მიველ წალკოტს სანუგეშოთ, გლახ ჩემს გულს სევდა ესია!
ვნახე სატრფო ფერ მიხდილი, მითხრეს, შენია ეს ია.
უძღვენ საუნჯე ურიცხვი, აღთქმით მივეცი ეს სია,
მაგრამ დამაგდო მტირალი, თურმე სოფელი ესია!

კაეშანი გარს მომერტყა, დამიბნელდა გონებანი,
წარხდა ყოველი ჩემთვისა, რაიც მქონდა ქონებანი.
უსასტიკესად დამსაჯა, არ მიიღო მონებანი
დამსვა ბნელსშიგან სამყოფსა სამარეს უარესია.

განმცვიფრდა შმაგი გონება, ვსთქვი რა შეგცოდე, ასე რა?
სევდის ისარი, მაწვია, მან გული ჩემი ასერა;
არ განმიკითხა მცირედი, სიკვდილს მოველი ასერა,
ამა ვაებით სიცოცხლეს სიკვდილი უმჯობესია!