შენ ბილიკო მშვენიერო,
ჩამოსაცანცალებელო,
რად არ მითხარ: “ყურმახვილო,
შენ არ დასაცალებელო,

გაუფრთხილდი, მუდამ ერთგზით
ჩუმჩუმად ნუ იარები,
თორემ გნახავს მონადირე,
ტყვიას დაეზიარები”...

ერთხელ დილით, როდესაც ცამ
პირი მოიფარდიანა,
დამაღონა, დამაფიქრა,
გული დამიდარდიანა.

ვთქვი: თუ ეს რა ამბავია,
თითქოს ვიყავ მხიარული,
გრძნობა რისთვის მეურჩება,
ან სკუპ-სკუპით სიარული.

არ წავიდე?! მაშ რა ვუყო
ჩემს პაწია მაწოვარებს,
გამომშრალი ძუძუებით
დედა შვილს ვერ გაახარებს.

ავდექი და გავემართე
იმავე გზის ბილიკითა,
ცანცალითა, ყუნცულითა,
როგორც ბიჭი ჩილიკითა.

ბილიკს ჩავცდი, ველის პირზე
ავიარე, ჩავიარე,
მივიხედე, მოვიხედე
და კომბოსტოს მივეპარე.

პირში ნერწყვი მომერია,
კბილი გამოვაკრიალე,
კაპი-კუპი ავუყენე,
მაგრამ თავი ვაზარალე.

იმ უღმერთო მონადირემ
ჭამა აღარ დამაცალა,
თოფი გაითვალისწორა,
ტყვია გამოაბზრიალა.

სწორედ თეძოებში მეცა
მეხისავით გრიალითა,
იქვე გადავკოტრიალდი
კვნესითა და წრიალითა.

წინა ფეხნი მთელი მქონდა,
წელმა ვეღარ აიტანა,
გამოქანდა მონადირე
და ხელები დამატანა.

ზედ კისერზე გადამიგდო,
გარდიგარდმო გადამხარა;
მე შვილები დამიობლა,
თავისები გაახარა.


1911 წ.

მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე, მოალერსე;
ნეტავი რა დაგიშავე,
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!
სიყვარულით, სიხარულით
მთები, ზღვები გადმოვლესე,
სანამ შენთან მოვიდოდი,
ერთხელაც არ დავიკვნესე.
შორით თვალებს გიკოცნიდი,
ცის ლაჟვარდში ვსრიალებდი,
ვჭიკჭიკობდი, შეგამკობდი,
სულ შენ შემოგტრფიალებდი.
ცხრა-მთა გზიდან მომავალი,
მოქანცული, მოღალული
დაბლა-დაბლა ვეშვებოდი,
შენ გეძებდა ჩემი გული.
აი, მოველ, დაგინახე,
გულში ია-ვარდი ვთესე,
ავჭიკჭიკდი უფრო ტკბილად,
ხმები გავიუკეთესე.
გეფიცები და-ძმობასა,
მხოლოდ ეხლა დავიკვნესე:
არ გრცხვენია, უმიზეზოდ
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!


1912 წ.

I

შხამად შემერგოს დედის რძე,
შხამად მომედოს პირზედა,
ქვეყანამ გამათახსიროს
ცა-დედამიწის ძირზედა.
დავდიოდ-დავყიალობდე
მურჩამოსმული ცხვირზედა,
თავს ლაფი გადამდიოდეს,
უკუღმა ვიჯდე ვირზედა,
თუ ძმის სიკეთე შემშურდეს,
თუ ძმას შევხედო შურითა,
თუ ძმაზე ძვირი ნათქვამი
მტრისგან შევიგნო ყურითა.

II

ბრაზად გადმექცეს ამაგი
ჩემი მშობელი დედისა,
იობის დღეში ჩავვარდე,
მომჩივნე გავხდე ბედისა,
გული ქვად გადამივარდეს,
საზიზღი გავხდე მე დისა,
ნუღარც შევჭამო ნათესი,
მოხნული ხარის ქედისა, -
თუ სახლში ჯდომა ვირჩიო,
ხანჯალმა მოელვარემა,
ნუღარც მიმიღოს სამიწედ
ჩემმა სამშობლო მხარემა,
ნუღარც სხვის მიწამ და წყალმა,
ნუღარც სხვის არემარემა, -
თუ ტყვიას ზურგი ვაჩვენო
გულის წილ ბრძოლის ველზედა;
თუ ძმა გავსწირო ღალატით, -
ხმალი შემაწყდეს წელზედა,
თუ არ შევაკვდე გმირულად
მამულისათვის მტერს ზედა, -
ქალურს სიმუხთლეს, სიჯაბნეს,
ყველა მატყობდეს ფერზედა;
ბეჭედი უნამუსობის
დამაჩნდეს სახე-წვერზედა,
გავრბოდე შეშინებული,
როგორც იუდა სერზედა,
წინ მთა მხვდებოდეს, მთის იქით
კიდევ მთა სალიკლდიანი,
ხმალს ვცემდე, აღარ მიჭრიდეს
გააფთრებული, ფხიანი,
დამჯაბნოს ბერმა ყმაწვილი
დიაცურ ხუჭუჭთმიანი, -
თუ არ ვარჩიო სიცოცხლეს
სიკვდილი სახელიანი!


1892 წ.