I

 

კაი ხანია არ გვენახა იმისთანა მშვენიერი, ყოველნაირად შეზავებული, ამინდიანი გაზაფხული, როგორსაც შარშან ვეღირსენით. იმ წელს გაზაფხული თითქმის შუა თებერვლიდანვე დაიწყო; ზამთარი თოვლიანი იყო და ამის გამო მარტის განმავლობაში მიწას, თუ ჰაერს სასარგებლო სისველე არ მოჰკლებია. აპრილის დამდეგს მოჰყვა საუცხოვო ჟუჟუნა წვიმები, რომელთაც ერთგულად ხელს უწყობდა დასავლეთის წყნარი და გრილი ნიავ-ქარი. ჩვენდა სასიამოვნოდ, ეს ორი ძვირფასი სტუმარი ყოველი მხვნელ-მთესველისა თიბათვის გასვლამდე კვირაში ერთხელ მაინც გვეწვეოდა ხოლმე და განუზომელის სიხარულით ავსებდა ჩვენს სულსა და გულსა. ვენახები და ბაღები, მინდორი და ველი მოსავლით ივსებოდნენ და მათთან ჩვენი გულიც ათასნაირ იმედებით ცოცხლდებოდა და სიამოვნების ნეტარებას ეძლეოდა. ასე მიდიოდა ჩვენი ყოფა-ცხოვრება მკათათვის პირველამდე. გათენდა მკათათვის პირველი დღეცა. შავი და უკუღმა იყვეს ის და მისი გათენებაცა!

ხომ გინახავთ, ჩემო ბატონო, ისეთი ადამიანი, რომელსაც სახე ანგელოზისა აქვს, გული კი ბოროტებით სავსე კუდიანისა?! გამოუცდელი კაცი ადვილად აჰყვება ხოლმე ამ გვარ შეხედულობას, ფარვანა პეპელასავით თავს ევლება მის სიმშვენიერეს და ბოლოს, ფარვანას მსგავსადვე, კისერს იმტვრევს მის ცბიერებით სავსე გულზედა. ხედავს თავისი იმედების გაცრუებას და აღშფოთებული წყევლა-კრულვას უგზავნის იმ წამს, როდესაც მის გარეგნობას პირველად მოჰკრა მან თვალი. სწორედ ამისთანა ადამიანსა ჰგავდა ის წყეული დილაც.

მტრედისფრად იყო ნანათი, როდესაც მე და ბიძაჩემი ანდრია შინიდან კარზე გამოვედით. ჩვენი დარბაზი იდგა სოფლის განაპირას, რომლის შემდეგაც იწყებოდა თვალგაუწვდენელი სახნავ-სათესი მინდორი. გავაღეთ თუ არა კარები, მინდვრის წმინდა, გრილმა, ათასნაირად შეზავებულმა ჰაერმა დაგვიტკბო მთელი არსება. აღმოსავლეთის მთებიდან მზის შუქი ვარდისფრად ამოჩანდა და მოკრიალებულ ლაჟვარდ ცას ღამის შავ ფარდას აცლიდა. ერთის მხრიდან მოჰქროდა მინდვრის ნიავი და თან მოჰქონდა რაღაც საიდუმლო ჩურჩულ-შრიალი უკვე შეყვითლებულ ყანებისა. ხოლო მეორეს მხრივ, იქვე, ჩვენ თვალწინ, პატარა, გიჟმაჟ მდინარეს გაჰქონდა მხიარული ჩხრიალი და თანაც მარდის, ცელქურის ჩქაფა-ჩქუფით მიათამაშებდა ქვემოთ თავის ანკარა ტალღებსა. ბიძაჩემმა პირი აღმოსავლეთისკენა ჰქნა და ტუჩების ნელის მოძრაობით გულზე რამდენჯერმე სასოებით გადაიწერა პირჯვარი, მერმე ჩემსკენ მოტრიალდა და მხიარულად მითხრა:

- აბა, ძამიავ, მოდი ახლა და ე ცივ წყალზე ლაზათიანად დავიბანოთ პირი.

ორივენი მივედით წყლის ნაპირას; ბებერ, გამოფუღრულ, მაგრამ ჯერ კიდევ მწვანე ფოთლებით დაბურულ, ვერხვის ქვეშ ჩავსხედით და სიამოვნებით ვიწყეთ პირის ბანა. სანამ ჩვენ ამ საქმეს მოვრჩებოდით, ანდრიას ცოლ-შვილსაც გამოღვიძებოდა, ტანთ ჩაეცვათ და სათითაოდ მოგროვდნენ ჩვენს გარშემო. ცოლი ანდრიასი - ელისაბედი, ამათი გასათხოვარი ქალი - მარო, და ოთხი-ხუთი წლის პატარა ვაჟი - მიხა, ცოტა ჩვენ ქვემოთ, მდინარის ნაპირას ჩამწკრივდნენ და ჟივილ-ხივილით მიჰყვეს ხელი პირის ბანასა. ის იყო პირი შევიწმინდეთ და სავარცხელს უპირობდით ხელის წავლებას, როდესაც იქვე ახლო, სასოფლო გზიდან, შემოგვესმა ჩვენის მოხუცებული მღვდლის, იოთამის ხმა:

- დაგლოცოთ, შვილო!.. გაკურთხოთ უფალმა!..

- ღმერთმა გადღეგრძელოს, მამაო!.. შენი ლოცვა-კურთხევა ნუ მოგვიშალოს ე წმინდა გიორგი პატიოსანმა!.. - მოახსენა მღვდელს ანდრიამ და ფეხაჩქარებით გასწია მისკენა.

- შენდობა, მამაო!.. - უთხრა მოძღვარს ანდრიამ, ემთხვია ხელზე და შემდეგ მეზობლურად ამბავი მოჰკითხა ცოლ-შვილისა. მღვდელმა, მადლობის ნიშნად, თავი მძიმედ დაუკრა და ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ, პასუხის ნაცვლად, უთხრა:

- აბა, შვილო, რას ამბობ!.. განა დრო არ არის, რომ ი შენი შვილის სამკვდრო მომცე?.. აგერ წელიწადი სრულდება, ანდრია, და შენ კი ჯერაც არა მოგიცია რა!..

- მოგართმევ, შენი მადლი არ გამიწყრეს, მოგართმევ!.. აი მოსავალი კარს მოგვდგომია! დღეს, თუ ხვალ გაიჭრება ყანები... გავლეწავ და ან პურათ მოგართმევ, ან არა და გავყიდი და ისე გადვიხდი მაგ ვალსა.

- ერიჰაა!.. ახლა საკალოეთ გამისტუმრე?.. ე ბურვაკები ვისია, ანდრია?

- ჩემები გახლამთ, შენი ჭირიმე!

- მაშ, ერთი ბურვაკი სარგებელში მაინც მამეცი, შვილო!..

- მოგართმევ, შენი წირვის მადლმა, მოგართმევ! დღეს საღამოზედვე დავიჭერ და მოგგვრი.

ამის შემდეგ მამა იოთამმა გულიანად დაგვლოცა ყველანი, ჯვარი გადმოგვწერა და ნელ-ნელა განაგრძო თავისი გზა.

- მამა, მამილო, - დაიძახა ამ დროს პატარა მიხამ, - შეხე, შეხე, ცხენებს როგორ მოაჭენებენ!..

ჩვენ მივიხედეთ გზისკენ და მართლა დავინახეთ ორი ცხენოსანი, რომელნიც უშნოთ გადალაჯულიყვნენ თავიანთ შესაფერ ჯაგლაგებზე და პირდაპირ ჩვენსკენ მოეშურებოდნენ. ანდრიამ მაშინათვე იცნო ისინი, გაიღიმა და თმის ვარცხნით გასწია მათკენ.

- დილა მშვიდობისა, არუთინ! დილა მშვიდობისა, შამუელ! - შესძახა მათ ბიძა ჩემმა, როდესაც დაუახლოვდა... - საითკენ მიეშურებით ამ დილაადრიან?

ურიამ სალამი დაუბრუნა ბიძაჩემს; სომეხმა კი, მის ნაცვლად, ყვირილი იწყო და ბრიყვულად გადმოსძახა მაღლიდამ:

- საითკენ? შენი თავის ხეთქამ, სტამბოლისკენ მივდივარ... ი ჩემი თეთრი აბაზები რო ემე ქენ, რატო აღარ იძლევი, შე მამაოხერო!

- რასა ჯავრობ, შე კაი კაცო!.. მოგართმევ, არუთინ, მოგართმევ, - უთხრა დაბალის ხმით ბიძაჩემმა; - აი, ხო ხედავ, რა მოსავალია წელსა, გავლეწამ, შვილოსან, და ჩემი ფეხით მოგიტან ფულსაცა და პურსაც.

- არა, ძმაოჯან, არა!.. - დაიღრიალა არუთინამ, - შენი არწყული და მოტანილი რა თავში ვიხლი? როცა კალო შააბა, შამატყობინე; მე მოვალ, ჩანახსა და ტომრებს მოვიტან და სულ წმინდათ კალოზე ჩამაბარე.

- რას ამბობ, კაცო? მე შენი ჩანახით როდისა ვარ გარიგებული? ექვს აბაზათ კოდი პური მოგცე და ისიც შენი უძირო ჩანახითა! ღმერთი აღარ არის შენში?

- შენი ნათელ-მირონობის მადლმა, ქაღალდში ეგრე გვიწერია.

- კარგი, კარგი, არუთინ, მოდი, მოიტანე ი შენი ჩანახი... მაგაზედაც არ გაგექცევი, ღვთის მადლით, წელს მოსავალი დიდი მოდის.

- მე რაღას მეუბნები, ანდრია, ეე! - დაიწყო ახლა ურიამ, - ჩემი რჯულის მადლმა, გიჩივლებ, თუ წელსაც არა მომეცი-რა ეე!..

- წელს კი უსათუოდ მოგცემ, შამუელ!.. რას გემართლები, შვილოსან!.. ხილი, ღვინო, პური დიდძალი მოდის წელსა, გავყიდი და თავნსაც ჩაგაბარებ, სარგებელსაცა.

ამის შემდეგ ცხენოსნებმა ისევ ააჩაქჩაქეს თავიანთი რაშები და გასწიეს ახლა სხვა გლეხებისაკენ. ანდრია კი გამობრუნდა ჩვენსკენ და თავის ქნევით გვითხრა:

- წუხელის ბატონის მოურავიც ეგდო აქა. ძაან დაგვემუქრა. სულ ნაცარ-ტუტას აგადენთ, თუ ყველა მოსავალი დროზე არ მოგირთმევიათ ბატონისათვისაო. სამიოდ-ოთხი თუმანი ფული ჯიბეში ჩაქისა: მოსავალში გამოგიბრითო. ეგა მდიდრდება და ი ჩვენი დოღრიალა ბატონი კი მიწასთანა სწორდება. ახლა, ამ დილაადრაან, ესენი მოგვიხტნენ. ღვთის მადლით, ამ ორ იუდას კი, იმედია, სამუდამოთ მოვიშორებ წელს!

- მამა, ჰაი მამა! - დაიძახა პატარა მიხამ, - აბა, აქ შემომხედე, როგორი დაგლეჯილი პერანგი მაცვია!.. ახალი პერანგი მიყიდეე!

- გიყიდი, შვილო, გიყიდი! - ალერსიანად უთხრა ანდრიამ; - მარტო შენ ხომ არა ხარ, შვილო, ეგრე! აი, დედაშენს შეხედე გელეთის გლახასა ჰგავს. მე ხომ, აგერ სრული წელიწადი გადის, ამ ერთი ჩოხის მეტი არა მომკარებია-რა!.. სუყველას გვეყოფა, შვილო, სუყველას, იმოდენა მოსავალი მოდის წელსა!

- მე, მამი, მე? - დაიძახა ახლა მარომ.

- შენ რაღა გინდა, შე ლირფო, შენა? -მომღიმარის სახით შემოუტია ქალიშვილს ანდრიამ. - წუხელი რო იძახდი: დიდი ვარ, დედაჩემის სიმაღლე გავხდიო; ეხლა, რა გნებავს მერე? გათხოვება, განა? აი, შე არამზადავ, შენა... დამაცალე, თუ გიჟ მანასეს არ მიგცე და ეს ულვაშები ნუღარ მესხას!

ამ ხუმრობამ ჩვენ ყველანი გაგვაცინა; ლოყებშეწითლებული მარო კი თავჩაღუნული გაიქცა შინისკენ.

ანდრიამ აიღო ხელში სახრე, ორიოდჯერ ხუმრობით ნელა წამოურტყა თვის ბიჭუნას და შემდეგ დაბალის ღიღინით გასწია მინდვრისკენ. ცოტა ხანს შემდეგ მეც უკან გამოვუდექი მას, მალე დავეწიე, მაშინათვე მხიარული სიმღერა გავაჩაღეთ და მით ქება-დიდება შევასხით უკვე ამობრწყინებულს ცისა და ქვეყნის დიდებულ მანათობელსა.

 

II

 

გავიარეთ ცოტა რამ მანძილი და უცებ მივადექით ერთ პატარა გორაკს, რომელიც ყოველის მხრიდან დაფარული იყო მწვანე ბალახითა და კარგა მოზრდილი მაღალი ბუჩქებით. ძირიდან მოკიდებული წვერობამდისინ ამ გორაკს ასდევდა ლამაზად გატკეცილი ვიწრო ბილიკა, რომელიც გველივით მიიხლაკნებოდა ხშირ და მაღალ ბუჩქნარებში და თეთრ ხაზად გამოჩანდა გორაკის ახავერდებულ ფერდოებზე. ამ ბილიკას დავადექით ორივენი და დაბალის ღიღინით შევუდექით ალმაცრივ დაქანებულს გვერდობსა. მივდიოდით ნელ-ნელა და თანაც სიამოვნებით ვუცქეროდით მრავალ პაწია ფრინველს, რომელნიც გუნდ-გუნდად მოხვევოდნენ აქაურ ბუჩქებსა, მარდად ხტოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე და ისეთი მხიარული ჟივილ-ხივილი გაჰქონდათ, რომ ჩვენ საჩქაროზე შევწყვიტეთ ჩვენი ღიღინი და ბურთი და მოედანი სიმღერისა იმათ დავუთმეთ. სჩანდა, რომ ეს ცქრიალა სულდგმულები ზაფხულის მშვენიერ დილას აღტაცებაში მოეყვანა და ამობრწყინებულ მზის უთვალავ სხივებს ჭიკჭიკ-გალობით ეგებებოდნენ. ვტკბებოდით ამ საოცნებო უფასო კონცერტით და თანაც ფეხაუჩქარებლივ ზევით და ზევით მივდიოდით. გავიდა ორიოდ-სამიოდე წამიცა და ჩვენმა ვიწრო ბილიკამ უცებ გაგვიყვანა გორაკის პატარა ბრტყელ თავზე. რომელზედაც ორი-სამის კაცის მეტი ვერ დაეტევოდა. როცა ამ ადგილზე დავდექი და დასავლეთისკენ გადავიხედე, აღტაცება ვეღარ შევიმაგრე და სიამოვნებით წამოვიძახე: “ღმერთო ჩემო, ეს რა საკვირველებაა!..” ჩემ წინ იყო გადაშლილი თვალგადუწვდენელი ტრიალი მინდორი, რომლის ნაპირები შორს, შორს ლაჟვარდ ცის დასავალს და ტყით შემოსილ მაღალ მთების კალთებს უერთდებოდნენ. ზედ შუა მინდორზე მარდად გარბოდა პატარა მდინარე, რომლის მოჩქრიალე ანკარა წყალი მზის ნათელ სხივებზე სარკესავით ელვარებდა. მის ზურმუხტის ფერ ნაპირებიდან მრავალი პატარ-პატარა ნაკადულები მხიარულად მიწანწკარებდნენ აქეთ-იქით და უხვათა რწყამდნენ მთელი მინდვრის შავსა და ღონიერ ნიადაგს. ამ გარემოებას და გლეხკაცის დაუღალავს მარჯვენას ეს ამოდენა არემარე ერთ დიდ, რაღაც საოცნებო, წალკოტად გადაექცია. ყველგან, საითკენაც კი უნდა გაგეხედათ, დაინახავდით ერთგულად შემუშავებულ სხვადასხვა გვარის მოსავლით სავსე მინდორსა, რომელიც დაყოფილი იყო უთვალავ სწორე და მოგრძო ოთხკუთხიან უჯრებად - სახნავ-სათეს მიწებად. ამ მიწებში ეთესა: პური, ქერი, სიმინდი, ლობიო, დიკა, ასლი, მუხუდო, შვრია, ფეტვი, უგრეხელი და სხვ. რადგან ყველა ეს ჭირნახული ერთსა და იმავე დროს არ შემოდის და ამ ჟამადაც არ იყო ერთნაირად გამხმარი, ამის გამო სხვადასხვა ნაირად იყო აჭრელებული, სხვადასხვა ფერად ტურფად ყვაოდა მთელი მინდორი!.. იგი წარმოადგენდა ერთ დიდებულ სურათსა ადამიანისა და ბუნების ძალთა შეერთებულ მოქმედებისას. შემოსული და სრულიად გამხმარი ქერები ყვითლად გამოჩანდნენ და, სიცოცხლე მოსწრაფებულნი, თითქო შურით გასცქეროდნენ მათ გვერდზე მწვანეთ მოღაღანე ტანდაბალ ფეტვსა და ყელმოღერებულ, წითელ ქოჩოჩიან სიმინდებსა. კარგა ლაზათიან შემხმარ ყანებს მოწითალო ფერი დასცემდა და დილის გრილ ნიავზე ზღვასავით ჰღელავდნენ. გაჭიკნილი, დიდრონი თავთავები ღეროებს ვეღარ დაემაგრებინათ და, ღრმად მოხუც ადამიანსავით, წელში მოხრილიყვნენ, ერთმანეთს მძიმედ მისწოლ-მოსწოლოდნენ, თავები დაბლა, დედამიწისაკენ, დაეღუნათ და გაბმული ნელი შრიალით, თავთავების დინჯი რხევით, თითქო რაღაც საიდუმლო ამბებს ეჩურჩულებოდნენ თავიანთ მოამაგე დედას, შავს მიწას. შეთეთრებული დიკა გვერდში კოხტად ამოსდგომოდა სამერმისოდ დამზადებულ დიდრონ ხნულებს, რომელნიც გადაჭიმულიყვნენ შიგადაშიგ ჭირნახულებში და შავად აფერადებდნენ აყვავებულ ველ-მინდორს. ლამაზი ღუღუნა მტრედები, ჩასუქებული გვრიტები, კაი ვარიის ტოლა ყელსახვევიანი ქედნები და სხვა მრავალი ფრინველი გუნდ-გუნდათ მოსდებოდნენ ამ ხნულებს და, უკვე დასაუზმებულნი, ერთმანეთს მხიარულად ეთამაშებოდნენ. უზარმაზარი, ასწლოვანი მუხები მინდორს აქა-იქ ყარაულებივით ჩასდგომოდნენ და თავიანთი ომახიანი ტოტების დინჯის რხევით თითქო ,,აქშა, აქშა”-ს უძახოდნენ ყანებზე მოსეულ ფრინველების ბრბოთა. მუხების გარშემო წიწილ-კრუხივით გაფანტულიყვნენ პატარ-პატარა მწვანე ბუჩქები, რომლებშიაც უთვალავ პაწაწკინტელა მწერებს მოეყარათ თავი და ჰქონდათ ერთი გაცხარებული ბზუილ-ჭრიჭინი. წმინდა გაკრიალებულ ჰაერში ისარივით დაჰქროდა მარად მხიარული მერცხალი ღა კოპწია მარდი ტოროლა ზარივით წკრიალა გალობით ლაჟვარდ სივრცეში დაქანაობდა. ყოველის მხრიდან მოისმოდა გოგმანა მწყერების ერთგვარი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ყუტყუტი, რომლის ძახილით იგინი თითქო ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მაღალ, დაუსრულებელ ცის სივრცეში რომელიღაც მტაცებელი ფრინველი დინჯად დაცურავდა და ამპარტავნულად გადმოსცქეროდა მის ქვეშ გადაშლილ ბუნების უხვსა და მდიდარ სუფრას. ის ნელ-ნელა უვლიდა ჰაერში წრესა და თითქო ყურადღებასაც არ აქცევდა ყველა იმას, რაც იმ დიდებულ სუფრაზე ყოვლად შემძლებელ მასპინძელს კაცთა სანუგეშოდ და თავის სადიდებლად გამოეფინა. ახ, ნეტავი შენ, ნეტავი შენ - წმინდა ჰაერის და უსაზღვრო ლაჟვარდის სივრცის თავისუფალო მფლობელო! რა კარგი იქნებოდა, რომ ხანდისხან ადამიანსაც, აგრე შენსავით, შეეძლოს დედამიწის მოშორება და თავის ნებაზე ყოფნა-ცხოვრება ურიცხვ ბჟღვრიალა ვარსკვლავების სიახლოვესა.

 

III

 

გრძნობა გაცოცხლებული და სიამოვნებით აღტაცებული გავცქეროდი ამ ბუნების აღუწერელ დღესასწაულსა, რომლის მოშორება თვალს აღარ უნდოდა და სული მასთან გაერთებას, მასში ჩანთქმას და დამკვიდრებას ნატრობდა.

- ხედავ, ძამია, ამ სავსე, ქრისტეს მარჯვენისაგან ნაკურთხ მინდორსა?.. გახედე, რა ამბავია და!.. - მომესმა ბიძაჩემის ხმა. ამ ხმამ გამომარკვია ოცნებიდან, მივბრუნდი გვერდზე და დავინახე ანდრია, მხარ-თეძოზე წამოწოლილი პატარა მუხის ჩრდილ ქვეშა. მეც მივედი მასთან, წამოვწექ მის ახლო და სახე ახლა ჩრდილოეთისაკენ მივიბრუნე. იქიდან გამოჩნდნენ კავკასიონის მთის თოვლით შემოსილი ქედები, რომელნიც თითქო ფეხის თითებზე შემდგარიყვნენ, ბებერი თავები წინ წამოეღოთ, თითქო იმ განზრახვით, რომ უფრო კარგად, უფრო ცხადათ დაენახათ სიტურფე- სიმშვენიერე ჩემ წინ გადაფურჩქვნილ ედემის ბაღისა! დიდხანს ვიყავით ორივენი ასე გაშტერებულნი, ასე ჩანთქმულნი ზეციურ სიამოვნებაში. შემდეგ ისევ მე გამოვერკვიე ოცნებიდან... ერთი კიდევ გადავათვალიერე ჩემ გარშემო მდებარე აყვავებული ველ-მინდორი და მერმე მივუბრუნდი ბიძაჩემს:

- ბიძია, ე მინდორი ხომ ვნახეთ; მოდი ახლა ვენახში წავიდეთ, ვენახიცა ვნახოთ.

ბიძია დამეთანხმა და მაშინვე დავეშვით გორაკის დაღმართზე, ჩამოვედით ძირს და ნელის ბაასით დავადექით შუა ყანებში დაქნილ ბილიკას. აქეთ-იქიდან გვიდგნენ მაღალი ყანის კედლები. მძიმე, დაჭიკნილი თავთავები თითქმის ფერდებამდისინ გვწვდებოდნენ, ნიავისა და ჩვენის სიარულისაგან ინძრეოდნენ და ისეთის ძალითა გვცემდნენ ხელებსა და გვერდებში, თითქო ჯოხებს გვიტყაპუნებდა ვინმე. უცებ ჩვენ წინიდან კრუტუნით წამოფრინდა დედა-მწყერი, სისუქნისაგან შორს ვერ შესძლო გაფრენა და იქვე ახლო დინჯად ჩაეშვა ყანაში. ამავე წამს ჰაერში გაისმა კარგა შესამჩნევი გრიალი, რომელმაც ორივენი მსწრაფლად აგვახედა მაღლა. ვეებერთელა ძერა, ფრთებ შეკუმშული და ბრჭყალებდამზადებული, ისარივით მოჰქროდა ზემოდან პირდაპირ იმ ადგილისაკენ, სადაც ასე უდარდელად ჩაეშვა დედა-მწყერი.

ანდრია მარდათ გადახტა ყანაში, დასჭყივლა მტაცებელს და ღონივრად შემოსტყორცნა სახრე. ფრინველმა გვერდზე მოიბრუნა თავი და სიბრაზით გადმოგვხედა; მერმე მძლავრად შემოჰკრა ფრთა ფრთასა და ამპარტავნულის სიდინჯით გასწია ისევ მაღლა-მაღლა. ბიძაჩემმა წასდგა წინ რამდენიმე ნაბიჯი და ნაღვლიანის ხმით დაიძახა:

- ერთი, მოდი აქა, ნახე, რა ამბავია-და!

მე საჩქაროზე მივედი მასთან, ჩავჯექ ყანაში და დავინახე მწყრის ბუდე. ჯერ ისევ გინგლიან ბარტყებს სასაცილოთ დაეჭყიტათ თავიანთი პაწია თვალები და გაშტერებით გამოიცქირებოდნენ ბუდიდან, რომელსაც გადაჰფარებოდა დედა-მწყერი: ფრთები განივრად გაეშალა და გადაეფარებინა ბარტყებისათვის, თავი ძირს დაეღუნა და ისე იყო გარინდებული, თითქო მკვდარიაო. ანდრიამ საჩქაროზე მოარბენინა პირით წყალი, ნელ-ნელა დაასხა მწყერსა და მითხრა:

- ადე, წავიდეთ აქედან, შიშისაგან არის საწყალი ასრე, ეხლავე მოსულიერდება. - ორივენი წამოვდექით, ცოტა მოვშორდით ბუდეს და იქვე ახლო ჩავსხედით ჩუმათა. დავუწყეთ ცქერა მწყერსა. მართლაც-და, ცოტა ხანს უკან მწყერი შეინძრა, თავი მიიბრუნ-მოიბრუნა და გადმოხტა ბუდიდან. დადგა ბუდის გვერდზე და დაუწყო თავის ბარტყებს ცქერა, თითქო უნდოდა შეეტყო იმ წყეულმა მტერმა ხომ არავინ მომტაცაო... მერე მხიარულად დაიკრუტუნა და მოხდენილის ჩქარის გოგმანით ბუდეს რამდენჯერმე შემოურბინა. ამ დროს იქვე ახლო ყანიდან მამალი მწყერიც გამოძვრა; ამანაც მზრუნველობით გადახედა ბუდეს და შემდეგ გოგმანით მიირბინა დედა-მწყერთან; თავისი თავი იმის თავს მიადო და მარდათ გაურბინა გვერდზე. მალე უკანვე შემოტრიალდა, აიღო თავი მაღლა და ამაყათ გასძახა: ქვიჰთ-ყვირო, ქვიჰთ-ყვირო, ქვიჰთ-ყვირო.

- ხა, ხა, ხა... - გულიანად გადიხარხარა ანდრიამ. მეც ვეღარ შევიმაგრე თავი და მხიარულის გულით მივბანე ბიძაჩემს...

- აი დიდება შენთვის, ღმერთო, რა ამბავი აქვთ და! - წარმოსთქვა სიცილით ანდრიამ, როდესაც ხელახლად გავუდექით ვენახებისაკენ დაქნილ ბილიკას. მერე ხელი წაავლო რამდენსამე გაჭიკნილ მსხვილ თავთავს და გულმხურვალებით წარმოსთქვა: იკურთხოს შენი გამჩენი! დაილოცოს შენი მოსავალი! ვენაცვალე შენ მადლსა! ამასობაში გათავდა ბილიკაცა; გავედით ყანიდან და წავადექით ერთ პატარა მდინარეს, რომელიც მარდათ მიჩქაფუნებდა ერთმანეთზე გადაბმულ ვენახების ჩრდილებ ქვეშ და ჰყოფდა ამ უკანასკნელთ მინდვრისაგანა. აქეთა ნაპირი პაწია მდინარისა კარგა მაღალი იყო იქითაზე. მე გავქანდი, გადავხტი წყალზე და ბიძაჩემს დავუძახე:

- აგერა ხიდი, მოუარე, თორემ შიგ ჩავარდები.

- ვაი დედიჩემის ღმერთსა! ე რას მეუბნევა და! - წყენით წამოიძახა ბიძიამ; საჩქაროზე ისკუპა და მარდათ გადმოევლო მდინარეს თავსა, თუმცა ზურგზე ეკიდა ორმოცდაათი მძიმე, მეტად მძიმე, ათას ტანჯვა-ვაებაში ამოვლებული, გლეხკაცური წელიწადი. მე სიცილი დავიწყე, ხელი მხარზე გადავხვიე და აღტაცებით ვუთხარი:

- ყოჩაღ, ბიძაჩემო, ყოჩაღ! მე ასე მეგონა - ბიძია დამიბერდა-მეთქი.

- დავბერდი, მაგრამ შენისთანა ბიჭებს კიდევაც არ დაუვარდები, - მიპასუხა მან ღიმილით, - ღმერთს ერწმუნე, ასე მგონია: აიმ კაკალს რომ დავეჯახო, ძირიანათ იქით გადავჩეხ-მეთქი. როცა ღვინითა და პურით წელი გამაგრებული აქვს ჩვენს კაცსა, მაშინ დევია, დევი, ისა! მაგრამ ჭირიანი ქათამივით ვხდები ხოლმე, როცა რაც ძალი და ღონე მაქვს ვწევ, ვწევ და ე ოხერი წელი კი უკანა მრჩება: მუხლი ვეღარ მომდევს და მკლავშიაც ღონე მაკლდება; ვეღარც შინაურს ვადგები რათიმე და ვეღარც გარეულსა; მოკეთეს პატივს ვერაფრით ვერა ვცემ და მტერსაც ბრჭყალებში უვარდები. შენ ჯერ ყმაწვილი კაცი ხარ, ჩემო ძამიავ, და არ იცი, რა ძნელია ი ოხერი მტრის ბრჭყალები! აი ეხლა, ი ფრინველს რო უნდოდა მწყრის დაჭერა და შეჭმა... იღბალზე ჩვენ გამოუჩნდით, გავაგდეთ ავი სული და გადავარჩინეთ საწყალი გოგმანა... აბა, ერთი მითხარი, სწავლული კაცი ხარ და გეცოდინება: ადამიანებშიაც არიან ემაგისთანა მტაცებელი ავი სულები, თუ არა? ჰა, რას იტყვი?

- არიან, და, საუბედუროდ, ბლომათაც არიან, თუმცა მათი დრო და ჟამი ნელ-ნელა მიდის და მის ნაცვლად უფრო სამართლიანი, უფრო მადლიანი მომავალი გვიახლოვდება.

- აი გადღეგრძელა ღმერთმა, - ღიმილით დაიძახა ანდრიამ, - შენს პირს შაქარი, თუ ეგ მართლა ეგრეა! მაგრამ არა მგონია კი! აი, იმ მწყერს წეღან ჩვენ ვუშველეთ. სიკვდილს გადავარჩინეთ. ჩვენა? აი, მაღალ ღმერთს გეფიცები, აგერ ორმოცდაათი წლის კაცი ვარ და ერთხელ ჩემ სიცოცხლეში ეგრეთი მშველელი და მფარველი არავინ არ გამომჩენია, როცა ე წეღანდელივით, ერთი კი არა, სამი და ოთხი ავი სული ერთად დამხვევიან. შენ როგორა გგონია, ჩემო ძამიავ, ერთ წამს სიკვდილი სჯობიან, თუ მთელი შენი სიცოცხლე რომ სულ კანკალებდე და ფიქრობდე: აი ან ეხლა მომივარდება მტაცებელი ავი სული, ან ეხლაო; მე მიწაზე გამსრესავს და ჩემ საცოდავ ცოლ-შვილს დედაბუდიანად დამიწიოკებსო?! ვაჰიმე, - მუშტმოღერებით შეჰყვირა ანდრიამ, - აი ესე ზურგ მაგრა უნდა დახვდე იმ უღმერთო მტაცებლებს! მე ვუჩვენებ მაშინ იმათ თავიანთ სეირსა! წეღანდელივით სახრეს კი არ წამოუსვამ, სულ კბილებით დავღრღნი, ძვალსა და რბილს სულ ერთმანეთში ავუზელ! აი ესე დავგლეჯ და დავამსხვრევ მე იმათა, აი!.. აქ სტაცა ხელი ღობის ერთ კარგა მომსხო მარგილს, მოსწია, და ზედ შუაზედ გადაამსხვრია. მერმე თავი მაღლა აიღო, დამაცქერდა, მაგრამ იმავე წამს მისმა სახემ მრისხანების ღრუბელი გადაიყარა, მწარედ გაიღიმა და გულდამშვიდებით მითხრა:

- რას გაშტერებულხარ, ძამიავ, იქნება გგონია რომ, მართლა ასე მოვიქცევი? არა, არა, შვილო, ჩვენი კაცი მაგას ვერ იზამს! განა არა მქონია დრო! მაგრამ, ნწუ... მუშა კაცი ეგრეთი გულბოროტი არ არის. ერთი ტკბილი სიტყვა რომ გააგონო, მაშინვე ყველაფერი სულ დაავიწყდება... არა, არა! ისევ ისე სჯობიან, არა?

- ჰო, ხანდისხან ისე სჯობიან, - მივუგე მე, - მაგრამ ვგონებ ისეთი დროც კი მალე მოვა, როცა ი შენი ნათქვამი ძვლისა და რბილის აზელა საჭირო გახდება...

- ვითომ მალე? არა მგონია, - წარმოსთქვა დაღონებით ანდრიამ; - ხალხი ძაან დაიჩაგრა, ძაან, ჩემო ძამიავ. გული გაგვიტყდა, გული! იმ დღეს ერთი გამაცხელა და მეგონა დადგა ჩემი უკანასკნელი ჟამი-მეთქი, შევქენ კვნესა და ვახვახი... საწყალი ძალუაშენი ცხარე ცრემლით ვატირე. ორიოდ დღის შემდეგ კი ისევ ფეხზე წამოვდექ და დღეს აღარც კი მახსოვს ის ავადმყოფობა, მაგრამ იქნება მარტო მე ვარ ეგრეთი?.. ღმერთმა ინებოს, შვილო, ღმერთმა ინებოს! მაგრამ თუნდაც რო დადგეს ის დრო, მე ვეღარას მოვესწრები, ვეღარაფრით გავიხარებ. ჩემი დღევანდელი სიხარული კი აი ესენი არიან, აი... - ხელი გაიშვირა ხეხილისა და ვაზებისაკენ და აღტაცებით განაგრძო: აი ჩემი ანგელოზები, ჩემი მხსნელი, ჩემი მფარველი მეგობრები! ერთი შეხედე და?..

 

V

 

მართლაც-და, საუცხოვო, სასიამოვნო სანახავი იყო ანდრიას ვენახი! გარშემო კარგი მაღალი და ეკლიანის ძეძვით გამაგრებული ღობე ჰქონდა შემოვლებული; ღობესა და ვაზებს შუა სამი საჟენის სიგანე, მწვანე ბალახით დაფენილი ველი იყო დარჩენილი. ამ ველზე იყო პირდაპირ გამწკრივებული მსხმოიარე, დახუნძლული ხეხილი: ყინვარე შაქარივით ტკბილი თურაშაული მჟავე და გამძლე კიტრა-ვაშლს გასცქეროდა და წითლად დატკრუცული გემრიელი აბილაური წვრილ, საბებრო შეყვითლებულ ქაშა ვაშლს გადახვეოდა. მუშტის ოდენა გულაბები ისეთის ეშხით გამოიჭვრიტებოდნენ მწვანე ფოთლებიდან, თითქო ეუბნებიან ვისმეო: მოდი, ერთი ჩამკბიჩე, როგორ თაფლივით ჩაგადნე პირშიო. დახუნძლულ ხეჭეჭურებს, მაგარ, საზამთრო შავ მსხალს, სეფნიაურს, საჩირე ბორბალას და საზაფხულო, უკვე შეთქვირებულ მსხლებს ისე ღონივრად დაეზნიქათ ტოტები, თითქო სანაძლეო დაედოთ ერთმანეთში: აბა რომელი ჩვენგანი უფრო მალე ემთხვევა ჩვენ მოამაგე დედამიწის გულსაო. ვენახების თავში, ჩრდილოეთისაკენ, იდგნენ რამდენიმე, ვინ იცის ვისგან და ვის დროს დარგული, უზარმაზარი კაკლის ხეები, რომელთა ქვეშ შეუწყვეტლივ მოსისინებდა გრილი ნიავი და სასიამოვნოთ აბიბინებდა ხავერდივით მოლაპლაპე წმინდა პრასა ბალახსა. ვენახის ბოლოში, კაკლების გასწვრივ, ბოსტანი იყო გამართული. სწორე კვლებად დაყოფილი, მუყაითის ხელით სუფთად გამარგლული, სავსე იყო ის ყოველგვარის მწვანილეულითა. ხახვსა და კართოფილს ყველაზე დიდი ადგილი ეჭირათ; შემდეგ მათ მისდევდნენ კომბოსტო, კიტრი, ჭარხალი, ქინძი, წიწმატი და სხვა მრავალი, აქვე ღობის ძირას იყვნენ ჩამწკრივებულნი ათიოდ ახალი, კარგა მოზრდილი, ნამყენები; გამოცდილის ხელით შეკვეცილი ტოტები თამამად აეშვირათ მაღლა მზისაკენ, რომლის მეოხებით შიგადაშიგ მათ ქორფა ტოტებში ახლად მოსხმული ნიშნები გამოსჩანდა.

- თითო ეს ნამყენი თითო შვილად მიღირს! - სთქვა ანდრიამ და სათითაოდ ყველას ჩამოუარა, ყველას ხელი ფრთხილად მიუსვ-მოუსვა და თვითეულს მათგანს რამდენიმე საალერსო სიტყვა უთხრა ისეთის აღტაცებით, ისეთის გრძნობით, თითქო იმათ ესმოდათ რამე და ყოველს მის სიტყვას სათითაოდა ჰკრეფავდნენ.

- ოი, თქვენი ჭირიმე, თქვენი!.. - აღგზნებულის თვალებით შეჰხაროდა ანდრია, - თქვენი კვნესამე, ჩემო ბიჭებო, ჯერ უწვერულვაშო ახალგაზრდებო! გაიზარდენით, თქვენს ჯანს ვენაცვალე, და ერთი მალე ამომიდექით ძმურად მხარში, თორემ გაჭირდა საქმე!..

ლამაზ, კოპწია ნამყენებს სუფთა, ნორჩი ყლორტები ნელ-ნელა ენძრეოდნენ: ხან მაღლა-მაღლა ადიოდნენ, ხანაც გვერდზე, ანდრიასაკენ იზნიქებოდნენ, ფოთლებს ნაზად აშრიალებდნენ და ამ საიდუმლო ენით თითქო პასუხად უგალობდნენ: გმადლობთ, გმადლობთ, ჩვენო ძვირფასო მამავ, ჩვენო კეთილო მფარველო, ჩვენო მოამაგე მეგობარო!.. ნუ გეშინიან, გავიზრდებით ჩვენცა და ერთი ათად გადაგიხდით შენს დიდს ამაგსა!

მეოთხე გვერდზედაც აგრეთვე ხეხილი იყო ჩამწკრივებული. ჩემს სიცოცხლეში ამაზე მსხმოიარე ხეები ამის მეტად ჯერ არსად არ მენახა და განუზომელის აღტაცებით ვურბენდი გარეშემო ყოველს მათგანს. ამათ ირგვლივ ტოტები დედამიწამდისინა ჰქონდათ დაშვებული, ასე რომ, თუ ხის ქვეშ შესვლას მოისურვებდით, დაზნექილი ტოტები ხელით უნდა გაგეწივ-გამოგეწიათ და, როდესაც შიგნით მოექცეოდით, თქვენს თვალს წინ წარმოუდგებოდა რაღაცა საოცნებო, ზღაპრული, მწვანე ფოთლებისა და მსხმოიარე ტოტების მშვენიერი კარავი. დაიხედავდით თუ არა ძირსა, ძალაუნებურად ჩაგეკეცებოდათ მუხლები და სიამოვნებით მოისურვებდით ერთ თავისუფლად გადაგორებას, ნებივრად განსვენებას იმ რბილ კეწ-კეწ ხალიჩაზე, რომელიც ყოვლად ძლიერს შემოქმედს გადაეშალა აქა.

ხეხილის დათვალიერების შემდეგ, მე და ბიძაჩემი ვაზებში შევედით. ზოგიერთ ვაჟბატონ-ქალბატონებს დიდ სიბრძნეთ მიაჩნიათ შემდეგი სიტყვების წამოროშვა: ქართველი კაცი ზარმაციაო... ახ, ნეტავი როგორც შრომისა და გარჯის სურვილი არ აკლია მას, ისე ცოდნა-განათლება არ აკლდეს და სხვა მრავალი მძლავრი გარემოებანი არ უცარავდნენ ხელსა... და მაშინ დაინახავდით, როგორ ჯარასავით დაატრიალებდა იგი თავის ბედისა და იღბლის ბორბალსა! მაღალი, სწორე სარები, როგორცა სჩანდა, ღონივრად იყვნენ მიწაში ჩარჭობილნი; ამათ, გულწრფელ სატრფოსავით, ძირიდან წვერამდისინ მაგრა შემოხვეოდნენ განიერ და მწვანე ხასხასა ფოთლებიანი ვაზები, რომელთა შორის ერთსაც ვერ დაინახავდით ან გვერდზე წამოწოლილს, ან ძირს დაცემულს, ისე კოხტად ყელმოღერებულნი იდგნენ ერთმანეთის გვერდზე. ამასთანავე სრულიად თავისუფლად შეგეძლოთ დავლა-დათვალიერება მთელი ვენახისა; ვერც ერთგან ვერ შეხვდებოდით აქ თავის ნებაზე დარჩენილ გაშლილ-გაბარდღნულ ვაზსა, რომლის აქეთ-იქით გაბმულ-გამობმული რქები ასე აწუხებენ, ასე აბრკოლებენ ყოველ ნაბიჯზე უხეიროდ შემუშავებულ ვენახში მოსიარულესა. ცხადათა სჩანდა, რომ ამ ვენახის პატრონს სამაგალითოდ სცოდნოდა, როგორც გასხვლა, ისე შეყელვა და შეფურჩქვნა ვაზისა! მაგრამ ყველაზე გასაოცარი აქ ყურძნის მსხმოიარება იყო. რომ იტყვიან, ფოთოლზე უმრავლესი ასხიაო, სწორედ ამ ვენახზე შეიძლებოდა ამის თქმა. ასე გეგონებოდათ, ყურძნის ჯაგნები მოუტანიათ და განგებ დაუკიდიათ აქაურ ვაზებზეო! შავკაპიტოს შეხედავდით, თუ წითელ კლერტოიან საფერავსა; მსხვილ მარცვლებიან ხარითვალას, თუ გამოსავლიან თეთრ ყურძენსა, ნაზ, თხელ კანიან ბუდეშურს, თუ მოგრძო და თაფლივით ტკბილ თითას, - ყველაზე ერთნაირად იყო გადაშლილი კალთა ღვთისა, ყველგან ერთგვარად ტრიალებდა მადლიანი თვალი უფლისა!

ანდრია სახეგაცოცხლებული იდგა და აღტაცებით შესცქეროდა მსხმოიარე ვენახსა; მერე დაიჩოქა, მოხვია ხელები ერთ ვაზსა და ხმამაღლა შესძახა:

- ოი, ვენაცვალე ჩვენ მოწყალე ღმერთსა! ვეთაყვანე თქვენ მადლიან ძირსა! - შემდეგ წამოდგა ფეხზე, ხელი გაიშვირა და თამამად დაიწყო:

- აგერა, აიმ ვაშლით სახელმწიფო ხარჯს მოვიშორებ; მსხლები ღვდელსა და დიაკვანს გაისტუმრებენ; ეს ორი ხე ურიას მომაშორებს; პურს მივცემ, ღვინოს გავყიდი და სომეხს იმითი გავუსწორდები; ეს პატარა ხეები ჩვენ დედა-ბუდიანად შეგვმოსავენ. პურსა, ქერსა და სიმინდს ბევრს მოვინარჩუნებ გასაყიდათ; ამითი ი ჩემ გომბიოს მზითევს გავუკეთებ და შემოდგომაზე ერთ კაი ქორწილს გავაჩაღებ. სხვა რაც დამრჩება, შვილოსან, მოვუჯდები ამ ზამთარ კერასა და ქუდს სულ ჭერში ვკრამ! - აქ ანდრია უცებ შესდგა, პირჯვარი გადიწერა და შეშინებულსავით წარმოსთქვა: ღმერთო, ნუ მიწყენ, ღმერთო, შენი მადლის ჭირიმე!..

კარგა ხანს ვიდექი ვაზებში. ვიცქირებოდი აქეთ-იქით და ვსტკბებოდი იმ სურათით, რომელიც ჩემ გარშემო იყო გადაშლილი... ამ დროს, უცებ სწორედ საკვირველი, უცნაური საქმე დამემართა. რათა? რის გამო?.. აქამომდეც არ ვიცი, ვერ მივმხვდარვარ! საიდანღაც მოვლენილმა სევდა-ვარამმა მოიცვა მთლად ჩემი სული და ისეთის ძალით ჩამკრა რაღამაც გულში, რომ ცოტას გასწყდა კინაღამ უგრძნობლად არ დავეცი დედამიწაზე. მაშინათვე დავიძარ და ნელ-ნელა ვიწყე ვაზებიდან გამოსვლა... მოვდიოდი ჩრდილოეთისაკენ და წამდაუწუმ ვიწმენდდი ჭირის ოფლს, რომელსაც თავიდან ფეხებამდისინ მასხამდა რაღაც უჩინარი ბოროტი ძალა. კაკლებ ქვეშ ბალახზე დავეცი და გრილ სიოს მივუშვირე გული და შუბლი. ჩემდა სასიამოვნოდ, ამგვარმა მდგომარეობამ დიდხანს არ გასტანა!.. როდესაც, ათიოდ წამის შემდეგ, ბიძაჩემი ანდრიაც ჩემ პირდაპირ ჩრდილში წამოწვა, მე უკვე წინანდებურ მხიარულ გუნებაზე ვიყავ მოსული.

 

V

 

ბიძაჩემმა თან ერთი კალთა ქორფა შუშა კიტრები მოიტანა და ჩემ წინ წამოყარა მწვანე ბალახზე. მერე ჩოხის საქისედან ამოიღო პატარა მარილის თვლები: ერთი მე გადმომიგდო, მეორე თვითონ დაიჭირა ხელში და ამის შემდეგ ორივემ მადიანათ ვიწყეთ კიტრების ფცქვნა და ჭამა. სანამ ჩვენ ამ კიტრებს შევექცეოდით და თანაც ნელ-ნელა ვბაასობდით, დასავლეთის მხარე ცისა, ჩვენდა შეუნიშნავად, საავდრო შავი ღრუბლებით დაფარულიყო. ამასთანავე მოგვესმა კაკლის ტოტების შრიალი და ჭრაჭა-ჭრუჭი. სჩანდა, მაღლა ჰაერში ქარი ჰქროდა, თუმცა ჯერ ჩვენამდისინ არ ჩამოეღწია. შევნიშნეთ აგრეთვე, რომ ფრინველებში რაღაცა, არაჩვეულებრივი, ფაცა-ფუცი გაჩნდა. ჯერ თითო ოროლამ და ცოტა ხანს უკან მრავალმა სხვადასხვა გვარმა ფრინველებმა იწყეს მოფრენა დასავლეთის მხრიდან და რაღაც შეშფოთებით ადგილების დაჭერა დიდი ხეების შიგნი-შიგან დაბურულ ტოტებს ქვეშ.

ანდრიამ ყურები ცქვიტა: წამოდგა ფეხზე, შუბლთან მიდებული გაშლილი ხელით თვალები დაიჩრდილა და დასავლეთისაკენ გაიხედა.

- ერთი შეხედე, რამოდენა ღრუბელი მოსდებია ცასა? - გაჯავრებით დაიძახა მან, - ე ქარიც რო ამოვარდა!.. სწორედ დიდი ავდარი მოვა!.. - წამოვხტი მეც ფეხზე, გავიხედე ცის დასავალს და აჩქარებით ვუთხარი ანდრიას:

- ბიძა ჩემო, ჩქარა წავიდეთ შინისაკენ, თორემ მე ვიცი “ლაზარეებს” დაგვამსგავსებს ჩვენ ეს წვიმა. - ჯერ არც კი მქონდა გათავებული უკანასკნელი სიტყვა, რომ უცებ საშინელის ძალით დაგვბერა ქარმა, აურია ერთმანეთში გამხმარი ფოთოლი, ბალახი, მიწა და ყველა ეს ერთად დაატრიალა ჩვენს გარშემო. ხის ტოტებმა მორთეს კვნესის მსგავსი შრიალი; აქეთ-იქიდგან მოგვესმა დედამიწაზე ჩამოყრილი, ჯერ კიდევ შემოუსვლელი, ხილის ხათქახუთქი. კვალად დაიგრიალა ქარმა, დაჰქროლა და საშინელ ქარიშხლად გარდაიქცა. დაუტრიალდა კუდიან ქარად ერთ ვაშლის ხეს და ძირიან-ფესვიანად კი გადასჩეხა იქითკენ. ანდრიამ დაიკვნესა, თვალებზე ხელი მიიფარა და მწარეთ ამოიოხრა:

- ვაიმე, ჩემო თურაშაულო! ჩემო დიდო მოამაგე, ჩემი ვენახის მამა-მთავარო!.. ღმერთო! გვაშორე, ღმერთო! გვაშორე ამაზე უარესი.

ქარიშხალმა უფრო მოუმატა; ჩვენს გარშემო მთელი ცა ღრუბელმა დაჰფარა; ჰაერში გაჩნდა ჭექა-ქუხილი და მსხვილი შხაპუნა წვიმა წამოვიდა ზემოდან. ჩვენ კაკლის ძირში შევიყუჟენით. ანდრიას ფერი წასვლოდა და გაცხარებით, ჩუმის ბუტბუტით მალიმალ პირჯვარს იწერდა. უცებ ამ საშინელ ქარიშხალში ცხადად შემოგვესმა რაღაც გაბმული გრიალი, რომელიც ნელ-ნელა, მაგრამ პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდა. ჩვენს გარშემო ისე ჩამობნელდა, რომ კაი ხშირ-ბინდი ეგონებოდა ის ჟამი ადამიანს. აგერ საშინელის ძალით გაიელვა, მას მაშინათვე მოჰყვა დამაყრუებელი გრგვინვა ქუხილისა, რომელმაც კარგა ძალზე შეარყია მიწა და ის უზარმაზარი კაკლის ხე, რომელზედაც ჩვენ ვიყავით მიყუდებულნი.

- დავიღუპენით, დავიღუპენით! - კვნესით წამოიძახა ანდრიამ და თანაც ხელი გაიშვირა დასავლეთისაკენ. გავიხედე იქით და ცხადად გავარჩიე სეტყვა, - ეს საზარელი და დაუძინებელი მტერი მოსავლისა. სწორე მოგახსენოთ, გულმა კანკალი დამიწყო, როდესაც წეღან ნახული მინდორი და ვენახები თვალწინ წარმოვიდგინე. არ გასულა სულ ორი წამიც, რომ ჩვენმა კაკლის ტოტებმა და ფოთლებმა შეჰქმნეს ტკაცატკუცი. ცხადად სჩანდა, რომ სეტყვამ ჩვენამდისინაც მოაღწია. მიყუჟულ ფრინველებს ალიაქოთი შეუდგათ: მალიმალ იქნევდნენ ფრთებსა და მოუსვენრად კრუტუნებდნენ.

- სეტყვა, სეტყვა!... - აღელვებით დაიძახა ანდრიამ და გაჰქანდა ღობისაკენ; ფაციფუცით აჰკრიფა რამდენიმე მარცვალი სეტყვა, მომირბენინა და მუდარებით მითხრა:

- შენი ჭირიმე, შვილო, ე თორმეტი სეტყვა გადაყლაპე, სიყრმის შვილი ხარ, ამბობენ -კარგიაო!

რასაკვირველია, მე მაშინათვე ავასრულე ბიძაჩემის წადილი. თითქო მართლა შეეძლო რამე ამგვარ მოქმედებას, სეტყვა ერთ წამს შეჩერდა. ანდრიამ შემომხედა და ღიმილით დამიქნია თავი. მაგრამ, ღმერთმა თქვენ მტერსაც ნუ გაუქროს ისე მალე იმედი, როგორადაც საჩქაროზე მოეღო ბოლო ბიძაჩემის იმედსა. სამიოდ წამის შემდეგ სეტყვამ ხელახლად წამოუშინა, წამოუშინა და როგორ წამოუშინა?!. კვლავაც ბევრჯერ მინახავს სეტყვა, მაგრამ ასეთი ხშირი, ასეთი მსხვილი კი ჯერ არსად არ მენახა. ისე წამოგვაყარა, თითქო სეტყვით სავსე უთვალავ ტომრებისთვის ზეცაში პირები მოუხსნიათ და ჩვენი სოფლის გასწვრივ მოუპირქვავებიათო, ხეხილის კლერტოებით და ფოთლებით მოფინა მთლად გარეშემო ადგილები; კაკალი ხომ ისე ცვიოდა, როგორც შემოდგომაზე ბერტყვის დროს ჩამოდის ხოლმე. უცებ მაღლიდან ჩამოეშვა ფრთების მოდუნებულის ქნევით გვრიტი და უძრავად დაეცა დედამიწაზე. მას მოჰყვა თავდასისხლიანებული მტრედი. სეტყვამ უფრო და უფრო მოუმატა და გრიალით წამოუშინა კაკლის ოდენა მარცვლები. დარეტიანებული და მკვდარი ფრინველები პანტაპუნტით ცვიოდნენ მაღლიდან. იქვე ახლო ღობის ძირას კურდღელს ბუნაგი ჰქონოდა. შიგ წყალი შევარდნოდა და თავზარდაცემული, გაზუნზლული გამოხტა იქიდან და გაექანა ვაზებისაკენ, მაგრამ სამიოდ გადახტომის შემდეგ საცოდავად დაიჭყივლა, დაპროწიალდა და უძრავად გაიჭიმა ბალახებში. სეტყვა, ჭექა-ქუხილი, ელვა-ქარიშხალი და ყოველის მხრიდან მოვარდნილი ნიაღვრები, თითქო ერთმანეთს აქეზებდნენ, ერთმანეთს უჯიბრდებოდნენ. ჩვენი პაწია მდინარე აღელდა, გადმოვარდა ნაპირებზე და ზღვასავით მოედო მთელ ვენახსა. თუმცა მაღლობზე ვიდექით, მაგრამ მალე საჭიროდ გაგვიხდა კაკალზე აცოცება. ჩამოვსხედით ერთ დაბალ ტოტზე და გულის ცახცახით გადმოვცქეროდით ამ მეორეთ მოსვლის მსგავს საშინელებას.

 

VI

 

შევხედე ბიძაჩემს და, ღმერთო ჩემო, რა დავინახე! საცოდავი კაცი ამ ათიოდე წამის განმავლობაში სრულიად გამოცვლილიყო. მის გაფითრებულ სახეს სიცოცხლის ნიშანწყალი თითქო მთლად გაჰქრობოდა. თვალებდაჭყეტილი, გამოყეყეჩებული იჯდა ხის ტოტზე და უაზროდ, უგნურად, ხან მინდვრისაკენ იცქირებოდა და ხან ვენახისაკენა. რამდენჯერმე დავეხმაურე, მაგრამ მან ერთხელაც არ გამცა ხმა: ვგონებ იმ ჟამად სრულიად არაფერი არა ესმოდა-რა. ხელმეორედ დავუძახე და ღონივრად წავკარი ხელი. ანდრია თითქო ღრმა ძილიდან გამოერკვია; ნაღვლიანად შემომხედა და გმინვა-კვნესით წარმოსთქვა:

- დავიღუპენით, დავიღუპენით!.. - თავი მწუხარედ ძირს ჩაჰკიდა, ცოტა უკან გადიხარა, თავი ვეღარ შეიმაგრა და ნიაღვრის კარგა დიდ ნაკადულში თავდაყირა გადავარდა უბედური. იმედი მქონდა, რომ თვითონვე მალე წამოდგებოდა ფეხზე და ისევ მაღლა ამოვიდოდა. მართლაც-და, საჩქაროზე წამოდგა, მაგრამ იმავე წამს ნაკადულმა შემოჰკრა ტალღები და ისევ წააქცია. რამდენჯერმე წამოდგა კიდევ საწყალი, მაგრამ იმდენი ღონე კი აღარა ჰქონდა, რომ ფეხზე მაგრა დამდგარიყო. მაშინათვე ჩავხტი ძირს, დავუჭირე ხელი და რის ვაი-ვაგლახით გამოვიყვანე გაცოფებულ-გაონავრებულ ნიაღვრიდან. სეტყვამ იწყო ნელ-ნელა განელება და ბოლოს სრულებით გადაიღო; ამასთანავე ჩადგა ქარიშხალიც. გამოიდარა, მაგრამ ვაი იმ გამოდარებას! მთელი არემარე თეთრად იყო სეტყვით დაფარული. არა თუ იმ დღეს, მეორე დღესაც კი მოფარებულ, დაჩრდილულ ადგილში კიდევ პოულობდნენ გაუმდნარ სეტყვის მარცვლებს. თითქმის ნახევარი საათი ვისხედით კიდევ კაკლის ტოტზე, შემდეგ ნიაღვარმაც იკლო; გავიდა ცოტა ხანი და სრულებითაც შესწყდა. მხოლოდ აქა იქაღა, დაბლობ ადგილებში, დასტოვა ვეებერთელა გუბეები. თუმცა მზე ჯერ კიდევ მაღლა იდგა, მაგრამ ამ ავდრის გამო ისე აცივდა, და ისეთნაირად დავიყინენით, რომ ჩვენი აქ დარჩენა კიდევ რამდენსამე ხანს შეუძლებლად დავინახეთ. ამის გამო ვიწყეთ ნელ-ნელა ძირს ჩამოსვლა. ჩამოვედით და დავხედეთ ვაზებსა და ხეხილს. ღმერთმა თქვენ დაუძინებელ მტერსაც ნუ დაანახოს ის ამბავი, რაც ჩვენს თვალებს მაშინ წინ გადაეშალა. იმ ოდენა, ჯერ კიდევ შემოუსვლელი ხილი სულ ძირს იდო დაბეჟილ-დაჩეჩქვილი. ვაზებისათვის არა მარტო მტევნები, არამედ ტოტები და ფოთლებიც კი დაემტვრია, დაეგლიჯა და დედამიწაზე მოეფინა. ამ გვარადვე იყვნენ დაყვლეფილნი ხეებიცა. ასე გეგონებოდათ, მკათათვის შუა რიცხვები კი არა, გასული შემოდგომააო. ბოსტანი ხომ სრულიად გაეოხრებინა: მისი ნაადგილევიც კი აღარსად აღარ ეტყობოდა. ეს კუთხე ვენახისა ცოტა დაბლობი იყო, ამიტომ მთელი ნიაღვრის ნაკადულები სულ ამ ადგილს შეერთებოდნენ ერთმანეთს. რაც სეტყვას დაეჩეჩქვა და ძირს დაეცა, სულ ერთიანად ამას მოერეცხა, გაენგრია ღობე და სხვის ვენახში გადაეტანა. საცოდავი ანდრია ენაჩავარდნილივით დადიოდა, მხოლოდ ხანდისხან ღრმად ოხრავდა, თითქო სულს ვეღარ იბრუნებს, სუნთქვა უჭირდებაო. აი, მივედით ნამყენებთანაც. საბრალო ბერიკაცმა აქ ვეღარ მოითმინა: ორთავ ხელები თავში შემოიკრა და მოთქმით ტირილი დაიწყო. ქარიშხალსა და სეტყვას ის მშვენიერი ნამყენები სულ მიემტვრ-მოემტვრია. გაეოხრებინა. წავავლე ბიძაჩემს ხელი და თითქმის ძალათი გამოვიყვანე ვენახიდან. გამოვედით ბოგირზე და წეღანდელი ბილიკით გავწიეთ შინისაკენ. ღმერთო ჩემო! რა ყოფით დაგვხვდნენ ეხლა ყანები! რა ცოდვის ლული ტრიალებდა მთელ იმ თვალგადუწვდენელს მინდორზე?!. სადღა იყვნენ მშვენიერი გათამამებული მღელვარე ყანები?!. ისე იყო ყველაფერი მისრეს-მოსრესილი, დამტვრეული და მიწაზე დაგებული, თითქო ამ ადგილას ორს, ერთმანეთზე გაცოფებულ ლაშქარს საშინელი ბრძოლა გადაუხდიაო. ქერები სულ მოფშვნეტილი იყო და მათი მარცვალი გაონავრებულ ნიაღვარს სადღაც ჯანაბაში წაეღო. შემხმარი ყანები სეტყვას ერთიანად ჩაერეგვა და მიწასთან გაესწორებინა; ბევრიც რომ გეცქირათ აქეთ-იქით, ფეხათ მდგომარე თავთავს სრულიად ვერ დაინახავდით. ახალთესლები სეტყვას ქვეშ მოეტანა, რის გამოც ისინი თითქმის აღარსად არა სჩანდნენ. მომაგონდა ჩვენი ნაცნობი გოგმანა, მივედი იმ ადგილას, სადაც წეღან დავტოვეთ ის თავის ოჯახობით; მაგრამ სადღა რა იყო? აღარც ბუდე, აღარც ბარტყები!!. ცოტა ქვევით თვალი მოვკარ დედა-მწყერს, რომელიც წაეღო ნიაღვარს და დამხრჩვალი ძირს დაგებულ ყანაში შეეჩხირა. ანდრია შესდგა; თვალცრემლიანმა გახედა თავის გავერანებულ ყანებსა და უნუგეშო მწუხარებით თავი ჩაჰკიდა ძირსა. შემდეგ რაღაც წამოიძახა და უცებ, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოჰკურცხლა სოფლისაკენ. მეც იმავე წამს გამოვუდექ უკან: მეგონა ეს საცოდავი ადამიანი ნამდვილად ჭკუაზე შეიშალა-მეთქი. ხან სად უცურდებოდა მიწაზე ფეხი, ხან სადა, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა: მსწრაფლ იმართებოდა წელში და წინანდებურად გარბოდა შინისაკენ. ასე ირბინა, სანამ სახლის წინ თავისი ცოლი და შვილები არ დაინახა.

- ნიაღვარმა ხომ არავინ დაგახრჩოთ, ნიაღვარმა!.. - დანახვის უმალვე დაუძახა მან ცოლსა.

- არა, არა, ნუ გეშინიან, - უპასუხა ცოლმა, - მართალია სახლში შემომივარდა, მაგრამ კარებთან რო ორმო გვაქ, ის ორმო მოვხადე და იმაში მიუშვი წყალი.

- კარგა გიქნია, კარგა! წელს მაინც აღარ მოგვინდება ორმო.

- რა ამბავია, კაცო, შენ თავსა, - უთხრა ანდრიას ცოლმა, - რა ფერი გადევს? განა სულ მთლად დავიღუპენით?

- სულ, სულ მთლიანად! - სასოწარკვეთილებით წამოიკვნესა ანდრიამ.

- ვაი ჩვენ ჩაქოლვასა! ვაი ჩვენ ბედსა და გაჩენის დღესა! - მიჰბანა ქმარს საცოდავმა დედაკაცმა.

 

VII

 

მწარედ დაღონებულ-დაძმარებულნი შევედით სახლში. მთლად დარბაზის ჭერი და კედლები წვეთით იყო ჩამორეცხილი, რის გამოც შინაც ისეთივე ტალახი და სინოტივე იდგა, როგორიც კარზედა. მთლად დასველებულნი, სიცივისაგან გათოშვილნი ჩამოვსხედით სველ ტახტზე და მუნჯებივით ვისხედით ესე საღამომდის. ჯავრისა და ვარამისაგან სიტყვის ამოღებასაც კი ვერავინ ვერ ახერხებდა. მხოლოდ ხანდისხან პატარა მიხას ტიკტიკი გაისმოდა ხოლმე დარბაზში, მაგრამ მას შემდეგ უფრო გულის შემზარავი სიჩუმე მყარდებოდა ჩვენს გარშემო. საწყალმა ბავშვმა თითქო წინადვე იგრძნო, რომ წელს ახალი ტანისამოსი აღარ ეღირსებოდა, მალიმალ ხელს ივლებდა დაფხრეწილ პერანგზე და დაღონებულის ხმით ეუბნებოდა დედას: ,,დედი, ეს დამიკერე! აი ესეცა, შენი ჭირიმე!” ყოველ ამგვარ დაძახებაზე ანდრიას თითქო რაღაც ჩაჰკრავდა ხოლმე თავში: მთელი ტანით წინ იხრებოდა, თითქო ტახტიდან გადავარდნას აპირებსო; კანკალი აიტანდა ხოლმე და სახე მომაკვდავივით უხდებოდა: ღრმად ამოიკვნესებდა და თავს უფრო დაბლა ჩაჰკიდებდა ხოლმე. საღამოს ჟამზე მეტისმეტად აცივდა: სწორედ იანვრის დღესა ჰგავდა ის შავ ბნელი დღე. ღმერთმა უშველოს ძალუა ელისაბედს! ის გავიდა კარზე, ერთი დიდი იღლია შეშა შემოიტანა და ბევრის წვალებისა და ბერვის შემდეგ დაჭოჭებულ კერაზე კარგი, სანაქებო ცეცხლი გააჩაღა. სველმა შეშებმა ჯერ იწყეს უსიამოვნო გაბმული წივილი, თითქო რამდენიმე მწერი ერთმანეთს თავიანთ მწუხარებას უცხადებსო; შემდეგ გაისმა უფრო მხიარული ტკაცატკუცი და ბოლოს გაძლიერდა ცეცხლი. ლაპლაპა ალმა მარდად შემოურბინა შეშებს გარშემო და დააწყებინა სასიამოვნო გუგუნი. სპეტაკი, ნათელი მოწითალო ალი ცეცხლისა ხან ნაზის რხევით მიჰქროდა მაღლა-მაღლა, ხანაც, უცებ კეკლუცად თავსა ღუნავდა, შეშებში ძვრებოდა, იყუჟებოდა, თითქო ემალება ვისმეო; მერმე ისევ დაიგუგუნებდა, ნაპერწკლების სროლით მარდად ზემოთ ამოვარდებოდა და ნელის ქანაობით, მოხდენილის მიხვრა-მოხვრით ბანის გვირგვინამდე შეილაპლაპებდა ხოლმე. ავრცელებდა თავის გარშემო სულის ჩამდგმელ სითბო-სინათლეს და ჩვენს დაწყლულებულს გულს სწორედ მალამოდ ედებოდა. დიდება შენდა, ღმერთო! რამდენჯერ მინახავს ანთებული ცეცხლი, ამაზე უფრო დიდი, გაძლიერებული! მაგრამ ამნაირად კი არას დროს არა მჩვენებია... ეს დალოცვილი სწორედ სულიერ არსებასა ჰგავდა! რომ ვუცქეროდი, ასე მეგონა: ეს ცეცხლის ალი სწორედ ჩვენ გვეთამაშება-მეთქი; ხედავს ჩვენს დაღონებას, დარდსა და ვარამს და თავის ცელქურის ხტუნაობით, ალერსიანი მოძრაობით უნდა გაგვართოს, გულიდან სევდა მოგვაშოროს-მეთქი. აკურთხოს ღმერთმა შენი გამჩენი, შენი პირველი მამგონი!! ოჰ, ოჰ, ოჰ!.. რა დათბა!! აი ეხლა კი კარგათ მესმის ის სიტყვები, რომლებიც ერთხელ როდისღაც ვიღაცა იმერელს წარმოუთქვამს: ,,ღმერთმა ნურც სააქაოს და ნურც საიქიოს ნუ მომაკლოს ცეცხლიო”. მე და ჩემმა ღმერთმა, კარგათ უთქვამს იმ სულით განათლებულსა! ცეცხლის სითბო-სინათლეზე უკეთესი განა კიდევ იქნება რამე ან სააქაოს და ან საიქიოს!..

სამფეხა სკამები და კუნძის დიდი ნაჭრები შემოვუმწკრივეთ გარშემო ცეცხლსა და ჩვენც სიამოვნებით შემოვუსხედით მას. ცოტა ხნის შემდეგ გაყინულმა მუხლებმა, ძვალმა და რბილმა იგრძნეს გამაცოცხლებელი ძალა სითბოსი. სველმა ტანისამოსმა იწყო გაშრობა; ყოველ ჩვენგანს უხვად ასდიოდა ორთქლი, რის გამოც რაღაც, არა ამ ქვეყნიურ სულდგმულებს ვემსგავსებოდით. პატარა მიხაც კი ამ ორთქლში ისე გამოჩანდა, თითქო ძველი აღთქმის მეუფე, ღრუბლებსა და ბურუსში გახვეული, ამ ქვეყნად ჩამობრძანებულაო. სითბომ მიატანა კედლებსა და ჭერამდისინაც და, რადგან მთელი სახლი და ყოველი ნივთეულ-ავეჯეულობა, რომელიც კი ამ სახლში ელაგა, სველი იყო, ამიტომ ყოველ მათგანს უხვად ასდიოდა ორთქლი. მთელი დარბაზი ამნაირად ორთქლით გაიბურა, ისე რომ ცეცხლის ალიც კი ისეთი მოლაპლაპე აღარა სჩანდა, როგორიც წეღან იყო. როცა წინ შეგვაშრა ტანისამოსი, მოვბრუნდით მაშინ და ახლა ზურგი მივუშვირეთ გაძლიერებულ ცეცხლსა. ამნაირად დავიშრეთ ტანისამოსი, დავთბით, რის გამო გულის დარდიც ცოტათი ჩანელდა, შესუსტდა. მხოლოდ ეხლა მოგვაგონდა, რომ დღეს დილიდან საღამომდისინ პურუჭმელები ვიყავით. შიმშილმა გაიღვიძა და თავის ერთგულ მოსამსახურეს, კუჭს, დიდის მრისხანებით შემოუტია. ძალუა ელისაბედმა მოიტანა ცეცხლა პირას პურებდალაგებული ხონჩა, თან მოაყოლა ამას ტაფა, ერბო და ათი კვერცხი. ზედადგარზე გამოსჭიმა ტაფა და შიგ ორი კოვზი ერბო ჩასდო. საჩქაროზე გათქვიფა კვერცხები და ჩაუშვა ადუღებულ ერბოში. ერთ წამს ერბოკვერცხი მზად იყო; ლამაზი, დაბრაწული, ურმის თვალივით მრგვალი და გაღვივებულ ცომივით მსუქნად აბურცული. ჩუმად, ხმის ამოუღებლივ, ვჭამეთ ვახშამი და შემდეგ უგემურად მივეყარენით აქა-იქ დასაძინებლად.

 

VIII

 

გათენდა დილა, დილა საოცნებო, მშვენიერი! მთელი ცა ძირის ძირობამდე ისე იყო მოწმენდილ-მოკრიალებული, რომ მცირეოდენი ღრუბლის ნაგლეჯიც კი არსად არა სჩანდა. ამ ცის უსაზღვრო, დაუსრულებელ გუმბათს, ისეთი კამკამა ლაჟვარდი ფერი გადაჰკროდა, რომლის მსგავსი ჯერ ამის მეტად არსად არ მენახა. დიდებული მანათობელი ცისა და ქვეყნისა ბრწყინვალებით გადმოიცქირებოდა ამ ლურჯი ციდან და თავის უთვალავ ნათელ სხივებს უხვადა ჰფენდა ჰაერსა და დედამიწას. გრილი, გაზაფხულისებური, ჰაერი ისეთი სუბუქი, ისეთი კამკამა წმინდა იყო, რომ იოტის ტოლა მტვრის ნამცეცსაც კი ვერსად ვერ შეამჩნევდით, ბევრიც რომ გეცქირათ აქეთ-იქითა. ამის გამო სივრცე-სიშორეს თითქო თავის ბუნება დაჰკარგოდა: დღის სავალზე ამართული კოშკი, ანუ სადღაც მთის წვერობზე აშენებული ეკლესია ისე ლამაზათ, ცხადათ, გარკვევით გამოსჩანდა, გეგონებოდათ აი აქვე ათიოდ ნაბიჯის იქით არიანო. მაგრამ ყველაზე უმშვენიერესად ამ დილით კავკასიონის მთები გეჩვენებოდათ. თითქმის მუდამ ნისლითა და ბურუსით მოცული მათი ქედები ამ დილით სრულიად განთავისუფლებულიყვნენ მათგან; ლაჟვარდ სივრცეში ამაყად აეღოთ თავები მაღლა, მაგრამ ამ სიამაყეში ჩვეულებრივის მრისხანების ნაცვლად გამოჰკრთოდა ტკბილი, კეთილი ასწლოვანი მოხუცის სიმშვიდე და ნაზი, მამაშვილური სიყვარული. ესე ბრწყინავდნენ, კაშკაშობდნენ მთელი ცა, ჰაერი, მთები. ხოლო მათ ქვეშ დაფენილი სოფლები, მინდორი და ვენახები წარმოადგენდნენ ამ ჟამად სრულიად სხვა გვარ სურათსა. რამდენადაც პირველნი აოცებდნენ ადამიანის თვალს თავიანთ სადღესასწაულო მორთულობით, იმდენათ უკანასკნელთა სრული აოხრება და გავერანება ავსებდა სევდა-ვარამით მნახველის გულსა. მთელი სხვადასხვა გვარი ბუნება სოფლისა, ყველაფერი, რაც მას ამშვენებს და ძალ-ღონეს აძლევს, დღეს უსულდგმულო, გასახრწნელად გამზადებულ ლეშს წააგავდა. ხოლო პატრონი ამისა, ბუნების მეუფედ წოდებული ადამიანი, სასოწარკვეთილებას წელში ოთხად მოეკაკვა და წყევლა-კრულვას უგზავნიდა ცასაცა და ქვეყანასაც, თავის გაჩენის დღესაცა. ეს მომღიმარე კეკლუცი ცა, ბრწყინვალე ცხოველმყოფელი მზე, სუფთა გაკრიალებული წმინდა ჰაერი მას კი არ ახარებდნენ, არამედ სიბრაზით ავსებდნენ, მწუხარებას უორკეცებდნენ. მათ იგი შესცქეროდა იმ გვარისავე ზიზღით, როგორც ვუცქერით ხოლმე ურცხვს ადამიანს, რომელსაც რაიმე საძაგლობა ჩაუდენია, მაგრამ თავი მაინც ამაყად უჭირავს და ლირფ სახეზე კმაყოფილების ღიმილი არა შორდება. ამიტომაც იგი თითქო განზრახ თვალს არიდებდა ტურფად მოელვარე ბუნებას და გაშტერებით ჩასცქეროდა თავის არსების შინაგან მდგომარეობას. აქ მთელი მისი სული და გული შავად დაბურულ საავდრო ღრუბლებს მოეცვათ. ამ ღრუბლებშიც ხშირად, ხშირად ისმოდა ჭექა-ქუხილი კვნესისა და გოდებისა, რომელთაც საზარელ ბანს აძლევდა ქარიშხალი სასოწარკვეთილებისა, ნიაღვარი ცრემლისა და ვაებისა. გუშინ თუ შრომა და მისი ნაყოფი დაისეტყვა, დღეს იგვემებოდა შემოქმედი ამ შრომისა, წყარო და საფუძველი მისი. მთელი სოფელი დამსგავსებოდა ერთ დიდს დარბაზს, რომელშიაც იდგა ცხედარი ძვირფასის განსვენებულისა. გლეხები ჩუმად გამოდიოდნენ სახლებიდან და ფეხაკრეფით, ჩუმათვე მიდიოდნენ საყდრის კარებისაკენ, სადაც იცოდა ხოლმე ხალხმა თავის მოყრა. მუშის სადილობის დრო იქნებოდა, როდესაც სათითაოდ და ნელ-ნელა მთელი სოფლის მცხოვრებელნი აქ მოგროვდნენ; მოგროვდნენ, მაგრამ მუნჯებივით ისხდნენ ჩუმად. გადიოდა დრო და ხმას კი არავინ იღებდა. ვგონებ კიდევ დიდხანს ისხდებოდნენ ასე, თუ რომ ამ ხალხს თავს არ წამოსდგომოდა ოთხმოცი წლის მოხუცი, სოფლის გულშემატკივარი, კეთილშობილი სულით, სინიდისით და არა მხოლოდ შთამომავლობით, აქაურივე მცხოვრებელი აზნაური იასე. როდესაც ეს მოხუცი სახლიდან გამოვიდა, სახე ღრმა მწუხარებითა ჰქონდა დაფარული; წელში ძალზე მოხრილი, ჯოხს ებჯინა, მოდიოდა ნელ-ნელა, თითქო მიწის ჩანგრევისა ეშინიაო, როდესაც ეკლესიას დაუახლოვდა, მან შენიშნა ხალხის ყოფნა იქ და მაშინათვე გადასხვაფერდა კაცი. მწუხარება გადიყარა სახიდან, წელში გასწორდა, საიდანღაც მოეცა მუხლში ძალა და მარდად, მხნედ გასწია ხალხისაკენ. ორიოდე წამს შემდეგ მივიდა მათთან და მამაშვილურის კილოთი მიესალმა:

- გამარჯვებათ, გამარჯვებათ, ძმებო, შვილებო, მეზობლებო!.. რას გაჩუმებულხართ, რას ჩაგიქინდრიათ უხეიროთ თავები? რა იყო. რა მოხდა ისეთი, რაც მრავალჯერ არ გვენახოს და არ გამოგვეცადოს? ,,ჭირსა შინა გამაგრება ისე უნდა, ვით ქვიტკირსა”-ო... - უთქვამს ჩვენს მამა-პაპას. ქვეყანა დიდია, ღმერთი მაღალია, ხემწიფე მრავალ-მოწყალე! მხნედ იყავით და განძლიერდებითო, გვეუბნება მაცხოვარი. წლის სარჩო დაგვეღუპა, მაგრამ, მერე რაა? შიმშილით ვინ მომკვდარა საქრისტიანოში, რომ ჩვენ დავიხოცნეთ! შარშანდელი ჭირნახული მაქვს კიდევა, ზოგსაც სხვადასხვა სოფლებში შეგიგროვებთ. ახლა თქვენცა გყავთ იმ სხვა სოფლებში ნათესავები, ნათელ-მირონები... იმათგან ხელს მოინაცვლებთ. მაგრამ ეს გახსოვდეთ, შვილებო, რომ ეკლესიაზე, წირვა-ლოცვაზე ნუ აიღეთ ხელი. ლოცვა-ვედრება დიდი რამ არის.. წეღან რომ აქ მოვედი, ყველანი დაღონებულ-დაძმარებულნი ისხედით. ამ ჩემმა ლაპარაკმა, გატყობთ, თითქო ჯავრი და ნაღველი შეგიმსუბუქათ... მე, აბა, რა ვარ? -ერთი გადახრწნეული მოხუცი, ცალი ფეხი სამარეში მიდგია და, თუ ჩემისთანა სუსტი კაცის ლაპარაკმა, ცოტა არა, მხნეობა მოგიმატათ, მაშ რა უნდა მოხდეს თქვენს სულსა და გულში, ყოვლად შემძლებელ, ცისა და ქვეყნის შემოქმედს რომ ელაპარაკოთ? ლოცვა, პირჯვრის წერა, ეკლესიაში სიარული - ღმერთთან ლაპარაკია... როცა ჯავრი რამ შემაწუხებს ხოლმე, მაშინვე აი, აქ მოვდივარ, ემაგ კარებიდან გულ-გახსნით დაველაპარაკები ხოლმე წმინდა გიორგის, და ისიც, ვენაცვალე იმის მადლსა, მაშინვე მაცლის მწუხარების ტვირთსა... ღმერთმა კი დაგვიფაროს და, ვინ იცის, იქნება ეს სეტყვა ღვთისაგან მოვლენილი სასჯელიც არის!.. გამხნევდით, შვილო, ნუ გეშინიათ, იქონიეთ მუდამ ღვთისა და თქვენი მარჯვენის იმედი და მაშინ არა გაგიჭირდებათ-რა... - სთქვა ეს მოხუცებულმა, სასოებით გადიწირა პირჯვარი და შემდეგ დაბრუნდა სახლისაკენ.

ამ სასოებით სავსე გულის სიღრმიდან გადმოსულმა სიტყვებმა გასაოცარი გავლენა მოახდინეს ხალხზე. წამოიშალნენ ფეხზე, იწყეს ბაასი, ლაპარაკი. ამ ლაპარაკის დროს გამოითქვა, რომ მათ ყველაზე მომეტებულად აწუხებდათ სახელმწიფო ხარჯი. ამ საგანმა საზოგადოება ორად გაჰყო: რამდენიმე გლეხი თხოულობდა არზის დაწერას მთავრობასთან; უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ამის.

- რა საჭიროა მაგაზე ლაპარაკი, - იძახოდა უმრავლესობა, - მოვლენ და რომ დაინახავენ, რომ არა გვაბადია-რა, თავს დაგვანებებენ და უკანვე წავლენ...

ამგვარის სასოწარკვეთილებით ლაპარაკობდა მომეტებული ნაწილი გლეხობისა, მაგრამ ბოლოს მაინც ამათმა მოწინააღმდეგეებმა გაიმარჯვეს: გადასწყვიტეს არზის მირთმევა. იმავე დღეს დააწერინეს ქაღალდი, მოაწერეს ხელი და გაგზავნეს მაზრის უფროსთან. ამისთანავე ქაღალდი გაგზავნა ჯეროვანს ადგილს ჩვენის მხრის თავადაზნაურობამაც. პოლიციის ბოქაულმა დაიარა დასეტყვილი სოფლები, ნახა თავის თვალით მათი უბედურება და ამანაც შესაფერი მოხსენება მიართვა თავის მეუფროსეს. ამ ამბებმა ჩვენებურ ურწმუნო თომებზედაც კი მოახდინეს თავიანთი გავლენა. სოფელმა იწყო საიმედო მოლოდინით ცხოვრება. გავიდა ორი თვე და მესამე თვის დამდეგს მოვიდა ჩვენი არზის პასუხიცა. როდესაც ეს პასუხი ხალხს გამოეცხადა, ურწმუნო უმრავლესობამ თავის ქნევით და მწარის ღიმილით შეხედა არზის მომხრე მეზობლებს, რომელნიც თავჩაქინდრულნი იდგნენ და ისე იცქირებოდნენ აქეთ-იქით, თითქო ვერ მიმხვდარიყვნენ ამ პასუხის შინაარსსა. მთავრობის გარდაწყვეტილებაში კი ძნელად მისახვედრი სრულიად არა იყო-რა. სულ ოციოდე ადვილად გასაგები სიტყვებით მთავრობა იწერებოდა შემდეგსა: ,,გამოეცხადოს ამა და ამ დასეტყვილი სოფლის მცხოვრებელ გლეხებს, რომ მათ ეძლევათ ნება წარმოადგინონ წელს სახელმწიფო ხარჯის მხოლოდ ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი შემოიტანონ მერმის, მაშინდელ ხარჯთან ერთად”.

I

ჩემს პატარა ბიჭობაში, მაშინ, როდესაც შოლტის ხმარება კი არა, სახრის ხეირიანად მოქნევაც არ ვიცოდი, როდესაც საქონელს კი არა, ცალ გოჭსაც არავინ მომაბარებდა მინდორში წასაყვანად, - მახსოვს - მქონდა ერთი გულითადი სურვილი, ნატვრა: მე მინდოდა, მენატრებოდა ტყის ნახვა! ვისაც კი ამ ჩემს სურვილს გამოუხატავდი, ყველანი ხარხარს მოჰყვებოდნენ ხოლმე და დაცინვით და გაოცებით მეუბნებოდნენ: “ბიჭო-და, რა ხაზინები დაგიგულებია ტყეში, ან რა მარგალიტის თვლები დაგითესია შენ იქა, რო აგრე გენატრება მისი ნახვა?” ხაზინები!.. მარგალიტის თვლები!.. მაშინ არც კი მესმოდა, თუ რას ნიშნავდნენ ეს სიტყვები! ჩემი სურვილი ამ გვარ მაღალ სიტყვებიდამ არ მომდინარეობდა. ზამთარში თუ ზაფხულში, როდესაც კი ჩემი მამა-ბიძები ტყიდამ შინ დაბრუნდებოდნენ ხოლმე, უსათუოდ რამე უნდა მოეტანათ ჩემთვის. ხან მომიტანდნენ გვრიტის ლამაზ კვერცხებს, ან გვრიტის ბარტყებს; ხან მომიყვანდნენ პაწაწკინა ჩიტებს, მწყრებს, კურდღლის ბაჭიას და სხვ. ხანაც მოჰქონდათ ლამაზად დაკროლილი გულსავსე თხილი, მოწითალო წვრილი წკეპლები, რომლებითაც მე პატარა ლასტებს ვწნავდი და ვუგებდი ფაცრებს ჩვენი მდინარის პაწაწკინტელა ტოტებში. ყოველ გაზაფხულზე ყველა ამას მშვენივრად გაკეთებული და მომართული ასკილის სტვირიც ემატებოდა. ამ დროს ჩემს თავს მე სრულ ბედნიერადა ვგრძნობდი. ყველა ესენი რომ ავიღოთ, შევაჯგუფოთ ერთად და მივაქციოთ ყურადღება მათ გავლენას იმისთანა პატარა სიმონაზე, როგორიც მე მაშინ გახლდით, განა სასაცილო და გასაოცარი იქნებოდა რამე ჩემს ნატვრაში?! მაშინ, რასაკვირველია, ამგვარ კითხვას ვერც მოვახერხებდი და ვერც გავბედავდი მის წარმოთქმას; მაგრამ იმას კი კარგად ვგრძნობდი, რომ ჩემი დარბაისელი დამცინავნი ვერ მექცეოდნენ სამართლიანად და კარგად. ნაცვლად ჩემი უბრალო სურვილის დაკმაყოფილებისა, ისინი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაოცებით დამცინოდნენ და ეგონათ, რომ ამ გვარის მოქცევით გააქრობდნენ ჩემში ამ სურვილს! რასაკვირველია, სცდებოდნენ... გაქრობის მაგივრად მათმა მოქმედებამ ეს სურვილი გამიცხოველა და ბოლოს ნატვრად გადამიქცია. ამ ნატვრამ სულ მთლად მოიცვა ჩემი არსება. ბევრჯელ თვით მხიარულ მდგომარეობის დროს მომაგონდებოდა ტყე, ჩემი ნატვრა, და ეს მხიარულება წამს სულ მთლად ჩაიფუშებოდა ხოლმე. ერთხელ გადამჯდარი ჯოხის რაშზედ, შემოხვეული ჩემი ტოლი ბიჭებით მე დავქროლავდი ჩვენს მოედანზე... ამ დროს უცებ მომაგონდა ტყე; ვანებე ჩემს ამხანაგებს თავი და, ვითომც აქ არაფერი ამბავი იყო, ჭენებით გამოვწიე სოფლისაკენ. შიგ შუა სოფელში აქამომდე დგას ღვთისმშობლის დანგრეული ეკლესია, ამ ნანგრევისაკენ მივმართე ჩემი გზა. რამ მაფიქრებინა ესა, სწორედ მოგახსენოთ, არ ვიცი, ის კი კარგად მახსოვს, რომ მე შევედი ამ ნანგრევში, მივედი ღვთისმშობლის ხატთან, დავიჩოქე და ვიწყე გულმხურვალედ ლოცვა: შევთხოვდი, რომ მას მაინც აღესრულებინა ჩემი ნატვრა...

- ბიჭო, სიმონა, შენა? რას მაიმუნობ, შე წუწკო შენა! - მომესმა უცებ უკანიდამ. მე მაშინვე ვიცანი ჩემი ბებერი დიდიდედას ხმა. წამოვხტი ფეხზე და ფაცხა-ფუცხით დავეშვი ორღობეებისაკენ. ასე მეგონა, ერთი რამ საშინელი, სასაცილო საქმე ვქენი მეთქი... და მრცხვენოდა, მრცხვენოდა ისე, რომ გადავწყვიტე ვახშმობამდინ შინ არ შევსულიყავ. მართლაც-და, კარგა ხშირ-ბინდი იყო დაცემული, როდესაც მე ჩვენი ბაკის კარები შევაჭრიალე და ჩუმი ნაბიჯით გავწიე დარბაზის დერეფნისაკენ. მე მინდოდა შემეტყო, იყო შინ ბებიაჩემი თუ არა? ან თუ იყო, ლაპარაკობდა რასმე ჩემზე, თუ კიდეც ელაპარაკნა. ამისათვის მივედი და ავიტუზე კარებთან. დავუგდე ყური, მომესმა ჩვენი აზნაურა დიაკვნის, ზაქარიას ხმა.

- მერწმუნე, გიორგი, - ეუბნებოდა ის მამაჩემს: - მერწმუნე, რომ ესე საყდრის ახლო ცხოვრება შენთვის და შენი ოჯახისათვის არ არის კარგი! მუდამ ღვთის კალთის ქვეშა ხარ; მუდამ ყოველ შენს საქმეს ზედ დასცქერის დიდი მთავარ-მოწამე გიორგი.

- ვენაცვალე მაგის მადლსა და მაგის სახელსა! - გააწყვეტინა მამაჩემმა, - დაგვცქიროს! ღმერთმა ხო იცის, რომ ჩემ ოჯახში კაცი არავის მოუკლავს და ნაქურდალი არავის შემოუტანია!

- ჰეი, გიორგი, გიორგი, - დაიწყო კვალად დიაკვანმა. - ღვთისა წინაშე ვინ არის მართალ? შენ იქნება არ იცოდე შენი და შენი ოჯახის შეცოდებანი; ყოველივე ესე კი წინაშე ღვთისა ცხად არს! ამისათვის გირჩევ, რომ აიყარო აქედამ და აი შენ საბძელთან გადასახლდე...

მამაჩემმა ამაზე რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე; სჩანდა კია, რომ რაღაც გაჯავრებულად უთხრა ჩვენს ეშმაკ და მაცდურ დიაკვანს. დიაკვანი ამის შემდეგ წამოიბარგა და გამოსწია გარეთ; გამომიარა გვერდზე და ცუღლუტურის ბუტბუტით გავიდა ჩვენი სახლიდამ. ამის გამოსვლის შემდეგ შევიცადე ცოტა ხანს კიდევ და შემდეგ შევაღე კარი და შევედი სახლში. აქ იყვნენ სულ ყველანი: ბებიაჩემი, მამაჩემი, დედა და სამი, ჯერ ახალგაზრდა, უცოლშვილო ბიძები. წინაპირველად ამათ თითქო ვერ დამინახეს... თავისუფლად ჩავუარე კერას გვერდით და დედაჩემს ამოვუჯექ მუხლის ძირას.

- ჩვენო ბერო, ჩვენო ბერო! აცხონე სული თუ არა? - დაიძახა უცებ სიცილით უმცროსმა ბიძამ...

- ბერო, ბერო! აბა ერთი გვითხარი, რას ლოცულობდი! - დაიწყეს აქეთ-იქიდამ ყვირილი. ამას მოჰყვა საზოგადო სიცილი. მე ჩავუდე დედაჩემს კალთაში თავი და გავინაბე.

- რას მიჰქარამთ ერთი! ლოცვა რა დასაცინია! - მოისმა მამიჩემის ხმა. ამ ხმამ ცოტა არ იყოს გამათამამა: თავი ავიღე მაღლა.

- აბა, გენაცვალე, შვილო, მითხარი, რას ეხვეწებოდი წეღან ღვთიშობელსა? - მოვიდა ჩემთან და დაყვავებით მითხრა ბებიაჩემმა.

ამ დაყვავებამ უფრო გამათამამა; მაგრამ პასუხის გაცემას მაინც მაგრე რიგად არა ვჩქარობდი.

- ვეხვეწებოდი: - ღმერთო და წმინდა გიორგი, ტყე მაჩვენე მეთქი... - ვსთქვი დაბალის ხმით შემდეგ ცოტაოდენის სიჩუმისა.

ამ სიტყვებმა ხელმეორედ აღძრა მთელ ჩვენს დიდს დარბაზში ერთი საშინელი სიცილი და ხარხარი.

- ბიჭო-და, რა სანახავია ტყე, რო აგრე გენატრება იმის ნახვა? - მითხრა სიცილით უფროსმა ბიძამ .

- შე რა გინდა! ოღონც-კი ერთი ტყეში წამიყვანეთ და, ღმერთმანი, სულ მე მოვუდგები ხარებს, - მივუგე მე.

- კარგი, შვილო, კარგი! აი ამ ორ დღეში ფიჩხისთვის მოგვიხდება ტყეში წასვლა და შენც მაშინ თან წაგიყვანთ, - დამპირდა მამაჩემი.

- წაიყვან კი არა და აის არ უნდა! - წამოიძახა დედაჩემმა. - ეგები აიქ ურმიდგან გადმოგივარდეთ სადმე... ნუ, შვილო ნუ წაჰყვები... იქ ისეთი მგლები და ტურები არიან, რო მაშინვე შეგჭამენ.

- სიმონა, - დაიძახა ახლა ბებიაჩემმა. - არ წახვიდე, შვილო, თორე ტყეში ალი დაგხვდება, წაგიჭერს ყელში ხელსა და დაგახრჩობს.

- ალი პატარა გოგო არ არი?.. ი როგორ მომერევა მერე, - ვთქვი მე.

- ალი, ბიჭო, პატარა გოგო კი არ არი, - დაურთო შუათანა ბიძამ,- ალი ეშმაკების დედაკაცია... ისეთი ლამაზია, ისეთი, რომ მზეთუნახავსა ჰგავს. მშვენიერი წაბლისფერი დალალები აყრია ზურგზედა... ჩაჯდება ხოლმე ტყის წყლებში, გაიშლის თმასა, და ისველებს წყლითა და ოქროს სავარცხლით დაიწყებს ხოლმე ვარცხნასა. თუ ამ დროს ადამიანს თვალი შეასწრო, მაშინვე წამოხტება, ეცემა და დაახრჩობს .

- ი წყეული ძაან ღონიერია თურმე, - დაუმატა უმცროსმა ბიძამ.

ამის შემდეგ გააბეს ალზე ლაპარაკი და თითო რამე ალის ამბავი თითქმის ყველამა თქვა... სიცილი, ხუმრობა ამ დროს სრულიად გაჰქრა. მათი ალაგი ხშირმა პირჯვრის წერამ და წმინდის გიორგის სახელის მოწოდებამ დაიჭირა. ხალხი არა ხუმრობდა! ამან ძალიან, ძალიან შემაფიქრიანა. ვეღარც ვახშამი ვჭამე ხეირიანად და მთელი ღამეც მამლის ყივილამდე არ დამეძინა. ვფიქრობდი ალზე. თვალწინ მეხატებოდა ტყე. ამის შუა ალაგას ვითომ მოჩანდა პატარა, ანკარა, მოჩქრიალე მდინარე, რომელშიაც, ერთს მოფარებულ ალაგას, დიდთმაგაშლილი იჯდა მშვენიერი მზეთუნახავი ქალი - ალი. ალი თავის ჟუჟუნა შავის თვალებით იცქირებოდა აქეთ-იქით. უნდა დაინახოს ვინმე ადამიანი, მივარდეს და დაახრჩოს... ამ გვარი წარმოდგენანი მეხვეოდნენ გარშემო მთელი ის ღამე. პირველ მამლის ყივილის შემდეგ დამეძინა, მაგრამ ვაი ამ დაძინებას! სიზმარში ვნახე ალი და გულგახეთქილმა გავაჭყიტე თვალები. ტყე და ალი ახლა ერთმანეთთან მკვიდრად შეთვისებულ საგნათ გარდიქცნენ ჩემთვის. ერთის ნახვა მენატრებოდა, მეორესი მეშინოდა... როგორ ავცდე ამ უკანასკნელს ისე, რომ მხოლოდ პირველი ვნახო, - აი ჩემი მაშინდელი ფიქრების საგანი! თუმცა ბევრნაირად გავწიე და გამოვწიე ეს საგანი, ბევრი ვიბუტბუტე ამის შესახებ, მაგრამ ერთმანეთზე მაგრა მიკრული ტყე და ალი მაინც ვერ მოვაშორე ერთმანეთს. ბოლოს მაინც ისევ ტყემ აჯობა ალსა! გადავწყვიტე, წავალ ტყეში, მაგრამ ჩემს მამა-ბიძათ ერთს ნაბიჯზედაც არ მოვშორდები-მეთქი. ამ გარდაწყვეტილებით ავდექი დილით. თუმცა ცოტა თავიც მტკიოდა და უხეიროდაც მაზმორებდა, მაგრამ მაინც ხმა არ ამომიღია ამაზედ. გაჩუმებული ვუცდიდი იმ დღეს, როდესაც ჩემი მამა-ბიძანი ფიჩხისთვის ტყეში უნდა წასულიყვნენ.

II

ამ დღემაც დიდხანს არ მალოდინა. ორი დღის შემდეგ, საღამო ჟამზე, მამაჩემმა გამოიტანა შინიდამ ცული და საძნე ურემს დაუწყო მართვა. ცოტა ხანს უკან ჩემმა ორმა ბიძამ ბაკის კარებთან ერთი სხვა ურემიც მოაგორეს. უღლებს, აპეურებს და ტაბიკებს დაუწყეს ძებნა და გამართვა. აქედამ ცხადადა სჩანდა რომ ესენი ხვალ ტყეში წასვლას აპირებდნენ. მამაჩემს ღრეჯით მოვაგონე თვისი დაპირება... მან ხელმეორედ განიმეორა თავის აღთქმა. მე მაინც მთლად არ ვენდე ამ დაპირებას: იმ ღამეს უმცროს ბიძასთან კარზე ძარ ქვეშ დავწექი, რომ უფრო კარგად მეყარაულებინა ტყეში მიმავალთათვის. მეორე დღეს, ჯერ მზეც არ იყო ამოსული, რომ მე თვალებდაჭყეტილი ვიწექი ლოგინში და გავცქეროდი კონკილებზე შეყენებულ ურმებს. აგერ მორეკეს საქონელიც და ურმებში დაუწყეს შებმა. მე მსწრაფლად წამოვხტი, გადავიცვი ჩოხა, ჩავიცვი ქალამნები და წინ მივეგებე მამაჩემს, როდესაც ის კალთაში პურებგამოხვეული გამოდიოდა შინიდამ.

- წამოდი, შვილო, წამოდი... - მითხრა მამაჩემმა... და გასწია შებმულ ურმებისაკენ.

მე სიხარულით და ხტუნაობით გამოუდექი უკან. ტყეში მოდიოდნენ სამნი: ორი უფროსი ბიძა და მამაჩემი. ამ უკანასკნელმა დამისვა თავის ურმის თავზე, თვითონ მოუდგა ურემს გვერდზედა და დავძარით ნელ-ნელა ურმები. მუშის სადილობის დრო იქნებოდა, როდესაც ჩვენ ტყეში შევედით. მართალია, ტყე იმისთანა არ მეჩვენა, როგორიც წარმოდგენილი მქონდა ისა, მაგრამ აქაურმა სიგრილემ შემდეგ ტრიალი, გახურებული მინდვრის სიცხისა, მრავალმა დიდმა ხეებმა, მათ ფოთოლთა რაღაც საიდუმლო შრიალმა, ათასგვარ ფრინველთა სხვადასხვა ნაირმა ჭიკჭიკ-გალობამ და კიდევ ბევრმა სხვა რაღაებმაც ისეთ ნაირად იმოქმედეს ჩემზე, რომ ცოტა ხნობით ალიც კი დამავიწყდა. გახარებული გადმოვხტი დაყენებული ურმიდამ და მხიარულად გავქანდი თხილის ბუჩქისაკენ, რომელზედაც კუნწულ-კუნწულად იყო დახუნძლული თხილი. ამ ბუჩქიდამ სხვა ამგვარივე ბუჩქი დავინახე; აქედამ ჩიტის ბუდიანი ბუჩქი; იქითკენ ლამაზი სწორე სასახრე იფნის ყლორტი. ამგვარად, ჩემთვის სრულიად შეუნიშნავად, გადავდიოდი ერთი ალაგიდამ მეორეზე და ამასთანავე უფროდაუფრო ვშორდებოდი ჩემს მამა-ბიძათ. ამ გვარი ჩემი დაშორება ვიგრძენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ერთს პაწაწა მოჩქრიალე მდინარეს წავადექ. ამის დანახვამ რაღაც თავზარი დამცა. კარგა ხანს გამოურკვეველი შიშის მეტს მე ვერაფერს ვერა ვგრძნობდი. შემდეგ ამ არეულმა მდგომარეობამ ნელ-ნელა იწყო გამორკვევა. ჩემს თავში არეულ საგანთა წარმოდგენათ იწყეს ერთმანეთიდამ განცალკევება... ცალკევდებოდნენ თითქო მისთვის, რომ სამუდამოდ მოშორებოდნენ ჩემს მოსაზრებას. სათითაოდ და ნელ-ნელა იწყეს მათ გაქრობა და ჰქრებოდნენ, სანამ ეს საქმე ჩემთვის სასიამოვნო და საშიშარ ორ საგანზე არ შესდგა. აქ მთლად გამოფხიზლებულ გონებას ცხადად წარმოუდგნენ ერთის მხრივ ტყე და მეორეს მხრივ ალი. ,,ვაიმე, დედავ! ეს რა მომივიდა!” წავიბუტბუტე კანკალით და სულგაკმენდილმა მივიხედ-მოვიხედე... სამის მხრივ მე მეხვია თხილისა და ძეძვის ერთმანეთზე გადაბმული ბუჩქები... მაღლიდამ დამცქეროდნენ უზარმაზარი მუხის ტოტები... ისეთი გაშტერებულნი მეჩვენნენ ეს ტოტები, რომ მათი ფოთლების შრიალიც-კი არ მესმოდა. ფრინველებსაც ამ დროს თითქო ყველას ენა ჩავარდნოდა... მათი ხმა კი არა, ფრენაც არ ისმოდა. რაღაც შესაზარავი მკვდარი სიჩუმე იდგა ჩემს გარშემო! დავუგდე ყური ჩემს მამა-ბიძათ; ვერცა-რა იმათი ხმაურობა გავიგონე; მხოლოდ ხანდისხან, თითქო, შორს საიდგანღაც, ცულების კაკა-კუკი გაისმოდა ხოლმე... სხვა არაფერი. ,,შშშრიიი”, მომესმა უცებ წყლიდამ. ცახცახით გავხედე მდინარეს და მომეკვეთა მუხლები: შიგ შუა წყალში მე დავინახე ალი, რომელსაც გაეწეწა თმა და დინჯად ივარცხნიდა მას ოქროს სავარცხლით... ამის შემდეგ მე აღარა მახსოვს-რა. როგორ გამოვტრიალდი უკან, როგორ შევძელი ურმებთან მირბენა და როგორ დავიძახე: “მიშველეთ, ალი” - მე არა ვიცი რა, მახსოვს მხოლოდ მამაჩემის სიტყვები...

- სიმონა, შვილო, სიმონა, - ჩამომძახოდა ის ყურში, როდესაც, თურმე ცოტა მოვსულიერდი; - მითხარი, შვილო, მითხარი: აბა სად არი ალი?..

- პატარა წყალში, აიქითა, - თავის გვერდზე მიღებით წამოვილუღლუღე.

- აბა, ბიჭებო, - დაუძახა თავის ძმებს მამაჩემმა, - ცულები აიღეთ ხელში და ჩქარა გავიქცეთ... ეგებ მოვასწროთ ი წყეულსა და ჩავჩეხოთ წყალში.

აქ ყველანი წამოცვივდნენ ფეხზე და მოღერებული ცულებით გაექანნენ იქით, საიდამაც მე მოვრბოდი. მე მამაჩემს ვეჭირე ხელში. აგერ, ჩემი ბიძები ყვირილითა და კიჟინით მისცვივდნენ მდინარის ნაპირას! აგერ მივედით ჩვენცა, მივედით და დავდექით სწორედ იმ ალაგას, საიდამაც მე ალი დავინახე.

- აბა, სიმონა, სად იყო ალი, სად ? - დამიძახეს ბიძებმა.

მე გავიხედე ალისაკენ, მაგრამ იქ ალი ვეღარ დავინახ; მის ნაცვლად სწორედ მის ალაგას ეხლა წყლიდამ ამოჩანდა ყვითელ ხავსმოკიდებული მუხის დიდი კუნძი.

- ე მაგ კუნძზე იჯდა მგონია, - ვსთქვი მე ცოტა ყოყმანით.

- ეე! შვილოსან, - სთქვა მამაჩემმა, - ჩუმათ უნდა მოვსულიყავით... მოგვეჭრა თმა და მაშინ რაც გვინდოდა, იმას ვუზამდით... მაგრამ, მაინც ეს კუნძი ცუდად არი ამოყუნტული წყლიდამ... ეს სწორედ ალის თმის სავარცხნი ალაგი იქნება! აბა, ცულები მაგას.

აქ მამაჩემმა მე ძირს დამსვა; თვითონ წამოავლო ცულს ხელი და გაექანა კუნძისკენ. მას მიყვნენ ბიძაჩემები... სამთავენი შემოუმწკრივდნენ კუნძს გარშემო და გაცხარებით დაუშინეს ცულები...

- ე კუნძი ცეცხლისთვინაც გამოდგება! - მხიარულად დაიძახა ერთმა ბიძათაგანმა.

უცებ წაიქცა მამაჩემი. უფროსმა ბიძამ დახედა თავის ცულს. ცული ტარზე აღარ იყო... ქნევის დროს მისი ცული გასხლეტილიყო ტარიდამ და პირით შიგ შუბლში მოხვედროდა მამაჩემს.

- მიშველეთ, მიშველეთ! - დაიძახა მამაჩემმა: ბიძაჩემებმა გაჰყარეს ხელიდამ ცულები, ეცნენ და საჩქაროზე თავგახეთქილი თავისი ძმა ნაპირზე გამოიტანეს. გატეხილი შუბლიდამ თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი; ბიძაჩემები ცდილობდნენ, რომ როგორმე შეეყენებინათ ეს სისხლი, მაგრამ მათი ცდილობა დიდხანს ფუჭად რჩებოდა. ბოლოს ახალუხის მთელმა კალთამ ძლივ-ძლივობისას შეაყენა სისხლის დენა.

- ვაიმე, ცოლო და შვილო! - სუსტის ხმით დაიკვნესა მამაჩემმა, - დამდეთ ჩქარა ურემზედა წამიღეთ შინა.

ტირილით და ვაი-ვაგლახით შევაბით ურმები, დავუდეთ ერთ მათგანზე მამაჩემი და საღამოზე, ფიჩხის მაგივრად, შინ მკვდარი მამა მივიტანეთ: შუა გზაზე დალია საწყალმა სული.

ადვილი წარმოსადგენია, თუ რა წიოკობა გაჩნდებოდა ჩვენს ოჯახში ამ უეცარის და საშინელის ამბის დანახვით! მთელი ჩვენი სოფელი ფეხზედ დადგა. საკვირველიც არ არის! ეს სიკვდილი ასე უეცარიც რომ არ ყოფილიყო, მამაჩემი მაინც ისეთი გულკეთილი და საწყლის შემბრალებელი კაცი იყო, რომ მთელი ჩვენი სოფელი მას პატივისცემით და სიყვარულით უცქეროდა. მე მაკვირვებდა მხოლოდ ხალხის ლაპარაკი ამ სიკვდილის მიზეზზედ... ამბობდნენ, ვითომც მამაჩემი პირიანი ქვის სროლით ალს მოეკლას. ამ ხმამ ცოტა კი არ გვაწვალა! ჩვენი მღვდელი მამიჩემის ქრისტიანულად დამარხვას არა სჩადიოდა: ალისაგან არის მკვდარიო. სანამ ერთი წითელი ქაღალდი არ აგვკრა, გვერდზეც არ მოგვიდგა ის ჩვენა. დამარხვის შემდეგ ამ ხმას ბლაღოჩინამდისაც მიეხწია... ახლა ის ჩამოგვიხტა სახლში და დაგვიწყო მუქარა: სუყველას ციმბირში გაგაგზავნინებთო და გვემუქრებოდა, სანამ ამასაც ერთი თუმანი არ მივეცით. ამ პატივცემულ სულიერ მამათა ლაპარაკისა და ჯავრობისა მე მაშინ სრულიად არა მესმოდა რა! ვერ წარმომედგინა, თუ რას ჩემობდნენ იგინი. ამისათვის მიკვირდა და გაკვირვებული ვიყავი მხოლოდ ყველა ამ ზემოთ ნათქვამი ხმების და ლაპარაკის მიზეზით. როგორ, მამაჩემი ალმა როდის მოჰკლა? ვეკითხებოდი ჩემ გულში ჩემ თავს და ზედვე მივადევნებდი ხოლმე ნამდვილ პასუხს: - ალმა კი არა, მამაჩემი ბიძაჩემმა მოჰკლა!..

III

დავმარხეთ მამაჩემი, მაგრამ ამის შემდეგაც არ ჩამოგვეხსნა ის წყეული ალი. ჯერ სასაფლაოზე ენახათ ის ვიღაცა მგზავრებს. შემდეგ გავარდა ხმა - ვითომც მამაჩემი ალს ამოეღოს საფლავიდამ და წაეღოს ტყეში. ეს ამბები ჩვენ შეგვატყობინა ზაქარია დიაკვანმა და გვირჩია, რომ მიცვალებულის სულისთვის გვეწირვინებინა, საფლავი გვეკურთხებინა და შემდეგ საზოგადო წირვა გადაგვეხადა. ყველა ესენი სრულიად აღასრულეს ჩვენებმა; მაგრამ ვაი ამ აღსრულებას! ამან საშინელი დაღი დაასვა მთლად ჩვენს ოჯახობას და მის მომავალ ბედს. აქამომდე უვალო ოჯახს ამ წირვებისა და კურთხევის მეოხებით ათ თუმანზე მეტი ვალი დაგვედო. ეს ვალი შემდეგ გადიდდა, გარდიქცა ორმოც, სამოც თუმნათ: გავხდით ჩვენ დედაბუდიანად ერთის ჩარჩის მონებათ და ყმებათ. მაგრამ ყველა ეს შემდეგ მოხდა; აწმყო ჩვენი უბედურება კი იმაში მდგომარეობდა, რომ თუმცა ეს ფული დავხარჯეთ და ყველა ნათქვამი აღვასრულეთ, მაგრამ ალი მაინც თავიდამ ვერ მოვიშორეთ. სასაფლაოდამ შემდეგ თვით სახლში გვეწვია ის. ერთ ღამეს ყველას ტკბილად გვეძინა. წარსული მწუხარებით და შრომით დაღლილ-დაქანცულთ, ჩვენ, ცოტა არ იყო, იმედიანათ დავუწყეთ მომავალს ცქერა. მაგრამ იმ ღამეს სხვა ვაი-ვაგლახი მოელოდა ჩვენ სახლსა. გათენება მოტანებული იქნებოდა, როდესაც შუა ბანიდან ერთი ვეებერთელა ქვა ჩამოვარდა დარბაზში და რახა-რუხით დაეცა საკიდელას და კერას. ჩვენ ყველანი წამოვცვივდით ფეხზე.

- ვინა ხარ, ვინა, შე ოჯახ და სახლ-კარ დაქცეულო? - შესძახა ქვემოდამ ერთმა ჩემმა ბიძათაგანმა.

- მე ვარ ალი, გამოგზავნილი წმინდის გიორგისაგან... აიყარენით. აიყარენით, თორემ სულ ერთიანად ამოგმუსრავთ! - გარჩევით და ქალურის ხმით მოისმა მაღლიდამ.

ამ სიტყვებმა ყველას შიშის ზარი დასცა. ყველამ ფიცით აღიარა, რომ უსათუოდ და უსათუოდ ავიყრებით აქედამო. მეორე დღეს, სანამ რომელიმე ჩვენგანი კარზე გავიდოდა, ეს შემთხვევა თურმე თელმა ჩვენმა სოფელმა იცოდა კიდეც. გაჩნდა სოფელში ერთი საშინელი ჭორიკანაობა.

- გენაცვალე, ქალო, - იძახოდა ერთი, - მაგ საწყალ არაშენდაანთ ალი ახლა სახლში მისჭრიათ, ბანიდამ ერთი ვეებერთელა ქვა ჩაუხლია და დაუძახია: სულ ყველას დაგახრჩობთ და ცეცხლს წაგიკიდებთ, თუ აქედან არ აიყარენითო.

- ქაა და, ეგ კიდევ რა არის იმასთან, რასაც სხვანი ლაპარაკობენ, - მისძახოდა მას მეორე, - თურმე გენაცვალე, მისულა ალი და ი სულწაწყმენდილი ბებერი მაიასთვის ჩაუძახნია: ჩემო დობილო მაიაო, როგორც აქამდისინ მეხმარებოდი, მამეხმარე ერთი ეხლაცაო: ამომაწყვეტინე ე შენი შვილებიო!

- მერე, გენაცვალე, მერე! ი სულაყეფებულს რა ეთქვა?

- არაფერი, ქალო, იჯდა თურმე ენაჩავარდნილივით და უკუღმა პირჯვარს იწერდა.

- უუუი, ჩვენ ჩაქოლვასა! ტყუილად კი არ იძახოდა ჩვენი მღვდელი: არაშენდაანთ მაია კუდიანიაო.

- გენაცვალე, და მეტი კუდიანობა გინდა: ჭიაკოკონობა ღამეს ერთხელაც არა ყოფილა ისა შინა...

ბევრი ამ გვარი და ბევრიც ამაზე უარესები ისმოდა იმ დღესვე ჩვენს სოფელში მთლად ჩვენს ოჯახზე და კერძოდ - ჩემს საწყალ დიდიდედა მაიაზე. ამ უკანასკნელს ახლო აღარავინ ეკარებოდა. მიმავალი რომ დაენახათ, გარბოდნენ იმისაგან, როგორც გიჟისა, ან საოფლიანი ავადმყოფისაგან. ყველა ეს ამბები ჩვენ საღამოზე გავიგეთ. უნდა დაგენახათ, როგორი ჭირისუფალივით ტიროდა ამ დროს საწყალი ჩვენი მოხუცებული. მთელი ის პირველი ღამე მან სულ “ვაი”-სა და “მე ჩაქოლვილის” ძახილში გაატარა. მეორე დღეს, თუმცა ძველებურად ადრე ადგა ლოგინიდამ, მაგრამ მალე უკანვე მოუხდა მიბრუნება. დაწვა, მისცა საშინელი სიცხე და იწყო გიჟივით როტვა. მთელი დღე სულ როტვაში გაატარა. საღამოზე კი, ცოტა არ იყო, შესწყვიტა ეს უაზრო ლაპარაკი და ცოტა ხანს კიდეც ჩაეძინა. ვჭამეთ ვახშამი და დავწექით ჩვენც. შუაღამე იქნებოდა, რომ უცებ ჩვენმა ავადმყოფმა იწყო ერთი გაბმული და შესაზარი ხრიალი. წამოვცვივდით ფეხზედა შემოვეხვივენით გარშემო ავადმყოფს. ის თვალებდაჭყეტილი, გაყვითლებული და გაშტერებული იწვა. შემდეგ ბევრის ყვირილისა, ცივის წყლის სხმისა, ცხვირისა და ყურების სრესისა, ის ცოტაოდნად მობრუნდა.

- რა იყო, დედა, რაი? - ჩასძახეს აქეთ-იქიდამ.

- ალი, შვილო, ალი... კინაღამ დამახრჩო ი წყეულმა, - წამოიკვნესა ბებიაჩემმა.

- სად იყო ი წმინდა გიორგისაგან დაწყევლილი!.. რა უნდა ი შეჩვენებულს ჩვენგან!.. - დაიძახა უფროსმა ბიძამ.

ამის შემდეგ აანთეს სამი, თუ ოთხი მკვარი, დაუწყეს ძებნა ალსა: გოდორი, კასრი, თარო, თონე სულ გადმოაბრუნეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ალი იქ ვერსად ვერა ნახეს! თუმცა ალი არსა სჩანდა, მაგრამ მაინც ასე გადასწყვიტეს ჩვენებმა:

- ხვალვე უნდა გადავსახლდეთ აქედამ, ხვალვე!.. - ის კი არ იცოდნენ, რომ ხვალ იმისთანა საქმე გამოუჩნდებოდათ, რომელიც ძალა-უნებურად შეაყენებდა ამ განზრახვის აღსრულებას.

მეორე დღეს, სადილობისას, წაიღო თქვენი ჭირი ჩვენმა ბებია მაიამ. ამ სიკვდილის შემდეგ ხომ სულ მთლად გადაირია ჩვენი სოფელი: გარდაცვალებული ისე დავმარხეთ, რომ სამიოდ კაცის მეტი ზედ არავინ მოგვკარებია!..

- გადასახლდით, ხალხო, გადასახლდით აქედამ ... - გვეძახოდა ყველა, ვინც კი ჩვენთან მოვიდოდა, ან ჩვენგანს ვინმეს დაინახავდა.

ჩვენც არა იმათზე ნაკლებ გვინდოდა აქედამ გადასახლება, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ სახლისათვის მასალა სრულიად არა გვქონდა-რა. ღმერთმა უშველოთ ჩვენებურებს! გაიგეს თუ არა ჩვენი გადასახლების დამაბრკოლებელი მიზეზი, მაშინათვე შეგროვდნენ კომლზე კაცი და თავიანთი ურმებით მოგვიზიდეს ბოძები, თავხეები და ჭერი... შემდეგ გვიშველეს მათს დათლასა და გასწორებაზე. ჩვენი საბძლის გვერდზე, ცოტა სოფლის განაპირას, სასაფლაოს გადმოსწვრივ ამოვთხარეთ მიწა: ჩავსხით ბოძები, დავუწყეთ თავხეები და დავხურეთ ჭერი; ეს დახურული მიწური გავყავით შუაზე ლასტით: ერთი ნახევარი დავამზადეთ ჩვენთვის, მეორე - საქონლისათვის. შემდეგ ძველი დარბაზიდამ გადავზიდეთ იქ, რაც კი რამ გვებადა, და გადავყევით მათ ჩვენცა. ღვთის მადლით გვეღირსა გადასახლება!..

IV

ნათქვამია: “კაცს თუ ბედის ჩარხი ერთხელ უკუღმა დაუტრიალდა, სულ უკუღმა იტრიალებსო”. ჩვენც მართლა ასე მოგვივიდა გადავსახლდით, მაგრამ ახალ და ახალ უბედურებათ მაინც კიდე ვერ დავემალენით. ჩვენი გადასახლება მოხდა შემოდგომის დამდეგს. ამ დროს კარგა ლაზათიანად ციოდა და რამდენიც დღე გადიოდა, იმდენი უფრო და უფრო ცივდებოდა; სჩანდა, რომ ამ წელს ზამთარი მალე გვეწვეოდა, იქნებოდა სუსხიანი და, ვინ იცის, ხანგრძლივიც. ჩვენი ახალი მიწური კი სრულებით არ იყო ამისათვის მომზადებული. ჩვენ არ გვქონდა არც ალიზი, არც ფიცრები, და ქვიტკირზე ვინღა იფიქრებდა, რომ ნოტიო, შიშველი მიწის კედლები დაგვეფარა და ამგვარად აგვეშორებინა მათი ცუდი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის გამო ჩვენს სახლში მუდამ ცუდი შმორის სუნიც იდგა და საშინლად ციოდა კიდეც... მაგრამ ყველა ამას წინაპირველად ყურადღებაც არ მივაქციეთ: ორი თუ სამი კვირა მხიარულად გავატარეთ. ვგონებ, მეოთხე კვირის ერთ საღამოს ჩემ უმცროს ბიძას გააცივა. იმ ღამეს საშინელს თავის ტკივილს და სიცხეს უჩიოდა. მეორე დღეს ლოგინიდამ ვეღარ აახწია! გავიდა კიდევ ერთი დღე და ჩვენს ავადმყოფს ცხადად გამოაჩნდა საოფლის ნიშნები. რასაკვირველია, ამ ამბავმა ავათ აგვირია თავზე ბალანი, მაგრამ სასოებას მაინც არ ვკარგავდით. “რა ვუყოთ! საოფლე, მართალია, ხორველაა ჩვენი სოფლებისათვის, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს მაინც ადამიანური რამეა! ოღონდ ეშმაკეულობა კი მოგვშორდეს, თორემ საოფლეს როგორ ვერ გავუძლებთ, “ასე ვფიქრობდით ჩვენა და ვიმშვიდებდით გულსა. ავადმყოფი უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა... ერთხელ გულდამშვიდებით ვისხედით ყველანი ცეცხლაპირას და ჩუმად ვლოღნიდით ვახშამს.

- მიშველეთ, მიშველეთ!.. - შეჰყვირა ერთი შესაზარი ხმით ავადმყოფმა და წამოვარდა ზეზედ. ჩვენც წამოვცვივდით ფეხზედა. მაგრამ სინამ ჩვენ ავადმყოფთან მივიდოდით, იმან იშვირა ფეხი, გადმოხტა კერაზე, გაექანა და შეძვრა თაროს ქვეშ. ჩვენ შემოვეხვიენით გარშემო.

- ბიჭო, ძმაო ალექსი, რა იყო, რაი? - დაუძახა მას უფროსმა ბიძამ.

ამ სიტყვებმა, თითქო გამოაფხიზლეს ავადმყოფი: ის წამოხტა უცებ ფეხზედა დაიწყო დინჯად, ჭკვიანურად:

- მიშველეთ, თქვენი ჭირიმე!.. ალი მახრჩობს. ალი!

ალის ხსენება და ჩვენი ენის ჩავარდნა ერთი იყო! სიტყვა ვეღარავინ ვერ მოახერხა... ისმოდა მხოლოდ რაღაცა შესაზარი ჩუმი კვნესა, ყველას სახეზე ცხადათ იხატებოდა სიტყვები: აქაც გადმოგვყვა ის წყეული, დავიღუპენით სულერთიან!..

დიდხანს ვიდექით ჩვენ ასე გაშტერებულნი და, ვგონებ, კიდევ დიდხანს დავრჩებოდით ასე, თუ რომ ჩვენს ავადმყოფსავე არ გამოვეყვანეთ ამ მდგომარეობიდამ. იმან ერთი კიდევ შეჰყვირა: “ალი, ალიო”; შემდეგ დაიწყო მუშტების ქნევა, გადახტა ცეცხლზედა გულგაღეღილი დაეცა თავის ლოგინზედა.

- ნუ გეშინიათ, ადამიანებო, - გვითხრა დედაჩემმა, - ეგ სიცხისაგან როტავს.

- და რაღა ალი წამოაროტვინა სიცხემ! - გულამოსკვნით სთქვა შუათანა ბიძამ.

ეს კითზვა უპასუხოდ დარჩა. ყველანი ჩუმად ვიყავით. ყველანი ამ ჩვენს ახლანდელ უბედურებაზედ ვფიქრობდით. “მართლაც და, - ვამბობდი მე ჩემს გულში, - რაღა ალი წამოროტა! ან კიდევ განა როტვასა ჰგავდა მისი დინჯად და ჭკვიანურად წარმოთქმული სიტყვები? არა, არა, სწორედ თან გადმოგვყვა ალი, სწორედ უნდა ამოგვჟლიტოს ყველანი”. ამ ფიქრების შემდეგ მომაგონდა ტყე და იქ ალის ნახვა, მომაგონდა მამაჩემი და ყველა ის ხმები, რომელნიც კარგა ხანს ტრიალებდნენ ჩვენს სოფელში ალსა და ჩვენზედა... ბოლოს თვალწინ ჩვენი აწმყო მდგომარეობა წარმომიდგა. ყველა ამ მოგონება-წარმოდგენის გამო მე საშინელმა ცახცახმა ამიტანა!..

- მიშველეთ, მიიშველეთ!.. ალი მოდის, ალი! არიქა, აგერ შემოაღო კარები! - დაიღრიალა. კვალად ლოგინზე წამომჯდარმა ავადმყოფმა.

მე მივიხედე კარებისკენ. ყურებმა წივილი დამიწყეს, მუხლები ჩამეკეცა! კარებში მართლა ალი დავინახე.

- ალი , ალი!.. - დავიძახე მე და მოვეხვიე დედაჩემს.

რა მოხდა ამის შემდეგ, გარკვევით აღარა მახსოვს-რა!.. იმ ღამესვე მე მომცემოდა საშინელი სიცხე, დამკარგოდა მაშინვე მოსაზრება და დამეწყო როტვა, რომლის საგანი მომეტებულად, თურმე, “ალი” იყო. მთელი ცამეტი დღე მე ამ გვარ მდგომარეობაში ვყოფილიყავ... მეთოთხმეტე დღეს მომსვლოდა ოფლი და საღამოზედვე პირიქითა ქვეყნისკენ მიქცეული, პირაქეთისკენ მოვბრუნებულიყავ. მეორე დღეს მოსაზრებაც, ცნობაც და გაგებაც კვალად დამიბრუნდნენ. წინაპირველად რომ მოსაზრებით გავახილე თვალები და ჩვენს მიწურში აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, მე კარგა ხანს ვერ მოვიაზრე - სად და როგორ ვიყავი. შემდეგ მომაგონდა ჩვენი გადმოსახლება, მომაგონდა, რომ ამ გადმოსახლებასთანავე ჩვენ საოფლე შეგვიდგა, რომ ამ საოფლით ყველაზედ უწინ გახდა ავად ჩემი უმცროსი ბიძა, ალექსა. მომაგონდა, სადაც ის იწვა, და ნელ-ნელა გადავიხედე იქითკენ. ის ალაგი ეხლა ცარიელი იყო, მაგრამ ცოტა აქეთ კი ვიღაც, ალექსაზე უფრო დიდი, იწვა. დედაჩემი ცეცხლაპირას იჯდა და ქვაბში რაღასაც ხარშავდა... ხამუშ-ხამუშ მისგან ისმოდა დაბალხმიანი ზუზუნი და ამ დროს მის ლოყებზე განუწყვეტლივ მისდევდა ცრემლი ცრემლსა.

- დედა, დედა!.. - დავიძახე სუსტი ხმით.

- რა გინდა, შენ თავშემოგევლე, რაი? - სიხარულით წამოიძახა მან ცეცხლთანვე და ბარბაცით გამოექანა ჩემსკენ.

- ალექსა სად არი, დედა? - დავეკითხე.

- ალექსა, შვილო, კარგა გახდა და ეს არი ეხლა კარზე წავიდა, - მომიგო მან.

- ეს ვიღა წევს ექა? - თვალებით ვუჩვენე მწოლარეზე.

- ეგა, შვილო, ბიძაშენი ნინიკაა! დღეს ცოტათი შეამცივნა და წამოწვა.

სამი-ოთხი დღის შემდეგ, როდესაც ცოტა უფრო კარგა გავხდი, თვით დედიჩემისაგანვე შევიტყე, რომ ყველა ეს სიტყვები ჩემს დასამშვიდებლად ყოფილიყო ნათქვამი... სინამდვილე კი მდგომარეობდა შემდეგში: ალექსა ერთი კვირა წოლილიყო ლოგინში და მერე მომკვდარიყო. ამის დამარხვის დღესვე გამხდარიყო ავად შუათანა ბიძა, ნინიკა. ამან, თურმე, ერთი პირველ ღამეს კი დაიყვირა: ალი, ალიო, და შემდეგ მისგან არავითარი სიტყვა არავის არ გაეგონა. მხოლოდ დღისით ხანდისხან წამოჯდება თურმე ლოგინში და რაღაზედაც იღიმება, იცინის; ღამე კი ბევრჯელ გაბმულად და გაურჩევლად ბუტბუტებს და ხან წიხლებსაც იქნევს ხოლმეო.

- ნინიკა, ნინიკა! რასა იქ, როგორა ხარ ? - დავუძახე მას, როდესაც ყველა ეს შევიტყე დედიჩემისაგან.

ამ დაძახებას წინაპირველად ნინიკამ თითქო ყურადღებაც არ მიაქცია: ის კარგა ხანს ჩუმად იყო; შემდეგ ნელ-ნელა წამოიყელყელავა, გადმომხედა და რა კარგა გამარჩია, დაიწყო ჩუმათ სიცილი.

- ნინიკა, გიამა, შვილო, რო შენი სიმონა კარგა გახდა? - დაუძახა მას დედაჩემმა.

- ხა, ხა, ხა, მიამა, მიამა, ხა, ხა, ხა... - ხმამაღლივ დაიწყო მან სიცილი და ძახილი. ამის შემდეგ ისევ წაწვა და თუმცა ბევრი ვუძახეთ, მაგრამ ერთხელაც აღარ გამოგვცა ხმა.

- რათ არის, დედა, ნინიკა, ესრე? - ვკითხე ჩუმად დედაჩემს - ჩვენის ცოდვის კითხვათ არის, შვილო, ჩვენი ცოდვისა, - მამიგო მან. - ავი სული დაეცა ერთ ღამეს თავზე და მასუკან ეგრე გასულელდა. არაფერი არა სტკივა რა, სიცხე არა აქვს და წევს კი ეგე; თუ ვეტყვით ადექიო, ადგება; თუ არა და ეგრე გაჩუმებული წევს... მე დღევანდლამდინ ასე მეგონა - დამუნჯდა-მეთქი ეგ უბედურის შვილი.

- დათუა სადღა არის, დედა? - ვკითხე უფროსს ბიძაზედ.

- ის გაიხიზნა, შვილო, რო ვენახისთვის მოევლო და ჩვენთვისაც გარედამ ეპატრონებინა! - მომიგო დედაჩემმა.

ასე, ოთხი სული დავრჩენილიყავით მარტოკა... ერთმა ამათგანმა თქვენი ჭირი წაიღო, მეორე გასულელდა, მესამემ საოფლე კარგად იხადა, მეოთხე, დედაჩემი კი ისე საღათ დარჩა, როგორც საოფლემდინ იყო. ასე და ამ გვარად გავატარეთ მთელი ორი თვე. შემდეგ რაკი ორმოცი დღე გავიდა და ავად აღარავინ არ გაგვხდომია, მეზობლებმა იწყეს ნელ-ნელა ჩვენთან სიარული... დათუაც ისევ ჩვენთანვე დაბრუნდა. ძველებურადვე გავყავით თავი ჩვენს პირუტყვულ-ადამიანური ცხოვრების უღელში.

V

გაიარა რავდენმამე წელიწადმა ამ საოფლის შემდეგ! ამ დროს განმავლობაში ბევრმა კოკა წყალმა ჩაიარა ჩვენი მდინარის კიდეებს შუა: ბევრნაირად იცვალა ფერი ჩვენი ოჯახის მდგომარეობამაც! ბიძაჩემი ნინიკა დარჩა ისე სულელად. მას თითქოს ამ ქვეყნისა არაფერი არ ესმოდა: დაგლეჯილ ყისინის ჩოხაში გამოხვეული ის მუდამ ტრიალებდა თავის შინაგან ქვეყანაში. სხვას ათასჯერაც რომ დაეძახნა, ის ერთხელაც არ გასცემდა ხმასა. მაგრამ თავისთავს კი თითქმის ყოველ წამს ებაასებოდა... სხვასთან ერთს მცირეოდენად თუ გაიღიმებდა, თორემ სიცილი და ხუმრობა მას სრულიად ეჯავრებოდა; მარტოკასათვის კი რომ გეცქირნათ, ან ყური დაგეგდოთ, თქვენ უსათუოდ არა ერთხელ დაინახავდით მის ხელების ქნევას, არა ერთხელ გაიგონებდით მის სიცილს... ხალხში, ყელიც რომ გამოგეჭრათ, ის თითსაც არ გაიქნევდა; მაგრამ შენი მტერი თუ შემდეგ სადმე მარტოკა შეხვდებოდით! თვისი ღონიერი მკლავებით მაშინვე დაგცემდათ ძირს და სანამ ერთს კარგა დათვურად არ დაგტოტნიდათ, ხელიდამ არ გაგიშვებდათ. კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი, მღვდელი - მისთვის სულ ყველა ერთი იყო; ყველას ერთი საზომით ზომავდა, როდესაც ეს საქმე მისთვის საჭირო გახდებოდა. მაგრამ ყველა ამასთან ის იყო საშინელი ბეჯითი მუშა: ზამთარ თუ ზაფხულ მის ხელში საქმე არ გამოილეოდა. მომეტებულად მას უყვარდა ვენახი და იქ მუშაობა. გაზაფხულდებოდა თუ არა, ის მთელ დღეს ვენახში ატარებდა. ჩვენი ოჯახი დღეს თითქმის სულ მთლად მასზე იდგა. უფროსმა ბიძამ - დათუამ, - ცოლი შეირთო, დაწვრილშვილდა და ბოლოს დასნეულდა კიდეც. რაც შეეხება დედაჩემს, ეს სწორედ გასაკვირველი ადამიანი იყო. კარგი ოჯახის ქალი, ის გათხოვების შემდეგაც თავდაპირველად კარგ შემძლე გლეხურ ოჯახში დატრიალდა; ამის გამო მან არ იცოდა, თუ რა იყო სისაწყლე; არ გამოეცადა შიმშილი, სიტიტვლე, ძნელი და გაბმული მუშაობა; მაგრამ დღეს, როდესაც ყველა ესენი თავზე დაატყდნენ, ის თითქო სრულიად შეჩვეული დახვდა ამ ამბავს. მთელი ოჯახის უკუღმა დატრიალებამ და სხვა ათას გვარმა ცუდმა გარემოებამ მასზე თითქო ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს. ის მოთმინებით და შრომით უდგა წინ აწმყო გაჭირვებას და რაღაცა გაურკვეველის იმედით შესცქეროდა მომავალს. ესრეთი გახლდათ ჩვენი ოჯახის თვითეულ პირთა აწმყო მდგომარეობა. რაც შეეხება საზოგადოდ მთელი ოჯახის მდგომარეობას ეს უფრო სამწუხარო იყო პირველზე. როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ჩვენი დაძაბუნებული ოჯახი დღეს ერთი ხახამის ყმათ გარდაიქცა. ჩვენს მხარეში ყველამ კარგად იცის ხახამ გაბრიელას სახელი. აქამომდე მისი თამასუქები, რკინის ბადესავით არის გადაშლილი მთელი ჩვენი მხრის გლეხობის შრომასა და ოფლზე. თვისის ეშმაკობით, უღმერთო სარგებლის ართმევით. მოხელეების მოსყიდვით და მათის შემწეობით გლეხთა ტვინის წოვით, ის, უწინ ერთი ღატაკი მეწვრიმალე, რავდენიმე წლის განმავლობაში, გამოჩენილ მდიდარ კაცად გადიქცა. ყველამ კარგად ვიცოდით მისი უღმერთობა; ყველას გაგვეგონა, თუ სამი ლიტრა მარილის ფასი ხუთ წელიწადს როგორ გარდუქცია ოცდაათ თუმნად ერთ გლეხსა! შემდეგ უჩივლა, წაართვა ვენახი, ნაფუძარი და ღვთის ამარა გაუშვა მათი საცოდავი პატრონი. ვიცოდით ყველა ესენი და კიდევ ბევრი სხვა რამე, მაგრამ რა გვექნა?.. გაჭირვების დროს მაინც ისევ მას მივმართავდით ხოლმე, რადგანაც კარგათ ვხედავდით, რომ მის მეტი გზა ჩვენს ბედობაზე სხვა არ იყო გაჩენილი. მივმართეთ კიდეც, როდესაც გაჭირვება დაგვადგა! ათი თუმანი თავნი ვალი ხუთი წლის განმავლობაში სამოც თუმნად გაგვიხადა. დაგვაწერინა სამოცი თუმნის ახალი თამასუქი და შემდეგ წაგვიჭირა ყელში ხელი: - გინდათ თუ არა, მალე უნდა მამცეთ ეს ფულიო. საიდამ მივცემდით? ჩვენს დანიავებულს ოჯახს სად ჰქონდა ან ათი თუმნის გადახდის შეძლება?! მოვიდოდა, გვეჩხუბებოდა, გვლანძღავდა, გვემუქრებოდა და, რა დაიღლებოდა ამ გვარის ყავყავით, მოგვშორდებოდა ხოლმე თავიდან. მაგრამ ამ გვარი მისვლამოსვლა მას ბევრჯერ არ გაუმეორებია. სამიოდ ამ გვარი შემთხვევის შემდეგ ის როგორღაც გაგვიჩუმდა: ორი თვე მეტი გავიდა, მისი სახე აღარ დაგვენახა. ეს, დედიჩემის მეტს ყველას გვამხიარულებდა; დედიჩემის სახე კი სხვა გვარად იცქეროდა! რავდენიც დრო გადიოდა და ხახამ გაბრიელა გვიძვირებდა თავის ნახვას, იმდენად დედიჩემის სახე სევდისა და მწუხარების ნისლებით იფარებოდა.

- ის ურჯულო, უსათუოდ ჩივილს გვიპირებს, მამულს წაგვართმევს!.. - კვნესით იტყოდა ხოლმე დედაჩემი.

VI

იყო გრილი, მშვენიერი გაზაფხული. ამწვანებულ ველ-მინდორს გაჰქონდა მწვანეთ ღაღანი; ზამთრისგან გაყვლეფილი ხეები საამურად იმოსებოდნენ ნორჩი, ლამაზი ფოთლებით. ლურჯი, არა ხშირ ღრუბლიანი ცა რაღაც იმედიანად იცქირებოდა ზემოდამ. ნოტიო, გრილი ჰაერი თითქო კოკისპირულად გვასხავდა საიდგანღაც ძალას, სიხარულს და შრომის სურვილს. ჩვენს შრომისმოყვარე გლეხს ამაზე მეტი რაღა უნდა?.. ჩვენებურმა გლეხებმა, დაინახეს რა ყველა ეს, წამოავლეს ხელი ბარებს, წალდებს, სასხლავებს... ვენახებში გაჩნდა სარის ჩეკვის კაკა-კუკი, გაისმა მხიარული სიმღერა... იწყო გაცხარებული მუშაობა. ჩემი ბიძებიც, რასაკვირველია, არ იყვნენ სხვებზე უკან ჩამორჩენილნი, მათაც ვენახის შემუშავებას მიჰყვეს ხელი. დაბარეს, გასხლეს და შესარეს; ამოუთხარეს გვერდებზე სარუე თხრილები, გაასწორეს ღობე და სადაც საჭირო იყო, დაადგეს ჯალჯი. ერთი სიტყვით: ვენახი ახალი პატარძალივით მორთეს გაიარეს კვირეებმა, თვემ... ვაზი შეიმოსა ფოთლით... ყურძნის მტევნებმა იწყეს შევსება და გადიდება. ეტყობოდა რომ წელს კარგი ღვინის მოსავალი იქნებოდა.

ერთ კვირა დღეს, წირვის დროს, ჩვენებურმა მამასახლისმა შემოაჭრიალა ჩვენი კარები და შემოიძახა სახლში.

- ბიჭო, დათუა! გამოდი ე საყდრის კარებთან, შენზე ცოტა რამ საქმეა.

დათუა მაშინვე ადგა და წავიდა. მის გასვლის შემდეგ ნინიკამაც აიღო წალდი ხელში და გასწია ვენახისაკენ. კარგა შუადღე გადავიდა და ჯერ არც ერთი და არც მეორე ბიძა სახლში არ დაბრუნებულიყვნენ. დედაჩემმა ამოზილა ლობიო, ამოიღო კიდობნიდამ მჭადის ნახორხლები და ნელ-ნელა ჯამებსაც ალაგებდა ხონჩაზე, რომ უცებ დერეფნიდამ მოისმა რავდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და ლაპარაკი. ცოტა ხანს უკან გაიღო კარები და დარბაზში შემოვიდა ბიძაჩემი დათუა; მას შემოჰყვნენ მამასახლისი, ორნი მისნი თანაშემწენი, ხახამ გაბრიელა და ერთი ვიღაც რუსულად ჩაცმული - სასამართლოს ბოქაული - როგორც შემდეგ შევიტყეთ. ათასი წელიწადიც რომ ვიცოცხლო, ვგონებ მაინც არ დამავიწყდეს ბიძაჩემი დათუას მაშინდელი სახის გამომეტყველება! სახისა კი არა მარტო, მთლად მისი არსების მდგომარეობა. ამ ნახევარ დღეს ის, ოცდაათის წლის კაცი, სამოცი წლის მოხუცებულს დამსგავსებოდა. წელში საცოდავად მოკაკულს, გაყვითლებულს, თვალებმიცივებულს, დამპალ ხესავებ გაჰქონდა ძანძარი. წინაპირველად ის თითქო ვერაფერსა ხედავდა: იჩერჩეტა, იჩერჩეტა და კინაღამ კერას გადააწყდა. დედაჩემმა მათ შემოსვლის დროს ერთი ღრმად ამოიკვნესა და მიჯდა თაროსთან. ჩვენ, სხვებს, დათუა მთვრალი გვეგონა.

- კაცო, რა დაგმართვია, შე ოჯახ-დაქცეულო? - დაუძახა მას ცოლმა, - ე კერაზე თავ-პირი არ დაინტვრიო!..

ამ ხმამ დათუა თითქო ღრმა ძილიდამ გამოაფხიზლა: ის შესდგა კერასთან, მწუხარედ აგვავლ-ჩაგვავლო თვალი და, რა დაინახა დედაჩემი, ერთი საშინელის ხმით დაიძახა:

- ჩემო რძალო, ქეთევან... ვაი ოჯახის დაღუპვასა! ამ ურჯულომ, აკი მართლა დაგვღუპა!.. უჩივლია, უჩივლია!.. ვაი, ცოლო და შვილო დაღუპულო!..

დედაჩემი წამოვარდა ფეხზე, დარეტიანებულსავით ბარბაცით და თავის ცახცახით მოვიდა ცეცხლაპირას...

- მერე, მერე? - ჰკითხა მაზლს.

- ვენახი გაგვიყიდეს, ვენახი, ვენახი... ვაი, ცოლო და შვილო! ნაფუძარი გაგვ...

- აკი წინათვე გული მიტყობდა! ეგ ურჯულო, ეგა!.. - ცრემლით თვალებსავსემ წამოიკვნესა დედაჩემმა.

ამის ცრემლებმა და მომტირალე ხმამ ბავშვებსა თუ დიდებში აღძრა ერთი საშინელი ტირილი და ჯღავილი. კაცს ეგონებოდა ამ ხალხს ცხედარი უძევთ წინაო. ყველანი ვტიროდით, მაგრამ დათუა!.. დათუა!.. ეს საცოდავი კაცი სწორედ დაგლეჯილი დათვივით ღრიალებდა.

- ე რა ამბავია ეე! ჩემი რჯულის მადლმა აქ კაცს არ დაედგომება ეე!.. - სთქვა ხახამ გაბრიელამ და გასწია კარებისაკენ.

დანარჩენთ მისმა მეგობრებმა დათუას დაუწყეს ბრძნულად დარიგება...

- ეგ მაგ ტირილს, შვილოსან, ისა სჯობია, რომ ე დამშეულ ხალხს გვაჭამო რამე!.. - დააბოლავა მამასახლისმა საერთო დარიგება.

- გაჭამოთ კი არა, შავი ქვა არ გინდათ!.. თქვე სულთა-მხუთავებო, თქვე კაცის მკვლელებო, თქვენა! - დაიძახა გამწარებულმა დათუამ...

- ე ჩემი გასამრჯელო მამეცით მალე! - ბრძანების კილოთი წარმოსთქვა სასამართლოს ბოქაულმა. - მარტო თქვენთან ხომ არ მოვსულვარ, სხვაგანაც მაქვს საქმე.

- რამდენი მინანთულია, ბატონო, იოსებ? - ცუღლუტურის თვალების ჭყეტით ჰკითხა მას მამასახლისმა.

- თორმეტი მანეთი და ათშაურნახევარი! - ბრძანა ბოქაულმა.

- თორმეტი გროშიც არ გვაბადია! რა უნდა მოგცეთ!.. ვენახი, ნაფუძარი წაგვართვით და კიდევ ჩვენ უნდა მოგცეთ? ღმერთი მოიგონეთ, თქვე სახლკარდაქცეულებო, ღმერთი! - დაიძახა დედაჩემმა.

- მე შენისთანა დედაკაცებს პასუხს არ ვაძლევ! - ბრძანა ბოქაულმა.

- აბა, ხეპერაანთ ბაბალესავით თურაშაულით სავსე გოდრები მოგართვა, თუ პასუხი არ გამცე მაშინვე! აბა მედუქნე მიხაკასავით ცოცხალ-ცოცხალი კაპოეტები მოგიტანო, თუ მაშინვე მოწყალეს თვალით არ დამიწყო ცქერა? - სთქვა გაცხარებით დედაჩემმა.

- შენ სიტყვებს, დედაკაცო, რა ფასი სძევს!.. ყველამ იცის, რომ მე ქრთამს არ ვიღებ და საწყალი ხალხი მებრალება... - ბრძანა ამაყად ბოქაულმა ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ.

- ჰო, სიტყვით თურმე ეგრე ბრძანებ ყველგან: საწყალი ხალხი მებრალებაო... აბა ერთი ბრძანე - რომელი საწყალი კაცისთვის ერთი ორად არ გამოგირთმევია ფული? - მიუგო დედაჩემმა.

    ამდენ ცილის წამებას მე შენ არ შეგარჩენ! - ბრძანა დაბღვერით ბოქაულმა

და მიუახლოვდა მამასახლისს; წასჩურჩულა მას რაღაც ყურში და დადგა დოინჯშემოყრილი. მამასახლისმა წამოიყელყელავა და მრისხანეთ ბრძანა:

- როგორ თუ არას მისცემთ? მა ე ჩინონიკი კაცი თქვენი მოსამსახურე ყოფილა რაღა?.. ეი, სუდიებო! წადით და ბოსლიდამ ფურ-კამეჩი გამოიყვანეთ...

მამასახლისის თანაშემწენი დაიძრენ კარებისაკენ.

- ფურ-კამეჩი ჩემია და ჩემი ცოცხალი თავით არავის დავანებებ... - დაიძახა დედაჩემმა და გაჰქანდა კარებისაკენ.

ამ დროს ბაკიდამ შემოისმა ჯერ რაღაც ხრიალი და შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტად ყვირილი:

- მიშველეთ ეე. მამკლა... ე... მიშველე...

- არიქა, უშველეთ. - დაიძახა მამასახლისმა, - ალბათ ი გიჟმა ნინიკამ ჩაიგდო ხელში ხახამ გაბრიელა! არიქა, უშველეთ!.. მაგ მამა-ცხონებულს ვენახში აკი ვეუბნებოდი, თავი დაანებე მაგ გიჟსა მეთქი!..

ყეელანი გაცვივდნენ ბაკში. გაბრიელა ზედ ბაკის კარებში იყო გაჭიმული. მას გულზე აჯდა ნინიკა, რომელსაც ცალი ხელით დაებღუჯნა მთლად ყელი და კისერი გაბრიელასი და ახრჩობდა; მეორე ხელი წაევლო წვერში და ისე ღონივრად ახლევინებდა თავს მიწაზე, რომ სამ-ოთხ ალაგიდამ თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი.

მამასახლისი და მისი თანაშემწენი მისცვივდნენ ნინიკას, გადმოაგდეს აქეთ და შეუბრალებლად დაუშინეს ჯოხები. ნინიკა იდგა ჩუმად და მხოლოდ საცოდავად იღრიჯებოდა; ხანაც, როდესაც ძრიელ ეტკინებოდა. რაღაცა პირუტყვსავით შეჰღმუვლებდა ხოლმე. სამი კაცი უღმერთოდა სცემდა მას და სცემეს, სანამ დედაჩემი არ ჩადგა მათსა და მათ მსხვერპლს შუა. დედაჩემი დაინახა თუ არა მამასახლისმა, შესდგა. მიიხედ-მოიხედა და დაიღრიალა:

- გამოიყვანეთ, ბიჭებო, ფურ-კამეჩი, გამოიყვანეთ ჩქარა! - სთქვა მამასახლისმა და თვით გასწია ბოსლისაკენ; თანაშემწენი გამოუდგნენ უკან. დედაჩემმა წამოავლო იქვე ახლო მიყუდებულ ნიჩბის ტარს ხელი და გაექანა ბოსლის კარებისკენ.

- ექ თავს მოვიკლამ და კამეჩს კი არ დაგანებებთ - დაიძახა მან და ჩადგა ბოსლის კარებში.

- ჩამოდექ, ჩამოდექ, დედაკაცო, - დაიყვირა მამასახლისმა და გაიშვირა წინ ხელები, რომ დედაჩემი აქეთ გამოეგდო; მაგრამ დედაჩემი მაგრა იდგა კარებთან.

- რას უყურებთ! - შეუტია მომცინარ თანაშემწეთ მამასახლისმა, - მოდით, გადააგდეთ იქით ე გაკაპასებული დედაკაცი!

სამთავენი მიეხვივნენ დედაჩემს. გაჩნდა ლანძღვა, წყევლა, წივილ-კივილი. ამ ვაი-ვაგლახში უცებ აიმართა ჰაერში დედიჩემის ნიჩბის ტარი და მოსხლეტით დაეშვა მამასახლისის თავს. მამასახლისმა თავზე ხელების სმით იკადრა უკან დაწევა... ნიჩბის ტარმა წამდაუწუმ იწყო ჰაერში ტრიალი. თანაშემწეთ მოუსვეს ბაკის კარებისკენ: მამასახლისი, ბოქაული მიჰყვნენ მათ უკან. დედაჩემიც არ იდგა ერთ ალაგას: ის სრულიად სახეშეშლილი, გამგელებული მისდევდა მათ უკან და კარგი ვაჟკაცივით ატრიალებდა ნიჩბის ტარს მათ თავებ ზემოთ.

- დედა-შვილობას მიშველე, ქეთევან, ეე... მიშველ... - მოისმა უცებ ძახილი.

დედაჩემი გაიქცა გაბრიელასაკენ. როდესაც ყველანი დედაჩემს მიეხვივნენ ბოსლის კარებთან, ხახამ გაბრიელას უცებ სცემოდა ნინიკა და საჩქაროზედ ამოედო ქვეშა... წეღანდლისავით დასჯდომოდა ზემოდამ და წაეჭირა ყელში ხელი.

- აუშვი, აუშვი ეგ თათარი, ეგა... აუშვი, ბიჭო; ექ ცოდვა არა შეგვენთხვეს რა! - დაუძახა დედაჩემმა ნინიკას და წაავლო მას ხელი. ნინიკა ,,ჰე, ჰე” -ს ძახილით ადგა. ხახამი საჩქაროზე წამოხტა ფეხზე და ფაცხა-ფუცხით გავარდა ბაკის კარებში... დედაჩემმა მაგრა ჩაკეტა ბაკის კარები. დაბეჟილი გაბრიელა მიუერთდა თავის პატიოსან ამალას, რომელიც შეჯგუფებული იდგა ბაკის კარების ცოტა შორიახლო. ამ დარბაისელმა ხალხმა ერთმანეთს აავლ-ჩაავლეს თვალი: გაბრიელას და მამასახლისს პირი სისხლითა ჰქონდათ შესვრილი.

- ვაი დედიჩემის ღმერთსა! - იძახოდა მამასახლისი, - ერთმა წუპაკმა დედაკაცმა ე რა გვიყო? ღმერთია შენი თავდები, ხალხში თავი აღარ გაგვეყოფება!..

- აი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა წმინდა გიორგიმ ეგ დედაკაცი!.. - მისძახოდა მამასახლისს ერთი თანაშემწეთაგანი... - ე რა გვიყო, შენი ჭირიმე!? რათ გამოვიქეცით კაცო?! რატო, შვილოსან, ი კარებში არ წავაქციეთ და თავის ლეჩაქით ერთი... არ შე ვაჭამეთ.

- ტყუილად კი არ არი, ძმაო, ნათქვამი: დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრაუღელი კამეჩიც ვერ შეიმაგრებსო! მაგრამ მა დედაკაცში, ძმაო, სწორედ ალი ზის!.. ე, წმინდი გიორგის მადლმა, ალი ზის!.. თავი გამიტეხა მა ოჯახდაქცეულის გამოცემულმა!

- მოდი, ერთი ე თავი შემიხვიე ეე... - დაუძახა მოლაპარაკეს გაბრიელამ: - უნდა უსათუოდ ვიჩივლოთ ეე...

- უნდა ვიჩივლოთ! - დაურთო მამასახლისმა, - მაშ არა და ეგრე გაუშვებთ.

- აკი გითხარით: ფულები გაბრიელამ უნდა მამცეს და არა მაგათა-მეთქი... - სთქვა ბოქაულმა. - აიჩემეთ: არა, იმათაც გამოვართვათო!.. კარგები გამოართვით! ექ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, არ უჩივლოთ, თორემ ეს საქმე სულ მე მამეხვევა თავზე... ისევ ისა სჯობიან: აქვე შინაურულად გადაახდევინოთ.

იყაყანეს კიდევ რაღაებზედაც და შემდეგ ამალა შემოეხვია თავის ბატონს - ხახამ გაბრიელას და დაუწყო გასამრჯელო ფულის თხოვნა. გაბრიელამ ბევრი იყოყმანა: უნდოდა თავიდამ აეცდინა ფულის გაცემა, მაგრამ ვერა გააწყო რა და ბოლოს ამოიღო ქისა: ხუთი მანეთი მამასახლისს მისცა, სამ-სამი მანეთი მის თანაშემწეთ... თხუთმეტი მანეთი სასამართლოს ბოქაულმა ჩაიდო ჯიბეში... და წავიდ-წამოვიდნენ.

VII

გაბრიელასა და მისი ამალის გაცლის შემდეგ დათუას გააცივა. მთელი ერთი კვირა ივახვახა. მეორე კვირას თუმცა წამოდგა ლოგინიდამ, მაგრამ იყო საშინლად დასუსტებული და გაყვითლებული მამაკვდავსავით. ამ გვარ მდგომარეობაში მყოფი დათუა ერთ თბილ საღამოს იჯდა ჩვენი ბაკის კარებთან და ნაღვლიანად გაიცქირებოდა სასაფლაოსაკენ. დათუას სახე ღრმა მწუხარებით იყო დაფარული. ყოველი გამოხატულება და მოძრაობა მისი სახისა ცხადად აჩვენებდა ამ კაცის სულისა და გულის სრულს დაცემას. მისი ჩაცვივნული, მიცივებული თვალები ისე დაღონებით და რაღაც სასოებით იცქირებოდნენ სასაფლაოსაკენ, თითქო მათი პატრონი იქ დამარხულ გვამთ შენატრისო. დიდხანს იჯდა დათუა ესე გაჩუმებული; ბოლოს გაანძრია თავი, სამჯერ-ოთხჯერ გულიანად ამოიკვნესა; შემდეგ ისევ სასაფლაოსაკენ მიიხედა, აავლ-ჩაავლო თვალი იქაურობას და მაღალის ხმით, თითქო უნდოდა ეს სიტყვები გაეგონებინა მათთვის, ვისკენაც იყვნენ მიმართულნი, დაიძახა: ,,ნეტავი თქვენ, ნეტავი თქვენ”. ამის შემდეგ ისევ ჩაღუნა თავი და, როგორც მის ცრემლით სავსე თვალებს ეტყობოდა, გაება ისევ სამწუხარო ფიქრებში.

მზემ კარგა ხანია რაც ჩაუშვა თვისი “შუბის ტარი” სხივები დასავლეთის მთების უკან; მისი ყვითელ-მოწითალო სხივები მხოლოდ აქა-იქაღა იყვნენ გაწოლილნი დიდი მთების ჩრდილით დაფარულ, ათასფერად აჭრელებულ ველ-მინდორზე. საღამოჟამური ბინდ-ბუნდი ნელ-ნელა ეხვეოდა ბარ ალაგს, თოვლით მოსილი მაღალი მთის წვეროები კი ამ დროს მხიარულად კაშკაშებდნენ; დამავალი მზის სხვადასხვა ფეროვანი სხივები უხვად მოჰფენოდნენ მათ და ჰბადავდნენ რაღაც საოცარს ელვარებას. ყნოსვის დამატკბობი მინდვრის ჰაერი ნელ-ნელა ინძრეოდა და ამ მოძრაობით აჩენდა მწვანე თავთავიან ყანებში ზღვის ტალღების მსგავსს ამაღლებულ და დადაბლებულ ზოლებს. ფრინველთ გალობა-ჭიკჭიკი, საქონლის ბღავილი, ადამიანის სიმღერა-ხმაურობა ერთიორად აცოცხლებდნენ უამისოდაც გაცოცხლებული გაზაფხულის ბუნებას. მაგრამ... ჯანაბას ყველა ესენი!!. რას ნიშნავს ბუნების სიმშვენიერე, თუკი ადამიანის გულსა და სულში აღგზნებული ცეცხლი ანთია! თუ ნამდვილი მშრომელი ადამიანის არსება, ცხოვრების უმსგავს გარემოებათა წყალობით, ისე დატანჯულა და იტანჯება, რომ დამიწებული გვამის მდგომარეობა მისთვის სანატრელი გამხდარა!! ჩვენი დათუა ბუნების ყველა ამ სიმშვენიერეს თითქო ვერც კი ხედავდა. ის მწარედ დაღონებული თავჩაკიდული იჯდა და, ვგონებ, კიდევ დიდს ხანს იჯდებოდა ასე გაუნძრევლად, თუ მოსული ღორ-ხბოს და ნახირის ჭყვირილ-ბღავილს არ გამოეყვანა ამ მდგომარეობიდამ. მან აიღო თავი მაღლა და გახედა სოფლისკენ მომავალ შარაგზას. გზაზედ მოჩანდა ვიღაც კაცი. წინაპირველად ის დათუამ ვერ იცნო, მაგრამ როცა ცოტა ხანი გავიდა და მომავალი მოუახლოვდა, დათუამ გაარჩია, იცნო, რომ ის იყო აზნაურა ზაქარია დიაკვანი. გავიდა კიდევ რამდენიმე წამი და ზაქარია დაღვრემილის სახით, პლუტურის თვალებით და ცხვირის განუწყვეტელის ფრუტუნით დაადგა თავს ჯანგამოცლილ დათუას.

- მობრძანდი, მობრძანდი, ზაქარია! - დაუძახა მას კვნესით დათუამ, - დაბრძანდი, შენი ჭირიმე...

- რა ამბავია, კაცო, თქვენს თავს? - ფლიდურ-ჯავრიანის კილოთი დაუწყო კითხვა დათუას ახლად მოსულმა, როდესაც მანაც ჩამოსაჯდომი ქვა იშოვნა. - ღმერთია მოწმე, რომ თქვენი ესეთი ყოფა ყველასთვის შესაწუხარია! ნათელ-მირონობაც რომ არ იყვეს, ქრისტიანები და მეზობლები ვართ, ვფიქრობ და ვერა მომიფიქრია რა: რა არი და როგორ არი ე თქვენი საქმე?

- რა როგორ არი, ჩემო ზაქარია, - იწყო კვნესით დათუამ, - ვიღუპებით და ეს არი! ვენახი, ნაფუძარი წაგვართვეს! რაღა ოჯახია ჩვენი ოჯახი... ღმერთმა აიღო ჩვენზე ხელი!.. ჩვენი უბედურება ალის გამოჩენიდამ იწყო. ი წყეული ახლა უჩინარადა გვდევნის! ღმერთო, ღმერთო, იდიდოს შენი სახელი!.. გვაპატიე, შენს მადლსა და შენს სახელსა! გვეყო ამდენი ვაი-ვაგლახი.

დათუა გაჩუმდა... მისი ცრემლით სავსე თვალები მიაჩერდა ზეცას... მაგრამ მისი სახის გამომეტყველება ცხადად აჩვენებდა, რომ ამ საცოდავ იმედდაკარგულ კაცს ბევრი რამ ნუგეში აღარც იქიდამ, იმ მაღალი ლურჯი ციდამ, ეძლეოდა.

როგორც მეძებარი ძაღლი აიცქვეტს ხოლმე ყურებს, როცა ნადირის სუნს აიღებს, ან ნადირს დაინახავს, ისე ზაქარია დიაკვანმა ცქვიტა ყურები, როდესაც დათუამ სიტყვა “ალი” წარმოსთქვა, მის ჭყეტია თვალებში უცბად გაიელვა რაღაც სიხარულის და კმაყოფილების შუქმა, მაგრამ პატრონმა დიდხანს არ დასტოვა იგინი ამგვარს ნეტარებაში. თვალებმა ისევ დაღვრემილობა გამოხატეს... მათმა პატრონმა ამოახრანტალა და გაუგრძელა ბაასი დათუას:

- გონიერი და გამოცდილი კაცი ხარ, დათუა! ჩემგან რისამე მოგონება შენთვის საჭირო არ არი. ეხლა სწორედ თქვი, რომ ჩვენი უბედურობა ალის გამოჩენიდამ იწყოვო! მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ე დღეს ალი რო აღარ ჩანს და მაინც თქვენი ოჯახი სულ უკუღმა და უკუღმა მიდის? ალი, წმინდა გიორგის მადლით, აღარსადა სჩანს, მაგრამ ე თქვენ რო მაინც ვერ გაიმართეთ წელი! ეს რა არი? რისგან არი? აი ეს მინდა გავიგო. - აქ დიაკვანი გაჩუმდა და თვალებდაჭყეტილი, ტუჩებმოკუმული შეაჩერდა დათუას დაღვრემილს სახეს.

- აკი მოგახსენე, რო, იქნება ი წყეული ალი ახლა უჩინრათ გვდევნის-მეთქი!..

- ღმერთ ერწმუნე, დათუა, რო გონიერი კაცი ხარ შენა. შეიძლება, როგორ არ შეიძლება, როგორ არ შეიძლება!.. მე, ცხონებული ბიძაჩემი შალვასაგან გამიგონია, რო წყეული თუ ჩამოეკიდა ვისმე, უჩინრადაც დაუწყებს დევნასო. შენი სიტყვა მართალია. დათუა, მართალი.

დათუამ ამოიკვნესა!.. დიაკვანიც ცოტა ხანს გაჩერდა. შემდეგ უცებ ფეხზე წამოხტ.. დაუდგა წინ დათუას და აღტაცებით უთხრა:

- იცი, დათუა, რას გეტყვი?.. აკითხვინე მკითხავს? ე ეშმაკეული მკითხავი, ხო გაგიგონია, როგორ კარგა მკითხაობს? აკითხვინე შენცა, ჰა!..

- განა არა, მეცა ვფიქრობდი მაგაზე... ძაან კარგი იქნება... ხვალვე გავგზავნი ჩემ რძალს მკითხავთან...

- დათუა, გამიგონე! ეს ჩვენ შუა კი დარჩეს და გირჩევ, შენი ცოლი გაჰგზავნო. რაც უნდა იყვეს, რძალს ისე არ შესტკივ მაზლისთვის გული, როგორც ცოლს ქმრისთვინა!

- მართალი ბრძანებაა, შენი ჭირიმე!.. ჩემი რძალიც ძაან დედაკაცია!.. მაგრამ ისა სჯობია, რომ ჩემი დედაკაცი წავიდეს, - დათუა გაჩუმდა... მაგრამ ცოტა ხანს უკან საჩქაროდ მიიხედა ზაქარიასაკენ და დაეკითხა:

- მართლა, ზაქარია, რა ისმის ი რაღაც ყარაიაა, იმაზე?.. ი ერთი დროს ძაან დაფაცურდა ჩვენი ხალხი და ეხლა კი თითქო აღარ ისმის რა!..

- რა ბრძანებაა! როგორ არა ისმის რა!.. - სიხარულით შესძახა დიაკვანმა. - ვენაცვალე ჩვენ რუს ხემწიფეს!.. დიდ წყალობას უშვრება ჩვენ შევიწროვებულ ხალხსა... გაიგონებდი შენცა, რო ხემწიფემ გასცა ბრძანება: რაც რამ ყარაია არისო, სუ კარგად შეამზადეთო: გაიყვანეთ წყლებიო, შეიმუშავეთ კარგადაო, დადგით ქვითკირის სახლები, მიიტანეთ ყველა სამუშაო იარაღებიო. მიიყვანეთ ბლომად მშვენიერი არჩეული საქონელიო, მერე შეატყობინეთ ქართველ შეუძლებელ გლეხებსაო და უთხარით მათაო: ხემწიფემ ყველა ეს სულ თავის ხარჯით მოგიმზადათ თქვენაო და, ვისაც სურვილი გქონდეთ წადით და დასახლდით იქაო... ხარჯისაგან და ყველა დავიდარაბისაგან განთავისუფლებული იქნებითო. ახლა ისიც უნდა გაიგო, რა მოსავლიანი ადგილია თურმე ი დალოცვილი ყარაია!.. ცხენი რო გააჭენო და იმისგან აჩიჩქნილ მიწაში პური, ან სიმინდი ჩათესო - სულ ზღვათ გასკდება თურმე... სამიოდ კოდი რო დათესო თურმე, რავდენიმე წლის მოსავალი მოგივა... ახლა ტყე თქვი და ისიც იქვე ზურგს უკან... ერთი რამ აკლია თურმე იქაურობას: მუშა კაცი არ არის... ღმერთს ერწმუნე, ე თქვენი ნინიკა რო იქ მოხვდეს, ყოველ წლივ ორას-სამას კოდს წმინდა თავთუხის პურს ჩაყრის ორმოებში... - აქ მობაასე შესდგა და დააშტერდა სმენადგადაქცეულს დათუას.

- მე და ჩემმა ღმერთმა, კაი ღვთის წყალობაა ეგ! ერთი სახემწიფო ხარჯისა და ბეგარისაგან განთავისუფლება ერთ რამეთა ღირს, ძმაო! თუ ეგრეა, მაშ ბევრი ხალხი გაიწევს იქით...

- ეს სულ ესეა... ყველა ეს ჩემმა ძმა ანდუყაფარმა მითხრა და ხო იცი, რო იმას თითონ ხემწიფისაგან მოსდის ახალ-ახალი ამბები... მართალია ყველა ესა და ამისთვინაც დიდძალი ხალხი აპირობს იქ წასვლასა... მაგრამ მომეტებული მათგანი მერმის გაზაფხულზე აპირებს გამგზავრებას... ვინც წრეულსვე წავა, ვთქვათ, შემოდგომაზე, იმისთვის ძაან კარგი იქნება... სახლსაც, მამულსაც, სახნავ-სათეს იარაღსაც, საქონელსაც - სუყველასა ირჩევს და რომელიც მოეწონება, იმას თავისთვინ აიღებს; როცა სხვანი მერმის მივლენ, ის დასახლკარებული დახვდება იმათა...

დიაკვანი გაჩუმდა; დათუაც არ იღებდა ხმას; ეტყობოდა, რომ ის რაღაც სასიამოვნო ოცნებაში იყო გაბმული. ეს შენიშნა დიაკვანმა, ჩაახველა, ულვაშებ ქვეშ გაიღიმა და შემდეგ წამოდგა ფეხზე.

- მშვიდობით, დათუა! ღმერთსა და ე პატიოსან წმინდა გიორგის ვთხოვ, რომ ისევ კარგა გახდე და ვაჟკაცურად მოისვა ისევ თავზე ხელი... ფიქრი ნუ გაქვს, ღმერთია მოწყალე. ხემწიფე ცოცხალი გვყამდეს, თორე რა გაგვიჭირდება? - სთქვა ყველა ეს ზაქარიამ და ნელ-ნელა გაუდგა გზას.

- გადღეგრძელოს ღმერთმა, - მისძახა დათუამ... - შენი ამაგი გადამახდევინოს უფალმა წმინდა გიორგიმა!..

- მკითხავი არ დაივიწყო, მკითხავი... - მოისმა დიაკვნის ხმა.

დიაკვანი დაბრუნდა შინ... ფაცა-ფუცით შეკაზმა ცხენი და კარგა ხშირ ბინდისას დაადგა სოფელ ეშმაკეულას გზას. დათუა კი ისევ გაუნძრევლად იჯდა თავის ალაგზედ და ფიქრობდა, ფიქრობდა ყველა იმაზე, რაც ზაქარია დიაკვნისაგან გაიგონა ეხლა... სიამოვნება და სევდა თითქო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ მის გულში: ხან ერთი სჩანდა დათუას სახეზედ, ხან მეორე. მას წარმოუდგა თვალწინ თვისი სიყმაწვილე, ის ალაგები, ის ხალხი, სადაც და რომელთა შორის ეტარებინა დრო იმ ნეტარ სიყმაწვილეში... წარმოუდგნენ ნათესავნი, ნაცნობნი, შემდეგ დედა, მამა, ძმები, მათი საფლავნი და მწარედ ამოიკვნესა დათუამ... ,,არა, არა ძმაო, სადაც დაბადებულხარ, იქვე ჩაყარე შენი ძვლები” - სთქვა მან და წამოიწია ზეზე. მიიხედ-მოიხედა და ისევ დაჯდა თავის ალაგას. გაება კვალად ფიქრებში... ახალი ფიქრები დათუას თავში მამიჩემის სიკვდილიდამ გამოებნენ... წარმოუდგა დათუას ალი, მისი გამოჩენა ჩვენს სახლში და ის მისი უნარები, რომელთა მეოხებით დაეცა ჩვენი სავსე ოჯახი. მოაგონდა დედისა და ძმების სიკვდილი და გაგიჟება, ვენახ-ნაფუძრის წართმევა... საქონლის დახოცვა, თვისი დასნეულება და სხვა წვრიმალი უბედური ოჯახური გარემოებანი. ყველა ამათ აუჩქარებლივ და ცხადად გაუარეს დათუას გონების თვალწინ და არა ერთი მწარე წვეთი შხამისა ჩააგდეს მის, უამისოდაც, დატანჯულს გულში... შემდეგ გადიშალა მის წინ ყველა ის, რაც ზაქარია დიაკვანმა დაუხატა ყარაიაზე... ,,ღმერთმანი, ძაან ღვთის წყალობაა ესა!” წაიბუტბუტა თავისთვის დათუამ... ,,მაგრამ”, დაუმატა ცოტა ხნის შემდეგ, ,,ე ავათ რო ვარ!.. ღმერთო, შემიწყალე! ღმერთო და წმინდა გიორგი, შენ წამიმართე გზა... მკითხავი არ დაგავიწყდესო... მართლა:” აქ დათუამ გაწყვიტა ფიქრი... მიიხედ-მოიხედა, თითქო ეძებს რასმესო: შემდეგ დაებჯინა ჯოხზე, ნელ-ნელა წამოდგა და, საოფლე მოხდილ ავადმყოფსავით, ლახლახით გასწია შინისაკენ.

- დედაკაცო, - დაიძახა დათუამ სახლში შესვლის უმალვე, - დედაკაცო, ეგები ხვალ ეშმაკეულში წახვიდე და აკითხვინო... ამბობენ - ძაან ტყობულობსო. ეგები ე ჩვენიც შეიტყოს რამე.

- მე წავალ, ჩემო მაზლო, - უთხრა დედაჩემმა, - სალომეს არ სცალიან: ძუძუ მწოვარი ჰყავს და ე გოგო, მარუასაც გააცივა.

- არა-მეთქი, არა! - დაიყვირა დათუამ, - დაე ე ჩემი ცოლი წავიდეს.

დედაჩემი გაჩუმდა: დათუას ცოლმა, სალომემ, გამოაცხადა სურვილი ეშმაკეულში წასვლისა.

- ხვალ მზე ამოვა თუ არა, - სთქვა მან, - წავიყვან ნინიკასა და წავალ.

ამის შემდეგ ილაპარაკეს მასზე, თუ რის გაგება სურდათ იმ მკითხაობით. დააწყეს, როგორ და რა უნდა ეკითხა სალომეს მკითხავისთვის... რა გაათავეს ლაპარაკი, შევჭამეთ ვახშამი და მივწექ-მოვწექით.

VIII

მეორე დღეს სამხრობამდინ ვუცადეთ სალომეს, მაგრამ კარგა ხშირ ბინდამდის ამაო იყო ჩვენი მოლოდინი. საღამოზე ყველანი ერთად ვისხედით ბაკში ძარის ქვეშ და, ვგონებ, ყველანი სალომეზე ვფიქრობდით... ნახირის მოსვლის შემდეგ ბევრს ხანს არ გაუვლია, როდესაც გარედამ, ბაკის კარებისაკენ, მოისმა ადამიანის ფეხის ხმა, ყველამ ყურები ვცქვიტეთ... “მოდიან მგონი”, სთქვა ვიღამაც. მართლაც-და ამ დროს ბაკის კარებმა გაიჭრიალა და შიგნით ნინიკა და სალომე შემოვიდნენ. წინაპირველად ყველა ჩვენგანს გაეხარდა მათი დანახვა, მაგრამ სალომეს მოწყენილმა სახემ მალე გაჰფანტა ეს სიხარული.

- რა ქენი, ადამიანო? სად იყავი აქამდინ? - გაისმა დათუას ხმა სალომეს გამოჩენისთანავე.

- უბედურებასა და ჯანაბაში, - მოკლედ და ნაღვლიანად სთქვა ჯერ ისევ მომავალმა სალომემ. ამ სიტყვებმა ჩვენ ცივი წყალი გადაგვასხეს თავზე. ცოტა ხანს შორის დაურღვეველი სიჩუმე დამყარდა.

- რა მილეთის ხალხი გინდა, რო დღეს მკითხავთან არ ყოფილიყო, - დაიწყო სალომემ, - ოსი, იმერელი, სომეხი, ურია, ქართველი და ვინ იცის, კიდევ ვინა!.. რო მოვედით, მკითხავის სახლი სულ სავსე იყო ხალხითა... ბევრი წავიწიეთ წინ, მაგრამ არავინ გვიშვებდა... დავსხედით და დავუწყეთ ცდა; სამხრობის დროს ძლივს გვეშველა... შევედით... ტახტზე იჯდა ჯერ ისევ ახალგაზრდა დედაკაცი, ხელში ანთებული სანთლები ეჭირა... წინ ედო ერთი დიდი ხარის თეთრი ბეჭი... ვინ შევიდოდა, უნდა მივსულიყავით იმასთან, თავი დაგვეკრა, მიგვეცა სანთელი და ფული და მერე გვეკითხა, რისი გაგება გვინდოდა... მეც ესე ვქმენი... მაგრამ, გენაცვალე, რეები მითხრა, რეები!..

- რეები, რეები?.. მალე თქვი, ქალო, ერთი და!.. - მიატანა დედაჩემმა.

- რა რეები და ჩვენი უბედურებაები!.. - განაგრძო სალომემ. - ისე დაწვრილებით მითხრა ჩვენი ოჯახის თავგადასავალი, ისე დაწვირილებით რო სულ გამაოცა!.. თქვენაო, მითხრა მკითხავმა, - ამ ათი-თორმეტი წლის წინათ კარგი შემძლე ოჯახიშვილები იყავითო, მაგრამ მერე შემოგეჩვიათ წყეული ალიო; მოგიკლათ ჯერ ოჯახის მეუფროსე კაციო, მერე დედაკაციო, მერე ახალგაზრდა ბიჭიო, გაგისულელათ ერთიცაო. მაგრამ არც ამას დაგჯერდათ ისაო... შეუჯდა ერთ ვიღაც ურჯულოს, ვისიც თქვენ რაღაც ფულები გმართებოდათო, შეუჯდა იმასა, გაადიდებინა ათი თუმანი ორმოც-სამოც თუმნადაო, აჩივლინა მერე და წაგართვათ ვენახ-ნაფუძარიო...

- დიდება შენ სიცხოვლესა, დიდო პატიოსანო წმინდაო გიორგი! - პირჯვრის წერით და ჭერებში თვალების შეჩერებით გააწყვეტინა დათუამ ლაპარაკი სალომესა.

- მაგრამაო, - განაგრძო სალომემ, - თქვენ მაინც ყურს არ იბერტყავდით... ასე გეგონათ, რაკი აღარ გვიყვირის და აღარ გვეჩვენება ალი, ეს არის და ეს, მოგვშორდაო; მოგშორდათ კი არა, იმან თქვენ სახლში დაიბუდაო... დაგისნეულათ ოჯახის მეუფროსი კაციო!.. - ეიპე, ეიპე, რა თვალთმაქცი ყოფილა, შენი ჭირიმე, ი დედაკაცი!... - დაიძახა აღელვებით დათუამ.

- ახლა უნდაო, - განაგრძო ისევ სალომემ, - ბავშვებს და ქალებს მიყოს ხელიო... თქვენი ხსნა ერთი იმაშიღა არისო, რო აიყარნეთ და სადმე შორს გადასახლდეთო. თუ ესე არა ქენით, ალი სულ დედა-ბუდიანად მუსრს გაგადენთო.

აქ სალომე გაჩუმდა. დედაჩემი მკვდარივით გაყვითლებული იჯდა; დათუას სახეს კი აგრე რიგად არა ეტყობოდა რა.

- არა გვშორდება ი წყეული? - სთქვა დინჯად დათუამ, - მაშ ავდგეთ და გადავსახლდეთ!

- რას ამბობ, ჩემო მაზლო, სად უნდა გადავსახლდეთ? - დაიძახა გამწარებით დედაჩემმა, - ვიღაც წუპაკმა, ქვეყნის მატყუარა დედაკაცმა რო რაღაც სხვისგან გაგონილი ილაპარაკოს, განა იმიტომ ჩვენ უნდა ავიყარნეთ და ცხრა მთას იქით გადავცვინდეთ?

- უი, ქალო, ღმერთი იწყენს! წუპაკს როგორ ეუბნები ი ღვთის ადამიანს! ხო გაიგონე რა დაწვრილებით მითხრა ჩვენი ოჯახის თავგადასავალი? - უთხრა წუწუნით სალომემ დედაჩემსა.

- ჩვენი თავგადასავალი, ჩემო სალომე, - მიუგო დედაჩემმა, ეშმაკეულელმა მკითხავმა კი არა, მთელმა ამ მხარემ შეიტყო. ქალაქის პირიდამაც კი მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ ხოლმე ალზედა! მკითხავიც გაიგონებდა და ისე გეტყოდა ყველაფერს!

- ჩემო რძალო - დაიწყო დათუამ, - ერთი ყური დამიგდე აქეთ!.. მკითხავს ბევრი მართალი უთქვამს. თუ მართლა კიდევ ალი არ იყვეს ჩვენზე შემომდგარი, მა რა არის ჩვენი ოჯახის სულ ასე უკუღმართად წასვლა!.. მამული წაგვართვეს, საქონელი თითქმის სულ გაგვიწყდა, მე დავსნეულდი, ე ბავშვები სულ ავად არიან; მა რა არის ესა? ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მამული აღარ გვაქვს ჩვენა. ჩვენი ოჯახი თუ ერთხელ ოჯახი იყო, იყო იმითი, რო ოთხი ძმანი ვიყავით, ვიღებდით სხვის მამულს საღალოდ და ამითი სარჩოს ვიძენდით! ჩვენ რა მამული გვქონდა? -ერთი ვენახი, ორი ნაფუძარი, ერთი მინდვრის მიწა და ე სახლ-კარის ალაგი... სხვა ხო არაფერი? ვენახი და ერთი კაი ნაფუძარი წაგვართვეს! რაღა შავი ქვა დაგვრჩა? ღმერთია შენი თავდები, ე ნინიკა რო არ იყვეს, სულ შიმშილით დავიხოცებოდით! ავდგეთ, გადავსახლდეთ სადმე; მოვშორდეთ ამ დაწყევლილ ალაგსაც და ეგება მამულ-დედულიც ვიშოვნოთ რამე.

- უნდა, უნდა გადავსახლდეთ სადმე, თორემ, წმინდა გიორგის მადლმა ე ბავშვები სულ გაგვეჟლიტება! - სთქვა სალომემ.

- სადა, ადამიანებო, სადა, სად უნდა გადავსახლდეთ?! ვინ გიჟი გადმოგიყრის მამულს?! - დაიძახა დედაჩემმა.

- სადა და ყარაიაზე! - მოკლედ მიუგო დათუამ.

- უი, გენაცვალე! დღევანდელი დღე მკითხავის ბაკში სუ მა ყარაიაზე ლაპარაკობდნენ. აქებდნენ, ისეთი აქებდნენ, რო ჰა! ცოტა ცხელაო, მაგრამ რა უშავს! მოსავალი თურმე ზღვათა სკდება. ზღვათა! თითონ მკითხავი ყოფილა როდისღაც იქა... არც აგრე რიგად შორს არისო... მკითხავმა თქვა: ორი დღე კიდეც მიხვალ და კიდეც მოხვალო! - თქვა სხაპა-სხუპით სალომემ.

- მოსავლიანი ადგილი ძაან არი, - დაიწყო დათუამ; - თუმცა ორი დღე კი არა - ოთხი დღე მოუნდება მარტო იქამდინ მისვლასა!.. ხემწიფეს სულ მოუმზადებია ყველაფერი: სახლი, კარი - მიდი და დასახლდი. მაშინვე თურმე მშვენიერ მიწებს დაგიზომავენ და მოგცემენ... მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რო ხარჯისა და ბეგარისაგან განთავისუფლებული იქნები... ამბობენ: იქ არც სუდია-მამასახლისობა იქნებაო!..

- ვინ გითხრა ყველა ეგა? ვინ იცის, მართალია ეგა თუ არა? - უკმაყოფილოდ დაეკითხა დედაჩემი.

- ახირებული დედაკაცი ხარ, მე და ჩემმა ღმერთმა, - შესძახა გაჯავრებით დათუამ, - რა ვინ მითხრა, შვილოსან! ყურები არ მასხია თუ? ეს ერთი წელიწადია, რაც მთელი დუნია მაგაზე ლაპარაკობს. აი ხეპრეთიდამ, ე გაზაფხულის დამდეგს, კიდეც წასულა იქ ორიოდ-სამი სახლობა.

- გადავსახლდეთ, გენაცვალე, გადავსახლდეთ ჩვენც იქა! - მხიარულად დაიძახა სალომემ.

- არა, გენაცვალე, - სთქვა დედაჩემმა. - მე ექედამ ფეხსაც არ მოვიცვლი.

ამის შემდეგ კიდევ კარგა ხანს ილაპარაკეს ამავე საგანზე... დათუას უნდოდა, რომ მე და დედაჩემიც თან წავყოლოდით; დედაჩემი იდგა უარზედ. ბოლოს დაადგნენ შემდეგს გადაწყვეტილებას: დათუა თავის ცოლ-შვილით და ნინიკათი შემოდგომაზე ზამთრის საგძლით უნდა გაუდგეს ყარაიის გზას... ორი კამეჩის საყიდლად და სამგზავრო ფულის საშოვნელად გაჰყიდონ ნაფუძარი... მე და დედაჩემი უნდა დავრჩეთ ჩვენ სოფელშივე... მინდვრის მიწა და კარ-მიდამო გვარგუნეს ჩვენ...

IX

შემოდგომაზე ეს გადაწყვეტილება მართლაც სისრულეში მოიყვანა ჩვენმა უიმისოდაც დაძაბუნებულმა ოჯახმა. ზაქარია დიაკვანმა სწორედ ნახევარ ფასად დასტყუა დათუას ნაფუძარი. ამ ფულით დათუამ ორი კამეჩი იყიდა; მიუერთა მათ ორი შინაური ხარიც, შეაბა ურემი, ჩასხა შიგ ცოლი და შვილი თავიანთ რავდენსამე თვის საგძლით და შემოდგომის ერთ გრილ დღეს დაადგა ქალაქის გზას. მე და დედაჩემი დავრჩით მარტოკანი. აზნაურა დიაკვანი ბევრი ეცადა, რომ ჩვენც მათ თან გავეყოლებინეთ: ხან დაყვავება, ხანაც ჯავრობა, ერთ დღეს მეზობლური, “ნათელ-მირონული” დარიგება, მეორე დღეს მტრული მუქარა; - ყველა ესენი თვითოულად იხმარა აზნაურამ - ჯერ თვითონ და მერე თვისი კუდების მოგზავნით, მაგრამ დედაჩემი მაინც ერთსა და იმავეს ადგა და გაიძახოდა: ,,მე ჩემის ცოცხალის თავით ამ არემარეს არ მოვშორდებიო!” მართლაც არ მოშორდა. დათუა წავიდა; დავრჩით ჩვენ, დედა-შვილი. დედაჩემმა ხელთნაწერის წერა-კითხვა კარგად იცოდა; ამასთანავე საკერავითაც განთქმული იყო ჩვენს სოფელში. შეაგროვა სოფელში გოგო-ბიჭები და წელიწადში ოროლ კოდ პურად დაუწყო მათ თვისის სოფლურის სწავლის გარდაცემა... მეც მენახირეობას ვაპირებდი; ვცხოვრობდით ტკბილად, ჩუმად და მოსვენებით. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენი ესეთი ყოფა!..

ერთ ღამეს, გათენებისას, უცებ ვიღამაც ასტეხა ჩვენი კარების ერთი საშინელი კაკა-კუკი. წამოვცვივდით ფეხზე .

- ვინა ხარ, ვინ? - დავუძახეთ შინიდამ.

კაკუნი შეწყდა, მაგრამ ხმა არავინ არ გაგვცა.

ჩავწექით ისევ ლოგინში და როგორც ჩაგვთვლიმა, ასტყდა ხელახლად ჩვენი კარების ბრახა-ბრუხი. წამოვცვივდით ისივ ფეხზე, დავუყვირეთ... ბრახუნი შეწყდა, პასუხი კი არავინ მოგვცა.

- მოდი გავაღოთ კარები და გავიდეთ კარზე!.. - ვუთხარი დედაჩემს. ის დამთანხმდა. მე ცულს, დედაჩემმა კეტს წამოვავლეთ ხელი და გავწიეთ კარებისაკენ. როდესაც კარებს ღება დავუწყეთ, შემოგვესმა ადამიანის ჩქარი ფეხის ხმა... გავაღეთ კარები; დავინახეთ - ვიღაც, კარგა დიდი კაცი, ავარდა ბაკის ღობეზე, გადახტა იქით და დაეშვა სოფლისაკენ.

- ნეტა ვინ არის, რა არის ეგა? - ვკითხე დედაჩემს, როდესაც ისევ ლოგინში ჩავწექით.

- ეგ თუ არი, შვილო, - მითხრა დედამ, - ი სულაყეფებული დიაკვანია.

ამ შემთხვევამ ცუდად აგვირია თავზე ბალანი. მეორე დღეს მთელმა სოფელმა იცოდა ჩვენი ეს შემთხვევა. გავარდა ხმა, რო არაშენდაანთ ალი კიდევ მისჭრომიათო. გაჩნდა ჩვეულებრივი ჭორიკანაობა. უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ჭორებს ცოტაოდენ რამ საფუძველი ჰქონდა. მთელი ერთი კვირა ყოველ შუაღამისას ჩვენს კარებს და შემდეგ ერდოს არა ჰქონდა მოსვენება. ეს კიდევ არაფერი! ზაქარია დიაკვანმა იწყო გამოაშკარავებით ჩვენი ლანძღვა, მტრობა და ხანდისხან იქამდინ მიდიოდა მისი საძაგლობა, რომ ხმამაღლა იტყოდა ხოლმე ხალხში: მივუგზავნი ერთ ორიოდ ოსს და მა ჯიუტი დედაკაცის თვალ-წინვე დავაკვლევინებ იმის შვილსაო. ეს ჩუმად გადმოგვცეს მეზობლებმა და გვირჩიეს ფრთხილად ყოფნა. სხვაც ბევრი რამ გავიგეთ, მაგრამ რას ვიზამდით? თავის დღეში უბატონო ჩვენს სოფელს დღეს ეს აზნაურა გაუხდა ბატონად. სოფელში კაცი არ იყო, რომ მის წინააღმდეგ გაებედნა რამე: ყველანი მას ფეხქვეშ უძვრებოდნენ. აბა, ერთს ქვრივ დედაკაცს რა უნდა ექმნა ამისთანა თავგასული კაცისათვის? დედაჩემი შეშინდა.

- უნდა რამე მოვახერხოთ, შვილო, - მითხრა მან ერთ დღეს, თორემ ეგ თვალსისხლიანი კაცი ხიფათს შეგვამთხვევს რასმე.

- აბა რა მოვახერხოთ, ჩემო დედა, - მივუგე მე, - დათუასთან წავიდეთ თუ ?

- არა, შვილო! დათუასთან კი არა, ამ სახლს მოვშორდეთ. შენ ბიძაჩემთან გაგგზავნი; მე ე ჩემ ნათლიმამა თევდორესთან გადავალ... მე აქ უნდა დავრჩე, თორემ ეგ ბოროტი კაცი იზამს რასმე... დაიქცეს ეხლანდელი კანონები!.. თუ სამიოდ თვე თითონ იხმარა რამე ჩვენი მამული, მერე სულ დაიჩემებს და დაგვყრის სხვისა ამარაზედ.

მე დედიჩემის ბიძები ძლიერ მიყვარდნენ; ამისათვის მათთან წასვლის იმედმა საშინლად გამახარა... გახარებულმა, წამოვედი და თითქმის ყველა ჩემ ტოლ ბიჭებს გარდავეც მიზეზი ამ სიხარულისა... მალე მთელმა სოფელმა შეიტყო თუ რას აპირებდა დედაჩემი. მაგრამ ეს განზრახვა განზრახვათავე დარჩა... ჩვენდა სასიხარულოდ, შეწყდა ჩვენი კარების ბრახა-ბრუხი... გავიდა კვირა, თვე... ღამე ხმა აღარავისი არ გვესმოდა... აზნაურაც თითქო დაგვიტკბა. დედაჩემი წინაპირველად გაკვირვებული იყო ამ ამბით: ამ სიჩუმიდამ ის რაღაც ვაი-ვაგლახს მოელოდა; მაგრამ რა კვირა, თვე გავიდა და ჩვენს მყუდროებას არავინ არღვევდა, დედაჩემიც დამშვიდდა, ძველებურად გამხიარულდა. ჩვენმა ცხოვრებამ გასწია ისევ ტკბილად, თანასწორად.

ამ დროს ერთი ქალაქელი დურგალი თავისი ცოლ-შვილით ჩვენ სოფელში სალოცავად მოვიდა. ერთ საღამოს საყდრის კარებზე დამინახა ამ დურგალმა და სთქვა: “აფსუსი არ არის, რომ ემისთანა ბიჭი ექ სოფელში ტყუილად იჯდეს და რამე ხელობას არ სწავლობდესო?..” ეს სიტყვები დედაჩემს გადავეცი... მას ძლიერ გაეხარდა.

- იქნება, შვილო, თითონ იმანვე აგიყვანოს შეგირდათ? - მითხრა დედაჩემმა.

- იქნება!.. აბა წავიდეთ და ვთხოვოთ! - მივუგე მე.

მართლა წავედით. ახალი ლობიო, კიტრები და კიდევ რაღაებიც მივართვით და ვთხოვეთ დურგალს ჩემი აყვანა თვის შეგირდად... დურგალს გაეხარდა, ამიყვანა და იმავ დღიდამ თავის შეგირდს მეძახოდა. ამის შემდეგ ორი დღე კიდევ დარჩა ის ჩვენ სოფელში... ამ დღეების განმავლობაში, როგორც შეეძლო, მომამზადა დედაჩემმა და როდესაც დურგალი დაადგა ქალაქის გზას, გამოვეთხოვე დედას და დურგლის ურემს გავყევი თან. გავყევი, მაგრამ ცრემლით სავსე თვალები კი სულ დედიჩემისაკენ მრჩებოდა. გულმა თითქო მაშინვე მიგრძნო, რომ ჩემ საყვარელ, საცოდავ, დატანჯულ დედას იმ დღეს სამუდამოდ ვეთხოვებოდი.

X

ორი წელიწადი ვიცხოვრე დურგალთან ისე, რომ ჩვენ სოფელში არ მივბრუნებულვარ. ამ დროს განმავლობაში დედიჩემისაგან მალ-მალე მომდიოდა წერილები. ის თვის-თავზე სულ ერთსა და იმავესა მწერდა: “აზნაურა ჩამომეკიდა, აღარ მისვენებსო, საცა დამინახავს, უშვერის პირითა მლანძღავსო, იმის შიშით მეზობლები პურის სასესხებლად ვეღარ მოსულან ჩემთანაო და სხვ.” აუკანასკნელ თავის წერილშიაც ამავესა მწერდა. გავიდა ორი თუ სამი თვე ამ უკანასკნელი წერილის შემდეგ და დედიჩემის წერილი აღარ მიმიღია. მეოთხე თვეს დავეთხოვე ოსტატს და გავწიე ჩვენი სოფლისაკენ. კარგა ხშირ-ბინდი იყო დედამიწაზე დაცემული, როდესაც ჩემს თვალწინ და ფეხქვეშ გაიშალა ჩვენი სოფლის ველ-მინდორი, ჭალა, ადგილ-მამული; ის ალაგები, სადაც, ღვთის ამარაზე მიგდებულ სოფლის ბიჭს, იმავე თავითვე დევნილს ათასგვარ ოჯახურ და სოფლურ სამწუხარო და უბედურ გარემოებათაგან, მე გამეტარებინა ჩემი სიყმაწვილე! გულმა მიწყო სხვადასხვანაირად ცემა! სასიამოვნო და მწარე ფიქრები გროვ-გროვად დგებოდნენ ჩემ თავში და რაღაცა გაცხარებულის სისწრაფით მიერეკებოდნენ ერთი-ერთმანეთს. რამდენსამე წამს ჩემს თვალწინ მთელმა ჩემმა სიყმაწვილემ გაირბინა. აი ჩვენი მუდამ ტალახიანი, ვიწრო, მაგრამ ჩემი საყვარელი ორღობე!.. გამარჯვება, გამარჯვება თქვენ, ჩემო დაუვიწყარო ტყემლებო, ქვებო, ღობეებო, ჩიტებო და ჩიტის ბუდეებო!! ვესალმებოდი ამ გვარად ჩვენს ორღობეს და ნელ-ნელა მივდიოდი მის ჩრდილისაგან უფრო დაბნელებულ გზაზე!.. გავედი ორღობიდამ: დავინახე ჩვენი ძველი ნასახლარი!.. ეხლა აქ ნასახლარობაც აღარ ეტყობოდა: ეს ალაგი ზაქარია დიაკვანს მიემატებინა თავისი ბაკისათვის და ამნაირად სამ კუნჭულიან უშნო ვენახისათვის გამოება მეოთხე კუნჭულიც. ავუარე ამას გვერდზე და გავწიე პირდაპირ ჩვენი სახლისაკენ... მივდიოდი და ვიდგენდი ცეცხლაპირას მჯდომარე და ნელ-ნელა წინდის მქსოვ დედაჩემს!.. აი , ის გაჩუმებული ზის კერასთან, ქსოვს წინდას და თან რაღაზედაც ჯავრიანად ზუზუნებს... აი, შევაღე კარები: დედაჩემმა გაიგონა კარების ჭრიალი, მაგრამ სახლში შესულს კი ჯერ ვერ ხედავს... ,,ვინ ხარ!.. გოგო, კატუა, შენა?” - იძახის დედაჩემი... მე ხმას არ ვიღებ, მივდივარ და უცებ თავზე კი წავადექი ჩემს ტკბილს, ძვირფას დედიკოს... ,,უი, შენ შემოგევლე, შვილო!” იძახის დედაჩემი და ბარბაცით მორბის ჩემთან. ვიდგენდი ყველა ამას და მივდიოდი შინისაკენ. აი ჩვენი ბაკიც!.. აგერ სახლის კარებიც... მაგრამ ეს რა არევ-დარეულია აქაურობა... თითქო დედაჩემს სუფთაობა და რიგი უყვარდა! კარები? კარები მაგრაა დაკეტილი. აქ რაღაც იჭვნეულობამ გამირბინა თავში... გულმა, თითქო სრულებით ჩემს უნებურად, მიწყო კვნესა და დრო გამოშვებითი ფანცქალი. უცებ ცრემლები ამერია თვალებში... ,,არა, რას ვტირი?'' - ვუთხარი დაცინვით ჩემს თავს, - ალბათ დედაჩემი აქ მეზობლისას იქნება ვისთანმე!.. “ვსთქვი ეს და გავწიე ახლო მეზობლის სახლისაკენ, შევედი ბაკში... ჩემს წინ გამოჩნდა ჯოხზე დაბჯენილი და ნელ-ნელა კარზე მომავალი მოხუცებული თალია. მან სიბერის გამო ვერ მიცნო წინაპირველად.

- ვინ ხარ, შვილო, შენა? - დამეკითხა ის.

- ვეღარ მიცან დიდიდედა? - ვუპასუხე მე, - მე არაშენდაანთ სიმონა ვარ.

- ოი, შენ კი გენაცვალე, შვილო, - დაიძახა მწუხარე ხმით მოხუცებულმა, - დამიდგეს მე თვალები!.. მე კი ქვეყნად უნდა დავწოწავდე და შენი კარგი დედა კი მიწაში იდვეს!.. დაიქცეს, სიკვდილო, შენი სამართალი - თალიამ გააბა მოთქმა. ამ ხმაზე გამოცვივდნენ სახლიდამ თალიას შვილები და რძლები და ორთავენი შეგვიყვანეს შინა. მე ქვასავით გავხდი, ვგრძნობდი, რომ ჩემს თავს რაღაც დიდი უბედურება იყო, მაგრამ რა? ამ დროს ვერ წარმომედგინა. არც ტირილი, არც კვნესა!.. ვიდექ სარივით გაშეშებული და გიჟივით ვიცქირებოდი თურმე აქეთ-იქით. გაიარა ღამემ. მეორე დღეს მოვისაზრე ჩემი აწმყო მდგომარეობა და დავიწყე გამოკითხვა თუ რითი მოკვდა დედაჩემი. მომეტებული იძახოდა - ალისაგანაო. ზოგიერთები კი მეუბნებოდნენ, დედაშენი ზაქარია დიაკვანმა მოსწამლაო!..

- დათუას ამბავი ხომ არა იცით რა? - ვკითხე ერთს ჩვენს მონათესავეს.

- როგორ არა, - მომიგო მან: - ლამის უბედურათ გადაიაროს იმ კაცმა! აქედან რომ ჩასულიყვნენ, არაფერი არა დახვედროდათ რა იქა... ედოს იმის ცოდო ჩვენ ზაქარია დიაკვანსა!.. რაღაც ქოხმახში გაეტარებინათ მთელი ზამთარი... გაზაფხულზე გამხდარიყო ავად დათუა და ვეღარც აეხწია!.. ორი კვირის შემდეგ მომკვდარიყო... ორი პატარა ბავშვი ისევ მამაზე უწინ დახოცილიყვნენ... დასცადა ჰავამა თურმე... ერთ კახელ მადლიან თავადიშვილს ენახა ი საცოდავები, შებრალებოდა და თავისთან წაესხა. ეხლა თურმე ნინიკა მოჯამაგირედ უდგია იმ თავადიშვილს, სალომე პურისმცხობლად... ორი უფროსი ბიჭი კი იქიდამ გამოქცეულიყვნენ და ქალაქში ჩამოსულიყვნენ... ჩვენებიანთ გიგოლამ სთქვა: ქალაქში ჰყრიან და “რაზბონიკობით” ირჩენენ თავსაო...

I

ამბავი, რომელიც მე მსურს მოგითხროთ თქვენა, მკითხველო, მოხდა წრეულ სოფელს გორიძირაში. ამ სოფელს სახელი, ვგონებ, თვით თვისის მდებარეობიდამ დარქმევია: იგი არის მოკრუნჩხული ერთს იმ მომწვარს და მოტიტვლებულს გორის ძირთაგანში, რომლის მსგავსთ ასე ხშირათა ხედავთ, რაკი ჩვენს კურთხეულს თბილისს ზემოთკენ შემოსცდებით. მოკრუნჩხულა-მეთქი იმისათვის ვამბობ, რომ ამ სოფელს უჭირავს ძლიერ პაწაწკინა ალაგი. თუმცა მასში ას კომლამდისინ გლეხობა და სამიოდ კომლი თავადაზნაური ცხოვრობენ. თუ შინაურულად არ იცით ამ სოფლის გარემოება, მის მცხოვრებთა რიცხვის გამოცნობაში თქვენი თვალი უსათუოდ მოტყუვდება. არც იქნება ეს საკვირველი. აქაურს გლეხკაცთ ისე მიუსხავთ და მიუკრუნჩხავთ ერთმანეთზედ თავიანთ ღრმად ჩათხრილი მიწური სახლები, რომ გეგონებათ ოციოდ მოსახლეზედ მეტი არ იქნებაო.

- რათ სცხოვრობთ, ძმობილო, ასე შევიწროებულნი, ასე ერთი ერთმანეთზედ მიმსხდარნი, - ვკითხე ერთს გლეხს, როდესაც ამ გარემოებამ პირველად მიიზიდა ჩემი ყურადღება.

- რა ვქნათ, შენი ჭირიმე, - მომიგო მან, - ჩვენ რო განზედ დავდგეთ, სახნავ-სათესი მინდორი სულ დაგვიპატარავდება. ჯერ ეხლაც არ გვყოფნის მამული და აბა, შენი კვნესამე, სოფელიც რო გაგვეჭიმ-გამოგვეჭიმა, რიღათი გვეცხოვრა?!

მართლაც-და ძლიერ ცოტა სახნავ-სათესი მიწა აქვს ამ სოფელს. თანასწორად რომ გაუყოთ ამ სოფლის მცხოვრებთ მიწა, ვგონებ, თვითეულს კომლს ხუთ-ექვს დღიურზედ მეტი არ შეხვდება. ეს მინდორი მათი სახნავ-სათესიც არის და საძოვარიცა. თუმცა ეს ასეა, მაგრამ გლეხკაცის თავგანწირული მუდმივი შრომა მაინც თავისას არ იშლის. თუ ცოტაოდნათ მაინც ამინდი შესწევს, გორიძირელებს სამყოფი ჭირნახული მოსდით ხოლმე. საუბედუროდ, ამ გვარი ამინდიანი წელიწადები ხშირად არ უდგება აქეთ მხარეს. ადამიანის უჯიათობას, მომავალზე უზრუნველობას და ხალხის უმეცრებას გაუწყვია ტყეები იმ მთებზედ, რომელნიც დღეს, მოხრიოკებულნი, მზისაგან დამწვარნი და დახურებულნი, შემოხვევიან ამ მხარეს თითქმის ყოველს მხრიდამ. ამის გამოისობით აქეთკენ გვალვა ძლიერ ხშირი სტუმარია. თქვენს მტერსაც ნუ დაადგება ის დღე, რაც დღეც ჩვენს გორიძირას დაადგება ხოლმე თუ გვალვამ რამდენსამე კვირას, ანუ თვეს გასტანა. პატარა რუ, რომელიც ზემოთ სოფლებზედ გამოდის და შემდეგ ჩამოდის გორიძირაშიაც, ყოველ ამ დროს საშინლად პატარავდება; ზემოთა სოფლების სარწყავებსაც ბევრს ვეღარას შველის ხოლმე ესა. აბა, გორიძირამდისინ ვინღა მოახწევინებს ამისთანა დროს წყალსა. მოურწყაობისაგან ვენახები და სიმინდი სულ მთლად ამოვარდებიან ხოლმე; ბალახი ჰქრება მინდორზედ, წყაროები შრებიან. გლეხკაცნი სწყევლიან თავიანთ ბედს და გაჩენის დღესა. მალ-მალ ჩხუბობენ ერთმანეთში... მათი და მათი ცოლ-შვილის ვაი-ვაგლახი უერთდება დამშეული, დასიცხული საქონლის ბღავილს და ტრიალებს ხოლმე მთელს ამ არემარეზედ ერთი საშინელი საცოდაობა. ქვეყნად მოვლინებული ჯოჯოხეთია გლეხობისათვის ამისთანა დრო. სწორეთ ამისთანა ჭირი დადგა წრეულ ჩვენს უბედურ გორიძირას.

II

თიბათვის პირველი რიცხვები იქნებოდა, როდესაც მე, ხუთი-ექვსი დღის მგზავრი, ვუახლოვდებოდი ჩვენი გორიძირის არემარეს. მზეს თუმცა კარგა დაბლა დაეწია დასავლეთისაკენ, მაგრამ მაინც საშინელი სიცხის ბუღი ტრიალებდა ჰაერში. სჩანდა, რომ ამ გვარი სიცხე ცოტა ხანი არ არის რაც აწევს აქაურობას: ხეებსა და ვაზს უდროოდ დაჰყვითლებოდათ ფოთლები; დაგვალულს სიმინდებს მწუხრად დაეკიდნათ ძირს თავიანთ დამჭკნარი ტოტები, გახურებულს მიწას ვეებერთელად დახეთქოდა ზემოთა პირი... ბევრიც რომ გეცქირნათ აქეთ-იქით, მწვანე ბალახს მაინც ვერსად ვერ დაინახავდით მთელს მინდორზე. მის ნაცვლად აქა-იქ ეყუნტნენ გარუჯული და გამხმარი ნარეკალები. რამდენიმე სული საქონელი ბღავილით ამაოდ დახეტიალობდა ამ მოტიტვლებულს მინდორზედ; გამხმარს მიწაზედ ხოხიალით და ეკლების ჭამით მათ საცოდავად დასდიოდათ სისხლი ტუჩებსა და ცხვირზედ. შევედი სოფელში. აქ უფრო უარესობა დამხვდა. ჩვენი პატარა რუ ისე დამშრალიყო, რომ მის ძირს თითქმის მტვერი ასდიოდა. მხოლოდ აქა-იქაღა დარჩენილიყვნენ პატარ-პატარა გუბეები და ესენიც ადამიანის სასმელად სრულიად არ ვარგოდნენ: მათში, ზედი-ზედ მიკრულნი ეყარნენ დამშეული და სიცხისაგან ენა გადმოვარდნილი კამეჩები და კუდების ნელი, ზარმაცული ქნევით იგერიებდნენ გუნდ-გუნდათ მათზედ მისეულს ბუზებს. რაც შეეხება ადამიანებს, ესენი კარგა ხანს ვერსად ვერ დავინახე სოფელში. სჩანდა საშინელს სიცხეს ისინი შეერეკნა მათ სოროს მსგავს მიწურს სახლებში. სოფელში ისეთი სიჩუმე იყო დამყარებული, თითქო აქ მცხოვრებნი აყრილან და სხვაგან გადასახლებულან სადმეო. მაგრამ, აი ჩავიდა მზე და მისი ცხარე სხივები მოშორდნენ დედამიწას. ჰაერი ცოტაოდენად გაინძრა; გრილმა ნიავმა წამოჰბერა ჩრდილოეთიდამ; სოფელში ნელ-ნელა გაჩნდა ხმაურობა. ადამიანთა და შინაურ პირუტყვ-ფრინველთ მოძრაობა.

- ჩქარა, ჩემო დედამთილო, ჩქარა, თორემ სხვანი მიგვასწრობენ... - მოისმა ქალის ხმა იქვე ახლო ბაკიდამ.

ცოტა ხანს უკან ამ ბაკიდამ, თითქმის სირბილით, გამოვარდა მხარზედ კოკა მოდებული ერთი ახალგაზრდა ქალი. ამას ცუხცუხით გამოჰყვა სახლიდამ პატარა, დაბალის ტანის, კარგა მოხუცებული, მაგრამ ჯერ ისევ ჭარმაგი დედაკაცი; ამასაც ხელში კოკა ეჭირა. ესენი მოუდგნენ ერთმანეთს გვერდზედ და ჩქარის ნაბიჯით გასწიეს სოფლის ზემო ნაპირისაკენ. ამათ შემდეგ მოება კოკიანი ქალი ქალსა, გაჩნდა გაცხარებული მოძრაობა, რომელიც კარგა ხშირ ბინდამდისინ არ შეწყვეტილა. ამ მოძრაობის დენას გავყევი მეცა. გავედი სოფლის ზემო ნაპირას და გადავხედე ჩვენს პატარა “ცაქცაქა” წყაროს; დედაკაცების სიმრავლისა გამო კარგა ხანს თვალიც ვერ მოვკარ მე იმას. ისეთი მჭიდროობა იყო აქა, ისეთი ყაყანი, ლანძღვა და გინება ისმოდა იქედამ, რომ თქვენ გეგონებოდათ - ერთი რამ ხაზინა უპოვნია ამ ხალხსა, მისევია და ახლა თვის შორის იყოფს მასაო. ყველა ეს კი წყლის მეოხებით ხდებოდა.

- ბაბალე, დედაშვილობასა, აგრემც ღმერთი შეეწევა ი შენ ერთ შვილსა, ბარემ მანდა ხარ და აამსე ე ჩემი კოკაც... - უთხრა ჩვენს ნაცნობს პატარა ბებერს ერთმა ლამაზმა, შავთვალწარბა, ახალგაზრდა გოგომ.

- მოიტა, შვილო, მოიტა, - მიუგო მას ბებერმა; - აიმშოშ ე ჩემი კოკა, მერე შენც აგიმშებ.

- გიჟი ხომ არა ხარ, ბებერო, - დაიძახა ერთმა მაღალმა, შუა ხნის დედაკაცმა; - აუმსო. რაა, იჯარით აგიღია შენ ე წყარო... აიმსე შენა და წადი ჯანაბასა.

- ჯანაბაშაჩ წადი და დოზანაშაჩ, - დაიჩიფჩიფა მოხუცებულმა ბაბალემ, - მოგიხდია თავზედ ლეჩაქი და მთელ შოფელშ შენგან მოშვენება არა აქვშ... - სთქვა რა ეს, მოხუცებულმა გადასდგა იქით თავისი ავსებული კოკა და მისწვდა ლამაზი გოგოს კოკას.

- ი შვილები არ დამეხოცება, რომ არ აგამსებინებ... - დაიძახა ერთმა ზორბა დედაკაცმა და გადმოსდგა თავისი კოკა წინა.

- ეხლა ეს წამომეჩხირა აქა, - დაიყვირა მაღალმა დედაკაცმა და გადახტა წინა, მიაგდო გვერდზედ ლამაზი გოგოს კოკა და თავისი მიუდგა წყაროს.

- მაშ თავზე ლეჩაქი აღარ მეხურება, რო შენც მე დამიბრიყო, ამდენი ხანია აქ ვიცდი და შენც ჩემზე წინათ უნდა აამსო... - დაიძახა სიანჩხლით ზორბა დედაკაცმა და გადაალაჯა წინ, მიჰკრა ფეხი წყაროსთან მიმდგარს კოკას; კოკა წაიქცა, ეცა ქვას და ზედ შუაზედ გადაიყარა.

ამის დანახვამ მაღალი დედაკაცი თითქო დაამუნჯა: ის კარგა ხანს გაშტერებული იდგა ერთს ალაგას; მაგრამ მისი გაფითრებული სახე და მაგრა მოკუმული ტუჩები კი ცხადათ აჩვენებდნენ მისი სულის და გულის მდგომარეობას. ის უცებ გადახტა და გააფთრებული ეცა ზორბა დედაკაცს. უკანასკნელი მომზადებული დახვდა: ჩაავლეს ერთმანეთს თმებში ხელი და კარგა ხანს უძრავად შეჩერდნენ ესე... შემდეგ გაიქნ-გამოიქნიეს ერთმანეთი. ამ ქნევაში მაღალმა დედაკაცმა დასძლია თავისი მოწინააღმდეგე, წააქცია და ქორივით დააჯდა ზემოდამ. ქვეშითას მიეშველა რძალი. ზემოთას - გასათხოვარი ქალი. ახლა ამათ შუა გაჩნდა ბღლაძუნი: ლოყების კაწვრა, ჩქმეტა და თმის ბდღვნა. დედაკაცები ჩაცვივდნენ შუაში და იწყეს მაჩხუბართა გაშველება. ჩვენი ბებრუხანა კი გამოძვრა, წამოიდო თავზე თავისი სავსე კოკა და ცუხცუხით გამოსწია შინისაკენ.

- ბებერო, ბებერო, სად გაძვერი, სადა, - მოსძახეს ქვემოდამ სიცილით, - ასტეხე ჩხუბი და შენ კი მოძურწე შინისაკენ...

- თვალებიჩ გამოხეთქიათ. ე ჩემი კოკა ხო ავამშე და ახლა თუნდა ერთმანეთიჩ დაგიჭამიათ, - იძახოდა პატარა მოკუნტული ბებერი და თანაც გამალებული გარბოდა შინისაკენ.

- რძალი მოგიკლეს, რძალი, ბაბალე, - დაუძახეს კვალად ქვემოდან.

- უი ჩემ დანელებაშა, - წამოიძახა ბებერმა და შესდგა, მობრუნდა უკან, მიიდო შუბლზედ გაშლილი ხელი და თავისი ბებრუხანა თვალებით გაიხედა წყაროსაკენ; საჩქაროზედ გაარჩია სხვებისაგან თავისი რძალი, რომელსაც ესარგებლა მოხსენებული ჩხუბით და თავის კოკა მიედგა თითქმის დამშრალ, თითის სიმსხოთღა გამომავალ წყაროსთვის.

- ვენაცვალე, ჩემ მარიამაშა! იმაშ ხელ ვინ დააკარებს. მერე ავ დღეშ დააყრიშ იმაშ მაგიში ქმარი, - თავისთვის სთქვა ბაბალემ და მიბრუნდა ისევ შინისკენ. ამ დროს განმავლობაში მოჩხუბარნი დამშვიდდნენ; მარიამამაც აავსო კოკა, შეიდგა მხარზედ და სირბილით გამოუდგა უკან თავის დედამთილს: შუა გზაზედ დაეწია მას და ორივემ ერთად სიცილით და ლაპარაკით შეაღეს თავიანთ ბაკის კარი.

III

- ჰეი, რა დედა მყევხარ, რა დედაი... მამაჩემიც რომ ცოცხალი ყოფილიყო ექამდისინ, ისიც ვერ მიზამდა შენოდნობას. ერთ გუთნეულად კი არ მიგცემ-და, - მოისმა ამათ შესვლის უმალვე დერეფნიდამ ხმა. ცოტა ხანს უკან გამოჩნდა ამ ხმის პატრონიც. ეს იყო მოსულის ტანის, ოცდაშვიდი, ოცდარვა წლის ახალგაზრდა ბიჭი: დამწვრის, მაგრამ ეშხიანის და სწორე სახისა, დაბერებული ხელებით და ძველი შარვალ-ქალამნებით. მას გვერდით ედო გახდილი, ჯერ კიდევ ახალი, მოყვითალო ჩოხა და იჯდა წითელ გულისპირიანი პერანგის ამარა; ხელში ეჭირა თვისი უმცროსი, ორი წლის ვაჟი, მხიარულად ისროდა მას მაღლა და მარდათ იჭერდა ისევ ხელებით. გატკრციალებული ბავშვი ხტუნაობდა მამას ხელში და კასკასობდა თავისი წმინდა ბავშვურის ხმით. უფროს, სამი წლის ქალს, მამის მუხლის ძირას დარბაისლურად მოეკეცნა და სიხარულისაგან გაცოცხლებულის თვალებით შესცქეროდა თავის პატარა ძმას. ორთავ პატარანი იყვნენ თავშიშველ-ფეხშიშველანი; მზისაგან დამწვარს ტანზედ ეცვათ მხოლოდ თითო გაჭუჭყიანებული პერანგი. თუმცა ეს ასე იყო, მაგრამ მათი ჯანის სისაღეს, ვგონებ, არა ერთი ქალაქელი მდიდრის ბავშვი შენატრებდა... დატკრუცულ ფუნჩულა ლოყებს წითლად გაჰქონდათ ღაჟღაჟი და დიდრონი გამომეტყველი თვალები სიცოცხლის ნაპერწკლებს ისროდნენ აქეთ-იქით. მამა ხედავდა ამას და მხიარულის გულით ეთამაშებოდა მათ. ამ გვარ ყოფაში იყო ჩვენი გიგო სოსიაშვილი, როდესაც მისმა დედამ და ცოლმა შეჰყვეს ბაკის კარებში თავი. მან მიიხედა კარებისაკენ და, რა დაინახა თავისი პატარა მოხუცებული დედა ვეებერთელა კოკის ქვეშ, შესძახა ზემოთ ნათქვამი სიტყვები.

მოხუცებულმა შეხედა თავის მომხიარულებულს შვილს და შვილიშვილებს; მისი ჩაცვივნული თვალების კილონი მოიხმუჭნენ და სახეს გადაეფინა გულითადი კმაყოფილების და სიხარულის ღიმილი.. მაინც კი არაფერი არა სთქვა რა შვილის მიალერსებაზედ. მან ჩაუარა შვილს წინა, ჩამოიღო კოკა მხრიდან და მიდგა კედლის ძირას. შემდეგ მოტრიალდა შვილისაკენ.

- შვილო, გიგო, ვერა მორწყევი-რა დღეშაც?

ამ კითხვის წარმოთქმა და გიგოს მხიარულობის გაქრობა ერთი იყო: მან ნელ-ნელა დასვა ბავშვი ძირსა და ნაღვლიანის ხმით მიუგო დედას:

- ვერა, დედა. დღესაც ვერა მოვრწყევი-რა. სიმინდი, სიმინდი ამოგვივარდა; მაგრამ რაა სიმინდი. ვენახი გახმა, ვენახი.

- ,,ვენახი გახმა ვენახი” - განიმეორა, თითქო დაცინვით, ბებერმა. - თქვენ კი გულ-ხელი დაგიკრეფიათ და დაილაჯებით შოფელში. ჩემი შულიშ ცხონებამა, ე ჩიქილაში რო არ მრცხვენოდეშ, დღეშვე გავარდებოდი შინიდამ, ან რიყელებშ ზედ შევაკვდებოდი და ან წყალ აქეთ გამოუშვებდი...

- აფსუს რო ვაჟკაცი არა ხარ, ჩემო დედა. რამდენი ვეჩიჩინე ხან ერთ, ხან მეორეს ამ ოჯახდაქცეულ ჩვენებურებს, მაგრამ პირჯვარი ვერავის დავაწერინე. დღეს პირობა გვაქვს: უნდა ლოცვის უკან შევგროვდეთ და წყლის თაობაზე გადავწყვიტოთ რამე.

გიგოს ჯერ არც კი გაეთავებინა უკანასკნელი სიტყვა, რომ ბაკის კარებიდამ მოისმა ხმა:

- გიგო, გიგო, გამოდი, ხალხი გროვდება საყდრის კარებზე.

გიგო საჩქაროზედ წამოხტა, გადაიცვა ჩოხა და გავარდა კარზედ. მას წინ დახვდა ერთი შუათანა ტანის ჭაღარაშერთული, დაფიქრიანებულის სახის კაცი; ეს გახლდათ ქრისტესია ნაცრიაშვილი: მამასახლისი ამ სოფლისა. გიგომ ერთი კი შეხედა ამასა და შემდეგ გადაუხვია გზას: სირბილით გასწია პატარა აივნიანი ალიზის სახლისაკენ, რომელიც გიგოს სახლზედ კარგა მოშორებით იდგა.

- ვანო, ვანო, შინ არა ხარ? - დაიძახა გიგომ, როდესაც ამ სახლს დაუახლოვდა.

- შინ ვარ, შინა... - მოისმა სახლიდამ ხმა... და ცოტა ხანს უკან აივანზედ გამოჩნდა თვით ამ ხმის პატრონიც. ეს იყო ოცდაოთხი, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა, მოხდენილის მაღალის ტანის, მომღიმარე ეშხიანის სახისა. ტანთ ეცვა აქლემის ყელის მოყვითალო ჩოხა, ზედ გაწყობილის ახალუხით; ქართული განიერი შარვალი კოხტათა ჰქონდა ჩატანილი მაღალ საცვეთიან ყარაბაღულს წაღებში... თავზედ ეხურა წაბლის ფერი პატარა, ჩატეხილი კალმუხის ქუდი, გულზედ ლოთიფოთურად ჰქონდა ჩამოგდებული, ყელზედ თალხნათ შემოხვეული ქალაღა.

გთხოვთ იცნობდეთ, ჩემო ბატონო, ეს გახლავთ აზნაური ვანო მხიარულაძე!

დადგა თუ არა აივანზედ, ვანომ მიიდო ტუჩებზე სალამური: ჩაჰბერა, აათამაშა თითები და მთელს იმ არემარეს მოჰფინა მშვენიერი მხიარული ხმები. შემდეგ გააჩუმა სალამური და თვით დაიძახა:

“ხან მაქვს ყველი და პური,

ხანდისხან მშიერი ვარ;

მაგრა ბედს არ ვენდური,

ვარ და ბედნიერი ვარ”.

- ჰო, ვიცი რაღაც ბედნიერი ხარ! - გააწყვეტინა ვანოს გიგომა. - შენ ი ერთ აზნაურსაებ მოგდის: ერთ ამპარტავან აზნაურას შიმშილით თურმე ცოლ-შვილი ეხოცებოდა, ხალხში კი გამოდიოდა და ლაპარაკობდა: სახლი და კარი პურითა და ღვინითა მაქვს სამსეო. ქონება ბანში ამომდისო...

- მაშ რა ვქნათ, ჩემო გიგო, - მიუგო ვანომ, - სულ უბედურებაზედ ლაპარაკმა წაიღო გული და თავი... ხანდისხან ბედნიერებაზედაც უნდა ვსთქვათ რამე, თორემ ცუდათ არის საქმე...

- ე მაგეებზედ კვლავ ვილაპარაკოთ... - უთხრა გიგომ, - ეხლა ხალხი გროვდება წყლის თაობაზე და წამოდი შენცა...

- მართლა, აბა, მაშ წავიდეთ... - ვანომ საჩქაროზედ ჩამოირბინა პატარა კიბე და, გიგოსთან ერთად, გასწია საყდრის კარებისაკენ...

- გიგო, რო იცოდე, მაშინ რომ ყმაწვილი იყო აქა, იმან ერთი პატარა წიგნი მომიტანა... ,,არაკი” კი ჰქვიან, მაგრამ რაც შიგა სწერია, სრულებით მართალია. ეხლა ქართულათა ვთარგმნი; როცა სულ მოვრჩები, შენც წაგიკითხავ...

- ოი, იმის ღმერთის ჭირიმე, იმისი! - დაიძახა გიგომ. - რა ბიჭია, რა ბიჭია და აბა, შენი ჭირიმე, ვანო, მალე მაათავე და მამეცი: მე თითონ წავიკითხამ: ამ სიბერის დროს წერა-კითხვაც ხო მასწავლე-და...

- გათავება კი მალე იქნება, მაგრამ ამ უსინდისო კონასი მეშინიან: რაღაც ხმები ისმის მაგაზე.

- გეშინიან? რისა, კაცო! გინდა ხვალვე ჩაუსაფრდე ე ჩვენ ორღობეში.

- შენი ჭირიმე, შენი გიგო, რომ ყოჩაღი ბიჭი ხარ!.. წამოიძახა ვანომ და ორთავ ხელებით მოეხვია გიგოს ყელზედ... - არა, გიგო, ჯერ ნამდვილი არა ვიცით რა... უსამართლოდ ადამიანის სისხლში ადამიანმა ხელი არ უნდა გაისვაროს.

ესე, ამ გვარის ლაპარაკით მივიდა ეს ორი მეგობარი საყდრის კარებზედ, სადაც ხალხი კარგა ბლომად შეგროვილიყო კიდეც.

IV

მიმსვლელთ დიდ ხანს არ მოსდომიათ აქ უსაქმოდ ცდა: ცოტა ხანს უკან მოგროვდა მთელი სოფელი; მოვიდა მამასახლისიც. ხალხმა შექმნა ლაპარაკი.

- აზნაურებსაც, თავადსაც შეატყობინეთ! - დაიძახა მოხუცებულმა სოლომონა ფარცხაძემ.

- აზნაური, თავადი და გლეხი სულ ერთია დღესა! ყველამ ერთად უნდა მოვკიდოთ ხელი სასოფლო საქმესა... - მისძახა მას გიგომ.

- შევატყობინოთ, შევატყობინოთ, - დაიძახეს აქეთ-იქიდამ.

გაგზავნეს ორი ბიჭი მათ მოსაწვევად. აზნაურები შინ არ დახვედროდნენ: ისინი სადღაც ხატობაში წაბრძანებულიყვნენ საქეიფოდ, თავადს კონა ხმამაღალაშვილს, სიცილად არ ჰყოფნოდა გლეხთაგან თვისი მიწვევა. მას ეს მიწვევა თვისი თავადიშვილობის შეურაცხყოფად მიეღო და გაგზავნილი ბიჭი სულ მათრახის ცემით გამოეგდო.

- სახლი შეუკრათ კონას, სახლი... - დაიძახა სიბრაზით ვანომ.

- დედა შეერთოს ცოლად, ვინც კონასთან სამეზობლოთ გაიაროს! ან ის გაატაროს სამეზობლოთ, - დაიძახა ახლა გიგომ.

- ე წმინდის გიორგის მადლმა ამოიღოს ძირიან-ფესვიანათ, ვინც ეგრე არა ქნას, - სთქვა მოხუცებულმა სოლომონამ.

- მაგაზედ გველი და ბრიყვი კაცი თავადიშვილობაშიაც კი არა მინახავს ჯერ მე... - სთქვა ვანომ. - რაკი ქალბატონის მუცლიდამ გამომძვრალა, დიდი რამ ჰგონია მაგას თავისი თავი. ყოველ სასოფლო საქმეში ეგ ჩვენი მოღალატეა ხოლმე.

- სახლი შეუკრათ, სახლი - გაისმა რამდენიმე ხმა.

- სახლი კი არა და ის არ გინდათ, - დაიძახა მამასახლისმა, - ე მანდ გვიჩივლებს და სულ აი, სატუსაღოში ამოგვართმევენ სულსა.

- ნაცრიაშვილო, სულ შენა ხარ ჩვენი მტერი, სულ შენა. - დაუყვირა მამასახლისს მოხუცებულმა სოლომონამ და წამოდგა წინა. - ხალხო და ჯამაათნო, შეუკრათ სახლი, ვნახოთ რაღასაც გვიზამს ეგ ერთი კაცი მთელ სოფელს.

- შეუკრათ... - დაიგრიალა ერთხმად ხალხმა.

- დავარისხოთ, დავარისხოთ! - დაიძახეს აქეთ-იქიდამ.

რამდენიმე ბიჭი გაქანდა საყდრის ზარისკენ და ცოტა ხანს უკან გაისმა ზარის ხმა... ხალხმა საჩქაროდ მოიხადა ქუდი... სულგაკმენდილი, წარბშეკრული, მრისხანეთ იდგა ის, სანამ ზარის უკანასკნელი წკრიალი არ გაჰქრა ჰაერში. ზარი დააყენეს; ხალხმა ქუდები დაიხურა და ასტეხა ლაპარაკი.

- ე რისთვინაც შევგროვდით ერთი ეს გავათავოთ-და, - დაიძახა მამასახლისმა.

- აბა, თქვი, თქვი... - წასძახეს აქეთ-იქიდამ...

მამასახლისმა თავი დაუქნია გიგოს; გიგო საჩქაროზედ წამოდგა წინა და ხმა მაღლა დაიწყო:

- აგერ ერთი წელიწადია, რაც სულ გვინდა შევგროვდეთ და ე რუზე გადავწყვიტოთ რამე, და ვერ მოვახერხეთ ერთათ თავის შეყრა. ეხლა ყველანი აქა ვართ და უსათუოდ უნდა გადავწყვიტოთ რამე.

- გადავწყვიტოთ, გადავწყვიტოთ... - გაისმა რამდენიმე ხმა.

- ე სიმინდ-ვენახები დაგვიხმნენ ამოდენა გვალვისაგან, - განაგრძო გიგომ, - ე ჩვენ რუს სულ აღარ გვანებებენ... რათა, ძმაო, ეს რუ ჩვენ მამა-პაპას და ჩვენც ისე გვიხმარია, როგორც რიყელებს... გამოვიდეთ კომლზე კაცი, წავიღოთ ბარი, ნიჩაბი და ავიდეთ რიყეში. თუ დაგვანებეს წყალი ხომ კარგი, თუ არა-და, ძალა ვიხმაროთ: თავები დავიხოცოთ და წყალი კი გამოვიყვანოთ; თორემ, ე წმინდა გიორგის მადლმა, შიმშილით დავიხოცებით წრეულ და ვენახებს სამუდამოდ გამოვეთხოვებით; თავათ კალიამ მოგვიძოვა და აგვიოხრა პური, თუ სიმინდებსა და ვენახებსაც არა უშველეთ რა, სულ დავნიავდებით... წავიდეთ, გამოუშვათ რუ.

- წავიდეთ, წავიდეთ, - დაიგრიალა ხალხმა.

- ბარ-ნიჩბები აიღეთ ხელში, თითო ოროლა პური გამოიხვიეთ კალთაში და ეხლავე წავიდეთ... - დაიძახა მოხუცმა სოლომონამ.

- ეხლა დაღამდა, ბიძაჩემო, - უთხრა მას გიგომ, - ხვალ დილაზე წავიდეთ.

- არა ერთი... - შეუტია სოლომონამ, - ე ხალხი ძლივ შეგროვდა. ეხლავე უნდა მივატანოთ, თორემ თუ ერთი დავიშალენით, ქრისტე ღმერთიც ვეღარ შეგვიყრის ასე ერთად თავსა.

- მართალს ანბობს სოლომონა, მართალს, - დაიძახა ვანომ, - ეხლავე წავიდეთ.

- ეხლავე ჯობიან, ეხლავე, - მიაძახა ვანოს ხუმარა ნინიკამ, - ერთ ღამეს ნუ დავწვებით, შვილოსან, ე ჩვენ დედაკაცებთან, რა არი.

- ანგრე იყვეს, ანგრე... - დაიძახა ერთხმად ხალხმა.

გიგო გადახტა წინა.

- აბა, მაშ ჩქარა ბარ-ნიჩბები... - დაიყვირა მან.

ხალხი უცბად დაიფანტა და საჩქაროზედ ბარ-ნიჩბებ მხარზედ გადებული შეგროვდა საყდრის კარებზედვე.

- აბა, ვანო, გაგვიძეხ წინ... - უთხრეს აქეთ-იქიდამ ვანოს.

ვანო თავმომწონეთ გადვიდა წინ, გაიდო მხარზედ ერთი უშველებელი კეტი და ნელის ნაბიჯით დაიძრა. მას მიჰყვა მოხუცებული სოლომონა, მამასახლისი, გიგო და სხვანი. გაჩუმებული, დაფიქრიანებულის სახით გავიდა ეს კრება სოფლიდამ და დაადგა რიყის გზას.

V

მოკრიალებულს ცაზედ თავისუფლად იძროდა სავსე მთვარე. მისი მკრთალი შუქი უხვად მოჰფენოდა ჩვენს ნაცნობს, მზისგან დამწვარს, არემარეს. ჰაერი იდგა გაშტერებული: აღარსად იყო ის ცოტაოდენი ნიავიც კი, რომელმაც წეღან, მზის ჩასვლისას, დაჰბერა გახურებულს დედამიწას. მართალია ეხლა მზე აღარ იდგა, მაგრამ მის სხივთა მაგივრობას ეხლა მოტიტვლებული კლდიანი მთები ჰჩადიოდნენ. თონესავებ დახურებულნი ისინი ყოველის მხრიდამ მწუხარედ გადმოიცქირებოდნენ ძირს და მზეზედ არა ნაკლებ ახურებდნენ ჰაერს. ამ ჩუმს სიცხეს, თითქო, ყოველი სულდგმული დაებნიდა, მოეკლა. გაჩუმებულს მინდორს ზემოდამ დასცქეროდა გაშტერებული ჰაერი და ირგვლივ სუფევდა შეურყეველი სიჩუმე... მაგრამ, აი მოისმა რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა, შემდეგ ლაპარაკიც. ჩვენი გორიძირელები გამოიშალნენ მინდორზედ.

- ეიპე, ეიპე, - წამოიძახა ერთმა მათგანმა, - ერთი შეხედეთ, როგორი მოწმენდილია ე დალოცვილი ცაი-და.

- ეჰ, შე დალოცვილო ღმერთო, - სთქვა მეორემ, - გვეყო ამდენი ტანჯვა, ჩამოგვიგდე ორიოდე წვეთი ნამი.

- ღმერთო, წვიმა, ღმერთო, შენი მადლისა და შენი სახელის ჭირიმე... - გაისმა რამდენიმე ხმა.

- გაათავე ლეწვა? - დაეკითხა ერთი გლეხი მეორეს.

- რა ჯანაბა მქონდა, რო აქამდინ არ გამეთავებინა, - მიუგო უკანასკნელმა, ერთი ათიოდ დღის ყანა მქონდა: ჯერ კალიამ გამინადგურა; რაც იმას გადურჩა, ძმაო, ამ გვალვამ სუ ამიოხრა. სამი კალო ძლივ გამომივიდა; ცხრა კოდი პური იყო ჩემი წრევანდელი პურის მოსავალი...

- ჰო, ჰო, ჰო! რა არი-და, - სთქვა მესამემ, - მე რაღა გულს უნდა დამაკლდეს მაშა! სამიოდ დღის ნახნავი მქონდა; გვალვამ ამომიგდო სულა: კოდ-ნახევარი ძლივ-ძლივობისას გამოვიდა. ვარ დაღონებული და დაძმარებული. არ ვიცი: ან ხემწიფეს საიდგან გავცე პასუხი, ან ღვდელსა და ან ერსა.

- ხალხო, ე ვინ მოაჭენებს ცხენსა, - უკან ცქერით დაიძახა ერთმა გლეხთაგანმა. ხალხმა მიიხედა უკან, მაგრამ ამ დროს უკან მიხედვა საჭიროც აღარ იყო: ცხენოსანმა ჭენებით ამოურბინა ამ ხალხს გვერდზედ და ცოტა ხანს უკან დაიმალა რიყის ორღობეში.

- კაცო, ეგ კონას ცხენი არ იყო! - დაიძახა ერთმა.

- ის იყო, ისა! - სთქვა გიგომ. - ცხენიც კონასი იყო და ბიჭიცა. მაგ მოუსვენარს სწორეთ რიყელების შესატყობრათ გამოუგზავნია ეგ ბიჭი.

- დაე, შეატყობინოს, - წარმოსთქვა ვანომ, - გამოვიდნენ თავიანთ ბატონებითა და ჩვენც აქ დავხვდებით რიყელებს! თქვენ მაგრა იყავით, ეგენი ჩვენ როგორ მოგვერევიან.

- თუ ძალაზე მიდგენ, ერთი იქამდინ კი უცადოთ, რო იმათ დაგვარტყან და მერე დაუშინოთ ჩვენცა და სულ კუდით ქვა ვასროლინოთ... - სთქვა მოხუცებულმა სოლომონამ.

ხალხმა იწყო ხმამაღლივ ლაპარაკი; გასცხარდა, მოუმატა ფეხსა და პატარა ხანს უკან წყევლა-გინებით წაადგა გადმოსაგდებ რუსა.

- ერთი შეხედე, ამ უღმერთოებს, როგორ მოუმსიათ ე ჩვენი რუ მიწითა და ქვითა, - სიბრაზით დაიძახა გიგომ.

- ბიჭოს! ე ჩვენი რუ სარიყო რუზე კი არ ყოფილა გადაგდებული, სათავადაზნაურო რუზეა... მაშ, აბა, მაგრა უნდა ვიყვეთ. კონას ძმები და ყლაპიაანი ამოგვიცვივიან სწორეთ.

- ვინც უნდა იყვნენ! - დაიძახა გიგომ, - ჩვენ რომ შიმშილით დავიხოცოთ, მაგათი დიდკაცობა რას გვარგებს ჩვენა. მობრძანდნენ და ვნახოთ. სანამ ისინი მოვიდოდნენ, ერთი ჩვენ დავასწროთ საქმის გაკეთება; მერე ვეღარას წაიღებენ ჩვენგან.

- რაღასა დგეხართ, ხალხო! - დაიძახა მამასახლისმა, - ზოგმა ე ჩვენი რუდამ ამოყარეთ ქვა და მიწა, ზოგმაც იმათ რუში ჩაყარეთ ქვა და ბელტი...

ხალხი გაიყო ორათ. თვითეული ამ ორთანი საჩქაროდ დაადგა დანიშნულს საქმეს და მუყაითად იწყო მუშაობა, ვანო თავისი ბერკეტით ჩამოჯდა ერთს დიდს ქვაზედ და გლეხთ უწყო წაქეზება. მაგრამ მალე დაინახა, რომ ,,ბარაქალის” თქმა გლეხობისთვის საჭირო არ იყო: დააგდო თავისი კეტი; ეცა იმ ქვას, რომელზედაც იჯდა და გადაგორებით წაიღო ის სათავადაზნაურო რუსაკენ... საათიც არ იქნებოდა ჯერ გასული, რომ საქმე ბოლოზედ მიაყენეს. სათავადაზნაურო რუ გაჰყვეს შუაზედ; ნახევარი ისევ ძველ გზაზედ გაუშვეს, მეორე ნახევარი კი თავიანთ სარუეზედ გადმოუგდეს. ამგვარად, თავდებოდა საქმე, როდესაც ერთმა გლეხთაგანმა დაიძახა:

- არიქა, მოდიან.

ხალხი, ცოტა არ იყო, შეკრთა: გლეხთ, შეშინებულსავით იწყეს აქეთ-იქით ცქერა და ნაპირისაკენ გამოწევა.

- აბა, ბარები და კეტები დაამზადეთ! - დაიძახა გიგომ.

- დაიცადეთ, ჯერა! - სთქვეს ერთხმად მოხუცებულმა სოლომონამ და მამასახლისმა, - იქნება მშვიდობით დაგვანებონ წყალი.

ამ დროს ცხენ-და-ცხენ მოცვივდნენ რუზედ ორნი ძმანი ხმამაღალაშვილები, სამნი ძმანი, აზნაურნი, ყლაპიაშვილები. ამათ ყველას ეკრათ ხანჯლები და ორს მათგანს მხარზედ თოფებიცა ჰქონდათ გადადებული. მათ უკან მოჰყვათ ოცამდისინ გლეხკაცობა. ამათ ზოგს ეჭირათ კეტები და ზოგსაც ბარები.

- ე რა ამბავია! - დაიღრიალა ჭახმაკმა მოხუცებულმა თონიკე ხმამაღალაშვილმა. - ესეც შეიძელით, რომ მე ჩემ საკუთარ რუს მიწყვეტამთ, თქვენ მამაძ... თქვენა. სუ ისე ამოგხოცამთ ექა, რო ერთი თქვენგანი ცოცხალი აღარ დაბრუნდეს შინა.

- არა! შენი ჭირიმე, - წარსდგა წინ სოლომონა და კრძალვით მოახსენა, - ჩვენ ჩვენი წილი რუ გამოუშვით აქეთკენ; თქვენი წილი თქვენვე მოგართვით, შენი ჭირიმე.

- როგორ თუ ,,ჩემი და შენი წილიაო!” - დაიყვირა მიხეილ ყლაპიაშვილმა; - მამა გიცხონდა, დიდი მონაწილე არა ხარ ხმამაღალაანთი.

- აშალეთ ეხლავე ე რაღაც მიგიქარავთ! - დაიძახა არჩილ ყლაპიაშვილმა, - თორემ, ი მამა-ჩემის სულის მზემა, სუ ამოგხოცამთ ექა.

- ვერა, შენი ჭირიმე, ვერ ავშლით, - მიუგო სოლომონამ. - სახნავ-სათესი ამოგვივარდა უწყლობით. ვენახები და სიმინდები დაგვ...

- აშალეთ-მეთქი! აშალეთ, თქვე... - დაიღრიალა თონიკემ.

- ვერ ავშლით, ვერა! - დაიძახა ვანომ. გორიძირელებმა გაიმეორეს ეს სიტყვები.

- ექ თავებ დავიხოცამთ და წყალი კი უნდა გავიყვანოთ... - დაიძახა გიგომ.

- თავებ დაიხოცამთ-და, აბა! დაჰკარით ამ მამაძ..., ბიჭებო! - დაიყვირა რევაზ ხმამაღალაშვილმა და ხანჯალამოღებული ცხენდაცხენ გაჰქანდა ხალხისაკენ. მას მიჰყვნენ სხვა ცხენოსნებიც; მათთან მოსული გლეხ-კაცები ნელ-ნელა და უნდომრად წამოდგნენ წინა.

- ხანჯალი რომ იშიშვლე, ბატონყმობის დრო ხომ არ გგონია ეხლა! - უთხრა რევაზს ვანომ და კეტმოღერებული გადმოუხტა მას წინ.

- ვანო! - დაიძახა თონიკემ, - შენ რა გრჯის, ყმაწვილო, კეთილშობილი კაცი ხარ, შენ არც კი უნდა გაერიო ემათთანა ღორის ტილებში.

- კეთილშობილი ის არის, ვისაც კეთილი სწავლა და სინდისი აქვს. ესენი ჩემი ძმები არიან და ეს საქმეც სასოფლო საქმეა... მისთვის მეც აქ უნდა ვიყვე...

- იყვე და, რამდენი შენც მოგხვდეს, იმდენი მე მიშველოს ღმერთმა! - დასძახა მას რევაზმა და მიაგდო ცხენი ზედა. ვანო გადახტა იქით. რევაზი და მისი მომხრენი ჩაერივნენ გორიძირელებში. უკანასკნელნი შეშინდნენ და გაიფანტნენ აქეთ-იქით. ცხენოსნები თავიანთ გლეხებით შემოეხვივნენ ვანოს და მოხუცებულ სოლომონას; შემოეხვივნენ და დაუშინეს მათ მათრახები და კეტები. ვანომ დაატრიალა თავისი დიდი კეტი; შემოჰკრა თონიკეს ცხენს თავში და ჩააჩოქა ის; დაჩოქებულს ცხენზედ გადმოხტა და გაექანა გაფანტული გორიძირელებისაკენ.

- კაცი მოგვიკლეს, კაცი! - დაიყვირა მან.

- არიქათ, ბიჭებო! სოლომონა მოგვიკლეს, სოლომონა! - დაიძახა გიგომ და ბარმოღერებული გაჰქანდა რიყელებისაკენ; მას მიჰყვა თორმეტიოდ ყმაწვილი ბიჭი. გაჩნდა საშინელი კეტების ტრიალი. გორიძირელები შეცვივდნენ შიგ შუა რიყელებში, სადაც სამ-ოთხგან თავპირდამტვრეული და სისხლში მოსვრილი მოხუცებული სოლომონა დაცემულიყო მუხლებზედ და ქანცმილეული იგერებდა მტერსა. გიგომ დასტაცა მას ხელი და გამოიტანა თავიანთკენ; გაფანტულმა გორიძირელებმა, რა დაინახეს სისხლი, შემოიკრიფეს გაბედულობა და წამს შეგროვდნენ ერთად.

- აბა, ბიჭებო! თქვენი ჭირიმეთ, მოგვყევით აქა! - დაიძახეს გიგომ და ვანომ და გაექანნენ რიყელებისაკენ. გლეხკაცობა გაბედვით მიჰყვა მათ და, სულგანაბული, დაერივნენ მოწინააღმდეგეთ. რამდენიმე წამის განმავლობაში მოჩხუბართ საძრაობა ვერ უყვეს ერთმანეთს. ვანო ეცა თონიკეს და მსწრაფლად გადმოიღო ის ცხენიდამ. გიგომ შემოჰკრა ბარი რევაზს და შუბლგახეთქილი, გულშეწუხებული დასცა ძირსა. ამის შემდეგ დაიძრნენ უკან რიყელები: თავპირდამსხვრეულმა თავადაზნაურებმა აფრინეს ცხენები, მათ მიჰყვა გლეხკაცობაც. გორიძირელები გამოუდგნენ უკან, მაგრამ რა დაინახეს, რომ მათ წინ გლეხების მეტი აღარავინ იყო, უკანვე მობრუნდნენ. მათ წინ დახვდათ ტყვედ დარჩენილი თონიკე. ბრძოლის ველზედ უგრძნობლად ეყარნენ აზნაური მიხეილ ყლაპიაშვილი და თავადი რევაზ ხმამაღალაშვილი.

- დავხოცოთ, დავხოცოთ ეს ურჯულო თათრები! - დაიძახა სიბრაზით გიგომა და გაექანა რევაზისაკენ, მივიდა და შესდგა ზედ წიხლით. როგორც მოიღერა მუშტი, იმ დროს ეცა მას ვანო და გადაიყვანა იქითკენ.

- ვაჟკაცი დაცემულ მტერს ხელს აღარ ახლებს! - უთხრა ვანომ გიგოსა, მაგრამ, როდესაც თვით გაუარა გვერდზედ თონიკეს, ვეღარ მოითმინა და ერთი კარგი წაუდო კისერში.

- ესეც თქვენ კეთილშობილებას! - დაატანა ზედ. - ეს დრო ის დრო ნუღარ გგონია, როდესაც კაცებსა ჰჭამდი და ხმას ვერავინ გცემდა.

ამის შემდეგ დაშოშმინდა ხალხი. გორიძირელებმა იწყეს თავპირდამტვრეულების გაბანვა და მოსულიერება. მოხუცებულ სოლომონას სამგანა ჰქონდა თავი გატეხილი და ბეჭებშიაც ხანჯლით იყო დაჭრილი. თუმცა ეს გრძნობაზედ მოიყვანეს, მაგრამ საშინლად იყო დასუსტებული და ამისათვის მის წასაყვანად ურემი იყო საჭირო. ამ ურმისთვის სოფელში ორი ბიჭი გაჰგზავნეს. ვანოს თავი ჰქონდა ერთგან გატეხილი და მათრახისაგან ერთი ყურის ბიბილო მთლად მოგლეჯილი. გიგო სულ ერთიანად სისხლში იყო მოსვრილი. ხანჯლით ორგან იყო მსუბუქად დაჭრილი. თავი ჰქონდა გატეხილი ერთგან, მაგრამ ძრიელ ორიოდ-სამ სხვა გლეხ კაცსაცა ჰქონდათ თავები დამტვრეულები. რიყელებიც ყველანი მოასულიერეს, მაგრამ რევაზს ვერაფერი ვერა უშველეს რა. ამას შუბლი საშინლადა ჰქონდა გახეთქილი. მართალია მოჰბანეს და შეუკრეს შუბლი, მაგრამ სუსტი სუნთქვის მეტი აღარაფერი არ აჩვენებდა, რომ ამ კაცში სიცოცხლის ნიშანწყალი იდგა კიდევა.

- ვაიმე, ძმაო! ვაი ჩემ სიცოცხლესა და ვაგლახი! - თავში ხელების ცემით დაიღრიალა თონიკემ, როდესაც თავისი უმცროსი ძმა ამ ყოფაში დაინახა.

- ე მაგ ღრიალს შენ ის გირჩევნია, წახვიდე შინა, ურემი გამოგზავნო და წააღებინო ეგა, - უთხრა მას ვანომ. თონიკე სიხარულით გაექანა შინისაკენ, პატარა ხანს უკან მოიყვანა ურემი, დააწვინა ზედ რევაზი და გაბრუნდა უკანვე.

VI

მზე კარგა ხნის ამოსული იყო, როდესაც გაგზავნილმა ბიჭებმა გორიძირიდამ ურემი მოიტანეს. ვანომა და გიგომ სიფრთხილით აიღეს და დაუდვეს მოხუცებული სოლომონა ურემზედ. სოლომონამ ერთი ღრმად ამოიკვნესა, ვანო ავარდა ურემზედ, დაინახა, რომ სოლომონას შეკრული თავიდამ სისხლი გამოსდიოდა კიდევ. საჩქაროზედ მოიგლიჯა ყელიდამ თავისი საყვარელი ქალაღა და გულითადის მზრუნველობით შემოახვია ისიც თავზე უღმერთოდ ნაცემ მოხუცებულსა. სოლომონამ გაახილა თვალები და, რა დაინახა ვანო, გააღო პირი და ნელ-ნელა წარმოსთქვა:

- შენი ჭირიმე, ვანო, შენი! საწყალი კაცი გებრალება, ღმერთი იქნება შენი შემწეცა.

- ღმერთი კი არა, ხატი არ გინდა! - უთხრა მას ღიმილით ვანომ, - მე ჩემს სინდისს ვაკმაყოფილებ. ღმერთთან რა დავა მაქვს. ღმერთს მღვდლები, ბერები და მოლოზნებიც ეყოფიან.

- ნუ ლაპარაკობ ეგრე, ნუ! შენ გენაცვალე, ვანო... - სთქვა სოლომონამ. შემდეგ დახუჭა თვალები და ერთი კიდევ გულიანად ამოიკვნესა. ვანო დააცქერდა მის სახეს. ეს სახე მომაკვდავის სახესა ჰგავდა. ღრმად ჩაცვინული თვალები უძრავად იყვნენ დახუჭულნი, გაყვითლებულს კანზედ აქა-იქა სჩანდნენ ცემისაგან აბურცული და გალურჯებული ხორცები, თითქმის მთლად გათეთრებულს წვერ-ულვაშიდგან წითლად გამოსჭვიოდნენ სისხლში მოსვრილი თმები. მთლად სახეზედ ჰქონდა გადაშლილი საშინელის ტანჯვისა და ვაების გამოხატულება. ყველა ამის დანახვამ აუჩუყა ვანოს გული, დიდი თვალები აევსო ცრემლით და მოჰყვა გულამოსკვნით ხმამაღალ ქვით-ქვითს.

- ვანო, რა დაგმართვია, კაცო! - დაუძახა მას გიგომ, - დედაკაცი ხომ არა ხარ, რო ტირი! გადმოდი აქეთა. - ამ სიტყვებით ავარდა გიგო ურემზედ და გადმოიტაცა ვანო ძირსა. შემდეგ აქეთ და იქით სოლომონას მოუსხა ორი გლეხკაცი და გამოისტუმრა ურემი წინა.

- რამდენი მეგობრები და ნათესავები დამხოცია, მაგრამ ერთი ცრემლი არ ჩამომიგდია მათზე... - სთქვა ვანომ. - მაგ მოხუცებულის სახემ კი დამძლია...

- შე ოჯახქორო, რა დროს ტირილია! კაცები გაგვპარვიან აქედგან, - უთხრა მას გიგომ.

- ჰო, მართლა, კაცო! - დაიძახა ერთმა გლეხმა. - ი რევაზმა რო შემოგვიტია ხანჯლითა, მაშინ მამასახლისი, ხუმარა ნინიკა და ერთი კიდევ ვიღაცა გაიქცნენ და აღარც მოსულან და აღარცა.

- მესამე სოსიკა ბიჭი ყოფილა, - სთქვა გიგომ. - აი ე მეურმეებმა თქვეს, რო იმ სამთავეს ე ჩვენი გაყვანილი წყალი გაუყვიათ და რწყამენ თურმე თავიანთ სიმინდებს.

- ეს სოფლის ღალატია! - დაიძახა სიბრაზით ვანომ.

- აქ კინაღამ დაგვხოცეს, შვილოსან, და იმათ კი ეხლავე თავიანთ სარწყავებში გაუყვანიათ წყალი, - სთქვა ერთმა გლეხთაგანმა.

- ძროხები უნდა დაუკლათ იმათ, ძროხები! - დაიძახა გიგომ.

- ახი იქნება იმათზე, დაუკლათ! - მისძახა მას ვანომ.

- დაუკლათ, დაუკლათ! - დაიგრიალა სიბრაზით ხალხმა.

- მაშ, სოფელში რო შევიდეთ, ნუ დაიფანტებით! - სთქვა ერთმა ჭაღარაშერთულმა გლეხმა. - ესე ერთიანად ჯერ ერთს მიუხტეთ და დაუკლათ ძროხა, მერე - მეორეს, მერე - მესამეს.

- ანგრე იყვეს, ანგრე! - დაიძახეს აქეთ-იქიდამ.

ამის შემდეგ დაიფიცა ყველამ, რომ როგორათაც ჩადენილს ამბავში, ისე მომავალ საქმეში არ უნდა ეღალატნათ ერთმანეთისათვის, უნდა ყოფილიყვნენ ყველანი ერთად და ავის თუ კარგისათვის ყველას ერთად მიეშვირა კისერი.

- ახლა კი წავიდეთ შინისაკენ, - სთქვეს აქეთ-იქიდამ.

ხალხი შეჯგუფდა ერთად და ნელის ნაბიჯით დაიძრა სოფლისაკენ. ვანომ ამოიღო ჯიბიდან თავის განუშორებელი სალამური, დაუკრა და ნაღვლიანის ხმით დასძახა ზედ:

“ყველგან, სადაც გლეხი ცხოვრობს,

სუფევს ტანჯვა და ვაება;

ყველა გლეხის ოფლში სცურავს,

ყველა მისი სისხლით ძღება.

მუშა კაცის ოფლმა, ცრემლმა

მთლად ქვეყანა დაალბესა,

ისა შრომობს და სხვა ჰხარობს,

დახე ქვეყნის სიმრუდესა.

მაშ, ჩვენც ხელი გავიქნიოთ,

ხელი მუდამ მოცარული:

სიკვდილითა თუ სიცოცხლით,

მტერთ მიუწყოთ საწყაული.

ლაჩარია იგი კაცი,

ვინც ლოგინში მუქთად კვდება...

საყვარლისა ტანჯვას ხედავს,

მღვდლებისაგან იჯიჯგნება”.

- შენი ჭირიმე, ვანო, შენი! - უთხრა მას გიგომ, როდესაც ეს ლექსი გაათავა, - შენისთანათ ჩვენი ტანჯვა და ვაება არავინ არ იცის... აკი ამისთვინაც გებრალებით შენა.

- ღმერთს ერწმუნე, რო ვინც კი ჩვენ ამბავს შეიტყობს, ყველას შევებრალებით, - სთქვა ერთმა გლეხმა.

- შენმა მზემ, კონამ თუ იცის შენი ამბავი, აკი იმიტომ ებრალები, - უთხრა მას გიგომ.

- ან კიდევ, ბიძაჩემმა ილიკომ თუ კარგად იცის თქვენი ცხოვრება, იმიტომ ტყავს ვერ გაძრობთ ხოლმე, თუკი შეგხვდათ სადმე! - სთქვა ვანომ.

- რა ბრძანებაა, შენი ჭირიმე, ვანო, - დაურთო ჭაღარა შერთულმა გლეხმა, - ჩვენ დროში ათასში ერთი თუ გამოერევა ღვთისნიერი კაცი და შეგვიბრალებს ჩვენა, თორემ სხვანი სულ ჩვენ დაჩაგვრასა და მტრობაში არიან.

- ფიქრი არ არის, - სთქვა ვანომ, - დადგება ისეთი დრო, როდესაც თქვენ ერთი ორათ გადაუხდით თქვენს მტრებსა. ჯერ ერთი ეს სკოლა წავიყვანოთ კარგად, მერმე შევაგროვოთ ფული და ბანკი გავხსნათ, ბანკის სარგებლით გავხსნათ დეპო. დეპოს მოგებით ჩვენი სკოლიდან შეგირდები გავგზავნოთ ხოლმე სხვადასხვა სკოლებში, მომეტებულად სამხედრო სკოლებში, რომ იქ თოფ-იარაღის ხმარება თვით ისწავლონ კარგათ და მერე გვასწავლონ ჩვენცა... მაშინ...

- უთაურები ვართ, ჩემო ვანო, უთაურები! - სთქვა გიგომ. - ეს სამი-ოთხი წელიწადია სულ მაგ სკოლაზე, ბანკზე და დეპოზე გვეჩიჩინები და ჩვენ ვერა შევისმინეთ რა. ე ერთი სკოლა ძლივძლივობისას გავხსენით და ეგეც ლამის ისევ ჩაგვეფუშოს. ხო იცი რასაც აკეთებდა ჩვენი ოსტატი. დალოცვილიშვილი, თითქო ღვინის სასმელად იყო აქ გამოგზავნილი, ისე ლოთობდა დღე და ღამე. ახლა ჩვენც დაუდევრები ვართ, ერთმანეთის მტრები, მოღალატენი! აი დღეის არ იყოს, სამმა კაცმა გვიღალატა და გამოგვეპარნენ შინ.

- გვიღალატეს და ახლა ჩვენც მოგვიცადონ! - სიბრაზით დაიძახეს აქეთ-იქიდამ. გაჩნდა ხალხში ლაპარაკი; წყევლა, ლანძღვა, მუქარა აირია ერთმანეთში. ამასთანავე ხალხმა მოუმატა ფეხსა და საჩქაროზედ ჩაიარა გორიძირის ორღობე, გამგელებული შევარდა სოფელში, ჩაუარა რამდენსამე სახლს და შემოეხვია მამასახლისის კარებს.

- გამოიყვანეთ ძროხა, გამოიყვანეთ! - დაუყვირა ხალხმა მამასახლისის ცოლს.

- ძროხა გუშინ ჩარჩმა წაგვართვა ვალშია... - სთქვა შეშინებულმა დედაკაცმა.

- მართლა, ხალხო? - დაიყვირა გიგომ.

- მართალია, მართალი! - გაისმა რამდენიმე ხმა.

- მაშ, ხარი დაუკლათ, ხარი!.. - დაიყვირეს აქეთ-იქიდამ.

საჩქაროზედ ორი ბიჭი გაგზავნეს მინდორში ხარის მოსაგდებად, თვით ხალხმა კი დაიგრიალა და ეცა ხუმარა ნინიკას სახლსა... ნინიკა კარებზედ დახვდათ.

- გამოიყვანე ძროხა, გამოიყვანე ჩქარა!.. - შეუტიეს ნინიკას ერთხმად რამდენიმე გლეხმა.

- თქვენი ჭირიმე, მაპატიეთ! - წარმოსთქვა ნინიკამ თითქმის ტირილით, - ხო იცით მაგ ერთი ძროხის მეტი არა მაბადია რა. ნუ დამიკლამთ! მაპატიეთ, თქვენი ჭირიმე.

- ერთი ძროხის მეტი არა ჰყამს-რა, - მოისმა აქეთ-იქიდამ, - საწყალი კაცია.

- ოღონდ ძროხას კი ნუ დამიკლამთ-და, ისეთ ბურვაკს მოგცემთ, რო კუდიდამ სუ ქონი გასდიოდეს, - სთქვა ცოტაოდნათ მომხიარულებულმა ნინიკამ. ხალხში გაისმა სიცილი.

- რას იღრიჭებით, თქვე ოჯახდაქცეულებო, თქვენა! - დაიყვირა გიგომ, - ეგ არი თქვენი ფიცი. ეს სოფლის მოღალატეა... ძროხა უნდა დაუკლათ, ძროხა!

- ძროხა, ძროხა! - დაიგრიალა ხალხმა.

- თქვენი ღვთის გულისათვინ, ნუ დამიკლამთ ძროხას! - სთქვა კვალად ნინიკამა, - წვრილშვილი ვარ, ჩემ დედაკაცს ძუძუ გამშრალი აქვს... აი, ჰკითხეთ, თუ გინდათ. ერთ კაი ბურვაკ დაგიკლამთ; ეს ერთი ქეციანი ძაღლი მყავს, ემასაც თუ გინდათ ზედ დაგაკლამთ.

- შენ კვდარსა და ცოცხალ დააკალ ეგა! - მოისმა აქეთ-იქიდამ სიცილით, - ეს, ძმაო, თავისას არ იშლის. საწყალი მარტოხელი კაცია, ვაპატიოთ!

- გიგო! - დაიძახა ვანომ, - ძროხა ვაპატიოთ, ღორი დაუკლათ იმის მაგივრათ.

- არ იქნება, ვანო, არა! - გაისმა რამდენიმე ხმა.

- წამოდით, გამოიყვანეთ ძროხა! - დაიყვირა გიგომ და გასწია კარებმოხურულ ბაკისაკენ, მას მიჰყვა რამდენიმე გლეხი. ძროხა საჩქაროზედ გამოიყვანეს ბაკიდამ და დასცეს ძირსა. გიგომ ამოიღო ხანჯალი.

- ნუ დამღუპამთ თქვენი ჭირიმე, ნუ დამისხამთ ცეცხლზე წყალსა, - მოისმა ნინიკას მომტირალი ხმა.

- გიგო, არ დაჰკლა, გიგო! - დაიყვირა ვანომ, - აი ეს სამი მანათი და ერთი აბაზი მაქვს და ესეც იმ ღორისთვის დამიდვია. ოღონდ ძროხას ნუ დაუკლამთ ამ საცოდავ კაცსა.

გიგომ ერთი კი შეხედა ვანოსა, შემდეგ დაუსვა ხანჯალი ძროხის ყელს. ხალხმა სული განაბა. ცოტა ხანს უკან გაისმა დაკლული ძროხის ხრიალი და ფეხების ფართხა-ფურთხი. ხალხმა, თითქო, თავისუფლად ამოისუნთქა. გულხელდაკრეფილი ნინიკა წყევლითა და გინებით შევიდა სახლში; ხალხი კი აქედამ სოსიკა ბიჭის სახლისკენ გაჰქანდა.

- გამოიყვანე ძროხა, გამოიყვანე! - დაუყვირეს აქეთ-იქიდამ სოსიკა ბიჭს, რომელმაც ის იყო, კონას კიბე ჩამოირბინა და ერთი ფაცაფუცით დაადო კლიტე თავის ბოსლის კარებს.

- რათა! რისთვინა! - უპასუხა თამამად ხალხსა ლაზათიანად მოსულმა ახალგაზრდა სოსიკა ბიჭმა.

- იმათა, რომ გვიღალატე! გამოიპარე რუდამა და დაუწყე შენ სიმინდს რწყვა მაშინ, როცა ჩვენ თავებს ვიხოცამდით იმ წყლისთვინა... - მიუგო ვანომ.

- მე თქვენი ლაპარაკისა არა ვიცი რა... - სთქვა ამაყათ სოსიკა ბიჭმა, - ჩემი ძროხა აი ბოსელშია და, აბა, ვინც კაცი ხართ და ერთ ბუზ აუფრენთ იმასა.

ამ სიტყვებმა საშინლად ააღელვა ხალხი. იწყო მან ხმაურობა, ჟღავი-ჟღუვი, მაგრამ ვინ რას ამბობდა, გარკვევით არა ისმოდა-რა.

- გავტეხოთ კლიტე, გავტეხოთ! - დაიძახა ვანომ. გიგო გადახტა ბოსლის კარებისაკენ, ეცა კლიტეს, მოსწია და მოამტვრია ღერო. რამდენიმე გლეხი შევარდა კარღია ბოსელში და იქიდამ გამოაგდო ძროხა. წაქცევა და ყელის გამოჭრა ამ ძროხისა ერთი იყო. სოსიკა ბიჭის ცოლ-შვილმა შეჰქმნა ერთი საშინელი ტირილი და თავში ცემა. თვით პატრონი კარგა ხანს გაშტერებული იდგა. უნდოდა გაეღიმა, თითქო რაღაც ნიშნი მოეგო მოძალადე ხალხისათვის, მაგრამ დიდხანს ვერ გასძლო ამ გვარ მდგომარეობაში. ძირდაცემულმა, ყელგამოჭრილმა ძროხის ხრიალმა გასტეხა მისი მოთმინება და მის თვალებიდამ ზედი-ზედ გადმოვარდა რამდენიმე წვეთი ცრემლი. ის გაშმაგებული სახით გადახტა წინ და ორთავ ხელებით ეცა ყელში გიგოს. უკანასკნელმა იწყო მისი მოგერება, მალე გააშვებინა ხელი და მუცელში წიხლის კვრით გადააგდო იქით. სოსიკა ბიჭი დაეცა მიწაზე, შეიწუხა გული და მკვდარივით უძრავად გაიჭიმა. ახლა ამაზედ გაჩნდა მის ცოლ-შვილსა და ნათესავებში თავში ცემა და ვაი-ვაგლახი. ხალხიც, ცოტა არ იყო, შეკრთა წინაპირველად, მაგრამ რა შენიშნა, რომ სოსიკა ბიჭი ცუღლუტობდა, ანება მას თავი და მიბრუნდა მამასახლისის კარებისაკენ. მინდვრიდამ მოგდებული შვიდ-რვა თუმნიანი ხარი დასცეს ძირს და გამოსჭრეს ყელი. ამის შემდეგ სამთავ დაკლული საქონელი შეაგროვეს ერთგან, დაატყავეს, დასჭრეს და დაურიგეს სოფელს.

- კონას არ მიუგზავნოთ-რა, კონას!.. - დაიძახა ვანომ.

- იმას სახლი შეუკარით, გაგზავნა როგორ იქნება... - მოისმა აქეთ-იქიდამ.

ამის შემდეგ ხალხი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდა. ხუმარა ნინიკამ კი აიარა კონას აივნის კიბე და შევიდა მის სახლში.

VII

ამ სახლში ნინიკას დახვდნენ თვით სახლის პატრონი თავადი კონა ხმამაღალაშვილი, აზნაური ილიკო მხიარულაძე და მამასახლისი ქრისტესია ნაცრიაშვილი. სამოც წლამდისინ მიღწეული, მომღიმარე, პატარა პლუტური თვალებით შემკული, გახუნებული ფარჩის ახალუხის ამარა იჯდა კონა ტახტზედ და დაბალის ხმით ებაასებოდა იქა მყოფთ, რომელნიც მასზედ კარგა მოშორებით ისხდნენ სკამებზედა.

- შენც მე მომძებნე? მოდი, შვილო, მოდი! - ალერსიანის ხმით უთხრა კონამ ნინიკას, როდესაც ამ უკანასკნელმა შეაღო პირველის კარები.

- ღმერთმა შენი ნუგეში და იმედი ნუ მომიშალოს, შენი ჭირიმე! - სთქვა ნინიკამ, - დაგვაწიოკეს, შენი ჭირიმე!.. ერთი ძროხა მყავდა, ისიც დღეს დამიკლეს...

- დაგვღუპეს, დაგვღუპეს, შენი ჭირიმე! - დაიწყო მამასახლისმა, - ათთუმნიანი ხარი დამიკლეს. ეს სულ კი სოსიაშვილისაგან მოხდა.

- სულ, სულ იმისაგან!.. - დაუმატა ნინიკამ.

- სოსიაშვილიც ხომ სათოკეა, მაგრამ ის ისე არ არის დამნაშავე, როგორც ვანო!.. - სთქვა კონამ, - სულ იმან არია ეს სოფელი. ღმერთი მაგას არა სწამს, საყდარში ეგ არ დადის, მღვდლებს, ბერებს, ჩინოვნიკებს მუქთამჭამელებს ეძახის, თავადაზნაურობა დასაძრახისი ხარისხისააო... ყველაფერში თანასწორობა და თავისუფლება უნდა იყოსო... ამისთანა ლაპარაკმა გააგიჟა ხალხი. ორიოდ-სამი კაცის მეტი სოფელში ძაღლად არავინ მაგდებს.

- გაირყვნა, კნიაზო, ადამიანი გაირყვნა! - წარმოსთქვა ლაქუცით ილიკომ, - ვერა ქნეს კაი საქმე, გლეხები რომ გაანთავისუფლეს! მას შემდეგ წახდა ქვეყანა, დაივიწყეს უფროს-უნცროსობა და ვიღაც ბიჭ-ბუჭებმა გაბედვით იწყეს, ბატონო, სულ პირველსა და დიდ რამეებზე ლაპარაკი. ვაი დედასა მტრისასა!

- ხემწიფე მრავალ მოწყალეა, - წარმოსთქვა კონამ, - მაგრამ ხალხი არ ვარგა, ხალხი.

- მართალი ბრძანებაა, შენი ჭირიმე, - სთქვეს ერთხმად მამასახლისმა და ნინიკამ.

- აუდევნებია სოსიაშვილი და ამ ქალაქ დღე სულ იმასთანა გდია!... - სთქვა ვანოზედ აზნაურამ, - ეგ ოჯახდაქცეული გვარს არცხვენს, გვარსა.

- მე, - იწყო კვალად კონამ, - მონდობილი მაქვს მთელი ე ჩვენი მხარე, აქ მე თვალყური უნდა ვადევნო - ვინ რა წინააღმდეგობას იტყვის, ანუ ჩაიდენს, მერე უნდა დავასმინო... მე ეგ ვანო ბევრ რამეში მყავს დაჭერილი. აქამდინ ვითმინე და ახლა კი მოთმენა აღარ შემიძლიან. ჩემ გარდა სხვებიც არიან დანიშნული, იმათ რომ გაიგონ მაგის საქციელები და დაასმინონ, მე მაშინ საყვედურს მივიღებ და მოვაკლდები ჩემს ეხლანდელ ალაგსაც. ამასთანავე, საქმე გააჭირა მაგ შეჩვენებულმა. მე დღესვე ქალაქ წავალ და, მალე მტერი მე მომიკვდეს, მალე მე ეგ მოგაშოროთ თქვენა.

ხუმარა ნინიკა შეიშმუშნა, თავი მაღლა აიღო, თითქო რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ვეღარ გაბედა, დაღონებულის სახით გაშტერდა... შემდეგ თავი ჩაღუნა, გულიანად ამოიოხრა.

- ეგები ე სოსიაშვილი მოგვაშოროთ როგორმე, ბატონო!.. - წარმოსთქვა მამასახლისმა.

- დიახ, დიახ! შენი ჭირიმე, ბატონო!.. - დაიძახა ნინიკამ, - სუ გიგოს ბრალია, სულა!..

- მაგას სხვანაირად მოევლება, - განაგრძო კონამ, - ჯერ ერთი: იქ ჩემი ძმისთვის ბარით თავი გაუტეხნია. დილას ვნახე. ძიელ შეწუხებულია. ჩვენ, რასაკვირველია, ვიჩივლებთ. თქვენ ძალადობით ძროხები დაგიკლათ, სოსიკა ბიჭს ხომ კლიტეც გაუტეხა და კინაღამ კიდეც მოკლა... ამაზე თქვენ, სამთავენი, იჩივლებთ... მე და ეს ილიკო მოწმეებათ დაგვწერეთ... სხვა მე ვიცი.

- ერთი კაი ქეიფი კი გამაწევინეთ-და, ვინ მამაძ... არ გიმოწმებთ, თუ საჭირო იქნება, სუ ფიცილით ავამსებ სუდსა... - სთქვა ილიკომ.

- სოსიკა ბიჭსა შეატყობინეთ და ხვალ ამოდით რიყეში, იქ მიხეილ ყლაპიაშვილი დაგიწერთ ქაღალდსა და გაგზავნით სუდისკენ.

- სოსიკა ბიჭს რო თქვენ უბრძანოთ, უფრო კარგი იქნება... - მოახსენა მამასახლისმა.

- იმას ბრძანება აღარ უნდა. მე იმას კაი დარიგება მივეცი წეღან და კარგადაც აასრულა... - სთქვა კონამ და წამოდგა ფეხზედ.

ყველანი წამოიშალნენ, დაუკრეს კონას თავი და მობრუნდნენ კარებისაკენ. ამ დროს აივანზედ ამოვარდა ერთი რიყელი აზნაურიშვილი და, რა დაინახა კონა, შეღრიალა მომტირალის ხმით:

- ბატონო კონა! შენი ძმა, რევაზ, გამოგვეთხოვა! ასე დაგვღუპა და დაგვანელა. ვაი ჩემ თავსა, რომ მე ამ დღეს შევესწარი!..

კონა გაშეშდა ერთ ალაგას, მისი გაჭყეტილი თვალები კარგა ხანს უძრავად იცქირებოდნენ ამბის მომტანისაკენ. შემდეგ გიჟივით ხელი გაიქნია და ერთი საშინელი დაიღრიალა:

- ვაიმე, ძმაო! ვაი, ჩვენ დაღუპვასა! - დავარდა ისევ ტახტზე და თავსა და პირში წაიშინა ხელები. მეორე ოთახიდან გამოვარდა კონას მეუღლე, რიფსიმე, და მივარდა ქმარსა, კარზე მიმავალნიც ისევ მიბრუნდნენ უკან. ამათ ჩვეულებრივ ჯერ მიუსამძიმრეს და შემდეგ დაუწყეს ნუგეშის ცემა. კონამ კარგა ხანს იღრიალა და იცა თავში. ბოლოს, როგორც იყო, დაჩუმდა, შეაკაზმინა ცხენები, გაიყოლა თან აზნაურა ილიკო და თავის კნეინით გასწია რიყისაკენ. როდესაც ამ ცხენოსნებმა გიგოს სახლს აუარეს გვერდზედ, კონამ გულში ხელი ჩაიკრა და ხმამაღლა დაიძახა:

- მაშ ამ გულზე მიწა დამეყაროს, თუ მე შენ ციმბირში არ გიკრა თავი.

VIII

- მე ვიცი მაგათ წვიმა მოუვათ... - უთხრა მგზავრებზედ მამასახლისმა ნინიკას, როდესაც ესენი ორთავენი ერთად, გამოვიდნენ კონას კარ-მიდამოდან. - ე ღრუბლები როგორღაც აიშალა.

- ნეტა ერთი ღმერთმა ბრძანოს და წვიმა მოვიდეს, - ამოოხვრით სთქვა ნინიკამ, - მაგათ რა უშავთ, ძმაო. ეხლავე იქ დაიბადებიან.

- ღმერთო, წვიმა, ღმერთო! - დაიძახეს თითქმის ორთავემ ერთად.

უცებ ცამ დაიგრიალა და გაისმა ქუხილის ხმა. ამ ხმამ მთელი სოფელი თითქო ღრმა ძილიდან გამოაღვიძაო. სოფელში გაჩნდა ხმაურობა: ხალხი გამოიფინა ბანებზედ.

- ღმერთო, წვიმა, ღმერთო! - ისმოდა ყოველის მხრიდან... ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი სულ ერთიანად შეღაღადებდა ღმერთსა და შესთხოვდა წვიმას. თითქო მართლა ღმერთმა შეისმინა ეს თხოვნა: ცა დაიფარა ლურჯ-მოშავო ღრუბლებით, გაჩნდა ჰაერში ჭექა-ქუხილი; შხაპუნა წვიმამ დაუშვა კოკისპირულად. უცებ ჰაერში გაისმა რაღაც გრიალი, ზუზუნი, გავიდა ორიოდ წამიც და უბედურმა გორიძირელებმა ცხადათ დაინახეს გვალვაზედ არა ნაკლები თავიანთ ამომგდები მტერი - სეტყვა. ხალხი მიიმალ-მოიმალა. ცოტა ხანს უკან საყდრის ზარებს აუყენეს რაკარუკი, მაგრამ სეტყვა თავისას არ იშლიდა. ნახევარ საათის განმავლობაში მსხვილ თხილის ტოლა სეტყვას გაჰქონდა შესაზარი გრიალი მთელს ამ არემარეზე. მიწა მოიფინა სეტყვით, გაჩნდა ნიაღვრები. დაქანებული მთიდამ მოეცა სოფელს წყლის დიდრონი ნაკადულები.

- არიქათ, გვიშველეთ, თქვენი ჭირიმე! ქრისტიანები ვინა ხართ, გვიშველეთ, ვიხრჩობით! - გაისმა უცებ დედაკაცის ხმა. ამ დაძახებამ მთელ სოფელში ასტეხა ხმაურობა.

- ხალხო! უშველეთ, უშველეთ!.. კაციაანი ნიაღვარმა წაიღო! - მოისმა ვანოს ხმა. პატარა ხანს უკან გამოჩნდა თვით ვანოც. თავშიშველ-ფეხშიშველა ის ყვირილით გარბოდა კაციაანთ სახლისაკენ; აი, მივიდა კიდეც ამ სახლთან. ნიაღვრის ვეებერთელა ნაკადული მისცემოდა ღრმად ჩათხრილ მიწურს, ჩამოეგდო კარები და გრიალით შედიოდა სახლში. ვანო საჩქაროზედ გადახტა წყალში და ბარბაცით შეჰყვა მას სახლშია, სახლი ნახევრობამდისინ წყლით იყო სავსე. ძაღლი, ქათამი, ინდაური, კასრი, გოდორი და სხვა სულ ერთმანეთში იყვნენ არეულნი. ზოგი ამათგანი იხრჩობოდა, ზოგიც მოეტივტივებინა აქაფებულს წყალს და გაჩქარებით მიჰქონდ-მოჰქონდა აქეთ-იქით. სახლის პატრონთ ცოლ-ქმართ, ბავშვები ფქვილის გოდრებზედ შეესხათ, თვით კი, რაც მოხვდებოდათ, აყრიდნენ კარებს.

- გვიშველე, შენი ჭირიმე, ვანო, გვიშველე! - დაიძახეს ცოლ-ქმართ, როდესაც ვანო მათ წინ გაჩნდა.

- ქვემო კედელი ხევისაკენ არის, აბა მივაწვეთ იმას, ეგები გადავანგრიოთ, - სთქვა ვანომ და გაჰქანდა კედლისაკენ, მივიდა ამ კედელთან, მიაბჯინა ზურგი და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მიაწვა მას. ცოლ-ქმარნი მიეშველნენ ვანოს, ამ დროს სახლში შემოცვივდნენ შვიდი-რვა გლეხკაცნი და ესენიც მიეხვივნენ ქვემოთა კედელს. კედლის ერთმა ნაწილმა დაიგრიალა და გადაწვა ხევში. დაგუბუბულს წყალს მიეცა გზა, ოჯახობა გადურჩა დაღუპვასა, მშველელნი გამოცვივდნენ აქედამ და გაჰქანდნენ ახლა მეორე გლეხის სახლისაკენ, საიდანაც ისმოდა საშინელი ჟრიამული.

- არიქათ, ბიჭებო! ჩვენ სოლომონას შევარდნია ნიაღვარი, - დაიყვირა ვანომ და მოუმატა სირბილს. უცებ გაუსხლტა ფეხი, დაეცა ძირს და თავი დაჰკრა ქვასა... სისხლი თქრიალით ჩამოედინა შუბლზედ, მაგრამ ვანომ თითქო ვერც კი იგრძნო ესა: სწრაფად წამოხტა ისევ ფეხზედ და ერთს წამს თავის ამხანაგებით მიიჭრა მოხუცებულ სოლომონას სახლთან. აქ უფრო დიდი ნაკადული შედიოდა სახლში; მეორე უბედურებაც მასში მდგომარეობდა, რომ სახლი მთლად მიწაში იჯდა და არა ჰქონდა გასანგრევი კედელი.

- ნიაღვარი გადუგდეთ იქით, ნიაღვარი! - დაიძახა ვანომ. რამდენიმე გლეხი ეცა ნაკადულს, ზოგნი შეცვივდნენ სახლში. კარებთან ესენი შეეფეთნენ გიგოს, რომელსაც ხელში ეჭირა სოლომონა და მოიწევდა კარებისაკენ, მაგრამ აი, მიჰკრა მას მძლავრმა ნაკადულმა, დასცა ძირს და გორაობით წაიღო ქვემოთკენ. ახლად შესულები მიეშველნენ გიგოს და სოლომონა საჩქაროზედ გამოიტაცეს კარზედ, მაგრამ ეს შველა გვიანღა იყო. დასუსტებულ ავადმყოფ მოხუცებულისთვის ლოგინში მოესწრო ნიაღვარს, ეყლაპებინა რამდენჯერმე წყალი და გიგოს ხელში დამხრჩვალიყო საწყალი. ამის გამოტანის შემდეგ უვნებლად გამოასხეს სახლიდამ მისი ცოლ-შვილიც... კარებზედ გაჩნდა ერთი საშინელი ტირილი და წიოკობა. მთელი სოფელი თავს დაედო ამ უბედურთა. ასე გასინჯეთ ბავშვებიც კი დასტიროდნენ კეთილ, ჭკვიან მოხუცებულ სოლომონას. პატარა ხანს უკან ჩვენმა ბებერმა ბაბალემ წაიყვანა თავის სახლში სოლომონას ცოლ-შვილი, თითონ გარდაცვალებული კი საყდარში წააღებინა მღვდელმა. რამდენსამე სხვა გლეხკაცთაც შეუვარდათ სახლში ნიაღვარი. ერთს მათგანს დაუხრჩო ხბო, მეორეს ხარი... სხვანი მშვიდობით გადურჩნენ უბედურებას, მაგრამ ვენახები, ვენახები!..

IX

გავიდა სამი, თუ ოთხი დღე ამ ამბის შემდეგ. ამ დროს განმავლობაში არც კონა და არც მისი მომხრე გლეხნი სოფელში არსად არა სჩანდნენ. გორიძირელებმა ვერ შენიშნეს ესა. მათ გულს სხვა დიდი ჯავრი და სევდა აწვა, იგინი ჰგლოვობდნენ სეტყვისაგან განადგურებულს თავის ვენახებს. იყო კვირა დღე, გორიძირის ტაძარში წირვა იდგა... ხალხი არაჩვეულებრივ ბლომად შეგროვილიყო ამ ტაძრის კარებწინ და სევდიანის, მწარეთ დაღრეჯილის სახით, იწერდა ხანდისხან პირჯვარს: ,,ღმერთო, მოგვხედე, ღმერთო, შენ მადლსა და შენ სახელსა”. გაისმოდა ხოლმე გლეხების მწუხარე ხმა ყოველ ამ დროს. რა დამართვია ამ საცოდავ ხალხს, რას დაუხოცნია ასე უწყალოდ ეს უბედურების შვილნი. ერთს მათგანს აღარ ედო თვისი ნამდვილი ფერი და სახე. ჩაცვივნული თვალები საცოდავათ გამოიცქირებოდნენ თვის მორღვეულს ბუდეთაგან, გამხდარს, გაყვითლებულს სახეზედ ისეთი ღრმა სევდა და ვაება ჰქონდათ გადაშლილი, თითქო მასზედ თავის დღეში არც ერთხელ არა ჰქონიყვეს ადგილი მხიარულების გამოხატულებას.

- დავიღუპენით, ძმაო, დავიღუპენით! - წამოიძახა ერთმა გლეხმა.

- იდიდოს, ღმერთო, შენი სახელი!.. - დაუმატა მეორემ, - თუ გაგვაჩინე, მოგვიმართე კიდეც ცოტა რამ ხელი, თუ არა და, ბარემ სუ ერთ დღეს მიიბარე ჩვენი სული და მოგვარჩინე ამ წვა და დაგვასა.

- ეხ, ძმაო! - დაიძახა მესამემ თავის ქექით, - აღარც რა ღმერთი ყოფილა საწყალი კაცისათვინ.

- ე მაგ ლაპარაკსა, შვილოსან, - დაიძახა ერთმა მოხუცებულმა გლეხმა, - ისა სჯობიან, რომ ე ჩვენ თავს ჩვენვე რამე უწამლოთ. თუ ღმერთმაც აიღო ჩვენზე ხელი ე ჩვენ მაინც ნუ ვახდენთ ერთმანეთსა. ღმერთ ერწმუნე, რო კინაღამ მოვკალი გუშინ ჩემი დედაკაცი. გაბრაზებულმა სხვა ვეღარა მოვახერხე რა. ვენახიდგან გამოვედი... ე წმინდა წირვის მადლმა, რო ძლივ მოვადგამდი ფეხებსა. შევხედოთ, კაცო და, ე დათუას უღელი კამეჩი გადასულა ჩემ სიმინდში და აოხრებს იქაურობას... გავიმაგროთ, ხალხო, საქონელი... ე სიმინდები არ არი წამხდარი, თითქო კიდეც არგო სეტყვამა; ეგები ე სიმინდი მაინც მოგვივიდეს რამე.

- ე წმინდა გიორგის მადლმა, კინაღამ შემომაკვდა ჩემი ბიჭი ეგ რო გავიგე, - უპასუხა დათუამ, - მა რაა, ძმაო, საქონელი პირუტყვია, თუ ჩვენ არ დავიჭირეთ, იმათ რა ჭკუა აქვთ.

- დათუა! - დაიძახა ერთმა გლეხმა, - ი შენ ლომა კამეჩს რა დამართვია, კაცო! ფეხი, თითქო, ამოვარდნილი აქვს.

- მა რა ჯანაბაა, ამოვარდნილი აქვს. ი ნიაღვარში გზა ვეღარ გაეგნო და ცალი ფეხი ჩვენებიანთ პატარა ბანში ჩავარდნოდა...

- ჰეი, ჰეი, ჰეი! - ამოოხვრით სთქვა ახლა სხვა გლეხმა, - დიდი ცოდო არ დაატრიალა ი ოხერმა სეტყვამა. რიყეში, კაცო, მთელი ყლაპიაანთ უბანი სუ წაულეკნია ნიაღვარსა. მოეცა, თურმე, მთიდან წყალი და იმათი წივილ-კივილი ცაში ადიოდა, ორი, თუ სამი ბავშვი დაეხრჩო. ყლაპიაანთ თეიმურაზასთვინ მთვრალისათვინ მოესწრო სეტყვასა. გუშინ, თურმე, იპოვნეს რიყეზე ლამქვეშა.

- ჩვენი სოფლისთანა ზარალი კი არა სოფელს არ მოსვლია, ძმაო, - სთქვა მოხუცებულმა გლეხმა, - ერთი ჩვენი სოლომონა ერთ ქალაქათა ღირდა...

- მოგვმადლე უფალო, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე!.. - მთქნარებით მისძახა დიაკვანს ერთმა გლეხთაგანმა.

- ღმერთო, შენი მადლისა და შენი სახელის ჭირიმე! - ერთხმად დაიგრიალა ხალხმა პირჯვრის წერით.

ამის შემდეგ მობაასეთა შორის კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ამ დროს უცებ ორღობიდამ მოისმა რამდენიმე ბავშვის ტირილი და ჟღავი-ჟღუვი. ხალხმა მიიხედა იქით. შვიდი-რვა პატარა ბავშვი გულებდახეთქილები, საშინელის წივილ-კივილით გამოცვივდნენ ორღობიდამ და, ქორისაგან შეშინებულ ჩიტებივით, შეიმალნენ სადაც კი თავშესაფარი რამე დახვდათ. ბავშვები დაჩუმდნენ, ახლა ძაღლებმა ასტეხეს გაბმით ყეფა და ყმუილი ისე, როგორათაც იციან მათ მგლის დანახვაზედ.

- ადე, კაცო, გავიქცეთ, - დაიძახა ერთმა გლეხმა, - მა ბავშვებს სწორეთ მგელი გამოუდგათ. - რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭმა საჩქროთ წამოავლეს ქუდებს ხელი და ის იყო აპირებდნენ ორღობისკენ გაქცევას, რომ ამ დროს იქიდამ გამოვიდა შვიდი-რვა ცხენოსანი კაცი. ზოგიერთს ამათგანს რუსული სამხედრო ტანისამოსი ეცვა და შარვლებზედაც რაღაცა წითელი ზოლები უჩნდა. კონას სახლის წინ მათ ვიღაც დედაკაცი დააყენეს, ჰკითხეს რაღაც და, რა მიიღეს მისგან ჯეროვანი პასუხი, შემოჰკრეს ქუსლი ცხენებს და, ჭენებით მიიჭრნენ ჩვენი ვანოს სახლთან... ამათგან სამნი გადმოხტნენ ცხენებიდამ და გულდაგულ შევიდნენ ვანოს ოთახში. დანარჩენთ ამოიღეს ხმალი და შემოეხვივნენ სახლს გარშემო. საყდრის წინ მდგომი გლეხობა შეშინდა: ჯერ ვანოს სახლს მიაკერეს თვალები, შემდეგ გაოცებულის სახით შეხედეს ერთმანეთს, მაგრამ რაკი ერთმანეთის სახეზე შიშის მეტი ვერა ამოიკითხეს რა, წამოავლეს ქუდებს ხელი. ზოგი ტაძარში შევიდა, ზოგმაც ვენახებისკენ მოუსვა. ორიოდ-სამმა გლეხმა კი შემოიკრიფეს გაბედულობა და ქუდმოხდილი ნელ-ნელა გასწიეს ვანოს სახლისკენ. მათ იქვე ახლო მიუერთდა ფერწასული გიგოც.

- რა არის, გიგო, რა ანბავია ესა! - დაეკითხნენ მას გლეხნი.

- რაღაც ცუდი ანბავი-კია და, რა არი, არ ვიცი, - მიუგო გიგომ.

ამ გვარის ლაპარაკით მივიდნენ ესენი და დადგნენ ვანოს ოთახის ფანჯრების პირდაპირ. ამ დროს გაიღო ფანჯარა და ერთმა მოსულთაგანმა გამოსძახა გლეხებს:

- აქ მოდით, აქა!.. მოწმეებათ დაესწარით.

გლეხებმა ტორტმანით გასწიეს ვანოს სახლისკენ; აიარეს პატარა კიბე და შევიდნენ ოთახში. ვანო, ცოტა ფერშეცვლილი, ნიდაყვით დაბჯენოდა ფანჯრის ქვემო ფიცარს და გაშტერებული შესცქეროდა ხელებში ერთს გაბერილ უცხო კაცს, რომელიც იდგა მის მაგიდასთან და ნელ-ნელა სინჯავდა და ათვალიერებდა მის წიგნებსა და ქაღალდებს. აი მორჩა გაბერილი კაცი წიგნების სინჯვას, შუბლი შეიკრა და უკმაყოფილოთ მიჰყარა ეს წიგნები იქით. ახლა გამოსწია მაგიდის უჯრას და იქიდამ ამოიღო ერთი ბღუჯა ხელნაწერი ქაღალდები. ვანო უცებ გასწორდა, მარჯვენა ხელი წაივლო თმაზე და ჩუმათ წაიბუტბუტა:

- ვაი, ვაი! ი გიგოც რომ გააბან! - და დააჩერდა ქაღალდებს.

გაბერილმა გასინჯა ერთი, ორი, სამი ქაღალდი, მეოთხე ქაღალდს მიჰკრა ხელი და გადააგდო გასინჯულ ქაღალდებში. ვანო თითქმის შეხტა სიხარულით. ჩვეულებრივი ფერი გადაეკრა მის სახეს და მომცინარის თვალებით შეიხედა კარებისაკენ. გიგო ამ წამს ციურ მანანასავით ნატრობდა... მისი და ვანოს თვალები შეხვდნენ ერთმანეთს, გიგომ მიიხედ-მოიხედა და შემდეგ თვალებით დაეკითხა ვანოს, ეს რა ამბავია შენ თავსაო. ვანომ თავი გაუქნია და თვალებითვე მიუგო: არაფერი, რაღასაც ჩირთი-ფირთობენო. ამ დროს გაბერილმა კაცმა ხელში აიღო პატარა ხელნაწერი რვეული, დაუძახა და მისცა მოწმეების დამძახებელს. მან გადაათვალიერ-გადმოათვალიერა ეს რვეული და რაღაც დაბალი ლაპარაკის შემდეგ დაუბრუნა ის ისევ გაბერილს კაცსავე. ამან რვეული დაიდო წინ და მოუბრუნდა ვანოს.

- ეს რვეული ვის ეკუთვნის?!

ვანომ აუჩქარებლივ გადახედა ამ რვეულს და ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ, გულდამშვიდებით მიუგო:

- ეგ რვეული ჩემია.

- ვისი ნათარგმნია?..

- ჩემი!

- რა მიზნით სთარგმნე შენ ესა?

- ფული მომცა სხვამ და გადავთარგმნე.

- ვინ არის ის სხვა?

- არ ვიცი! მანამდისინ არ ვიცნობდი და შემდეგ მე ის აღარ მინახავს.

ეს ლაპარაკი სულ მართლად დასწერა გაბერილმა კაცმა და ბოლოს მოაწერინა ვანოს ხელი. მოწმეების მაგივრათაც ,,მათის ხელის ჩამორთმევით” ხელი ერთმა მოსულთაგანმა მოაწერა. ეს ქაღალდი და რვეული გაბერილმა კაცმა ჩაიდო უბეში, შემდეგ ფშვენით წამოდგა ფეხზედ და უთხრა ვანოს:

- თქვენ დაჭერილი ბრძანდებით! - სთქვა ეს და გამოსწია კარებისაკენ, გამოირეკა წინ მოწმეები და გამოვიდა კარზედ. ცოტა ხანს უკან გამოიყვანეს ვანოც, შესვეს ცხენზედ და გააქანეს ქალაქისაკენ.

- ვანო, სად მიჰყევხართ, სადა!.. - დაუყვირა ვანოს გიგომა.

- ვირის აბანოში! - მოისმა ვანოს ხმა.

იმავე დღეს, საღამო ჟამზედ, პოლიციის ბოქაული რამდენიმე იასაულით მობრძანდა გორიძირაში... მან უცებ დაიჭირა გიგო, შეუკრა ხელები და წაიყვანა სატუსაღოში.

X

საშინელი შიშის ზარი დასცა ამ ამბებმა ჩვენს ტანჯულ გორიძირელებს. ყოველ მათგანს ეგონა, რომ აი, ან ეხლა, ან ეხლა მოვლენ და ყველას ქალაქს წაგვასხამენო. დედაკაცების და ბავშვების ბღავილ-თავშიცემას აღარა ჰქონდა დასასრული. მამაკაცნი, მწარეთ სულითა და გულით დაცემულნი, დარეტიანებულივით წელმოწყვეტილნი, იმალებოდნენ თავიანთ ქოხმახებში და წინათვე გულში ეთხოვებოდნენ თავის საცოდავ მშობელთ და ცოლ-შვილთ. ამგვარს ყოფაში გაატარეს გორიძირელებმა ხუთი, თუ ექვსი თვე. ამ დროს განმავლობაში კონა და მისი მომხრე გლეხნი სწორეთ თვითმპყრობელ მეფეებად გადაიქცნენ. მათს სიტყვას და ბრძანებას ყურმოჭრილ ყმასავებ ასრულებდა მთელი სოფელი. ამასთანავე, რაც კი რამ გააჩნდათ გლეხთ, მიწისა, თუ ხის მოსავალი, სულ ყველა კონასთან მიჰქონდათ ძღვნად და მუხლმოდრეკით ევედრებოდნენ მას, მოებრუნებინა მათზე გული და დაეხსნა იგინი მომავალი ტანჯვისაგან. პატიოსანი, ბრწყინვალე თავადი და მისი უგუნური, წმინდა თავადიშვილური, ამპარტავნებით სავსე მეუღლე კნეინა რიფსიმე მრისხანეს სახით ხვდებოდენ გლეხთ და მოჰყვებოდნენ ხარხარს, როდესაც მათგან მიტანილს ოფლსა და სისხლს გვერდს მოუსხდებოდნენ ხოლმე. ერთს დღეს ამ გვარად უსხდნენ ცოლ-ქმარნი ერთს კალათს მშვენიერს ყურძენს, დასცინოდნენ გლეხთა უგუნურებას და თანაც ნელ-ნელა შეექცეოდნენ ამ უგუნურების ნაყოფს. ამ დროს გაიღო მათი ოთახის კარი და შიგნით ქუდმოხდილი შემოვიდა ქალაქიდამ მოსული მოჯამაგირე. ამან რამდენჯერმე გადასდგა ფეხი და ბატონს მიართვა დაბეჭდილი წერილი. ეს წერილი ბატონმა ფაცი-ფუცით გახსნა და წაიკითხა. კმაყოფილების და გულითადი სიხარულის ღიმილი გადაეკრა მთლად მის სახეს. წაკითხული წერილი თავის მეუღლეს გარდასცა, თვით კი, ფრთებშესხმულივით წამოხტა ფეხზედ, გაჰქანდა, დაეცა ორთავ მუხლზედ ოქრო-ვერცხლით მოჭედილ ხატის წინ და ხელგაპყრობით შეჰღაღადა მას: ,,დიდება შენს სიძლიერესა, ყოვლად შემძლებელო ღმერთო, მფარველო ყოვლის ჩემისთანა კაცისაო. აღგისრულებ, შენმა მადლმა და შენმა სახელმა, რაც აღთქმა დაგიდე”. სთქვა რა ეს, წარმოდგა ფეხზედ და დაუყვირა ბიჭს:

- ჩქარა, სოსიკა ბიჭი, მამასახლისი და ნინიკა მომგვარეთ აქა. - ბიჭი გაიქცა და ათიოდ წამის შემდეგ მოიყვანა სამთავე დასახელებულნი გლეხნი.

- აი რა წიგნი მივიღე დღეს მე ქალაქიდამ... - უთხრა მათ კონამ აივანზედ და თვით წერილისათვის შებრუნდა სახლში, გამოარბენინა იქიდამ წერილი და ხმამაღლა წაუკითხა:

“თქვენო ბრწყინვალებავ, კნიაზო კონა. პირველად უმდაბლესად თავს გიკრამ და მერე მოგახსენებთ მას, რისაც გაგებაც გწადიანთ თქვენ. ვანო მხიარულაძე, მართალია, ძმებმა პირობით გამოაშვებინეს ციხიდამ, მაგრამ ჭლექი ისე გაძლიერებოდა მას ციხეში, რომ ორი კვირის მეტი ვეღარ იცოცხლა. დღეს ასაფლავებენ იმასა. გიგო სოსიაშვილის საქმე უფრო კარგად წავიდა. კაცისმკვლელობისთვინ, კლიტის გატეხისთვინ და კიდევ რაღაებისთვინაც ციმბირში გაგზავნა გადაუწყვიტეს და ამ თვის გასულს ჰგზავნიან. თქვენი მორჩილი მონა აზნაური მიხეილ ყლაპიაშვილი”.

- რახან ეგრეა, - დაიძახა სოსიკა ბიჭმა, - წავიდეთ ეხლავე და ახლა ჩვენ დავკლათ გიგოს ძროხა.

- ანგრე იყვეს, ანგრე! - დაუკრა მას კვერი მამასახლისმა.

- წადით, წაიყვანეთ ე ჩემი ბიჭებიცა და ეხლავე დაკალით, - უბრძანა მათ კონამ.

- ეხლა ნახირში ეყოლებათ, შენი ჭირიმე, იმათ ძროხაი... - სთქვა ნინიკამ.

- მაშ საღამოზე მიუცვინდით... - უთხრა მათ კონამ და შევიდა სახლში.

გლეხკაცნი წამოვიდნენ და მოჰფინეს მთელ სოფელს ვანოსი და გიგოს ამბავი. ახლა ამ ამბებმა ასტეხეს სოფელში ალიაქოთი. შეიტყო ეს ამბავი გიგოს პატარა მოხუცებულმა დედამ... მისმა უბედურმა ცოლ-შვილმა... ცოფიან ძროხასავებ, სრულიად არა ადამიანის ხმით, შეჰქმნა ბღავილი საცოდავმა ბებერმა. ამდენს ხანს შემაგრებული ცრემლი ეხლა წასკდა და საღამომდისინ, თითქო, სულ ცრემლად დაიცალა ის. ბუნებით პატარა ტანისა, მოხუცებულობისაგან დალეული ბაბალე დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, სწორედ მუშტის ტოლა გახდა. ის იჯდა დერეფანში, მოსთქვამდა შესაზარის ხმით, იბდღვნიდა გათეთრებულს თმასა, იკაწრავდა ძვლებზედ შავად მიმხმარს ლოყებს, იგლეჯდა პაწაწკინა მიმჭკნარ ძუძუებს; ხანაც პირქვე დაცემული ჰგლეჯდა და ჩაბღუოდა მიწას.

“შვილო, მე რო არ წამექეზებინე, იქნება არ წასულიყავი. მე, აყეფებული, რათ გაქეზებდი! რათა გჭრიდი, შვილო, ყელსა! დედის ხელით მოკლულო შვილო! ვის დაუყარე შენი პატარა შვილები!.. დაიქცეს და დაიღუპოს შენი სამართალი... ოი, ერთი დამანახვა როგორმე შენი თავი, შე სისხლისმსმელო, შენა. სად დამიღუპე შვილი, სადა...” ბებერს მისძახოდა რძალი, ამათ - გიგოს პატარა ქალ-ვაჟი და მთელს იმ არემარეზედ ტრიალებდა ერთი საშინელი საცოდაობა. ამ საცოდაობამ კონას გულამდისინაც მიაწია: მან დაუძახა წეღანდელს გლეხებს და უბრძანა, რომ ძროხის დაკვლა მათ სამი დღით გადაედოთ. გლეხთ აღასრულეს ეს ბრძანება. სამი დღის შემდეგ, საღამო ჟამზედ, ეს გლეხნი და კონას ორი ბიჭი შეგროვდნენ ერთად და, როდესაც ნახირი მოვიდა, მიუცვივდნენ გიგოს დანიავებულ სახლობას, ეცნენ ძროხას და ბებერი ბაბალეს წინ დასცეს მიწაზედ. მოხუცებული ჯერ ვერ მიხვდა თუ რასა სჩადიოდნენ ესენი, მაგრამ როდესაც სოსიკა ბიჭმა ხანჯალი ამოიღო, ის წამოვარდა ფეხზედ და გამწარებული ეცა ძროხას.

- ბიჭო, რათ მიკლამთ ძროხაშა... რა დამიშავებია თქვენთვიშა... - დაიჩიფჩიფა ხმაწასულმა ბებერმა.

- შენმა შვილმა რო ძროხები დაგვიხოცა და მეც კინაღამ მომკლა, შენ ალა ალა ხო არა გგონია... - დაუყვირა მას სოსიკა ბიჭმა.

- გენაცვალეთ, ნუ დამღუპამთ, ნუ დამანელებთ... ე ობლებიშ შარჩენად მინდა ძროხაი...

- დაიკარქე იქითა, - შეუტია ბაბალეს მამასახლისმა და წაავლო მას ხელი, რომ იქითკენ გადაეგდო. ბებერმა მოხვია ორთავ ხელები ძროხის კისერს და აღარა შორდებოდა მას.

- მე დამკალით, მე! თქვენი ჭირიმე!.. -კვნესით დაიძახა ბებერმა...

- გაგვეცალე, ბებერო, გაგვეცალე!.. - დაუყვირეს აქეთ-იქიდამ.

- ნუ დამღუპამთ, თქვენი ჭირიმე. ოღონდ ძროხაშ ნუ დამიკლამთ და აჰა, მე დამკალით... - სთქვა ბაბალემ და მართლა გადუღო კისერი ხანჯალამოღებულ სოსიკა ბიჭს.

- შენ თუ დაგკალით, შენმა მზემ, ასეთ წვენ კი გაიკეთებ, რო იმის ჭამით ვეღარ დავძღეთ... - სთქვა ხუმარა ნინიკამ.

ბებერი გადააგდეს იქითკენ და ძროხას საჩქაროზედ მოსჭრეს თავი. ამ თავს ტირილით მოუსხდნენ გვერდზედ გიგოს პატარა შვილები. ჯერ ისევ თბილმა თავმა ყურები გაანძრია და პირი გააღო. ეს შენიშნეს ბავშვებმა, უცებ გაჩუმდნენ და სიხარულით შესცინეს ერთმანეთს.

- ჩვენი დედო ცოცქალია სიდა, ალაა?

- ჰოდე, დილილმე, ცოცქალია ჩვენი დედოი.

- სიდა, პილი ლო აგალ გააგო.

- ექლა გააგებც... დაიცა...

პატარები გაშტერდნენ და დაუწყეს ძროხის თავს ცქერა... მაგრამ ძროხის თავმა აღარც პირი და აღარც ყურები აღარ გაანძრია… პატარები დაღონდნენ და ცოტა ხანს უკან იწყეს ისევ ტირილი. მოვიდა მათთან მათი დედა და შეიყვანა ისინი სახლში.

- დაიცა, მოვიდეც მამაი... იცე მოგკლამს ლოო, - უკან მოხედვით დაემუქრა ვიღაცას გიგოს პატარა ბიჭი.

ამ ამბავმა სულ ბოლო მოუღო საცოდავ ბებერს. იმ ღამესვე გააცივა იმას და მეორე დღეს ისე შეწუხდა, რომ აზიარებინეს კიდეც. ბევრი აღარა უცოცხლია რა მას ამის შემდეგ... ვახშმობის დრო იქნებოდა, როდესაც დაიძახეს: ბაბალე მოკვდაო.

დიახ, ჩემო ბატონო, ბაბალე მოშორდა ამ ,,ძაღლ წუთისოფელს”, წამოიკიდა, მკითხველო, თქვენი ჭირი თავის ბებრუხუნა ზურგზედ და გაუდგა იმ გზას, რომელზედაც გავლილი ბევრი გვინახავს და გამოვლილი კი აღარავინა.

ეს ხანა არის ამოღებული აკაკის ერთი ლექსიდამ. ვსარგებლობ აქ ამით იმის გამოისობით, რომ ამ ლექსს ხშირადა მღერის ხოლმე ჩვენი პროვინციალური, ცოტა რისამე გაგებული, ახალგაზრდობა (ავტორი).