77. ფსალმუნი ასაფისი, გულისხმის-ყოფისათვის

1. ეკრძალეთ ერი ჩემი ჰსჯულსა ჩემსა, მოყავთ ყური თქუენი სიტყუათა პირისა ჩემისათა. 2. აღვაღო იგავით პირი ჩემი, ვიტყოდი მე იგავთა დასაბამისათა. 3. რაოდენი გუესმა და ვცანთ იგი, და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ. 4. არა დაეფარა შვილთა მათთაგან ნათესავად სხუად, მიუთხრობდეს ქებულებასა უფლისასა და ძლიერებასა მისსა და საკვირველებასა მისსა რომელ ქმნა. 5. და აღდგა საწამებელი იაკობსა შორის და შჯული დადვა ისრაელსა შორის, რაოდენი ამცნო მამათა ჩუენთა, უწყებად იგი შვილთა მათთა. 6. რაითა ცნას თესლმან სხუამან, შვილნი, რომელი იშვებოდიან, და აღდგენ და მიუთხრობდენ ამას შვილთა მათთა. 7. რაითა დადვან ღმრთისა მიმართ სასოებაი მათი და არა დაივიწყონ საქმეთა ღმრთისათაი და მცნებათა მისთა გამოეძიებდენ. 8. რაითა არა იქმნენ, ვითარცა მამანი მათნი, თესლ გულარძნილ და განმამწარებელ, თესლმან რომელმან არა წარიმართა გული თვისი და არცა სარწმუნო ჰყო ღმრთისა თანა სული თვისი. 9. ძენი ეფრემისნი მომრთხმელნი და მოისარნი მშვილდებითა, იქცეს იგინი დღესა მას წყობისასა. 10. არა იმარხეს მათ აღთქუმაი ღმრთისაი და ჰსჯულსა მისსა არა ინებეს სლვაი. 11. და დაივიწყეს მათ კეთილის-ყოფათა მისთაი და საკვირველებათა მისთაი, რომელ უჩუენნა მათ. 12. წინაშე მამათა მათთა, რომელ ქმნა საკვირველებანი ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და ველსა მას ტანეოსსა. 13. განაპო ზღუაი და წიაღიყვანნა იგინი და დაადგინნა წყალნი ვითარცა თხიერთა. 14. და უძღოდა მათ ღრუბლითა დღისი და ღამე ყოველ ნათლითა ცეცხლისაითა. 15. განაპო კლდე უდაბნოსა და ასუა მათ, ვითარცა ღრმისაგან დიდისა. 16. გამოადინა წყალი კლდისაგან და გარდამოაცენნა, ვითარცა მდინარენი, წყალნი. 17. და შე-ღა-ვე-სძინეს მერმეცა შეცოდებად მისა, განამწარეს მაღალი ურწყულსა. 18. და განცადეს ღმერთი გულთა შინა მათთა თხოვად საზრდელი სულთა მათთათვის. 19. და იდრტვინეს ღმრთისა და თქუეს: ნუ უძლოს-მეა ღმერთმან განმზადებად ტაბლაი უდაბნოსა შინა. 20. ვინაითგან სცა კლდესა და გამოეცნეს წყალნი და მდინარენი წარღუნიდეს, პურისა მოცემადცა ნუ უძლოსა, ანუ განზადებად ტაბლაი ერსა თვისსა? 21. ამისთვის ესმა უფალსა და განრისხნა და ცეცხლი აღატყდა იაკობსა შორის, და რისხვაი ახდა ისრაელსა ზედა. 22. რამეთუ არა ჰრწმენა მათ ღმრთისაი, არცა ესვიდეს მაცხოვარებასა მისსა. 23. და უბრძანა ღრუბელთა ზეგარდმო და ბჭენი ცათანი განახუნა. 24. და უწვიმა მათ მანანაი საჭმლად და პური ცათაი მოსცა მათ. 25. და პური ანგელოზთაი ჭამა კაცმან; საზრდელი მოუვლინა მათ განსაძღებელად. 26. აღადგინა ბღუარი ცით გამო და გამოავლინა ძალითა თვისითა ჩრდილოი. 27. და აწვიმა მათ ზედა ვითარცა მიწაი ხორცი და ვითარცა ქვიშაი ზღუათაი, მფრინველი ფრთოვანი. 28. და დაცვიოდა შორის ბანაკისა მათისა, გარემოის კარვებსა მათსა. 29. და ჭამეს და განძღეს ფრიად და გულის-თქუმაი მათი მოსცა მათ. 30. და არა ხუებულ იქმნეს გულის-თქუმისა მათისაგან; იყოღა საჭმელი პირსა მათსა, 31. და რისხვაი ღმრთისაი ახდა მათ ზედა; და მოსწყვიდნა მრავალნი მათგანნი და რჩეულნი ისრაელისანი დაამხუნა. 32. ამას ყოველსა ზედა ცოდესვეღა და არა ჰრწმენა საკვირველებათა მისთაი. 33. და მოაკლდეს ამაოებით დღენი მათნი და წელიწადნი მათნი სწრაფით. 34. რაჟამს მოსრავნ მათ, მაშინ ეძიებდიან მას და მოიქცევიედ და აღიმსთობიედ ღმრთისა მიმართ. 35. და მოიხსენეს, რამეთუ ღმერთი მწე მათდა არს და ღმერთი მაღალი მხსნელ მათდა არს. 36. და შეიყუარეს იგი პირითა მათითა და ენითა მათითა ეცრუვნეს მას. 37. ხოლო გულნი მათნი არა წრფელ იყვნეს მისა მიმართ, არცა ერწმუნნეს აღთქუმასა მისსა. 38. არამედ იგი თავადი არს მოწყალე და ულხინოს ცოდვათა მათთა და არა განხრწნნეს; განამრავლა გარე-მიქცევად გულის წყრომაი მისი და არა აღაგზებდა ყოველსა რისხვასა მისსა. 39. და მოიხსენა, რამეთუ ხორციელ არიან, სულ წარმავალ და არღარა მომაქცეველ. 40. რაოდენ გზის განამწარეს იგი უდაბნოსა ზედა და განარისხეს იგი ქუეყანასა ურწყულსა. 41. და მოაქციეს და განცადეს ღმერთი და წმიდაი იგი ისრაელისაი განარისხეს. 42. არა მოიხსენეს ხელისა მისისაი დღესა მას, რომელსაცა იხსნა იგინი ხელისაგან მაჭირვებელთა მათთაისა. 43. ვითარ-იგი დასხნა ეგვიპტეს შინა სასწაულნი მისნი და ნიშნი მისნი - ველსა მას ტანეოსსა. 44. და გარდააქცინა სისხლად მდინარენი მათნი და წვიმანი მათნი, რაითა არა სუან. 45. მიავლინა მათდა ძაღლის მწერი, და შეჭამნა იგინი, და მყუარი, და განხრწნნა იგინი. 46. და მისცა გესლსა ნაყოფი მათი და ნაშრომი მათი მკალსა. 47. მოსრა სეტყვითა ვენახები მათი და ლეღუსულელნი მათნი თრთვილითა. 48. მისცა სეტყუასა საცხოვარი მათი და მონაგები მათი ცეცხლსა. 49. მიავლინა მათდა რისხვაი გულის წყრომისა მისისაი, გულის წყრომაი და რისხვაი და ჭირი მივლინებითა ანგელოზთა მიერ ბოროტთა. 50. გზა-უყო ალაგსა რისხვითა მისითა, არა ჰრიდა სიკუდილისაგან სულთა მათთაისა და საცხოვარი მათი სიკუდილსა შეაყენა. 51. და დასცა ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა დასაბამად ყოვლისა სალმობისა მათისა საყოფელთა შინა ქამისთა; 52. და წარმოუმართა ვითარცა ცხოვარსა ერსა თვისსა და აღიყვანა იგი ვითარცა სამწყსოი უდაბნოდ, 53. და უძღოდა მათ სასოებითა, და არა შეეშინა, და მტერნი მათნი დაფარნა ზღუამან. 54. და შეიყვანნა იგინი მთასა მას სიწმიდისა მისისასა, მთასა ამას, რომელ მოიგო მარჯუენემან მისმან; 55. და განასხნა პირისა მათისაგან წარმართნი და განუწილა მათ საზომითა დამკვიდრებისაითა და დააშენა საყოფელთა მათთა ტომები ისრაელისაი. 56. და განცადეს და განამწარეს ღმერთი მაღალი და წამებანი მისნი არა დაიცვნეს. 57. და მიაქციეს და შეურაცხჰყვეს, ვითარცა-იგი მამათა მათთა, და გარდაიქცეს მშვილდად ელამად. 58. განარისხეს იგი ბორცუებსა ზედა მათსა და კერპებითა მათითა აშურებდეს მას. 59. ესმა ღმერთსა და უგულებელსჰყო და შეურაცხჰყო ფრიად ისრაელი. 60. და განიშორა მისგან კარავი სელომისი, კარავი, რომელ დამკვიდრებულ იყო შორის კაცთა. 61. და მისცა ტყუედ ძალი მათი და სიკეთე მათი ხელთა მტერისათა. 62. და შეაყენა მახვილსა ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი უგულებელს-ყო. 63. ჭაბუკნი მათნი შეჭამნა ცეცხლმან, და ქალწულნი მათნი არა იგლოვნეს. 64. მღვდელნი მათნი მახვილითა დაეცნეს, და ქურივნი მათნი არა იტირნეს. 65. და განიღვიძა ვითარცა მძინარემან უფალმან, ვითარცა ძლიერი, რომელი იქარვებნ ღვინოსა. 66. და დასცნა მტერნი მისნი მართლუკუნ და საყუედრელად საუკუნოდ მისცნა იგინი. 67. განიშორა მისგან კარავი იოსებისი და თესლი ეფრემისი არა გამოირჩია მან; 68. არამედ გამოირჩია მან თესლი იუდაისი და მთაი სიონი, რომელ შეიყუარა. 69. და აღაშენა, ვითარცა მარტორქისა, სიწმიდე მისი, ქუეყანასა ზედა დააფუძნა იგი უკუნისამდე. 70. და გამოირჩია მან დავით, მონაი თვისი, და შეიწყნარა იგი სამწყსოისაგან ცხოვართაისა. 71. და ცხოვართა მუცელ-ქუმულთაგან გამოიყვანა იგი მწყსად იაკობ მონისა თვისისა და ისრაელ სამკვიდრებელისა თვისისა. 72. და მწყსიდა მათ უმანკოებითა გულისა მისისაითა და გონიერებითა ხელთა მისთაითა უძღოდა მათ. დიდებაი.

78. ფსალმუნი ასაფისი

1. ღმერთო, შევიდეს წარმართნი სამკვიდრებელსა შენსა და შეაგინეს ტაძარი წმიდაი შენი; 2. დადვეს იერუსალემი ვითარცა ხილის საცავი; დასხეს მძორები მონათა შენთაი საჭმლად მფრინველთა ცისათა და ხორცნი წმიდათა შენთანი - მხეცთა ქუეყანისათა. 3. დასთხიეს სისხლი მათი ვითარცა წყალი გარემოს იერუსალემსა, და არავინ იყო მფლველ მათდა. 4. ვიქმნენით ჩუენ საყუედრელ მოძმეთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა. 5. ვიდრემდის, უფალო, განრისხნე სრულიად და აღატყდეს ვითარცა ცეცხლი შური შენი? 6. მიჰფინე რისხვაი შენი თესლთა ზედა, რომელთა არა გიციან შენ და მეფეთა ზედა, რომელთა სახელსა შენსა არა ხადეს; 7. რამეთუ შეჰსჭამეს იაკობ და ადგილი მისი მოაოხრეს. 8. ნუ მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა პირველთა; მსთუად მეწინენ ჩუენ წყალობანი შენნი, უფალო, რამეთუ დავგლახაკენით ჩუენ ფრიად. 9. შემეწიენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, დიდებისათვის სახელისა შენისა; უფალო, მიხსნენ ჩუენ და მილხინე ჩუენ ცოდვათა ჩუენთაგან სახელისა შენისათვის. 10. ნუსადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? და განცხადებულ იყავნ წარმართთა შორის წინაშე თუალთა ჩუენთა შურისგებაი სისხლისა მის მონათა შენთაისა, რომელ დაითხია. 11. შევედინ შენ წინაშე სულ-თქუმაი შებორკილებულთაი, სიმდიდრითა მკლავისა შენისაითა შეეწიე შვილთა მოკლულთასა. 12. მიაგე გარემოისთა ჩუენთა შვიდ წილად წიაღთა მათთა ყუედრება მათი, რომელ გაყუედრეს შენ, უფალო. 13. ხოლო ჩუენ ერნი შენნი ვართ და ცხოვარნი სამწყსოისა შენისანი, აღგიარებდეთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე და თესლითი თესლამდე მიუთხრობდეთ ქებულებასა შენსა.

79. დასასრულსა ცვალებადთათვის, წამებაი ასაფისი, ფსალმუნი ასურისათვის

1. რომელი ჰმწყსი ისრაელსა, მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა; რომელი ჰზი ზედა ქერაბინთა, განცხადენ. 2. წინაშე ეფრემ და ბენიამენ და მანასესსა აღადგინე ძლიერებაი შენი და მოვედ ცხოურებად ჩუენდა. 3. ღმერთო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ. 4. უფალო ღმერთო ძალთაო, ვიდრემდის განჰრისხნე ლოცვასა ზედა მონათა შენთასა? 5. მაჭამებ ჩუენ პურსა ცრემლითა და მასუამ ჩუენ ცრემლთა საწყაულითა; 6. მყვენ ჩუენ სახდომელ გარემოისთა ჩუენთა, და მტერნი ჩუენნი მეკიცხვიდეს ჩუენ. 7. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, და გამოაჩინე პირი შენი, და ვცხონდეთ. 8. ვენახი ეგვიპტით სცვალე, განასხენ წარმართნი და დაასხ იგი. 9. გზა-უყავ წინაშე მისსა და დაჰნერგენ ძირნი მისნი, და აღავსო ქუეყანაი. 10. დაფარნა მთანი ჩრდილმან მისმან და ბაბილოთა მისთა - ნაძუნი ღმრთისანი. 11. მისწუდნა რქანი მისნი ზღუამდე და მდინარედმდე - მწუერვალნი მისნი. 12. აწ რად მოჰხადე ზღუდე მისი, და მოჰყურძნიან მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი? 13. განრყუნა იგი ეშუმან მაღნარისამან, და ბრანგუმან მძვინვარემან მოძოა იგი. 14. ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას; 15. და დაამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან, და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. 16. მომწუარი ცეცხლითა და მოოხრებული რისხვითა პირისა შენისაითა წარწყმდენ. 17. იყავნ ხელი შენი კაცსა ზედა, მარჯუენე შენი და ძესა ზედა კაცისასა, რომელ განაძლიერე შენდა. 18. და არა განგეშორნეთ ჩუენ შენგან, მაცხოვნენ ჩუენ, და სახელსა შენსა ვხადოდით. 19. უფალო ღმერთო ძალთაო, მომაქციენ ჩუენ და გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა, და ვცხონდეთ.

80. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ფსალმუნი ასაფისი

1. უგალობდით ღმერთსა, მწესა ჩუენსა, ღაღადებდით ღმრთისა იაკობისა. 2. აღიღეთ ფსალმუნი და ეცით ბობღანსა, საგალობელი სახარულევანი ებნითა. 3. დაჰბერეთ ახლის თვის თავთა ნესტვითა, ბრწყინვალესა დღესა დღე­სასწაულისა ჩუენისასა. 4. რამეთუ ბრძანებაი არს ესე ისრაელისაი და სამართალი არს ღმრთისა იაკობისი. 5. წამებად იოსების თანა დადვა ესე, რაჟამს გამოვიდოდა იგი ქუეყანით ეგვიპტით; ენაი, რომელი არა იცოდა, ესმა; 6. განიშორნა ტვირთსა ბეჭნი მისნი და ხელნი მისნი გოდრითა მონებასა. 7. ჭირსა მხადე მე, და გიხსენ შენ; მესმა შენი დაფარულთა შინა ნიავქარისასა, გამოგცადე შენ წყალთა მათ ზედა ცილობისათა. 8. ისმინე, ერო ჩემო, და გიწამო შენ, და ისრაელო, ისმინო თუ ჩემი, 9. არა იყოს შენ შორის ღმერთი საწუთოი, არცა თაყუანის-სცე შენ ღმერთსა უცხოსა. 10. რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმან აღმოგიყვანე შენ ქუეყანით ეგვიპტით; განავრცე პირი შენი და აღვავსო ეგე. 11. და ერმან ჩემმან არა ისმინა ხმისა ჩემისაი და ისრაელი მე არა მერჩდა. 12. და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულთა მათთაისა, რაითა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა. 13. უკუეთუმცა ერსა ჩემსა ესმინა ჩემი და ისრაელი თუმცა გზათა ჩემთა სრულ იყო. 14. ვითარცა არარაითამცა მტერნი მათნი დამემდაბლნეს და მაჭირვებელთა მათთა ზედა და-მცა-მედგა ხელი ჩემი. 15. მტერნი უფლისანი ეცრუვნეს მას, და იყოს ჟამი მათი საუკუნოდ. 16. და აჭამა მათ სიპოხისაგან იფთქლისა და კლდისაგან თაფლისა განაძღნა იგინი. დიდებაი.

81. ფსალმუნი ასაფისი

1. ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს. 2. ვიდრემდის სჯიდეთ სიცრუვესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა? 3. უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ. 4. განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნენით იგი. 5. არა სცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი. 6. მე ვსთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი. 7. ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით. 8. აღსდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაი, რამეთუ შენ დაიმკვიდრო ყოველთა შორის წარმართთა.

82. გალობაი, ფსალმუნი ასაფისი

1. ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმნები, ნუცა დამშვიდნები, ღმერთო. 2. რამეთუ ესერა მტერთა შენთა იზრახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი. 3. ერსა შენსა ზედა ძმაცუვიდეს ზაკუვით და განიზრახეს წმიდათა შენთათვის; 4. და თქუეს: მოვედით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიხსენოს სახელი ისრაელისაი. 5. რამეთუ ზრახეს შეთქუმით ურთიერთას და შენთვის აღთქუმა-ჰყუეს. 6. ბანაკმან იდუმიელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა; 7. გებალ, ამონ და ამალეკ და უცხო თესლთა, დამკვიდრებულთა თანა ტვიროსისათა. 8. და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანა-შემწე ძეთა მათ ლოთისთა. 9. ყუენ იგინი ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ხევსა მას კიშონისასა. 10. მოისრნეს იგინი აენდორს შინა და იქმნეს იგინი ვითარცა სკორე ქუეყანისაი. 11. დასცენ მთავარნი მათნი ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი. 12. რომელთა თქუეს: დავიმკვიდროთ თვისად სიწმიდე ღმრთისაი. 13. ღმერთო ჩემო, ჰყუენ იგინი ვითარცა ურმის თუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა. 14. ვითარცა ცეცხლმან რაი მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან რომელმან შეწუნის მთანი. 15. ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი. 16. აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო. 17. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხვილეულ იქმნედ და წარწყმდედ. 18. და ჰსცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლოი მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

83. დასასრულსა, საწნეხელთათვის, ძეთა კორესთა ფსალმუნი

1. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! 2. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. 3. და რამეთუ სირმანცა ჰპოვა თავისა თვისისა სახლი და გურიტმან - ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართუენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო. 4. ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ. 5. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნაი მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა. 6. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევაი მოსცეს, რომელმანცა ჰსჯული დასდვა. 7. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს. 8. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო. 9. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა. 10. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროის ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა რა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა. 11. რამეთუ წყალობაი და ჭეშმარიტებაი უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაი მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. 12. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

84. დასასრულსა, ძეთა კორესთა, ფსალმუნი

1. გთნდა, უფალო, ქუეყანაი შენი, მოაქციე ტყუ იაკობისი. 2. მიუტევენ უშჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი. 3. დააცხრვე ყოველი გულის წყრომაი შენი, მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა. 4. მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარე-წარაქციე რისხვაი შენი ჩუენგან. 5. ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე. 6. ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი. 7. მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩუენ. 8. ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამეთუ იტყოდის იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ. 9. რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაი მისი დამკვიდრებად დიდებაი მისი ქუეყანასა ჩუენსა. 10. წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხვინეს, სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს-უყვეს. 11. ჭეშმარიტებაი ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა. 12. და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი. 13. სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი. დიდებაი.

70. ფსალმუნი დავითისი, ძეთა იონადაბისთაი და პირველ წარტყუენულთა მათ, წარუწერელი ებრაელთა შორის

1. შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე. 2. სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. 3. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა, რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. 4. ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უშჯულოისათა და ცრუისათა. 5. რამეთუ შენ ხარ თმენაი ჩემი, უფალო, უფალო, სასოი ჩემი სიყრმით ჩემითგან. 6. შენდამი განვამტკიცენ საშოითგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობაი ჩემი მარადის. 7. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა, და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. 8. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შუენიერებასა შენსა. 9. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. 10. რამეთუ მრქუეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი ზრახვა-ყვეს ერთბამად. 11. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი, დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა. 12. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. 13. ჰრცხუენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა შეიმოსედ სირცხვილი და კდემაი, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის. 14. ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. 15. პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისაი. 16. შევიდე მე ძლიერებითა უფლისაითა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოისაი. 17. ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამომდე მიუთხრობდე საკვირველებათა შენთა. 18. და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო, ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა. 19. ძლიერებაი შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? 20. რაოდენნი მიჩუენენ მე ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქუეყანისათა აღმომიყვანე მე. 21. განამრავლე ჩემ ზედა დიდებულებაი შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქუეყანასითა კუალად აღმომიყვანე მე. 22. და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისაითა ჭეშმარიტებაი შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო. 23. იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ. 24. უფროის და ენაიცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა რაჟამს ჰრცხუენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებენ ძვირსა ჩემსა.

71. სოლომონისთვის, ფსალმუნი დავითისი

1. ღმერთო, სასჯელი შენი მეუფესა მიეც და სიმართლე შენი ძესა მეუფისასა. 2. განშჯად ერისა შენისა სიმართლით და გლახაკთა შენთა განკითხვით. 3. მიიღედ მთათა მშვიდობაი ერისაი და ბორცუთა სიმართლე. 4. განიკითხნეს გლახაკნი ერისანი და აცხოვნნეს ნაშობნი დავრდომილთანი და დაამდაბლეს ცილის მწამებელი. 5. და თანა-ეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავითი ნათესავადმდე. 6. გარდამოხდეს ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რაი ცურინ ქუეყანასა ზედა. 7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობაი, ვიდრემდის განკფდეს მთოვარე. 8. და უფლებდეს იგი ზღვითი ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა. 9. მის წინაშე პირველად ჰინდონი შეუვრდენ, და მტერნი მისნი მიწასა ლოშნიდენ. 10. მეფეთა თარშისათა და ჭალაკთა ძღუენი შეწირონ მისა, მეფეთა არაბიაისთა და საბაისთა ძღუენი მიართუან მას. 11. და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, და ყოველნი წარმართნი ჰმონებდენ მას. 12. რამეთუ იხსნა გლახაკი ძლიერისაგან და დავრდომილი, რომლისა არა იყო მწე. 13. ჰრიდოს გლახაკსა და დავრდომილსა და სულნი გლახაკთანი აცხოვნეს. 14. აღნადგინებისაგან და სიცრუვისა იხსნნეს სულნი მათნი, და პატიოსან იყოს სახელი მისი მათ წინაშე. 15. და ცხოვნდეს და მოეცეს მას ოქროისა მისგან არაბიაისა, და ილოცვიდენ მისთვის სამარადისოდ, ყოველსა დღესა აკურთხევდენ მას. 16. იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროის ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივაი ქუეყანისაი. 17. იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი და პირველ მთოვარისა საყდარი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას. 18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი, რომელმან ჰყვის საკვირველი მხოლომან. 19. და კურთხეულ არს სახელი წმიდაი დიდებისა მისისაი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე, და აღივსოს დიდებითა მისითა ყოველი ქუეყანაი. იყავნ, იყავნ. დიდებაი.

72. მოაკლდეს გალობანი დავითისნი, ძისა იესესნი. ფსალმუნი ასაფისი, გალობაი ასურასტანელისა მიმართ

1. ვითარ კეთილ არს ისრაელისა ღმერთი გულითა წრფელთათვის. 2. ხოლო ჩემი კნინღა და შემიძრწუნდეს ფერხნი, მცირედღა და შემიცთეს სლვანი ჩემნი. 3. რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედევდ. 4. რამეთუ არა არს ახილვაი სიკუდილსა შინა მათსა და სიმტკიცე გუემათა შინა მათთა. 5. შრომასა კაცთა თანა არა შურებიან და კაცთა თანა იგინი არა იტანჯნენ. 6. ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავანებამან სრულიად, შეიმოსეს უღმერთოებაი და სიცრუვე თვისი. 7. და გამოხდეს, ვითარცა ცმელისაგან, სიცრუვე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა. 8. განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს. 9. დადვეს ცათა შინა პირი მათი, და ენაი მათი ეთრია ქუეყანასა ზედა. 10. ამისთვის მოიქცეს ერი ჩემი აქავე, და დღენი სრულნი იპოვნენ მათ თანა. 11. და თქუეს: ვითარ-მე აგრძნა ღმერთმან, და ანუ არს-მეა მეცნიერებაი მაღლისა თანა? 12. აჰა ესერა ესე ცოდვილნი წარმართებულ არიან და უპყრიეს სიმდიდრე მათი უკუნისამდე. 13. და ვსთქუ: ცუდად სამე განვიმართლე გული ჩემი და დავიბანენ უბრალოდ ხელნი ჩემნი. 14. და ვიყავ მე ტანჯულ ყოველსა დღესა და მხილებაი ჩემი განთიად. 15. და ვსთქუ, ვითარმედ: უთხრა ესრეთ: აჰა ესერა ნათესავსა შვილთა შენთასა აღუთქუ. 16. და გულსა მომიხდა ცნობად, ესე არს შრომა ჩემ წინაშე. 17. ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა და გულისხმა-ვჰყო აღსასრული მათი. 18. ხოლო ზაკუვისა მათისათვის დასდევ მათთვის ბოროტი და დაამხუენ იგინი ამპარტავანებასა ოდენ მათსა. 19. ვითარ­ღა იქმნეს მოსაოხრებელ მყისსა შინა, მოაკლდეს, და წარწყმდეს უშჯულოებისა მათისათვის? 20. ვითარცა სიზმარი განღვიძებულისაი, უფალო, ქალაქსა შენსა ხატი მათი შეურაცხ-ჰყო. 21. რამეთუ აღეტყინა გული ჩემი, და თირკუმელნი ჩემნი იცვალნეს. 22. და მე შეურაცხ ვიქმენ და არა გულისხმა-ვჰყავ; ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე. 23. და მე მარადის შენ თანა ვარ, მიპყარ ხელი მარჯუენე ჩემი. 24. და ზრახვითა შენითა მიძღოდე მე და დიდებითა შემიწყნარე მე. 25. რამეთუ რაი ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა? 26. მოაკლდა გულსა ჩემსა და ხორცთა ჩემთა; ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე. 27. რამეთუ აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ და მოსრენ ყოველნი, რომელნი განგიდგეს შენგან. 28. ხოლო ჩემი მიახლებაი ღმრთისა კეთილ არს; და დადებად უფლისა მიმართ სასოებაი ჩემი, მითხრობად ჩემდა ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა.

73. გულისხმის-ყოფისათვის, ასაფისა

1. რად განგვიშორენ ჩუენ, ღმერთო, სრულიად. განრისხდა გულის წყრომაი შენი ცხოვართა ზედა სამწყსოისა შენისათა. 2. მოიხსენე კრებული შენი, რომელ მოიგე დასაბამითგან; იხსენ კუერთხითა მკვიდრობისა შენისაითა მთაი სიონი ესე, რომელსა დაემკვიდრე მას შინა. 3. აიხუენ ხელნი შენნი ამპარტავანებასა მათსა ზედა სრულიად; რაოდენ მე ეუკეთურა მტერი სიწმიდესა შენსა. 4. და იქადეს მოძულეთა შენთა შორის დღესასწაულსა შენსა, დასხნეს სასწაულნი მათნი სასწაულად, და არა ჰსცნეს. 5. ვითარცა გამოსლვასა ზესკნელსა; 6. ვითარცა მაღნარსა შინა ხე, ცულითა დაკოდნეს. ბჭენი მათნი, რაითურთით ცულითა და წერაქვითა დაამხუეს იგი. 7. დაწუეს ცეცხლითა სიწმიდე შენი, ქუეყანასა ზედა შეაგინეს კარავი სახელისა შენისაი. 8. თქუეს გულითა მათითა და ნათესავთა მათთა ერთად: მოვედით და დავადუმნეთ ყოველნი დღესასწაულნი ღმრთისანი ქუეყანით. 9. რამეთუ სასწაული მათი ჩუენ არა ვიხილეთ; არღარავინ არს წინასწარმეტყუელ, და ჩუენ არავინ გვიცნნეს მერმეცა. 10. ვიდრემდის, ღმერთო, გაყუედრებდეს მტერი, განარისხებდეს მხდომი სახელსა შენსა სრულიად. 11. რად გარე-მიიქცევ ხელსა შენსა და მარჯუენესა შენსა წიაღადვე შენდა სრულიად. 12. ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინა-საუკუნეთამან, შექმნა ცხორებაი შორის ქუეყანასა. 13. შენ განამტკიცე ძალითა შენითა ზღუაი, შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპთაი წყალთა ზედა; 14. შენ შეჰმუსრე თავი ვეშაპისაი მის და მიეც იგი საჭმელად ერსა მას ჰინდოეთისასა. 15. შენ გამოადინენ წყარონი და მდინარენი, შენ განახმენ მდინარენი ითამისანი. 16. შენი არს დღე და შენი არს ღამე; შენ დაამტკიცე ნათელი და მზე. 17. შენ შეჰქმნენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე. 18. ესე მოიხსენე: მტერმან აყუედრა უფალსა და ერმან უგუნურმან განარისხა სახელი შენი. 19. ნუ მისცემ მხეცთა სულსა, რომელმან აღგიაროს შენ, და სულსა გლახაკთა შენთასა ნუ დაივიწყებ სრულიად. 20. მოჰხედენ აღთქუმასა შენსა, რამეთუ აღივსნეს სიბნელითა ქუეყანისაითა სახლნი უშჯულოთანი. 21. ნუ მიიქცევინ დამდაბლებული სირცხვილეული; გლახაკი და დავრდომილი, აქებდენ სახელსა შენსა. 22. აღსდეგ, ღმერთო, საჯე სჯაი შენი, მოიხსენე ყუედრებაი შენი, რომელ არს უგუნურთაგან მარადღე. 23. ნუ დაივიწყებ ხმასა მონათა შენთასა; ამპარტავანებაი მოძულეთა შენთაი ამაღლდა მარადის. დიდებაი.

74. დასასრულსა, ნუ განხრწნი, ფსალმუნი ასაფისი

1. აღგიაროთ შენ ღმერთსა, აღგიაროთ შენ, და ვხადოთ სახელსა შენსა, მიუთხრობდე ყოველთა საკვირველებათა შენთა; 2. რაჟამს მოვიღო ჟამი, მე სიწრფოებასა ვშჯიდე. 3. განკფდა ქუეყანაი და ყოველნი მკვიდრნი მისნი, მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი. 4. ვარქუ უშჯულოთა: ნუ უშჯულოებთ, და მცოდველთა: ნუ აღიმაღლებთ რქასა; 5. ნუ აღიღებთ მაღლად რქასა თქუენსა და ნუცა იტყვით ღმრთისათვის სიცრუვესა. 6. რამეთუ არცა აღმოსავალით, არცა დასავალით, არცა უდაბნოთაგან მთათაისა. 7. რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს: ესე დაამდაბლის და ესე აღამაღლის. 8. რამეთუ სასუმელი ხელთა შინა უფლისათა ღვინისა ურწყოისა სავსე არს სხმულითა; და მიდრკა ამიერ მუნ, ხოლო თხლე მისი არა წარმოიცალიერა, სუან იგი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა. 9. ხოლო მე ვიხარებდე უკუნისამდე და უგალობდე ღმერთსა იაკობისსა. 10. და ყოველნი რქანი ცოდვილთანი შევმუსრნე, და ამაღლდეს რქაი მართლისაი.

75. დასასრულსა გალობათასა, ფსალმუნი ასაფისი, გალობაი ასურასტანელისა მიმართ

1. განცხადებულ არს ჰურიასტანს ღმერთი და ისრაელსა ზედა დიდ არს სახელი მისი. 2. იქმნა მშვიდობით ადგილი მისი და სამკვიდრებელი მისი სიონს. 3. რამეთუ მუნ შემუსრნა ძალნი მშვილდთანი, საჭურველი და მახვილი და ბრძოლაი. 4. განანათლებ შენ საკვირველად მთათაგან საუკუნეთა. 5. შეძრწუნდეს ყოველნი უგუნურნი გულითა; დაიძინეს ძილი მათი, და არა პოვეს არარაი ყოველთა კაცთა სიმდიდრისაი ხელითა მათითა. 6. მრისხანებითა შენითა, ღმერთო იაკობისაო, ჰრულოოდა მათ, რომელნი ზე-სხდეს ჰუნებსა. 7. შენ საშინელ ხარ, და ვინ წინა-აღგიდგეს შენ? მიერითგან არს რისხვაი შენი. 8. რაჟამს ზეცით სასმენელ ჰყავ მსჯავრი, ქუეყანასა შეეშინა და დაყუდნა. 9. რაჟამს აღდგებოდა ღმერთი სჯად, განრინებად ყოველთა მშვიდთა ქუეყანისათა. 10. რამეთუ ზრახვამან კაცისამან აღგიაროს შენ, და ნეშტი გულის­ზრახვისაი დღესასწაულობდეს შენდა. 11. ილოცეთ და მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა, ყოველნი რომელნი არიან გარემოის მისა, შეწირონ ძღუენი. 12. საშინელისა მის, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი, უსაშინელესისა უფროის მეფეთა ქუეყანისათა.

76. დასასრულსა, იდითუმისთვის, ფსალმუნი ასაფისი

1. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა ღმრთისა მიმართ, და მომხედნა მე. 2. დღესა ჭირისა ჩემისასა ღმერთი გამოვიძიო, ხელითა ჩემითა ღამე მის წინაშე, და არა ვსცეთ; წარეწირა ნუგეშინის-ცემაი სულსა ჩემსა. 3. მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე; ვზრუნევდ, და სულ-მოკლე იქმნა სული ჩემი. 4. მიეწიფნეს სახუმილავთა თუალნი ჩემნი; შევძრწუნდი და არა ვიტყოდე. 5. ვიგონებდ დღეთა მათ პირველთა და წელიწადნი საუკუნენი მოვიხსენენ. 6. და ვიწურთიდ ღამე გულითა ჩემითა, ვზრუნევდ, და შეზრუნვებულ იყო სული ჩემი. 7. ნუ უკუნისამდე განმაგდოს მე უფალმან და არღარა შესძინოს სათნოებად მერმე. 8. ანუ სრულიად ნუ დააყენოსა წყალობაი მისი, აღასრულა სიტყუაი მისი თესლითი თესლადმდე? 9. ნუ და-მე-ივიწყოსა შეწყნარებაი მისი ღმერთმან, ანუ დააყენნეს მოწყალებანი მისნი რისხვითა მისითა? 10. და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი მარჯუენისა მაღლისაი. 11. მოვიხსენე საქმეთა უფლისათაი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთაი. 12. და ვიწურთიდე ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და დაბადებულთა შენთა მიმართ ვზრახვიდე. 13. ღმერთო, წმიდასა შინა არს გზაი შენი, ვინ არს ღმერთ დიდ, ვითარ ღმერთი ჩუენი? 14. შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყვი საკვირველი, აუწყე ერთა შორის ძალი შენი. 15. და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი, ძენი იაკობისნი და იოსებისნი. 16. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა, შეძრწუნდეს უფსკრულნი. 17. დიდ-ძალითა ოხრითა წყალთაითა. ხმაი მოსცეს ღრუბელთა, და რამეთუ ისარნი შენნი ვლენან. 18. ხმაი ქუხილისა შენისაი ურმის თუალსა, გამოჩნდეს ელვანი შენნი სოფელსა, შეიძრა და შეძრწუნებულ იქმნა ქუეყანაი. 19. ზღუასა ზედა არიან გზანი შენნი და ალაგნი შენნი წყალთა ზედა მრავალთა, და კუალნი შენნი არა საცნაურ იქმნენ. 20. უძეღუ ვითარცა ცხოვარსა ერსა შენსა ხელითა მოსესითა და აჰრონისითა. დიდებაი.

64. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, გალობა იერემიასი და ეზეკიელისი ერისა მის მსხემობისაი

1. შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს. 2. შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. 3. სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. 4. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი. 5. საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. 6. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა. 7. რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი. 8. და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი. 9. მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი. 10. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. 11. აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. 12. განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. 13. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი, ღაღადებდენ და გალობდენ.

65. დასასრულსა, გალობა ფსალმუნისაი აღდგომისათვის

1. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაი ქებულებასა მისსა. 2. არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. 3. ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო. 4. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა. 5. რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ. 6. რომელი-იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით. 7. აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ჰყავთ ხმაი ქებისა მისისაი. 8. რომელმან დადვა სული ჩემი ცხოურებად და არა სცა ძრვაი ფერხთა ჩემთა. 9. რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომახურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიხურვების ვეცხლი. 10. შემიყვანენ ჩუენ საფრხესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. 11. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად. 12. შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი. 13. რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა. 14. საკუერთხები ტვინოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. 15. მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. 16. მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა. 17. სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი. 18. ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ხმასა ვედრებისა ჩემისასა. 19. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან.

66. დასასრულსა, გალობათათვის, ფსალმუნი ქებისა დავითისი

1. ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ. 2. ცნობად ქუეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი. 3. აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. 4. მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი. 5. აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. 6. ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თვისი; მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთმან ჩუენმან. 7. მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. დიდებაი.

67. დასასრულსა, დავითის ფსალმუნი, შესხმისაი

1. აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. 5. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელ-იგი მამა არს ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. 6. ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა. 7. ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ. 8. ქუეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა. 9. წვიმაი ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. 10. და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. 11. უფალმან სცეს სიტყუაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. 12. მეუფე ძალთაი საყუარელისაი, შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა. 13. უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისაითა. 14. რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. 15. მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი. 16. რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად. 17. ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. 18. აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყუნენ. 19. უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. 20. ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი. 21. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა. 22. თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა. 23. რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ. 24. გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. 25. იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. 26. ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა. 27. მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. 28. ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. 29. ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შესწირონ მეფეთა ძღუენი. 30. შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა; განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი. 31. მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა. 32. მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. 33. რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებისაი. 34. მიეცით დიდებაი ღმერთსა, ისრაელსა ზედა დიდ შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. 35. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა, კურთხეულ არს ღმერთი. დიდებაი.

68. დასასრულსა, ცვალებულთათვის, ფსალმუნი დავითისი

1. მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. 2. დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი, მოვედ მე სიღრმესა ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე. 3. დავშუერი მე ღაღადებითა, და დამხდა ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. 4. განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. 5. ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. 6. ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო, ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო. 7. რამეთუ შენთვის დავითმინე ყუედრებაი და დაფარა სირცხვილმან პირი ჩემი. 8. უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა. 9. რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 10. და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ. 11. ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაი და ვექმენი მათ იგავ. 12. ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა. 13. ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისაითა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისაითა. 14. მიხსენ მე თიხისაგან, რაითა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა. 15. ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთაი, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირისა მისისა. 16. ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. 17. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. 18. მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე. 19. რამეთუ შენ უწყი ყუედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. 20. ყუედრებაი დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობაი და ველოდე მე თანა-მჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინის-მცემელსა, და არა ვპოვე. 21. და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. 22. იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე საფრხე და მისაგებელ და საცთურ. 23. დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაითა არა ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე. 24. მიჰფინე მათ ზედა რისხვაი შენი, და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ. 25. იყავნ სამკვიდრებელი მათი ოხერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკვიდრი; 26. რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. 27. შესძინე უშჯულოებაი უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; 28. აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაისა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ. 29. გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე. 30. ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; 31. და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. 32. იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი. 33. რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არ შეურაცხ-ჰყუნა. 34. აქებდით მას ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა. 35. რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკვიდრონ იგი; 36. და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკვიდრონ მას შინა.

69. დასასრულსა, დავითისი; ხსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან

1. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 2. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 3. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 4. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი. 5. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაი.