55. დასასრულსა, ერისათვის განშორებულისა წმიდათაგან, დავითის ძეგლის წერაი, რაჟამს-იგი შეიპყრეს უცხო თესლთა გეთს შინა

მიწყალე მე, ღმერთო, რამეთუ დამთრგუნა მე კაცმან, მარადღე ბრძოლითა მაჭირვა მე. 2. დამთრგუნეს მე მტერთა ჩემთა მარადღე; რამეთუ მრავალ არიან, რომელნი მრბძვანან მე მაღლით. 3. დღისი არა მეშინოდეს მე, რამეთუ მე შენ გესავ. 4. ღმრთისა მიერ ვაქნე სიტყუანი ჩემნი; ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე ხორციელმან? 5. მარადღე სიტყუანი ჩემნი მოიძაგნეს, ჩემთვის იყვნეს ყოველნი ზრახვანი მათნი ბოროტებით. 6. მწირ იქმნენ და დაეფარნენ, რამეთუ იგინი ბრჭალსა ჩემსა უმზირდეს, ვითარცა უმზირდეს სულსა ჩემსა. 7. ამისთვის არარაითა დასცნე იგინი და რისხვით ერნი მოსრნე. 8. ღმერთო, ცხორებაი ჩემი შენ გითხარ, დასხენ ცრემლნი ჩემნი შენ წინაშე, ვითარცა აღმითქუ მე. 9. მიიქცენ მტერნი ჩემნი მართლუკუნ, რომელსა დღესა გხადოდი შენ, აჰა ესერა მიცნობიეს მე, რამეთუ ღმერთი ჩემი ხარი შენ. 10. ღმრთისა მიმართ ვაქნე სიტყუანი ჩემნი და უფლისა მიმართ ვაქნე თქმულნი ჩემნი. 11. ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაი მიყოს მე კაცმან? 12. შეიწირე აღნათქუამი ჩემი, ღმერთო, რომელ მიგცე შენ ქებისაი. 13. რამეთუ იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი ბრკოლისაგან; სათნო-ვეყო მე წინაშე უფლისა ნათელსა შინა ცხოველთასა.

56. დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლის-წერისათვის, რაჟამს-იგი ივლტოდა პირისაგან საულისა და შევიდა ქუაბსა მას

1. მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე, რამეთუ შენ გესავს სული ჩემი და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვესვიდე, ვიდრემდის წარხდეს უშჯულოებაი. 2. ხმა-ვჰყო ღმრთისა მიმართ მაღლისა, ღმრთისა ქველის მოქმედისა ჩემისა. 3. გამოავლინა ზეცით და მაცხოვნა მე და მისცნა საყუედრელად დამთრგუნველნი ჩემნი; გამოავლინა ღმერთმან წყალობაი მისი და ჭეშმარიტებაი მისი. 4. და იხსნა სული ჩემი შორის მხეცთაგან, რამეთუ მეძინა მე ზრუნვით; ძენი კაცთანი, კბილნი მათნი ჭურ და ისარ, და ენანი მათნი ვითარცა ხრმალნი ლესულნი. 5. ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო, და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი. 6. მახე განჰმზადეს ფერხთა ჩემთათვის და დაამდაბლეს სული ჩემი; თხარეს წინაშე პირსა ჩემსა მთხრებლი და იგინივე შთაითხინეს. 7. განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, გაქებდე და გიგალობდე შენ დიდებითა ჩემითა. 8. განიღვიძე, დიდებაო ჩემო, განიღვიძე საფსალმუნითა და ებნითა. მე განვიღვიძო განთიად. 9. აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, და გიგალობდე შენ წარმართთა შორის. 10. რამეთუ განდიდნა ცამდე წყალობაი შენი და ღრუბელთამდე ჭეშმარიტებაი შენი. 11. ამაღლდი ცათა შინა, ღმერთო და ყოველსა ქუეყანასა ზედა არს დიდებაი შენი.

57. დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლის წერისათვის

1. ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო; 2. და რამეთუ გულსა შინა უშჯულოებასა იქმთ ქუეყანასა ზედა, სიცრუვესა ხელნი თქუენნი ნივთებენ. 3. უცხო იქმნნეს ცოდვილნი საშოითგან შესცთეს მუცლითგან და იტყოდეს სიცრუვესა. 4. გულის წყრომაი მათი მსგავს არს გუელისა და ასპიტისა ყრუისა, რომელსა დაეყვნიან ყურნი მისნი. 5. რომელმან არა ისმინის ხმაი მსახრვალისაი და წამლისაი მწამლველისაგან ბრძნისა. 6. ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მათნი პირსა შინა მათსა, და შუანი ლომთანი შეფქვნა უფალმან. 7. შეურაცხ იქმნენ იგინი ვითარცა წყალი დათხეული, გარდააცუას მშვილდსა მისსა, ვიდრემდის მოუძლურდენ. 8. ვითარცა ცვილი რაი დადნის, ეგრე მოესრულნენ, დაეცა მათ ზედა ცეცხლი და არა იხილეს მზე. 9. ვიდრე არა თანა-იყოს ეკალთა თქუენთა ძეძვი, ვითარცა ცხოველნი, ვითარცა რისხვით შთანთქნეს იგინი. 10. იხარებდეს მართალი, რაჟამს იხილოს შურის-გებაი, ხელნი მისნი დაიბანნეს სისხლითა ცოდვილისაითა. 11. და თქუას კაცმან, რამეთუ არს სამე ნაყოფი მართლისაი; და არს სამე ღმერთი, რომელმან საჯნეს იგინი ქუეყანასა ზედა. დიდებაი.

58. დასასრულსა, ნუ განხრწნი, დავითის ძეგლის წერაი, ოდეს-იგი მიავლინა საულ და შეიცვა სახლი მისი მოკლვად მისა

1. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, ღმერთო და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, განმარინე მე. 2. მიხსენ მე მოქმედთაგან უშჯულოებისათა და კაცთა მოსისხლეთაგან მაცხოვნე მე. 3. რამეთუ ესერა მოინადირეს სული ჩემი, და დამესხნეს ჩემ ზედა ძლიერნი; არცა უშჯულოებაი ჩემი, არცა ცოდვაი ჩემი, უფალო. 4. უცოდველად ვრბიოდე და წარვმართე, განიღვიძე შემთხუევად ჩემდა და იხილე. 5. და შენ, უფალო, ღმერთო ძალთაო, ღმერთო ისრაელისაო, მოიხილე მოხედვად ყოველთა წარმართთა და ნუ შეიწყალებ ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა. 6. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. 7. ესერა იგინი იტყოდიან პირითა მათითა, და მახვილი ბაგეთა შინა მათთა, ვითარმედ ვის ესმა? 8. და შენ, უფალი, ეცინოდი მათ და შეურაცხ-ჰყუნე ყოველნი წარმართნი. 9. ძალი ჩემი შენდამი ვიმარხო, რამეთუ შენ, ღმერთი, მწე ჩემდა ხარ. 10. ღმერთი ჩემი, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო; ღმერთმან ჩემმან მიჩუენოს მე მტერთა ჩემთაი. 11. ნუ მოსწყუედ მათ, ნუუკუე დაივიწყონ შჯული შენი, განაბნიენ იგინი ძალითა შენითა და დაამხუენ იგინი, მფარველო ჩემო უფალო. 12. ცოდვაი პირისა მათისაი სიტყუაი ბაგეთა მათთაი, და შეიპყრნედ იგინი ამპარტავანებითა მათითა და წყევასა და სიცრუვესა უთხრობდენ. 13. აღსასრულსა რისხვით მოასრულნე და ნუღარა იპოვნენ; და გულისხმა-ჰყონ, რამეთუ ღმერთი უფლებს იაკობსა ზედა და კიდეთა ქუეყანისათა. 14. მიიქცენ მწუხრი და დაყმებოდიან ვითარცა ძაღლი და მოადგენ ქალაქსა. 15. იგინი განიბნინენ ჭამად და უკუეთუ ვერ განძღენ დრტვინვიდენცა. 16. ხოლო მე ვაქებდე ძალსა შენსა და ვიხარებდე მე განთიად წყალობითა შენითა; რამეთუ მეყავ მე მფარველ და შესავედრებელ ჩემდა დღესა ჭირისა ჩემისასა. 17. მწე ჩემი ხარი შენ, შენ გიგალობდე, რამეთუ ღმერთი ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, წყალობაო ჩემო.

59. დასასრულსა, ცვალებულთათვის; მერმეცა ძეგლის წერაი დავითისი სამოძღურებელად, რაჟამს იგი მოწუა შუამდინარე ასურეთისაი და ასურეთი სობაკაი და მოაქცია იოაბ, და დასცა ედომი ხევსა მას მარილთასა ათორმეტი ათასი

1. ღმერთო, განმთხიენ ჩუენ და დამამხუენ ჩუენ, შემრისხენ და შემიწყალენ ჩუენ. 2. შეარყიე ქუეყანაი და შეაძრწუნე იგი; განკურნე შემუსრვილებაი მისი, რამეთუ შეიძრა. 3. უჩუენე ერსა შენსა სიფიცხლე, მასუ ჩუენ ღვინოი ლმობიერებისაი. 4. მოეც მოშიშთა შენთა სასწაული განრომად პირისაგან მშვილდისა. 5. რაითა იხსნნე საყუარელნი შენნი; მაცხოვნე მე მარჯუენითა შენითა და შეგესემინ ჩემი. 6. ღმერთი იტყოდა წმიდით გამო მისით: განვიხარო და განვყო სიკიმაი და ღელე იგი საყოფელთაი განვზომო. 7. ჩემი არს გალაად და ჩემი არს მანასე, და ეფრემ, დამამტკიცებელი თავისა ჩემისაი, იუდა მეფე ჩემი. 8. მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი; იდუმიადმდე წარვიმართო სლვაი ჩემი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს. 9. ვინ მიმიყვანოს მე ქალაქსა მას ძნელსა. ანუ ვინ მიმიძღუეს მე იდუმიადმდე. 10. არა თუ შენ, ღმერთმან, რომელმანცა განმთხიენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა? 11. მომეც ჩუენ შეწევნაი ჭირსა; რამეთუ ცუდ არს ცხორებაი კაცისაი. 12. ღმრთისა მიერ ვყოთ ძალი და მან შეურაცხ-ჰყვნეს მაჭირვებელნი ჩუენნი.

60. დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი

1. შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. 2. კიდითგან ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე მე, მიძღოდე მე. 3. და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა. 4. დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა. 5. რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა შენისათა. 6. დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი ნათესავად. 7. დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი მისი, ვინ გამოიძიოს იგი. 8. ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდებაი.

61. დასასრულსა, იდითუმისთვის, ფსალმუნი დავითისი

1. ანუ არა ღმერთსავე დაემორჩილოსა სული ჩემი, რამეთუ მის მიერ არს ცხორებაი ჩემი. 2. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არა შევირყიო უფროის. 3. ვიდრემდის დაესხმით კაცთა ზედა და მოჰკლავთ თქუენ ყოველნი, ვითარცა კედელსა მიდრეკილსა და ღობესა დაჭენებულსა. 4. ხოლო პატივისა ჩემისაი იზრახეს განშორებაი და რბიოდეს წყურილით; პირითა მათითა აკურთხევდეს და გულითა მათითა სწყევდეს. 5. გარნა ღმერთსა დაემორჩილე, სულო ჩემო, რამეთუ მის მიერ არს თმენაი ჩემი. 6. და რამეთუ იგი არს ღმერთი ჩემი და მაცხოვარი ჩემი, შესავედრებელი ჩემი და მე არ შევირყიო. 7. ღმრთისა მიმართ არს ცხოურებაი ჩემი და დიდებაი ჩემი; ღმერთი შეწევნისა ჩემისაი და სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ. 8. ესევდით მას ყოველი კრებული ერისაი, განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს. 9. ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი სასწორთა მათ ზედა სიცრუვისათა და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას. 10. ნუ ესავთ სიცრუვესა და ტაცებად ნუ გსურის; სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა. 11. ერთჯერ თქუა ღმერთმან და ორი ესე მესმა, რამეთუ ღმრთისა არს სიმტკიცე. 12. და შენი არს, უფალო წყალობაი, რამეთუ შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ.

62. ფსალმუნი დავითისი, რაჟამს იყო იგი უდაბნოსა მას ჰურიასტანისასა

1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა? 2. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და დიდებაი შენი. 3. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ. 4. ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი. 5. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი. 6. უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ. 7. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. 8. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი. 9. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა. 10. მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი. 11. ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

63. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი, გევედრებოდი რაი მე შენდამი, შიშისაგან მტერისა იხსენ სული ჩემი. 2. დამიფარე მე ამბოხისაგან უკეთურთაისა და სიმრავლისაგან მოქმედთა სიცრუვისათა. 3. რომელთა აღილესნეს ვითარცა მახვილნი ენანი მათნი, გარდააცუეს მშვილდსა მათსა საქმე სიმწარისაი. 4. რაითამცა განგუმირეს დაფარულსა შინა უბიწოი; მყის სისრა-უყონ მას, და არა შეიშინონ. 5. განიმტკიცეს თავისა თვისისა სიტყუაი უკეთური, მიუთხრეს დარწყუმაი მახისაი და თქუეს: ვინ იხილნეს იგინი? 6. გამოიძიეს უშჯულოებაი, განილინეს გამოძიებასა გამოსაძიებელისასა, წარდგეს კაცი სიღრმითა გულისაითა. 7. და ამაღლდეს ღმერთი. ისარ ჩჩვილთა იქმნნეს წყლულებანი მათნი. 8. და მოუძლურდეს მათ ზედა ენანი მათნი. შეძრწუნდეს ყოველნი, რომელნი ხედვიდეს მათ. 9. და შეეშინა ყოველსა კაცსა და უთხრნეს მათ საქმენი ღმრთისანი და დაბადებულნი მისნი გულისხმა-ჰყვნეს. 10. იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას და იქმნენ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაი.

46. დასასრულსა, ძეთა კორესთათვის ფსალმუნი

1. ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაითა. 2. რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა. 3. დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერხთა ჩუენთა. 4. გამომირჩია ჩუენ სამკვიდრებელი თვისი, შუენიერებაი იაკობისი, რომელ შეიყუარა. 5. ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა. 6. უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა უგალობდით. 7. რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისაი ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით. 8. სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა. 9. მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისსა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს.

47. ფსალმუნი გალობისაი, ძეთა კორესთაი, მეორისა შაბათისაი

1. დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა, მთასა წმიდასა მისსა. 2. ძირ-მტკიცედ სიხარულითა ყოვლისა ქუეყანისაითა მთანი სიონისანი, გუერდნი ჩრდილოისანი, ქალაქი მეუფისა დიდისაი. 3. ღმერთი ტაძართა შინა მისთა განცხადებულ არს, რაჟამს შეეწეოდის მას. 4. რამეთუ ესერა მეფენი ქუეყანისანი შეკრბეს და მოვიდეს ერთბამად. 5. მათ იხილეს ესრეთ და დაუკვირდა, შეშფოთნეს, შეირყინეს. 6. და ძრწოლამან შეიპყრნა იგინი; მუნ სალმობაი, ვითარცა შობადისაი. 7. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნე ნავნი თარშისანი. 8. ვითარცა გუესმა, ეგრეცა და ვიხილეთ ქალაქსა უფლისა ძალთაისა, ქალაქსა ღმრთისა ჩუენისასა; ღმერთმან დააფუძნა იგი უკუნისამდე. 9. შევიწყნარეთ წყალობაი შენი, ღმერთო, შორის ერსა შენსა. 10. ვითარცა არს სახელი შენი, ღმერთო, ეგრეცა ქებაი შენი ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა; სიმართლითა სავსე არს მარჯუენე შენი. 11. იხარებდინ მთაი სიონი და იშუებდედ ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო. 12. მოადეგით სიონსა და მოიცევით იგი და მიუთხრობდით გოდლებსა შორის მისსა. 13. დასხენით გულნი თქუენნი ძალსა შინა მისსა და განიყავთ ტაძრები მისი, რაითა მიუთხრათ ნათესავსა სხუასა. 14. რამეთუ ესე არს ღმერთი ჩუენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე და ამან დამმწყსნნეს ჩუენ უკუნისამდე.

48. დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი

1. ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკვიდრებულ ხართ სოფელსა. 2. ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი. 3. პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის-ყოფასა. 4. მივყო იგავსა ყური ჩემი და აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი. 5. რაისათვის მეშინის მე დღესა ბოროტსა, უკუეთუ უშჯულოებამან სლვათა ჩემთამან გარე-მომიცვას მე. 6. რომელნი ესვენ ძალსა თვისსა და სიმრავლესა ზედა სიმდიდრისა თვისისასა იქადიან. 7. ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა კაცმან? არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისა თვისისაი. 8. და სასყიდელი სახსრად სულისა თვისისა; და შურებოდა იგი უკუნისამდე. 9. და ცხოვნდეს სრულიად, არა იხილოს მან განსახრწნელი. 10. რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად; ერთბამად უგუნური და უცნობოი წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი. 11. და სამარენი მათნი სახლ მათდა იყვნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა. 12. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. 13. ესე გზაი არს საცთურებისა მათისაი მათდა მიმართ და ამისსა შემდგომად პირითა მათითა სათნო-იყონ. 14. ვითარცა საცხოვარნი, ჯოჯოხეთსა მიეცნეს და სიკუდილი ჰმწყსიდეს მათ; და ეუფლნენ მათ წრფელნი განთიად და შეწევნაი მათი განკფდეს ჯოჯოხეთს და დიდებისა მათისაგან განვარდენ. 15. ხოლო ღმერთმან იხსნეს სული ჩემი ხელთაგან ჯოჯოხეთისათა, რაჟამს შემიწყნარებდეს მე. 16. ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისაი. 17. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაი მისი მის თანა. 18. რამეთუ სული მისი ცხოურებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას. 19. შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს. 20. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. დიდებაი.

49. ფსალმუნი ასაფისი

1. ღმერთი ღმერთთაი უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისაით ვიდრე დასავალადმდე. 2. სიონით გამო არს შუენიერებაი ჰაეროვნებისა მისისაი. 3. ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოის მისსა ნიავქარი ფრიად. 4. მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თვისისა. 5. შემოკრიბენით მისა წმიდანი მისნი, აღმასრულებელნი აღთქუმისა მისისანი საკუერთხთა ზედა. 6. და უთხრობენ ცანი სიმართლესა მისსა, რამეთუ ღმერთი მსაჯულ არს. 7. ისმინე, ერო ჩემო და გეტყოდი შენ; ისრაელო, და გიწამო შენ; ღმერთი, ღმერთი შენი ვარი მე. 8. არა თუ მსხუერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის. 9. არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა; 10. რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყვი. 11. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შეუნიერებაი ველთაი ჩემ თანა არს. 12. შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი. 13. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა? 14. შეჰსწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუემნი შენნი. 15. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე. 16. ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაისათვის-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა და აღიღებ აღთქუმასა ჩემსა პირითა შენითა? 17. შენ ეგერა მოიძულე სწავლულებაი და განიშორენ და განსთხიენ სიტყუანი ჩემნი. 18. იხილი თუ მპარავი, თანა-ურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი. 19. პირმან შენმან განამრავლა უკეთურებაი და ენაი შენი თხზვიდა ზაკვასა. 20. შჯდი რაი, ძმისა შენისათვის ბოროტსა იტყოდი და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური. 21. ესე ყოველი ჰყავ და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოებაი ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო; გამხილო და წარმოვადგინე ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. 22. გულისხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისაი; ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მხსნელ თქუენდა. 23. მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე, და მუნ არს გზაი სადა უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.

50. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, რაჟამს მოვიდა მისა ნათან წინასწარმეტყუელი, ოდეს-იგი შევიდა ბერსაბესა ურიის ცოლისა

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი. დიდებაი.

51. დასასრულსა, გულისხმის-ყოფისათვის დავითისა, რაჟამს მოვიდა დოიკ იდუმელი და უთხრა საულს და ჰრქუა მას, ვითარმედ: მოვიდა დავით სახლსა აბიმელექისსა

1. რად-მე იქადინ უკეთურებითა ძლიერი უშჯულოებასა მარადღე? 2. სიცრუვესა ზრახავს ენაი შენი; ვითარცა მახვილი, აღლესულ ჰყავ შენ ზაკუვაი. 3. შეიყუარე სიბოროტე უფროის სახიერებისა და სიცრუვე უფროის სიმართლისა სიტყვისა. 4. შეიყუარე შენ ყოველი სიტყუაი დაქცევისაი და ენაი მზაკუარი. 5. ამისთვის დაგამხუას შენ ღმერთმან სრულიად, აღგფხურას და განგხადოს შენ საყოფელთაგან შენთა და ძირნი შენნი ქუეყანით ცხოველთაით. 6. იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: 7. აჰა ესერა კაცი, რომელმან არა ჰყო ღმერთი მწე მისა, არამედ ესვიდა იგი სიმრავლესა სიმდიდრისა მისისასა და განძლიერდა იგი ამაოებითა თვისითა. 8. ხოლო მე ვითარცა ზეთის-ხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 9. აღგიარო შენ უკუნისამდე, რამეთუ ჰყავ, და დაუთმო სახელსა შენსა, რამეთუ ტკბილ არს წინაშე წმიდათა შენთა.

52. დასასრულსა, მაელეთისთვის გულისხმის-ყოფისათვის ფსალმუნი

1. თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი. 2. ღმერთმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე. 4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა ხადეს. 5. მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი. 6. ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.

53. დასასრულსა, გალობათა შინა, გულისხმის-ყოფისათვის დავითისა, რაჟამს მოვიდეს ზეფელნი და ჰრქუეს საულს: აჰა, დავით დამალულ არს ჩუენ შორის

1. ღმერთო, სახელითა შენითა მაცხოვნე მე და ძალითა შენითა მისაჯო მე. 2. ღმერთო, ისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იხუენ სიტყუანი პირისა ჩემისანი. 3. რამეთუ უცხონი აღსდგეს ჩემ ზედა და ძლიერთა იძიეს სული ჩემი და არა შეჰრაცხეს ღმერთი წინაშე მათსა. 4. აჰა ესერა ღმერთი შემწე ჩემდა არს და უფალი შემწყნარებელ სულისა ჩემისა. 5. მიაქციო ბოროტი მტერთა ჩემთა; ჭეშმარიტებითა შენითა მოსრენ იგინი. 6. და მე ნებითა ჩემითა მსხუერპლი შევწირო შენდა, აუარო სახელსა შენსა, უფალო, რამეთუ კეთილ. 7. რამეთუ ყოვლისა ჭირისა ჩემისაგან, მიხსენ მე და მტერთა ჩემთაი იხილა თუამლან ჩემმან.

54. დასასრულსა, გალობათა შინა, გულისხმის-ყოფისათვის, ასაფისა, ფსალმუნი

1. ყურად-იღე, ღმერთო, ლოცვისა ჩემისაი და ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა ჩემსა. 2. მომხედენ მე და შეგესემინ ჩემი, რამეთუ შევწუხენ ზრუნვასა ჩემსა და შევძრწუნდი. 3. ხმითა მტერისაითა და ჭირითა ცოდვილისაითა; რამეთუ მოაქციეს ჩემ ზედა უშჯულოებითა და რისხვით მითქუმიდეს მე. 4. გული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა და შიში სიკუდილისაი დამეცა ჩემ ზედა. 5. შიში და ძრწოლაი მომიხდა მე და დამფარა მე ბნელმან. 6. და ვსთქუ, ვინმცა მცნა მე ფრთენი ვითარცა ტრედისანი, და ავფრინდე მე და განვისუენო. 7. ესერა განვეშორე სივლტოლითა და განვისუენე უდაბნოსა შინა. 8. მოველოდე ღმერთსა, მაცხოვარსა ჩემსა სულ-მოკლებისაგან და ნიავქარისა. 9. დაანთქენ, უფალო, და მიმოდაყვენ ენანი მათნი, რამეთუ ვიხილე მე უშჯულოებაი და ხდომაი ქალაქსა შინა. 10. დღე და ღამე გარე-მოადგეს მას და ზღუდეთა მისთა, და უშჯულოებაი და სიცრუვე და შრომაი შორის მათსა. 11. და არა მოაკლდა უბნებსა მისსა აღნადგინები და ზაკუვაი. 12. რამეთუ მტერმან თუმცა მაყუედრა, მო-მცა-ვითმინე მისი და მოძულე თუმცა ჩემი ჩემ ზედა მდიდრად იტყოდა, და-მცა-ვემალე მისგან. 13. ხოლო შენ, კაცო, მოყუასო ჩემო, წინაძღუარო ჩემო და მეცნიერო ჩემო. 14. რომელმან ერთბამად შენდა და ჩემდა დაატკბენ ჭამადნი, რამეთუ ვიდოდეთ ჩუენ ერთობით სახლსა ღმრთისასა. 15. მოვედინ სიკუდილი მათ ზედა და ცოცხლივ შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად; რამეთუ უკეთურებაი იყო სამკვიდრებელსა შინა მათსა და შორის მათსა. 16. მე ღმრთისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და უფალმან ისმინა ჩემი. 17. მწუხრი, დილეულ და სამხრად მიუთხრობდე და ვიტყოდი და ესმეს ხმისა ჩემისაი. 18. იხსნეს სული ჩემი მშვიდობით მახლობელთაგან ჩემთა, რამეთუ მრავლობით იყვნეს იგინი ჩემ თანა. 19. ესმეს ღმერთსა და დაამდაბლნეს იგინი, რომელ-იგი წინავე იყო საუკუნეთა; რამეთუ არა არს მათდა ნაცვალ, არცა შეეშინა მათ ღმრთისა. 20. მიყო ხელი მისი, რაითამცა მიაგო მათ, რამეთუ მათ შეაგინეს ჰსჯული მისი. 21. განიყუნეს იგინი რისხვითა პირისა მისისაითა და მიეახლნეს გულნი მათნი, ლბილ იქმნეს სიტყუანი მათნი უფროის ზეთისა და იგინი იყვნეს ვითარცა ისრის პირნი. 22. მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი და მან გამოგზარდოს შენ; და არა ჰსცეს შერყევაი უკუნისამდე მართალსა. 23. ხოლო შენ, ღმერთმან, შთაჰხადნე იგინი მღვიმესა მას განხრწნისასა; კაცთა მოსისხლეთა და მზაკუართა ნუ განაზოგნენ დღენი მათნი; ხოლო მე, უფალო, შენ გესავ. დიდებაი.

37. ფსალმუნი დავითისი, მოსახსენებელად შაბათისა

1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე. 2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი. 3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა; 4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა. 5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; 6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე; 7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა. 8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა. 9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა. 10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა. 11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს. 12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს. 13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი; 14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი. 15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო. 16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს. 17. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის. 18. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის. 19. აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ; 20. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა. 21. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან. 22. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

38. დასასრულსა, იდითუმისთვის გალობა დავითისი

1. ვსთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაითა არა ვცოდო ენითა ჩემითა; დავსდევ საცოი პირსა ჩემსა, მიხდებოდა რაი ცოდვილი წინაშე ჩემსა. 2. დავყრუვდი და დავმდაბლდი და დავდუმენ კეთილთაგან, და სალმობაი ჩემი განმიახლდა. 3. განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი. ვიტყოდე მე ენითა ჩემითა: 4. მაუწყე მე, უფალო, აღსასრული ჩემი, და რიცხვი დღეთა ჩემთაი რავდენ არს, რაითა უწყოდი, რაიღა მაკლს მე. 5. ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაი ჩემი ვითარცა არარაი არს შენ წინაშე; რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი. 6. დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს, რამეთუ იუნჯებს და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. 7. და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არა თუ შენ, უფალი? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს. 8. ყოველთა უშჯულოებათა ჩემთაგან მიხსენ მე, საყუედრელად უგუნურსა მიმეც მე. 9. დავყრუვდი და არა აღვაღე პირი ჩემი, რამეთუ შენ ჰყავ. 10. განმაყენენ ჩემგან ტანჯვანი შენნი, რამეთუ ძალითა ხელისა შენისაითა მე მოვაკლდი. 11. მხილებათა მიერ უშჯულოებისათვის განსწავლე კაცი და დაადნვე, ვითარცა დედაზარდლისა ქსელი, სული მისი; გარნა ამაო არს ყოველი კაცი. 12. შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, უფალო, და ვედრებისა ჩემისაი ყურად-იღე; ცრემლთა ჩემთასა ნუ დაიდუმებ, რამეთუ მსხემ ვარ მე შენ წინაშე და წარმავალ, ვითარცა ყოველნი მამანი ჩუენნი. 13. მილხინე მე, რაითა განმისუენო პირველ წარსლვად ჩემდამდე და მერმე ნუ არღარა ვიპოო.

39. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაი. 2. და აღმომიყვანა მე მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა და დაამტკიცა კლდესა ზედა ფერხნი ჩემნი და წარმართნა სლვანი ჩემნი. 3. და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა. 4. ნეტარ არს კაცი, რომლისა სახელი უფლისაი სასო მისა არს და არა მიხედნა ამაოებასა, არცა სიცბილსა ტყუილისასა. 5. მრავალ ჰყავ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საკვირველი შენი, და განზრახვათა შენთა არა არს, ვინ გემსგავსოს შენ; უთხარ და ვიტყოდე და განმრავლდეს უფროის რიცხვისა. 6. შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ხორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათვის არა ითხოვე. 7. მაშინ ვჰსთქუ: ესერა მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთვის. 8. ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუა მუცელსა ჩემსა. 9. ვახარე სიმართლე ეკლესიასა შინა დიდსა; აჰა ესერა ბაგენი ჩემნი არა დავიპყრნე. უფალო, შენ უწყი: 10. სიმართლე შენი არა დავფარე, გულსა შინა ჩემსა ჭეშმარიტებაი შენი და მაცხოვარებაი შენი ვსთქუ, არა დავფარე წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი კრებულსა შორის დიდძალსა. 11. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ მოწყალებათა შენთა ჩემგან; წყალობამან შენმან და ჭეშმარიტებამან შენმან მარადის შემიწყნარენ მე. 12. რამეთუ მომიცვეს მე ბოროტთა, რომელთაი არა არს რიცხვი; მეწინეს მე უშჯულოებანი ჩემნი და მე ვერ უძლე ხილვად; განმიმრავლდეს მე უფროის თმათა თავისა ჩემისათა და გულმან ჩემმან დამიტევა მე. 13. გთნდინ, უფალო, ხსნაი ჩემი; უფალო, შეწევნად ჩემდა მომხედენ. 14. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მიღებად მას; მართლუკუნ-იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი. 15. მიიღედ მეყუსეულად სირცხვილი მათი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 16. იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო, და სთქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი; 17. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; უფალმან იღუაწოს ჩემთვის; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ, ღმერთო ჩემო, ნუ ჰყოვნი. დიდებაი.

40. დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი

1. ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. 2. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა. 3. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა-ძლებასა შინა მისსა. 4. მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. 5. მტერთა ჩემთა თქუეს ბოროტი ჩემთვის: ოდესმე მოკუდეს და წარწყმდეს სახელი მისი. 6. და შემო-თუ-ვიდის ხილვად, ამაოსა იტყვინ: გულმან მისმან შეიკრიბა უშჯულოებაი თავისა თვისისაი; გარე-განვიდის გარე, და მასვე იტყვინ. 7. ჩემთვის ცუნდრუკებდეს ყოველნი მტერნი ჩემნი, ჩემთვის ზრახვიდეს ბოროტსა. 8. სიტყუაი უშჯულოებისაი დამდვეს ჩემ ზედა; ნუუკუე მძინარემან არღარა ნუ შესძინოსა აღდგომაი? 9. და რამეთუ ამანცა, კაცმან მშვიდობისა ჩემისამან, რომელსა იგი მე ვესევდი, რომელი ჭამდა პურსა ჩემსა, მან განადიდა ჩემ ზედა შეტყუილი. 10. არამედ შენ, უფალო, მიწყალე მე და აღმადგინე მე, და მე მივაგო მათ. 11. ამით ვსცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა. 12. ხოლო მე უბიწოებითა ჩემითა შემიწყნარე და დამამტკიცე მე შენ წინაშე უკუნისამდე. 13. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაი ამიერითგან და უკუნისამდე! იყავნ, იყავნ!

41. დასასრულსა, გულისხმის-ყოფისათვის, ძეთა კორესთა, ფსალმუნი დავითისი

1. ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! 2. სწყურინ სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? 3. იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სად არს ღმერთი იგი შენი? 4. ხოლო მე ესე მოვიხსენე და ნუგეშინის-ვსცი სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილსა საყოფელისა საკვირველისასა ვიდრე სახლადმდე ღმრთისა ხმითა სიხარულისაითა და აღსარებისაითა, ხმითა მედღესასწაულეთაითა. 5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. 6. სული ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა; ამისთვის მოგიხსენო შენ ქუეყანით იორდანით და ერმონით, მთით მცირით. 7. უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზე-გარდამოსაქანელთა შენთაითა; ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედაგარდამხდეს. 8. დღისი ამცნო უფალმან წყალობაი მისი და ღამე გალობაი მისი; ჩემ მიერ, ლოცვაი ღმრთისა მიმართ ცხორებისა ჩემისა. 9. ვარქუ ღმერთსა: მწე ჩემდა ხარ, რად დამივიწყებ მე, ანუ რად მწუხარედ ვრორინებ მე ჭირითა მტერისაითა? 10. შემუსრვასა ძუალთა ჩემთასა მყუედრიდეს მე მტერნი ჩემნი, მეტყვიედ რაი იგინი მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი? 11. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა.

42. ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის

1. მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაი ჩემი თესლისაგან არაწმიდისა კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე. 2. რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაითა? 3. გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაი შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა. 4. და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! 5. რად მწუხარე ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას, მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდებაი.

43. დასასრულსა, ძეთა კორესთაი, გულისხმის-ყოფისათვის

1. ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა. 2. ხელმან შენმან მოსრნა წარმართნი და დაჰნერგენ იგინი, ბოროტი უყავ ერთა და განასხენ იგინი. 3. რამეთუ არა მახვილითა მათითა დაიმკვიდრეს ქვეყანაი და არცა მკლავმან მათმან იხსნნა იგინი; არამედ მარჯუენემან შენმან და მკლავმან შენმან და ნათელმან პირისა შენისამან, რამეთუ სათნო-იყვენ შენ იგინი. 4. შენ თავადი ხარ მეუფე ჩემი და ღმერთი ჩემი, რომელმან ჰბრძანე ცხორებაი იაკობისი. 5. შენ გამო მტერნი ჩუენნი დავრქნეთ, და სახელითა შენითა შეურაცხ-ვყვნეთ იგინი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. 6. რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე. 7. რამეთუ შენ მაცხოვნენ ჩუენ მაჭირვებელთა ჩუენთაგან, და მოძულეთა ჩუენთა არცხვინე. 8. ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩუენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე. 9. ხოლო აწ განმიშორენ და მარცხვინენ ჩუენ და არა გამოხუედ ღმერთი ძალად ჩუენდა. 10. მართლუკუნ მაქციენ ჩუენ უფროის მტერთა ჩუენთასა და მოძულენი ჩუენნი მიმოდამიტაცებდეს ჩუენ. 11. მიმცენ ჩუენ ვითარცა ცხოვარნი შესაჭმელნი და წარმართთა შორის განმთესენ ჩუენ. 12. მიეც ერი შენი უსასყიდლოდ და არა იყო სიმრავლე სასყიდლისა ჩუენისაი. 13. მყვენ ჩუენ საყუედრელ მახლობელთა ჩუენთა, საცინელ და საკიცხელ გარემოისთა ჩუენთა. 14. მყვენ ჩუენ იგავ წარმართთა შორის და თავის სახრელად ერთა შორის. 15. მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არს და სირცხვილმან პირისა ჩემისამან დამფარა მე. 16. ხმისაგან მაყუედრებელისა და ძვირის-მეტყუელისა, პირისაგან მტერისა და მდევარისა. 17. ესე ყოველი მოიწია ჩუენ ზედა და ჩუენ არა დაგივიწყეთ შენ და არა ვეცრუვენით ჩუენ აღთქუმასა შენსა; 18. და არცა განდგა მართლუკუნ გული ჩუენი და მისდრიკენ ალაგნი ჩუენნი გზისაგან შენისა. 19. რამეთუ დამამდაბლენ ჩუენ ადგილსა ბოროტსა და დამფარნა ჩუენ აჩრდილმან სიკუდილისამან. 20. უკუეთუ დავივიწყეთ ჩუენ სახელი ღმრთისა ჩუენისაი და გან-თუ-ვიპყრენით ხელნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ უცხოისა. 21. არა ღმერთმან სამემცა იძია ესე? რამეთუ მან უწყის საიდუმლოი გულისაი. 22. რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. 23. განიღვიძე, რად გძინავს, უფალო? აღსდეგ და ნუ განმაგდებ ჩუენ სრულიად. 24. რად გარე-მიიქცევ პირსა შენსა და დაივიწყებ გლახაკობასა ჩუენსა და ჭირსა ჩუენსა? 25. რამეთუ დამდაბლდა მიწადმდე სული ჩუენი, და აღეკრა ქუეყანასა მუცელი ჩუენი. 26. აღსდეგ, უფალო, შემეწიენ ჩუენ და მიხსნენ ჩუენ სახელისა შენისათვის.

44. დასასრულსა, ცვალებადთათვის, ძეთა კორესთაი, გულისხმის-ყოფისათვის, გალობაი საყუარელისაი

1. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაი კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაი ჩემი საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა. 2. შუენიერ სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთვის გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე. 3. შეიბ მახვილი შენი წელთა შენთა, ძლიერო. 4. შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკვირველად მარჯუენაი შენი. 5. ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი. 6. საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისაი და კუერთხი სუფევისა შენისაი. 7. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უშჯულოებაი; ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისაი უმეტეს მოყუასთა შენთა. 8. მური და შტახსი და კასიაი სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოის ძუალისათა, რომელთა გახარეს შენ. 9. ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად. 10. ისმინე, ასულო და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი. 11. და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისაი, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. 12. და თაყუანის-სცე მას და ასულმანცა ტვიროსისამან ძღუენითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი. 13. ყოველი დიდებაი ასულისა მეუფისა შინაგან, ფესუედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად. 14. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ. 15. მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა. 16. მამათა შენთა წილ იქმნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა. 17. მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა; ამისთვის ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.

45. დასასრულსა, ძეთა კორესთათვის, დაფარულთათვის ფსალმუნი

1. ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად. 2. ამისთვის არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მთათასა, გულთა ზღუათასა. 3. ოხრიდეს და შეძრწუნდეს წყალნი მათნი, შეძრწუნდეს მთანი ძლიერებითა მისითა. 4. სლვაი მდინარეთაი ახარებს ქალაქსა ღმრთისასა; წმიდა-ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან. 5. ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას; შეეწიოს მას ღმერთი დილითი-დილად. 6. შეძრწუნდეს წარმართნი, მიდრკეს მეფენი, მოსცა ხმაი თვისი მაღალმან და შეიძრა ქუეყანაი. 7. უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. 8. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, რომელ ჰქმნა ნიშები ქუეყანასა ზედა. 9. დააცადნის ბრძოლანი კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა; მშვილდები შემუსროს და შეფქვას საჭურველი და ფარები დაწუას ცეცხლითა. 10. მოიცალეთ და გულისხმა-ჰყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდე წარმართთა შორის და ავმაღლდე ქუეყანასა შინა. 11. უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი. დიდებაი.