მამითადი ჰყავს თინიას,

დღეს არის ამის ლხინია,

ციბრუტივითა ტრიალებს

საწყალობელი თინია!..

ქვრივ-ოხერს, ბეჩავ თინიას,

ჰყავს ერთად-ერთი შვილია,

პაწია, წვითა და დაგვით,

ვაებით გამოზრდილია.

დღის მეხრე იყო, მოუხნეს

ერთი დღის მიწა ნაოში,

მაგრამ სათესლე გაჭირდა,

არ გახლდათ საკუჭნაოში!..

ჩამოითხოვა თინიამ

ოროლი მუჭა ხორბალი,

მოთესა, უცებ ზღვა გასკდა,

შიგ დატრიალდა ღვთის თვალი:

თავთავმა თავი დახარა,

ყველამ გალესა ნამგალი,

თინას კი გული უსკდება,

ვინ მისცა იმას მომკალი?

თუ სანახევროდ სხვას მისცა,

რაღაა გასაყოფელი?

თუ არა, ღონე არა აქვს,

მისი ღონეა სოფელი...

ჩამოუარა სოფელსა,

სთქვა: “ყველას დავეღრიჯები”.

დილა-ადრიან მოადგნენ

კარზე რჩეული ბიჭები,

“ჰოოპუნათი”, კიჟინით

მოედვნენ ქვრივის ყანასა,

არ შევხვედრივარ მამითადს

მე არსად ამისთანასა!..

თინა მასპინძლობს გულ-უხვად

მოუტანია მჭადები,

მაწონი, ორი დედალი,

მუშისთვის დანამზადები...

ცოტა არ იყოს, სცხვენიან,

ღვინო არა აქვს საწყალსა,

მაგრამ ზედი-ზედ უზიდავს

მამითადს წყაროს ცივ წყალსა...

“ჰოოპუნა” და კიჟინი

უხდება ქვრივის ყანასა,

არ შევხვედრივარ მამითადს

მე არსად ამისთანასა!..

ციბრუტივითა ტრიალებს

საწყალობელი თინია,

მამითადი ჰყავს თინიას,

დღეს არის მისი ლხინია.


1882 წ.

კაცი ის არის, ვინც მისდევს

დიდის მოძღვრისა მცნებასა,

ვინც მოძმეს გულსა გაუხსნის,

თავს აუცილებს ვნებასა,

ქვრივ-ობლებს ცრემლებს მოსწმენდავს,

მოუსპობს გაჭირვებასა,

იბრძვის და იბრძვის ერისთვის,

ქვეყანას მისცემს შვებასა!

კაცი ის არის, ვინც მამულს

გამოადგება შვილადა,

ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,

თავი — სამსხვერპლო წილადა,

ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,

მისი ღიმილი — ლხინადა,

ვინც მისთვის თავსა შესწირავს,

მას შამოავლებს ფთილადა!

კაცი ის არის, ვინც მამულს

ეტრფის და ეთაყვანება,

ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,

ვერც მისი მკაცრი ბრძანება,

ვისაც სამშობლოს ოხვრისთვის

ლომ-გული მოეფხანება,

ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს,

მოწამეს დაეგვანება!


1886 წ.

ნეტა რა წყალში ჩავვარდე,

რით გამოვკვებო ცოლ-შვილი?

ი დასაქცევმა სეტყვამა

კარს მომაყენა შიმშილი!..

რას ვიფიქრებდი ბეჩავი? —

ცა კამკამებდა ლურჯადა,

სამი დღის ყანა, სამკალი,

ზედ კარზე მედგა ბურჯადა.

უცებ გამოჩნდა პაწაწა,

მუშტის ოდენა ღრუბელი

მერე გადიდდა, იგრგვინა

და წამოვიდა სულ ბნელი...

დასავლეთიდან დაჰბერა,

წამოგვაყარა კოხია,

ბალღები დამიწიოკა,

მოაძებნინა ქოხია,

ისროდა მუშტის ოდენსა

და გრიალებდა წყეული,

მირეგ-მორეგვა ხე-ხილი,

გაწყალდა ანაზდეული!..

ყანა წამიხდა, რა ყანა,

ავ თვალს არ ენახვებოდა,

თავ-თავს ქვეშ იზნიქებოდა,

სიმძიმისაგან წვებოდა!..

ნეტა რა წყალში ჩავვარდე,

რით გამოვკვებო ცოლ-შვილი? —

ი დასაქცევმა სეტყვამა

კარს მომაყენა შიმშილი!..


1883 წ.