგრამ ცხოვრების მცირე ბიძგი, ოცნებისაგან წამით გამორკვევა კმაროდა,
რომ ჭაბუკს ეგრძნო იმ ფრთების მომსხვრევით მიყენებული საშინელი,
არაადამიანური ტკივილი, მიწაზე დაცემის სიმძიმე და სიცოცხლის
გაგრძელების უაზრობა.
დილით, ცხენოსნობიდან და ფარიკაობიდან შემოქცეული ცოტნე თავის
ტოლ ჭაბუკებთან ერთად გაკვეთილზე იჯდა.
მეფის მიერ საგანგებოდ მოწვეული ათონის იბერთა მონასტრის მოღვაწე
ევგრაფი ქართველ დიდებულთა შვილებს ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებასა და
ფილოსოფიას მოუთხრობდა:
_ ყოველი ბრძენი ეძიებდა სამყოფელსა ღმრთისა უფლისა ჩვენისასა; ზოგი
ცასა შინა იტყოდა საგულებლად მას, ზოგი წყალსა და მიწასა, ზოგი _ ცეცხლსა
და ჰაერსა შინა.
ამისათვის იტყოდა ნეტარი ავგუსტინე:
« _ შენ ხარ ღმერთი ჩვენი უფალი? _ ვკითხე მე დედამიწას.
ხოლო მან მომიგო:
_ არა მე ვარ უფალი ღმერთი.
_ არცა ჩვენა ვართ ღმერთი, _ მარქვა მე ყოველმან არსმან სულდგმულმან
დედამიწასა ზედან, _ არა ჩვენა ვართ ღმერთი უფალი, ეძიე იგი ზემოთ ჩვენსა,
სიმაღლესა ცათა შინა.
ვკითხავდი ქარსა მქროლავსა და მომიგებდა ყოველი ჰაერი არსითა
ყოვლითა მუნ მცხოვრებითა: _ არა ჭეშმარიტ არს ანაქსიმენი, არა მე ვარ
უფალი ღმერთი.
მივმართე ამა კითხვით ცასა, მზესა, მთვარესა და ყოველთა ვარსკვლავთა.
_ არა ჩვენა ვართ ღმერთი იგი, რომელსა შენ ეძიებ, _ მომიგეს მნათობთა
ცისათა.
ეგრევე ვკითხავდი ნივთსა ყოველსა გარემომცველსა ჩემსა. ხოლო თქვენ
მომიგებდით: _ არა ჩვენა ვართ ღმერთი შენი უფალი!
ვევედრე მას შინა ნივთთა ყოველთა:
_ მეტყოდეთ მე უფლისათვის ჩვენისა.
ხოლო ყოველი ხმითა ერთითა მომიგებდეს:
_ უფალი ღმერთი არს იგი, რომელმან შეგვქმნა და დაგვბადა ჩვენ.
მოვიქეც თავისა მიმართ ჩემისა და ვკითხე:
_ მარქვი, ვინა ხარ შენ?
ხოლო თავი ჩემი მომიგებდა:
111_ მე ვარ კაცი, რამეთუ ხორცი ჩემი და სული ჩემი მიწყივ თან მახლავს,
რომელი პირველ არს გარე ჩემსა, ხოლო მეორე _ შინა ჩემისა.
ორთაგან რომელთან უნდა მეძია მე ღმერთი ჩემი, ძიებული ჩემგან
სხეულითა ჩემითა დედამიწისაგან ცამდე, ვიდრე მიწვდომილ იყო შუქი
თვალთა ჩემთა ცნობად და შეტყობად?
ხოლო უმჯობეს არს იგი, რომელ შინა არს ჩემსა, რამეთუ შინაგანსა ჩემსა
ესწრაფვის შეტყობად ცოდნისა ხორცი ჩემი გარეგანი. შინაგანი იგი მიიხმევდა
და განსჯიდა ყოველსავე პასუხსა ცისა და მიწისასა და ყოველისავე არსისა,
ოდეს მეტყოდნენ მე:
_ არა ჩვენ ვართ ღმერთი, არამედ უფალმან ღმერთმან დაგვბადა ჩვენ!
ყოველმან კაცმან შინაგანად გულისხმაჰყო, შეწევნითა გარეგანისათა დაგვბადა
ჩვენ. შინაგანად შევიცან მეც იგი, ხოლო სული ცნობიერ ვყავ შეწევნითა
გრძნობისათა, რომელ არს მოწოდებულ გარედან ხორცისაგან ჩემისა...»
ზარების უეცარმა აგუგუნებამ შეაკრთო მოძღვარიცა და მსმენელებიც.
პირველად სიონის დიდმა ზარმა დაიქუხა. თითქოს ნიშანს ელოდნენო,
დედაქალაქის ყველა კუთხიდან აგუგუნდნენ დიდი და პატარა ზარები.
გაბმით, გულის შემღონებლად მოსთქვამდნენ და კვნესოდნენ პატარ-
პატარა ზარუკები.
მოძღვარმა თხრობა შესწყვიტა და მიაყურადა. ერთხანს სულგანაბული
სდუმდა ევგრაფი. ეტყობოდა, რაღაც გაახსენდა და თვალი მოუწყლიანდა.
წამით შეშფოთებულ მსმენელებს მოავლო თვალი, მღელვარებას დასძლია და
ხმის კანკალით იკითხა:
_ ალბათ, იცით, რატომაც რეკავენ ზარები?
პასუხად ხმა არავის ამოუღია.
_ თუ არ იცით, უნდა იცოდეთ: დღეს დილით აცნობეს მეფესა და
კათალიკოსს საქრისტიანოს თავს დამტყდარი ახალი რისხვა _ ყრმა
ჯვაროსანთა ლაშქარი წმინდა ეტიენის მეთაურობით ერთიანად დაღუპულა
ზღვაში.
_ ეგ რომელ ზღვაში? _ იკითხა გაფითრებულმა ცოტნემ.
_ ხმელთაშუა ზღვაში, მარსელში ზღვის პირს რომ მისდგომიან ყრმა
ჯვაროსნები, ზღვის მიქცევას და ხმელეთის გამოჩენას ელოდნენ თურმე,
რადგან თვითონ ქრისტესაგან ჰქონდა აღთქმული წმინდა ეტიენს _ როგორც კი
ნაპირს მიადგებით, ზღვა პირს გახსნის და მოსე წინასწარმეტყველივით
ხმელეთზე გაგატარებსო. დიდხანს ელოდნენ თურმე ეტიენი და მისი ლაშქარი
დაპირებული სასწაულის აღსრულებას, მაგრამ ზღვა არ გაიპო და ხმელი არ
გამოჩნდა. ყრმა ჯვაროსნებს მეტი რაღა დარჩენოდათ, ხომალდებზე
დამსხდარან და ზღვა-ზღვა ცურვით დადგომიან იერუსალიმის გზას. გზად
ქარიშხალს მოუსწრია, ხომალდები დაულეწია და ყრმათა მთელი ლაშქარი
ზღვას დაუნთქავს.
_ მართალია, მოძღვარო? სარწმუნოდ თქვეს ეგ ამბავი? _ იკითხა ისევ
ცოტნემ.
112_ მართალია, მეფემ რომის პაპის წერილი მიიღო. მთელ საქრისტიანოში
ზარის რეკვა და გლოვა არი.
_ ნუთუ უფალმა აღთქმა გასტეხა და თავისი დაპირება არ შეასრულა? _
გაუბედავად, ოდნავ გასაგონად თქვა ცოტნემ, ნათქვამისა თვითონვე შეეშინდა,
საშინელი პასუხის მოლოდინში თავი დაღუნა და გაინაბა.
_ ჰმ! მოწმე ვინ არის, რომ დაჰპირდა! _ ადგილიდან წამოიძახა ბექა
ციხისჯვარელმა.
_ მოწმეც და მხილველიც თვითონ წმინდა ეტიენი იყო. მას გამოეცხადა
ქრისტე ძილში და აღთქმის წიგნიც მისცა. ეტიენს თან დაჰქონდა უფლის ის
წიგნი, ყველას აკითხებდა და ქრისტეს ნაჩვენები გზით სალაშქროდ
მოუწოდებდა.
_ რაკი უფალმა თავისი პირობა არ აღასრულა, ეტიენსა და მის
ჯვაროსნებსაც უნდა აეღოთ ხელი თავიანთი აღთქმის ასრულებაზე, _
წამოიძახა ადგილიდან თორღვა პანკელმა, გადიხარხარა და იქ მყოფთ ამაყად
გადახედა, ვითომ, ნახეთ, რა ჭკვიანური აზრი მომივიდაო.
ხარხარს არავინ აჰყვა, თორღვა მიხვდა, უადგილოდ ვიხუმრეო და მაშინვე
პირი მოჰკეტა.
_ ახლა კი დროა, დავიშალოთ, რადგან ეკლესიის ზარი ლოცვისა და
განმარტოებისაკენ უხმობს ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს, _ მოძღვარმა
ჯვარი გარდასახა ჭაბუკებს და დარბაზიდან გავიდა.
_ მე სალოცავად არ წავალ, _ გადაწყვეტილად თქვა ბექამ და ამხანაგებს
გამომცდელად შეაჩერდა.
_ არც მე...
_ არც მე...
დაუმოწმა ყველამ ცოტნეს გარდა.
ცოტნე ისევ ყოყმანობდა.
_ წავიდეთ, რამ შეგაშინა, ფული მე მაქვს, _ გადაულაპარაკა ბექამ და ხელი
უბიძგა.
ცოტნემ ისიც ვერ იკითხა, სად მიდიოდნენ.
ტოლებმა შუაში მოიქციეს და თან გაიტაცეს.
მოედანზე ზღვა ხალხი იდგა.
შემაღლებულზე შემდგარი ხუცესი ხმამაღლა ქადაგებდა. რაღაცაზე
გაკაპასებული ხელებს გაცხარებით იქნევდა და კრუხივით იფოფრებოდა.
ჭაბუკები მსმენელებს შეერივნენ.
_ კონსტანტინოპოლის ქართველთა მონასტრის წინამძღვარია, _ იცნო
სარგის თმოგველმა, _ ფრანგებმა რომ ბიზანტიის დედაქალაქი აიღეს და
იავარჰყვეს, ქართველთა მონასტერიც დაურბევიათ და გაუძარცვავთ. ჩვენი
ბერები იმის იმედად ყოფილან, ბერძნები არ ვართ და ხელს არ გვახლებენო.
მაგრამ ჯვაროსნები ოქრო-ვერცხლს იტაცებდნენ და განძის პატრონის
ვინაობას როდი ჰკითხულობდნენ. ფრანგ ყაჩაღებს ჩვენი მონასტერიც
ერთიანად გაუწმენდიათ, წასაღები წაუღიათ და ბოლოს ქართველთა
113სავანისთვისაც ცეცხლი წაუკიდებიათ. წინამძღვარს ძლივს გამოუსწრია და მას
აქეთ სულ ჯვაროსნების წყევლა-კრულვაშია. სად არ უჩივლა ფრანგებსა და
ვენეციელებს, რომის პაპთან თავისი ფეხით მივიდა, მაგრამ რა სამართალს
იპოვიდა, როცა კონსტანტინოპოლის დაპყრობა და მართლმადიდებელი
ეკლესიების გაძარცვა თვითონ პაპის საიდუმლო დასტურითა და წაქეზებით
ყოფილა გადაწყვეტილი.
_ შენც გჯერა, სარგის, მაგგვარი მკრეხელობა? _ იწყინა ცოტნემ.
_ მკრეხელობაო? მკრეხელობა კი არა, იმისთანა ჭეშმარიტებაა, საეჭვოდ
აღარავის მიაჩნია. ამ ბოლოს თვითონ ფრანგი ჯვაროსნებიც თავს იმით
იმართლებენ, რომ პაპის რჩევითა და ლოცვა-კურთხევით გადავდგით ეს
ნაბიჯიო.
ცოტნემ უნდობლად შეხედა სარგისს და მხრები აიჩეჩა.
_ რაც დღე ბერძნებს გაუთენეს, საქართველოსაც იმას უმზადებენ პეტრეს
ტაძრის მოციქულები. ჯერ ნებით უნდათ ჩვენი ჩათრევა ჯვაროსნობაში, მერე
ვითომ სამოყვროდ მოსულები თბილისში რომ შემოვლენ, ჩვენი სიმდიდრის
ცქერას ვერ გაუძლებენ და რაც კონსტანტინოპოლს უყვეს, უარესს ჩვენ
გვიზამენ _ გაგვძარცვავენ და დაგვარბევენ, გადაგვბუგავენ და მონად
გაგვხდიან, _ ბერმა სული მოითქვა და ახალი გზნებით განაგრძო: _ ახლა, რაც
ქვეყნიერებაზე შფოთი და ბოროტება ხდება, ყველა რომის პაპის დათესილია.
ამ ახალ უმძიმეს დანაშაულშიაც რომის პაპის ხელი ურევია. ეს მან აღძრა
დასავლეთის მორწმუნე ბალღები ჯვაროსნული ლაშქრობისათვის. უასაკო და
უიარაღო ყრმები იერუსალიმს როგორ აიღებდნენ, როცა სარკინოზებს
თავითფეხამდე რკინით შეჭედილი რაინდები ვერაფერს აკლებენ, პაპმა
ინოკენტიმ კარგად იცოდა ამ ლაშქრობის დანაშაულებრივი უაზრობა, მაგრამ
ანგარსა და ვერცხლის მოყვარეს ოცდაათიათასი უმანკო ყმაწვილის დაღუპვაც
ისევე ჩალად უღირდა, როგორც ერთმორწმუნე ბერძნებზე ქრისტიანი
ფრანგების მისევა და მართლმადიდებელი ეკლესიების დანგრევა. სწორედ
რომის ვერაგმა მეთაურმა აღუთქვა წმინდა ეტიენსა და მის უცოდველ
ლაშქარს, რომ მათ ფეხქვეშ ზღვა პირს გახსნიდა და ხმელეთზე გაატარებდა.
მერე, როცა ეს სასწაული ვერ მოახდინა, ნორჩი ჯვაროსნები მეკობრეთა
ხომალდებით წაასხა და დაღუპა კიდევაც.
_ ტყუის ეგ ღვთის პირისაგან შეჩვენებული, რომის პაპს არც სასწაული
აღუთქვამს, არც მეკობრეებისათვის მიუცია წმინდა ყრმები _ იყვირა
ხალხიდან ვიღაც მოხუცმა და მუშტებშემართული დაიძრა მოქადაგე ბერისკენ.
_ აცალე, თქვას.
_ ნუ უშლი, ილაპარაკოს!
აგუგუნდნენ ქადაგებისგან გახელებული, აღგზნებული მსმენელები.
_ არ ვაცლი ღვთის გმობასა და უწმინდესი პაპის აუგად ხსენებას, _ იყვირა
ისევ იმ მოხუცმა, ხალხის ჯგლეთაში გზა ძალისძალით გაიკვლია და
კვარცხლბეკზე ავარდა.
114_ იცანი? ქართველ კათოლიკეთა პატრიარქია, პატრი ჯოვანო, _
გადაულაპარაკა სარგისმა ბექას.
_ ჰო, ის არი. ჩვენთან მინახავს ციხისჯვარში, _ დაუქნია თავი ბექამ.
ჭაბუკებმა წინ წაიწიეს და ფეხის წვერებზე შედგნენ, რომ სეირისთვის
კარგად ეყურებინათ, _ აი, ეს არის უწმინდური პაპის ბინძური კუდი, _
აყვირდა კონსტანტინოპოლელი წინამძღვარი და ხელი მუშტებამართული
პატრისკენ გაიშვირა, _ ეს ქადაგებს რომის ეკლესიასთან ქართველთა
შეერთებას და საქართველოსაც ისეთსავე ბედს უმზადებს, როგორიც
საბერძნეთს ეწია. თქვი, იუდა, რამდენ ვერცხლად გაყიდე შენი სამშობლო და
ქრისტეს სჯული!..
_ თავად ხარ იუდაცა და ბელზებელიც! _ შესძახა პატრმა, მოხუცს
ანაფორაში სწვდა და დაითრია. უღონო წინამძღვარი წაბარბაცდა და დაეცა.
მაშინვე იქ მყოფი ბერები და ხუცები წამოეშველნენ და პატრს მიესივნენ. ცოტა
რომ ეცლიათ, გაბდღვნიდნენ უბედურს, მაგრამ თავის მხრივ პატრსაც
გამოუჩნდნენ ქომაგები და შეიქნა ერთი ზედახორა. სცემდნენ, თმაწვერს
გლეჯდნენ,
ტანსაცმელს
ახევდნენ
ერთმანეთს
საღვთო
გზნებით
გონებადაბნელებული ხუცესები. ხელჩართულ ჩხუბში ნელ-ნელა სეირის მა-
ყურებლებიც ჩაებნენ და მთელი მოედანი აჩოჩქოლდა, ზღვასავით აღელდა და
შეტორტმანდა.
_ წავიდეთ. აქ კარგი არაფერი მოხდება, _ მკლავში ხელი წაავლო ბექამ
ცოტნეს და ჭაბუკებმა შენივთებული ბრძოლიდან მხრის გასატანად გაიწიეს.
ძლივს მიიკვლევდნენ გზას.
ფუტკარივით ერთ ადგილას მისეულ მოჩხუბრებს გასცდნენ თუ არა,
მოედანზე ოთხივ კუთხიდან ცხენოსნები შემოიჭრნენ.
_ ხელმწიფის სახელით, გიბრძანებთ, დაიშალეთ! _ დაიძახა რაზმის
მეთაურმა და მათრახებშემართული ცხენოსნები მოჩხუბრებს გარს
შემოადგნენ. ჭაბუკები აჩქარებული ნაბიჯით მიდიოდნენ.
_ ჩემსას შევიდეთ, ვივახშმოთ, _ მიმართა მეგობრებს ბექამ,
ციხისჯვარელების სახლს რომ მიუახლოვდნენ.
ბევრი თავპატიჟი არ დაუდვიათ. ვაზირის სახლის კარი მსახურმა გაუღო
და წინ ხუთიოდე წლის გოგონა გამოეგებათ.
_ ბექა მოსულა, დედი... სტუმრები მოსულან! _ აყვირდა გოგონა და ბექას
კისერზე ჩამოეკიდა.
_ რა გაყვირებს, დედას რათ აწუხებ, დიასახლისი შენა ხარ და თვითონ
დატრიალდი, _ მოეხვია ბექა.
_ ეს ჩემი ბიძაშვილი კრავაი გახლავთ, ჩვენი სახლისა და გვარის თვალი, _
გააცნო ბექამ სტუმრებს ხელში აყვანილი ბავშვი. _ ეს კიდევ კრავაის გამდლის
ქმარი და მამაჩემის სახლთუხუცესია _ აბიათარი.
სტუმრები აბიათარს მიესალმნენ, კრავაის მიუალერსეს და გოგონამ
ცოტნესკენ გაიწია.
115_ ოჰო, მოეწონე, ბედი გაქვს! _ გაიცინა ბექამ და კრავაი ცოტნეს
გადაულოცა.
მონგოლივით თვალმიწურვილი კრავაი დიდი ხნის შეჩვეულსავით მიეკრა
ცოტნეს და გაიყურსა.
_ შენ ლა გქვია? _ ეკითხება სავარძელში ჩასვენებულ ცოტნეს მის მუხლებზე
წამოსკუპებული კრავაი.
_ ამას მგელი ჰქვია და შენნაირ კრავებსა სჭამს, კრავაი, _ აშინებს სარგისი
და იცინის.
_ შენ ბავშვს შურით ნუ მიფრთხობ, _ ბრაზობს ცოტნე და კრავაის ენის
ჩლექით ეუბნება, _ მე ლა მქვია? მე ცოტნე ვალ.
_ მატყუებ... მატყუებ, _ თავს იქნევს კრავაი, _ ამოდენა ცოტნე გაგონილა?
ცოტნემ გაოცებით შეხედა მეგობრებს.
_ აბა ცოტნე რამოდენა უნდა?
_ ცოტნე პატალა უნდა იყოს, სულ ცოტა და პაწია...
_ ჰოდა, როცა მეც შენსავით სულ ცოტა ვიყავი, ეს სახელი მაშინ დამარქვეს.
კრავაი იცინის და არ სჯერა.
დარბაზში შაოსანი მანდილოსანი შემოდის.
სტუმრები ფეხზე წამომდგარი ესალმებიან.
_ წამოდი, შვილო, ნუ აწუხებ სტუმრებს, _ ეუბნება დედა, კრავაის ძალით
აშორებს ცოტნეს და გულდაწყვეტილი გოგონა ოთახიდან გაჰყავს.
უკვე შეზარხოშებული უსხედან სუფრას ჭაბუკები.
_ ტყუილად ტრაბახობენ ეგ ფრანგები, მაგათ არც განათლება ჰქონიათ და
არც ხელოვნების ფასი სცოდნიათ, კონსტანტინოპოლიდან ნემსი რა არი,
ნემსიც არ დაუტოვებიათ წაუღებელი, მაგრამ ის, რასაც ფულად ვერ
აქცევდნენ, იქვე დაულეწიათ და მოუსპიათ. ასე დაუმსხვრევიათ ძველ ბერძენ
ოსტატთა ხელთუქმნელი ქანდაკებები. ჩემი აზრით, ეს გაცილებით უფრო
დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, ვიდრე ეკლესიების ძარცვა და
სასახლეების დარბევა, _ აღშფოთებით თქვა სარგის თმოგველმა და ღვინო
მოსვა.
_ შენგან არ მიკვირს, სარგის? _ გაიცინა ბექამ, _ მარმარილოს უზარმაზარ
ქანდაკებებს თან რომ ვერ წაიღებდნენ და ან რათ უნდა წაეღოთ, როცა იმ
ქანდაკებების წონა ოქრო-ვერცხლის შოვნა ყველას შეეძლო, ვისაც შნო და
ლაზათი ჰქონდა.
_ არც სულ ეგრე უნდა ყოფილიყო, სარგის, _ შენიშნა ცოტნემ, _ ვენეციის
დოჟს
დანდოლოს
ლისიპეს
განთქმული
ქანდაკება
მოუხსნია
კონსტანტინოპოლის იპოდრომიდან, ხომალდით გაუგზავნია და თავიანთ
სატახტოში წმინდა მარკოზის მოედანზე აგებულ ულამაზეს სასახლეზე
აღუმართვინებია.
_ მე დოჟების განათლებაზე როდი ვლაპარაკობდი, ცოტნე, დოჟი და მეფე
ყველგან სხვაზე განათლებულიც უნდა იყოს და მცოდნეც. მე საშოვარს
დახარბებულ
ფრანგთა
ბრბოზე
ვამბობდი,
კონსტანტინოპოლს
116ბარბაროსებივით რომ შეესივნენ და ყველაფერი, რის წაღებაც არ შეეძლოთ,
ფერფლად ან ნამსხვრევებად აქციეს.
_ განათლებით მარტო ფრანგი რაინდები კი არა, რომის ეკლესიის
მსახურნიც ვერ დაიკვეხნიან, თურმე. აგერ რამდენი ხანია კონსტანტინოპოლი
დაიპყრეს, მაგრამ ვერ იქნა და იქაური მორწმუნენი კათოლიკობაზე ვერ
მოაქციეს. დღემდე საჯარო პაექრობასა და ღვთისმეტყველთა კამათში
გამარჯვებულნი მუდამ ბიზანტიელები გამოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ
ისინი თავიანთ რომაელ «განმანათლებლებზე» უფრო განათლებულნიც არიან
და საღვთო წერილის უფრო ღრმად მცოდნენიც.
_ საღვთისმეტყველო პაექრობაში ბერძენ სამღვდელოთა წარმატების
საფუძველი მარტო მათი განათლება როდია, ბექა, ბერძენმა ხალხმა თავისი
თვალით დაინახა, რა ქრისტეს მცნების დამცველებიც არიან რომის ეკლესიის
მსახურნი. არა იპარო და არა კაც კლაო, გვიქადაგა მაცხოვარმა. რომის
ეკლესიის მსახურებმა ქრისტეს ტაძრები გაქურდეს და უამრავი
მართლმორწმუნე ქრისტიანი გაჟლიტეს, სრულიად უმიზეზოდ და
უდანაშაულოდ. ამის შემდეგ იმ ბოროტების ჩამდენთა ქადაგებას ბერძენ
მორწმუნეთა შორის რაღა ფასი და გავლენა უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, რომ
ბიზანტიელთა მრევლი თავიანთი ხუცესების მხარეზე დგას და რომის
კათოლიკე ეკლესიის ვერაგი მეთაურების სიწმინდისა და სიმართლისა აღარ
სჯერა.
ჭაბუკებმა ჭიქები ერთიმეორეს მიუჯახუნეს, უსიტყვოდ ასწიეს და
დაცალეს.
_ მე არც რომის პაპის ვერაგობა მაკვირვებს, არც ჯვაროსნების სიხარბე და
ანგარება. ისინიც სხვებივით ადამიანები არიან და ცოდვა და ცთომილება
მათაც ისევე ერევათ, როგორც ყველას. მე უფრო უფლისა მიკვირს _
მაცხოვრის. ნუთუ ქრისტეს შეეძლო ეცდუნებინა უცოდველი ყრმა _ წმინდა
ეტიენი, ნუთუ ამაო აღთქმა მისცა და მერე თვითონვე უარჰყო იმ აღთქმის
შესრულება?! _ ხმამაღლა იკითხა ფიქრში წასულმა ცოტნემ და თვალი ღვინოს
დააშტერა.
_ ადამიანის ბევრი უგნურობა ხშირად ბრალდება ღმერთს, _ განმარტა
სარგისმა, _ და იქნებ მართალი ახსნაც არის, რადგან ღვთის უნებურად არც რამ
კეთილი ხდება ამ ქვეყნად და არც რამ ბოროტი. რაკი სარწმუნოება იმას
გვიქადაგებს, რომ მიზეზთა მიზეზი და დასაბამთა დასაბამი ღმერთია, ჩვენც,
სასოწარკვეთილების ჟამს, ყველა უბედურებისათვის ღმერთსა ვთხოვთ
პასუხს. ყოველგვარი უსამართლობა ჭეშმარიტ მორწმუნეს ჩვენს მიერვე
ჩადენილ ცოდვათათვის მოვლენილ ღვთის რისხვად ესახება და ეს
გონივრული განსჯა არის. მაგრამ საკმაოა ღვთის რისხვა დაუმსახურებლად
დაატყდეს მართალსა და უცოდველ ადამიანს, რომ ჩვენი გონება ჩიხში
მოექცეს, მიზეზისა და შედეგის კავშირი ვერ იპოვოს და წონასწორობა
დაკარგულებმა ღმერთი ვგმოთ, უარვყოთ ის, რაც თვითონვე არის ნუგეში და
გამართლება ყველა განსაცდელისა და უბედურების. ჩვენ ახლა ოცდაათი
117ათასი უცოდველი ყრმის _ ეტიენის ჯვაროსნების უსამართლო დაღუპვა
გვაშფოთებს, მაგრამ განა თუნდაც ერთი უმანკო ბალღის სიკვდილი საერთოდ
სამართლიანია? აი, ახლა ჩვენ რომ აქ ვსხედვართ და ღვინოს შევექცევით, ამ
წუთს, რამდენი უცოდველი ბავშვი კვდება დედამიწის ზურგზე _
უსამართლოდ
და
მიზეზის
აუხსნელად.
მერე
ვინ
არის
ამ
უსამართლობისათვის პასუხისმგებელი? ან რა პასუხის მოთხოვნა შეგვიძლია
ჩვენ უბრალო მოკვდავთ მისგან, ვინც თვითონ არის უკვდავი, ჩვენთვის
უხილავი და გონებით მიუწვდომელი.
ცოტნეს თავისი პატარა დაიკო გაახსენდა. აღარ ეგონა, თუ ისევ
დაისმებოდა მისთვის ის კითხვები, რომლის პასუხი თითქოს ერთხელ უკვე
იპოვა, როცა ავადმყოფმა შერგილისა და ივლიანე მოძღვრის საუბარი მოისმინა
უფლის მიერ წმინდა იობის გამოცდაზე.
წამწამზე ცრემლი დაეკიდა ცოტნეს და ის იყო, კინაღამ ქვითინი წასკდა,
რომ თორღვა პანკელმა სიმღერა წამოიწყო:
_ ცხოვრება ჩალად არა ღირს.
ერთ ლამაზ ქალად არა ღირს...
_ აი, ღმერთმა მაგის მთქმელი გაახაროს! დავეხსნათ სხვაგან სიბრძნის
ძებნას, ბიჭებო, რადგან ბრძენი მხოლოდ ის არის, ვინც ღვინისა და ქალის ფასი
იცის, ვინც ეს სიმღერა მოიგონა და ვინცა თქვა, ჭეშმარიტება ღვინოშიაო. ჩვენი
გამარჯვებისა იყოს! _ ასწია ბექამ თავი და დანარჩენებიც უსიტყვოდ
დაეწაფნენ სასმელს.
დილას გვიან გაეღვიძა ცოტნეს.
კარგა შემაღლებული მზე სარკმელს მოდგომოდა.
თავი უხურდა ნაღვინევს.
თვალის გახელამდე ერთი დაამთქნარა და ნებივრად გაიზმორა. მოქნეული
ხელი ვიღაცის შიშველ სხეულზე დაეცა და ცოტნემ და მის გვერდით მძინარმა
ქალმა ერთდროულად გაახილეს თვალი.
ცოტნე გაკვირვებული მიაჩერდა ბედნიერი ღიმილით სახეგანათებულ
ქალს. წუხანდელი ღამე უამური სიზმარივით გაიხსენა, ზოგი რამ კიდევ
ახსოვდა ბუნდოვნად, მაგრამ ვერ იქნა და ის ვერ მოიგონა, აქ როგორ მოვიდა,
ან ეს ქალი როგორ გაჩნდა მის საწოლში.
ჯერ კიდევ ძილის ბურანიდან გამოუსვლელმა ქალმა საბანი გადაიგდო და
შიშველი მკლავები გაშალა.
სავსე მკერდზე, ძუძუებს შორის დაცემულ პატარა ჩრდილში ოქროს გრძელ
ძეწკვზე დაკიდებული ჯვარი ესვენა.
ცოტნემ დანახვისთანავე იცნო ჯვარი.
_ ასპასია?
_ ჰო, გენაცვალე, ასპასია ვარ, _ უპასუხა ქალმა, მკლავები შემოაჭდო და
ზედ მიეკრა.
118_ აქ საიდან გაჩნდი, ან სადა ვართ, თუ იცი? _ იკითხა საგონებელში
ჩავარდნილმა ცოტნემ.
ქალმა პასუხი არ გასცა, კიდევ უფრო მიეხუტა და ყელყური დაუკოცნა.
ცოტნემ წამით ქალის პერანგს დაადგა თვალი. პერანგი ჭუჭყიანი იყო.
უსიამოდ გააჟრჟოლა და თვალი უნებურად მოავლო იქაურობას: უსუფთაო
ოთახი უგემოვნოდ იყო გაწყობილი. ქალის კაბა, წინდები, ფეხსაცმელები,
ცოტნეს ტანისამოსი უწესრიგოდ ეყარა სკამებზე და იატაკზე.
შეეზარა თავისი თავი ცოტნეს. რაღაც დაენანა და გული დაწყდა.
შემოჭდობილი ქალის ხელი ფრთხილად მოიცილა, წამოდგა და ჩაცმა
დაიწყო.
_ ჯერ ნუ წახვალ, ცოტნე, ჯერ ადრეა, ცოტა ხანს კიდევ დარჩი! _
ეხვეწებოდა ასპასია და ვაჟისკენ იწევდა.
_ მაშ, შენ ახლა ამით ცხოვრობ?
_ ამით ვცხოვრობ, ცოტნე ბატონო... გებრალები?
_ მებრალები. _ ძლივს გამოსცრა ცოტნემ.
_ ჰოდა, თუ გებრალები, ნუ მიმატოვებ... ახლა მაინც მიპატრონე, თან
წამიყვანე, მოახლედ დამიყენე, შენი ხმალი მაწმენდინე... _ ასპასია წელზე
მოეხვია ცოტნეს.
ვაჟმა ქალის ხელები ისევ მოიშორა.
_ ამ ჯვარს ხომ იცნობ, შენს ნაჩუქარ ჯვარს, იმ დღეს ოდიშში რომ გეხვეწე
და არ წამიყვანე, როგორც კი მამაშენის მამულებს გავცდით, ფაკირმა წამართვა.
არც ხვეწნამ გასჭრა, არც ტირილმა და მუქარამ. მაინც ვერ შევურიგდი ჯვრის
წართმევას, დრო ვიხელთე, მოვიპარე და გავიქეცი. რა გაჭირვება არ გამოვიარე,
რა განსაცდელი არ გამოვცადე, მაგრამ ამ ჯვარს ვერ შეველიე.
_ ჯვარის კი არა, სულის გაყიდვა სჯობდა ასე დაცემას და შერცხვენას.
_ მართალია, ცოტნე, მაგრამ უღონო ვიყავი და უპატრონო. ვისაც
მივეკედლე, ყველა თავის ჟინს იკლავდა და ზურგს მაქცევდა. გზის
წარმმართველი არავინ მყავდა და ჩემმა ჭკუამ უკეთ ვერ გასჭრა. ერთი იმედი
სულ მქონდა, რატომღაც მჯეროდა, რომ შენ მოხვიდოდი და დაცემულს
აღმადგენდი, ამ ჭუჭყიდან და ლაფიდან ამომიყვანდი და სწორ გზაზე
დამაყენებდი.
ასპასია ქვითინით, სლუკუნ-სლუკუნით ყვებოდა თავის უბედურებას.
ცოტნე მოალბო უპატრონო, გზააბნეული ქალის გულწრფელმა აღსარებამ.
შეებრალა
ცხოვრების
უკუღმართობისაგან
გაქელილი,
ცოდვისაგან
დაღდასმული, მაგრამ ჯერ კიდევ უზომოდ ლამაზი ასპასია.
_ შენ რომ მაშინ ჩემი თავი გამოგესყიდა და შინ მსახურად წაგეყვანე,
ბედნიერი ქალი ვიქნებოდი...
ცოტნეს თავადაც ბევრჯერ უფიქრია ამაზე, რამდენჯერ ასპასია
გაახსენდებოდა, თავისთავს საყვედურით ავსებდა, რატომ არ ვუშველე
უბედურ გოგოსო.
119ახლა, როცა ასპასიამ ხმამაღლა, თავის მხრივ გაუმეორა ეს საყვედური,
ღვთისნიერმა ჭაბუკმა საკუთარი წილიც დაინახა ასპასიას დაცემაში.
დანაშაულის გამოსყიდვა, სიკეთით ცოდვის მონანიება მოუნდა და რომ
არაფერი შეეძლო, ამის გაფიქრებამ შეაწუხა. თვალი უნუგეშოდ მოავლო
აქაურობას და ის იყო მხრები უღონოდ უნდა ჩამოეყარა, რომ რაღაც გაახსენდა.
გამოცოცხლებულმა ჯიბეში ჩაიყო ხელი.
ფულის სავსე ქისა იქვე დახვდა. გაიხარა.
ამოიღო და ასპასიას სასთუმალთან დაუდო.
_ იმდენია, შენს სიცოცხლეში გეყოფა, მოიხმარე, ოღონდ აქ ნუღარ დარჩები
და პატიოსნების გზა მონახე, _ თავაუღებლად ამბობდა ცოტნე და ქალისკენ
პირს არ იბრუნებდა, რომ მაცდუნებლად სავსე ასპასიას შიშველი მკერდისკენ
თვალი არ გაქცეოდა.
ქალმა ქისა გახსნა.
უამრავი ოქროს დანახვაზე თვალთ კინაღამ დაუბნელდა.
ქისას მაშინვე თავი მოუკრა და აღტაცებულმა გულში ჩაიკრა, მერე ისევ
ცოტნეს მოხედა დაეჭვებულმა.
_ სულ ჩემია?
_ სულ შენი იყოს, ოღონდ აქაურობას გაეცალე! _ ზიზღით თქვა ცოტნემ და
ქამარ-ხანჯალი შემოირტყა.
ასპასიამ ქისა ლეიბქვეშ ამოსდო, ლოგინიდან წამოხტა და უკვე კარისკენ
წასულ ცოტნეს წამოეწია, ფეხებზე მოეხვია და მუხლები დაუკოცნა.
ცოტნეს გული კინაღამ აუჩუყდა, მაგრამ თავს დასძლია, ასპასია მოიშორა
და კარში შურდულივით გავარდა.
კი არ მიდიოდა, უკანმოუხედავად მირბოდა ოდიშის მთავრის მემკვიდრე.
კიბესთან ხნიერმა დედაკაცმა შეაჩერა.
ცოტნემ ჯიბეზე ხელი გაიკრა, რამდენიმე ოქრო კიდევ იპოვა,
დაუთვლელად მიუგდო და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა.
მეორე დღეც ქეიფში დააღამა და გაათენა. თითქოს საგანგებოდ მიეწყო
მიზეზი მიზეზს, თავშეყრისა და დროსტარების საბაბი არ ილეოდა და ცოტნე,
რომ იტყვიან, ლამის ხელს გადაჰყვა.
გაბმით სმასა და ლხინში ერთმა კვირამ ერთი წამივით გაირბინა. ნასვამ
ცოტნეს ხან სად ეღვიძებოდა და ხან სად. დილით ღამის თავგადანახადს რომ
იხსენებდა, თავისთავი ეზარებოდა, გულში აღთქმას სდებდა, მემთვრალეობა
და სმა მოეშალა, ტოლ-სწორებს აღარ შეხვედროდა და საქეიფოდ აღარ
წასულიყო. მაგრამ ტოლები თვითონ აკითხავდნენ აქეთ, ძალდაუტანებლად,
თითქოს თავისთავად, საუბარიცა და გართობაც ბუნებრივი დაბოლოებით _
სუფრითა და ნადიმით თავდებოდა და ცოტნე ვერასოდეს ვერ გრძნობდა იმ
წუთის დადგომას, როცა წინააღმდეგობა უნდა გაეწია _ დალევაზე და სუფრად
დაჯდომაზე უარი უნდა ეთქვა.
ასე
ყოველდღე
შეხვედრასა
და
დროსტარებაში
დაახლოებულ
თანამოასაკეთა წრე ფართოვდებოდა, მეგობრობა მტკიცდებოდა და ზოგჯერ
120დილით გაღვიძებულ ცოტნეს ნაშუაღამევს გაყრილი ძმაკაცები მთელი წლის
უნახავებივით მოენატრებოდა ხოლმე.
ვინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდებოდა, რომ ერთ დღეს სარგის
თმოგველს არ გამოეცხადებინა:
_ გასრულდა ჩემი ბაირამი. ხვალ ანტიოქიას მივემგზავრები.
_ დიდი ხნით, სარგის?
_ ერთი წლით მაინც. იქ ჩემი მასწავლებელი ფილოსოფოსი მოღვაწეობს,
რამდენჯერ ვთხოვე ჩასვლის ნებართვა, მაგრამ დასტური არ შემომითვალა,
ხმელთაშუა ზღვაზე არეულობა იყო, მუსულმანები და ჯვაროსნები
ერთიმეორეს ასწრებდნენ მგზავრებზე თავდასხმასა და მათ გაძარცვას. თავად
ანტიოქიაც ხელიდან ხელში გადადიოდა და იქ წასვლა საშიში იყო. ახლა,
როგორც იქნა, დაწყნარდა იქაურობა და მოძღვარმა სწავლად მომიწოდა.
_ წადი, სარგის, ჩვენი აყოლა არას გარგებს! _ ხელჩაქნევით თქვა ბექამ, _ მეც
საქმეს უნდა ვეწიო... ომი მაინც დაეწყო სადმე მეფეს, მამაჩემს გავყვებოდი და
საბრძოლო ნათლობას მივიღებდი.
_ ომს, ალბათ, ერთხანს ვერ დაიწყებს ხელმწიფე, ჯერ გვირგვინოსანი
დედის გლოვა არ დაუსრულებია.
_ მართალია, სარგის, ჯერ წლისთავი არ გადაუხდია ლაშას და თუმცა
გული, ალბათ, საომრად მიუწევს, თავისი სახელით ჯერ ომი არ
გამოუცხადებია. მე ბალღობიდან ხმალი და ცხენი შევიყვარე და სიკვდილამდე
ამ არჩევანს ვეღარ გავექცევი. მხედრის სიხარული ომი და მტრის რბევაა,
მშვიდობიანი ცხოვრებით მარტო ხმალს კი არ ეკიდება ჟანგი, რაინდის
გულსაც ჯავრი და მოწყენა სჭამს. ამ მხრივ შენ ბედნიერი ხარ, სარგის, კარგ
წიგნსა და განათლებულ მოსაუბრეს სადაც იპოვი, ყველგან მოილხენ. ახლაც,
აგერ ანტიოქიას მიეშურები, იქ ფილოსოფოსებს გარდა, ალბათ, არაბ და ფრანგ
მგოსნებსაც გაიცნობ.
_ მაგის იმედი მაქვს, ბექა, ჯვაროსან მეფეებს თავიანთი მგოსნებიც თან
ახლავთ თურმე...
_ ჰოდა, აშენებულხარ კაცი. შენს იქ ყოფნაში ჩვენც სულ უქმად არ
ვისხდებით და, ალბათ, რამდენიმე ომს გადავიხდით, თუმცა შენთან ვერც
ომით დაიტრაბახებს კაცი, როცა გჭირდება, ხმალსაც არ ხმარობ სხვაზე
ნაკლებად.
_ რას იზამ, ბექა, მოსვენებული ცხოვრება ახლა აღარავისა აქვს. მონასტრის
სენაკშიც რომ ჩაიკეტო, ქვეყანა როცა არეულია, მტერი იქაც მოგძებნის და შენ
თუ არ დაასწარი, ის დაგასწრებს და მოგკლავს. ასე არ არის, ცოტნე?
_ აგრეა, სამწუხაროდ.
_ სწორედ რომ აგრეა და ეს შენ ჩვენზე კარგად უნდა იცოდე. შენ, მგონი,
სამონასტრო ცხოვრებისათვის ემზადებოდი, ცოტნე?
_ ჰო, ადრე ეგრე ვფიქრობდი.
_ ახლა ბერად აღარ ივარგებ, ცოტნე ჩემო, რაც ჩვენ გადაგვეყარე...
ცოტნე წამოწითლდა.
121_ მამის დაბრმავებამ გზაკვალი ამირია. მამულს პატრონობა უნდა,
სამთავროს მართვა და ხეიბარ მშობელს მიხედვა, _ თავი იმართლა
დარცხვენილმა ცოტნემ.
_ სწორია, ცოტნე, შენც ჩემსავით მამის გზას უნდა შეუდგე, მამულს
მოვუაროთ, მეფეს ვემსახუროთ და საქართველოს მტრებს დედა ვუტიროთ.
ახლა, ხომ ხედავ, რომის პაპი რომ რომის პაპია, ისიც მტრის ჟლეტას ქადაგებს
და კანონისგან დევნილ კაცის მკვლელებსაც კი ცოდვებისგან ათავისუფლებს,
ოღონდ
ჯვაროსნობა
მიიღონ
და
იერუსალიმზე
ილაშქრონ.
წინასწარმეტყველთა მცნება აღარც ქრისტიანს ახსოვს და აღარც მუსულმანს.
ყველა თავის ქვეყნისა და პირადი სარგებლობისათვის ეფარება რჯულსა და
სარწმუნოებას და ჩვენ რატომ არ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო
გაძლიერებაზე.
_ აკი ვფიქრობთ, ბექა! სწავლას არ ვიკლებთ და გარჯას, რომ სამშობლოს
სამსახურისთვის უკეთ მოვემზადოთ.
_ სამშობლოსა და ტახტის უკეთ სამსახურისათვის ჩვენს ფიქრსა და
ზრუნვას გაუმარჯოს! _ ასწია ბექამ სასმისი.
მეგობრებმა იმ დღეს არაერთხელ შეჰფიცეს ერთმანეთს ერთგულება,
სარგის თმოგველს შორი გზა დაულოცეს და გარიჟრაჟზე გაიყარნენ.
იმ დღესაც გვიან ადგა ცოტნე.
აბანოში იბანა და მექისეს ტანი დააზელინა. სიმთვრალისაგან
გამოყოლილმა თავის ტკივილმა და უგუნებობამ ერთბაშად გაუარა. სხეულში
საოცარი სიმსუბუქე იგრძნო და ხელახლა დაუბრუნდა გამოუძინებლობითა
და ნასვამობით დაკარგული ხალისი.
ის იყო შინიდან გასვლა დააპირა, რომ მეფის შიკრიკი მოუვიდა.
ხელმწიფე სასახლეში იბარებდა.
ცოტნე სადარბაზოდ გამოეწყო. როგორც მგლოვიარე ნათლულს
შეეფერებოდა, შავი კაბა ჩაიცვა, გიშრით შავად გაწყობილი ქამარ-ხანჯალი
აისხა და მეფეს ეახლა.
მეფე დამწუხრებული შეხვდა. ნათესავურად მოიკითხა, მსახურთ მცირე
ტაბლა მოაღებინა და ცოტნე გვერდით დაისვა.
_ ამ დღეებში ჩვენი უნეტარესი დედისა და მეფეთამეფის წლისთავი
გვექნება. იმედია, ჩვენთან ერთად იგლოვებ და ხელსაც გაუხსნი შენს დიდ
ნათლიას.
_ აქ რომ არ ვყოფილიყავი, საგანგებოდ უნდა ჩამოვსულიყავი ჩემი
გვირგვინოსანი ნათლიის წლისთავზე, მეფევ ბატონო! ჩემს თვალზე ხომ
ცრემლი არ შრება, მაგრამ კვირა ისე არ გავა, დედისაგან წიგნი არ მომივიდეს,
ის წიგნებიც ცრემლით არის დალტობილი და მარტო ჩვენი სახლი კი არა,
მთელი ოდიში და სრულიად ლიხთ-იმერეთი უნუგეშო მწუხარებაშია
ჩავარდნილი.
122_ ვიცი, ცოტნე! ვიცი, როგორი წრფელი გულით უყვარდა ნეტარი
დედაჩვენი თქვენს ოჯახს. ისიც ვიცი, რომ მისმა სიკვდილმა მარტო
საქართველოს კი არა, მთელს საქრისტიანოს წარუწირა იმედი ბედნიერი და
უზრუნველი ცხოვრებისა. მაგრამ სულ ცრემლის ფრქვევა და სიმძიმილი არც
ჩვენს ქვეყანას არგებს და ღვთივგვირგვინოსანი დედაჩვენის ანდერძის
საწინააღმდეგოც იქნება. შენ, ალბათ, იცი დედოფალთდედოფლისა და მესიის
მახვილის უკანასკნელი სურვილი _ იერუსალიმს წავასვენოთ მისი ნეშტი და
ქართველთა ჯვრის მონასტერში მივაბაროთ წმინდა მიწას.
_ მსმენია, ხელმწიფევ, ჯერ თვით გვირგვინოსნისგან და მერე მეფის დისა
და ვაზირებისაგან.
_ დედაჩვენის სურვილი მარტო ჩვენთვის კი არა, სრულიად საქართველოს
შვიდთავ სამეფოს ყოველი მკვიდრისათვის სავალდებულო კანონია და ჩვენი
ვალია, ვიზრუნოთ მისი აღსრულებისათვის. მძიმე ტვირთი მარგუნა განგებამ,
დავიცვა და განვავრცო დიდი თამარისაგან გაძლიერებული საქართველოს
სამეფოს სიმდიდრე და ხელუხლებლობა. ვერ შემძლებელ ვიქნები ამ მაღალი
ვალის შესრულებად, თუ ხელს არ გამიმართავს თანადგომა შვიდთავ სამეფოს
ერისთავთერისთავთა და მთავართა, ერთნებაობა ნეტარი დედაჩვენის
სასურველ ვაზირთა და თანაგამზრახთა, _ მეფე ერთხანს შეყოვნდა, ეტყობა,
ფიქრმა წაიღო. მერე უცებ გამოცოცხლდა და ცოტნეს მისთვის მოულოდნელი
კითხვით მიმართა, _ ზღვა თუ გიყვარს, ბატონიშვილო?
უადგილო კითხვამ კინაღამ დააბნია ცოტნე, მაგრამ ზღვის ხსენებამ თავისი
საყვარელი ოდიში დაუყენა თვალწინ და გახალისდა ჭაბუკი.
_ ზღვა თავზე მეტად, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, ხელმწიფევ.
_ ცურვა?
_ თევზსაც არ ეყვარება ჩემსავით ცურვა და წყალში ყოფნა.
_ ნაოსნობა? ნაოსნობა თუ იცი? _ გახალისდა მეფეც.
_ მთელი დღე რომ ნიჩაბი ვუსვა, არ დავიღლები და არც მომწყინდება. რომ
გამიშვა, კონსტანტინოპოლში ჩავალ ნავით, _ აღფრთოვანდა მეფის აყოლით
წათამამებული ცოტნე.
_ დიდი გემით თუ გივლია, ან საომარი ხომალდები თუ გინახავს?
_ მივლია, ხელმწიფევ. საომარ ხომალდზეც ვყოფილვარ, მაგრამ ყრმა ვიყავი
და საჭეს არ მანდობდნენ მართვის უმეცარს.
_ ზღვაზე ომი გინახავს?
_ არა, მეფევ, სად ვნახავდი! ჩვენს ზღვაში უცხო ხომალდები საომრად
არასოდეს შემოსულან და ან კი ვისთან უნდა ეომათ? ჩვენს მეფეს სამხედრო
ხომალდები არ გააჩნდა და ჩვენს ზღვაზე ბერძენთა და ვენეციელთა გალერები
ბატონობდნენ.
_ მართალია, ცოტნე. ჩვენს სამეფოს დღემდე საომარი ხომალდები არ
გააჩნდა და არც იყო ამის საჭიროება, _ მეფე ისევ ჩაფიქრდა, რაღაცის თქმა
დააპირა, მერე გადაიფიქრა და ადრინდელ ნათქვამს დაუბრუნდა, _ შენ ის თუ
123იცი, ცოტნე, რომ ბერძენთა საუკეთესო ზღვაოსნები თქვენი მკვიდრნი,
ოდიშართა ღვიძლი ლაზები იყვნენ.
_ გამიგონია, მეფევ, მამაჩემისაგან.
_ სანამ ლაზები ერთგულად ემსახურებოდნენ ბერძენთა იმპერატორებს,
დარდანელსა და ბოსფორში სხვათა გემები ცხვირს ვერ ჰყოფდნენ
კონსტანტინოპოლის უნებართვოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავგასულმა
ბერძენთა მეფეებმა ლაზები და თავიანთ იმპერიაში შემავალი ყველა სხვა
ხალხები მოიძულეს და შეავიწროვეს და რაც მეფეთამეფე თამარმა
ტრაპიზონის სამეფო შექმნა, ლაზებმა კონსტანტინოპოლს ზურგი აქციეს. ამის
შედეგად შენც იცი, რაც მოხდა. ვენეციელებმა ბერძნები ზღვაში იოლად
დაამარცხეს, მოშლილი ხომალდები გაუნადგურეს და ბოსფორში თითქმის
წინააღმდეგობის გაუწევლად შემოცურდნენ... _ მეფემ საუბარს ისევ გეზი
უცვალა, _ ტრაპიზონსა და კონსტანტინოპოლში თუ ყოფილხარ?
_ არა, მეფევ, როდის ვიქნებოდი.
_ არც მე ვყოფილვარ... ნეტარი დედაჩვენი სულ ფიქრობდა ჩემს
გამგზავრებას რომსა და ვენეციას, რომის პაპთან და ვენეციის დოჟთან
საიდუმლო კავშირის დასამყარებლად. იქიდან იერუსალიმს უნდა
ჩავსულიყავი, უხვი შესაწირავი უნდა ჩამეტანა და წმინდა ადგილები უნდა
მომელოცნა. ვიდრე ყრმა ვიყავი და იერუსალიმის გზაზე დაუმცხრალი შფოთი
იყო, დედამ ჩემი გაშვება ვერ გაბედა, როცა დავჭაბუკდი, თვითონ გამომეცალა
ხელიდან. ახლა, როცა მეფე ვარ გვირგვინოსანი, ჩემს სურვილზე და ნებაზე
სადღა წავალ. ვენეციასა და რომს წასვლა კი ისევ აუცილებელი იქნება და,
ალბათ, უჩემოდ წავლენ ჩემი დესპანები. ამიერიდან მე მხოლოდ მაშინ თუ
აღმოვჩნდები იერუსალიმს, როცა ძლევამოსილ ქართველთა ლაშქარს
შევუძღვები ქრისტეს ქალაქში და ჩემი ღვთისმოსავი დედის ძვლებს მივაბარებ
ქართველთაგან გამოხსნილ წმინდა მიწას.
ოცნებაში წასული მეფე მაღლა იყურებოდა და აღგზნებული ლაპარაკობდა,
მერე უცებ ცოტნეს მოხედა, ზედმეტი ხომ არა ვთქვი-რამო, გაიფიქრა და
მაშინვე დადუმდა.
მცირე დუმილის შემდეგ ლაშამ ოდიშის მთავრის შვილს დაყვავებით
გაუღიმა და დამნაშავესავით სცადა ჩამოვარდნილი უხერხულობის გაფანტვა.
_ ოცნებამ შორს გამიტაცა და მთავარი სათქმელი უთქმელი დამრჩა. დიდი
თამარის წლისთავის შემდეგ ოდიშს უნდა ვესტუმრო, რახანია, მამაშენის,
შერგილის ნახვა მინდა და ვერ იქნა, ვერ მოვიცალე.
_ ნუთუ ამ ბედნიერების ღირსს გაგვხდი, ხელმწიფევ! _ გაიხარა ცოტნემ.
_ დამნაშავე ვარ ოდიშის მთავართან, რომ ამდენ ხანს ვერ ვინახულე ჩვენი
ტახტის ერთგულად ნამსახური, თვალისჩინდაკარგული შერგილი. თან ცოტა
საქმეც მაქვს ლიხთიმერეთს.
_ მარტო ინებებს ხელმწიფე ოდიშს წაბრძანებას თუ მეფის დაც
გააბედნიერებს სადადიანოს?
_ არა, ახლა მარტო წამოვალ. შეიძლება ორიოდ ვაზირი ვიახლო მხოლოდ.
124_ მე, ალბათ, ნებას დამრთავს ხელმწიფე, წინასწარ ჩავიდე ოდიშს,
მშობლები გავაფრთხილო და მოვამზადო ესოდენ სანატრელი სტუმრის
გასამასპინძლებლად.
_ არა, სწორედ ეგ არ არი საჭირო. მე ჯერ მგლოვიარე ვარ და საქეიფოდ
სიარული არ შემფერის. ამასაც გავალებ, ნურც ჩვენი დღევანდელი საუბრის
თაობაზე დასძრავ სადმე სიტყვას, ნურც ოდიშში ჩვენი სტუმრობის
განზრახვას გაანდობ ვისმე.
_ ხელმწიფის სიტყვა და სურვილი მისი ერთგული ყმისათვის კანონია,
მეფევ. ჩემი ახალგაზრდობის გამო ნუ ეფიქრება მბრძანებელს, მეფის სიტყვას
ისე დავიმარხავ გულში, როგორც წმინდა საიდუმლოს.
ლაშა ასადგომად წამოიმართა. ცოტნეც მაშინვე წამოხტა.
_ დედოფალთდედოფლის წლისთავზე გნახავ და გამგზავრების დღეს იქ
დავთქვამთ.
ხელმწიფემ ხელი გაუწოდა. ცოტნე მეფის ხელს ეამბორა, მუხლზე დაეცა და
ეთაყვანა.
ჯერ კიდევ მამალს არ ეყივლა.
დიღმის საზაფხულო სამყოფლიდან ხუთიოდე მსახურის თანხლებით
გავიდნენ მეფე, მისი ვაზირები _ მხარგრძელი და ახალციხელი და ოდიშის
მთავრის ძე.
მეფე წინ მიდიოდა.
ცოტა მოშორებით მეფეს ვაზირები მიჰყვებოდნენ. მხარგრძელსა და
ახალციხელს შუაში ჯიშიან ლაფშაზე ამხედრებული ჩია კაცი ჩაეყენებინათ და
ხმადაბლა ესაუბრებოდნენ. რაზე ლაპარაკობდნენ, ვერ მიმხვდარიყო მათგან
შორიახლო მიმავალი ცოტნე, მხოლოდ კანტიკუნტად გაგონილი სიტყვებით
ხვდებოდა, რომ ბერძნულად ბაასობდნენ.
საიდუმლოებით მოცული ეს გამგზავრება ყველაფრით აკვირვებდა ცოტნეს.
ჯერ იყო და, ხმა გავრცელდა, მეფე კახეთს მიდის ალავერდობაზეო. ამ
ნათქვამის დასაჯერებლად სასახლიდან კახეთისკენ დატვირთული აქლემები
და ურმები დაიძრნენ წინასწარ. წინა ღამით სხვადასხვა დროს მოვიდნენ
დიღმის სამყოფელში ცოტნე და მეფის ვაზირები და ახლა, ჯერ კიდევ
ნანათლები რომ არ იყო, ისე გაუდგნენ გზას.
ეამაყებოდა, სიამეს ჰგვრიდა ოდიშის მთავრის მემკვიდრეს მეფესა და მის
სახელოვან ვაზირებთან _ მხარგრძელთან და ახალციხელთან მგზავრობა.
ხედვად და სმენად იყო ქცეული ჭაბუკი ბატონიშვილი, ცდილობდა კარგად
დაჰკვირვებოდა მეფისა და მისი დიდებულების ქცევას. მაგრამ ყველაზე
მეტად თავიდანვე მისი ყურადღება იმ ჩია კაცმა მიიპყრო, ახლა, ვაზირებს
შორის ჩამდგარი, ბერძნულად რომ ჰყვებოდა რაღაც სასაცილო ამბავს, სხვების
გაცინებას არ უცდიდა და, თვითონვე კვდებოდა სიცილით. შავტაიჭოსანი ჩია
კაცი გარეგნობით ოდიშარს ჰგავდა, კისკასად იჯდა ცხენზე, სხარტი მიხრა-
მოხრა ჰქონდა და ცოცხალი წვრილი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
125ვაზირები თავიდანვე ტოლსავით შეხვდნენ ცოტნეს, თავიანთი მეგობარი და
თანამებრძოლი _ შერგილმთავარი სიყვარულით მოიკითხეს, ზოგი თვითონ
უამბეს, ზოგი მას აამბობინეს და უცებ გაიშინაურეს, დაიახლოვეს.
ცოტა რომ გაიარეს, შალვა ახალციხელმა მოხედა, ცხენი გვერდზე გასწია და
შუაში ადგილი დაუთმო.
_ რატომ ჩამოგვრჩი, დადიანო, დაგვეწიე, ჩვენს სტუმარს თავის ენაზე
დაელაპარაკე.
_ სი ლაზი რე? _ იკითხა ცხენზე სანახევროდ შემობრუნებულმა ჩია
ცხენოსანმა და სახე სიხარულით გაუბრწყინდა.
_ არა, მე ოდიშარი გახლავარ, სამეგრელოს მთავრის ძე.
_ მერე ჩვენი ენა საიდან იცი, ტრაპიზონში ხომ არ გისწავლია?
_ არა, ბატონო, მე ჩვენ ენაზე გელაპარაკებით, ლაზური და მეგრული ერთი
ენააო, მამაჩემისაგან გამიგონია.
_ ქო... ქო... მეც გამიგონია... ერთხელ სანდალებით ვიყავით ხოფაში და სულ
ჩვენებურად ლაპარაკობდნენ, _ დაუმოწმა ხვიჩამ მეგრულად და მაშინვე,
მეფის ვაზირების გასაგონად, ნათქვამი ბერძნულადაც გაიმეორა.
_ ხოფა რა არი, შენ ხოფას აღმა ზღვის სანაპირო უნდა ნახო! ფაზისში რომ
იქნები, თავი შენს საკუთარ სოფელში, შუაგულ ლაზიკაში გეგონება და მგონი,
აღარც იფიქრო იქიდან წასვლა, _ სიცილით უთხრა მხარგრძელმა.
_ წინ წასული მეფე წამით შეჩერდა, ცხენზე შემობრუნდა და იკითხა:
_ ოდიშის მთავრის ძე რა იქნა?
_ აქ გახლავარ, ხელმწიფევ! _ ყური ცქვიტა ცოტნემ, ცხენს ქუსლი ჰკრა,
ვაზირებს გადაასწრო და მეფის შორიახლო შეჩერდა.
_ ჩემს მხარდამხარ იარე, სალაპარაკო მაქვს, _ ბრძანა მეფემ და ცხენი
ადგილიდან დაძრა.
ცოტნემ მეფისათვის მხარის გასწორება ვერ გაბედა, წამოეწია, მაგრამ ისე
მიჰყვა, რომ მცირე მანძილით მაინც ჩამორჩენოდა.
მაშინ მეფემ შეაყოვნა თავისი ლურჯა, თავათ გაუსწორა მხარი და
ხმადაბლა დაიწყო:
_ ყური დამიგდე, ცოტნე! რაც იმ დღეს ვერ გითხარი, ახლა უნდა გიამბო.
ოდიშში ერთი დიდი საქმე გვაქვს. აგერ ორი წელია ფაზისზე, ზღვის
შესართავთან საიდუმლო გემსაშენი გავმართეთ. იმ გემსაშენის არსებობა,
თვითონ მშენებლების გარდა, გარეშეთაგან, არც ოდიშში იცის ვინმემ და არც
თბილისში. შერგილს არაფერი უთქვამს?
_ ყრმა იყავი, უასაკო და არ გეტყოდა. ახლა დრო დადგა და არა მარტო
უნდა იცოდე, უნდა ჩაება კიდეც ამ საქმეში, თავს უნდა დაადგე პალიასტომზე
გამართულ მშენებლობას, თვითონაც უნდა შეისწავლო ხომალდების
მშენებლის ხელობა და სამხედრო გემებზე უნდა ივარჯიშო, საზღვაო ომის
მართვაში უნდა დახელოვნდე. გემის მშენებელი ოსტატები ტრაპიზონიდან და
კონსტანტინოპოლიდან გვყავს საიდუმლოდ ჩამოყვანილი. ახლა ეს ლაზი რომ
მოდის ჩვენთან, ნამდვილი ზღვის მგელია, ბერძნების სანაოსნოში საზღვაო
126ომის პირველი ხელოვანი იყო თავის დროზე. მერე ბერძნებმა არ იგუეს, იმ
ამპარტავნებს გაეცალა და ალექსი კომნენის სამსახურში შევიდა თავის
სამშობლოში. კომნენმა ჩვენ დაგვითმო და ახლა იმისთვის მოდის ფაზისში,
რომ იქ ჩვენი მეზღვაურები გაწვრთნას. შენც მაგას უნდა დაემოწაფო და შენ
იცი, როგორ ნიჭს გამოიჩენ. მე ასე ვფიქრობ, ცოტნე: თუ შენ კარგად
დაეუფლები ზღვის ომის ხელოვნებას, საქართველოს საზღვაოსნოს მეთაური _
ამირბარი შენ იქნები. შენ თვითონ ნახავ, რამდენ ხომალდს ვაშენებთ და
რამოდენა ჯარს ვწვრთნით. ჩვენ ამ საქმეზე მომავლის დიდ გეგმებსა და დიდ
იმედებს ვამყარებთ. საქართველოს ძლიერებისა და დიდების ბურჯი სწორედ
ფაზისზე აშენებული ხომალდები და იქ მომზადებული ჯარი უნდა გახდეს.
დიდი ლაშქრობისთვის, შესაძლოა, პალიასტომზე აშენებული გემები არ
გვეყოს. შენ თვითონ გაგგზავნით ვენეციას და იქ ჩვენთან კეთილად
განწყობილი დოჟისაგან დამატებით შეიძენ უახლეს საომარ ხომალდებს. ამ
საქმისთვის არც ოქროს დავიშურებთ და არც ძალ-ღონეს, იმის ნუ
შეგეშინდება, ახალგაზრდა რომ ხარ. ორ-სამ წელიწადს ფაზისზე გაატარებ,
ამასობაში კიდეც დავაჟკაცდები. დიდი საქმე მუდამ ახალგაზრდობაში
კეთდება, გმირობა და შემართებაც ახალგაზრდობას ხელეწიფება მუდამ,
რადგანაც გმირობას გაბედულება და თავზე ხელის აღება უნდა. შენ იცი, მეც
თვითონ ახალგაზრდა ვარ და, ვიდრე გული მერჩის, მინდა საქართველოს
საზღვრები შორს გავწიო. საამისოდ კი ასე ხელსაყრელი დრო ჩვენს ქვეყანას
არასოდეს დადგომია: ერანი დაქუცმაცებული და საღათას ძილს მიცემულია,
ბიზანტიის ამპარტავნება დამხობილია, თურქები და ბერძენთა მცირე
სამეფოები ერთიმეორეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან. ჩვენ დროზე
უნდა ვისარგებლოთ ამ სანატრელი პირობებით. ჯვაროსნები რომ პირისპირ
შეუტევენ იერუსალიმს, ჩვენ ზურგიდან უნდა დავარტყათ მუსლიმანებს,
ბაღდადი უნდა ავიღოთ და იერუსალიმში შესვლა ფრანგებს უნდა
დავასწროთ. დროებით ტრაპიზონის იმპერია უნდა გავაძლიეროთ. ისეთი
პირი უჩანს, ჯვაროსნები ერთმანეთს დაერევიან და კონსტანტინოპოლში
დიდხანს აღარ გაჩერდებიან. როგორც კი ფრანგები ბოსფორს დასტოვებენ,
კონსტანტინოპოლის ტახტზე ბერძენთა კანონიერ იმპერატორს ალექსი
კომნენს ავიყვანთ. შავი ზღვის აქეთა სანაპიროზე ბერძნებს არაფერი ესაქმებათ
და როცა კომნენი ბოსფორს გაღმა ტახტზე დაჯდება, ზღვის აღმოსავლეთ
სანაპიროს საქართველოს ლაშქარი დაიჭერს, რადგან ეს სანაპირო დასაბამიდან
ჩვენს მონათესავე ტომებს ეკუთვნოდა და ახლაც ქართველთა ღვიძლ ლაზებს
უჭირავთ. როგორ მოგწონს, დადიანო, ჩვენი განზრახულობა?
_ დიდებულია, მეფევ, თქვენი და ბაგრატოვნების ძლევამოსილების
შესაფერისად მოფიქრებული!
_ ზოგი რამ მიუღწევლად და დაუჯერებლად მოეჩვენება საქმეში
ჩაუკვირვებელ კაცს ერთი შეხედვით. მაგრამ ამოდენა საქმე ერთ დღეს როდი
კეთდება.
დიდი
შრომა
და
გარჯა
გვმართებს
ამ
განზრახვის
127ხორცშესასხმელად. ალბათ, მიხვდებოდი, რა დიდი მნიშვნელობა ექნება
საქართველოს სანაოსნოს, ამ თამამ და რთულ გეგმას ხორცი რომ შეესხას.
_ ვხვდები, მეფევ, ვხვდები და მზად ვარ, თავი დავდო საქართველოს
ძლიერების ამ დიდებული გეგმის აღსრულებისათვის!
კარგა დაღამებული იყო, ოდიშის მთავრის სასახლეს რომ მიუახლოვდნენ.
შორიდანვე შენიშნეს მაღლობზე გადმომდგარი ერთადერთი სახლი, საიდანაც
სინათლე გამოდიოდა. იმ უზარმაზარ სასახლეშიაც ერთადერთი სარკმელი
იყო განათებული. ცოტნეს არ გაჰკვირვებია, მთავრის პალატები ძველებურად
გაჩახჩახებული რომ არ ჩანდა. ოდიშის პატრონები გვირგვინოსანი
დედოფლის დაკარგვას გლოვობდნენ და, ესეც რომ არ ყოფილიყო, უბედურ
შერგილს დაბრმავებისა და ქალიშვილის დაკარგვის შემდეგ დღის სინათლეც
აღარაფრად უღირდა, თორემ ღამე სასახლეს ვის გაუბრდღვიალებდა!
_ ხელმწიფე თუ ნებას დამრთავს, დავწინაურდები, მთავარს მეფისა და მისი
ვაზირების მობრძანებას ვახარებ, _ შესთხოვა ცოტნემ ლაშას.
_ დაწინაურდი, ოღონდ ხმაური არ ატეხოთ, შინაურებს გარდა არავის
აცნობოთ და სოფელი არ შეჰყაროთ.
_ ვიცი, მეფევ, ყოველივე თქვენს სურვილზე იქნება, _ თავი დაუკრა
ცოტნემ, ცხენს მათრახი დაჰკრა და ჭენებით მოსწყდა მეფის ამალას.
ჯერ ჭიშკართან დაბმული ძაღლები აყეფდნენ. ნაცნობი ხმის
გაგონებისთანავე ღობეზე გადმოსახტომად ატოტებული მყეფარები კმაყოფილ
წკმუტუნს მოჰყვნენ, ეზოში ჟინჟღილები აინთო და, როგორც კი მთავრის
მემკვიდრემ თავისი სახელი გასძახა, ალაყაფის რკინის კარი მაშინვე მძიმედ
დაიძრა და ბოლომდე გაიღო.
ჭიშკართანვე დაიქვეითა ბატონიშვილმა, კარგა ხნის უნახავ მსახურებს
სათითაოდ გადაეხვია, რომელიღაცას სადავე ხელთ უდვა და სასახლისკენ
სირბილით გაექანა.
_ მანდ ვინ არი? _ იკითხა ლოცვად მდგარმა შერგილმა და ეზოში ატეხილ
ხმაურს ყური მიუპყრო.
_ მე ვარ, მამავ ბატონო, ცოტნე ვარ! _ შესძახა კარის ზღურბლზე
შემომდგარმა ცოტნემ, მიიჭრა და მოეხვია.
_ ამ დროს რამ მოგიყვანა, შვილო, ან ასე უცნობლად რად ინებე მოსვლა,
ცუდი რამ ხომ არ მომხდარა კიდევ?
_ ცუდი კი არა, მამავ, მახარობელი ვარ, მეფე გვესტუმრა თავისი
დიდებული ვაზირებით _ მხარგრძელითა და ახალციხელით, _ შესძახა
ცოტნემ, მამის მკლავებიდან თავი დაიხსნა და დიდი ქალბატონის ოთახისკენ
გაქანდა.
შერგილმა ხელმწიფეს შემოსვლისთანავე მიუტირა: _ მუსიკობითა და
გალობით უნდა შევხვედროდი, მეფევ, შენს მობრძანებას, მაგრამ უფალმა
თვალის დაბნელება არ მაკმარა და სრულიად საქრისტიანოს მზის
დაბნელებას, დიდი თამარის დაკარგვას შემასწრო. ვაი და უი ბედისაგან
128მოძულებულ შერგილს! სამართალი ის იქნებოდა, ჩემს სატირლად
მობრძანებულიყავი, მეფევ, და წმინდათა სწორი შენი დედა ცოცხალი
ყოფილიყო.
ალალმართლად იტირა შერგილმა და ხელმწიფეც ატირა. როდის-როდის
გული მოიოხეს, ერთიმეორეც მოიკითხეს და ქვეყნის ავკარგს მოჰყვნენ.
ამასობაში სუფრაც გაიშალა.
_ ბოდიშს მოვიხდი, არ გელოდით და ხელმწიფის ღირსად ვერ დაგხვდით,
ვერც ვერავინ სტუმრად ვაწვიეთ აქაურ თავად-აზნაურთაგან, რადგან ჩვენმა
მემკვიდრემ მეფის სურვილი გვამცნო, გარეშეთაგან არავინ შესწრებოდა
ხელმწიფის სტუმრობას.
_ მართალი მოუხსენებია, მთავარო. ჩვენი ახლანდელი სტუმრობა
საიდუმლოა და სხვათათვის უცნობლად უნდა დარჩეს. ალბათ, მიხვდებოდა
შერგილი. ფაზისს მივდივარ პალიასტომის ტბაზე გამართული გემსაშენის
მოსახილველად და ეს ჩვენს მეტმა არავინ უნდა იცოდეს. შენი მონახულების
გარდა, ამ საქმეებზეც მინდოდა, მთავარო, თქვენთან მოლაპარაკება.
_ რაკი საქმე საიდუმლოა, ხომ არ სჯობს შინაურების დაუსწრებლობა, _
იკითხა შერგილმა და სახე ერთადერთ შინაურთაგანს მიაპყრო.
_ არა, მთავარო, ბატონიშვილი უნდა დაგვესწროს, მან უკვე ფაზისის ყველა
საიდუმლო იცის ჩვენგან და, ესეც რომ არ იყოს, მის ბედსა და მომავალს
უიმისოდ ხომ ვერ გადავწყვეტთ, _ მეფემ ცოტნეს გაუღიმა.
_ ნება თქვენია, ხელმწიფევ! _ წაიდუდუნა შერგილმა და სმენად იქცა.
_ მეც და ჩემს ვაზირებსაც უკვე გვქონდა მთავართან საუბარი მის
მამულებში გამართული ესოდენ დიდმნიშვნელოვანი მშენებლობის თაობაზე.
შერგილი მაშინ აღფრთოვანებით შეხვდა ჩვენს განზრახულებას. ხალხიც
მოგვცა და ფას-წარსაგებელიც გაიღო. ოდიშის მთავარს რომ სამეფოსა და
ტახტის სამსახურში ეს უბედურება არ შემთხვეოდა, გემსაშენსაც თვითონ
დაადგებოდა თავს და ჩვენი მომავალი სანაოსნოს ამირბარიც თავად იქნებოდა,
რადგან ქართველთა შორის ზღვისა და ზღვაოსნობის უკეთესი მცოდნე არავინ
გვეგულება. მაგრამ რაკი შერგილს ღირსეული მემკვიდრე მისცა ღმერთმა, მისი
საპატრონო ქვეყანაში წამოწყებულ საშვილიშვილო საქმეს სხვამ ვინ უნდა
უწინამძღვროს, თუ არა ცოტნე ბატონიშვილმა?
_ ჯერ ნორჩია ასაკით მცირე ბატონიშვილი ესოდენ დიდი პატივის
მისაგებად, მეფევ, ვაითუ, უმეცრებითა და ახალგაზრდობით ვერ შემძლებელ
იყოს საამირბაროს გაძღოლად.
_ ჩვენ ყოველი ავწონ-დავწონეთ, წინასწარ განვსაჯეთ და ასე
გადავწყვიტეთ: არცთუ მცირე ყრმა არის ოდიშის მთავრის ძე, ორ-სამ
წელიწადს ფაზისში, თავის მამულებში იქნება, ხომალდების აგებისა და
მართვის წესსა და რიგს შეისწავლის და ნაოსნობაში გაიწაფება. ამასობაში
დავაჟკაცდება კიდევაც, ვენეციასა და გენუას წავა იქაური ზღვაოსნობის
გასაცნობად, რასაც ახალსა და სასარგებლოს იქ ნახავს და გაიგებს, ჩვენში
გადმოიღებს და გადმოიტანს.
129_ საქართველოს სამხედრო სანაოსნოს შექმნა დიდი საქმეა, შერგილ ბატონო,
_ დასძინა მეფის ნათქვამს მხარგრძელმა, _ ამ საქმეს ერთი და ორი წელი არ
ეყოფა თავის მოსაბმელად და გასასრულებლად. მემკვიდრე ბატონიშვილი
ზღვაოსნობის ტრაპიზონელი და ბერძენი ოსტატებისაგან ხომალდების
შენებასა და მართვის ხელოვნებას შეისწავლის და როცა უკვე საამირბარო
სრულქმნილი იქნება, ამირბარიც გაწვრთნილი და დავაჟკაცებული გვეყოლება.
ოდიშის მთავრის ძე საამისოდ ყველა ნიჭითა და ღირსებით შემკულია და
ვიმედოვნებთ, ზღვაზეც ისევე ასახელებს ქართულ ხმალს, როგორც მის
წინაპრებს ხმელეთზე უსახელებიათ.
_ მეფემ უკვე გააცნო თავისი განზრახვა ოდიშის მთავრის ძეს და
ბატონიშვილი მოხარულია მეფისაგან ესოდენ დიდი ნდობისა და პატივის,
მაგრამ სჯობს, თვითონ გვითხრას თავისი სათქმელი. შენი ბედი და მომავალი
წყდება, ცოტნე, რას გაჩუმებულხარ? _ მიმართა შალვა ახალციხელმა
მორცხვობისაგან გაწითლებულ თავდახრით მჯდარ ჭაბუკს.
ცოტნე კიდევ უფრო გაწითლდა, უხერხულად შეიშმუშნა და გაუბედავად
თქვა:
_ ვეცდები, მეფისაგან ესოდენ დიდი პატივის მოგება გავამართლო და
მადლობა ტახტისა და სამშობლოს ერთგული სამსახურით გადავიხადო. რაკი
მეფეს ასე განუზრახავს, თუ ოდიშის მთავარიც თანახმა არი, მზად ვარ მივიღო
ესოდენ დიდი დავალება. სიტყვას ვაძლევ ხელმწიფესა და მის ვაზირებს, თავი
დავდო ამ საქმისათვის და არა ვარცხვინო მეფის სამსახურში დამაშვრალი
მამაჩემის _ ოდიშის მთავრის სახელი.
_ დამილოცნიხარ, შვილო, მეფის სამსახურში, _ ხმის კანკალით თქვა
გულაჩუყებულმა შერგილმა და ხელით ანიშნა ცოტნეს _ მიახლოებოდა.
ცოტნე წამოდგა, მუხლზე ჩაიჩოქა, მამას მოწიწებით ემთხვია. მთავარი
შუბლზე ეამბორა, თვალს მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, მსახური მოიხმო და
რაღაც უჩურჩულა.
მსახური მეზობელ ოთახში გავიდა და იმ წამსვე ოქროჭედილი ხმალი
მოურბენინა.
შერგილმა ხმალი ჩამოართვა.
_ ეს ხმალი ხელმწიფის დიდი მამის _ დავით სოსლანის საყვარელი ხმალი
იყო. უკანასკნელად შამქორის ომში იხმარა სახელოვნად. იმ ომში მეც
გამოვიჩინე თავი და მამაცობისათვის მეფემ სწორედ თავისი საყვარელი
ხმლით დამაჯილდოვა. ალბათ, ახსოვთ შამქორის ძლევამოსილი ომის
გმირებს _ ივანესა და შალვას.
_ გვახსოვს!..
_ როგორ არ გვახსოვს.
დაუმოწმეს მეფის ვაზირებმა.
_ ამ ხმლით ვიბრძოდი ყაზვინსა და გურგანში, მაგრამ თვალისჩინის
დაკარგვამ ომიც მომაშლევინა და ხმალიც უქმად დამაგდებინა. მადლობა
უფალს, ძე მომცა ღირსეული და მინდა ეს ხმალიც ახლა მას დავულოცო.
130შვილო ცოტნე! ღვთის შეწევნით, სახელიანად გეტარებინოს, ხელმწიფის
სამსახურში მარჯვენა არ დაგღლოდეს და ხმალს არ მოგშივებოდეს! _
შერგილმა მემკვიდრეს ხმალი გაუწოდა. ცოტნემ კრძალვით ჩამოართვა,
ტუჩთან მიიტანა და ემთხვია.
პალიასტომამდე ერთი საათის სავალზე დახვდა მეფეს შესაგებებლად
გამოსული გემსაშენისა და ნავსადგურის გამგებელი _ უჩა ანთია.
ანთიამ ბოდიში მოიხადა, ტანისამოსის გამოცვლა ვერ მოვასწარი და
სამუშაოდ გამოწყობილი გხვდებითო.
_ ჩვენთვის ასე უფრო სასიამოვნოა შენი დახვედრა, რადგანაც სწორედ შენი
მუშაობის სანახავად ვართ მოსული. როგორ გაქვთ საქმე, კეთდება რამე? _
ღიმილით იკითხა მეფემ.
_ კეთდება, ბევრი რამ კეთდება, ხელმწიფევ, პირველად ძალიან
გაგვიჭირდა. ირანიდან წამოყვანილი მონები ბუზებივით დაგვიხოცა ციებ-
ცხელებამ.
_ შარშან რომ ვიყავი, თვალი არ გამახელინეს, ისე დამესივნენ წყეული
კოღოები. ახლა ნაკლებად არიან, თუ კბენას გადაეჩვივნენ? _ იხუმრა ივანე
მხარგრძელმა და ხელი გააქნია ხსენებაზე საკბენად გამოქანებული მწერის
მოსაგერიებლად.
_ ნაკლებადაც არიან და დასუსტდნენ კიდევაც, ათაბაგო. რაც ჭაობების
დაშრობა დავიწყეთ და აქაურობა არხებით დავქსელეთ, ძველებურად აღარ
გვაწუხებენ.
_ სინოპიდან ჩამოტანილმა ხეებმა თუ იხარა?
_ იხარა, ხელმწიფევ, გზების პირას ჩავარიგეთ და პირდაპირ სასწაულია,
ისეთ სუნს აყენებს, კოღო ისრის სატყორცნ მანძილზე აღარ ეკარება.
_ ჰო, ეგ ძალიან კარგი მცენარეა, მაგრამ კარგი ფულიც აიღო მაგის ნერგებში
ჩვენმა ნათესავმა ტრაპიზონის იმპერატორმა.
ღორღმოყრილი, გამაგრებული გზით მიდიოდნენ. გზის ორივე მხარეს ჯერ
კიდევ ბლომად იყო მწვანე ლამმოდებული და ლელშემორტყმული გუბეები.
ალაგ-ალაგ ის გუბეები ქატომოყრილს ან ბრკემოდებულს ჰგავდა.
_ კირსაც ხმარობთ, არა? _ იკითხა ახალციხელმა.
_ ვხმარობთ, თავადო. კირის გარდა სხვა საშუალებებსაც ვხმარობთ და ნელ-
ნელა ვერეკებით კოღოს აქედან.
_ მგონია, მტრის ჯართან შებმა გირჩევნია, ანთია, კოღოების ლაშქართან
ბრძოლას! _ გაეხუმრა მეფე.
_ ჭეშმარიტებას ბრძანებ, მეფევ. მტერს ან მოჰკლავ ან ზედ შეაკვდები. კოღო
ისე მოგეპარება, ვერც თვალით დაინახავ, ვერც ხმას გაიგონებ. გიკბენს და
მორჩა! კაცს კი არა, ლომსა და სპილოს ერევა.
_ ეს ერთი ხანია, რაც ახალი ტყვეები გამოგზავნეთ, ცოტა წელში
გავიმართეთ, ათაბაგო, თორემ ციებ-ცხელებამ იმდენი ზარალი მოგვცა,
131გაგვინახევრდა მუშა-ხელი. ცოტა გვაკლდა, ოდიშისა და აფხაზეთის მთავრებს
კინაღამ მივმართეთ გლეხების ბეგარაზე გამოსაყვანად.
_ აჰ, ეგ არ ქნათ, არაფრის გულისათვის, _ შეუწყრა მხარგრძელი, _ ბეგარაზე
გამოყვანილი გლეხები ხომ ისევ უკან უნდა დააბრუნო თავთავის სახლში და
რაღა საიდუმლოს შეგინახავენ! მთელ ქვეყანას მოსდებენ ფაზისის
ნავსადგურის ამბავს.
_ სწორედ მაგის შიშით შევიკავეთ თავი, ათაბაგო, და სულზე მოგვისწრო
მონების ახალმა სიმრავლემ.
გზა ტყეში შევიდა. რაც უფრო შორს მიდიოდნენ, ის ტყე თანდათან
თხელდებოდა.
ბოლოს ტყე დაილია და თავს კრიალა პალიასტომს დაადგნენ.
ტბის ნაპირის გაყოლებით უზარმაზარ საყრდენებზე აღემართათ
გემსაშენები.
რამდენიმე ხომალდის აგება უკვე დაწყებული იყო. დურგლები და
მჭედლები თავაუღებლად სცემდნენ ცულსა და უროს. ვეებერთელა მორები
გორებად ეყარა. ყოველ ნაბიჯზე სახერხები იყო გამართული და ბირდაბირებს
ყურის წამღებად გაჰქონდათ ხმაური.
_ ულპოველი ხე როგორი გამოდგა? _ იკითხა მეფემ და ცხენიდან
გადმოხდა.
_ დიდებულია, მეფევ. საუკეთესოა.
_ ბერძნებს ეგონათ, თუ მათგან არ ვიყიდდით ხე-ტყეს, ნავსაც ვერ
გავმართავდით. ლიბანის კედარსა და ნაძვს ცეცხლის ფასი დაადეს, აქაოდა,
მუსულმანებთან ომმა ვაჭრობა გააძნელაო. მადლობა ღმერთს, ოდიშისა და
აფხაზეთის მთის ჯიშები არც სიმაგრით დაუვარდებიან სახომალდე მასალის
განთქმულ უცხო ჯიშებს, არც გაძლებით.
_ ეტყობა, საიდანღაც იყნოსეს, _ ხმადაბლა თქვა ახალციხელმა, _ ამასწინათ
ვენეციელმა დესპანმა სწორედ აფხაზეთში ხე-ტყის მოჭრის თაობაზე
ჩამომიგდო სიტყვა. გზა არ უდგება და ძვირი დაჯდება, მაგრამ კარგ ფასს
გადვიხდიდითო.
_ მერე თქვენ რა უთხარით? _ იკითხა მეფემ.
_ სულ მოვუსპე, იქ არც გზა ყოფილა თავისდღეში და არც ხე გამოუტანია
ვისმეს-თქო.
_ არ მომწონს ვენეციელთა ეგ შემოჩენა... უცხო ხომ არავინ გამოჩენილა ამ
მხარეს? _ მიუბრუნდა მეფე ანთიას.
_ არავინ, ხელმწიფევ. აქაურობა ისეა მოზღუდული და დანარჩენი
ქვეყნისაგან მოწყვეტილი, ჩიტიც ვერ გადმოფრინდება ჩვენს უცნობლად. აქ
ხომ სანახევროდ ტყეში ვართ, პალიასტომის ტბის ის ნაპირიც, ზღვის მხრიდან
რომ მოჩანს, ერთიანად ტყითაა დაფარული და რამდენიც უნდა
გვითვალთვალონ ზღვიდან, აქაურს ვერაფერს შეიტყობენ.
მეფე გემსაშენზე ავიდა. მაღლიდან კარგად ჩანდა ტყით მოზღუდული ტყის
ნაპირები.
132_ ზღვა არც აქედან ჩანს, _ თქვა თვალზე ხელმოჩრდილულმა ლაშამ.
_ არა ჩანს, მეფევ, და სწორედ ეს არის უმთავრესი სიკეთე, _ კვერი დაუკრა
მხარგრძელმა, _ თუ საიდუმლოს კარგად დავიცავთ, აზრადაც არ მოუვათ
საქართველოს მტრებს, რომ ზღვიდან მოშორებულ ამ ტბაზე საომარი სანაოსნო
შენდება. ერთ მშვენიერ დღეს ისე ჩაცურდება შავ ზღვაში აქედან რამდენიმე
ათეული ხომალდი, ციდან ჩამოვარდნილი ეგონებათ.
_ დანდოლოსაგან ნაყიდი ხომალდი სად არი? _ მოიკითხა მეფემ.
_ აგერ, ტბაზე დგას, მეფევ. ორმაგად ვიმსახურებთ მაგ ხომალს: ჩვენს
მშენებელ ოსტატებს თარგად აქვთ და თან ზედ მეზღვაურებს ვწვრთნით.
_ ლამაზია! დიდებული სანახავია! _ აღტაცებით თქვა მეფემ და თვალი ვერ
მოსწყვიტა უზარმაზარი თეთრი გედივით ყელმოღერებულ ხომალდს.
_ ხვიჩა! _ გაახსენდა უცებ მეფეს ტრაპიზონელი ზღვის მგელი.
_ ხვიჩა უკვე მაგ ხომალდზეა! _ მოახსენა ახალციხელმა, _ როგორც კი
თვალი მოჰკრა, მაშინვე იქით გაიქცა.
_ ჩვენც იქით წავიდეთ, _ ბრძანა მეფემ და დაბლა დაეშვა.
მიდიოდნენ, ჩერდებოდნენ, აკვირდებოდნენ ხარაჩოებზე ჭიანჭველებივით
მოფუსფუსე მშენებლებს. ზოგი გემი უკვე სანახევროდ ყალიბში იყო, ზოგის
ფსკერი იმართებოდა ჯერ მხოლოდ.
თხუთმეტამდე დათვალა ცოტნემ. ებევრა და საგონებელში ჩავარდა. ვაითუ,
პატივმოყვარეობამ
საკუთარი
ძალისა
და
შესაძლებლობის
გაუთვალისწინებლად აკისრებინა ამოდენა საქმის ხელმძღვანელობა! ვაითუ,
თავი ვერ გაართვას ამოდენა პასუხისმგებლობას და შერცხვეს მეფისა და
ქვეყნის წინაშე.
თითქოს საფიქრალს მიუხვდაო, შალვა ახალციხელმა მკლავში ხელი
ჩაჰკიდა და შეუძახა:
_ ხომ არ შეშინდი, დადიანო, საძნელოდ ხომ არ გეჩვენა შენი
ვალდებულება.
_ საძნელო ჩანს, თავადო... თხუთმეტიოდე დავითვალე.
_ თხუთმეტი კიდევ სხვა იქნება, ოცდაათი ხომალდი მაინც უნდა
გავმართოთ საომრად, _ თქვა ხელმწიფემ.
_ შენ ტყუილად შეფიქრდი, შერგილის ძევ, _ დაუყვავა მხარგრძელმა, _
ალბათ, კარგად ვერ გაიგე შენი მოვალეობა. ჯერ, ვიდრე კარგად არ ისწავლი
ხომალდების შენებასა და მართვას, შენ აქ არც უფროსი იქნები, არც სხვათა
ხელმძღვანელი. ხუროსა და მჭედლის, გემის მშენებლის ყველა ხელობას
გამოცდი და ყველა საფეხურს გაივლი, ისევე, როგორც გემის მართვასა და
საზღვაო ომის წესს ისწავლი ყველა უბრალო მეზღვაურის მსგავსად. როცა ერთ
საქმეში დახელოვნდები და მეორეშიც, მხოლოდ მაშინ გახდები სხვების
უფროსი და საზეიმოდ ჩაიბარებ ამირბარობას.
_ აქ შენი მასწავლებლები ბერძნები და ლაზი ოსტატები იქნებიან, მათ
ცოდნაც დიდი აქვთ და გამოცდილებაც, ეცადე, ორივე სრულად გადმოგცენ და
სრულჰყავი შენი ხელოვნება მათზე უფრო აღმატებულად.
133_ ვეცდები, ხელმწიფევ! _ ახლა უკვე უფრო თამამად თქვა ამირბარობის
ნაადრევი ტვირთისაგან განთავისუფლებით გახარებულმა ცოტნემ.
ნაპირიდან მოშორებით იდგა ვენეციური ხომალდი, ცაში ატყორცნილ ორ
მაღალ ანძაზე უშველებელი იალქნები იყო გაჭიმული. ნიავის დაქროლებაზე
იალქნები ოდნავ იბერებოდა და გემი თითქოს ირწეოდა. ხომალდის
ამაღლებულ თავსა და ბოლოში ქვის და ისრის სატყორცნები და საალყო
მანქანები იყო გამართული.
საოცრად ლამაზი ეჩვენა ცოტნეს ლურჯ ტბაზე გაწოლილი უზარმაზარი
თეთრი ხომალდი გასაფრენად ღრუბლებში ავარდნილი თეთრი იალქნებით.
ამოდენა გემი თავის დღეში არ ენახა ოდიშის მთავრის მემკვიდრეს. ამაზე,
ალბათ, მთელი ლაშქარი დაეტევაო, გაიფიქრა და ჩუმად ნიჩბების თვლას
მოჰყვა. ოცდაათამდე რომ დათვალა ცალ მხარეს, მერე თვალი აერია და
სათვალავი აებნა.
_ როგორია, ხვიჩა? მოგწონს? _ შორიდანვე გასძახა გემის ავკარგის ჩხრეკით
გართულ ლაზს მეფემ.
_ დიდებული ხომალდია, თუმცა ამის უახლესი და ამაზე მძლავრებიც
გააჩნია ვენეციას. ძვირად მოგყიდეს, ხელმწიფევ?
_ ძვირად?.. მეჭურჭლეთუხუცესს ეხსომება... რამდენი მივეცით, შალვა?
_ ხუთი ხომალდის ფასი გადაგვახდევინეს, მეფევ, მაგრამ მეტიც რომ
ეთხოვათ, მეტიც არ დამენანებოდა. ამის უმშვენიერესი არა მინახავს რა,
ნამდვილი ზღვის გედია!
_ თქვენ ომში უნდა ნახოთ, როგორი მარჯვეა და მოძრავი. ხომ ამოდენაა,
ისე უხვევს და ტრიალებს, მცირე ნავი გეგონება.
ხვიჩა საალყო მანქანებს დააკვირდა.
_ კარგი სატყორცნები აქვს, მაგრამ ცოტა მოუვლელია.
_ ეგ მოუვლელობით არ არი, _ იწყინა ანთიამ, _ გემს, როგორც მოგახსენეთ,
საწვრთნელად ვხმარობთ და ქვისა და ისრის სატყორცნებს იშვიათად
ვამუშავებთ.
_ ნიჩბის მომსმელებად მონები გყავთ?
_ არა, ხელმწიფევ! ჩვენებს ვწვრთნით და ვამზადებთ ნიჩბის
მომსმელებადაც, აფრის ამშვებადაც, ქვის მტყორცნელებადაც.
_ მომსმელს რა დიდი მომზადება უნდა, დასვი მონა, ხელში ნიჩბის ტარი
მიეცი და უბრძანე. დედიმისის შვილია, არ მოუსვამს!.. ძნელი გემის წაყვანაა,
მტრის გემების პირისპირ დაყენება, მიახლოება და გვერდის აქცევა. აქ მარტო
ცოდნაც არ შველის მესაჭეს. ომში გაკვეთილი იშვიათად მეორდება, ყოველი
შეტევისას ახალი ამოცანის წინაშე დგახარ და გადაწყვეტილებას
მზამზარეული წესის მიხედვით კი არ ღებულობ, არამედ გარემოებისა და
საკუთარი ალღოს კარნახით.
_ რამდენი მეომარი ჰყავდათ ჯვაროსნებს ზღვაზე, კონსტანტინოპოლი რომ
აიღეს?
134_ თავად ჯვაროსნებს ბევრი არ ჰყოლიათ, მეფევ. ბერძენთა სატახტო
ვენეციის ხომალდებმა დასცეს. ამბობენ, რომ იმ ხომალდებზე ოცდაათი ათასი
მეომარი იყო.
_ ბერძნებს რამდენიღა ჰყავდათ?
_ ბერძნებს ხეირიანად გამართული საბრძოლო გემი საერთოდ აღარ
ჰქონდათ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ჯვაროსანთა მოახლოებისას ოცამდე
ხომალდი იდგა ნავსადგურებში და ოცივე საფუძვლიან შეკეთებას
მოითხოვდა. ბერძენთა მეფემ გამოსცა კიდეც ბრძანება გემების სასწრაფოდ
შეკეთების თაობაზე, მაგრამ უპატრონო ქვეყანაში ბრძანების ამსრულებელი
ვინღა იყო? ბერძენთა ამირბარი მიხეილ სტრინფა შეკეთების მაგივრად
ოქროზე ჰყიდდა საბრძოლო ხომალდების ნაწილებს და ბიზანტიის სანაოსნო
უძლური აღმოჩნდა, რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაეწია ბოსფორში
შემოსული ვენეციის ხომალდებისთვის.
_ აგრეა, ხვიჩა, ქვეყანას რომ შინა აღრევა დაასუსტებს და მოშლის, მერე
ვეღარც ხმელეთზე იმარჯვებს და ვეღარც ზღვაზე. ყაჩაღურად მოექცნენ
ბერძნებს ერთმორწმუნე ჯვაროსნები, მაგრამ ვის დაენანა ბიზანტიის დამხობა!
რაც მაგათ უსამართლობა აქვთ ჩადენილი ქართველებისა და სომხების,
სერბებისა და ბურღალთა მიმართ, იმის სამაგიერო მიაგო ღმერთმა. დასანანი
ის არის, რომ უსამართლოთა დამამხობელი თვითონ აღმოჩნდა უსამართლო
და ანგარი. ჯვაროსნებმა, წესრიგისა და კანონიერების დამყარების მაგივრად,
აღმოსავლეთში, ქრისტეს სახელით; ახალი უკანონობა და უწესრიგობა
გაავრცელეს, მაგრამ ვნახოთ. ღმერთი დიდია და ბოროტებას არავის შეარჩენს,
_ ხელი აღაპყრო მეფემ, პირჯვარი გადაიწერა და ხომალდი დატოვა.
მე მოვკალ ჩაღატა!
ომში დამარცხებასა და მტრისგან დაპყრობას ერის სულიერი დაცემა და
გახრწნა უშუალოდ მაშინვე როდი მოსდევს ხოლმე.
თავისუფალი ცხოვრების გრძელ გზაზე გამომუშავებული ხასიათის
მაღალი თვისებები, თაობიდან რომ თაობებს გადაეცემოდა, არათუ ქრება ერის
ძლიერების დამხობისთანავე, არამედ, პირიქით, სწორედ მტრისაგან
დაპყრობის პირველ ხანებში ვლინდება უფრო მძაფრად და მკაფიოდ და
ერთგვარად აყოვნებს ხალხის საყოველთაო დაცემასა და გათახსირებას.
ცოტნე დადიანის მაგალითი, როგორც ჩანს, გამონაკლისი არ უნდა
ყოფილიყო იმ დროისათვის, როცა საქართველოს მონგოლთა უღელი დაედგა
და ერის საუკეთესო ადამიანების მაღალი ზნეობა მკაცრი გამოცდის წინაშე
აღმოჩნდა. ამის დადასტურებაა კოხტისთავის შეთქმულების ერთ-ერთი
მთავარი მონაწილის გრიგოლ სურამელის კეთილშობილი რაინდობის ამბავი,
რომელიც აქ ჩავურთეთ მთავარი გმირის თავგადასავლის თხრობას.
135გრიგოლ სურამელს ნაშუაღამევს ძლივს ჩაეძინა. ფიქრმა და საზრუნავმა
ძილშიაც არ მოასვენა. ცუდის მომასწავებელმა სიზმრებმა კიდევ უფრო
აუფორიაქეს ისედაც შეშფოთებული სული ქართლის ერისთავს.
ძილი მალე გაუტყდა და როგორც კი გამოეღვიძა, ისევ ის ფიქრები
მოეჯარნენ, შუაღამემდე თვალი რომ არ მოახუჭვინეს.
ალამუთის ალყად მდგარ ქართველებს სამი დღეა ულუფა არ მიუღია. აგერ,
რა ხანია, მონგოლთა ლაშქარში არიან, ალამუთის სიმაგრის ასაღებად
იბრძვიან, მტრის ისრითა თუ სახადით იხოცებიან და ალყას ბოლო არ უჩანს.
«ალამუთი» არწივის ბუდეს ნიშნავს თურმე და ეს სახელი სწორედ
ზედგამოჭრილია ამ ციხე-სიმაგრისათვის. ქაჯეთის ციხეს რომ იტყვიან,
ნამდვილად ალამუთის ციხეა. ამ თვალმიუწვდომელ სიმაღლეზე, კაცისაგან
მიუდგომელ ქარაფოვან მთაზე მხოლოდ ქაჯები თუ ააშენებდნენ ესოდენ
მკვიდრ ციხე-სიმაგრეს და იმ ციხეში, ალბათ, ადამიანები კი არა, გრძნეული
ქაჯები არიან გამაგრებულნი, რომ ამდენ ხანს უძლებენ მტრის ალყით
ქვეყნისაგან მოწყვეტას, შიმშილსა და უწყლობას, მომხდურთა გამუდმებულ
იერიშსა და უძილოდ ღამეების ტეხვას.
უჭირთ
მეციხოვნეებს,
მაგრამ
მათზე
უკეთესი
დღე
ციხის
გარემომცველებსაც არ ადგათ. ზამთარ-ზაფხულ მოუხსნელი ალყა, საშინელი
სიცხისა და სიცივის ატანა, ათასგვარი ჩამომრევისა და სახადის გაძლება
ყველას როდი შეუძლია და ბუზებივით იხოცებიან ქართველები კუჭის
აშლილობისა და სალმობიერისაგან.
აბანოს დანატრებულ მრავალრიცხოვან ლაშქარში სიბინძურე და
უწმინდურება ვრცელდება და სნეულება მუსრს ავლებს მიტოვებული სახლ-
კარისა და ცოლ-შვილის დარდით ისედაც შეჭირვებულ ვაჟკაცებს. ადამიანი
ყველაფერს ეჩვევა და ქართველები კარგა ხნის შეჩვეულნი იყვნენ ამ
განსაცდელს. მაგრამ ამდენ ჭირს რომ ბოლო დროს შიმშილიც დაერთო,
ყველაზე ამტანთა და გამძლეთა მოთმინების ძაფიც გაწყდა.
უკანასკნელი უამინდობის გამო სურსათის მოზიდვა შეფერხდა.
ქართველებს სამი დღეა ულუფა შეუწყვიტეს და მიზეზად ის მოიდეს,
საქართველოში ხარკი დროზე არ იკრიფება, შეწერილი სურსათ-სანოვაგის
გამოგზავნას აგვიანებენო.
ყოველ ათ კაცზე საქართველოდან ორი გამოჰყავდათ ლაშქრად. დოვლათის
შემქმნელი და მოდგმის გამამრავლებელი ვაჟკაცები სამშობლოდან შორს,
გაუთავებელ სამხედრო ბეგარას იხდიდნენ. შინ დარჩენილებს, ალბათ,
თავისთავიც ძლივს გაჰქონდათ და მოშლილ მეურნეობას ამოდენა
ლაშქრისათვის შეუფერხებლად სურსათის მოწოდების ღონე სადღა ექნებოდა!
მაინც, ძალით იყო თუ ნებით, შინ დარჩენილები უკანასკნელ ლუკმას
იკლებდნენ და ალამუთის ალყაში მდგარ თავისიანებს საზრდოს
უგზავნიდნენ. ეს საზრდო ჯერ მონგოლებს უვარდებოდათ ხელთ, ისინი
მთელ ლაშქარზე ანაწილებდნენ და როგორც კი დაპყრობილი ქვეყნებიდან
136სურსათის მოწოდება შეფერხდებოდა, მაშინვე ქართველებს აკლებდნენ
ულუფას.
უკანასკნელად
სულაც
შეუწყვიტეს
ულუფის
მიცემა
ქართველ
მოლაშქრეებს. ორ დღეს გაუძლეს შიმშილს ქართველებმა და მესამე დღესაც
რომ საშველი არ დაადგათ, აჯანყდნენ, ციხის საიერიშოდ წასვლაზე უარი
თქვეს და მონგოლებს განუცხადეს, ალყას დავტოვებთ, შინ წავალთო.
მონგოლთა უბრალო მხედართმთავრების შეგონებამ და მუქარამ რომ არ
გასჭრა, ქართველთა ბანაკში ჩაღატა ნოინი მოვიდა. ჩაღატა ალამუთის
ლაშქრობამდე საქართველოს მართავდა, ქართულ ადათ-წესებს შეჩვეული იყო,
ჩვენებური ლხინი და შექცევა უყვარდა და ქართველ მთავრებს მეგობრობდა.
ამიტომ იკისრა ჩაღატამ ქართველთა დაშოშმინება. ნოინს თავისი მეგობარი
მთავრების მხარდაჭერისა და მათ შორის გავლენის იმედი ჰქონდა და
ერთგული ასისთავის ჰაიდუს მცირე რაზმით გაემართა ქართველთა
ბანაკისაკენ.
ქართველები იმ ხანად უმეფოდ იყვნენ და ერისთავთა კრება ხან ერთ
მთავარს ანდობდა მონგოლ მბრძანებლებთან მოლაპარაკებას, ხან მეორეს.
იმჟამად ქართლის ერისთავი გრიგოლ სურამელი უფროსობდა. ერისთავი
ჩაღატა ნოინს გაეგება, თაყვანი სცა და თავისიანების განსაცდელი უამბო.
_ ან აქვე, შენი ხელით მომკალი, მბრძანებელო, ან ჩვენ ხალხს შეღავათი
მიეცით, თორემ ჩვენი ჯარისკაცების ყურება აღარ შემიძლია. დამშეულებთან
ვერც ტკბილი სიტყვა გასჭრის და ვერც მათრახი.
_ სიტყვაც გასჭრის და მათრახიც, მთავარო! _ უცებ გაცხარდა ნოინი, _
თქვენდამი ჩემი კეთილგანწყობილების იმედი ნუ გაქვთ. ლაშქარში შფოთსა
და წესრიგის დარღვევას არ მოვითმენ. ხვალ დილას ან ნებით გამოხვალთ
ციხის საიერიშოდ, ან თქვენი ბანაკი მიწასთან გასწორდება! _ ჩაღატამ, ის იყო,
მუქარის ნიშნად მუშტი აღმართა ჰაერში, რომ ვიღაცამ მაჯაში ჩაავლო ხელი
და ღონივრად მოუჭირა. მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა ნოინმა მაჯაში
ჩაფრენილ ქართველს შეხედა: შიმშილისა თუ ტკივილისაგან აგზნებული
თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა ქართველ მეომარს.
_ ცოცხალი თავით აქედან გაგვშორდი!
ჩაღატა ნოინმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, მის ირგვლივ უამრავი მუშტი
და შუბი აღიმართა.
_ რას სჩადით! თავს რად იღუპავთ!.. _ შეჰყვირა ქართლის ერისთავმა და
ჩაღატას ირგვლივ შეკრული რკალის გარღვევა სცადა.
მაგრამ ქართველი მეომრები უფრო მჭიდროდ ერტყმოდნენ ბრაზისა და
გაოცებისაგან ენაჩავარდნილ ჩაღატას, მის დაფეთებულ ცხენს აწვებოდნენ და
გაშიშვლებულ ხმლებს ჰაერში ატრიალებდნენ.
შორიახლო მდგარი ჰაიდუ ასისთავი სწრაფად მოეგო გონს, ხმალი იშიშვლა
და ასეულს ანიშნა მომყევითო.
137ჩაღატა ნოინმა წამით თვალი მოავლო შემართული შუბებისა და შიშველი
ხმლების ტყეს: ქართველთა მრავალრიცხოვან ბანაკში ჰაიდუს ასეული ზღვაში
წვეთს ჰგავდა, ძალა ქართველთა მხარეს იყო და ჩაღატამ გაცლა ამჯობინა.
ცხენს სადავე მოსწია, გვერდზე მოაბრუნა და რაკი ქართველებმა გზა
მისცეს, უკან გაბრუნება იკადრა.
_ დღესვე თუ ულუფა არ გამოგზავნეთ, ხვალ აქ ვეღარ გვნახავთ!
_ შიმშილით სულის ამოხდას ბრძოლაში ვაჟკაცურად სიკვდილი გვიჯობს!
_ შინ წავალთ, ან ზედ შეგაკვდებით! _ მისძახოდნენ ქართველები და უკვე
სირბილით მისდევდნენ ჩორთზე გადასულ ნოინის ლურჯას.
ვიღაცამ ქვა ესროლა. ქვა გავაზე მოხვდა ცხენს: ლურჯა შეხტა, ტლინკები
აჰყარა და პატრონი კინაღამ ძირს ისროლა.
ჩაღატამ უნაგირზე თავი შეიმაგრა, აღვირი მოსწია და სახტად დარჩენილ
გრიგოლ სურამელისკენ ერთი მგელივით გამოიხედა.
გრიგოლი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ის გამოხედვა და რა ფასადაც
დაუსვამდა ჩაღატა ნოინი ქართველებს სამხედრო შფოთსა და პირად
შეურაცხყოფას.
ის დღე საშინელ მოლოდინში დააღამა ქართლის ერისთავმა. მონგოლები
ულუფას არ გზავნიდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართველები ხვალაც არ
გავიდოდნენ საომრად. შიმშილისაგან გაბოროტებული ქართველები ხვალ,
ალბათ,
თვითნებურად
ალყას
მიატოვებდნენ
და
სამშობლოსაკენ
გაუდგებოდნენ გზას. თავის მხრივ მონგოლებიც არ დათმობდნენ და
ქართველთა ბანაკს გასაჟლეტად მანამ შემოესეოდნენ, სანამ დამშეულები
რამეს იღონებდნენ. რა უნდა ქნან, რა გზას უნდა დაადგნენ განწირულები?
სურამელი ხსნას ვერსად ხედავს და გულზე ცეცხლი ედება.
დროზე მაინც გათენდეს ეს სულის შემხუთველი ღამე! როგორ მძიმედ
ჩამოწვა შავი უკუნი და როგორი საშინელების მოლოდინით ავსებს სულს
იდუმალებით მოცული სიბნელე!
უცებ კართან რაღაც გარახუნდა.
სურამელმა თავი წამოსწია და ხელი ხმალს წაატანა.
კარვის კალთამ შრიალი გაიღო.
_ ვინა ხარ? _ ხმადაბლა იკითხა გრიგოლმა და ფეხზე წამოიჭრა.
_ მე ვარ, მთავარო, ბადრადინი! _ გაისმა სიბნელეში, სულ ახლო.
_ ბადრი ხარ? ამ დროს რამ მოგიყვანა, ფათერაკი რამ ხომ არ შეგემთხვა?
მოიცა, სანთელი ავანთო.
სანთლის მკრთალ შუქზე კედელს აკრული ბადრადინი გაარჩია მთავარმა.
ხელთ გრძელი, გასისხლიანებული დანა ეჭირა და სულელივით იკრიჭებოდა.
ერისთავი ერთნაირად გააოცა იმ სისხლიანმა დანამაც და ბადრადინის უაზრო
ღრეჭამაც.
_ ჩაღატა მოვკალი, მთავარო! _ ჩურჩულით თქვა ბადრადინმა, სისხლიანი
დანა წინ გაიშვირა და სურამელისკენ წავიდა.
138_ ეგ რა თქვი, შე უბედურო! არავინ გაგიგონოს, _ ფერი ეცვალა მთავარს.
_ ჩაღატა ნოინი მოვკალი, მთავარო, _ დინჯად გაიმეორა ბადრადინმა და
სისხლიანი დანა სურამელის წინ მაგიდაზე დადო.
_ გაგიჟდი, ბადრი? რაებს როშავ? _ მხრებში ხელები ჩაავლო
შეშფოთებულმა სურამელმა.
_ ორი წელია, ჩაღატას ვუთვალთვალებ. მე ისმაილიტი ვარ და მულიდებმა
მონგოლთა ბანაკში ამ დავალებით შემომგზავნეს. შენც იცი, ბევრჯერ მქონდა
ხელსაყრელი შემთხვევა ჩაღატას მოსაკლავად, მაგრამ ბრძანებას ვუცდიდი,
გუშინწინ გადმომცეს ჩვენი მთავრის მოწოდება და, აი, მოვკალი კიდეც ჩაღატა
ნოინი.
_ მართალს ამბობ, ბადრადინ?
_ მართალს მოგახსენებ, მთავარო, დღისით შევიპარე ნოინის იურტაში და
ტახტქვეშ დავიმალე. საღამოს გვიან მოვიდა ჩაღატა, ნასვამი იყო. ჩორმაღონ,
იოსურ და ბიჩუ ნოინებიც თან მოჰყვნენ. სუფრა გაშალეს და დიდხანს სვეს.
ჩაღატა ნოინი ქართველებს ემუქრებოდა, რაც მაგათ მაკადრეს, ათმაგად
გადავუხდი, მთლად ერთიანად გავჟუჟავო. ბიჩუ ნოინმა ეშმაკურად ჩაუწვეთა,
იქნებ ყველას გაჟლეტა არ ღირდეს, მარტო მთავრები დავხოცოთ და უთავო
ლაშქარი რაღა წინააღმდეგობას გასწევს, სხვადასხვა ათასეულში გავაბნიოთ
და მტრის საიერიშოდ გავუშვათო. ჩორმაღონი ჯერ არ ეთანხმებოდა, მაგრამ
ბოლოს, მგონი, ისიც დაიყოლიეს. მთავრები მოსალაპარაკებლად დავიბაროთ,
შევიპყროთ და დავხოცოთო, _ დაასკვნა ბიჩუმ და ეტყობოდა მისი რჩევა
მიიღეს. დილაგათენებულზე მთავარ ბანაკში მიგიწვევენ მოსალაპარაკებლად
და იქ გაგისწორდებიან.
_ ჩვენ დახოცვას დასჯერდებიან, ლაშქარს არას ავნებენ?
_ ეგ აგრე თქვეს, მაგრამ მაგათ სიტყვას ვინ ენდობა, უმეთაურო ლაშქარს
უფრო ადვილად არ გაჟლეტენ?!
_ არა, ლაშქრის გაჟლეტა მათ რა სარგებელს მოუტანს, ჭკუასთან ახლო ბიჩუ
ნოინის რჩევა უფრო არი, ქართველ ჯარს დაშლიან და თავიანთ ურიცხვ
ლაშქარში გააბნევენ.
_ ეგ არ ვიცი. ეს კი ჩემი ყურით მოვისმინე, რომ ხვალ დილას ბანაკში
მიგიტყუებენ
და
მოგკლავენ
შენც,
დანარჩენ
მთავრებსაც...
ამ
გადაწყვეტილებას სანამ დაადგებოდნენ, ბევრი იყაყანეს. კარგა მთვრალები
გაიყარნენ, ჩაღატა გაუხდელი დაეგდო ტახტზე და მაშინვე ხვრინვა ამოუშვა.
როგორც კი დავრწმუნდი, რომ დაიძინა, ტახტიდან გამოვძვერი, პირზე მისივე
ქუდი დავაფარე და ამ დანით ყელი ღორივით გამოვჭერი, _ ბადრადინმა
სისხლიანი დანა ხელში აიღო და მოწიწებით დააცქერდა.
_ ჩემი ვალიც აღვასრულე, მთავარო, და თქვენც გადაგარჩინეთ მისი
შურისძიებისაგან.
_ გადაგვარჩინე კია? _ მე მგონია, უფრო დაგვღუპე, ჩვენცა და მთელი
ქართველთა ლაშქარიც. ჩაღატას სიკვდილს, როგორც ყველა სხვა უბედურებას,
139მონგოლები ქართველებს დაგვაბრალებენ... მით უმეტეს, გუშინდელი
უსიამოვნების შემდეგ...
_ შემიპყარი და მიმიყვანე მონგოლებთან, მთავარო, იქნებ ამით მონგოლებს
აამო და გული მოულბო. მე ახლა სიკვდილისა აღარ მეშინია, პირიქით,
სიხარულით მოვკვდები, რადგან ალადინის ბრძანება აღვასრულე.
_ შენ რომ ჩვენთან გნახონ, ეგ სულ დაღუპავს ქართველობას... _
შეფიქრიანდა გრიგოლ სურამელი.
_ მაშ, განმარინე აქაურობას, ჯერ არ გათენებულა და არც ვისმეს
დავუნახივარ აქეთ მომავალი.
_ თავს უშველე, სანამ სიბნელეა, _ აჩქარდა სურამელი, _ ჩვენს ბანაკს
ლელიანი ეკვრის, იქ ვერ მოგძებნიან. იმ ლელიანს გაჰყვები და შორს
გაგიყვანს, სამშვიდობოს, _ სურამელი ცოტა ხანს დაფიქრდა და ბადრადინს
დაეჭვებულმა შეხედა, _ მართლა მოჰკალი ჩაღატა?
_ მართლა მოვკალი. სადაცაა, გათენდება, კარავში მიაკითხავენ და მთელი
ქვეყანა შეიტყობს.
_ მერე რად ჩაიდინე ეგ საშინელება?
_ საშინელება კი არა, ღვთის განაჩენი აღვასრულე. ალაჰის განაჩენს ჩვენ,
მულიდები ჩვენი მთავრის _ ალადინის პირით ვტყობილობთ. ის, ვინც
ალადინის დავალებით ისმაილიტების მტერსა ჰკლავს, საუკუნო სასუფეველს
იმკვიდრებს. ბავშვობიდან სულ იმას ჩამაგონებდნენ, რომ სიკვდილის შემდეგ
ადამიანის სული სხვადასხვა არსების სხეულში გადადის. ეს, თუ რომელი
არსების სხეულში გადასახლდება მიცვალებულის სული, დამოკიდებულია
იმაზე, როგორ ცხოვრებას ეწეოდა სიცოცხლეში ადამიანი. თუ მორწმუნე იყო,
სათნოდ ცხოვრობდა, მისი სული სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების
სხეულში ჩასახლების შემდეგ, შეიძლება ისევ ადამიანის სხეულს
დაუბრუნდეს. მაგრამ თუ მიცვალებული სიცოცხლეში წინასწარმეტყველის
კანონებს არ დაგიდევდა, უწესო, გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა, სიკვდილის
შემდეგ მისი სული ყველაზე საძაგელი არსებების სხეულში სახლდება, ან, რაც
უფრო საშინელია, სასტიკი სასჯელით ისჯება _ სამუდამოდ ქვაში ემწყვდევა...
ბადრადინი აღგზნებული ლაპარაკობდა და სადღაც, მიუწვდომლად შორს
იხედებოდა. გრიგოლ სურამელმა გაიფიქრა, მთვრალი უნდა იყოს, ან
გაგიჟებულაო.
_ არ მომწონს შენი ლაპარაკი, ბადრადინ, აღგზნებული ჩანხარ, მთვრალი
ხომ არა ხარ?
_ ჰო, ცოტა ხაშხაში მომერია. ალბათ, გახსოვს, ადრეც ვეტანებოდი. ჩვენ,
ისმაილიტები, ხაშხაშით ვთვრებით და ამიტომ ხაშხაშიანებსაც გვიწოდებენ.
ჩვენი სარწმუნოებისა და სამთავროს მტრებს ჩვენ ხაშხაშით აღგზნებულები
ვკლავთ ხოლმე და ჩვენგან დაშინებული ურწმუნოები კაცის მკვლელებს
ხაშხაშიანებს ეძახიან, საერთოდ... იმას გიამბობდი, პატარობიდან სულ
ჩამძახოდნენ, სათნოდ ღვთის კანონებით მეცხოვრა, რათა ჩემი სული ჩემი
სიკვდილის შემდეგ საუკუნოდ ქვაში არ ჩაჭედილიყო და ამით სამუდამოდ არ
140დაღუპულიყო ახალი ცხოვრებისათვის. ამის შიშით და იმის იმედით, რომ
უცოდველი ცხოვრება გამიადვილებდა ჩემი სულის მოგზაურობასა და ისევ
ადამიანის სხეულში მის დაბრუნებას, ცხრა საფეხური გავიარე, წვრთნის,
გვემისა
და
თავშეკავების,
რათა
მოვმზადებულიყავი
ამ
მეათე
საფეხურისათვის, რომელსაც «ფედავი» ეწოდება და რაიც «თავგანწირულს»,
«მსხვერპლად შეწირულს» ნიშნავს. გახსოვს, მთავარო, პირველად რომ
შეგხვდი? შენ მაშინ ქართველების ლაშქრით პირველად მიემართებოდი
საომრად ალამუთისკენ. მე იმ დროისათვის ფედავის ხარისხზე ამაღლებული
ვიყავი და მულიდებმა ოსტატურად შემომგზავნეს მონგოლთა ბანაკში ჩაღატა
ნოინის მოსაკლავად. ალადინის კაცებმა იცოდნენ, შენს ამალაში თუ
მოვხვდებოდი, ჩაღატა ნოინთან შეხვედრის შემთხვევა მომეცემოდა, რადგან
მულიდთა ეს დაუძინებელი მტერი ქართველთა ხშირი სტუმარი იყო და
თქვენთან ლხინი უყვარდა, მაშინ ისე გავითამაშეთ, ვითომ სასიკვდილოდ
მომდევდნენ ჩემიანები. ყაზვინის ახლოს, ღამით შემოვიჭერი შენს კარავში და
დაფეთებულმა მტრისგან დაცვა გთხოვე. შენ დიდსულოვნად მიმიღე,
დამმალე და ჩემი მდევრები ხელცარიელი გააბრუნე. რაკი «მკვლელებს»
გადამარჩინე, მოგეკარი და აღარ მოგშორდი. შენც შეგებრალე და შენთან
დამტოვე. მას შემდეგ, კარგა ხანს, ერთგულად გემსახურე და დღემდე, ალბათ,
შენთან ვიქნებოდი, ავად რომ არ გავმხდარიყავი. ეს შარშან იყო, მთავარო,
ლაშქარში სალმობიერი მძვინვარებდა და მეც დავსნეულდი. შენ რომ მე
მომიარე, ისე დედა არ მოუვლიდა თავის შვილს, გადამდებ სენს არ შეუშინდი,
თავზე მადექი და ღამეებს მითევდი. იმედგადაწურული ავადმყოფი, თითქმის
საიქიოდან გამომაბრუნე და ჩემს თავს ფიცი მივეცი, როგორც კი შევძლებდი,
გაგცლოდი, ეს უმადურობით კი არ მიქნია. ვიცოდი, როცა ალადინის
დავალებას შევასრულებდი და ჩაღატას მოვკლავდი, თუ იმ დროისათვის შენი
მსახური ვიქნებოდი, მონგოლები შენზეც შურს იძიებდნენ. ამიტომ მცირე
წყენა მოვიმიზეზე, შენი კარავი დავტოვე და აქვე, ალყად მდგარი იკონიის
სულტნის ლაშქარს მივეკედლე. სინდისი მქენჯნიდა, რომ მადლის გადახდის
მაგივრად გული გატკინე. ალადინის ბრძანების მოლოდინში, ხაშხაშით
გაბრუებული შენზე ვფიქრობდი და იმას ვნატრობდი, როგორმე საშუალება
მომცემოდა შენი სიკეთისათვის სიკეთით გადამეხადა. და აი, ამ რამდენიმე
დღის წინ მულიდთა მთავრის ბრძანება მივიღე და ჩაღატას კარავში შეპარულს
ფრთები იმის შეტყობამაც შემასხა, რომ სასტიკი ნოინი ქართველ მთავართა
დახოცვას აპირებდა ხვალისათვის. ჩაღატა ნოინის სიკვდილით ჩემს საღვთო
ვალსაც ვიხდიდი და შენც გადაგარჩენდი. ამიტომ, როგორც კი მოვკალი,
შენსკენ გამოვეშურე, რომ მეხარებინა. ახლა შენს ხელთა ვარ, თუ ჩემი გაცემა
ქართველებს დამსახურებად ჩაგეთვლებათ და მტრის რისხვა ამით
აგშორდებათ, ერთ წუთსაც ნუ დაფიქრდები, შემიპყარი და ჩემი თავი
მონგოლებს ჩააბარე...
_ სისულელეს როშავ... ვიგვიანებთ...
141_ ჩემთვის სიკვდილი ახლა ნეტარება იქნება, რადგან ღვთის წინაშე
ვალმოხდილი ვარ, ალადინის ბრძანება აღვასრულე და ამით საუკუნო
ცხოვრება დავიმკვიდრე _ ჩემი სული ქვაში არასოდეს აღარ ჩასახლდება.
_ რა დროს ეგ არი, მომყე! _ უბრძანა გრიგოლ სურამელმა, ნაბადი მოიხვია
და ბადრადინი კარვიდან გაიყვანა.
სიბნელე ნელ-ნელა იცრიცებოდა. ჩუმად მიდიოდნენ, უსიტყვოდ. ვიწრო
ხევი გაიარეს და გაღმა ბექობზე რომ გავიდნენ, გაუვალ ლელიანს მიადგნენ.
_ აქ შედი, _ უჩურჩულა სურამელმა, _ სიღრმეში დაიმალე, მანდ ვერავინ
მოგაგნებს. შეგიძლია ცოტა გამოიძინო და დღისით ნელ-ნელა გაიკვლიო გზა.
სამხრეთისკენ იარე, ნაპირზე არ გამოხვიდე. აბა, ღმერთი იყოს შენი შემწე, _
მთავარმა ხელი გაუწოდა.
ბადრადინი მთავრის მარჯვენას ტუჩებით ზედ დააკვდა.
_ ღმერთმა გადაგიხადოს, ალაჰმა გიწინამძღვროს... _ ბუტბუტებდა და
მთავრის ხელს გულში იხუტებდა.
როგორც იყო, მთავარმა მარჯვენა გამოგლიჯა, ნაბადი მოიხსნა, მულიდს
მოახურა და ჩურჩულით უთხრა:
_ გამოგადგება!.. გზა მშვიდობისა!
მულიდმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო, ქართველი მთავარი ბექობიდან
დაეშვა და სიბნელეში გაუჩინარდა.
გრიგოლ სურამელს ბადრადინის გასტუმრების შემდეგ რაღა დააძინებდა.
თუ მულიდის აღსარება და ნაამბობი ხაშხაშით გაბრუებულის ბოდვა არ იყო,
ხვალ სურამელსაც და სხვა ქართველ მთავრებსაც, ყველას, მონგოლთაგან
სიკვდილი ელოდა. დილით ჩორმაღონის ბანაკში მიიწვევდნენ და სულერთი
იყო, გამოეცხადებოდნენ თუ არა მბრძანებლებს, ორივე შემთხვევაში
გარდუვალი სიკვდილი ელოდათ: თუ ეახლებოდნენ, განრისხებული ნოინები
მხოლოდ მთავრებზე იყრიდნენ გულის ჯავრს და დანარჩენი ქართველობა
გადარჩებოდა, ხოლო თუ მბრძანებლების სიტყვას არ დამორჩილდებოდნენ და
წინააღმდეგობის გაწევას გაბედავდნენ, მონგოლთა ურიცხვ ლაშქართან ვერას
გახდებოდნენ და მთავრებიდან მოყოლებული, უკანასკნელ მეომრამდე
ყველანი ერთპირად გაიჟლიტებოდნენ. თუ მთავრები წინააღმდეგობის გზას
აირჩევდნენ, ჯერ კიდევ დრო იყო, ქართველთა ბანაკის ფეხზე დაყენებასა და
ალამუთის ალყიდან გაქცევას კიდევ მოასწრებდნენ, მაგრამ გაქცევას რა აზრი
ჰქონდა, ლაშქრის უდიდესი ნაწილი ქვეითთაგან შესდგებოდა და შიმშილით
დასუსტებული ჯარისკაცები დიდხანს ვერ ირბენდნენ. ქვეითნი კი არა,
ცხენოსნებიც შორს ვერსად წავიდოდნენ. უჭმელობით დავარდნილი
პირუტყვები ძლივსღა დადიოდნენ და კარგად ნაკვებ ცხენებზე ამხედრებულ
მონგოლებს ქვეითნიცა და ცხენოსნებიც უმალვე დავლად დარჩებოდათ.
იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, გათენებამდე მტრის ბანაკში გადასვლა,
მაგრამ რაინდობის ერთგული ქართველი მოყმეები არაფრის გულისთვის ამ
სამარცხვინო საქციელს არ ჩაიდენდნენ და რომ ჩაედინათ კიდევაც, ბოლო
142მაინც დაღუპვა იყო. ალყაში მოქცეული მულიდები თავათაც შიმშილითა და
უწყლობით იხოცებოდნენ, ალამუთის ციხე დღეს თუ ხვალ დაეცემოდა და
ქართველებს მონგოლთა რისხვა მაინც არ აცდებოდათ.
რაკი ყველა გზა მოჭრილი იყო, ასარჩევიც არაფერი რჩებოდა: ან მთელი
ქართველობა უნდა გაჟლეტილიყო მთავრებთან ერთად, ან მთავრებს თავი
უნდა გაეწირათ და საკუთარი მსხვერპლის ფასად მათზე მინდობილი
რამდენიმე ათეული ათასი ჯარისკაცი გადაერჩინათ.
უკანასკნელი გადაწყვეტილების გარდუვალობას დიდხანს წონიდა
სურამელი და როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სხვა გზა და არჩევანი არ
იყო, ღვთისმშობლის ხატის წინ დაეცა ლოცვად. დიდხანს ავედრებდა
ქართველ მფარველს საყვარელ სამშობლოსა და სანატრელ ცოლ-შვილს.
ლოცვაში დაათენდა და ფეხზე წამოდგომის წინ უფალს შეეხვეწა მხნეობა
მიეცა მისთვის, რათა დანარჩენი მთავრებისათვის მონგოლთა ბანაკში ხლების
აუცილებლობა ჩაეგონებინა. ქართველთაგან სურამელის მეტმა არავინ იცოდა
მონგოლ-ნოინთა ვერაგული გადაწყვეტილება: თუ გრიგოლ სურამელი
სისუსტეს გამოიჩენდა და ბადრადინის ნაამბობს გათქვამდა, მთავართა ერთ
პირზე დაყენება გაჭირდებოდა, მონგოლთა ბრძანებას არ შეასრულებდნენ და
თავიანთ თავთან ერთად ქართველთა მთელ ლაშქარს დაღუპავდნენ.
გათენდა თუ არა, გრიგოლ სურამელმა მთავრები თავის კარავში მოიხმო
სათათბიროდ.
_ გუშინდელი უსიამოვნება უბრალოდ არ ჩაგვივლის, ჩაღატა ნოინი შურს
იძიებს წყენისა და შეურაცხყოფისათვის. დღეს, ალბათ, დიდი ჯარით
შემოგვიტევს, ჩვენებიც თავს გამოიდებენ და ურიცხვ მონგოლებთან რას
გავაწყობთ, სულ ერთიანად ამოგვჟუჟავენ, _ თქვა, ჩვეულებრივი სალამისა და
მოკითხვის შემდეგ, შეწუხებულმა სურამელმა.
_ გაგვჟლეტენ... ერთიანად ამოგვხოცავენ, _ კვერი დაუკრა ეგარსლან
ბაკურციხელმა.
_ მაინც ვიხოცებით და ბარემ მზად დავხვდეთ, თავს ლაჩრულად ნუ
გავაწყვეტინებთ, _ იფეთქა ჰერეთის ერისთავმა შოთამ და კუპრივით შავ
სახეზე ალი ავარდა.
_ რამდენს გავუმკლავდებით, მთავარო! მონგოლები ჩვენზე ასჯერ მეტნი
მაინც არიან. არა გამოგვივა რა და, ტყუილად თავს გავაჟლეტინებთ.
_ მაინც ხომ გაგვჟლეტენ, მაინც არ დაგვინდობენ.
_ იქნებ უარესისაგან უკეთესი გამოვარჩიოთ, ერთპირად ყველას გაჟლეტას,
ეგებ ის სჯობდეს, ჩვენ გავწიროთ თავი, მთავრებმა და, ჩვენზე მინდობილი
ამდენი უდანაშაულო გადავარჩინოთ, _ გაამხილა დიდი ხნის ნაფიქრალი
გრიგოლ სურამელმა.
ქართლის ერისთავის ნათქვამი არავის გაჰკვირვებია.
_ კეთილი და პატიოსანი, მაგრამ როგორ?
143_ ჩვენ სიკვდილს თუ დასჯერდებიან და ლაშქარს არ ამოხოცავენ, თავს ვინ
დაიზოგავს?!
_ ვეახლოთ ჩორმაღონს, _ განაგრძო სურამელმა, _ თავი ვიმართლოთ და
ეგებ შეგვიწყნაროს, გონიერი სარდალია, თუ რამ ქართველთაგან წყენა
მიდგომიათ, ჩვენ ვიდოთ კისრად, ლაშქრის უბრალოება დავაჯეროთ და ჩვენ
თუ მოგვსპობენ, მათი უვნებლობა მაინც გამოვთხოვოთ.
_ თუ რამ ძვირფასი გვაბადია, ისიც ძღვნად ვაახლოთ, რაღა დღისთვის
გვინდა, _ ხელის ჩაქნევით თქვა ვარამ გაგელმა.
_ თუ გული მოვულბეთ და შეგვიწყალა, ხომ კარგი, ჩვენც გადავრჩებით,
თუ არადა, ლაშქრის უდანაშაულობას მაინც დავუმტკიცებთ და დანარჩენ
ქართველობას სიკვდილისაგან ვიხსნით. სხვა გზას ვერ ვხედავ, _ დაასკვნა
სურამელმა.
_ ცოტა თუ მაინც გჯერა, ერისთავო, _ შეჰბედა შოთამ, _ ცოტა თუ მაინც
გჯერა, რომ ან ჩვენ გადავრჩებით, ან ლაშქარს დავიფარავთ?!
_ მჯერა, ერისთავო. ჩორმაღონის სიბრძნისა და აუჩქარებლობის იმედი
მაქვს, ქართველებს იცნობს და იცის, რომ ღალატი წესად არა გვაქვს.
_ სხვა გზაც რომ არა გვაქვს, მთავარო? _ სასოწარკვეთით გაასავსავა ხელები
სარგის თმოგველმა.
_ არა გვაქვს... ეს ერთადერთი იმედია, ან ყველას ერთიანად მოგვსპობენ
ყმასაც და პატრონსაც, ან ჩვენს სიკვდილს დაჯერდებიან და ამდენი
უდანაშაულო გადარჩება...
_ სხვა გზა არ არის! _ ერთხმად დაამტკიცეს მთავრებმა.
ჩაღატა ნოინს დილით ადრე ადგომა ჰქონდა წესად. მამლის ყივილს
დაასწრებდა საწოლიდან წამოხტომას და ჯერ კიდევ კარგად ნანათლებიც არ
იყო ხოლმე, ცხენზე ამხედრებული ბანაკს რომ შემოუვლიდა.
რიჟრაჟს მიგებებული ფრთოსნების გალობით ტკბებოდა სუფთა ჰაერზე
გამოსული ნოინი, მძინარ ბანაკს ჩუმად შემოუვლიდა, გუშაგების სიფხიზლეს
შეამოწმებდა და უკანვე შემოქცეული, საუზმედ მაშინღა ჯდებოდა, მზე რომ
კარგად ამოიწვერებოდა.
იმ დილას შეკაზმული ლურჯა ჩვეულებისამებრ მოჰგვარეს. კარვის კართან
მდგარი მცველები დიდხანს ელოდნენ მბრძანებლის დაძახილს, მაგრამ ჩაღატა
არც დგებოდა და არც არავის უხმობდა.
კარვიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, არადა, უკვე კარგა გვიანი იყო. როდის-
როდის, შეშფოთებულმა მცველებმა კარავში შესვლა გაბედეს და შემზარავი
სურათის დანახვაზე გაქვავდნენ: ყელგამოჭრილი ჩაღატა სისხლის გუბეში
იწვა.
შეშინებულმა მცველებმა ყვირილი მორთეს. მთელი ბანაკი ფეხზე დადგა.
ჩაღატას კარვისკენ ჯერ თითო-ოროლა კაცი გარბოდა, მერე მონგოლთა
მთელი ბანაკი იმ მხარეს მიაწყდა და მალე კარვის ირგვლივ ზღვა ხალხი
აირია.
144ექიმები პირველ დაძახილზევე იქ გაჩნდნენ, მაგრამ ხელჩაქნეულები ისევ
მალე გამოვიდნენ კარვიდან. სისხლისაგან დაცლილი, კარგა ხნის გაციებული
ნოინის შველა მკურნალს კი არა, სასწაულს აღარ შეეძლო.
_ ნოინები მობრძანდებიან!
_ გზა... გზა...
_ გზა დაუთმეთ მბრძანებლებს.
გაისმა ძახილი. წინ მომავალი მცველები შოლტისა და მათრახის ცემით,
ხელისკვრითა და ლანძღვა-გინებით ერეკებოდნენ ცნობისმოყვარეობით
გაოგნებულ მონგოლებს და გზას უთავისუფლებდნენ კარვისაკენ მიმავალ
სახეშეშლილ ნოინებს.
სამთავ ნოინს _ ჩორმაღონს, იოსურს და ბიჩუს ხელი ხმალზე ჰქონდათ,
ამღვრეულ, სისხლმოწოლილ თვალებს ნადირებივით აცეცებდნენ და
ტუჩმოკუმულები ფერდაკარგულები მიიწევდნენ წინ.
პირველ კარავში ნოინთაგან უფროსი, ჩორმაღონი შევიდა. იოსური და ბიჩუ
შორიახლო მიჰყვნენ.
ქუდმოხდილები მიუახლოვდნენ თანამებრძოლის ცხედარს.
რამდენი ომი გადაუხდიათ ჩაღატას მხარდამხარ, რამდენი ციხე
შეულეწიათ და რამდენი ქვეყანა გაუთელიათ დაუჭედელი ცხენის
ფლოქვებით. ისეთი მოისარი და ხმლის მქნეველი როგორც ჩაღატა იყო,
ცხენზე სიკვდილის ღირსი კი უნდა გაეხადა იმ ბრმა ბედს, რომელმაც ასე
უდროოდ და უსახელოდ ჩამოაცილა თავის თანამებრძოლებს. იმის მაგივრად,
რომ გაჭენებულ ცხენზე მტრის ისრით განგმირულ ჩაღატას გაფრენილი
ბერკუტივით დაეკეცა ფრთები და სისხლით გაჟღენთილ ბრძოლის ველზე
დაეხუჭა თვალი, ჩინგიზის ეს მართვე ღორივით ყელგამოჭრილი ლოგინზე
იწვა სანახევროდ ჩაბნელებულ კარავში და შავადშედედებულ საკუთარ
სისხლში ცურავდა.
ნოინები უხმოდ მოშორდნენ ცხედარს.
კარვის კართან მოჯარულთ თვალი მოავლო ჩორმაღონმა, წელში გაიმართა
და მრისხანედ იკითხა:
_ ვინ მოჰკლა ჩაღატა?
იარაღაყრილი
ორი
მცველი,
ჩორმაღონის
წინ
განე-
რთხო.
_ არ ვიცით, მბრძანებელო! _ შეჰღაღადეს სასოწარკვეთილებმა.
_ ვინ მოჰკლა ჩაღატა?
ისევ იკითხა ჩორმაღონმა და შეკავებული ბრაზისაგან ცალი წარბი
აუთამაშდა.
_ არ ვიცით, ჩვენ უბრალონი ვართ.
ისევ შესტირეს მცველებმა,.
_ ვინ იყო ჩაღატასთან კარავში?
_ ნოინების წასვლის შემდეგ ძეხორციელი არავინ შემოსულა...
145_ მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს. იურტაში მარტო იყო ბატონი...
მარტომ დაიძინა.
_ ჩაღატა ნოინი ან თქვენი ხელით მოკლულია, ან დაგეძინათ და მკვლელის
შესვლა ვერ შეიტყვეთ. ორივე შემთხვევაში სიკვდილის ღირსნი ხართ, _
გამოსცრა ჩორმაღონმა, მიწაზე გართხმულ მცველს წიხლი ჰკრა და
დაიღრიალა:
_ გაათრიეთ!
მცველებს უმალვე მისცვიდნენ და დაითრიეს.
_ იოსურ! _ მიუბრუნდა ჩორმაღონი მარჯვნივ მდგარ ნოინს, _ სიმართლე
ათქმევინე და შუადღემდე მომახსენე.
იოსურ ნოინმა თავი დაუკრა და შეპყრობილ მცველებს წინ გაუძღვა.
_ მე ვიცი, ვინ მოჰკლავდა ჩაღატა ნოინს, _ წამოდგა წინ ასისთავი ჰაიდუ.
ჩორმაღონი ასისთავს მიაშტერდა და სმენად იქცა.
_ მე ვიცი, ვინც მოჰკლავდა... გუშინ ქართველებთან იყო... ისინი
დაემუქრნენ.
_ მერე რა, რომ ქართველებთან იყო? _ დაიღრინა ჩორმაღონმა და ბიჩუს
გადახედა.
_ შენ უკვე იცი, ქართველებს სურსათის ნაკლებობის გამო ულუფა
შევუმცირეთ, უმაგისოდაც შფოთავდნენ, და ბოლოს სულ თავზე ხელი აიღეს.
ალყის მოხსნას და შინ დაბრუნებას აპირებდნენ. ჩაღატამ თვითონ იკისრა
ქართველების დასაშოშმინებლად წასვლა, _ განმარტა ბიჩუმ ხმადაბლა.
_ ყურიც არ ათხოვეს, კინაღამ ზედ მიესივნენ. მე რომ ჩემი ასეულით იქ არ
ვყოფილიყავი, ალბათ, ცოცხალი ვერ გამოასწრებდა.
_ აქამდე თუ ჩუმად ჩურჩულებდნენ, ეს ერთი ხანია აშკარად იმუქრებიან,
მეტის მოთმენა აღარ შეგვიძლიაო, _ ისევ ხმადაბლა თქვა ბიჩუ ნოინმა.
_ გუშინ საღამოს აქ ქართველები დაეხეტებოდნენ, მე თვითონ ვნახე. ჩაღატა
ნოინი რომ მაგათი მოკლულია, ეჭვი არავის ეპარება. ასე არ არის, ხალხო? _
მიმართა ლაშქარს ჰაიდუმ.
_ აგრეა! ქართველების მოკლულია! _ დაიგუგუნა ჯარმაც.
_ ჰოდა, ამას ბევრი გამოძიება არ უნდა, ვინც სიკვდილით ემუქრებოდა,
ნოინი იმათი მოკლულია. ამის პატიება არ შეიძლება, ახლავე შური უნდა
ვიძიოთ. _ იყვირა ჰაიდუმ და ქარქაშიდან ხმალი ამოსწია.
_ სიკვდილი! სიკვდილი! _ იხუვლა ჯარმა და ჩორმაღონი შეაკრთო მათი
თვალების მთვრალმა, აღგზნებულმა მზერამ!
_ მეთაურებო! _ დასჭექა ჩორმაღონმა, _ სიჩუმე იყოს და წესრიგი!
მეთაურები წინ გამოვიდნენ და გაიჭიმნენ.
_ ქართველი მთავრები ამ დილით თავიანთი ნებით გვეახლნენ.
გუშინდელი არეულობისთვის პატიება გვთხოვეს და სრული მორჩილება
გამოგვიცხადეს.
_ თვალთმაქცობენ ქართველები!
_ თავს იძვრენენ!
146_ სიკვდილი ჩაღატას მკვლელებს!
ისევ აბობოქრდა გახელებული ლაშქრის ზღვა.
_ მე ისინი მაშინვე შევიპყარი, თუმცა ჩაღატას მოკვლის ამბავი ჯერ კიდევ
არ ვიცოდი.
_ სიკვდილი ჩაღატას მკვლელებს!
ისევ აგუგუნდა ლაშქარი.
_ თუ ქართველები ჩაღატას სიკვდილის მონაწილენი არიან, სიკვდილი არ
აცდებათ, მაგრამ მე ქართველებს კარგად ვიცნობ, მათ ღალატითა და მიპარვით
კაცის კვლა წესად არა აქვთ...
მრისხანება თითქოს წამით ჩაცხრაო, ჯარი სმენად იქცა.
_ აჩქარება საქმეს ავნებს, ჯერ კარგად გამოვიძიოთ, დამნაშავენი ვამხილოთ
და სასჯელი მერე მივაგოთ. მანამდე ქართველთა ჯარს შემოვერტყათ და
იარაღი ავყაროთ, რომ მთავრების გადასარჩენად თავი არ გამოიდონ და
სისხლი არ დაღვარონ.
_ მიწასთან გავასწოროთ მათი ბანაკი!
_ გავჟლიტოთ ერთიანად! _ ისევ აყაყანდა ჯარი.
_ მომყევით სრული საბრძოლო წესრიგით. ბრძანების თითოეული
დამრღვევი მცირე არეულობისა და თვითნებობისათვის პასუხს სასტიკად
აგებს ჩემს წინაშე, _ დაიღრიალა უფროსმა ნოინმა და ცეცხლის მფრქვეველი
წვრილი თვალები ლურსმნებივით ჩაასო მეთაურებს.
ნოინის ულმობელი სიმკაცრე არაერთხელ ჰქონდათ ნაწვნევი ხელქვეითებს.
მის მრისხანე მზერას ვერ გაუძლეს, თავი დახარეს და შურისძიების
ცეცხლგანელებულნი შებრუნდნენ.
ცოტა ხანს კიდევ შფოთავდნენ. ამოდენა ჯარი ზღვასავით ღელავდა და
ზიმზიმებდა.
მეთაურები ბრძანებას იძლეოდნენ.
ჰაერში შოლტები გაიკლაკნა. შენივთებული ბრბო შეტორტმანდა და ნელ-
ნელა ასეულებად დაეწყო.
ჰაიდუ ასისთავი მბრძანებელს მიუახლოვდა და ხმის კანკალით შეჰბედა:
_ დიდო ნოინო! ჩემი ასეული მუდამ ჩაღატას დროშის ქვეშ იბრძოდა. მის
მკვლელებზე შურისძიებას ჩვენ ვერავის დავუთმობთ.
_ ჩემს ახლოს იყავი, მალე დამჭირდები. _ უბრძანა ჩორმაღონმა, ცხენზე
ამხედრდა და ლაშქარს წინ წაუძღვა.
ასეულებად დაწყობილი მონგოლები სრული წესრიგით მიჰყვნენ
მთავარსარდალს.
მარტო დარჩენილი ბადრადინი ერთხანს გაჭირვებით მიიკვლევდა გზას
გაუვალ ლელიანში. მერე თანდათან ხაშხაში და დაღლილობა მოერია და ძილი
მოეძალა, ნაბადი დაიგო და მაშინვე დაეძინა. სიზმარი ნახა ბადრადინმა:
ალამუთის ციხეში შევიდა ვალმოხდილი. თავად ალადინი გამოეგება.
ბადრადინმა სისხლიანი დანა გაუწოდა და კრძალვით მოახსენა:
147_ შენი დავალება აღვასრულე, მბრძანებელო, ჩაღატა ნოინი ამ დანით
მოვკალი და ახლა მისი სული ჯოჯოხეთში იტანჯება.
_ ვიცი, ბადრადინ, ანგელოსებმა უკვე გვაუწყეს წმინდა ისმაილისადმი შენი
ერთგულება და მულიდთა ძმობისათვის თავგანწირვა. შენ უკვე წმინდა
ფედავი ხარ და საუკუნო სასუფეველი, სამოთხეში განცხრომა მოგელის.
მობრძანდი, ბადრადინ! ალამუთის მთელი ციხე-ქალაქი ზეიმობს შენს
გამარჯვებას.
ალადინი წინ გაუძღვა ბადრადინს. ოქროთი და პატიოსანი თვლებით
გაწყობილ ვრცელ დარბაზში შეიყვანა.
ძვირფასი ტანსაცმლით შემოსეს ღარიბი ფედავი, ოქროს ტაბლა მოიღეს და
უცხო სასმელ-საჭმელი მოართვეს. თეთრით შემოსილი ალამუთელები, დიდი
და პატარა, მუხლზე დაცემული ბადრადინის ხოტბას აღავლენდა. ანგელოსთ
გუნდი სადღაც მაღლა თაღებში გალობდა, ისმაილიტთა მოძღვრებისათვის
თავგანწირული ბადრადინის ქებას ამბობდა.
ამოდენა ლოცვა-კურთხევით ბადრადინი უსმელ-უჭმელად გაძღა და
პატიოსანი თვლების ცქერა მოწყინდა.
_ აწ განმიტევე, მბრძანებელო, _ შეევედრა ალადინს ჩაღატას მკვლელი, _
თუ სხვა დავალებას არ გადმომცემს ალაჰი შენი პირით, გამიშვი ამ ქვეყნიდან,
მეყოფა ცოდვილ მიწაზე ხეტიალი...
_ ალაჰს მეტი აღარაფერი აქვს შენთვის დასავალებელი. შენ უკვე
განწმენდილი ხარ ცოდვათაგან, შენს სულს შეუძლია გაშორდეს თავის
დროებით სამყოფელს და შეუდგეს დაუსრულებელ მოგზაურობას სხვადასხვა
ბედნიერ არსებათა სხეულიდან სხეულში გადასახლებით.
_ მაშ, გზა დამილოცე, მბრძანებელო! _ შეევედრა ბადრადინი და მუხლი
მოიყარა.
ალადინმა
დიდხანს
ლოცა
წმინდა
ფედავი,
აკურთხა
და
ცრემლისფრქვევით გამოემშვიდობა.
ბადრადინმა თვალი დახუჭა. გრძნობს, რომ მყარი გამოეცალა და სადღაც
მიცურავს თუ მიაფრენენ. აი, სამარეში აწვენენ ბადრადინს და ეცინება
მართლმორწმუნე ისმალიტს: ნუთუ არ იციან, რომ ამ საფლავში წუთსაც არ
დაჰყოფს იგი, ანგელოზები მოფრინდებიან, საფლავის კარს გაუღებენ და
ნეტარებით აღსავსე მისი სული ულამაზეს სხეულიდან სხეულში დაიწყებს
ბედნიერ მოგზაურობას.
უკვე ყველანი წავიდნენ. ბადრადინი მარტო წევს საფლავში და ელის
ანგელოსების მოსვლას.
დაღამდა. მთელი სამყარო ძილმა და დუმილმა მოიცვა. საფლავი გაიხსნა
და ორი ანგელოსი მოფრინდა. ბადრადინმა იცნო ანგელოსები _ მუნკირი და
ნაკირი. მათ საერთო წესი უნდა შეასრულონ. მიცვალებული უნდა დაჰკითხონ.
ბადრადინს, ალბათ, დიდხანს არ დააყოვნებენ, მისი თავგანწირვის ამბავი
ალადინისაგან ეცოდინებათ, გზას დაულოცავენ და წმინდა ფედავის სულს
უბედნიერეს არსებათა სხეულებში ჩასასახლებლად გაისტუმრებენ.
148მაგრამ ანგელოსებს სასტიკი სახეები აქვთ, ხელში ვარდ-ყვავილების
ნაცვლად გახურებული შანთები უჭირავთ და ბადრადინისკენ რისხვის
ფრქვევით მოდიან. სალამიც არ უთხრეს წმინდანად გარდაცვლილს. ხელი
სტაცეს, წამოაქციეს და გახურებული შანთებით დაუწყეს შიშველ სხეულზე
ცემა.
_ მე ფედავი ვარ.. წმინდად გავიარე ყველა საფეხური და არავითარი ცოდვა
არ მიმიძღვის, _ იყვირა ტკივილისაგან გამწარებულმა ბადრადინმა.
_ უდიდესი ცოდვა სწორედ სიკვდილის წინ გაქვს ჩადენილი! _ ჩასძახა
მუნკირმა და შანთი უთავაზა.
_ იმის გამო, რომ შენ დაიმალე, ჩაღატა ნოინის მოკვლა ქართველებს
დაბრალდა და ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი დაღუპე, _ დასძინა ნაკირმა
მუნკირის ნათქვამს და ცხელი შანთი უშხუვლა ბადრადინს.
_ ამდენი ადამიანის ცოდვას ვინ გაპატიებდა, შე უბედურო. რაც წმინდად
იცხოვრე, სულ წყალში ჩაგეყარა ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმით.
ახლა შენ საშინელი ჯოჯოხეთი გელის. შენი სული უმშვენიერესი არსებების
სხეულში კი არ იწყებს ჩასახლებას, უზარმაზარ ქვაში ჩაიჭედება და
სამუდამოდ იქ დარჩება გამომწყვდეული.
_ მე ფედავი ვარ, ისმაილის რწმენისთვის თავგანწირული, ალადინს
ჰკითხეთ ჩემი სიწმინდის ამბავი.
_ ალადინი კი არა, თავად ისმაილიც ვეღარ გიშველის, რადგან შენს მიერ
ჩადენილი ცოდვა შენივე კეთილისმყოფელების მიმართ უმძიმესია და
მიუტევებელი! ეყოფა ცემა, ქვა მოვაგოროთ და შიგ ჩავჭედოთ, _ თქვა მუნკირ-
ანგელოსმა, ცხელი შანთი გადააგდო და უზარმაზარი, მთისოდენა ქვა მოაგორა
საფლავთან.
ქვამ ნელ-ნელა პირი გახსნა, ანგელოსებმა ბადრადინს ხელი სტაცეს და იმ
ქვაში დაუწყეს მის სულს ძალით ჩაჭედვა. ბადრადინი გრძნობს, რომ
სამუდამოდ იღუპება და თავდება, სადაცაა სულ ჩატენიან ამ უზარმაზარ ქვაში
და მერე იქიდან მეორედ მოსვლის ჟამსაც ვეღარ გამოვა მისი სული. რა
საოცარი ხუთვა და ტკივილი ყოფილა ქვაში გამომწყვდევა.
_ გამიშვით... ოღონდ გამიშვით და იმ ქართველების გადარჩენას კიდევ
მოვასწრებ, _ იყვირა სასოწარკვეთილმა ბადრადინმა.
ანგელოსები წამით შეჩერდნენ.
_ როგორ? განა არ გაუჟლეტიათ ქართველები? _ კითხულობს მუნკირი.
_ არა, ჯერ კიდევ დრო აქვთ, შუადღემდე აცალა ჩორმაღონმა. შუადღემდე
თუ გამოჩნდა მკვლელი და სიმართლე გაიგეს, ქართველები გადარჩებიან, _
ამბობს ნაკირი.
_ თუ ასეა, გავუშვათ _ ასკვნის მუნკირი.
_ ასეა, გავუშვათ, _ კვერს უკრავს ნაკირიც და ბადრადინის სულს ქვიდან
ისევ უკან მიათრევენ.
149_ აბა, წადი და უშველე უდანაშაულოებს. იცოდე, თუ შენს
კეთილისმყოფლებს არ უშველი, ამ ქვაში სამუდამოდ ჩამწყვდევას ვერ აცდება
შენი სული, _ უყვირა ნაკირმა და ბადრადინს მაგრად სტკიცა...
ბადრადინს გამოეღვიძა.
ლელიანში ნაბადზე გაწოლილს მზე თავზე დადგომოდა, სიზმარი გაიხსენა,
გველნაკბენივით წამოხტა. ლოცვას ჩურჩულებდა და თან საშუადღეოზე ასულ
მზეს მიჩერებოდა, ხომ არ დავაგვიანეო.
სისხლშემხმარი დანა უბეში ჩაიდო და გეზი ქართველთა ბანაკისკენ აიღო.
ნელა, გაჭირვებით მიიკვლევდა გზას ლელიანიდან.
ქართველთა ბანაკიდან ხმაური ისმოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ბანაკს,
ის ხმაური უფრო მატულობდა და ბოლოს, ერთ გაბმულ ზმუილად მოისმა.
ნაპირს მიაღწია. ლელი გადასწია და გამოიხედა.
ბანაკი ლოცვად დაცემულიყო. დაჩოქილი ჯარისკაცები თავს მიწას
ურტყამდნენ, ღმერთს ლოცვას შეჰღაღადებდნენ და განწირული ხმით
მოთქვამდნენ. ბანაკის შუაში ხმალ-ხანჯლები და მშვილდისრები ეყარა
გორად.
მონგოლთა ბანაკიდან ავისმომასწავებელი გუგუნი მოისმოდა.
ბადრადინი ლერწმოვანიდან გამოვიდა და ბექობზე დაეშვა.
ბუჩქნარში ორი ჯარისკაცი იჯდა. ერთმა ნამტირალევი თვალები
მოიწმინდა და ხელი რომ ჩამოიღო, ბადრადინმა ქართველი ერისთავის ეჯიბი
ფარნაოზი იცნო.
მიუახლოვდა.
_ გამარჯობათ! _ ხმამაღლა უთხრა და მიაჩერდა.
_ გამარჯობა, ბადრადინ! _ იცნო ფარნაოზმაც.
_ აქ რას აკეთებთ, ან თქვენ თავს რა ამბავია? _ იკითხა ბადრადინმა და
თვალი ბანაკს მოავლო.
_ მტრისას, ჩვენთან რომ ამბავია! _ ამოიოხრა ფარნაოზმა, _ არაფერი იცი?
_ არა, არაფერი.
_ ორი დღეა მონგოლებს ავუჯანყდით, გუშინ ჩვენს დასაშოშმინებლად
მოსული ჩაღატა ნოინი აქედან გავაგდეთ, დღეს მთელ ბანაკს გაჟლეტა ელოდა.
ჩვენმა მთავრებმა, ჩვენ რომ გადავერჩინეთ, თავი გასწირეს და ჩორმაღონს
ეახლნენ. ამ დილას დავემშვიდობეთ და სასიკვდილოდ გავისტუმრეთ.
მთავრების რჩევით, იარაღი ავიხსენით და აგერ შუა მინდორში ყრია იმის
ნიშნად, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებთ.
_ დილას აქეთ არაფერი იცით თქვენი მთავრებისა?
_ არაფერი... ან კი რა არის საცოდინარი. წუხელ ჩაღატა მოუკლავთ და
თურმე მის მოკვლასაც ჩვენ გვაბრალებენ. ახლა კი ნამდვილად ვეღარაფერი
გვიშველის, სადაცაა, მონგოლები თავს დაგვესხმიან და დაგვხოცავენ: მთელი
ბანაკი დილიდან ლოცვადაა დაცემული და ღვთისმშობელს ხსნას ევედრება,
ახლა ერთადერთი იმედი ქართველთა მფარველ ქალწულზეა.
_ აგერ, დაიძრნენ! _ წამოიძახა მეორე ჯარისკაცმა და ფეხზე წამოდგა.
150სამივემ იქით გაიხედა.
მონგოლთა ბანაკი ზღვასავით მძიმედ დაიძრა.
ცაში მტვერი ავარდა, ცხენოსანი ჯარი რკალად გაიშალა და ქართველთა
ბანაკის ალყის შემოსარტყმელად წამოვიდა.
ცხენების ჭიხვინი, ჯარის გუგუნი და იარაღის ჟღარუნი უკვე ახლო
გაისმოდა.
_ აქ რას აკეთებ! წადი, თორემ შენც არ დაგინდობენ, _ ურჩია ბადრადინს
ფარნაოზმა.
ბადრადინს მისი ნათქვამი არც გაუგონია. მონგოლთა მოახლოებულ
ლაშქარს მონუსხულივით მიჩერებოდა და ადგილიდან არ იძროდა.
ფრთებიდან შემოვლილმა ცხენოსნებმა ქართველთა ბანაკის ირგვლივ წრე
შეჰკრეს და ჩორმაღონის წინ საოცარი სურათი გადაიშალა: იარაღაყრილი
ქართველთა მთელი ლაშქარი ერთი კაცივით ჩაჩოქილიყო და ლოცულობდა.
ბანაკის შუაში იარაღის გორა იდგა.
აქეთ წამოსული ჩორმაღონი შფოთსა და წინააღმდეგობას ელოდა. ნახულმა
სურათმა წუთით დააბნია ნოინი: თავისი ნებით იარაღაყრილი ქართველები,
არათუ ბრძოლას აპირებდნენ, მთლიანად მის ხელთ აგდებდნენ თავიანთ
ბედსა და სიცოცხლეს.
_ მან ქუშტემ ჩაღატა! _ გაისმა ძახილი და ჩორმაღონი გარინდებისაგან
გამოერკვა. ბექობზე ბადრადინი იდგა, სისხლშემხმარი დანა მაღლა აღემართა
და გაჰყვიროდა:
_ მან ქუშტემ ჩაღატა!
_ რაო, რას ამბობს? _ იკითხა ფარნაოზმა.
_ მე მოვკალი ჩაღატაო! გესმის, რას ამბობს?
მონგოლები ჯერ სმენად იქცნენ, მერე იგრიალეს და მულიდის გასაგლეჯად
რომ დაიძრნენ, ჩორმაღონმა ხელი აღმართა და ჯარი ადგილზე გააქვავა.
_ მან ქუშტემ ჩაღატა! ქუშტემ ჩაღატა! _ გაჰყვიროდა ბადრადინი. ჰაერში
სისხლიან დანას ათამაშებდა და ეშმაკივით ადგილზე ხტოდა.
ჩორმაღონმა ჰაიდუს ანიშნა.
ასისთავი და მისი ნუქერები აფთრებივით მიცვივდნენ და ჩაღატას
მკვლელი შეიპყრეს.
ბადრადინმა დაკითხვაზე ყველაფერი თქვა. სიზმრის მოყოლაც არ
დაავიწყდა და გულწრფელად უამბო, თუ რამ აიძულა ლელიანიდან
გამოსულიყო და მტერს თვითონ, თავისი ნებით ჩაბარებოდა.
ქართველმა მთავრებმა, რაკი ჩაღატას მკვლელობის ბრალდება მოეხსნათ,
შფოთისა და დაუმორჩილებლობის გამოც თავი იმართლეს, ულუფა მიიღეს,
მორჩილების ფიცი დასდეს და თავიანთ ბანაკში მშვიდობით დაბრუნდნენ.
მაგრამ ცოცხლად გადარჩენა სულაც არ ამცირებს გრიგოლ სურამელის
გმირული თავდადების მნიშვნელობას.
151მონგოლ მბრძანებლებთან თავისი ფეხით მიმავალ ქართველ მთავარს
სჯეროდა, თვითონაც სასაკლაოსკენ მიდიოდა და, მეგობარი მთავრებიც
დასაღუპად მიჰყავდა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმისას იმის რწმენა
ამხნევებდა, რომ დანარჩენ მრავალრიცხოვან ქართველობას სიკვდილისაგან
იხსნიდა. ამიტომ, როცა ქართველი მთავრები გრიგოლ სურამელის
მეთაურობით მონგოლთა ბანაკისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ, ეს უკვდავების
გზაზე დადგომასაც ნიშნავდა, რადგან მოყვასისათვის თავგანწირვის
მაგალითი ყოველთვის იყო კეთილშობილების უმაღლესი გამოხატულება და
მარადისობის კუთვნილებად რჩებოდა მუდამ.
მონგოლებმა მულიდი ბადრადინი მოედანზე გამოიყვანეს და ხმლით
შუაზე გაჰკვეთეს.
თავისი სარწმუნოებისა და კეთილისმყოფლების წინაშე ვალმოხდილმა
მულიდმა მოქნეულ ხმალს თურმე ნეტარი ღიმილი შეაგება.
პალიასტომის ნავსადგურსა და გემსაშენზე გახურებული მუშაობა იყო.
წელიწადიც აღარ უნდოდა ნავსადგომის მოთავებას, რიონის შესართავთან
უდიდესი ნავსადგომი აღიმართებოდა და სამხედრო ხომალდებს ფართოდ
გაუღებდა კარს.
მეფე ჩქარობდა. ვენეციელ და გენუელ ელჩებთან ცალ-ცალკე საიდუმლოდ
მართავდა მოლაპარაკებას, უფრო ხელსაყრელი პირობით, ხომალდების
შეძენისა და საქართველოს სანაპიროზე ნავსადგურების აშენების თაობაზე.
ბოლოს, არჩევანი მაინც ვენეციაზე შეაჩერა. ზღვათა მფლობელის ელჩი, დოჟის
სახელით, საქართველოს ხელმწიფეს შეღავათით აღუთქვამდა საომარი
ხომალდების მიყიდვასა და ნავსადგურების გამართვას.
მეფემ ელჩიონი შეადგინა ოდიშის მთავრის მეთაურობით. საქართველოს
საამირბაროს გამგებელს ვენეციის დოჟთან საბოლოო მოლაპარაკება და
ხელშეკრულების დადება დაევალა.
ამას გარდა, ცოტნეს თან ქართველი მეზღვაურების და გემმშენებლების
ჯგუფი უნდა წაეყვანა და მათთან ერთად ვენეციის გემსაშენებში ნახევარი
წლის განმავლობაში ხომალდების აგების ხელოვნებას უნდა დაუფლებოდა.
ელჩიონის გასამგზავრებლად დიდხანს ემზადებოდნენ; რამდენიმე გემი
დატვირთეს საგზლითა და ვენეციის გამგებელთათვის განკუთვნილი
ძვირფასი საქონლით.
_ იცოდე, საქართველოს მომავალი ძლიერება ბევრად იქნება
დამოკიდებული შენი ელჩობის წარმატებაზე, _ ერთხელ კიდევ გაუმეორა
მეფემ ცოტნეს გამომშვიდობებისას.
ოდიშის მთავარს უამისოდაც კარგად ესმოდა მისთვის დაკისრებული
დიდი სახელმწიფო დავალების მნიშვნელობა. მოლაპარაკების პირობებს
ბეჯითად სწავლობდა, საზღვაო საქმეს, ხომალდმშენებლობისა და ზღვაზე
ომის მეცნიერებას უღრმავდებოდა და თავისი მომავალი ნაბიჯების წინასწარ
აწონვასა და გათვალისწინებას აქედანვე ცდილობდა. ლაშასაგან გადადებული
152აღფრთოვანება ცოტნესაც ფრთებს ასხამდა, შავ ზღვაზე გაბატონებულ
საქართველოს რომ წარმოიდგენდა, სიამაყე ავსებდა და თავისი მოწოდება და
ადგილი ამ საქმის განხორციელებაში დიდად საპატიოდ ესახებოდა.
გრძელი, ხიფათებითა და ფათერაკებით სავსე გზა ელოდა საქართველოს
ელჩიონს. შავ ზღვაში ფრანგი და ბერძენი, ვენეციელი და გენუელი
მეკობრეები დაუსჯელად დაშლიგინობდნენ, მშვიდობიან მგზავრებსა და
ვაჭრებს ძარცვავდნენ და ხოცავდნენ.
მოგზაურობა საშიშარი იყო, მაგრამ მთელი საქართველოსა და თვითონ
ცოტნეს მომავლისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი დავალებით გამგზავრებას
დღესასწაულივით ელოდა ოდიშის მთავარი.
მხოლოდ ერთხელ ჩაწყდა გული და კინაღამ თავათაც იტირა, ბრმა მამა და
დაუძლურებული დედა რომ მოეხვივნენ ტირილითა და ვიშვიშით.
_ მე, ალბათ, შენს დაბრუნებას ვეღარ მოვესწრები, შვილო, _ შესტირა
შერგილმა, _ ღმერთსა ვთხოვ, გამარჯვებით წარგმართოს მეფისა და ქვეყნის
სამსახურში.
_ ცოლსა და შვილს მაინც მიტოვებდე ნუგეშად, რამ უნდა გვაცოცხლოს
უშენოდ, შვილო! _ ამოუჯდა გული ნათელას და წამით წახდა ცოტნე,
მუხლებში მოშვება იგრძნო და ყელში ბურთი მოაწვა.
დედის მკლავებიდან ნაზად დაიხსნა თავი, გემზე ავიდა და ცრემლიანი
თვალი სიყვარულით მოავლო საქართველოს მთაგორებს.
ზღვაშივე გამოეგებნენ ქართველ მთავარს. სამი სამხედრო ხომალდი
მიესალმა მხედრული წესით.
მერე მეწინავე ხომალდი სულ ახლო მივიდა, გემიდან ქალაქის მოურავი
ვინჩენცო გადავიდა ცოტნეს ნავზე ამალის თანხლებით, საქართველოს
სამეფოს დიდებულ მთავარს წარუდგა, დოჟისა და ვენეციის მოქალაქეთა
სახელით სალამი მიართვა და სატახტოს გზა დაულოცა.
მთავარმა მეფისა და ქართველი ხალხის საუკეთესო სურვილები გადასცა
და ორივე ქვეყნის მეგობრობის განმტკიცების სარგებლიანობა აღნიშნა.
ცერემონიალი დამთავრებული არ იყო, რომ ხომალდი მთავარი არხით
ქალაქში შევიდა.
ცოტნე გაოცებული უყურებდა წყალში ჩადგმულ ქვის სასახლეებს.
არხებით დაქსელილ ქალაქსა და წყალში უცხო ფრინველებივით მოსრიალე
გონდოლებს.
წმინდა მარკოზის მოედანთან გაჩერდნენ. მთავარი ნახულით აღტაცებას
ვეღარ ფარავდა _ აქ ყველაფერი მართლაც ზღაპრულად ლამაზი იყო, მაღალი
კოშკებიც და უცხო სასახლეებიც, ტაძრებიცა და მარმარით დაფენილი
მოედნებიც.
ქალაქის მოურავი სტუმარს დაემშვიდობა:
_ დღეს დაღლილი ბრძანდებით და მოსვენება გჭირდებათ. თქვენს
განკარგულებაში სასახლე იქნება მსახურებითა და მოახლეებით. ხვალ თავად
153ვენეციის დოჟი გიწვევთ სასახლეში დარბაზობაზე. დანიშნულ დროს მე
თვითონ მოგაკითხავთ და სადარბაზოდ წაგიძღვებით, _ თავაზიანად უთხრა
ვინჩენცომ. ერთიმეორეს დიდი ხნის ნაცნობებივით გამოეთხოვნენ; ცოტნეს
ნავი უკანვე შებრუნდა, მერე ვიწრო არხში შეუხვია და წყალში ჩასულ ფერადი
ქვის კიბესთან გაჩერდა, იმ კიბეზე აუძღვნენ და სამსართულიანი შენობის
სადარბაზოში შევიდნენ. უიმისოდაც ნათელი სასახლე ჭაღებით იყო
გაჩახჩახებული. სტუმრებს მსახურები შეეგებნენ, ბარგი მოართვეს და
დააბინავეს.
მეორე დღეს დოჟების სასახლეში იწვიეს ქართველი მთავარი. დარბაზობის
მოკლე ცერემონიალი მალე დასრულდა და მხარეები მაგიდას მიუსხდნენ
მოლაპარაკების დასაწყებად.
ვენეციის დოჟმა პირდაპირ დაიწყო:
_ ჩვენს მეგობარს ქართველთა მეფეს კარგად უნებებია, რომ ჩვენი კეთილი
ურთიერთობის განმტკიცება ახალი ხელშეკრულებით განუზრახავს.
ქართველთა მთავარმა და მთელმა ქვეყანამ იცის, ვენეციის ხომალდებს
გენუისა და პიზისა ვერ შეედრებიან ვერც თავიანთი საომარი თვისებებით,
ვერც სისწრაფითა და გამძლეობით.
ამასთან, ვენეცია შეღავათსაც ავრცელებს თავის მეგობრებზე და თუ ჩვენ
საქართველოს
სანაპიროს
ზოგიერთი
ნავსადგურის
გადმოცემაზე
შევთანხმდებით, ხომალდების საფასურის გადახდასაც გადროვებთ. ჩვენი
შეთანხმება რომ ორმხრივ სარგებლიანი იყოს, სჯობს ახლავე გაირკვეს თქვენი
და ჩვენი საწადელი: რამდენი ხომალდის შეძენას ფიქრობს ქართველთა მეფე
და რაგვარის ხომალდებით სურს მის უდიდებულესობას თავისი საზღვაოსნოს
აღჭურვა. ამას მნიშვნელობა აქვს, რადგან, როგორც ჩვენ გადმოგვცეს, თქვენს
სამეფოს ჯერჯერობით დიდი სამხედრო ნავსადგური არ გააჩნია და დიდი
საომარი ხომალდების მისაღებად და მოსავლელად სათანადოდ მოწყობილი
ნავსადგომები ჯერჯერობით არა გაქვთ.
სიტყვა «ჯერჯერობით» ორჯერ იხმარა დოჟმა და ორივეჯერ ხაზგასმულად.
ცოტნეს ეჭვმა გაჰკრა, ვენეციელებმა ფაზისის მშენებლობა ხომ არსაიდან
შეიტყვესო.
_ დიდი ნავმისადგომები, როგორც ზღვათა მბრძანებლებს აქვთ, არც
გაგვაჩნია და არც გვჭირდება. ჩვენ მხოლოდ ჩვენი სანაპიროს დაცვა და
გამაგრება გვინდა. ამჟამად რამდენიმე გალერის შეძენის გარდა, თქვენი
გემსაშენების გაცნობა გვაქვს მეფისაგან დავალებული. მე, პირადად, მინდა
შევისწავლო გემთმშენებლობის ხელობა და ამ მიზნით კიდევ თან რამდენიმე
ქართველი ჭაბუკიც მახლავს. ჩვენმა მეფემ იმის რწმუნებაც მოგვცა, ერთი
დიდი გემსაშენის აგებაზე შევთანხმდეთ თქვენთან, თქვენი პირობები
შევიტყოთ და, თუ ჩვენთვის ხელსაყრელად მივიჩნევთ, ასეთი გემსაშენის
ერთობლივი ძალით აგებაზე დავდოთ ხელშეკრულება.
154დოჟმა ქართველთა ყველა სურვილი შეიწყნარა და ქართველ მთავარს
სთხოვა ყველა ეს წინადადება ჯერ დოჟისა და ელჩის მრჩევლებს
დაემუშავებინათ და მოემზადებინათ.
_ ხელშეკრულებათა პირობების საბოლოოდ დადგენამდე ჩვენ კიდევ
შევხვდეთ და მოლაპარაკება განვაგრძოთ. ამ ხნის განმავლობაში, ქართველ
მთავარსა და მის ნაოსნებს ვენეციის საუკეთესო გემსაშენების კარს ფართოდ
გავუღებთ და საშუალებას მივცემთ საფუძვლიანად გაეცნონ და შეისწავლონ
გემთმშენებლობის ჩვენი ხელოვნება.
მოლაპარაკების დასასრულს ფეხზე წამოდგომას რომ აპირებდნენ, დოჟმა
ცოტნეს მიმართა:
_ ხვალ ჩვენი უდიდესი დღესასწაული, ქრისტეს ამაღლების დღეა. ამ
ორასიოდე წლის წინ, როცა დოჟმა პიეტრო ორეოლომ დალმაცია დაიპყრო,
მაშინ გადაწყდა ამაღლების დღე ყოველ წელს ზარზეიმით გვეუქმნა. რომის
პაპმა მაშინ გადასცა დოჟს ოქროს ბეჭედი და უფლის სახელით ვენეცია
საუკუნოდ ზღვაზე დაწინდულად გამოაცხადა. მას შემდეგ ზღვის დაწინდვის
ეს ზეიმი სახალხო დღესასწაულად იქცა. საქართველოს საზღვაოსნოს
ამირბარი სწორედ კარგ დროს ჩამობრძანებულა. დილას ვინჩენცო გეახლებათ
ჩემი გონდოლით და, თუ ინებებთ, ზღვის დაწინდვის ზეიმს ნახავთ. ზეიმზეც
და ნადიმზეც ჩვენი საპატიო სტუმრები იქნებით.
ცოტნემ მადლობა გადაუხადა და აღუთქვა, რომ სიამოვნებით
ისარგებლებდა მისი თავაზიანი წვევით.
საღამოს თავის ამალასთან ერთად სანაპიროზე გაისეირნა, სენმარკოს
მოედანსა და რიალტოზეც გაიარა და შინ დაბრუნდა.
ქართველი მთავრისათვის განკუთვნილი სასახლე მდიდრულად იყო
მოწყობილი. წითელი ხის ავეჯი და ხავერდი, ფარჩა-აბრეშუმის ფარდები და
ქათქათა ლოგინები, მაგიდებზე და თაროებზე ძვირფასი ბროლის ჭურჭელი,
კედლებზე ვენეციელი და უცხო დიდოსტატების ფუნჯით დახატული
სურათები _ ყველაფერი სასახლის პატრონების შეძლებასა და გემოვნებაზე
მეტყველებდა.
ვიწრო ფანჯარაში გაიხედა ცოტნემ.
ვენეციაში ღამე იყო და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თითქო ზღვას
აგრძელებდა, წყალზე გადამდგარი სახლების უამრავი სარკმლებიდან
გამოსული შუქი ზღვაზე ირეკლებოდა და არხებში ფარნებანთებული
გონდოლები დასრიალებდნენ.
ზღვის ჰაერი ღრმად შეისუნთქა მთავარმა, ეამა, ოდიშის ნესტივით რაღაც
შეჩვეული და ახლობელი შეიგრძნო. სარკმელს მოშორდა, ტანთ გაიხადა,
პირჯვარი გადაიწერა და საწოლზე დაეშვა.
დღის შთაბეჭდილებით გაბრუებულმა ცოტა ხანს ფიქრით კიდევ
იბორიალა დოჟის სასახლესა და წმინდა მარკოზის ტაძარში. ერთხელ კიდევ
გაიხსენა ოქროთი და პატიოსანი თვლებით მოჭედილი სვეტები და თაღები,
155ნატიფი მოზაიკითა და მხატვრობით დაფარული ჭერი და კედლები.
დაღლილობა ისე მოერია, თვალის დახუჭვა და დაძინება ერთი იყო.
ერთი პირი ძილი გათავებული ექნებოდა, სიმღერა რომ ჩაესმა და გაეღვიძა.
ყური მიუგდო ნაცნობ ჰანგს. ერთხანს სმენას არ დაუჯერა, თავი სიზმარში
ეგონა.
ვოუ ნანა, დიდავოი ნანა...
მღეროდა ვიღაც საწყლად, გულისმომკვლელად. ცოტნეს ტანს ბუძგები
დააყარა. გაოგნებული ყურს უგდებდა და ვერაფერი მოეფიქრებინა. მარტო
სიმღერა კი არა, ხმაც ნაცნობი იყო. სულში ნაღვლიანად ეღვრებოდა, ათბობდა
და ეალერსებოდა.
სიმღერა თანდათან შორეულად მოესმოდა და თითქმის რომ მისწყდა,
მხოლოდ მაშინ გამოერკვა ცოტნე. ფეხზე წამოიჭრა, სარკმელი გააღო,
მორიდებისა და ყოველგვარი პირობითობის ბორკილი წამით მოეხსნა და
ღამეში გასძახა:
_ რომელი ხარ მანდ, მეგრულად რომ მღერი... ხმა გამეცი, მეც მეგრელი ვარ.
სადღაც შორს ფარნით განათებული გონდოლა ობლად მიირწეოდა.
ეტყობოდა, ცოტნემ ხმა ვერ მიაწვდინა.
_ ეჰე-ჰეეეიიი... _ კიდევ გასძახა მთელი ხმით ცოტნემ და რომ არავინ
გამოეხმაურა, ხელი ჩაიქნია, სარკმელს მოშორდა და ცრემლმომდგარი ლოგინს
დაუბრუნდა.
ვინ უნდა ყოფილიყო ასე გულშიჩამწვდომად, ასე სევდიანად რომ მღეროდა
ნაცნობ სიმღერას? თითქოს ხმაც ნაცნობი იყო და სიმღერაც ასჯერ და ათასჯერ
მოსმენილი. გონებას ძაბავდა ცოტნე, ფიქრით ისევ და ისევ ოდიშის ჭალებს
უბრუნდებოდა, მაგრამ ამაოდ, ვერც იმას იხსენებდა, სად გაეგონა ის სიმღერა,
ვერც იმას სწვდებოდა, ვისი იყო ის ნაცნობი ხმა.
დილას უგუნებოდ ადგა ოდიშის მთავარი. საუზმეზე მხლებლებს ჰკითხა:
_ წუხელ დაღლილებს, ალბათ, დაბანგულებივით გეძინათ.
_ მკვდრებივით გვეძინა, მთავარო. _ ერთხმად მოახსენეს მხლებლებმა.
_ სიმღერა რამ ხომ არ გაგიგონიათ?
_ სიმღერა აქ სულ ისმის, მთავარო. მენავეები თავიანთ გონდოლებს
სიმღერით მიაცურებენ ამ ვიწრო არხებში.
_ იტალიელები სიმღერისთვის გაჩენილები არიან ნამდვილად, რა საქმესაც
არ უნდა აკეთებდნენ და სადაც არ უნდა იყვნენ, ქუჩაში თუ მოედანზე,
ფუნდუკსა თუ აბანოში, ყველგან მღერიან. მაგათი ენაც სასიმღეროდ არის
მოგონილი და დიდი თუ პატარა, ყველა მღერის.
_ მე მაგათი სიმღერა როდი მიკვირს. წუხელ ძილში ჩვენებური სიმღერა
ჩამესმა. ვოუნანას მღეროდა ვიღაც ჩვენებური.
_ ჩვენებური? _ გაოცდნენ ცოტნეს მხლებლები.
_
ნამდვილად
ჩვენებური.
ოდიშარი
უნდა
ყოფილიყო,
ისე
გულშიჩამწვდომად მღეროდა, გულღვიძლი ამომიტრიალდა, ჯერ თავი
156სიზმარში მეგონა და ყურს არ დავუჯერე. გონს რომ მოვედი, დავუძახე, მაგრამ
შორს წასული იყო და ხმა ვეღარ მივაწვდინე.
_ ნუთუ მართლა ჩვენებური ვინმე იყო?
_ აქ ვინ უნდა იყოს ჩვენებური?
_ ვენეციაში მილეთის ხალხი ცხოვრობს და რა გასაკვირია, რომ ერთი
ქართველიც ერიოს. გავიკითხოთ, ეგებ ვინმემ იცოდეს და შეგვახვედროს,
აქაურობის მცოდნე ქართველის პოვნა ჩვენთვის დიდი სიკეთე იქნებოდა.
_ საგანგებოდ გამოვიძიებთ...
_ მიწის ქვეშ რომ იყოს, იქ ვიპოვით. _ ერთპირად აღუთქვეს მხლებლებმა.
_ მე ამაღამ, თუ მთავრის ნება იქნება, თქვენს ოთახში გავათენებ,
ძილფხიზლად ვიქნები და ის ოდიშარი, თუ კიდევ სადმე გამოჩნდა, უთუოდ
ვნახავ, _ ხვეწნით თქვა ანთიამ.
_ ღამის თევა რა საჭიროა, თუ კიდევ გამოიარა, მე თვითონ გაგაღვიძებთ,
მაგრამ, ვაითუ, აღარ გამოჩნდეს! _ დანანებით თქვა ცოტნემ.
კართან მსახური მოდგა და მთავარს ვინჩენცოს მოსვლა აუწყა.
საუზმედ მსხდარნი წამოიშალნენ, ვინჩენცოს შეეგებნენ და სუფრაზე
მოიპატიჟეს.
ვინჩენცომ
ბოდიში
მოიხადა,
დღესასწაულზე
დოჟი
გვიცდის,
დავიგვიანებთო. ქართული ღვინის ეშხმა მაინც წასძლია, სავსე თასი
დაუჯდომლად დაცალა, ზედ ლუკმა დააყოლა და მთავარს მიმართა:
_ ჩემი გონდოლა უკვე მზად არის!
_ წავიდეთ! _ თქვა ცოტნემ, ხმალი გადაიკიდა, სარკეში ჩაიხედა, თმა-
წვერზე ხელი დაისვა და ელჩს კარისკენ ანიშნა.
მოჩარდახულ გონდოლში მოთავსდნენ რბილ სავარძლებზე. გრძელ ნავში
ძვირფასი ხალიჩა ეფინა, მცირე ტაბლაზე სასმელ-საჭმელი ეწყო.
ერთხანს ნელა მისცურავდნენ. ვიწრო არხები სადღესასწაულოდ მორთული
გონდოლებით იყო გაჭედილი, ქუჩებში ათასფრად მოკაზმული ვენეციელების
ჟრიამული იდგა. ყველანი ხმელთაშუა ზღვის იმ ნაპირისაკენ მიიჩქაროდნენ,
სადაც დოჟს ერთხელ კიდევ უნდა ესროლა რომის პაპისაგან ნაკურთხი ოქროს
ბეჭედი და ერთხელ კიდევ ზარ-ზეიმით უნდა აღნიშნულიყო ზღვაზე
ვენეციის დაწინდვის ცერემონიალი.
_ მოწყენილი მეჩვენება ჩვენი მენავე, რატომ არ მღერის? _ იკითხა ცოტნემ.
_ ამ აურზაურში სიმღერას რა გემო აქვს, მთავარო, სიმღერას მყუდროება და
საკუთარ დარდთან ან სიხარულთან მარტო დარჩენა უნდა. ამიტომ მღერიან
ხოლმე მიმწუხრის ჟამს გონდოლიერები, როცა ქალაქის შფოთი დამცხრალია
და დამფასებელს სიმღერის გაგონება შეუძლია.
_ წუხელ გულისძილში წასული გამომაღვიძა საამო სიმღერამ.
_ ჩვენს სატახტოში გვიან ღამე, ფარნები რომ ქრება, მერე სიმღერა
აკრძალულია და, თუ ვინმე ბედავს, სასტიკად ისჯება. _ წარბშეკვრით თქვა
ვინჩენცომ, _ ეგებ ბინის გამოცვლას ინებებდა მთავარი, ან საძინებლის
შეცვლას?
157_ არა, რა სათქმელია. გუშინ დაღლილს ადრე დამეძინა, თორემ არც ისე
გვიან იყო, სიმღერა რომ ჩამესმა, ქუჩებში ჯერ კიდევ ფარნები ენთო, _
შეარბილა პირველად თქმული ცოტნემ და სიტყვა ბანზე ააგდო, _ ღორს რა
უნდა პიაცაზე?! _ ტუჩაბზუებით თქვა და ხელი წმინდა მარკოზის
მოედნისაკენ გაიშვირა.
მოედანზე პატარა ბიჭი სახრით მსუქან ღორს მიერეკებოდა. ღორი
ჭირვეულობდა, გეზს იცვლიდა, უკანვე მორბოდა. გაბეზრებული ბიჭუნა
ბაწრით უკან ექაჩებოდა ურჩ ტახს და თან ხმამაღლა იგინებოდა.
ვინჩენცოს გაეცინა.
_ მაგ მოედნის მარმარილოზე კაციც არ უნდა ადგამდეს ფეხს, თორემ ღორი
რა მანდ გასატარებელია?! _ გაბრაზება ვეღარ დამალა ცოტნემ.
_ ღორს ვენეციელები ადამიანზე ნაკლებ პატივს როდი სცემენ და ეგ სულ
იმ წმინდანის გამო, რომლის სახელსაც პიაცე ატარებს.
_ ეგ როგორ მოხდა? _ იკითხა ცოტნემ.
_ წმინდა მარკოზი რომ ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ეგვიპტეს
გამგზავრებულა, ანგელოსი მიგებებია და უწინასწარმეტყველებია, რომ მისი
სხეულის სამუდამო განსასვენებელი ვენეცია იქნებოდა. წმინდა მარკოზი
ეგვიპტეში ურწმუნოებს მოუკლავთ, მის სხეულს თურმე ალექსანდრიაში
საგანგებო გუშაგი დარაჯობდა, რათა ქრისტეს აღმსარებლებს არ მოეპარათ. ეს
ამბავი ალექსანდრიაში ჩასულ მამაც ვენეციელ მეზღვაურებს შეუტყვიათ და
მარკოზ მახარებლის სხეულის გატაცება განუზრახავთ. დიდხანს უტრიალიათ
წმინდანის ნეშტის მცველისათვის და ბოლოს თავიანთი სურვილი
გაუნდვიათ. ურწმუნო გუშაგს შორს დაუჭერია.
_ რა გაეწყობა, დავიცდით, სანამ წმინდანი თვითონ არ გიბრძანებს ვენეციას
წასვენებას და ამ საქმეზე კრინტსაც აღარავისთან დავძრავთო, _
განუცხადებიათ მეზღვაურებს.
გამოხდა ხანი და ღვთის მიერ ჩაგონებულმა გუშაგმა თვითონ მიაკითხა
ვენეციელთ:
_ როგორ მოვახერხოთ წმინდანის წასვენება ისე, რომ უსჯულოებმა არ
გაიგონ?
_ ეგ ჩვენზე იყოს, _ უთხრეს მეზღვაურებმა.
წმინდანის წასასვენებლად ყველაფერი მოამზადეს, მარკოზის ნეშტი
კალათში გადაასვენეს, ზემოდან კომბოსტოს ფოთლები დააფარეს და
ფოთლებზე ღორის ხორცი დააწყვეს. წმინდანის კუბოში სხვა მიცვალებული
ჩააწვინეს, წმინდანის ტანსაცმლით შემოსეს და კუბო ისევ ისე დაბეჭდეს,
როგორც იყო. შემდეგ კალათით ნეშტი გემზე გადაასვენეს და ანძაზე
დაჰკიდეს, რომ არავინ მისწვდომოდა. აგარიანებმა მაინც ეჭვი აიღეს და
ვენეციელთა გემზე ავიდნენ გასაჩხრეკად. ხომალდის ყველა კუნჭული რომ
გაჩხრიკეს და ვერაფერი იპოვეს, ბოლოს, ანძაზე დაკიდებულ კალათსაც
წაეტანენ. მაგრამ დახედეს და იყნოსეს თუ არა ღორის ხორცი, ცხვირში ხელი
იტაცეს, «ხანზირ, ხანზირო», აყვირდნენ და ზიზღით იქაურობა დასტოვეს.
158ამის შემდეგ ხომალდი ზღვაში გავიდა და ძვირფასი ნეშტი ვენეციას
ჩამოასვენა. წმინდა მარკოზის ნეშტის ეს თავგადასავალი მისივე სახელობის
ტაძრის ფასადზე დაწვრილებითაა აღწერილი. ვინც იმ ტაძარს მოინახულებს,
წმინდა მოციქული შვიდი წლით ათავისუფლებს ცოდვათაგან, ისე რომ, თუ
საამისოდ დროს იშოვის, ქართველ მთავარს ვურჩევდით, ტაძარი
მოენახულებინა და ცოდვათა შენდობა მიეღო.
_ წმინდა მარკოზის ტაძრის უნახავი როგორ დავდგები, ბატონო ჩემო.
ოღონდ ეს მითხარი, წმინდანის ხატთან ერთად მისი ნეშტის გადამრჩენელ
ღორის ქანდაკსაც ხომ არ უნდა ვცე თაყვანი?
_ არა! ღორს საერთოდ ვენეციაში დიდ პატივს სცემენ, მაგრამ
ღორთაყვანისმცემლობამდე როდი მივსულვართ. ქრისტეს სარწმუნოების
წინაშე ღორის დამსახურებაზე თვალს ვხუჭავთ, ყელში დანას ვუყრით ხოლმე
და მერე მის მწვადებს არხეინად შევექცევით.
ვინჩენცოს გონდოლა უზარმაზარ ბარკასს გაუსწორდა. სადღესასწაულოდ
გამოწყობილი დოჟი და მისი ამალა ჩასხდნენ და ბარკასი დაიძრა.
_ ნიჩბის მომსმელებს ხედავ? _ ხელით ანიშნა ვინჩენცომ, _ სულ
დიდებულთა შვილები არიან.
ცოტნე აღტაცებით შეჰყურებდა მდიდრულად მოკაზმულ რჩეულ
ვაჟკაცებს.
წესრიგის დამცველთა მოწოდებით, ვინჩენცოს გონდოლა პირველი მიჰყვა
ლიდოსაკენ მიმავალ ბარკასს.
ლიდოზე ეპისკოპოსი შეეგება დოჟს, სინით დარჩეული წაბლი, წითელი
ღვინო და ვარდები მიართვა. ქვეყნის მეთაურმა ღვინო და წაბლი იგემა,
ვარდები დაყნოსა და ეპისკოპოსს უკვე ნაკურთხი ოქროს ბეჭედი ჩამოართვა.
ეპისკოპოსმა ლოცვა აღავლინა, დოჟმა ხელი აღმართა და ვიდრე ბეჭედს
ისროდა, ლათინურად წარმოთქვა: “Dესპოსამუსნ ტე, მარე, ინ შიგნუმ ვერი
პერპერ-ტუიგუე დომინი შერე ნისსიმაე ღეპუბლიცაე Vენეტაე”.
რაც ძალი და ღონე ჰქონდა, დოჟმა მარჯვენა მოიქნია და ბეჭედი ზღვისკენ
გასტყორცნა. ოქროს მცირე რგოლმა ჰაერში წამით გაიელვა და შორს, ზღვის
სიღრმეში ჩაიკარგა.
_ უფალო, გევედრებით, დაგვიმკვიდრო ჩვენ ზღვა და გარდამოუვლინო
მშვიდობა ყველას, ვინც ზღვაზე დაცურავს!
იტალიურად აღავლინა ლოცვა დოჟმა, მერე ფსალმუნი იგალობა,
ეპისკოპოსს ჯვარზე ემთხვია და თხოვნით მიმართა:
_ მასხურე ნაკურთხი წყალი, ყოვლად სამღვდელოო, რათა განვიწმინდო!
ეპისკოპოსმა წყალი ასხურა დოჟსა და მის მხლებლებს და ყველანი წირვაზე
შევიდნენ.
წირვა რომ დასრულდა, წმინდა მარკოზის ტაძარში მყოფთ ცოდვათა
განტევება მიიღეს.
159დოჟი მოედანზე გამოვიდა და მის წინაშე დღესასწაულის მისალოცად
რიგრიგობით წარსდგნენ ვენეციის წარჩინებულნი, საპატიო სტუმრები და
დიდვაჭრები.
ცოტნეს მამობრივად მოეხვია დოჟი, მოიკითხა და გააფრთხილა, საღამოს
სადღესასწაულო ნადიმზე მეწვიეო. დოჟი და წარჩინებულნი საგანგებოდ
გამართულ კვარცხლბეკზე შედგნენ და დაიწყო აღლუმი.
ჯერ სამხედრო გალერებმა გაიარეს მწყობრად. მეზღვაურები ვენეციის
მფარველის სადიდებელს გალობდნენ, შემდეგ ვენეციის ხელქვეითი
კუნძულების ხომალდები მიჰყვნენ თავთავიანთი დროშებით და ამით
მეზღვაურთა აღლუმი დასრულდა.
მოედანზე ვენეციელი მოქალაქენი შემოვიდნენ. ხელოსნები თავთავიანთი
ამქრის დროშებით მოაბიჯებდნენ აღლუმზე და ის დროშები ამქრის უხუცეს
ოსტატთ მოჰქონდათ.
პირველად მჭედლები შემოვიდნენ მოედანზე, მაღლა ამართული
ჩაქუჩებითა და ლითონისაგან გაჭედილი საკრავებით.
მჭედლებს ქურქებისა და ბეწვეულის მოხელეები მოჰყვნენ, ტანთ ყარყუმი
და სიასამური ეცვათ და თავზეც ძვირფასი ბეწვის ქუდები ეხურათ.
ფეიქრებს აფრიანი ხომალდების ოსტატები მოუძღოდნენ ქათქათა თეთრ
სამოსში გამოწყობილნი.
მქსოველებმა და მკერავებმა სიმღერითა და ცეკვით გაიარეს და
მაყურებლებს ათასგვარი ქსოვილისა და ძვირფასი ნაქარგის ხელოვნება
აჩვენეს.
ოქრომკედის მქსოველებს თავს მარგალიტებით შემკული ოქროს
გვირგვინები ეხურათ და წინ ძვირფასი ქსოვილებით შემოსილი ბავშვები
მიუძღოდათ.
ფეხსაცმლის მკერავთა ამქარს აბრეშუმისა და ხავერდის, სანოვაგისა და
ყველის, ფრინველისა და თევზის ვაჭრები მოჰყვნენ, მდიდრულად მორთულ-
მოკაზმულ ზარაფებს, დალაქებს და შუშის ოსტატებს ფარნებისა და
სავარცხლების მოხელეები მიჰყვნენ. ამ უკანასკნელთ ფარნებში თურმე
უამრავი ფრთოსანი ჰყავდათ. დოჟს რომ გაუსწორდნენ, ფრინველებს კარები
გაუღეს, ჰაერში ათასგვარი ჩიტი დატრიალდა ფერად-ფერადი ფრთების
ფარფატით და მაყურებლებს სიხარულის შეძახილები აღმოხდათ.
ხელოსანთა მსვლელობას ოქრომჭედელთა ამქარი აგვირგვინებდა.
ოქრომჭედლებს ფასდაუდებელი სიმდიდრის ტანსაცმელი ემოსათ, თავს
ოქროს გვირგვინები ედგათ. ოქროს ყელსაბამები და გულქანდები ეკიდათ და
სამოსიცა და სამკაულებიც თვალისმომჭრელად ჰქონდათ გაწყობილი
ყოველგვარი პატიოსანი თვლებით.
ცოტნე გაოცებული იყო, არა იმდენად სამხედრო აღლუმით. ვენეციის
სამხედრო ძლიერებაზე მანამდეც ბევრი სმენოდა და აღლუმზე გამოსული
ხომალდების რიცხვი და აღჭურვილობაც გაგონილთან შედარებით
მოკრძალებულიც ეჩვენა.
160მას უფრო მეტად ვენეციელი ხელოსნების სიმდიდრე ანცვიფრებდა,
ესოდენ ძვირფასი ტანსაცმლით, ოქროთი და პატიოსანი თვლებით რომ იყვნენ
მორთულ-მოკაზმულნი.
ქართველმა მთავარმა თავისი აღტაცება ვერ დამალა და ვინჩენცოს
გადაულაპარაკა:
_ თუ ოსტატები და უბრალო ხელოსნებიც ეგზომ მდიდრები არიან, ჩანს,
ვენეციაში ღარიბი აღარავინ ყოფილა.
_ არც არავინ არი, მთავარო. ან კი რად უნდა იყვნენ ღარიბები, როცა მთელი
ქვეყნის სიმდიდრე და ქონება უწყვეტ ნაკადად მოედინება ზღვათა
მფლობელი ვენეციისაკენ, _ თავმომწონედ თქვა მოურავმა და ხელით
ნაპირისკენ აჩვენა, _ ჩვენი ნავსადგურები ქვეყნის ყოველი კუთხიდან
შემოსული გემების დაცლას ვერ აუდიან, თუ სადმე ან დიდებული სასახლეა,
ან ხელოვნების რაიმე ძვირფასი ნიმუში, ჩვენს გემებს ვენეციისაკენ მოაქვთ და
ოსტატები მათთვის ადგილის შერჩევას, მათ აღმართვასა და ქალაქის
კუთვნილებად ქცევას ვერ ასწრებენ.
ცოტნემ ადრეც შენიშნა სანაპიროს გაყოლებით დახვავებული მარმარილოს
ფერად-ფერადი სვეტები და თაღები, ბრინჯაოს ძეგლები, ხისა და ლითონის
ძვირფასი ნაკეთობანი. ერთ დროს მსოფლიოს სხვადასხვა სატახტოების
ტაძართა და სასახლეთა მშვენებად ცნობილი ეს ძეგლები ახლა ვენეციელებს
სამხედრო ნადავლად შემოეზიდათ და ასე უანგარიშოდ, ან ოქროთი ეყიდათ
და ხელოსნებითა და ოსტატების სიმრავლით განთქმულ რესპუბლიკას დრო
და ხელი აღარ ყოფნიდა შესაფერის ადგილზე ღირსი ბრწყინვალებით მათ
დასაბინავებლად.
დღესასწაული დიდი ნადიმით დასრულდა და ცოტნე რომ შინ დაბრუნდა,
მზე ჩასული იყო.
წმინდა მარკოზის მოედანზე სადღესასწაულო ბაზრობა გაემართათ.
სადაური და რა საქონელი უნდა გენატრათ, იქ რომ არ ყოფილიყო. ღვინო,
ლუდი და არაყი ყოველ კუთხეში იყიდებოდა. იქვე სვამდნენ და ჭამდნენ,
ყიდდნენ და ყიდულობდნენ და, იტალიურს გარდა, კიდევ მრავალ ენაზე
ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ისეთი ყაყანი და ღრიანცელი იდგა, ყურთასმენა
აღარ იყო.
_ ეს ბაზრობა ყოველ წელიწადს იმართება სენსას დღესასწაულის შემდეგ და
თითო კვირა გრძელდება. დღეისსწორამდე ვენეციელები ასე იტრიალებენ
ბაზარ-ბაზარ. ამ ერთ კვირას ყიდვასა და გაყიდვას მოანდომებენ და სხვა
საქმისთვის თითქმის აღარავის ეცლება.
_ მთელი კვირა რა უნდა ივაჭრონ? _ გაუკვირდა ცოტნეს.
_ რა უნდა ივაჭრონო? _ დედამიწის ზურგზე თუ რამ ნაყოფი და ნახელავია,
ამ დღეებში ყველაფერი აქ იყრის თავს და, რომ იტყვიან, ჩიტის რძესაც კი
იშოვი. რაც ქვეყანაზე ვაჭარი და საქონელია, ყველა აქეთ მოედინება,
ერთიმეორეს ასწრებენ მუშტრის მიზიდვას და არნახული სიიაფეც არის.
161ლამაზ სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი ვენეციელები
სასმელსა და სამორინოებს ეტანებოდნენ, უწმაწურად იგინებოდნენ და
ხმამაღლა მღეროდნენ.
სანაპიროს გასცდნენ, ვიწრო-ვიწრო ქუჩები და არხები თითქოს ერთი
მიმართულებით მიედინებოდნენ, რომ უცებ რიალტოზე ამოეყოთ თავი.
რიალტო ვენეციის სული და გული იყო. ერთიმეორეზე გადაბმულ
ფარდულებთან ხალხი ბუზივით ირეოდა. ადგილობრივი ვაჭრები და შორით
მოსული მექარავნენი, დალალები და მოგზაურები მთელი ქვეყნის ამბებს
ჰყვებოდნენ, თავთავიანთ საქონელს ხმამაღლა აქებდნენ და ერთიმეორეს
ხელიდან გლეჯდნენ მუშტრებს.
ლამაზად გამოწყობილი, გულმკერდმოღიავებული სიძვის დიაცები
ურცხვად ეკიდებოდნენ მამაკაცებს.
მდიდრულად გამოწყობილ ცოტნეს აედევნენ, ხან მხარი გაჰკრეს, ხან წინ
გადაეღობნენ.
_ სასტუმროს სახლთან ყოველ საღამოს ბუზივით ირევიან. ლამის კარი
შემოგვიმტვრიონ მე და ჩემს მხლებლებს.
_ საღამოს, მას შემდეგ, რაც წმინდა მარკოზის მწუხრის ზარი დაჰკრავს,
კახპები ვალდებულნი არიან, მათთვის საგანგებოდ მიჩენილ ულანში _
კასტალეტოში მოიყარონ თავი და ქალაქში არ იხეტიალონ. მაგრამ როსკიპები
კი არა, პატიოსნებიც აღარ დაგიდევენ კანონს და, აქედან თუ არ გავასწარით,
ამდენ მთვრალ ხალხში რამე უსიამოვნებას გადავეყრებით, _ ღიმილით თქვა
ვინჩენცომ, ცოტნეს მკლავში ხელი ჩაჰკიდა და რიალტოდან გავიდნენ.
შინ რომ დაბრუნდა, ორი უცნობი ელოდა.
_ მთავარს, ალბათ, აღარ ვახსოვარ, _ დაიწყო მათგან უფრო ხანშიშესულმა,
_ ნიკოლო ბოლონჩინი გახლავართ, ამ ორი წლის წინათ ვიყავი ქართველთა
მეფის კარზე გენუის პოდესტას დესპანად.
_ აა! მახსოვხართ, როგორ არა! _ შუბლი გაეხსნა ცოტნეს, _ დაბრძანდით...
დაბრძანდით.
სტუმრები სავარძელში დასხდნენ ცოტნეს პირისპირ.
_ ახლა, ვენეციაში გზად გამოვლილმა გავიგე თქვენი აქ ყოფნა და
გადავწყვიტე, მომენახულებინეთ, თან მცირე ძღვენიც მოგართვით _
ჩვენებური ღვინო და შალეული, აღმოსავლეთის შორეული ქვეყნებიდან ჩვენი
მამაცი მეზღვაურების მიერ ჩამოტანილი სპილოს ძვლისა და ოქრო-ვერცხლის
ნაკეთობანი, _ ნიკოლომ ანიშნა და მეორე გენუელმა მასპინძელს ძღვენი
მოართვა.
_ რათ წუხდებოდით, რა საჭირო იყო! _ ეუხერხულა მთავარს ესოდენ
ძვირფასი ძღვენის მიღება.
_ რა შეწუხებაა! შემთხვევით, გზადგამოვლილს რომ არ შემეტყო თქვენი
მობრძანება და საგანგებოდ თქვენს სანახავად ჩამოვსულიყავი, ასე მცირე
მოსაკითხს არ დავჯერდებოდი.
162სტუმარი ენაწყლიანი აღმოჩნდა, ერთი რომ დაიწყო, აღარ გაჩერდა, ცისას
და ბარისას მოჰყვა და ბოლოს ცოტნეს მთავარი სათქმელი შეაპარა:
_ თუ საქართველოს ხელმწიფე ხომალდების შეძენას აპირებს, გენუაზე
იაფსა და ხარისხოვანს ვერსად იპოვის. აქაური ფასი გაიგეთ, ჩვენ იმ ფასზე
ერთი წილით ნაკლებად უკეთ გამართულ გემებს მოგცემთ. ჩვენ ახლა
ვენეციაზე ბოროტი მტერი აღარავინ გვყავს, თუ ნავმისადგომის, ან გემსაშენის
გამართვას აპირებთ, მაგას ჩვენც ვიკისრებთ სხვაზე შეღავათიანად. ესეც
იცოდეს ქართველმა მთავარმა, გენუა ვერ მოითმენს, რომ შავი ზღვის
ნაპირებზე, სადმე კიდევ მოიდგას ფეხი ვენეციამ. ჩვენ მათ ყირიმიდან
ვერეკებით და საქართველოს ნავსადგურებში არამც და არამც არ შევუშვებთ.
ისე კი არ გამიგოთ, ვითომ ვისმე ვემუქრებით. საქართველოს ხელმწიფე
თვითმპყრობელია და თავის წილ ხმელეთსა და ზღვას, როგორც სურს, ისე
განაგებს. მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, ვენეციას ახალი ნავსადგურებში
ფეხს არ ჩავადგმევინებთ და სადაც უკვე ფეხი უდგას, იქიდანაც
ამოვაკვეთინებთ.
ცოტნემ პირდაპირი პასუხი არაფერზე გასცა გენუელ ელჩს, საქმეზე
ლაპარაკს მოერიდა და საუბარი სანახევროდ ხუმრობით წარმართა.
ბოლონჩინიმ იმ საუბრიდან სარგებელი ვერა გამოიტანა რა, საქმეზე
დაგვიანება მოიმიზეზა, მასპინძელს ძილი ნებისა უსურვა და ფეხზე წამოდგა.
_ ერთხელ კიდევ მოგინახულებ, მთავარო, როცა დოჟთან მოლაპარაკებას
დაასრულებთ. მანამ გენუის მმართველებსაც მოვეთათბირები და, ვინ იცის,
ეგებ ჩვენს რესპუბლიკასაც ეწვიოთ უკეთეს პირობებზე ხელშეკრულების
დასადებად.
_ ვნახოთ, ბატონო ელჩო, ჯერ კიდევ დროა და, როგორც ჩემი ხელმწიფის
ბრძანება იქნება, ისე მოვიქცევი.
წასვლისას ცოტნემ სამაგიერო საჩუქრები უძღვნა გენუელ სტუმარს, მისი
რესპუბლიკის მიმართ ქართველთა კეთილგანწყობილი დამოკიდებულება
ერთხელ კიდევ დაუმოწმა და მეგობრულად დაემშვიდობა.
ის იყო, დასაწოლად ტანზე გახდას შეუდგა ცოტნე, რომ კარზე ვიღაცამ
დააკაკუნა.
_ რომელი ხარ? _ იკითხა ცოტნემ და ხალათს ხელი წამოავლო
გადასაცმელად.
კარი გაიღო და ოთახში გაფითრებული ანთია შემოვიდა.
_ მაპატიე, მთავარო, უდროო დროს რომ შემოგეჭერი, _ ქლოშინით თქვა
ანთიამ, სული ყელში მოებჯინა და სიტყვა გაუწყდა.
_ რა ამბავია, უჩა? დაჯექი, სული მოითქვი, წყალი დალიე, _ ცოტნემ
ბროლის სურა მიაწოდა, ანთიამ ჩამოართვა, წყალი მოსვა...
_ დაჯექი, დაჯექი... _ ძალით დასვა ცოტნემ, _ ახლა დამშვიდებით მიამბე,
რა მოხდა.
_ წმინდა მარკოზის მოედანზე შევრჩი და უბედურებას შევესწარი.
163_ რა უბედურებას, ვაჟო?
_ ვიღაც დამნაშავე წელამდე გაეშიშვლებინათ, ხელფეხგაბაწრული გრძელ
ნავში ჩაესვათ და გავარვარებული მარწუხებით ხორცს გლეჯდნენ.
_ რას ამბობ, კაცო! _ შეწუხდა ცოტნე.
_ წამებული საცოდავად იგრიხებოდა, კვნესოდა, ტიროდა და მეგრულად
ეძახდა მშველელს.
_ მეგრულად?
_ ჰო, ბატონო! ჩვენებურად გაჰყვიროდა; ნანა, მიშველეო, ჯიგარი დამეწვა
მისი საცოდაობით.
_ მერე... მერე...
_ მერე ნაპირზე გადმოათრიეს უბედური და ხის გალიაში ჩასმა დაუპირეს.
აქ ასე ცოდნიათ დამნაშავისათვის, თურმე ხის გალიაში სვამენ დამნაშავეს,
წმინდა მარკოზის კამპანილის წვერზე ჰკიდებენ ხალხის საფურთხებლად და
დასაცინად და, მხოლოდ წყალსა და პურის მცირე ნატეხს აძლევენ, რომ
შიმშილით არ მოკვდეს. გალიისკენ რომ მიათრევდნენ, კიდევ უფრო
საბრალოდ აყვირდა, სულ მეგრულად მოთქვამდა და ღმერთსა და ნანას
უხმობდა საშველად. გულზე ცეცხლი მომეკიდა, მწვალებლებს მივვარდი და
გამოგლეჯა მინდოდა, მაგრამ არ მიმიშვეს და, კინაღამ მეც გამთოკეს. რაკი
იმათთან ვერაფერს გავხდი, წამებულის პატრონს შევევედრე, დამნაშავე
ჩემთვის მოეცა და რამდენიც უღირდა, ორი იმდენად მოეყიდა. ჯერ შორს
დაიჭირა, მერე თანდათან მოლბა და თავის მოძულებულ ყმას ფასი დაადო.
ახლა, შენსკენ გამოვიქეცი, მთავარო, გევედრები, უშველო ჩვენს სისხლხოცს...
შენი ჭირიმე, უარს ნუ მეტყვი, წამომყევი და გამოისყიდე... _ ანთია იატაკზე
დაემხო და ცოტნეს მუხლებზე მოეხვია.
_ რა ვედრება გინდა, ადექი, ახლავე წავიდეთ.
უჩამ ფეხები დაუკოცნა მთავარს, თვალცრემლიანი წამოდგა.
ცოტნე ტანთ სწრაფად იცვამდა. ღილები შეიკრა, ქამარხანჯალს ხელი
დაავლო და ისე გავარდა გარეთ.
_ ვიჩქაროთ, დროზე მივუსწროთ.
_ დამიცდიან, ფიცით აღვუთქვი, რომ ერთ საათში მივუტანდი დათქმულ
საფასურს.
_ ნეტა, მართლა ჩვენებურია?
_ კი, ნამდვილად ჩვენებურია, გონდოლიერად ჰყოლია პატრონს.
_ იქნებ ის არის, წუხელ რომ მღეროდა?
_ შეიძლება ის იყოს... პატრონს კონსტანტინოპოლის ბაზარზე ჰყოლია
ნაყიდი.
წმინდა მარკოზის მოედანზე სირბილით მივიდნენ. მეგრელი ყმის პატრონს
მუხლი მუხლზე გადაედო, ბრწყინვალედ ჩაცმულ-აღკაზმული უცხოელის
დანახვით, ცოტა არ იყოს, შეკრთა, ფეხზე წამოდგა და თავის დაკვრით
მიესალმა.
_ რამდენად მორიგდით? _ ჰკითხა ცოტნემ.
164_ თვითონ გეტყოდა, _ ღიმილით თქვა ვენეციელმა.
ცოტნემ ქისა ამოიღო, ოქრო გადაუთვალა.
_ მშვიდობაში მოგახმაროს, _ დალოცა პატრონმა, _ ღონიერი, ამტანი
ვაჟკაცია და ჯერ კიდევ დიდხანს გაგიწევს სამსახურს, ოღონდ, ერთს გირჩევ,
ცოლი ან ქალიშვილი თუ გყავს, მათ ახლოს არ გააკარო.
სასჯელისაგან დახსნილი მეგრელი საკაცეზე დააწვინეს და ისე
წამოიყვანეს. ცოტნემ მკურნალი ახმობინა. ექიმმა მარწუხებით ნაძიძგნი
სხეული დაუზილა, მალამო დაადო და ნაწამებმა, როგორც იყო, დაიძინა.
ნაშუაღამევს გაეღვიძა. თვალი უნდოდ მოავლო საწოლთან ჩამომსხდარ
უცნობებს.
_ სად ვარ? _ იკითხა იტალიურად.
_ შენიანებთან ხარ, ნუ გეშინია, _ მეგრულად უთხრა ცოტნემ და დაუყვავა,
_ აწი ნუღარაფრისა გეფიქრება, შენი პატრონისაგან თავდახსნილი ხარ და
აუგად თითსაც ვერავინ დაგაკარებს.
_ ნუთუ მართლა ჩვენიანებთან ვარ, ოდიშში?
_ ნამდვილად შენიანებთან ხარ და ნუღარაფრისა გეშინია.
_ გალია? გალიაში აღარ ჩამსვამენ? _ წამოიწია, აღგზნებული და სიცხიანი
თვალები იქ მყოფთ მიაშტერა.
_ ვეღარც გალიაში ჩაგსვამენ და ვეღარც გაწამებენ. დღეიდან შენ უკვე
ქართველი მთავრის მსახური ხარ და ვაგლახად ხელს ვერავინ გახლებს.
_ მადლობა უფალს! _ ოხვრა აღმოხდა ნაწამებს და ლოგინზე დაეშვა.
ანთია საწოლზე დაიხარა და ჩაჰკითხა:
_ სადაური ხარ, ან აქ რამ მოგიყვანა, ძმობილო?
_ მე ოდიშარი ვარ, შერგილ დადიანის ყმა. _ დაიწყო თვალმიხუჭულმა და
იქ მყოფებმა ერთიმეორეს გადახედეს.
_ დედაჩემი მთავრის შვილების ძიძა იყო და მეც მათთან ერთად ბატონის
სასახლეში ვიზრდებოდი. ბატონიშვილებზე ცოტა უფროსი გახლდით, მაგრამ
დღე და ღამე ერთად ვიყავით და ორივე თავზე მეტად მიყვარდა. მერე
მთავრის სასახლეში უბედურება დატრიალდა, მე დარდისაგან გაოგნებულმა
თავის დახრჩობა მოვინდომე და მდინარეში გადავხტი. წყალწაღებული, გზად
გამოვლილ სომეხ მექარავნეებს დავუნახივარ და დახრჩობას გადავურჩენივარ.
რაკი სიკვდილს გადამარჩინა, ქარავანბაშმა თავის საკუთრებად ჩამთვალა, თან
წამიყვანა და ცოტა ხნის შემდეგ კონსტანტინოპოლის ბაზარზე გამყიდა.
ღარიბმა ფრანგმა ჯვაროსანმა მიყიდა. თავადაც ბევრი არაფერი ჰქონდა და მეც
სანახევროდ მაშიმშილებდა. მერე ის იყო, ბულგარეთში სალაშქროდ წავიდა
და მეც თან წამიტანა. იქ სახადი დამემართა და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.
საიქიოს გზიდან მობრუნებული, დასუსტებული და გაძვალტყავებული, იქვე
გამყიდა ჩალის ფასად. ჩემი ახალი პატრონი _ ვენეციელი ვაჭარი, შეძლებული,
კეთილი კაცი აღმოჩნდა. მეც, რაც შემეძლო თავდადებულად ვემსახურე, ჩემს
ერთგულებას რომ ხედავდა, დამიახლოვდა და მომენდო, ჩემგან დაფარული
და საიდუმლო აღარა ჰქონდა რა და, ალბათ, ასე შევაბერდებოდით
165ერთმანეთს, რომ ჩვენს შორის მისი ცოლი არ ჩამდგარიყო. ამ ერთი წლის
წინათ ჩემმა პატრონმა ახალგაზრდა ცოლი მოიყვანა, ჯვარდაუწერლად,
როგორც ვენეციაში იციან. ეს უკვე მისი მესამე ცოლი იყო. ვენეციელი ქალები
ბუნებით ავხორცები არიან და ეს ახალგაზრდა ცოლიც არ დაჯერდა თავის
ხანშესულ ქმარს. ამ დაწყევლილ ვენეციაში, ალბათ, გეცოდინებათ, საცვლები
არ იციან და ღამე შიშვლებს სძინავთ. ტანს იშვიათად იბანენ, მაგრამ, როცა
აბანოში მიდიან, ქალი და კაცი ერთად შიშვლდება და იბანს, ერთმანეთისა არ
რცხვენიათ და, პირიქით, ერთმანეთს ჭუჭყის გაცლაში ეხმარებიან. ჰოდა, მე
უბედურს ტანის ბანის დროს დამადგა თვალი ჩემი პატრონის ცოლმა, ჩემი
ნდომით განიმსჭვალა, შემიჩნდა და იმ დღიდან მოსვენება აღარ მომცა.
პატრონის ღალატი და თავის მოჭრა არ ვიკადრე, დედაკაცის ვნებას არ ავყევი,
როგორც შემეძლო ვეკრძალებოდი, მასთან მარტო არ ვრჩებოდი და
კეთროვანივით გავურბოდი. ბოლო დროს, სირცხვილი და მორიდება სულ
დაკარგა, პირდაპირ იერიშზე გადმოვიდა და გზა აღარ მომცა. ვატყობდი, ამ
საქმეს ცუდი ბოლო მოჰყვებოდა, უამისოდაც სულ იმას ვოცნებობდი,
როგორმე ჩემს ქვეყანაში დავბრუნებულიყავი და განსაცდელში ჩავარდნილმა
გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა საქართველოში გავპარულიყავი.
თუ რამ ნაშოვარი მქონდა, ოქროდ ვაქციე, ერთ ბერძენ ვაჭარს მოვურიგდი,
ტრაპიზონს უნდა ჩავეყვანე. ფული წინასწარ გადავუხადე და დათქმულ დღეს,
გასაპარავად რომ ვემზადებოდი, ჩემი პატრონის გადასაცემად წერილი
დავწერე. წერილში მადლობას ვუხდიდი ამაგისათვის, ჩემზე გაწეულ ხარჯს
ფულად ვუბრუნებდი და პატიებას ვთხოვდი. ჩემს მისანდო კაცს ვეზრახე, იმ
წერილს და ფულს მაშინ გადასცემდა, მე რომ ვენეციიდან მიუწვდომლად
შორს ვიქნებოდი.
ყველაფერი რომ მზად მქონდა, სწორედ იმ დღეს დამიმარტოხელა ჩემმა
ქალბატონმა, მე თავს ვუშველე და, დათქმულ დროზე ადრე მივაშურე ბერძენი
ვაჭრის ხომალდს. გაწბილებულმა დედაკაცმა, ალბათ, იფიქრა, ქმართან
დასმენა არ მომასწროსო და თვითონ დამაბეზღა, ძალით ნამუსის ახდა
მომინდომაო. ჩემი უმადურობითა და გაუტანლობით აღშფოთებულ პატრონს
თმა-წვერი დაუგლეჯია, მდევრები ფეხზე დაუყენებია და მაშინვე
ნავსადგურში გასამგზავრებელ გემებს მისტანებიან. ალბათ, გამცემიც
გამოჩნდა და ჩემს სამალავში მომაგნეს. გაჩხრეკისას პატრონისათვის
დასატოვებელი წერილი მიპოვეს და იმ წერილით საბოლოოდ ირწმუნეს ჩემი
ღალატი. განრისხებულ პატრონს იქვე უნდოდა მოვეკალი, მაგრამ
ხელისუფლებმა ჩემი თავი არ დაანებეს და წმინდა მარკოზის მოედნისაკენ
წამიყვანეს, რათა საჯაროდ მძიმე სატანჯველით დავესაჯე. დანარჩენი თქვენ
უკვე იცით... მე უგონოდ ვიყავი და აღარაფერი მახსოვს.
_ ახლა ვისთანა ხარ, არ იკითხავ? იცი ვინ არი შენი მხსნელი და
გამომსყიდველი?
_ მე საიდან მეცოდინება, ბატონო? _ საწყლად მიაჩერდა ცოტნეს მისი ახალი
მონა.
166_ შენ თუ მართლა ოდიშის მთავრის ოჯახში ხარ ნამყოფი, კი უნდა ცნობდე
ჩვენს ბატონს.
ცოტნე და მისი ახალი ყმა დაჟინებით მიაშტერდნენ ერთმანეთს.
_ მე პატარა წამოვედი ოდიშიდან და იქაურებს ვეღარავის ვიცნობ, ალბათ...
ეს ბატონი ჩვენს მთავარს კი გავს, მარა შერგილ ბატონი უსინათლო იყო და
ახლა უფრო ხნიერიც იქნებოდა.
_ გუგუტა ხომ არა ხარ, ბოში? _ ხმის კანკალით იკითხა ცოტნემ.
_ ჰო, ბატონო! გუგუტა ვარ, მე თვალ დასავსები, მარა შენ...
_ მე ცოტნე ვარ, გუგუტა, ცოტნე... _ ამოილუღლუღა ცრემლმოძალებულმა
მთავარმა და გულში ბავშვივით ჩაეკრა ამდენი ხნის გამოტირებულ
ძიძიშვილს.
ერთ თვეს გრძელდებოდა ხოლმე ვენეციის სადღესასწაულო ბაზრობა.
ქართველ მთავარს ვინჩენცოს პირით აცნობეს, იმ ერთ კვირას ვენეციის
ხელისუფლებსაც, აღებმიცემისა და ვაჭრობის გარდა, სხვისთვის არაფრისთვის
ეცალა და დადიანსაც თავაზიანად ურჩიეს, თვითონაც ესარგებლა ვენეციის
ბაზრის საზღაპრო სიუხვითა და სიიაფით.
თავის მხრივ, ცოტნეც არ ჩქარობდა დიდად, ხომალდების შესყიდვის
გარდა, მას ვენეციის სახელმწიფოს საიდუმლო საგარეო გეგმების შეტყობაც
ჰქონდა დავალებული. ქართველ მთავარს განსაკუთრებით იმის მიკვლევა
სურდა, თუ რა ადგილი ჰქონდა იმ გეგმებში საქართველოს სახელმწიფოსთან
მომავალ ურთიერთობას, ნამდვილად ქართველთა მეფის მოკავშირეობა
სურდა ვენეციის დოჟს უსჯულოთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომში, თუ
საქართველოს მიმართაც ისეთივე მტაცებლური ზრახვები ამოქმედებდა,
როგორიც ერთმორწმუნე ბერძნების დარბევისას გამოამჟღავნა.
გუგუტას პოვნამ არა მარტო ვენეციის ყველა კუნჭულში შეღწევა
გაუადვილა ცოტნეს, მთავრის ძიძიშვილს იტალიური მშობლიურ ენაზე მეტად
ემარჯვებოდა, ზღვათამპყრობელ სატახტოშიც კარგი ნაცნობობა ჰქონდა და
საქართველოს მეთაურს საჭირო ხალხთან დაახლოებას უადვილებდა.
უქმად ჯდომას უქმად სიარული არჩია ცოტნემ. მთელი დღე ვენეციის
ქუჩებში დაეხეტებოდა, ახალ-ახალ უბნებს ეცნობოდა, ყველაფერს მუშტრის
თვალით სინჯავდა, აკვირდებოდა და საღამოს შინ მობრუნებული დღის
შთაბეჭდილებას დაწვრილებით იწერდა.
სახელოსნოები ღია ცის ქვეშ მუშაობდნენ. მაყურებლების თვალწინ
ქსოვდნენ ძვირფას ფარჩასა და აბრეშუმს ვენეციელი ფეიქრები. ვერცხლითა
და ოქრომკერდით ნაქსოვი ტილო და ხავერდი თვალისმომჭრელი
ბრწყინვალებით გადმოდიოდა დაზგებიდან, ხოლო საქვეყნოდ განთქმული
ნაქარგი
ვენეციური
ქსოვილები
დაუსრულებლად
მოუთხრობდნენ
მაყურებლებს ნადირობასა და ნადიმებზე, წმინდანების ცხოვრებასა და
ქვეყნის საოცრებაზე, სიყვარულის ძალასა და სიკვდილის გარდუვალობაზე.
167საქართველოში მომრავლებული ქართველი და სომეხი, სპარსელი და
ბერძენი ოქრომჭედლების მშვენიერ ნახელავზე თვალგაჩვეულ ცოტნეს მაინც
აოცებდა ვენეციელი ხელოსნების უცხო ოსტატობა, მათი ნამუშევრის
სინატიფე, მინანქრების სინაზე და ოქრო-ვერცხლის ჭურჭლის იშვიათი
ნაირნაირობა.
საათობით იდგა ცოტნე სამჭედურებთან და ლითონის სადნობ
ბრძმედებთან.
მის თვალწინ ყიდულობდნენ რჩეულ იარაღსა და საომარ აბჯარს
მოხეტიალე დასავლელი რაინდები და იერუსალიმს ცოდვათა მოსანანიებლად
მიმავალი მორწმუნენი, თავათაც იმ იარაღთაგან საუკეთესოს არჩევდა და
საქართველოში ნიმუშად წასაღებად ყიდულობდა.
ხელოსანთაგან ყველაზე გასაოცრად შუშის მკეთებლები ეჩვენებოდა.
გრძელი მილის ბოლოს გავარვარებულ, გადამდნარ სითხეში ჰყოფდნენ ეს
ჯადოქარი ხელოსნები, იმ ბოლოზე დაკიდებულ გამდნარ მინის ბუშტს
უცნაურად აქანავებდნენ ჰაერში და მილის ბოლოზე სითხის მატებით,
მაშებითა და მაკრატლებით ათასგვარი ჭურჭლისა თუ საგნის სახეს
აძლევდნენ ამ პატარა ბუშტს, რომელიც ასე მორჩილად ჰყვებოდა ოსტატის
ხელსა და სურვილს.
მხოლოდ ეს იყო საგულისხმო, რომ სხვა სახელოსნოთაგან განსხვავებით,
შუშისა და ბროლის საწარმოებთან ახლო მისვლა არ შეიძლებოდა, მათი
სამუშაო მოედანი ლითონის ღობით იყო მოზღუდული, ხოლო ქვიშის სითხედ
ქცევის მთელი მსვლელობა შიგნით, კედლებს იქით ხდებოდა, რათა
ვენეციელი ოსტატების ეს საქმიანობა გარეშეთაგან არავის დაენახა და მათი
ნახელავის საიდუმლოება არავის გაეგო.
* * *
ლასენსას კვირეულიც მიიწურა.
ორშაბათ დილას ვინჩენცომ მოაკითხა ცოტნეს, ერთად ისაუზმეს და
გონდოლით გემსაშენისკენ წავიდნენ.
_ დღეს არაუშავს, მთავარო, ალბათ, არ იმუშავებთ და მხოლოდ
დათვალიერებას მოუნდებით, ხვალისთვის კი ამ ძვირფასი ტანისამოსით
ნუღარ მოიკაზმებით. რაკი სამუშაოდ გემსაშენში თქვენივე სურვილით
მიდიხართ, ტანსაცმელიც სამუშაოს შესაფერისი უნდა გეცვათ... მართლა! _
ხმადაბლა დაიწყო მცირე პაუზის შემდეგ ვინჩენცომ, _ ამაღლება დღეს
ვერაფერი სტუმარი გყოლია. საიდან მოგაგნო იმ ბებერმა მელამ?
ცოტნე გაშრა. იცოდა, რომ ვენეციელები სულ უმეთვალყუროდ არ
გაუშვებდნენ, მაგრამ თუ დღედაღამ უთვალთვალებდნენ, ეს კი არ ეგონა.
_ ასე დაძრწის ქალაქ-ქალაქ და ქვეყნის ამბებს იგებს. რაო, ხომალდების
მოყიდვა და გემსაშენის აგება შემოგთავაზა, არა?
_ მაგის ნათქვამს რა ძალა აქვს, ან ყურს ვინ უგდებს! _ ცოტნემ სცადა
ბოლონჩინის სტუმრობა უმნიშვნელო ამბად წარმოედგინა.
168_ ყველგან აგრე გვეჩრებიან. ახლა, ეს ერთი ხანია, შავ ზღვაშიც შემოჰყვეს
ცხვირი და ყირიმს გვეცილებიან თავიანთი მოკლე ჭკუით. მაგრამ ვენეციის
ლომს ჯერ კიდევ მაგარი კლანჭები აქვს და გენუასაც მალე დააჩოქებს,
როგორც სხვა მისთანები დაუჩოქებია.
გონდოლა ნაპირზე გაჩერდა. ერთხანს ქვეითად იარეს და, როგორც იქნა,
გემსაშენს მიადგნენ. ცოტნემ შორიდანვე იყნოსა ფისისა და საღებავების, ხისა
და ბურბუშელის სუნი.
ალაყაფის რკინის კართან გამოეგებნენ გემსაშენის გამგებლები. ვინჩენცომ
სტუმარ-მასპინძლები ერთიმეორეს გააცნო და გემსაშენის ეზოში შევიდნენ.
კიდევ სამი ჭიშკარი გაიარეს და ცოტნეს თვალწინ უზარმაზარ სივრცეზე
მოჯარული გემების ანძათა ტყე აღიმართა. იმ გემთაგან ზოგი უკვე
მთავრდებოდა, ზოგი ზღვაში ჩასაშვებად იყო გამზადებული და ზოგის
შენებაც ახლა, მათ თვალწინ იწყებოდა. ვინჩენცომ სწორედ ახლად
წამოწყებული ხომალდის ჩონჩხთან შეაჩერა სტუმარი.
_ რამდენ საათს მოვუნდებით დათვალიერებას? _ ჰკითხა გემსაშენის
გამგებელს.
_ სულ ცოტა სამი საათი, თუ გულდადებით დაათვალიერებთ.
_ ქართველ მთავარს თუ სურს რაიმე ქართული ნიშნით დანიშნოს ეს
ახლად დაწყებული ხომალდი, ჩვენი გამოსვლისთვის გემი, ალბათ, მზად
იქნება. ხომ მოესწრება, ხომ არ შემარცხვენთ?
_ არ შეგარცხვენთ, ბატონო, მოესწრება, _ დაუდასტურა გამგებელმა.
ცოტნეს ფუნჯი და საღებავი მოართვეს და ქართველმა მთავარმა ხომალდის
ფიცარს ქართულად წააწერა თავისი სახელი.
სამი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ გემსაშენს.
ცოტნეს ხვალიდან თვითონ უნდა აეღო ხელში ცული და შალაშინი, გემის
მშენებელი მუშების გვერდით უნდა დამდგარიყო და ხომალდების აგების
ვენეციელთა მაღალი ხელოვნების შესწავლა უნდა დაეწყო. გემსაშენის
სიდიდითა და სიახლეებით მოხიბლული მთავარი მუშტრის თვალით
აკვირდებოდა ყველაფერს და როცა აღფრთოვანებას ვერ მალავდა, თავის
მხლებლებს ქართულად უზიარებდა შთაბეჭდილებას.
_ ხედავთ, ბიჭებო? ამისთანა ჩვენ არც დაგვსიზმრებია.
დაღლილებმა დაასრულეს გემსაშენის დავლა და დათვალიერება. უკან
შემობრუნებულებმა თვალს არ დაუჯერეს: მათ წინ გრძელი, ყელყელა გალერა
იდგა. ოცზე მეტი მოსასმელი ნიჩბით. საღებავი აშრებოდა. ქართველი მთავრის
ხელით წარწერილი საკუთარი სახელი დაღივით შერჩენოდა ყველაზე
თვალსაჩინო ადგილას. ცოტნე გაოცებასა და აღტაცებას ვერ ფარავდა.
_ თუ მთავარს მოსწონს, ამ გემსაც საქართველოში გასაგზავნი ხომალდების
სიაში შევიტანთ. _ ხმამაღლა თქვა ვინჩენცომ და ცოტნემ თავის დახრით მისცა
დასტური.
169გუგუტას ვენეციაში ნაცნობები ბლომად ჰყავდა. იტალიურადაც კარგად
ლაპარაკობდა და ყოველ საღამოს მოჰქონდა ცოტნესთან ამბები.
_ დოგარესას უთქვამს, ქართველი მთავარი ბარბაროსი, გაუთლელი
მთიელი მეგონა და თურმე როგორ ვცდებოდიო. მის გვერდით ჩვენი ნაქები
პატრიციები გამოჩნდნენ ბარბაროსებად. გარეგნობით ხომ მომხიბვლელია და
გონების წამღები, მაგრამ ქცევაც და სიტყვა-პასუხიც გამორჩეული და საოცრად
ნატიფი ჰქონიაო.
_ მაგათი პატრიციები გუშინ გამდიდრებული ვაჭრები, ან ზღვის
მეკობრეები არიან და მათ წინაპარს ჩემი მამა-პაპა სუფრაზეც არ დაისვამდა. იმ
თქვენს დოგარესას ცოტა ისტორია და გეოგრაფია რომ სცოდნოდა, კოლხი
მთავრის ბარბაროსობას ვერც წარმოიდგენდა, მაგრამ რას იზამ, გუგუტა, ძალა
და სიმდიდრე ხალხს აქედმაღლებს, თავიანთი თავის უპირატესობის
გრძნობას უნერგავს და მაღლიდან ცქერას აჩვევს.
_ მაინც რა უზომოდ მდიდრები არიან ეს ოხრები!
_ მდიდრები როგორ არ იქნებიან, მთელი ქვეყნის ქონება აქ შემოუზიდავთ.
მარტო, რაც კონსტანტინოპოლიდან ნაძარცვი გამოიტაცეს, ერთ სამეფოს ის
ეყოფოდა გასამდიდრებლად და გასალაღებლად! დანდოლოსთანა დოჟი
ვენეციას არ ყოლია და, ალბათ, არც ეყოლება, რადგან ჯერ ხმელეთზე
მაგოდენა ყაჩაღი არსად დაბადებულა და ზღვაზე მაგის ტოლი მეკობრე არსად
გამოჩენილა.
_ მართლა, ორთავ თვალით ბრმა იყო, მთავარო, დანდოლო, როცა
კონსტანტინოპოლის იერიშზე ვენეციელ მეზღვაურებს წაძღოლია და
გალავანზე მიდგმული კიბით პირველი აჭრილა?
_ არამარტო ბრმა, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულიც ყოფილა! ალბათ,
სიკვდილი არაფრად უღირდა და, იქნებ, ამანაც შეჰმატა გამბედაობა, ისრის
წვიმაში რომ საიერიშო კიბეზე ასულა: იმ ისრების წვიმას თვალით ვერ
ხედავდა და სიცოცხლემოყირჭებულს სიკვდილის შიში ხომ არ ექნებოდა და
არა.
_ ახლანდელი დოჟი როგორიღაა მთავარო, ისიც ეგრე ვაჟკაცი და ბრძენი
მმართველია?
_ ვერ გეტყვი, გუგუტა, ერთი და ორი ნახვით ქვეყნის მეთაურის ძალას და
ხასიათს ძნელად გაიგებ კაცი. ეს კია, დიდი წინაპრის მემკვიდრეობა
თავისთავად არის დიდი ტვირთი და ვალდებულება. დანდოლოს დიდ
სახელს
ძნელადღა
ვინმე
მოიხვეჭს,
რადგანაც
ქვეყნად
სხვა
კონსტანტინოპოლი აღარ არი და დანდოლოსავით გაბედული ნაბიჯის
გადადგმის შემთხვევა იშვიათად თუ ვინმეს მიეცემა!
_ ალბათ, ეგრეა, მთავარო. ყველას თავისი დრო აქვს. ახლა გენუელები
სდებენ თავს პირველობაზე, ვენეციის მზე ჩადის და ჩვენი მაღლდებაო.
_ ვინ იცის, ეგებ ეგრეც მოხდეს, მაგრამ მაგასაც დრო უნდა, დრო კი ნელა
გადის, როცა გეჩქარება. საუკუნე მგონია, რაც აქ ვართ და ჯერ კი წელიწადიც
არ გასულა! ძალიან მომენატრა სამშობლო, გუგუტა...
170_ სამშობლოს მონატრება ჩემსავით ვის განუცდია, მთავარო. შენ ექვსი თვე
გაგიძნელდა უცხოობაში, მე კი აგერ, თხუთმეტ წელზე მეტია, კოლხეთის
ღრუბლის დანახვა მენატრება... ნეტავ, დედა და მამა თუღა არიან ცოცხლები.
_ ცოცხლები არიან. რამდენჯერ უნდა გითხრა! უდუ გადია ისევ ჩვენთან
გადმოვიდა სასახლეში და დედაჩემს არ შორდება.
_ მამაჩემი, ალბათ, ძალიან დაბერდებოდა და მოტყდებოდა. მწარე ხელი
ჰქონდა, რამდენჯერ მინატრია, ნეტავ სამშობლოდან არ გადმოვხვეწილიყავი
და, თუგინდ, ყოველდღე ვეცემე-თქო!
შუაღამე გადასულა.
ოდიშის მთავრის სასახლეში, დიდი ქალბატონის ოთახში სინათლე ანთია.
ბუხარში ჯირკი ნელ-ნელა იწვის და ნაკვერცხლებს ფერფლი ბრკესავით
მოსდებია.
მთლადერთიანად გათეთრებული ნათელა ლოგინზე მიწოლილა და
ფსალმუნს კითხულობს. კერიასთან მიმჯდარი უდუ თავჩახრილი ქსოვს.
_ ნეტავ, ტანთ გაგეხადათ და მოგესვენებიათ, ქალბატონო, _ თავაუღებლად
ეუბნება უდუ.
_ მაინც არ დამეძინება, უდუ, დიდი ღამე მოდის და, სულ ერთია, ფიქრი
გამაღვიძებს.
_ როდის გათავდება ეგ საფიქრალი, როდის მოვა ცოტნე-ბატონიშვილი.
უდუ დაჩვეული იყო ცოტნეს ბატონიშვილად ხსენებას.
_ ცოტნე ბატონი, _ გაუსწორა ნათელამ და ფსალმუნი გადადო, _ მალე უნდა
მოვიდეს, მთავრის ელჩობა ექვს თვეს უნდა გაგრძელებულიყო... უკვე რვა თვე
იწურება და აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ნეტავ მისი უნახავი არ მოვკვდებოდე და
შვილიშვილებს ხომ, ალბათ, ვეღარ მოვესწრები და ვეღარ, _ ოხვრით თქვა
ქალბატონმა და თვალები მოუწყლიანდა.
_ შვილიშვილს კი არა, შვილიშვილის შვილებსაც მოგასწრებს ღმერთი,
ქალბატონო! მარხვას შენ არ სტეხ და ლოცვას არ აკლებ, შენი სიწმინდის
იმედით მარტო შენი სახლი კი არა, ჩვენც ვცოცხლობთ. შენ თუ არ იცოცხლებ,
შენი შვილის პატრონი, აბა, სხვამ ვინ უნდა იცოცხლოს! ჩემი კაცი სულ იმას
მეუბნებოდა, ღმერთმა ბედი შვილებში არ მოგვცა, მაგრამ სამაგიერო
აღზრდილის სახელოვნებითა და ბედნიერებით მოგვიზღოო.
_ ღმერთმა გაანათლოს მისი სული, იმასაც შენსავით უზომოდ უყვარდა
ჩემი ცოტნე და თამარი.
_ უყვარდაო? უყვარდა კი არა, თავს ერჩია ორივე! თამარის დაღუპვა იმ
ეშმაკის მოგონილ ყურძენს დაბრალდა, გაგიჟდა უბედური, გუგუტა
სასიკვდილოდ გაიმეტა და ნამდვილად მოკლავდა, მეზობლებს რომ ხელიდან
არ გამოეცლიათ.
_ გუგუტას რას ემართლებოდა, უცოდინარობით და გულკეთილობით
მოუვიდა საცოდავს.
171_ მაგას მერე თვითონაც მიხვდა და სულ იმას მოთქვამდა, რატომ ის ხელი
არ გამიხმა, რომლითაც შვილი დაღუპვამდე მივიყვანეო.
ცოტა წაიტირეს და ერთხანს კიდევ იკრუსუნეს.
ნამტირალევი თვალებით ვეღარც წიგნის კითხვას მიუბრუნდნენ და
ვეღარც ხელსაქმეს. მერე დიდხანს ილოცეს. ქალბატონმა საწოლზე მოისვენა,
უდუ ჭილოფზე მიწვა. შუქი ჩაქრა, ჯირკი დაიფერფლა და სიჩუმეში ორი
ქალის ხმაშეწყობილი ფშვინვა გაისმა.
მეზობელ ოთახში შერგილს არ ეძინა. უსინათლო თვალები ფართოდ გაეღო
და გაუვალი წყვდიადისთვის მიეშტერებინა. მოხუცი მთავარი თავის
წარმოსახვაში ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა, მემკვიდრე
შვილისა და მთელი საქართველოს ბედის ამოკითხვასა და გარკვევას
ცდილობდა.
ეგარსლან ბაკურციხელი
კოხტისთავის
შეთქმულთა
ჩამოთვლას
მემატიანე
ეგარსლან
ბაკურციხელით იწყებს: «...ამა შფოთთა შინა შეკრბეს ყოველნი მთავარნი
საქართველოსანი კოხტასთავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე
დადიანი, ვარამ გაგელი»...
ეგარსლან ბაკურციხელი საქართველოს მეფის, ლაშა-გიორგის თაობის კაცი
უნდა ყოფილიყო. მართალია, იგი მონგოლთა ბატონობის დამყარებამდე არ
ჩანს, მაგრამ რაკი უმეფობის ხანაში სამშობლოს ბედზე მზრუნველ
უწარჩინებულეს ქართველთა შორის პირველი იხსენიება, საფიქრებელია, რომ
ეს პატივი ლაშასა და რუსუდანის დროინდელ ომებში ჩადენილი გმირობისა
და სახელმწიფო მოღვაწეობის ასპარეზზე გამოჩენილი ნიჭის გამო უნდა
რგებოდა.
ეტყობა, ბაკურციხელი გვარითა და წარმოშობით თავის თანამოღვაწეებზე
დაბლა უნდა მდგარიყო და სწორედ ამან დაღუპა კიდეც საბოლოოდ.
ცნობილია, რომ არისტოკრატები საერთოდ ვერ იტანენ ნიჭისა და პირადი
ღირსების გამო დაწინაურებული ადამიანების გატოლებას და მით უფრო
მათზე გაბატონებას. ქვეყნისათვის რაგინდ სასარგებლო საქმესაც არ უნდა
აკეთებდნენ ახლად აღზევებული უგვაროები, დიდგვაროვანი წარმომავლობის
ადამიანებში მხოლოდ შურსა და ზიზღს იწვევენ და მეტწილად მათი მტრობის
მსხვერპლნი ხდებიან.
შურმა და მტრობამ დაამხო ეგარსლან ბაკურციხელიც.
მემატიანე პირდაპირ მიუთითებს: «მაშინ შეკრბეს დიდებულნი ამის
სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთავარყოფა მათზედა ეგარსლანისა, არა
მათგან უგვარიანესისა კაცისა».
მემატიანე იმ ღირსებებსაც ჩამოთვლის, რომელთა წყალობითაც ეგარსლანი
დაწინაურებულა და არა მარტო გასტოლებია თავისზე უგვარიანეს მთავრებს,
172არამედ «კნინღა სახელიცა მეფისა» მიუთვისებია და თურმე «ვითარცა მეფესა
მორჩილებდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსი».
«ეგარსლან ბაკურციხელი კაცი ღრმად მოუბარი», «ეგარსლან, კაცი
საკვირველი და მხედრობისა და ცოდნითა აღსავსე» _ აღტაცებით ამბობს
ჟამთააღმწერელი ბაკურციხელის დახასიათებისას და თუმცა მის მიმართ
განსაკუთრებულ სიმპათიას არ იჩენს, მის ღირსებებზე თვალს არ ხუჭავს და
სიტყვაძუნწად, მაგრამ მიუდგომლად გადმოგვცემს ამ ძლიერი ადამიანის
თავგადასავალს.
ბაკურციხელი რთული პიროვნებაა და ზოგჯერ გაორებულ მოღვაწედ
გვეჩვენება: იგი ჯერ თავგამოდებით იბრძვის მონგოლთა წინააღმდეგ, სხვა
მთავრებზე გვიან ურიგდება დამპყრობთ და მათი ბატონობის დასამხობად
მოწყობილი შეთქმულების სული და გული ჩანს.
მაგრამ
როცა
ეს
შეთქმულება
მარცხდება
და
ქართველები
განთავისუფლების უკანასკნელ იმედსაც კარგავენ, ეგარსლან ბაკურციხელი
მონგოლებთან თანამშრომლობის გზას ადგება და ამ გზაზე მეფურ დიდებას
აღწევს. მონგოლებთან შერიგებამ და მეგობრობამ, როგორც ჩანს, ბევრი
სარგებელი მოუტანა პირადად ეგარსლანსაც და მის ქვეყანასაც, მაგრამ
სამშობლოს მტერთან, დამპყრობელთან თანამშრომლობა საერთოდ უმადური
საქმეა და რაგინდ კეთილშობილი განზრახვითაც არ უნდა იყოს იგი
ნაკარნახევი, შთამომავლობისაგან მხოლოდ გმობასა და გაკიცხვას იმსახურებს.
ბაკურციხელს მისი ცხოვრების შუაგზაზე შეგვახვედრა მემატიანემ, მაშინ,
როცა ამ გამოჩენილ მამულიშვილს თავისუფალი და ძლიერი სამშობლოს
სამსახური მოთავებული ჰქონდა და საქართველოს დამმონებლებთან
თანამშრომლობით იწყებდა ახალ ცხოვრებას.
მონგოლთა ბანაკს ცხენოსანთა რაზმი უახლოვდებოდა. წინ თეთრ რაშზე
ამხედრებული ტანბრგე ვაჟკაცი მიუძღოდა. მოკლედ შეკრეჭილი შავი თმა-
წვერი და მოუსვენრად მოძრავი შავი თვალები გასაოცრად ცოცხალ იერს
აძლევდნენ ცხენოსანს. თეთრონზე ამხედრებულ ბუმბერაზს შორიახლო
ქვეითად მოსდევდა ორი ახალგაზრდა. ჭაბუკებს ჯილავში ჩაევლოთ ხელი და
ფრთხილად გზის რჩევით მოჰყავდათ ოქროსფერი კვიცი.
მწევარივით გრძელი, ტანწვრილი ულაყი კეკლუცად მოდიოდა, მაგრამ
დაღლა მასაც ემჩნეოდა: ჩამოქნილ მაღალ ფეხებზე ტალახი და მტვერი
მიჰკვროდა და ოფლთან ერთად შეხმობოდა. შორი გზის გამოვლა ყველას
დატყობოდა, ცხენებსაც და ცხენოსნებსაც.
რაზმს დატვირთული აქლემები და ურმები მოჰყვებოდა უკან.
აქლემები
და
ხარები
დინჯად
მოიზლაზნებოდნენ,
გზის
დაუსრულებლობას შერიგებოდნენ და აუჩქარებლად, ზომიერი ნაბიჯით
მოჰყვებოდნენ ცხენთა ფეხის მტვერს.
შორს, ტრიალ მინდორზე, რიყესავით გაბნეული თეთრი კარვები გამოჩნდა.
173_ მუღალთა ბანაკი მოჩანს... ხედავთ? _ ცხენი შეაჩერა წინ მიმავალმა
ბუმბერაზმა და თვალზე ხელი მოიჩრდილა.
_ ვხედავთ, ეგარსლან ბატონო! _ დაუმოწმეს დანარჩენებმა, მხარი
გაუსწორეს, ცხენებს აღვირი მოსწიეს და ბანაკს მიაჩერდნენ.
_ მზე შუბის ტარზეა დასული, _ თქვა ეგარსლანმა და უნაგირზე
სანახევროდ შემობრუნებულმა დასავლეთს გახედა, _ მზის ჩასვლამდე
ურდოში ვიქნებით, ღმერთო, შეგვეწიე! _ მთავარმა პირჯვარი გადაიწერა და
ცხენი დაძრა.
გატრუნულნი მიდიოდნენ და ბანაკს თვალს არ აშორებდნენ. იურტების
მწკრივი, წეღან რომ თეთრ რიყედ ეჩვენათ, ახლა ყოველ ნაბიჯზე დიდდებოდა
და გასაფრენად გამზადებული უზარმაზარი თეთრი ფრინველების გუნდს
ემსგავსებოდა.
მანძილი მოკლდებოდა. ცხენოსნების გულში ამდენ ხანს მიძინებული
საფრთხის შიში იღვიძებდა და იზრდებოდა, მონგოლთა ურდოსკენ მიმავალი
ბევრი უნახავთ, მაგრამ უკან დაბრუნებული _ ცოტა. მართალია, ნებით
დამორჩილებულ ქართველ მთავართა უმრავლესობა კეთილად შეწყნარებული
და პატივით ამაღლებული გამოისტ