მუშა ვარ და კიდეც ვიცი,

მუშის ბედი თუ რაც არი:

ის უღელში გაბმულია,

ქედმოდრეკით, როგორც ხარი.

მის გარუჯულ მაგარ კანსა

მუდამ რეცხავს ოფლის ღვარი...

შრომობს მუშა... თან ღიღინებს,

აგონდება მაცხოვარი.

აგონდება და მხნევდება,

პირჯვრის წერით შრომას აგრძობს,

და ვინც უშრომლათა ჰყლაპავს,

იმათ მტრობას მაინც არ გრძნობს.

მუშა რომ ვარ, მისთვის ვიცი

მუშის გულის პასუხები;

ღმერთმა მუშებს გაუმარჯოს,

უქმ-მყლაპველებს არ ვეხები.

(ვუძღვნი პაწია ლევანს)

იზარდე, მწვანე ჯეჯილო,

დაპურდი, გახდი ყანაო;

იკურთხოს იმის მარჯვენა,

ვინც გთესა, მოგიყვანაო!

დაპურდი, ჩემო ნუგეშო,

იზარდე თანდათანაო;

ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი,

მზემ შუქი გფინოს თანაო.

ქარმა გაღელვოს ზღვასავით,

მწყერმა მოგძახოს ნანაო;

იზარდე, გაახარევი

ყმაწვილი ჩემისთანაო.

შრომის შვილი ვარ ყარიბი,

არავინ გამიტანაო:

ვისაც კი ძმურად მივენდე,

მან გულს დამასვა დანაო.

ნეტავი აქ არ მამყოფა,

ქალაქში ჩამიყვანაო:

მასწავლა რამე ხელობა,

მასწავლა ანა-ბანაო.

ამაღლდი, თავი დაისხი,

ჯეჯილო, ნორჩო ყანაო;

იმისი საზრდო შეიქენ,

ვინც გთესა, მოგიყვანაო.

ნამგლებით გარსა გეხვივნენ

ბიჭები ჩემისთანაო:

პეტრე, გიორგი, თევდორე,

ბესო და ალმასხანაო.

ჯერს უმზადებდეს თინია,

ა იმ ბერ კაკლებთანაო;

სოსოს ხელადა მოჰქონდეს,

ცივცივი წყაროდანაო.


1885 წ.

მკათათვე დადგა, ჩამოცხა,

ხმელია ყანა სამკალი;

სიცხისა ლული ტრიალებს,

მუშის მტანჯველი, ტიალი.

ბიჭები მკიან ყანასა,

ნამგლებს გაუდის ჟღრიალი;

ჰაერი აღარ მოძრაობს,

არ ისმის ფოთოლთ შრიალი.

სამკლისა პირსა პანტის ქვეშ

დარბიან გოგო-ბიჭები;

ღორ-ხბო დაყრილა ჭალის პირს,

სიცხით შეჰკვრიათ კრიჭები.

არსად სჩანს კაცის ერთგული

ქოფაკი ძაღლი თოლია,

ჩირგვს ქვეშა წამოწოლილა,

სადაც რომ რბილი მოლია.

მუშა იძახის “ჰოპუნას”,

გადუღეღიათ გულები;

ყანის მკას მწკრივად მისდევენ,

ვით ერთად გადაბმულები.

მზემ გადიხარა, აგრილდა,

მიწყნარდა ნამგლის ტრიალი;

ფრინველთა მორთეს გალობა,

ფოთლებმაც იწყეს შრიალი.

შინ ბრუნდებიან მუშები,

სიმღერას გააქვს გრიალი;

ძნით დადებულმა ურმებმა

უსაპნოდ მორთეს ჭრიალი.

მოდიან გოგო-ბიჭებიც,

უკან მოსდევენ ხბორებსა;

თოლიაც თავის თეთრ კუდსა

მორბის და მოაქროლებსა.


1885