გადმახალისა, ძმობილო,

შენგან ნასროლმა იამა,

შენი ფანდურის ჟღერაი

მოხუცს გულს მეტად იამა!..

ყური დავუგდე სიმებსა:

დამიტკბეს ბერი სულია,

გადამახედეს ფშაველში,

მთლად ამიჩქროლეს გულია!.

მასმინა შენმა ფანდურმა

მთის ყვავილების ქებანი,

“ფშაური ქალის ტირილი”

და “ტყვის სიმღერით” შვებანი...

ბაასი ბებერ “მუხასთან”

ალმასებრ ლექსით მსმენია,

დავღონებულვარ ბეჩავი,

ცრემლი ვერ დამითმენია!..

შენ დამანახვე, ძმობილო,

“მგზავრის საღამო მთებშია”, —

ფრთები დავუშვი მე დაბლა,

ვეღარ მოგყვები ფრთებშია:

შენ ყმაწვილი ხარ, მე — ბერი,

ღმერთმა გიკურთხოს ჩანგია!

მაწაფე, მოძმევ ახალო,

ბერსა ახალი ჰანგია!


1886 წ.

(აღა-მაჰმად-ხანის დროის)

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას სტირი, ძუძუს ჭირიმე?

ჯარს იძახიან, დედილო, —

სად არის ჩემი ხირიმი?

თათარი შემოგვსევია,

სწოვს და აოხრებს ქვეყანას,

ე-მა ქოხს თავზე დაგვაქცევს,

ვენახს მოგვითელს და ყანას.

ნეტა რას სტირი, დედილო? —

რა დროს გლოვაა შვილისა?

გულში მკრეს, ორგან გახვრიტეს

ჩემი პერანგი შილისა.

ნეტა რას სტირი, დედილო?

დეე აქ ვეგდო ღელოში,

ხომ ვერა ჰნახავ ურჯულოს,

ვეღარსად საქართველოში?

ნეტა რას სტირი, დედილო?

ჯერ ვერ წამოვალ შინათკენ,

მე აქ ვიგერებ ყვავ-ყორანს,

თვალი მიჭირავს იმათკენ...

ნეტა რას სტირი, დედილო?

სახლზედ იყავი ფრთხილადა,

ირმა ხარს მოუარევი,

მარილს ალოკე ხილადა.

ყანა გამარგლეთ ბეჯითად,

არ მოერიოს ჭიოტა,

ე პაწა არ დამიმშიოთ,

ფოცხვერს არ დამიჭმიოთა!..

ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება.

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდება!..

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!..


1881 წ.

















  დაბადების თარიღი:    21 აპრილი, 1824
გარდაცვ. თარიღი:    4 მარტი, 1901  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    თელავი
კატეგორია:        ეთნოლოგი, მწერალი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, ახლანდ კასპის რაიონი.

ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. იგი იყო კახეთში ჩასახლებულ ერისთავთა შთამომავალი. ბავშვობა სოფ. ქისტაურში გაატარა. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში; თბილისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ (1844) მუშაობდა თუშ-ფშავ-ხევსურეთის სამმართველოში თარჯიმნად, თბილისში - მეფისნაცვლის კანცელარიაში, ქუთაისში - განსაკუთრებულ მინდობილობათა უფროს მოხელედ.

რ. ერისთავს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში; იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აგრეთვე ”ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დამდგენი კომისიის (1882) ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე. რ. ერისთავის შემოქმედება მრავალფეროვანია. 70-80-იან წლებში რ. ერისთავის პოეზიაში ახალი ძალით გამოვლინდა ჰუმანიზმი და დემოკრატიზმი. იგი ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა მათემატიკური, ფიზიკური, ქიმიური და სხვ. სამეცნიერო ტერმინოლოგია; გამოცემული აქვს "შემოკლებული ლათინურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი" (1873). მისი რედაქტორობით პირველად გამოიცა ს. ს. ორბელიანის ქართული ლექსიკონი (1884).


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ.4.-თბ., 1979.-გვ.194; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net


ბიბლიოგრაფია

მიპატიჟება სასწავლებელში : ლექსები უმცრ. სასკ. ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 16გვ.
ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული წერილები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1986. - 250გვ.
რჩეული თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1958. - 583გვ.
რჩეული ლექსები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1928. - 74გვ.
მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი (შემდგენელი). - ტფილისი, 1884. - 167გვ.


 ლექსები

ნეტა რას სტირი, დედილო?

ბაჩანას პასუხად

ტეტიას მოთქმა

კაცი ის არის

თინიას მამითადი

მიპატიჟება სასწავლებელში

ღამის მეხრე

გაზაფხული

სესიას ფიქრები

თარის დაკვრაზედ

ღამის მეხრის სიმღერა

რაზე მიწყრები, ყეენო

რას შემომცქერი, ძმობილო?

გოგოს ჭირიმე

კავკასია

სურათი

აღზევანს წასვლა

ზაფხული

რას ერჩი მაგ ბიჭს, თათარო?

მევენახის სიმღერა

მეცხვარე თრიალეთზედა

სამშობლო ხევსურისა