ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი ქალი,
მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა თვალი.
შავ თვალ-წარბას, პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,
მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა ძვალი.

ვკითხე: მზეო, სიდამ მოხვალ, ხარ სად წამავალი?
გეაჯები, მაცოდინე შენი გზა და კვალი;
შენთვის გული ქვათ გარდმექცა, გახდა, ვით კლდე სალი.
მასხი წყალი, დამიშრიტე, მე შენი მწვავს ალი.

ხმა გამომცა, გაგულისდა, სიტყვა მითხრა ავი:
«ავო კაცო, ვით გაბედე, შენ მე მთხოვე თავი?
ბულბულთ ნაცვლად ვარდ-კოკობმან რად დაგისვა ყვავი!»
მით ავსტირდი, ცრემლი ვღვარე ზღვათა შესართავი.

ასე მითხრა: «ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,
არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი, –
შენგან თვალად უკეთესი, ვაჟი-კაცი, ქმარი».
რა ეს მესმა, ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი.

მითხრა: «შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა მაგის მეტი».
აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი.
დავრეცრეცდი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი;
შავებრალდი, თავს დამადგა, ვით ბნელს, ნათლის სვეტი.

რა მოვბრუნდი, დაიხარა, ხელს მომკიდა ხელი;
ამაყენა, ასე მითხრა: «რად შექნილხარ ხელი?»
მე მიუთხარ: შენთვის გავხდი ასე ჭკვაზე თხელი,
შენ რომ მწუნობ, მით მედების გულსა ცეცხლი ცხელი!

მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა;
ასე მითხრა: «აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს არავინა.
ახლა ავდგეთ, ჩვენ წავიდეთ თავთავისთვის შინა;
კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა».

სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი,
მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი.
მე მის მონას ნუმც ამხდია მისგან საფარველი!
სად მიჭირდეს, მამეშველოს, სხვას აღარას ველი.

დამპირდა, თქვა: «კიდევ მოვალ», აწ მე იმას ველი:
მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი.
სიკვდილის დროს მე მის მეტი არავინ მყავს მშველი,
მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი.

იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა,
აჰა, მისთვის გამიჯნურდა, გული მისთვის ხურსა.
იმედი მაქვს, რასაცა ვსთხოვ, მომცემს, არა შურსა,
უკვდავების წყალს მიბოძებს, ცხოვრებისა პურსა.

ღვთისგან ვითხოვ, არ გამყაროს მე მის სიყვარულსა,
სხვას უკეთესს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა?
ჩემის სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა,
სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა სისხლით გაბასრულსა.

აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?
ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.
ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!
გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!