რას შემომცქერი, ძმობილო?

ოფლში ვარ გაწუწულია?

ნუ გიკვირს, მენა ჯაფაში

არ გამტეხია გულია...

რაც ვიყავ, ისევ ისა ვარ,

მიდგას მე კარგი ყანები,

გლეხად დამბადა მე ღმერთმა,

— იმასამც ვეთაყვანები.

რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი

დაკორძებული ხელები?

ცულს და ბარს მოვაქნევინე,

ვგრიხე და ვგრიხე წნელები.

ყინვაში, მიწის ბრძოლაში

ზოგჯერ არც დამიბანია,

გინდა შანთს ავაღებინებ,

არც კი ამეწვას კანია.

რად მაძლევ? არას მარგია

მე შენი ხელთათმანები,

საბუხარს არა ვჩვეულვარ,

რას მარგებს მაგისთანები?

რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი

დაწყლულებული ფეხები?

ეკლებში დავალ ყოველ დღე

და ტყეში დავეხეტები.

რად გიკვირს ეს ბალნიანი

გადაღეღილი მკერდია?

გუთნით და ნამგლით ვიბრძოდი,

შავს მიწას შევაბერდია.

ქარმა და ყინვამ, მზე-წვიმამ

არ ამიქცია გვერდია,

არ შევეპოვე მეც იმათ,

გულადად გაუჩერდია.

რად გიკვირს, ძმაო, შენ ჩემი

აქეცებული კისერი?

ქედი ამომწვა მზე-ყინვამ,

ლაპლაპებს როგორც გიშერი.

რას შემომცქერი, ძმობილო?

ოფლში ვარ გაწუწულია,

ნუ გიკვირს, მენა ჯაფაში

არ გამტეხია გულია.

რაც ვიყავ ისევ ისა ვარ,

მიდგას მე კარგი ყანები,

გლეხად დამბადა უფალმა,

— იმასამც ვეთაყვანები...


1884 წ.

(წარსული საუკუნოების ამბავი)

რაზე მიწყრები, ყეენო? —

ვიბრძოდი ქართვლის ჯარშია,

დღეს შენი ტყვე ვარ, ხელთ დაგრჩი,

რა კი დავიჭერ მხარშია...

მამულისათვის ვიბრძოდი,

რაში შემწამე ღალატი?..

შენი რა მმართებს, ყეენო,

თავს რომ მადგია ჯალათი?.

მე სჯულისათვის ვიბრძოდი,

სხვა რა შემწამე ავია?..

სჯულს არ შევიცვლი, ყეენო,

არ მოკვდეს ჩემი თავია.

ამისთვის — თუ კი გგონია —

მენა ვარ მოსაკლავია,

“თავი მომთხარე კისრიდგან”,

მომჭერ ფეხი და მკლავია,

მაგრამ ყელს გიწევ, ყეენო, —

შენი შვილების ლხენასა, —

ისმინე ჩემი ვედრება:

დღეს მე ნუ მომჭრი ენასა, —

მინდა მოკითხვა შევთვალო,

ვილაპარაკო ქართული,

ვადიდო იესო ქრისტე,

სჯული ენასთან შართული.


1882 წ.

ბეზირგნის შვილი არა ვარ,

არც არავისი ბატონი,

ღამის მეხრე ვარ უბედო

და იფნის სახრის პატრონი...

ცუდ ვარსკვლავზე ვარ შობილი,

მარტო ჯაფა მხვდა წილადა:

კუმატ ღამეში ხარ-კამბეჩს

დავდევ, ვაძოვებ ფრთხილადა.

ორი დღის ალო მერგება

მე ჩემი ჭირნახულისა,

და იმედი მაქვს გუთნისა,

იმისგან გადახნულისა...

გუთანო, ქრისტეს ნაკურთხო,

ღრმად გაუარე კვალია,

რომ შემოგვნატროს სუყველამ,

მგზავრს ჩვენზე დარჩეს თვალია.

შენი იმედით ცოცხალვარ,

რომ შენით ვჭამო პურია,

შენა გმსახურობ, შენც მენა

საქმე გამიწყე ძმურია;

გადააშავე ყამირი.

აღარ აივსოს თივითა,

გაუსვი სახნის-საკვეთი

ნალესი ალმასივითა...

გაჰკარ, გაუსვი, — რას უცდი?

ლამის მზემ გადაიხაროს,

გაუსვი, გუთნის-დედისამც

ცოტა რამ გულმა იხაროს!..

ჭირიმე შენი, გუთანო,

ნაკურთხო ქრისტეს ჯვარითა,

არ მიღალატო, კვნესამე,

ბედ-შავ არ მომკლა ჯავრითა!..


1886 წ.