ღამის მეხრე ვარ, ტლუ ბიჭი,

ნაბადში გახვეულია,

გუთნის ხარ-კამეჩს ვდარაჯობ,

უნდა ვხნათ ანეულია...

მზე რაკი ჩავა, გუთნეულს

გამოვაყოლებ ჭალასა,

თუ მგელი ამოგვედევნა,

ფინთად აუშლი ბალანსა.

რომ დაღამდება, ყურს ვუგდებ,

არ ისმის ჩქამა-ჩქუმია,

მარტოკა მშიერ ხარ-კამეჩს

გაუდის ხრამა-ხრუმია.

ხანდისხან ჭოტის ხმა ისმის

და გულს მიღონებს წყეული,

ისე საბრალოდ გასძახის,

როგორც თიკანი ეული.

ჯეჯილის სანაპიროზე

სძოვს და სძოვს გუთნეულია,

იმათ ცოხნაზე ხანდისხან

მომეკიდება რულია.

ვმაგრობ და ვფრთხილობ, თავს ვიჭერ,

თან დავღიღინებ წყნარათა,

შევხედავ, ხარი-პარიამ

ლამაზად გამოანათა...

მერმე აღარა მიჭირს-რა,

გატყდება ღამე და ძილი,

მრავალიც გადექანება,

დიდი არ რჩება მანძილი.

მას უკან დილის რიჟრაჟი

ცას განმინათლებს და გულსა,

ტოროლაც შეინავარდებს,

ძირს ვეღარ ვნახავ ნაბულსა,

მზე ყურს ამოჰყოფს, გუთნეულს

დავირეკ შესაბმელათა,

ორი დღის ალო მერგება,

გადამიხნავენ ხელათა.


1883 წ.

წამოდექით, ყმაწვილებო,

ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე,

აბა, თავი მოიყარეთ

სწავლისათვის თავის დროზე!..

რა ხანია მამლაყინწამ

იყივლა და გაათენა,

მერცხალმაც კი იჭიკჭიკა,

არ დააცხრო ტკბილი ენა!..

აგერ ტყემაც გაიღვიძა,

შრიალებს და რაცღას ხარობს,

კოდალა ხეს უკაკუნებს,

და მწყერ-ჩიტა ცაში გალობს!

მინდორი და ველი ჰყვავის,

ნამი ბზინავს ათას ფერად,

მზემაც თვალი გააჭყიტა.

ამოვიდა მათ სამზერად...

ჭინჭველები ველს მოედნენ,

თითქოს რაღაც ჯოგიაო,

მოლაღურიც გაიძახის

მაღლა: “ბიჭო — გოგიაო!..”

ჭია-ღუა სარჩოს ჰზიდავს,

რომ გაივსოს თავის ბინა,

და ფუტკარიც მიზუზუნებს

ყვავილისკენ თაფლისთვინა!..

კაცი, მხეცი და ჩიტები —

ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა,

მეთევზეა — ბადესა ჰშლის,

და მუშაკი იქნევს ცელსა...

წამოდექით, ყმაწვილებო,

თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი, —

ზარმაცები ღმერთს არ უყვარს, —

წიგნს მოჰკიდეთ აბა, ხელი!..


1883 წ.

მამითადი ჰყავს თინიას,

დღეს არის ამის ლხინია,

ციბრუტივითა ტრიალებს

საწყალობელი თინია!..

ქვრივ-ოხერს, ბეჩავ თინიას,

ჰყავს ერთად-ერთი შვილია,

პაწია, წვითა და დაგვით,

ვაებით გამოზრდილია.

დღის მეხრე იყო, მოუხნეს

ერთი დღის მიწა ნაოში,

მაგრამ სათესლე გაჭირდა,

არ გახლდათ საკუჭნაოში!..

ჩამოითხოვა თინიამ

ოროლი მუჭა ხორბალი,

მოთესა, უცებ ზღვა გასკდა,

შიგ დატრიალდა ღვთის თვალი:

თავთავმა თავი დახარა,

ყველამ გალესა ნამგალი,

თინას კი გული უსკდება,

ვინ მისცა იმას მომკალი?

თუ სანახევროდ სხვას მისცა,

რაღაა გასაყოფელი?

თუ არა, ღონე არა აქვს,

მისი ღონეა სოფელი...

ჩამოუარა სოფელსა,

სთქვა: “ყველას დავეღრიჯები”.

დილა-ადრიან მოადგნენ

კარზე რჩეული ბიჭები,

“ჰოოპუნათი”, კიჟინით

მოედვნენ ქვრივის ყანასა,

არ შევხვედრივარ მამითადს

მე არსად ამისთანასა!..

თინა მასპინძლობს გულ-უხვად

მოუტანია მჭადები,

მაწონი, ორი დედალი,

მუშისთვის დანამზადები...

ცოტა არ იყოს, სცხვენიან,

ღვინო არა აქვს საწყალსა,

მაგრამ ზედი-ზედ უზიდავს

მამითადს წყაროს ცივ წყალსა...

“ჰოოპუნა” და კიჟინი

უხდება ქვრივის ყანასა,

არ შევხვედრივარ მამითადს

მე არსად ამისთანასა!..

ციბრუტივითა ტრიალებს

საწყალობელი თინია,

მამითადი ჰყავს თინიას,

დღეს არის მისი ლხინია.


1882 წ.