მიწა ვარ ნიადაგ მენა,

ბეჩავი, გლეხად შობილი,

მიწაა ჩემი დედ-მამა,

ჩემი და, ჩემი ძმობილი...

ვხნავ, ვთესავ, ვებრძვი მიწასა,

ე შრომა მაინც ფუჭია

ვერ გადვირჩინე წლის სარჩო,

ვერ გამოვიძღე კუჭია...

მიწის პატრონიც მე მწიწკნის,

ჯინჭველაც ჩემი მტერია,

მოხელე, მღვდელი და ერი,

ყველა მე შემომცქერია...

ნეტავი გამაგებინა,

როდის-ღა მომასვენებენ?

ვერ შავესწრები მგონია,

სანამ არ გამასვენებენ!..


1883 წ.

თოვლი ატირდა ლანქერად,

ადიდდა ჩვენი წყლებია,

ბალღებს უხარის, დარბიან,

პაპას გაუთბა ძვლებია,

მიმჯდარა ბერი მყუდროზე,

ყავარჯენს მისჩერებია,

ქვეყანამ გამოიღვიძა,

სიცოცხლე მოსწყურებია.

წეროებს ვხედავ ცაშია,

დამწკრივდნენ როგორც ისარი,

წინა — უკანას ხმას აძლევს,

უყვირის როგორც ციცარი,

არც სცილდებიან ერთმანეთს,

ვით ძმა ძმას შენაფიცარი,

მიფრინვენ ჩრდილოეთისკენ,

იმათი წესი ის არი...

აგერ მერცხალმაც ჰაერში

რა ცელქად შეინავარდა,

ბუზს იჭერს კამარაშია,

ელვაებრ ფრთები ამართა,

აგერ წყლის სარკეს გაეკრა,

მაგრამ შიგ კი არ ჩავარდა,

იამაც სუნი მოგვფინა,

რა ზამთარს სული გავარდა.

სუყველა ხარობს და გალობს,

სირი იმზადებს ბუდესა,

სახნის-საკვეთსა სწვერავენ,

ბოსტანს უვლებენ ზღუდესა,

ბუნებაც ჰყვავის მრავალ-ფრად,

დეე ცივს ზამთარს ჰშურდესა,

ამგვარი ძალა, სიცოცხლე,

ვინ არის, რომ არ სწყურდესა?


1881 წ.

ღამის მეხრე ვარ, ტლუ ბიჭი,

ნაბადში გახვეულია,

გუთნის ხარ-კამეჩს ვდარაჯობ,

უნდა ვხნათ ანეულია...

მზე რაკი ჩავა, გუთნეულს

გამოვაყოლებ ჭალასა,

თუ მგელი ამოგვედევნა,

ფინთად აუშლი ბალანსა.

რომ დაღამდება, ყურს ვუგდებ,

არ ისმის ჩქამა-ჩქუმია,

მარტოკა მშიერ ხარ-კამეჩს

გაუდის ხრამა-ხრუმია.

ხანდისხან ჭოტის ხმა ისმის

და გულს მიღონებს წყეული,

ისე საბრალოდ გასძახის,

როგორც თიკანი ეული.

ჯეჯილის სანაპიროზე

სძოვს და სძოვს გუთნეულია,

იმათ ცოხნაზე ხანდისხან

მომეკიდება რულია.

ვმაგრობ და ვფრთხილობ, თავს ვიჭერ,

თან დავღიღინებ წყნარათა,

შევხედავ, ხარი-პარიამ

ლამაზად გამოანათა...

მერმე აღარა მიჭირს-რა,

გატყდება ღამე და ძილი,

მრავალიც გადექანება,

დიდი არ რჩება მანძილი.

მას უკან დილის რიჟრაჟი

ცას განმინათლებს და გულსა,

ტოროლაც შეინავარდებს,

ძირს ვეღარ ვნახავ ნაბულსა,

მზე ყურს ამოჰყოფს, გუთნეულს

დავირეკ შესაბმელათა,

ორი დღის ალო მერგება,

გადამიხნავენ ხელათა.


1883 წ.