(ვუძღვნი გ. დ - შვილს)

სოფლელი გლეხის შვილი ვარ,

მჭადითა გამოზრდილია,

უქუდო, ჩოხის ამარა,

ქალამნებ გაცვეთილია.

ობოლი დავრჩი დედ-მამას,

დრო მადგას გასაჭირია:

სადაცა ვარდსა დავეძებ,

იქ მხვდება ეკლის ძირია.

მამაც ამ რიგად ტანჯულა,

ვით ვიტანჯები შვილია;

თუმცა სათქმელი ბევრი მაქვს,

ვერ გამიღია პირია.

მე ვინ მომაცლის იმდენსა,

გლეხმა ვისწავლო ანბანი,

დავჯდე და წიგნი ვიკითხო,

გავიგო ქვეყნის ამბავი!

მიწაა ჩემი ქაღალდი,

გუთანი - ბასრი კალამი,

და მელნად ჩემგნით ნაწური

ოფლი, უზომოდ ნაღვარი.

ლომას და ჭონქას ჭირიმე,

დამითესავენ ყანასა...

ხოდაბუნს ძმაში არ გავსცვლი,

დავმღერი “ოროველასა”.

ან კი რად მინდა ანბანი,

რად მინდა თქვენი დავთარი;

უნებურ მუნჯი შევქმნილვარ,

ვერ მითქვამს ერთი მართალი.

დრო მოვა, წავა, გაივლის

ეს დრო, ვით ცივი ზამთარი,

არსენავ, გლეხის მოყვარევ,

გავხდები შენი ამქარი.

მაშინ გაფუჭდეს გოგია,

თუ შემეშინდეს რისამე!

ქონება მქონდეს, არ გავსცე,

ოხრად დამირჩეს ქისა მე.

თავზედ დამეცეს ცა რისხვით,

სხივი ვერ ვნახო მზისა მე;

მაღალი ღმერთი გამიწყრეს,

თუ რამ ვინდომო სხვისა მე.


1883

სამშობლო, ჩემო ლამაზო,

ზურმუხტო ანუ ალმასო,

ვიდრე შენს მკერდზე დავდივარ,

გთხოვ მწარე რამე არ მასო.

მშვენიერი გაქვს ბუნება,

სხვებიც ამბობენ ამასო;

მაგ შენმა დაღონებამა

გული დარდებით აღავსო.

სამშობლო ყველას გიყვარდეთ,

ვისაც რო ღმერთი კი გწამსო;

სამშობლოს დამვიწყებელი

მაღალმა ღმერთმა დაამსო.

ვის დედაენა არ მოსწონს,

მას ეშმაკები ახლავსო,

ცოცხალ იქნება დევნილი,

მკვდარსაც მატლები დახრავსო.


1881

მისთვის მომცა ღმერთმა ენა,

უნდა ყველგან დავიყვირო;

მუდამ ვძებნო სამართალი,

თუნდა ქვითაც დავიკირო.

ბევრჯერ ვნახო დღენი ტკბილი

და ბევრჯერაც გავიწბილო;

მცირეს ვსჯერდე ოფლით ნაშოვნს,

მრავლისათვის არ ვიტირო.

მოძმის ვიყვე შემწე ჭირში,

ვიხარო და გავახარო!

რაც კი ვნახო მასში ცუდი,

გამოვსთქვა და არ დავფარო.

დეე, მტანჯონ მართლისათვის,

მე იგი არ გავიკვირო,

მხოლოდ მინდა, რომ რითიმე

ბოროტები დავიჭირო:

ვინც რომ მშრომელს და ტვირთ-მძიმეს

ხელსაწყოდ და ნივთად სთვლიან,

იმათ ნაშრომს, ოფლით ნაშოვნს,

გასთვლიან და გამოსთვლიან.


1880