"ძვირფასო არჩილ! ამ მკრთალ სიტყვას ვუძღვნი ორ საათს შენთან წაღვერში გატარებულს".

[გრიგოლ რობაქიძემ ეს ნარკვევი უძღვნა თავის მეგობარს არჩილ ჯორჯაძეს, რომელიც 20 დღით ადრე გარდაიცვალა ქ. ბათუმში.]

იდუმალს, შავ-ლურჯ, უმთვარო ღამეს ადამიანი უცქერს ცის უსაზღვრო სივრცეს, ვარსკვლავებით გადაჭედილს, - და მის უცნაურ დუმილს თანაყოლებს ნელი ნაღველით სავსე ფიქრს, მსოფლიოისას. იდუმალს, შავლურჯ, უმთვარო ღამეს ვარსკვლავი სწყდება ცის სივრცეს, ელვის ხაზ გაჰკრავს ობლად შთენილი და ობლადვე ინთქება ბნელს უფსკრულში. ადამიანი მსოფლიო საიდუმლოებით დაფიქრებული თანაყოლებს იმავ ვარსკვლავს თავის ფიქრს, - და ერთს თვალგანათებაში წინ უდგება საიდუმლოება საკუთარი სიცოცხლისა: ისიც ობოლი ვარსკვლავია: და არ იცის მან, საიდან მოვიდა, არ იცის მან, საით მიდის: ერთს ისიც ანათებს და შემდგომ ისიც უკუნეთს ერთვის. სად არის ნამდვილი არსი? ჰკითხულობს იგი; მაგრამ დამწუხრებული პასუხს ვერ ჰპოულობს, - და მის თვალწინ მსოფლიო იშლება, ვით საშინელი მოჩვენება, ძველ ინდოელთა მაიას საიდუმლო ზეწარში გახვეული...

არის უცნაური ძალა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს მარადისობის ჩქეფს ასმევს; იგი ძალა ეროსის მქონე - ძალაა, სიყვარულის ღმერთის, მსოფლიოს ცხოველ-მყოფელი... ეროსით ფრთაასხმული ეძებს ადამიანი თავის ნამდვილ სახებას, თავის მეორე "მეს"; სიცოცხლის გზაჯვარედინს მიყენებული, ნახულობს იგი იმა "მეს", იმა სახებას, ექსოვება და ესხეულება მას ერთარსებად, - და წუთიერ მთვრალი სვამს ნექტარს უკვდავებისას. მან შეიყვარა - და იგრძნო უკვდავება. მაგრამ მხოლოდ "იგრძნო": სინამდვილეში განცდა უკვდავებისა სხეულს ვერ ისხამს. და ამიერითგან მიეცემის ადამიანი კიდევ უფრო მძაფრ ტანჯვასა: უკვდავების ჩქერით მთვრალი, იგი ახლა კიდევ უფრო ნაღვლობს უკვდავისა და მარადისათვის. სიყვარულმა ვერ შეისხა უკვდავების სხეული, - და ტანჯული ადამიანი ცდილობს მისცეს მას ხელოვნური საჭვრეტი სახე, - და იქმის მხატვრობა და მუსიკობა.

შეხედეთ მილოსის ვენერას, რომლის ქალური შვენება - ვნება ცივსა და თეთრს მარმარილოშია დატყვევებული; იგრძენით ღმერთქალი აფროდიტა, ზღვის ვნების ქაფისაგან ტყვემქმნელად შვებული; მოიგონეთ დანტეს მხიბლავი ბეატრიჩე, სხივმოსილი სახე მარადის ქალწულობისა, შეხედეთ და დააკვირდით: ეს წარმტაცი სახენი ხელოვნურ სინამდვილეში არიან შვებულნი. ყოველდღიურს, რეალურ სინამდვილეში არც ვენერა მოიპოვება, არც აფროდიტა და არცა ბეატრიჩე. თვითეული მათგანი სახე-იდეას წარმოადგენს, რომელსაც მხატვრული ინტუიციით სწვდა ხელოვანი და შემოქმედი ფანტაზიით მისცა სახე-სხეული. ჩვენ ვერ ვიკითხავთ, თუ სად არსებობს სამეფო სახე-იდეათა, რადგან თვითონ კითხვა "სად" საზღვრავს მას, რაც იმთავითვე უსაზღვროა. სად არსებობს სიმფონია ბეტჰოვენისა? იგი არ მოიძებნება ყოველდღიურ სინამდვილეში: აქ მხოლოდ ხმა და მისი გახმაურების მასალაა. თვითონ ჰანგი კი, სიმფონიის სულმდგმელი, იდუმალ სფეროშია მოქცეული; იგი უხილავია და ხელუხლებელი და მხოლოდ მუსიკოსის ბუნებაში მხილდება იგი, როგორც სასმენი და გასახმაურებელი. დასწყვიტეთ სიმნი ყოველ ჩანგს, დაამსხვრიეთ ყოველი ჩანგი, - და იგი ჰანგი დაჰკარგავს გახმაურებას. მაგრამ ვინ იტყვის, რომ იგი სრულიად გაჰქრა?! ვერავინ: იგი სუნთქავს იდუმალ სფეროში და უცდის უხილავი და ხელუხლებელი ხილულსა და ხელშეუხებელი ჩანგის გაკოპიტებას, რომ მის სიმთა ჟღერაში მუსიკალურ ტალღებად გაიშალოს. ასეთია ყოველი მხატვრული სახე, მხატვრის ბუნებაში ნაგრძნობი და ხელოვნებით სრულყოფილი.

და ამ სახით იქმნას ხელოვნური სინამდვილე: იგი უფრო მითო-ქმნილი სინამდვილეა, ვიდრე ნამდვილი სინამდვილე: იგი ზღაპარია, ლეგენდა, მითი. ხოლო მითო-მქმნელი სინამდვილე იგი არ არის უბრალო ოცნების ნაყოფი: მას საკუთარი გულისხმიერი სინამდვილე აქვს: იგი არანამდვილია, მაგრამ შესაძლო; იგი არარსებულია, მაგრამ საარსებო. და ღრმა აზრს აცხადებდა შელლინგი, როცა იგი მითო-მქმნელ სინამდვილეს მეტაფიზიურ მყობადს უწოდებდა (იხ. მისი "ფილმით"). და ბრძნულად იტყვის ვიაჩ. ივანოვი; როცა იგი მითს "კოსმიურ საიდუმლოს" უწოდებს. მითი არ არის ნამდვილ-ყოფილი, იგი იდუმალ-ყოფილია: თითქო ოდესმე, სადღაც ზმანებულ სინამდვილეში კიდეც მომხდარიყოს მითიურ განცდილი და ახლა მხოლოდ ვიგონებდეთ მას განცვიფრებულნი. დიახ, მითი - ეს ის მსოფლიოს წყვდიადით გამოხმაურებული მელოდიაა, რომელსაც ჩვენ პირველად ვისმენთ, მაგრამ გრძნობის უძირო კუნჭულში ვსცნობთ, რომ იგი მელოდია ჩვენ ოდესღაც უკვე მოგვისმენია. და აი, ხელოვნებაში მთელი მსოფლიო უზარ-მაზარ ტყედ იშლება, უღრან, შავ ტყედ მსოფლიო მოგონებისა.

და აქ, ხელოვნების სათავეში, ჩვენ ვხვდებით გულისხმიერ მოვლენას, მოგონებას, ხსოვნას. მართალს იტყოდა პლატონი, რომ ყოველი ღრმა ცოდნა ბოლოს და ბოლოს მოგონებაა უკვე ყოფილისაო და შეჰქმნა გენიოსმა ელლინისამ ფრიად გულისხმიერი ცნება მსოფლიო ხსოვნისა, მნემოსინისა. რა არის იგი? მნემოსინა ორგანული გრძნობაა, მსოფლიო სხეულის გრძნობა. ბავშვი მოსწყდა მშობლის სხეულს, გამოეყო და მოშორდა მას, მიეცა ერთგვარ ღამეს მივიწყებისას; მაგრამ უნამდვილეს სიცოცხლის ჟამს იგი თვალს ახელს და გრძნობს თავისსავე არსებაში მშობლის სხეულს, იხსენებს მრავალ საუკუნეს, ბნელ ისტორიად წარსულში დაკარგულს, იგონებს ქართულსა და ნაირნაირ ქსოვილს წარსულ განცდათა, იგრძნობს ყოველ ძაფს იმა ქსოვილისას, - და აი აქ, მის სულიერ უნამდვილეს განცდაში, მთელი მსოფლიო ჭეშმარიტად უსაზღვრო მოგონებად იშლება... იგი მკვეთრი - კეთილი სახეა ინდივიდუალობისა, იგი ცალია და ობოლი; მაგრამ მნემოსინის ცხოველის ძალის ფართო გაშლაში იგი ერთსხეულია მსოფლიო სხეულისა, იგი თანაარსია მისი სულისა.

არსად ისე ფართოდ და ღრმად არ იშლება ეს ძალა მნემოსინისა, როგორც ხელოვნურ შემოქმედებაში. ჭეშმარიტად მომგონებელია ნამდვილი ხელოვანი. რამდენად ძლიერია მისი ნიჭი მქმნელობისა, იმდენად ფართო და ღრმაა მისი ხსოვნა, მისი მნემოსინა. ხელოვანი სცილდება შემოქმედების ჟამს ემპირიულპიროვნულ საზღვრებს და ფანტაზიის (ანუ მნემოსინის) გაშლით ერთვის ნარნარ ძაფთ მსოფლიო ქსოვილისას. იგი იხსენებს "წარსულს" მთელი მისი განცდით იდუმალ ყოფისა, იგი იგონებს მის ცდას ამ განცდილის ყოფად-ქცევისა, და ახლა თვითონ ასხამს იმა ყოფილს ხელოვნურ სახეებად... აქ მარხია უშრეტი წყარო შეუცნობელისა, რომელიც თავისთავად ევლინება თვალხვეულ ხელოვანს მქნელობის აღმტაც ჟამს.

აბა, დააკვირდით შემოქმედებითს პროცესს?! განა, იგი ერთგვარი დენასხმა არ არის შეუცნობელის მოგნებისა?! ხელოვანი დემონურადაა ჭირვეული უსხეულო "იდეით", იგი შეპყრობილია უფრომო "სახით". და ტანჯვით - მდენშობიერებას განიცდის იგი "იდეა", იგი "სახე"... ბნელი ღამე და თვალ-ველი, ბუნით მოცული; ფართო ზღვა და სმენა-თამაში, ქაოსით ქაფარეული... წინ - ზღვის ზედაპირი დიადს ნისლში მწოლარე: უკან - შავი ტყე, საშინელ მოჩვენებად გაშლილი... ისმის ზღვის ქშინვა, ვით ოხვრა უზარ-მაზარი ცხოველის მძიმე ტკივილისა; ხმაურობს ტყის შრიალი, უტყვი, მაგრამ საიდუმლოს მეტყველი... ხელოვანი სთვლემს: იგი თვალ-ახვეულია; "იდეა" ნელი-ნელ იშლება, ისხმის სხეულად... ხელოვანი სმენად იქცევა: უსმენს მის ჩამოსხმის შხუილს... შორით, ტყის უტეხი ტევრით, მოისმის ნაკადულთა იდუმალი ჩურჩული: ხელოვანს სმენად ესმის მათი შთამაგონებელი მეტყველება... და იგიც ხელს ანძრევს: უნდა ბნელი გაჰკაფოს... და ჰა, ცოტა ინათლა, აიხსნა პირველი თვალი, ალიონი; იდეა განაგრძობს სხმულობას; ხელოვანი, თვალ-ღია სიზმარში გახვეული, უცქერის მის ტანჯვით შობიერებას. აი კიდეც, პირველი სხივი, გამპობი და ფერი იცვალა, მას მოსდევს მეორე, და მერე მთელი ძნა სხივებისა... ღრუბელი აფერადდა... და საშინელი სისწრაფით ჩამოისხა იგი "იდეა": იშვა სხეულში უხილავი სახე. სმენა-მათრობელი ჰანგი იხსნა ნაკადულებად: ფორმა-სილამაზე იშვა მარმარილოში. სიზმარი გათავდა, - და ხელოვანი უცქერს ნეტარებით თავის ქმნილებას...

ასეთია საიდუმლოება შემოქმედებითი ჟამისა. ამ უცნაურ ჟამს ხელოვანი სცილდება ფხიზელს ყოველდღიურობას და შედის ღამის სამფლობელოში, საცა იგი თვალღია სიზმარში გახვეული, უფრო ნათლად უმზერს სახეთა წარმოშობას... დიახ, თვალ-ღია სიზმარში! ეს არის სხივმოსილი აპოლლოს პირ-ბადე, რომლის ახსნის წამს მსწრაფლ იბადება მხატვრის ქმნილება... და აქაც ერთი გენიოსი ჰქმნის ხატებას... სხივ-მოსილი აპოლლო მუზათა წინამძღოლია; მუზანი კი მშვენიერნი ასულნი არიან მსოფლიო ხსოვნის, მნემოსინისა... და მართლად უწოდებდა ნიცშე აპოლლოს სიზმრის მჭვრეტელ ღმერთს, და სამართლიანადაც მოჰყავს მას ჰანს ზაქსის ლექსი: "სიზმრის მნახველად შობილა მგოსანი; ძილის ჟამს, თვალ-ღია წამს, სული მისწვდა ყოველს ჭეშმარიტს; და მთელი ხელოვნება წყობილ სიტყვათა ახსნაა გრძნეულ სიზმართა". და ვიაჩ. ივანოოვიც: "აპოლლო ძალაა ვიზიონერულ ჭვრეტისა ხსოვნაში". ხსოვნის ასულნი ცხრა ნაკადულთა ღმერთნი არიან, შთამაგონებელნი მუზანი; მათი დედა-წყარო - მსოფლიო ხსოვნა; და ნელ-ტკბილი ჩურჩულით უყვებიან ნაკადულნი მგოსანს ზღაპარს, მითს, ლეგენდას.

ასეთია შემოქმედების საიდუმლოება. შემოქმედებითს აქტში ხელოვანი სცილდება ემპირიულ საზღვრებს და შთაგონებით ფრთაასხმული თავს გადადის ყოფითს ავსილს ჭურჭელს ინდივიდუალობისას... მაგრამ ვიკითხოთ: სად გადადის იგი ამ ჟამს? პასუხი ერთია: ერის სულში. ყოველი ხელოვანი ორგანიული ნაწილია ერის სხეულისა, სული მისი ინდივიდუალური სახეა ერის სულისა... თვითონ ერის სული კი ცოცხალია, მთლიანი არსია, რომელიც მთლიან სიცოცხლედ ფეთქავს ხელოვანის ბუნების შეუცნობელ კუთხეში... აიღეთ რომელიმე მელოდია: იგი შესდგება სხვადასხვა ტონთა შეერთებისაგან; მიუხედავად ამისა, მათი უბრალო შედგენილობა მელოდიას ვერ ჰქმნის; მათ შედგენილობის შემდგომ კიდევ რჩება ერთი რამ, რაიც პირველში ჰქმნის მელოდიის მთლიან ერთობას: ის არის სული მელოდიისა, მრავალ ტონებად გახმაურებული. ესევე ითქმის ერის შესახებაც: ერის სული წინუსწრობს (იდეალურად) ყოვლის მისი წევრის ყოფას; იგი ერთია, მაგრამ ამასთანავე მრავალი; იგი მრავალ-ერთობილია, რადგან იგი ერთი მთელია; და ყოველი ცოცხალი. მთელი ერთსა და იმავე დროს ერთიცაა და მრავალიც. ავიღოთ ენა. ვინ არის მისი ავტორი? არავინ და ყველა: არავინ მისთვის, რადგან არც ერთ შვილს ერისას ენა საკუთრივ არ შეუქმნია; ყველა მისთვის, რადგან ყველა ურევია მის ნელინელ შექმნაში; ენის ავტორი ერის სულია... და ხელოვანი შემოქმედებითს აქტში სრულიად ერის სულში გადადის; და ნახულობს იგი აქ იმ უტეც ტყეს, რომლის შავ-უღრან ტევრთა შორის ამოსჩუხჩუხებს სიცოცხლის მშობი წყაროს თვალი, მუზა ნაკადულებისა. იგი პირველში ენას ხვდება და ამ უშრეტს წყაროს მხატვრულის ქმნელობისას, იგი გრძნობს მაშინ ერის უთქმელ ისტორიას, მის ათასნაირ ხვეულებას და მრავალფერ სახოვნებას. შემდეგ ერის ისტორია. - ეს ცხოველი მდინარე ერის სხეულის ნებაყოფისა: ერის ისტორიაში ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენა "სოციალურ წარმოდგენად" (ს. ტრუბეცკოი) იქცევა: და წარმოდგენა იგი შეუცნობელ ცოცხლობს ხელოვანის იდუმალს ბუნებაში, - და შექმნის ჟამს გამოდის იგი შავ-ბნელი ღვიმისგან და ეფინება ხელოვანის შეცნობილს ველს... ამ ისტორიას ახასიათებს კოლლექტივური ფანტაზია, ეს ფანტაზია ჭეშმარიტად ის უცნაური ძალაა, რომელიც ფრთამსხმელ მუზად იშლება ხელოვანის სულში... ზღაპარი, მითი, ლეგენდა, რელიგიური სახე, - ყველა ეს კოლექტივური ფანტაზიის ნაყოფია; ხოლო ნაყოფი იგი ხელოვნებაში დიადს მცენარედ აღმოცენდება, რომელიც გამოსცემს მსოფლიო და ყოვლად კაცობრიულ სახეთა ხატებას. ხელოვანი სწორედ ამ ფანტაზიით სცოცხლობს, - და რამდენად ღრმა და ფართოა მასში იგი ფანტაზია, იმდენად სრულქმნილი გამოდის მისი მხატვრული ქმნილება. ამის უტყუარ მაგალითს, სხვათა შორის, იგივე ელლინთა ერის შემოქმედება წარმოადგენს: ყოველს მის ქმნილებაში, ტრაგედიაა იგი თუ პოემა, ლირიკა თუ ქანდაკება, ჩვენ ერის სულსა ვპოულობთ მითისა და ლეგენდის სახით. და მისთვის არის ასე სრულქმნილი, ასე მატყვევებელი იგი შემოქმედება... ასეთია ერის სული, მხატვრის სულში მთლიან არსად ცოცხალი: იგი უშრეტი წყაროა ნამდვილი შემოქმედებისა, იგი მქნე-ძალაა სხვადასხვა ხატებისა.

აქ უნებურად კითხვა იბადება: თუ ერი აღარ არის ჯანმრთელი, თუ მან დაჰკარგა მთელობა? მაშინ, რასაკვირველია, იგი ან სრულიად არ იქნება ცოცხალ არსად ხელოვანის სულში, ან და თუ იქნა, მხოლოდ როგორც ავადმყოფი. ერის სული ამ შემთხვევაში გაბზარული მარმარილოა და ხელოვანის ნიჭი, იმა სულით აცხოველებული, ჰქმნის მხოლოდ "გაბზარულ მარმარილოს", ავადმყოფ ქმნილებას...

ავიღოთ რიცხვის პრობლემა და მასში გავხსნათ პრობლემა ერთის მთელობისა. ორი ადამიანი ყოველდღიური თვალსაზრისით უთუოდ ქმნის საზოგადოებას; ხოლო სოციოლოგიურად საზოგადოების შექმნისათვის ეს არ არის საკმაო: საჭიროა ისეთი რიცხვი, რომელიც ჰქმნიდეს პირველში სუბიექტს საზოგადოებისას. და ეს მოხდება მაშინ, როცა საზოგადოება რიცხვმრავალია. რამდენად მრავალია რიცხვით საზოგადოება, იმდენად რთულია მის წევრთა ურთიერთობა; რამდენად ღრმა და ფართოა იგი სირთულე, იმდენად ძალზე დამოკიდებულია თვითეული წევრი იმა ურთიერთობისაგან; თვითონ ურთიერთობა კი ამ დროს, ასე ვსთქვათ, განზე მიდის, გარე, მესამე პირად ხდება, ანუ საზოგადოების სუბიექტად იქცევა. ამ გვარ წრეში იგი საზოგადოება ყოველს მისი წევრის წარმოდგენაში წამოიჭრება როგორც ერთი მთლიანი ცოცხალი არსი. იგი არსია ის უხილავი ძალა, რომელიც კერძო ადამიანს წელში ამაგრებს და მხრებში მართავს. ეს ფრიად ყურად საღები მოვლენა ნათლად იხსნება სხვა რიგის მოვლენაშიაც. ყოველი გახმაურება გამოძახილს იწვევს; და რამდენად უფრო ფართოა საზოგადოება, იმდენად უფრო ძლიერია იგი გამოძახილი; ხოლო გამოძახილი აძლიერებს გახმაურებულ ხმას და მით აორკეცებს მის გამახმაურებელის ძალას... აიყვანეთ შესანიშნავი ორატორი და გამოუშვით ცალიერს თეატრში სიტყვის წარმოსათქმელად; დარწმუნებული ვარ, იგი დემოსთენიც რომ იყოს, ვერაფრის გზით ვერ გაშლის მძლავრსა და ლამაზ სიტყვას. ასეთია მთელის იდეის საიდუმლოება... ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი. როცა რუსის მგოსანი პუშკინი ჰქმნიდა პოეტურს ქმნილებას, მის შემოქმედს სულში რუსეთი უთუოდ როგორც ცოცხალი მთელი არსი იშლებოდა; და ეს ცოცხალი არსი იყო ის, რომელიც მას საუკუნოებში ნაცდობს სიტყვასა და სიტყვის სახებას შეუმცნობელ სფეროდან უკარნახებდა; და პუშკინიც, ერის სულით ფრთაასხმული, მძლედ და ლაღად ზღვის ზედაპირზე დანავარდობდა. ახლა ავიღოთ ფიქცია - შემთხვევა. წარმოვიდგინოთ, რომ რუსის ერი ათასამდე დავიდა რიცხვით; რას მივიღებთ მაშინ? რასაკვირველია, სულ სხვა სურათს: ათასში ხუთასიც რომ იყოს პუშკინის ნიჭისა ინდივიდუალურად, შემოქმედებაში ვერც ერთი მათგანი ტრედიაკოვსკისაც ვერ გასცილდება. რისთვის? მისთვის, რომ არც ერთს მათგანში არ იქნება გრძნობა ერის ცოცხალი მთლიანობისა, და მასთან ერთად არ იქნება ის შეუმცნობელი სფერო, სად ჩუხჩუხებს წყარო შემოქმედებისა - მნემოსინა, ხსოვნა, და მისი მჩქეფარე ნაკადული - მუზანი; აღარ იქნება მითი, გაჰქრება ზღაპარი, წაიშლება ცხოველი ლეგენდა. დიახ, როცა ხელოვანის სულში აღარ არსებობს სული როგორც ცოცხალი არსი, მაშინ იგი მოწყვეტილია ორგანულ წიაღს, მაშინ აღარ მოქმედობს მასში კოლექტიური ფანტაზია, მაშინ დაშრეტილია წყარო შეუმცნობელისა, მაშინ მისი ძალა უნაყოფოა და მოსწრაფებული.

ამის საშინელ მაგალითს საქართველო გვიჩვენებს. საქართველო აღარ არის მთელი და როგორც ცოცხალი არსი, იგი ქართველში აღარ არსებობს; სამაგიეროდ დარჩენილან ნაწილნი და ნაწილნი თვითონვე ცდილობენ მთელობას. საქართველო მე ვარ, - აი ფსიხიური განცდა ქართველისა. ეს საბედისწერო მოვლენა ჰქმნის იმ საშინელს ტრაღიზმს, რომელიც შავი მოჩვენების სახით თანა სდევს ყოველს ჩვენს ფეხის გადადგმას: შური, მძულვარება, გაუტანლობა, - და ქუჩის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს, გამეფება. დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში და მით თავზე ხელი ავიღეთ: და, რასაკვირველია, თავზე ხელაღებულნი, ტყვიით გავგმირავდით იმ ადამიანს, ვინც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარს სახე იყო ჩვენი თავისა?! მაგრამ აქ ვსდუმდეთ, არა გვეთქმის-რა. და ისევ შემოქმედებას დავუბრუნდეთ. აქაც თავს იჩენს იგი საბედისწერო მოვლენა.

ავიღოთ მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურა: ნიკო ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, - აი მამშვენებელნი ქართულის პოეზიისა. ყოველი მათგანი დიდი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი მსოფლიო გენიოსად ვერ იქცა. რისთვის? მისთვის, რომ არც ბარათაშვილი, არც ჭავჭავაძე, არც წერეთელი არ გრძნობდა შეუცნობელს სფეროში საქართველოს როგორც ერთს დიადს მთელს; ისინი იტანჯებოდნენ მისი იდეალური სახისათვის და ხელოვნებით ცდილობდნენ შეექმნათ მისი სასურველი და შესაძლო სახე. ეს "ცდილობა" გმირობათ ჩაეთვლებათ ჩვენს მგოსანთ - მამულიშვილთ, მაგრამ იგივე "ცდილობა" ხელს უშლიდა მათი ფანტაზიის თავისუფალს ნავარდსა. ამით იხსნება ის გულისხმიერი მოვლენა, რომ მათს შემოქმედებაში ხანდახან ხორცშესხმული სიმბოლოს მაგიერ მხოლოდ უსხეულო ალლეგორია იბადება. და კიდევ სხვა მაგალითი, მხოლოდ სხვა მხრით. ვაჟა-ფშაველა და სანდრო ყაზბეგი შესაძლოა ინდივიდუალურის ნიჭით ვერ სწვდებოდნენ ბარათაშვილს, მაგრამ მიუხედავად ამისა მათს ხელოვნებაში ჩვენ მეტს ხალისიანსა და ხოციელს სინამდვილესა ვხედავთ. რისთვის? მისთვის ალბათ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ფსიხიურად მთიელთა შეცნობაში საქართველო როგორც მთლიანი ინდივიდუალობა, - და მთის შვილნი - ვაჟა და სანდრო, იმ შეცნობით ავსილნი, სტიქიური ამოვარდნით შლიდნენ თავის უხვ ფანტაზიასა.

საქართველოს რენესანსი უკვე დაიწყო. და მალე მოვა დრო, როცა ხელოვანი ქართველი შთამაგონებელს მუზას იხილავს. უფრო ლაღსა და მატყვევებელს: ტყის ტევრით ღამით გამოდის მომხიბლავი ქალწული, ხელში თამაშით ცეცხლის რგოლებს ზღვის მქშინავ მკერდზე ისვრის, იწვის ზღვის გული, იხსნება იგი და შლის ძვირფას თვალ-მარგალიტსა".

"სახალხო გაზეთი" 1913 წ. 12 აპრილი (870)