რას ვხედავ უზარ-მაზარსა?

შავსცქერი დადუმებული,

ცას ესწორება თხემებით

მთა, მთაზედ აკიდებული!

აქ ლოდი, სიპი, პიტალო

სატანას მოუთრევია,

კაჟი, ქვა, ქარწბი, კირკალი

შეუძრავს, შეურყევია.

ასვრილა მიწა კენჭებში

და გოხის მონანგრევია,

ესენი ნუ თუ ჯოჯოხეთს

ურთ-ერთში აურევია!

მთა-მთაზე, გორა-გორაზე

შეუსვავს, დაუკვერცხია,

მზეს უხრავს მათი გვერდები,

ნიაღვარს ჩაურეცხია!

მოჰსხმიათ ნაძვის ძაგარი,

სპეტაკის ჩადრით მოსილან.

მათი ხევ-ხუვი ღრადონიც,

ვეჭვ, ქარ-გრიგალმა მოჰსილა!

აგია კავკასიის მთა,

ტურფა და დიდებულია.

ვაქო, ვით ვაქო, რომ ენა

ოცნებისაგან ბმულია?!.

ეს საოცრება რამ შეჰქმნა?

ამართა ვისმა ძალამა?

ცას ვინ ამოყვრა ვეშაპი,

ან წარღვნამ რად არ წალამა?..

ქედს ვუხრი კავკასიასა,

დიდებულს — ჩემგნით დიდება!

ქედს ვუხრი, რადგან სულს და გულს

თავისკენ მიეზიდება!

უმზირეთ! კავკასის მთანი

ცის კამარასა სწვდებიან,

ყინვარის ჯავშნით მოსილნი,

ბარს დანთქმას ემუქრებიან!

ახლავან ორბნი, არწივნი,

ჯიხვებიც ეხიზნებიან,

და ხშირად შავნი ღრუბელნი

მოჰბურვენ, ესტუმრებიან;

მაშინ ელვანი მრისხანედ

გრგვინვენ და იკლაკნებიან,

მათ ჭექა-ქუხილს კლდე-ღრენიც

საზარლად ეძრახებიან!

ინათებს, დილის მზის სხივზე

ღრუბლები აიყრებიან,

აქ დაბერტყავენ კალთებსა: —

თვალ-მარგალიტი ჰკრთებიან!

შეჰყურებ, თხემნი კავკასის

ისევ სპეტაკად ჩნდებიან

და მედიდურნი, ტურფანი

ლაჟვარდს ცას ებჯინებიან!


1886 წ.

(მეურმის სიმღერა)

გოგოს ჭირიმე, გოგოსი,

ჭირიმე ერთად-ერთისა,

პაწა გოგოსი, დილის მზის,

ჭირიმე იმის ღმერთისა!

გოგოს ჭირიმე, გოგოსი,

ჭირიმე ლერწამ-ტანისა,

ფუნთუშა, ძუძუ-კოკობის,

ჭირიმე გულ-წამტანისა!

გოგოს ჭირიმე, რომ ღუის,

როგორც რომ თურაშაული,

პირს რად მარიდებს, იმასთან

რა მაქვს მე დანაშაული?!

გოგოს ჭირიმე, გოგოსი,

ჭირიმე იმის გულისა,

იმის ჟუჟუნა თვალების,

კალამით დახატულისა!..

რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე,

არ მეკარება გოგონა...

სხვის დანიშნული თუ არი?..

მე კი... მე — ჩემი მეგონა!..

ნუ მკლავ, გოგონავ, წყეულო,

ნუ ამარიდე პირია,

თავი რომ მკერდზე მოგანდო,

შენთვის რა გასაჭირია?!

ნუ მომკლავ დედის-ერთასა,

ღმერთი იწამე, წყეულო,

ნუ მომკლავ, გოგოვ, ნუ მომკლავ,

ჩემს გულში შამოჩვეულო!..


1885 წ.

რას შემომცქერი, ძმობილო?

ოფლში ვარ გაწუწულია?

ნუ გიკვირს, მენა ჯაფაში

არ გამტეხია გულია...

რაც ვიყავ, ისევ ისა ვარ,

მიდგას მე კარგი ყანები,

გლეხად დამბადა მე ღმერთმა,

— იმასამც ვეთაყვანები.

რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი

დაკორძებული ხელები?

ცულს და ბარს მოვაქნევინე,

ვგრიხე და ვგრიხე წნელები.

ყინვაში, მიწის ბრძოლაში

ზოგჯერ არც დამიბანია,

გინდა შანთს ავაღებინებ,

არც კი ამეწვას კანია.

რად მაძლევ? არას მარგია

მე შენი ხელთათმანები,

საბუხარს არა ვჩვეულვარ,

რას მარგებს მაგისთანები?

რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი

დაწყლულებული ფეხები?

ეკლებში დავალ ყოველ დღე

და ტყეში დავეხეტები.

რად გიკვირს ეს ბალნიანი

გადაღეღილი მკერდია?

გუთნით და ნამგლით ვიბრძოდი,

შავს მიწას შევაბერდია.

ქარმა და ყინვამ, მზე-წვიმამ

არ ამიქცია გვერდია,

არ შევეპოვე მეც იმათ,

გულადად გაუჩერდია.

რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი

აქეცებული კისერი?

ქედი ამომწვა მზე-ყინვამ,

ლაპლაპებს როგორც გიშერი.

რას შემომცქერი, ძმობილო?

ოფლში ვარ გაწუწულია,

ნუ გიკვირს, მენა ჯაფაში

არ გამტეხია გულია.

რაც ვიყავ ისევ ისა ვარ,

მიდგას მე კარგი ყანები,

გლეხად დამბადა უფალმა,

— იმასამც ვეთაყვანები...


1884 წ.