მოქმედება პირველი

გამოსვლა პირველი


პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი.
(დაბურულ ტყეში დიდ მუხის ფესვებთან აბუზულა და სტირის. მის გვერდზე პატარა ამოჩიჩქნილი ორმო მოსჩანს. მეორე თაგვი მორბის, პირველს ვერ ამჩნევს, უნდა გასცდეს).
თებრონე, თებრონე! მოიხედე აქეთ, ყურს აღარ მიგდებ? გამიგონე, მოდი აქ, მომხედე! (მეორე თაგვი შედგება).

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. დილამშვიდობისა! რა იყო, რა ამბავია? (მიუახლოვდება). სონა, შენა? რა დაგმართნია, რა გატირებს?

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. რაღა რა მატირებს?! დავიღუპე, დობილო, დავიღუპე! აი, დაჰხედე ამ ორმოს. იმ შეჩვენებულს, იმ წყეულს ვიღაცას დაუცარიელებია. მერე, იცი, რა თხილი მქონდა შენახული, სულ საუკეთესო, გადარჩეული. ამოუთხრია, ამოუღია ვიღაც რჯულზე ხელაღებულს! დამსვა ცარიელზე იმ ღვთისაგან წყეულმა, ეგები ჩემის ცოდვით კბილები დასცვივდეს და თვალები დაეთხაროს.

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. შხამად შეარგოს! არა, იმ ოხერს, რა ამაგი ჰქონდა გაწეული, რომ ეგრე უღმერთოდ და უნამუსოდ მოქცეულა?!. მაჩვი, ღორი, ან დათვი იქნებოდა. (თვალებს დიდად ახელს). უეჭველია, თაგვთაგანი მაგას ვერ გაბედავდა ვერავინ, რადგან შევუტყობდით და დაისჯებოდა სასტიკად. სხვის საკუთრების ესე უხათროდ მოპყრობა კაი საქმე არ არის.

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. რის კარგი, გენაცვალე! ასეთი უხათრო ზნეობა და ყოფაქცევა თუ გამეფდა ტყეში, სათაგვეთი სულ გასწყდება, ამოვარდება. ხუმრობა საქმეა?! საით სადა ვზიდე, სულ თითო თხილობით ვაგროვე, ვაკოწიწე; ზამთარში, განა არ იცი, როცა თოვლს დასდებს, საზრდოს შოვნა ძნელია და ვაი იმის ბრალი, ვისაც საკუჭნაოში არაფერი აბადია, ამოსძვრება სიმშილით სული. მერე, ამ ორმოს საქორწილოდ ვუფრთხილდებოდი. განა არ იცი, ბიჭი დასაქორწილებელი მყავს და გოგოც გასათხოვარი. აბა, ეხლა საით როგორ გავუძღვე ამოდენა ხარჯსა! ერთადერთი ორმო თხილიღა მაქვს შენახული, აგერ იქ, ხევ-გაღმა და იმით რომელ ერთ ხარჯს გავუძღვე?

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. (თავს აქეთ-იქით იქნევს). მაშ, მაშ! ჰმ! ჩვენში კი დარჩეს და ერთი რამ უნდა გითხრა. მართალია, ღორსა, მაჩვსა და დათვს დავაბრალე (თხილის ორმოს ათვალიერებს), მაგრამ არა, ეს არც ერთის ბრალი არ უნდა იყოს! ორმოს ზედ მუხის ფესვი აფარია. ყოჩაღ, გცოდნია სად და როგორ გააკეთო ორმო. ეგრე უნდა. ღორს ან მაჩვს რომ ამოეთხარა, უეჭველად ფესვს ამოგლეჯავდენ და დიდათაც ამოსთხრიდენ; მე, ვიდრე ხერხს ვისწავლიდი, სად როგორ გამეკეთებინა თხილის ორმოები, ბევრი თხილი შევწირე იმათ გაუმაძღარს ლაშ-პირს… ეს თაგვის ოინია. (დაბალ ხმაზე). სიმშილაანთიდან მუდამ ღამე ორონტრიალის, ტაშ-ფანდურის და ჭიანურის ხმა ისმის; საიდან? როგორ? (პირველი თაგვი ყურებს ასცქვეტს).

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. სთქვი, სთქვი! (სახე უბრწყინდება). რაღაც ახალი გინდა სთქვა და იქნება გამოდგეს.

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. ახალს ამბავს გეტყვი და შენ იცი, რომ გულში გექნება და ჯერჯერობით არ გამოამჟღავნებ. ცოტა ხანს ყური ვუგდოთ… ჰოო, იმას გიამბობდი, სიმშილაანი, განა არ იცი, რაც ოფლის პატრონნი ბრძანდებიან. ამ ორის კვირის წინად თავად სიმშილა დადიოდა და დამთხოვარაობდა კარდაკარ, ჩემთანაც მოვიდა: ღონეს გამხადე, ერთი ათიოდე თხილი მასესხეო. მე უარი ვუთხარი და წავიდა. ვგონებ… ვგონებ კი არა, ნამდვილია, რომ სხვებმაც არაფერი მისცეს და ყველა იმას ეუბნებოდა, ამ ზაფხულს სად იყავი, რატომ არ იშრომე, არ გაისარჯეო. აბუზული დადიოდა.

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. უყურე შენ! უყურე, დაიცა, აქ საქმეა! მოიცა, მერე?

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. მერე შევხედო, მეორე, მესამე დღეს ჭიანურისა და არხალალო-ვარხალალოს ხმა ისმოდა სიმშილაანთაგან. ბიჭოს!.. ეს რა ამბავია? – მე ჩემთვის ვიფიქრე, – ნუთუ ყველა ეს სიმშილის ბრალია? თავად სიმშილა ისეთ ბუქნაში ამოდიოდა, რომ ქუდი ცაში და ტანისამოსი ცეცხლში გადადიოდა.

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. ჰოო, მაშ, ბევრი კვალის კვლევა საჭირო აღარ არის. რასა ჰმალავდი, წეღანვე ემაგრე იტყოდი, შე კარგო ადამიანო?!

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. ეს განა მარტო მე შევნიშნე, მთელი ქვეყანა გაოცებულია სიმშილაანთ ლხინ-გახარებით; ქევხაანთზე კაი ოჯახი სად არი ამ ჩვენ არემარეში და ისინი მესამედადაც კი არა ჰლხინობენ. რა ვიცი, რამ გააგიჟა ეგ ხალხი, თუ იმათ თავს ერთი რამ ამბავი არ არის? ეს დაიხსომე. მე ეჭვით ვლაპარაკობ, ხოლო თავის თვალით არაფერი მინახავს და ყურით რაც მესმის, იმას მოგახსენებ.

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. უეჭველია, სიმშილაანთ იქით არ ვეძებ. მიკვირდა, განა არა, ამ ერთ კვირაში, სულ, აი, ამ ზვარეში მხვდებოდა, აქ დაეთრეოდა. მეც ხომ ყარაულად არ უდგევარ ჩემ ორმოებს: ხან ერთ ბინაზე ვარ, ხან – მეორეზე, ხან – მესამეზე. შაიგულებდა და მემრე ერთ ღამეს გადაჰზიდავდენ. მე შენ გითხრა, გასაწყვეტებს უკაცურობა შეაწუხებდათ, ბუზებივით ირევიან. მაშ დედაკაცი არ ვიქნები, ისეთი დღე არ დავაწიო, თავის გაჩენის საათსა სწყევლიდეს. იქნებ იმას ფიქრობდეს, ქვრივ-ოხერია, ვინა ჰყავს პატრონი, შამრჩება, არაფერიაო!.. მოიცა, ამ კავებს გავიყრეინებ, თუ ვერ ვაწვნიო!.. (ამ დროს ცაზე ძერა გამოჩნდება და თავს დასტრიალებთ).

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. თებრონე, თებრონე! ჩქარა თავს ვუშველოთ.

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. რაო? რა ამბავია?

პ ი რ ვ ე ლ ი   თ ა გ ვ ი. შეიხედე მაღლა, ჰხედავ, როგორ თვალებს გვაცეცებს ის… ისა?

მ ე ო რ ე   თ ა გ ვ ი. (ცაში იცქირება). უჰ, ღმერთმა დაგწყევლოს! (ორივენი სოროში შეძვრებიან).


გამოსვლა მეორე

(სოროს კარებზე გამოჩნდება მესამე თაგვი ც ე ლ ქ ა)

ც ე ლ ქ ა. (მისჩერებია სოროს კარებს). ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! შინ არავინა ხართ?

ხ მ ა   ს ო რ ო დ ა ნ. შინა ვართ, ვინა ხარ?

ც ე ლ ქ ა. სიდედრო, შენ? მე ვარ ცელქა, შენი სიძე. (იტყვის რა ამას, იჭიმება და ულვაშებს ისწორებს).

ხ მ ა   ს ო რ ო დ ა ნ. შინ შემოდი, მანდედამ რას იძახი? აბა, მაღლა აიხედე, შენს თავს რა ამბავია?

ც ე ლ ქ ა. (იცქირება ცაში). აქ არაფერიც არ არის.

ხ მ ა   ს ო რ ო დ ა ნ. როგორ არა, ეხლახან ძერა დალახლახებდა, თავზე არ დაგეცეს.

ც ე ლ ქ ა. ჰმ, მა რაღა ბიჭობაა ჩემი, ძერამაც შემაშინოს, მით უმეტეს აქ ძერა არსადა სჩანს, მხოლოდ მუხაზე ერთი ჩხიკვი ზის და ნისკარტით ტალახიან ფეხებს იწმენდავს. მე ვერც კი მხედავს, შენც, ჩემო სიდედრო, გარედ გამოიხედო, ძალიან კარგი იქნება, რადგან მშვენიერი მზიანი დღეა, ცოტა რამ სალაპარაკო მაქვს, მეჩქარება.

ხ მ ა   ს ო რ ო დ ა ნ. აქ, შვილო, სხვა სტუმარიცა მყავს, ამას მარტოკა თავს ვერ დავანებებ. (სონა და თებრონე სოროდან იჭყიტებიან).

ს ო ნ ა. მშვიდობა შენს მობრძანებას, სიძევ ბატონო!

თ ე ბ რ ო ნ ე. მშვიდობა შენთან, ვაჟკაცო ტოლ-უპოვარო!

ც ე ლ ქ ა. ღმერთმა მოგცესთ მშვიდობა, ძვირფასნო მანდილოსანნო.

ს ო ნ ა. სიძევ ჩემო! მინდოდა შენი მოსვლა და სწორედ იღბალზე მოხვედი.

ც ე ლ ქ ა. მგონია, ჩემო სიდედრო, რომ მე წარამარა და უიღბლოდ არ უნდა დავდიოდე.

ს ო ნ ა. საქმიდანაცა სჩანს. სწორედ აგრეა. მეც იღბალი მქონია, რომ მოხვედი. შენი თავი ჩემთვის ძალიან საჭირო იყო.

ც ე ლ ქ ა. ცოტა რამ სუნი ავიღე საქმისა… ყურებში რაღაც დამაწყდა.

ს ო ნ ა. ოჰ, ოჰ, სიძევ, მე ხომ დავიღუპე, დამღუპა ვიღაცამ, იმ დასაღუპავმა, პირდაპირ დამღუპა, მთელი ორმო თხილი მოუპარია ვიღაცას და დავუგდივარ ცარიელზე. (გაისმის ამ დროს შაშვების და ჩიტების ფთხრიალი, ჟივილ-ხივილი, „ჩხი-ჩხიოს“ ყვირილი ჩხიკვისა. ისმის ძლიერი ფეხის ხმა, ბარტყუნი და ბურტყუნი, ხეების ლაწალუწი. გამოჩნდება დათვი. ცელქა მუხის ფესვს მოეფარება. სოროში თაგვები გაინაბებიან).

დ ა თ ვ ი. (თავისთვის. იცქირება აქეთ-იქით, დაბლა). აღარა ღირს სწორედ ამ ტყეებში სიცოცხლე, ლამის სიმშილით სული ამომხდეს, ახლა ვის წყალობით? ვიღაცა ჭია-მატლებისა; ჩიტები ვარო, თაგვებიო; პირდაპირ ლუკმას გაცლიან პირიდან, ნეტა რა ასოტანისა და შეხედულობის პატრონები! ჩიტები კუნელს, ასკილს, ზღმარტლს აღარ უშვებენ ხეზე და თაგვები – თხილს, კაკალს, წაბლს, წიფელას – დედამიწაზე, წადი და იცხოვრე! ჯერ კიდევ ორი თვე ზამთარია. ნეტავი შემეძლოს, ხელი მიმიწვდებოდეს, სულ გავჟუჟო ეს გასაწყვეტები! (დათვს თავზე ჩხიკვი დასჩხავის. დათვი ბუზღუნით ტყეში მიიმალება.)

ც ე ლ ქ ა. აი გაგიხმა თავი! შენ გინდა ცხოვრება და სხვას არა?

თ ა გ ვ ე ბ ი. მეხი კი დავაყარეთ მაგის ტურტლიან თავსა! (ცელქას) წავიდა?

ც ე ლ ქ ა. სერი გადაიარა. ეტყობა, საფანელი შემოჰკლებია, რომ აგერე სწყრება.

თ ა გ ვ ე ბ ი. (გამოვლენ გარეთ, სოროს პირზე დაყუნტდებიან). ესემც წასულა – აღარ მოსულა!

ც ე ლ ქ ა. ამინ და ეგრე იყოს! ძალიან მეწყინება, თუ არ დაგიშლიათ…

ს ო ნ ა. ჩემო სიძევ, შენ გენაცვალე, მე ეგ არ მაჯავრებს, დათვის წყრომა ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. ვინძლო დამეხმარო. უნდა ვეცადოთ, ქურდი როგორმე გამოვაჩინოთ.

ც ე ლ ქ ა. ჩემო სიდედრო, შენ ნუ გეშინიან. ქურდი გამოჩენილია. მორჩომილია. მთელმა ქვეყანამ იცის. ულვაშს მოვიპარსავ, თუ ჩემი ეჭვი ტყუილი გამოდგება.

ს ო ნ ა. ვინა გგონია? (თებრონეს მიუბრუნდება) ყოჩაღია ჩემი სიძე, შენ არ დაიჯერებ, ეცოდინება.

თ ე ბ რ ო ნ ე. შეიძლება, არ არის საკვირველი!..

ს ო ნ ა. (ცელქას) თქვი, შე კაი კაცო, ჩვენთან რასა ჰმალავ?

ც ე ლ ქ ა. დასამალი რაა? სიმშილაანთ გაიტანეს შენი ქონება.

ს ო ნ ა. ყოჩაღ, ჩემო სიძევ, ყოჩაღ, როგორ მიუგნია. აი, სიძე ამისთანა უნდა!

თ ე ბ რ ო ნ ე. (ცელქას) დღეგრძელი ხარ!.. სწორედ აგრეა, ჩვენც, ვიდრე შენ მოხვიდოდი, სწორედ ამ საგანზე გვქონდა სჯა და ჩვენც ეჭვი იმათზე მივიტანეთ.

ც ე ლ ქ ა. უეჭველია. ყველაც, ვინც კი გაიგო, სიდედრო, შენი ორმოს გატეხა-გაქურდვა, სიმშილაანთ აბრალებს. ეს ერთი კვირაა, დიდ ზეიმებსა ჰმართავენ თურმე.

თ ე ბ რ ო ნ ე. (თავმომწონედ, სონას) რო გითხარი, ქალო, ნახე? მაშ, ტყუილი არ მითქვამს.

ს ო ნ ა. (თებრონეს) იცოცხლე, ქმარ-შვილი გიცოცხლოს! (ცელქას) მაშ ჩემო ძვირფასო სიძევ, როგორ მოვიქცეთ, რას მირჩევ? მე მგონია, ასე აჯობებს, შენ ეხლავე გასწი და, საცა იყოს და არ იყოს, გზირს, მამასახლისს, ნაცვალს შეატყობინე. თითო წამი ძვირფასადა ღირს, დააკარ პური თორნეს, ვიდრე ცხელია. ამაღამვე თავს დავესხათ, სახლი გავუჩხრიკოთ. არ შეიძლება, ნიშანი რამ არ ვიპოვოთ.

თ ე ბ რ ო ნ ე. დიაღ, დიაღ, სწორედ მაგრე უნდა მოიქცე, სჯობს მოგვარება საქმისა, არ დაყოვნება ხანისა. წადი ეხლავე, გასწი!

ს ო ნ ა. აბა, ჩქარა! ეცადე, არ გიაზრონ სიმშილაანთ, რისთვისაც დასდიხარ და არ გაფრთხილდენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

თ ე ბ რ ო ნ ე. მტერი დაგიმარცხოს!

ც ე ლ ქ ა. მივდივარ. მშვიდობით! (გარბის კუდაბზეკილი. ისმის ტყეში ღოროტოტოს ხმა, ძაღლების ყეფა: ღაფ, ღაფ, ღაფ! გამორბის კურდღელი. ხამუშ-ხამუშ შესდგება, ყურს უგდებს, თრთის, კანკალებს. მორბიან შვლები, ირმები თვალდაფეთებულნი. ისმის თოფის ჭახა-ჭუხი. ჩიტები ხეებზე ბუზღუნებენ, იწყევლებიან, იქოლებიან, თაგვები სოროში გარბიან).


მოქმედება მეორე

გამოსვლა პირველი

(ღამეა. სიმშილაანთ ბინა. კერაზე ცეცხლი ანთია. ცხრა-ათი სული ფუსფუსებს. სიმშილა, ოჯახის უფროსი თაგვი, ცეცხლაპირას შემოწოლილა).

ს ი მ შ ი ლ ა. (წამოიწევს) აბა, ერთი, დედაკაცო, „სონასეული“ მოიტა, ვახშამი გავაჩაღოთ. (სონასეულს ნაქურდალს თხილს ეძახდა). ხელადაში ღვინო იქნება, ისიც მოიტა, სონა-ქალი უნდა ვადღეგრძელოთ, – მე და ჩემმა ღმერთმა, ძალიან თხილი შეუნახია და ის დალოცვილიშვილი რომ არცა კითხულობს?! იქნება იმას თავისი ორმო ისევ სავსე ჰგონია?.. ხა, ხა, ხა! იმედიც კაი საქონელია! როცა ჰნახავს, საქმე მაშინ არი, მაგრამ მინამდე ჩვენ კიდეც გავათავებთ. ბლომად არის კიდევ?

კ ე კ ე ლ ა. (ცოლი.) ჯერ კიდევ ბლომად არის. ამ დალოცვილმა ძალიან ბარაქა გამოიღო…

ს ი მ შ ი ლ ა. სადა გაქვს შენახული?

კ ე კ ე ლ ა. ბრძამის კალათში. თხილი იყოს, თორემ ბუნაგზე არ დავღონდები.

ს ი მ შ ი ლ ა. მოიტა და ყველას ჩამოურიგე თითო თხილი. მე, ხომ იცი, ერთი არა მყოფნის, მაშასადამე, ორი უნდა მომიტანო. თქვენ კი, ბიჭებო, საკრავები მომართეთ.

კ ე კ ე ლ ა. ამ საათში. (მიდის და მოაქვს თხილი და ურიგებს ყველას). დაიჭით, ჩამომართვით, შაირგეთ და გაიხარეთ!.. (შვილები ჭიანურსა და ფანდურს აწყობენ) ესეც ღვინო, ესეც ყანწი. (მოიტანს და დაუდგამს ქმარს გვერდით ხელადას, რომელსაც ყანწი აქვს პირში დაცული).

ს ი მ შ ი ლ ა. აგაშენოს ღმერთმა, ჩემო დედაკაცო, ყოჩაღ! აი, ეხლა მომწონხარ, აი ეხლა კი ხარ კაი დედაკაცი. (ასხამს ღვინოს ყანწში და ილოცება( დიდება ღმერთსა, დიდებული ღმერთი შეგეწიოთ, ჩემო ცოლო და შვილებო, აგავსოთ პურითა, ღვინითა და თავში ტვინითა. ეს უკანასკნელი კი ყველასა სჯობია, მე და ჩემმა ღმერთმა… ურააა! აბა, ბიჭებო, ჭიანური! ჩქარა მორჩით, რა დაგემართათ, გული ნუ გამისიეთ…

შ ვ ი ლ ე ბ ი. ეხლავ, ემ საათში! აჰა, დაჰკა, ბიჭო, დაჰკა! (გაისმის ჭიანურის და ფანდურის ხმა. ერთი დოლს უკრავს).

ს ი მ შ ი ლ ა. (ცოლს) ბარემ, ფეხზე ხარ, მოდი ერთი შენებურად დაუარე, პატარა გული გამიხალისე!

კ ე კ ე ლ ა. მაგაზე ადვილი რაღაა, შე კაი კაცო?!. (თამაშობს. ისმის ხმა გარედან: ოჯახის პატრონო, ოჯახის პატრონო! საკრავების ხმა შესწყდება. პასუხს აღარ უცდიან და სიმშილაანთ კერაზე გამოიჭიმება მამასახლისი თავის იასაულებით, ჩაფრებით, ცელქა, სონა, თებრონე და სხვანი).

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. აგაშენოსთ ღმერთმა! კაი დროს მოვედით! სიდედრსა ვყვარებივართ. ჩვენ კი არ დაგვპატიჟებთ?!. (ყველანი ფეხზე ადგებიან).

ს ი მ შ ი ლ ა. მობრძანდით, თქვენი ჭირიმე, სტუმარი ღვთისაა.

ს ო ნ ა. აბა, რა? რატომ არ დაგპატიჟებთ! ვერ დაგიხვდებათ თუ? ნაქურდალი, მე შენ მოგახსენო, ცოტა აქვს! ფასი არ გასვლია და პატივი. აი, შე წაწყმედილო, შე უღმერთოვ, შენა! რაზე დამღუპე და დამანიავე, შე დასაღუპავო, შე ღვთისაგან წყეულო! (დაეწვდება დაბლა, იღებს თხილსა) ეს საიდან მოიტანე? საიდან? ჩქარა მიპასუხე!

ს ი მ შ ი ლ ა. ღმერთმა ნუ გიცის. როგორ საიდან? თუ შენა გაქვს თხილი, ჩვენ რაღა დაგვემართა, რო არა გვქონდეს?..

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ეხლა ჩხუბისა და ლაპარაკის დრო არ არის. მე ჩემი სამსახური უნდა შევასრულო. ეს ადამიანი გიჩივისთ თქვენ ქურდობაზე, ამისთვის თქვენ, სიმშილაანო, ერთი ორმო თხილი მოგიპარიათ, რომელიც დიდ ნაკაფ მუხის ფესვებს ქვეშ ჰქონია შენახული და ამიტომ საჭიროდ ვცნობ სახლი გაგიჩხრიკოთ.

ს ი მ შ ი ლ ა. (მამასახლისს) თქვენი ნებაა, გაჩხრიკეთ, მაგრამ ეს კი უნდა გითხრათ, რომ თხილი თხილსა ჰგავს, სერი და დამღა არა აქვს, რომ იმითი იცნოს დამკარგავმა თავისი საქონელი… მაშასადამე…

ს ო ნ ა. უყურეთ, უყურეთ, ამ წაწყმედილს, ამასა! მაგ ხრიკებით გინდა გახვიდე ფონსა? ვერ მოგართვით, განა არავინ იცის, რომ ეს ერთი თვეც არი, რაც თქვენ ჯერი გაგითავდათ და მთელი სოფელი შესძარით თხოვნითა და ხვეწნითა. თუ გქონდათ საზრდო, ქვეყანას რაღაზე აწუხებდით, თქვე ამოსადაგავებო?

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაჩუმდით, ლაპარაკის დრო არ არის. (ნაცვალს) შენ სანთელი მოანთე. (მიდის და ათვალიერებს სახლის კუთხეებს. კედლის ბოძის გვერდით პოულობს ბრძამის კალათს) ეს რა არის? აქ რაღაც ჩხაკუნობს. საიდან მოვიდა აქა? ხმა ღვთისა – ხმა ერისაო, – ტყუილად კი არ იძახოდა ხალხი, მთელი დუნია. (უშენს სიმშილას მათრახებს) შე ავაზაკო, შე ყაჩაღო! (სიმშილა ხან ერთ კუთხეში გარბის, ხან მეორეში).

ს ი მ შ ი ლ ა. სიტყვა მათქმევინეთ, სიტყვა! ეს ხომ უსამართლობაა… საქმის გამოუძიებლად…

ს ი მ შ ი ლ ა ს   ც ო ლ ი. კაცს ნუ მიკლავთ, თქვე დასალევნო! (მამასახლისს) რა დაგიშავა, შე დასამიწებელო, რო უწყალოდ მათრახებს უშენ?

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შენცა გნებავს მათრახები? (გადაჰკრავს იმასაც) შენ ამათ უყურებ? რომ არცა ტყდებიან! მოიტათ, ბიჭო, თოკები, შებოჭეთ ეს ავაზაკები დიდ-პატარიანათ. ხვალ ყრილობას წარვუდგინოთ და ვნახოთ მაშინ ამათი ყოფა!.. აბა, ჩქარათ… (გზირ-ჩაფრებს მოაქვთ თოკები და ჰკონავენ სათითაოდ, ისმის წრიპინი და წრუწუნი თაგვებისა).

ს ო ნ ა. (ჩუმად მამასახლისს) ოი, შენს მარჯვენას კი ვენაცვალე! ემაგრე, ემაგრე! რაც შეიძლება, დატანჯე ეგ გასაწყვეტები, დაწვი და დადაგე. ეგ თხილიც შენი ფეშქაში იყოს და სხვასაც მოგართმევ, ოღონდ მაგათ ჯავრს ნუ მაჭმევ.

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. (სონას) შენ არხეინად ბრძანდებოდე, ეხლა მე ვიცი, უნდა სამაგალითოდ დავსაჯო, ისე, რომე ორმობით რა სათქმელია, ცალი თხილიც კი არავის დაეკარგოს ამის შემდეგ… (მხლებლებს) აბა, გასწით, წაიყვანეთ ეგ ტუსაღები, მეც თქვენთან ერთად მოვდივარ. (გზირ-ჩაფრები მიათრევენ ტუსაღებს, ისმის ხმელი ფოთლის შრიალი, გაღმიდან ბუს კივილი).

ს ო ნ ა. (მამასახლისს მისდევს თან და მისძახის) გაუფრთხილდით, მამასახლისო, გზაში არ დაგექცნენ, თოკები არ დაჭრან, ფრთხილად იყავით. ხვალ მეც ყრილობაში გიახლებით… ვაჰმე, როგორ დამღუპეს და დამანელეს მაგ დასაღუპავებმა და დასანელებლებმა!.. (ტუსაღები არ მისდევენ, რის გამოც კბილით და კლანჭებით მიეზიდებიან, ისმის ხმაურობა, ლანძღვა-გინება, მათრახების და ჯოხების ლაწალუწი. ამ დროს ორი მხრიდან წინადან ესმით მელების ხავილი „კაუ, კაუ!“)

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. შესდექით, აქ საფრთხე მოგველის.

მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. მელები, მამასახლისო, მელები! ჩვენთვის გზა შეუკრავთ!

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. გაგვაფუჭებენ, თუ თავს არ ვუშველეთ. (მელების ხმა თანდათან ახლოვდება) ბიჭებო, თავს უშველეთ, ესენი, ეს ავაზაკები, ხვალაც ჩვენს ხელთ არიან.

მ ხ ლ ე ბ ლ ე ბ ი. არიქათ საფარი, თორემ დავიღუპენით!

მ ა მ ა ს ა ხ ლ ი ს ი. ფრთხილად, თავ-პირი არ დაიმტვრიოთ! (თაგვები გარბი-გამორბიან, გაიფანტებიან, ხოლო ტუსაღები რჩებიან შეკონილნი ერთ ალაგას).

სცენა I

ყოჩაღ, ხაფანგო!


ი ო რ ა მ ი. ბიჭოო! ბეჟანო, სადა ხარ, ეეე?!

ბ ე ჟ ა ნ ი. აქა ვარ. რა გინდე, ეე?

ი ო რ ა მ ი. აბა, შენი ჭირიმე, ცხვრები ან ბატკნები ფარეხს გარეთ არა დაგრჩეს. ყველას თავთავის ბინა მიეც. ე თოხლის ხორციც ჩასჭერ საყაურმედა. წყალზე მივალ.

ბ ე ჟ ა ნ ი. აგრეე, აგრეე… ძაღლებისად ხო არ გიჭმევავ, ბიჭო?!

ი ო რ ა მ ი. არა, არაა… მე თავად ვაჭმევ, შენ დარდი ნუ გაქვ მაგეებისა (მიეფარება გორას).

ბ ე ჟ ა ნ ი. (ცხვრებს) ნტრიე, ნტრიე, ნტრიეეე! ამუჩი, აგამუჩი, შე მუდრაგო, რას ეხეტებ-ებეცები? ქსსს! შალაგდით, შალაგდით, თქვენის ღმერთის ჭირიმე.

ი ო რ ა მ ი. (ქოხში წყალს შეიტანს, გამოჩნდება ხელქვაბიანი და ძაღლების გეჯის პირას დგება. ძაღლებს) აა, აბდულავ, ა, ღურბელავ, ა, სამურავ, – აქა, აქა, აქა, ატუგია ჭამეთ! (გეჯაში შრატს უსხამს). დაძეღით, ჩემო ძაღლებო, არ იჩხუბოთ კია, თორო ხო იცით ჩემი ამბავი (ისმის ძაღლების ღრენა, თან საჭმლის დღვლეფა და პირით ჭლაპა-ჭლუპი). წადით თეოზე. თავთავის ბინა იცოდეთ. „სლუჟბა ზნაიშო“, რუსული მაინც არ გაგიგონიათ, თქვე ტიალებო! გასწით, აქ კუდებს ნუ აწუხებთ, თორო! (ძაღლები მიდიან და ფარეხის გარეშემო სხვადასხვა ადგილას წვებიან).

ბ ე ჟ ა ნ ი. (მოდის. ქოხის კარებზე ჩობახს მიაყუდებს). შინა ხარა, ე?

ი ო რ ა მ ი. შინა ვარ, ძმაო, შინა. მოდი გენაცვალე მა გარჯილობაში, სუყველა დააჟამკრია?

ბ ე ჟ ა ნ ი. სუყველა, ერთი მარტო ცხენები არცადა ჩან.

ი ო რ ა მ ი. რა უნდა, მოდი, დაჯე, თუ ღმერთი გწამ. ემანდ ჭალ-ჭალის პირებში სამ გაეღეტებოდენ, რა მგელი დასჭამს… ის კი არა, ბეჟანო, მე ერთი საქმე მწადიან გულით და არ ვიცი, შენ რას მირჩევ, რას მეტყვი. აქა-იქ სასაუბროდ კი ნურა გრჯის რა, თავისთავადაც კი გამოჩნდება საქმე.

ბ ე ჟ ა ნ ი. შენგნით არ მიკვირსა, რას ამბობ, თუ ღმერთი გწამ. ქვეყანაზე ვიუბნო, განა ბალღი ვარ, კაცო?

ი ო რ ა მ ი. შენი უცოდარი კი, ჩემს ძმას გიამბო, არ არის ეს საქმე. შენც შაგელიშნა კი ის ერთი სურიელი.

ბ ე ჟ ა ნ ი. ვინა? რომელი?

ი ო რ ა მ ი. აი, ემა შალვაის დედაკაცი.

ბ ე ჟ ა ნ ი. ჰო, ვიცი, ვიცი, ახლა კი მივხვდი.

ი ო რ ა მ ი. აბა უყურე შენ დედაკაცის ნამუსსა და ღმერთსა. ჯერ ერთი წელი არც კი შაჰსრულებია მა რძე-ძაღლსა და ვერ უყურებ, რა საქმეებს იწყობს. ეხლავ სხვას გადაეკიდა. წადი და შენ ღმერთი სთხოვე მაგ იუდის კერძსა. ჰაი, ნეტავი, ერთი შალვას ჩემსავით კი აცოდინა (იცემს გულზე ხელს). მერმე ვისა! ქიზიყელი რამ არა ჰყავს ივანეს ჩობნად, ღამღამ იმასთან იპარება თეოზე. ვინ გაუგებს, ქმარი შინ არა ჰყავ, მწყემსი კაცია, დედამთილი გადაყრუებულია სიბერისაგან, ძმისწული ჰყავ და, ბალღია. მებრალება შალვა, კაი ვაჟკაცია, ცოდვაა, რო ეგ უნამუსო იმას ქუდსა ხდიდეს. სწორჩიით უნდა არჩევდესა. ამაღამ ეგ გოგიასთან წაუსვლელი არ დადგება, ალღო ავართვი, გაღმაით ივანეს ბინების პირდაპირ ბორბოწიაობდა რასამ, ერთს გამჩვენეობაში იყო, სწუხდებოდა, ეშმაკის ცხენზე ჯდებოდა, ეტყობოდა.

ბ ე ჟ ა ნ ი. განა თვითონ შალვას არ ეცოდინება?

ი ო რ ა მ ი. არ იცის, არა, და, იქნება, ეჭვი კი ჰქონდეს. იცი, მე რა მწადიან? ხა, ხა, ხა, ხააა! უნდა ხაფანგი დაუგო. არ მინდა შალვამ გაიგოს, რომ იმის დედაკაცს რა განზრახვითაც დაუგე ხაფანგი. არა უშავს რა, თვითონაც მიჰხვდება. ერთი მაგ უნამუსოს ერთი კაი „სტუკა“ უნდა უგდოთ, ეგებ როგორმე დავაშლეინოთ შავშუაღამეთ ხეტება… ეს კი იცოდე, ზევით როცა წავა, ხევს გაღმით, ჯაგიანზე, მამულის ბოლოებზე ბილიკით დავალის და იქით რო დაბრუნდება, რაკი თავის ეშმაკს გაალაღებს, გამოღმითაზე ჩამაივლის, მგელთველზე ბილიკზე გამაივლის, აი, ემანდ რო ველ არი, მაგაზე. სად არი ი მგლის ხაფანგი?

ბ ე ჟ ა ნ ი. ხაფანგი აქ არი, მაგრამ ვაი თუ ხათაბალა რამ გახდეს, ჯანაბას ერთის თავიც და მეორისაც. იაროს, რამდენიც უნდა…

ი ო რ ა მ ი. არა, ბიჭო, შენ არ იცი, მე როგორ გულით მინდა მაგ ზუვს მგელს ამოაშხამო ეგრე სიარული… განა იმის ქმარს კი გავაგებინებ, რაადაც დაუგე ხაფანგი! გეებას, ერთი გეებას, შენის კარგა ყოფნითა, მე მეტი არა მინდა… რაკი გაემბის, მე ვიტყვი, მგელს დაუგე ხაფანგიო, ქვეყანა გიაგებს, შალვაის ყურადაც ჩავარდება. იკითხავს, სად გაება იმისი ცოლი, როგორ იყო საქმე, რა დრო იყო, რაისად დავიდოდა, რა ედვა, რა ესაქმებოდა შავ-შუაღამეთ იქაო, და ამასობაში გაიჩხრიკება საქმე… ერთი მაგ იუდის კერძს, შუბივით რო დაჰმწვეტებიან თავ-ლაშნი, ერთი მაგისად კარგა მაღლა დავატაცებინებ ი უნამუსო გაზასა… რაც მაჰხდება, მაჰხდეს. დედაკაციიი!.. ღმერთმა დასწყევლოს… დედაკაცმა არ გამამირია ნასერი! აი ნახევარი თმა მაგან გამითეთრა, რამოდენა დავიდარაბა გამოიარე. თვითონ დამიპირა იმ რძე-ძაღლმა. წავედ გამოსატაცებლად… გამამყვა, ძალა არა მიხმარებავ… გზაზე მამეწივნენ ქალის ძმა-ბიძაშვილები, ვხოცეთ ერთურთი, ვჭერით, იმათ მე მჭრეს, მე ისინი ვჭერ. აი ვიდავეთ, აი, ვიდავიდარაბეთ, რა ზღვენი, რა სახვეწარი არ მიმატანინეს… როგორც იყო, ქალი დავინარჩომე, ჩემს ძმას გიამბო… იმ ზაფხულს ლაშარს წავედით, ჩემს ძმას უამბო. გაიმართა, როგორც იცოდე, ლხინი. დაიწყეს ქალ-ვაჟთ ერთად თამაშობა. ჩემი დედაკაციც ერთს სიგრიგელაში გამოდიოდა. ვუყურებ, თვალი და თვალი ერთს სურიელზე ჰრჩება, ერთხელ თვალიც ჩაუკრა. აბა იმ ბიჭმაც შალიშნა და შაწუხდა ისიც. რა ვქნა, როგორ არი ჩემი დედაკაცის და ამ კაცის საქმე? – ვამბობ ჩემს გუნებაში. თან ვეჭვობ, თან არც კი მინდა, რო ვიეჭვო. ამისთანა საქმეში ხო ისე იცის კაცმა… ეჰ, მაშინ აბა რა იქნებოდა! კარგა ნასომი ვარ, მაგრამ გულში კი მაქვს და ვეუბნები ჩემს თავს: ამაღამ, ჩემო თავო, ნუ დაიძინებ, იფთხილე. ე დედაკაცი როცა შენთან წევს, გეხვევა, გეტოლება, და იქ სხვას თვალს უცემს, ერთი მაგისი ავ-კარგი გაიგეო. შუაღამეა. მე თავი მოვიმძინარავე და დავიწყე ხვრინვა. ოღონდაც, ჩემს ძმას უამბო, ამ ჩემს დედაკაცს კაცი კი შემოეპარა. ეს დედაკაცი გადაბრუნდა პირ-იმისაკე… ვოჰხმე, ვოჰხმე, რო მომაგონდება, თავში დამკრავს ჟრიანტელი და ფეხებში გამვარდება, ჯინჭველებივით რაებიმ დამივლის ფეხის გულზე და თითებში. ეჰ, აბა რაღა გითხრა… გადმობრუნდა ეს დედაკაცი, ის კი გაისტუმრა, უფრო მეხვევა და მეტოლება: „ვაი, ვაი, რა ძალიან მიყვარხარო“, – თან იმას მეუბნება ი რჯულზეით ხელაღებული. მაგისად რა ფიც გინდარისო, ახლა მე უთხარ: „თუ შენ არა ა ის კაცი, ეხლა რო ემაში გეწვა…“ გაშრა ეს დედაკაცი, ჩაუვარდა ხმა, გამტკნარდა და ალივით ცხელს ორთქლს მაყრიდა თვალ-პირში.

ბ ე ჟ ა ნ ი. რამ გულმა გაგიძლო, რო ორნივ არ დაჰხანჯრენი?

ი ო რ ა მ ი. ისე როგორმე გავხდი, სუ გონთით გადავვარდი, სუყველა დამავიწყდა… მაშინვე შავკაზმე ცხენები, ჩემს ძმას უამბო. ხელიც არ დამიკარებავ დედაკაცისად, ლაშარის ჯვრის მადმა, შავსვი ცხენზედ და საგათენებოდ შინ მოვიყვანე. ჩავუწყე თუ რამ თავისი ოხერი და ტიალი ჰქონდა, სათავნო ეშმაკი, ქაჯი, აუკიდე ცხენზე და მივგვარე თავის დედ-მამას. მაშინ კი ვეღარ მოვითმინე, დავტაცე თმები, წამოვაპირქვავე და უთხარ: „აქ დასჩვეულხარ ძაღლობას და აქვე მაინელეო“, ავდეგ და წამუედ შინა. მას აქეთია, მე დედაკაცს აღარ ვენდობი, როგორც ეშმაკს არ ენდობა კაცი. მე იმისად არც არა ცხვირ მამიჭრავ, ჩემს ძმას უამბო, არცა რა ხელი. სუ ის მინდა, კაცო, მას აქეთ, რო ყველა ქმრის მოღალატეს ცოლს ამაჰშხამდეს ღალატობა და ძაღლობა.

ბ ე ჟ ა ნ ი. შენ საქმე წინავაც გაგონილი მქონდ; მართლა ისრეცა ყოფილა, როგორც ამბობდენ. რაისად უნდოდა, ქალთათავი რა საცოლია, საით რა აუთრევ-გაუთრევავ?!

ი ო რ ა მ ი. მე საითღა ავითრიე?! რა ვიცი, რას თვალზე ჰნახავს კაცი ქალსა, ან თუ ქალი კაცსა. ჭიჩოს ვაჟის მაყრად წავიდა შალვა; იქ ქორწილში ენახა, მასწონებიყო. მოწონებასაც მოწონება ჰქვიან, კაცო, სუ თავი გადიკლა გინდადრობით, არ იქნება და არ იქნება, უნდა შავირთოვო. შაირთო და აგერაი, ეხლა ნახოს გემო წეგოსი, აი! (იცქირება ქოხის კუთხეში) აბა, თუ ძმა ხარ, ემანდ შენს გვერდით იქნება ის ხაფანგი, მგონავ, ხალის[1] გუნდა უნდა ეფაროს.

ბ ე ჟ ა ნ ი. მაშ აღარ იშლი, ბიჭო, აღარა?! თუ საით ფეხი ჩასცა, ფინთად კი დასტაცებს, ძმობის მადმა, ი კაჩას. ძალიან მაგარი კამალეებია და ვერც ამააძრობს ფეხსა, თუ არავინ მიიშველია.

ი ო რ ა მ ი. გოგიას თუ მიიშველიებს, აბა სხვას ვისა?! (იცინიან) ისეთს ადგილს დაუგებ, რო გოგიას ხმას ვეღარ მიაწვდენს. (ჰსინჯავს ხაფანგს) შვიდ-რვა მგელი დავიჭირე ემითა და ერთიც არ წამსვლია.

ბ ე ჟ ა ნ ი. დუშმანთა, რო მართლა გაებას ი მამლების მოყვარე მგელი, ძალიან სეირი კი იქნება, ღმერთის მადმა (იცინის).

ი ო რ ა მ ი. აი თუ არ გაემბის და აქ არ გამოჩნდებაა. იასო ქრისტეს მადმა, კუდიანი კი არა ვარ, ღმერთო, დამიხსენ, და გული მეუბნება, უნდა ის ზუვი მგელი გაებას… ჯერ კი ადრეა. ქათმის ყიულამდე ის გოგიას თავს ვერ დაანებებს და ნამდვილად ისეთ დროს გაემბის, რომ ხაფანგიც გაითრიოს, კიდევ შუა გზაზე გაუთენდეს… აბა მაშინ იქნება სეირი. აბა, ვივახშმოთ, არ არია დრო?! ემაგას ეყოფა, მაიწვებოდა კიდეც, გადმოიღე, თუ ღმერთი გწამ, თოხლის ხორცია, ეყოფა.

ბ ე ჟ ა ნ ი. არამც ცომა იყოს.

ი ო რ ა მ ი. ცომა კი არა! მგელი სუ ცომას არა სჭამსა, მაგრამ ბიჭობით კი ვერავინ სჯობია. გადმაიღე, გადმაიღე, თუ ღმერთი გწამს, მშიან, მშიან, რო სუ კბილები მიკაწკაწებს.

ბ ე ჟ ა ნ ი. აჰა, ესეც გადმოიღე (მააქვს ხის თეფში და იღებს ზედ ყაურმას. ორივენი ერთს ჯამში სჭამენ). ჭამე, თუ ღმერთი გწამ, კარგა გაძეღ. ხვალ თოხლს დაგიკლავ, თუ გაიმარჯვებ. (ამ დროს ძაღლი შემოჰყოფს თავს) წამოთეო! სად მეეხირები, შე მუდრეგო?! გასწი, ცხვარს თავს ნუ ანებებ. დაიყარეს ძაღლებმაც ყაურმის სული.

ი ო რ ა მ ი. (ამობოყინებით) ჰო, ახლა კი გავძეღ და დროც არი წავიდე. (იღებს ხაფანგს და გადის გარეთ) როგორი უკუნეთია. (მიდის და მიაქვს ხაფანგი) ღმერთო და ბედო!

ბ ე ჟ ა ნ ი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს! ხა, ხა, ხა, ხააა!

ი ო რ ა მ ი. გიშველა ღმერთმა! (მიეფარება).

ბ ე ჟ ა ნ ი. (თავისთვის) ცხვართან თუ გავილი… (იღებს ნაბადს და მიდის ისიც) ახი კი იქნება, ის შრატ-ძაღლი რო გაებას (წამოწვება ფარეხის პირას და შესცქერის მოღრუბლულს ცას, რომელზედაც თითო-ოროლი ვარსკვლავიღა ჰბჟუტავს. კარგა ხანია ამ მდგომარეობაში. ძაღლები იწყებენ ყეფას). მოალის სამა, კაცის ხმაზე ჰყეფენ.

ი ო რ ა მ ი. (ძაღლებს) ვაი თქვენ და ცეცხლი და ნავთი! რასა ჰკავკავებთ? მანდა ხარა ბიჭო?

ბ ე ჟ ა ნ ი. აქააა. მოდი, მოდი. კი-დაუგია, რა ჰქენ?

ი ო რ ა მ ი. იქითას პირში დაუგე, პირველს გადმოსაჩენში, და ლამაზადაც დაუგე, ძმობის მადმა, ვეღარცაით ასცდება.

ბ ე ჟ ა ნ ი. როგორ რა გაიყიდება, ნეტარ, მაგ მგლის ტყავი?

ი ო რ ა მ ი. აღარც ასი თუმანი ეღირებაა. ტყავი და რა ტყავი მემრე! ხუმრობაა, ბიჭო, სუ ოქროს ბეწვი ასხავ (იცინის).

ბ ე ჟ ა ნ ი. შენ ხო ნავსი ხარ, იორამო, და რა კარგა დაგხვდებოდა ქალთათავი, რომ გამოეხსნებოდა როგორმე ი ხაფანგშიით. წაიღებდა შინა და აღარ მოგცემდაა (იცინის).

ი ო რ ა მ ი. ალალი იყოს, ძმაო, სხვის უშველლად კი დაეხრწიოს ხაფანგშიით… არა, ბევრს კი იწვალებს, ბევრს ეცდება და იმაობაში ჩამაალევს კიდეც დღე-ჟამთა, შუა გზაზე თენებაც მაასწრობს. მაშინის არის კიდეც საქმე და. (იცინის) აბა, თუ გეძინება, დაიძინე, მე კი ვიყარაულებ.

ბ ე ჟ ა ნ ი. დავიძინებ, შენმა მზემ, ჩემა, ერთი კაი სიზმარიც უნდა ვნახო (იძინებს).

ი ო რ ა მ ი. თუ კა სიზმარი არა ჰნახე, ვა შენს ტყავს (ეყრდნობა ჯოხზე და სთვლემს).


სცენა II

ვაჰმე, ცხვირო!


შ ა ლ ვ ა. მაშ არ იცია, დედავ, სად წავიდა ის რძე-ძაღლი?

ხ ო შ ი ა. (დედა შალვასი). არ ვიცი, დედაშვილობამ, სად იქნების წასული. დაწოლითაც შინ დაწვა, ერთად დავწევით, მერმე თუ სამე წავიდა, კი არ ვიცი, ბიჭო! დაკარგულ არაი გვყვანდა, რომ იმის საძებნელად წასულიყო-დ მერავ აბა.

შ ა ლ ვ ა. ჰო, უთუოდ, ვინც მითხრა, იმას არ უტყუვნავ. უყურე, შენ მაგ ძაღლის რძით გაზდილსა… უყუროს კაცმა მაგ ჩემს დამნამუსებელს. წუხელ შუაღამისას მოსულა კაცი მუელი, ეს არი, ხო გათენდა და აბა თუ სად გამოჩნდეს. ვისთან არი? რასთან არი? სად დავა შავ-შუაღამეთა, თუკი ძაღლობა არ უძე გულში? დაიცა, დიაცო, დაიცა! შენი ჩიქილა დამხურე, თუ შენი ჯავრი შავჭამო, (სდგას დერეფანში, იფურთხება და ილანძღება, ხევ-გაღმა კაცს დაინახავს და წადგება წინ) მანდ რომენიღა დახვალ, რასა ჰღონობ, ბიჭო?

ი ო რ ა მ ი. შალვავ, შენა?!. როდის მოხვედ, ხო არა გიჭირდათ, რა რიგი დროება არის საქონისადა, კაცისადა?

შ ა ლ ვ ა. კარგა ვიყვენით, ღმერთმა კარგი მოგცას; არცა რა კაცს გაგვჭირებია, ღვთითა, არცა რა საქონსა. მემრე თავად როგორა ხართ, ბიჭო? რას დახვალ, რას ეძებ?

ი ო რ ა მ ი. ვართ ისრე, როგორც იცოდე ჩვენის მთა-ბარის ამბავი. დღესნამდე კი არცარა ჩვენ წაგვხდომია. წუხელის მგელს ხაფანგი დაუგე, აი, ზეით, მგელთ-ველის იქითას პირში, შუა ბილიკზე, გაბმულა ის ოხერი და წაუღავ. მაგრამ იმედი მაქვს, შორს კი ვერ წაიღებდა, ჩანგლიანი ხაფანგია. ახლა აი ზენ უნდა ავიარო, იქაც გავსინჯავ. ხეზე სამ გასდებდა ი ჩანგალსა. თოვლი რო იყოს, კვალს გაიგებდა კაცი (მიდის ზევით და მიეფარება ტყეს).

შ ა ლ ვ ა. რაკი ჩანგალი ჰქონდა ხაფანგს, ვეღაროთ სად წაგივიდოდა. (ყურს უგდებს. ბორკილსავით ჯაჭვის ჩხარა-ჩხური ესმის ხევიდამ. მიდის იქითკე. ჰხედავს თავის ცოლს, ქალთათავას, ხაფანგში გაბმულს; ქალი ხაფანგს აწვალებს, უნდა ფეხიდამ მოიშოროს) რას აკეთებ აქა შე იუდის კერძო, შე ღვთისაგან წყეულო, შენა? სად დახვალ, როგორ დახვალ? (დაადგება თავზე).

ქ ა ლ თ ა თ ა ვ ი. სად დავალ რაღასა ჰქვიან? საქმეზე დავალ, ვერა ჰხედავსა ე შენი თვალები? (ეჯაჯგურება ხაფანგის კამალებს) მიწამც ჩამაჰშლის შენის პატრონის ხელებს, აგრიაა! ოხრადამც დაჰრჩები შენს პატრონს, შე ბაითალმანო!

შ ა ლ ვ ა. მიწამ, მაგის პატრონის ხელები კი არა, შენი ხელები და თავი უნდა ჩამაჰშალოს, მადლი ის არი, შე უნამუსოვ, შენა!

ქ ა ლ თ ა თ ა ვ ი. რადა ვარ უნამუსო, თავის საქმის გულისად რო კაცი დავიდოდეს, იმით უნამუსო თუ იქნება? ხბუების საძებნელად ვიყავ… უნამუსობა რაღასა ჰქვიან, შენ რაღას ამბობ, ნეტარა?

შ ა ლ ვ ა. მე სუყველა ვიცი კარგა, ეშმაკის ჯიშისავ, ვიცი. ვეღარ მამატყუებ, ვეღარა (მიუახლოვდება ათრთოლებულის ტანით და აკანკალებულის ხელებით). რო მეუბნებოდი: „ემ წინდათ ემა ქიზიყელას მივცემ დამწვარს, აქ წინდებს ვინ დაუქსოვსო, მადლია, გადმოკარგულ კაციაო“, მაგაად თუ გებრალებოდა? მაგაად გინდოდა? მაგაად გებრალებოდა, შე ძაღლის ძუძუთ გაზდილო, შე გველის წიწილავ? (უჭირებს ყელში; ბრაზს ვერ იკლავს და იღებს ხანჯალს) სუ თათრების ძვალზე არა გცადო, ოხერო, ერთხელ დედაკაცის ცხვირის გემოცა ნახე. (უსომს და ათლის ნახევარს ცხვირს. სისხლი ჩამოსდის ქალთათავას. შალვა თავს ანებებს და უკან გადგება ცოტად). გეყოფაა? არ გეყოფაა, გამდელ-ძაღლო?! (მიდის შინათკე). წადი ეხლა გოგიასთანა!

ქ ა ლ თ ა თ ა ვ ი. ოჰ, ოჰ, ოჰ! ვაჰმე, მოვკვდი, დედას ჩემო! აღარავინა ხართ ქრისტიანი, აღარას მიშველთა?! ვაჰმე, ჩემო ცხვირო!.. ვაჰმე, მამკლა ამ შავის სიკვდილის დაბუნდუებულმა, (მოსთქვამს და ქვითინებს), მაგ ურჯულოთ ასაკაფავმა. შენამც გიტირებს დედაშენი ადრე-დ მალე, ურჯულო ლეკების აკაფულსა! სად წაუხვალ, სად დაემალები ჩემს ძმათა, შე ძაღლო!


სცენა III

ხარსაცა და ფურსაც!


ი ვ ა ნ ე. (ზარხოშად) გენაცვალე, ჩემო მამუკავ, რო მამიხვედ. ერთმანეთის დახედვა-მიხედვის მეტი არა გაგვყვება, ღმერთის მადმა. მე ხო მარტუას პურ არ მეამება, შენი ჭირიმე, მარტუა კაცი სუყველად ბეჩავია. ეს არაყანი ძოღანისავ ამოიტანე შინაითა, მაგრამ მარტუამ ვერ დავლიე, არცავინ სტუმარ მამსვლია (ქეიფიანად).

მ ა მ უ კ ა. მეც რო თავად ეგეთაი ვარ. ზოგ კაცია, ჩემს ძმას გიამბო, მარტუა გაძღება. მარტუა კაც როგორ უნდა დაითვრეს, ვაი დედას მტრისას!

ი ვ ა ნ ე. (ისხამს არაყს ყანწში და ილოცება) ღმერთმა შაიწყალნეს შენნი ბებო-პაპანი, ძმაო მამუკავ, – იაღად ქნას იმათი სული, ჩემნი ბებო-პაპანიც. კიდევ იმათი დრო კი სჯობდა.

მ ა მ უ კ ა. ღმერთმა გაგიგონოს, შენ ხსნილობა მოგცას.

ი ვ ა ნ ე. (უსხამს არაყს და აწვდის მამუკას) აბა, დამიტირე, გამამართვი ე ყანწი.

მ ა მ უ კ ა. გვეყო, ე, დავითვრები, მამიდაისავ! აგერაი გოგიას აკლავ.

ი ვ ა ნ ე. დაითვრები კი არა, გადაითვრები. მაშ როგორ უნდა გავათენოთ ე ღამე. დაიჭი, ჩამამართვი, ვაჟო! (აძლევს ყანწს). გოგიასაც დავალეინებ, განა კი-დამავიწყდა. ხვალ ამაღლებაა. დილაზე ჩვენს ღვთიშობელში გავიაროთ… მა რა ვქნათ, დაიტირე ივანე?!

მ ა მ უ კ ა. ღმერთმა მაიხსენოს შენნი ბებო-პაპანი, ჩემნიცა (ჰსვამს).

ი ვ ა ნ ე. ასწი, ასწი, ასწი!.. გაამოს ღმერთმა.

მ ა მ უ კ ა. (აწვდის ყანწს) გამრავლოს, შენი სიცოცხლე მაამოს, ეს არაყი ძალიან გასჭრის, ყელში ფინთად იკბინება, ძმობის მადმა.

ი ვ ა ნ ე. (ასხამს ყანწში არაყს) გოგიავ! მოდი, არაყი დალიე… გაუფთხილდი, ე ხინკალი არ ჩაგვეშალოს. აბა შენ იცი, როგორს ჩობნურს ხინკალსაც გვაჭმევ. ერთი მწვადიც როგორმე მოგვიხერხე, ჩემო გოგიავ.

გ ო გ ი ა. მიირთვით თქვენა, კაცო (თან ეწვდება ყანწს). გაცოცხლოთ, გაგიმარჯოთ, ღმერთმა მოიხსენოს, ვისაც შენდობა უთხარით. თეე! (იხედება ქოხის ჭერში) კიდევ წვიმა არ დაიწყო ამ ვერანმა, წვეთი დამეცა თავში!.. თუ არაფერი დავაფარეთ, სულ გაგვიოხრებს ქოხში რაც რამე გვაქვს (ჰსვამს ყანწსა და აწვდის ივანეს).

ი ვ ა ნ ე. წყემსის გუდა-ნაბადს რა გააშრობს, ჩემო ძმაო. (მამუკას) მოდი, შავიმღეროთ, გენაცვალოს ივანე (იმღერის და მამუკა ბანს ეუბნება):

პურსა სჭამენ და ღვინოს ჰსმენ,
სიმღერას არ იტყვიანო,
არ ვიცი, მკვდარსა გლოვობენ,
არ ვიცი, არ იციანო.

–––

ალაზნის თავსა, კლდის თავსა,
სისხლის წყარონი დიანო,
არცა ჰსმენ მონადირენი,
არც როდის დაშრებიანო.
ის ურჯულონი ლეკები
სასმელად გადმოდიანო. (გოგიას)

ხინკალ არ ჩაჰშალო, ლაშარი-ჯვრის გამარჯვებამ, თორო უერთოდ არ მამრჩები.

გ ო გ ი ა. ძაან კი დაიკოკრნენ და, იგეთი გემრიელი იქნება (იღიმება), როგორც გოგოჰ წითელი ლოყები.

მ ა მ უ კ ა. არ გიყვარსა მაშ ჩვენებურ ხინკალი, გოგიავ? ქიზიყში ქალის ლოყები კი თუ იჭმევა, ე?

გ ო გ ი ა. ფშავლებმა ხინკალი მეტი კარგი რა საჭმელი იცით, რო? მარა ღორიჰ ლურთებითანა გემრიელი ვერც ხინკალია და ვერც სხვა რამე საჭმელიჰ. ძაან გემრიელია ი ვერანაჰ წითელ ღვინოჰთან. უნდა ახლა კი ეყოფინოს (ჰსინჯავს ქვაბში თითით ხინკალს).

ი ვ ა ნ ე. არ დამბალაა?

გ ო გ ი ა. დამბალია ძრიანა, ცომი ჰყვება ხელსა.

მ ა მ უ კ ა. რაკი ნახარშელა მასდევს თითსა, მოხარშული იქნება. (იღებს ცეცხლიდამ ქვაბსა და სდგამს დაბლა) ოჰ, ხელი დავიწვი, შენი ოხრობაც არი.

ი ვ ა ნ ე. თავი დაანებე, შენ ვერ ამაიღებ. ჩაჰშლი. მამაწვადე აქ ე ქაფქირი. (იღებს ხინკალს, ხონჩაზე აწყობს და უდგამს მამუკას). კარგა მოხარშულა.

მ ა მ უ კ ა. (აბრუნებს, გვერდს უქცევს ხინკლებს და ბოლოს ერთს ხინკალს აიღებს) ღმერთო, ნაწილის გამჩენო, შენა სწყალობდე ივანეს, იმის ყოფა-ცხოვრებას, იმის ცხვარ-ბინას.

ი ვ ა ნ ე. ღმერთმა კარგი მოგცეს. (იღებს ხინკალს) ღმერთო, გვიშველე და კარგა მიყოფე ყველა აქა ბძანებელი (სჭამს). აი, დაილოცე, რა საამური ხარ ამ ნაარაყალ გულზე. (მამუკას) აბა, გენაცვალოს ივანე, შინაურულად მიირთვი, ნუ გააციებ.

მ ა მ უ კ ა. განა კი მცხვენიან, შენი ჭირიმე.

ი ვ ა ნ ე. (გოგიას) შენც აიღე, ბიჭო, ქობი თავად ადუღდება, ჩვენი ჭამა შენ რას გარგებს, ჩემო ძმაო!

გ ო გ ი ა. (ფეხზე სდგას) ოთხი ხინკალი ჩავახუხუნე-ყე და ესეც მეხუთე (იღებს ხინკალს).

ი ვ ა ნ ე. (ასხამს ყანწში არაყს) ძმაო, მამუკავ, აბა, გენაცვალოს ივანე, ეხლა ჩვენი ღვთიშობელი ვადღეგრძელოთ.

მ ა მ უ კ ა. სუ, შენი ჭირიმე, ჩემო ივანე. აღარ შამიძლავ, კაცო, სხვა რო არა იყოს, ხატში ვეღარ გავალი; ემა ხევში სამ გადავიჩახტები.

ი ვ ა ნ ე. (აძლევს ყანწს ხელში ძალად) გადაიჩახტები კი არა, გადმაიჩახტები. აი, ღვთის მოცემული ბინა აქა გვაქვ, დაწევ და დაიძინე, განა ცოლ-შვილს მგელი დაგიჭამს. მთელი ქვეყანა იქ არი.

მ ა მ უ კ ა. (თასს ჩამოართმევს) ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ღვთიშობელს. (ჰსვამს და აწვდის ყანწს ივანეს. ისმის ქოხის კარებზე ძაღლების ყეფა, რომელიც მალე შესწყდება) ვინ რა არი, კაცის ხმაზე კი ჰყეფენ.

ი ვ ა ნ ე. (დგება ფეხზე) დაიცა, აბა გავხედნებ (ქოხის კარებში შაეხეჩება შალვას). ჰაი, შენი ჭირიმე, შენი კვნესამე და შენის მოსვლისა (ეხვევა და ჰკოცნის შალვას). სიდედრსა ჰყვარებიხარ, ძმაო, გენაცვალე.

მ ა მ უ კ ა. (ადგება ფეხზე) მამიხვედ მშვიდობით, ნათლიას ჩემო, შენი ჭირიმე და შენის ჩობნურის ქუდისა. (შალვა ხმას არ იღებს, ალეწილი სახე აქვს, არეულია და თავს იმაგრებს) როგორღაც ვერა ხარ გუნებაზე. აბა, ივანე, მე კი ნუ მაძალადებ, აი ამას უჭირს არაყი, ჰაი. მაიტა ე ხელადა აქა. (ივანეს მოაქვს ხელადა. ივანე და მამუკა ორივენი იჭერენ ხელადას და ასმევენ შალვას. ერთად ეუბნებიან): ასწი სულუქცევრად. შენ ფხიზელამ გინდა ჩვენ სასაცილოდ აგვიგდო.

ი ვ ა ნ ე. დალიე, დალიე, არ იქნება.

შ ა ლ ვ ა. მეყოფა, მეყოფა. (იხსნის პირიდამ ხელადას).

ი ვ ა ნ ე. რას კილოს გუნებასა ხარ, ძმაო, გენაცვლეი, რატუ არას გვეტყვი?

შ ა ლ ვ ა. თქვენი ჭირიმეთ, ამბავს ნუ მკითხავთ. განა არ იცით, კაცნო?! (გოგია თავჩაღუნული ცეცხლს უკეთებს და ნიშის მოგებით შეაცქერდება ხანდახან). ის კი არა (ხმას ათრთოლებს) მე მინდა ერთი ზღაპარი გიამბოთ, ყური დამიგდეთ.

ი ვ ა ნ ე დ ა მ ა მ უ კ ა. (ერთად) თქვი, შენი კვნესამე. ვაი დედას მტრისას, ყურს როგორ არ დაგიგდებთ (უგდებენ ყურს. შესჩერებიან).

შ ა ლ ვ ა. იყო ერთი მეცხვარე, ბეჩავი, მწყემსი კაცი, როგორც იცოდეთ, – ობოლი, ობლობით გამოზდილი. (ღელდება და თავს იმაგრებს) წავიდა ცხვარში. ერთი წელი არ მოსულა შინა, ცოლიცა ჰყვანდა, შვილებიცა. ოღონდაც ამბავი მაუვიდა ცოლსა, რო, ღმერთმანი, შენი ქმარი აღარ არი ცოცხალი, თათრებმა მოკლესო. ადგა ეს დედაკაცი, ერთმა თვემ რო ჩამაიარა, ქმარი შაირთო, ჯვარი დაიწერა სხვაზე. საყდარშიით რო მობრუნდენ, ხალხი დაჯარდა. ნეფე-დედუფალი ჯარზედა სხედან. არი სმა… ღრეობა…

მ ა მ უ კ ა. რაღა სული გეხუთება? მემრე?

შ ა ლ ვ ა. სმა არი და ღრეობა… ახალს… ახალს ნეფე-დედუფალს… ახალს ნეფე-დედუფალს შაჰხარიან… ამ დროსა… დედუფლის ქმარი ცოცხალია, განა მართლა მოკლეს, მოვიდა შინა ცხვარშიით. ნახა ეს თავის ცოლი… ოღონდაც გვირგვინიანია, ნეფეც გვერდით უზის… ნეფე… ნეფე… ჰოო, ნეფე… (აღელვდება უფრო, ტანსა და ხელებში აკანკალებს).

ი ვ ა ნ ე. (გააწყვეტინებს) კი გცივა… რა არის მემრე?

შ ა ლ ვ ა. ჰოო დავსველდი… დავსველდი, ივანე, ლაფიან ვარ, განა არა მხედავთ, სველი და ტბორი… ამ მეცხვარემ მშვილდს მასწია… წაადგა ჯარს თავზე და დაიძახა… „ხარსა თუ ფურსაო?“ – ფურისა რა ბრალია, ხარსაო, – შამოსძახა იქით ცოლმა. მოსწია ბიჭმა მშვილდსა და დააკერა ისარი გულში თავის ცოლსა: „ფურსა სჯობიაო“. (ხმამაღლა დაიღრიალებს) მე რო იმის ადგილას ვყოფილიყავ… (გვერდზე მობრუნდება და ხანჯალს გაიწვდის) ფურმა მიიღო თავის წილი და ესეც ხარსა! (დასცემს გოგიას გულში ხანჯალს, გოგია დაეცემა ძირსა და ფორთხალობს).

ი ვ ა ნ ე დ ა მ ა მ უ კ ა. (ერთად, გაშტერებულნი და შეძრწუნებულნი) ვაჰმე! ვაჰ, დედას მტრისას! რა ჰქენ, შალვავ, რა ჰქენ, კაცოო! (ეხვევიან გოგიას).

შ ა ლ ვ ა. (გავარდება გარეთ). გაატყავეთ ეგ ქორბუდიანი ხარი-ირემი… სუკები ასჭერით და ჩემს დედაკაცს გაუგზავნეთ.


სცენა IV

გთხოვთ, დამიჭიროთ!


პ რ ი ს ტ ა ვ ი. (კარების კაკუნი ესმის) ვინა ხარ?

შ ა ლ ვ ა. მე გახლავარ, შენი ჭირიმე.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. ვინ შენა?

შ ა ლ ვ ა. მე, შალვა მგელაშვილი… გამოსაცხადებელი მაქვ.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (ჩაფარს)შემოუშვი.

შ ა ლ ვ ა. (შემოდის კარებში) კნიაზი ადღეგრძელოს ღმერთმა!

პ რ ი ს ტ ა ვ ი. გაგიმარჯოს!.. პატარა ხანს მანდ დადექი, აი ამ დედაკაცთან გავათაო ჯერ საქმე. (სალომეს) მერე? აბა მოჰყე.

ს ა ლ ო მ ე. იმას მოგახსენებდი, კნიაზოჯან, ვენაცვალე შენს კნიაზობას, პრისტაობას და შენს სამართალს… იმას მოგახსენებდი, დიაღ, კოლოტაანთ ივანემ დამაბრალა, ჯადო გამიკეთაო. ვითომც მე ჯადოქარი გახლდეთ. ის კი არა, ბატონო, (იღებს ჯიბიდამ ნაჭერს და ჯღანის ნაგლეჯს) თვითონ ივანე გახლავთ ჯადოსანი. ეს ჯადო მოლამ ჩვენის სახლის კედლიდამ ამოიღო და ეჭვიც ივანეზე მიიტანა: „პაჭუაა, თვალჭრელი კაცია, პირში ლაქუცა და უკან ორმოს მთხრელი, თქვენი მომიჯნავე არისო, თავზედ ტყავის დაგლეჯილი ქუდი ჰხურავს, დაგლეჯილი ჩოხა აცვიაო“, – მოგახსენათ.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (სიცილით) აბა ერთი აქ მაჩვენე ეგ ჯადო. (დაცინვით) წადი… უგუბერნატოროდ და უმთავარმართებლოდ ეგ საქმე არ გამოიძევა, რადგანაც მძიმე, დიდი საქმეა, სისხლის საქმეა. გაიგონე? მივწერავ, პოლკით და ბატალიონებით მოვლენ და გამოიძევენ. გასწი შინ! გაიგონე?

ს ა ლ ო მ ე. როგორ არ გავიგონე, გენაცვალე! განა ჩვენ არ ვიცით, რომ მძიმე საქმე გახლავთ: უმთავარმართებლოდ და უგუბერნატოროდ როგორ იქნება, თქვენი ბრძანებისა არ იყოს (გადის).

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (შალვას) აბა, შენ რა გინდა?

შ ა ლ ვ ა. (გაუბედავად) კაცი შემამაკვდა და გთხოვთ…

პ რ ი ს ტ ა ვ ი. როგორ თუ კაცი შემოგაკვდა. რას მიჰქარავ, შე ვირისთავო! მერე სამახარობლო მოგცე? რად შემოგაკვდა?

შ ა ლ ვ ა. მაიხსენეთ, შენი ჭირიმე, ბატონო. ცოლი გავასახიჩრე და იმის კურო კი მოვკალ… გთხოვთ, დამიჭიროთ… მართალია, ეხლა ძველი დრო აღარ არი, რუსობაა, მაგრამ ვერ მოვითმინე და ორისავ სისხლში გავერიე.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. ერთად მოასწარი?

შ ა ლ ვ ა. არა, შენი ჭირიმე. მთელმა ქვეყანამ იცოდა. კუროსთანით მონავალებული ხაფანგში გაბმულიყო, მწყემსებს სცოდნიყო და დაეგო ჩემის ცოლისად ხაფანგი. მე შინ არ გახლდი, შენი ჭირიმე, იმ ჟამადა, ცხვარში ვიყავ. მუედ შუაღამისას, არცად იყო ჩემი ცოლი, ჩემი ჯალაფი. არ იცოდენ, სად იყო და სად არა. მეორეს დღეს ხაფანგში გაბმული კი მოვხელე. იმას ცხვირი მოვსჭერ და იმისი კურო კი დავამთავრე. მამა-პაპის ჩვეულება ეგ იყო ჩვენი…

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (საწერელსა და ქაღალდებს იღებს პროტოკოლის შესადგენად) ჰოო, ჰოო, ეგრე იყო მაშ, რაღა? (ღიმილით) ეგ მოკვლა და მოჭრა რომ იცით, საქმის მოვლა რატომ არ იცით? აბა რაებს მიედ-მოედები, შე ოხერო. ისეთი არაფერი მოიგონე, რომ სასჯელი შეგისუმბუქდეს? განა მადლობას გეტყვიან, – პირდაპირ ციმბირში გიკრავენ თავსა.

შ ა ლ ვ ა. საცა უნდა მიკრან ეხლა თავი, შენი ჭირიმე, როგორც იყო, ისე კი მოგახსენებთ და სხვა რაღა ვქნა.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (ცბიერის კილოთი) მაშ არ გინდა? არ გინდა?

შ ა ლ ვ ა. აბა რაღა მინდა, შენი ჭირიმე, ეხლა თქვენ იცით.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. (გაჯავრებით) დათვო!.. (ადგენს პროტოკოლს. ზის კარგა ხანს, ჰფიქრობს, ჰშლის, ხან ილანძღება, ხან იფურთხება. კონვერტში ჩასდებს ქაღალდს. ჩაფარს) სოსიკო! ეს კონვერტი და ეს ვაჟბატონი დღესვე გამომძიებელს წარუდგინე, გესმის? ხელები შეუკარი!

ს ო ს ი კ ა. დიახ, შენი ჭირიმე, ემ საათში, ცხენს შევკაზმავ. (შალვას ავლებს ხელს) აქ მო, შენ, ეი!

შ ა ლ ვ ა. რა ჭერა მინდა, თავად წამოვალ მე.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. მოიტა თოკი.

ს ო ს ი კ ა. (მოარბენინებს თოკს) აი, აქ გახლავთ, ბატონო.

პ რ ი ს ტ ა ვ ი. შეკარი კარგა მაგრა.

შ ა ლ ვ ა. რად გინდათ ეგ საბელი, მე თუ გაქცევა მდომნიყო, განა ვერ გავიქცეოდი? (ჩაფარს) შენ რაღა მკალიასავით მებღრევი? გამეცალე, თორო, ასეთს დაგაცეცხლებ, რო! (უძალიანდება).

პ რ ი ს ტ ა ვ ი. ბიჭებო! აქ მოდით, შეუკარით ხელები ამ მ–ლს, მთის დათვსა! (სამი ბიჭი შემორბის, უკვრენ შალვას ხელებს და გაჰყავთ გარეთ, პრისტავი მარტო!). Вот, с–н! Вот, народ! Вот, народ, я вам скажу…

I
(სცენა ხევსურეთში)


ა ბ ი კ ა. (გიგოს მიესალმება) გიგოიც ადღენგრძელას ღმერთმა! მახვედ მშვიდობით, გიგო!.. რაგორ ხარ, გიგო, რაგორ ღბძანდები, რაგორ შაექცევი? კაცით, საქონით ხო არა გიჭირს?

უ შ ი შ ა   დ ა   ს ხ ვ ა ნ ი   მ რ ა ვ ა ლ ნ ი   ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (გიგოს) გიგოიც ადღენგრძელას ღმერთმა!.. საისკაღ მიღბძანდები ეხლადა?

გ ი გ ო. გაგიმარჯოსთ!.. მოვედი აქ, ხევსურეთში, თქვენთან… სამხვეწროდ გუდანის ჯვარში. არ მალოცებთ თქვენს ხატს?

ა ბ ი კ ა. რაზე არ გალოცებთ… მაგცას წყალობა ჩვენ ბატონმ შაგეწიას გუდანის ჯვრის, ხევსურეთის დავლათი… (მიუბრუნდება ხევსურებს) ა ბეჩავ, გუდანის ჯვარო! საით სად მასდევს დალოცვილს მლოცავი! ეხლად, ხევსურნო, ყურ დაუგდეთ გიგოს, რას უნბობს, გაიგონეთ, შაისმინეთ – გიგო ძმად გვეფიცების. ეხლა ჩვენ ნიადე, ჩვენ ძმაი ას.

უ შ ი შ ა   დ ა   ს ხ ვ ა ნ ი. შაეწიას ჩვენის ბატონის დავლათი… ცხვარ სად გყავ ეხლა, გიგოო? სადაღ აპირობ მთობას?

გ ი გ ო. ისევ თქვენს მთაში უნდა ვაძოვო, ძმებო. მაინც თქვენი ძმა ვარ. საბალახეს თქვენც გაძლევთ და სხვასაც ხომ უნდა მივსცე. მაშ თავისი ძმა არ უნდა გებრალებოდესთ? მაგაზე მერე მოვილაპარაკოთ, იმედია, მოვრიგდებით ერთმანეთში… ჯერ შემახვეწეთ, მალოცეთ თქვენი ხატი, რომ თქვენ ძმად დავმტკიცდე, რომ თქვენც გული დაგიარხეინდესთ, მე თქვენ გენდობოდეთ და თქვენ მე. აი, ეს კურატი (უჩვენებს კვებულზე, რომელსაც თავ-რქაზე თოკი აქვს გადახვეული და გიგოს ბიჭს უჭირავს ხელში) უნდა დავკლათ, თქვენის და ჩემის ხატისათვის შემომიწირნია. ცხოვრებამ და დავიდარაბამ აღარ მომაცალა მომეგონა ჩვენი ბატონი. (თავისთვის) იქნება, ამითი მაინც გავხდე რასმე, თორემ შეიძლება ეგ საძოვარი მთა იმ ბაიყუშს ფშაველს დარჩეს. იმედია, რომ გასჭრას ჩემმა ხერხმა და მოგონებამ. ჯერ ძალას არ დავატან ხევსურებს და არც იმას შევატყობინებ, რომ ძლიერ მინდა ამათ მთაში დადგომა. მინდა ერთი ათის წლის იჯარით ავიღო ეგ მთა. რა იციან ბრიყვებმა, ათის წლის მფლობელობას რა მნიშვნელობა აქვს… კანდრახტით შევეკვრი და ათის წლის შემდეგ დავისაკუთრებ კიდეც.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (ერთად) კარგ იქნების…

უ შ ი შ ა. ლუდ მიართვით გიგოსა… აბალე, უნცრუავ, ირბილე, უთხარი დასტურთ, ჩაგისხმენა-დ მაიღ. აბალე აჩქარდ (ხევსური მიდის ლუდის მოსატანად).

გ ი გ ო. ხევისბერსაც დაუძახეთ, რომ ზვარა აკურთხოს.

ა ბ ი კ ა. ხევისბერ ხატჩი იქნების, ახლოაჩი მივდგეთ, გიგოო, ნალახჩი ნატარ ხო არ ხარ, ხატის კარს რაად ერიდები?

გ ი გ ო. არა, მაგრამ ცოდვიანის ფეხით არ მინდა გავაჭუჭყიანო ხატის საბძანებელი.

ა ბ ი კ ა. ისითა ადგილს არ მიგიყვან, ხატმ იწყინას. ვიდინათ, გიგოო, ვიდინათ. მთელ ხევსურეთ მანდა ას ეხლა, ხატის კარს. გალავანჩი შასვლაი კი ნიადე არ იქნების; ხატ გაწყრების, მეემიზეზების კაცს, ან დაჰხელთავს, ან ავად გაჰხდის, ან კლდეზე სად გადაღლევს.

გ ი გ ო. (მისდევს) მილიონიც რომ მომცე, იქ მე, შვილო, ვერ შევალ. განა ადვილი საქმეა, იმისთანა ხავსიანი და წმინდა ადგილი როგორ უნდა გააჭუჭყიანოს თავის უწმინდურის ფეხით კაცმა. (ჩაიცინებს) წყალობა ხატისა, ვაჟებო!

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. მოგცას წყალობა გუდანის ჯვარმა… მოგცას წყალობა… მოგცას წყალობა – შენდაც წყალობა ხატისა. მახვედი მშვიდობით, გიგოო! მახვედი მშვიდობით.

გ ი გ ო. დამხვდით მშვიდობით!.. გმადლობთ!..

უ შ ი შ ა. ლუდ მაართვით გიგოსა… (ცოტა ხანს უკან გამოჩნდება სალუდიდამ ხევსური. თან მოაქვს დიდის თასით ლუდი; უშიშა ჩამოართმევს და მიუტანს გიგოს; ქუდმოხდილი დაიჩოქებს იმის წინ და შეაქცევს) კა ლუდი! (გიგოს) შასვენ, შასვენ! ნურას იბალარჯებ, შენაც ჩვენის, აი, ემ ბატონის ყმაი ხარ, გიგოო! გწყალობდეს ამის დავლათი, გამარჯვება მოგცას… (გიგო სვამს ლუდს და ნახევარზე თასს უშიშას გადასცემს). გაცოცხლას, გადღენგძელას, გიგოო, შაგეწიას იმის დავლათი, რაის სალოცავადაც მაჰსულხარ; შაგეწიას ხევსურეთის დავლათი, მტრის იღბალ ნუ მაგრიას, შენი ამჯობინას შენის მტრისასა, მონა სულ გარიდას, ეშმაკ-ქაჯი, შენ სადღენგძელო იყვას, (მიუბრუნდება შემოგროვილს ხევსურებს) ჩვენ ძმაი ას ეხლა-დ ე გიგოი, ხევსურნო, ძმად გვეფიცების.

გ ი გ ო. ნამდვილად თქვენი ძმა ვარ, ძმებო, ნამდვილად, ცხონებული პაპაჩემი იტყოდა ხოლმე, ხევსურეთიდამ გადმოსახლებულები ვართო.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. ღმერთმ გაცოცხლას, ჩვენის ძმობისად ღმერთმ გიძმას, ღმერთმ გიშველას, რო ძმად გვიკადრენ.

უ შ ი შ ა. (მოსცლის თასს და ამოაბოყინებს) კაისაია. შენის ჭალის სვეიც ურევავ კი ამაჩი, გიგოო!

გ ი გ ო. სვია, რამდენიც გინდათ, მოიკითხეთ. ჩემი სვიანი ჭალა თქვენი ფეშქაში იყოს. (ჩუმად) ეს სვიაც კარგად მოვიგონე. სვიას გულისათვის ერთის კვირის სავალზე მიდიან და ზურგით მოაქვსთ, მე უფრო ახლოს არა ვარ!

ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი. (გამოდის სალუდიდამ, მთვრალია და აქეთ-იქით ერყევა) სადაღ ას აბა გიგო, ის სამხვეწრო, მაიყვანეთა აქა (გიგო წამოხტება ფეხზე, ქუდს მოიხდის და მიდგება ყორეების წინ, სადაც სალოცავია, იწერს პირჯვარს. კურატი გიგოს ბიჭს მიჰყავს. ხევისბერი ჩამოართმევს, ქუდს მოიხდის. კურატს პირ-აღმოსავლეთისაკენ დააყენებს… ხევსურების გროვა გუნდად მიდგება, შემოეხვევიან გარეშემო ხევსურებს და გიგოს. გიგო გვერდზე უდგება თავმოხდილი თავისს სამხვეწროს. ხევისბერი დიდებას დაიწყებს). დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს-დღესინდელს რჯულ-ქრისტიანთასა. შენ გადიდას ღმერთმა, გაგიმარჯოს, დიდო გუდანის ჯვარო, შენ შენი გამჩენი წყალობას არ მოგიშლის, შენ შენს წყალობას ნუ მაუშლი სახვეწრის პატრონს გიგოსა. სადაც შენ სახელ დაიძახას, მთაჩი იყოსა, ბარჩი იყოსა, სუდჩი იყოსა, უჩიოდეს ვისაა, ატუკანტს ებძვოდესა, საცა უჭირდეს, შენ უღურ მაახმარე, შენ კაბის კალთა დააფარე, დასცევ, დაღფარე ავის საქმისაგან, ავის წადილისაგან, ბოროტ სულ მააშორე, მისდევდეს – მისწივიდი, მასდევდენ – გაახვეწიდი. შაიწირ-შაიხვეწიე, დიდო გუდანის ჯვარო! მონადირეს, ამათ სახჩიით გასულს, ხელ გაუმართადი. მგზავრი შინ მშვიდობით მაღგვარე, წყლით ზარალ ზარალად აკმარე, დიდო გუდანის ჯვარო! შენ სამწყალობნო იყვას, შენ სადიდებულო! (კურატს აქცევენ. ხევისბერი ხანჯალს გაიძრობს და უსომს ყელში) შაგიწირას გუდანის ჯვარმა!..

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (გიგოს) წყალობა მაგცას! შაგეწიას, გიგოო, გუდანის ჯვარი!

გ ი გ ო. თქვენც შაგეწიოსთ, ჩემო ძმებო! (ხევისბერს) სისხლით გამნათლე, გეთაყვა, სისხლით განათვლა კარგია, – დევები და ეშმაკები ვეღარაფერს დამაკლებენ. ერთი კარგად გამნათლე, გეთაყვა.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (გაკვირვებით) იჰილე, იჰილე, იჰილე, ვაჟებო! შახენეთ, გიგოს შახენეთ! ხევსურეთის წეს-რჯულებაი მეტად სცოდნივ ჩვენზე. ჰა, ბეჩავ გიგოო! ხელ-მხარს ქვე ინათლავს.

ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი. (ამოათრევს ხელს კურატის სისხლში და წაუსომს გიგოს შუბლზე) გაინათლე, (გულზე) გაინათლე, (ხელებზე) გაინათლე! გამოდი გიგოჩიით ავსულობაო, ეშმაკობაო, გაძრომ-გამოძრომაო, გამკრეჭელობაო! მეკანტალობაო! ფუჰა! ფუჰა! ფუჰა!

გ ი გ ო. (მუხლს მოიყრის, პირჯვარს იწერს, უძახის ხევსურებს და იწყებს ძმად-გაფიცებას) დიდო გუდანის ჯვარო, გესმოდეს შენცა, გაიგონეთ თქვენც, ხევსურებო! მოვდივარ თქვენს ძმად: ჩემი დედა თქვენი დედა იყოს, თქვენი დედა – ჩემი; თქვენი დები – ჩემი დები, ჩემი დები – თქვენი დები; ჩემი შვილები თქვენი შვილები იყოს, თქვენი შვილები – ჩემი; თქვენი ცოლები – ჩემი ცოლები… ჩემი ცოლი… თქვენი ნათლიდედები ჩემი ნათლიდედები იყოს, ჩემი ნათლიდედები თქვენი ნათლიდედები იყვნენ; ჩემი ძმები თქვენი ძმები იყვნენ, თქვენი ძმები – ჩემი ძმები; თქვენი რძლები – ჩემი რძლები; ჩემი რძლები – თქვენი რძლები; თქვენი ხატი ჩემი ხატი იყოს, ჩემი ხატი თქვენი ხატი იყოს; ჩემი სვიანი ჭალა თქვენ, თქვენი საიალახე, საძოვარი მთა – მე! ამინ და ეგრე იყოს! (ჯოხზე ამოსთლის პატარა ნაფოტს, რომელსაც ხევსურები „ჭდის ამოგდებას“ ეძახიან და აქვს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც სახარებაზე დაფიცვას) ესე ამოვარდეს, ვინც თქვენ, ხევსურებო, ძმად არ მიგიღოსთ!… (სთლის ქამრის ვერცხლის ბალთას ლუდიანს თასში, სვამს თითონ და ასმევს ხევსურთაც)

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. ეგრ იყოს, ეგრ იყოს!.. ეგრ იყოს სვე სუ მუდამ გვეჭირვების ლუდისა და უსვეოდ ვერც ხატს დავანამუსებთა-დ ვერც მკვდარს.

გ ი გ ო. რამდენიც გინდოდესთ, რამდენიც გინდოდესთ!.. თქვენი ნება არ არის, მოდით და წაიღეთ. რა ოხრობისათვის მინდა სვე, თუ თქვენ არაფერს გარგებსთ.

ღ ე რ ე ნ ა. (გაწყრომით) ეგ რაიღ სთქვი, გიგოო: ჩემ სვიან ჭალა თქვენ იყვას, თქვენ საიალახე მთა – ჩემიო… რა ვქნათ, გიგოო, მართალ ას, ძმად გავიფიცენით, შენ ჩვენ ძმაი ხარ, ჩვენ შენებ ძმები, მაგრამ ეს როგორაღ იქნების, რო ფშაველთან პირობაი გვაქვის მიცემულ, მთა იმან დაიკვეთ, ნახევარ საბალახეიც იმავ თავჩი მაგვც იმანა-დ ახლა იქავ წავართვათა-დ შენ მაგცათ… ეგ რახელ იქნების!.. სირცხვილ არ ასა ჩვენდ მაგისთანაის საქმის ჩადენაი?! შენზედ, ნუ გეწყინების კი, გიგოო, მართალს კი გეტყვი, ბევრ ცუდიც გამიგონავ მეა, არ ვიცი, სხვა ხევსურთ იციან, თუ არა, პურ-მარილ უწამებელ კაც ასავ გიგოივ, გამიგონავის. სამ-ოთხ მეკვემურ ფშაველ ოჯახიშვილებ დაღუპავ, ზოგ დაინათლიავავ, ზოგს თავა დაუნათლივდა-დ ფულებ გამასტყუვნ, აღარავის რა მისცავ, ზოგსა კიდენ მამულებ მიჰყიდ, ქაღალდებ დაუმალავ. რა ვქნათ, ემისა გვეშინიან ჩვენაც. სამართლისა ჩვენ არა ვიცით, კანონ ჩვენ არ ვიცით, ბეჩავნ კაცნ ვართ, გიგოო!..

გ ი გ ო. (ჩუმად) აი გამიწყრა ღმერთი, ამათაც გაუგიათ, ამ მამაძ–ებს. უნდა რამ საუკეთესო ხერხი მოვიგონო, რომ ის ფშაველი გამოვაძევო იმ მთიდამ. ტყუილად ხომ არ გამინათლა ხევისბერმა ეს შუბლი! (იდებს თითს შუბლზე), მაგონდება… უკეთესი ხერხი მოვიგონე (ღერენას და სხვა ხევსურებს, რომელნიც, ცოტა არ იყოს, გაეჭვიანდნენ ღერენას სიტყვებზე) მტრის ენაა! თქვენგნით არ მიკვირს? რა დასაჯერებელია, ვინ იკადრებს მაგისთანა საქმეს, მერე მე?! მაგას როგორ დაიჯერებთ, ძმობასა და ნათელ-მირონს განა ეღალატება? თქვენ გეტყობათ, მაგ ფშაველს კიდევ ვერ იცნობთ. ხევსურებო, ძმებო! მე ერთს რამეს გეტყვით, ჭკვიანი ხალხი ხართ და ვიცი, ჭკუაში მოგივათ, სიტყვას არ დამიწუნებთ. თქვენ, იქნება, არ იცოდეთ და მე კი კარგად ვიცი, რისთვისაც მოსწონხართ მთავრობას. ისე კარგად ვიცი, როგორც ისა, რა სასარგებლოა ჩემთვის და რა – საზარალო. მთავრობას იმიტომ მოსწონხართ თქვენ, ჩემო ძმებო, ხევსურებო, რომ ნამუსიანი ხალხი ხართ და ხემწიფეც რომ მობრძანდა, იმიტომ დაგიძახათ თქვენ და ფარიკაობა გაგამართვინათ. თავის თვალით გიცქეროდათ, დასტკბა თქვენით, ჩემო ძმებო. ბევრი ისიამოვნა. გაგონილი ჰქონდა თქვენი ვინაობა და იმიტომ, განა ხემწიფემ არ იცის, რომ თქვენ გარეშე დედაკაცს ანგელოზის თვალით უცქერით. ეგ არის სახელი და დიდება კაცისა. ახლა იკითხეთ ის ფშაველი, თქვენ რო მთა მიგიციათ საბალახედ, იმან, იცით, რა საქმე ჩაიდინა? ეჰ, ეჰ, მეზარება თქმა…

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. თქვი, გიგოო, დაღირებულს დაკვრაიც უნდა!

გ ი გ ო. ეჰ, ეჰ, როგორ უნდა თქვას ქრისტიანმა კაცმა მაგგვარი სიტყვა, განაღამც თითონ ჩაიდინოს… მაგ ფშაველმა თავ-ი-ს-ი თე-მი-ს დედაკაცი, წაწალი… ოჰ, ოჰ, ოჰ, უნამუსო კაცო! გააუნამუსოვა. გაიგეთ?! გაიგეთ?! ახში მათქმევინეთ კიდევ და წამიბილწეთ პირი. პატარა ლუდი მაინც მოიტანეთ, პირი გამოვირეცხო (ხევსურებს ლუდი მოაქვსთ და გიგოც შეუდგა პირის რეცხვას. ხევსურებს შეუდგებათ ერთმანეთში ჩოჩქოლი, მითქმა-მოთქმა).

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (გიგოს) მართალს უნბობა მაგას, გიგოო, მართალს უნბობა!.. რაი გდებულა ე ტრუკ-ტრუკა, ე მექალრძლეი, ეგი… არ გაუტევთ მაგას ცოცხალ, ხევსურეთში ქვე ფეხს აღარ დავადგმევინებთ… ჩავკეჭნით. არ სცხვენიანა, ქუდ რაგორაღ ჰხურავ, მზე-ქვეყანაზე რაადაღ ას მთელი!..

გ ი გ ო. თუ კაცები ხართ და ქუდი გხურიათ კიდევ და გწამსთ თქვენი მამა-პაპის ჩვეულება, ეგრე უნდა ჰქმნათ. მე ასე ვფიქრობ.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. მამუკას ჩვენს მთაჩი აღარ გაუტევთ. წავიდას, დაითხიას აქით! მთაი შენ უნდა მაგცათ ახლა კი.

გ ი გ ო. მე წეღანვე გითხარით, თქვე დალოცვილებო! (ამ დროს მოდის გიგოს მწყემსი).

მ წ ყ ე მ ს ი. (გიგოს) საღამო მშვიდობისა!.. რა უნდა ვქნათ, ბატონო, რომ ეგ ფშაველი მამუკაა ვიღაც, გზასაც აღარ გვაძლევს, – სად მიგიდისთ ცხვარიო. მოგახსენათ: მთა მე მაქვს აღებულიო… მოახერხეთ საქმე, თუ ვერა? მინდა შევიტყო.

გ ი გ ო. საქმე კარგად არის… მამა უცხონდება იმას!.. იმედი ჰქონდეს. საქმე გათავებულია… (ხევსურებს) აბა, ძმებო, პირობა დავწეროთ! ათის წლით ავიღებ თქვენს მთას, მუდამ წელიწადს წვალებას, ერთხელ ერთ კაცთან დაიჭიროთ საქმე, გირჩევნიათ.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. არ სტყუის… მართალს უნბობს გიგოი… აბა, დაწერე, გიგოო, დაწერე.

გ ი გ ო. (ქაღალდებს შლის და დაიწყებს წერას) „ჩვენ, ამის ქვემორე ხელის მომწერელთ, ერთობ გუდანის მცხოვრებთ, მოგეცით ესე ხელწერილი მაზედ, რომელიცა რომა ჩვენ საიალახე, საძოვარ მთები გვაქვს, შენ, სოფ. არაგვისელში მცხოვრებელს, გიგო გამქუცველოვს მოგეცით იჯარით ათის წლის ვადით, წელიწადში ხუთმეტ თუმნად“ და სხ. (ხევსურები ჩასჩერებიან ქაღალდს და გაკვირვებით შესცქერიან გიგოს კალმის ხმარებას).

პ ი რ ვ ე ლ ი   ხ ე ვ ს უ რ ი. შახენეთ, ვაჟებო, რახელ ააჭრელ, თუ ღმერთი გწამთ! წერაიც ემაგას ღქვიან, შენ რომ რასამ ღკაწრავ, მინდიავ, ის კიარა ას წერაი. აბაბაბაააა! რახელ წაიკითხების ეგრ წმინდად ნაწერი.

მ ე ო რ ე   ხ ე ვ ს უ რ ი. სამართალჩი არ გინახავის შენ გოგოი და იმით უნბობ მაგას. მაგას ხო სუდია-ნაჩალიკებ არაად გააჩნავ! შენ ბალღ კიდევ რაად გახათრებს, გიგოს სუდია-ნაჩალიკებ ბალღადაც არ გააჩნავ… ჰა, ბეჩავ, გიგოო!

გ ი გ ო. (ხელს აწერინებს პირობაზე, ვინც წერა იცის, და ზოგის მაგიერად თითონ აწერს ხელს. ჩუმად): ეს ხომ ჩავითრიე ხევსურები, ვნახოთ, ბოლო რა იქნება! ფორმისა და კანონიერების დაცვა რა საჭიროა პირობის წერილში. ესენი ხომ თავის სიტყვას ვეღარ გადავლენ… ვნახოთ, ბოლო რა იქნება. ღმერთი და ბედი! (ხევსურებს) აბა, ძმანო, ახლა ცხენი მომიყვანეთ და გამოგეთხოვებით კიდეც, ეგ ტყავი კურატისა და ეგ ხორცი თქვენი იყოს, დროება გაატარეთ… (ცხენი მოჰყავთ; გიგო შეჯდება ცხენზე. ხევსურები კიდევ ლუდს მოუტანენ და გამოთხოვებისას დალოცვენ ერთმანეთს). ღმერთმა გაცოცხლოსთ, ხევსურნო, კეთილ იყოს ჩვენი ძმობა, ჩვენი სისხლისა, ხორცისა და სულის გაერთება!.. კეთილის თვალით იყოს ეს ბატონი გუდანის ჯვარი თქვენზედაც და ჩემზედაც, მრავალჯერ გადუღებინოსთ ლუდი და მრავალჯერ მომიყვანოს მეც თქვენთან სტუმრად, თქვენ ნუ მოუკვდებით ჩემს თავს! სვია, რამდენიც გინდათ წამოიღეთ, ჯორ-ულაყები წამოასხით, ზურგით ვერ მოერევით, ვერა ჰზიდავთ. (ჩუმად იცინის და გაემართება), მშვიდობით, გამარჯვებით იყვენით, ვაჟებო, ჩემო ძმებო!

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. შენც მშვიდობით წადი!.. ღმერთმ გამარჯვება ნუ მაგიშალას. მრავალჯერ მშვიდობით წაგიყვანოს, მაგიყვანოს… ათენგენობის სწორზე კი ჩამუალთ სვის წამასატანად, გიგო.

გ ი გ ო. ჰო… როცა თქვენი ნებაა, მაშინ ჩამოდით… მშვიდობით. (გიგო მიდის და ბიჭებიც უკან მისდევენ).

ღ ე რ ე ნ ა. (წამოწოლილია და ჩიბუხს ეწევა) თუ არ განანიასთ გიგომ, ხევსურნო, მაიტანეთა-დ დიაცის მანდილი დამხურეთ.

ა ბ ი კ ა. წეღანდელ საუბრის არ იყვას, შენ რასაღ ტრუკ-ტრუკებ!.. უფროსების დაწყობილ საქმეი შენ გი აღრივ-დაღრია განა? ხევსურთ თაობა გწადისა?! იდევ ემაგაჩი, უფერ ნუ ხარ!

ღ ე რ ე ნ ა. (აბიკას) შენ ხარა მემრ უფროსი ხევსურეთის, აი! (ხევსურებს) შახენეთ, შახენეთ თავ-კაცს!.. გაიარ, გაიარ, მეკანტალეო!..

ა ბ ი კ ა. (მოიგლეჯს ფარს მხრიდამ, მარცხენა ხელში დაიჭერს და მარჯვენით ხმალს აიწვდის) ვის ეუბნები მაგას, მკვდარ-ციცაიანო! (მიიწევს ღერენასაკენ).

ღ ე რ ე ნ ა. (ფარ-ხმლით მომზადებული) გამაუტიეთა, გამაუტიეთა! მეედი! აქ მეედი! (ხევსურები ჩაუდგებიან შუაში და სხვადასხვა მხარეს გაჰყავთ მოჩხუბრები).

II
(სცენა ბარში)


გ ი გ ო. (დახლიდარს) კაი ღვინო გაქვს, ბიჭო?

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. კაი ღვინო გახლავთ. დაბძანდით, ღვინო მოგართოთ იმისთანა, როგორც რძე.

გ ი გ ო. ზაკუსკეულობა გაქვს რამე?

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. კაი სათალი, ახალი თევზი, კვერცხები, კაი ყველი.

გ ი გ ო. აბა ჩამოასხი ნახევარ თუნგი ღვინო და ყველაფრიდამ, რაცა გაქვს, ზაკუსკა გააკეთე. (სვიმონს) სად გვირჩევნია დავსხდეთ?

ს ვ ი მ ო ნ ი. მწვანეზე… ამ შეხუთულს ჰაერში რაზვე მოჟნო სიდეტ?

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. დუქნის უკან ჩარდახი გახლავსთ… ბაღჩა მაქვს, გნებავსთ, მიბძანდით.

გ ი გ ო. კარგი იქნება… მამა-პაპურად მწვანეზე მოვიკეცოთ (გადიან გიგო და სვიმონი მწვანეზე. დახლიდარი გაუშლის სუფრას და ბოთლებით ღვინო მოაქვს).

ს ვ ი მ ო ნ ი. რა მშვენიერი სურათია: ეს მთები, ეს არაგვი, ეს ტყე და ველები. წყაროები… (დახლიდარს მოაქვს ახალი თევზი) ა ვოტ ეშჩო! (ჰკიდებს მურწას ცხვირზე ხელს) ეს ხომ პოეზიის მწვერვალია!..

გ ი გ ო. ჩვენის ქვეყნისთანა ლამაზს ქვეყანაზე რომელ მხარეს შეხვდები! (ასხამს ჭიქაზე ღვინოს) ჯერ თუნდ მარტო ეს ავიღოთ (ღიღინებს):

ღვინოვ კახურო, ვარ შენი მსმელი,
გინდ თეთრი იყო, გინდა წითელი!

ეს ღმერთმა ადღეგრძელოს ის ვაზის ძირი, რა ვაზის ძირიც ამ ღვინოს აყენებს. ღმერთმა ადღეგრძელოს ჩვენი მამა-პაპა, რომ თავის ხმლითა და სისხლით შეგვინახეს თავის შვილებს მიწა-წყალი და სხვის ხელთ არ ჩააგდეს…

ს ვ ი მ ო ნ ი. ამენ! ამენ! ამენ!

გ ი გ ო. (ხელს აიღებს მაღლა, თითს იქნევს და ამბობს):

სხვა საქართველო სად არი,
რომელი კუთხე ქვეყნისა…
ალავერდი შენთან, სვიმონ!

ს ვ ი მ ო ნ ი. იახში ოლ! (ასხამს ჭიქაზე ღვინოს და იმეორებს გიგოს ნათქვამს სადღეგრძელოს) და ზდრავსტვუეტ ისტინა ი სპრავედლივოსტ! გაუმარჯოს სინიდისსა და პატიოსნებას!

გ ი გ ო. გაუმარჯოოოს!.. გაუმარჯოოოს!.. კარგია, მაგრამ, საუბედუროდ, ცოტანი არიან ჩვენში სვინდისიანები. ახ! (იცემს გულზე ხელს) ერთი ყველას ჩემი გული ჰქონდეს, მაშინ ჰნახავდი, როგორ ჩარხივით დატრიალდებოდა ჩვენი საქმე! მაგრამ სად არის, ტყუილად მეც ჩემს გულს ვაჭლექებ…

ს ვ ი მ ო ნ ი. ნამდვილს ბძანებთ, გიგო, ნამდვილს. ყველა რომ თქვენისთანა, და თუნდ ჩემისთანა, იყოს, მაშინ ერიჰაა, ერიჰაა, განა კუს ნაბიჯით ვივლიდით, გავჭენდებოდით.

გ ი გ ო. ჩემი გული ჭკნება, დნება, კვდება, როცა ჩვენს ქართველებს ვუცქერი. ოჰ, ოჰ, ოჰ!.. (დაიკრავს გულზე ხელს).

ს ვ ი მ ო ნ ი. ერთი რა უნდა მეკითხა, გიგო, შენთვის. იმ მთიულებს როგორ დაეღწიე? მოურიგდი? რამდენს ლაპარაკობდენ, რამდენს ჭყინჭყილობდენ. მიეცი სვია?

გ ი გ ო. საქმე გავუთავე. ტი მაიო უბეჟდენიე ზნაეშ, კანეჩნო? მე ხალხი მებრალება… ორი თუმანი გამოვართვი და სვია სულ იმათ მივყიდე… ხალხი უნდა გვებრალებოდეს, ნელზია ბეზ ეტოღო. (აიღებს მარჯვენა ხელს, იქნევს თითს ცხარედ, თვალებს აჭყეტავს და ისე ამბობს):

თუ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,
ეგ ვერაფერი სიყვარულია;
საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,
ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!

კანეჩნო! (ამ დროს ხევსურები გამოჩნდებიან, ჯორებზე სხედან და ჯორებზედვე ტომრები უკიდიათ. დუქანთან მოდგებიან).

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. გამარჯვება, მედუქნევ!

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. გაგიმარჯოსთ! საით მიემგზავრებით! ბიჭო!

ა ბ ი კ ა. გიგოსთან მავდივართ. სვე რაიმ შაგვაპირ, იმის წასატანად წამავედით. ჯორ-ულაყნიც იმისად წამავასხით.

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. გიგო აქ არის, პურს მიირთმევენ ისა და ერთი ვიღაც სხვა ჩინონიკი.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. იჰი, იჰი, სადა ას?

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. ბაღჩაში სხედან. ემან დუქნის უკან.

უ ნ ც რ უ ა. (ხევსურთ) წავიდათ, ვნახათ.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. წავიდათ, წავიდათ, კარგი, თუ შინ სიარულ აღარ მაგვინდ. (მიდიან გიგოსთან და უცებ თავს წაადგებიან. გიგოს ნაცრისფერი გადაჰკრავს ცოტა ხანს, მაგრამ ერთ წამსაც არა გრძელდება მისი ამნაირი მდგომარეობა, რადგან შუბლზე გადისომს ჯერ ხელს, მერე წვერზე ჩამოისომს და ახლა ულვაშების მწყაზვრასა და წკეპას მოუნდება). გიგოსაც გაუმარჯოს, გიგოს გაუმარჯოს! (მაღალის ხმით დასძახიან ხევსურნი გიგოს თავზე).

გ ი გ ო. აი გაგიმარჯოსთ! ჩემო ძმებო! ოჰ, რა გამიხარდა, რომ კიდევ თვალით დაგინახეთ. (ერთმანეთს მოიკითხავენ დიდის ამბით) აბა, ღვინო მიირთვით, ძმანო, ზოგიც მერე ვიუბნოთ. (გიგოც ხევსურების წესზე ცდილობს მოიქცეს, რადგანაც იმათი ძმაა, ძმად გაფიცული. ხევსურები სვამენ ღვინოს. თითოეული მათგანი გრძელს სიტყვასა და დიდს შესხმას ეუბნება გიგოს და გიგოც თავის მხრით არ აკლებს იმათ ქება-დიდებას).

ა ბ ი კ ა. (დასცლის ღვინიანს ჭიქას, ერთს მადიანად ამოაბოყინებს და გადასცემს გიგოს) ეგ (უჩვენებს სვიმონზე) ვინაღ ას, გიგოო!

გ ი გ ო. ეს ახლად რუსეთიდამ ჩამოსულია, კაი ქართველი ბიჭი, ნასწავლი, ეს ორი თვეა, რაც სამსახურში შევიდა.

ა ბ ი კ ა   დ ა   ს ხ ვ ა ნ ი   ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (გაკვირვებით შესცქერიან სვიმონს, რომელიც გაიბღვირება) იჰი, ხემწიფესთან ნამყოფ იქნების ეგე!.. რარიგ-რა ადგილ იქნების ი რუსეთი? შორს არია აქით?..

ს ვ ი მ ო ნ ი. სამი თვე უნდა იარო ცხენით ზედი-ზედ, მანამ ჩახვალ.

ა ბ ი კ ა. მაშ ხემწიფესთან არ იყავა შენ?

გ ი გ ო. მარჯვენა მხარეს უმშვენებდა ხემწიფეს, როგორ თუ არ იყო?

ა ბ ი კ ა. ეტყობის კი, ნიადე ეტყობის მაგას. აბაბაბა, რამოდენ წყალ-ადგილ გაუჩენავ, გიგოო, იმ დალოცვილს ღმერთს…

უ შ ი შ ა. აბა, ჩვენ სიცოცხლეი ქვე რა სიცოცხლეია!..

გ ი გ ო. თოთია როგორ არის, ხო არა უჭირს, ბალღებს ხო არა უტკივა?

ა ბ ი კ ა. შენ მტერ იყვას, რო ისა ას, გიგო, თოთია გაგრილდ.

გ ი გ ო. (იღიმება და ჩუმად) ქვეყანა დაიქცევა! ღმერთმა აცხონოს, საწყალი თოთია. აფსუს, ვაჟკაცო, აფსუს!

უ შ ი შ ა. დევმ მახიბლ, გიგოო, თოთია. სათიბრად წამასულიყო, თავადიშვილისად რაისადამ ეთიბ, იმას დატყუებით კამბეჩის ხორცი ასავ, ღორის ხორც ეჭმივა… ხატს სწყენიყვ ისი, საშინაოდ მამავლისად დევ მიესივ, დაეხელთ, ორ დღეიც ქვე ვეღარ იცოცხლ, ნიადე მაკვდ, გაგრილდ.

გ ი გ ო. მე კი სისხლით გავინათლე, დევისა აღარ მეშინიან, თორემ ძლიერ საშინელი სულიერი კია ის დასაქცევი დევი!

უ ნ ც რ უ ა. რას არა, გიგო, ნახევარ ხევსურეთ დევთაგან ვორთა დაწიოკებულნ: სად ქვას გვესრევს, სად-სად კლდეზედ გადაღვლევს. დიდს დაღონებაჩი ვართ დევთაგან.

გ ი გ ო. ეხლა ეს მითხარით, ჩემო ძმებო, საისკე მიემგზავრებით? მარილის სასყიდლად იქნებით წამოსული ქალაქს.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. არა, გიგოო! სვეის წასატანად წამავედით შენთან.

გ ი გ ო. ვაი შენ, ჩემო თავო, რომ შავრცხვი თქვენთან, ძმებო, შამარცხვინეს იმ წუწკმა მთიულებმა. ჩამოსულან, ჩუმად შეპარულან ჩემს ჭალაში, დაუკრეფიათ და გაპარულან. გვიანღა გავიგე, დავადევნე ბიჭები, მაგრამ ვეღარ მოსწეოდენ.

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (აღელვდებიან და შეუდგებათ ჩოჩქოლი) არ გაუტევთ იმათ ქვე ჩვე ცოცხლებს, რა ხელი ჰქონდ იმათ ჩვენს სვესთან, იმ ძაღთ, იმათ! სადაველი მთიულები იყვნენ?

გ ი გ ო. მგონია, მლეთელები ყოფილან, კარგად არ ვიცი.

ა ბ ი კ ა. შასხედით, ხევსურნო, ჯორ-ულაყებზე, მიუხდეთ სოფელჩი, თემჩი მიუხდეთ იმ მკვდარ-ვირიანთ, იმათ!.. (შესხდებიან ჯორებზე და ერთი მეორეს აღარ აცლის, გარბიან. გიგო ადგება და ტყეში მიდის, იმალება. სვიმონი რჩება მარტოკა).

ს ვ ი მ ო ნ ი. (მარტოკა) რასა სჩადის ეგ კაცი? მართალი უთხრას, ლამის ხალხს ერთმანეთი ამოაწყვეტინოს?

(ნახევარ საათს შემდეგ ხევსურები ისევ უკან მოვლენ, მოდგებიან დუქნის კარებზე, სვიმონიც დუქნის ოთახში იმალება).

ხ ე ვ ს უ რ ნ ი. (დახლიდარს) რა იქნ გიგოი?

დ ა ხ ლ ი დ ა რ ი. გიგო შინ წავიდა. (ხევსურებმა აღარ იციან რა ჰქნან)

უ შ ი შ ა. (დახლიდარს) მაიღ, ორის აბაზის არაყ დაგვისხ. (დახლიდარი უსხამს, ხევსურები სმენ. აბიკას) არ სტყუოდ, გუდანის-ჯვრის გამარჯვებამ, ღერენაი, სუ შენ საქმეი ეს, ბუმბულავ, შაგვაცდინ-მაგვაცდინენ, არ გცხვენიანა, კა ძმობა გაგიწივ გიგომა. როგორაღ მივიდეთ ხევსურეთა, რას გვეტყვიან. ძაღ ჰყოფილხარ შენ, ცოცხალ გასატევ არ ხარ შენ.

უ ნ ც რ უ ა. არა ას ცოცხალ გასატევი, ნურც გაუტევთ ამას კი ცოცხალ.

ძ ა ღ ლ ი კ ა. არ ას სასიცოცხლოი, ღმერთისმა.

ა ბ ი კ ა. თქვენ რაისასაღ უნბობთ, ნეტარ! ჭკვა დაიტანეთ, ხელნ ხო არ ხართ!

უ შ ი შ ა. (იწვდის ხმალს და იმასთან ერთად ძაღლიკა, უნცრუა დაუტევენ აბიკას. აბიკაც იმართება ფარ-ხმლით) შენ სისხ ჩემს თავს იყვას, მკვდარ-ვირიანო! (მოუქნევს ხმალს, მაგრამ აბიკა ფარს შეაშველებს უშიშას ხმალს. ამ დროს უნცრუა დაჰკრავს თავში ხმალს აბიკას და სისხლი იწყებს გადმოდენას).

უ ნ ც რ უ ა. (აბიკას) ემაგას დაგკრავ, უნცრუას მეძახიან მეა.

ძ ა ღ ლ ი კ ა. (მოუქნევს ხმალს აბიკას) დაკრულ ეგეთაიც არ უნდ. სოფლისა, თემის მოღალატეს ძაღლურად სიკვდილ შაუხდების. (სცემს ხმალს მხარში).

ა ბ ი კ ა. (იგერებს ხმლით და ფარით მტრებს) გცხვენოდესთ, ხევსურნო, რა ონაი ჰქენით ჩემზე!

უ შ ი შ ა. (დაჰკრავს ხმალს აბიკას თავში) ეგ ონა ვქენით, მაღალატეო, მკვდარ-ვირიანო, ვერ ხედავა?!

(აბიკა გონმიხდილი დაეცემა დაბლა).