ვარდო კოკობო, ყოვლთა მჯობო, მომხედე კრულსა,
მე შენსა მჭვრეტსა, განარეტსა თვალ-დაურულსა!
მოვედ, მეკონე და მიმონე, მეწამლე წყლულსა;
აღთქმა გრძნობითი, წამ-ყოფითი სრულ უქმენ გულსა,
გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა!

ბროლის ხელთ ქნევა, ზილფთა რყევა, წამ-ყოფა თვალთა,
მიშმაგვენ გულსა, შაეშყულსა, დამსდებენ ვალთა,
რათა სხვათა მათ დამტევებმან შეგიპყრა კალთა,
არ ვჰრიდო შავთა ჰინდთა ჯართა მათ დაუთვალთა
და მივეახლო ბროლსა მრჩობლით განათლებულსა.
გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა!

წალკოტის კარსა, ძნელ საკარსა შენსა მლოდესა -
ცუდ მექმნა რეკა, ოხვრათ ჭექა მუნა მჯდომელსა;
ღამე მითენდა, განმიდღევდა სულ-სახდომელსა,
არ გამომხედე მე სიცოცხლე-დაუყოვნელსა.
ამად ვიტყოდი ცრემლთა ფრქვევით მიჯნურის თქმულსა:
გრძნობათა ჩემთა საკამათოვ, ვაჰ, შენგან კლულსა!

ვარდის გაყრილსა სულმიხდილსა ჭმუნვა-მწარებით,
ძოწთ ვერღა მჭვრეტსა, თვალ ნაშრეტსა ცრემლთა ღვარებით,
მტრფოსა ბულბულსა შემჰსჭვალულსა გულდამყარებით,
აჰა მაისმან, შემწე მყისმან კეთილ დარებით
აჩვენა თვისი დამდაგისი შორ ქმნის ალებით
ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით!

მიჯნური ხელი, დამნახველი ნაზთა კოკობთა,
ზურმუხტის თასთა მდგართა ლალთა ჰსჭვრეტს დამათრობთა,
შეფრფინვით შესტრფის, გარნა ეკრთის წალკოტში მყოფთა,
უბედავს ვერა ნებად მზერა ფერ შენაწყობთა.
ოჰ ბედო, ბედო, როს მიხედო მრთლათ შებრალებით,
ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით?!

მოსთქვამს, რაბამთა მნახეს ჟამთა ცრემლისა მკადედ,
მე გლახ შენისა სიშორისა მწარ მოვაგლახედ!
იგი არ კმარა, რაც მომხდარა აწ ჩემდა საბრკმედ.
ვინცა გგუშაკობს, ცუდ მუშაკობს მცდარი ყოვლ სახედ,
სწყმდეს ეჭვი ფრთხილი, მითც სურვილი ჰსძლევს ცდა მრავლებით
ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

მარა ჰე გული, განლეული სურვილის ალით!
მარად თვისისა სიკვდილისა მხედველი თვალით,
ვერ კმად ნუგეშობს, იმედს ეჭობს ხვალით და ხვალით:
მისწრაფე ზრუნვა, გაქვს თუ სურვა, ტრფობისა ვალით,
სულგრძობით, თვარე განმხდი გარე სოფლის კარებით
ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

ოჰ, ჟამო ძნელო, დამხლათველო ტრფიალთა გზისა.
უწყალოვ ხელო, მტრულად მშლელო მათისა ცდისა,
ხან სასოს ცემით, ხან წართმევით სრულ იმედისა,
მტანჯველო გულთა შეწირულთა ურთიერთისა,
პყრობელს როდემდე ჯერ-არს ჰსჭვრეტდე გულ განსალებით
ვარდის გაყრილსა სულ მიხდილსა ჭმუნვა მწარებით.

ვამე შორს მყოფსა შენსა,
ვერ მჭვრეტსა შენსა მშვენად!
მელევის ცნობა მთმენსა,
შექმნილსა მგოდებ ენად!

როს გჭვრეტდი გავსილს მთვარეს,
არ ვგრძნობდი ჭმუნვას მწარეს.
აწ ბედმან ამა მხარეს
გარდმაგდო, მით ვარ თმენად.

მეტყოდი გექმნა დარად.
შენ გტრფი გესურნო მარად;
აწ ჩემდა შესაზარად,
გარდგექეც შორაელად.

არ მხვდა საროს შეხვევით,
ბუსვა მსუროდა მე ვით.
მაშ მოდი გულთა ხევით,
მარიხო, მაგდე სენად.

შენთ ამბავთ სმენამ გული
განმიცოცხლა მოწყლული;
ამისთვის ხელ-განპყრული,
ვმადლვიდი ღმერთთა ზენად.