ისეთი ვიყავ, ძმისაო,
როგორც შავი კლდე, სალია,
ვამბობდი, ჩემი ნებაა,
ჩემის გულისთქმის ძალია...
მაგრამა ვნახე ლაშარსა
ერთი ტან-მომცრო ქალიო,
იმ წბილასავით წვრილამა
გულში დამინთო ალიო.
ჯერ-კი პირდაპირ დამკვლია,
თვალს გამიყარა თვალიო,
გატეხა გულის საფარი,
გაუტეხელი რვალიო;
მემრე -კი გადამეთხია,
ვერ გაუკვლიე კვალიო, -
ღმერთმა დასწყევლოს დიაცი,
მემრე - ლამაზი ქალიო!
ვუბარებ, შუაკაცს ვგზავნი:
ქალ, ნუ მიმირბი შორადა,
შენგნით უხარჯროდ დაჭრილსა,
გული გამხდია ორადა.
რად გამჭერ, თუკი მორჩენით
არ გამიხდიდი მონადა?
თუ შენ ის გინდა, რო მომკლა,
გადავილიო კლდეზედა
და შენ ცბიერის თვალებით
შენს უნდავს უჯდე გვერდზედა?
გკოცნიდეს, ინაბებოდე,
ღილებს გითვლიდეს მკერდზედა?!
კაცის ქალისგან დაჩაგვრას
არა სწერს ჩემი რჯულია;
დიაცის დაწუნებულსა
სჯობს, რომ არ მედგას სულია!
მკლავნიც ნუ მსხიან ტანზედა,
ჭიათ დამიხრან გულია!..
მაშ ხმალს რად ვირტყამ წელზედა,
თავზედ რად მხურავს ქუდიო,
თუკი გავიგო სწორთაგან
ჩემზედ ნათქვამი ცუდიო?!
ვერ შამაშნებს ციმბირი,
ვერც ნაჩალიკი-სუდიო!
წავალ და სადაც ცქიფათი
ხევში საკრეფი წყალია,
იქ ჩამაივლის თულიხით
თინიბექაის ქალია.
უნდა გადვუხტე გზაშია,
სიტყვა ვესროლო ცხარიო,
დავტაცო გიშრის ნაწნავი,
გულს დავაბჯინო ხმალიო,
ცხენის გავაზედ მოვიგდო,
სდიოდეს ცრემლი მწარიო,
შუაღამისას ჩარგალსა
გადავიწერო ჯვარიო.
მემრე მოიდეს სადაოდ
თუნდა ოსმალთა ჯარიო, -
ქალს არვის წააყვანინებს
ზაზულაია ხარიო!