კომედია

მოქმედნი პირნი:

თავადი ანდუყაფარ დიდებულიძე, ქვრივი.

პავლე — ძმა მისი.

ივანე — ძმა ანდუყაფარისა, რუსეთში გაზრდილი და ვარშავიდგან

ახლად მოსული.

მაკრინე — ცოლი პავლესი.

ნინო — ქალი პავლესი.

მიკირტუმ გასპარიჩ ტრდატოვი — ვაჭარი, მეგობარი

ანდუყაფარისა.

თათელა — ამისი ცოლი.

შუშანა — ქალი მიკირტუმასი.

რამაზ — სეკრეტარი სუდისა.

ბარძიმ — ნათესავი დიდებულიძეთა.

ბარამ — მოურავი ანდუყაფარისა.

კამისიონერი — ძმა თათელასი.

გაბრიელ — მსახური ივანესი.

ყარდაშვერდი — გოგო ნინოსი.

მედიატორები, სტუმრები და მსახურები.

მოქმედაბა — სოფელში.

მოქმედება პირველი

ოთახი გაულესავი. ფანჯარა, რომელიმე ქაღალდ გაკრული.

ცალგვერდზედ დგას დიდი ტახტი

გამოსვლა პირველი

ანდუყაფარ

ანდუყაფარ ზის ტახტზე. მუთაქა უძევს კალთაში, ორის ხელით არის

დაბჯენილი მუთაქაზედ. ფიქრობს

ანდუყაფარ

აი ოჯახის დაღუპვა, გვარის დამცირება! გაზარდეთ ყმაწვილები რუსეთში, კარგს რასმე ჰსწავლობენ... აღარც ძმის სიყვარული, აღარც ნათესავისა. არც დედ-მამისა! ნეტავი დამეშავებინოს რამე მაინცა... ოჯახი წავახდინე, ვალი ავიღე? აი ჩემი ოფლის სამაგიერო: სახლები არ ვარგაო. გამეყარე, ცალკე უნდა ვიცხოვროვო! ოჰ! რა ცუდი დრო არის ოჯახებისათვის! ტყუილიღა არის, უნდა გავეყარო!.. გავეყარო? რაღა ვიქნები! აი თუ მტერი ნიშანს მომიგებს. (ოხრავს და იწმენდს ოფლსა)

ჰეი ოჯახო, კარგო ოჯახო,

შემდგომ გაყრისა ვის დავენახო!

ახ, ვეღარ დავცემ კარავსა მკაში,

უნდა ვიმალო მე მამითადში!

სად ვნახამ სამასს ნამგლის ტრიალსა,

ჰოპმის გუგუნსა, ყანის შრიალსა!

იათა-შვილის ერთი კიჟინი

თითქო არისო ცხენის ჭიხვინი!

მერყორე-შვილი გაცოფებული,

რვა ჯამისაგან გამგელებული,

ცეცხლივით ყანას მოედებოდა,

კაცი ყურებით გაგიჟდებოდა.

აი ესენი სულ უნდა მომეშალონ; სახლიც იმას უნდა დარჩეს.

ეს ჩემი ზვარიც უნდა გამოყონ?

მაშ სასაფლავოს ეხლავ წამიღონ.

თერგ-დალეული ჩემი ძამია,

ილაჯს მიწყვეტამს, შემომდგომია,

აღარ ისვენებს, არ იშლის გაყრას,

სახლს ის წაიღებს, მიპირებს აყრას.

(სიცილით)

ზვარში აპირებს ვაზების დაჭრას,

ვაზების წილად თუთების ჩაყრას!

გამოსვლა მეორე

ანდუყაფარ და ბარამ

ბარამ შემოვა ქუდით, დადგება და ხანჯალზედ დაიწყობს ორსავ ხელებსა

ანდუყაფარ (ფიქრობს)

რას იტყვი, ბარამ!

ბარამ

თქვენს დღეგრძელობას, თქვენს კარგად ყოფნას, თქვენს სიცოცხლესა!

ანდუყაფარ

მაშ შენ არ იცი, ბარამ?

ბარამ

რა მოგახსენო, შენი ჭირიმე, მე არაფერი...

ანდუყაფარ

მაშ მე შენ გეტყვი. (ოხვრით) ივანე გაყრას მიპირობს!

ბარამ(შეშინებულის სახით)

ნუ მიბრძანებ, შენი ჭიიმე, ნუ მიბრძანებ, განსვენებულის მამის თქვენის საფლავის მზესა!..

ანდუყაფარ

რა ვქნა, ძმაო, არა შვრება. რა გაეწყობა ვერა მომიხერხებია რა, რუსული კარგად იცის, რუსის დიდ კაცებთან დადის, მერე ჩემი რძალიც იმისკენ არის.

ბარამ

ვაი შენს ბარამს, როგორ ვერა მოგიხერხებიათ-რა!..

(დაფიქრდება და იმღერის)

მოდი ასე ვქნათ, ყმა მივაბაროთ;

ჩვენ ვხნათ და ვთესოთ, ვენახი ვბაროთ.

ანდუყაფარ

რა სულელი ხარ... ხალხს გადამირევს. ზვარს დამიკაფავს, სახლსაც დამინგრევს!

ბარამ

მოდი უშოვნოთ ზასედატლობა.

ანდუყაფარ

როდი კადრულობს, უნდა მარშლობა!

ბარამ (ცოტა ფიქრს უკან)

მაშ იცით, შეი ჭიიმე, რა მოგახსენოთ! შევაწეროთ კაცებში ფული, ერთ ოთხასიოდ თუმანს ავკრებთ ხელათ. ოთხასის თუმნით (მხიარულობით) აბა რას ბრძანებ, შეი ჭიიმე, თავი დღეში გაგვყრიან?! ხა, ხა, ხა! (იმღერის)

ასის თუმნითა. აბა რას ბრძანებ,

სუდსა, პალატას ხელით ვაქანებ.

ჩვენ სუდიასა — აიმ კუკნასა,

სულ ვათამაშებ ლეკურ ბუქნასა,

და სეკრეტარსა მე ოც თუმნათა

გნებავთ გაგიხდით მაიმუნათა!

ანდუყაფარ

(წამოჯდება მხიარულის სახით, ქუდს შეიკეცავს მაღლა)

ვთქვათ ორი წელიწადი არ გაგვყარეს, მერე ხომ უნდა გაგვყარონ.

(ამ დროს ისმის ხმა ივანესი: “ლა, ლა, ლა, ლა, ლაა, ლა, ლაი-და და ლა, ლა!”)

გამოსვლა მესამე

იგინივე და ივანე

ივანესკეპლა ხელში უჭირავს; შემოვა, გააკეთებს ანტრაშას, პირუეტს, ცალფეხით შემოტრიალდება, მერე მივა ანდუყაფართან, ისინი განცვიფრებით უყურებენ

ივანე

ბონჟურ, ყაფარ, კაპარ! კაკ იმია, ტაკ ი ონ დიკარ!

ანდუყაფარ

მოდი, ძმაო, დაჯექ, გვითხარი რამე, გვასწავლე რუსული იკომონია.

ივანე

ტო იესტ აგრონომია? რასტალკუიკა იემუ, რა კაცია! (იმღერის)

როგორ გასწავლო ირრიგაცია,

ვით გავაკეთო კარგი გუანო.

ჯერ გამეყარე, ადამიანო

მაშინ გიჩვენო და დაგასწავლო

ეს დიდი ზვარი როგორ დაჰკვალო!

ანდუყაფარ (ოხვრით)

ბევრი ღვინო კი მოგივა, თუ რუსული გზები გააკეთე სასეირნოთა!..

ივანე

ღვინო! ქართული ღვინო! ეტო გლუპოსტ! რა ღვინოა, ჰსწორეთ კლუკვენი კვასია! კლუკვას რა ჰქვიან? ძა... ძახველი. ან რა შემოგდით? დასალევათაც არ გეყოფათ!

ანდუყაფარ

ჩვენ ხომ ვსვამთ, არ ვყიდულობთ, თავადის შვილს პური და ღვინო თუ აქვს — მდიდარია...

ივანე

ფული რომ დაგჭირდებათ უნდა ეხვეწნეთ კაკოვო ნიბუდ მიკირტიჩ გასპარიჩ! (ამ დროს ისმის მეორის ოთახიდგან პავლეს ხმა)

პავლე

ბიჭო, ბიჭო, შენ ეი, ბერუავ! სწრაფიას აჭამე, ყორანასთან ჩხუბი არ მოუვიდეს; ჰაა, შე რჯულ-ძაღლო! ნძა, არ შეჭამო ე კურდღელი.

ივანე

აა, პავლე მოსულა ნადირობიდან, წავიდე, ვნახო, რა დაუჭერია. ხლოპეც დობრ და გლუპ (გავა)

ბარამ (სიცილით)

შენი რისხვა მქონდეს, თუ მაგას მთელი ჭკუა ჰქონდეს.

ანდუყაფარ

არ ვიცი, რა ემართებათ ამ რუსეთში, იწამლებიან თუ რა არის. ბიჭო, საკურველია, მოზდოკს მეც ვიყავ, მაგრამ კი არ გავგიჟებულვარ.

ბარამ

უთუოდ რუსეთის ყინვით ტვინი ეყინებათ. (იცინის)

ანდუყაფარ (ადგება და მიდის)

კარგია, მამა გიცხონდა, არ გაგვიგონოს!..

გამოსვლა მეოთხე

ბარამ (მარტო, ფიქრობს)

ბარამ

ახლა გინდა, ბარამ მოურავო, გონება; გაიყრებიან ბატონები. საუფროსოთ იქნება არ ამიყვანოს დიდმა ბატონმა?.. პავლეს რომ ვერგო, დედაკაცთან ძნელია, იმას გროშს ვერავინ მოჰპარავს, მაშინ გოგოები უნდა გავიმეგობრო! .(იმღერის)

თუ ბრძანებლობს სახლში ქალი,

სულელი ჰყავს ვისაც ქმარი,

ვეზირს უნდა ჰქონდეს თვალი

საით არის ღია კარი;

ვინც მოახლე მას უყვარდეს

და სიტყვას დაუჯერებდეს

გინდა იყოს მახინჯ მკვდარი

გახდი იმის მეგობარი!..

რუსეთის გიჟს რომ ვერგო! ოჰ! ღმერთმა დამიფაროს, როზგითა მცემს სიბერის დროსა... მაგრამ გაბრიელა ამბობს, კარგი გულისა არისო! მერე თუ თავის პლანები მოჰყვა, რასაც დასთესს სულ ჭინჭრათ გადაექცევა... მას უკან ან ზასედატლათ წავა, ან პოპოშნიკათა... (ისმის ხმა კარებიდგან და ხველა; ბარამ კულისებში დაიმალება)

გამოსვლა მეხუთე

მიკირტუმ გასპარაჩი

მიკირტუმ შემოვა, ხელში უჭირავს დავთარი. იყურება აქეთ-იქით.

მიკირტუმ გასპარაჩი

ვა, სად აყრილან, ბევრი დაიმალოთ, მაინც, ემე, უნდა პერემენაით ქნათ ვექსილმა. (იმღერის ღიმილით)

ამ დიდ ბატონს მართებს ფული,

მე ხელში მყავს მისი სული,

ორი წელი მომატყუა,

რა კაცია გიჟ ვრაცუა!

მეორე ძმა ჰყავს ტუტუცი,

ასი იმანაც მივეცი!

კურტყელს იჭერს, ყვირის: უა, უა!

აი კიდევ გიჟ ვრაცუა.

ერთი ძმაც ყამს რუსეთუმე

ტანცი, მანცი, ლავ ხაღუმე,

ამე თავში არ აქვს ჭკუა,

ისიც ისევ გიჟ ვრაცუა!

(დაფიქრებული დადის)

ეს რა კარგი ფიქრი ვქენ; ამათ გაყრას შვრებიან, ეგება ეს ფრანტს ჩემი შუშანი მივცე. ბალქამ ეს არის: (შუბლზედ და ჯიბეზედ დაიკრამს ხელს) ესტი ჩკა! ენდი ჩკა!. მაგრამ ჩემი შუშანი კნეინა დაუძახონ: კნეინო, კნეინო! ბაზარშიაც დიდი რამე იქნება, დიდებულიძიანთ ხნამე! ბუღდან ბუღდანიჩინ აჭკით-კუჰანიმ!..

(ამ დროს შემოვა ბარამ)

მიკირტუმ

აა, მოურავო, მშვიდობით ბრძანდები, კარგად ბრძანდები.

ბარამ

გახლავართ, პარუნ, მაგრამ რასაცა ფიქრობ, უჩემოთ კი არ შეგიძლიან.

მიკირტუმ (შემკრთალი)

ვა! რა ფიქრი... ეს თამასუქები პერემენათი უნდა ქნან შენი ბატონები...

ბარამ

რომ გაგისაღო ეგ ხუთასი თუმანი, რას მომცემ?

მიკირტუმ

კარგი, კარგი წაღები ჩაგაცმევ (ბარამ იცინის) ვა, ქუდიც დაგხურამ-ელი...

ბარამ

არა, ბევრი ამბავი არ ვიცი, თუ გაგისაღე — ოცი თუმანი მომეც.

მიკირტუმ

ინჩე ასუმ, ესეც გიჟ ვრაცუე.

ბარამ

მაშ შენი ნებაა, ხომ უნდა იჩივლო, ორი და სამი წელიწადი გავა, იმისი სარგებელი კანონიერი შაურის მეტი არ მოგეცემა, აი რამდენი დაგაკლდება.

მიკირტუმ (ანგარიშობს)

ოხტ-ვიც ლავ ასუმე, დრუსტ ასუმე. ჯანი წაგივიდეს, აი ოთხი თუმანი მოგცე.

ბარამ (თავს იქნევს)

ოც გროშს არ დაგიკლებ.

მიკირტუმ

ჰა, ხუთი თუმანი, ელი!..

ბარამ

ჯანი გაგვარდეს, მაიტა ათი.

მიკირტუმ

ვა, რა კაცი ხარ, მურავო, ბევრი ფლისტ ფლუსტი გაუშვათ, რვა თუმანი, ჰა ხელი დაჰკარ - ტრაქ, ტრაქ და...

ბარამ

რა გაეწყობა. (ხელს დაჰკრავს) ყაბული მაქვს, ერთი კაბაც ჩამაცვი.

მიკირტუმ

კარგი, კაბაც ჩაგაცმევ.

ბარამ

პატიოსანი სიტყვა!

მიკირტუმ

ინჩე ასუმ, მეთქი, შენმა მზემა... მლთუმ როგორა იქ?..

ბარამ

ისე ვიქ, როგორც შენ გინდა.

მიკირტუმ

ისე ჰქენ, რომ ფული მოიყვანე ხუთასმა თუმანი.

ბარამ

მოდი, მიკირტუმ ერთი საქმე ჰქენ... შენი ქალი დიდ ბატონს მივცეთ, თამასუქიც დაუხიოთ. ცოტა კიდევ მოუმატე.

მიკირტუმ (სიამოვნებით)

კარგი, მაგრამ დიდი ბატონმა ქვრივია, შვილებმა ჰყავს. ჩემი შუშან მიკირტუმოვნა ყმაწვილია, მურაოჯან, შენ კარგი კაცი ხარ, ამ ფრანტს მივცეთ. ჩემი ქალმაც ნასწავლია, ტანცი იცის.

ბარამ

აიმ რუსეთის გიჟსა?!.

მიკირტუმ

არაფერია, ყმაწვილია, თამამე; ქარი მარი გავა. კაცებში პრაფერანს კუ ხაღა, ერთ ყალმათ ლავ ფესაცუა!

ანდუყაფარ (ოთახიდგან)

ვინ ლაპარაკობს მანდა...

ბარამ

მიკირტუმა გახლავსთ.

ანდუყაფარ

აა, მიკირტუმ გასპარიჩ, რატომ არ მობრძანდები; აქ შემოდი, ვაჟო, რამდენი ხანია არ მინახევხარ?

მიკირტუმ (მარტო, ჩუმათ)

პლუტ ვრაცუა, ჰა (მაღლა) კნიაზს გაუმარჯოს! (შევლენ ანდუყაფარის ოთახში)

გამოსვლა მეექვსე

გაბრიელ (მარტო)

გაბრიელ

ფუ, რა სკუჩნობაა ამ სოფელში! ნეტავი ქალაქში მაინც ვიდგეთ, ნეტავი ჩემი ბატონი ისევ ვარშავში ყოფილიყო და... საკვირველი ეს არის, იქ რომ ვიყავ, საქართველოში მინდოდა მოსვლა... ახ, როდის განათლდება ჩვენი ხალხი... რა უბედურება არის, გოგოსათვის ხმა ვერ გამიცია?! ტოლი დელო ვარშავა! საღამოზედ როცა დრო მქონდა, — და როდის არა მქონდა დრო. — ბატონი სად იყო ხოლმე, დავერეოდი ვარშავის ქალებში. რა რიგათ არიან გაზდილები: ორ კვირაზედ პოლშური მასწავლეს, მერე ტანცაობა და რამდენი რამეები. შაბათობით ვერცხლის ზალაში თითო შაურათ არის შესვლა: მუზიკა; ქალები გიჟდებოდენ ჩემთვის; რა ზდილობით მექცეოდენ; “პროშუ-

პანა გაბრიელა, ნამაზურე ობერ ტასა” — ესენი სულ დამავიწყდება. (ოცნებობს. ამ დროს შემოვა ყარდაშვერდი, გვერდით დაუდგება, გაბრიელ ვერა ხედავს) ახ, იულიავ, იულიავ! სადღა ვნახავ შენს ლამაზ ტანსა, სად გავიგონებ შენ ლამაზ ხმასა. “კოხანი გაბრიელო!” მეტყოდა ხოლმე. (ოხრავს) ნეტავი იმ დღესა, რომ მე სიყვარული გამოუცხადე; პოლშურად დაუჩოქე წინა, აი ასე. (დაიჩოქებს ყარდაშვერდის წინ) ოო, იულიავ, იულიავ! შენა ხარ ვარსკვლავი ჩემის ცხოვრებისა.

ყარდაშვერდი

იი, მეხი კი დაგეცა!

გაბრიელ

ოჰ! შენ ხარ, ვარდო?.. ვარშავა მომაგონდა. (წამოდგება)

ყარდაშვერდი

თვალი შენც დაგიდგა და ვარშავასაცა.

გაბრიელ

აი ეგ არის ქართული სიყვარული.

ყარდაშვერდი

მაშ რუსული სიყვარული როგორ უნდა?

გაბრიელ

მე რუსეთში პატარა ვიყავ, არ ვიცი; თუ გინდა პოლშურს გასწავლი.

ყარდაშვერდი (მხიარულათ)

აბა როგორ უნდა?

გაბრიელ

აი ჯერ ასე თავს დაგიკრავ, შენც ასე დამიკარ თავი, ამას ჰქვია კნისკი.

ყარდაშვერდი

აი თვალებზედ დაგაკარ ფისი.

გაბრიელ

მაიცა მერე მოვალ, ესე ხელზედ გაკოცებ. (დაიჩოქებს) სიყვარულს გამოგიცხადებ.

ყარდაშვერდი

კარგი, თვალი დაგიდგება, არავინ დაგვინახოს!..

გაბრიელ

მაიცა, გითხრა რამე.

ყარდაშვერდი

თქვი ჩქარა.

გაბრიელ

ოჰ! ყარდაშვერდი.

გამოსვლა მეშვიდე

იგინივე და ივანე

ივანე შემოვა უეცრად, ყარდაშვერდი დაიკივლებს და გაიქცევა,

გაბრიელი დაჩოქილი დარჩება

ივანე

რას შვრები, დურაკო?

გაბრიელ

ვინავათ, ბარინ.

ივანე

გავარი დურალეი. (ფეხებს დაუბრახუნებს)

გაბრიელ

სიყვარული გამოუცხადე, ბარინ.

ივანე (იცინის)

რა პასუხი გითხრა?

გაბრიელ

რა მითხრა, — იგინება.

ივანე

ნუ ტაკ პრაშჩაი, არა ჰყვარებიხარ!

გაბრიელ

კაკჟე, ბარინ, ქართული სიყვარული სულ გინება გახლავთ. (გაბრიელ გავა)

ივანე (იცინის)

მართალს ამბობს; ჯერ საქართველოში სიყვარულის მაგალითი არა ყოფილა! რამანიც არ დაიწერება!.. რამან ბეზ ლიუბვი — ეტო უჟასნო... (იმღერის)

ჩვენთა ქალთა უგრძნობართა,

სიყვარულის უმეცართა,

ტრფობისათვის არ აქვს სული,

სხვა რისთვისმე უცემსთ გული!

საყვარელსა, ვით ბაშმაკი,

მოსწყინდებათ იმათ რაკი,

რა გულით ამოიღებენ,

ვით ძველსა გადააგდებენ.

ჩვენნი ყრმანიც გულ გრილები,

თითქო იყვნენ ანგლიჩნები,

გამხდრები, ძალათ ყვითლები,

პირ-ბრინჯ-ფქვილ შეგლესილები.

ცოლს არ ირთვენ, ჭლექდებიან,

უდროოთ სნეულდებიან,

ლანცკნეტის თამაშობითა

ვგონებ სულ გაკოტრდებიან!

ჩვენი ვაჭრების შვილები

შეიქნენ ჩინოვნიკები,

მამის მოგებულ ფულებსა

ჰფანტავენ, ვითა ჩალა-ბზესა.

ვაჭრობას არ კადრულობენ

ბალში ფრანცუზ-კადრილობენ,

ბლოტის ფერჩატკით ფრანტობენ,

თავის ოჯახს კი ამხობენ.

გამოსვლა მეორე

იგინივე და მიკირტუმა

მიკირტუმ

ზდრავი ჟელაიმ, კნიაზ!

ივანე

აა, მიკირტუმ გასპარიჩ, კაკ ვაშე ზდოროვიე?

მიკირტუმ

ბლღდარიმ პუკურნო!

ივანე

რისთვის გარჯილხარ, ჩემო მიკირტუმ გასპარიჩ!

მიკირტუმ

მე, კნიაზჯან, ცოტა ვექსილი პერემენიათ უნდა ჰქნან შენი ძმები.

ივანე (მოწყენილის სახით)

რა მართებთ სულა?..

მიკირტუმ

ანდუყაფარ — ხუთას ორმოცდა ორი თუმანი და ორი მანეთი, პავლემ — ასი და რვა აბაზი...

ივანე

სარგებელს რას ართმევ, ჩემო მიკირტიჩ!

მიკირტუმ (აქეთ-იქით იყურება)

ცოტა — სამი შაური!

ივანე

ეტო უჟასნო, მიკირტიჩ! ეტო ნე ჩესტნო!

მიკირტუმ (იცინის)

კნიაზ, ერთი ჩესტის ლათაიას გითხრამ! (იმღერის)

კტუ ნა სვეტე ჩესნა ბუდით,

ბუდიტ ნასიტ ხლება გუდით! (იცინის)

რა ვქნათ, კნიაზჯან, ჩვენი ყმა, გუთანმა, პური-ფულის სარგებელია. აი, ნაღდი მომცეს თქვენი ძმა... კუზუნ პრუცენტ ყაბული ჰა... რამდენი წელიწადია მართებს დახისპორ კაპეიკ ნეზნაით. ცხენის ქირამ გამაკოტრა, კნიაზის მზემ; ზა ოდნა კუნეც პლტარა რუბლი პლაჩუ. ისე ვენდე შენი ძმა, არც აბეზპეჩითი რამე მაქვს. კნიაზჯან, რატომ შენ არა იქ ყმის პრავიტსა... მაგრამ ჭორი გავიგონე, ძმები გაყრასა შვრებით?..

ივანე

დიახ, უნდა გავეყარო!

მიკირტუმ (ჩუმათ)

შენ ჭკვიანე, არ მოტყუვდე; ანდუყაფარ ყალბე, გებნები ჰა!

ივანე

ვინ მეუბნება! უნდა ავიტანო, ამისთვის რომ მართალს ამბობს, ბოჟე მოი!

მიკირტუმ

ერთიც გითხრამ, რომ დავიდარაბე ძმები მორჩეთ, მერე სამსახურში არა იქ? ზასედატელ, გრდნიჩ. ჯამაგირი კარგი რამეა და!..

ივანე

ნეტ, ბრატ, მე მინდა ვიხაზაინო; მე სამსახურის თავი არა მაქვს.

მიკირტუმ (იქით)

გიჟ ვრაცუა. (მოწყენით) კნიაზჯან, პური კარგი მურავიც მოიყვანს, სამსახურ ლავე, პატივე; ზასედატელი ასი თუმანი აქვს, ასიც ისე მოვლენ!

ივანე

ქრთამი უნდა ავიღო?

მიკირტუმ

ვაა, ინჩის ასუმ ჩემთვის რომ საქმე ჰქნა, შენი ოფლისათვის ოცი ოქრო მოგცე — ეს ქრთამე?!

ივანე

მე მაგის მქნელი არა ვარ!

მიკირტუმ

კნიაზჯან, თუ ხაზაინ-მაზაინობა იქ, ცოლიც შეირთამ.

ივანე

იქნება... მაგრამ ნადა პრეჟდე ვლიუბიტსა.

მიკირტუმ

კიდევ ლათაია გითხრამ. (იმღერის)

ლუბით ნადა კრასავიცა,

ფული მოგცეს მეტი ვინცა;

თუ არა აქვს ფული ცოლი,

უნდა ჭამო ხომ კონჩოლი!

ივანე (იცინის)

ბრავო, მიკირტიჩ! ბრავო!

მიკირტუმ

დიახ, კნიაზჯან, ფული. ეს სოფელმა სულ ფული, ფული. სხვა ყველამ ტყუილია; შენი ხაზაინ-მაზაინობას ფული უნდა...

ივანე

ტაკ ჩტოჟ, ბანკიდან ავიღებ, ეხლა ხომ ბანკი გვაქვს!

მიკირტუმ

ოჰ, კნიაზჯან, ბანკი! ჩემა მზემ, მანამ აიღებ ჭლექი მოგივა. ერთი წელიწადი ჰსწერა ჩვენი იუანემ; რამდენიც ოპისი ქნა, იმდენი დაუწუნეს, მერე ბრაზი მოუვიდა, დახია. ვა, დავიდარაბას გახდიან, თუ ვინ მოგცა ყმა, რა ყმებია, გვიჩვენეო. ჩვენი ფული ჰსჯობიან, კნიაზის მზემ; ვსთქვათ რომ აიღე, ასტროჩით რომ იქ, ერთ ნიმუტში ტრანქ, ჩაქუჩი დაჰკრამენ, ყმა ტორგში იქმონენ. ვაა, ჩვენ უსტუპიტს გიზამთ... მაგრამ პრაშჩაი, კნიაზ, ღმერთმან ქნას თქვენი დავიდარაბა კარგა მორჩე. (გავა)

ფარდა

მოქმედება მეორე

გრძელი ტახტი, ხალიჩა გაფენილი; ზოგან მუთაქა გდია, ზოგან ბოხჩა, ზოგან ბალიში.

გამოსვლა პირველი

ნინო მუთაქაზედ წამომჯდარი არის, ტახტის ქვევით ზის ყარდაშვერდი.

ნინო და ყარდაშვერდი

ნინო (ოხვრით)

იქნება დედაჩემმა იმ მაიმუნს მიმცეს?

ყარდაშვერდი

ვისა?..

ნინო

აი იმ სუდის სეკლეტარსა!

ყარდაშვერდი

უი, დამიდგა თვალები, იმასა?

ნინო

იმ დღეს ისე რიგათ გადაჰკრა ლაპარაკში დედამ, რომ მე იჭვი შემივიდა.

ყარდაშვერდი

უთუოდ საქმე ექნება ქალბატონს და ატყუებს!

ნინო (იცინის)

ღმერთმა გიშველოს, მეც გამიკვირდა, დედაჩემი აგრე გიჟი არ არის.

ყარდაშვერდი (ნეკზედ მოიჭერს კბილსა)

ახლა კი ვიცი: ბატონები იყრებიან და უთუოდ დიატორად უნდათ!

ნინო (მხიარულებით)

უი, ქა! მართლა, შენ ვინ გითხრა, რომ იყრებიან?

ყარდაშვერდი (გაწითლდება)

გაბრიელმა.

ნინო (თითით აშინებს)

შენ როგორღაც ეკურკურები იმასა!

ყარდაშვერდი (გაწითლდება ხელზედ დაუწყებს კოცნას)

გენაცვალოს ყარდო, ცოლ-ქმრობის პირობა მივეც.

გამოსვლა მეორე

იგინივე და რამაზ

რამაზ შემოვა და ნინოს თავს დაუკრავს

რამაზ

კნეიჟნას ვახლავარ, უმორჩილესი მონა. მექმნება ბედნიერება ვიკითხო სიმრთელე ბრწყინვალებისა თქვენისა!

ნინო (თავს დაუკრავს. ჩუმათ)

თვალიც დაგიდგება. (გავა ბუტბუტით).

გამოსვლა მესამე

იგინივე და მაკრინე

მაკრინე

აა, კნიაზო, მშვიდობით ბრძანდებით? რა ამბავია, ასე დაგვივიწყეთ?

რამაზ

მრავალთა საქმეთა გამო არა მქონდა დროება. სხვა გვარ, კნეინავ, როგორ არის გარემოება თქვენის საქმისა?

მაკრინე

როგორ არის? ნუღარ მიბრძანებთ. თქვენი ძმა, როგორც მოგეხსენებათ. დაუდევნელი არის... არა იცის რა. ივანე ცდილობს გაყრას, მაგრამ მე თქვენზედა მაქვს ფიქრი. თქვენ გონივრებაზედ, თქვენს სინდისზედ. ჰსწორეთ მოგახსენო, მე ისე არ დავეშურებოდი გაყრას, თუ მიზეზი არა მქონოდა. ქალი გასათხოვარი მყავს, ყველანი ერიდებიან, გაუყრელობის მიზეზით... მოგეხსენებათ ჩემის მაზლის სიმძლავრე.

რამაზ

დიახ, უმჯობესია გაყრა... მე, სწორე მოგახსენო, არ მიყვარს გარევა მაგგვარ საქმეში, მაგრამ თქვენ თხოვნას უარი არ ეთქმება. მერე ჩემის სულის თვისება გახლავსთ დავიჭირო მხარე დაჩაგრულთა: გაყრა ადვილი არის; ეცადენით სინიდისით აღმოირჩიოთ მედიატორენი.

მაკრინე

რასაკვირველია, ჩვენ სინიდისით გამოვირჩევთ, მაგრამ ძნელი ეს არის, შემდგომ გაყრისა კარგი მოშენება და მოვლა უნდა სახლსა. როგორც მოგეხსენებათ, უთაურობა ძნელია; ნეტავი ასეთი საქმრო უშოვნო ჩემს ქალს და შევიყვანო სახლში...

რამაზ

დიახ, გმართებთ მაგაზედ ფიქრი. თქვენ გინდათ სასიძოთ კარგი მცოდნე რუსულისა და სასამართლოს რჯულები იცოდეს: ჭკვიანი, ზრდილი თავადიშვილი...

მაკრინე

სწორეთ... მაგისთანა ბედს ვინ მომცემს! ერთის სიტყვით (ღიმილით) თუ თქვენსავით კარგად არ ეცოდინება კანონები, რაც უნდა დიდის კაცის შვილი, ყმა და მამულის პატრონი იყოს — არ მივცემ.

რამაზ

ფრიად გონიერათა სჯით. აი კნიაზიც მობრძანდება.

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და პავლე

პავლე

ბატონს რამაზს ვახლავარ. მშვიდობით ბრძანდებით, კარგათ ბრძანდებით? მამა ნუ წაგიწყდება, ბიძაშენს მწევარი თურმე ჰყავს კარგი, აგება გამომირთო...

მაკრინე

აი, უბედურება ოჯახისა! ოჯახი მეღუპება, შიმშილით ვიხოცებით ტიტვლები, გასათხოვარი ქალი შინ გვიზის, აგერ ოცის წლისა შესრულდება და მიბერდება, — ერთხელ ამათთვის იფიქრე; მე ხომ სასამართლოში ვერ ვივლი! რა უბედურებაა: ძაღლები და ძაღლები. (რამაზს) თქვენ მაინც უბრძანეთ რამე...

პავლე

ოჰ, ოჰ, დატრიალდა ჯარა! (ფანჯრიდან უძახის). ბიჭო! ბიჭო! შენ ეი, ფილიპე! სწრაფიას ფეხები დაუზილე; ვეჟო, ჯერანამ საყელო რა უყო! ეგ რჯულძაღლი, აკი არ დაიყენებს!

მაკრინე (ქოქოლას აყრის)

გამიკითხე, აბა რა ვქნა მე დედაკაცმა! ბატონო, ამისთანა უბედურობა იქნება, ოჯახში პურის ნება არა ჰქონდეს გლახას მისცეს. (ქმარს) შე კურთხეულის შვილო, ერთხელ შენ ამოიღე ხმა, სულ მე სად ვიჩხუბო!

პავლე

მითომ რატომ არ ამოვიღებ? აბა გაჭირება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო; ასე ვილაპარაკებ პოპოშნიკთანა, დიამბეგთანა, ნაჩალნიკთანა, სუდიასთან, როგორც შენთან, ჩემო მაკრინე, ვაი არა აქვს შენს პავლესა, ჰო!

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და ანდუყაფარ

ყველანი წამოუდგებიან ანდუყაფარს. ის მივა რძალთან და დაჯდება; ჩუმათ

ლაპარაკობენ. რამაზ და პავლე წინ სცენაზედ ლაპარაკობენ

რამაზ (დაბალი ხმით)

რატომ არ მიბრძანდებით, უთუოდ კნეინა და ანდუყაფარ გაყრაზე ლაპარაკობენ.

პავლე (სიცილით)

გაიგონე შენ ეი, რამაზ! ბიჭო! თითქო შენ ჭკვიან კაცს გეძახიან! დედაკაცი სულ ევას ჩამომავლობა არის; ვითომ ანდუყაფარ სჯობს ადამსა თუ?! ჩემ მაკრინეს სატანაც ვერას დასტყუებს, ვაი არა აქვს შენს პავლესა, ვითომ ენაზედ ჭალი მოედება თუ, აი ღმერთი არ გაგიწყრეს, ესე დაუკრავს, როგორც ჩონგური, ვაი არა აქვს შენს პავლეს, ჰო!.. მამა ნუ წაგიწყდება, რა მაგის პასუხია, ბიძის შენის შეფის მწევარი ლამაზია? კურდღელს კარგად იჭერს?

რამაზ (გაჯავრებით)

ძალიან აქებენ და მე, ჰსწორე მოგახსენო, არ ვარ ახოტნიკი მხეცების ტანჯვისა.

პავლე

შენ ეი, გაიგონე! სულ ზაკონები სად გაწერინო; შენ, ძმაო, სულ კაცებს აჭერინებ ნაობახტში-და...

რამაზ

უნდა ავხოცო ბოროტება!

პავლე (იქით)

თქვენმა მზემ, თავის მამას დაჰკარგავს ციმბირს ერთ თუმნათ ეს კეთილი კაცი, ვაი არა აქვს შენს პავლესა!

ანდუყაფარ

რამაზ, ერთი ინებე, აქ მობრძანდი. (დაუწყებს ჩურჩულს).

პავლე (ფანჯარას გააღებს)

ანდუყაფარ! ოო! ოო! ერთი შეხედეთ და ჯერანას ნავარდსა! ეი, შენი გულისა, ტა, ტა, ტა! ბიჭო, შენ ეი, ბონჯურავ, თქვენი ტრუ, ტრუ მეძებარი ჰსჯობს ჩემ ხალიასა თუ?! ასან-აღამ მაჩუქა, შვილო! რო დაუვლის, თითქო ცეკოს თამაშობსო; მამალაა ხალი! მამალაა ხალი. თქვენ ძაღლს ფრანგულის მეტი არა ესმის რა, ეხლა სად ვისწავლო: ჩერჩ-ტრუე, ჩერჩ!

მაკრინე (ქოქოლას აყრის ქმარს)

ეგ არის, ძაღლები და ძაღლები!

პავლე

რა დაგემართა, ხვალ მოვიდნენ ეგ შენი დიატორები, ასე დავტრიალდები, როგორც ჩალხი, ვაი არა აქვს შენს პავლესა, ჰო!

(რამაზ და ანდუყაფარ გავლენ)

გამოსვლა მეექვსე

პავლედა მაკრინე

მაკრინე (ნელის ხმით)

ხვალ მედიატორები მოვლენ. ყველა მომიხერხებია, ჯერ ავეჯი უნდა გავიყოთ, ივანეს წილი არა აქვს; ორთა უნდა გავიყოთ, არაში მოსტყუვდე; თუ რამაზმა ქალისა გითხრას რამე, შენ შენებურად უთხარ, ჩემმა მაკრინემ იცის-თქო!

პავლე

როგორ თუ ქალისა, იქნება ჰფიქრობ იმ მაიმუნს მისცე?

მაკრინე (მღიმარებით)

რა უჭირს, კარგი მცოდნე არის.

პავლე (გაჯავრებული)

რაო? მაშ მე მამა არა ვყოფილვარ? ვაი არა აქვს შენს პავლეს, ჰო. ჩემი ნინუცა! დედაკაცო, გაგიჟდი თუ?

მაკრინე

შენი საქმე არ არის.

პავლე

ფე, როგორ თუ ჩემი საქმე არ არის! მაშ მე სახლში გზირი ვჰყოფილვარ. ნუ გამაჯავრებ, გამიგონე, მაკრინე, ვაი არა აქვს შენს პავლესა, ჰო!

მაკრინე (ჩუმათ ეუბნება)

მედიატორათ ვირჩევ, ვატყუებ, აგება ჩემკენ იყოს, თორემ ყარდაშვერდი გოგოს არ მივცემ.

პავლე (სიხარულით)

აი დედაკაცი! აი ჭკვიანი! შენ-კი გეთაყვანე მაგ თვალებში!.. ჯან, დედაკაცო, აკი ვთქვი ევაზედ ჭკვიანი არის ჩემი მაკრინე მეთქი, ვაი არა აქვს შენს პავლესა... ბა! ბა! ბა! როგორ იფიქრე?!

მაკრინე

რა დიდი ფიქრი უნდა... (გავა)

პავლე

ჩემი ცოლი თამარ მეფის დროს რომ ყოფილიყო, ვეზირობას მისცემდნენ; არ გაგონილა, რაც უნდა ჭკვიანი კაცი იყოს, პამპულათ გახდის. არ გაგონილა, ეგ რო კაცი ყოფილიყო, დიდებულიძეებს სულ აჰყრიდა... წავიდე, მიმინო სახადელზედ მოვიყვანო.

ფარდა

მოქმედება მესამე

ანდუყაფარის ოთახი, ტახტის წან დგას სტოლი

გამოსვლა პირველი

რამაზ ზის ტახტზე: ორნი სხვანი მედიატორენი, ანდუყაფარ და პავლე ჩამომჯდარნი არიან გვერდით. ივანე ზის სკამზედ. ანდუყაფარ, პავლე, რამაზ ორი მედიატორები და შემდეგ იმერელი

რამაზ (კითხულობს განაჩენსა)

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერელთა, სინიდისით მედიატორეთ დამტკიცებულის სუდსა შინა № 875-ითა... (ამ დროს იმერელი შემოვა ტირილით)

იმერელი

დევიმსე, დევიმსე, ვაი, ვაი, ვაი!

ყველანი (ერთობით)

რა არის, რა ამბავია?

იმერელი (ყვირის)

ვაი, დევიმსე, ბატონო!

ყველანი (ერთობით)

რა არის? რა ამბავია?

იმერელი

ქორი გამიფრინდა, ბატონო!

პავლე

როგორ თუ ქორი!? გამიშვით (იჭერენ სეკრეტარი და ანდუყაფარი). გიჟი ხართ, მაჭუტაძის გამოგზავნილია, რა დროს გაყრა არის! (პავლე გავა, პატარა ხანს უკან შემოვა, ქორს შემოიყვანს, დაჯდება და უალერსებს. ერთი მედიატორე ჩუმათ ეუბნება, რომ ქორი გაიყვანოს; ადგება და იმერელს მისცემს, მერე შემოვა და თავის ალაგას დაჯდება)

რამაზ (დაიწყებს კითხვას)

ჩვენდა მოცემულისა თავადთა: ანდუყაფარ, პავლე და ივანე დიდებულიძეთაგან განვჩხრიკეთ ყოველნი მათნი დავანი გარეშენი, აგრეთვე ვალნი მათნი, სადაცა აღმოჩნდა, რომელ ვალი არის აღებული თავადი ანდუყაფარ დიდებულიძისაგან ორმოცდახუთი თუმანი 1825 წელსა მიკირტუმ გასპარიჩი ტრდატოვისაგან, ჟამსა თავადის ივანე დიდებულიძის პეტერბურგში გაგზავნისათვის, რომელიც ეს ვალი

შემდგარა თამასუქის გამოცვლით ოთხას ოცი თუმანი 1842 წლამდე. აგრეთვე დიდებულიძეს აუღია სამოცი თუმანი ჟამსა თავადის ივანეს ვარშავაში წასვლისა, ესე იგი 1849 წელსა და შემდგარა 120 თუმანი. ზემოხსენებული ვალნი დაშთნენ ჩვენის კეთილის სინიდისით, თავადს ივანე დიდებულიძეს.

ივანე (წამოხტება)

ეტა ტვოი კავერზი, მარტიშკა!

რამაზ (მოუბრუნდება სხვა მედიატორებსა)

ბატონებო, იყავით მოწმეთ, (ივანეს) თქვენო ბრწყინვალებავ, მაგ აბიდისათვის სტატიით 125 უგლოვნაღო ულოჟენია ო ნაკაზანიახ, ვი ბუდეტე ლიშენი: ჩინა, ზვანია ი სოსლანი ვ სილკუ.

ივანე

მე შენ დუელში გამოგითხოვ!

რამაზ

დუიელნი აღკრძალულ არიან სტატიით 532-თა.

ივანე

სეტიმ სოზდანიემ ნიჩევო ნე ზდელაეშ. (მედიატორებს) უფალნო, თქვენ ძალიან სინიდისიანი ბრძანებულ-ხართ, დაგიკარგავთ მცირედი ნაპერწკალი კეთილშობილებისა. რა სამართალი არის, ამ რაზბონიკის. — (უჩვენებს ანდუყაფარს) და ეტო ჩისტი რაზბოი — 900 კომლი კაცი ოც წელიწადს ეჭირა, მე ამ ოცს წელიწადში ასი თუმანი მხოლოდ მისარგებლია ჩემის მამულიდგან. ღმერთი არა გწამსთ? ფუ, კაკაია ნესპრავედლივოსტ! არა, მე წავალ ღუბერნატორთან, მთავარმართებელთან, ხელმწიფესთან, თქვენს მაშენიკობას გამოვაცხადებ. (გამოვარდება კარზე).

პავლე

ეი! გამიგონე. ღმერთს გეფიცები, ერთ აბიდას გვაჭმევს მთავარმართებელთან... (ჩუმათ) ეს ჩემი მაკრინეს მოხერხებაა, ვაი არა აქვს შენს პავლესა, ჰო! ეი, ჯან დედაკაცო. (ამ დროს მოაქვთ ბიჭებს: თოფები, ხმლები, ბუთილკები, ყანწები, საფენი, მუთაქები და ვერცხლეულები. რამაზ ჰყოფს).

ანდუყაფარ (რამაზს)

ეგ მინები სულ ჩემი ნაშოვნი არის.

მაკრინე (პავლეს კულისიდგან ეუბნება)

ყველაში წილი გაქვს, არ დაანებო.

პავლე (გაცხარებული)

მე კი არა მიშოვნია რა თუ? ვეჟო! ჩემი ნანადირევით გამოდიხართ, ვაი არა აქვს შენს პავლესა. მაიტა ნახევარი ჩემია... (შუბლზე მოისვამს ხელსა) ესე ვიწურამ ოფლსა და ისე გამომყავს ჩემი ცოლ-შვილი.

ანდუყაფარ (მივარდება მინებს და დაამტვრევს)

აი, ეხლა გაიყავ. ეს ოხერი ახალციხეს ვიშოვნე. ეს ჩემმა ცოლის ძმამ მომცა... ესენი ქალაქს ვიყიდე...

პავლე

რო იყიდე, შენი პენციიდგან მიე თუ? კახიშვილი რომ აიკელ იმითი არ წახველ ქალაქსა, შე გუმაძღარო? ვაი არა აქვს შენს პავლესა, ჰო! (მივარდება რამაზს) ეგ მუთაქა ჩემია, სად მიგაქვს? გამიგონე შენ, ეი, მამა არ წამიწყდება. არ მოგცემ. ბიჭო! ეგ ჩემი ახალუხის დანარჩენი არის! (აიღებს მუთაქას, ანდუყაფარ მივარდება, ართმევს; პავლე წაართმევს, გადილაჯებს მუთაქაზედ და ხანჯალს ამოიღებს) აბა მობრძანდი და წაიღე!

ანდუყაფარ

(გაჯავრებული შევარდება, გამოიტანს ხმალს, ქალები კივიან, ანდუყაფარ ყვირის)

დავჩეხამ მაგ სულელსა.

ბარამ

(და ბიჭები იჭერენ ანდუყაფარს)

მამაშენი ნუ წაგიწყდება, ღმერთი გადღეგრძელებთ, აბა რა საკადრისია.

მაკრინე

(კულისიდან პავლეს ეუბნება)

არ დაანებო, თორემ ლეჩაქს დაგხურამ, კაცი არა ხარ!?

პავლე (გაბრაზებული)

მომიტანეთ ერთი დიდი თოფი! აი, ქალაჩუნა დედაკაცო, ნახე ჩახმახი შევაწკაპუნე. მამა არ წამიწყდება, გამიგონე! გამიშვით, რა თოფი მინდა? ცალი ხელით დავახრჩობ მელიასავით, ვაი არა აქვს შენს პავლესსა, ჰო! (შემოვარდება ივანე)

ივანე (ბარამს)

რა ამბავია, ჩტო ზა რაზბოი?

ბარამ

აი, შენი ჭირიმე, ემ მუთაქაზედ ჩხუბობენ.

ივანე (იცინის)

ფუ, კაკაია ნიზოსტ! (მივა პავლესთან. წაართმევს ხანჯალს. მერე მუთაქას გასჭრის შუაზედ, ერთს გადაუგდებს ანდუყაფარს) ნა ტებე, ბალშოი რაზბოინიკ! (მეორეს გადაუგდებს პავლეს) ნა ტებე, დურალეი! (ბიჭებს უყრის) გაიტანეთ, გადაყარეთ ეს ჩიხა-მახოები, — თქვენთვის მიჩუქებია; ჩემს სახლს ნუ აჩირქიანებთ, სახლი ჩემია. (ბიჭები ჰკრეფენ საჩქაროდ. ივანე რამაზს) ა ტი ვონ, ისჩადიე ადა! (გავა).

რამაზ

მოიცა, თვალი მაშინ დაგიდგება, როცა შენს ძმისწულს შევირთავ! (ყველანი გავლენ).

გამოსვლა მეორე

გაბრიელ და ყარდაშვერდი

გაბრიელ

(ხელში უჭირავს მაკრატელი. ტირილით)

ბოჟე მოი, ბედნი ბარინ მოატყუეს რაზბონიკებმა; ონ ტეპერ ნიშჩი, ექვსასი თუმანი ვალი არგუნეს, ეტო უჟასნო! და ის დალოცვილი დადის და ვარშაულათ ჰფიქრობს გააკეთოს ბაღები. მალ-მალ მეტყვის: “პო ვარშავსკეღო”, ა პო ვარშავსკეღო ფულები უნდა. აი გუშინ მომცა ეს მაკრატელი, ამითი ხეები დაკვეცეო; აბა კაკალი როგორ დავკვეცო? (შემოვა ყარდაშვერდი, გაბრიელ მიირბენს იმისაკენ) ოჰ, პანა იულიავ!

ყარდაშვერდი

კარგი, თვალი დაგიდგება, რაღასაც მეძახი!

გაბრიელ (ყარდაშვერდს)

გეთაყვა, ნუ ჰსჯავრობ, ეს წყეული ენა დაჩვეული არის, ან გადავეჩვევი, ან მოვიჭრი.

ყარდაშვერდი

ყველა კარგი, მაგრამ შენს ბატონს არა მოახსენე რა?

გაბრიელ

როგორ არა, ჩემო ვარდო! მიბრძანა, მე ვთხოვ ჩემს რძალს, რომ ყარდაშვერდი მოგცესო, ჩემსა ახლო დაგაყენებთო.

ყარდაშვერდი

რა საკურველია... სასახლის ახლო დავსდგე, რომ ქათმები მაზდევინოს!.. აგება მოურაობა გიბოძოს.

გაბრიელ

მოურაობას იმასთან სამსახური არა ჰსჯობია?

ყარდაშვერდი

რათ ემჯობინება, მაგდენიც არ იცი, რუსეთი კი დაიარე.

გაბრიელ

მოურაობა რა ხელობა არის, რა პურს მაჭმევს?

ყარდაშვერდი

ქაა! რა პურს გაჭმევს! პური შენს ხელში იქნება და ღვინო, შემოსავალი. ვისაც ბატონი აიკლებს, ნახევარი იმისია, ერთის სიტყვით ბატონის მონახევრე არის.

გაბრიელ

როგორ თუ აკლება? კარგს რასმე მასწავლი; მე რომ ბატონს აკლება გავაგონო, დამარჩობს, განა ბატონი რაზბონიკია! არა, ჩვენ მაგისთანები არ გვისწავლია!

ყარდაშვერდი

მაშ შენცა და შენი ბატონიცა მშიერი დარჩებით. ერთის სიტყვით, თუ მოურაობას არ იშოვნი არ მინდიხარ, შენისთანა მშიერებს მე ბევრს ვიშოვი... მშვიდობით. (გავა)

გაბრიელ

ვოტ ჟენშჩინა... ნეტავი აგრე ლამაზი არ იყოს... მაგრამ ბოროტი დედაკაცი გამოვა... აი რას მირჩევს: რაზბონიკათ გავხდე, ბატონს უღალატო, მოვპარო! ნეტ, ბატონი კი არ არის — მამაა, დედა, ერთის სიტყვით შვილივით გამზარდა და უყვარვარ, კაცი გამომიყვანა მეხრეობისაგან. ნეტ, ბარინ, მე შენ არ გიღალატებ, ია ტებია ნე ასტავლიუ; კჩორტუ სიყვარული.

გამოსვლა მესამე

გაბრიელ და ივანე

ივანე (შამოვა, როცა გაბრიელ ტირის)

შტო ტი პლაჩეშ?

გაბრიელ

არა, შენ ფეხ ქვეშ მოვკვდები, ბარინ, მე შენ ვერ გიღალატებ, ვერ გაგიშვებ.

ივანე

ეს რა მესმის! ნე პოდკუპილი ლი ი ევო. (გაბრიელს) რას ამბობ, ბიჭო, როგორ თუ გაგიშვებ, შენ ხომ მე მერგე.

გაბრიელ (წამოდგება, თავს იქნევს)

ის არ არის გაზრდილი, ანჩხლი არის!

ივანე

ვინა, ბიჭო?

გაბრიელ

ჩემი კოხანკა ყარდაშვერდი.

ივანე

რაო, რას გეუბნება?

გაბრიელ

რას მეუბნება! მოურაობა სთხოვე ბატონსაო.

ივანე (იცინის)

ტაკ ჩევოჟე? ჟალუიუ ტებე მოურაობა.

გაბრიელ (ტირის)

ნეტ ბარინ, მე ჩესტნი ვარ, არ გავპადლეცდები.

ივანე

მეც ამისათვის გაძლევ, რომ ჩესტნი ხარ.

გაბრიელ

ნეტ, ბარინ! მე შენ კაცების აკლებას ვერ გირჩევ.

ივანე

ონ პროსტო რეხნულსა! როგორ აკლება? ვინ გასწავლა ეგ სიტყვა?

გაბრიელ

ყარდაშვერდიმ.

ივანე

მაშ ბოროტი დედაკაცი ყოფილა... გაბრიელ! იცი რას გეტყვი, ბროს ეიო!

გაბრიელ

ბროშუ, ეი ბოღუ, ვსიო რუგაეტსა; უნდა რაზბონიკობა დამაწყებინოს.

ივანე

მაშ ხელს აიღებ? მართლა მითხარი.

გაბრიელ

სიტყვას გაძლევ, ბარინ.

ივანე

მაიტა ხელი, ბუდემ პო პრეჟნემუ დრუზიამი. (გაბრიელ ხელზე ჰკოცნის და გავა. ივანე დარჩება მარტო. დადის და ოცნებობს) დაა! სასიამოვნო არის ყავდეს მებატონეს ერთგული მსახური და ყმები, გოსპოდი! მომეც შეძლება, რომ ყმებმა ისე შემიყვარონ. როგორც გაბრიელმა. კაკაია პოეზია ბიტ დობრიმ, ხოტ ი ბედნიმ პომეშჩიკომ! დაგლოცვენ შენი

ყმანი... მეც ვეცდები... თუმცა ჩემმა ძმებმა იმაშენიკეს... ნო ბოღ ს ნიმი! კაი მამულები მერგო. (გააღებს ფანჯარას. ფიქრში იმღერის. ამ დროს შემოვა მიკირტუმა და გვერდით დაუდგება)

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და მიკირტუმ

ივანე

ია რაზდელიუ პოლე ნა სემ.

მიკირტუმ

მაგითი ფული ვერ გასცემ.

ივანე

აქ მომივა მე კაპუსტა.

მიკირტუმ

ა ვ კარმანე ბუდით პუსტა.

ივანე

ტუტ მადია სატი ტავა.

მიკირტუმ

ჯიბიდგან ფულები გავა.

ივანე

აქ ბესედკა გაკეთდება.

მიკირტუმ

უფულოთ კი არ იქნება.

ივანე

ეს ლაბირინტათ უცხოა.

მიკირტუმ

კიდევ გითხრამ გიჟ ვრაცუა! (მიკირტუმ მივა, დაადებს ნელა ხელს მხარზედ) სუყველა კარგა ფიქრობ, კნიაზ! მაგრამ ფული, სულ ფული... ფული...

ივანე (ჩუმათ)

მოვიდა სატანა, მოსწამლა ჩემი ფანტაზია! (მაღღა მიკირტუმას) აი, ეხლა ავიღებ ბანკიდგან და თავში მოგარტყავ შენს ვალს, მე მარგუნეს...

მიკირტუმ

აკი გითხრამდი, კნიაზ, ანდუყაფარ ყალბია.

ივანე

და, ახლა მჯერა, რომ შენზედ ყალბი.

მიკირტუმ

კნიაზ, ჩემმა მზემა შენთან არა ვიქ ყალბი. ერთი რასჩიტაით ვქნათ. უგოდნო პერემენათი ვექსილმა, უსტუპიტს გიზამ.

ივანე

მადლობელი ვარ.

მიკირტუმ (დაფიქრებული)

კნიაზ! ეური რამ გითხრამ: მუქთათ შენი ვექსილი გიშოვნო?

ივანე

კაკ ეტო?

მიკირტუმ

ფულიანი ცოლი გიშოვნებ.

ივანე

ლამაზსაც?

მიკირტუმ

ესეთი ლამაზი, თეთრი, როგორც ლიბასტრი.

ივანე

თვალები შავი აქვს?

მიკირტუმ (მხიარულათ)

კნიაზ, ლათაიას გითხრამ:

თვალები აქვს იშტარხნის ხიზილალა,

ტუჩი ტკბილი, როგორც რომ ყანდის ჩალა,

ტანი წვრილი, იშპაანის ყალამი,

ვინცა ნახამს ყველა უთხრამს სალამი.

ყელი თლილი, რუსეთული შუშანი...

უნდა ნახო, კნიაზ, ჩემი შუშანი!

ივანე

კაკ შენი?

მიკირტუმ (სიცილით)

ეჰ, კნიაზ, ზირთი-ფირთი გაუშოთ. ჰსწორეთ გითხრამ, ჩემი ქალია. კნიაზ! პუტრუ ჩემთან წამობრძანდი, ჩაიზედ პუკურნო პროშუ (დოინჯს შემოიყრის) კნიაზ, კამისიაში ოქმი შემიტანია, მეც კნიაზი გავხდე, ჰა...

ივანე (იცინის)

ხა! ხა! ხა! მართლა?

მიკირტუმ

ვა, ჩვენი ჩამჩიანი წაიკითხე, ჩვენი გვარი ჰსწერამს ტრდატ, დიდი ტრდატ!..

ივანე

ღორის ყურები რომ გამოესხა?

მიკირტუმ (იქით)

ვა, რა ნაკითხია და! (მაღლა) ჰო, სწორეთ იქიდგან წამოვდივართ ჩვენი გვარი.

ივანე (სიცილით უყურებს)

მაშ ნიშანი უნდა გქონდეს; აბა ვნახო ღორის ყურები გასხია, თუ არა?

მიკირტუმ

ეე, კნიაზ! მასხარა ჰა! კნიაზჯან, ერთი ნსტეცექ. (დასხდებიან) ექვსასი თუმანი შენი ვალი, ეს დავხიოთ; ხუთასი თუმანიც რამეები მზითევი მოგცე; ასი თუმანიც ჯიბის ფული. კნიაზის მზემ ასე აზიზი შეგინახამ, სულ, სულ, ყაბლუ ფლავს გაჭმევ, ჩემი ცოლი ასეთი რამეები იცის: მურაბე, ნუყლი...

ივანე

პასმოტრიმ, ესლი ანა ხარაშა.

მიკირტუმ

ლამაზია, გითხრამ განა,

არ ვინ არის იმისთანა;

ტანცი იცის ვალციანი,

ბუდიშ ლიუბით მოი შუშანი!

კიდევ გითხრამ ლათაია.

შენ ვარდი ხარ, შუშან — ია,

ლამაზია, ფულიანი...

ბუდიშ ლუბიტ მოი შუშანი.

მოდი, კნიაზ, ხელი დაჰკარ,

ანდუყაფარს თავში ჩაჰკარ,

გახდება ეკპაჟიანი,

ბუდიშ ლუბით მოი შუშანი!

ივანე

პასმოტრიმ.

მიკირტუმ

კნიაზ, კარგი ფიქრი ჰქენ.

ფარდა

მოქმედება მეოთხე

ოთახი მიკირტუმას სახლში

გამოსვლა პირველი

თათელა და მისი ქალი სხედან და ბრინჯს არჩევენ.

მიკირტუმ, თათელა, შემდეგ ბარამ, ანდუყაფარ.

პავლე, ბარძიმ და გოგო

თათელა

ყაირათი ქენ, შვილო. დღეს არა ხვალ ტანტიკინმა გახდები; ვინც რომ შენ წაგიღოს, უთხრას თუ ოჯახის ქალი ყოფილა იმან. შენზედ ყმაწვილი ვიყავ, ის ცხონებული ქალბატონუამ რამდენი რამეები ყაირათი მასწავლა!..

მიკირტუმ (შემოვა)

თათელი!.. თათელი!..

თათელა

ჰა-მე!..

მიკირტუმ

ვახშმათ რა გიქნია?

თათელა

ვა, ახარ, ეგ რა საკითხავია? თათარ-იახნი, ნიმრო, თალიში ხახვი.

მიკირტუმ

კარგი, კარგი.

თათელა

აღაჯან, შენ ძალიან გახარებული ხარ!

მიკირტუმ

კარგი რამეს გახარებ: შუშანი გაგითხოვე.

თათელა

უჩემოთ იმან ვის მიე? ქალს კაი ფიქრი უნდა, ახარ, სოვდა, ხომ არ

არის?.. ვიცი ვის მისცემდი.

მიკირტუმ

აბა გამოიცან.

თათელა

თუ გამოვიცნობ? ტოტლოვიან ღაღო?

მიკირტუმ

არა, მაღლა.

თათელა

ციციკოვიანთ ნიკო?

მიკირტუმ

არა, კიდევ მაღლა.

თათელა (ღიმილით)

ციმბურცკი, შენმა მზემ.

მიკირტუმ

არა, ქართველი კნიაზი, დიდი კაცი.

თათელა

ვუი, ქუ აჩკინ, კუტრი ქართველი?

მიკირტუმ

ვა! ჩემისთანა მურავები, თათელას მზემ, თავზე ადგას.

თათელა

ეგეც მჭამლები, აღამ ჭკვა წააგო!..

მიკირტუმ

ვა! რა კაცია! აი დედაკაცის ჭკუა: დღეს-ხვალ მეც კნიაზი გავხდები, მაშ მუჟიკი მივცე ჩემი ქალი?

თათელა (სიხარულით)

აღაჯან, მართლა?!! შენმა მზემ, ბუღდანოვიანთ ხამფერას შურობით ორივ თვალები დავარდება, მე რომ კნეინი ვიქნები.

მიკირტუმ

აჰა, მაშ, მე გიჟი საქმე ვიქს!?

თათელა

მულათი ქენ, აღაჯან და ახარ ვინმებს დაუძახიათ, დედაანთ დაუძახოთ.

მიკირტუმ

თათელჯან! მე შენი ყაირათის, შნოს იმედი მაქვს.

თათელა (დაუძახებს გოგოს)

ვარდო, გოგო, შე გულმკვდარო! (გოგო შემოვა) დროზე ყადიფა აიღე, შვილო, ჩანგალი ჩაიგდე; ჩემი ძმას ცოლი, უთხარი, მობრძანდი, უთხარი ვიცი გიამება, უთხარი ჩემი შუშანა გავათხოვე, უთხარი შენც მობრძანდი, უთხარი, ვისაც თავი უნდა მოიტანოს, უთხარი, თავისი რძალი კეკლუასაც დაუძახოს. უთხარი, იმანაც ვისიც თავი უნდა მოიტანოს, უთხარი. შნოიან, შვილო, იმან რამეს გაჩუქებენ.

გოგო (მიუბრუნდება)

ქალბატონო! როგორა? სად წავიდე?

თათელა

დედაანთას, სულელო, უთხარი შნოიან, ლაზათიან... (ქმარს) აღაჯან, ახარ, ასე ხომ არ იქნება, შენი სახლიც ერთი რამეა; დღეს არ, ხვალ კნიაზ ტრდატ გახდები.

მიკირტუმ

ყველა დაძახილია.

თათელა (უძახის ბიჭებს)

ივანიკა! ყარამანა! კვირიკე! (ბიჭები შემოიტანენ საფენსა და დაუწყებენ შლასა. შემოდიან სტუმრები და ულოცავენ თათელასა; ამ დროს შემოყავთ ქალებს პატარძალი და დასმენ ტახტზედ)

მიკირტუმ (შემოვა მორთული)

აბა, ესე უნდა, როგორც მე ერთი საქმე დამრჩა, კნიაზმა გავხდე.ბუღდან ბუღდანიჩინ აჭკი კუ ჰანიმ. (ამ დროს გავარდება დამბაჩა, ისმის ხმა: მახარობელი, მახარობელი!)

ბარამ (შემოვა და მიკირტუმას)

სიძე მოგდისთ (მიკირტუმ სამახარობლო ფულებს ჩაუდებს პირში, აზარფეშით ღვინოს მიართმევს და მხარს უხვევს შალით; ისმის ხმა მაყრულისა. შემოვლენ მეფე და მაყრები)

თათელა (რომ დაინახამს, სცენისაკენ იტყვის)

თქვენი ჭირიმეთ, ძროხას შესჭამენ.

მიკირტუმ(მიეგებება მეფეს და აკოცებს. რეკომენდაციას მისცემს ცოლსა)

კნიაზ, სიძეჯან, ეს გახლავთ თქვენი სიდედრი. (მეფე მიესალმება სიდედრსა, ხელსა სთხოვს, თათელა ხელს არ აძლევს)

თათელა

არა ვღირსვარ, შვილო, ღმერთმა აღას შნო მოგცეს, ყაირათი და ჭკუა, აღასავით მომგები გქნას, შვილო, თუ ღირსი ვარ.

მიკირტუმ (მიიყვანს ანდუყაფართან თათელას)

ეს გახლავთ თქვენი მძახალი.

ანდუყაფარ

(თავს დაუკრავს).

თათელა

კნიაზჯან, შენი მაღლობისთვინ, შენი დიდკაცობისთვინ მამიცია შენმა მზემ, ჩემი ჭარუმადათი შუშანი, შენ შენი დიდკაცობა, როგორც აზიზი შეინახამ.

მიკირტუმ

ბულბულა, ბულბული ჩიტი მერნემ!

ანდუყაფარ

ჩემო მძახალო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ როგორც ჩვენ სახლს ეკადრება ისე შევინახამთ თქვენს ქალსა. (მიკირტუმა მიიყვანს ანდუყაფართან კამისიონერსა. ანდუყაფარს და პავლეს გააცნობს)

მიკირტუმ

კნიაზჯან ძახალო, ეს ჩემი სიმამრის ვაჟია, კაი ვინმეა, ჩინოვნიკია. (ანდუყაფარ თავს დაუკრავს)

პავლე (მივა დაეღრიჯება)

მამა ნუ წაგიწყდება, თუ ჩემი მოყვრობა გინდა, აგება თქვენ უფროსებში რუსული მეძებარი მიშოვნო...

კამისიონერი

ვა! რა დროსია, კნიაზო! ძაღლები განა იქნება? რა დროსია? ახარ, ჯერ ქორწილია.

პავლე

შენ რომ კურდღლის ხორცი არ გეჭმება, იმისთვის გეჯავრება ძაღლები განა?

კამისიონერი (სცენისაკენ)

ვა, რა ფინთი ვინმეა (მიკირტუმა მიიყვანს მეფეს და დასვამს შუშანასთან. ამ დროს წამოდგება ბარძიმ, ყველანი წამოდგებიან)

ბარძიმ

უფალო მიკირტუმ გასპარიჩ, მისი ბრწყინვალება უფალი კაპიტანი თავადი ივანე ამირინდოს-ძე დიდებულიძე გთხოვთ თქვენს საყვარელს ასულს. თანხმა ხართ? თანხმა ხართ? თანხმა ხართ?..

მიკირტუმ

კნიაზ ბარძიმ, მოახსენე, უთხარ, მისი ბრწყინვალება უთხარ, დიდათ მადლობელი ვარ, უთხარ, რომ ჩემი სახლი მაღლიანობა, უთხარ კეთდება, უთხარ ხარისხოვნება, უთხარ ხარისხოვნება შვილობით. უთხარ...

თათელა

მეტი შნო მოგცეს, აღაჯან.

ბარძიმ (მიკირტუმ გასპარიჩს)

მოდი, დალოცე.

მიკირტუმ

სიძეჯან, გაძლევ ჩემი ქალი ლამაზმა, ჭკვიანი, ტანადი. შენ იცი შენი დიდკაცობა, როგორც აზიზი შეინახამ... ამინი იყოს თქვენ თავზე.

ბარძიმ

რადგანც ღმერთმა მხიარულება მოაყენა სახლსა შენსა, გმართებს შენც მხიარულება.

მიკირტუმ (საზანდრებს)

ლეკური... მე და თათელა ვითამაშოთ. (დაიწყებენ თამაშობას, აგრეთვე სხვანი თამაშობენ ლეკურს. მერე მიკირტუმ იტყვის კუპლეტსა)

ჩესნი პუბლიკი პრაშჩაი,

კუტრუ პროშუ ვას ნა ჩაი.

ბუდეთ უგოშჩაო კნეინა...

ახლა კი წაბრძანდით შინა.

მიკირტუმ (ავტორის მაგივრათ)

ბატონებო, შემინდევით, თუ ჰპოვეთ რამ ნაკლულება,

ამად ვმხნეობ, აქ ბრძანებულთ ყველასა გაქვსთ განათლება,

და ამისთვის მაპატივებთ სუსტსა ამას პირველ შრომას,

არ შეისმენთ რომელთამე უსწავლელთა წყენა, წყრომას.

მე დავწერე იმაზედა, ვინც ზნეობით არის მრუდი...

ჩვენც ვეცადნეთ და გავნდევნოთ, რაცა არის ჩვენში ცუდი.

ფარდა

კომედია

მოქმედნი პირნი:

კარაპეტა დაბაღოვი.

ხამფერა - მისი ქალი.

არჩილ - თავადი ღაზნელი.

ივანიკა - მოჯამაგირე.

მონავარდისა - მოახლე ხამფერასი.

მეკუბოვე.

მსახური - თავადიშვილისა.

მოქმედება პირველი

თეატრი წარმოადგენს დარბაზს, შუა დარბაზში ქურა დგას. გარშემო უშლია

ხალიჩები. კედელთან დგას ლიტრა წყლით

გამოსვლა პირველი

კარაპეტა და მონავარდისა

კარაპეტა გამოვა ძველის ხალათითა, ქოშებით და საღამურის ქუდით, მივა ქურასთან, ახდის საბანს, გამოიღებს მაყალს, სავსეს დაღვივებულის ნახშირით

კარაპეტა

ვა, ამისთანა ბალა იქნება!? (წყალს დაასხამს, ნახშირს ჩაიყრის კალთაში) გოგო! ნავარდისავ! (გოგო გამოვა, კარაპეტა უჩვენებს მაყალზე). ეს ვისი ნაქნარია?

მონავარდისა

ჩემი.

კარაპეტა

განა ჩემი ოჯახმა შენ უნდა დაღუპო? განა ღმერთი აიღებს? არ გებრალები? ხედამთ ღარიბი ვარ!.. ყოველ დღე ამთენი გამდის, გამდის. ერთი დახლიც მიჩვენეთ და!.. ამდენი ნახშირი იქნება? საპალნე რვა აბაზი ღირს, ორი კვირა არ გასულა ნაყიდული არის.

მონავარდისა

მაშ სიცივით ხომ არ დავიხოცებით.

კარაპეტა

სულელო! სიცხემ გაწყენს. ეგ ლოყამ წაგიხდება. სიცივე ასე გაგაწითლებს, როგორც ვარდი, აი აქა, ჰა, (უნდა უჩქმიტოს ლოყაზედ).

მონავარდისა

დამეხსენ, თორემ ხამფერას მოვახსენებ.

კარაპეტა

ვა, ახლა მაგაზედ ააწუწუნე... მაშ მუქთათ გაჭამო? ვა, ჩემ ბაღში მე ვარდი არ მოვსწყვიტო!.. ჩემი ვენახის ყურძენი სხვას მივცე, რომ მოწყვიტოს?..

მონავარდისა

რამდენი წელიწადია სულ ასე ალერსობით მატყუებ, განგათავისუფლებო. არ მინდა შენი განთავისუფლება, ქალი გაათხოვე და მეც მზითევში გამატანე, მე ხომ ფული არა ვარ, რომ შემინახო; კუჭი მაინც გამიძღება; შენს სახლში ათი წელიწადი არის თბილი არა მიჭამია რა, ყველისა და პურის მეტი.

კარაპეტა

არ დამაცლი გავათხოვო? განა ტყუილათ გეუბნები? თბილი? განა არ იცი თათარ-იახანი გაწყენს. იმიტომა ხარ ლამაზი შენცა და ჩემი ხამფერაც, რომ პური სჭამთ. დამაცალე ერთი კაი ვაჟი ვიშოვნო.

მონავარდისა

როდის იქნება?

კარაპეტა

როცა იქნება, თუ ფულიანი არ იქნება, ხომ არ მივცემ, ქართული რამეები მისწავლებია. ვეფხვის ტყავი ზეპირ იცის... დაიღუპოს ის დღე, როცა (წუწუნით) ცხონებული ჩემი მარმარუამ ხამფერა ქართველის სახლში მისცა სასწავლებლად, ახლა ჩვენი არავინ თხოულობს, ანბობენ თუ წნილის ჩადება არ იცისო.

მონავარდისა

მაშ ქართველს მიეც.

კარაპეტა

დიდი! დიდი! დიდი! .. ქართველი... რა კაცია, ჩემი წაღებს მივცემ, რომ ჩაიცვას?! მერე რომ მოვკვდე, ჩემი ქონება იმან შაჭამოს, წყალში, ემე ჰქნას, გადაჰყაროს!.. ჩემი სული ჯოჯოხეთში დავწვა! აფსუსი არ არის ოქროები ქართველის ჯიბეში! ქართველი ფულის მტერია, ნიმუტი ფული არ დააყენებს ჯიბეში, როგორც ნიორი ისე აუყროლდება და ისე გადაჰყრის.

მონავარდისა

ყველანი ხომ ფულის გადამყრელები არ არიან ქართველები.

კარაპეტა

გეუბნები ფულის შნო არა აქვსთ. არ გაგიგონიათ ლათაია; გოგრა არ გახდება შირაზის შუშა, რაგინდა თახჩაშიც დადო.

მონავარდისა

თითქო ანგარიშის კაცი ხარ, აღავ... რა გენაღვლება ქალი გაათხოვო, მეც დამითხოვო! ამდენი მჭამელი რათ გინდა?! (გავა).

კარაპეტა (მარტო)

მართალს ანბობს, ჭკვიანი გოგოა! (ანგარიშობს). წელიწადში ჩემი ქალმა და ეს გოგომ თხუთმეტი თუმანი ღირს. მაგრამ ბალა ეს არის, ვის მივცე. (ფიქრობს). ნეტამც ჩემი დროს კაცი იყოს ვინმე, გინდა ქვრივიც იყოს, ფულის ყაირათი იცოდეს. განა ეს იქნება? როგორ გამოიცვალა ხალხმა!? ჩვენი ვაჭრების შვილები ქართველებზედ ბედოვლათები გახდნენ. მიხვალ სახლში, სულ იუროპიულათ ნაქნარია: ეკიპაჟი, პოვარ, ლაქეი. აბა ახლა ზანდუკი უნახეთ, ისე ცარიელია, როგორც ქალაქიდან გასული თავადის ჯიბე... (ისმის კარებიდან რახუნი). ვინ არის?.. ვინ იყო, ივანიკო.

გამოსვლა მეორე

კარაპეტა, ივანიკა და მსახური

კარაპეტა

ივანიკო, ნახე თუ ვინ არი.

ივანიკა

ვინცღა ყაზახი არის.

კარაპეტა

ვა! ყაზახს ჩემთან რა უნდა! (გავა კარებიდან). შტო, ლუბეზნი, ნადა!

მსახური (გარედან)

ქართველი ვარ, კარი გამიღე, საქმე მაქვს.

კარაპეტა

ივანიკო, გაუღე. (ივანიკა გააღებს კარებს).

მსახური

კარაპეტ, ერთი ძვირფასი ნივთი მაქვს, ფული საჭირო არის, დაიგირავე.

კარაპეტა

ვისია?

მსახური

ჩემია, შენ რა დავა გაქვს...

კარაპეტა

ვა, აგება წაპარულია. დავიდარაბის თავი არა მაქვს.

მსახური

არა, ღმერთია მოწამე.

კარაპეტა

არ მინდა მეთქი.

მსახური

(ყურში უჩურჩულებს).

კარაპეტა

ჰო, ის კაი კაცია, კნიაზია, აბა ვნახო.

მსახური

(გახსნის ბოხჩას და უჩვენებს დამბაჩას, ვერცხლით შეჭედილს)

კარაპეტა

ჯერ მითხარი ტამბაჩა რათ მინდა?

მსახური

ერთ ტყვეთა ღირს; ნახე ინგლისია!

კარაპეტა

მე განა ლეკი ვარ. ტყვე ვიყიდო... ინგლისი მათლაფა გამიგონია... არ მინდა ხელს არ მამცემს.

მსახური

ჰეი, დროვ! იარაღი ჩალის ფასათ აღარ გადის! აღავ, ძალიან საჭირო არის... რაც გინდა ის მომე.

კარაპეტა

ეს ვერცხლი აჰყარე, აქ იქნება ასი მისხალი: ხუთი მანეთი მოგცე ერთი კვირა ვადით, ეს რკინა უკან წაიღე.

მსახური

ვაი, შენ ჩემო თავო. ფასი ამ რკინასა აქვს.

კარაპეტა

რკინის ფასი ფუთი რვა აბაზია, ეს ერთი გირვანქაც არ არის.

მსახური

შენ არ იცი, რა ღირსება აქვს ამ დანბაჩას. ჰაერით გაიტენება... სადაც სახლში ეგ იქნება, იქ ქურდი არ შევა. თუ შევა დანბაჩა მისცემს პასუხს.

კარაპეტა

თითონ გავარდება?

მსახური

მაშინვე.

კარაპეტა

მერე ქურდი მოკვდება?

მსახური

რასაკვირველია.

კარაპეტა (თავისთვის)

ზანდუკში დავდებ, კარგია... თუ ჩემი ზანდუკს ქურდი მივა... ძინგ... გავარდა... ქურდი მოკვდა. კარგი, კნიაზის ხათრისთვის ერთი თუმანი მოგცე... ერთი კვირა ვადა.

მსახური

ფულს ზეგვე მოგართმევთ. მოიტა, მეტი რა ღონეა.

კარაპეტა

მამა გიცხონდა, ფული რათ უნდა?

მსახური

სწორეთ გეტყვი, ერთმა ბიჭმა მწევარი მოიპარა და მოჰგვარა, იმაში აძლევს.

კარაპეტა

ვა, ჩემი ფული ძაღლში მისცეს? ვა, ნამუსი არ არის? ის ღვთისაგან გაჩენილი კეთილი, ჩვენი სოფლის ნუგბარი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ლაზათი, ჩვენი სიცოცხლე, ფული, ძაღლში მისცეს! მართალია... ღმერთს ქართველისათვის ფულში წილი არ მიუცია. როგორც მივა, ისე გავა, ფული იშოვა ქართველმა, თითქო ეკალი შეირჭო ფეხში, ამოიძრობს და გადააგდებს. მამა გიცხონდა, რამდენი ძაღლი ჰყავს?

მსახური

ათი მწევარი, ხუთი მეძებარი ქორისა, ათი კურდღლისა და ხუთიოდე ქოფაკი.

კარაპეტა

მაშ მაგისი ცხოვრება ძაღლები უჭამიათ, თქვენ რაღა, ემე, დაგრჩებათ.

მსახური

ჩვენ ჩვენი ულუფა გვაქვს. მოიტა თუ მაძლევ, მიგვიანდება.

კარაპეტა

(ამოიღებს ჯიბიდან ფულებს. ხელის ჭერით სთვლის)

ეს ერთი... ვაი, მშვიდობით, საწყალო მანათი! რამდენი ჯიბეში გაივლი, თუ ქართველებში ჩავარდი, ნამწეწი არ დაგასვენებენ. ეს ორი... იცი რატო არ უყვარს ფული ქართველი? იმიტომ რომ მუქთად შოულობს და! აბა ერთი თითონ იმუშავოს, ერთი ხუთი დღე ცარიელი პური სჭამოს, ნახამ თუ როგორ გაუფრთხილდება. სამი... ნახამ...

მსახური

კარგი, არა მცალიან, თუ მაძლევ, მამეც.

კარაპეტა

აჰა. (აძლევს ფულებს)

მსახური (გავა)

კარაპეტა

ხედამ ამ მუჟიკმა! ყაირათი არ იციან ფულისა. აგება ყალბი იყო, აგება მოვიპარე. ეს ერთი თუმნის სარგებელი არ დამეკარგოს, ყაირათი რა უნდა ვქნა, სამზარეულოში სანთელი საჭირო არ არის... ივანიკას რათ უნდა სანთელი?.. წავიდე გაუქრო. მერე ჩემ ოთახში დავიძინო, ვახშამი მოდნა აღარ არი. (გავა)

გამოსვლა მესამე

ხამფერა და მონავარდისა

ხამფერა

(მივა ქურასთან, ითბობს ხელებს; შემოვა მონავარდისა)

პატარა ნახშირს დააყრიდი.

მონავარდისა

დავაღვივე. მაგრამ მამათქვენმა გადმოყარა, წყალი დაასხა და ნახშირი ყუთში ჩაყარა, ყუთიც დაკეტა.

ხამფერა

მონავარდისაჯან, ხომ არავინ მოსულა სოფლიდან?

მონავარდისა

არ მოსულა, მგონია, თორემ ან ბიჭს ვნახამდი ვისმე ან თითონ გამოივლიდა. ღვთის ნება არის... თუ შენი ბედის წერა ის არის, ხომ ის იქნება.

ხამფერა

მამაჩემს ვინ დააჯერებს.

მონავარდისა

მზითევს ნუ სთხოვ და იქნება დაიჯეროს.

ხამფერა

ის მზითევს არა სთხოვს. დავრჩებით როგორმე, გავთბებით მაინცა.

მონავარდისა (სიცილით)

სიყვარულს გარდა ნებაც, ბევრი გექნებათ, კიდევაც დაგთბებათ.

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და ივანიკა

(ივანიკას მოაქვს ხელსახოცით ყურძენი)

ხამფერა

რა არის ივანიკო?

ივანიკა

არაფერი, ისე ხილი მოგართვი.

ხამფერა (მონავარდისას, სიცილით)

მონავარდისავ, მადლობა უთხარ, ხომ შენ მოგიტანა.

მონავარდისა (ქოქოლას აყრის)

აი!

ივანიკა (ყელს უწევს და ღრეჯით)

შენი ჭირიმე.

ხამფერა (სიცილით)

ივანიკო, სწორეთ მითხარ, ძალიან გიყვარს მონავარდისა?

ივანიკა (იგრიხება და იცინის)

ნუ მათქმევინებ, შენი დიდების ჭირიმე.

ხამფერა

რა სირცხვილია სიყვარული.

ივანიკა

აპა მოგახსენებ: მიყვარს, მიყვარს... ისთე მიყვარს, ისთე საშინლათ, ისთე, რავაც ცეცხლი ზამთარში მამიშენის სახლშიდ. მარამ გამიწყრები, (სიცილით) სწორეთ მოგახსენო, თუ აღამ ასთე გვიყო, შენი მტერი გეცივდეს, რავა ჩემი სიყვარული გეცივდეს. მთლათ გევიყინე ჰე. არამც თუ ცეცხლი, სანთელიც გემიქრო.

ხამფერა

თითონ დაიძინა ეხლა?

ივანიკა

სძინამს მთქვა მარამ, მისთანა ძილი ნუ მოგცეს ღმერთმა!

ხამფერა

როგორ? რას შვრება?

ივანიკა

რას არ შვრება? რავაც კურდღელი ბუჩქშიდ ისთე დოუჭყეტია თვალები. ქალბატონო, მსთქვა, ნუ გემიწყრები, ფულზედ ლოცულობს აღა. შუაღამისას ადგება, გააღებს ზანდუკს და დეუნთებს პარკებს სანთელს, ლაპარაკობს ფულებთან, ალერსიანობს, ნეტამც მისთანა ტკბილი ალერსობა მათქმევია ამ წყეულ მონავარდისასთან! მერე, ბატონო, ამოიღებს პარკს ფულით და რავაც უხამსის თვალს ისთე ათამაშებს ფულს.

ხამფერა

როგორ უხამსის?

ივანიკა

არ გეგიგონიათ? აპა გითხრობთ? გველი რომ არის, (პირჯვარს იწერს) ჯვარი აქაურობას, იტყვიან ცუდი ჟამი არის უხამსზე ლაპარაკი, მარა გითხრობ: დიდი უხამსი არის ერთი, საყურიანი, უნობენ, აბა იმას მუცელშიდ თვალი აქვს, ღამე ათამაშებს... თვით მე ვნახე... ისდე ნათელობს, რავაც ცეცხლი. აბა ვინც მას იშოვებს, რაც უნდა ის ეუხდება.

ხამფერა

შენ რომ გქონდეს, რას ინატრებდი?

ივანიკა

ჰე, მოგეცა ღვთის წყალობა, კარგებს ივანიკი ინატრიდა. ვინატრიდი ქუთეის ღრუბერნატრის სახლს, მონავარდისას თავს... წევიდოდი დილით სანადიროთ, წევიტანდი ყაზახებს, ამევიღებდი თვალს და ვიტყოდი: ჰე, თვალო! მეიტანე სუფრა შემკობილი, კულა, ყანწი და ჭური! მევიდეს ღომი, თებზი, ხიზილალა და დოში; ვსმევდი ღვინოს ოჯერისას, კახურს, რუსულს და პარსულს. ისდე ლხინით ყოველ დღე გავარონიებდი დროს.

ხამფერა

შენ ნადირობას მოუნდებოდი და მონავარდისა მარტოკა დარჩებოდა.

ივანიკა

მონავარდისას... მონავარდისას... მონავარდისას არ იცი რას უზევდი? აპა გითხრობთ: მონავარდისას ჩავაცმევდი ალმასის კაბას, იაგუნდის თავსაკრავს, ლალის კოპს, ლალის სარტყელს, მარგალიტის ხელსახოცს, ზურმუხტის ქოშებს, მარჯნის წუღებს. მონავარდისო, აპა მიჩვენე ფეხები, დიდი ქოშები მოგინდება?

მონავარდისა

გადი, სულელო, ხელს ნებას ნუ აძლევ.

ხამფერა (იცინის)

ეგ არის შენი ნატვრა მაგითი დასრულდება?

ივანიკა

მეიცა, დამავიწყდა მე უბედურს! ვინატრიდი მონავარდისასთან სამ ოქროს ქოჩრიან ვაჟს და ერთ გიშრის თმიან ქალს.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და არჩილ

არჩილი (გარეთ კარებიდან)

ნებას მომცემთ შემოვიდე?

ხამფერა

ნავარდო, ახ!

ივანიკა (გაუღებს კარებს)

მობრძანდი, შენი ჭირიმე, ნეტამც შენთან მომკლა შენის ყურებით, სხვა რამ არის თავადი!

მონავარდისა (მივა და ჩუმათ ეუბნება)

ახლა აქედან დაიკარგე.

ივანიკა (ჩუმათ)

შენი ჭირიმე, შენი ლამაზი ლოყების, შენთვის ამდენ შიმშილს, ამდენს წყურვილს ვითმენ, პატარა ხანია გამოდი ვილაპარაკოთ.

მონავარდისა

წადი ჯანაბას... ჰო, მოვალ.

ივანიკა (დაეღრიჯება)

შენი ჭირიმე. (მონავარდისა და ივანიკა გავლენ)

ხამფერა

რა არის ამდენი ხანი სოფელში ყოფნა?

არჩილი

შენ არ იცი, საყვარელო ხამფერი, რა სიამოვნება არის სოფელში მუშაობა! განშორებული ამ ხმიანს ქვეყანას, მე ვარ ყოველისფრით ბედნიერი. მხოლოდ აკლია ჩემს გულს შენი სიყვარული! და თუ შენის სიყვარულით აღივსება ჩემი გული, მე ვიქნებოდი ერთი ბედნიერთაგანი ყმაწვილს კაცებში.

ხამფერა (ჩამოართმევს ხელს არჩილს)

კიდევ იჭვნეულობ, არჩილ, ჩემს სიყვარულზე? მოიგონე, რამდენი კეთილმოქმედება მახსოვს კურთხეულის დედის თქვენისა. ჩვენ ერთად გავიზარდენით. რამდენი სასიამოვნო მოგონებით სავსეა ჩემი გული, რომელისაც დიდი ხანია შენ ხარ მფლობელი.

არჩილი

შენ ახლა უფრო ეჭვში შემიყვანე. იქნება ჩემი შენთან სიყვარული მადლობიდან მომდინარეობს, ამისთვის რომ დედაჩემმა გაგზარდა.

ხამფერა

ოხ, არჩილ! ცოტად აფასებ შენის თავის ღირსებას, მაგრამ გითხრა სწორედ ჩემი სამჭმუნვარო ფიქრები. მე უსასო ვარ ჩვენის ერთმანეთის შეერთებისა! პირველი, რომ მამაჩემი ყურებში თითს იცობს ქართველის სახელზედ. ეს არაფერი, სხვა აშინებს ამ საბრალო გულსა...

არჩილი

დაასრულე.

ხამფერა

მამაჩემმაც რომ ნება მოგცეს, შენი ნათესავნი, შენი მახლობელნი არ მოსწამლენ შენს ბედნიერებას? იქნება შენგან აღყვანილი შენს ღირსებამდე, შენს ტოლებთან, შენს ნათესავებთან, რომელთაც უყვართ დაცინება, ნელ-ნელა ამიძულო და შეიქმნე ცივათ. — არჩილ, მცირედი შენი ცივ სისხლიანობა მე დამმარხავს!

არჩილი

კმარა, თუ აგრე მიცნობ და თუ ჩემი სახლი აგრე მდაბლად დაეცა შენს გონებაში. დამივიწყე... მშვიდობით!..

ხამფერა

მოიცა, მე გასაჯავრებლად არ მითქვამს. არჩილ! სიყვარული იჭვიანია. შენ ჩემს გონებაში ხარ უმაღლეს ყოვლის პატიოსნებისა, მაგრამ, არჩილ, შენ ხარ ოცდა ხუთის წლისა.

არჩილი

ოჰ, მაშ მე ბავშვათ მრაცხავ!

გამოსვლა მეექვსე

იგინივე და მონავარდისა

მონავარდისა (შემოირბენს)

აღა მოდის.

არჩილი (გავა კარებიდან)

მშვიდობით, ხამფერი!

ხამფერა

თუ მცირედი სიყვარული გაქვს, ხვალ მოდი ამ დროს.

გამოსვლა მეშვიდე

იგინივე და კარაპეტა (დაგლეჯილი ხალათითა)

კარაპეტა

ვა, ჩირაღდანია! ეს ორი სანთელი რა არის?!

ხამფერა

რა ვქნა, მამავ, ბნელაში დაჩვეული არა ვარ.

კარაპეტა

კიდევ, შვილო, არ იცი, რომ თავადის სახლში აღარა ხარ? იმათ დღეში ერთი ძროხა ჰკლამენ, ქონი ბევრი აქვთ; მე ვყიდულობ... ფული მიდის.

ხამფერა

თქვენ ხომ ფული გაქვთ.

კარაპეტა

ვინ მომცა, შვილო, ვინ გითხრა, რომ ფული აქვსო? ვინ მომცა ფული? აი როგორ მაცვია! ფული რომ მქონდეს, ეკიპაჟი ვიქმოდი, მეც ტიატრი ავაშენებდი. აბა ჩემი ჩივილი ეგ არის... ფული უნდა მქონდეს, რომ მე ვიცი ფულის ყადრი. ფული! ფული მქონდეს, დაბაღოვის მაგიერათ კოჟევნიკოვი გავხდებოდი.

ხამფერა

უფულოთაც შეგიძლიან კოჟევნიკოვი დაირქვათ; არაფერი ღირსება არის.

კარაპეტა

ვა, დიდი, ძალიან დიდი. ნემეცური ჩავიცვამდი.

ხამფერა

ტანისამოსი კაცს არ გაადიდებს.

კარაპეტა

გებნები, ჩვენი ქალაქელებს თვალში აქვთ ჭკუა!.. მაგრამ კარგი, შვილო, პირჯვარი დაიწერე, სანთელი გააქრე... შენს ოთახში დაწექ.(ორნივე გავლენ)

გამოსვლა მერვე

კარაპეტა

კარაპეტა მარტო შუაღამისას ბნელაში შემოვა, ახალუხ გაღეღილი. ხელში უჭირავს წმინდა სანთელი, იქით-აქეთ იყურება, ნელ-ნელა მივა წალოსთან

კარაპეტა

სძინავთ... ყოველთვის გული მიხტუნობს, როცა ამ წალოსთან მივალ:

როგორც ყმაწვილი შეყვარებული,

ელის საყვარელს გაგიჟებული,

ამათ ღამე აქვთ დრო დანიშნული,

მეც მაგრე მელის ზანდუკში ფული.

(გასწევს ფარდას) მშვიდობა შენი, ჩემო ზანდუკო, მინდა შენ ფულმა გაჩუქო. (კლიტეს მოავლებს ხელს, უალერსებს) ბედნიერო კლიტე! ახ, ნეტამც მე ვიყო კლიტეთ, ეშმაკი ვერ გამაღებდა... მაგრამ რისა მეშინია? ტანბაჩა შიგა ძევს... აბა ერთი ქურდი ხელი ახლოს... დინგ, გავარდა, ქურდი მოკვდა. დრო არის გავაღო. (გაიხსნის ახალუხის ღილებს, გასაღები ყელზედ ჰკიდია, ამოიღებს და უჭირავს ხელში) ახ, ჩემო სამოთხის გასაღებო! ნეტამც სამოთხეში რა იქნება? ვა, რა ფიქრი უნდა, ფულები... სხვა რა უნდა იყოს... ფული! ამაში სულ გათავდა. ფული... ყოველი სიხარული! ფულმა... შეაქცევს გულმა! ფული, გიცხონებს სული! მაგრამ გავაღო... მოიცა ვნახო, ხომ არავინ არის. (იყურება აქეთ იქით) სული მიკანკალებს, გული ასე ძინგ, ძინგს იქს... ნუ გეშინიან, აღავ! ჩინკ... გაეღო. (სწევს ზანდუკის თავსა, ცალი ხელით აფარებს ხელსა) ერთბაშად რომ დავინახამ, არ წამივიდეს გული. (ახდის და დაიწყებს სიცილს, როგორც გიჟი) ახლა თქვენა თქვით თუ ცალი ვინმე მყავს! რა გინდათ რომ ვქნა? როგორ გინდათ ვქნა? თუ ტიატრისათვის... რკინის ჭანაპართე, ტო იესტ ჟელეზნუ დაროგუ, დენღი ვსე მოჟნა. გინდა მე ხვალვე გავხდე პუჩოტნი ღრაჟდანინ, ბლუღოროდნიც გავხდები, დვა რაზა ბლუღოროდნიცა. (ამოიღებს ერთს პარკს, უალერსებს, იცინის, დაიწყებს მაღლა სროლას) ბზინკ! (შეაგდებს) ბზინკ! (იცინის) ჩემი მუზიკა ეს არის. დეე, ვინც უნდა იცინოს. (შეაგდებს) ჩემი ცოლი შენა ხარ! ჩემი შვილი შენა ხარ! ასე გაგიფთხილდე, თუ თქვენ ერთი ერთმანეთს მოგაკლოთ, ღორი გავხდე. ასე შეგინახავთ, როგორც თვალები. — (დაჰკეტავს, დაჯდება და მოიკეცს) როგორ მოტყულდება კაცი! ბაზარში თავი არ მიკვრენ, ასე მიყურებენ, ანბობენ თუ საწყალი კარაპეტ, ის კი არა თუ კარაპეტა მეფეა. მეფე არა ვარ?.. აბა ვის უდგას ამისთანა ოქროს ტახტი? მეფე ვარ რაღა! გაგიგონიათ ოჰყალი ჯადო რომ იყო, ისე ვიქ: სოფელი თავდაყირა უზამ. რამდენი კეთილი საქმე ვიქ! პირველი, ვინც ბედოვლათია ჯალათი უთხრამდი: თავი კტრე! რამდენი ქართველის თავი გაგორდებოდა!.. ბედოვლათი სომხები, პალტოებით რომ დაიარებიან: ბუღდან ბუღდანიჩ, ისაკ არაქელიჩ, მიკირტუმ მინაიჩ ამათ რას უზამ იცით? მივაკრავ თავიანთ დროშკას ლეჟაჩი ლესორი, ისე ვათრევ! ვა იტყვით თუ ჰესაბი არ არის! ერთის მამა ტყავი ფხეკდა, მეორე სანთელი ასხამდა, მესამე მწითლავია — რა ანბებით ფული მოუგიათ და იმათ ისე ჰყრიან. მამაჩემის ცხონებამ სულ გავჟლეტ... უფულო კაცისათვის არ არის ქვეყანა გაჩენილი... თუ ვიცოცხლე, ვა, განა უნდა მოვკვდე. აფსუსი არ არის ფულიანი კაცი მოკვდე. მახლას, ხომ მოვკვდები, ვის უნდა დარჩეს?.. ჩემ ქალს უნდა

გათხოვდეს. მერე ქართველი უნდა. (ტირილით) ქართველი ჩემი პარკები დასხნას... ხომ წავიდა ჩემი ფულები ატლასის დახეულ ჯიბეში! ხომ წავიდა ჩემი ოფლი... რისათვის? ღმერთი არ არის? ამდენი შიმშილი, ამდენი წყურვილი, ამდენი უძილობა, ამდენი ყაირათი სულ ფუჭ!.. არა, მოვკვდები, ზანდუკში ჩავწვები, ანდერძი ვიქ ისე დამმარხონ... ხომ არავინ იცის, რომ ამაში ფულია... არა, ესეც თავს არ დაიჭერს... იცი? ო, კარგი მომაგონდა. ექიმი მოვიყვან... რომ მეტყვის თუ ვკვდები დავადნობ ჩემს ფულს, წამლათ დავლევ. აქ ჩავისხამ. ჰე აბა ახლა წაიღონ. ვერავინ წაიღებს. ეს არის სწორეთ, ეს არის ამისთანა დიდი ჰაზრი. (გავა)

გამოსვლა მეცხრე

ხამფერა, არჩილი, მონავარდისა და ივანიკა

არჩილი (იცინის)

ნახეთ, მამაშენს მართლა ფულები ჰყვარებია.

ივანიკა

იიმე, რავა სიყვარული? ლოცულობს, შენი თავი არ მომიკვდეს. ნუ გემიწყრებით ამ კითხვაზედ, გინდათ ერთმანეთი შეირთოთ?

არჩილი

ძალიან.

ივანიკა

აპა მაშ მე მოგიხერხებთ.

არჩილი

აბა როგორა?

ივანიკა (დაეღრიჯება ხამფერს)

მომცემ ამის თავს? (აჩვენებს მონავარდისაზედ)

ხამფერა

თუ მონავარდისას უნდა...

ივანიკა

იიმე, რავა დემიწუნებს მონავარდისა? შენ ნუ მომიკვდე, თვალათ არა მიჭირს რა და ტანათ... კი მონავარდისას დავაჯერებიებ, მარა ჯერ მინდა მე შეგყაროთ თქვენ ერთმანეთს, მერე (სიცილით) შევირთავ მონავარდისას და შენი ყმა გავხდები.

არჩილი

აბა როგორ მოგვიხერხებ?

ივანიკა

აპა ნახეთ ის ფულები ზანდუკშიდ? იმ ზანდუკს ქვე მევიპარავ... (არჩილი და ხამფერა შეინძრევიან) იიმე, რას ჯავრობთ? განა მართლა მევიპარავ? გამოვცვლი ზანდუკს და კენჭებს ჩოუყრი (დაჰკრავს ხელსა) და გათავდა... ისკვნით გვირგვინს.

არჩილი და ხამფერა

ჩვენ არ გვესმის.

ივანიკა

იიმე, არ მაცლით, აპა გითხრობთ. (ხამფერას) აპა ნუ შეგეშინდება, კენჭებს რომ ნახავს მამაშენი, გერდირევა. ისდე საშინლად გერდირევა, მარა ნუ შეგეშინდებათ, გეუბნები, მერე ქვე გეტყვი მე, რომ აბა თანთარი ვიცი მთქვა და შეულოცს კენჭებს და ოქროთ გარდააქცევს, მთქვა...

არჩილი

ნუ მასხარაობ, ჩემო ივანიკო...

ივანიკა

იიმე, შენი თავი არ მომიკვდეს, რომ მე არ ვლაღობდე. ისდე მართალს მთქვა გითხრობთ. მერე თანთრათ შენ ქვე, მთქვა, გაგაკეთებთ და ისდე უთხარ, რომ მიე, მთქვა, შენს ქალს ვინცაღა ქართველი ელტვის მთქვა, თორემ მთქვა, ოქროთ არ გადაგიქცევ მთქვა.

ხამფერა

რა ხუმრობა არის? კიდეც მოკვდება მამაჩემი.

ივანიკა (იქით)

აბა რა მგამა (მაღლა) არ მოკვდება. მე მომაჩემეთ ეგ საქმე.

არჩილი

მერე?

ივანიკა

მერე, იი, მერე და მერე, ისკვნით გვირგვინს.

არჩილი

ხანფერვან, რას იტყვი? სასაცილო კი იქნება მამაშენი ფულების დაკარგვაზედ.

ხამფერა

არჩილ! რაც უნდა იყოს, მამა არის.

ივანიკა

შენ ნუ მომიკვდე სხვა ღონე მის მეტი მთქვა არ არის.

ხამფერა

ეგ არ შეიძლება ამისათვის, რომ მამა ჩემს ვერ მოჰპარავ ზანდუკს.ივანიკა, თითონ შენ არა თქვი, რომ იმას არა სძინავს სულაო.

ივანიკა

იიმე! მისთანა ზანდუკს ვერ იშოვნის არჩილ ბაზარშიდ? დღე შევიტან და გამოუცვლი, პარკებს დოუცლი და ჩოუყრი კენჭებს. მარა, გითხრობთ, არ შეშინდეთ (იცინის) იი, საშინლათ გერდირევა.

ხამფერა

ერთი გამოსცადეთ, სთხოვეთ ჩემი თავი, იქნებ დასტური მოგცეს.

არჩილი

აგრე სჯობიან, ხვალ მოვალ დილაზე ადრე.

ფარდა

მოქმედება მეორე

გამოსვლა პირველი

დილა. ოთახი კარაპეტასი. კარაპეტა ზის დაგლეჯილის ახალუხით და ხალათით

კარაპეტა და ივანიკა

კარაპეტა ზის ქურასთან და ჩოტქით ანგარიშობს. შემოვა ივანიკა

ივანიკა

აღა! აგერ კნიაზ არჩილს ორი ურემი შეშა გამოუგზავნია.

კარაპეტა

ათასი მადლობა. დააცლევინე, შვილო, ცული მანდ არის, კიდეც დააჭრევინე, უთხარ ბატონმა გიბძანა თქო.

ივანიკა

იმე, რას უნობ? მუქთათ შეშა იშოვნე და კიდეც დეგიჭრან? პური მაინც აჭამე და ღვინო დაალევიე.

კარაპეტა (ანგარიშობს)

ორი კაცი — ერთი თუნგი ღვინო, ორი აბაზი; ორი პური — ერთი შაური; ერთი შაურის ყველი, ორი აბაზი და უზალთუნი; ორი აბაზიც დაჭრა, ეს იქს ექვსი და უზალთუნი... იაფობაა ეხლა, ვირის საპალნე ნახშირი მოვა, უფრო ყაირათი არის... ბუხარი არა მაქვს... ხელს არ მამცემს, წავიდნენ.

ივანიკა

რვა კაკალ მანეთათა ღირს, ორი დიდი ურემი შეშაა!

კარაპეტა

პური არ ვაჭმევ.

ივანიკა (იქით)

ვაი შენს გუნებას, თუ არ აჭმევ. (მაღლა) მაშ დავაცლევინებ. (გავა და შემობრუნდება) კნიაზ არჩილ მობრძანდება შენთანა.

კარაპეტა (წამოხტება)

გითხარი თუ ხელს არ მომცემს, შეშა უკან წაიღონ.

ივანიკა

რას უნობ? რა დროს შეშაა? კნიაზი არჩილი არის მთქვა.

კარაპეტა

რომ მე გებნები არ ვყიდულობ შეშას მეთქი!

ივანიკა

იიმე, მუქთათ გაძლევს, ვერ შეიტყე?..

კარაპეტა

ორი შეშით უნდა დამატყუილოს ქალი, რა კაცია, ფუჭი გოგრა! მოვიდეს, ვნახო რა სიფთა ფულები მოიტანს. (ივანიკა გავა)

გამოსვლა მეორე

იგინივე და არჩილი

არჩილი

კარაპეტას გაუმარჯოს! მშვიდობით ბძანდებით? დიდი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ თუ ასე დილით არა, თქვენ ვერავინ მოგასწრობთ.

კარაპეტა (ღრეჯით თავს უკრავს)

დიახ, კნიაზო, რა ვქნა? ღარიბი კაცი ვარ, არა ვქნა ყაირათი? ვინ რა მამცა? სუყველა საყიდელი მაქვს: პური, შეშა, წყალი... სულ გამდის და გამდის ფულები.

არჩილი

კარაპეტ, მამაჩემთან მეგობრობა გქონდათ და შვილთან კი არა გაქვსთ! როდი უნდა დაივიწყოთ მეგობრები... პურს რათ ყიდულობ?

კარაპეტა

ვა, მაშ გინდა გუთანით ხვნა ვქნა?

არჩილი

ვინ მოგახსენებს. პურს რათ ყიდულობ, მე მოგართმევ.

კარაპეტა

კარგია, კნიაზ, მაგრამ ხელს არ მამცემს.

არჩილი

რატომ? ხომ არ მოგყიდი, ისე მოგართმევ.

კარაპეტა

არა. კნიაზ, ყველას თავის ჩოტქი აქვს, ესე იგი ანგარიში. პურს დაფქვა უნდა. მერე გაცრა, მერე წყალი თბილი. მერე მოზელა, მერე გუნდა. მერე თხელება, თორნე. თორნეში ფიჩხი, მერე ჩაკვრა, მერე ამოკვრა, მერე მარანში ჩაშვება, მერე...

არჩილი (იცინის)

მერე შეჭმა.

კარაპეტა

მაშ! ყველა ფულია. რამდენიც ბევრი პური იქნება ნამცხვარი, იმდენი მჭამელები გამოჩნდებიან, მე ჭლექი მამივა. ჩოტკის, ესე იგი ანგარიშის კაცის საქმე არ არის.

არჩილი (დაფიქრებული)

ხამფერვან რასა იქს?

კარაპეტა (ვითომ ვერ გაიგონა)

ისე, ნამცხვარს ვყიდულობ, ყაირათი უნდა ჰქონდეს ვაჭარი კაცი.

არჩილი

მე გკითხავთ ხამფერვან როგორ არის?

კარაპეტა

ხამფერა? ხამფერა? თავი სტკივა.

არჩილი

რატომ ექიმს არ მოგვრით?

კარაპეტა

ექიმი არ უნდა, გაივლის. მე აგერ სამოცი წლის კაცი ვარ, წამალი არ ვიცი.

არჩილი

რატომ არ გაათხოვებ?

კარაპეტა

რა ვქნა, კნიაზჯან, ფული არა მაქვს, უფულოდ არ თხოულობენ.

არჩილი

რომ იყოს ისეთი კაცი მზითევი არა გთხოვოს?

კარაპეტა

რატომ, ბლქამ, კაცი და კაცი დიდი რამეა.

არჩილი

ეჰ, რაღა თავი უნდა შეგაწყინო, სწორეთ გეტყვით: თქვენი ქალი ჩვენს სახლში გაიზარდა, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ჩვენ წლოვანებასთან შეიზარდა ჩვენი ერთმანეთის სიყვარული. დრო არის დაინახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთი ხალხი, არ უნდა იყოს ჩვენში ერთმანეთში სიძულვილი: ჩვენი და თქვენი სარწმუნოება არ არის დამაბრკოლებელი, მაშასადამე, კარაპეტ, გადააგდეთ ყოველი თქვენი რაღაც დაჟინება, მომეცით მე თქვენი ქალი, ის იქნება ბედნიერი.

კარაპეტა

(აქამდინ თვალებ დაჭყეტილი უყურებს, მაგრამ სხვას კი ფიქრობს და ანგარიშობს

თითებით. მერე იტყვის იქით)

კარგათ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ არ მესმის.

არჩილი

ჭეშმარიტებას, პატიოსნებას გეფიცებით, რომ ყოველი ჩემი სიცოცხლის საათი იქნება შეწირული ბედნიერებისათვის თქვენის ქალისა.

კარაპეტა

კნიაზჯან, შენ ღრამატიკულად ლაპარაკობ. მე არც კატაღორია მისწავლია. ჩემი სწავლა ეს არის: ან ერთი ფული, ბან ორი ბისტი.

არჩილი

მართლა ამას სხვა რიგათ უნდა ველაპარაკო. მე გთხოვთ, რომ თქვენი ქალი მომცეთ.

კარაპეტა

რათ გინდა?

არჩილი (ღიმილით)

შევირთავ.

კარაპეტა (ფიქრში)

მერე?

არჩილი

მერე შვილები გვეყოლება.

კარაპეტა

მერე?

არჩილი

მერე ვიცხოვრებთ.

კარაპეტა

მერე?

არჩილი

მერე დავიხოცებით.

კარაპეტა

მერე?

არჩილი

მერე და მერე. მერე არ ვიცი იქ რა იქნება.

კარაპეტა

ჰო, მაშ წადი ჯერ შეიტყე.

არჩილი

ჯერ ყმაწვილი გახლავარ და თქვენ უფრო შეგფერით იქ წასვლა. თუ ხუმრობთ, მე სულ არ მეხუმრება, თუ არა, გადაწყვეტილი მითხარით: მაძლევთ ქალსა, თუ არა?

კარაპეტა

ჰო, ქალი თხოულობ? ეგრე მითხარ და, მე მეგონა თუ ფული თხოულობ. რატომ, რატომ, მაგრამ ქართველი არ მივცემ.

არჩილი

რატომ?

კარაპეტა

მიტომ, რომ ქართველია.

არჩილი

მიზეზი?

კარაპეტა

ათი ათასი.

არჩილი

პირველი?

კარაპეტა

პირველი, რომ ქართველია.

არჩილი

მეორე?

კარაპეტა

მეორე, რომ (ჯიბეზედ დაიკრავს ხელს) ფხინკ...

არჩილი

მესამე?

კარაპეტა

ბედოვლათია.

არჩილი

მეოთხე?

კარაპეტა

მეოთხე, ფული არ უყვარს.

არჩილი

მეხუთე?

კარაპეტა

მეხუთე, ფული სძულს.

არჩილი

მეექვსე?

კარაპეტა

ფული ეჯავრება.

არჩილი

მეშვიდე?

კარაპეტა (გაჯავრებული)

გებნები, თუ ქართველი ფულის მტერია. აბა ერთი ქართველი მიჩვენე რომ ნაფულარი იყოს.

არჩილი

რა არის ფული. ფული?! ღმერთი ხომ არ არის? ჩვენ უმჯობესი გვაქვს ფულზედა: პური, ღვინო, ძროხა, ქათამი.

კარაპეტა

ბარემ მერცხლის კვერცხებიც დათვალე... კნიაზჯან, ერთი სიტყვით მე იმას ქალს არ მივცემ, ვინც ფულის შნო არა აქვს... გამიგონე, ნუ გეწყინება: მეგობრობა გინდა ჩემთან, დიახ კარგია, მაგრამ ქალი მეპურეს არ მივცემ.

არჩილი

მშვიდობით, მაგრამ ეს იცოდე, შენს ქალს ვერავინ წამართმევს. (იგი გავა)

გამოსვლა მესამე

კარაპეტა

ვა, გესმის?! ვა, ალაა! განა აღა-მამადხანობა არის?! ქალს ძალით მართმევს... ვა, ჰალვა ხომ არ არის, პატარა ბიჭებივით, მამტაცონ? მაშ პოლიცია რა ჰქვიან?! რა კაცია ტუტუც ვრაცუა!.. წავიდე ბაზარში, დამიგვიანდება.

გამოსვლა მეოთხე

ხამფერა, მონავარდისა და ივანიკა

ხამფერა

ნეტა რა უთხრა მამაჩემმა?

მონავარდისა

ძალიან გაჯავრებული წავიდა არჩილი.

ივანიკა

ვეჟო, არ დამიჯერეთ, მინამ მაგ ზანდუკში კენჭებს არ ჩაუყრით, მინამ. შენ ნუ მომიკვდე, არ იქს, გეუბნები რომ არა... ყე, არჩილიც მობრძანდება.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და არჩილი

არჩილ დაჯდება მოწყენილი

ხამფერა

რა პასუხი მოგცა?

არჩილი

ხამფერვან, მამა შენი რომ არ იყოს, მოვკლავდი ჭეშმარიტად.

ხამფერა

არჩილ, არჩილ, რას მეუბნები?!

არჩილი

რამდენი დაცინება ავიტანე იმისაგან.

ხამფერა (გამოართმევს ხელს)

არჩილ, ჩემთვის, ჩემის სიყვარულისათვის, გმადლობ, არჩილ.

არჩილი

ხამფერვან, ერთი კიდევ უნდა გითხრა და გკითხო. შენ უნდა გადასწყვიტო: ან მე შემიყვარო, ან მამაშენი.

ხამფერა

არ იქნება ორნივ მიყვარდეთ? შენ, როგორც საყვარელი და ჩემი საქმრო; მამა ჩემი, როგორც მამა.

არჩილი

არა, ან მე უნდა დამივიწყო, ან ისა.

ხამფერა

სთქვი რა არის მიზეზი?

არჩილი

შენ თუ მე გიყვარვარ, მოგიტაცებ და დავიწერ ჯვარსა.

ხამფერა

კარგი, საყვარელო არჩილ, მაგრამ მამის წყევლა მე მამკლავს. (ღიმილით) მე ივანიკას ხუმრობა უფრო მამწონს, უეჭველად დასტურს დაგვცემს.

არჩილი

ჯერ აგრე იყოს, ეგ ვცადოთ და მერე თუ არა ქნა, ხომ თანახმა გახდები მოგიტაცო.

ხამფერა

დიახ.

არჩილი (უძახის)

ივანიკა! ივანიკა!

გამოსვლა მეექვსე

იგინივე და ივანიკა

არჩილი

შენი რჩევა დამიჯდა.

ივანიკა

რომ გეუბნებით... კი შენ ნუ მამიკვდები! რავა, ფული აღარ ექნება, რით შეინახამს ამდენს პურის მჭამლებს?! (იცინის)

არჩილი (აძლევს ფულსა)

აბა, მაშ წადი და ამისთანა ზანდუკი იყიდე, მაგრამ არ იქნება, გასაღები ყელზე ჰკიდია, ვერ მოჰპარავ.

ივანიკა

ვაჲ, ვაჲ ჩემს თავს!.. აპა მაშ დევიღუპენით.

მონავარდისა

გენაცვა, ქალო, შენი ზანდუკი და მამიშენისა სწორეთ ერთია, ერთი გასაღებით გაიღება. ბატონს ფული რომ უწყვია დედი თქვენისა არ იყო?

ხამფერა

მართლა!.. ერთგვარი ზანდუკებია.

ივანიკა

აპა, მონავარდისა, მაშ მიშველე ეხლავ გამოვცვალოთ. (გამოიტანენ ზანდუკს, მოიტანენ წალოსთან. გააღებენ, ყველანი უყურებენ; რომ გააღებს მონავარდისა ფულის ზანდუკს, ყველანი ყვირიან: ოჰ, სულ ოქროა)

ივანიკა

დედა, დედა! ქვეყნის ფულები აქანა აგროვია! მარამ ერთი ჰკითხე, რათ უნდა? რათ ითმენს ამდენს სიცივეს? ერთხელ ხიზილალაც არ უჭამია. (ზანდუკს გამოსცვლიან და ყველანი გავლენ)

გამოსვლა მეშვიდე

კარაპეტა

შუაღამეა. შემოვა კარაპეტა ისევ ხალათით, მხიარულათ მივა წმინდა სანთლით წალოსთან

კარაპეტა (ახდის ყუთს)

ჩემი პარკები იზრდებიან, იზრდებიან, როგორც მელქუას მუცელი... (ამოიღებს ერთ პარკს) ვა, რა რიგათ გაბერილა! ჩემო აღდგომის ბატკანო! ჩემო ახალწლის ჰალვავ! გაიზარდე, ჩემო შვილო!.. (შეაგდებს და გაკვირდება. დიდხანს პირი ღია და თვალები დაჭყეტილი დარჩება; მერე ტირილით) ვა! ბზინკ არა ქნა, ჰა!.. ჩხინკ იყო (შიშით) აბა ერთი კიდევ!.. (შეაგდებს) ბზინკ არაა... ჩხინკ... (ხელიდგან გავარდება პარკი, ამოიღებს თითო თითოს და პოლზედ აჩხაკუნებს) ვა! ეს რა ამბავია?.. (დაიყვირებს ძალიან) ვაჲ, მიშველეთ!.. ყარაულ!. ქურდები... პოლიცმეისტარ! ჩესტის აფიცარ! სად არის ჩემი ქურდი, ვინ მამპარეთ?! გეთაყვა, მითხარით... თავს დავირჩობ, წყალში გადავარდები! არა... ჰო... მოვკლამ ჩემი ქურდი (ამოიღებს დამბაჩას, ორის ხელით უჭირავს, გაიშვერს ხელებს) ბინგ... გავარდი და! არ ვარდება! მაშ, მე მოვიკლამ თავი. (ჩაიდებს ლულას პირში) ვკვდები... (დაეცემა, პირზედ ხელს ისვამს) არ მოვკვდი... თითქო გავარდა. არა, სიზმარში ვნახე, უთუოდ ეს სიზმარია. მე საწყალი ყალმაყალი გავხადე, თურმე მეძინა (სულელურათ იცინის, დაწვება და ხვრინავს), მძინამს! დიახ... ვა, რამდენჯერ მინახავს, რომ მპარავენ... თვალები ჭყიტ. ტყუილია. ისე ესეც ტყუილია... (ისმის ხმა და ბრახუნი ივანიკასი. ივანიკა გალობს: ვასიორა სიპეტურა, დანანი ნანა ნანასო) ჰო, ახლა დათენებულა. აბა გავაღო თვალები. არა, აგება შემოვიდეს ვინმე, სწორეთ გამაღვიძონ.

გამოსვლა მერვე

კარაპეტა და ხამფერა

ხამფერა

მონავარდისავ! მონავარდისავ! პატარა ნახშირი დააღვიე.

კარაპეტა (ნელა უძახის)

ხამფერვან! ხამფერვან!

ხამფერა

აქ რას შვრებით, მამავ?

კარაპეტა

აქ მო. ნუ გეშინიან, შვილო! ჩემო გულო! ჩემო სულო! სწორეთ მითხარ: მძინავს, თუ მღვიძავს?

ხამფერა

რას ამბობ, მამა? აკი ლაპარაკობ... მაიცა, აბა თვალები გაახილეთ.

კარაპეტა

გებნები, რომ მძინავს. ხედამ თვალები არა მაქვს ღია. აბა სწორეთ გამაღვიძე.

ხამფერა

გაგაღვიძებ. (აღვიძებს) მამავ! მამავ!

კარაპეტა

(არ იღვიძებს. ბოლოს გაიღვიძებს, იფშვნეტავს თვალებსა)

ვინ არის? რა გინდათ, გირაო მოგიტანია, თუ ნასესხი?

ხამფერა

მე ვარ, მამავ! მამავ, გაიღვიძე.

კარაპეტა

(წამოჯდება, იზმორება, თვალებს იფშვნეტავს)

იშ, მეძინება.

ხამფერა

კარგია, თვალები გაახილეთ.

კარაპეტა (გააჭყეტს თვალებსა)

აი, გავაღე თვალები. გამეღვიძა... ხამფერვან! ხამფერვან! შენა ხარ, შვილო? მოდი, მაკოცე (ხამფერა ჰკოცნის შუბლზედ) ჰო, ახლა გამომეღვიძა! განა მეძინა, შვილო?

ხამფერა

საშინლათ.

კარაპეტა

ოჰ, რა ცუდი სიზმარი ვნახე. სიზმარი ტყუილია განა? მე შემიტყვია თუ ტყუილია, მაძღარი კუჭი იცისო. ბევრი ბაკლა ვჭამე ხახვიანი, სისხლი ემე უყო, აადუღა, — იმისაგან არის.

ხამფერა

ხანდისხან სიზმარი გამართლდება ხოლმე.

კარაპეტა

არა, სულელო, ტყუილია... გეთაყვა, ტყუილია.

ხამფერა

თქვენი ნება არის.

კარაპეტა

ახლა ხომ არა მძინავს? გათენებულა, აბა ამაყენე. (ხამფერა ააყენებს) მიმიტანე ზანდუკთან. (ხამფერა მიიყვანს) აბა თავი გაუღე. (ხამფერა ახდის)

ხამფერა

ახ!

კარაპეტა

რა არის?

ხამფერა

ამდენი ფულები, მამავ!

კარაპეტა

ფულები! .. გითხარ თუ მეძინა! გენაცვალე, ხამფერა! სულ ჩემია, მერე სულ ყვითელი მპერიალია. დღეს ამდენი ნახშირი გიყიდით. მონავარდისავ! (გოგო შემოვა. კარაპეტა გადაუგდებს გასაღებს) აჰა, გააღე ყუთი, ნახშირი ემე ქენ, დააღვიე. დღეს კვირის მარხვაა. გწყალობდეს მარხვა, კარგი რამ არის მარხვა. კირკაჟი იყიდე, ბაკლა არ იყიდო, ცუდი სიზმარი იცის... ჰო, ჯონჯოლიც იყიდე. (გოგო გავა. კარაპეტა ხამფერას ეუბნება) გოგო არ ნახოს ჩემი ფულები. აბა, შვილო, შენ მყევხარ ჩემი თვალის კაკლებმა. აბა ნელა ერთი პარკი დახსენ, ნახე, თუ როგორი ოქროებია, მე თვალებში მაწყენს ყვითლის ცქერა... ხმაც არ მიყვარს. მოიცა... ნელა... არ დააპნიო... (ხამფარა გახსნის პარკსა, კარაპეტა იცინის სულელურათ) როგორი ოქროებია?

ხამფერა (სიბრალულით)

ახ, მამავ, რათ იცი ასეთი ხუმრობა? რათ გინდა ეს კენჭები?..

კარაპეტა

როგორ თუ კენჭები! ხედამთ ქართულათ დაჩვეული აქვს თვალები!.. ოქროები კენჭებათ ხედამს. ვა, გააღე თვალები, ნახე... სულ მრგვალი მპერიალია...

ხამფერა (წამოჰყრის)

აი, თუ კენჭები არ არის!

კარაპეტა

ვაჲ, ახლა კი მოვკვდი... დამმარხეთ... (გასწირავს სულსა)

ხამფერა

(აბრუნებს, რომ ვერ მოაბრუნებს დაიკივლებს)

მიშველეთ, მიშვე-ლეთ! (გამოცვივიან, ივანიკა და მონავარდისა; წაიყვანენ ხამფერას)

გამოსვლა მეცხრე

ივანიკა, მონავარდისა და მერე მეკუბოვე

ივანიკა (დაიჩოქებს და ტირის)

აღავ, ბატონო! უი, ჩემს თავს... რათ მომიკვდი?.. შენს სახლს ცეცხლი რათ მოუკიდე?! (იქით) ისემც ცხონდება მისი სული რავაც ცეცხლი აქ ენთოს.

მონავარდისა (შემოდის)

მეკუბოვე მოვიდა, მოურიგდი. ხამფერა გულშემოყრილია. თავს ვერ დავანებებ.

ივანიკა

უთხარ შემოვიდეს. (გოგო გავა)

მეკუბოვე (შემოვა)

ივანიკა

აბა, კუბოში რა მოგცე?

მეკუბოვე

ხუთი მანეთი. (კარაპეტა შეიზმორება)

მეკუბოვე (ნელა)

ოთხ მანეთ ნაკლებ არ იქნება. (კარაპეტა ხელს გაიქნევს)

ივანიკა

სამი და ათი შაური.

მეკუბოვე

ყაბული ვარ. მზათ არის, მოგიტან... (ზომას აიღებს და გავა)

კარაპეტა (წამოჯდება და ივანიკას)

არ მინდა... ზანდუკში ჩავწვები, ისე დამმარხეთ, გაიგონე! (ჩაწვება) ივანიკო! ეხლა კი მოვკვდი, დამმარხე...

ივანიკა

(სანთლებს გამოიტანს, დაუნთებს ირგვლივ და წავა)

წევიდე, მღვდლები მოვიყვანო და ხალხი.

კარაპეტა

(ადგება, დააქრობს სანთლებს, სხვანი ფანჯრიდან უყურებენ)

ვნახო ჩემი ხამფერვანა როგორ შეწუხებული იქნება... (უყურებს) საწყალი, გული წასვლია... ვა, ჰხედამთ არჩილიც აქ არის! ყური დაუგდო. (ისმის ლაპარაკი ივანიკასი)

ივანიკა

აპა რაღას უშველით! მაგრამ, ბატონო არჩილ, ის თანთარი რომ არის ახუნდი, გითხრათ რომ ასდე კენჭებს ოქროებად გადავაქცევო, მევიყვან. რომ დავმარხოთ კარაპეტა, პარკებს ნუ ჩავატანთ და ოქროებად გადაგვიქცევს.

კარაპეტა (ნელის ხმით)

შვილო ხამფერვან! მოვცოცხლდი, გამოდი... მობრძანდი, კნიაზ არჩილ, მიშველე, ივანიკო, შენცა.

გამოსვლა მეათე

კარაპეტა ხამფერა, არჩილი, ივანიკა და მონავარდისა

კარაპეტა (დაუჭერს ქამარს არჩილს და დაიჩოქებს)

კნიაზ, შენი ჭირიმე, შენი დიდკაცობის ჭირიმე, შენი კუჭების ჭირიმე, შენი ჭკუის ჭირიმე, ჩემი ოქროები, მიშველე.

არჩილი

როგორ გიშველო?

კარაპეტა

ახუნდი ვინ არის? მოიყვანე (ივანიკას) შენ მაინცა, ჩემო ივანიკო! შენი ჭირიმე, შენი რაჭის ჭირიმე... ორი შაური მოგცე ფეხის ქირა. მოიტანე ის ახუნდმა.

არჩილი და ივანიკა

ვინ ახუნდი?

კარაპეტა

შენ შეეხვეწე, შვილო ხამფერვანჯან! შენი კნიაზია.

არჩილი

კარგი, შენს ოქროებს ისევ ოქროებათ გიქცევ, შენი ქალი მე მამეცი.

კარაპეტა

ფული ხომ არა მთხოვ?

არჩილი

არა.

კარაპეტა

მაშ ვინ ღორი არ მოგცემს... ძაღლი ვიყო, თუ მზითვათ არ გამოგყვე.

არჩილი

მაშ კარგი, ეხლავ გამოვგზავნი. (გავა)

კარაპეტა

ივანიკო, შენ ნახე მართლა ის ახუნდი?

ივანიკა

ბეჯითათ, აწი მოვა. აპა, ამითი ცოდვით მეგივიდა და ჩემი ცოდვით! აპა, მონავარდისას აქ დეიჭერ, თუ ქალს მისცემ.

კარაპეტა

მონავარდისას ვერავის მივსცემ.

ივანიკა

სამ თუმანს მოგცემ, მე შემრთე.

კარაპეტა

მოიტა, ეხლავ მოიტა. (ივანიკა იღებს ფულებსა და აძლევს. კარაპეტა სთვლის) ერთი... რა ძველი მანეთია. ორი... აი, ამისთანა უნდა! სამი... ეს ყალბია.

ივანიკა

იმე, მე მოვჭერი თუ? (ამ დროს შემოვა გოგო)

გოგო

ახუნდი მოვიდა.

კარაპეტა (სიხარულით)

მოვიდეს.

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე და არჩილ (ჩაცმული თათრულათ, წვერით)

კარაპეტა (შეშინებული პირჯვარს იწერს)

ასტვაც.

არჩილი (თათრულ კილოზედ)

სად არის ზანდუგი?

ივანიკა

ეე, ბატონო ახუნდო, შენს მადლს.

არჩილი (მივა ნელა და კარაპეტას ეტყვის)

შენი გალი უნდა არჩილ მისცო, ამას გოგო მისცო, მერე ოგრო გავაგედებ.

კარაპეტა

ჰო, მივცემ, მივცემ.

არჩილი

დორე ისევ გენჯები გავაგედებ.

კარაპეტა

ვა, გებნები მეთქი!.. ჩემი პირი პირია.

არჩილი (დაიწყებს ლოცვასა)

ბის მილა რახმანი, რახიმ ინჯილისან ზუბული დოუთ ოქმი სულეიმან აზალ აზალ ნუმნი მაზალ ავალიან ოხურამ. იშალახ! იშალახ! იშალახ! (სამჯერ შეუბერამს პარკებს, ჯოხს დაჰკრავს, მიუბრუნდება კარაპეტას) დაძექ! დაძექ! (კარაპეტა დახუჭამს თვალებს) დვალი არ გააღო, ისე დაძე, როგორ მოგვდი, დორე ოქრო არ გახდება.

კარაპეტა

ვა, ტიკივით გავიბერო, თუ. მანამ ოქრო არ დავინახო თვალი გავაღო. (დახუჭამს თვალებს და სულს გამელავს. ივანიკა და არჩილ გავლენ, ზანდუკს შემოიტანენ. არჩილ გადაჰყრის კაბასა და წვერსა და თავის ტანისამოსით შემოვა, ზანდუკს გააღებენ და აჩხაკუნებენ ფულებს. კარაპეტა დაიღრიჯება, თვალებს ვერ ახელს) ახუნდო! გენაცვა ხმა გავიგონე, თვალი გავაღო?

არჩილი, ხამფერა, ივანიკა

ადექით, მოგვილოცამს... აი თქვენი ოქროები.

კარაპეტა

(წამოხტება, შეაგდებს პარკსა, ხან ერთს, ხან მეორეს; იცინის)

ბზინკ! ბზინკ! (მერე დაჰკეტამს, მოეხვევა ხან ხამფერას, ხან არჩილს, ხან ივანიკას) ნურავის ეტყვით ჩემი ფულიანობას, გენაცვა.

არჩილი

კარაპეტ, აღასრულეთ თქვენი სიტყვა.

კარაპეტა (აჩვენებს ხელით თავის ქალზედ)

აჰა, მამიცია ამის თავი.

ივანიკა

იიმე, ერთი პარკი მიეც ოქრო შენს ქალს.

კარაპეტა

სულელო! რათ უნდა? ქართველი ირთავს... მე კარგი ფეშქაში მივცემ ჩემ სიძეს (შევა კარაპეტა სახლში)

არჩილი (ჰკოცნის ქალს ხელზე)

ოხ, რა ბედნიერი ვარ!

ხამფერა

მე ვარ ბედნიერი.

გამოსვლა მეთორმეტე

იგინივე და კარაპეტა

კარაპეტა (მოაქვს ძველი ხმალი)

აი, სიძეჯან, ხმალი! ეს გირჩევნიან ფულსა განა?

არჩილი

(გამოართმევს, ამოიღებს ჟანგიან ხმალსა, დახედავს და განცვიფრდება)

ამას რას ვხედავ? ხმალი პაპის ჩემის ავთანდილისა!

ოხ, მამავ, რა რიგათ გმადლობთ!

შენ გხედავ, ხმალო პაპისა ჩემის,

ჩემგან შეჭედვა და მორთვა გშვენის!

შენით არ იყო ავთანდილ გმირი

ამარცხის სპარსნი? ვითა საყვირი

მეორეთ მოსვლის, მათ დასცის ზარი!

შენით არ იყო ერევნის ჯარი

სჩეხა და სთრგუნა? ციხისა კარი

გაახვნა იმან და დაიჭირა,

“მეფევ, მობრძანდი” მან დაიყვირა!

მოვედ, შემერტყი მის შვილი-შვილსა,

ლეკთა და სპარსთა ვსჭრიდე, ვით ცვილსა,

შთამბერე მისი შენ ვაჟკაცობა,

მისი სახელი, პატიოსნება! (ჰკოცნის)

კარაპეტა (ავანსცენაზედ)

გებნებით, რომ ქართველს ფული არ უნდა? ხედამთ ჟანგიან რკინაზედ რასა ბოდამს! ჩემი ოქროებს თვალი არ უყურა. (პუბლიკას)

თუ გინდათ, რომ მხიარულად

გაატაროთ ამ თიატრში,

ნუ დაგვაგდებთ გულ ნაკლულად,

ყველამ დაგვიკარით ტაში.

ფარდა


























  დაბადების თარიღი:        1813
გარდაცვ. თარიღი:          22 სექტემბერი, 1864  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    იკორთის მონასტერი, გორი
კატეგორია:                      დრამატურგი, მთარგმნელი, პოეტი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ახლანდელი დუშეთის რაიონი, სოფ. ოძისი.

ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824 – 1825 წწ.), შემდეგ მოსკოვში, კერძო პანსიონში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო სამსახურში.

გ. ერისთავის პირველი ნაწარმოებია ”ოსური მოთხრობები”. მის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეროვნულ პატრიოტიზმს. მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესული თეატრი. მისი პირველი კომედიაა ”შეშლილი” (1839). ძველი თაობის წარმომადგენლების სახე მან კარგად აგვიწერა კომედიებში: ”გაყრა” (1840) და ”დავა” (1849). გიორგი ერისთავს თარგმნილი და გადმოკეთებული აქვს: ”უჩინმაჩინის ქუდი”, ”ყვარყვარე ათაბაგი”, აგრეთვე ა. გრიბოედოვის ”ვაი ჭკუისაგან”. მან დრამად გადააკეთა ”ვეფხისტყაოსანი”, ქართულ ენაზე თარგმნა სხვადასხვა ენებზე დაწერილი ლექსები. მისი თხზულებების სრული კრებული გამოქვეყნდა 1867, 1884 და 1936 წლებში.


ბიბლიოგრაფია

გაყრა : კომედია (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1961. - 36 გვ.
პიესები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1950. - 395 გვ.
რჩეული თხზულებანი : რჩეული ლექსები და დრამატიული ნაწარმოებნი (ავტორი). - თბილისი, დ. კილოსანიძის გამოცემა, 1910. - 200 გვ.


ძუნწი

გაყრა

დავა