აბა, შავხედნოთ ქვეყანას:

ძირს ვაკე, მაღლა მთებია;

ზოგან ხევები, სხვაგან ტყე,

კლდედ მიიუვალი გზებია.

რამდენჯერ დავფიქრებულვარ,

გულშიაც ცეცხლი მთებია;

სხვაზედ ვერაზედა დავმდგარვარ,

მარტო ეს მიფიქრებია:

ღმერთი რო კაცსა გააჩენს,

თანვე დაუწერს ბედსაო,

ზოგს მისცემს ბატონობასა,

სხვას-კი დაუხრის ქედსაო.

ვენაცვლე უფლის სახელსა,

ჩვენს დამბადებელს ღმერთსაო:

ღმერთმა დამბადა მუშადა,

იმან მიკურთხა მარჯვენა,

უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო

და გამოვკვებო ქვეყანა.


ალალის ოფლით ნაშონსა

ლუკმას ვსჭამ გემრიელადა:

ვიცი, რომ ჩემი შრომაა,

ჯაფით მოსული ხელადა;

დარალულს ქვა რომ მაჭამიო,

მომეჩვენება ქადადა.

ბედნიერი ვარ, ოღომც-კი

ქვეყანამ მიცნოს კაცადა.

კაცი ვარ, მენაც კაცი ვარ,

ვაჟკაცი ნამუსიანი;

ცხვარი და ძროხა ბევრი მყავ,

სახნავი სასუქიანი;

ზღვადა დგა ჩემი ყანები,

ყანები თავთუხიანი;

საქერეს ქერი მითესავ,

ქერია ჩარათიანი,

სავსე კოდები მიდგია

ყველიან-კარაქიანი.

ბევრს აძღებს ჩემი მარჯვენა,

მარჯვენა ბარაქიანი!



უფალს აუნთებ სანთელსა,

გლეხურად შევეხვეწები;

იცის, გლეხი ვარ, შემინდობს,

თუნდაც დავაკლო წესები.

ვერთგულობ მამა-პაპასა,

იმათში მიდგა ფესვები.

სუყველა თავისი მაქვის,

სხვებისას არას ვეხები.

ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ
მეორე სახე მე მეხატება
შენის ქვეყნისა - საქართველოსი.
რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:
თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მაღრჩობს ვეღარას ვამბობ;
კარგის დაღუპვა რად გვენატრება
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება.
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!..

სიჭაბუკის დროს პირველად
როს ვახილებდი თვალებსა
და ვუცქეროდი მტირალი
სამშობლოს განაწვალებსა -
ვეძებდი აქეთ-იქეთა
ქვეყნის დამხმარე ძალებსა,
არავინ უჩანდა დარაჯად
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.
ვტიროდი უფრო ძალიან,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა...
დღეს, ვხედავ, გაჰმრავლებიან
მშობელ ქვეყანას შვილები;
მტერს არ მისცემენ სათელად
თავის სამშობლოს გმირები,
მირჩება წყლული გულისა,
ბყუჩდები ანატირები.