რამ დაგაშრო, შე ოხერო,

ღარიბების ბედის წყარო?!

ამოდუღდი, რომ ქვეყანა

ერთნაირად გაახარო!

მე გულსა მწვავს ეს სოფელი,

ორნაირად გაყოფილი:

ბედით ჩაგრულს უღვთოდ სტანჯავს

თავის ბედით კმაყოფილი!

ზოგი ხარობს და ზოგი კი

ბნელს მარხია, როგორც ჭური,

მძლავრნი ამ ჭურს ჩასძახიან,

გაგვიწიე სამსახური!


1881

აწ დაისვენე, მშვიდობით,

შენ, ჩემო სუსტო კალამო,

ბოროტის გულის გამგმირო,

მაგრამ კეთილის მალამო!..

გამჭირვებია ცხოვრება,

ვზივარ და მწარედ ვტირია:

ბევრი რამა ვთქვი საგრძნობი,

მაგრამ მსმენელი ძვირია!

* * *

წუთისოფელში ცხოვრება

შემექნა გასაჭირადა;

მიჯობს, რომ მოვკვდე დროისად,

რად დავალ ქვეყნის პირადა!

არ იქნა, სადაც მინდოდა,

ვერ გავიყვანე არხია;

ვერ დავაბრუნე, რაღა ვქნა,

წაღმა ცხოვრების ჩარხია!

რად არის კაცი ცოცხალი,

რომელიც ქვეყნის ბარგია,

ვინც რომ მოქმედებს თავისთვის

სხვას კი არაფერს არგია?


1886 წ.