კაცი ის არის, ვინც მისდევს

დიდის მოძღვრისა მცნებასა,

ვინც მოძმეს გულსა გაუხსნის,

თავს აუცილებს ვნებასა,

ქვრივ-ობლებს ცრემლებს მოსწმენდავს,

მოუსპობს გაჭირვებასა,

იბრძვის და იბრძვის ერისთვის,

ქვეყანას მისცემს შვებასა!

კაცი ის არის, ვინც მამულს

გამოადგება შვილადა,

ვისაც სამშობლო ტაძრად აქვს,

თავი — სამსხვერპლო წილადა,

ქვეყნისა ცრემლი ჭირად უჩნს,

მისი ღიმილი — ლხინადა,

ვინც მისთვის თავსა შესწირავს,

მას შამოავლებს ფთილადა!

კაცი ის არის, ვინც მამულს

ეტრფის და ეთაყვანება,

ვისაც ვერ დასძლევს მტრის ოქრო,

ვერც მისი მკაცრი ბრძანება,

ვისაც სამშობლოს ოხვრისთვის

ლომ-გული მოეფხანება,

ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს,

მოწამეს დაეგვანება!


1886 წ.

ნეტა რა წყალში ჩავვარდე,

რით გამოვკვებო ცოლ-შვილი?

ი დასაქცევმა სეტყვამა

კარს მომაყენა შიმშილი!..

რას ვიფიქრებდი ბეჩავი? —

ცა კამკამებდა ლურჯადა,

სამი დღის ყანა, სამკალი,

ზედ კარზე მედგა ბურჯადა.

უცებ გამოჩნდა პაწაწა,

მუშტის ოდენა ღრუბელი

მერე გადიდდა, იგრგვინა

და წამოვიდა სულ ბნელი...

დასავლეთიდან დაჰბერა,

წამოგვაყარა კოხია,

ბალღები დამიწიოკა,

მოაძებნინა ქოხია,

ისროდა მუშტის ოდენსა

და გრიალებდა წყეული,

მირეგ-მორეგვა ხე-ხილი,

გაწყალდა ანაზდეული!..

ყანა წამიხდა, რა ყანა,

ავ თვალს არ ენახვებოდა,

თავ-თავს ქვეშ იზნიქებოდა,

სიმძიმისაგან წვებოდა!..

ნეტა რა წყალში ჩავვარდე,

რით გამოვკვებო ცოლ-შვილი? —

ი დასაქცევმა სეტყვამა

კარს მომაყენა შიმშილი!..


1883 წ.

გადმახალისა, ძმობილო,

შენგან ნასროლმა იამა,

შენი ფანდურის ჟღერაი

მოხუცს გულს მეტად იამა!..

ყური დავუგდე სიმებსა:

დამიტკბეს ბერი სულია,

გადამახედეს ფშაველში,

მთლად ამიჩქროლეს გულია!.

მასმინა შენმა ფანდურმა

მთის ყვავილების ქებანი,

“ფშაური ქალის ტირილი”

და “ტყვის სიმღერით” შვებანი...

ბაასი ბებერ “მუხასთან”

ალმასებრ ლექსით მსმენია,

დავღონებულვარ ბეჩავი,

ცრემლი ვერ დამითმენია!..

შენ დამანახვე, ძმობილო,

“მგზავრის საღამო მთებშია”, —

ფრთები დავუშვი მე დაბლა,

ვეღარ მოგყვები ფრთებშია:

შენ ყმაწვილი ხარ, მე — ბერი,

ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია!

მაწაფე, მოძმევ ახალო,

ბერსა ახალი ჰანგია!


1886 წ.