ედემს რგულსა საროს მაშორვა ბედმან,
აროდეს ნუგეშს მცა მასთან დაზმითა.
მიმუხთლა სოფელმან რისხვითა მხედმან,
აწ ხმეული მშთარ-ვარ სურვილის-სმითა.
ლალ-ბროლსა შერევნია შეთხზულად,
იაგუნდს ჰყავნ მარგალიტნი შეცულად.
როს განაპის, მჭვრეტს იქმს განლიგებულად,
აღავსებს მის ბაგეთ თვისის ქებითა.

ეკაზმინ სამოდ წარბნი მოხრილნი,
მელნის ტბათ გარემოს არს ზღვანი გრილნი;
მათცა გარ მოზღუდვენ ჰინდთ ჯარნი ყრილნი,
ჰკოდენ მჭვრეტთა გულსა ისართ პირ ხმითა.
ნათელსა ჰსცემს მრჩობლი ბროლის ფიცარსა,
ზილფნი აშვენებენ ყელს საფიცარსა;
ვეშურვ რაყიფს მისს სიახლეს ვინც არსა.
გლახ მოწყლულ მაქვს გული წყვდიადსა ბმითა!
ერთი იგი ვნახე ლახვარ ჭურვილი,
მიჯნურთ გულთ მოსრვისა აქვნდა სურვილი.
მეც მხვდა მისგან წყლული, მექმნა ურვილი,
აწ, ენაო, რა გეწამლოს ჭირთ თქმითა!

1

სოფლის მიმნდობთა ბოლო აქვთ შხამად,

ლხინი, შექცევა თვალისა წამად.

2
არა ერთხელ სიჭაბუკე დაუთრთვილავს სიბერესა.

არა ერთხელ ბედის დილა შეუცვლია შავ ღამესა.

3
გვედრი, თვით მიხვდე, - მიკვირს, ცნობა მეძნელებიან,

რასაცა მარად თვალნი ჩემნი გეუბნებიან.

4
შენთვით ხელობა თუ ვინ მიზრახოს,

რაბამათ შერცხვეს, თუ თვალით გნახოს.

5
თუ დიდი ლხენა ან ჭმუნვა გვამიზეზებდეს სიკვდილსა,

ვითღა რჩეს სული მოყვსისა, თან მხლესა ანუ შორქმნილსა.

6
სამოთხის შვება რამ მაცნობა, - მითხრაცა ენამ,

იმასთან ყოფნამ, მისმან ჭრვეტამ და მისმან სმენამ.

7
კვლავ მარად ჩემსა სურვილსა იმედი წინ უძღოდა,

აწ სურვა გულსა კვლაებრ სწვამს, მაგრამ ვარ უიმედოდა.

8
ვინ იცის ჩემნი ტანჯვანი ბნელი დღისა თუ ღამისა,

ტრფობისა კიდე რა შესწამს? მიზეზიცა ვსთქვა ამისა.

9
ოდენ ხმა შენი მესმოდეს, ოდეს შენს სახეს ვხედვიდე,

ესე რომ მწყურდეს ამისთვის რას ვგმობდე, ან რას ვცოდვიდე!

10
ვინც გიხილოს, ინატვრიდეს კვლავცა გნახოს, კვლავცა გნახოს.

გნახოს ცნობას ისურვიდეს და რა გიცნას შენთვის ახოს.

მარხულნო, მანამ ცხონდებით,
ნეტა, ქარებით რათ კვდებით!
ლობიო ღვინით დაარჩეთ,
თორემ აქავე წაწყმდებით!